კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

2 აპრილი ანდერსენის დაბადების და საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეა

0

საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიო ჰანს კრისტიან ანდერსენის დაბადების დღეზე აღნიშნავს. გალანტური და სასიამოვნო ჟესტია, თუმცა, ცნობილი მეზღაპრის ბიოგრფიას რომ გაეცნობით, ეს საპატიო „დამთხვევა“ ირონიულ ღიმილსაც მოგგვრით.

იხვის საბუდარიდან გედების ტბამდე.

ჰანს კრისტიან ანდერსენმა თექვსმეტ წლამდე წერა-კითხვა არ იცოდა. საკმაოდ ღარიბ, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, მამა მეწაღე ჰყავდა, დედა – მრეცხავი, სწავლის ფული ნამდვილად არ გააჩნდათ. ჰანსმა მშობლიურ ოდენსენში თოთხმეტ წლამდე იცხოვრა, ერთ დღეს ბარგი ჩაალაგა და დედაქალაქისკენ გასწია. დედას დიდი წინააღმდეგობა არ გაუწევია, დარწმუნებული იყო, მისი ბიჭუნა მალე დაბრუნდებოდა. კოპენჰაგენში რა დაგკარგვიაო? – მაინც უკითხავს, ჰანსს კი დაუყოვნელივ უპასუხია: ცნობილი უნდა გავხდეო!

ანდერსენი მსახიობობაზე ოცნებობდა, ამიტომ კოპენჰაგენში ჩასვლისთანავე თეატრს მიაკითხა. მისმა გარეგნობამ სამეფო თეატრის თანამშრომლები გაახალისა და სიბრალულიც გამოიწვია. უარით ვერ გაისტუმრეს და მეორეხარისხოვანი როლების შესასრულება შესთავაზეს. აწოწილი, გამხდარი, სხეულის ზომასთან შეუსეაბამოდ გრძელი კიდურები ჰქონდა, მტევნები ფართე და ბრტყელი, ტერფები უზარმაზარი, რომაულ პროფილს წინ საგრძნობლად გამოწეული, სოლიდური სიგრძის ცხვირი უმშვენებდა. ღარიბსა და მგრძნობიარე ჰანსს ყველა თანაუგრძნობდა, ისიც შეამჩნიეს, სწავლა რომ უნდოდა, მეფესთან უშუამდგომლეს და მალე ფრედერიკ მეექვსემ ნება დართო სკოლაში სახელმწიფოს ხარჯზე ესწავლა.

ანდერსენი თავისზე ექვსი წლით პატარა მოსწავლეებს მიუსვეს მერხზე. სწავლის პროცესი წარმოუდგენლად რთული აღმოჩნდა: სასწავლო დაწესებულების რექტორი დასანახად ვერ იტანდა, მუდმივად აკრიტიკებდა, ფიზიკურად სჯიდა (რაც იმ დროს ჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა), ემოციური და ნერვიული ჰანსი განიცდიდა, სკოლაში სიარულის ეშინოდა, თანდათან მასწავლებლები მისი კოშმარული სიზმრების მთავარი გმირებად იქცნენ (და სიცოცხლის ბოლომდეც დარჩნენ).

მწერალი სასწავლებელში გატარებულ წლებს თავისი ბიოგრაფიის ყველაზე შავ-ბნელ პერიოდად თვლიდა. მიუხედავად გაღებული მსხვერპლისა, წერა სათანადოდ მაინც ვერ ისწავლა – მისი ცნობილი ზღაპრების ხელნაწერები სავსეა გრამატიკული თუ სტილისტური შეცდომებით.

სამწუხაროდ, ვერც შიში დასძლია, აკვიატებული აზრები და ცრურწმენები არ ასვენებდა: ეშინოდა გაძარცვის, საბუთების დაკარგვის, ძაღლების, ცეცხლის. თურმე, თოკს მუდამ თან დაატარებდა, ხანძრის შემთხვევაში ფანჯრიდან სწრაფად რომ გადამხტარიყო. ტანჯავდა კბილების ტკივილი, თუმცა, ექიმთან ცოცხალი თავით არ მიდიოდა, მიაჩნდა, რომ მისი შემოქმედებითი ნაყოფიერება სწორედ პირში კბილების რაოდენობაზე იყო დამოკიდებული. მოწამვლის საფრთხეც არ ასვენებდა. ერთხელ სკანდინავიელმა ბავშვებმა ფული შეაგროვეს და საყვარელ მეზღაპრეს მსოფლიოში ყველაზე დიდი, შოკოლადებით სავსე ყუთი გაუგზავნეს. მან კი თითიც არ დააკარა, სასწრაფოდ ნათესავებთან გაგზავნა.

ბრაზობდა, საბავშვო მწერალს რომ უწოდებდნენ. ამბებს მხოლოდ ბავშვებისთვის როდი ვწერო, – აპტოტესტებდა. ცნობილი ფაქტია, რომ ანდერსენი საკუთარი ძეგლის პროექტის განხილვაში მონაწილეობდა. როდესაც თავდაპირველ მაკეტზე ბავშვებით გარშემორტყმული აღმოჩნდა, ასეთ ატმოსფეროში სიტყვასაც ვერ დავწერდი და ვიტყოდიო! – აღშფოთებულა. საბოლოოდ  წიგნით ხელში მარტოდმარტო დასვეს სავარძელში (კოპენჰაგენში თუ მოხვდით, შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ).

ლიტერატორებში არსებობს მოსაზრება, რომ  „მახინჯი იხვის ჭუჭული“ ავტობიოგრაფიული ზღაპარია, საინტერესო პარალელებსაც ავლებენ: იხვის საბუდარი ანდერსენის მშობლიური ოდენსენია, ფრინველების ფერმა, სადაც საბრალო ჭუჭულს ყველა უნისკარტებდა, სიცოცხლეს უშხამავდა და დევნიდა – კოპენჰაგენი, კოტეჯი,  მოხუცი ქალი, ქათამი და კატა რომ ცხოვრობდნენ, ნაცნობი ოჯახია, სადაც ჰანსს კეთილგანწყობით ხვდებოდნენ, მაგრამ ჭკუის დარიგებითა და არგუმენტირებული მოსაზრებებით თავგზას ურევდნენ. გახსოვთ ალბათ, როგორც ზღაპარში: კოტეჯის სამ ბინადარს „ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ნახევრები ბრძანდებოდნენ და სხვა რამის მოსმენა აღარ სურდათ!“

მახინჯი იხვის ჭუჭულის ულამაზეს გედად გადაქცევა ანდერსენის ცხოვრების ზღაპრულ გაგრძელებას გვაგონებს, როდესაც მისი გარეგნული ნაკლი თუ უცნაურობა ლიტერატურულმა წარმატებამ გადაფარა. თუ უწინ შეუხედავ ჭუჭულს ძაღლები და მონადირეებიც გაურბოდნენ, ტბაში მოცურავე გედის ნახვას ყველა ესწრაფოდა.

„ძალიან ბედნიერ არსებად იქცა, მაგრამ სულაც არ გაამაყებულა და იცით, რატომ? კეთილი გული ჰქონდა და იმიტომ! ახსენდებოდა როგორ დევნიდნენ და დასცინოდნენ, ახლა კი ყველა ამბობდა, რომ ის ულამაზესი იყო ყველაზე ლამაზ ფრინველებს შორის.“

ანდერსენის მედალი

დღეს ანდერსენის მედალი  საბავშვო მწერლებისა და ილუსტრატორებისთვის საოცნებო და საპატიო ჯილდოა, მას ხშირად მცირე ნობელსაც უწოდებენ. მედლის ერთ მხარეს ანდერსენის პროფილი, მეორეს კი გედი ამშვენებს.

პრემია 1956 წელს, UNESCO-ს ინიციატივით „ანდერსენისადმი ღრმა პატივისცემისა და სიყვარულის გამოსახატავად“ დაწესდა. 1967 წელს კი 2 აპრილი საბავშვო წიგნის საერთაშორისო საბჭომ (IBBY) საბავშვო წიგნის დღედ გამოაცხადა. ანდერსენის სახელობის პრემია ორ წელიწადში ერთხელ, მხოლოდ ცოცხალ ავტორებზე  გაიცემა.

„კანონიკური ზღაპრები“

თანაგრძნობით, იმედით, სიკეთითა და, რაც მთავარია, სიყვარულით სავსე გულები ანდერსენის პერსონაჟების მთავარი ატრიბუტია. როცა გვიყვარს, ცხოვრება ზღაპარს ემსგავსება, ზღაპარი კი, როგორც ვიცით, იმ საოცარ ამბავს ჰქვია, ბავშვობიდან რომ გავითავისეთ და ჯადოსნური დასასრულით გვახარებს. გარდა ამისა, ანდერსენი უამრავ სასარგებლო რჩევას გვთავაზობს დიდსა თუ პატარას ცხოვრებაში რომ გამოგვადგება და რთული გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგვეხმარება.

თუ სხვებს არ ჰგავხარ და საკუთარი თავი არ მოგწონს, სულაც არ ნიშნავს რომ სამყაროს დასასრული დამდგარა. ჩვენს გარშემო უამრავი ადამიანი გვაგონებს უიმედო იხვის ჭუჭულს, რომელიც თვლის, რომ სიცოცხლის ბოლომდე უნდა დევნიდნენ და უნისკარტებდნენ. თუ ასეთ გულდაწყვეტილ ადამიანს შეხვდებით, არ დაიზაროთ, ანდერსენის ზრაპრები უამბეთ ან წაუკითხეთ, დაეხმარეთ, რათა „თავისიანი  გედების“ მოძებნის სურვილი გაუჩნდეს.

თუ ყვავილნარია თქვენი სტიქია, „პატარა იდას ყვავილებს“ გვერდი არ აუაროთ, გაარკვიეთ, რა საიდუმლოს მალავს თქვენს ფანჯრასათან ან ბაღში მობიბინე სათითაო მცენარე.

პოლიტიკოსებს „იმპერატორის ახალი სამოსი“ გამოადგებათ, უკეთესად რომ გამოიცნონ, ვინ მეტ სისულელეს სჩადის მმართველის გარემოცვაში. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ ზოგჯერ სიმართლის გასაჟღერებლად ბრბოში ჩაკარგული პატარა ბიჭუნას ხმას მეტი ძალა აქვს, ვიდრე  თანამდებობის პირისას. სარკე კი, თუ სწორად გამოვიყენებთ, ზღაპრულ შესაძლებლობებს შემოგვთავაზებს.

სარკეზე, აუცილებლად გაგახსენდებოდათ „თოვლის დედოფალი.“ ალბათ მრავალჯერ მოგიასმენიათ ან წაგიკითხავთ ეს უკვდავი ზღაპარი და უამრავი ეკრანიზაციაც გინახავთ. თუმცა, თქვენი ბავშვობა საბჭოთა პერიოდს თუ დაემთხვა, ისისც გეცოდინებათ, რომ ანდერსენის ორიგინალი („კანონიკური“) ტექსტების წაკითხვის ფუფუნება არ გვქონდა, რუსული ცენზურა თავის გემოზე ცვლიდა, ამოკლებდა ან ავრცობდა ზღაპრებს, განსაკუთრებით რწმენასთან და ქრისტიანობასთან დაკავშირებულ პასაჟებს ერჩოდნენ.

ბოლო დროს მშობლები და მასწავლებლები ხშირად მეკითხებიან, არსებობს თუ არა ანდერსენის „ნამდვილი“ ზღაპრები, სწორედ ისეთები, როგორიც მწერალმა დაწერა, როგორსაც ევროპელი ბავშვები იცნობენ და კითხულობენ. მასწავლებელი.ge-ს სტატიებში ჩვენ გამომცემლობებს არ ვასახელებთ, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც მიგითითებთ, რომ 2015 წელს, დანიური ხელოვნების ფონდის დაფინანსებით გამომცემლობამ MEREBASHVILITYKESSON PUBLISHING ორიგინალური დანიური ენიდან ქართულად გადამოთარგმნა ანდერსენის კლასიკური ზღაპრები. თარგმანი ნათია მერებაშვილს ეკუთვნის, წიგნს კი ვილჰელმ პედერსენისა და ლორენს ფროლიშის გრაფიკული ილუსტრაციები ახლავს – ილუსტრატორებისა, რომელთა ნამუშევრებიც პრეტენზიულმა ჰანს კრისტიან ანდერსენმა მოიწონა საკუთარი ზღაპრების გასაფორმებლად.

ჯერჯერობით ანდერსენის „კანონიკური ზრაპრების“ პირველი ტომი გამოიცა და მასში ორმოცდაერთი ზღაპარი გაერთიანდა: სევდიანი („პატარა გოგონა და ასანთის ღერი“) – ცრემლს რომ მოგვგვრის, დაგვაფიქრებს, თუ სასაცილო („სრული სიმართლეა!“), გვარიანად რომ გაგვახალისებს და დაგვარწმუნებს „ერთი უწყინარი ბუმბული როგორ შეიძლება იქცეს ხუთ დედლად!“

აქვეა მწარე მორალით გაჯერებული „ღორების მწყემსი:“ იმპერატორის ასული ცოცხალ ვარდასა და ბულბულს დაიწუნებს, უსიცოცხლო, მექანიკური სათამაშოების მოსაპოვებლად კი ღორების მწყემსს კოცნაზე დათანხმდება (ჯერ ათ, შემდეგ კი ას კოცნაზე!) – პრინცესების კოდექსის მიხედვით მიუღებელი საქციელია.

„პრინცესა და ბარდის მარცვალი“ კვანძის ორიგინალური გახსნით. თუმცა, ნამდვილად არ მახსოვდა, ზღაპრული მარცვალი, ოც ქვეშაგისა და გერმის ოცი ლეიბის ქვეშ  „თავი რომ გამოიჩინა,“ დღემდე ხელოვნების მუზეუმში თუ ინახებოდა.

ფათერაკებიანი თავგადასავლების მოყვარულებს „ცეროდენა“ მოეწონებათ, ზღაპრი ერთი დიუიმის სიმაღლე ულამაზეს გოგონაზე, ხან გომბეშო, ხან ხოჭო და ხან თხუნელა რომ უპირებდა ცოლად შერთვას. „გაჭირვების ტალკვესიც“ სათქვენოა, ჯარისკაცის ფათერაკებზე გვიამბობს. მდიდარს მუდამ მეგობრები ეხვეოდა, „ჯიბეში ორი შილინგი რომ დარჩა, მშვენიერი ოთახებიდან პატარა საანთიობოში გადავიდა, ჩექმებსაც საკუთარი ხელით იპრიალებდა და აღარავის გახსენებია“ (არ იფიქროთ, ასეთი სევდიანი დასასრული აქვს – ზღაპრებს შორის ზღაპარია!).

ულე ლუკეიე თუ გახსოვთ? აბრეშუმის ფრაკსა და წინდებში (ფეხის ხმა რომ ვერ გავიგოთ) გამოწყობილი პატარა ბიჭუნა! ბავშვებს თვალებში თბილსა და ტკბილ რძეს  ასხურებს, კისერში სულს უბერავს, თავს უმძიმებს, ძილს გვრის და მერე ნაირნაირ ზღაპარს უყვება. „მთელ დუნიაზე ვერავის იპოვით იმდენი ამბავი იცოდეს, რამდენიც ულე ლუკეიემ და ვერც მათ მოყოლაში დაუდებს ტოლს ვინმე.“

თქვენი არ ვიცი, მე კი ძალიან მომენატრა ის დრო, ძილის წინ ზღარებს რომ მიამბობდნენ, რამდენჯერმე ულეც მესტუმრა. თუ ვიცელქებდი, უფერულ ქოლგას გაშლიდა და შფოთიანი ღამე მელოდა, თუ კარგად ვიქცეოდი, სურათებიან ქოლგას ამოიღებდა და ლამაზ სიზმრებს მჩუქნიდა.

ნუ ვაქცევთ შეფასებას სასჯელად

0

ერთხელ მეექვსეკლასელ გიოსთან ჩემი შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და საყურადღებო დიალოგში გადაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ მიწოდებულ ყველა დავალებას გიო დიდი წარმატებით ართმევდა თავს, მთელი შეხვედრის განმავლობაში ის საკუთარ თავში დაურწმუნებლობას ამჟღავნებდა, მიღწეულ წარმატებებს საკმაოდ არაადეკვატურად ხვდებოდა და მიმტკიცებდა, რომ ეს ყველაფერი შემთხვევითი იყო. იმის გასარკვევად უკავშირდებოდა თუ არა ბავშვის დაქვეითებული თვითშეფასება და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა სასწავლო წარუმატებლობებს, ასეთი შეკითხვა დავუსვი: „გიო, როგორ სწავლობ სკოლაში?“ „ისე რა!“ – მოკლედ და უხალისოდ მიპასუხა მან. „ისე რა, რას ნიშნავს? რა ნიშნებს იღებ ხოლმე?“ – არ ვეშვებოდი გიოს. „ათიანებს, ხანდახან ცხრიანებს და იშვიათად რვიანებსაც“, – დამიზუსტა პასუხი ბავშვმა. „კი, მაგრამ ათიანები, ცხრიანები და რვიანები ისე რა არის?!“ – ვერ დავმალე ჩემი გაოცება. „ეჰ, მე კი ვიცი, რომ არ არის, მაგრამ, აბა დედაჩემს ჰკითხეთ?! ათიანის გარდა, მისთვის სხვა ნიშანი არ არსებობს“, – სინანულით მიპასუხა ბავშვმა. როგორც ჩანს, დედის მუდმივმა უკმაყოფილებამ თავისებური გავლენა მოახდინა გიოს თვითშეფასებაზე. ბავშვი საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს უყენებდა საკუთარ თავს და სულ მცირე მარცხის შემთხვევაშიც კი კარგავდა საკუთარი ძალების რწმენას. ყოველივე აღნიშნული გიოს პიროვნების ფორმირების პროცესს არცთუ ისე სასურველი მიმართულებით წარმართავდა.

ბევრი პედაგოგისგან მსმენია, რომ ძალიან უჭირს ამა თუ იმ ბავშვისთვის დაბალი ნიშნის დაწერა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არასასურველი ნიშნის მიღების შემთხვევაში დედა მას სასტიკად სჯის. რამდენიმე დღის წინ მეხუთეკლასელი ნინი პანიკაში იყო ჩავარდნილი მათემატიკაში მიღებული 7 ქულის გამო. ის საშინლად წუხდა, ტიროდა და ნერვიულობდა იმის გამო, რომ დედა  დასჯიდა. მსგავსი შემთხვევები, როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, არცთუ ისე იშვიათია. ხშირად, მშობელთა გაზრდილი მოთხოვნები და საკუთარი შვილის შესაძლებლობების  გაუთვალისწინებლობა სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორი ხდება პედაგოგისთვის მოსწავლის სასწავლო მიღწევების შეფასების პროცესში.

ვფიქრობ, საკამათო არ უნდა იყოს, რომ სასწავლო პროცესი შეფასების გარეშე წარმოუდგენელია. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რომელი ქვეყნის, როგორი ტიპის საგანმანათლებლო სისტემასთან გვექნება საქმე, შეფასებას სასწავლო პროცესში ვერავინ აუვლის გვერდს. ასე იყო წარსულში, ასეა დღეს და, დიდი ალბათობით,  ასე იქნება მომავალშიც. აღნიშნული გარემოება ნამდვილად არ არის შემთხვევითი, ვინაიდან შეფასებას სასწავლო პროცესში სრულიად განსაკუთრებული დანიშნულება აქვს არა მხოლოდ მოსწავლისთვის, არამედ მასწავლებლისა და მშობლისთვისაც.

მასწავლებლისგან მიღებული შეფასებები მოსწავლეს აძლევს ინფორმაციას საკუთარი მიღწევების შესახებ, ასევე იმის შესახებ, თუ რაზე უნდა გაამახვილოს მომავალში ყურადღება, რა არის მისი ძლიერი და სუსტი მხარე. შეფასებები მოსწავლეს თვითშეფასების ჩამოყალიბებაში ეხმარება. ძალიან ხშირად, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, მასწავლებლის მიერ ამა თუ იმ ბავშვის მიმართ გამოყენებული შეფასებები  პირდაპირ ახდენს გავლენას თანატოლთა წრეში ბავშვის სოციალურ სტატუსზე, ჯგუფში მის მდგომარეობაზე. პედაგოგის მხრიდან მიღებულმა შეფასებებმა შეიძლება ძალიან პოპულარული გახადოს ბავშვი თანატოლთა შორის, ან პირიქით – ხელი შეუწყოს მის არაპოპულარობასა და ჯგუფიდან გარიყვას. მსგავს გავლენას განიცდის ბავშვის თვითშეფასებაც მისი სასწავლო შედეგების შეფასების დროს. შეფასებითი ურთიერთობის პროცესში მოზარდს შეიძლება ჩამოუყალიბდეს მისი შესაძლებლობების ადეკვატური თვითშეფასება, ან პირიქით – სრულიად არაადეკვატური თვითშეფასება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლის სასწავლო მიღწევების შეფასება არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ეფექტიანად  წარმართვისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ სერიოზულ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბების პროცესსა და ჯგუფში დამკვიდრებულ  ფსიქოლოგიურ კლიმატზე.

სასწავლო პროცესში გამოყენებული შეფასებები არანაკლებ მნიშვნელოვანია პედაგოგებისთვისაც. მოსწავლეთა მიღწევების შეფასება მასწავლებელს ეხმარება, ზუსტად განსაზღვროს ათვლის წერტილი და საჭიროებები სასწავლო პროცესში. აქედან გამომდინარე კი სწორად დაგეგმოს თავისი საქმიანობა და საგაკვეთილო პროცესიც უფრო ეფექტიანად და საინტერესოდ წარმართოს, რაც, თავის მხრივ, სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევის კარგი საშუალებაა პედაგოგისთვის. სასწავლო პროცესში გამოყენებულმა შეფასებებმა შეიძლება გარკვეული გავლენა მასწავლებლის თვითშეფასებასა და მოსწავლეებთან მის ურთიერთობაზეც იქონიოს. თუ პედაგოგს, მოზარდთა დაბალი მიღწევების გამო, ხშირად უწევს უარყოფითი შეფასებების გამოყენება, მას ან საკუთარი ძალების რწმენა და აქედან გამომდინარე, თვითშეფასებაც დაუქვეითდება, ან ის მოზარდთა დაბალ სასწავლო მოტივაციაზე დაიწყებს ლაპარაკს და შეეცდება ამით ახსნას საკუთარი მოსწავლეების დაბალი მიღწევები. ორივე შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ მასწავლებელ-მოსწავლის ურთიერთობა გართულდეს, რაც, თავის მხრივ, სასიკეთოს არაფერს მოუტანს სკოლასა და სასწავლო პროცესს.

არანაკლები მნიშვნელობისაა მოსწავლეთა მიღწევების შეფასება მშობლებისთვის. მათ შეფასებები, ერთი მხრივ, იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით საჭიროებს დახმარებას მათი შვილი და რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება მომავალში; მეორე მხრივ, მასწავლებელზე და  მის შესაძლებლობებზეც ქმნის გარკვეულ წარმოდგენას.

იმისათვის, რომ სასწავლო პროცესში გამოყენებულმა შეფასებამ თავისი როლი შეასრულოს და დადებითი შედეგები მოიტანოს, როგორც მოსწავლისათვის, ასევე პედაგოგისა და მშობლისთვისაც, აუცილებელია ყველა პედაგოგისთვის უკვე კარგად ცნობილი შეფასების პრინციპების (ობიექტურობა, სანდოობა, ვალიდურობა, გამჭვირვალობა) დაცვა. თუმცა, არის შემთხვევები, როცა აღნიშნული პრინციპების დაცვა არასაკმარისი აღმოჩნდება ხოლმე შეფასებით გამოწვეული სირთულეების თავიდან ასაცილებლად. ამაზე კარგად მეტყველებს სტატიის დასაწყისში  აღწერილი გიოს და ნინის შემთხვევა. აღნიშნული სიტუაციების ანალიზი მიგვანიშნებს, რომ მშობლებთან თანამშრომლობის გარეშე სასწავლო პროცესში შეფასების ეფექტურობაზე ვერ ვისაუბრებთ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ შეფასება მოსწავლისთვის სასჯელად, პედაგოგისთვის სატანჯველად, მშობლისთვის კი, სკოლასა და მასწავლებელზე შურისძიების იარაღად არ იქცეს, აუცილებელია, ერთი მხრივ, პედაგოგის მიერ შეფასების პრინციპების განუხრელი დაცვა და, მეორე მხრივ, მშობელთა ინფორმირება შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

 

ქეთევან ოსიაშვილი

19.03.2017.

 

 

სიყვარულის, სიხარულისა და ბედნიერების დღეები

0

ე.წ. „სიყვარულის დღეს”, ანუ 14 თებერვალს, ბავშვების დაბადების დღის ცენტრში აღმოვჩნდი, ჩვენი მეგობრის შვილის და ჩვენი შვილების მეგობრის დაბადების დღე იყო და ორსაათიანი გასართობი პროგრამის განმავლობაში ალბათ ოცჯერ მაინც მოიკითხეს ბავშვების გართობაზე მზრუნველმა ადამიანებმა  იუბილარის და მათი მეგობრების შეყვარებულების ამბები. იუბილარი 5 წლის იყო. სტუმრებიც დაახლოებით ასე – ოთხი, ხუთი, ექვსი წლისები. ზოგადად, ასეთ ცენტრებში ათას სისულელეს მოისმენ, დაწყებული იმით, რომ გოგონები პრინცესები არიან და ბიჭები სუპერგმირები, დამთავრებული იმით, რომ ყველა ძალიან ბედნიერი უნდა იყოს, ხტუნავდეს, ცეკვავდეს, თამაშობდეს და მოწყენის ან არააქტიურად ყოფნის უფლება არ ჰქონდეს. რა თქმა უნდა, შეიძლება მითხრათ, რომ ამ ყველაფერს ხუმრობის სახე აქვს, გასართობია და ყველაფრის სერიოზულად განხილვა და პრობლემად მიჩნევა არ შეიძლება, მაგრამ მტკიცედ მჯერა, რომ ბავშვობაში მიღებული ემოციები უკვალოდ არ იკარგება და რასაც ჩვენ არასერიოზულად ვამბობთ, ვინმე შეიძლება სერიოზულად იღებდეს. რაც შეეხება ბავშვებს, მათთან სალაპარაკოდ  ამ ასაკში ათასი სხვა უფრო საინტერესო თემა არსებობს, ვიდრე შეყვარებულის ყოლა-არყოლაა.

 

ამავე სიყვარულის დღეს ერთმა ჩემმა ნაცნობმა Facebook-ზე იმ ხალხს, რომლებიც შეყვარებულების გარეშე არიან, მისწერა – ეგ არაფერი, ზოგი სულ მარტო ცხოვრობს, ცხოვრება მაინც მშვენიერიაო. დავფიქრდი, რომ თუკი დავუშვებთ, რომ სიყვარულს, სიხარულს, ბედნიერებას და ა.შ. სპეციალური  დღეები უნდა ჰქონდეთ, საკუთარი პრივილეგიების აფიშირებაზე უფრო მნიშვნელოვანი შესაძლოა იმ ხალხის გამხნევება იყოს, რომლებიც  მტკივნეულად განიცდიან საკუთარ რეალობას და თუ კარგად მიმოვიხედავთ გარშემო, ასეთი ადამიანების შემჩნევა სულაც არ გაგვიჭირდება.

 

როცა ბავშვობიდან გეკითხებიან გყავს თუ არა შეყვარებული, გარგებენ კონკრეტულ როლს, მოითხოვენ შენგან გახდე წარმატებული და გქონდეს იდეალური ოჯახი, გიჭირს დაჯდე და საკუთარ თავს მოუსმინო, რა უნდა სინამდვილეში, როგორ ცხოვრებაზე ოცნებობს, რა ანიჭებს სიამოვნებას, რას არ გააკეთებდა არავითარ შემთხვევაში, როგორი გართობა მოსწონს, ვინ სჭირდება ბედნიერებისთვის და ცხოვრობ ისე, როგორც ვიღაცებს წარმოუდგენიათ შენი ცხოვრება, ცდილობ გაამართლო იმედები და გგონია, ასეა საჭირო. ეს ამბავი ისეთია, ზღაპრებში რომ წერია, მარჯვნივ წახვალ ინანებ, მარცხნივ წახვალ მაინც ინანებო.  ყველაფერს შენთვის წინასწარ შექმნილი წესების მიხედვით თუ გააკეთებ – თავს კარგავ, არ გააკეთებ –  მარგინალობის გზას ადგები.

 

იცით ხომ ისეთი თამაშები, ადამიანები ერთმანეთის გასაცნობად რომ იყენებენ და ერთი შეხედვით მარტივ კითხვებზე პასუხების გაცემით საკუთარი თავის დახასიათებას რომ გულისხმობს: „მოყევი ხუთი რამ, რაც შენ შესახებ გინდა, რომ ვიცოდეთ; გაგვიმხილე სამი ოცნება, რომელიც აგისრულდა; რას ფიქრობდი შენს მომავალზე ორი, ხუთი, ათი წლის წინ; როგორ გამოიყურება შენი საოცნებო სამსახური, რა განიჭებს განსაკუთრებულ სიამოვნებას” და ასე შემდეგ. მსგავს თამაშს ვთამაშობდი რამდენიმე დღის წინ და მივხვდი, რომ ადამიანებს გვიჭირს ერთი შეხედვით მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა არა იმიტომ, რომ 5 საინტერესო ამბავი არ გვაქვს მოსაყოლი ჩვენ შესახებ ან ოცნებები იშვიათად გვისრულდება, არამედ იმიტომ, რომ იშვიათად ვფიქრობთ ასეთ რამეებზე.

 

20 მარტს მსოფლიო ბედნიერების დღეს აღნიშნავს და შესაძლოა ეს დღე კარგი საშუალება იყოს იმაზე დასაფიქრებლად, რა არის ჩვენთვის ბედნიერება, ვინ გვიყვარს, რა გვანიჭებს სიხარულს და რას ვუსურვებდით ჩვენს თავებს. შესაძლოა სხვების მიერ დაწესებული დღეების ჩვენს თავთან ურთიერთობისთვის გამოყენებამ მეტი სიკეთე მოგვიტანოს, ვიდრე ყვავილებმა და ფოიერვერკებმა, რომელსაც ზოგი იღებს, ზოგი – ვერა.

 

 

 

 

       მდგრადი განვითარების მიზნები – ნულოვანი შიმშილი

0

„ჩვენ გადავწყვიტეთ, 2030 წლამდე დავამთავროთ სიღატაკე და შიმშილი ყველგან, ვებრძოლოთ უთანასწორობას ქვეყნებში და ქვეყნებს შორის“, – ვკითხულობთ მდგრადი განვითარების მიზნების დოკუმენტში.

შიმშილის აღმოფხვრა, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კვების გაუმჯობესება და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა – მდგრადი განვითარების მეორე მიზანია. მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების შემდეგ ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება საკმარისი საკვები, ყველას შეეძლება იყოს დასაქმებული და წარსულს ჩაბარდება 1.25$-იანი  დღიური საარსებო მინიმუმი.

როგორ უნდა განხორციელდეს ეს მართლაც გრანდიოზული გეგმა? – 17 გლობალური მიზანი, 169 ქვემიზანი, 200-მდე ქვეყნის უამრავი პროგრამა თუ პროექტი. იდეის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ დასახული მიზნების მნიშვნელობიდან გამომდინარე, განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვებიან პოლიტიკოსები, მთავრობები, ე.წ. ექსპერტული ცოდნის საზოგადოებები, საჯარო და კერძო სექტორები თავიანთი ფინანსებით (მ.შ. ოფიციალური დახმარება განვითარებისათვის – ODA), ახალ ძალებს მოიკრებს გლობალური პარტნიორობა.

 

სურსათს, როგორც სასიცოცხლო უზრუნველყოფის მთავარ კომპონენტს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სასურსათო პრობლემა მეტად აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოსათვის, რადგან დედამიწის მოსახლეობის მატება ადეკვატურ ზეგავლენას ახდენს სურსათის მოთხოვნილების ზრდაზეც.

წარსულში, როდესაც ადამიანი უფრო სუსტი იყო ბუნებრივი მოვლენების წინაშე და ვერ ფლობდა მათზე ზემოქმედების მნიშვნელოვან საშუალებებს, ხშირი იყო არახელსაყრელი გარემო ფაქტორებით გამოწვეული შიმშილობები. ისტორიაში მრავალი ამგვარი ფაქტია აღწერილი (ეგვიპტე, რომი, ბრიტანეთი, საფრანგეთი, პოლონეთი, ირლანდია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და ა.შ.).

შიმშილობას საქართველოში, მისი უნიკალური ბიოგეოკლიმატური პირობების გამო, ძირითადად მტრის შემოსევები და ეპიდემიები განაპირობებდა, რაც ისტორიულ დოკუმენტებშიც ფიქსირდება. 735-737 წლებში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად ისე დაზარალებულა ქართლის სოფლის მეურნეობა, რომ მემატიანე წერს: “…აღარა იპოვებოდა ნიშნები არც საჭამადი კაცთა და პირუტყუთა”. დიდი შიმშილობები იყო შუა საუკუნეებში ბაგრატ IV მეფობის დროს, 1050-1060 წლებში. ამ ფაქტს შესწრებია ათონის მონასტრიდან ჩამოსული გიორგი მთაწმინდელი, რომელმაც დააფიქსირა ეს მოვლენა. 1811 წელს შიმშილობის მიზეზი გახდა ქვეყანაში შავი ჭირის ეპიდემია, მკაცრი ზამთარი და წყალდიდობები, რომლებმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში კაცობრიობამ შთამბეჭდავ წარმატებებს მიაღწია არა მარტო სურსათის წარმოებისა და მოხმარების სფეროში. უპრეცედენტო მასშტაბებით გაიზარდა მოსახლეობის შემოსავალი, ამაღლდა ცხოვრების დონე, საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობამ 8-10 წლით იმატა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა. უკვე შეიძლება შემდგომი ნაბიჯების გადადგმა და შიმშილის ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრა. ეს ნიშნავს ისეთი ქმედებების ჩატარებას, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მდგრადობისა და მცირე ფერმერების ხელშეწყობა.

მიღწეული წარმატებების მიუხედავად, მეცნიერები ფაქტობრივი ანალიზის საფუძველზე ფრიად პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ.

იმ გარემოებებსა და ფაქტორებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ რადიკალური გავლენა იქონიოს და სერიოზული საფრთხე შეუქმნას დედამიწის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის საკითხს, აღსანიშნავია: სახნავი მიწების ფართობების შემცირების ტენდენცია; სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მოსავლიანობის ზრდის ტემპის შენელება; საძოვრული მეცხოველეობის მასშტაბების შემცირება საძოვრების პროდუქტიულობის დაცემის გამო; მსოფლიო ოკეანის რესურსების მდგომარეობის გაუარესება; მტკნარი წყლის დეფიციტი; ეკოლოგიური წონასწორობის მუდმივი რღვევა და სხვ.

საქართველოს, ისევე როგორც დედამიწის სხვა ტერიტორიულ ერთეულს, თავისი სასურსათო პოტენციალი აქვს. ექსპერტთა შეფასებით, იგი სრულიად საკმარისია 10-12 მილიონი ადამიანის გამოსაკვებად, მაგრამ აღნიშნულის მიღწევა ქვეყნის ბიოგეოკლიმატური პირობების რაციონალურ გამოყენებაზეა დამოკიდებული. ჩვენთან ბოლო 18 წლის განმავლობაში არ ტარდება ნიადაგის ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებები (ეროზია არარაციონალური მიწათმოქმედების თანმდევი სენია), რომელსაც ექვემდებარება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 35%, ანუ 1,1 მლნ. ჰაზე მეტი. მათ შორის სახნავი მიწების თითქმის 52%, ანუ 412,4 ათასი ჰა, საძოვრების 34%, ანუ 598,4 ათასი ჰა. ამასთან, მწყობრიდან გამოვიდა მინდორსაცავი ზოლების ნარგაობა, სარწყავი სისტემები. ქვეყანაში ადრე არსებული 470 ათასი ჰა სარწყავი ფართობიდან, ამჟამად შესაძლებელია მხოლოდ 150 ათასი ჰა-ს მორწყვა. მნიშვნელოვნად შემცირდა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ჩაის პლანტაციები, ვენახები და სხვ. ცვლილება განიცადა ნათესი ფართობების სტრუქტურამაც. თანდათანობით გაიზარდა მარცვლეული და ზეთოვანი (მზესუმზირა) კულტურების ხვედრითი წილი, მაგრამ არ ხერხდება მათი სტაბილური მოსავლის მიღება სარწყავი სისტემების უმოქმედობისა და სხვა მიზეზების (თესლბრუნვების უგულვებელყოფა, უხარისხო თესლი და ა.შ.) გამო.

სასურსათო პრობლემის გადაწყვეტაში დიდი მნიშვნელობა აქვს დამუშავებაში მყოფი მიწების (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავები ერთად) შენარჩუნებას და მათი ფართობის შემდგომ გადიდებას. ამ მხრივაც ქვეყანაში არასასურველი ტენდენცია შეინიშნება. აღნიშნულის გათვალისწინებით გასამკაცრებელია ღონისძიებები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით მიწების ამოღებისადმი. ამ დანიშნულებით გამოიყო 400 ათას ჰა-ზე მეტი მიწის ფართობი (ე.ი. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები  გადავიდა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების კატეგორიაში), რაც სრულიად დაუშვებელია მიწით ისეთი მცირედ უზრუნველყოფილი ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა.

საძოვრული მეცხოველეობის არსებობა, მისი განვითარების მაჩვენებლები, პირუტყვის რაოდენობა, სტრუქტურა და პროდუქტიულობა ძირითადად ბუნებრივი საკვები სავარგულების გამოყენებაზეა დამოკიდებული. საქართველოში არსებული სათიბ-საძოვრების მთლიანი ფართობის (1,960 მლნ. ჰა) 2/3 განლაგებულია ზღვის დონიდან ისეთი სიმაღლისა და დაქანების ფერდობებზე, რომ ძნელად გამოსაყენებელია პირუტყვის ნებისმიერი სახეობისათვის, მ.შ. ცხვრისთვისაც კი. საძოვრების საკმაოდ დიდი ნაწილი არასწორი ექსპლუატაციისა და უყურადღებობის გამო დეგრადირებულია და მათი აღდგენა სასწრაფო ღონისძიებების გატარებას მოითხოვს.

მინიმალურადაც არაა გამოყენებული შიდა წყალსაცავებში (მ.შ. სატბორე) მეთევზეობის განვითარების შესაძლებლობანი. რამდენიმე წლის წინათ საქართველოში მათ 50 ათასი ჰა ფართობი ეკავა. ეს ის რაოდენობაა, რომელიც დამაკმაყოფილებელი ექსპლუატაციის პირობებში თავისუფლად უზრუნველყოფს 7075 ათასი ტონა ახალი (ნედლი) თევზის რეწვას წლის განმავლობაში.

მტკნარი წყლის რესურსების დეფიციტის პრობლემა მუდმივად იდგა მსოფლიოს მცხოვრებთა წინაშე, ხოლო მე-20 საუკუნის ბოლოს აღნიშნული საკითხი იმდენად გამწვავდა, რომ საეჭვო გახდა წყლით, როგორც სასურსათო პროდუქტით, კაცობრიობის სრული უზრუნველყოფის შესაძლებლობაც კი (უკანასკნელი მონაცემებით, თანამედროვე მსოფლიოში სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის 2,2 მლრდ. ადამიანი). საქართველო ამ მხრივ უმდიდრესი ქვეყანაა. მტკნარი წყლის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და სწორი მენეჯმენტის შემუშავების შემთხვევაში იგი საექსპორტო შემოსავლების მნიშვნელოვან წყაროდ უნდა იქცეს (განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთისა და არაბული სამყაროს ქვეყნებში).

საქართველოს გეოლოგიის დეპარტამენტის გათვლებით ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულის მხოლოდ შესწავლილი მარაგები აღემატება 51 მლრდ აშშ დოლარს. მათ შორის – მტკნარი და მინერალურ-სამკურნალო წყლები 10 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სიკეთე შეუძლია მარტო ამ რეზერვის ამოქმედებას, თუნდაც არასრული მოცულობით.

უნდა აღინიშნოს იმ შეფარდებითი უპირატესობის შესახებაც, რომელიც საქართველოს მთისა და მთისწინეთის ყველა რაიონს გააჩნია ეკოლოგიურად სუფთა აგროპროდუქციის წარმოებისა და მისი ექსპორტზე გატანის თვალსაზრისით. მისი წარმოება ეკონომიკურად რენტაბელურია და უფრო დაგვაახლოვებს ევროკავშირის მოთხოვნებთან საკვები პროდუქტების უვნებლობასთან დაკავშირებით. ამასთან ხელს შეუწყობს საქართველოს მთიანეთის აღორძინებას, მთაში მცხოვრები მოსახლეობის შენარჩუნებასა და ზრდას, მათი მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სასურსათო უზრუნველყოფა ანუ სასურსათო პრობლემის მოხსნა მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი მასშტაბის პოლიტიკურ-ეკონომიკური და ტექნოლოგიური ამოცანაა, რომლის გადაწყვეტა მოითხოვს ისეთი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, რომლებიც საშუალებას იძლევა არა მარტო მოსავლის (პროდუქტიულობის) გადიდებისათვის, არამედ ეკოლოგიურად მდგრადი პროდუქტიული სისტემების ფორმირებისათვის. ეს კი, თავის მხრივ, საერთაშორისო და საშინაო პოლიტიკის ჰარმონიზაციის, საკუთარი ქვეყნის ინსტიტუციური მოწყობის, დემოკრატიულ ფასეულობათა დამკვიდრებისა და სხვა პრობლემების მოგვარებას მოითხოვს.

სასურსათო პრობლემის გადაწყვეტა ეროვნულ (ქვეყნის) დონეზე მოითხოვს სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარებას, სოფლად სიღარიბის დაძლევას, ფერმერთა შრომის ავტორიტეტის ამაღლებას და მათ მატერიალურ სტიმულირებას, სასოფლო-სამეურნეო წარმოებასა და კვლევებში (განსაკუთრებით სელექციაში) ინვესტიციების გადიდებას. ეს ყოველივე შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა სამამულო აგროპროდუქციაზე გაჩნდება შესაბამისი მოთხოვნა. ფერმერთა კეთილდღეობა და სოფლის მცხოვრებთა სიღარიბის დონის შემცირება გააუმჯობესებს ბუნებრივი რესურსების მართვას და სასურსათო უზრუნველყოფის მდგომარეობას.

პ.ს. ღია მმართველობის პარტნიორობისა და გაერო-ის მდგრადი განვითარების მიზნების დაკავშირებისა და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის აქტიური დიალოგის წარმართვისთვის მნიშვნელოვანია OGP-ის გლობალური სამიტი მექსიკაში.

ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნების ვალდებულებები მეორე მიზანთან დაკავშირებით:

აშშ-ის ღია მმართველობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს სოფლის

მეურნეობასა და კვებასთან დაკავშირებული მონაცემების ღიაობას. აშშ-მა გაერთიანებულ

სამეფოსთან ერთად შექმნა „გლობალური ღია მონაცემები სოფლის მეურნეობასა და

კვებაზე“ (Global Open Data for Agriculture and Nutrition  – GODAN). ინიციატივის მიზანია,

მონაცემები სოფლის მეურნეობისა და საკვები პროდუქტების შესახებ გახდეს ღია,

ხელმისაწვდომი და გამოსადეგი გლობალური გამოყენებისათვის.

 

 

 

დუალური განათლების ისტორიული წინაპირობები ნაწილი მესამე

0

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ყველაზე გავლენიანი სამეურნეო სკოლებისა და ტექნიკური (ე.წ. სატეხნიკო) სასწავლებლების ინიციატივები წარმოების სექტორიდან, დამსაქმებლებიდან მოდიოდა. სასწავლებლების დაარსების იდეა, უმრავლეს შემთხვევებში, ჩნდებოდა მას შემდეგ, რაც სამეურნეო საზოგადოებები / საწარმოს დამფუძნებლები აღმოაჩენდნენ ამა თუ იმ დარგში პროფესიონალი კადრების სიმწირეს და პროფესიული უნარების არასათანადო განვითარების პრობლემას. ამიტომ ხშირად ხდებოდა ისე, რომ საწარმოს, ან საზოგადოების დაარსებიდან ძალიან მალე, ყალიბდებოდა მასთან არსებული პროფესიული სასწავლებლები კონკრეტული საწარმოს, ან მთელი დარგის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ამ მხრივ ცალკე აღნიშნვას იმსახურებს დარგის გულშემატკივარი პროფესიონალების, მაშინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლების – ილია წინამძღვრიშვილის, ნატო ლოლუას, ერმილე ნაკაშიძის, ისაია ფურცელაძისა და კონსტანტინე ამირაჯიბის კერძო ძალისხმევა და მათი წარმატებული პროექტები.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს „სამინისტრო სკოლებსაც“ ევალებოდა  სასოფლო-სამეურნეო დარგობრივი ცოდნის გავრცელება, ეს პროგრამები შედეგზე ორიენტირებული ვერ იქნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ცოდნის გამავრცელებლები სოფლის მასწავლებლები იყვნენ – ადამიანები, რომლებიც არ ფლობდნენ რელევანტურ პრაქტიკულ ცოდნას. ამდენად, ეს პროექტი არ მუშაობდა. გარდა ამისა, 20-იან წლებამდე საქართველოში, თითქმის, არ მოღვაწეობდნენ ისეთი პროფესიონალები, რომლებსაც რუსეთსა და ევროპაში უმაღლესი განათლება ჰქონდათ მიღებული და ამა თუ იმ დარგში ფლობდნენ აკადემიურ ცოდნას, ამიტომ  პროფესიული განათლება პრაქტიკოს მეურნეებზე იყო მინდობილი.

ეს ფაქტორები გავლენას ახდენდა როგორც სასწავლებლების ორგანიზაციული მოწყობის, ისე – კურიკულუმის დიზაინის თავისებურებებზე. პირველ რიგში კი იმ ფაქტზე, რომ სანამ დამსაქმებლებსა და მოსწავლეებს შორის დისციპლინური ლოგიკით სტრუქტურირებული ჰოლისტური ცოდნის მთელი რიგი ბარიერები ამოიზრდებოდა, სასწავლო პროგრამები უშუალოდ პრაქტიკული უნარების განვითარებაზე იყო მიმართული. მეორე მხრივ, პრაქტიკოსი მეურნეებისა და ხელოსნების გამოცდილებაც არ იყო სრულყოფილი. მის ფრაგმენტულობასა და არათანმიმდევრულობას სწორედ აკადემიური ცოდნისგან მოწყვეტილი განვითარება განაპირობებდა.

პარტნიორობის გამოცდილება კურიკულუმის განვითარებისთვის. ბოლო წლებში რამდენჯერმე საკმაოდ უცნაური გამოცდილების მოწმე გავხდით, როცა  უახლესი ტექნიკით აღჭურვილი პროფესიული სასწავლებლების შენობების გახსნას განათლების რეფორმებთან და პროგრესთან აიგივებდნენ,  მაშინ როცა ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული ბაზრისა და დარგების მოთხოვნის შესაბამისი, კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული საგანმანათლებლო პროგრამები, ანდა, უბრალოდ, არ არსებობდა ადამიანური რესურსი, რომლებიც ამ მანქანა-დანადგარების მოხმარებაზე ცოდნის გავრცელებას უზრუნველყოფდა.

პროფესიული სასწავლებლის დაარსება რომ მხოლოდ შენობის აშენებასა და ინფრასტრუქტურის შეძენას არ ნიშნავს, ეს საქართველოში ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ესმოდათ. სკოლის კონცეფციის ჩამოყალიბებას – წესდების შემუშავებასა და საგანმანათლებლო პროდუქტის განვითარებას დამფუძნებლები, როგორც წესი, დიდ ყურადღებას უთმობდნენ. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამგვარი კონცეფციის ჩამოყალიბება დროში უსწრებდა სკოლების აშენებასა და მათს აღჭურვას, რადგან ინფრასტრუქტურასა და მანქანა-დანადგარებს განიხილავდნენ არა როგორც თვითმიზანს, რომელსაც შემდგომში მოერგებოდა პროგრამა, არამედ – ინსტრუმენტს, რომელიც თავად უნდა მორგებოდა კურიკულუმის საჭიროებებს.

დგება საკითხი – რას უნდა მორგებოდა თავად კურიკულუმი?  როგორც ცნობილია, მაშინდელი პროფესიული სკოლების სასწავლო გეგმები საზოგადოების აქტიური ჩართულობით იხვეწებოდა და იძენდა საბოლოო სახეს. პროფესიონალები და პოტენციური ბენეფიციარები სკოლის კონცეფციებს პერიოდიკის ფურცლებზე ეცნობოდნენ. ასე მოხდა პირველი ქართული სამეურნეო სკოლის – წინამძღვრიანთკარის სასწავლებლის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ილია წინამძღვრიშვილის კერძო წამოწყება და რომ კონცეფციის შემუშავების პროცესში მასთან ერთად მონაწილეობდნენ გავლენიანი პროფესიონალები, ნიკო ცხვედაძე და იაკობ გოგებაშვილი, რომლებსაც საზოგადოების ნდობა ჰქონდათ, ილია წინამძღვრიშვილმა საჭიროდ ჩათვალა, 1880 წელს სასწავლებლის კონცეფცია პრესაში გამოექვეყნებინა. პროგრამის გასაჯაროებამ გაამართლა, რადგან პრესისავე საშუალებით სულ მალე პროექტის გარშემო მეურნისა და განმანათლებლის, ივანე როსტომაშვილის სასარგებლო შენიშვნები გამოქვეყნდა. ამ უკუკავშირის საფუძველზე სასწავლებლის პროექტმა პანსიონის ტიპის სკოლის დატვირთვა შეიძინა, რათა მისი მუშაობა მხოლოდ ლოკალური სოფლების საზღვრებში არ ჩაკეტილიყო და ფართო მნიშვნელობა შეეძინა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში კიდევ ერთი სამეურნეო სასწავლებლის გახსნის ინიციატივით გამოვიდა ერეკლე მეორის შთამომავალი, ქსნის ერისთავი – გიორგი. სკოლის გახსნას წინ უძღვოდა წესდებისა და სასწავლო გეგმის ჩამოყალიბება, რაც ქუთაისის სამეურნეო სასწავლებლის მმართველმა – მიხეილ მორბედაძემ ითავა. მიუხედავად იმისა, რომ საკრებულო მას სასწავლებლის პროგრამული და ორგანიზაციული განვითარების საქმეში სრულ ნდობას უცხადებდა, მორბედაძემ კონცეფცია საჯაროდ გამოაქვეყნა და საზოგადოებას საშუალება მისცა, დოკუმენტს გაზ. „ივერიის“ საშუალებით გაცნობოდა. ჯანსაღმა და პრობლემაზე ორიენტირებულმა კრიტიკამ ამ შემთხვევაშიც არ დააყოვნა – პროფესიონალთა შეფასებით, პროგრამაში უფრო მკაფიოდ უნდა განსაზღვრულიყო მიზნობრივი ჯგუფის საჭიროებანი. მათი აზრით, კონცეფცია უფრო მეტად თავად-აზნაურთა ინტერესებზე მორგებული ჩანდა, მაშინ როდესაც სამეურნეო განათლებაზე მოთხოვნა, პირველ რიგში, გლეხობიდან მოდიოდა.

მიზნობრივი ჯგუფის საგანმანათლებლო საჭიროებებს სრულად პასუხობდა ქუთაისის ქალთა სამეურნეო საზოგადოების – „შრომის“ მიერ 1904 წელს დაარსებული სამეურნეო სკოლის პროგრამა. ადგილობრივი ქალები აქ ზოგად განათლებასა და პროფესიულ ცოდნას 5 წლის მანძილზე იღებდნენ. ქალთა სამეურნეო სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამის აგებულება სრულად შეესაბამებოდა ადგილობრივ მოთხოვნებს როგორც საბაზრო, ისე – გენდერული თვალსაზრისით. აღსაზრდელებს აქ სწორედ ის აუცილებელი ან ლეგიტიმური ცოდნა გადაეცემოდათ, რომლის დაუფლების პირობასაც ქალებს კულტურა უყენებდა. სკოლაში სწავლა შემდეგი მიმართულებებით მიმდინარეობდა: მებოსტნეობა, მეაბრეშუმეობა, აბრეშუმის თესლის დამზადება, ჭრა-კერვა, ქსოვა, მეფუტკრეობა, მერძეობა, მეოჯახეობა, მზარეულობა, შინაური ფრინველის მოშენება და სხვ.

სკოლას დაარსებიდან ერთი წლის თავზე 68 მოსწავლე და 10 მასწავლებელი ქალი ჰყავდა. აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა უმეტესი ნაწილი სწავლების გასამრჯელოს არ იღებდა. ანაზღაურების გარეშე იმუშავეს წინამძღვრიანთკარის როგორც სკოლის შენობების დამპროექტებლებმა – ევგენი თევდორეს ძე ბელოიმ, მიხეილ ისაის ძე სალამბეგოვმა, ისე – მშენებლობის ხელმძღვანელმა, ინჟინერ-მშენებელმა, მიხეილ ბებუთაშვილმა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარსა და მე-20-ს დასაწყისში საქართველოში პროფესიული სასწავლებლების დაარსებაში საკმაოდ დიდი იყო საზოგადოების, მეწარმეებისა და ინტელიგენციის კონტრიბუცია. პირველ რიგში იმიტომ, რომ სხვადასხვა თემები სათანადოდ აფასებდნენ სამეურნეო და ტექნიკური განათლების მნიშვნელობას, გარდა ამისა, ეს იყო სოციალური პასუხისმგებლობა და, ამასთანავე, პრესტიჟი განათლებისა და პროგრესის საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ყოველივე აღნიშნულით, თითოეული განხილული საგანმანათლებლო ინიციატივა ახლო დგას დუალური განათლების გერმანულ მოდელთან.

გურიის სავაჭრო ამხანაგობა და საწარმოში კეთებით სწავლა (learning by doing). მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოში მცირე მეწარმეობის განვითარებას განსაკუთრებით აფერხებდა წვრილი ვაჭრებისა და ე.წ. ჩარჩების საქმიანობა, რომელთაც იმ დროისათვის ბაზარზე სრული კონტროლი ჰქონდათ დამყარებული. ისინი ე.წ. კარტელური შეთანხმებით ახერხებდნენ პროდუქციის ფასების ხელოვნურად დაწევას, რითაც თავად დიდ სარგებელს ნახულობდნენ. წვრილ მეურნეებს დამოუკიდებლად არ შესწევდათ ძალა ბაზრის სადავეების ხელში ასაღებად და დიდად ზარალდებოდნენ. მცირე მეწარმეების რესურსების გაერთიანებისა და არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების ბაზრიდან განდევნის მიზნით მე-19 სუკუნის მიწურულს ინტელიგენციასა და მრეწველებს შორის გაჩნდა სავაჭრო ამხანაგობის დაარსების იდეა. ორგანიზაცია უზრუნველყოფდა პროდუქციის რეალურ ფასად შეძენასა და გასაღებას. ამხანაგობამ 1893 წელს შეიმუშავა წესდება, რომელიც მანამდე არსებული სავაჭრო დეპოებისა და ამხანაგობების გამოცდილებას ეყრდნობოდა.

სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალი“ ორ ჯგუფად ჩამოყალიბდა – თბილისსა და გურიაში. გურიის ჯგუფი დაკომპლექტებული იყო მეურნეებითა და წვრილი ვაჭრებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ორგანიზაციას საზოგადოება აქტიურ მხარდაჭერას უცხადებდა. ის მეპაიეების შენატანების გარდა, არაერთი შემომწირველის კონტრიბუციით სარგებლობდა, რომლებიც უძრავ ქონებას უსასყიდლოდ გადასცემდნენ ამხანაგობას. გურიის „შუამავლის“ წარმომადგენლობითობასა და გავლენიანობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ 1895-დან 1898 წლამდე წევრთა რაოდენობა აქ 200-დან 500-მდე გაიზარდა.

თავდაპირველად ამხანაგობის ფუნქცია იყო ყველა სახის პროდუქციის შესყიდვა და რეალიზაციის ხელშეწყობა. მეურნეები ამხანაგობაში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ. ისინი რეკომენდაციებს აძლევდნენ ამხანაგობას, თუ წელიწადის განსაზღვრულ პერიოდში რომელ პროდუქტზე გაიზრდებოდა მოთხოვნა. „შუამავლის“ მომდევნო წლების სტრატეგიის მთავარი აქცენტი კი აბრეშუმის წარმოება იყო, რისთვისაც მან წამოიწყო აბრეშუმის პარკის თესლის შეძენა, გასაღება და პროდუქციის რეალიზაცია. სულ მალე „შუამავალი“ გამოცდილების გაზიარებისა და საექსპორტო მცდელობებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით დაუკავშირდა იმერეთის მეაბრეშუმეთა პირველ საზოგადოებას.

აღნიშნულმა გარემოებებმა და წარმოების რაოდენობრივმა ზრდამ პროდუქციის ხარისხობრივი განვითარებისა და, შესაბამისად, კვალიფიციური კადრების მომზადების საჭიროება გამოკვეთა. ამ მიზნით სოფ. დვაბზუში დავით მამულაიშვილის მიერ შემოწირულ მიწაზე გურიის „შუამავალმა“ აბრეშუმის ძაფსახვევი სახელოსნო და სკოლა გახსნა. ყმაწვილები  აქ სწავლობდნენ მეაბრეშუმეობის თეორიას და მიღებულ ცოდნას საწარმოშივე იყენებდნენ. ისინი სწავლობდნენ კეთებით, რეალურ სამუშაო გარემოში და მათ მიერ დამზადებულ პროდუქტს არა მხოლოდ საგანმანათლებლო ღირებულება ჰქონდა, არამედ „შუამავალი“ აქაური ნაწარმის რეალიზაციასაც უზრუნველყოფდა.

ბედის ირონიაა, რომ გურიის სავაჭრო ამხანაგობის ლიკვიდაციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ორგანიზაციული მართვის უნარებისა და ცოდნის დეფიციტი გახდა. მიუხედავად ამისა, „შუამავალის“ საგანმანათლებლო პროექტი – დვაბზუს მეაბრეშუმეობის სახელოსნო და სკოლა, მრავალი ასპექტით იყო უნიკალური. პირველ რიგში, მის დაარსებაში წვლილი შეიტანა კერძო შემომწირველმა, გარდა ამისა, ეს იყო ვაჭართა და მეურნეთა საზოგადოებებიდან, ანუ კერძო სექტორიდან წამოსული ინიციატივა, რომელიც აღნიშნული თემების მოთხოვნებს თანაბრად ითვალისწინებდა. რაც შეეხება, სასწავლო პროგრამას, ის  დაბალანსებული იყო სკოლაში მიმდინარე თეორიული გავკეთილებითა და საწარმოში – პრაქტიკული მეცადინეობებით. თითოეული ამ ნიშნით მეაბრეშუმეობის სკოლა და სახელოსნო ძალიან მოგვაგონებს პროფესიული განათლების გერმანულ გამოცდილებას. ამიტომ ვფიქრობთ, დუალური მოდელის ელემენტების იმპორტს წინ უნდა უძღვოდეს მსგავსი მაგალითების სიღრმისეული კვლევა – წარმატებისა და წარუმატებლობის განმაპირობებელი ფაქტორების მეცნიერული და მიუკერძოებელი ანალიზი.

 

 

 

 

მოსწავლეთა რაოდენობა კლასში

0
განათლების ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სწავლა-სწავლების ხარისხს, მოსწავლეების მოტივაციასა და მასწავლებლების კვალიფიკაციასთან ერთად, აღსაზრდელთა რაოდენობაც განსაზღვრავს. 

წესით,  კლასში მოსწავლეთა რიცხვი არ უნდა აღემატებოდეს 25-ს, რათა მასწავლებელმა კლასის მართვა და გაკვეთილის ხარისხიანად ჩატარება შეძლოს. თუ თითოეული ბავშვის გაკვეთილში ჩართვაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა გვსურს, მაშინ ევროპულ სტანდარტს უნდა მივმართოთ, რის მიხედვითაც, აღსაზრდელთა მაქსიმალურ რაოდენობად  16-18 მოსწავლე სახელდება.

გთავაზობთ ამონარიდს საქართველოს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმიდან:

,,მუხლი  4.  მოსწავლეთა რაოდენობა საჯარო სკოლაში

  1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განსაზღვრულია 30 მოსწავლით.
  2. 2014-2015 სასწავლო წელს სკოლაში შემსვლელი პირველკლასელებისთვის და ყოველი მომდევნო თაობისთვის კლასში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება 25 მოსწავლით…
  3. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 35-ს.
  4. ამ მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ მოსწავლეთა მაქსიმალურ ოდენობასთან დაკავშირებით გამონაკლისი დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან წერილობითი შეთანხმებით. ასეთ შემთხვევაში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 29-ს.
  5. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულ მოსწავლეთა რაოდენობის შემთხვევაში პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურ კლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 18; ხოლო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის შემთხვევაში პარალელური კლასების არსებობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ თითოეულ პარალელურკლასში მოსწავლეთა მინიმალური რაოდენობა არის 15. გამონაკლისი მოსწავლეთა რაოდენობასთან დაკავშირებით დაიშვება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით.
  6. თუ სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეთა მოძრაობის გამო კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აღარ იქნება დადგენილი ნორმის შესაბამისი, სკოლა ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება კლასის გაყოფის/შეერთების/არსებული ფაქტობრივი მდგომარეობით დატოვების თაობაზე.
  7. ამ მუხლის პირველი პუნქტით კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის წესი ეხება 2005–2006 სასწავლო წლიდან 2014-2015 სასწავლო წლამდე სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს. ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით კლასში მოსწავლეების მაქსიმალური რაოდენობის განსაზღვრის წესი ეხება 2014-2015 სასწავლო წლიდან სკოლაში პირველ კლასში შესულ მოსწავლეებს და ყოველ შემდგომ თაობას.  უფრო მაღალ კლასებში სკოლებმა შეიძლება შემოიღონ ეს წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს მოქმედება არ გამოიწვევს მოსწავლეების სკოლიდან ამორიცხვას…“

 

განათლება ყოველთვის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი იყო. ადრე მისი მიღება მხოლოდ დიდგვაროვნებს შეეძლოთ, ახლა კი სახელმწიფო ვალდებულია, თითოეულ მოქალაქეს მისცეს განათლების მიღების შესაძლებლობა. ამასთან, არსებობს უამრავი კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც მოსწავლეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, ,,უფრო მეტ შესაძლებლობებს“ ჰპირდება.

რადგან ,,განათლება თავისუფლებაა“ და მთელი ცივილიზებული სამყარო თანხმდება იმაზე, რომ მისი მიღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თითოეული ინდივიდის პიროვნული განვითარებისთვის, განათლებული საზოგადოება კი განვითარებული ქვეყნის სტატუსს ეპოტინება, რატომ უნდა იყოს სწავლა ფუფუნების სფერო ცალკეული რეგიონებისთვის და/ან ადამიანებისთვის?!

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებს დღემდე უჭირთ მათ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებო სივრცის მოძიება, თუმცა ინკლუზიურ სწავლებაზე აგერ უკვე მეორე ათწლეულია ვსაუბრობთ. ფსიქოლოგისა და სპეცმასწავლებლის მომსახურება  დღემდე საკმაოდ ძვირადღირებულ ,,სიამოვნებას“ წარმოადგენს.

სახელმწიფოს ასევე ძვირი უჯდება მცირერიცხოვანი კლასების დაფინანსება, რადგან მისი შენახვა დამატებით მატერიალურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს. არადა, ნებისმიერ მასწავლებელს გაუჭირდება 40-მდე ბავშვის მართვა და თან ხარისხიანი გაკვეთილის ჩატარება. ამ ეტაპზე დაწყებით კლასებში მოსწავლეთა რიცხვის ოცდახუთამდე შემცირება მაინც მოხერხდა და ეს უკვე კარგია.

შესვენების დროს, დედაქალაქის საჯარო სკოლების დერეფნები გადატვირთულ ავტომაგისტრალს მოგვაგონებს. აქ კლასების უმეტესობა ერონული სასწავლო გეგმის N4 მუხლის 4 პუნქტის შესაბამისი რაოდენობის მოსწავლეს იტევს. ისმის კითხვა: შესაძლებელია თუ არა ამდენი განსხვავებული ხასიათის, ინტერესებისა და მოთხოვნილებების მქონე ინდივიდის სასწავლო პროცესში ჩართვასთან ერთად ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის წარმართვა?!

გადატვირთული კლასებში კონკურენცია მაღალია, შესაბამისად, თვითგადარჩენის ინსტიქტიც მძაფრდება. მოსწავლეები თვითგამოხატვისთვის საჭირო ,,არენისა“ და მასწავლებლის (და/ან კლასში ,,ყველაზე ლამაზი“ გოგოს/ ბიჭის) ყურადღების მოსაპოვებლად იბრძნვიან. თუმცა კონკურენტული გარემოს ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებაც შეგვიძლია. აქტუალური გავხადოთ ჯგუფური აქტივობები, წავახალისოთ საკლასო მიღწევები, გავმართოთ შიდა ოლიმპიადები, სპორტული შეჯიბრებები კლასებს შორის და აუცილებლად ამუშავდება ადამიანისთვის დამახასიათებელი ინსტიქტი – ,, ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!“

ფაქტია, რომ მრავალიცხოვანი კლასის მართვა ძალიან რთულია. ბრბოში ,,ამრევის“ პოვნა ბევრად უფრო ძნელდება. ხმაური იმატებს, გაკვეთილის მსვლელობის დროს პირადი საუბრები უფრო და უფრო ხშირდება. დაბალი მოტივაციის მქონე, უკანა მერხზე მიმალული მოზარდებისთვის ხომ მსგავსი გარემო ნამდვილ თავშესაფარს წარმოადგენს.  განათლების ექსპერტები გვირჩევენ, რომ მსგავს გარემოში ხშირად გამოვიყენოთ ისეთი აქტივობა (ცდა, კვლევა, პრეზენტაცია…), რომელიც საგაკვეთილო პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებლობას მოსწავლეებს დააკისრებს. ამასთან, შევეცადოთ მათი მოლოდინების გაზრდას – ყოველდღიურად გავაცნოთ გაკვეთილის გეგმა, მივცეთ  მათი ჩასწორების ან გადაგეგმვის საშუალება და შედეგიც არ დააყოვნებს.

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მშობელი და განათლების სფეროს წარმომადგენელი დარწმუნებულია, რომ კამერული კლასი უკეთეს  სასწავლო გარემოს ნიშნავს. აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ჰონკონგი, სინგაპური, კორეა, ჩინეთი – ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებმაც უახლოეს წარსულში კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა საგრძნობლად შეამცირეს. ადგილობრივი მოსახლეობა ახალ საგანმანათლებლო ინიციატივას დიდი ენთუზიაზმით შეხვდა, მაგალითად, კალიფორნიის ერთ-ერთი გუბერნატორის რეიტინგი მას შემდეგ გაორმაგდა, როცა ის ხალხს კლასებში მოსწავლეთა შემცირებას შეჰპირდა. მალე მას სხვა გუბერნატორებმაც მიბაძეს. გარკვეული დროის შემდეგ კი კლასების მცირერიცხოვან ჯგუფებად დაკომპლექტებას თეთრმა სახლმაც დაუჭირა მხარი.

პატარა ქალაქების სკოლებში ხშირად მოსწავლეთა რაოდენობა განსაზღვრულ მინიმუმზე ნაკლებია. მსგავსი დილემის წინაშე უმეტესად საქართველოს მაღალმთიანი რეგიონის სკოლები დგანან.  პრობლემის მთავარ მიზეზად რეგიონების დემოგრაფიულ-სოციალური მდგომარეობა სახელდება. ამ შემთხვევაში მოსწავლეთა სიმცირე არ უდრის სწავლების მაღალ ხარისხს, რადგან პატარა კლასი მაღალ შედეგს მხოლოდ მაშინ მიაღწევს, თუ მასწავლებელი ამ უპირატესობას სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და ინოვაციური მეთოდებით გამდიდრებისთვის გამოიყენებს. ზემოაღნიშნულ რეგიონები კი  ჯერ კიდევ ინფორმაციის სიმწირესა და განათლების მიღებისთვის საჭირო პირობების არარსებობას (უტრანსპორტობა,  მაღალკვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა, ინფორმაციული ვაკუუმი (პროფესიული განვითარების თვალსაზრისით), დაბალი მოტივაცია, რომელსაც რუტინული ყოველდღიურობა და მიზერული ანაზღაურება განაპირობებს და ა.შ.) უჩივიან. თუმცა მცირერიცხოვანი კლასში ნებისმისმიერ მასწავლებელს შეუძლია, თითოეული მოსწავლეს ბევრად მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს. აქედან გამომდინარე იმატებს სწავლის მოტივაციაც. ბავშვი მუდმივად ყურადღების ცენტრშია, აღარ უწევს ,,გადარჩენისთვის ბრძოლა“ და ვეღარც თანაკლასელების ზურგსუკან იმალება.

გაგიკვირდებათ და, მცირერიცხოვანი კლასის მთავარ მინუსად მოსწავლეთა რაოდენობა სახელდება. ნაკლებად კონკურენტულ გარემოში კლასის ,,ხულიგანს“ თუ  ,,ნებიერას“ თანაკლასელებზე დომინირება გაცილებით უადვილდება. შედეგად, ათზე ნაკლები მოსწავლით დაკომპლექტებულ კლასებში ვეღარ მოისმენთ განსხვავებულ აზრს, ანუ საკლასო საზოგადოება თავისდაუნებურად გადადის კოლექტიური აზროვნების რელსებზე.

როგორც ვხედავთ, მცირერიცხოვან კლასთან გამკლავება არც თუ ისე ადვილია. მიკრო სოციუმში მოსწავლეთა ქცევა ბევრად ნეგატიური და გამომწვევი ხდება. გახშირებული კონფლიქტები კი იმის შედეგია, რომ მოზარდებს არ ეძლევათ ერთმანეთისგან ,,დასვენების“ საშუალება, თან, მწირი გამოცდილება ურთიერთობების სფეროში საქმეს უფრო ართულებს.

რაც შეეხება აკადემიურ სირთულეებს, დაბალი მოსწრების მქონე მოსწავლეებს განსაკუთრებით სჭირდებათ იმ თანატოლებთან ურთიერთობა, რომლებსაც მსგავსი კითხვები უჩნდებათ და საერთო პრობლემების გადაჭრაც მათზე უკეთ შეუძლიათ. აქედან გამომდინარე, სწავლების ერთ-ერთ პოპულარულ მეთოდად მიიჩნევა მოსწავლე-ასისტენტების სასწავლო პროცესში აქტიურად ჩართვა-დასაქმება. ერთის მხრივ, მასწავლებლები ყურადღების ოპტიმალურად გადანაწილებას ახერხებენ, პატარა ასისტენტები კი თვითშეფასებასაც იმაღლებენ და ცოდნის განმტკიცება-გამოყენების საშუალებაც ეძლევათ.

გემრიელი ვიქტორინა – აქტივობა, რომელიც გამოცდილია

0

მინდა, ერთი აქტივობის შესახებ გიამბოთ.

სახელი – გემრიელი ვიქტორინა

ასაკი – სამი წლის (დაიბადა 2014 წლის 19 დეკემბერს)

დაბადების ადგილი – რაჭა, სოფელ უწერის საჯარო სკოლა, ლიტერატურული კაფე

გარეგნობა: მშრალი ნამცხვარი, რომელშიც ჩარჭობილია ფერად-ფერადი წარწერიანი ქაღალდები

 

დაბადების ამბავი

სამი წლის წინ ლიტერატურული კაფეს მოწყობისას ბევრს ვფიქრობდი აქტივობებზე, რომლებსაც ბავშვებს შევთავაზებდი. ისინი საინტერესო უნდა ყოფილიყო, რათა პატარა ადამიანების ყურადღება დაემსახურებინა. მაშინ დაიბადა „გემრიელი ვიქტორინის“ იდეაც, რომელმაც, ჩემდა სასიხარულოდ, ყურადღებასთან ერთად მოსწავლეთა სიყვარულიც მოიპოვა, თანდათან კი მშობლები და მასწავლებლებიც მიიზიდა და ერთ–ერთ მოთხოვნად და გამორჩეულ აქტივობად იქცა. სახელზე ბევრი არ მიფიქრია – „გემრიელი“ იმიტომ, რომ მაფინებს, კექსს უკავშირდებოდა, „ვიქტორინა“ კი იმიტომ, რომ შინაარსი თამაშსა და გამოცნობას გულისხმობდა. ტკბილეული ყველა პატარას რომ უყვარს, ცნობილია. მოკლედ, გემრიელი ნამცხვრებით წიგნების სამყაროში მათი შეტყუება განვიზრახე და შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა.

 

აღწერილობა

ამ აქტივობისთვის აუცილებელია წიგნები – მთავარია, ერთ ბავშვს, მასწავლებელს ან მშობელს მაინც ჰქონდეს წაკითხული ნაწარმოები, რომლიდანაც წინასწარ ამოვარჩევთ და ამოვწერთ ფრაზებს.

ლიტერატურულ კაფეს ორ თვეში ერთხელ ვმართავთ. ორი თვის განმავლობაში წაკითხული წიგნებიდან ვირჩევთ ერთს და ერთმანეთს ვაცნობთ. წინასწარ ვიცი, რომელ ნაწარმოებს ირჩევენ მოსწავლეები. ვინიშნავ ავტორებსა და სათაურებს, შემდეგ ვაგროვებ ამ წიგნებს და ვიწერ ამონარიდებს, რომლებიც ერთმანეთს უნდა გავაცნოთ. ფრაზა ორი ან სამია. ვცდილობ, ამონარიდები ისე შევარჩიო, რომ ერთში მაინც აუცილებლად იყოს ნახსენები მოქმედი პერსონაჟი, ერთი კი შინაარსობრივად უკავშირდებოდეს ტექსტს.

ისეთი წიგნებიც გამოერევიან ხოლმე, რომლებიც არ წამიკითხავს ან კარგად არ მახსოვს და ხშირად ისეც ხდება, რომ მე თვითონ დამვიწყებია ავტორი და ბავშვებს გამოუცნიათ. ასეთი ამბები გვახალისებს და მეტ თავისუფლებას გვჩუქნის. გულწრფელობითა და იმის აღიარებით, რომ მასწავლებლებმაც არ ვიცით ან ვერ ვიმახსოვრებთ რაღაცებს, პატარა ადამიანებს ფორიაქს ვუქარწყლებთ.

 

პროცესი

ეს თამაში სხვადასხვა დროს შეიძლება შევთავაზოთ მოსწავლეებს. მაგალითად, გაკვეთილზე რომელიმე ნაწარმოების გავლის შემდეგ, ან ერთი თემატური ქვეთავის ამოწურვისას, ან შემაჯამებელ გაკვეთილად გამოვიყენოთ, ან გრამატიკის რომელიმე საკითხს დავუთმოთ.

ჩვენ ლიტერატურულ კაფეს ვუკავშირებთ. ასეთი აქტუალობა მან ბავშვების მოთხოვნების შემდეგ შეიძინა. „გემრიელი ვიქტორინა“ ხომ გვექნება, მასწავლებელო?“ – სათითაოდ მეკითხებიან ხოლმე.

თამაშს მას შემდეგ ვიწყებთ, რაც ყველა ვისაუბრებთ ჩვენს ამორჩეულ წიგნზე. ეს აუცილებელი პირობაა, რადგან ერთმანეთის მოსმენის შემდეგ ხშირად ისეც ხდება, რომ ასოციაციითა და ლოგიკით იცნობენ ავტორებსა და სათაურებს.

მასწავლებელი არიგებს მაფინებს, რომლებშიც ჩარჭობილია წინასწარ ამოწერილი ფრაზები. პროცესში ებმება ყველა: მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, მოწვეული სტუმარი. შეიძლება, თითოეულ მონაწილეს ორი ან სამი ფრაზა შეხვდეს. შემდეგ რიგრიგობით კითხულობენ და ყურადღებით უსმენენ ერთმანეთს. კითხვას რომ დაასრულებენ, დგება გამოცნობის დრო. ყველაზე მეტად საკუთარი წიგნის ამოცნობა უადვილდებათ, თუმცა ხშირად ისეც ხდება, რომ ის ადამიანი იცნობს, ვინც ყურადღებით ისმენდა წიგნის წარდგენას. ავტორისა და სათაურის გამოცნობა თამაშის პროცესის ყველაზე აქტიური ფაზაა და სასიამოვნო ხმაურს იწვევს ხოლმე.

 

მიზანი

თავდაპირველად აქტივობის მიზანი პროცესის გამრავალფეროვნება და მოსწავლეთა გახალისება იყო მერე კი სხვა დატვირთვაც შეიძინა, კერძოდ:

  • ხელს უწყობს წიგნიერების განვითარებას;
  • პროცესში რთავს მშობლებს, მასწავლებლებსა და სტუმრებს;
  • მოსწავლეებს უვითარდებათ აქტიური მოსმენის უნარი და ლოგიკური აზროვნება;
  • უგროვდებათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ემოციები.

 

„გემრიელ ვიქტორინას“ განსაკუთრებულობას ისიც სძენს, რომ მასში მონაწილობენ როგორც დაწყებითი, ისე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

 

განსაკუთრებული რჩევები

 

ვიქტორინისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი კექსისა და მშრალი ნამცხვრის რეცეპტი. პირადად მე მაფინებს ხშირად ვაცხობ „ზებრის“ ცომით. მრავალფეროვნებისთვის კულინარიულ ჟურნალებს და ინტერნეტსაც მივმართავ და არ ვერიდები სამზარეულოში ექპერიმენტებს ლიტერატურული თავგადასავლებისთვის მზადებისას.

ამონარიდებად შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნების საწყისი ან დასასრული ფრაზები, ან უშუალოდ ტექსტიდან ამოარჩიოთ.

ჩვენთან ნამცხვრის ცხობა საინტერესო თავგადასავლებს უკავშირდება. მაღალმთიანი სოფლის პირობებში ეს პროცესი ძნელდება. გვიწევს, რამდენიმე დღით ადრე ვიზრუნოთ საჭირო მასალაზე. წინააღმდეგობები ვერ გვაბრკოლებს ხოლმე – მეთოდოლოგიური აღმოჩენების პარალელურად დავტესტეთ შეშისა თუ ელექტროღუმელი, მზადებაში ჩავაბით თითქმის მთელი თემი – სკოლის დირექტორი, მეზობლები და სოფლის გამგებელი. ასეთი თავგადასავლები გვაერთიანებს და გვახალისებს.

 

შედეგი

ჩემი დაკვირვებითა და გამოცდილებით, რაც უფრო ადრეულ ასაკში გაიგებენ ადამიანები ამა თუ იმ ავტორისა თუ ნაწარმოების სახელს, მით უფრო გაიზრდება მათი წიგნიერების დონე. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის სიამოვნება, რომელიც საკუთარი წიგნის გამოცნობას ახლავს და იმის თვალთვალი, რა ცნობიერი სახეები უხდებათ ბავშვებს ამ დროს.

ერთხელ ჟიულ ვერნის წიგნიდან – „80 000 კილომეტრი წყალქვეშ“ – იყო გამოსაცნობი ფრაზა. ეს წიგნი ცოტა ხნის წინ ორმა მერვკლასელმა გოგომ და მეათეკლასელმა ბიჭმა წაიკითხა, თუმცა ვერც ერთი მათგანი ვერ მიხვდა. სანამ ისინი ფიქრობდნენ, მესამეკლასელმა გიორგიმ წამოიძახა: ეს მიშოს წიგნიდანაა, მასწავლებელოო. როგორც ჩანს, მიშოს საუბარს ყურადღებით უსმენდა, ყური მოჰკრა ერთ–ერთი პერსონაჟის სახელს და დაამახსოვრდა. ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, როგორი საჭირო აქტივობაა „გემრიელი ვიქტორინა“, რომელიც ჩვენთვის უკვე ერთგვარ სადღესასწაულო რიტუალადაც იქცა.

ამ წერილის მზადებისას პატარა კვლევა ჩავატარე და სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს დავუსვი კითხვა: „რა არის შენთვის „გემრიელი ვიქტორინა“?

მათი პასუხები ერთმანეთს ჰგავდა. თითოეული ხაზს უსვამდა სიამოვნებას, სიხარულს და წიგნებში მოგზაურობის ბედნიერებას.

მხიარული ვიქტორინაჩემი უსაყვარლესი თამაშია. პრეზენტაციის მერე მხიარული ვიქტორინა რომ იწყება, ვხვდები, რომ წიგნების სამყაროში ვიწყებთ მოგზაურობას. ჩემთვის მხიარული ვიქტორინა ბედნიერების და სიყვარულის მომტანია“, – ასეთია მერვეკლასელი მარიამის შეფასება.

„გემრიელი ვიქტორინის დრო ჩემთვის ძალიან ძვირფასია და ამ დროს არასოდეს ჩავთვლი ფუჭად განვლილად, რადგან ჩემთვის ისიც საკმარისია, რომ ჩემს მეგობრებს ბედნიერებს ვხედავ. ბედნიერებს კი იმიტომ, რომ „გემრიელ ვიქტორინას“ ჩვენთვის დიდი სიხარული მოაქვს. არ აქვს მნიშვნელობა, გამოვიცნობთ თუ ვერ გამოვიცნობთ, დავიბნევით თუ ბედნიერებისგან ავღელდებით, რადგან ორივე შემთხვევაში გარშემო მყოფების სახეები, გამომეტყველება, ქცევები ძალიან საინტერესოა. „გემრიელი ვიქტორინა“ არასოდეს იწვევს დაძაბულობას. პირიქით, მისი დრო ყოველთვის ლამაზია ჩემთვის“, – წერს მერველკასელი თამარი.

მეორეკლასელმა თეკლამ კი ასე გვიპასუხა: „ბედნიერება. იცი, რატომ? ბავშვები რომ ჩაფიქრდებიან, მომწონს და მასწავლებელიც რომ გვიყურებს ბავშვებს ღიმილიანად, ლამაზად და სევდიანად, ეგეც მომწონს“.

 

ამონარიდებიანი ფერადი ქაღალდები დღის ბოლოს მაგიდაზე ერთჯერად ჭიქებსა და თეფშებს შორის არის ხოლმე მიკუჭული. ზოგს სახლში მიაქვს სამახსოვროდ. ქაღალდებისგან განსხვავებით, ჩემი ლეპტოპი ინახავს მათ. რამდენიმე მათგანს შემოგთავაზებთ. წიგნის დასაწყისით ავტორი და სათაური უნდა გამოიცნოთ:

„ის შემაძრწუნებელი ამბავი, 1866 წელს რომ დატრიალდა, დიდხანს ახსოვდათ ზღვისპირა ქვეყნებს“.

„ვიცი, რომ ჩვეულებრივი ათი წლის ბავშვი არა ვარ“.

„შვედეთის ერთი პატარა ქალაქის გარეუბანში ერთი ძალზე მოუვლელი ბაღია. ბაღში ძველისძველი ჩაშავებული სახლი დგა“.

„ექვსი წლის ვიყავი, როდესაც ერთ დღეს წიგნში „ნამდვილი ამბები“, რომელიც უღრანი ტყის ცხოვრებას აღწერდა, განსაცვიფრებელ ამბავს გადავაწყდი: მახრჩობელა გველი რაღაც ცხოველს ყლაპავდა“.

„თებერვლის ცივი საღამო იყო. ამერიკაში, კენტუკის შტატის ერთ პატარა ქალაქში, მდიდარი მემამულის სახლში მაგიდას უჯდა ორი კაცი“.

„ათასობით… მილიონობით სიტყვით ვარ გარემოცული“.

„შარშან, თხუთმეტ ოქტომბერს, რადიოს თუ მოუსმინეთ? გაიგეთ, გამქრალ ბიჭუნას რომ ეძებდნენ?“

„დოროთი კანზასის დიდი პრერიების შუაგულში ცხოვრობდა ძია ჰენრისა და დეიდა ემთან ერთად“.

„უნდა გითხრათ, რომ მშობლებს ერთი უცნაური ზნე სჭირთ: თავიანთი შვილი, თუნდაც ის ერთი აუტანელი ბავშვი იყოს, მაინც არაჩვეულებრივი და ყველაზე კარგი ჰგონიათ“.

„იყო და არა იყო რა, იყო ერთი დიდი, ძალიან დიდი ოჯახი“.

„ელისს მოსწყინდა მდინარის ნაპირზე დის გვერდით უსაქმოდ ჯდომა“.

 

რა მოხდა გორის ბაზარში

0

ეს ამბავი ახალმა სოციალურმა კამპანიამ გამახსენა. „რა მოხდა ქუჩაში“ ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „საფარის“ წამოწყებაა – ქალები ჰყვებიან სექსუალური შევიწროების გამოცდილების შესახებ; ჰყვებიან, რა მოხდა ქუჩაში, ტრანსპორტში, სამსახურში, საჯარო სივრცეში; როგორ იქცნენ უსახელო მსხვერპლად; როგორ განიცდიდნენ ამგვარ შევიწროებას მოზარდობისას თუ ზრდასრულობისას. სოციალური კამპანიის მიზანი ამ საკითხისადმი საზოგადოების დამოკიდებულების მეტ-ნაკლებად შეცვლა და საკანონმდებლო რეგულაციებში მისი მოქცევაა. „სექსუალური შევიწროება ძალადობაა. მოგვიყევი, რომ შეაჩერო“, – ვკითხულობთ სოციალური კამპანიის ფეისბუკის გვერდზე. იქვეა  შემდეგი სიტყვებიც: “რა მოხდა ქუჩაში” სექსუალური შევიწროების ისტორიებია, ამბები, რომლებიც ხშირად უთქმელი და დაფარული რჩება. სექსუალური შევიწროების გამოცდილებების გაზიარება დაგვეხმარება, რომ თავი შეურაცხყოფილად, დამცირებულად და შერცხვენილად აღარ ვიგრძნოთ“.

კითხვას შევყევი და წლების მანძილზე მოსმენილი იმდენი ამბავი გამახსენდა – ერთმანეთზე შემზარავი, გულისმომკვლელი ამბები. გასული საუკუნის 90-იან წლებში მეტროს ვაგონსა თუ ავტობუსში ხელების ფათური, უცერემონიო ჩახუტება, ყურში რაღაც ამაზრზენის ჩაჩურჩულება – ეს ყველას გამოცდილების ნაწილია, ვისაც იმ დროში ცხოვრება მოუწია. შეიძლება ითქვას, რომ გამიმართლა: თავს გადახდენილიდან მეტი არც არაფერი მახსენდება. მიზეზი კი ალბათ ისაა, რომ მეტისმეტად ფრთხილი ვიყავი – ყველაზე უარესზე ვფიქრობდი და თავს ვარიდებდი ისეთ ადგილებს, სადაც სულ მცირე საფრთხეც კი შეიძლება გაჩენილიყო.

ცხადია, არ ვამბობ, რომ თუ ვინმე ძალადობის მსხვერპლი ხდება – ეს მისი გაუფრთხილებლობის ბრალია.

ბავშვობიდან მესმოდა ამბები მოძალადე კაცებსა და ბოლო წუთს გადარჩენილ მოზარდებზე, ვერ გადარჩენილ გოგოებსა და ბიჭებზე (რამდენიმე ასეთი დანაშაული მოხდა იმ წლებში გორსა და გორის სოფლებში. გაიმართა სასამართლო პროცესები. ყველას პირზე ეკერა საშინელების ჩამდენთა სახელები). მესმოდა, რომ არავის, ამქვეყნად არავის არ უნდა ვენდო; რომ ახლობლების, მეზობლებისა და მეგობრების განზრახვებში ბოლომდე დარწმუნებული არ უნდა ვიყო; ყოველთვის უნდა მახსოვდეს, რომ კაცს ნებისმიერ წუთს შეიძლება მოუნდეს რაღაც უკადრისის ჩადენა; რომ ზოგჯერ მამები და ძმებიც კი აუპატიურებენ გოგოებს; რომ ერთხელ ერთი გოგო კარის მეზობელს, სამი შვილის მამას მანქანაში ჩაუჯდა და…

ზამთარი იყო. ტალახიანი ჩექმები მეცვა და მძღოლის გვერდით ვიჯექი გორის ბაზრის ავტოსადგომზე გაჩერებულ, ერთიანად ტალახში ამოსვრილ მანქანაში. 12-13 წლის ვიქნებოდი. სიცივეც მაწუხებდა და ის აზრებიც, თავში სწრაფად რომ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს – დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მანქანის მძღოლს გულში კეთილი ზრახვები ედო. უცნაურად მიღიმოდა. მეზობელი იყო – ამ კაცზე ავი სიტყვა არავის დასცდენოდა, სანდო, წესიერ ადამიანად ითვლებოდა. მე და დედაჩემს ბაზარში შემთხვევით შეგვხვდა და წაყვანა შემოგვთავაზა – ერთი გზა გვაქვსო. დედაჩემი ბაზრის დახურულ განყოფილებაში შებრუნდა, მე კი, სავსე პარკებით, ავტოსადგომზე გაჩერებულ მანქანაში აღმოვჩნდი.

ვფიქრობდი, უცებ რომ დაძრას ეს მანქანა და სადმე, დაუსახლებელ ადგილას წამიყვანოს, ხელს რა შეუშლის-მეთქი. სწრაფად მიმავალი მანქანიდან გადმოხტომას ვერ მოვახერხებდი – ეს კარგად ვიცოდი. ვერც წინააღმდეგობის გაწევას შევძლებდი – სუსტი ვიყავი და მომერეოდა. იტყოდა, ამ გოგოსი არაფერი ვიცი, დედამისის მოსვლამდე გადავიდა მანქანიდან და სადღაც წავიდაო – ჩემი მაშინდელი წარმოდგენით, ეს ვერსია ძალიანაც სარწმუნო ჩანდა. გავიფიქრე, იქნებ კარი შეუმჩნევლად გავაღო – როგორც კი მანქანას დაძრავს, მაშინვე რომ გადავხტე-მეთქი.

მძღოლმა შემომხედა, გამიღიმა და მანქანა დაქოქა. როგორც აღმოჩნდა – გასათბობად.

ცოტა ხანში ვუთხარი, კარს გავაღებ, ძალიან დამცხა-მეთქი.

არ გააღოო, – მითხრა და ახლა უკვე მანქანა დაძრა.

ენა ჩამივარდა. გავქვავდი.

იქვე გააჩერა – უკეთეს ადგილას, საიდანაც ბაზრის შესასვლელი ჩანდა. არ მახსოვს, რა დრო გავიდა, სანამ ჩვეული ღიმილით მეტყოდა: აჰა, დედაშენიც მოდისო.

დღემდე მქენჯნის სინდისი იმ ყველაფრის გამო, რაც მაშინ ამ კაცზე ვიფიქრე. რა თქმა უნდა, ეს ფიქრები ჩემი ასაკის, გამოუცდელობის, დედაჩემის ზედმეტი მზრუნველობისა და აღზრდის მეთოდების, თავზარდამცემი ისტორიებით სამეზობლოს ქალების გატაცების, გორის მიდამოებში გავრცელებული მითებისა და ლეგენდების ბრალი იყო, მაგრამ ამის გააზრება სულ მცირე შვებასაც კი ვერ მგვრის. საფრთხე აშკარად სხვა მხრიდან დამემუქარა და ეს სულაც არ ყოფილა უმნიშვნელო საფრთხე.

ცხადია, იმას არ ვამბობ, რომ მოზარდებს სექსუალურ ძალადობაზე, სექსუალური შევიწროების ფორმებზე არავინ უნდა ესაუბროს. პირიქით, პირიქით.

ამ ამბავსაც იმიტომ მოვყევი, რომ მათზე ვდარდობ – 12-13 წლის გოგოებზე.

 

 

 

მუსიკალური ენის საიდუმლო: მელოდიის ტიპები

0

საინტერესოა, რა ესმის ბავშვს მუსიკის მოსმენისას, როგორ აღიქვამს მას. მუსიკალური ბგერების სამყარო ხომ ძალზე რთულია. როგორ გავაგებინოთ მოსწავლეს დაწყებით ეტაპზე მუსიკის განსაკუთრებულობა? მაგალითად, ბგერა და მისი მახასიათებლები (სიმაღლე, გრძლიობები, სიძლიერე, შეფერილობა), მეტრი, რიტმი, ტემპი, მელოდია და აკომპანემენტი, ფაქტურა, შტრიხები და ა.შ.

 

წინა წერილში მუსიკალური გამომსახველობის საშუალებებს შორის უმთავრესი კომპონენტი – მელოდიის მნიშვნელობა და მისი სახეები მიმოვიხილე. ამჯერად მელოდიის ტიპებზე ვისაუბრებ.

 

 

ვოკალური მუსიკის გაცნობისას ვხვდებით მელოდიის განსაკუთრებულ ფორმას, სადაც მთავარი როლი მუსიკალურ გამღერებას ენიჭება, ხოლო სიტყვები მეორე პლანზე ინაცვლებს. როგორც წესი, ამგვარ მღერად და გრძელ მელოდიებს მუსიკოსები ფართო სუნთქვის მელოდიას  – კანტილენას (canto – მღერა) უწოდებენ. მისი მნიშვნელობა მომდინარეობს შუასაუკუნეების მუსიკალურ-პოეტური ჟანრის სახელწოდებიდან.

კანტილენა ჩვენს წარმოდგენაში მელოდიის ნელ ტემპში დიდ სუნთქვაზე შესრულების ასოციაციას ჰქმნის, სადაც მთელი ყურადღება გახანგრძლივებული მუსიკალური ტონის ექსპრესიაზეა გამახვილებული. ერთი მარცვლიდან მეორეზე, ერთი ნოტიდან მეორე ნოტზე გადასასვლელად საჭიროა ბიძგების გარეშე ხმის ისე გაჭიმვა, თითქოს ბგერათა მთელი ეს „აცმა“ მხოლოდ ერთ სწორ და ხანგრძლივ ბგერას წარმოადგენდეს. ყველა ბგერას მკაცრად უნდა ჰქონდეს შენარჩუნებული საერთო ტემბრი, სიძლიერე და ბგერის ხარისხი.

კანტილენური მღერა ვოკალური მუსიკის საფუძველს წარმოადგენს, ხოლო მისი ტექნიკურად ფლობა – ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჩვევას პროფესიონალ ვოკალისტთა შორის და დღემდე წარმატების საწინდრად მიიჩნევა. Legato (გადაბმით შესრულება) კანტილენური სიმღერის ძირითადი შტრიხია.

კანტილენა რეჩიტატივის საპირისპიროა. რეჩიტატივში ყოველ მარცვალს ერთი ნოტი შეესაბამება, ხოლო კანტილენისთვის დამახასიათებელია მარცვლოვანი გამღერებები, სადაც ერთი ხმოვანი შესაძლოა 5-6 სხვადასხვა ბგერაზე გამღერდეს. მუსიკალური ფრაზები ტექსტის ფრაზებს შეიძლება არ დაემთხვეს, ხშირად ისინი ერთიდან მეორეში შეუმჩნევლად გადადის და  მელოდიის „უსასრულობის“ შთაბეჭდილებას ქმნის.

 

განვიხილოთ ზემოხსენებული ვოკალური მუსიკის საინტერესო ფორმა, რომელიც ბუნებრივი მეტყველებისკენაა მიდრეკილი. ის სალაპარაკო მეტყველების სიმღერისკენ მიმავალი გზის პირველი საფეხურია. ამგვარი „მუსიკალური მეტყველების“ წარმოშობის ხანის დადგენა შეუძლებელია. ის იმ დროიდან არსებობს, რა დროიდანაც ადამიანები ლაპარაკობენ და მღერიან. ამგვარ მეტყველებას მუსიკოსები რეჩიტატივს ვუწოდებთ.

რეჩიტატივი არის მელოდიის განსაკუთრებული ტიპი. მასში მუსიკალური ინტონაცია სიტყვებს ემორჩილება. მელოდიაში გაბმული ბგერები არ გვხვდება. თვით სიტყვა „recitare“ ლათინურია და ხმამაღლა კითხვას, დეკლამაციას ნიშნავს, ანუ, როცა ნახევრად მღერი და ნახევრად ლაპარაკობ. მაგალითად, ის გამოიყენება საოპერო მუსიკაში. რეჩიტატივს გამომსახველობითი თვალსაზრისით თუ დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ის განაპირობებს გმირის ემოციურ მდგომარეობასა და განცდებს, რის გამოხატვაც მელოდიური ხერხებით შეუძლებელია. რეჩიტატივი სამი სახისაა (secco, a tempo და არიოზული მღერადობა) და ხშირად, შერწყმული სახით, ერთიმეორის მონაცვლეობით გამოიყენება. მუსიკაში საყოველთაოდ მიღებული კანონების (რიტმისა და მელოდიის) მიმართ რეჩიტატივის დაუმორჩილებლობის მიუხედავად, მაინც არსებობს წესები, რომლებიც ამ ჟანრის მუსიკალურ ნაწარმოებთან ჰარმონიულ თანაარსებობას უზრუნველყოფს.

 

 

ტექსტის გარეშე, ხმისთვის განკუთვნილი ნაწარმოები (სოლო თუ ინსტრუმენტული თანხლებით) განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ვოკალურ მუსიკაში. ხშირად, ალბათ, ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვასრულებთ ვოკალიზებს. რომელიმე ხმოვანზე სხვადასხვა უსიტყვო მელოდიებს ვმღერით და წარმოდგენაც არ გვაქვს, რომ ეს არის ვოკალური მუსიკის ერთგვარი ფორმა, რომელიც განკუთვნილია სიმღერისთვის სიტყვების გარეშე. ის ცნობილია ვოკალიზის (vocalise) სახელწოდებით, როგორც „უსიტყვო სიმღერა“ და სრულდება ხმოვან ბგერაზე ან მარცვალზე. ამ ჟანრის დახასიათებაში ძირითად დასახელებასთან ერთად სხვა აღნიშვნაც გვხვდება, მაგალითად, „ეტიუდი“. ეს შედარება, რასაკვირველია, სამართლიანია, ვინაიდან მათ მსგავსი ფუნქციები გააჩნიათ. შემსრულებლის ხმისა და სმენის განვითარებასა და ტექნიკურ დაოსტატებაში ორივე მათგანი სასწავლო ხასიათს ატარებს.

პედაგოგიკური მიზნებისთვის ფართოდ გამოყენებული ვოკალიზი მხატვრული თვალსაზრისით თანდათან პიესის სახით განვითარდა. ხმა აქ გვევლინება, როგორც განუმეორებელი ტემბრის მქონე ინსტრუმენტი. ვოკალიზი გათვალისწინებულია პროფესიონალ შემსრულებლებზე, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ხმის სილამაზისა და ბრწყინვალე ტექნიკის დემონსტრირება.

საჭიროა კი ასეთი გამომსახველი და დიდი გემოვნებით „აწყობილი“ მელოდიისთვის სიტყვები? როგორც ჩანს, სერგეი რახმანინოვი მათ ზედმეტად მიიჩნევდა, როდესაც ერთი ცნობილი მომღერლისადმი მიძღვნილ ნაწარმოებს თან ამ შინაარსის ბარათს ურთავდა: „თქვენი ხმითა და შესრულებით გაცილებით მეტს გამოხატავთ, ვიდრე ვინმე სხვა – სიტყვებით“.

 

ამ ვიდეოჩანაწერის ნოტებს თვალს სწრაფად თუ გადავავლებთ, მეთექვსმეტედების სიმრავლისა და პუნქტირული რიტმის ფიგურაციების გამო, „ვოკალიზი“ სწრაფი და ენერგიული მოგვეჩვენება. სინამდვილეში ტემპი ამ „უსასრულო“ მელოდიაში ძალზე ნელია. აქ ყოველი ფრაზა არამყარი აკორდით სრულდება და ვინაიდან მელოდიაში სიმყარე არ შეიგრძნობა, დასასრულიც არ ჩანს. სწორედ ამიტომ გვეჩვენება მელოდია „უსასრულო“.

 

არსებობს მელოდიის ინსტრუმენტული ტიპიც. ასეთი მელოდიები, ძირითადად, საკრავებზე შესასრულებლადაა განკუთვნილი. მოცემულ მაგალითში მელოდია უსწრაფესი, თავბრუდამხვევი სიჩქარით მიჰქრის.

ინსტრუმენტული ტიპის მელოდია ხასიათდება ვირტუოზულობით, რთული რიტმული მონახაზებით, მაღალი რეგისტრითა და უსწრაფესი ტემპით, რის გამოც, უმეტესწილად, მათი გამღერება თითქმის შეუძლებელი ხდება. თუმცა ყოველთვის არსებობენ გამონაკლისები.

ჩვენ გავეცანით ვოკალური მელოდიის ძირითად ტიპებს. იმედია, ამიერიდან ნაწარმოებებში მელოდიის სახეების ამოცნობა აღარ გაგვიჭირდება.

 

 

 

დაკვეთა სახელმძღვანელოებს, ანუ როგორ შევუსაბამოთ შინაარსი პოლიტიკას

0
Books on a wooden background.

მასწავლებლობა და, ზოგადად, გაკვეთილი, თუნდაც კერძო პრაქტიკა ბევრი ისეთი მიგნების თუ აზრის დაბადების მაპროვოცირებელი ხდება, როგორზეც არც სკოლაში ჰქონიათ საუბარი და არც უნივერსიტეტში უსწავლებია ვინმეს. ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლის ნებსით თუ უნებლიეთ ნათქვამ რეპლიკას  სხვანაირად წაუკითხინებია ესა თუ ის ტექსტი. დღევანდელი ჩემი სათქმელი და ფიქრი სწორედ მეოთხეკლასელი მოსწავლის ერთმა შეკითხვამ განაპირობა…

ჰქონდათ დავალება, გადაეკითხათ განვლილი ტექსტები, გაეერთიანებინათ რაიმე ნიშნით და შემდეგ აეხსნათ დაჯგუფების მიზეზი. მოვიდნენ მომზადებულები, თან ერთმანეთის რვეულებში იყურებიან, ამოწმებენ თავიანთი მიგნებების ორიგინალურობას. იქნევენ ხელს, დასმულ შეკითხვაზე პირველი პასუხის გაცემაც საქმეა მათთვის. ვიძახებ ერთს, მეორეს, ვმსჯელობთ, ვასწორებთ, ვიცინით, ვაფრქვევთ სიბრძნეებს და, აი, ის შეკითხვაც გაისმა

– „მას,  მაჰმადანები ჩვენი მტრები არიან?“.

– „რატომ გაგიჩნდა ეს შეკითხვა ?“

– „აი, მას, დავაჯგუფე და ეგრე გამომივიდა.“ ჩავხედე შერჩეულ ნაწარმოებებს – „თავდადებული მღვდელი თევდორე“, „კრწანისის ყაყაჩოები“, „იოთამ ზედგენიძე“, „ცხრა ძმა ხერხეულიძე“, „სამასი თავდადებული ქართველი“ და ამ სულისკვეთების კიდევ ერთი-ორი ლექსი.  აქ აღარ მოვყვები, რა ვიღონე, რომ ელენეს ამ საკითხისათვის სხვაგვარად შეეხედა, მაგრამ ფიქრი, რომელიც გამიჩნდა, მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

წინა ბლოგში რამდენადმე შევეხე ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მნიშვნელობას და მის როლს განათლების პოლიტიკის კონტექსტში. შესაბამისად, ამაზე საუბრით აღარ შეგაწყენთ თავს და პირდაპირ ამონარიდს გაახლებთ – „განათლების სისტემა … მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.“ და კიდევ ერთი ციტატა – „დღევანდელ დინამიკურ, ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვან სამყაროში საზოგადოების ფუნქციონირებისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ურთიერთპატივისცემის, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშემეცნების ჩვევები. სკოლამ უნდა გამოუმუშაოს მოზარდს ადამიანის უფლებების დაცვისა და პიროვნების პატივისცემის უნარი, რომელსაც იგი გამოიყენებს საკუთარი და სხვისი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად.“

ასეთი ადამიანის ჩამოსაყალიბებლად იქმნება ესგ-მა და იწერება ერთ-ერთი მთავარი სასწავლო რესურსი, ჩვენს შემთხვევაში, ქართულის სახელმძღვანელო. რა თქმა უნდა, ზემოჩამოთვლილი ნაწარმოებების გაცნობისა და სწავლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დაწყებითი და საბაზო საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოების ზედაპირული გადათვალიერებაც კი ცხადად გვაჩვენებს სურათს, რომლის მიხედვითაც რთულია არაქრისტიანი დადებითი პერსონაჟის დაძებნა. არც ერთი ნაწარმოები არ ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ისტორიისა თუ კულტურის შექმნაში თუნდაც მაჰმადიანი ქართველების ღვაწლზე. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რის გამოც მტრად, სიძულვილის ობიექტად დასახა მეოთხეკლასელმა მაჰმადიანები. სამწუხაროდ, აქედან მოყოლებული თითქმის მეოცე საუკუნის დასაწყისამდე (ვგულისხმობთ მემედ აბაშიძესა და აჭარელი მაჰმადიანი ქართველების ღვაწლს.) ისტორიის სახელმძღვანელოში მოყვანილი წყაროებიც იმავე სულისკვეთებისაა. მე, ქართულის მასწავლებელს, სახელმძღვანელოში მჭირდება მაჰმადიანი, კათოლიკე თუ სხვა აღმსარებლობის მქონე დადებითი პერსონაჟები. ჩემს მოსწავლეებს კი მათზე მსჯელობა, გმირის ხასიათზე დაკვირვება, მოქმედებათა ანალიტიკური კვლევა. მხოლოდ ასე თუ შევასრულებ სახელმწიფოს მიერ ჩემთვის დაკისრებულ ვალდებულებას. სწორედ ზემოაღნიშნული დანაკლისია მიზეზი, როცა იაკობ გოგებაშვილის ანდერძზე ველაპარაკებით ბავშვებს, კლასში დიდი შეცხადება რომ მოჰყვება ხოლმე მის მიერ  მაჰმადიანთა და სომეხთა საზოგადოებებისათვის გადაცემულ 10-10 თუმანს.

თანამედროვე  სამყაროში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სამოქალაქო განათლებასა და ადამიანის უფლებების დაცვის საჭიროებებზე, განსხვავებული ხედვებისა და შესაძლებლობების პატივისცემაზე. ამ მიმართულებით განხორციელებული მიზნობრივი მოქმედებების არეალად, რა თქმა უნდა, სკოლა უნდა დავსახოთ. ორგანიზებული გარემო, რომელიც „ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას“ უნდა უღვივებდეს ბავშვს. სახელმძღვანელო კი სწორედ ერთ-ერთი საშუალებაა მიზანდასახული სააღმზრდელო პროცესის წარსამართავად. ჩვენ რეკლამებით, ლოზუნგებით, ბანერებითა თუ სხვა მრავალი საშუალებით ვესწრაფვით საზოგადოების, მათ შორის ბავშვების, ყურადღება გავამახვილოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე, თუმცა არც ერთი გრიფირებული ქართულის სახელმძღვანელო არ გვაცნობს ასეთ პერსონაჟებს. ჩანს სამწერლო ფანტაზიას უჭირს ეტლით მოსარგებლე ხუჭუჭთმიანი ბიჭუნას ან გოგონას სახის შექმნა, რომელიც სოციუმის ისეთივე სრულუფლებიანი წევრია, როგორც ბურთს დადევნებული ნებისმიერი ბავშვი. რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თანამედროვე საზოგადოებაში ისევ გრძელდება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების გადამალვა და შინაპატიმრობა, მაგრამ რეალობაა ის, რომ არც ერთ სახელმძღვანელოს ავტორს არ მოსდის თავში ასეთი ნაწარმოების შეტანა საკუთარ სახელმძღვანელოში. ოპონენტები მეტყვიან, რომ ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ასეთი ნაწარმოებები არ იქმნებოდა ქართულ ლიტერატურაში და საიდან მოვიტანოთო, თუმცა დედა ენის შექმნისას არც იაკობ გოგებაშვილს დახვედრია განვითარებული ქართული საყმაწვილო ლიტერატურა. ამას უწყებს მისი ანდერძის ეს ფრაგმენტიც – „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყოველწლიურად აძლევს აკაკი როსტომის ძე წერეთელს ას მანეთს, როგორც ჰონორარს იმ საბავშვო ლექსებისთვის, რომლებიც იბეჭდება ,,დედა-ენაში” და რომლებიც ჩემის თხოვნით სპეციალურად დაწერილია ამ ჩემი გამოცემისათვის.“

რა თქმა უნდა, ამ ტიპის მსჯელობა სხვადასხვა დეტალზე აქცენტირებით დიდხანს შეიძლება, ზოგადადაც, კიდევ ბევრია სალაპარაკო, მაგრამ არც ფორმატია ხელსაყრელი და არც საჭიროებაა ამისა. ძირითადი სათქმელი, მგონია, ვთქვი და გამგები გაიგებს – საბავშვო ლიტერატურამ უნდა შექმნას ახალი პერსონაჟები, სახელმძღვანელოს ავტორებმა უნდა დაუკვეთონ თანამედროვე მწერლებსა თუ პოეტებს ის ტექსტები, რომლებიც უკეთ უპასუხებს თანამედროვე საზოგადოების დაკვეთას დაა რომლებზეც ჩვენ საკლასო ოთახში ვისაუბრებთ მოსწავლეებთან.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...