ოთხშაბათი, მაისი 14, 2025
14 მაისი, ოთხშაბათი, 2025

სკოლის დემოკრატიული მართვის პრაქტიკული სარგებელი

0

სკოლის დემოკრატიულ მართვას პრაქტიკული სარგებელი მოაქვს, რადგან:

 

  1. აუმჯობესებს დისციპლინა

 

სკოლის მართვაში დაინტერესებული პირების, მაგალითად, მოსწავლეების ჩართვა, როგორც წესი, მოითხოვს დისციპლინას. თუ მოსწავლეებს არ შეუძლიათ დაემორჩილონ მკაცრ და მარტივ წესებს, როგორ შეიძლება მათგან გვქონდეს გააზრებული და პასუხისმგებლობაზე დამყარებული გადაწყვეტილების მოლოდინი? გამოცდილება და კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც მოსწავლეებს ვენდობით, ისინი უფრო მეტად პასუხისმგებლიანი ხდებიან. წესები საჭიროა, მაგრამ წესი, რომელიც ემყარება ნდობას უფრო მეტად მდგრადია, ვიდრე შიშსა და სანქციებზე დაფუძნებული წესი. და ნდობაზე დამყარებული წესი უკეთ მუშაობს, როცა არავინ აკვირდება მოსწავლის ქცევას.

 

  1. აუმჯობესებს სწავლის პროცესს

 

სწავლის პროცესი ინდივიდუალურია. მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს იდეა, როგორ ასწავლოს, მაგრამ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული სწავლის სტილი შეიძლება ჰქონდეს. დემოკრატიული მართვის შემთხვევაში, მოსწავლეებს სწავლის მეტი თავისუფლება აქვთ – ისინი ირჩევენ, როგორ იმუშაონ და, გარკვეული შეზღუდვების გათვალისწინებით, რა შეისწავლონ. მოტივაციის ნაკლებობასთან და დაბალ მიღწევებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორც წესი, მცირდება, თუ მოსწავლეს სწავლის მეტი თავისუფლება აქვს პროცესში, კერძოდ, რა ისწავლოს და როგორ, ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში, როგორ შეფასდეს მისი ცოდნა.

 

  1. ამცირებს კონფლიქტს

 

როცა ადამიანები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთმანეთთან ატარებენ დროს, ყოველთვის არსებობს კონფლიქტის რისკი. განსხვავებულობა და ურთიერთგაგების ნაკლებობა სასკოლო საზოგადოებაში შეიძლება მარტივად იქცეს დისკრიმინაციის, ბულინგის, არატოლერანტულობის ან ძალადობის საფუძვლად. ავტორიტარულ გარემოში, სადაც თანამდებობა ან სოციალური პოზიცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ინდივიდუალური უფლებები, ადამიანებმა შეიძლება საჭიროდ ჩათვალონ, რომ მათი „გადარჩენისთვის” აუცილებელია, შექმნან ალიანსი. ეს არის კარგი ნიადაგი დისკრიმინაციისა და ბულინგისთვის. თუ სკოლა შეძლებს დანერგოს ურთიერთპატივისცემის კულტურა სასკოლოს საზოგადოების წევრებს შორის, სკოლა უფრო მეტად მიმზიდველი და უსაფრთხო ადგილი გახდება.

 

  1. სკოლა კონკურენტუნარიანი ხდება

 

სკოლის მართვის დეცენტრალიზაცია და სკოლებს შორის კონკურენცია მრავალ ევროპულ ქვეყანაში ახალი ფენომენია. ეს განსაკუთრებით ურბანულ გარემოს ეხება, რადგან ასეთ ადგილებში კონკურენცია უფრო მეტია.

 

თანამედროვე ევროპელი მოქალაქეები, როგორც წესი, კარგად ინფორმირებული და განათლებული არიან, იყენებენ სამოქალაქო უფლებებს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ საზოგადოება პატივს სცემს მათ სურვილებსა და მოთხოვნებს, რაც გამომდინარეობს მათი შვილებიდან და ასევე პატივს სცემს შვილების სურვილებსა და მოთხოვნებს. ბავშვები აღარ იზრდებიან ისეთ პირობებში, სადაც უფროსს შეკითხვების გარეშე უნდა დაემორჩილო. სკოლები ამ შეცვლილ გარემოებას უნდა მოერგონ. თუ მშობლები რწმუნდებიან, რომ მათ შვილებს არ ეპყრობიან პატივისცემით, ისინი ამ სკოლას „მტრად” მოეკიდებიან და სხვა სკოლას აირჩევენ.

 

  1. უზრუნველყოფს დემოკრატიის მდგრადობას

 

ბავშვები ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ ვასწავლით. ბავშვები იქცევიან ისე, როგორც ჩვენ ვიქცევით. აზრი არ აქვს სკოლაში დემოკრატიაზე საუბარს და ადამიანის უფლებების სწავლებას, თუ ბავშვი ხედავს, რომ სკოლის მართვა არადემოკრატიულია და სკოლაში არავინ იცავს ადამიანის უფლებებს. საკმარისი არ არის, ბავშვებს აარჩევინოთ საკლასო ოთახის კედლების ფერი. მათ სჭირდებათ რეალური უფლებები ისეთ საკითხებში, რასაც სასწავლო პროცესში მათთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია: სწავლების მეთოდოლოგია; სასკოლო პოლიტიკა; სემესტრის დაგეგმვა; ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხები; ახალი თანამშრომლების შერჩევა და ა.შ. ეს ერთ ღამეში არ ხდება და არ არსებობს სტანდარტული მეთოდოლოგია, რაც ყველასთვის ერთი და იგივე იქნება.

 

სტატია შედგენილია ევროპის საბჭოს მიერ გამოცემული სახელმძღვანელოს (,,democratic governance of schools”) საფუძველზე.

 

 

 

რევაზ ხოფერია

 

 

 

 

    გალაკტიონის ბავშვები – ლექსი „ბავშვები კაფეში“ 

0

გალაკტიონი ბევრ ლექსში წერს ბავშვებზე და წარმოაჩენს მათ ნათელ, ანგელოზურ სახეებს. ყველაზე გასაოცარი კი მაინც ერთი ბავშვია: „რუსთაველი მახსოვს ბავშვი,/ ოცნებობდა ოქროს ნავში, / მიცქეროდა და თან თრთოდა,/ ვით ფოთოლი თრთის ნიავში“  („მთვარის ნაამბობიდან“), – პოეტს ამ სტრიქონებით მკითხველი გადაჰყავს ახალ პოეტურ განზომილებაში, რომელშიც დრო ერთიანია და განუყოფელი. ამ მთლიან, მეტაფიზიკურ დროში ერთმანეთს ხვდებიან აწმყო, წარსული და მომავალი. ქართული კულტურისა და ესთეტიკური იდეალების ამ წარმოსახულ სივრცეში პოეტი მკითხველს შორეულ მოვლენებთან მიახლების სიხარულს აზიარებს. ბავშვ რუსთაველთან შეხვედრა თამარისეულ ოქროს ხანაში, როდესაც საქართველო  სულიერად და მატერიალურად ყვაოდა, მკითხველს, ერთი მხრივ, სხვანაირად დაანახვებს პოეტს, მეორე მხრივ კი, დააფიქრებს სამყაროს კანონზომიერებებზე, იმ ეგზისტენციალურ ფენომენებზე, რომლებიც კაცობრიობის არსებობას განსაზღვრავენ. ლექსში „ბავშვები კაფეში“ კი არც ოქროს ნავია და არც ოცნებები, პირიქით, აქ ცხოვრება ჯოჯოხეთივითაა წარმოდგენილი. ეს არის ცხოვრება, რომელიც ოცნებებს ამსხვრევს და უცხო შეხვედრებსაც აუქმებს. როგორც ცნობილია, ბავშვობაში  მიღებული შთაბეჭდილებები, განცდები, თავგადასავლები აყალიბებენ ადამიანს პიროვნებად, ეს შთაბეჭდილებები განსაზღვრავენ მის ცხოვრებას, შემოქმედებას და   ჩრდილივით დაჰყვებიან.

„ბავშვები კაფეში“ ბავშვების ბედზე ტკივილიანი დაფიქრებაა. ლექსი 1917 წელს არის დაწერილი, ქარიშხლიანი პოლიტიკური ცხოვრების, რევოლუციების ხანაში. ეს არის დრო, როდესაც უხვად არის „სისხლი და ცხედრები“, მძაფრი ქარტეხილები კი, უპირველესად, ბავშვებს ემუქრებიან, რომლებიც ვერაფერს უპირისპირებენ რკინის დროებას, სიყვარულისა და სინაზის გარდა. ლექსის დასაწყისი სტრიქონები ბავშვობის უბედნიერეს, სამოთხის ხანას გვიხატავენ: ისინი ოქროს წიწილებს ჰგვანან. წიწილასთან შედარებით პოეტმა გამოკვეთა ბავშვების სინორჩე, უსუსურობა. ბავშვი სამყაროს სასიცოცხლო ენერგიის, მისი მარადიული და უწყვეტი არსებობის გამომხატველია. ამიტომ სჭირდებათ მათ მოვლა, ზრუნვა, მფარველობა, პატრონობა. სახარებაში იესო ქრისტე ხშირად საუბრობს ბავშვებზე, ქრისტიანებს უქადაგებს: „გამოუშვით ბავშვები და ნუ აბრკოლებთ მათ ჩემთან მოსასვლელად, ვინაიდან მაგათნაირებისაა ცათა სასუფეველი“ (მათე 19,14).

„ეტლში, სალონში, აკვანში, ბაღში,

გაისმის მათი ზარის სიცილი“.

მთელი სამყარო თითქოს ავსებულია ბავშვთა მხიარული ხმებით, მათ სიცილს ზარის რეკას ამსგავსებს პოეტი. ეს გულწრფელი სიცილი  მათ უმანკოებას, უცოდველობას ამხელს. მათი სიცილი თითქოს წუთისოფლის ამაოების ბურუსსაც გაფანტავს და გულს სიხარულით ავსებს. ამ ზარის სიცილმა ცნობილი ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ ეგზიუპერის უჩვეულო პერსონაჟი ბიჭუნა – პატარა უფლისწული გაგვახსენა – დედამიწაზე შორეული უცხო ვარსკვლავიდან მოვლენილი – დედამიწელ მფრინავს რომ აოცებს საოცარი მსჯელობით, ცხოვრებისეული სიბრძნით და მასაც დააფიქრებს: როგორ განსხვავდებიან დიდები და პატარები ერთმანეთისგან. მაგალითად, თუ თქვენ დიდებს რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის ნაცვლად გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისსო. მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე იები ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო! პატარა უფლისწული მფრინავს სულ სხვანაირად დაანახვებს სიცოცხლეს და ცხოვრებას. გამომშვიდობებისას კი ვარსკვლავებიან ცას აჩუქებს და ეტყვის: „როცა ღამით ზეცას ახედავ, ყველა ვარსკვლავი შემოგცინებს, რადგან გეცოდინება, რომ ერთ-ერთ მათგანზე მე ვცხოვრობ და ვიცინი. მხოლოდ შენ გეყოლება ისეთი ვარსკლავები, რომლებიც იცინიან“.

ცნობილი ფილოსოფოსი ნიცშე ადამიანის ცხოვრებას პირობითად სამ ხანად განიხილავს; პირველი: აქლემის ხანა – ხანა მორჩილებისა, როდესაც მნიშვნელოვანია სხვათა, უფროსთა მორჩილება – შენ მოვალე ხარ! – ამ ბრძანებას მორჩილებს ადამიანი, შემდეგ დგება ლომის ხანა – მე მსურს! – ეს ხანა აღინიშნება დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით! გალაკტიონი წერს ერთ ლექსში: „ოჰ, როგორ მიდის ახალგაზრდობა – / დაუნდობელი სურვილი ლომის“ („ცამეტი წლის ხარ“). შემდეგი ხანა კი არის – ბავშვისა – ადამიანის განვითარების ბოლო ეტაპი იმეორებს პირველს – ბავშვივით გულწრფელად, უცოდველად უნდა მიიღო სამყარო, ისეთი, როგორიც არის. ერთი სიტყვით, როგორც აღვნიშნეთ, ბავშვობა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების გზას.  ბავშვობაში მიღებული სულიერი ტრავმა შემდეგ შეიძლება საბედისწეროდ გამოვლინდეს. ლექსში ვკითხულობთ:

„მაგრამ კონტრასტი არის ამ ბედის

გულცივი, მკაცრი და გამყიდველი“.

ლექსის მეორე სტროფიდან იხატება პირველის კონტრასტული სურათი. თუ პირველმა სტრიქონებმა მზიანი, ნათელი, თბილი დღის შთაბეჭდილება შეგვიქმნეს, აქ თითქოს ირგვლივ ყოველივე ჩამოიბურა, საშინელი სიბნელე ჩამოწვა, შავმა ღრუბლებმა მზე დაფარეს და ჩანთქეს. სამწუხაროდ, ბავშვების ბედი ხშირად სასტიკად წარიმართება ხოლმე. ამიტომაც წარმოაჩენს პოეტი ბედს ასეთი ეპითეტებით: გულცივი, მკაცრი და გამყიდველი. გულცივია ბედი, რადგან არ აღელვებს ბავშვების მომავალი, არ ადარდებს მათი უმანკოების დაღუპვა, მკაცრია, რადგან ათასგვარ ხიფათსა და დაბრკოლებას შეამთხვევს. გამყიდველია, რადგან სამოთხის მშვენიერებას ჯოჯოხეთის საშინელებად გადაუქცევს. ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსი  „ჩჩვილი“  გავიხსენოთ, პოეტი ასე მიმართავს პატარას:

იტიკტიკე ენითა უსუსურის,

იტიკტიკე, ვიდრე ჟამი დაგხარის,

ვიდრემდის ხარ, ყრმაო, თავისუფალი,

არ გიცვნია სოფელი მომღერალი!

„ბავშვს ჟამი დაჰხარის“ – ყველა მასზე ზრუნავს, სანამ უსუსურია, სანამ არაფერი გაეგება. მაგრამ როგორც კი აეხილება გონების თვალი, მაშინ დაიწყება მისი ტანჯვა; ბარათაშვილი რომ წერს „ხმა იდუმალში“:

„რა ვსცან პირველად წუთისოფელი,

დავშთე ადგილი, სადაცა წრფელი

რბიოდა ნათლად დრო ყმაწვილობის

სწორთა, თანზრდილთა, მეგობართ შორის, —

მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!“

მას შემდეგ, რაც ადამიანი შეიცნობს წუთისოფელს, ესე იგი, გაიგებს მის ავსა და კარგს, მთავრდება უზრუნველობის ნათელი ხანა და იწყება გულის ჭიდილი, გარკვევა საკუთარი სიცოცხლის აზრისა, ფუნქციისა, ილუზიების, ოცნებათა მსხვრევა, რეალობასთან შეჯახება. წუთისოფლის შეცნობით მთავრდება ბავშვობა, მაგრამ არ იკარგება უკვალოდ. ყველანი ხომ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ, როგორც ეგზიუპერი წერს.

„მშიერი სახით კაფეში შედის,

ბავშვების გუნდი შიშველ-ტიტველი“.

პოეტი ხატავს, როგორ შედიან მშიერი ბავშვები კაფეში, სადაც სიმაძღრისა და ცხოვრებით კმაყოფილების სუნი ტრიალებს. ეს, უპირველესად, მიანიშნებს ქვეყანაში შექმნილ ზნედაცემულობაზე. პოეტი ზედმიწევნით აღგვიწერს ამ ბავშვთა სახეებს, რათა უფრო შთამბეჭდავად წარმოაჩინოს მათი ბედი, საზოგადოების გულგრილობა და სიცივე.

„მათი თვალები აღარ იცინის,

ხედვაში ხანჯლის არის ციება,

არ ეპატიოს, – კვნესენ ისინი –

ქვეყანას ჩვენზე შურისძიება“.

წკრიალა სიცილი ჩააქრო ცხოვრებამ. არავინ იცის მათი წარსული, იქნებ მშობლები დაეხოცათ, იქნებ სხვა რამ ტრაგედია მოხდა, რომ ახლა შიშველ-ტიტველნი ქუჩაში დაეხეტებიან. მთავარია, რომ მათი ბედი არავის აღელვებს. პატარების გულშიც დარდი და ნაღველი გროვდება, რომელიც მათი თვალებიდან სიცივედ გადმოიფრქვევა. ამას მეტაფორით გამოხატავს პოეტი: „ხედვაში ხანჯლის არის ციება“. ქვეყანამ თითქოს შური იძია მათზე, ეს კი ქვეყნისთვის  გაუაზრებელი თვითმკვლელობაა. ბავშვები შველას თითქოს უხილავს შესთხოვენ, პოეტი წერს, კვნესიანო, რომ არ ეპატიოს საზოგადოებას ეს გულგრილობა. ეს უხილავი კი უფალია, რომელიც დაიფარავს ბავშვებს განსაცდელისაგან, ხოლო საზოგადოებას კი სამართლიანად განსჯის და დასჯის. მერე რომელიმე წევრი ამ საზოგადოებისა  გულუბრყვილოდ იკითხავს, მე რა დამნაშავე ვარო, მაგრამ ყველას აქვს ამ საერთო დანაშაულში წილი.

გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის „სარჩობელაზედ“. ამ მოთხრობაშიც ორი დედით ობოლი ბიჭი სწორედ საზოგადოების უსულგულობამ აქცია ყაჩაღებად. ერთი ჩამოახრჩეს კიდევაც, ილიაც სწორედ ამ შურისძიებას ახსენებს. გაბოროტებულმა ძმებმა გადაწყვიტეს ქურდობითა და ყაჩაღობით საზოგადოებაზე შურისძიება. ერთადერთი, ვინც ძმებს სიყვარული აჩვენა და მადლი გაიღო, მოხუცი პეტრე იყო, რომელიც სხვებთან ერთად დაადანაშაულა უფროსმა ძმამ. პეტრე ამბობს: მე რა შუაში ვარო, ხოლო მწერალი დასძენს: „მართლადა ჩვენი ბებერი პეტრე  რა შუაში უნდა იყოსო…“ და მკითხველი დაასკვნის, რომ ყველა დამნაშავეა. და როცა უფალი მოავლენს რისხვას, მხოლოდ მაშინ გაუჩნდებათ ხანმოკლე სინანულის განცდა ამ ადამიანებს.

არ შეიძლება ამ თემაზე საუბრისას არ გავიხსენოთ ლექსი „ი.ა“ აქაც ბავშვის დაღუპვა საოცარი ტკივილით არის წარმოჩენილი.

ქალაქში, მტვერში წაიქცა ბავშვი

ნუკრის თვალებით, თმით-მიმოზებით.

და მწუხარების მალე ნიავში

მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები.

შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,

შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა!

მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა,

და გაისმოდა დების სიმღერა.

ეს ლექსი სულით ხორცამდე შესძრავს მკითხველს. პოეტმა და მკვლევარმა ვახტანგ ჯავახაძემ წიგნში „უცნობი“ გაშიფრა ამ ლექსის სათაურის („ი.ა.“) საიდუმლო; მან გალაკტიონის პოემა „ჯონ რიდში“ ყურადღება მიაქცია სტრიქონებს: „წარწერა ერთი სახლის კედელზე: „აქ იპოვეს ტყვიით მოკლული 5 წლის ოქროსთმიანი გოგონა“. ი.ა. კი, მისი აზრით, ნიშნავს ირაკლი ამირეჯიბს, ცნობილი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის მამას, რომელსაც მიუძღვნა ეს ლექსი.  გალაკტიონი ირაკლი ამირეჯიბთან ერთად 1917 წლის რევოლუციის ქარცეცხლიან დღეებში მოსკოვში იყო.

„ი.ა.“  წარმოსახვაში  ნაზი იის განცდასაც ბადებს, რომელსაც ედარება პატარა გოგონა. გვახსენდება ვაჟა ფშაველას ლექსი „იას უთხარით ტურფასა“:

„იას უთხარით ტურფასა:

მოვა და შეგჭამს ჭიაო,

მაგრე მოხდენით, ლამაზო,

თავი რომ აგიღიაო!

შენ თუ გგონია სიცოცხლე

სამოთხის კარი ღიაო;

ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,

მოსვლაში არა ყრიაო“.

პოეტმა ემზარ კვიტაიშვილმა საგანგებო გამოკვლევა დაწერა- „მარადიული ბავშვი“, რომელშიც გამოწვლილვით წარმოაჩინა, როგორ აისახა ბავშვთა სახეები გალაკტიონის პოეზიაში.  წერილი კრებულ „გალაკტიონოლოგიაში“ დაიბეჭდა. საქართველოში სულ ორ პოეტს აქვს პატივი, მათი შემოქმედების კვლევის ცალკე დარგი არსებობდეს – რუსთველოლოგია და გალაკტიონოლოგია.

მტვერში წაქცეული მიმოზისთმიანი ბავშვი გვახსენებს კიდევ სხვა ბავშვს ლექსიდან „ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“:

„ბრძოლისგან დაღლილი სახე

და ტყვია, ჩამჯდარი თავში,

მე თვითონ დაჭრილი ვნახე,

ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“ („ალუჩა, შვიდი წლის ბავშვი“).

ამ ლექსში – „ბავშვები კაფეში“ – პოეტი თვალნათლივ ხატავს, როგორ ეტყობათ ბავშვებს სახეებზე ნატყვიარები, ეს ფიზიკური ტკივილებია, მაგრამ უფრო საშიში ის არის, რომ ეს ანგელოზები შეიძლება ეშმაკებად იქცნენ. მათ გული სავსე აქვთ შხამის წვეთებით – ამ მეტაფორით კარგად წარმოაჩენს პოეტი, შინაგანად რას განიცდიან ეს დაჩაგრული და გარიყული ბავშვები. მათ გულში ბუნებრივი, თანდაყოლილი სიყვარული, სითბო და სინათლე განდევნა ცხოვრების სიბნელემ, სისასტიკემ. მართლაც, შემაძრწუნებელია, რომ მათ ვერ ამჩნევენ, სწორედ ამაზე მიანიშნებს სტრიქონები:

„ამ დროს მოლხენით არის დარბაზი,

ორკესტრი გრგვინავს თავგამეტებით“.

ეს მოლხენა, გაჩახჩახებული, თვალისმომჭრელი დარბაზი, თავგამეტებული მუსიკოსები – მეტყველებენ საზოგადოების სისასტიკეზე, გულგრილობასა და უგუნურებაზე. ისინი თავიანთი ქცევით ჯოჯოხეთს იმზადებენ. ისტორიამ არაერთი წამებული ბავშვის სახე იცის. ჰაგიოგრაფიიდან გვახსენდება „კოლაელ ყრმათა წამება“, რომელშიც აღწერილია ქრისტიანული რწმენის აღიარებისა და ერთგულებისთვის როგორ ჩაქოლეს 7-9 წლის  9 ბავშვი. ყველას ახსოვს ანა ფრანკი, 13 წლის ებრაელი გოგონა. მსოფლიო შეძრა მისმა დღიურმა, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს წერდა. ანას ოჯახი გერმანიიდან გაიქცა და ჰოლანდიას შეაფარა თავი. ამსტერდამში, სახლის სხვენზე ცხოვრობდნენ საშინელ სიდუხჭირეში, გამუდმებულ შიშში, მაგრამ ანას საოცარი სასიცოცხლო ძალები აღმოაჩნდა, მან დაიწყო დღიურის წერა და თავისი ფიქრების მისთვის განდობა, დღიურს გოგონას სახელი დაარქვა – ქითი. 2 წლის განმავლობაში წერდა: 1942-1944 წლებში. ანა 15 წლისა გარდაიცვალა და სამუდამოდ დარჩა ადამიანთა ხსოვნაში, როგორც ომის საშინელებათა მოწმე.

ბავშვის სიკვდილი გალაკტიონის პოეზიაში ქვეყნიერებაზე წყვდიადის ჩამოწოლას ედარება: „კუბო, უმიზნოდ მცურავი ქარში და უმიზეზოდ მოკლული შველი/ დაედევნება ბავშვებს სიზმარში/ ეს მოგონების ლანდი, სანთელი, რას იზამს მაშინ, რას იზამს მაშინ მზე, ნაკადული, მთები და ველი?“ („სროლის ხმა მთაში“).

გალაკტიონს ძალიან უყვარდა ბავშვები, არაერთ ფოტოზეა მათთან ერთად აღბეჭდილი, თვითონაც ბავშვივით იყო, უბოროტო, გულუბრყვილო და ბავშვივით მეოცნებე, წარმოსახულ სამყაროში რომ ცხოვრობდა. მისი პოეზია სწორედ ამიტომაც არის ასეთი შთამბეჭდავი, რომ სწორედ ბავშვური, წრფელი და უმანკო მზერით არის აღქმული სამყარო:

„საღამო იწვა ხავერდის ყდაში,

ვით წიგნი ლურჯი და ძველისძველი,

ეს იყო მაშინ, ეს იყო მაშინ, როცა მე ბავშვი ვიყავ“.

გალაკტიონის პოეზიაში  არა მხოლოდ მწუხარე სახის, არამედ მხიარული, ბედნიერი ბავშვებიც იხატებიან. „რამდენი ბავშვი შეჰხარის ამ დღეს/ რა ახალია ეს დედამიწა“ („ზღვაზე ბავშვების ბედნიერ სირბილს“). პოეტს სჯეროდა, რომ დედამიწის განახლება, სიცოცხლე ბავშვების ბედნიერებაზე იყო დამოკიდებული. ამ ლექსის მთავარი სათქმელიც ეს არის – ბავშვების გადარჩენა სიცოცხლისა და სიყვარულის გადარჩენაა.

 

 

 

პოეზიის აფთიაქი: მანიპულაცი(რ)ა

0

„ლინგვისტიკის მიხედვით, ავტორი მხოლოდ ისაა, ვინც წერს, ისევე როგორც “მე” არის მხოლოდ ის ადამიანი, რომელიც “მე”-ს ამბობს; ენა იცნობს “სუბიექტს”, მაგრამ არა “პიროვნებას” და ეს სუბიექტი – რომელიც სამეტყველო აქტით განისაზღვრება და მის გარეშე შინაარსისგან იცლება – საკმარისი ხდება, რათა თავის თავში “დაიტიოს” მთელი ენა და ამოწუროს მისი ყველა შესაძლებლობა.“

როლან ბარტი, ავტორის სიკვდილის შესახებ

 

თავიდანვე  გეტყვით, რომ ენა იმთავითვე მანიპულაციაა; სიტყვა, „ენაზე მომდგარი“, სულ ცდილობს, რომ აზრი ახსნას, გახსნას ყველა ფრჩხილი და ამისთვის ზოგჯერ ფრჩხილებში ჩასმა უხდება, ისედაც მე(ტყვე)ლება ხომ აზრის ტყვეობაა.

ჩვენ, ყველანი, სიტყვების ანკესზე ვეგებით, არა და, ენა, უბრალოდ, თამაშობს; ზის მეთევზე, ანკესზე სხვადასხვა სიტყვას წამოაცვამს და თქვენც წამოეგებით. ჩემ შემთხვევაშიც, მანიპულაცი(რ)ები, თამაშია, ჭეშმარიტებების ძიების გარეშე თამაში. ბავშვობაში რომ დამალობანა გითამაშიათ, აი, რა სიბრძნეა იმაში? არა მგონია, ენა ის სადგომი იყოს, სადაც ჭეშმარიტებას მიაბამ სიტყვის თოკებით და ის კი ფეხსაც არ მოიცვლის იქიდან. ენა არ არის მხოლოდ დიდბუნებოვანი, ენა ამბივალენტურია და ორბუნებოვანი, ერთსა და იმავე დროს მას შეუძლია, საპირისპირო აზრები, ემოციები, განცდები მოგაწოდოს… კი, მაგრამ  რომელია მართალი? „მითხარით, რომელია სწორი…?“ – ამიხირდა ამას წინათ ერთი ჩემი სტუდენტი რიტორიკის ლექციაზე. ასეთ დროს მე მეღიმება და ვპასუხობ: – მე არ ვიცი…  ის კი იბნევა… ფბ-ზე რომ სახალისო სტატუსებს ვაქვეყნებ, ხშირად მიწერენ: ნუ გვაბნევთ… არა და, მნიშვნელოვანი სწორედ ეგაა: დაბნევა… ეს „დაბნევაც“ კარგი მეტაფორაა: აი, ფეტვის მარცვალივით რომ გაიფანტები, უამრავ ჰო-სა და არა-ში ამოყოფ თავს და შენ კი ეძებ: რომელია მართალი…? რომელია მართალი…? ამ დროს უნდა გამეცინოს, აბა რა…   ენა თამაშობს… თამაშობს…. „ – და რომელია სწორი?“ – რომელია სწორი: როცა იმალები თუ როცა იხუჭები?

„ტექსტი…. მრავალგანზომილებიანი სივრცეა, სადაც ერთმანეთს ერწყმიან და ეპაექრებიან წერის განსხვავებული ტიპები, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს ამოსავალს;“ (ბარტი).

ბარტის ეს ციტატა გამახსენდა, როცა ახალი ა(მ)ბების შექმნა დავიწყე და დავფიქრდი იმაზე, ნეტავ რომელ ჟანრს ეკუთვნის, მაგალითად, ასეთი ენობრივი მანიპულაცია:

* * *

ნუ გასინჯავ აკრძალული

(წუ)ხილის გემოს.

* * *

კედელს ცერცვი შევაყ(ვ)არე.

* * *

სულის გარეშე

შენ ხარ (სხ)ეული

 

დიახ, როგორც ბარტი იტყოდა, ჩვენი ტექსტები დამოუკიდებლად შეუძლებელია არსებობდნენ. „ტექსტი ციტატებისგანაა მოქსოვილი და ათასობით კულტურულ პირველწყაროზე მიგვითითებს…“

ამ გაგებით, ახალი ტექსტი (და ჩემი ზემოდასახელებული ა(მ)ბებიც) დიალოგია უკვე არსებულ ტექსტებთან და შემდეგ უბრალოდ ფრჩხილებით მანიპულაცია და ახალი ტექსტიც მზადაა. უფრო სწორად, დიალოგი გრძელდება რომელიღაც არსებულ ტექსტთან. პირველ შემთხვევაში, „აკრძალული ხილით“ ვმანიპულირებ, მეორე შემთხვევაში, ფრაზეოლოგიზმით: „შეაყარე კედელს ცერცვი“ (იმდენჯერ შევაყარე, რომ ბოლოს შევაყვარე), ერთი ბგერის „ჩამონტაჟება“ და ახალი სიუჟეტი შევქმენი უკვე არსებული სიუჟეტიდან. მესამე ჩემი აბი კი სული-სხეულის დიქოტომიას ეფუძნება და მათი განუყოფლობის იდეას ატარებს, გაყოფის შემთხვევაში კი „ეულად“ დარჩენას გპირდებათ…

„ავტორის ნაცვლად მოვლენილი სკრიპტორი თავის თავში ვნებებს, ხასიათებს, გრძნობებს ან შთაბეჭდილებებს კი არ ატარებს, არამედ მხოლოდ უსასრულო ლექსიკონს, რისი მეშვეობითაც იგი წერს, წერს შეუჩერებლად, განუწყვეტლივ; ცხოვრება მხოლოდ ბაძავს წიგნს, წიგნი კი ნიშნებითაა მოქსოვილი, თავადაც რაღაც უკვე დავიწყებულს ბაძავს და ასე უსასრულობამდე” (ბარტი).

„წერე… წერე… (შეი)შალე…(შეი)შალე…“ – ესეც აბი, ორმაგი მოქმედების ეფექტით. წერა – ღვთაებრივი შეშლაცაა და იმიტომაც უნდა წერო, რომ დაწერილი წაშალო… მრავალგანზომილებიანი პალიმფსესტი ასე იქმნება.

წერა – პერფორმანსია, გრაფიკული პერფორმანსი და შეუძლებელია, ვნების გარეშე წერა, ეს ერთგვარი სწრაფვაა, გააღწიო ნაწერიდან სხვა სივრცეში, სხვა განზომილებაში, სადაც სიტყვები არ არსებობენ, სადაც მეტყველება ტყვე არ არის… ამიტომაც ყველა განცდას, შეგრძნებას, გრძნობას, ხედვას და სმენას მწერალი სიტყვებად გარდაქმნის, ამ სიტყვების მიზანი კი კვლავ იმ წიაღში დაბრუნებაა, სადაც ფორმა არ ჰქონდათ… დაახლოებით ეს შეგრძნებაა, როგორც რილკეს ლექსში „მარტოსული“ (თარგმნა გივი ალხაზიშვილმა):

„ჰგავს უკაცრიელ და უდაბურ ღამეულ მნათობს

სამყარო, ჩემში რომ შემოდის მარად კითხვებად,

თქვენ არც ერთ გრძნობას არ ტოვებთ მარტოდ,

მყისვე გარდაქმნით გრძნობებს სიტყვებად.“

სიტყვებად გარდაქმნილი აზრები კი, თავისთავად, შევიწროვებულია მაშინ, როცა მას სალექსიკონო მნიშვნელობების მიხედვით იგებენ. პოეზიის ენაში კი ყველაფერი მეტაფორაა, რაც ნიშნავს, რომ მნიშვნელობებიც მეტაფორებია და არასდროსაა ზუსტი და დასაზღვრული.

ახლა ეს აბი გასინჯეთ:

სიყვარულის ადგილი არ არის (სც)ენა,

მასი ადგილი (დაკარ)გულია ცხოვრებაში!

აქაც ორი წაკითხვა: პირველი წაკითხვით: „სიყვარულის ადგილი არ არის სცენა, მისი ადგილი დაკარგულია ცხოვრებაში“ და სხვა წაკითხვით, თუ ფრჩხილებიში ჩასმულს ტექსტიდან ამოვიღებთ, მივიღებთ, რომ: „სიყვარულის ადგილი არ არის ენა, მისი ადგილი გულია ცხოვრებაში“.  ორი განსხვავებული ტექსტი და ემოცია… მხოლოდ ფრჩხილების გამოყენებით აღწევს ენა ასეთ ეკონომიურობას და განწყობათა მრავალფეროვნებას.

ამ ყველაფერს იმიტომაც გიყვებით, რომ კარგად იცოდეთ იმ აბის დამზადება-მიღების პროცედურა, რომელიც უნდა მიიღოთ, როგორც ვიტამინი, რომელიც გააუმჯობესებს თქვენი სასიცოცხლო ძალების აქტივობას, აგიმაღლებთ იმუნიტეტს, გაზრდის თქვენს შინაგან სივრცეებს, რის შედეგადაც დაიბრუნებთ სულში დაკარგულ ტერიტორიას, წართმეულ განზომილებებს და აღიდგენთ მთლიანობას სამყაროს ძალებთან.

ესეც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მისაღები აბი:

როცა ვ(ხარ)ობ,
შენ ყოველთვის
ხარ
ჩემს სი(ხარ)ულში
(ღმ)ერთო…

 

 

 

მეთოდოსი და ოდოსი – რეპროდუქტიული და პროდუქტიული აზროვნება

0

წარმოვიდგინოთ, მეთოდოსი და ოდოსი დღესაც ძმები არიან. მეთოდოსს მამამ ასწავლა, რომ ალგებრასა თუ ქიმიაში ერთი ამოცანის რამდენიმე გზით ამოხსნა სავსებით შესაძლებელია. ასეც იქცევა, ყოველთვის ცდილობს, მსგავს პირობას განსხვავებული ამოხსნის წესი მიუსადაგოს. ლიტერატურაც ძალიან უყვარს. კითხვისას გონებაში  დროით პარადიგმებს, სივრცით რუკებს აგებს, მსგავს ცნებებს სქემებად ალაგებს და ასე იმახსოვრებს; თავადაც წერს, თუმცა მხოლოდ – ესეებს; უკრავს განსხვავებული ჟანრის მუსიკას, მაგრამ კომპოზიცია არასოდეს შეუთხზავს. სკოლამდე მეთოდოსი ყოველდღე ერთსა და იმავე გზას გადის – ფეხით ან ავტობუსით.

ოდოსი მეთოდოსზე მოგვიანეა. მას უცნობ ალგორითმიანების ამოხსნა ურჩევნია სტანდარტული ამოცანების ამოხსნას. ლიტერატურა უყვარს, თუმცა ბევრს არ კითხულობს. ლექსებს და მოთხრობებს რომ წერს, არ ამხელს. აი, მის მუსიკალურ კომპოზიციებს კი სიამოვნებით ისმენენ ყველგან. მეთოდოსისგან განსხვავებით, ოდოსი დილით დაჭმუჭნული მაისურით ველოსიპედს შეაფრინდება და გარბის. ერთი გზით არასდროს დადის. მუდმივად ფიქრობს და ყველაფერს აკვირდება. საინტერესო აზრებს აუცილებლად სრულყოფს. იცის, რომ მის ამ მიგნებას ყველა სიამოვნებით გამოიყენებს.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მათი მამა – ლოგოსი აზროვნებაა. მერე რა, რომ კლასიკური გაგებით, ჯერ კიდევ პარმენიდედან მოყოლებული, ოდოსი თავად არის ლოგოსი, სიბრძნე და გზა, ხოლო მეთოდოსი – ის საშუალება, ხერხი, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ[1]. ოდოსი მუდამ სიახლეზეა ორიენტირებული, მეთოდოსი კი რაიმე პრობლემის გადასაჭრელად უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას იყენებს სწორედ ისე, როგორც ამას ჩვენი გონება აზროვნებისას აკეთებს ხოლმე.

თუმცა ამგვარი გარჩევა ფსიქოლოგიაში არა მეთოდოსის ან ოდოსის, არამედ რეპროდუქტიული და პროდუქტიული აზროვნების სახელწოდებითაა ცნობილი. ამ ცნებების შემოტანას უკავშირებენ გეშტალდფსიქოლოგებს, რომლებიც მათი არაერთგვაროვნების საფუძვლად შედეგის სიახლეს მოიაზრებენ და თვლიან, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ წინაშე წამოჭრილი პრობლემის ჩვეული, გამოცდილებაში არსებული წესით გადაწყვეტა რეპროდუქტიული აზროვნების შედეგია. რეპროდუქციას ახასიათებს გამოყენების კონცეფციების (წეს-კანონების) მოდელების შესაბამისი პრინციპების შეთავაზება; სააზროვნო ამოცანების გადაწყვეტა ფორმულების, თეორემების, მზა სქემების, რაოდენობის ალგორითმების გამოყენებით; პრობლემის მოგვარება შესაძლო გადაწყვეტილებების ზოგადი ანალიზის გზით, როდესაც ეს ანალიზი ეყრდნობა მკაფიო მოცემულობებს, რომლებითაც პოულობს ობიექტებსა თუ ობიექტების მახასიათებლებს. ისინი კი, თავის მხრივ, ურთიერთობენ სხვა ობიექტებთან. შესაბამისად, გვიყალიბდება თანამიმდევრობათა კავშირები და სისტემურობა, რომელიც ახალ მიმართებებს ბადებს.  ყოველი ახალი მიმართება, ახალი ნაბიჯი, ახალი „აჰა-განცდა“ ახალი პროდუქციაა, რომელსაც თუკი კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ, რეპროდუქციად გადაიქცევა და იქნება არა გამოგონება, არამედ – მოგონება.

მაშასადამე, რეპროდუქტიული აზროვნება წინარე გამოცდილებებით და უკვე მიღებული ცოდნით ჭრის პრობლემას. იგი განზოგადებაა იმ ინფორმაციის, რომლის სეგმენტებად დაშლას და კვლავ დაკავშირებას გარკვეული ვარჯიში სჭირდება. ამ ვარჯიშის ცოდნა კი რეპროდუქტიული აზროვნების უფლება და უპირატესობაა.

ამიტომაც მიიჩნევდა ჯონ დიუი განათლების ინტელექტუალურ მიზნად და მის არსად ყურადღებიანი, საფუძვლიანი და სხარტი აზროვნების ჩვევათა ჩამოყალიბებას და   წვრთნას სწორედ ისე, როგორც ბიცებსებს ავითარებენ ხოლმე მხოლოდ მათთვის განკუთვნილი ვარჯიშით: „აზროვნების ფუნქციის განცალკევებით გავარჯიშება ისე, როგორც ზოგიერთი დანადგარი კუნთებს ამუშავებს, ცალკეულ საგნებთან ერთად შესაძლებელია ოპერაციათა ერთობლიობით, რაც გონებრივ მანქანას ქოქავს და ნებისმიერ თემაზე მუშაობას აიძულებს. ეს ერთობლიობა არის მეთოდი, რომელიც უნდა უზრუნველყოდეს პირობებს, რომლებიც ინდივიდუალურ საჭიროებებსა და უნარ-ჩვევებს მოერგება და მუდმივად განავითარებს კონკრეტული პიროვნების დაკვირვების, იდეათა შემუშავებისა და კვლევის უნარს“.

მეთოდის ეფექტურობისა და საზღვრების  დამდგენად ჯონ დიუის მიაჩნია მხოლოდ ის მასწავლებელი, რომელიც ბეჯითად შეისწავლის როგორც მოსწავლეთა გონებრივ ინდივიდუალურ ოპერაციებს, ისე სასკოლო პირობების ზეგავლენას ამ ოპერაციებზე. მხოლოდ მათ შეიძლება მივანდოთ შემუშავება სწავლების საკუთარი, ვიწროდარგობრივი მეთოდებისა, რომლებიც კონკრეტულ საგნებში მისაღწევ შედეგებზეა ორიენტირებული. მათგან კი, ვინც არც მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს იცნობს და არც იმ გარემოებებს, რომლებსაც მათზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია, საუკეთესო ტექნიკური მეთოდებითაც ვერ მივიღებთ შედეგებს მანამ, სანამ მოსწავლეები დამოუკიდებლად არ გამოიმუშავებენ მუშაობის ჩვევებს და ეს ჩვევები ღრმად არ გაუჯდებათ.

ასე რომ, რეპროდუქტიულ აზროვნებას ვერ განავითარებს მუდმივად ერთი რომელიმე მეთოდით მუშაობა, აუცილებელია მეთოდთა მრავალფეროვნება, რაც აგვაშორებს მიზანთან უმოკლესი გზით მისვლის არასწორ ტენდენციას, რომელსაც საგანი მექანიკურობამდე დაჰყავს და სავსებით ბლოკავს ინტელექტუალური მხარის გაღვიძებას. ამ მხრივ აქტუალობას დღესაც არ ჰკარგავს დიუის წუხილი, რომ „ზოგჯერ მექანიკური გავარჯიშება მხოლოდ სამარცხვინო აღმასრულებელი აქტივობაა და არა აზროვნებითი მოქმედება“. „წვრთნის“ ეს მეთოდი, მისი აზრით, ცხოველთა წვრთნის დონეზე დაიყვანება. ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენა ინტელექტუალურად შეიძლება და არა მექანიკურად. იმისთვის, რომ აზროვნების აქტი შედგეს, აუცილებელია ერუდიცია, რომელიც მუდმივად ქმედითია და მუდმივად ცხოვრებას გვიუმჯობესებს მხოლოდ მაშინ, თუკი იგი აზროვნებისა და არა მხოლოდ მეხსიერების ხარჯზეა დაგროვილი.

დავიდ პერკინსს თავის წიგნში „საუკეთესო აზროვნება“ The Mind’s Best Work (Harvard University Press, 1981) ჩაღრმავებული აზროვნების შედეგად სწავლა მიაჩნია ეფექტურად სწავლისა და ბევრად მაღალი შედეგების საწინდრად. მისი თეორიის მიხედვით, „მასწავლებლის ამოცანაა მოსწავლეთა აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარება, რაც გულისხმობს მიღებული ცოდნის მოქნილ და აქტიურ გამოყენებას“. ეს კი აზროვნების რეპროდუქცირების, კვლავწარმოქმნის უნარია, რომლის გააქტიურება სასწავლო პროცესში მასწავლებელს შეუძლია. პერკინსი სწორედ ამიტომ სთხოვს მასწავლებლებს, რომ ბავშვებს ახალი მასალის ახსნისთანავე ასწავლონ, თუ როგორ გაიაზრონ და ისწავლონ ის. გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის დროდადრო წყვილებში ან  ჯგუფებში მეცადინეობის, ასევე სხვადასხვა სტრატეგიების შეთავაზება მათში ამ პოზიტიური სააზროვნო მეთოდის განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მთავარია, მათთვის გასაგებ ენაზე ავხსნათ, როდის და რატომ არის ესა თუ ის სტრატეგია (ჩანაწერის გაკეთება, მასალის დამუშავება, საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა...) განსაკუთრებით სასარგებლო. თუკი მოსწავლეებს თითოეული სტრატეგიის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენების საშუალებას მივცემთ, ეს მათ რეპროდუტიულობას გაზრდის და ეფექტურ სწავლა-სწავლებას შეუწყობს ხელს.

სწავლების პერკინსისეული მეთოდები: დაკავშირება, მიმართებების დამყარება, პრობლემური სიტუაციის შექმნა – უზრუნველყოფს მოქნილ აზროვნებას და  გადატანითი (ტრანსფერული) უნარების წარმოქმნას, რათა მოწაფემ მომავალში უფრო ადვილად შეძლოს მისი  უცნობ სიტუაციებში გამოყენება. იმისათვის, რომ სწავლება აზროვნებაზე ფოკუსირებულ ხანგრძლივ პროცესად ვაქციოთ, მოგვეთხოვება, უზრუნველვყოთ ისეთი სასწავლო სიტუაციები, რომელშიც მოსწავლეები იფიქრებენ ამა თუ იმ საკითხზე და არაერთხელ დაუბრუნდებიან მას სხვადასხვა შემთხვევაში; ასევე აუცილებელია უკუკავშირი და კრიტერიუმები, რის მიხედვითაც შევაფასებთ, თუ როგორ არიან დაუფლებულნი მოწაფეები აზროვნების მოქმედებებს, რა აქვთ კიდევ გასაკეთებელი იმისათვის, რომ კარგად გაიგონ ესა თუ ის საკითხი, რათა მომავალში მზა ცოდნის გარეშე ჩასწვდნენ ახალ პრობლემურ სიტუაციას და უკვე ახალი სააზროვნო გამოცდილებით გაიკვალონ გზა ადამიანური აზრის სიმაღლეებისაკენ, იქითკენ, სადაც ნაცნობი სქემებით ოპერირება მთავრდება და „პროდუქტიული“, „გენერაციული“, „კრეატიული“ პროცესები იწყება.

აზროვნების ამ შემოქმედებით  არეს, პირობითად ოდოსის არეს ვუწოდებთ, რადგან აზრი მუდმივ გზას გადის და ამ გზაზე ცდისეული ვარიაციებით აბსოლუტურად ახალი ცოდნით თუ გამოცდილებით იმოსება მანამდე, სანამ ახალ პროდუქტს არ დაბადებს და კვლავ სვლისთვის ათვლის ახალ წერტილს არ აიღებს.

ამდენად, პროდუქტიული აზროვნება ისეთი ფსიქიკური შემეცნებითი პროცესია, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ უკვე ნაცნობი მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და მიმართებების დამყარება გარე სამყაროს მოვლენებსა და ობიექტებს შორის, არამედ არსებული აზრობრივი სტრუქტურების მიღმა ახალი მიმართებების ძიება და მათი დაკავშირება ამა თუ იმ მოვლენასთან. ხოლო თუკი ფსიქოლოგიური დაყოფის კრიტერიუმი აზროვნების პროცესის შედეგს ითვალისწინებს, ალბათ, შესაძლებელია ითქვას, რომ პროდუქტიული აზროვნება შემოქმედებითი ტიპის აზროვნებაა, რადგან მის შედეგსაც რაიმე ახალი კანონზომიერების აღმოჩენა ან ახალი პრობლემის გადაწყვეტა წარმოადგენს.

შემოქმედებითი პროცესის ხუთი საფეხურის, ფაზის შესახებ მოგვითხრობს თავის წერილებში მიჰაი ჩიქსენტმიჰაი:

  • პირველი „მომზადება“, განწყობა და ქვეცნობიერსა თუ ცნობიერში ინტერესის აღმძვრელ საკითხებში ჩაფლობაა;
  • მეორე ფაზა ინკუბაციის, ქვეცნობიერში იდეათა უჩვეულოდ დაკავშირებისა და მოულოდნელი კომბინაციების პერიოდია;
  • მესამე ინტუიციის გამოვლენაა, „აჰა“-ს და შემდეგ „ევრიკა“-ს მომენტი;
  • მეოთხე შეფასების ფაზაა და ხშირად სააზროვნო პროცესის ყველაზე ემოციური ნაწილიც, თვითკრიტიკისა და „სულში ჩახედვის“ პერიოდი. ამ ეტაპზე ხდება იდეის ღირებულების შეფასება და კარგად გამოჩნდება ხოლმე დარგისა და სფეროს შინაგანი კრიტერიუმები;
  • მეხუთე კომპონენტი დამუშავებაა და იგი ყველაზე მეტ დროსა და მძიმე შრომას, 99%-იან ოფლისღვრას ითხოვს.

თუმცა აქვე შენიშნულია, რომ შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანი მხოლოდ დამუშავების ბოლო, გრძელ ეტაპზე არ იწყებს შეუპოვარ შრომას. პროცესის ამ ნაწილს მუდმივად წყვეტს ინკუბაციის პერიოდები და პატარ-პატარა გამოცხადებები. ამ დროს ბევრი ახალი იდეა ჩნდება, რომლებიც საწყის აზრს საბოლოო შტრიხებს სძენს.

რაკი პროდუქტიული აზროვნების პროცესი რეპროდუქტიული აზროვნების შემდგომად ვითარდება, მიიჩნევენ, რომ იგი რეკურსიული უფრო მეტადაა, ვიდრე ხაზოვანი და გამეორებების, წრიული ტრიალის, იდეების რაოდენობა საკითხის სიღრმესა და ხედვის სიფართოვეზეა დამოკიდებული. ხანდახან ინკუბაციის პერიოდი რამდენიმე წელიწადს, ხანდახან კი რამდენიმე საათს გრძელდება. ხდება ისეც, რომ პროდუქტიული აზრი, კრეატიული იდეა ერთ ღრმა და უამრავ პატარა აზრს მოიცავს. ზოგ შემთხვევაში ძირითადი აზრი შეიძლება ნელა, ცალკეული დამოუკიდებელი აფეთქებების სახით გამოჩნდეს და მათ ერთიანად ჩამოყალიბებას წლები დასჭირდეს. თუმცა სკოლამ, განათლების დაწესებულებებმა ყოველთვის უნდა მისცეს ბიძგი  პატარ-პატარა „აჰა“ მომენტებს. უფრო მეტიც, სკოლა ის ადგილი უნდა იყოს, სადაც ბავშვობიდანვე შთააგონებენ ადამიანური აზრის უპირატესობას სხვა ნებისმიერ რეპროდუქტიულ აზროვნებაზე, მის შემოქმედებით ძალას და სამომავლო შესაძლებლობებს რაც შეიძლება ხშირად უნდა გაესვას ხაზი, რათა მოწაფე მხოლოდ მეთოდოლოგიური, რეფლექსიური ზონებიდან ახალ საწყისზე, ახალ გზებზე გადავიყვანოთ.

ყველა ჩვენგანში დაბადებიდან მეთოდოსთან ერთად ცხოვრობს ერთი შემოქმედი – ერთი ოდოსი, რომელიც მიზეზთა გამო ჯინივით გამოვამწყვდიეთ, შევკვეცეთ ან დავამუნჯეთ. მთავარია, როგორღაც კვლავ ვიპოვოთ ოქროს გასაღები მის გამოსახსნელად და ის, რაც ჩვენ დაგვემართა, სხვებს მაინც არ დავმართოთ. გზა შორს წაგვიყვანს, ჯინი სურვილებს აგვისრულებს თუ სკოლას ვატერ(პო)ლოოდ არ გადავაქცევთ, ვინძლო ბავშვის დახატული დემიურგის ძალაც, როგორც ლოგოსი, გულით ვიწამოთ. ვინ იცის, იქნებ ერთხელ მართლაც (გა)დაგვარჩინოს.

 

 

 

 

[1]οδόςბერძნ. – ‘გზა’; μέθοδος –  ‘გზისმეშვეობით’, ‘გზისშემდეგ’;

 

დუალური განათლების ისტორიული წინაპირობები. ნაწილი მეოთხე

0

პრაგმატული საჭიროებებიდან სოციალურ პასუხისმგებლობამდე. დუალური განათლების, როგორც პროფესიული განათლების ერთ-ერთი მოდელის, სინქრონული და დიაქრონული კვლევების საფუძველზე მეცნიერები გამოყოფენ მოტივაციის იმ ფაქტორებს, რაც კომერციულ ორგანიზაციებს საკუთარი საწარმოს ბაზაზე შეგირდების პროფესიული განვითარებისკენ განაწყობს. მეცნიერთა აზრით, კომპანიების დაინტერესებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს

  1. კონტრიბუცია წარმოებაში: კომპანიის საწარმოო საქმიანობაში მნიშვნელოვან სამუშაო ძალას, სწორედ, შეგირდები წარმოადგენენ (ლინდლი 1975);
  2. ინვესტირება რესურსების დაზოგვისათვის: კომპანიები შეგირდების პროფესიულ განვითარებაში ინვესტირებას განიხილავენ რესურსების დაზოგვის მნიშვნელოვან წინაპირობად. კვალიფიცირებული მუშახელი, რომელიც თავის მხრივ, ხარისხიანი პროდუქციის წარმოების გარანტია, ამასთანავე არის რესურსი, რომლის მდგრადი განვითარება უფრო და უფრო ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს

(მერილიზი 1983);

  1. კვლევითი მოტივი: კომპანიები საწვრთნელ პერიოდში ხანგრძლივად აკვირდებიან შეგირდებს და სწავლობენ მათ შესაძლებლობებს (სტივენსი 1994);
  2. სოციალური პასუხისმგებლობა: საწარმოში შეგირდების მიღებით კომპანიები ახალგაზრდებს აძლევენ შრომით ბაზართან ინტეგრირებისთვის აუცილებელ გამოცდილებასა და ცოდნას, რაც სახელმწიფოში საგრძნობლად ამცირებს ახალგაზრდების უმუშევრობის დონეს (ბიხტი 2004);
  3. კომპანიის რეპუტაცია: მეწარმეთა გამოკითხვების შედეგად გამოვლინდა, რომ მათი აზრით, კლიენტების, პოტენციური დასაქმებულებისა და მიმწოდებლების თვალში ბრენდის რეპუტაცია ამაღლდება, თუკი კომპანია ზრუნავს საკუთარი თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე (ნიდერალტი 2004).

კომპანიებს შორის ჩატარებული თანამედროვე კვლევებიც, რომლებსაც გერმანიის პროფესიული განათლების ფედერალური ინსტიტუტი (BIBB) უძღვება, იმავეს მოწმობს. მეწარმეთა 83 %-ის მტკიცებით, მათი კომპანია შეგირდებს იმიტომ იღებს, რომ ბიზნესს კვალიფიციური, უნარიანი და სტაბილური მუშახელის დასაყრდენი ძალა შეუქმნას. მათი აზრით, ეს არა ცალკეული დამსაქმებლების, არამედ – მთელი სექტორის პრაგმატული ინტერესია. გარდა ამისა, მეწარმეთა 63 % მიიჩნევს, რომ შეგირდების შესაძლებლობების გაძლიერება არის ბიზნესისა და ინდუსტრიის საზიარო პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი სიკეთისათვის.

ამ თვალსაზრისით საგულისხმოა, რომ 2012-2013 წლების მონაცემებით, წმინდად ფინანსური სარგებელი, თუნდაც, ერთ შეგირდზე, მთელი გერმანიის მასშტაბით კომპანიების მხოლოდ 12 %-ს მიუღია ფედერალური მთავრობიდან, ფედერალური შრომის სააგენტოდან, ან სექტორალური მოსაკრებლების (training levy) სისტემიდან. კომპანიები შეგირდების განათლებისთვის ირჯებიან იმის მიუხედავად, რომ ამ ინვესტიციის ორგანიზაციის ბაზაზე შენარჩუნების ბერკეტებს ისინი არ ფლობენ. ჰიპოთეტურად დასაშვებია, რომ შეგირდმა სწავლის დასრულების შემდეგ „მშობელი“ კომპანიის კონკურენტ საწარმოსთანაც კი გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება, საგანმანათლებლო კონტრაქტი მათ ამ მხრივ არ ზღუდავს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში რკინიგზის გახსნა, მსხვილი ინვესტიციების შემოსვლა და ექსპორტის განვითარება პროდუქციის ხარისხისა და შესაბამისად, კვალიფიციური მუშახელის განვითარების გადაუდებელ საჭიროებას ავლენდა. შესაბამისად, მეწარმეთა საზოგადოებები, ამხანაგობები და ცალკეული საქმოსნები არაფორმალური და ფორმალური პროფესიული განათლების, როგორც კომერციული საქმიანობის წარმატების მთავარი წინაპირობის, მიმართ დიდ დაინტერესებას გამოხატავდნენ. მათ მიერ ინიცირებული საგანმანათლებლო პროექტები წინა პუბლიკაციებში განვიხილეთ.

თუმცა პროფესიული განათლება მხოლოდ კერძო სექტორის პრაგმატულ საჭიროებებზე არ იდგა. მის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცალკეული საზოგადო მოღვაწეების – სწავლული მეურნეების, ინტელიგენციის წარმომადგენლების სოციალური პასუხისმგებლობა. ისინი არ იყვნენ კონცენტრირებულნი კონკრეტული კომერციული საქმიანობების გარშემო. მათი წვლილი უნდა განვიხილოთ, როგორც საზოგადოებრივ სიკეთეზე მიმართული გაცილებით შორსმიმავალი ძალისხმევა და გრძელვადიანი ინვესტიცია. ამ ადამიანებს ესმოდათ წარმოების სექტორში განათლების დონის ამაღლების სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, ამიტომ სამეურნეო და ტექნიკური სკოლების დაარსებას მიიჩნევდნენ, როგორც საკუთარ მოქალაქეობრივ მოვალეობას და ნაციონალური, ეკონომიკური თუ სოციალური დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთგვარ ფორმას.

ილია წინამძღვრიშვილი და წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა. მე-19 საუკუნე არ უჩიოდა ენთუზიასტი მოღვაწეების სიმწირეს, რომლებიც საგანმანათლებლო ინიციატივებს უანგაროდ, ნებაყოფლობით უთმობდნენ საკუთარ რესურსებს. ამ მხრივ უდაოდ გამორჩეული პერსონაა განმანათლებელი და საზოგადო მოღვაწე, ილია წინამძღვრიშვილი, რომელმაც 1880 წელს საკუთარი ხარჯებით სამეურნეო სკოლის გახსნა გადაწყვიტა. კონცეფციის შემუშავების პროცესში წინამძღვრიშვილთან სხვადასხვა დროს თანამშრომლობდნენ ილია ჭავჭავაძე, ნიკო ცხვედაძე და იაკობ გოგებაშვილი. აღსანიშნავია, რომ სასწავლებლის კონცეფცია მისი ჩამოყალიბების პირველივე ეტაპზე დაიბეჭდა პრესაში და საჯარო განხილვის საგანი გახდა. მისი სრულყოფის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულნი სპეციალისტები და დაინტერესებული პირები.

ილია წინამძღვრიშვილმა სკოლას გადასცა 500 დესიატინა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა – საუკეთესო სავარგულები და ტყიანი ნაკვეთები. გარდა ამისა, მან სკოლის ბაზაზე ააშენა თანამედროვე ტიპის მარანი და სარწყავი აუზი, რაც 30 000 მანეთი დაუჯდა. სკოლას ჰქონდა სანერგე, სადაც გამოყვანილი ნერგები სოფლის მოსახლეობას უფასოდ ურიგდებოდა. სასწავლებლის ბაზაზე მოქმედებდა საფუტკრე, სააბრეშუმე, ხეხილის ბაღი, ბოსტნები და საყვავილე. სკოლას ჰქონდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები და სახელოსნოები, რომლებიც პერიოდულად ახალი მოწყობილობებით ივსებოდა. მდიდარი სამეურნეო ბიბლიოთეკა მასწავლებლებისთვის 3 447, ხოლო მოსწავლეებისთვის – 655 ერთეულს აერთიანებდა[1].

წინამძღვრიანთკარის სკოლას ჰქონდა ვაზის ადგილობრივი და ევროპული ჯიშებით გაშენებული ვენახები. პირველი მოსავლების ღვინოები აქ 1890-იანი წლების დასაწყისში დააყენეს. ცნობილია, რომ სკოლა საგანმანათლებლო საქმიანობის შედეგად 48 000 ლიტრ ღვინოს აწარმოებდა, რომელსაც ყიდდა და წარმოადგენდა კავკასიის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო გამოფენებში.

წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებელი კომერციული პროექტი არ იყო. არც თავადაზნაურთა ინტერესებს ემსახურებოდა. სასწავლებელში განათლების მიღება ხელმისაწვდომი იყო სოციალური წარმომავლობის მიუხედავად, გლეხების შვილებისათვის კი – უფასო. სკოლის მთლიან ხარჯებს ილია წინამძღვრიშვილი ფარავდა, მათ შორის, პანსიონერი მოსწავლეებისას, რომლებიც გლეხების ოჯახებს წარმოადგენდნენ.

თანამედროვე პროფესიული სასწავლებლის მსგავსად, სადაც დაკვირვებით და კეთებით სწავლობენ, სადაც ინფრასტრუქტურა იძლევა სხვადასხვა სასწავლო ველის (learning field) შესაბამისი სასწავლო სიტუაციების (learning situations) ორგანიზების საშუალებას, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაც ასეთსავე მიდგომებსა და ინფრასტრუქტურას სთავაზობდა სკოლის აღსაზრდელებს. თეორიული და  პრაქტიკული სწავლა სხვადასხვა ბლოკებში მიმდინარეობდა. ზაფხულის სეზონზე სასწავლო დღე 6-ის ნახევარზე იწყებოდა. დღის პირველ ნახევარში თეორიული გაკვეთილების შემდეგ ყმაწვილები დარგების მიხედვით შესაბამის მეურნეობებსა და სახელოსნოებში ნაწილდებოდნენ. თითოეულ მოსწავლეს თავისი ნაკვეთი ჰქონდა, სადაც ის წლის განმავლობაში საკუთარი მოსავლის მოყვანაზე, ანუ დამოუკიდებელ პროექტზე მუშაობდა.

სასწავლებლის პროგრამაში მეცნიერული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებასთან იყო შეზავებული. პრობლემაზე დაფუძნებული და კომპეტენციების განვითარებაზე მიმართული სწავლა განაპირობებდა კურსდამთავრებულთა კონკურენტულობასა და მობილობას შრომით ბაზარზე. ყველაზე ხშირად ისინი მუშაობას იწყებდნენ სახელმწიფო მამულების მმართველებად, სხვადასხვა სამეურნეო სკოლის პედაგოგებად, დიდი მეღვინეობების სარდაფებში, საუფლისწულო მამულებში, უძღვებოდნენ საკუთარ სადურგლო სახელოსნოებსა და სამჭედლოებს, იყვნენ ერბოსა და ყველის ქარხნების გამგეები და სხვ.

დასაქმებულ კურსდამთავრებულთა რაოდენობრივი და დარგობრივი წარმომადგენლობა გვაფიქრებინებს, რომ წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის კურიკულუმის შემქმნელები მიყურადებულნი იყვნენ კერძო სექტორის „მაჯისცემაზე“და რელევანტურ კადრებს უმზადებდნენ შრომით ბაზარს.

სკოლის დამფუძნებლის ენთუზიაზმი და მისი სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოებისთვის გადამდები აღმოჩნდა. საბოლოოდ, მის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში სხვადასხვა მხარე და ცალკეული პირი იყო ჩართული. თითოეულმა თავისი წვლილი უანგაროდ გაიღო – პროფესიონალებმა (საგანმანათლებლო პროგრამის ავტორებმა, სკოლის დამპროექტებლებმა და მშენებლობის ხელმძღვანელმა) თავიანთი ინტელექტუალური თუ ფიზიკური შრომით; თავად-აზნაურებმა – სათავადაზნაურო ბანკიდან ყოველწლიური სუბსიდიით; გლეხობამ – მშენებლობაში ფიზიკური შრომით; საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მაგ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ – ფინანსური მხარდაჭერით, საგანმანათლებლო რესურსებით და სხვ.

სასწავლებლის შენარჩუნების საქმეში საზოგადოების აქტიურ ინკლუზიაზე მეტყველებს თითოეული ის შემთხვევა, როდესაც სკოლა საარსებო გამოწვევების წინაშე დადგა. ასე მოხდა 1886 წელს, როცა ილია ჭავჭავაძემ პრესის საშუალებით ხალხს სასწავლებლის დახმარებისაკენ მოუწოდა. საზოგადოების შემოწირულობებმა 12 682 მანეთი შეადგინა, რამაც სკოლას მუშაობის გაგრძელების საშუალება მისცა.

გაცილებით რთული პრობლემის წინაშე დადგა სასწავლებელი, როცა 1889 წელს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში გაჩენილმა ხანძარმა გაანადგურა დირექციისა და მასწავლებლების შენობები. სკოლის დასახმარებლად აქტიური კამპანია წამოიწყო ტფილისურმა პრესამ. კავკასიის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქსა თუ სოფელში იმართებოდა საქველმოქმედო ღონისძიებები, საიდანაც შემოსული თანხა ხმარდებოდა სკოლის აღდგენას. სრულიად საქართველოსა და კავკასიის რეგიონის საყოველთაო სოლიდარობის შედეგად სკოლას სულ მალე ჩვეულ რეჟიმში სწავლის გაგრძელების საშუალება მიეცა.

წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლა, როგორც სახელმძღვანელო მაგალითი საქართველოში დუალურის ანალოგიური სისტემის დანერგვის საქმეში, მრავალი ასპექტით შეიძლება გახდეს  მეცნიერთა და განათლების პოლიტიკის შემქმნელთა დაინტერესების საგანი. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ეს იყო საზოგადოებიდან ინიცირებული და მისი ძალისხმევითვე შენარჩუნებული პროექტი, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებული მხარის, მათ შორის – კერძო სექტორისა და შრომითი ბაზრის საჭიროებებს პასუხობდა.

წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში სწავლა დაბალანსებული იყო როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული კომპონენტებით. ყმაწვილების მიერ ყოველდღიურ საწარმოო გამოწვევებთან გამკლავება, მეურნეობებსა და სახელოსნოებში დამოუკიდებელ პროექტებზე მუშაობა, სასწავლებელში საბაზრო მოთხოვნებზე მორგებული პროდუქტის წარმოება და სხვა მრავალი ასპექტი ზრდიდა ახალგაზრდების კონკურენტულობას და მათ ინტეგრირებას შრომით ბაზართან. ვფიქრობთ, შემთხვევითი არ არის, რომ პირველი დუალური პროგრამა, რომელიც საქართველოში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ინიციატივით მომზადდა და 2016 წელს გაიარა აკრედიტაცია, ერთ-ერთი, სწორედ წინამძღვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის ბაზაზე ამოქმედდა.

ილია წინამძღვრიშვილის მსგავსად, სამეურნეო ცოდნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი რესურსები გაიღეს სწავლულმა მეურნეებმა და განმანათლებლებმა – ერმილე ნაკაშიძემ, ისაია ფურცელაძემ, კოსტა ამირაჯიბმა, რომელთა კერძო ძალისხმევების შედეგად საქართველოს სხვადასხვა მხარეს ახალი სამეურნეო სკოლები შეემატა. აღნიშნულ სასწავლებლებს ადგილობრივ სოფლებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა, ისინი ხელმისაწვდომი იყო როგორც თავად-აზნაურების, ისე – გლეხთათვის, თუმცა პრივილეგიებით ეს უკანასკნელნი სარგებლობდნენ.

—–

დუალური განათლება არის გამოცდილება, რომლის მთავარი, მტკიცებულებებით დადასტურებული ეფექტი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში არის ახალგაზრდების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი. პროფესიული განათლების ამ მოდელის წარმატების აუცილებელი წინაპირობა განვითარებული მეწარმეობაა, რის გამოც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ეს სისტემა უფრო განვითარებული ქვეყნების კუთვნილებაა. თუმცა დუალურ განათლებას, როგორც პროფესიული სწავლის ერთ-ერთ (და არა, ერთადერთ) მოდელს, განვითარებად ქვეყნებშიც აქვს არსებობის უფლება და მას შეუძლია წარმატებული მაგალითების სახით მოქმედებდეს იმ პრესტიჟულ საწარმოებში, რომლებიც ხარისხის მაღალ სტანდარტებზე გამოთქვამენ პრეტენზიას.

წინამდებარე კვლევის შედეგად ირკვევა, რომ სახელობო და ტექნიკური განათლების ადგილობრივი გამოცდილებისთვის დუალური სისტემის არაერთი ელემენტია ნაცნობი – ვაჭართა და ხელოსანთა გაერთიანებები, ოსტატისა და შეგირდის სოციალური და საგანმანათლებლო როლები, განათლების სფეროსა და ბიზნესს შორის სექტორალური კოლაბორაცია, სოციალური პარტნიორების ინკლუზია, თეორიული და პრაქტიკული სწავლის სინერგია. ეს გამოცდილებები, როგორც 70 წლის მანძილზე დავიწყებული მეხსიერება, ცალკეული პროგრამების შემუშავებამდე მართებულ რეფლექსიასა და პოპულარიზაციას საჭიროებს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ დღეს საქართველოში დგას არა რომელიმე სახელმწიფოს პროფესიული განათლების სისტემური იმპორტის, არამედ – დუალური განათლების ანალოგიური ადგილობრივი გამოცდილებების რეკონსტრუქციის საკითხი.

[1] წინამდებარე სტატიაში განხილული მაგალითების წყაროა ორტომეული გამოცემა: „ინიციატივა ცვლილებისთვის. თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე.“ თბილისი, 2015, 2016

ანჯელინა ჯოლი, ოპრა უინფრი და სხვა მასწავლებლები

0

ანჯელინა ჯოლი: ქალთა უფლებები

 

მიუხედავად იმისა, რომ მსახიობს კოლეჯის დიპლომიც კი არ გააჩნია, ის მოწვეული მასწავლებლის სტატუსით საკმაოდ წარმატებულად სარგებლობს. წელს ჰოლივუდის ვარსკვლავი და გაეროს მშვიდობის ელჩი ანჯელინა ჯოლი ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სკოლაში სალექციო კურს უძღვება. ბრიტანულ უნივერსიტეტში ლექციებს სხვა მოწვეული პირებიც, მათ შორის უფლებადამცველი ჯეინ კონორსი და  მშვიდობისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი, საერთაშორისო ქალთა ლიგის ხელმძღვანელი მადლენ რიზიც კითხულობენ. ისინი ითავსებენ ექსპერტთა როლს ახალ სასწავლო დაწესებულებაში, რომელიც ქალთა პრობლემების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების კვლევით დაკავდა. ცნობილია, რომ ამ ცენტრის ბაზაზე სტუდენტები მაგისტრატურას გადიან. სასწავლო განრიგში მითითებულია ასეთი კურსები: „სქესი და მილიტარიზაცია“, „გენდერული პრობლემატიკა და ადამიანის უფლებები“.

 

ანჯელინა ჯოლის თქმით, ის სიამოვნებით იწყებს სასწავლო პრაქტიკას. სურს ახლგაზრდებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. მოგვიანებით ჯოლის ლექციები ვაშინგტონში, აშშ-ის იმ უძველეს კერძო უნივერსიტეტშიც ჩატარდება,  სადაც სხვადასხვა დროს ბილ კლინტონი და ესპანეთის მეფე, ხუან-კარლოსი სწავლობდა. ანჯელინა აზუსტებს, რომ ლექციების განმავლობაში ის ბევრს ისაუბრებს ქალთა უფლებებზე და იმაზე, თუ რატომ უნდა აღიკვეთოს ქალთა წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.

 

სპაიკ ლი: კინემატოგრაფია

ამერიკელი მსახიობი და სცენარისტი, სპაიკ ლი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში კინემატოგრაფიის განხრით მაგისტრატურის პროგრამას 2002 წლიდან უძღვება. მისი ხელმძღვანელობით სტუდენტები ფილმების შექმნის პროცესს სწავლობენ, სცენარის დაწერიდან – პროდიუსერობამდე. ლის მიზანია პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს კინოს ისტორია გააცნოს, როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე ფილმების. ამისათვის მან 95 ფილმისგან სია შეადგინა. დამწყები რეჟისორებისთვის ამ ფილმების ნახვა სავალდებულოა. სტუდენტებს ძალიან უყვართ თავიანთი პროფესორი. ის მათთვის წარმატების ცოცხალი მაგალითია.

მარტინ ემისი: კრეატიული წერა

მარტინ ემისი თანამედროვე ბრიტანული ლიტერატურის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია (ცნობილი რომანები: „ორსული ქვრივი“, „ფული: თვითმკვლელის წერილი“, „ღამის მატარებელი“ და სხვ.). ექვსი წლის განმავლობაში ის კრეატიული წერის კურს კითხულობდა მანჩესტერის უნივერსიტეტში, რაშიც რეკორდულ თანხას – საათში 3 ათას ევროს უხდიდნენ. მასტერ კლასების დროს პროფესორი ემისი არა მხოლოდ ტექსტების შექმნას ასწავლიდა სტუდენტებს, არამედ სხვა ავტორების (ნაბოკოვი, სოლა ბელოუ) ნაწარმოებებსაც არჩევინებდა. ის მონაწილეობდა არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში, რომელიც ყოველთვის ანშლაგით სრულდებოდა.

 

2011 წელს ოჯახური პრობლემების გამო ემისმა უნივერსიტეტი დატოვა და საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა. უნივერსიტეტში გატარებულ პერიოდს მწერალი აღფთოვანებით იხსენებს და აღნიშნავს, რომ მასწავლებლობის ხანა მისთვის ძალიან საინტერესო და ბევრის მომცემი იყო.

 

ჯეიმს ფრანკო: კინემატოგრაფია

 

ფილმების „ადამიანი ობობა“, „127 საათი“ ვარსკვლავი ჯეიმს ფრანკო სხვადასხვა დროს მასწავლებლობდა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტში და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში. დააფუძნა საკუთარი კინოს სკოლა ორი ფილიალით აშშ-ს დიდ ქალაქებში. ფრანკოს სტუდენტები იხსენებენ, რომ ხშირად მასწავლებელი მათ ზარებს არ პასუხობდა, ლექციებზეც, სულ ცოტა, 15 წუთით იგვიანებდა და ექსტრავაგანტულად იქცეოდა, მაგალითად, ლექციების კითხვის დროს არ იხსნიდა მზის სათვალეს. სტუდენტთა თქმით, ხშირად ფრანკო გამოუძინებლის შთაბეჭდილებას ტოვებდა და ერთსა და იმავე თემაზე თავისი გულმავიწყობის გამო, რამდენჯერმე საუბრობდა. ვაჟი სტუდენტები მას არ სწყალობდნენ, გოგონებს კი  ფრანკო ძალიან ესიმპათიურებოდათ და მოუთმენლად ელოდნენ მასთან შეხვედრას. მსახიობი გამოირჩეოდა სიურპრიზებით და საინტერესო პრაქტიკული გაკვეთილებით. ერთხელ მან თავისი სტუდენტები მილანის კინოფესტივალზე წაიყვანა.

 

ოპრა უინფრი: ლიდერობის დინამიკა

 

ამერიკული ტელევიზიის ლეგენდა და აშშ-ში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი ორი წელი კითხულობდა კურსს „ლიდერობის დინამიკა“ Kellogg-ის მენეჯმენტის სკოლაში. კომპანიონობას მას მეუღლე, ბიზნესმენი სტედმენ გრემი უწევდა. სამწუხაროდ, დროის დეფიციტისა და სხვა პროექტებში ჩართულობის გამო, ოპრამ მასწავლებლობა ვეღარ შეძლო.

 

ოპრას საუნივერსიტეტო ჯგუფში მოხვედრა საკმაოდ ძნელი იყო. ყოველწლიურად მისი ლექციების მოსმენა მხოლოდ 110 მსურველს შეეძლო და იმისათვის, რომ ლექციაზე დასწრების უფლება მოგეპოვებინა, წინა წელს სტუდენტს 2800 ან 3000 ქულა უნდა მოეგროვებინა.

 

ოპრას ლექციებზე უსაფრთხოების მაღალი ზომები იყო დაცული: აუდიტორიის კართან დაცვა იდგა. ყველა სტუდენტი მოწმდებოდა. ოპრას ლექციის ჩაწერა აკრძალული იყო. სტუდენტებს ეკრძალებოდათ სასწავლო გეგმისა და ოპრას მიერ მომზადებული მასალების სხვებისთვის გაზიარება. თუმცა, ოპრას კურსდამთავრებულები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ამბობდნენ, რომ მისი მასწავლებლური ქარიზმა და ორატორული ნიჭი, მართლაც, განუმეორებელი იყო. „მას კარგი იუმორი აქვს, ჯანსაღად აზროვნებს, მის ლექციებზე ყველა აქტიურად იყო ჩართული. ჩემი მოტივაცია სწრაფად იზრდებოდა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ნულიდან დაიწყო და გულმოდგინე მუშაობის შედეგად მთელი იმპერია შექმნა,“ – იხსენებს მისი სტუდენტი სიუზან მოზლი.

 

კანიე უესტი: მოდის ბიზნესი და დიზაინი

 

ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ცნობილ რეპერს, პროდიუსერსა და დიზაინერს საკუთარი კრეატიული სააგენტო – DONDA აქვს, რომელიც მისი ალბომების გაფორმებით, კლიპების მომზადებითა და მარკეტინგული პროექტებითაა დაკავებული. ამის გამო უესტს შესაშური რეგულარობით იწვევენ ხელოვნებასა და დიზაინისადმი მიძღვნილი ლექციების ჩასატარებლად. მას წაუკითხავს ლექციები ოქსფორდის სტუდენტებისთვის, ჰარვარდის დიზაინის უმაღლესი სკოლისა და Los Angeles Trade Technical კოლეჯში. რეპერს ძალიან მოსწონს მასწავლებლობა. ის გაცილებით მეტ დროს უთმობს ლექციას, ვიდრე ეს მიღებულია. მას სჯერა, რომ „სილამაზე და დიზაინი გადაარჩენს სამყაროს“.

 

თუკი კანიეს გამოჩენა პრესტიჟულ ჰარვარდსა და ოქსფორდში ნებაყოფილობითი და სასიამოვნო იყო, ლოს-ანჯელესში ამას სხვა საფუძველი ჰქონდა.   საქმე ისაა, რომ რეპერს პაპარაციზე თავდასმის გამო სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მოსთხოვეს და შემოთავაზებულ ვარიანტებს შორის უესტმა სტუდენტებთან მოდის ინდუსტრიაზე ლექციების ჩატარება არჩია. ჯამში რეპერმა ლოს-ანჯელესელ სტუდენტებს 250-საათინი ექსკლუზიური კურსი ჩაუტარა. მან კარგად მოახერხა ლექციებზე არაფორმალური და საინტერესო გარემოს შექმნა.

 

ტონი ბლეერი: რელიგია გლობალიზაციის პირობებში 

 

ვიდრე დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის შვილი იელის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებს სწავლობდა, მამამისმა ამავე უნივერსიტეტში შეთავსებით დაიწყო მუშაობა. ტონი ბლეერი პრესტიჟულ სასწავლებელში გლობალიზაციის პირობებში რელიგიის თემაზე სემინარებს კითხულობდა. „ძალიან ვღელავ. როგორც მოსწავლე არასოდეს ვბრწყინავდი და ამიტომ კარგად მესმის, რომ ბევრი სტუდენტი დღეს ჩემზე გაცილებით განათლებულია“, – ამბობდა ბლეერი კურსის დაწყებამდე.

 

სტუდენტებს მისი ლექციები ძალიან მოწონდათ. მასწავლებელი ხშირად მართავდა დისკუსიებს და უარყოფდა პრეზენტაციებს.

 

ვაიკლეფ ჟანი: ჰაიტის კვლევა

კანიე უესტის კოლეგამ, რომელიც ბევრს ახსოვს შაკირასთან ერთად შექმნილი სიმღერა «Hips Don’t Lie» გამო, 2010-2011 წლებში მოწვეულ პროფესორად იმუშავა ბრაუნის უნივერსიტეტის აფრიკის კვლევის დეპარტამენტში. ვაიკლეფ ჟანმა მონაწილეობა მიიღო მრგვალ მაგიდებსა და დისკუსიებში, რომელიც მის სამშობლოს უკავშირდებოდა. წაიკითხა ლექციები. რეპერი ენთუზიაზმით ჩაერთო სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებაში. „უნივერსიტეტის  ინტელექტუალური საზოგადოების ცხოვრებაში მე ჩემი წვლილი შემაქვს და ვიმედოვნებ, რომ ჰაიტელებს მხარს დაუჭერენ. ეს ჩემთვისაც სწავლის უნიკალური შესაძლებლობაა. მე კი მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში ვსწავლობ,“ – განაცხადა მუსიკოსმა.

კევინ სპეისი: თეატრალური ხელოვნება და მენეჯმენტი

ორი „ოსკარის“ მფლობელი, ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი ახალ თაობას თავის ცოდნას ხელგაშლილად უზიარებს. ის არა მხოლოდ თეატრალური სკოლების სტუდენტებისთვის ატარებს მასტერკლასებს, არამედ მიწვეული პროფესორის სტატუსით ოქსფორდში, წმინდა ეკატერინეს კოლეჯშიც  კითხულობს ლექციებს. სპეისმა მასწავლებლობის შეთავაზება სიამოვნებით მიიღო და განაცხადა, რომ მდიდარი ტრადიციების მქონე უნივერსიტეტის გუნდის ნაწილი დიდი პატივით გახდებოდა: „მინდა სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნა მივცე კასტინგებზე და აგენტებთან მუშაობის შესახებ ჩემი გამოცდილება გავუზიარო“. სპეისმა თავის კარიერა თეატრში დაიწყო, 11 წლის მანძილზე მასის მხატვრული ხელმძღვანელი იყო ოლდ ვიკის უძველეს ბრიტანულ თეატრში.

კევინ სპეისი და მისი კომპანიის წარმომადგენლები ახალგაზრდა კინემატოგრაფისტების მხარდაჭერას ცდილობენ. ყოველწლიურად სპეისის მიერ ორგანიზებულ კონკურსზე განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ რეჟისორებს, რომლებიც უკვე 25 წლის შესრულდნენ. გამარჯვებულები პრაქტიკის გასავლელად – კინოს გადასაღებად ჰოლივუდში მიემგზავრებიან.

ფინტი…

0

გულის ტკენის, გულის დაწყვეტის, იმედების გაცრუების მეშინია… კი არაფერი შემეტყობა, კი არაფერს შევიმჩნევ, მაგრამ გულის ტკენა, გულის დაწყვეტა, იმედების გაცრუება ცუდია.

შეიძლება  ამიტომაც არასდროს მყოლია სახლში შინაური ცხოველი. ყოველთვის მეშინოდა… მეშინოდა, რომ შევეჩვეოდი და შემდეგ გული მეტკინებოდა, დამწყდებოდა, იმედები გამიცრუვდებოდა.  ისე ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა. თუ სადმე ვინმეს წავასწრებდი, რომ უმწეო ცხოველს უდიერად ექცეოდა, გამოსარჩლებას ვცდილობდი. ერთ დღეს ჩემს სართულზე ფისო შევნიშნე, პატარა და ოთხფერი იყო. ზედა მეზობლებმა მითხრეს, სხვენიდან ჩამოვიდა, ოთხფერია, იყოს, იხტუნაოს აქ, ვის რას დაუშლისო. თვალში მხვდებოდა ხოლმე, არბოდა-ჩარბოდა. ასე გავიდა წელი, ფისო გაიზარდა და დიდ კატად იქცა, მერე კნუტები მოიყვანა. სულ ოთხნი იყვნენ, აქედან ერთი ჟღალი ყველასგან გამოირჩეოდა, რაღაცნაირი მოუსვენარი და ყოჩაღი იყო. ზედა მეზობლებმა  კატა კნუტებით  სადღაც წაიყვანეს, შემდეგ ისევ უკან დააბრუნეს, ოღონდ ამ წასვლა-მოსვლაში სამი სადღაც დაიკარგა და სართულზე მხოლოდ ოთხფერი დედა და „რიჟიკა“ დაბრუნდნენ. იცით, მე ყურადღებას კვლავ არ ვაქცევდი, შეჩვევა არ მინდოდა. ერთხელ… ივლისის მიწურული იდგა, ძალიან ცხელოდა. სახლში დაღლილი და დასიცხული დავბრუნდი. ჩემი სართულის მოპირდაპირე მეზობლის კართან დედა კატა წამოწოლილიყო და „რიჟიკა“ კნუტი ძუძუს წოვდა. ოღონდ, ისეთი ხმები ისმოდა, რომ აშკარად რძე აღარ იყო და კნუტი უბრალოდ თავს იმშვიდებდა, ვითომ წოვდა. ორივე ისეთი გამხდარი იყო… აღარ მახსოვს, როგორ გამოვუტანე წყალი და კისრისტეხით მაღაზიაში გავიქეცი. იმ დღიდან მივხვდი, მახეში გავები… იმ დღიდან ერთი  ზოომაღაზიიდან მეორეში დავდიოდი. ფასებს ვადარებდი ერთმანეთს, თან მაინც სულ გემრიელობებს ვყიდულობდი. გამაფრთხილეს, ხორცი არ გაასინჯო, თორემ „ჩხარუნა“ საკვებს აღარ შეჭამენო. მე მაინც გულმა ვერ გამიძლო… პატარა ბიჭს „ფინტიკოზ დარდიმანდიანცი“ დავარქვი. რომელი დარდიმანდი ეს იყო, მაგრამ სახალისოდ ჟღერდა. ბოლოს, ფინტი გახდა.

ჰოდა, მოხდა ის, რისიც მეშინოდა. მე და ფინტი  ერთმანეთს შევეჩვიეთ. ფინტი დედა კატასთან ერთად ჩემს სართულზე ცხოვრობდა, სხვადასხვა მიზეზების გამო, სახლში ვერ შევიყვანე.

დილით ვიღვიძებდი თუ არა, ფინტისთან გავდიოდი. „მიაუუუ“, მესალმებოდა. დილის გამამხნევებელი მასაჟის შემდეგ, საუზმის დრო დგებოდა. შემდეგ, ნუგბარს ვუტოვებდი, რომ ჩემს დაბრუნებამდე თავი შეექცია. სახლში დაბრუნებულს თავის ენაზე შეძახილებით მხვდებოდა.

  • სად იყავი? რატომ დააგვიანე? რა მომიტანე? – მეკითხებოდა.

მეც ისეთ შეკითხვებს უსვამდი, შესაფერისი პასუხი გაეცა.

– აქ ვინ დადის?

– მეეე…

– აქ ვინა ზის?

– მეე…

– ვისა შია?

– მეეე, – მპასუხობდა ფინტი.

 

იცით როგორი თვალებით მიყურებდა? რაღაცნაირი სუფთა და სიყვარულით სავსე. წარამარა გარეთ გავდიოდი და ვეთამაშებოდი. ათასგვარი თამაში მოვიფიქრეთ, მაგ. „ვერტმფრენობანა“ – მე „ვერტმფერენი“ ვიყავი, ფინტი – მგზავრი. „ვერტმფრენი“ დაიქოქებოდა, დაიქოქებოდა და გარბენის შემდეგ მგზავრს ჰაერში აიტაცებდა  ხოლმე.

– ვაშაა, გავფრინდიით, – ყვიროდა ფინტი. დიახ, რა თქმა უნდა, ამას მე ვყვიროდი, მაგრამ ფინტიც მეთანხმებოდა, რომ ფრენა კარგი იყო. მიწაზე დაშვებულებს აუცილებლად თვალებში უნდა ჩაგვეხედა ერთმანეთისთვის.

– ფინტი თვალებში, თვალებში შევხედოთ… და ფინტიც მიყურებდა, ვარდისფერი ცხვირი ზემოთ ეპრიხებოდა და თეთრ ულვაშებს სასაცილოდ აცმაცუნებდა. კარგი პატრონის ხელში მინდოდა გაშვილება. მეც ვინახულებდი ხოლმე, სასუსნავებს მიუტანდი… ვერავინ ვიპოვე… ვის აღარ ვკითხე, ვთხოვე, მივწერე, ვეხვეწე… ყველამ მომისმინა და ამით დამთავრდა. რაღაც საიტზეც გამოვაქვეყნე და ვიღაცეებმა დარეკეს კიდეც, მაგრამ მათი საუბარი საეჭვოდ მივიჩნიე, ყველა რაღაც მიკიბულ-მოკიბულად საუბრობდა.

დრო გადიოდა, ფინტი იზრდებოდა. ერთი თეთრი კატა გადაეკიდა. ფინტის მამა იყო, სხვენიდან ჩამოდიოდა ხოლმე და ბოლო თვეები ფაქტობრივად ჯოჯოხეთს აწყობდა. ისე ჩხაოდა, ვეფხვი გეგონებოდათ. ფინტის ემუქრებოდა, შუაში მე ვიდექი. ბოლოს იცით, რაღაც კარგი ადგილი გამოჩნდა, ფინტი იქ იქნებოდა, მეც ხშირად ვივლიდი და გაარძელებდა სიცოცხლეს… იცით რა კარგი ფისო იყო? პლუშის სათამაშოს ჰგავდა, ყველაფერი ესმოდა, სმუსნაობა, თამაში, სიცოცხლე  უყვარდა.

მოკლედ, ბოლო დროს თეთრი კატის გამო ფინტიც და მეც მუდმივ სტრესშში ვიყავით.

ზოგადად, სტრესზე ორგანიზმი პასუხობს სიმპათიკურ-ადრენერგული სისტემის მკვეთრი გააქტიურებით. ამ დროს ორგანიზმს დაახლოებით ასეთი ბრძანება აქვს: გაიქეცი ან იბრძოლე! სტრესის საპასუხოდ მიმდინარეობს ჰორმონების მკვეთრი გამოყოფა: ადრენალინის, ნორადრენალინის,  კორტიზონის… ორგანიზმი მზად არის საპასუხოდ. მიმდინარეობს სისხლის მიმოქცევის ცენტრალიზება, სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ტრავმის შემთხვევაში ორგანიზმს ზედმეტი სისხლის დაკარგვისგან იხსნის. სისხლის შედედების სიჩქარე იზრდება, ადამიანი ტკივილს ნაკლებად შეიგრძნობს, ტკივილის მიმართ რეზისტენტული ხდება. გულის და თავის ტვინის სისხლძარღვები პირიქით ფართოვდება, გული აქტიურად მუშაობს.

ადრენალინი ნეირომედიატორი არ არის, რაც ნიშნავს, რომ ნერვული იმპულსების პირდაპირ გადაცემაში არ მონაწილეობს. ადრენალინი თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ნივთიერების ძირითადი ჰორმონია. პირველი ჰორმონია, რომელიც 1901 წელს კრისტალური სახით მიიღეს. მოგვიანებით მისი სინთეზურად მიღებაც გახდა შესაძლებელი. ადრენალინის მიღება ამინმჟავა თიროზინისგან ხდება. თიროზინი-დოფა-დოფამინი-ნორადრენალინი-ადრენალინი – ასეთია პროცესის თანმიმდევრობა.

მისი გამოყოფა მატულობს, როცა რამის გვეშინია, ვნერვიულობთ, როდესაც საპასუხო რეაქცია უნდა გვქონდეს. გამოყოფილი ადრენალინი უჯრედის პლაზმურ მემბრანაში არსებულ სპეციფიკურ რეცეპტორებს და მათთან ერთად მემბრანულ ფერმენტ ადენილატციკლაზას ააქტიურებს. ის კი პროტეინკინაზების (ფერმენტების) მთელ წყებას „გამოაფხიზლებს“, შედეგად გლიკოგენის სინთეზის მარეგულირებელ ერთ-ერთ ფერმენტს-გლიკოგენსინთაზას თრგუნავს. იწყება დათრგუნული პროცესის საპირისპირო პროცესი-გლიკოგენის დაშლა. გამოყოფილი გლუკოზა იჟანგება და გზადაგზა სამი მაკროერგული ბმის მქონე  ATP-ს წარმოქმნის. თითოეული ბმის გაწყვეტით 14,7 კჯ ენერგია გამოთავისუფლდება. ერთი მოლეკულა გლუკოზის დაჟანგვა კი 23 მოლეკულა ATP-ს გამოათავისუფლებს.

ეს ყველაფერი გამართლებული მაშინ არის, როცა ადამიანი ვინმესგან გარბის, თავს იცავს ან სულაც თავად მისდევს ვინმეს დასაჭერად. თუმცა, შეიძლება სტრესული მდგომარეობა ქრონიკულად გაგრძელდეს. ადრენალინის გახანგრძლივებული ზემოქმედებისას ძლიერდება ცილის მეტაბოლიზმი, მცირდება კუნთის მასა, ორგანიზმი იფიტება და ინგრევა. სხვათა შორის, იაპონელ სამურაებს სტრესთან ბრძოლის ორიგინალური მეთოდი ჰქონიათ. ალბათ, ამიტომაც არის გამოთქმა – მავანი სამურაივით მშვიდი არისო. ქრონიკულ სტრესთან ბრძოლის მეთოდი კი ძალიან მარტივია,  ადამიანი ზეწარში უნდა გაეხვიოს, ოღონდ ებრიონის პოზაში. ზეწრის კვანძები ვინმე დამხმარემ კარგად უნდა გაკვანძოს და ასე  ოცი წუთი უნდა იწვეს. თუ მეთოდს ხშირად გაიმეორებს, სამურაივით მშვიდი გახდება. ყოველ შემთხვევაში, იაპონელები ასე  ფიქრობენ.

პირველ მარტს, გამთენიისას მოლდოვაში კონფერენციაზე გავფრინდი. ჩამოვიდოდი თუ არა, ფინტიკო იმ ახალ ადგილზე უნდა წაგვეყვანა. მანამდე კი ფინტიკოს საჭმელი დედას დავუტოვე. როცა იქიდან ვრეკავდი, მეუბნებოდა კარგად არისო. სულ ოთხ დღეში ჩამოვედი, მაშინვე ფინტი მოვიკითხე და აღარ დამხვდა. თეთრ კატას ჩემი წასვლის დღეს, პირველ მარტს, დაუმარტოხელებია და  ყელი გამოუჭრია. მეზობლის ბიჭს უნახავს პირველ სართულზე (ჩაიტყუა ეტყობა) სისხლის გუბეში მცურავი ფინტი. თვალები დახუჭული ჰქონია, ძლივს სუნთქავდა თურმე, გვერდზე კი თეთრი კატა ეჯდა, ეტყობა უნდა დარწმუნებულიყო, რომ მოათავა.

საოცარი იცით რა არის?

ეს შუადღეს,  ასე თორმეტის ნახევრიდან პირველ საათამდე მომხდარა. ამ დროს მე თვითმფრინავში ვიჯექი. ვთვლემდი. უცებ გამეღვიძა და თავი ცუდად ვიგრძენი, გულზე ვიღაცამ ხელი მომიჭირა, მომიწურა, მახრჩობდა… ბორტგამცილებელს მოვუხმე და დახმარება ვთხოვე. რაღაც წამალი მომცეს და არ მიშველა, ჟანგბადის ბალონით სუნთქვა დამჭირდა… სალონი გასუსული იყო, ვერ გაიგეს რა ხდებოდა. ოდნავ მოსულიერებულს ტირილი მომინდა, არადა, თითქოს სატირალი არაფერი მქონდა. კარგ კონფერენციაზე, კარგ ხალხთან მივდიოდი. ცრემლი კი თავისით მოდიოდა, ვეღარ ვიკავებდი. ამ დროს თურმე ფინტი სულს ებრძოდა, თვალები დახუჭული ქონდა და ალბათ  მე მიხმობდა.

  • ქეთიი, ცუდად ვარ, მიშველეო, მეძახდა.. მეც ცუდად ვიყავი, ვერ ვსუნთქვდი…

ვერ ვუშველე…  ვერ მივეხმარე..

 

ფინტი… მაპატიე…

 

 

 

 

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს თვითკონტროლის უნარი

0

როგორც დაკვირვება გვიჩვენებს, უფროსები, პედაგოგები და მშობლები, ბავშვს ყველაზე ხშირად მაშინ საყვედურობენ, როცა ისინი აშკარად ავლენენ საკუთარი ქმედების მართვისა და კონტროლის უუნარობას. „საერთოდ არ შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. მე თუ არ შევახსენე და გავაკეთებინე, თვითონ არაფერი გაახსენდება, ხელით სატარებელი მყავს“, – ეს სიტყვები ხშირად გვესმის საკმაოდ მოზრდილი ბავშვების განაწყენებული და შვილის საქციელით უკმაყოფილო მშობლებისგან. როგორც ასეთ მშობლებთან საუბრისას ირკვევა, ისინი შვილის ასაკის გამო წუხან მათ პასიურობაზე, უყურადღებობისა და თვითკონტროლის უუნარობაზე. წლების წინ კი, როცა ბავშვი თავად მიისწრაფოდა დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ ხელში აღებისკენ, მშობლები აქტიურად ახშობდნენ მას იმ მოტივით, რომ ის პატარა იყო და ამის უფლებას ვერ მისცემდნენ.

მაინც რა არის თვითკონტროლი და როდიდან უნდა დავიწყოთ ზრუნვა ბავშვში ამ უნარის განვითარებაზე. თვითკონტროლი ჩვენი ქმედების მარეგულირებელი ფუნქციაა, რომლის როლიც მდგომარეობს საქმიანობის შედეგების დასახულ მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში, მოსალოდნელი შეცდომების თავიდან აცილებაში ან უკვე დაშვებული შეცდომების აღმოჩენაში. თვითკონტროლის დახმარებით ადამიანი ამა თუ იმ საქმიანობის დროს აცნობიერებს საკუთარი მოქმედების სისწორეს. შემეცნებითი საქმიანობის პროცესში „წარმატებულ“ და „წარუმატებელ“ მოსწავლეებს შორის განმასხვავებელ ერთ-ერთ არსებით ნიშანს წარმოადგენს სწორედ საკუთარი მოქმედების კონტროლისა  და რეგულაციის უნარი. „წარუმატებელ“ მოსწავლეებს იმ წესების ცოდნისა და გაგების შემთხვევაშიც კი, რომლითაც უნდა იმოქმედონ, უჭირთ ისეთი დავალებების დამოუკიდებლად შესრულება, სადაც აუცილებელია რიგი გონებრივი ოპერაციების თანმიმდევრობის დაცვა, თვითკონტროლის და თვითრეგულაციის უნარის გამოვლენა და ამის გამო მუდმივად საჭიროებენ უფროსების დახმარებას. ბავშვში თვითკონტროლის და თვითრეგულაციის უნარის განვითარებაზე ზრუნვას უკვე სკოლამდელ პერიოდში, საკმაოდ ადრეულ ასაკში  უნდა ვიწყებდეთ. ალბათ,  შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ საკუთარი ქცევის მართვის და კონტროლის უნარი ბავშვის სკოლისათვის მზაობის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ქცევის თვითკონტროლი, გარკვეულ დონეზე,  ბავშვს ჯერ კიდევ სკოლამდე უნდა ჰქონდეს ჩამოყალიბებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მას გაუჭირდება, თავი გაართვას სკოლასთან ადაპტაციის სტრესს, შეიძინოს თანაკლასელებთან ურთიერთობის ჩვევები და აიტანოს სასკოლო რეჟიმი. სასკოლო პერიოდში ეს უნარი ვითარდება და სრულყოფამდე მიდის. წარმატებული სწავლა-სწავლება სკოლაში თვითკონტროლის უნარის ორი ძირითადი მიმართულებით განვითარებას მოიაზრებს – ქცევის თვითკონტროლი და სასწავლო საქმიანობის თვითკონტროლი. ქცევის თვითკონტროლის არარსებობა ან არასაკმარისი განვითარება ბავშვის სასკოლო ცხოვრებას ნამდვილ ჯოჯოხეთად აქცევს. მისთვის რთულია როგორც სასკოლო რეჟიმის მოთხოვნებისადმი დამორჩილება, ისე სასწავლო პროგრამის დატვირთვის ატანა. თვითკონტროლის განვითარება სასწავლო პროცესში ვლინდება მიცემული დავალებების შესრულების უნარში, გარკვეული ნიმუშის მიხედვით მოქმედების უნარში, მოქმედებების თანმიმდევრობის დაცვის უნარში, სამუშაოს შესრულებისას დაშვებული შეცდომების აღმოჩენისა და მათი დამოუკიდებლად გამოსწორების უნარში. ამისათვის საჭიროა ვასწავლოთ მას „ცდისა და შეცდომის“ გზით სიარული, ჩხუბისა და დასკვნების გამოტანის  გარეშე. მასთან ერთად განვიხილოთ მცდარი ნაბიჯების შედეგები. თვითკონტროლის განვითარება ბავშვში ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი რეაქციები გვექნება უფროსებს მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე.  არცთუ იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვი, საშინაო დავალების ნაჩქარევად შესრულების გამო უშვებს შეცდომებს, ბრაზობს, ყველაფერს შლის და როცა უკვე აღარ იცის შემდეგ რა გააკეთოს, დახმარებას ახლობლებს სთხოვს. ასეთ დროს არ არის სასურველი უკმაყოფილების გამოხატვა, ჩხუბი, გაკიცხვა. ნაცვლად ამისა, უკეთესი იქნება, ბავშვს დავეხმაროთ მომხდარის გააზრებაში, მხარი დავუჭიროთ მას, მაგ. ასეთი სიტყვებით: „შენ იჩქარე ამოხსნა, არ დაფიქრდი. ნუ განიცდი! გაბრაზებით შეიძლება მხოლოდ საკუთარ თავზე გაბრაზდე, მაგრამ, ეს არ დაგეხმარება ამოხსნაში. დამშვიდდი, დაფიქრდი და შენ ყველაფერი გამოგივა“.  დიდი ალბათობით ამ სიტყვების მოსმენისა და ჩვენი მხარდაჭერის შემდეგ ბავშვი თავს გაართმევს დავალებას.

ხანდახან ჩვენ, უფროსები, ჩვენდა უნებურად ბავშვში აღვძრავთ არასწორი მოქმედების, შეცდომების შიშს, ასევე შეცდომების გამო დასჯის შიშს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს შეიძლება გაუქრეს საკუთარი თავის გაკონტროლების, დამოუკიდებლად მოქმედების, შესრულებულ დავალებაზე პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების სურვილი. რაც უფრო ძლიერდება კონტროლი უფროსების მხრიდან, მით უფრო მეტად ითრგუნება ბავშვი და სერიოზულად ფერხდება მასში თვითკონტროლის უნარის განვითარება. ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ ის მშობლები, რომლებიც კონტროლის ფუნქციას მთლიანად საკუთარ თავზე იღებენ, უჭირთ მისი დათმობა და ისწრაფიან, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნონ ის. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, ბავშვი საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს. მომავალში, როცა მშობლები თავს დაანებებენ, შეწყვეტენ ბავშვის მიერ დავალებების შესრულების კონტროლს, მას გაცნობიერებული, დამოუკიდებელი კონტროლის განხორციელების  უნარი არ ექნება. ყველაფერი ეს კი უარყოფითად იმოქმედებს, ერთი მხრივ, სწავლების პროცესზე, და, მეორე მხრივ, ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე.

რეკომენდაციები ბავშვში თვითკონტროლის უნარის გამოსამუშავებლად:

  • ნუ დავაგვიანებთ და დროულად მივცეთ ბავშვს დამოუკიდებლად მოქმედებისა და მიზნის მისაღწევად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა;
  • ვაღიაროთ და მოვიწონოთ ბავშვის ინიციატივა, იმოქმედოს დამოუკიდებლად. მივანიჭოთ მას მოქმედების გარკვეული თავისუფლება, რაც, თავის მხრივ, მომავალში დამოუკიდებლობის და თვითკონტროლის განვითარების ხელშემწყობი გახდება;
  • ყურადღება მივაქციოთ დაშვებულ შეცდომებზე ადეკვატური ემოციური რეაქციების გამომუშავებას ბავშვში. წყენის, გაბრაზების და აგრესიის ნაცვლად ბავშვს უნდა გამოვუმუშაოთ სიტუაციის მშვიდად მიღების, მისი გააზრების, გაანალიზების და დასკვნების გამოტანის უნარი;
  • მუდმივი საყვედურებისა და შენიშვნების ნაცვლად, შევაქოთ ბავშვი ისეთ შემთხვევაში, როცა ის აშკარად ავლენს თვითკონტროლის უნარს, ან თუნდაც ცდილობს ამის გაკეთებას. შესაძლოა მან აღნიშნულის მისაღწევად დიდი შრომა დახარჯა. ნუ გავაუფასურებთ მის მიღწევას, დავაფასოთ და ვაღიაროთ ის. ასეთი დადებითი განმტკიცება მასში აღძრავს სურვილს, მომავალშიც გამოამჟღავნოს ეს უნარი;
  • როცა ბავშვი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, ნუ დავიწყებთ ყვირილს, ვიყოთ მტკიცე, თანმიმდევრული და სამართლიანი. თუ ბავშვი ისტერიკაში ვარდება, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ავუხსნათ მას, რომ ყვირილი, ბრახუნი და კარის მიჯახუნება ქცევის მიუღებელი ფორმებია, რის გამოც ის დაისჯება და ვუთხრათ კიდეც, თუ კონკრეტულად რა იქნება ეს სასჯელი. საჭიროა დავანახოთ ბავშვს, რომ ისტერიკა ვერ დაეხმარება მას სასურველის მიღწევაში;
  • შევეცადოთ ჩვენ თავად გავუკეთოთ მოდელირება თვითკონტროლს. არ იქნება გამართლებული, საკუთარი ქცევის კონტროლი მოვთხოვოთ ბავშვს, თუ ჩვენ, მისი თანდასწრებით, ისტერიკაში ვვარდებით, ვბრაზობთ და აგრესიას ვაფრქვევთ. შევეცადოთ  გამაღიზიანებელ სიტუაციაში ჩვენი ქცევით დავანახოთ ბავშვს, რომ ემოციებისა და ქცევის კონტროლი საუკეთესო ხერხია რთული სიტუაციიდან უმტკივნეულოდ გამოსასვლელად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თვითკონტროლი თანდაყოლილი არ  არის, ის გამომუშავებადია, და თუ ბავშვი არ არის დაუფლებული ამ უნარს, მას საყვედურები, უკმაყოფილება და ჩხუბი კი არა, ჩვენი დახმარება, თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდება.

 

ქეთევან ოსიაშვილი

16.03.2017.

 

 

წინასასკოლო მომზადება და აუტისტური სპექტრის აშლილობა, მშობლის როლი და რეკომენდაციები

0

სექტემბერში ახალი სასწავლო წელი იწყება.  ჯერ ეს წელი არ დასრულებულაო, მეტყვით თქვენ, ჯერ რა დროს ახალ სასწავლო წელზე საუბარიაო, თუმცა, როდესაც იმ ბავშვებზე ვსაუბრობთ, ვინც სულ სულ პირველად უნდა შეაღოს კლასის კარი და მერხსაც მიუსკუპდეს, ახალ სასწავლო წელზე საუბარი იქნებ უკვე დაგვიანებულიც იყოს.

სექტემბერში ახალი სასწავლო წელი იწყება და ნებისმიერი მშობელი, რომელსაც სასკოლო ასაკის შვილი ჰყავს დიდ მზადებასა და ფაციფუცშია, ნერვიულობს, განიცდის, ჯერ სკოლას ეძებს, არჩევს, მასწავლებლებს ხვდება, პროგრამებს ათვალიერებს, მერე სასკოლო ნივთებს მოიმარაგებს, ახალ სრულიად სხვანაირი სისტემურობით დაალაგებს დღესა თუ სამუშაოს.

განსაკუთრებული მღელვარებით და შიშით აავსებს ეს მოლოდინი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებს, რადგანაც, სკოლის შერჩევისა თუ მასწავლებლებთან საუბრის დროს, ყველას ერთხელ მაინც შეუმჩნევია ყოყმანი თუ კითხვის ნიშანი.

არის კი მზად ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იმისთვის, რომ უზრუნველყოს ასას დიაგნოზის ბავშვებისთვის შედეგიანი სასწავლო პროცესი? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში ინკლუზიური განათლების გამოცდილება დღითი დღე იმატებს, სულ უფრო მეტი პედაგოგი ცდილობს სასარგებლო მეთოდიკას გაეცნოს, მოსწავლის საჭიროებები გაითვალისწინოს, მაინც, ხშირად, წარმატება სისტემურ მიდგომაზე კი არა, კონკრეტულ, ენთუზიასტ და სენსიტიურ პედაგოგზეა დამოკიდებული.

იმისათვის, რომ წინასწარ მოვემზადოთ სასწავლო წლისთვის, უნდა დავგეგმოთ ჩვენი წინასასკოლო მოქმედებები და ყველაზე დიდი როლი ამ პროცესში, რასაკვირველია, მშობელს აქვს.

მაშ ასე, ვცადოთ ჩამოვთვალოთ ყველა აქტივობა თუ ინიციატივა, რაც საჭიროა იმისთვის, რომ სექტემბერში, სკოლაში მისულმა მოსწავლემ თავი გაცილებით კომფორტულად და მშვიდად იგრძნოს, ეს ხომ ასას შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია. გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას:

  1. სკოლის შერჩევა:

პირველ რიგში, რასაც ვარკვევ, სკოლის გამოცდილებაა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, ვესაუბრები სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს და ფსიქოლოგს. უპირატესობას ვანიჭებ სკოლას, სადაც კლასში მოსწავლეების ნაკლები რაოდენობაა, კიდევ ერთი, უფრო პატარა და მშვიდ სკოლას ვარჩევ, რადგან, მაგალითისთვის ჩემს პატარა ბიჭს დიდი სივრცეების ეშინია, ( სინამდვიელში, ასეთ გარემოში ორიენტაცია მეც კი მიჭირს-ხოლმე). მნიშვნელოვანია სკოლის ინფრასტრუქტურა, მეტისმეტად ჭყეტელა ფერები კედლებსა თუ სკოლის ავეჯზე, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვს გააღიზიანებს ან ყურადღებას გაუფანტავს.

  1. თუ სკოლა უკვე შეარჩიეთ, არ დაიზაროთ სკოლის ეზოში, თუნდაც ვესტიბიულში ბავშვთან ერთად გასეირნება, შეახედეთ კლასებში, სკოლის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით ანახეთ სასწავლო პროცესი, გააცანით მისი მომავალი მასწავლებელი და სკოლის ფსიქოლოგი.
  2. მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრამდე მოაგვაროთ ის რამდენიმე პრობლემა, რომელიც შემდგომში ხელს შეგიშლით სასწავლო პროცესში, მაგალითად, თუ თქვენი შვილი გვიან იძინებს და შესაბამისად, დილით ადრე ვერ იღვიძებს, უკვე დროა, თანდათან, ეტაპობრივად შეცვალოთ მისი ძილის რეჟიმი. ასევე, ეცადეთ თანდათან შეაჩვიოთ ადრიან საუზმეს, ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს შეზღუდული კვებითი ინტერესები აქვს, სანამ სკოლაში ჭამას შეეჩვევა, მაწიერი და ნოყიერი საუზმე კარგ სამსახურს გაგიწევთ.
  3. თუ ბავშვი რომელიმე ცენტრში გადის თერაპიას, კარგი იქნება, თუ ხელახალი დიაგნოსტირების საშუალებით, ის პრობლემატიკა გამოიყოფა, რომელიც ამ ეტაპზე განსაკუთრებით აქტუალურია, შემდეგ, თერაპევტებთან ერთად მიზანმიმართულ მუშაობას დაიწყებთ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.
  4. დაგეგმეთ საშინაო მეცადინეობები.  რასაკვირველია, არ ვგულისხმობ, რომ ბავშვს წერა-კითხვა ან შეკრება-გამოკლება უნდა ასწავლოთ, მაგრამ კონცენტრაციის უნარის, ყურადღების, კომუნიკაციისა და ჩართულობის,  მოსმენის, სხვისი მითითებით თუ თხოვნით მუშაობის უნარის განვითარება მნიშვნელოვანი იქნება, არაფერს ვამბობ ნატიფი თუ მსხვილი მოტორიკის განვითარებაზე, რის გარეშეც მოსწავლეს სასწავლო პროცესში ჩართვა გაუჭირდება. შეგიძლიათ ხატოთ, ძერწოთ, სურათები აღწეროთ და პატარა ამბებიც მოყვეთ. „სამეცადინო“ საათი დღის ერთსა და იმავე მონაკვეთში დაგეგმეთ და ერთგვარ რუტინად აქციეთ.
  5. ხშირად ესაუბრეთ სკოლაზე, რომ ეს ის ადგილია, სადაც ბევრ ახალ რამეს გაიგებს და დროს მხიარულად გაატარებს, მეგობრებს შეიძენს, საინტერესო წიგნებს წაიკითხავს. რომ სკოლაში წასვლა ცხოვრების დიდი ეტაპის დასაწყისია, რომ თქვენ ისევ უწინდებურად მასთან იქნებით და ერთად ყოფნისთვის დროც საკმარისად დაგრჩებათ. აქციეთ სკოლაში წასვლა შვილისთვის მნიშვნელოვან და საინტერესო სიახლედ.

 

 

 

 

 

ოთარ ჭილაძის ჩანაწერები – „როგორც თაფლი სკიდან“

0

საყვარელ მწერალთან შეხვედრის სურვილი არასდროს გამჩენია – მოსწავლეობის წლებშიც კი. დარწმუნებული ვიყავი, იმაზე მნიშვნელოვანი არაფერი მოხდებოდა, რაც უკვე მომხდარიყო მისი წიგნების კითხვისას და იმაზე მეტს ვერაფერს შევიტყობდი თავად მწერალზე, რაც ამ წიგნებში იყო ნათქვამი. მეორე მხრივ, ყოველთვის ძალიან მაინტერესებდა ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, დღიურები, მოგონებები, სიზმრები.

ნაწერში, როგორც სუფთა სარკეში, ყოველთვის უფრო მეტი ჩანდა – დაკვირვებული თვალისთვის მისი სიღრმე თუ ზედაპირი სრულიად საკმარისი უნდა ყოფილიყო.

ოთარ ჭილაძის ჩანაწერების წიგნი – „ცა მიწიდან იწყება“ ცოტა ხნის წინ ჩამივარდა ხელში. მეორე გამოცემა მწერლის ნახატებით არის გაფორმებული – თითქოს გასართობად მოხაზული მრავალმხრივ საგულისხმო ფიგურებით, რომლებიც ხმადაბლა ჰყვებიან თავიანთ ამბებს. თუ ყურს მიუგდებ, გაიგონებ. თუ მხოლოდ ხმამაღლა ნათქვამი ჭეშმარიტებების მაძიებელი ხარ, მათაც უდავოდ მიაგნებ, ოღონდ ძალისხმევის გაღება მაინც დაგჭირდება – ეს ადვილად წასაკითხი წიგნი არ არის.

მწერალს 1975 წელს ჩაუწერია: „წერის პროცესი: თითქოს ღამით, უცხო ბაღში გადაპარული, ფაციფუცით – არ მომისწრონო – კი არ კრეფ, ძირფესვიანად გლეჯ ყვავილებს შენი გულისსწორისთვის, მაგრამ ბაღიდან გამოსული, სინანულით ამჩნევ, რომ სიბნელესა და სიჩქარეში ბევრი გაუშლელი ან უკვე გადამწვარი ყვავილი მოგიგლეჯია და იმ უზარმაზარი თაიგულიდან, რომელიც ასე გეამაყებოდა და გიხაროდა, შეიძლება, ერთი-ორი ღერიღა ვარგოდეს გამოსაჩენად, მით უფრო, მისართმევად, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ დაღამებისთანავე ისევ არ გადაიპარები ბაღში, ისევ იმ იმედით – ამჯერად მაინც გამიმართლებსო“.

თუ ოდესმე მომინდება, ვინმეს ავუხსნა, რატომ და როგორ წერენ მწერლები, ამ ჩანაწერს წავუკითხავ.

წერა ყოველდღიური შრომაა – გადარჩევის, შედარების, შემოწმების, მკაცრი შეფასების პროცესი.

ამასწინათ 115-ე სკოლაში მოსწავლეებს შევხვდი – წიგნებსა და ბევრ სხვა რამეზე ვისაუბრეთ. ერთმა გოგონამ მკითხა: რას ურჩევდით მას, ვისაც მწერლობა გადაუწყვეტიაო? არცთუ რთული კითხვაა, მაგრამ პასუხი უცებ ვერ გავეცი. ბევრი უნდა იკითხოს, ძალიან ბევრი-მეთქი, ვთქვი ბოლოს და გამახსენდა, რომ მანამდეც ამას ვამბობდი – შეხვედრის პირველივე წუთებიდან კითხვის სიხარულსა და  სიკეთეზე, რამდენიმე სამყაროში ერთდროულად ცხოვრებაზე, წარმოუდგენელ ადგილებში მოგზაურობაზე, ენით აუწერელი სიმდიდრის დაგროვებაზე ვლაპარაკობდი.

ოთარ ჭილაძე კი წერს: „იკითხეთ, იკითხეთ ყველაფერი – ცუდიც და კარგიც, გასართობიც და განმანათლებელიც. კითხვა სავალდებულო შრომაა და საკმაოდ მძიმეც, როგორც მიწის ხვნა, გუთნის გამოჭედვა, ღვინის დაყენება. მხოლოდ თვალით აღქმული სიტყვა დაკარგული შრომაა. სიტყვას უნდა ჩასწვდე გონებითაც და გულითაც. განუწყვეტლივ უნდა ეცადოთ, როგორმე შეაღწიოთ სიტყვაში და იქიდან დაინახოთ უთქვენოდ დარჩენილი სამყარო – უპირველეს ყოვლისა, თქვენს ამქვეყნიურ დანიშნულებას, თქვენს მოწოდებას დაინახავთ…“

მხოლოდ წერა კი არა, კითხვაც შრომაა – არ გაირჯები და არაფერი ხარ.

მკაცრია მწერალი შეფასებისას. ზოგჯერ მისი პოზიციის გაზიარება წარმოუდგენლადაც კი გვეჩვენება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ დიდ სიახლოვეს ვგრძნობთ – თითქოს გვერდით ვუზივართ და თავს ვუქნევთ თუ ეჭვს თვალით შევცქერით, ვიცით: ამ გულახდილი საუბრის დავიწყება არ იქნება.

მოსწავლეებთან დიდი სახელების ხსენებას, ციტატებით საუბარს ვერიდები ხოლმე – სჯობს, თვითონ მიაგნონ სათავისო სიბრძნეს. თუმცა ოთარ ჭილაძის ჩანაწერები ამ შეხვედრამდე რომ წამეკითხა, ალბათ ცდუნებას ვერ გავუძლებდი და ზემოთ მოტანილ ნაწყვეტებს წავუკითხავდი.

გულწრფელად მჯერა წიგნების ძალის – იმის, რომ თითოეული წიგნი პასუხია. სწორედ იქ შეიძლება იმის პოვნა, რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე ეძებ. ცხადია, არა – ხელში მოხვედრილ პირველსავე წიგნში. არა – პირდაპირი აზრით.

ოთარ ჭილაძეს სჯეროდა, რომ ყველა ვარსკვლავს ჰქონდა პოლარულ ვარსკვლავად ქცევის პოტენცია: „გარკვეული დროის შემდეგ ჩვენც შეიძლება გავთავისუფლდეთ, ანუ დავიბრუნოთ პირვანდელი სახე, თუკი, რასაკვირველია, ამ ხნის განმავლობაში ბეჯითად ვისწავლით. დროის გასაყვანად კი არ გადავშლით წიგნს (დრო ისედაც გავა), არამედ იქიდან (წიგნიდან) ცოდნის ამოსაღებად, როგორც ღვინო ამოაქვთ ქვევრიდან, თაფლი – სკიდან, ბადე – ზღვიდან, მადანი – მიწიდან, ტყვია – ჭრილობიდან, წყალი – ჭიდან, პური – თონიდან…“

კიდევ ბევრის ამოწერა შეიძლებოდა წიგნიდან, რომელმაც, ალბათ, ყველაზე არსებითი მითხრა მწერალზე, მისი ფიქრებისა და სიზმრების მოზიარე გამხადა, საგულისხმო აზრების დღიური ულუფა გამიყო.

საყვარელ მწერალთან შეხვედრაც ეს იყო.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...