შაბათი, ივლისი 19, 2025
19 ივლისი, შაბათი, 2025

დამოკიდებულება არ არის მონსტრი

0

ალკოჰოლი, ნარკოტიკები, შოპინგი, ტკბილეულობა, ანიმე, სპორტი, ონლაინთამაშები – ჩვენი ტვინი მარტივად ეჩვევა ყველაფერს, რასაც სიამოვნება მოაქვს. იმისათვის, რომ გავერკვიოთ დამოკიდებულების ფენომენში და იმაში, თუ როგორ არ უნდა ვიქცეთ დამოკიდებულებად, უნდა ვიცოდეთ ამის მიზეზი. საავტორო წიგნში „სურვილების ბიოლოგია: დამოკიდებულება – ის არ არის დაავადება“, მარკ ლუისი, საინტერესო ავტობიოგრაფიის მქონე ამერიკელი ნეირობიოლოგი, ხსნის, რომ ნებისმიერი ტიპის დამოკიდებულება, უპირველესად, ჩვევაა ტვინში, რომლის გაკონტროლება არ გვინდა.

მარკ ლუისი – ათი წელი იყო ნარკოტიკების მომხმარებელი, რის გამოც გაირიცხა ასპირანტურიდან, დაითხოვეს სამსახურიდან. იხდიდა პირობით სასჯელს. მან დაძლია დამოკიდებულება. გააგრძელა სწავლა. მიიღო განათლება. საკუთარი ნარკოდამოკიდებულების გამოცდილება გადააფასა ნეირობიოლოგის პოზიციიდან და ახლა სხვისი გამოცდილების შესწავლის პროცესშია.

მარკ ლუისი: „მედიცინაში ახალი აღმოჩენების დამსახურებით, ჩვენ აღარ მოვიაზრებთ  დამოკიდებულ ადამიანებს უპასუხისმგებლო ამორალებად, უნებისყოფო მუთაქებად და ლტოლვას აყოლილ ცოდვილებად. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ხანგრძლივი მოხმარება უპირობოდ ცვლის ადამიანის ტვინს. ასევე, გვსმენია იმის შესახებ, რომ ტვინის ანალოგიურ ცვლილებებს იწვევს არაქიმიური დამოკიდებულებაც: თამაში, საჭმელი, ინტერნეტი, შოპინგი. ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ კითხვას: რა არის დამოკიდებულება. ის ჩვეულებრივი დაავადებაა“.

ასეთ მოსაზრებას დამოკიდებულებაზე არაერთი დადებითი მხარე აქვს. ყველაზე მთავარი – ვაღიარებთ რა დამოკიდებულებას დაავადებად, ვიძლევით იმის გარანტიას, რომ დამოკიდებულ ადამიანებს ექნებათ დახმარების მიღების უფლება, მხარდაჭერა და მკურნალობა. გარდა ამისა, ამ აღიარებით იოლდება ამ დაავადებისთვის ახალი კვლევების წარმოება, უფრო ეფექტიანი და სრულყოფილი წამლების გამოგონება.

თუმცა, ასეთ მოსაზრებას სერიოზული მინუსიც ახლავს – დამოკიდებულ ადამიანს არ სურს თავი უსუსურ ავადმყოფად ცნოს. ეს კი ხელს უშლის მის რეაბილიტაციას.

ამერიკელი ნეირობიოლოგი მარკ ლუისი წერს: „გამოჯანმრთელებულ დამოკიდებულ ადამიანთა უმეტესობა, ვისაც მე ვესაუბრე, აცხადებს, რომ მათთვის უფრო მიზანშეწონილია თუკი ვიტყვით ხოლმე, რომ ისინი გათავისუფლდნენ დამოკიდებულებისგან და არა განიკურნენ ან რემისიაში იმყოფებიან. ამ ადამიანებმა დამოკიდებულება მთელი მონდომობეთ, შემართებით, ინტენსიური თვითანალიზით, სითამამით და ახალი ცხოვრებისეული პერსპექტივების დანახვით დაამარცხეს. მათი აზრით, ისინი უფრო ძლიერები გახდნენ, ვიდრე მანამდე იყვნენ“.

ლუისი დამოკიდებულების შეფასებასთან დაკავშირებულ სხვა ხედვას გვთავაზობს, რომლის მიხედვით უნდა აქცენტი უნდა გადავიტანოთ არა იმაზე, რომ დამოკიდებულება ტვინს „ურტყამს“, არამედ იმაზე, თუ როგორ ახერხებს ტვინი ამ დამოკიდებულების ფორმირებას.

ჩვენი ტვინის ყველაზე შესანიშნავი თვისება ელასტიკურობაა. ტვინი მარტივად ადაპტირდება სირთულეებთან და იცვლება, რათა ამ სირთულეებს გაუმკლავდეს. სწორედ უჯრედული ცვალებადობის ხარჯზე ფუნქციონირებს ჩვენი ტვინი. ტვინის ელასტიკურობის დამსახურებით კაცობრიობამ შეძლო მიეღწია ამდენი აღმოცენისთვის, კარგისთვის და ცუდისთვის. ყველა „ცოდვა“, რომლის შესახებ ოდესმე გვსმენია, ჩვენს ტვინში დაიბადა. ტვინი იყო და იქნება ყველა იდეის აკვანი.

სად ხდება ცვლილებების უმეტესობა? ტვინის ორ სტრუქტურაში. ორივე „დასაპროგრამირებელი“ უჯრედების ქსელით გახლავთ დაფარული – დიდი ნახევარსფეროების ქერქი და ლიმბური სისტემა.

მარკ ლუისი აღნიშნავს: „მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანის ტვინში ნეირონები ერთნაირად არის განლაგებული, მათ შორის კავშირი ისე კონსტრუირდება, რომ შეუძლია

რადიკალური ცვლილება განიცადონ. ცვლილებები მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ჩვენს მიერ მირებული გამოცდილების საპასუხო რეაქციად, გარემოს აღქმიდან გამომდინარე.

იმისათვის, რომ ამ მუდმივ ცვლილებებს „გავუძლოთ“, გამოვიმუშავებთ ე.წ. „ჩვევებს“. საუბარია არა მხოლოდ მავნე ჩვევებზე – ამ ჩვევების ფორმა გარდაქმნილია კულტურულ ნორმად, მაგალითად, ქცევის ნორმად ან სექსუალურ სტერეოტიპად ან ადამიანის ისეთ თვისებად, როგორიც ეჭვიანობაა. ლუისი ამტკიცებს, რომ მრავალჯერადად განმეორებული ქცევა სტაბილიზირდება ტვინში და ჩვევაში გადადის. რაც უფრო მყარდება ჩვევა, მით უფრო რთულდება მასზე უარის თქმა და აქ უკვე ნაკლებად გვაქვს საქმე ნებისყოფასთან, უბრალოდ, ტვინმა უკვე კარგად იცის როგორ უნდა მიიღოს სწრაფად და ეფექტიანად სასურველი სიამოვნება.

ამაშია ამ მოსაზრების მთელი განსხვავება დამოკიდებულება-დაავადების თეორიის საპირისპიროდ. ტვინში მიმდინარე ცვლილებები, რომლებიც დამოკიდებულების დროს ფორმირდება, გამოწვეულია არა სიამოვნების გამომწვევი ობიექტით, არამედ ტვინის მუშაობის შედეგად მირებული ნაყოფით.

 

რას ნიშნავს „გსურდეს“, „გინდოდეს“ ? „ყველაფერს, რასაც ადამიანი აკეთებს, რაღაც გარკვეულ მიზანს ემსახურება. არაფრის კეთებაც კი დასვენების მიზანს ემსახურება. ადამიანის ტვინში მოტივაციის ფორმირებაზე პასუხისმგებელი ზოლიანი სხეულია. ის არის ჩვენი ქმედების მაკონტროლებელი ცენტრი. სწორედ ის გვამცნობს, რომ ჩვენს მიერ დასახული მიზანი შესრულდა. ზოლიანი სხეული თითქოს საკუთარ გამოცდილებაზე „სწავლობს“ და იმახსოვრებს იმას, რამაც ერთხელ უკვე მიგვაღებინა სიამოვნება – ეს შეიზწლება იყოს რაიმე კერძით მიღებული სიამოვნება, კომპიუტერთან ჯდომით, თამაშით, ნარკოტიკებით, ალერსით, ალპინიზმით და სხვ. ის აძლევს ტვინს სიგნალს, რათა მან კიდევ განიცადოს ერთხელ მიღებული სიამოვნება.

ყველა სიგნალი ჩვენამდე დოფამინის დახმარებით აღწევს – ნეირომედიატორის, რომელიც ტვინის ცენტრიდან ზოლიან სხეულამდე მიემართება. დოფამინი სტიმულირებას უწევს სიამოვნების ცენტრს და რაც უფრო მეტია სტიმულაცია, მით უფრო გვიჩნდება ლტოლვა სასურველი ობიექტისადმი (კერძისადმი, კომპიუტერისადმი, ნარკოტიკებისადმი, ლაშქრობისადმიდა სხვ.) მაგრამ რატომ არის ასე რთული ამ ლოტოლვაზე უარის თქმა? რატომ არ შეგვიძლია სხვა რამეზე გადავერთოთ? აქ ორი პრობლემა ჩნდება. პირველი  ობიექტის იმწამიერი სასურველობა და ხიბლია, რომლის ფონზე სხვა დანარჩენი მიზნები ფერმკრთალდება.

მარკ ლუისის თქმით, დოფამინის ძირითადი ფუნქციაა მოეხმაროს ტვინს ხელმისაწვდომი მიზნების გამოყოფაში. ზოლიანი სხეულის ნეირონული ქსელი დოფამინის ნაკადთან ერთად იზრდება და უფრო თვალსაჩინო ხდება, თითქოს გაჰყვირის: „აგერ ვარ, სასწრაფოდ მომაქციე ყურადღება!“

მეორე პრობლემა იმაშია, რომ დამოკიდებულება კოგნიტური კონტროლის მექანიზმის მუშაობას აფერხებს. თავდაპირველად მაკონტროლებელი ფუნქცია პრეფრონტალურ ქერქთან მდებარეობს – ის მართავს ჩვენი განსჯის უნარს და ინტუიციას, გვეხმარება მიღებული  გამოცდილების მისადაგებაში ახალ რეალიებთან. დამოკიდებულების ადრეულ სტადიებზე ის შეთანხმებულად მოქმედებს ზოლიან ტვინთან და დაახლოებით ასეთი ტიპს სიგნალებს გადასცემს: „მე ეს მომწონს, მე ვიღებ სიამოვნებას და ასე გავაგრძელებ, უბრალოდ, თავი უნდა ვაკონტოლო“.

დამოკიდებულების განვითარებასთან ერთად, „შეთანხმება“ ტვინის მაკონტროლებელსა და ზოლიან სხეულს შორის ირღვევა. სიამოვნების მიღების „ჩვევა“ – ეს პირობითი განსაზღვრებაა – თანდათან მყარდება, შემდეგ გადადის ავტომატურ რეჟიმში, ორიენტირდება მხოლოდ სასურველის მიღებაზე, კონტროლის გარეშე. ის, რაც ადრე ადამიანისთვის სასიამოვნო იყო და ამის განცდას ბადებდა, ნელ-ნელა გარდაიქმნება მტკივნეულ „ჩვევად“, რომლის არგანხორციელების შემთხვევაში ადამიანი ძლიერ, ზოგჯერ აუტანელ ფიზიკურ ტკივილს განიცდის.

თავის ახალ წიგნში ლუისი კიდევ ერთხელ გვამცნობს, რომ დამოკიდებულებასთან გამკლავება ძნელია. ამერიკელი ნეირობიოლოგი გმობს დამოკიდებულ ადამიანთა მიმართ ძალისმიერ მეთოდებს, ძალადობრივ და უნიფიცირებულ სამკურნალო პრაქტიკას, რომლითაც პაციენტი მხოლოდ ექიმის მიერ გაწერილ მკაცრ განრიგს უნდა მიჰყვებოდეს და არ იყოს გათვალისწინებული პაციენტის მოტივაცია, ინდივიდუალურ მახასიათებლებს.

ლუისი დარწმუნებულია, რომ დამოკიდებულ ადამიანს, უპირველეს ყოვლისა, ექიმი და საზოგადოება, უნდა მოეხმაროს მისი ახალი მომავლის წარმოდგენაში, მოდელირებაში, თუ როგორ იცხოვრებს ის დამოკიდებულების გარეშე. დამოკიდებული ადამიანის მიერ აღიარებული წარმოსახვითი მომავლის მოდელი მთელი მკურნალობის განმავლობაში ამოსავალი წერტილი უნდა იყოს.

ფსიქოთერაპია თუ მედიტაცია, მეგობრული საუბრები თუ ანონიმურ შოპოგოლიკთა შეხვედრები, ხანგრძლივი შვებულება თუ დროებითი იზოლაცია, მნიშვნელობა არ აქვს რა იქნება ეს, მთავარია როდის შევთავაზებთ ამ ყველაფერს დამოკიდებულ ადამიანს. მაქსიმალურად ეფექტიანია დახმარება მხოლოდ მაშინ, როდესაც დამოკიდებული ადამიანი, რა ასაკისაც არ უნდა იყოს ის, თავად გამოთქვამს დამოკიდებულებისგან გათავისუფლების სურვილს. ეს ის „ოქროს მომენტია“, როცა ჩვენ მისი განკურნების რეალური შანსი გვიეზლევა.

დამოკიდებულება არ არის მონსტრი, რომელიც ადამიანზეა მიჯაჭვული. დამოკიდებულება დაიძლევა.

 

მათემატიკა და ტოლერანტობა

0
Young Handsome Graphic designer using graphics tablet to do his work at desk

ამ წერილს ერთი პატარა კლასიკური მათემატიკური ამოცანით დავიწყებთ: კარვიდან გამოსულმა მონადირემ გაიარა ერთი მილი სამხრეთით, შემდეგ გაუხვია აღმოსავლეთიდან დასავლეთით, ერთი მილის გავლის შემდეგ წავიდა ჩრდილოეთით და დაბრუნდა თავის კარავში. კარვის წინ მონადირემ მოკლა დათვი. რა ფერის იყო ეს დათვი?

თუკი მანამდე არასოდეს გაგიგიათ ეს მათემატიკური ამოცანა და არ იცით პასუხი, პირველი რეაქცია გექნებათ, რომ მათემატიკა ციფრებზე და ფიგურებზეა და არა ფერებზე, ჰოდა, რა შუაშია დათვის ფერი. მაგრამ ეს ამოცანა ნამდვილად მათემატიკურის ცოდნას მოითხოვს და, სანამ პასუხს მოისმენდეთ, ერთ კომპეტენციაზე შევჩერდებით, რომლის განვითარებაც პირდაპირ კავშირშია ამ ამოცანის ამოხსნასთან.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, მასწავლებელებს ვალდებულება აქვთ, თავიანთ საგნებში განავითარონ გამჭოლი კომპეტენციები. ერთ-ერთი ასეთი კომპეტენციის ფარგლებში ხდება ტოლერანტობის განვითარება. ე.ი. სხვადასხვა საგნები მოსწავლეებს უნდა უვითარებდეს ტოლერანტობის უნარს. ერთი შეხედვით, ცოტა უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, როგორ უნდა განავითაროს ტოლერანტობა ისეთმა საგანმა, როგორიცაა მაგალითად, მათემატიკა ან თუნდაც ქიმია, ტოლერანტობის განვითარება ხომ ბევრს მხოლოდ სამოქალაქო სწავლებასთან მიბმული ცნება ჰგონია. მათი აზრით, ტოლერატობის უნარის განვითარება სამოქალაქო, ან, ყველაზე დიდი, საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფში შემავალი საგნების პრეროგატივაა, რადგან სიტყვა ტოლერანტობა, ლექსიკონების განმარტების მიხედვით, ასეთია: უნარი მოითმინოთ, გაუგოთ, შეეგუოთ სხვათა ისეთ მოსაზრებებს, შეხედულებებსა და ქცევებს, რომლებიც არ მოგწონთ ან რომლებსაც არ ეთანხმებით. ამ სიტყვის ქართული თარგმანი კი შემწყნარებლობა, გამძლეობაა. როგორც წესი, სიტყვა ტოლერანტობას ყველაზე ხშირად რელიგიური, ეთნიკური და სექსუალური განსხვავებების მისამართით გამოიყენებენ. მაგრამ, რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს სიტყვა, მას მაინც უარყოფითი შეფერილობა, ე.წ. ნეგატიური კონოტაცია აქვს. ქართულ სიტყვებსაც – შემწყნარებლობასა და გამძლეობასაც – რელიგიურ, ეთნიკურ და სექსუალურ კონტექსტში ნეგატიური კონოტაცია აქვთ, რადგან იყო შემწყნარებელი ნიშნავს იმას, რომ შენი აზრი მეტად მართალია და შენი პრეროგატივაა, დიდსულოვნება გამოიჩინო და შეიწყნარო შენგან განსხვავებული, ხოლო ამ კონტექსტში გამძელობა ნიშნავს იმას, გაუძლო სხვისი განსხვავებული აზრის შემოტევას. ამიტომაც, ჩვენ საუკეთესო გამოსავლად მიგვაჩნია საერთაშორისო ბაკალავრიატის გამოცდილების გამოყენება და ტოლერანტობის უნარის გასავითარებლად ამ პროცესში პროგრამის დაგეგმვისას ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ დონეებზე ყველა საგნის თანაბარი ჩართვა.

საერთაშორისო ბაკალავრიატის სტუდენტის პროფილი რამდენიმე ეპითეტისგან შედგება. IB-ის პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლეებში  დანერგოს საერთაშორისო ღირებულებები და განავითაროს გლობალურად მოაზროვნე ადამიანები, რომლებიც აღიარებენ საერთო ადამიანურ ფასეულობებს, იზიარებენ პლანეტაზე ზრუნვის პრინციპებს, ეხმარებიან და ქმნიან უკეთეს მშვიდობიან სამყაროს. IB პროგრამის მოსწავლეები ცდილობენ, რომ იყვნენ: მაძიებლები, მცოდნეები, მოაზროვნეები, საზრიანი, პრინციპულები, გონებაგახსნილები, მზრუნველები, რისკიანები, დაბალანსებულები, გონიერი. ეს ეპითეტები გამოხატავენ იმ თვისებებს, რომლებსაც აიბის ყველა სტუდენტი უნდა შეესატყვისებოდეს. ჩვენთან დასაქმებული მასწავლებლები ზრუნავენ ამ ეპითეტების შესატყვისი პიროვნებების ჩამოყალიბებაზე. ამიტომ ჩვენ ჩვენს სტუდენტებს არა მარტო ზეპირად ვასწავლით აიბის სტუდენტის პროფილში ჩამოთვლილ სიტყვებს, ამ სიტყვებს ვიმეორებთ ყველა დოკუმენტის, სახელმძღვანელოს პირველ გვერდზე, არამედ პროგრამასაც ისე ვაგებთ, რომ ეს ეპითეტები თეორიად არ დარჩეს და მათი რეალური ასახვა მოხდეს პრაქტიკაში. საბაზისო საფეხურის მეცხრე კლასში საზოგადოებრივი პროექტი, მეათე კლასში პერსონალური პროექტი, ხოლო სადიპლომო პროგრამაში ცოდნის თეორია თავს უყრის იმ ცოდნას, რომელსაც ჩვენი სტუდენტები აგროვებენ სხვადასხვა აკადემიურ საგანში. ამჯერად წარმოგიდგენთ ერთი საგნის მაგალითზე, როგორ ხდება ტოლერანტობის უნარის განვითარება აიბის სტუდენტის პროფილის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშნიდან, რომელსაც ეპითეტი open-minded გამოხატავს, ტოლერანტობამდე.

Open-minded, ლექსიკონის მიხედვით, ფართოჰორიზონტიან, გონებაგახსნილ ადამიანს ნიშნავს, მაგრამ არა მხოლოდ იმ გაგებით, რომ ადამიანს, რომელსაც ამ ეპითეტით ვახასიათებთ, გონება აქვს გახსნილი და გამჭრიახია, არამედ იმ გაგებითაც, რომ ის გახსნილია ყოველგვარი სიახლისათვის. აი, სწორედ ამ გახსნილობისთვის ამზადებს აკადემიური საგნები აიბიში, ხოლო სადიპლომო პროგრამის ექსკლუზიური საგანი ცოდნის თეორია ამ გონებაგახსნილ მოსწავლეებს ეხმარება ეჭვქვეშ დააყენონ „საბოლოო ჭეშმარიტება“ და ამის ფონზე ტოლერანტობაც ისწავლონ ჯერ თეორიულად სხვადასხვა საგანში, შემდეგ კი აღმოაჩინონ ის რეალურ ცხოვრებაშიც. ცოდნის თეორია მოსწავლეებს შეახსენებს იმ გზას, როგორ მივიდა ესა თუ ის მეცნიერება საბოლოო ჭეშმარიტებამდე და, თუკი ამა თუ იმ საგანში გუშინ ერთი რაღაც გვეგონა საბოლოო ჭეშმარიტება, რატომ არ შეიძლება, რომ ისიც, რასაც დღეს ვნათლავთ საბოლოო ჭეშმარიტებად, ხვალ უარვყოთ და ახალი ჭეშმარიტება გამოვაცხადოთ საბოლოოდ. სწორედ ასეთი მიდგომის შესწავლით იხსნებიან ჩვენი მოსწავლეები და მზად არიან აღიარონ საგნებში არსებული ცოდნის შეცვლის შესაძლებლობა. ეს პირველ ეტაპზე, ხოლო შემდგომ უკვე რეალურ ცხოვრებაში მოიძიონ მაგალითები, დაინახონ კავშირები და გახდნენ ტოლერანტულნი ყველანაირი შეხედულების, ქცევისა და მოსაზრების მიმართ. ოღონდაც ეს ტოლერანტობა ნეგატიური კონოტაციით კი არ უნდა ხდებოდეს, ე.ი. ზევიდან ქვევით კი არ უყურებდნენ თავისგან განსხვავებულს, „რადგან უმრავლესობაში ვარ, ამიტომაც მართალი ვარ“ პოზიცია კი არ ჰქონდეთ, არამედ განსხვავებულსაც მისცენ იგივე უფლებები, რაც მათ გააჩნიათ და თავიანთ სიმაღლეზე მოათავსონ ისიც. ნამდვილად რთულია ტოლერანტობას ნეგატიური კონოტაცია მოვაშოროთ, თუკი სკოლაში არ გვინერგავენ შესასწავლი საგნების საშუალებით, რომ დღეს თუ მე ვარ მართალი, ხვალ შეიძლება, შენ იყო ჩემს ადგილზე და ამიტომაც ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ და არ დავცინოთ. რა თქმა უნდა, აქ ერთი პატარა შეზღუდვაც არსებობს: გამორიცხულია, ვასწავლოთ მოსწავლეებს, გახსნილები და  ტოლერანტულები იყვნენ ფაშისტური და სექსისტური იდეების მიმართ, ანუ ტოლერანტობა თავისუფალი ადამიანების უნარია და გამორიცხულია მათ მიმართ, ვინც უარყოფს და ხელყოფს ადამიანის თავისუფლებას.

ახლა კი იმის საილუსტრაციოდ, რაზეც ზევით ვისაუბრეთ, მოვიყვანთ მაგალითს მათემატიკიდან. ვისაც არ უნდა ჰკითხოთ, მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა და ის გამორიცხავს ერთდროულად ორი სიმართლის არსებობას, პასუხი მათემატიკურ შეკითხვებზე ყოველთვის ერთია. მისგან განსხვავებით ლიტერატურაში ერთდროულად რამდენიმე სიმართლეც შეიძლება არსებობდეს, რადგან ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა სხვადასხვა მეთოდს ეფუძნება და ასეთ დროს აქტორი ან ავტორი, ან ტექსტი ან მკითხველია. ე.ი., როდესაც ტექსტს ვკითხულობთ, თუკი ვითვალისწინებთ, რომ მთავარი აქტორი ავტორია, მაშინ ავტორის ბიოგრაფიული დეტალების და ეპოქის გავლენის ძიებას დავიწყებთ ნაწარმოებში; თუკი წაკითხვისას ტექსტი იქნება ამოსავალი, მაშინ ჩვენ ტექსტში აღმოჩენილი მხატვრული საშუალებებით დავკმაყოფილდებით და ბოლოს, თუკი მკითხველს დავაყენებთ მთავარ ადგილას, მაშინ მკითხველის აღქმა, მისი წინარე ცოდნა იქნება უპირატესი. სწორედ ეს მომენტი, რომ სიმართლე ყველგან შეიძლება მოიძებნოს, ასწავლის ჩვენს მოსწავლეებს, როგორ უნდა იყვნენ გონებაგახსნილნი სხვადასხვა პერსპექტივისადმი. მათემატიკაში კი არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ბექგრაუნდი აქვს მათემატიკოსს, არც იმას, თუ ვინ ხსნის ამოცანას და არც რა სიმბოლოებითაა ჩაწერილი ამოცანა. ყველა შემთხვევაში პასუხი თითქოს ერთი და ზუსტი უნდა იყოს. თუმცა მათემატიკაც ამზადებს მოსწავლეებს იყვნენ ტოლერანტულნი, როდესაც ასწავლის იყვნენ გახსნილნი სხვა მიდგომის მიმართაც და ამას საუკეთესოდ ასახავს, როდესაც მათ ვასწავლით პარადიგმების ცვლას.

ახლა განვიხილოთ ტოლერანტობა მათემატიკის სწავლების ჭრილში. პირველ რიგში, მოდით, გავიხსენოთ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები მათემატიკის შესახებ. „მათემატიკა არის ზუსტი მეცნიერება“, „მათემატიკაში ყველაფერი დადგენილია“, „ და ა.შ. ანუ ამ წარმოდგენებით თუ  ვიხელმძღვანელებთ, მათემატიკის შესწავლა დაემსგავსება რუტინას და მოსწავლე ვერ იქნება მოაზროვნე, მკვლევარი, გონებაგახსნილი, და ა.შ. მას არ განუვითარდება გამჭოლი კომპეტენციები. ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა საგანმა უნდა განუვითაროს მოსწავლეს გამჭოლი კომპეტენციები თავისი საგნის ჭრილში. ცხადია, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე თუ, როგორ განვავითაროთ  მოსწავლეებში ტოლერანტობის უნარები მათემატიკის სწავლებისას, ეს გულისხმობს პირველ რიგში ისეთი კითხვების დასმას, მსჯელობას, რაც გავრცელებულ, დამკვიდრებულ ცოდნაში არ ჯდება,  რაც ეწინააღმდეგება არსებულ თეორიებს. მაგრამ სწორედ ასეთი დაშვებების არსებობის შესაძლებლობა უვითარებს მოსწავლეებს აბსტრაქციის უნარს, რაც პირდაპირ ასევე ტოლერანტობის განვითარებას უწყობს ხელს. მოდით, ახლა განვიხილოთ  კონკრეტული მაგალითების განხილვით, თუ როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ  და ვნახოთ პრეზენტაცია. ამ პრეზენტაციის ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ მათემატის სწავლება სწორედაც რომ ავითარებს ტოლერანტობის უნარებს, რაც ესგ-ის მიხედვით უნდა ხდებოდეს გამჭოლი კომპეტენციების ფარგლებში!

პრეზენტაცია

და ბოლოს, თუკი ნახავთ პრეზენტაციას, მიხვდებით პასუხსაც ჩვენი მოხსენების დასაწყისში მოცემულ ამოცანაზე. როგორც ხედავთ, მის ამოსახსნელად უნდა გამოვიდეთ იმ პარადიგმიდან, რომელშიც ევკლიდური გეომეტრია გვაქცევს და გავიხსენოთ, რომ დედამიწა არაა ბრტყელი. მონადირე, რომელიც ტოვებს კარავს, მილს სამხრეთით გაივლის, მილს აღმოსავლეთით და მილის ჩრდილოეთით გავლის შედეგად ისევ ქოხში დაბრუნდება, მხოლოდ თეთრი დათვის მოკვლას შეძლებდა, რადგან ასეთი მარშრუტი მხოლოდ პოლუსზეა შესაძლებელი.

 

 

ბერლინის ორი ტაძარი

0

მთელი ცხოვრებაა გერმანულ კულტურას, ისტორიასა და პოლიტიკას ვსწავლობ. გერმანულიდან ნათარგმნი მაქვს ათზე მეტი ტექსტი და საგაზეთო პუბლიკაცია. ჩემი ლექციებისა და მოხსენებების დროს ყოველთვის ვცდილობ გერმანული მაგალითების მოხმობას, რათა მსმენელებმა მეტი რამ გაიგონ კონტინენტის შუაგულში მოქცეული ქვეყნის უზარმაზარი გამოცდილების შესახებ. გერმანული სამყაროს სიყვარულის მიუხედავად, ფედერაციულ რესპუბლიკაში არასდროს გახლდით ნამყოფი. როგორც იქნა, კეთილი ადამიანებისა და მოკრძალებული შრომის წყალობით პირადი ნატვრაც ამიხდა და ევროპულ დედაქალაქში ამოვყავი თავი.

ბერლინმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. დარწმუნებული ვარ, რომ მსოფლიოში მასზე უკეთესი ქალაქების მოძებნა თავისუფლად არის შესაძლებელი. ბერლინი, ალბათ, ბევრ ევროპულ ცენტრს ვერც შეედრება თავისი სავაჭრო კომპლექსებით, ურბანული დაგეგმარებით, დიდებული ნაგებობებითა თუ არქიტექტურით. თუმცა, გერმანიის დედაქალაქს ერთი განსაკუთრებული გარემოება გამოარჩევს. ბერლინის ყველა კუთხეში, ყველა ქუჩაზე, ყველა მოსახვევში შეიმჩნევა ტანჯვის კვალი. ქალაქი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგახსენებთ ჰოლოკოსტის, ევროპის ორად გაყოფისა და „შტაზის“ რეპრესიების გამოცდილებას. ნაციზმისა და სტალინიზმის იარებით ბერლინი დაჩაგრული ქვეყნიდან ჩამოსულ ნებისმიერ სტუმარს ენათესავება. მთავარ გამზირზე გადაადგილების დროს მშობლიური მხარის გამოცოცხლების იმედით საკუთარ თავს ერთსა და იმავე ფრაზას ვუმეორებდი: „ბერლინელებიც ხომ დამარცხდნენ, ისინიც ხომ განაცალკევეს ერთმანეთისგან, მათი სახლებიც და ოცნებებიც ხომ დაანგრიეს და მიწასთან გაასწორეს, მათაც ხომ დაუშვეს გამოუსწორებელი და უპატიებელი შეცდომები, მაგრამ მაინც გადარჩნენ და უდიდეს მიზნებს, საოცარ შედეგებს მიაღწიეს“.

ბრანდერბურგის კარიბჭისა და ბუნდესტაგის სასახლის შესახებ ბევრმა ყველაფერი გადასარევად იცით. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე ბერლინის ორი საინტერესო ეკლესიის, ტაძრის შესახებ მოგითხროთ.

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გერმანიის სამეფო ოჯახმა პირველი დიდი იმპერატორის, კაიზერ ვილჰელმის პატივსაცემად გრანდიოზული ტაძარი ააგო. ეკლესიას ხუთი გუმბათი ჰქონდა. ხუთივე გუმბათზე გერმანია-საფრანგეთის ომის შემდეგ ნადავლად წამოღებული, ნაალაფარი ბრინჯაოსგან დამზადებული გრანდიოზული ზარი ეკიდა. მუზეუმად გადაკეთებულ ტაძარში შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ კედლის მოზაიკები და ოქროსფერი მოხატულობა. მდიდრულ ფრესკებზე ვილჰელმ I ღმერთის უშუალო წარმომადგენლად, მის ნათესავად, მისი ნების მთავარ და ერთადერთ აღმსრულებლად არის წარმოჩენილი. მბრწყინავ კედლებზე იმპერატორის ნათესავების წმინდანთა დასის წარმომადგენლებისგან გამორჩევა ფაქტობრივად შეუძლებელია. მოკლედ, მეოცე საუკუნეს გერმანელები ამ გრანდიოზული ტაძრით შეეგებნენ. ტაძარი გერმანიის ძლევამოსილების, ღმერთის ნების აღსასრულებლად მეზობელ ქვეყნებზე ლაშქრობისა და მათი დაპყრობის, იმპერიის სიდიადისა და მარადიულობის სიმბოლო გახლდათ.

მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესია დაიბომბა და განადგურდა. ბერლინელებმა შენობა აღარ აღადგინეს და ნანგრევების კონსერვაციის შემდეგ შენობაში მუზეუმი გახსნეს. Gedächtniskirche-ის მთავარ შესასვლელთან დღემდე ჰკიდია დაფა. მემორიალური დაფა იუწყება, რომ ყველა იმპერია ციდან მოვლენილი ცეცხლით ასრულებს თავის არსებობას. მუზეუმიც სწორედ აღნიშნული იდეის საყოველთაოდ გავრცელების საქმეს ემსახურება.

ნანგრევების გვერდით სრულიად უსახური შენობა დგას, რომელიც თელავის იუსტიციის სახლზე უფრო საზარელ სანახაობას წარმოადგენს. შემაძრწუნებელი ფასადის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე კარის გაღება და ყუთის ფორმის დაწესებულებაში შესვლა. ევანგელისტურ ეკლესიას ვილჰელმის ტაძრიდან სალოცავი აქ გადმოუტანია. ლაჟვარდისფერი მინების წყალობით ლურჯად განათებულ მისტიურ, შესანიშნავ დარბაზში ქრისტეს ერთადერთ გამოსახულებას, ხის უბრალო სკამების რიგსა და საორკესტრო ქანდარას გადავაწყდი. იქვე მყოფმა უსაყვარლესმა ქალმა კი ამიხსნა, რომ ღვთის სადიდებლად ხუთგუმბათიანი, ხუთზარიანი, ოქროთი მოვარაყებული ქვის აკლდამები არ არის საჭირო. მლოცველისთვის გარედან უსახური, შიგნიდან კი უბრალო და ჰარმონიული ახალი ეკლესია ქრისტესმიერი თავმდაბლობისა და ანტიიმპერიალიზმის სიმბოლო იყო. ამგვარი კონცეფციის ორთოდოქსულ ტაძარში ლოცვის იმედით დავტოვე ჩემი მასპინძელი და საქმეებს დავუბრუნდი.

გერმანიიდან გამომგზავრების წინა დღეს კი მეორე ტაძარს გადავეყარე. აღმოსავლეთ ბერლინის საბჭოთა ყაიდის ქუჩებს შორის, ერთ აყვავებულ პარკში სიონის ეკლესიაა მდებარეობს. მისი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი შორეულ წარსულს არ უკავშირდება. სიონის ეკლესიამ სახელი უმთავრესად 1980-იანი წლების შემდეგ გაითქვა. მეოცე საუკუნის მიწურულს აღნიშნულ ტაძარში მღვდელი ჰანს სიმონი მოღვაწეობდა. საბჭოთა გერმანიის დედაქალაქის შუაგულში მღვდელმა წინააღმდეგობის უმნიშვნელოვანეს კერას დაუდო სათავე. თავდაპირველად, ეკლესიის მრევლმა შენობაში ბიბლიოთეკა გახსნა. წიგნთსაცავში „შტაზის“ მიერ აკრძალული და გრიფირებული პუბლიკაციები ინახებოდა. არადემოკრატიული სახელმწიფოს მოქალაქეებს ეკლესიის კუთხეში შეეძლოთ რევოლუციური და რეჟიმის საწინააღმდეგო ლიტერატურის აღმოჩენა. საეკლესიო საზოგადოება მხოლოდ ბიბლიოთეკის შექმნით არ შემოიფარგლა. ჰანს სიმონის მონაწილეობით აღმოსავლეთ ბერლინელებმა უფრო ფართო დისიდენტური მოძრაობის დაწყებაც გადაწყვიტეს. მათ არალეგალური სტამბა დააფუძნეს და უკვე მთელ ქალაქში ავრცელებდნენ ანტისაბჭოთა პროკლამაციებსა თუ „სამიზდატის“ პროდუქციას. „სკინჰედების“ თავდასხმებისა თუ სხვა პროვოკაციების მიუხედავად, სიონის ტაძარმა გერმანიის გაერთიანებამდე არ შეწყვიტა დისიდენტური საქმიანობა. ეკლესია დღემდე აქტიურად იბრძვის ჩაგრული ჯგუფების ინტერესების დასაცავად, მათთვის თავშესაფრების მოსაწყობად და გაჭირვებულთათვის დამატებითი სოციალური დახმარების მისაწოდებლად.

წაბლის ხეივნის გამზირზე გამოსვლისას გონებაში ჩვენი სიონის ტაძარი და ეროვნული მოძრაობის პირველი ნაბიჯები ამომიტივტივდა. თბილისში დაბრუნებული არ ვკარგავ იმედს, რომ ოდესმე ჩვენს ეკლესიაშიც გააქტიურდება ჰუმანური, უბრალოებით გამორჩეული და თანამედროვეობის უდიდესი პრობლემების – სიღარიბისა და ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული დისიდენტური მოძრაობა.

 

 

 

წითელი ეპოქის ამბები ბავშვებისთვის

0

ეს ისტორიის ის მონაკვეთია, რომლის ცოდნასაც აუცილებლად ვთხოვთ მოსწავლეებს. ამ უცნაურ, ტკივილიან, საინტერესო ამბებითა და ადამიანებით სავსე ეპოქის გათავისება ნამდვილად უჭირთ.  რამდენიც არ უნდა ელაპარაკოს მასწავლებელმა, მაინც მათი გულისა და ფიქრის გარეთ რჩება. ბევრად უფრო ნამდვილია და ადვილია,მოყვე მას,რისი შემსწრე და თვითმხილველიც ხარ. უფრო ემოციურადაც გამოგდის და მსმენელის გულამდეც ადვილად აღწევს ეს მონათხრობი.

ისტორიის სახელმძღვანელო, რა თქმა უნდა, ვერ შველის ამ პრობლემას. რაც უნდა კარგი სახელმძღვანელო იყოს, მაინც მშრალი ფაქტებია და ვერ იკვალავს ის ამბები მოსწავლის გულში გზას.

მწერლის მონათხრობი კარგი ვარიანტია, მაგრამ ბავშვებს მაინც უჩნდებათ ეჭვი – იქნებ ყველაფერი გამონაგონი და მწერლის ფანტაზიის ნაყოფია. მაგალითად, მთელი მე-19 საუკუნე აკა მორჩილაძის ,,ქართულის რვეულების“ დახმარებით გავისიგრძეგანეთ, მაგრამ მუდმივად ისმოდა კითხვა: მასწ,ეს მართლა მოხდა თუ აკამ გამოიგონა? საიდან იცის ასეთი და ამდენი წვრილმანი? ვამშვიდებდი იმით,რომ აკა მხოლოდ მწერალი არა,ისტორიკოსიცაა და ეს ყველაფერი, ალბათ, საარქივო მასალებში ჰქონდა ამოკითხული.  ასე რომ, თვითმხილველობა ყველაზე დამაჯერებელია ბავშვისთვის, თან თუ მწერალიც არ ხარ და შენი პროფესია ფანტაზიის სიმდიდრით არ განისაზღვრება. და რაც გინახავს, იმას, უბრალოდ, საინტერესოდ ყვები. ამიტომ ყოველთვის ვაგროვებ ხოლმე საინტერესო მონათხრობებს, მოგონებებს, რომ მერე ბავშვებსაც წავუკითხო ან წავაკითხო.ეს ის ეპოქაა, მოსაგონებელი და დასაწერი რომ არ ელევათ ადამიანებს, უამრავი მასალა არსებობს, უბრალოდ, მე ისინი ამოვკრიბე, რომელთა ძალაც თავად გამომიცდია საკლასო ოთახში და მათი წაკითხვით თვალებგაფართოებული და შეფიქრიანებული ბავშვებიც მინახავს.

წითელ ეპოქიდან კი იმდენი რამ არის მათთვის ამოუცნობი!

მაგალითად, ვერაფრით ხვდებიან,რატომ ატარებდნენ ბავშვები პატარა ლენინის გამოსახულებას გულზე და რაც მთავარია,რატომ უხაროდათ. აკაკი ბაქრაძის წიგნში ,,მწერლობის მოთვინიერება“( გამომცემლობა ,,სარანგი“,1990 ) ერთი თავია უცნაური სათაურით ,,განჯგონებულობა“. კრიტიკოსი სტალინური ეპოქის აბსურდზე ლაპარაკობს, თავისებურად საფუძვლიანად და რთულად განიხილავს, არა საბავშვო ენით. მაგრამ არის ერთი პატარა მონაკვეთი. აკაკი ბაქრაძე იხსენებს თავის პირველ დღეს სკოლაში, საინტერესოდ და სახალისოდ ყვება, როგორ დაუსვა სკოლაში პირველად მისულ ბავშვებს პირველმა მასწავლებელმა ჩამჭრელი კითხვა: ბავშვებო, ვინ გიყვართ ყველაზე უფროო. ყველაზე ბუნებრივი და ლოგიკური პასუხი ,,დედა“-ც  კი არასწორი აღმოჩნდა. მერე დაბნეულები ჩამოთვლიან ოჯახის წევრებს, მაგრამ მასწავლებელი შეუვალია. სიტუაცია კლასში იძაბება. მონაკვეთი ასე სრულდება : ,,ძარღვებაშლილი მასწავლებელი ოთახში დარბოდა და ცივი ხმით კიოდა:- არ არის სწორი! არ არის სწორი!

კლასი დუმდა, გაჩუმდა და გაიტრუნა. იოლი კითხვის პასუხი ურთულესი აღმოჩნდა.თავზარდაცემული ვცახცახებდით. მასწავლებელი კარგა ხანს ჩუმად მოგვჩერებოდა, მერე დაცინვით შემოგვხედა და ღვარძლიანი ხმით იკითხა:

– როგორ, ბავშვებო, თქვენ ლენინი არ გიყვართ?

ამის გაგონება იყო და მთელმა კლასმა დაუფიქრებლად ერთად ვიბღავლეთ: – გვიყვარს,გვიყვარს, გვიყვარს!“ ( გვ.

ამ პატარა მონაკვეთის წაკითხვით  ნათელი ხდება მოსწავლეებისთვის, რატომ ,,უყვარდათ“ ლენინი.

1921 წლის 25 თებერვლის თემაზე დაწერილი კოლაუ ნადირაძის ლექსი ,,25 თებერვალი“ მოსწავლეებისთვისაც შთამბეჭდავი და ემოციურია, მათ უმეტესობას მოსწონს ეს ლექსი. თანამედროვე კრიტიკოსის,ლიტერატორისა და მთარგმნელის, ლევან ბრეგაძის, ჩანაწერებში ( სათაურით ,,მარგინალიები“, გამომც.„ინტელექტი“, 2011 წელი) შემთხვევით გადავაწყდი ამ ლექსის დღის სინათლეზე გამოსვლის საოცარ ისტორიას,რომელიც ბავშვებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. ლევან ბრეგაძე ყვება, როგორ შემთხვევით აღმოჩნდა ეს ლექსი,როგორც ავტორის ხელნაწერის ნიმუში, 1985 წელს გამოსულ ქართველ პოეტთა საერთო კრებულში ,,პოეტის ათასი სტრიქონი“. კრიტიკოსი აღწერს,რამდენად რთული გზის გავლა სჭირდებოდა უმკაცრესი ცენზურის გამო თითოეულ ნაწარმოებს,წიგნს, დღის სინათლე რომ ეხილა და მიუხედავად ამისა,მაინც როგორ დაუძვრა ხელიდან ცენზორებს ეს ანტისაბჭოთა ლექსი რაღაც განგებით: ,,აი,ასე! ატყდა ერთი ამბავი! ლექსის ბოლო თარიღია: 1969 წელი. ხელს აწერს ბატონი კოლაუ ნადირაძე. ეს ლექსი, ცხადია, მან თავისთვის დაწერა, ამისი გამოქვეყნების იმედი მას არ ჰქონდა, მერე კი თავის მეგობარს, შალვა დემეტრაძეს, აჩუქა, გამომცემელი იყო ასეთი,ძალიან ცნობილი, ,,ცისფერყანწელების“ მეგობარი…გარდაიცვალა შალვა დემეტრაძე და მისი არქივი მოხვდა მუზეუმში. აი, რამდენი პირობა უნდა შესრულებულიყო, რამდენი რამ უნდა მომხდარიყო თავ-თავის დროზე, რომ ამ ლექსს დღის სინათლე ეხილა! სენსაციაა,საისტორიო ამბავია!“(გვ.50-51) ამ მონათხრობიდან ძალიან კარგად იგებენ მოსწავლეები, რას ნიშნავდა ცენზურა და რა სირთულეები ახლდა ყოველი ანტისაბჭოთა ნაწარმოების „დაბადებას“.

14 აპრილი ის თარიღია,რომელსაც აუცილებლად აღვნიშნავთ სკოლაში. ბავშვებმა გულის გარეთ იციან, რა მოხდა. უჭირთ გათავისება, რა როლი შეასრულეს ამ საშვილიშვილო საქმეში ახალგაზრდებმა, რა მნიშვნელოვანი ძალაა სტუდენტობა და რამდენი რამის შეცვლა შეუძლია.

ქართველი ხელოვნებათმცოდნის, ჟურნალისტისა და კინოკრიტიკოსი გოგი გვახარიას ესეების კრებულს, ,,ცრემლიან სათვალეს“ რომ ვკითხულობდი ( ნაწილი 7; ,,ენით კი ვის არ შეუცოდავს?“ ენა და ენები“,ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013), ძალიან საინტერესო მომეჩვენა მისი მონათხრობი1978 წლის მოვლენებზე. ამ თავიდანაც გარკვეული მონაკვეთი ამოვიღე და უფროსკლასელებს წავაკითხე. გარდა იმისა, რომ ძალიან კარგად დაინახეს, რა როლი შეასრულეს სტუდენტებმა ყველაზე კრიტიკულ პერიოდში, ცოცხლად დახატული მათი ემოციები ამოიკითხეს, ზუსტად გაიგეს, რა მოხდა 14 აპრილს, რა ხდებოდა ზუსტად იმ დროს და იქ, როცა ქართულ ენას ემუქრებოდნენ: ,,უილიამ ბლეიკისა არ იყოს, ,,ან სისტემა უნდა შექმნა, ან უნდა შეურიგდე აზრს, რომ დაგიპყრობენ.“ ჩვენ ვერ შევქმენით სისტემა. რუსებს ენა გამოვუყავით, გვეგონა, ასე აღვაგზნებდით და დავიმორჩილებდით. მათ კი მაკრატელი ამოიღეს და ენის მოჭრით დაგვემუქრნენ.“(გვ.93 ) ამ მონაკვეთში ავტორი ასევე ყვება ლეო რჩეულიშვილზეც, გურამ რჩეულიშვილის ბიძაზე. სულ რამდენიმე სტრიქონმა ამ ადამიანზე, ბავშვები დაარწმუნა იმაში, რომ ყველა უფროსი უპირობოდ არ იზიარებდა სტალინურ სიყვარულს.

ამ ამბებს აუცილებლად ერთი ქართული ფილმიც უნდა დავურთო, ბიოგრაფიული ხასიათის: ,,ნეტავი იქ თეატრი არის?“ (რეჟ. ნანა ჯანელიძე)

კახი კავსაძე თავისებურად, მეტისმეტად საინტერესოდ და ემოციურად ყვება თავისი ოჯახის ტრაგიკულ, სევდიან – სიყვარულიან ისტორიას, ქართველი ხალხისა და ქართული სიმღერის ჯადოსნურ თავგადასავალს,ბელადისა და მისი მოგებული ომის ამბავს, 9 მარტის საშინელი ტრაგედიის ამბავს, თეატრის სიყვარულის ამბავს…ისე გაფაციცებით უსმენენ, ისე თვალებგაფართოებული უყურებენ, ვხვდები, უკლებლივ ყველა სიტყვას უჯერებენ ჭარმაგ და ღვაწლმოსილ მსახიობს.

ასეთი ამბების მერე მე, მასწავლებელს, რაღა მრჩება მოსათხრობი?!

 

 

ამბავი აკვიატებული ლექსისა და ბევრი „სახსოვრისა“

0

ამას წინათ ჭურჭლის კარადას ვალაგებდი. თაროზე, კუთხეში, ჩალისფერი ყუთი მომხვდა თვალში, რომლის არსებობა აღარც მახსოვდა. ყუთს თავი ავხადე. სიძველისა და შმორის სუნი ამოვარდა. ხავერდის ბუდეში ჩაწყობილი მელქიორის ჩაის კოვზები ყვავილებამოტვიფრულ, დახვეწილ ზურგებს მიშვერდნენ. კოვზების ეს კომპლექტი დიდი ხნის წინ შორეულმა ნათესავმა, იზო ბებომ მაჩუქა. იზო ბებო გათხოვილი იყო ახალგაზრდობაში, მაგრამ მე მაინც სულ შინაბერა მეგონა. ალბათ მარტო ცხოვრებისა და ბევრი ისეთი თვისების გამო, ჩვენში შინაბერებს რომ მიაწერენ ხოლმე. ის ერთი მათგანი იყო, საბჭოთა დროში „პარტიული მუშაკები“ რომ ერქვათ, მუდამ „სამთავრობო“ სასტუმროებში რომ ისვენებდნენ – მთაში თუ ზღვაზე, სამოგზაუროდ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დადიოდნენ და იქიდან ჭურჭელი, ტანსაცმელი, ავეჯი – იმ დროისთვის მოდური და დღეს ხუმრობის საგნად ქცეული მუხის ან კაკლის „სტენკები“, სამეულები და უამრავი სხვა ნივთი ჩამოჰქონდათ.

სიბერის მოახლოებასთან ერთად იზო ბებომ თავისი ნაგროვები ქონების – თეთრეულის, სუფრების, საკაბეების, ქვაბების, ტაფების, დანა-ჩანგლისა და კოვზების კომპლექტების, როკოკოს ჭურჭლისა და სამკაულების გაყიდვა-გაჩუქება დაიწყო დაოჯახებული თუ დასაოჯახებელი ნათესავი გოგო-ბიჭებისთვის. დაგვიბარებდა თავის ქალიშვილობის დროინდელ ათარბეგოვის პატარა ბინაში ან ჩვენით შევუვლიდით ხანდახან მოსაკითხად და წამოსვლისას, თითო ქილა გემრიელ მურაბასთან ან ჯემთან ერთად, რომლებსაც, სანამ შეეძლო, ყოველ ზაფხულს ხარშავდა, ყველას რაიმე ნივთს გვჩუქნიდა „თავის სახელზე“.

ეს კოვზებიც ასეთი სახსოვარი იყო. თავი რომ ავხადე, ყუთში კოვზებთან ერთად ცალხაზიანი რვეულის გაყვითლებული ფურცელი დავინახე, უფრო სწორად, ოთხად გაკეცილი ბარათი ასეთი ტექსტით: „ჩემო ინიკო! გისურვებ ჯანმრთელობას და მხიარულ სიცოცხლეს. მრავალჯერ მომელოცოს. შენი იზო ბებო. 2004 წ. 21.09“.

 

არც ამ ბარათის არსებობა მახსოვდა. დავიწყებული მქონდა ისიც, რომ საჩუქარი დაბადების დღისთვის უჩუქებია. შემრცხვა. კოვზებს სათითაოდ ვიღებდი ყუთიდან, პრიალა ზურგებსა და გრეხილ ტარებზე თითებით ვეხებოდი – ფინჯანში შაქრის ჩაყრის და მორევის იმიტაციაც კი გავაკეთე რამდენჯერმე – და იზო ბებოზე ვფიქრობდი. არა, ეს მხიარული სიცოცხლემაინც რაღა იყო, რას მერჩოდა!.. მერე ყუთი აივანზე გავიტანე გასამზევებლად, თან გალაკტიონის ცნობილი ლექსის „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“ სტრიქონებს ვბუტბუტებდი. თურმე ზოგჯერ რა მარტივად იქცევიან ნივთები ძვირფას „სახსოვრად“!

მეორე დილით ნამდვილ ჩაიში ჩაყრილ შაქარს ვურევდი იზო ბებოს მელქიორის კოვზით, და მას შემდეგ ასე ვიწყებდი უკვე თითქმის ყოველ დილას. მაგრამ ამასობაში ერთი უცნაური ამბავი დამემართა: კოვზების პოვნის დღიდან ისე ამეკვიატა გალაკტიონის ზემოხსენებული ლექსი, – ზოგჯერ – მხოლოდ სათაური, გნებავთ, ყოველი სტროფის ბოლო ტაეპი, – რომ ვეღარაფრით ამოვიგდე თავიდან. ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც კი ჩამოვარაკრაკებდი ხოლმე გულში, და ხმამაღლაც, მარტო თუ ვიყავი (საერთოდ, მჩვეოდა ასეთი აკვიატებები, მაგრამ ამდენ ხანს არასოდეს გაგრძელებულა). გამოსავლის ძებნაში ერთი-ორჯერ კოვზების ისევ ყუთში ჩაწყობა და შენახვაც გადავწყვიტე, მაგრამ ცრურწმენას, როგორც იქნა, მოვერიე. დიდი ფიქრის შემდეგ კი ასეთი რამ ვცადე: ყველა იმ „სახსოვარის“ წარმოთქმისას, რომლებსაც გალაკტიონი ჩამოთვლის ლექსში, ჩემეულ „მსგავს“ „სახსოვრებს“ (თუ, რაღა თქმა უნდა, მქონდა ასეთი) ვიხსენებდი და ვიწერდი. მცდელობამ შედეგი გამოიღო. ისე გამოვიდა, რომ საბოლოოდ მადლობელიც კი დავრჩი ამ აკვიტებისა, რადგან მისმა არსებობამ არაერთი მივიწყებული ძვირფასი „სახსოვარი“ გამახსენა:

 

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი

სტროფი I

ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,

ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,

სურათი რამე კარგზე მგლოვარი,

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ზოგს ჩაის ვარდი“. ჩემი ბავშვობის ყოველ გაზაფხულზე ერთ ამბავს ველოდი: როგორ ააცოცდებოდა მოხუცი მეზობელი ცოლ-ქმრის გზისპირა ღობეს ნაზსურნელოვანი ყვითელი ჩაის ვარდი, ყველა ორგანოთი – ყლორტებით, ფოთლებით, კოკრებით, ყვავილით, მოკლე ღეროებით – ჩაიღვლარჭნებოდა მავთულის ბადეში, ჟანგიან მავთულსაც საკუთარ სხეულად აქცევდა, გაააცოცხლებდა, გააფერადებდა და ქუჩაში გადმოკიდებულ ყვითელ-მწვანე ზღაპრულ ფარდაგს დაამსგავსებდა. ბედნიერება იყო ამ ღობესთან გავლა, ან მოხუცების სახლის წინ მდგარ ხის გრძელ სკამზე ჩამოჯდომა და მათთან საუბრის გაბმა. ფუტკრებს, ჩიტებს, ბავშვებს, მოზრდილებს, ქუჩაზე ავლილ-ჩავლილ ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებს, თანაბრად გვიყვარდა ჩაის ვარდის ეს ღობე, როგორც ნიშანი გაზაფხულისა, სიკეთისა, სილამაზისა. რა ვიცოდი მაშინ, პატარა გოგომ, თუ ის იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე სურნელოვანი სახსოვარიც ჩემი ბავშვობის დღეებისა.

ზოგს კინოვარი“. ქიმიის მწირი ცოდნიდან გამომდინარე, არ მიკვირს, რომ კინოვარზე არაფერი ვიცი, გარდა იმისა, რომ ბუნებრივი მინერალია, საქართველოში აფხაზეთსა და რაჭაში მოიპოვება და, მგონი, ორგვარი არსებობს (თავს ვერ დავდებ!) – წითელი და ვერცხლისფერი. სამაგიეროდ, ვიცი რაღაც-რაღაცები ერთ სულ სხვა მინერალზე, მთის ბროლზე. უფრო სწორად, ერთი პატარა ისტორია მაკავშირებს მასთან: ერთხელ, ახალგაზრდობაში, ერთმა ჩემზე შეყვარებულმა არცთუ ცუდმა ბიჭმა ამ მინერალისთვლიანი ცრემლის ფორმის საყურე მაჩუქა. ბიჭი თითქოს მეც მომწონდა თავიდან, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს, ვაღიარებ, სრულიად უმიზეზოდ, ისე უგულოდ უარვყავი და ავუკრძალე ჩემთან ურთიერთობა, რომ გაოგნებული დავტოვე. ვეჭვობ, თუ ჯერ კიდევ ვახსოვარ (თუმცა ასეთი ამბები ვის ავიწყდება!), დღემდე თავსატეხად დარჩებოდა ჩემი უცნაური საქციელი. მისი ნაჩუქარი მთის ბროლის საყურე კი, იმის გამო, რომ დღემდე ყურები არ გამიხვრეტია, გავაჩუქე. მინდა, ამ ბიჭს დაგვიანებული ბოდიში მოვუხადო და ვუთხრა, რომ არც მე ვიცი, რატომ მოვიქეცი მაშინ ასე. ალბათ, გამორჩეული მინდოდა ვყოფილიყავი.

ზოგს ოქრომკედით მონაქსოვარი. ოქრომკედით მონაქსოვარზე, იმავე ოქრონემსულზე, იმავე ზარბაბზე, იმ ბედნიერი წუთების გახსენება შემიძლია, როდესაც ეკლესიაში ხელებგადაჯვარედინებული ველოდი, როდის გადახდიდა მღვდელი ბარძიმს ოქრომკედით ნაქსოვ ჯვრის ფორმის დაფარნას, რომ მეც მრგებოდა ქრისტეს სისხლისა და ხორცის მცირე ულუფა, ნიშნად მონანიე გულისა. და ისევ გალაკტიონს რომ დავესესხო, მაშინ მეც თითქმის ისევე აბრჭყვიალებული მეჩვენებოდა სანთლების შუქზე ულამაზესი დაფარნა, როგორც პოეტს – სიონში „აელვარებული“ თეთრი ოლარები.

სურათი რამე კარგზე მგლოვარი“. სურათები არც ისე ბევრი მაქვს. თუმცა მაინც შეიძლება მათგან რამდენიმე ყველაზე ძვირფასის ამორჩევა. იმ რამდენიმედან კი ახლა მხოლოდ ერთს გავიხსენებ: ზამთარია. სოჭში ვართ მამა, დედა და 7 და 8 წლის მე და ჩემი და. ჩუმი აღფრთოვანება, გაოცება, სიხარული და შინ დაბრუნებისას მეგობრებისთვის მოსაყოლი უამრავი ახალი ამბავი გვიდგას თვალებში მე და ჩემს დას (არ ვიყავით მაინცდამაინც თამამი ბავშვები და თავშეკავებულად გამოვხატავდით ჩვენს ემოციებს). არადა, რამდენი რამ მოხდა ერთბაშად: პირველად ვიყავით დედაქალაქში, პირველად ვიმგზავრეთ მატარებლით, პირველად ვნახეთ შავი – სინამდვილეში კი თურმე ხან ლურჯი და ხანაც მწვანე – ზღვა, პირველად დავინახეთ ზღვის ტალღებზე მოქანავე თოლიები, რომლებსაც მამა კოკონა იხვებს ეძახდა, პირველად დავისველეთ ზღვის წყლით, მართალია, ჩექმებიანი ფეხები, მაგრამ მაინც ხომ დავისველეთ, მშობლების უჩუმრად ზღვის წყალსაც პირველად გავუსინჯეთ გემო ენის წვერით, რადგან ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ მლაშე იქნებოდა, მერე კი უცებ ის ზმუილისმაგვარი ხმაც გაისმა. მე დედას მივეწებე და ყურებზე ხელები ავიფარე, მამას ფეხს ჩაფრენილ ჩემს დას გაფართოებული თვალები ლამის ზღვაში ჩასცვენოდა – პირდაპირ ჩვენკენ უზარმაზარი თეთრი გემი მოირწეოდა. და… ჩხაკ! – შეჩერდა წამი.

ეს ფოტო არ არსებობს. ის მხოლოდ ჩემს თვალებში ჩარჩენილი კადრია, ბედნიერი ოჯახის ერთად ყოფნის სამარადისო კადრი.

 

სტროფი II

ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი,

ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,

საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი 

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

ბარათი, სისხლის ცრემლნატბოვარი“. ნესტან-დარეჯანი არ ვიყავი, მაგრამ მეც ვყოფილვარ იმ ასაკსა და მდგომარეობაში, როცა ღამეები მითევია „საყვარლისათვის“ მიწერილი „წიგნის“ წერაში; შესაძლოა, მონატრების, წყენის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო, იმაზეც მიფიქრია, „ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა“-მეთქი, რაც სიძნელის ჟამს „იოლი გამოსავლის“ ძებნას ნიშნავს, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ხარ, თან შეყვარებული, აბა, საიდან უნდა იცოდე, რომ ამ „სიმწარესაც“ თავისი „სიტკბო“ აქვს. მე რომ „სისხლის ცრემლ-ნატბოვარი“ ერთი ბარათი მაინც მქონოდა, ასე მგონია, ქვეყნიერებას თუ არა, უახლოეს მეგობრებს მაინც სიხარულით გავუმხელდი მის არსებობას, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემზე „გამიჯნურებულ“ არც ერთ ბიჭს არასოდეს მოსვლია აზრად მისი მოწერა (არადა, რა რომანტიკულია!). ამიტომაცაა, რომ ჩემი ხსოვნის „საფოსტო ყუთში“ მხოლოდ მეგობარი გოგოების მოწერილი წერილებია, რომლებშიც ისინი უმეტესად თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მიყვებიან და უიღბლო სიყვარულებზე მოთქვამენ.

ბეჭედი. მეღიმება ამ სამკაულზე, რადგან ის არავითარ ემოციას თუ შეგრძნებას არ იწვევს ჩემში. არც ბეჭედს ჰქონია ჩემს სხეულთან, უფრო კონკრეტულად კი თითებთან, ოდესმე რაიმე კავშირი. თუმცა მაქვს ერთი ისტორია, რომელიც ორ ბეჭედს, მაგრამ ერთსა და იმავე ამბავს უკავშირდება და რომლის გახსენებისასაც ყოველთვის სინდისი მქენჯნის:

90-იან წლებში, ჩემი ახალგაზრდობის ყველაზე ცუდ პერიოდში (ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამოც), სამკურნალოდ მოსკოვში მივდიოდი. მძიმე დრო იდგა. ყველა ახლობელი შეძლებისდაგვარად მეხმარებოდა სამკურნალო ფულის მოგროვებაში. მაშინ იყო, დედაჩემმა მართლა „ალთა მთოვარი“, თავისი ერთადერთი ლალისთვლიანი ნიშნობის ბეჭედი რომ წაიძრო თითიდან, დეიდამ კი – თავისი ბეჭდებიდან ერთ-ერთი, ქარვისთვლიანი, „ოქროს ბირჟაზე“ რომ ჩამებარებანა და აღებული ფული გზის ფულისთვის მიმემატებინა.

იღბლიანი და სიცოცხლის „მთოვარე“ ბეჭდები აღმოჩნდა ორივე. თუმცა ამ ისტორიის გახსენებაზე დღესაც… ან რაღა მნიშვნელობა აქვს, დღეს რას განვიცდი.

საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი“. საყურეზე ზემოთ უკვე დავწერე. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ სიცოცხლეში ერთადერთმა საყურემ მომხიბლა და ისიც ლექსია, ნიკოლოზ ბარათაშვილის ცნობილი ლექსი „საყურე“, რომელიც თავის სატრფოს, ეკატერინე ჭავჭავაძეს მიუძღვნა პოეტმა; და ბარემ იმასაც ვიტყვი, რომ მე, როგორც სამკაულების არმოძულეს, მაგრამ არც მათზე ზედმეტად გულშევარდნილს, უფრო ლამაზი „საყურე“ ჯერჯერობით არ მინახავს.

 

სტროფი III

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,

წიგნი რამ ომით მონაპოვარი,

საფერფლე მამის დანატოვარი

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.

თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი“. არც ნათლობის დროს მღვდლის მიერ ყიფლიბანდზე აჭრილი თმა შეუნახავთ „განძად“ ჩემს მშობლებს და არც „პირველი კულული“. ბავშვობაში უმეტესად ბიჭურად შეჭრილი ან მხოლოდ იმსიგრძე თმა მქონდა, სკოლაში პატარა კიკინები რომ გამეკეთებინა. „თმები შოლტები“ მირზა გელოვანის ლექსის წაკითხვის შემდეგ გაჩნდა ჩემს ცნობიერებაში. თუმცა ყოველთვის მსიამოვნებდა, როცა ვხედავდი, როგორ უწეწავდა ქარი გოგოებს გრძელ თმას და მასში გაბლანდულებს კიდევ უფრო ლამაზებს აჩენდა; ანუ, ისევ გალაკტიონს რომ დავესეხო, მიყვარდა „თმების ქარით გამოქროლება“. სტუდენტობის წლების შემდეგ კიდევ დიდხანს დავდიოდი ბიჭურად შეჭრილი თმით. ჯერ ერთი, მომწონდა, მეორეც, არც ისეთი რომანტიკული ვინმე „მეტრფე“ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ვინც ჩემს თმას „ძნელ საშოვარ“ განძს შეადარებდა, ან მის სურნელში ჩაძირვის სურვილი გაუჩნდებოდა (და საბოლოოდ დავიჯერე, რომ ასეთი რამეები მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში ხდება!).

წლებია უკვე, მხოლოდ გრძელ თმას ვატარებ, მაგრამ მაინც ყოველთვის მოკლე თმით წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს. ასეთი დამხატა ერთმა კარგმა მხატვარმა გოგომ წიგნის ყდაზე, ასეთი ვახსოვარ ჩემი ბავშვობისა და ახალგაზრდობის დროინდელ მეგობრებს.

წიგნი რამ ომით მონაპოვარი“. მოგეხსენებათ, დღეს აღარ არის წიგნი ისეთი „ომით“ მოსაპოვებელი, როგორც, თუნდაც, ჯერ კიდევ წინა საუკუნის ბოლოს, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე იშვიათ გამოცემას არ ვეძებთ. წიგნის მოსაპოვებლად ჩემი პირადი „ომი“ სტუდენტობას უკავშირდება, როდესაც სხვა ყველაფერს ვიკლებდი და თითოეულ კაპიკს ვაკოწიწებდი სასურველი წიგნის შესაძენად. მაგრამ ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მოულოდნელად წავაწყდებოდი სადმე გასაგიჟებელ კაბას ან ფეხსაცმელს, ან აქსესუარს (მზის სათვალე მიყვარდა) და დილემის წინაში ვდგებოდი, დიდხანს ვფიქრობდი, გამემეტებინა თუ არა წიგნებისთვის ნაგროვები ფული მათთვის. ნუ მეტყვიან წიგნის მოყვარული და მკითხველი გოგოები, რომ მსგავსი რამ არ განუცდიათ (ბიჭებთან არ ვიცი, როგორ წყდებოდა ეს საკითხი, მგონია, რომ უფრო მარტივად); მე ვერ მოვიტყუები და ვიტყვი, რომ არჩევანს ყოველთვის წიგნის სასარგებლოდ ვერ ვაკეთებდი. ნამდვილად იყო ასეთი დრო არც ისე შორეულ წარსულში – წიგნის საკუთარ თავთან ბჭობით და „ომით“ მოპოვების დრო. წიგნთან დაკავშირებით კი ყველაზე დიდი „ომი“ მაინც სიმწრით ნაყიდი და გათხოვებული წიგნის უკან დასაბრუნებლად გადამხდენია. ახლა იმ ასაკში ვარ, იოლად დავთმობ კაბას, ფეხსაცმელს, ჩანთას, სუნამოს და ნებისმიერ სხვა ნივთს, მაგრამ საყვარელ წიგნებს – არავითარ შემთხვევაში.

საფერფლე მამის დანატოვარი“. უცნაური დამთხვევაა, მაგრამ მართლა გვქონდა სახლში ასეთი თეთრი, ოთხკუთხა, „მამის დანატოვარი“ საფერფლე. კიდეებზე ლურჯი ზოლებით და ოთხივე კუთხეში ნეკა თითის ზომის ჩაღრმავებებით. ძირზეც ჰქონდა დრო-ჟამისგან, რეცხვისა და მაგიდის ზედაპირზე ხახუნისგან გადაშლილი ლურჯი ფერის წარწერა – სავარაუდოდ, მწარმოებელი ქვეყნის და ქარხნის სახელი. ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული საფერფლე იყო. უცხო თვალისთვის ძალიან უბრალოც, ჩვენი ოჯახისთვის კი ღირებული. და არა მხოლოდ მამის – პაპის და დიდი პაპის დანატოვარი. მის შესახებ კი ის ვიცოდი, რომ საფერფლე მეფის რუსეთის დროს საქართველოში გადმოსახლებულ ჩემს დიდ პოლონელ პაპას ეკუთვნოდა იმ სხვა რამდენიმე ნივთთან ერთად, რომლებიც დროთა განმავლობაში გაქრა ჩვენი სახლიდან. ამ ორიოდე წლის წინ საფერფლემაც მათი ბედი გაიზიარა.

ვერაფერს გააწყობ. ზოგჯერ ასეთი ბედი დაჰყვებათ ხოლმე „სახსოვარ“ ნივთებს – უბრალოდ, ქრებიან.

 

სტროფი IV

სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,

ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,

ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი – 

ყველას რაიმე აქვს სახსოვარი

ლექსის ამ ბოლო სტროფზე, სადაც გალაკტიონი თავის „ჩანგს“ და „გულს“ უძღვნის სამშობლოს, მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სამშობლო ზოგჯერ შესაძლოა უცნაური სახით დაინახო: კარგი პოეტით, კარგი ლექსით და ყველა იმ „სახსოვრით“, რომელსაც ისინი გაგახსენებენ. და მერე სწორედ ეს „ხედვა“ გახდეს შენი ერთ-ერთი უძვირფასესი „სახსოვარი“.

ყველაზე ძვირფასი  თვალსაჩინოებანი

0

სასკოლო სწავლა-სწავლების პროცესში, ხშირად მოვისმენთ თუ წავიკითხავთ, რომ დაწყებით საფეხურზე ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაჩინოებებია. ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვის გონება სწრაფად აღიქვამს, შეიმეცნებს და მეხსიერებაში სამუდამოდ ინახავს ნანახსა თუ განცდილს. პედაგოგი ძალისხმევას არ იშურებს, რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვანი თვალსაჩინოება მიუტანოს მოსწავლეს გაკვეთილზე. დაწყებითი საფეხურის მასწავლებელს იშვიათად ნახავთ პატარა მსუბუქი ჩანთით. მათ მუდმივად ,,რაღაც” საინტერესო  მიაქვთ ბავშვებისთვის, იმის შესაბამისად, თუ რა გაკვეთილს ატარებენ. ეს შეიძლება იყოს ილუსტრირებული წიგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები, გირჩები, ფოთლები, ყვავილები, მუყაოსგან გაკეთებული უამრავი ფორმის ფიგურა, ზღვის ფერადი კენჭები და სხვა.

ატამს  სად ვკრეფთო?- ჰკითხა ერთხელ ჩემმა მეგობარმა თავის დისშვილს, რომელიც გემრიელად იტკბარუნებდა პირს ლოყაწითელა  ატმით. ,,გუდვილშიო” – სხარტად უპასუხა ნაწნავებიანმა 5-6 წლის გოგონამ, რომელიც წინა  კბილების არქონის გამო, კბეჩაში ვერ იყო ისე სხარტი,  როგორც – პასუხში…

ხშირად ვფიქრობ, რომ საცოდაობაა საქართველოში ბავშვები  მცენარეებს, ხეებს, ხილსა თუ  ბოსტნეულს ილუსტრაციებიდან ეცნობოდნენ.  მართალია, ,,თბილისელი  მხოლოდ ხოხობი იყო” და ყველას სადღაც, ქალაქგარეთ გვაქვს ფესვები,  მაგრამ უამრავი ადამიანია, ვინც დაკარგა, გაყიდა, ან საერთოდ არც ჰქონია სოფლად მიწის ნაკვეთი თუ სახლი.  ასეთი ოჯახები ხშირად ვერ ახერხებენ არდადეგები ხანგრძლივად ქალაქგარეთ გაატარონ. მათ შვილებს არ აქვთ  სეზონური  შეხება სოფლის სამეურნეო საქმიანობებთან. ვერ ხედავენ გაზაფხულზე ხვნა-თესვის ჯადოსნურ პროცესს. ზაფხულში აყვავილებული ხეების გადაკვირტებასა და კვირტის  ნაყოფად გადაქცევას. შემოდგომით ხილის სიმწიფეში შესვლასა და მისი კრეფით გამოწვეული სიხარულის განცდასაც  მოკლებულნი არიან.

 

ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, რომ განათლების, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროებმა ერთობლივი ინიციატივით, ხელი შეუწყონ მოსწავლეების ინტეგრირებულ სწავლებას სასოფლო სამეურნეო აქტივობების ჩართვით. წარმოვიდგინოთ რა ამაღელვებელი იქნება, ბავშვებისათვის, როდესაც მათ გაზაფხულზე სოფლად ჩავიყვანთ. იქ დაგხვდება გლეხის ოჯახი, რომელთანაც სკოლა წინასწარ იქნება შეთანხმებული.  მასპინძლები   ერთ დღეს  დაუთმობენ ბავშვებს, რათა  გაუზიარონ თავიანი  ცოდნა და გამოცდილება. მოსწავლეები ნახავენ როგორ იხვნება, იბარება და სხვადასხვა მეთოდით მუშავდება მიწა. როგორ ითესება კულტურული მცენარეები: ლობიო, სიმინდი, გოგრა… თურმე მათი საყვარელი პომიდორი, ფეტვის მსგავსი სიფრიფანა თესლისგან აღმოცენდება. ისინი თავად მიიღებენ მონაწილეობას დაბარვის, დაბუდვნის, დათესვის პროცესში. სამეურნეო საქმიანობაში  კარგად განსწავლულ გლეხს დაუსვამენ კითხვებს. ისიც გულდასმით უპასუხებს და თან მოსწავლეების  დახმარებით დაამუშავებს საგანგებოდ გამზადებულ მიწის ნაკვეთს.

ზოგჯერ,  შემოდგომით ვესტუმრებით სოფელს. ნაწნავებიანი გოგონა და სხვა ბავშვები თავიანთი თვალით ნახავენ ლოყაწითელა ატმებით, მსხლებით, ვაშლებითა და  სხვა მრავალი ხილით დახუნძლულ ხეებს.

მასწავლებელი ისარგებლებს ამ უნიკალური შემთხვევით და  ინტეგრირებული გაკვეთილს ჩაატარებს. ყველა საგნის გაერთიანება და დაკავშირება შეიძლება ბუნებასთან. ვაშლების დანახვაზე მოსწავლეებს ჰკითხავს რომელი ლექსი გაახსენდათ კლასგარეშე ლიტერატურიდან?  ,,ვაშლი და შაქარაც” არ დააყოვნებს: ,,მაღლა ფოთლებში ელვარებს, ვაშლი სისხლივით წითელი…”-  რამდენიმე ხმა ერთდროულად  წამოიწყებს.

ბავშვები ნახავენ თუ რა განსხვავებაა ვენახსა და ხეივანს შორის. რა არის მტევანი, კუმპალი, აკიდო, ჩხა – ამასწინათ რომ ისწავლეს მოთხრობაში და უკეთ აღქმის მიზნით, ხატვის არც თუ ისე კარგად მცოდნე მასწავლებელმა დაფაზე დაუხატა. ახლა რთველსა და ყურძენზე გაიხსენებენ ლექსებს -აბა ვინ მეტი იცის?

,,ყურძენი დამწიფებულა, დახე,  როგორ წითლად ღუის,

ჩქარა , ჩქარა რთველი თორემ კოღო, ბუზი თავს დაბზუის…” – გამხნევების მიზნით, პირველ ლექსს მასწავლებელი იტყვის.

ანგარიშშიც შეუძლიათ გაიწაფნონ. პედაგოგი  ექსპრონტად შეადგენს ამოცანას:

–  თუ გურამს მისცემენ 5 ატამს, ნინოს – 7-ს, ხოლო ქეთის იმდენ ვაშლს მისცემენ რამდენი ატამიც მისცეს გურამს და ნინოს ერთად, ჯამში რამდენი ხილი ექნება სამივე ბავშვს?

ახლა ფერებს არ იკითხავთ? ბუნებაზე საოცარი ფერთა გამის შექმნა, აბა,  რომელ საღებავსა და პასტელის ფანქრებს შეუძლია? მასწავლებელი ბავშვებს  ყურადღებას ფერებზე გაამახვილებინებს. ხილსა და მცენარეებში მოძებნიან გარდამავალ ფერებს. მაგალითად სრულიად განსხვავებული წითელი  შეფერილობა აქვს ვაშლს, პომიდორს, შინდს… ქლიავის დანახვისას, თუ პედაგოგს გალაკტიონი უყვარს, აუცილებლად წაუკითხავს ბავშვებს შემდეგ ტაეპს:  ,, გინახავთ ფერი დაბინდულ ქლიავის? – ეს ჩემი სამშობლოს მთებია!”

კიდევ სხვა მრავალი აქტოვობა ჩატარდება. ზოგი წინასწარ დაიგეგმება, ზოგსაც იქვე მოიფიქრებენ მასწავლებელი და ბავშვები. დღის ბოლოს, მრავალი ახალი ინფორმაციით დატვირთულ  და სასიამოვნო განცდებით დაღლილ მოსწავლეებს თონეში გამომცხვარი ცხელ-ცხელი  პურით, ყველითა  და შარშანდელი სუფთა ღვინით – ორი ყლუპი შეიძლება, ჯანმრთელობააო- გაუმასპინძლდება ოჯახის უფროსი.

დასაძინებლად გამზადებულები,   ,,ფეისბუქს”   რომ შეავლებენ თვალს, უკლებლივ ყველა მოძებნის იმ პატარა ყოჩაღ და-ძმას,  გლეხის ოჯახში  თავს რომ  დასტრიალებდნენ და თუ რამე არ გამოუვიდოდათ, ეხმარებოდნენ.

ღამით სოფელი რომ ჩაყუჩდება და  მხოლოდ ჭოტის კივილი თუ   ფრთხილი ძაღლების ყეფა გააყრუებს არემარეს, ორ, შთაბეჭდილებებისგან თავბრუდახვეულ ტკბილადჩაძინებულ  ბავშვს  ,,ფრენდ რიქვესთი” მიუვა.

საშიში საჩუქრები

0

როცა სკოლას ვამთავრებდი, ეგეთი წესი იყო – ბოლოკლასელები სკოლასთან გამომშვიდობების სიხარულის აღსანიშნავად სხდებოდნენ გაპრიალებულ მანქანებში, რომლებსაც ბაფთები და ყვავილები ჰქონდა მიმაგრებული და დიდი სიჩქარით, სიმღერით და პიპინით უმისამართოდ დაქროდნენ ქალაქის ქუჩებში.

ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ მოხდა, რომ “ბოლო ზარზე” ამ ქროლას ავცდით. ალბათ უფროსებმა არ დაგვრთეს ნება. იქნებ არც ჩვენ გვინდოდა დიდად, არც საკმარისი რაოდენობის და სათანადოდ პრეზენტაბელური მანქანა გვყავდა. მოკლედ, სკოლის დამთავრება რესტორანში აღვნიშნეთ, მშობლებისა და მასწავლებლების გარემოცვაში, ასაკისთვის შეუფერებელი და საგანგებოდ ამ დღისთვის შეძენილი პომპეზური ტანსაცმლით, ცუდი მუსიკით და შეგრძნებით, რომ რაღაც დიდისთვის უკვე მზად იქნები, როცა ეს ამბავიც დასრულდება, როცა აქედან გახვალ.

საზოგადოდ, მნიშვნელოვან დღეებში გაპრიალებული მანქანით დიდი სიჩქარით, სიმღერით და პიპინით ქროლა, ბოლო ზარი იქნება ეს, ქორწილი, არჩევნები თუ რომელიმე სპორტის ეროვნული ნაკრების გამარჯვება, ჩვენში “წმინდა ტრადიციად” ჩამოყალიბდა და თითქმის არავინ ფიქრობს იმაზე, რა საფრთხეს უქმნიან მანქანაში მსხდომები საკუთარ თავს და ფეხით მოსიარულეებს.

მე, ფეხით მოსიარულეს, დიდხანს მეგონა, არაფერი იყო ტროტუარზე გაჩერებულ დიდ მანქანებზე უარესი. რამდენიმე თვის წინ მივხვდი, რომ გაცილებით დიდი უბედურებაა ხილ-ბოსტნეულის ჯიხურთან გაჩერებული და მოძრაობის შემაფერხებელი მანქანა, რომლის მძღოლიც სურსათს მანქანიდან გადმოუსვლელად ყიდულობს.

არ ვიცი, როდის და როგორ ჩაისახა მანქანების კულტი საქართველოში, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ურბანულ სივრცეში მანქანებისთვის უფრო მეტი ადგილია, ვიდრე ადამიანებისთვის. მათია ტროტუარი, ქუჩა, ეზო, პარკი, ტყე, ჩვენი გულები და სიცოცხლე. რეალობაში, რომელშიც ვცხოვრობთ, მშობლები სიხარულით ჩუქნიან ახალსკოლადამთავრებულ შვილებს მანქანებს, განურჩევლად იმისა, სჭირდებათ თუ არა მათ ცხოვრების ამ ეტაპზე საკუთარი ავტომობილი. საჯარო სამსახურებს იმაზე გაცილებით მეტი მანქანა ემსახურება გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, ვიდრე ჩვენზე გაცილებით მეტად განვითარებულ ქვეყნებში. შეყვარებულებს მიაჩნიათ, რომ პრეზენტაბელური მანქანის ჩუქება საუკეთესო საშუალებაა გულის მოსაგებად და ასე, მანქანები, მანქანები, ყველგან მანქანები, საშიში საჩუქრები დიდებისა და პატარებისთვის.

ავტოკატასტროფების და მათი მსხვერპლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2016 წელს საქართველოში 6 939 რეგისტრირებული საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომლებსაც 581 ადამიანის გარდაცვალება და 9 951-ის დაშავება მოჰყვა.

რაც შეეხება ქვეითებს, 2016 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა და 2159 დაშავდა. თბილისში გასულ წელს 59 ქვეითი დაიღუპა, 1410 კი დაშავდა. 2016 წელს თბილისში დაღუპულ ქვეითთა მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 4%-ით მაღალია, დაშავებულთა რაოდენობა კი 8%-ით. სტატისტიკაც არ გვინდა – ყველას გვყოლია თუნდაც ერთი ნაცნობი, რომელიც მანქანამ შეიწირა.

საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზებად მანევრირების წესების დარღვევას, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბებას და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვას ასახელებენ.

მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვა არის სწორედ ის, რაც საშიში საჩუქრის ან კულტად ქცეული გადაადგილების საშუალების არასათანადო გამოყენებას მოჰყვება. რასაკვირველია, ავტოსაგზაო შემთხვევების მაღალ მაჩვენებელს მხოლოდ ბოლო ზარებისა და ქორწილების დროს მორთული მანქანებით უმისამართოდ მქროლავ ახალგაზრდებს ვერ დავაბრალებთ, მაგრამ ალბათ შესაძლებელია, მათ ბოლო ზარამდე და ქორწილამდე ავუხსნათ, რომ საზეიმო დღეების აღნიშვნის არაერთი ფორმა არსებობს, რომელთა უმეტესობა უფრო საინტერესო და მხიარულია, ვიდრე მანქანის სალონიდან ნახევრად გადმოკიდებული, შამპანურის ბოთლით ხელში, ქუჩებში ქროლა. დავიცვათ ისინი განსაკუთრებულ დღეებში ისე, როგორც მე და ჩემი კლასი დაგვიცვეს უფროსებმა წლების წინ.

რაც უფრო ადრეულ ასაკში დავიწყებთ ბავშვებთან იმაზე ლაპარაკს, როგორ მეტყველებს ტროტუარზე გაჩერებული მანქანა მფლობელის ცუდ მანერებზე და საკუთარი თავისა თუ საზოგადოების წინაშე რამხელა უპასუხისმგებლობაა სიჩქარის გადაჭარბება ან საჭესთან ნასვამი ჯდომა, რა სიკეთეა გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რაოდენ მნიშვნელოვანია, მოქალაქეებმა აიძულონ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს გადაადგილების მრავალფეროვანი და უსაფრთხო საშუალებებით მათი , უზრუნველყოფა – უფრო მით ნაკლებად იქნებიან დამოკიდებული მომავალი თაობები საშიშ საჩუქრებსა და დამღუპველ კულტებზე. მთავარია, ჩვენ, უფროსებმა დავინახოთ, რა არის საშიში და უარი ვთქვათ საკუთარ ვნებებზე.

წიგნები, რომლებიც ფილმად იქცა (ნაწილი I)

0

რადგან ზაფხულია და  რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს მეტი თავისუფალი დრო ექნებათ, მოდით ერთად გავიხსენოთ და ვისაუბროთ იმ წიგნებზე, რომლებიც შემდეგ მაღალშემოსავლიან და საინტერესო ფილმებად იქცნენ.

კინოადაპტაცია ეს არის წერილობით ნაშრომის გარდასახვა კინოდ – მთლიანად ან ნაწილობრივ. კინოადაპტაციის გავრცელებული ფორმაა მხატვრული ფილმის ბაზისად ნოველის გამოყენება. ასევე, შესაძლებელია სხვა სახის ნაშრომის კინოდ გარდასახვაც, თუნდაც დოკუმენტური მასალის, მათ შორის ჟურნალისტური ნამუშევრის, ავტობიოგრაფიულ ნაწარმოების,  წიგნების, პიესების, ისტორიულ წყაროების და სხვა. კინემატოგრაფიის დასაბამიდან ასეთი მრავალფეროვანი რესურსებისაგან კინოადაპტაციის შექმნა მიღებული პრაქტიკა იყო. 1994 წლიდან დღემდე კი ყველაზე შემოსავლიანი ფილმების 58% კინოადაპტაციას წარმოადგენს.

ნოველები ხშირად ადაპტირდება ფილმად. უმეტესწილად, ეს ადაპტაციები ძირითადად კომერციულ მიმართულებას იძენს (ბესტსელერების ადაპტაცია) ან ნაკლებად ცნობილ ავტორს უწევს პოპულარიზაციას. ლიტერატურული ადაპტაცია ეს არის ლიტერატურული წყაროს (ნოველა, მოთხრობა თუ პოემა) გარდაქმნა სხვა ჟანრში, როგორიცაა ფილმი, სპექტაკლი და ვიდეოთამაშიც კი.

ლიტერატურის კინოადაპტაცია კინოინდუსტრიის დასაბამიდან მოდის. ყველაზე ადრეულ მაგალითად შეიძლება დასახელდეს ჟორჟ მელიესი, რომელიც ბევრი კინოტექნიკის პიონერიც არის. 1899 წელს მან შექმნა შექსპირის პირველი კინოადაპტაცია – „კონკია’’ და „მეფე ჯონი”.

1900 წელს არტურ კონან დოილის დეტექტივის მიხედვით მარვინის  შერლოკ ჰოლმსი გამოდის, რომელიც პირველ დეტექტიურ ფილმადაა აღიარებული.

ჟორჟ მელიესის „მთვარეზე მოგზაურობა” დაფუძნებულია იმ დროის ყველაზე პოპულარულ ორ ნოველაზე – ჟიულ ვერნის „დედამიწიდან მთვარემდე” და უელსის „პირველი ადამიანები მთვარეზე”.

პირველ კინოადაპტაციებს შორისაა 1903 წელს გამოსული „ალისა საოცრებათა ქვეყანაში” .

პირველი სრულმეტრაჟიანი კინო, რომელიც ჰოლივუდში გადაიღეს, იყო „ინდოელი კაცი” – რომელიც 1914 წელს გამოვიდა. ის პირველი იყო იმ სამი კინოვერსიიდან, რომლებიც ედვინ მილტონ როიალის პიესაზეა დაფუძნებული.

ყველაზე ცნობილი ადრეული კონადაპტაციებიდან შეიძლება დასახელდეს ერიხ ვონ სტოემის „სიხარბე”. რეჟისორმა ფილმში ნოველის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი და დეტალი ასახა.

ერთ-ერთი ნაწარმოები კი, რომლის ადაპტირებაც ყველაზე ხშირად გვხვდება, ესაა ჩარლზ დიკენსის  „საშობაო ისტორია”. ამ ნაწარმოების დაახლოებით 20-მდე კინოეკრანიზაცია არსებობს.

წარმატებულ კინოეკრანიზაციათა შორის პოპულარობით სარგებლობს სტენლი კუბრიკის „მექანიკური ფორთოხალიც“.  რომლის შემოსავალიც იმ დროისთვის საკმაოდ სოლიდურ – 26.6 მილიონ დოლარს შეადგენდა.

XX საუკუნის 60-იან წლებში დასავლური სამყარო ახალგაზრდულმა პროტესტმა მოიცვა. ისინი იმდროინდელი დასავლური საზოგადოებისათვის ჩვეულ მომხმარებლურ ცხოვრების წესსა და გაბატონებულ კულტურას უპირისპირდებოდნენ. პროტესტს უცხადებდნენ საზოგადოების მიერ დაწესებულ ზნეობრივ ნორმებს. ტოვებდნენ ოჯახებს, ზურგს აქცევდნენ ფუფუნებასა და სიმდიდრეს. სჯეროდათ, რომ ეს ყველაფერი ძალმომრეობის გზით იყო დაგროვილი. თუმცა ამბოხებულთა დიდი ნაწილი მალევე დაუბრუნდა ცხოვრების მიღებულ წესს და თავად გახდა იმ ტრადიციების გამგრძელებელი, რომლის მიმართაც პროტესტს გამოხატავდნენ.

 

სწორედ იმ დროს, როდესაც სამყარო ახალი იდეების გარშემო ერთიანდებოდა, წიგნის მაღაზიებში ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი” გამოჩნდა. წიგნი იმ ადამიანებზეა, რომლებიც საზოგადოების მიღმა აღმოჩნდნენ. ეს არის ამბავი მელომან სადისტზე, რომლის გამოსწორებაც სახელმწიფომ ასევე სადისტური ექპერიმენტით განიზრახა.

 

სტენლი კუბრიკის 1971 წელს გადაღებულმა ეკრანიზაციამ კიდევ უფრო გაამწვავა და ხელშესახები გახადა ის პრობლემა, რომელიც ნაწარმოებშია ნაჩვენები. აქ სახელმწიფოსთან ერთად ადამიანზე ძალადობს საზოგადოებაც. რა უფრო საშიშ ფორმას იღებს – თავის ნებაზე მიშვებული მოძალადე თუ კონტროლის მექანიზმად ქცეული სახელმწიფო?  ამ კითხვას ცალსახა პასუხი დღესაც არ აქვს.

ხელოვნება გამოხატავს ადამიანურ იმპულსებს, მას შეუძლია ადამიანი დაახლოვოს რეალობას ან დააშოროს მას. ალექსი ეფექტურად მანიპულირებს მუსიკით. მეცხრე სიმფონია მისთვის სიხარულის ოდად მხოლოდ იმიტომ ჟღერს, რომ ძალადობრივი თავგადასავლების ჰიმნად იქცეს.

1963 წელს The New York Times- მა სტატია გამოაქვეყნა – „საუკუნის წიგნი – ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალი”, სადაც ავტორი წერდა: „მთელი რომანი კი იმის შეგონებაა, რომ კეთილი ნებით არჩეული ბოროტება უნდა გვიჯობდეს თავსმოხვეულ სიქველესა და სათნოებას. აქ უნებურად ასეთი კითხვა გვებადება: გარდა საკუთარი არჩევნისა, საზოგადოების გულგრილობაც ხომ არ განაპირობებს ამ ყმაწვილის სისასტიკეს? საბედნიეროდ, მისტერ ბერჯესი ჩრდილს არ აყენებს ამ შესანიშნავ ნაწარმოებს და თავს არიდებს ასეთ ბანალურ კითხვაზე მზამზარეულ პასუხს. ის უბრალოდ გვიყვება „დამშოკავ” ამბებს, რომელიც ინდივიდის სოციალურ გადახრასა და ამავე ინდივიდის კეთილ ნებაზე კოლექტიური ოპერაციის ჩატარების პროცესს ასახავს. სხვათა შორის, მისი მიზანი, ცოტა არ იყოს, თავის თავს უსწრებს რომანის მეორე ნახევარში: იმის ნაცვლად, რომ ირონია აქ აღწერილი სიტუაციებიდან ამოიზარდოს, პირიქით ხდება – მწერალი თავად ამ ეპიზოდებს სარკაზმში ახვევს, რითაც აბლაგვებს სამართებელივით მჭრელ პროზას. იმის დამატებაღა დაგვრჩენია, რომ „მექანიკური ფორთოხალი” არის ბოროტებისა და ძალადობის ჰიპერბოლა, უმოწყალობის დემონსტრაცია, სატირა ცალკეულ თუ კოლექტიურ ანომალიაზე”.

პიროვნული თავისუფლებისა და ძალადობის ვნებისკენ მიდრეკილება დღესაც აქტუალურია. ამ თემამ 1960-70-იან წლებში კიდევ უფრო მკაცრად გაიჟღერა. მკითხველიც და მაყურებელიც სრული სიცხადით შეიგრძნობს იმ სისასტიკეს და ფატალურ შედეგებს, რომლებიც ტოტალიტარიზმს მოჰყვება.

ცვლილებები ეკრანიზაციაში საკმაოდ ბევრი იყო, თუნდაც ყველაზე მარტივი -ფილმში ალექსს შინაურ ცხოველად გველი ჰყავს, წიგნში კი – საერთოდ არაფერი.

გოგონა, რომელსაც ბილიბოის ბანდა აუპატიურებს, ათი წლის არის.

მოგვიანებით კი ალექსს სახლში მიჰყავს და აუპატიურებს ორ ათი წლის გოგონას – მარტის და სონიეტას, მუსიკალურ მაღაზიაში შეხვედრის შემდგომ. გაუპატიურებამდე ალექსი გოგონებისთვის ნაყინს და საჭმელს ყიდულობს.

ალექსი სცემს მოხუც მამაკაცს, რომელსაც ბიბლიოთეკის წიგნები მიაქვს, კაცი შემდგომში მას ცნობს და ბიბლიოთეკაში სხვა ასაკოვან ადამიანებთან ერთად ესხმის თავს. ქალი კატას სახლიდან გაქცევის მცდელობისას ალექსს აჩერებს დიმი, რომელიც თავს ესხმის და უტოვებს მას პოლიციას. დიმი იყენებს თავის ჯაჭვს, რომელიც სახეში ჩაარტყა ალექსს.

ექსპერიმენტის შემდეგ ალექსი ყველა ტიპის მუსიკის მიმართ უარყოფითადაა განწყობილი. ფილმში კი მას მხოლოდ ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია აღიზიანებს.

ასევე ცვლილებები შეეხო წიგნში გაუპატიურებულ გოგონებს, რომლებიც ფილმში თინეიჯერები არიან, ისინი თვისი ნებით მიჰყვებიან ალექსს სახლში.

თავის დროზე ალექსის ბანდის მიერ ნაცემ მისტერ ალექსანდერს შეუძლია სიარული, როცა ალექსს სახლში იღებს, ცხოვრობს მარტო და საკუთარ თავს თავად უვლის. ფილმის მიხედვით კი ალექსის ბანდის თავდასხმის შემდეგ ალექსანდრე ეტლზეა მიჯაჭვული და ჰყავს მომვლელი.

რაც შეეხება ლუდოვიკოს ექსპერიმენტს, დოქტორი ბროდსკის გუნდი ექსპერიმენტს, წესით, გამჭვირვალე სარკის უკნიდან უნდა უყურებდნენ. წიგნში მათ კომფორტული სავარძლები აირჩიეს თეატრის უკანა რიგებში.

ფილმში არ მოხვდა ეპიზოდი, როდესაც ალექსი და მისი ბანდა ძარცვავს მაღაზიას, შემდეგ კი ალიბისთვის მთელი ღამე კაფეში სვამენ.

მოგვიანებით, როდესაც ალექსს მეორე მკვლელობას აბრალებენ, ის კლავს ციხის პატიმარს, რომელიც არც სხვა პატიმრებს მოსწონთ. მკვლელობაში მონაწილეობას იღებს ყველა, თუმცა შემსრულებელი ალექსია და ამიტომ ყველა მას ადებს ხელს.

კუბრიკმა სხვა პატიმრები სიუჟეტიდან გააქრო.

 

მიუხედავად ამ ცვლილებებისა, ფილმად ქცეული ეს წიგნი დღემდე ითვლება კარგი ეკრანიზაციის კლასიკურ მაგალითად.

კინოეკრანიზაციაზე საუბრისას განხილვის თემა ყოველთვის არის დამთხვევები, ანუ რამდენად სწორად გადმოაქვს რეჟისორს წიგნში ასახული მოვლენები; მიჰყვება ის წიგნის სიუჟეტს, თუ საკუთარ ფანტაზიას აძლევს გასაქანს.

 

 

ტრადიციები, რიტუალები და პროგრესი

0

საქართველოში ხშირად მოისმენთ,  ჩემი აზრით, ყოვლად აბსურდულ და მარგინალურ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს „ყველა ტრადიცია ბოლომდე უნდა დავიცვათ და შევინარჩუნოთ“ და „ყველაფერი ძველი კარგი და მისაღებია“. ეს არამხოლოდ მარგინალური შეხედულებაა, არამედ მკვეთრად უპირისპირდება ყოველგვარ პროგრესულს და მეტიც – უპირისპირდება ადამიანურ ლოგიკას.

მაგალითად, დაახლოებით 150 წლის წინ, (ისტორიისათვის კი 150 წელი მოგეხსენებათ ძალზედ მცირე შუალედია) საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში – თუშეთში არსებობდა, ჩემი აზრით, საშინელი ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ფეხმძიმე ქალი უწმინდურად ითვლებოდა და ორსულ ქალებს სოფლის განაპირას მდებარე ბოსლებში ამწყვდევდნენ, აძლევდნენ მხოლოდ საჭმელს და წყალს, და თუ ქალი მშობიარობას გადაურჩებოდა – მხოლოდ მაშინ მიჰყავდათ იგი სახლში ახალშობლითან ერთად. თუ ქალი საკუთარი ძალებით ვერ შეძლებდა ბავშვის გაჩენას და ვერ გადარჩებოდა – თვლიდნენ, რომ ეს ღვთის ნება იყო.

ისმის შეკითხვა – უნდა შენარჩუნებულიყო ეს რიტუალური ტრადიცია და ამ ქვეყნის მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი თუშებს, სჭირდებოდათ თუ არა მსგავსი მიდგომა ტრადიციების ჯიუტად დასაცავად? პასუხი რასაკვირველია ცალსახაა – მავნე ტრადიციები აუცილებლად უნდა დავივიწყოთ და ეს დავიწყება უნდა იყოს სამუდამო, ყოველგვარი რეკრეაციის იმედის გარეშე!

ქართული სუფრისათვის, ლამაზი სადღეგრძელოების გარდა, კარგა გვარიანი ჩხუბებიცაა დამახასიათებელი. გამოთქმაცაა ასეთი – „ოცკაციან სუფრაზე ჩხუბი გარდუვალიაო”; ან კიდევ: „ცუდი ქორწილი იყო, ჩხუბი არ ყოფილაო”. ჩხუბი და აყალმაყალი – ისეთი ფენომენია, რომ ზოგიერთის თვალში თავის ლაზათს ანიჭებს ქართულ სუფრას. არადა, ვითომ მართლაც არის ამ ფენომენში რაიმე ისეთი, ლამაზი და განსაკუთრებული?

ქართველები მუდამ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენში წასულებს ყოველთვის პატივს სცემენ და საქართველოში ადამიანები არ კვდებიან, ისინი მხოლოდ გარდაიცვლებიან, ანუ სახეს იცვლიან.

ჩვენს ქვეყანაში ქელეხისა და ქორწილის სუფრებიც განსაკუთრებული ვიცით, დაწყებული სადღეგრძელოებითა და დამთავრებული მილოცვა-შესანდობრების მახვილსიტყვაობით. მაგრამ თუკი ქართულ სუფრასთან, სადაც 10 კაცზე მეტი ზის, ჩხუბი ყოველ წუთშია მოსალოდნელი და ბევრი ისე შეეჩვია ამას, რომ აღარც კი მოსწონთ ისეთი სუფრები, სადაც ყველაფერი მშვიდად, ე.ი. მოსაწყენად მთავრდება.

ერთი ძველი ლეგენდა ძალიან ზუსტად და სანიმუშოდ მოგვითხრობს სუფრაზე ჩხუბის ქართული ფენომენის შესახებ. ლომისის ხატობის დღეობაზე მოხუცმა მამამ თავისი ორი ვაჟიშვილი გააგზავნა და თან დაარიგა: წადით და ისე არ დაბრუნდეთ, რომ არ იჩხუბოთ, ლომისობას ჩხუბის გარეშე ფასი არა აქვსო. შვილები, როგორც ჩანს, ძაან მშვიდობის მოყვარე ადამიანები იყვნენ და ხატობაზე გაწევ-გამოწევას ქეიფი და სიმღერა არჩიეს. როდესაც ძმები სახლში დაბრუნდნენ, მამამ პირველი რაც ჰკითხა ის იყო, დღეობაზე თუ იჩხუბეთო? და როდესაც შვილებისაგან უარყოფითი პასუხი მიიღო, ძალიან გაბრაზდა და ასეთი რაღაც მოიფიქრა. ჭერიდან ჩამოხსნა ხის სადღვებელა, რაშიც ქალები კარაქს აყენებენ, ჩამოიკიდა ზურგზე და სოფელში გავიდა. მთაში ძალიან დიდ სირცხვილად ითვლება, თუკი კაცი ქალის ხელსაქმეს აკეთებს. როდესაც თანასოფლელებმა სადღვებელაჩამოკიდებული კაცი დაინახეს, დაცინვა და ქვების სროლა დაუწყეს, რაც, რასაკვირველია, ვერ მოითმინეს ამ კაცის შვილებმა და მამის შეურაცხმყოფლებს დიდი ჩხუბი გაუმართეს. მამასაც სწორედ ეს უნდოდა და საბოლოოდ მაინც აისრულა საწადელი, მისმა შვილებმა დღეობაზე მაინც იჩხუბეს!

ამ ერთი ლეგენდასავით ამბიდანაც ჩანს სუფრა და ჩხუბი თუ როგორი განუყოფელი ცნებებია მავანთათვის. ხოლო როდესაც ადამიანს ჩხუბი უნდა, მიზეზს რა გამოულევს? და გვჭირდება ასეთი ტრადიციები, თუკი ამას ტრადიცია ჰქვია?…

ამას წინათ, ერთი მეტად საინტერესო მულტიპლიკაციური ფილმი ვნახე. მასში უფრო მეტად, არასაჭირო რიტუალებია დაგმობილი, ვიდრე ზოგადად მავნე ტრადიციების კულტურა. მულტფილმის გმირი, ცოტა ჭკუამხიარული მავნებელი მღრღნელი ოცნებობს ისეთ ხის სახლზე, რომელსაც ძირფესვიანად გემრიელად გამოხრავს და დანაყრდება, მაგრამ მას ამაში ხელს საკუთარი უცნაური რიტუალი უშლის, რომელიც სასიცოცხლო დროს აკარგვინებს და როდესაც მიზნის მიღწევამდე ცოტა უკლია, ხან კონკურენტების და ხან საკუთარი გულჩვილობისა თუ ინერტულობის მსხვერპლი ხდება მანამდე, სანამ თავად არ გაზრდის ხეს, და ამ ხის მასალისგან არ შეძლებს საოცნებო სახლის აშენებას და მის გემრიელად შეხრამუნებას.

მულტფილმის მორალის მიხედვით, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ საწადელის მიღწევის უებარი და უტყუარი გზა შრომაა და არავის ეგების სხვათა იმედად, ანდა გამართლებაზე ოცნებით ცხოვრება. ხოლო ის აბსურდული ტრადიციები და რიტუალები, რომლებიც მიზნის მიღწევასა და პროგრესში გვიშლის ხელს, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ, რადგან პროგრესის საპირწონე და მიზნის მიღწევის ალტერნატივა, ერთი ან რამდენიმე ინდივიდის სიჯიუტე და ახირება არ უნდა იყოს.

 

 

დისგრაფია – წერის უნარის დარღვევა

0

დისგრაფია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა, რომელიც ვლინდება წერითი უნარ-ჩვევების – კალიგრაფიის, მართლწერის, აზრის წერილობით გადმოცემის სირთულეებით. მეცნიერები დანამდვილებით ვერ ამბობენ, რა იწვევს მას. ზრდასრულებში დისგრაფია უმთავრესად თავის ტრავმით არის განპირობებული, ბავშვებში კი სწავლის უნარის ისეთ დარღვევებთან ერთად გვხვდება, როგორებიცაა ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომი და დისლექსია (კითხვის უნარის დარღვევა).

წერა ფსიქიკური პროცესია, რომელიც მოითხოვს რამდენიმე უნარის კოორდინირებულ გამოყენებას, მაგალითად, თვალისა და ხელის შეთანხმებულ მოქმედებას, მხრების, ხელებისა და თითების კონტროლს. მხოლოდ ცუდი ხელწერის ქონა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს დისგრაფია აქვს. მოსწავლეს შესაძლოა საკმარისი მოტორული უნარი ჰქონდეს ასოების დასაწერად, მაგრამ არ შეეძლოს ბგერების აღქმა, მათი სიტყვებად ქცევა და საკუთარი ნააზრევისა ფურცელზე გადმოტანა. ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნები დისგრაფიაზე მიუთითებს. ამ შემთხვევაში, სასურველია, ბავშვმა მშობლების და მასწავლებლების მხრიდან დამატებითი დახმარება მიიღოს:

* კალმის ჭერის დაძაბული მანერა, დაჭიმული სხეული;

* ასოების გრაფიკული გამოსახულების დამახსოვრებისა და მათი სწორად მოხაზვის შეუძლებლობა;

* სარკისებრი ასოების (წ-შ, ხ-ძ) სწორად ჩაწერის შეუძლებლობა;

* გაურკვეველი ხელწერა;

* ისეთი დავალებებისთვის თავის არიდება, რომლებიც მოითხოვს წერას ან ხატვას;

* წერის დროს მალე დაღლა;

* წერის დროს სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა;

* დაუმთავრებელი ან გამოტოვებული სიტყვები წინადადებაში;

* საკუთარი ნააზრევის ფურცელზე გადატანის შეუძლებლობა;

* სირთულეები სინტაქსისა და მორფოლოგიის გაგებისას;

* აქტივობათა მიმდევრობის ახსნის შეუძლებლობა;

* ღონისძიებების, ხალხის და საგნების აღწერის შეუძლებლობა;

* აზრების ორგანიზებისა და ფურცელზე გადმოტანის შეუძლებლობა;

* დიდი სხვაობა დაწერილსა და სიტყვიერად გადმოცემულის გაგებას შორის;

* აბზაცის შექმნის შეუძლებლობა;

* უსუფთაო წერითი სამუშაო.

ამ სირთულეების შემჩნევის შემდეგ საჭიროა, სავარჯიშოებით დავეხმაროთ ბავშვებს წერის უნარის გავარჯიშებაში მათი ასაკის გათვალისწინებით. გავუსწოროთ ფურცელი, შევურჩიოთ ჯდომის სწორი პოზა (ზურგი უნდა ეკავოს სწორად, მხრები – თავისუფლად) და ვასწავლოთ კალმის მოხერხებულად დაჭერა.

იმისათვის, რომ მოსწავლემ მოსმენილი წინადადება ჩაიწეროს, მისი შინაარსის გაგებასთან ერთად საჭიროა, გამოყოს მისი შემადგენელი სიტყვები და თავად სიტყვებიც ბგერებად დაყოს. სწორედ ამისთვის სჭირდება მას ასოების სწავლა – მათგან უნდა ააწყოს სიტყვები და საბოლოოდ წინადადებით გამოხატოს საკუთარი ნააზრევი. დისგრაფიის მქონე ბავშვებს სწორედ ეს დაკავშირებული უჭირთ და უფროსების დახმარება სჭირდებათ.

სავარჯიშოები ფონემატური ანალიზის უნარის განსავითარებლად:

  • უთხარით მოსწავლეს წინადადება. სთხოვეთ, შემოჰკრას ტაში იმდენჯერ, რამდენი სიტყვაც არის წინადადებაში.
  • უთხარით მოსწავლეს სიტყვა. სთხოვეთ, შემოჰკრას ტაში იმდენჯერ, რამდენი მარცვალიც არის წინადადებაში.
  • უთხარით მოსწავლეს სიტყვა. სთხოვეთ, გამოყოს პირველი და უკანასკნელი ბგერები.
  • უთხარით მოსწავლეს სიტყვა. შემდეგ დაუსახელეთ ასოები და ჰკითხეთ, არის თუ არა ისინი მოსმენილ წინადადებაში.
  • წინ დაუდეთ ბარათი რომელიმე ასოს გამოსახულებით და სთხოვეთ, გაიხსენოს ამ ასოზე დაწყებული სიტყვები.
  • მოძრავი ანბანის ასოებით ააწყობინეთ ჩაფიქრებული სიტყვა ან სიუჟეტური სურათის დალაგება შესთავაზეთ.

წერის უნარის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია წერის წინმსწრები უნარების განვითარება. ასე რომ, წერის სწავლა ბაღში ან სკოლაში არ იწყება. ჩვილ ასაკში ხოხვა ხელს უწყობს ახლო მანძილზე მხედველობის ჩამოყალიბებას, რაც წერისთვის აუცილებელია. ნატიფი მოტორიკის დასახვეწად საჭიროა, ბავშვს მცირე ასაკიდანვე მივცეთ საწერი საშუალებები და წავახალისოთ ხატვა თითებით, მსხვილი ცარცით, ფანქრებით, პასტელით. სასარგებლოა ძერწვა, ქვიშითა და კუბებით თამაში, მოზაიკის, ფაზლის, კონსტრუქტორის აწყობა. ასოების სწავლებისას შეიძლება გამოვძერწოთ ისინი, ავაწყოთ მოზაიკისგან ან ქვიშაში ხელით ვწეროთ.

არ გაუბრაზდეთ ბავშვს უსუფთაოდ შესრულებული დავალებისთვის, შეუქეთ მონდომება და ძალისხმევა, რათა ეს თვისებები განუმტკიცოთ. თუ ასე უფრო უადვილდებათ, მიეცით დახაზული თაბახის ფურცელი ჩვეულებრივი რვეულის ნაცვლად. ნება დართეთ, გამოიყენონ ის საწერი საშუალება, რომლითაც უფრო კომფორტულად წერენ.

მასწავლებელს შეუძლია, წერის უნარის დარღვევის მქონე მოსწავლეს წერითი დავალების შესასრულებლად შესთავაზოს ალტერნატიული გზა, მისცეს ცოდნის მისთვის ხელმისაწვდომი ფორმით, მაგალითად, ზეპირად ან ნაბეჭდი ტექსტით გამოხატვის საშუალება. ეფექტიანია მოთხოვნების შეცვლაс, მაგალითადб კითხვებზე პასუხის ნაცვლად ტესტის შეთავაზება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...