შაბათი, ივლისი 12, 2025
12 ივლისი, შაბათი, 2025

6 მიზეზი: რატომ ვერ ვითარდება საქართველოში ბავშვთა სპორტი

0

საქართველოში ბავშვთა სპორტში და, საზოგადოდ, სპორტულ სწავლებაში ბევრი პრობლემა რომ დაგროვდა, ამაზე ის ადამიანებიც კი ხშირად საუბრობენ, რომლებსაც ამ სფეროსთან შეხება თითქმის არ აქვთ. მიზეზი მარტივი და აშკარაა: სპორტული ცხოვრების წესი წლიდან წლამდე უფრო და უფრო ნაკლებპოპულარული ხდება. სკოლებში სპორტის გაკვეთილები ხშირად ფიქციაა და უინტერესოა.

რა უშლის ხელს ბავშვთა სპორტის განვითარებას? რისი ბრალია, რომ ნიჭიერი მოზარდები შემდგომ ვეღარ ვითარდებიან? არის თუ არა ამ ყველაფრის მიზეზი ყბადაღებული უფულობა – სახელმწიფოსა თუ კერძო კომპანიების მიერ სპორტში ჩადებული ფულის სიმცირე? ეს კითხვები, რომლებიც ხშირად გაისმის, ბუნებრივიცაა და ლეგიტიმურიც. გამოსავალი იოლი საპოვნელი არ უნდა იყოს, თუმცა უსაშველო არაფერია.

მოდი, მაინც ჩამოვთვალოთ მიზეზები.

  1. სამწუხაროდ, საზოგადოება თითქმის ვერ ხედავს სპორტის სიკეთეს. მოსწავლეთა მშობლებიც კი სპორტის გაკვეთილებს ხშირად დროის კარგვად აღიქვამენ.
  2. როდესაც საქართველოს საფეხბურთო, სარაგბო თუ საკალათბურთო ნაკრებების მატჩებს ტელევიზორში აჩვენებენ, ყველა გულშემატკივარი გამარჯვებას მოითხოვს, თუმცა მათ უმეტესობას არასოდეს უფიქრია, რატომ ვარდება ეროვნული ჩემპიონატების დონე, რატომ აღარ დაჰყავთ მშობლებს შვილები სპორტზე და როგორ აისახება ეს მომავალში ჩვენი გუნდების გამოსვლაზე.
  3. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სპორტული ფედერაციების უმეტესობა უბრალოდ არ ცდილობს კერძო სექტორიდან ბავშვთა სპორტში თანხების მოზიდვას და წლობით ბიუჯეტზეა ჩამოკიდებული, რასაც, ლოგიკურია, სპორტის კონკრეტულ სახეობათა დეგრადაციამდე მივყავართ. სამწუხაროდ, ამის მაგალითი მრავლადაა.
  4. ძალზე მწირია სპორტული თემატიკის თანამედროვე ლიტერატურა ქართულ ენაზე. სკოლისა თუ საჯარო ბიბლიოთეკებში უმეტესად ძველ, საბჭოთა კავშირის დროინდელ წიგნებს თუ იპოვით, რომელთა ნაწილი საბჭოური პროპაგანდითაა გაჟღენთილი, ნაწილი უბრალოდ დაბალი ლიტერატურული ღირებულებისაა და სულ რამდენიმე წიგნი თუ მოიპოვება, რომლებსაც შეუძლია, ახალგაზრდებს სპორტისადმი ინტერესი გაუღვივოს და ამა თუ იმ სახეობით დააინტერესოს.
  5. რბილად რომ ვთქვათ, არასასურველია არათუ სკოლებში სპორტის მასწავლებლების, არამედ იმ მწვრთნელების ცოდნის დონეც, რომლებიც ვარჯიშის სანაცვლოდ გასამრჯელოს იღებენ. კონტროლი არ ხდება და ამის მიზეზი ისევ და ისევ სპორტისადმი ზერელე დამოკიდებულებაა. იმერეთის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა მითხრა: იმას, რაც „ეპატიება“ სპორტის მასწავლებელს, სხვა, უფრო „სერიოზული“ საგნების მასწავლებლებს არავინ აპატიებს, რადგან „სპორტი მაინც სპორტია და მეტი არაფერი“.
  6. მედია, უპირველეს ყოვლისა – ტელევიზია, თითქმის არ ეწევა სპორტული თემატიკის პროპაგანდას. გუნდებისა თუ ინდივიდუალური სპორტსმენების შეხვედრების გაშუქება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის.

საქართველო ყოველთვის სპორტული ქვეყანა იყო, რასაც ათწლეულების განმავლობაში ჩვენი სპორტსმენების ფენომენალური შედეგებიც მოწმობს. ტრადიცია შესანიშნავი რამაა, მაგრამ მას შენარჩუნება და თანამედროვეობაზე მორგება სჭირდება. სხვაგვარად არაფერი გამოვა.

ლიტერატურული კონკურსის შედეგები ცნობილია!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალ  “მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ს , ლიბერთი   ბანკის  მხარდაჭერით, გამოცხადებული  ლიტერატურულ კონკურის მწერლებისთვის: საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელზედასრულდა:

დაჯილდოება  საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამაირთა :

 

გამოვლინდა  სამი საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლის საქმიანობისა  და სკოლის ცხოვრების შესახებ:

 

ადგილი ეკა ქევანიშვილი– მე არ ვარ, მასწ

II ადგილი ზურა აბაშიძე– საშტატო ერთეულები

III ადგილი  ლუკა ბაქანიძე ისროდნენ, მასწ

 

გამარჯვებულებს ლიბერთი ბანკისაგან გადაეცათ ფულადი პრემია და „მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაგან“ – პერსონალური პორტატიული კომპიუტერები.

 

კონკურსის მხარდამჭერების და პარტნიორების პრიზები გადაეცათ:

 

პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის”– პრიზი- თორნიკე ჭელიძეს-  “ჯავახეთის დღიური“

 

გამომცემლობაინტელექტის“  პრიზი- ინა არჩუაშვილის- „დედუკა ბექაური“ და

ნინია სადღობელაშვილის-  ვერცხლის სამაჯური

 

გამომცემლობა  „წიგნები ბათუმში–  პრიზები გადაეცა- ლევან ლორია -„კურუმ, კურუმ“ და დიანა ანფიმიადს – „კავშირი“

კონკურსის საუკეთესო ათეულს სამახსოვრო პრიზები გადასცა ჟურნალმა „მასწავლებელმა“ და ინტერნეტგაზეთმა „mastsavlebeli.ge“-მ.

კონკურსის ორგანიზატორები, განსაკუთრებულ მადლობას უხდის ლიბერთი ბანკს”  მხარდაჭერისათვის ასევე კონკურსის პარტნიორებს.

 

განსაკუთრებული მადლობა ჟიურის წევრებს: ნენე  კვინიკაძეს,  ლევან ბერძენიშვილს, ზვიად კვარაცხელიას, დავით გაბუნიას, მარი კორინთელს  გაწეული სამუშაოსათვის.

დიდი მადლობა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, მასპინძლობისთვის და  მხარდაჭერისთვის.

საუკეთესო ათეულის მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge”-ზე.

 

~

ხსნადი სკოლა (ნაწილი II)

0

ჩვენ საოცარ დროში ვცხოვრობთ. ჩვენი შვილების სწავლების საზღვრები დიდი ხანია გასცდა საკლასო ოთახს. მასწავლებელი აღარ არის ცოდნის ერთადერთი მიმწოდებელი.

როგორ უნდა ვისწავლოთ და ვასწავლოთ? – ამაზე ანატოლი შპერხი გვპასუხობს – მკვლევარი მასწავლებელი, ოთხი შვილის მამა და უბრალოდ ის ადამიანი, რომელიც რთულ ჭეშმარიტებებზე მარტივად საუბრობს.

 

თუ თქვენ იცით, როგორ მუშაობს კონტენტის ფილტრაციის მექანიზმი საძიებო სისტემაში ან სოციალურ ქსელში, მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებით თქვენს ონლაინმოქმედებებს. ზოგჯერ ამის ცოდნა გაიძულებთ მეტად დისციპლინირებული იყოთ.

მაგრამ არსებობს უფრო ეფექტიანი გზა. ინტერნეტინსტრუმენტები მომხმარებლის მოქმედებების საფუძველზე მის ირგვლივ საინფორმაციო „ბუშტს“ წარმოქმნიან. ამ პროცესის აქტიური შესწავლითა და სასწავლო სიტუაციების შექმნით ჩვენ ვეხმარებით მოსწავლეს თვითონვე შექმნას ის შლეიფი, რომელსაც საძიებო სისტემა ინფორმაციის რანჟირების დროს მექანიკურად გაითვალისწინებს.

თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები გვაძლევენ  შესაძლებლობას, ბევრი რამ ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, რათა შევცვალოთ ჩვენივე თავი და დასახულ მიზნებს მივაღწიოთ. მაგალითად, შეგვიძლია შევქმნათ საკუთარი ფოტოგალერეა, ლაშქრობების რუქა და თანაც ისე, რომ საძიებო სისტემა ჩვენს ინტერესებს მოვარგოთ. ეს ობიექტები ჩვენს პირად საინფორმაციო სივრცეს შექმნიან. ეს კი 21-ე საუკუნის ადამიანის განუყოფელი ატრიბუტია. ამ სივრცის ფორმირება შეგვიძლია პროფესიულ კომპეტენციად განვიხილოთ.

„პირადი სასწავლო სივრცის” კონცეფციის შექმნა რადიკალურად შეცვლის დამოკიდებულებას იმ ნეგატიური განწყობის მიმართ, თუ რას აკეთებს მოსწავლე ქსელში. პორტფოლიოდან, სადაც ძირითადი ამოცანები დაკავშირებულია მოსწავლეების შეფასების წესთან, ჩვენ გადავალთ მოდელზე, სადაც მოზარდი უფრო მეტადაა პასუხისმგებელი განათლების წინაშე, თავად აგროვებს და წარადგენს არა მარტო საბოლოო, არამედ მისი საქმიანობის შუალედურ შედეგებს. ამ მოდელის მიხედვით, აქცენტი გადატანილია მოსწავლის სასწავლო გარემოს დამოუკიდებელ ორგანიზებაზე, სადაც ის კომფორტულად მუშაობს. ამავე დროს, მასწავლებლის ამოცანა არ არის ყველაფრის გამარტივება – მან უნდა შეძლოს, თვალი მიადევნოს, მოსწავლის საქმიანობის მრავალფეროვან წახნაგებს.

და ასეთი ერთ-ერთი კომპეტენციაა საკუთარი ქსელური კუნძულის შექმნა, საინფორმაციო წყაროების ქსელის სწორი „ფრენდლენტით“. ქსელში ჩვენ ისე ვცხოვრობთ, როგორც „საბავშვო ბაღში“. აქ უამრავი უაზრო სათამაშო და გასართობია, მაგრამ არის საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზების საშუალებაც. ქსელი მუდმივად გვაწვდის სიახლეებსაც, რომლებიც, თუ გონივრულად მოვიქეცით, ჩვენს თვითგანვითარებას შეუწყობს ხელს.

ფიქრისთვის, მოქმედებისთვის, შენებისთვის, ინტელექტის განვითარებისთვის ყველას გვჭირდება მარტივი ობიექტები და საშუალებები.

ეს „საბავშვო ბაღი“ კი მართლაც მარადიულია – თანამედროვე სამყაროში სწავლებას ბოლო არ აქვს, ის არასოდეს მთავრდება. ეს განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია პიროვნების განვითარების ადრეულ ეტაპზე. აგრეთვე მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელიც გაჩვენებს და მოგითხრობს სწორ ქცევაზე ქსელში, მის ავკარგიანობაზე. დაგეხმარება უცნობი ამორფული ინსტრუმენტიდან შექმნა საინტერესო საგანმანათლებლო პროდუქტი. სკოლა უბრალოდ ვალდებულია, შემოაბიჯოს სოციალურ ქსელებში და მოზარდის მხარე დაიჭიროს.

მობილობა არ ნიშნავს იმას, რომ სკოლა არის ყველგან, მაგრამ სკოლა უნდა მიჰყვებოდეს მასწავლებელს, უნდა გამოიყენოს მედიასერვისები და საინფორმაციო ნაკადები სასწავლო პროცესებში. მოკლედ, სკოლა არის იქ, სადაც მასწავლებელია და ამაშია მისი როლი.

რატომ არ ჩანს სკოლის მასწავლებელი სოციალურ ქსელში და არ ახდენს გავლენას მოზარდის ინტერესებზე? მე შემთხვევით არ მიხსენებია „სწორად შერჩეული „საფრენდეთი“. ქსელი აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადამცემი სატრანსპორტო არხი. ეს ის ადგილია, რომელთანაც მოსწავლეები უწყვეტ კავშირში არიან, დღისითა და ღამით, ბიბლიოთეკებსა თუ სტუმრად ყოფნის დროს. მაგრამ ეს გარემო თავისი რესურსებითურთ შეიძლება ცუდიც იყოს.  გამოცდილი ადამიანი სწორად ირჩევს „ფრენდებს“, თავის სოციალურ სივრცეს საგანმანათლებლო ინსტრუმენტებით ამდიდრებს. როგორ უნდა მოიქცეს მოზარდი?

მე მიყვარს ბავშვები და ვაფასებ ჩვენს შვილებს, მაგრამ გმირობის ტოლფასია, დარჩე მხიარულ და სავსე ენერგეტიკის მქონე პატარა ადამიანად სკოლის დამთრგუნველ ატმოსფეროში. სკოლაში იყო მშრომელი და პატიოსანი, უბრალოდ, მოსაწყენია. მოსაწყენია მთელი დღის განმავლობაში ამოცანების ამოხსნა და ყურადღების გაუფანტავად მერხთან ჯდომა. მოსაწყენია სახელმძღვანელოების ფურცვლა და იმ წესების დაზეპირება, რომლებიც არასდროს იქნება სასარგებლო რეალურ ცხოვრებაში. ბევრი მასწავლებელიც მოსაწყენია. ხანდახან მეჩვენება, რომ ორმოცდახუთი წუთის განმავლობაში ბავშვს ღიმილიც კი უნდა დაავიწყდეს, მაგრამ, ცხადია, არსებობს კარგი სკოლები და ბავშვიც იცვლება, როდესაც სკოლის კედლებს ტოვებს… მანამდე კი ის ყველაზე ბედნიერი შესვენებების დროს არის, ინტერნეტში შემძვრალი, თითქოს იქ უნდა იპოვოს თავისუფლება. სკოლის შესვენებაზე ბავშვის ნამდვილი ცხოვრება იწყება. იბმება სოციალური კავშირები. შესვენების დროს გვარდება ყველა გლობალური, სასიცოცხლო პრობლემა.

სინამდვილეში კი, სასწავლო გარემო ჰგავს ეკოსისტემას, რომელიც უწყვეტ განვითარებაშია და შედგება მრავალი ადამიანის ქმედებებისა და ინტერესებისგან.

ჩვენ უნდა ვითამაშოთ ახალი როლები, შევიმუშაოთ ახალი ჩვევები, შევისწავლოთ ახალი ფორმები და საქმიანობის მეთოდები. ეს ცვლილებები მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ იქმნება ახალი ტექნიკური საშუალებები, რომლებსაც ჩვენ თვითონვე ვიგონებთ. გარემო ცვალებადია, ადამიანიც იცვლება, ის უფრო სწრაფად იღებს ახალ ინფორმაციას, კითხულობს პრესას,  უსმენს რადიოს, უყურებს ტელევიზორს – და ამ დროს მსოფლიო ქსელი ამ მოძრაობის დიდ პლატფორმად იქცევა. მისი დახმარებით ადამიანები უკავშირდებიან ერთმანეთს და ამყარებენ სხვადასხვა ფორმატის ურთიერთობებს.

სწავლება არის გაერთიანების პროცესი – სპეციალიზაციის კვანძებისა და ცოდნის წყაროების დაკავშირების გზაჯვარედინი. სწორედ სოციალური ქსელის დახმარებითაა შესაძლებელი სხვადასხვა ექსპერტთა მოსაზრებების მოსმენა, შედარება და შეჯერება. თუ არა სკოლამ, ვინ უნდა ასწავლოს ეს მოზარდებს? დაუსვით ეს შეკითხვა საკუთარ თავს.

 

 

 

 

 

 

რაძიონოკ

0

ისტორია შემოინახავს იმ ადამიანის სახელს, ვინც ბიძაჩემ თემურ კვარაცხელიას „გარადსკოი“ დაუძახა პირველად. ავი ენები იმასაც ამბობენ, ეს თიკუნი საკუთარ თავს თვითონვე მოუფიქრაო, თუმცა ფაქტი ერთია: ქალაქელი ბიჭობის თამასა მას დღემდე არ დაუშვია.

ლეგენდასავით მსმენია: ზუგდიდში ცეკას მაშინდელი პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე ჩამოსულა და მასპინძლები, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, ეფექტიანი ქორეოგრაფიული ნომრით დახვედრიან. ტყუპი ძმებიდან ერთ-ერთს შუა ცეკვისას თურმე ფაფახი მოძვრა. ბობოლა მასპინძლები რესპუბლიკის პირველ კაცთან თავმოჭრას მეორე ტყუპისცალმა გადაარჩინა, რომელმაც ელვისებური ილეთით აიტაცა სცენაზე უსულოდ დაგდებული ნივთი და ძმას მოხდენილად გადააწოდა…

ცხოვრებამ, ფოლკნერის პერსონაჟებისა არ იყოს, ყველა ხიფათი და სიმწარე დაატეხა ბიძაჩემს, მაგრამ ამის გასაძლებად ჯიუტი ნება და ძლიერი სული მისცა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბიჭს, სოხუმის სამშენებლო სამმართველოს ხელმძღვანელს, და შემდეგ – როგორც მამას, ლუკმაპურისა და შვილების ჯანმრთელობისათვის მოსკოვურ მრავალწლიან ემიგრაციაში მყოფს, საკუთარ შესაძლებლობებზე მაღლა მოუხდა დამდგარიყო.

თუმცა თავის შვილებზე ადრე მას მამობის გაწევა ჩემთვის მოუწია. მამაჩემი, საბჭოთა იმპერიის დედაქალაქში სასწავლებლად მყოფი, პირველი შვილის ნაადრევად დაბადებას ვერ დაესწრო და მხოლოდ ორი თვის შემდეგ მოახერხა უკვე წამოჩიტული ვაჟიშვილის ნახვა. მანამდე კი ბიძაჩემმა იტვირთა ჭირვეული ჩვილის ურიცხვ კაპრიზთა დაკმაყოფილება და ერთი-ორჯერ სამშობიაროს პერსონალიც შემოელანძღა, – დაგბრიდავთ, ბავშვი კოღოებს როგორ დააკბენინეთო!

ცოლი, როგორც იტყვიან, ევროპულ ასაკში მოიყვანა. სოხუმში გაცნობილმა, თორმეტი წლით უმცროსმა გოგომ სამი შვილი გაუჩინა, მის რთულ ხასიათსაც აუღო ალღო და ულევ პრობლემასთან გამკლავებაშიც ქმრის ყველაზე ერთგული თანამებრძოლი გამოდგა.

ის დღე ალბათ არასდროს დამავიწყდება, როცა მამაჩემმა დილაუთენია დამირეკა და აფორიაქებული, ნამტირალევი ხმით მითხრა ტყუპისცალზე, – თემურიმ ინსულტი მიიღო და მიდით, მიეხმარეთო. მეგრული სიტყვა – „ქიმეხვარით“ – თითქოს მე და ჩემს ძმას შანსს გვაძლევდა, ბიძაჩემსაც დავდგომოდით გვერდით და მისი ცხოვრების მთავარი პრინციპიც გაგვემეორებინა – ის ხომ, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, ყველა გარშემომყოფს ეხმარებოდა: ზოგს ფულით, ზოგს საკუთარი ჭერით, თანაგრძნობითა თუ თანადგომით.

ინსულტს ღირსეულად დაუსხლტა, მცირედი დანაკარგებით – შაბათ-კვირის საფეხბურთო მატჩებზე ფსონების დადებას უმატა, ჟამიდან ჟამზე გულჩვილობა შემოეპარება ხოლმე და სიმთვრალეში, თუ კარგად დააკვირდებით, კევინ სფეისის ცნობილი პერსონაჟივით (ფილმიდან „ეჭვმიტანილები“) დასთრევს მარცხენა ფეხი.

ერთხელაც, როცა ბიძაჩემმა, ყოველდღიური, მძიმე რეჟიმისა და პრობლემებისგან დათრგუნულს, წუწუნის ტალღაზე გადასვლა შემატყო, პირდაპირ, ენის მოჩლექის გარეშე მითხრა: „ლიუბიშ კატატსია, ლიუბი ი სანოჩკი ვაზიტ“ – სამი ბიჭიც რომ გინდოდა და ცხოვრების ორომტრიალში ყოფნაც, ეს ამბავი ეგრე უბრალოდ არ გამოდისო.

თემური. თეიმუ-რაზი. რაძი. რაძიონოკ… მეორე თუ მესამეკურსელი ბიძაჩემი უცებ ავად გამხდარა და პაემანზე წასვლა ძმისთვის უთხოვია. ეს ნაცადი ხერხი იყო – „გეპეის“ გამოცდებზე ამართლებდა, ლექტორები საეჭვოს ვერაფერს ატყობდნენ. ოპერაცია ჩავარდა – გამიჯნურებული გოგო არ მოტყუვდა და პაემანზე ძმის ნაცვლად მისულ მამაჩემს იოლად მოუგვარა, – შენ ის არა ხარ, ვისაც ველოდი, თემურს ცხვირზე ხალი მარჯვენა კი არა, მარცხენა მხარეს აქვსო.

ღმერთს რომ ბიძაჩემისთვის წერის ნიჭი მიეცა, ერთიმეორეზე უკეთეს წიგნებს დაალაგებდა. მაგრამ ღმერთმა რაძიონოკს ლაპარაკის ნიჭი უბოძა და მის მიერ სუფრაზე თუ თავშეყრის სხვადასხვა ადგილას მოყოლილი ამბები ერთ რამედ ღირს. განსაკუთრებით მისი საფირმო – დიდი ოჯახის – სადღეგრძელო მიყვარს, რომელიც სამ თაობას აერთიანებს და კიდევ ერთხელ გვაფიქრებს ძლიერი ოჯახის მნიშვნელობაზე, ადამიანური ყოფის უწყვეტობასა და მუდმივობაზე.

კარლოს ლოცვა

0

დღეს თხუთმეტი სექტემბერია, სწავლის პირველი დღე. არც კი ვიცოდი, ჩემს ამდენ ვირტუალურ მეგობარს თუ ჰყავდა შვილი, მით უფრო – პირველკლასელი. დილიდან ჩანთამოკიდებული, ლამაზ კაბებსა თუ კოსტიუმებში გამოწყობილი პატარების ფოტოების მეტი არაფერი მხვდება სოციალურ ქსელში და უკვე მეშინია, რომ მათი მშობლები ასე ფოტო-ფოტო, ნაბიჯ-ნაბიჯ, დაგვაზრდევინებენ თავიანთ შვილებს. პირველი დღის ფოტო, პირველი წამახალისებელი შეფასების ტექსტი, პირველი ზეიმი, პირველი შეყვარებული და ჩვენც ვუყურებთ, ვუყურებთ, ვუყურებთ, იმიტომ, რომ პირადად მე სულ ოთხი-ხუთი ფოტო თუ მაქვს ამ ასაკში გადაღებული, სწავლის პირველი დღისა კი – მხოლოდ ერთი.

თუმცა ხსოვნით რამდენიმე მომენტი მახსოვს. ღონისძიებაზე დაგვიანებით მივედით. გადავჭერი დარბაზი და ორ ბავშვს შორის დავჯექი. თან ტირილი მინდოდა და თან მრცხვენოდა ამდენი ხალხის წინაშე ჩემი ცრემლების. მერე, მახსოვს, მშობლებს სთხოვეს, დროებით დაგვმშვიდობებოდნენ და ჩვენ მეორე სართულისკენ წაგვიყვანეს. კიბეზე ვიღაც მესამე– თუ მეოთხეკლასელი მომყვებოდა გვერდით და მიხსნიდა, რომ შეგვეძლო გვეძმაკაცა და თუ ვინმე რამეს მეტყოდა, ის უეჭველად დამეხმარებოდა. მეთქი, ვიძმაკაცოთ, ძმაო, და ხელი ჩავარტყით. ახლა სახელიც არ მახსოვს მისი.

კერძო სკოლაში ვსწავლობდი, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი საჯარო სკოლის შენობაში იყო განთავსებული და ნათლად ჩანდა, რომ ჩვენ უკეთეს გარემოში ვიყავით: გარემონტებული ოთახები, სასადილო, კლასში – 12-15 მოსწავლე. პირველ, მესამე და მეოთხე სართულებზე კი სხვა სამყარო იყო – როგორც ჩვენ ვუწოდებდით, უფასო. უფასო სკოლა. თუმცა საბოლოოდ ყველა, როგორც იტყვიან, ერთ ქვაბში ვიხარშებოდით. ზამთარში, დიდი სატვირთო მანქანის ხმას რომ გავიგონებდით, ყველამ იცოდა, რომ შეშა მოიტანეს და იწყებოდა ამოტანის და საკლასო ოთახში დაწყობის რიტუალი. რამდენიმე ბავშვს ამოგვქონდა ხუთი-ექვსი კუბმეტრი დაჩეხილი ხე და გვიხაროდა, რომ ამ დროს გაკვეთილი ცდებოდა.

შეშა სველი იყო, ღუმლის ქვეშ და ღუმელზე უნდა დაგეწყო, რომ მალე გამომშრალიყო. ასე ვიზრდებოდით პატარა გეტოში, რომელსაც საქართველო ერქვა. ვუმღეროდით მას სიმღერებს, ვუკითხავდით ლექსებს. ქიმიის გაკვეთილზე არასდროს გვინახავს ლაბორატორია – ყოველთვის დაკეტილი იყო. მხოლოდ ერთხელ გააღეს და იქ ბიოლოგიის მასწავლებლის მიერ შეტანილი ჩონჩხი დავინახეთ, ჩვენი ჩონჩხი, ჩონჩხიკო, რომელსაც მაიკლ სქოულზი ერქვა. ეგ სქოულზი მგონი დიდი კაცი იყო მაშინ თელასში და საინფორმაციო გადაცემებში პრეზიდენტზე ხშირად ახსენებდნენ.

ფანჯრიდან ვუყურებდით, უფროსკლასელები როგორ დაიყოფოდნენ ჯგუფებად, თითქოს ნარკოკარტელების ომი იწყებოდა, და ჯერ დიდხანს საუბრობდნენ ხმამაღლა, მერე კი უმოწყალოდ სცემდნენ ერთმანეთს. რის გამო? არ გვესმოდა, ისინი კი ამაზე არასდროს გვესაუბრებოდნენ. ჩვენ – პატარა ძმებს, უბრალოდ გვარიგებდნენ, რომ ყველაფერი წინ გვქონდა; მთავარი იყო, სწორად გვევლო ჩვენს გზაზე, კაცურად და ჩვენი სიმართლით. „ჩვენი სიმართლე“ კი სინამდვილეში პოკემონების და ფეხბურთელებისსურათებიანი ხელისგულისოდენა ბარათები იყო, რომლებით თამაშიც ყველაზე მეტად გვიყვარდა.

ყველაფერი, რასაც ლიტერატურასა და ისტორიაში გვასწავლიდნენ, პარალელურ სამყაროდ გვეჩვენებოდა: ვაჟკაცობა, მეგობრობა, დიდებული საქართველო, შაჰ-აბასი, ვახტანგ მეფე, თამარის წყარო, თამარის ქუჩა, თამარის ქვა. ჩვენს რეალობაში კი იყვნენ ჯუმბერ პატიაშვილი, ედუარდ შევარდნაძე, ზურაბ ჟვანია, ვანდამი, ჯონ ტრავოლტა, ზვიადი, მერაბ კოსტავა, ელცინი. ესენიც ისე, გაგვეგონა უბრალოდ, თორე ფეხზეც გვეკიდა ყველანი. სულ ერთი-ორი წლის დამთავრებული იყო სამოქალაქო და აფხაზეთის ომები, ვიღაც რაინდები დათარეშობდნენ ყველგან და ხალხს იტაცებდნენ, ძარცვავდნენ, მათი სანჩო პანსები ტელეეკრანებიდან გვმოძღვრავდნენ, როცა დენი გვქონდა, დულსინეა ტობოსელებს სკოლის უკან მეთერთმეტეკლასელი ბიჭები კოცნიდნენ და კაბებს უწევდნენ. ჩვენ კი ვისხედით, ოცდახუთთეთრიან წვენს ვსვამდით და ამ ყველაფერს ვუყურებდით და ერთი სული გვქონდა, როდის გავიზრდებოდით, რომ ჩვენც რაინდები გავმხდარიყავით.

და ახლა, ამდენი წლის მერე, ვუყურებ ხოლმე ბავშვებს, რომლებიც იმავე შენობებისკენ მიაბიჯებენ პატარა კეთილი და ბედნიერი სახეებით, იმავე მასწავლებლებისკენ. მათი შვილები, ვინც ზემოთ მოყოლილ ამბებს მოესწრნენ. შეშის ამოტანა აღარ უწევთ. ინტერნეტიც გვაქვს, ელექტროენერგიაც. აქა–იქ კომპიუტერული კლასებიც გუგუნებენ საბჭოთა ქარხნებივით. მოკლედ, დუღს ცხოვრება. მაგრამ შიგთავსი იგივეა, რაც იყო. თითქოს ისევ ვდგავარ რელიგიის გაკვეთილზე მესამე თუ მეოთხეკლასელი, უფროსი ნათესავების გამონაცვალი ტანსაცმლით, ვუყურებ გარეუბნის უსახურ კორპუსებს, დანგრეულ გზებს, ჯიხურებს, საბჭოთა მანქანებს და რელიგიის მასწავლებლის ფრაზებს ვიმეორებ „მამაო ჩვენოდან“, რომელიც დღემდე გრძელდება, ოღონდ უფრო მტკივნეულად, უფრო რეალისტურად, როგორც მაშინ, როგორც ახლა, როგორც კარლო კაჭარავა წერდა:

„მამავ, მამავ, მომეცი ცოტა ფული და ხეტიალის უნარი

და ნუ დაივიწყებ დასავლეთ საქართველოს წვიმიან სასაფლაოებს.

ჩემს ცას, რომელსაც მთელი ცხოვრება მართმევენ ჩემიანები“.

სასექტემბრო ციებ-ცხელება ანუ როგორ დავძლიოთ თავისუფლების დაკარგვით გამოწვეული სტრესი

0

ზაფხული ბავშვების სეზონია. სოფლის მშვიდი ცხოვრების ტემპი, თანატოლებთან ერთად თავგადასავლის ძიებაში დაღამებული დღეები, უშფოთველი ძილი, თავისუფლებით გაჟღენთილი ჰაერი… ეს ყველაფერი სამი თვის განმავლობაში მოზარდთა ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილს, მათი რუტინული ყოფის სასიამოვნო ჩანაცვლებას წარმოადგენს, შემოდგომის მოახლოება კი მის დასასრულს ნიშნავს. ის მოსწავლეებიც კი, რომლებიც სკოლაში თავს კომფორტულად გრძნობენ, „ბორკილების დადებას“ მძაფრად განიცდიან.

განგაშის გრძნობა, რომლის დაძლევა ზრდასრულებსაც კი უჭირთ, ერთიანად მოიცავს ბავშვის ფსიქიკას და წინააღმდეგობის სურვილს წარმოშობს. ეს განცდა ალბათ ყველასათვის ნაცნობია. მე ის დღემდე შემომრჩა სხვა, ასევე დაუძლეველ (წარუმატებლობის, დამცირების, გაურკვევლობის) შიშებთან ერთად და ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ისევ ვემსგავსები „ხუთოსან მოსწავლეს“, რომელიც მოშვებას, დინების მიმართულებით სვლას იმიტომ ვერ ბედავს, რომ ყველაფერი, რასაც არ მართავს, მის ქვეცნობიერს საფრთხედ ეჩვენება. ამიტომ უნდა ვეცადოთ, პატარებს შეძლებისდაგვარად გავუმარტივოთ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სირთულეები.

მიუხედავად იმისა, რომ მშობელს მთელი დღის განმავლობაში შვილზე ზრუნვა აღარ მოუწევს, სასწავლო წლის დაწყება მისთვისაც სტრესია. როცა ბავშვი დედ–მამის მზრუნველ თვალს მოეფარება, ახალი შიში იჩენს თავს: ვაითუ რომელიმე მოსწავლემ დაჩაგროს, ან მასწავლებლის ყოვლისმხედველ თვალს გამოეპაროს კლასიდან მისი გარიყვის/დაჩაგვრის ფაქტი, იჩხუბოს, მასწავლებლის საყვედური დაიმსახუროს, პროგრამას ჩამორჩეს… მშობლებს მღელვარებას ახალი სასწავლო წლისთვის მზადების პროცესშიც (სასკოლო ნივთების შეძენა, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, მშობელთა შეხვედრაზე გადაჭარბებული აქტიურობა, კლასის დამრიგებელთან ხშირი კონტაქტი და ა.შ.) შეატყობთ. სამწუხაროდ, მშობლების ემოციური მდგომარეობა ბავშვზე დიდ გავლენას ახდენს.

ადაპტირების პროცესს განსაკუთრებით სკოლის დატვირთული რეჟიმი ართულებს. უპირველეს ყოვლისა, მშობელმა შვილის ძველ რეჟიმზე ეტაპობრივად გადაყვანა სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც უნდა დაიწყოს. ზაფხულობით ბავშვები უფროსებთან ერთად გვიანობამდე სხედან ტელევიზორთან, დადიან სტუმრად, სალაშქროდ ან სოფელში, სადაც ბებია-ბაბუები მონატრებული შვილიშვილებისთვის სასურველ დღის წესრიგს არასდროს აპროტესტებენ. ასეთი თავისუფლების ერთბაშად შეზღუდვამ შეიძლება სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს. ამიტომ არასასურველ ცვლილებებთან შეგუება ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა მოხდეს (15 წუთით ადრე დაძინება/გაღვიძება, მეცადინეობის ხანგრძლივობის ნელ-ნელა გაზრდა და სხვ.). აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადრე ადგომა და აკადემიური ვალდებულებების შესრულება ბავშვისთვის სასურველ აქტივობას/ბონუსს უნდა უკავშირდებოდეს და არ გადაიქცეს წამზომად, რომელიც გამუდმებით არდადეგების დასასრულის მოახლოებას შეგვახსენებს.

სასურველია, მოსწავლე სწავლის დაწყებამდე გაეცნოს სასკოლო დღის რეჟიმს, გაიგოს, რა სიახლეები ელოდება ამ წელს. თუ გსურთ, ბავშვი თავისი შიშის შესახებ ხმამაღლა გესაუბროთ, მოუყევით, რას გრძნობდით მის ასაკში, თან შეეცადეთ, ხაზი გაუსვათ სკოლაში წასვლის პოზიტიურ მხარეებსაც – თანაკლასელების ნახვას, ახალი მეგობრების შეძენას, საინტერესო აკადემიურ სიახლეებში ჩართვის შესაძლებლობას.

ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ნებისმიერი წარუმატებლობის შემთხვევაში მიიღებს მშობლის/მასწავლებლის მხარდაჭერას (მაგალითად, ჩანთაში აღმოჩენილი კეთილი სურვილებით სავსე ბარათი პატარებს აუცილებლად გაამხნევებს და სირთულეების დაძლევას გაუადვილებს). მიუხედავად იმისა, რომ მშობელთან განშორება ხშირად ცრემლების წვიმით მთავრდება, პირველ დღეს სკოლაში ოჯახთან ერთად მისვლა მაინც მნიშვნელოვანია. თანაკლასელებთან სწავლის დაწყებამდე შეხვედრაც სასკოლო ატმოსფეროს მოსწავლისთვის უფრო სასურველს და საინტერესოს გახდის.

ალბათ ყველა ბავშვის ოცნებაა, დიდი და დამოუკიდებელი გახდეს. ახალი სასწავლო წლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულება შესაძლოა შეიცვალოს, თუ იგრძნო, რომ პასუხისმგებლობიან, სანდო პიროვნებად აღიქვამენ (შეარჩიოს სასკოლო ჩანთა, ტანსაცმელი და სხვა ნივთები, გაესაუბროს დამრიგებელს სასწავლო დეტალების გარკვევის მიზნით და ა.შ.).

მოსამზადებელი და პირველი კლასების მოსწავლეებს ხშირად აძლევენ საყვარელი სათამაშოს სკოლაში მიტანის და თავისუფალ დროს მასთან თამაშის უფლებას, რაც სახლში ცოტა ხნით დაბრუნების განცდას წარმოშობს. ამ ტრადიციას თუ საინტერესო აქტივობით გავამდიდრებთ და მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვან ნივთს სასკოლო ცხოვრების ნაწილად ვაქცევთ, ამით ადაპტირების პროცესსაც დავაჩქარებთ და ბავშვებს განსაზღვრულ აკადემიურ უნარებსაც განვუვითარებთ. მაგალითად, მოსწავლე თანაკლასელებს უყვება თავისი საყვარელი სათამაშოს ისტორიას: ვინ აჩუქა, სად შეიძინეს, რითი სჯობს სხვა სათამაშოებს და სხვ. გარდა იმისა, რომ მოსწავლეები ზეპირმეტყველების უნარს დახვეწენ, ასეთი აქტივობის დროს მყუდროდ და დაცულადაც იგრძნობენ თავს. ამავე მიზეზით ბავშვები დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ ოჯახის თემაზე პრეზენტაციის მომზადების დროსაც.

ზოგიერთი მოსწავლე ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ჰიპერაქტიური ქცევით გამოირჩევა, რაც ქმნის ილუზიას, რომ ჯერ არ დაღლილა და მშობელი/მასწავლებელი დამატებითი დავალებებით ცდილობს გადაჭარბებული აქტიურობის განეიტრალებას. სინამდვილეში მოზარდების ზემოხსენებული მდგომარეობა ხშირად ემოციურ-გონებრივი გადაღლის შედეგია. ამავე მიზეზით მოსწავლეებს უჭირთ მობილიზება და ისეთ შედეგს ვერ აღწევენ, როგორსაც მისგან მოელოდნენ. ამიტომ უმჯობესია, თავი შევიკავოთ უარყოფითი კომენტარებისგან, არ დავსვათ აქცენტი მოსწავლის სიზარმაცეზე და ცოტათი მოვადუნოთ კონტროლის მექანიზმი. სასურველია, მოსწავლე პირველი ორი კვირის განმავლობაში მაინც არ შეფასდეს განმსაზღვრელი შეფასებით.

ბავშვებს შეგვიძლია ვურჩიოთ, მოშვებული, არაორგანიზებული გონების მობილიზებისა და ეფექტურად ამუშავების მიზნით ყოველდღიური საქმიანობის ამსახველი გეგმები შეადგინონ (თვალსაჩინოების სახით შეგვიძლია ვაჩვენოთ ჩვენი ორგანაიზერი). ეს მეთოდი სწავლის პროცესის უკეთ ორგანიზებაშიც დაეხმარება და მათ მიღწევებსაც თვალსაჩინოს გახდის, რაც, თავის მხრივ, მოტივაციის ამაღლებას უზრუნველყოფს.

იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ ასე დაწვრილებით ვისაუბრე, მასწავლებლებს ვურჩევდი, ახალი სასწავლო წლის პირველი კვირის გაკვეთილები სასკოლო გარემოსთან შეგუებასა და საგაკვეთილო პროცესისადმი დადებითი განწყობის მოპოვებაზე ორიენტირებული აქტივობებით გაემდიდრებინათ. მინდა გაგიზიაროთ ჩემი ერთ-ერთი „პირველი გაკვეთილი“, რომელიც უკვე მეხუთე წელია პატარა მსმენელების მოშინაურებაში მეხმარება:

 

ქართული ენა და ლიტერატურა

კლასი: III

თემა: „შორიდან მოსული მოსწავლე“

ხანგრძლივობა: 2 საგაკვეთილო საათი

 

აქტივობა N1 – მოტივაცია

  • შესავალი: ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა „გზა სკოლისაკენ“. მოგიყვებით, რა გზას გავდივარ ყოველ დილით სკოლამდე მისასვლელად. თქვენ როგორ/რითი მოდიხართ სკოლამდე?
  • აქტიური მოსმენა: მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს სასწავლო მასალას – „შორიდან მოსული მოსწავლე“, სადაც მოთხრობილია, რა რთული გზის გავლა უწევს მოთხრობის მთავარ პერსონაჟს სკოლამდე მისასვლელად.
  • პრეზენტაცია: სამწუხაროდ, მსოფლიოში დღესაც ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც მაღალმთიანი რეგიონების ბავშვებს საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ სკოლამდე მისასვლელად (თემატური პრეზენტაცია რეალური ფაქტების ამსახველი ფოტომასალის დამოწმებით).

აქტივობა N2 – მხატვრული და პუბლიცისტური ტექსტების შედარება

  • შესავალი: მასწავლებელი არიგებს ადაპტირებულ სტატიას: „გუდამაყარი – ხეობა, სადაც სასკოლო ავტობუსს ჯერ არ მიუღწევია“ (თინათინ მოსიაშვილი, 02.22). ეს ტექსტი შორიდან მოსულ ქართველ მოსწავლეებზეა. მასში მოთხრობილია, როგორ უჭირთ საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონის მოსწავლეებს სკოლამდე მიღწევა. შინაარსთან ერთად მოსწავლეები ამბის გადმოცემის ფორმასაც უნდა დააკვირდნენ.
  • ექსპერიმენტისთვის მზადება: ტექსტის კითხვის პროცესში დაფაზე დახაზული ვენის დიაგრამაც ნელ-ნელა ივსება. მასწავლებელი სვამს კითხვებს ლიტერატურულ და პუბლიცისტურ ტექსტს შორის მსგავსება-განსხვავების დაფიქსირების მიზნით, მაგალითად:
  • რა საერთოს ხედავთ ამ ორ ტექსტს შორის? (ავტორი, თემატიკა, მსგავსი პრობლემა…)
  • უტრანსპორტობის გარდა, კიდევ რა პრობლემაა ასახული სტატიაში?
  • რა სირთულეებს აწყდებიან სკოლისკენ მიმავალ გზაზე ქართველი ბავშვები?
  • ვინ იცის, რა ჰქვია სტატიაში და ლიტერატურულ ტექსტში მოხსენიებულ ადამიანებს? (რესპონდენტი, პერსონაჟი)
  • როგორ ფიქრობთ, ინფორმაციის რომელ წყაროს იყენებენ ლიტერატურული ტექსტისთვის და რომელს – პუბლიცისტურისთვის?! თანამედროვე და აქტუალური თემები, რეალური/ისტორიული ფაქტები, ლეგენდები, მწერლის ფანტაზია…
  • რა გზითაა მოძიებული სტატიაში აღწერილი ამბავი? ჩანს თუ არა, სად მოიძია მხატვრული ტექსტის ავტორმა ინფორმაცია? და სხვ.

 

აქტივობა N3 – ექსპერიმენტი

  • სასწავლო მასალის გამოყენებით მარტივი რეპორტაჟის მომზადება.

 

აქტივობა N4 – საშინაო დავალება

  • რეფლექსი თემაზე „მე-მოსწავლე“

 

პირველი კვირისთვის “ყინულის გასალღობ“ აქტივობებს, საგნის მასწავლებლებთან ერთად, კლასის დამრიგებლებიც იყენებენ, ამიტომ მათაც შევთავაზებ ერთ მათგანს, რომელსაც პირობითად „სარეცხს“ ვუწოდებთ. მისი დახმარებით მოსწავლეები ზაფხულში გატარებული სასიამოვნო დღეების შთაბეჭდილებებს საინტერესო ფორმით გაუზიარებენ თანატოლებს.

აქტივობის შინაარსი: ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს მოსწავლეებს ვურიგებთ სასურველი ფერის ქაღალდს და ვთხოვთ, გამოჭრან მათი საყვარელი საზაფხულო სამოსი, რომელიც არდადეგებთან დაკავშირებულ ყველაზე ძვირფას მოგონებას ინახავს. ბავშვებმა სწორედ ამ ქაღალდის მაისურებსა თუ კაბებზე უნდა დაწერონ ყველაზე მნიშვნელოვანი საზაფხულო თავგადასავალი, რომელიც აღნიშნულ ტანსაცმელს უკავშირდება. შეგიძლიათ, მოსწავლეთა ნამუშევრები დეკორატიული სამაგრებით „გაფინოთ“ საკლასო ოთახის საპრეზენტაციო კუთხეში სახელდახელოდ გაჭიმულ თოკზე, თუმცა აჯობებს, ამ ნამუშევრების ნახვის საშუალება სხვა კლასის მოსწავლეებსაც მიეცეთ.

 

ჩვენი სკოლის ეზო

0

რისთვის აქვს სკოლას ეზო? ერთი შეხედვით სასაცილო კითხვაა, აი, დაახლოებით ისეთი -რა კავშირია ჩაისა და ჩაიდანს შორის ან რატომ თამაშობენ ფეხბურთს ბურთით. მაგრამ ეს კითხვა მაინც უნდა დავსვა, რადგან სპორტის იშვიათი გაკვეთილების გარდა ( ისიც მხოლოდ თბილ დღეებში) იშვიათად ვნახავთ ჩვენს სკოლის ეზოებში ჩატარებულ გაკვეთილებს, საგანმანათლებლო თამაშებს თუ უბრალოდ, სასიამოვნო დასვენების პროცესს. არადა, სკოლის ეზო შეიძლება ისეთივე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცე იყოს, როგორვ სკოლის ლაბორატორია, ფიზიკისა თუ ბიოლოგიის კაბინეტები.

მაგალითად, მარტივად, ზედმეტი ფინანსური რესურსის გარეშე შეგვიძლია ვაქციოთ ჩვენი სკოლის ეზო სენსორულ ბაღად.
სენსორული ბაღი სივრცეა, სადაც შეგრძნებისა და შემეცნების პროცესი ერთმანეთს უკავშირდება, ამ ბაღში ყოველი დეტალი, მცენარე, მასალა, ნივთიერება, სათამაშო, როგორც შემეცნებით, ისე თერაპიულ ფუნქციას ითავსებს. სენსორული ბაღი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბავშვის განვითარებისათვის, ხოლო აუტისტური სპექტრის და სხვა დარღვევების დროს თერაპიისა და განვითარების შეუცვლელ რესურსს წარმოადგენს.
სხვა ბაღებისგან განსხვავებით, სენსორული ბაღი ადამიანისა და მცენარის კონტაქტს ემყარება, აქ ყველა გრძნობა აქტიურდება, შედეგი კი – შთაბეჭდილებაზე დამყარებული შემეცნებაა. შესაძლებელია, სენსორული ბაღი რომელიმე კონკრეტულ გრძნობას ეძღვნებოდეს, მაგალითად, მხოლოდ შეხებას, ანდა ხუთივე გრძნობის გააქტიურების საშუალებასაც იძლეოდეს, შესაბამისად, ასეთი ტიპის ბაღი უფრო მრავალფეროვანი და რთული სტრუქტურისაა.
სენსორული ბაღი რამდენიმე ნაწილისგან შედგება:
1. მცენარეების ნაწილი
ბაღის ფლორა ხუთი გრძნობის მიხედვით ხუთ პირობით სივრცედ იყოფა:
ა. ყნოსვა:
ამ ნაწილში მოთავსებულია მცენარეები ყველაზე გამოკვეთილი, ადვილადსაგრძნობი სურნელით, მაგალითად: როზმარინი, პიტნა, დაფნა, ლემონგრასი, ლავანდა, ვარდი, ბაზილიკი, კამა, ციტრუსები და სხვა.
ბ. შეხება:
ამ განყოფილებაში გვხვდება სხვადასხვაგვარი ზედაპირის მცენარეები, პრიალა, ბუსუსოვანი, ეკლიანი, ხავერდოვანი – კაკტუსები, ათასგვარი ხავსი თუ სეკულენტები.
გ. გემო – მცენარეები გამოკვეთილი გემოვნური თვისებებით, რასაკვირველია, ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო, როგორიცაა, მჟაუნა, პიტნა, მარწყვი, სამყურა, ბაზილიკი, რეჰანი, ოხრახუში, სამყურა, ნიახური, მარწყვი და სხვა.
დ. სმენა – ამ ნაწილის შექმნა ყველაზე რთულია და აქ მხოლოდ მცენარეები საკმარისი არ არის, ვიყენებთ ხმაურიან და ჟღარუნა სათამაშოებს, ზანზალაკებს და ისეთ მცენარეებს, რომლებიც ყველაზე ხმაურიანად შრიალებენ ან სხვადასხვაგვარ ხმას გამოსცემენ, მაგალითად, გამოგვადგება მაჩიტები, ზანზალაკების მსგავსი სხვა ყვავილები. ასევე, ამავე ნაწილში შეგიძლიათ მოათავსოთ ფრინველების გალიები, ბილიკი კი ისეთი მასალით დაფაროთ, რომელიც მეტად ხმაურობს სიარულისას, ხოლო ხელოვნური ჩანჩქერი ანდა პატარა წყარო თავისი ჩუხჩუხით შესანიშავ განწყობას შექმნის.
5 . ხედვა – აქ მცენარეებს ვირჩევთ ფერთა პალიტრის მიხედვით. ბაღის ამ ნაწილში ყველაზე დიდი არჩევანი გვაქვს, თუმცა აქაც არის რამდენიმე პრიციპი, პირველ მოდულში ვათავსებთ ძირითადი, საბაზო ფერის მცენარეებს, რომელთაც პირველ რიგში ვასწავლით ბავშვებს, დანარჩენ ნაწილში უკვე სხვა ფერების გამოყენებაც შეგვიძლია. ამგვარად, ჩვენს ფერთა შემეცნებას რამდენიმე სირთულის საფეხურად ვყოფთ, რაც უფრო აადვილებს სასურველი მიზნის მიღწევას.
ბაღის მეორე სივრცე – ნივთიერებები და მასალები:
სენსორული ბაღის ეს ნაწილი აგრძელებს შემეცნებით კონცეფციას, თუმცა, აქ მცენარეების გარდა, სხვადასხვა ნივთიერებებითა და მასალებით ვმუშაობთ, როგორიცაა, ნახერხი,ქვიშა, ნიჟარები, კენჭები ( სხვადასხვა ზომის), მიწა, ნაფოტები, წყალი -შადრევანი და აუზი, შესაძლოა, წყლის მცენარეები და თევზებიც მოვაშენოთ, რაც ბაღს კიდევ ერთ, დამატებით ფუნქციას მიანიჭებს.
ბაღის მესამე სივრცე – ფერები და განათება
ამ სივრცეში გამოყენებულია სხვადასხვა ფერის განათება, დამუშავებული მინა და მოზაიკა, ვიტრაჟები, რომლებიც მზის შუქზე სხვადასხვაფრად აელვარდებიან, ჩრდილები, შესაძლოა მოეწყოს მზის საათი.
ბაღის მეოთხე სივრცე – მუსიკალური განყოფილება
1. ჰაერის საკრავები, სხვადასხვა მეორადი მასალისგან მომზადებული, კონსერვის ქილებისა, რკინისა და თუნუქის ჭურჭლისგან, მინის ბოთლებისგან.
2. დასარტყამი ინსტრუმენტები – ასევე სხვადასხვა მეორადი მასალისგან დამზადებული;
3. დიდი, ფერადი ქსილოფონი;
4. სხვადასხვაგვარი მეორადი მასალისგან აწყობილი ჩასაბერი საკრავები.
5. მეორადი მასალებისგან მომზადებული ასაწყობები, დიდი ფაზლები და ა.შ.

ინტეგრირებული გაკვეთილი ანუ გაკვეთილი-პარადოქსი

0

ეს არის გაკვეთილი–პარადოქსი, რომელზეც მოსწავლეები თქვენს კითხვებს სწორად ვერ უპასუხებენ, მაგრამ იმედგაცრუებულის ნაცვლად მათ განცვიფრებულ სახეებს დაინახავთ. გაკვეთილი, რომელიც გააბათილებს ხალხურ სიბრძნეს: „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო“, – თურმე არც თვალი ყოფილა მთლად სანდო და უპირატესობა გაზომვას უნდა მივანიჭოთ. თუმცა აქაც ჩნდება სიტყვა „თუმცა“…

ჩემ მიერ დაგეგმილი გაკვეთილის სასწავლო მიზანია, ახლებურად დაანახოს მოსწავლეებს ნაცნობი მასალა, დაარწმუნოს, რომ რასაც დაინახავ, უნდა შეამოწმო, გაზომო, გადაამოწმო, ამოხსნა, რადგან თვალი „არც ისე სანდოა“.

ბიოლოგიისა და ფიზიკის მასწავლებლები კი თვალსაჩინო მაგალითების მოშველიებით გააცნობენ მოსწავლეებს თვალის სხვადასხვა მახასიათებელს, მაგალითად, მისი მობრუნების (ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად) მნიშვნელობას. ამ დისციპლინების დახმარებით ბავშვები უკეთ ჩასწვდებიან საკითხის არსს.

გაკვეთილი ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შემდეგ მიზნებს:

მათ. VIII. 8.         მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნების დემონსტრირება.

  • ახდენს მოცემული ბრტყელი ფიგურის (წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრავალკუთხედი) პარალელურ გადატანას ისე, რომ მითითებული წერტილი გადაჰყავს სიბრტყის მითითებულ წერტილში;
  • ატარებს მარტივ სტატისტიკურ ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს (მაგალითად, სთხოვს თანაკლასელებს, შეაფასონ დაფაზე დახაზულფიგურის რომელიმე მონაკვეთის სიგრძე და ცალკე აღებული იმავე მონაკვეთის სიგრძე);

ფიზ.VIII. 6. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი.

  • გამოსახავს მარტივი სქემის სახით და ერთმანეთს ადარებს სხვადასხვა ორგანიზმის თვალის ოპტიკურ სისტემებს, მსჯელობს განსხვავებებზე;

ბიოლ. VIII. 5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.

  • ასახელებს ადამიანის ორგანიზმის ქსოვილთა ძირითად ჯგუფებს. აღწერს მათი აგებულების თავისებურებებს და აკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებთან.

გაკვეთილი საშუალებას გვაძლევს, გამოვიყენოთ მრავალფეროვანი აქტივობა.

შევეცდები, დაწვრილებით აღვწერო გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1. საორგანიზაციო საკითხები – 2 წთ

აქტივობა 2. მოსწავლეებს ვაჩვენებ სურათს:

  • (ა) და (ბ) ნახაზებიდან რომელზეა გამოსახული ორი ერთმანეთის ტოლი ურთიერთმართობული მონაკვეთი?
  • რომელი მონაკვეთის სიგრძეა მეტი – AB–სი თუ AC–სი?

პასუხების სისწორეს მოსწავლეები გაკვეთილზევე შეამოწმებენ მეტრიანი სახაზავით (მოსწავლეთა უმეტესობა ცდება!!!) – 2-3 წთ

ამის შემდეგ „შეცდომის“ მიზეზს ფიზიკის/ბიოლოგიის მასწავლებელი უხსნის. კერძოდ, იმას, რომ საქმე გვაქვს მხედველობით (ოპტიკურ) ილუზიასთან, ვინაიდან თვალის ჰორიზონტალურად მობრუნება უფრო ადვილია, ვიდრე ვერტიკალურად (5-6 წთ).

 

აქტივობა 3. მოსწავლეებს პროექტორით ვუჩვენებ მიმავალ მატარებელს: საით მიდის მატარებელი?

https://www.astrologi.ge/images/stories/article/what-direction-is-the-train-going.gif

ბავშვები დაინახავენ, რომ მატარებელი მიდის იქით, საითაც ჩაიფიქრებ. გამოდის, რომ მათემატიკური ამოცანის ამოხსნაც ხშირად განწყობაზეა დამოკიდებული – 1-2 წთ

 

აქტივობა 4. აქტივობა სამი ლამაზი გოგონა. მოსწავლებს ვაჩვენებ სურათის ამოტრიალებულ ვარიანტს (A3–ზე ამობჭდილ სურათს ვკიდებ დაფაზე) და ვსვამ კითხვას: ეს გოგონები ლამაზები არიან თუ პირიქით?

 

მოსწავლეთა პასუხის შემდეგ ვატრიალებ სურათს:

ბიოლოგიის მასწავლებელი აუხსნის მოსწავლებს, რომ ჩვენი ტვინი იშვიათად აღიქვამს სწორად გადაბრუნებულ საგნებს, ამიტომ დამახინჯებულ დეტალებს ვერ არჩევს – 4 წთ

 

აქტივობა 5. კიდევ რამდენიმე მაგალითზე რწმუნდებიან, რომ თვალი სანდო არ არის – 7 წთ

მოსწავლეები იყოფიან ოთხ ჯგუფად და 3 წუთის შემდეგ პასუხს სცემენ ზემოთ მოყვანილ კითხვებს, თან თავიანთ პასუხებს ასაბუთებენ. პრეზენტაციისთვის თითო ჯგუფს თითო (1) წუთი ეძლევა (დასასაბუთებლად მათ უნდა იცოდნენ ოთხკუთხედისა და წრეწირის თვისებები) – 7 წთ

 

აქტივობა 6. ისევ სახალისო განტვირთვის წუთი. დააკვირდით ცენტრში არსებულ შავ წერტილს.

https://1.bp.blogspot.com/-tEUZUjh2xR0/VGn3eElHAbI/AAAAAAAAD3s/ARkXMlerH3g/s1600/849753a116ad84d6a786c40fc771cfa6%2B(1).gif

როცა სურათი განათდა, დაინახეთ ფერადი ფოტო?

(თუ ნამდვილად თვალმოუშორებლად უყურებდით შავ წერტილს, ფერად ფოტოს დაინახავდით). შესაძლოა, ამ დავალების გამეორება მოგვიწიოს. გააჩნია, რამდენად ყურადღებით შეასრულებენ მას მოსწავლეები – 2-4 წთ

 

აქტივობა 7. სურათს მოსწავლეებს ვაჩვენებ პროექტორით, ისე, რომ ზომები შეესაბამეებოდეს ამოცანის პირობას.

 

1)        რომელი უფრო გრძელია – სამკუთხედის ფუძე თუ მასზე დაშვებული სიმაღლე?

პასუხების მიღების შემდეგ მიეცემათ ამოცანა დამოუკიდებელი მუშაობისთვის.

2)      ტოლფერდა სამკუთხედის ფერდი 20  სმ-ის ტოლია, ფუძეზე დაშვებული სიმაღლე – 40სმ–ის. იპოვეთ სამკუთხედის ფუძე.


 

ამოცანის ამოხსნის შემდეგ მოსწავლეები ადვილად შეადარებენ მონაკვეთებს – 6-7 წთ

აქტივობა 8. მოსწავლეებს პროექტორის საშუალებით ვაჩვენებთ ოპტიკური ილუზიის კიდევ რამდენიმე მაგალითს:

 

სინამდვილეში არც ერთი წრე არ იკვეთება – 2 წთ

 

აქტივობა 9. გაკვეთილის შეჯამება. მოსწავლეები მსჯელობენ და პასუხს შეძლებისდაგვარად ასაბუთებენ – 4-5 წთ

 

აქტივობა 10. საშინაო დავალება:

https://4.bp.blogspot.com/-nOJrVVdM2EE/VGn_B3DGLkI/AAAAAAAAD48/EPO603ms-Jc/s1600/choc.gif რატომ ხდება ეს?

 

და კიდევ ერთი ანალოგიური ამოცანა:

 

მოიძიონ მასალა სხვადასხვა ორგანიზმის თვალის ოპტიკურ სისტემების შესახებ და გამოსახონ მარტივი სქემის სახით. (ფიზიკა)

 

გააკეთონ მცირე პრეზენტაცია თვალის თავისებურებათა შესახებ (ბიოლოგია) – 2-3 წთ

 

აქტივობა 11. შეფასება:

. გეომეტრიული ამოცანის ამოხსნა (განმსაზღვრელი)

. პრეზენტაცია

. საკლასო სამუშაოში ჩართულობა (განმავითარებელი) – 2-3 წთ

 

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეთა შესაფასებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ შეფასების წინასწარ შემუშავებული  სქემები:

გეომეტრიული ამოცანის ამოხსნა

კრიტერიუმები ქულა
მონაცემებზე დაყრდნობით ცნობს გეომეტრიულ ფიგურას (სხეულს) 1
აგებს შესაბამის ნახაზს 1
დაიტანს ცნობილ მონაცემებს ნახაზზე 1
ამოცანიდან იღებს ამოხსნისთვის საჭირო მონაცემებს 1
გამოყოფს საძიებელ სიდიდეებს 1
შემოიღებს მათემატიკურ აღნიშვნებს 1
წერს საძიებელი სიდიდის საპოვნელად შესაბამის ალგებრულ გამოსახულებას 1
ალგებრული გამოსახულების გამარტივება 1
პოულობს ალგებრული გამოსახულების ამონახსნს 1
პასუხის ჩაწერა 1

 

დამოუკიდებელი სამუშაო

 

  მაქსიმალური ქულა კრიტერიუმები ქულა
პრობლემის დანახვა 3 პოულობს პრობლემის გადაჭრის მართებულ გზას და ახერხებს სწორად ამოხსნას 3
პოულობს პრობლემის გადაჭრის მართებულ გზას, თუმცა ვერ ახერხებს სწორად ამოხსნას 2
ხსნის ლოგიკური ხაზის გავლით, არ იყენებს მათემატიკურ გამოსახულებებსა და ტერმინებს 1
ვერ პოულობს ამოხსნის გზას 0
დროის ლიმიტი 1 იცავს დროის ლიმიტს 1
წერის კულტურა 2 იცავს წერის კულტურას, ნაწერი სუფთა და სათანადოდ გაფორმებულია 2
ნაკლებად იცავს წერის კულტურას, არის ხარვეზი ამონახსნის გაფორმებაშიც 1
ნაწერი გაურკვეველია, არ იკითხება 0
მიზნის მიღწევა 4 სიზუსტით აღწევს დასახულ მიზანს, ყველა აუცილებელი გამოთვლა სწორად აქვს შესრულებული, ნაპოვნია საძიებელი სიდიდეები. 4
ყველა აუცილებელი გამოთვლა წარმოდგენილია, თუმცა არის უზუსტობები. 3
ნაპოვნია საძიებელი სიდიდეები, თუმცა არ არის ჩატარებული არავითარი გამოთვლა 2
ვერ აღწევს დასახულ მიზანს, თუმცა ჩანს პრობლემის გადაჭრის მცდელობა 1
გზა არასწორად აქვს  არჩეული, ვერ აღწევს დასახულ მიზანს 0

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

  შემაჯამებელი სამუშაო თამაშების საშუალებით

0

გაკვეთილების ჩატარების თანამედროვე ფორმები (როლური თამაშები, პრესკონფერენციები, კვლევა, ექსკურსიები და ა.შ.) ზრდის არა მარტო მოსწავლის მოტივაციას, არამედ აღვივებს მათ შემოქმედებითობასა და დამოუკიდებლობას. ასეთი გაკვეთილები  მოსწავლეებში  მეტაკოგნიტური უნარების განვითარებას განაპირობებს და ადამიანის საქმიანობის შედეგების შეფასებისკენ უბიძგებს, რაც ბუნებისადმი გარკვეული პოზიტიური დამოკიდებულების განვითარებას უწყობს ხელს.

ამ გაკვეთილების პროცესში, სწრაფი აზროვნების უნარებისა და შესაძლებლობების განვითარების ხელსაყრელი პირობებია, მოსწავლეები მსჯელობენ და აყალიბებენ მოკლე, მაგრამ ზუსტ დასკვნებს. თანამედროვე გაკვეთილები საშუალებას იძლევა, შევიტანოთ უფრო მეტი გასართობი ელემენტი, რაც ასევე გაზრდის მოტივაციას.

საბოლოო ჯამში, გაკვეთილების არატრადიციული ფორმები შეიცავს შეუზღუდავ შესაძლებლობებს, ამცირებს მოსწავლეების საშინაო დავალებებით გადატვირთვას, რადგან ძირითად მასალას კლასშივე ითვისებენ. ამავდროულად, მრავალმხრივი სამეცნიერო ცოდნის აუცილებელი დონე არ არის შემცირებული. უფრო მეტიც – ფართოდ გამოიყენება დამატებითი მასალა. ასეთი გაკვეთილი, როგორც წესი, მოითხოვს მოსწავლეების საკუთარი დამოუკიდებელი მუშაობისა და ძლიერი ცოდნის კონცენტრირებას.

გეოგრაფიული კარნახი, ტესტები გამოიყენება სწავლების ნებისმიერ ეტაპზე, როგორც ახალი მასალის შესწავლისას, ასევე თემის შეჯამების დროს. მთავარია, რომ ამ პროცესში თავად მოსწავლე იყოს ჩართული. ისინი სიამოვნებით ქმნიან  კროსვორდის გამოცანებს, ჩაინვორდებს  (ინგლ. chein ჯაჭვი და word სიტყვა); ტესტებს რუკების, სახელმძღვანელოების, დამატებითი ლიტერატურის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს ცოდნის მაღალი დონის ჩამოყალიბებას. ჩაინვორდი კროსვორდის ნაირსახეობაა – ერთმანეთის მიყოლებით სიგრძივ განლაგებული უჯრედები უნდა შეივსოს ისე, რომ თითოეული მომდევნო სიტყვა იწყებოდეს წინა სიტყვის დაბოლოებით.

თავდაპირველად მოსწავლეები მარტივი კითხვებით იწყებენ – რა? სად?

მაგალითად: „შენი თამაში”. მოსწავლეებს იზიდავს ის ფაქტი, რომ ისინი სვამენ კითხვებს, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს. კითხვებზე პასუხები იწერება ცხრილში.

მე-7 კლასი: თემა ატმოსფერო.

ატმოსფეროს ფენები   ქარი ღრუბლები
1 2
3 4
1 2
3 4
1 2
3 4
ნალექები        ხელსაწყოები        ოპტიკური მოვლენები
1 2
3 4
1 2
3 4
1 2
3 4

ატმოსფეროს ფენები:

       კითხვები:                             პასუხები:
1. სტრატოსფერო ფენა, რომელიც მოჰყვება ტროპოსფეროს.
2. ოზონის შრე შთანთქავს სიცოცხლისათვის  საშიშ ულტრაიისფერ სხივებს.
3. იონოსფერო თერმოსფერო, იონიზირებული ფენა, რომელიც შედგება ნეიტრალური ატომებისა და მოლეკულებისგან.
4. ტროპოსფერო ყველაზე დაბალი ფენა.

ქარი

კითხვები: პასუხები:
1. მუსონი სეზონური ქარი.
2. ქარიშხალი ძლიერი ქარი.
3. პასატი მუდმივი ქარი.
4. ბრიზი ქარი, რომელიც მიმართულებას 2-ჯერ იცვლის დღე-ღამის განმავლობაში.

ღრუბლები

კითხვები: პასუხები:
1. ფენა ყველაზე მსუბუქი ღრუბელი, რომელიც გაზაფხულზე და ზაფხულში ყალიბდება.
2. ფრთა ყველაზე მაღალი ღრუბელი.
3. გროვა დაბალი, მუქი ღრუბელი, რომელიც შემოდგომაზე ყალიბდება.
4. ფენა-წვიმის შავი ღრუბლები, რომელიც წვიმას იწვევს.

ნალექები

კითხვები: პასუხები:
1. თოვლი თეთრი კრისტალი, ფუმფულა, ზამთარში მოდის.
2. სეტყვა მყარი ატმოსფერული ნალექი, დიდ ზარალს აყენებს სოფლის მეურნეობას.
3. ლიპყინული ყინულის მყარი ფენა, რომელიც წარმოიქმნება წვიმის წყლის ან ნამის გაყინვის შედეგად.
4. თრთვილი გამოიყოფა დედამიწის ზედაპირზე ან საგნებზე ყინულის ძალიან თხელი ფენის სახით ჰაერის უარყოფითი ტემპერატურის პირობებში.

ხელსაწყოები

კითხვები: პასუხები:
1. ბარომეტრი ატმოსფერული წნევის საზომი.
2. ფლუგერი ზომავს ქარის სიძლიერესა და მიმართულებას.
3. ნალექმზომი ნალექების რაოდენობის საზომი.
4. თერმომეტრი ტემპერატურის საზომი.

ოპტიკური მოვლენები

კითხვები: პასუხები:
1. ცისარტყელა მრავალფეროვანი რკალი ცაზე.
2. მირაჟი ოპტიკური ფენომენი უდაბნოში, როდესაც მოჩანს ტბები და ოაზისები.
3. ჰალო მზისა და მთვარის გარშემო წარმოქმნილი წრე.
4. პოლარული ციალი (ნათება) მრავალფეროვანი ნათება პოლარულ განედებში.

 

თამაშში გამარჯვებულია ყველა მოსწავლე. კითხვების ავტორიც და სწორი პასუხების გამცემიც.

გაკვეთილი-თამაშის გამოყენება შესაძლებელია თემის დასასრულს, ცოდნის შესამოწმებელი სტანდარტული ფორმების ნაცვლად.

გაკვეთილ-კვლევას კონკურსის სახე შეიძლება მივცეთ. ამ თამაშში მნიშვნელოვანია არა მარტო კითხვა – სად? არამედ – რატომ? რადგან სწორედ ამ დროს  მაღალ სააზროვნო დონეზე გავდივართ.

  • რატომ ქრება უფრო მალე ანთებული სანთელი პატარა ზომის ქილის ქვეშ, ხოლო დიდის ქვეშ ის უფრო დიდხანს ანთია?
  • რატომ არის ჰაერი დედამიწის ზედაპირზე უფრო თბილი ზაფხულში?
  • რატომ დნება ბინძური თოვლი უფრო ჩქარა?
  • რატომ მოძრაობს ჰაერი?
  • რატომ იქმნება ღრუბლები?
  • რატომ იწყება წვიმა?
  • რატომ არის დღის და ღამის მონაცვლეობა?
  • რატომ იცვლება წელიწადის დროები?
  • რატომ განსხვავდება წელიწადის დროები ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში?

 

კითხვების გაგრძელება კიდევ შეიძლება. დასაწყისისთვის სააზროვნო გეოგრაფიულ კითხვებს მასწავლებელი ადგენს, შემდეგ უკვე შესაძლებელია მოსწავლეების ჩართვაც.

 

 

 

ავადმყოფობამოშიშთათვის

0

 

ადრეც მითქვამს: აკვიატების ადამიანი ვარ. ზოგი აკვიატება მოვიშალე, ზოგიც შემრჩა. აი, დილით, გზაზე, ერთი მოურჩენელი ახირება გამახსენდა. ერთხელ, ვიქნებოდი ხუთი-ექვსი წლის, ჩემს სოფელში, სურებში, მე და მამიდაშვილი, გელა, რომელიც ახლა მამა დავითია, ანუ მღვდელი, შუაცეცხლზე ტყვიას ვადუღებდით და მიწაში ამოთხრილ ჯარისკაცის ფორმებში ვასხამდით. სათამაშოები რომ გვქონოდა. ჰოდა, მოპირდაპირე მთაზე მოძრავი შუქი დავინახეთ. გელამ მითხრა, მიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავის ნაწილიაო. ეს უბრალო ამბავი მძაფრი კინოკადრივით ჩამრჩა მეხსიერებაში. ყოველდღე მახსენდება და გულუბრყვილოდ ვფიქრობ: რა იყო ის ნათება – მართლა მნათობის ნატეხი თუ ფარნიანი კაცი, რომელიც ტყეში დაკარგულ ძროხას ეძებდა? ალბათ, ეს არის ჩემი ცხოვრების მთავარი კითხვა.

მაგრამ არსებობს სხვა, ერთი შეხედვით – უფრო წვრილმანი, მაგრამ მეორე, უფრო დაკვირვებული შეხედვით – უმსხვილმანესი აკვიატებანი.

ამას წინათ პატარა, იოლი ოპერაცია გადავიტანე და
აწ დამტკიცებულად მინდა გითხრათ, რომ დაწყევლილია იპოქონდრიკთა ანუ ავადმყოფობის მოშიშთა ბედი, რაც google გაჩნდა და უფრორე – რაც მას ათასი ჯურის სამედიცინო გზამკვლევი დაემატა. ჩაწერ სიმპტომს და გხვდება მონდომებით და თითქოს მზაკვრულად მოღიმარი ექიმი და დიაგნოზად დამკრძალავი ბიუროს მისამართს გაძლევს. შენ არ ჩერდები, ქექავ და ქექავ – იმახსოვრებ სნეულებათა ლათინურ სახელებს და წამლების ფარმაკოლოგიურ ჯგუფებს, ეპიდემიათა გენეზისებს და ჰისტამინებს და ანტიჰისტამინებს და სხვათა და სხვათა. საბოლოოდ, ძლივს მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, მკურნალ ექიმთან დიპლომიან კოლეგასავით წარდგები: „იცით, შესწავლილი მაქვს მისი ეტიოლოგია და პათოგენეზი და წუხელ თირკმლის ფიბროზული კაფსულის გაჭიმვა ვიგრძენი. ვფიქრობ, მსუბუქი კოლიკაა…“

ექიმი გამშვიდებს და გირჩევს, ინტერნეტში ძებნაზე მორატორიუმი გამოაცხადო. შენ არ ნებდები და საღამო ხანს უფრო რთულ და მრავლისმომცველ იერიშს იწყებ – სხვადასხვა ენაზე და განსხვავებულ ჩვენებათა სინთეზით. ბოლოს დაავადებათა ისეთი კომბინაციების ძებნას მიჰყოფ ხელს, რომ სამედიცინო საიტის მაგივრად ჰორორ-ლიტერატურის გვერდზე აღმოჩნდები: „უფსკრულის მეფეს მარჯვენა ფეხი და კბილი ერთად ასტკივდა და მოსარჩენად უფროსი ვეზირი დაუკლეს“.

ახლა კი დავცინი საკუთარ თავს, მაგრამ ხომ ვიცი – რომელი ამ საქმის დამვიწყებელი ვარ. ჩვევა ჯანმრთელობაზე უმტკიცესია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...