ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

რესურსები ინკლუზიურ განათლებაში

0

ჯიპრაიდის რესურსები ინკლუზიურ განათლებაში

ფლეშბარათები ფონოლოგიური უნარების განსავითარებლად

 მოგეხსენებათ, ინკლუზიური განათლების პროცესის მართვა მეტად აქტუალური და რთულია. შერჩეულმა სტრატეგიებმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლის საკუთარი თავისადმი რწმენის განმტკიცებას, კლასთან ინტეგრაციას, ამიტომ მისთვის ადვილად დაძლევადი, მიზნობრივი აქტივობები უნდა შეირჩეს.

ინკლუზიაზე ბევრი იწერება, მასწავლებლის გზამკვლევებიც არსებობს, მაგრამ ამჯერად შევჩერდებით საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის, ჯიპრაიდის მიერ შემოთავაზებულ რესურსებზე, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვნებით, აკადემიურობით, მოსწავლეთა საჭიროებებზე მწყობრი, დიფერენცირებული მიდგომებითა და საქართველოში ბადალიც არა ჰყავს.

ინკლუზიურ განათლებაში ინტენსიურად გვჭირდება ჯიპრაიდის პორტალზე განთავსებული ეს რესურსები: ფლეშბარათები, მოსწავლეთა წიგნები, გრაფიკული ორგანიზატორები, აგრეთვე 1-ლი კლასის დიაგნოსტიკური ტესტები; სასწავლო ფილმები – მუსიკის გამოყენებით კითხვისა და წერის ინტეგრირებული სწავლებისათვის; თემატური პოსტერები – ენობრივი უნარების განვითარებისთვის; მოტივაციის ასამაღლებლად საბავშვო წიგნები – ფერადი ილუსტრაციებითა და დიდი ასოებით; აგრეთვე, ჯიფრაიდის ეფექტური აქტივობები, განმავითარებელი შეფასებისათვის.

რესურსების დამზადება – ქაღალდის შეძენა, ამოპრინტვა და სხვა – გვიხდება საკუთარი ხარჯებით, რაც ხშირად პრობლემაა, დროის უქონლობის ან ფინანსების გამო. არადა, ამ რესურსების გამოყენებით ინტერაქტიური მეთოდების ინკლუზიურ განათლებაში დანერგვა ბევრ პრობლემას მოუგვარებდა მასწავლებელს, მოსწავლეს და მშობელს, როგორც დაწყებით, ისე მაღალ კლასებშიც.

მოგეხსენებათ, სსსმ მოსწავლეთა უმრავლესობას აქვს ფონოლოგიური პრობლემები, ამიტომ შევჩერდებით ფლეშბარათების გამოყენებაზე. ეს რესურსები შეიძლება გამოვცადოთ როგორც საკლასო ოთახში, ასევე  გავატანოთ მშობელს სახლშიც, რომ შვილს დაეხმაროს.

  ფლეშბარათები არის ორი სახის:  სურათიანი ბარათები და სიტყვის ბარათები;   მათი საშუალებით რიგი აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს. მაგ.: ნახატების ამოჭრა და დაწებება, გაფერადება, კატეგორიების მიხედვით დახარისხება, შედარება, თემატური პოსტერების შექმნა… წესით, ეს ბარათები გათვალისწინებულია 1-ლი და მეორე კლასისათვის, მაგრამ შეიძლება გამოვიყენოთ სსსმ მოსწავლესთანაც, თუ მას უჭირს კითხვა და სჭირდება ძირითადი ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება. ამ უნარების განსავითარებლად ჯიპრაიდის სახელმძღვანელოში უხვადაა სახალისო აქტივობა.

თავდაპირველად მოსწავლის ფონოლოგიური უნარ-ჩვევები შემოწმდება, რომ შევძლოთ საჭიროებების დადგენა, კონკრეტული მიღწევების, ძლიერი და სუსტი მხარეების, გასაუმჯობესებელი ასპექტების გამოვლენა. ამაში კი დაგვეხმარება მაგ.: „სიტყვის ფონემებად/ბგერებად დანაწევრების ტესტი’’. ნიმუში ჯიპრაიდის სახელმძღვანელოშია. ეს არის მასწავლებლის ფურცელი და შესაბამისი ინსტრუქციაც ახლავს, ამ ინსტრუქციის მიხედვით მასწავლებელი პირობის შესაბამისად სვეტებში ინიშნავს მოსწავლის პასუხს, მიღწევებს. ტესტირება ხდება ზეპირად და მოწმდება – ზეპირად წარმოთქმული სიტყვის ბგერებად დანაწევრებისა და გამოთქმის უნარი. მოსწავლის შემოწმება ხდება ინდივიდუალურად. მასწავლებელი ასახელებს სიტყვას და მოსწავლემ უნდა დაშალოს ეს სიტყვა ბგერებად.

თუმცა,  შეგვიძლია, საკუთარი მოსწავლის პრობლემების შესაბამისად მოვიფიქროთ სიტყვები და ჩამოვწეროთ პირველ სვეტში… მასწავლებლის ფურცელს კი შეიძლება მივცეთ ასეთი სქემის სახეც:

 

 

 

მასწავლებელი

 

წარმოთქვამს /კითხულობს/ სიტყვას

   მ ო ს წ ა ვ ლ ე
მიჯნავს

კონკრეტულ ბგერას

დანაწევრების გარეშე წარმოთქვამს მთლიან სიტყვას არ გამოთქვამს კონკრეტულ ბგერას

 

გადააკეთებს კონკრეტულ ბგერას/ბგერებს ცვლის სიტყვას
           
           
           
           
           
           
           
         
         
         
შენიშვნა

მასწავლებელს:

 ჩაწერეთ კონკრეტული ბგერა ან ბგერები   _ + მიუთითეთ ბგერა მიუთითეთ ბგერა/ბგერები + _

 

ამ კვლევის შედეგად ირკვევა მოსწავლის პრობლემები და მიღწევები; დაიგეგმება-შეირჩევა შესაბამისი მეთოდები და მოსწავლის საჭიროებებიდან გამომდინარე, აქტივობები შეიძლება ჩატარდეს ასეთი თანმიმდევრობით:

მიმართულება- ზეპირმეტყველება:

მიზანი აქტივობის შესახებ სახალისო აქტივობები ჯიპრაიდის სახელმძღვანელოდან
1.სიტყვებში რითმის ამოცნობა მასწავლებელი კალათიდან იღებს ბარათებს, კითხულობს სიტყვებს და სვამს კითხვებს:

1.რომელი სიტყვები ჰგავს ერთმანეთს/ ერითმება ერთმანეთს – ქარი, კაცი, ქალი?

2.რომელი ორი სიტყვა იწყება ერთი და იმავე ბგერით – თმა, ცა, თავი?

3. რომელი ორი სიტყვა თავდება ერთი და იმავე ბგერაზე – მამა, თითი, ძმა?

4. რომელი ორი სიტყვის შუაში არის ერთი და იგივე ბგერა – სახლი, თვალი, თხა?

 

(მოსწავლე სიტყვაში რითმას ამოიცნობს)

 

საბავშვო ლექსები და საბავშვო სიმღერების ტექსტები

აგრეთვე სახალისო აქტივობები:

 

1.ყუთში იყო – გვ. 46;

2.რომელია ზედმეტი – გვ.47.

3.„გუდან-ბუდან’’- გვ.48

4.წავიკითხოთ რითმები-გვ.47.

2.მარცვლების სიტყვებად გაერთიანება/ იგულისხმება ნაცნობი სიტყვები. მასწავლებელი უმარცვლავს მოსწავლეს სიტყვის ბარათზე დაწერილ ხშირად ხმარებულ, ნაცნობ სიტყვას და სთხოვს, გააერთიანოს მოსმენილი მარცვლები სიტყვად.

დე /და – დედა

 

(მოსწავლე გააერთიანებს მარცვლებს სიტყვებად)

 
3.სიტყვების დამარცვლა

 

მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეს ბარათიდან სიტყვას და სთხოვს, გაიმეოროს ეს სიტყვა და დამარცვლოს, ბოლოს თითების ჩაკეცვით დაითვალოს, რამდენი მარცვალია.

 

(მოსწავლე სიტყვას მარცვლავს)

 

1.„ია-იაო’’ -გვ.51

2.თავი – მხრები – მუცელი-მუხლები – გვ.58

4.სიტყვაში მარცვალთა რაოდენობის დათვლა ტაშის დაკვრით. მასწავლებელი კითხულობს სიტყვას ბარათზე და სთხოვს მოსწავლეს, გაიმეოროს ეს სიტყვა, შემდეგ დამარცვლოს და ტაშის დაკვრით დაითვალოს ამ სიტყვაში მარცვალთა რაოდენობა;

 

(მოსწავლე სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას ითვლის ტაშის დაკვრით)

1.ტაში სახელებზე – გვ.49

2. ცუნცულა ციყვი – გვ.50

5.სიტყვაში მარცვლების დათვლა და გამოსახვა შესაბამისი რაოდენობის რკალებით

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებელი კითხულობს სიტყვას ბარათზე, რომელიც ნახევრად ჩაჭრილია მარცვლებად, მოსწავლეს სთხოვს დაითვალოს სიტყვაში მარცვალთა რაოდენობა, შემდეგ რვეულში ჩაწეროს  მარცვალთა დათვლილი რაოდენობა რკალებით;

 

/მოსწავლე ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას და წერილობით წარმოადგენს შესაბამისი რაოდენობის სიმბოლოთი. / მაგ: ერთმარცვლიანი სიტყვა ერთი რკალი, ორმარცვლიანი – ორი რკალი და ა.შ./

 

 

1.„მარცვლებად დაჭრილი ბარათები’’- გვ.52

6.მსგავსი ჟღერადობის მარცვლების/სიტყვების გარჩევა:

 

 

 

 

 

მასწავლებელი უჩვენებს სურათებიან ბარათებს და მოსწავლეს სთხოვს ამოიცნოს საგნები, შემდეგ სთხოვს, დასახელებული სიტყვებიდან ამოიცნოს მსგავსი ჟღერადობის სიტყვები/მარცვლები.

 

(მოსწავლე დასახელებული სიტყვებიდან ზეპირად არჩევს მსგავსი ჟღერადობის სიტყვებს (მარცვლებს)

,,ციყვი ხეზე’’- გვ.48.
7.მასწავლებლის მიერ ჩამოთვლილ სიტყვებში ან სურათებზე იმ სიტყვების  ამოცნობა-გამორჩევა, რომლებიც შეიცავენ წინასწარ მითითებულ ბგერას -ზეპირ მარცვალს. მასწავლებელი წინასწარ ასახელებს ბგერას, მარცვალს. აჩვენებს სურათებიან ბარათებს და სთხოვს ამოიცნონ, გამოარჩიონ ის სურათები/სიტყვები, რომლებიც შეიცავს მითითებულ ბგერას, ზეპირ მარცვალს.

 

(მოსწავლე ამოიცნობს ზეპირ ბგერას/მარცვალს დასახელებულ სიტყვებში)

 
8.მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობის ამოცნობა სიტყვაში  (დასაწყისში, შუაში, ბოლოში).

 

მასწავლებელი კითხულობს სამმარცვლიან სიტყვას ბარათიდან, წარმოთქვამს მარცვალს ამ სიტყვიდან და სთხოვს მითითებული მარცვლის შესაბამისი რკალის გაფერადებას.

 

(მოსწავლე აფერადებს მითითებული მარცვლის შესაბამის რკალს)

 

 

 

 

9.სიტყვაზე მარცვლის დამატება, ჩამოცილება მარცვლის დამატება:

თქვი „ქარი’’ თავში ,,შა’’-ს დამატებით (შაქარი)

მარცვლის გამოკლება

თქვით ,,მამიდა’’ ,,მა’’-ს გარეშე (მიდა).

 

(მოსწავლე ამატებს და გამოაკლებს მარცვალს სიტყვაზე).

 

 

 

 

10.სიტყვის სათანადო მარცვალში ბგერის ადგილმდებარეობის პოვნა (მარცვლის დასაწყისში, შუაში, ბოლოში): მასწავლებელი ზეპირად უთითებს სათანადო მარცვალზე და სთხოვს იპოვოს წინასწარ დასახელებული ბგერის ადგილმდებარეობა, /დასაწყისშია, შუაში თუ ბოლოში/

 

(მოსწავლე პოულობს სათანადო მარცვალში ბგერის ადგილმდებარეობას)

 
11.სიტყვის პირველი და ბოლო ბგერის ამოცნობა.

 

მასწავლებელი იღებს კალათიდან ბარათს, წარმოთქვამს სიტყვას და მოსწავლეს სთხოვს, ამოიცნოს პირველი და ბოლო ბგერა.

 

(მოსწავლე ამოიცნობს სიტყვის პირველ და ბოლო ბგერას)

 

 1.,,ნივთების პოვნა’’- გვ.54.
12.სიტყვაში ბგერის ადგილმდებარეობის პოვნა (დასაწყისში, შუაში, ბოლოში) მასწავლებელი მოსწავლეს უკითხავს სიტყვას ბარათიდან, სთხოვს მას, გაიმეოროს ეს სიტყვა, უსახელებს მარცვალს და

სთხოვს, მიუთითოს ამ მარცვლის ადგილმდებარეობა მოცემულ სიტყვაში.

 

(მოსწავლე ამოიცნობს სიტყვაში მითითებული მარცვლის ადგილმდებარეობას (დასაწყისში, შუაში, ბოლოში)

 
13.სიტყვის ტრანსფორმირება ბგერის ჩამოცილებით, დამატებით ან ჩანაცვლებით 1.საწყისი ბგერის შეცვლა

სიტყვაში ,,ხმა’’, შეცვალეთ პირველი ბგერა ,,თ’’ ბგერით (თმა).

2.ბოლო ბგერის შეცვლა

სიტყვაში ,,თარო’’ ბოლო ბგერა შეცვალეთ ,,ი’’ ბგერით (თარი).

3.ხმოვანის შეცვლა

სიტყვაში ,,თითი’’ შუა ხმოვანი შეცვალე ,,ა“-თი (თათი).

4. საწყისი ბგერის გამოკლება

5. თქვით ,,ბზე’’ ,,ბ’’-ს გარეშე (ზე).

6. ბოლო ბგერის გამოკლება

თქვით ,,კარი’’ ,,ი’’-ს გარეშე

7.მეორე ბგერის გამოკლება შერწყმით

თქვით ,,სკამი’’ ,,კ’’-ს გარეშე.

 

(მოსწავლე მანიპულირებს ბგერებით)

1. სიტყვების წყვილები /ბგერის ამოგდება/-გვ.55
14. ბგერების სიტყვად გაერთიანება მოსწავლეს ამოაქვს კალათიდან ბარათი, მასწავლებელი კითხულობს ბარათიდან სიტყვას ასო-ასო და სთხოვს მოსწავლეს ეს ბგერები გააერთიანოს სიტყვად, თუ გაუჭირდება, გააერთიანოს – მარცვლებად და შემდეგ – სიტყვად. /ხ/ე/ლ/ი-ხელი/

 

(მოსწავლე ბგერებს ზეპირად აერთიანებს სიტყვებად)

1. ,,კვირიას უცნაური ლაპარაკი’’- გვ. 56

2,,,ბგერებად დაჭრილი ნახატები’’- გვ..57

3.,,გადავაბათ ბგერები’’- გვ. 58.

 

15.სიტყვის ბგერებად დაშლა მოსწავლეს ამოაქვს კალათიდან სიტყვის ბარათი, აძლევს მასწავლებელს, მასწავლებელი კითხულობს და სთხოვს წაკითხული სიტყვა ,,საათი’’ დაშალოს ბგერებად. /ზეპირად შლის სიტყვას ბგერებად:

ს/ა/ა/თ/ი/

 

(მოსწავლე სიტყვას ზეპირად შლის ბგერებად)

1.თავი– მხრები-მუცელი-მუხლები- გვ.58.

2. ჩაიფიქრე სიტყვა-გვ.59.

16.ბგერის ადგილმდებარეობის განსაზღვრა (ლოკალიზება) სიტყვაში, ბგერების დათვლა მასწავლებელი: მოისმინეთ სიტყვა. დამარცვლეთ. დაასახელეთ ამ სიტყვის პირველი ბგერა; ბოლო ბგერა. გამოთქვით სიტყვა ბგერებად. რამდენი ბგერაა?

(მოსწავლე განსაზღვრავს ბგერის ადგილმდებარეობას სიტყვაში, ითვლის ბგერებს)

 

 

მასწავლებელმა, სანამ რომელიმე აქტივობის შესრულებას სთხოვს მოსწავლეს, ცხადია, უნდა გააკეთოს სხვადასხვა სახის მინიშნება – მაგ.: ამ აქტივობის მოდელირება ან აჩვენოს ნიმუში.

მოგეხსენებათ, რომ მოსწავლეები ჯერ სიტყვის მოზრდილ ნაწილებად- მარცვლებად დაშლაში უნდა ვავარჯიშოთ და შემდეგ გაუადვილდებათ უმცირეს ერთეულებად, ცალკეულ ბგერებად სიტყვის დანაწევრება.

*****  ******** ********

 აქტივობა – „ტაში სახელზე’’: მასწავლებელი რამდენიმე სახელს ამბობს დამარცვლით და თითოეულ მარცვალზე უკრავს ტაშს – ნიმუშის მოდელირების შემდეგ მოსწავლეები სახალისო აქტივობაში ერთვებიან: თავიანთი სახელის დამარცვლით დაიწყებენ, ტაშის დაკვრით დათვლიან და დაასახელებენ მარცვლების რაოდენობას, შემდეგ აქტივობა სასურველია, გავაგრძელოთ გვარების დამარცვლით და მოგვიანებით კი სხვა სიტყვების ტაშით დამარცვლაზე გადავიდეთ. შეიძლება ტაშის ნაცვლად თითებზეც დაითვალონ, ეს აქტივობა მასწავლებლის ფანტაზიის მიხედვით, შეიძლება სხვადასხვანაირად ჩატარდეს

******   *********   ********

აქტივობა- ხატვა კარნახით: მასწავლებელი კარნახობს მოსწავლეს მარტივად დასახატ სურათს, მოსწავლე უსმენს და ხატავს. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს გააფერადოს ნახატი და კარნახობს, რა გააფერადოს და როგორ ფერში, ბოლოს მოსწავლემ უნდა დაწეროს ამ სურათის აღწერა. მოსწავლეებს უვითარდებათ მოსმენის უნარი, უმდიდრდებათ ლექსიკური მარაგი, ეჩვევიან ინსტრუქციის თანმიმდევრულად შესრულებას, სწავლობენ სივრცეში საგანთა განლაგების აღმნიშვნელ სიტყვებს.

******** **********  **********

მასწავლებელი დაფაზე გააკრავს ან ხელში დაიჭერს სურათებიან ბარათს და სთხოვს მოსწავლეს, ამოიცნოს საგანი, შემდეგ სვამს კითხვებს მოსწავლის საჭიროებების შესაბამისად, იმის მიხედვით, თუ  რომელი უნარ-ჩვევის განვითარებასაც ისახავს მიზნად. შესაძლებელია, მასწავლებელმა მოსწავლის მშობელს მცირე ზომის ბარათების კრებულიც გადასცეს და დამატებითი დავალებებიც მისცეს სახლში.

მაგალითად: ამოარჩიონ და ამოჭრან ბარათებიდან საგნები, რომლებიც მათი სახლის ეზოშია, თავიანთი შეხედულების მიხედვით განალაგონ ფლიფჩარტზე, მოიშველიონ ფანქარი გასალამაზებლად და ბოლოს დააწერონ ნამუშევარს ,,ჩემი ეზო’’. ახსნან ზეპირად, რომელი საგნები მდებარეობს ნამუშევარ ფურცელზე: ზემოთ, ქვემოთ, შუაში, მარჯვნივ, მარცხნივ? რომელია ამ საგნების წინ, უკან? კიდევ რომელი საგანი, ნახატი უნდოდათ, ყოფილიყო მათ ნამუშევარში და სხვა.

********   *******   ********

 

ამრიგად, ჯიპრაიდის სახელმძღვანელოში მოცემული რესურსები, მეთოდები და სახალისო აქტივობები კარგად შეიძლება მოვარგოთ სსსმ მოსწავლის ფონოლოგიური უნარების განვითარებას. სიტყვებით თამაში მოსწავლეს დააფიქრებს ამ სიტყვების მნიშვნელობაზე, მათ ფორმაზე, ჟღერადობაზე, ამ მეთოდებით მას განუვითარდება მოსმენის, ბგერებისა და მარცვლების ზეპირად გადაბმის, სიტყვების ზეპირად დანაწევრებისა და ბგერების დათვლის, ბგერებით მანიპულირების უნარ-ჩვევები და მოემზადება შემდგომი ეტაპისთვის გათვლილი აქტივობების შესასრულებლად, ანუ ანბანური პრინციპის გაგება-გამოყენებისათვის.

ზემოთ ნახსენები ფლეშბარათების დახმარებით საკლასო-საშინაო აქტივობების დაგეგმვა შეიძლება ანბანის შესწავლის ფაზაშიც.

რასაკვირველია, ჩვენი მიზანია სსსმ მოსწავლეების აკადემიური და სოციალური მიღწევების ეფექტური შეფასება, ვფიქრობ, ჯიპრაიდის ვირტუალური ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი რესურსები ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. მასწავლებელიც აიმაღლებს პროფესიულ კომპეტენციას. ესგ-ის შედეგების მისაღწევად მოხდება სწავლების სტრატეგიების მოდიფიცირება და მოსწავლეს განუვითარდება კითხვის, წერის, მეტყველების, თხრობისა და მოტორული უნარები. ეს რესურსები მასწავლებელს შეუმსუბუქებს შრომას და სწავლა-სწავლება გახდება მოსწავლეზე და შედეგზე ორიენტირებული, შეიქმნება კეთილგანწყობილი, სახალისო გარემო. დაიხვეწება კვირის გეგმები და სწავლების დიფერენცირებით შესაძლებელი გახდება დროის რაციონალურად მართვა, გაიზრდება მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობა, გაუმჯობესდება შეფასების დაგეგმვა.

ვფიქრობთ, ეს რესურსები აქტიურად უნდა დაინერგოს ინკლუზიურ განათლებაში.

 

 

გამოყენებულია:

  1. ესგ. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2011-2016;

2.სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებული – კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე I_VI კლასები – USAID-G_PRIED – საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი _ 2015 წ.

3.ინკლუზიური განათლება, გზამკვლევი მასწავლებლებისათვის, 2011-16 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი, 2011წ.

4.https://kargiskola.ge/index.php

 

ინგა სამუშია

ზუგდიდის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

09.07 2018 წელი

          როგორ დავაინტერესოთ მოსწავლეები – განსაკუთრებული შემთხვევები

0

გასაკვირი და უცხო არ არის, რომ ბავშვებს ახალი წელი განსაკუთრებით უხარიათ და მოუთმენლად ელოდებიან. ამ მიზეზის გამო ხშირად ბოლო დღეს მათ აღარ აქვთ საგაკვეთილო განწყობა, მაგრამ ჩვენთვის ყოველი წუთი ძვირფასია და კარგი იქნება, თუ ამ გაკვეთილებს ჩავატარებთ განსხვავებული ფორმატითა და სტილით, რაც დადებითად განაწყობს მოსწავლეებს ჩვენი საგნის მიმართ, ამასთანავე სასიამოვნოდ დავშორდებით მათ წინასაახალწლოდ.

განვიხილოთ რამდენიმე თემა კლასების მიხედვით:

1) თემა: წერტილთა გეომეტრიული ადგილი და მათი თვისებები.

მოვამზადოთ სხვადასხვანაირი სანტები, რომელთა ხელები გამოსახავენ ფუნქციის გრაფიკულ გამოსახულებებს. ეს ფუნქციები შეიძლება იყოს: Y=X, Y=|x|, Y=-|x|, Y=-X, Y=X2,

Y=-X2, Y=k/x, Y=ax,x2+y2=r2, Y=sinx ფრაგმენტი, y=cosx ფრაგმენტი, y=tgx ფრაგმენტი.

კლასი დავყოთ ჯგუფებად თითოეულ ჯგუფს გავაცნოთ შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მოცემული იქნება ცხრილის სახით.

ჯგუფის ნომერი სწორად გამოცნობა

2-1 ქულა.

2 მინიშნების გარეშე და 1 ჩვენი მინიშნებით

თუ  ფუნქციაა,

გამოიცნოს მაქსიმუმი

და მინიმუმი,

1-2 ქულა

თუ ფუნქციაა,

გამოიცნოს

ნიშანმუდმივობა,

1-2 ქულა

თუ ფუნქციაა,

გამოიცნოს

ნულები,

1 ქულა

 

თუ ფუნქციაა,

გამოიცნოს

ზრდადობა-კლებადობა,

1-2 ქულა

თუ არის ფუნქცია,

გამოიცნოს

პერიოდი, ლუწ-კენტობა, სიმეტრიულობა, 3-2-1 ქულა

თუ არ არის ფუნქცია და წრეწირია, აღწეროს წრეწირის თვისებები.

3-2-1 ნამუშევრიდან გამომდინარე

1              
2              
3              
4              
5              

 

ჯგუფი აკეთებს პრეზენტაციას ფურცლებიდან და ამ ფურცლებს შეიძლება ჰქონდეს ფიფქების ან რამე საახალწლო აქსესუარის ფორმა. დამატებითი განწყობისთვის იყოს ეს ფურცლები ფერადი. ჯგუფებს შეგვიძლია გამოსაკვლევად მივცეთ სხვადასხვა სანტა, რათა შემდეგ პრეზენტაციების მოსმენა მოსაწყენი არ გახდეს.

ჯგუფის შეფასების კრიტერიუმები:

ჯგუფის ნომერი ორგანიზება

1 ქულა

სწორად განაწილებული ფუნქციები

1 ქულა

მოსმენის კულტურა

1 ქულა

დროის ლიმიტი

1-2 ქულა

პრეზენტაციის სწორად წარმართვა

1-2 ქულა

1          
2          
3          
4          
5          
           

 

ბოლოს ეს სანტების სურათები დავამაგროთ დაფაზე და შევქმნათ დადებითი საახალწლო  განწყობა.

შევაფასოთ ყველა ჯგუფი განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებით.

 

2) თემა: სტატისტიკის ელემენტები

სტატისტიკის ელემენტების განხილვის დროს მონაცემებად გამოვიყენოთ სხვადასხვა ფორმის სანტები, ნაძვის ხეები, ნაძვის ხის სათამაშოები, ნაძვის ხეები და ასე შემდეგ. მთავარია, მათი დათვლა შეიძლებოდეს და განსხვავებული იყოს ფერების ან ფორმების მიხედვით. ასეთი ნახატების მოძიება არ საჭიროებს დიდ დროს. ვაჩვენოთ ნახატები პროექტორით ან ჩამოვურიგოთ ინდივიდუალურად ყველა ჯგუფს.

ასეთი ამოცანების სტილია:

 

  • მოცემულია სხვადასხვა ფორმის და ზომის სანტები. ერთი არის სანტა ხელში ნაძვის ხით, მეორე – თავდაყირა, მესამე – ვარჯიშობს, მეოთხე – ხელში საჩუქრით. რომელი სანტა შეესაბამება მოდის ცნებას?
  • თქვენ ხედავთ სხვადასხვა ფერის სანტას ქუდებს. ეს ფერებია: ლურჯი, წითელი, ლურჯი ვარსკვლავებით და იისფერი ვარსკვლავებით. იპოვეთ მათი შესაბამისი რიცხვები და ამ რიცხვების შესაბამისი მედიანა;
  • თქვენ ხედავთ სხვადასხვა ფერის ქუდებს ეს ფერებია: ლურჯი, წითელი, ლურჯი ვარსკვლავებით და იისფერი ვარსკვლავებით. იპოვეთ მათი შესაბამისი რიცხვები და იპოვეთ ამ რიცხვების შესაბამისი საშუალო;
  • სურათზე თქვენ ხედავთ სხვადასხვა ფორმის სანტას სახეებს. იპოვეთ იმ სანტას სიხშირე და ფარდობითი სიხშირე, რომელსაც ულვაშზე ჩიტი უზის;
  • იპოვეთ წინდების, ხელთათმანების, ზანზალაკის, საჩუქრის ყუთის, სანტას ქუდების რაოდენობა. იპოვეთ ამ რიცხვების შესაბამისი კვადრატული გადახრა;
  • ამ ნახატზე მოცემული წინდების, ხელთათმანების, ზანზალაკების, საჩუქრის ყუთის, სანტას ქუდების რაოდენობა
  • . იპოვეთ ამ რიცხვების შესაბამისი რანგები.
  • მოცემულ სურათზე მოცემულია: ნაძვის ხე, ფიფქი, ხელთათმანი, თოვლის ბაბუა, სახლი, ნაძვის ხის სათამაშოები. იპოვეთ მათი რაოდენობა და შემდეგ მათი: ა) მედიანა; ბ) სიგანე; გ) მოდა.
  • მოცემულია ფოთლებიანი ღეროს დიაგრამა, სადაც ფოთლები ნაძვის ხეზეა განლაგებული. იპოვეთ ამ მონაცემების მოდა.
  • მოცემულია ფოთლებიანი ღეროს მსგავსი დიაგრამა, სადაც ფოთლები ნაძვის ხეზეა განლაგებული. იპოვეთ ამ მონაცემების მედიანა და სიგანე.
  • მოცემულია ფოთლებიანი ღეროს მსგავსი დიაგრამა, სადაც ფოთლები ნაძვის ხეზეა განლაგებული. იპოვეთ ამ მონაცემების შესაბამისი საშუალო.

  • მოცემულია სანთლები, ნაძვის ხის სათამაშოები, ნათურები, ვარსკვლავები, ორნაირი

ნამცხვარი, ფოთლები. იპოვეთ ისინი და ააგეთ ამ რიცხვების შესაბამისი სვეტოვანი დიაგრამა.

  • მოცემულია სანთლები, ნაძვის ხის სათამაშოები, ნათურები, ვარსკვლავები, ორნაირი

ნამცხვარი, ფოთლები. იპოვეთ ისინი; ამ რიცხვების შესაბამისი მონაცემების მოდა, მედიანა.

ხოლო ნახატების ნიმუშებია:

სასურველია კლასმა იმუშაოს ნაძვის ხის ფორმით გამოჭრილ ფურცლებზე და ასევე ფოთლებიანი ღეროს მსგავსი დიაგრამა იყოს ნაძვის ხის ფორმით გამოჭრილი ფურცელი, რომელზეც მოვათავსებთ რიცხვებს.

3) თემა: წილადი და მასზე მოქმედებები

 

მოვიქცეთ ზუსტად ისე, როგორც სტატისტიკის თემაზე, მხოლოდ ამოცანები ეხებოდეს წილადებს. მაგალითად:

  • სურათზე თქვენ ხედავთ, მოცემულია სხვადასხვა ფორმისა და ზომის სანტები. ერთი არის სანტა ხელში ნაძვის ხით, მეორე – თავდაყირა, მესამე – ვარჯიშობს, მეოთხე – ხელში საჩუქრით. სანტების რა ნაწილია – სანტა ხელში ნაძვის ხით?
  • თქვენ ხედავთ სხვადასხვა ფერის სანტას ქუდებს. ეს ფერებია: ლურჯი, წითელი, ლურჯი ვარსკვლავებით და იისფერი ვარსკვლავებით. იპოვეთ მათი შესაბამისი რიცხვები. გამოთვალეთ, რა ნაწილია იისფერვარსკვლავებიანი ქუდები, გამოაკელით შესაბამისი წილადი 5-ს.

და ა.შ.

ნახატის სხვა ვარიანტი:

შეფასება მოხდება ცხრილში:

  პრეზენტაციის სწორად წარმართვა:

1 ქ.

ჯგუფის

ორგანი

ზებულობა:

1-2 ქ.

ამოცანის სწორად ამოხსნა:

1-2 ქ.

სწორად ჩაწერილი პასუხი:

1ქ.

ორიგინალური ამოცანის შედგენა ნახატის მიხედვით

1-2 ქ.

შედგენილი ამოცანის ამოხსნა

1 ქ.

ბონუსი
I              
II              
III              
iV              
V              

 

  • თემა: სიმეტრია ჩვენ ირგვლივ

აქ უკვე შეგვიძლია კლასის გოგონებს ვთხოვოთ გაიკეთონ თმის სამაგრები, საახალწლო თემატიკით (სანტებით, ირმებით, ფიფქებით…) ასეთ სამაგრებში ვლინდება სიმეტრია. მოვამზადებინოთ ბავშვებს პრეზენტაციები ამ თემაზე, რომლებსაც დავასრულებთ საახალწლო პრეზენტაციებით. პრეზენტაციებზე უნდა მოხდეს სილამაზეზე ხაზგასმა. მაგალითად:

  1. სიმეტრია ჩვენ ირგვლივ (ზოგადი);
  2. სიმეტრია ბუნებაში (ფოთლები, პეპლები, ყვავილები);
  3. სიმეტრიის გამოყენებით შექმნილი არქიტექტურული და ხელოვნების საოცრებები;
  4. სიმეტრია „ვეფხისტყაოსანში”. რამდენიმე სტროფის და ზოგადი განხილვა;
  5. სიმეტრია გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებაში;
  6. ბავშვების მიერ შექმნილი სიმეტრიის სურათები ან ნივთები;
  7. გეომეტრიული ფიგურები და მათი სიმეტრიის ღერძები და ცენტრები;
  8. სიმეტრია ქართულ და ინგლისურ ანბანში;
  9. ჰერმან ვაილის აზრი სიმეტრიის შესახებ და, ზოგადად, სიმეტრიის იდეა;
  10. სიმეტრია და ფოლკლორი;
  11. სიმეტრიის გამოყენება მოდის ხელოვნებაში;
  12. ნივთებისა და მათი ჩრდილებით შექმნილი სილამაზე;
  13. ცნობილი ემბლემები და დროშები სიმეტრიით შექმნილი.

ამ ყველაფრის შემდეგ გადავიდეთ საახალწლო სტილის პრეზენტაციებზე. ასეთებია:

  1. ნაძვის სათამაშოები და, ზოგადად, საახალწლო აქსესუარები, სიმეტრიის გამოყენებით შექმნილი (მათ შორის სამკაულები საახალწლო თემაზე);

  1. თოვლის ფიფქების სურათები, რომლებსაც აქვს სხვადასხვა ფორმა და ხდება ხაზგასმა იმაზე, რომ რა ფორმაც უნდა ჰქონდეს თოვლის ფიფქს, მას აქვს სიმეტრიის 6 ღერძი.
  2. სიმეტრიის გამოყენებით შექმნილი დეკორაციული საახალწლო სანთლები.

გაკვეთილი დავასრულოთ იმით, რომ მომზადებული ფერადი ფურცლებისა და მასალისგან დავამზადებინოთ ამ მოსწავლეებს საახალწლო აქსესუარები, რომლებშიც გამოვიყენებთ სიმეტრიის თვისებებს. შეიძლება ამ მოსართავებით მოვართვევინოთ ოთახი.

შეგვიძლია ასეთი გაკვეთილები ჩავატაროთ ბევრ სხვა თემაზე, სადაც საჭიროა რიცხვები და ამ რიცხვებად ზემოთ განხილულ ნახატებს გამოვიყენებთ, მთავარია სწორად დათვალონ. ამ ნახატების მოძიება საკმაოდ მარტივია ნებისმიერი საძიებო სისტემით.

ასევე, შეიძლება განვიხილოთ ნახატები არა საახალწლო, არამედ საგაზაფხულო თემაზე. აქ უკვე ნახატებზე იქნება: ჩიტები, პეპლები, ყვავილები და ასე შემდეგ. მაგალითად:

ეს არის არასტანდარტული გაკვეთილი, თუმცა ძალიან ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. ყველა მოსწავლე ახერხებს ჩართვას. ადვილია დიფერენცირება.

გავითვალისწინოთ – ამ სტილს შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ პერიოდში მივმართოთ. ეს განსაკუთრებული პერიოდებია სემესტრის ბოლო და წლის ბოლო.

 

ინდივიდუალური განათლება ციფრულ ეპოქაში AltShool-ები და სხვა

0

დღეს ძალიან ბევრს წერენ იმის შესახებ, რომ ტრადიციული განათლება ეპოქის მოთხოვნებს ვეღარ პასუხობს, რომ თანამედროვე ციფრული ეპოქის მოქალაქე ბავშვებისთვის უკვე უინტერესო და არაფრისმომცემია ტრადიციული განათლება. ეს პრობლემა არ არის ლოკალური და არც მხოლოდ ქართული; პრობლემა ეხება მთელს სამყაროს. პროგრესული ადამიანები გრძნობენ რა ამის საჭიროებას, აქტიურად იწყებენ მოძრაობას ალტერნატიული და პროგრესული განათლების კერების შესაქმნელად.

საყოველთაოდ აღიარებული ტრადიციული განათლების ჩანაცვლება უცებ ვერ ხერხდება, რადგან ახალი ტიპის განათლების მიმართ ყოველთვის ჩნდება ეჭვი და უნდობლობა; საბედნიეროდ, მსოფლიოში არიან ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულნი არიან ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული განათლების სიკეთეში.

სწორედ ამ მიზნით მაქს ვენტილამ 2013 წელს დატოვა თავისი კარიერა Google- ში და გადაწყვიტა, რომ განათლების სფეროში გაეგრძელებინა მოღვაწეობა. მან ჰარმონიულად დაუკავშირა ერთმანეთს ციფრული ტექნოლოგიები, თანამედროვე მოთხოვნები და განათლება და შექმნა მიკრო-სკოლების ქსელი, რომელიც ცნობილია AltShool – ის სახელწოდებით. სკოლა მან დააარსა აშშ-ში, სან-ფრანცისკოში და შემდეგ სხვა ქალაქებშიც,  დღემდე იზრდება და ვიათარდება ეს სკოლები ტრადიციული სკოლების გვერდით.

AltShool-ები არის ალტერნატიული და პროგრესული განათლების კერები, რომლებიც ორიენტირებულია ბავშვის ინდივიდუალურ განათლებაზე და ეფუძნება მათ ინტერესებს. სწავლებაში ჩართულები არიან: მასწავლებლები, სტუდენტები, ინჟინრები, მშობლები, რომლებიც ეხმარებიან მოსწავლეებს შეადგინონ ინტერესებსზე დაფუძნებული პროექტები.

ამგვარი კონცეფცია მრავალმხრივ საინტერესოა. მშობელი არა მხოლოდ ჩართულია შვილის სასკოლო ცხოვრებაში, ინტერნეტში ატვირთული მასალებით შეუძლია ნებისმიერ დროს თვალი ადევნოს შვილის აქტივობას და იმას, თუ როგორ ასრულებს პროექტის ამოცანებს; დამფუძნებლების თქმით, ამგვარი დამოკიდებულება შვილებიდან მშობლებზეც ახდენს გავლენას; ასე რომ პროგრესული განათლება ვრცელდება არა მშობლიდან შვილზე, არამედ, შვილიდან – მშობელზე; სტუდენტებისთვის მოსწავლეთა პროექტებში ჩართულობა არის გამოწვევაც და საუკეთესო პრაქტიკაც, რადგან ამ ყველაფერს მასწავლებელი ხელმძღვანელობს და სტუდენტი კი აქტიურად არის ჩართული და პრაქტიკით იღებს ახალ გამოცდილებას და ცოდნას.

 

როგორც კვლევებმა აჩვენა, ყველაზე ერთნაირად გათვლილი ტრადიციული განათლების მოდელი სულ უფრო მეტ მოსწავლეზე ვეღარ ახდენს გავლენას; მთელს მსოფლიოში განათლების ტრადიციული სისტემა ჩამორჩება ეპოქის მოთხოვნებს. ციფრულ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ინდივიდუალური სწავლების მოდელით კი სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება, რადგან ამ სკოლებში მოქმედი კონცეფციები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გამოიმუშაონ ახალი უნარები პირადი ინტერესების კონტექსტში.

 

ტექნოლოგიებისა და განათლების ამგვარი კავშირი მოსწავლეს არ წყვეტს რეალობისგან, პირიქით, უფრო მეტად ჩართულს ხდის სოციალურ ცხოვრებაში, რასაც ვერ აკეთებს ტრადიციული განათლება, რომელსაც საერთოდ დაკარგული აქვს კავშირი ცხოვრებასთან. 12 წელი სწავლობს მოსწავლე და არ იცის,  რაში სჭირდება სკოლაში მიღებული ცოდნა და სად უნდა გამოიყენოს.

 

როგორც ამ სკოლის დამფიუძნებლები აღნიშნავენ: ასეთ შემთხვევაში, მთავარი მაგია ტექნოლოგია არ არის. ტექნოლოგია არის კარგი ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ მასწავლებლებს მეტი ზეგავლენა ჰქონდეთ ბავშვებზე და ამავე დროს, შეუქმნან მეტი მოტივაცია განათლებისთვის.

 

AltShool-ები პერსონალური სასწავლო გეგმების შექმნით და რეალიზებით ბავშვებისთვის სასწავლო პროცესს ხდიან სახალისოს და შემოქმედებითს… მოსწავლეები ემოციურად არიან ჩართული პროექტებში (და არა ძალდატანებით და აუცილებლობით) ამავე დროს, არ არიან სოციუმისგან მოწყვეტილი და, რა თქმა უნდა, აკადემიურად წარმატებულები არიან. ბევრი მოსწავლე, რომელიც ტრადიციული განათლების სისტემაში ინფანტილური და უყურადღებო იყო, აქ პოულობს თავის თავს. არ არსებობს ბავშვი, რომელიც ცნობისმოყვარე არ იყოს, რომელსაც კითხვა არ ჰქონდეს და რაიმე არ აინტერესებდეს. განათლება თუ გაჰყვება ბავშვის ინდივიდუალურ ინტერესს, მოსწავლეს აკადემიურ განათლებასაც მისცემს და ცხოვრებისთვისაც მოამზადებს.

ინდივიდუალური სწავლება არის ალტერნატიული განათლების ახალი სტრატეგიების საკვანძო პრინციპი, რომლიც გვეხმარება სრულიად სხვაგვარად გადავიაზროთ განათლება. ინდივიდუალური განათლება საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, გააკეთონ ის, რაც მათთვის მართლაც საინტერესოა – წერს სარა ლუში, AltShool-ის ერთ-ერთი პროგრამის კოორდინატორი.

აბსტრაქტული სწავლების იდეას (ტრადიციული განათლება) როდესაც ანაცვლებს მოსწავლის სრულიად კონკრეტული ინტერესი, ბუნებრივია, რომ შედეგი უფრო ეფექტურია. მოსწავლის მოტივაცია იზრდება, რამდენადაც ის კონკრეტული მეცნიერების გზით პასუხს სცემს მისთვის აქტუალურ კითხვას. მოსწავლის კითხვა თუ პრობლემა ყოველთვის აწმყოს უკავშირდება, მიმდინარე მოვლენებს და იმ გარემოცვას და სოციალურ გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობს. გამოცდილება აჩვენებს, რომ ინდივიდუალური სწავლებით განათლებამიღებული მოსწავლეები უფრო ადვილად ირჩვენ პროფესიას და ადრეულ ასაკში იციან, რისი გაკეთება სურთ და რა უხარიათ.

ინდივიდუალური სწავლებით მიღებული გამოცდილება უნიკალურია და ამავე დროს, არასდროს არ არის საკმარისი. ახალ-ახალი გამოცდილებები მოსწავლის მუდმივ ტრანსფორმაციას განაპირობებს. დიუის თეორიაც სწორედ ამას ეფუძნება. სწავლა – მოქმედებით, ჩართულობით, კეთებით – ეს არის ცოდნის მიღების საუკეთესო გზა.

ამგვარი სწავლება ეხმარება მოსწავლეს, რომ თვითაზროვნება და თვითრეფლექსია დაიწყოს, ამის საშუალებას მას აძლევს საკუთარ ინტერესებზე დაფუძნებული ინდივიდუალური განათლების მოდელი.

„აზროვნება იწყება იქ, სადაც პრობლებური სიტუაციაა“ (დიუი). ეს თეზისი უნივერსალურია არა მხოლოდ მოსწავლეებისთვის, ნებისმიერი ადამიანისთვისაც.

სწორედ ამ აზრს ავითარებს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში პროფ. გიგი თევზაძე, როდესაც სწავლების „ქარხნულ“ წესზე და მის ცვლილებებზე საუბრობს.

„ადამიანები სხვადასხვანაირები არიან. შესაბამისად, მათი სწავლაც და სასწავლებლად „მიღებაც“ სხვადასხვანაირად უნდა მოხდეს. ესეც, თანამედროვე, წარმატებული განათლების თეორიის და პრაქტიკის ქვაკუთხედია. თუმცა, ჩვენში ამას არ აქცევენ ყურადღებას და ისევ, მე-19 საუკუნის „ქარხნული“, „კონვეირული“ პრინციპით ასწავლიან და იღებენ სკოლებში და უნივერსიტეტებში. (გიგი თევზაძე, რატომ აღარ არის საჭირო ერთიანი ეროვნული მისაღები გამოცდები. სტატია სრულად იხილეთ აქ:  https://www.criticallog.org/blank-5/).

ვფიქრობ, რომ თუ სახელმწიფო ფიქრობს პროგრესულ მომავალზე, მან გზა უნდა მისცეს პროგრესულ განათლებასაც. ტრადიციული სკოლების გვერდით ალტერნატიული, ინდივიდუალურ განათლებაზე დაფუძნებული არაფორმალური განათლების ხელშეწყობა შედეგებს უფრო თვალსაჩინოს გახდის.

 

 

კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები

0

პრაქტიკოსი მასწავლებლის საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელი ტესტის ქულები სქემით გათვალისწინებული პროცენტების მიხედვით

 

რამდენად კარგად ესმით ბავშვებს გარშემომყოფი ადამიანების

0

უფროსების, პედაგოგებისა და მშობლების მხრიდან ხშირად ისმის საყვედურები მოზარდების მისამართით -„ეგოისტები და უგრძნობლები არიან, სულ არ ცდილობენ გაუგონ სხვასაც, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ“. ალბათ, ასეთი კომენტარები უცხო არ უნდა იყოს ბავშვებისთვის, რომლებიც არცთუ იშვიათად საყოველთაო გაკიცხვის ობიექტად არიან გადაქცეული  უფროსებისთვის.

იმაში გასარკვევად, თუ როგორ ახერხებენ ბავშვები მათ გარშემო და მათთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანების  – მასწავლებლების, თანატოლების და მშობლების ემოციებსა და გრძნობებში გარკვევას, შევეცადე შემესწავლა V-X კლასების მოსწავლეთა აზრები და შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოკითხვა წერილობით ტარდებოდა და ანონიმურ ხასიათს ატარებდა. მოზარდებს უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი, თუ ბავშვის რა ქმედებები და გამონათქვამები სტკენს ყველაზე მეტად გულს მასწავლებელს, მათ თანატოლს და მშობლებს. აი, რას ვკითხულობთ მათ ნაწერებში:

     ბავშვის ქმედებები და გამონათქვამები, რომლებიც ყველაზე მეტად სტკენს გულს მასწავლებელს: „მისი გაკვეთილის, საგნის და პროფესიის იგნორირება“; „ბავშვის ცუდი ქცევა და უსწავლელობა“; „მისი შრომის დაუფასებლობა“; „მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა მთელი კლასის თანდასწრებით“; „გაკვეთილის გაცდენა და მისი საგნის სიძულვილი“; „დაცინვა მისი პაროდიის გაკეთებით. თუმცა, ხშირად მასწავლებელი ცდილობს ეს არ შეიმჩნიოს და უკმაყოფილება დამალოს“; „მასწავლებელზე ჭორაობა თანატოლებთან და მშობლებთან“; „როცა თავის საქციელზე ბავშვი მასწავლებელს ამტყუნებს, ადანაშაულებს“; „გაკვეთილის სისტემატურად მოუმზადებლობა“; „უმადურობა“; „როცა ბავშვი არ არის მოტივირებული, უაზროდ იმართლებს თავს და ატყუებს მასწავლებელს“; „ბავშვის ურჩობა, გაუგონრობა და მისი თხოვნის გაუთვალისწინებლობა“; „უყურადღებობა, ცუდად სწავლა“; „დავალებების მოუმზადებლობა და გაკვეთილის არმოსმენა“; „მოსწავლეებს შორის ჩხუბი და კონფლიქტები“; „როცა ბავშვს შეღავათს უკეთებს და არ უფასდება“; „როცა ვაგრძნობინებთ, რომ არ გვიყვარს“; „უპატივცემულობა და მისი არაფრად ჩაგდება“; „გაკვეთილზე ბავშვების ცუდად მოქცევა და ხმაური“; „უხეშობა, უყურადღებობა, უპატივცემულობა, მასთან უზრდელური ტონით ლაპარაკი“; „მისი კეთილი საქმის არდაფასება“; „ტლიკინი, არმოსმენა, საგნისადმი აგდებული დამოკიდებულება“; „მისი პედაგოგიური შესაძლებლობების და პროფესიონალიზმის ეჭვქვეშ დაყენება“; „სხვა მასწავლებლებთან მასზე ჭორაობა და მისი ცუდად მოხსენიება“; „მასწავლებლისთვის საწყენია, როდესაც ბავშვი გაკვეთილით არ ინტერესდება და მისი შრომა წყალში იყრება“; „სხვა მასწავლებლებთან შედარება და იმის თქმა, რომ ის სხვებზე ცუდია“; „ბავშვის არასერიოზული ქცევა სერიოზულ თემაზე საუბრის დროს“; „მასწავლებლისთვის საწყენია, როდესაც ბავშვები არ გამოხატავენ მის მიმართ პატივისცემას, სიყვარულს და მის საგანს არასერიოზულად და აგდებულად უყურებენ“; „ენის ტლიკინი, საუბარში ჩაჭრა, შეპასუხება“; „მასწავლებლისთვის საწყენია, როცა ბავშვი მას მოიხსენიებს, როგორც არაპროფესიონალსა და უსამართლოს“.

     ბავშვის ქმედებები და გამონათქვამები, რომლებიც ყველაზე მეტად სტკენს გულს თანატოლს: „მასზე ჭორაობა, მის ზურგს უკან ჩურჩული“; „შეურაცხყოფა, დაცინვა, ცუდი სიტყვების მოსმენა“; „უყურადღებობა“; „ღალატი“; „დამცირება, შერცხვენა, ჩაშვება, „უსამართლოდ რამის დაბრალება“; „მოაჩვენო, რომ მისი საუკეთესო მეგობარი ხარ, სინამდვილეში კი მის ზურგს უკან ჭორაობ“; „იგნორირება და მასთან მეგობრობის სურვილის არქონა“; „მისი შეუმჩნევლობა და მასთან საუბარზე უარის თქმა“; „იმის თქმა, რომ მას მეგობრობა არ შეუძლია“; „კლასელის მიერ მისი ისეთი სალანძღავი სიტყვებით დახასიათება, როგორიცაა: დებილი, იდიოტი, სულელი, ჩამორჩენილი, ჩამოუყალიბებელი და ა.შ.“; „ბავშვს სწყინს, როცა თანატოლები მას ეჩხუბებიან, დასცინიან, უყვირიან, ნერვებს უშლიან, ცუდ სიტყვებს ეუბნებიან, მასზე ჭორაობენ“; „როცა რაიმე არ გამოსდის და დასცინიან“; „როდესაც რაიმე საიდუმლოს გაანდობ და ჩაგიშვებს“; „საუბარს, რომ აწყვეტინებენ და ლაპარაკს არ აცდიან“; „თანაკლასელის დაცინვა შეცდომის დაშვებისას“; „უსიამოვნო, უხეში მოპყრობა“; „ტყუილი, ღალატი“; „მისი ინტელექტის უპატივცემულობა და საკუთარი თავის მასზე მაღლა დაყენება“; „უნდობლობა, ჩხუბი, ღალატი“; „ტყუილი, შეურაცხყოფის მიყენება“; „უნდობლობა, ჩხუბი, ღალატი“; „ტყუილი, შეურაცხყოფის მიყენება“; „გვერდში არდადგომა“; „ოჯახის წევრების დაცინვა და გაკრიტიკება“; „იგნორი, დამცირება“; „მის გარეგნობასა და შესაძლებლობებზე უარყოფითად ლაპარაკი და ჭორაობა“; „მის სისუსტეებზე ყურადღების სპეციალურად გამახვილება და დაცინვა“; ორპირობა, საიდუმლოს გამხელა“; „მისი გრძნობების, მისი მდგომარეობის არგათვალისწინება და უდიერად მოპყრობა“; „როცა მთელი გულით უყვები მეგობარს რამეს და ის არც კი გისმენს და ლაპარაკი სხვა თემაზე გადააქვს, ან უბრალოდ გეუბნება, რომ არ იფიქრო ამაზე; ძალიან ადვილად აღიქვამენ შენს პრობლემებს“; „როცა მთელი გულით ცდილობ, რომ კარგი მეგობარი იყო და ის ამ ყველაფერს არც კი აფასებს, გცვლის სხვა მეგობრებში უმიზეზოდ“.

ბავშვის ქმედებები და გამონათქვამები, რომლებიც ყველაზე მეტად სტკენს  გულს მშობელს: „ტყუილის თქმა“; „სიჯიუტე“; „ისე რომ ელაპარაკები, როგორც თანატოლს“; „ბავშვის ცუდად სწავლა, სიზარმაცე“; „გაუგონრობა“; „როცა შვილი ცუდად ფიქრობს მშობელზე, არ მოსწონს, არ უყვარს ის და ამას არ მალავს და ეუბნება კიდეც“; „როცა ბავშვი სხვის მშობლებს ადარებს საკუთარს და ეუბნება, რომ სხვებს უკეთესი მშობლები ჰყავთ“; „უზრდელობა, ცუდი სიტყვების ხმარება მშობელთან საუბრისას“; „შვილი დედას ან მამას, რომ ეტყვის არ მიყვარხარ და არ მჭირდებიო, ვფიქრობ, მშობლისთვის ძალიან გულსატკენი უნდა იყოს”; „ცუდი ნიშნების მიღება“; „მშობლის იგნორირება და არაფრად ჩაგდება“; „როცა ბავშვი არ ასრულებს, რასაც ეუბნებიან და დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან  ან ტელევიზორთან, მშობლებს ძალიან სწყინთ და ბრაზობენ“; „ცუდი ტონით საუბარი“; „მშობლების შენიშვნების და რჩევების არგათვალისწინება, ურჩობა“; „უპატივცემულობა, ყვირილი, მისი არდაფასება“; „მშობელს ძალიან სწყინს, როცა ბავშვს შეუძლია და არ სწავლობს“; „აზრთა სხვადასხვაობა“; „ნდობის გაქრობა“; „როდესაც ბავშვი აკეთებს იმას, რასაც მშობელი კატეგორიულად უკრძალავდა“; „ბავშვის მიერ წარმოთქმული უზრდელური სიტყვები და უზრდელური საქციელი“; „თუ ბავშვი ისე არ ვითარდება, როგორც საჭიროა, თუ გზიდან გადაუხვია, თუ არ არის წარმატებული, თუ უშვებს ისეთ შეცდომებს, რომლებიც მისთვისვეა ცუდი. თუ ვერ გრძნობს სიყვარულს და დაფასებას  შვილისაგან“; „მშობელს შეიძლება შვილის უპატივცემულო გამოხედვაც კი სტკენდეს გულს“; „უარყოფითი განწყობა ყველაფრის მიმართ, არასერიოზულობა, დიდი ხანი კომპიუტერთან ჯდომა და ინტერნეტში ყოფნა“; „უმადურობა და მშობლის შრომის არდაფასება“; „თუ ბავშვი ისეთ რაღაცას გააკეთებს, რაზეც მშობელმა გააფრთხილა, რომ არ გაეკეთებინა“; „მშობლის თხოვნის იგნორირება, მისი არ მოსმენა“; „როცა ბავშვი არ უყვება მშობელს იმას, რაც მის ცხოვრებაში ხდება“; „როცა ბავშვისთვის ოჯახი მეორეხარისხოვანია და როცა ამის გამოსწორებას არ ცდილობს“; „როცა ბავშვი ჩაკეტილია, მშობელთან არ არის გახსნილი და არაფერს უყვება“; „როცა შვილი არ აფასებს მშობლის მისდამი სიყვარულს და პატივისცემას“.

როგორც ყოველივე ზემოაღნიშნულიდან ჩანს, მოზარდები არცთუ ისე ცუდად ერკვევიან იმაში, თუ რა შეიძლება გახდეს საწყენი და გულსატკენი პედაგოგისთვის, თანატოლისა და მშობლისთვის. თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში ისინი არანაირ ძალისხმევასა და მცდელობას არ იჩენენ იმისათვის, რომ მოარიდონ მასთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები გულისტკენას. შესაძლებელია, ამის მიზეზი უფროსების მოლოდინებსა და შეფასებებში იმალებოდეს. როდესაც ბავშვი მათგან ყოველდღიურად ისმენს ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ამისგან მაინც არაფერი გამოვა“; „გენეტიკა მაინც თავისას აკეთებს“; „მისგან სხვას რას უნდა მოელოდე“ და ა.შ., საეჭვოა, რომ მათ საკუთარ ქცევაში სერიოზული ცვლილებების სურვილი გაუჩნდეს. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვს, ისევე როგორც ნებისმიერი ასაკის სხვა ადამიანს, სიამოვნებს დადებითი კომენტარების მოსმენა, კარგი იქნება, თუ ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული ვიქნებით იმაზე, რაც მოსაწონი და დასაფასებელია და მხოლოდ ამის შემდეგ, თანაც კეთილგანწყობით გავამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რაც ცვლილებას და შემდგომ განვითარებას საჭიროებს.

 

 

 

ბიჭი მაღალი სოფლიდან

0

„ადიგენში, სოფელ კიკიბოში, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე მაღალმთიანი და მიუვალი სოფელია, გაკვეთილებს რკინის ვაგონში ატარებენ…და აქ მხოლოდ ერთი მოსწავლე რამინ გობაძე სწავლობს“…

პორტალ „სამხრეთის კარიბჭეში“ გამოქვეყნებულ მასალას, საიდანაც ეს ამონარიდია, ვიდეორგოლიც ახლავს. ბიჭი, რამინი, მორცხვად, ღიმილით საუბრობს. „რომელი საგანი მიყვარს და მათემატიკა და ქართული და ინგლისური და კიდე ბუნება. ადრე მასწავლებელი ძალიან იღლებოდა აქ, იმიტომ რომე ექვსი კლასი ვიყავით, ექვსი, ახლა…ახლა ერთი ვარ“.

რამინი იმასაც ამბობს, რომ პოლიციელი უნდა გამოვიდეს, რადგან „ქურდებს დეიჭირავს“, მერე კი აყოლებს, „ყველაზე მეტად მინდა მქონდეს…მოტოციკლეტი ან ველოსიპედი…“ტაჭკას“ გამოვაბამ, ვიკატავებ“.

შემთხვევაა თუ კანონზომიერება – არ ვიცი, მაგრამ ზოგჯერ გაცხადებული სურვილები სრულდება ხოლმე და ასე მოხდა რამინის შემთხვევაშიც. სოციალურ ქსელში მრავალჯერ გაზიარებული ვიდეო ერთმა ადამიანმა ნახა. ნახვისთანავე გადაწყვიტა, შეეძინა მისთვის სანუკვარი ველოსიპედი და თავადვე ჩაეტანა მისთვის კიკიბოში. მთებში ჩაკარგულ, უგზო, ლამის მიუვალ სოფელში.

„ ამ ისტორიამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. როგორია, იყო ერთადერთი მოსწავლე სკოლაში? ბიჭს მეგობრები სჭირდება, თანამოაზრეები, შესვენებებზე გართობა და ანცობა…როდესაც თავად ვიყავი მოსწავლე, ჩემს ოჯახსაც ძალიან უჭირდა, დიდი და მოყვარული ოჯახი მყავს, ვოცნებობდი, წარმატებისთვის მიმეღწია, რომ ოჯახსაც დავხმარებოდი და სხვებსაც, ვისაც ეს სჭირდებოდა“.

ჰოდა, ისე მოხდა, რომ ამ პატარა ბიჭს  დიდი და მოყვარული ოჯახიდან თავისი სურვილი აუსრულდა, წარმატებული გახდა, საქართველოში მოხვდა და ამ პატარა ქართველი ბიჭის ამბავიც შეიტყო.

„ვიდეო ვნახე, ცხადია, ქართული არ ვიცი, მაგრამ ახსნაც არ სჭირდებოდა ამ ბავშვის თვალებს. გავიგე, რომ ველოსიპედზე ოცნებობდა და ბედნიერი ვარ, მისი ოცნების ახდენა რომ შემიძლია“ – ამბობს ალონ მოლაჰაიმიანი, ისრაელის მოქალაქე, რომელიც ორ წელზე მეტია, საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს.

ალონს ბიჭთან დაკავშირებასა და სოფლამდე ჩაღწევაში დახმარებას დავპირდი. თან რედაქტორს, ნატო ინგოროყვას შევუთანხმე, ბლოგისთვის მასალასაც გავამზადებ-მეთქი და აქ მეორე ამბავი დაიწყო. ყოველ ჯერზე საოცარი სანახავია, როგორ ერთიანდებიან ადამიანები საერთო მიზნისთვის, როგორ არიან მზად თანადგომისა და დახმარებისთვის.

კოლეგიიდან ბევრმა გამოთქვა სურვილი, საჩუქარი გაეტანებინა ჩვენთვის. ასე დაუგროვდა რამინს უამრავი საჭირო და სასარგებლო ნივთი – ჩანთა, მთელი წლის სამყოფი საკანცელარიო ნივთები, ტკბილეული, ფეხსაცმელები, სათამაშოები, სახატავი რვეულები და ფანქრები, თბილი ტანსაცმელი, ფანარი და თერმოსი…მანქანაში ადგილიც კი აღარ იყო…

რამინი განსაკუთრებით გაახარა თბილისელი თანატოლის წერილმა, რომელიც მეგობრობას სთავაზობს მას „მადლობა, ყველას მადლობა გადეეცით, ვინც გეისარჯა“ – დაგვაბარა ბიჭმა.

რედაქციამ და „მასწავლებლის სახლმა“ უყურადღებოდ არც რამინის მასწავლებელი არ დატოვა. მას „მასწავლებლის სახლის“ გამოცემები, ჟურნალები და საკანცელარიო ნივთები გადავეცით. ნანა მაცაბერიძემ კიკიბოს სკოლაში მუშაობა სამი წლის წინ დაიწყო და უგზოობისა და უამრავი პრობლემის მიუხედავად პროფესიის ერთგულია. წუხს, რომ სოფელში ელემენტარული პირობებიც კი არ არის, რათა გაკვეთილები თუ კლასგარეშე აქტივობები უკეთ დაგეგმოს და განახორციელოს.

სოფელ კიკიბომდე დერცელისა და კიკიბოს სკოლების დირექტორმა, ბატონმა მერაბ ბერიძემ მიგვაცილა ( კიკიბოს დაწყებითი სკოლა შერწყმულია დერცელის საჯარო სკოლასთან). მერაბ ბერიძის თქმით, გასულ წელს კიკიბოს სკოლაში ექვსი მოსწავლე სწავლობდა, მათგან ოთხმა დაწყებითი საფეხური დაასრულა და ისინი დერცელის საჯარო სკოლაში გადავიდნენ. ერთი მოსწავლის ოჯახმა კი სოფელი დატოვა და საცხოვრებლად წალკაში გადავიდა.

„მოსახლეობის მიგრაცია სოფლიდან ქალაქში დღეს საკმაოდ ხშირია, განსაკუთრებით – მაღალმთიანი სოფლებიდან. ეს სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერავის მოსთხოვ, ასეთ პირობებში გაჩერდეს და იცხოვროს. თავადაც ხედავთ, გზა როგორია. სოფელს გზა თუ არ აქვს, მოწყვეტილია ცენტრს და ამის გამო უამრავი პრობლემა ჩნდება, იცლება სოფელი“.

გზა დერცელამდეც საკმაოდ გაფუჭებულია, დერცელიდან კიკიბომდე კი მგზავრი იძულებულია „უგზოსა ვლიდეს გზებსა“. მოსახლეობას ხშირად ფეხით უწევს ექვს კილომეტრამდე მანძილის გავლა.

მერაბ ბერიძემ უამრავი საინტერესო და საყურადღებო რამ გვიამბო რეგიონის, სკოლისა მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ადამიანების და მათი პრობლემების შესახებ. მასთან ინტერვიუს მომდევნო ბლოგში ცალკე შემოგთავაზებთ. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალმთიან სოფლებში შერჩენილი ადამიანების ხმა ისმოდეს – რაც შეიძლება ხშირად, რაც შეიძლება ხმამაღლა.

დირექტორის თქმით, კიკიბოს სკოლის პრობლემების შესახებ ცნობილია რესურსეცნტრისთვისაც და სამინისტროსთვისაც, “ველოდებით მოგვარებას“ – დაამატა მან.

ამ ადამიანის მონდომება და სურვილი, უკეთესობისკენ შეცვალოს არსებული მდგომარეობა, ნამდვილად დასაფასებელია. თუ დერცელში ჩახვალთ და ხის ფინური ტიპის კოტეჯისმაგვარ შენობაში განთავსებული სკოლას მოინახულებთ, ამაში თავად დარწმუნდებით – თვალს ახარებს ხის სკოლის წინ ახალი სპორტული მოედანი, რომელზეც ზაფხულშიც, არდადეგების დროსაც არ წყდება ბავშვების ჟრიამული. სკოლის კედლები დამშვენებულია მათი ნამუშევრებით, ბატონი მერაბი კი დიდი სიამაყით ჰყვება დერცელის სკოლის მოსწავლეების წარმატებებების შესახებ.

საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, ფოტოებისა და ტრანსპორტირებისთვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქციას.

იმედს ვიტოვებთ, რომ ამ მაღალმთიანი სოფლის პრობლემებით მეტად დაინტერესდებიან ისინი, ვისაც ცვლილებები ძალუძს.

 

 

დრო და მშვენიერება –  ნეფერტიტი და გრეტა გარბო

0

„მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,

რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული“, –

წერს ნიკოლოზ ბარათაშვილი ლექსში „რად ჰყვედრი კაცსა“. მშვენიერების ამგვარი განცდა თანაბრად შეიძლება დაბადოს ღვთის „ხელებით გამოძერწილმა“ სამყარომ: „შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე“ (ფსალ. 8,4) – და ადამიანის ქმნილებამ: პოეზიამ, ფერწერამ, მუსიკამ, არქიტექტურამ…

რამდენად ცვლის დრო მშვენიერების აღქმასა თუ განცდას, სწორედ ამ საინტერესო თემაზე მსჯელობს გრიგოლ რობაქიძე თავის ესეებში და მაგალითებად კაცობრიობის ისტორიაში გამორჩეული ორი უმშვენიერესი ქალი – ნეფერტიტი და გრეტა გარბო მოჰყავს.

გრიგოლ რობაქიძის ესეების კითხვისას, როგორც მწერალს სჯეროდა, მართლაც, „საგნები გონებაში უეცრად გამოჩნდება და გამოანათებს ახალ კონტექსტში“. სულიერი მზერის გასახსნელად მწერალი მკითხველს ნეფერტიტიზე ესეს სთავაზობს („ნეფერტიტის თავი“). წინათქმაში ის მოგვიწოდებს, არ შეგვაცბუნოს დროის კონტექსტში ნეფერტიტის ხსენებამ: „თუმცა ფარაონის მეუღლე ნეფერტიტი ჩვენგან ათასობით წლითაა დაშორებული, მაგრამ იქ, სადაც დედამიწა სულიერი მზერითაა განხილული, ის ჩვენს თანამედროვედ რჩება“. მწერალი ნეფერტიტის პორტრეტს სხვა პორტრეტთა გასაღებად განიხილავს. რატომ? იგი მას – მზის ქალიშვილს – სიცოცხლისა და სიკვდილის მიღმა არსებულად, უსასრულობის განსახიერებად მიიჩნევს და მის სხეულს წარმოაჩენს როგორც ფორმის სრულყოფილებას, მაგრამ მთავარი მისი სულია. ნეფერტიტი მას ეგვიპტის მიწის ნორჩ ყლორტად წარმოუდგება. მეუღლე მისი, ეხნატონი, მზეს ჰიმნებს აღუვლენდა და მზის ხატებაში ნეფერტიტის ღვთაებრივ სილამაზესაც გულისხმობდა. ამ ესეში ნეფერტიტი სულიერი მზერითაა განხილული. მწერალი ისე შთამბეჭდავად აღწერს ქალის ყოველ ნაკვთს, მკითხველსაც აეხილება სულიერი თვალი და მატერიალური ფორმების მიღმა ჭვრეტს უხილავს. მწერლის დაკვირვებული მზერა ნეფერტიტის ყელიდან ზემოთ მიემართება და თვალებზე შეჩერდება: „მისი ხედვა შიგნით შეიგრძნობს: მისივე სისხლის ჩუმ სიმღერას… უკიდეგანო დაბლობზე მქრქალ მეტალისებურად მძიმედ ეშვება ცისფერი ჩრდილები და სინათლის ოკეანის ფონზე ქალის რბილი ნაკვთები მკაცრად და სუფთად იკვეთება“.  ეს სტრიქონები პოეტური პროზაა.

ნეფერტიტის მზერისას მწერალი შეიმეცნებს ყოფიერების არსს.  მზე საკუთარ თავს თვითონ წარმოშობს. ამ მისტერიის სიმბოლოა ეგვიპტეში წმინდად აღიარებული ხოჭო სკარაბეუსი, საკუთარ თავზე რომ ქორწინდება. ნეფერტიტის მზერისას მნახველმა მის ირგვლივ არსებული იდუმალება უნდა შეიგრძნოს. ამ სიტყვების გასაგებად მწერალი იხსენებს, რა ურჩია დანაღვლიანებულ მბრძანებელ სნოფრუს ბრძენკაცმა: აევსო ნავი შიშველი ლამაზი გოგონებით და ტბაზე გაესეირნა. მართლაც, ქალწულებს ბადეები გადააცვეს და ნიჩბების მოსასმელად დასხეს. ასე ფრთხილად, თავშეკავებულად შეძლო მბრძანებელმა შიშველი სხეულებით ტკბობა და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდა.

ნეფერტიტის სახეში მწერალი წარმავლობის სევდით აღძრულ მსუბუქ ჩრდილსაც შენიშნავს, მაგრამ მთავარი ის მითიური სახეა, რომელიც ამ მატერიალურ სხეულში უცებ იელვებს. რობაქიძის აზრით, უცნობმა მოქანდაკემ ფარაონის საოცარი მეუღლის პლასტიკურ სახეში იდუმალებით აღსავსე „კა“ გადმოსცა. რა არის კა? „არსის შინაგანი სუბსტანციაა: ის სამყაროს შექმნამდე ცოცხლობს, დედამიწაზე თავის თავს განახორციელებს, სიკვდილის შემდეგ იგი სულის სფეროებში  ადის, ის განუმეორებელი სახეა… მასში ღვთაებრივი იხსნება. ამის შედეგად იგი მარადიული ხანგრძლივობის ნიშანს იღებს. ის მოუხელთებელია და, ამავე დროს, ნათლად შესაგრძნობი… ეგვიპტელისთვის ყოველი წამი კა-თია გამსჭვალული. ამის გამო ეგვიპტელი ყოველ წამში შეყვარებულია“. სწორედ ამიტომ ამუმიფიცირებს სხეულსაც: „კა მუმიაშია ჩაძირული. მუმია კი თვლემს და ირგვლივ ყოველივე ზემიწიერებით სუნთქავს“.

სწორედ ეს კა აცოცხლებს ნეფერტიტისაც, რომლის იდუმალ ღიმილს გრიგოლ რობაქიძე ჯოკონდას ადარებს და ამ ორი ღიმილის განსხვავებულობაზე ამახვილებს ყურადღებას.  მონა ლიზა, სავსე გამოცდილებით, თავის ქალურ უპირატესობაშია დარწმუნებული და დამთრგუნველად ზემოქმედებს მამაკაცზე, რომელიც კოსმიურ სისუსტეს შეიგრძნობს, „ნეფერტიტის ღიმილი კი ქალწულებრივი შიშის მომხიბვლელობითაა აღსავსე. მისი იზისის ძალა შეყვარებულის მზის თესლით ნაყოფიერდება“. მზის პოეტი, მზის ძალის მფლობელი ეხნატონი, რომელსაც ჩვეულებად ჰქონდა, თავის თავზე ეთქვა: „მე სინამდვილით ვცოცხლობ“, – მიეახლება მშვენიერ მეუღლეს არა ჟინისათვის, არამედ – „რათა ღვთაებრივ შენში წარუვალი საკუთარი სახე შეინარჩუნოს“.

მწერალმა იცის, რომ დრო დაშლის ამ მშვენიერ ბიუსტსაც და სვამს კითხვას: „გაქრება მასთან ერთად ნეფერტიტიც?“ მისი პასუხი მრავალმნიშვნელოვანია და დამაფიქრებელი: „არა! წაიშლება მეცხრე სიმფონია, როდესაც ოდესმე ყველა ვიოლინო, საყვირი, ყველა ჰობოი და ფაგოტი განადგურდება. ალბათ ისინი სადღაც ტონის სამეფოში სამყაროს აღსასრულამდე კვლავ იჟღერებენ, ამგვარად, მუსიკალური ტალღა, ნეფერტიტი, ისევ მარადისობისთვის ცოცხლობს“.

შვედი მსახიობი, კინოვარსკვლავი გრეტა გარბო, რობაქიძემ მეოცე საუკუნის  „ზმანებად“ მიიჩნია („გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა“). ამ ესეში მწერალმა თანამედროვეობის სული სიღრმისეულად წარმოაჩინა და დახატა პორტრეტი ქალისა როგორც მარადქალურობის ცხოველმყოფელი ხატისა. მისი აზრით, „ყოველ დროს საკუთარი ხიბლი და საკუთარი აღქმის ვიბრაციის ამპლიტუდა აქვს. ყოველი დრო საკუთარ ერთჯერად ზმანებას ქმნის, რომელშიც ის თავის თავს წარმოშობს და ავითარებს“.

მარსელ პრუსტმა დროის ძიებას რომანების ციკლი მიუძღვნა და „დაკარგული დროის ძიების“ გზაზე ლიტერატურა აქცია მთავარ მეგზურად. რობაქიძესაც დროის დინებასთან ჭიდილში ხელოვნება ესახება ფარად.  დროის ფენომენისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს ადამიანურობასაც. თუ დროის შეგრძნება დაიკარგა, ადამიანი ცხოველს ან მცენარეს დაემსგავსება. სხვა გზა „უკანდაბრუნებაა“. შინაგანი ხედვის განვითარება. მეორე გზა კი დროის წინსწრაფვით დაიძლევა – დროის მონაკვეთი მოკლდება და ირეალური ხდება. სწორედ ეს მეორე გზა მიაჩნია რობაქიძეს მეოცე საუკუნისთვის ნიშნეულად. მწერალს მოჰყავს მაგალითები, თუ როგორ ააჩქარა ტექნიკამ დრო – ელვის უსწრაფესად მქროლი ავტომობილები „მთვარეულ არსებებს“ ჰგვანან და ადამიანებს ილუზორული ძალის შეგრძნებას უჩენენ, თუმცა თანამედროვე ადამიანში მწერალი მზის ნაკლებობას ამჩნევს.

საგულისხმოა, რომ მწერალი საუბრობს არა რეალურ გრეტა გარბოზე, არამედ მის ფილმისეულ ხატებაზე – ერთგვარ ფანტომზე, რომელმაც მთელი მსოფლიო თავის თაყვანისმცემლად აქცია. მწერალს მისი თვალების უჩვეულობა ხიბლავს, მისი დანისლული მზერა, რომელიც ადამიანს „სხვის“ არსებობას შეაგრძნობინებს.  ეს ქალი მისთვის „ხორცშესხმული ნატიფი სინათლის ქსოვილია“. მისი ხიბლის წარმოსაჩენად მწერალი მარლენ დიტრიხის აფროდიტულ მშვენებასაც მოიხმობს, თუმცა გარბო მას იმგვარ ქალად მიაჩნია, რომელშიც ერთდროულად, როგორც შესაძლებლობანი,  თანაარსებობენ ბაკქელი ქალი, დიონისეს მხლებელი მენადა, წმინდა მადონა, კურტიზანი, დედა. მწერლის აზრით, გრეტა გარბო ყოველ როლში ბუნებრივია, რადგან კი არ თამაშობს, ნიღაბს კი არ ირგებს, არამედ ყოველთვის საკუთარ თავს გამოხატავს.

რობაქიძე თავის ესეებში ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ ყოველ არსს თავის თავში აქვს რაღაც, რაც ურღვევია. ეს არსის შინაგანი ხატია. თუ არსი ნივთებში გადადის – მატერიალურად გამოიხატება,  ხატი ყოველთვის თაურსაწყისში რჩება, მაგრამ ხატსაც აქვს საკუთარი სინამდვილე, რომლის დანახვა შინაგანი ჭვრეტით პოეტებს შეუძლიათ. მწერლის აზრით, კინემატოგრაფმა ხატთა სინამდვილე ბრწყინვალებით ფანტასტიკურ სიმაღლემდე აიყვანა. სწორედ ამ ხატთა შორის მბრძანებლობს გრეტა გარბოს ხატი და აღმოსავლეთისა თუ დასავლეთის ქვეყნებს თანაბრად ატყვევებს. მწერალი საუბრობს ამ ხატის მიბაძვით შექმნილ სახეებზე – ერთგვარ გარბოიდებზე.  ამ ხატს საკუთარი ბედისწერა აქვს. ამ ხატში მწერალი შეიგრძნობს, რაოდენ სავსეა ქალი მიწიერებითა და მზით, რაც ასე აკლია თანამედროვე მამაკაცს.  „ჩვენ წინაშე ტექნიკის მეშვეობით შეუმჩნევლად დედამიწის ახალი ევოლუცია ხდება“  – და ეს მას აპოკალიფსის დასაწყისად მიაჩნია.

გრეტა გარბოზე მსჯელობა მწერალს სჭირდება თანამედროვეობის სულის განსხვავებული რაკურსით დასანახავად და გასაანალიზებლად. მკითხველიც გრძნობს დემონური და ღვთაებრივი ძალების ჭიდილის ასპარეზად ქცეული ადამიანის ტრაგიკულობას.

გარბო მწერალს არა მხოლოდ ზმანებად, არამედ „დღევანდელობის მსხვერპლადაც“ წარმოუდგება: „ადვილი საფიქრებელია, რომ ერთ დღეს იგი, ბედისწერით აღძრული, თავის საკუთარ ფილმს შეუმჩნევლად ეწვიოს. მაშინ მის საოცარ წამწამებს ორი დიდი ცრემლი დაამძიმებს – მსოფლიოს უმშვენიერესი და ყველაზე მწუხარე მარგალიტები“.

ორივე ესე დაბეჭდილია კრებულში „დემონი და მითოსი“, რომელიც „არტანუჯმა“ გამოსცა.

ცნობილია, როგორი თავისებური სტილი აქვს რობაქიძეს. ასევე უჩვეულოდ წერდა გერმანულადაც, თავად გერმანელებსაც რომ აოცებდა ამ ენის სიღმისეული ცოდნითა და აზრის გადმოცემის მეტაფორული და ხატოვანი ხვეულებით. მით უფრო დასაფასებელია ამ ესეების ქართულ ენაზე მთარგმნელის,  მანანა კვატაიას შრომა. ის კარგად იცნობს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებას, ამიტომაც ახერხებს, რომ თარგმანში არ იკარგება რობაქიძისეული სიტყვის ენერგია და ხიბლი.

როგორ მოვამზადოთ მოსწავლეები უცხო ტექსტის ანალიზისთვის

0

მესამე  წერილი 

ჩემი შვილების კლასელების მშობლები ხშირად გამოთქვამდნენ წუხილს, როგორ ვერ აკითხებდნენ წიგნებს თავიანთ შვილებს. მე ეს პრობლემა არასოდეს მაწუხებდა, იმიტომ კი არა, რომ ჩემს შვილებს წიგნებს ვერ ვაგდებინებდი ხელიდან, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის წაკითხული წიგნების რაოდენობა არასოდეს ყოფილა მთავარი, მე ის უფრო მაინტერესებდა, რას და როგორ წაიკითხავდნენ ისინი. მე ხომ მათ ისეთი სატელევიზიო კონკურსებისთვის არ ვამზადებდი, რომლებიც აჩვენებს, რამდენად კარგად ახსოვს მოთამაშეს წაკითხული ნაწარმოებიდან პერსონაჟების სახელი ან მოქმედების ადგილი. ამგვარი კონკურსები მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობას ამოწმებს, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ თამაშში მონაწილე კარგი მეხსიერებისა და სისხარტის გარეშე ფონს ვერ გავა. მაგრამ ამგვარი კონკურსები ვერ გვაგებინებს, როგორი სიამოვნება მიიღო მკითხველმა წიგნიდან. წიგნის წაკითხვის პროცესი ხომ პირველ რიგში ესთეტიკურ სიამოვნებას უკავშირდება, თუმცა არა მარტო მას. წიგნის კითხვა, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ავითარებს ანალიტიკურ უნარებს, ავითარებს წარმოსახვას და ბოლოს, გვასწავლის, როგორ უნდა გამოვიყენოთ ენა, რომ ჩვენი სათქმელი მიზანს აღწევდეს. ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა წიგნებს ვკითხულობთ და მერე ვიღაცასთან ერთად ვარჩევთ მას. ასე ვსწავლობთ, როგორ დავალაგოთ აზრები, როგორ შევარჩიოთ სიტყვები სათქმელის უკეთ გადმოსაცემად, გარდა ამისა წიგნის გარჩევისას ვხვდებით, თუ როგორ დაიწერა ესა თუ ის ნაწარმოები და, რაც მთავარია, რატომ დაიწერა. როდესაც ვამბობ, როგორ დაიწერა წიგნი, ნაწარმოების ბიოგრაფია კი არ მაინტერესებს, არამედ რომელი სიტყვები, მხატვრული საშუალებები გამოიყენა მწერალმა, როგორ გამოხატა სათქმელი, მოახერხა თუ არა, თავისი სათქმელი მკითხველამდე მიეტანა, შედგა თუ არა კომუნიკაცია მასსა და აუდიტორიას შორის.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა აუცილებლად უნდა ასწავლონ თავიანთ მოსწავლეებს, როგორ გააკეთონ ლიტერატურული კომენტარი, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათ დაეხმარებათ, როცა ეროვნულ გამოცდაზე გავლენ, არამედ იმიტომაც, რომ ასე მათ საუკეთესოდ განივითარდებათ კრიტიკული ანალიზის უნარები.

რას ნიშნავს ლიტერატურული კომენტარი? ლიტერატურული კომენტარი, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მხატვრული ტექსტის ლიტერატურული ანალიზი, ესაა პროცესი, როდესაც კომენტატორი ზეპირად ან წერილობით ჩაერთვება ლიტერატურულ კრიტიციზმში, ე.ი. კრიტიკულად წაიკითხავს, გაარჩევს და შეაფასებს მხატვრულ ნაწარმოებს, შეეცდება, ახსნას ტექსტი და შეძლებისდაგვარად მოახდინოს მისი ინტერპეტირება.

ამ წერილში შევეცდები, მიმოვიხილო, რა უნდა იცოდეს სკოლის მოსწავლემ, სანამ მხატვრული ტექსტის (პროზაული ამონარიდის ან დამოუკიდებელი პროზაული ნაწარმოების) ლიტერატურულ კომენტირებას შეუდგება. ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ცოდნის დაგროვებას უნდა ეთმობოდეს, მაგრამ ცოდნის დაგროვება პრაქტიკულად უნდა ხდებოდეს, სხვაგვარად ეს ცოდნა ვერაფრით ვერ მოეხმარება ჩვენს მოსწავლეებს სხვადასხვა უნარის განვითარებაში.

პირველ ეტაპზე აუცილებელია, ავუხსნათ მოსწავლეებს, რომ ვერცერთ ტექსტს სრულყოფილად ვერ გავიგებთ, თუკი მას ერთხელ წავიკითხავთ. და კიდევ, არა აქვს მნიშვნელობა, გრძელია თუ მოკლე ტექსტი, ის ყოველთვის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავარჩიოთ.   მოსწავლეები ნელ-ნელა მიეჩვევიან ტექსტის მინიმუმ ორჯერ წაკითხვას, რადგან ლიტერატურული ანალიზის პროცესში დარწმუნდებიან, რამდენად აუცილებელია ეს მათთვის. ნუ დაგვავიწყდება, ვასწავლოთ მოსწავლეებს, დაუსვან საკუთარ თავს შემდეგი შეკითხვები: რა შევნიშნეთ პირველი წაკითხვის შემდეგ? პასუხი ძირითადად შინაარსის გაგების დონეზე იქნება. პირველი წაკითხვის შემდეგ გავიგებთ შინაარსს და ჩვენს ყურადღებას ენობრივი თავისებურებები მიიქცევს. აი ამის შემდეგ იწყება უკვე მთავარი პროცესი, რომელსაც დეკოდირებას ვუწოდებთ, ანუ, როდესაც იწყება შეფუთულის გახსნა ანდა ნაწარმოების შრეებად დაშლა, ნაწარმოების სიღრმეებში ჩასვლა. კარგ მკითხველს სწორედ ეს უნდა აინტერესებდეს: რა დაგვხვდება შიგნით, რადგან მხოლოდ ამგვარი წაკითხვა განაპირობებს, რამდენად კარგად ჩაწვდი მწერლის სათქმელს; ისეც ხდება, რომ მეორე წაკითხვისას ხანდახან შინაარსი მეორეხარისხოვანი ხდება. ამიტომაც წარმოუდგენელია ტექსტის დეკოდირება პირველივე წაკითხვისას.  მეორე წაკითხვამ უნდა გაგვაგებინოს, აგვახსნევინოს ის, რაც პირველ წაკითხვაზე შევნიშნეთ – განა მარტო როგორი ენა გამოიყენა მწერალმა, არამედ როგორ იყენებს ავტორი ამ ენას, რამდენად დახუნძლულია ის ტროპებით – მეტაფორებით, შედარებებით, იდიომებით, სიმბოლოებით; იყენებს თუ არა მწერალი ალეგორიას, ირონიას, ორაზროვნებას; შეინიშნება თუ არა ტექსტში გრადაცია, გამეორება. ამ ყველაფრის გაანალიზება მეორე წაკითხვის შემდეგ შეგვამზადებს უმთავრესისთვის, ამოვიცნოთ მწერლის სათქმელი. მწერლისა და მოცემული ტექსტის ენობრივი ანალიზი ხომ იმისთვისაა საჭირო, რომ მივხვდეთ, რატომ იყენებს სწორედ ამ ხერხებს ავტორი, მოახერხებდა თუ არა მათ გარეშე მწერალი სათქმელის გამოხატვას, შეიძლებოდა თუ არა სხვა, უკეთესი გზის გამოყენება. ენობრივმა ანალიზმა უნდა გაგვიყვანოს სათქმელამდე. აი, ამის შემდეგ უკვე უნდა დავიწყოთ კონკრეტული ეპიზოდის ან ეპიზოდების, პერსონაჟის ან პერსონაჟების, მონოლოგების და დიალოგების ეტაპობრივი შესწავლა და დავადგინოთ: არის თუ არა ნაჩვენები პერსონაჟის ან სიუჟეტის განვითარება და როგორ; კარგი იქნება, თუკი მოსწავლეებს ავუხსნით, მარტო პერსონაჟების ურთიერთობა კი არა, მწერლის და, თუ შესაძლებელია, მკითხველის დამოკიდებულებაც გაარკვიონ პერსონაჟის მიმართ. ამისთვის კი შეხედონ, ვინაა მთხრობელი, ვისი ხმა ისმის ტექსტში; ტექსტის სრულფასოვანი ანალიზისას აუცილებელია ისტორიული, სოციალური, პოლიტიკური, კულტურული, რელიგიური ან  ეკონომიკური კონტექსტის დადგენაც. მოცემულ პროზაულ ტექსტში მოსაძებნი იქნება, გამოთქმულია თუ არა რომელიმე აქტუალურ საკითხზე გარკვეული შეხედულებები; იცავს თუ არა რაიმე კონკრეტულ ღირებულებებს ან ავტორი ან პერსონაჟი (თუ შესაძლებელია, იმაზეც ვიმსჯელოთ, ემთხვევა თუ არა პერსონაჟის და ავტორის პოზიცია ერთმანეთს) და ამ ყველაფერს გავყავართ თუ არა მნიშვნელოვან სათქმელზე. როდესაც გაარკვევენ, რისი თქმა უნდა პერსონაჟს, იქვე უნდა ავახსნევინოთ კიდეც, არის თუ არა ეს მწერლის ცენტრალური სათქმელიც; ასევე კარგი იქნება, თუკი მოსწავლეები დააკვირდებიან, აისახა თუ არა ნაწარმოებში რომელიმე საკითხთან მიმართებით შეშფოთება, ნაჩვენებია თუ არა გამოსავალი.

ხშირად სადავოა, სწორად ამოვიცანით თუ არა მწერლის სათქმელი. რთულია, ვამტკიცოთ, რომ შევძელით ეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ავტორი ცოცხალი არაა და ვერ დავეკითხებით მას. ტექსტი ურთულესი ორგანიზმია და მასში არასოდეს გვეუბნება მწერალი პირდაპირ, ესაა ჩემი მთავარი სათქმელიო. ამას ის თითქმის ყოველთვის მინიშნებებით აკეთებს. ამისთვის კი ის მიმართავს სხვადასხვა ნაცად და მოულოდნელ ხერხებს. ამიტომაც ხანდახან კარგია, თუკი, იმის ნაცვლად, რომ ვამტკიცოთ, როგორ ამოვიცანით მწერლის სათქმელი, მოსწავლეებს ვურჩიოთ, წარმოადგინონ თავიანთი პერსპექტივა – აჩვენონ, რა დაინახეს, რას მიაგნეს და როგორ ხსნიან ამა თუ იმ ელემენტს ტექსტში.

ხშირად, როცა გამოცდაზე გასარჩევად მოდის პროზაული ნაწარმოების ერთი მონაკვეთი, ვრცელი ტექსტის მოკლე ნაწყვეტი, დგება შეკითხვა: უნდა იცნობდეს თუ არა აბიტურიენტი ამ ნაწარმოებს სრულად, სავალდებულოა თუ არა, მას თავიდან ბოლომდე წაკითხული ჰქონდეს ტექსტი მანამდე, შეძლებს თუ არა მის სწორად გახსნას ისე, რომ არ იცნობდეს მას. პასუხი უარყოფითია. პირიქით, ხანდახან წინარე ცოდნამ შეიძლება დააზარალოს კიდეც აბიტურიენტი. რადგან მას უკვე შექმნილი ექნება ე.წ. სწორი წარმოდგენა და ვეღარ შეძლებს ახლებურად შეხედოს მონაკვეთს. ასეთ დროს ყოველთვის უფრო გამართლებულია, მოცემული ამონარიდი ისე წაიკითხონ, თითქოს საქმე დამოუკიდებელ მოთხრობასთან ჰქონდეთ. გააფრთხილეთ თქვენი მოსწავლეები, თუნდაც კარგად ჰქონდეთ მანამდე ტექსტი შესწავლილი, ზედმიწევნით იცოდნენ სრული ტექსტი, მაინც ამგვარი მიდგომაა სწორი და გამართლებული: ამონარიდი ისე უნდა წაიკითხონ, თითქოს მას პირველად ხედავენ. თუკი ნაწარმოებს მანამდეც იცნობდნენ, მხოლოდ ბოლოს მიუთითონ, როგორ მიემართება ამონარიდი სრულ სურათს, დეტალი – მთელს.

როგორც აღვნიშნეთ, თითქმის არცერთ ნაწარმოებში მწერალი არ ეუბნება თავის მკითხველს, აი, ესაა მორალი, ესაა ჩემი მთავარი სათქმელიო. ამიტომაც ვასწავლოთ მოსწავლეებს, რომ ტექსტის გარჩევისა და ახსნის შემდეგ მისასალმებელია მათი ინტერპრეტაციაც. სწორედ იმიტომ, რომ თავად მწერალი ღიად არ მიგვითითებს მკითხველთან გზავნილზე, ცენტრალურ მესიჯზე, ეს ნიშნავს იმას, რომ ის არც იმაში გვბოჭავს, ვიყოთ თავისუფალნი ნებისმიერი თამამი აზრის წამოყენებისას. ოღონდ ეს მოსაზრება ჰაერიდან ყურით არ უნდა იყოს მოთრეული და უნდა ეფუძნებოდეს თავად ავტორის ტექსტს – ხან სიტყვას, ხან რომელიღაც მხატვრულ საშუალებას. ე.ი. მწერლის ენის ახსნისას, თავში გამუდმებით ერთი შეკითხვა უნდა გვიტრიალებდეს, რატომ ეს და არა სხვა სიტყვა, რატომ ეს და არა სხვა ენობრივ-მხატვრული საშუალება.

პროზაული ტექსტის ანალიზისას უნდა გავიხსენოთ, რომ თავად მწერალი ნაწარმოების აგებისას აუცილებლად მისდევს რაღაც ტიპის ორგანიზაციას. ანუ, როდესაც მოსწავლე ტექსტს  გაარჩევს, უნდა აღნიშნოს, თხრობა ქრონოლოგიურ თანმიმდევრობას მიუყვება თუ მასში რეტროსპექტივაა გამოყენებული; ანდა მოვლენა ერთი მთხრობელის პერსპექტივაა თუ რამდენიმე კუთხიდანაა დანახული, იქნება ეს პერსონაჟების თუ ავტორის პერსპექტივა. ტექსტის გასაგებად აუცილებელია, ყურადღება მიექცეს თანმიმდევრულია თხრობა თუ მთხრობელი ერთი ამბიდან მეორეზე ხტება, თხრობისას არეულია დროები და ადგილები თუ ყველაფერი დალაგებულია? ნაწარმოების ანალიზისას მოსწავლე მუდმივად უნდა პასუხობდეს კითხვას „რატომ?“, ყოველ შემთხვევაში, შეეცადოს მაინც, უპასუხოს ამ კითხვას. მათ უნდა იცოდნენ ერთი რამ: ამოიცნეს, ვინაა პერსონაჟი? ახლა დააკვირდნენ მის სახელს, მის გარეგნულ მახასიათებლებს, მის სიტყვა-პასუხს, მის ქცევას. ხშირად პასუხის მოძებნას კითხვაზე, რატომ ეს და არა სხვა სახელი, რატომ ამგვარი და არა სხვაგვარი მეტყველება, რატომ ასეთი და არა სხვანაირი გარეგნობა, გავყავართ ავტორის ცენტრალური სათქმელის ამოცნობის გზაზე; ამოიცნეს მთხრობელი ანუ ნარატორი? იქვე გასცენ პასუხი კითხვას, დაეჯერება კი მას? მიკერძოებული ხომ არაა ნარატორი? სანდოა კი მისი მონათხრობი ანუ ნარატივი? ამოიცნეს მოქმედების ადგილი და დრო? იქვე უპასუხონ კითხვას, გადამწყვეტი ხომ არაა ეს ფაქტორი ნაწარმოების გასაგებად, ნაწარმოების გაგების საფუძველს ხომ არ ქმნის ის? ხშირად გამოცდაზე ტექსტის დაწერის თარიღია მითითებული. ავუხსნათ მოსწავლეებს, რატომ არ უნდა აერიოთ ერთმანეთში, როდის დაიწერა, როდის შეიქმნა ტექსტი და რომელი დროა ასახული ნაწარმოებში. ხანდახან თარიღს არა აქვს მნიშვნელობა ტექსტის გაგებისთვის, მაგრამ ხანდახან მას გადამწყვეტი როლი ეკისრება. ასევე ტექსტის გასაგებად მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება, სიტყვაძუნწია თუ სიტყვაუხვი ავტორი და რატომ. პასუხი განსხვავებულია. ხანდახან იმიტომაა ავტორი სიტყვაძუნწი, რომ მას სურს, მკითხველმა წარმოსახვა ჩართოს და ამოავსოს ბუნდოვანი ადგილები. ხანდახან კი იმიტომ, რომ  ის ცენზურას უფრთხის და თავდაცვის, თავის დაზღვევის მიზნით სიტყვებს მომჭირნეობით იყენებს. ხანდახან კი პირიქით, მწერალი ცენზურას რომ უფრთხის, იმიტომაცაა სიტყვაუხვი, იმიტომ იყენებს უხვად მხატვრულ საშუალებებს, რომ მკითხველმა ამ ყველაფრის ახსნით უნდა გახსნას ნამდვილი სათქმელი, რომელიც იმალება მათ უკან. ხანდახან სიტყვა სიტყვაა, მაგრამ ხანდახან სიტყვა მეტია თავად სიტყვაზე, ანუ ის სიმბოლოა. თითოეული სიმბოლო ფრთხილად უნდა გაიხსნას.

და ბოლოს, როდესაც პროზაული ტექსტის ლიტერატურულ ანალიზში გაიწაფებიან, თქვენი მოსწავლეები აუცილებლად შენიშნავენ, რომ ძალიან ხშირად ნაწარმოების თემა, პერსონაჟი ან რომელიმე სხვა ელემენტი იმავე ან სხვა მწერლის ნაწარმოებს წააგავს. ასწავლეთ, რომ ნუ შეშინდებიან ამგვარი კავშირების დანახვისას, თუმცა იმავდროულად არ დაავიწყდეთ ხოლმე, აღნიშნონ, რა კუთხით დაინახეს მსგავსება და როგორ ახსნიან ამ მიგნებას.

რჩევები აბიტურიენტებს: მინიმუმ ორჯერ წაიკითხეთ მოცემული უცხო ან თუნდაც ნაცნობი პროზაული ტექსტი. როდესაც ტექსტს მეორეჯერ წაიკითხავთ, ჩამოაყალიბეთ შეკითხვები, რომლის პასუხებსაც მოცემულ მონაკვეთში მოიძიებთ. მეორეჯერ წაკითხვისას ხაზი გაუსვით პასუხს ან სიტყვა/სიტყვათა ჯგუფს, რომლებიც პასუხზე გაგიყვანთ (ფურცლის ველზე მიაწერეთ პასუხი, რომ მერე წერის პროცესში არ დაგავიწყდეთ მიგნება). გადახაზეთ ის პასუხები, როცა ნაწერში მათ ჩართავთ, რომ არ განმეორდეთ. გაითვალისწინეთ, რომ წერისას თქვენი ნაშრომი ორგანიზებული და თანმიმდევრული უნდა იყოს. თუ გინდათ, პირველივე აბზაცში გამოთვით თქვენი მოსაზრება, თუ გნებავთ, მეტი ინტრიგისთვის ის ბოლოს გამოთქვით. თქვენეული მოსაზრების დამტკიცებისას არ დაგავიწყდეთ ციტატის მოყვანა მოცემული პასაჟიდან. ანალიზისას არ დაგავიწყდეთ, პირველ რიგში აღნიშნოთ, რაზეა ტექსტი, ვინ ყვება მას, როგორია ენა, შემდეგ ახსენით ეს ყველაფერი და ბოლოს გააკეთეთ ინტერპრეტაცია. ე.ი. თქვენს ნაშრომში სამი ნაწილი მაინც უნდა იყოს: 1. ის, რაც ზედაპირული პირველი წაკითხვის შემდეგ გაიგეთ (ნაშრომში მხოლოდ ამ ნაწილის წარმოდგენით დაბალ ქულას დაიმსახურებთ); 2. ის, რასაც მეორე წაკითხვის შედეგად მიაგნებთ – ენობრივი მხარის, გმირების, მოქმედების, კონტექსტის ახსნა (ნაწერში ამის წარმოდგენით საშუალო ქულას დაიმსახურებთ – თუ ნაწილობრივად დაფარავთ ყველა ასპექტს, დაბალ საშუალო ქულას მიიღებთ, ხოლო, თუ სრულად ამოწურავთ ყველა ასპექტს, მაშინ მაღალი საშუალო ქულა გაქვთ გარანტირებული); 3. და ბოლოს, თუკი ამოიცნობთ და უფრო დიდ იდეაზე გახვალთ, ანუ, თუკი თქვენეულ ინტერპრეტაციას შემოსთავაზებთ თქვენი ნაწერის წამკითხველს/გამსწორებელს, უკვე მაღალ ქულას დაიმსახურებთ. ნაწერში შეგიძლიათ იმ ესთეტიკურ სიამოვნებაზეც თქვათ ორიოდე სიტყვა, ნაწარმოებმა რომ მოგანიჭათ. ტექსტის წაკითხვისას განცდილი ემოციები – შიში იქნება ეს თუ ემპათია – აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია. ლიტერატურული ანალიზისას ყურადღება უნდა მიაქციოთ თქვენი ნაწერის ენასაც, ყურადღებით შეარჩიოთ ტერმინები, რომლებსაც წერისას გამოიყენებთ. აი, ის ტერმინები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნაწერში:

პროტაგონისტი – ნაწერში ხშირად რომ არ გავიმეოროთ სიტყვა „მთავარი პერსონაჟი“, ზოგჯერ მას უნდა ჩავანაცვლოთ სიტყვა „პროტაგონისტი“;

ანტაგონისტი – ძალიან ხშირად ტექსტში მთავარ პერსონაჟს იდეებით, საქმიანობით, ღირებულებებით უპირისპირდება მეორე პერსონაჟი, რომელსაც „ანტაგონისტს“ ვუწოდებთ. ანტაგონისტის  როლი ხანდახან პროტაგონისტის ვნებაა ხან სიტყვით და ხანაც საქმით;

მეორეხარისხოვანი პერსონაჟები – თავად განსაზღვრეთ, ვინაა ასეთი პერსონაჟი ტექსტში და გაითვალისწინეთ, რომ მისმა/მათმა იგნორირებამ, შეიძლება ვერ გაგვიყვანოს სრულფასოვან ანალიზზე;

სტატიკური პერსონაჟი და დინამიკური პერსონაჟი – ანალიზი გვიჩვენებს, იცვლება თუ არა პერსონაჟის თვალთახედვა, ვითარდება თუ არა ის, ამდენად, არის ტექსტები, რომელშიც პერსონაჟი სტატიკურია და არის ტექსტები, რომლებშიც პერსონაჟი დინამიკურია;

მახასიათებლები – პერსონაჟი სხვადასხვა მახასიათებლით შეიცნობა. ესაა ეპითეტები, რომლებიც მის გარეგნულ მხარეზე გვიქმნის შთაბეჭდილებას, ოღონდ ისეთ მხარზე, რომელიც ამ პერსონაჟის ხასიათის გასახსენლად გვჭირდება; ხანდახან ესაა სახასაითო მეტყველება, რომელზე დაკვირვებაც ბევრისმომცემია მკითხველისთვის;

ტროპები – ესაა ის მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებები, რომლებიც ხან ფიგურალურ ენაშია მოცემული, ხან მეტაფორად, ხან შედარებად, ხან ჰიპერბოლად და ხანაც გაპიროვნებად გვევლინება ტექსტში;

სიუჟეტი – როდესაც სიუჟეტურად გაარჩევთ ტექსტს, დააკვირდით, გაქვთ თუ არა, როგორც მკითხველს, გაუგებრობის ან დაძაბულობის შეგრძნება, ხომ არ აფრთხილებს ავტორი თავის მკითხველს წინასწარ რაიმე მინიშნებით, რა მოხდება მომავალში. ასეთი მინიშნებები წინასწარ განწყობას, მოლოდინს უქმნის მკითხველს, აფიქრებინებს, რა მოხდება მომავალში. დააკვირდით, რომელმა სიტყვამ შეგიქმნათ ეს წინასწარი განწყობა ან მოლოდინი; ასევე სიუჟეტის განხილვისას დააკვირდით, არის თუ არა მასში კონფლიქტი. კონფლიქტი ორნაირია, პერსონაჟის შინაგანი კონფლიქტი ან გარეგანი კონფლიქტი, მისი უთანხმოება გარე სამყაროსთან. აუცილებელია თვალი მიადევნოთ მოქმედების განვითარებას და არ გამოგრჩეთ, როდის გაიხსნება კვანძი;

ნარატივი – სინონიმების ცოდნა დაგეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ტავტოლოგია. ბევრმა თქვენს ასაკში არც კი იცის, რომ მონათხრობი იგივე ნარატივია, ხოლო ნარატორი მთხრობელია. ნარატორი პროზაულ ტექსტში ხან თავად პერსონაჟია (ე.ი. პირველ პირში ყვება ამბავს), ხანაც ნარატორი ავტორია. ის მესამე პირში ყვება ამბავს და, როგორც წესი, ობიექტური ან ნეიტრალურია. ხანდახან ნარატორი მკითხველს კი არ გულისხმობს, არამედ პირდაპირ მიმართავს. ასეთ დროს ის მეორე პირს გამოიყენებს. ნარატორი შეიძლება იყოს ყოვლისმცოდნე ან გულუბრყვილო, უბირი. ამ კონტექსტში ეს არაა დასაძრახი სიტყვა, რადგან მწერლის მიერ უბირი და გულუბრყვილო პერსონაჟის გამოყვანა ერთგვარ უპირატესობას აძლევს თხრობას. ზოგჯერ ყველაზე უბირი მკითხველია, რომელმაც არ იცის, რითი დასრულდება ამბავი და მასთან შედარებით პერსონაჟებიც და ნარატორიც უპირატეს მდგომარეობაში არიან. ხანდახან ნარატორს მკითხველი განგებ შეჰყავს შეცდომაში. მკითხველის მიზანია, დროულად მიუხვდეს განზრახვას ავტორს/პერსონაჟს და გახდეს გამჭრიახი მკითხველი. ამგვარად ნარატორი (ხან ავტორიმ ხანაც პერსონაჟი) ან პირველ პირში ყვება ამბავს ან მეორე პირს მიმართვს ან მესამე პირი იყოს. ყველაზე ობიექტური სწორედ ეს მთხრობელია. მისი მოვალეობაა, არ წარმოადგინოს საკუთარი თვალთახედვა, არ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია მოვლენების მიმართ. აი, პირველ პირში მონათხრობი კი სუბიექტურია და არაა თავისუფალი მიკერძოებისგან. ასეთ მთხრობელს არასანდო მთხრობელსაც უწოდებენ.

ტექსტის ანალიზი სხვა ტერმინების ცოდნასაც მოითხოვს, რომელთა შესწავლაც მხოლოდ კონტექსტშია შესაძლებელი. ამიტომ შეეცადეთ, იკითხოთ სანდო მკვლევრების პუბლიკაციები. ძალიანაც ნუ ენდობით ინტერნეტს და, თუ ხელი არ მიგიწვდებათ ნაბეჭდ ჟურნალებსა და კრებულებზე, უპირატესობა სამეცნიერო დაწესებულებების გამოცემებს მიანიჭეთ, რომლებიც ვირტუალურ სივრცეში ღიადაა განთავსებული და უფასოდაა ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული მკითხველისთვის.

„ბარომეტრი“ – მსჯელობის მარტივი, საინტერესო ხერხი  

0

„ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რომელიც ისტორიიდან შეიძლება ვისწავლოთ, ის არის, რომ ადამიანები ისტორიის გაკვეთილებიდან არასოდეს სწავლობენ“ -ბერნარდ შოუ.

ეთანხმებით? არ ეთანხმებით? რამდენად მკაფიოა თქვენი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით? როგორ დაასაბუთებდით თქვენს პოზიციას?

საკითხი საკამათოა და მასთან მიმართებაში ყოველთვის ჩნდება აზრთა სხვადასხვაობა. მოსწავლეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კაცობრიობა ითვალისწინებს ისტორიულ გამოცდილებას და საუკუნეების მანძილზე დაგროვილი ცოდნა განაპირობებს პროგრესს; სხვებისათვის კი მსოფლიო ომები, მოუგვარებელი კონფლიქტები იმის დასტურია, რომ ადამიანებს არ გამოაქვთ დასკვნები ისტორიის გაკვეთილებიდან. ბუნებრივია, მოსწავლემ საკუთარი პოზიცია რომ დააფიქსიროს, უნდა ჰქონდეს არგუმენტრებული მსჯელობის უნარი, ერკვეოდეს წარმოდგენილ საკითხში, შეეძლოს საკუთარი მოსაზრებების კონკრეტული ფაქტებით დასაბუთება.

მსგავსი პრობლემური საკითხების განხილვაში პედაგოგებს აქტიურად დაეხმარება სტრატეგია „ბარომეტრი“. მისი მეორე სახელწოდებაა – „დაიკავე პოზიცია“.  სტრატეგია ძირითადად საზოგადოებრივ და ფილოლოგიურ მიმართულებებში გამოიყენება, თუმცა საკამათო საკითხების განხილვისას, რომლებზეც შეიძლება არსებობდეს განსხვავებული პოზიციები, მოსაზრებათა მრავალფეროვანი სპექტრი, ამ სტრატეგიით სარგებლობა ნებისმიერი საგნის პედაგოგს შეუძლია. მეთოდის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტური იქნება  ესეიზე მუშაობის დაწყების წინ.

სტრატეგია „ბარომეტრი“ მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს, გამოხატონ პრობლემასთან თავიანთი დამოკიდებულება არა მარტო ვერბალურად, არამედ ფიზიკური განლაგებით. ისინი პრობლემასთან საკუთარი დამოკიდებულების მიხედვით დაიკავებენ პოზიციებს და შემდეგ არგუმენტირებულად დაიცავენ მას.  შესაბამისად, ისეთი მოსწავლეებიც კი, რომლებიც მსჯელობის დროს ნაკლებად აქტიური არიან, პროცესში ჩაერთვებიან, რადგან ყველა მათგანი იქნება ვალდებული, ახსნას დაკავებული პოზიცია.

 

როგორ დავგეგმოთ და განვახორციელოთ სტრატეგია?

 

  1. საკითხის შერჩევა

სტრატეგიის ეფექტურად განხორციელებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხის სწორად შერჩევას. განსახილველი პრობლემა გულმოდგინედ უნდა იქნას შერჩეული და უნდა იძლეოდეს განსხვავებული, ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციების გამოხატვის შესაძლებლობას.

პედაგოგს შეუძლია მოსწავლეებს წინასწარ დაავალოს საკითხის მომზადება. ასევე, დასაშვებია, პედაგოგმა საგაკვეთილო პროცესში შესთავაზოს მოსწავლეებს პრობლემის მოცემული სტრატეგიით განხილვა, თუკი თვლის, რომ ისინი საკითხის გარშემო ინფორმირებული არიან და წინასწარ აქვთ გარკვეულწილად ჩამოყალიბებული აზრი.

სტრატეგია შეიძლება გამოყენებულ იქნას ამა თუ იმ თემის გავლის შემდეგ იმის შესაფასებლად, თუ რამდენად კარგად გაიგეს მოსწავლეებმა ის. პოზიციის განმარტების დროს, მასწავლებელს შეუძლია მოახდინოს დიაგნოსტირება, აქვს თუ არა მოსწავლეს ცოდნა საკითხის გარშემო.

 

  1. სივრცის ორგანიზება

საკლასო ოთახში წინასწარ უნდა განისაზღვროს ადგილი, სადაც მოსწავლეებს U-ს მსგავსად განლაგების საშუალება ექნებათ. U-ს დაბოლოებები გამოხატავს ორ დაპირისპირებულ პოზიციას, ერთი ბოლო ნიშნავს –  „სრულად ვეთანხმები“, ხოლო მეორე კი „კატეგორიულად ვეწინააღმდეგები“.  გარდა ამისა, საჭიროების შესაბამისად, ერთ ბოლოში შეიძლება განვათავსოთ ნებისმიერი განაცხადი, რომელიც თანხვედრაში იქნება პრობლემასთან, ხოლო მეორეში კი – მისი საპირისპირო. სასურველია, პედაგოგმა იზრუნოს სტრატეგიის ვიზუალურ გაფორმებაზე და განაცხადი თვალსაჩინოდ იქნას გაკეთებული ფლიპჩარტის ფურცლებზე.

სტრატეგიის ორგანიზებისათვის, შესაძლებელია, წინასწარ მოვაწესრიგოთ სკამები ან მერხები და განვალაგოთ U-ს ფორმით; ასევე მოსწავლეებს ფეხზე მდგომებს შეუძლიათ, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, ცარცით გავლებული ხაზის გასწვრივ. ეს საკითხი, ძირითადად, ფიზიკური სივრცის სპეციფიკასა და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.

 

  1. წესების შემუშავება

სტრატეგიის მართვა საკმაოდ რთულია, რადგან მკვეთრად განსხვავებული პოზიციების დაცვა შესაძლოა მოსწავლეებს შორის ურთიერთშეურაცხმყოფელ ქცევებსა და ხმაურში გადაიზარდოს. წინასწარ უნდა მოხდეს მოსწავლეებთან ისეთ ქცევის წესებზე შეთანხმება, რომლებიც განამტკიცებენ ურთიერთპატივისცემას, უზრუნველყოფენ განსხვავებული აზრის მოსმენასა და კონსტრუქციულ თანამშრომლობას. როდესაც მოსწავლეები საკუთარ აზრს სთავაზობენ თანატოლებს ან თავიანთ პოზიციას იცავენ, ისინი უნდა საუბრობდნენ „მე“-ს პოზიციიდან და არა გამომწვევად იყენებდნენ ნაცვალსახელს – „შენ“.

შემუშავებულმა წესებმა ხელი უნდა შეუწყოს სტრატეგიის მშვიდ კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას, მოსწავლეთა თანაბარ ჩართულობას და თავიდან უნდა აგვაცილოს ცალკეულ მოსწავლეთა დომინირება.

 

  1. აზრების ფორმულირება

მოსწავლეებს უნდა მივცეთ რამდენიმე წუთი, რომ ჩამოაყალიბონ თავიანთი მოსაზრება საკითხთან მიმართებაში და დააფიქსირონ თავიანთ პოზიცია (ეთანხმებიან თუ არ ეთანხმებიან წინასწარ მომზადებულ განაცხადს). მათ, რა თქმა უნდა, მოიყვანონ შესაბამისი არგუმენტები. სასურველია, მოსაზრებები ჩამოაყალიბონ წერილობითი სახით, იფიქრონ წამოჭრილ შეკითხვებსა და სავარაუდო პასუხებზე.

ბუნებრივია, მოსწავლეებს გაკვეთილზე არ დასჭირდებათ დრო პოზიციის დასასაბუთებლად, თუკი მისი მომზადება სახლში ექნებათ დავალებული.

 

  1. პოზიციების დაკავება

პედაგოგი მოსწავლეებს სთხოვს, დაიკავონ თავიანთი პოზიცია წინასწარ მომზადებული ხაზის (U) გასწვრივ. ისინი ხაზზე დგებიან საკითხთან მათი დამოკიდებულების გათვალისწინებით. რაც უფრო უკიდურეს პოზიციებს იკავებენ საპირისპირო მხარეებზე, მით უფრო მკვეთრად ეთანხმებიან ან ეწინააღმდეგებიან მტკიცებას. თუკი აღმოჩნდებიან მოსწავლეები, რომელთაც არ აქვთ ჩამოყალიბებული აზრი პრობლემასთან მიმართებაში, თავდაპირველად შესაძლებელია ისინი შუაში განლაგდნენ და განსაზღვრული დრო მიეცეთ ერთმანეთთან საკითხის განხილვისათვის. დროს გასვლის შემდეგ მათ  უნდა დაიკავონ პოზიციები, წარმოსახვითი ბარომეტრის რომელიმე მხარეს.

 

  1. პოზიციების დასაბუთება

მას შემდეგ, რაც ხაზის გასწვრივ ადგილებს დაიკავებენ, პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს დაასაბუთონ, რატომ დაიკავეს ესა თუ ის პოზიცია, მოუწოდებს მოიყვანონ მაგალითები და სხვა სახის მტკიცებულებანი. საწინააღმდეგო მხარეს განლაგებულ მოსწავლეებს რიგრიგობით უნდა მივცეთ აზრის გამოთქმის საშუალება, რათა თავიდან ავიცილოთ რომელიმე მათგანის დომინირება. ოთხი-ხუთი აზრის გამოთქმის შემდეგ ჰკითხეთ მოსწავლეებს, ხომ არავის სურს პოზიციის შეცვლა. თუკი მსურველი გამოჩნდება, მან უნდა მოიყვანოს არგუმენტი, რატომ სურს გადაადგილება. ყველა მოსწავლის პოზიცია უნდა იქნას მოსმენილი და რომელიმე მათგანს არ უნდა მივცეთ დომინირების საშუალება.

 

7 . შედეგების შეჯამება

შედეგების შეჯამების მრავალი გზა არსებობს. პედაგოგს შეუძლია „მომხრეთა“ და „მოწინააღმდეგეთა“ არგუმენტები დაფაზე ჩამოწეროს და მთელ კლასთან ერთად განიხილოს. გარდა ამისა, დაავალოს მოსწავლეებს წერილობით ჩამოაყალიბონ, შეიცვალა თუ განმტკიცდა მათი პირველადი მოსაზრებები სტრატეგიის განხორციელების შემდეგ.

სასურველია, სტრატეგიის განხორციელების შემდეგ მოსწავლეებს დავავალოთ ესეის დაწერა. მოსწავლეები შეაჯერებენ მსჯელობის დროს მოსმენილ არგუმენტებს და ჩამოაყალიბებენ წერილობითი ფორმით.

 

სტრატეგიის  ვარიანტები:

  1. პედაგოგი ხმამაღლა კითხულობს განცხადებას. ნაცვლად იმისა, რომ მოსწავლეები თავად განლაგდნენ ხაზის ირგვლივ, ის სთხოვს ბავშვებს ხმამაღლა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. მოსწავლეები, რომლებიც განცხადებას ეთანხმებიან, ოთახის ერთ მხარეს განლაგდებიან, საპირისპირო პოზიციის მქონენი – მეორე მხარეს, ხოლო ვინც საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული არ არის – შუაში. პედაგოგი სთხოვს მოსწავლეებს, დაასაბუთონ, რატომ დგანან დაკავებულ პოზიციებზე. თუკი არგუმენტების მოსმენის შემდეგ რომელიმე მოსწავლე ადგილი შეცვლას მოისურვებს, ამის საშუალება უნდა მიეცეს.
  2. პედაგოგი U-ს მსგავს ხაზს ხაზავს დაფაზე, შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს საკითხთან თავიანთი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხაზის გასწვრივ დაწერონ თავიანთ მოსაზრებები, საბოლოოდ კი მოსწავლეები ასაბუთებენ მათ მიერ დაფაზე გაკეთებულ შენიშვნებს. ეს მიდგომა კარგი საშუალებაა პრობლემასთან კლასის დამოკიდებულების ილუსტრირებისათვის.

 

  • სტრატეგია „ბარომეტრი“ შეიძლება გამოყენებულ იქნას ისტორიული პირების, მეცნიერების, საზოგადო მოღვაწეების, ლიტერატურული პერსონაჟების შეხედულებების განხილვისათვის. თავდაპირველად მოსწავლეების წინაშე დასვით კონკრეტული საკითხი, შემდეგ კი დაავალეთ, შეისწავლოს ადამიანების ან ადამიანთა ჯგუფის (ისტორიული პირები, ფილოსოფოსები, სწავლულები და სხვ.) დამოკიდებულება ამ საკითხთან.  ისინი ხაზთან დაიკავებენ ადგილს მათ მიერ შესწავლილი პირების პრობლემასთან დამოკიდებულების მიხედვით და მოიყვანენ არა საკუთარ, არამედ ამ პირების მიერ ჩამოყალიბებულ არგუმენტებს.

 

 

 

რატომ უნდა გამოვიყენოთ სტრატეგია „ბარომეტრი“?

  • სტრატეგიის ორგანიზების ფორმა საინტერესოა და ახალისებს მოსწავლეთა ჩართულობას;
  • სტრატეგია ხელს უწყობს მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებას კონკრეტული, პრობლემური საკითხის გარშემო;
  • მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტირებულ მსჯელობას, აზრების გაზიარებას, განსხვავებული მოსაზრებების მიღებას;
  • სტრატეგია დაგვეხმარება საკლასო გარემოს ერთფეროვნების დაძლევაში, გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას.

 

 

 

გამოყენებული მასალები:

https://www.facinghistory.org

https://civiceducator.org/take-a-stand-method-controversial-issues/

https://eleducation.org/resources/take-a-stand

https://www.davestuartjr.com/hook/

 

 

 დავით ჩივაძე

პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ქვაბღის საჯარო სკოლა.

 

„ეს მიწა ღვთისაა!“

0

კომანის ტრაგედიის შესახებ გვიან გავიგე, ორი თუ სამი წლის შემდეგ. ის გაზეთიც მახსოვს და ის ფოტოც – მამა ანდრიასი და წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრისა, სადაც ამ გულისშემძვრელი ამბის შესახებ ეწერა. ამბავზე, რომელიც თავის თავზე მეტი აღმოჩნდა.

ასეთი ამბები ქმნის ისტორიას, სამყაროს ჯაჭვს, რომლითაც ის შეუცნობლის უღრან სინათლეს ებმის და ტოვებს ადამიანის ნაფეხურებს სამყაროში. შესაძლებლის, აღსრულებულის უტყუარ ანაბეჭდებს.

1993 წლის 5 ივლისს, აფხაზეთის ერთ მშვენიერ სოფელში მოხდა ეს ამბავი. კომანი ჩვეულებრივი სოფელი არ ყოფილა – ეს სამგზის სიწმინდით მონიშნული ადგილია მსოფლიო საქრისტიანოში: აქ განისვენებს წმინდა იოანე ოქროპირის ლუსკუმა, აქ მოედინება წმინდა ვასილისკოს წყარო და იგია წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნის ალაგიც. აფხაზეთის ომის ერთ-ერთი უკანასკნელი ეპიზოდი (კომანის დაცემის შემდეგ მტერმა ადვილად შეძლო სოხუმამდე გზა გაეკაფა) სწორედ ამ სოფელს უკავშირდება.

წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარში შეფარებულ ქართველებს შორისაა აფხაზი იური (გიორგი) ანუა და მისი ცოლ-შვილი. იური ანუა ქართველების „მხურვალე სიყვარულში ისედაც შენიშნულია“, ბოლო დროს კი, სეპარატისტულად მოაზროვნე ბრბოსთვის კატეგორიულად მიუღებლად იქცევა – სწორედ მისი ფინანსური და ყოველმხრივი ხელშეწყობით განახლდა ეს ტაძარი. იური ანუა აგებდა ეკლესიებს, იდგა ქართველების გვერდით და სიკვდილამდე ქადაგებდა ჩვენი – ქართველებისა და აფხაზების ერთად ყოფნის გარდაუვალობას. ჩვენს ძმობას, ნათესაობას.

ტაძარში შეჭრილმა სეპარატისტებმა და რუსმა სამხედროებმა იური ანუა გაიყვანეს და წამებით მოკლეს. მისი საფლავი დღემდე უცნობია.

ტაძრის წინამძღვარი, 27 წლის მამა ანდრია (ყურაშვილი) კი, ტაძარში თავშეფარებული ადამიანების თვალწინ დახვრიტეს. ყველაზე მძაფრი ამ ამბავში მამა ანდრიასა და მკვლელებს შორის გამართული უკანასკნელი დიალოგია. ისინი მუხლებზე დააჩოქებენ ახალგაზრდა ბერს და აიძულებენ, კითხვაზე – თქვი, ეს ვისი მიწაა, გასცეს მათთვის სასურველი პასუხი. მამა ანდრია კი მშვიდად პასუხობს – ეს ღმერთის მიწაა. ვისი მიწაა, ქართველების თუ აფხაზების? _ ისევ ჩასძახიან და იარაღს საფეთქელთან უტრიალებენ. ღმერთის მიწაა – არის პასუხი. და ასე, სამჯერ. სამგზის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად და გასამყარებლად…

მამა ანდრიას ზურგში ესროლეს და პირქვე კი არ ჩაემხო, ზურგითვე გადავარდა და გული კომანის ცას მიუშვირა. სამი დღე სდიოდა სისხლი ცხედარს.

ტაძარში მყოფმა იური ანუას ცოლ-შვილმა, რამდენიმე კაცის დახმარებით, შეძლო მისი დასაფლავება.

მამა ანდრია ყურაშვილის საფლავი დღესაც აფხაზეთშია. ღმერთის მიწაზე.

ეს – ამბავი ამბად, და მე კიდევ ორჯერ წავიკითხე ის, უკვე ტექსტებად ქცეული. გულისგამგლეჯ ტექსტებად: ცირა ყურაშვილის „ხიზნები კომანის მონასტრიდან“ და შორენა ლებანიძის „მანანა ანუა – ტყვეობის ორმოცდაათი დღე“.

ცირა ყურაშვილი ჩემი საყვარელი მწერალია. მასთან კომანზე და მამა ანდრიაზე საუბარს კი სულ ვეკრძალვი, რადგან ვიცი, რა ტკივილები აეშლება და რამდენ ხანს გასტანს მის ყურთასმენაში ამ ქაოსურად მოჟღრიალე ტკივილების  რეზონანსი. მამა ანდრია ცირას უმცროსი ძმაა. მრავალშვილიანი ოჯახის დედმამიშვილების ცხოვრებაში, პაატას (მამა ანდრიას) მოწამებრივმა აღსასრულმა ყველაფერი შეცვალა, ახალი ფურცლიდან დაიწყო. თითქმის ყველა და-ძმა სასულიერო გზას შეუდგა, ცირა კი ერში მუშაკობს, იწვის სანთელივით. სხვა მეტაფორა არც მახსენდება, მასზე რომ ვფიქრობ, მის ერში მონასტრულ ცხოვრებაზე, მის სოფელზე, უთავალავ საქმეზე, ხშირად ათი კაცის ძალისხმევა რომ სჭირდება; მის შემოქმედებაზე – ამ ღონიერ მოვლენაზე ჩვენს ლიტერატურაში, მის ცისფერ თვალებსა და სევდაზე, თავშლის ბოლოსავით რომ აქვს უცხო თვალისთვის უხილავად, თავისთავში შეხვეული და წუთისოფლის პაპანაქებას იმით იჩრდილებს…

წელს, 5 ივლისს 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან. მე მაინც გავბედე და ცირა ყურაშვილს მამა ანდრიაზე დაველაპარაკე…

 

ნ.ს.:  მამა ანდრიას ბავშვობაზე გვიამბე, ცირა. შენს ნოველებში და მოთხობებში იგონებ კიდეც ცალკეულ დეტალებსრა ჰქონდათ საერთო ბავშვ პაატა ყურაშვილს და ბერ მამა ანდრიას და როგორ გაიარა ეს გზა მან, ბავშვობიდან ბერობამდე?

ც.ყ.:  მე ბედნიერი ადამიანი ვარ, რომ ღმერთმა ამ მრავალშვილიან ოჯახში დამბადა და ამ გარემოში გავიზარდე… სიტყვა ,,ძმა“ და ,,ძმები“ ჩემთვის უტოლდება საღვთო გზას, ჭეშმარიტების ძიებას და ამ გზაზე მზრუნველობას, ბოლომდე ტვირთვას, მხარში შედგომას, რაც უნდა ვაღიარო – ოქროს დუმილზე მეტად მხატვრული ნაწარმოების შექმნის ვერცხლისფერ იმპულსებად ტრიალებს ჩემს არსებაში და გამოვლენას ელის…

ვფიქრობ, მამა ანდრიას განსაკუთრებული  მეტამორფოზა არ გაუვლია ამ გზაზე, რადგან მასში ბავშვობიდანვე იყო სულიერი სათნოებების გამოკვეთილი ნიშნები. უბრალოდ მან ბერობაში  ღვაწლი გააასკეცა. ეს ჩვეოდა – საოცარი სიმტკიცე და გულმოდგინება არჩეულ გზაზე, არა ნელთბილობა, რაც თანამედროვე ადამიანებს გვახასიათებს, არამედ ბოლომდე დახარჯვა მიზნის მისაღწევად.  მიზანი კი  იყო არა განღმრთობის ის ფორმა, რომელიც წმინდა ადამიანში ღვთაებრივი სასწაულების ქმნის უნარად ვლინდება, არამედ ის, რაც ამ ღვაწლს მოჰყვა -გოლეულივით გატკბა მის ბაგეზე ღვთის სახელი და უკვირდა, როგორ შეიძლება ადამიანმა  ნარკოტიკს მიმართოს, როცა ღვთის სიტკბოება ისე ღვენთავს სულს და სხეულს, თითქოს თაფლის ათას ნაკადებად გაედინები…

ამიტომ პაატა – მამა ანდრია ჩემთვის ერთი მთლიანი პიროვნებაა და ისე ვერ განვიცდი, როგორც ბერობის საიდუმლო ითხოვს. ხდები ბერი – კვდება შენი ძველი ხორციელი ,,მე“ და ახალ სიცოცხლეს ედება საწყისი.

ნ.ს.: მამა ანდრიას მოწამებრივი აღსასრულიშენთვის, მწერლისთვის, ალბათ მხატვრული აქტიცაა რაღაცით. დღეს როგორ საუბრობ ამაზე?

ც.ყ.: მამა ანდრიას აღსასრული ჩემთვის არის ახალი, მარადიული სიცოცხლის დასაწყისი. ამ ჩემთვის ერთდროულად ზარდამცემმა და სადღესასწაულო აქტმა უნებლიეთ გაჟონა მხატვრულ ნაწარმოებებში. ადამიანი ამ მოვლენის სიღრმეს  თავისთავში რომ იტევდეს, გაცილებით უკეთესია მისთვისაც და სხვისთვისაც, მაგრამ სამწუხაროდ, ჩემი მსუბუქი ბუნება  ასეთი ღვაწლისთვის არ აღმოჩნდა მზად. თან როცა ვსაუბრობ, მგონია, ეს მაგალითი ვინმეს გამოადგება, რადგან ჩემს თავს დავკვირვებივარ, ზოგჯერ ერთ სიტყვას გავურიდებივარ ბოროტს, შეუცვლია გადაწყვეტილების მიმართულება.

ნ.ს.: მისი საფლავიშენი და შენი ოჯახის დამოკიდებულება მისი საფლავის მიმართ

ც.ყ.: მამა ანდრიას საფლავი უნდა იყოს იქ, სადაც არის, რომელი ადგილისკენაც ის მთელი არსებით ისწრაფვოდა და არა მარტო თავისთვის სურდა ასე, არამედ ჩემი უმცროსი ძმის (ახლა მღვდელ-მონაზონია) და დედის წაყვანაც უნდოდა ამ წმინდა ადგილას…

ნ.ს.: 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან და აფხაზეთის კონფლიქტიდან. რას ეტყოდი დღეს აფხაზებს?ფაქტობრივად – მამა ანდრიას და იური ანუას მოწამეობრივი აღსასრული არის მაგალითთა მაგალითი, ყველაზე დიდი ნიმუში ჩვენი ბედისწერული და ბუნებრივი ერთადყოფნისა…

ც.ყ.: დიახ, 25 წელი გავიდა კომანის ტრაგედიიდან, ამ კონფლიქტიდან და თუ არ მეშლება ამ უთანხმოებამ ორივე მხარე თანაბრად დააზარალა, ხელიდან გამოაცალა საუკეთესო გენოფონდი, შეუფერხა განვითარება, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ კარგად გააზრება და მიზეზთა პოვნა სჭირდება. ადამიანის სიცოცხლე მეტად ხანმოკლეა, ერიც თავისი განშტოებებით მარადიულად არ იარსებებს, ის ოდესღაც აუცილებლად შეწყვეტს სიცოცხლეს… მისი სიცოცხლისუნარიანობა კი პირდაპირ კავშირშია იმ ენერგეტიკის ჰარმონიულობაზე, სიგნალებზე, რომელსაც სამყაროს, კოსმოსს უგზავნის… სწორედ სიცოცხლის ეს შეზღუდულობა, ხანმოკლეობა, წარმავლობა უნდა იყოს დამაფიქრებელი ყველასთვის, რომელ მხარესაც არ უნდა იდგეს ის, რადგან რაზეც ვდგავართ, ეს მიწა ღვთისაა და ყველაფრისთვის პასუხი მოგვეკითხება…

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...