ორშაბათი, აპრილი 13, 2026
13 აპრილი, ორშაბათი, 2026

ბიჭი საზღვართან

0

მოზარდობის ხანა ხილულ თუ უხილავ საზღვრებთან სახიფათოდ მიახლოებისა და სხვადასხვაგვარად დაშორების მუდმივი მონაცვლეობაა. შეიძლება ითქვას, რომ ეს გამოცდილება ყველას წარსულის ნაწილია. აქ ახალი არაფერია. გამუდმებით ზღვარზე ყოფნა, შესაძლებლობების ამოწურვის ალბათობის ბოლომდე გაცნობიერება, უკანასკნელი ძალის დახარჯვა წონასწორობის შესანარჩუნებლად – ზოგს ასეთი ხვედრიც რგებია, თუმცა ჩვენ გარშემო – იშვიათად. ასეთი ამბები უფრო გადმოცემით ვიცით, წაგვიკითხავს, კინოში გვინახავს.

ისე მოხდა, რომ საუკუნეთა მიჯნაზე გადაღებული და მრავალ კინოფესტივალზე დაჯილდოებული ირანული ფილმი „მთვრალი ცხენების დრო“, რომლის რეჟისორიც ქურთული წარმოშობის ბაჰმან გობადია, მხოლოდ ახლა ვნახე. დარწმუნებული არ ვარ, სწორად თუ დავწერე რეჟისორის გვარი – ვფიქრობდი, იქნებ სულაც ღობადია-მეთქი. ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს არაპროფესიონალი მსახიობები – ბავშვები – წარმოუდგენელი ოსტატობით ასრულებენ, იმ სულისშემძვრელ სურათებს შორისაა, რომლებსაც ვერაფრით დაივიწყებ. რამდენი წელიც უნდა გავიდეს, აუცილებლად გემახსოვრება ფრანსუა ტრიუფოს „400 დარტყმა“ და მისი მთავარი გმირის სახე, გამოხედვა, მოძრაობები… ამავეს თქმა შეიძლება, ისევ ირანულ კინოს რომ დავუბრუნდეთ, მაჯიდ მაჯიდის „ზეცის შვილებსა“ და „სამოთხის ფერზე“, სადაც ყველაფერი ასევე ბავშვების გარშემო ტრიალებს და მათი სახეების შემხედვარე, ხვდები, რომ დანარჩენს აღარაფერს აქვს მნიშვნელობა.

ბავშვებზე გადაღებული ფილმი, სადაც სენტიმენტალიზმისთვის უმცირესი ადგილიც კი არ დაუტოვებიათ – ასეთია ბაჰმან გობადის „მთვრალი ცხენების დრო“. ირან-ერაყის საზღვართან მდებარე სოფელში ბავშვები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ – ზრდასრულებივით შრომობენ, კონტრაბანდისტებს დაჰყვებიან სახიფათო გზაზე და მათთან ერთად ეზიდებიან სხვადასხვა საქონელს. თითქოს მთელი სოფელია ჩაბმული ამ უკანონო საქმიანობაში – თავის გატანის ერთადერთ გზად მძიმე ტვირთის თრევა ქცეულა. საზღვრისპირა ტერიტორიები კი დანაღმულია და ადამიანის სიცოცხლესაც ჩალის ფასი ადევს…

თორმეტი წლის დაობლებულ აიუბს და-ძმებზე ზრუნვა საკუთარ თავზე აუღია. არაფერს ერიდება, არც კონტრაბანდისტების საშიშ და საეჭვო წამოწყებებს უფრთხის – უმცროსი დისთვის რვეული აქვს საყიდელი, ავადმყოფ ძმას კი მკურნალობა სჭირდება. სხვა გზა არ დარჩენია – მუდმივად ირანსა და ერაყს შორის უნდა იაროს, დამქანცველი დღის ბოლოს, შიმშილისგან შეწუხებული,  უმცირეს ულუფას უნდა დასჯერდეს. ერთი შეხედვით, ზრდასრულივით დადინჯებულია, სოფლელი კაცებივით სერიოზული – სათავისოდ არაფერს ითხოვს, ბოლომდე და-ძმებისთვის იხარჯება. როგორც კი გაიფიქრებ, ღმერთო, ამას თორმეტი წლის ბავშვისა აღარაფერი სცხიაო, ცრემლებით სავსე მის თვალებსაც წააწყდები, მისი სასოწარკვეთის მოზიარე ხდები.

არა, მაყურებლისთვის გულის აჩუყება სულაც არ დაუსახავს მიზნად რეჟისორს.  შენც გულაჩუყებული კი არა, გამწარებული ხარ, მეტისმეტად გამწარებული, მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა აქამდეც გქონდა ობოლი ბავშვების ყოფაზე, ირანის სოფლებზე, უწლოვანი გოგოების იძულებით გათხოვების ტრადიციაზე, ზოგადად, ადამიანების უსინდისობასა და არამზადობაზე. ფილმი კი მშვიდად მოგითხრობს საზღვრისპირა სოფლის ყოფაზე, გამოსავალის არარსებობაზე, ბიჭზე, რომელიც მაინც ჯიუტად ცდილობს ამ გამოსავლის პოვნას, რომელსაც მაინც სჯერა, რომ სრულიად შეუძლებელს შესაძლებლად აქცევს.

ცხენების ამბავი კი ასეთია: ზამთრის ყველაზე ცივ დღეებს რომ გაუძლონ, მათ არაყგარეულ წყალს ასმევენ და მერე მთვრალებსა და ტვირთაკიდებულებს ირან-ერაყის საზღვრისკენ მიერეკებიან ისინი, ვისთვისაც სასიკვდილო საფრთხე ყოველდღიურობად ქცეულა. ამ გაუბედურებულ ადამიანებზე ბევრსაც ვერაფერს ვიგებთ – ისინი მეორეხარისხოვან გმირებსაც კი არ წარმოადგენენ. უფრო მეოთხეხარისხოვანი ეთქმით. უმთავრესად ბავშვების სახეებს ვხედავთ, ბავშვების ხმები გვესმის, მათ ცხოვრებას ვადევნებთ თვალს და რაც უფრო უკეთ ვიხედებით მათ ყოველდღიურობაში, მით უფრო მეტად ვკარგავთ იმედს.

ბავშვები და ცხენები, რომლებსაც ასევე აიძულებენ სახიფათო გზაზე შედგომას, რომლებიც სხვის ნებას ემორჩილებიან, რომლებმაც უკანასკნელი ძალ-ღონის მოკრებით უნდა შეძლონ გადარჩენა…

ბაჰმან გობადის ფილმში ჩანს მასწავლებელიც, სოფლის ექიმიც, აიუბის ბიძაც, რომელსაც ცხრა შვილი ჰყავს მისახედი. ძნელია თქმა, შეუძლიათ თუ არა მათ იმაზე მეტი, რასაც აკეთებენ. სინამდვილე ისეთია, როგორიც არის. ჰიპოთეზების ადგილი კი ამ გაუსაძლის სინამდვილეში ნამდვილად ვერ იქნება – ვინ იცის, ვინ როგორ მოიქცეოდა ამგვარი უკიდურესი გაჭირვების დროს?

ირან-ერაყის საზღვარი შორსაა, მაგრამ მაგრამ სულ ახლოა აიუბის ფიქრიანი სახე, ცრემლმომდგარი თვალები, განწირული ყვირილი – რიგრიგობით რომ უძახის ახლად გათხოვილ დასა და უკურნებელი სენით დაავადებულ ძმას, რომლებიც სულ უფრო შორდებიან. ზამთრის პეიზაჟები, უმოწყალო სილამაზე.

 

 მოსწავლეთა ინტერესის მართვის პრაქტიკული ასპექტები   

0

ინტერესი რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი,  მიზანი, მისწრაფება და  მოთხოვნილებაა, რომელიც  უზრუნველყოფს პიროვნების ჩართულობას შემეცნების პროცესში. ეს ინსტინქტია, რომელიც გარკვეულ მომენტში აღძრავს კონკრეტული საქმიანობის სურვილს, რომლის დაკმაყოფილებისას ინტერესი კიდევ უფრო ღრმავდება და  ახალი ინტერესებს წარმოშობს, ამიტომ რაც უფრო მძაფრია ინტერესი, მით უფრო მეტად ინტენსიურად ცდილობს ადამიანი მის დაკმაყოფილებას, მით მეტად აქტიურადაა ჩართული ინტერესის დაკმაყოფილებისა და საინტერესოს შემეცნების პროცესში.

ზოგადად ინტერესი რამდენიმე სახისაა:

  • უშუალო, პირდაპირი ინტერესი, რომელიც გამოწვეულია ობიექტის გარეგნული იერ-სახით;
  • და არაპირდაპირი ინტერესი, რომლის დაკმაყოფილებისთვის გარკვეული საქმიანობის გაწევაა საჭირო.

უშუალო და არაპირდაპირი ინტერესი შეიძლება დაიყოს:

უშუალო – როდესაც ინტერესი მიმართულია თავად საქმიანობის პროცესზე, შემოქმედებაზე, რომლის მიზანია რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება;

არაპირდაპირი – როდესაც ინტერესს იწვევს საქმიანობის შედეგები: განათლების ცენზი, პროფესიის შეძენა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ანუ ერთგვარად  ცხოვრებისეული მოთხოვნილებები.

ინტერესში შეიძლება გამოიყოს:

  • პასიური, ანუ განსჯის, დაფიქრების პერიოდი;
  • აქტიური – ქმედების პერიოდი.

მასშტაბის მიხედვით ის შეიძლება იყოს:

  • ფართო – როდესაც ბევრია დაინტერესებული ღრმად გაიაზრონ რაიმე;
  • ვიწრო – რომლის საფუძველია  უბრალო ცნობისმოყვარეობა.

სიღრმის მიხედვით:

ღრმა – როდესაც ადამიანი მიისწრაფვის ღრმად „შეიჭრას“ საგნის შიგნით მის შესამეცნებლად;

ზედაპირული –  როდესაც ინტერესი ზერელეა;

სამყაროს, სიმტკიცის მიხედვით ინტერესი შეიძლება იყოს:

მდგრადი – როდესაც ხდება საკუთარი როლის გაცნობიერება და აღიარება, რომ ამის გაკეთება (ინტერესის დაკმაყოფილება) აუცილებელი და საჭიროა;

არამდგრადი – ის, რაც მდგრადის საწინააღმდეგოა (ის დამახასიათებელია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის).

გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი მრავალგვარია, თავის მხრივ, წარმოიშობა ინტერესის კატეგორიის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილება. ასეთ შემთხვევაში ადვილია ინტერესთან დაკავშირებული ყველა სფეროს საქმიანობა, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემის, რადგან განათლება უპირველეს ყოვლისა მიმართულია პიროვნების განვითარებისკენ, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გააქტიურებისკენ, დამოუკიდებელი მუშაობის მეთოდების ათვისებისკენ, თვითკონტროლისკენ, სწავლის აქტიური ფორმების და მეთოდების გამოყენებისკენ, რომელიც შესაბამისი ინტერესების გარეშე ვერაფრით მიიღწევა.

მოსწავლეთა ინტერესი ძალიან მრავალგვარია, რომელთა ზოგადი  კლასიფიკაცია შემდეგი პრინციპის მიხედვით ხდება. მათ აინტერესებთ:

  • შინაარსი (რისკენაა მიმართული);
  • მატერიალური სარგებლიანობა;
  • საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათი;
  • პროფესიული და შრომითი საქმიანობა;
  • შემეცნებითი ფორმა – სასწავლო, სპეციალური, სამეცნიერო;
  • ესთეტიკა;
  • მკითხველი;
  • სპორტი და
  • ა.შ.

ინტერესის  ეს ნიშნები  იჭრება ერთმანეთში და ერთ მთლიან სისტემას ქმნის, რომლის საერთო მიზანი შემეცნებითი პროცესის – ინტერესის დაკმაყოფილებას – ემსახურება.  მაგრამ თუ გარემომცველი სამყაროდან ადამიანი  ირჩევს  არა ყველა ობიექტს, არამედ მხოლოდ მას, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი“  და „საჭირო“  მხოლოდ  ინტერესის ფორმაა  მოსწავლისთვის, რადგან შემეცნებითი ინტერესი გაცილებით ღრმაა და ის პიროვნების შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა. მისი ფასი ის გახლავთ, რომ პიროვნება ინტელექტუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ის ელოდება ახალს, ინტელექტუალურ სიხარულს, წარმატებას. შეუძლებელია ადამიანის შემეცნებითი ინტერესის გარეშე  პიროვნული განვითარება.

 

შემეცნებითი ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში სხვადასხვა კუთხით შეიძლება გამომჟღავნდეს. პედაგოგიკის თეორიაში ძირითადად მითითებულია, რომ ის წარმოადგენს მოსწავლის შინაგან სტიმულს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული მისი აქტიურობა, მასწავლებელს მისი დახმარებით ადვილად შეუძლია მოსწავლის მოტივირება, სწავლის  შედეგების ამაღლება, სწავლებაში იმ ასპექტების გამოყოფა, რომელსაც შეუძლია მოსწავლის ყურადღების მიპყრობა და აზროვნების გააქტიურება.

მეტწილად მოსწავლეთა  ინტერესის ფორმირება ორ საკითხს უკავშირდება:

  1. მოსწავლის შემეცნებით სამყაროზე მეცნიერების მიღწევათა ასახვას, მის მიმართ ინტერესის გამოხატვას;
  2. ცოდნის შეძენის პროცესში მხარდაჭერას, სწავლისა და ცოდნის შეძენის მიმართ დამოკიდებულების განმტკიცებას, რომელიც აღუძრავს მოსწავლეს ცოდნის დაუფლების სურვილს.

ძირითადად მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება  ხდება:

  • სახელმძღვანელოების შინაარსით;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებით;
  • მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციური პროცესით.

ეს დეტალები  სტიმულების  ფართო სპექტრს წარმოშობენ,  ავითარებენ ინტერესს და ხელს უწყობენ მის დაკმაყოფილებას. მაგრამ არის ინტერესის გაზრდის კიდევ ერთი  საინტერესო გზა,  როგორიცაა ისეთი გაკვეთილზე სიტუაციების შექმნა, რომელიც მოსწავლეს  საშუალებას მისცემს:

  • გამოხატოს საკუთარი აზრი;
  • დარჩეს საკუთარ აზრზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებსა და განხილვებში;
  • დაუსვას შეკითხვები თანაკლასელებს და მასწავლებელს;
  • გააკეთოს რეცენზია თანაკლასელის ნაშრომზე, მიიღოს მონაწილეობა მათ სწავლა/სწავლებაში;
  • აუხსნას შედარებით სუსტ მოსწავლეებს მათთვის გაუგებარი ადგილები სახელმძღვანელოს ტექსტიდან;
  • მოიძიოს დავალების შესრულების  ალტერნატიული გზა;
  • შეასრულოს შემეცნებითი ხასიათის დავალება და გადაჭრას პრობლემა;
  • შეაფასოს საკუთარი თავიც და სხვებიც;
  • გამოიყენოს სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნიკური საშუალებები.

ინტერესის გამოხატვის სხვადასხვა დონე არსებობს, რომლის მიხედვით მასწავლებელს შეეძლება თვალი ადევნოს მოსწავლის განვითარებას, რამდენადაც დაინტერესება სწავლის შედეგის პირდაპირპროპორციულია.

ინტერესის გამოხატვის I დონეა, როდესაც მოსწავლე ცდილობს დაიმახსოვროს, გაიგოს და გამოიყენოს ცოდნა, დაეუფლოს მისი გამოყენების გზებს. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის „არამდგრადობა“, როდესაც მოსწავლე არ ინტერესდება ცოდნის სიღრმით და არ იყენებს შეკითხვის ტიპს: „რატომ?“

ინტერესის გამოხატვის II დონეა, როდესაც მოსწავლე მიისწრაფვის შესწავლილი მასალის გამოვლენისკენ, როდესაც გამოხატავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების სურვილს, აკეთებს შედეგების ინტერპრეტაციას. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის მკვეთრად გამოხატული „მდგრადობა“, როდესაც მოსწავლე ცდილობს, მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე, არ უშინდება სიძნელეს და ეძებს პრობლემის გადაწყვეტის გზას.

III  დონეა  – შემოქმედებითი ეტაპი, როდესაც მოსწავლის ინტერესი  არამარტო უბრალოდ იჭრება მოვლენათა „სიღრმეში“, არამედ ის ცდილობს ამ მიზნით ახალი საშუალებების მოპოვებას.  ამ ეტაპზე ინტერესის ყველა თვისება ჯაჭვური რეაქციის სახით გამოვლინდება და მოსწავლის  წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი ცოდნის სინთეზის ეტაპად გარდაიქმნება.

 

მაგრამ ერთია მოსწავლის ინტერესის გამოწვევა გაკვეთილზე და მეორეა მისი განვითარება, რომლისთვისაც მასწავლებელმა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები და ფორმები უნდა გამოიყენოს.  ამ დროს, ცხადია, გათვალისწინებულია   სწავლების შინაარსი, თემის შინაარსი, აქტუალურობა და ასაკობრივი თავისებურებები.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში გამოვყოფდი შემდეგ მიმართულებებს:

  • სახელმძღვანელოსთან მუშაობას (ესაა პროცესი ტექსტის კითხვიდან და ელემენტარულ კითხვებზე პასუხების ძიებიდან გაკვეთილის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად შესწავლამდე);
  • სამუშაო რვეულების წარმოებას (საშინაო დავალებების აუცილებლად შემოწმება);
  • წყაროებზე მუშაობას (პროცესი ისტორიულ წყაროების ანალიზიდან პროდუქტიული, შემოქმედებითი დავალებების დამოუკიდებლად შესრულებამდე);
  • დავალებების შესაბამისი მოსწავლეთა ორგანიზაციის ფორმას (ინდივიდუალური და ჯგუფური);
  • ისტორიის შესწავლის სხვადასხვა ხერხების და გზების გამოყენებას (წყაროზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები) და ა.შ.

მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება დაწყებითი საფეხურის  V-VI კლასებში და მომდევნო საფეხურის – საბაზო – საწყის ეტაპზე. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ამ პერიოდებში მოსწავლეებს შეუნარჩუნდებათ ისტორიის მიმართ ინტერესი, ის გაჰყვებათ მომდევნო საფეხურზეც.

პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე V-VI-VII კლასებში ინტერესის განვითარებისკენ მიმართული პრაქტიკული საგაკვეთილო საქმიანობა და ინტერესის მართვის სტრატეგიები  ასეთი სურათს გვაძლევს:

 

V კლასი VI კლასი VII კლასი
– გაკვეთილის  ტექსტის უმეტესი  ნაწილის წაკითხვა და შემეცნებითი ხასიათის  კითხვებზე პასუხის გაცემა;

–  სავარჯიშოების შესრულება, როგორიცაა: სურათის აღწერა, კროსვორდების შევსება, ჩანახატების წარმოდგენა და სხვ.

– სხვადასხვა სახის პრეზენტაციის მომზადება, მაგალითად, „ჩემი მშობლიური მხარე“, „ჩემი საყვარელი დასვენების ადგილი“ და ა.შ.

– ფიზიკურ და სხვ. სახის რუკებზე მუშაობა და დასახელებული ობიექტების მოძებნა;

– თამაშის გამოყენება გაკვეთილზე;

– წერილობითი და ნივთიერი წყაროების გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;

– გაკვეთილის ტექსტზე მუშაობა და ტექსტის ბოლოში დასმულ შეკითხვებზე  პასუხი;

– მოთხრობების შედგენა სახელმძღვანელოს სურათების მიხედვით;

–         და ა.შ.

–  გაკვეთილის თითქმის ½ -ის დამოუკიდებლად სწავლა;

– მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და სინქრონიზება;

– დრო რომ არ დაიკარგოს, თანაკლასელების პასუხის დროს დანარჩენებს  შეუძლიათ სამუშაო რვეულებში მუშაობა;

– შედარებების  გაკეთება (ცხრილები), გეგმების მომზადება  – ჯერ მარტივი გეგმების, შემდეგ, წლის ბოლოს –  რთულზე მუშაობა;

– მუშაობა ისტორიულ პერსონალიებზე;

– მოთხრობების შედგენა სხვადასხვა თემაზე, ისტორიული მოვლენების მოდელირება;

– გენეალოგიური ცხრილების მომზადება;

– ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებებისა და თარიღების  ამოწერა;

– მასწავლებლის მონათხრობის მიხედვით მოთხრობის შედგენა.

 

– გაკვეთილის  დიდი  ნაწილის  დამოუკიდებლად სწავლა;

– სამუშაო რვეულების დამოუკიდებლად წარმოება;

– სხვადასხვა გეგმისა  და ცხრილის შედგენა;

– დავალებების დამოუკიდებლად არჩევა;

– ისტორიული რუკებისა და წყაროების  ერთმანეთთან და  ისტორისკოსთა შეხედულებებთან  შედარება;

– შემოქმედებითი დავალებების შესრულება, ჯგუფური მუშაობის ფორმების მოძიება;

– ზეპირი პრეზენტაციის მომზადება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით.

 

 

სწორად წარმართული სასწავლო პროცესი,  სათანადო მეთოდური მიდგომები  და მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და მოტივაციაზე ორიენტირებული სწავლება  თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების ადეკვატური და წარმატებული შედეგების მანიშნებელია.

 

პროსპერ ალპანუსი

0

მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი მწერალი, ერნსტ თეოდორ ჰოფმანი თავისი ეპოქის ავტორებისაგან ევროპული მითოლოგიისა და ფოლკლორის განსაკუთრებული, თანაბარი ცოდნით გამოირჩეოდა. რომანტიკოსი ცდილობდა, რომ ნაწარმოებებში ახალი საქმე გამოენახა ძველი ჯადოქრებისა და ფერიებისთვის, ტყის სულებისა და ჯუჯებისთვის, ურჩხულებისა და უცნაური მცენარეებისთვის. საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც კარგად იცნობენ მისი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ პერსონაჟს, პატარა ცახესს. პატარა ცახესი გონჯი ქონდრისკაცია. მას შეუძლია, რომ ხალხს ოსტატურად მოაჩვენოს სხვისი სიკეთე საკუთარ დამსახურებულ უპირატესობად. ერთხელ ჩემ თვალწინ ლატვიის დედაქალქში გაბრაზებულმა ჩინელმა პატივმოყვარე უელსელი, მის დაშოშმინებლად, ჰოფმანის კაცუნას სახელით მოიხსენია. აზიელმა თავის მიზანს წარმატებით მიაღწია. გლობალური მნიშვნელობის პერსონაჟების გარდა, გერმანელის ტექსტებში ვხვდებით ნაკლებად სახელმოხვეჭილ, მაგრამ გადამწყვეტი როლის შემსრულებელ გმირებსაც.

ჰოფმანის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და შთამაგონებელ სახედ დოქტორი პროსპერ ალპანუსი შეგვიძლია მივიჩნიოთ. დოქტორი ალპანუსი კეთილი ჯადოქარია. არაორდინარული ქცევების გამო მის შესაძლებლობებში ბევრს ეპარება ეჭვი. ბევრს ვერ გაუგია, ბევრს ვერ აუხსნია, თუ რატომ შრომობს უსათნოესი კაცი საერთო საქმისთვის. მოხუცი უგუნური, გაუაზრებელი, თავსმოხვეული, სუპერრაციონალური და ჰუმანიზმისგან დაცლილი ფსევდოგანმანათლებლობის წინააღმდეგ მებრძოლი პოეტების მთავარი შემწე და ქომაგია. იგი მთელ თავის ძალას ხარჯავს იმისთვის, რომ ცახესის დამარცხებაში დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომელთაც ჯერ კიდევ სჯერათ შეუცნობელი, საკვირველი საიდუმლოების. პროსპერ ალპანუსი ბოროტებაზე გამარჯვების შემდეგ საკუთარ კერას უთმობს ქონდრისკაცის მძლეველ სტუდენტ ბალთაზარს და მის სატრფოს, თავად კი შორს მიდის ახალი სიბრძნეების შესასწავლად.

არ მჯერა, რომ პროსპერ ალპანუსის მსგავსი ფიგურები ჩვენს საუკუნეშიც არსებობენ. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, რომ ოცდამეერთე საუკუნეშიც ცოცხლობენ ადამიანები, რომლებიც კეთილი დოქტორის მაგალითით იკვალავენ გზას.

რამდენიმე თვის წინ ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ ქართული საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ადამიანის შესახებ შევიტყვე. საქართველოში ძალიან ცოტამ იცის, თუ ვინ არის იორგ ჰენლე. იორგ ჰენლე უკვე ჭარმაგი გერმანელი იურისტია, რომელიც საქართველოს პირველად 90-იან წლებში ეწვია. ადგილობრივი ინტელექტუალების დამსახურებით მან ბევრი რამ შეიტყო კავკასიის რეგიონის შესახებ. ჰუმანისტი რეგიონში შექმნილმა უმძიმესმა ეკონომიკურმა და სოციალურმა მდგომარეობამ დააფიქრა და გადაწყვიტა, რომ საოჯახო ფონდ „ჰორიზონტის“ დახმარებით ხელი გაემართა ომებითა თუ ეთნიკური დაპირისპირებებით გატანჯული კუთხისათვის, კავკასიონის მთის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცხოვრები ხალხისათვის.

საუკუნეთა მიჯნაზე სახელგანთქმული ფონდების უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებით, არჩევნების გამჭვირვალობის პრობლემებით, კორუფციის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლების დაფინანსებით იყო დაკავებული. ისინი ცდილობდნენ, რომ თავიანთი საქმიანობის შედეგად ძველი, საბჭოთა ნომენკლატურა მათი ხელშეწყობით დაწინაურებული პირებით ჩაენაცვლებინათ. ელიტათა რეკრუტირების იდეით შეპყრობილებს ბევრი რამ ავიწყდებოდათ, მაგალითად, პოსტკომუნისტურ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ბედი. სწორედ ამ პერიოდში, ჟურნალისტებისგან უჩუმრად ბ-ნი ჰენლე სვანეთის სოფლებში მოგზაურობდა და მესტიის მუნიციპალიტეტის უძველესი საყდრების შესახებ უმთავრესი ცნობების შეგროვებას ცდილობდა. მის არცერთ მოგზაურობას უკვალოდ არ ჩაუვლია. 1997-2005 წლებში იორგ ჰენლეს ხელმძღვანელობით ფონდმა „ჰორიზონტმა“ სვანეთის თოთხმეტი ეკლესიის (მათ შორის ლაღამი, ლატალი, კალა) რესტავრაცია დააფინანსა. სვანეთის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების პროექტის საფუძველზე შესაძლებელი გახდა უნიკალური ფრესკებისა და ჯვარ-ხატების განადგურებისგან გადარჩენაც.

ილიას ეპოქის შესახებ ვიზუალური წარმოდგენის შექმნა ჩვენ დიმიტრი ერმაკოვის ფოტოების საშუალებით შეგვიძლია. წარმოშობით იტალიელმა ფოტოგრაფმა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ათასობით სურათი გადაიღო. ერმაკოვის ფოტოებზე შეგიძლიათ იხილოთ თბილისში მცხოვრები სხვადასხვა სოციალური კუთვნილების პირებიც და უძველესი არქეოლოგიური ობიექტებიც. 1997 წელს ჯანაშიას მუზეუმში ბ-ნი ჰენლეს დახმარებით შეიქმნა სპეციალური ლაბორატორია. ლაბორატორია აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკით, ჯამაგირი დაენიშნათ ლაბორატორიის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელ პირებს. ლაბორატორიის მუშაობის შედეგად მოხერხდა ერმაკოვის კოლექციის სრული რესტავრაცია-კონსერვაცია. უნიკალური გადარჩენილი ფოტომასალა „ჰორიზონტის“ დახმარებით მოწყობილ საცავებში დღემდე ინახება.

ბ-ნი ჰენლე და მისი ფონდი ოცი წელია ზრუნავს საქართველოში ერთ-ერთი უძველესი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის „კავკასიური სახლის“ ფუნქციონირებაზე. მაშასადამე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ გერმანელი იურისტი მონაწილეობდა ყურანის ქართული გამოცემის მომზადების, „ვეფხისტყაოსნის“ ორ უცხო ენაზე გამოცემისა და ორასზე მეტი სხვა წიგნის გამოქვეყნების პროცესში. იორგ ჰენლეს სახელს უკავშირდება სმირნოვების მუზეუმის რეაბილიტაცია, დევნილი და სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დღემდე მოქმედი საკვირაო სკოლის მოწყობა, კავკასიურ ენების შემსწავლელი წრეების ჩამოყალიბება და ა.შ. კავკასიის დიდ ქომაგს არც სახლის აშენება დავიწყებია. დღეს რომ გალაკტიონის ქუჩაზე ქართველი მწერლებისა და პოეტებისთვის, მთარგმნელებისა და მეცნიერებისთვის, კავკასიელი და აღმოსავლელი ხალხებისათვის, ახალგაზრდა მკვლევრებისათვის მყუდრო, კეთილმოწყობილი შენობა დგას, ესეც ბევრისთვის უცნობი თავმდაბალი კაცის დამსახურებაა.

თუ კარგად მოიძიებთ იმასაც შეიტყობთ, რომ უკიდურესი გაჭირვებისა და სასოწარკვეთის წლებში ბ-ნი ჰენლეს გადაწყვეტილებით აღმოსავლეთ საქართველოს ორ სოფელში, შუაფხოსა და ნუკრიანში, სკოლების სარემონტო-სარაბილიტაციო სამუშაოებიც ჩატარდა.

რა აქვთ საერთო პროსპერ ალპანუსსა და ბ-ნ ჰენლეს?

ორივენი პოეტებსა და ხელოვანებს უმართავდნენ ხელს. ორივემ ააშენა სახლი, რომელიც ჰუმანიტარული აზროვნების მქონე ადამიანებისათვის თავშესაფრად იქცა. არცერთი მათგანი არ დაემორჩილა უგუნური მოდერნიზაციის იდეას, მათ თავიანთი ძალისხმევა მიმართეს საერთო კეთილდღეობისთვის და არა მორჩილთა არმიების შექმნისთვის. რიგითი ტექნოკრატები ორივე დოქტორს გაკვირვებული აკვირდებიან. გაკვირვებულებს ტანჯავთ შეკითხვები – რატომ უნდა აჩუქოს თავისი ქონება ჯადოქარმა სტუდენტს? რატომ უნდა იზრუნოს მდიდარმა გერმანელმა ადიღური ენის გადარჩენისთვის?

განათლება ადრეული ქორწინების წინააღმდეგ

0

„კიროვკას (მარნეული), ახლოლაღოს (მარნეული), ყარათაქლიას (გარდაბანი) სკოლებში აღნიშნეს, რომ მოსახლეობაში არის გოგონების სკოლაში გაშვების პრობლემა. პირველი ორი სკოლის შემთხვევაში, სკოლები ცხრაწლიანია და მეზობელ სოფლებში გაშვება არის პრობლემა. რეკომენდებულია განათლების სამინისტროს ჩარევა, პრობლემის შესწავლა და მშობლებთან მუშაობა კომპეტენტური ორგანოების მონაწილეობით,“ – ასე იწყება ორგანიზაცია „საფარის“ მიერ მომზადებული თვისებრივი პრობლემებისა და რეკომენდაციების ვრცელი ჩამონათვალი, რომელიც პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენციის“ შედეგად მომზადდა.

ორ ეტაპად განხორციელებულმა პროექტმა (მხარდამჭერები: პრეზიდენტის ფონდი და გაეროს მოსახლეობის ფონდი) ქვემო ქართლისა და კახეთის სკოლები მოიცვა. ორწლიანი მუშაობის შედეგებს პროექტის კოორდინატორი ნათია გვრიტიშვილი გვიყვება:

-ამ პროექტის ფარგლებში ადრეული ქორწინების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით უფროსკლასელების ტრენერებად „საფარმა“ 20 აზერბაიჯანელი ახალგაზრდა დაატრენინგა. ისინი 4+1 პროგრამით იყვნენ მომზადებულები და კარგად იცოდნენ როგორც აზერბაიჯანული, ისე ქართული ენა. სწორედ მათ მივანდეთ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. გვქონდა ბროშურები და ანუკ ბელუგას მიერ მომზადებული საინტერესო კომიქსები, რომლებიც ბავშვებს ძალიან მოსწონდათ.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი ტრენერები ადგილობრივი მოსწავლეებისთვის თავად წარმოადგენდნენ წარმატებულ მაგალითს. მათი შემხედვარენი თვითონაც ინტერესდებოდნენ, თუ სად შეეძლოთ სწავლის გაგრძელება, განათლების მიღება. ყველაზე მეტად ჩვენს სამიზნე აუდიტორიას უფლებებისა და ნაადრევი ქორწინების თემები აინტერესებდათ.

2017 წლის პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლში“ ფარგლებში „საფარმა“, განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, 90 სკოლაში ეთნიკური აზერბაიჯანელი ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით, ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციის საკითხებზე მე-7-მე-12 კლასის მოსწავლეებთან იმუშავა. იმავე თემებზე „საფარმა“ ცნობიერების ამაღლების კამპანიაც აწარმოა.

-პროექტის დროს გამოიკვეთა, რომ ადრეული ქორწინებისგან თავდაცვის მექანიზმებზე სოფლებში აშკარად განიცდიან ინფორმაციის ნაკლებობას. რით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?

-ჯერ ვიტყოდი, რომ ენის ბარიერი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე გვეგონა, მაგრამ სკოლებთან თანამშრომლობით კმაყოფილები დავრჩით. სკოლების მხრიდან ეს გამოიხატებოდა მოსწავლეთა სრულ მობილიზაციაში. შეხვედრებზე მასწავლებლებიც მოდიოდნენ. პროექტის პირველ ეტაპზე 200-მდე მასწავლებელსა და 2500-მდე მოსწავლეს შევხვდით.

2018 წელს „საფარმა“ პროექტის „ადრეული ქორწინების პრევენცია ქვემო ქართლსა და კახეთში“ ფარგლებში ქვემო ქართლის 36 აზერბაიჯანულენოვან და კახეთის 8 სკოლაში მშობლებთან შეხვედრები გამართა. მათთან საუბარი ეხებოდა ადრეული ქორწინების მხრივ საქართველოში არსებულ მდგომარეობას, მუნიციპალიტეტების როლს მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებაში, სამომავლო გეგმებს და სხვ.

შეხვედრების დროს კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ მოზარდებმაც და ზრდასრულებმაც არ იცოდნენ, რომ სრულწლოვანების ასაკი 18 წელია, რომ ადრეული ქორწინება კანონით არის დასჯადი, რომ მშობლებს არ აქვს უფლება ქორწინების დაძალების უფლება. ბევრმა არ ის იცოდა ვისთვის უნდა მიემართა კრიტიკულ სიტუაციაში. ვუყვებოდით რეფერირების მექანიზმებზე, რომ შეუძლიათ მიმართონ მასწავლებელს და დირექტორს. ამაზე ინფორმაცია მასწავლებლებსაც კი არ გააჩნდათ.

-ინფორმაციის არსებობის პირობებში ფიქრობთ, რომ რეაგირებისთვის სოფლის მასწავლებელს გამბედაობა ეყოფა? ის ხომ თემში ცხოვრობს, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს და ასე ვთქვათ, ერთმანეთს ზურგს უმაგრებს..

-დიახ, მიმართვიანობის პრობლემებიც გაგვიზიარებია. იყო შემთხვევა, როდესაც მასწავლებელმა მიმართა პოლიციას, როდესაც გაიგო, რომ სკოლის წინ გოგო მოიტაცეს. პოლიციამ გოგო ორი დღის მერე იპოვა. დრო რომ გავიდა, ბავშვს ჩვენება შეაცვლევინეს. ბოლოს, ოჯახი მაინც შეიქმნა, მასწავლებელი კი დისკრიდიტირებული დარჩა.

ადრეული ქორწინება ამ რეგიონებისთვის მტკივნეული საკითხია. ამ ქორწინებების გამო, მეთორმეტე კლასში თითო-ოროლა გოგორა რჩება. არის სკოლები, სადაც ცხრაწლიანი სწავლებაა და რადგან მოტაცების რიცხვი დიდია, მშობლები შიშობენ და ბავშვებს სკოლაში საერთოდ არ უშვებენ. ამის შესახებ ყარათაქლიას, განჯალის, კაბალის სკოლებში გვითხრეს.

მოზარდების განათლება ხშირად ცხრა წლით სრულდება. სკოლის მერე მათ არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ, არც პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა. ასეთი სასწავლებლები მხოლოდ მარნეულსა და რუსთავშია და არ არის დმანისში, ბოლნისში, გარდაბანში…

განათლების სამინისტროსთვის ერთ-ერთი რეკომენდაციაში ვუთითებთ, რომ აუცილებელია პროფესიული სასწავლებლების გახსნის ხელშეწყობა, სკოლის მხრიდან მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის ინფორმაციის მიწოდება უმაღლეს სასწავლებლებსა და პროგრამა 1+4 შესახებ. ბავშვებმა არ იციან რა აკეთონ სკოლის დამთავრების შემდეგ. გოგოებს ათხოვებენ, ბიჭები კი აზერბაიჯანში ან თურქეთში მიდიან სამუშაოდ.

-გამოდის, რომ ამ ბავსვებს სკოლაშივე ერთმევათ სრული განათლების მიღების შანსი?

-სამწუხაროდ, მშობლების უმეტესობამ ისიაც კი არ იცის, რომ 16 წლამდე მოზარდთან ქორწინება დანაშაულია და არა უბრალო სამართალდარღვევა. 12-13 წლიდან გოგოებს  ათხოვებენ. „სიძეების“ დაპატიმრების პრეცედენტი არ გვაქვს. რეგიონებში პროკურორები მსგავს შემთხვევებში აფორმებენ საპროცესო შეთანხმებას, რაც საზოგადოებაში ჯარიმად აღიქმება. ზოგ შემთხვევაში ოჯახი წინასწარაც კი აგროვებს საპროცესო შეთანხმებისთვის ფულს.

ჩვენთან შეხვედრის დროს ბევრი ამბობდა, რომ საჭიროა სასჯელის გამკაცრება, „ჯარიმის“ პატიმრობით შეცვლა. შეხვედრებზე ხშირად გვესწრებოდნენ დანიშნული ბავშვები.

მშობლებს გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის მავნე პრაქტიკებზეც ვესაუბრებოდით ხოლმე. აზერბაიჯანულ თემში ესეც იწვევს ადრეულ ქორწინებას.

-წარმატებული პრაქტიკაც გაგვიზიარეთ, როდესაც სკოლა ეხმარება ბავშვს განათლების სრულყოფილად მიღებაში.

-მახსენდება მარნეულის ერთ-ერთი რაიონის სკოლის დირექტორი მუსა, რომელიც სოფლისთვის ნამდვილი ავტორიტეტი იყო. პირველი, რაც თავისი დირექტორობის დროს გააკეთა, მიმდებარე ტერიტორიაზე უფროსი ბიჭების „ბირჟა“ აკრძალა, სადაც 25 წლამდე ახალგაზრდები იდგნენ და სკოლიდან მიმავალ გოგოებს იტაცებდნენ.

სკოლის დირექტორი ყოველთვიურად ხვდება ყველა მშობელს და სწავლების სხვადასხვა საკითხების გარდა, ესაუბრება ადრეულ ქორწინებებზე. მან იმდენი მოახერხა, რომ სოფელში მისი ეუხერხულებათ და არავის უნდა, რომ ასეთ ქორწინებას ხელი შეუწყოს.

დირექტორი არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ეხმარება მოსწავლეებს სხვადასხვა აქტივობებში, განსაკუთრებით ხატვაში, თვითონაც ხატავს. სკოლის კედლები მოფენილია ფერადი ნახატებით. სკოლაში მოქმედებს ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობის კაბინეტი, მუზეუმი,  ქართული ენის კაბინეტი, სადაც მხოლოდ ქართულად შეიძლება საუბარი.

საერთოდ, დირექტორზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. მაგალითად, ბაიდარში, სადაც ახალგაზრდა დირექტორი დანიშნეს, სკოლა სრულიად გაპარტახებული იყო. ახალმა დირექტორმა შეძლო დაფინანსების მოპოვება, ააშენა ახალი შენობა. თავიდან ის სათითაოდ შედიოდა კლასებში და მოსწავლეებს პროექტების მოფიქრებას თხოვდა, ახლა კი ისინი თვითონ მიდიან დირექტორთან და ახალ იდეებს სთავაზობენ. დირექტორი ეხმარება დონორებთან ურთიერთობაში. მოსწავლეებიც ხშირად იმარჯვებენ  სხვადასხვა ოლიმპიადებსა და კონკურსებში.

ეს ტენდენცია შესამჩნევია – თუ სკოლაში ახალგაზრდა დირექტორი ან მასწავლებელი მუშაობს, რადიკალურად კარგი შედეგი აქვს. ხანდაზმულ დირექტორებს სწავლების მიმართ ძველი მიდგომები აქვთ, არ ფლობენ ახალ ინფორმაციას. განსაკუთრებით ქართული ენის არცოდნა, ბავშვების აქტივობებში ნაკლებად ჩართულობა წყვეტს მათ დანარჩენ სამყაროს. ასეთ პირობებში ინტეგრაციაზე საუბარი ზედმეტია. ახალგაზრდა დირექტორებთან კი ქართული ენის ცოდნის დონეც მაღალია.

ამ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს შორის გვქონდა კონკურსი „ჩემი საოცნებო პროფესია“. ერთმა გოგომ დაწერა, რომ მისი ცხოვრება მას მერე შეიცვალა, რაც სკოლაში ახალი ქართულის მასწავლებელი მოვიდა. „რადგან ენა ვისწავლე, უამრავი ახალი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა მომეცა,“ – დაწერა მან. აღმოჩნდა, რომ ადგილობრივმა ბავშვებმა ისიც კი არ იციან რა პროფესიები არსებობს. 90 სკოლაში სრული უმრავლესობა მხოლოდ სამ პროფესიას ასახელებდა: მასწავლებელი, ექიმი და პოლიციელი.

სხვათა შორის, ტრენერებს შორის ჯგუფში გვყავდა სამი ახალგაზრდა მასწავლებელი, რომლებმაც დაამთავრეს უნივერსიტეტი, მაგისტრატურა და ახალგაზრდული შემართებით მოისურვეს მასწავლებლებად მუშაობა. თუმცა, უკვე წლებია დამხმარე მასწავლებლებად მუშაობენ, რადგან სკოლას ეშინია განსხვავებული ხედვის, ახალი კადრის. არადა, ყველაზე მეტად სკოლას ახალი ხედვა სჭირდება.

-პროექტს გაგრძელება ექნება?

-ვიმედოვებთ, რომ  სომხურენოვან თემში, სამცხე- ჯავახეთში ვიმუშავებთ.

 

მოსწავლის საშინაო დავალებები და მშობლები

0

მოსწავლის საშინაო დავალებები სასკოლო ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს. მათი შესრულება, როგორც წესი, ბევრი ოჯახისთვის სერიოზულ პრობლემებს უკავშირდება და უამრავ თავსატეხს უჩენს, როგორც ბავშვს, ასევე მშობლებს, ვინაიდან მოსწავლეთა უმრავლესობა დამოუკიდებლად ვერ ახერხებს ამას. და ეს მაშინ, როცა ყველა მშობელს სურს, რომ თავისი შვილი შეხსენებისა და დაძალების გარეშე დაჯდეს სამეცადინოდ და სწორად შეასრულოს ყველა დავალება.

საჭიროა თუ არა ბავშვის დახმარება საშინაო დავალებების მომზადებისას. უნდა ითქვას, რომ მშობლებში ამ საკითხთან დაკავშირებით ცალსახა დამოკიდებულება არ არსებობს. მათი ერთი ნაწილი თვლის, რომ უფროსების ჩარევა ბავშვის მიერ საშინაო დავალების მომზადების პროცესში არანაირად არ არის გამართლებული, ვინაიდან ამით ხელს ვუშლით მოზარდში დამოუკიდებლად მოქმედების უნარის განვითარებას. მშობელთა მეორე ნაწილი კი  ამტკიცებს, რომ დახმარების გარეშე ბავშვი ვერ შეძლებს დავალებების სრულფასოვნად,  უშეცდომოდ შესრულებას და აქედან გამომდინარე წარმატებულიც ვერ გახდება. ამ კატეგორიის მშობლები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი შვილების დახმარებას გაკვეთილების მომზადების პროცესში. როგორც წესი, ეს დახმარება ვარირებს მოკლე ახსნა-განმარტებების მიწოდებიდან დავალებების სრულ შესრულებამდე ბავშვის ნაცვლად.

გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვის სახით ჩვენ ჩამოყალიბების პროცესში მყოფ ადამიანთან გვაქვს საქმე, ეს პროცესი კი უფროსების აქტიური მონაწილეობის გარეშე წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ბევრ სხვა საქმიანობაში, საშინაო დავალებების მომზადების პროცესში ბავშვს აუცილებლად ესაჭიროება მშობლების თანადგომა და დახმარება, მით უმეტეს თუ ის თავად გვთხოვს ამას. ამასთან,  რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტად საჭიროებს ასეთ დახმარებას. ასაკის მატებასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასთან ერთად ჩვენი მონაწილეობა და დახმარება ბავშვის მიერ გაკვეთილების მომზადების პროცესში უნდა შევამციროთ და მოზარდს დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მივცეთ.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს დავალებების მომზადების პროცესში?

რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • უპირველეს ყოვლისა, სწორად გავსაზღვროთ დავალებების მომზადების დრო. გამართლებული არ იქნება ბავშვის სამეცადინოდ და დავალებების მოსამზადებლად დასმა სკოლიდან დაბრუნებისთანავე. გავითვალისწინოთ, რომ სკოლიდან დაბრუნებული მოზარდი არანაკლებ დაღლილია, ვიდრე სამსახურიდან დაბრუნებული მშობელი. ამდენად, სამეცადინოდ დაჯდომამდე მისთვის აუცილებელია დასვენება. ამასთან, დასვენება უნდა გაგრძელდეს არანაკლებ 1-1,5 საათი. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დავსვათ ის სამეცადინოდ და დავალებების მოსამზადებლად. თუ ბავშვი მეორე ცვლაში სწავლობს, მისთვის უკეთესი იქნება გაკვეთილების დილით მომზადება;
  • სასურველია, რომ ბავშვმა მშობელთან ერთად წინასწარ შემუშავებული განრიგით იმეცადინოს და მკაცრად დაიცვას ის. ეს მას თავისი საქმიანობისა და დროის, როგორც მართვის, ასევე ორგანიზების უნარის გამომუშავებასა და განვითარებაში დაეხმარება, რაც მომავალში წარმატებების მიღწევის წინაპირობა გახდება მისთვის;
  • კარგი იქნება, თუ ბავშვს დავალებების დიფერენცირებაში დავეხმარებით, რომელია მისთვის უფრო მარტივი, უფრო რთული, მეტად საინტერესო, ნაკლებად საინტერესო; ვურჩევთ, რომ მეცადინეობა მარტივი დავალებების შესრულებით დაიწყოს. ნებისმიერ ბავშვს რთული დავალებების მოსამზადებლად მეტი დრო ესაჭიროება, იღლება, თავს წარუმატებლად, არაფრის მცოდნედ, არაფრის შემძლედ თვლის. ყოველივე ამას კი ის იქამდე მიჰყავს, რომ მას ეკარგება მეცადინეობის სურვილი, უქვეითდება თვითშეფასება, უფუჭდება ემოციური მდგომარეობა, რაც მის საქმიანობაზე უარყოფითად აისახება. ამიტომ, უკეთესი იქნება თუ ბავშვი მეცადინეობას და დავალებების მომზადებას დაიწყებს იმით, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს, უყვარს, რაც მისთვის შედარებით მარტივია. ასეთი დავალებების შესრულებისას ის, დიდი ალბათობით, წარმატებული იქნება, რაც მას საკუთარი ძალების რწმენას შემატებს და უფრო ხალისით გააგრძელებს მეცადინეობას;
  • გავითვალისწინოთ, რომ მეცადინეობისას შესვენებები აუცილებელია. ზრდასრულებიც კი ვიყენებთ შესვენებებს მუშაობისას. ბუნებრივია, რომ ბავშვებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ყოველი ნახევარი საათის შემდეგ მას სჭირდება 10 წუთი შესვენებისთვის. რაც უფრო იზრდება, მეცადინეობები შეიძლება უფრო მეტხანს გაგრძელდეს. თუმცა, არ იქნება სასურველი მეცადინეობის ერთ საათზე მეტხანს შეუსვენებლად გაგრძელება, რა ასაკის ბავშვთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე;
  • სწორი ორგანიზება გავუკეთოთ სივრცეს, სადაც ბავშვს უწევს მეცადინეობა, შევეცადოთ შევქმნათ შესაფერისი ატმოსფერო. სწავლას, ისევე როგორც ბევრ სხვა საქმიანობას სჭირდება ყურადღების კონცენტრირება. შეუძლებელია ბავშვმა ხარისხიანად მოამზადოს დავალებები იქ, სადაც მოუხდება და როგორც მოუხდება. მშობელმა უნდა იზრუნოს, შეუქმნას ბავშვს ისეთი გარემო, სადაც ის კომფორტულად იგრძნობს თავს დავალებების შესრულებისას. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოვარიდოთ ხმაურის ყველა წყარო, ყურადღების გადამრთავი ფაქტორები; ახლოს არ უნდა იყოს ტელევიზორი, ტელეფონი, კომპიუტერი (გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევები, როდესაც კომპიუტერი აუცილებელია ბავშვისთვის დავალების მოსამზადებლად). ავეჯი უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს. სამუშაო მაგიდა უნდა იყოს კარგად განათლებული და მასზე ელაგოს ყველა ის ნივთი, რომელიც ბავშვს დავალების ხარისხიანად მოსამზადებლად დასჭირდება. ამასთან, თვალ-ყური ვადევნოთ, რომ მაგიდაზე არ იყოს უწესრიგობა. უწესრიგობა სამუშაოდ ვერ განაწყობს ბავშვს;
  • ბავშვთან მუშაობისას გავითვალისწინოთ მისი, როგორც ასაკობრივი, ასევე ინდივიდუალური თავისებურებები. ნუ დავაჩქარებთ ბავშვს, თუ თავისი ბუნებრივი ტემპი ხელს უშლის მას, რომ სწრაფად იმოქმედოს. დაჩქარება ასეთ შემთხვევაში შეიძლება ნევროტულობის დონის მატების მიზეზი გახდეს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუშლის ბავშვს მუშაობაში. თუ მუდმივად მოვუწოდებთ, რომ არ გადაერთოს, იყოს ყურადღებიანი, მას ძალიან გაუჭირდება კონცენტრირება დავალებაზე. ის იწყებს ფიქრს იმაზე, როგორ დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა და გახდეს ყურადღებიანი, რაც ხელს შეუშლის მას სააზროვნო სამუშაოების შესრულებაში. იმის მიზეზი, რომ ბავშვი გადაერთვება, შეიძლება იყოს მისი ნერვული სისტემის თავისებურებები, სირთულეები დავალების გაგებაში და ა.შ. ამდენად, კარგი იქნება, თუ შეძლებისდაგვარად ამ მიზეზების დაძლევაზე ვიზრუნებთ;
  • ბავშვთან ურთიერთობისას შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ნუ დავკარგავთ კონტროლს საკუთარ თავზე, ამოვიღოთ ჩვენი ლექსიკონიდან უარყოფით შეფასებითი გამონათქვამები, ასევე ისეთი სიტყვები, როგორიცაა: „არასოდეს“, „ყოველთვის“, „მუდმივად“, „კვლავ“; ან ბავშვის ნეგატიური მახასიათებლები: ზარმაცი, სულელი, უყურადღებო, უპასუხისმგებლო, უგულისყურო და ა.შ. ყოველივე ჩამოთვლილი არათუ სამუშაოდ არ განაწყობს ბავშვს, არამედ ხშირად აუარესებს კიდეც მის გონებრივ საქმიანობას. თუ ჩვენ ვთვლით, რომ ვკარგავთ ჩვენს „ძვირადღირებულ“ დროს ბავშვის დახმარებაზე და მუდმივად ვახსენებთ მას ამას, დიდი ალბათობით ბავშვს ჩამოუყალიბდება არასრულფასოვნების კომპლექსი, საკუთარი არასაჭიროების შეგრძნება, რაც ხელს შეუშლის მუშაობაში, დაუკარგავს საკუთარი ძალების რწმენას და დაუქვეითებს თვითშეფასებას. ეს კი, ადვილი შესაძლებელია, მისი წარუმატებლობის და მარცხის წინაპირობად იქცეს;
  • გავითვალისწინოთ, რომ ბავშვთან მუშაობის პროცესში არსებითი მნიშვნელობა აქვს მის მიერ დაშვებული შეცდომების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. შევეცადოთ, რომ ამ შეცდომებმა არ გამოიწვიოს ჩვენი გაღიზიანება, ჩხუბი, ყვირილი. ყოველივე ეს მხოლოდ დაძაბავს ატმოსფეროს და გაართულებს სიტუაციას, რადგანაც ასეთ დროს ბავშვს უყალიბდება შეცდომის შიში, რომელიც არათუ არ ეხმარება, არამედ, პირიქით ხელს უშლის კიდეც შეცდომების გამოსწორებასა და მის თავიდან აცილებაში. უკეთესი იქნება, თუ შეცდომას აღვიქვამთ, როგორც თავისებური სახის დამხმარე საშუალებას, რომელიც გვაძლევს კარგ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რაზე უნდა ვიმუშაოთ ბავშვთან. ნუ დავსჯით და ნუ ვუსაყვედურებთ მოზარდს არასწორად შესრულებული დავალების გამო, უმჯობესი იქნება, თუ შეცდომებს მასთან ერთად გავაანალიზებთ;
  • გავიხსენოთ საკუთარი ბავშვობა. არც ჩვენ გვისწავლია ერთბაშად და უშეცდომოდ ყველაფერი ის, რაც ახლა ვიცით და შეგვიძლია, თავიდან ყველაფერს უშეცდომოდ არც ჩვენ ვაკეთებდით;
  • ყოველთვის მხარი დავუჭიროთ ბავშვს ჩვენი სიყვარულით, შევაქოთ, ორიენტირებული ვიყოთ დადებითზე და მოვიწონოთ ის, რაც კარგად და უშეცდომოდ გააკეთა. ეს მას საკუთარ თავში, საკუთარ ცოდნაში დარწმუნებულობის გრძნობას გაუჩენს, იგრძნობს, რომ ის საჭიროა და უყვართ ოჯახში იმ შეფასებებისაგან დამოუკიდებლად, რომელსაც სკოლაში იღებს. შექება საკუთარი ძალების რწმენას შემატებს. ამასთან, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ბავშვს მოსწონს იმის კეთება, რაც კარგად გამოსდის. ამიტომ, მისი სულ მცირე წარმატებაც კი აუცილებლად დავაფიქსიროთ. ეს მას ინტერესს და მოტივაციას გაუძლიერებს, რაც, თავის მხრივ,   დაეხმარება წინ წავიდეს და უფრო მეტ წარმატებას მიაღწიოს.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ მშობლის ჩართულობამ ბავშვის მიერ დავალების მომზადების  პროცესში შეიძლება მოიტანოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგი. თუ ზედმეტად ჩავერევით ბავშვის მუშაობაში და მის ნაცვლად ჩვენ შევასრულებთ დავალებებს, დიდი ალბათობით დავაბრკოლებთ ბავშვში დამოუკიდებლად მოქმედების უნარის განვითარებას. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ არც სრული ჩაურევლობა იქნება სიკეთის მომტანი. გამომდინარე იქიდან, რომ სწავლება განმავითარებელი უნდა იყოს, მაგრამ ის ვერ იქნება ასეთი, თუ ბავშვი ამ პროცესში მხოლოდ ისეთ დავალებებს ასრულებს, რომლებიც მის რეალურ შესაძლებლობებზეა გათვლილი. აუცილებელიც კია შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომ ბავშვს ჩვენი მცირედი დახმარება მაინც დასჭირდეს, ეს მისი შემდგომი განვითარების ხელშემწყობი გახდება. გარდა ამისა, ვეხმარებით რა ბავშვს დავალებების მომზადებაში, ამით ჩვენ დემონსტრირებას ვუკეთებთ ჩვენს დაინტერესებას მის წარმატებაში, ჩვენს მხარდაჭერასა და დახმარების მზაობას. თანდათან ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ბავშვი მოგვთხოვს არა დახმარებას დავალების შესრულებისას, არამედ მხოლოდ შემოწმებას შესრულებული დავალების, მალე მას ესეც აღარ დასჭირდება, რადგანაც ის გახდება დამოუკიდებელი და თავისუფალი თავის მოქმედებაში.

 

 

ტერმინების ტყვეობაში: ტრენინგი

0

რამდენიმე წლის წინ, ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში ქარიშხალივით შემოიჭრა ცნობა კომპეტენციის დადასტურების შესახებ. ბევრი მასწავლებელი გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ მათ გამოცდას უწყობდნენ, არც პროფესიული გადამზადების თემა ხიბლავდათ (ამდენი წელი უნივერსიტეტში ტყუილად ვისწავლეთ? აბა დიპლომი რა საჭიროა? და ა.შ.). ზრდასრულთა განათლების საკითხებზე ერთეულებს თუ წაეკითხათ, ტრენინგებისა და სემინარების შესახებაც არაფერი სმენოდათ. პროფესიული განვითარებისკენ მიმავალ ახლადგაკვალულ ბილიკებს სამუშაო ადგილის დაკარგვის შიში გაურკვეველი მომავლის ნისლში ახვევდა და მასწავლებელთა რეაქციაც სავსებით ბუნებრივი გახლდათ. თუმცა, წლების განმავლობაში, ტრენინგებისა და სემინარებისადმი დამოკიდებულება, მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეიცვალა და ახლა აღარავინ კამათობს იმაზე, რომ სწავლა-სწავლება უწყვეტი და ერთმანეთზე დამოკიდებული დინამიური პროცესია.

 

პროფესიული უნარების განვითარების პირველ ეტაპს, ანუ ცოდნის შეძენას, ფორმალური და არაფორმალური განათლების სახით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასე თუ ისე ვახერხებთ, თუმცა ცოდნას მიძინება ახასიათებს, ანუ თუ მას ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად არ ვაქცევთ და პერიოდულად არ გავიღრმავებთ, რაღაც დროის შემდეგ, შეიძლება დავიწყებას მიეცეს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროფესიული უნარები მხოლოდ ცოდნის შეძენით არ შემოიფარგლება და მას თვითსწავლისა და ყოველი ახალი ინფორმაციის/უნარის საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირების გარეშე ვერ განვივითარებთ.

 

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განათლების ხარისხის ამაღლება, პირველ რიგში, მასწავლებელთა შრომის გაუმჯობესებას უკავშირდება. როგორც ვიცით, 21-ე საუკუნეში მოსწავლეებისთვის საჭიროა ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, როგორიცაა შემოქმედებითი, ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება. მასწავლებლებმა სწავლების პროცესში მაღალი დონის სააზროვნო უნარებისა და ქცევითი მოდელების გამოყენება უნდა შეძლონ, რაც მათ სათანადო ინფორმაციითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვას საჭიროებს. პროფესიული გადამზადების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ, მოკლევადიან და კონკრეტული მიზნისკენ მიმართულ აქტივობას კი ტრენინგი წარმოადგენს.

 

ტრენინგი (ინგ. training სწავლება) ჩვეულებრივი სასწავლო პროცესისგან იმით განსხვავდება, რომ ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაზე მეტად, არსებული ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების დახვეწასა და პრაქტიკაში გამოყენებაზეა ორიენტირებული. სწავლა-სწავლების ზემოაღნიშნული მოდელი უკავშირდება დეილ კარნეგის (ამერიკელი მწერალი, ფსიქოლოგი, მასწავლებელი და სოციოლოგი) სახელს. 1912 წელს სწორედ მან დააფუძნა ტრენინგების ცენტრი, რომელშიც დღემდე იგეგმება და ტარდება სემინარები ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანებთან ურთიერთობის ხელოვნება და თვითრწმენის გაუმჯობესება. ამერიკელმა სოციოფსიქოლოგმა – კურტ ლევინმა კი ტრენინგის ფორმატი მოარგო სწავლების ფორმის განვითარებას და თავის კოლეგებთან ერთად დააფუძნა ტრენინგ-ჯგუფები (1946წ.), რომლებიც საკომუნიკაციო უნარების დახვეწაზე იყვნენ ორიენტირებულნი. სწორედ ლევინის ჯგუფმა შენიშნა, რომ სწავლის ეფექტურობა იზრდება ჯგუფური მუშაობისას გამოვლენილი განცდების თვითანალიზით.

 

2009 წლიდან, საქართველოს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება, რომლის მთავარ მიზანსაც კვალიფიკაციის დადასტურება წარმოადგენდა. მოგვიანებით მას დაემატა საგანმანათლებლო პროგრამებისთვის მოსამზადებელი ტრენინგები, რომლებიც საგანმანათლებლო კადრების კონკრეტული მიზნით გადამზადებას უზრუნველყოფდა (მაგალითად, არაქართულენოვან რეგიონში სწავლება). რამდენიმე წლის წინ კი, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვის შედეგად, კომპეტენციის დადასტურების გარდა, საგნობრივი და პროფესიული ტრენინგი მასწავლებლებს პროფესიული ზრდის და კარიერული წინსვლის საშუალებასაც აძლევს. თანამედროვე სამყაროს გამოწვევების შესახებ განათლების სფეროს წარმომადგენელთა ინფორმირების თვალსაზრისით, ტრენინგების  მიზანი მიღწეულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან მასწავლებელთა უმრავლესობამ უკვე ბევრი რამ იცის სახელგანთქმულ განმანათლებელთა თუ განათლების თეორიტიკოსთა მნიშვნელოვანი მიგნებების შესახებ. თუმცა ძალიან ცოტას შეუძლია ამ ინფორმაციის ე.წ. სამუშაო იარაღად ქცევა და საკუთარ პრაქტიკაში დანერგვა, ეს ნიუანსი კი ტრენინგის ეფექტს ასუსტებს.

 

ტრენინგის ეფექტურობას ტრენინგის მონაწილეთა მოტივაცია, ტრენერის კომპეტენცია და თავად ტრენინგ მოდული განსაზღვრავს. ტრენინგის ეფექტურობის გასაზომად ყოველთვის მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა მიზანი ამოძრავებს ტრენინგზე მოსულ ადამიანს: სიახლეები უყვარს, ცოდნას იაქტიურებს-იღრმავებს, თვითშეფასების სურვილი ამოძრავებს, თუ კარიერული წინსვლა?! როგორც ვიცით, მოტივაცია მნიშვნელოვნად განაპირობებს სწავლის პროცესში ადამიანთა ჩართულობის ხარისხს, რაც ტრენინგს წარმატებულ თუ წარუმატებელ სასწავლო პროცესად აქცევს. ამიტომაცაა საჭირო, რომ ტრენერმა შეხვედრის დასაწყისშივე შექმნას პოზიტიური გარემო, მხარი დაუჭიროს თითოეულ დამსწრეს, გაიაზროს მისი მოლოდინი/საჭიროება, აღმოაჩენინოს და დააძლევინოს  სირთულეები. ტრენინგის შეფასება და თვითშეფასება სწავლა-სწავლების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. როგორც მონაწილემ, ასევე ტრენერმა უნდა შეძლონ საკუთარი საქმიანობის შედეგების, როგორც საკუთარი, ისე სხვისი თვალით დანახვა და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. მსგავსი მიდგომები კი აუცილებლად შექმნის ჯანსაღ სამუშაო მოტივაციას, რაც ტრენინგის ეფექტს მნიშვნელოვნად გაზრდის.

 

მონაწილეებთან კომუნიკაციის დამყარების და პროცესის მართვის უნარის გარდა, ტრენერი აუცილებლად უნდა ფლობდეს ტრენინგით გათვალისწინებულ თემებთან დაკავშირებულ სიღრმისეულ ცოდნას. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ტრენერი და ტრენინგის მონაწილეები კოლეგები არიან, მან მაინც უნდა აარიდოს თავი სპეციფიური ტერმინოლოგიით საუბარს და გამოიყენოს მარტივი სასაუბრო ლექსიკა. ამას გარდა, შეკითხვებს ყოველთვის ამომწურავად უნდა უპასუხოს,  შეძლებისდაგვარად გაამარტივოს დავალების ინსტრუქცია და ხშირად მიუბრუნდეს პრობლემურ საკითხებს, რაც მსმენელთა ნდობის მოპოვებას გააადვილებს და თანამშრომლობითი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. სამუშაო პროცესი დიალოგის რეჟიმში უნდა გაიმართოს, რათა ტრენინგის მონაწილეებმა თავი სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად იგრძნონ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ტრენერმა თავისი აუდიტორია არ უნდა მოაწყინოს და სასწავლო მასალა ინოვაციური და მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით აათვისებინოს.

 

რაც შეეხება ტრენინგზე გამოყენებულ სასწავლო მასალებს, ასათვისებელი ინფორმაცია უნდა იყოს ოპტიმალური ოდენობის, რათა მონაწილეებმა შეძლონ მისი საფუძვლიანად დამუშავება. იგი უნდა წარმოადგენდეს ტრენინგის თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილზე მუშაობისთვის საჭირო მთავარ რესურსს, ანუ დავალების შესასრულებლად დამატებითი წყაროების მოძიება არ უნდა გახდეს საჭირო. თუმცა მსმენელებმა ტრენერისგან აუცილებლად უნდა მიიღონ საჭირო ინფორმაცია დამატებით რესურსებსა და  საგანმანათლებლო აქტივობებზე, რადგან ტრენინგის ერთ-ერთი მიზანი მისი მონაწილეების  მუდმივი პროფესიული ზრდის ხელშეწყობაა.

 

ყველა ტრენინგი, რომელსაც დავსწრებივარ, ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებს. თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, მიღებული ცოდნის/უნარის გამტკიცება და საკუთარ პრაქტიკაში დანერგვა ბევრს არ გამოსდის. ისმის კითხვა: საჭიროა თუ არა ტრენინგის სისტემის მოდიფიკაცია და როგორ შეიძლება გავზარდოთ მისი ეფექტი?!

 

თუ გვსურს რომ ტრენინგის შედეგი გახანგრძლივდეს, მასზე მიღებულმა ცოდნამ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უნდა გააუმჯობესოს. ჩემი აზრით, ტრენინგი უფრო შედეგიანი იქნება, თუ:

  • ტრენინგ მოდულის პრაქტიკული ნაწილის მოცულობა გაიზრდება, რაც ახალი ინფორმაციის დამახსოვრებასა და განმტკიცებას უფრო გაადვილებს.
  • საგნობრივ ტრენინგ მოდულებში ინტეგრირდება მასწავლებელთა ყოველდღიურ საქმიანობასთან დაკავშირებული პრაქტიკული კურსი, მაგალითად: დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული სირთულეების განხილვა; განმსაზღვრელი/განმავითარებელი შეფასებების თავისებურებები კონკრეტულ საგნებში და სხვ.
  • სკოლის დირექტორი/ ადმინისტრაცია აქტიურად ჩაერთვება ტრენინგზე მიღებული ცოდნის გააქტიურების პროცესში, მაგალითად: ტრენინგზე მიღებული გამოცდილების გაზიარების მიზნით, სკოლებში ჩატარდება შიდა სემინარები/ღია გაკვეთილები; სწავლა-სწავლების პროცესი ახალ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიგეგმება და ა.შ.
  • ის ნაცნობ გარემოსა და პედაგოგთა ჯგუფში ჩატარდება. სავარაუდოდ, სამუშაო ადგილითა და საერთო საქმით დაკავშირებულ ადამიანთა გუნდში ყოველგვარი ინოვაცია უფრო სწრაფად და კომპლექსურად დაინერგება.

 

მასწავლებელთა ტრენინგებს რომ ვგეგმავდე, განმეორებითი ტრენინგის ჩატარებას ვცდიდი. სჯობს, მეორე შეხვედრაც იმავე ჯგუფსა და გარემოში ჩატარდეს. თუ არ შევცვლით ტრენინგ მოდულს და დამხმარე მასალების მხოლოდ პრაქტიკულ ნაწილს განვაახლებთ, ადვილად გავზომავთ პირველი ტრენინგის ეფექტს და შედეგებსაც გავაუმჯობესებთ. თუმცა, თუ განმეორებითი ტრენინგის განსხვავებულ ფორმატში ჩატარების მიზნით ჯგუფი ხანგრძლივად (დისტანციურად) ითანამშრომლებს, შესაძლოა ტრენინგის ე.წ. სუსტი მხარე – მოკლევადიანი მიზნები და დროის შეზღუდული ლიმიტი ზემოაღნიშნულმა მიდგომამ დაარეგულიროს.

 

წარმოიდგინეთ თავი განმეორებით ტრენინგზე, რომელიც ერთი სასწავლო სემესტრის ან წლის დასრულების შემდეგ გაიმართება. ამჯერად ტრენერი და მსმენელები ადგილებს გაცვლიან. მასწავლებლები კოლეგებს წარუდგენენ მინიმუმ ერთ პროექტს ან ნებისმიერ სხვა საგანმანათლებლო პროდუქტს, რომელიც პირველი ტრენინგის შემდეგ სკოლაში ახლადმიღებული ცოდნისა და უნარების გამოყენებით განახორციელეს. პროფესიული უკუკავშირი (ტრენერის, კოლეგების) კი ტრენინგის თითოეულ მონაწილეს, როგორც ჯგუფის, ასევე ინდივიდუალური შედეგების შეფასებას გაუადვილებს. ჩემი აზრით, მსგავსი განმეორებითი შეხვედრები მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს ტრენინგის ეფექტს, რადგან მასწავლებლები ახალი ცოდნის ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვაზე იქნებიან ორიენტირებულნი.

 

 

 

 

თამაში ადამიანურობისთვის (პირველი ნაწილი)

0

 

რატომ იყო მონადირე-შემგროვებლებისთვის შრომა თამაში?

ჩვენი წინაპრები, მონადირე-შემგროვებლები შრომას თამაშის სახეობად აღიქვამდნენ.

ავტორი: პიტერ გრეი, ფსიქოლოგიის დოქტორი

Source: https://www.psychologytoday.com/intl/blog/freedom-learn/200907/play-makes-us-human-v-why-hunter-gatherers-work-is-play

დღეს „შრომას“ ორი მნიშვნელობა აქვს. ის შეიძლება აღნიშნავდეს ნებისმიერ არასასიამოვნო ან პროდუქტიულ და სასარგებლო საქმიანობას, მიუხედავად მისი სასიამოვნო თუ უსიამოვნო ხასიათისა.

 

პირველი მნიშვნელობა, თამაშის საწინააღმდეგო შინაარსს გულისხმობს, მეორე კი – პირიქით. გამოდის, რომ ჩვენ ერთსა და იმავე სიტყვას ორ მნიშვნელობას ვანიჭებთ. ეს ასეა ალბათ იმის გამო, რომ ჩვენი კულტურის ისტორიაში ეს ორი მნიშვნელობა ხშირად გადაფარავდა ხოლმე ერთმანეთს.

 

ნებისმიერი პროდუქტიული აქტივობა, რომელსაც ასრულებენ მონები, მსახურები თუ დაქირავებული ადამიანები, წარმოადგენს შრომას ამ ცნების  ზემოხსენებული ორივე მნიშვნელობით.

 

ამ ორი მნიშვნელობის (ან შინაარსის) გასარჩევად გამოვიყენოთ ტერმინი „მძიმე შრომა“  პირველი, არასასიამოვნო  აქტივობის აღსანიშნად და ტერმინი „შრომა“, მოერისათვის. შესაბამისად, მძიმე შრომა თამაშის საწინააღმდეგო ცნება იქნება, ხოლო შრომა – უფრო სასიამოვნო შრომა.

შრომა შეიძლება იყოს მძიმე საქმიანობა, ან შეიძლება იყოს თამაშის მსგავსი აქტივობა, an შეიძლება დაიკავოს ნებისმიერი ადგილი „მძიმე შრომასა“ და „თამაშს“ შორის.

როგორც ადრინდელ ჩემს ესეებში აღმინიშნავს[1], თამაშისა და შრომის შედარებაზე ფიქრი მონადირე-შემგროვებლების საზოგადოებებზე დაწერილი მრავალფეროვანი სამეცნიერო ლიტერატურის კითხვის შემდეგ დავიწყე.

სადაც არ უნდა მოხვდეთ – აფრიკის, ავსტრალიის, აზიისა თუ ლათინური ამერიკის იზოლირებულ ადგილებში – ნახავთ, რომ ეს პირველყოფილი საზოგადოებები და მათი წარმომადგენლები, უაღრესად ხალისიანი და თამაშის მოყვარული ადამიანები არიან.

დღეს მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებები – როგორც მათ ვუწოდებთ ხოლმე, „პირველყოფილი ტომები“ ან კოლონიზაციის დროინდელი საშინელი ტერმინი – „ველური ტომები“ – უმეტესწილად გადაშენების გზაზე დგანან, ან მათი ცივილიზაციის/კულტურის გარდამავალ ეტაპზე იმყოფებიან, რომელიც მათი ტრადიციული ცხოვრების წესის ცვლილებას გულისხმობს. თუმცა ამ წერილში მათზე საუბრისას მაინც აწმყო დროს გამოვიყენებ, რადგან მონადირეთა ცივილიზაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ შემორჩნენ დედამიწის შორეულ კუთხეებში.

ჩემს ადრინდელ წერილებში გამოვყავი რამდენიმე თავისებურება, რომლებიც დამახიასიათებელი გახლდათ ყველა ტრადიციული მონადირე-შემგროვებელი საზოგადოებისთვის: ა) თუ როგორ იღებენ მონადირე-შემგროვებელთა ბავშვები თვითგანათლებას თამაშის მეშვეობით; ბ) თუ როგორ იყენებენ მონადირე-შემგროვებელნი თამაშსა და იუმორს, იმ სოციალური და ეკონომიკური სისტემის შესანარჩუნებლად, რომელიც ემყარება გაზიარების, თანამშრომლობის, ინდივიდუალური ავტონომიისა და თანასწორობის პრინციპებს; გ) თუ როგორ იყო შერწყმული თამაში ამ ტრადიციული საზოგადოებების რელიგიურ რწმენასა და პრაქტიკასთან, საზოგადოების წევრების თანასწორობის შენარჩუნებისა და, საზოგადოდ, ცხოვრებისადმი ეგალიტარიანული მიდგომის მიზნით.

ზოგადად, არცერთ მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებას არ აქვს მძიმე შრომის ცნება.

თუ სადმე ასეთ საზოგადოებაში მძიმე შრომის კონცეფციას წავაწყდებით, ეს ყოველთვის უცხო ხალხთან მათი კონტაქტის შედეგი იქნება.

ეს ცნება მათ ნასწავლი ან ნანახი ექნებათ მეზობელი ფერმერებისგან, მაღაროელების ან გზის მშენებლებისგან, მაგრამ მძიმე შრომის ცნება მათ ცხოვრებაში არ მოიაზრება, როდესაც მათ შრომაზეა საუბარი.

მონადირე-შემგროვებელთა შრომა, მათი აღქმით, ბავშვების თამაშის გაგრძელებაა. ბავშვების თამაშებია – მონადირეობა, საკვების შეგროვება, ქოხების მშენებლობა, იარაღების კეთება, ბავშვების მოვლა, მკურნალობა, საჭმლის მომზადება, მტაცებლებისგან დაცვა,  მოლაპარაკებები და სხვა აქტივობები. დროთა განმავლობაში მათი უნარები იხვეწება, ხოლო აქტივობები – პროდუქტიული ხდება.

ასე, თანდათანობით საბავშვო თამაში სამუშაოდ გადაიქცევა, თუმცა ის კვლავ თამაშად რჩება. თამაში, დროთა განმავლობაში, კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება, ვიდრე ადრეული ბავშვობისას, რადგან მისი შედეგიანობა მატულობს და ეს მთელი ტომის მიერ ფასდება.

სხვადასხვა მონადირე-შემგროვებელზე სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობის შედეგად ჩამომიყალიბდა წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რატომ წარმოადგენს მათი შრომა თამაშს. ამის ოთხი მიზეზი არსებობს:

(1) თამაშები მრავალგვარია და ისინი მეტ უნარებსა და ცოდნას მოითხოვს;

(2) თამაში არასდროს არის იმაზე მეტი, ვიდრე ეს ვინმეს სურს ან საჭიროა;

(3) თამაშს, როგორც წესი, სოციალური კონტექსტი აქვს – იგი მეგობრებთან ერთად მიმდინარეობს;

(4) დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: თამაში, ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერ დროს მხოლოდ მოთამაშის სურვილზეა დამოკიდებული.

შევეცდები ზემოთქმული ნაბიჯ-ნაბიჯ განვმარტო:

  1. თამაშები მრავალგვარია და ისინი მეტ უნარებსა და ცოდნას მოითხოვს

გარდა მამაკაცებისა და ქალების ფუნქციების დაყოფისა (მამაკაცები – მონადირეები, ქალები – საკვების შემგროვებლები. ეს დაყოფა თითქმის ყველგან არსებობს, თუმცა ის არ არის აუცილებელი პირობა), აღსანიშნავია, რომ საზოგადოების წევრები არ სპეციალიზდებიან ერთ რომელიმე საქმიანობაში.

ყველა ჩართულია საზოგადოების ეკონომიკურ საქმეებსა და აქტივობებში. უფრო მეტიც, ამ საქმეების უმეტესობა წევრებისგან უამრავ უნარს, ცოდნასა და გადაწყვეტილებას მოითხოვს.

ანთროპოლოგები განცვიფრებით აღნიშნავენ იმ ცოდნისა და უნარების მრავალფეროვნების შესახებ, რომლებიც ტიპურია ყველა მონადირე-შემგროვებელი საზოგადოების ნადირობისთვის.

ნადირობის იარაღები, როგორებიცაა ისრები, შუბები, სასულე და სასროლი იარაღები, ბადეები და ხაფანგები, უნდა დამზადდნენ უნაკლოდ და მათი გამოყენებისა და მოხმარების უნარებს, სრული დაოსტატებისთვის წლები სჭირდება, მათთან    ურთიერთობისა და თამაშის წლები.

გარდა იარაღის მოხმარებისა, მონადირეებისთვის აუცილებელია ორი თუ სამი ასეული ძუძუმწოვარა ცხოველისა და ფრინველის ცხოვრებისა და ქცევის წესების შესწავლა, რომლებსაც ბავშვები უმეტესწილად, სხვა ბავშვებთან ერთად, ამ ცხოველების იმიტაციური თამაშის დროს შეისწავლიან.

ისინი სწავლობენ თითოეული ცხოველის/ფრინველის ერთმანეთისგან გარჩევას ხმების, ნაკვალევისა და გარეგნობის მიხედვით.

1990 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის ადამიანის ევოლუციური ბიოლოგიის პროფესორმა, ლუის ლიბენბერგმა[2] ძალიან საინტერესო წიგნი დაწერა მონადირეთა საზოგადოების წევრების სამონადირეო უნარების შესახებ, რომლებიც, მეცნიერის აზრით, თანამედროვე მეცნიერების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს.

მონადირეები იყენებენ ცხოველების/ფრინველების მიერ ქვიშაზე, ტალახსა თუ ნაცვენ ფოთლებზე დატოვებულ კვალს, დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად, ჰიპოთეზის ჩამოსაყალიბებლად და გამოსაცდელად ნადირობის ობიექტის ზომის, სქესის, ფიზიკური მდგომარეობის, გადაადგილების სიჩქარისა და გავლის დროის შესახებ, ნადირის კვალში დადევნების დროს.

სამხრეთ აფრიკელი ავტორი, ალფ ვანენბურგი, კალაჰარის უდაბნოს ბინადართა, ჯუ-ჰოანსის ტომის მონადირეთა კვალზე მიყოლის შესაძლებლობების აღწერისას აღნიშნავს: „ისინი ყველაფერს აქცევენ ყურადღებას, ყველაფერს აკვირდებიან, ითვალისწინებენ და განიხილავენ. მარყუჟი ბალახზე, მოტეხილი ტოტი ბუჩქზე, ნაკვალევის სიღრმე, ზომა და მდებარეობა, ყველაფერი ეს მიუთითებს ცხოველის მდგომარეობის, მისი მოძრაობის მიმართულების, გადაადგილების სიჩქარისა და სამომავლო მოძრაობის შესაძლებელი ვარიანტების შესახებ“.

მსგავსი ცოდნა და უნარებია საჭირო სხვადასხვა მცენარეული საკვების შეგროვება-მოპოვებისასაც.

მონადირე-შემგროვებელი ტომის წევრმა კარგად უნდა იცოდეს უთვალავი სახეობის მცენარისა და მისი შემადგენელი ელემენტების – ფესვების, ნაყოფის, თესლის, ფოთლების, ბალახისა და ყვავილების შესახებ. ეს ცოდნა მოიცავს იმას, თუ რამდენად გამოსადეგია ისინი საკვებად, როგორია მათი საკვები თვისებები და ღირებულება, როდის არის ოპტიმალური მათი მოკრეფა-შეგროვება, როგორ უნდა ამოითხაროს ისინი მიწიდან (ფესვები, ბოლქვები), როგორ გამოაცალკევონ საკვებად ვარგისი ნაწილი ნაყოფისგან (მარცველეული, თხილი, მცენარეული ბოჭკო) და როგორ მომზადდეს მოგროვებული ნედლეული საკვებად ან კვებითი თვისებების გასაუმჯობესებლად.

ეს უნარები მოიცავენ ფიზიკურ უნარებს, რომლებიც წლების განმავლობაში ყალიბდება და იხვეწება და გავარჯიშებულ მეხსიერებას, რომელიც საჭიროა გამოიყენო და გაიუმჯობესო იმ უზარმაზარი ვერბალური ინფორმაციის გადასამუშავებლად, რომლებიც ათასობით მცენარეს, მათი ვეგეტაციის პერიოდებსა და მომზადება-შენახვის წესებს ეხება.

ჩვენს საზოგადოებაშიც, სამუშაო, რომელიც მრავალფეროვან ინფორმაციას მოიცავს, ჩვენგან დიდ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. გარდა ამისა, მრავალფეროვანი ინფორმაცია ითვალისწინებს გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებსა და უნარს და ხშირად უფრო სასიამოვნოა, ვიდრე სხვა, უფრო რეგლამენტირებული და რუტინული ტიპის შრომა.

ნათელია, რომ კონვეიერული ხაზი ხალისიანი სამუშაოს მტერია.

საბედნიეროდ, რობოტების მეშვეობით, რომლებიც რუტინულ, ამწყობ სამუშაოებს აკეთებენ, ჩვენ შესაძლებლობა გვეძლევა, წავიდეთ ისეთი მსოფლიოსკენ, რომელშიც თამაშის ელემენტებით გადატვირთული სამუშაო გვექნება.

 

[1] იხილეთ შემდეგი ბმულები: https://www.psychologytoday.com/intl/blog/freedom-learn/200906/play-makes-us-human-i-outline-ludic-theory-human-nature

[2] ლუის ლიბენბერგი, ნადირობის ხელოვნება: მეცნიერების წარმოშობა, 1990 – Louis Liebenberg, The Art of Tracking: The Origin of Science (1990).

როგორ ვიმგზავროთ თვითმფრინავით -რჩევები აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის თანამგზავრს

0

ახლა  აგვისტოა, დრო, როცა ბოლოს და ბოლოს, მოგზაურობისთვის იცლით, თუ მაინცდამაინც, სექტემბრის პირველი კვირაც საუკეთესო პერიოდია.

სანამ სწავლა დაიწყება, დრო – თქვენია. რასაკვირველია, თავგადასავალი სხვასაც უნდა გაუნაწილოთ, ძმას, დას, შვილს, მეგობარს, რომელსაც შეიძლება აუტისტური სპექტრის აშლილობა ჰქონდეს, შესაბამისად,  მოგზაურობა უფრო ყურადღებით დასაგეგმია.

პირველ რიგში, შეხედეთ მოგზაურობას, როგორც თერაპიის ნაწილს, ყველა აქტივობა, თქვენი ყველა ცდა ხომ იქით არის მიმართული, რომ ბავშვის თვალსაწიერი უფრო ფართო, ინტერესები – უფრო მრავალხრივი გახადოთ, ჰოდა, მოგზაურობით  მიღებული შთაბეჭდილება შეიძლება უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა ტიპის თერაპიის რამდენიმე საათი.

მაშ ასე, დაგეგმეთ მოგზაურობა, გლობუსზე ანახეთ წერტილი, სადაც მიგყავთ, მოუყევით ტრანსპორტზე, რომლითაც იმგზავრებთ. თუ გამგზავრებას თვითმფრინავით გეგმავთ, მაშინ ჩემი რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ:

  1. ჩანთა თავად მას ჩაალაგებინეთ, ეს შეიძლება მეტყველების მშვენიერ სავარჯიშოდაც გამოგადგეთ, თან სამოსის დაკეცვას ასწავლით ბავშვს.
  2. თვითონ აარჩიოს, რისი წაღება უნდა. (რასაკვირველია, მხოლოდ მისი არჩევანი საკმარისი არ იქნება, მაგრამ თუ რამდენიმე ნივთს მაინც საკუთარი სერვილით წამოიღებს, მის დამოუკიდებლობას და თვითდარწმუნებას საგრძნობლად შეეშველებით.
  3. იმისთვის, რომ მოგზაურობა გახდეს ძალიან საინტერესო, ყველაფერი წინასწარ აუხსენით, აეროპორტი და სასაზღვრო ამბები ძალიან სისტემურია და თუ ყველა ნაბიჯი წინასწარ ეცოდინება ბავშვს, საქმე გაგიიოლდებათ.
  4. თუმოახერხეთდაერთხელწინასწარშეასეირნეთაეროპორტში, შესანიშნავი იქნება.მე თვითმფრინავების შესახებ ინფორმაციას მოვაგროვე და პატარა, შემეცნებითი გაკვეთილი ჩავუტარე  პირველი თვითმფრინავებისა და მფრინავების შესახებ.
  5. ფანჯარასთანადგილიმნიშვნელოვანია, ეცადეთწინასწარდაიჭიროთთადარიგიდასხვებისდაადგილისგაცვლისიმედადარიყოთ.
  6. დიდპრობლემასქმნისხელბარგი, როცაშესამოწმებლადუშვებთ, აუცილებლადაუხსენითბავშვს, რომახლავედაგვიბრუნებენ, თორემშესაძლოა, საყვარელი სათამაშოსმოძრავლენტზეაღმოჩენამ, ბავშვი გაანერვიულოს.
  7. როგორცწესი,ბავშვებსხელისშეხებით არამოწმებენ, მაგრამთუმესაზღვრემმაინცგადაწყვიტა, წინასწარაუხსენით, რომბავშვსსენსორულიპრობლემებიაქვსდაშეიძლებაგაპრობლემდესრამე.
  8. თურეგისტრაციასთანდიდირიგია, ეცადეთ,რომდამღლელრიგშიარჩააყენოთბავშვი, წინდიდიმოგზაურობაელისდანუგააღიზიანებთ, აუხსენით სიტუაციადაგაგატარებენ.
  9. გზადწაიღეთრამდენიმესათამაშოდამოიფიქრეთაქტივობები, ღრუბლიანიცაკისაინტერესოა, მაგრამ მალე  მობეზრდება და მაინც გააპროტესტებს. ასევე, აეროპორტშიმანიშნებლებიდასაინფორმაციოდაფამშვენივრადგამოგადგებათგასართობადდადროისგასაყვანად.
  10. აუცილებლადაუხსენითრამდენსაათში, რამდენწუთში, სადდაროგორჩავალთ, ზუსტად! აუცილებლადუნდაიცოდეს, ესეხმარება.
  11. ძილიკარგია, არასინთეტიკურისამოსიდამოხერხებულიფეხსაცმელებიჩააცვით, ისე,რომმერეგახადოთ.
  12. საპასპორტოკონტროლისასყველაეტაპიაუხსენით, რატომგვიყურებსესძია, რაუნდაჩვენგან, თორემშეიძლებადაფრთხეს.
  13. სავარაუდოდთვითმფრინავისსაჭმელსარშეჭამს, ამიტომრამემარტივისასუსნაომოიფიქრეთ, ღეჭვისრეფლექსიცამშვიდებს
  14. ერთიფუმფულასათამაშოწაიყოლეთდაუთხარით, რომისიცმგზავრია, ამართლებს.
  15. ერიდეთ მცირე, სულ პატარა აგრესიას და დაძაბულობას, იყავით თავისუფლად, მშვიდად, რომ ეს განწყობა ბავშვსაც გადაედოს.
  16. ასევე, აფრენამდე ან დაფრენის შემდეგ, თუ ეკიპაჟს სთხოვთ, სულ რამდენიმე წამით შეახედოთ პილოტის კაბინაში ბავშვი, დამიჯერეთ, ეს სრულიად დაუვიწყარი შთაბეჭდილება იქნება.

ისიამოვნეთ მოგზაურობით და დადებითი შთაბეჭდილებებით!

ბავშვი და ტყუილი

0

ბავშვის “ტყუილში გამოჭერისას”  ბევრი ჩვენგანი რისხვას ვერ იკავებს. ეს ამბავი კიდევ იმიტომ გვაშფოთებს, რომ იმ წუთას, როგორც წესი, უძლური ვართ, რამე მოვიმოქმედოთ.  რა თქმა უნდა, რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენს გამძვინვარებას იმით ვამართლებთ, რომ სიცრუე მიუტევებელი საქციელია და თუ ამას ყურადღებას არ მივაქცევთ, უპირველეს ყოვლისა, ბავშვზე იმოქმედებს ცუდად.

მაგრამ ბავშვობაში ხომ ჩვენც ვცრუობდით. ალბათ, ხანდახან ახლაც ვამბობთ ტყუილს. ამგვარი მოვლენის აღსაკვეთად უსარგებლოა ბავშვის დაშინება. ბავშვს, შესაძლოა, ტყუილის თქმის საფუძველიც ჰქონდეს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ და გავარკვიოთ, როდის და რატომ ცრუობს ბავშვი და როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში.

იმისთვის, რომ იცრუოს, ადამიანს სჭირდება დაკვირვებულობა და მოხერხებულობა, ამიტომ ბავშვი, როგორც წესი, არ ცრუობს 3, 4, 5 წლის ასაკამდე.  და საერთოდ, ეს ფენომენი განსაკუთრებით ხშირად ვლინდება 5-6 წლის ასაკში.  თავიდან მას ახასიათებს რაღაც ილუზორული, სინამდვილიდან გაქცევის მსგავსი ეპიზოდები, რასაც შეიძლება არა სიცრუე, არამედ ფანტაზიორობა დავარქვათ. უნდა ვეცადოთ, გავარჩიოთ ერთი მეორისგან.

ფანტაზია – ეს სიზმარია, რასაც ბავშვები თვალახელილი ხედავენ,  ან ნამდვილ ამბავს ალამაზებენ. როცა სანდრო ამბობს, რომ რომ ნამდვილ ავტომობილს მართავდა, ან გვარწმუნებს, რომ იგი შერიფია და ციხეში ოთხი ბანდიტი გააგზავნა, ძნელი არაა, იმის მიხვედრა, რომ იგი მხოლოდ და მხოლოდ თამაშს იმეორებს.  სიცრუის მეორე სახე ასე გამოიყურება: ბავშვი გვარწმუნებს, რომ თითქოს უმცროსმა ძმამ მუშტი დაარტყა, მან კი მხოლოდ ხურდა დაუბრუნა, მაშინ, როდესაც სინამდვილეში, უმცროსმა მხოლოდ ხელი ჰკრა, ისიც სრულიად შემთხვევით.

ოთხი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ ცრუობენ ბავშვები:

  1. რომ დაიმსახურონ ჩვენი სიყვარული ან შექება;
  2. რომ დაფარონ თავიანთი დანაშაული;
  3. რომ აიცილონ დასჯა;
  4. რომ გამოხატონ ჩვენდამი მტრობა.

ჩვეულებრივ, პატარამ იცის, რომ ცრუობს, თუმცა რატომ – მისთვის მთლად ნათელი არაა.

რატომ ვუშვებთ შეცდომებს, როდესაც მძაფრად ვრეაგირებთ ტყუილზე? თუ გავიგებთ მიზეზს, თუ რატომ ამბობს ბავშვი ტყუილს, მაშინ იმასაც მივხვდებით, რომ ჩვენი მძაფრი რეაქცია ტყუილზე მხოლოდ გააძლიერებს მის მოთხოვნილებას, იცრუოს.  ერთი მხრივ, იგი ნამდვილად თავს უფრო დაუცველად იგრძნობს და ეცდება იპოვოს შესაძლებლობა, რათა აიცილოს საყვედურები და დაიმსახუროს შექება, მეორე მხრივ, ჩვენი სიმკაცრე კიდევ უფრო გააძლიერებს მის მტრობას ჩვენდამი.

პირველი ქმედება, რითაც შეგვიძლია ბავშვი ტყუილს გადავაჩვიოთ, არის ის, რომ უნდა ვეცადოთ მის დავამშვიდებას, რომ გაუქარწყლოთ ტყუილის თქმის მოთხოვნილება.  ეს ნიშნავს, რომ უხეშ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც ბავშვს ჩვენი ავტორიტეტით ვაიძულებთ.. თუკი ბავშვები დარწმუნებული იქნებიან ჩვენს სიყვარულსა და კეთილ დამოკიდებულებაში, მათ ნაკლები საბაბი ექნებათ სიცრუისთვის.  ხშირად ისინი ხომ ამას სწორედ იმიტომ სჩადიან, რომ ეშინიათ სიმართლის თქმა.  სწორედ ჩვენ, მშობლებმა უნდა დავარწმუნოთ ისინი, რომ მთლიანად მათ მხარეს ვდგავართ.

თუ გინდათ, თვითონ ბავშვისგან გაარკვიოთ, თუ რატომ არ დაგიჯერათ, უთხარით მას: „მომიყევი ზუსტად, როგორ მოხდა, ოღონდ არაფერი დამიმალო.  მე არ ვაპირებ შენს დასჯას, თუნდაც რაიმეში დამნაშავე იყო.  ვეცდები, აგიხსნა, რატომ მოიქეცი ცუდად“.

შესაძლოა ბევრმა მშობელმა არასწორად გაიგოს ეს სიტუაცია, თითქოს ჯერ ნებას ვაძლევდეთ ბავშვს, არ დაგვიჯეროს, მერე კი დანაშაული აღიაროს.

სხვა მნიშვნელოვანი მოსაზრება ამის თაობაზე ეხება ბავშვთან ჩვენი ურთიერთობის ხასიათს.  ხშირად მზად ვართ გავკიცხოთ ბავშვი შეცდომებისა და არცოდნისთვის; ვაიძულოთ, გააკეთოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა. გაცილებით მეტს ველოდებით ბავშვისგან, ვიდრე მას ეს შეუძლია.  ყველაფერთან ერთად სიტუაციას ართულებს ჩვენი დაღლილობა და მოუთმენლობა, რაც ბავშვთან ურთიერთობისას ეს არ უნდა შევიმჩნიოთ.  ასეთ შემთხვევაში ბავშვი ხვდება, რომ ჩვენი კეთილგანწყობის შენარჩუნება შეუძლია  – არ არის საჭირო გაგვაგებინოს ყველა თავისი წვრილმანი დანაშაულის შესახებ. რადგან ის, რასაც ჩვენ ვერ გავიგებთ, მას ავნებს.

სხვა შემთხვევაში, ჩვენი გამუდმებული დარიგებისა და ყვირილისაგან გატანჯული ბავშვი შეეცდება იცრუოს, რომ სხვაზე რაღაც შთაბეჭდილება მოახდინოს და ამით განიმტკიცოს თავზე კარგი წარმოდგენა.  ყველა იმ ხერხს შორის, რომლებსაც ბავშვთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მივმართავთ, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება სწორედ იმ ხერხებს, რომლებიც დაგვეხმარება თავიდან ავიცილოთ სიცრუე.

თუ, მაგალითად, ბავშვს უნებურად გაუტყდება რაიმე ნივთი და ჩვენ ამას მივუდგებით, როგორც შემთხვევითობას და არა წინასწარ განზრახულ ქმედებას, იგი არ იცრუებს  სხვა დროს, როცა შემთხვევით რაიმეს გააფუჭებს.

სხვა სიტყვებით, რაც უფრო თავისუფლად იგრძნობს ბავშვი თავს ჩვენს საზოგადოებაში, მით უკეთესი წარმოდგენა შეექმნება საკუთარ თავზე და მით უფრო ნაკლებად ეცდება, დამალოს სიმართლე.

ის ბავშვებიც კი, რომლებიც უფრო მეტად ბოროტი განზრახვით ცრუობენ, ვიდრე დასჯის შიშით, სარგებელს იღებენ მშობლებთან დამოკიდებულების გაუმჯობესებით.  მათ მშვენივრად იციან, რომ სიცრუე გვაღიზიანებს,  და ტყუილის თქმა ისეთივე საძაგლობაა, როგორც უშვერი სიტყვების წარმოთქმა, მაგრამ მათ სწორედ ამის მიღწევა სურთ. უნდათ მშობლების გაბრაზება, თუნდაც დასჯის საფასურად.  ეს სამაგიეროს გადახდის მათეული ხერხია: ეს ხომ თავისებური „გმირობაა’’ – ვაიძულოთ მშობლები, მოთმინებიდან გამოვიდნენ.  აი, ასეთი მავნე ხერხით უმტკიცებენ ისინი საკუთარ თავს, რომ არ არიან დამოკიდებული მშობლებზე, ზოგჯერ ერთმანეთსაც ეტრაბახებიან, ვინ უფრო მეტად შეძლო მშობლების მოტყუება.

უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, მშობლებმა ჩავუნერგოთ შვილებს, რომ პატიოსნება – ყველაზე ღირსეული ქცევაა.  არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათი გონება ნელა ვითარდება, არავინ იბადება მატყუარად, ისევე, როგორც ვერავინ ახერხებს, მხოლოდ სიმართლე ილაპარაკოს.  ჩვენი ამოცანაა ისე მოვიქცეთ, რომ ბავშვები გულწრფელნი იყვნენ ჩვენთან იმ შემთხვევაშიც კი, როცა ტყუილი მათთვის სარგებლის მომტანია.  ბავშვისთვის, მაგალითად, კიდევ ერთი ნაჭერი ნამცხვრის მისაღებად უფრო ადვილია თქვას, რომ ნამცხვარი ჯერ არ უჭამია.  ბავშვი საგნებს მეტად ვიწრო არეალში ხედავს, მრავალი წლის განმავლობაში იგი უფრო საკუთარი თავითაა დაკავებული, ვიდრე იმაზე ფიქრით, როგორ საზოგადოებას მოუტანოს სარგებელი. ჩვენ კი ვბლოკავთ მის წარმოდგენებს, როცა, ე.  წ.  უცოდველ ტყუილს მივმართავთ. მას ესმის, რომ ზოგ შემთხვევაში არც ჩვენ ვამბობთ სიმართლეს და როცა თვითონაც ცრუობს, ადვილად პოულობს ყველაზე ფანტასტიურ გზებს საკუთარი სიცრუის გასამართლებლად.

რა თქმა უნდა, ცოტა დროს როდი მოითხოვს სანუკვარი მიზნის მიღწევა, მაგრამ შეგვიძლია ეს პროცესი დავაჩქაროთ, თუ შვილებს ვასწავლით, რომ არ იცრუონ.  რაც მეტად წავახალისებთ მათ კარგი საქციელის გამო, მით უფრო მეტად იქნებიან კეთილადგანწყობილი ჩვენდამი და სიმართლის სათქმელად.

 

 

განათლება თუ სოციალური კაპიტალი – რას ელიან მშობლები პრესტიჟული სკოლებიდან?!  

0

შვილისთვის სკოლის შერჩევა მშობლობის ერთ-ერთი საჭირბოროტო გამოწვევაა. არც თუ იშვიათად, სახლთან ახლოს მდებარე საჯარო სკოლა ვერც გამართული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით დაიკვეხნის და ვერც განსაკუთრებული სახელით. ამ თუ სხვა მიზეზების გამო მშობლები შვილისთვის ავტორიტეტულ სკოლებს ეძებენ. ავტორიტეტით კი ქალაქ(ებ)ის პრესტიჟულ უბნებში მდებარე ის სკოლები სარგებლობენ, სადაც ძველი დროის გამოჩენილი და ჩვენი დროის ცნობილი ადამიანები სწავლობდნენ; ან ახალი გარემონტებულია და/ან მასწავლებლების გუნდს შემორჩენია ძველი დიდების სახელი. სხვა, ე.წ. ჩვეულებრივ სკოლებში თუ ვაკანტური ადგილების დიდი არჩევანია, პრესტიჟულ სკოლებში მოხვედრა, მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტში ჩარიცხვაზე რთულია. თუმცა მშობლების ნაწილი ყველა კანონიერ თუ შემოვლით გზას სინჯავს, რომ ბავშვი მაღალ სტატუსიან სკოლაში ატაროს. განათლება თუ სოციალური კაპიტალი – რას ელიან მშობლები პრესტიჟული სკოლებიდან?!

ყველაზე დიდკონტინგენტიანი სკოლების ჩამონათვალი:

სსიპ – ქალაქ თბილისის №161 საჯარო სკოლა 2 731 მოსწავლე
სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა 2 645 მისწავლე
სსიპ – გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის №51 საჯარო სკოლა 2 513 მოსწავლე
სსიპ – ქალაქ თბილისის №175 საჯარო სკოლა 2 477 მოსწავლე
სსიპ – ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის №1 საჯარო სკოლა 2 206 მოსწავლე
სსიპ – თბილისის კლასიკური გიმნაზია 2 174 მოსწავლე
სსიპ – ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის №173 საჯარო სკოლა 2 154 მოსწავლე
სსიპ – აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის №1 საჯარო სკოლა 1 987 მოსწავლე
სსიპ – ქალაქ ბათუმის №2 საჯარო სკოლა 1 972 მოსწავლე
სსიპ – ქალაქ თბილისის №147 საჯარო სკოლა 1 912 მოსწავლე

 

ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ დაფინანსების არსებული მოდელით, დიდ სკოლებში ერთ მოსწავლეზე გაცილებით ნაკლები თანხა იხარჯება, ვიდრე მცირეკონტინგენტიან სკოლებში. ადმინისტრაცია ცდილობს, ეს თანხა ისე მართოს, რომ მინიმალური დანახარჯით მაქსიმალური ეფექტი მიიღოს.  ფინანსების ნაკლებობა ჯაჭვურ რეაქციებს იწვევს. მაგალითად, ადამიანური რესურსების სიმცირეს – ერთი მასწავლებელი გაცილებით მეტ მოსწავლეზეა პასუხისმგებელი, ვიდრე პატარა სკოლებში. ადმინისტრაციული საქმეების სიმრავლის გამო სკოლის დირექტორსა და მოადგილეებს უჭირთ სასწავლო პროცესის კონტროლი;  სკოლის შენობები ბავშვებს ვერ იტევს; სწავლა რამდენიმე სმენაში მიმდინარეობს და ზოგჯერ საღამოს 6-7 საათზე მთავრდება. ერთი სველი წერტილით ასობით მოსწავლე სარგებლობს;  ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო ადგილი აქვს კლასების დაშლის და გამსხვილების ფაქტებს. სიმრავლის გამო მოსწავლეებს შორის ნაკლებად ვითარდება პოზიტიური პიროვნული ურთიერთობები; კლასები დაყოფილია სხვადასხვა ღირებულების მქონე  ჯგუფებად; ხშირია მოსწავლეებს შორის ჩაგვრის შემთხვევები ა.შ.

ჩამოთვლილი სიძნელეების მიუხედავად, საზოგადოების მხრიდან გიგანტურ სკოლებზე დიდი მოთხოვნაა. მიზეზი მარტივია – ეს პრესტიჟული სკოლებია. ასეთ სკოლებში ცოდნასთან ერთად ბავშვები სოციალურ კაპიტალსაც, კარგ სანაცნობო წრეს აგროვებენ. სოციალური კაპიტალის დაგროვების თემა მთელ მსოფლიოში აქტუალურია. არაერთი კვლევა მოწმობს, რომ სოციალური კავშირები  ადამიანებს შრომით ბაზარზე უკეთესი შესაძლებლობებით უზრუნველყოფს. მით უფრო საქართველოში, სადაც ათასობით მაგალითი გვაქვს არაკომპეტენტური ადამიანები როგორ აღწევენ წარმატებას წარმატებული ნაცნობების მეშვეობით. მშობლებს აქვთ შეგრძნება, რომ სოციალური წინსვლის მყარი გარანტია არა კარგი განათლება, არამედ სოციალური კავშირებია.  ბევრი მათგანი არც მალავს, რომ სურს, მის შვილს ურთიერთობა მაღალი სოციალური სტატუსის მქონე, მდიდარი, გავლენიანი ოჯახების შვილებთან ჰქონდეს. მშობლები ფიქრობენ, რომ ეს კავშირები მათ შვილს სამომავლოდ დასაქმებაში და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში დაეხმარება. ამ ლოგიკით ათეულობით ათასი მოსწავლე ქვეყნის ყველაზე მსხვილ 10 სკოლაშია გადანაწილებული. ოფიციალური მონაცემებით, ყველაზე პრესტიჟული საჯარო სკოლების ათეულში 22 739 ბავშვი სწავლობს.

სკოლის ზომის გავლენის შესახებ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში არაერთი კვლევაა ჩატარებული. ზუსტი გავლენების დადგენა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. თუმცა ერთი რამ ცხადია, რაც უფრო დიდია სკოლა, მით უფრო მწვავედ დგას მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვის პრობლემა. რაც საქართველოს შემთხვევაში 1 დეკემბერს ხორავას ხუჩაზე მომხდარი ტრაგედიითაც დასტურდება. 2017-2018 სასწავლო წელს მანდატურის სამსახურმა სკოლებში 83 ათასზე მეტი დისციპლინური გადაცდომის შემთხვევა დააფიქსირა.

რისკები მაღალია..

საზოგადოების ნაწილს იმ რისკების გააზრება უჭირს, რაც პრესტიჟული სკოლის 11 პარალელიან კლასში მე-40 ბავშვად შვილის ჩარიცხვას ახლავს.

თავისუფალი ბაზრის პრინციპის მსგავსად მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სკოლიდან იწყება. მოთხოვნადი კი დღეს ხარისხიან განათლებასთან ერთად და შესაძლოა, უფრო მეტადაც კი, კარგი სანაცნობო წრე და მრავალფეროვანი სოციალურ-ეკონომიკური შესაძლებლობების მქონე საზოგადოებაში თავის დამკვიდრების უნარია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...