შაბათი, აპრილი 11, 2026
11 აპრილი, შაბათი, 2026

მივიწყებული ქართველი მწერლები სკოლას

0

ვფიქრობ, ჩემი, როგორც ქართული ლიტერატურის მასწავლებლის, რაღაცნაირი მორალური ვალია ჟურნალ „მასწავლებლის“ ფურცლებზე გავიხსენო ქართული მწერლობის მივიწყებული კლასიკოსები. მასწავლებლებს შევახსენო, რომ გარდა ლიტერატურის სასკოლო პროგრამებში შეტანილი ტექსტებისა, ჩვენ გვყავს საოცარი მწერლები, რომლებიც მივივიწყეთ იმის გამო, რომ სასკოლო თემატურ გეგმებსა და საუნივერსიტეტო სილაბუსებში მათ სახელებს ვერ ვხვდებით, ხოლო ახალგაზრდებს უბრალოდ გავაცნოთ, გავაფართოვოთ მათი ცნობიერება, ქართულ ლიტერატურაზე მათი წარმოდგენა გავამრავალფეროვნოთ. სულ ვჩივით სასკოლო პროგრამების გადატვირთულობაზე, მაგრამ ეს ავტორები თავიანთი უკვდავი ტექსტებით ამ პროგრამებში კი არ უნდა შევიტანოთ, მათ უნდა ვაცნობდეთ ბავშვებს მკითხველთა კლუბებში, კლასგარეშე აქტივობებში, ვახსენებდეთ მათ სარეკომენდაციო საკითხავი ლიტერატურის ნუსხებში, რომელთაც ხშირად ვადგენთ ხოლმე მასწავლებლები მშობელთა თხოვნით. ხშირად მომისმენია, რომ მსგავსი სარეკომენდაციო ლიტერატურის მითითება აბსურდია, რადგან ადამიანმა დამოუკიდებლად უნდა ეძიოს, რა წაიკითხოს, მაგრამ ასე არ ვფიქრობ, რადგან არიან დაბადებით მკითხველები, რომლებიც რაღაცნაირი ამოუცნობი ინტუიციით პოულობენ საკითხავ ლიტერატურას, მაგრამ ასევე არიან ამ საქმეში ახალბედა, გამოუცდელი მშობლები და ბავშვები, რომელთაც სპეციალისტის რეკომენდაციები სჭირდებათ, რათა ბულვარული მწერლობა კლასიკურისგან განასხვავონ და ღირებულ ხელოვნებას ეზიარონ. თანაც დაკვირვებული ვარ ჩემი პრაქტიკიდან, რომ ათასჯერ წაკითხულ-მოსმენილი კლასიკოსების ტექსტების გვერდით, რომელთაც თეატრებსა და კინოფილმებში გაცოცხლებულსაც ხედავენ, ბავშვებს აქვთ სურვილი კი არა, დაუცხრომელი წყურვილი, რომ გაიცნონ ახალი მწერალი, რომელიც ყოველთვის შთაბერავს სულს მათთვის ახალ სამყაროს, ახლებურად იტყვის სათქმელს და მსოფლმხედველობრივ დიაპაზონებს გაუფართოვებს. განსაკუთრებით საშურია ასეთი ავტორების გაცნობა უფროსკლასელთათვის, აბიტურიენტებისთვის, რომლებიც ახალ ტექსტებს და ახალ ავტორებს ეძებენ, სიამოვნებით ეცნობიან, იყენებენ ლიტერატურული პარალელებისთვის, ზოგადი განათლებისა და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარებისთვის, ასევე ახალი ავტორი მათ ეხმარება ეპოქის კონტექსტებისა და პარადიგმების გაცნობაში, ლიტერატურული ჟანრებისა და მიმდინარეობების თავისებურებების წვდომაში.

ეს წერილი ჭოლა ლომთათიძეზე იყოს… ჩემი ჭოლა, ჩემი ჭლექიანი ჭოლა, ცნობიერების ნაკადის სტილის ელიტარული ღატაკი, იდეური, ანთებული, თავგანწირული, დაუოკებელი, ცოტა ჩემთვის მიუღებელი პოლიტიკური ორიენტაციის (სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი), მაგრამ უსაზღვროდ მომხიბვლელი, საკვირველად თანამედროვე, რომელიც არც სკოლაში მისწავლია, არც უნივერსიტეტში, მაგრამ ასპირანტურაში მისაღები გამოცდებისთვის რომ ვემზადებოდი შორეულ 1994 წელს, მაშინ თავიდან ბოლომდე წავიკითხე… თავიდან ბოლომდე რა – სულ ერთი წიგნია ჭოლა, მეტს რას მოასწრებდა? ობლობასა და სიღატაკეში გაიზარდა, ან სულ საპყრობილეში იყო, 36 წლისა კი გარდაიცვალა, 1915 წელს… მიყვარს ჭოლა თავისი ღრმად ფსიქოლოგიური წიაღსვლებით, რიტმული პროზით, მეამბოხე სულით… მისი ორი კრებული მაქვს, ძველი და ახალი გამოცემები…

თსუ-ს დამთავრების შემდეგ, ასპირანტურაში მისაღებ გამოცდას რომ ვაბარებდი მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურაში (ეს იყო შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში), საგამოცდო ბილეთში გიორგი ლეონიძის შემოქმედებასთან ერთად შემხვდა ასეთი საკითხი: ”ჭოლა ლომთათიძის ცხოვრება და შემოქმედება”… საგამოცდო კომისიას შევეცოდე, სრულიად უცნობი მწერალია, ალბათ არც გექნებათ წაკითხული და უფლებას გაძლევთ, ბილეთი გამოცვალოთო… გამეღიმა, რა გამოცვლა? ჭოლა ჩემი ავტორია-მეთქი… გაუკვირდათ… მის ცხოვრებასა და მოთხრობებზე იმდენი ვისაუბრე, ჯერ გაოცებული მისმენდნენ, ბოლოს უკვე მაჩერებდნენ… ჭოლა სულ ჩემთანაა. მისი ხმა სულ მესმის… დიდუბის პანთეონში იმდენ გენიოსს შორის ჭოლა მაინც სევდიანი და მარტოსულია, მაგრამ იქიდანაც იბრძვის, არ ეპუება მოცემულობებს… ალბათ უმრავლესობა არ იცნობთ ჭოლას… წუხელ თავიდან ვკითხულობდი მის მაგიურ ტექსტებს და აი, მის გასაცნობად ამ აბზაცს შემოგთავაზებთ: ”შემოდგომაზე სულ სხვა რიგად იცვლება ის… შავი ზღვა ეხვევა ნაცრისფერ ტანთსაცმელში, არაჩვეულებრივი კვნესითა და ქშენით გორაობს ის ბუდეში და ოხრავს, თითქოს გვერდები სტკიოდეს… ხან კი ღამით ასტეხს ღმუილს, ღმუის ხმამაღლა, გულდათუთქული, ღმუის, თითქოს ოცი ათასი მხეცი ერთად შეყრილიყოს და ღმერთს შესჩიოდეს – მხეცად რად გაგვაჩინეო… ფანჯარას მაგრად ვკეტავდი ასეთ ღამეებში, ვეხვეოდი საბანში, პირისახეს ვიმალავდი ბალიშში და ვიწყებდი ფიქრს, ვფიქრობდი იმაზე, ვინც მიყვარდა, ვინც ყველას მერჩია”…

რა მხატვრული სახეები! რა ტროპი, რა მეტაფორები, რა გაპიროვნება, რა შედარებები! იკითხეთ ჭოლა… წააკითხეთ ბავშვებს… ქორწინებაზე, სიყვარულსა და სექსზე ისეთ რამეებს წერს ას თხუთმეტი წლის წინ, რომ ჩვენი თანამედროვე გეგონება…

ჭოლას მოთხრობებს განსაკუთრებით ამშვენებს ფსიქოლოგიზმი, რაც მეოცე საუკუნის დასაწყისის მოდერნისტული მწერლობისთვის არის დამახასიათებელი. მისი გმირის შინაგანი დიალოგი, ეჭვები, ბრძოლა, ღრმა გრძნობები, თავგანწირვისა და სიყვარულის საოცარი უნარი უზომოდ მომხიბვლელია. მისი პორტრეტების გალერეა ნამდვილად დიდ სამსახურს გაუწევს უფროსკლასელებს სახეების ამოცნობისა და დახასიათების პროცესში, საინტერესო ლიტერატურული პარალელების გავლება შეეძლებათ, როცა კონსტანტინე გამსახურდიას, ლეო ქიაჩელის, დავით კლდიაშვილის, გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტებზე იმუშავებენ. ჭოლა რიტმული პროზის ოსტატიც არის. სპეციალისტები დამეთანხმებიან, რომ რიტმული ანუ ლირიკული პროზა მწერლისგან ვირტუოზულ ხელოვნებას მოითხოვს. ჭოლას ტექსტებს რიტმთან ერთად საოცარი ექსპრესია აქვთ. მისთვის დამახასიათებელია ფსიქოლოგიური ეტიუდების სახით ეპიზოდების აგება, მისი გმირი აშკარად ავტორის ორეულია, ეს ცხადად იგრძნობა და ეს პროზაულ-ლირიკული ავტოპორტრეტები უაღრესად საინტერესოა მკითხველისთვის. მისი Magnum Opus-ები: „საპყრობილეში“, „თეთრი ღამე“ და „ჰონორარი“ ამის ნათელ მაგალითებად გამოდგება.

თუ რამე მესმის მხატვრული ტექსტების ღირებულების შეფასებაში, დაბეჯითებით შემიძლია გავუწიო რეკომენდაცია კოლეგებსა და მოსწავლეებს, რომ ჭოლა ლომთათიძე უამრავ ნოვატორულ თემას, იდეას და სტილურ ხერხს შემოგთავაზებთ და მისი მემკვიდრეობის გაცნობა ნამდვილად ღირს. ვისაც წაუკითხავს მისი ტექსტები, ამაში დამეთანხმება, ხოლო ვისთვისაც უცნობია, მას ვასიკო კეჟერაძის მსგავსად შეგვიძლია ვუთხრათ: ბედნიერია, ეს სიამოვნება წინ რომ აქვს…

 

 

ცოცხალი ხარ? მაშინ გახსოვდეს სიკვდილი!

0

ყველამ ვიცით, რომ ანალიტიკური უნარების განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით ლიტერატურის მასწავლებლებს, მაგრამ ამისთვის მხოლოდ საპროგრამო მასალის გაცნობა და მასზე მსჯელობა არ არის საკმარისი. საპროგრამო მასალა აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს და არა მარტო მათ. კარგია, თუკი მოსწავლეებს მუსიკალური ნაწარმოებების მოსმენასაც შევაჩვევთ და ისეთი ფილმების ყურებასაც ვასწავლით, რომლებიც ლიტერატურულ ტექსტებზე ნაკლებად არ გვეხმარებიან საინტერესო დისკუსიების წამოსაწყებად. ამ გზით მოსწავლეები ხელოვნების შედევრების ერთმანეთთან დაკავშირებას ისწავლიან და მიხვდებიან, რას გულისხმობს დიდ მოაზროვნეებს შორის საუკუნეების მანძილზე გამართული დიალოგი ამა თუ იმ აქტუალურ საკითხზე; გაიგებენ, რომ ამგვარი დიალოგის დროს ხომ ხშირ შემთხვევაში საკითხის წამომწევი და მოპასუხე მხარე სხვადასხვა ეპოქისა და სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან. მაგრამ, სანამ ჩვენს მოსწავლეებს ვურჩევთ ამა თუ იმ ხელოვნების შედევრის გაცნობას, ჩვენც კარგად უნდა მოვემზადოთ, რათა ზუსტად ვიცოდეთ, რა მიზანი გვაქვს და რა შედეგის მიღება გვსურს. კარგად მომზადებაში ვგულისხმობ ჩვენს სინამდვილეში შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გაცნობასაც, რადგან უკეთ გავიაზროთ, სად ვიყავით, სად ვართ, რა უძღოდა წინ რომელიღაც თემის დამუშავებას, როგორ ესმოდათ მანამდე და როგორ გვესმის ის ახლა.

როგორც წესი, ნაწარმოების სწორად გაგებას კულტურული, სოციალური, ეკონომიკური, ისტორიული, რელიგიური ასპექტების გათვალისწინება სჭირდება სხვა, ასევე მნიშვნელოვან ასპექტებთან ერთად. როცა წიგნს ვკითხულობთ, ძირითადად ამ ფაქტორზე არც კი ვფიქრობთ, რადგან ეს ასპექტები საკმაოდ ნაცნობია ხოლმე ჩვენთვის. საქმე მაშინ რთულდება, როდესაც არაქართველი მწერლების ნაწარმოებებს ვეცნობით ანუ იმ ავტორების ტექსტებს, რომლებიც სხვა ქვეყანაში შეიქმნა ანდა სულაც იმ მწერლების ნაწარმოებებს, რომლებიც სხვა ეპოქასა და დროში დაიწერა. თუკი მოსწავლეებს საზღვარგარეთის ლიტერატურის ნიმუშებს ანდა ტექსტებს შორეული წარსულიდან ვაცნობთ, აუცილებლად ვუყვებით ან ვთხოვთ, მოიძიონ შესაბამისი ინფორმაცია იმ ასპექტის გასაგებად, ნაწარმოების კონტექსტს რომ ქმნის და, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სიღრმეებში ჩასვლა. დღევანდელ სამყაროში, როდესაც მსოფლიო იმდენად დაპატარავდა, რომ ინტერნეტით ყველანაირი ინფორმაციაა ხელმისაწვდომი, თითქმის არ არსებობს ისეთი ასპექტი – კულტურული იქნება ეს, სოციალური, ეკონომიკური, ისტორიული, რელიგიური თუ სხვა – რომელიც გაგვაკვირვებს თავისი განსხვავებულობით ან თუნდაც უცნაურობით. ამიტომაც ტექსტის გაგების ეს მხარე საკმაოდ გაიოლებულია და მკითხველის გზიდან აცდენაც თითქმის წარმოუდგენელი.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ალბათ ყურადღებით ადევნებენ თვალს სხვადასხვა ლიტერატურულ კონკურსებს, რომლებიც მარტო უცხოეთში კი არა, ჩვენთანაც იმართება. ერთ-ერთი ასეთია ლიტერატურული კონკურსი „საბა“. შარშან ჟიურიმ, ნომინაციაში წლის საუკეთესო რომანი, გამარჯვებულად ალეკო შუღლაძის „გადამალვა“ გამოაცხადა. ჩემი ახლობლები, ფილოლოგებიც და არაფილოლოგებიც, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებიც და ლიტერატურის მოყვარულებიც დიდხანს განიხილავდნენ ამ რომანის ავკარგიანობას. ნაწილს, როგორც ხდება ხოლმე, საშინლად არ მოეწონა ტექსტი და ჟიურის არჩევანი დაიწუნა, ნაწილმა კი ჟიურის გადაწყვეტილება მოიწონა. ვინაიდან რომანი გამოქვეყნებისთანავე ვერ წავიკითხე, დისკუსიებში ვერ ვერთვებოდი, ხმას ვერ ვიღებდი, პოზიციას ვერ ვაფიქსირებდი და ჩემი მოსაზრებით ვერცერთ მხარეს ვერ ვემხრობოდი. მერე ერთმა მეგობარმა არ დაინანა და წიგნი მათხოვა. რაოდენ დიდი იყო ჩემი გაკვირვება, როდესაც აღმოვაჩინე, რომ „საბაში“ გამარჯვებული რომანი სწორედ იმ კულტურული კონტექსტის გათვალისწინებას მოითხოვდა, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენში გამჯდარისგან.

ახლა ორიოდე სიტყვით შევეხები ნაწარმოების შინაარსს, ვეცდები, იმდენად ზედაპირულად შევეხო მას, რომ არ ჩაგიკლათ ინტერესი, თუკი ჯერ კიდევ არ წაგიკითხავთ რომანი. ერთი შეხედვით, ტექსტი არაფრით გამორჩეულ ამბავს გადმოსცემს. ამ ამბავს ფონად ეკონომიკური სიდუხჭირე გასდევს, რომელიც გაუგებარი ვერ იქნება თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის. რომანის ცენტრალური პერსონაჟია დედა, რომელიც კვდება. არა და არ დადგა მოახლოებული სიკვდილის წამი, ამიტომაც ლოგინად ჩავარდნილი მშობლის ტკივილს,  ტვირთად რომ დააწვა ოჯახის წევრებს, ყოველდღიური ჰიგიენური პროცედურებით გამოწვეული აუტანელი სირცხვილის გრძნობაც ემატება. ხუმრობა ხომ არაა პამპერსისთვის გამოყო თანხა, როცა ლუკმაპურისთვის იბრძვი, ხუმრობა ხომ არაა მომაკვდავ დედას სასთუმალთან დაუჯდე, როცა გროშ-კაპიკი არა გაქვს ჯიბეში და საშოვარზე უნდა გახვიდე.

როცა ამ უმძიმეს თემაზე იწყებს ფიქრს, მკითხველს უამრავი მაგალითი გონებაში. გაახსენდება ისიაც, რომ სხვადასხვა კულტურა განსხვავებულად გამოხატავს პატივისცემას მშობლის მიმართ. არავინ მოსულა ამქვეყნად სამუდამოდ, ყველა იცის, რომ, ადრე თუ გვიან, მოკვდება, მოკვდებიან მშობლები, ახლობელი ადამიანები. დიოგენე ლაერტელის ცნობით, როცა ფილოსოფოსმა ანაქსაგორამ შეიტყო, რომ მასაც და მის ვაჟიშვილებსაც სიკვდილით დასჯიდნენ, არც დამწუხრებულა, ისე თქვა: „დიდი ხნის წინ მოგვისაჯა ბუნებამ მეც და ჩემს მსაჯულებსაც სიკვდილი. ხოლო შვილები რომ მეყოლა, მაშინვე ვიცოდი, რომ ისინი უკვდავები არ იყვნენო“. ჰოდა, როცა თვალს გაუსწორებს ამ სამწუხარო რეალობას, მკითხველი ხვდება, იმაზე წუხილსა და დარდს, რასაც მაინც ვერ უშველი, უფრო მნიშვნელოვანია, სიკვდილთან მებრძოლი ახლობლის აქაური ყოფა გაახალისოს და აჩვენოს, რომ მზად არის, ღირსეულად გაისტუმროს იმქვეყნად. მაგრამ ამაზე მთავარი მაინც ის არის, სასიკვდილოდ განწირულმა ადამიანმა იცოდეს, რომ მისი სახელი ემახსოვრებათ, მას არ დაივიწყებენ. ეს კი უკანასკნელ გზაზე შემდგარს მხოლოდ მაშინ ეცოდინება, თუკი დაინახავს, რომ მომაკვდავის მომავალ ჭირისუფლებს სიკვდილთან მიმართებით სწორი დამოკიდებულება აქვთ. „სწორი“ იმას ნიშნავს, როცა ახლობლები ხვდებიან, სიკვდილს ვერ შეეჯიბრები, მას ვერ გაუძალიანდები, მას ვერ აჯობებ, ამიტომ ლამაზად უნდა დანებდნენ. ლიტერატურაში გარკვეულ ადამიანს, რომელიც ამ სამზადისზე კითხულობს, უილიამ ფოლკნერის „სული რომ ამომდიოდა“ გაახსენდება. გაახსენდება, როგორ გაუჩნდა პროტესტის გრძნობა, როცა აღმოაჩინა, რომ დედამიწაზე არის ისეთი ადგილები, სადაც, შეიძლება, ადამიანი ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს და მისი ოჯახის წევრები უკვე ისეთ დავალებებს ასრულებდნენ, ტაბუირებული რომაა და მომაკვდავს პირდაპირ რომ არ ეუბნებიან ხოლმე. ფოლკნერის პერსონაჟი, ედი ბანდრენი, ხუთი შვილის დედა, ლოგინად ჩავარდნილა და სიკვდილს ელოდება. ბანდრენების ოჯახში, როგორც ალეკო შუღლაძის რომანში, სიმართლეს არ ერიდებიან და მას დაუფარავად აშიშვლებენ. მომაკვდავი ედის შვილი, რომელიც დურგალია, კუბოს თავისი ხელით რანდავს ლოგინად ჩავარდნილი დედის ფანჯრის ძირას, ხერხავს და აჭედებს იმ წყეულ კუბოს. უნდა თუ არა, დედა ხედავს კეშს, რომელიც თითქოს ეუბნება კიდეც, შემომხედე, რა კარგ კუბოს გიკრავო. წყეული ხელეჩოც სულ უფრო ნელა და ნელა გადის და გამოდის. კეშს ყოველი ფიცარი ფანჯარასთან მიაქვს, რომ ედიმ დაინახოს და ნამუშევარი მოუწონოს. არ ერიდება დედას. ხანდახან კარგად გაშალაშინებულ ფიცარს კმაყოფილი სახით აწევს ხოლმე და დედას ფანჯრიდან დაანახებს, ხომ მაგარი ბიჭი ვარ, ხომ მოგწონს, როგორ სამუდამო სამყოფელს გიმზადებო, თავისუფალი ხელით კი მომავალი კუბოს კონტურს ხაზავს ჰაერში. თუმცა ეს ყველაზე უწყინარი მოქმედებაა. უფრო შემაწუხებელი ის ხმაა, კეშის საქმიანობას რომ გულისცემასავით გასდევს: ხან ფიცრების დახერხვის, ხან მათი გაპრიალების, ხანაც ლურსმნების ჩაჭედების. ეს ხმა, კუბოს დამზადებისას რომ გაისმის მთელ არემარში, შემაწუხებულია ყველასთვის. მეზობლები აღნიშნავენ, განუწყვეტლივ გვესმის კეშის ხელეჩოსა და ხერხის ხმა. ყრუებიც რომ ვყოფილიყავით, ხერხის ხმას მაინც გავიგონებდით, გვესმის, როგორ გადი-გამოდის ხერხი ფიცარშიო. მთელ რომანში „ისმის“ ეს ხმა, სანამ სულამომდინარი ედი არ დატოვებს ამ ქვეყანას. თავდაპირველად დაკვირვებული მკითხველი, მეზობლების მსგავსად, უკმაყოფილოა, მაგრამ მალე მიხვდება, რომ ამაში არაფერია გასაბრაზებელი. რადგან ყველა ადამიანი მოკვდავია და მოკვდავი ადამიანების ცხოვრებას დაბადებიდან აედევნება სიკვდილი. ზოგს ადრევე ესმის ადევნებული სიკვდილის ხმა, ზოგი ბოლომდე სმენადაქვეითებულად რჩება, ზოგი წაუყრუებს ამ ხმას, ზოგი კი ამ ხმას უწყობს თავის ცხოვრებას. ედი ის ადამიანია, მამამ რომ ასწავლა, სიკვდილისთვის მოემზადეო. ამიტომაც, ლოგინად ჩავარდნილი ქალისთვის ეს გაბმული პულსირება სრულიად ბუნებრივი რამაა: „მზერა არც სამდურავს გამოხატავს და არც მოწონებას“. თუმცა ალბათ შვილის მადლობელი უფროა, დედის დროებითი საცხოვრებელისთვის ასეთი გულმოდგინებით რომ არ ზრუნავდა, სამუდამო საცხოვრებელს კი ასეთი რუდუნებით რომ უწესრიგებს. ედიმ იცის ის სიბრძნე, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა იცის, მაგრამ ჯიუტად არ უშვებს ახლოს, თავიდან იცილებს ამაზე ფიქრს და ისე გაურბის, თითქოს გაქცევით მართლა თავს უშველიდეს; ედიმ იცის, რომ „ადამიანი თავისი სახლის ან ქალაქის მხოლოდ მდგმურია და ბოლოს აქედანაც მიდის“. ამიტომაც, თუკი სხვა ადამიანები ვითომ ვერ ხედავენ დურგალს, ვითომ არ ესმით მისი ხელეჩოსა და ხერხის დაჟინებული ხმა, სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს.

ფოლკნერის რომანში დურგალი მეტაფორაა და ის, ერთი შეხედვით, სიკვდილია. მაგრამ სინამდვილეში დურგალი სიკვდილის მეტაფორა კი არაა, ის სიცოცხლეა, რომელიც სიკვდილის სამზადისისკენ მოუწოდებს გარშემომყოფებს. სიკვდილისთვის სიცოცხლეშივე უნდა ვემზადოთ, ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა სიკვდილისთვის მზადება. სიცოცხლე თუ მოგვეცემა, სიკვდილისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. „დურგლის“ საქმიანობას ფასი დაეკარგება, თუკი სიკვდილი სიცოცხლის საბოლოო განაჩენი არ იქნება. აი სიკვდილის მეტაფორა კი ალბათ ხმაა. მას, სიკვდილს, ვერ ხედავ, მას ხელით ვერ შეეხები, ამიტომაც ხმა საუკეთესო მხატვრული საშუალებაა, აღწერო სიკვდილი. როგორც ვიცით, ხმას ყველაზე ადვილად ეგუება ადამიანი, იმდენად, რომ ის თითქოს აღარ ჟღერს მისთვის. ასეთივე ხმაა საათის წიკწიკი ოთახში, რომელიც ხანდახან გვაღიზიანებს, მაგრამ ბოლოს იმდენად ვეჩვევით, რომ აღარც კი გვახსოვს მისი არსებობა. ასეთივე ხმაა გულისცემა. მარტოდ დარჩენილები, თუკი მივაყურადებთ, გავიგონებთ, როგორი გამალებით ცემს გული, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავით გადატვირთულებს გვავიწყდება და აღარ ვუსმენთ საკუთარ გულისცემას, თითქოს სულ უნდა პულსირებდეს, არა აქვს გაჩერების უფლება. საათიც და გულიც სიცოცხლეს გვითვლის, მაგრამ, როდესაც საათი მართლა გაჩერდება და საათის ხმა მართლა აღარ გაისმება, როდესაც გულისცემა შეწყდება, სიცოცხლეც დასრულდება. სიკვდილის ხმა სიცოცხლესთან ერთად არსებობს. სრულდება სიცოცხლე და ხმაც ჩაჩუმდება.

„ადამიანის ცხოვრება სიკვდილისთვის მზადებაა“ – ეს ფრაზა, რომელიც მომაკვდავ დედას, ედი ბანდრენს, ოდესღაც მამამისმა ასწავლა, რომანის ლაიტმოტივიცაა. იგივე ფრაზა მრავალი სხვა ლიტერატურული ნაწარმოების ლაიტმოტივიცაა. ამიტომ, ცუდი არ იქნება, თუკი ვურჩევთ ჩვენს მოსწავლეებს ზემოთ ჩამოთვლილი ორი ტექსტის წაკითხვას და ერთ გაკვეთილს მაინც დავუთმობთ სიკვდილ-სიცოცხლის თემაზე საუბარს. პირადად მე, სანამ ამ თემაზე მიძღვნილ გაკვეთილს ჩავატარებდი, მოსწავლეებს ვთხოვე, სახლში ენახათ იაპონური ფილმი „ლეგენდა ნარაიამაზე“. თუკი ამის საშუალება არ არის და არც თქვენ გინახავთ ეს ფილმი, არა უშავს. ფილმიდან ვიგებთ, რომ მშობლისთვის სასურველი სიკვდილია, თუკი ახლობლების გარემოცვაში კი არ მოკვდება, არამედ შვილი ასაკოვან მშობელს ზურგზე მოიკიდებს და მთაზე მარტო დატოვებს. ურთულესი გასავლელია ეს გზა, მოხუცი მშობელი ვისაც ჰყავს, ის არც თავადაა ახალგაზრდა და ძალ-ღონეც აღარ ერჩის. არც შვილებს სულაც არ უხარიათ ამ გზის გავლა, მაგრამ ტრადიცია – ტრადიციაა. ზოგ ქვეყანაში ქელეხში მოწვეულ სტუმართა რაოდენობა განსაზღვრავს მშობლისადმი პატივისცემას და ზოგ ქვეყანაში ის, გაივლი თუ არა ზურგზე მოკიდებული მშობლით მთის წვერზე მიმავალ აღმართს. ამ გზის გავლა მარტო იმას კი არ აჩვენებს, რამდენად სცემ პატივს მშობლებს და რამდენად ღირსეული შვილი ხარ, არამედ იმასაც, როგორი რთულია ორივე მხარისთვის ტრადიციის შესრულება – ერთს სირცხვილი წვავს, რომ ის უძლურია და ტრადიცია ამას ავალდებულებს, მეორეს კი გაბრაზება, რომ ისიც უძლურია და ტრადიციას ვერ ცვლის. ყველა საზოგადოებას განსხვავებული მიდგომა აქვს მშობლის პატივისცემის გასაზომად. არაერთგან ის იმით კი არ იზომება, როგორ ექცეოდი ცხოვრებაში მშობელს, შესძელი თუ არა სიღარიბე აგერიდებინა მისთვის, სიხარული მიგენიჭებინა მისთვის, არამედ იმით, შეძლებ თუ ვერა, სიკვდილის გზაზე სწორად გაისტუმრო საყვარელი ადამიანი. ნარაიამას გზაზე შემდგარ შვილს საგზალიც კი დაამძიმებს, ამიტომ მთაში მარტოდ დატოვებული მშობელი ულუკმაპუროდ რჩება. ბედნიერებაა, თუკი მთაში გათოვდება. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ მოხუცი მალე გაიყინება და მას არ მოუწევს მშიერ მხეცებს ჩახედოს თვალებში ანდა გაუგრძელდეს სიკვდილთან პირისპირ შეხვედრა. ორი აზრი არაა, როგორ ჰგავს ერთმანეთს ეს ფილმი და ალეკო შუღლაძის „გადამალვა“, როცა რომანის პერსონაჟი ალეკო დედას მოიპარავს (დიახ, ნუ გაიკვირვებთ ამ ზმნას) და მას სხვა მხარეში გადამალავს. ვის ან რას გადაუმალავს შვილი მშობელს? პასუხი სიღრმისეულ დაფიქრებასაც არ მოითხოვს.

და ბოლოს იმასაც გეტყვით, რომ, სანამ სიკვდილ-სიცოცხლის თემის განხილვას გაკვეთილს დავიწყებდით, მოსწავლეებს კლასში ჩავურთე გიორგი სვირიდოვის მუსიკალური ნაწარმოები „დრო“ სხვადასხვა შესრულებით

ნაწარმოების სათაური არ გავუმხილე, ვთხოვე, თვალები დაეხუჭათ და ეთქვათ, რას წარმოიდგენდნენ მელოდიის მოსმენისას. ვიღაცამ მატარებელი წარმოიდგინა, ვიღაცამ ადამიანი, რომელიც გარბოდა. სწორედ ეს პასუხები მჭირდებოდა, რომ გაკვეთილი დამეწყო. როგორც კი სათაური ვუთხარი,  დავურიგე ტერენტი გრანელის ლექსი „ღამის სტრიქონები“ და ვთხოვე, ყურადღება მიექციათ სტრიქონებისთვის: „ალბათ ჩემთვის ამზადებენ კუბოს… მინდა ავდგე, გავიხედო გარეთ და გავაღო დაკეტილი კარი… ალბათ მოვა ჯიბგირი და ქურდი… იმ ოთახში კვლავ საათი რეკავს… და მე რა ვქნა, შეზღუდული რომ ვარ, რა ვქნა, მეტი გასაქანი მინდა!“

სიკვდილის თემაზე შექმნილი ნაწარმოებები უამრავია. სიკვდილის განხილვა მოჭრილი დროისა და სიცოცხლის კონცეპტთან ერთად და ამ საკითხების სწორად გასააზრებლად დამატებითი მასალების გაცნობა და შემდგარი დისკუსია გააფართოვებს თქვენი მოსწავლეების ცოდნას და საშუალებას მისცემს, სიღრმისეულად დაფიქრდნენ ისეთ თემებზე, რომლების არაერთი მწერლის შემოქმედების ამოსავალი არის. ალბათ ვერ დამისახელებთ ვერცერთ დიდ მწერალს, რომლის სათქმელიც საბოლოო ჯამში სიკვდილ-სიცოცხლის თემატიკას არ უკავშირდებოდეს. სიცოცხლეს ხომ ფეხდაფეხ მისდევს სიკვდილი: ჩნდება სიცოცხლე, იქვეა სიკვდილიც, არ გაჩნდება სიცოცხლე, არ გამოჩნდება სიკვდილიც. სიკვდილი ხმასავით აედევნება ადამიანს, რომელსაც იმდენად ეჩვევა ადამიანი, რომ უკვე ვეღარც კი ამჩნევს. სიკვდილი საიქიოში გადაიყვანს ადამიანს. საიქიოსთვის და იმქვეყნიური ცხოვრებისთვის მზადებაა ეს ცხოვრება. ამ საქმეში კი მომაკვდავებს (ანუ ნებისმიერ ადამიანს) დახმარება სჭირდება და ამ დროს ახლობლები – ოჯახის წევრები, ნათესავები, მეზობლები, მეგობრები (ჭირისუფლები) შეუცვლელნი არიან. მეტაფორები, რომლებიც ამ სათქმელს გამოხატავენ, მრავალნაირია, მათ შორის დურგალი, ხმა, კუბო, საათი, მატარებელი, მეეტლე, ქურდი, ჯიბგირი და სხვ.

გამოყავით გაკვეთილი უფროსკლასელებთან, დაუთმეთ დრო ამ თემებზე საუბარს ლიტერატურული ნიმუშებისა და ხელოვნების შედევრების დახმარებით და, მენდეთ, თქვენს მიერ ჩატარებული გაკვეთილი დაუვიწყარი იქნება.

 

კითხვები მასწავლებლებისთვის

0

ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?

 

როგორ შევინარჩუნოთ წლების განმავლობაში მონდომება ისე, რომ ყოველი ჩატარებული გაკვეთილი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყოს? როგორ ვიყოთ კმაყოფილები დღის ბოლოს, რომ შევძელით ჩვენი რთული მისიის შესრულება და როგორ არ დავკარგოთ მოტივაცია მაშინ, როცა რაღაც კარგად ვერ გამოგვივა?

 

სწავლება ცოცხალი პროცესია. დადგენილი წესების დაცვის  გარდა, მუდმივად საჭიროებს სიტუაციების მიხედვით მოქმედებას, ინდივიდუალურ მიდგომებს და საკუთარ თავზე მუშაობას. სწავლებას განსაკუთრებული ენერგია, ეთიკა, პასუხისმგებლობა, მოთმინება და სურვილი სჭირდება, რომ პროცესი წარმატებული გამოვიდეს.

 

რთული დღეებისთვის შეგიძლიათ ეს კითხვები დაიმახსოვროთ, საკუთარ თავს დაუსვათ და გულწრფელი პასუხები გასცეთ:

 

მაქვს კი სწავლების ვნება? – კარგ მასწავლებლებს სჯერათ, რომ ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა. მთავარია, სწორი მიდგომის პოვნა. კარგ მასწავლებელს უნდა ემჩნეოდეს, რომ ის, რასაც ამბობს, მტკიცედ სჯერა მისი და ნამდვილად ცდილობს, გადასცეს ბავშვებს ის, რისიც სჯერა.

 

სიყვარულია ის, რასაც მე ბავშვების მიმართ ვგრძნობ?  – მასწავლებლობა რთული საქმეა და ბევრი ენერგიის დახარჯვასთან ერთად დროის უმეტესი ნაწილის ბავშვების გარემოცვაში გატარებას გულისხმობს. კარგ მასწავლებელს უნდა შეეძლოს ბავშვების გაგება, მათთან ერთად გართობა და მათი სადარდებლის შემჩნევა, ბავშვების ნდობის მოპოვება და ამას არა მხოლოდ ვალდებულების გამო, საკუთარი სიამოვნების, ინტერესის გამოც უნდა აკეთებდეს.

 

რა ვალდებულებებს გულისხმობს ჩემი სამუშაო ეთიკა? – მასწავლებლობა მხოლოდ სამსახური არ არის, ეს ცხოვრების გზაა. სწავლება არ მთავრდება მაშინ, როცა ზარი ირეკება და გაკვეთილები მთავრდება. მასწავლებლობა მოიცავს ბავშვებთან მეგობრის, მრჩევლის, დამკვირვებლისა და გულშემატკივრის როლსაც მათ ცხოვრებაში  და მათზე ზრუნვასა და ფიქრს მაშინაც, როცა ფიზიკურად მათთან არ ხარ. ადვილი არ არის, ყველასაც ვერ გამოსდის მთელი თავისი არსება მიუძღვნას სხვების მომავლის შენებას. თუ გამოგივიდა, ესე იგი, სწორ ადგილას ხარ, სწორად იქცევი.

 

რა ვიცი? – იმისათვის, რომ ასწავლო, თვითონ უნდა  იცოდე და იმისათვის, რომ იცოდე, ერთხელ სწავლა საკმარისი არ არის. სწავლა მთელი ცხოვრების განმავლობაში განგრძობადი პროცესია და თუ ამ პროფესიას ხელს ჰკიდებ, მზად უნდა იყო, რომ სულ რაღაც გექნება სასწავლი, გასაუმჯობესებელი, დასახვეწი და აღმოსაჩენი.

 

მჯერა თუ არა მუდმივი განვითარების აუცილებლობის? – კარგი მასწავლებელი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით აუმჯობესებს მეთოდიკას, კომუნიკაციას, ატარებს ექსპერტიმენტებს, რაც წარმატებასთან ერთად წარუმატებლობასაც მოიცავს და თუ ამ ყველაფრისთვის მზად არ ხარ და სიამოვნებით არ აკეთებ, ადრე თუ გვიან მოგწყინდება.

 

რას ნიშნავს ჩემთვის კლასში ბავშვების კონტროლი? – წარმატებული მასწავლებელი კლასში  ლიდერი და მენეჯერი უნდა იყოს, რომელსაც შეუძლია სიტუაციის კონტროლი, განწყობების დაჭერა, მოსმენა, გაგება და შესაბამისად მოქმედება.

მასწავლებლისა და ბავშვების ურთიერთობა მეგობრული უნდა იყოს, მაგრამ პატივისცემას არცერთი მხარე არ უნდა კარგავდეს.

უფროსებს ბავშვებთან ურთიერთობისას მტკიცე პირადი დისციპლინა და კონტროლი სჭირდებათ.

კარგი მასწავლებელი ბავშვებს, გარდა კონკრეტული საგნის სწავლებისა, სოციალური უნარების ჩამოყალიბებაშიც უნდა ეხმარებოდეს. მასწავლებელს არ  უნდა ავიწყდებოდეს, რომ მოსწავლეებს გვერდით სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათზე ზრუნავს,  მათ წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობს და ბავშვებსაც ასწავლის ერთმანეთზე ზრუნვას და როგორც პირადი, ასევ გუნდური პასუხისმგებლობის აღებას.

 

როგორი აურა მაქვს? – კარგ მასწავლებელს კარგი ურთიერთობის დამყარება უნდა შეეძლოს არა მხოლოდ ბავშვებთან და კოლეგებთან, არამედ მშობლებთან, რომელთა ჩართულობის გარეშეც სასწავლო პროცესი ვერასოდეს იქნება სრულყოფილი და წარმატებული. მასწავლებელს უნდა შეეძლოს ნდობის მოპოვება და მშობლების თანამზრახველებად ქცევა ბავშვისთვის საუკეთესო მიზნების მისაღწევად. მასწავლებელი ხშირად სამაგალითო ხდება იმ სოციუმში, სადაც ცხოვრობს და მუშაობს, ამიტომ მას მყარი სამოქალაქო პოზიციები და საგანგებო სიტუაციებში სიმართლის მხარეს ყოფნა მოეთხოვება.

 

როგორ ვაგვარებ კონფლიქტებს? – კონფლიტების გარეშე არცერთი სივრცე არ არსებობს. კონფლიქტები  ყველგანაა, სადაც განსხვავებული აზრები, მიზნები ან ხედვები ერთმანეთს შეიძლება შეეჯახონ.

მასწავლებლობა ბავშვებთან, მშობლებთან, ადმინისტრაციასთან და კოლეგებთან კონფლიქტური შემთხვევების გარეშე წარმოუდგენელია და ამ კონფლიქტების დროს უნდა იცოდე, რისი დათმობა შეიძლება და რისი არა, ვის სჭირდება მხარდაჭერა, ვისთან იყო კატეგორიული და როგორ იყო არა კონკრეტული სახელების, არამედ სიმართლის მხარეს.

 

რა არის ის, რაც  პროფესიონალად ქცევისთვის მაკლია? – მასწავლებელს სულ უნდა ახსოვდეს, რომ ის არსებობს ბავშვებისთვის, მათი განათლებისთვის, მომავლისთვის, კეთილდღეობისთვის და ამ თავგანწირულ საქმიანობაში მისი მთავარი იარაღები, ცოდნის გარდა,  ენთუზიაზმი, მონდომება, ინდივიდუალიზმი, პრინციპულობა, მგრძნობიარობა და მის გარშემო მიმდინარე მოვლენების ღრმა ანალიზის უნარია.

 

რაში მეხმარება იუმორის გრძნობა? – იუმორი ყველას უმარტივებს ცხოვრებას. გმაონაკლისი ვერც მასწავლებელი იქნება.  მასწავლებლობა სერიოზული საქმეა, მაგრამ არ შეიძლება საკუთარი თავი მხოლოდ სერიოზულად აღვიქვათ. უნდა შეგვეძლოს სიცილი ჩვენს თავებსა და საქციელზე, ვიყენებდეთ იუმორს დაძაბული სიტუაციების განსამუხტად და ცხოვრების მარილად.

 

1998 წელს, პროფესიონალური  სწავლების სტანდარტების  ეროვნულმა საბჭომ

( the National Board for Professional Teaching Standards (NBPTS) გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი – “რაც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს და შეეძლოს გააკეთოს”. რთულ შემთხვევებში საკუთარ პროფესიაზე ფიქრისას თვითრეფლესიისთვის ეს დოკუმენტიც შეიძლება გამოდგეს.

https://accomplishedteacher.org/wp-content/uploads/2016/12/NBPTS-What-Teachers-Should-Know-and-Be-Able-to-Do-.pdf

 

 

 

ამბავი ჩინეთის ხანისა, სუფთა ჰაერის ფასი რომ იცოდა…

0

ახალგაზრდა მარკო პოლო ვენეციიდან ჩინეთში მიემგზავრება. მე-13 საუკუნეა და გარემოც განსაცვიფრებლად სუფთაა. თუმცა, ბევრს ეჭვი ეპარება, ჩავიდა კი იქ? იქნებ წიგნში დაწერილი  ამბები გამოიგონა? არადა,  სიკვდილის წინ აღიარა, რომ ჩინეთში ნანახის მხოლოდ ნაწილი აღწერა, თორემ, რაც ნახა,  ყველაფერი, რომ დაეწერა, არავინ  დაუჯერებდა.

მოგვიანებით, უკვე სამშობლოში დაბრუნებული, გენუის ციხეში ერთ კამერაში აღმოჩნდა ვინმე რუსტიკელოსთან, რომელიც რაინდებზე სათავგადასავლო რომანების ავტორი იყო. რითი უნდა მოეკლათ დრო?  მარკო თავის საგმირო მოგზაურობაზე უყვებოდა, რუსტიკელო კი წერდა. სწორედ ამ წიგნის წყალობით სახელმა “მარკო პოლომ” საუკუნეებს გაუძლო. თუმცა, ძნელია გაიგო, სად მთავრდება მარკოს ნაამბობი და სად იწყება რუსტიკელოს ფანტაზიები.

მეცნიერების აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი თვლის, რომ ის მხოლოდ კონსტანტინეპოლამდე ჩავიდა. აქ  სავაჭრო საქმეებზე დაიარებოდა და შესაძლოა აქვე ხვდებოდა ჩინეთში ნამყოფ სხვა ვაჭრებს. ჰოდა, მათ მონაყოლს თავისად ასაღებდა.  მოგზაურობიდან 24 წლის შემდეგ დაბრუნდა, არავინ უჯერებდა და… „ემილიონეს“ ეძახდნენ, ანუ ტრაბახას.

მარკო პოლოს წიგნში ძალიან ბევრი წვრილმანია აღწერილი.

მე მთელ ამ ისტორიაში, ქალაქ იან ჯოუში  ჩინეთის ხანის ბრძანებამ დამაინტერესა. ქალაქში მარკო  ცხენით, საფოსტო გზით ჩასულა. ქალაქი სავაჭრო იყო, ამიტომ გზაზე სულ ცხენების და სამგზავრო ფაეტონების მიდი-მოდი ყოფილა. ჰოდა, ხანმა თქვა, ჰაერი მტვერიანდებაო და  გზის გასწვრივ ყოველი ოთხი ნაბიჯის დაშორებით დამატებითი ხეების  დარგვა ბრძანა.

გესმით? მეცამეტე საუკუნეში, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ჩინეთის ხანმა დამატებითი ხეების დარგვა ბრძანა!…

თუმცა, ძალიანაც სუფთა გარემოს ნუ დავიჩემებთ.

თუ, წინა პრეისტორიულ დროს გავიხსენებთ, ჩვენი წინაპრები ვულკანურ გაზებს სუნთქავდნენ. გამოქვაბულებში ნახშირბადის მონოქსიდიც უგროვდებოდათ. ძველ ეგვიპტეში მონები ფილტვების უკმარისობით კვდებოდნენ, რადგან აზბესტის ბოჭკოებით დაბინძურებული ჰაერის მუდმივი სუნთქვა უწევდათ. არქეოლოგიურმა და ისტორიულმა კვლევებმა ნათელი გახადა, რომ რომის იმპერიაში ღვინისთვის განკუთვნილი  ტყვიის კონტეინერები, ტყვიით მოწამლვის მთავარი წყარო იყო. შუა საუკუნეების  ალქიმიკოსები ხშირად იწამლებოდნენ მავნე, ფეთქებადი  და მომწამლავი ქიმიკატებისგან, რომლებიც მათი კვლევების თანმხლებ პროდუქტებს წარმოადგენდნენ, ან სულაც მათზე მუშაობდნენ, მაგრამ თავის დაცვა აზრადაც არ მოსდიოდათ. თავს არც ისინი უფრთხილდებოდნენ, ვინც ქიმიკოსად იწოდებოდა. ასე გარდაიცვალა მაგალითად, კარლ შეელე.

1800 წელს გერმანიაში ორგანული ქიმიის და საღებავების განვითარების ფონზე  ქვანახშირისგან მაშტაბური მოწამლვა დაფიქსირდა. 1900 წლიდან მომწამლავი ნარჩენების დაგროვება იზრდებოდა, განსაკუთრებით რკინის გადამუშავებით, ტყვიის ელემენტების გადაყრით, ქრომის ნარჩენებით. მანუფაქტურების განვითარების პერიოდმა ქლორის ნარჩენების დაგროვება გამოიწვია, ასევე თავისი კვალი დატოვა პესტიციდების სინთეზმა, პოლიმერების, პლასტმასების, საღებავების  წარმოებამ, ხის გადამუშავებამ.

საშიში ქიმიური ნარჩენები ჩვენს გარემოს აბინძურებს. გარემოში იგულისხმება ჰაერი, ნიადაგი და წყალი.

ნიადაგზე ამ წერილში საუბარს ვერ მოვასწრებთ, ამიტომ ჰაერით დავიწყოთ. ეს თემა ამოუწურავია, ამიტომ წინა ორ წერილსაც გაგახსენებთ (https://mastsavlebeli.ge/?p=15528   https://mastsavlebeli.ge/?p=17799 ). მით უმეტეს, რომ  თბილისში ჰაერი საშინელ მდგომარეობაშია და ეს ყველამ კარგად ვიცით. ისიც ფაქტია, რომ ჩინეთის ხანისგან განსხვავებით, დღეს თბილისში ხეებს დარგვის ნაცვლად ჩეხავენ. ჰო, ერთი-ორი შეიძლება სადმე ჩარგონ კიდეც, შემდეგ უფრო ყოჩაღად, რომ გაიმართლონ თავი: რას გვერჩით ბატონო, აგერ ახლებსაც ვრგავთო.

ატმოსფეროსკენ მიმავალი მომწამლავი ნარჩენები ან პირველადია ან მეორეული წარმოშობისაა. მეორეული ნიშნავს, რომ ატმოსფეროში მოხვედრილმა პირველადმა ნარჩენმა ქიმიური გარდაქმნის შედეგად მეორეული დამაბინძურებელი წარმოქმნა. მაგალითად, წარმოებიდან გამოსული ვინილ ქლორიდის და მარილმჟავას  მომწამლავი გამონაბოლქვი, გოგირდწყალბადის გაზი პირველადი დამაბინძურებლებია. თუმცა, ზოგჯერ პირველადი დამაბინძურებელი მეორადიც შეიძლება იყოს. ქვემოთ მოშველიებულ რეაქციაში რკინის ქლორიდთან ერთად გოგირდწყალბადის გაზიც გამოიყოფა.

2HCl+FeS=FeCl2+H2S

საშიშ მეორად დამაბინძურებლებს მიაკუთვნება ე.წ. კოროზიული აეროზოლები, რომლებიც სინამდვილეში ატმოსფეროში წარმოქმნილ მჟავებს წარმოადგენენ:

SO2+1/2O2+H2O=H2SO4 (აეროზოლი)

ზოგჯერ მეორეული დამაბინძურებელი ატმოსფეროში ე.წ. მესამეულ აგენტს წარმოქმნის:

4 HNO3+Cu=Cu(NO3)2+2NO2+2H2O

რა გამოდის? პირველადი დამაბინძურებელი აზოტის ოქსიდისგან წარმოქმნილი მეორადი აეროზოლი აგენტი აზოტმჟავაა. თუ, ატმოსფეროში სპილენძის (აქ სხვა მეტალის მტვერიც შეგვიძლია ვიგულისხმოთ) შემცველ შეწონილ ნაწილაკებს „შეხვდება“, წარმოქმნის მესამეულ კოროზიულ  აგენტს ნიტრატის სახით. თუმცა, იგივე აზოტმჟავა შესაძლებელია ამიაკთანაც შევიდეს რეაქციაში:

HNO3(აეროზოლი)+NH3(გაზი)=NH4NO3(აეროზოლი)

ზოგიერთი ორგანული ნარჩენი მეორად დამაბინძურებლებთან ერთად ფოტოქიმიური სმოგის წარმოქმნას უწყობს ხელს (https://mastsavlebeli.ge/?p=10124 ).

ის დამაბინძურებელი ნარჩენები, რომლებიც წყალში ხსნადია ნალექის შედეგად მოცილდება ატმოსფეროს და… ახლა გადავიდეთ იმ სტიქიაზე, სადაც ეს ნალექი ჩაედინება…

გარდა ატმოსფერული ნალექებისა, წყალში ნარჩენების მოხვედრის კლასიკური გზა შემდეგია: ნაგავსაყრელიდან ან ნარჩენი ნაერთების შეგროვების ადგილიდან ნაერთები მიწისქვეშა წყლებში ჩაირეცხება, შემდეგ კი ნაკადით ზედაპირულ წყლებში მოხვდება. ამ პროცესს წვიმა და ნიადაგის ეროზია  აჩქარებს. ზედაპირულ წყლებში მოხვედრისთანავე ნაერთები სხვადასხვა ბიოქიმიურ და ქიმიურ პროცესებში ჩაერთვებიან. მათ შორის არის ჟანგვა-აღდგენა, დალექვა-გახსნა, ჰიდროლიზი და ბიოდეგრადაცია. ნარჩენებში ზოგირთი ორგანული ნივთიერების არსებობა, მათი გახსნის ალბათობას მკვეთრად ამაღლებს. მაგ. სუფთა წყალში ჰექსაქლორბენზენის 1.8 µg/L (მიკრო გრამი/ლიტრზე) იხსნება; იმავე წყალში,  25 გრადუს ცელსიუსზე, 2.3 µg/L გაიხსნება; სხვა ორგანული ნივთიერებების თანაობისას (მაგ. ანჰიდრიდების) კი 4-4.5 µg/L გაიხსნება.

აქ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზედაპირული და ზღვის წყლები სუფთა, რა თქმა უნდა, არ არის. აქ არის ბევრი გაზი, თხევადი და მყარი დანამატი. ისინი ერთმანეთთან და ასევე ცოცხალ ორგანიზმებთან, ძირითადად ბაქტერიებთან, ურთიერთქმედებენ.

ზემოთაც აღვნიშნე, რომ წყალში სხვადასხვა ქიმიური პროცესი მიმდინარეობს. მაგ. საკმაოდ მომწამლავი ნარჩენი პროდუქტი ძმარმჟავას ანჰიდრიდი ჰიდროლიზდება ორი მოლეკულა ძმარმჟავას წარმოქმნით.  სხვა ნარჩენი პროდუქტის-ესთერის მეთილ მეთაკრილატის ჰიდროლიზით კი მეთანოლი და მეთაკრილის მჟავა წარმოიქმნება. ჰიდროლიზის პროცესის სიჩქარე სხვადასხვაა. ძმარმჟავა ანჰიდრიდის ჰიდროლიზი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. სხვათა შორის, მისი არსებობა ზღვის და ზედაპირულ წყლებში საკმაოდ მაღალია, რაც წყალს მჟავა გარემოს უქმნის. წარმოქმნილი მჟავა უერთდება ამიაკს (თევზების აზოტოვანი ცვლის საბოლოო პროდუქტია) და წარმოქმნის ამიდს. ასევე, სპირტების არსებობის შემთხვევაში ესთერების წარმოქმნის წყარო ხდება. მიკროორგანიზმების ფერმენტების ზემოქმედებით ბიოქიმიურ მექანიზმებშიც ჩაერთვება.

ზოგიერთი ნარჩენი პროდუქტი ასევე მჟავის წარმოქმნას იწვევს. მაგ. ბის-ქლორომეთილის ეთერი ჰიდროლიზდება ფორმალდეჰიდის და მარილმჟავას წარმოქმნით. ახლა, წარმოიდგინეთ,  წყლებში თუ ის დიდი რაოდენობით ჩაიღვრება, რა მაშტაბის დაბინძურებასთან გვექნება საქმე.

ანიონები, რომლებიც ბუნებრივ წყლებსა და ჩამდინარე წყლებში გვხვდება არის: OH, HCO3 და SO42-. თითოეულ მათგანს შეუძლია ჰიდროქსიდების, კარბონატების და სულფატების წარმოქმნა. ისინი ძირითადად დანალექებს წარმოქმნიან, როგორიცაა Fe(OH)3, 2CuCO3XCu(OH)2 აზურიტი,  CuFeS2 ქალკოპირიტი. თუ  დანალექი დიდი რაოდენობით დაგროვდება, მას წყალში კოლოიდური ნაწილაკების წარმოქმნა შეუძლია, რომელიც ამ მდგომარეობაში  დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება დარჩეს წყალში და ცოცხალ ორგანიზმებს საფრთხე შეუქმნას. გარდა ამისა, კოლოიდური ნაწილაკების ფორმით, ისინი გაცილებით მოძრავნი ხდებიან და დიდ მანძილზე გადაადგილებაც შეუძლიათ. სხვათა შორის, წყალში ამგვარი ნაწილაკების სახით მძიმე მეტალების იონებიც დიდი ხნით შეიძლება შეყოვნდეს და ჰუმუსურ მასალასთან (ბიოპლანქტონის შემადგენლობაში) შეხვდერის შემდეგ თავისი სახიფათო პროცესები დაიწყოს წყალში.

 

წერილს სოფელში ვწერ. ცხელა…

სოციალურ ქსელს ჩავცქერი. ყველა უცნაურ ნისლზე წერს, რომელიც თბილისს  თავს წამოდგომია. ზოგიერთი საქმეში გათვითცნობიერებული კი იმასაც ამბობს, რომ ეს სმოგია. ამ ფონზე კი, ამავე დღეს, ძველი იპოდრომის გასწვრივ, თურმე  ხეები იჭრება…

„გარემოს ქიმიის“ სახელმძღვანელოებში კლასიკური მაგალითები სმოგზე განხილულია  ისეთი დიდი ქალაქებიდან, როგორიც არის დელი, პეკინი, ლონდონი, სან-ფრანცისკო, ლოს ანჯელესი…

ყოჩაღი ხალხი ვართ, ამ დიდ ქალაქებს განვითარებით ვერა, მაგრამ სმოგისნაირი მტვრიანი ნისლით  ხომ მაინც დავეწიეთ?…

 

საქართველოს ლეგენდარული ხეები

0

მხცოვანი ხეები ხშირად ადამიანებზე მეტს გვიამბობენ წარსულსა თუ დღევანდელ დღეზე. ლეგენდრულ ხეებს საქართველოს ყველა კუთხეში ნახავთქალაქებსა თუ სოფლებში, და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უამრავია, მაინც ვცადე, რამდენიმე ლეგენდარული ხის ისტორია მომეკვლია. ზოგი რამ ადგილობრივებისგან გავიგე, წყაროებიც ქექე... ამ საქმიდ რაც გამოვიდა, ავად ხეები გვეტყვიან.

 

წაბლის ხე ქვიშხეთში

ხაშურთან ახლოს, სოფელ ქვიშხეთში, ისტორიული ქართლისა და იმერეთის საზღვარზე, მოხუც წაბლის ხეს ნახავთ, რომლის უკანაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის თითქმის 600 წელია. 600 მძიმე და ქარიშხლიანი წელი.

აქვეა სოფელი ტაშისკარიც – ადგილი დიდი გამარჯვებისა. 500 წელი გავიდა ტაშისკარის ბრძოლიდან. 1609 წლის 16 ივნისს ქართლის პატარა სამეფომ ლეგენდარული დიდი მოურავის, გიორგი სააკაძის სარდლობით ოსმალთა და ყირიმელ თათართა ბევრად აღმატებული ლაშქარი დაამარცხა.

ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ქართველთა ლაშქარი განთიადისას მოულოდნელად დაესხა თავს მტერს და თითქმის მთლიანად გაანადგურა, მხოლოდ მცირე ნაწილმა უშველა გაქცევით თავს. ქართველებს დიდძალი ნადავლი და ტყვე დარჩათ…

გადმოცემას თუ დავუჯერებთ, ტაშისკარის სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ დაღლილ გიორგი სააკაძეს სწორედ ამ წაბლის ქვეშ დაუსვენია. მაშინ ეს ხე ასი წლისაც არ იყო, მაგრამ მის ტოტებსა და მერქანზე უკვე იწერებოდა საქართველოს ისტორია. ისტორია დიდი ბრძოლებისა, დიდი გამარჯვებებისა და, სამწუხაროდ, ბევრი მარცხისაც, მაგრამ, როგორც ხედავთ, ისევე როგორც ეს ხე – საქართველოც მარადიულია!

 

ჭადრი რუსთაველის გამზირზე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდგარი ერთ-ერთი ჭადარი უტყვი მოწმეა 90-იან წლებში საქართველოში გაჩაღებული ძმათამკვლელი ომისა. თუ ამ ხეს კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ მის მერქანში ღრმად ჩამჯდარ საზენიტო ჭურვსაც. 20 წლის წინ თბილისში ამბობდნენ, ხეში ჩარჩენილი ჭურვი მოქმედია და ნებისმიერ დროს შეიძლება აფეთქდესო. შიშის წლებში ხომ ყველაფერი ფეთქდებოდა და ყოველთვის იყო აფეთქების მოლოდინი.

ამჟამად ჭურვი განაღმული და სრულიად უვნებელყოფილია, მაგრამ ისტორიას თავიდან ვერ დაწერ და, სამწუხაროდ, ვერც ამ ჭურვს დავაბრუნებთ უკან – საარტილერიო ქვემეხში.

 

ხეები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე

“ოდესღაც, ჯონი ვაისმიულერის მოულოდნელი ყივილი აღაფრთოვანებდა ყმაწვილებს. ის ლიანებს ეჭიდებოდა, გაქანდებოდა და ასე დაფრინავდა ჯუნგლებში, ხიდან ხეზე. ეს იყო ტარზანი”, – წერს აკა მორჩილაძე, იგივე გიო ახვლედიანი თავის დოკუმენტურ რომანში “ჩრდილი გზაზე”.

ტარზანი ამერიკელმა რეჟისორმა სედრიკ გიბონსმა 1934 წელს გადაიღო და ნაალაფარი ფილმებიდან ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა თბილისელ ბიჭებში. ყველა ტარზანს ბაძავდა, ყველა ხეზე ებღოტებოდა, ყველა ტარზანივით კიოდა და ცდილობდა, კენწეროზე აცოცებულიყო. ეს იყო გასული საუკუნის 50-იანი წლების თბილისური ესთეტიკა – ბიჭუნები ხეებზე.

მერე ტრაგედიაც დატრიალდა…

1956 წლის 9 მარტს თბილისში დიდი მღელვარება იყო. გარდაცვლილი სტალინის კულტის დასაცავად აგორებული დემონსტრაცია ეროვნულ–ნაციონალურ მოთხოვნებში გადაიზარდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ჯარი გამოიყვანა. ჯარი, რომელმაც ხალხის დასაშინებლად ჯერ ჰაერში ისროლა, თუმცა…

ჯარისკაცებმა ხალხის თავს ზემოთ ისროლეს, თავს ზემოთ კი ხეები იყო. ლავრენტი ბერიას მიერ თბილისის მარჯვენა სანაპიროზე 30-იან წლებში დარგული ჯერ კიდევ პატარა ხეები. როგორც აკადემიკოსი ნურბეი გულია იხსენებს, ხეებზე მსხდომი ტარზანნანახი ბიჭუნები მოწყვეტით ცვიოდნენ ძირს. პირველი ტყვიები ხეებზე მსხდომმა თბილისელმა “ტარზანებმა” მიიღეს.

ჯარისკაცები პირდაპირ გადავიდნენ შეტევაზე და სისხლისღვრაც დაიწყო. იმ დღეს გარდაცვლილთა ზუსტი რიცხვი დღემდე არ დაუდგენელია. მომხდარი ამბების საექსპერტო კომისიის წევრის, ვინმე მათიაშვილის აღიარებით, რუსთაველის პროსპექტზე 27 კაცი დაიღუპა, ძირითადად – სტუდენტები და უფროსკლასელები, ხოლო პარკში დატრიალებულ მოვლენებთან დაკავშირებით გადაწყდა, ექსპერტიზა საერთოდ არ ჩატარებულიყო. ისტორიკოს ვახტანგ გურულის აზრით, მსხვერპლთა რიცხვი 80-მდეა.

ამის შემდეგ თბილისში ტარზანი წლების განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

 

450 წლის მუხა კახეთში, სოფელ ჯუგაანში

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუგაანი, გადმოცემის მიხედვით, თავად დავით აღმაშენებელს დაუარსებია იმ ჩვენთვის დაუვიწყარ მე-12 საუკუნეში. შეხედეთ ამ საოცარ მუხას, რომლის ასაკიც, სავარაუდოდ, 450 წელს ითვლის. წარმოიდგინეთ, თქვენს წინაშე თითქმის ხუთი საუკუნის ხეა! ხის ძირში დაინახავთ უზარმაზარ გამჭოლ ფუღუროს, რომელიც ამ ხესთან ერთად გაიზარდა, გაფართოვდა, დაბერდა, მაგრამ მუხას მაინც ვერაფერი დააკლო. პირიქით!

ამ დიდ, ბებერ და ფესვუხმობ ხეს ადგილობრივები „თევდორეს მუხას“ ეძახიან. ალბათ თავადაც ხვდებით, რომელ თევდორესაც გულისხმობენ – თევდორე მღვდელს, კაცს, რომელმაც მღვდლის ანაფორით დაწერა სამოქალაქო გმირობის ისტორია. რატომ თევდორეს მუხა? ამის ამხსნელი ადამიანები, სავარაუდოდ, აქვე მდებარე სასაფლაოზე წვანან. მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა, მაგრამ თევდორე მღვდლის სახელს ეს დიდებული ხე ძველებურად ინახავს. ინახავს და გვარწმუნებს, რომ კარგი საქმეები დავიწყებას არასოდეს მიეცემა.

 

900 წლის მუხა წინანდალში

ტურისტებისა თუ დამთვალიერებლების ინტერესს წინანდალში უმთავრესად ალექსანდრე ჭაჭავაძის სასახლე და სასახლის ულამაზესი ეზო იპყრობს თავისი სატრფიალო ისტორიებითა და სხვა ამბებით. სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ აქვე, წინანდლის პარკთან, არანაკლებ მშვენიერი სანახაობა ელოდება უძველესი, 900 წლის მუხის სახით.

თუ გადმოცემას დავუჯერებთ, ეს 32 მეტრი სიმაღლისა და თითქმის 3 მეტრის სიმსხო მუხა დავით აღმაშენებლის შვილის, დემეტრე მეფის დროს ადგილობრივმა გლეხებმა დარგეს და მისი ერთ–ერთი ფუნქცია ტერიტორიის მონიშვნა იყო. სწორედ აქ მთავრდებოდა ლეგენდარული თელიანის ველი და ეს იყო საზღვარი სავენახე ტერიტორიისა.

ამ ხის დარგვიდან წინანდლის თელიანი ველის ვენახებში რთველი 900–ჯერ გაიმართა. 900–ჯერ დაიწურა ყურძენი და უამრავი თაობა შეიცვალა. მუხა კი დღესაც დგას, დღესაც იფოთლება და შეიძლება კიდეც იწყინოს, მოხუცი ხარო, რომ უთხრათ. მართლაც, 900 წლის მოხუცი სად გაგონილა?!

კახეთის სიღრმეში გაცხადებული უთხოვრის საიდუმლო

კახეთში ულამაზესი ტყეებით დაბურული მრავალი ხეობაა. მათ შორის უმშვენიერესია მდინარე ალაზნის ზემო წელში 9 კმ-ზე გადაჭიმული ბაწარას ხეობა. ის მდინარე ალაზანს მარჯვენა მხრიდან მიუყვება. ხეობის ფართობი დაახლოებით 2000 ჰექტარია და მთლიანად ნაკრძალად არის გამოცხადებული. ხეობის ბიომრავალფეროვნება დიდი ხანია პროფესიონალი თუ მოყვარული ნატურალისტების ყურადღებას იქცევს. დიახ, ხეობა ცოცხალი რელიქტის, მეზოზოური ეპოქიდან შემორჩენილი საოცრების, იდუმალებით მოცული უთხოვრის საუფლოა.

ამ ხეობაში დაახლოებით 220 000 ძირი უთხოვარი დგას. 100 მათგანის ასაკი 1000 წელზე მეტია. მათ სათავეში უდგას 1800 წლის პატრიარქი, რომელიც ამაყად გადმოჰყურებს ხეობას და მთლიანად კახეთს.

უთხოვარი ადგილობრივი ქისტებისთვისაც პატივდებული მცენარეა, უფრთხილდებიან, არ ჭრიან, იცავენ.

ქართველებისთვის უთხოვარს საუკუნეების განმავლობაში საკრალური დანიშნულება ჰქონდა, ბზასა  და ქართულ მუხასთან ერთად წმინდა ხედ მიიჩნეოდა.

მცენარის სახელიც მის ღირებულებაზე მეტყველებს. ერთხელ ვაჭრები მისულან თამარ მეფესთან და უთხოვიათ, ეს ხეები მოგვყიდეო (მერქანის თვისებების გამო მას გემთმშენებლობაში იყენებდნენ). თამარს უარი უთქვამს – ეს ხე არავინ მთხოვოსო. უფრო მეტიც – მისი მერქანი სისხლივით წითელია და ჩვენს წინაპრებს მისთვის ქრისტეს სისხლით შეღებილი ხე უწოდებიათ. აი, ასეთი უდიდესი საგანძურია ამ საოცრად ლამაზ ტყეში და ჩვენი ვალია, დავიცვათ როგორც ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი მემკვიდრეობისა და ისტორიული მემკვიდრეობის ჰარმონიის დასტური.

 

თელავის ჭადარი

900-წლოვანი ჭადარი თელავის სავიზიტო ბარათია. მისი ზუსტი ასაკი არავინ იცის, სავარაუდოდ, 900-დან 1000 წლამდეა. ხე თელავისა და კახეთის ათასწლოვანი ისტორიის მოწმეა. მის კალთებქვეშ აღიზარდა და სამშობლოსთვის იცოცხლა პატარა კახმა, მეფე ერეკლე II-მ.

ეს აღმოსავლური ჭადარია, რომლის სიმაღლე 40 მეტრია, გარშემოწერილობა კი – 12 მეტრი. ამ ჭადარს ბევრი რამ ახსოვს. მის ჩრდილში თელაველებს უმასპინძლიათ დიდი ილიასთვის, ნიკო მარისთვის, მარჯორი ურდროპისთვის. 1911 წელს აქ, ილიაობაზე, აკაკი წერეთელმა დიდებული სადღეგრძელო წარმოთქვა, რომელიც შემდეგი სიტყვებით დაამთავრა: “მე ვერ მოვესწრები იმ მომავალი გმირის მოსვლას, მაგრამ გულში იმედით კი ჩავალ საფლავში და ჩემი უკანასკნელი სიმღერა იქნება: არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს-მეთქი. ახლა კი ამ უზომო თანადგომისათვის გულითად მადლობას გწირავთ ბატონებო, იმ გმირის სახელით, რომელსაც თქვენ ელით”.

მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში ჭადრის გარშემო შადრევნებით მდიდარი დიდი ხეხილის ბაღი ყოფილა გაშენებული. დღეს კი ავად არის ჩვენი ჭადარი, შველას ითხოვს…

 

ცაცხვი ზემო კრიხში

რაჭაში, ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ტაძართან, დგას უზარმაზარი ცაცხვები და უთხოვრები. ვარაუდობენ, რომ გიგანტები ეკლესიის თანამედროვეები არიან, ეკლესია კი X-XI საუკუნეების მიჯნაზეა აგებული.

ცაცხვების ბუნების  ძალიან საინტერესო ძეგლია. ერთ-ერთი ხის ფუღუროში მეორე ცაცხვია ამოზრდილი, რაც მნახველის დიდ ინტერესს იწვევს. ფუღუროში რამდენიმე ადამიანი თავისუფლად თავსდება. არც იქვე მდგარი უთხოვარია პატარა. ადგილობრივები მას „თამარის ხეს“ უწოდებენ – გადმოცემის თანახმად, ის თამარ მეფემ თავისი ხელით დარგო.

ინტერესს არ არის მოკლებული გადმოცემაც, თითქოს თამარიც ამ ეკლესიაშია დაკრძალული. ალბათ, ამ ყველაფრის გამო არ ნელდება დღემდე ინტერესი ზემო კრიხის მთავარანგელოზთა ტაძრის მიმართ და არ იკლებს ტურისტთა ნაკადი.

ეკლესიის გარშემო არსებული ბუნების ულამაზესი ძეგლები შველას ითხოვენ. ერთი უზარმაზარი ცაცხვი უკვე მოთხარა ქარმა. დროზე უნდა გატარდეს ზომები, რათა დანარჩენი ხეები მაინც შემოვუნახოთ შთამომავლობას. ტაძრის გარშემო ასევე არის ბზის უძველესი კორომი, რომლიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა, საწუხაროდ, ბოლო წლებში ბზებსაც გაუჩნდა დაავადება და გადაშენების საფრთხის წინაშე დგას.

 

მუხა სოფელ ბუგეულში

გიგანტი მუხა დგას სოფელ ბუგეულშიც, გიორგობიანების ეზოში. გადმოცემის თანახმად, ის თითქმის 6 საუკუნისაა. გიორგობიანების ოჯახი საუკუნეების განმავლობაში უფრთხილდებოდა და უვლიდა ამ ხეს და XX საუკუნის 60-70 წწ-ში ფულად დახმარებასაც კი იღებდა მის დასაცავად.

დროთა განმავლობაში სოფელმა მასზე ლეგენდაც შექმნა: თუ ხეს რომელიმე ტოტი შეახმებოდა ან მოსტყდებოდა, გიორგობიანების ოჯახში ან სოფელში მამრობითი სქესის ადამიანი გარდაიცვლებოდა.

ამჟამად მუხა მძიმე მდგომარეობაშია, მასში არსებული ფუღურო იმდენად გადიდდა, რომ სამი ადამიანი თავისუფლად ეტევა. საჭიროა სათანადო ზომების დროულად მიღება, რომ ეს უნიკალური ხე გადავარჩინოთ და შთამომავლობას შემოვუნახოთ.

თამაში ადამიანურობისთვის

0

რატომ იყო მონადირე-შემგროვებლებისთვის შრომა თამაში?  (მეორე ნაწილი)

ავტორი: პიტერ გრეი, ფსიქოლოგიის დოქტორი

  1. თამაში არასდროს არის იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა ან ვინმეს სურს;

ანთროპოლოგები მონადირე-შემგროვებლების საზოგადოების შესახებ ხშირად აღნიშნავენ, რომ მათი შრომა უამრავ უნარს საჭიროებს, თუმცა არც ისე შრომატევადია.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, მონადირე-შემგროვებლები კვირაში საშუალოდ 20-დან 40 საათამდე მუშაობენ, იმის გათვალისწინებით, თუ რას ვუწოდებთ სამუშაოს. უფრო მეტიც, ისინი საათობრივად არ შრომობენ; მათი სამუშაო მაშინ იწყება, როცა ის შესასრულებელია და ამისთვის „მზად“ არიან.

მონადირე-შემგროვებლების ცხოვრებაში უამრავი დროა გართობა-დასვენების ღონისძიებებისთვის, რომლებიც მოიცავს თამაშებს, სახალისოდ მოწყობილ რელიგიურ რიტუალებსა და ცერემონიებს, მუსიკას, ცეკვებს, ნაცნობ ტომებთან სტუმრად სიარულს და უბრალოდ, დასვენების საათებს.

შეიძლება ითქვას, რომ მონადირე-შემგროვებლების ცხოვრება წააგავს ჩვენსას, როდესაც შვებულებაში ვართ ხოლმე ბუნების წიაღში, ჩვენს მეგობრებთან ერთად.

როდესაც ამაზე ვფიქრობ, ვრწმუნდები, რომ ეს განსაცვიფრებელია.

10,000 წლის მანძილზე ჩვენს ცივილიზაციაში სოფლის მეურნეობის გაჩენისა და ინდუსტრიის შექმნის შემდეგ, ადამიანებმა უამრავი მექანიზმი შექმნა შრომის ხანგრძლივობის შესამცირებლად, მაგრამ ისე გამოვიდა, რომ შრომის ხანგრძლივობა ამით არ შემცირებულა.

დღეს ადამიანების უმეტესობა მეტ დროს ატარებს სამუშაოზე, ვიდრე მონადირე-შემგროვებლები.

3.თამაშს, როგორც წესი, სოციალური კონტექსტი აქვს – იგი მეგობრებთან ერთად მიმდინარეობს.

ადამიანები, უაღრესად სოციალური (საზოგადოებრივი) ბიოლოგიური ჯიშია.

ჩვენ გვიყვარს სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნა, განსაკუთრებით მათთან, ვისაც კარგად ვიცნობთ; მოგვწონს იმის კეთება, რასაც ჩვენი მეგობრები აკეთებენ. მონადირე-შემგროვებლებიც ჩვენ მსგავსად უაღრესად სოციალურ ცხოვრების წესს მისდევენ. მათი აქტივობების უმეტესობა საჯაროა.

მათი სამუშაოს უდიდესი ნაწილი თანამშრომლობით კეთდება. ისეთი სამუშაოც კი, რომელიც ინდივიდუალურ შრომას გულისხმობს, საზოგადოების წიაღში სხვების თანდასწრებით სრულდება… და იმის გამო, რომ მონადირე-შემგროვებლები ძალიან მობილური საზოგადოებაა – ისინი, ვისაც არ მოსწონს თავისი ტომი, სოფელი ან საზოგადოება, ხშირად მეზობელ საზოგადოებასა და ჯგუფს უერთდება და იქ პოულობს მეგობრებს. ფაქტობრივად, მონადირე-შემგროვებლების ჯგუფები მართლაც „სამეგობრო“ ჯგუფებია.

ზოგადად, ის აქტივობები, რომლებსაც ჩვენ, ადამიანები მეგობრებთან ერთად ან ერთობლივად,  კოლეგებთან და თანამშრომლებთან ან სხვა პირებთან ერთად ვასრულებთ, უფრო თამაშის ნიშნითაა აღბეჭდილი, ვიდრე ის საქმიანობები, რომელსაც მარტო ვაკეთებთ.

მამაკაცები, ჩვეულებრივ, გუნდურად ნადირობენ. იგივე ეხება ქალებსაც, რომლებიც საკვების შესაგროვებლად ან ველური ბუნების მოსავლის ასაღებად, ასევე ჯგუფურად მიდიან.

ქალების ერთად შრომის შესახებ ვანენბურგი აღნიშნავს შემდეგს: „ჯუ-ჰოანსის ხალხის ტომებში, ყველა შემგროვებლური ექსპედიცია-ღონისძიება, სახალისო და გასართობ მოვლენად ითვლება“.

ალფ ვანენბურგი ასევე წერს შემდეგს: „ჯუ-ჰოანსის ბუნებრივი ნიჭის დამსახურებით, ნებისმიერი დღიური სამუშაო სოციალურ მოვლენად გადაიქცევა ხოლმე – ეს ექსპედიციები უფრო პიკნიკებს წააგავს, ბავშვების თანხლებით“.

  1. მონადირე-შემგროვებლების შრომა თამაშის მსგავსია, იმიტომ, რომ ყოველი ადამიანი თვითონ ირჩევს, როდის და როგორ გააკეთოს საქმე, ან საერთოდ, გააკეთოს თუ არა.

ახლა, შეიძლება ითქვას, რომ მივადექით თამაშის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს – არჩევნის შეგრძნებას.

როგორ ინარჩუნებენ მონადირე-შემგროვებლები არჩევნის გრძნობას იმ სამუშაოს შესახებ, რომელსაც აკეთებენ?

რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ მონადირე-შემგროვებლების ცხოვრების წესიდან გამომდინარე, შრომა ვერ იქნება თავისუფალი ნების საკითხი. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ მათ ჯგუფურად უწევთ ნადირობა, შეგროვება, იარაღების დამზადება, საცხოვრებლის შენება და სხვა საქმიანობა.

მიუხედავად ამისა, უმეტესწილად, ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერ დღეს, გადაწყვეტილება მონაწილეობის თაობაზე მის არჩევნად რჩება.

როგორც ადრე მოგახსენეთ, მონადირე-შემგროვებლები ყველგან გულმოდგინებით იცავენ პერსონალური ავტონომიის ეთიკას. ისეთი გულმოდგინებით, რომელიც საზოგადოების სტანდარტებით რადიკალურად გამოიყურება.

მაგალითად, მათთვის წესია, არაფერი თქვან (ან არაფერი მიუთითონ) სხვის ქცევაზე, შრომის დროს თუ სხვა სოციალურ კონტექსტში. ნებისმიერი ადამიანი საკუთარი თავის უფროსია.

მონადირე-შემგროვებლების სოფელში, სანადირო ან საშემგროვებლო ექსპედიცია, შეიძლება ნებისმიერ დღეს შეიკრიბოს.

ნადირობისა და შეგროვების ქსპედიციაში მხოლოდ ისინი იღებენ მონაწილეობას, ვისაც ეს სურს იმ კონკრეტულ დღეს.

სანადირო თუ საკვების შეგროვების ამოცანას ჯგუფი კოლექტიურად წყვეტს და კოლექტიურადვე დგება ამოცანის განხორციელების სტრატეგია და ტაქტიკა.

ნებისმიერი პირი, ვისაც არ მოსწონს მიღებული გადაწყვეტილება, უფლებამოსილია, შეკრიბოს სხვა ჯგუფი, წავიდეს მარტო სანადიროდ (ან შესაგროვებლად), ან მთელი დღით  დარჩეს ბანაკში, ან აკეთოს ის, რაც სხვებს ხელს არ შეუშლის.

მონადირე-შემგროვებლებში არ არსებობს სასჯელი არმონაწილეობისთვის.

პირი, რომელიც არ იღებდა მონაწილეობას ნადირობაში, შეგროვებასა თუ სხვა აქტივობაში, კვლავ მიიღებს ნადავლის წილს.

ასეთი სტრატეგიის გამოყენებით, მონადირე-შემგროვებლები თავიდან იცილებენ იმ ზარალს/დანაკლისს, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ვინმეს დაძალებით ყოფნამ ჯგუფური საქმიანობის დროს.

გარდა ამისა, ამ სტრატეგიით, ტომის ყველა წევრს აქვს იმის განცდა, რომ ნადირობა ან შეგროვების ექსპედიცია თამაშია.

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ დღეს, ტომის ყველა წევრს შეუძლია შეუერთდეს შეგროვების ჯგუფს, წავიდეს მეგობართან სხვა სოფელში/ბანაკში, ან უბრალოდ დარჩეს თავის ბანაკში და დაისვენოს, იმის მიხედვით, თუ რისი კეთება სურს ან არ სურს მას.

აღსანიშნავია, რომ ასეთი თავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს დიდი ხნის განმავლობაში უქმად ყოფნა შეუძლია. თუმცა ასეთი შემთხვევები უაღრესად იშვიათია ან საერთოდ არ ხდება.

ბევრად უფრო სახალისოა სხვებთან ერთად სანადიროდ წასვლა ან საკვების შეგროვება, ვიდრე მთელი დღეები ბანაკში უქმად ყოფნა.

ის გარემოება, რომ შრომა ნებისმიერ დროს პირის არჩევანზეა დამოკიდებული და მის მიერვეა მართული, შრომას თამაშის ხასიათს სძენს.

დარწმუნებული ვარ, რომ საკვების მოპოვების ან სხვა საქმის შესრულების აუცილებლობა უბიძგებს ადამიანებს, რომ საქმე გააკეთონ, თუმცა აუცილებლობის შეგრძნება ყოველდღიურობაში დომინანტური არ არის, რაც, თავის მხრივ, არ არღვევს თამაშის შეგრძნებას.

ვფიქრობ, მონადირე-შემგროვებლების ცხოვრების საოცარი სტილი, გამომდინარეობს ამოცანების გადაწყვეტის უნარიდან და აუცილებლობიდან, ყოველი ადამიანის თავისუფალი არჩევნის მაქსიმალურად გათვალისწინებით, რაც თამაშის სულისკვეთების შენარჩუნების აუცილებელი პირობაა.

მონადირე-შემგროვებლები ამოცანების შესრულებას აღწევენ ყველაფრის გაზიარების განსაკუთრებული სურვილით, რაც აქრობს ყველა კავშირს შრომასა და სასიცოცხლოდ აუცილებელ საჭიროებებს შორის.

თვით ყველაზე დახელოვნებული და წარმატებული მონადირეები თუ შემგროვებლები, იღებენ იმდენს, რამდენსაც ბანაკის სხვა წევრები.

ალბათ იგრძენით, ამ განსხვავებული დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, რომელიც უცხოა ჩვენთვის!

ჩვენთან, როცა ვინმეს მეტის კეთება შეუძლია, ასეთ დროს შრომის თანაბარი გადანაწილება, ფაქტობრივად ცოდვის ტოლფასია. მაგრამ ეს იმის გამო ხდება, რომ ჩვენ, შრომას, მხოლოდ „მძიმე საქმედ“  აღვიქვამთ.

თუ ვინმე ზარმაცობს და არ შრომობს, მას არაფერი ეკუთვნის! ეს ჩვენი სამართლის კონცეფციაა.

მაგრამ ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ შრომა, რომელსაც ვეწევით, თამაშია. ეს არის აქტივობა, რომელსაც იმიტომ მივდევთ, რომ ეს სახალისო და სასიამოვნოა.

ასეთი დამოკიდებულებით, შეიძლება ვიკითხოთ: რატომ უნდა მიიღოს თამაშიდან სხვებზე მეტი მან, ვინც მასში ყველაზე მოხერხებულია და ყველაზე მეტად მოსწონს მასში მონაწილეობა?

ეკონომისტებისა და ქცევის ფსიქოლოგიის წარმომადგენელთა უმეტესობა დაახლოებით მსგავსად ფიქრობს – მათთვის ცხოვრება გაცემა-მიღების, შემოსავალ-გასავლისა და მცდელობა-საჩუქრის სქემით განიხილება.

ამ თვალსაზრისით შრომა ის ქმედებაა, რომლის მეშვეობთაც რაღაც სიკეთეებს იღებ. თუ ვინმე შრომის გარეშე იღებს სიკეთეს, ნიშნავს, რომ აქ რაღაც არასწორია.

იგივე ფსიქოლოგები და ეკონომისტები ამბობენ, რომ ასეთია ადამიანის ბუნება. მაგრამ ისინი ცდებიან.

რაც კაცობრიობა არსებობს, მონადირე-შემგროვებლები ადრეც ისევე ცხოვრობდნენ, როგორც დღეს – გაწეული შრომისათვის არ იღებენ ჯილდოს – და ეს წარსული სოფლის მეურნეობის გაჩენამდე ასობით ათას წელს მოიცავს.

მონადირე-შემგროვებლები ცხოვრებას არ განიხილავენ ხარჯი-მოგების პრიზმაში. პირიქით, ისინი ცხოვრებას უყურებენ როგორც სახალისო თავგადასავალს. მათი შეხედულებით, ადამიანი საქმეებს აკეთებს სიამოვნებისთვის, თანაბრად უნაწილებს მონაგარს ყველას, ვისაც იცნობს, მიუხედავად იმისა, გაწიეს თუ არა ამ ადამიანებმა შრომა.

ზუსტად ამ დამოკიდებულების გამო, ადამიანები საკუთარი სურვილითა და ხალისით ასრულებენ საქმეს და ეს ყველაფერი, ამავე დროს, თამაშის ნაწილია.

ასეთი ცხოვრების წესზე ფიქრისას გასათვალისწინებელია, რომ ეს ყველაფერი ემყარება ნდობას.

მონადირე-შემგროვებლებს უბრალოდ სჯერათ, რომ, თუ შრომა თამაშია, თუ ადამიანებს კეთილგანწყობით ეპყრობი და პატივს სცემ მათ გადაწყვეტილებებს, ადამიანების უმრავლესობა სიამოვნებით მიიღებს მონაწილეობას და შეიტანს თავის წვლილს ჯგუფის საქმიანობაში, როგორც შეუძლიათ.

მე არ გთავაზობთ მონადირე-შემგროვებლების მიდგომის იმპორტს დღევანდელობაში, რადგან მიმაჩნია, რომ ეს შეუძლებელია. მაგრამ ამავე დროს, დარწმუნებული ვარ, რომ მონადირე-შემგროვებლების მიდგომებისა და მათი მსოფლმხედველობის გათვალისწინება ყველა ჩვენგანის ცხოვრების ზოგიერთ სფეროს გააკეთილშობილებს.

პირადად მე, როდესაც საქმეს სხვებთან ერთად ვინაწილებ, არაფერი მაქვს იმის საწინააღმდეგო, რომ სხვებზე მეტი ვაკეთო, ყოველგვარი ზედმეტი ჯილდოს გარეშე.

მგონია, რომ თამაშისგან მიღებული სიკეთე, თვითონ თამაშის პროცესში მდგომარეობს და არა თამაშის შედეგში.

 

განათლება თურქეთში

0

თურქეთში ამბობენ ხოლმე: „ჩვენს განათლების სისტემას ორი პრობლემა აქვს: პირველი – სისტემა, მეორე – განათლება“. თუმცა, თუკი ბოლო საუკუნის პრიზმიდან შვაფასებთ ქვეყნის განათლების განვითარების მასშტაბს, აქ მომხდარი ცვლილებები ნამდვილად გაგვაოცებს. დღეს თურქეთში ძალიან ბევრი სკოლა, კოლეჯი და ლიცეუმია, ასევე – ორასამდე უნივერსიტეტი, სადაც 4,5 მილიონი სტუდენტი სწავლობს. სხვადასხვა რეიტინგით, სულ ცოტა, შვიდი თურქული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესოთა ასეულსაც ამშვენებს.

სავალდებულო სწავლების პერიოდი წლიდან წლამდე იზრდება, მაგალითად, 1997 წლამდე სავალდებულო სწავლება 5-წლიანი იყო, 2012 წლამდე – 8-წლიანი. ამჟამად ეს პერიოდი ევროპულ სტანდარტს მიესადაგება და 12 სასწავლო წელს მოიცავს.

5 წლის წინ თურქეთში გატარდა განათლების სისტემის რეფორმა, რომლის შედეგადაც ამოქმედდა ახალი ფორმულა 4+4+4 – ბავშვი 4 წელი დაწყებით სკოლაში სწავლობს, 4 წელი – საშუალო სკოლაში, 4 წელს კი უფროს კლასებში ატარებს. სწავლების პირველი ოთხწლიანი ეტაპის შემდეგ ბავშვს შეუძლია, სწავლა რელიგიურ სემინარიაში გააგრძელოს და სრული განათლება იქ მიიღოს. თურქეთში სასწავლო წელი 15 სექტემბერს იწყება და ივნისის შუა რიცხვებამდე გრძელდება.

სკოლაში მისვლამდე, სამი წლიდან, ბავშვებს ორი ტიპის განათლებას სთავაზობენ – სკოლამდელს (okul öncesi) და საბაზოს (ana okulu). საბაზო სკოლაში სწავლების პროგრამას თავისი იდეური დატვირთვა აქვს. სიტყვა „Ana“ დედას ნიშნავს. ეს მოსამზადებელი კურსები იმისთვის არსებობს, რომ ბაღი ნელ-ნელა ჩაენაცვლოს დედასთან/მშობლებთან ურთიერთობას. აქ ბავშვებს ასწავლიან თურქულ და ინგლისურ ენებს, მათემატიკას და მუსიკას. პროგრამა დამოკიდებულია იმაზე, სახელმწიფოა ბაღი თუ კერძო. კერძო ბაღების რაოდენობა დიდია და აქ სწავლაც ძვირი სიამოვნებაა.

Ilkokulu დაწყებითი სკოლაა. ის შეიძლება იყოს კერძოც და სახელმწიფოც. სახელმწიფო სკოლაში სწავლა უფასოა, უფრო სწორად, პირობითად უფასო, რადგან მშობლებს მაინც უწევთ გადახდა – სახელმძღვანელოების, ფორმის, პროექტორის, კარადის, კომპიუტერის, დამლაგებლის ფულსაც კი ისინი აგროვებენ. კლასში შეიძლება 50 მოსწავლე იჯდეს. დიდი პრობლემაა სკოლის შენობებიც, რომელთა უმეტესობა სავალალო მდგომარეობაშია. ბევრ სკოლას არ გააჩნია სასადილო, აქვს მხოლოდ ბუფეტი, სადაც სენდვიჩების გარდა არაფერი იყიდება. მასწავლებლები თვითონ მიუთითებენ მშობლებს, რა სახის ლანჩი გამოატანონ ბავშვებს შინიდან. სახელმწიფო ასეთ სკოლებში მხოლოდ გათბობის საფასურს და მასწავლებლის ხელფასებს იხდის. თუ გაგიმართლა, შეიძლება, თანხა რემონტისთვისაც გამოიყოს, თუ არადა ფულის შეგროვება ისევ და ისევ მშობლებს მოუწევთ.

სახელმწიფო სკოლებისთვის ისიცაა დამახასიათებელი, რომ მათ არ გააჩნიათ სპორტდარბაზები. დაწყებით სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილები არ ტარდება. ბავშვებს მხოლოდ სკოლის ეზოში ასეირნებენ. სპორტი სასკოლო ცხოვრებაში საშუალო სკოლაში შემოდის.

თუ სურვილი და შესაძლებლობა გაქვს, შეგიძლია, ბავშვი კერძო სკოლაში – kolej-ში ატარო. ასეთი სკოლა ბევრია. მასწავლებლების უმეტესობა უცხოელია. აქა-იქ წააწყდებით ადგილობრივი უმცირესობებისთვის – ბერძნებისთვის, სომხებისთვის, ებრაელებისთვის განკუთვნილ სკოლებსაც.

თურქეთში ბევრია გარკვეული ისტორიის მქონე კოლეჯიც, რომლებიც მე-20 საუკუნის დასაწყისში ფრანგებმა, იტალიელებმა, გერმანელებმა და ამერიკელებმა დააარსეს. სასწავლო პროცესი სკოლის დამაარსებელთა ენაზე მიმდინარეობს.

ყველა სკოლას – კერძოს თუ სახელმწიფოს – სერვისების სისტემა აერთიანებს. გაკვეთილების დაწყებამდე ბავშვებს მინიავტობუსები ჩამოუვლის და საღამოს ისევ უკან აბრუნებს. სხვათა შორის, ასეთივე ტრანსპორტით ბევრი ზრდასრული, ოფისებში მომუშავე თურქი სარგებლობს. საქმე ის არის, რომ დიდ ქალაქებში, ვთქვათ, სტამბულში, ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მიაღწევ, რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა გიწევს, ამიტომ ყველა სარგებლობს სერვისების სისტემით. მშობლებისთვის მინიავტობუსების მომსახურება დიდი შვებაა.

საშუალო სკოლაში – Ortaokul-ში გადასასვლელად აუცილებელია გამოცდის ჩაბარება, ისევე როგორც 4 წლის შემდეგ. თეორიულად სკოლაში მუშაობს პროგრამა „მოსწავლეზე ორიენტირება“, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი იქით არის მიმართული, რომ ბავშვი მშვიდობიანად გადავიდეს საშუალო სკოლაში და ამისთვის ნორმალურად ჩააბაროს გამოცდა.

მეექვსე კლასიდან ყველა მოსწავლის საშუალო წლიურ ქულას ცალ-ცალკე ითვლიან. სწორედ ამ ქულაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. გამოითვლიან საშუალო ქულას, შეაჯამებენ, მერე კი მას გამოცდაზე მიღებული ქულები ემატება. რაც უფრო მაღალია საბოლოო ქულა, მით უკეთესი lise – უმაღლესი სკოლა ელის მოსწავლეს და ფართოა არჩევანი. არსებობს ლიცეუმთა რეიტინგი, რომელშიც მითეთებულია, რამდენი ქულა გჭირდება ამა თუ იმ სასწავლებელში ჩასაბარებლად.

თურქეთში ლიცეუმებიც კერძოა ან სახელმწიფო. მაგალითად, სტამბოლში ბევრი კერძო ლიცეუმია – ულამაზესი შენობები ბოსფორის პირას ან მდიდარ რაიონებში. აქ სწავლა ძვირია, მაგრამ პრესტიჟული. ერთი წლის შემდეგ ირჩევ სპეციალიზაციას: მეცნიერებას, ლიტერატურას, სოციოლოგიას, – თუმცა ეს არჩევანი უკვე არა ქულების რაოდენობაზე, არამედ პირად სურვილზეა დამოკიდებული.

ლიცეუმის ძირითადი დანიშნულებაა მოსწავლეთა მომზადება საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდებისთვის. პირველი (ზოგადი) გამოცდა მარტში ტარდება, მეორე (ძირითადი) – ივნისში. სკოლის იმედი, როგორც წესი, იშვიათად თუ აქვს ვინმეს, ამიტომ მოსწავლეები მოსამზადებელ კურსებს ესწრებიან.

მისაღები გამოცდები ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია თურქი ახალგაზრდის ცხოვრებაში. უმაღლესი განათლება აქ ჯერ კიდევ ელიტურად მიიჩნევა და ფასობს. ყველას არ აქვს მისი მიღების საშუალება. გარდა ამისა, უნივერსიტეტებში არ არის საკმარისი ადგილი ყველა მსურველისთვის. იქ მოხვედრა ახალგაზრდების მხოლოდ მესამედს შეუძლია. უმაღლესი განათლების მქონე და არმქონე ადამიანებს შორის არსებული უფსკრული იმდენად დიდია, რომ გამოცდების დღეს ბევრი სტუდენტი საკმაოდ ძლიერ სტრესს იღებს.

მოსწავლეებს შეუძლიათ, სხვადასხვა უნივერსიტეტში 18 ფაკულტეტი შეარჩიონ. გამსვლელი ქულების რაოდენობას ყველა ფაკულტეტი წინასწარ აცხადებს, მერე კი სისტემა ავტომატურად ანაწილებს მოსწავლეებს ფაკულტეტებზე მათი შედეგების მიხედვით. ადგილები შეზღუდულია, ამიტომ საბოლოოდ სად და რას ისწავლი, დამოკიდებულია არა მარტო იმაზე, რამდენად გონიერი და კარგად მომზადებული ხარ, არამედ იღბალზეც.

რაც შეეხება რელიგიურ სკოლებს, აქ სწავლა შესაძლებელია რვაწლიანი განათლების შემდეგ. ნაკლებად შეძლებული ოჯახისთვის, რომელსაც ბავშვის ლიცეუმში მიბარება არ შუძლია, ასეთი სკოლები ერთადერთი გამოსავალია.

რელიგიას სახელმწიფო სკოლებშიც სწავლობენ და კერძოებშიც. შეისწავლიან მსოფლიოს რელიგიებს, მაგრამ აქცენტი ისლამზე დაისმის. რელიგიის გაკვეთილები თურქულ საზოგადოებაში ხშირად წარმოშობს დებატებს, განსაკუთრებით – თანამედროვე, ნაკლებად რელიგიურ ოჯახებში. მშობლები, რომლებსაც არ სურთ, მათმა შვილმა ბევრი დრო გაატაროს ლოცვაში, ბავშვებს კერძო სკოლაში აბარებენ, თუმცა რელიგიის კულტი იქაც არის – იქაც ლოცულობენ, მღერიან ჰიმნებს და იძლევიან ფიცს, რომ „კარგ თურქებად“ აღიზრდებიან. ისლამისტები გამუდმებით ებრძვიან ათათურქის მიმდევრებს და პირიქით. საზოგადოდ, სკოლებში ნაკლებად საუბრობენ ტოლერანტობაზე.

რელიგიის საკითხებზე ცხარე და ემოციური დისკუსიები ჩრდილავს განათლების სისტემის სხვა პრობლემებს – პედაგოგების დონეს, სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობას, საგნების სისტემას. რამდენიმე წელიწადში ერთხელ განათლების სფეროში რადიკალური ცვლილებები ხდება. ისინი დაბნეულობას იწვევენ და საზოგადოებას მათ მისაღებად და გასააზრებლად გარკვეული დრო სჭირდება. იმავდროულად, თურქეთი ევროპაში ყველაზე ახალგაზრდა ქვეყანაა. მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი 18 წლამდე ასაკისაა. თურქეთის ისტორიაში ახალი თაობა ყველაზე პროგრესულია, განათლება დიდ როლს ასრულებს მათ და ქვეყნის მომავალშიც.

 

ყველაზე მაგარი ძიძა, ყველაზე წესიერი ძროხა და ყველაზე ჭკვიანი კატა ერთ წიგნში

0

ხმამაღლა არასდროს არავის არაფერს უამბობდა და ამიტომ  არავინ იცოდა რას ფიქრობდა; არ იძლეოდა ახსნა-განმარტებებს, რის გამოც მასთან კამათი არ ღირდა; რადაც არ უნდა დაჯდომოდა, დანაპირებს აუცილებლად შეასრულებდა; შეუძლებელი იყო, დიდსა თუ პატარას მისთვის შეეხედა და არ დაეჯერებინა; მისი მრისხანე მზერა ვის არ დაუკარგავდა სიცილის გუნებას!.. ასეთი გახლდათ პამელა ტრავერსის გამოგონილი ძიძა მერი პოპინსი – სრულყოფილი ქალბატონი, რომელშიც „რაღაც უცნაური და არაჩვეულებრივი იმალებოდა, ადამიანს ერთდროულად შიშსაც რომ ჰგვრიდა და სიამესაც.“

***

ჩვენი ბავშვობისდროინდელი წიგნები, ვინ მოთვლის, რამდენ მოგონებასა თუ ოცნებას ინახავს, ამიტომაც გვიძნელდება მათ შესახებ მარტივად საუბარი, წასაკითხად მოკლე რეკომენდაციის ჩამოყალიბება. თაროდან გადმოვიღებთ, გადავფურცლავთ, თვალს გადავაავლებთ და მოზღვავებული ემოციების გარშემომყოფებისთვის გაზიარება გვინდება, გვსურს, ყოველი წინადადების დასაწყისში ერთი შეკითხვა დავუსვათ დიდსა თუ პატარას: „გახსოვთ?.. გახსოვთ?..“ რა თქმა უნდა, უამრავი კარგი წიგნი გვახსოვს და გვეგულება, მაგრამ დღეს, როგორც უკვე მიხვდით, „მერი პოპინსზე“ ვისაუბრებთ.

გახსოვთ:

  • ანთა-ხალიჩა – ყველას ცარიელი რომ ეგონა, მერი პოპინსს კი იქიდან წამებში ამოჰქონდა: გახამებული თეთრი წინსაფარი, ხელის საპონი, კბილის ჯაგრისი, თმის სარჭები, სუნამო, დასაკეცი საწოლი ბუმბულის საბნითა და თხელი გადასაფარებლითურთ, სამი ფლანელის ღამის პერანგი, სამიც ტილოსი, წყვილი ფეხსაცმელი, დომინო, ორი საბანაო ქუდი, ღია ბარათების ალბომი, თუთიყუშისსახელურიანი ქოლგა და ხველის საწინააღმედეგო აბები?..
  • მისტერ პარიკი – ჩამრგვალებულ-ჩასუქებული მელოტი კაცი, პირში სიცილის ჭია რომ უძვრებოდა, გამამხიარულებელი აირით ავსებდა და მიწაზე აღარ აჩერებდა?..
  • მის ლარკი – აურაცხელი საყურითა და მძივით მორთული, პოლკის ორკესტრივით ჟღრიალ-გრიალით რომ დაიარებოდა?..
  • პატარა, ფუმფულა ძაღლი ედმონდი – სპარსეთის შაჰივით საძინებლის აბრეშუმის ბალიშებზე რომ ანებივრებდნენ, საპარიკმახეროებში ავტომობილით დაატარებდნენ, ის კი სულის სიღრმეში მაინც ეზოს ძაღლობაზე ოცნებობდა?..
  • მისის კორისა და მისი გიგანტი ქალიშვილების, ფანისა და ანის უჩვეულო საკონდიტრო? და იმ სკონდიტროში ნაყიდი ჯანჯაფილის თაფლაკვერები ბრჭყვიალა ქაღალდის ვარსკვლავებით, ღამღამობით ცაზე რომ აწეპებდნენ?..
  • ჯეინისეული პერფორმანსი – ვითომ ჩიტი რომ იყო, შვიდი საღი კვერცხი დაედო და ბარტყებს ჩეკავდა (სავარაუდოდ სამ ყვითელს, ორ მურასა და ორ თეთრს)?..
  • სპეციალური თერმომეტრი, ბავშვებისა თუ უფროსების საქციელს რომ აანალიზებდა და ლაკონური დასკვნები გამოჰქონდა: „ქარაფშუტაა და უწესოო,“ „დიდი ანცია და შფოთისთავიო,“ „ჟინიანია და ჩხუბისთავიო,“ „მეტისმეტად ნებიერააო,“ „ყოველხმრივ სრულყოფილიაო?!.“
  • ძილის წინ ჩაის კოვზით დასალევი სითხე, ნებისმიერ ადამიანს მისთვის სანუკვარ გემოს რომ უტოვებდა და ამიტომ ზოგს რძე ეგონა, ზოგს – ხენდროს ნაყენი, ზოგს – დაშაქრული ლიმონის წვენი, მავანს კი რომიანი პუნში?..
  • მუდამ უკმაყოფილო ძიძა იუფიმია ენდრიუ (იგივე ღვთის რისხვა), აურაცხელი ბარგითა და შენიშვნებით, დატყვევებული ტოროლათი და ჭკუის სასწავლებელი გალიით?..
  • მარმარილოს ბიჭი სახელად ნელეი თავისი განუყრელი დელფინით, კითხვის დაუოკებელი სურვილთა და აუხდენელი ოცნებებით?..

მზის სხივების, ხეების, ვარსკვლავებისა და შოშიების ენა თუ გახსოვთ? თუმცა საიდან გემახსოვრებათ, კბილების ამოსვლის შემდეგ ეს ენები ხომ ყველა ადამიანს ავიწყდება (გარდა ერთისა)!.. და რა ხდება ზოოპარკში, ყველანი სახლებში რომ წავლენ-წამოვლენ?.. ან რა იმალება ოქროს ძეწკვზე ჩამოკიდებული მედალიონის ხუფის ქვეშ?..

ვიცი, ბევრი შეკითხვა დაგაყარეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მოგონებები „მერი პოპინსის“ ხელახლა გადაკითხვის სურვილით აგავსებთ. მათ კი, ჯერაც რომ არ წაუკითხავთ ეს წიგნი, აუცილებლად დააინტერესებთ, რა იმალება ამდენი კთხვის ნიშნის მიღმა.

 

კიდევ ორი პერსონაჟი

სათაურში ნახსენებ უწესიერეს ძროხასა და უჭკვიანეს კატაზეც მოგახსენებთ: ისინი იმ ზღაპრების გმირები არიან, მერი პოპინსმა თავის აღსაზრდელებს – ჯეინს, მაიკლს, ბარბარასა და ჯონის რომ უამბო. ამ ორ დამოუკიდებელ ამბავში არა მხოლოდ პატარები, უფროსებიც ბევრ თავშესაქცევ და პიკანტურ პასაჟს აღმოაჩენენ.

პირველი ზღაპარი ერთ დროს დიდებულ, მდიდარ და საუკეთესო საძოვრების მფლობელ წითურ ძროხაზეა, რომელიც ქალაქში დაეხეტება და ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნას ელოდება. დიახ, ისეთივე ვარსკვლავის, უწინ მშვიდი ცხოვრება რომ დაურღვია. იმ ვარსკვლავის, რომელმაც ფრიად პატივსაცემი მანდილოსანი ძროხა ნამდვილი ლედის მანერებით ერთ მშვენიერ ღამით გატაცებით და მოხდენილად ააცეკვა. „ხან პოლკას ცეკვავდა, ხან შოტლანდიურ ჯიგს, ხან რაღაც სრულიად ახალს იგონებდა… თან ფიქრობდა, ღმერთო ჩემო, რა უცნაურია, ასე ვფიქრობდი, ცეკვა უხერხულია-მეთქი, მაგრამ აგერ თვითონ ვცეკვავ, თუმცა ყოველთვის სამაგალითო ძროხა ვიყავიო.“ საბრალოს (თუმცა ეპითეტი „საბრალო“ ამბის დასასრულს სადავო ხდება) ერთი კვირის თავზე ფეხები აღარ ემორჩილებოდნენ, მაგრამ გაჩერებასაც ვერ ახერხებდა. ასე ცეკვა-ცეკვით გასწია მეფისკენ, იმედოვნებდა, სწორი რჩევით დამეხმარებაო… ეს ამბავი თქვენს შვილებთან ან მოსწავლეებთან ერთად წაიკითხეთ და დაასრულეთ. ნახავთ, ცეკვა-ცეკვაში რამდენი პიკანტური დეტალი და სასუბრო თემა გამომჟღავნდება.

არანაკლებ საინტერესო დიალოგებსა და თამაშში ჩაგითრევთ კატასა და მეფეს შორის გაჩაღებული პაექრობა და ამ პაექრობაში გაჟღერებული ქვეტექსტები. მერი პოპინსი მეორე ზღაპარს იმ კატაზე თხზავს, რომელმაც მეფეს შეხედა. მეფეს, რომელსაც „თავი ციფრებითა და ფქტებით ისე ჰქონდა სავსე, როგორც ბროწეულია მარცვლებით გამოტენილი;“ რომელსაც ამ ქვეყნად ყველაფერს ფიქრი ერჩივნა. „შეიძლება ჩათვალოთ, თავისი ხალხის კეთილდღეობაზე ფიქრით იწუხებდა თავსო. არა! აინტერესებდა, ინდოეთში რამდენი ბაბუინია, ან რომელი პოლუსი უფრო დიდია, შეიძლება თუ არა ისწავლოს სიმღერა ღორმა…“ და აი, ერთ მშვენიერ დღეს მეფეს კატა ეწვევა – კატა, რომელიც მის უდიდებულესობას უტიფრად გაუსწორებს თვალს და განუცხადებს, ყველა მეფე ერთნაირიაო!..

ავტორი (ბრიტანელი და საბჭოთა)

ერთი-ორი სიტყვით ავტორზეც მოგახსენებთ – ქალბატონზე, რომელიც ძრითადად მერი პოპინსის შესახებ დაწერილი წიგებითაა ცნობილი. თუმცა მსახიობიც იყო, პოეტიც და ჟურნალისტიც. ერთხელ, პამელა ტრავერსს მოსავლელად ორი ბავშვი დაუტოვეს და სწორედ მათთვის შეთხზა ამბავი ძიძაზე, თუთიყუშისთავიანი ქოლგა რომ ჰქონდა და ჩანთით წარმოუდგენლად ბევრ ნივთს დაატარებდა. ამბავი მალე ზღაპრად იქცა. „მერი პოპინსის“ გამოცემა ტრავერსის პირველი სერიოზული ლიტერატურული წარმატება გახლდათ. მას მოჰყვა კიდევ შვიდი წიგნი („Mary Poppins Comes back, Mary Poppins Opens the Door,“ „Mary Poppins in the Park,“ „Mary Poppins From A to Z,“ „Mary Poppins  in the Kitchen,“ „Mary Poppins in Cherry Tree Lane,“ „Mary Poppins and the House Next Door“). 1977 წელს პამელა ტრავერსს ბრიტანეთის იმპერიის ოფიცრის წოდება მიანიჭეს. მისი ზღაპრები ინგლისურ ოჯახში სამუშაოდ მისულ ძიძაზე კი ბრიტანული საბავშვო ლიტერატურის კლასიკად აღიარეს. წიგნები მერი პოპინსზე თანდათან მრავალ ენაზე ითარგმნა და მთელ მსოფლიოში დაიმსახურა სიყვარული თუ პოპულარულობა.

სიტყვა თარგმანებზე ჩამოვარდა და ქართველი მკითხველისთვის ერთ მტკივნეულ საკითხსაც უნდა შევეხო. საქმე იმაში გახლავთ, რომ პამელა ტრავერსისეული ტექსტები მერი პოპინსის შესახებ ქართულ ენაზე დღემდე არ არის ნათარგმნი. 1960-იან წლებში, რუსმა საბავშვო მწერალმა ბორის ზახოდერმა ტრავერსის პირველი ორი წიგნიდან რამდენიმე თავი ამოარჩია, თარგმნა, მცირედი ცვლილებებიც შეიტანა და გამოსცა. სწორედ ის წიგნი ითარგმნა და გავრცელდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში. სწორედ იმ წიგნს  ვკითხულობთ და ვთავაზობთ დღემდე ჩვენს უმცროს თაობასაც, იმ იმედით, რომ შვიდივე ტომის ზუსტ თარგმანსაც  გავეცნობით ოდესმე. მანამდე კი…

Au revoire!

მიუხედავად ყველაფრისა, ბავშვობაში წაკითხულს დაუვიწყარი გემო და სურნელი ახლავს. მაინც გვყვარს ჩვენი „მერი პოპინსი“ და გულის სიღრეში ისევ ვოცნებობთ ალუბლის შესახვევის N17 სახლში მოხვედრაზე (გზაჯვარედინზე მდგარი პოლისმენის დახმარებით). გვსურს შევიჭყიტოთ ყველაზე პატარა, ფერგადასულ სახლში, სადაც მისის და მისტერ ბენქსები განცხადებას წერენ, ვინაიდან სასწრაფოდ სჭირდებათ „ყველაზე კარგი ძიძა, ყველაზე მცირე ხელფასს რომ დასთანხმდება.“ ვოცნებობთ, იქნებ ისევ დაუბეროს აღმოსავლეთის ქარმა და დედამიწაზე მუქ ლურჯ პალტოსა და ქუდში გამოწყობილი, პაჭუა ცხვირიანი, შავთმიანი, ცისფერთვალება ქალბატონი დაეშვას …

როდესაც შვილებს ან მოსწავლეებს ჩვენს ბავშვობისდროინდელ წიგნს ვურჩევთ, მხოლოდ ამბის წაკითხვას როდი ვთავაზობთ, მასთან ერთად ახალ მიკროსამყაროსაც ვჩუქნით. მერე კი უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს თვალყურისდევნება, როგორ გაივლიან ისინი ჩვენთვის კარგად ნაცნობ გზებს, დაიმახსოვრებენ ორიგინალურ ფრაზებსა და გამოთქმებს, შეიყვარებენ ან დაიწუნებენ პერსონაჟებს… გვაინტერესებს, მათაც ჩვენსავით დასწყდებათ გული, როდესაც მერი პოპინსი იტყვის: „კარგსაც აქვს დასასრულიო?..“ ჩვენსავით დაიჯერებენ, რომ დიდი მოწყენილობის ჟამს უსათუოდ დაუბრუნდებათ ადამიანი, უკანა გზის ბილეთი რომ აიღო და წერილი იმედისმომცემი სიტყვებით დაასრულა: Au revoire!

 

 

 

ჟურნალ “მასწავლებლის” კიდევ ერთი ახალი ნომერი!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2018  წლის მეოთხე   ნომერი, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ,  საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.

ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :

ჟურნალი მასწავლებელი#4

 

სკოლაში დაბრუნების ღელვის დაძლევა მშობლებისა და შვილებისათვის

0

ამ მარტივი რჩევების გამოყენება თავიდან აგარიდებთ დრამას, დაძაბულობასა და დაპირისპირებას 
ბევრი მშობლისა და ზოგიერთი მოსწავლისათვის სკოლაში დაბრუნება შესაძლოა წლის ყველაზე საოცარი დროა. ვისაც დილით ადრე ადგომა, სასკოლო სადილის ჭამა და მონოტონური საშინაო დავალებების კეთება უყვარს, მოუთმენლად ელის სასწავლო წელს, რადგანაც ენატრებათ ახლიდან დაწყება, წინასწარ ტკბებიან ახლის შესწავლის შესაძლებლობით და მოელიან ძველ მეგობრებთან შეხვედრას თუ ახალი მეგობრების შეძენას. მაგრამ ყველას არ უყვარს სკოლა და მათთვის სასწავლო წლის დაწყება შეიძლება განსაკუთრებული სტრესის წყარო იყოს, რაც თავის მხრივ შეიძლება იწვევდეს ღელვას, ფრუსტრაციას და შიშსაც კი.
პირველი ნაბიჯი აკადემიური დაძაბულობისაგან და მოწყენილობის, აპათიის, ბრაზისა თუ გაღიზიანების გარდაუვალი ემოციებისაგან თავის დასაღწევად არის იმის გაცნობიერება, თუ რა იწვევს ღელვას პირველ რიგში. სამწუხაროდ, ადამიანები ცუდად ახერხებენ თავიანთი ჭეშმარიტი მოტივების იდენტიფიცირებას და იმის ახსნას, თუ რატომ ურჩევნიათ მოერიდონ კონკრეტულ გარემოს. თუკი თქვენი შვილებისაგან გესმით, რომ “სკოლა სისულელეა”, “ჩვენ იქ არასოდეს არაფერს ვსწავლობთ” ან “მასწავლებლებს არ მოვწონვარ”, შესაძლოა ეს შენიშვნები თვალის ახვევა იყოს იმისგან ფსიქოლოგიური იზოლირებისთვის, რასაც მოსწავლე ელოდება სკოლის დაწყების შემდეგ. მშობლებს შეუძლიათ სულ ცოტა ხუთი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმა პოტენციურად ნეგატიური სასკოლო გამოცდილების (და შვილებთან 9-თვიანი “ბრძოლის”) თავიდან ასაცილებლად.
შექმენით (შეიმუშავეთ) ზაფხულის დასასრულის განრიგი

ზაფხულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი სიმშვიდეა. მაღვიძარა გამორთულია, მშობლები შვებულებაზე ოცნებობენ, დედლაინებზე ფიქრი შორეული მოგონებაა. აგვისტოს ცხელი დღეები  მინიმალურად უწყობს ხელს რელაქსაციას – გონების მდგომარეობას, რომელიც რადიკალურად განსხვავდება იმისაგან, რაც წარმატებისათვის არის საჭირო სასკოლო წლის განმავლობაში. მაგრამ წარმატების ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტთაგანი როგორც ბავშვებისათვის ასევე ზრდასრულთათვის არის სტრუქტურა და რუტინა. კვლევები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეებს, ვინც წინასწარ ემზადება სასკოლო გამოწვევებისათვის, უფრო პოზიტიური ემოციები აქვთ სკოლასთან დაკავშირებით და აკადემიურადაც უკეთესი მოსწრება აქვთ. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ რაღაც განრიგი თავისუფალი დროის აქტივობების კონკრეტულ დროს განსახორციელებლად, მისცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, დღიურში აღნიშნონ საზაფხულო არდადეგების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ან დაავალოთ მათ გასაკეთებელ საქმეთა სიის წარმოება. ეს ყველაფერი ხელს უწყობს თანამიმდევრობის და სტრუქტურის უნარების განვითარებას, რაც დაეხმარება მათ სასწავლო წლის განმავლობაში.
დასახეთ გონივრული მოლოდინები
მოსწავლეების სტრესის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევი ფაქტორი არის, მათი აღქმა, რომ ვერ გაამართლებენ მშობლების და მასწავლებლების მოლოდინებს. თუკი ბავშვებს (ზრდასრულებსაც) სჯერათ, რომ არ აქვთ საკმარისი ინტელექტუალური შესაძლებლობა წარმატების მისაღწევად, ისინი ხშირად წინ წამოსწევენ ნაკლებ ძალისხმევას და რეზისტენტულები ხდებიან აკადემიური გამოწვევებისადმი. მართალია, მშობლების მხრიდან მნიშვნელოვანია აკადემიურ საკითხებში მხარდაჭერა და საგანმანათლებლო ინტერესის წახალისება, მაგრამ არარეალური სასწავლო მიზნების დასახვამ (მაგ. ყველა საგანში უმაღლესი ნიშნის ან ტესტში მაქსიმალური ქულის მიღება) შესაძლოა უკუშედეგი გამოიწვიოს. მოსწავლეები ხშირად შეცდომით ფიქრობენ, რომ სასკოლო მასალა თითქმის დაუყოვნებლივ უნდა აითვისონ. მშობლებს, ვინც ახსენებს შვილებს, რომ ახალი მასალის შესწავლას დრო და ძალისხმევა სჭირდება, შეუძლიათ შეამსუბუქონ აკადემიური დაძაბულობა. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ არა უშავს თუკი სწავლას ჩავარდნები სდევს თან და უნდა დაუფასდეთ სიმამაცე რაიმეს არცოდნის აღიარებისას.

თავი არიდეთ სხვებთან შედარებას
ერთი მიზეზთაგანი სკოლაში დაბრუნების შიშისა არის ის, რომ მოსწავლეები თავს უარესად მიიჩნევენ, როდესაც სხვებს ადარებენ თავს. შედარების პუნქტები ადგენენ ჩვენი მიზნებისა და ქცევის საზღვრებს. ბავშვები ხშირად შეადარებენ თავს უფრო გონიერ ან უფრო პოპულარულ თანაკლასელებს და თავს უარესად მიიჩნევენ, რაც თავის მხრივ სოციალურ შფოთვას წარმოშობს. და, პირიქით, უარყოფითმა შედარებამ შესაძლოა გამოიწვიოს მოსწავლის ფიქრი, რომ ის უკეთესია, თუმცა ეს აძლევს მას აკადემიური აღმატებულობის ყალბ გრძნობას. მშობლებს შეუძლიათ წაახალისონ შვილები, თუკი მათივე წარსულთან (ქცევებთან, მიღწევებთან) შეადარებენ. როდესაც ბავშვი მიხვდება, რომ გამოსწორდა წარსულ წლებთან შედარებით, მათ გაუჩნდებათ სიამაყის და მიღწევის განცდა, რაც თავის მხრივ დაეხმარება მას მოახდინოს სკოლის ასოცირება უფრო პოზიტიურ ემოციებთან, ვიდრე იმედგაცრუებასა და წარუმატებლობასთან.
ყურადღება გაამახვილეთ პოზიტივზე
რა გასაკვირია, რომ ბევრისათვის სკოლაში დაბრუნება ნიშნავს ადრე ადგომას, კონცენტრაციას, რომელიც ძალისხმევას მოითხოვს და ნაკლებ თავისუფალ დროს მათთვის სასურველი აქტივობებისათვის. მაგრამ სკოლა ასევე იძლევა შესაძლებლობებს, რომლებიც შესაძლოა არ არსებობდეს ზაფხულის განმავლობაში. სკოლაში დაბრუნება ხშირად ნიშნავს მეგობრებთან მეტ ურთიერთობას და სოციალიზაციას, სკოლის კლუბებში, სპორტულ ღონისძიებებსა და ეკსკურსიებში მონაწილეობის მიღებისა და, რა თქმა უნდა, რაიმე ახლის სწავლის შესაძლებლობას. ნევროლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ახალი უნარების და შესაძლებლობების შეძენა იმის მსგავს შეგრძნებებს აძლევს ჩვენს ტვინს, რასაც განვიცდით ფულის მოგების თუ ჯილდოს მიღებისას. შესაბამისად, მშობლებს აქვთ შესაძლებლობა გადაანაცვლონ მოსწავლის განწყობა სკოლის სასიკეთო მხარეებისაკენ, რომლებიც შეიძლება შეიცავდეს ან არ შეიცავდეს აკადემიურ მხარეს. თუკი მოსწავლეს სწამს, რომ სასკოლო ჩართულობით რაიმე პრაქტიკული სარგებელი ექნება, მისი  სკოლაში სიარულის  მოტივაცია შესამჩნევად გაიზრდება.
უზრუნველყავით ემოციური და აკადემიური მხარდაჭერა
პოპულარული რწმენის საწინააღმდეგოდ, სკოლაში წარმატება არ არის ინდივიდუალური ძალისხმევა, როცა მოსწავლე ექსკლუზიურ პასუხისმგებლობას იღებს მისსავე შედეგებზე. მიღწევა სამმხრივი ძალისხმევაა, რომელიც განსაკუთრებით წარმატებულია როცა მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები ინაწილებენ ჩართულობას და ერთად აგებენ პასუხს მოსწავლის სწავლის შედეგებზე. პასუხისმგებლობა იწყება წახალისებით, მაგრამ ასევე მოიცავს პოზიტიური ქცევ(ებ)ის (წიგნების კითხვა, საჭიროების შემთხვევაში საშინაო დავალებაში დახმარება) მოდელირებას. მშობლებმა თავი უნდა არიდონ სწავლის შედეგების (ნიშნების) განსჯას ან მოსწავლის დამცირებას საეჭვო ძალისხმევის ან აკადემიური ინტერესის არქონის გამო. საჭიროა რეალისტური და მხარდამჭერი უკუკავშირი უნარების განვითარებასა და პოტენციალის რეალიზებაში დასახმარებლად. წარმატებას მარტო ვერავინ აღწევს.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/us/blog/motivate/201808/how-cure-back-school-anxiety-parents-and-kids

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...