შაბათი, აპრილი 11, 2026
11 აპრილი, შაბათი, 2026

ვახტანგ ჯავახაძე: პირველი წიგნი პასპორტივითაა

0

ვახტანგ ჯავახაძესთან – ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოეტთან – აგვისტოს ცხელ დღეს სტუმრობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული ამბავი იყო. ჯერ ჩემთვის, სხვისთვის გაუმხელად. ვოცნებობდი „ელეგიისა“ და „უცნობის“ ავტორთან პირადად შეხვედრაზე, ყველა იმ კითხვის დასმაზე, რაც ყოველდღიურად მიტრიალებდა გონებაში. მას შემდეგ კი, რაც პროექტი „პირველი წიგნი“ დავიწყეთ, ერთ-ერთი მთავარი და სასურველი ადრესატი ჩემთვის სწორედ ვახტანგ ჯავახაძე იყო. საბურთალოზე, ყაზბეგისა და ასათიანის ქუჩების კუთხის ერთ მყუდრო ბინაში ჩვენი საუბარიც პირველი წიგნის გახსენებით დაიწყო:

ზოგადად, თავისი პირველი წიგნით ავტორთა უმეტესობა უკმაყოფილოა. მაგალითად, გალაკტიონ ტაბიძის პირველი და მეორე წიგნები, როგორც ცა და მიწა, ისე განსხვავდება ერთმანეთისგან. გალაკტიონმა პირველი წიგნი გამოსცა 1914 წელს – ეს იყო ჩვეულებრივი ლექსების კრებული, აკაკი წერეთლის გავლენით დაწერილი; აკაკი მაშინ უპირობო ავტორიტეტად იყო მიჩნეული პოეზიაში. ხუთი წლის შემდეგ გალაკტიონმა გამოსცა ისეთი წიგნი, რომელმაც, თვითონ როგორც ამბობს, ყალყზე დააყენა პოეზია და შექმნა ახალი პოეტური სამყარო. ეს, რა თქმა უნდა, გამონაკლისია და ასეთი შემთხვევა ქართულ ლიტერატურაში მანამდე არ ყოფილა; მწერლების უმეტესობისგან მსმენია, რომ ბევრს არ მოსწონს თავისი პირველი წიგნი, რადგან როცა პოეტი იბეჭდება პრესაში, უჩნდება სურვილი, რაც შეიძლება მალე გამოსცეს წიგნი და ეტყობა, სულმოკლეობა სძლევს. მაგალითად, ვიცი, რომ ბორის პასტერნაკს არ მოსწონდა თავისი პირველი წიგნი, თუმცა შემდგომ, იმ პირველ წიგნში დაბეჭდილი ლექსები შეიტანა მომდევნო გამოცემებში, მაგრამ თითქმის ყველა ჩაასწორა, როგორც ჩანს, რაღაცები არ მოეწონა. რაც შეეხება ჩემს პირველ წიგნს – „საყვარელი ქარები“ – გამოიცა 1959 წელს მურმან ლებანიძის რედაქტორობით. მურმანი ჩემი მეგობარი იყო. ამ წიგნში, ახლა გულდასმით გადავამოწმე, 51 ლექსია თავმოყრილი. შემდეგ დაიბეჭდა მეორე წიგნი, მესამე… შვიდი წლის შემდეგ კი, 1966 წელს შევკრიბე და რჩეულივით გამოვეცი მცირე ზომის კრებული, სადაც ამ პირველი წიგნიდან მხოლოდ 20 ლექსი ამოვარჩიე. მაშასადამე, ნახევარზე მეტი არ მომეწონა. გამოდის, რომ ჩემი წიგნის ნახევარი არ მომწონს.

სხვათა შორის, ლექსად დაწერილი მაქვს სწორედ ასეთი რჩევა ახალგაზრდა პოეტებისა და მწერლებისათვის: როდესაც დაგიგროვდებათ ლექსები, თუნდაც – 50, მოამზადეთ ეს წიგნი ტექნიკურად, დაალაგეთ, ააწყვეთ, ოღონდ გამოცემის წინ თავი შეიკავეთ, არ დაბეჭდოთ. ამის შემდეგ, თუ კიდევ გააგრძელებთ ლექსის წერას და კვლავაც დაგიგროვდებათ 50 ლექსი, აი, ის ლექსები, ანუ მეორე წიგნი გამოეცით, როგორც პირველი კრებული. თუმცა აქაც არის გამონაკლისები. მაგალითად, არიან პოეტები, რომლებიც თავიანთი საუკეთესო ლექსებით იწყებენ შემოქმედებით ასპარეზზე გამოსვლას – ეს ჩემი რჩევა არ გამოდგებოდა მუხრან მაჭავარიანის შემთხვევაში… ანა კალანდაძემაც თავისი საუკეთესო ლექსებით დაიწყო… მაგრამ ხომ არის პოეტების უმრავლესობა, რომელთათვისაც, ვფიქრობ, ჩემი რჩევა ანგარიშგასაწევი და სასარგებლო უნდა იყოს. მისი წერის პროცესში, ეტყობა, ჩემი მდგომარეობაც გავითვალისწინე.

– სულ პირველი ლექსი და თქვენი ასოციაციები ქუთაისისადმი.

პატარა ქვეყნის შვილები ვართ და ჩვენი კუთხეები ძალიან უნდა გვიყვარდეს. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ბევრი ლექსი მაქვს დაწერილი ქუთაისზე. ერთ-ერთი ძალიან მიყვარს და ხშირად ვკითხულობ: „სადაც შემხვდება ქუთაისის მატარებელი“. ხშირად ქუთაისურ სიზმრებს ვნახულობ, მაგრამ იშვიათად ჩავდივარ. ბოლოს ვიყავი 2012 წელს. მერე ვეღარ მომიხერხდა. ვიყავი იმ ადგილას, სადაც ჩვენი ძველი სახლი იდგა, რომელიც გავყიდეთ და თბილისში გადმოვედით. ბოლო ჩასვლისას იმ ოჯახში მივედი, ჩვენს კარმიდამოში რომ სახლობენ. ძალიან თბილად მიმიღეს, ფოტოები გადავიღე იქ. ყოველი დათვალიერებისას თითქოს ჩემს ქუჩაზე, ჩემს სახლში ვხვდები. ასეთი განცდა მაქვს ქუთაისისადმი. სკოლა რომ დავამთავრე 1951 წელს – ცნობილი ქუთაისის პირველი ვაჟთა სკოლა, სადაც აკაკი წერეთელი, მაიაკოვსკი და სხვა გამოჩენილი ადამიანები სწავლობდნენ – 10 წლის თავზე შევიკრიბეთ სკოლადამთავრებულები და აღვნიშნეთ ეს თარიღი. 15 წლის შემდეგაც აღვნიშნეთ და როგორც ჩანს, მერე უკვე დავბერდით, ასაკში შევედით და აღარ დაგვიჭერია საამისო თადარიგი. ჩემი სკოლის მეგობრები, სამწუხაროდ, ბევრი აღარ არის ცოცხალი.

– უნივერსიტეტში, როგორც ვიცით, თქვენი ჯგუფელები იყვნენ ოთარ ჭილაძე, ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამაზ ბიბილური და მრავალი სხვა თვალსაჩინო მწერალი, რომლებზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შექმნეს თაობა, რასაკვირველია, თქვენთან ერთად. რა შეგიძლიათ გვითხრათ ამ თაობაზე, რა გავლენა იქონია თქვენზე მათთან ურთიერთობამ და შემდეგ უკვე ქართულ ლიტერატურაში მათ როლზეც რომ თქვათ ორიოდე სიტყვით.

– სტალინის სიკვდილის შემდეგ, ცოტა დათბა სიტუაცია. სწორედ ამ დროს გავხდით ჩვენ სტუდენტები. უნივერსიტეტში გაიხსნა ჟურნალისტიკის განყოფილება ფილოლოგიის ფაკულტეტთან და ისეთი აზრი შეიქმნა, თითქოს ეს იყო პოეტების სასწავლებელი. იმიტომ რომ ვინც კი ახალგაზრდა პოეტი იყო, ყველას სურდა აქ მოხვედრა. თუმცა ჩვენ აქ არც ჟურნალისტიკა გვისწავლია და არც სხვა რამე, იმიტომ რომ ახალი დარგი იყო და სპეციალისტები არ ჰყავდათ. მე მედალი მქონდა, მისაღები გამოცდების გარეშე ჩავირიცხე. მედალოსნები მრავლად იყვნენ. ასე რომ, ერთ ჯგუფში რომ მოვიყარეთ თავი – ტარიელ ჭანტურია, გივი გეგეჭკორი, ოთარ ჭილაძე, ჯანსუღ ჩარკვიანი, ზაურ ბოლქვაძე, თამაზ ბიბილური, ფილიპე ბერიძე, რეზო ინანიშვილი… შემთხვევითაც მოხდა, და სწორედაც ახალი მდგომარეობა შეიქმნა – მეტი თავისუფლება აზროვნებაში. ჩვენ 60-იანელებს გვეძახიან, გვეძახიან „ცისკრელებსაც“. იმიტომ რომ „ცისკარი“ გამოვიდა 1957 წელს და რაკი მეტი თავისუფლება მოგვეცა, და ამავე დროს ნიჭიერი თაობაც იყო, ჩვენ რაღაც სიახლე შემოვიტანეთ – თავისუფალი აზროვნება ფორმის მხრივ, ძიებები… და ბოლომდე გამოვყევით და მოვედით დღემდე. ჩვენ ერთმანეთზე ვახდენდით გავლენას, და საერთოდ კი, ყველამ გალაკტიონის სკოლა გავიარეთ. გალაკტიონს მოვესწარით, მე პირადად ვიცნობდი გალაკტიონს… ამგვარმა თავისუფლებამ, სხვათა შორის, არამარტო მწერლობაზე, არამედ მხატვრობაზეც მოახდინა გავლენა. მხატვრობაშიც უნიჭიერესი თაობა გამოვლინდა. მათთან უაღრესად მეგობრული და კოლეგიური ურთიერთობა გვქონდა.

– რამ მოგცათ ბიძგი, შეგეკრიბათ თქვენი ლექსები და პირველი წიგნით წარმდგარიყავით მკითხველის წინაშე?

 – ახალგაზრდა პოეტისთვის პუბლიკაცია, გამოქვეყნება არის ძალიან დიდი სიხარული. იმ პერიოდში გამოდიოდა ბევრი ჟურნალი, სადაც ქვეყნდებოდა ხოლმე ახალგაზრდა ავტორების ნაწარმოებები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჟურნალ „ცისკრის“ გამოსვლა ჩვენთვის დიდი მხარდაჭერა იყო, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ განახლებული „ცისკრის“ რედაქტორი ვახტანგ ჭელიძე ძირითადად ახალგაზრდა ავტორებს ბეჭდავდა. ამ რედაქციის კარი ჩვენთვის ღია იყო, ვიბეჭდებოდით დაუბრკოლებლად. პოეტს ან პროზაიკოსს როცა ტექსტები დაუგროვდება, იწყებს ოცნებას წიგნზე და მეც გამიჩნდა ასეთი ოცნება და რადგან მომეცა საშუალება, გამომეცა წიგნი, თავი ვერ შევიკავე. თუმცა, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯობდა დამეხანებინა და მეორე წიგნამდე დამეცადა. დებიუტანტისთვის პირველი წიგნი პასპორტივითაა, როცა დაინახავს, ჰგონია, რომ ნამდვილი პოეტია. თუმცა ყოველთვის ასე არ არის, აკი მოგახსენეთ.

საბჭოთა პერიოდში თქვენ და მურმან ლებანიძე ყველასათვის ცნობილი იყავით, როგორც პოეტი-გამომცემლები. შეგიძლიათ მოგვიყვეთ იმ ეპოქაში მუშაობის სპეციფიკასა და ზოგადად, ორი მეგობარი პოეტის ურთიერთობაზე?

– ჩვენ ოჯახებით ვმეგობრობდით. მურმანმა ჩემი ქალიშვილი, ირინა მონათლა. ის არამარტო კარგი პოეტი, უაღრესად გულისხმიერი, აქტიური პიროვნება იყო, ემეგობრებოდა და ეხმარებოდა ახალგაზრდებს. ასევე, ცნობილი ფაქტია, რომ იყო შესანიშნავი გამომცემელი. სტამბა ძალიან კარგად იცოდა, ის მუშაობდა ჟურნალ „დილას“ რედაქციაში და თვითონვე აწყობდა მასალებს. ამიტომ ტექნიკურად რომ დააკვირდეთ მურმან ლებანიძის პოეტურ კრებულებს თუ რჩეულებს, ყველაზე კარგად და ლამაზადაა გამოცემული, მართლაც, სანიმუშო წიგნებია. როცა გამომცემლობაში ვმუშაობდი, მურმანის წიგნები მიგვქონდა გამოფენებზე და პრემიებს ვიღებდით. გარდა ამისა, მურმანი სიმართლის მთქმელი პიროვნება იყო, ძალიან აქტიურობდა მწერალთა კავშირში. საგამომცემლო გამჭრიახობის უნარი ჰქონდა. უთქვამს ჩემთვის იმ ლექსებზე, რომლებსაც არ უბეჭდავდნენ. ბევრი ლექსი ჰქონდა ასეთი… მაგრამ წიგნს რომ გამოსცემდა ხოლმე, იმ „უარყოფილ“ ლექსებს ისე ამოაფარებდა ახლებს, ცენზორს თვალს უხვევდა და ასე მოხერხებულ-ეშმაკურად გაახმაურებდა სიმართლეს. მურმანი ის პიროვნებაა, რომელმაც ცენზორ ქალს, მაროს ლექსი მიუძღვნა. ახლობლობდა კიდეც ამ ცენზორთან, მაგრამ მისი მოვალეობა ახლობლობას არ სცნობდა… მურმანმა სანიმუშოდ შეადგინა გალაკტიონის რჩეული ლექსები, გამოსცა მისივე მოთხრობების კრებული. კიდევ ხაზგასასმელია მურმან ლებანიძის განსაკუთრებული ყურადღება ანა კალანდაძისადმი, მათი მეგობრობა. ანას წიგნები, რომლებიც მოგვიანებით გამოვიდა, სულ მურმანის ძალისხმევით იბეჭდებოდა. თვითონ იყო რედაქტორი და სტამბაშიც ბოლობდე პატრონობდა.

როგორც ცნობილია, თქვენი და გალაკტიონის ურთიერთობა დაიწყო მაშინ, როდესაც თქვენ გახდით მის სიცოცხლეში უკანასკნელად გამოცემული წიგნის რედაქტორი. გარდა ამ ურთიერთობისა, 35 წელია იკვლევთ მის ცხოვრებას, ბიოგრაფიას. როგორი იყო გალაკტიონი სინამდვილეში? არიან თუ არა მის შემდგომ მოღვაწე პოეტები მისით დავალებულნი?

– წიგნი მაქვს დაწერილი მასზე, „უცნობი“, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 35 წელია ვწერ, 5 გამოცემა გამოვიდა, მე-6 უკვე შევსებულია და ჩავაბარე გამომცემლობა „ინტელექტს“. გალაკტიონი მოვლენა იყო მე-20 საუკუნის პოეზიისათვის, რომელმაც გავლენა მოახდინა ყველასა და ყველაფერზე, ამას ზოგი აღიარებს, ზოგი – არა. ბედნიერი შემთხვევა მომეცა, რომ აღმოვჩნდი გალაკტიონ ტაბიძის უკანასკნელი წიგნის რედაქტორი და შემდგენელი. სამწუხაროდ, გალაკტიონი იმ წიგნის გამოცემას ვერ მოესწრო; მუშაობის პროცესში დადიოდა ჩემთან, მერე თავი მოიკლა და წიგნიც ამ თვითმკვლელობის შემდეგ გამოიცა. გალაკტიონ ტაბიძის სიცოცხლეში ჩამოთვლიდნენ ხოლმე მწერლებს ასეთი თანმიმდევრობით – გიორგი ლეონიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ალექსანდრე აბაშელი, ალიო მირცხულავა… ანუ იყო დრო, როდესაც გალაკტიონის წინ სხვა პოეტს აყენებდნენ. ამის გამო იგი ნერვიულობდა. ჯერ ერთი, გალაკტიონი 8 წლით უფროსი იყო გიორგი ლეონიძეზე, მაგრამ გიორგი ლეონიძეს დაწერილი ჰქონდა სტალინზე პოემა-ეპოპეა და ეტყობა, ესეც ეხმარებოდა. მაშინ ეს უხეშად ჩანდა. ახლა, მაგალითად, რაც დრო გავიდა, გალაკტიონის ვარსკვლავი უფრო ბრწყინვალე გახდა. ის უკვე იმ სივრცის პოეტია, სადაც რუსთაველი, ვაჟა ფშაველაა. ახლა რომ ვინმეს უთხრა, ჯერ გიორგი ლეონიძე და შემდეგ გალაკტიონიო… მაშინ აშკარად ყველა გრძნობდა, რომ გალაკტიონი იყო განსხვავებული, მაგრამ ამ სხვაობას არ ამჩნევდნენ მას და სხვებს შორის. ახლა კი ცხადია, რომ გალაკტიონი არის მეტრი მე-20 საუკუნის პოეზიისა და გავლენას ახდენს უახლესი საუკუნის პოეზიაზეც.

როცა დებიუტანტი პოეტი იყავით და პირველ ნაბიჯებს დგამდით პოეზიის სამყაროში, როგორ განიცდიდით პროფესიულ კრიტიკას და თუ მოუხდენია თქვენს შემდგომ განვითარებაზე კრიტიკოსებს გავლენა? რას ურჩევდით იმ დებიუტანტ ავტორებს, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი დაწერილი ყველა ტექსტი კარგია, გაითვალისწინონ კრიტიკოსთა შენიშვნები თუ არა?

დღევანდელ ვითარებას და ჩვენს იმდროინდელ მდგომარეობას ერთმანეთს ვერ შევადარებ. ჩემს დროს ცენზურა არსებობდა. მქონია შემთხვევა, რომ ლექსები არ დამიბეჭდეს. მაგალითად, დავწერე პოემა „ღია ქალაქი“, უნდა დაბეჭდილიყო ჟურნალ „ცისკარში“, მაგრამ არ დაიბეჭდა. ამიტომ, ჩვენი თაობა იყო, ასე ვთქვათ, ცენზურის მიერ დაზარალებული თაობა. თანამედროვე ავტორებისთვის შეზღუდვა არ არსებობს. ეს ზედმეტი თავისუფლება შეიძლება უკეთესიც არ იყოს, ვერ გეტყვით, იმიტომ რომ შინაგანი ცენზორი მაინც უნდა ჰყავდეს პოეტს, შემოქმედს. დიდი ბედნიერებაა, რომ ჩვენ დამოუკიდებელი საქართველო გვაქვს. ჩემს დროს ყველა წიგნს უკან ეწერა – უ. ე. – რაც ნიშნავს „უფლება ეძლევა“. ახლა ეს ასე რომ არაა, დიდი ბედნიერებაა. რაც შეეხება იმას, რომ ზოგი აჭარბებს, არა უშავს, იყოს ცოტა ზედმეტი თავისუფლება. ცოტა პორნოგრაფიული პოეზია შემოვიდა, ტერმინოლოგია პოეზიაში, ლექსიკაში. ამის ნუ შეგვეშინდება – ის სიტყვა თუ თავის ადგილასაა, ასატანია. მოწყურებული ადამიანი, წყაროს რომ იპოვის, დახარბდება, ასეა, რაკი აკრძალული იყო ეს ყველაფერი და ახლა ნებადართულია, ზედმეტ ყურადღებას იჩენენ შემოქმედები. მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის, დაწყნარდება ალბათ და ის თავისუფლება, რაც მოვიპოვეთ, ექნება ყველა პოეტსა და მწერალს.

რას ნიშნავს თქვენთვის ლიტერატურული პრემია?

– ლიტერატურული პრემია არის წახალისება ავტორისთვის და შეუძლებელია სასიხარულო არ იყოს. 1977 წლამდე მხოლოდ ერთი პრემია მქონდა – გალაკტიონ ტაბიძის სახელობისა. 1977 წლის შემდეგ მიღებული მაქვს თითქმის ყველა პრემია – „რუსთაველისა“ (ორჯერ), „ლიტერა“, „გალა“, საგურამოს პრემია, „თბილისი“, „საბა“ და კიდევ ბევრი. ეს, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. სხვათა შორის, უცხოეთში ძალიან ბევრი პრემიაა, ჩვენთან ახლა შედარებით მომრავლდა, მაგრამ იმდენი მაინც არ არის. რაც შეიძლება ბევრი უნდა იყოს. იმიტომ რომ მეტ ადამიანს ექნება წახალისება, მეტი სტიმული მიეცემათ, რაც ლიტერატურის განვითარებას უწყობს ხელს. განსაკუთრებით ძვირფასი იყო ჩემთვის პრემია „საბა“. სამი წლის წინ დავწერე ლექსი „ელეგია“ და ამისთვის მომენიჭა ეს პრემია 2017 წელს. როდესაც „უცნობი“ დავასრულე, პირველად წავაკითხე ბესიკ ხარანაულს. ბესიკი ჩემს მეზობლად ცხოვრობდა, ვმეგობრობდით. როცა წაიკითხა, მითხრა, ამის შემდეგ შენ იქნებიო ერთი წიგნის ავტორი და შენს ლექსებს ყველა დაივიწყებსო. ამიტომ „საბა“ რომ მივიღე, ის ჩემთვის ნიშნავდა გალაკტიონის მიერ რეპრესირებული ჩემი ლექსების რეაბილიტაციას. გამიხარდა, რადგან ის მივიღე არა გალაკტიონის, არამედ ჩემი მეუღლის პროტექციით. მე კომპიუტერის გამოყენება არ ვიცი, მაგრამ ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისგან შევიტყვე, რომ ჩემი პოეზიისადმი მართლა შემობრუნდა ყურადღება და უფრო მეტი ინტერესი აქვს საზოგადოებას. ეს ძალიან მიხარია, არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც ჩემი პოეზიით დაინტერესდნენ, არამედ იმის გამო, რომ ზოგადად პოეზია აინტერესებთ.

სამ ათეულ წელზე მეტია, მუშაობთ „უცნობზე“, ეს წიგნი, შეიძლება ითქვას, საიდუმლო გასაღებია გალაკტიონის ცხოვრებისა, მისი დიდებული პოეზიის შესაცნობად. შეუფასებელია თქვენი წვლილი, რადგან ჩვენ მოგვეცა საშუალება, გაგვეცნო ისეთი გალაკტიონი, როგორიც იყო იგი სინამდვილეში. თუ გეგულებათ წინა საუკუნის ისეთი მოღვაწე, რომელიც იმსახურებდეს ისეთ წვდომას, თავგამოდებასა და კირკიტს თავის შემოქმედებით იდუმალებაში, როგორიც თქვენ გასწიეთ გალაკტიონის შესაცნობად?

– გალაკტიონი დახურული პიროვნება იყო. გულახდილი არავისთან ყოფილა, ამიტომაცაა უამრავი ლეგენდა მასზე შექმნილი, მაგრამ რას აკეთებდა, რას ფიქრობდა, ამას სინამდვილეში ვერავინ იტყოდა, რადგან გალაკტიონს მეგობარიც კი არ ჰყოლია, რომელიც მოგონებებს შემოინახავდა მასზე. მაგრამ, საბედნიეროდ, თვითონ დატოვა უმდიდრესი არქივი. ესაა ყოველდღიური ჩანაწერები, ამბები. ჩვეულებრივი ამბები კი არა, სიზმრებიც კი აქვს ჩაწერილი, ტელეფონზე საუბარიც. და არა მხოლოდ საუბარი, აი, ვიღაცას რომ უნდა ესაუბროს და მაგაზე რა უპასუხოს, ისინიც კი წინასწარ ჩაუფიქრებია. ტროლეიბუსის ჩანაწერიანი ბილეთიც შეუნახავს. პაპიროსის კოლოფის მუყაოზეც მინაწერიც და ეს ძალიან მდიდარი არქივი იდო მუზეუმში. ვიცოდი ამ არქივის შესახებ, მაგრამ ასეთი მრავალფეროვანი არ მეგონა. მასზე მინდოდა წერილი დამეწერა და გამეფრთხილებინა მომავალი გამომცემლები, რომ გალაკტიონი ძალიან პასიური ავტორია და არ ენდოთ რედაქტორებისა და შემდგენელების შესწორებებს-მეთქი. ამიტომ, ასე გადავწყვიტე, როცა შევადგინე გალაკტიონის 9 ტომიდან ერთი ტომი, რა მასალებიც მოგვრჩა, მე და გალაკტიონმა გადავიტანეთ მის ბინაში, მარჯანიშვილის ქუჩაზე. მერე, როცა გადავწყვიტე ჩემ მიერ ფანქრით მიწერილი კომენტარების წაკითხვა, წავედი მუზეუმში, რომელმაც ისე შემიტყუა, წერილის ნაცვლად წიგნი გამომივიდა. პირველი რომ დაიბეჭდა, შემდეგ მოჰყვა მეორე, მესამე… ყველა წიგნი ბოლო იყო მეგონა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე. ნარკომანივით დამემართა. გალაკტიონი ჩემი ნარკოტიკი აღმოჩნდა. დღემდე მოვედი და აგერ უკვე მეექვსე გამოცემა შევავსე. რაც შეეხება გალაკტიონის დარ მეორე ფიგურას მე-20 საუკუნეში, ჩემი აზრით, ასეთი ვინმე ლიტერატურაში არ არსებობს. აქ, ვფიქრობ, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა პოეტის არქივი, ის იძლევა ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას. წარმოგიდგენიათ, ვაჟა-ფშაველაზე რომ გვქონოდა ამხელა მასალა?! გალაკტიონმა ივარაუდა, რომ მისი ყველა დეტალი საინტერესო იქნებოდა და ერთ დროს გამოჩნდებოდა ჩემსავით მოცლილი ადამიანი, რომელსაც არ მოსწყინდებოდა და 35 წელიწადი დაჯდებოდა გალაკტიონის არქივთან. შეიძლება ითქვას, ბედნიერი დამთხვევა მოხდა, თორემ რამდენი წელი იდო მისი არქივი ხელუხლებლად მუზეუმში, მე მხოლოდ 1983 წელს დავიწყე მუშაობა.

– რამდენიმე წლის წინ დაწერილმა თქვენმა ლექსმა „ელეგიამ“ პოეზიის მოყვარულთა უდიდესი აღფრთოვანება და სიყვარული დაიმსახურა უმოკლეს დროში. ხომ ვერ გაიხსენებდით მე-20 საუკუნეში შექმნილ ისეთ ლექსს, რომელმაც თქვენზე ასეთი გავლენა იქონია?

– „ელეგიაზეც“ ისე მოხდა, როგორც „უცნობის“ შემთხვევაში. მე ცოლი გარდამეცვალა 3 წლის წინ და მინდოდა მისთვის ლექსი მიმეძღვნა. დავიწყე ამ ლექსის წერა, ჩვეულებრივი, დაახლოებით 20-30 სტრიქონი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ვეღარ გავჩერდი. ალბათ ტკივილის გრძნობა იყო ისე ძლიერი, გავაგრძელე, მივყევი და 11 თვის განმავლობაში ვწერდი. ქართულ პოეზიაში, ქმრის მიერ ცოლის დატირების ფაქტი ძალიან იშვიათია. „აბესალომ და ეთერში“ არის ასეთი არია – ცოლის ქება აუგია. ეტყობა, ჩემი ლექსი თემატურად სიახლე აღმოჩნდა და ამანაც გამოიწვია დაინტერესება და პოპულარობა. რაც შეეხება რომელიმე ნაწარმოების გავლენას, ახალგაზრდობისას ძალიან გატაცებული ვიყავი ლადო ასათიანისა და ტიციან ტაბიძის შემოქმედებით, რადგან იმ პერიოდში ტიციანი აკრძალული იყო. მახსოვს, ერთხელ მათხოვეს ტიციანის წიგნი, რომლის გადაწერას მთელი ღამე მოვანდომე. ზუსტად ასე გადავწერე ტერენტი გრანელის ლექსებიც, რადგან ტერენტიც აკრძალულ ავტორად მიიჩნეოდა. აი, ეს იყო ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი დაინტერესება და გატაცება.

როგორ ფიქრობთ, არსებობენ თუ არა ყალბი პოეტები, რომლებსაც შეუძლიათ ემოციის გაყალბება ტექნიკის ხარჯზე?   

– პოეზია არის ტყუილი. რაღაც უნდა გამოიგონოს პოეტმა და მკითხველი მოატყუოს. ამიტომ შენ ვერ გაიგებ, როდის იყო ყალბი პოეტი. თუ კარგად დაწერა – მოტყუებული ხარ. მაგრამ სუსტი პოეტი თუა, მას არ შესწევს ძალა და იმას, რასაც თხზავს – განწყობას, შთაბეჭდილებას როგორც აღწევს, იქვე გამოჩნდება. ასეთი პოეტების შემოქმედება ლიტერატურისთვის არ არის საინტერესო. ზოგადად ლიტერატურა არის მოგონება, გახსენება, წარმოსახვა, ოსტატურად შესრულებული ტყუილი. განწყობილებები, რაც გალაკტიონს დაუწერია, მისი პიროვნებიდან მოდის, თუმცა ხშირად ისეთი ადგილები აქვს მოხსენიებული – ქალაქები, ისტორიული ძეგლები, ადგილები, სადაც თვითონ არასოდეს ყოფილა, მაგრამ ისე ორგანულად წარმოაჩენს, რომ ბუნებრივად გესმის ეს და ამას იჯერებ. ყველაფერი ოსტატობაზეა დამოკიდებული.

– როგორც ვიცი, თქვენ აქტიურად და ინტერესით ეცნობით თანამედროვე ქართულ პოეზიას, საინტერესოა, რა ცვლილებებს ხედავთ მე-20 საუკუნის პოეზიასა და ახლანდელ, თანამედროვე პოეზიას შორის?

– 21-ე საუკუნეში ტექნიკის საშუალებით ჩვენს ახალგაზრდა მწერლებს ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვთ. გარდა ამისა, დღეს უცხოური ლიტერატურა ხელმისაწვდომია. ყველა შესაძლებლობაა საიმისოდ, რომ ახალგაზრდა პოეტი, პროზაიკოსი მაქსიმალურად განვითარდეს. ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენზე უკეთესი თაობა მოდის და ჩვენზე უკეთესი პოეტები და პროზაიკოსები უნდა მოვიდნენ. მე იმას ვერ დავიჩემებ, რომ ერთი ვინმე დაწინაურდება ისეთნაირად, რომ გალაკტიონს დაჯაბნის. თუმცა, ალბათ, ერთ მშვენიერ დღეს მოგვევლინება კიდეც და ასეც უნდა მოხდეს. სწორედ ამ ტექნოლოგიურ სიახლეთა კვალდაკვალ მოდიან უდიდესი ინფორმაცით აღჭურვილი პოეტები და პროზაიკოსები, რომლებიც აუცილებლად დაიმკვიდრებენ თავს ჩვენს ლიტერატურაში. ახლა არ ჩამოვთვლი მათ სახელებს, ვაითუ ვინმე გამომრჩეს…

ტრადიციული შეკითხვა, რას ურჩევდით ახალბედა ავტორებს, მომავალ პოეტებსა და პროზაიკოსებს?

– ვერ გამოვდგები მრჩევლად. იყო ასეთი, კულტურის უნივერსიტეტი, სადაც ლიტერატურაში დაოსტატების კურსი იკითხებოდა. ხუთი წელიწადი ვიმუშავე ახალგაზრდებთან. საინტერესო პროცესი იყო მაშინდელი ჩვენი ურთიერთობა. მართალია, მათ წერას ვერ ვასწავლიდი, სამაგიეროდ, კითხულობდნენ თავიანთ ნაწარმოებებს, მეც ვუკითხავდი და ერთმანეთს ვუზიარებდით შთაბეჭდილებებს. სწავლება, რამის მითითება არ შეიძლება. აუცილებლად უნდა გქონდეს ნიჭი და სურვილი და შენი შემოქმედებითი ალღოთი მიაღწიო ყველაფერს. მე რომ რჩევა-დარიგება მოვიფიქრო – ასე დაწერე, ისე დაწერე… ეს არ გამოვა. მით უმეტეს ახლა, როცა ხელმისაწვდომია ყველა ჟანრის წიგნი, ორიგინალში შეუძლიათ მსოფლიო პოეზიის წაკითხვა. პოეზიის თარგმნა შეუძლებელია. თარგმანები, რასაც ჩვენ ვკითხულობთ, უკლებლივ ყველა სუროგატია, რაც უნდა კარგი თარგმანი იყოს. სწორედაც რომ დღევანდელ ახალგაზრდებს მიუწვდებათ ხელი, ორიგინალში გაეცნონ სასურველ ნაწარმოებებს და სხვისი რჩევის გარეშე, თვითონვე მიაგნონ სავალ გზას, შესაბამისად – შედეგს. ყოველ შემთხვევაში, ეს კი შემიძლია ვურჩიო, ერთმანეთს არ დაემსგავსონ, მუდამ ახლის ძიებაში იყვნენ, მიუხედავად იმისა, წარმატებული იქნება თუ არა ეს მცდელობა, მაინც ძიება განაგრძონ.

 

ესაუბრა სალომე ლიპარტია

რამდენიმე იდეა პირველი გაკვეთილისთვის

0

ახალი სასწავლო წელი იწყება. სკოლისთვის ემზადებიან მშობლები, ბავშვები, ვემზადებით ჩვენც, მასწავლებლებიც.

ზაფხულის არდადეგებზე დაგროვებული შთაბეჭდილებები, ემოციები, წაკითხული წიგნები ახალი იდეებით გვავსებს. ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს პირველი გაკვეთილი. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია პირველი ემოციები, რომ ბავშვი დადებითად განვაწყოთ და სასიამოვნო მოლოდინი აღვუძრათ.

გადავწყვიტე, ჩემი პრაქტიკიდან რამდენიმე აქტივობა გაგიზიაროთ.

 

პოსტერი ჩვენ შესახებ

შარშან პირველად მომიწია პირველ კლასთან შესვლა, რაც მასწავლებლისთვის საკმაოდ დიდი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, აქტივობებზე ფიქრისას ვითვალისიწინებთ მოსწავლეთა ასაკს, მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებას, წინარე გამოცდილებას და შესაბამისად ვაწყობთ გეგმებს. პირველკლასელებისთვის დაგეგმილი აქტივობა უნდა იყოს ეფექტური, რაღაც ისეთი, რომ მათი ყურადღება მიიქციოს. ბევრი ვიფიქრე, თუ ცოტა, გადავწყვიტე, პოსტერი დამემზადებინა ჩემ შესახებ. რადგანაც წერა-კითხვა არ იცოდნენ, ამიტომ დიდ ვარდისფერ ფორმატზე დავხატე ჩემი ცხოვრების ძირითადი ფაქტები: მთები, საკვამურიანი სახლი, ნაძვები, გოგო, ბიჭი და ირემი, რაც იმას ნიშნავდა, რომ ცოტა ხნის წინ ნაძვებიან გარემოში ვცხოვრობდი, მყავდა ორი შვილი და ცხოველებიდან ყველაზე მეტად ირემი მიყვარდა. ჩემი ფერადი პოსტერი, რომლის დახატვაში ჩემი გოგონა დამეხმარა, გულზე ჩამოვიკიდე და ვფიქრობ, ჩანაფიქრმა გაამართლა. ინტერესით მისმენდნენ და მაკვირდებოდნენ. მერე მთელი წელი საგულდაგულოდ ვუფრთხილდებოდით ვარდისფერ გრაგნილს, რომელიც ყველას სკოლის პირველ დღეს ახსენებდა. ანბანის შესწავლისას მის ქვეშ ხშირად ვმალავდით გამოჭრილ ასო-ბგერებს და როგორც კი მინიშნებას გავახმიანებდი, რომ ასეთი და ასეთი ასო-ბგერა იმალება ისეთ ადგილას, რომელიც სკოლის დაწყების პირველ დღეს გვახსენებს-მეთქი, მაშინვე ყიჟინით მიქროდნენ ჩვენი ძვირფასი რესურსისკენ.

 

წარწერებიანი ჩარჩო

ეს აქტივობა ვებპორტალზე – Pinterest.com – აღმოვაჩინე.  როგორც კი საძიებო ველში ჩაწერთ „სკოლის პირველი დღის ჩარჩოს“, წამში მრავალფეროვანი რესურსი დაიწყებს ეკრანზე ციმციმს. მერე თქვენს ფანტაზიასა და ინდივიდუალურ შტრიხებს მოარგებთ და მზად გექნებათ ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი რესურსი. საინტერესო იქნება ასეთივე ჩარჩოს დამზადება წლის ბოლო დღისთვის. შედეგად კი გვექნება ფოტომასალა, რომელსაც სხვადასხვა მიზნით გამოვიყენებთ.

 

შეკითხვების მოძრავი დაფა

აქტივობა მეხუთე კლასისთვის დავგეგმე. ერთმანეთი პირველად უნდა გაგვეცნო და ისეთი რამ უნდა მომეფიქრებინა, რაც თითოეულ მოსწავლესთან საუბრისა და მოსმენის საშუალებას მომცემდა. ვიყიდე ნაჭრისებური ფორმატი, მოვიფიქრე კითხვები (21 შეკითხვა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ვიყავით), სათითაოდ დავწერე ფერად ბარათებზე და ჭიკარტებით დავამაგრე. შემდეგ წარწერიანი ბარათები ბავშვებს დავურიგე. თითოეული მოსწავლე  კითხულობდა კუთვნილ შეკითხვას, რომელსაც ჯერ მე ვპასუხობდი, შემდეგ კი -თვითონ. ჩანაფიქრი კი ის იყო, რომ ჩემს გულწრფელობას მათთვის სითამამე შეემატებინა. შედეგად ის მივიღე, რომ მთელი წელი იხსენებდნენ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებად გადაექცათ ჩვენი პირველი გაკვეთილი.

ჩემი მობილურის მახსოვრობა მოვქექე და იმ დღის კითხვები შენახული დამხვდა:

  1. რაზე ოცნებობ?
  2. რა გამოგდის კარგად?
  3. რას აკეთებ თავისუფალ დროს?
  4. სპორტის რომელი სახეობა მოგწონს?
  5. რა განიჭებს სიხარულს?
  6. როდისმე მთაში თუ ყოფილხარ?
  7. ხეებს თუ აკვირდები?
  8. სად იმოგზურებდი?
  9. ბოლოს რომელი წიგნი წაიკითხე?
  10. რა გაინტერესებს ყველაზე მეტად?
  11. რომელი ცხოველი გიყვარს?
  12. როდის ტირი ხოლმე?
  13. გაბრაზებისას როგორი ხარ?
  14. მგზავრობა თუ გიყვარს?
  15. ვინ არის ის ადამიანი, რომელსაც ბაძავ?
  16. რომელი მომღერალი გიყვარს?
  17. რომელია შენი საყვარელი მულტფილმი?
  18. ვარსკვლავები თუ გიყვარს?
  19. მზეს უყურებ ხოლმე?
  20. ცაში ხშირად იხედები?
  21. შენს თავს წიგნის რომელ პერსონაჟს შეადარებდი?

წარმოიდგინეთ, მცირე დროში ერთმანეთის შესახებ რამდენ რამეს ვიგებთ. შეგვიძლია, ეს აქტივობა წერით დავალებად გადავაქციოთ და კუთვნილი შეკითხვის წერილობით დაფიქსირებაც ვთხოვოთ.

წელს მეორე და მეექვსე კლასთან მაქვს დასაგეგმი პირველი გაკვეთილი. ვიცი, რომ  ბავშვები მოუთმენლად ელიან. მეც დავეძებ იდეებს. ზუსტად ვიცი, რომ მათზე ფიქრის მცდელობაც კი არ ჩაივლის უკვალოდ.

საწელური ჩანთა სასკოლო ნივთებით

გადავწყვიტე, მოსწავლეების მსგავსად მეც მეზრუნა სასკოლო ნივთებზე და იმ ნივთებისთვის მომეყარა თავი, რომლებიც გაკვეთილის ჩატარებისას გვჭირდება. ამისთვის საგანგებოდ ვაპირებ საწელური ჩანთის შეკერვას, რომელშიც მოვათავსებ ყველა საჭირო ნივთს, გაკვეთილზე შესვლის წინ წელზე მოვირგებ და დროს აღარ დავკარგავ გაფანტული ნივთების ძებნისას. თან პირადი მაგალითის ძალის გავლენით, იქნებ, შევამცირო სასკოლო ნივთების სახლში დარჩენის ფაქტი და მოსწავლეებიც მასწავლებლის მსგავსად საგულდაგულოდ მომზადებულები მოვიდნენ სკოლაში.  დარწმუნებული ვარ, ბავშვებს ძალიან მოეწონებათ სიახლე და ინტერესით დააკვირდებიან ჩემს ნივთებს.

ნივთების ჩამონათვალი კი ასეთი აღმოჩნდა:

  • ფერადი ცარცები;
  • კალმები;
  • მარკერები;
  • სტიკერები;
  • ხის ჩხირები (გამოსაძახებელი ჩხირები);
  • მაგნიტები;
  • ქვიშის საათი;
  • წამმწომი.

ცხადია, ნუსხა საჭიროებისამებრ შეიცვლება.

როგორც უკვე აღვნიშნე, ფიქრი სიახლეებზე, გაკვეთილის განხვავებულ ფორმატზე, უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. თავისუფლებიდან სასკოლო რუტინაში დაბურნებულ ბავშვებს რაც უფრო მეტი სიხალისითა და სიახლით დავხვდებით, მით უფრო საინტერესო გახდება სწავლა-სწავლების პროცესიც.

მშვიდობიან და სიხარულით სავსე სასწავლო წელს გისურვებთ!

 

 

 

 

 

 

 

 

 

როგორ სწავლობს ბავშვი მეგობრობას

0

წლების წინ ხელში ჩამივარდა ერთი ქალის დაწერილი წიგნი გოგონებზე (https://bit.ly/2DHToyN), სადაც ბევრ სხვა საინტერესო რამესთან ერთად აღწერილი იყო მისი როგორც დედის გამოცდილება: როგორ გადააგორა თავისი შვილების გარდატეხის წლები მშვიდად, მხოლოდ იმის წყალობით, რომ თადარიგი წინასწარ დაიჭირა და როცა მისმა შვილებმა მეგობრები გაიჩინეს, თავისი სახლი შესთავაზა თავშეყრისა და გართობის ადგილად. მერე წლების განმავლობაში აკვირდებოდა მათ ურთიერთობებს, სევდებსა და სიხარულებს, მუდმივად პულსზე ედო ხელი. გემრიელ საჭმელებს უმზადებდა, მათ გართობაში დიდად არ ერეოდა და ბავშვებს უსაფრთხო, კომფორტულ გარემოს სთავაზობდა იმ საეჭვო ადგილების სანაცვლოდ, სადაც შეიძლება აღმოჩნდნენ სკოლის შემდეგ მოზარდები.

 

ამ წიგნის კითხვისას ვფიქრობდი: რა მშვენიერი რამ მოუფიქრებია ამ ქალს, მეც ასე მოვიქცევი, ჩვენს სახლს და დროს დაუნანებლად მოვახმარ ბავშვებს, ადამიანებზე დაკვირვება მაინც მიყვარს, ხელის გაწვდენაზე მეყოლებიან შვილები და მათი მეგობრები და ეს ყველაფერი მშვენიერი იქნება-მეთქი.

 

თავად კომუნიკაბელური ბავშვი არ ვყოფილვარ, სხვებთან ურთიერთობაში ძალისხმევის ხარჯვას ჩემთვის ყოფნა მერჩივნა და არაერთი წელი დამჭირდა, რომ ნაჭუჭიდან გამოსვლა მეიძულებინა საკუთარი თავისთვის. ჩემი შვილები რომ დაიბადნენ, ბევრ სხვა რამესთან ერთად, იმაზეც დავიწყე ფიქრი, როგორ ყოფილიყვნენ უფრო გახსნილები და მეტი მეგობარი ჰყოლოდათ. იმ მიზეზებზეც ვფიქრობდი, რომლებიც მე და სხვა ჩემნაირ ბავშვებს გვიშლიდა ხელს ადამიანებთან ურთიერთობისას.

 

ჩვენ ცოტა გვქონდა უსაფრთხო სივრცე, სადაც ბავშვების თავშეყრა შესაძლებელი იქნებოდა, ცოტა გვქონდა გასართობი თუ საგანმანათლებლო ადგილი და ჩვენი მოძრაობის ტრაექტორია უმეტესად სკოლა-სახლით შემოიფარგლებოდა. ჩვენ გარშემო იყო უამრავი სტერეოტიპი ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობებისა და არანორმატიული ქცევის მქონე ადამიანების შესახებ და ცოტა – ემპათია განსხვავებული საჭიროების მქონეთა მიმართ. ეს ყველაფერი უნებურად გავლენას ახდენდა ჩვენს ქცევაზე. იმ დროს მოზარდი, რომელიც კარგად სწავლობდა, მოსაწყენ ადამიანად მიიჩნეოდა, ის კი, ვისაც კარგად სწავლა არ გამოსდიოდა, „ოროსნის“ სტატუსით ცხოვრობდა და საერთოდ, ყველას რაღაც სტატუსი ჰქონდა – წესისამებრ, უარყოფითი შინაარსის გამომხატველი. შინ თუ გარეთ უამრავ კედელს ვეჯახებოდით და არც არის გასაკვირი,  რომ მე და ბევრი ჩემნაირი მარტო ყოფნას ვირჩევდით.

 

ისე მოხდა, რომ ჩემს შვილებს კომუნიკაციის კარგი უნარები აღმოაჩნდათ, ადვილად უმეგობრდებიან თანატოლებს, უყვართ, როცა სტუმრად დავდივართ ან ჩვენთან მოდიან მათი და ჩვენი მეგობრები, საჯარო სივრცეში ადვილად ახერხებენ უცხო ბავშვებთან საერთო ენის გამონახვას, ერთმანეთს იცავენ, ერთმანეთზე ზრუნავენ, საკუთარ თავსაც და სხვებსაც სამართლიან ქცევას სთხოვენ და ვფიქრობდი, რომ, წესით, მშვიდად უნდა ვყოფილიყავი – თუ არ დავიზარებდი მათი მეგობრების გამასპინძლებას, წვეულებებზე წაყვანას, გასეირნებას და სხვადასხვა აქტივობაში ჩაბმას, ყველაფერი კარგად იქნებოდა. მაგრამ საქმე არც ისე მარტივად აღმოჩნდა. არა იმიტომ, რომ რაც მინდოდა, არ გამომივიდა; არა – მივხვდი, რომ ურბანულ გარემოში მცხოვრები თანამედროვე ბავშვების ცხოვრება თავისთავად გულისხმობს მკაცრ ჩარჩოებს, რომლებიც ბავშვების შესაძლებლობებს ზღუდავს და მათ სურვილებს კონკრეტულ ყალიბში სვამს, რომელსაც დიდებიც და პატარებიც ვემორჩილებით. ეს ჩარჩოები კი მათ განვითარებაზე, დამოუკიდებლობასა და ინდივიდუალობაზე არცთუ ისე კარგ გავლენას ახდენს და როგორც არ უნდა მოინდომო შენ, მშობელმა, ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, მისია შეუსრულებელი ჩანს.

 

დიდად არც ის პრობლემები მოგვარებულა, რომლებიც ჩვენ გვიშლიდა ხელს, ვყოფილიყავით ლაღები. შესაძლოა, საჯარო სივრცე დღეს უფრო უსაფრთხოა, მაგრამ ისევ (ან კიდევ უფრო) ცოტაა და არც იმდროინდელი განწყობები წასულა სადმე. ახლა, უბრალოდ, ვიცით, რა დავარქვათ ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური უმცირესობების მიუღებლობას ან სკოლაში „ოროსნის“ ძახილს, ამ ვნებებისგან კი მაინც ვერ გავთავისუფლდით და შიში იმისა, რომ ბავშვი მეგობრების არჩევისას გარემოს ან სტეროტიპების გავლენით იმოქმედებს, სამწუხაროდ, არც დღეს არის უსაფუძვლო. საკუთარი თავის, ადამიანებისა და გარე სამყაროს ნდობა ისევ გვიჭირს, ნდობის გარეშე კი როგორ შეიძლება ისწავლოს ბავშვმა მეგობრობა?

ზედაშეს ტრადიცია და წესები

0

რას ეძახდნენ ძველ საქართველოში საეკლესიო ღვინოს და როდიდან მოდის ეკლესიისთვის ღვინის შეწირვის ტრადიცია

უაღრესად საინტერესოა სალოცავისთვის ყურძნისა და ღვინის შეწირვის წესები, რომლებიც თითქმის მთელ საქართველოში სრულდებოდა. ერთი ასეთი წესი იყო რთველის დროს საუკეთესო ყურძენმოსხმული ლერწის აჭრა და სალოცავისთვის მირთმევა. ამ რიტუალში პირველი ნაყოფის შეწირვის უძველესი ტრადიციაა არეკლილი. თუ მოსავალი არ მოვიდოდა, ვაზს ლერწებს ააჭრიდნენ, ერთ კონად შეკრავდნენ, ჭურში ჩაკიდებდნენ და დათქმულ დღესასწაულზე სალოცავის კარზე მიიტანდნენ ღვინის მაგიერ.

რაც შეეხება ღვინის ზედაშის შეწირვის ფაქტს – ესაა წარმართული ეპოქის უძველესი წესი, რომელშიც აშკარადაა გამოხატული ღვინის კულტი. ზედაშე ანუ საეკლესიო ღვინო ეკლესიასა და ხატს ეწირებოდა ავადმყოფობისგან თავის დახსნის, მფარველობის, გამრავლებისა და ბარაქიანობის მონიჭების მიზნით. სწამდათ, რომ ამგვარად შეთქმული წმინდა ღვინო ხატის კეთილგანწყობას გამოიწვევდა. საზედაშე ღვინო სხვადასხვა დღესასწაულისა და სხვადასხვა წმინდანის სახელზე იყო შენახული. ასეთ ქვევრებს სახელებიც კი ერქვა: საღმრთო, საანგელოზო, საგიორგიწმინდაო, სამარიამობო, სახატო, საპურშაო, საკალანდო, საახალწლო… ზედაშე მარნის ჭურებში ისხმებოდა, მაგრამ ზოგჯერ მისთვის აშენებდნენ ცალკე ნაგებობას, რომელიც წმინდა ადგილად იყო შერაცხული. სამეგრელოში ასეთ ნაგებობას „ოხამერი“ ერქვა.

საზედაშე ღვინო, როგორც აღინიშნა, საუკეთესო ხარისხისა უნდა ყოფილიყო, ძირითადად აყენებდნენ თეთრი ფერისას, უკვე დაწმენდილს ჩაასხამდნენ წმინდანის სახელობის ჭურში და სანამ დათქმული დღესასწაული არ მოვიდოდა, თავს არ მოხდიდნენ. საგულისხმოა, რომ ასეთი ღვინის ამოსაღებად არსებობდა საგანგებო, საზედაშე ორშიმო, რომელსაც სხვა ღვინისთვის არ იყენებდნენ.

ელდარ ნადირაძის კვლევით, ზედაშეს კულტი საქართველოს მთიანეთის იმ ნაწილშიც იყო შესული, სადაც ვაზი არ ხარობდა. ეს კარგად ჩანს კავკასიონის უძველესი ტომის, ხევსურების, მაგალითზე: ისინი ბარში ჩამოდიოდნენ და თავიანთი სალოცავების სახელზე (იახსარი, კოპალა, ლაშარის ჯვარი, გუდანის ჯვარი) იბევებდნენ ვენახების წლის მოსავალს. ვენახის პატრონი ვალდებული იყო, დათქმული დროისათვის გაემზადებინა საზედაშე ღვინო. მარანი და ქვევრი მათთვის წინასწარ იყო ცნობილი. დღესასწაულის დადგომისას ხევსურები თავიანთი დროშებით, სამსხვერპლო ცხოველებით ჩადიოდნენ ბარში, საზედაშე მარანს გარს შემოუვლიდნენ, სამსხვერპლო ცხოველის სისხლით განათლავდნენ, ერთმანეთს დღესასწაულს მიულოცავდნენ, ახსენებდნენ მიცვალებულებს და ხატს სიმრთელესა და გამარჯვებას შესთხოვდნენ.

საზედაშე ღვინოს აყენებდა როგორც კერძო პირი, ასევე მთელი უბანი ან მთელი სოფელი ერთად. ასეთი მარნები გამართული იყო სალოცავის გალავანში; მათში ისხმებოდა ხატის ზვრისგან მოწეული მოსავალი, რომელსაც გარკვეული ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი ერთობლივად ამუშავებდა. ის, რაც საზედაშედ იყო განკუთვნილი, საგანგებო ჭურში ისხმებოდა, ხოლო ზედმეტ პროდუქტს ერთმანეთში იყოფდნენ ან რაიმე საზოგადო საქმისთვის იყენებდნენ.

საზედაშე ღვინო შედიოდა ეკლესია-მონასტრებშიც იმ სააღაპე ვალდებულების აღსასრულებლად, რომლის წესი და რიგი ქრისტიანული ლიტურგიის განუყოფელი ნაწილია. საზედაშე ქვევრი სამეგრელოში საკრალურ ობიექტად იყო ქცეული და „სამგარიო“ ერქვა. ასეთი ქვევრის სახელზე იცოდნენ ძროხის, ხბოს, მამლის „დაყენება“, ე.ი. შესაწირავად არჩევა. შესაწირავს განსაკუთრებულად უვლიდნენ და უფრთხილდებოდნენ. დღესასწაულზე მსხვერპლს დაკლავდნენ. ოჯახის უფროსი ქალი სანოვაგით გააწყობდა ხონჩას და მიულოცავდნენ სამგარიო ანუ საზედაშე ქვევრს.

უფროსი მამაკაცი მოხდიდა ჭურს. ყველა დაიჩოქებდა, შემდეგ აანთებდნენ სანთლებს, ხონჩას წაღმა დაატრიალებდნენ და დაილოცებოდნენ. როგორც წესი, სარიტუალო არც ღვინო და არც სანოვაგე არავიზე გაიცემოდა, რადგან ეს მხოლოდ ოჯახის კეთილდღეობას ეხებოდა და უცხოს რაიმე ფორმით ამ რიტუალში ჩაზიარება ოჯახის დამიზეზებას გამოიწვევდა. თაყვანისცემის ობიექტად იქცეოდა არათუ ღვინო, არამედ ის სამეურნეო იარაღებიც კი, რომლებსაც საზედაშე ღვინისთვის იყენებდნენ.

საგულისხმოა, რომ რიტუალის აღსრულებისას ქალს მარანში შესვლა არ შეეძლო. ასევე არ ჰქონდა შენაწირავის ჭამის უფლება. სხვათა შორის, ქართულ საწესჩვეულებო რიტუალებში იშვიათია ქალის როლის ასეთი დაკნინება, რაც შესაძლოა აიხსნას იმით, რომ მევენახეობა-მეღვინეობა მუდამ მამაკაცის პრიორიტეტულ საქმიანობას წარმოადგენდა.

სურათებიანი წიგნების მნიშვნელობა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის

0

სურათებიანი წიგნები ბავშვებისთვის პირველი შეხებაა ლიტერატურასთან, ბეჭდურ სამყაროსთან და ზოგადად წიგნიერებასთან. შესაბამისად, მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის. ასაკობრივად შესაბამისი  წიგნები ხელს უწყობს ბავშვის მეტყველებისა და კომუნიკაციის, სენსორულ, სოციალურ-ემოციურ და შემეცნებით განვითარებას, წიგნიერების საწყისი უნარებისა და წიგნის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სკოლამდელი დაწესებულებებისთვის შევარჩიოთ ხარისხიანი და ასაკობრივად შესაბამისი წიგნები.

ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ, საქართველოში, სამწუხაროდ, სკოლამდელი ასაკის ბავშვების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება საბავშვო წიგნებზე არც სახლში და არც საბავშვო ბაღში. 2017 წელს ჩატარებული მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის მიხედვით 3-5 წლის ბავშვების 41%-ს სახლში 3 წიგნიც არ აქვს. სამწუხაროდ უღარიბესი ბავშვებისა და სოფელში მცხოვრები ბავშვების ოჯახებში კიდევ უფრო ნაკლებად აქვთ საბავშვო წიგნები. უღარიბესი ბავშვების მხოლოდ 36% აქვს რამდენიმე საბავშვო წიგნი სახლში. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სკოლამდელ დაწესებულებებში არსებული გარემო და რესურსები, რომელსაც შეუძლია სახლში წიგნიერი გარემოს დანაკლისის დაბალანსება. თუმცა, როგორც სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევამ (2017) აჩვენა, საბავშვო ბაღებშიც უკიდურესად მცირეა საბავშვო წიგნების რაოდენობა, რადგან დაწესებულებები მინიმალურ თანხებს ხარჯავენ საბავშვო წიგნებზე. მუნიციპალიტეტების 62% საშუალოდ ერთ ბავშვზე წლის განმავლობაში 10 ლარზე ნაკლებს ხარჯავს საგანმანათლებლო რესურსებისთვის (სათამაშოები, სახატავი და სხვა სამუშაო მასალა, წიგნები), წიგნებისთვის კი ხშირ შემთხვევაში თანხა საერთოდ არ არის გამოყოფილი. მნიშვნელოვანია, რომ საბავშვო ბაღის აღმზრდელები, პედაგოგები და დირექტორები აცნობიერებდნენ საბავშვო სურათებიანი წიგნების განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბავშვის განვითარებაში, შეეძლოთ ხარისხიანი და ასაკობრივად შესაბამისი წიგნების შერჩევა და მოითხოვონ ან უზრუნველყონ წიგნებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების მოპოვება საბავშვო ბაღების ან ადგილობრივი ბიბლიოთეკებისთვის, საიდანაც ბაღები წიგნებით სარგებლობას შეძლებენ.

 

რა არის სურათებიანი წიგნი?

 

სურათებიანი წიგნები ბავშვებისთვის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის ჩვენი „დიდური“, „სერიოზული“ ლიტერატურა – მოგონილი ამბები, ისტორიები და ვიზუალები. ადრეულ ასაკში, ანუ დაბადებიდან 8 წლამდე „სერიოზული ლიტერატურა“ სწორედ სურათებიანი წიგნია. მარტივად რომ ვთქვათ, სურათებიანი წიგნი აერთიანებს სურათსა და ტექსტს. ადრეული ასაკის ბავშვების განვითარების თავისებურებების გათვალისწინებით სურათებიან წიგნებში უმნიშვნელოვანესი ადგილი ილუსტრაციას უჭირავს, ხოლო ტექსტი შედარებით მცირეა. რაც უფრო პატარებისთვისაა გამიზნული წიგნი, მით მეტი წონა აქვს ილუსტრაციას, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ეტაპობრივად მეტ დატვირთვას იძენს ტექსტი. სურათებიანი წიგნების უმრავლესობა გამიზნულია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომლებმაც ჯერ კითხვა არ იციან (უფროსები უკითხავენ) ან ახალი დაწყებული აქვთ კითხვა. სურათებიანი წიგნები ასაკის მიხედვით სამ ძირითად კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ: ჩვილებისთვის, 1-2 წლის ბავშვებისთვის და 3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის.

წიგნები 1 წლამდე ბავშვებისთვის

წიგნები არასოდეს არის ადრე. ჩვილებს 3-4 თვიდან შეგვიძლია შევთავაზოთ ე.წ. ტაქტილური ან სენსორული წიგნები. ტაქტილური წიგნები ნაჭრისგან ან მუყაოსგან მზადდება და მასში ჩაკერებულია (ან ჩაწებებულია) სხვადასხვა ტიპის მასალის (ჭრაჭუნა, ხრაშუნა, მოუხეშავი, პრიალა, ფაფუკი, რბილი და ა.შ.) მკვეთრი ფერისა და ფორმების სურათები. ეს წიგნები მნიშვნელოვანია 1 წლამდე ბავშვების სენსორული განვითარებისთვის: ჩვილები ეხებიან, პირით მოსინჯავენ, უსმენენ უფროსებს ნახატების აღწერისას და ჩვენებისას,  იწყებენ გამოსახულებების აღქმას, უვითარდებათ თვალისა და ხელის კოორდინაცია და ეცნობიან წიგნთან მოქცევის ელემენტარულ წესებს (დაჭერა, გადაფურცვლა, დახურვა, შენახვა). თუმცა, როგორც რვა თვის ბიჭუნას დედას, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ასაკში ბავშვებს წიგნების გემო ყველაზე მეტ სიამოვნებას ანიჭებთ!

1-დან 3 წლამდე ბავშვები

1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის გამიზნულ წიგნებში უკვე ჩნდება მარტივი ტექსტიც. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ ბავშვები მეტყველებას, იწყება წიგნიერების საწყისი უნარების ჩამოყალიბება, ბეჭდური ტექსტისა და მეტყველების დაკავშირება, ვიზუალური წიგნიერების განვითარება, წიგნთან ურთიერთობის ფორმების შესწავლა. უფროსების მიერ ბავშვებისთვის წიგნის კითხვა სასიამოვნო, ემოციებით და შთაბეჭდილებებით სავსე პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვსა და აღმზრდელს შორის დადებითი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებას. ადრეულ ასაკში ბავშვებს უყვართ ერთსა და იმავე წიგნის ბევრჯერ წაკითხვა, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს აღმოაჩინონ წიგნის მიერ შემოთავაზებული სამყაროს ახალ-ახალ დეტალები.

ამ ასაკის ბავშვებისთვის გამიზნულ წიგნებში უმთავრესი კვლავ ილუსტრაციაა, თუმცა გვხვდება მარტივი ტექსტი, როგორიცაა სურათზე მოცემული საგნების, ცხოველების, ფერების, მოქმედების და სხვათა სახელდებები, მოკლე და მარტივი წინადადებები. ტექსტი ხშირად გარითმული და მუსიკალურია. ამ ასაკის ბავშვების ნატიფი მოტორიკის განვითარების გათვალისწინებით წიგნები, როგორც წესი, სქელი მუყაოსგან მზადდება, რათა ბავშვებს გაუმარტივდეთ წიგნის დამოუკიდებლად დათვალიერება ფურცლების დაზიანების (დახევის) გარეშე. 3 წლამდე ბავშვების წიგნებში ილუსტრაციები ინარჩუნებს ფერებისა და ფორმების სიმკვეთრესა და კონტრასტულობას. რაც შეეხება ტექსტს, ჩნდება სხვადასხვა ჟანრი: მარტივი საბავშვო ლექსები ან რითმები, ცნებები და კატეგორიები (მაგ. წიგნი ფერებისა და შინაური ცხოველების შესახებ), სიტყვებით თამაში (მაგ., გამეორებული ფრაზები ან სიტყვები, რომლებიც ბავშვს მოლოდინს უქმნის ან ამზადებს შემდეგი გვერდისთვის), მარტივი სიუჟეტის მქონე ამბავი და სხვა. შესაბამისად, ეს წიგნები ბავშვებს წარმოსახვით, ზოგჯერ პოეტურ სამყაროში უძღვება, სადაც ისინი ახალ ცოდნასაც იძენენ.

3-დან 8 წლამდე ბავშვები

3-დან 8 წლამდე ბავშვებისთვის შექმნილ სურათებიან წიგნშიც ილუსტრაცია მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა შედარებით გაზრდილია ტექსტის წილიც: თუკი უმცროსებისთვის თითო გვერდზე ერთი-ორი სიტყვა ან მოკლე წინადადება გვხვდება, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილ წიგნებში ერთ გვერდზე შესაძლოა მცირე ზომის აბზაციც იყოს. ამ ასაკობრივ ჯგუფში შესაძლოა შეგვხვდეს წიგნები, რომლებიც ტექსტისა და ლექსიკის სირთულით უფრო დაბალ (3-5 წლის) ან უფრო მაღალი (6-7 წლის) ასაკის ბავშვებისთვის არის გამიზნული. თუმცა, ბავშვების ინტერსებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე შესაძლებელია წიგნების გამოყენება სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან: გამარტივება უმცროსებისთვის, უფროსების შემთხვევაში კი- განსხვავებული პერსპექტივიდან ტექსტისა და ილუსტრაციების დანახვაში დახმარება და სხვა.

სურათებიან წიგნში ილუსტრაცია და ტექსტი ერთ მთლიანობას ქმნიან. წიგნი ერთიანი პროდუქტია, რომელიც ბავშვებს მხატვრული ტექსტისა და ვიზუალის ჰარმონიური შეთავსებით ახალ სამყაროს აცნობს. სურათებიან წიგნში ტექსტი არ არის უბრალოდ ილუსტრაციის აღწერა, და არც ილუსტრაცია გადმოსცემს მხოლოდ იმას რაც ტექსტშია. ისინი ერთმანეთს ავსებენ. მეტიც, კარგი ხარისხის სურათებიან წიგნებში ილუსტრაციები თავადაც ყვებიან ისტორიას, ისე რომ საშუალებას აძლევს ბავშვს სურათების „წაკითხვითა“ და ინტერპრეტაციით ისიამოვნოს. ამდენად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სურათებიანი წიგნების ესთეტიკურ მხარესაც, წიგნის დიზაინს, ტექსტისა და ილუსტრაციის ვიზუალურ ურთიერთმიმართებას (როგორ არის განლაგებული ტექსტი ილუსტრაციასთან მიმართებით).

უფრო ადრეული ასაკის ბავშვების წიგნებთან შედარებით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სურათებიანი წიგნების ილუსტრაციები უფრო დეტალიზებულია, ფერებითა და ფორმებით შედარებით ნაკლებად კონტრასტული. კიდევ უფრო მრავალფეროვანი ხდება ტექსტი: ჩნდებიან გმირები, ვითარდება სიუჟეტი, გამოყენებულია იუმორი (ტექსტში ან ილუსტრაციაში, ან ორივეგან) და სხვა.

სურათებიანი წიგნებს სკოლამდელი ასაკის ბავშვები ახალ, წარმოსახვით, მხატვრულ სამყაროში შეჰყავს. წიგნების ეს როლი თავისთავად მნიშვნელოვანი და ღირებულია ადამიანებისთვის და შესაბამისად ბავშვებისთვის (ჩვენი გონებით ხომ ძირითადად წარსულისა და მომავლის წარმოსახვით სამყაროში ვცხოვრობთ: რა მოხდა? რა იქნებოდა ეს რომ არ მომხდარიყო? რა მოხდება?). ამავდროულად სურათებიანი წიგნები მნიშვნელოვანია წიგნიერების- წერისა და კითხვის- საწყისი უნარების, მეტყველების, სოციალური-ემოციური  განვითარებისთვის, ფონემური ცნობიერების განვითარებისთვის, ბეჭდური ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის, ახალი ცოდნის შეძენისთვის, წიგნის მიმართ დადებითი ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის, რაც შემდგომში სწავლისთვის და სკოლაში წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ შევარჩიოთ ხარისხიანი სურათებიანი წიგნები სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის?

დღეს საქართველოში სურათებიანი წიგნები საბავშვო ენციკლოპედიური ტიპის წიგნებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია. სკოლამდელი ასაკის ბავშვის განვითარებას კი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სწორედ სურათებიანი წიგნები შეესაბამება ყველაზე მეტად (თუმცა ასაკობრივად შესაბამისი ენციკლოპედიებიც, რა თქმა უნდა, აინტერესებთ ბავშვებს). ბოლო წლების განმავლობაში შეიქმნა და გამოიცა ქართველი ავტორების სურათებიანი წიგნები, ასევე ითარგმნა სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარული სურათებიანი წიგნები. თუმცა, ბუნებრივია, ყველა მათგანი თანაბრად ხარისხიანი არ არის. მართალია, ჯერ-ჯერობით წიგნების მაღაზიებში სურათებიანი წიგნების სასურველი ფართო არჩევანი არ არის, მაგრამ წიგნების ბავშვებისთვის შერჩევისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ შემდეგი საკითხები:

  • ის, რაც ბავშვებს აინტერესებთ: თქვენ კარგად იცნობთ ბავშვებს, რომლებიც თქვენს ჯგუფში არიან. წიგნების შერჩევისას დაფიქრდით, დააინტერესებთ თუ არა წიგნის შინაარსი? ილუსტრაციები? ან შეძლებთ თუ არა თქვენ ისე მიაწოდოთ, რომ მათში ინტერესი გააღვივოთ ამ წიგნის მიმართ? ბავშვებს აინტერესებთ ამბები ბავშვების შესახებ, ან ცხოველებისა და დიდების შესახებ, რომლებიც რაღაცით ბავშვებს გვანან. შეარჩიეთ ისეთი წიგნები, რომელშიც გადმოცემული ამბები ახლოსაა ბავშვების გამოცდილებასთან, პრობლემებთან, სურვილებთან. სკოლამდელი ასაკის ბავშვებს არ ესმით და არ აინტერესებთ წიგნები აბსტრაქტულ საკითხებსა და ცნებებზე (მაგალითად, სამშობლოსთვის თავგანწირვაზე ან კულტურული ძეგლების ღირსშესანიშნაობაზე); მათ აინტერესებთ, როგორ შეიძლება დაუმეგობრდეს პატარა გოგონა მეზობლებს, რომლებიც მას არ ეთამაშებიან, საიდან ჩნდებიან წიწილები და რატომ ეცვლებათ ყვითელი ღუნღულა ბუმბული როცა იზრდებიან, რა ხდება სიბნელეში როცა გვძინავს და რატომ არ უნდა შეგვეშინდეს? და სხვა.
  • ასაკობრივად შესაბამისი ტექსტი: სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის შექმნილ წიგნში ლექსიკა, წინადადებების სირთულე და სიგრძე უნდა იყოს ასაკობრივად შესაბამისი. ზედმეტად რთული ან ზედმეტად მარტივი ტექსტის შემთხვევაში, ბავშვებმა შესაძლოა ინტერესი წიგნის მიმართ მალევე დაკარგონ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი, სადაც ბავშვებისთვის უცხო, ახალი სიტყვებია, აუცილებლად გვერდზე უნდა გადავდოთ. პირიქით ლექსიკისა და ზოგადად მეტყველების განვითარებისთვის კარგია, როდესაც სურათებიან წიგნში გვხვდება უცხო სიტყვები, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე გასაგებია (ილუსტრაციით, ტექსტით) ან მცირე განმარტებას საჭიროებს უფროსის მხრიდან. სურათებიან წიგნში მოცემული ამბავი არ უნდა იყოს ზედმეტად კომპლექსური და ერთ მთავარ ამბავს უნდა ყვებოდეს. ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ ტექსტისა და ამბის ასაკობრივად შესაბამისობა არ ნიშნავს ზედაპირულ სწორხაზოვნებასა და სიმარტივეს. ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეუძლიათ გაიგონ, რომ კეთილი გმირი, სულ კეთილი, სათნო და მოწესრიგებული როდია. მას თავისი სისუსტეები აქვს, რომლებიც რაღაც მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ბოროტ გმირებს კი თავისი სიქველეები აქვთ, რომელიც არ უნდა დავუკარგოთ.
  • მრავალფეროვანი: მნიშვნელოვანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე შეექმნათ წარმოდგენა ტექსტის და ბეჭდური მასალის ვიზუალური მრავალფეროვნების შესახებ, გაეცნონ სხვადსხვა ჟანრის ტექსტებს, ისიამოვნონ სხვადასხვა სტილის ილუსტრაციებით, ტიპოგრაფიითა და წიგნის დიზაინით. ამიტომ, შეარჩიეთ მრავალფეროვანი სურათებიანი წიგნები: იუმორისტული, პოეტური, სიუჟეტური, რითმული განმეორებადი ტექსტებით, ზღაპრის ტიპის, ცნებების შესახებ, სხვადასხვა ფერთა გამითა და ტონალობებით, ილუსტრაციების მრავალფეროვანი სტილითა და შესრულებული ტექნიკით, სხვადასხვა სტილის, ფორმისა და ზომის ასოებით და ა.შ.
  • სტერეოტიპებისგან თავისუფალი: ბავშვების ირგვლივ არსებული გარემო სამწუხაროდ სავსეა სხვადასხვა ტიპის გაუმართლებელი სტერეოტიპებით, ამიტომ მნიშვნელოვანია, მათ ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეთ ალტერნატიულ შეხედულებებთან და შესაძლებლობებთან შეხება. სამწუხაროდ, წიგნის ბაზარზე მრავლად არის საბავშვო წიგნები, რომლებიც სხვადასხვა ტიპის სტერეოტიპებს აღვივებს, მაგალითად, ქმნის მოლოდინებს, რომ გოგონები აუცილებლად ლამაზები, უმწეონი და პასიურები უნდა იყვნენ, ბიჭები კი- მამაცები, უხეშები და აქტიურები. ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემატურია სპეციალურად გამოცემული წიგნები, რომელთა სახელდებაცა და შინაარსიც სტერეოტიპებით სავსეა (მაგ. წიგნები პრინცესებზე/პრინცებზე/ გოგონებისთვის/ბიჭებისთვის და ა.შ.). აგრეთვე, შეიძლება შეგვხვდეს სტერეოტიპული დამოკიდებულებები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების, სხვადასხვა რასის, კულტურის ან სოციალურ-ეკონომიკური ფენის წარმომადგენელი ადამიანების მიმართ. სურათებიანი წიგნების შერჩევისას, ჩვენ რა თქმა უნდა შეგვიძლია არ ავირჩიოთ მკვეთრად გამოხატული სტერეოტიპებზე აგებული წიგნები (მაგ., წიგნი მხოლოდ პრინცესებისთვის), მაგრამ ამავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ გაგვიჭირდება სტერეოტიპებისგან სრულიად თავისუფალი წიგნების პოვნა. ამიტომ, წიგნებში მოცემული ასეთი საკითხები ბავშვებთან ერთად მსჯელობის საგნად უნდა იქცეს. იფიქრეთ და იმსჯელეთ ბავშვებთან ერთად წიგნში გადმოცემულ ამა თუ იმ სტერეოტიპულ მახასიათებლებსა თუ სიტუაციებზე: რატომ ტრიალებს პატარა ლილის დედა სულ სამზარეულოში და მამა სულ სამსახურშია? ყველას დედა ასეა? და ა.შ.
  • თემატური: ბავშვებს სკოლამდელ ასაკში მრავალფეროვანი თემატიკა აინტერესებთ. პაწაწინა მწერები თუ გიგანტური ცხოველები, დინოზავრები და ვეშაპები, ცისარტყელები და ჭექა-ქუხილი, სიბნელე და სინათლე, ტყე და ქალაქი, მშობლები და უცხოები, ნაყინის გამყიდველები და მეეზოვეები, ფეხსაცმელები და ქუდები, ჭანჭიკები და რობოტები. მათთვის ყველაფერი ახალი და საინტერესოა! შეარჩიეთ წიგნები, რომლებიც თემატურად ბავშვების ინტერესებსა და საბავშვო ბაღში მიმდინარე პროგრამას შეესაბამება. აგრეთვე, სურათებიანი წიგნები საუკეთესო შესაძლებლობას იძლევა ისეთ თემატიკაზე განყენებულად მსჯელობისთვის, რომლებიც ბავშვების პრობლემებს, მათ ცხოვრებისეულ გამოწვევებს, სტრესსა (მაგ. მშობლების განქორწინება) და ზოგ შემთხვევაში ტრაგედიებს (მაგ. საყვარელი შინაური ცხოველის ან ახლობელი ადამიანის გარდაცვალება) ეხმიანება და ეხმარება ბავშვებს მათთან გამკლავებაში.
  • ლამაზი: დღეს წიგნების მაღაზიებში მრავლად არის უგემოვნოდ დასურათებული სურათებიანი წიგნები, ჭყეტელა და „შხამიანი“
    შეუხამებელი ფერებით, ერთმანეთის მსგავსი „ბრტყელი“ გმირებით, რომლებიც ხშირად კომპიუტერული პროგრამების მარტივი შაბლონებით იხატება, დარღვეული კომპოზიციითა და დაუხვეწავი დიზაინით. ეს წიგნები ხელს უშლის ბავშვების მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებას. ვინაიდან ვიზუალურ მხარეს სურათებიან წიგნში წამყვანი ადგილი უჭირავს, მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ თვალისთვის სასიამოვნო ფერებითა და ილუსტრაციებით დასურათებული წიგნები.
  • ადვილად გამოსაყენებელი და გამძლე: სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან, განსაკუთრებით საბავშვო ბაღში, სასურველია დიდი ფორმატის სურათებიანი წიგნების გამოყენება. დიდი ზომის წიგნების ჯგუფურად წაკითხვა და დათვალიერება უფრო ადვილია, რადგან აღმზრდელისგან ოდნავ მოშორებით მჯდომ ბავშვსაც შეუძლია ილუსტრაციებს დააკვირდეს. სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილ წიგნებს, სასურველია, ჰქონდეს სქელი ყდა, რადგან წიგნი ნაკლებად ცვდება და ბავშვებიც უფრო ადვილად ათვალიერებენ მას დამოუკიდებლად. თუმცა, სქელყდიანი წიგნები უფრო ძვირიც ღირს და წიგნის შერჩევისას ხანდახან შესაძლოა პრიორიტეტი მივანიჭოთ ზემოაღნიშნული სხვა საკითხების გათვალისწინებას.

 

მოსიარულე წიგნები“

როგორც კვლევამ აჩვენა საქართველოში ბავშვების დიდ ნაწილს ოჯახში არ აქვს საბავშვო წიგნები. საბავშვო წიგნების ნაკლებობა შესაძლოა განპირობებული იყოს, როგორც მწირი ეკონომიკური შესაძლებლობებით, ასევე შესაძლებელია ოჯახის წევრებს არ ჰქონდეთ ინფორმაცია ან ვერ აცნობიერებდნენ ადრეული ასაკის ბავშვებისთვის ასაკობრივად შესაბამისი სურათებიანი წიგნების მნიშვნელობას. ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში ან ძილის წინ მშობლებთან ერთად წიგნის კითხვის სასიამოვნო პროცესთან ზიარება. ამისათვის, საბავშვო ბაღს შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთოს: პირველ რიგში, შეიძინეთ საბავშვო ბაღისთვის მრავალფეროვანი სურათებიანი წიგნები. დაამკვიდრეთ საბავშვო ბაღიდან ბავშვებისთვის წიგნის შინ გატანების პრაქტიკა. თითოეულ ბავშვს რამდენიმე დღით გაატანეთ წიგნი შინ, რათა ოჯახის წევრებმა შეძლონ ბავშვთან ერთად წიგნის წაკითხვა, დათვალიერება, მასზე მსჯელობა. რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვი აბრუნებს წიგნს და მიაქვს ახალი. წინასწარ მოამზადეთ მშობლები: ესაუბრეთ მათ ამ ახალ ინიციატივაზე, სთხოვეთ, მოუფრთხილდნენ წიგნებს, რათა სხვა ბავშვებმაც ისარგებლონ მომავალშიც ამ წიგნებით, ესაუბრეთ მათ მათი შვილებისთვის წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე, წიგნის წაკითხვის სტრატეგიებზე. დაეხმარეთ მათთვის საინტერესო წიგნების შერჩევაში.  უპასუხეთ მათ კითხვებს და თუ მზა პასუხები არ გექნებათ, ნუ მოგერიდებათ, რომ პასუხის გარკვევა სხვაგან სცადოთ და მოგვიანებით დაუბრუნდეთ მათ.

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა

Paul, A.W. (2009). Writing Picture Books. Cincinnati: Writer’s Digest Books.

გაეროს ბავშვთა ფონდი. (2018) მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017. https://unicef.ge/uploads/WMS_brochure_unicef_geo_web.pdf

გაეროს ბავშვთა ფონდი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი (2018). საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა. https://unicef.ge/uploads/Pre-school_quality_study-ge.pdf


Matulka, D.I. (2008). A Picture Book Primer. Understanding and Using Picture Books. Wesport: Greenwood Publishing Group.

მწვანე ეკონომიკა

0

როგორ გაჩნდა მწვანე ეკონომიკის იდეა?

უკანასკნელ ხანს დამკვიდრდა და უკვე აქტიურად გამოიყენება ტერმინი „მწვანე ეკონომიკა“. რა არის ეს? რისთვისაა საჭირო და რატომაა მწვანე? რატომ აღარ გვჭირდება ტრადიციული ეკონომიკა ან რა ფერისაა იგი?
ახალი, ე.წ. მწვანე ეკონომიკის შექმნის მიზეზების ძებნა დიდხანს არ მოგიწევთ. ამისთვის საკმარისია, ფანჯრიდან გადაიხედოთ – შეუიარაღებელი თვალითაც ადვილად დაინახავთ, რომ, მაგალითად, ქალაქი, სადაც ცხოვრობთ, სმოგში – სამრეწველო ობიექტებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვშია გახვეული.
თითქმის ჩვენს თვალწინ შეიცვალა კლიმატი, რომელზეც მოქმედებს სამრეწველო ნარჩენები; წყლისა და მიწის რესურსები ჭუჭყიანდება და იწურება; მცენარეთა და ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენდა, მრავალიც გადაშენების პირასაა; გარემოს დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების გამრავლება და გახშირება კი პირდაპირ და ერთმნიშვნალოვნად მიგვანიშნებს, რომ არსებულმა ეკონომიკამ კაცობრიობისა და პლანეტის ურთიერთდამოკიდებულება კრიზისამდე მიიყვანა. მისი დამსახურებით ადამიანები თვალსა და ხელს შუა ვკარგავთ ჯანსაღი ცხოვრებისათვის საჭირო გარემოს.

რა არის მწვანე ეკონომიკის არსი?
მწვანე ეკონომიკა ადამიანების კეთილდღეობისა და სოციალური თანასწორობის მთავარი შედეგია, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემო რისკებს და ეკოლოგიურ დანაკარგებს (გაერთიანებული ერების გარემოს პროგრამა, 2010 წელი). მწვანე ეკონომიკა ეკონომიკური განვითარების ის მოდელია, რომელიც მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზეა დაფუძნებული. ის ეკონომიკის სხვა დარგებისგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც ეკონომიკური ღირებულება აქვს. მწვანე ეკონომიკა ქმნის მწვანე სამუშაო ადგილებს, უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და ამცირებს გარემოს დაბინძურებას, კლიმატის ცვლილებას, გარემოს დეგრადაციას, რესურსების გამოლევის საშიშროებას. ის სტიმულს აძლევს ბიზნესს, აწარმოოს მწვანე პროდუქტი და მომსახურება.
მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორებს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. პირიქით, ცდილობს, იპოვოს ეკონომიკური გადაწყვეტილების დადებითი და შედეგიანი ალტერნატივა. მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორია არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესი, არამედ საზოგადოება, რომელიც ირჩევს და თავად მართავს მას.
მწვანე ეკონომიკის თეორია სამ ძირითად აქსიომას ემყარება:
● შეუძლებელია გავლენის სფეროების უსაზღვრო გაფართოება შეზღუდულ სივრცეში;
● შეუძლებელია მუდმივად მზრადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება განსაზღვრული რაოდენობის რესურსების არსებობის პირობებში;
● ყველაფერი, რაც დედამიწის ზედაპირზე არსებობს, მჭიდრო ურთიერთკავშირშია.

როგორია მწვანე ეკონომიკის პრინციპები?
მწვანე ეკონომიკის პრინციპებია:
● სამართლიანობა და ობიექტურობა, როგორც ერთი თაობის ფარგლებში, ისე თაობათა შორის;
● მდგრადი განვითარების პრინციპებებთან თანხვედრა;
● პრევენციული მიდგომა სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების მიმართ;
● ბუნებრივი და სოციალური კაპიტალის შეფასება, მაგ., საგარეო ხარჯების ინტერნაციონალიზაცია;
● რესურსების მდგრადი და ეფექტური გამოყენება, მოხმარება და წარმოება;
● „მწვანე“ სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის აღმოფხვრა, კონკურენტუნარიანობის ამაღლება და ზრდა.

რას მოიცავს მწვანე ეკონომიკა?
ექსპერტთა აზრით, მწვანე ეკონომიკა ექვს მთავარ სექტორს მოიცავს. ესენია:
1. განახლებადი ენერგია (მზის, ქარის, გეოთერმული, ზღვის, მათ შორის – ტალღებისა და მიქცევა-მოქცევის, ბიოგაზის და სითბური უჯრედების ენერგია);
2. მწვანე შენობები (ენერგიის მწვანე მოდიფიკატორები, მწვანე პროდუქტები და მასალები);
3. სუფთა ტრანსპორტი (ალტერნატიული საწვავი, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ჰიბრიდული და ელექტროსატრანსპორტო საშუალებები);
4. წყლის მენეჯმენტი (წყლისა და წვიმის გამწმენდი სისტემები, შიდა წყლის ლანდშაფტი, წყლის გამოყენება);
5. ნარჩენების მენეჯმენტი (ნარჩენების მართვა, უტილიზაცია, მუნიციპალური ნარჩენი მასალების გამოყენება, ნიადაგის ნაყოფიერების გაუმჯობესება, გაწმენდა);
6. მიწის მენეჯმენტი (ორგანული სოფლის მეურნეობა, ურბანული ტყეები და პარკები, ტყეების განაშენიანება).

მწვანე ეკონომიკის განხორციელების წარმატებული მაგალითები განვითარებად ქვეყნებში:
● ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურა ინდოეთში. ინდოეთის ურბანული განვითარების სამინისტრო ახორციელებს სპეციალურ პროგრამას, რომელიც გამიზნულია ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურის შექმნისა და გაუმჯობესებისთვის.
● ტყეების მართვა ნეპალში. ნეპალის ტერიტორიის დაახლოებით 40% ტყეებს უკავია. ქვეყანაში შექმნილია სატყეო მეურნეობის სპეციალური ჯგუფი, რომელიც მართავს და თვალყურს ადევნებს სატყეო რესურსებს.
● მზის ენერგია ტუნისში. გაზისა და ნავთობის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შესამცირებლად ტუნისის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით. შეიქმნა ენერგიის მართვის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარ მიზანს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შემუშავება და ეფექტურობის ზრდა წარმოადგენს.
● განახლებადი ენერგია ჩინეთში. ჩინეთში წარმატებით ხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიება. ჩინეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ 2020 წლისთვის ძირითადი ენერგიის დაახლოებით 16%-ს განახლებადი წყაროებიდან აწარმოებს.
● ორგანული სოფლის მეურნეობა უგანდასა და კუბაში. უგანდაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანული ფერმერული მეურნეობით ჩასანაცვლებლად, რაც ძალზე მომგებიანია როგორც ქვეყნის ეკონომიკისთვის, ასევე საზოგადოებისა და გარემოსთვისაც. ორგანული სოფლის მეურნეობა ერთიანი წარმოების ისეთი მართვის სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს და ზრდის ეკოსისტემის სიჯანსაღეს, რაც მოიცავს ბიომრავალფეროვნებას, ბიოციკლებსა და ბიოლოგიურ აქტიურობას. ის უარყოფს სინთეტიკური მასალების: შხამქიმიკატების, პესტიციდებისა და სასუქების – გამოყენებას. აღსანიშნავია, რომ უგანდა მსოფლიოში ყველაზე ნაკლებ სასუქს მოიხმარს.
ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის არსებული ემბარგოს შედეგად კუბაში ნავთობის, პესტიციტებისა და სასუქების ნაკლებობაა, ამიტომ მეურნეობები თავად ზრუნავენ საკუთარ პროდუქციაზე და ბევრად უფრო „მწვანე“ მეურნეობას ეწევიან.

რეალობა და პერსპექტივები
მწვანე ეკონომიკა აქტიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში და ამ პროცესში თითქმის ყველა ქვეყანა ერთვება. 2009 წელს მარტო კვლევისა და განვითარებისთვის განკუთვნილი ბიუჯეტი ევროკავშირმა 300%-ით გაზარდა. ჩინეთმა 2010 წელს 34 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა სუფთა ენერგიის დასაფინანსებლად. შესაბამისად, გაუსწრო აშშ-ს და მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა განახლებად ენერგოტექნოლოგიურ დარგებში დაბანდებული ინვესტიციების მოცულობით. ხუთეულში ასევე შედიან დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი და ბრაზილია.
როგორც არსებული ტენდენციები ვგიჩვენებს, მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აქტიურად ნერგავს მწვანე ეკონომიკას, რადგან ის 21-ე საუკუნის ბიზნესშესაძლებლობაა. ვინაიდან მსოფლიოს მოსახლეობა მუდმივად იზრდება, ხოლო ბუნებრივი რესურსების მოცულობა იგივე რჩება და უფრო მეტიც – მცირდება კიდეც, დღეს მწვანე ეკონომიკის განხორციელება ისე აქტუალურია, როგორც არასდროს.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამა

Click to access GreenEconomy_SuccessStories.pdf

2. მწვანე ეკონომიკის ინსტიტუტი
https://greeneconomics.org.uk
3. საერთააშორისო ჟურნალი მწვანე ეკონომიკის შესახებ
https://www.inderscience.com/ijge

წიგნები ქართველი ავტორებისგან

0

საკითხავად ახალი წიგნები ქართველი ავტორებისგანაც გვაქვს.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის კრებული “მოწითალო და მოშავო” სულ ერთი თვეა გამოიცა. წიგნი საინტერესო ლიტერატურული ექსპერიმენტია. ის სამ თემატურ ნაწილადაა გაყოფილი: “მოწითალო” პოემაა პროზაული ჩანართებით და აღწერს პოეტის ამაღელვებელ, საინტერესო შთაბეჭდილებებით სავსე მოგზაურობას იტალიაში. პოემაში ერთმანეთს ერწყმის იტალიის წარსული, რომის მემკვიდრეობა, რომელზეც თანამედროვე ევროპული ცივილიზაცია დაშენდა და ულტრათანამედროვე, ბრენდებითა და ტურისტებით სავსე ქალაქები. ორივე იტალიის ქუჩებში, ამ ქვეყნის დიდებულ გმირებთან ერთად, გამუდმებით ვხვდებით სხვადასხვა ეპოქიდან და სივრციდან მოსულ ადამიანებს, მათ შორის – ეგნატე ნინოშვილს, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს არაფერ შუაშია, მაგრამ სინამდვილეში ამ ნაწარმოებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

“და” მხოლოდ ერთი ლექსია და ერთგვარად ამოვარდნილია კრებულიდან. განსხვავებული ლირიკული ხასიათით ის თითქოს ცალკე დგას და ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს მკითხველს, თანაც ერთმანეთთან აკავშირებს ორ ნაწილს.

“მოშავო” ლექსების კრებულია, რომელიც ქართული სინამდვილის და ავტორის პირადი განცდების ასახვას წარმოადგენს. ლექსებს ერთი რამ აერთიანებს – უდიდესი გულწრფელობა, რომლითაც ალექსანდრე ლორთქიფანიძე ჰყვება ხან საკუთარ, ხან სახელოვან ადამიანთა და ხან უბრალო მოკვდავთა სულისშემძვრელ ამბებს.

თამთა მელაშვილის “გერმანელები საქართველოში”, გარდა შესანიშნავი ენობრივი ქსოვილით ტკბობისა, ძალიან საინტერესო ამბებს გაზიარებთ. ეს ნამდვილი ადამიანების ამბებია, რომლებიც გერმანელი კოლონისტების და, იმავდროულად, საქართველოს უახლესი წარსულის შესახებ მოგვითხრობს.

წიგნი ქართულ-გერმანული ურთიერთობის მე-200 წლისთავთან დაკავშირებით გამოიცა.

თამთა მელაშვილი რომანების „გათვლა“ (2010), „აღმოსავლეთით“ (2015) და მოთხრობების კრებულის „მარინეს ანგელოზები“ (2017) ავტორია. „თქმული და უთქმელი ისტორიები. გერმანელები საქართველოში“ კი ზეპირი ისტორიებით შედგენილი მისი პირველი წიგნია.

რძის ფქვილი „ნესტლესი“, ბენზინით მოძრავი ველოსიპედები, საღეჭი კანფეტი „გუმმი პეპსინი“, ფხვნილი თმისა და ბალნის მოსაცილებლად, საქალებო მაღაზია პორტუგალოვისა, სრულიად უშიშარი შვედური სპიჩკები, საკერავი მაშინები „ზინგერისა“, თუთიყუშები სტამბოლიდგან და ოქროსფერი თევზები, ფრენა ჰაეროსტატით – მართალია, რეკლამამ სახე იცვალა, მაგრამ საუკუნეზე მეტი ხნის წინ რეკლამის დამკვეთები მედიას ისევე აქტიურად იყენებდნენ, როგორც დღეს.

გიორგი ჭეიშვილმა წიგნში “150 ქართული რეკლამა” თავი მოუყარა XIX-XX საუკუნეების გაზეთებში განთავსებულ რეკლამებს. ამ წიგნში თავმოყრილი, დღევანდელი გადმოსახედიდან გულუბრყვილო სარეკლამო განცხადებები იმ პერიოდის წამყვანი ბეჭდური გამოცემებიდან – გაზეთ „ივერიადან“ და „ცნობის ფურცლიდანაა“ ამოკრებილი. ეს უნიკალური მასალა რეკლამისადმი ჩვენი წინაპრების დამოკიდებულებას და საუკუნის წინანდელ ტენდენციებს ასახავს.

ზომიერება – საუკეთესო მრჩეველი

0

ბავშვის აღზრდა მეტად რთული პროცესია და თუ მასწავლებელი ამ პროცესს შესაბამისი განათლების, თეორიული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე წარმართავს, მშობელს ასეთი საფუძველი არ გააჩნია – ის ინტუიციით ან შემთხვევით ირჩევს მეთოდს. ეს მიდგომა იშვიათად ამართლებს. მშობლები (წესისამებრ, დედები) ხშირად ივიწყებენ საკუთარ მოთხოვნილებებსა და ინტერესებს და თავს მთლიანად შვილს უძღვნიან. სამწუხაროდ, შედეგი უმეტესად მოლოდინის საპირისპიროა.

ბავშვისთვის მშობელი სამაგალითოა. თუ გვსურს, ის ჯანმრთელ, ბედნიერ, წარმატებულ ადამიანად აღიზარდოს, მას მაგალითი სჭირდება. ეს მაგალითი მას დედამ უნდა მისცეს.

ბავშვებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, მშობლები იყვნენ ჯანმრთელები და წარმატებულები, შეეძლოთ სიხარული და ამჟღავნებდნენ სიცოცხლის სიყვარულს, ხალისს.

ბავშვი უნდა ხედავდეს, რომ მშობლები ზრუნავენ საკუთარ თავზე და თვითონაც უნდა სწავლობდეს მშობლებზე ზრუნვას. დავალებების მიცემა საჭირო არ არის – მაგალითის მიცემა ჯობს. როცა ბავშვი ჩვენზე ზრუნავს, კმაყოფილებისა და მადლიერების გამოხატვა არ უნდა დაგვავიწყდეს. უნდა ვუთხრათ მას, რომ გაგვახარა მისმა ყურადღებამ.

თუ ბავშვი დარწმუნდა, რომ სამყარო მის გარშემო ბრუნავს, მას ეგოისტური თვისებები ჩამოუყალიბდება. და მომავალში ნაკლებად იდარდებს იმაზე, როგორ გრძნობთ თავს თქვენ ან სხვა ახლობლები. მას გაუჭირდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, რადგან სამყაროს მისეული აღქმა არაადეკვატური იქნება.

ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი ოჯახის წევრია და არა კერპი! უნდა ვეცადოთ, ვიცხოვროთ მასთან ერთად და არა მისთვის.

მზრუნველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვი ხედავდეს, რომ ოჯახის ყველა წევრი პატივისცემით ეპყრობა ერთმანეთს. ხედავდეს, როგორ ეხმარება მამა დედას საოჯახო საქმეებში, დედა კი სამსახურიდან დაბრუნებულ მამაზე ზრუნავს.

ზოგიერთი მშობელი მეტისმეტი მონდომებით ცდილობს შვილის განვითარების სტიმულირებას. ზრდა-განვითარებას თავისი ეტაპები აქვს და ბავშვს სიმაღლეებისკენ ძალით არ უნდა ვექაჩებოდეთ. მიჩნეულია, რომ 7 წლამდე დრო თამაშის პერიოდია. ამ ასაკში ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს სამყაროს სწორი აღქმა, საკუთარი თავისადმი, სხვებისა და, საზოგადოდ, ცხოვრებისადმი სწორი დამოკიდებულება, ემოციურად განვითარდეს. მაგრამ ზოგჯერ მშობლები ზედმეტად აჩქარებენ  – თუმცაღა კეთილი განზრახვით – შვილის ინტელექტუალურ განვითარებას, აიძულებენ მეცადინეობას, თავს ახვევენ სხვადასხვა ინტერესს, მეცადინეობენ მასთან ერთად ან სულაც მის მაგივრად…

მეცნიერები ამბობენ, რომ ბავშვს დიდი შესაძლებლობები აქვს და სურვილის შემთხვევაში 2 წლის ასაკშიც შეუძლია ისწავლოს კითხვა და ანგარიში, მაგრამ რა საჭიროა? ყველაფერს თავისი დრო აქვს.

ინტელექტუალური განვითარების სტიმულირებით იზღუდება ბავშვის ემოციური განვითარების შესაძლებლობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ბედნიერი და წარმატებული პიროვნების ჩამოყალიბებისთვის.

საჭიროა ბავშვის განვითარების იმ ეტაპის მხარდაჭერა, რომელშიც ის ბუნებრივად იმყოფება. ერთიდან სამ წლამდე პერიოდი სამყაროს შეცნობის დროა. სკოლაში ახალმისულ ბავშვს უნდა ჩამოუყალიბდეს პოზიტიური განწყობა სწავლის მიმართ, წახალისდეს მისი ინტერესები.

იწყება ახალი სასწავლო წელი და ბევრ პირველკლასელს მოუწევს სასკოლო ცხოვრებასთან შეჩვევა, ახალი ურთიერთობების დამყარება.

მშობლის ჭარბი მზრუნველობა ამ სიტუაციაშიც იჩენს თავს. ის, ცდილობს დაიცვას შვილი, ერევა მის ურთიერთობებში.

უბრალო მაგალითი: ბავშვი სკოლიდან დახეული ან დაჩხაპნილი რვეულით დაბრუნდა; აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთმა თანაკლასელმა მისგან ფარგალი ითხოვა და გატეხილი დაუბრუნა… მშობლები პასუხს სთხოვენ მოძალადეს, აღადგენენ სამართალს. ერთი შეხედვით, ბუნებრივი და გასაგები რეაქციაა – ვინ დარჩება გულგრილი, როცა მის შვილს ჩაგრავენ?

ფსიქოლოგები კი გვირჩევენ, საშუალება მივცეთ შვილს, თავად დაიცვას თავი – ეს მას მნიშვნელოვან სოციალურ გამოცდილებას შესძენს; ჩავერიოთ მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვის ჯანმრთელობას ემუქრება საფრთხე – სკოლაში სცემენ ან სისტემატურად ავიწროებენ და ის თავს ვერ იცავს.

რთულ სიტუაციებში უფროსის მხარდაჭერა აუცილებელია ბავშვისთვის, მაგრამ ისიც უნდა ვაჩვენოთ, რომ გვჯერა მისი, დავეხმაროთ საკუთარი თავის შეცნობაში, საკუთარი შესაძლებლობებისა და სისუსტეების გააზრებაში, ვასწავლოთ ამ უკანასკელთა დაძლევა.

რეზო ინანიშვილის თხრობის პოეტიკა

0

თხრობის სტილი ყოველ დიდ შემოქმედს თავისებური აქვს. რაც უფრო ინდივიდუალურია მწერალი, მით უფრო გამორჩეულია მისი თხრობის მანერა. ქართულ ლიტერატურაში, ამ თვალსაზრისით, ყურადღებას იქცევს რეზო ინანიშვილის თხრობის სურნელი, დასამახსოვრებელი, დაუვიწყარი. პროზის მისეული რიტმი მიმზიდველია,  ამიტომაც მნიშვნელოვანია მისი თხრობის პოეტიკის იმ ასპექტთა წარმოჩენა, რომლებიც მისი სტილის საოცარ მუხტსა და ენერგიას განაპირობებენ. ეს არის, უპირველეს ყოვლისა, პოეტური სული, რომელიც მსჭვალავს მის მოთხრობებს.

მწერლისთვის უთვალავფერიანი სამყარო იდუმალი ხმებითა და სახეებით არის სავსე, რომელთა მიყურადებისა და დანახვის გარეშე გაღარიბდებოდა სიცოცხლე. ამიტომაც მწერალი მოთხრობებში უხვად ხატავს ბავშვობის დროინდელ შთაბეჭდილებებს, ბებიის მონაყოლი ჯადოსნური ზღაპრებივით მიმზიდველს და ამდიდრებს თანამედროვე ადამიანის იდუმალებისაგან დაცლილ  ყოფას: „რა ლამაზ სამყაროს მიქმნიდა თავისი შეგონებებით: რა ლამაზები იყვნენ ქონიანი კატები, ცხრაბეწვა, კბილებდაკრეჭილი თავგლეჯელები, ქაჯები, ეშმაკები, ალები, ბოლოქანქარასავით მოსიარულე, თვით ყინულის ლოლუასავით გაცივებული ქალებიც კი… რა ლამაზი იყო ოცდათორმეტი თეთრი ბურჯი, მათ შორის მომწყვდეული ჩვენი უსაშინლესი მტრით“ („ბებიის შეგონებანი“). მისთვის ყოველივე არსებული მნიშვნელოვანია, ამიტომაც ხედავს და ხატავს სხვათათვის შეუმჩნეველს, თანაც, დიდი სიყვარულით. ის სიცოცხლისთვის მლოცველია. მის ნაამბობში, ცხოვრების ავკარგზე ფიქრთა ჩვეულებრივ მდინარებაში, უთუოდ გაკრთება ხოლმე მოულოდნელი და უცნაური, რაც მკითხველს ტკბილ-მწარე სევდას აღუძრავს. მის თხრობაში იშლება საზღვარი შინაგან და გარეგან სამყაროებს შორის. მას უყვარს ადამიანი და ამიტომაც გვიამბობს ადამიანური გულის საოცარ თავგადასავლებს. სიკეთე არის მისი სადა, უორნამენტო თხრობის მთავარი ძარღვი. მის მოთხრობებში, მართლაც, ბოროტება კი არ წარმოჩნდება, არამედ მხოლოდ სიკეთის მოკლება და რუსთველისეული რწმენა: „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა“. სიყვარულით, სინათლითა და რწმენით  სავსე მისი მოთხრობები ყოველდღიური, ყოველწამიერი ცხოვრების ფურცლებია, წარმავალსა და მარადიულს თანაბრად რომ ირეკლავენ, ამიტომ მისი თხრობა ექსპრესიულია და  შთამბეჭდავი.

მწერალი გაოცებული თვალებით შეჰყურებს სამყაროს და ამ ბავშვური გულწრფელობით მკითხველსაც ნუსხავს.  მისთვისაც, დოსტოევსკივით, მნიშვნელოვანია რწმენა, რომ სილამაზე იხსნის სამყაროს. სილამაზე მისთვისაც ღვთის ანაბეჭდია, მისი რწმენაა, ამიტომაც დაეძებს მას და ამ სილამაზეს ამჩნევს ყველგან, უპირველესად, უბრალო ადამიანთა სულში და მათი ცხოვრების დახატვით ზნეობრივ იდეალებს წარმოაჩენს, როგორც ყოფიერების აუტანელი ჭაობიდან თავდაღწევის გზებს: „კეთილი სილამაზე ძალიან ცოტაღა დარჩა ქვეყანაზე და ოქროს მარცვლის პოვნასავით განვიცდით ყოველი პაწაწინა ნიმუშის აღმოჩენას” (“მოხუცი მწერალი”). იგი წუხდა იმაზე, რომ “ჩვენ უკვე ნაკლებად გვჯერა სილამაზის ძალისა. ეს იმიტომ, რომ ვერ ვასწრებთ ჩავწვდეთ ნამდვილ სილამაზეს, ძალიან “დაკავებულები ვართ” რაღაც უფრო მნიშვნელოვანით” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

“მე მაინც დავწერ. არ ვიცი, ვისთვის, დიდებისთვის თუ პატარებისთვის, მაგრამ მაინც დავწერ…”, – ასეთი სიჯიუტით წარმოაჩენს წერის წყურვილს რეზო ინანიშვილი. მაინც ვის შესახებ სურს წერა? როგორც ნიკო ლორთქიფანიძე წერს “თავსაფრიანი დედაკაცის” ეპიგრაფში: “ნუ დამიწუნებთ! არ შემიძლია გრძნობა-გონება შევაჩერო დიდ პიროვნებებზე… ისინი აშლიან სულისშემხუთავ სურათებს… შემდეგ, ოდესმე, მათ აღმოუჩნდებათ მოციქული ვინმე მარკოზი და იოანე. მე ვწერ თავსაფრიან დედაკაცზე”. რეზო ინანიშვილის შემოქმედებაც სავსეა ასეთი თავსაფრიანი დედაკაცებით. ის წერს, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ ადამიანებზე, შეუმჩნეველზე იმიტომ, რომ ადამიანთა გაცვეთილი და დაბლაგვებული მზერა მხოლოდ ბრჭყვიალასა და თვალშისაცემს ამჩნევს, რეზო ინანიშვილი კი არა მხოლოდ ამჩნევს, არამედ წერს “ქალაქის განაპირა ხრიოკებში ტანჯვით მცხოვრებ ხეებზე. ადამიანთა მიერ ჩარგულ და მუდმივი ტანჯვისთვის განწირულ ხეებზე. ზედ შემომსხდარ ჩიტებზე. ნაადრევად დაცვენილ. მათ დახრუკულ ფოთლებზე. წყრომით დამავალ დიდ ჭიანჭველებზე” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). სწორედ ამგვარი ფიქრი გამოარჩევს რეზო ინანიშვილს სხვათაგან და აახლოვებს ვაჟა-ფშაველასთან.  იქნებ ამიტომაც ერთ მშვენიერ დღეს დაჯდა და გადაწერა მთელი ორი გვერდი ვაჟას მოთხრობისა “ამოდის, ნათდება”: “მაინტერესებდა, როგორ დაიწერებოდა, როგორ მიიღებდა ჩემი სხეული ვაჟასეულ ფიქრებს და ფრაზებს. დიდი სიტკბო ვიგრძენი, მაგრამ იმაშიც დავრწმუნდი, რომ მე მაინც ცოტა სხვანაირად დავწერდი, უფრო ნერვიულად, ალბათ” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). ეს ნერვიული მანერა წერისა დამახასიათებელია მისთვის, თუმცა, ხშირად ერთ მოთხრობაში ერთმანეთს ენაცვლება მშვიდი და ნერვიული სტილი წერისა. მის თხრობაში ყურადღებას იქცევს, აგრეთვე, ერთგვარი, კინომონტაჟის სტილი, იმგვარი, თვითონვე რომ შენიშნავდა ჰემინგუეის ნაწერებში: “ჰემინგუეი – ჭვრეტითი, მაგრამ მტკიცე დისციპლინირებული! აღარავითარი – ძველი მთხრობელობისა. სულ იგრძნობა, რომ ქვეყნად უკვე არსებობს კინო” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). მის თხრობაშიც, ასევე, შეიგრძნობა, რომ უკვე არსებობს კინო. რეზო ინანიშვილი ხომ კინოსცენარებსაც წერდა.

მის თხრობაში ერთმანეთს ენაცვლება მდორე და ექსპრესიული რიტმი, ერთგვარი დაღმავალი და აღმავალი ხაზები. ერთგან თვითონვე აღნიშნავდა ამის შესახებ: “თქვენ გაშფოთებთ დაღმავალი ხაზები ჩემს მოთხრობებში. მე, პირიქით, კმაყოფილი ვარ. არ არსებობს წრეზე უკეთესი სისრულე, წრე კი ორივეს შეიცავს, როგორც აღმავალ, ასევე დაღმავალ ხაზებსაც” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

მისი თხრობის პოეტიკას განსაზღვრავენ პოეტური ნეოლოგიზმები, რომლებითაც ასე მდიდარია მისი პროზა. რეზო ინანიშვილი სწორედ ვაჟასნაირად მთლიანობაში აღიქვამს სამყაროს. ადამიანი მისთვის ბუნების  განუყოფელი ნაწილია და ამიტომაც ხატავს ხეებისა და ბალახების, ჩიტებისა და ცხოველების სატკივარს ისეთივე სიმძაფრითა და გატაცებით, როგორც ადამიანებისას: “მოხუცს მშვიდი მოფერება უნდოდა. ბალახებსაც უნდოდათ მოფერება, წახრილიყვნენ ალერსიანი ხელის მოლოდინში. მოხუციც დიდი სიამოვნებით შეუშვერდა ალერსიან ხელს, მაგრამ ასეთი ხელი არ ეგულებოდა ამ ქვეყნად” (“წვიმა”). აქ  ბალახებისა და მოხუცის სევდა თანაბარი ტკივილითაა წარმოჩენილი. მწერლისთვის ორივე მნიშვნელოვანია, ორივეს სიცოცხლე ღვთის შექმნილია, ორივეს და, მათი სახით, სიმბოლურად, მთელ სამყაროს ღვთის თვალი დასტრიალებს. მწერალი კი, როგორც შემოქმედი, როგორც უპირველესი განმახორციელებელი ღვთის ნებისა, მარადის გაგრძელდეს ქმნადობის პროცესი, ვალდებულია თვალყური ადევნოს, სიტყვით  უმფარველოს და უპატრონოს ყოველივეს, განურჩევლად იმისა, სულიერია თუ უსულო, რადგან მხატვრულ სამყაროში ხომ, მატერიალურისაგან განსხვავებით, ყოველივე სულიერდება.

მისი თხრობის პოეტიკას განსაზღვრავს ის, რომ, “სამყაროს პოეტური აღქმა წყაროა ტკივილებისა. სხვაზე რომ არაფერი ითქვას, მშვენიერება ხომ თვითონ შეიცავს ტკივილს, მაგრამ იგივე აღქმა წყაროა სიმტკიცისაც” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). ეს შველოდა მწერალს, რომ, როგორც თვითონ აღნიშნავს, არ გაბოროტდა: “მამადავითის თავზე ხეების კენწეროზე წამოდებულ ნისლს შეუძლია ბევრი რამ მაპატიებინოს ბევრისთვის” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

რეზო ინანიშვილის თხრობის პოეტიკას განსაზღვრავს სულის ტკივილი. “რატომ მტკივა სული?”-  კითხულობს მისი ერთი პერსონაჟი, მწერლის ალტერ-ეგო  და თვითონვე ასე პასუხობს: “მეჩვენება, რომ ქვეყნად სიყვარული კლებულობს” (“ქარი ნოემბრის ტყეში”). ამიტომაც ცდილობდა თავისი მოთხრობებით შეევსო ეს ნაკლებობა სიყვარულისა. მართლაც, საოცარი სიყვარული ანათებს მის ნაწარმოებებში. სიყვარული აღგვამაღლებსო. ადამიანის სწორედ ამ გამაკეთილშობილებელ, გამამშვენიერებელ გრძნობაზეა რეზო ინანიშვილის მოთხრობა “ჩემი საწყალი სიყვარული”. მწერლობა, საზოგადოდ, ადამიანის გულში სიყვარულის, სიბრალულის, თანაგრძნობის გაღვივებას ემსახურება. მწერალი, რა საძულველ საგანსა და მოვლენაზეც უნდა წერდეს, რა ნაკლოვანებასაც უნდა ამხელდეს, მაინც მკითხველის მხარესაა. როგორც ილია წერს “კაცია-ადამიანში?!”: “მე თუ შენ მიყვარხარ, მკითხველო, იმისთვის მიყვარხარ, რომ იმედი მაქვს…”. ეს იმედი კი გულისხმობდა მკითხველის “გამოსწორებას”.

რეზო ინანიშვილს უყვარს მკითხველი და თავისი ყოველი მოთხრობით ცდილობს დაარწმუნოს, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სიყვარულს მოაქვს: ღვთის, მშობლების, მეგობრების, მიჯნურის, სამშობლოს სიყვარულს. ყურადღებას იქცევს სათაურში ეპითეტი საწყალი. რატომ უნდა იყოს სიყვარული საწყალი? მოთხრობის ბოლოს კი მკითხველი ხვდება, სიყვარული სიკეთეა, სინათლეა. იგი შარავანდედივით გამოაბრწყინებს ადამიანის სულს. საწყალი კი მხოლოდ იმათ თვალშია, რომელნიც  უარყოფენ თუ გაურბიან მას, თუმცა ამით პატარავდებიან, სუსტდებიან.

მოთხრობაში ორი თვალსაზრისი  დაუპირისპირა მწერალმა ერთმანეთს. მთხრობელს სოფელში ესტუმრა ქალაქელი მეგობარი, რომელიც უმტკიცებდა, რომ სიყვარულისგან გათავისუფლება იხსნიდა ადამიანს. მთხრობელი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. მის ხასიათს კარგად წარმოაჩენს გალაკტიონის ცნობილი ლექსის “უსიყვარულოდ” სტრიქონთა ღიღინი: “უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე…”. ჩანს იგი პოეტური, რომანტიკული სულის ადამიანია, ამიტომაც მისი ფიქრი სიყვარულზე განმტკიცებულია პოეზიით. ჩანს, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსი “სიყვარულო ძალსა შენსაც” კარგად იცის. მეგობართან საუბრისას წამიერად დაეჭვებული თვითონაც გაიფიქრებს: “იქნებ კაცობრიობა მართლაც უნდა გათავისუფლდეს ამ ტკბილ-მწარე ბანგისაგან, რომელსაც ხშირად მეფე მონის ყმად უქცევია, ბრძენი კი გაგიჟებულივით ურბენინებია ტყე-ველად”. თუმცა, ამ ეჭვს მალე მოიშორებს, რადგან გრძნობს, ამგვარი ფიქრი ცუდ გუნებაზე აყენებს. იგი ხედავს, რომ სიყვარულის უარყოფა ადამიანს აკნინებს, თრგუნავს, აბნელებს, ამიტომაც არის ქალაქისკენ მიმავალი ის ვაგონი უნუგეშოდ ჩაშავებული, თვითონ კი სიყვარულით სავსეა და ამიტომაც ელამაზება ირგვლივ ყველაფერი. უსიყვარულოდ კი მთელი სამყარო თითქოს ცარიელდება და იხურება ყველა კარი სიცოცხლის საიდუმლოებისა.

მწერალი წარმოაჩენს, რა სათუთი და ნაზია მთხრობელის დამოკიდებულება ბუნების მიმართ, რა სიხარული მოაქვს “სილურჯემდე მისულ ფოთლების სიმწვანეს” თუ “ნარინჯისფერ გამჭვირვალე ფოთლებს”. იმიტომ იძენს გარემო ფერებს, რომ მას აღტაცებული, სიყვარულით სავსე მზერით შესცქერის პერსონაჟი. იგი ამიტომაც თანაუგრძნობს მელას, გულსაკლავად რომ ხავის და წკმუტუნებს. მთხრობელი გრძნობს, რომ ირგვლივ ყოველივე სიყვარულს მოუცავს, სიყვარულს, რომლის დაკარგვა ბუნების შვილებსაც ისევე ამწუხრებს, როგორც ადამიანს. ამ ფონზე იხატება პერსონაჟი, სოფელს, მშობლიურ ფესვებს “ანგარიშით” მოწყვეტილი. ანგარიში გულისხმობს სიყვარულის ჩაკვლის ფასად რაღაც სხვის მოპოვებას; ეს იქნება წარმატება, სიმდიდრე, ძალაუფლება თუ სხვა რამ. მთხრობელი კი გრძნობს, რომ მას მშობლიური სოფლის სიყვარული აძლიერებს, ამიტომაც ფიქრობს, რომ აქედან არსად გაიქცევა და დარჩება “საწყალ მელებთან, ჩემს საწყალ ძეძვებთან”.

მწერალი შთამბეჭდავად ხატავს, როგორი სიყვარულით ეხუტება პერსონაჟი მიწას, რადგან ბიბლიური სამსონივით მისგან იღებს ძალას და გრძნობს, როგორ იჟღინთება “წმინდა, კეთილი, სხეულის ყოველი ნაკვთის დამამშვიდებელი, დამასვენებელი, იდუმალი, უსახელო შუქით”. ეს უსახელო შუქი სამყაროს შემოქმედი უფალია, რომელიც უჩინრად იქ არის, სადაც სიყვარულია. ეს სიყვარული კი დიდი ტანჯვიდან იბადება: “აი, ბეთჰოვენი; ჩემი ტანჯვისგან ვქმნი სხვათა სიყვარულს” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

ის ყოველგვარი ტანჯვის თანამგრძნობელი იყო, თანაბარი თანალმობით აღწერდა ადამიანისა თუ ბუნების ტკივილს. ბებერ მუხას მონადირეებმა გასართობად ტყვიები დაუშინეს და ვერ ამჩნევდნენ, რომ “სიმწრის ნაფლეთები გულხეთქებით ცვიოდა აქეთ-იქით”. მერე ეს ნაჭრილობევი ქარმა მიწით ამოავსო და “მუხის ნაჭრილობევში  მთელი ბღუჯა ია ამოსულიყო და ჟრიამულით ყვაოდა”. ეს საოცარი ჟრიამული სიცოცხლის ძლევამოსილებაზე მეტყველებს. გიორგი ლეონიძის დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ამოსული იებიც გვახსენდება. გოგონამ მუხას ხელები შემოხვია და მიეხუტა. მონადირემ კი “უყურა, უყურა, მერე ქუდი მოიხადა და თავდახრილი გაჩერდა” (“მუხა”). ეს დუმილი გამოხატავს ღვთის წინაშე ლოცვას და ვედრებას, რომ შეუნდოს ადამიანებს სულიერი სიბრმავე და უსულგულობა.

რეზო ინანიშვილი მწერლის დანიშნულებას ადამიანთა შემწეობაში ხედავდა, ასე რომ, კარგად  ჰქონდა წარმოდგენილი რატომ, ვისთვის და რისთვის წერდა: “მწერალი უნდა წაგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირ-ვარამისა, თავისი სიმშვიდით ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკივებულებს, ათბობდეს შეციებულთ, აწყნარებდეს, მიწისკენ ეწეოდეს აღზევებულთ, აპარპაშებულთ” (“სამაგიდო რვეულებიდან”). მიხეილ ჯავახიშვილისთვისაც მთავარი ეს იყო: “მწერლისთვის სიბრალული და თანაგრძნობა იგივეა, რასაც თითები წარმოადგენს ოსტატ მეჩონგურესთვის” (“როგორ ვმუშაობ”). სწორედ ამასვე აღნიშნავდა უილიამ ფოლკნერი თავის სიტყვაში, ნობელის პრემიის მიღებისას რომ წარმოსთქვა: “მწერლის ვალია შეეწიოს  ადამიანს, გული გაუმაგროს, კვლავაც მოაგონებდეს სიმამაცეს, პატიოსნებას, იმედს, სიამაყეს, თანაგრძნობას, ლმობიერებას, სიმამაცეს, თავგანწირვას”.

მისი აღწერილი ტანჯვა ნამდვილია. ის არასოდესაა ყალბი და პათეტიკური, მისი მრწამსი იყო: “ის ნამდვილი მწერალი იყო, ნამდვილი მწერალი, და როცა ყინულოვან წყალზე უნდა დაეწერა რამე, თვითონ მიდიოდა, თვითონ დგებოდა იმ ყინულოვან წყალში და თვითონ იჭრიდა ყინულებზე ფეხებს” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). ერთმა კრიტიკოსმა თანამედროვე მწერალთა დაინტერესებას მოხუცების, ბავშვებისა და გიჟების ცხოვრებით, სპეკულაცია უწოდა, რეზო ინანიშვილი ამ აზრს ასე გამოეხმაურა: “თუ მწერლობა მიატოვებს ბავშვებს, მოხუცებსა და უმწეოებს, იგი მოსწყდება მიწას, ვითარცა ანთეოსი, და დაკარგავს თავის კეთილშობილურ ძალას” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). ამიტომაც წერდა ასეთი გატაცებით ბავშვებსა და მოხუცებზე.

რეზო ინანიშვილი თავს “პროზაიკოს პოეტად” მიიჩნევდა. მისი აზრით, ასეთნი “ყოველდღიურად იტანჯებიან ერთი რამის შეგრძნებით: წუთებად და წამებად ათვლილ ჩვენს საუკუნეში ისინი ვერ მუშაობენ სტაბილურად, გეგმიანად. დადიან, დაყიალობენ და მხოლოდ მაშინ მიუსხდებიან სამუშაო მაგიდას, როცა მზა ლექსი, ანდა ნოველა ჩაწერასღა მოითხოვს” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

მისი თხრობის პოეტიკას განსაზღვრავს მუდმივი ფიქრი წარუვალსა და მარადიულზე: “რას ვეძებ თქვენს ნაწერებში? რამდენად მაღალია მათში პოეტური სული, რომელიც ისე თრთის, თითქოსდა, სადაცაა გაიხსნება ცა და გამოჩნდება…  არაამქვეყნიური შუქი, რომლის არსებობას ყველა გრძნობს, მაგრამ კაცთა მოდგმიდან ჯერ არ დაუნახავს არავის” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). მას შეეძლო არაფრისგან ამბავი შეექმნა, თანაც ფერადოვანი და შთამბეჭდავი, იმიტომ, რომ მუდმივად ბავშური ცნობისწადილი ედგა თვალებში. საიდუმლოს დაეძებდა ყოველივეში, ისევე როგორც მისი პერსონაჟი გოგონა, ღამე რომ შეუყვარდა: “გოგონას კიდევ ისიც შეეძლო, რომ თვალები დაეხუჭა და უფრო მეტი რამ დაენახა, ვიდრე თვალხილული ხედავდა”…თვალებს დახუჭავდა – უუ! – მაშინ ათას უცნაურ რამეს დაინახავდა. დაინახავდა უკიდეგანო ლურჯ ოკეანეს, რომელსაც ქათქათაიალქნებიანი გემი მიაპობდა სიმღერით (იალქნები მღეროდნენ); დაინახავდა მზის სხივებით სავსე უღრან ტყეს, რომელშიც ათასნაირი ფერის ჩიტები დაფრინავდნენ და ყველა თავის ხმაზე ეძახდა ერთმანეთს; დაინახავდა მაღალ, შუბის წვერებივით ალესილ მთებს, რომელთა მწვერვალებიდან მწვერვალებზე ყელმოღერებული ჯიხვები გადაქროდნენ შხივილით… გოგონა არაფერს ამბობდა; დიდი, ფართოდ გახელილი ცისფერი თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე და არაფერს ამბობდა. იცოდა, რომ თუნდაც ეთქვა, რისთვისაც წავიდა ტყეში და რაც ნახა იქ, მაინც არ დაუჯერებდნენ. ის ხომ, მართლაც, ცოტა სხვანაირად ხედავდა სხვებთან შედარებით! შენ სულ ასე უცნაურად გეჩვენება ყველაფერიო, და არ დაუჯერებდნენ.

ეს კი ძალიან, ძალიან ცუდია, როცა შენ რაიმე გჯერა და სხვები არ გიჯერებენ”.

რეზო ინანიშვილი გაჯერებთ სასწაულების არსებობაში, მას შეუძლია მკითხველი მიინდოს და ბოლომდე მიიყოლოს, რადგან მისი ფიქრი მუდმივად ადამიანის სულს დასტრიალებს: “კვლავ ვნახე ჩემი სანუკვარი სიზმარი – მაღალი, ნათელი, წაბლისფრად და თეთრად გაბრწყინებული თოვლიანი მწვერვალები. საიდან ქმნის ამ მწვერვალებს ჩემი სული! ისინი ხან ჩრდილოეთით დგანან (ხაშმიდან), ხან – აღმოსავლეთით  და ხანაც სამხრეთით, მშვიდნი, საოცრად ამაღლებულნი, ბედნიერნი. ხანდახან კიდევაც მივდივარ მათკენ, მაგრამ ვერასოდეს ვერ ვაღწევ მწვერვალამდე, მხოლოდ ერთხელ ავედი თოვლებამდე, ყინულებამდე. მერე რამდენიმე დღე სულ მესმოდა ნათელი ყინულების მსხვრევის ხმა” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

მას ხიბლავს გამორჩეული, სხვა “დამღის ღვთის შვილები”, რომლებიც, ხშირად ეწირებიან მაღალ იდეალებს, მაგალითად, თავადი ვიტგენშტეინი მოთხრობაში “ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე” და აშფოთებს თანამედროვეთა უსულგულო, გულგრილი დამოკიდებულება ყოველივე ამაღლებულის მიმართ. ამიტომაც წერდა: “აი, ყველაზე  მკვეთრად რა უნდა ჩავუნერგოთ პატარას: ლოგინში რომ წვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, -სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ანდა ცხოველი წკმუტუნით ილოკავს ჭრილობას, – უკვე ნამდვილი ადამიანი ხარ” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”).

მისი თხრობა საოცრად მგრძნობიარეა. ის აღტაცებული შესცქერის სიცოცხლეს და აღწერს მის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას, ამიტომაც აღელვებს მკითხველს მისი ნაწერები, უბრალო, ადამიანური განცდები. მას ახარებდა, რომ “დედამიწა კვლავ ცოცხლობდა თავისი მრავალფეროვანი ჟრიამულით” (“ჩანაწერები სამაგიდო რვეულებიდან”). მასაც, თავისი პერსონაჟივით, როგორც სანუკვარი მუსიკა, ისე შეიძლება მოესმინა “ნაყოფთა ცვენის კანტიკუნტი ხმები” და მერე აღეწერა ეს ყოველივე მშვიდი, საოცრად სევდიანი რიტმით”. “შენ ოღონდ ყური მიუგდე და დააკვირდი!  ჭრიჭინებენ ჭრიჭინები, მირბი-მორბიან მსხვილ-მსხვილი ჭიანჭველები, დაფარფატებენ ფრთახატულა პეპლები, ბზუიან ფუტკრები… რაღაც ზეიმია, რაღაც ზეაღმტაცი თავისუფლება, სიმსუბუქე. ასე გგონია – დაიქნევ ხელებს და აფრინდები” (“წვიმასა და მზეში”).

ის თავისი მოთხრობის “სად ცხოვრობს მოხუცი მეზღაპრე” მეზღაპრეს ჰგავს: “საღამოს… გამოდიან კურდღლები, მელიები, ციყვები, მაჩვები და ტურები. შეჰკრავენ ცეცხლის ირგვლივ წრეს. სხედან მორჩილად და სათითაოდ ჰყვებიან თავ-თავიანთ ამბებს. მოხუცს კიდევ – გადაშლილი აქვს სქელი, ვეებერთელა რვეული, დამჭკნარ ტუჩებთან მალ-მალ მიაქვს წვერბოკოლა ფანქარი და მერე იმ ვეებერთელა რვეულში წერს, წერს მათ ნაამბობს, ანუ როგორც ჩვენ ვუწოდებთ – ზღაპრებს” (“სად ცხოვრობს მეზღაპრე”).  ამიტომაც არის, რომ ეს მოთხრობები შორეული, თეთრი ლამაზი მწვერვალებივით გიზიდავენ და გაოცნებებენ.

მისი მოთხრობების კითხვისას მკითხველს არ ტოვებს განცდა, რომ “ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს, და ბნელი იგი მას ვერ ეწია” (იოანე.1,5)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

„მუსიკა სიხარულის თანამგზავრი და მწუხარების მკურნალია“

0

ჰოლანდიის ხელოვნების „ოქროს“ ხანა

XVII საუკუნის ჰოლანდიის ხელოვნებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო ურთიერთდამოკიდებულება მუსიკასა და ფერწერას შორის. მკვლევართა მტკიცებულებით ამ საუკუნეში შექმნილ ტილოთა დიდი ნაწილი მუსიკალურ თემას ეძღვნება.

იმ დროისათვის ნიდერლანდებში მუსიკა ცხოვრების არსებითად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. მუსიკას გაიგონებდით ყველგან: დღესასწაულებსა და ოფიციალურ ღონისძიებებზე, ლუდხანებსა თუ სამეფო სასახლეებში, ეკლესიებში, საცეკვაო დარბაზებსა და საცხოვრებელ სახლებში. ადვილი მისახვედრია, რომ მუსიკა გართობებს შორისაც ერთ-ერთი წამყვანი იყო. ის ადამიანებს სევდას უქარწყლებდა და არსებობას უფერადებდა.

განსაკუთრებით გავრცელებული იყო საოჯახო კონცერტები. მოსახლეობის შეძლებული ნაწილი ერთ ან რამდენიმე საკრავზე უკრავდა, მუსიკას აჟღერებდნენ ოჯახურ წრეებში და მეგობრებთან.

საშუალო ფენის ბავშვებისა და მოზარდებისთვის  მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის სწავლება გავრცელებული პრაქტიკა იყო. საოჯახო კონცერტების დროს ტრადიციული სიმღერების ენთუზიაზმით მომღერალ ბავშვებს მონეტებითა და ტკბილეულით გულუხვად ასაჩუქრებდნენ.

ბევრ ქალაქში არსებობდა, ეგრეთ წოდებული, მუსიკალური კოლეგია. შეძლებული მოქალაქეებისგან შემდგარი სამოყვარულო ანსამბლები პრაქტიკაში „სერიოზულ მუსიკას“ – იტალიურ მადრიგალებს ან ლათინურ მოტეტებს ნერგავდნენ. მუსიკალური კოლეგია თავყრილობებს ანსამბლის რომელიმე წევრის სახლში ან ქალაქის მიერ გამოყოფილ დარბაზში მართავდა და პროფესიონალ მუსიკოსთა ხელმძღვანელობით საკვანძო საკითხებს წყვეტდა.

შეძლებულ ჰოლანდიელებს არა მხოლოდ იტალიაში ან საფრანგეთში დამზადებული საუკეთესო საკრავების შეძენა შეეძლოთ, არამედ შეკვეთით დამზადებული საკრავის მოპოვებაც. საკრავის ზომა და დეკორაცია შემკვეთის გემოვნებას  შეესატყვისებოდა. სასურველი საკრავის მოსართავად იყენებდნენ სპილოს ძვალს, აბანოზის ხეს, სადაფს, ოქროს. ძვირფას შენაძენს აფორმებდნენ ნატიფი ორნამენტებით, სადაც პეიზაჟური და ჟანრული სცენები დომინირებდა.

ჰოლანდიელი მხატვრების რამდენიმე ტილოზე გამოსახულია საკრავი ვირჯინალი (XVII-XVIII საუკუნეებში ნიდერლანდებსა და ინგლისში პოპულარული კლავესინის სახესხვაობა), რომლის სახურავზე ლათინური წარწერა გვამცნობდა: „მუსიკა სიხარულის თანამგზავრია და მწუხარების მკურნალი“ ან ასეთი წარწერა: „მუსიკა მანუგეშებელია შრომის დროს“, „მუსიკა კურნავს მელანქოლიისგან და ამშვიდებს მწუხარებისას“.

საკრავი გაიგივებული იყო სუფთა სიყვარულთან, ოჯახურ ჰარმონიასთან.

 

სტატუსი

მუსიკალური ტალანტისა და ძვირფასი საკრავების მფლობელები, ერთი მხრივ, პრესტიჟული სტატუსით სარგებლობდნენ და სოციალურ ყოფაში მათი როლი საკმაოდ მაღალი იყო; მეორე მხრივ, წარჩინებული, მაგრამ დილეტანტი შემსრულებლის ვირტუოზულად დაკვრა ან სიმღერა მიუღებლად მიიჩნეოდა, რადგან საზოგადოებას ის პროფესიონალ შემსრულებლად არ ჩაეთვალა. იმისათვის, რომ მდიდარ დილეტანტსა და პროფესიონალ შემსრულებლებს შორის განსხვავება მკაფიოდ გამოხატულიყო, პროფესიით მუსიკოსებს განსაკუთრებული – კაშკაშა, მკვეთრი ფერის სამოსი უნდა ეტარებინათ.

XVII საუკუნის ნიდერლანდებში გოგონები და ქალები თავიანთ ძლიერ ნახევრებს მუსიკალურ გართობებში არ ჩამორჩებოდნენ. ქალის ერთ-ერთ ინტელექტუალურ ღირსებად შეფასებული, დაკვრისა და სიმღერის ცოდნა, იმ დროს, ყოველნაირად წახალისებული იყო. პოეტურად განმარტოებული ქალბატონი მუსიკის დაკვრის პროცესში არაერთ ტილოზეა გამოსახული.

„ვირჯინალთან მჯდომი გოგონა“

ფლირტი

სხვათა შორის, მუსიკალურ საკრავებზე დაკვრა და სიმღერა ასევე შესანიშნავი საბაბი იყო ფლირტისთვის. იმ შორეულ წლებში გაუთხოვარ გოგონებსა და დაუოჯახებელ ყმაწვილებს განმარტოებით დარჩენის უფლება იშვიათად თუ ეძლეოდათ. სწორედ მუსიკის დაკვრისა თუ მოსმენის პროცესი იყო ამის იშვიათი ბედნიერი შესაძლებლობა. ადვილი წარმოსადგენია მუსიკალური განმარტოების საათები შეყვარებულთა მიერ რა აქტიურად იქნებოდა გამოყენებული. ყოველივე ეს კარგად იკითხება ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრებში. ბევრია ორაზროვანი შინაარსის ნახატი, ამიტომ ყოველთვის თვალსაჩინო არ არის, რა სახის დამოკიდებულება აკავშირებდათ გმირებს: მუსიკის გაკვეთილი, რომანტიკული პაემანი თუ ორივე ერთად.

ვინაიდან ვიოლინო ფორმით ქალის აღნაგობას მოგვაგონებს, მისი გამოსახულება მიგვანიშნებს ნახატზე გამოსახულ პერსონაჟებს შორის ეროტიკულ დამოკიდებულებაზე. ვიოლინო აგრეთვე საცეკვაო მუსიკასთან ასოცირდებოდა, ცეკვა კი, მოგეხსნებათ, ბუნებით ეროტიკული არსისაა.

იან ვერმეერი

ნიდერლანდელი ფერმწერი იან ვერმეერი (1632-1675) „ჰოლანდიის ოქროს ხანის“ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, ნამდვილი მარგალიტი გახლდათ. მან მხოლოდ 43 წელი იცხოვრა. ცოტა რამის დახატვა მოასწრო.. გარდაიცვალა უცნაურ გარემოებაში. აღიარეს მოგვიანებით – ორი საუკუნის შემდეგ. ასეც ხდება, XIX საუკუნის შუა წლებამდე დიდი მხატვრის ნამუშევრები რიგით კერძო კოლექციებში იმტვერებოდა. ვერმეერის ხელახალი შეფასება მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში მოხდა. ხელოვნებათმცოდნეები არ გამორიცხავენ იან ვერმეერის 66 ტილოს არსებობის შესაძლებლობას.

მრავალშვილიანი ღატაკი მხატვარი
იან ვერმეერის მეუღლე კატარინას ბევრი ორსულობიდან, არც მეტი, არც ნაკლები, 15 შვილი შერჩა – ახალშობილები ხანდახან იღუპებოდნენ.

პროტესტანტულ ოჯახში დაბადებულ ვერმეერს ხისტი და შეუვალი სასიდედრო ქალიშვილთან ქორწინების უფლებას იმ შემთხვევაში აძლევდა, თუ ის კათოლიკობას მიიღებდა და ახალშექმნილი ოჯახი მასთან დასახლდებოდა. მხატვარი სიდედრის მკაცრმა ხასიათმა მთელი ცხოვრება გასტანჯა. გარდა ამისა, მომთხოვნ ქალბატონს ვერმეერის დაბალი შემოსავალი არ აკმაყოფილებდა, განსაკუთრებით მისი შრომის „შენელებული“ სტილი (მთელი სიცოცხლის განმავლობაში ვერმეერმა სულ 40-45 ნამუშევარი შექმნა (ნაწილი დაკარგულია), მაშინ, როცა მისი კოლეგები საარსებოდ თვეში რამდენიმე ტილოს ქმნიდნენ). ოჯახის რჩენისა და სიდედრის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იანი იძულებული იყო, გაეყიდა თითქმის ყველა დარჩენილი ნამუშევარი.

1672 წლის ომმა ნახატების ბაზრის ფუნქციონირება სრულიად შეცვალა. აიკრძალა ნახატების ყიდვა-გაყიდვა და მხატვრები შეკვეთების გარეშე აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, სიღატაკის ზღვარზე მყოფ ვერმეერს კრედიტებით სარგებლობა არაერთგზის მოუწევდა.

სამი წლის შემდეგ, 1675 წელს იან ვერმეერი მოულოდნელად გარდაიცვალა. თანამედროვენი მიიჩნევდნენ, რომ სწრაფი და ადრეული გარდაცვალების მიზეზი მხატვრის ნერვული გამოფიტვა ოჯახურ პრობლემებთან და სიღატაკესთან იყო დაკავშირებული. ვერმეერის ქვრივი დედის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა მემკვიდრეობაზე უარი ეთქვა და კრედიტორებისთვის ვალები დაებრუნებინა. კატარინა დღიურში წერდა: „იანის გარდაცვალების მიზეზი სირცხვილის მძაფრი განცდა იყო გაკოტრების გამო“.

სიმბოლოები და ნიშნები მხატვრის შემოქმედებაში
ვერმეერის ნამუშევრებში უდიდეს როლს თამაშობს სიმბოლოები და ნიშნები. მხატვარი მათი საშუალებით ხშირად დაშიფრულად გადმოსცემდა ბიბლიურ ალეგორიებს – ზნეობისა და სიყვარულის საკითხებს. მაგალითად, ნახატი „ქალი სასწორით“ სიცოცხლის დასასრულის, ღვთის სამსჯავროს სიმბოლოა, რომელზეც ყველა ზრახვა და საქციელი იქნება „აწონილი“.
საყურადღებოა, რომ იან ვერმეერის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი მუსიკას უკავია. მას ყველაზე ცოტა 12 ნახატი აქვს შექმნილი, რომლებზეც სხვადასხვა მუსიკალური საკრავია გამოსახული, ან რომელთა გმირებიც მუსიკას უკრავენ.

დღეისთვის მხატვრის ოცდათოთხმეტი ნამუშევარია ცნობილი და კიდევ სამი ტილო, რომელსაც ვერმეერს მიაწერენ: „ვირჯინალთან მჯდომი გოგონა“, „წმ. პრაქსედა“ და „გოგონა ფლეიტით“.


„გოგონა ფლეიტით“


ვერმეერის ნახატი „კონცერტი“ ბოსტონის მუზეუმიდან 1990 წელს იქნა მოპარული. სამწუხაროა, რომ მისი ბედი დღემდე გაურკვეველია.

ვერმეერის გამორჩეული ტილო „მუსიკის გაკვეთილია“ – ოსტატის, რომლის სინათლით გამსჭვალული ფერწერა თვით მუსიკაა. ვერმეერთან სინათლე და ჰაერი მატერიალურია, ხოლო „სრულყოფილი ფუნჯით“ შესრულებული ადამიანები და საგნები ერთნაირადაა გასულიერებული. გეომეტრიულმა რაციონალურობამ და ნახატების აგებულების სიაშკარავემ რამდენიმე ასეული წლის შემდეგ გააოცა XX საუკუნის მოდერნისტები, რომლებმაც იან ვერმეერი „მცირე ჰოლანდიელებიდან“ ყველაზე უდიდეს, აბსტრაქციონიზმის მამად აღიარეს.

ვერმეერის შემოქმედებას ჭადრაკის თამაშს ადარებენ, რომელშიც წესების ზუსტი მიმდევრობა თავისუფალ იმპროვიზაციასთან არის გადახლართული, ხოლო ზედმიწევნით გააზრებული კომპოზიციები – ვირტუოზულ-იუველირულ ტექნიკასთან.

ტილოების იდეალურ სივრცეს ვერმეერი რეალური საგნებიდან და პერსონაჟებიდან აგებს. ფუნჯის გაბედული მოსმით მოქსოვილი ეს სამყარო თავისი ცხოვრებით სუნთქავს, სინათლის სარკმლიდან მუსიკის ნაკადი ჟღერს და ადამიანების სახესა და ხელებს გარს ევლება.

ვერმეერი სინათლესთან მუშაობის უბადლო ოსტატად არის მიჩნეული. მის მსგავსად სინათლისა და ჩრდილის სინატიფის გადმოცემა ვერასდროს ვერავინ შეძლო. უცნობია, როგორი ტექნიკური აღჭურვილობითა და „უნიკალური“ საღებავებით აღწევდა ყოველივეს „სინათლის გენიად“ წოდებული მხატვარი.
P.S. მოგეხსენებათ, იან ვერმეერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარია „გოგონა მარგალიტის საყურით“. ტილო ჰააგის მუზეუმის საკუთრებაა (ნახატის გასტროლები იაპონიასა და აშშ-ში წლების განმავლობაში გრძელდება).

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...