ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ბუნებრივი კატასტროფები

0

ადამიანისა და გარემოს ურთიერთზემოქმედებაზე დაკვირვება, კვლევა ისტორიული წარსულიდან იღებს სათავეს. თანამედროვე გეოგრაფიის უმთავრესი ამოცანაა ბუნების მდგრადი განვითარება, გარემოს მდგომარეობის კონტროლი და პროგნოზირება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური ათვისებისთვის რეკომენდაციების გაცემა. მეტად მნიშვნელოვანია სტიქიური უბედურებების, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების შესწავლა და პროგნოზირება, ვინაიდან ისინი ძლიერაა გახშირებული და მოსახლეობის ზრდისა და ტექნიკის განვითარების კვალდაკვალ მოსალოდნელია, მათი მასშტაბები უფრო მეტად გაიზარდოს. ბუნებრივი კატასტროფების მიზეზთა ცოდნა და ანალიზი აუცილებელია. გთავაზობთ მე-9 კლასის საქართველოს გეოგრაფიის გაკვეთილის გეგმას, რომელიც ბუნებრივ კატასტროფებს ეხება.

გეო.IX.5. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს საქართველოში გეოეკოლოგიური პრობლემების წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აღწერს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენის კატასტროფულ ხასიათს და ვარაუდობს მათი თავიდან აცილების შესაძლო ღონისძიებებს; კლასის წინაშე წარმოადგენს კვლევის შედეგებს;
  • ჩამოთვლის საქართველოში მომუშავე ბუნებისდაცვით ორგანიზაციებს და ეცნობა მათი მუშაობის სტრატეგიებს; შეუძლია, საჭიროებისამებრ მიმართოს აღნიშნულ ორგანიზაციებს.

აქტივობა № 1. მასწავლებელი დაფაზე წერს სიტყვებს: „ბუნებრივი კატასტროფები“, – და სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოთვალონ, რომელი სტიქიური მოვლენები იციან. მათი პასუხები იწერება დაფაზე: მიწისძვრა, ვულკანის ამოფრქვევა, წყალდიდობა, ცუნამი, ტორნადო და სხვ. შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, მოახდინონ ბუნებრივი კატასტროფების კლასიფიკაცია. სასურველია, კრიტერიუმები თავად ჩამოაყალიბონ. მიმართულების მისაცემად შეიძლება კითხვების დასმა, მაგალითად: რა მოვლენები იწვევს კატასტროფებს? – და სხვ. სქემა მიიღებს შემდეგ სახეს:

 

 

აქტივობა №2. ამის შემდეგ მოსწავლეები იყოფიან 4-5-კაციან ჯგუფებად. მასწავლებელი მათ აძლევს დავალებას: გამოყონ სტიქიური მოვლენები, რომლებიც საქართველოსთვის არის დამახასიათებელი და შეადგინონ სქემა.

 

 

სასურველია, სტიქიური მოვლენების განხილვა მოხდეს რამდენიმე გაკვეთილზე, მოცემული სქემის მიხედვით: ერთ გაკვეთილზე დაამუშაონ მასალა მოვლენებზე, რომლებიც გამოწვეულია ენდოგენური ძალების მოქმედებით და დაკავშირებულია რელიეფის ფორმებთან, მეორეზე განიხილონ ჰიდროლოგიური სტიქიური მოვლენები და ა. შ.

ერთ ჯგუფს დავალებად ეძლევა მიწისძვრის შესახებ არსებული ტექსტის, რუკებისა და ილუსტრაციების გაანალიზება.

 

მეორე ჯგუფი ამუშავებს მეწყერის შესახებ არსებულ მასალებს.

მესამე ჯგუფი ზვავის გავრცელების არეალებსა და გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობს.

შემდეგ გაკვეთილზე ასეთივე პრინციპით განიხილავენ სტიქიურ მოვლენებს, რომლებიც ჰიდროსფეროსთან ან ატმოსფეროსთან არის დაკავშირებული. მოსწავლეებმა უნდა დაადგინონ გამომწვევი მიზეზები, გავრცელების არეალები და იმსჯელონ მათი თავიდან აცილების შესაძლო გზებზე.

აქტივობა №3. მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს გერმანელი პოეტის გოეთეს სიტყვებს და სვამს კითხვებს:

  1. ეთანხმებით თუ არა მას?
  2. რას გულისხმობს გოეთე „გაუგებრობაში, რომელიც ადამიანისგან მოდის“?
  3. ჩამოთვალეთ ის „გაუგებრობები“ და შედეგები, რომლებსაც ადამიანის მოქმედება იწვევს.

„… ბუნებამ არ იცის ხუმრობა. ის ყოველთვის მართალია, ყოველთვის სერიოზულია, ყოველთვის მკაცრია. შეცდომები და გაუგებრობა მხოლოდ ადამიანებისგან მოდის“, – გოეთე.

საშინაო დავალება: მოიძიონ ინფორმაცია საეთაშორისო ორგანაზაციების შესახებ, რომლებიც ბუნებრივი კატასტროფების თემებზე მუშაობენ.

 

 

 

სპორტის ხელმისაწვდომობა იძულებით გადაადგილებული ბავშვებისთვის

0

ავად სახსენებელი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ უკვე ცხრა წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში საქართველოშიც და სხვაგანაც ბევრი რამ შეიცვალა და გადასხვაფერდა. არ შეცვლილა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებსა და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრები ადამიანების რეალობა. მათი მთავარი სადარდებელი, ცხადია, საკუთარ სახლებსა და სოფლებში ვერდაბრუნებაა, მაგრამ სამაჩაბლოელებს ბევრი სხვა რამეც აწუხებთ.

ერთ-ერთი მთავარი და ხელშესახები პრობლემა ადგილობრივი ბავშვებისთვის სპორტის ხელმისაწვდომობაა. კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე დაიწყო იმაზე საუბარი, რომ დევნილი მოზარდებისთვის სპორტის ნებისმიერ სახეობაზე სიარული უფასო უნდა გამხდარიყო და ამას, სახელმწიფოსთან ერთად, საკუთარ თავზე კერძო კომპანიებიც იღებდნენ, მაგრამ გავიდა დრო და ვნახეთ, რომ, რამდენიმე კარგი მაგალითის მიუხედავად (ზოგიერთმა სახელმწიფო სტრუქტურამ და კერძო კომპანიამ ერთჯერადად დააფინანსა სხვადასხვა სპორტული ჯგუფი), ბევრი არაფერი შეცვლილა და სპორტით დაკავებული დევნილი ბავშვების მშობლებს ისედაც მწირი შემოსავლიდან დღესაც თანხების გადადება უწევთ, შვილების სპორტული მომავალი რომ დააფინანსონ.

ასეთი დაფინანსება, ცხადია, მყიფეა და თუ მშობელს ეკონომიკური პრობლემა შეექმნა, ოჯახის ბიუჯეტიდან პირველ რიგში ბავშვის სპორტზე სიარულისთვის გადასახდელ ფულს დაზოგავს, ხოლო უსახსრობის გამო სპორტზე ვერწასვლა მოზარდისთვის რამხელა ტრავმაა – ნამდვილად არ არის ძნელი გასაგები.

გიორგი ახლა 16 წლისაა. 7 წლის იყო, როდესაც ოკუპანტებმა სამაჩაბლოში მისი მშობლიური სოფელი გადაწვეს და მიწასთან გაასწორეს. გიორგიმ თავად მაჩვენა ფოტო, რომელზეც ლიახვის ხეობის ის ადგილია აღბეჭდილი, სადაც მისი სახლი იდგა – ომის შემდეგ სოფელს ბულდოზერები გადაატარეს და ნასახლარების კვალიც კი წაშალეს.

დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები გიორგი უკვე 6 წელია ფეხბურთითაა გატაცებული და, როგორც თავად მითხრა, წელიწადში 1 თვე მაინც იყო ისეთი, როდესაც მამამ სპორტზე სიარულის საფასური ვერ გადაუხადა. ამის გამო ან თვის ჩაგდება მოუწია, ან მწვრთნელთან იმის მტკიცება, რომ პრობლემა მალე მოგვარდებოდა.

გიორგი ამობობს, რომ მისთვის პირველ რიგში მორალურადაა დამთრგუნველი გამუდმებით თანხის ძიება და არც ისე შორსაა ის დრო, როდესაც ფეხბურთზე საერთოდ აიღებს ხელს, მით უმეტეს, ტრავმების გამო მისი სპორტული კარიერა არც ისე კარგად წარიმართა, როგორც თავიდან ეგონა.

გიორგის უმცროსი ძმა კოტე თბილისში ჭადრაკზე დადის. მიუხედავად იმისა, რომ გადასახადი აქ არც ისე დიდია და პატარა კოტეს მწვრთნელსაც კარგად ესმის საქართველოში დევნილების მძიმე ყოფა, მასაც, ძმის მსგავსად, რამდენიმე თვით მოუწია საყვარელ სპორტზე უარის თქმა. მიზეზი იგივეა – უფულობა.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილი ბავშვების რეაბილიტაციისა და საზოგადოებასთან უკეთ ინტეგრაციისთვის სპორტი და სპორტში ჩართულობა რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვთა ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით. გარდა ამისა, საეჭვოა, დიდ ფინანსურ სირთულეს წარმოადგენდეს ამ ბავშვების დაფინანსება. ეს, სახელმწიფოს გარდა, კერძო კომპანიებსაც ეხება, რომლებიც, ვფიქრობ, ბევრს არაფერს დაკარგავენ, ასეთ მნიშვნელოვან საქმეში თუ ჩადებენ ფულს.

საქართველო პატარა ქვეყანაა და სპორტული პოტენციალიც იმაზე გაცილებით ნაკლები აქვს, ვიდრე შესაძლოა ბევრს წარმოუდგენია. სწორედ ამიტომ დასაკარგავი მომავალი სპორტსმენები ნამდვილად არ გვყავს. მით უმეტეს, იმ ბავშვებზე ვსაუბრობთ, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდმა უბედურებამ – ოკუპაციამ გადაიარა

მონაცემთა შეგროვების შემოქმედებითი მეთოდები

0

სასწავლო პროცესის შეფასებისა და ხარისხის უზრუნველყოფის უწყვეტი ციკლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი მონაცემთა შეგროვებაა. შეფასების მიზნიდან და საკვლევი კითხვებიდან გამომდინარე, მკვლევარი (მკვლევართა ჯგუფი, დირექცია, მასწავლებლები ან კვლევაში ჩართული სხვა პირები) არჩევს შესაბამის მეთოდებს და სტრატეგიებს. მონაცემთა შეგროვების ფართოდ გავრცელებული მეთოდებია: გამოკითხვა, ინტერვიუ, დაკვირვება, კონტენტანალიზი, ფოკუსჯგუფი და სხვ. ჩამოთვლილი მეთოდები შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც თვისებრივ, ისე რაოდენობრივ კვლევას. მაგ., გამოკითხვისა და კითხვარის შედგენის მრავალი ფორმა არსებობს და მონაცემთა შეგროვების ეს მეთოდი გამოიყენება რაოდენობრივი კვლევის დროს დიდი მოცულობის ინფორმაციის მოსაპოვებლად. კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებამ მკვლევრებს საშუალება მისცა, ჩაატარონ ონლაინგამოკითხვები, რაც ფინანსებისა და დროის ეკონომიის მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯია. თვისებრივი კვლევის მეთოდებს შორის ყველაზე პოპულარულია ინტერვიუ, რომელიც ასევე მრავალი ფორმისა და მიმართულებისაა (ჯგუფური, ჩაღრმავებული, ავტობიოგრაფიული და სხვ.). აღნიშნულ მეთოდებს კარგად იყენებენ ის მკვლევრები, რომლებიც შერეული კვლევის დიზაინით მუშაობენ. ისინი ერთი მეთოდის უარყოფითი მხარეების მეორე მეთოდით დაბალანსებას ცდილობენ. გარდა ამისა, არსებობს მეთოდები, რომლებიც კვლევაში მეტი მოქნილობის საშუალებას იძლევა. მაგ., დაკვირვება ან კონტენტანალიზი შეგვიძლია წარვმართოთ რაოდენობრივი ან თვისებრივი პერსპექტივით. არჩევანს, საკვლევი კითხვიდან გამომდინარე, მკვლევარი აკეთებს.

ამრიგად, არსებობს სკოლაში კვლევისა და მონაცემების შეგროვების კარგად დამუშავებული და ცნობილი მეთოდები, თუმცა აქაც შეიძლება შემოქმედებითი უნარის გამოვლენა, რათა პროცესი უფრო საინტერესო, სახალისო და ინტერაქციული გახდეს. ახალი მეთოდების გამოცდა სასკოლო საზოგადოებას საშუალებას მისცემს, თვითსწავლის პროცესი, მოსაწყენ კითხვარებსა და ინტერვიუებთან ერთად, სიახლეების დანერგვისა და განხორციელების გზითაც წარმართონ. ქვემოთ განხილული ერთ-ერთი მეთოდი საშუალებას მოგვცემს, სასკოლო გარემოს შეფასების პროცესში მოსწავლეებიც ჩავრთოთ, თანაც ისე, რომ მათთვის საინტერესო და სახალისო აქტივობა სკოლის თემისთვისაც სასარგებლო გახდეს.

წარმოგიდგენთ კრეატიული მეთოდების რამდენიმე მაგალითს:

 

ფოტოშეფასება

ფოტოშეფასება მკვლევარს სთავაზობს სკოლაზე დაკვირვების მეთოდურად საინტერესო და, იმავდროულად, სასარგებლო ხერხს. ამ შემთხვევაში სკოლას ვიკვლევთ არა მხოლოდ როგორც ინსტიტუციას, არამედ როგორც საცხოვრებელ სივრცეს, სადაც მოსწავლეები დროის უმეტეს ნაწილს ატარებენ. მეთოდი განსაკუთრებით გამოსადეგია სასკოლო გარემოს კვლევის დროს. მთავარი კითხვა შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს: სკოლის შენობის რომელ ნაწილში გრძნობენ (ვერ გრძნობენ) თავს მოსწავლეები (მასწავლებლები, მშობლები) მშვიდად და უსაფრთხოდ? იმას, თუ როგორ აღიქვამენ მასწავლებლები და მოსწავლეები საკლასო ოთახებს, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სკოლასთან მათი თვითიდენტიფიცირებისა და ვანდალიზმის ფაქტების შემცირებისთვის. ფოტოშეფასება კი საშუალებას აძლევს სასკოლო თემს, საკლასო გარემოს შეფასების პროცესში თავადაც მიიღოს აქტიური მონაწილეობა.

 

მიმდინარეობა

  1. საკვლევი პოპულაცია (მოსწავლეები) ნაწილდება ხუთკაციან ჯგუფებად.
  2. ყველა ჯგუფი თანხმდება სკოლის შენობაში არსებულ ოთხ ისეთ ადგილზე, სადაც თავს მშვიდად და უსაფრთხოდ გრძნობენ და პირიქით.
  3. ჯგუფები გეგმავენ, რა თანმიმდევრობით გადაიღონ შერჩეული ადგილები და რა ხერხით წარმოაჩენენ ყველაზე ეფექტურად თავიანთ აღქმას. მაგ., ფოტოზე მხოლოდ ადგილი, უნდა აღიბეჭდოს თუ ადამიანებიც? კონრეტული ნაწილი უნდა გადაიღონ თუ მთელი სივრცე? ჯგუფის წევრები თანხმდებიან, არჩეული ადგილების ვინ რომელ ნაწილს გადაიღებს და რა პერსპექტივით.
  • ჯგუფების დაგეგმვის პირველ ეტაპზე მკვლევარმა უნდა განსაზღვროს მათი მუშაობის წესები. მაგ., რამდენი დრო ექნება თითოეულ ჯგუფს ფოტოების გადასაღებად; რამდენი ფოტო გადაიღონ; როდის წარმოადგინონ მასალები.
  • ფოტოს გადაღების დროს ყველა ჯგუფს უნდა ახლდეს მასწავლებელი. გადაღების პროცესში ჯგუფმა უნდა აღწეროს ფოტოს გადაღების მოტივი და აღწერილობა ჩაიწეროს, რათა შემდგომ ამ მონაცემების დამუშავება გამარტივდეს.
  • ფოტოების გადაღების შემდეგ ჯგუფი წარმოადგენს პლაკატს, რომელზეც აღწერილი იქნება მათი მოტივები. ზედ მიმაგრებული იქნება ფოტოები წერილობითი კომენტარებით.
  • პლაკატები წარედგინება კვლევის ჯგუფს როგორც დისკუსიისა და დასაგეგმავი ღონისძიებების საბაზო წყარო.

აღნიშნული მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ დროითი განსხვავების აღნუსხვის მიზნითაც, მაგ., სკოლის შიდა ეზოს სისუფთავე დიდ დასვენებამდე და მის შემდეგ, ხოლო იმის დასადგენად, თუ როგორ იმუშავა ჩვენს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, შეგვიძლია, სკოლის ცალკეული ადგილების მოწესრიგების შემდეგ კვლავ ვთხოვოთ მოსწავლეებს ფოტოების გადაღება, მიღებული მონაცემები შევადაროთ თავდაპირველ ვერსიას და გავიგოთ, შეიცვალა თუ არა ბავშვების აღქმა კონკრეტული სივრცის უსაფრთხოების, სისუფთავისა და სხვა საკითხების მიმართ.

რა არის გასათვალისწინებელი მეთოდის გამოყენებისას:

  • ჯგუფების განაწილებისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მოსწავლეთა ხასიათის თავისებურებებს და ლიდერული თვისების მქონე მოსწავლეები თანაბრად გავანაწილოთ ჯგუფებში. ამ ხერხით უზრუნველვყოფთ იმას, რომ ყველა ჯგუფში გვეყოლება დაგეგმვასა და პროცესის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
  • მთელი პროექტის განმავლობაში უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ერთი ფოტოაპარატი. მოსწავლეებმა არ უნდა გადაიღონ შერჩეული ადგილები სხვადასხვა კამერით ან მობილური ტელეფონით. ამისთვის უნდა შევადგინოთ კამერით სარგებლობის განრიგი და გავაცნოთ მონაწილე პირებს.
  • დროის დაგეგმვა – ერთი გაკვეთილი ცოტაა მსგავსი პროექტის განსახორციელებლად. მეორე მხრივ, არ შეიძლება პროცესის ზედგეტად გაწელვა ან ზედმეტად ბევრი ფოტოს გადაღება. შემდომი გართულებების თავიდან ასაცილებლად თითოეულ ჯგუფს განესაზღვება მუშაობისთვის აუცილებელი დრო, მაგ., 20 წთ.
  • პროექტის საკვანძო საკითხია ჯგუფში გადაწყვეტილების მიღება. ეს მოითხოვს კომუნიკაციისა და კონფლიქტების მოგვარების სტრატეგიებს და სთავაზობს მოსწავლეებს ამ კომპეტენციების განვითარებას პრაქტიკულ მაგალითზე დაფუძნებით.

პროექტის დასრულების შემდეგ შეგვიძლია, მიღებული შედეგები გავაანალიზოთ საკვლევ ჯგუფში და გავნსაზღვროთ სკოლაში ის ადგილები, რომლებიც მოსწავლეებს დაუცველობის, მოუწესრიგებლობის, შფოთვის, შიშის ან სხვა განცდებს აღუძრავს. სკოლის შენობის რომელ ნაწილში გრძნობენ მოსწავლეები თავს დაცულად და კომფორტულად? რომელი საკლასო ოთახი იწვევს ყველაზე მეტ ნეგატიურ ემოციას მათში? და ა.შ. ფოტოშეფასების მეთოდი უნივერსალურია და შესალებელია მისი საგაკვეთილო პროექტის ჩარჩოში მოქცევა როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურებზეც. ქართული ენის, ისტორიის, გეოგრაფიის, სამოქალაქო განათლების, სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების მასწავლებლებს თავისუფლად შეუძლიათ შეარჩიონ მოსწავლეთათვის საინტერესო საკვლევი თემა და შესთავაზონ მათ ამ მეთოდის გამოყენება. თუ პროექტი ზოგადად სკოლას და სხვა მოსწავლეებსაც ეხება, გონივრული იქნება, მისი დასრულების შემდეგ შედეგები სასკოლო საზოგადოებას წარვუდგინოთ კედლის გაზეთის ან პლაკატის სახით. მოსწავლეებს შეუძლიათ, ამ გზით შესთავაზონ დირექციას კონკრეტული შედეგები და პროექტი აქციონ სკოლის/გაკვეთილის შეფასებისა და განვითარების ნაწილად.

 

ინტერესისა და მოტივაციის აღძვრა-შენარჩუნების ასპექტები

0

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ინტერესისა და მოტივაციის აღძვრა და შენარჩუნება სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთი წინაპირობაა. ინტერესი და ხალისი გაკვეთილზე მოსწავლის თანამდევი განცდები უნდა იყოს. ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აუცილებელია, მასწავლებელი ითვალისწინებდეს მოსწავლეთა საჭიროებებს, ინტერესებსა და გატაცებებს.

სწავლის დროს ყველაზე ძლიერ სტიმულს წარმოადგენს საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნება ანუ განცდა „გამომივიდა“, „მეც გამომივიდა!“ ასეთი სტიმულის არარსებობის შემთხვევაში მოსწავლისთვის თითქმის შეუძლებელია სწავლის აზრის გაცნობიერება; ბავშვი თავიდანვე უნდა მიეჩვიოს იმის გარკვევას, რა არის მისთვის გაუგებარი, თუნდაც ეს მცირე რამ იყოს. მასწავლებელის მხარდაჭერა გამოიხატება იმით, რომ მან დიდი ამოცანა მოსწავლეებისთვის დასაძლევ მარტივ ქვეამოცანებად დაშალოს. ამ გზით წარმატების მიღწევის შედეგად თვითეფექტურობის განცდა უჩნდება მოსწავლესაც (იმის გამო, რომ შეუძლია დასახული ამოცანის დაძლევა) და მასწავლებელსაც (რომ შეუძლია, ყოველგვარი შესაძლებლობის მოსწავლეს მიაწვდინოს ხმა). ეს კლასში ქმნის ატმოსფეროს, როცა ყველა ერთად მიიწევს წინ – სასურველი შედეგისაკენ. მოზარდის შინაგანი მოტივაცია აიწევს, როცა ის რომელსამე სფეროში მიაღწევს წარმატებას.

თავდაჯერების, საკუთარი ძალების რწმენის მომატება ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას, ამიტომ მასწავლებელს და მშობელს არ უნდა დაავიწყდეთ ბავშვის მიღწევების აღნიშვნა; ამით მას სწავლის გაგრძელებაში დაეხმარებიან. წარუმატებლობის შემთხვევაში კი სასჯელზე უარი უნდა ვთქვათ. ის თავად არის სასჯელი. წარუმატებლობის შიში და დაძაბულობა აძნელებს სწავლას, აქვეითებს მოტივაციას.

მოსწავლეებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის პიროვნებას. საყვარელი მასწავლებლის მიერ ახსნილ რთულ გაკვეთილს ხშირად უფრო ადვილად ითვისებენ.

მოსწავლეს დადებით განწყობას უქმნის კეთილგანწყობილი, ნდობისა და თანამშრომლობის პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გარემო, მასწავლებლის გასაგები და ემოციური მეტყველება.

სწავლების მეთოდებისა და ხერხების მონაცვლეობა-განახლება მასწავლებელს ახალ შესაძლებლობებს გადაუშლის წინ. პედაგოგი უნდა ეცადოს, გაკვეთილზე ხშირად მიმართოს თითოეულ მოსწავლეს, მუდმივი უკუკავშირის გამოყენებით მოახდინოს გაუგებარი ან არასწორი მოსაზრებების კორექტირება. მოსწავლე ცალკეული კი არა, გაკვეთილის სხვადასხვა ეტაპზე გაცემული რამდენიმე პასუხის მიხედვით უნდა შეფასდეს.

აუცილებელია მუდმივი და მიზანმიმართული ზრუნვა მოსწავლის იმ თვისებებზე, რომლებიც შემეცნებითი უნარების განვითარების საფუძველს ქმნის: სწრაფი აზროვნება, სხვადასხვა ტიპის მეხსიერება, ყურადღება, წარმოსახვა… მასწავლებლის მოვალეობაა, არა მარტო ასწავლოს, არამედ თავისი საგნობრივი პროგრამის საფუძველზე განუვითაროს მოსწავლეს კრიტიკული აზროვნების უნარი.

განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ცოდნის ინტეგრირება როგორც კონკრეტული საგნის თემების დაკავშირებით, ასევე სხვადასხვა საგანს შორის კავშირების გამოკვეთით. ეს ხელს შეუწყობს მოსწავლის თვალსაწირეის გაფართოებას, ცოდნის გააქტიურებას, ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარებას. პასუხის გაცემა კითხვაზე: „რომელი ცხოვრებისეული პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება ამ საკითხის ცოდნა?“ – ხელს შეუწყობს მოტივაციის შენარჩუნებას – მოსწავლე დაიწყებს ფიქრს იმ სარგებელზე, რასაც ამ კონკრეტული თემისა თუ საგნის ცოდნა მოუტანს. საზოგადოდ, დიდ ყურადღებას მოითხოვს რეფლექსიის უნარის განვითარება, რომელიც დაემყარება ობიექტურ თვითშეფასებასა და ურთიერთშეფასებას, ქმედებების შეფასებას, ღია კითხვებზე პასუხს („რატომ გამიძნელდა? რა აღმოვაჩინეთ, რა გავიგეთ გაკვეთილზე?“ – და ასე შემდეგ).

სასწავლო მასალის შინაარსის აქტუალურობის წარმოჩენა მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნებას უწყობს ხელს. უნდა ვეცადოთ, სწავლისადმი ინტერესის აღძვრა-შენარჩუნებისთვის მივმართოთ ინფორმაციის მიწოდების მრავალფეროვან მეთოდებს. ამ მეთოდებიდან გამოვყოფდით თამაშს (სხვადასხვა ფორმატით).

თამაში წარმოადგენს ძლიერ სტიმულატორს გარემომცველი სამყაროსა და მოვლენებისადმი ინტერესის აღსაძრავად. ერთი შეხედვით, ის პატარა ბავშვების საქმეა, მაგრამ პრაქტიკა მოწმობს, რომ ასე არ არის. თამაშით ეფექტურად შეიძლება მოტივაციის აღძვრა შუა სასკოლო ასაკშიც. უმცროსები უფრო ადვილი სამართავები არიან, ხოლო მოზარდები – მიზანსწრაფულები. საშუალო სასკოლო ასაკში სწორედ აზარტითა და შთაგონებით შეიძლება მიიზიდო მოზარდი. სხვადასხვა ასაკი სხვადასხვა ხასიათის თამაშების საჭიროებას გვკარნახობს. ეს განპირობებულია იმ ახალწარმონაქმნებით, რომლებიც ზრდასრულობისკენ სვლის პარალელურად ყალიბდება ადამიანის ფსიქიკაში. უმცროსი ასაკის თამაშები უფრო სწორხაზობრივია, საშუალო მოზარდობისა – გუნდურობაზე დაფუძნებული, უფროსი მოზარდობის ხანაში კი პიროვნული რეალიზებისადმი ინტერესი წმოიწევს წინ, მნიშვნელოვანი ხდება გამარჯვება და ახალი სახეების რეკონსტრუქცია, საინტერესო და გამორჩეული მოდელები სინამდვილიდან. თითოეული ასაკის მოზარდი თამაშში თავისთვის მნიშვნელოვან ასპექტს ეძებს. სწავლებაში თამაშების გამოყენება შედეგიანია მოზარდის პიროვნების ფორმირების, მისი ცოდნისა და აზროვნების განვითარების თვალსაზრისით.

   მარადიული მგზავრი

0

ადამიანი მარადიული მგზავრია _ წუთისოფლიდან ზესთასოფლისკენ მიმავალ გზაზე დამდგარი. გზა იმდენია, რამდენი `მეც~ არის ყოველ პიროვნებაში. ეს გზები წარმართავენ მის ხორციელ-სულიერ განვითარებას. ფიზიკური განვითარება მატერიალური სამყაროს კანონებს ემორჩილება და დროშია შეზღუდული, სულიერი განვითარება კი თავისუფალია და დრო-სივრცეს არად დაგიდევთ. ნებისმიერი მხატვრული ნაწარმოები, სიმბოლურად, გზაა, რომელიც მკითხველის გულისა და გონებისაკენ მიიკვლევს გზას და რამდენად მიაღწევს საწადელს, ეს არა მხოლოდ მხატვრული ტექსტის ღირებულებაზეა დამოკიდებული, არამედ მკითხველის მზაობასა და დროზე, რომელიც ნაწარმოებს გარკვეულ კონტექსტს უქმნის.

თამაზ ბიბილური თავის რომანში `შვიდი ხმისა და ტოროლასათვის~ გზის თავისებურ მხატვრულ მოდელს ქმნის, რომელიც, უპირველესად, ადამიანის სულიერ განვითარებას წარმოაჩენს. მის მხატვრულ სისტემაში ირეკლება ლიტერატურულ-ფილოსოფიური გამოცდილება, რომელიც მითოსური და ბიბლიური ტექსტების ცოდნას ემყარება. გზის სხვადასხვა მხატვრული მოდელი  კი იმისთვის იქმნება, რომ მკითხველმა შეძლოს ჩასწვდეს ადამიანის ამქვეყნად არსებობის აზრს.

`სამყარო მართლაც ისევ სავსეა იდუმალებით და მიუწვდომლობით, მომავალ საუკუნეთა ადამიანი, თუ დედამიწამ კიდევ გასძლო, აუცილებლად უდიდესი მისტიკოსი იქნება~, _ ასე ფიქრობს `ამბების მთხზველი~ ამ რომანში. თვითონ მწერალი სწორედ ასეთ `მისტიკოსად~ წარმოგვიდგება და ქმნის, უპირველესად, მისტიკას ჩალაურისას, სადაც რომანის პერსონაჟები მიდიან.

ამ რომანშიც მთავარი მაინც ორი გზაა, რომლებიც ერთმანეთს გადაკვეთენ და ქმნიან ჯვარსახოვნებას. რევაზ სირაძემ საგანგებოდ გამოიკვლია ჯვარსახოვნების   მხატვრული ფენომენის არსი, რომლის მიხედვითაც, `ტექსტის ჩვეულებრივ მდინარებაში მისი ამქვეყნიური შინაარსია, ხოლო მისსავე სიღრმეში არის სულიერი შინაარსი, რომელიც ჯვრის ვერტიკალს შეესაბამება. ამას სწვდება მკითხველის ზეცნობიერება~ (რევაზ სირაძე). რომანის გმირები მატერიალურ სამყაროში გადაადგილდებიან, მრავალგვარ ხიფათს გადალახავენ და მაინც მიაღწევენ ჩალაურამდე, თანვე შინაგანად იცვლებიან, საკუთარ თავსა და სამყაროს უფრო ღრმად შეიმეცნებენ,  საკუთარი არსებობის გამართლებას პოულობენ.

რომანის მთავარი გმირები ჩალაურისკენ მიემართებიან. ისინი შვიდნი არიან, რადგან სწორედ რიცხვი შვიდი გამოხატავს სრულყოფილებას _ ღმერთმა ხომ შვიდ დღეში შექმნა სამყარო. სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში რიცხვი შვიდი საკრალური ციფრია და ამიტომაც ლიტერატურაში ხშირად გხვდება ეს ციფრი სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნებით. შვიდი ხმა, რა თქმა უნდა, უპირველესად, უნიკალურ, ქართულ ხალხურ შვიდხმიან სიმღერებს გვახსენებს. თუმცა რომანის არც ერთი პერსონაჟი უშუალოდ მუსიკასთან დაკავშირებული არ არის, მაგრამ მთლიანობაში მკითხველს აქვს პოლიფონიურობის განცდა, რასაც ქმნის თხრობის რიტმი, მოვლენათა განვითარების დინამიკა. რომანი ფერადოვნებითაც გამოირჩევა, მწერალს საოცარი შეგრძნება აქვს ხაზისა და ფერისა, ამიტომაც ეს შვიდი პერსონაჟი ცისარტყელას შვიდი ფერივითაა, რომლებიც ერთმანეთს ავსებენ და განაპირობებენ. `ჩალაური მოგონილი არ არის. ჩალაური არსებობს და იარსებებს მანამდე, სანამ არსებობს კაცთა მოდგმა~.

მაინც რა არის ეს ჩალაური, რომელსაც მწერალი წარმოაჩენს, როგორც მარადიულობასთან წილნაყარს. ის არსებობს, როგორც ოცნება და ილუზია, წარმოსახვითი სივრცე, სადაც თავს იყრიან მატერიალური თუ სულიერი გზები. თავს იყრიან და მერე ერთ გზად ერთიანდებიან, გზად, რომელსაც ადამიანის თვალი (გონებისა და სულისა) ვეღარ სწვდება. ჩალაურამდე კი ცხოვრებისეული გზაჯვარედინებია, წამოდგომა და დაცემა, სასოწარკვეთილება და იმედი.

`ჩალაური ყველაფერია: ჩვენი ხსოვნა, ჩვენი მოგონება, ჩვენი წარსული. ვიდრე ჩალაური გახსოვს, არაფრისა არ უნდა გეშინოდეს. ყველას თავისი ჩალაური აქვს, ყველანი ჩვენი ჩალაურიდან მოვდივართ. მოვდივართ არხეინად გალაღებულნი და არის ერთი დრო, სიჭაბუკის დრო, როცა აღარც კი გვახსოვს, რომ ჩალაურიდან წამოვედით. ეს ხანმოკლე დროა… რაც უფრო ვბერდებით და წუთისოფელს ვემშვიდობებით, ჩალაური ჩვენი ხსნა გვგონია. ბოლოს ყველანი, ფიქრით მაინც, აუცილებლად, ისევ ჩალაურში ვბრუნდებით~.

რომანის მიხედვით, ჩალაური მაღლაა, ზეცასთან ახლოს, საიდანაც `ღმერთთან მისასვლელად დიდი გზა აღარ დაგჭირდება~. ასე რომ, ჩალაურისკენ მიმავალი გზა, რეალურ პლანში თვითონ ცხოვრებაა. ყველანი ამ გზას მივყვებით, რადგან თვითონ სიცოცხლეა გზა, გზა სიყმაწვილიდან სიჭაბუკისკენ და სიჭაბუკიდან სიბერისაკენ. თამაზ ბიბილური ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა: `აქ ყველაზე უფრო გზის სიმბოლიკა მხიბლავდა. ყველანი, შვიდივენი და, ალბათ, ტოროლაც, სადღაც მიდიან. ეს დეტალი უკვე თვით კაცთა ცხოვრების მოდელის შექმნის შესაძლებლობას მაძლევდა~.

იტალო კალვინო წერილში `სიმსუბუქე~ პერსევსის მერ მედუზა გორგონას მოკვლის შესახებ მითს წარმოაჩენს, როგორც პოეტისა და სამყაროს ურთიერთობის ალეგორიას. პერსევსი გაქვავებას იმით გადაურჩება, რომ გორგონას კი არა, ბრინჯაოს ფარზე არეკლილ მის სახეს უმზერს, თანაც, ქარსა და ღრუბლებს ეყრდნობა. მედუზას სისხლიდან კი ფრთოსანი რაში, პეგასი შვება. ე. ი. ერთი მხრივ, არსებობს საზარელ არსებათა რეალობა, როგორც ტვირთი და ამ რეალობიდან `არეკლილი სამყარო~, როგორც სიმსუბუქე _ მხატვრული რეალობა.

კალვინოს მთელი კაცობრიობა `სიმძიმემისჯილად~ წარმოუდგება, რომელიც მუდამ ცდილობს სიმსუბუქის მოპოვებას ხელოვნების გზით. მწერლები გამოარჩევენ ერთგვარ `ეგზისტენციალურ პოზიციას~, რომელიც საშუალებას იძლევა, სულიერი, საზოგადოდ, `ცხოვრებისეული დრამა მელანქოლიის გარდა, ირონიითაც შევამსუბუქოთ~.

ამგვარი სიმსუბუქის (`ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქის~ მილან კუნდერასეული `აუტანელი სიმძიმის~კონტექსტით) განცდას იწვევს თამაზ ბიბილურის ზემოთ ნახსენები რომანი, რომელიც შეიძლება, პერსევსის ფარს შევადაროთ, რომლითაც მწერალი იგერიებს მედუზას (რეალობის) შემოხედვას, და არამცთუ გაქვავებას იცილებს თავიდან, არამედ `კლავს~ამ მედუზას მისი მხატვრულ რეალობად გარდაქმნის გზით. ამ რომანში რეალობა კი არ შთანთქავს და სრესს თავისი ტვირთით ადამიანს (რაც ხშირად არის აღწერის საგანი ლიტერატურისა), არამედ უკან იხევს და ქრება, თუმცა არა სამუდამოდ, არამედ მხოლოდ ძალის მოკრებისა და ხელახალი გამოჩენისათვის.

რომანის `შვიდი ხმისა და ტოროლასათვის~ თხრობის რიტმი იმდენად მოწესრიგებულია, რომ ერთბაშადდ იპყრობს მკითხველს. მწერალი ქმნის სამყაროს, კაცობრიობის მიკრომოდელს შვიდი პერსონაჟით, რომლებიც სხვადასხვა სოფელში ცხოვრობენ, სხვადასხვა ასაკისა და განსხვავებული `რეალობის~ მატარებელნი არიან, მაგრამ ისინი ყველანი ერთ წერტილში,  გზის ერთ მონაკვეთზე იკრიბებიან განგების ძალით. ეს გზა კი ჩალაურისკენ მიდის.

`ლიტერატურა პლასტიკური ველია, _ წერს ჟერარ ჟენეტი წერილში `ლიტერატურის უტოპია~, _ გამრუდებული სივრცე,  სადაც ნებისმიერ მომენტში ყველაზე მოულოდნელი ურთიერთობები და ყველაზე პარადოქსული შეხვედრებია შესაძლებელი~.

ამგვარი `მოულოდნელი ურთიერთობებისა~ და `პარადოქსული შეხვედრების~ ადგილია ჩალაური _ თამაზ ბიბილურის ლიტერატურულ უტოპია. ჩალაური  სამოთხის პარადიგმაცაა (გურამ დოჩანაშვილისეულ `ლამაზ ქალაქსაც~ რომ მოგვაგონებს), ხსნის სივრცეა. აქეთკენ მოემართებიან აბრია მახაური, გარსოს დედა, დიდედა ლელა შვილიშვილ ზაზასთან ერთად, კაჭკაჭა დედაბერი, ელისო და გელაც _ ჯერ კიდევ ყმაწვილები, მაგრამ უკვე `საიდანღაც~ გამოქცეულები. ყოველ მათგანს  ერთი რამ აერთიანებს _ სწრაფვა ჩალაურისაკენ, თუმცა თითოეულს თავისი მიზეზი აქვს. აბრია მახაურს ჩალაურში შვილიშვილი გიორგი ეგულება და ამიტომაც მიდის იქითკენ, რომ სიკვდილს მისი შემყურე შეხვდეს. უჩვეულო და საოცარი მოტივია, _ მომაკვდავი აბრია ბოლოს ძალას იკრებს, ფეხზე დგება და სიკვდილის შესახვედრად მიდის, მაგრამ თან სიცოცხლის დაუძლეველი წყურვილით. შეიძლება შვილიშვილის ყურებაში გარდაცვალება მას სიცოცხლის სხვა ფორმად გაგრძელებად ესახებოდა. ამის შესახებ არაფერს გვეუბნება `შეთხზული ამბების ავტორი~, რომელიც თვითონაც უხილავი, უსახელო პერსონაჟია, მაგრამ არანაკლები სიმძაფრითა და ვნებით მიუყვება  წვიმიან ბილიკებს გადაკარგული ჩალაურისაკენ.

გარსოს დედას სიყვარულით, შვილებივით გაზრდილი ხარები მიჰყავს, რომ არ ჩამოართვან. მის თავგადასავალში ირეკლება XX საუკუნის 30-იან წლებში ჩატარებული კოლექტივიზაციის პროცესი. ელისო, ბიჭისგან მოტყუებული, სირცხვილსა და შიშს გამოექცა. მის ბედში ირეკლება ახალგაზრდა თაობის წინააღმდეგობებით აღსავსე სულისკვეთება, სურვილებისა და შესაძლებლობების კონფლიქტით გამოწვეული ტანჯვა და შფოთი. ოც წელს ქალაქს შეხიზნული ლელა, როგორც იქნა, თავს დააღწევს იძულებით მარწუხებს და მშობლიური ჩალაურისკენ შვილიშვილსაც გამოიყოლებს. რომანში ქალაქი იხატება, როგორც ერთგვარი ჩაკეტილი სივრცე, რომელიც ადამიანის თავისუფალ, სულიერ განვითარებას აბრკოლებს. ქალაქის, როგორც აპოკალიფსური სივრცის, განცდა, ლიტერატურისთვის ნაცნობია. ქალაქი, საზოგადოდ, ცივილიზაციასთან ასოცირდება. ტექნიკის განვითარებამ ადამიანი ბუნებასა და ღმერთს დააშორა, რაც ნიცშეს ხმამაღლა გამოცხადებული `ღვთის სიკვდილით~ დაგვირგვინდა. ნიცშეს `ესე იტყოდა ზარატუსტრაში~ ვკითხულობთ: `ჰე, ზარატუსტრა, აქ დიდი ქალაქია: აქ არაფერი გაქვს საძიებელი, დაკარგვით კი ყველაფერს დაკარგავ. რად მოგისურვებია ამ წუმპეში ჩაფლობა? შეიბრალე შენი ფეხები! უკეთესია შეაფურთხე ქალაქის კარს და გაბრუნდი! აქ ჯოჯოხეთია მწირის აზრებისათვის. აქ დიდ აზრებს  ცოცხლად ადუღებენ და ხარშვით ამცირებენ. აქ ლპება ყველა დიდი გრძნობა. აქ მხოლოდ მხმარ მცირე გრძნობათ შეუძლია ხმაურობა… განა ამ ქალაქს დაკლული სულის სიმყრალის ოხშივარი არ ასდის?… განა არ გესმის, რომ სული სიტყვათა თამაშად იქცა… სად სიყვარული აღარ შეიძლება, იქ უნდა გვერდზე ჩავიაროთ~ (ნიცშე, „ესე იტყოდა ზარატუსტრა“). ამგვარ განწყობას ბიბილურის რომანის  პერსონაჟის სულიერი მდგომარეობა ეხმიანება.  ჩალაურისკენ ბეჯითად მიემართება კაჟკაჭა დედაბერი, სიბერეში, პენსიის დასანიშნად რომ დასჭირდა იმის მოწმე, მისი გარდაცვლილი ქმარი მიხა ნამდვილად მისი ქმარი იყო (ამის დამადასტურებელი ქაღალდი არ არსებობდა). ჩალაურში კი ეგულებოდა ქალიშვილობის დროინდელი მეგობარი, მის ჯვრისწერას რომ დასწრებოდა. ეს თავი გამოირჩევა ცოცხალი იუმორით. დედაბრის ნარატივი გაჟღენთილია იმგვარი სურნელით, რომელიც მხოლოდ სოფლელი, მრავალჭირნახული, ხანდაზმული ქალის მეტყველებას შეიძლება ახლდეს.  მწერალი ახერხებს მკითხველი დააჯეროს პერსონაჟთა რეალურობაში. ჩალაურის გზას ადგას  გელაც, ერთგული სახედრის საძებნელად წამოსული. ამ თავში ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთობა წარმოჩნდება, როგორც სიცოცხლის  მთელი სისავსით განცდის აუცილებელი პირობა.

ეს შვიდი პერსონაჟი იკრიბება მდინარის ნაპირას. ამ მდინარის გადალახვა სიმბოლურად განწმენდას, განახლებას ედარება. ყოველ შემთხვევაში, მისი გადალახვის გარეშე ჩალაურში ვერ მიხვალ თუ მიბრუნდები. `განწმენდისა~ თუ `სინანულის~ მოტივს ამძაფრებს წვიმაც, რომელიც ჩალაურისკენ მიმავალ მგზავრებს რამდენიმე დღე შეაფერხებს. ეს `შეფერხება~ კი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს სიყვარულის, ნდობისა და თანალმობის გრძნობით დააკავშირებს.

ეს შვიდი ადამიანი შეიძლება გავიაზრთ, როგორც ერთიც (სხვადასხვა გამოვლინებაში), გამთლიანებული, მარადიულ განზომილებაში შესასვლელად გამზადებული. ერთად შეკრებილი `შვიდი ხმა~ ჰარმონიულობისა და სრულყოფილების სიმბოლოა. ამ შვიდ ხმაში ერთიანდება მიწა და ცა, სულიერი და უსულო, მატერიალური და წარმოსახული. ასე რომ, რომანის სახელწოდება `შვიდი ხმისა და ტოროლასათვის~ შეიძლება გავიაზროთ, როგორც `ჰიმნი~ სიცოცხლისათვს, თანვე სიკვდილისათვის და, აქედან გამომდინარე, სამყაროსათვის. და, რაც მთავარია, `სიცოცხლის რომანტიკისათვის~, რომლის მარადიულობისაც სჯეროდა მწერალს და მკითხველის დარწმუნებასაც ცდილობდა. სწორედ ამიტომაც წარუმძღვარა  რომანს შონ ო კეისის სიტყვები: `სანამ ამოდის თუ ჩადის მზე, სანამ მიიქცევა და უკუიქცევა ზღვა, სანამ გალობენ ფრთოსნები და ყვავილები ყვავიან, სანამ იდგებიან მთანი, სანამ ბიჭს კლავს გოგოს სურვილი, ხოლო გოგოს სურს, სასურველი იყოს, მანამ არ ჩაქრება სიცოცხლის რომანტიკა~.

მთელი რომანი სწორედ მზის ამოსვლა-ჩასვლაა, ოღონდ ყოველ დღეს განსხვავებული ფერითა და სურნელით. ამ `ფერადოვნებას~ აღმქმნელი სჭირდება, თამაზ ბიბილურისთანა `მთხზველი ამბებისა~. რომანში შვიდი თავია შვიდი დამოუკიდებელი ნოველასავით: `სიტყვები~, `შოპენის ბალადა~, `შიში~, `მოწმე~, `პოეტის სიკვდილი~, `სახედარი~, `ეპილოგი ჩალაურში~. შვიდი სხვადასხვა ამბავი, როგორც სხვადასხვა `ხმა~ ერთიანი სიცოცხლის სიმღერისათვის~. შვიდ `ადამიანურ~ ხმას ემატება ტოროლას (ცის) ხმა და იქმნება ღვთისგან შექმნილი დაურღვეველი, უნაკლო ერთიანობა.

ჩალაური რომანის პერსონაჟებისთვის ის ადგილია, სადაც სამყაროსთან შერწყმა-გამთლიანება უნდა განხორციელდეს. მწერლისთვის მთავარია არჩევანი _ გადაწყვეტილების მიღება _ ჩალაურში წასვლა. ზოგი ახალგაზრდობაში იღებს ამ გადაწყვეტილებას, ზოგი _ სიბერეში,  ზოგი შემთხვევით ირჩევს ამ გზას, ზოგი გააზრებულად. ზოგი აღწევს ჩალაურამდე, ზოგი _ ვერა. ზოგს იღებს ჩალაური, ზოგს _ არა.

ვინ გამოიგონა ჩალაური? `ამბების მთხზველმა~ თუ მან, ვინც `კაცთა მოდგმის მთელ ცხოვრებას თხზავს~. ვინც იგონებს სიტყვებს და თვითონ არის `სიტყვა~. სიტყვა, რომელიც მოიცავს დასაწყისსა და დასასრულს, სიტყვა, რომელიც `პირველითგან იყო სდა სიტყვა იგი იყო ღმრთისა და თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი~ (იოანე მახარებელი).

თამაზ ბიბილურის აზრით, სიტყვა ყოფილა ის, რითაც კაცის ცხოვრება იწერება, თუნდაც, `თვითონ სიტყვა არ ისმოდეს, არც მართლა იწერებოდეს~. სიტყვის მაგიურ ძალასა და მრავალმნიშვნელოვნებაზე მსჯელობს ბორხესი წერილში `წიგნის კულტის შესახებ~: `მსოფლიო ისტორია _ ეს არის წმინდა წერილი, რომელსაც ჩვენ ვშიფრავთ და გუმანით ვწერთ, და რომელშიც ასევე გვწერენ ჩვენ. შემდეგ ლეონ ბლუა იტყვის: `დედამიწაზე არ არსებობს არც ერთი სულიერი, რომ შეეძლოს თქვას, ვინ არის იგი. არავინ იცის, რისთვის მოვიდა ამქვეყნად, რას შეესატყვისება მისი ქცევა, მისი გრძნობები, აზრები და როგორია მისი ჭეშმარიტი სახელი, მისი წარუდინებელი სახელი წუთისოფლის მატიანეში… ისტორია უზარმაზარი ლიტურგიკული ტექსტია, სადაც იოტებსა და წერტილებს არანაკლები დანიშნულება აქვთ, ვიდრე სტრიქონებსა და თუნდაც თავებს, მაგრამ მნიშვნელობა ერთისა და მეორისაც ჩვენთვის გაურკვეველი და ღრმად დაფარულია~. მალარმეს თანახმად, მსოფლიო წიგნისთვის არსებობს. ლეონ ბლუა ამბობს, რომ ჩვენ მაგიური წიგნის სტრიქონები ვართ, ან სიტყვები, ან ასოები, და წიგნი, რომელიც მარადღე იწერება, ერთადერთია, რაც არის მსოფლიოში, უფრო სწორედ, იგი თვითონ არის მსოფლიო~ (ბორხესი, „ენიგმათა სარკე“).

ასე რომ, მწერალიც და მის მიერ გამოგონილი პერსონაჟებიც `სხვისი~ დაწერილები არიან, ამიტომაც ასე ხშირად თავნებობენ პერსონაჟები, მათ შორის ეს `შვიდნი~, ჯიუტად მიმავალნი ჩალაურისაკენ. მწერალს სურს, მკითხველს დაამახსოვროს ისინი `მდინარის პირას გაკრული სურათით~ _ თანაც, ნაწვიმარ ჭალაში, როდესაც გადაწმენდილი ფერები ხასხასებენ. ისინი ყველანი პოეტები არიან, ოღონდ, როგორც გიორგი ლეონიძე იტყოდა, არა `ქაღალდზე რითმებით მოლპარაკენი~, არამედ პოეტური გულით, პოეტური თვალით და დიდი ოცნებით გასხივოსნებულნი. ეს `დიდი ოცნება~ ჩალაურია, რომლის დევნაში შეიძლება სიცოცხლე გაილიოს.

აბრია მახაურმა ჩალაურში ვერ ააღწია და ისე მოკვდა, შვილიშვილს ვერ უყურა თვალებში, მაგრამ `ამბების მთხზველისგან~ ის მაინც `დასაჩუქრდა~ _ იგი სიკვდილის წამებში ტოროლას შეჰყურებდა და მის გალობას ისმენდა.  ცაში მონავარდე ფრინველსა და მომაკვდავ ადამიანს შორის უხილავი ძაფები იბმება. ტოროლაც ეთხოვება სიცოცხლეს თავისი სიმღერით. იქმნება მშვენიერის, ამაღლებულის განცდა. მწერალასც, ალბათ, ეს სურდა, რომანიდან მკითხველის სულსა, გულსა და გონებაში გადადენილიყო `დიდი ოცნება~, ამიტომაც მთავრდება რომანი ამ სიტყვებით: `აბრია მახაურს, სიკვდილს რომ ხვდებოდა, ტოროლას გალობა ჩაესმოდა. იმ წამში კი მზის ერთ პლანეტა დედამიწაზე ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა~.

 

 

 

ხუთი საუკეთესო მიკრომეთოდი პროფესიულ განათლებაში

0

არსებობს უნივერსალური მიკრომეთოდები, რომლებიც სწავლის ნებისმიერი მიმართულების ნებისმიერ საფეხურზე თანაბრად ეფექტურად მუშაობს დამოუკიდებლადაც და როგორც განსაზღვრული მაკრომეთოდის ერთ-ერთი ფუნქციური რგოლი. განვიხილავთ რამდენიმე მათგანს:

ორმაგი კარუსელი. ეს მეთოდი, როგორც წესი, გამოიყენება სანიმუშო ტექსტის გასააზრებლად და ითვალისწინებს მოსწავლეების მიერ ერთმანეთისთვის ტექსტის შინაარსის გაზიარებას. ეფექტურია, პირველ რიგში, წაკითხულის გააზრებისა და დროის ეფექტურად გამოყენების თვალსაზრისით. ჯგუფები ეცნობიან ტექსტის არა ყოველ, არამედ – ერთ განსაზღვრულ პასაჟს. დანარჩენ დროს ისინი ტექსტში მოცემული არსებითი ინფორმაციის გაცვლას უთმობენ.

მოსწავლეთა ჯგუფებს ამა თუ იმ საკითხის, ან მაგალითის შესახებ პასაჟებად დაყოფილ სანიმუშო ტექსტს დავუნაწილებთ, რის შემდეგაც ისინი შეუდგებიან ჯგუფურ, ხმამაღალ კითხვასა და ტექსტის გააზრებას. მას შემდეგ, რაც თითოეული გუნდი თავის წილ ინფორმაციას გადაამუშავებს, აუდიტორიაში სკამების განლაგება იცვლება. იქმნება ორი – შიდა და გარე წრე. მოსწავლეები განაწილდებიან ამ ორ კარუსელზე იმგვარად, რომ განსაზღვრული ჯგუფების (A, B, C) წარმომადგენლები მხოლოდ შიდა კარუსელზე მოხვდნენ, სხვა ჯგუფებისა (D, E, F) კი – გარეთ. ამოცანა ითვალისწინებს შიდა კარუსელზე მსხდომთა მიერ ტექსტის შესაბამისი პასაჟის გაზიარებას გარე წრეში წარმოდგენილთათვის. კარუსელი შეგვიძლია ორი მიმართულებით „დავატრიალოთ“ – მონაცვლეობით, შიგნიდან გარეთ და მარჯვნიდან მარცხნივ. ეს ხელს უწყობს კარუსელის მონაწილეთა – სხვადასხვა ჯგუფის წევრების მიერ ინფორმაციის გაზიარებასა და ამ ინფორმაციის განმტკიცებას. ყოველ ჯერზე თითოეული მონაწილე საკუთარ ტექსტს განსხვავებული აქცენტით წარმოაჩენს, ეს ეხმარება მსმენელს, სხვადასხვა პერსპექტივაში შეხედოს მოვლენას და საკუთარი, თვითმყოფადი შეხედულება ჩამოუყალიბდეს მის გარშემო.

ექვსი სააზროვნო ქუდი. ინგლისელი მწერლისა და ფსიქოლოგის, შემოქმედებითი აზროვნების ანალიტიკოსის – ედუარდ დე ბონოს მიერ შემუშავებული ექვსი ქუდის მეთოდი კარგი საშუალებაა სააზროვნო პროცესის სტრუქტურირება-ორგანიზებისა და მისი საბოლოო შედეგის მაღალი პროდუქტიულობისათვის. იგი აზროვნებას სძენს სისხარტეს, ამაღლებს შემოქმედებითობას, გვეხმარება, რომ ჩვენი აზრთა დინება დასახული ამოცანებისა და მიზნისაკენ მივმართოთ; საბოლოოდ კი – მივყავართ მართებულ გადაწყვეტილებამდე. ამ მეთოდის უპირატესობაა, რომ გვეხმარება ჩვენი მოსაზრებების ვერბალიზაციასა და ფიქსაციაში, აგრეთვე, ისეთი სამი წინააღმდეგობის დაძლევაში, როგორებიცაა – ემოცია, დაბნეულობა და გაურკვევლობა.

ექვსი ქუდის მეთოდის გამოყენება შეიძლება ნებისმიერი გონებრივი აქტივობის  შესრულებისას, საკამათო და კონფლიქტური საკითხების გადაჭრისას, ამოცანათა დაგეგმვისა და შეფასებისას და სხვ.

რას ნიშნავს ფერები?

თეთრი ქუდის მორგებისას მთელი მონდომებით ვუღრმავდებით ინფორმაციას – რა ვიცით საკითხის გარშემო და რა დამატებითი ინფორმაცია გვჭირდება მის შესახებ სრულყოფილი ცოდნის მისაღებად. აქვე განვსაზღვრავთ, თუ რა მეთოდებით უნდა მივიღოთ ინფორმაცია.

წითელი ქუდის მორგებისას თავისუფლებას ვანიჭებთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებულ ემოციებსა და ინტუიციებს. ამ დროს ყოველგვარი ანალიზის გარეშე გასაქანს ვაძლევთ ნებისმიერ აზრს, რაც პირველად მოგვდის გონებაში და თანაგუნდელებს ვუზიარებთ მათ. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აზრის სიხალასე, გულწრფელობა და სპონტანურობა.

ყვითელი ქუდის მორგებისას საკითხის მხოლოდ პოზიტიურ, ძლიერ მხარეებს ვუღრმავდებით. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ერთი შეხედვით, მოცემულ პრობლემას ცალსახად უარყოფითად ვხედავთ, უნდა შევეცადოთ, აღმოვაჩინოთ და გამოვკვეთოთ პრობლემის დადებითი ეფექტები.

შავი ქუდის შემთხვევაში კი – პირიქით. უნდა ვიყოთ კრიტიკულნი და სკეპტიკურად განწყობილები.  ვაცნობიერებდეთ უკვე არსებულ, ან მოსალოდნელ რისკებსა და საფრთხეებს.

მწვანე ქუდი შემოქმედებითი ძიებების, სიახლეებისა და ცვლილებებისთვისაა განკუთვნილი. განიხილეთ მრავალი ალტერნატივა, გზა მიეცით სიახლეებს, მიიღეთ ერთი შეხედვით უცნაური იდეებიც კი. სასურველია, ამ ეტაპზე ყველა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა და თითოეულმა მათგანმა თითო იდეით მაინც შეიტანოს წვლილი ძიების პროცესში.

მეექვსე – ლურჯი ქუდი ორიენტირებულია იდეის განხორციელების პროცესის მართვასა და პრობლემის გადაჭრაზე. მეექვსე ქუდს ორჯერ ვირგებთ – საწყის და საბოლოო ეტაპებზე. პირველ შემთხვევაში მოვხაზავთ მიზნის კონტურებს, მეთოდის გამოყენების შემდეგ კი – შედეგებს განვიხილავთ მიზანთან შესაბამისობაში.

ფერების რიგითობა მკაცრად განსაზღვრული არ არის, მაგრამ ყველაზე ხშირად ამ თანმიმდევრობით გამოიყენება – თავდაპირველად ვიხურავთ თეთრ, შავ, ყვითელ ქუდებს. მას შემდეგ, რაც განვსაზღვრავთ, რა ვიცით და რისი გაგება გვინდა მოცემული საკითხის გარშემო, შევაჯამებთ მის დადებით და უარყოფით მხარეებს, შემოქმედებითობის დრო დგება, ანუ მოვირგებთ მწვანე ქუდს, ვეძებეთ ახალ მიდგომებს, შეხედულებებს. იდეების გენერირების ეტაპზე წამოჭრილი მოსაზრებების განსახილველად კვლავ ყვითელ და შავ ქუდებს ვუბრუნდებით. პერიოდულად სასურველია წითელი ქუდის მორგება და ემოციებისთვის გასაქანის მიცემა.

მეთოდის მართებულად და ეფექტურად წარმართვა უნდა უზრუნველყოს მოდერატორმა. მას მუდმივად ცისფერი ქუდი აქვს მორგებული, ანუ ინარჩუნებს ფასილიტატორის ნეიტრალურ პოზიციას და სხვადასხვა დამოკიდებულების მონაწილეებს აქტივობაში ჩართვის თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს. მოდერატორის ფუნქციაა, აგრეთვე, თამაშის წესების განმარტება, განსახილველი პრობლემის დასახელება, მის გარშემო გამოკვეთილი მოსაზრებების ჩანიშნვა და საბოლოო შეჯამება.

დროისა და რესურსების დაზოგვის მიზნით ქუდები შეიძლება გუნდურ მუშაობას დავუკავშიროთ და სხვადასხვა ჯგუფებს განსხვავებული ფერის ქუდი მოვარგოთ. თუკი ქაღალდის ქუდების დამზადება ტექნიკურ სირთულეს შექმნის, მის ნაცვლად შესაძლებელია ნებისმიერი სხვა სახის, განსაზღვრული ფერის სიმბოლოს, ან მარკირების გამოყენება – ტანსაცმელზე ფერადი ლენტების მიმაგრება, ფერადი ბარათების აღმართვა და სხვ.

გონებრივი რუკა. ექვსი ქუდის მეთოდის განხორციელებისას მნიშვნელოვანია მონაწილეთა მოსაზრებების ეფექტური ვიზუალიზაცია. ამისათვის ძალიან კარგი სასწავლო ინსტრუმენტია გონებრივი რუკა, რაც, ცხადია უნივერსალური მეთოდია და არამხოლოდ ექვსი ქუდის მეთოდში შეგვიძლია „ჩავაშენოთ“.

ეს მეთოდი ემსახურება ნებისმიერი მოვლენის ან პროცესის, აზრის ან იდეის კომპლექსური, სისტემატიზებული ვიზუალური გრაფიკული ფორმით რეპრეზენტაციას დიდი ფორმატის ქაღალდზე, ან ელექტრონულად. მასში ჩანს მოვლენათა შორის აზრობრივი, მიზეზ-შედეგობრივი, ასოციაციური და სხვა სახის კავშირები. იგი უფრო მოქნილად და ეფექტურად ასახავს აზრთა დინებას, ვიდრე ჩვეულებრივი წერილობითი ნარატიული ფიქსაცია.

გონებრივი რუკის პრინციპი თვითმყოფადი საგანმანათლებლო მეთოდის სახით ჩამოაყალიბა ინგლისელმა ფსიქოლოგმა – ტონი ბიუზენმა. კონცეფცია მდგომარეობს შემდეგში – გონებრივი რუკა ადამიანის ტვინის ანალოგიურად იყოს სტრუქტურირებული; იმავე პრინციპით, როგორც ჩვენი გონება მოიცავს ნეირონებსა და მათ განშტოებებს და თითოეული ელემენტი ერთმანეთთან გარკვეულ მიმართებაშია. გონებრივი რუკის შემუშავებისას ჩვენ თითქოს მატერიალურ სახეს ვაძლევთ იმ წესრიგს, რაც ჩვენს გონებაშია. ბიუზენის აზრით, ეს მეთოდი სააზროვნო პროცესის მართვაშიც გვეხმარება.

რუკის შექმნა მრავალ სხვადასხვა სიტუაციაშია მოსახერხებელი. პრინციპი – საკითხის დაშლა, ანალიზი და მის შემადგენელ ელემენტებს შორის მიმართებების განსაზღვრა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ფართო და კომპლექსური საკითხი გვაქვს გასააზრებელი. ამ შემთხვევაში  მოსაზრებების ნარაციული და წერილობითი ფორმით ჩანიშნვა გაცილებით მეტ დროს წაიღებს, ვიდრე სქემების შედგენა, გრაფიკული სტრუქტურირება, როგორც ეს გონებრივი რუკის შემთხვევაში ხდება. მეორე მხრივ, თავად ანალიზის პროცესია მნიშვნელოვანი, რამდენადაც ის განავითარებს სხარტი ლოგიკური აზროვნების უნარებს.

სპეციალისტები არაერთ პრაქტიკულ რჩევას გვთავაზობენ, თუ როგორი უნდა იყოს გონებრივი რუკის ვიზუალური მხარე. მაგალითად, მათი აზრით, გაცილებით ეფექტურია, როცა ცენტრში წარმოდგენილია ფერადი ნახატი. ზოგადად, გრაფიკული გამოსახულებების სიუხვე გონებრივ რუკას გაცილებით აღქმადს ხდის; სასურველია გრაფემების სიდიდის, გამოსახულებათა მასშტაბისა და ხაზების სისქის ცვლა; სტრუქტურულ ელემენტებს შორის კავშირების აღსანიშნად უნდა გამოვიყენოთ ისრები;  მთავარი ისრები კი აუცილებლად უნდა უკავშირდბოდეს ცენტრალურ ფიგურას; ყველა სიტყვა განთავსებული უნდა იყოს ჰორიზონტალურად და სხვ. ტექნიკური პარამეტრების გამართულობა უზრუნველყოფს სტრუქტურის, როგორ პრობლემის ვიზუალიზაციის ეფეფქტურად აღქმასა და დამახსოვრებას.

რაც შეეხება, ელექტრონულ ხელსაწყოებს, რომელთა საშუალებით შესაძლებელია გონებრივი რუკის შექმნა, მათი რიცხვი მრავალია. ერთ-ერთი მათგანია Mind42 https://mind42.com ღია წყარო, მარტივი ინსტრუქციული დიზაინითა და გაზიარების სხვადასხვა შესაძლებლობებით.

სიცილიური დებატები. ზოგადად, კამათი და დებატები ის სასწავლო მეთოდია, რომელიც, ალბათ, ყველაზე მეტად უწყობს ხელს მოსწავლეებში ანალიზური, საკომუნიკაციო, საპრეზენტაციო უნარების ერთდროულად განვითარებას. დებატები აყალიბებს მათში აზროვნებისა და მეტყველების კულტურას. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როცა მოკამათეები იცავენ არა იმ მოსაზრებას, რომელსაც რეალურად ემხრობიან, არამედ – ცდილობენ მათთვის  მიუღებელ მოვლენებშიც კი დადებითი ფაქტორების, გავლენების აღმოჩენას. ასე ხდება სიცილიური დებატების შემთხვევაში.

მას შემდეგ, რაც შეირჩევა დებატების თეზისი, კლასი იყოფა ორად. მონაწილეთა ნაწილს ეძლევა დავალება, დაიცვას მოცემული მტკიცებულება და წარმოაჩინოს მისი დადებითი მხარეები, მეორეს კი – უარყოს და მისი სისუსტეები გამოკვეთოს. გუნდის წევრები აუდიტორიის წინაშე გამოდიან სათითაოდ. მონაწილე მანამ იცავს თავის პოზიციას, ვიდრე არგუმენტები არ ამოეწურება. ამ შემთხვევაში ის დახმარებისთვის მომდევნო თანაგუნდელს მიმართავს და უწვდის ხელს, ხელისგულით ზემოთ. საპასუხოდ თანაგუნდელი ართმევს მას ხელს და იბარებს ესტაფეტას, წინა გამომსვლელი კი ეთიშება თამაშს. დებატები არგუმენტების სრულად ამოწურვამდე გრძელდება.

მეტაგეგმა. დისკუსია უნივერსალური მეთოდია, რომელიც სასწავლო პროექტის თუ გაკვეთილის ნებისმიერ საფეხურზე შედეგიანად მუშაობს. ეფექტური დისკუსიის აგებულება, რაც უნდა უჩვეულოდ და სპონტანურად განვითარდეს ის, სამ ძირითად ელემენტს უნდა ეფუძნებოდეს – პრობლემების გენერირება, პრობლემების სტრუქტურირება და სტრუქტურის რეპრეზენტაცია. ამ თვალსაზრისით დისკუსიის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ფორმა შეიძლება იყოს მიკრომეთოდი – მეტაგეგმა.

მეტაგეგმა მიმართავს პრობლემის ვიზუალიზაციის იმავე პრინციპს, როგორსაც გონებრივი რუკა, თუმცა განსხვავება ამ ორ მეთოდს შორის ერთი მხრივ, სოციალურ ფორმაშია, მეორე მხრივ კი – დროის მენეჯმენტში. თუკი გონებრივი რუკის შექმნა პლენარული დისკუსიის ფორმატში მიმდინარეობს, მეტაგეგმაზე უფრო ხშირად ჯგუფები ან წყვილები მუშაობენ. შესაბამისად, განსაზღვრულ დროში მისი შედეგები უფრო მკაფიო და ხელშესახებია. ნაკლებია იმის შანსი, რომ მცირე ჯგუფებში მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა დარჩეს და წევრების მცირე რაოდენობის გამო მათი მუშაობის შედეგიც უფრო რეპრეზენტაციული და ზედმიწევნითია.

დისკუსიის დაწყებამდე დაფაზე მაგრდება თეთრი ფერის ბარათზე წარმოდგენილი სადისკუსიო თემის სათაური. დისკუსიის მიმდინარეობისას მონაწილეები იქ გამოთქმულ მოსაზრებებს შესაბამისი ფერის მართკუთხა ბარათებზე ინიშნავენ და დაფაზე არეულად ამაგრებენ. ღია მწვანეზე იწერება პოზიტიური არგუმენტი, ნარინჯისფერზე – უარყოფითი, ღია ყვითელზე კი – ალტერნატიული მოსაზრებები.

იმისათვის, რომ მეტაგეგმის მეთოდი დაგვეხმაროს ნააზრევის მართებულად რეპრეზენტაციაში, სასწავლო ელემენტების ეფექტურად სტრუქტურირებაში, მათი მიზეზშედეგობრივი კავშირების  გათავისებაში, აუცილებელია, რომ აზრები ჩამოყალიბებული იყოს მკაფიოდ, ლაკონურად და მიზანმიმართულად. თითო ბარათზე წარმოდგენილი იყოს თითო საკითხი, ხელნაწერი იყოს მარტივად წასაკითხი და არ აჭარბებდეს 7 სიტყვას.

დისკუსიის დასრულების შემდეგ მოდერატორი კლასს სათითაოდ აცნობს ბარათებს და მონაწილეებთან შეთანხმებით აჯგუფებს მათ. ერთნაირი შინაარსის ბარათები დაფაზე ერთად მაგრდება. შემდეგი ეტაპია სისტემატიზებული ბარათების თემატური დასათაურება. ბარათების თემატურ ჯგუფებს შორის ურთიერთმიმართების აღსანიშნად ვიყენებთ დამაკავშირებელ ხაზებს. თუ რომელიმე მოსაზრებას ჰყავს ოპონენტი, შესაბამის ბარათზე მონიშნავს ელვა-ზიგზაგს და იქვე ამაგრებს თეთრ ოვალურ ბარათს თავისი კონტრარგუმენტით.

საბოლოოდ, მეტაგეგმის მრავალი ბარათი საბაზისო თემატიკაზე – მხოლოდ რამდენიმე საკითხზე დაიყვანება. თუკი მეთოდი გარკვეული პრობლემის დასაძლევი ამოცანის / ამოცანების განსაზღვრას ისახავს მიზნად, მოგვიწევს ამ ამოცანის / ამოცანების ამორჩევა უმრავლესობას მივანდოთ. მონაწილეები თავიანთ არჩევანს გააკეთებენ მათთვის სასურველი ბარათების ჯგუფის გარშემო წითელი წერტილების დასმით.

შევეცადეთ, თქვენთვის ამჯერადაც ის მიკრომეთოდები წარმოგვედგინა, რომლებიც თავიანთი ფუნქციით არა სპეციფიკურ, არამედ უნივერსალურ ამოცანებს ესადაგება. თითოეული მეთოდის შედეგიანობა, ცხადია, ბევრ სპონტანურ ფაქტორზეა დამოკიდებული. ეს გარემოებები აქტივობების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ეტაპზე მასწავლებელმა აუცილებლად უნდა მიიღოს მხედველობაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოსწავლეები კი არ აქციოს მეთოდის განხორციელების რესურსად, არამედ – მეთოდი გამოიყენოს მოსწავლეთა საგანმანათლებლო მიზნების  ინსტრუმენტად.

 

მწერალი და პირობები (ნაწილი I)

0

 

გასული წლის ბოლოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაუქმდა წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა თანამედროვე ქართველი ავტორების გამოცემისა და პოპულარიზაციის საქმეში. თითოეული გამომცემლობა სამინისტროსგან მთელი წლის განმავლობაში იღებდა თანადაფინანსებას სასურველი (ხშირად ნაკლებადკომერციული) სამი პროექტისთვის და დათქმულ ვადაში გამოსცემდა წიგნს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამ პროგრამის გაუქმებით 2017 წელს 40-50 წიგნით ნაკლები გამოიცა საქართველოში და ეს ყველაფერი იმ ფონზე და იმის გათვალისწინებით, რომ გაისად ჩვენი ქვეყანა საპატიო სტუმრის სტატუსითაა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარმოდგენილი. ვისაც ამ უდიდესი ფორუმის მნიშვნელობა და თავისებურებები ესმის, ისიც ეცოდინება, რომ თანამედროვე ლიტერატურის წარმოჩენისთვის უკეთესი ადგილი და საშუალება ძნელად (ან საერთოდ) თუ მოიძებნება.

სკეპტიკოსებისა და ნიჰილისტების გულის გასახეთქად, თანამედროვე და ძალიან საინტერესო მწერლობა ნამდვილად გვაქვს და ამას არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ უცხოეთში გამოცემული რომანები, პროზაული ანთოლოგიები და პოეტური კრებულები – და მათ მიმართ გამოჩენილი ინტერესი – ადასტურებს. ამას ვხედავთ, აშკარა და თვალნათელია.

ახლა ისიც უნდა დავინახოთ, რომ მწერლობის, როგორც პროფესიის, საქმე ჩვენთან ვერა და ვერ დაწინაურდა. თითქოს აქტიურად ვკითხულობთ, გამოვცემთ, რეკლამას ვეწევით, გამოვარჩევთ, ვაჯილდოვებთ ამა თუ იმ ავტორს, მის წიგნს, მაგრამ ეს ხელობის განვითარებას არსებითად ვერ ეხმარება. ქართველი მწერლების დიდი ნაწილი სხვა, არამწერლურ სამსახურშია და იმ, დღიური ლუკმა-პურის მომცემი საქმიდან საღამოობით ან შაბათ-კვირას თავდაღწეული, მტკიცე ნებისყოფის წყალობით ცდილობს რაღაც შემატოს გაჩერებულ წიგნს. გამომცემლობებსა და რედაქციებში აღებული ჰონორარები მცირეა და თუნდაც სოლიდური იყოს, მკითხველის რაოდენობისა და ტირაჟის გათვალისწინებით, ამ თანხით ცხოვრებას მწერალი ვერ შეძლებს.

ბევრი შემახსენებს, ასეთი ვითარება მხოლოდ საქართველოში არაა და დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მცხოვრები ავტორებიც არ თაკილობენ წერასთან/მწერლობასთან შორს მდგომ სამსახურებსო. მართალია, სანამ ავტორი – და თუნდაც ძალიან კარგი ავტორი – მარკესი, უმბერტო ეკო, სალმან რუშდი და ორჰან ფამუქი გამხდარა, ყველანაირად ცდილობს ცხოვრებისა და მუშაობის პირობები შეიქმნას და ამის გამო დიდ დროს, ენერგიას და ნერვებს ხარჯავს, მაგრამ ჩევნგან განსხვავებით, ყველა იმ ქვეყანაში, სადაც კულტურა და ლიტერატურა პრიორიტეტია, სახელმწიფო ზრუნავს მწერალზე.

ზრუნვაში, ცხადია, საბჭოურ გამოცდილებას არ ვგულისხმობ, როცა ხელისუფლება მწერლისგან მოითხოვდა იდეოლოგიის სამსახურში ჩამდგარიყო და ამ მხრივ დაწინაურებულებს წყალობას არ აკლებდა. არა, ურთიერთობის ეს ფორმა არ გამოგვადგება – აკი არც ივარგა და თავზე ჩამოეფშვნა ამ სისტემის თავგამოდებულ მშენებლებს. სხვა გზებია მოსაძებნი. უფრო სწორად, ეს გზები ჩვენი ყაიდის ევროპულ ქვეყნებში უკვე მოძებნილია და მხოლოდ ამ გამოცდილების გაზიარება გვჭირდება და რამდენიმე წარმატებული ვარიანტიდან ჩვენთვის უფრო მისაღები ფორმატების შერჩევა.

სხვათა შორის, ამ საკითხზე საუბარი დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ერთ-ერთი პირველი მწერლის შემოქმედებით ლაბორატორიასა და საჭირო პირობებზე იონა მეუნარგია დაფიქრდა 1883 წელს ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ შესახებ დაწერილ სტატიაში:

„ქართველი ხალხის ცხოვრებაში და საერთოდ მთელს ჩვენს მხარეში, ჯერ კიდევ შორსაა ის დრო, როდესაც შესაძლებელი იქნება ჩვენს შორის პროფესიული მწერლების არსებობა, რომლებსაც გარემოებანი მისცემენ საშუალებას მთელი თავისი გონებრივი ძალები მოახმარონ ლიტერატურულ და მეცნიერულ მუშაობას. თითოეული თანამედროვე მწერალთაგანი ეწევა ლიტერატურულ შრომას თავის ძირითად საქმესთან ერთად, მოცლისა და დასვენების წუთებში. მათი მუდმივი საქმეები კი სხვებია, ხშირად ძალიან ძნელი და არასასიამოვნო, რომელთა კეთების დროს წარმოუდგენელია წესიერი მეცნიერული და ლიტერატურული მუშაობა“.

უკეთესად ალბათ ვერ იტყვი, ვერც იმ სიზუსტითა და შთამბეჭდაობით იტყვი, როგორც იმავე წერილში ამბობს იონა მეუნარგია:

„ჩვენ განწირულნი ვართ უპასუხოდ დავტოვოთ ჩვენი გულის მიდრეკილებანი, ვიაროთ ჩვენთვის არასასიამოვნო სამსახურში, სიმწრის ოფლი ვღვაროთ ჩვენი ოჯახების გამოსაკვებად, განვიცადოთ კრედიტორებისა და სამოსამართლო ბოქაულების ვიზიტები და, თუ ყოველივე ამასთან ერთად, როგორღაც მოვახერხეთ დროის მცირე ნაწილი დაგვეთმო მაღალი იდეალებისათვის, ჩვენი საკუთარი ნაწარმოებები უნდა ვბეჭდოთ ჩვენი მცირე სახსრებით და არ ვიქონიოთ არავითარი იმედი, რომ ავინაზღაურებთ დახარჯულ ჩვენი შრომით მონაგარ გროშებს, ასეთ პირობებში ძნელიცაა მოვთხოვოთ მუზას მწერლის მეტი ნაყოფიერება…“.

ამ წერილში დასმულ პრობლემას – მწერლის რთული, გაუსაძლისი პირობები და ამ მიზეზით ნიჭიერი ქართველი ავტორების ნაწარმოებთა რაოდენობრივი სიღარიბე –მოგვიანებით არაერთი მწერალი და კრიტიკოსი მიუბრუნდა. ოთარ ჩხეიძე ვასილ ბარნოვისადმი მიძღვნილ ბიოგრაფიულ რომანში („რომანი და ისტორია“, 1976 წ.) ბალზაკისა და ჯეკ ლონდონის ყოფითი/შემოქმედებითი სირთულეების ჩვენებით ცდილობს დაგვანახოს კონტრასტი ევროპელი (ამერიკელი) და ქართველი მწერლების სოციალურ მდგომარეობას შორის: „ადამიანური კომედია“ ფულის ძიებაში იქმნებოდა, ფული მოჰქონდა ავტორისთვისა, ცოტა როდი, ნუ ვიტყვით ცოტაო, რო არა ჰყოფნიდა, ცოტად ნუ ვიტყვით, ბრწყინვალე ცხოვრების სურვილი ნთქავდა, განდიდების წყურვილი ნთქავდა აუარებელ ფულსა და ვალებიდან ვერ ამოდიოდაო. საწყალი ბალზაკი…“, იქვე: „ჯეკ ლონდონსაც… რამდენიმე წლით ადრე უხდიდნენ დასაწერი რომანების გასამრჯელოსა, მერე ტვინს იფხეკდა, დასისხლიანებული ფრჩხილებით იფხეკდა ტვინსა, ხელშეკრულება რო გაენაღდებინა“. ქართველ მწერალს რაც შეეხება: „ვასილს ვერ მოეხერხებინა ეცხოვრა თავისი რომანებითა, ლიტერატურული შემოსავალი მცირე ჰქონდა, ძალიან მცირე, სათქმელად არცა ჰღირს, ისეც არა ჰღირს, ხოლო ბალზაკის შემოსავალს ჰო არც შეედრება და არა… ოჯახს როგორ დააგდებდა იმის ანაბარადა! ვერ დააგდებდა და გაბმულიყო სამსახურის უღელში, მძიმე უღელი შეედგა ქედზე, მაგარი ჰქონდა ქედი, გამძლე, ღონიერი, ერთგულად ეწეოდა, ერთგულადა, სინდისიერადა, პატიოსნადა, როგორცა სჩვეოდა, როგორიც გახლდათ. ამას მიჰქონდა დრო უძვირფასესი, საუკეთესო დრო შემოქმედებისა, დილა მიჰქონდა, ნათელი დილა, ცოცხალი დილა თბილისისა, სემინარია ნთქავდა ამ ალალ წუთებს სახიერი ფიქრებისა. საღამოობით კერძო გაკვეთილები ჰქონდა… დილა დაკარგული იყო, საღამო დაკარგული, – როდისღა წერდა, როდისღა ფიქრობდა?!“

იონა მეუნარგიასა და ოთარ ჩხეიძის ნაწარმოებებში მოყვანილი შემთხვევები გვარწმუნებს, რომ იმ დროიდან მოყოლებული – დღეის ჩათვლით, მწერლის პირობები საქართველოში არ შეცვლილა. ხშირ შემთხვევაში გაუარესდა კიდეც. ეგ კაი, – მეტყვის მოთმინებადაკარგული მკითხველი, – გავიგეთ, რომ მძიმე დღეში ვართ. შენ ისიც გეცოდინება, როგორ გამოვძვრეთ, ამ ჭირს როგორ დავეხსნათ.

სხვა გზები ვახსენე ზემოთ და ცოტა ხანს თუ დამელოდებით, წერილის მეორე ნაწილში გამოსავლის რამდენიმე ვარიანტს მოგახსენებთ.

შინდლერის სია – ფილმი, რომელიც მოსწავლეებმა  უნდა ნახონ

0

მეორე მსოფლიო ომის დროს, სანამ ანა ფრანკი დღიურს წერდა და პოლონელი ებრაელი სოფია არჩევანს ორ შვილს შორის აკეთებდა, ჰოლოკოსტმა, რომელიც  გერმანიის ნაცისტური ხელისუფლებისა და მისი მოკავშირეების მიერ ებრაელების, ბოშების, ჰომოსექსუალებისა და სხვა უმცირესობების მასიური გენოციდის გულისხმობდა –  6 მილიონზე მეტი ებრაელის სიცოცხლე შეიწირა.

 

პროგრამა „ებრაელების საკითხის საბოლოო გადაწყვეტა” გერმანული პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება იყო. ომის დაწყებისთანავე ნაცისტებმა  ის რეგიონები დაიპყრეს, რომლებიც ებრაელებით ყველაზე მჭიდროდ იყო დასახლებული. პოლონეთში იქმნებოდა, ე.წ. „სიკვდილის ბანაკები”, რომლებიც გათვალისწინებული იყო სწრაფი განადგურებისთვის.

 

ნადგურდებოდა უნიკალური ებრაული კულტურა; ნადგურდებოდა მოგონება, რომ ებრაელი ერი საუკუნეების განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის განუყოფელი ნაწილი იყო.
თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ბოროტების იმპერიასთან ბრძოლას. მათ შორის იყო – ოსკარ შინდლერი.

 

1944 წელს პოლონეთში, კრაკოვში, ერთ-ერთ ქარხანაში 1000-ზე მეტი ებრაელი მუშაობდა. შინდლერმა მოახერხა მათი დაცვა დეპორტაციისა და მათი ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნისგან.  დროთა განმავლობაში შინდლერი ნაცისტ ოფიცრებს ქრთამსა და ძვირფას საჩუქრებს აძლევდა, რათა ებრაელი მუშები უსაფრთხოდ შეენახა.

 

ისტორიას გმირები უყვარს. შინდლერის გმირობის ამბავი კი წიგნის ფურცლებზე მოხვდა. 1982 წელს გამოქვეყნდა ავსტრალიელი ნოველისტის თომას კენელის რომანი „შინდლერის კიდობანი”, რომელმაც „ლოს-ანჯელეს თაიმსის” ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა.  რეალურ ისტორიულ ნოველას, რომელშიც   ნამდვილი ადამიანები და ადგილებია აღწერილი, ავტორი გამოგონილი დიალოგებითა და სცენებით გვიყვება.

მოგვიანებით გერმანელი ნაცისტის ამბავი კინოეკრანზე გადაინაცვლებს. 1963 წელს ებრაელების შესახებ ფილმის გადაღების იდეა გაჩნდა.

რეჟისორი სტივენ სპილბერგი ამ ისტორიით დაინტერესებული იყო და მას ისე მიუდგა, როგორც დოკუმენტურ კინოს. ფილმის პრემიერა 1993 წელს შედგა და ის მაშინვე საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა. 2007 წელს კი ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა „შინდლერის სიას” ყველა დროის საუკეთესო 100 ამერიკული ფილმის სიაში მერვე ადგილი მიანიჭა.

ის, ვინც ერთ სულს გადაარჩენს, გადაარჩენს მსოფლიოს. ოსკარ შინდლერმა 1000-ზე მეტი ებრაელის სიცოცხლე იხსნა. ისინი ნაცისტურ რეჟიმს მისი მეშვეობით გადაურჩნენ. 2012 წლის ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ აშშ-ში ევროპასა და ისრაელში შინდლერის მიერ გადარჩენილი ებრაელების 8 000-ზე მეტი შთამომავალი ცხოვრობდა.

შინდლერი 1974 წელს გერმანიაში გარდაიცვალა. დაკრძალულია იერუსალიმში.  ისრაელის მთავრობამ მას „ერთა შორის მართალი“ უწოდა. ის ერთადერთი ნაცისტია, რომელსაც ასეთი პატივი მიაგეს.

 

სივრცითი წარმოდგენების ფორმირების ზოგიერთი მეთოდი

0

ისტორიულ ფაქტებთან ნაცნობობა, ცალკეული თუ გლობალური მნიშვნელობის მოვლენების გააზრება უპირველესად დაკავშირებულია  სივრცესა და დროში ლოკალიზაციასთან. ეს ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა მოსწავლეთა მიერ ისტორიული პროცესების გააზრებისა და შემეცნებისათვის, რომელი უნარ-ჩვევაც ძირითადად მოსწავლეთა მიერ კარტოგრაფიის (მეცნიერება ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ)  ცოდნასა და უნარებს ეყრდნობა.

კლასიდან კლასში გადასვლასა და ასაკის ზრდასთან ერთად რთულდება სივრცითი ლოკალიზაციის მასშტაბები, რუკასთან შესასრულებელი სამუშაო, თუმცა იზრდება მოსწავლეთა მიერ სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულების ალბათობაც. სწავლის საფეხურების მიხედვით ამ საკითხზე მიდგომებიც განსხვავებულია: სწავლის დაწყებით საფეხურზე მოსწავლის საქმიანობა ძირითადად მოდელის მიხედვით ხდება – რუკაზე უნდა იპოვონ ესა თუ ის გეოგრაფიული ობიექტები, ქვეყნის საზღვრები  ანდა სახელმძღვანელოს ფურცლებზე უნდა აღმოაჩინონ ობიექტების ადგილმდებარეობა და ა.შ.

შემდეგ ეტაპზე კი:

  • მოსწავლეები მასწავლებლის მიერ სიტყვიერად აღწერილ ობიექტებს იპოვიან რუკაზე;
  • ან თავისი სიტყვებით აღწერენ რუკაზე მითითებული ობიექტის ადგილმდებარეობას.

სწავლის ამავე ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ რუკის გამოყენებას ისტორიული ცოდნის შეძენისთვისაც, ანუ იყენებენ რუკას, როგორც ისტორიულ წყაროს, მაგალითად, შეუძლიათ ლეგენდებსა და გადმოცმებში ნახსენები ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა, მეომარ  სახელმწიფოთა საზღვრებისა და ლაშქრობების მიმართულების დაფიქსირება, მოგზაურთა  მიმართულებების  განსაზღვრა და სხვ. ეს ყველაფერი ხორციელდება მასწავლებლის ხელმძღვანელობით, სახელმძღვანელოში არსებული  შეკითხვებისა და დავალებების შესრულების გზით.

ძლიერი მოსწავლეებისათვის არსებობს ინდივიდუალური სავარჯიშოებიც:

  • ერთმანეთს შეადარონ ცალკეული ცივილიზაციები (მაგალითად, ეგვიპტე და შუამდინარეთი) და გააკეთონ დასკვნები მათი მსგავსება-განსხვავების შესახებ.

მუშაობის შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები თანდათანობით გაიგებენ, რომ ამა თუ იმ ისტორიულ რუკაზე ასახულია კონკრეტული ქრონოლოგიური პერიოდის რეალობაც. მომდევნო საფეხურზე, საბაზო და საშუალო საფეხურზე, სივრცობრივი აღქმის გასააქტიურებლად მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს კითხვები: „დაადგინე, რომელი დრო  (წელი, საუკუნე), პერიოდი და რომელი  ტერიტორიებია  ასახული  რუკაზე?“ და ა.შ.

სწავლის სამივე საფეხურზე ისტორიულ რუკასთან მუშაობის  შესაძლო ტიპები და დავალებები:

  1. რვეულში შეავსეთ ცხრილი, რომელიც შედგენილია შემდეგი რუკის – „საქართველო – VII-VIII საუკუნეებში“ (იხ. სურ.1) საფუძველზე:
საქართველოს ძირითადი ადმინისტრაციული ერთეულები

VII-VIII სს-ში

 

იმდროინდელი საქართველოს დიდი ქალაქები

 

მნიშვნელოვანი ობიექტები

 

 

მეზობელი ტომები  და გაერთიანებები

 

—- —- —-

 

  1. ისტორიულ რუკაზე მუშაობის გაადვილებისათვის ეფექტურია მრავალფეროვანი სავარჯიშოებიც, მაგალითად, ისეთი სავარჯიშოების, როგორიცაა სავარჯიშო „შევეცადოთ უფრო სწრაფად“:
  • შეადარეთ ერთმანეთს ორი რუკის შინაარსი (სახელმძღვანელოს რუკა ან სხვ.), მაგალითად, „საქართველო XI ს-ის დამდეგს“  რუკას – „საქართველო XII ს.-ში“. აღწერეთ, რა ცვლილებებია მოხდა საქართველოს რეალობაში ამ ორი რუკის მიხედვით;
  • ან – მოცემულ ატლასში იპოვეთ XIII ს.-ის დასაწყისის საქართველოს რუკა, მოხაზეთ ქვეყნის საზღვრები და დამოუკიდებელი მხარეები;
  • ამავე რუკაზე დაყრდნობით დაადგინეთ, მონღოლეთისგან დამოუკიდებელი რომელი სამფლობელოები არსებობს ამ დროს;
  • იპოვეთ   დამოუკიდებელი ერთეულების ცენტრები  და სხვ.
  1. ისტორიულ რუკაზე მუშაობა: „მსოფლიო ისტორიულ ატლასში“ იპოვეთ რუკა – „რუსეთი  XVII ს.-ის 40-იან წლებიდან XVIII საუკუნის დამდეგამდე“, ან გამოიყენეთ  ინტერნეტსაიტი https://ru.wikipedia.org/wiki/XVII

მოცემული რუკის მიხედვით:

  • აღწერეთ რუსეთის ტერიტორია XVIII ს.-ში, რომელ ზღვებზე ჰქონდა გასასვლელი მას ამ დროს?
  • რუკის ანალიზის საფუძველზე  აღწერეთ რუსეთის  ბუნებრივი რესურსები, რომლებიც გავლენას ახდენენ ქვეყნის საზოგადოებრივ განვითარებაზე;
  • დაასახელეთ და მოხაზეთ რუკაზე ის ტერიტორიები, რომლებიც XVIII ს.-ში რუსეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდა;
  • იმუშავეთ ისტორიულ რუკასთან, რომელშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს მიწები; დაადგინეთ როდის და როგორ გამოეყვნენ ისინი საქართველოს.
  1. „ვითამაშოთ რუკაზე“: 7-8 კლასში შესაძლებელია კარტოგრაფიული ცოდნის გამდიდრება თამაშის გამოყენებით. მაგალითად, თამაში „შეაგროვე რუკის ნაწილები“ – აგებულია საბავშვო კუბიკების მაგალითზე. თამაშის დროს რომელიმე რუკა „დანაკუწდება“, დაიყოფა ნაწილებად. მას შემდეგ კი, რაც სათანადო ნაწილს იპოვიან, მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით რუკას ხელახლა ააწყობენ. თამაშის მიზანია: მოსწავლეებმა შეძლონ სწრაფად შეკრიბონ რუკის ნაწილები და გაამთლიანონ ის. აღნიშნული თამაში შეიძლება ჩატარდეს ინდივიდუალურად და ჯგუფურად. ასეთი თამაშისთვის ძირითადად დაზიანებული რუკები გამოიყენება, რომელზე დაწებებით პრაქტიკულად ვიღებთ ახალ რუკებს, თანაც მოსწავლეთა ხელით შემქნილს.
  2. რუკებს შორის გამოიყოფა სქემატური რუკებიც. მათზე მონიშნულია რუკის მხოლოდ ძირითადი ელემენტები, რომლებიც აუცილებელია ამა თუ იმ ისტორიული პროცესის აღსაწერად, მაგალითად, ხაზართა განსახლებების რუკა(VII ის 20-იანი ..) (იხ. სურ. 1)მოგვითხრობს:
  • აღნიშნული პერიოდისთვის ხაზართა მეზობლების შესახებ;
  • აღნიშნული დროისთვის ხაზართა ექსპანსიის მიმართულებებზე;
  • საქართველოში ლაშქრობის მიმართულებაზე და ა.შ.

ამიტომ ამ საკითხებზე მოსწავლეთა ყურადღების გამახვილებით ვზრდით მათი ცოდნის დონესაც და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც.

სურ.1.

 

 

მოცემული  მეთოდები კონკრეტული მიზნების მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს და ამავე დროს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეამოწმოს მოსწავლის სივრცესა და დროში ორიენტირების ხარისხი, ცოდნა და ანალიზის უნარებიც. ამიტომ ისინი, როგორც სასწავლო მასალის ათვისების ხელშემწყობის რესურსი, საგაკვეთილო პროცესში წარმატებით გამოიყენება.

 

გოგოლის გმირები გორი-თბილისის ავტობუსში

0

წინა საუკუნის ამბავია – იმდროინდელი, გორი-თბილისის ავტობუსში ფეხზე დასადგომი ადგილის შოვნა მგზავრისთვის დიდ გამართლებას რომ ნიშნავდა. მე კი იმდენად გამიმართლა, მართალია, სულ ბოლო რიგში, ფანჯრისგან მოშორებით, მაგრამ მაინც ვიჯექი და ერთიანად გადავსებული ავტობუსის დაძვრას ველოდი. თავზე ახალგაზრდა კაცი მადგა, სუფთად ჩაცმული, ზომიერად სრული, გულწრფელი საუბრის გაბმის მოსურნე. კარგად აღარ მახსოვს, მგონი, სულაც იმან დამითმო, ალბათ, სიმწრით მოპოვებული ეს ადგილი.

თავიდანვე მივახვედრე, დიდად გულითად ვინმესთან რომ არ ჰქონდა საქმე. მოსმენით კი ვუსმენდი, მაგრამ თითოსიტყვიან პასუხებს ვუბრუნებდი. უცნობთან გულის გახსნას, ჩვეულებრივ, ხმის ამოუღებლად  მგზავრობა მერჩია. არადა, არ მეშვებოდა, თან მეტისმეტად თავაზიანი იყო, ფრთხილი, წინდახედული. ისეთი განცდა გამიჩნდა, რომ საიდანღაც ვიცნობდი, ოღონდ ამაზე არაფერი მითქვამს – ლაპარაკის საღერღელაშლილს ახალი თემა არ შევთავაზო-მეთქი.

სანამ იგოეთში შევიდოდით, მეტისმეტი მონდომებისა და საკვირველი მოხერხებულობის წყალობით, შეიტყო, რომელ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, რა ფაკულტეტზე, გორში როგორ გავატარე შაბათ-კვირა, ზაფხულის არდადეგებს სად ვატარებდი, რომელ კლასში იყო ჩემი ძმა, რა ერქვა მამაჩემს, თბილისში ვისთან ვცხოვრობდი, ზვიად გამსახურდიას მომხრე ვიყავი თუ არა, უნივერსიტეტს რომ დავამთავრებდი, გორში დავბრუნდებოდი თუ არა… ბოლოს, უბრალოდ, გავჩუმდი. ხმას რომ აღარ გავცემ, უზრდელად კი ჩამთვლის, მაგრამ საუბრის ხალისსაც დაკარგავს და ეს უკვე კარგი ამბავი იქნება-მეთქი. ნეტარ არიან თავის გამოსაჩენად განწყობილი ახალგაზრდა კაცების უდროოდ დაწყნარების მოიმედენი!

კითხვებზე პასუხს აღარ ვუბრუნებდი, ის კი ნირშეუხრელად აგრძელებდა საკუთარი მოსაზრებების გაცნობას ჩემთვის – ყოვლად უმადური, ყოველმხრივ გამოუსადეგარი თანამგზავრისთვის. კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო: წინ თავაზიანობის განსახიერება მედგა, რა ღონეს არ ხმარობდა, რომ იმ სივიწროვეში ფიზიკურად არ შევეწუხებინე.

მცხეთას ვუახლოვდებოდით, თავი რომ ავწიე და ახალგაზრდული დაუნდობლობით ვუთხარი: მივხვდი, ვის მაგონებთ… ვის და გოგოლის ჩიჩიკოვს-მეთქი.

ხმა ჩაუწყდა. კარგა ხანს ვეღარაფერი თქვა, ბოლოს კი მაინც – რატომ ჩიჩიკოვსო?

ახსნა არ დამიწყია. ისე, უბრალოდ-მეთქი.

ეწყინა. ჩემკენ აღარ იხედებოდა, თუმცა კი ლაპარაკს აგრძელებდა. ხმამაღლა ფიქრობდა გოგოლის გმირსა და იმ საერთოზე, რაც დამკვირვებლის თვალში მასთან შეიძლება ჰქონოდა. ვაღიარებ: უკვე მეტ-ნაკლები ყურადღებით ვუსმენდი. დარჩენილი გზაც შედარებით სწრაფად გავიარეთ.

ამდენი წლის შემდეგ საგულისხმოდ სწორედ ის მეჩვენება, რისთვისაც მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია: გორი-თბილისის ავტობუსში გაცნობილ ახალგაზრდა კაცს გოგოლის „მკვდარი სულები“ არა მხოლოდ წაკითხული ჰქონდა, კარგად ახსოვდა და მის მთავარ გმირზე ხმამაღლა მსჯელობაც შეეძლო. ცხადია, შეგვიძლია ვთქვათ: სხვა ეპოქის შვილი იყო, საბჭოთა სკოლაში რუსული ლიტერატურა მეტ-ნაკლებად კარგად ისწავლებოდა (დღეს საერთოდ თუ ისწავლება, ყველაზე მნიშვნელოვანი ტექსტები მაინც, არც კი ვიცი), იქნებ სულაც სკოლა ან უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული რუსეთში და რუსული ლიტერატურითაც ბუნებრივად დაინტერესდა იმ გარემოში მოხვედრილი…

„ავტორისათვის, რომელსაც კარგა ხანია, მოწიფულობისთვის მიუღწევია, რომელიც მკაცრ შინაგან ცხოვრებასა და სიმარტოვის მაცოცხლებელ სიფხიზლეს გაუწვრთნია, შეუფერებელიცაა, ჭაბუკურ თავდავიწყებას აჰყვეს – ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და რიგი აქვს“, – ეს სიტყვები „მკვდარი სულების“ ბოლო წაკითხვისას მომხვდა თვალში. თუ წვრთნაა, ბარემ ასეთი იყოს-მეთქი, გავიფიქრე. სწორედ ამიტომ მგონია გოგოლი ჭაბუკური თავდავიწყების წლებში წასაკითხი მწერალი – მოწიფულობის ძნელ გზაზე შემდგარი, თვალთმაქცობის, უსამართლობის, ბოროტების პირისპირ აღმოჩენილი, უკეთეს მეგზურსა თუ მასწავლებელს ვერ ინატრებ.

„მკვდარი სულების“ გადაკითხვა რამდენიმე დღის წინ დავასრულე – სტუდენტობის წლების შემდეგ პირველად დავუბრუნდი. ისევ ის განცდა გამიჩნდა, თითქოს მის ყველა გმირს ვიცნობდი, თითქოს ყველა მყავდა ნანახი გორი-თბილისის მგზავრებით გადავსებულ, ძველ, ხმამაღლა მორახრახე ავტობუსში: მანილოვიც, კორობოჩკაც, ნოზდრევიც, ხლობუევიც, სობაკევიჩიც, თვით მეეტლე სელიფანი და ლაქია პეტრუშკაც კი… ზოგჯერ შეიძლება გვერდით მიიხედო და ორი გმირი ერთდროულად აღმოაჩინო თავისუფალ ადგილას დიდი ქოთქოთით დამჯდარ, მუხლებზე ხელჩანთაშემოდებულ შუა ხნის ქალში, ან იმ ხმელ-ხმელ კაცში, სკამზე რომ ცქმუტავს და გორში, ვერხვების დასახლებაშივე რომ ურეკავს ვიღაცას: „აი, თბილისში შემოვდივართ უკვე…“

ნეტარ არიან მკითხველები, რომლებიც თავის ყოველი მიბრუნებისას ვიღაცას ცნობენ!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...