ხუთშაბათი, მაისი 8, 2025
8 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ბავშვები რუტინაში

0

„საღამოობით უფრო მეტად მიყვარხარ, ვიდრე დილას” – მითხრა ჩემმა უფროსმა  შვილმა ერთ საღამოს, ვახშმის, აბაზანის რიტუალებისა და წაკითხული წიგნის დახურვის შემდეგ, როცა ოთახში შუქი ჩავუქრე, ვაკოცე და ვთხოვე, დაეძინა, რომ დილამდე გამოძინება და დასვენება მოესწრო. „მე სულ მიყვარხარ” – ვუთხარი და ზუსტად მივხვდი, რის თქმა უნდოდა დღის სხვადასხვა მონაკვეთში გადანაწილებული სიყვარულებით.

 

ჩემს ორივე შვილს თავიანთი ცხოვრების ნახევარი ისეთ რიტმში აქვთ გატარებული, რაზეც მეამბოხე სულის სტანდარტული გრაფიკით მომუშავე ადამიანები ზრდასრულ ასაკშიც კი დაუღალავად  წუხან ხოლმე. კვირაში 5 დღეს, წელიწადში 10 თვის განმავლობაში 8 საათს ატარებენ ბაღში, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის არ აქვთ დრო დილას ძილისთვის, გაღვიძების მერე თამაშისა და ფიქრისთვის; არამართული, თავისი გამოგონილი თამაშებისთვის; მინდვრებსა და ტყეებში სიარულისთვის; თავგადასავლების ძიებისთვის; მშობლებთან და მეგობრებთან არალიმიტირებული  ურთიერთობებისა და სხვა ამბებისთვის, რომლებიც ასე მნიშვნელოვანი და საჭიროა ბავშვების ბედნიერებისა და განვითარებისთვის.

 

მე, რომელიც  მტკივნეულად განვიცდი როგორც ჩემს, ასევე სხვების რუტინულ ცხოვრებას,  ვცდილობ, როცა კი შესაძლებლობა მაქვს, გამოვტაცო ბრუტალურ რიტმს დრო სეირნობისთვის, გაწელილი საუზმეებისთვის, ღამის საუბრებისთვის, მკვეთრად განსაზღვრული მოცემულობიდან დროებით მაინც ამოვარდნისთვის, ამოსუნთქვისა და ჩასუნთქვისთვის. ათას ხრიკს ვიგონებ იმისათვის, რომ ის დრო, რომელსაც მე და ბავშვები ერთად ვატარებთ, მრავალფეროვანი იყოს და ეს დროც იმაზე მეტი იყოს, ვიდრე დილის და საღამოს 3 საათია.  ცხადია, სამყაროში ასეთი მარტო მე არ ვარ. ამგვარი ვნებები უამრავ აქტიურ მშობელს აწუხებს. ბევრი ვიფიქრე, ვიკითხე და ვიდარდე თანამედროვე ცხოვრების აჩქარებულ რიტმზე, ურბანულ ჯუნგლებში მცხოვრები ბავშვების ბედსა და ამ მოცემულობიდან შესაძლო გამოსავლებზე და მივხვდი, რომ არსებობს რაღაცები, რასაც ვერ შეცვლი; რაღაცები, რაც სულაც არ არის ტრაგედია და რაღაცები, რაც აუცილებლად უნდა გააკეთო შენი და შენი შვილების ბედნიერებისთვის.

 

რას ვერ შეცვლი

 

თუ მუშაობ (და  ეს თავისთავად უფრო კარგია, ვიდრე – ცუდი), ვერაფრით აიცილებ თავიდან ბავშვებისთვის სამუშაო დღეებში რუტინულ განრიგს. დასამშვიდებლად შესაძლოა გამოდგეს ის კვლევები, რომლებიც ამბობენ, რომ ბავშვებს ადრეულ ასაკში სჭირდებათ კიდეც რუტინა და იმის წინასწარ ცოდნა, რაც ელოდებათ კონკრეტულ დღეს ან დროის სხვა მონაკვეთში. ისინი უფრო მშვიდად არიან, როცა იციან, რის მერე რა ელოდებათ. რეჟიმიდან მკვეთრი ამოვარდნები მათთვის რთულად აღსაქმელია. ამიტომ, თუ რუტინას ვერ გავექცევით, შეგვიძლია რუტინულ ყოფაში შევიტანოთ ბავშვისთვის სასიამოვნო რამეები, როგორიცაა, მაგალითად, ჩემი შვილისთვის ძილის წინ აბაზანაში დიდხანს მარტო ყოფნა და თამაში. ან  დაძინებამდე წიგნების კითხვა. სწორედ ამ საყვარელი რიტუალების გამო ვუყვარვარ  საღამოობით მეტად, ვიდრე დილას, როცა მთავარი მიზანი ბაღში და სამსახურებში დროულად მისვლაა.

 

რა არ არის ტრაგედია

 

აღმოჩნდა, რომ ის, რაზეც მე და უამრავი მშობელი ვდარდობთ, სულაც არ არის ტრაგედია, და რომ ბავშვებისთვის პერიოდულად მოწყენილობა საჭიროც კია, რათა მათ თვითონ გამოიმუშაონ საკუთარი თავის გართობის უნარი; იფიქრონ იმაზე, რა სურთ მაშინ, როცა გარემო არაფერს სთავაზობს და მოიფიქრონ რაიმე ისეთი, რაც მოწყენილობას გააქრობს. აღმოჩნდა ისიც, რომ ადამიანები უფრო საინტერესო რამეებზე  მაშინ ფიქრობენ, როცა ფიქრი არ ევალებათ და თავშიც უკეთესი აზრები მოსდით (მაგალითად – აბაზანაში, საოჯახო საქმეების კეთებისას, სეირნობისას და ა.შ), ვიდრე მაშინ, როცა სამუშაო გარემოში არიან და რაიმე „განსაკუთრებული” აქვთ გასაკეთებელი. ასე რომ, თუკი ბავშვი „უსაქმოდ” არის, დაუტოვეთ ეს დრო საკუთარ თავთან ყოფნისთვის და დაელოდეთ შედეგებს.

ნუ ეცდებით, მისი ყველა წუთი რაიმეთი იყოს დაკავებული. მიეჩვიოს საკუთარი თავისთვის იმის მიცემას, რაც სურს, რომ ჰქონდეს და იმაზე ფიქრს, რა სურს.

 

რა უნდა გააკეთო ბედნიერებისთვის

 

თუ ვინმე მკითხავს, რა მახსოვს კარგად ჩემი  ადრეული ბავშვობიდან, დაუფიქრებლად ვუპასუხებ, რომ მშობლების მიერ წაკითხული წიგნები, მამასთან ერთად ტყეში გასეირნებები და ხევსურეთში, ბებიაჩემისა და ბაბუაჩემის სახლში გატარებული ზაფხულის თვეები, როცა მთელი სოფელი ჩემი ეზო იყო და ყველგან ჩემთვის საინტერესო და სხვებისთვის ჩვეულებრივი ამბები ხდებოდა: ზოგი ცხოველებს უვლიდა, ზოგი მინდორს თიბავდა, ზოგი ბოსტანს უვლიდა, საჭმელებს ამზადებდა, წინდებს ქსოვდა, შელოცვებს ბუტბუტებდა, ძაფებს ღებავდა, ავეჯს ამზადებდა, სახლს ამაგრებდა – ზღვარი ადამიანებსა და გარე სამყაროს შორის მხოლოდ სახლის კედლები იყო, რომელშიც მხოლოდ საღამოს, დასაძინებლად შევდიოდით.

თანამედროვე ბავშვებს დიდ ქალაქებში ალბათ სწორედ ეს აკლიათ. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, დაინახონ, როგორ კეთდება ის საკვები, რომელიც ჩვენს მაცივარში სუპერმარკეტში 10 წუთით შერბენის შედეგად აღმოჩნდება ხოლმე; გაიცნონ ხალხი, რომლებიც ისეთ სიბრძნეს ატარებს, როგორსაც წიგნების კითხვით ვერ შეიძენ; დარჩნენ მარტოები წვიმიან ტყეში; ეძებონ სახლამდე მისასვლელი ბილიკები მაღალ ბალახებში; გამოიცნონ მეორე დღის ამინდი მერცხლების ფრენის სიმაღლით და ა.შ.

 

ბავშვების ბედნიერებისთვის,  იმ მკვეთრად შეზღუდულ დროში, რასაც ცხოვრება გვაძლევს, ალბათ სწორედ ის უნდა გავაკეთოთ, რომ ვაჩვენოთ მათ სხვა სამყაროები – ჩვენი გაწერილი დღის რეჟიმების,  შეჩვეული ცხოვრების წესისა და ნაცნობი ადგილების მიღმა არსებული; წავუკითხოთ და ველაპარაკოთ ბევრი სხვა ხალხებზე, მათ კულტურასა და ცხოვრებაზე, სხვანაირად მოწყობილ საზოგადოებებზე და მათ წესებზე; პატარაობიდანვე ავუხსნათ, რომ ბედნიერება უმეტესად კარგად შეჩვეული რუტინებიდან ამოვარდნა და ამ ამოვარდნებისთვის ძალისა და დროის მოპოვების უნარია – სამყაროს მრავალფეროვნების შეცნობა და ამ მრავალფეროვნებით ტკბობა; მოწყენილობისას, ახალი გასართობების, გამოსავლებისა და სიმართლეების აღმოჩენა და მიყოლა. და თუ ამას შევძლებთ, შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ, რომ ბავშვები რუტინაშიც თავისუფალ სულებად გავზარდეთ.

 

 

 

 

 

სიმონიკა დადიანის დაბრუნება

0

 

 „ძვლებიც კი ფიქრობს საქართველოზე“.

                             გავრცელებული წარწერა ემიგრანტი ქართველების საფლავებზე უცხოეთში

 

თავშივე ვიტყვი, რომ წერილის სათაური მე არ მეკუთვნის – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ქართველი მხატვრის სვიმონ-პეტრე დადიანის ცხოვრებას და შემოქმედებას ეძღვნება. ფილმის ავტორი ნინო ხოფერიაა. ეს ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ.

სიმონიკა დადიანი საფრანგეთის ქართული ემიგრაციის პირველი ტალღის შვილია – ის 5 წლისა იყო, როცა 1921 წელს მისი ოჯახი (მამა – კოკი დადიანი, სენაკის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მარშალი, დედა – მერი წერეთელი, სოლომონ მეფის შთამომავალი – და სამი და-ძმა) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დევნილ მთავრობასთან ერთად საფრანგეთში გადასახლდა.

ის, რომ ქართული ემიგრაცია როგორც მოვლენა, ფენომენი, ჩვენში დღემდე განსაკუთრებულ ნოსტალგიას, ღრმა რეფლექსიას იწვევს, ალბათ უპირველესად სწორედ ამ პირველი ტალღის ემიგრანტების, ამ ძველი, ნამდვილი, დარდიანი ქართველების დამსახურებაა, მათი ცხოვრების შთაბეჭდილებაა, რომელიც ბუნებრივად გადმოგვედო ჩვენც და გაგვეზიარა. ამის დადასტურებაა დადიანების ოჯახიც – სულით, ხორცით, აზროვნებით არისტოკრატები, აფხაზეთის უკანასკნელი მთავრის, მიხეილ შერვაშიძის შთამომავლები – რომლებიც, მთელ  მსოფლიოში მიმოფანტულები, სიცოცხლის ბოლომდე მაინც საქართველოზე მეოცნებეები, შინ დაბრუნების მოლოდინით გულატკივებულები, მგზნებარე პატრიოტები დარჩნენ. დაათვალიერეთ მათი ფოტოები, თვალი შეავლეთ მათ სახეებს – თუ გჯერათ ამაღლებული იდეების ან მშვენიერების არსებობის, თუ ხანდახან მაინც გიფიქრიათ იმაზე, როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები – ამ ფოტოებზე უკეთესად ამ რწმენას ვერაფერი დაგიდასტურებთ.

სიმონიკა დადიანი, დადიანების ოჯახის ნაბოლარა ვაჟი, თავისი ცხოვრების შუადღეს ამერიკაში გადასახლდა და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა.

სამხატვრო განათლება პარიზში მიიღო. ამერიკამ კი მისი შემოქმედებითი გამოცდილება გააღრმავა და სათანადოდაც დააფასა. ერთი ეგაა – მას ყველა ამერიკელ მხატვრად იცნობდა. აი, რას წერდა ჟურნალი „Art gigost“ გასული საუკუნის 50-იან წლებში: „დადიანის ნამუშევრებში გამოყენებულია სტილიზაციის მთელი სისტემა, რომელიც მოდილიანის სტილიზაციას მოგვაგონებს. მისი ქანდაკების დახვეწილი აბსტრაქტული ფორმები ადამიანის სხეულის ანატომიის ცოდნას ეფუძნება, ავლენს ავტორის იუმორის გრძნობას და განსაკუთრებული ძალით გადმოსცემს პიროვნების ხასიათის თავისებურებებს“.

ამ გამოფენის შემდეგ შეერთებული შტატების საგამოფენო დარბაზებში პერმანენტულად იფინებოდა სვიმონ დადიანის ქანდაკებები და ფერწერული ტილოები. მისი გახმაურებული ქანდაკება „შავი ტორსი“ საგანგებო პრემიითაც დაჯილდოვდა.

მისი ნახატები მიმობნეულია კერძო კოლექციებში, ხოლო ის, რაც გაჩუქება-გაყიდვას გადაურჩა და სიმონიკამ თავის არქივში შემოინახა, 23 ტილოს და ორ ქანდაკებას მოიცავს. სიკვდილის წინ ანდერძად დაიბარა, ყველა ნამუშევარი მისი სამშობლოსთვის გადაეცათ.

ოჯახის წევრები გამუდმებით ენატრებოდა. წამითაც არ შეუწყვეტია მათზე ფიქრი. ამაზე მეტყველებს ის აქტიური მიმოწერა, რომელიც სიმონიკას ჰქონდა პარიზსა და თბილისთან, თავის და-ძმებთან. გამორჩეულად მტკივნეული წასაკითხია საქართველოში დარჩენილ უფროს დასთან – ბაბოსთან მიწერილი მისი წერილები:

„…ამას წინათ ვათვალიერებდი შენს გამოგზავნილ ღია ბარათებსაც. მარტვილის სურათები გამომიგზავნე, თუ იყოს

ჩემი ნამუშევრებიდან ზოგი მომწონს, ზოგი არა, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, რომ კეთდება. გემოვნება ვითარდება მუშაობაში და დიდ ხელოვანთა ნამუშევრების შესწავლაში. ამას დრო უნდა, მოთმინება და დიდი თავმდაბლობა

ოცნებებს უზიარებდა ბაბოს, თავის ყველაზე დიდ და მიუწვდომელ ოცნებებს:

იქნებ ჩემი ყოველი ნამუშევარი მამის სახლში ერთად ეკიდოს ან ბაბუის (გიორგი შარვაშიძის) ზღვისპირა სახლში მოვათავსოჩემი წიგნებიც და ვინ იცის, კიდევ რამდენი ნამუშევარი…“

ვერც ერთი ვერ აიხდინა. 1974 წელს, ორმოცდაჩვიდმეტი წლისა, სან-ფრანცისკოში სისხლის მძიმე სნეულებით გარდაიცვალა. დაკრძალეს სან-ფრანცისკოს სამხედრო სასაფლაოზე, როგორც ამერიკელი ჯარისკაცი.

გავიდა 40 წელი. შარშან, 2016 წელს, სიმონიკა დადიანის დაბადებიდან 100 წელი შესრულდა. დოკუმენტალისტ ნინო ხოფერიასა და მხატვრის შთამომავლის მია ღვინიაშვილის ინიციატივითა და დაჟინებული მეცადინეობით ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიძრა სიმონიკა დადიანის ანდერძის აღსრულების საკითხი – ქართველი საზოგადოებისთვის მისი შემოქმედებისა და ბიოგრაფიის გაცნობა და მისი ნახატების ჩამოტანა. დაიწყო მოლაპარაკებები ფრანგულ მხარესთან (სიმონ დადიანის შთამომავლებთან), ვინც ფლობდა ამ წლების განმავლობაში ამერიკიდან ჩამოტანილ მხატვრის პირად კოლექციას. მათი მოთხოვნით, ნახატებს და ქანდაკებებს იმ შემთხვევაში დაუბრუნებდნენ საქართველოს, თუ მათი მფლობელი გახდებოდა სახელმწიფო მუზეუმი.

პროცესი გაიწელა, გართულდა, რომელიღაც ეტაპზე გაიყინა კიდეც. შესაბამისად, საიუბილეო თარიღის მასშტაბურად აღნიშვნა პროექტის ორგანიზატორებმა ვერ მოახერხეს. თუმცა აქტიური დიპლომატიური ჩარევის (რის გამოც ინიციატორები მადლობას უხდიან სალომე ზურაბიშვილს) და კერძო მეცენატების წყალობით, ანდერძი ერთი წლის დაგვიანებით მაინც აღსრულდა – სულ ცოტა ხნის წინ სიმონიკა დადიანის შემოქმედებითი მემკვიდრეობა საქართველოში დაბრუნდა.

ვიდრე ნახატები და ქანდაკებები საბოლოოდ დაბინავდება ხელოვნების სასახლეში, ნოემბრის ბოლომდე მათი ნახვა კლინიკა „ოფთალმიჯის“ სამხატვრო გალერეაში შეიძლება – ასე გამოხატეს პროექტის ავტორებმა მადლიერება კლინიკის ხელმძღვანელის და მეცენატის გია ჯავრიშვილის მიმართ, რომლის მხარდაჭერის გარეშეც ეს ისტორიული მოვლენა, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს არ აღსრულდებოდა.

სიმონიკა დადიანი საქართველოშია – დღეს მისი ნახატების ხილვა და შეფასება უკვე ყველას შეუძლია. ეს ახალი პროცესების საწინდარია – უნდა დაიწყოს მისი შემოქმედების პროფესიული გააზრება და მისი ჩართვა ქართული სამხატვრო ხელოვნების დისკურსში.

ხოლო რაც შეეხება დიდ ოცნებას აფხაზეთში, ზღვის პირას მდგარ ბაბუისეულ სახლში, მისი ტილოების გამოფენაზე – ის მაინც შევძლოთ, რომ ამ ოცნებაში შევუერთდეთ დიდებულ წინაპარს. მით უფრო, რომ ოცნება მხოლოდ ფიქრის ბურუსი კი არა, უპირველესად, – ენერგიაა, სულისა და ფიქრის ენერგია, რომელსაც განხორციელების ძალა აქვს.

ილია და წიგნის მუზეუმი

0

ხანდახან ჩვენი უმთავრესი პრობლემა წარსულის არასწორი, ან ვთქვათ რბილად: თავისებური გაგებაა. ის, ვინც უარესია, ზოგჯერ უკეთესი გვგონია. ის ვინც უკეთესია, ჩვენი შებრუნებული ქოთნის ყურის მიმართულებით გვგონია კარგი. აქ გადამწყვეტი სიტყვა სწორედ ამ საიტის მკითხველებს უნდა ეკუთვნოდეთ – მასწავლებლებს.

შეიძლება თვალს და ხანდახან გონებას ატყუებდეს სახელდება ,,უგვირგინო მეფე’’. ილიას მეფესავით არასდროს უცხოვრია, თუმცა ,,სამეფო’’ საქმეებს კი აკეთებდა. ძნელად მახსენდება, ასე მრავლამხრივად მასშტაბური კაცი და თანაც ასე მრავალმხრივ გალანძღული საკუთარი ხალხისგან. მისი ცხოვრება მომზადება იყო იმ ცნობილი აღსასრულისთვის. სამწუხაროდ, მისი მკვლელობა მოულოდნელი არ ყოფილა! მისი პირველი ნაბიჯებივე გულისხმობდა სხვათა ჩასაფრებას და ცილისწამებას, ბოლოს კი საერთოდ სარწყავების გადაკეტვა და გლეხების დახოცვა დააბრალეს. ყველაფერი აიტანა კაცმა, რომელმაც ხელახლა გამოძერწა საქართველო და ჩვენს ახლა სწორედ მის საქართველოში, ილიას მამულში ვცხოვრობთ, ოღონდ არა ილიას წესებით.


ილია მოკლეს ! მაგრამ ყველაზე დიდი და მასშტაბური ,,მკვლელობის’’ სერია მომავალში, სიკვდილის შემდეგ ელოდა: მისი სახელი იოლ და კომფორტულ თავშესაფრად იქცა ათასი ჯურის ადამიანისთვის. ყველა ,,ილიელობას’’ იბრალებდა, ვისაც ნამუსი თუ უნამუსობა ნებას აძლევდა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ისევ გვჭირდება ნამდვილი ილიას პოვნა, გაგება და გათვალისწინება.

სწორედ ამიტომ გავხსენით წიგნის მუზეუმი.

წიგნის მუზეუმი არის ბოლო ათწლეულების ყველაზე მასშტაბური პროექტი ამ სფეროში. მუზეუმი კავკასიაში უდიდესი და ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესოა, როგორც ვიზუალური, ისე თვისობრივი თვალსაზრისით. ეს არის ქვეყანაში დაცული ძვირფასი წიგნების პირველი მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელიც ოთხ ნაწილადაა წარმოდგენილი: 1) საკუთრივ იშვიათი გამოცემების მუზეუმი, სადაც სიძველით და ფორმით გამორჩეული წიგნებია წარმოდგენილი – მაგალითად; ქართულ–იტალიური ლექსიკონი (1629), ვახტანგის სტამბის გამოცემებები, ინკუნაბულა და სხვა. 2) ვეფხისტყაოსნის მუზეუმი – წარმოდგენილია ყველა გამოცემა ქართულ და უცხოურ ენებზე 3 ) ილია დარბაზი – ილია ჭავჭავაძის კაბინეტის ექსპოზიცია, მისი პირადი ნივთებითა და ბიბლიოთეკით 4) ბროსეს საცავი – ულტრათანამედროვე საცავი, შესაბამისი კლიმატ–კონტროლის აპარატურით.

იშვიათ გამოცემათა გამოფენის დარბაზი, ვეფხისტყაოსნის მუზეუმი და ილიას დარბაზი. ეს სამი პასუხია: რა არის ჩვენი ცნობიერების მთავარი ნიშანი? – წიგნი. რომელია მთავარი ქართული წიგნი? – ,,ვეფხსიტყაოსანი’’ და მთავარი ქართველი? – ილია ჭავჭავაძე.


ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის წაკითხვა და გათვალისწინება. მით უფრო, როცა წარსულის ოცნებები მომავალს ეკუთვნოდა.

“რაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა”

0

’’შემოქმედება აზრს შეუზავა,

ვეფხის დაარქვა მან ტყაოსანი

და საუკუნე გააუკვდავა”.

გალაკტიონი

 

ილიას უნივერსიტეტში  სემიოტიკის სემინარზე ვიყავი… საინტერესო მომხსენებელი საინტერსო თემითვეფხისტყაოსნისგარემოს რეკონსტრუქცია. გიგი თევზაძემ ახლებურად წაკითხული “ვეფხისტყაოსანი” სრულიად უცნობი სოციალური რაკურსით წამოადგინა. ამიტომაა ამოუწურავი ეს წიგნი,  “თუ მივალთ “ვეფხისტყაოსანთან”, იქ დავინახავთ აკლდამას საუნჯეთა, იქ ინახება ჩვენი ეროვნული სული ამაყი; სიყვარულის, მიჯნურობის, მეგობრობის, სიმამაცის, ძლიერი ნებისყოფის, უმაღლესი ფორმების შემეცნება; ქართველთა მრავალსაუკუნოვანი კულტურისა და ცივილიზაციის დაწმენდილი და განსპეტაკებული სახე; ქართველი ერის ოპტიმისტური სული მისი, ესთეტიკა, მის მიერ ამქვეყნიური არსებობის და დანიშნულების უმშვენიერესი გაგება“…(ალ. მანველიშვილი). ნებისმიერ მკითველს ნებისმიერ დროს ათასმეერთედ      წაკითხვისასაც კი  შეუძლია პოემაში  ახალი,ჯერ კიდევ უცნობი შრე აღმოაჩინოს.

 

რაც გუშინ მოვისმინე და რაზეც იყო მსჯელობა, იქიდან რაღაც ახლი იყო ჩემთვის, რაღაცაზე უკვე ნაფიქრი მქონდა.იქ გამართულამ დისკუსიამ გამახარა, რადგან დავრწმუნდი, რომ საზოგადოება მზადაა და შეიძლება “ვეფხისტყაოსნის” შესახებ სტერეოტიპების დანგრევა. ამით არც “ქართველობას დავკარგავთ “ და არც “წინაპრებს შეურაცხვყოფთ”. ან კი რატომ უნდა დაგვაბრალონ  ჩვენ პოემის  შეურაცხყოფა, როცა  არქიეპისკოპოსმა ტიმოთე გაბაშვილმა(მისი ფრესკის აღმომჩენმა)  რუსთველს უწოდა  ’’მთქმელი ლექსთა ბოროტთა, რომელმაც ასწავა ბოროტი ბილწიერება და გარყვნა ქრისტიანობა, ხოლო უწინარეს ჩვენთა უმეცართა სამღვთოთ თარგმნეს ბოროტი ლექსი მისიო…’’

 

“ვეფხისტყაოსანი” მხოლოდ აფორიზმებისა და “გაუგებარი” მეტაფორების  კრებული რომ არ უნდა ეგონოს ახალგაზრდათა ნაწილს,  საჭირო რომ არის ამ პოემის ახლებურად, ამ გადმოსახედიდან წაკითხვა ჯემალ  ქარჩხაძის სიტყვებით  გავამყარებ:  ნამდვილი კლასიკა მუდმივად იძლევა დიალოგის საშუალებას, რადგან ყოველი თაობა მასში რაღაც ახალსა და თავისთვის მნიშვნელოვანს პოულობს. ჩვენ კი ჩვენი კლასიკა მუზეუმში მოვათავსეთ, მინის კედელი ჩამოვაფარეთ და მხოლოდ შორიდან ცქერის უფლება დავიტოვეთ”.

 

დროა, სამზითვო და სამაგიდო (მაგიდაზე გადაუშლელი) წიგნიდან  “ვეფხისტყაოსანი” სამუშაო წიგნად ვუქციოთ ახალგაზრდებს. მხოლოდ საზეპიროების დაზუთხვა კი არ უნდა მოვთხოვოთ და ამით შევაშინოთ, არამედ  მათთვის მისაღები, გასაგები რესურსებით  ეტაპობრივად ძვალსა და რბილში გავუჯინოთ, პერსონაჟებთან ერთად ვამოგზაუროთ, შევაგრძნობინოთ და  შევაყვაროთ. აი, მერე კი მათგან  წამოვა საინტერესო, უცნაური, მისაღები, მიუღებელი, მაგრამ მათი(მოსწავლეთა)  ხედვა,მოსაზრება, ვარაუდი..

 

მგონი, ცოტა გამექცა სიტყვა. ისევ მოხსენებას დავუბრუნდები. რით იყო საინტერესო?  მომხსენებელმა პოემა  სრულიად ახალი და უცნობი სოციალური რაკურსით წამოადგინა , “ვეფხისტყაოსანიროგორც იმ ეპოქისსოციალური პროექტი“… გაჩნდა უამრავი კითხვა, მოსაზრება, იყო კამათი, რაღაცაში შევთანხმდით, რაღაცაში ვერა.ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის, რაც მერე მოსვენებას არ გაძლევს, მოდის და მოდის ვარაუდები, ჩნდება ეჭვები და ჩადიხარ უფრო ღრმად და რომ გგონია, რაღაცას მიაგენი , სწორედ ამ დროს კიდევ ახალი ჩნდება და ხვდები, რომ “შენი იცი ის, რომ არაფერი არ იცი”. ეს არის სწორედ ტექსტის სიდიადე.

 

ის რომ, რუსთაველი წინ უსწრებს არა მარტო იმ ეპოქის, არამედ შემდეგი საუკუნეების  მოწინავე ადამიანებს, ჰუმანისტური  და პროგრესული იდეალების ქადაგებაში, სადავო არ არის. ’’ვეფხისტყაოსნის’’ დაწერით ახალი პერიოდი იწყება არა მარტო ქართული სალიტერატურო ენის განვითარებაში, არამედ ქართულ ცნობიერებაშიც…

 

 შოთამ გადატრიალება მოახდინა, რომ მან იმ დროისათვის აბსოლუტურად მიუღებელი და ახალი ადამიანის ტიპი შექმნა. მან თქვა, რომ სამყაროში მთავარი ადამიანია  და არარაღაც სხვა”… ჩემთვის  “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟები ერთი პიროვნების სხვადასხვა წახნაგნი არიან, მათი ხასიათები, თვისებები ერთ ადამიანში იყრის თავს. ერთ ადამიანშია თავმოყრილი მოყვასისათვის თავის გამწირავი ავთანდილიცა და სიყვარულის გამო თავდაკარგული ტარიელიც, “ვეფხივით პირგამეხებული” და ატირებული ნესტანიცა და გაწონასწორებული, “მაცდური” თინათინიც, ფატმანიცა და დავარიც, როსტევანი, შერმადინი, ფარსადანი, დევიცა და ქაჯიც…რომ დავუკვირდეთ  თითოეულის ხასიათის რაღაც ნაწილს მეტ-ნაკლებად საკუთარ თავში აღმოვაჩენთ. ჰოდა, ვფიქრობ, სწორედ ეს იყო ამ პოემის შექმნისა ერთ-ერთი მოტივი –  ადამიანის , არა იდეალურის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის, ჩვენება თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, რა შეუძლია და რამდენად საინტერესოა ის…

 

და აი,  შეხვედრაზე მოსმენილმა ფრაზამ, რომ რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” იმ პერიოდის სოციალური პროექტი იყო, ამაში კიდევ ერთხელ დამარწმუნა. შეიძლება “პროექტი “ვეფხისტყაოსანი” სახელმწიფოს სტრუქტურების, მმართვლობის, ეკონომიკის შეცვალა-გაუმჯობესება-გაძლიერებას ისახავდა მიზნად, არ ვიცი, თუმცა დარწმუნებული ვარ  ერთერთი თუ არა ერთადერთი მიზანი ამ პროექტისა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება  იყო. სწავლება იმისა , რომრაც არა გწადდეს, იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა, რომ თავისუფალი უნდა იყო , მიუხედავდ იმისა,სიყვარული შემოგიტევს, სასოწრკვეთა თუ შურისძიება. არასოდეს დაგავიწყდეს, რომ უმთავრესი ადამიანია, ჯერ კიდევ რუსთაველმა დააწყებინა ავთანდილს ამაზე საუბარი,  მე რად გავწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისაო?! დაიწყო  მოქმედება და პოემაში შეძლო კიდეც თხასა და მგელს ერთადმოეძოვათ”. ჰოდა, ვფიქრობ სწორედ ამიტომ შეიქმნა  “ვეფხისტყაოსანი”, ამას, ადამიანის ცნობიერების ამაღლებას,  ემსახურებოდა როგორც პროექტი. რადგან მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ქვეყანა წარმატებული იყოს.

 

რამდენად  და როგორ განხორციელდა  ეს “სოციალურ-ცნობიერებითი“  პროექტი მეტ-ნაკლებად ყველამ ვიცით… ავთანდილს მოჰყვა ალუდა, ალუდას მოყმის დედა, დედას იგი, იგის ცასწავალა და გრძელდება ასე… ნეტავ როდემდე?!

 

 

 

 

 

ორი გზა ტყეში და არჩევანი

0

პოეზიის აბი რობერტ ფროსტისგან

 

„რამდენი ხანია, რაც მე შევიყვარე და რაც მე შევითვისე
ნოემბრის დღეები, ჩუმი, გაძარცვული, ნოემბრის დღეები,
პირველ მოთოვამდე რომ იბინდებიან მდუმარე ტყეები…
მაგრამ ამაოა ყველა დარწმუნება ჩემთვის და მისთვისაც,
რადგან მისის თვალით სხვაა ეს ქვეყანა და ეს სივრცეები”.

(რობერტ ფროსტი, „ნოემბრის სტუმარი“ (თარგმნა ზვიად გამსახურდიამ)

 

 

თუ რობერტ ფროსტის პოეზიას გაეცნობით, ერთი მთავარი მეტაფორა, რომელიც მიიქცევს თქვენს ყურადღებას, „ტყე“ იქნება. ადგილი, საიდანაც და სადაც  სამყაროს აკვირდება პოეტი, ხშირად ტყეა… იქნებ ეს მისი პოეტური მედიტაციის ადგილია, იქნებ – არაცნობიერი, იქნებ – ცხოვრება… ან ის ადგილი, სადაც ფიზიკურად ხშირად უწევდა ყოფნა. პოეტისთვის გარესამყარო მხოლოდ ნიშანია, აღმნიშვნელების ადგილი, რომელშიც თავადაც არის და, ამავე დროს, როგორც უბრალოდ ნიშანზე მეტი, საკუთარ არსებობასაც აკვირდება გარედან, ზემოდან, გვერდიდან…

პეიზაჟები, რომელსაც ფროსტი ხატავს, შინაგანი განწყობის ემოციური სურათებია. დიახ, იხ ხატავს, სიტყვებით ხატავს: „პირველ მოთოვამდე რომ იბადებიან მდუმარე ტყეები“… როგორი ნაცნობი პეიზაჟი და განცდაა. გიგირძვნიათ დუმილი პირველ თოვამდე? ეს რაღაც უცნაური მდგომარეობაა. მიჩუმებული არემარე თოვლის მოლოდინში, ყურებში სიჩუმის ხმა, მანძილი მიწამდე სულ უფრო მცირდება და სადაცაა, პირველი ფიფიქები ჩამოიყრება და დუმილს დაარღვევს, აშრიალდება სივრცე, თითქოს თეთრი პეპლებით გადაივსოო….

ის, რასაც პოეტი უმზერს და განიცდის, ერთია, და აქვე სხვა მზერასაც ამჩნევს ფროსტი: რასაც უყურებს და ეხება მზერით, როგორ იყურება აქეთ, და ამ ყველაფერს როგორ ხედავს ის სივრცე, რომელიც დაკვირვების ობიექტია. იცის, რომ იქიდან აქეთ მომართული მზერა და სურათები, სრულიად განსხვავებულია, თუმცა არ იცის, როგორი…

„რადგან მისის თვალით, სხვაა ეს ქვეყანა და ეს სივრცეები“.

 

ლექსში, „არარჩეული გზა“ (თარგმნა გიგი თევზაძემ,) ისევ შემოდგომის ტყეშია პოეტი. მთელი ლექსი ეძღვნება ორ გზას ტყეში და არჩევანს.

ორი გზა ტყეში, ყვითელ ფოთლებში,

თითქოს თანაბრად, მიიწევს მაღლა.

მომიწევს გავლა, თუნდაც ერთ-ერთის.

თვალით მოვნიშნე ერთი და მივდევ,

ვცდილობ გავიგო, სად მიწევს დაღლა.

 

ამ ორიდან ერთ გზას უნდა დაადგეს ლექსის ლირიკული გმირი, მანამდე კი სურს გაიგოს, რომელ გზაზე რა ხდება, სად დაიღლება და რა ელოდება. გონების თვალს გადაავლებს და მიჰყვება ერთს, მაგრამ მერე…

 

მერე, მეორეს შევხედე. თითქოს,

ის უკეთესად მოპყრობას ითხოვს.

ბალახი იქცევს ჩემს ყურადღებას;

კიდევ მწვანეა. ვფიქრობ, მოელის,

რომ ამ შარაზე წავა ყოველი.

 

თითქოს მეორე გზა უფრო მნიშვნელოვნად გამოჩნდა პოეტის თვალში, ნაკლებნავალი და ამიტომაც ბალახიანი იყო, თითქოს ამის გამო უფრო მიმზიდველიც…

 

ფეხშეუხებელ ფოთლებში იწვნენ,

და ერთნაირად მიხმობდნენ დილით.

მეორეს გავლა გადავავადე,

თუმცა, ვიცოდი, ეს გზა ხვალამდე

არ დარჩებოდა უსიერ ტყეში.

 

ორივე გზა მაღლა მიიწევდა, ორივე ფეხშეუხებელ ფოთლებში იწვა. უბრალოდ, ერთი ნაკლებნავალი და გადაბალახებული იყო, მეორე – მეტად გატკეპნილი. თითქოს ასეთი დილემის წინაშე არც უნდა დამდგარიყო პოეტი, არც უნდა დაფიქრებულიყო, რომელი გზა იყო უფრო მნიშვნელოვანი: სტერეოტიპებით სავსე და გატკეპნილი, ნაცადი და ნაცნობი, თუ ხიფათიანი, უცნობი, გაუკვალავი. ხომ თავისთავად ცხადია,  რომ მაძიებელი გმირი არასდროს აირჩევდა მარტივ და გაკვალულ გზას… მაშ, რამ ჩააფიქრა პოეტი და რა იყო მნიშვნელოვანი ამ გზაზე?

უნებური ასოციაცია ჩნდება ბარათაშვილის „მერანთან“ (ფროსტიც ხომ ხშირად თავის ცხენთან ერთად არის ამ ტყეში).

ბარათაშვილის მერანიც უვალ გზას ირჩევს იმ იმედით, რომ:

ცუდად ხომ მაინც არა ჩაივლის, ეს განწირული სულისკვეთება,

და გზა უვალი, შენგან თელილი, მერანო ჩემო, მაინც დარჩება,

რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა, სავალი გზისა გაუადვილდეს,

და შეუპოვრად მას ჰუნე თვისი შავის ბედის წინ გამოუქროლდეს.“

 

იქნებ ფროსტი ის „მოძმეა“, რომელიც ბარათაშვილმა იწინასწარმეტყველა და რომელსაც სხვა დროიდან და სხვა სივრციდან მერანის გზას უნდა დადგომოდა?

ვინ იცის… ბევრი ნიშანი კი ემთხვევა ერთმანეთს.

გახარებული  და დალხენილი არ მიდის ბარათაშვილი ამ გზაზე… ის თავგანწირულია და ერთადერთი იმედი, რაც ასულდგმულებს, მოძმის დახმარებაა… არც ფროსტის ლირიკული გმირია წუთისოფლით ბედნიერი და ისიც ჭვრეტს იმ მომავალს, რომელიც ჯერ არ დამდგარა და როდესაც, წინასწარ იცის, რომ ამოოხვრით იტყვის:

 

და ამოოხვრით ვიტყვი, როდესაც

წლების სისრულის ვიგრძნობ რაობას:

მე ავირჩიე ნაკლებ ნავალი,

იმ ორი გზიდან, ტყეში რომ შემხვდა.

და მხოლოდ ამან შექმნა სხვაობა.

 

რა არის არჩევანი? რა ქმნის სხვაობას?

როდესაც გზაჯვარედინზე ხარ, როგორ უნდა მიხვდე, რომელი გზით წახვიდე?

რას ცვლის გზა…? გვცვლის თუ არა ის ჩვენ?

იქნებ გზა გვირჩევს და ჩვენ, უბრალოდ, დრო გაგვყავს ფიქრში და ეს უკვე გადაწყვეტილია?

ან იქნებ გზა თავად ვართ?

ან როგორც სარტრი იტყოდა: არარჩევანიც – არჩევნია…

“არ არსებობს არანაირი წინასწარგანსაზღვრული ადამიანური ბუნება ან ბედი. ადამიანი მარტოა სამყაროში და არანაირი დახმარების იმედი არ უნდა ჰქონდეს. თუ რად იქცევა იგი, მხოლოდ და მხოლოდ მასზევეა დამოკიდებული, რადგან იგი აბსოლუტურად თავისუფალია არჩევანში, იგი „განწირულია თავისუფლებისთვის“. ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში აკეთებს არჩევანს, რადგან – არჩევანის არ გაკეთებაც არჩევანია.”

P.S.

ზემოთ ჩამოთვლილ  კითხვებზე ფროსტის ამ აბის („არარჩეული გზა“) მიღების შემდეგ ველოდები პასუხს…

მიღების წესი:

შეგიძლიათ მიიღოთ დღეში რამდენჯერმე.

უკუჩვენება არ აქვს.

მაგრამ ნუ შეეჩვევით…  2 კვირიანი პაუზა გააკეთეთ და ისევ მიუბრუნდით…

რამდენიმე წაკითხვის შემდეგ თუ მოგეჩვენათ, რომ პასუხი იცით, გადაამოწმეთ… თუ მეორე დღეს სხვა პასუხი გაგიჩნდათ, ესე იგი, სწორი გზით მიდიხართ და გააგრძელეთ!

 

ფერის დაბადება და  21-ე საუკუნის ფერწერა

0

მსოფლიოს ენებზე სიტყვა „მხატვრობას“ უამრავი სინონიმი აქვს, მაგრამ ხელოვნების ამ დარგს ყველაზე მეტად მაინც „ფერწერა“ შეესაბამება: მხატვარი ფერებით წერს იმას, რისთვისაც სხვები სიტყვებს იყენებენ. კიდევ ერთი: განცდისა თუ გამოხატვის ეს მეთოდი გაცილებით ძველია, ვიდრე ნებისმიერი ცოცხალი თუ მივიწყებული დამწერლობა.

ჩვენმა წინაპარმა თავდაპირველად გამოქვაბულის კედლებზე დაიწყო ხატვა – უფუნჯოდ და უსაღებავოდ, ნახშირისა და ფანტაზიის ამარა. თანდათან შეამჩნია, რომ მისი ნახელავი რეალურ სამყაროსავით ფერადი არ იყო და ფერების ძებნას მიჰყო ხელი. ბევრი ეძება თუ ცოტა, მიწაში მიაგნო: ნიადაგს ზოგან ისეთივე ფერი ჰქონდა, როგორიც აქვს მოწმენდილ ცას, ფოთლებს გაზაფხულსა თუ შემოდგომაზე, ზოგან კი სისხლისფერიც დაჰკრავდა. ასე აღმოაჩინა ადამიანმა ფერადი მინერალები. იმ დღიდან დედამიწა მისთვის მარტო ხორცის კი არა, სულის საზრდოც გახდა.

ცხადია, მინერალების მოპოვება არ კმაროდა – ისინიც ნახშირივით რბილი როდი იყო, რომ კედელზე ერთი ჩამოსმით დაეტოვებინა კვალი. ადამიანს ახალი თავსატკივარი გაუჩნდა. ქვის ფილთაქვა უკვე ჰქონდა. ადგა და მინერალების ხორბალივით დაფქვა დაიწყო. არ აღმოჩნდა მთლად იოლი საქმე, მაგრამ წადილმა აჯობა. უღირდა ჯაფად. ერთი კია – ყოველი ახალი მიგნება ახალ პრობლემას ბადებდა, მინერალის ნაფხვენი ცერცვის მარცვალივით არ ჩერდებოდა კედელზე. ადამიანმა აქაც იპოვა გამოსავალი: აღმოაჩინა, რომ ზეთში ან კვერცხის ცილაში შერევის შემდეგ ნაფხვენის კედელზე წასმა შეიძლებოდა. ასე გაჩნდა პირველი შემკვრელი მასალა ლაქ-საღებავების ტექნოლოგიაში. მალე ეს „დარგი“ ორად გაიყო: ვისაც ფილთაქვა ფუნჯზე მეტად უჭრიდა, საღებავების დამზადებას მიჰყო ხელი, ვისაც პირიქით – ხატვას.

ასე დაიბადა ორი ურთიერთგანსხვავებული, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული დარგი: ქიმიაში – ქიმიური ტექნოლოგია, ხელოვნებაში – ფერწერა. მას შემდეგ პირველმა ტექნოლოგიის უამრავ სახეს დაუდო დასაბამი, მეორემ კი – მხატვრობის არაერთ მიმართულებას. ეს ორი დიამეტრულად განსხვავებული სფერო ერთმანეთის პარალელურად ვითარდებოდა და ხშირად ერთმანეთის წინსვლის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენდა.

როცა რენესანსის ტილოებს უცქერი, ავტორთა ხელისა და გონების ოსტატობასთან ერთად გაკვირვებს ფერთა გამაც. იმდროინდელი საშუალებების გათვალისწინებით, ეს თითქმის ჯადოქრობის ტოლფასია… დღეს კი, პირიქით, პიგმენტების რაოდენობაა გასაოცარი.

ფერის გენერირების ტექნოლოგიამ დიდი გზა და არაერთი ეტაპი გამოიარა. მე-20 საუკუნემდე ფერის მიღების მხოლოდ ერთი, ქიმიური მეთოდი არსებობდა. ადამიანი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ჯერ მინდორ-ველად დაეძებდა მინერალების ბუდობებს, მერე თავადაც ისწავლა სხვადასხვა ნაერთის ურთიერთშერევით ფერადი ნივთიერებების მიღება. ორგანული ქიმიის ჩამოყალიბებამდე უმთავრესად ბუნებრივი თუ სინთეზური წარმოშობის არაორგანულ პიგმენტებს იცნობდნენ. მათი ასორტიმენტი და ფერთა გამა არ იყო დიდი. სასურველი ფერის დეფიციტს პალიტრაზე ფერთა შერევის ტექნიკა ავსებდა. ორგანული ქიმიის განვითარების შემდეგ, მე-19 საუკუნის ბოლოდან, გაჩნდა ახალი თაობის ორგანული საღებრები, რომელთა გამოყენების არეალმაც ადამიანის საქმიანობის პრაქტიკულად ყველა დარგი მოიცვა.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ფერის „წარმოქმნის“ ქიმიურ მეთოდს ციფრულ-ელექტრულიც დაემატა. სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით კითხულობთ ახლა ამ ბლოგს ფერად ეკრანზე, სურათის გადაღებისას აღარ გიწევთ ფოტოაპარატში ფირის ჩადება/შეცვლა. ციფრული ფერების რაოდენობამ არნახულ რაოდენობას მიაღწია.

თხევად-კრისტალურ ეკრანზე ფერის წარმოქმნას სამი პატარა შუქდიოდი – ე.წ. პიქსელი უზრუნველყოფს. ერთი მათგანი ლურჯად ანათებს, მეორე – წითლად, მესამე – მწვანედ. მათი ფერის ინტენსიურობა მიწოდებული დენის რაოდენობაზეა დამოკიდებული, რომელიც ციფრული მონაცემებით 0-დან 255-მდე იცვლება. მარტივი არითმეტიკული გაანგარიშებით მივიღებთ, რომ თხევადკრისტალურ მონიტორს შეუძლია 16,777,216 ფერის გენერირება, რაც ჩვენი თვალის გარჩევადობაზე გაცილებით მეტია.

ციფრული ფერების გაჩენასთან ერთად დაიბადა ფერწერის კიდევ ერთი მიმდინარეობა – კომპიუტერული გრაფიკა. სურათის შესაქმნელად აღარ არის საჭირო ტილო, საღებავი, პალიტრა, ფუნჯი. უფრო სწორად, მათ როლს კომპიუტერის ეკრანი, ციფრული ფერთა პალიტრა და თაგუნა ან სხვა მსგავსი მოწყობილობა ასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქიმიური და ციფრული ფერები თვისებრივად ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, ერთი რამ მაინც აქვთ საერთო: ორივე მათგანი ინფორმაციას ინახავს ბრტყელ ზედაპირზე. პეიზაჟის დახატვაც და ფოტოს გადაღებაც ინფორმაციის შენახვაა ორ განზომილებაში.

ჩვენ სივრცეში – სამ გაზომილებაში არსებობას ვართ მიჩვეული და ნებისმიერი ნახატი თუ ფოტოსურათი სიბრტყეზე სივრცის პროექციას წარმოადგენს. ეს საერთო „დიდი ნაკლი“ აქვს რენესანსის ეპოქისა თუ თანამედროვე კომპიუტერული გრაფიკის შედევრებს.

თუმცა კირკიტა ადამიანებს რა გამოლევს… გასული საუკუნის 60-იან წლებში აღმოჩინეს, რომ ზედაპირზე გამოსახულების ჩაწერა ჰოლოგრაფიულადაც შეიძლება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, პოლიმერისა და სპეციალური საღებრის ბაზაზე დამზადებულ მასალაზე გამოსხივების სამი პარამეტრი: სიხშირე, ინტენსიურობა და ფაზა, – იწერება. სამი პარამეტრი კი სამგამზომილებიანი სურათის მიღების საშუალებას იძლევა. ამ ტექნოლოგიით ვინმეს რომ სურათი „გადაუღოთ“ ცილინდრულ ფირზე, გარს შემოვლისას მის ყველა მხარეს დაინახავთ – თითქოს ის ნამდვილად იდგეს თქვენ წინაშე. აქვე დავძენ, რომ ამ ტექნოლოგიის ერთ-ერთი პიონერი ქართველი ფიზიკოსი შერმაზან ყაყიჩაშვილია. მისი დაარსებული ლაბორატორია კვლავაც ფუნქციონირებს კიბერნეტიკის ინსტიტუტის ძველ კორპუსში (დღევანდელი საგარეო საქმეთა სამინისტრო), სადაც შეგიძლიათ იხილოთ სამგამზომილებიანი ფერწერის უნიკალური ნიმუშები, ნამდვილი შედევრები. შედიხართ ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და კედელზე ხედავთ სურათის ცარიელ ჩარჩოს. არც მინა აქვს, არც ტილო ჩანს სადმე. საკმარისია, ჩართოთ სპეციალური პოლარიზებული სხივი, რომ ჩარჩო უმალ სურათად იქცევა. თანაც მასზე გამოსახული სხეული იმდენად რეალისტურია, რომ შეხების სურვილიც კი გიჩნდება… ეს ტექნოლოგია უკვე იმდენად სწრაფად და ფართოდ იკიდებს ფეხს სხვადასხვა სფეროში, რომ მომავლის ფერწერაშიც აუცილებლად პოვებს გამოყენებას.

დასასრულ, მინდა ისევ რენესანსის ეპოქას დავუბრუნდე. როდესაც რაფაელის, ტიციანის, ბოტიჩელის, ჯოტოს, ვაზარისა და სხვათა ქმნილებებს ვუყურებ, აღფრთოვანებასთან ერთად გულზე ლოდის სიმძიმესაც ვგრძნობ: ჩვენ ხომ ის ხალხი ვართ, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაწურა ღვინო, რენესანსამდე მთელი ცხრა საუკუნით ადრე შექმნა ანბანი, ახალი გამოწვევაც – ქრისტიანობა – ბევრ სხვა ერზე ადრე მიიღო. მაშ, მერე რად გავიყინეთ? სად გაცამტვერდა რენესანსის ეპოქა ჩვენთვის? ალბათ, ხმლის ქნევასა და სისხლისღვრაში, მონობასა და თავდაღწევაში, შინაური თუ გარეშე მტრის მოგერიებაში, დასვენების ჟამს კი – სულის ძლივს მოთქმაში.

თუ ასეა, მაშ, მშვიდობისა ყოფილიყოს პირველი 3D-ფერწერული „ტილო“, რომელიც დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან გამოჩნდება და შეგვახსენებს თავს.

პირიქითა გაკვეთილები, ანუ ერთი დღე შებრუნებულ საკლასო ოთახში

0

ამ წერილში მინდა ვისაუბრო სწავლების ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდის შესახებ, რომელიც  ბოლო რამდენიმე წელია სკოლებში, კოლეჯებსა თუ უნივერსიტეტებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხარისხის ნიშანს წარმოადგენს.

ჯერ გადავხედოთ ,,შებრუნებული საკლასო ოთახის“ მეთოდის განმარტებას. სწავლა-სწავლების ზემოაღნიშნული მიდგომა გულისხმობს მასწავლებლისა და მოსწავლის როლების შეცვლას, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეზე ორიენტირების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ინტერაქტიული სწავლება გულისხმობს საგაკვეთილო პროცესში ახალი სტრატეგიების, მიდგომებისა და შეფასების ხერხების დანერგვას, აქედან გამომდინარე, იცვლება სწავლების მიზანიც. უხეშად რომ ვთქვა, გაკვეთილის ახსნა-დასწავლა-ჩაბარების ჯაჭვს ენაცვლება ახალი მასალის დამოუკიდებლად გააზრება და კლასში საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით განმტკიცება.

ტრადიციულ გაკვეთილზე მოსწავლეს უმეტესად ენიჭება პასიური მსმენელის როლი. ახსნილი მასალის გაგების ხარისხი საშინაო დავალების შემოწმების ან გამოკითხვის დროს იზომება. თუ მოსწავლის მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდება, შესაძლოა, მან დაბალი შეფასება დაიმსახუროს და თან უყურადღებობისთვისაც უსაყვედურონ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოსწავლეთა სიმრავლის გამო, მასწავლებელს ინდივიდუალური მიდგომების განსახორციელებლად დრო არასდროს რჩება. სწორედ მსგავსი სიტუაციიდან თავის დასახსნელად შეგვიძლია გამოვიყენოთ შებრუნებული საკლასო ოთახის ფორმატი, სადაც პედაგოგი თითოეულ მოსწავლესთან უშუალო კონტაქტს შეძლებს. რაც მთავარია, შებრუნებული გაკვეთილის მთავარ მიზანს ცოდნის მიღებასთან ერთად მრავალმხრივი უნარების გამომუშავება წარმოადგენს.

ინტერაქტიური სწავლების მომხრენი მიიჩნევენ, რომ გაკვეთილი მოსწავლისთვის სიახლის გაცნობით უნდა იწყებოდეს, რადგან თუ ის გაკვეთილის დასაწყისშივე გაერკვევა მისთვის უცნობ საკითხებში, ფაქტებსა თუ მონაცემებში, მისი მოტივაცია სიღრმისეული სწავლის თვალსაზრისით აუცილებლად გაიზრდება. ასე რომ, აღნიშნული მეთოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგნის მიმართ შემეცნებითი ინტერესისა და მოტივაციის გაღვივებისთვის.

სასურველია, მოსწავლე მარტო არ დარჩეს უცნობ მასალასთან მუშაობის დროს, ამიტომაც ჯგუფური აქტივობები ინტერაქტიური გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია. ამას გარდა, თანამშრომლობითი სწავლის უნარების განვითარების უკეთეს მიზეზს ვერც წარმოიდგენთ.

აღნიშნული მეთოდით გაკვეთილის დაგეგმვა შეიძლება ხშირად ვერ შევძლოთ, თუმცა მისი ძირითადი ხედვა, რომ მივცეთ მოსწავლეს ახალი მასალის ინდივიდუალურად გაცნობის და საკუთარი დამოკიდებულების გაჩენის საშუალება, ჩემი აზრით, ყველა ახალი საკითხის გავლისას უნდა გავითვალისწინოთ. რაც არ უნდა რთულად ასათვისებელი იყოს მასალა, მასწავლებელი უნდა შეეცადოს, მოსწავლეს მზა პასუხის ნაცვლად მისკენ მიმავალი გზა დაანახოს.

შებრუნებული გაკვეთილის შედეგიანობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად არიან მომზადებული მოსწავლეები მსგავსი გამოწვევისთვის. სანამ მათ გაკვეთილის მართვის სადავეებს გადავცემდეთ, საჭირო უნარები უნდა გამოვუმუშაოთ, მაგალითად: გავაცნოთ კლასს ახალ მასალაზე მუშაობის სხვადასხვა ხერხი, განვიხილოთ და ერთობლივად შევასრულოთ ამა თუ იმ ტიპის დავალება და სხვ.

კარგია, თუ გაკვეთილს ტექნიკური მიმართულებითაც გავამდიდრებთ. დავალების შესრულებისას შეგვიძლია გამოვიყენოთ მრავალფეროვანი ინსტრუმენტები: თემატური ვიდეოგაკვეთილები (უკვე არსებული ან, საუკეთესო შემთხვევაში, თქვენ მიერ შექმნილი), საგანმანათლებლო საიტები (buki.ge; kargiskola.ge;  ka.khanacademy.org, britishcouncil.ge/english/online და სხვ.), მინიტესტების ელექტრონული ვერსია, რომელთან წვდომა მოსწავლეებს თავიანთი სმარტფონებითაც შეეძლებათ; ხმის მიცემის მობილური აპლიკაციები, რომელიც საგაკვეთილო თემის თუ ფორმატის არჩევაში დაეხმარებათ. მოსამზადებელ პერიოდში მოსწავლეებს სავარაუდოდ დასჭირდებათ: საძიებო სისტემა (google); საოფისე პროგრამები: Word, PowerPoint, ელექტრონული ლექსიკონი (ena.ge) თემატური ვიდეომასალებისთვის – youtube.com და სხვ.

სასურველია, თუ შევძლებთ ახალი ინფორმაციის მოსწავლის პირად გამოცდილებასთან (სასკოლო, ცხოვრებისეული) დაკავშირებას. შეგვიძლია მოსწავლეებთან ერთად დავგეგმოთ ცალკეული აქტივობები: გამოჰკითხეთ, რომელი კონკრეტული უნარის (მაგ., პრეზენტაციის აწყობა) განვითარება სურთ,  ან რა ტიპის ჯგუფური თუ ინდივიდუალური სამუშაოს შესრულება იქნება მათთვის საინტერესო. როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეგიძლიათ შეადგინოთ მინი კითხვარი სასურველი საგაკვეთილო თემის არჩევის მიზნით ან თავად შესთავაზოთ აუდიტორიას სადისკუსიო თემები და საკვლევი საკითხის განხილვის ფორმატი. ახალი პრობლემების ერთობლივი ძალებით გადაჭრა, პროექტებით/ექსპერიმენტებით სწავლა და სხვა მსგავსი დინამიური სასწავლო პროცესი მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების და არსებულ სოციუმში თვითდამკვიდრების პროცესს ერთმნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ინტერაქტიური გაკვეთილის დამაგვირგვინებელ აქტივობას წარმოადგენს შეცდომების და წარმატების ჯგუფური (ზეპირი) და ინდივიდუალური (თვითშეფასების ბარათები) ანალიზი. შეფასების დროს სჯობს, მასწავლებელმა აქცენტს გააკეთოს მოსწავლეთა წარმატებაზე, რადგან აღნიშნული გაკვეთილები საგნით დაინტერესებაზე, თანამშრომლობასა და ჩართულობაზე უფროა ორიენტირებული, ვიდრე – მასალის ათვისების ხარისხის განმსაზღვრელი შეფასებით გაზომვაზე.

რაც შეეხება წესებს, რომელიც გაკვეთილის მსვლელობის რეგულირებისთვის გვჭირდება, მისი დაცვა ყველასთვის სავალდებულო უნდა იყოს და მოსწავლეებთან ერთად უნდა შემუშავდეს. თუ საგაკვეთილო პროცესის თითოეულ წევრს კარგად ექნება გააზრებული აქტივობების წარმატებით წარმართვისთვის საჭირო ქცევის წესების დაცვის მნიშვნელობა, მაშინ არც სადამსჯელო ღონისძიების ჩატარება მოგვიწევს. თუ მაინც იჩინა თავი პროცესის დამაბრკოლებელმა მოვლენებმა, მაშინ ე.წ. მეამბოხეს შეგვიძლია მაყურებლის როლი შევთავაზოთ, ანუ ჩამოვაშოროთ საინტერესო აქტივობებს.

მოსწავლეს თავიდანვე კარგად უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ის თავად არის გაკვეთილის თანაავტორი – სასურველი მიმართულებით წარმართავს პროცესს, მის ხელშია ამა თუ იმ პრობლემის მოგვარების ბერკეტები, რაც გამბედაობას და მოულოდნელი გადაწყვეტილებების მიღების უნარს მოითხოვს. გაკვეთილებზე, სადაც მასწავლებლის როლი შესუსტებულია და მისი ჩართულობა მხოლოდ მოსწავლის ინიციატივის ხელშეწყობით შემოიფარგლება, როგორც წესი, დისციპლინური პრობლემები ნაკლებად იჩენს თავს.

მოსწავლეებს სასწავლო მასალა მიეწოდებათ დისტანციურად. ისინი მოიძიებენ/კითხულობენ დამხმარე მასალას, უყურებენ მითითებულ ვიდეოებს, ხვდებიან ერთმანეთს სკოლაში/ სკოლის გარეთ ან აწყობენ ონლაინ-დისკუსიას და ჯგუფურად ამუშავებენ, საგაკვეთილო რესურსს საშინაო დავალების ფორმატში. საკლასო შეხვედრები კი მრავალფეროვან ჯგუფურ აქტივობებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ეთმობა. გაკვეთილზე მასწავლებელს გაცილებით მეტი დრო რჩება, რათა დაეხმაროს და დააკვირდეს მოსწავლეებს, დროულად გამოავლინოს ახალ მასალასთან დაკავშირებული სირთულეები და განმარტოს გაუგებარი საკითხები.

ახალ ფორმატზე გადასვლა საკმაოდ რთული პროცესია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მისი მშობლებისთვის. გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად სჯობს, დროულად უზრუნველყოთ მათი ინფორმირება თქვენ მიერ დანერგილი სიახლის შესახებ. წერილში ასევე განიხილეთ ზემოაღნიშნული საგაკვეთილო ფორმატის უპირატესობა სტანდარტულ სწავლა-სწავლებასთან შედარების გზით.

შებუნებული საკლასო ოთახის მოდელს უმეტესად უნივერსიტეტებში იყენებენ, თუმცა აღნიშნული მიმართულების გამარტივება და სასკოლო სივრცეში დანერგვა დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს.

ქართული ენის გაკვეთილებისთვის მოსამზადებლად მცირე რაოდენობის, თუმცა ვიდეოგაკვეთილების გარკვეული ბაზა მაინც არსებობს მაგალითად,

თუმცა სასწავლო საფეხურიდან გამომდინარე, მოსწავლეებს შებრუნებული გაკვეთილისთვის მოსამზადებლად უმეტესად ტექსტურ მასალას ვაწვდი. დავალების შინაარსი შედგება მკაფიო ინსტრუქციებისგან, ახალი მასალის გააზრების ხარისხს კი საგნის ფორმატის შესაბამისი მრავალფეროვანი აქტივობებით ვამოწმებ.

მინდა გაგიზიაროთ ზემოაღნიშნული მიდგომების გათვალისწინებით ჩემ მიერ დაგეგმილი ერთ-ერთი გაკვეთილი:

გაკვეთილის გეგმა 

 

ქართული ენა და ლიტერატურა

(გაკვეთილის გეგმა)

გაკვეთილის თემა ბუნება და ადამიანი
სასწავლო საფეხური დაწყებითი საფეხური,  V კლასი
მასწავლებელი თ. დოლიძე
მოსწავლეთა რაოდენობა 16 (კლასში არ ირიცხება სსსმ მოსწავლე)
გაკვეთილის მიზანი

 

ახალი სასწავლო მასალის სიღრმისეულად გააზრება-განმტკიცება, ორიენტირებული კითხვის და წერითი აზროვნების უნარების დახვეწა, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება, სიმბოლოებით აზროვნების, მოვლენებზე დაკვირვების და სათანადო დასკვნების გამოტანის, ურთიერთთანამშრომლობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების ხელშეწყობა.
სავარაუდო შედეგი

 

 

 

მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ბუნების (მცენარის) მნიშვნელობის გააზრება, ადამიანისა და ბუნების ურთიერთდამოკიდებულების დაფიქსირება, ადამიანის მხრიდან გამოჩენილი გულგრილობის მაგალითების და ამ დამოკიდებულებით გამოწვეული  სავალალო შედეგების გახსენება-დასახელება. მათ დამოუკიდებლად უნდა მოახერხონ სასწავლო მასალების დამუშავება და მიღებული ცოდნის/გამოცდილების ინდივიდუალურ თუ ჯგუფურ აქტივობებში გამოყენება.
კავშირი სხვა საგნებთან ბუნებისმეტყველება, თემა: მცენარეები

სამოქალაქო განათლება, თემა: მოქალაქე, მისი როლი და პასუხისმგებლობა

წინასწარი ცოდნა მოსწავლეებმა IV კლასში იმუშავეს ქართული ენისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებლების მიერ ორგანიზებულ ინტეგრირებულ პროექტზე ,,პატარა ხევის დიდი პრობლემა“ (თემა – ,,ჩვენი ხევი“; კონტექსტი – თბილისის წყალდიდობა 2015 (საზოგადოებრივი დაუდევრობა და ბუნებრივი კატაკლიზმები: წყალდიდობა, წყლის დაბინძურება და სხვ.))
გაკვეთილისთვის მზადება

 

მოსწავლეებს სკოლის ელექტრონული ჟურნალის დახმარებით მიეწოდებათ დასამუშავებელი მასალები (ტექსტური და ვიდეომასალა), მათ ასევე უნდა გადახედონ თემატურ სიახლეებსაც, მაგალითად: მოიძიონ ან მივაწოდოთ ტელერეპორტაჟები საქართველოს ტყის მასივში 2017 წლის ზაფხულში გაჩაღებული ხანძრების შესახებ (ვიდეომიმოხილვა), პორტუგალიაში ხანძრისგან წარმოქმნილი ცეცხლოვანი ტორნადოების ამსახველი კადრები და სხვ. ამას გარდა, სასურველია მოსწავლეებმა ზოგადი ინფორმაცია მოიძიონ ,,პარტიზანული მებაღეობის“ და  თბილისში ახალგაზრდა ხეების უკანონო ჭრის შესახებ.

რადგან დასამუშავებელი მასალა საკმაოდ დიდია, რამდენიმე მიზნობრივი ჯგუფის შექმნა დაგვჭირდება. მოსწავლეებს ეძლევათ გარკვეული დრო (მაგ., ერთ კვირა) მასალებზე, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად სამუშაოდ. ერთი გუნდი დაამუშავებს მხატვრულ ტექსტებს. მეორე – ანიმაციურ, მესამე  – საინფორმაციო ვიდეო მასალებს ნახავს და მათში წარმოდგენილ შესასწავლ თემასთან დაკავშირებულ პრობლემებს გააანალიზებს. მეოთხე ჯგუფი კი თემატურ სიახლეებს შეისწავლის.

რესურსი მიზნობრივი ტექსტები:  სასწავლო მასალა – ,,მუხა“ (რევაზ ინანიშვილი), პარალელების გავლებისთვის დამატებითი საკითხავი:  ,,ვაშლის ხე და ბიჭი“  (შელ სილვერსტაინი),  ,,შურიანი კაცის ამბავი“ (ერლომ ახვლედიანი); ვიდეომასალა: ,,ვაშლის ხე“,  ,,მწვანე ტოტი“,  ,,сказка старого дуба“ და მოსწავლეთა მიერ მოძიებული ტელერეპორტაჟები; საკანცელარიო მასალა: ფურცელი (ფლიპჩარტი), წებოვანი ქაღალდი, კალამი, მარკერი; ტექნიკური მხარდაჭერა: ნოუთბუქი, პროექტორი, პრინტერი, ინტერნეტი, USB ფლეშ მეხსიერება.
აქტივობა N1

(20 წთ.)

პრეზენტაცია (ჯგუფური) – ჯგუფების მიერ მასალების დამუშავების ფაზაში მომზადებული მინი პრეზენტაციების წარმოდგენა.

შენიშვნა:  პრეზენტაციას რიგრიგობით წარმოადგენს ჯგუფის ყველა წევრი.  აღნიშნული აქტივობის მსვლელობისას შეფასდება ინფორმაციის ფლობა, გუნდურობა და დროის ლიმიტის დაცვა (თითოეულ გუნდს ეთმობა 5 წუთი). გუნდების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის მთავარ ნიუანსებს მასწავლებელი აფიქსირებს დაფაზე/ფლიპჩარტზე.

აქტივობა N2

(10 წთ.)

დისკუსია (საკლასო) – მოსწავლეები აჯამებენ პრეზენტაციების მოსმენის შედეგად მიღებულ საერთო სურათს საკვლევ საკითხთან დაკავშირებით და გამოაქვთ დასკვნა.
აქტივობა N3

(10-15 წთ.)

 

 

 

 

 

 

 

პერსონაჟზე დაკვირვება (ჯგუფური) – აღნიშნული აქტივობის შესრულების დროს სასურველია გამოვიყენოთ კოგნიტური რუკა, მაგალითად:

აღნიშნული აქტივობის შესასრულებლად ჯგუფები მუშაობენ სხვადასხვა პერსონაჟის დახასიათებაზე, მაგალითად, პირველი ჯგუფი წარმოადგენს მონადირეს ან მუხას (,,მუხა“), მეორე – ბიჭს (,,ვაშლის ხე და ბიჭი“), მესამე – ვაშლის ხეს (,,ვაშლის ხე და ბიჭი“), მეოთხე კი – ერლომ ახვლედიანის ,,შურიან კაცს“. შემდეგ კი აუდიტორიას თავიანთ ნამუშევრებს გააცნობენ.

ზემოაღნიშნული აქტივობა შეგვიძლია ჩავანაცვლოთ იმავე მიზნის მატარებელი მინი პროექტით, რომელიც ასევე ჯგუფებში მუშაობას მოითხოვს.

გუნდებს ვურიგებთ  ფურცლებს, რომლებზეც სხვადასხვა ჯიშის ხის (მუხა, ვაშლის ხე, ზეთისხილის ხე)  კონტურია დატანილი. მოსწავლეებმა  ფოთლის ფორმის წებოვან ფურცლებზე მათთვის დამახასიათებელი თვისებები უნდა ჩამოწერონ და მცენარეთა ტოტები  შეავსონ.

საშინაო დავალება მოსწავლეები წერენ არგუმენტირებული ესეს თემაზე – ,,ადამიანად რომ არ დავბადებულიყავი…“

შენიშვნა: ესეს წერის დროს მოსწავლეებმა უნდა დაასაბუთონ თავიანთი არჩევანი  (ადამიანად რომ არ დაბადებულიყვნენ, რომელ მცენარედ ყოფნას აირჩევდნენ და რატომ?!). თუ სკოლა სარგებლობს ელექტრონული ჟურნალით, შეგვიძლია მოსწავლეებს ზემოაღნიშნული დავალების დეტალური ინსტრუქცია წერილობითაც მივაწოდოთ.

შეფასება მასწავლებელი იყენებს განმავითარებელ კომენტარებს (შეგვიძლია გამოვიყენოთ  გაკვეთილის შეფასების/თვითშეფასების კითხვარებიც) პრეზენტაციის, დისკუსიის თუ ჯგუფური მუშაობის დროს, იგი აკვირდება თითოეულ მოსწავლეს, აფასებს მის ინდივიდუალურ წვლილს და ჩართულობის ხარისხს. მოსწავლეებს ასევე მოეთხოვებათ დროის ლიმიტის დაცვა.

 

და ბოლოს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვიდეო გაკვეთილები/პრეზენტაციები და დამხმარე ტექსტური თუ აუდიო-ვიდეო მასალა მხოლოდ რესურსია. მიუხედავად, იმისა რომ მასზე მუშაობა საკმაოდ დიდ დროს და ენერგიას წაგვართმევს, მთავარი ყურადღება მაინც საკლასო ოთახში განსახორციელებელი აქტივობებისკენ უნდა მივმართოთ, რადგან ინტერაქტიური სწავლა-სწავლების მთავარ მიზანს სწორედ მოსწავლესთან პირისპირ შეხვედრისთვის გამოყოფილი დროის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება წარმოადგენს.

 

ბავშვები „ჭკვიანი ტექნიკის“ ტყვეობაში

0

დღეს აღარავის უკვირს კომპიუტერში, პლანშეტსა თუ სმარტფონში თავჩარგული ადამიანის დანახვა. ასეთ ადამიანებს შეხვდებით ყველგან: ოჯახურ გარემოში, ტრანსპორტში, კინოში, თეატრში, ქუჩაში, სამსახურში. არც არის გასაკვირი – კომპიუტერული ტექნიკა ხომ ჩვენთვის ჩვეულებრივი მოხმარების და, თამამად შეიძლება ითქვას, ყველაზე გამოყენებად ნივთებად იქცა. თუმცა ხანდახან შეიძლება ისეთი სცენის მოწმე გავხდეთ, რომ ნანახით გამოწვეულ გაოგნებას დიდხანს ვერ დავაღწიოთ თავი.

სწორედ ასეთ შემთხვევას შევესწარი რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სამარშრუტო ტაქსიში – ახალგაზრდა ქალმა, მას შემდეგ, რაც დასაჯდომი ადგილი მოძებნა და თავისი სამიოდე წლის ბიჭუნაც გვერდით მოისვა, ჩანთიდან ორი სმარტფონი ამოიღო, ერთი შვილს მიაწოდა და ორივემ გატაცებით დაიწყო თამაში. რამდენიმე წუთის შემდეგ, როცა ჩასვლის დრო მოვიდა, დედამ ბავშვი ხელში აიყვანა და ისე ჩავიდა მანქანიდან, რომ თამაში არც ერთს არ შეუწყვეტია.

ბევრი იწერება და ალბათ მომავალშიც დაიწერება ადამიანის ფსიქიკაზე კომპიუტერული ტექნიკის მავნე გავლენის შესახებ. კომპიუტერზე მიჯაჭვულობა დღეს უკვე ნარკომანიის ახალ სახედ განიხილება. გაჩნდა დაავადებები, რომლებიც ექიმებს საგონებელში აგდებს და ხშირად არც კი ემორჩილება მკურნალობას. განსაკუთრებული საფრთხის წინაშე ვდგებით, როცა საქმე ბავშვებსა და მოზარდებს ეხება, რაც სავსებით გასაგებია, ვინაიდან მათი ჩამოუყალიბებელი ფსიქიკა ძალზე მგრძნობიარეა და ადვილად ექცევა როგორც ადამიანების, ისე ტექნიკის გავლენის ქვეშ. კომპიუტერული თამაშების სამყარო კი ისეთი მაცდუნებელია, რომ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა მოწიფულ ადამიანსაც კი უჭირს

მაინც რას შეიძლება ველოდეთ, როცა ბავშვი ვერ სწყდება კომპიუტერს და დროის უდიდეს ნაწილს მონიტორთან ატარებს?

* ვირტუალურ სამყაროში ჩაძირული ბავშვი უუცხოვდება რეალურს, კარგავს მისდამი ინტერესს, ვერ იძენს ურთიერთობის ჩვევებს, რაც, თავის მხრივ, უარყოფითად მოქმედებს მის ფსიქიკურ განვითარებაზე, ჩნდება აუტიზმის ნიშნები;

* კომპიუტერული თამაშებით გატაცება ხშირად ხდება სწავლის, კითხვის, სპორტის, მეგობრებთან ურთიერთობის ხარჯზე, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის განვითარებაზე – როგორც ინტელექტუალურზე, ისე სოციალურზეც;

* კომპიუტერული თამაშების გავლენით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი პერსონაჟები საშინელი არსებები არიან, ბავშვს უჩნდება სიბნელის, მარტოობის, სიკვდილის შიში, იწყებს ენის ბორძიკს, აწუხებს კოშმარული სიზმრები, უძილობა, ხშირად და უმიზეზოდ ეცვლება განწყობა, ხდება აგრესიული, იმპულსური, სწრაფად იღლება. კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის შემდეგ ბავშვის ფსიქიკას უჭირს იმ დატვირთვის ატანა, რომელსაც ადრე იოლად ართმევდა თავს;

* კომპიუტერული თამაშების უმრავლესობის აღმზრდელობითი ეფექტი, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვოა, ვინაიდან მათი არსი თითქმის ყოველთვის მკვლელობაზე დაიყვანება. ძალადობის სცენები, რომლებსაც ბავშვი საათობით უყურებს, მის არაცნობიერში ილექება და ადრე თუ გვიან აგრესიულობით გამოვლინდება;

* კომპიუტერული თამაშებით უზომოდ გატაცებულ ბავშვს შესაძლოა დასჩემდეს ნერვული კრუნჩხვები და ეპილეფსიური შეტევებიც კი. ასეთი თამაშების მოყვარულები ეჩვევიან „პასიური აგზნების“ მდგომარეობაში ყოფნას – როცა სიამოვნება მიიღწევა ძალისხმევის გარეშე, მხოლოდ იმ ქერქქვეშა სტრუქტურების აგზნებით, რომლებიც ამ ემოციას მართავს. ეს მომადუნებელ გავლენას ახდენს ადამიანზე, უკარგავს ინიციატივას, ნარკოტიკივთ მოქმედებს. ასეთ ბავშვებს, როგორც წესი, მეტი აღარაფერი აინტერესებთ და კომპიუტერის ტყვეები ხდებიან;

* ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ კომპიუტერული თამაშები განსაკუთრებით იტაცებს „პრობლემურ ბავშვებს“, რომლებსაც აქვთ დაბალი თვითშეფასება, ცუდი აკადემიური მოსწრება, სირთულეები თანატოლებთან ურთიერთობისას… სხვაგვარად რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტი ფსიქოლოგიური ბარიერი აქვს ბავშვს ცხოვრებისეულ რეალობაში, მით უფრო ღრმად იძირება ის ვირტუალურ სამყაროში. კომპიუტერული თამაშები მას რეალურ სამყაროში დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების ვირტუალურ სამყაროში დაკმაყოფილების საშუალებას აძლევს;

* წიგნის კითხვა და, მით უმეტეს, შემოქმედებითი საქმიანობა ძალისხმევას მოითხოვს, კომპიუტერთან კი ყველაფერი მარტივადაა. ამასთან, ადამიანს რჩება საკუთარი ყოვლისშემძლეობის შთაბეჭდილება – ის „სამყაროს მბრძანებელი“ ხდება. წარმოვიდგინოთ: ბავშვი ზის მონიტორის წინ და განაგებს „პაწაწინა ადამიანების“ სიცოცხლეს. ღილაკზე თითის დაჭერით მას შეუძლია გაანადგუროს ათეულობით „მტერი“. რეალურ სამყაროში კი არაფერი შეუძლია – არც ხეზე აძვრომა, არც ხელის შებრუნება მისთვის, ვინც აწყენინა, არც თანატოლებთან ჩხუბი. მაგრამ ეს ყველაფერი მას არც სჭირდება, ვინაიდან არსებობს საკუთარი თავის სუპერმენად აღქმის გაცილებით მარტივი ხერხი. ასე გაზრდილი ბავშვი სუსტი იქნება და რეალური ცხოვრება ყოველთვის შეაშინებს. პრეტენზიების დონე ასეთ ბავშვს, წესისამებრ, საკმაოდ მაღალი აქვს, ხოლო ნებელობა, რომელიც აუცილებელია მიზნის მისაღწევად – არასათანადოდ განვითარებული. ასეთი ბავშვები უმცირესი სირთულის შემთხვევაშიც კი უკან იხევენ, არ შეუძლიათ საქმის ბოლომდე მიყვანა, ამიტომ ხშირად ცუდად სწავლობენ, არ უყვართ კითხვა, არ ამჟღავნებენ ინტერესს შემოქმედებითი საქმიანობის მიმართ. რეალურ შესაძლებლობებსა და პრეტენზიების დონეს შორის შეუსაბამობის შედეგად ბავშვს უჩნდება დისკომფორტის განცდა, რაც, თავის მხრივ, შფოთიანობისა და ნევროზულობის განვითარებას უწყობს ხელს. კომპიუტერი საშუალებას აძლევს „პრობლემურ“ ბავშვებს, გაექცნენ არასასიამოვნო რეალობას და თავი გამარჯვებულად იგრძნონ. მაგრამ ვირტუალური რეალობა ნარკოტიკივით მოქმედებს და მათ თავის მორევში ითრევს, საიდანაც, სურვილის შემთხვევაშიც კი, ამოსვლა ძალიან უჭირთ;

* ბავშვი რომც არ გახდეს „კომპიუტერული ნარკომანი“, „ჭკვიანი ტექნიკა“ მაინც გამანადგურებლად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე – უპირველეს ყოვლისა, ზიანდება მხედველობა, იზრდება ახლომხედველობის ჩამოყალიბების ან უკვე არსებულის პროგრესირების რისკი. შესაძლოა, ჩამოყალიბდეს კომპიუტერული მხედველობის სინდრომი, რომელიც კონიუნქტივიტს მოგვაგონებს: თვალები წითლდება და ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ქვიშა შეგვაყარეს;

* იმის გამო, რომ კომპიუტერული თამაშების უმრავლესობა აგრესიასა და მკვლელობებზეა აგებული, ბავშვი ითვისებს ქცევის არცთუ სასურველ მოდელს;

* კომპიუტერული ტექნიკა, მისი არასწორი გამოყენება ამახინჯებს ბავშვის ჯანმრთელობას. ბავშვი სწავლობს აზროვნებას არა შემოქმედებითად, არამედ ტექნოლოგიურად. ხდება აზროვნების რობოტიზაცია, ქრება ემოციები, თანაგანცდა, თანაგრძნობა.

 

რეკომენდაციები ბავშვის ფსიქიკურ განვითარებაზე კომპიუტერის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად

* იმისთვის, რომ ბავშვი კომპიუტერზე დამოკიდებულებისგან დავიცვათ, საჭიროა, შევზღუდოთ კომპიუტერთან მისი ყოფნის დრო.

* სასურველია, კომპიუტერი დაიდგას ისეთ ადგილას, სადაც დავინახავთ, რას თამაშობს ბავშვი.

* კარგი იქნება, თუ ჩვენც გავეცნობით იმ კომპიუტერულ თამაშებს, რომლებითაც ბავშვი ერთობა.

* თუ ბავშვს კომპიუტერთან ჯდომას ავუკრძალავთ, მას რაიმე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ იმ დროის შესავსებად, რომელიც მას მონიტორთან უნდა გაეტარებინა.

* ვიზრუნოთ ბავშვის თვითშეფასების ამაღლებაზე, ვუპოვოთ ისეთი საქმე, რომელშიც წარმატებას მიაღწევს და რომელიც საკუთარი თავის რწმენას გაუძლიერებს.

* დავეხმაროთ ბავშვს, რეალურ სამყაროში მოახდინოს თავისი შესაძლებლობების რეალიზება, რათა არ გაუჩნდეს ამის ვირტუალურ სამყაროში გაკეთების სურვილი.

* გამოვუმუშაოთ კომპიუტერის სასწავლო მიზნით გამოყენების უნარ-ჩვევები.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ კომპიუტერის უარყოფა გაუმართლებელია. ის ძალიან გვიმსუბუქებს ცხოვრებას და  ბევრი პრობლემის მოგვარებაშიც გვეხმარება. ამდენად, აჯობებს, თუ ბავშვს, აკრძალვის ნაცვლად, კომპიუტერის სწორ, გონივრულ გამოყენებას ვასწავლით.

რეპეტიტორი

0

(მონოლოგი რეალურ ამბებზე ქართული ენისა და ლიტერატურის რეპეტიტორის ორმოცწლიანი პრაქტიკიდან)

ამას წინათ  ჩემმა თანაკლასელმა მითხრა:

-რა ბედნიერი ხარ, რომ რეპეტიტორობ და იოლად შოულობ ფულსო.

ჯერ დავიბენი, მერე გამეცინა და გამახსენდა კონსტანტინე პაუსტოვსკი, რომელიც ავტობიოგრაფიაში წერს: „დედ-მამა რომ გაიყარნენ, მე სხვა გზა არ დამრჩა, ჩემით უნდა მერჩინა თავი და ხელი მოვკიდე ყველაზე რთულ და უმადურ საქმეს, რეპეტიტორობასო“. სწორედაც რომ რეპეტიტორს მიესადაგება  შესიტყვება – „უმადური საქმე“ . ვისაც ეს არ გამოუცდია, იმას ჰგონია, რომ ამ შრომით ნაშოვნი ლუკმა „იოლია           “.

დაქირავებულ მუშები

ერთხელ ერთ გამომცემლობაში მოვხვდი ვახტანგ როდონაიასთან ერთად. ვისხედით და ვსაუბრობდით. ჩვენთან ერთად იქ იყვნენ სხვა საგნების სპეციალისტებიც – ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ბიოლოგები. აღმოჩნდა, რომ ყველა ვრეპეტიტორობდით. მაშინ ვახტანგ როდონაიამ იხუმრა, მაგრამ სინამდვილეში სიმართლე თქვა: ჩვენი, რეპეტიტორების, გადარჩენილია 90-იანი წლების საქართველო, მაშინდელმა ბავშვებმა თუ რამე იციან, ჩვენი დამსახურებააო.

რეპეტიტორი რომ ნერვიულობს, არ ვიცი, რომელიმე პროფესიის ადამიანი თუ ნერვიულობს იმდენს. უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაქვს ბავშვის, მშობლის და თუ საკუთარი თავის წინაშე. რთული პროფესიაა. სიმართლე კი ის არის, რომ რეპეტიტორი ჩვეულებრივი დაქირავებული მუშაა, რომელსაც ფულს უხდიან.

„რა ამბავ“ ხდება რეპეტიტორთან

ის, რომ ჩვენს შვილებს არ უნდათ ქართულის სწავლა და არ აინტერესებთ, ამაში ყველა ვცოდავთ – მშობლებიც, მასწავლებლებიც და სისტემაც. ერთხელ ერთი მოსწავლის მშობელი მეუბნება (შვილი იტალიურ სკოლაში დაჰყავდა): ქალბატონო ნანა, მიშველეთ რამე, ჩემს შვილს სძულს ყველაფერი ქართული, მეუბნება, რომ ქართული ლიტერატურა არ არსებობს და რაც ქართულია, არაფერი არ წაიკითხებაო.  ეს წუხდა მაინც  და, სამწუხაროდ,  ისეთი მშობლები უფრო მრავლად არიან, რომლებსაც ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ქართული ლიტერატურა მართლა არაფრად ვარგა და არც არის საჭირო მისი სწავლება.

ერთ ბავშვს ვამეცადინებდი. დედამისმა პირველივე გაკვეთილზე მისი თანდასწრებით გამომიცხადა: ძალიან გთხოვთ, გრიგოლ ორბელიანი გამოტოვეთ, არ მინდა ჩემმა შვილმა მის შესახებ რაიმე იცოდესო.  რატომ-მეთქი, გაოცებულმა ვკითხე. ჯერ ერთი-რუსის გენერალი  იყო, მეორეც- საქართველოს მოღალატე იყო და მესამეც – საკუთარ დისშვილს ფულს არ აძლევდა და ის გენიოსი ბიჭი უპატრონოდ მოკვდაო… ვუყურებდი და არ ვიცოდი, ვინ შემცოდებოდა, გრიგოლ ორბელიანი, რომელიც ყოველ წერილში ფულს დებდა ეფემიას მიუტანეთო, რომელმაც ტატოს და გაამზითვა, ოღონდ გაუთხოვარი არ დარჩესო, თუ თვითონ ის ქალბატონი… რა უნდა ქნა ასეთ დროს? კამათი არ ღირს, მაინც ვერ გაიგებენ…

ერთხელაც, ეს სხვა იტორიაა, მოსწავლემ გაკვეთილზე დაიგვიანა,  მწვრთნელს არ გამოუშვია დროზე. ყოჩაღი, ხალისიანი ბიჭუნა იყო. ელიზბარი ერქვა. ვსხედვართ მე და დედამისი და ვსაუბრობთ. კარი გაიღო და აქოშინებული ბავშვი შემოვიდა. ვაჟას გავდიოდით. გავეხუმრე: „გვიამბე ელიზბარაო, რა ამბავ მოხდა ეღოსა…“ ვაიმე, ეს რა იყო, ქალბატონო ნანა, – გაოცებულმა გადმომხედა დედამ. ვაჟას „ბაკური“ არ გახსოვთ-მეთქი? მომაკვდინებელი პასუხი მივიღე: რა გაუნათლებელი იყო, არა ის საწყალი!..

ასეთი შემთხვევებიც მქონია: გიწვევენ რეპეტიტორად და პირველად მიდიხარ მოსწავლესთან. ბავშვის მშობლების გარდა იქ გხვდება  უამრავი ადამიანი: დედა, მამა, ბიცოლა, ბიძა, პაპა-ბებია, მოსამსახურეები, მძღოლი, კარის მეზობლები… და იმის მაგივრად მე მომისმინონ, რა პირობებს ვთავაზობ, რის ვალდებულებას ვიღებ, რას ვითხოვ მათგან ან ბავშვისგან, ისინი იწყებენ საუბარს (თან უკლებლივ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი), თუ როგორ  უნდა ვასწავლო   ბავშვს ქართული ენა და ლიტერატურა, საიდან დავიწყო, რაზე გავამახვილო ყურადღება და ა.შ.    ახალგაზრდა რომ ვიყავი,  მერიდებოდა  პასუხის გაცემა. ახლა ბოლომდე ვისმენ მათ „დარიგებას“, მერე ვდგები და თავაზიანად ვეუბნები: ჩემო ძვირფასებო, თქვენ ისე კარგად გცოდნიათ ჩემი საგანი, რომ მე აქ ზედმეტი ვარ, თავადაც მშვენივრად გაართმევთ თავს!.. და მშვიდი სინდისით მოვდივარ იქიდან.

საფრთხე

მე მაინც მგონია, რომ სკოლაში ბავშვებს ისეთ ნაწარმოებებს ვთავაზობთ, რომელთა გაგებაც უჭირთ, რომელთა აღსაქმელადაც  ბავშვი მზად არ არის. არავინ კითხულობს, არიან კი კომპიუტერს მიჯაჭვული ჩვენი შვილები ამისთვის მზად?! „ჯაყოს ხიზნებზე“  არაფერს ვამბობ, ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ არანაკლები სირთულის ნაწარმოებია.  ჩვენ ჯიუტად არ გვინდა დავიჯეროთ, რომ  ბავშვებს ამბავი უფრო აინტერესებთ და ნაკლებად სწვდებიან იდეას (რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ, მაგრამ უმრავლესობა ასეა), რადგან იდეით დაინტერესება და სახეებით აზროვნება,  ცოტა გვიან იწყება, როცა ამბისადმი ინტერესი ნელდება და წინ იდეა, გამომსახველობითი საშუალებები და მწერლის სტილი წამოიწევს. ან რა იდეაზეა ლაპარაკი, მაშინ, როცა ბავშვებს თხრობა არ შეუძლიათ. იშვიათად, რომ  მოსწავლემ თვიდან ბოლომდე დალაგებულად გიამბოთ რომელიმე ნაწარმოების შინაარსი. ნაწარმოები კი არა, მარტივ კითხვებსაც ვერ პასუხობენ გასაგები ენით. ქართულად ლაპარაკი დაავიწყდათ ჩვენს შვილებს. ორმოცი წელია რეპეტიტორი ვარ და თითებზე შემიძლია იმ ბავშვების ჩამოთვლა, რომელთაც ლიტერატურული სმენა და ალღო ჰქონიათ. დანარჩენები  საშუალო ბავშვები არიან. ბავშვს რომ აზროვნების პრობლემა აქვს, ამაში მშობლების ბრალეულობაც ძალიან დიდია. იმიტომ, რომ ისინი ადრეული ასაკიდან შეჰყავთ უცხო ენებზე და ქართულად რომ აზრი გადმოსცენ, ინგლისურიდან ან, რუსულიდან თარგმნიან  ჯერ და ისე მიყვებიან. ამას ემატება კომპიუტერი.  ჩვენი შვილები კომპიუტერული თამაშებით სწავლობენ ინგლისურს ბავშვობიდანვე. მულტფილმებსაც ინგლისურად უყურებენ. ქართულად გახმოვანებული მულტფილმები ხომ ცალკე უბედურებაა (ნეტა გამაგებინა, სად პოულობენ ასეთ მთარგმნელებს!).  ამას წინათ ტელევიზორიდან მოვისმინე  ასეთი ფრაზა: „ბოდიში, რომ ეს მომიხდა ფანჯარასთან დაკავშირებით“.  ასეთი ქართულით ლაპარაკობენ ჩვენი ბავშვები (და ხშირად მშობლებიც).  ერთმა ბავშვმა „შუშანიკის წამების“ შინაარსი იუმორით და ჟარგონით დამიწერა, და იცით რატომ? იმიტომ რომ ლიტერატურული ენით დაწერა ვერ შეეძლო, და რადგან გონიერი ბიჭია, სერიოზული სახე არ მისცა ნაწერს, რომ გული არ გამხეთქვოდა. მე გამიფრთხილდა, გესმით, ასე ამიხსნა თვითონ, ეს ფორმა ამიტომ ავირჩიე, სხვა გზა არ მქონდაო. რაღაც სერიოზულია მოსაფიქრებელი, რაღაც უნდა ვუშველოთ მომავალ თაობას და მშობლიურ ენას.

„მოსიარულე“ და „სახლის“ რეპეტიტორი

როდესაც ქალქის ცენტრში სახლში დადიხარ მოსწავლესთან (რაც უნდა კარგი სპეციალისტი იყო, ცენტრში თუ არ ცხოვრობ, სახლში არავინ მოვა შენთან და, ფაქტობრვად, უმუშევარი რჩები), შენ უკვე „მოსიარულე“ რეპტიტორის იარლიყი გაქვს მიწებებული. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვა სოციალურ ფენას მიეკუთვნები, გარეუბანში ცხოვრობ, ძალიან გიჭირს და შენი შეფასება-დაფასების ხარისხიც, შესაბამისად, დაბალია. როგორც ზემოთ ვთქვი, ხარ ჩვეულებრივი დაქირავებული მუშა, რომელსაც ყველაფერი შეიძლება აკადრონ. თუ ცენტრში ცხოვრობ და მოსწავლე შენთან მოდის სახლში,  დაღლით კი იღლები, მაგრამ მოულოდნელი სტრესებისგან ხარ დაცული. სტრესი კი მშობლისგან მოდის, თორემ ბავშვები (ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი დასკვნა გამომაქვს ჩემი მრავალწლიანი სარეპეტიტორო პრაქტიკიდან) ცენტრალურ უბნებში, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველაფერი აქვთ, ხშირად  უფრო „საყვარლები და დაუცველები“ არიან. ვეცდები, უფრო ზუსტად აგიხსნათ, რას ვგულისხმობ:  ზოგჯერ მშობლები ისე ექცევიან შვილებს, გული მოგიკვდება. ამ შემთხვევაში უფრო პატარა ასაკის მოსწავლეებს ვგულისხმობ. დიდი ხანი არ არის, რაც პატარებთან დავიწყე მუშაობა და მივხვდი, რომ ახალგაზრდა მშობლების შვილები ადამიანური ურთიერთობების დეფიციტს განიცდიან. მათ ენატრებათ მოსაუბრე, მომფერებელი. მშობლები დილიდან საღამომდე სახლიდან გასულები არიან, მათი შვილები კი, უზარმაზარ კომფორტულ სახლებში გამოკეტილები, მხოლოდ თავიანთ ძვირადღირებულ კომპიუტერებთან და ტელეფონებთან  ურთიერთობენ. ისინი, შეიძლება  ამას სახელს ვერ არქმევენ, მაგრამ მიტოვებულად და დაუცველად გრძნობენ თავს. ამიტომ შენ უკვე იცი, რომ ცოდნასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი რამ უნდა მისცე მათ – სითბო და სიყვარული, და ისინიც ძალიან მალე გიმეგობრდებიან, მოიწევენ შენთან გულის გადასაშლელად, ჩასახუტებლად, გიჯერებენ, გისმენენ, აღარ იციან, სიყვარული როგორ გამოხატონ. და აქ, უცებ, გაუთვალისწინებელი რამ იჩენს თავს: როგორც კი მშობლები ხვდებიან, რომ შენ მათ შვილს შეუყვარდი, ეგოისტდებიან, ეჭვიანობენ შენზე, უკმაყოფილო სახით დადიან, შენიშვნებს გაძლევენ. შეიძლება „თავაზიანად“ გამოგისტუმრონ კიდეც.

შემთხვევა 1

ერთ ცნობილ ოჯახში მიმწვიეს პედაგოგად. ბავშვის დედამ დამირეკა, მეგობრებში დავიჩივლე და თქვენი თავი მირჩიესო. აბიტურიენტი გოგონა ჰყავდა. ზოგადად  ინტელექტუალური ბავშვი იყო, მაგრამ ქართული  ლიტერატურა საერთოდ არ იცოდა (დედა რუსულ ლიტერატურას ანიჭებდა უპირატესობას), გრამატიკაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. არადა, სკოლის გამოცდებიც ჩასაბარებელი ჰქონდა და ეროვნულ გამოცდებამდეც ცოტა დრო იყო დარჩენილი, დაახლოებით 5 თვე. კვირაში სამჯერ დავდიოდი და იმდენ ხანს ვამეცადინებდი, რომ ზოგჯერ დედა   ოთახის კარს შემოგვიხსნიდა და გვეუბნებოდა, დაასრულეთო.  მე სხვა გზა არ მქონდა, პასუხისმგებლობა ავიღე, დრო არ იცდიდა. სკოლის გამოცდაში გოგონამ უმაღლესი შეფასება მიიღო. წესით, მშობლისთვის, ეს უნდა ყოფილიყო  იმის ნიშანი, რომ  მე თავს არ ვზოგავდი. მაგრამ, თუ არ უნდათ, შენს შრომას არ დაინახავენ:

სწორედ ეროვნული გამოცდების წინ სასწრაფოდ დამჭირდა ოპერაცია. მასალა ფაქტობრივად, გავლილი გვქონდა, მხოლოდ  ერთი ნაწარმოები გვქონდა გადასამეორებელი და ბოლო გაკვეთილზე ვაპირებდი ამის გაკეთებას. მოხდა ისე, რომ  წინასაოპერაციო დღე ბოლო გაკვეთილს დაემთხვა. ვიფიქრე, მივალ დილით, ვამეცადინებ, ჰონორარს ავიღებ და გულდამშვიდებული წავალ საავადმყოფოში -მეთქი. ეს იყო პირველი შემთხვევა, გაკვეთილი შედარებით ადრე რომ დავასრულე. ბავშვი გავიდა, რომ დედისთვის ეთქვა ჩემი წასვლის შესახებ. თბილად, მეგობრულად მინდოდა გამომშვიდობება, მაგრამ შემოდის  გაცოფებული დედა და ისტერიკული ხმით მიკივის: „იმას ხომ უზიხარ სამეცადინოდ მთელი დღე – ერთი საერთო ნაცნობის ბავშვზე მეუბნება – ეს არის თქვენი პედაგოგობა, გამოცდები კარზეა მომდგარი, თქვენ კი ასე სწრაფად გარბიხართ“.

გაოცებული ვუყურებდით მეც და ბავშვიც, მაგრამ სიმშვიდე არ დამიკარგავს, წყნარად ვუთხარი: მაპატიეთ,  ახლა ამ თემაზე  კამათის არც დრო მაქვს და არც განწყობა, ამიტომ, თუ შეიძლება, მხოლოდ ჩემი წიგნები მომეცით და წავალ-მეთქი. ფული, რა თქმა უნდა, აღარ მომითხოვია. წიგნები შემოიტანა და კი არ მომცა, მესროლა. გავშრი. ბავშვს  შევხედე. სახეგათეთრებული კუთხეში აბუზული იდგა და კანკალებდა. მეც რომ ამეწია ხმა,  კიდევ უფრო დიდ სტრესს მიიღებდა. ამიტომ ავიღე წიგნები და  უხმოდ გამოვედი. ფული საერთოდ აღარ გამხსენებია. დამეწია, ჩანთა ხელიდან გამომგლიჯა, ფული ჩამიტენა და მითხრა, თქვენი მათხოვარი ვინ არისო. უამრავ ჩემს ყოფილ აბიტურინტთან დღემდე ისეთი კარგი ურთიერთობა მაქვს,რომ უკვე მათ აბიტურიენტ შვილებს და შვილიშვილებს ვამზადებ. ეს გოგონა კი (მას მერე ბევრჯერ შევხვდით ერთმანეთს) დღემდე თვალს მარიდებს. ჰო, ეროვნულ გამოცდებზეც მაღალი ქულები მიიღო, უმაღლესი შეფასება. დედის განერვიულების მიზეზი კი, რამდენჯერაც ეს ამბავი გამახსენდება, ვფიქრობ, რომ მისი ეგოიზმი იყო – გოგონა დამიმეგობრდა და ეს ვერ აიტანა.

შემთხვევა 2

მირეკავს მოსწავლის დედა, მეათეკლასელს ვამეცადინებდი, და მეუბნება, ხვალ დილის 7 საათზე  ჩვენთან უნდა იყოთ სახლში აუცილებლადო.  ვუხსნი, ასე ადრე გამორიცხულია, მეც მყავს ოჯახი, შვილები და ჩემს საქმეებსაც დილით ვაკეთებ, თანაც სანამ ტრანსპორტი თქვენამდე მომიყვანს… ვინ გისმენს?  არაო, უნდა მოხვიდეთ აუცილებლადო, სკოლის მასწავლებლმა უთხრა ჩემს შვილს,  საკონტროლო უნდა გაწერინოო. აიყვანეთ ტაქსი, სადარბაზოსთან დაგხვდებით და  ფულს მე გადაგიხდითო (ასეთ დროს ხან მძღოლებს გიგზავნიან, ხან ტაქსს. თვლიან, რადგან ფულს გიხდიან, ნებისმიერ დროს უნდა მიხვიდე. დამავიწყდა მეთქვა, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ მშობლებს ყოველთვის ვეუბნები, რა შესაძლებლობები აქვს მათ შვილს, ნიჭიერია თუ უნიჭო, რომ დიდი მოლოდინები არ ჰქონდეთ, უფრო სწორად, ჰქონდეთ ადეკვატური მოლოდინი და მე არ შემაწმინდონ ხელები). რაღას ვიზამდი, დავთანხმდი. გავაჩერე დილაუთენია ტაქსი და წავედი. რა თქმა უნდა, არავინ დამხვედრია. გადავიხადე ფული და ავედი. ჰო, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ რაც ამ ოჯახში დავდიოდი, მხოლოდ დედასთან მქონდა ურთიერთობა და არასოდეს შევხვედრივარ ბავშვის მამას. ოღონდ ვიცოდი, რომ არსებობდა. დავრეკე ზარი და კარს მიღებს შიშველი მამაკაცი. დგას ტრუსების ამარა. ცალი ხელით  წინ გაზეთს  იფარებს, მეორეთი ბორჯომის ბოთლი აქვს საფეთქელზე მიდებული. სახე აღაჟღაჟებული. წინა ღამის ნაქეიფარია. ხრინწიანი ხმით მეკითხება: ვინა ხარ, ქალბატონო, ამ დილაუთენია რას მერჩიო. ავუხსნი  ვინ ვიყავი და „რას ვერჩოდი“. ის კიდევ, არც მობრძანდით, არც უკაცრავად, არც დილა მშვიდობისა, შებრუნდა, გაზეთი ახლა უკანალზე მიიფარა და მთელი ხმით დასჭექა ტკბილ ძილში მყოფ ცოლ-შვილს: მე თქვენი… ამ დილაუთენია რას დამაყენეთ თავზე ეს ქალი, ხაშიაო!  რა დღეში ჩავვარდი, როგორი შეურაცხყოფილი დავრჩი, ამას ვინ აღწერს, ისე გავმწარდი და გავნერვიულდი, ათასი ბოდიშიც რომ ეხადათ, გაკვეთილის ჩამტარებელი არ ვიყავი. წამოვედი და აღარც მივსულვარ. თურმე მე რომ დამირეკა და დილაუთენია გზას გამიყენა, დედიკომ ძილი გააგრძელა და არც მე გავხსენებივარ და არც ის, რომ ტაქსისტისთვის ფული უნდა გადაეხადა. დაუხოცავთ მერე  ცოლ-ქმარს ერთმანეთი, ჩვენმა საერთო ნაცნობმა მიამბო, მაგრამ გვიანი იყო.

შემთხვევა 3

რეპეტიტორის უპატივცემულობის კიდევ ერთი ნიშანია მოსწავლესთან დაულაგებელ სახლში მისვლა. მივედი ერთხელ ერთ მოსწავლესთან. ძალიან შეძლებული ოჯახი იყო. ვრეკავ ზარს. იღება კარი. გავიარე კორიდორი. ამის მერე მისაღებია და  მერე ბავშვის სამეცადინო ოთახი, მაგრამ მისაღებში ვერ შევდივარ, იმიტომ რომ იატაკზე დაგებული უზარმაზარი ხალიჩა მთლიანად ვერცხლის დანა-ჩანგლითაა მოფენილი. ნოხზე ფეხის დასაბიჯებელი ადგილი არ არის. არადა, მობრძანდით, ქალბატონო ნანა, მობრძანდით, მეძახის ოთახიდან ბავშვის დედა. შევიცხადე, კი მაგრამ, როგორ შემოვიდე, ფეხი სად დავადგა-მეთქი. ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ელზა( მოსამსახურე) მოვა მალე და აალაგებს. ჩემი პატარა ერთობა (მოსწავლის 4 წლის და), ფეხით მისწი-მოსწიეთ ყველაფერი და მიხვალთ სამეცადინო ოთახამდეო. ზურგი გამიცივდა. ბავშვობა გამახსენდა: არ ვიცი, როგორ მოვახერხე, მაგრამ პატარამ ჩანგალი ჩავირჭე თავში, ბეწვზე გადავრჩი, და უცებ ძალიან შემეშინდა,  რამე მსგავსი არ დაემართოს-მეთქი ამ ბავშვს. ან ფეხით როგორ მივყრიდი ამდენ დანა-ჩანგალს. თასი გამოვართვი, ჩემი ხელით სათითაოდ წამოვკრიფე და მხოლოდ ამის შემდეგ შევედი მოსწავლესთან.

იცი, შეიძლება ვინმემ არც დაიჯეროს, მაგრამ თავიდან, წლების წინ, სანამ ახალგაზრდა ვიყავი, რომ მივიდოდი მოსწავლესთან და იქურობა უწესრიგოდ დამხვდებოდა, სანამ ბავშვი მოემზადებოდა, მე ოთახს ვალაგებდი. რა აღარ დამხვედრია მაგიდაზე დახვავებული – ტანსაცმელი, ნაჭამი თეფშები, თხილამურები, მტვერზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ… სკამს ვერ ვპოულობდი დასაჯდომად.  ახლა   ასე აღარ ვიქცევი, დასალაგებელი ჩემი სახლიც მყოფნის. არ ვუყურებ, ოთახში რა ხდება. ავიღებ ბავშვის სვიტრს ან პერანგს, მოვასუფთავებ მაგიდის იმ ნაწილს, რომელიც მჭირდება, დავაწყობ წიგნებს და ვიწყებ გაკვეთილს.

რეპეტიტორის ჰონორარი

ზოგადად, რეპეტიტორისთვის ჰონორარის მიცემის დაუწერელი კანონი ასეთია: ჰონორარს გიხდიან წელიწადში ორჯერ, ოთხჯერ ან ყველა თვის ბოლოს – რვა გაკვეთილის შემდეგ. როგორც წესი, მშობლებიც და რეპტიტორებიც, უმეტესად უკანასკნელს ირჩევენ ხოლმე. ყოველი მეშვიდე გაკვეთილის შემდეგ შენ  ბავშვსაც და მშობელსაც ახსენებ (თვითონ იმდენი საქმე აქვთ, არ ამახსოვრდებათ), რომ შემდეგი გაკვეთილი არის ჰონორარის დღე. ახლა რას დავაკვირდი ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკის მანძილზე: მერვე გაკვეთილს, როგორც წესი, ბავშვი აცდენს, უფრო სწორად, გირეკავენ და გეუბნებიან, რომ  რომ არ მიხვიდე ამა თუ იმ მიზეზის გამო.  და ეს შეიძლება გაიწელოს ორ კვირას; ან გთხოვენ, რომ ამ თვეში ფულს ვერ მოგცემენ,  მაგრამ მაინც უნდა იარო და მერე ერთად გადაგიხდიან ორი თვისას. და როდესაც ეს ორი თვეც გავა, ანუ 16 გაკვეთილი,  და როცა იძულებული ხარ, ისევ შეახსენო ჰონორარის გადახდის დღე, მშობლები ურცხვად გეუბნებიან: „ვაიმე, რა ჩქარა მოვიდა გადახდის დრო, ქალბატონო ნანა!“ ანდა: „უი, კი გამოვართვი ჩემს ქმარს ფული, მაგრამ თქვენს მოსვლამდე შემომეხარჯა“…

ცალკე თემაა ფულის საერთოდ არ გადახდა და ამის გამო ბოდიშის არმოხდა. ისედაც თითქმის ყოველ წელს მყავს 1-2 ისეთი მოსწავლე – ახლობლების, მეგობრების შვილები – რომლებისგანაც ფულს ვერ და არ ვიღებ, მაგრამ ამასთან ერთად, ყოველთვის არის რამდენიმე ისეთიც,  რომლებიც ისე დაიკარგებიან ბოლო მეცადინეობებიდან, რომ არც თვითონ გეტყვიან მადლობას, არც მშობელი გამოჩნდება და მოგიბოდიშებს და ამის გამო ის წესიერი ადამიანები  გრძნობენ თავს დამნაშავედ, ვინც ეს ბავშვები გამოგიგზავნა. მაგრამ არა უშავს, შეჩვეული ვარ ამას. ალბათ სხვებთანაც ხდება მსგავსი რამ.

რეპეტიტორის არჩევა

არ დაიჯერებ და, რეპტიტორს მიკროსკოპულად ამოწმებენ მშობლები, ზოგჯერ ბავშვებიც. ბოლო ათი წელია ამ მიზნით აქტიურად იყენებენ კომპიუტერს. მოკლედ, სანამ ოჯახში მიხვალ, ინტერნეტიდან ამობეჭდილი შენი CV უდევთ მაგიდაზე. მინდა გითხრათ, მარტო ცოდნას და საქმიანობას კი არ გიმოწმებენ, გარეგნობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ, და არა მხოლოდ გარეგნობას: ერთ ოჯახში მითხრეს, თქვენამდე გავუშვით მასწავლებელი იმიტომ, რომ  ბორშის სუნი ასდიოდა და ბავშვმა ვერ იგუაო. კალიგრაფიასაც  აკვირდებიან, თუმცა თვითონ ბატიფეხურით წერენ. ცალკე თემაა „მზრუნველ-მეთვალყურე“ ბებიები: „ქალბატონო ნანა, 15 წუთით ადრე მოხვედით!“ ან: „ ქალბატონო ნანა, 15 წუთით დაიგვიანეთ!“ – თითქოს ისინი ამ ქალაქში არ ცხოვრობდნენ და არ იცოდნენ საცობების ამბავი. ერთხელ ცნობილი სუნამო შანელი მაჩუქეს. დავისხი და ერთ შეძლებულ ოჯახში წავედი გაკვეთილის ჩასატარებლად. ჩემს მოსწავლეს სუნის ამოცნობა არ გაუჭირდა და გაოცებულმა მკითხა: „ვა, ნანა დეიდა, კოკო შანელი, თქვენ საიდან?!“

იმდენი ასეთი ისტორიაა, „ ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“… ამიტომ ჯობია, შევწყვიტო მოყოლა.

მოგადგება მერე ვინმე ბრიყვი და გეტყვის: რა იოლად შოულობ  ფულსო…

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...