პარასკევი, მაისი 9, 2025
9 მაისი, პარასკევი, 2025

ძაღლის წელი – ადამიანური ცხოვრების იმედით

0

 

არ ვიცი, ამაზე ადრე მიფიქრია თუ არა, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე, რომ ახალი წელი საკუთარ დაბადების დღეზე გაცილებით მეტად მიყვარს. შესაძლოა სხვებისთვისაც ასე იყოს და ამ დრომდე არ დაფიქრებულან. ასეა თუ ისე, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, გადატვირთული სამუშაო დღეებისა და საახალწლო ეიფორიის მიუხედავად, ყოველი ახალი წლის მოახლოება დიდსა თუ პატარას ერთნაირად გვიყვარს. ეს კი იმის მიმანიშნებელია, რომ ნებისმიერ ადამიანს იზიდავს ბევრი სინათლე, სიჭრელე, სიცილი და სიახლის მოლოდინი. ახალი წელი სასწაულებრივი ძალით აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. ის უნებლიედ  შთაგვაგონებს ოცნებებს და ახალი მიზნების დასახვისკენ გვიბიძგებს.

ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით მზადება ზოგიერთისთვის სამოსის გაახლება-შეძენასთან არის დაკავშირებული, ზოგისთვის უფრო მნიშვნელოვანია საახალწლო სუფრისთვის მზადება, ზოგს ახალი წელი საინტერესო და საყვარელი მუსიკის მოსმენის გარეშე ვერ წარმოუდგენია, რაზეც ყოველი ჩვენთაგანის ამაღლებული გუნება-განწყობაა დამოკიდებული. ვისთვის მუსიკა ნოსტალგიურ განწყობას აღძრავს, ვისთვის – ცეკვის სურვილს და ა.შ.

ახალ წელთან შეხვედრა-გატარებას როგორ  ატმოსფეროშიც არ უნდა ვაპირებდეთ, მუსიკა, როგორც უნივერსალური მოვლენა, მისი თანმდევი იქნება.

                „გულდასაწყვეტი იქნებოდა მუსიკით მხოლოდ სიამოვნების მინიჭება.

                                                                       ჩემი მიზანი ადამიანების უკეთესებად ქცევაა“                                         

გ. ფ. ჰენდელ

 

ჰენდელის საშობაო ორატორია „მესია“ ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული, სადღესასწაულო ქმნილებაა, თუმცა ბაროკოს ეპოქის ტიტანი (ბახთან ერთად) ხელოვნების დანიშნულებად ადამიანებისთვის  მხოლოდ სიამოვნების მინიჭებას არ გულისხმობდა.

უამრავი ოპერისა თუ ინსტრუმენტული ნაწარმოების ავტორი ფრიდრიხ ჰენდელი, მისდა გასაკვირად მუსიკალური საზოგადოების ყურადღებასა და სიყვარულს თანდათან კარგავდა. ინგლისელი არისტოკრატები უპირატესობას რატომღაც იტალიელ კომპოზიტორებს ანიჭებდნენ. კონცერტების ჩაშლის მიზნით კი კომპოზიტორის მტრების მიერ დაქირავებული პირები აფიშებს უმოწყალოდ ანადგურებდნენ. ასე თანდათან კონცერტებზე დამსწრე საზოგადოება სულ უფრო იშვიათდებოდა. მრავალი წლის განმავლობაში ინგლისში მცხოვრებმა გულნატკენმა ჰენდელმა ქვეყნის დატოვებამდე უკანასკნელი კონცერტის ჩატარება გადაწყვიტა, სადაც შესრულდებოდა მის ორატორიებს შორის საუკეთესო, ახლად შექმნილი ორატორია „მესია“. ნაწარმოებზე აღმაფრენით მუშაობისას ერთ-ერთი ნაწილის – „ალილუიას“ დასრულების შემდეგ თვალცრემლიან კომპოზიტორს აღმოხდენია: „თითქოს ზეცა გაიხსნა და მე სამყაროს შემოქმედი ვიხილე“. ჰენდელის ცხოვრებაში ეს ყველაზე ბედნიერი წამები ყოფილა. ამ ქმნილებით გეორგ ფრიდრიხ ჰენდელმა სამუდამოდ დაიდგა უკვდავების ძეგლი.

მოგეხსენებათ, ორატორია მონუმენტური მუსიკალური ჟანრია, სადაც მთავარი ადგილი გუნდს უკავია, ხოლო შემდეგ სოლისტებსა და ორკესტრს. ჰენდელის ყველაზე ცნობილ ქმნილებებს შორის ორატორიის მწვერვალი – გენერალური კულმინაცია გუნდი (№39) „ალილუიაა (D-Dur)“. ის ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიის რე მაჟორული ფინალის ერთმნიშვნელოვანი წინამორბედია. საშობაო კონცერტებზე ორატორიის მხოლოდ პირველი ნაწილი და გუნდი „ალილუია“ სრულდება. თუმცა, ზოგიერთი ორკესტრი მას   მთლიანად ასრულებს. ინგლისში „ალილუიას“ ეკლესიაში სახარების კითხვის მსგავსად, ტრადიციულად ფეხზე დგომით უსმენენ. თავის დროზე, დიდ ბრიტანეთში ამ ტრიუმფალური გუნდის გაგონებისას მეფეებიც კი ფეხზე დგებოდნენ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გუნდი დიდებულებითა და სადღესასწაულო განწყობით აუდიტორიას დღემდე აცვიფრებს.

 

 

ვინაიდან 2018 წელი ძაღლის წლად არის „გამოცხადებული“, კარგი იქნებოდა ბავშვებთან ერთად ამ უერთგულესი არსებების შესახებ კეთილი ფილმები გვენახა. წელს საახალწლოდ მსურს ორი განსაკუთრებული ფილმი შემოგთავაზოთ როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის. ფილმებს შეგიძლიათ ერთადაც უყუროთ, ის გულგრილს არავის დაგტოვებთ.

 ნამდვილ სიყვარულსა და მეგობრობაზე

ალბათ დამეთანხმებით, მულტიპლიკაციური ფილმი ყოველთვის საყვარელი, კეთილი, მხიარული და საინტერესო საცქერია არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ დიდებისთვისაც. ამავდროულად, საოცარ ამბებს უმეტესად არაჩვეულებრივი მუსიკა გასდევს ხოლმე, როგორც ჩვენი სიყვარულის არომატით გაჯერებული ფილმის შემთხვევაში.

ფილმი მოგვითხრობს ამაღელვებელ ისტორიას გაადამიანურებული ორი აბსოლუტურად განსხვავებული ჯიშის – ოთახის ნაზ ცუგასა და ჩვეულებრივ ეზოს ძაღლზე. ისინი განსხვავებულ სამყაროებში ცხოვრობენ. პრესტიჟულ რაიონში მცხოვრები ლედისთვის უმთავრესი პატრონების სიყვარულია, უსახლკარო მაწანწალასთვის კი – თავისუფლება. განსხვავებების მიუხედავად, ერთ მშვენიერ დღეს მათი გზები მაინც გადაიკვეთა.

დახვეწილი და სათამაშოსავით ფუმფულა კოკერ სპანიელი უსაყვარლესი არსება იყო პატრონებისთვის, რომელიც დიდი ხნის ნანატრ პირმშოს ერთგვარად ცვლიდა. მაგრამ როდესაც ოჯახს ჩვილი მოევლინა, სიყვარულს შეჩვეული ერთგული ლედი თავს დავიწყებულად და მიგდებულად იგრძნობს.

ანიმაციაში ზღაპრული სასწაულების ნაცვლად რეალისტური სამყაროა ნაჩვენები, სადაც ცხოვრება ყოველთვის სიკეთით აღსავსე არ არის  და რომ ბედნიერი ცხოვრება ნებისმიერ მომენტში შეიძლება დასრულდეს! ამ იუმორისტულ და ამავდროულად სევდიან ფილმში ხაზგასმულია ძაღლთა მაღალ და დაბალ სოციალურ ფენებს შორის კონფლიქტი. გულუბრყვილობის მიუხედავად ანიმაციაში წამოჭრილ აქტუალურ საკითხებს ვერც მთლად საბავშვოს ვუწოდებთ.

ცხვირზე წამოცმული სადრუნჩე მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდება განაწყენებული ოთხფეხასთვის, რაც მშობლიური ოჯახიდან გაქცევას აიძულებს. გარეთ კი უამრავი ხიფათი ელოდა. უდარდელ გარემოში გაზრდილი  ვერც კი წარმოიდგენდა ყოველივეს. მორიგი ხიფათის დროს მინიატურულ შავთვალა „ლამაზმანს“ საშველად მაწანწალა „ჯენტლმენი“ მოევლინება, რომელსაც კეთილშობილება არა ჯიშში, არამედ სულში ჰქონია. ისინი ერთად უამრავ სახიფათო თავგადასავალში გაეხვევიან, და ბოლოს ჩვილსაც გადაარჩენენ!

 

ანიმაცია შეგვახსენებს, თუ ვინ არის ადამიანის ყველაზე ერთგული მეგობარი. ოთხფეხა მეგობარი ხომ საოცრად მგრძნობიარე არსებაა,  სრულყოფილად რომ შეიგრძნობს პატრონის ხასიათის ცვლილების ყოველ დეტალს, სიხარულსა თუ უსიამოვნებებს და მუდამ მზად არის დაიცვას.

 

ყელში გაჩხერილი სიცილი

მასზე ლეგენდები სიცოცხლეშივე იბადებოდა. ამერიკის საზოგადო აზრის ინსტიტუტის (American Institute of Public Opinion) გამოთვლით ყველა დროის ყველაზე ცნობილი სამი ადამიანი აღმოჩნდა: იესო ქრისტე, ჩარლი ჩაპლინი და ნაპოლეონ ბონაპარტი.   

გთავაზობთ უდიდესი რეჟისორისა და მსახიობის ჩარლი ჩაპლინის ერთ-ერთ გენიალურ ფილმს „ძაღლური ცხოვრება“ (1918 წ.). სატირული ელემენტებით დატვირთული მოკლემეტრაჟიანი ფილმი ჩაპლინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია. ამ „კომედიური სილის გაწვნით“ ძაღლისა და მაწანწალას ცხოვრებებს შორის პარალელია გავლებული. ჩემ მიერ მოწოდებულ ანიმაციაში ძაღლის გაადამიანურებასთან თუ გვაქვს საქმე, ჩაპლინის ფილმში, პირიქით, ადამიანის გაძაღლებულ ცხოვრებას ვაწყდებით.

ფილმში სამი მონათესავე სულის ცხოვრება გადაიკვეთება: უსახური კაფედან მარტოხელა ღარიბი გოგონასი, პოლიციელების მიერ დევნილი მაწანწალასი და პატარა მიტოვებული ლეკვის. ისინი ყოველ წამიერი დამარცხების მოლოდინის მიუხედავად ცხოვრების მკაცრ გამოწვევებს გამუდმებით ებრძვიან. მაგრამ აი, მათ ცხოვრებაში სიყვარული ჩნდება და ყველაფერი იცვლება.

მუნჯური კინოს სიმბოლო – ჩაპლინი, მისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქით იუმორის ფონზე მოგვითხრობს საჭირბოროტო მწვავე სოციალური საკითხებით დატვირთულ ამბავს. ფილმში წამოჭრილი პრობლემები, დღემდე აქტუალურია და გვაღელვებს.

ჩაპლინის ყოველ ახალ ნამუშევარში მძაფრდებოდა დრამატული კონფლიქტი სიკეთესა და ბოროტებას, სიღარიბესა და სიმდიდრეს, სამართლიანობასა და უსამართლობას შორის.

დროთა განმავლობაში ჩაპლინის ხმა სულ უფრო და უფრო ხმამაღალი ხდებოდა. იგი, როგორც უბრალო ადამიანის უდიდესი ქომაგი, უარს ამბობდა იმ დროისთვის მიღებულ შეხედულებებზე, გემოვნებასა და ყოველგვარ ზედაპირულ ეფექტებზე.

 

რომელი მხრიდანაც არ უნდა შემობრუნდეს ადამიანისთვის ფორტუნა, ნამდვილი მეგობრობა ერთადერთ მხარდამჭერად ევლინება ყველას, როგორც გადამრჩენელი და იმედის მომცემი.

 

P.S. თემატიკით დაინტერესებულებს შემიძლია შემოგთავაზოთ მიხაილ ბულგაკოვის შესანიშნავი მოთხრობა „ძაღლის გული“.

***

ჩაპლინს მუსიკალური განათლება არ მიუღია, სამაგიეროდ მამისგან (მიუზიკ-ჰოლის არტისტი) მემკვიდრეობით მიეცა: სმენა, შესანიშნავი რიტმის გრძნობა, ხელოვნებისაკენ მისწრაფება და პროფესიისადმი დიდი სიყვარული.

16 წლის ჩაპლინი ვიოლინოზე ყოველდღიურად ოთხ-ოთხ, ზოგჯერ ექვს საათს უკრავდა. კვირაში ერთხელ კი დასის დირიჟორის გაკვეთილებს ესწრებოდა. ვინაიდან ჩარლი ცაცია იყო, ვიოლინოზე სიმებს გადაუნაცვლებდნენ ხოლმე. მომავალში დიდი რეჟისორი საკონცერტო შემსრულებლის პროფესიაზე ოცნებობდა, უარეს შემთხვევაში, მზად იყო მიუზიკ-ჰოლისთვის პროგრამა მაინც მოემზადებინა. მაგრამ თანდათან მიხვდა, ასეთი შრომით ბევრს ვერაფერს გახდებოდა და მეცადინეობა მიატოვა. მიუხედავად ამისა, ჩაპლინი საკუთარი ფილმებისთვის მუსიკას თავადაც წერდა. ჩაპლინის გარდა არავის შეეძლო ერთდროულად ეწერა სცენარები, ემუშავა როგორც რეჟისორს, ეთამაშა ფილმებში და ფილმებისთვის შეექმნა მუსიკა. და მხოლოდ ჩარლი ახერხებდა მუსიკის დახმარებით ცხოვრების მთელი ტრაგიკომიკურობის ჩვენებას თავის ქმნილებებში.

ჩაპლინის მუსიკის ინდივიდუალური სტილისთვის დამახასიათებელი იყო რომანტიკული ვალსის თემები რუბატოს რიტმში, ცოცხალი მელოდიები 2/4 ზომის რიტმში. ასევე ტანგო ძლიერი მძიმე წილებით (ჩარლის ცეკვებს შორის ყველაზე მეტად ტანგო უყვარდა).

საინტერესო და სასიამოვნო შთაბეჭდილებების მიღების სურვილით გემშვიდობებით 2017 წლის მიწურულს. შეხვედრამდე.

პატარა დიდი ამბები

0

(მთქმელირეზო დავითაშვილი)

  1. ანბანი

სომხებსაც აქვთ ანბანი, ირანელებსაც, ქართველებს რად არ უნდა გვქონდესო – უფიქრიათ ერთ დღეს. გადაწყვიტეს ანბანის შექმნა, მხატვარიც იპოვეს, მერე საქართველოდან ჩამოსულმა კაცმა უთხრა, დიდი ხანია, ქართველებს ანბანი გვაქვსო და ბევრი წიგნი და რვეულიც ჩამოუტანა. ასე გაიგო ქართული ანბანის არსებობა.

 

  1. შესწავლა

ფრანგებთან, კაშხალზე, ერთი ქართველი მუშაობდა – ვანო რუბიტაშვილი, მან დაიბარა იქაური ქართველები, ჩამოდით, დაგასაქმებთო. რეზოც, სხვა ქართველებთან ერთად სამუშაოდ წავიდა. საქმე დაინაწილეს, მუშაობა გაჩაღდა. საღამო ხანს კი იმავე ქართველმა ქართული ანბანის შესწავლა შესთავაზა. იმუშავებდნენ დღისით, დაიღლებოდნენ, გადაიქანცებოდნენ, საღამოს კი ქართულ ანბანს უსხდნენ, სწავლობდნენ, ხატავდნენ, წერდნენ… შინ რომ დაბრუნდა, ყველგან ქართული ანბანი დააწერა – ხეებზე, კარებზე, კედლებზე, ხიდის კუთხეებში…

 

  1. რადიო

მაშინ ირანში რადიო იშვიათი ხილი იყო. რეზოს მამას ჰქონდა საიდანღაც და ერთხელაც, აბა, იქნებ საქართველოს ხმა დავიჭიროო. დასდევდა რადიოტალღას, რადიოთი ხელში გარბოდა და გამორბოდა, ადგილს ეძებდა, სადაც უკეთესად დაიჭერდა საქართველოს, სადაც უკეთ გაიგონებდა ქართულ ხმას.

ამასობაში ვიღაცებმა ჰკითხეს: რას აკეთებ, კაცო, რას შვრებიო?

ქლიავ-ჭანჭურს დავდევო, – უპასუხა.

იმდენი ირბინა რადიოთი ხელში, იმდენი უჩხიკინა და უჩხირკედელავა, იმდენი იწვალა, ბოლოს გადაიწვა რადიო. სამუდამოდ დადუმდა.

რა ქენი, კაცო, დაკრიფე ქლიავ ჭანჭურიო? – მეზობელმა ჰკითხა.

 

  1. შორს არის

– წინ თქიანყე, რო, ეხლა რო წიმა მაჲწიმდეს, ცისარტყელა გარეთ გაჩინებული, მინც ემ ცისატრყელს ძირზეგ გაიდაო, წავა საქართველოჩიო. [ციციკიბის ქეშ] ციცის კიბეს. ჩონ ვიტყით ციცისკიბე. ვერვინ ხო ვერ გაიდეს, იქ. ერთხელაც ჩამოიდეს ორი კაცი იყო, რო ფილმი გადიღეს, ერთ ქალს უთხრეს რო: გინდა გადახიდე საქართველოჩიო?

თქო: შორს არიო!

 

  1. შეხვედრა. ქარხანა

მეტალურგიულ ქარხანაში კალატოზად მუშაობდა. არავის იცნობდა.

დაუცველი იყო იქაურობა, ლიანდაგი – ღია, მატარებლები დადიოდნენ, არც მინიშნება იყო, არც ჯებირი, ქარხანასაც არ ჰქონდა ჯერ კედლები.

მუშები ლიანდაგზე დარბოდნენ,

რეზომ დაუძახა (დაჰკივლა):

– კაცო, გამო ექ, არ დეეცე!

მოხუცმა კაცმა, აბა, გაიმეორე, რა თქვიო, რეზომ გაიმეორა. გაუკვირდათ ქართველ მუშებს, შენც ქართველი ხარო? სადაური, საიდან, როგორ…

გაარკვიეს ერთმანეთის სადაურობა, დამეგობრდნენ, ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.

 

  1. ყურისმგდებელი

ქართულად სალაპარაკოდ მინდორში გადიოდნენ. თორემ სადაც ორი ადამიანი იყო, იქ მესამეც აღმოჩნდებოდა – ყურისმგდებელი. უნდა სცოდნოდათ, რაზე საუბრობდნენ, რამდენნი იყვნენ, ყველა სიტყვა და ყველა წინადადება უნდა გაეგოთ:

– რა ჯური ლაპარაკობ, ფარსული ხარ. – პარსულიც ვიცი, ქართულიც ვიცი. – ქართულს რასათი ლაპარაკობ? და ვთქი: დედას ენაა-მეთქი, უნდა ვილაპარაკო-მეთქი. თქო: არ შეიძლება რო ასე გოოშოთო. და იმამ უთხრა: გოოში ილაპარაკოსო, ემდენი, რაგდენი წელი გასულაღაო და არ უნახავთყე ქართული ლაპარაკი. – არ შეიძლება ხო ექ ენა ამოოძრო-მეთქი.

 

  1. გაქართველდა

– (ქურთებიც) არიან, ებრაელებიც არიან, ისები მაგრა ქართველობენ, ეხალ ამით გოგოები ემათ გომოორთომყე, ემას გოგოები ამას გომოორთომყე, დარეულან ერთმანეთჩი და ნათესავები არიან. ქართუელებია, ხო. შარშანცა ეხლა ჩონ ბიჭებმა, ქართûელებმა თქეს, რო: ესო, ქურთიაო! და: დაესხენ ემასა-მეთქი, ქართელი ისწავლა, ქართუელია, ქართულად ლაპარაკოფს. ისწავლის, უყორს, რატო ეუბნები, რო შენ ქართûელი არა ხარ?

 

  1. ლექსი

ღამით ვნახე სიზმარჩინა,

წავსულვიყავ კახეთჩინა,

უყურებდეს კახელები,

ერთმანერთსა ქუჩაშინა.

მინ არის ეს უცხო კაცი,

შემოსულა ქალაქშინა.

მკითხეს, მე რო შენ მინა ხარ,

კახელი ხარ თუ მეგრელი.

აჭარელი თუ გურული.

სახეზე ხო ჩნავ, ჩუენა გევხარ.

კახელი თუ მეგრელი ხარ.

კაცო, როგორც ჩვენი ძმა ხარ.

ტანადობით ხო ქართûელი,

შენ სახეც ნამდვილ კახელი, კახური.

ძმაო, უთხარ, მა შენ მინა ხარ.

თუ ჩუენი ხარ, მაშ სადა ხარ.

– მე რომ გხედავთ ქართუელი ვარ,

ფერეიდნელი ირანჩი ვარ,

მაგრამ მე თუ იქაური ვარ,

გულით-სულით ექაური ვარ.

შაჰ-აბასის დაკარგული,

დავითაშვილი რეზო ვარ.

თუ გამლანძღოთ, თუ გამწიხლოთ,

მე ქენი ვარ, მე ქენი ვარ.

შეენაზე და გამოვიღიძე,

ვნახე კიდევ ირანჩი ვარ.

შეენაზე და გამოიღიძე, ვნახე კიდევ ირანჩი ვარ.

მაინც ნამდვილი ქართûელი ვარ.

 

  1. ადგილის სახელები

არ არის საჭირო ძველი ლეგენდა ტილოში გამოხვეულ მიწაზე, მუჭით წამოღებულ ხორბლის მარცვლებზე, საგულდაგულოდ დამალულ ქართულ წიგნებზე, ყველაფერს ერთი სახელი გათქვამს – ადგილის სახელი, ამბობს უფრო ზუსტად, ზედმეტი სიტკბოსა და პათეტიკის, აღმატებული ტონის, ყალბი ნოტებისა და აკანკალებული ხმის გარეშე.

– ესები გოქ, სუ ქართულ სახელია, მე რაც მამაგონდების, დავჯდები, ერთ რამეეფს ჩავწერავყე. ესენი თავრობას დაბეჭდილი აქ. ეს არი პარსელი მოა მარტყოფჩი, მასალან, უნდა წაიდეს მაღალ წერზეგა, ეს მუა იქ, უნდა წიადეს მაღალწერზეგა, ის მაღალი წერი ქართულად უწერია. ესები, მამულები სუ ქართულ სახელებია, თავისი სახელები აქ სუ. თავის სახელებია, თავის მამულებისათი: შუშპარა, ხარაბა, ონიკა, – ესები პარსული არ არი. წყაროები, თავის წყაროები: კაკბისწყარო, – ქართულიაღა; ყორ-ბიჭის წყარო – მაღალ ტინია, წყალ გამოდის, ეხლა ბაûშ არ ეყოლების, წავლენ იქა და ბატკანი დაჲკვლენ, დაარიგებენ, შაჭამონ და: იქაო ყორი და ბიჭიო და ისები ილოცვებიან, რო ყმაწილი ყûანდეს, ყმაწილები. ბახშიას წყარო, ჩქრიალა, თანდილას წყარო, მუდამ წყარო, კუვის წყარო, ნაპირალის წყარო. – ესები მარტყოფს, ისპაანს კი არა, მარტყოფს.

 

ისევ გრძელდება პატარა დიდი ამბები.

გრძელდება მარადიულად

ნუ მოვთხოვთ ბავშვს, იყოს იდეალური

0

ვფიქრობ, ნებისმიერი მშობლის ყველაზე დიდი ოცნებაა, ჰყავდეს წარმატებული და რეალიზებული შვილი. თუმცა აღზრდის ის ხერხები და საშუალებები, რომლებსაც მშობელთა არცთუ ისე მცირე ნაწილი იყენებს, ხშირად სრულიად საწინააღმდეგო  შედეგს იძლევა.

ყველა იმ შეცდომას შორის, რომელიც შეიძლება უფროსებმა ბავშვის აღზრდის  პროცესში დაუშვას, განსაკუთრებით დიდი რისკის მატარებელია მის მიმართ წაყენებული მოთხოვნა – იყოს იდეალური, უშეცდომო, ყველასთვის სამაგალითო და მისაბაძი. ასეთი მოთხოვნები ხშირად უამრავ თავსატეხს და პრობლემას უჩენს ბავშვს:

  • უფროსების მოთხოვნების დაკმაყოფილებისათვის, წარმატებისა და სრულყოფილებისთვის „ბრძოლა“ შეიძლება ბავშვისთვის დეპრესიის მიზეზი გახდეს. ეს ბუნებრივია, ვინაიდან იყო ყოველთვის საუკეთესო, წარმატებული, იდეალური, უნაკლო და უშეცდომო ძალიან ძნელია, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურადაც, და არა მხოლოდ ბავშვებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც. უნდა ითქვას, რომ ამას ბავშვები კარგად ამჩნევენ და აფიქსირებენ კიდეც. ამაზე კარგად მეტყველებს პატარა ბიჭუნას სიტყვები,  რომელმაც ერთხელ ჩემთან საუბარში გულისტკივილით აღნიშნა, რომ უფროსები მისგან ხშირად ისეთი რამის გაკეთებას მოითხოვენ, რასაც თვითონაც ვერ ახერხებენ:
  • ბავშვი, რომელიც მუდმივად იმის მცდელობაშია, რომ შეცდომა არ დაუშვას, იყოს ყველასათვის მოსაწონი, უნაკლო და მისაბაძი, კარგავს ბავშვურ უშუალობას და იმით სიხარულის უნარს, რაც კარგია მის ცხოვრებაში;
  • უჩნდება პრობლემები თანატოლებთან ურთიერთობაში;
  • იმის შიში, რომ რაიმეს ისე ვერ გააკეთებს, როგორც მისგან მოითხოვენ, სერიოზულ სირთულეებს უქმნის ბავშვს სწავლის პროცესში. ის ძლიერ განიცდის უმნიშვნელო სასწავლო წარუმატებლობასაც კი. ნებისმიერი შეცდომა შეიძლება მისი მოწყენილობის მიზეზი გახდეს. ეშინია გაკვეთილზე დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემის, დაბალი ნიშნების მიღებას და შენიშვნებს მტკივნეულად განიცდის. სასკოლო წარუმატებლობები ხშირად მის მიერ აღიქმება, როგორც კატასტროფა. მაღალი ნიშნების მიღება ასეთი ბავშვისაგან დიდ ძალისხმევას  და დასჯის შიშის დაძლევას საჭიროებს;
  • დანაშაულის მუდმივი გრძნობა – იმის გამო, რომ „მომთხოვნელობითი“ სიყვარულით გარემოცული ბავშვი ყოველთვის ვერ ახერხებს უფროსების მოთხოვნების დაკმაყოფილებას და იდეალურ ადამიანად „გარდაქმნას“, მას მუდმივად აწუხებს დანაშაულის გრძნობა და უჭირს მასთან გამკლავება, ვინაიდან ფიქრობს, რომ მშობელი მისით უკმაყოფილოა;
  • შფოთიანობა – უფროსების განაწყენების შიშით ცხოვრებას, ვითარებისაგან დამოუკიდებლად, თან სდევს შფოთიანობა. ხანდახან მას უჭირს იმის გაგება, თუ რა აშფოთებს, რადგანაც არ არის მღელვარების არანაირი საფუძველი. დროთა განმავლობაში ასეთი მდგომარეობა შეიძლება გადაიზარდოს მძიმე ფსიქიკურ დაავადებაში;
  • გულფიცხობა, გულისწყრომა – ნერვული სისტემა ვერ რჩება გულგრილი მუდმივი დაძაბულობის მიმართ. ბავშვი იწყებს გაღიზიანებას ნებისმიერი წვრილმანის გამო და გამოხატავს სერიოზულ გულისწყრომას გარშემომყოფების მიმართ;
  • მიდრეკილება მარტოობისაკენ – იმის მუდმივი შიში, რომ ყველაფერს ისე ვერ გააკეთებს, როგორც მისგან მოითხოვენ, ბავშვში იწვევს დაცვით რეაქციას – სწრაფვას განმარტოებისაკენ. ეს მისწრაფება ქვეცნობიერად ყალიბდება. როცა ადამიანი მარტოა, ის უსაფრთხოდაა, არსაიდან საფრთხეს არ გრძნობს;
  • ემოციური სიცივე – მუდმივი შიში და უნდობლობა ახშობს და თრგუნავს სხვა ემოციებს. შედეგად იზრდება ადამიანი, რომელიც მოკლებულია რაიმეს ან ვინმეს გამო მწუხარების, სიხარულის განცდისა და გამოხატვის უნარს;
  • უხეშობა და დესპოტურობა – მშობლების „მომთხოვნელობით“ სიყვარულზე და გადაჭარბებულ მოთხოვნებზე ბავშვის ფსიქიკის უკურეაქციაა უხეშობისა და სისასტიკის ჩამოყალიბება. თუ ბავშვს არ ეძლევა საშუალება, გამოხატოს თავისი გრძნობები მის მიმართ წაყენებული გადაჭარბებული მოთხოვნების მიმართ, არ ისმენენ მის ახსნა-განმარტებას, არ ცდილობენ მისი ქცევის გაანალიზებას, გამართლებას და უბრალოდ ითხოვენ მისთვის წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ბავშვმა შეიძლება ისწავლოს მიზნისკენ სიარული პირობებისა და გარშემომყოფებისათვის ანგარიშის გაწევის გარეშე. ასეთი ბავშვისაგან შეიძლება გაიზარდოს უხეში და დესპოტური ადამიანი.

მნიშვნელობა არა აქვს, თუ სახელდობრ როგორი პიროვნების ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს „მომთხოვნელობითი“ სიყვარული – სუსტი და შფოთიანი, თუ უხეში და უგრძნობი, მთავარია, რომ ჩვენ ბავშვის ფსიქიკურ ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხის წინაშე ვაყენებთ. გადაჭაბებული მოთხოვნების და ბავშვისაგან იდეალური ქცევის მოლოდინის პირობებში ვერასოდეს გაიზრდება ბედნიერი ადამიანი.

რეკომენდაციები მოსალოდნელი გართულებების თავიდან ასაცილებლად:

  • ვიყოთ გულწრფელი. ვისწავლოთ საკუთარი არასრულყოფილების აღიარება და ბავშვისთვის მისი ნაკლოვანებების, შეცდომების, არასრულყოფილების პატიება;
  • ნუ დავუსახავთ ბავშვს მიუღწევად ამოცანებს. ნებისმიერი ჩვენი მოთხოვნა და მოლოდინები მისი შესაძლებლობების ადეკვატური უნდა იყოს. დავფიქრდეთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი მოთხოვნები ბავშვის უნარებსა და შესაძლებლობებს. თითოეულ ბავშვს აქვს თავისი მაქსიმალური შესაძლებლობები  და ჩვენი მოთხოვნები ამ შესაძლებლობებს არ უნდა აჭარბებდეს;
  • გულწრფელად გავიხაროთ ბავშვის თუნდაც სრულიად უმნიშვნელო წარმატებითაც კი;
  • ბავშვთან ურთიერთობისას ჩვენი ლექსიკონიდან გამოვრიცხოთ ფრაზები: „მე ასეც ვიცოდი“; „მე შენ გაფრთხილებდი“; „მე შენ გეუბნებოდი“; ეს ის ფრაზებია, რომლებიც გამორიცხავს ბავშვის ინიციატიურობის თავად ფაქტს და მისი აქტიურობის სერიოზულ შემაფერხებლადაც შეიძლება იქცეს;
  • უარი ვთქვათ „იდეალური ბავშვის“ აღზრდის ამბიციებზე და, რაც მთავარია, გადავხედოთ ჩვენს დამოკიდებულებს ბავშვის აკადემიურ მოსწრებასთან. გავითვალისწინოთ, რომ წარმატება ცხოვრებაში ყოველთვის სასკოლო ნიშნებზე არ არის დამოკიდებული;
  • აღვზარდოთ ბავშვში სწორი დამოკიდებულება შეფასებებთან. ავუხსნათ, რომ მას ყოველთვის და ყველგან ექნება შეხება შეფასებასთან და არ შეიძლება, რომ ის სრულად განსაზღვრავდეს მის გუნება-განწყობას და წარმოდგენას საკუთარ თავზე. დავარწმუნოთ ბავშვი, რომ ჩვენ ის გვიყვარს, ვაფასებთ და პატივს ვცემთ მას სასკოლო წარმატება-წარუმატებლობის მიუხედავად;
  • მივცეთ ბავშვს შეცდომის უფლება. იმის მოლოდინი, რომ ის არანაირ შეცდომას არ დაუშვებს, ნიშნავს მისდამი დამოკიდებულებაში უზომო სისასტიკის გამოვლენას და მისთვის ცხოვრებაზე არასწორი წარმოდგენის შექმნას. ავუხსნათ ბავშვს, რომ მას აქვს შეცდომის უფლება. ამის გაცნობიერება დაეხმარება მას, გადალახოს რაიმეს არასწორად გაკეთების ან თქმის შიში;
  • თუ ბავშვი მწვავედ რეაგირებს სხვა ადამიანების მხრიდან მის მიმართ გამოთქმულ შენიშვნებზე, ავუხსნათ მას, რომ ის არ არის ვალდებული, იყოს იდეალური გარშემომყოფთა თვალში;
  • შევეცადოთ განვავითაროთ მასში იუმორის გრძნობა და ოპტიმიზმი. გავითვალისწინოთ, რომ ოპტიმისტი ბავშვი უფრო ადვილად უმკლავდება ცხოვრებისეულ სირთულეებს, ადვილად ამყარებს ურთიერთობას თანატოლებთან და სარგებლობს ავტორიტეტით მათ წრეში.

დაბოლოს, ყველაზე მთავარი აღზრდის პროცესში მაინც პირადი მაგალითია. არ შეიძლება მოვითხოვოთ ბავშვისაგან ის, რისი გაკეთებაც ჩვენ თავად არ შეგვიძლია. ვიყოთ ისეთივე მიმტევებელი ბავშვის მიმართ, როგორც საკუთარი თავის მიმართ ვართ. თუ შევძლებთ, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები ბავშვთან ურთიერთობაში, ჩვენ მისთვის ავტორიტეტული პიროვნება გავხდებით და თავადაც ვერ შევამჩნევთ, თუ როგორ შეასრულებს ბავშვი ჩვენს მოთხოვნებს. ის არაფერს გააკეთებს აკრძალულს უბრალოდ იმიტომ, რომ არ ენდომება ჩვენი განაწყენება. ვისწავლოთ ბავშვის პატივისცემა, გაგება და ის აუცილებლად სიყვარულით, პატივისცემითა და გაგებით გვიპასუხებს.

 

 

ინტერტექსტუალური გადაძახილი – ილიას „განდეგილი“ და  იუკიო მიშიმას „საგას ტაძრის წმინდა ბერის სიყვარული“

0

ილია ჭავჭავაძესა და იუკიო მიშიმას არაფერი აქვთ საერთო, გარდა იმისა, რომ ორივენი მწერლები არიან, თავიანთ ქვეყნებში პოპულარულნი და მკითხველთაგან გამორჩეული სიყვარულით დაჯილდოებულნი. სხვადასხვაა მათი მოღვაწეობის დრო, თვალსაზრისები და ის კულტურები, რომელთა წიაღიდან საზრდოობენ და ძალას იკრებენ.  თუმცა, მხატვრული ტექსტი მკითხველს ინტერპრეტაციის სრულ თავისუფლებას აძლევს, რომ რომელიმე სხვა ნაწარმოებთან „ნათესაური“, ხილული და უხილავი კავშირები დაინახოს და მათი საშუალებით უფრო ღრმად გაიაზროს. ამჯერად, მკითხველის თვალთახედვით შენიშნულ ინტერტექსტუალურ გადაძახილს წარმოვაჩენთ ილიას „განდეგილსა“ და  იაპონელი მწერლის, იუკიო მიშიმას მოთხრობას – „საგას ტაძრის წმინდა ბერის სიყვარული“ – შორის. ორიოდე სიტყვას იუკიო მიშიმაზეც მოგახსენებთ. ის მეოცე საუკუნის გამორჩეული იაპონელი მწერალია, მსოფლიოში კარგად ცნობილი თავისი რომანებითა და ეპატაჟური გამოსვლებით. მან არა მხოლოდ თავისი სიცოცხლე, არამედ სიკვდილიც სანახაობად აქცია, როდესაც სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიჭრა,  მეთაური მძევლად აიყვანა და ჯარისკაცებს ამბოხისკენ მოუწოდა, შემდეგ პროტესტის ნიშნად საჯაროდ გაიკეთა ხარაკირი. ქართულ ენაზე თარგმნილია მისი რომანები და მოთხრობები, მაგრამ ქართველი მკითხველი მას უფრო იცნობს შესანიშნავი მოთხრობით „პატრიოტიზმი“,  რომელშიც მთავარი გმირი რთულ, მაგრამ ღირსეულ არჩევანს აკეთებს. ის არ ღალატობს არც მეგობრებს, არც სამშობლოს და თავს იკლავს, რათა ცხოვრებამ არ აიძულოს სასწორის რომელიმე მხარის გადახრა და იძულებითი გადაწყვეტილების მიღება.

ილიას „განდეგილის“ შესახებ არაერთი შესანიშნავია წერილია, მათ შორის, რა თქმა უნდა, გამოვარჩევთ აკაკი ბაქრაძის წერილს „გზა ხსნისა“, რომელშიც მართლმადიდებლური ქრისტიანული რელიგიის კონტექსტში წარმოჩენილია განდეგილის პრობლემატიკა. ამ და სხვა წერილებში მთავარი გმირის რეალური და სიმბოლური მნიშვნელობების გასააზრებლად კი პარალელები გავლებულია ისეთ ტექსტებთან, როგორებიცაა: ლევ ტოლსტოის „მამა სერგი“, გუსტავ ფლობერის „წმინდა ანტონის ცდუნება“, ანატოლ ფრანსის „სილვესტერ ბონარის ცდუნება“ და სხვ.

ჩვენ ამჯერად პარალელი გვინდა გავავლოთ იუკიო მიშიმას მოთხრობასთან „საგას ტაძრის წმინდა ბერის სიყვარული“. ჟანრობრივი, სტილური და სხვა ტიპის განსხვავებათა მიუხედავად, ამ ორ ნაწარმოებს, ამ შემთხვევაში, აკავშირებს არა მხოლოდ მსგავსი თემა, არამედ პერსონაჟთა სულში მიმდინარე ბრძოლის ხატვა, ის ფსიქოლოგიური ნიუანსები, რომლებიც სულისა და ხორცის ჭიდილისას მჟღავნდებიან. ორივეში კარგად წარმოჩნდება იდეალებისაკენ სწრაფვის გზაზე განცდილი ბრძოლით გამოწვეული ტანჯვა.

იუკიო მიშიმა მოთხრობაში ხატავს ბუდისტ ბერს, განდეგილს, თავის სამყაროში ჩაკეტილს, რეალური, მატერიალური სამყაროსგან მოწყვეტილს. ეს ჩაკეტილი სივრცე მხოლოდ გარედან ჩანს შემოზღუდული, ნამდვილად კი მკითხველი რწმუნდება, რომ, პირიქით, გარესამყაროსგან ზურგშექცევით ბერმა სულ სხვა, მატერიალურ სამყაროზე უსაზღვრო, დიდებული, მშვენიერი სამყარო აღმოაჩინა. აქ ის ბედნიერია, თავისუფალი და შემეცნების უამრავ გზაზე სულიერად ერთდროულად მოსიარულე. ყოველგვარ ხორციელ საზრუნავს განრიდებული მისი სული იშვებს და ყვავის.

როგორც ილიას პოემაში, აქაც მოულოდნელი გადაკვეთა ხდება ორი სრულიად განსხვავებული სამყაროსი. გადამკვეთ წერტილში გაჩენილ გადამბუგავ ხანძარში უნებლიე  „დამნაშავე“  აქაც ქალია. ზოგადად, რა თქმა უნდა, ქალის სახე, როგორც მაცდუნებლისა, შაბლონურია, მაგრამ ამ მოთხრობაში მნიშვნელოვანია ის განცდები, რომლებიც განდეგილის გულში, სულსა და გონებაში აღიძვრება. საგას მონასტრის ბერი სრულიად შემთხვევით მოჰკრავს თვალს ქალს.

ორივე მწერლისთვის ლეგენდა იქცა შთაგონების წყაროდ. „მე დამაინტერესა არა იმდენად ამ ამბის სასიყვარულო პერიპეტიებმა, რამდენადაც მისმა ფსიქოლოგიურმა შინაარსმა, თუმცაღა, საკმაოდ მარტივმა: ეს არის იგავი რელიგიისა და ვნების ბრძოლის შესახებ.  დასავლურ ლიტერატურაში მსგავსი კონფლიქტი უამრავჯერ აღუწერიათ, თუმცა ძველი იაპონიისთვის ეს კოლიზია ჭეშმარიტად უჩვეულოა“, – წერს იუკიო მიშიმა მოთხრობის დასაწყისში.  მის მიერ დახატული ბუდისტი ბერის პორტრეტი სრულად წარმოაჩენს განდეგილის შინაგან სამყაროს: „გარემომცველი სინამდვილე მას ქაღალდის ფურცელზე დახატულ სურათად ესახებოდა, რუკად რაღაც უცხო ქვეყნის გამოსახულებით.  ეგზომ მაღალი მადლის მიღწევის შემდეგ ბერმა დაივიწყა, რა იყო შიში… ამა სოფლის ამაოების ცდუნებებს  წმინდანზე არავითარი ძალაუფლება არ ჰქონია… ბერის ხორცი ბოლოს სულ გამოხმა და ძლივს იკავებდა თავის გარსში სულს… ღამღამობით ბერი სამოთხის ნეტარებაზე ხედავდა სიზმრებს“. ილიას განდეგილის სულიც „სულ სხვა მსოფლიოს შეჰხიზნებოდა“:

„სახე გამხდარი, კუშტი და მწყრალი

სიწმინდის მადლით დაჰშვენებოდა,

და მაღალს შუბლსა, ნაოჭად შეკრულს,

შარავანდედი გადაჰფენოდა“.

საგულისხმოა, რომ ამ ბერსაც ილიას განდეგილივით იტაცებს ბუნების მშვენიერება. ერთ საღამოს იგი კელიიდან გამოვიდა და დაისის ფონზე ტბის ჭვრეტით ტკბებოდა. აყვავილებულ ხეთა სანახავად ხალხიც შემოკრებილიყო, თუმცა მათი ხილვა სრულიად არა აღელვებდა მის სულს. აქ იმპერატორის ხარჭაც მოსულიყო ეტლით მშვენიერი პეიზაჟის საცქერლად და როდესაც მან ფარდა გადასწია, „ჰოი, საოცრებავ, მაინცდამაინც იმ წამში ბერის მზერა უნებურად ქალისკენ მიემართა. ბერი გააოგნა მისმა სრულქმნილმა სილამაზემ. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდა და ვეღარ მოსცილდა. ბერი მზერას ვეღარ სწყვეტდა“. რამდენიწამიანი „შეხვედრა“ ფარდის დაშვებით დასრულდა. ბერი მზერით აცილებდა ოთხთვალას, სანამ სულ არ მიეფარა თვალს. მაგრამ ეს იყო დასასრულის დასაწყისი.

ორივე განდეგილისთვის გრძნობად, მატერიალურ, წარმავალ, მაგრამ „უთვალავფერიან“ სამყაროში ღვთის სახე ცხადდება. შემქმნელი შექმნილში ამჟღავნებს თავს, ამიტომაც ვერ მოუწყვეტიათ თვალი მათ „მშვენიერი სანახავისაგან“:

„მზე გადახრილი ჯერ კიდევ სრულად

მთისა გადაღმა არ დასულიყო

და მთის წვერზედ, ვით ცეცხლის ბორბალი,

ირგვლივ სხივგაშლით ანთებულიყო.

ცისა ლაჟვარდი, ვით ნაკვერჩხალი,

წითლად და ყვითლად მზისგან ჰღუვოდა,

და განმსჭვალული მისით ღრუბელი

შორს ათასფერად სხივებში ჰთრთოდა.

ამა უბიწო დიადის ხილვით

წარტყვევნილ იქმნა განცვიფრებული“.

ილიას  განდეგილი შემდეგაც ასეთივე ძალით „წარტყვევნილ იქმნა განცვიფრებული“, როდესაც სენაკში მოულოდნელად ესტუმრა უცხო ქალი. პოემაში მწყემსი ქალის სილამაზე უნაკლოა: „თვით შური, მტრობა ვერ უპოვიდა/ ქალს მშვენიერსა ვერაფერს ნაკლსა“.  გურამ ასათიანი ამ ეპიზოდის ანალიზისას შენიშნავს: „მწირის სულში გაღვიძებული ლტოლვა ქალისადმი ილიას დახასიათებული აქვს არა როგორც მდაბალი, ხორციელი ინსტინქტი, არამედ, პირიქით, როგორც უაღრესად პოეტური, თავისებურად ამაღლებული განცდა: „და უცოდველის გულისტკივილით/ ქალს შეაჩერა ტყვექმნილი თვალი“. ილია აქ არსებითად მოულოდნელ ფსიქოლოგიურ ვითარებას გვიხატავს.  იმის ნაცვლად, რომ ქალთან პირისპირ დარჩენას საბოლოოდ დაეკარგვინებინა მწირისთვის სულის სიმშვიდე, აქ იგი მოულონელად თვინიერდება, „დაუწყნარდება“ მშვენიერების ძალას“.  შემდეგ კი იწყება გულის ჭიდილი, ისეთი შინაგანი ბრძოლა, რომელიც, როგორც არტურ რემბო იტყოდა, „კაცთა ომებზე სასტიკია“.

მიშიმას მოთხრობის ბერის სამყაროშიც ქალისთვის ამ წამიერი თვალშევლების შემდეგ იწყება ბრძოლა: „რამდენიმე წამი და მიწიერმა სამყარომ ბერს ჭეშმარიტად დამანგრეველი  სიძლიერის დარტყმა მიაყენა. სულიერი სიმშვიდე, სიმდაბლე ფერფლივით გაიფანტა. ქოხში დაბრუნებული ბერი ბუდას ქანდაკებასთან დადგა, სურდა წმინდა სახელი ეხმო, მაგრამ ვერ შეძლო – ცოდვილი სახეები უფარავდნენ თვალსაწიერს“.

მას შემდეგ, რაც ვერ გაუძლო ცდუნებას და მშვენიერი მძინარე ქალის საკოცნელად დაიხარა, ილიას განდეგილიც  იტანჯება:

„პირჯვარი უნდა,  ხელი არ ერჩის,
ლოცვის თქმა უნდა – ენა ებმება,
ხატის ხილვა სწყურს და იგივ…იგივ…
ქალი წყეული თვალთ ელანდება!“

ილიას განდეგილსა და ქალს შორის მეტი ძაფია გაბმული, რადგან  იმ მტკივნეულ თემებზე ისაუბრეს, რომელთაც განდეგილის სული შეარყიეს  და „თვითმკვლელი სიტყვები“: „ხსნა ყველგან არის… ხოლო გზა ხსნისა /ესეთი მერგო მე …უბედურსა…¨- წამოაცდენინეს.

მიშიმას მოთხრობის გმირმა კი მხოლოდ თვალი შეავლო ქალს, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა მის დასატყვევებლად: „ბერი ცდილობდა საკუთარი თავისთვის შეეხსენებინა, რომ ქალის სილამაზე – წარმავალი ქიმერაა, განწირული ხორცი. თუმცა ეს ქიმერა ისეთი  სიძლიერის აღმოჩნდა, რომ ერთადერთმა წამმაც კი შეძრა: იგი ბერის სულს დაეუფლა. ეჩვენებოდა, რომ ასეთ იშვიათ ძალას უეჭველად სადღაც ძალიან შორს უნდა ეარსება, თვით მარადისობაში“.

მსგავს სულიერ რხევას განიცდის ილიას განდეგილიც:

„ეხლა მის გული თითქო ებანს სცემს
და ისმის ჩუმი ებნის სიმთ ჟღერა.
როგორ იწამოს და რა დაარქვას
ამ ჯერ არ ცნობილს სიტკბოებასა?
თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს
სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა?“

იუკიო მიშიმა შთამბეჭდავით სიმძაფრით აღწერს ბერის სულში მიმდინარე ცვლილებებს: „ბერის სული საბედისწერო სწრაფმოქმედი შხამით მოიწამლა. მთელი ცხოვრების განმავლობაში ბერს არასდროს დაურღვევია უბიწოების აღთქმა. ახალგაზრდობის წლებში ხორციელ ცდუნებებთან სასტიკმა ბრძოლამ მას აიძულა, ყველა ქალისთვის ისე შეეხედა, როგორც ხორციელი არსებებისთვის… ხორციელ სამყაროს მხოლოდ გონების ჭვრეტით იცნობდა და ყოველთვის მიაჩნდა, რომ მასთან გასამკლავებლად სულიერი ძალა საკმარისი იქნებოდა. უწინ ეს გამოსდიოდა კიდეც და ვერც ერთი ადამიანი, ვინც იცნობდა ბერს სიგას ტაძრიდან, ვერ შეიტანდა ეჭვს მისი სულის სრულ გამარჯვებაში სხეულზე. მაგრამ იმ ქალის სახე, რომელმაც ოთხთვალის ფარდა ასწია და ტბას მიანათა მზერა, ისეთი ბრწყინვალე იყო, ისეთი ჰარმონიული! ეს არ შეიძლებოდა ყოფილიყო ხორცის ჩვეულებრივი თამაში – ბერმა არ იცოდა, რა ეწოდებინა მსგავსი მოვლენისათვის. იმ დაუვიწყარმა წამმა მის სულში რაღაც შეუცნობელი შობა, შორეული ხანიდან მიჩქმალული მის სიღრმეებში. და იგი მიხვდა, რომ ეს მიწიერი ცხოვრება იყო. ეს შეუცნობელი რამ დიდხანს იცდიდა, უძრავ სურათად აჩვენებდა თავს, მაგრამ, აი, უცებ  მომენტი დაიჭირა და ჩარჩოები გამოარღვია… ბერი, რომელმაც ყველა ძაფი გაწყვიტა, რაც ამ ქვეყნის ამაოებას აკავშირებდა, ისევ შეუკავშირდა“.

ილიას „განდეგილსაც“   არ შეუძლია სიტყვიერად აუხსნას და  დაუსაბუთოს ყმაწვილ ქალს,  რატომ ცხოვრობს „ამ ყინულებში“, რატომ არის სული „წუთისოფლის ტყვე“ და რატომ არის სულისთვის ბორკილები ღვთის მიერ შექმნილი სამყარო. განდეგილს რაღაც შეუცნობელი ემართება, დიდი ხნის წვალებითა და ტანჯვით შექმნილი შვებისა და ნეტარების სავანე უცებ ქვიშის სასახლესავით იშლება და ახალი ძალით მოვარდნილ დათრგუნულ ფიქრთა ნაკადებში  იფანტება:

„და რაღაც ძალით ქალზე კვლავ დარჩა

თვალი ტყვექმნილი, გაშტერებული.

რად შეემსჭვალა თვალი ამ სახეს?

ის სახე ატკბობს, თუ ეოცება?

მორიდება ჰსურს და ნეტა თვალი

რად ეურჩება და არ ჰნებდება?!“

როგორც ილიას „განდეგილის“ ფიქრთა სამყარო დაიპყრო ქალმა, ასევე დაემართა სიგას ბერსაც, მის არსებაში შეიჭრა იმპერატორის ხარჭა: „სამყარო შეიკუმშა ვიწრო წრემდე, რომლის ერთ ნაპირში თვითონ იყო, მეორეში – ის ქალი“. „ბერი სიგას ტაძრიდან სასოწარკვეთილი ებრძოდა თავის სიყვარულს“.

ილიას განდეგილსაც უჭირს ბრძოლა და ავტორიც მის მხარესაა, როცა წერს:

„იმა ღიმილის გრძნეული ჯადო

ზედ დასაკვდომად კოცნას იწვევდა

და იმა წვევის მაცდურებასა

ზე-არსთა ძალიც ვერ გაუძლებდა…

და ვერ გაუძლო საწყალმა მწირმაც…“

ილიას განდეგილი ლამის ჭკუიდან შეშალა ამ მოულოდნელმა ვნების ტალღამ, რომელსაც ვერ გაუძლო. როცა მან სენაკში ღვთის შეწევნისა და მოწყალების დასტურად მზის სხივზე ლოცვანი ვეღარ დააყრდნო:

„დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა

და იქავ სხივ-ქვეშ უტევა სული“.

„შეშლილი მეუდაბნოეს უკანასკნელი სასოწარკვეთილი „შებღავლება“ ისე გაისმის, როგორც დამასრულებელი აკორდი და ნაწარმოებიც სწორედ ამ მაღალი ტონალობით მთავრდება, რაც მკითხველის აღქმაში გამორიცხავს დამშვიდების, წინააღმდეგობის დაძლევის შთაბეჭდილებას. ჩვენს სმენაში ყველაზე დიდხანს სწორედ ეს სასოწარკვეთილი ხმა რჩება“, – წერს გურამ ასათიანი. მისივე აზრით, ილიასთვის ეს არის მთავარი: „ცხოვრება სავსეა უმძაფრესი წინააღმდეგობებით. იგი ანტაგონისტური ძალების, ვნებების, იდეების სამკვდრო-სასიცოცხლო  ურთიერთშეჯახების სარბიელს წარმოადგენს“.

გერონტი ქიქოძის აზრით, „ეს თითქოს რკინისგან ჩამოსხმული  პიროვნება ადამიანთა იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელსაც იდეალი სავსებით ფლობს, რომელსაც იდეალი იმდენად აქვს ხორცსა და სისხლში გამჯდარი, რომ მისი დაკარგვა ინდივიდუალური არსებობის მოსპობას იწვევს“.

საგულისხმოა ილიას  „განდეგილის“ დიმიტრი უზნაძისეული ფსიქოლოგიური ახსნა. ამ პოემის ანალიზისას იგი  წერს: „მისი ნება იმდენად ძლიერი იყო, რომ იგი არცერთმა ჩვეულებრივმა ადამიანურმა ღირებულებამ არ დააკმაყოფილა და მწვავედ იგრძნო, რომ მთელი ხროვა იმ ღირებულებათა, რომლებიც ამ ცხოვრებაში ხორციელდება, ამაოა, რომ იგი მხოლოდ თავის მოტყუებაა და აი, სწორედ ამიტომ მოსცილდა იგი ამ ღირებულებათა სამკვიდროს – ჩვეულებრივ სოფლის ცხოვრებას და თავისი ძლიერი ნებით მხოლოდ ზეციურისკენ იწყო ლტოლვა, მაგრამ მალე აღმოჩნდა, რომ ადამიანის ნება მაინც ადამიანისაა და მისი აბსოლუტური სრულყოფა შეუძლებელია, რომ იგი რაკი ერთხელ დაიწყებს მოქმედებას, მუდამ ჩვეულებრივ პასიურ გრძნებათა და გრძნობათა საშუალებით მოქმედებს. განდეგილის ნებაც ასეთ გრძნობათა ზეგავლენით შემოიფარგლა და ადამიანის ნებამ ვერა და ვერ იქნა, აბსოლუტურ ყოფას ვერ მიაღწია და მაინც პასიურ ელემენტთა ბრჭყალებში დალია სული“ .

განდეგილის სიკვდილმა დაასრულა მისი ტანჯვა. აქ იყრება ჩვენს წარმოსახვაში დაკავშირებული ამ ორი პერსონაჟის გზები. მიშიმას მოთხრობაში კი დახატულია, როგორ მძაფრდება ბერის გრძნობა ქალის მიმართ. მწერალი არაჩვეულებრივი ოსტატობით ხატავს სულიერი ბრძოლის ნიუანსებს. იგი გრძნობს, რომ „ცოდვის ჭანჭრობმა“ ღრმად ჩაითრია, მაგრამ დანებებას არ აპირებს. რადგან ქალის სახება ვერ მოიშორა, გადაწყვიტა მსგავსი მსგავსითვე  განეკურნა და წარმოსახვას სრული თავისუფლება მისცა. ამ სულიერმა ბრძოლამ და ცოდვის არსში ჩაძიებამ ბერი მიახვედრა, რომ იმპერატორის ხარჭა მისთვის არ იყო „ხორცის ბარძიმი“, არამედ „საგნების არსი“. უცნაური იყო, მაგრამ მან „საგნების არსის გასაღები“ იპოვა ქალის სახით. მისი სახე „სამოთხის ლოტოსისეულ ხატს“ შეერწყა. ბერმა გადაწყვიტა ქალი კიდევ ენახა და ამ გზით გათავისუფლებულიყო მისგან. მართლაც, მივიდა ქალის ბაღში და უსიტყვოდ, დღეების განმავლობაში ელოდა მის გამოჩენას. შემდეგ ქალმა როცა ფარდა გადასწია და ხელი გაუწოდა, იგრძნო, „რამდენიმე ცხელი წვეთი დაეცა“, „მის ხელს თვით ბუდა ეხებოდა“. ბერს არ შეუხედავს მისთვის, ისე წავიდა. მკითხველი ხვდება ავტორის სათქმელს: ეს სიყვარულიც „ღვთისაგან იყო“. რამდენიმე დღეში ქალის ყურამდე მოაღწია ამბავმა, რომ „წმინდანი სიგას ტაძრიდან მშვიდად გარდაცვლილიყო თავის კელიაში. მაშინ იმპერატორის ხარჭა კიოგოკუს სასახლეში განმარტოვდა და მშვენიერი ხელწერით დაიწყო გრაგნილებზე წმინდა სუტრების გადაწერა: მარადიული სიყვარულის სუტრა, სუტრა ბუდის ყვავილის დიდებულების შესახებ…“.

 

90-იანების ნარატივი დღეს

0

ჩვენ ბევრნი ვიყავით, ალბათ ორმოცდაათნი, ისინი – კიდევ უფრო მეტი. ჩვენ ჟანგიანი ჯაჭვები გვქონდა, ბოთლების ნამტვრევები, სახლებიდან მოპარული ერთი-ორი დანა. იმათი საბრძოლო არსენალიც იგივე იყო. არადა, ყველაფერი იმით დაიწყო, რო იმათგან ერთმა ჩვენგან ერთ-ერთს უთხრა, ეგრე რატო მიყურებო და დაიწყო შეკრება და ამბები. იმ დღეს იმათგანაც დაიჭრნენ ვიღაცები, ჩვენგანაც. ალბათ 2002 წელი იყო.

იჯდა და სისხლს აფურთხებდა. ვიღაცები დარბოდნენ და ჯაბა-ბერდიებს ეძებდნენ, ეძახდნენ. ქალები კიოდნენ აივნებიდან, კაცები სხვებს აჩერებდნენ და ხმამაღლა უყვიროდნენ. მე მასთან ვიდექი, ხელში ვიღაცის მოჩეჩებული რაღაც ჯაჭვის ნაგლეჯი მეჭირა. ლოყაში შუშის ბოთლის ნამტვრევი ჰქონდა შერჩენილი და სისხლი სდიოდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მარა პირის მცირე მოძრაობაზეც შუშა უფრო უჭრიდა ხორცს, სისხლიც იმატებდა. ეს ტიპი, ჩემზე ალბათ ორი-სამი წლით დიდი იქნებოდა, 14-15 წლის.

ერთი ძლივს წაიჩურჩულა, რა მჭირსო. ჩვენ სკვერის ბოლოში ვიყავით, მაღალ ბუჩქებთან, ჯერ ვერცერთი უფროსი ასაკის ადამიანს ვერ მოეღწია. ჩვენამდე დაჭრილების და ნაცემების მთელი არმია ოხრავდა, იგინებოდა. მე გვერდით მივუჯექი და გარეუბნების კორპუსებს და რენე მაგრიტის ცას ვუყურებდით. მერე სიცილი ამიტყდა. ჯერ გამომხედა, შეიგინა, მე უფრო ვიცინოდი დაგროვილი მძაფრი ემოციებისგან, ბოლოს მასაც სიცილი აუტყდა, თან ყველა მიმიკის ცვლილებაზე წამოიყვირებდა და ლოყაზე შერჭობილ შუშას ოდნავ ხელს ადებდა.

ათი წლის მერე დემურ სტურუამ თვითმკვლელობამდე დაწერა: „დედა დარჩი მარტო, მაგრამ რა ვქნა“. ალბათ ეს ფრაზაა მთელი 90-იანი წლების და დღემდე ჩვენი რეალობის ისტორია. პოლიტიკურ-სოციალურ-ეკონომკური, ღირებულებითი ნარატივის ისტორია. ეს ფრაზაა მთელი შესაძლებლობების აბსურდულობის ამსახველი ტექსტი, ისეთი მძაფრი და მრავლისმთქმელი, რომ ალბათ სემუელ ბეკეტიც კი მოაწერდა ხელს მათ და თავის რომელიმე ტექსტში შეიტანდა.

მთელი ცხოვრება, მთელი ბავშვობა ვუყურებდით, როგორი აცდენილი იყო სასკოლო მასალა და ჩვენი რეალობა ერთმანეთს. და ახლა, 90-იანების მერე, როცა ინტერნეტიც გვაქვს, ინფორმაციული წვდომა ყველაფერზე, ტრანსპორტი დადის, ელექტროენერგია მოგვეწოდება და თანამგზავრების მიერ ჩაწერილ კოსმიურ ხმებსაც ვუსმენთ, მაინც იმავე გარემოში ვრჩებით. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

იქნებ ის, რომ კომპასის და კომპასიტოს გამოჩენისთანავე სხვადასხვა ჯგუფმა არასწორი ინფორმაციები გაავრცელეს, რომ ეს წიგნები მათ შვილებს სიკეთეს კი არა, უფრო დიდ ბოროტებას მოუტანდა, სადაც ეწერა, რომ უფროსი ასაკის ადამიანის მიმართ, სხვათა და სხვათა მიმართ არ უნდა იყო მზრუნველი და ა.შ. მოსახლეობის დიდი ნაწილი კი, პირველ რიგში, ისმენს და იჯერებს იმას, რასაც ტელეეკრანებიდან ეუბნებიან ცნობილი სახეები. არ აქვს მნიშვნელობა, ერკვევიან თუ არა ეს პირები იმ საკითხებში, რაზეც საუბრობენ, მაინც მათ აქვთ ნდობა.

და რა უნდა გააკეთოს ამ დროს სახელმწიფომ? ის, რომ მეტი ვიდეორგოლი გაავრცელოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, სხვა კერძო ტელეარხის თუ ინტერნეტის მეშვეობით ახალ წიგნებზე, სწავლების ახალ მიდგომებზე, ახალ სამყაროზე. სხვა შემთხვევაში, ვიღაცები ისევ ისხდებიან ბუჩქებთან, ჩვენგან შორს, ათობით სხვა დასახიჩრებულის იქით, და უყურებენ რენე მაგრიტის ცას, ცარიელს წარსულისგან, აწმყოსგან, მომავლისგან და მხოლოდ ერთ ბიუსტს, საკუთარი თავის ხსოვნის ბიუსტს, რომელსაც საფეთქლიდან სისხლი სდის.

 

მზის ქვეყნის აგენტები

0

სიტყვა ნინძა – ორი იეროგლიფით იწერება და პირდაპირ თარგმანში საიდუმლოდ შეღწევას, აგენტს, ქურდობას ნიშნავს. ნაქურდალში კი გასაიდუმლოებული დოკუმენტები იგულისხმება. ეს სახელი XX საუკუნეში გაჩნდა, მანამდე კი მის მაგივრად, ჯერ კიდევ \|| საუკუნიდან მოყოლებული, იხმარებოდა სახელი „სინობი-ნო მანო”, რომელიც იგივე იეროგლიფებით იწერებოდა და „საიდუმლოდ მოქმედ ადამიანს” ნიშნავდა.

იაპონელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ნინძიუციუს განსაკუთრებული ხელოვნება \|| საუკუნის ბოლოსათვის ჩამოყალიბდა. \||| საუკუნის ნინძიუციუს სახელმძღვანელოს სახელგანთქმული ავტორი და იგას პროვინციის ნინძების ორგანიზაციის წარმომადგენელი ფუძიბაიასი იასუტაკე, აგენტურ ხელოვნებას ორ ძირითად ნაწილად ჰყოფს: ენინი (ნათელი ხელოვნება) და ინინი (ბნელი ხელოვნება). ენინი – ეს არის სტრატეგიისა და ტაქტიკის დონე.

იგი მოიცავდა აგენტური ორგანიზაციების ქსელების მეთოდებს. კეთდებოდა ინფორმაციის ანალიზი, რომლის საფუძველზეც, სიტუაციის პროგნოზირებისა და სხვადასხვა ფაქტების გათვალისწინების შემდეგ, სტრატეგიული გეგმები მუშავდებოდა. საიდუმლო დოკუმენტების ხელში ჩაგდების კონკრეტულ საქმეს უკვე ინინი ასრულებდა. თავიანთი მიზნის მისაღწევად ისინი სხვადასხვა ხერხებს იყენებდნენ, რომლებიც შემუშავებული იყო გუშაგების ყურადღების გასაფანტავად. ასევე მათ გააჩნდათ მოსასმენი და სათვალთვალო მოწყობილობა, მდევრებისაგან თავის დაღწევის ხერხები და სხვა.

გარდა ამისა, ნინძების მოსამზადებლად უამრავი დამხმარე დისციპლინა გამოიყენებოდა: ჰენსო-ძიუციუ (გადაცმის ხელოვნება), მონომანე-ძიუციუ (ხმით მიბაძვის ხელოვნება), სუიეი-ძიუციუ (ცურვა), ჰაიატაკე ნო-ძიუციუ (მარათონული სირბილი) და ასე შემდეგ.

დავალებების ეფექტურად შესრულებისთვის ნინძები სხვადასხვა სპეციალურ ინსტრუმენტს იყენებდნენ: კედელზე საცოცავი მოწყობილობა, ცურვის სხვადასხვანაირი საშუალებები და უამრავი მოსაპარი ხელსაწყო. მათ ასევე გააჩნდათ ცეცხლგამჩენი შენაერთები, ასაფეთქებელი საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღები.

ამგვარად ნინძიუციუ წარმოადგენდა სტრატეგიული შპიონაჟისა და სამხედრო დაზვერვის მთლიან სისტემას, რომელიც იაპონიაში \| საუკუნის დასასრულიდან \||| საუკუნის პირველ ნახევრამდე ჩამოყალიბდა.

 

პირველი პროფესიონალი აგენტის მოღვაწეობა || საუკუნის დასასრულიდან იწყება. ისტორიული წყაროების მიხედვით, პირველი ნინძა იყო ოტომო-ნო საიძინი (ზოგიერთი წყაროს მიხედვით ოტომო-ნო საინუ). იგი ამომავალი მზის ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ მოღვაწეს, პრინც სეტოკუ ტაისის (574-622 წწ) ემსახურებოდა.

ისტორიული წყაროებიდან ჩანს, რომ ოტომო-ნო საიძინი არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და პოლიციური აგენტი იყო. მას არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა და შეეძლო გარშემო მყოფთაგან შეუმჩნევლად ყველა დეტალი გამოეკვლია. დამხმარე ადამიანთა დიდი არმიით იგი ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი იყო ხალხის ფართო მასებსა და სასახლის არისტოკრატიას შორის, რომელთაც საკმაოდ სუსტი წარმოდგენა ჰქონდათ უბრალო ხალხის ცხოვრებაზე. შეგროვებულ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა ქურდობებს, მკვლელობებს, სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ უკმაყოფილების გამოვლინებასა და ასე შემდეგ, საიძინი იმპერატორს აწვდიდა, რომელიც შემდეგ ამ ინფორმაციას ანალიზს უკეთებდა და შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებდა. გარშემომყოფებს კი საიძინის პროფესიონალიზმი აოცებდათ.

იაპონიის მეორე სახელმწიფო მოხელე, რომელიც აგენტებს იყენებდა, იყო იმპერატორი ტემუ (673-686), რომელსაც ვინმე ტაკოა ემსახურებოდა. ოტომო-ნო საიძინისაგან განსხვავებით, ტაკოა სამხედრო აგენტი იყო და დივერსიული საქმიანობით გაითქვა სახელი. მან სრულყოფილებამდე მიიყვანა ტექნიკა, რომელიც მტრის ზურგში დივერსიული აქტების დახმარებით მოწინააღმდეგის ყურადღების გადატანას ისახავდა მიზნად. ღამით მოწინააღმდეგის ციხესიმაგრეში შეპარული ტაკოა ხანძარს აჩენდა. სანამ მტერი გონს მოვიდოდა, ჯარების ძირითადი ნაწილები შეუმჩნევლად ეპარებოდა მოწინააღმდეგეს და მოულოდნელ დარტყმას აყენებდა მას.

ლეგენდები

ისტორიული წყაროების გარდა, ხალხში სხვა ლეგენდებიცაა გავრცელებული, რომლებიც ძირითადად ნინძიუციუს სკოლების შექმნასთანაა დაკავშირებული. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, ნინძიუციუს სკოლის ტოგარუკე რიუს შექმნა ტოგარუკე დეისუკეს სახელს უკავშირდება. რომელმაც თავის მხრივ ნინძიუციუ კაგარუკე დოსისაგან შეისწავლა. ერთხელ იმპერატორ ხოგენის ეპოქის ერთ-ერთ ზაფხულში (1156-1159 წწ), 16 წლის კენესადა სიმა კონსანტა მინამოტო, რომელიც მოგვიანებით ცნობილი გახდა, როგორც კაგარუკე რიუს მეორე დიდი ოსტატი, ესეს პროვინციის ძლევამოსილ კლანთან ერთად მინამოტო ესინაკას არმიას შეუერთდა და სასახლის წინააღმდეგ ამბოხებული ფუძივარა ხიდეხირას 3 ათასი მხედრის წინააღმდეგ იბრძოდა. კაგაკურე დოსიმ ბრძოლის ველზე სიკვდილისაგან იხსნა მძიმედ დაჭრილი სიმა და იგას მთებს შეაფარეს თავი. ამბობენ, რომ სიმა კაგარუკე დოსის ხელმძღვანელობით სწორედ იგას მთებში დაეუფლა ნინძუციუს საბრძოლო ხელოვნებას.

 

მეორე ლეგენდა მოგვითხრობს ნინძაზე, სახელად იკაი, რომელიც კორაიში (თანამედროვე კორეა) \ საუკუნის დასასრულსა და \| საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა. იგი მეფე ძინსოსა და კიტანასა და იკას არმიებს შორის მომხდარ ომში დამარცხებული ძინძოს მხარეს აღმოჩნდა. იაპონიაში გაქცეული იკაი ისეზე გადმოვიდა და იგას პროვინციაში გამოქვაბულში ცხოვრობდა. დღემდე მოღწეულ ჩანაწერებში მოთხრობილია, რომ იკაი იყო მხედართმთავარი, რომელიც კარგად ფლობდა ტიტე კაგურეტას (ტიტე ძიუცეზე დაფუძნებული საიდუმლო მოქმედების ტექნიკა) და „კიაის” შეძახილით მას რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე შეეძლო ახტომა. ამ ლეგენდის მიხედვით იკაი იყო პირველი, ვინც ნინძიუციუ იაპონიაში შეიტანა.

არის მეორე კანდიდატი, რომელიც ნინძიუციუს დამაარსებლად ითვლება, იმპერატორ ძირიაკუს ეპოქაში (1065-1068 წწ). ფუძივარა ტიკადო ტაკაოს მთაზე, სოფელ ტანეოს მახლობლად გამოქვაბულში ცხოვრობდა, რადგან იმპერატორის სასახლეში მას უარი უთხრეს იმ რანგზე, რომლისათვისაც იღვწოდა და რომელსაც, მისი აზრით, იმსახურებდა. ამბობენ, რომ ეს გამოქვაბული იკაიმ გააკეთა, როდესაც რამდენიმე წლით ადრე კორეიდან გაიქცა.

ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ნინძიუციუს ისტორიის მანძილზე მისი 73 სკოლა არსებობდა. მათ შორის მთავარი სკოლები იყო: ნეგისი რიუ, სირაი რიუ, სინტო რიუ და ხაკიინ რიუ, რომელთაგან, როგორც ამბობენ, წარმოიშვა სკოლები: ტაგარუკე რიუ, კესიუ რიუ, მიამოტო რიუ, გენძცუ რიუ, რიუმონ რიუ, ტენტონ ხაპო რიუ და გოტონ ძიუპონ რიუ. იმპერატორ ტოკოგავას მმართველობის წყალობით იგა რიუ და კოგა რიუ ყველაზე დიდხანს არსებობდნენ და კარგი რეპუტაციაც ჰქონდათ.

ნინძიუციუს კიდევ ერთი სკოლის – საკუუნ რიუს შემქმნელად გარიუ დოძი ითვლება, რომელიც მოგვიანებით საკუუნ დოძიმ დროში გააუმჯობესა. ამბობენ, რომ საკუუნ რიუში ოთხი დემონი იყო გაერთიანებული: სიბნელის დემონი, ცეცხლის დემონი, მიწის დემონი და ქარის დემონი. იმპერატორ ოხოს ეპოქაში, ძირიაკუს ეპოქიდან დაახლოებით 100 წლის შემდეგ, კაკუუნ დოძის მოსწავლემ კაგაკურე დოძიმ ნინძიუციუს გამოცდილება ტოგაკურე დეისაკეს გადასცა, მან კი, თავის მხრივ, სიმა კოსანტაზე იზრუნა. ჩანაწერებში მოყვანილია ფაქტები, რომ ერთ-ერთ ბრძოლაში დამარცხებული სარდლის კიმო ესინავას არმიის გადარჩენილი ხალხის ნაწილებმა იგას პროვინციის მთებს შეაფარეს თავი. მოგვიანებით იმპერატორების ენგენისა (1136-1139 წწ) და სეხეის (1346-1369 წწ) ეპოქის დროს ბევრმა გაქცეულმა როგორც სამხრეთის, ასევე ჩრდილოეთის დინასტიიდან, იგასა და კოგას პროვინციის მთებს შეაფარა თავი. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება იგასა და კოგა რიუს ნინძიუციუს სკოლების დაარსება.

კოგას ნინძიუციუს სკოლის ჩანაწერების მიხედვით, იმპერატორ ტენკეს ეპოქის დროს (938-966 წწ), სინანოს პროვინციის მმართველის სუვა საემონა მინამოტო სიგეერის მესამე შვილმა მოტიძუკი საბურო კენეიემ, თავი გამოიჩინა ტაირა ნო მასაკადოს ბუნტის ჩახშობის დროს. ამის გამო მას ჩრდილო-აღმოსავლეთის პროვინცია ოსიში შემავალი კოგა გუნის გუბერნატორის პოსტი უბოძეს, რის შემდეგადაც მან სახელი მოტიძუკი საბურო კენეიე კოგა ოუმი კენეიეთი შეიცვალა. მის შვილს, ოუმი კამი ეიტაკას ლიტერატურული და სამხედრო განათლება ჰქონდა. ამბობენ, რომ ნინძიუციუს იგი ბუდისტი ბერისაგან სწავლობდა, რომელსაც ტაცუმაკი ხოსი ერქვა. ბერი გენძიუციუს ოსტატი იყო და კოგას პროვინციაში ცხოვრობდა. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ სწორედ აქედან წამოვიდა კოგა რიუს ნინძიუციუს სკოლის დაარსების ისტორია.

 

საჭირო აქცენტები

0

გიფიქრიათ იმაზე, რაზე ველაპარაკებით ბავშვებს ყველაზე ხშირად?

რას ვიმეორებთ დაუსრულებლად და რატომ ვწყვეტთ ნაადრევად საუბარს სხვადასხვა მიზეზის გამო? არის თემები, რომლებზეც გვინდა მეტი ვუთხრათ და თემები, რომლებსაც არ უნდა შევეხოთ? გიკითხიათ თვითონ ბავშვებისთვის, რაზე სურთ საუბარი, რა შემთხვევაში აინტერესებთ უფროსების აზრი და გამოცდილება და რა ჰგონიათ მოსაწყენი? შეგიძლიათ მოუსმინოთ მათ და მაშინაც კი, როცა ისინი შეკითხვებს არ სვამენ, მიაგნოთ იმ კითხვებს, რომლებიც ბავშვებს აწუხებთ და რომლებზე პასუხებიც შესაძლოა მათთვის მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში სანდო ორიენტირად იქცეს? ან იმაზე, რა პრობლემები შეიძლება მოგვიტანოს უფროსებსაც და ბავშვებსაც გაუმართავმა კომუნიკაციამ, უნდობლობამ, კითხვების ჩვენთვის შენახვამ? ალბათ – კი. შეუძლებელია ბავშვებთან გქონდეთ ურთიერთობა და ამ თემებზე არ გეფიქროთ.  ამ კითხვები საკუთარ თავს მეც მას შემდეგ დავუსვი, რაც ჩემმა შვილებმა და მათმა მეგობრებმა ერთი შეხედვით მარტივი კითხვების დასმა დაიწყეს. მე კი მივხვდი, ახლავე, მცირე ასაკში შემეძლო მათთვის ისეთი პასუხების გაცემა, რაც მათ მომავალში უკეთეს მოქალაქეებად გაზრდიდა. ასე გაჩნდა ვრცელი სია საჭირო აქცენტების, რომელზეც ყურადღების მიქცევა პატარა ასაკიდან მარტივად და უმტკივნეულოდ არის შესაძლებელი და რაც, ვფიქრობ, ძალიან სუბიექტურია, მაგრამ გაზიარებად მაინც ღირს, ვინაიდან სამყაროს მაინც უნივერსალური წესები მართავს და ადამიანიც ევოლუციის მეტ-ნაკლებად მსგავს გზას გადის დაბადებიდან სიკვდილამდე.

 

მაგალითად, მე  სახლის გარეთ ხშირად მიწევს ლაპარაკი საგზაო მოძრაობის წესებზე, საცობებზე, მათ გამომწვევ მიზეზებსა და ქუჩების განტვირთვის შესაძლებლობებზე, საზოგადოებრივი სივრცეების მნიშვნელობასა და მათი მოფრთხილების ვალდებულებაზე, ნაგვის სეპარაციაზე, ჯანსაღი კვების პრინციპებზე, გენდერული ჩაგვრის მიზეზებზე, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე და ათას მსგავს რამეზე, რაზეც ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ სამი, ოთხი, ხუთი ან თუნდაც 7 წლის ბავშვთან ვილაპარაკებდი, ის კი ყურადღებით მოისმენდა და დაიმახსოვრებდა. ცხადია, ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ მათ ამ საკითხების მიმართ რიგ შემთხვევაში ზრდასრულებზე მეტი მგრძნობელობა და ინტერესი ექნებოდათ. თურმე  ზუსტად ამ ასაკიდან უნდა დაიწყო საჭირო აქცენტების გაკეთება.

 

მე ქვეითად მოსიარულე ადამიანი ვარ, რომელიც, როგორც წესი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს, იმ შემთხვევების გარდა, როცა ეს უბრალოდ შეუძლებელია. ასე რომ, მარტივად შემიძლია ავუსხნა ბავშვებს, რომ იმას, რაც ჩვენ გარდა, სხვებსაც ეკუთვნის, პატივისცემით უნდა მოექცნენ. თუ თვითონ არ უნდათ ჭუჭყიან სკამზე დაჯდომა, არც სხვას მოუნდება, ამიტომ მათზე ფეხები არ უნდა შემოაწყონ, არ დაჩხაპნონ და ა.შ. როცა პატივისცემასა და სურვილებს ვახსენებ, ისინი, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ არ მოსწონთ დანგრეული, ჭუჭყიანი და გატენილი ავტობუსით მგზავრობა, რომელიც ბევრად გვიან მიდის დანიშნულების ადგილამდე, ვიდრე მამას მანქანა ან ტაქსი და ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ მანქანებს სწორედ იმიტომ უჭირთ გადაადგილება, რომ არჩევანს ყველა, ვისაც ეს შეუძლია საკუთარი მანქანის ან ტაქსის სასარგებლოდ აკეთებს. ისინი კი, ვინც ავტობუსით ვმგზავრობთ, საკმარისად ხმამაღლა არ ვითხოვთ უკეთეს ტრანსპორტს, რათა მათ, ვისაც ამ დანგრეული მანქანების გამოცვლა ევალება, გამოცვალონ. ეს საბაზისო დონეა, მერე მოდის აქტივიზმი, ავტობუსებისთვის განკუთვნილი ხაზების აუცილებლობა და სხვა ამბები.

თუ თქვენც ქვეითი ხართ და ბავშვებთან ერთად თბილისში დღეში ერთხელ მაინც გადაადგილდებით, გეცოდინებათ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი პრობლემების მხოლოდ ერთი კომპონენტია. მოუწესრიგებელი და ჩახერგილი ტროტუარები, მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელები, ზებრაზე გზის დათმობის პრობლემები და ა.შ. იმდენად ყველა ნაბიჯზე გეჯახება, რომ ბავშვებს სრულიად გულწრფელად უჩნდებათ ის კითხვები, რაზეც უფროსებს არ სურთ დაფიქრება: სად უნდა იარო, თუკი სამანქანე გზაზეც და ტროტუარზეც მანქანები დადიან ან დგანან? რატომ უნდა ახვიდე ან ჩახვიდე უზარმაზარ კიბეებზე იმისათვის, რომ გზის მეორე მხარეს გადახვიდე, თუკი სხვაგან მხოლოდ შუქნიშანზე „მწვანე კაცის” ანთებას ელოდები; არ შეიძლება ეს ზებრები ბევრგან იყოს? და თუკი ზებრა იმისათვის არის, რომ მეორე მხარეს გადავიდე, რატომ არ გვითმობენ გზას? იმიტომ, რომ ქალაქი გეგმის გარეშე ვითარდება; ადამიანებმა არ იციან, რა უნდათ და რა სჭირდებათ; ჰგონიათ, რომ საკუთარ მანქანაში გამოკეტილები უფრო კომფორტულად არიან და საერთოდ, უფროსებს ბევრი რამ არასწორად ჰგონიათ და ისინი ქმნიან ისეთ გარემოს, რომელიც ბავშვების ინტერესებსა და საჭიროებებზე სრულიად არ არის მორგებული.

 

გოგოებისა და ბიჭებისთვის დაყოფილი სათამაშოები და ტანსაცმელი, წესები, რომელიც ადამიანმა არა მორალური პრინციპებისა და ინტერესების მიხედვით, არამედ სქესის გამო უნდა დაიცვას და შემთხვევითი გამვლელების შემაწუხებელი ინტერესი, თუკი რაიმეს სხვანაირად, მათი დადგენილი წესების შეუსაბამოდ აკეთებ – ამ ყველაფრის ფონზე ძალიან მარტივია იმის ახსნა, რომ სხვებს ნაკლებად უნდა უსმინო და საკუთარ სურვილებზე მეტი იფიქრო; თუკი ვინმე ხელს შეგიშლის, ის აკეთო, რაც გინდა, მკაცრად დაიცვა საკუთარი პოზიცია, მშვიდად, მკაფიოდ და მკაცრად.

 

ბავშვებთან მნიშვნელოვან თემებზე სასაუბროდ არ არის საჭირო ამისთვის ცალკე გამოყოფილი დრო და ვრცელი ლექციები. საჭიროა მოსმენის უნარი და ინტუიცია, როდის რის თქმა შეიძლება. მანამდე უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა ვასწავლოთ ბავშვებს, იმისათვის, რომ ჩვენზე უკეთეს ადამიანებად გაიზარდონ, ჩვენზე უკეთეს გარემოში ცხოვრობდნენ, ჩვენზე უკეთ გრძნობდნენ პასუხისმგებლობას თავიანთ გარემოზე და იცოდნენ, როგორ დაიცვან საკუთარი პოზიცია ყოველთვის, როცა ამის საჭიროება დაუდგებათ.

 

 

 

 

გერმანელი ბავშვები. საქართველო

0

„თქმული და უთქმელი ისტორიები: გერმანელები საქართველოში“ გამოსული არ იყო, უკვე წიგნის მაღაზიებში რომ ვეძებდი. ზეპირი ისტორიების კითხვა ყოველთვის მიყვარდა, საქართველოში დასახლებული გერმანელების თავგადასავალსაც ცუდად ვიცნობდი და უფრო მეტის შეტყობა მინდოდა. თამთა მელაშვილმა დიდი საქმე გააკეთა ამ მთხრობელების მოძებნით და ამბების შეკრებით – გასული საუკუნის საქართველოს სხვა სახე გვაჩვენა, წარსულის ცარიელი ფურცლები ისე შეავსო, რომ თითოეული სიტყვის დავიწყება შეუძლებელი გახადა. არ ვაჭარბებ. წაიკითხეთ საქართველოში დასახლებული გერმანელების შთამომავლების (და არა მარტო მათი) ამბები და ყოველგვარი ეჭვი გაქრება: დიახ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ქედმაღლურად მომზირალი არამზადები.

ბავშვობის ამბები, როგორც ყოველთვის, ახლაც ყველაზე ამაღელვებელია. მთხრობელთა უმრავლესობა იხსენებს, რა სირთულეებს უსწორებდნენ თვალს, რა დაბრკოლებების გადალახვა უწევდათ მხოლოდ იმის გამო, რომ გერმანელებად დაიბადნენ საქართველოში, მეორე მსოფლიო ომამდე თუ მის შემდეგ. ზოგიერთს მშობლები გერმანულ ენას არც ასწავლიდნენ – ეშინოდათ. ათწლეულების შემდეგაც კი ერიდებოდნენ საკუთარი ეროვნების ხმამაღლა გაცხადებას – ის ძველი შიში მეტისმეტად სიცოცხლისუნარიანი გამომდგარიყო.

საკმაოდ მძიმე წიგნი აღმოჩნდა. თითქმის ყოველი ისტორიის კითხვისას ვტიროდი – შეულამაზებელ ფრაზებში წლობით ნაგროვები ტკივილი, გაუზიარებელი დარდი ჩანდა.

რამდენიმე ნაწყვეტი:

იულია ფერენგერი: „რომ ნახა, ასეთ ცუდ მდგომარეობაში ვიყავით, დედაჩემი ისევ გათხოვდა ქართველზე. იმ ქართველს ჰყავდა სამი შვილი და ჩვენ ორნი – ხუთ ბავშვს ინახავდა, როგორც ოჯახის ქალი. ის კაციც გვეხმარებოდა, როგორც კაცი. უკვე დედას ისე აღარ ჩაგრავდნენ და ჩვენც თავში არავინ გვირტყავდა. აღარ გვეძახოდნენ, გერმანელებო, ფაშისტებოო“.

ვიქტორ შანინი: „დედა დიასახლისი იყო. ჩემს ძმას კი ასწავლა  გერმანული. ჩემი ძმა ჩემზე უფროსი იყო. მე 43 წელს დავიბადე. ჩემი ძმა ათი წლით იყო ჩემზე უფროსი. ვალოდიამ იცოდა გერმანული, მაგრამ მერე აღარ იცოდა. სკოლაში დაუწყეს გაჯავრება – ფაშისტო, ფაშისტოს ძახილი. მოდიოდა მერე სახლში და ტიროდა. ომი იყო ახალი დამთავრებული“.

გურამ შალი: „იყო შემთხვევები, რომ დავაშავებდი რაღაცას და პირდაპირ მეტყოდნენ – შე ფაშისტო. უფროსებიც, მეზობლებიც… არ დავაშავებდი, მაინც მე მბრალდებოდა ყველაფერი… სიგარეტს ვინმე მოწევდა, გურამა დაგაჩვევდათ. არადა, მე რო ჯარში წავედი, მაშინ დავიწყე სიგარეტის მოწევა. […] ომის გამო ზიზღი ქონდათ, ზოგს ვინ ყავდა დაღუპული, ზოგს ვინ და ჩვენზე ანთხევდნენ. მარა ბავშვი რა შუაშია…“

სულიკო სიბოშვილი: „სკოლაში რომ დავდიოდი, ვიძახდი: მეთქი, რა ბედნიერები არიან სხვები, რო ქართველები არიან და მაინცდამაინც მე ვარ ნემეცი… ძნელი იყო. ახლა, დღესდღეობით კარგია, მარა მაშინ არ ვარგოდა ნემეცობა. კინოში რო დავდიოდით, თუ კინო გადიოდა ომზე, აი, ფაშისტო, ფაშისტო, გიტლერო, ვის როგორ უნდოდა, ისე მეძახდა, ისე დამცინოდა. ცოტა რთულად გავიზარდე რა… აქ, უბანში სულ თანაკლასელები ვიყავით. ვმეგობრობდით, მაგრამ გოგოსთან თუ უნდოდათ ჩემი შერცხვენა, ისინიც მეძახდნენ ნემეცს“.

თინათინ ჰაინე: „მწარედ მახსოვს, მესამე თუ მეოთხე კლასში გადავედით. ხომ ვიყავით მანამდე ოქტომბრელები და ვარსკვლავი გვეკეთა, მერე უნდა გავმხდარიყავით პიონერები. გადაარჩიეს მოსწავლეები და მე მესამე ჯგუფში მოვხვდი. რეპრესირებული, გერმანელი, ლამის ჰიტლერის შვილიშვილად ვიყავი გამოცხადებული. პირველ ჯგუფში პრივილეგირებულები იყვნენ, მეორე – რაღაც საშუალო კლასი და მესამე – ნაყარნუყარი. არც ძალიან ბევრი ვიყავით იმ მესამე ჯგუფში, სხვათა შორის. ეს მახსოვს ძალიან მწარედ. ისე ვტიროდი, ისე ვტიროდი…“

ანა კოხის ისტორია კიდევ უფრო მძიმეა. ის ყაზახეთში დაიბადა და რასაც ბავშვობის შესახებ ჰყვება, სწორედ ყაზახეთის ერთ-ერთ რაიონულ ცენტრში ხდებოდა. ერთ დღესაც სიძულვილი უკიდურესი ფორმით გამოვლინდა: მეხუთეკლასელი ანა თხუთმეტამდე ბავშვმა დაუნდობლად სცემა, მათ შორის თანაკლასელებმაც. წიხლებს ურტყამდნენ, ბოლოს კი გულწასული დატოვეს ხის ქვეშ. რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი მისი „ფაშისტობა“ იყო. ერთი თვე სკოლაში არ დავდიოდი, სულ გაშავებული ვიყავიო, ჰყვება ის.

ძალიან მინდა, მჯეროდეს, რომ ასეთი საშინელება მაინც არ მომხდარა იმ ქვეყანაში, რომელშიც დავიბადე და რომლის ნათელ მხარეზეც სიხარულით ვსაუბრობ ხოლმე მათთან, ვინც საქართველოსა და ქართველების ამბავს მეკითხება. წარსულისთვის თვალის გასწორება ადვილი არ არის. საბედნიეროდ, თამთა მელაშვილის ეს წიგნი სხვა გზას არ გვიტოვებს.

 

 

ცნობისმოყვარე „მელიჰატი“

0

 

ქალბატონ  „მელიჰატს“ ყველაფერი აინტერესებს. ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოს. ვინ სად მიდის, საიდან მოდის, რა დროს ბრუნდება და ხელში რამდენი პაკეტი უჭირავს. უნდა იცოდეს მეზობლების დღის მენიუ და მეორე დღის გეგმები. თურქული ფოლკლორიდან ბრძანდება, თუმცა, ასეთი „მელიჰატები“ ყველგან და მათ შორის, საქართველოშიც  არიან.  უჰ… მერე რამდენი. მათ თქვენ პირადადაც იცნობთ, უბრალოდ სახელები აქვთ განსხვავებული.

ერთი ქალაქის მეცნიერების ცენტრში (მისი მიზანი ბავშვების მეცნიერებით დაინტერესება და მეცნიერების პოპულარიზაციაა) „მელიჰატის“ ცნობისმოყვარეობა დადებითი კუთხითაა წარმოდგენილი. აქ „მელიჰატს“ ყველაფერი აინტერესებს ქიმიაც, ფიზიკაც, ბიოლოგიაც. კედელზე ჩამოკონწიალებული სურათებიდან ბავშვებს მოუწოდებს – ყველაფერი გაინტერესებდეთ და ყველაფერი გაიგეთო.

ჰმ… სწორია ეს ქალი. ყველაფერი ინტერესით იწყება. დაგაინტერესებს და მთებს გადადგამ, არ გაინტერესებს და სავარძლიდან ვერ ადგები.

ამავე ქალაქში ადამიანები ბევრ ჩაის სვამენ. მეც მათი შემყურე ჩაის სმა დავიწყე, თუმცა დავაკვირდი, რომ ათიდან რვა ჩაიში რძეს იმატებდა. მეც იმავეს მთავაზობდნენ, მაგრამ უარი განვაცხადე. რატომ?

„მელიჰატს“ ვეთანხმები, რომ ყველაფერი უნდა გვაინტერესებდეს. ოღონდ, ვინ სად  წავიდა, ვინ სად რა შეიძინა, ვინ რომელ საათზე რა მიირთვა – ეს კი არა!… არამედ ის, თავად რას მივირთმევთ და შემდეგ ჩვენს ორგანიზმში მირთმეულ საკვებს რა დაემართება. ან თუნდაც რომელი პროდუქტების ერთად მიღება არ შეიძლება. შეგვიძლია  ტონი ოდნავ  შევარბილოთ და ასე დავწეროთ: რომელი პროდუქტების ერთად მიღება არ არის რეკომენდებული.

რძე და ჩაი ერთად არც არაფერს გავნებთ, შეიძლება ზოგიერთს გემოც მოეწონოს, ოღონდ, მოდით დავსვათ შეკითხვა – რატომ ვსვამთ ჩაის? რა სარგებელია ჩაისგან?

სარგებელი #1

ჩაი შეიცავს კატექოლამინებს, რომლებსაც ანტისიმსივნური მოქმედება ახასიათებთ. ისინი ბუნებით ანტიოქსიდანტები არიან და თავისუფალ რადიკალებს ებრძვიან. თუმცა, თუ სადმე სიმსივნურ უჯრედს წააწყდებიან, მასშიც სიამოვნებით  შეაღწევენ, მჟანგავის თვისებებს იძენენ და შიგნიდან ანადგურებენ მას.

სარგებელი #2

კატექოლამინები ორგანული ნივთიერებებია და ფლავინების ჯგუფს მიეკუთვნებიან. პოლიფენოლურ ნაერთებს წარმოადგენენ და ძლიერი ანტიმჟანგავური თვისებები აქვთ. ის მეტი რაოდენობით შავ ჩაიში გვხვდება, ნაკლები რაოდენობით – მწვანე ჩაიში. აქვეა ტანინები, ანუ კატექინების ერთ-ერთი ჯგუფის იზომერები. ჩაის სწორედ კატექინებისა და ტანინების გამო მივირთმევთ. გაციებისას კატექინები ჩვენს ბრონქებს აფართოებს და სუნთქვას გვიადვილებს.

სარგებელი #3

ჩაი გვიცავს ზედმეტი წონისგან. ამას კვლავ კატექოლამინები აკეთებენ, რადგან ნივთიერებათა ცვლას აჩქარებენ და ერთი ჭიქა ჩაის დალევის შემდეგ  40-50 კკალ-ით მეტი დაიწვება.

 

სარგებელი #4

ძვლოვანი ქსოვილი რომ გვაქვს, ეს ვიცით. ახლა ისიც ვიცოდეთ, რომ უჯრედები, სახელად ოსტეოკლასტები ძვლოვან ქსოვილს შლიან. სხვა უჯრედები, სახელად ოსტეობლასტები კი – აღადგენენ. კატექოლამინები ოსტეობლასტებს ააქტიურებენ, ოსტეოკლასტებს კი თრგუნავენ. ანუ, ძვლოვან ქსოვილს დაზიანებისგან იცავენ.

ჰოდა, რძის დამატებისას რძის ცილა კაზეინი კატექინებში შემავალ ჰიდროქსილ ჯგუფებს უკავშირდება, ბოჭავს და მოქმედების საშუალებას არ აძლევს. ჩვენც ჩაის მივირთმევთ, ოღონდ ოთხივე სარგებელს წყალს ვატანთ, უფრო სწორედ რძეს…

„მელიჰატთან“ ერთად დავადგინე – ჩაიში რძის დამატება არასასურველია.

ამავე ქალაქში ადამიანები რძეს არა მხოლოდ ჩაის უმატებენ, შვრიის ფაფასაც ასხამენ. რძე აქაც არ არის კარგი პარტნიორი. შვრიის ფაფა შეიცავს ფეტინის მჟავას. იგივე, D-მიოინოზიტოლ-1,2,3,4,5,6-ჰექსაჰიდროფოსფატმჟავას, რომელიც ციკლური ექვსატომიანი პოლისპირტის მიო-ინოზიტოლის რთულ ეთერს წარმოადგენს. რძის დამატების შემდეგ ფეტინის მჟავა აქტიურდება და საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ზოგიერთი ფერმენტის ინაქტივირებას იწვევს, ასევე ბოჭავს კალციუმის შეწოვას. გარდა ამისა, ფაფაში შემავალი უხეში ბოჭკოს 15% (არადა, ფაფიდან ამ ბოჭკოს მიღება ძალიან საჭიროა) იკარგება იმაზე, რომ რძის ქოლესტერინის შეწოვას შეუშალოს ხელი.

შედეგად გამოდის, რომ თავად ფაფა ძალიან სასარგებლოა, ოღონდ რძის გარეშე, წყლით.

რძეც სასარგებლო გახლავთ, ოღონდ ცალკე მივირთვათ, ან სულაც ყავას დავუმატოთ.

ამავე ქალაქში საქონლის შემწვარი ხორციც ძალიან უყვართ. მართალია, ზედ არც წითელ ღვინოს აყოლებენ და არც თეთრს, მაგრამ ამას უამრავ სხვა ქალაქში სჩადიან. ხორცზე წითელი ღვინის დაყოლება არ შეიძლება. რატომ?

ხორცი ორგანიზმისთვის რკინის წყაროს წარმოადგენს. თუმცა, წითელ ღვინოში არსებული მთრთიმლავი ნივთიერებები მის შეწოვას ბლოკავს. გამოსავალი ერთია, ხორცს თეთრი ღვინო დააყოლეთ, წითელი კი ცალკე მიირთვით.

ამ ქალაქში კიდევ ერთ გარემოებას დავაკვირდი. ჩაის ხომ სვამენ ბევრს, რძესაც ხომ აყოლებენ, არც უამრავ შაქარზე ამბობენ უარს. ერთ საშუალო ზომის საშაქრეს უცებ აცარიელებენ. პატარა ფინჯანში ლამისაა 5 ნატეხი შაქარი ჩაყარონ. შაქრის მიღება ჩვენს ტვინს სიამოვნებს, გემრიელია და ძალიან უყვარს. თუმცა, ნარკოტიკივით არის, ჭამ და უფრო მეტი გინდება.

შაქარი მარტივი ნახშირწყალია. მისი და სხვა უფრო რთული ნახშირწყლების მონელება პირის ღრუდან იწყება. საჭმლის მომნელებელი ფერმენტებიდან ნერწყვი შეიცავს ალფა-ამილაზას და მალტაზას. ალფა-ამილაზა სახამებლისა და გლიკოგენის, ხოლო მალტაზა-დისაქარიდ მალტოზას ჰიდროლიზურ დაშლას აკატალიზებს. ალფა-ამილაზა ენდოამილაზაა. იგი პოლისაქარიდებში შიდამოლეკულური ალფა 1,4-გლიკოზიდური ბმების ჰიდროლიზურ გაწყვეტას  იწვევს და მას ქლორის იონები ააქტიურებს. ნერწყვის როლი საჭმლის მონელებაში მნიშვნელოვანი არ არის, რადგან პირის ღრუში საკვები მცირე ხანს რჩება. ამიტომ ნერწყვის ალფა-ამილაზას მოქმედებით საკვებში არსებული სახამებელი (ან, გლიკოგენი) ნაწილობრივ იშლება და, ძირითადად, სხვადასხვა სირთულის დექსტრინები და უმნიშვნელო რაოდენობით მალტოზა წარმოიქმნება.

კუჭში ნახშირწყლების მონელება არ მიმდინარეობს, მხოლოდ ცილა მოინელება. სწორედ ამიტომ კიდევ ერთი შეუთავსებელი წყვილი საკვებში პური და ხორცი გახლავთ, ან კარტოფილი და ხორცი, ან სულაც ცომში გამოხვეული ხორცი. ანუ, ცილა და ნახშირწყალი ერთად. როგორც უკვე ვთქვით, კუჭში მხოლოდ ცილა მოინელება, ამ დროს კი, ნახშირწყალი მჟავა არეში (კუჭის წვენს მჟავა გარემო აქვს) დუღილს იწყებს და ორგანიზმისთვის, შეიძლება ითქვას, თავსატეხად იქცევა.

სხვათა შორის, ერთხელ შესავალი კურსის ლექციაზე, სწორედ ამის შესახებ ვსაუბრობდი, როცა ერთმა ბიჭმა შეცბუნებულ-აღშფოთებული ხმით მითხრა:

  • მოიცა, მოიცა, რა გამოდის, რომ ხინკალი ვეღარ უნდა ვჭამოო?!…

მიირთვით, მეც მივირთმევ, მაგრამ ფაქტი ფაქტია და ნახშირწყალი და ცილა მონელების დროს ერთმანეთს ხელს უშლიან.

ნახშირწყლების მონელების შემდეგი ადგილი თორმეტგოჯა ნაწლავია. პანკრეასის ალფა-ამილაზა აქტიურია ტუტე არეში. მისი მოქმედებით პოლისაქარიდები და პირის ღრუში მათი დაშლის შედეგად მიღებული დექსტრინები მალტოზამდე და იზომალტოზამდე იშლება. იზომალტოზა დისაქარიდია, რომელიც გლუკოზას ორი ნაშთით ერთმანეთთან ალფა-1,6-გლიკოზიდური ბმითაა დაკავშირებული.

წვრილი ნაწლავის წვენი შეიცავს ნახშირწყლების მომნელებელ შემდეგ ფერმენტებს: საქარაზას, მალტაზას, იზომალტაზას, ლაქტაზას.

პანკრეასის წვენის ალფა-ამილაზას მოქმედების შედეგად წარმოქმნილი მალტოზა, ისევე როგორც, საკვებთან ერთად წვრილ ნაწლავში მოხვედრილი სხვა დისაქარიდები (საქაროზა, ლაქტოზა) შემადგენელ მონოსაქარიდებად იშლება ნაწლავის წვენში არსებული დისაქარიდების მოქმედებით. მალტაზა (ალფა-გლუკოზიდაზა) მალტოზაზე მოქმედებს და მას გლუკოზას ორ მოლეკულად შლის. საქარაზა საქაროზას ფრუქტოზასა და გლუკოზას მოლეკულებად დაშლას იწვევს, ხოლო ლაქტაზას (ბეტა-გალაქტოზიდაზას) მოქმედებით ლაქტოზა (რძის შაქარი) გლუკოზასა და გალაქტოზას მოლეკულებად იშლება. რაც შეეხება, იზომალტაზას (ალფა-დექსტრინაზას), იგი იზომალტოზას გლუკოზას ორ მოლეკულად შლის. გარდა ამისა, იზომალტაზა მოქმედებს ოლიგოსაქარიდებზე, რომლებიც ალფა-1,6-გლუკოზიდურ ბმას შეიცავს და ამ ბმის ჰიდროლიზურ დაშლას იწვევს. ამიტომ იზომალტაზას ოლიგო ალფა, 1,6-გლუკოზიდაზასაც უწოდებენ.

ასეთია ნახშირწყლების მონელების გზა. თუმცა რაფინირებული მარტივი შაქარი მყისიერად მოინელება და შეიწოვება. ამიტომაც არის უფრო საშიში.

რაც შეეხება ცხიმს, ისიც ნახშირწყლების მსგავსად მოინელება, ანუ პირის ღრუში, თორმეტგოჯასა და წვრილ ნაწლავში. ფერმენტები განსხვავებულია, თუმცა ამ წერილში მათ არ დავახასიათებ. უბრალოდ დავწერ, რომ თუ ადამიანი ჭამს ცხიმიან საკვებს, ფიზიკურად აქტიურობს და არ მიირთმევს ნახშირწყალს, მისი ინსულტით, ინფარქტით სიკვდილის რისკი მაღალი არ არის. რაფინირებული შაქრის უხვად მიღება კი გაცხიმიანებას აორმაგებს, რადგან ზედმეტი ნახშირწყალიც ცხიმად გარდაიქმნება. შესაბამისად, რისკებიც მატულობს.

ზემოთ დაწერილი რომ ცხოვრებაში გადმოვიტანო, ასეთ მარტივ მაგალითს მოვიყვან: თუ საუზმეზე მივირთმევ ტაფამწვარს და შაშხს, შემდეგ წავალ და ვიმუშავებ, გარკვეულ მანძილს ფეხით გავივლი, სართულებზეც ლიფტის ნაცვლად ფეხით ვივლი, პრობლემა არ მექნება. მაგრამ თუ ამ ყველაფერს მივაყოლებ პურს და შაქრიან ჩაის, მაშინ ეს დამატებითი ცხიმის წარმოქმნას განაპირობებს. თუმცა ესეც არ იქნება პრობლემა, თუ ფიზიკურ დატვირთვას გავზრდი და, მაგალითად, ფეხით ვივლი ბევრს.

„მელიჰატის“ ქალაქში დაკლაკნილი მდინარეა, პორსუქი ჰქვია. აქეთ-იქეთ ხმაურიანი კაფე-რესტორნებით მოფენილ ქუჩებს ორ ნაწილად ჰყოფს. ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული და თავისუფალ დროს იქ სეირნობით კალორიების დაწვას არაფერი სჯობს.  სწორედ ასე მივდიოდი, რომ უცებ ერთი ჩათქვირებული, რაღაცნაირად მოხატული ძაღლი წამომეწია, წინ გადამისწრო და ზუსტად ჩემ წინ ზურგზე ამოტრიალებული წამოწვა. ფეხები ჰაერში სასაცილოდ აათამაშა, ენა გადმოაგდო, თითქოს იცინისო და ოდნავ დაელმებული თვალებით გადმომხედა: ჰა, მოდი მეთამაშეო.

ეს ამბავი, იცით, რატომ გამახსენდა?

ძაღლის წელი მოდის.

ჰოდა, ვისურვებდი, თავისთან ყველა მხოლოდ სათამაშოდ და სახალისოდ მიეხმოს.

გაზეთ „მასწავლებლის“ მკითხველებს კი, „მელიჰატის“ არ იყოს, ყველაფერი აინტერესებდეთ… ოღონდ, მეცნიერებაში…

რჩევები მასწავლებელს

0

ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას მოკლე მონაკვეთებად ჰყოფს: ბავშვობა, მოზარდობა, ახალგაზრდობა, მაგრამ, აი, დგება 40 წელი და ამ ასაკში ბევრი პანიკაში ვარდება. საკუთარ თავს ახალგაზრდობას ვეღარ უწოდებ, თუმცა კი გონება კვლავ კარგად გიმუშავებს და გარკვეული გამოცდილებაც მიღებული გაქვს. შემაწუხებელი ფიქრი კი, რომ ეს სიბერის დასაწყისია, აუტანელი ხდება. რასაკვირველია, ამაზე არც უნდა იფიქროთ! პირველ რიგში, ორმოცი წლის ასაკს და კიდევ რამდენიმე შემდგომ წელს მედიკოსები ახალგაზრდობად მიიჩნევენ. შემდეგ სიბერე კი არა, ნამდვილი შუა ასაკი დგება და მას თან მრავალი სიამოვნება და ბედნიერი განცდა მოაქვს ადამიანისთვის. რის გაკეთებაა აუცილებელი შუა ასაკში, განსაკუთრებით მასწავლებლებისთვის, რომლებმაც ტონუსი და განწყობა უნდა შეინარჩუნონ როგორც სკოლაში, ისე ოჯახურ გარემოში:

უნდა იკვებონ სწორად  – არ იგულისხმება საშინელ დიეტებზე ყოფნა, ეს უფრო ნერვულ გოგონათა აღტკინება და ხვედრია. მათ სურთ, რომ ორ დღეში ოცი კილოგრამი დაიკლონ, რათა პაემნებზე და სელფებში კარგად გამოიყურებოდნენ.

 

მასწავლებლის შემთხვევაში სწორად კვებაში იგულისხმება გემრიელი და მრავალფეროვანი კვება. მაგალითად, საუზმეზე – არომატული შვრიის ფაფა თხილით, ნიგვზით, ხილით, შავი ქლიავით ან სხვა რძიანი ფაფა ხილით, ბოსტნეულით. ის ორგანიზმს ვიტამინებით დაანაყრებს, „განაწყობს“ მუშაობისთვის, უსაჩუქრებს ენერგიას. ასევე, შვრიის ფაფა შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც პედაგოგებისთვის აუცილებელია ნერვული სისტემის გასამაგრებლად და დასამშვიდებლად.

 

მას ერთი ფინჯანი არომატული სასმელიც შეიძლება დავაყოლოთ. მკვლევრები ერთ კონკრეტულ აზრამდე ვერ მივიდნენ: რა სჯობს მივირთვათ – მწვანე ჩაი თუ შავი ჩაი ლიმონით? იქნებ ყავაც? ალბათ, მათ, ვისაც ფინჯანი ყავის გარეშე დილა ვერ წარმოუდგენია, არ უნდა უღალატონ თავიანთ ჩვევას, მაგრამ ბევრი ყავის მოხმარება, რა თქმა უნდა, არ ღირს.

 

სადილისთვის კარგია სალათი, უცხიმო ხორცის ნაჭერი, ბრინჯი ან წიწიბურა. ამ ასაკში ყველაზე სასარგებლო გარნირი ლობიო, პომიდორი, კომბოსტოს სხვადასხვა სახეობებია: თეთრი კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო. მავნებელია ცხიმიანი ხორცის ჭარბი მიღება, თევზი კი სწორედ ისაა, რაც ასე გვჭირდება.

 

სასურველია, საღამოს ექვს-შვიდ საათამდე ივახშმოთ, მაგრამ თუ არ გამოგდით, არც ესაა საშიში. მნიშვნელოვანია არა „როდის“, არამედ „რას“ მიირთმევთ. კარგი ვახშამია ხაჭო ან მოთუშული ბოსტნეული. ვახშმის დასრულება ჯობია ხილით და არა ჩაით. მთავარია, შეზღუდოთ ტკბილი და ცხიმიანი საკვების მიღება; მიიღეთ რძის პროდუქტი – ის კალციუმის წყაროა; არ დაგავიწყდეთ ხილი და ბოსტნეული; დალიეთ მეტი წყალი.

 

წყალი ცხოვრების წყაროა და ალბათ თქვენ ამის შესახებ უკვე გსმენიათ. ის დაგეხმარებათ იმ პროცესების გააქტიურებაში, რომლებიც ასაკის მატებასთან ერთად ნელდება. უმჯობესია, ჩვეულებრივი სუფთა წყლის მიღება. ჩაი, ყავა, რძე და გაზიანი სასმელები მისი დანამატია და ვერ ჩაენაცვლება;

 

უნდა ჰქონდეთ ლამაზი ნივთები – ალბათ ახლა მხრებს აიჩეჩთ, მაგრამ ფაქტია, რომ ასაკთან ერთად ადამიანი შარმს იძენს, პოულობს საკუთარ სტილს. პოპულარული ბრენდების ტანსაცმლის ჩაცმის, პრესტიჟული აქსესუარების გამოყენების, მოდურობისა და თანამედროვეობის სურვილს ცვლის საკუთარი იმიჯის მშვიდი გაცნობიერება. საკუთარი თავის დაფასებას სწავლობ ისეთად, როგორიც ხარ, საკუთარ ნაკლოვანებებსა და დადებით მხარეებს ადეკვატურად აღიქვამ. რაც ადამიანს გემოვნებიანად ხდის ეს არის თავის ბუნებრივად დაჭერა, ორგანულად ჩაცმა.

 

გირჩევდით, თავი აგერიდებინათ ჭრელი, ბრჭყვილა კაშნეებისგან, მოკლე კაბებისგან, დახეული ჯინსისა და ძალიან მაღალი ქუსლებისგან. ადამიანების უმრავლესობა 40-ის შემდეგ უპირატესობას მშვიდ ტონებსა და ფაქტურებს ანიჭებს. ტანსაცმელიც და კოსმეტიკაც უნდა იყოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის. იაფფასიანმა ტანსაცმელმა ან მაკიაჟმა შეიძლება კიდევ უფრო გამოააშკარაოს თქვენი ასაკი. ეს განსაკუთრებით ფეხსაცმელს ეხება. თუმცა, თუ სადად ჩაცმის სტილს ვერ ელევით, არც ესაა დიდი პრობლემა. მთავარია, მოიხდინოთ!

 

იარონ გამოფენებზე, მუზეუმებში, სპექტაკლებზე – აი, როგორც იქნა, მეტი დრო გაქვთ: ბავშვები საკმარისად მოზრდილები არიან, სამსახურში ყველაფერი მოგვარებულია. თქვენ მშვიდად ატარებთ გაკვეთილებს, გეხერხებათ კლასის მართვა, დისკებზე ინახავთ პრეზენტაციებს, საკონტროლო სამუშაოების ათობით ვარიანტს. სკოლას უკვე დიდი ხანია შეეჩვიეთ და შეგიძლიათ ისე გაანაწილოთ თქვენი დრო, რომ ყველაფერი ხარისხიანად აკეთოთ. დაესწარით სპექტაკლს, რომელზეც თქვენს საყვარელ პედაგოგიურ პორტალზე ლაპარაკობენ, წადით საინტერესო გამოფენაზე, მუზეუმში. მერე კი ამის შესახებ თქვენს მოსწავლეებს უამბეთ.

 

იმოგზაურონ – დიდი ხანია ოცნებობთ ყაზბეგში გამგზავრებაზე ან პარიზის მონახულებაზე? ახლა თქვენ გაქვთ დროც და ფულიც თქვენი ოცნების ასასრულებლად. თუ ფული არ არის, არაა საჭირო შორს გამგზავრება, პარიზი ცოტა ხნით მოიცდის. შეგიძლიათ ახლო მდებარე ქალაქს ესტუმროთ ან მეგობრებთან ერთად პიკნიკზე წახვიდეთ. მთავარია, ახალი შთაბეჭდილებები, რომლებიც ცხოვრების სიხარულით აგავსებენ.

 

იპოვონ ახალი ჰობი – თქვენ უკვე გაქვთ ჰობი, მაგრამ ახალი გატაცებაც არ შეგიშლით ხელს. ის აფერადებს ჩვენს ცხოვრებას, გვაიძულებს ახალი თვალით შევხედოთ სამყაროს, რომელსაც 40 წლის შემდეგ უკვე ჩვეულები ვართ. იქნებ ფერწერით ან ცეკვებით დაკავდეთ? ორიგამის კეთება ისწავლოთ? იყიდოთ ხარისხიანი ფოტოაპარატი? საქსოვი მანქანა? ტელესკოპი?

 

ივარჯიშონ – ეს 40 წელს  გადაცილებული ადამიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ორგანიზმში პროცესები შენელებას იწყებს. ამან რომ ნაადრევი სიბერემდე არ მიგვიყვანოთ, საჭიროა სისხლს უფრო სწრაფად მოძრაობა დავაძალოთ, ფილტვებს კი უფრო ღრმად სუნთქვა. თუ თქვენ აქამდე სპორტის მიმართ გულგრილი იყავით, მაშინ არ ღირს  ხასიათის გაფუჭება. უბრალოდ, სცადეთ ფეხით სიარული, ცურვა, ველოსიპედით სეირნობა ან იქნებ ცეკვამ გაგიტაცოთ? ესეც კარგი ხერხია რეგულარული ვარჯიშისთვის.

 

შეიტანონ ცხოვრებაში სიახლე – მაგალითად, გაიარეთ პროფესიული გადამზადების კურსი. თუ თქვენ ქიმიას ასწავლით, მაგრამ ყოველთვის მოგწონდათ ასტრონომია, ასტრონომიაც სიღრმისეულად შეისწავლეთ. რატომაც არა! მიიღეთ ამ საგნის სწავლების დიპლომი. იქნებ, თქვენ პედაგოგ-ფსიქოლოგის ან ლოგოპედის პროფესიის ათვისება გინდათ? ოცნებობთ ფრანგულის სწავლაზე? 40 წლის ასაკში ერთ-ერთი მთავარი მიღწევა თვითმყოფადობაა. იყავით ის, ვინც ხართ და არ მიაქციოთ ყურადღება სხვების აზრებს, მით უმეტეს, თუ მათ არ ენდობით. რაც მთავარია, დატკბით ცხოვრებით. ის მშვენიერია ნებისმიერ ასაკში.

 

არ შეინახონ მთელი ინფორმაცია გონებაში – კომპიუტერიც კი, როცა რამდენიმე დავალებას ერთდროულად ასრულებს, იჭედება, იტვირთება. ადამიანის მეხსიერებაც იმავე პრინციპით მუშაობს: თუ თავში რამდენიმე საქმე ერთდროულად გიტრიალებთ, შრომისუნარიანობა მცირდება, თვითონ ადამიანი კი ნერვიულობას იწყებს, რომ რამე არ დაავიწყდეს. ამიტომ, ყველაფერი, რაც გასაკეთებელი გაქვთ, ჩამოწერეთ ქაღალდზე ან სპეციალურ ბლოკნოტში. ასე თქვენ მთლიანად ათავისუფლებთ თქვენს გონებას და მას სხვა საქმეზე ფიქრის საშუალებას აძლევთ. ამასთანავე, ამით თქვენ მშვიდდებით, რომ არაფერი დაგავიწყდებათ და ყველაფერს თავის დროზე გააკეთებთ. ამიტომ, გაუკეთეთ ორგანიზება სპეციალურ ადგილს, სადაც ამ ჩანაწერებს შეინახავთ: ერთი საქაღალდე გრძელვადიანი მიზნებისთვის გამოყავით, მეორე – ოპრერატიული ამოცანების ჩასანიშნად.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...