კვირა, მაისი 11, 2025
11 მაისი, კვირა, 2025

საუკეთესო თემები შვილებსა და მოსწავლეებთან სასაუბროდ

0

ოზის სამეფო კარის ჟამთააღმწერელი – ფრენკ ბაუმის წიგნების შესახებ

თუ მკითხავთ, რომელია ჩემი საყვარელი საბავშვო წიგნი, პირველ ნომრად ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარს“ დავასახელებ. თუ დაინტერესდებით, რატომ, მარტივი პასუხით ვეღარ შემოვიფარგლები და შევეცდები, სათქმელი ერთ წერილში ჩავტიო. თქვენ კი მწვანე სათვალეები უნდა მოიმარჯვოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხს ვერ ამიწყობთ და ოზის დიდებულებასაც ვერ იხილავთ.

 

საბჭოური სიმახინჯეები

მწვანე სათვალისა რა გითხრათ, ვარდისფერის ტარებას კი გვაიძულებდნენ (სხვაგვარად საბჭოთა კავშირის დიდებულებას ვერ ვაღიარებდით) და არასწორ თარგმანებს, ინტერპრეტაციებს, პლაგიატსა თუ „ქავერ-ვერსიებს“ გვთავაზობდნენ. ასე შემოგვატყუეს ვინი პუხი ვინი ფუუჰის ნაცვლად, ელისს – ალისა, პიპის კი პეპი დაარქვეს. თუმცა სახელებს ვიღა დაგიდევდათ – სიუჟეტებსაც ცენზურის კარნახით ცვლიდნენ. არა მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილ ნაწარმოებებს –ანდერსენის და დიკენსის ზღაპრებსაც არ ინდობდნენ, „ოზის ჯადოქარი“ კი ალექსანდრ ვოლკოვს ისე მოსწონებია, თარგმნას საკუთარი ვერსიის შექმნა ამჯობინა. ასე მოხვდა ჩვენს სახლებში უცნაური წიგნი, რომლის ფურცლებზე ოზის ჯადოქარი ნახსენებიც არ იყო, დოროთი ელის ჩაენაცვლებინა, ფაიფურის ქვეყანა – გოლიათებისას და ა შ.

ინტერნეტში დღესაც გადაწყდებით რუსულ რევიუებს, რომლებშიც პირდაპირ „ვარდისფერი“ შრიფტით წერია, რომ რუსი მთარგმნელების ხელში უცხოური ზღაპრები კეთილშობილდება, გმირები უფრო მიზანდასახულები ხდებიან, მკითხველი უკეთ გაიაზრებს სიუჟეტს… პლაგიატი კი, ტრადიციისამებრ, უცხო სიტყვად რჩება.

ვერაფერს ვიტყვით – ფრენკ ბაუმის წიგნები ნამდვილი საოცრებაა, მათში პარალელური სამყაროების, განსხვავებული განზომილებების უზარმაზარი სისტემებია აგებული. მაგრამ ეს ყველაფერი ავტორმა იმისთვის შექმნა, რომ სწორედ პირველქმნილი სახით მიეწოდებინა მკითხველისთვის. ოკუპაციის მსხვერპლი თუ გახდებოდა, რას წარმოიდგენდა.

 

ოზის სამეფოს ჟამთააღმწერლის ტიტული

ბევრმა ცნობილმა მეზღაპრემ მოღვაწეობა მსგავსი სცენარით დაიწყო: ძილის წინ (ან დღისით, მზისით) საკუთარ შვილებს (ან სხვა ბავშვებს) ზღაპრებს უყვებოდნენ, გამოგონილი ამბები პატარებს ისე მოსწონდათ, მთხრობელს აიძულებდნენ, სიუჟეტი მანამდე გაეგრძელებინა, სანამ ზღაპარი წიგნად არ შეიკვრებოდა. ასე მოხდა ფრენკ ბაუმის შემთხვევაშიც: მამამ შვილებს უამბო პატარა ამერიკელი გოგონას შესახებ, რომელიც გრიგალმა ზღაპრულ სამყაროში გადაისროლა. „და რა ერქვა იმ სამყაროს?“ – იკითხა ქალიშვილმა. „ოზი“, – თავისდა უნებურად აღმოხდა მამას. რამდენიმე დღეში ბაუმმა ამბავი ფურცელზე გადაიტანა, თვალსა და ხელს შუა შემოლეული უბრალო ფანქარი კი რელიკვიასავით შეინახა.

წიგნი პატარა გოგონა დოროთის, საფრთხობელას, ტყეკაფიას, მხდალი ლომისა და უცნაური ჯადოქრის შესახებ ისეთი წარმატებული გამოდგა, მწერალს წერილებს სწერდნენ, სახლში აკითხავდნენ და სთხოვდნენ, ოზის ქვეყნის ამბები გააგრძელეო. თავიდან ბაუმი თაყვანისმცემლებს ეწინააღმდეგებოდა, საბოლოოდ კი დანებდა და თავის გამოგონილ ქვეყანაზე კიდევ ექვსი წიგნი გამოსცა, მაგრამ უკანასკნელ ტომზე მუშაობისას ისე დაიღალა, ოზის გარშემო მაღალი კედლი „აღმართა“ და შავით თეთრზე დაწერა, „ამიერიდან გარე სამყაროსთან ოზის კავშირი შეუძლებელი იქნებაო!“

ამ სავარაუდო წერტილის შემდეგ ბაუმმა ექსპერიმენტი ჩაატარა: ორი ახალი წიგნი შესთავაზა მკითხველს, მაგრამ ერთგულმა აუდიტორიამ ისინი არ მიიღო. ავტორი იძულებული გახდა, ოზის გარშემო აღმართულ კედელთან ახალი გმირები დაესახლებინა და ოზელებთან სატელეგრაფო კავშირი დაემყარებინა.

ოზის სამეფო კარის მწერლობა ბაუმისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. ყოველ შობას ის ახალ წიგნს სჩუქნიდა ამერიკელ ბავშვებს და, ამრიგად, ოზის შესახებ სულ თოთხმეტი წიგნი დაწერა.

 

ზღაპრული სიტუაცია

ქართულად მხოლოდ „ოზის ჯადოქარი“ გახლავთ ნათარგმნი – წიგნი, რომლის მთავარი გმირი, ობოლი დოროთი, უფერულ, გადახრუკულ კანზასში დეიდასა და ბიძიასთან იზრდება. ერთ დღეს ქარბორბალა მათ სახლს ჰაერში აიტაცებს და თან გაიყოლებს გოგონას ერთგულ ძაღლ ტოტოსთან ერთად. ისინი ღეჭიების ქვეყანაში აღმოჩნდებიან. დაფრენისას სახლი ბოროტ ჯადოქარს დაეცემა და სულს გააფრთხობინებს. გახარებული ღეჭიები თავიანთ მხსნელს შეიყვარებენ, ჩრდილოეთის ჯადოქარი კი დოროთის ვერცხლისფერ ქოშებს აჩუქებს, რომელთა საოცარი ძალის შესახებ არაფერია ცნობილი. დოროთის უკან დაბრუნება სურს, მაგრამ კანზასზე ღეჭიებს არაფერი გაუგონიათ, ამიტომ ურჩევენ, წითელი აგურით მოკირწყლულ გზას გაჰყვეს და ყოვლისმცოდნე ოზის ჯადოქართან მივიდეს.

კლასიკური მონაცემებია: ჩადენილია გმირობა, გმირი, თაყვანისმცემლები, ჯადოსნური ნივთები და, რაც მთავარია, გზა! სწორედ გზაზე წარმოშობილი დაბრკოლებების გადალახვა, გზაზე შეხვედრები, გზაზე შეძენილი თანამგზავრები და მეგობრები აგებენ ტრადიციულ ზღაპარს. დოროთიმ „ალაგ ბნელი, ალაგ საშიში“ გზა უნდა გაიაროს, მაგრამ ბავშვებს ხომ არაფერი აფრთხობთ, ამიტომაც განაცხადებს დოროთი რიხიანად: „წამო, ტოტო, ჩავიდეთ ზურმუხტ-ქალაქში და ვკითხოთ ოზის ჯადოაქარს, როგორ დავბრუნდეთ კანზასში“ (ვითომც აქ არაფერიაო)!

 

საუკეთესო თემები შვილებსა და მოსწავლეებთან სასაუბროდ

როგორც ჩანს, შვილებისთვის ზღაპარს რომ იგონებდა, ბაუმმა გართობას აღმზრდელობითი სამუშაოც შეუთავსა და არაერთი პრობლემის მოგვარებას, მტკივნეული საკითხების გამომზეურებას შეეცადა. ამიტომაც არის მისი წიგნები ბავშვებსა და მოზარდებთან სასაუბროდ საუკეთესო თემებით გაჯერებული. და თუ ისევ ჩამეკითხებით, მაინც რა თემებიაო, შევეცდები, ერთ პატარა თავში ჩავტიო სათქმელი.

უპირველეს ყოვლისა, „ოზის ჯადოქარი“ – ეს არის ფერადოვანი ამბავი, რომელიც მკითხველს აჯერებს, რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევს, საკუთარი თავის რწმენა თუ ექნება.

გარდა ამისა, გვაფრთხილებს, რომ მცდარ შეხედულებებზე აგებული ქვეყნის ძლიერება მყიფეა. როცა მკვიდრ მოსახლეობას თუ სტუმრებს აიძულებენ, მწვანე სათვალით იარონ და ამ ხერხით სიმართლე დაფარონ, მოქმედებაა საჭირო, მორჩილად კი არ უნდა დაელოდო, როდის გაგიხსნიან სპეციალურ საკეტს კეფაზე…

მიზნისკენ მიმავალ გზაზე გარშემო მყოფები არ უნდა დაივიწყო. ამიტომ დოროთი ათავისუფლებს საფრთხობელას, ამხნევებს მხდალ ლომს, დაზეთავს ტყისმჭრელს. თითოეულ თანამგზავრს სანუკვარი ოცნება აღმოაჩნდება: სფრთხობელას – ჭკუა, რკინის კაცს – გული, ლომს კი სიმამაცე სურს. ნეტავ რით განსხვავდებიან ეს არსებები ერთმანეთისგან? აფასებენ იმას, რაც აქვთ თუ მხოლოდ სურვილით არიან შეპყრობილები?

ტყეკაფია სიფრთხილით გამოირჩევა: ვისაც გული გაქვთ, გულისყურს მიჰყვებით და შეცდომები არ მოგდით, მე კი უგულო ვარ და სიფრთხილე მმართებსო. ლომს ჰგონია, გული თუ არ ექნება, ვეღარც სიმხდალეს გამოიჩენს, ჭკუა კი სულ არ ადარდებს, ჭკუა მაინც უხილავიაო, – არწმუნებს საფრთხობელას.

მწვანე სათვალით თუ მათ გარეშე დასანახად ბაუმი ფერებს არ იშურებს. ხატავს და აფერადებს, იგონებს და გვარწმუნებს, შეპარვით გვარიგებს და ფრთხილად გვიყვავებს.

ოთხი მგზავრი მალე თქვენს კარზე ზარს დარეკავს. მათ მისაღებად მზად თუ ხართ, გადაშალეთ და წაიკითხეთ ფრენკ ბაუმის არაჩვეულებრივი საშობაო საჩუქრი.

სევდიანი  საშობაო ამბავი

0

ნებისმიერ რელიგიურ დღესასწაულს, გამორჩევით კი, შობას საოცარი ნათელი შემოაქვს ადამიანთა გულებში. ქრისტეს დაბადების სიხარულს თითქოს ვერანაირი ჩრდილი ვერ ადგება, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ბეთლემში დაბადებულ ყრმას სიცოცხლის სიხარული და ჯვარცმის ტკივილი თანაბრად ელის. შობის მადლით თვალახელილებს, ნათლის გზით რომ უნდა ევლოთ, ძველებურად აერევათ გზები და ბილიკები, ბრმათა წინამძღოლობით დაბრმავებულნი განწირული შეძახილებით –  „ჯვარს აცვი ეგე“  –  ისევ ჩამოიბნელებენ სულებს. იქნებ ამიტომაც არის, რომ ხანდახან საშობაო მოთხრობებში სიხარულის ნაცვლად ტანჯვა მოჟონავს, თანაც ისეთი, მთლიანად რომ გაგყინავს და გაგაცამტვერებს. ამჯერად თეოდორ დოსტოევსკის „საშობაო მოთხრობა“ გავიხსენოთ. მწერალი თავიდანვე შეამზადებს მკითხველს რაღაც სასტიკის მოსასმენად, ამიტომ თითქოს ინდობს  და აჯერებს, ამბავი გამოვიგონეო, თუმცა მეჩვენება, რომ ეს სადღაც უკვე მოხდა სწორედ შობის წინა დღეს რომელიღაც უზარმაზარ ქალაქსა და საშინელ ყინვაშიო.

მწერალი  ხატავს ნესტიან, ცივსა და  ბნელ სარდაფში შეფარებულ ავადმყოფ ქალსა და ექვსიოდე წლის ბიჭუნას. მკითხველი ხედავს მოკანკალე ბავშვს, პირიდან თეთრ ორთქლად ნაქცევ გაძნელებულ სუნთქვას, სარდაფის კუთხეში ოთხმოცი წლის მიტოვებული დედაბერს. ყოველივეს უსაშველობის ნიშანი ატყვია. ბიჭუნა ვერ ხვდება, რომ კედელივით ცივი დედა, მის დაძახილს რომ არ უპასუხებს, უკვე მიცვალებულია. ბიჭი სარდაფიდან ამოდის და გაჩახჩახებული ქალაქის სინათლეს შეერევა, მაგრამ ეს სინათლე ცარიელი, უცხო და  ცივია. შიმშილი ფართო ქუჩისკენ მიერეკება, მაგრამ მისი გზა არასაითკენ არ მიდის. მოულოდნელად უზარმაზარი მინის წინ აღმოჩნდება, რომლის მიღმა ჭერსმიწვდენილი მორთულ-მოკაზმული ნაძვის ხე ბრჭყვიალებს. სრული კონტრასტია ჩვეული ბნელეთის სამყაროსთან, გაყინულ ფსკერთან, საიდანაც მან ამოყვინთა. ბიჭუნა ხედავს მხიარულ თანატოლებს, რომლებიც მღერიან, ცეკვავენ, ჭამენ და სვამენ. ბიჭს ხელ-ფეხი ეყინება და გარბის, თუმცა აკვარიუმის კედლებივით ყველგან ფანჯრებსა და მინებს აწყდება, საიდანაც ბედნიერი ადამიანები მოჩანან. არავის სჭირდება იგი, ამიტომაც მუჯლუგუნებით იშორებენ, როგორც კეთროვანს. მწერალი ხატავს, როგორ იყუჟება ბიჭუნა ერთ ეზოში შეშის უკან, რათა იმ ბოროტ ადამიანებს დაემალოს, რომლებიც უმიზეზოდ დევნიან. მკითხველი გრძნობს, რომ ბიჭუნა ბეთლემში დაბადებული ქრისტეა, მღვიმიდან სამყაროს შესამეცნებლად გამოსული, მისი გადარჩენა მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, რომელიც არსადააა. სიყვარული, უანგარო და მხსნელი. ჩაძინებულ ბიჭუნას დედის ტკბილი სიმღერა ჩაესმის. შემდეგ კი ვიღაც უცხოს  ნაძვის ხესთან მიჰყავს და ბიჭი  ბრწყინვალე ადგილას ხვდება, სადაც უამრავი ნაძვის ხე და სათამაშოა. ყველა ბედნიერია, თანატოლები კოცნიან, ეალერსებიან, დედაც აქვეა. დედა, როგორც ღვთისმშობლის მარადიული მფარველობის სიმბოლო,  უკვდავი ღიმილით ამშვიდებს და აიმედებს. „ეს ქრისტეს ნაძვის ხეა“, – ეუბნებიან ისინი. „ქრისტეს ამ დღეს ყოველთვის აქვს ნაძვის ხე პატარა ბავშვებისთვის, რომლებსაც თავიანთი ნაძვის ხე არ აქვთ… – და შეიტყო მან, რომ ეს ბიჭუნები და გოგონები მისნაირი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ზოგი ჯერ კიდევ თავის კალათაში გაიყინა, როდესაც  პეტერბურგელ ჩინოვნიკებს მიუგდეს კარებთან, სხვები ძიძებს ჩააკვდნენ ხელში, უპატრონო ბავშვთა თავშესაფრებში, ზოგს მესამე კლასის ვაგონებში სიმყრალისგან შეეხუთა სული, და ახლა ყველანი აქ არიან, ანგელოზებივით, ყველანი ქრისტესთან, და ისიც მათ შორისაა, მათკენ იწვდის ხელებს, ლოცავს მათ და მათ ცოდვილ დედებს… ამ ბავშვების დედები კი იქვე დგანან, გვერდით, და ტირიან; ყველა ცნობს თავის ბიჭსა და გოგონას, ისინი კი მათთან მიფრინავენ და კოცნიან, თავიანთი პატარა ხელებით წმენდენ ცრემლებს და ევედრებიან, არ იტირონ, რადგან ისინი აქ ძალზე კარგად გრძნობენ თავს…“.

მკითხველი ხედავს ამ სამოთხეს და ნაღველს სიხარულის წვეთები ერევა, თუმცა მწერალი არ ინდობს მას, კარგად იცის, რომ ის ერთ-ერთი მათგანია, რომელიც მომავალში „გასცემს“ თავის შემწესა და მწყალობელს. თანაც, გასცემს მრავალგზის, თავის გულში აცვამს მას, ვინც მის სახსნელად მოევლინა. მწერალს ეიმედება, იქნებ ამბის  ამ დასასრულმა გაალღოს ყინული: „ქვემოთ კი, დილით, მეეზოვეებმა შეშის უკან გაყინული ბიჭუნას გვამი იპოვეს, მოძებნეს დედამისიც… იგი მასზე ადრე მოკვდა; ისინი ცაში უფალთან შეხვდნენ ერთმანეთს“.

მოთხრობა მწერლის მკითხველთან დიალოგით მთავრდება: „და მაინც, რატომ შევთხზე ასეთი ისტორია, რომელიც არ ესადაგება ჩვეულებრივ გონივრულ დღიურს, და თანაც მწერლისას? არადა, ნამდვილ მოვლენებზე ვაპირებდი მოთხრობების შექმნას! მაგრამ სწორედ ისაა საქმე, გამუდმებით მეჩვენება და მეზმანება, რომ მართლა შეიძლებოდა ეს მომხდარიყო, ანუ ის, რაც სარდაფში და შუშის მიღმა მოხდა, ხოლო იქ ქრისტეს ნაძვის ხის შესახებ – არც ვიცი, როგორ გითხრათ, შეიძლებოდა მომხდარიყო თუ არა?“ ამ კითხვას მკითხველმა უნდა უპასუხოს: დიდმაც და პატარამაც. ეს პასუხი განსაზღვრავს იმ არჩევანსაც, გადარჩება თუ არა რომელიმეს გულში ამ შობას კიდევ ერთხელ დაბადებული ცისკრისთვალებიანი ბიჭუნა, თუ კვლავაც გაიწირება ამქვეყნიური ჯოჯოხეთისაგან.

ნიკო ლორთქიფანიძე დაწერს თავის „საშობაო მინიატურებში“: „იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნის წინათ ცამოჭედილ ღამეს დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემმსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი…

აქ კი… დღეს…“.

სევდიანი იქნება ჩვენი შეხმიანებაც: იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ოცი საუკუნის წინათ… აქ კი… დღეს…

 

ფიფქი

0

დარიანი ზამთარი გვიდგას წელს. წინათ უფრო დიდ ყინვებს იჭერდა, თოვლსაც ჩამოყრიდა ხოლმე და თეთრ სუდარაში ახვევდა გათოშილ მინდორ-ველს. სიცივის მოყვარული არავინ მეგულება, მაგრამ თოვლი ყინვის გარეშე, აბა, სად გაგონილა. ჰოდა, ჩვენც დიდსულოვნად ვპატიობთ ზამთარს ხელ-ფეხის დაზრობას.

მოვიდა ახალი წელი. მოვიდა უთოვლოდ და უხალისოდ. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში, ერთ წელიწადს, თოვლს დანატრებულებს, 31 დეკემბრის ღამეს გაგვითოვდა და თოვლი უფრო მეტად გაგვიხარდა, ვიდრე ახალი წლის შემობიჯება. უთოვლოდ ზამთარს, მით უფრო – ახალ წელს, აბა, რა ფასი აქვს. ასე ვიწამეთ ოდესღაც და მას შემდეგ თაობიდან თაობას გადავცემთ ამ რწმენას. ბერიკაცსაც, ახალი წლის მოლოცვა რომ დავაკისრეთ, თეთრი ნაბადი მოვახურეთ და თოვლის პაპა დავარქვით. მისი უცხოელი კოლეგა სანტა კლაუსიც მარხილით დაბრძანდება. და მერე რა, რომ ამ დროს დედამიწის ერთ მესამედზე პაპანაქება ზაფხულია და მეორე მესამედმა საერთოდ არ იცის, რა არის თოვლი.

მართლაცდა, რა არის თოვლი? ერთმანეთს შეყინული წყლის კრისტალები, თეთრ მასად რომ ეფინება დედამიწას? ეს მეტისმეტად მარტივი და ზედაპირული პასუხია. თოვლი არც ისეთი ერთფეროვანია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. ფიფქის ფორმირებას, მის თვისებებს და როლს სამყაროში არაერთი მეცნიერი იკვლევს.

ჩვენს თავს ზემოთ რამდენიმე კილომეტრზე ლაღად მონარნარე ღრუბელს და ნისლს როცა შესცივდება, წყლის მოლეკულები შემცივნებულ ბეღურებს ემსგავსებიან და ერთმანეთს ეკვრიან. თუმცა ერთმანეთთან ჩახუტება მათ ფრთებს ჰკვეთს და ისინიც მიწისკენ ეშვებიან. გზად თანამოძმეებს ხვდებიან, რომლებიც, თითქოს მათ შეჩერებას ცდილობენო, ყოველი მხრიდან ეჭიდებიან. მოყვასისთვის თავგანწირვა ყოველთვის ვერ ამართლებს. თუ ვერ შეაკავეს, თავადაც შეშდებიან და მათთან ერთად იწყებენ თავდაღმა სვლას. კოლორადოს ატმოსფეროს კვლევის ინსტიტუტის თანამშრომელს, ბატონ ჩარლზ ნაითს თუ ვენდობით, ერთი ჩამოვარდნილი ფიფქი 10,000,000,000,000,000,000 თავგანწირულ წყლის მოლეკულას აერთიანებს.

ფიფქის დაბადებაში კიდევ ერთი რამაა საინტერესო: მოლეკულათა მკაცრი ორგანიზებულობა. წყლის კრისტალს ექვსწახნაგა ფორმა აქვს. მასში ყოველი ახალი მოლეკულის ჩართვა რომელიმე წახნაგის გასწვრივ ხდება. შედეგად კი იმას ვიღებთ, რომ დედამიწაზე ჩამოვარდნილი არც ერთი ფიფქი მეორეს არ ჰგავს!.. დაუჯერებელია, ხომ? მაგრამ, კანადელი მეცნიერის დევიდ ფილიპსის გამოთვლით, ერთ სეზონზე დედამიწაზე 10 ოცდათოთხმეტი ნულით თოვლის ფიფქი ვარდება. ძნელია დაშვება, რომ ამდენ ფიფქს შორის არც ერთს არ ჰყავს ტყუპისცალი, მაგრამ ვინ დაადგენს ამას? ჩვენ რომ მხოლოდ ერთი მილიონი ფიფქის სურათი გვქონდეს და წამში ორი მათგანის შედარება მოვახერხოთ, ასიათასობით წელი დაგვჭირდებოდა ამოცანის შესასრულებლად.

მაინც რა განაპირობებს ფიფქების განსხვავებულობას? ერთი შეხედვით ხომ კრისტალის წარმოქმნა და მისი ზრდა მკაცრ წესს ექვემდებარება. ერთმნიშვნელოვანი და საბოლოო პასუხი ჯერჯერობით არავის გაუცია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ ფიფქების ინდივიდუალურობის მიზეზი ის გარემოა, რომელშიც კრისტალის ჩანასახი იზრდება. ქიმიური ტერმინოლოგიის მოშველიებით კი ასე ჟღერს: განსაზღვრულ ტემპერატურასა და ტენიანობაზე კრისტალი ერთი კონკრეტული მიმართულებით იზრდება. ფიფქის ვარდნის გამო კი ორივე მათგანი იცვლება. შესაბამისად, ვიღებთ განსხვავებულ თოვლის ფიფქებს.

როგორც ჩანს, გარემოს ზემოქმედების ფაქტორი საყოველთაოა ამ სამყაროში. ამიტომაც აბსოლუტურად ერთმანეთს არასოდეს ჰგვანან არათუ მოსწავლეები კლასში, არამედ დედმამიშვილები და ტყუპისცალებიც კი.

 

 

ლეონინა შეველიძე – უხუცესი მასწავლებელი

0

98 წლის ლეონინა შველიძე  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ცხოვრობს. სოფლის უხუცეს  და  პატივსაცემ ადამიანზე  მარი სამხარაძემ პირველად ერთ-ერთ ტრენინგზე გვიამბო, შროშის სკოლის გეოგრაფიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა. ლეონინა მასწავლებელი და მარი მეგობრობენ, ახალგაზრდა კოლეგა საგარეო საქმეებს უგვარებს ყოფილ მასწავლებელს, მასწავლებელი კი მას  ხანგრძლივი ცხოვრებით მიღებულ ცოდნა-გამოცდილებას უზიარებს.

  • მირჩევს, მარიგებს როგორ მოვიქცე, მთავარი და მეორეხარისხოვანი თავისებურად აქვს დახარისხებული. თვალს ადევნებს ტელევიზორს, კითხულობს, აინტერესებს ახალი ამბები. ხან ისეთ განსხვავებულ რამეს მეტყვის, მიკვირს. მე უფრო ტრადიციების მიმდევარი ვარ, ის კი ახლებურად აზროვნებს, – გვეუბნება მარი.

თითქმის საუკუნე – ბევრია თუ ცოტა? არც ბევრი და არც ცოტა, სწორედ იმდენია, რამდენიც ცხოვრებამ უბოძა.

  • ჩემს პატარაობაში დედაჩემს ,,ისპანკა“ შეჰყრია. ავადმყოფის მოვლით, ბავშვების პატრონობითა და საოჯახო საქმით გადაქანცული ბებია ხშირად ,,შენ არ გაიზარდეო“, მომაძახებდა, მაგრამ ეტყობა, უფალი პირიქით ისმენდა მის ნათქვამს, ან ბებო გულში მლოცავდა და ხედავთ, რამდენ ხანს ვცოცხლობ? ასე არ უნდა ბერდებოდეს ადამიანი, – ჰყვება ქალბატონი ლეონინა.

თუ არ ჩავთვლით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის წლებს, მისი თითქმის საუკუნოვანი ცხოვრება (დაიბადა 1919 წლის 14 აპრილს) სოფელ შროშას უკავშირდება.

  • ხუთი დედმამიშვილი ვიყავით, მაშინ შროშაში მხოლოდ შვიდწლიანი სკოლა იყო. ჯერ აქ ვსწავლობდი, მერე სკოლა ხარაგაულის სკოლა დავამთავრე. სწავლა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელე. 1940 წლიდან მოვედი შროშის სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად, შემდეგ სასწავლო ნაწილის გამგედ დავინიშნე. ბევრმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში. ოჯახი არ მყავს, მყავს დისშვილები და შვილიშვილები. 1995 წელს სკოლიდან წამოსვლა გადავწყვიტე.

მარი მეტს გვიამბობს ლეონინა შველიძეზე:

  • სოფელში ახლაც ყველა ლეონინა მასწავლებელს ეძახის, ის ბავშვებიც კი, რომლებისთვისაც არ უსწავლებია. ყველას მოწიწება და პატივისცემა აქვს მის მიმართ. ასე იყო სკოლაშიც – თუ მოსწავლე რაიმეს დააშავებდა, ხმას არ აუმაღლებდა, ,,შეგარცხვინოს ღმერთმა“ – ეს იყო ყველაზე მკაცრი გამოთქმა და სასჯელი მისგან, რასაც ყველა თავს არიდებდა. საერთოდაც მასთან ჭკუის საკითხავად მიდიოდნენ თანასოფლელები, ყველას არიგებდა, ხელს უმართავდა. ამიტომ სოფლისთვის დღესაც ძვირფასი ადამიანია. თუ მას რაიმე დასჭირდა,  დახმარებაზე არავინ იხევს უკან. დისშვილები და შვილიშვილები ჩამოდიან თბილისიდან. თუ არ ჩამოვლენ, ჩვენ ხომ აქ ვართ…  ზედმეტად არავის აწუხებს, თავისთვის ფუსფუსებს. გარე საქმეებში მე ვცდილობ დახმარებას.  ამაგიანია და ეს ბევრს ახსოვს. მასწავლებლის დღეს, დაბადების დღეს, სხვადასხვა დღესასწაულებზე ახლანდელი  სკოლის დირექტორი და მოსწავლეები სტუმრობენ. თავადაც უყვარს სტუმრები. როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, სქელი რვეულები გამომიტანა, გამოგადგებაო. გადავშალე, ჩაწიკწიკებული იყო გეოგრაფიის გაკვეთილების გეგმები.  დღესაც ვინახავ ამ რვეულებს. სკოლის ამბებს  მეკითხება, როცა მივალ, ამ თემებზე უნდა ვისაუბროთ, ყველაფერი აინტერესებს. ყოველი სასწავლო წლის დაწყებისთვის სკოლისთვის მისალოც ბარათს საგანგებოდ წერს და მატანს. არ მახსოვს სხვანაირად მომხდარიყოს. მისი ფიქრი, ძირითადად, სკოლას დასტრიალებს. კარგი იქნება, ასეთ ადამიანს მეტი ყურადღება და პატივისცემა ჰქონდეს. განა, რამდენია მისთანა? 

98-ე ახალი წელსა და შობას ლეონინა შველიძე დისშვილიშვილთან ერთად შეხვდა და სოფელ-ქვეყანასა და ახლობლებს სიკეთე და გაძლიერება კიდევ ერთხელ უსურვა.

ჟურნალი „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“

0

საბავშვო ლიტერატურა ბევრია, საბავშვო ლიტერატურული ჟურნალი – ცოტა. ამ ცოტას კი სულ ახლახან ერთი კარგი და მრავალფეროვანი, ბევრის მომცველი და ბევრი რამის გამო მნიშვნელოვანი ელექტრონული ჟურნალი დაემატა – სახელად „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურა“. სათაურშივე გაცხადდა – ჟურნალის რედკოლეგია თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე და მოვლენებზე აკეთებს აქცენტს. მისი ფიქრის და ხედვის ფოკუსში, ბავშვების ენაზე რომ ვთქვათ, სწორედ „ცხელ–ცხელი და ახალ–ახალი“ საბავშვო ლიტერატურული ამბები მოექცევა.

ამბები კი მართლაც ბევრი იქნება, რადგან ჩვენ საქართველოში ძალიან მაგარი საბავშვო მწერლებიც გვყავს და გადასარევი საბავშვო ლიტერატურაც იქმნება. 2017 წლის მიწურულს ლიტერატურულმა საზოგადოებამ ერთი დიდი სიახლეც იზეიმა – კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ეგიდით დაარსდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია საბავშვო  ლიტერატურაში. პირველი ლაურეატებიც დასახელდნენ და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა, პრემიის და, რაც მთავარია – საბავშვო ლიტერატურული პროცესების განვითარების საქმეში.

ჟურნალი „თანამედროვე საბავშვო ლიტერატურაც“  ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი დინამიკის ნაწილად უნდა მივიჩნიოთ. ჟურნალის მთავარი რედაქტორი, მწერალი ირმა მალაციძე ჩვენთან საუბარში ახლადგამოცემული ჟურნალის წინა ისტორიას იხსენებს:

ი.მ.: ჟურნალის იდეა არახალია. რამდენიმე წლის წინ საბავშვო ლიტერატურის განვითარების ფონდი უკვე გამოსცემდა „საბავშვო ლიტერატურის ალმანახს“, რომლის მხოლოდ სამი ნომერი გამოვიდა. ფონდი 2006 წელს ჩამოყალიბდა, ჩემი და ჩემი კოლეგის, მარიამ წიკლაურის თაოსნობით. არსებობის ათი წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შევძელით. უპირველეს ყოვლისა, ფონდის და კერძოდ, მარიამ წიკლაურის თაოსნობით დაწესდა ქართული საბავშვო წიგნის დღე (27 ოქტომბერი, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე). ეს თარიღი ყოველწლიურად უკვე ბევრ სკოლაში აღინიშნება. ფონდის შესახებაც გიამბობთ ორიოდ სიტყვით: უკანასკნელი წლების განმავლობაში ფონდი აქტიურად ახორციელებს პროექტებს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისათვის. კერძოდ, მომზადდა ვებგვერდი („ჩემი სამყარო“)  აუტიზმის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლებისათვის. გასულ წელს კი განხორციელდა პროექტი „ვიმღეროთ, რაღა ვილაპარაკოთ“, რომელიც გულისხმობდა განმავითარებელი სიმღერების ჩაწერას მეტყველების შეფერხების მქონე ბავშვებისათვის. ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა 8 ადაპტირებული საბავშვო წიგნი თანდართული აუდიოვერსიით. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები პედაგოგებთან და მშობლებთან აუტიზმის ცნობადობის დონის ამაღლების მიზნით. წელს იაკობ გოგებაშვილის პრემია სწორედ  ამ პროექტმა დაიმსახურა.

რაც შეეხება ალმანახს, რომელიც ფონდის ეგიდით გამოდიოდა – მაშინ ამ პროექტს სახალხო ბანკი აფინანსებდა. შემდეგ, დაფინანსების არარსებობის გამო ალმანახის გამოცემა შეწყდა. მოგეხსენებათ, ეს რა თანხებთანაა დაკავშირებული და ვერ შევძელით გაგრძელება. თუმცა ალმანახის ის სამი ნომერი იმდენად ინფორმაციული იყო, რომ ბევრი პედაგოგი დღემდე აქტიურად იყენებს მას. ამჯერად გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ახალი პერიოდული გამოცემა, რომელიც შინაარსობრივად თითქმის იგივეა, რაც „საბავშვო ლიტერატურის“ ალმანახი იყო, თუმცა ამჯერად აქცენტი უფრო თანამედროვე ავტორებსა და მათ შემოქმედებაზე კეთდება.

ჟურნალი მოიცავს საბავშვო ლიტერატურის ყველა სფეროს – მასში ქვეყნდება როგორც ლიტერატურული ნაწარმოებები (პროზა, პოეზია, დრამატურგია, თარგმანი, გამოცანები, შარადები და ა.შ), ასევე წერილები საბავშვო ლიტერატურაზე – რეცენზიები, კრიტიკა, შეხვედრები მწერლებთან, ილუსტრატორებთან, პედაგოგებთან, ახალი წიგნების მიმოხილვა. შუქდება საბავშვო ბიბლიოთეკებისა და იმ ადამიანების მუშაობა, რომლებიც სხვადასხვა ფორმით ემსახურებიან ერთ საქმეს – ბავშვებისა და მოზარდების წიგნიერების ამაღლებას.

ჟურნალის პირველი ნომერი ელექტრონული ფორმით გამოვიდა. ირმა მალაციძე  ამ ფაქტსაც განმარტავს:

ი.მ.: ჟურნალის ელექტრონულ ფორმატში გამოცემა რამდენიმე ფაქტორით იყო განპირობებული – პირველ რიგში, სასტამბო ხარჯების არარსებობით. მოგეხსენებათ, ჟურნალი საკმაოდ დიდი მოცულობისაა (გვერდების რაოდენობა 70-დან 80–მდე მერყეობს). მისი ბეჭდვა რთული იქნებოდა და შესაბამისად გაზრდიდა თვითღირებულებას. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის – პედაგოგებისთვის, მშობლებისათვის, ბავშვებისათვის.  ჩვენ ვცდილობთ, რომ ჟურნალში გამოქვეყნებული მასალები იყოს მაღალი ხარისხის ლიტერატურა; მკითხველს გავაცნოთ თანამედროვე ავტორები, მათი ნაწარმოებები; ყველა ნომერში დაიბეჭდოს საბავშვო პიესა ან სასკოლო ღონისძიების სცენარი, რომელიც ვიცით, რომ მოთხოვნადია. თემატურ ბლოკებში პედაგოგებს შეუძლიათ იხილონ კონკრეტული დღესასწაულის ან წელიწადის დროის მიხედვით შერჩეული ლექსები და მოთხრობები. მაგალითად, დეკემბრის და იანვრის ნომერი მთლიანად საახალწლო და ზამთრის თემატიკას ეძღვნება. საგაზაფხულო ნომერში შევთავაზებთ ნაწარმოებებს გაზაფხულზე, ყვავილებზე, დედაზე. ვფიქრობთ, რომ ეს გააიოლებს მათ შრომას და ხელთ ექნებათ მზა მასალა, საკლასო ღონისძიებების მომზადებისას.

მნიშვნელოვანი და მთავარი მაინც ისაა, რომ საზოგადოებამ გაიცნოს ის ავტორები, რომლებიც დღეს, სამწუხაროდ, არ ჩანან.  საგამომცემლო სფერო ნაკლებად წყალობს ქართველ ავტორებს. გამოცემულ საბავშვო წიგნებს შორის ალბათ 90 პროცენტი ნათარგმნი ლიტერატურაა. ეს მაშინ, როცა საქართველოში ბევრი კარგი საბავშვო მწერალი ცხოვრობს და მოღვაწეობს. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჟურნალის მეშვეობით ჩვენი მკითხველი ბევრ ახალ სახელს დაიხსომებს.

 

როგორ უნდა გამოიწეროს მკითხველმა ჟურნალი, ან რა პერიოდულობით შესთავაზებს მას სარედაქციო ჯგუფი? – ირმა მალაციძე ამ კითხვებსაც დაწვრილებით პასუხობს:

.მ.: ჟურნალი ყოველი თვის 25 რიცხვში ეგზავნება ხელმომწერებს.  დიდი სურვილი გვაქვს, რომ აქტიურად ვითანამშრომლოთ მკითხველთან, მივიღოთ მათგან რჩევები, სურვილები, შენიშვნები. ელექტრონული ფორმატი ამის შესაძლებლობასაც იძლევა. ხელმოწერის პროცესი მარტივია, საკმარისია დაგვიკავშირდნენ ელექტრონულ ფოსტაზე libo.fund@gmail.com ან დაგვიმეგობრდნენ ფეისბუქის გვერდზე, გამოთქვან ჟურნალის გამოწერის სურვილი.

ჟურნალის სარედაქციო ჯგუფი მკითხველს მომავალში კიდევ უფრო მეტ სიახლეს სთავაზობს. აქვე გაგიმხელთ ერთ მათგანს – შემდეგ ნომერში, იბეჭდება ერთ–ერთი პედაგოგის პიესა, რომელიც მისმა მოსწავლემ დაასურათა.  იგეგმება სახელობითი კონკურსები – ახალი ავტორების აღმოსაჩენად, ზოგადად, საბავშვო ლიტერატურის პოპულარიზაციისთვის…

და მაინც, შესაძლოა ციფრულმა ტექნოლოგიამ გაცილებით გააიოლოს მკითხველისა და ტექსტის ურთიერთობა, მაგრამ, მე და, ალბათ კიდევ უამრავი ადამიანი, მაინც ბეჭდური წიგნის და ჟურნალის ერთგული და გულშემატკივრად ვრჩებით. ჰოდა, ამაზეც ვკითხე ირმას, თუ იგეგმება სამომავლოდ ჟურნალის ბეჭდურ ფორმატად ქცევა. ცხადია, იგეგმება, თუმცა, მას შემდეგ, რაც დაფინანსების საკითხი მოგვარდება. მანამდე კი:

ი.მ.: ჟურნალზე ბევრი ჩემი კოლეგა მუშაობს. ისინი მეხმარებიან უანგაროდ. ავტორები გვიგზავნიან  ტექსტებს, ილუსტრატორები – ილუსტრაციებს. ყველა ერთ გუნდად ვმუშაობთ და ძალიან გვინდა, ფეხზე დავაყენოთ ეს გამოცემა. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ის  უკვე ბეჭდური სახით იარსებებს.

 

 

 

 

 

ფიქრები ბავშვებზე, მოზარდებსა და უფროსებზე (მეორე ნაწილი)

0

„ჩვენს ოჯახში – მიყვება ჩვიდმეტი წლის ბექა – მშობლები სულ გვაფრთხილებდნენ, რომ ჩხუბი, საქმის გარჩევა, უწმაწური სიტყვებით მიმართვა ძალიან ცუდი საქციელია. მაგრამ უბანში და სკოლაში, განსაკუთრებით მაღალ კლასებში, სულ აგრესიული გარემო იყო. მე თანდათან მისი გავლენის ქვეშ მოვექეცი, რადგან არ მინდოდა „სასტავიდან ამოვარდნილი გოიმი გამოვჩენილიყავი“. ხოდა მოგეხსენებათ, სადაც მოვხვდი და როგორც ამერია ცხოვრება“.

როდესაც ინდივიდი ხშირად იმყოფება აგრესიულ გარემოში, სადაც ადამიანები (მით უფრო  მოზარდები) ერთმანეთის მიმართ დაუფარავად მტრულად, არაკეთისაიმედოდ იქცევიან, სავარაუდოდ, თავადაც იმეორებენ ქცევის ასეთივე მოდელს. განსაკუთრებით სახიფათოა ეს გარემოება, როდესაც მოზარდები დაუფარავად ამჟღავნენებ აგრესიას. რატომ არ უნდა გააკეთოს მანაც იგივე? ამას „აკრძალვების მოხსნის ეფექტსაც ეძახიან, ანუ, როდესაც მოზარდი აღმოჩნდება აგრესიული ქცევების განმახორციელებელ გარემოში, სავარაუდოდ, თავადაც უფრო მარტივად იმეორებს იმავეს. აქვე მინდა კიდევ ერთ სახიფათო გარემოებაზე გავამახვილო ყურადღება. აგრესიული ქმედებების ხშირი ყურება, მოსმენა ბავშებზე ნეგატიურად აისახება იმ ასპექტშიც, რომ მოზარდი ფიქრობს: „თუ ასეთი ქცევა სხვებისათვის დასაშვებია, მე რატომ უნდა ვიყო გამონაკლისი?“

„აკრძლვების მოხსნის“ ეფექტი, სავარაუდოდ, აძლიერებს აგრესიული ქცევის განხორციელების რისკს იმ მოზარდების მხრიდან, რომლებიც მის გარემოცვაში აღმოჩნდებიან. უფრო მეტიც, ძალადობის სცენების მუდმივი ყურება ხელს უწყობს ემოციური მგრძნობელობის თანდათანობით მოდუნებას სხვისი ტკივილის მიმართ (Cline, Croft, Courrier 1973; Thomas, Horton, Lipincott, Drabman 1977; Rule, Ferguson 1986;). შედეგად, დამკვირვებელი იმდენად ეჩვევა ძალადობას და მისგან გამოწვეულ შედეგებს, რომ აღარ განიხილავს მას, როგორც ქცევის განსაკუთრებულ ფორმას და ამის შემდეგ ის აღარ ცდილობს, რომ თავი შეიკავოს მსგავს ქმედებებში მონაწილეობისაგან. აგრეთვე, აგრესიული ქმედებების ხშირ ყურებას შეუძლია შეცვალოს რეალობის ინდივიდუალური წარმოდგენა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოზარდები, რომლებიც ხშირად არიან აგრესიულ გარემოში უფრო მეტად ელიან აგრესიას სხვების მხრიდან, რადგან გარემოს აღიქვამენ, როგორც მათ მიმართ მტრულად განწყობილს. მსგავს დამახინჯებულ აღქმას ადვილად შეუძლია გაუცხოველოს მოზარდს საფრთხის განცდა. შედეგად, მისი მხრიდან აგრესიულად რეაგირების რისკი გაცილებით იზრდება.

 

ფსიქოლოგიაში არსებობს უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ აგრესიულ ქმედებასთან, ასე ვთქვათ, პირისპირ შეჯახების შედეგად მსხვერპლი თავადაც შესაძლებელია აგრესორი გახდეს. ოჯახში „ძალადობრივი ქცევის ციკლის“ შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მოძალადე მშობლების შვილები უფრო დიდი ალბათობით შესაძლებელია თავადაც გახდნენ მოძალადე მშობლები (Steinmetz 1977). ასევე არსებობს კვლევები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ის ბავშვები, რომლებიც მშობლების მხრიდან აგრესიული მოპყრობის მსხვერპლი იყვნენ, თავადაც ავლენენ მსგავს ქცევებს უკვე ზრდასრულობაში საკუთარი ოჯახის წევრების მიმართ. სხვადასხვა წლებში სხვადასხვა მკვლევარმა იკვლია, რომ ის პატარები, რომლებსაც უფროსები ცუდად ექცევიან, უფრო მეტად აგრესიული ხდებიან, როგორც თანატოლების, ასევე აღმზრდელების მიმართ  (George, Main 1979; Trickett, Kuczunynski 18986; Widom 1989).

თუ გულწრფელი ვიქნებით, ვფიქრობ, ადვილად გავიხსენებთ ისეთ ფაქტებს, როდესაც მივესალმებოდით ხოლმე აღზრდაში სიმკაცრეს, „ცელქი პატარას ცოტათი ტაკოზე წამორტყამას“; მოგვიანებით – დაყვირებას და სხვა უფრო მკაცრი ღონისძიებების გატარებას – რა თქმა უნდა, დანაშაულის შესაბამისად.

მკვლევარი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად (Zaidi, Mehm 1989), ის სტუდენტები, რომლებიც ოჯახში მძიმე ფიზიკური დისციპლინარული მეთოდებით იზრდებოდნენ, იწონებენ „პოტენციურად მკაცრ, დაუნდობელ დისციპლინარულ ღონისძიებებს“ აღზრდაში. ხოლო ისინი, რომლებიც ნაკლებად მკაცრად იზრდებოდნენ, არ მიესალმებიან გადაჭარბებულ აკრძალვებსა და დაუნდობლობას. კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო: ის მშობლები, რომლებიც ბავშვობაში ოჯახში ძალადობრივი მეთოდებით იზრდებოდნენ, ხშირ შემთხვევაში თავად ხდებოდნენ აგრესიული მშობლები საკუთარ შვილებთან მიმართებაში.

იგივე შეიძლება ითქვას სკოლაზე, სადაც ის ბავშვები, რომლებიც თანატოლების მხრიდან აგრესიის მსხვერპლი ხდებიან, შემდეგ, დიდი ალბათობით, თავადაც ამჟღავნებენ სხვების მიმართ აგრესიას.

აქვე მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ აგრესიის მსხვერპლი ყველა ბავშვი და მოზარდი მომავალში  აგრესორი არ ხდება.  

ახლა მინდა უფროსებსაც მოვუსმინოთ, კერძოდ, მასწავლებლებს.

ქალბატონი ნინო – მეცხრე კლასის მასწავლებელი:

„ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, აგრესიული ის ბავშვია, რომელიც ჩემს მოთხოვნებს არ ემორჩილება, უხეშობს, საგაკვეთილო პროცესს ან არ ესწრება, ან ხელს უშლის გაკვეთილის მიმდინარეობას. ასეთ ბავშვებს ხშირად თანატოლებთანაც დაძაბული ურთიერთობები აქვთ. ცდილობენ საკუთარი აზრი და შეხედულება თავზე მოახვიონ სხვებს. მოკლედ, დესტრუქციული არიან. არცერთ პედაგოგს არ უყვარს მათთან ურთიერთობა. ვფიქრობ, მსგავს მოზარდებს ოჯახში არ ასწავლეს ქცევის წესები. ისე, ცოდვა გამხელილი სჯობს, ხომ გაგიგონიათ – სკოლაც ცოდავს მათ წინაშე. მცირე ასაკიდან იმპულსურ და მოუსვენარ ბავშვებს სათანადოდ ვერ ვექცევით და შემდეგ მაღალ კლასებში უკვე აგრესიულ მოზარდებს ვიღებთ “.

ქალბატონი თინა – დაწყებითი საფეხურის ბავშვის მშობელი:

„ვფიქრობ, ჩვენი ბავშვები, რომლებიც სკოლაში დადიან დიდი საფრთხის ქვეშ არიან, რადგან არასდროს ხარ დაზღვეული, რომ ვინმე არაკვალიფიციურ მასწავლებელს არ გადაეყრები. ყველაზე არ ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი შვილის კლასში ერთი-ორი ისეთი პედაგოგია, რომ სრულებით ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს. მესმის, მასწავლებლობა ურთულესი პროფესიაა და ამიტომაც მე სხვა საქმიანობა ავირჩიე, მაგრამ რადგან მავანმა გადაწყვიტა მასწავლებელი გამხდარიყო, უნდა სცოდნოდა,  რა სირთულეებს გადაეყრებოდა საკუთარ პრაქტიკაში. ჩემი ირაკლი ნამდვილად ცელქი და მოუსვენარია, მაგრამ ძალიან ნიჭიერია და ამიტომ სახლში სულ ხელს ვუწყობდით, შეიძლება ითქვას, ვანებივრებდით. ამის გამო მისი კლასის დამრიგებელი მუდამ მსაყვედურობს, რომ ჩემი შვილი, ცდილობს ყურადღების ცენტრში იყოს და ამის მისაღწევად ხშირად აგრესიულ ხერხებს მიმართავს. თურმე ერთ-ერთ თანაკლასელს ჩანთა დაუმალა და დიდხანს აძებნინა. გაკვეთილი ფაქტობრივად ჩაიშალა და შემდეგ მთელი კლასი ამ შემთხვევას არჩევდა. მგონი, დამრიგებელი ცდილობს ჩემი შვილი დანარჩენ კლასს დაუპირისპიროს, რადგან სხვანაირად ვერაფერი გააწყო მასთან. მოკლედ, ეს მასწავლებლები სულ შეცდომებს უშვებენ და შემდეგ ცდილობენ ყველაფერი მშობლებს და ოჯახს გადააბრალონ“.

აგრესიას მხოლოდ ადამიანების ქცევები არ წარმოშობს. უამრავ შემთხვევაში მას ქმნის ან აძლიერებს გარემო ფაქტორები. ბავშვები და მოზარდები ზუსტად იმავე გარემოში იმყოფებიან, რომელშიც უფროსები, რომელთაც ხშირად უჭირთ გარემოსთან გამკლავება და ამდენად ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რა მძიმე ვითარებაში შეიძლება აღმოჩნდნენ არასრულწლოვანები.

მოდით, ახლა ერთად გავიხსენოთ ზოგიერთი რეკომენდაცია, რომელსაც ფსიქოლოგები მასწავლებლებსა და მშობლებს აძლევენ.

აგრესიის შედარებით უმნიშვნელო გამოხატულებების იგნორირება მისაღებია. ამ დროს უმჯობესია, საშუალება მისცეთ მოზარდს, გამოხატოს საკუთარი მოსაზრება. მოუსმინეთ მას და გადართეთ მისი ყურადღება რაიმე სხვა საკითხზე. მსგავსი მიდგომა ხშირ შემთხვევაში მასწავლებლებსა და უფროსებს თავიდან აარიდებს აგრესიის შემდგომ ესკალაციას.

შეეცადეთ, განმუხტოთ დაძაბული სიტუაცია, არ აუწიოთ ხმას, არ მოახდინოთ საკუთარ ძალაუფლებაზე ხაზგასმა: „ისე იქნება, როგორც მე ვიტყვი, მორჩა და გათავდა“; „აქ წესებს მე ვადგენ, რადგან უფროსი ვარ და შენზე უკეთ ვიცი, რა არის სწორი და რა არა“. დაუშვებელია: სარკაზმი, მკაცრი მოთხოვნები, ზეწოლა, მოსყიდვა, სხვა ბავშვების ქცევების ერთმანეთთან  შედარება.

უფროსებს შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ ბავშებსა და მოზარდებს (და არა მხოლოდ მათ) ძალიან უჭირთ საკუთარი შეცდომებისა და მარცხის აღიარება. მათთვის ძალიან მძიმე მოსასმენია უარყოფითი შეფასება, მით უფრო, თუ ამას მასწავლებელი მთელი კლასის გასაგონად აკეთებს. ბავშვებისათვის აუცილებელია საკუთარი თავის პატივისცემის შენარჩუნება. ამ ფაქტორისათვის ანგარიშის არგაწევით ხდება ბავშვის ან მოზარდის აგრესიული ქცევის პროვიცირება.

აჩვენეთ აღსაზრდელებს აგრესიული ქცევის ალტერნატიული ქცევა. მთავარია, უფროსებმა გულწრფელად დაანახონ ბავშვებსა და მოზარდებს საკუთარი ქცევების სიტყვებთან შესაბამისობა.

დაბოლოს, ნებისმიერი ორიგინალური ან უბრალოდ არასტანდარტული რეაქცია მოზარდის საქციელზე უფრო მეტად დაგვეხმარება კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვაში, ვიდრე რაიმე ტიპის მუქარა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Роберт Берон; Дебора Ричардсон – „Агрессия“;
  2. О. И. Истрафилова – „Организация работы педагога с агрессивными детьми и подростками“.

 

 

შტრუდელი შოშანასთვის

0

თბილისის ყოფილი მერის სახელობის დიეტაზეც ვყოფილვარ, რუსეთის საპრეზიდენტოზეც – ძეხვეულით რომაა დახუნძლული, „ტყვილი ბორშით“ დაკლებაც მიცდია და იმ ფრანგი მწვალებლის დიეტაც, თვითონ რომ ცხოვრებაში არ გამოუცდია კვების რეჟიმი და ჩვენ სულს გვხდის. მოკლედ, ათას დიეტაზე გადამხტარი კაცი ვარ. ბოლოს ერთს მივაგენი, როგორც იტყვიან ჩემსას, და მივდივარ ასე, ნება-ნება. თუმცა ეს წერილი სარეკლამო არ არის. ეს წერილი სხვა რამეა, გემოსა და მეხსიერების სხვა მწვერვალებს ეხება.

დიეტაზე ყოფნის დროს ჭკუიდან რომ არ გადადგეთ, ერთი სანდო და ნაცადი ხერხი არსებობს კულინარიული ილუზიის შესაქმნელად და სტომაქის ნაცვლად გონების გამოსაკვებად: უნდა ჩართოთ ფილმი, რომელშიც ყველაზე გემრიელად ჭამენ და წარმოიდგინოთ, რომ ის, რასაც იმ მომენტში მიირთმევთ, სწორედ ის კერძია, რომლითაც ეკრანზე იკოკლოზინებენ ყელს. ჩემთვის რამდენიმე ასეთი ილუზიონი არსებობს: „კარგი, ცუდი და ბოროტი“, როცა დამშეული ტუკო მთელ მათლაფას მოიდგამს და ღლურძნის; „კრიმინალური საკითხავი“, სადაც სემუელ ლ. ჯექსონის პერსონაჟი „ბიგ კაჰუნას“ ბურგერს ილუკმება და ზედ სპრაიტს აყოლებს საყლაპავის ჩასაწმენდად; „ჯული და ჯულია“, მერილ სტრიპი რომ კარაქში ჩაჟიპჟიპებულ თევზს მიირთმევს და, რა თქმა უნდა, „უსახელო ნაბიჭვრები“, სადაც ჰანს ლანდა შოშანა დრეიფუსს სახელგანთქმულ შტრუდელს გაასინჯებს ერთ პარიზულ კაფეში.

თუმცა ამ ისტორიის მთელი ვიტამინები სხვაგანაა.

სინამდვილეში ეს პარიზული კაფე სულაც არ არის პარიზული კაფე – ბერლინურია და „აინშტაინი“ ჰქვია. კვენტინ ტარანტინომ სწორედ აქ გადაიღო საკულტო ეპიზოდი. გებელსი რაღაცებს ტლიკინებს, აქეთ საყვარელთან აქიცინებს კუდს, იქით ახალგაზრდა, პერსპექტიულ სნაიპერს უსვამს თავზე ხელს, რა მაგარი ბიჭი ხარ, გერმანიის სიამაყე, ეს რამდენი კაცი დაგიხოცავსო. შოშანა კიდე ამ გველების ბუდეში ეკლებზე ზის და რას არ გაიღებდა, ეს სამნი კუპრში რომ ჩამხრჩვალიყვნენ იქვე. გავიხედოთ და ჰანს ლანდა შემოდის, ჩათლახობის ერთი, დიდი აბეზარი და ჭკუაბოროტი კაცი, აი, ის, შოშანას ოჯახი რო ამოუჟლიტა და ობლად დაარჩინა. ისე მოხდება, რომ ლანდა და შოშანა აქ მარტოკები დარჩებიან რაღაც ამბების გასარჩევად და შტრუდელს შესჭამენ. მაიცა, მაიცაო, ლანდა ეტყვის, ნაღებს დაელოდე, რამ გაგახელა ეს პატარა გოგოო. დიდად ეპიკური ეპიზოდია. შავი ყავა და რძე ერთვის. რას გიყვებით, ნანახი გექნებათ.

მე და ნინია დავირაზმეთ და კაფე „აინშტაინში“ წავედით. ისეთ ადგილზეა, ტურისტს შემთხვევით არ აუცდება ფეხი. მეტროდან ამოსულმა, ერთი კილომეტრი ფეხით უნდა მოლიო და კაფესაც მიადგები. კაფე რა, ჩათვალე, სახლია – ეზოში შეხვალ, პატარა კიბეს აირბენ და ეგაა. კარს აღებ და რას ხედავ… ხედავ, რამხელა ძალა აქვს კინოს და იმ გაუსაძლისად ნიჭიერ კაცს, არაფრისგან რომ ყველაფრის შექმნა შეუძლია.

იქაურობა არ შეუცვლიათ – დგახარ და კადრებად გახსენდება ყველაფერი. გარემო იმდენად ნამდვილია, რომ ფიქრობ, ნეტაი ვინმე ქორვაჭარმა ზუსტი ასლი ხომ არ გააკეთა, მერე ერთი-ორ საჭირო კაცს ფული შეაძლია და დააწერინა, ტარანტინომ აქა და აქ გადაიღო ეგ სცენაო.

– დავაზუსტოთ, – ვუთხარი ნინიას.

– ეგაა, დათო, ეგ. ნახე, ზუსტად ეგაა.

მაინც გადავამოწმე, მაგრამ მიმტანმა შეკითხვა არ დამასრულებინა.

– დიახ, აი, იმ ოთახშია გადაღებული ცნობილი სცენა, მაგრამ იქ ყველა მაგიდა დაჯავნილია, – მიპასუხა დაღლილი ხმით. ვინ იცის, მერამდენედ უწევდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა.

შევევედრე, იქნებ რამე გაგვიხერხოთ, აგერ, გუგულებივით წყვილი ჩამოვედით შორეული საქართველოდან. საქართველო, შევარდნაძე, ბერლინის კედელი, გენშერი, რამე, რუმე. ეშმაკი აუთამაშდა თვალებში იმ ოხერს. ჰანს ლანდასავით ტუჩის კუთხე გატეხა ღიმილით. კარგითო, ოღონდ სწრაფად ჭამეთო. მეთქი, მოტანილი არ გექნებათ – შეჭმული გვექნება. არა, ეგრე სწრაფადაც არ გინდათო, გემო ხომ უნდა გაუგოთო. გაახარებს იმ კაცს მამა უფალი. შეკვეთა ზუსტად გავიმეორეთ: ორი შტრუდელი ნაღებით და შავი ყავა. რძის შეკვეთაც გვინდოდა, მაგრამ ნინიამ იუარა. მართლა SS-ის პოლკოვნიკი ხომ არ ვიყავი, რძე დამეძალებინა.

ჩვენ გვერდით შარვალ-კოსტიუმებში გამოწყობილი გერმანელები მიირთმევდნენ ლანჩს და ისეთი პირი უჩანდა, დიდ გეგმებზე ჰქონდათ სჯა-ბაასი. ერთი მათგანი ისეთი გახარებული იყო (ალბათ ის, ამ გეგმებიდან დიდი ფულის გამოდნობას რომ გეგმავდა), დროდადრო თავაშვებული ხარხარით იპყრობდა ხოლმე ოთახს და მალევე მშვიდდებოდა, ვიდრე მომდევნო გადახარხარებამდე. მეორე მხარეს ქალ-ვაჟი იჯდა. იოლად შეიმჩნეოდა, რომ ჩვენ მოსვლამდე კამათი გამოევლოთ და უგემურად ღეჭავდნენ ღვთიური შეფერილობის ომლეტსა და სალათს. შტრუდელმა, რუდუნებით რომ მოჰყავდა მიმტანს, გერმანელის ხარხარი ჩაახშო. ის ჰგავდა გვირაბს, რომელიც სიტკბოთი იყო ამოვსებული და შიგ ბრილიანტებივით მოჩანდა ვაშლის ანასხლეტები, გვერდით კი ედგა ნაღების რძისფერი ტბა. ტბა გიბიძგებდა, დაგევიწყებინა ყოველგვარი ეტიკეტი, საჩვენებელი თითი ჩაგეძირა მასში და სახალხოდ გაგელოკა, მაგრამ ის მოწიწება, რომელსაც შტრუდელი აღძრავდა ჩემში, თავშეკავებისკენ მომიწოდებდა. გემოს რეცეპტორებთან მათი ერთობლივი შეხება ჰგავდა სიტკბოსა და სიმჟავის ქორწინების 50–ე წლისთავს. ვაშლი თოვლივით დნებოდა პირში, ნაღები კი ბლანტად მისრიალებდა ენაზე.

– შოშანას მოსაგონარი იყოს – ვუთხარი ნინიას.

გემოსგან დამუნჯებულმა ნინიამ გაიღიმა. მიმტანმა მითხრა, შემდეგში წინასწარ დარეკე და ადგილს დაგახვედრებო. თვალი ჩავუკარი. ციოდა, მაგრამ მე და ნინია ვხვდებოდით, რომ ამ სიცივეში ჩვენ ერთმანეთი გვყავდა, მსოფლიოს კი – კვენტინ ტარანტინო. დაბნელებამდე ჯერ დიდი დრო იყო, ბერლინის კედლამდე კი – მცირე მანძილი.

ტექსტი და გარემო (ნიკოლოზ ბარათაშვილის ახალი მულტიმედიამუზეუმი)

0

განათლების თანამედროვე სისტემა ისეა აწყობილი, რომ სასწავლო პროცესი უმეტესად საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში მიმდინარეობს. მართალია, ტექნოლოგიები ამ ჩაკეტილ ოთახებშიც შეიჭრა, მაგრამ არა იმდენად, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს. როცა ერთფეროვან სასწავლო გარემოზე ვსაუბრობ, ხშირად მახსენდება არისტოტელეს პერიპატეტიკული სკოლა ლიკეაში, სადაც ის ხეივნებში მოსეირნე ესაუბრებოდა თავის მოწაფეებს და ვფიქრობ, რა კარგი იქნებოდა, აუდიტორიები და სასწავლო ოთახები ორანჟერეებში მაინც რომ მოეწყოთ. ერთი ასეთი კაბინეტი ნამდვილად ვნახე ევროპულ სკოლაში – იქ ბოტანიკის გაკვეთილები ტარდება, მე კი ასეთ ადგილას სიამოვნებით ჩავატარებდი ლექციებს პოეზიაში ან რიტორიკაში.

თუ ფიქრობთ, რომ სასწავლო პროცესისთვის გარემოს მნიშვნელობა არ აქვს, ერთხელ განსხვავებული ადგილი მოძებნეთ გაკვეთილისთვის და შედეგს დააკვირდით. მაგალითად, შემოგთავაზებდით თბილისში, ჩახრუხაძის ქუჩაზე, ახალგარემონეტბულ და განახლებულ ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზეუმს. აქ ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე საუბარს ჩვეულებრივ, შაბლონურ გარემოში მიღებული ცოდნისგან განსხვავებული ეფექტი ექნება. მოსმენასთან ერთად აქ სანახავიც ბევრი რამაა. ამ მულტისემიოტიკურ გარემოში მოგზაურობა ნამდვილად დაემსგავსება დროში მოგზაურობას. მუზეუმში აღდგენილია მე-19 საუკუნის საქართველო და ის გარემო, რომელშიც ტატოს უწევდა ცხოვრება და მოღვაწეობა. მოღვაწეობას ახლა ვუწოდებთ, თორემ ბარათაშვილის სიცოცხლეში არასდროს არავის უთქვამს, რომ ის „მოღვაწეობდა“, პოეტადაც არავის უღიარებია, თუმცა ლექსებს ლიტერატურულ სალონებშიც კითხულობდა და გრიგოლ ორბელიანსა და ალექსანდრე ჭავჭავაძესაც უზიარებდა. მხოლოდ ეკატერინე ჭავჭავაძემ იცოდა ტატოს პოეზიის ფასი და მისივე დამსახურებაა, რომ დღეს ნიკოლოზ ბარათაშვილი გვყავს.

ბარათაშვილის მუზეუმი მრავალგანზომილებიანია იმ მხრივაც, რომ აღდგენილი საყოფაცხოვრებო კონტექსტის გვერდით, იმავე დარბაზში, წარმოდგენილია ტატოს შემოქმედების მთავარი კონცეპტის, მერნის, ინსტალაცია. შეგიძლიათ, უმზიროთ მას და სპეციალური ყურსასმენებით მოისმინოთ ლექსიც. მერწმუნეთ, ზემოქმედება სრულიად განსხვავებული იქნება. ეს უკვე აღარ არის სამყარო „გარედან“, ან „მერანი“, რომელსაც კითხულობ ან ისმენ – ეს არის გადასვლა იმ ეპოქაში და არამხოლოდ… ეს არის ყოფნა ტატოს სამყაროში, „შიგნით“ ყოფნა… ლირიკულ გმირთან ერთად სულის მოგზაურობა ცნობიერების ლაბირინთებში, სადაც მეტაფორები და სიმბოლოები შინაგან განცდათა აღმნიშვნელებად ქცეულა და თანაგანცდა გიპყრობს:

 

მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი,

უკან მომჩხავის თვალბედითი შავი ყორანი!

გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს სამძღვარი,

და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი, შავად მღელვარი!

 

ასეთი კავშირის შემდეგ თქვენი გულიც სხვაგვარად დაიწყებს ძგერას და ამ დროს დაიმახსოვრებს თქვენი სული და სხეული „მერანის“ თავისუფლების იდეას, რომელსაც ვერასდროს დაივიწყებთ.

შვიდი წუთის შემდეგ ამავე დარბაზში სხვა ინსტალაცია ჩაირთვება და დაინახავთ, როგორ წამოიმართება ბარათაშვილის ჰოლოგრამა და ლექსების კითხვას დაიწყებს. აქვე, კედლებში ჩამონატაჟებული სპეციალური ეკრანების წყალობით, ძველ თბილისსაც მოივლით, ეტლების ხმასაც გაიგონებთ და თვალს გააყოლებთ მოკირწყლულ ქუჩებს.

აივანზე კი ტატოს ცხოვრების კიდევ ერთ მნიშვნელოვან კონცეპტს – „საყურეს“ გადაეყრებით. აქ აუცილებლად უნდა გაიხსენოთ ეს ისტორია:

1838 წლის 18 დეკემბერს სამეგრელოს მთავარი დავით დადიანი ეკატერინე ჭავჭავაძეზე დაინიშნა. 1839 წლის დამდეგს ნიკოლოზ ბარათაშვილის მამიდაშვილმა, ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილმა, ცოლად შეირთო სამარაგდონ ივანეს ძე ორბელიანის ასული ბარბარე. ამ საზეიმო მოვლენის აღსანიშნავად საგინაშვილის სიდედრმა ელისაბედმა წვეულება გამართა. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი და ეკატერინე ჭავჭავაძეც.

იონა მეუნარგიას ეს შემთხვევა შემდეგნაირად აქვს ჩაწერილი:

„ბარათაშვილი იყო თურმე მიწვეული საგინაშვილის სიდედრთან საღამოზე და იქიდან შემოვარდა ყაფლან ორბელიანთან, საცა დაუხვდა იმას ლევან მელიქიშვილი: ლევან, ლევან! გავგიჟდი, მეტი აღარა ვარ! ეკატერინა იქ არის და მისმა საყურის თამაშმა გადამრია! ღვთის განაჩენი კაცი ვერ ნახავს ვერაფერს უკეთესს“. ეს განწყობა შემდეგ გადავა ლექსში „საყურე“:

ვითა პეპელა

არხევს ნელ–ნელა

სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,

ასე საყურე,

უცხო საყურე,

ეთამაშება თავისსა აჩრდილს.

ნეტავი იმას,

ვინც თავისს სუნთქვას

შენსა ჩრდილშია მოიბრუნებდეს!

შენის შერხევით,

სიო-მობერვით

გულისა სიცხეს განიგრილებდეს!

ჰოჲ, საყურეო,

გრძნებით ამრეო,

ვინ ბაგე შენს ქვეშ დაიტკბარუნოს?

მუნ უკვდავების

შარბათი ვინ სვის?

ვინ სული თვისი ზედ დაგაკონოს?

 

მაგიდაზე ბარათაშვილის ხელნაწერები ელექტრონულად იფურცლება… აგერ, ეკეტერინე ჭავჭავაძის სახეც გაიელვებს… პოეტის მარადიული მუზა, რომელიც ყოველთვის შთააგონებდა ტატოს, ცხოვრებაში დაუძლეველი ტექსტებში დაეძლია.

ტატოს უჭირდა, მარადიული გრძნობა წარმავალი სიტყვების საბურველით შეემოსა, ამიტომ წერდა:

 

მაგრამა მშვენიერება

გაქვს, ცისიერო, უხრწნელი,

და ჩემთა გრძნობათ შენდამი

ვერ დასდვან კაცთა სახელი.

 

ან კიდევ:

 

არ უკიჟინო, სატრფოო,

შენსა მგოსანსა გულისთქმა,

მოკვდავსა ენას არ ძალუძს

უკვდავთა გრძნობათ გამოთქმა!

 

***

ბოლოს მაინც გამოთქვა.

 

P.S. ასე რომ, ძვირფასო მასწავლებლებო, ქალაქში გაქვთ ერთი მშვენიერი ადგილი, ძვირფასი რესურსი იმისთვის, რომ ერთი გაკვეთილი მაინც ჩაატაროთ მულტიმედია გარემოში.

ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან, მით უმეტეს, ამ ყველაფრის ორგანიზატორი, თბილისის სამუზეუმო გაერთიანების დირექტორი, ქალბატონი ნინი სანადირაძე, ყოველთვის მზად არის თანამშრომლობისთვის. ის აცხადებს, რომ მუზეუმები უნდა გაცოცხლდეს და ახალი ფუნქცია შეიძინოს.

ჰოდა, გავაცოცხლოთ მუზეუმები!

მასწავლებელი პანკისიდან

0

26 წლის ლუიზა მუთოშვილი პანკისის ხეობაში, დუისის საჯარო სკოლაში მუშაობს და რუსულ სექტორზე ჩეჩენ ლტოლვილებს ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მასწავლებლობასთან ერთად ლუიზა აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებითაც არის დაკავებული და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეცაა. რელიგიური და ტრადიციული გავლენებით ცნობილ ხეობაში ახალგაზრდა მასწავლებლის აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრება გოგონებისთვის მაგალითის მიმცემია. მიუხედავად მრავალმხრივი აქტივობისა, 26 წლის მასწავლებელი ამბობს, რომ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ თავისი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო საქმეს სკოლაში იპოვიდა.

 

სკოლაშიც ასწავლით და აქტივიზმითაც ხართ დაკავებული. როგორ ფიქრობთ, რა გავლენას ახდენს თქვენი საქმიანობა საზოგადოებაზე?

– აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში 2012 წლიდან ჩავერთე, როცა პანკისის ხეობის სოფელ დუისის საჯარო სკოლაში დავიწყე მუშაობა, მაგრამ აქტივისტად მას შემდეგ ჩამოვყალიბდი, რაც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი გავხდი. ოთხი წელია, ხეობის ახალგაზრდებთან ვმუშაობ, ვახორციელებ სხვადასხვა პროექტს. ქისტებს შორის ქალი აქტივისტები თითქმის არ გვყავდა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გადავწყვიტე – ქისტებისთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ახალგაზრდა ქალმა პოლიტიკაში ჩართვის ამბიცია გამოამჟღავნა. ამ სტერეოტიპებისა და ტრადიციული თემის წესების გათვალისწინებით, ჩემი კანდიდატურა განწირული გახლდათ, მაგრამ გასაოცარი რამ მოხდა – არჩევნები წავაგე სულ 12 ხმით. რეალურად, ეს მოგების ტოლფასი იყო. დღეს, როცა ჩემი მოსწავლეები მეუბნებიან, რომ მათთვის აქტიური ქალის მაგალითი ვარ, ვფიქრობ, რომ ამაზე დიდს ვერაფერს გავაკეთებდი.

აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევით, ჩანხართ ეკრანზე, ისმის თქვენი ხმა. როგორ უყურებენ ქალის ასეთ აქტიურობას თემში?

ქალების აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრების მიმართ  თემში არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. მათ მთავარ მისიად ოჯახის შექმნა და შვილების აღზრდა მიიჩნევა. შესაძლოა, ქართველ ქალებს არ უშლიან ხელს, იცხოვრონ აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით, მაგრამ ორმაგი ბრძოლის გადატანა უწევთ ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გვყავს ძლიერი ქალები, რომლებიც სტიმულს აძლევენ გოგონებს და ეს ძალიან მიხარია.

ტრადიციები და რელიგიის გავლენა ხომ არ აფერხებს გოგონების სწავლას ხეობაში?

– ჩემი თემისთვის განათლება იყო და არის პრიორიტეტული საკითხი, ამიტომ ქისტი გოგონები ამ კუთხით პრობლემებს არ აწყდებიან, ერთეული შემთხვევები კი საერთო სურათზე დიდ გავლენას არ ახდენს.

რა არის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ყველაზე დიდი პრობლემა?

– ხეობის ახალგაზრდებსაც იგივე პრობლემები აწუხებთ, რაც ჩვენი ქვეყნის სხვა რეგიონებში, მთავარი პრობლემა კი უმუშევრობაა.

რა შესაძლებლობები არსებობს პანკისის ხეობაში ახალგაზრდებისთვის? არის თუ არა სპორტული დარბაზები, სავარჯიშო მოედნები? როგორია ხეობის კულტურული თუ საზოგადოებრივი ცხოვრება?

– ხეობაში ერთი სპორტული დარბაზია, რომლითაც, ბუნებრივია, 15–ივე სოფლის ახალგაზრდები ვერ სარგებლობენ. საჭიროა, ყველა სოფელში იყოს მცირე დარბაზები, სადაც ჯანსაღი თაობა გაიზრდება. ხეობას დიდი პოტენციალი აქვს ტურიზმის განვითარების თვალსაზრისითაც. რამდენიმე წელია, ამოქმედდა პროექტი „აწარმოე საქართველოში“, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდების დასასაქმებლად. არაფორმალური განათლების კუთხით დიდია ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის როლი. კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით  დუისის საგანმანათლებლო ცენტრში გაიხსნა პროფესიული კურსები, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ, შეისწავლონ ჭრა-კერვა, კულინარია, თექაზე, თიხაზე მუშაობა, დურგლობა, ექთანისა და ბუღალტრის საქმე.

– მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ?

ჩემი მეგობარი დამხმარე მასწავლებლად მუშაობდა მარნეულში პროგრამით „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“. 2012 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე, მეც მეცადა ბედი და გამომივიდა. ბედნიერი ვიყავი, რადგან პრობლემას, რომლის მოგვარებასაც ემსახურებოდა პროექტი, კარგად ვიცნობდი. ქართული ენა არც ჩემთვის არის მშობლიური, ამიტომ კარგად ვიცოდი, რა სირთულეების გადალახვა უწევდათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც არ იცოდნენ სახელმწიფო ენა. მთელი სიცოცხლე ვიამაყებ, რომ ამ პროექტის მონაწილე ვიყავი, რადგან მოგვეცა შესაძლებლობა, სახელწიფოებრივ საქმეში ჩვენი მცირე წვლილიც შეგვეტანა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ სკოლაში აღმოვაჩენდი ჩემი ცხოვრების ყველაზე სასიამოვნო საქმეს. ვფიქრობ, მოსწავლის სრულფასოვან მოქალაქედ ჩამოყალიბებაში მასწავლებლის როლი ძალიან დიდია.

– ვის ასწავლით, როგორია მასწავლებლის ერთი ჩვეულებრივი დღე?

– ჩემი მოსწავლეები ჩეჩნეთიდან ლტოლვილები არიან. ნაწილი ნატურალიზებულია, ნაწილი – რუსეთის მოქალაქე. უმეტესობა საქართველოში დაიბადა. ჩეჩნეთში რომ მიდიან, მშობლებს ეხვეწებიან თურმე, შინ, საქართველოში დავბრუნდეთო. ყოველ დილით მათ ფართოდ გახელილ, მოლოდინით სავსე თვალებს ვხედავ და მათზე მშვენიერი არაფერი მეგულება ამქვეყნად. დღის მეორე ნახევარში დუისისა და ჯოყოლოს საგანმანათლებლო ცენტრში მაქვს გაკვეთილები. აქ ქისტ და ჩეჩენ ბავშვებს ვასწავლი. სკოლის შემდეგ ყველანი „კლუბში“ მივდივართ, სადაც უამრავი სიახლე გველოდება. სისტემატურად ვართ ჩართულები არაფორმალურ განათლებაში, ვაწყობთ სეზონურ ბანაკებს, ვმართავთ ექსკურსიებს, შეხვედრებს ცნობილ ადამიანებთან, ფილმების ჩვენებას, დისკუსიებს…

არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე რას გვეტყვით?

– არაფორმალურ განათლებას მოსწავლის განვითარებაში ლომის წილი უდევს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს ამის შესაძლებლობა. ეს მათ საკუთარი თავის რეალიზების საშუალებას მისცემს, თავდაჯერებას შემატებს, სხვადასხვა უნარის განვითარებას შეაძლებინებს და საბოლოო ჯამში მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე პიროვნებად ჩამოაყალიბებს.

რა არის თქვენთვის საინტერესო მასწავლებლის პროფესიაში?

– კარგი მასწავლებელი მუდამ ძიებაში უნდა იყოს, პროფესიულ განვითარებას ცდილობდეს, იცნობდეს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებს და შესაბამისად უდგებოდეს. თუ ბავშვებთან მუშაობა გიყვარს, დანარჩენი ადვილი მისაღწევია. ბავშვებთან მუშაობას ერთი ფასდაუდებელი პლუსი აქვს: შენში არასოდეს კვდება ბავშვი. ვისურვებდი, მასწავლებლობა ჩვენს ქვეყანაში სასურველი და პრესტიჟული პროფესია იყოს.

პროდუქტი(ული) პომიდვრები სასკოლო რაციონში

0

სასკოლო რაციონი,  ჯანსაღი პროდუქტით (აკადემიურით თუ ორგანულით) შევსებას მოითხოვს.

 

სკოლებში უმეტესად მოსწავლეთა მიერ უკვე დაძლეული სირთულეები ფასდება, ძალისხმევის აღიარება კი უფრო დაწყებით კლასებში და ისიც მასწავლებლის კეთილი ნებით ხდება. არადა, თუ მივიჩნევთ, რომ ადამიანი მუდმივად განვითარებადი არსებაა, მისი თითოეული მცდელობა, თუნდაც ის ჯერ არ  შეესაბამებოდეს საზოგადოების მიერ დაწესებულ სტანდარტებს, აუცილებლად უნდა აღინიშნებოდეს, რადგან მცდელობის  აღიარების  შემთხვევაში მოზარდები გამოწვევებსა და სირთულეებს უფრო ხარისხიანად გაართმევენ თავს.

ამას წინათ ქეროლ დვეკის შესანიშნავ გამოსვლას მოვუსმინე. ის ლაპარაკობდა ჩიკაგოს ერთ-ერთი სკოლის ყველასგან განსხვავებული და განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების შესახებ, რომელიც გამოიხატება სიტყვებით – „ჯერ არა“. ქეროლ დვეკი ერთმანეთისგან გამოყოფს ფიქსირებულ და ზრდის მენტალიტეტებს და ორივე მათგანს პიროვნების წარმატების ხარისხთან აკავშირებს. მისი აზრით, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება და ნებისმიერი პრობლემის  სხვადასხვა გზით გადაჭრა.

 

https://www.ted.com/talks/carol_dweck_the_power_of_believing_that_you_can_improve?language=ka#t-22158

 

ადამიანის თვითგანვითარების ზემოაღნიშნულ ხედვას ეყრდნობა „პომოდოროს ტექნიკაც“. დროის ფლანგვა ყველაზე გავრცელებულ ადამიანურ სისუსტედ შეიძლება მივიჩნიოთ. დედლაინები რომ არა, გამოგიტყდებით, დროში ორიენტირება და მისი ნაყოფიერად გამოყენება მეც ძალიან გამიჭირდებოდა. ალბათ ამავე მიზნით გამოიგონეს დროის ეფექტურად მართვის მეთოდები, მათ შორის – Pomodoro Technique–იც.

„პომოდოროს“, ერთი შეხედვით, დროის მთვლელის ფუნქცია აკისრია, თუმცა  წუთები სპეციალური მოწყობილობის გარეშე, ნებისმიერ სმარტფონში არსებული ტაიმერითაც შეგიძლიათ აკონტროლოთ. ამ ტექნიკის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს პროდუქტიულობის წიგნაკი წარმოადგენს. სანამ მუშაობას დაიწყებთ, ანუ ტაიმერის დაყენებამდე მივა საქმე, პომიდვრების დღიური ულუფა ისე უნდა გაანაწილოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებთან ერთად სასიამოვნო აქტივობებისთვისაც შემოინახოთ დრო.

თვითრეგულაციის პროცესი თავისთავად გულისხმობს წინასწარჭვრეტისა და დროის მენეჯმენტის უნარების განვითარებას. თქვენ წინასწარ გეგმავთ, რამდენი ოცდახუთწუთიანი „პომოდორო“ დასჭირდება სავალდებულო საქმეების მოგვარებას. შესაბამისად, დღის დაწყებამდე უკვე იცით, რამდენი თავისუფალი დრო დაგრჩებათ სასურველი ფილმის სანახავად თუ მეგობრებთან ერთად გასეირნებისთვის. თითოეული ბურთულის გაფერადებას დამსახურებული ხუთწუთიანი შესვენება მოსდევს. ამგვარი „ამოსუნთქვები“ სხეულის სტატიკური მდგომარეობისგან დასახსნელადაც კარგია.  ყოველი მეოთხე ბურთულის გაფერადების შემდეგ კი დიდი შესვენების დროც დგება.

როგორც ხედავთ, პომოდოროს ტექნიკა სიზარმაცესა  და გაფანტულობასთან ერთად ადამიანთა დიდი ნაწილისთვის დამახასიათებელ რამდენიმე საათის განმავლობაში შეუსვენებლად მუშაობის ჩვევასაც ებრძვის, რადგან ხანგრძლივად კონცენტრირებული გონება ნელ-ნელა კარგავს სისხარტეს და ეფექტურობას და ჩვენც ნაკლებად პროდუქტიულები ვხდებით.

ალბათ ყველა საქმიანი ადამიანი იყენებს ორგანაიზერს, რომელიც დროის ნაყოფიერად განაწილების პროცესს ერთმნიშვნელოვნად აადვილებს. აქედან გამომდინარე, ალბათ დაგაინტერესებთ, რით განსხვავდება მისგან Pomodoro. პასუხი მარტივია – ის დროის სწორად განაწილებასთან ერთად საკუთარი თავის რეგულირებასაც გვასწავლის.

პომოდოროს დღიურებში ყველაზე მნიშვნელოვანი რიგითობის დაცვაა (სასწრაფო საქმეებიდან სასურველ აქტივობამდე). მისი შევსება საკმაოდ ადვილი და სახალისოა. აბა რომელ ორგანაიზერში იპოვით დამატებით სივრცეს იდეებისთვის, სამომავლო საქმეებისა და შთაგონებისთვის?! თანაც თითოეული ნაბიჯის წინასწარ გათვლის საშულება გეძლევათ. უპირველესად, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის გრაფაში მხოლოდ ისეთი საქმეები იწერება, რომელთა შესრულების გარეშეც განვლილი დღით კმაყოფილი ვერ დარჩებით. შემდეგ შეგიძლიათ ჩაინიშნოთ ისეთი საქმეები, რომელთა ხვალისთვის გადადება შესაძლებელია, მაგრამ მათი შესრულება თქვენს დღეს გაცილებით საინტერესოს და ნაყოფიერს გახდის. თვითშეფასების რუბრიკა  „პომოდოროს ტექნიკის“ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, რადგან წერითი რეფლექსიის დროს საკუთარ თავს უმხელთ, ანუ ფიქრებს სიტყვად აქცევთ, რაც წინსვლისკენ გადადგმულ საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზად მიიჩნევა განათლების სფეროში.

აუცილებლად დააკვირდით და ერთმანეთს შეადარეთ წინასწარ დაგეგმილი და რეალურად გამოყენებული დროის მონაკვეთები (პომიდვრები),  ჩაინიშნეთ  დაგეგმვის ან შესრულების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზები და მომდევნო დღის განაწილების დროს გაითვალისწინეთ. თავდაპირველად შესაძლოა გასაკეთებელი საქმე და მისთვის მისადაგებული პომიდვრები არ გეყოთ ან მოგრჩეთ, მაგრამ ესეც თვითსწავლისა და საკუთარი თავის რეგულირების ხანგრძლივი პროცესის შემადგენელი ნაწილია.

სამყაროში, სადაც არსებობს დროის ფლანგვის შესანიშნავი საშუალებები: ინტერნეტსაიტები, ელექტრონულ ფანჯრებში მუდმივად განახლებადი გზავნილები, საქმიანი თუ სასხვათაშორისო სატელეფონო ზარები და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ტექნოლოგიების დახმარებით დაკავშირების შესაძლებლობა,  პომოდორო-ტაიმერი ერთგვარ კომპასადაც შეიძლება მივიჩნიოთ. გარდა ამისა, საქმეში ერთვება აზარტიც  (თავის გამოცდა: მართლა მოვასწრებ თუ ვერა). დროთა განმავლობაში მარეგულირებელი წიგნაკის დახმარებით საკუთარ თავთან საუბარი ჩვევაში გადაიზრდება, საბოლოოდ კი უკვე განმტკიცებულ თვითმართვის უნარს ყოველგვარი გარეგანი გამღიზიანებლის გარეშე გამოიყენებთ.

სანამ სკოლაში ზემოაღნიშნული ტექნიკის დანერგვის შესაძლებლობაზე დავიწყებდე საუბარს, გთავაზობთ ლაურა ვანდერკამის შესანიშნავ გამოსვლას, სადაც ის გვიზიარებს ხანგრძლივი დაკვირვების შედეგებს XXI საუკუნის ერთგვარი სენის – დროის უკმარისობის შესახებ.

 

https://www.ted.com/talks/laura_vanderkam_how_to_gain_control_of_your_free_time/transcript?language=ka#t-27588

 

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში თვითრეგულაციით სწავლა-სწავლების შესახებ ბევრს ვერაფერს იპოვი. ამ საკითხზე მეც არაფერი მეცოდინებოდა, რომ არა ჩემი თანამშრომლის  მოხსენება თბილისის გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ქართულ-ამერიკულ აკადემიაში. პროდუქტიულობის დღიურის შესახებაც მისგან შევიტყვე. წელს კი პომოდოროების პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივი პროექტი დავგეგმეთ და ექსპერიმენტისთვის ერთ-ერთი კლასი ავირჩიეთ. უპირველეს ყოვლისა, თვითრეგულაციით სწავლის სიკეთეებზე ვისაუბრეთ, მერე კი ჩემი მეწყვილის მიერ გადმოქართულებული პომიდვრები დავარიგეთ. პირველ კვირას აქტიურ მონიტორინგს ვაწარმოებდით, მომდევნო შეხვედრაზე კი მოსწავლეებმა პირველი შთაბეჭდილება გაგვიზიარეს. აღმოჩნდა, რომ სამუშაო ფურცლების დახმარებით დრო გაცილებით ეფექტურად თერთმეტიდან რვა მოსწავლემ გამოიყენა და მის სასკოლო რაციონში პომოდოროების ყოველდღიურად ჩართვაც გვთხოვა.

 

იმედია, წარმატების ბურთულების თვლა მოსწავლეებს დროის გაცილებით ეფექტურად გამოყენებაში გამოადგებათ. ექსპერიმენტმა თუ გაამართლა, მომავალი სასწავლო წლიდან ზემოაღნიშნული ტექნიკის დახმარებით სასკოლო ცხოვრებას თითოეული მოსწავლისთვის გაცილებით პროდუქტიულს გავხდით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკები:

 

https://www.coursera.org/learn/learning-how-to-learn

https://cirillocompany.de/pages/pomodoro-technique

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...