შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

ბავშვს უნდა უსმინო და მიჰყვე

0

ხათუნა მეტრეველი თბილისის მეექვსე საჯარო ბაღის მასწავლებელია. ცხრა წლის წინ, როდესაც საბავშვო ბაღში მივიდა, იქ უკვე აღარ იდგა „მასწავლებლის მაგიდა“, რომელთანაც მასწავლებელი იჯდა და დირექტივებს გასცემდა. ჯგუფის სივრცეში ბავშვებისა და აღმზრდელის ურთიერთობას დღეს არავითარი ბარიერი არ უშლის ხელს, ამიტომ ხათუნამ არ იცის, რა შეიძლება გააკეთოს მასწავლებელმა ასეთ მაგიდასთან. სამაგიეროდ, იცის, რომ ახლა ბავშვებთან უფრო ახლოსაა, ისინი ეხებიან, ეთამაშებიან და მშვიდად არიან. ხათუნა ფიქრობს, რომ ბაღი სწორედ დაცულობის და სიმშვიდის განცდას უნდა უჩენდეს თითოეულ ბავშვს.

რეჯო ემილიას აღზრდის ცნობილი მეთოდის წყალობით მონდომებულმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა თბილისის ერთი საჯარო ბაღის პრაქტიკა უფრო ჰუმანური, სასიამოვნო და ლაღი გახადეს, რაც ასე იშვიათია ბაღების ყოველდღიურობაში. ხათუნა მეტრეველი ამ ცვლილებებზე, ბავშვებთან ურთიერთობის სწორ ფორმებსა და მიდგომებზე გვიყვება.

 

 

რა გამოწვევებს უკავშირდება ბაღის მასწავლებლობა თქვენთვის? ამ ცხრა წლის განმავლობაში რა შეიცვალა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?

 

ბაღი არ არის სამსახური, სადაც შეიძლება, მხოლოდ ხელფასისთვის იარო – ეს საქმეს დაეტყობა, ბავშვთან ურთიერთობას დაეტყობა. მასწავლებლობა ურთულესი საქმეა, ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურადაც დამღლელი. ბავშვებს რომ გადაითვლი, უცებ შეიძლება ვიღაც გამოგრჩეს და ხელმეორედ გადათვლამდე ერთ სიცოცხლეს ათავებ… მაგრამ შინ დაბრუნებისას ყოველთვის მაქვს მოსაყოლი რაღაც კარგი, რაღაც სახალისო. ჩემი შვილებიც მეკითხებიან ყოველდღიურ ამბებს. მეორე დღეს გაღიმებული შევდივარ ჯგუფში და როდესაც ბავშვიც ღიმილით შემოდის, სხეული და გონება თავისით იწყებს მუშაობას და ჩვენ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.

ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის მიყვარდა, მსიამოვნებდა, მავსებდა. მასწავლებლობამ, პირველ რიგში, ემოციების მართვა მასწავლა. როდესაც, ჩვენთან რეჯო ემილიას მეთოდი ინერგებოდა, კულუარებში ამბობდნენ: ეს რა არის, რა მოიგონესო… ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებლებს გვქონდეს სიახლეების მიმღებლობა, რომელიც პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში, გარემოს უკეთესობისკენ შეცვლაში დაგვეხმარება.

 

როგორია ბავშვზე ორიენტირებული აქტივობები და რას გკარნახობენ თავად ბავშვები? მაგალითად, სხვა ბაღების ყოველდღიურ პრაქტიკაში უფრო ნაკლები დრო ეთმობა თამაშს…

 

ჩემს პროფესიულ პრაქტიკას ორ ნაწილად გავყოფდი. პირველი პერიოდი იყო ზუსტად ასეთი: ჩვენ გვქონდა მზა პროგრამა, სახელმძღვანელო, რომელიც უბრალოდ უნდა წაგვეკითხა. ბავშვს კი შესაძლოა ამ დროს სხვა ინტერესები ჰქონოდა. მართალია, ეს პროგრამა ლავირების საშუალებას გვაძლევდა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მეორე პერიოდი უფრო მომწონს. ამ დროს პროექტირებით სწავლება დავიწყეთ. ეს ბავშვზე უფრო მეტად ორიენტირებული მიდგომაა. მაგალითად, თუ ბავშვი იკითხავს, რა არის აისბერგი, შეიძლება მშრალად კი არ უპასუხო, არამედ კომპიუტერში აჩვენო, ან ბიბლიოთეკაში წაიყვანო და იქ ერთად ჩაიხედოთ ენციკლოპედიაში, ან გახვიდე სამზარეულოში, გამოიტანო ყინულის ნატეხები და აისბერგის პატარა მოდელი გააკეთებინო. ბავშვიც ხვდება, რომ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან შეიძლება მიიღოს, რაც შემდეგ სკოლაშიც დაეხმარება. ბევრ დროს ვუთმობთ თამაშს, რადგან მას აქვს ბევრი განმავითარებელი თვისება. მისი წყალობით ბავშვი თავისთავად ითვისებს იმ უნარებს, რომლებიც წლის ბოლოს უნდა ჰქონდეს: სწავლობს სწორ ხაზზე სიარულს, სამბორბლიანი ველოსიპედის მართვას, ფერების ცნობას, ნივთების ამა თუ იმ ნიშნით დაჯგუფებას… ბევრ ბაღში ბავშვები სხედან და ჩვეულებრივ მეცადინეობენ. თუმცა ეს არ არის მარტო პედაგოგების ბრალი – ზოგჯერ მშობლებიც ითხოვენ, მათი შვილები სასკოლოდ ასე მოამზადონ. ბავშვების გადაღლილი და დათრგუნული სახეებიც მოწმობს, რომ ეს არ არის სასიამოვნო პროცესი და უფრო მეტი შანსია, სწავლისადმი ნეგატიური განწყობა ჩამოუყალიბდეთ.

 

ბავშვებისა და აღმზრდელის ასეთი ურთიერთობა უფრო თანამშრომლობას წააგავს, სადაც ორივე თავისუფალია…

 

როდესაც მუშაობა დავიწყე, ოთახიდან უკვე გატანილი იყო მაგიდა, რომელიც ერთგვარი ზღუდეა აღმზრდელსა და ბავშვებს შორის. ასეთი მაგიდები ბევრ ბაღშია შემორჩენილი და პირადად მე ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს აღმზრდელმა მაგიდასთან, როგორ უნდა მართოს იქიდან ჯგუფი. მართალია, ბავშვებთან თვალით კონტაქტი აუცილებელია, მაგრამ როდესაც მათ გვერდით ზიხარ ხალიჩაზე, ბავშვები გეხებიან და ეს შეხება მათთვისაც და შენთვისაც სასიამოვნოა, მაგიდასთან განცალკევებით მჯდარ მასწავლებელსა და ბავშვს შორის კი ბარიერია. როდესაც ეს ბარიერი მოშლილია, ჩვენ თავისუფალ სივრცეში ვართ და ერთობის სრულფასოვან წევრებად ვიქცევით. მე, მასწავლებელი, არ ვარ წამყვანი – ვაკეთებ იმას, რასაც ბავშვები მკარნახობენ. ბავშვი ითხოვს იმას, რაც აინტერესებს და ჩემი დახმარებით უნდა დაიკმაყოფილოს ინტერესი. ეს თავადაც მსიამოვნებს, იმისთვის კი არ ვაკეთებ, რომ ვიღაცასთან თავი მოვიწონო…

 

ბავშვების შესაძლებლობებს მუდმივი დაკვირვება და კვლევა სჭირდება. რაზე უნდა დასვას აღმზრდელმა აქცენტი და როგორ შეიძლება დაეხმაროს ბავშვებს, რომლებსაც გამოხატვის პრობლემები აქვთ?

 

ბავშვის ძლიერი მხარეები კარგად ჩანს და ამის გამო მისი სისუსტეები ხშირად შეუმჩნეველი რჩება. მასწავლებელს დიდი ყურადღება მოეთხოვება, რომ არც ერთი აღსაზრდელის საჭიროება არ გამოეპაროს. მორიდებულ ბავშვებთან – უფრო მეტად. მაგალითად, დილის შეხვედრაზე, როდესაც ვკითხულობ, ვის აქვს მოსაყოლი ახალი ამბავი, უმთავრესად აქტიური ბავშვები იწევენ ხელს. თუ ამ დროს აღმზრდელმა მხოლოდ აქტიურ ბავშვებს მიაქცია ყურადღება, მორიდებულები წლის ბოლომდე ხმას არ ამოიღებენ. მაგრამ თუ დაანახე, რომ მათი მონათხრობი აინტერესებთ, არ დასცინიან, გათამამდება და ჯგუფის სრულფასოვან წევრად იგრძნობს თავს.

 

ბაღის ყოველდღიურობაში ალბათ პატარ-პატარა კონფლიქტებიც არსებობს. როგორ აგვარებთ მათ?

 

ჩემი დაკვირვებით, ბავშვები თვითონვე პოულობენ გამოსავალს. ისინი ყოველთვის კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე მიდიან. ხორავას ქუჩის ტრაგედიის შემდეგ კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებაზე და მასწავლებლის როლზე უფრო მეტად დავფიქრდი და გადავწყვიტე, რომ არც ერთ კონფლიქტს არ დავტოვებდი უყურადღებოდ. როდესაც ყოველდღიურ რუტინაში ხარ ჩართული, ჯგუფში 30 ან 35 ბავშვია, შესაძლოა, ბავშვების პატარ-პატარა კონფლიქტებზე თვალი დახუჭო. მაგრამ არა, სწორედ ბაღის ასაკიდან იწყება ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბება და მასწავლებელს ამაში უდიდესი როლი აკისრია. ბავშვმა უნდა შეძლოს აგრესიის გარეშე მოაგვაროს კონფლიქტი. თავდაცვა აგრესია არ არის, მაგრამ ბავშვს ასეთ დროსაც უნდა შეეძლოს, სიტყვიერად განტვირთოს კონფლიქტი. ამ უნარის განვითარებაში კი ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი.

 

სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის, ოჯახის წევრების შემდეგ, ალბათ ბაღის მასწავლებელია პიროვნება, რომელიც შეიძლება მისი როლური მოდელი გახდეს.

 

ბავშვი საბავშვო ბაღში რვა საათს ატარებს და ამ ხნის განმავლობაში გიყურებს, გაკვირდება და იმეორებს შენს ქცევას, ე.ი მისი მოდელი ხარ. ამიტომ შეცდომის უფლება არ გაქვს. ბაღის გარემო განაპირობებს მომავალში ბავშვის დამოკიდებულებას და მიმღებლობას სხვა ადამიანების მიმართ. თუ მე არ ვიქნები ტოლერანტული და გამგები, ამას ბავშვები იგრძნობენ და ყველანაირ დარიგებას აზრი დაეკარგება. ჩვენ, მასწავლებლებსაც შეგვიძლია, ბავშვებისგან ვისწავლოთ. როდესაც ჯგუფი ჩართულია ინკლუზიურ განათლებაში, უფრო მეტი თანადგომა ბავშვებისგან მოდის. ისინი ზრუნავენ პრობლემურ თანატოლზე, ეთამაშებიან მას. მშობლებს თავდაპირველად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ინკლუზიური განათლების მიმართ. არ ესმოდათ, რატომ უნდა ევლოთ მათ შვილებს იმავე ბაღში, ან იმავე ჯგუფში, სადაც სწავლობდა, მაგალითად, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი. საბედნიეროდ, ნელ-ნელა ისინიც გაიზარდნენ და ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულება გაუჩნდათ.

 

როგორ მონაწილეობენ მშობლები სკოლამდელი განათლების პროცესში?

 

მშობელი არ არის ვალდებული, იცოდეს, რა საჭიროა, მაგალითად, თიხაში თამაში, რა გავლენას ახდენს ეს ბავშვის განვითარებაზე. მასწავლებელი იმისთვისაა, რომ აუხსნას, რა სარგებლობა მოაქვს სენსორულ აქტივობებს. ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობაც იზრდება. ბავშვისა და აღმზრდელის და მშობლისა და აღმზრდელის თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და ამ პროცესში ორივე მხარე ერთად იზრდება.

 

დაბოლოს, როგორი უნდა იყოს ბაღი, რომ ბავშვმა თვითაქტუალიზაცია შეძლოს?

 

იდეალურია ბაღი, სადაც კარგი ფიზიკური გარემოა, ბევრი და ხარისხიანი განმავითარებელი სათამაშო, მაგრამ კარგი ბაღი, უპირველეს ყოვლისა, არის ის, სადაც ბავშვი ემოციურად დაცულად გრძნობს თავს. კარგ ბაღში ბავშვი არ უნდა იყოს დათრგუნული, არ უნდა ეშინოდეს, უნდა გრძნობდეს აღმზრდელის ემოციურ მხარდაჭერას. კარგ ბაღში ბავშვი თავისუფალი უნდა იყოს, რომ თვითაქტუალიზაცია და საკუთარ უნარებში გარკვევა შეძლოს. ბავშვს უნდა უსმინო და მიჰყვე. მაგალითად, თუ ბავშვს ექიმობანას თამაში უნდა, აღმზრდელმა კი უთხრა: ჯობია, მათემატიკაში ვიმეცადინოთ, – ეს უკვე ცალმხრივი განვითარებაა. უმჯობესია, ბავშვს შევთავაზოთ თამაში, რომელშიც ის ფურცელს და კალამს გამოიყენებს, მაგალითად, „პაციენტისთვის“ რეცეპტის გამოსაწერად. ასე, თამაშ-თამაშით, ბავშვს მეტყველებაც განუვითარდება, შემეცნებითი და სოციალური უნარებიც, ისწავლის წესების დაცვას, გაუვარჯიშდება მეხსიერება, მოტორიკა და წინარე გამოცდილებასაც გადმოიტანს თამაშში. მასწავლებელს მხოლოდ ის მოეთხოვება, ბავშვს საჭირო რესურსით დაეხმაროს. თავის მხრივ, მასწავლებელსაც სჭირდება მხარდაჭერა. ის თავისუფალი უნდა იყოს, თუმცა, რა თქმა უნდა, სტანდარტის ფარგლებში. თავისუფლების გარეშე მას მუდმივი ბრძოლა მოუწევს, მებრძოლი მასწავლებელი კი უარყოფით გავლენას მოახდენს ბავშვების ფსიქიკაზე.

მითები აღზრდის შესახებ

0

დასაწყისი

„ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს წიგნი მკითხველებში შოკს გამოიწვევს. თანამედროვე კვლევების დახმარებით ვეცდებით, ვაჩვენოთ საზოგადოებას, რომ ბავშვების აღზრდის შესახებ დღეს არსებული ზოგიერთი შეხედულება სრულებით მცდარია“. ასე წერია ამერიკელი ავტორების პო ბრონსონის და ეშლი მერიმენის წიგნის: „მითები აღზრდის შესახებ“ შესავალში. (პო ბრონსონი – ჟურნალისტი, მწერალი. მრავალი პრიზის მფლობელი. ბავშვთა აღზრდის შესახებ ეშლი მერიმანთან ერთად ჟურნალ New York Magazine-ში დაწერილი სტატიისათვის ავტორებს მიენიჭათ ჟურნალისტური პრემია მეცნიერების განვითარების ასოციაციისაგან. ეშილი მერიმენი – ამჟამად ცხოვრობს ლოს-ანჟელესში და რელიგიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისათვის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს).

მინდა გაგაცნოთ ავტორების მოსაზრება რამდენიმე მნიშვნელოვანი მითის შესახებ.

მითი: ბავშვები ხშირად უნდა ვაქოთ. ამით მათ უმაღლდებათ თვითშეფასება და უჩნდებათ სურვილი, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ მოისმინონ ქება-დიდება.

შექების უკუშედეგები. მოდით ვისაუბროთ თომასზე, რომელიც ნიუ-იორკის ერთ-ერთი პრივილეგირებული სკოლის მეხუთე კლასში სწავლობს. ის მეგობრობს იმ  ბიჭებთან, რომლებიც თომასთან ერთად „ყველაზე ჭკვიანებად“ ითვლებიან და სკოლის თანატოლებს შორის პირველ ხუთეულში ირიცხებიან. ბავშვებს ძალიან მოსწონთ ასეთი კომპანია.

მას შემდეგ, რაც თომასმა ფეხი აიდგა, მას გარშემო ყველა ჭკვიან ბიჭად მოიხსენიებდა. საბავშვო ბაღში ჩასარიცხად თომასმა IQ ტესტი გაიარა და მისი ასაკის ბავშვებს შორის პირველი აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში გაირკვა, რომ სხვადასხვა დავალების შესრულებისას თომასს საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა. უფრო მეტიც, ვუნდერკინდის მამიკომ შეამჩნია, რომ: ბიჭს არასოდეს გასჩენია ისეთი დავალებების შესრულების სურვილი, რომლებიც მისთვის სირთულეს შექმნიდა. საზოგადოდ, დავალებების უმეტესობა ბიჭუნასთვის არანაირ სიძნელეს არ წარმოადგენდა, მაგრამ საკმარისი იყო, ის რაიმე სახის პრობლემას წაწყდომდა, რომ საერთოდ უარს აცხადებდა მცირედ ძალისხმევაზეც კი, რადგან თვლიდა, რომ მაინც ვერ შეძლებდა მის შესრულებას. თომასი დავალებებს ორ კატეგორიად ჰყოფდა: დავალებები, რომლებიც, ასე ვთქვათ, „თავისთავად“ გამოსდიოდა; და დავალებები, რომლებსაც ის ვერ შეასრულებდა.

თომასის ისტორიით მინდა დაგაფიქროთ – რატომ ხდება, რომ ინტელექტუალური რეიტინგების ლიდერ ბავშვს იმდენად აკლია თავდაჯერებულობა, რომ ხანდახან ელემენტარული სტანდარტული სასკოლო დავალებების შესრულებასაც კი ვერ ახერხებს?

ბოლო პერიოდში მკვლევრებმა შენიშნეს, რომ ნიჭიერი სტუდენტების დიდი ნაწილი არასათანადოდ აფასებს საკუთარ უნარებს. ისინი თამასას დაბლა სწევენ და ეჭვი ეპარებათ, რომ საბოლოო ჯამში შეძლებენ სირთულეების დაძლევას. საქმეს ისიც ართულებს, რომ ნიჭიერი ბავშვები, ვერ აცნობიერებენ იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სირთულეების გადასალახად ძალისხმევის გამოყენება. ამის საპირწონედ კი, როგორც წესი, აზვიადებენ მშობლების როლს. მშობლები თავის მხრივ, მიიჩნევენ, რომ ამ პრობლემას ბავშვის მონაცემების გაძლიერებული ქება გამოასწორებს.

კოლუმბიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამერიკელი მშობლების 85% მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს ხშირ-ხშირად გაუმეორონ, რომ ის ძალიან ჭკვიანია. მსგავსი ქცევა დიდი ხანია ჩვევად ექცათ მშობლებს. ჰკითხეთ მშობლებს რამდენად ხშირად აქებენ ისინი საკუთარ შვილებს და პასუხი იქნება: „ძალიან ხშირად, თანაც სულ მცირე ასაკიდან“.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ქცევების მიზეზი ის გახლავთ, რომ მშობლების აზრით, თუ ბავშვი დაიჯერებს, რომ ის ძალიან ჭკვიანია (რა თქმა უნდა, ამისათვის მას მილიონჯერ უნდა გავუმეოროთ: შენ უჭკვიანესი ხარ; შენ უბრალოდ გენიოსი ხარ) მას ვერანაირი სირთულის დავალება ვეღარ შეაშინებს. შექება – ეს საუკეთესო თილისმა და მფარველი ანგელოზია! ასე ფიქრობენ ამერიკელი მშობლები და მიიჩნევენ, რომ შექება საშუალებას აძლევს მათ ძვირფას შვილებს, არასოდეს დაივიწყონ საკუთარი ტალანტების შესახებ.

ბოლო პერიოდის კვლევები (და თავად ნიუ-იორკის საგანმანათლებლო სისტემაში არსებული მონაცემები) საპირისპიროს ამტკიცებენ. ბავშვების გადაჭარბებული შექება, თავისუფლად შეიძლება სკოლაში დაბალი შეფასებების მიზეზიც კი გახდეს.

დოქტორი კეროლ დუეკი, რომელიც ამჟამად სტენფორდის უნივერსიტეტში მუშაობს, ხოლო მანამდე დიდი ხნის განმავლობაში კოლუმბიის უნივერსიტეტში ასწავლიდა, უკვე ათი წელია, იკვლევს შექების გავლენას მოსწავლეებზე. მკვლევრის ასისტენტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები 400 მეხუთეკლასელთან. კერძოდ, ბავშვებს უტარებდნენ არავერბალურ IQ  ტესტს, რომლის დასრულების შემდეგ ასისტენტები ატყობინებდნენ ცდისპირებს ტესტის შედეგებს და არ იშურებდნენ მათთვის საქებარ სიტყვებს, თუმცა ნაწილს ეუბნებოდნენ: „შენ ალბათ ძალიან ჭკვიანი ხარ“; ნაწილს კი – აქებდნენ გაწეული ძალისხმევისათვის: „შენ ძალიან კარგად იმუშავე“. ამის შემდეგ მოსწავლეებს სთავაზობდნენ ტესტირების გაგრძელებას. მეხუთეკლასელებს შეეძლოთ არჩევნის გაკეთება ტესტის უფრო რთულ ვარიანტსა და იმავე სირთულის ვარიანტს შორის. შედეგად, ბავშვების 90%, რომლებიც შეაქეს მათ მიერ გაწეული შრომისა და ძალისხმევისათვის, ირჩევდა ტესტის უფრო რთულ ვერსიას. ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც გონიერება შეუქეს, იმავე დონის დავალებაზე აკეთებდა არჩევანს.

რატომ მოხდა ასე? კეროლ დუეკის აზრით: „როდესაც უფროსები ბავშვებს აქებენ იმის გამო, რომ ისინი ჭკვიანები არიან, ამით ეუბნებიან პატარებს, რომ მთავარია „ჭკვიანის იმიჯის ქონა და თანაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომა, რომ იმიჯი დავაზარალოთ“.

კვლევის შემდეგ ეტაპზე, მეხუთეკლასელებს აღარ ჰქონდათ არჩევნის უფლება. ტესტი ძალიან რთული იყო. რა თქმა უნდა, ვერც ერთმა ბავშვმა ვერ შეძლო მისი ამოხსნა. ბავშვებს განსხვავებული რეაქცია ჰქონდათ. ის ბავშვები, რომლებსაც ძალისხმევა შეუქეს, ძალიან ცდილობდნენ რთული დავალების შესრულებას. მათ ეგონათ, რომ არასაკმარის კონცენტრაციას ავლენდნენ და ამიტომ მცდელობას არ აკლებდნენ დავალების შესრულებას. საბოლოოდ კი მათ აღნიშნეს, რომ ეს რთული დავალება ყველაზე მეტად მოეწონათ.  მეხუთეკლასელების იმ ნაწილმა, რომლებსაც გამჭრიახობისთვის აქებდნენ, ჩათვალეს, რო დავალებას თავი იმიტომ ვერ გაართვეს, რომ არც ისე ძალიან ჭკვიანები იყვნენ.  გარეგნულადაც კი ემჩნეოდათ დაძაბულობა და თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. ტესტირების ბოლო ეტაპზე ბავშვებს, კვლავ ისეთივე იოლი დავალება შესთავაზეს, როგორც პირველად. იმ ბავშვებმა, რომლებიც შრომისა და ძალისხმევისათვის შეაქეს, შედეგები 30 პროცენტით გააუმჯობესეს, ხოლო „ჭკვიანების“ ჯგუფმა შედეგები 20 პროცენტით გააუარესა.

„თუ თქვენ აქებთ შრომასა და ძალისხმევას, ამით ბავშვს სიტუაციაზე კონტროლს ასწავლით. პატარა ხვდება, რომ წარმატება დიდწილად მასზეა დამოკიდებული. თუ პატარას მუდმივად გამჭრიახობისათვის აქებთ, ამით ბავშვი სიტუაციაზე კონტროლს ვეღარ ახერხებს და მისთვის ძალიან რთული ხდება წარუმატებლობის გადალახვა“, – ამბობს კეროლ დუეკი.

ამგვარად, იმისათვის, რომ შექებამ დადებითი როლი შეასრულოს, საჭიროა ის იყოს ძალიან კონკრეტული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შექება გულწრფელად ჟღერდეს. ცდებიან ის მშობლები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ბავშვები ვერ ხვდებიან შექების ჭეშმარიტ არსს. პატარები დიდი სიფრთხილით ეკიდებიან ისეთ შექებას, რომლის მიზანია დიდებმა, რაღაც „გამოსტყუონ“ პატარებს. მხოლოდ ძალიან პატარა ბავშვები იღებენ შექებას პირდაპირი მნიშვნელობით. უკვე შვიდი წლის ასაკიდან ბავშვები დიდი ადამიანებივით ეჭვის თვალით უყურებენ ქება-დიდებას. გადაჭარბებული შექება უარყოფითად აისახება მათ მოტივაციაზე. ბავშვები რაიმეს გაკეთებას მხოლოდ იმიტომ ცდილობენ, რომ შექება დაიმსახურონ და არანაირ სიამოვნებას აღარ იღებენ ამ საქმის კეთების პროცესში. სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაასკვნეს, რომ ის მოსწავლეები, რომლებსაც ძალიან ხშირად აქებენ, კარგავენ დამოუკიდებლობას და რისკიანი ნაბიჯების გადადგმისგან ყოველთვის თავს იკავებენ. ასევე, მკვლევრებმა შეამჩნიეს, რომ არსებობს კორელაცია ხშირ ქებასა და შემცირებულ ძალისხმევას შორის. ანუ ისინი უფრო ხშირად უყურებენ მასწავლებელს დავალების შესრულებისას, რათა გაარკვიონ სწორად პასუხობენ დასმულ შეკითხვას თუ – არა. მათ ასევე შენიშნეს, რომ თანდათან მათი პასუხები შეკითხვის ინტონაციას იღებს. პროფესიის არჩევისასაც კი ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან შიშობენ, რომ არჩეულ სარბიელზე სასურველ წარმატებას ვერ მიაღწევენ.

ამგვარად, თუ ჩვენ ვაქებთ ბავშვს მისი გონებრივი შესაძლებლობების გამო და ის შემდეგ რაიმე შეცდომას დაუშვებს, მისთვის ძნელი ხდება წარუმატებლობის გადალახვა. სამაგიეროდ, თუ ჩვენ ვაქებთ ბავშვს ძალისხმევისა და მიზნის მიზანდასახულობისათვის, რთული სიტუაცია მასში ფრუსტრაციას კი არ გამოიწვევს, პირიქით, ის ბავშვში პრობლემის დაძლევის ძლიერი მოტივატორი გახდება. გამოდის, რომ გაცილებით ეფექტურია იმ პედაგოგის შრომა, რომელმაც იცის, თუ როგორ, რა დოზით გააკრიტიკოს მოსწავლე და არა იმისი, რომელიც გამუდმებით ქება-დიდებას არიგებს.

დაბოლოს, ბავშვების ქება აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ გაწეული ძალისხმევისათვის. უბრალოდ ქება, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს – შესაძლებელია საბოლოოდ  ზიანის მომტანიც კი აღმოჩნდეს.

 

GeoLorm – ანბანი ხელის გულზე

0

სამგვარი ანბანის არსებობით განებივრებულ ქართველებს ანბანის კიდევ ერთი სახეობა შეგვემატა. ოღონდ იგი მთავრულს და ნუსხურს მხოლოდ იმდენად უკავშირდება, რამდენადაც მათი რამდენიმე ასო რომელიმე საკრალურ თუ უფრო მარტივ სიმბოლოს. ეს ანბანი მათთვისაა, ვისთვისაც ხილული და ხმოვანი სამყარო სრულიად ან რამდენადმე დახშულია და მხოლოდ წარმოსახვით და შეხებით ახერხებენ მისაწვდომი სამყაროს აღქმას.

GeoLorm – სმენის და მხედველობის არმქონე ადამიანებისთვის შექმნილი, ე. წ. „ლორმის ანბანის“ ქართული ვერსიაა, სპეციალური ტაქტილური კოდი, რომელსაც ამ ტიპის ადამიანებთან სწრაფად და ეფექტურად საურთიერთოდ გამოვიყენებთ. ანბანი იმთავითვე ორიენტირებულია შეგრძნებებზე და მოსახერხებელია ერთდროულად სმენისა და მხედველობის არმქონე ადამიანებთან საურთიერთოდ.

ლორმის ანბანი 100 წლის წინ გერმანიაში შეიქმნა. მისი ავტორი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესეისტი, ჰაინრიხ ლანდესმანია, რომელიც 1821 წელს მორავიაში (ავსტრია-უნგრეთი) დაიბადა და  30 წლის ასაკში დაყრუვდა, ხოლო მოგვიანებით მხედველობაც დაკარგა. ახალი ანბანი მან თავის ქალიშვილ, მარიასთან ერთად შექმნა და მის შესახებ ნაშრომი „იერონიმუს ლორმის” ფსევდონიმით გამოაქვეყნა. „ლორმი” შვეიცარიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ავსტრიასა და ბელგიაში, ასევე პოლონეთში იციან არამარტო იმ ადამიანებმა, ვისაც სმენა და მხედველობა დაუქვეითდა, არამედ მათმა ნათესავებმა, ინსტრუქტორებმა, სპეციალური განათლების პედაგოგებმა და სტუდენტებმა, თარჯიმან-მეგზურებმა თუ მოხალისეებმა. ეს სიტყვა მათი ძირითადი ლექსიკის შემადგენელი ნაწილია. გამოცდილება აჩვენებს, რომ ანბანს ყველა სწრაფად სწავლობს. ის ეფექტურად ინერგება. ლორმის ანბანის დახმარებით სმენა- და მხედველობადაქვეითებული პირები ყველასთან თარჯიმნის დაუხმარებლად ურთიერთობენ.

საქართველოში სმენის და მხედველობის შეფერხების მქონე ადამიანების მხარდაჭერის მიზნით, პროექტი დაფინანსდა პოლონეთის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ, ქართული ორგანიზაციის, „მომავალი იწყება დღეს” მხარდაჭერით.

 

GeoLorm-ის – ლორმის ქართული ანბანის ყოველ ასოს ადამიანის ხელის გულზე ან მის გარეთაც შეესაბამება საკუთარი წერტილი ან ხაზი. ასოები შემდეგნაირად გამოისახება:

ა – თითის წვერით ერთჯერადად შევეხოთ ცერის ზედა წვერს.

­ დაუსვით თითის წვერი საჩვენებელი თითის სიგრძის გასწვრივ წვერიდან ქვევით, ხელისგულამდე.

გ – დაუსვით თითის წვერი არათითის სიგრძის გასწვრივ წვერიდან ქვევით, ხელისგულამდე.

დაუსვით თითის წვერი შუა თითის სიგრძის გასწვრივ, წვერიდან ქვევით, ხელისგულამდე.

–  ერთჯერადად შეეხეთ საჩვენებელი თითის ზედა წვერს.

ვ – თითის წვერით შეეხეთ ხელისგულს მარცხენა მხარეს, ცერსა და საჩვენებელ თითს შუა.

ზ – გაუსვით თითის წვერით ჰორიზონტალურად ხელისგულის შუაში, მარცხნიდან მარჯვნივ.

დაუსვით თითი ცერის სიგრძის გასწვრივ წვერიდან ქვევით, გარეთა მხრიდან.

ი – ერთჯერადად შეეხეთ შუა თითის  წვერს.

კ – შეეხეთ საჩვენებელი, შუა და არათითის წვერებით კელისგულის შუაში.

ლ – დაუსვით თითი სიგრძივ შუა თითის წვერიდან მაჯამდე.

მ – შეეხეთ თითის წვერით, საჩვენებელი თითის ქვევით, ხელისგულს.

ნ – შეეხეთ თითის წვერით ნეკის ქვევით ხელისგულს.

ო – ერთჯერადად შეეხეთ არათითის ზედა წვერს.

პ – აუსვით თითის წვერი გარეთა გვერდითა მხრიდან მაჯიდან საჩვენებელი ცერის წვერამდე, ქვემოდან ზევით.

ჟ – დაუსვით თითის წვერი ვერტიკალურად ზევიდან ქვევით ხელისგულის შუაში.

რ – დაუკარით თითების წვერებით ხელისგულის შუაში.

ს –  ერთჯერადად შეეხეთ მაჯაზე.

ტ – მსუბუქად მოუჭირეთ ერთად შუა და საჩვენებელი თითების წვერებს.

უ – ერთჯერადად შეეხეთ ნეკის ზედა წვერს.

ფ – აუსვით თითი გარეთა გვერდითი მხრიდან საჩვენებელი თითის სიგრძის გასწვრის ქვემოდან ზევით.

ქ – აუსვით ხელს თითის წვერი გარეთა გვერდითა მხრიდან, მაჯიდან ნეკის ბოლომდე.

ღ – დაუსვით შუა და საჩვენებელი თითების წვერები ხელისგულის შუიდან მაჯისკენ.

ყ – გაუსვით თითის წვერი მაცხნიდან მარჯვნივ ჰორიზონტალურად გაშლილი თითების შუაში

შ – მსუბუქად მოუჭირეთ შუა თითის წვერს

ჩ –  მსუბუქად მოუჭირეთ ერთად ყველა თითს ცერის გარდა

ც –   მსუბუქად მოუჭირეთ ცერის წვერს.

ერთჯერადად შეეხეთ საჩვენებელი თითის წვერით ხელისგულის შუა ნაწილს.

წ – შემოხაზეთ წრე ხელის გულზე.

ჭ – მაჯის გარეთა ხაზზე გამოსახეთ მძიმე.

ხ – გაუსვით ტითის წვერი მარცხნიდან მარჯვნივ ჰორიზონტალურად მაჯაზე.

ჯ – გამოსახეთ ჯვარი ხელისგულზე, ჯერ ვერტიკალური ხაზი ზევიდან ქვევით, შემდეგ ჰორიზონტალური  მარცხნიდან მარჯვნივ (რომელიც შუაზე გადაკვეთს ჰორიზონტალურ ხაზს).

ჰ – დაუსვით თითის  წვერი ნეკა თითის სიგრძის გასწვრივ წვერიდან ქვევით (არ შეეხოთ ხელისგულს).

 

სიგნალები

ლორმის ანბანი გამდიდრებულია სიგნალებით, რომლებიც განსაზღვრულ სიტუაციებში გამოიყენება, როგორც კოდური საშუალება. მაგალითად, „ახლა არ საუბრობ” ეს თხოვნა გამოიყენება ხელისგულის დადებით ზურგზე, ასევე წერილობითი ან ჟესტური აბრევიატურები, რომელბიც გამოიყენება ხშირად განმეორებულ სიტყვებსა და გარემოებებზე. ამ მეთოდის ელემენტებში ასევე შედის შეტყობინებები:

  • დადასტურება: მუჭის რამდენჯერმე სწარფად შეკვრა;
  • აკრძალვა: ხელისგულზე რამდენჯერმე ხელის გასმა;
  • სიტყვის დასრულება: გაშლილი ხელით შეხება და სხვა.

ლორმის ანბანს ბევრი დადებითი თვისება გააჩნია. ესენია:

  • ენის სიმარტივე;
  • შეცდომების დაშვების მცირე რისკი;
  • ინფორმაციის გადაცემის სწრაფი ტემპი;
  • ურთიერთობებზე ხელმისაწვდომობა;
  • მოსახერხებელია თარჯიმნებისთვისაც.

მიიჩნევენ, რომ ლორმის ანბანი კარგია ყველასთვის, ვისაც შეუძლია საკუთარი აზრების გამოხატვა ბრაილით, დაქტილოგრაფიით ან, უბრალოდ, ასოებით. მისი გამოყენება შეუძლია ყველას, ვისაც იგი მუდამ არ სჭირდება. ადამიანები, რომლებსაც არ ესმით, დღისით კითხულობენ ტუჩების მოძრაობის მიხედვით, ხოლო დაბნელებისთანავე, მხედველობის ვიწრო დიაპაზონის გათვალისწინებით, არ ჰყოფნით დისტანცია და განათება ტუჩების დასანახად. ლორმის მეთოდი უნდა იცოდნენ მათაც,  ვინც სარგებლობს სასმენი აპარატით, ასევე ტუჩებიდან წაკითხვის ტექნიკის მქონეთაც.

უცხოეთში ლორმის ანბანი ძალიან პოპულარულია იმ ადამიანთა შორის, რომელთათვისაც პირველი ენა „ჟესტების ენა” იყო. სმენის არმქონე ბევრი ადამიანი მხედველობის დაკარგვის შემდეგ უარს ამბობს ჟესტური ენის მეშვეობით ინფორმაციის მიღებაზე და მთლიანად გადადის ლორმის ანბანზე. ჩვეულებრივ, ლორმის მეთოდით იღებს ინფორმაციას და პასუხობს სხვადასხვა მეთოდით, როგორც შეულია. ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას ასაბუთებენ ლორმის შემდეგი უპირატესობით:

  • მასთან დაკავშირებული შეტყობინებები ცალსახაა;
  • ჟესტების ენა საკმაოდ ერთფეროვანია და ხშირია შემთხვევა, როცა ერთი ჟესტი მეორეს ჰგავს. შინაარსის გაგება ხშირად შეუძლებელი ხდება და ამით ენა ძალიან ღარიბდება. ამაზე ძირითადად გავლენას ახდენს ორი ნიშანი: 1. ენაში რამდენიმე განსხვავებულ ტერმინს ერთნაირი ნიშანი აქვს; 2. ერთი სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება, რადგან ერთი ფუძე აქვთ;
  • ლორმი ხშირად იძლევა აზრების გადაცემის შესაძლებლობას ადამიანებისათვის, ვისთვისაც ტერმინი “ყრუ-მუნჯი” ხშირად გაუგებარია;
  • ლორმის გამოყენებით ლაპარაკი შესაძლებელია სასეირნოდ, ხალხში, ცეკვაში, მატარებელში, გვერდით მჯდომთან, როდესაც ორივე ხელი დაკავებულია, ამავე დროს შენახულია საიდუმლო, არ იქცევენ სხვა ადამიანების ყურადღებას.

 

წარმოვიდგინოთ, ერთხელაც სკოლის კარი ვინმე უსინათლო და სმენის არმქონე გოგონამ, პატარა ჰელენ კელერმა  შემოგვიღო. როგორ ვიქცევით ამ დროს? მისი ხელის ზედაპირს ჩვენი ხელის ზედაპირს ვახებთ, მერე ხელს მაგრად ვკიდებთ და ადგილს ჩვენს საკლასო ოთახში ვუჩენთ. საგნებს შეხებით შევაგრძნობინებთ, ხელისგულებზე წერტილებით მათ აღმნიშვნელ სიტყვებს ვაწერთ და უშიშრად, თავდაჯერებით სამყაროს მრავალფეროვნებას შევაგრძნობინებთ. GeoLorm  ხომ სულ რაღაც ნახევარ საათში ვისწავლეთ. ეს ანბანი ახლა თანაკლასელებმაც იციან და ამიტომაც პატარა ქართველ ჰელენს ყველაზე ნათელ სიზმარში ჰგონია თავი. მერე რა, რომ უსინათლოა და სმენაც არ აქვს?! სამყაროს ანბანის გასაღებს მოარგებს, ამავე გასაღებით წარმატების არაერთ კარს შეაღებს და ისევე გაგვაოცებს, როგორც ეს ჰერონიმუს ლანდესმანმა ან ჰელენ კელერმა შეძლეს, მთავარია, „სასწაულმოქმედი მუშაკის” როლი მოვირგოთ და ასე გავიმარჯვოთ.

 

მასწავლებლის ხმა:  ბავშვობის სკოლაში დაბრუნებულები

0

ბავშვობაში დაბრუნება ვის არ ახარებს?! მეც ყოველ ჯერზე სიხარულით მივიჩქარი დასავლეთისკენ, სადაც მაღალ, ხშირი ტყეებით დაბურულ მთებში მოქცეული პატარა ქალაქი მელოდება. მე ოზურგეთის განაპირა, ქალაქის ხმაურისგან მოშორებულ უბანში დავიბადე. ჩემი ბავშვობის სახლთან ახლოს დიდი სკოლაა. აქ მხოლოდ სამოქალაქო ომის პერიოდში ვსწავლობდი, მაგრამ ბავშვობის ყველა ზაფხული მის ეზოში გავატარე. სკოლის სპორტულ მოედანზე თამაშს არავინ გვიშლიდა, დიდ სიცხეს კი მოედნის გვერდით ჩარიგებული უზარმაზარი ნაძვების ჩრდილში ვემალებოდით. მერე გავიზარდეთ და თავგადასავლების ,,არენამ“ სკოლიდან ქუჩაში გადაინაცვლა. თუმცა მის წინ ჩავლისას ყველანი ვგრძნობდით, რომ ის ჩრდილი, ის მოედანი ძველებურად სათამაშოდ გვეძახდა. ნელ-ნელა ეს გრძნობაც გაფერმკრთალდა, გაყუჩდა. დღეს კი, როცა ისევ შევაღე ქ. ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის ჭიშკარი, ბავშვობის ყველა ზაფხული თვალწინ ამესვეტა.  ერთადერთი განსხვავება ის გახლდათ, რომ მე ახლა მოსწავლე კი არა, მასწავლებელი ვიყავი და სკოლის დირექტორთან სასაუბროდ მიმეჩქარებოდა.

 

ნანა გაგუა ბავშვობის სკოლაში დაბრუნებული მასწავლებელია. სტუტენტობის დროს პედაგოგის პროფესიაზე არც უფიქრია, არქეოლოგობა უფრო იზიდავდა. თუმცა პედაგოგიური პრაქტიკის გავლის შემდეგ მასწავლებლის პროფესიითაც დაინტერესდა. ბავშვობის სკოლაში ისტორიის მასწავლებლის სტატუსით დაბრუნდა, 2007 წლიდან კი მის დირექტორად დაინიშნა, თუმცა მასწავლებლობას მაინც ვერ შეელია.

,,ჩემთვის უფრო სასიამოვნო პროცესი მასწავლებლობაა. ზოგადად მიყვარს გაკვეთილი, მიყვარს, როცა ვასწავლი, ძალიან მიყვარს ეს პროცესი!“

მასწავლებლობის მსგავსად, არც პროფესიული განვითარება შეუწყვეტია. 2001 წლიდან მასწავლებლის სახლის მწვრთნელია და სქემის ტრენერ-კონსულტანტობასაც ითავსებს. რამდენიმე წლის წინ ,,წლის საუკეთესო მწვრთნელის“ წოდებაც მიუღია. სიახლეების ძიებამ პროექტ ,,ჯიპრაიდთან“ მიიყვანა. შემდეგ ძალები ახალ მიმართულებაშიც მოსინჯა და დასავლეთ საქართველოს მცირეკონტიგენტიან სკოლებს სამოქალაქო განათლების ტრენინგებს უტარებს.

თქვენი აზრით, რა განსხვავებული პრობლემების წინაშე დგას პატარა ქალაქების სკოლები?

,,ჩემი სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ მცირეკონტიგენიანია. დღეს 120-მდე მოსწავლე გვყავს, შენობა კი 800 მოსწავლეზეა გათვლილი. ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ ერთ მიკროუბანში ფუნქციონირებს სამი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რაც პატარა ქალაქისთვის რისკის ფაქტორის შემცველია“

თავისუფალი არჩევანი, რომელიც მშობელს შვილის სხვა უბნის სკოლაში ჩარიცხვის უფლებას აძლევს, მოსწავლეთა არათანაბარი გადანაწილების კიდევ ერთი მიზეზია (ზოგ სკოლაში ორი ცვლაა, ზოგი სკოლა კი თითქმის ცარიელია). ცხადია, ქალაქის ცენტრი მეტი კომუნიკაციის შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე განაპირა უბნის, მოსახლეობაში შეჭრილი სკოლა. მშობელთა ნაწილი სასწავლო პროცესის დასრულებას ხან სკოლის მიმდებარე კაფეში ელოდება, ხან საყიდლებზე სიარულში გაჰყავს დრო. ამას გარდა, მოსწავლეთა რაოდენობის შემცირებაზე მიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და შობადობის შემცირებაც ,,ზრუნავს“.

,,კარგი იქნებოდა, მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას კლასში სტანდარტი არეგულირებდეს. პატარა ქალაქებში შესაძლებელია ისე დაკომპლექტდეს კლასები, რომ 25 მოსწავლეზე მეტი არ ჩაირიცხოს ჯგუფში. როგორც მცირე, ისე გადაჭარბებული რაოდენობაც შეიძლება პრობლემად მივიჩნიოთ. გადავსებულ სკოლებში ძნელია უსაფრთხოების ნორმები სათანადოდ დაცვა, შენობის ვენტილაცია და სხვ. ჩემი აზრით, თუ კლასის ზომის სტანდარტი დაცული იქნება, ზემოაღნიშნული პრობლემებიც არ წარმოიქმნება პატარა ქალაქის სკოლებში.“

როგორც ვხედავთ, ქ-ნი ნანა სკოლის დაცარიელების მთავარ მიზეზად მის ადგილმდებარეობას ასახელებს და გულისტკივილით აღნიშნავს, რომ პოტენციური მოსწავლეების – უბნის ბავშვების დიდი ნაწილი ცენტრის სკოლებში მიჰყავთ. მიმდებარე სოფლებიდანაც ცენტრში ჩამოსვლა უფრო მოსახერხებელია. თუ უბნის სკოლა მათ რაიმე განსაკუთრებულს შესთავაზებს, შეიძლება მოსწავლეთა გარკვეული რაოდენობა მოიზიდოს, მაგრამ ამისათვის დამატებითი დაფინანსებაა საჭირო, რომლის ფუფუნებაც ამ ეტაპზე არ გააჩნია.

,,იძულებული ხარ, რაც ეროვნული სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული, ის ასწავლო სრულყოფილად. შენ არ გაქვს არჩევანის თავისუფლება, იმიტომ, რომ არ გაქვს საკმარისი დაფინანსება, რომლის გაზრდისთვისაც საჭიროა ბავშვების რაოდენობა. ეს არის ჯაჭვური რეაქცია, შეკრული წრე, საიდანაც თავს ვერ დაიხსნი“

ქ-ნი ნანა არც სტერეოტიპების გავლენას გამორიცხავს. ზოგჯერ ბაძავენ ახლობლებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალაქის ცენტრში მათი შვილები უკეთეს განათლებას მიიღებენ, ან უკეთეს კავშირებს დაამყარებენ ,,კარგ ოჯახიშვილებთან“. შეიძლება მათ წინაპრებს სკოლასთან არასასიამოვნო მოგონებები აკავშირებდეთ და ეს იყოს თავის არიდების მიზეზი, ზოგჯერ კი, პირიქით, სხვა სკოლაში გადასულ ,,საყვარელ მასწავლებელს“ გაეკიდებიან… როგორც ხედავთ, პატარა ქალაქის განაპირა უბნის სკოლას ბევრი იმედგაცრუება დაგროვებია, რაზეც მის ხელმძღვანელს ძალიან სწყდება გული.

,,როცა ოჯახის ერთმა თაობამ სკოლას ზურგი აქცია, მისი შთამომავლობაც ასევე მოიქცა და მიზეზებს აღარ ჩასძიებია. ზოგიერთმა ახლობელ-ნაცნობებს მიბაძა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ ზემოაღნიშნული შეხედულების წყალობით ჩვენს მოსწავლეებს არასრულფასოვნების შეგრძნება უყალიბდებათ, თითქოს ისეთ სკოლაში სწავლობენ, სულ თავი უნდა დაიცვან.  ამ შეხედულების შეცვლას ალბათ მეტი დრო და მოსახლეობის ნდობა სჭირდება. ამის გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ სკოლის პრესტიჟის დაცვას“

 

ოზურგეთის N3 საჯარო სკოლამ ასი წლის იუბილე რამდენიმე წლის წინ იზეიმა. დირექტორის თქმით, ამ დროის განმავლობაში სკოლამ სწავლა-სწავლების უზარმაზარი გამოცდილება დააგროვა.  ოცდაცხრა მასწავლებელიდან თორმეტი მათგანი სერტიფიცირებულია, ორი – წამყვანი, სამი პედაგოგი კი მილენიუმის სახლის მწვრთნელი გახლავთ. ქ-ნი ნანა სიამაყით აღნიშნავს, რომ ის ხელმძღვანელობს პროგრესზე ორიენტირებულ სკოლას, რომელსაც იმედი აქვს, რომ თანამედროვე საგანმანათლებლო გამოწვევებისთვის ფეხის აწყობას შეძლებს.

როგორც წესი, სკოლების შემოსავლების უმეტესობა კომუნალურ გადასახადებსა და ხელფასებზე იხარჯება. ამ მხრივ არც ოზურგეთის სკოლაა გამონაკლისი. განვითარებისთვის საჭირო სახსრების მოძიება არც ისე ადვილია. თუმცა დირექტორის ძალისხმევით დაზოგილი მცირე თანხებით ნაბიჯ-ნაბიჯ უმჯობესდება სამუშაო გარემო (იცვლება საკლასო ოთახების კარები, რემონტდება რესურს-ოთახი და ა.შ.). ქ-ნი ნანა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ინგლისის სკოლებში სტუმრობისას ყველაზე მეტად მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით მოხიბლულა. თუმცა აქვე დასძენს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე ზემოაღნიშნულ ქვეყნებთან დატოლება შეუძლებელია, მაგრამ თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გაკვეთილის ჩატარებას, პროფესიონალ მასწავლებელთან ერთად, სრულყოფილი რესურსით აღჭურვილი გარემოც ესაჭიროება.

რამდენად ჩართულები არიან მშობლები შვილის სწავლა-სწავლების პროცესში?

,,სამწუხაროდ, მშობლების გარკვეული ნაწილი უფრო იმას აქცევს ყურადღება, მისი შვილის თანაკლასელთა ოჯახები რომელი სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან. რა თქმა უნდა, გვყავს ისეთი ბავშვები, რომლებსაც აქვთ მხარდაჭერა ოჯახისგან. თუმცა მცირეკონტიგენტიან სკოლებში უფრო ჭარბობს ისეთი მოსწავლე, რომელსაც სახლში ნაკლებად უწყობენ ხელს და მეტი ძალისხმევა დაგჭირდება, წიგნთან რომ მიიყვანო. ასეთი შემთხვევები ბევრია და ცალკეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვმუშაობთ. პატარა სკოლების დადებითი მხარეც ესაა –  თითოეული ბავშვის საგანმანათლებლო თუ პიროვნული პრობლემა ვიცით და ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ კლასში უთანასწორობის განცდა არ გაუჩნდეთ.“

ქ-ნი ნანას აზრით, მოსწავლეთა დაახლოებისა და ერთ გუნდად შეკვრის ყველაზე კარგი საშუალება ჯგუფურ პროექტებზე მუშაობაა. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და გარემოს დაცვისკენ მიმართული აქტივობების განხორციელების შედეგად სკოლამ სპორტული ინვენტარი და ახალი ნარგავები მიიღო. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გუნდურობისა და ჩართულობის მაღალი ხარისხი იყო, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა ასაკის მოსწავლეთა ურთიერთობებზეც დადებითად აისახა.

,,ძალიან მინდა, არაფორმალური განათლების მხრივ სკოლაში წრეობრივი მუშაობა იყოს. გვაქვს დიდი სპორტული დარბაზი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და კლუბური მუშაობის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა აქაც ხელს გვიშლის სკოლის ადგილმდებარეობა. სკოლის ბიუჯეტით კი შიდა წრეების დაფინანსება შეუძლებელია.“

თქვენი შეფასებით, პატარა ქალაქის სკოლებს შეუძლიათ მოსწავლეების თანამედროვე  გამოწვევებისთვის მომზადება?

,,ჩემი აზრით, რაიონებში ამ მხრივ უფრო უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე დიდ ქალაქებში.  ყოფილა შემთხვევა, მხოლოდ სკოლის იმედზე მყოფ, ბეჯით მოსწავლეებს ყველა სასკოლო გამოცდა წარმატებით ჩაუბარებიათ და არც უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა გასჭირვებიათ. თუ ბავშვი სკოლას ხშირად აცდენს და სწავლის დაბალი მოტივაცია აქვს, რა თქმა უნდა, დასჭირდება რეპეტიტორის დახმარება.“

ქ-ნ ნანას რეპეტიტორობა თავის თავზეც გამოუცდია და ამბობს, რომ ზოგ ბავშვს ინდივიდუალური გაკვეთილები არაფერში სჭირდება, მშობელს კი თავის დაზღვევის მიზნით მოჰყავს მასთან. კლასში მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა ყველაზე მეტად ,,ზრუნავს“ რეპეტიტორთა ინსტიტუტის გამყარებაზე. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ სკოლისა და ეროვნული გამოცდების პროგრამა ერთმანეთს შორდება და ჩნდება ამ დანაკლისის შევსების საჭიროება. გარდა ამისა, სკოლის მიმართ უნდობლობის პრობლემა მშობელს ძალაუნებურად რეპეტიტორზე  დამოკიდებულს ხდის.

,,საჭიროა სკოლისათვის მეტი ნდობის გამოცხადება, რომ ბავშვმა განათლება სწორედ სკოლაში მიიღოს. ოჯახსაც ნაკლები დანახარჯი ექნება და სკოლის ავტორიტეტიც ამაღლდება.“

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ გურიაში პროფესიული და უმაღლესი განათლების საკმაოდ კარგი პლატფორმა არსებობდა. დღეს აქ პროფესიული განათლების მიღებას კოლეჯ ,,ჰორიზონტში“ შეძლებთ. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, რაიონში ფუნქციონირებდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი, სადაც ქ-ნი ნანა გაგუა ლექციებს ცნობილ ლექტორებთან ერთად კითხულობდა.

,,ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა გამოზარდა ამ ფილიალმა. მათთვის, ვისაც სწავლის უმაღლესში გაგრძელება სურდა და დედაქალაქში წასვლას ვერ ახერხებდა, შესანიშნავ ალტერნატივას წარმოადგენდა. კარგი შეფასებების მიუხედავად, ფილიალი დაიხურა. რომ დარჩენილიყო, ვფიქრობ, დღეს განათლების ერთ-ერთი მძლავრი კერა იქნებოდა.“

თქვენი აზრით, როგორია ,,კარგი სკოლა“?

,,პირველ რიგში, სკოლა უნდა იყოს უსაფრთხო, როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.  გარდა ამისა, ეს არის სკოლა, სადაც ყველამ იცის თავისი საქმე და მოვალეობას პირნათლად ასრულებს, სადაც სწავლა-სწავლების პროცესი გამართულია და ამას უზრუნველყოფს პროფესიონალი მასწავლებელი, რომელსაც უყვარს ბავშვი, თავისი საქმე და მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისთვის ყველაფერს აკეთებს.“

მალალა იუსუფზაის თუ დავესესხებით, ერთ მასწავლებელსაც შეუძლია მსოფლიოს შეცვლა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ერთ ადამიანს რეალურად ძალუძს გლობალური ცვლილებების მოხდენა?

,,ვფიქრობ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. თუ ვერ ვირწმუნებ, რომ მე ერთს შემიძლია რაღაც ცვლილების განხორციელება, შესაძლოა ამ ცვლილებების დაწყებამ დროში უსასრულოდ გადაინაცვლოს. პაოლო კოელიო წერდა, როცა გულით გწადია რამე, მთელი სამყარო გეხმარება ამის მიღწევაშიო. შესაძლოა, შენი შედეგი თავიდან არც ისეთი თვალსაჩინო იყოს, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას.“

რას ამბობენ მასწავლებლები

0

იუნესკო-ის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებით, 2030 წლისთვის მსოფლიოს 68.8 მილიონი დაწყებითი და საშუალო სკოლის პედაგოგი დასჭირდება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მიღწევადია ამ რაოდენობის მასწავლებელთა ყოლა. რა იზიდავს და რა არ მოსწონთ სხვადასხვა ქვეყნის მასწავლებლებს თავიანთ პროფესიაში?

რა სირთულეებია თქვენს ქვეყანაში განათლების სფეროში?

სტეფანი ინგრი, გერმანია (4წლიანი გამოცდილებით),საშუალო სკოლის ინგლისური ენისა და ქიმიის მასწავლებელი:

„ბერლინში მოსწავლეთა რაოდენობა მზარდია. ბევრი ოჯახი ჩვენთან პროვინციიდან ჩამოდის, საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ლტოლვილია. მათ საზოგადოებაში ინტეგრირება სჭირდებათ. საბედნიეროდ, ჩვენი სკოლის მოსწავლეებს არ აქვთ ცუდი დამოკიდებულება სხვა ეროვნების ბავშვებთან. ისინი სიხარულით ეხმარებიან ახალბედებს. გვყავს, ე.წ. სკოლის გარეთ – კლუბები, სადაც ლტოლვილებს გერმანული ენის სწრაფ ათვისებაში ეხმარებიან”.

ნატალია პენერი, ყაზახეთი (31წლიანი გამოცდილებით), ინგლისური ენის მასწავლებელი დაწყებით სკოლაში:

„ჩვენთან პედაგოგს არ შეუძლია აირჩიოს სახელმძღვანელო, რომელსაც საუკეთესოდ მიიჩნევს. თითოეულ საგანში მხოლოდ ერთი წიგნია და მას განათლების სამინისტრო ამტკიცებს. გარდა ამისა, მოსწავლეები გადატვირთული არიან დამატებითი გაკვეთილებით, რის გამოც არ ჰყოფნით დრო საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებისთვის“.

რა არის ყველაზე რთული მასწავლებლის პროფესიაში?

მუასარ ალ იტანი, ლიბანი (8-წლიანი გამოცდილებით), ინგლისური ენის მასწავლებელი დაწყებით სკოლაში:

„ჩემი აზრით, ამ პროფესიაში ხარვეზები არ არსებობს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ჩემი ერთადერთი პრობლემა მშობლები არიან. მათი ფანატიზმი არ აძლევს საშუალებას ბავშვს, რომ გაკვეთილიდან სარგებელი მიიღოს. დღემდე მახსოვს ბიჭი, რომელსაც დედ-მამა ჩემს კოლეგასთან სკაიპით მეცადინეობას უკრძალავდა, რადგან დაუშვებლად მიიჩნევდნენ ევროპასთან კავშირს. ყველაზე საუკეთესო კი ამ პროფესიაში ის არის, რომ ხედავ, როგორ იცვლება უკეთესობისკენ  მოსწავლე. იცვლება არა მარტო ენის ცოდნის დონე ან ნიშნები, არამედ ზოგადად მისი ცხოვრება“.

სნეჟანა სიგანოვიჩი, სერბეთი (33-წლიანი გამოცდილებით), საშუალო სკოლის  ინგლისური ენის მასწავლებელი:

„პირველ რიგში, რთულია გამუდმებით მიმდინარე რეფორმების გაგება და მათთან დაკავშირებული გაურკვევლობა. ყველა ახალ მინისტრს თავისი მოთხოვნები უჩნდება. ყველა მასწავლებელს სურს განვითარება და კარგად გვესმის, რომ ჩვენი სკოლა მოძველებულია, მაგრამ არც განათლების სისტემის სამომავლო ხედვა გვაქვს. მეორეც, ბავშვთა უფლებების პატივისცემის მიუხედავად,  ჩვენს ქვეყანაში ყველამ მიივიწყა, რომ უფლებების გარდა, მათ აქვთ პასუხისმგებლობაც, მათ შორის სხვათა პატივისცემა. ასევე, უფლებები აქვთ პედაგოგებსაც“.

ალაა სალეჰ ალ-დასუკი, ლტოლვილთა ბანაკი, იორდანია (7- წლიანი გამოცდილებით), ინგლისური ენის მასწავლებელი დაწყებით სკოლაში:

„რთულია ასწავლო – კლასები გადატვირთულია. კიდევ ერთი პრობლემა ჩემი საგნის  სპეციფიკაშია: იმის გამო, რომ მოსწავლეებს არ შეუძლიათ გამოიყენონ უცხო ენა სკოლის გარეთ, სწავლება საკმაოდ ნელა მიმდინარეობს“.

როგორია დამოკიდებულება მასწავლებელთა მიმართ თქვენს ქვეყანაში?

ნანა კუჩინკოვა, ჩეხეთი (28-წლიანი გამოცდილებით), ინგლისური ენის, ჩეხური ენისა და  ისტორიის მასწავლებელი:

„ჩვენს ქვეყანაში მასწავლებლობა არაპრესტიჟულია, მშობლები არ მოუწოდებდენ ბავშვებს გახდნენ მასწავლებლები. სხვა ქვეყნებთან შედარებით მასწავლებლის ხელფასიც დაბალია. თუ გვინდა მომავალ თაობებს საჭირო ცოდნა გადავცეთ და სწორი ღირებულებები ჩამოვუყალიბოთ, აუცილებელია პროფესიაში საუკეთესო კადრები მოზიდვა.  მასწავლებლების შრომაზე პოლიტიკოსები მხოლოდ წინასაარჩევნოდ იწყებენ ლაპარაკს.  პროფკავშირებსაც აღარ აქვთ გავლენა. აუცილებელია არა მხოლოდ მასწავლებელთა ხელფასების გაზრდა, არამედ ამ პროფესიის პრესტიჟის რეაბილიტაციაც“.

ლაურა გუიგნინი, 55 წლის, იტალია (28-წლიანი გამოცდილებით), საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

„ჩემს ქვეყანაში ამბობენ, რომ მასწავლებლობა არ არის საუკეთესო საქმიანობა. პირველ ყოვლისა იმიტომ, რომ მასწავლებელს ცოტას უხდიან, მეორეც იმიტომ, რომ ყველას ეჩვენება თითქოს  მასწავლებელი ცოტას მუშაობს სკოლაში და ბევრს ისვენებს არდადეგების პერიოდში. ჩემი აზრით, ადამიანებმა არ იციან, რა რთულია მასწავლებლის შრომა. პედაგოგისგან და სკოლისგან ადამიანებს გადაჭარბებული მოლოდინი აქვთ, მუდმივად აკრიტიკებენ, მაგრამ თითქმის არავინ  თხოვს ხელისუფლებას, განავითაროს განათლების სისტემა“.

რატომ გადაწყვიტეთ მასწავლებლობა?

იუსსრ ჩედიაკი, ლიბანი (20-წლიანი გამოცდილებით), საშუალო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი:

„ჯერ კიდევ ბანაკში ლიდერად ყოფნის დროს, ჩემში დაუფარავ აღფრთოვანებას იწვევდა ის, რომ ერთ ადამიანს შეეძლო გავლენა მოეხდინა უამრავ ადამიანზე, შეეცვალა ისინი. მასწავლებელი გავხდი იმიტომ, რომ გარდამექმნა ჩემი მოსწავლეების ცხოვრება, მებიძგა სწავლებისაკენ და მათი საკუთარი პოტენციალის აღმოჩენისკენ“.

თავად წყვეტთ როგორ და რა ასწავლოთ?

ალინა ელენა მოიზე, რუმინეთი (8-წლიანი გამოცდილებით), საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:

„ვერ ვიტყვი, რომ მე თვითონ ვაკონტროლებ სწავლების პროცესს: შემოვიფარგლები მოცემული პროგრამით, რომელსაც უნდა მივყვე. უბრალოდ, ბავშვებს უნდა ვასწავლო ის, რაც წარმატებით ჩააბარებინებს გამოცდებს. მიუხედავად ამისა, მე თვითონ ვწყვეტ, როგორ დავაინტერესო მოსწავლე მათემატიკით, რათა ეს მათთვის მოსაწყენი არ იყოს“.

როგორ იცვლებოდა მასწავლებლის პროფესია თქვენს სამუშაო პერიოდში?

ნანა კუჩინკოვა, ჩეხეთი (28-წლიანი გამოცდილებით), ინგლისური ენისა და ჩეხური ენის მასწავლებელი საშუალო სკოლაში:

„ყველაზე მეტად სწავლება ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ შეიცვალა. ჩვენ დავიწყეთ ციფრული რესურსების გამოყენება, პრეზენტაციებისა და პროექტების შექმნა. ადრე გვქონდა მხოლოდ სახელმძღვანელოები, ცარცი და დაფა, მაგრამ ახლა ყოველდღე რაღაც ახალი ხდება“.

დრიტა ემრულაჰუ-კრასნიკი, კოსოვო (37- წლიანი გამოცდილებით), საშუალო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი:

„სწავლება ძალიან შეიცვალა: იყო აღმა- და დაღმაფრენები. 80-იან წლებში ყველას უნდოდა ესწავლა იმისათვის, რომ უკეთ ეცხოვრა. 90-იან წლებში, ჩვეულებრივი საგანმანათლებლო დაწესებულებების ნაცვლად არსებობდა, ე.წ. სახლის სკოლები: ჩვენ უბრალოდ ვცდილობდით იმ საშინელ სიტუაციაში რაღაც მაინც გვეკეთებინა. როდესაც ომი დასრულდა, განათლების სისტემაში რამდენიმე რეფორმა განხორციელდა. ახლა მიღებული გამოცდილების, ტექნოლოგიების განვითარებისა და სასწავლო გეგმის ახალი სტრუქტურის წყალობით, იცვლება მასწავლებლის როლი: ლექტორებისა და პედაგოგებისგან ჩვენ ვიქცევით მრჩევლებად, რომლებიც ეხმარებიან მოსწავლეებს განსაზღვრონ თავიანთი მიზნები და ურჩიონ, როგორ მიაღწიონ მათ“.

გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი სასკოლო ისტორია:

სედატ დაგტეკინი, თურქეთი (24წლიანი გამოცდილება), საშუალო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი:

„1994 წელს მე-7 კლასს ვასწავლიდი. გაკვეთილის დროს, ვიდრე დაფაზე განტოლებას ვწერდი, ერთი მოსწავლე ადგა და მეგობრების გასამხიარულებლად მანჭვა დაიწყო. ეგონა ვერ დავინახავდი, მაგრამ დაფა კარგად ირეკლავდა კლასს. არც მივბრუნებულვარ, ისე ვთხოვე ბიჭს დამჯდარიყო თავის ადგილას და განტოლება ამოეხსნა. მას საშინლად გაუკვირდა, ვერ მიხვდა როგორ დავინახე. ამის გადასამოწმებლად ნელ-ნელა აიწია  მარჯვენა ხელი. მეც ზურგშექცევით ვკითხე: „ვერ გაიგე, რომ ზოგიერთ მასწავლებელს თვალები კეფაზე აქვს? და რატომ აიწიე ხელი?“  შოკირებულმა მოსწავლემ ჩაილუღლუღა: „კი მაგრამ, როგორ, როგორ მხედავთ?..“

ლაურა გაუგნინი, იტალია (28-წლიანი გამოცდილება), ინგლისური ენის საშუალო სკოლის მასწავლებელი:

„მახსოვს ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის შემაჯამებელი გამოცდა. ის დაბადებიდან ყრუ იყო და იტალიურად საუბარიც კი ერიდებოდა. ამავდროულად, ძალიან მოსწონდა ინგლისური ენა და ძალიან უნდოდა ესწავლა. მოსწავლე დიდხანს ყოყმანობდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვიტა მეტყველების ნაწილი ინგლისურ ენაზე ჩაებარებინა, თუმცა შეეძლო, რომ წერით შემოფარგლულიყო. შემაჯამებელი გამოცდა მან ინგლისურ ენაზე ჩააბარა და როდესაც დაასრულა, სიტყვები ვერავინ გამონახა – იმდენად იყო ყველა შთაბეჭდილების ქვეშ. დღემდე ვამაყობ ამ ბიჭით“.

 

 

    მდგრადი განვითარება და ჩვენი პლანეტის ხუთი აქტუალური პრობლემა

0

გლობალური პრობლემების შესახებ საუბრისას, პირველ რიგში ეკოლოგიური პრობლემა  გარემოს – ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაჭუჭყიანება და კლიმატის ცვლილება, ტყეების დაცვა, ნარჩენების უტილიზაცია და სხვ.  გვახსენდება. ჩვენი პლანეტის  სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემებთან დაკავშირებული საკმაოდ ბევრი პრობლემა არსებობს. მაგრამ, ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ მათ გვერდით არსებობს ადამიანებთან დაკავშირებული სოციალური და ეკონომიკური ხასიათის პრობლემებიც. სამწუხაროდ, მარტო ბუნება არაა საფრთხეში. იუნესკო-მ გამოიკვლია ეს პრობლემები და მათ შორის 5 ყველაზე აქტუალური პრობლემა გამოყო. მოკლედ მიმოვიხილოთ ეს პრობლემები.

დედამიწის მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა და არათანაბარი განაწილება

1950 წელს ჩვენი პლანეტის მოსახლეობა 2.5 მლრდ. ადამიანი იყო. 2000 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობამ  6 მლრდ-ს გადააჭარბა, ხოლო  2005 წელს  ექსპერტთა ვარაუდით  იგი 8 მლრდ-ს მიაღწევს.  (იხ. ნახ.1 ) არ საჭიროებს მტკიცებას, რომ მოსახლეობის ზრდა  გარემოს დეგრადაციას  იწვევს.  მით უმეტეს, რომ მოსახლეობის შედარებით ინტენსიური ზრდა  დედამიწის იმ ზონებში აღინიშნება, სადაც ბუნებრივი რესურსები ისედაც საკმაოდ შეზღუდულია. 1990-1995 წლებში მოსახლეობის ნამატის 94% სწორედ განვითარებად ქვეყნებზე მოდიოდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია  21-ე საუკუნეშიც გაგრძელდება.

ნახ. 1. დედამიწის მოსახლეობის  რაოდენობის ცვლილების თავისებურებანი.

მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგების პროგნოზებს შორის, განსაკუთრებით მაღალი სიმჭიდროვის რეგიონებსა  და  ღარიბ ქვეყნებში, გამოირჩევა: მსხვილი ქალაქების ზრდა (ურბანიზაცია); ცხოვრების დონის შემდგომი გაუარესება;  დაფინანსების  შემცირება განათლებასა და ჯანდაცვაზე; გარემოს მდგომარეობის გაუარესება და დეგრადაცია.

სიღარიბის მუდმივი  ზრდა

 სიღარიბე ნაწილობრივ მოსახლეობის  რაოდენობის მუდმივი ზრდის თანამდევი შედეგია და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის კაცობრიობის არსებობასა და მდგრად განვითარებას.  მილიარდზე მეტი ადამიანი, ანუ განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის 1/3-ზე მეტი განსაკუთრებულ სიღატაკეში ცხოვრობს და მათი შემოსავალი დღეში 1დოლარზე ნაკლებია. მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი  სიღარიბის ზღვარზე ცხოვრობს. სიღარიბეს თან სდევს ბუნებრივი რესურსების – მიწის, წყლის, ხე-ტყის, მცენარეულობის ბოროტად გამოყენება. სიღარიბე ართულებს ისეთი გლობალური პრობლემების გადაწყვეტას, როგორიცაა გარემოს დაცვა, სასურსათო უზრუნველყოფის უსაფრთხოება.  სიღარიბე პრაქტიკულად ხელმიუწვდომელს ხდის განათლებას, სამედიცინო მომსახურებას,  ჯანსაღი თაობის აღწარმოებას.  გარდა ამისა, სიღარიბე  პროვოცირებას უკეთებს ძალადობის, ომებისა და ლოკალური კონფლიქტების კერების წარმოქმნას, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის განვითარების სტაბილურობასა და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.

ნახ. 2 . სიღარიბის ინდიკატორები

სიღარიბის პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური ზომების გატარებით არ გადაიჭრება. საჭიროა პოლიტიკური და სოციალური რეფორმების გატარება, რადგან სიღარიბე წარმოქმნება არა მხოლოდ ბუნებრივი  მიზეზებით, არამედ განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის არსებული წარმოებისა და  პროდუქციის არათანაბარი განაწილებითაც.  ამჟამად, დედამიწის  უმდიდრესი მოსახლეობის ¼ მსოფლიოს ბუნებრივი რესურსების ¾-ს იყენებს. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ დიდი განსხვავებაა არა მხოლოდ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის, არამედ ცალკეულ ადამიანებს შორისაც.

ნახ. 3.  მსოფლიო მოსახლეობის გეოგრაფიული განაწილება და  უთანაბრობა მსოფლიო შემოსავლების  განაწილებას შორის. 

სიღარიბის შემცირება მსოფლიოს ყველა ქვეყნის მდგრადი განვითარების  აუცილებელი, მნიშვნელოვანი და გადაუდებელი პირობაა.

გარემოზე მზარდი ზემოქმედება

სამრეწველო რევოლუციამ და ინტენსიურმა სოფლის მეურნეობამ, ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების მოხმარებამ, სწრაფად მზარდი მოსახლეობის  სურსათითა და ტანსაცმლით დაკმაყოფილების  მიზნით, სერიოზული ნეგატიური  ზემოქმედება მოახდინა ეკოსისტემაზე გლობალური მასშტაბით.  ამჟამად არსებული პრობლემები და რისკები მეტად მრავალფეროვანია. მაგ; მსოფლიოს ბევრ რეგიონში ელექტროენერგიის მისაღებად საწვავ წიაღისეულს იყენებენ. ნახშირისა და მაზუთის წვის შედეგად  მიღებული გამონაბოლქვი ნიადაგის მჟავიანობის მიზეზი ხდება, რაც დამანგრეველ ზემოქმედებას ახდენს მცენარეულ საფარსა და წყლის ეკოსისტემაზე.  ასევე იწვევს ატმოსფეროში სათბური აირების დაგროვებას,  რის შედეგადაც ხდება გლობალური კლიმატის ცვლილება და ოკეანის დონის მატება.

გარემოს დაჭუჭყიანებისა და ბუნებრივი რესურსების  გადაჭარბებული ექსპლუატაციის შედეგად ადგილი აქვს მიწების დეგრადაციას, სასოფლო-სამურნეო სავარგულების ფართობებისა და პროდუქტიულობის შემცირებას. მაშასადამე, გარემოზე ხანგრძლივი ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგად  ირღვევა ბუნებრივი სისტემების წონასწორობა და ნადგურდება ეკოსისტემები. ზოგიერთი ასეთი ცვლილება, მაგ: ბიომრავალფეროვნების შემცირება შეუქცევადი პროცესია. თუ არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები, სხვა პროცესებმაც  შესაძლოა ასევე მალე გადალახონ კრიტიკული ზღვარი. მდგრადი განვითარების იდეოლოგია დაფუძნებულია ეკონომიკური განვითარებისა და ეკოლოგიურ მიზნებს შორის არსებული „უთანხმოების“ აღმოფხვრაზე.

ადამიანის დემოკრატიული თავისუფლებისა და უფლებების შეზღუდვა, ძალადობისა და კონფლიქტების ზრდა

უთანასწორობა შეინიშნება თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში: ბუნებრივი რესურსების გამოყენებაში, სამუშაო ადგილების განაწილებაში,  სოციალური უზრუნველყოფისა და მომსახურების სფეროს მიღწევადობაში და, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გავლენებსა და მართვაში.  სწორედ ესაა მსოფლიოში  მუდმივად მიმდინარე კოფლექტების ძირითადი მიზეზები. თვით ყველაზე „დემოკრატიულ“ ქვეყნებშიც  კი არ არსებობს მდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტები. მაგ: მოქალქეებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, თუმცა  სინამდვილეში ისინი არ ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას საზოგადოების ცხოვრებასა და სახელმწიფოზე.

სახელმწიფო, რომლის მოვალეობაა კანონის შესრულება და დაცვა, ხშირად თავადვე იგნორირებას უკეთებს მას, რის გამოც ირღვევა ადამიანის უფლებები, ხოლო  ეთნიკური და რელიგიური ურთიერთობები მწვავდება პოლიტიკური და პირადი მიზეზების გამო. 1990 წლიდან მოყოლებული ათიდან ცხრა ომი ქვეყნების შიგნით მიმდინარეობს და ამ კონფლიქტების შედეგად  დაზარალებულთა 90% მშვიდობიანი მოსახლეობაა.  მშვიდობა –  მდგრადი განვითარების მთავარი პირობა და გარანტია.

ეკონომიკური განვითარების მიზნების შეუსაბამობა გარემოს დაცვასთან 

დღევანდელი რეალობა მოითხოვს ეკონომიკური ზრდის ცნებაში ეკოლოგიური და სოციალური ასპექტების შეტანას. ეკონომიკური ზრდა უნდა შეესაბამებოდეს  საზოგადოების  სოციალურ სტრუქტურას და არ უნდა სცდებოდეს ბუნების კანონებით განსაზღვრულ ჩარჩოებს. საზოგადოების ეკონომიკური განვითარების დონის შესადარებლად ადამიანთა კეთილდღეობის დონე ითვლება, რომელიც ეროვნული შიდა პროდუქტით იზომება.  შეფასება, რომ  ხშირად შედეგის მიღწევა ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე საბოლოო  მიზანი, მე-20 საუკუნეში დაინერგა და მხოლოდ ახალი საუკუნის  დასაწყისში გახდა ნათელი.  უკვე  ნათელია, რომ შემდგომში ტექნიკური პროგრესი  და საზოგადოების განვითარება  შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა საზოგადოება ბუნებასთან ჰარმონიაში განვითარდება.

დღეს კაცობრიობა უკვე აღჭურვილია საკმარისი აუცილებელი ცოდნითა და გამოცდილებით, რომ განვითარება შემოატრიალოს მდგრადობის მიმართულებით და  დანერგოს ახალი, ე.წ.  „მდგრადი განვითარების ტექნოლოგიები“.

ერთი საგანამანათლებლო რესურსი- ავტოპორტრეტი  მათემატიკურად

0

მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, თუ  როგორ  მიმდინარეობს  საგაკვეთილო პროცესი. ისინი უფრო მეტი ინტერესით ერთვებიან, როდესაც  ის  სახალისოა. დაწყებით კლასებში დიდი დრო ეთმობა თამაშით სწავლებას.  მათ მოსწონთ, როდესაც ეძლევათ საშუალება, საკუთარი უნარები გამოავლინონ. ასევე ძალიან მოსწონთ  საკუთარი გამოცდილებისა  და  ამბის გაზიარება მასწავლებელთან  და  კლასთან.

მოსწავლეები დაწყებითი კლასიდანვე ეჩვევიან საკუთარი თავის წარდგენას. მე ვისაუბრებ კონკრეტულად მათემატიკის გაკვეთილზე, როგორ შეიძლება წარადგინო საკუთარი პორტრეტი ისე, რომ იყოს სახალისო, საინტერესო და ამავდროულად შემეცნებითი.

მინდა გაგიზიაროთ ჩემი  მოსწავლეების საყვარელი აქტივობა „ავტოპორტრეტი მათემატიკურად“,  რომელსაც ხშირად ვიყენებ დაწყებით კლასებში.

გაკვეთილის დაწყებისთანავე მოსწავლეებს ვაცნობ, რომ  დღევანდელი  გაკვეთილი  იქნება   ძალიან სახალისო და საპასუხისმგებლო და მათ მოუწევთ    მათემატიკურ  ენაზე  შექმნან და წარადგინონ  საკუთარი  „პორტრეტები“ , ვესაუბრები  იმაზე,  თუ  რა  არის  პორტრეტი,  რომელიც  ხელოვნების  საგანში  უკვე  შესწავლილი  აქვთ , დღეს  კი  მათემატიკის  გაკვეთილზე  მათემატიკური  განხრით  იქნება  ის  განხილული.  ვმარაგდებით  რესურსებით,  როგორიცაა: თაბახის  ფურცელი, ფერადი  ფურცლები,  მაკრატელი,  წებო  და  ფერადი  ფანქრები.  მოსწავლეებს  ვაცნობ,  რომ  მუშაობა  იქნება  ინდივიდუალური.

პირველ  რიგში,  მათ  ვაცნობ დაფაზე  წარმოდგენილ  სქემას,    რისი  გაკეთება  მოუწევთ.  შემდეგ  ისინი  ამ  ყველაფერს  გადაიტანენ  ფურცლებზე.  ვწერ  რამდენიმე  სათაურ-კითხვას, რისი  პასუხებითაც  იქმნება    „ ავტოპორტრეტი  მათემატიკურად“.  ეს  სათაურებია:

ჩემი  ასაკი –

ჩემი  დაბადების  რიცხვი –

დაბადების  თვე –

ჩემი  სახელის  ასოების  რაოდენობა –

ჩემი  კლასი –

ჩემი  ფეხის  ზომა –

სპორტის რამდენ სახეობაზე  დავდივარ  –

ჩემი  ოჯახის  წევრების  რაოდენობა –

 

თითოეული  სათაურის  ქვეშ  უნდა  მოიფიქრონ  ისეთი  ტოლობები,  რომელიც  სათაურის  პასუხი  იქნება.  აუცილებლად  უნდა  გამოიყენონ  შეკრება-გამოკლება,  გაყოფა-გამრავლება  (რაც  შესწავლილი  აქვთ).  მაგალითად,  თუ  ჩემი  სახელი  შედგება  ხუთი  ასო-ბგერისგან,  მოსწავლემ  სათაური  ,,ჩემი  სახელის  ასოების  რაოდენობ”-ის  ქვეშ  უნდა  დაწეროს  შემდეგი  ტოლობა :  25:5.  პასუხებს  არ  ვუწერთ, რადგან  ვინც  ჩვენი  პორტრეტის  გაცნობას  მოინდომებს,  თავად  გამოთვლის. ფურცლის  ცენტრში  ვხატავთ  ასევე  ჩვენს  თავს,  ვუკეთებთ  სათაურს  ,,ეს  მე  ვარ.”  მოსწავლეებს  გემოვნებისამებრ  შეუძლიათ  გააფორმონ  სათაური,  პასუხები,  მთლიანი  ფურცელი.  სასურველია,  თუ  იქნება  ადვილად  აღსაქმელი. მეც ვადგენ ჩემს პორტრეტს მათემატიკურად და ჩემს მოსწავლეებს როცა აქვთ სამუშაო, მეც ვმუშაობ მათთან ერთად.  აი ჩემი ნამუშევარი:

მას  შემდეგ,  რაც  ყველა  მოსწავლე  შეადგენს  თავის  პორტრეტს,  ხდება  პრეზენტაცია.  მოსწავლეებს  უვითარდებათ  პრეზენტაციის  უნარ-ჩვევები.  ყოველი  მოსწავლის  პრეზენტაციის  შემდეგ  ხდება  გამოთვლა  და  მონაწილეობის  მიღება  თანაკლასელის  პრეზენტაციაში.  ამ დროს ყველა  მოსწავლე  არის  პროცესში  ჩართული.  რა  თქმა  უნდა,  მასწავლებელს  შეუძლია  სათაურები  შეცვალოს , მოსწავლის  ინტერესებს  და  ასაკობრივ  თავისებურებას  მოარგოს.

ეს სავარჯიშო ძალიან მიყვარს, რადგან  ის მეხმარება ისეთი გაკვეთილის ჩატარებაში რაც მოსწონთ ჩემს მოსწავლეებს,  აყვარებთ საგანს, აყვარებთ ერთმანეთს და უვითარებთ ემოციურ ინტელექტს.

მშობლებისა და აღმზრდელების კოლეგიალური დამოკიდებულების მნიშვნელობა

0

ადრეულ და სკოლამდელ აღზრდასა და განათლებაში ჩართულ მხარეებად, დაწესებულებების თანამშრომლებთან ერთად, დიდი ხანია მოიაზრებიან მშობლები და თემის წარმომადგენლები. კვლევებით დასტურდება, რომ მხარეების ყოველდღიური, ინდივიდუალური თუ გუნდური დიალოგი, გამოცდილებების გაზიარება, ცოდნის გაცვლა და პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბება ბავშვის ჯანსაღი განვითარების გარანტიაა. კოლეგიალური დამოკიდებულება ჩართულ მხარეებს ეხმარება კომუნიკაცია მოაქციონ თანასწორ და თანამშრომლურ ჩარჩოებში, სადაც მშობელი, აღმზრდელი, ბაღის ადმინისტრაცია თუ თემის წარმომადგენლები აცნობიერებენ ერთმანეთის, როგორც თანასწორი და პროფესიონალი თანამშრომლის, მნიშვნელობას.

 

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტებში აღნიშულია, რომ ხარისხიანი სკოლამდელი განათლების დაწესებულების თანამშრომლები მუშაობენ მშობლებთან და მათთან ურთიერთობისთვის იყენებენ ფორმალურ და არაფორმალურ კომუნიკაციას. ხარისხის სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებს ბაღი, რომელიც ხელს არ უწყობს ბავშვის ოჯახის აქტიურ მონაწილეობას ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ყოველდღიურ საქმიანობაში. ამასთან, მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები უნდა იცნობდნენ პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ მეთოდოლოგიას, კურიკულუმის მიზნებს, დაგეგმილ საქმიანობებს ბავშვებთან მისაღწევი მიზნების განსასაზღვრად და მისი განვითარების განსახილველად. მეტიც, ხარისხიანი სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლები წაახალისებენ მშობლებს, პროგრამის ფარგლებში ბავშვებს გაუზიარონ საკუთარი პროფესიული ცოდნა, უნარები, ინტერესები და  სთავაზობს მათ ბავშვის განვითარების ხელშემწყობ საქმიანობებს. ასევე, აღმზრდელ-პედაგოგი აღმზრდელთან ერთად, მშობელს სისტემატურად უნდა აცნობდეს ინფორმაციას ბავშვზე დაკვირვებასა და შეფასებასთან დაკავშირებით;

 

საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა (2018) აღნიშნავს, რომ მშობლებთან კომუნიკაცია ძირითადად დასკვნითი ღონისძიებებით შემოიფარგლება და  არ უკავშირდება ყოველდღიურ პრაქტიკასა თუ სკოლამდელი დაწესებულების პოლიტიკას. შესაბამისად, კომუნიკაციის ნაკლებობა ქმნის უნდობლობას სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომლებსა და მშობლებს შორის. ეს ყველაფერი კი, თავის მხრივ, აჩენს ბარიერს და ბავშვის სათანადო განვითარებას აფერხებს, ვინაიდან, არ არის ბმა ბაღში მიმდინარე აქტივობებსა და ოჯახში  მიღებულ ინფორმაციას შორის.

 

სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა (2018)  ასევე ცხადყოფს, რომ ბავშვზე ინდივიდუალურ დონეზე დაკვირვება და დოკუმენტირება გავრცელებული პრაქტიკაა. თუმცა არათუ მშობელი, არამედ აღმზრდელთა ნაწილიც კი არ არის ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ჩანაწერების წარმოება აუცილებელია და მათი მუშაობის განვითარების ინსტრუმენტს წარმოადგენს. ამასთან, მშობლები არ მონაწილეობენ და არ არიან ინფორმირებულნი შვილების საჭიროებების შესახებ.

 

დაბადებიდან 5 წლის ასაკამდე, ბავშვის ტვინის ჯანსაღ განვითარებაზე შეიძლება უამრავმა ფაქტორმა მოახდინოს უარყოფითი გავლენა, რომლის გამოსწორებაც მომდევნო წლებში  რთულია. ბავშვის პირველი აღმზრდელი, მისი მშობელია. თავისი ქმედებით, გადაწყვეტილებებითა და დამოკიდებულებებით მშობელმა შესაძლოა ხელი შეუწყოს ან შეუშალოს ბავშვის, როგორც პიროვნების განვითარებას. სკოლამდელი დაწესებულების როლი კი ამ კუთხით შეგვიძლია დავინახოთ როგორც მშობლების მხარდამჭერი, რომელიც მათ ეხმარება სწორად და კომპლექსურად წარიმართოს ბავშვის მრავალმხრივი, ფიზიკური, სოციალური, ემოციური და სულიერი განვითარება და არა პირიქით. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვის აღზრდის პროცესში ჩართულ მხარეებს შორის კომუნიკაციის წახალისება მოხდეს სპეციალისტების, მშობლების ან თემის სხვა წარმომადგენლების მიერ. ასეთ დროს, დიალოგის ხელშესაწყობად სასურველია, რომ შეხვედრა ნეიტრალურ სივრცეში მოხდეს და არა საბავშვო ბაღში.

 

2018 წლის 7 სექტემბერს,  წნორში, ცოდნის კაფეში გაიმართა შეხვედრა მშობლებსა და სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებთან. პროცესს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდიდა ის ფაქტი, რომ შეხვედრას  ესწრებოდნენ ადამიანები, რომლებსაც ბავშვების პოზიტიური განვითარების საერთო ინტერესი ჰქონდათ და ამასთან, წარმოადგენდნენ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ბაღს. როგორც ამ შეხვედრაზე აღმოჩნდა, მხარეებს  სხვადასხვა წარმოდგენები ჰქონდათ გარკვეულ საკითხებზე და ნეიტრალურ გარემოში ერთობლივად მათზე მსჯელობა  დაეხმარათ, უფრო თანამიმდევრული დამოკიდებულებები ჰქონოდათ ბავშვის განვითარების  მიმართ.

 

ბევრ სხვა საკითხთან ერთად, შეხვედრის საუბრის თემა იყო ბავშვის განვითარების სტადიები, ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, პროცესში მშობლებისა და აღმზრდელების კომუნიკაციის როლი და ამის პარალელურად შეხვედრის ფორმატი დაინტერესებულ მხარეებთან დიალოგის ხელშესაწყობად იყო გამოყენებული. აღნიშულ თემებზე საუბრისას, რამდენიმე ძირითადი საკითხი გამოიკვეთა:

1 – ბაღის თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ უმეტეს შემთხვევაში, ბაღში ბავშვის წამოსაყვანად მისული მშობლების ყოველდღიური ინტერესი მხოლოდ აღსაზრდელების კვების რაციონით შემოიფარგლება;

2 – როდესაც პედაგოგები აღსაზრდელებს ასწავლიან რთული ქცევის მართვას და შემდგომ ცდილობენ ეს განუმარტონ მშობლებს, მათი ნაწილი არ იზიარებს აღმზრდელების მითითებას, რომ მათ ოჯახშიც განამტკიცონ ბავშვის სწორი ქცევა.

3 – მშობლების მხრიდან ბაღის აქტივობების მიმართ ინტერესი განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში სასწავლო წლის ბოლოს და ზეიმებზე შედის, ვინაიდან მათთვის მნიშვნელოვანია თავიანთი შვილების კარგად წარმოჩენა. ხშირ შემთხვევაში, მშობლების მოლოდინები საბავშვო ბაღის საწყის პერიოდში არის საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება, უსაფრთხო გარემოში დროის გატარება და საოჯახო საქმეების მოწესრიგებისას სიმშვიდის გარანტი. საბავშვო ბაღის მოგვიანებით წლებში კი მშობლების ინტერესი, ბავშვის სკოლისთვის მზაობის უნარებზე ფოკუსირდება.

4 – მშობლების ხედვა სხვაგვარი აღმოჩნდა, ისინი მიიჩნევენ, რომ აღმზრდელებს ხშირად უჭირთ იმ აზრთან შეგუება, რომ მშობელმა შესაძლოა ურჩიოს, თუ როგორ მიუდგეს თავისი შვილის განსაკუთრებულ საჭიროებებს. არაკოლეგიალური დამოკიდებულებები, ბუნებრივია, აჩენს დისტანციას მშობლებისა და ბაღის თანამშრომლების ურთიერთობაში.

 

ადრეული განათლების დაწესებულებების მიზანი უნდა იყოს ბავშვის ფიზიკური და სენსორული განვითარება; სოციალურ-ემოციური განვითარება; კომუნიკაციის უნარების, ენისა და მეტყველების განვითარება; შემეცნებითი განვითარება; დამოუკიდებლობა და ადაპტური ქცევის განვითარება; ხელოვნების, წიგნიერების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და მეცნიერების გაცნობა. მაშინ, როცა აღზრდის კომპლექსური და დიდი მიზნები ვიწროვდება და მშობლის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მხოლოდ კვების, წერა/კითხვის ან მხოლოდ ნაწარმოებების დასწავლის უნარების განვითარებას, მშობელი ამით აგზავნის კონკრეტულ შეტყობინებას ბაღის თანამშრომლებთან, რომ სწავლების განმავლობაში მთელი რესურსი და ყურადღება სწორედ იმ საკითხებს დაუთმონ, რითიც მშობელი სისტემატურად ინტერესდება. ამ პროცესში კი გვავიწყდება აღსაზრდელები, რომლებიც მთელი არსებით გამოხატავენ მზაობას განვითარდნენ, ისწავლონ და სხვადასხვა გარემოში პოზიტიურად ადაპტირდნენ.

 

მშობლებს და აღმზრდელებს ხშირად უჭირთ იმის გააზრება, რომ თითოეულ ბავშვს აქვს ინდივიდუალური გამოცდილებები, კულტურული გარემო და ისინი იზრდებიან განსხვავებული ტრადიციების მქონე ოჯახებში. ამ განსხვავებების აღიარება და პატივისცემა დღესდღეობით ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება. ამ პროცესში მშობლებს, სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებსა და ბავშვებს შორის ეფექტური კომუნიკაცია და კონფლიქტების მოგვარება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნას წარმატების მისაღწევად როგორც სკოლაში, ასევე ცხოვრების სხვა ეტაპებზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები. მუხლი 6; მუხლი 18.

გაეროს ბავშვთა ფონდი. (2018) საქართველოში სკოლამდელი განათლების ხარისხის კვლევა. https://unicef.ge/uploads/Pre-school_quality_study-ge.pdf
Gramling M. (2015). The Great disconnect in early childhood education. What we know vs what we do.

 მუზეუმი მეზობლად

0

მეზობლობა, როგორც კულტურული მოვლენა, თავისი ლოკალური და გლობალური მნიშვნელობით, უნიკალური რესურსია პიროვნული აღქმისა და ადაპტაციისთვის საზოგადოებაშიც და სამყაროშიც. მუზეუმის მეზობლობა _ კიდევ უფრო  საინტერესო და მრავალშრიანი მდგომარეობაა და სწორედ ამ მდგომარეობის, მოვლენის კვლევა და ყოფით აქტად ქცევაა ერთი ახალი პროექტის მთავარი მიზანი.

პროექტი თბილისის მუზეუმების გაერთიანებას ეკუთვნის. ამ გაერთიანების შესახებ უკვე ბევრი რამ იცის არა მხოლოდ თბილისმა, არამედ მთელმა ქვეყანამაც. მეორე წელია, გაერთიანებაში შემავალი 9 მემორიალური მუზეუმი (ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონ ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ზაქარია ფალიაშილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, კოტე და სოსო წერეთლების, მერაბ კოსტავას და თოჯინების და სათამაშოების) აქტიურად, ახლებურად, თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად მუშაობს და დამთვალიერებლებს, დაინტერესებულ სტუმრებს  მრავალფეროვანი შინაარსით მასპინძლობს.

საგანმანათლებლო–შემეცნებითი პროგრამები, კონკურსები, არტ–აქციები, სალონური შეხვედრები და კიდევ უამრავი რამ ამ სივრცეებს ყველა ასაკის ადამიანისთვის სასურველ და საინტერესო ადგილებად აქცევს. ასეთი რამ კი, ჩვენს რთულ და დეზორიენტირებულ გარემოში განსაკუთრებულად ფასეულია. თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორი, ნინი სანადირაძე გაერთიანების მიზანს ასე განმარტავს: „მუზეუმების გაერთიანების მისია, ეს არის მუზეუმების ახალი როლი თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება აღვწეროთ, როგორც ტრადიციული სამუზეუმო საქმიანობის შენარჩუნებისა და საგანმანათლებლო ასპექტის სინთეზი, რომლის ფარგლებშიც ყურადღება გამახვილებულია თითოეული ადამიანისთვის ცოდნის გაზიარებაზე. თანამედროვე მუზეუმებმა უნდა გააფართოოს თავისი თვალსაწიერი და პრიორიტეტად კოლექციასთან ერთად დამთვალიერებელი აქციოს.“

„მუზეუმი მეზობლად“ _ ასე ჰქვია ახალ პროექტს, რომლითაც ეს წერილი დაიწყო.

სწორედ ამ პროექტის შესახებ, ვრცლად და დაწვრილებით, ვესაუბრები ქალბატონ ნინი სანადირაძეს:

 

_ თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ ბოლო დროს ბევრი ინიციატივა და მნიშვნელოვანი ღონისძიება განახორციელა. ამან ბუნებრივად გაააქტიურა კავშირი მუზეუმსა და საზოგადოებას შორის. „მუზეუმი მეზობლად“ – გაერთიანების და პირადად თქვენი ახალი პროექტია, რომელიც სულ მალე გახდება ცნობილი ჩვენი თანაქალაქელებისთვის. როგორ დაიბადა პროექტის იდეა? გარკვეულწილად, ხომ არ მოგცათ ბიძგი სწორედ საზოგადოების მზარდმა ინტერესმა?

თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორწლიანი ისტორიისთვის, მართლა ბევრი და საინტერესო იდეა განვახორციელეთ. კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლის გარდა, ჩვენი მიზანია სამუზეუმო სივრცეები გახდეს ადამიანებისთვის  საყვარელი ადგილი, სადაც სტუმრობა სასიამოვნოსთან ერთად სასარგებლო და შემეცნებითიც იქნება. მუზეუმები, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებისა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფორმალური და არაფორმალური საგანამანათლებლო მიმართულებების  ჩამოყალიბებაში. თანამედროვე მუზეუმების მისია –  ადამიანური კაპიტალის მობილიზება და მათი ჰარმონიული თანამშრომლობაა.

პროექტის „მუზეუმი მეზობლად“ მიზანია თბილისის მუზეუმების გაერთიანების სტრუქტურული ერთეულების მობილიზება და მათი ინტეგრაცია მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის ცხოვრებაში.

შესაბამისად თბილისის მუზეუმების გაერთიანების შექმნის მერე, გარდა რეორგანიზაციის საკითხებისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო მუზეუმების ახალი სიცოცხლე და დამთვალიერებლის დაინტერსება ერთის მხრივ სამუზეუმო სივრცეებით, მეორეს მხრივ კი იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მუზეუმები სთავაზობენ სტუმარს. მუზეუმებისთვის ახალი ფუნქციების მოძიება, თავისთავად გულისხმობდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისა და რესურსების იმ მთავარ კომპონენტად ქცევას, რაც საგანმანათლებლო მნიშვნელობის იქნებოდა.

თბილისის მუზეუმების გაერთიანების მუზეუმებს, ბევრ სხვა მნიშვნელოვან თავისებურებასთან ერთად ერთი გამორჩეული ნიშანი აქვს, ესაა სამუზეუმო სივრცეების მეზობლები. მიუხედავად საქართველოს მუზეუმების მრავალფეროვნებისა, ჩვენი მუზეუმები ნამდვილი სამეზობლო არეალით ხასიათდება და ყოველდღიურ სამუზეუმო ცხოვრებაშიც ჩვეულებრივ ერთვება.

ის განსაკუთრებულობა, რომელიც ერთის მხრივ ინსტიტუციური სივრცეა და მეორეს მხრივ სამუზეუმო კუნძული, რომელიც მობინადრეებითაა შემოფარგლული, ვინმესთვის შეიძლება შეზღუდვა ყოფილიყო, ჩვენთვის კი კიდევ ერთი გამოწვევა აღმოჩნდა, რასაც, ვფიქრობთ დადებითი და სასიამოვნო შედეგები მოყვება.

პროექტი „მუზეუმი მეზობლად“  ჩემთვის მართლა მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებაც ერთის მხრივ ადამიანთა სამეზობლო ჯგუფების მობილიზების სურვილმა, მათთვის მოტივაციის შექმნამ და მეორეს მხრივ კი სხვადასხვა საინტერესო შეხვედრებმა განაპირობა. ერთ–ერთი ასეთი შეხვედრა, მუზეუმის სამეზობლოდ, ჩემსა და ექვსი წლის სამეზობლოდ მოთამაშე მეზობელ ბიჭთან ერთად შედგა, რომელმაც ჩემს დაპატიჟებაზე მკაცრად მიპასუხა, რომ მუზეუმში თამაში არ შეიძლება.

  • რამდენად იცნობთ გაერთიანების მუზეუმების სამეზობლოებს და რამდენად არიან ისინი ჩართულები მუზეუმების განვითარების საქმეში?

მუზეუმების სამეზობლო თავისთავად საინტერესო სივრცეებია, რადგანაც ნებისმიერი ცვლილება, დამოკიდებულება თუ სიახლე მათ ჩვეულებრივ იციან, ისევე როგორც ნებისმიერ თბილისურ სამეზობლოში. გაერთიანების შექმნის შემდეგ დაწყებული სიახლეების და რეაბილიტაციის პროცესების დროს, პირველი გულშემატკივარი და ამბის გამზიარებელი სამეზობლო მობინადრეები იყვნენ. შესაბამისად, მოგვიწია ბევრ მეზობელთან გასაუბრება, დამეგობრება, მოსაზრებების გაზიარება და სხვა. იყო საკმაოდ რთული თემებიც, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს შეგრძნებას, რომ პროექტი „მუზეუმი მეზობლად“  გაამართლებს და საინტერესო შედეგებს მივიღებთ. ჩვენი მიზანია მუზეუმების ჩართულობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, სამუზეუმო კანონმდებლობისა და წესების დაცვით და კულტურის რესურსების გამოყენებით მეზობლების სრული ინტეგრაცია კულტურის სფეროში.

თბილისის მუზეუმების უმრავლესობა მემორიალურ სივრცეებს წარმოადგენს და მათი ადგილმდებარეობა მჭიდროდაა დასახლებული, როგორც თბილისის ისტორიულ უბნებში, ასევე ცენტრალურ ქუჩებზე. მუზეუმების სამეზობლო ადგილმდებარეობა აერთიანებს სხვადასხვა ტიპის ისტორულ მეხსიერებას, რომელიც გარდა მუზეუმებში დაცული მემორიალობისა, ასევე მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს კულტურისა და საზოგადოებისთვის. ისტორული მეხსიერება ის კომპონენტია, რომელიც ერისა და თუ ქვეყნის გამოცდილებასა და განვითარებას განაპირობებს.

  • რა იქნება პროექტზე თქვენი მუშაობის პრინციპი?

პროექტზე რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობს ჯგუფი, რომელთა შედეგებიც ძალიან მნიშვნელოვან რამდენიმეშრიან კვლევით მასალასა და ზეპირ ისტორიებს გულისხმობს. ისტორულ მეხსიერებას ქმნის არა მხოლოდ საზოგადოდ ცნობილი მასალები და ერთეულები, არამედ ზეპირი მონათხრობები. ისტორიული ნარატივი _ როგორც ქალაქის ისტორიისა და გეოგრაფიის იდენტობა. საუბრებში მოყოლილი ადგილის ისტორია (როგორც ამბავი) შეიძლება გახდეს გზამკვლევი თბილისის მუზეუმების გაერთიანებისა, და მთლიანად ქალაქის უძველესი კულტურისა და იდენტობისთვის.

განსაკუთრებით საინტერესოა მეზობლების დამოკიდებულება არამარტო მუზეუმის, როგორც კულტურის სფეროს დაწესეულებისადმი, არამედ ადამიანებისადმი, რომელთა სახელსაც ატარებს ესა თუ ის მუზეუმი. მიუხედავად იმისა, რომ იგივეს ვერ ვიტყვით ნიკოლოზ ბარათაშვილზე, ილია ჭავჭავაძეზე და სხვებზე, მაგრამ ქართული კულტურისა და უახლესი ისტორიისთვის მნიშვნელოვანი სახელები, გალაკტიონი,  მერაბ კოსტავა, ვახტანგ ჭაბუკიანი და სხვები ადამიანებს კარგად ახსოვთ და სრულად შეიძლება უახლესი წარსულის აღდგენა და სხვადასხვა სოციო – კულტურულ ჭრილში წარმოჩენაც.

 –          რას ელოდებით პროექტისგან?

პროექტის შედეგი დაუსრულებელი და მუდმივად განგრძობადია. საზოგადოების  სოციალური სარგებელი ყოველთვის შთაგონებაზე დგას და ის ხელოვნებისა და კულტურიდან მომდინარეობდა. კულტურა ყველგან აღწევს, რაშიც ხელს უწყობს სოციალურად ინტეგრირებული ფონი, შემოქმედებითობა, კავშირები  და სიცოცხლისუნარიანობა.  პროექტის შედეგი გარდა სხვადასხვა მიმართულებებისა, ასევე მნიშვნელოვანია ისტორიის, მითოლოოგისა  და რეალობის გააზრებისთვის. მითოლოგიის შეცვლისთვის, საინტერესოა, პროექტის მიმდინარეობისას მიღწეული შედეგები და რესურსები, რომლებიც კვლევის პროცესში მოგროვდა, განსაკუთრებით შთამბეჭდავია კონკრეტული სუბიექტების მიერ დანახული თუ განცდილი ზეპირი ისტორიები საზოგადოებისთვის ცნობილი ფაქტებისა და  ამა თუ იმ მოვლენის შესახებ. ვფიქრობთ, პროექტის შედეგების გასაჯაროება ბევრ საინტერესო ამბავს მოგვიყვება და მუზეუმებისადმი ინტერესს კიდევ უფრო გააღრმავებს.

–           როგორ წარმოგიდგენიათ „იდეალური სამეზობლო“ მუზეუმისათვის?

კითხვაზე კითხვითვე შეიძლება ვუპასუხოთ _  როგორია მეზობლებისთვის იდეალური მუზეუმი?! მეზობლებში მხოლოდ სადარბაზოს და ქუჩის სამეზობლო არ იგულისხმება, არამედ ურბანული და გეოგრაფიული არეალიც. ჩვენი კვლევისას ერთ–ერთი კითხვა ზუსტად ეს იყო და მიღწეული პასუხებიდანვე ნათელი ხდებოდა, რომ სწორი  გზით მივდივართ. კარჩაკეტილობის პრობლემა წლების მანძილზე ბევრმა მუზეუმმა გამოიარა, არ აქვს მნიშვნელობა, რითი იყო ეს ჩაკეტილი წრე განპირობებული. ფაქტია, რომ  ჩვენს საზოგადოებაში სამუზეუმო სივრცეები სხვადასხვა შეზღუდვებითა და სტერეოტიპული დამოკიდებულებებითაა ცნობილი. თუმცა ჩვენი მისიაა, სამუზეუმო სივრცეები გავხადოთ ყველასთვის  ხელმისაწვდომი და სასიამოვნო ადგილი, სადაც ნებისმიერი ინტერესისა და ასაკის ადამიანს შეეძლება მოსვლა და სამუზემო ცხოვრებაში ჩართვა.

 

 

 

 

 

მომთაბარე მუზეუმის საგანმანათლებლო კონცეფცია  

0

 

ბავშვთა და მოზარდთა შემეცნებით-ინტერაქტიული მუზეუმი ,,შუქურა”  2016 წელს დაარსდა. მისი დამფუძნებლები არიან : ქეთი იაშვილი – მხატვარი პედაგოგი და სოციალური მუშაკი; სოფიო ლაპიაშვილი – კულტურის პროექტების კოორდინატორი და კურატორი; და თათია სხირტლაძე – ხელოვანი, მხატვარი პედაგოგი, ვენის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

სამი სხვადასხვა გამოცდილების სინთეზით და ერთი იდეით აღჭურვილ თანამოაზრე ადამიანთა ჯგუფის სურვილი – დაეარსებინათ უნივერსალური ფორმატის საგანმანათლებლო სივრცე, ორი წლის წინ წარმატებით განხორციელდა; და, რადგან მუზეუმისთვის მუდმივი საგამოფენო სივრცე ჯერ არ მოიძებნა, მუზეუმი მომთაბარე ფორმატით ამუშავდა.

 

,,შუქურის” მიზანია მოაწყოს შემეცნებით-ინტერაქტიული გამოფენები და ერთი თემის ირგვლივ, პედაგოგიკის და ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის ჩართვით; შეიმუშაოს ექსპოზიციის შინაარსი და მრავალმხრივად გაშალოს არჩეული თემატიკა. მუზეუმის ერთ-ერთი დაამარსებელი სოფო ლაპიაშვილი მომთაბარე მუზეუმის ფორმატსა და გეგმებზე გვიყვება.

 

თავდაპირველად , შუქურას საგანმანათლებლო კონცეფციაზე მოგვიყევით, რას ისახავს მიზნად მომთაბარე მუზეუმის საგანმანათლებლო ფორმატი?

 

შუქურა შემეცნებით-ინტერაქტიული მუზეუმია, რომელიც თავისი აქტივობები კულტურისა და ბუნების ფენომენს ეხება და მათ არსებულ რეალობასთან აკავშირებს. ეს ხელს უწყობს სამყაროში ურთიერთკავშირების დანახვას და მისი, როგორც ერთი მთლიანობის აღქმას. „შუქურას“ საგამოფენო სივრცე თავისი კონცეფციით არღვევს კლასიკური მუზეუმის პრინციპს, რომელიც დამთვალიერებელის პასიურ როლს გულისხმობს. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანია, მუზეუმის დამთვალიერებელი ინტერაქციაში მოვიყვანოთ ექსპოზიციის ობიექტებთან, რაც მოცემული შინაარსის უკეთ შემეცნებისა და იოლად ათვისების საწინდარია. ასევე მის ფარგლებში მოვიაზრებთ გამოფენაში ინტეგრირებულ სამეცნიერო ლაბორატორიას, რათა სრულფასოვნად მოხდეს ამა თუ იმ ფენომენის სამეცნიერო კონტექსტში მოქცევაც.

 

ასეთი ტიპის საგანმანათლებლო სივრცე მართლაც ძალიან საინტერესო  ფორმატია ბავშვის განვითარებისთვის. როგორ მოხდა გამოცდილების დაგროვება მუზეუმის ჩამოსაყალიბებლად?

 

„შუქურას“ დამფუძნებლები ვართ სამი სხვადასხვა გამოცდილების მქონე ადამიანი, რომლებიც გავერთიანდით ერთი იდეის ირგვლივ – შეგვექმნა ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც საქართველოში არ არსებობს. კონკრეტული დეტალების განვითარებაში დაგვეხმარა ვენის ბავშვთა მუზეუმიც – ZOOM, რომელთანაც კონსულტაციებს გავდიოდით და ახლაც გავდივართ.

ამ ეტაპზე ავამუშავეთ მხოლოდ ECO-სახელოსნო, სადაც მეორად ნივთებს ახალ სიცოცხლეს შთავბერავთ და ბუნებრივი მასალებით ხელოვნებასა და დიზაინს ვქმნით. ჩვენ ვატარებთ ვორქშოფებს სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში და სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან, ასევე ვთანამშრომლობთ ზრდასრულებთან და მასწავლებლებთანაც.

 

ECO-ხელოვნების და დიზაინის სახელოსნოს საქმიანობა მიმართულია ბუნების შემეცნებისკენ და მდგრადობის პოპულარიზაციისკენ. როგორ შეიძლება მოხდეს საზოგადოების ეკოლოგიური  ცნობიერების ამაღლება?

 

საქართველოში დღევანდელ კატასტროფულ ეკოლოგიურ მდგომარეობას ამ თემაზე განათლების სიმწირეც ემატება. ამიტომ ვთვლით, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი გამოცდილება პატარა ასაკშივე გავუზიაროთ ბავშვებს, რათა დროულად გაცნობიერებულ იქნეს გარემოს როლი ჩვენს ცხოვრებაში, მისი დაცვის მნიშვნელობა და თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა ამ პროცესში. ამ მიმართულებით განათლების როლი უმნიშვნელოვანესია და ამიტომ ჩვენ იმ ადამიანებთან ვთანამშრომლობთ,  რომლებიც მდგრადობის მიმართულებით მუშაობენ. შარშან ჩავერთეთ გოეთეს ინსტიტუტის პროექტში „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“, რომლის ფარგლებშიც ვითანამშრომლეთ ქუთაისში პედაგოგებთან, ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილები. ჩვენ მიერ ჩატარებული სემინარები სხვადასხვა საგნის პედაგოგების თანამშრომლობის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად.

ფიზიკის ხელოვნებისა და გერმანულის მასწავლებლების მცდელობით მეორადი დაშლილი მოწყობილობებისგან სანათები შევქმენით. პროცესები და საგნები, რომლებიც სანათურის ანთებას იწვევს შევისწავლეთ და ერთად ვიმუშავეთ ობიექტის დიზაინსა და ვიზუალური მხარეზე.

ვითანამშრომლეთ ქიმიის პედაგოგებთანაც და ბუნებრივი ნივთიერებების სინთეზით მივიღეთ ფერები. მაგალითისთვის: სხვადასხვა ბოსტნეულის ნახარში ძმართან ან ლიმონის წვენთან შერევისას სხვადასხვა ფერს გვაძლევს, რომლითაც პედაგოგებმა ნახატები შექმნეს და შემდეგ ნახატებისგან ბლოკნოტებიც აკინძეს.

ნებისმიერ სკოლას შეუძლია სასწავლო აქტივობებში მსგავსი შინაარსის ჩადება, რაც მასწავლებელთა და ასევე მოსწავლეთა დამოკიდებულებას მგდრადობის მიმართ უდავოდ საინტერესო ასპექტს შეჰმატებს და სასწავლო პროცესს გაამდიდრებს.

 

რამდენად გამოიყენება ასეთი მეთოდები დღეს სკოლის პრაქტიკულ საქმიანობაში?

 

მე, როგორც მშობელი და როგორც სკოლის მოსწავლეების დედა ვაკვირდები, რომ მსგავსი მეთოდები სკოლაში აქტიურად არ გამოიყენება, თუმცა ამის გაკეთება ძალიან მარტივია და არც დამატებითი რესურსს მოითხოვს. ასეთ პროცესს სჭირდება პედაგოგების ერთად თავმოყრა და იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიძლება სხვადასხვა სასკოლო საგნების ერთმანეთთან დაკავშირება.

 

თქვენ არ გაქვთ მუდმივი საგამოფენო სივრცე, მაგრამ მაინც აქტიურად მუშაობთ ECO-ხელოვნების მიმართულებით. საზაფხულო ბანაკიც განახორციელეთ ბედიანის ბავშვთა ცენტრთან ერთად? რა იყო თქვენი მუშაობის ძირითადი კომპონენტები?

 

„შუქურას“ ECO-ხელოვნებისა და დიზაინის სახელოსნო მუშაობს სპეციფიკურად. დამკვეთი ორგანიზაციები თავისთან გვიწვევენ ღონისძიების ჩასატარებლად და ჩვენ ვცდილობთ, თემატიკა მათ მიმართულებასა და ინტერესის სფეროს მოვარგოთ, რომელიც ლოგიკურად ჩაეწერება მოცემულ კონტექსტში.

წელს პირველად ვითანამშრომლეთ საზაფხულო ბანაკის ფორმატში წალკის მუნიციპალიტეტის დაბა ბედიანში არსებულ ბავშვთა ცენტრთან. ჩვენი მუშაობის ძირითადი კომპონენტი შემეცნებაა და რადგან ბედიანი ბუნების წიაღშია, შევეცადეთ ჩვენი აქტივობებიც ბუნებასთან მიმართებაში დაგვეგეგმა და ამისათვის ადგილზე მოპოვებული მასალებით გვემუშავა. ამიტომ ავირჩიეთ იაპონელი დიზაინერის, მასაიო ავეს დიზაინის სწავლების მეთოდოლოგია, რომელიც დაფუძნებულია გარემოს დაკვირვებაზე. ეს არის იმდენად მარტივად დაგეგმილი საგანმანათლებლო პროცესი, რომ 4 წლიდან ბავშვს შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება. მასაიო ავეს მეთოდის გამოყენებით ბავშვებმა, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი შეხება ხატვასთან, ბუნებაზე, ფოთლებზე, ყვავილებზე ლუპით დაკვირვებისას შექმნეს რეალისტური ესკიზები და ჩანახატები, მუშაობის პროცესისას კი ისეთი დეტალები აღმოაჩინეს, რომელსაც ჩვენ შეუიარაღებელი თვალით ვერ ვხედავთ.

ბედიანის ბანაკის ფარგლებში ასევე გავაკეთეთ ფურცლები ბალახისგან. ბალახისგან ფურცლის გამოყვანის პროცესი ჩვენ, ECO-ხელოვნების და დიზაინის სახელოსნოს ხელმძღვანელებმა მრავალი მცდელობისა და ექსპერიმენტების შედეგად შევიმუშავეთ.

ამას გარდა, ბავშვებმა ბედიანში მობილური ტელეფონებით ჩაწერეს ბუნების ხმები და ერთად შექმნეს მუსიკა. მობილური ტელეფონებით ხელოვნების კონტექსტში მუშაობის საგანმანათლებლო მოდული ავსტრიაში მომუშავე ხელოვანთა ჯგუფმა Mobile Pictures შეიმუშავა, რომლებთანაც ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ.

ჩემ მიერ აღწერილი პროცესების მიღმა ბავშვებს ბედიანში შესაძლებლობა მიეცათ სოფლის მეურნეობის აქტივობებს გაცნობოდნენ, რის მიმართაც მათ დიდი ინტერესი გამოავლინეს.

 

ვფიქრობ, ეს მეთოდი სკოლის მასწავლებლებისთვისაც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის გასამრავალფეროვნებლად

 

ვიმეორებ, რომ ჩვენი მეთოდები არც დიდ აღჭურვას მოითხოვს და არც განსაკუთრებულ ხარჯებს. მონდომებისა და იდეის თანხვედრაა საჭირო. მნიშვნელოვანია ცოდნის პრაქტიკულ პროცესებში ჩართვით მიიტანო ბავშვებთან და არ შემოიფარგლო მხოლოდ სახელმძღვანელოთი. მე ვთვლი, რომ მაგალითისთვის თბილისში შემორჩენილ პარკებსა და ბაღებში ნებისმიერ მასწავლებელს შეუძლია გაიყვანოს ბავშვები და იქვე ელაპარაკოს ბუნებაზე, მცენარეებზე, გამწვანებაზე და აუხსნას, თუ რატომ არის ეს ყველაფერი სასიცოცხლო მნიშვნელობის ჩვენთვის. ეს შეიძლება მაგალითისთვის ნებისმიერმა ბოტანიკის მასწავლებელმა გააკეთოს. ასეთ დროს ცოდნის მიღების პროცესი უფრო სახალისო, მრავალფეროვანი, შემეცნებითი, თვალსაჩინო და შეხებადი ხდება.

 

თქვენმა მუზუმმა საქართველოში პირველი,,მზის სამზარეულო”, ანუ შუქქურა ააწყო და მის აწყობას დაინტერესებულებსაც ასწავლის. შუქქურა კონკრეტული გამოყენებისაა და ფაქტობრივად ამცირებს ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის მოხმარებას. მოგვიყევით ამის შესახებაც

 

დიახ, ეს არის დანადგარი ,,მზის სამზარეულო”, ანუ შუქ-ქურა, რომელსაც გვინდა პოპულარიზაცია გავუწიოთ. იგი პირველად ორი წლის წინ ქალთა ფონდის დახმარებით შევქმენით და მის დახვეწაში DVV international-ის (სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი) საგრანტო პროგრამა „ინოვაციური ფონდი“ დაგვეხმარა. ჩვენ გავემგზავრეთ გერმანიაში და გავიარეთ შუქ-ქურას აწყობის კურსები იმ ორგანიზაციაში, რომელმაც თავის დროზე ეს დანადგარი დახვეწა და პოპულარიზაცია გაუწია ევროპასა და მსოფლიოში. ეს არის პარაბოლოიდის ფორმის ქურა, რომელიც მზის სხივებს ირეკლავს და მათი აკუმულირების წერტილში საჭმლის მომზადებასა და წყლის ადუღებას ახდენს. დანადგარი მხოლოდ მზის ენერგიით მუშაობს.

გერმანიაში გავლილმა კურსმა მოგვცა იმის უფლება, რომ თავადაც დავამზადოთ და ვასწავლოთ შუქ-ქურის დამზადება და ჩვენი ცოდნის პოპულარიზაცია მოვახდინოთ. ვფიქრობთ, რომ ეს დანადგარი

საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის მისწრებაა, იქ სადაც გაზის და ელექტროენერგიის ნაკლებობაა და მზიანი დღეები და მოწმენდილი ცა ჭარბადაა. თუმცა მისი გამოყენება ქალაქშიც შეიძლება. ამ დანადგარით ბუნებრივი რესურსის – მზის ენერგიის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება და სხვა ამოწურვადი რესურსების დაზოგვაა შესაძლებელი.

 

სამომავლო გეგმებზე საუბარი ალბათ რთულია მუდმივი საგამოფენო სივრცის არარსებობ გამო, მაგრამ მაინც რა მიზნები გაქვთ, რომელთა განახორციელებაც გსურ?

 

მიუხედავად, იმისა რომ შენობა არ გვაქვს, ჩვენ ვაგრძელებთ მომთაბარე ფორმატში მუშაობას. იმედია, მომთაბარე გამოფენების გაკეთების საშუალებაც მოგვეცემა, რომლებსაც ხანგრძლივი ვადით დავგეგმავთ, რათა მათ მაქსიმალურად ბევრი მნახველი ჰყავდეს.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...