შაბათი, მაისი 10, 2025
10 მაისი, შაბათი, 2025

შეხვედრების ამბავი

0

(ქართული დიალექტური კორპუსის ფერეიდნული ტექსტების მიხედვით)

შეხვედრებზე რა ვილაპარაკოთ ისეთი, რაც ჯერ არ თქმულა? რომელ პირველ თუ უკანასკნელ, შემთხვევით თუ დაგეგმილ, წამიერ თუ მარადიულ, ბედნიერ თუ მტკივნეულ შეხვედრაზე უნდა მოვყვეთ, რომ ამოვხაპოთ შთაბეჭდილებათა უძირო ტბიდან შეხვედრების ყოველი წვეთი?

განსაკუთრებით ძვირფასი, მნიშვნელოვანი და ბედის  ჩარხის პირიქით დამტრიალებელია შეხვედრა ფერეიდნულ ტექსტებში. უფრო ზუსტად გითხრათ? ფერეიდნელისა და საქართველოში მცხოვრები ქართველის შეხვედრა,  საუკუნეებით ნაგროვები დარდისა და იმედის გაზიარება.

ყველაფერი მისალმებით იწყება, ჰოდა, ჩვენც ასე დავიწყოთ:

„ერთსაყე რო ქართველები შეხდებიან  შეხდომაჩი გამარჯობას იტყიან.“

ამბავი1

სიმღერა

საბჭოთა დრო იყო, როცა საქართველო სხვა რესპუბლიკებთან ერთად  ვითომ მშვიდობიან და ბედნიერ ქვეყანაში ცხოვრობდა. თუ არ გეხსომებათ, წაკითხული მაინც გექნებათ, როგორი სიფრთხილე ახლდა საბჭოთა მოქალაქეების ყოველ გასვლას საზღვარგარეთ, ათასი ყური მიჰყვებოდა თან, ის კედელიც კი, რომელსაც გაფაციცებული ყური აქვს და ყველაფერი ესმის.

სწორედ მაშინ ირანში გასტროლზე იყო ჩასული ქართველ მომღერალთა და მოცეკვავეთა ანსამბლი. სამი თვით ადრე ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მინისტრები, ვეზირები და მათი ცოლ-შვილი, ყველა იმ კონცერტზე წასასვლელად ემზადებოდა.

ერთი სომეხი კაცის, ვაზგენას დამსახურება იყო, რომ ჰეიდარმა იმ დღეს თავისიანები – ქართველები გაიცნო. ქარხანაში უმუშავია მასთან ერთად და როცა ეს კონცერტი დაიგეგმა, ჰკითხა ფერეიდნელს, ქართველები ჩამოდიან, არ გინდა ნახოო? თეატრში მოდი, მე დავიბარებ, იქ ერთი ჭუჭრუტანაა და დაცვას უთხარი, ვაზგენასთან საქმე მაქვს და შემოგიშვებენო.

დიდის ამბით გაემზადა ჰეიდარ დარჩიაშვილი ამ განსაკუთრებული შეხვედრისთვის,  “ერთ კირიას სუ აი, აბანოჩი დავიპარსე, პერანგი ვირეცხე და ან შალვარი რო ოთოო და ფეხსამოსი […] ვაპრიალე და. ვივარცხნე და.” მივიდა, კარიდან პოლიციამ არ შეუშვა, უბილეთო იყო,  სხვა შესასვლელიდან შეუშვეს, გაჭრა მეგობრის ფანდმა. შევიდნენ გამოპრანჭული ჰეიდარი და მისი ძმა  ქართული სიმღერის კონცერტზე.

დაიწყეს სიმღერა ქართველებმა, „განათლებულ იმაში და სუფთა, თეთრები, ქართველები. კაცები, დედაკაცები და გუხაროდა მე და ჩემ ძმა და ტაში უკრევდით იგრე, რო ყველამ დაამთავრის და მე და ჩემ ძმა ელა უკრევდით. იგრე გუხაროდა.“  ქართველებიც პირველად ნახეს და ქართული სიმღერაც პირველად მოისმინეს, ბავშვებივით გახარებულები იყვნენ, ბედნიერები, ამაყები, რომ, როგორც იქნა, თავისიანებს უყურებდნენ.

ანტრაქტიც დაიწყო.  ჰეიდარმა გარს უარა ჯგუფად შეგროვილ ქართველებს, ვერ ბედავდა გამოლაპარაკებას, თან რა უნდა ეთქვა არ იცოდა, მერე გაახსენდა, ქართველები შეხვედრისას ერთმანეთს გამარჯობას ეუბნებიანო და ხმამაღლა შესძახა ან, როგორც თვითონ ამბობს, შეჰკივლა:

-გამარჯობა!

გაჩუმდნენ.

-გამარჯობა!

მცირე დუმილის შემდეგ, გაოცებულებმა ჰკითხეს, საიდან ხარო, ქართველი, ირანიდანო- ჰეიდარმა უთხრა, განა ირანში ქართველები არიანო? როგორ არ არიანო.

„მა, ერთი ერთ წიწილას, ვატირეყე, თქი: ერთი ერთ წიწილას დაჲკარგავს, შიდი ქუჩა კარს მოილის, ერთ წიწილა მონახოს და ქენ ეხლა ოთხასი წელია ქართველები ექ არიან და ეხლა იკითხავ, აბა, – ქართველი ექ არიან? “  – დიდი ხნის ნაგროვები გულისტკივილი ამოთქვა ფერეიდნელმა ქართველმა და საქართველოდან მოსული ქართველები აატირა.

მერე თავისი ძმაც გააცნო, დიდხანს ილაპარაკებს, ბოლოს ქართველებმა, ჩვენ ისევ სცენაზე შევალ, ვიმღერებთ და უჩვენოდ არ წახვიდეო.

იმღერეს, ისევ ყველაზე მხურვალე ტაში დაიმსახურეს, სულ სხვაგვარად ჟღერდა მეორე განყოფილების დროს ქართული სიმღერა.

ბოლოს, ყველამ ჯიბიდან და ჩანთიდან ამოალაგა რაც კი რამ წვრილმანი ჰქონდა, ქართული სუვენირი, სამშვენისი, პაწაწინა, ქართულ წარწერებიანი დეტალი და თავიანთ ფერეიდნელ ძმებს აჩუქეს, გულაჩუყებულებმა, ბედნიერებმა, მათი გული გამოიყოლეს და თავიანთი იქ დაუტოვეს.

აი, თითქოს გუშინ იყო ეს ამბებიო, იხსენებს ჰეიდარ დარჩიაშვილი, თითქოს გუშინ, არადა, მას მერე 50 წელი გავიდაო.

 

ამბავი 2

შეხვედრა სირიაში

ხშირად შენიანს იქ წააწყდები, საერთოდ რომ არ ელი და იმ წუთში, როცა ყველაზე მეტად გჭირდება.  როცა გულგატეხილი, ომგადატანილი, სიკვდილგამოცდილი, სასოგამოცლილი დადიხარ და საკუთარი ტკივილების მალამოს ეძებ.

კინოში შეხვალ – იქაც ომია, გულგახეთქილი გამოვარდები, ზუსტად ისეთი ომია, როგორშიც შვილები დაკარგე, ფილმი ჭრილობას გიღვიძებს, გული გტკივა, ისე, ისე, რომ შეიძლება უცებ გაგისკდეს კიდეც.

“ზუსტად შუღლს აჩენდებდაო, რო ტყივა ხვდებოდაო და ფუტკნიდაო. ფუტკნიდა ადამიანსაო. […] და ფუტკნიდაო ადამიანს. ზუსტად ემას რო მივხედეთო,– ცოლი იძახოდა, – აი, როგორც ჩონ შვილეფს უჭრეტდეთო, რო ომჩი დახოცილიები ესები. აი, გულის თქრიალი უგუვარდაო და ავდექით და გამოვარდით კინოსაყეო.”

ეს ერთი ფერეიდნელი წყვილიც ამბავია, რომლებიც სირიაში მოგზაურობდნენ, ახალი ომის ქარიშხალში საკუთარი ომის ტკივილების დავიწყებას ცდილობდნენ, მაგრამ ძნელია, როგორ უნდა მოახერხო?

კინოდან სწრაფად გამოვიდნენ და ფილმის ნახვით დათრგუნულები ფეხებს ძლივს მოათრევდნენ, რამდენიმე ნაბიჯი ძლივს გაიარეს, რამდენიმე მაღაზია უკან მოიტოვეს და  ბედისწერის, განგების, დაღლილი გულის მინიშნების თუ უბრალოდ, შემთხვევითობის წყალობით ერთ მაღაზიაში შევიდნენ.

სხვებიც იყვნენ იქ, ახალგაზრდა ქალები, ლამაზები, კარგები…კაცი გარეთ ელოდებოდათ, ხოლო ისინი მაღაზიას ათვალიერებდნენ. უცებ ერთმა ქართულად დაილაპარაკა.

ქართველები ხართო? – შვილდაკარგულმა მშობელმა  – ქართველები ხართო?

გაარკვიეს, რომ ქართველები არიან, საქართველოდან და ირანიდან.

„მიფრინდა ემ ქალმა ჩემ ქალსაო და შაიკრუტა, შაიკრუტაო და ჲკოცნის და ჴელს უსომს თავზე და პირზეგაო და იჭერს ეგრე და ათორიელეფს, ათორიელეფს და კიდემ შაჲკრუტავსო და აი, ეხლა ემამ გოოშოო და ამ სხო ქალმა მივარდაო და ემამ კოცნითა და ჴელის, სიხარულის ცრემლითაო და ემას ჴელს უსომ და კოცნისო და ეხლა ეს დაიღალების, ანსი და ეხლა მერე [გამაჲყე] და ვათორიალეფო და ესენი და ანს ეგრე, როგორც რო რაგდენ წელი, შვილი დეეკარგოსყეო და აი, ეხლა მეენახოსყეო, ემჯურად ემასაო, ემას კოცნიანო და ჴელზე თავს უსმენო და ცრემლები მაჲდისყე სიხარულითაო“.

მკვდარი შვილი დამავიწყესო – შვილმკვდარმა დედამ თქვა. რა დაავიწყებდა, გაყინული შვილის სხეული საცხედრეში რომ ნახა, ფეხიდან წინდა გახადა და სახსოვრად შეინახა. შვილს ვერაფერი დაავიწყებდა, მაგრამ ზოგჯერ უცხო მხარეში  მოძმის ნახვა უდაბნოში წყლის მიწოდების ტოლფასი ხდება ხოლმე.

„მე ჩემთი ერთი შვილის ის, ის ახლო ვნახე. ვნახე და თქო, ემათ იგრე ესენი ჩონთი ანგელოზნი შაიქნესო. იფიცევდა, რო იგრე მუგუყვეს, იგრე, რო რაძღა რო ჩანთაჩი ჲქონდაყე, მაჩუქევდეს მეო. რო მე ის ჩემ შვილები დამამიწყესო და მე იმ დროს და იმ დღეს იმ ქართველეფს ვერ დაიმიწყებყეო“.

 

რადიარდ კიპლინგის სამყაროში მოგზაურობა

0

ამ ქვეყნად ბევრი საინტერესო და ამავდროულად მშვენიერი წიგნი მეგულება, ჩემო უსაყვარლესებო, მაგრამ დღეს ერთის შესახებ გიამბობთ,  „აი, ასეთი ამბები“  რომ ჰქვია და თხუთმეტ ნახევრადზღაპრულ ამბავს აერთიანებს (ნახევრადზღაპრული კარგად დაიმახსოვრეთ)!.. ეს წიგნი მართლაც გამორჩეული და განსაკუთრებულია, იმიტომ რომ რადიარდ კიპლინგმა დაწერა, რობერტ ინგპენმა დაასურათა,    ქარჩხაძის გამომცემლობამ კი „საბავშვო კლასიკის“ სერიით შემოგვთავაზა.

***

სანამ სიტყვების თამაშითა და ორიგინალური ეპითეტებით უხვად შეზავებულ ამბებზე გადავალ, შეგახსენებთ, რომ რადიარდ კიპლნგი მსოფლიოში აღარებული, პირველი ბრიტანელი ნობელიანტი ავტორია. მისი ნაწარმოებები გაჟღენთილია აღმოსავლური სურნელით, ეკზოტიკური სანახაობებითა და ხმებით. ამის მიზეზი ინდოეთში გატარებული ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები გახლავთ. თუმცა თავად კიპლინგი თვლიდა, რომ მწერლად ჩამოყალიბებაში ინგლისის სკოლაში გატარებული ხუთი საშინელი წელი დაეხმარა, ერთერთ ოჯახში გამწესებული, უმკაცრეს პირობებში რომ იზრდებოდა. სწორედ ამ პერიოდში დახელოვნდა ტყუილების შეთხზვაში, რაც, მისი თქმით, „მშვენიერი წინაპირობა აღმოჩნდა  ლიტერატურის შესაქმნელად.“

ავსტრალიელი მხატვარი, დიზაინერი, საბავშვო წიგნების ილუსტრატორი, ეკოლოგი და ხელოვნებათმცოდნე რობერტ ინგპენი კი უამრავი საპატიო ჯილდოს მფლობელი გახლავთ, რომელთაგან ხაზგასმით ანდერსენის ოქროს მედალი მინდა აღვნიშნო. პრიზი, რომელიც ნებსმიერი მხატვრისთვის  ნობელის პრემიის საპირწონეა და მსოფლიოში საუკეთესო ილუსტრატორებს გადაეცემა. ჩვენი წიგნის მაღაზიებსა თუ ბიბლიოთეკებში ინგპენის ილუსტრაციებით გაფორმებული კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი საბავშვო ნაწარმოები მეგულება: ჯეიმზ მეთიუ ბარის „პიტერ პენი და ვენდი,“ კენეთ გრმის „ქარი ტირიფებში,“  და ეს ულამაზესი წიგნებიც ქარჩხაძის გამომცემლობის „საბავშვო კლასიკის“ სერიაშია გაერთიანებული.

***

„აი ასეთი ამბები პატარებისთვის“ კიპლინგმა 1902 წელს გამოაქვეყნა. თხუთმეტ პატარა მოთხრობაში (ნახევრადზღაპრულები რომ არის, არ დაგავიწყდეთ) ბევრ უცნაურ სახელს, გამოთქმასა თუ ფრაზას გადააწყდებით. ყველაზე ხშირად კი „ჩემო უსაყვარლესო“ შეგხვდებათ. რადიარდ კიპლინგი სწორედ ასე მიმართავდა თავის ქალიშვილ ჟოზეფინას, როდესაც ამბის მოყოლას იწყებდა ან ასრულებდა, როდესაც დიდაქტიკურ მოტივებიან პასაჟებზე მისი ყურადღების გამახვილებას ცდილობდა ან სიყვარულის გამეჟღავნება განსაკუთრებულად მოუნდებოდა. სამწუხაროდ, ექვსი წლის ჟოზეფინა პნევმონიით გარდაიცვალა და მამას მოუშუშებელი ჭრილობა დაუტოვა. მამა-შვილის ყოველდღიური ურთიერთობისთვის დამახასიათებელი ხუმრობები და ნიუანსები  ყველაზე თვალსაჩინოდ  წარმოჩენილი პატარა გოგონა ტეფისა და მისი მამიკო ტეგამაი ბოფსალაის ამბებშია: „როგორ დაიწერა პირველი წერილი,“ „როგორ შეიქმნა ანბანი“ და „ტაბუს ამბავი.“

როგორც ირკვევა, ტეგამაი ბოფსალაი ნეოლითელი, ერთობ უბრალო კაცი ყოფილა, გამოქვაბულში ცხოვრობდა, არც ბევრ ტანსაცმელს ატარებდა, ვერც წერდა და ვერც კითხულობდა, მიუხედავად ამისა თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა (ოღონდ როცა არ შიოდა). მისი მთავარი ღირსება სახელში გახლდათ გამჟღავნებული, ტეგამაი ბოფსალაი ნიშნავს „კაცს-რომელიც-დაუფიქრებლად-ნაბიჯს-არ-დგამდა,“ მისი ცოლის, ტეშამაი ტევინდროუს სახელი კი – „ქალბატონს-რომელიც-სვამს-უამრავ-შეკითხვას,“ მათი პატარა ქალიშვილის ტეფიმაი მეტალამაის სახელი კი „პატარა-გასატყეპ-პიროვნებას-რომელსაც-კარგი-მანერები-არ-გააჩნია.“ ჰოდა, ეჭვი ხომ არ გეპარებათ, მშვიდად და ბედნიერად რომ ცხოვრობდნენ (ყოველ შემთხვევაში, სანამ ტეფი ფეხს აიდგამდა და მამიკოს დაუწყებდა დევნას).

ნეოლითელ მამა-შვილზე დაწერილი სამივე ამბავი პიკანტური იუმორითაა შეზავებული, თუმცა მხოლოდ ღიმილს როდი მოგგვრით, იმასაც მიგახვედრებთ, პატარა გოგონებს ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მამებთან ერთად ხატვა და თამაში რატომ უყვართ, წერა-კითხვა კი ცოტა არ იყოს ეზარებათ. შესაძლოა, ამის მიზეზი ის საბედისწერო მოვლენებია, ტევარას თემის უცნობი კაცისთვის გატანებულ წერილს რომ მოჰყვა. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ წერა-კითხვა არც ტეფიმ იცოდა და არც ტეგამაიმ, ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, რა დღეში ჩავარდებოდა პირველი ფოსტალიონი, პატარა გასატყეპი პიროვნების მიერ არყის ხის ქერქზე ამოკაწრულ „სიტყვებს“ ნეოლითელ ქალებთან გამოქვაბულში რომ მიიტანდა. არყის ხის ქერქზე ამოკაწრული პირველი წერილი კი, ჩემო უსაყვარლესებო, სახლიდან ძალიან შორს სათევზაოდ წასულ მამა-შვილზე გახლდათ, ერთი შუბი რომ გაუტყდათ, სათადარიგო კი თან არ აღმოაჩნდათ, დახმარება კი ძალიან სჭირდებოდათ (თორემ მშივრები დარჩებოდნენ);

„რატომ აქვს ვეშაპს ასეთი ხახა“ იმ მეტად შორეულ დროზე მოგვითხრობს, თევზიყლაპია ვეშაპი ოკეანის ბინადრებს მუსრს რომ ავლებდა და ბოლოს ერთი ციცქნა, ქვეშქვეშა თევზის ანაბარა დარჩა. ქვეშქვეშა თევზი უსაფრთხოების წესებსაც ზედმიწევნით იცავდა (თავი საფრთხეში რომ არ ჩაეგდო, ვეშაპის მარჯვენა ყურს უკან დაცურავდა) და გეოგრაფიაშიც მშვენივრად ერკვეოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მშიერ ვეშაპს ვერ უკარნახებდა, არაფრისმქონე ირლანდიელი მეზღვაური შუა ზღვაში, ზუსტად ჩრდილოეთის ორმოცდამეათე განედისა და დასავლეთის მეორმოცე გრძედის გადაკვეთაზე რომ დასკუპებულიყო. ამ არაფრისმქონე, „უსაზღვროდ-ბრძენსა-და-დიდ-გამომგონებელ მეზღვაურს ერთი ლურჯი შარვალი, ასაკეცი დანა და აჭიმები (რომელიც კარგად უნდა დაიმახსოვროთ)“ მაინც გააჩნდა და ფეხების წყალში ჭყუმპალაობაზე დედიკოს ნებრთვითაც სარგებლობდა. ასე რომ არ ყოფილიყო, ვეშაპის „ხახის გახარიხების“ ამბავი ნამდვილად არ დაიწერებოდა;

„როგორ შეიძინა აქლემმა კუზი“ იმ დროინდელი ამბავია „როდესაც სამყარო ნორჩი-და-მთლიანი“ გახლდათ, ცხოველები ადამიანისთვის შრომას იწყებდნენ, მტვრის ღერუბელზე შემოსკუპებული სრულიად უდაბნოთა ჯინი კი დიად ჯადოქრობებს სჩადიოდა და უსაქმურ არსებებს თავდაჭერასა და საკუთარ თავზე სიცილს ასწავლიდა;

„როგორ იშოვა მარტორქამ ასეთი ტყავი ცუდად აღზრდილ, „უკაცრიელი კუნძულის მთლად გაუკაცრიელებული სიღრმიდან გამოსულ“ მარტორქაზეა, რომელიც ცეცხლთაყვანისმცემელი პარსის გამომცხვარ „სენტიმენტურ სუნიან ნამცხვარს“ გადეყრება. „სენტიმენტურ სუნიანი ნამცხვარი“ კი, ჩემო უსაყვარლესებო, თურმე  „ფქვილითა და წყლით და ქიშმიშითა და ქლიავით და შაქრითა და მსგავსი რამერუმეებით“ გამომცხვარ ნამცხვარს ერქვა. ყოველ შემთხვევაში მაშინ, როდესაც „მარტორქას ტყავი სამი ღილით იკვრებოდა: მხრებს ქვემოთ, ღიპზე და წყალგაუმტარ ულტობ ქსოვილს წააგავდა;“

„რატომ აქვს ლეოპარდს ლაქები“ მაშინდელი ამბავია, დედამიწაზე სულიერიც და უსულოც ერთი ფერისა რომ იყო. დიახ, დიახ, თავიდან ფეხებამდე ყველა „ექსკლუზიურად მოყვითალო-მოქვიშისფრო-მოყავისფრონი“ ყოფილა და „ექსკლუზიურად ზუსტად ეხამებოდნენ მოყვითალო-მოქვიშისფრო-მოყავისფრო ფერის ველდს;“

„სპილოს შვილი“  ჩვეულებრივ პატარა არსებაზეა. როგორები არიან ჩვეულებრივი პატარა არსებები? რა თქმა უნდა „ზრდილობიანი გამოკითხვის მოყვარულები“ და რა გასაკვირი იქნება, ჯუნგლების ბინადარ ყველა უფროსს თავი რომ მოაბეზრონ. „ზრდილობიანი გამოკითხვის მოყვარულ“ სპილოს შვილს კი არა მხოლოდ ყურადღება, ხორთუმიც აკლადა და მის ნაცვლად ერთი მოშავო, ოდნავ ამობურცული, ღილივით ცხირი ჰქონდა. თუმცა… ცნობისმოყვარეობისა და ერთი საბედისწერო კითხვის წყალობით (კერძოდ: რას მიირთმევს ნიანგი სადილად?) ეს უმნიშვნელო ლაფსუსი საკმაოდ სწრაფად გამოსწორდა. ამაში „აი ასეთი ამბების“ წაკითხვის შემდეგ თავადაც დარწმუნდებით;

ბალადა ბებერ ბიძია კენგურუზე“ იმ კენგურუზე მოგვითხრობს, ავსტრალიის ცენტრში  ცეკვა რომ უყვარდა და ერთ დღეში პატარა ღმერთ ნქას, საშუალო ღმერთ ნქუინგს და დიდ ღმერთ ნქონგს სთხოვა „შუადღის ხუთი საათისთვის ყველაზე განსხვავებულ ცხოველად მაქციეთო.“ ამ ამბიდან საკმაოდ ორიგინალური ხერხებით შეიტყობთ, რას ნიშნავს ანდაზა „გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“ (კიპლინგის ენაზე რომ ვთქვათ, სადამდე შეიძლება მიიყვანოს იძულებამ ნებისმიერი ცოცხალი არსება);

როგორ გაჩნდნენ არმადილოები,“ ეს კიდევ ერთი ამბავია, ჩემო საუსაყვარლესებო, რომელიც დიდი, ძალიან დიდი ხნის წინათ ზღარბ ჩხვლეტია-კბენიასა და მყარ-მდორე კუს იმ პატარა ლეოპარდის წყალობით რომ გადახდათ, რომელიც თავის დედიკოს დარიგებებს ყურადღებით არ ისმენდა;

„კიბორჩხალა, რომელიც ზღავას ეთამაშებოდა“ იმ თამაშის შესახებაა, „ყოველივეს დასაბამი“ რომ ჰქვია და მგვითხრობს, როგორ დაუმორჩილა უფროსმა ჯადოქარმა ადამიანს ყველა სულიერი. თუმცა თამაში რა თამაშია, ორიგინალური შეცდომა თუ არ გაიპარა. და რომ არა „ბავშვი, რომელიც ხედავს და არ ლაპარაკობს,“ უფროსი ჯადოქარი გამოუსწორებელ შედეგებამდე მიიყვანდა სამყაროს;

კატა რომელიც თავისუფლად დაეხეტებოდა“  იმ დროის ამბავია, ყველა შინაური ცხოველი გარეული რომ იყო. ადამიანი კი იმ ქალის წყალობით მოშინაურდა, რომელსაც ველურ პირობებში ცხოვრება არ სურდა (სველი ფოთლების მაგივრად საცხოვრებლად მყუდრო გამოქვაბული შეარჩია, ძირს სუფთა ქვიშა მოაბნია, კოცონი დაანთო, შემოსასვლელში ველური ცხენის გამშრალი ტყავი დააფინა და კაცს შემოსვლისას ფეხის გაწმენდა ასწავლა). ამავე ქალმა მაცდუნებელი სურნელით ძაღლი, ცხენი და ძროხა ველური ტყიდან გამოიტყუა, მოაშინაურა და საკმაოდ ორიგინალური სახელებიც ჩამოურიგა: „პირველი მეობარი,“ „პირველი მსახური“ და „კარგი საკვების მომწოდებელი.“ რაც შეეხება „თვისუფლად მოხეტიალე კატას, რომელსაც ყველა ადგილი შეეფერება,“ არც თუ კარგი დღე დაატყდა თავს. რა პირობით დაიმსახურა მან დღეში სამჯერ რძე, ცეცხლთან ყოფნის უფლება, ყოველ ხუთ კაცში სამისგან ფეხსახცმლის სროლა და ყველა ძაღლისგან კბენა, თავად გამოიკვლიეთ. გარწმუნებთ, ამის შემდეგ ზუსტად გეცოდინებათ, რატომ იჭერს კატა სახლში თაგვებს და ბავშვებსაც კარგად ექცევა, სანამ ისინი კუდზე არ მოქაჩავენ;

პეპელა, რომლიც ფეხებს აბაკუნებდა დანარჩენი თოთხმეტი ნახევრადზღაპრული ამბისგან ძალიან განსხვავდება და ყველაზე ბრძენ კაც, დავითის ძე სულეიმან იბნ დაუდზე მოგვითხრობს. მას ცხოველების, ფრინველების, თევზების, მიწაში ღრმად ჩაფლული ქანების, ხეების ენა ესმოდა და თვით უძლიერესი ანგელოზი აზრაიდი, აფრიტები თუ ჯინები ემორჩილებოდნენ. მიუხედავად ამისა, ცხრაასოთხმოცდაცხრამეტ ურჩ ცოლს (ამდენი ცოლი არ უნდოდა, მაგრამ იმ დროს ასე იყო მიღებული და რა ექნა) მაინც ვერ უმკლავდებოდა. რა თქმა უნდა შეეძლო, ბეჭდის ერთი შემოტრიალებით ისინი უდაბნოს ჯიუტ ჯორებად ექცია, მაგრამ თავმდაბალი გახლდათ. სასახლეში ჩხუბი რომ გაჩაღდებოდა, ბაღის ერთ კუთხეში ჩამომჯდარი ნატრობდა, საერთოდ არ გაჩენილიყო ამ ქვეყნად…  მაგრამ ერთხელ, ცოლების აყალმაყალმა სამ კვირას რომ გასტანა, პატარა პეპლების დახმარებით დედოფლების გაჩუმება მაინც მოახერხა, თან ისე ბუნებრივად, არც დაეჭვებულა, სასწაულს რომ სჩადიოდა (საიდუმლოდ გაგიმხელთ, ამ საქმეში მისი უსაყვარლესი ცოლის, „თითქმის მასავით ჭკვიანი“ უმშვენიერესი ბალკისის ხელი ერია);

ჩემო უსაყვარლესებო, აი, ასეთი ამბები ხდება რადიარდ კიპლინგის დაწერილ და რობერტ ინგპენის დასურათებულ წიგნში, რომელიც ქარჩხაძის გამომცემლობამ „საბავშვო კლასიკის“ სერიით შემოგვთავაზა. გახსოვთ, დასაწყისშივე გაგაფრთხილეთ, რომ თხუთმეტი მოთხრობა ნახევრადზღაპრულია-მეთქი. შესაძლოა, წიგნის წაკითხვის შემდეგ არ დამეთანხმოთ და სიტყვა „ნახევრად“ ზედმეტად მოგეჩვენოთ. თუმცა თუ ყურადღებით იმოგზაურებთ რადიარდ კიპლინგის სამყაროში, გულდასმით წარმოიდგინეთ როგორ იცვლიდა ფერსა და ფორმებს ჩვენი სამყარო დასაბამიდან დღემდე, შესაძლოა ყველაფერს იმ ადამიანებივით შეხედოთ, ბუნების და ყველა ცოცხალი არსების ენა რომ ესმოდათ და სასწაულების მოხდენით თავის გამოჩენას არ ცდილობდნენ.

 

 

 

როგორ  წავიკითხოთ ლექსები  – ფიქრნი მტკვრის პირას  

0

ლექსის წაკითხვა არ ნიშნავს ლექსის კითხვასლექსის წაკითხვა არ ნიშნავს მის გაგებას, ლექსის გაგება არ ნიშნავს მის შეგრძნებასლექსისაერთოდ არიკითხება”… ნამდვილი ლექსიეს არის ამოუწურავი ემოციების განახლების წყარომისი წაკითხვა ინდივიდუალურია და ყველა წაკითხვასწორია”… პოეზიას აქვს სიღრმეები და მასწავლებელი არსებობს იმისთვის, რომ ამ სიღრმეში შეიყვანოს მოსწავლე და არასდროს არ უკარნახოს, რა არის სწორი და არასწორი, არამედ მისცეს საშუალება, გამოავლინოს მოსწავლემ ის აზრი, ემოცია, შეგრძნება, რომელიც გაუჩნდებადა მერე დააკვირდეს ამ მოვლენებსრატომ და როგორ ხდება?

 

ცირა ბარბაქაძე „როგორ წავიკითხოთ ერთი ლექსი სამ სემიოტიკურ ენაზე“

 

 

პოეზიის სწავლება სკოლაში უმეტესად შემოფარგლული იყო (და ახლაც არის) დაზეპირებით, განხილვის სახელმძღვანელოებით და იმაზე თავის მტვრევით, რა იგულისხმა ამა თუ იმ ფრაზაში თუ მეტაფორაში ავტორმა?

საბოლოოდ, მივდიოდით გარკვეულ ყალიბამდე, რომლის იქით მოსწავლე ვერ გაიხედავდა. ანუ არსებობდა წინასწარი მოცემულობა: რა იყო სწორი და რა – არასწორი.

უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ,  სტუდენტებს დავუსვამ  კითხვებს და ვფიქრობ, პასუხები დაეხმარება მასწავლებლებს, როგორ შეიძლება უკეთ წარმართონ ლიტერატურის გაკვეთილები, რომ უფრო შემოქმედებითი და საინტერესო გახდეს სწავლების პროცესი.

 

  • როგორ ისწავლეთ სკოლაში ლექსი „ფიქრნი მტკვრის პირას?“, რა გახსოვთ?

 

  • ახლა თქვენ გაქვთ მონიჭებული თავისუფლება იმისათვის, რომ დაწეროთ გულწრფელად, რა განცდა გეუფლებთ ამ ლექსის წაკითხვის დროს?
  • შეგიძლიათ თუ არა მსგავსი განცდა დაუკავშიროთ პირად გამოცდილებას და რით დაგეხმარათ ეს ლექსი?
  • აღწერეთ ემოცია, რომელიც ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ იგრძენით;
  • თქვენთვის რომელ ფრაზას ამოირჩევდით ამ ლექსიდან მთავარ გზავნილად და რატომ?

 

 

ნათია კაპანაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

‘’რას გრძნობდა ავტორი, როდესაც ამ ლექსს წერდა?’’ – ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რომელსაც სკოლის მოსწავლეებს უსვამენ სხვადასხვა ავტორის შემოქმედების გაცნობის დროს. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ეს ლექსი ვისწავლე და ჩემთვის ძალიან უცხო იყო ის შეგრძნება, რაც ამ ლექსმა გამოიწვია ჩემში. როცა ლექსს ვკითხულობდი, სურვილი არ მიჩნდებოდა, რომ ზეპირად მცოდნოდა, მერჩივნა, წამეკითხა. ასე ბევრად მეტ სიამოვნებას ვიღებდი მისგან.
მე არ ვიცოდი, რას გრძნობდა ნიკოლოზ ბარათაშვილი იმ დროს, ან რა ემოციამ გამოიწვია ეს სიტყვები, თუმცა, შემეძლო წარმომედგინა, მევარაუდა ან სულაც არაფერზე მეფიქრა, გარდა საკუთარი შეგრძნებებისა.
სამწუხაროდ, სკოლის პერიოდში არ იყო მარტივი იმ ემოციების გააზრება, რაც რეალურად ამ ლექსის წაკითხვას მოაქვს და შემდეგ, როცა უკვე სხვა პერიოდში, სხვა განცდებით და სულიერი მდგომარეობით წავიკითხე ეს ლექსი, ჩემთვის ბევრად ახლობელი გახდა, ვიდრე სკოლის პერიოდში. სკოლაში ეს ყველაფერი მხოლოდ საზეპირო იყო, მაგრამ ბევრად სასიამოვნოა, როცა რაღაცას იაზრებ, უსმენ და ფიქრობ. ემოციებით ხომ აზრი იბადება ჩვენში.
მეთორმეტე კლასში თავიდან მომიწია ამ ლექსის გავლა სხვა პედაგოგთან. ეს ნამდვილად განსხვავებული რამ იყო, რადგან პირველად სწორედ მაშინ მთხოვეს რაღაცის არა ზეპირად მოყოლა, არამედ გაანალიზება და სწორედ ისე გადმოცემა, როგორც მე ვიგრძენი.  მაშინ მივხვდი, რა დიდი როლი აქვს მოსწავლის ცხოვრებაში პედაგოგს!
‘’ფიქრნი მტკვრის პირას’’ არის ლექსი, რომელიც ნებისმიერ მკითხველში გამოიწვევს რაიმე ემოციას, არ აქვს მნიშვნელობა, ესადაგება თუ არა იმ მომენტში ეს ყველაფერი შენს ცხოვრებას და მდგომარეობას. მე გამიმართლა! ჩემს იმდროინდელ პერიოდს ეს ემოციები ნამდვილად მიესადაგებოდა და ‘’მალამოდ ედებოდა’’. განცდა, რომელიც დამეუფლა, საოცარი იყო. ვიგრძენი, რომ მარტო არ ვიყავი, რომ არსებობდა ვიღაც მსგავსი პრობლემით, მსგავსი ტკივილით, მსგავსი მდგომარეობით… ამ ყველაფერმა კი გამაბედნიერა და ძალა მომცა. ადამიანებს აუცილებლად გვჭირდება ვინმე, ვინც გაგვიგებს, თუნდაც ასე აბსტრაქტულად. მე  იმ დროს მეგონა, რომ ჩემი ესმოდათ და ახლაც ასე ვფიქრობ.

„მაინც რა არის ჩვენი ყოფა – წუთისოფელი,

თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?“

ეს ტაეპი განსაკუთრებით მომწონს ამ ლექსში. ცხოვრება ჩემთვის უცხო და უცნობი რამაა და ერთადერთი, რაც მისგან ვისწავლე, ჯერჯერობით, ის არის, რომ გამუდმებით მიწევს ბრძოლა და შრომა რაიმეს მისაღწევად, საკუთარი თავის დასამკვიდრებლად… იმისთვის, რომ შეგამჩნიონ, მაგრამ შეგამჩნიონ არა მაშინ, როცა ისეთი ხარ, როგორიც მათ უნდათ ან მათთვის ნაცნობია, არამედ ისეთი, როგორიც სინამდვილეში ხარ! შენ შეგამჩნიონ და ამის გამო გამუდმებით საფასურის გადახდა არ გიწევდეს! არ მინდა გამუდმებული დაძაბულობა იმ საწყაულის ასავსებად, რომელსაც ძირი არა აქვს…

სოფია სამხარაძე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ცოტა შორიდან დავიწყებ, რაკი აღქმის თავისუფლებას მანიჭებთ.

წარმოგიდგენიათ, რომ როდესაც პატრიკ ზიუსკინდის რომანს, „სუნამოს“, ვკითხულობდი, მე შემეძლო მძაფრი და განსხვავებული სუნების შეგრძნება იმაზე  ცხადად, ვიდრე ხალხით გაჭედილ ტრანსპორტში, დეზოდორით განბანილი  ქალბატონის სუნი, რომელსაც მხარი ჩემს ცხვირზე აქვს მოდებული.

როდესაც იმავე რომანის ეკრანიზაცია ვნახე – ტომ ტიკვერის „პარფიუმერი“, ისევ  იყო სუნები და შეგრძნებები, ისევ მძაფრი, მაგრამ სრულიად განსხვავებული. მაშინ მივხვდი, რომ ენა ადამიანის მიერ შექმნილი ყველაზე უნივერსალური საშუალებაა, რომელიც აერთიანებს მოკვდავისთვის შესაძლებელ ყველა შეგრძნებას და სწორედ ამითაა იგი განსაკუთრებული. ამ ცოდნის მიუხედავად, როდესაც უკვე მეორე კურსელს სალექციო კურსის ფარგლებში (რა არის პოეზია) პირველად მთხოვეს  ტექსტის მიხედვით ჩემს  შეგრძნებებზე საუბარი,  (და არა ავტორის მთავარ სათქმელზე) მე, რა თქმა უნდა, ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მივხვდი, თუ რატომ მიყვარდა გალაკტიონ ტაბიძის „ლურჯა ცხენები“ ყველა  მის ლექსზე მეტად. მივხვდი, რომ პოეზია არაფერია, თუ არა შეგრძნება და რომ ეს ლექსი ჩემთვის სწრაფი  მუსიკითა და ლურჯა ცხენებით მოგზაურობაა ზღაპრულ გრძნობათა სამყაროში.

მახსენდება სკოლაში განვლილი ტექსტები, ჩემი აუხდენელი ოცნება, ერთხელ მაინც მეწერა თავისუფალი ესსე  (თითოეული აბზაცისთვის წინასწარ მოცემული გეგმის გარეშე) და მასწავლებლის მიერ  „დასფოილერებული“ სცენარი, რომელიც, წესით, ჩემს ფანტაზიაში უნდა განვითარებულიყო. განსაკუთრებით გულდაწყვეტით ვფიქრობ  პოეზიაზე,  სიტყვებსა და სახეებს უკან დამალულ შეგრძნებებზე, რომლის პოვნაც,  საკუთარ ცნობიერებასთან დახუჭობანას თამაშს მაგონებს. ყოველთვის, როდესაც  ჩვენი სკოლების სასწავლო მეთოდებზე ვფიქრობ, მახსენდება ცნობილი მუსიკოსისა და მწერლის, ირაკლი ჩარკვიანის სიტყვები:

„მასწავლებლები ძალით აჭკნობენ შენი სულის ნამიან ბალახს

და პეპლებთან ერთად ჰერბარიუმში ინახავენ“.

წარმოიდგინეთ რემბრანდტის ტილო, მაგალითად –  „იაკობი ლოცავს იოსების შვილებს“,  სადაც თითოეულ დეტალს, სახეს, საკრალური ხასიათი აქვს და უამრავ გრძნობას იწვევს. იფიქრეთ, რამდენად შეძლებთ შეგრძნებებზე ფიქრსა და საუბარს, თუ კი გეტყვიან, რომ ნახატზე  ჩარჩოს მიხედვით ისაუბროთ? სწორედ ესაა მეთოდი, რომლითაც სკოლებში გვასწავლიან პოეზიას. შემოსაზღვრული ინტერპრეტაციით, რომელიც თავისთავად, არც ჩვენს ძვირფას  მასწავლებელს ეკუთვნის და რომელიც, შესაძლოა, წლების წინ მისმა პედაგოგმა უანდერძა.

ჩვენ რომანტიზმს  დამამთავრებელ კლასებში გავეცანით, მარტივი ლოგიკის გამო, რომ ამ ასაკში ნაკლები ტრამვა იქნებოდა ჩვენთვის იმის აღმოჩენა, რომ ერთ დღესაც „ნელად მღელვარე მოდუდუნე მტკვარმა ანკარამ“  შესაძლოა, წუთისოფლის ამაოებაზე ჩაგვაფიქროს. მასწავლებლის ინტერპრეტაციით, ტექსტში მთავარი ბუნების პეიზაჟია, რადგან სწორედ ისაა პოეტის ერთადერთი მეგობარი და ნუგეშისმცემელი და რომ მისი აღწერით ავტორი საკუთარ განცდებზე გვესაუბრება.

თუ მე ზუსტად ვიცი, რომ ბუნება აუცილებლად თანაუგრძნობს პოეტს, ხოლო პეიზაჟის განწყობა აუცილებლად ეთანხმება რომანტიკოსი მწერლის განწყობას, მე, მიამიტი მოსწავლე, ვიფიქრებ, რომ სწორედ ამ ლექსის დასაწერად წავიდა ბარათაშვილი მტკვრის პირას და ტექსტში არაფერი დარჩება, რამაც ჩემი გაოცება უნდა გამოიწვიოს.

თუ მე წინასწარ მეტყვიან და დამარწმუნებენ, რომ რომანტიკოსი მწერლის იდეა ამ ქვეყნისა და ზეციური არსის გამუდმებით შედარებაა,  რომ პოეტს ამძიმებს ცხოვრება და ის შვებას მხოლოდ სიცოცხლესთან გაყრის შემდეგ  ჰპოვებს, ხოლო ნუგეშს – ბუნებაში, მე ვაიძულებ ჩემს თავს, განვდევნო აზრი, რომ შესაძლოა პოეტი  ამაზე პირველად  „მობუტბუტე“ მტკვარმა დააფიქრა, და რომ მასში არ ყოფლა ყოველდღიური სევდა სიცოცხლისა.

ალბათ საკუთარი ფიქრი შემაშინებდა, თუ დავუშვებდი, რომ წყლის პირას ავტორი მხოლოდ თავის ფანტაზიაში მიდის და რომ მდინარე, მისი ქვეცნობიერი მელანქოლიური ნაკადის მეტაფორაა.

ახლა კი, სწორედ აი, ახლა,  ამ  ლექსის სხვა კონტექსტში განხილვის დროს, ამ ტექსტის წერისას, პირველად დავფიქრდი და მგონია,  რომ მტკვარი მოცემულ ტექსტში საზოგადოდ ადმიანის ქვეცნობიერის მეტაფორაა, რომელშიც ყველაფერი ილექება და ყველაფერი მიედინება. მელანქოლია და სევდა კი, რომელიც ავტორს წერის დროს დაუფლებია და მკითხველს გადმოგვდებს, საკუთარი სრული სამყაროს ვერფლობის სევდაა, სადაც ფუჭ ყოველდღიურობაში დაკარგულ ადამიანს უჭირს საკუთარ სიღრმეებში ჩასვლა და საკუთარი თავის შეცნობა.

სტროფი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებით მისტიური იყო, ახლაღა ვხვდები, რომ  ჩემი ახალი  აზრის დამადასტურებელია:

„ არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!“

თუკი ოდესმე, ჩემი ქართულის მასწავლებელი ამ ტექსტს წაიკითხავდა და მეტყოდა, რომ ჩემი აღმოჩენა არასწორია, ვუპასუხებდი, რომ თავად ავტორისეული ინტერპრეტაციაც რომ მომესმინა მოცემული ლექსისა, მე მაინც მხოლოდ ჩემსას ვირწმუნებდი, რადგან არ არსებობს არაფერი ცალსახად სწორი ან არასწორი, მით უფრო, ლიტერატურაში და,  მით უფრო, მოზარდის ფანტაზიაში!

 

ფიქრნი მტკვრის პირას

 

წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,

აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;

აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,

აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;

ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი ანკარა

და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამარა.

 

იდაყვ-დაყრდნობილ ყურს უგდებ მე მისსა ჩხრიალსა

და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა!

ვინ იცის, მტკვარო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი?

მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი!..

 

არ ვიცი, ამ დროს ჩემს წინაშე ჩვენი ცხოვრება

რად იყო ფუჭი და მხოლოდა ამაოება?..

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,

თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?

ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,

და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

 

თვითონ მეფენიც უძლეველნი, რომელთ უმაღლეს

ამაო სოფლად არღა არის სხვა რამ დიდება,

შფოთვენ და დრტვინვენ და იტყვიან: «როდის იქნება,

ის სამეფოცა ჩვენი იყოს?» და აღიძვრიან

იმავ მიწისთვის, რაც დღეს თუ ხვალ თვითვე არიან!..

 

თუნდ კეთილ მეფე როდის არის მოსვენებული?

მისი სიცოცხლე: ზრუნვა, შრომა და ცდა ქებული;

მისი ფიქრია, თუ ვით უკეთ მან უპატრონოს

თავისს მამულსა, თვისთა შვილთა, რომ შემდგომსა დროს

არ მისცეს წყევით თვის სახელი შთამომავლობას!..

მაგრამ თუ ერთხელ უნდა სოფელს ბოლო მოეღოს,

მაშინ ვიღამ სთქვას მათი საქმე, ვინ სადღა იყოს?..

 

მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,

უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.

 

არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,

იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!

 

ქიმია ცოცხალ სცენაზე

0

არ მეგონა, თუ ოდესმე თეატრს და ქიმიას  ერთმანეთს დავაკავშირებდი. არადა, რომ დაფიქრდე ერთ-ერთი ეფექტური გზაა ბავშვების ქიმიის სამყაროში შესატყუებლად. სცენიდან ქიმიის „გათამაშების“ იდეა ჯერ კიდევ ფარადეის ეკუთვნის. შაბათ-კვირას ოპერის თეატრში, მეგობარ ქიმიკოსებთან ერთად  საგანგებოდ მართავდა ქიმიურ შოუს. ბილეთები თურმე ძალიან ძვირი ღირდა, მაგრამ ერთ თავისუფალ ადგილსაც კი ვერ ნახავდით. შემდეგ, დაფიქრებულა და უთქვამს, ხელმოკლე ადამიანებმა რაღა დააშავესო და მას შემდეგ, ოპერის თეატრის გარდა, თვეში ერთხელ პირდაპირ ქუჩაში აწყობდა უფასო წარმოდგენებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2018 წლის სამეცნიერო პიკნიკზე, უამრავი სხვა სამეცნიერო სანახაობის გარდა, სცენაზე ქიმიური სპექტაკლიც დაიდგა. სცენარის ავტორი მე გახლდით და სანამ წერას შევუდგებოდი, გვარიანად დავფიქრდი. ქიმიური თეატრის შექმნის გამოცდილება ადრეც მქონდა, მაგრამ ის ვირტუალური თეატრი იყო, სადაც სახელდახელოდ დახატულ სცენაზე ქიმიური ელემენტები სახალისო მარშის თანხლებით გამოდიოდნენ და მაყურებელს თავს წარუდგენდნენ. კონფერენსიე თვით ქიმიის წიგნი იყო.

აქ კი, საქმე ცოცხალ სცენასთან უნდა მქონოდა. უფრო სწორედ, ცოცხალი სცენისთვის უნდა დამეწერა.

შეზღუდული ვიყავი – მხოლოდ ოთხი მსახიობიო… ანუ, მხოლოდ ოთხი მოქმედი პირი. თემა? რა ვიცი, რაც სულს და გულს გაუხარდება, ოღონდ ქიმიის ირგვლივ.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მოქმედი პირები შევარჩიე:

  1. გივიკო და თინიკო – ტყუპი და-ძმა. გივიკოს მხოლოდ გართობისკენ უჭირავს თვალი, თინიკო ყველაფერს სწავლობს და კითხულობს;
  2. მარკო პოლო – ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური (ბოლო დროს დოკუმენტური ფილმი ვნახე მარკოზე და ეტყობა შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვედი);
  3. შეშლილი მექუდე – ეს ცნობილი „გიჟი“, რომელიც ვერცხლისწყლით არის მოწამლული.

სად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს 21-ე საუკუნის და-ძმა მეცამეტე საუკუნის მარკო პოლოსა და მეთოთხმეტე საუკუნის მექუდეს? გულმა მაშინვე დროის მანქანისკენ გამიწია, მაგრამ გადავიფიქრე. მოძველებული ხრიკია, ყველა ფანტასტიკურ ფილმში დროის მანქანა აქვთ. ამიტომ, არჩევანი ბიბლიოთეკაზე და რაღაც ძველი სქელტანიანი წიგნის ამოყირავებაზე შევაჩერე. წიგნის ამოყირავებით დროც ამოყირავდება და პარალელური სამყაროებიც.

ჰო, წიგნს გივიკო აყირავებს, ოდნავ დაუდევარია და იმიტომ.

თინიკო: (შეშინებული) – გამარჯობა ბატონო, თქვენ ვინ ხართ? აქ როგორ აღმოჩნდით?

მარკო: (გივიკოსკენ იშვერს ხელს) ამან მოგიყვანათ ჩემთან.

გივიკო: (გაოცებული) მეე?

მარკო: ის დიდი წიგნი, როგორც კი  დაბლა დააგდე, სივრცეები ამოყირავდა და პარალელურ დროში მოხვდით. აქ ვცხოვრობ, ამ ბიბლიოთეკაში, ოღონდ პარალელურ სივრცეში. მარკო პოლო ვარ, გაგიგიათ ასეთი?

გივიკო: არააა….

თინიკო: (გივიკოს ეუბნება გაბრაზებით) რა არა, წიგნებს არ კითხულობ. მე გიცნობთ, ბატონოჩინეთში არ იმოგზაურეთ?

უცნობი: ყოჩაღ გოგო, გცოდნია (გახარებულია); აქ რას აკეთებთ?

თინიკო: წყალზე გვაქვს თემა დასაწერი, ბიბლიოთეკაში მოვედით დააი, თქვენ შეგაწუხეთ შემთხვევით.

უცნობი: რა დროში ცხოვრობთ? აქაურებს არგავხართ.

გივიკო: 21- საუკუნიდან ვართ (ამაყად ამბობს).

უცნობი: ჰოო?… და რა ხდება თქვენთან? რა გააკეთეთ, რა გააფუჭეთ?

თინიკო: ეჰ, ბატონო მარკო, ტექნოლოგიები ავითვისეთ და გარემო მოვსპეთ. ჰაერი ისეა მოწამლული, ძლივსღა ვსუნთქავთ.

უცნობი: რატომ?

გივიკო: ხეები დაჭრეს, ბატონო, და ყველგან ცემენტის სახლები ააშენეს.

უცნობი: ცემენტის სახლები? ცემენტი რა არის?

თინიკო: მასალაა ასეთი, სახლებს აშენებენ. ასეთ სახლებსმკვლელ სახლებსაცუწოდებენ, ვერ სუნთქავენ და იმიტომ.

მარკოსთან მცირეოდენი გასაუბრებით ჩვენი დროის ყველაზე მწვავე პრობლემა იკვეთება: ხეები დაჭრეს და ცემენტის სახლები ააშენეს…

ქიმიური სპექტაკლის დროს სცენაზე ექსპერიმენტები აუცილებელია. უბრალოდ, მოსაფიქრებელია, რომელი? უნდა იყოს სანახაობითი, შემეცნებითი და უსაფრთხო. იმდენად უსაფრთხო, რომ პროფესიონალმა მსახიობმა, რომელიც ქიმიაში სრულიად არაპროფესიონალია, უპრობლემოდ გააკეთოს.

ამონიუმის ბიქრომატის დაშლაზე რას იტყვით?

ლამაზია, შემეცნებითია, რადგან იაფი კატალიზატორი, ქრომის ოქსიდი მიიღება და კატალიზატორებზეც შეიძლება საუბარი. უსაფრთხოცაა, იოლად გააკეთებენ.

მექუდე: გოგონა, ეს რა გაგიკეთებიათ? (ვულკანის შემდეგ მწვანე ფერფლი დარჩება). ეს რა ფერფლია?

თინიკო: ეგ ქრომის ოქსიდია, ძალიან კარგი და იაფი კატალიზატორი;

მარკო: კატა?

გივიკო: რა კატა (თავს იქნებს გაოცებისგან), კატალიზატორი (დამარცვლით ამბობს).

თინიკო: კატალიზატორი რაიმე პროცესს აჩქარებს, თავად არ იხარჯება და პროცესიდან თავდაპირველი, უცვლელი სახით გამოდის. ზოგიერთი ძვირია, მაგალითად პლატინა. ეს კი იაფია.

მარკო: რაააა? (გაოცდება), ანუ, გინდა თქვა, რომ ეს ფილოსოფიური ქვაა?

გივიკო: აუუუუ (თავზე იდებს ხელს).

თინიკო: არა, ეს უბრალოდ კატალიზატორია.

მარკო: თინათინ (მკაცრი ტონით), თავგზას ნუ მირევ. რაც შენ თქვი, ალქიმიკოსი ჯაბირი მასე ფილოსოფიურ ქვას ახასიათებდა. ეს იყო ნივთიერება, რომელიც ოქროდ გარდაქმნის პროცესს დააჩქარებდა, თავად კი არ დაიხარჯებოდა და არც შეიცვლებოდა.

თინიკო: ჰოო? არ ვიცი ჯაბირი რას ამბობდა, მაგრამ ამით ოქროს ვერ მიიღებთ, ეს უბრალოდ რაიმე ქიმიურ რეაქციას დააჩქარებს, მაგ. შაქარი შეგვიძლია სწრაფად დავწვათ.

მექუდე: (აბრაზებულ) რას ამბობ გოგო, შაქარი ისე მიყვარს, რატომ უნდა დავწვა? შენ ჯობია, რაიმე სხვა ჯადოსნობა გვაჩვენო. აი ეს რა არისთაროდან მშრალ ყინულს გადმოიღებს. თან ხელს მიადებს და იყვირებს, ვაი, დამეწვაო.

გამოდის, რომ ერთი მარტივი, უსაფრთხო, სანახაობითი და შემეცნებითი ექსპერიმენტით, კატალიზატორიც ავხსენით და სხვა ასევე მარტივი სანახაობითა და შემეცნებით ცდაზე გადავედით.

მაშ, ასე… მექუდე მშრალი ყინულით ხელს „დაიწვავს“ და იყვირებს, ეს რა არისო.

თინიკო: მშრალი ყინულია, მოიცა, წყალი გაქვთ სადმე? (ეკითხება მარკოს).

მარკო  მიუთითებს თაროზე. თინიკოც თასში წყალს ჩაასხამს და შიგნით მშრალ ყინულს ჩააგდებს. ყინული აბუყბუყდება და თასი თეთრი ორთქლით დაიფარება.

მექუდე: (ახარებულია) რა კარგია, რა კარგია. ეს გაყინული წყალია?

თინიკო: არა, ეს გაყინული ნახშირორჟანგია.

მექუდე: ეგ რა არის?

გივიკო: (საქმეში ერთვება თავდაჯერებული) მექუდევ, შენ ხომ სუნთქავ?

მექუდე: (ჩაფიქრდებ) მგონი კი (ღრმად ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს), კი, კი ვსუნთქავ.

გივიკო: ჰოდა, რასაც ამოისუნთქავ, იმას ყინავენ და ეგ არის მშრალი ყინული.

თინიკო: ყოჩაღ გივი, რაღაც მაინც გისწავლია ქიმიაზე.

გივი სასაცილოდ იბღინძება.

მექუდე მოუსვენარია, ენას ვერ აჩერებს, რაც მშვენიერი შესაძლებლობაა, მაყურებელს ახალი ინფორმაცია მივაწოდოთ.

მექუდე: მე კიდევ წყალში ამ ქვებს ვყრი ხოლმე (ხელში მორუხომოწითალო ქვა-მინერალი სინგური  შეათამაშა, საიდანაც საღებავს იღებს). საღებავს დავამზადებ და მაშინვე  მდინარეში მოვისვრი.

თინიკო: რაა, ვერცხლისწყლით წამლავ მდინარეს, თევზებს და იმ ადამიანებს, ვინც ამ თევზს შეჭამს? იცი, მაგ მინერალით, შენ რომ ქვას ეძახი, მეოცე საუკუნეში ერთი იაპონური ქალაქი მთლიანად განადგურდა. ყველა ვერცხლისწყლით მოიწამლა, ყველა მოკვდა. ცუდი ადამიანების მიზეზით მინამატას სრუტე სავსე იყო ვერცხლისწყლით.

მარკო: ჰმ, და რა გააკეთეს ცუდმა ადამიანებმა?

გივიკო: რასაც ეს აკეთებს (მექუდეზე მიანიშნა), ეს ქვა მდინარეში მოისროლეს, საღებავის გამოცლის შემდეგ.

მექუდე: ბიჭოო, რამე ხომ არ გეშლება? მე რა ცუდი ადამიანი ვარ? წყალი ხომ არის, არა? ეს კიდევ ნახე, ვერცხლისწყალი ყოფილა. გამოდის, რომ ორივე წყალიარა  არა?

თინიკო: ვერცხლისწყალი მძიმე ლითონია, ისევე, როგორც ტყვია, სპილენძი, ნიკელი, კადმიუმი. მათი იონები, თუ წყალში მოხვდება, იქ მოტივტივე წყალმცენარეებს დაუკავშირდება. ერთიანად შეიკვრებიან და ასე დაცურავენ. შემდეგ, ამ წყალმცენარეებს პატარა თევზები შეჭამენ, ამათ კიდევ დიდი თევზები.

მექუდე: (კვდება სიცილით) მოიცა, გამოვიცნობ: დიდ თევზებს ადამიანი შეჭამს, ხომ?

გივიკო: ყოჩაღ, ქუდების ოსტატო, გამოიცანი.

თინიკო: სასაცილო არაფერია. დიახ, ადამიანი შეჭამს და მოიწამლება. ბატონო მარკო, თავად არ თქვით, წყალი დედამიწის სისხლიაო. კარგია მერე, თუ დედამიწას სისხლს მოუწამლავთ?

მექუდე: (ქვითინებს და ყვირის) ოჰ, არააა.

გარემოს ქიმიიდან მჟავა წვიმაც გავიხსენოთ. და-ძმის სახლში დაბრუნების დრო მოვიდა. თუმცა… გაწვიმდა.

უცნობი: ჰმ, წვიმა მოსულა.

მექუდე: თქვენს დროშიც წვიმს ხოლმე? (ეკითხება დაძმას).

თინიკო: კი, ამ ბოლო დროს უმატა და უმატა. ოღონდ ახლა წვიმა მჟავურია.

უცნობი: რაო, წვიმაში მჟავაა შერეული? და რა გამოდის, თუ დასველდები დაიწვები?

თინიკო: არა, მცირე რაოდენობით არის. ბატონო მარკო, თქვენს წიგნებში მეოცე საუკუნის ამბები წერია?

უცნობი: არა სამწუხაროდ, მეცხრამეტე საუკუნიდან თხრობა  წყდება.

თინიკო: მაშინ მე გეტყვით. მეოცე საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისში ერთ ქალაქში წვიმა მოვიდა. ჰო, რა მოხდა მერე, მოწვიმა და ეგ იყო. ქალბატონების კაპრონის წინდები კიდაიხა. აი, ასე, თვალსა და ხელს შუა დადნა. წვიმას მომატებული მჟავიანობა ჰქონდა, კაპრონი კი მჟავას ვერ იტანს

მექუდე: გოგო, რა თავგზას გვირევ, კაპრონი რაღაა.

თინიკო: სინთეზური პოლიმერია, ახლა ვერ აგიხსნი. მისი ბოჭკოებისგან წინდები მოქსოვეს და ასეთი ამბები მოხდა.

შემდეგ მექუდეს და მარკოს მიუბრუნდება.

იცით, რომ ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა ადგილიდან აღებული წვიმის წყალიც კი ოდნავ მჟავა ბუნებისაა? ეს ნახშირმჟავას დამსახურებაა, რომელიც ატმოსფეროს ორი მუდმივი კომპონენტის, ნახშირორჟანგისა და წყლის ორთქლის, უსასრულო შეერთებადაშლით წარმოიქმნება.

მექუდე: იმ ნახშირორჟანგზეა საუბარი, მე რომ ამოვისუნთქავ და თქვენ კიდევ ყინავთ?

თინიკო: დიახ, დიახ (იცინის);

მექუდე: და, იყოს მჟავა წვიმა, თუ ადამიანს არ დაწვავს, რას აშავებს?

მექუდეს გასაგონად თინიკო ყველას უხსნის მჟავა წვიმის მავნებლობის შესახებ.

ამასობაში კი უკან დაბრუნების დრო მოსულა. მარკო პოლო ჯინს „გამოიძახებს“ (წყალბადის პეროქსიდის დაშლა მანგანუმის (II) ოქსიდით) და ყველანი უჩინარდებიან. მხოლოდ გაოცებული მექუდე რჩება სცენაზე, რომელიც მისთვის უჩვეულოდ სერიოზულ ფრაზას ამბობს (ფრაზა ლუის კეროლის ზღაპრიდან არის აღებული):

მექუდე: რა ხდებაეს ხალხი ვინაა? რა თქვი ბიჭო? (ვინმეს გადახედავს მაყურებლიდან), ერთი საათია მიყურებთ? დროს ვკლავთ ერთადოჰ, არა (თავში წაიშენს ხელს), დროს ძალიან არ უყვარს, როდესაც კლავენ. (სცენაზე დარბის და გასასვლელს ვერ პოულობს). საით, წავიდე? საიდან გავიდე? დროს არ მოეწონება, რომ ვკლავ

და გარბის სცენიდან.

 

ჰოდა, თუ მაინც „დროის მოკვლაზე“ მიდგება საქმე, თქვენს მოსწავლეებთან ერთად თავად დაწერეთ პიესა, სკოლის ცოცხალ სცენაზე თავადვე დადგით, ყველას აჩვენეთ, რომ ქიმია სახალისოა და ასე „მოკალით დრო“.

გზაზე ერთი კაცი მიდიოდა, ანუ შენ

0

თუ არ ვცდები, ოთარ ჭილაძეზე ადრე დავწერე ერთი ბლოგი. მისივე ტექსტის სათაური – „ადამიანი გაზეთის სვეტში“ დავარქვი. სულ, როცა ჭილაძე მახსენდება, მგონია, რომ ეს კაცი ჩვენი კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო და ამაში არაფერია ცუდი, იქნებ პირიქითაც არის. თვითონ პიროვნულად სულ სხვა მოცემულობას მიჰყვებოდა. არ ვიცი, რამდენად სწორად ავხსენი, რის თქმაც მინდოდა. ავტორი კი იყო ასე, თუმცა მისი ტექსტები…

ჰო, მისი ტექსტები ყველა ნაბიჯზე გეწევა, ყველა მოცემულობაში, მომენტში და სამივე დროში გიყვება სხვებზეც, საკუთარ თავზეც; რა ხდებოდა, რა ხდება და რა მოხდება. მგონი ავცდი თემასაც.

“გზაზე ერთი კაცი მიდიოდა” ვიღაცამ მაჩუქა. ახლა ვერაფრით ვიხსენებ – ვინ. მერე დიდხანს ჰქონდათ მეგობრებს, ახლობლებს და ვეღარ ჩავიგდე ხელში.

ზღვა რომ მიდის თანდათან, ზღვა რომ შორდება ქალაქს – ეს მახსენდება სულ. რაღა ეგ ადგილიო, ალბათ ბევრს გაუკვირდება. ამბავში რომ აიეტია, მფრინავი ვერძი ოქროსთმიან ბიჭთან ერთად, შავთვალება მამალო, მედეა და ფრიქსე, ჯერ პატარა, უცნაური, მერე კი ავადმყოფი, ისეთი უცნაური ავადმყოფი, რომ კითხულობ და გინდა, შენც დაწვე და უბრალოდ მიაშტერდე ერთ წერტილს ჭერზე. მოეშვა ყველას და ყველაფერს და ფრიქსე კი არა, შენივე თავი გახდე, შენი რეალური წარსული, რომელიც რეალური მომავლისკენ წაგიყვანს. ან იქნებ, როცა შენი თავი გახდები, მერე დროც ქრება.

როგორ იჭრება ვანში, ამ პატარა ქალაქში, სადაც ყველაფერი კარგადაა, უცხო. ცხოვრობს ქალაქი თავისთვის და უცებ ბედია დაინახავს წყალში რაღაცას, რაც მერე ვერძი და ბიჭი აღმოჩნდებიან და აქ უკვე ხვდები, ამ ძალიან დიდი რომანის პირველივე გვერდებზე ხვდები, რომ არაფერი ისე აღარ იქნება, როგორც დასაწყისში იყო; ბახას სარდაფშიც სხვა ამბებს მოჰყვებიან, ვიდრე აქამდე; მალალოსთანაც სხვა ხალხი მივა და სასახლეშიც, უფრო სწორად, სასახლეში მოხდება მთავარი ცვლილებები.

ჭილაძის ამ რომანში ყველაზე საინტერესო კიდევ ის არის, კონკრეტულ მოცემულობაში როცა ავტორს სიახლე შემოაქვს, ან შემოჰყავს ახალი პერსონაჟები. მკითხველი მიჩვეულია ასეთ ცვლილებას, როგორიც ზემოთაც აღვწერე. აქ კიდევ სხვა რამეც ხდება; თითქოს თვითონ ვანი მიდის თავისივე თავისგან, დგება და მიდის ზღვის იქით, სხვა ნაპირზე. ეს განცდა მაშინ მეუფლება, როცა ფრიქსეს შვილები მამასთან ერთად ქალაქს ტოვებენ. განა უკვე ვანში ჩამოდის ვინმე, რომ რამე შეცვალოს. არა. აქ რაღაც ამერიკული რომანების ამბავი უნდა იყოს. ასეთების დიდი მცოდნე არ ვარ, მარა ასე მგონია. ვანში ჩამოდის პერსონაჟი, რომ დაიწყოს ცვლილება, მთავარი ცვლილება – ვანი წავიდეს თვითონ თავისი თავისგან იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. სასწაული რამეა.

მოკლედ, ამ რომანში ყველა მიდის, რომ მერე უკან დაბრუნდეს. თუმცა თავიდან შენ ეს არ იცი. არ ჩანს ამის აუცილებლობა, ამიტომ არ გიყვება მწერალი ამბავს. ყველაზე მთავარი კი, ზღვა მიდის. ზღვა ერთადერთია, რომელიც შორდება ძველ ადგილს და პირველი საწყისისკენ ბრუნდება. თუმცა არ ვიცი, რა არის ეს პირველი საწყისი. ის უბრალოდ მიდის აქედან. გამოდის, ყველა დღე ბედია და თოკს აგრძელებს და ხვდება, რომ ვეღარაფერი იქნება ისე, როგორც იყო, მაგრამ თითქოს არც იმჩნევს. მარტო სველი თოკის სიმძიმე ახვედრებს ჯერ ამას – რაც უფრო შორდება ნაპირი, მით მეტი სიმძიმე აწვება მხრებზე. ის ადგილი თუ გახსოვთ, ფრიქსეს შვილები რომ თხრიან არხს. რა უცნაურია. ერთი დიდი, ძველი, მთავარი წყალი მიდის და შემოდის ახალი, კონკრეტული ვიწრო დინება და ყველაფერს ავსებს. იმ ჭასაც, რომელშიც აიეტის წარსულის მოჩვენებები სხედან და თანდათან ზედაპირს უახლოვდებიან.

ასეთი წიგნები ყოველთვის იმდენს გეუბნებიან, რამდენიმე ათეული ბლოგი რომ არ ეყოფა. იქნება კიდევ ტექსტის მეორე ნაწილზეც, მთელ ტექსტზეც დავწერო, მარა რა კარგია, როცა კითხულობ ამას და ფიქრობ, შენ რომელი შენი ზღვა დაგშორდა, როგორც ადამიანს და რა არხები გაჭერი ახალი დინებების მისაღებად, რა მოჩვენებები უახლოვდებიან შენი ბნელი ჭების ზედაპირებს, რომ უფრო მკვეთრად გაგაგონონ თავიანთი სიტყვები?!.

რაღაც ასეთის თქმაც უნდოდა ჭილაძეს ამ ტექსტით, გარდა იმ გააზრებებისა, რაც არსებობს. დარწმუნებული ვარ, რაღაც ასეთის თქმაც უნდოდა. თავიდან რომ ვთქვი ჩვენი კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი-მეთქი, სწორად არ გამომივიდა. უფრო თვითონ გაერიდა ამ მოცემულობას, რომ აღეწერა, როგორ დაიწყო პირველმა არხის გაჭრა ჯერ ალბათ საკუთარ თავში და მერე ამ ტექსტით ჩვენში.

აბა, გვითხარი, ის ჩიტი რას ამბობსო, ეუბნება ტექსტში მენავე აფრასიონს და გეგონება ამ დროს თვითონ ჭილაძე-მენავე გეუბნება მკითხველ-აფრასიონს, ყველაზე მარტივ რამეს, ახსნა ჩიტის ჭიკჭიკი. თან როგორი რთულია და, თუ ჩიტების ენა გესმის, როგორი ადვილი და კარგი.

 

 

გაკვეთილის დრამატურგია

0

გაკვეთილი ისეთივე შემოქმედებითი პროდუქტია, როგორიც ნებისმიერი სხვა რამ, რასაც ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელი ქმნის, რათა სარგებლობა მოუტანოს საკუთარ თავსაც და საზოგადოებასაც. სასწავლო პროცესი რთული დინამიკური სისტემაა, რომელსაც მასწავლებლისა და მოსწავლეების მრავალმხრივი და მრავალფეროვანი ურთიერთობა ქმნის. იმისთვის, რომ ეს სისტემა ეფექტური და სიცოცხლისუნარიანი იყოს, მას მუდმივი განახლება სჭირდება. ერთხელ და სამუდამოდ მოცემული არაფერია ამ ქვეყანაზე. არც საგაკვეთილო კომპონენტები. იქ, სადაც ადამიანია, წარმმართველია არა განსაზღვრული ერთმნიშვნელოვანი სტრუქტურა, არამედ მრავალმნიშვნელოვანი შემოქმედებითი შესაძლებლობების დაუსაზღვრავი სივრცე, რომელშიც ყოველივე იცვლება და გარდაიქმნება ეპოქისა და ტექნოლოგიების განვითარების შესაბამისად.

საგაკვეთილო პროცესის როგორც ფენომენის ეფექტიანობას სხვადასხვა კომპონენტი განსაზღვრავს. მათ შორის, რა თქმა უნდა, უმთავრესია მასწავლებლის ინდივიდუალურობა. პედაგოგს მხოლოდ მუდმივი თვითგანვითარება კი არ ევალება, არამედ ისიც, რომ მოსწავლეებსაც უწყობდეს ხელს განვითარებაში. მას უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული ხედვა და უნარები, რომლებიც გამოცდილებას მოაქვს; შეეძლოს არა მხოლოდ თვითმოტივირება, არამედ მოსწავლეთა მოტივაციის ამამაღლებელი მეთოდებისა და ხერხების მოძიებაც დროისა და გარემო პირობების შესაბამისად.

უმნიშვნელოვანესი ფაქტორი საგაკვეთილო დრამატურგიისა დაკავშირებულია იმ ფსიქოლოგიურ ატმოსფეროსთან, რომელსაც პედაგოგი ქმნის. მოსწავლეც და მასწავლებელიც თანაბრად უნდა გრძნობდნენ თავს დაცულად. გაკვეთილი უნდა იყოს ერთგვარი კომფორტული სივრცე, რომელიც მათ პროფესიული და სულიერი ზრდის შესაძლებლობას მისცემს. პატივისცემა და აღიარება ყველასთვის მნიშვნელოვანია, ამიტომ ჯერ მასწავლებელმა უნდა დაინახოს თითოეულ მოსწავლეში პიროვნება თავისი უნიკალური მონაცემებითა და მიდრეკილებებით, რათა მოსწავლეებსაც გაუჩნდეთ გარშემო მყოფთა მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, ეს კი ხელს შეუწყობს საგაკვეთილო ამოცანების წარმატებით შესრულებას.

საგაკვეთილო დრამატურგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სასწავლო მეთოდებისა და ხერხების ერთობლიობაა. მიზნის შესაბამისად შერჩეული მეთოდები ადეკვატურ გამოძახილს პოვებს და ხელს უწყობს მიზნის მიღწევას. ხშირად პედაგოგი სიღრმისეულად ვერ აცნობიერებს ამა თუ იმ სასწავლო მეთოდისა თუ ხერხის შესაძლებლობებს და არაადეკვატურად იყენებს მათ. არადა, ჯერ კარგად რომ გაეაზრებინა ცალკეული მეთოდის თავისებურებები, უკეთესად მოახერხებდა მის გამოყენებას თამამი შემოქმედებითი ვარიაციებისა და მოდიფიცირების გზით.

საგაკვეთილო დრამატურგიას დინამიკასა და ექსპრესიულობას მატებს სხვადასხვა რესურსი, რომლებსაც ხან მასწავლებელი ქმნის, ხან – მოსწავლე. განსხვავებული, დროისა და ვითარების შესაბამისი რესურსის მოძიება და შექმნა მასწავლებლისა და მოსწავლეების შემოქმედებით პოტენციალს ზრდის. ამაზე ყოველთვის ზრუნავდნენ მასწავლებლები თუ აღმზრდელები – რომ ცხოვრებისეული, ვიზუალური, თვალსაჩინო მასალა სასწავლო მიზნისთვის გამოეყენებინათ. გავიხსენოთ, როგორ აქცია ჭკვიანმა, გონებამახვილმა, მოქნილი აზროვნების მქონე სრულიად უბრალო მასწავლებელმა ბავშვის უნებლიე დანაშაული საგაკვეთილო დრამატურგიის ბუნებრივ, თითქოს წინასწარ დაგეგმილ შესანიშნავ რესურსად. ვგულისხმობ აკაკი წერეთლის „ჩემი თავგადასავლის“ იმ ეპიზოდებს, რომლებშიც მწერალი პედაგოგთა განსხვავებულ სახეებს ქმნის. ერთ შესვენებაზე მოშივებულმა პატარა აკაკიმ შინ შეირბინა და ჯიბეში ცხელი მჭადით შევიდა გაკვეთილზე. მასწავლებელმა დაგვიანებულებთან დააყენა, მჭადიც გამოართვა და მაგიდაზე დადო. სწორედ ამ დროს კლასში ზედამხედველი შემოვიდა. მასწავლებელი არ დაიბნა და „სამხილი“, რომელიც მოსწავლის სასტიკი დასჯისთვის, გაროზგვისთვის, წყალგაუვალი დასტური იყო, შემეცნებითი პროცესის ნაწილად აქცია. გავიხსენოთ ეს მშვენიერი ეპიზოდი, დღემდე რომ არ დაუკარგავს აქტუალობა. ის კიდევ ერთხელ შეახსენებს პედაგოგებს, რომ გამოუვალი სიტუაცია არ არსებობს.

აკაკი წერეთელი გვიამბობს:

„ინსპექტორმა, მართლაც, მჭადს მოჰკრა თვალი თუ არა, დაიღრიალა:

– ამ მჭადს რა უნდა აქ, ვინ მოიტანაო!..

ერთი მოწაფე, რომელიც ხშირად მექიშპებოდა ხოლმე, წამოხტა ზეზე და მოახსენა: წერეთელს ამოუღეს ჯიბიდანაო.

– რათ მოგიტანიაო?! – მკითხა მრისხანედ. მე ენა ჩამივარდა, მაგრამ მასწავლებელმა მოახსენა, ახლავ გაიგებთო და მკითხა:

– ეს რა არისო?

– მჭადი-მეთქი, – ვუპასუხე კნავილით.

– რისგან კეთდება?

– სიმინდისაგან.

– როდის სთესენ სიმინდს? რანაირად იზრდება? როგორ მუშაობენ? როდის აკეთებენ მჭადს, – და სხვანი. ესენი ყველაფერი გამომკითხა და მეც პასუხს ვაძლევდი. რამდენიმე წუთს მკითხავდა და ბოლოს სთქვა: – კარგიო! ხვალ ნუ დაგავიწყდება ბრინჯის მოტანა, ხვალ იმის შესახებ ვილაპარაკოთო. ინსპექტორმა იფიქრა, აქ სწორედ მასწავლებლის სურვილით მოუტანიათ მჭადიო და გავიდა კლასიდან ხმაამოუღებლად“ („ჩემი თავგადასავალი“).

ამ უცებ მოფიქრებული მახვილგონივრული ხრიკით მასწავლებელმა სამმაგი შედეგი მიიღო: ჯერ ერთი, მჭადი ორიგინალურ სასწავლო რესურსად აქცია, მეორე – ზედამხედველის თვალწინ მოსწავლეს ცოდნის გამომჟღავნების საშუალება მისცა, მესამე – ეს ამბავი სულიერ-აღმზრდელობითი ფუნქციითაც გამოიყენა: „მასწავლებელმა მაბეზღარი მოწაფე გაიხმო და ჰკითხა: შენ არა გაქვს რა ჯიბეშიო? გაუსინჯა და კოჭი უნახა. – ეს რა არისო? ეს ხომ სათამაშოა, რომელიც კლასში სრულიად გამოუსადეგარია და შენ კი ჯიბეში გიძევსო!.. წერეთელმა მჭადი მიტომ მოიტანა, რომ შიოდა და შეჭმა ვეღარ მოასწრო და შენ კი სათამაშოდ დაბრძანდები! კარგი, გაჩერდი მაგრე კლასის გამოსვლამდე! მე მაგ კოჭით წარგადგენ ინსპექტორთანო. იმ მოწაფეს ფერი ეცვალა და ატირდა. კლასი რომ გათავდა, მიუბრუნდა მტირალს და უთხრა: კარგი, ახლა კი მიპატიებია, მაგრამ შემდეგ კი ფრთხილად იყავი, რაც შენთვის არ გინდა, იმას ნურც სხვას უზამო!“

ასეთი ინციდენტები ყოველდღიურობის თანმდევია. ეპოქები იცვლება, მაგრამ ადამიანები თავიანთი სულიერ-მატერიალური მისწრაფებებით იგივენი რჩებიან. ყველა ადამიანი მიისწრაფვის ბედნიერებისაკენ, რომელსაც ფორმულა არ გააჩნია. მოსწავლეები გაკვეთილებზეც იძერწებიან პიროვნებებად, ამიტომ მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ მასაც აკისრია თავისი წილი პასუხისმგებლობა „ადამიანად ქცევის“ ამ რთულ პროცესში.

მოსწავლეებისთვის გაკვეთილი უნდა იქცეს იმ განზომილებად, რომელშიც ყველა სათავისო ბედნიერებას მიაგნებს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ გაკვეთილის დრამატურგიულ ველში ყველა მოსწავლემ აირჩიოს თავისი როლი. თანაც ეს როლი მუდმივად უნდა იცვლებოდეს. თამაშისკენ ბუნებრივი მიდრეკილება მასწავლებელმა სწავლებისთვის უნდა გამოიყენოს. მან მუდმივად უნდა აკონტროლოს საკუთარი ქცევა, გამოთქმები, შეხედულებები, რათა ერთ მშვენიერ დღეს იარლიყების, შაბლონებისა და სტერეოტიპების ტყვეობაში არ აღმოჩნდეს, საიდან თავის დაღწევასაც დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა და ენერგია სჭირდება.

სასწავლო მეთოდების არჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს:

  • საგაკვეთილო პროცესისთვის დაგეგმილი მიზნები;
  • კონკრეტული სასწავლო დისციპლინის თავისებურებანი;
  • მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებანი;
  • მოსწავლეთა თეორიულ-პრაქტიკული ცოდნა;
  • სასწავლო რესურსები და სხვ.

ყველა მეთოდი და სტრატეგია მასწავლებელმა იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ კრიტიკული, შემოქმედებითი, დამოუკიდებელი აზროვნების უნარები.

ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის პროცესი პედაგოგმა სხვადასხვა გზით შეიძლება წარმართოს, მათ შორის – გამოიყენოს ახსნის, ილუსტრირების მეთოდები, მაგრამ ყოველთვის ცდილობდეს, რომ ნებისმიერი პრობლემა მრავალმხრივ, განსხვავებული თვალთახედვით გააანალიზოს, რათა მოსწავლისთვის ეს ცხოვრებისეულ გამოცდილებადაც იქცეს. ნებისმიერ საგანში მიღებული ცოდნა, საბოლოო ჯამში, იმისკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მოსწავლე ინტელექტუალურ-ემოციურად გამდიდრდეს, ჩამოუყალიბდეს სამყაროს როგორც ერთიანი სისტემის ესთეტიკური ხედვა, შესაბამისად, გაუჩნდეს მისი გაფრთხილების სურვილი და პასუხისმგებლობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ღია, გლობალურ საურთიერთობო სივრცეში, რომელშიც ადამიანმა თანაბრად უნდა გააცნობიეროს როგორც „მეს“, ასევე „ჩვენის“ პიროვნულ-ეროვნული იდენტობის საზღვრები.

გაკვეთილი-საუბარი როგორც კომუნიკაციური კომპეტენციის ფორმირების საშუალება

0

ცოდნის გადაცემასა და ძირითადი სასწავლო დისციპლინების სწავლებასთან ერთად ეროვნული სასწავლო გეგმა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას. ისინი სასწავლო მიზნების მიღწევაშიც ეხმარება მოსწავლეს და სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასაც უწყობს ხელს, ამ გზით კი იქმნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდის ცოდნით შეიარაღებას, თვითრეალიზებასა და სათანადო ადგილის დამკვიდრებას თანამედროვე სამყაროში.

პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ისტორიის სწავლების დროსაც. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარება, რადგან ის პიროვნული პოტენციალის განახლება-განვითარების, გადაწყვეტილებების მიღების, პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების, უწყვეტი განათლების პროცესში ჩართულობის მნიშვნელოვანი პირობაა.

კომუნიკაციური კომპეტენცია ძირითადად საუბრის, დიალოგის გზით ყალიბდება, ამიტომ საუბრისა და დიალოგის ორგანიზაცია ისტორიის გაკვეთილის აუცილებელი ატრიბუტია. აქ გაკვეთილი-საუბარი განიხილება არა უბრალოდ როგორც პედაგოგიური მეთოდი და ფორმა, არამედ როგორც ურთიერთობის უნივერსალური საშუალება, შემოქმედებითი ურთიერთობის ფორმა მასწავლებელსა და სხვადასხვა შესაძლებლობის მოსწავლეებს შორის. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს ისტორიული ცოდნის რაოდენობას, მთავარი საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება, პოზიციის არგუმენტირება, ჯგუფელების პასუხების შეფასება და თვითშეფასებაა. გაკვეთილი-საუბრის დროს, კომუნიკაციური კომპეტენციის ფორმირებასთან ერთად, აქტიურდება მოსწავლეთა შემეცნებითი, ანალიტიკური და განმაზოგადებელი უნარებიც, ხდება მასალის უკეთესად გააზრება და ისტორიული ცოდნის გაღრმავება-გაფართოება.

გაკვეთილი-საუბარი ძირითადად მოიცავს სამ კომპონენტს: ) პრობლემის დასმას; ) პრობლემის გადაჭრას, ახსნას, განხილვას და ) პრობლემიდან სწორი გამოსავლის პოვნას, რაც თვითრეალიზაციის საშუალებას აძლევს მოსწავლეებს (თუმცა ევრისტიული საუბრით მიზნის მიღწევა – შემეცნების გზით პრობლემის არსის დანახვა – მთლიანად მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული).

 

გაკვეთილი-საუბარი, როგორც წესი, გაკვეთილის დაწყებისთანავე იწყება. ამ დროს შესავალი-საუბარი ერთგვარი კითხვა-პასუხია, რომლის მიზანია, მოსწავლეებს განამტკიცებინოს მასალა არსებული ცოდნის მობილიზების, სისტემატიზაციისა და განზოგადების გზით. საუბარი საშუალებას გვაძლევს, დაისვას დიაგნოსტიკური კითხვებიც, რომელთა მეშვეობითაც მეტ–ნაკლებად ზუსტად დავადგენთ მოსწავლეთა ცოდნის დონეს და ახალი მასალის მიღებისთვის მზაობას.

გაკვეთილი-საუბარი დიდ ინტერესს იწვევს რთული თემების შესწავლის დროსაც, რადგან მოსწავლეთა მოტივაცია ამ დროს გაცილებით მაღალია:

* ახალი მასალის ახსნისას მოსწავლეები და მასწავლებელი თანამშრომლობენ, მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ეძებენ ასოციაციებს დასახელებულ თემაზე, სვამენ მათთვის სანტერესო კითხვებს, გამოაქვთ დასკვნები, მათი არც ერთი რეპლიკა არ რჩება უპასუხოდ. ამდენად, ასეთი საუბარი ამტკიცებს პედაგოგიური ურთიერთობის ფორმებს, ავლენს ყველა ორგანიზაციული საკითხის დადებით თუ ნაკლოვან მხარეებს;

* სასურველია, დიალოგი/საუბარი ძალადაუტანებლად წარიმართოს იმ კითხვების საფუძველზე, რომლებიც მოსწავლეს აინტერესებს.

 

ისტორიის გაკვეთილზე სასწავლო საუბარი-დიალოგის ძირითადი ფორმებია:

  • მასწავლებელი – მოსწავლე;
  • მოსწავლე – მოსწავლე;

სასკოლო პრაქტიკაში გაკვეთილი-საუბრის ყველაზე გავრცელებული ფორმაა მასწავლებელი-მოსწავლე, რომლის დროსაც აქტიურდება ცოდნაც და ადვილდება ცოდნის გადმოცემა და შემოწმებაც.

რით განსხვავდება გაკვეთილი-საუბარი ტრადიციული გაკვეთილისგან?

 

ტრადიციული გაკვეთილისა და გაკვეთილი-საუბრის ალგორითმი:

 

კრიტერიუმი ტრადიციული გაკვეთილი გაკვეთილი-საუბარი
მასწავლებლის როლი გაკვეთილის მთავარი წარმმართველი გაკვეთილის მიმართულების მიმცემი
მოსწავლის როლი არ არის მთავარი მონაწილე გაკვეთილის მთავარი მონაწილეა
ურთიერთობის ფორმა ძირითადად ავტორიტარული დემოკრატიული (მასწავლებელი „მოკავშირეა“)
სწავლების მეთოდები ძირითადი ფორმაა მონოლოგი (მასწავლებლის ახსნა-განმარტება, თხრობითი სტილი და ა.შ.) არსებითი ფორმაა დიალოგი-საუბარი (დისკუსია, როლური თამაში და სხვ.)

 

გაკვეთილის ეფექტიანობა ყოველთვის არ არის ეფექტიანი გამოირჩევა მაღალი ეფექტიანობით და წარმატებული შედეგებით
ურთიერთობის ფორმა: მასწავლებელი-მოსწავლე ოფიციალური თანამშრომლობითი, ეფუძნება კონსტრუქტივიზმს
სწავლის მოტივაცია კარგი შეფასების მიღება, რაც ძნელად მისაღწევია შემოქმედებითი და ინტელექტუალური ზრდა, მაღალი ინტერესი

 

 

გაკვეთილი-საუბრის პრაქტიკული მაგალითი:

თემა: ძველი ეგვიპტე

კლასი: VII

განსავითარებელი უნარები: კომუნიკაციური, თანამშრომლობითი, ინფორმაციის ტრანსფორმაციის, ლოგიკური აზროვნების

გაკვეთილის მიზანი:

  • გააცნოს მოსწავლეებს ძველი ეგვიპტის გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატური პირობები;
  • განუვითაროს რუკასთან, ისტორულ წყაროებთან, ისტორიულ ტექსტთან, სახელმძღვანელოსთან მუშაობის უნარები;
  • ხელი შეუწყოს კომუნიკაციური უნარ-ჩვევების ფორმირებას;
  • მოსწავლეებმა თავად დაუსვან კითხვები ტექსტს;
  • ლოგიკურად და სწორად გადმოსცენ ინფორმაცია, განუვითარდეთ განზოგადების უნარები;
  • განუვითარდეთ მეტყველების კულტურა.

ძირთადი რესურსები: ისტორიის სახელმძღვანელო და სასწავლო რუკა „ძველი შუამდინარეთი“ (ან მსოფლიოს ფიზიკური რუკა)

გაკვეთილის ტიპი: ახალი მასალის ახსნის გაკვეთილი

გაკვეთილის ფორმა: გაკვეთილი-საუბარი

გაკვეთილის გეგმა: ა) ორგანიზაციული ნაწილი; ბ) თემის აქტუალიზაცია; გ) მიზნის ერთობლივად განსაზღვრა; დ) ახალი მასალის შესწავლა; ე) ცოდნის განმტკიცება; ვ) რეფლექსია

 

გაკვეთილის ძირითადი დეტალები:

 

N1 – მასწავლებლის საქმიანობა: თემის აქტუალიზაცია: რა თემაზე ვსაუბრობთ დღეს? რა იცით ეგვიტპის შესახებ? მოსწავლეთა საქმიანობა/პასუხები: იქ პაპირუსებია; ფარაონებია; პირამიდებია; მუმიებია, – და ა.შ.

 

N2 – მასწავლებლის საქმიანობა: მიზნის ერთობლივად დასახვა: რისი გაგება გინდათ ეგვიპტის შესახებ? რას შეისწავლიდით მის შესახებ? მოსწავლეთა საქმიანობა: სად მდებარეობდა ძელი ეგვიპტე? პაპირუსი რისგან კეთდებოდა? ფარაონები ვინ იყვნენ? რა საქმიანობას ეწეოდნენ ეგვიპტელები? როგორი ბუნება იყო? – და ა.შ.

 

N3 – მასწავლებლის საქმიანობა: ახალი მასალის შესწავლაზე გადასვლა: საიდან იციან მეცნიერებმა წარსულის ამბები? როგორ შეისწავლიან მათ? მოსწავლეთა საქმიანობა: ისტორიული წყაროების გაცნობა.

 

N4 – მასწავლებლის საქმიანობა: ისტორიული წყაროების შესწავლის ორგანიზება; მოსწავლეთა საქმიანობა: წყაროებზე მუშაობა წყვილებში. მოსწავლეები ერთმანეთს ეკითხებიან წყაროს ტექსტის შესახებ.

 

N5 – მასწავლებლის საქმიანობა: ეგვიპტის ადგილმდებარეობის გაცნობა, კლასთან საუბარი; მოსწავლეთა საქმიანობა: რუკასთან მუშაობა. ნილოსი და მის ნაპირზე არსებული ქალაქების გაცნობა.

 

N6 – მასწავლებლის საქმიანობა: ეგვიპტის შესახებ ისტორიულ წყაროებზე მუშაობა ეგვიპტის კლიმატისა და ბუნებრივი პირობების შესახებ. წყროს ტექსტის მიხედვით კითხვების მომზადება; მოსწავლეთა საქმიანობა: წყაროზე მუშაობა: ა) ტექსტის გაცნობა; ბ) ყოველ ნაწყვეტში ძირითადი სიტყვის პოვნა; გ) ტექსტისთვის კითხვის დასმა; დ) ძირითადი დასკვნების ამოწერა რვეულებში.

 

N7 – მასწავლებლის საქმიანობა: დოკუმენტის შესახებ საუბრის ორგანიზება; მოსწავლეთა საქმიანობა: მოსწავლეები სწავლობენ კითხვების დასმას და მათზე პასუხის მოძიებას: ეგვიპტის ბუნება არსებით გავლენას ახდენდა ეგვიპტელების ცხოვრებაზე.

 

N8 – მასწავლებლის საქმიანობა: რატომ ჩამოყალიბდა ეგვიპტე ერთიან სახელმწიფოდ? (იმისთვის, რომ ამ კითხვას უპასუხონ, მოსწავლეები უსმენენ მასწავლებელს, რომელიც საუბრობს ეგვიპტის გაერთიანების პირობებზე); მოსწავლეთა საქმიანობა: შედეგები: ა) სამეურნეო ცხოვრების მოთხოვნილებებმა ეგვიპტე გააერთიანა; ბ) უფრო სუსტი დაემორჩილა ძლიერ სახელმწიფოს; გ) ეგვიპტის მმართველობა; დ) საბოლოოდ ძვ.წ. III ათასწლეულში ეგვიპტის ერთიან სახელმწიფოდ ფორმირება დასრულდა.

 

N9 – მასწავლებლის საქმიანობა: განმტკიცება: რატომ უწოდა ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ ეგვიპტეს „ნილოსის ნობათი“? (სად მდებარეობდა ეგვიპტე? რომელი მდინარე ჩამოედინებოდა ეგვიპტეში? საიდან მოედინება ნილოსი? რა ხდებოდა წყალდიდობისას? და ა.შ.); მოსწავლეთა საქმიანობა: მდინარე ნილოსი ანოყიერებდა დაბლობს, რაც მიწათმოქმედებას და მოსავლიანობის ზრდას უწყობდა ხელს, სამეურნეო ძლიერება კი სახელმწიფოს ძლიერების საწინდარი იყო.

 

N10 – მასწავლებლის საქმიანობა: რეფლექსია: იმუშავეთ წყვილებში და გაუზიარეთ ერთმანეთს შთაბეჭდილებები. რამე ხომ არ დარჩა გაუგებარი? რამ დაგაინტერესათ ყველაზე მეტად? მოსწავლეთა საქმიანობა: შთაბეჭდილებების გაზიარება.

 

კომუნიკაციური კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი-საუბარი საუკეთესო საშუალებაა მოსწავლეთა მიერ ისტორიულ ცნებათა გაგების გამოსავლენად და მათი აზროვნების გასააქტიურებლად, არსებული ცოდნის მობილიზაციისთვის და ახალი მასალის გასაანალიზებლად. ის სოციალურად ზრდის მოსწავლეს, კარგ მსმენელად და აქტიურ პიროვნებად აყალიბებს, უვითარებს ცხოვრებისეული გამოწვევების დაძლევის უნარს და პიროვნული სრულყოფის გზაზე წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება, ამიტომ ამ ტიპის გაკვეთილები ეფექტიანი და სასარგებლოა.

 

 

 

სასვენი ნიშნების დღე

0

სასვენი ნიშნების მნიშვნელობაზე რომ ვესაუბრები ბავშვებს, ფილოლოგებში გავრცელებული  ლეგენდით ვიწყებ ხოლმე, თუ როგორ გადაარჩინა  ერთმა მძიმემ  ადამიანის სიცოცხლე. ერთ ჩინოვნიკს ბრძანების დაწერისას მძიმის ადგილი შეშლია და დასახვრეტად გამზადებული ადამიანი გაუთავისუფლებიათ. ფრაზის ,, დაიხვრიტოს, დაუშვებელია ეპატიოს!“  მაგიერ დაუწერია: ,, დაიხვრიტოს დაუშვებელია, ეპატიოს!“

ეს ლეგენდაც ძალიან მოსწონთ და სხვა პატარ- პატარა სასვენ ნიშნებთან დაკავშირებული სახალისო ხრიკებიც, მაგრამ სასვენი ნიშნების დასმისა რა მოგახსენოთ. იმასაც დავაკვირდი, მხოლოდ არცოდნის ბრალი არაა, ვინც იცის, იმასაც ეზარება ხოლმე სასვენი ნიშნების დასმა.

ერთხელაც გადავწყვიტე, ჩემი მოსწავლეებისთვის დამეწესებინა სასვენი ნიშნების დღე. მე თვითონ  ისე აღვფრთოვანდი ამ იდეით და ისეთი რიხითა და ზარზეიმით გამოვუცხადე კლასში შესულმა, რომ ისღა დარჩენოდათ, ტაშის კვრით მიეღოთ ეს ახალი წინადადება და საკუთარი დაბადების დღეების აღნიშვნაზე ნაკლებად არ გახარებოდათ. მით უმეტეს, რომ ეს დღე სხვა მნიშვნელოვანი თარიღებივით წელიწადში ერთხელ კი არ იქნებოდა, არამედ თვეში ერთხელ!

პირველი დღე ვახტანგ ჯავახაძეზე საუბრით და მისი საოცარი ლექსით დავიწყე:

ქება სასვენი ნიშნებისა

მე ვადიდებ სასვენ ნიშნებს, ვიცი მათი ფასი

წერტილიდან წერტილამდე ძლივს მიმქონდა აზრი.

არასოდეს არ ვკარგავდი კითხვის ნიშნის იმედს

და ბოროტად არასოდეს ვიყენებდი მძიმეს.

ზოგჯერ,

როცა სიტყვის შემდეგ ვერ დავწერდი წერტილს

და მძიმესაც ვერ დავწერდი, წერტილმძიმეს ვწერდი.

როცა რითმებს ვდარაჯობდი, როგორც მონადირე,

მწევრებივით მაქეზებდნენ დეფიზი და ტირე.

ხშირად, როცა არ მწყალობდა შთაგონების ღმერთი,

ბეწვზე გადავურჩენივარ ერთგულ მრავალწერტილს,

ხოლო როცა დადგებოდა ჟამი ყიჟინისა,

ხან ორ წერტილს მოვუხმობდი,

ხანძახილის ნიშანს

ისევ ვწყალობ ნაცნობ ნიშნებს, როგორც მეცენატი,

თუმცა ზოგან სასვენ ნიშნებს აღარ სცემენ პატივს.

გრძნობის დილეგს უწოდებენ და ვნებათა კარცერს,

ზოგი ზოგჯერ გაიხსენებს, ზოგი სულაც არ წერს.

მე კი ისევ ერთგული ვარ ძველი მონაპოვრის:

სიტყვებს ვეძებ, რომ ჩავწერო სასვენ ნიშნებს შორის.

 

ვახტანგ ჯავახაძე

რადგანაც ჯავახაძე არაჩვეულებრივი პოეტია, დასაწყისი იყო უეფექტურესი და მონუსხულები ელოდნენ, როგორი იქნებოდა გაგრძელება.

გაგრძელება კი ყველა კლასისთვის სხვადასხვანაირი იყო: მერვეებს – გალაკტიონის ,,რომელი საათია“ წავუკითხე და მისი უსასვენნიშნებო ვარიანტი დავუდე წინ, მეშვიდეებს- მურმან ლებანიძის ,,შეჩერდი, მოასწარ!“. მეორეჯერ წაკითხვის პარალელურად სასვენი ნიშნები უნდა დაესვათ ორივე ლექსში. მერე ერთად შევასწორეთ ნამუშევრები და სათითაოდ ახსნეს.  რომელი სასვენი ნიშანი რატომ დასვეს. მე კი ავუხსენი, რომელიც არ დასვეს, რატომ უნდა დაესვათ.

პატარებთან ( მე-5 კლასთან) სხვაგვარად იყო. მანანა ტონიას ინტერნეტში მოძიებული ლექსი ,,სასვენი ნიშნები“ (https://www.facebook.com/SabavshvoLeksebi/photos/a.573482559369651.1073741828.554856601232247/983522685032301/?type=1&theater ) დავუდე წინ. წყვილებში სამუშაოდ დავალებებიც მივაყოლე ორ ეტაპად: 1) განვიხილოთ ლექსი და მასში ასახული სასვენ ნიშანთა გამოყენების წესები მივუწეროთ გვერდით. დავნომროთ თითოეული წესი.

2) ლექსში მოცემული თითოეული წესის გამოყენებით შევადგინოთ წინადადება.

ლექსად დაწერილი წესები მოეწონათ. დავალებები საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა, მაგრამ თავი მაინც გაართვეს.

ის დღე იყო და ის დღე, ყოველი თვის ბოლოს ყველა კლასში დიდი ამბით ელოდებიან ხოლმე ,,სასვენი ნიშნების დღეს“, წინასწარ მაფრთხილებენ, რომ თვის ბოლო ახლოვდება. ზარმაცები თავიანთ სასარგებლოდაც კი იყენებენ ამ დღეს, სასვენი ნიშნების დღე მეგონა და დავალება აღარ დავწერეო. ასეა თუ ისე, გვიხარია ამ დღის აღნიშვნა. ჩემი მთავარი პრინციპია, რომ თითოეული ეს დღე ლიტერატურასაც მჭიდროდ უკავშირდებოდეს.

ამიტომაც შემდეგ ნიკო ლორთქიფანიძისა და მისი არაჩვეულებრივი,,ბებრების“ ჯერი დადგა. ჯერ წავიკითხეთ ეს მინიატურა, ვიმსჯელეთ ემოციებზე და მწერლის განსხვავებულ, ლაკონიურ სტილზე. მერე დავურიგე ტექსტი, რომელშიც მხოლოდ 6 სასვენი ნიშანი იყო გამოტოვებული, ხოლო 4 არასწორად იყო დასმული. ნამუშევრების ანალიზის შემდეგ ორი გენიალური მსახიობის, სანდრო ჟორჟოლიანისა და სესილია თაყაიშვილის, მონაწილეობით ,,ბებრების“ სატელევიზიო დადგმასაც ვუყურეთ და კმაყოფილები „დავიშალეთ“.

შემდეგი თვე იგავებისა აღმოჩნდა. დავყავი ჯგუფებად, დავურიგე მცირე მოცულობის იგავი- მინიატურები ( გია მურღულიას წიგნიდან ,,სიბრძნე მინიატურებში“. ბევრი მათგანი ინტერნეტშიცაა განთავსებული), რომლებშიც ბოლო ფრაზა ( იგავის მორალის განმსაზღვრელი) არ ჩანდა და თვითონ უნდა ამოეცნოთ და ტექსტი დაესრულებინათ. ძალიან საინტერესო ვერსიები გამოუვიდათ.

მაგალითისთვის აი, ეს იგავი: ყველაზე შეუცნობელი

ერთი კაცი ცოლ-შვილთან ერთად უდაბნოში მიდიოდა. წყურვილით გატანჯულებმა ჭა დაინახეს და მისკენ გაემართნენ, მაგრამ კაცს შინაგანმა ხმამ უთხრა, რომ წყალი ამ ჭაში მოწამლული იყო. მან ამას ყურადღება არ მიაქცია და ცოლ-შვილს წყალი მიაწოდა. როდესაც ის უკვე თავადაც აპირებდა დალევას, დაინახა, რომ მისი უახლოესი ადამიანები სასიკვდილოდ იკრუნჩხებოდნენ. კაცმა ღმერთს შესთხოვა:
– ღმერთო, გადამირჩინე ჩემი ოჯახი! წყურვილი იმდენად ძლიერი
აღმოჩნდა, რომ ყურად არ ვიღე შენი გაფრთხილება.
– დაგიბრუნებ შენს ახლობლებს, – უთხრა ღმერთმა, – თუ ერთ კითხვაზე მიპასუხებ. რა არის ადამიანში ყველაზე შეუცნობელი?

კაცმა დიდხანს იფიქრა – ეშინოდა, ვაითუ არასწორად ვუპასუხოო და ბოლოს გაბედა:
– ყველაზე შეუცნობელი ადამიანში ის არის, რომ მთელი სიცოცხლის მანძილზე სხვების სიკვდილს ხედავს, მაგრამ ისე ცხოვრობს, თითქოს თვითონ არასდროს მოკვდება.
და ღმერთმა მას ცოლ-შვილი დაუბრუნა.
(გია მურღულია)

ხაზგასმული ფრაზა გაშავებული იყო და თვითონ უნდა შეევსოთ ტექსტი.

თავიდანვე არ მითქვამს, რომ ტექსტში რამდენიმე მძიმე იყო გამორჩენილი, მაინტერესებდა, თვითონ თუ შეამჩნევდნენ. ზოგიერთმა შეამჩნია კიდეც, დანარჩენებს იგავის ანალიზის მერე დავავალე, რომ ეპოვათ კონკრეტული რაოდენობის გამორჩენილი მძიმე. ზოგი იპოვეს, ზოგი ჭია – მაიამ აპოვნინა, გაკვეთილის დასრულებამდე დამატებით 1-2 იგავის წაკითხვაც მოვასწარით.

შემდეგი დღეები უფრო თამაშებსა და ხატვას დავუთმეთ.

თამაში N1 – ჯგუფებში ვანაწილებ სასვენ ნიშნებს და მათი გამოყენების წესებს. კითხულობენ, განიხილავენ და უნდა ეცადონ, ყველა წესი გამოხატონ გრაფიკულად, ნახატით. სხვა ჯგუფის წევრებმა უნდა გამოიცნონ, რომელი წესია გადმოცემული ნახატით.

თამაში N2 – იყოფიან ჯგუფებად, ჯგუფიდან გამოდის ერთი, იღებს რომელიმე სასვენი ნიშნის წესს და ცდილობს, მუნჯურად აუხსნას თავისი გუნდის წევრებს, თუ მუნჯურად ვერ გამოიცნობენ, მერე დახატოს რაიმე მიმანიშნებელი, ხოლო თუ ასეც ვერ გამოიცნეს, ეძლევა 2 სიტყვის თქმის უფლება. თითოეულ გუნდს ქულა ეწერება.

ორივე შემთხვევაში, შემაჯამებლად წერენ წინადადებებს, რომლებშიც მათ მიერ შერჩეულ რამდენიმე წესს გამოიყენებენ.

შემდეგი აქტივობა ტიპური „წრეზე წერა“ იყო. ბავშვები ჯგუფში სხდებიან წრეზე, წერენ ერთ თხზულებას მასწავლებლის შერჩეულ თემაზე, 2-2 წუთიანი შუალედებით. იწყებს ჯერ ერთი, 2 წუთის მერე განაგრძობს მეორე, ჯერ სხვის ნაწერს გადაიკითხავს და მერე ლოგიკურად განაგრძობს დაწყებული თხზულების წერას. ასე იქცევა წრის თითოეული წევრი, სანამ ნაწერი დამწყებ მოთამაშეს არ დაუბრუნდება. აქ განსხვავებული მხოლოდ ის იყო, რომ შეფასების კრიტერიუმებში ყველაზე დიდი ქულა პუნქტუაციას მივანიჭეთ ( განსაკუთრებული ყურადღება სასვენი ნიშნებისთვის უნდა მიექციათ), თუმცა ქულა ეწერებოდათ იმაშიც, თუ რამდენად გამართული და საინტერესო იყო თხზულება.

სანამ წერას დავიწყებდით, განწყობის შესაქმნელად გოდერძი ჩოხელის პატარა, მაგრამ ძალიან საყვარელი მოთხრობა ,,წერტილი და მძიმე“  წავიკითხეთ.

ერთ დღეს პატარებმა ნახატებით იქვე, ექსპრომტად, სასვენი ნიშნების გაცოცხლებაც გადაწყვიტეს, ეს აქტივობა სასვენი ნიშნების უფრო ემოციურ გააზრებას და ბავშვების გახალისებას ემსახურებოდა და არა წესების დამახსოვრებას.

ასეთი პატარ-პატარა გახალისებები ძალიან უხდება ხოლმე ჩვენი სასვენი ნიშნების დღეებს.

 

 

 

 

კიდევ ბევრი დღე გვაქვს დასაგეგმ- მოსაფიქრებელი.

აი, სკოლაში რომ დავბრუნდებით და სექტემბრის მიწურულს სასვენი ნიშნების დღეს აღვნიშნავთ, პოლ ელუარზე საუბრით დავიწყებ და მის „თავისუფლებას “ დავუდებ წინ. ჯერ ლექსზე იფიქრონ და იმაზე იმტვრიონ თავი, რატომ არ დასვა პოეტმა არც ერთი სასვენი ნიშანი და მერე საუკუნის

დანაშაული ჩაიდინონ: თვითონ დასვან!

 

სტატიას კი ამ საოცარი ლექსით დავასრულებ:

 

,, სკოლის რვეულებს

მერხებს და ხეებს

ქვიშას და თოვლს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ყველა წაკითხულ

თუ სუფთა ფურცელს

ქვით სისხლით თუ ნახშირით

მე ვაწერ შენს სახელს

 

მოოქროვილ ნახატებს

საომარ იარაღებს

მეფეთა გვირგვინებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

გაუვალ ტყეებს თუ უდაბნოებს

ბუდეებს ბალახებს

ექოებს ჩემი ბავშვობისას

მე ვაწერ შენს სახელს

 

ღამის საოცრებებს

თუ დღიურ საზრუნავს

მოკაზმულ სეზონებს

მე ვაწერ შენ სახელს

 

ჩემს წილ ცის ლაჟვარდებს

ობიან მზის გუბეს

მთვარის ლივლივა ტბორს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ვრცელ მინდვრებს ჰორიზონტებს

ფრინველთა ფრთებს თუ

წისქვილთა ჩრდილებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

 შემკრთალ განთიადებს

ზღვებსა თუ ხომალდებს

და შეშლილ მწვერვალებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

დახავსებულ ღრუბლებს

დაქანცულ ქარებს

წვიმის ტლანქ ფარდებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

ელვარე საგნებს

ფერად-ფერად ზარებს

ყველაფერს არსებულს

მე ვაწერ შენს სახელს

 

გაქცეულ ბილიკებს

თვალუწვდენელ გზებს

წამლეკავ სიშორეს

მე ვაწერ შენს სახელს

 

სანთელს ანთებულს

სანთელს მინავლებულს

სიმტკიცეს ერთობას

მე ვაწერ შენს სახელს

 

სარკის ზედაპირზე

გახლეჩილ ჩემს ოთახს

ჩემს საწოლს როგორც ცარიელ ნიჟარას

მე ვაწერ შენს სახელს

 

  ჩემს ძაღლს ალერსიანს

და ყურებდაცქვეტილს

მოუხერხებელ თათებზე

მე ვაწერ შენს სახელს

 

ზღურბლს ჩემი კარისას

საყვარელ საგნებს

ტალღებად დაფენილ

ღვთაებრივ ნათელს

მე ვაწერ შენს სახელს

 

დაწყვილებულს სხეულებს

მეგობრულს სახეებს

და ხელებს გამოწვდილს

მე ვაწერ შენს სახელს

 

  გაბრწყინებულ თვალებს

მომლოდინე ბაგეებს

და სრულ მდუმარებას

მე ვაწერ შენს სახელს

 

ჩემს დაღლილ სხეულს

ჩემს დაბზარულ თვალებს

კედლებს ჩემი სევდისას

მე ვაწერ შენს სახელს

 

უსურვილო სიცოცხლეს

შიშველ სიმარტოვეს

სიკვდილის ნაბიჯებს

მე ვაწერ შენს სახელს

 

აღდგენილ ძალ- ღონეს

დაკარგულ საფრთხეს თუ

უხსოვარ იმედს

მე ვაწერ შენს სახელს

 

და ერთი სიტყვის ფესვებიდან ვიწყებ სიცოცხლეს

შენი შეცნობით ვიბადები

შენი სახელით

 

თ ა ვ ი ს უ ფ ლ ე ბ ა.

პოლ ელუარი

მთარგმნელი ნათია ნაცვლიშვილი

 

 

 

 

 

მარტოხელა მწყემსი

0

ლითონის ბედაურების უსასრულო წყება ტალახის მდინარესავით მდორედ მიედინება ჭავჭავაძის გამზირზე. იგრძნობა, რომ მძღოლები ძლივს იოკებენ სურვილს, რკინის ცხენებს მათრახი გადაუჭირონ და გააჭენონ – პედალს ბოლომდე დააჭირონ ფეხი. ეს თბილისია, მძღოლები ერთდროულად მანქანებზეც სხედან და ნერვებზეც. 18:00-დან 20:00-მდე ჭავჭავაძე ყველაზე ხმაურიანია. თუ ფეხით მოსიარულე ამ დროს აქ მოხვდი, ისე უნდა მოიქცე, როგორც გამოცდილი ბედუინი უდაბნოში ქვიშის ქარიშხლის მოახლოებისას – შედარებით წყნარი ადგილი მოძებნო და ბუნების მიყუჩებას დაელოდო.

აურზაურს რომელიღაც ეზოში ვემალები, სადაც მყუდრო ჩამოსაჯდომი ვნახე. ყურსასმენები მიკეთია, მანქანების ღმუილსა და სიგნალებს „მოკალი ბილის“ საუნდტრეკით, „მარტოხელა მწყემსით“ ვფარავ. დიდი ხანია ვხედავ, რომ შორიდან ვიღაც მიახლოვდება. თითქოს მთელი დღეა მოიწევს სვენებ-სვენებით და სადაცაა, მიზანს მიაღწევს. ცოტაც და ჩემ წინ მოხუცი ქალი ჩნდება, წელში ნამგალივით მოხრილი. ქვედა კიდურები სამზარეულოს მორყეული სკამის ფეხებივით უყანყალებს და მეჩვენება, რომ ნიავიც წააქცევს. რაღაც აწუხებს, უთქმელადაც იგრძნობა. რაღაც რევმატულ ტკივილებზე მეტი. ასეთ ტკივილს მედიცინა ვერ უმკლავდება.

– ბებო, შეიძლება დავჯდე? – მკითხა.

– რა თქმა უნდა, დაბრძანდით. დაგეხმაროთ?

ბებიაჩემის გარდაცვალების შემდეგ მოხუცებისადმი განსაკუთრებული გულჩვილობა დამჩემდა. ეს სისუსტე იქამდეც მქონდა, მაგრამ ერთი წელია, ყველა მოხუცი რუსიკო მგონია. ამეკვიატა აზრი, რომ მცდის, როგორ მოვიქცევი, რას ვიზამ. ქალი ცდილობს, გული დაიმშვიდოს, დახმარებაზე კი ცივ უარს მეუბნება: „მე თვითონ, მე თვითონ“. გაჭირვებით ჯდება ხის სკამზე და ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ძველ შენობას ძლიერი მიწისძვრის შემდეგ აგურის ნაფშვენი დასცვივდა. ყურსასმენებს ვიხსნი – ამგვარად თანავუგრძნობ მის წლებს. „მარტოხელა მწყემსის“ მელოდია ძლივსღა ისმის, მორიგი სიგნალის დროს კი საერთოდ იკარგება.

– ოთხმოცდარვა წლის ვარ, ბებო. ჩემი ასაკის ხალხი, ვინც ცოცხალია, ვეღარ ინძრევა. მე ჩიტივით ვარ.

თანხმობის ნიშნად ვუღიმი და უკვე ძეხორციელი ვეღარ გადამარწმუნებს, რომ ეს ქალი ბებიაჩემი არ არის. „მეთამაშება, როგორც სიცოცხლეში იცოდა ხოლმე“, – ვფიქრობ.

– ბებო, მესამე სართულზე აიხედე, მწვანედ შეღებილი მოაჯირი აქვს, შუქი ანთია?

– არა, ჩამქრალია.

– არ მოსულან ალბათ.

– გნებავთ, დავურეკოთ?

– არა, მაქვს ტელეფონი. დამირეკავენ, როცა მოვლენ.

მოხუცი ამბის მოყოლას იწყებს და ვხვდები, რომ ლიტერატურამ დიდი მთხრობელი დაკარგა. კი არ ჰყვება, წიგნს გაკითხებს. ვიგებ, რომ ჩაბნელებული ფანჯრის მიღმა მისი შვილი, სიძე და შვილიშვილები ცხოვრობენ. შვილი ორმოცდათვრამეტი წლისაა, სიძე – მასზე უფროსი. ყველას თავისი საქმე აქვს და, როგორც მოხუცი ამბობს, ცხოვრებისთვისაც არ სცალიათ.

– მოვაბეზრე თავი, მაგრამ რა ვქნა. ბებრებსაც შივდებათ.

– მაღაზიაში შევირბენ და გიყიდით რამეს.

– არა, – ამბობს და ხელს ისე იქნევს, როგორც მკაცრი მასწავლებელი, – მანდ იჯექი! მოვლენ მალე.

ქალი თხრობას განაგრძობს: „ჩემს გოგოს ორი უმაღლესი დავამთავრებინე, ერთი – აქ, ერთი – მოსკოვში. იქ მუშაობდა კაი ხანს. პედიატრია. ძალიან კარგი პედიატრია. კაი ფულს შოულობს, მაგრამ დედა კი მოიბეზრა. შევარცხვინე ეგეთი ფული. საღამოობით ვაკითხავ ხოლმე, ცოტას მოვეფერები ყველას და მივბრუნდები მერე ჩემს სოროში, სახლი რო ქვია“.

მე თან გაფაციცებით ვუსმენ, თან მესამე სართულის ფანჯრებს მივჩერებივარ უიმედო შეყვარებულივით და სწორედ მაშინ, როც ქალი ქმრის უცაბედი გარდაცვალების ამბავს მიადგება, ვხედავ, რომ ფანჯრებში სინათლე ფეთქდება. ბავშვივით მიხარია.

– აი, მოვიდნენ, – ვამბობ.

მოხუცმა ტელეფონი, ძველი NOKIA ამოიღო და მთხოვა, ნომერი ამეკრიფა. სასამართლოს სტენოგრაფისტივით სწრაფად ავკრიფე ციფრები და ტელეფონი გადავაწოდე. ქალი საკუთარ შვილს, რომელსაც, როგორც გაირკვა თამრიკო რქმეოდა, სთოვდა, ბავშვმა ჩამომაკითხოს და ლიფტით ამიყვანოსო. „ეტყობა, კლაუსტროფობია აქვს“ – ვფიქრობ და თან სიხარულით, დიდხანს რომ არ მოუწევს აქ ჯდომა. უცებ მოხუცმა ტელეფონი მომაწოდა.

– დაელაპარაკე, ბებო, დავყრუვდი კიდეც, ყველა სიკეთესთან ერთად.

ხაზის მეორე ბოლოს მყოფმა თამრიკომ, რომელსაც მოხუც იაპონელ მაფიოზიზე უფრო ბოხი ხმა ჰქონდა, აღელვებულმა მითხრა, რომ ჯერ შინ არ იყვნენ და გვიან დაბრუნდებოდნენ. „არ დაგველოდოს, ხვალ მოვიდეს“, – თქვა და გათიშა.

მყისიერად ავხედე ფანჯარას და დავინახე, როგორ გაქრა ოთახში სინათლე. თითქოს თამრიკომ ალბუს დამბლდორის ილუმინატორი გამოიყენა. ენა ჩამივარდა.

– რაო, რა თქვა? – მკითხა ქალმა.

ფანჯარას მივჩერებოდი, სანამ კითხვა არ გამიმეორა და იძულებული არ გავხდი, სიტყვა დამეძრა.

– სახლში არ ვართო. გვიან მოვალთო.

– როდისო? – გამომცდელი მზერით მკითხა.

– ხვალ მოვიდესო, დამაბარეს.

მოხუცმა მიწას დახედა, რომელშიც ოც წელზე მეტი ხნის წინ ჩააწვინა ქმარი, თუმცა საქორწინო ბეჭედი დღემდე უელავდა დაჩირულ თითზე.

– ალბათ მომეჩვენა სინათლე, – ვუთხარი.

– არ მოგჩვენებია, ბებო. მოვბეზრდი, მოვბეზრდი…

მოხუცმა კიდევ ერთხელ მკაცრად იუარა დახმარება, მხოლოდ წამოდგომისას ხელის შეშველება მთხოვა და როცა შეძლებისდაგვარად მყარად დადგა ფეხზე, მითხრა:

– შენ არ მოგბეზრდეს ბებო, დედაშენი.

– მე დედა აღარ მყავს – ვუთხარი დაუფიქრებლად.

ქალის სახეზე ერთდროულად დაიხატა სევდა და გამოცდილება.

– აფსუს, რა პატარა ხარ სამაგისოდ. მშვიდად წავიდა?

– მგონი, დარდებით.

– ცხონებული მამაჩემი ამბობდა, ვისაც დარდი მიჰყვება, უკანაც იხედებაო, – თქვა მოხუცმა ქალმა, რომელსაც ჩემზე გაცილებით მეტი სიკვდილი ჰქონდა ნანახი და დაიძრა იქით, საიდანაც დიდხანს მოდიოდა.

მე ვიჯექი ხის სკამზე, მის თითოეულ ნაბიჯს ვაკვირდებოდი, ჩემი ყურსასმენებიდან „მარტოხელა მწყემსი“ იღვრებოდა და ვხვდებოდი, რომ ჩემს სიცოცხლეში პირველად ვუსმენდი იმას, რასაც ვხედავდი.

რთული მშობლები

0

რთული ბავშვის ცნება ყოველთვის არსებობდა, არსებობს და, სავარაუდოდ, მომავალშიც იარსებებს. პედაგოგები, მშობლები, ბავშვთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული ადამიანები ხშირად საუბრობენ რთული, პრობლემური ბავშვების შესახებ. თუმცა იშვიათად, რომ რთული მშობლების საკითხს შეეხოს ვინმე. და ეს მაშინ, როდესაც ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების უდიდესი წილი სწორედ რთული მშობლებისგან მომდინარეობს.

როგორი მშობლები შეიძლება გავაერთიანოთ რთული მშობლების კატეგორიაში?

  • „გულუხვი“ მშობლები. „ჩემს შვილს არაფერი არ უნდა აკლდეს“ – ასეთია მათი დევიზი. საინტერესოა, რომ მათ შორის არიან არა მხოლოდ შეძლებული ადამიანები, არამედ ისინიც, ვინც შემოსავლით არ გამოირჩევა. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათმა შვილმა აუცილებლად უნდა მიიღოს სასურველი, განურჩევლად იმისა, სჭირდება თუ არა. ასეთი მშობლები „სიყვარულის“ ცნებას „ყიდვის“ ცნებით ანაცვლებენ. ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მეტი ყურადღება მიაქციონ, მეტი დრო გამონახონ მასთან ურთიერთობისათვის, გამოხატონ მის მიმართ სიყვარული, სითბო, არ მოაკლონ ალერსი, ისინი ყიდულობენ ძვირფას ნივთებს და ძვირად ღირებულ სათამაშოებს. არაცნობიერად – და ხშირად ცნობიერადაც – ასეთი მშობლები თავიანთ საქციელს იმით ხსნიან, რომ ბავშვი თავს შეიქცევს ამ სათამაშოთი და უფროსებს მუშაობასა და დასვენებაში ხელს არ შეუშლის. ისინი ძიძასაც განსაკუთრებულ მოთხოვნებს უყენებენ – მას აუცილებლად უმაღლესი პედაგოგიური განათლება უნდა ჰქონდეს, რათა ხელი შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას და კარგად აღზარდოს ის. „გულუხვ“ მშობლებს მიაჩნიათ, რომ მათ შვილს უნდა ჰყავდეს საუკეთესო რეპეტიტორი, ტრენერი, ფსიქოლოგი და ექიმი. როცა ყველა აღნიშნულ საკითხს მოაგვარებენ, ისინი მშვიდად აგრძელებენ ფულის გამომუშავებას – ბავშვი ხომ იზრდება და მისი მოთხოვნილებებიც, ბუნებრივია, გაიზრდება; მომავალში მას დასჭირდება საუკეთესო, პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი, მანქანა, ბინა და უამრავი სხვა რამ ბედნიერი ცხოვრებისთვის. და თუ ვინმე შეეცდება, „გონს მოიყვანოს“ ასეთი მშობელი, პასუხად მიიღებს: „შეუძლებელია ხელმოკლე ადამიანი ბედნიერი იყოს“. თუმცა, ბავშვისთვის „ბედნიერი ცხოვრების“ შექმნის პროცესში მათ განზე რჩებათ მისი პიროვნების ფორმირებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ – სითბო, სიყვარული, მშობლეთან ურთიერთობით განცდილი სიხარული. წლების წინ ერთმა მეშვიდეკლასელმა გოგონამ, რომელსაც მშობლები ძვირად ღირებული ნივთებით ანებივრებდნენ, სინანულით თქვა: „მე რომ დედა ვიყო, ჩემს შვილს, პირველ რიგში, სითბოსა და სიყვარულს ვაჩუქებდი“. გოგონას დედას ძალიან აწუხებდა შვილის ქცევა – აგრესია და უხეშობა არა მხოლოდ გარეშე ადამიანების, არამედ საკუთარი დედის მიმართაც. „ვერ გამიგია რა ემართება ამ ბავშვს, არაფერს ვაკლებ, ყველაფერი აქვს, რაზეც მისი თანატოლები ოცნებობენ, რატომ არის ასეთი უხეში და უმადური?“ – გაოცებას ვერ მალავდა დედა. ბავშვს მართლაც ყველაფერი ჰქონდა, იმაზე მეტიც კი, ვიდრე სჭირდებოდა, მაგრამ აკლდა მთავარი – მშობლებთან ურთიერთობა, მათი ყურადღება. მუდმივად საკუთარი თავით, საკუთარი საქმეებით დაკავებულობის გამო ისინი ვერასოდეს იცლიდნენ შვილთან ურთიერთობისთვის, მასთან საუბრისთვის. შედეგმაც არ დააყოვნა – ბავშვი გახდა მოჩხუბარი, აგრესიული, უხეში და „რთული“.
  • „მშფოთვარე“ მშობლები – ასეთი მშობლებისთვის ბავშვთან დაკავშირებული ყოველი აზრი განმსჭვალულია შიშით და განგაშით – „ის შეიძლება გაცივდეს, ის შეიძლება წაიქცეს და რაიმე იტკინოს , შეიძლება რამემ ან ვინმემ შეაშინოს“ – და ა.შ. ერთი შეხედვით, უცნაური მოგეჩვენებათ, მაგრამ ასეთი მშობლების შვილები მართლაც სხვებზე ხშირად ცივდებიან, მუდმივად ეშინიათ სიბნელის, ექიმების, ცხოველების და ა.შ. მაგრამ, თუ დავფიქრდებით, არაფერია გასაკვირი, რადგან დედის შიში და შფოთვა ადვილად გადაეცემა შვილს. „მშფოთვარე“ მშობელი ყველაფერს შვილის მაგივრად აკეთებს. ბავშვი შესაძლოა ერთხანს პროტესტს გამოხატავდეს დამოუკიდებლობის შეზღუდვის გამო, მაგრამ თანდათან ყველაფერს ეჩვევა და საბოლოოდ შესაძლოა სიამოვნებდეს კიდეც, რომ მის პრობლემებს მშობლები აგვარებენ. შესაძლოა, სწორედ ასეთი მშობლების წყალობით დამკვიდრდა ისეთი ცნებები, როგორიცაა „დედიკოს ბიჭი“, „მამიკოს გოგო“.
  • „დაღლილი“ მშობლები – ამ ტიპის მშობლები ოჯახური ცხოვრებით ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე იღლებიან. ხშირად მათი დაღლილობის მიზეზია ქორწინებამდე ოჯახურ ცხოვრებასა და ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებული მოლოდინების რეალობასთან შეუთავსებლობა, ოჯახური ცხოვრებით განხიბვლა „მკაცრ და რთულ ყოველდღიურ ცხოვრებასთან“ შეჯახების შემდეგ, ინტერესის დაკარგვა ცოლქმრული ცხოვრებისა და ბავშვების აღზრდის მიმართ. ასეთი მშობლები შვილებთან ყოველდღიური ურთიერთობისას ხშირად იყენებენ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ნუ დარბიხარ!“; „ყველგან ნუ მიძვრები!“; „როგორ დამღალე!“; „როგორ მომაბეზრე თავი!“; „ახლა დაგსჯი!“ გვახსოვდეს, რომ ყველაზე მტკივნეული ბავშვისთვისაც და ზრდასრულისთვისაც უყურადღებობაა, მეტადრე – საყვარელი ადამიანების უყურადღებობა. გარშემო მყოფთა ყურადღება რომ დაიმსახუროს, ბავშვი ყველაფრისთვის მზად არის. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშობლების ყურადღება, თუნდაც ჩხუბი და დასჯა. ადამიანს ყველაზე მეტად გულგრილობის ატანა უჭირს. მას ურჩევნია, ეჩხუბებოდნენ, საყვედურობდნენ, კიცხავდნენ, ვიდრე არაფრად აგდებდნენ. ამიტომ, როცა ბავშვი მშობლების უყურადღებობას, გულგრილობას აწყდება, ხშირად ცუდად იქცევა – მან ჯერ არ იცის, სხვაგვარად როგორ შეიძლება მშობლების ყურადღების მიპყრობა.
  • „პერფექციონისტი“ მშობლები. „შენ საუკეთესო უნდა იყო! – აი, მათი დევიზი შვილთან ურთიერთობისას. ასეთ მშობლებს, როგორც წესი, აქვთ ორი უმაღლესი განათლება, მუდმივად ოცნებობენ დისერტაციის დაცვასა და პრესტიჟულ სამსახურზე. მათ ბავშვი შეჰყავთ „ყველაზე პრესტიჟულ“ საბავშვო ბაღში, სადაც პატარები გაძლიერებულად შეისწავლიან ინგლისურს – და არამხოლოდ მას. მზად არიან, პრესტიჟულ სკოლაში მოსახვედრად ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში ატარონ შვილი, არც რეპეტიტორების დაქირავებაზე იტყვიან უარს, რათა მათი შვილის ცოდნის დონე სკოლის მოთხოვნებს შეესაბამებოდეს. „პერფექციონისტი“ მშობლების აზრით მათი შვილი მხოლოდ უმაღლეს შეფასებას უნდა იმსახურებდეს. სასკოლო პროგრამაც „ვუნდერკინდს“ უნდა ზრდიდეს. ასეთი მშობლები ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას იმ მასწავლებლების მიმართ, რომლებსაც, მათი აზრით, არ სურთ გაგებით მოეკიდონ მათი შვილის თავისებურებებს. აცხადებენ, რომ ისინი განგებ ტვირთავენ ბავშვს სრულიად „უსარგებლო და პრიმიტიული“ საგნებით, რომლებიც მას ბევრ დროს ართმევს, ხელს უშლის წარმატებაში და აქვეითებს მისი აკადემიური მოსწრების საერთო მაჩვენებელს.
  • „ხელმოცარული“ მშობლები. რა უცნაურიც არ უნდა იყოს, ასეთი მშობლები, ერთი შეხედვით, ბევრს აღწევენ, მაგრამ, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, მათ ქცევაში აშკარად დავინახავთ რომელიმე აუხდენელი ოცნების კვალს. პროფესიული სპორტი, დიდი სცენა, პოდიუმი, სამხატვრო ნამუშევრების პერსონალური გამოფენა – ყველაფერ ამის მიუღწევლობა მოსვენებას უკარგავს ამბიციურ მშობელს. ოდესღაც სიზარმაცემ, არამოტივირებულობამ, საჭირო მხარდაჭერის უქონლობამ სხვა სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზებთან ერთად არ მისცა მას ოცნებების ახდენის საშუალება. სამაგიეროდ, ცდილობენ, მათ შვილებში შეასხან ხორცი. არ აინტერესებთ, უნდა თუ არა ბავშვს იმის კეთება, რასაც მისგან მოითხოვენ – დაჰყავთ მუსიკაზე, სპორტზე, გაძლიერებულად ასწავლიან ცალკეულ საგნებს… ეს მაშინ, როცა ბავშვს შესაძლოა არც ინტერესი ჰქონდეს და არც შესაძლებლობა იმის გასაკეთებლად, რასაც მისგან ასე დაჟინებით მოითხოვენ. მშობლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ბავშვს ხშირად უწევს უარის თქმა თავის გატაცებებზე, გართობაზე, თანატოლებთან ურთიერთობაზე. ადვილი წარმოსადგენია, რა შეიძლება მივიღოთ შედეგად – ნერვული სისტემის გამოფიტვა, ნევროზი, ფსიქოსომატური დაავადებები.
  • „მანიპულატორი“ მშობლები. ასეთი მშობლებისთვის ბავშვი გარშემო მყოფებზე – მეუღლეზე, მშობლებზე, ნათესავებზე – ზემოქმედების იარაღია: „ეს მე კი არ მჭირდება, ბავშვისთვისაა საჭირო“. ამასთან, რაც უფრო უსუსურია ბავშვი, ოჯახის სხვა წევრებზე ზემოქმედების მით მეტი შესაძლებლობა აქვს მშობელს. ხანდახან მშობლები ამ გზით ცდილობენ, შეინარჩუნონ დესტრუქციული ოჯახი. ბუნებრივია, როცა ბავშვი დაბადებიდანვე იმყოფება ისეთი ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები აქვთ, იზრდება გარემოში, სადაც არავითარი ფსიქოლოგიური კომფორტი არ არის, ის ცნობიერად თუ არაცნობიერად გაურბის რეალობას. ცუდად სწავლობს ან საერთოდ თავს ანებებს სწავლას, უჩნდება მიდრეკილება ასოციალური ქცევისკენ, ურთულდება გარშემო მყოფებთან ურთიერთობა. მშობლები შეწუხებულები შესჩივიან გარშემო მყოფებს: „ნეტავი ვის დაემსგავსა, საოცრად რთული და აუტანელი ბავშვია!“ – და არც ერთ მათგანს არ მოსიდის აზრად, რომ ბავშვი კი არა, თვითონაა პრობლემური.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, რთულ ბავშვებზე საუბრისას და მათი ქცევის მიზეზების ძიებისას კარგი იქნება, თუ შევისწავლით მშობლის ბავშვთან დამოკიდებულების თავისებურებებს, მისი აღზრდის სტილს და საჭიროების შემთხვევაში, უპირველესად, მას გავუწევთ დახმარებას, ვინაიდან რთული ბავშვის ქცევა, როგორც წესი, რთული მშობლის ქცევის უშუალო შედეგია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...