ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
14 აგვისტო, ხუთშაბათი, 2025

ოკუპაციის ლაქა

0

ლიტერატურის მოყვარულებს   გვიფიქრია, გვისაუბრია, ალბათ, ცხარედ გვიკამათია კიდეც კარგი ლიტერატურის ხიბლზე.  ბევრი არგუმენტი გვაქვს იმის სასარგებლოდ, რა ,,გვაიძულებს“  გატაცებით ვიკითხოთ ერთსა და იმავე თემებზე სხვადასხვა ავტორის ტექსტები.  რატომაა, რომ ნიჭიერი ავტორები ახერხებენ წერონ იმ თემაზე, რაზეც   გენიოსებად აღიარებული ავტორები წერდნენ,  თუმცა  ახალი ავტორების   ნაწარმოებებსაც   სულმოუთქმელად ჩავიკითხავთ და  ახალ საფიქრალსაც გავიჩენთ  კარგად ნაცნობ თემებზე.   ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი დამოკიდებულებები იცვლება, მაგრამ ახალი შტრიხებით მდიდრდება, ჩვენი წარმოსახვითი ლიტერატურული  გალერეა ახალი პერსონაჟებით ივსება,  ვიხიბლებით ახლადაღმოჩენილი   ტექსტებით, მოქნილი, ფრთიანი ფრაზებით.

რუტა სეპეტისი ამერიკაში დაბადებული  ლიტვური (თუ ლიეტუვური?!) წარმომავლობის მწერალი ქალია, რომელიც შესაშურად  ახერხებს,    კიდევ ერთხელ შეგვიკრას სუნთქვა და წაგვაკითხოს მისი რომანი  ,,რუხ ჩრდილებს შორის“, მძიმე  ისტორიებით, დასამახსოვრებელი პერსონაჟებით,  მოხდენილი ფრაზებით  ისევ დაგვაფიქროს    საბჭოთა ოკუპაციასა  და კომუნისტური მმართველობის სასტიკ ბუნებაზე.   ჩვენ ის ხალხი ვართ,   კოჯორში იუნკრები რომ დაგვიხოცეს და მარო მაყაშვილი მოგვიკლეს, შორაპანში ვაგონში გამომწყვდეული ხალხი დაგვიხვრიტეს, სტალინის ქართველობის გამო,  პატრიოტული გრძნობებით გულანთებული ახალგაზრდები მტკვარში გადაგვიყარეს,  მოცეკვავე გოგონები ნიჩბებით აგვიჩეხეს, საბჭოთა ოკუპაციის გადმონაშთი რუსული ოკუპაცია დღესაც მავთულხლართებით  მოიწევს და  ახალგაზრდებს გვაცლის ხელიდან.  კომუნისტურ დიქტატურას შეწირული მილიონობით ადამიანი იმსახურებს, რომ ისინი გვახსოვდეს,  ლიტერატურა კი ამის შესანიშნავ საშუალებას იძლევა, თან რომ გვახსენებს და გვაფიქრებს კიდეც.     ამ თემაზე    ევროპელი თუ ამერიკელი ავტორებისგან განსხვავებით   საბჭოური სივრცის  ავტორებს  უმეტესწილად  რეალობის თითქმის სარკისებური ასახვა ახასიათებთ. მათი  პერსონაჟები  პრაქტიკულად რეალური  ადამიანები  არიან,   ვცნობთ ზოგიერთი მათგანის   პროტოტიპებს ისტორიის სახელმძღვანელოებიდან და დოკუმენტური წყაროებიდან. ამბები, რომლებიც მათშია აღწერილი ჩვენთვის ნაცნობია. საშუალო თაობის ადამიანებს  გვახსოვს, როგორ შემოიპარებოდა ხოლმე ჩვენს   ბავშვურ ცხოვრებაში მშობლების, ბებია-ბაბუების, სხვა ახლობელი ადამიანების წრეში  გახსენებული ამბები გადასახლებულ, დახვრეტილ, დაპატიმრებულ ადამიანებზე, რომელთა დანაშაული მხოლოდ ის იყო, რომ მათ ,,რაღაც“  ისეთი თქვეს, რაც არ უნდა ეთქვთ.

საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოგვეცა  კანონიერი და უსაფრთხო საშუალება გაგვეგო ის, რასაც  მანამდე არაფორმალურად ვეცნობოდით.  მილიონობით ტირაჟით დაიბეჭდა  საბჭოთა წლებში ხელიდან ხელში ,,სამიზდატით“ გამოცემული ნაწარმოებები, გაიხსნა არქივები, გამოჩნდა დოკუმენტური კინო-ფოტო მასალა,  თითქოსდა ყველაფერი ითქვა, ვერდიქტიც დადგა – კომუნისტური პარტია აიკრძალა,  საქართველოს გასაბჭოებას საბჭოთა ოკუპაცია დაერქვა, მაგრამ  ჩვენმა საზოგადოებამ საბოლოო წერტილი მაინც ვერ დასვა. დამოუკიდებლობას ყველასათვის ცნობილი ტრაგიკული მოვლენები მოჰყვა, დავდექით ჯერ კიდევ გადაუჭრელი უამრავი პრობლემის (ეკონომიკური, ტერიტორიული,  პოლიტიკური, სოციალური, დემოგრაფიული …..)   პირისპირ.   უფროსი  და საშუალო თაობის ნაწილში კომუნისტურმა  ნოსტალგიამაც იჩინა თავი.  საინტერესო ფენომენია,  ათწლეულების წინ ოფიციალური დაწესებულებები (მათ შორის სკოლა), ,,ბედნიერ“ საბჭოთა ცხოვრებას უწევდა პროპაგანდას,  არაფორმალურ გარემოში კი ანტისაბჭოთა აზრების მოსმენა შეიძლებოდა. ახლა რაღაცნაირად შებრუნებული ვითარება შეგვექმნა, ოფიციალურად დაგმობილ კომუნისტურ მმართველობას არაფორმალურად ბევრი მოტრფიალე ჰყავს შემორჩენილი,  საბედნიეროდ, მათ მოსაზრებებს  სიტყვის და გამოხატვის  თავისუფლება იცავს და ციხეებსა და გადასახლებებში არავინ მიერეკება.

ცნობილი გამონათქვამის თანახმად   ერთი ადამიანის სიკვდილი  ტრაგედიაა, მილიონების კი სტატისტიკა. კომუნისტურ რეჟიმს შეწირული მილიონები ისტორიის ფოლიანტებში ჩაკარგულ სტატისტიკად რომ არ იქცეს,  კარგი იქნება, თუ ბავშვებს წავაკითხებთ ისეთ წიგნებს, სადაც ამ უდანაშაულო მილიონებს სახელები ერქმევათ და  თავისი ტრაგედია ექნებათ.   15 წლის ლიტველი გოგოს გმირული ბრძოლის ისტორია (სხვა მთავარ პერსონაჟებთან ერთად) თინეიჯერებისთვის  გასაგები და მისაღები თხრობის სტილით, წერის  განსაკუთრებული მანერით, რეალისტური  პერსონაჟებით და დასამახსოვრებელი  ფრაზებით,  გვეუბნება, რამდენად ამაზრზენია რეჟიმი, რომელიც  მომავალს უნგრევს უნიჭიერეს გოგოს, გაუსაძლის პირობებში დედასთან და უმცროს ძმასთან ერთად  ბინძური ვაგონით მიერეკება გაურკვეველი მიმართულებით, აიძულებს, ჩაებღაუჭოს ყოვლად წარმოუდგენელ იმედს, რომ მის მიერ  ცნობილი მხატვრის, მუნკის სტილში შექმნილი ნახატები ხელიდან ხელში გადავა და მიაღწევს სადღაც  გადასახლებულ მამას. ამ წიგნში ბევრია გაცილებით შემაძრწუნებელი სცენა, მაგრამ მინდა ის მომენტი გამოვყო, ტყეში სამუშაოდ გასული ბავშვები მკვდარ ბუს რომ  იპოვიან, რომელიც НКВД-ს ჯალათების  შიშით ქურთუკში დამალული მოაქვთ ქოხში და ,,დიდებულ“ ვახშამს მოიწყობენ.

დაბოლოს,   Liberteens-ის სერიით გამოცემული ამ  წიგნით   თინეიჯერები   კოშმარულ ამბებს გაეცნობიან, მაგრამ რუტა სეპეტისის ოსტატობის წყალობით    ადამიანში   ღირსების, თავისუფლების სიყვარულის, ერთგულების, ოჯახის წევრებისადმი თუ უცხო ადამიანებისადმი  თავდადების ღრმად ჩამჯდარ უნარებს აღმოაჩენენ.   სიცოცხლისათვის ძლიერი ადამიანები ამქვეყნიურ ჯოჯოხეთშიც იბრძვიან,  ციმბირის მიკარგულ ტაიგაში ობლად დარჩენილ ჩვენს მთავარ გმირს თავზე დამტყდარი და მის თვალწინ მომხდარი შემაძრწუნებელი ტრაგედიების  მიუხედავად სიცოცხლე სწყურია, რადგანაც  სურს მოესწროს ძმის გაზრდას,  ისევ ნახოს მშობლიური ლიტვა, იურთიერთოს საყვარელ ადამიანებებთან,  შეიგრძნოს მისი სახლის ფანჯარასთან ნიავის მიტანილი შროშანების სურნელი. თუმცა სიყვარულთან ერთად მას სიძულვილიც აძლებინებს, ამ საშინელი წლების განმავლობაში გოგო   მეგობრის სიტყვებს იხსენებდა : ,,ნუ შეშინდები, ნურაფერს მისცემ მათ, ლინა, თვით შენს შიშსაც კი“.

 

 

 

ბულინგთან ბრძოლის რჩევები მშობლებს

0

ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებს, რომ ბევრი ქვეყნისთვის ბულინგი უცხო არის და მოზარდების სერიოზული პრობლემაა.  ამ პრობლემას ეხმიანება და თავის გამოცდილებას გვიზიარებს ამერიკელი პედაგოგი ლორი ლევი, უმცროსი კლასების მასწავლებელი, სკოლის ადმინისტრატორი , ესეისტი და ბავშვთა უფლებათა დამცველი.

ლორი ლევი-სამი შვილისა და რვა შვილიშვილის ბებიაა, ის  წერს, რომ  ნანობს ბულინგთან ბრძოლის გამოცდილების არქონაზე მაშინ, როცა თვითონ ზრდიდა შვილებს. გვჯერა, რომ მისი გამოცდილება დღევანდელი მოსწავლეების მშობლებსაც გამოადგებათ.

თუ თქვენი შვილი ჩაგვრის მსხვერპლია, არ წაახალისოთ მისი ქცევის ცვლილებები იმის გამო, რომ თანატოლთა კომპანიაში მიიღონ.

მე  ორი  გოგონას დედა ვარ, ამიტომ ბევრი აგრესიის მომსწრე ვარ.  როცა სხვა გოგონებმა მათთან ურთიერთობა შეწყვიტეს, მე ყოველთვის ვურჩევდი, ურთიერთობის აღსადგენად სხვაგვარად მოქცეულიყვნენ : ,,თუ ისინი არ გეძახიან, შენ დაუძახე და ერთად აკეთეთ რამე. თუ ისინი შენ გაგირბიან, შეეცადე რაღაც შეცვალო შენს თავში, რომ მათი კეთილგანწყობა დაიმსახურო“ -ასე ვარიგებდი მათ და მწარედ ვცდებოდი.

ახლა ვიცი,რომ ბულინგის მსხვერპლი ხშირად სპონტანურად ირჩევა. ამ თამაშის მთავარი მიზანია, ვიღაც გააგდონ ჯგუფიდან  და ხშირად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, როგორ იქცევა მსხვერპლი  ან როგორ გამოიყურება. ჩაგვრის ინიციატორებისთვის მნიშვნელოვანია მსხვერპლის განსაზღვრული ქცევა, რაც მთავარია-ისინი სხვა ბავშვის დაჩაგვრით საკუთარ სტატუსს იმაღლებენ. საუკეთესო რჩევა იქნებოდა სხვა მეგობრების მოძებნა, და არა კლასის ,,დედოფლის“  და მისი დამქაშების კეთილგანწყობის მოპოვება.

შეაიარაღეთ ჩუმი უმრავლესობა

მჩაგვრელების წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის გასაღები გვერდზე ჩუმად  მდგარ მოწმეებშია. როცა ისინი ბულინგის მსხვერპლად არ გვევლინებიან, თავს დაცულად გრძნობენ და უმრავლეს შემთხვევაში ჩუმად ემორჩილებიან ბულინგის ინიციატორის ნებას. როდესაც ჩემი შვილები მიყვებოდნენ, როგორ ჩაგრავდნენ სხვას, მე ვურჩევდი, ყურადღება არ მიექციათ და თავიანთი საქმეებისთვის მიეხედათ….და აქაც მწარედ ვცდებოდი.

ბულინგის მოწმეები-ეს არა მხოლოდ ჩუმი უმრავლესობაა, არამედ საკმაოდ დიდი ძალაა ამ ყველაფრის შესაჩერებლად, თუ ისინი  მხარს არ  დაუჭერენ მჩაგვრელებს.  თუ ამ ,,მაყურებლებს“  ეშინიათ ხულიგნების გამოხტომების, ამ ყველაფერში მონაწიელობაზე უარის თქმა მაინც შეუძლიათ. ხულიგნები კი ,,ბანდის“  გარეშე არც ისე ძლიერები არიან.

მოსთხოვე სკოლას ჩარევა

როცა ჩემი ბიჭი მეექვსე კლასში იყო, ერთმა უფროსკლასელმა ჩვევად გაიხადა ყოველდღე ანთებული ასანთი ესროლა მის ზურგჩანთაში.  ვერ გადმოვცემ, როგორი შეშინებული იყო ჩემი შვილი, მე კი უბრალოდ, გაცეცხლებული ვიყავი. დავრეკე სკოლაში, რადგან გულუბრყვილოდ ვფიქრობდი, რომ ვიღაცას შეეძლო დამნაშავის დასჯა. ,,ეს არაა ჩვენი პრობლემა,,-ასე მიპასუხეს. სკოლის გალავნის გასწვრივ ტროტუარი  უკვე აღარ ითვლება მათი პასუხიმგებლობის ზონად. მათი ეს პოზიცია მე  მივიღე როგორც ჭეშმარიტება  და დავიწყე შვილის გაცილება, არ ვაძლევდი მარტო წამოსვლის უფლებას.

საინტერესოა, როგორ მოვიქცეოდი, ეს გამოცდილება რომ მქონოდა? იქნებ, პოლიციაში უნდა დამერეკა? სულ ცოტა, სკოლაში უნდა მივსულიყავი და დაჟინებით მომეთხოვა რეაგირება. მაგრამ  სკოლაში ისე იქცეოდნენ, რომ მშობლები თვითონ გრძნობდნენ დანაშაულს შვილების გამო მაშინაც, როცა მათ შვილებს ჩაგრავდნენ.

                        თუ თქვენთვის ცნობილია საშიშროების შესახებ, არ დაიღალოთ მასზე ლაპარაკით

ერთხელ ჩემი გოგონა მომიყვა, რომ კლასის ,,დედოფალი,,  ისე ჩაგრავდა ერთ გოგონას, რომ მან შეწყვიტა სკოლაში სიარული. ,,დედოფალმა,, თქვა: თუ ეს გოგო სკოლაში მოვა თავის დაბადების დღეზე, ისე ვანანებ, რომ თავის მოკვლას ისურვებს.  ჩემი შვილი ძალიან წუხდა,რადგან ვერ ხვდებოდა ამ ჩაგვრის მიზეზს და ამ მუქარის ისე ეშინოდა, რომ გამენდო.

მე დახმარება მოვინდომე და  ეს ამბავი მოვუყევი ლიტერატურის მასწავლებელს, რომელიც შედარებით ემპათიური და პოზიტიურად განწყობილი მეჩვენებოდა. მაგრამ მან  მშვიდად მიპასუხა, რომ კლასში მსგავსი არაფერი შეუმჩნევია და ყველაფერი დინებას მიანდო.  შემდგომში იმ გოგონამ სკოლა გამოიცვალა,  მე კი დღემდე მქეჯნის სინდისი,  რომ არ მივედი სკოლის დირექტორთან,  არ მოვუყევი მის დედას, ვერაფერი მოვიმოქმედე, რითაც გოგონას ფსიქოლოგიურ ტრავმას ავაცილებდი.

თუ თქვენი მეგობრების შვილები ჩაგრავენ თქვენს შვილებს, გულახდილად ელაპარაკეთ მათ.  თუ ეს არ   იმუშავებს, შეწყვიტეთ მათთან ურთიერთობა

მე დღემდე ვნანობ, რომ ვმეგობრობდი ადამიანებთან, ვისი შვილებიც ჩემს შვილებს ჩაგრავდნენ. საკმაოდ უხერხული სიტუაცია იქმნებოდა-მე ჩუმად ვიყავი, ურთიერთობებს ვუფრთხილდებოდი…და ამაშიც ვცდებოდი, რადგანაც მე თუ არა, აბა ვის უნდა დაეცვა ჩემი შვილი? რა თქმა უნდა, რთულია როდესაც მეგობრებს ეუბნები , რომ მათი შვილები სათანადოდ არ იქცევიან. ბავშვებს ვერ დაავალდებულებ, რომ მათი მშობლების შვილებთან იმეგობრონ,   ეს ხომ არ გამორიცხავს ურთიერთდამოკიდებულებაში პატივისცემას, სწორედ ეს უნდა აუხსნათ მეგობრებს და მათ შვილებს. წარსულში რომ ვიხედები, ვხდები, რომ ის მეგობრობა დახარჯულ ძალისხმევად არ ღირდა და დროსაც ვერ გაუძლო. მე უნდა მცოდნოდა: თუ ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი შვილების პრობლემებზე ლაპარაკი, საერთო ღირებულებებიც არ გაგვაჩნია.

არ მისცეთ უფროსებს თქვენი შვილების დაჩაგვრის უფლება

ჩემში აღზარდეს ნებისმიერი უფროსის მიმართ რეფლექსური პატივისცემის გრძნობა.  მე მინდოდა, რომ ჩემი შვილები უფროსებთან თავაზიანები ყოფილიყვნენ, მათთვის აზრი ეკითხათ. მაგრამ იყო მომენტები, როცა მე უფლებას ვაძლევდი  უფროსებს, ჩემი შვილების მიმართ არაკორექტულები ყოფილიყვნენ. ისინი ხომ მასწავლებლები, მწვრთნელები იყვნენ და მეშინოდა, ჩემი პროტესტის შემთხვევაში, ეს ბავშვებთან ურთიერთობაზე  ცუდად არ ასახულიყო. ახლა რომ იმ დროში დაბრუნება შემეძლოს, აუცილებლად ჩავერეოდი  და საკუთარ შვილებს დავიცავდი. ხშირად საკუთარი თავის წინააღმდეგ მივდიოდი, დიდხანს ვითრევდი ფეხს,  სანამ ჩემი შვილების მჩაგვრელ უფროსებთან გავარკვევდი ურთიერთობებს.

როდესაც ისინი ეცემიან, შენ მაშინ იმართები

როგორ მინდოდა, რომ მიშელ ობამას ეს სიტყვები ჩემს შვილებს გაეგოთ მაშინ! მაგრამ ამის ნაცვლად, მე მათ ვურჩევდი  ,,დაცემას,,  ან, უკეთეს შემთხვევაში, ყველანაირი ძალისხმევით ხულიგნების დაშოშმინებას.  რამდენად საჭირო იქნებოდა,  მერჩია კონფლიქტს გარიდებოდნენ და ღირსება შეენარჩუნებინათ. უკან რომ ვიხედები, ვხედავ ჩემს შეცდომებს.  მე აღვზარდე ჩემს შვილებში მორალური ფასეულობები, სიკეთე და სხვა ადამიანებისადმი კეთილგანწყობა. მაგრამ მე არ მისწავლებია თავის დაცვა და  ბულინგთან  გამკლავება. იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილებს ამას მშობლები ასწავლიან.

 

 

 

 

ბედნიერების დღესასწაული

0

ვისაც ესმა ონიანის მხატვრობა უნახავს და პოეზია წაუკითხავს, უფრო მოკლედ რომ ვთქვათ –  ვინც მის ვეებერთელა, უღრმეს და უნატიფეს შემოქმედებით სამყაროში ერთხელ მაინც მოხვედრილა, ალბათ სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვება გაკვირვების განცდა – ეს ყველაზე ადამიანური მდგომარეობა, რომელიც ღვთაებრივ საწყისთან გაახლოებს.

საკვირველი – ასეთია ესმა ონიანის შემოქმედება.

ხოლო კიდევ უფრო საკვირველი იმის აღმოჩენაა, რომ ეს დიდი ხელოვანი საბავშვო ლექსებსაც წერდა.

ერთი შეხედვით, საოცარი ამაში რა უნდა იყოსო, იკითხავთ. მართლაც, ნიჭიერ ადამიანს ხომ ყველაფერი ხელეწიფება, თუმცა საბავშვო პოეზიაზე ასე მარტივადაც ნუ იტყვით. ვინ იცის, იქნებ ერთ-ერთი ყველაზე რთული რამ მწერლისთვის, სწორედ ბავშვებისთვის წერაა! ამ ფაქტს ბევრი ცნობილი და დიდი მწერალი საკუთარი გამოცდილებით დაგიდასტურებთ. ბევრმა მათგანმა მოსინჯა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბევრს კი, მცდელობისაც შეეშინდა – ყველაზე წრფელი და პატიოსანი შიშით…

ესმა ონიანი კი, ვინც ისეთ რეგისტრში დაიუნჯა ფერი მხატვრობაში, სადაც ადამიანური განზომილება ღვთაებრივის, პირველსაწყისის ზღვარზე გადადის; ვინც იმ სიმაღლის პოეზია შექმნა, საიდანაც ადამიანური აზროვნება ღვთაებრივის, პირველქმნილის ვიბრაციებს გამოსცემს – არაფერსაც არ შეუშინდა და ზუსტად იმ სიხარულით შექმნა საბავშვო ლექსები, რა სიხარულითაც ის, საერთოდ, ამქვეყნად, შემოქმედებისთვის მოვიდა.

ესმა ონიანის ნახატებს შორის ერთი გამორჩეულად ნათელი და ბედნიერებით გაჟღენთილი ტილო შეგხვდებათ – პატარა გოგონა, ვეება ლურჯი და ღრმა თვალებით, იის ძირში ჩაცუცქულა. ეს იები კი ფესვებიანად ხატია, თითქოს მიწის სიბნელეში გასაუჩინარებლად ძალიან დაენანა მხატვარს, თითქოს ამ იების მიწა მარტო მიწა კი არა, ზეცაცაა, გამჭვირვალე სივრცე, რომელშიც სიხარულით გაუშლია თავისი მყიფე ფესვები და გოგონას მხოლოდ გაზაფხულზე კი არა, კიდევ ბევრ კეთილ და ამავე დროს ძნელ ამბავზე ესაუბრება…

ეს ნახატი, პირადად ჩემთვის, ჯადოსნური კარია, რომელსაც შევაღებ და ფეხაკრეფით, სუნთქვაშეკრული შევდივარ იმ მეწამულ სამოთხეში, ესმას დიდ მხატვრობაში…

ეს ნახატია ჩემთვის კარი ესმას საბავშვო პოეზიაშიც – გოგონა და ია მეპატიჟებიან მხიარულ, ფერად, ბავშვური გულისძგერით აწკრიალებულ ლექსებში, სადაც ყველას და ყველაფერს თავისი თავგადასავალი აქვს, თავისი სახელი, ფათერაკი და ნატვრა…

ნუკრი ნუცა, ტურა ტასო, პეპელა ლელა, ლია კალიაშვილი და კიდევ ბევრი, ბევრი პერსონაჟი, რომლებიც ბავშვობის კარნავალს შეგიქმნით, რომლებსაც თქვენი შვილები ყველაზე მეტად ენდობიან, რადგან სწორედ მათი გულების სიხშირიდანაა დაწერილი ეს ლექსები – ყველაზე ნამდვილი და ბუნებრივი, ბავშვური განცდებით.

ამ მხიარულ და ფერად სამყაროში ჯერ კიდევ წერენ ერთმანეთს წერილებს მეგობრები. აი მაგალითად, ციყვსა და კურდღელს როგორი მიმოწერა გაუჩაღებიათ!:

„გამარჯობა ძმაო ციყვო,

მოვიცალე როგორც იყო

ამ წერილის მოსაწერად.

ისე, როგორ მოგიკითხო?

ციყვი პასუხობს:

„- ჩემს ყურგრძელა ძმა კურდღელას

შორი ტყიდან გამარჯობა,

მენატრება თქვენთან ველზე

სტუმრობა და ნავარდობა“…

და ასე გრძელდება დიდხანს, ვიდრე მონატრებული მეგობრები ერთმანეთს ტყეების ამბებს თავიდან ბოლომდე არ უამბობენ.

ამ სამყაროშიც, ისევე როგორც ყველგან, რა თქმა უნდა, ყველაზე ძვირფასები და საყვარლები დედები არიან. უფრო სწორად, დედების და შვილების ურთიერთობა – დაუძაბავი, მზრუნველი. მერე რა, თუკი დედა რჩევას გაძლევს, ამის გამო მოწყენა არ ღირს. დათვის ბელი ბედოც კი უჯერებს თავის მშობელს, სხვა რა გზა აქვს დიდი ზამთრის წინ?

“ – ბუნაგიდან, ბედო,

გასვლა არ გაბედო,

დაიძინე ტკბილად,

პირში თათი გედოს,

გავატარებთ ზამთარს

ჯანმრთელად და მხნედო“.

ეს პერსონაჟები ზუსტად იმ ამბებით არიან გართული, რაც დედამიწაზე ყველა ბავშვს მოსწონს, ზუსტად ის აინტერესებთ, იზიდავთ, ეტანებიან, რაც ყველა ბავშვს – სპორტი, მოგზაურობა, ზამთარში – ფაფუკ თოვლში კოტრიალი, ზაფხულში – ბიბინა მდელოზე ან მდინარის პირას; ამ ლექსებში სიმშვიდე და სიმსუბუქეა, ყველა ჰარმონია კი იმ ბგერიდან იწყება, რომელსაც მხოლოდ ბავშვის ბაგე გამოსცემს.

აბა, გაიხსენეთ, ბოლოს როდის დაუსვით მსგავსი შეკითხვა სამყურა ბალახს:

„ოხ სამყურავ, რატომ გაქვს

ერთი ყური ზედმეტი?“

ბავშვობა ზუსტად ასეთი შეკითხვებისგან იქმნება. ეს შეკითხვებია ჩვენს ხსოვნაში გაზაფხულის ნაღმებად დაყურსული. ძალიან როცა ვიზრდებით და ათასი დარდი და დიდური აზრი ტვინს და გულს გამოგვიჭედავს ხოლმე, აი, სწორედ მაშინ მოფრინდებიან  პოეტი-ანგელოზები და ჩვენს ხსოვნაში ამ კითხვებს გახეთქავენ _

– უკვდავების წყაროებად, სიცოცხლის ნაკადულებად, ბედნიერების დღესასწაულებად.

ესმა ონიანის საბავშვო ლექსები ეს უწყინარი ნაღმებია, გაზაფხული კი – თქვენ ხართ.

 

 

მასწავლებლის წიგნი- ინკლუზიური განათლება

0

წიგნის ავტორები გვთავაზობენ ინკლუზიური განათლების სხვადასხვა საკითხებს, რომლებიც პრაქტიკულ რჩევებზეა დაფუძნებული, ზოგიც პირად გამოცდილებას ეფუძნება და პასუხს სცემს უმთავრეს კითხვას – როგორ შევუქმნათ თითოეულ ბავშვს აუცილებელი გარემო და ყველა საშუალება იმისათვის, რომ მან შეძლოს განათლების პროცესში სრულფასოვანი ჩართვა. გაეცნობით სწორ პრინციპებზე დაფუძნებულ ინკლუზიური განათლების თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს, რომელიც დაეხმარება სკოლას, მასწავლებელს, მშობელს, საზოგადოებას.  სახელმძღვანელო დაეხმარება მკითხველს ისეთი მიდგომების განვითარებაში, რომელიც ორიენტირებულია ბავშვზე და აღიარებს, რომ თითოეული მათგანი ინდივიდუალურია, მიუხედავად მათი განსაკუთრებული და განსხვავებული შესაძლებლობებისა.

ინკლუზიური განათლება

 

ციფრული წიგნიერება -ანგელოზის ერთი დღე 

0

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, კომპანია ,,მაიქროსოფტის”, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ლაბორატორია GeoLab-ის, კომპიუტერულ თამაშებზე მომუშავე ჯგუფ SeeMind-ისადა კომპანია ,,ინტელის” მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი ,,ელექტრონული წიგნები’’.

მისი მიზანია, გააუმჯობესოს სწავლების ხარისხი, საგაკვეთილო პროცესი  გახადოს სახალისო და საინტერესო. სასწავლო მასალა განკუთვნილია დაწყებითი საფეხურის I-III კლასების მოსწავლეთათვის.

პროექტის მენეჯერის, ბ-ნ სანდრო ასათიანისა და მისი გუნდის მიერ შექმნილია ქართული ენისა და მათემატიკის ელექტრონული სახელმძღვანელოები: ,,პეგასი’’, ,,დიდი მოგზაური’’, ,,თამარას წიგნი’’, ,,ანგელოზის ერთი დღე’’, ,,ნაპოლეონი’’, ,,მოპარული ვარსკვლავი’’, ,,რიცხვი 13’’, ,,რიცხვი 20’’, ,,ტესტი’’, ,,ვენის დიაგრამა’’, ,,ციფრები’’, ,,საათები’’, ,,ფული’’ და საგანმანათლებლო თამაშები: Math Balloons, Math Basket, ფაზლი.
როგორ ვისარგებლოთ ელექტრონული სახელმძღვანელოებით?

საძიებო ველში მოვნახოთ ბმული https://learning.geolab.club/.

ვებგვერდზე მოცემულია სახვადასხვა პროგრამისთვის განკუთვნილი ტუტორიალები. ასევ მოცემულია ინტრუქცია – როგორ გავხსნათ ელექტრონული წიგნები და თამაშები.

მინდა, გაგიზიაროთ გამოცდილება, როგორ შეიძლება, ელექტრონული სახელმძღვანელოს დახმარებით, გამორჩეულად საინტერესო და სახალისო გაკვეთილის ჩატარება.

კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე (desktop) გადმოვწეროთ  წიგნი ,,ანგელოზის ერთი დღე’’. დაარქივებულ ფაილებში მოვძებნოთ ფაილი index.html და გავხსნათ. ეკრანზე ვხედავთ:

 

რუბრიკა ,,უპასუხე’’- მოთხრობის წაკითხვამდე, გაკვეთილის საწყის ფაზაში, შეგვიძლია დავაჭიროთ წითელ ღილაკზე ,,უპასუხე’’ და  შეკითხვების დახმარებით გავააქტიუროთ მოსწავლეთა ცოდნა ანგელოზის საქმიანობის შესახებ, ხოლო ამავე რუბრიკის მეორე გვერდზე მოსწავლეებს წავუკითხოთ საინტერესო ინფორმაცია ანგელოზების სახლებზე.

 

ტექსტში უცხო სიტყვები მუქი ლურჯი ფერით არის გამოყოფილი, მასზე დაჭერის შემდეგ ეკრანზე ჩნდება სიტყვის განმარტება, რაც მეტად საინტერესოს ხდის გაკვეთილს. შეგვიძლია ტექსტის წაკითხვის პროცესში და ბოლოს, მოსწავლეების მიერ მასზე რამდენჯერმე დაჭერით, განვამტკიცოთ ახალი ლექსიკური ერთეულების შესახებ მიღებული ცოდნა და ამავდროულად, დასწავლის პროცესი  უფრო მეტად სახალისო გავხადოთ.

 

რუბრიკა ,,დაწერე’’- წაკითხვის დასრულების შემდეგ, ტექსტის გაგება-გააზრების ფაზაში, შეგვიძლია გამოვიყენოთ ელექტრონული სახელმძღვანელოს ყვითელი ღილაკი – რუბრიკა ,,დაწერე’’. მოსწავლეებს ვყოფთ ჯგუფებად, ეკრანზე ვაჩვენებთ დავალებას, ვუხსნით, როგორ უნდა შეასრულონ და ვაძლევთ სამუშაო ფურცლებს (იხ. დანართები).

პირველი ჯგუფი წერს თავის მოსაზრებას, ხედავენ თუ არა სიზმრებს ანგელოზები, რა ესიზმრებათ?  მეორე ჯგუფი  ავსებს ანგელოზის ანკეტას: წარმოიდგინე, რომ ანგელოზი ავსებს ანკეტას. როგორ ფიქრობ, რას ჩაწერდა?  მესამე ჯგუფი ხატავს ანგელოზის სახლს.

კომიქსის შექმნა – მესამე ფაზაში, მწვანე ღილაკის – ,,შეავსე’’ –  დახმარებით მოსწავლეებმა უნდა შექმნან კომიქსი: მოცემულ ჩარჩოში თანმიმდევრულად ჩასვან ილუსტრაციები, დააკვირდნენ ნუმერაციას და შეუსაბამონ ტექსტები.

შენიშვნა: შეგვიძლია, აქტივობა განვახორციელოთ მთელი კლასის მონაწილეობით. მასწავლებელი მოსწავლეების კარნახით ავსებს ჩარჩოებს, ან მოსწავლეებმა ინდივიდუალურად უნდა შეასრულონ დავალება პერსონალურ კომპიუტერებთან.

ამგვარად ჩატარებული გაკვეთილი  არის ძალიან სახალისო, ორიენტირებულია თამაშის პრინციპით მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების, ციფრული წიგნიერების, თანამშრომლობის უნარების განვითარებაზე.

 

სამუშაო ფურცლები:

 

 

 

 

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

ციფრული წიგნიერება – ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალი https://ncp.ge/ge/curriculum/competencies/digital-literacy;

ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსები

https://learning.geolab.club/;

ციფრული წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე ეპოქაში

https://mastsavlebeli.ge/?p=11412.

 

 

 

ჩემი საყვარელი სამი ფილმი აუტიზმზე

0

დღეს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების დღეა.

სიმართლე გითხრათ, არ მიყვარს ყველა ფილმი აუტიზმზე, მათ შორის ყველაზე მავნე კიდევ “წვიმის კაცი” მგონია, რომლის შექმნილი სტერეოტიპებისა და სტიგმისგან ჯერაც ვერ გათავისუფლდა ხალხი აუტიზმის მქონე ადამიანის შეფასებისას.  იმ წლების განმავლობაში, რაც  აუტიზმთან ერთად ვცხოვრობ, ყველაზე  დიდი პრობლემა სწორედ ეს მავნე მითები, სტერეოტიპები და მზა ჭეშმარიტებებია, რომლის მიხედვითაც, აუტიზმის მქონე ყველა ბავშვი აგრესიულია, თავს და სხვასაც აზიანებს, გენიოსია, საშიშია, თვალებში არ გიყურებს და მეგობრობა არ შეუძლია.

მითებს საზღვარი არ აქვს, ეს ადამიანის ფანტაზიის ისეთი ილუსტრაციაა, რომელიც წარმოსახვის უსაზღვრობას გვიმტკიცებს. ამას წინათ, ერთ ძალიან კარგ სკოლაში სტუმრობისას, ჩემს კითხვაზე, რა იციან აუტიზმის მქონე ბავშვების შესახებ, ერთმა უსაყვარლესმა კუდრაჭამ მიპასუხა:

-ვიცი, ვიცი, ისინი ვამპირივით თეთრები არიან და კბილები ძალიან ადრე ამოსდით!

ამიტომ არ უნდა ვუსმინოთ მითებს და ინფორმაციით უნდა გავანეიტრალოთ მათ მოქმედება.

ჯერ კიდევ ბევრი დაგვრჩა იმ საზოგადოებამდე, სადაც ყველას ზუსტად გვეცოდინება, ვინ არის და როგორია ყოველი 42-ე ჩვენ შორის, დიახ, დიახ, ეს ახალი სტატისტიკაა, რომელიც ამერიკის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა სამედიცინო საიტმა გამოაქვეყნა. 41-ბავშვში ერთი აუტიზმის მქონე- მარტივი სტატისტიკა არაა.

კინო და ლიტერატურა საუკეთესო საშუალებაა სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლისათვის. ძალიან მიხარია, რომ აუტიზმის მქონე პერსონაჟის სახე „წვიმის კაციდან“  ახალგაზრდა, ნიჭიერ ექიმამდე შეიცვალა, რომელიც ერთ-ერთ პოპულარულ ამერიკულ სერიალში ვიხილეთ.

მივყვეთ თანდათანობით და ჩემს  საყვარელ რამდენიმე  ფილმსაც ( მათ შორის, სერიალს) გაგაცნობთ:

 

  1. კარგი ექიმი

 

ლეგენდარული ექიმი ჰაუსის შექმნელის, დევიდ შორის კიდევ ერთი შესანიშნავი  სამედიცინო სერიალი,  მაღალფუნქციური აუტიზმის სპექტრის მქონე ექიმი, თავისი ბავშვობის ტრავმული მოგონებებით,  ოსტატური თამაშით.  როგორია თვითდამკვიდრებისა და კარიერული წინსვლის პროცესი, ემოციები, გრძნობები, რომანტიკული ეპიზოდები, საკუთარი სურვილების გაგება და რეალიზება, ემპათია და სწორად მოქმედების სტრატეგია.

ძალიან სასარგებლო ფილმია, განსაკუთრებით, მათთვის, ვისაც აუტიზმის მქონე ადამიანებთან ახლო შეხება აქვს.

  1. უსაშველოდ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ახლოს

კარგი ფილმი, თერთმეტი სექტემბრის ტრაგედიაზე, რომელმაც ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრება შეცვალა და ასპერგერის სინდრომიან ბიჭზე, რომელსაც ძალიან უყვარს თავისი მამა.

ბიჭი თავის ყველაზე საყვარელ ადამიანს, მამას კარგავს, თუმცა მათი ურთიერთობა სიკვდილის მერეც გრძელდება. ბიჭმა მამის საიდუმლო უნდა ამოხსნას, უნდა იპოვოს ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე. პოულობს თუ არა, თავად ნახეთ, თუმცა საყვარელი ადამიანების გულწრფელ გრძნობებს ნამდვილად აღმოაჩენს.

  1. ადამი

ეს ერთ-ერთი პირველი ფილმი იყო აუტიზმის შესახებ, რომელიც ვნახე და რომელმაც ჩემს ყველაზე მთავარ კითხვასა და შიშს გასცა პასუხი – როგორ გაუმკლავდება აუტიზმის მქონე ბავშვი იმ გრიგალსა და თავბრუდამხვევ ეიფორიას, რასაც სიყვარული ჰქვია. რა მოხდება მერე, როცა ჩემი ბიჭი გაიზრდება და სიყვარულის ძებნას დაიწყებს?

„ადამი“  2009 წელს გამოვიდა და ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი აუტიზმის მქონე პერსონაჟი შექმნა. კოსმოსის კვლევებით დაინტერესებული კოსმოსური ბიჭი სიყვარულის წინაშე- როგორ დაიმკვიდრებს ემოცია ადგილს მის პირად წესრიგში? როგორ გასცემს პასუხს ტკივილებსა და იმედგაცრუებებს?

მოკლედ, ნახეთ სამივე ფილმი და თქვენი აზრიც გამიზიარეთ.

ნახეთ მშობლებმა და მასწავლებლებმა, კლასელებმა და მეგობრებმაც, აუცილებლად.

ჩემი გამოცდილება: როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს არქიმედეს კანონი

0

ცნობილია, რომ ფიზიკის სწავლება უმნიშვნელოვანესია 21-ე საუკუნეში, როდესაც ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს დღეს, როდესაც განათლებისა და მეცნიერების დარგში მრავალი სასიკეთო ცვლილება დაანონსდა. მეტი ავტონომია სკოლას და მეტი შემოქმედებითობა მასწავლებელს -ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის საწინდარია. ის, რომ მასწავლებელი აღარ იქნება დატვირთული მრავალი უსაფუძვლო აქტივობით, მას საკმაო დროს გამოუთავისუფლებს, რათა იფიქროს, როგორ გახადოს გაკვეთილი უფრო საინტერესო და მოსწავლეზე ორიენტირებული.

კაბინეტი, რომელშც გაკვეთილებს ვატარებ, საერთოა საბუნებისმეტყველო საგნებისთვის, ხელსაწყოები მოძველებულია, ყოველ გაკვეთილზე არ გვაქვს საშუალება, პროექტორი გამოვიყენოთ, სირთულეებს გვიქმნის. მაგრამ მაინც შეიძლება, გავამრავალფეროვნოთ ჩვენი გაკვეთილები. იაფი საშუალებებითაც შეიძლება ჩატარდეს ცდები, ექსპერიმენტები. გ. გედენიძისა და ე. ლაზარაშვილის სახელმძღვანელოში ყოველი გაკვეთილის წინ მოცემულია ცდა, რომელიც მომდევნო გაკვეთილის გაგებაში გვეხმარება. მოსწავლეები ამ ცდებს სახლში ატარებენ. ხშირად მოსწავლეებს ვავალებ, დაამზადონ რესურსი, რაშიც დიდი ინტერესით ერთვებიან. ზოგჯერ ინტერნეტშიც ვპოულობ რესურსის დამზადების ინსტრუქციას, მოსწავლეებს ვუზიარებ და ისინიც ცდილობენ, აკეთებენ. შემდეგ ამ რესურსებით ვატარებთ ცდებს, მოსწავლეები გამოთქვამენ ვარაუდებს, მსჯელობენ, გამოაქვთ დასკვნები. ასეთი გაკვეთილები მათ მაღალი დონის სააზროვნო უნარებს გამოუმუშავებს.

საატესტატო გამოცდები დიდ ტვირთად აწვა მოსწავლესაც და მასწავლებელსაც. გაკვეთილი ხშირად ამ გამოცდის ჩაბარებისთვის მზადებას ეწირებოდა. გვერდზე გვრჩებოდა მთავარი – გამოგვემუშავებინა მოსწავლისთვის კვლევითი უნარ-ჩვევები. რაც შეეხება პროგრამას, ვფიქრობ, სიახლეები მასაც უნდა შეეხოს. პროგრამა არ უნდა იყოს გადატვირთული, გათვალისწინებული უნდა იყოს მოსწავლის მზაობა ინფორმაციის მისაღებად.

ჩემი აზრით, არქიმედეს ძალის შესწავლას უფრო მეტი დრო და ყურადღება უნდა დავუთმოთ. აუცილებლად უნდა ჩავატარებინოთ მოსწავლეებს მარტივი ცდები და ექსპერიმენტები. მაგალითად, ავაწონინოთ საწონი ჯერ ჰაერში და მერე წყალში. ისინი მივლენ დასკვნამდე, რომ

F=P-P,

სადაც P არის წონა ჰაერში, P – წონა წყალში.

ამ კანონის გასააზრებლად მოსწავლეებს ყოველთვის ვთავაზობ, ჩაატარონ ცდა სასხმელიანი ჭიქით (თუ ასეთი ჭიქა არ გვაქვს, შეიძლება, ჭურჭელი ბოლომდე წყლით ავავსოთ და სხეული ფრხილად მოვათავსოთ მასში ქვემოთ წინასწარ სხვა ჭურჭლის დახვედრებით). გადმოსხმული წყლის აწონით ისინი რწმუნდებიან, რომ სხეულის მიერ გამოდევნილი წყლის წონა მართლაც არქიმედეს ძალის ტოლია.

ამოცანების ამოხსნისას მოსწავლეებს ხშირად ავიწყდებათ, რომ არქიმედეს კანონში სითხის სიმკვრივეზეა ლაპარაკი, ასევე თუ სხეული ტივტივებს, V ჩაძირული ნაწილის მოცულობას გამოხატავს, ამიტომ, ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, მოსწავლეებს ვთავაზობ, არქიმედეს კანონის ჩაწერისას აუცილებლად გამოიყენონ ინდექსები:

F= gVჩაძირული

სხეულის ცურვის პირობების გასაცნობად კარგია მარტივი ექსპერიმენტის ჩატარება: პლასტილინის ნაჭერს მივცეთ ბურთულის ფორმა და ჩავუშვათ წყალში. ის ჩაიძირება. ახლა ბურთულა ამოვიღოთ და გავაბრტყელოთ ისე, რომ ნავის ფორმა მიიღოს. ფრთხილად დავდოთ წყალზე – დავინახავთ, რომ ის არ ჩაიძირება. მოსწავლეები თვითონვე დასვამენ კითხვებს და თვითონვე უპასუხებენ. თუ დასკვნამდე ვერ მივიდნენ, მხოლოდ მაშინ მივცეთ მიმართულება. შევახსენოთ, რომ თუ სხეული სიღრუეს შეიცავს, მისი სიმკვრივე მცირდება.

ცურვის პირობები თითქოს ძალიან მარტივია, მაგრამ სახელმძღვანელოებშიც გვხვდება მცირე უზუსტობები, ზოგჯერ შეცდომებიც კი. როდესაც სხეულის სიმკვრივე სითხის სიმკვრივეზე ნაკლებია, იგი ტივტივებს. ამ დროს სიმძიმის ძალა არქიმედეს ძალის ტოლია. ავტორები ზოგჯერ წერენ, რომ არქიმედეს ძალა მეტია სიმძიმის ძალაზე. მაგრამ ამ დროს უნდა მიუთითონ, რომ ეს – იმ შემთხვევაში, როცა სხეულს სითხის შიგნით რამენაირად ვაკავებთ. თუ მას ხელს გავუშვებთ, ის იქამდე იმოძრავებს, სანამ არქიმედეს ძალა არ გაუტოლდება სიმძიმის ძალას.

ხშირად გვხვდება ამოცანები, სადაც სხეულის ტივტივისას გვთხოვენ დავადგინოთ, რა ნაწილია ჩაძირული სითხეში. ამ დროს სიმძიმის ძალისა და არქიმედეს ძალის ტოლობიდან გამომდინარეობს, რომ

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ამ ფორმულას ხშირად ვიყენებ, მოსწავლეებსაც ვაწერინებ და ვთავაზობ, მზა სახით ისწავლონ. მინდა ვურჩიო ჩემს კოლეგებს, მათაც გამოიყენონ ეს ფორმულა მზა სახით ამგვარი ამოცანების ამოხსნისას.

მინდა, კიდევ ერთ საკითხზე შევაჩერო ჩემი კოლეგების ყურადღება: კარგი იქნება, თუ მოსწავლეებს ვკითხავით: „რა მოხდება, თუ მართკუთხა პარალელეპიპედის ფორმის სხეულს აკვარიუმის ფსკერზე მოვათავსებთ და წყალს დავასხამთ?“  შესაძლოა, მოსწავლეებმა თვითონვე გვიპასუხონ, რომ ის არ ამოტივტივდება, თუნდაც მისი სიმკვრივე წყლის სიმკვრივეზე ნაკლები იყოს, რადგან წყალი ამ დროს არ არის სხეულის ქვემოთ. პირიქით, წნევის ძალა სხეულს ზემოდან აწვება. ცნობილია, რომ ეს ფაქტი წარმოადგენს საშიშროებას წყალქვეშა ნავისთვის, რომელიც გრუნტზე დაჯდება.

ასევე მნიშვნელოვანია, დავანახოთ ფიზიკის კავშირი ყოველდღიურობასთან, გლობალურ პრობლემებთან, მივაქციოთ მათი ყურადღება გლობალურ დათბობას და დავავალოთ, მოიძიონ ინფორმაცია ამ პრობლემის მიზეზების შესახებ. ამ კონტექსტში კარგია ასეთი ამოცანსი მიცემა: „როდესაც ყინულის ნაჭერი წყალშია მოთავსებული, რა მოსდის წყლის დონეს ყინულის გადნობისას?“ მოსწავლეები დამოუკიდებლად ან ჩვენი დახმარებით მივლენ დასკვნამდე, რომ წყლის დონე არ შეიცვლება. დავსვათ კითხვა: მაშ, როგორ ახსნით იმ პრობლემას, რომ არსებობს ხმელეთის ნაწილის დატბორვის საშიშროება?“ თუ ვერ უპასუხებენ, ვკითხოთ, როდის იწევს წყლის დონე ჭიქაში: როდესაც ყინულს ვყრით თუ როდესაც ის დნება? მივცეთ საშინაო დავალებად, ჩაყარონ წყალში ყინული და დააკვირდნენ.

ამგვარად, არქიმედეს კანონი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი კანონია. ვფიქრობ, ღირს, მასზე უფრო მეტად გავამახვილოთ ყურადღება, ჩავატარებინოთ მოსწავლეებს მარტივი ექსპერიმენტები და ცდები, მივაწოდოთ არქიმედეს ძალის სხვადასხვა ფორმულა, მოვიყვანოთ ცხოვრებისეული მაგალითები, დავავალოთ დამატებითი ინფორმაციის მოძიება, მაგალითად, ასეთ საკითხზე: მოქმედებს თუ არა არქიმედეს კანონი უწონობაში? – და სხვა. ამ გზით სწავლა უფრო საინტერესო გახდება და ჩვენც უკეთეს შედეგს მივიღებთ. რაც მთავარია, თვითონ მასწავლებელმა არასოდეს უნდა შეწყვიტოს სწავლა, რადგან ეს მართლაც უწყვეტი პროცესია.

სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი- უჯრედი

0

მასწავლებლობა ისეთი პროფესიაა, რომელიც უწყვეტ განვითარებას მოითხოვს. მოსწავლეები მუდამ ელიან სიახლეებს გაკვეთილზე, რათა ხალისით და მარტივად აითვისონ მასალა. მეც ყოველთვის სიახლეების ძიებაში ვარ. ინტერნეტიდან გადმოვიწერე უჯრედის ორგანოიდები და Power Point-ის დახმარებით გავაკეთე მცენარეული და ცხოველური უჯრედების შემადგენლობის ამსახველი ანიმაცია. ანიმაციაში ცარიელ უჯრედში თითო-თითოდ შემოდიან ორგანოიდები და მათთვის განკუთვნილ ადგილას განლაგდებიან.

დავგეგმე სამოდელო-ინოვაციური გაკვეთილი X კლასში თემაზე „უჯრედი“. (შემაჯამებელი).

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:

კვლ. X. 3. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: იყენებს სხვადასხვა ხერხს (დიაგრამებს, ცხრილებს, გრაფიკებს, სიებს) მონაცემთა წარმოსადგენად; იყენებს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასამუშავებლად და წარმოსადგენად.

ბიოლ. X. 5. მოსწავლეს შეუძლია იმსჯელოს უჯრედში მიმდინარე პროცესებზე და დაასაბუთოს ორგანიზმისთვის მათი მნიშვნელობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე: მსჯელობს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს როგორც ერთ მთლიანს.

გაკვეთილის მიზანი და მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლე დამოუკიდებლად ამოიცნობს უჯრედის ორგანოიდებს; ახასიათებს ორგანოიდების ფუნქციებს; ამოიცნობს მცენარეულ, ცხოველურ და ბაქტერიულ უჯრედებს; ააწყობს კომპიუტერში მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს; ჩამოაყალიბებს მცენარეულ და ცხოველურ, ბაქტერიულ და ეუკარიოტულ უჯრედებს შორის მსგავსება-განსხვავებას; იმსჯელებს უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავს უჯრედს როგორც ერთ მთლიანს.

წინარე ცოდნა და უნარები: მოსწავლეებმა იციან: რომელ ჯგუფებად იყოფიან ცოცხალი ორგანიზმები; უჯრედის შემადგენელი ორგანოიდები; ერთმემბრანიანი და ორმემბრანიანი ორგანოიდები; იციან მცენარეული და ცხოველური უჯრედის ორგანოიდები და მათი ფუნქციები.

სასწავლო რესურსები: მასწავლებლის მიერ მომზადებული სლაიდი; სლაიდზე დატანილი კითხვები; ელექტრონული დაფა; კომპიუტერები თითოეულ მერხზე; მასწავლებლის მიერ მომზადებული და კომპიუტერში ჩატვირთული ანიმაციები; ტესტები.

გაკვეთილის მსვლელობა:

აქტივობა 1 .საორგანიზაციო საკითხების მოგვარება. (3 წთ). აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოაგვარებს საორგანიზაციო საკითხებს. შეახსენებს მოსწავლეებს ქცევის წესებს. გააცნობს შეფასების რუბრიკებს, გაკვეთილის ორგანიზების ფორმებს, ჩამოაყალიბებს გაკვეთილის მიზნებს.

აქტივობა 2. წინარე ცოდნის გააქტიურება (5 წთ). აქტივობის აღწერა: მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს ჩხირები. მოსწავლეები შემთხვევითობის პრინციპით პასუხობენ მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვებს:

– რომელ ჯგუფებად იყოფიან ცოცხალი ორგანიზმები?

– რა არის ორგანიზმის შემადგენელი უმცირესი ერთეული?

– დაასახელეთ უმემბრანო ორგანოიდები.

– დაასახელეთ ერთმემბრანიანი ორგანოიდები.

– დაასახელეთ ორმემბრანიანი ორგანოიდები.

–  რისგან შედგება უჯრედის გარსი?

– გარსის რომელი შრე აქვთ განსხვავებული მცენარეულ და ცხოველურ უჯრედს?

– რა არის ცხოველური უჯრედის გარეთა შრე?

– დაახასიათეთ გლიკოკალიქსი.

– რა არის მცენარეული უჯრედის გარეთა შრე?

– დაახასიათეთ უჯრედის კედელი.

–  დაახასიათეთ პლაზმური მემბრანა;

აქტივობა 3. შინაარსის რეალიზება. (17 წთ). აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ამოიცნობენ მცენარეული და ცხოველური უჯრედების ფოტოებს. მასწავლებელს წინასწარ მომზადებული აქვს ცხოველური და მცენარეული უჯრედების აგებულების ამსახველი ანიმაციები. ანიმაციაში თითო-თითოდ შემოდიან უჯრედის ორგანოიდები. მოსწავლეები ანიმაციაში ამოიცნობენ ჯერ ცხოველური, შემდეგ მცენარეული უჯრედების ორგანოიდებს და ახასიათებენ თითოეულ მათგანს აგებულებისა და ფუნქციის მიხედვით. ისაუბრებენ უჯრედის სტრუქტურული კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილავენ უჯრედს როგორც ერთ მთლიანს.

აქტივობა 4. უჯრედების აწყობა (3 წთ). (დავალება 1) გაკვეთილი ტარდება ჯეოსელის კლასში. მოსწავლეები დაყოფილი არიან სამეულებად და წყვილებად. მასწავლებელს კომპიუტერში წინასწარ აქვს ჩატვირთული ანიმაცია: ცარიელი ცხოველური და მცენარეული უჯრედები და გარშემო – უჯრედის შემადგენელი ორგანოიდები. მოსწავლეები მასწავლებლის ინსტრუქციის მიხედვით ცარიელი უჯრედის გარშემო მყოფი ორგანოიდებისგან აწყობენ ჯერ ცხოველურ, შემდეგ მცენარეულ უჯრედებს და თითოეულ ორგანოიდს მისთვის განკუთვნილ ადგილას ათავსებენ. უჯრედების აწყობის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ანიმაციას, რომელიც ასახავს მცენარეული და ცხოველური უჯრედების აგებულებას. მოსწავლეები შეადარებენ თავიანთ აწყობილ უჯრედებს მასწავლებლის მიერ ნაჩვენებს.

აქტივობა 5 (5 წთ). აქტივობის აღწერა: (დავალება 2) მასწავლებელს წინასწარ აქვს ჩატვირთული კომპიუტერში ცხრილი. მოსწავლეებმა უნდა შეავსონ ის და ერთმანეთს შეადარონ მცენარეული და ცხოველური უჯრედები, ჩაწერონ ცხრილში მათი შემადგენელი საერთო და განსხვავებული ორგანოიდები.

ცხოველური უჯრედი საერთო მცენარეული უჯრედი
 

 

 

 

 

   

აქტივობა 6. (5 წთ) T სქემის შევსება. მასწავლებელს აქვს ჩატვირთული წინასწარ კომპიუტერში პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების ილუსტრაციები და შესავსები T სქემა. მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ მსგავსება-განსხვავებები უჯრედების აგებულებაში და კომპიუტერში შეავსონ T სქემა, რომელშიც ჩაწერენ პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების შემადგენელ კომპონენტებს.

პროკარიოტული უჯრედი ეუკარიოტული უჯრედი
 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 7 (3 წთ). რეფლექსია. (დავალება 3) მასწავლებელს წინასწარ მომზადებული და ჩატვირთული აქვს კომპიუტერებში easyQuizy-ს პროგრამაში აწყობილი უჯრედის ტესტები. მოსწავლეები შეავსებენ ტესტებს. ტესტების ბოლოს დაიწერება, რამდენ ტესტზე უპასუხეს მოსწავლეებმა სწორად.

აქტივობა 8. საშინაო დავალება (2 წთ). მასწავლებელი მოსწავლეებს დაავალებს, მოიძიონ და დაისწავლონ ინფორმაცია პროკარიოტულ უჯრედებსა და მათ მიერ გამოწვეულ დაავადებებზე. იმსჯელონ ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების შესახებ. შექმნან პლასტლინისგან ან თიხისგან პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედების მოდელები.

შეფასება (2 წთ). სამეულები და წყვილები შევაფასე განმავითარებელი შეფასებით; გამოვიყენე კომენტარი, დაკვირვება. გამოვიყენე ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა და 10 მოსწავლე შევაფასე განმსაზღვრელი შეფასებით

ინდივიდუალური შეფასების რუბრიკა

საკლასო სამუშაოში ჩართულობა 2
კითხვებზე პასუხის გაცემა 2
უჯრედების აწყობაში მონაწილეობა 2
არგუმენტირებული მსჯელობა 2
ცხრილების შევსებაში მონაწილეობა. 2

მასწავლებლის შეფასება: გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა და დამსწრე კოლეგებმა კომენტარით შეაფასეს გაკვეთილი.

მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ საინტერესო იყო ჯეოსელის კლასში მუშაობა, ანიმაციების აწყობა, ცხრილების შევსება. გამოთქვეს სურვილი, ხშირად გამოვიყენო ჯეოსელის კლასი და კომპიუტერებთან მუშაობის მეთოდი, ანიმაციები, რაც დაეხმარება მათ მასალის ადვილად და ინოვაციურად ათვისებაში.

დამსწრე კოლეგებმა აღნიშნეს, რომ გაკვეთილი იყო საინტერესო და ინოვაციური. განსაკუთრებით მოეწონათ ანიმაციები, ასევე – მოსწავლეთა კომპიუტერული დავალებები და მათი მაქსიმალური ჩართულობა. გაკვეთილზე გამოყენებული ყველა აქტივობა იყო მიზნის შესაბამისი. მივაღწიე ყველა დასახულ მიზანს. ანიმაციების დახმარებით მოსწავლეებმა დამოუკიდებლად ამოიცნეს უჯრედის ორგანოიდები; დაახასიათეს მათი ფუნქციები; ამოიცნეს მცენარეული, ცხოველური და ბაქტერიული უჯრედები; ააწყვეს კომპიუტერში მცენარეული და ცხოველური უჯრედები; ჩამოაყალიბეს მსგავსება-განსხვავება მცენარეულ და ცხოველურ უჯრედებს შორის; იმსჯელეს უჯრედის სტრუქტურული   კომპონენტების ურთიერთკავშირზე და განიხილეს უჯრედი როგორც ერთი მთლიანი; შეავსეს ცხრილები და დაახასიათეს მცენარეული და ცხოველური; პროკარიოტული და ეუკარიოტული უჯრედები მსგავსება-განსხვავებათა მიხედვით. გაკვეთილის ბოლოს შეასრულეს easyQuizy-ს პროგრამაში მომზადებული ტესტები. ტესტებზე მუშაობისას, ოთხი წყვილის გარდა, ყველა კომპიუტერთან ტესტის ყველა პასუხი სწორი იყო. მოსწავლეებმა ტესტებს წარმატებით გაართვეს თავი. easyQuizy-ს პროგრამა გვაძლევს იმის ნახვის საშუალებას, სად დაუშვა მოსწავლემ შეცდომა. მივედი იმ მაგიდებთან, სადაც მოსწავლეებმა შეცდომები დაუშვეს და დავუსვი კითხვები, რომლებიც მათ დაეხმარა, თავად შეესწორებინათ შეცდომები.

ყველაზე საინტერესო და ინოვაციური იყო ის, რომ ყველა მოსწავლემ ყოველგვარი ტიპის დავალების შესრულებაში მიიღო მონაწილეობა და გაკვეთილში მაქსიმალურად ჩაერთო, რაც მიზნების მიღწევაში დამეხმარა.

ყველა სკოლაში არ არის ჯეოსელის კლასი, მაგრამ მსგავსი გაკვეთილი შეიძლება ჩატარდეს ინფორმატიკის კაბინეტში. მასწავლებელმა წინასწარ უნდა ჩატვირთოს ყველა კომპიუტერში ანიმაციები და ცხრილები. შეიძლება, მოსწავლეებს შევთავაზოთ, თავად ააგონ უჯრედების შესადარებელი ცხრილები.

ვფიქრობ, გაკვეთილი ინოვაციური და საინტერესო იყო. ვურჩევ ჩემს კოლეგებს, გაიზიარონ ჩემი გამოცდილება და ჩაატარონ ამ ტიპის გაკვეთილი. თუ სურვილი ექნებათ, მზად ვარ, გავუზიარო ჩემ მიერ შექმნილი ანიმაციები და easyQuizy-ს ტესტები.

მასწავლებლის შექმნილი რესურსები

https://drive.google.com/file/d/1FewdqEnoDjH2J4h50iw8i9LXqs-32WET/view

https://drive.google.com/file/d/1vhg3S6YMb04h4lQVY9yDQkl1nDeNx3_g/view

https://drive.google.com/drive/folders/1hNqjP9K8xXbK4GwfXD8Y4UxLvMmnjPQK

გამოყენებული ლიტერატურა:

მოსწავლის სახელმძღვანელო ბუნებისმეტყველებაში. ბიოლოგია.  მარინე სეხნიაშვილი; მალხაზ მაყაშვილი; ,მარინა ჯალიაშვილი; X კლასი.

https://www.google.com/search?client=opera&biw=1289&bih=607&tbm=isch&sa=1&ei=q9OtXJ7PEo6hmwWz1ICwCA&q=უჯრედის+აგებულება&oq=უჯრე&gs_l=img.1.2.35i39j0l8j0i5i30.22728.23520..26952…0.0..0.110.410.2j2……1….1..gws-wiz-img.Mye6CUiedz8

https://mes.gov.ge/content.php?id=3923&lang=geo

კრიტიკული აზროვნების სხვა ზღვარი

0

რა შეიძლება იყოს თანამედროვე სამყაროში უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კრიტიკული აზროვნების განვითარების შესაძლებლობა? ალბათ არაფერი. თუმცა ამ თვალსაზრისს ყველა არ იზიარებს. 15 წელზე მეტია საგანმანათლებლო სისტემაში არსებობს კრიტიკული აზროვნების განვითარების ტექნოლოგია, რომელიც სათავეს შუა 90-იანი წლებიდან იღებს და რამდენიმე ქვეყანაში კითხვის საერთაშორისო ასოციაციის, „ღია საზოგადოების“ ინსტიტუტისა და დემოკრატიული პედაგოგიური კონსორციუმის ეგიდით ხორციელდება. მისი მთავარი იდეა სწავლების დროს ისეთი პირობების შექმნაა, როდესაც ბავშვები მასწავლებელთან ერთად აქტიურად და შეგნებულად იმუშავებენ, გაიაზრებენ სწავლის პროცესს, გააანალიზებენ მიღებულ ცოდნას და სხვ.

ამავდროულად, პროგრამისა და ტექნოლოგიის მიზანია მოსწავლეთა აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარება, რაც სასარგებლოა არა მარტო სწავლის დროს, არამედ შემდგომ ცხოვრებაშიც (გადაწყვეტილებების მიღებისას, ინფორმაციებთან მუშაობისას, სხვადასხვა მოვლენის ასპექტების გაანალიზებისას და ა.შ.). პროგრამა მიმართულია ისეთი კრიტიკული აზროვნების განვითარებისკენ, რომლის საშუალებითაც ინფორმაცია ლოგიკურად გაანალიზდება, რათა მისი შედეგების გამოყენება შესაძლებელი გახდეს როგორც სტანდარტულ, ასევე არასტანდარტულ სიტუაციებში, არასტანდარტული საკითხებისა და პრობლემების გადაჭრისას. კრიტიკული აზროვნება არის ახალი კითხვების დასმისა და ახალი არგუმენტების პოვნის, დამოუკიდებელი, გააზრებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

მკვლევრების მიერ შემოთავაზებულ ამ სისტემებს გარკვეული განსხვავებები აქვთ, მაგრამ საბოლოოდ თითოეული მიზნად ისახავს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების გაღვივებას, დაკვირვებების, შედარებების, მიზეზ-შედეგობრივი ბმულების წარმოჩენის მეთოდით.

კრიტიკული აზროვნების განვითარების თეორიის მომხრეთა მოსაზრებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმართულება, როდესაც ადამიანს უვითარდება დიდი მოცულობის ინფორმაციასთან მუშაობის უნარი, რაც მართლაც მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში. მიუხედავად ამისა, დერბის უნივერსიტეტის პედაგოგიკის პროფესორი დენის ჰეისი მიიჩნევს, რომ ზედმეტი ენთუზიაზმით ანთებული მასწავლებლები კრიტიკული აზროვნების სწავლების დროს უკიდურესობაში ვარდებიან.

ამ საკითხის მოგვარებას დენის ჰაიესი ფილოსოფიურად უდგება და წერს, რომ მასწავლებლები ამაოდ ირჯებიან, როცა ცდილობენ, ბავშვს კრიტიკული აზროვნების უნარი გამოუმუშაონ, რადგან კრიტიკულობის სწავლა წარმოუდგენელია მაშინ, როდესაც მასწავლებელს თავად არ გაგაჩნია ეს უნარი. კრიტიკული აზროვნების სწავლა არ არის მარტივი მექანიკური ამოცანა.

„როგორც მასწავლებელს, თქვენ უნდა ჰქონდეთ კრიტიკული შემართება, სულისკვეთება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გამუდმებით უნდა ვაკრიტიკოთ საგანმანათლებლო პოლიტიკა, რომელიც არ მოგვწონს. არც მოსწავლეებს უნდა ვეჩიჩინოთ, რომ „მათ ყველაფერზე ბევრი იფიქრონ“. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებთან სიღრმისეული საუბარი შეგვეძლოს. ეს იმას ნიშნავს, რომ დებატები და დისკუსიები უნდა ეფუძნებოდეს ფუნდამენტურ ცოდნას, რომელიც საგანმანათლებლო სამყაროში ცოტა გვაქვს. გარდა ამისა, ბავშვს ურთიერთობა უნდა ჰქონდეს დისკუსიის მონაწილე მშობლებთან და სხვა ადამიანებთან და არა მხოლოდ კლასში მასწავლებელთან“.

ჰაიესის აზრით, მოსწავლეებთან სიღრმისეული საუბრები რატომღაც დავიწყებას მიეცა, რადგანაც მასწავლებლების უმეტესობა კრიტიკულ აზროვნებას მხოლოდ უნარად აღიქვამს. ჰაიესი დარწმუნებულია, რომ ეს არასწორია – ნახევარი საუკუნის წინ ეს იდეა ავსტრალიელმა ფილოსოფოს ჯონ პასსმორმაც კი გააკრიტიკა: „თუ კრიტიკული განწყობა მხოლოდ უნარია, მაშინ მას საგნად ვისწავლიდით და პედაგოგებიც შეგვასწავლებდნენ მიუხედავად იმისა, ექნებოდათ თუ არა თვითონ ეს უნარი. ეს კი იგივეა, რომ პაციფისტმა ჯარისკაცს იარაღის ხმარება შეასწავლოს. რეალურად, კრიტიკული აზროვნება შეუძლია გვასწავლოს მხოლოდ იმ ადამიანმა, ვისაც თავად შეუძლია მონაწილეობა კრიტიკულ დისკუსიაში“.

„კრიტიკის“ კონცეფციის არასწორად გამოყენების შემთხვევები:

„კრიტიკის იდეის ბოროტად გამოყენების პრეცედენტი მაშინ მქონდა, როდესაც პირველკურსელთა დიდ ჯგუფს შევხვდი. ერთმა სტუდენტმა მითხრა, ყველაზე მეტად ის პედაგოგები მაღიზიანებენ, ვინც კრიტიკულად ფიქრს მაძალებს და ამას ხაზგასმით მოითხოვენ ჩემგანო. სტუდენტმა მოჰყვა, რომ ერთ-ერთი პედაგოგი მისგან თავისი სიტყვების დადასტურებას ან ისეთი რაღაცის თქმას ითხოვდა, რაშიც შეწინააღმდეგებას შეძლებდა“ – ჰყვება ჰაიესი. მისი ღრმა რწმენით, იდეა იმის შესახებ, რომ კრიტიკული აზროვნება მხოლოდ უნარია და სხვა არაფერი, მცდარია და ლახავს კრიტიკული აზროვნების საზოგადო კონცეფციას, აფიქრებს მასწავლებლებს, რომ მათ შეუძლიათ იაზროვნონ კრიტიკულად, სინამდვილეში კი ამ ყველაფრისგან შორს დგანან. აი, ეს ცდომილებანი:

1.კრიტიკული აზროვნება უნარია

„ასე არ გახლავთ, – ამბობს ჰაიესი. – ამ თვალსაზრისით თუ შევაფასებთ კრიტიკულ აზროვნებას, მეორე ეშელონის არაფორმალური და ფორმალური ლოგიკის ცნებამდე დავიყვანთ – ეს მეორეხარისხოვანი ლოგიკა და ღატაკი ფილოსოფია, სისტემას მოწყვეტილია. მაგალითად, თუ ფემინისტურად განწყობილი მასწავლებელი მოითხოვს, რომ ბავშვებმა მხოლოდ მისი თვალსაზრისი გაიზიარონ და ეს მიიჩნიოს კრიტიკული თვალსაზრისის გაზიარებად, გამოვა, რომ ფემინიზმს თავს ახვევს“.

2.კრიტიკული აზროვნება ნიშნავს „იდეოლოგიურ დამუშავებას“

„როდესაც მასწავლებელი ამბობს, რომ მოსწავლე კრიტიკულად უნდა იყოს განწყობილი,  ხშირად გულისხმობს იმას, რომ მოსწავლემ უნდა მიუსადაგოს თავისი მოსაზრებები რაღაც არსებულს, – ამბობს დენის ჰაეისი. – მასწავლებელი ასწავლის ბავშვებს მიუღებელი იდეების კრიტიკას და „სწორი“ იდეების აღიარებას. მულტიკულტურალიზმისა და მრავალფეროვნების მხარდაჭერა ყველაზე გავრცელებული „სწორი“ იდეებია, რომელზეც მსჯელობა არ უნდა იყოს უგულებელყოფილი“.

  1. კრიტიკული თეორიები „არაკრიტიკული თეორიებია“.

„როდესაც გარკვეულ თეორიას აქვს პრეფიქსი „კრიტიკული“, ის მოითხოვს არაკრიტიკულ დამოკიდებულებას გარკვეული პოლიტიკური თვალსაზრისით, – დარწმუნებულია  პროფესორი. – კრიტიკულ თეორიას, რასის კრიტიკულ თეორიას, კრიტიკულ რეალიზმს, კრიტიკულ რეფლექსიურ პრაქტიკას – ამ ყველაფერს აშკარად აქვს პოლიტიკური მიზნები, რაც უნდა გვახსოვდეს“.

მაშინ, ჰაიესის აზრით, რას ნიშნავს „რეალური კრიტიკა“?

ვიქტორიანული ეპოქის კულტურის კრიტიკოს მეტიუ არნოლდის განმარტებით, ეს არის მცდელობა გავავრცელოთ ის საუკეთესო, რასაც სამყაროში უკვე მიაღწიეს. თუ ამ განსაზღვრებას დავეყრდნობით, ჩვენ უნდა ვიყოთ „საზღვარი“ ცოდნებს შორის.

„მაგრამ როდესაც სოკრატეს მეთოდზე მასწავლებლებს ან მწვრთნელებს ვესაუბრები, გამოვტოვებ ხოლმე ანდერსონის მიერ გაჟღერებელ „გაურკვევლობას“, – ამბობს დენის ჰაიესი, – იმიტომ, რომ ბევრმა პედაგოგმა შეიძლება ჩათვალოს, რომ „გაურკვევლობა“ ნიშნავს იმ „ცუდი იდეების“ ეჭვქვეშ დაყენებას, რომლებიც თვითონ გააჩნიათ, რადგან ძირითადად თვითონ საყოველთაოდ შეთანხმებული, უკვე არსებული თეორიების გარშემო ტრიალებენ.

დღეს გაცილებით უფრო რთულია იაზროვნო კრიტიკულად. ბევრს სურს, რომ სოკრატე იყოს, მაგრამ სოკრატე ცოდნას ელტვოდა, დღევანდელ დღეს კი სოკრატობა ნიშნავს არსებული ცოდნის გამოყენებას“, – ასკვნის პროფესორი.

პროფესორ ჰაიესის მოსაზრებები საინტერესოა და, რა თქმა უნდა, მის იდეებს ჰყავს მხარდამჭერები თუ ოპონენტები. თუ პროფესორის ლოგიკას მივყვებით, ის უარყოფს ბავშვებში კრიტიკულ აზროვნების განვითარების პირდაპირი სწავლების გზას. ის მოუწოდებს მასწავლებლებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე არ ისაუბრონ ზედაპირულად და ეს ტერმინი უფრო სიღრმისეულად გაიაზრონ.

თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აზროვნებას მოვაშორებთ პრეფიქს „კრიტიკულს“, რომელიც ამდენ უთანხმოებას იწვევს, დარჩება უმნიშვნელოვანესი რამ – ბავშვის აზროვნების განვითარების იდეა. იმ შემთხვევაშიც, თუ კრიტიკული აზროვნება პრობლემურ სიტუაციებში ვითარდება, ის უკვე აპრიორი ატარებს დამოუკიდებელ და შემოქმედებით ხასიათს, რადგან ბავშვი, რომელიც ცოდნას ეზიარება  გარკვეული პრობლემის გადაწყვეტის გზით, აღარ არის მხოლოდ პასიური მსმენელი და ის უკრიტიკოდ აღარ აღიქვამს მასწავლებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.

 

დედა. 37.8

0

ზაფხულის გრძელი დღეა. ქობულეთში რომ ორი გრძელი ქუჩაა, ეს ქუჩები რომ ერთმანეთს გადააბა, იმაზე გრძელი და დაუსრულებელი.  სადღაც 800 ნომერთან ხარ, ანუ თითქმის საღამოვდება.

შენ ცხოვრობ, ვთქვათ, ერთი პატარა ქალაქის რომელიმე სახლში. სულერთია როგორში და კაცმა, რომ თქვას, სულერთია ვინ ხარ – მთავარია ხვალ ექსკურსიაზე მიდიოდე. ქუთაისში.

გიხარია. ძალიან გიხარია. საბაგიროა. ქუთაისია.

– სიმაღლის გეშინია?

– სიმაღლის შენ გეშინია თუ კაია – გპასუხობს თოკო. კლასელი.

დედა საღამოს სადღაც გავიდა. ცოტა დააგვიანდა. სანამ დაბრუნდა, შენ დაწოლილი დახვდი.

– რა გჭირს, ტელევიზორს არ უყურებ?

– ხვალ დილას ადრე წავალთ და გამოძინებული უნდა ვიყო.

ასეთი ღამეები, ქობულეთის კი არა, სამყაროს ყველაზე დიდ გზებზე უფრო გრძელდებიან. ჩასაფრებული უყურებ ფანჯრის დაზეპირებულ კუთხეს, საიდანაც მზე ამოდის და სულ წარმოიდგენ რომ აი, ცის ბოლო ნამტირალევ ქუთუთოსავით შეწითლდა და გათენდება.

– გაიღვიძე! – დედა სასთუმალთან ზის

შენ წამოხტები და საათს უყურებ. უფ, არის კიდევ დრო. მიასწრებთ ავტობუსს.

– წავედით, წავედით! – ყვირი სიხარულით

– დაწექი – შემაშინებლად მშვიდია დედა

– რატომ? – ხმა გიწყდება

– სიცხე გაქვს – მეუბნება დედა

– არ მტკივა არაფერი. თავი არ მტკივა!

– შუბლი ცხელი გაქვს, მოიცა, გაგიზომავ!

– შუბლი სულ ცხელი მაქვს მასე!

– მოიცა.

შენ იცდი ათ წუთს. დედა თერმომტერს იღებს, ფანჯარასთან მიაქვს და გაყინული ხმით ამბობს.

– არ შეიძლება, 37.8 გაქვს, აგიწევს კიდევ. სწრაფად ფერთხავს. ოდნავ ფანჯრისკენ პირშებრუნებული.

– დღეს წიგნებს არ წაგაკითხებ. არც მათემატიკას. რამე ვითამაშოთ – იღიმის და ოდნავ თვალს გარიდებს.

ვერ ხვდები იტირო, იყვირო თუ თერმომეტრი დალეწო. რომც მიხვდე, თითქოს არცერთის ძალა აღარ გაქვს. სადღაც შენში იმეორებ განწირულ სიტყვებს: ექსკურსიაზე მინდა. არ მაქვს სიცხე. არ მაქვს.

– ხო, არ გქონდა სიცხე – გითხრა დედამ და ფანჯრისკენ ზუსტად ისე გაიხედა, როგორც თხუთმეტი წლის წინ. ცხოვრება ქობულეთის ერთი ქუჩიდან რომ მეორეზე შესახვევს გადაყავხარ, იმაზე მოკლეა. შენ უკვე 26 წლის ხარ. დედა 54-ის.

– მთელი ღამე ვირბინე მეზობლებთან და ნათესავებთან. კაპიკი არ ჰქონდა არცერთს და ვერ შევაგროვე ექსკურსიის ფული. ჯობდა სიცხე გქონოდა. სიცხე უფრო ადვილი იქნებოდა. ალბათ.

შენ გაკვირვებული უყურებ დედას. დედა შორს იყურება. სადღაც უკან. 15 წლით ახალგაზრდაა. იმ თერმომეტრს უყურებს და ფიქრობს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...