შაბათი, აგვისტო 16, 2025
16 აგვისტო, შაბათი, 2025

დიახ, ფრთხებიან  ყვავები  დამბაჩის  ხმაზე!

0

ქართული ლიტერატურის სწავლებას ორი მიმართულება განსაზღვრავს: პირველი-როგორ ვასწავლო და მეორე-რატომ  ვასწავლო.პირველი სტანდარტის ნორმებს გულისხმობს,მეორე-ლიტერატურის სწავლების მიზნებს:

  • საერთო და პიროვნული კულტურის ჩამოყალიბებას;
  • სამოქალაქო ცნობიერების გაზრდას;
  • პიროვნების ჰარმონიულ განვითარებას და  სხვა

მეორე უფრო რთულია,რადგან ეს  არ უნდა გასცდეს ლიტერატურის სამყაროს  და არ დაიჩრდილოს ნაწარმოების მხატვრული ღირებულება.

ქართველი მკითხველისათვის მწერალი რევაზ ინანიშვილი ცნობილია,როგორც კაცთმოყვარე,  ესთეტი და დიდსულოვანი პიროვნება. ეს თვისებები დევს მის ნაწარმოებებში, ამიტომ მისი მოთხრობების შესწავლას განსაკუთრებული სიფაქიზით ვეკიდები, რათა სათუთად მივიტანო  ღირსების ეს ფორმები ბავშვებამდე.
ამ განწყობით  ვიწყებ მუშაობას მოთხრობა „ფრთხებიან  ყვავები დამბაჩის ხმაზე?“,იმ ნაწარმოებზე, რომელიც  მეოცე საუკუნის ბოლოს შერჩეულ მოთხრობათა ათეულშია დასახელებული.   ისწავლება მეცხრე  კლასში, რუბრიკაში „კარგ ყმად ვინა ვთქვათ…“   ამ ნაწარმოებამდე  შესწავლილი აქვთ ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ და  რუსთაველის  „ვეფხისტყაოსნიდან“  ავთანდილის ანდერძი.   იციან კაი ყმისა და  რაინდის დამახასიათებელი ნიშნები და თვისებები.  შექმნილი აქვთ გარკვეული წარმოდგენა    ღირსებაზე და   ელოდებიან ახალ შთაბეჭდილებებს  ამ კუთხით.
ჩვეულებრივ  მივყვებით მოთხრობაზე მუშაობას:წაკითხვის შემდეგ იწყება ნაწარმოების გააზრება,  გაანალიზება,  ეპიზოდებად დაყოფა,  პერსონაჟთა დახასიათება,  მოთხრობის მხატვრული თვალსაზრისით შეფასება,  პრობლემების წარმოშობის მიზეზების წარმოჩენა, დეტალების გამოყოფა და მათი დანიშნულების ამოცნობა, მზადება დებატებისთვის.

მოსწავლეებს ვთავაზობ აქტივობას   „კუთხეები“ და ვთხოვ,   შექმნან სამი ჯგუფი,  სამი  განსხვავებული მოსაზრებისთვის –სწორად მოიქცა თუ არა ვიტგენშტეინი?  პირველ ჯგუფში სხდებიან ისინი, რომლებიც ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ სწორი იყო   ეს  გადაწყვეტილება; მეორეში ისინი, რომლებიც  მიიჩნევენ,  რომ არ იყო სწორი, არ  ღირდა; მესამეში ისინი, ვისაც ამ პრობლემების  მიმართ გამოკვეთილი პოზიცია არ გააჩნია.  მოსწავლეები თავიანთი სურვილით ერთიანდებიან ჯგუფებში და რიგრიგობით აყალიბებენ თავიანთ მოსაზრებებს,  გამოთქვამენ  საკუთარ შეხედულებებს სადებატო თემებთან დაკავშირებით.

პირველი პოზიცია მეორე პოზიცია

 

·         სწორი იყო,რადგან დაიცვა უმწეო  ქალი; ·         არასწორია,რადგან არაფერი შეიცვლებოდა
·         დაიცვა საკუთარი და ქალის ღირსება; ·         დაიღუპა და ვერ მიაღწია მიზანს
·         დაუპირისპირდა უხეშ,ტლანქ  ძალას; ·         არ ღირდა, რადგან ბევრად აღემატებოდა პიროვნული ღირსებებით და ის არ უნდა დაღუპულიყო;
·         ვერ აიტანა შეურაცხყოფა, როგორც ღირსეულმა ადამიანმა; ·         არ ღირდა, რადგან ნაუმოვისა და მეძავი ქალის პირადი  ცხოვრება მას არ ეხებოდა;
·         წარმოჩნდა, როგორც მორალის დამცველი; ·         უნდა ეფიქრა დედაზე, ამ მიზეზით არ უნდა დაღუპულიყო;
·         ნაუმოვი დააფიქრა საკუთარ საქციელზე; ·         არისტოკრატული წარმომავლობის ადამიანს არაფერი ესქმებოდა მათთან;
·         გამოსწორების გზაზე დააყენებდა ქალს; ·         ქალს მისთვის დახმარება არ უთხოვია, მხოლოდ „შეშფოთებული მზერა გამოაპარა“;
·         ისეთი გამოხმაურება ექნებოდა ამ ამბავს, სხვები ვეღარ გაბედავდნენ ასეთ უხეშობას; ·         სხვანაირად მოეგვარებინა ეს კონფლიქტი;
·         წარმოჩნდა როგორც ღირსეული, კეთილშობილი ადამიანი; ·         არ იყო საჭირო სხვის საქმეში ჩარევა…
·         წარმოაჩინა ადამიანის დანიშნულება;  
·         სხვანაირად ვერ შეძლებდა ცხოვრებას;  
·         დასასრული არც ისე კარგია,მაგრამ სწორი…  

 

დებატების დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვ,კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ თავიანთ  მოსაზრებებზე,  და მიკარნახონ დაფაზე  ჩამოსაწერად, რა ღირებულებები იკვეთება მათი პოზიციებიდან:

პირველი ჯგუფი

 

მეორე   ჯგუფი

 

·         მორალი; ·         გულგრილობა;
·         ზნეობა; ·         თვალის დახუჭვა;
·         ვაჟკაცობა; ·         სხვისი დამცირების შეგუება;
·         ღირსების დაფასება; ·         სხვისი ღირსების შელახვის იგნორირება;
·         ღირსეული საქციელი; ·         შეგუება უზნეობასთან;
·         ქალის პატივისცემა; ·         დაუსჯელობის სინდრომის გამყარება;
·         ადმიანის სულიერად ამაღლება; ·         დისკრედიტაციის მიმართ გულგრილობა;
·         დაჩაგრულის გამოსარჩლება; ·         ძალადობის ფაქტის დაშვება;
·         უხეში ძალის შეჩერება; ·         ინდიფერენტიზმი. ..
·         საზოგადოების პატივისცემა;  

 

აქტივობის დასრულების შემდეგ  მივმართავ   სამივე ჯგუფს- რა არჩევანს გააკეთებენ, შეიცვლიან პოზიციებს თუ დაიცავენ საკუთარ შეხედულებებს. ბავშვები ხელახლა ჯგუფდებიან,  უმეტესობა პირველ ჯგუფში ერთიანდება და არგუმენტებით ხსნიან პოზიციის შეცვლის მიზეზებს. საყურადღებოა იმ ბავშვების მოსაზრებები, რომლებიც მეორე ჯგუფში რჩებიან. მე მათ  ვთხოვ, არგუმენტირებული მსჯელობით გაამყარონ თავიანთი  პოზიცია:

  • რჩებიან იმავე აზრზე იმიტომ, რომ ვერ გაიმეტეს სასიკვდილოდ რჩეული ახალგაზრდა;
  • რუსეთის იმპერატორის ნათესავს ბრწყინვალე მომავალი ექნებოდა;
  • ნაუმოვის ხელით არ უნდა მომკვდარიყო ქართული სულიერების მატარებელი მშვენიერი ვაჟკაცი;
  • აღმერთებდა დედას, რომელმაც ასეთი ვაჟკაცი შვილი დაკარგა;
  • იყო ვაჟკაცი, ატარებდა  ქართულ ჩოხას;
  • “შესანიშნავად ტანადი“, ნაკითხი, განათლებული არ უნდა დაღუპულიყო ამ მიზეზით…

მე მადლობას ვუხდი მათ განსხვავებული მოსაზრებისთვის. ვეუბნები, რომ განსხვავებული  შეხედულებებიც უნდა არსებობდეს,რათა  შევძლოთ ჭეშმარიტების  დადგენა.

დებატების დასრულების შემდეგ მივმართავ მესამე ჯგუფში დარჩენილ მოსწავლეებს, რომელ პოზიციას აირჩევენ. უმეტესობა პირველს უერთდება, რამდენიმე მეორეს. ასე რომ, მესამე ჯგუფში არავინ    რჩება.

დებატების დასრულების შემდეგ ვაგრძელებთ გაკვეთილს. მოსწავლეებს ვთხოვ,    კიდევ ერთხელ წაიკითხონ  თემის ეპიგრაფი და გაიაზრონ მიღებული შთაბეჭდილებების  ფონზე . „იმ მოქმედებას, რომელსაც წინ მხოლოდ ერთი მოტივი უძღვის, ჩვენი ეთიკური შემეცნება სრულიად გულგრილად უცქერის, მოტივების მრავალფეროვნება აუცილებელი პირობაა ზნეობრივი მოქმედებისთვის“(გერონტი ქიქოძე).

მოსწავლეები აკეთებენ კომენტარს ეპიგრაფზე და   ეძებენ „ მრავალფეროვან მოტივებს“ ვიტგენშტეინის ზნეობრივი მოქმედებისა და ეთიკური შემეცნების გასააზრებლად  და  ტექსტიდან მოყავთ შემდეგი არგუმენტები:

  • მაშინვე შენიშნა წყვილი, რომელიც ვაგონში შემოვიდა;
  • გენერლის მიხრა-მოხრამ, მბრძანებლურმა კილომ მაშინვე მიახვედრა, რომ ბრძოლაში საამაყო დაუდევრობა სამოქალაქო ცხოვრებაშიც გადმოეტანა;
  • „იყვნენ თამამნი, ხმაურიანნი, ყველაფრისმცოდნენნი, ყოვლისშემძლენნი, თითქოს კეთილნი“;
  • თავადი ვერ იტანდა ძალიან მოძრავ, ხმაურიან კაცებს, მით უფრო სამხედროებს (თავად ლეიბ-  გვარდიის პოლკოვნიკი).
  • გენერლისა და ქალის ჩურჩული დერეფანში;
  • წყვილის ხმამაღალი სიცილი;
  • უადგილო ადგილას ხელის მიწკაპუნება;
  • გენერლის გულგრილობა, ვითომც არაფერი მომხდარა;
  • პიროვნული შეურაცხყოფა;
  • გენერლის მქირდავი ღიმილი…

ვიტგენშტეინის საქციელს მოტივების მრავალფეროვნებამ  გაუკეთა პროვოცირება.   დუელის შეთავაზება იყო პროტესტი დაუდევრობის, მბრძანებლობის, უხეშობის, სითამამის, ხმაურის, ამპარტავნების, მოურიდებლობის, ქალის შეურაცხყოფის ,გულგრილობის, სხვისი ღირსების შელახვის წინააღმდეგ. ცხადია,   სამეგრელოს მთავართა  შთამომავლის ვაჟი, ზრდილი ყმაწვილი, გერმანული პედანტიზმით დამშვენებული, რჩეული მონადირე, ქართულ ჩოხაში გამოწყობილი,  თავაზიანი,  წესისა და  რიგის დამცველი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა. ეს  არის გაკვეთილის  ყველაზე სათუთი მომენტი, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის ჩამოყალიბებაში ვეხმარები მოსწავლეებს,  ხოლო შემდეგ დასკვნას დამოუკიდებლად გააკეთებენ:  თუ ეპიგრაფი ერთგვარად ახასიათებს  ნაწარმოების ძირითად იდეას, მკითხველს ეხმარება დედააზრზე ყურადღების გამახვილებაში, მიგვანიშნებს  ავტორისეულ ჩანაფიქრს, მაშინ გამოდის, რომ რევაზ ინანიშვილიც   იმავეს აპროტესტებს, რასაც ვიტგენშტეინი შეეწირა და  სურვილი აქვს,  მკითხველი აღფრთოვანდეს  ვიტგენშტეინის პიროვნებითა და საქციელით.
ამის  შემდეგ მოსწავლეებს   ვუკითხავ  ბოლო ეპიზოდს: ,,დავუსვი ამ ამბავს  ბოლო წერტილი, დავუძახე ჩემს ქალიშვილს, რომლის თვალებზე ვამოწმებ ხოლმე, როგორ მოქმედებს ჩემი დაწერილი ამბები სხვებზე, წავუკითხე მთელი მონდომებით, ყოველი სიტყვის მკაფიო გამოთქმით, მეგონა, თვალები გაბრწყინებული ექნებოდა აღტაცებით. მან კი შეეჭვებულმა მკითხა: -ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე  ყვავები,მამა?“

ბავშვებს ვეკითხები- ვინ არის ეს ქალიშვილი, ვისი სახე იგულისხმება ამ გამოგონილ პერსონაჟში?   ვარაუდით მიდიან დასკვნამდე, რომ ქალიშვილში ზოგადად მკითხველი ან საზოგადოება იგულისხმება.

იმ ვაგონში სხვების ყურადღება არ მიუქცევია ნაუმოვის  საქციელს. მათთვის ეს ამბავი ისევე დასრულდებოდა, როგორც ქალიშვილისთვის, ეჭვით ნათქვამი „ვითომ?“ და „ალბათ“.

ეს პოზიციაა, რომელსაც  საზოგადოების უმეტესობა აფიქსირებს.

შეკითხვა  კლასთან:  ბავშვებო,როგორ ფიქრობთ,დაფრთხებოდნენ ყვავები დამბაჩის ხმაზე?  პასუხი  ასეთია: დიახ,  დაფრთხებოდნენ,  რადგან  სხვა ფრინველებისაგან განსხვავებით ყველაზე ჭკვიანები არიან.  დაფრთხებოდნენ, რადგან, თუ   მითს  დავუჯერებთ, სამასი წელი ცოცხლობენ  და  მიუხედავად ამისა, ადამიანებზე მეტად აშინებთ  სიკვდილის  (დამბაჩის) ხმა.

გაკვეთილის ბოლოს  ვიყენებ აქტივობას  „ვიცი….ვხედავ… ვგრძნობ…“

ბავშვებს ვთხოვ,  გაიხსენონ მათთვის ყველაზე ემოციური ეპიზოდები და  ამ აქტივობის გამოყენებით წარმოაჩინონ:

  • ვიცი, ვინ არის  ვიტგენშტეინის დედა,  ვხედავ  მის სახეს,   ვგრძნობ,  როგორ ამაყობს  თავისი შვილით;
  • ვიცი, ვინ არის ვიტგენშტეინი, ვხედავ  ღირსებით სავსე პიროვნებას, ვგრძნობ მის კეთილშობილებას;
  • ვიცი, ვინ არის ნაუმოვი, ვხედავ გახვრეტილ ქუდს, ხელში რომ უჭირავს, ვგრძნობ, ის აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო;
  • ვიცი დუელი, ვხედავ შემართულ  დამბაჩებს, ვგრძნობ  ნაუმოვის დამარცხებას;
  • ვიცი, ყვავი სიკვდილის სიმბოლოა, ვხედავ ხეებზე შემომსხდარ ყვავებს, ვგრძნობ სიკვდილიც ფრთხება  დამბაჩის ხმაზე….

 

ვაჯამებთ თემასა და გაკვეთილს. მოსწავლეებს ვთხოვ, გაიხსენონ ვაჟა-ფშაველას „კაი ყმა“ და  კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ, ვის წინაშე მიიჩნევდა თავს ვალდებულად. ეს იყო თავგანწირვა სამშობლოს, უფლისა და წინაპართა  წინაშე.
შემდეგ იხსენებენ  ავთანდილის ანდერძს და  ასახელებენ ავთანდილის  თავდადებას  უფლისა და მოყვასის წინაშე. კითხვაზე -ვის წინაშე წარმოჩნდა რაინდად და კაი ყმად  ვიტგენშტეინი-  პასუხი ცალსახად დაასახელეს: ზოგადად ადამიანური ფასეულობების წინაშე.

ვუბრუნდებით გონებრივი  იერიშის რუკას,რომელზედაც მათი პირველი წარმოდგენებია ჩამოწერილი:    რა  არის  ღირსება- ადამიანობა, მნიშვნელოვანი თვისება, საკუთარი სამყარო, თავმოყვარეობა, სიყვარულის ნიჭი, სახელი, სრულყოფილებისკენ სწრაფვა, მიტევების ნიჭი, ტოლერანტობა, მზრუნველობა სხვებზე. ვამატებთ ახალ შეხედულებებს: ქალის პატივისცემა, სხვისი  ღირსების პატივისცემა,  კეთილშობილება,   თავგანწირვა.

საშინაო დავალებად  ვაძლევ  თავისუფალ ესეს  „ეგ იყო და ეგ…“

მეორე დღისთვის მეც დავალებით მივდივარ. ამ ტიპის გაკვეთილების შემდეგ  მეც ვასრულებ საშინაო დავალებას, რადგან ვიცი, რომ ისევე ელიან ჩემს თემას, როგორც მე ველოდები მათ ნააზრევს :

„ იყო ვიტგენშტეინი, ზრდილი ახალგაზრდა, რჩეული პიროვნება, თვალშისაცემი სახილველი,  ვაჟკაცი, არისტოკრატი  მანერებით, აღზრდით, ცხოვრების წესით,  პრინციპული მორალით,  ევროპულ-ქართული იერით,  მხოლოდ ქართული სულით, ქალის ქომაგი, დამცველი,  ღირსების პატივისმცემელი  და თავად ღირსეული…

და ისიც იყო, ნაუმოვი, ტლანქი, უხეში, მედიდური, ამპარტავანი, ქალის შეურაცხმყოფელი,  კარგი გენერალი და მსროლელი,  კაცი ისეთი, როგორებადაც ყაზარმაში ყალიბდებიან- არმია და საზოგადოება ერთი რომ ჰგონიათ და ისიც, რომ არ იციან, ორივეგან ადამიანებად   რომ უნდა დარჩნენ   და არა მკვლელებად…
კიდევ ქალი იყო…უზნეო, მეძავი, ფაშფაშა, გართობის მოყვარე და გენერლის მორჩილი…

იყვნენ ყვავებიც, დამბაჩის ხმაზე შემრთხალნი, სიკვდილით შეშინებულნი…

კიდევ იყო –  „ალბათ,“  უნდა მომკვდარიყო…

კდევ  იყო –  „ნუთუ“,  მოკვდებოდა?…

და კიდევ   ისიც იყო- „ვითომ“ დაფრთხებოდნენ?

კიდევ იყო გოგონა,  რომელსაც  არ  სჯერა ყვავებმა რომ უკეთ იციან  სიცოცხლის ფასი…

კიდევ იყო მწერალი– დიდი ტკივილით, დარდით, სიყვარულით, სიკეთით სავსე გულითა და ოქროს  კალმით, რომელმაც  გვთხოვა, დავფიქრდეთ და დავიჯეროთ- ნამდვილად რომ  ფრთხებიან  ყვავები  დამბაჩის   ხმაზე…

კიდევ იყო პაშა  დადიანი, დიდებული ქალბატონი, რომელსაც აუცილებლად ექნებოდა წაკითხული  „ლექსი  ვეფხისა  და მოყმისა“…
კიდევ იყო სიცოცხლე… არის  და იქნება  უჩვენოდაც….

კიდევ  სიკვდილიც იყო…   ის  სიკვდილი,რომელიც   ღ  ი  რ  დ  ა  !

ეგ იყო და ეგ….“

 

რატომ „არ სველდება“ ბატი?

0

ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, სადაც ინტერაქტივის გარეშე ისევ ფიზიკის შესახებ მოგითხრობთ. მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ, რომ სხეული შედგება განუწყვეტლივ მოძრავი მოლეკულებისგან და ატომებისგან, ახლა შევეცდებით გავარკვიოთ ამ ნაწილაკებს შორის არსებული  „ურთიერთ დამოკიდებულებები“.

საგნები, ფიზიკის ენაზე – სხეულები, რომელიც ჩვენ ირგვლივ არსებობს, არ იშლება. უფრო მეტიც მყარი სხეულის გაჭიმვა ან დამტვრევა საკმაოდ ძნელია. რით აიხსნება ეს? თუ წარმოვიდგენთ, რომ ნივთიერება ცალკეული მოლეკულისგან და ატომისგან შედგება, მაშინ სხეულის გაჭიმვისას წინააღმდეგობის ძალის აღძვრის მიზეზად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაწილაკებს შორის უნდა არსებობდეს მიზიდულობის ძალა. ჩავთვლოთ, რომ ეს ასეა – ყოველი მოლეკულა იზიდავს მეზობელ მოლეკულას და თვითონაც მიიზიდება მისგან. მართლაც, ამ ვარაუდს ასაბუთებს ცნობილი ექსპერიმენტი: ფართო ჯამში ჩავასხათ წყალი. დინამომეტრზე ჰორიზონტალურად დავკიდოთ მინის ფირფიტა და შევახოთ იგი წყლის ზედაპირს (სურ. 1). ფირფიტის წყლისგან მოწყვეტა საკმაოდ რთულია. თითქოს წყალი იზიდავს ფირფიტას და არ უშვებს მას ზემოთ. დინანომეტრის ჩვენება სწორედ წყლის მოლეკულების მიზიდვის ძალას გვიზომავს.

 

სურ. 1.

ეს ჩანს იქიდან, რომ ფირფიტა, წყლის ზედაპირიდან მოწყვეტის შემდეგ, დასველებულია. მაშასადამე, წყვეტა ხდება არა იმ ადგილებში, სადაც წყლის მოლეკულები მინის მოლეკულებს ეხება, არამედ, იქ, სადაც წყლის მოლეკულები ერთმანეთს ეხება. თუ მოლეკულათა შორის მიზიდულობის ძალა მართლა არსებობს, მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ  მყარი სხეულის, მაგალითად ცარცის ან მინის ნატეხების შეერთება შეუძლებელია? თუ ნაწილაკებს შორის მიზიდულობა არსებობს, მაშინ ნატეხების გამთლიანება არ უნდა გაგვიჭირდეს. ეს კი არ ხერხდება.

ახლა განვიხილოთ და გამოვიკვლიოთ სურ. 2-ზე წარმოდგენილი ექსპერიმენტი.

სურ. 2.

ტყვიის ორი ცილინდრის ფუძე კარგად გავაპრიალოთ, ამით ზედაპირს მოვაცილებთ ჟანგს და ჭუჭყს. ამის შემდეგ, თუ მათ ერთმანეთს მჭიდროდ მივადებთ, ცილინდრები ერთმანეთს მიეკვრება. უფრო მეტიც, მნიშვნელოვან დატვირთვასაც კი გაუძლებს. ახლა შევეცადოთ ავხსნათ ეს მოვლენა. ჟანგისა და ჭუჭყის მოცილების შემდეგ ცილინდრების  მჭიდროდ ერთმანეთზე მიდებით სხეულები და შესაბამისად, მათი ზედაპირის მოლეკულები მეტისმეტად მივუახლოვოთ ერთმანეთს. თუ ვივარაუდებთ, რომ მოლეკულებს შორის მიზიდულობის ძალა შესამჩნევი ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, მაშინ გასაგები ხდება, რატომ არ ერთდება გატეხილი ცარცის ან მინის ნატეხები. გადატეხის შედეგად წარმოქმნილი ზედაპირების უსწორმასწორო ფორმა ხელს უშლის მოლეკულების იმდენად მიახლოებას, რომ მათ შორის მიზიდულობის ძალა აღიძრას. მართლაც ასეა. თურმე საკმარისია, ცარცის ნატეხებს შორის არსებობდეს ძალიან მცირე მანძილი (0,000001 სმ), რომ მოლეკულებს შორის მიზიდულობა საკმაოდ შესუსტდება და შესამჩნევიც აღარ იქნება. მაგრამ თუ გადანატეხ ზედპირებს წებოთი დავფარავთ, უსწორმასწორო ადგილები შეივსება. ამის შემდეგ, თუ ნაჭრებს გადატეხის ზედაპირებით მჭიდროდ მივადებთ ერთმანეთს და წებოს გაშრობას დაველოდებით, ნამტვრევები შეწებდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წებოს მოლეკულები ერთმანეთზეც და ნამტვრევების მოლეკულებზე მიზიდულობის ძალით მოქმედებს.

ახლა გასაგები ხდება, რატომ არის ადვილი პლასტელინის, ან სველი თიხის ნაჭრების ერთმანეთზე მიკვრა. რბილი სხეულების ზედაპირის ერთმანეთთან მიახლოება და შესაბამისად, მოლეკულების ერთმანეთთან „საჭირო“ მანძილზე მიყვანა ხომ გაცილებით ადვილია?!

ესე იგი, ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები – მოლეკულები და ატომები ერთმანეთს იზიდავენ მაშინ, როცა მათ შორის მანძილი ძალიან მცირეა. დაახლოებით მოლეკულათა ზომის.

მაგრამ თუ ვივარაუდებთ, რომ მოლეკულებს შორის მხოლოდ მიზიდულობის ძალები არსებობს, მაშინ შეუძლებელია აიხსნას, რატომ არის პრაქტიკულად შეუძლებელი წყლის დგუშით შეკუმშვა? ან რატომ არის რთული მყარი სხეულის შეკუმშვა? მიზიდვის ძალებთან ერთად ხომ არ მოქმედებს მოლეკულებს შორის გამზიდვის ძალებიც? მართლაც, ნაწილაკებს შორის მხოლოდ მიზიდვის ძალები რომ არსებობდეს, მაშინ მათ შორის შუალედები არ იქნებოდა. მიზიდვის გამო ისინი შეერთდებოდნენ. ეს კი არ ხდება.

ამრიგად, ნივთიერების ნაწილაკებს შორის მანძილის გაზრდისას ისინი ურთიერთმიიზიდებიან, ხოლო მიახლოებისას კი – განიზიდებიან (სურ. 3).

სურ. 3.

თუ გავიხსენებთ ატომის აგებულებას, მაშინ ამ ურთიერთქმედების (მიზიდვა-განზიდვის) გამომწვევი მიზეზების ახსნასაც შევძლებთ. როცა მყარი სხეულის ატომები წონასწორობაშია, მათ შორის მანძილი დაახლოებით მათი დიამეტრის ზომისაა. ამ მდგომარეობაში მიზიდვის ძალა განზიდვის ძალის ტოლია. სხეულის გაჭიმვისას, ატომებს შორს მანძილი აღემატება წონასწორობის შესაბამის მანძილს. ამ დროს გააქტიურდება მიზიდულობის ძალა. ერთი ატომის ბირთვი (+) იზიდავს მეორე ატომის ელექტრონებს (-) და პირიქით, მეორის ბირთვი (+) იზიდავს პირველის ელექტრონებს (-). ხოლო სხეულის შეკუმშვისას, ატომებს შორის მანძილი მცირდება წონასწორულ მანძილთან შედარებით. ამ დროს გააქტიურდება განზიდვის ძალები. ერთი ატომის ბირთვი(+) განიზიდავს მეორე ატომის ბირთვს (+), ასევე ერთმანეთს განიზიდავენ მეზობელი ატომების ელექტრონები (-).

ამგვარად, ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკები – მოლეკულები და ატომები ურთიერთქმედებენ – მიიზიდებიან და განიზიდებიან (სურ. 4).

სურ. 4.

ახლა დავუბრუნდეთ სურ. 1-ს. გავიხსენოთ, რომ წლის ზედაპირიდან მოწყვეტილი მინის ფირფიტაზე აღმოჩნდა წყლის წვეთები. ანუ წყალმა დაასველა მინა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყლის მოლეკულები უფრო სუსტად იზიდავენ ერთმანეთს, ვიდრე წყლის და მინის მოლეკულები. თუ წყალში ჩავუშვებთ პარაფინის ან ცვილის ფირფიტას, მას წყლიდან მშრალს ამოვიღებთ. ანუ წყალი პარაფინს და ცვილს არ ასველებს. წყალი არ ასველებს არც ცხიმიან ზედაპირს. არადასველებადობა იმით აიხსნება, რომ სითხის მოლეკულები უფრო ძლიერ მიიზიდება ერთმანეთისკენ, ვიდრე მყარი სხეულის მოლეკულებისკენ.

ახლა კი ვუპასუხოთ ჩვენს კითხვას – რატომ არ „სველდება“ ბატი? გავიხსენოთ, რომ მცურავი ფრინველები ბუმბულზე ნისკარტით ისვამენ ცხიმს, რომელსაც განსაკუთრებული ჯირკვალი გამოყოფს, ამიტომ მათი ბუმბული წყლით არ სველდება. ბუმბულის ქვეშ ღინღლი ყოველთვის მშრალია, თუმცა განსაკუთრებით საშიშია ფრინველებისთვის წყლის ნავთობით დაბინძურება, რადგან ნავთი ასველებს ფრინველის ფრთებს, წყალი აღწევს ღინღლის ქვეშ ფრინველის სხეულამდე. ამ დროს შესაძლებელია ფრინველის დასველება და გაყინვა.

ამგვარად, დასველება-არდასველების მოვლენებიც განპირობებულია ნივთიერებათა მოლეკულებს შორის ურთიერქმედების – მიზიდვა-განზიდვის ძალების არსებობით.

 

ლიტერატურა

  1. ილუსტრაციები მოლეკულათა შორის ურთიერთქმედების შესახებ

https://www.slideshare.net/makasya/7-29135135;

  1. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  4. ეთერ ბასიაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2005 წ .

რატომ უნდა ფლობდეს მასწავლებელი თვითრეფლექსიის მართვის ტექნიკას?

0

 

„ახალი პარადიგმის მიხედვით მოწყობილ სკოლებში კონკრეტული დრო, ალბათ, უნდა დაეთმოს თვითრეფლექსიის ტექნიკების სწავლას: მოსწავლეთა მიერ საკუთარი ყოველდღიურობის ანალიზს არსებული ცოდნის მიხედვით.“

გიგი თევზაძე „საბოლოო ფილოსოფია“

„მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი?“ –  ეს ალბათ მთავარი კითხვაა, რომელზეც პასუხი გამუდმებულად უნდა ეძებოს ადამიანმა; მაგრამ საიდან უნდა დაიწყოს საკუთარი თავის ეს ძიება და თვითრეფლექსია? როგორც კი საკუთარ თავს აცნობიერებ, როგორც სამყაროს ნაწილს, ბუნებრივად იბადება კითხვა: ვინ ხარ…? რა გინდა? რატომ დაიბადე?

ალბათ ყველას ახსოვს ბავშვობის ის უცნაური კადრი და შეგრძნება, როდესაც ამ კითხვებმა პირველად ჩააფიქრა… მეც მახსოვს სკოლამდელი ასაკი, გაშტერებული ვარსკვლავებიან ცას ავყურებდი და ღრუბლებზე ვეძებდი დურბინდიან კაცს, რომელიც ყველას უყურებდა და მინდოდა შევემჩნიე, რომ კითხვა დამესვა: – ჰეი, შენ, მანდ… რომ მიყურებ ზემოდან, მითხარი, რამხელაა ეგ ცა…? უფრო დიდია და მე ვერ ვხედავ…? რატომ ვერ ვხედავ ყველაფერს…?

მერე მეგონა, რომ ფილმში ვცხოვრობდი და ვცდილობდი, როლი კარგად შემესრულებინა… რამდენი ფიქრი შეიძლება გაჩნდეს ბავშვების თავში და სულაც არ არის სასაცილო რომელიმე… მაგალითად, რატომ გამებუტა ჩემი მეგობარი კლასელი (მე-5 კლასში), რომელიც ძალიან მიყვარდა? ამის გამო ღამეები არ მეძინა… მერე ვარკვევდი, ვარკვევდი… სახლში მეტყოდნენ: ალბათ შენი ბრალი იყოო… მერე ვეძებდი, ნეტავ, რა დავაშავე…? მერე აღმოჩნდებოდა, რომ თურმე ის ეწყინა, სხვასთანაც რომ ვმეგობრობდი… ჰოდა, კარგი იქნებოდა, ამ დროს მასწავლებელი თუ დამეხმარებოდა და ამიხსნიდა, რა არის ეგოიზმი და ასე შემდეგ… ასეთი პატარა ამბებით ხომ სავსეა ბავშვების ცხოვრება და მათ ყოველთვის სჭირდებათ დახმარება.

ყველა პატარა ამბავზე პასუხი უფრო დიდი ამბის ნაწილია. იმ მთავარი კითხვისკენ მივყავართ: „მაინც რა არის ჩვენი ყოფა-წუთისოფელი?“

გიგი თევზაძის ძალიან საინტერესო წიგნის – „საბოლოო ფილოსოფია“ – იმ ნაწილს რომ ვკითხულობდი, რომელშიც სკოლაზე, ახალ განათლებაზე, სიამოვნების ხეზე, ბედნიერებაზე და თვითრეფლექსიაზეა საუბარი, მაშინ გამახსენდა ჩემი ბავშვობის ეს ამბებიც, რომელსაც უფრო სწრაფად გადავლახავდი, სკოლაში მასწავლებლებს თვითრეფლექსიის ტექნიკის მართვა რომ შეძლებოდათ.

ახლა უკვე გვაქვს ეს წიგნი და, მასწავლებლებო, თუ გინდათ, საკუთარ თავს და მოსწავლეებსაც დაუსვათ ის კითხვები, რომლებზეც პასუხიც ბედნიერების კუნძულისკენ თავბრუდამხვევ მოგზაურობაში გაგიტაცებთ, მაშინ იჩქარეთ და ნუ გადადებთ ბედნიერებას! ეს წიგნი ჩვენმა მთავარმა რედაქტორმა, ნატო ინგოროყვამ, მაშინვე დადო საიტზე და შეგიძლიათ უფასოდ გადაიწეროთ. აგერ ლინკიც: https://mastsavlebeli.ge/?p=14520

ერთ თავში გიგი თევზაძე ჰოვარდ გარდნერის მრავალი ინტელექტის თეორიას განიხილავს და გვთავაზობს სასწავლო გარემოს იმგვარ მოწყობას, რომელშიც მოსწავლე გამოავლენს იმ უნარებს, რომლებიც აქვს, მაგრამ არსებულ სისტემაში ვერ ხდება ამ უნარების აღმოჩენა.

გიგი თევზაძე თანამედროვე მსოფლიოში ყველაზე უფრო პროგრესულ განათლების ექსპერტებს შორსიაა. ამას მე პირადი დაკვირვებით ვამბობ. მაგალითად, ჩვენ სიამოვნებით ვციტირებთ სერ კენ რობინსონს, როდესაც ის საუბრობს იმაზე, თუ როგორ კლავს თანამედროვე სკოლა ბავშვებში შემოქმედებითობას ან როგორი საჭიროა, რომ მათ საკუთარ თავში უნარები აღმოაჩინონ:

როდესაც ადამიანები ამყარებენ კავშირს თავიანთ ნიჭთან, რომელიც მათში ცხოვრობს, შეეხებიან მას და აღმოაჩენენ, თუ რა შეუძლიათ, ისინი იცვლებიან, სხვანაირები ხდებიან და ჩემთვის ეს არის ის საფუძველი, რაზეც უნდა აშენდეს განათლების ახალი სისტემა. (ხაზგასმა ჩემია, ც.ბ.). ეს ნიშნავს არა ძველი მოდელის გამყარებას თუ გაუმჯობესებას, არამედ ჩვენი პიროვნული შეგრძნებების რეკონსტრუირებას და მათ სინერგიას – სერ კენ რობინსონი.

გიგი თევზაძის ნაშრომები იმით არის უფრო ღირებული, რომ ის უბრალოდ რჩევები კი არ არის, ის ეფუძნება მეცნიერულ კვლევებს. ძალიან საინტერესო ინფორმაციას მიიღებენ მასწავლებლები, თუ გაეცნობიან აგრეთვე ამ თავს: „ორი ინტელექტის გარემოცვაში: როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები“(გვ. 129). არაფერს გეტყვით იმ 6 პრინციპზე, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს მომავლის სკოლა და რომლებსაც ამ წიგნში ამოიკითხავთ.

კენ რონინსონისა და გიგი თევზაძის  მომავლის სკოლის მსგავსი ხედვა, რა თქმა უნდა, ეს არ არის პლაგიატი, ეს არის პროგრესული ადამიანების თვალთახედვა, რომლებიც გრძნობენ მომავალს და მომავლის საჭიროებებს იმისათვის, თუ როგორ უნდა გახდეს ადამიანი ბედნიერი.

ახლა კი 4 მთავარი კითხვა გიგი თევზაძის „თვითრეფლექსიის სახელმძღვანელოდან“ (გვ.159).

ეს კითხვები შეუძლიათ მასწავლებლებმა გამოიყენონ მოსწავლეებისთვის, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ თვითრეფლექსია გზაა ბედნიერებისკენ და რომ ეს მათ მოსწავლეებს სჭირდებათ:

  • რა მსიამოვნებს?
  • რამდენად შეიძლება (რაზეა დამოკიდებული, რომ) ის, რაც მსიამოვნებს, იყოს მდგრადი და მეტ-ნაკლებად მუდმივი?
  • რამდენად შესაძლებელია, რომ ის, რაც მსიამოვნებს, მივიღო სხვებისთვის ზიანის მიუყენებლად?
  • რამდენად მაზიანებს ის, რაც მსიამოვნებს და რამდენად შესაძლებელია, სიამოვნების მიღება ჩემი დაზიანების გარეშე?

ეს ის კითხვებია, რომელზეც გულწრფელი პასუხის შემთხვევაში, ადამიანი აირიდებს არასასურველ მომავალს და მიუახლოვდება ბედნიერებას.

გიგი თევზაძის „სიამოვნების ხე“ და  ბარათაშვილის „საწყაული აღუვსებელი“  დაახლეობით მსგავსი მეტაფორებია: შეიძლება „სიამოვნების ხეების“ ბაღნარი გააშენო და არასდროს დაასრულო ეს პროცესი, ისევე, როგორც ძირგავარდნილ საწყაულს ვერასდროს აავსებ…

მაინც რა არის ჩვენი ყოფა — წუთისოფელი,
თუ არა ოდენ საწყაული აღუვსებელი?
ვინ არის იგი, ვის თვის გული ერთხელ აღევსოს,
და რაც მიეღოს ერთხელ ნატვრით, ისი ეკმაროს?

წიგნის დასასრულს კი თქვენ მიიღებთ პასუხს ძალიან მნიშვნელოვან კითხვაზე: რა ხდება მას შემდეგ, რაც „აღუვსებელი აღივსება“? რა ხდება „სიამოვნების ხეების“ შემდეგ? და რა შუაშია ამ ყველაფერთან გაუტამა ბუდა?

 

ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ბედნიერი, რეალიზებული, პერსპექტიული

0

მსოფლიოს ახალი წლის საუკეთესო მასწავლებელი ჰყავს – კენიელი პიტერ ტაბიჩი აფრიკის ერთი პატარა სოფლიდან. ჩვენს დღევანდელ სტუმარს კი, მასთან ერთად სცენაზე ასასვლელად, მხოლოდ ორი ნაბიჯი დააკლდა – ნათია ფურცელაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2017 წლის საუკეთესო ათეულიდანაა. სკოლა „ქორალის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ამავე სკოლის ლიტერატურულ კლუბ „წიგნიერსაც“ ხელმძღვანელობს და, შესაძლოა, მისი მასწავლებლობისა და მოსწავლეებთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო მომენტი ესეც იყოს, რადგან აქ შეგიძლიათ „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებიდან დაწყებული, არნოლდ შვარცნეგერით დამთავრებული, ნებისმიერ გმირად იქცეთ.

– ათეულში მოხვედრიდან ორი წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი სამასწავლებლო საქმიანობა, რა შეგძინათ ამ აღიარებამ?

– მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსში მონაწილეობამ და ათეულში მოხვედრამ უფრო დამარწმუნა, რომ ოდესღაც სწორი არჩევანი გავაკეთე. მასწავლებლობაზე ყოველთვის ვოცნებობდი, მაგრამ ჩემი არჩევანისადმი საზოგადოების დამოკიდებულება წარმოუდგენლად სკეპტიკური იყო, ვერაფრით იგებდნენ, რატომ მინდოდა ერთ-ერთ ყველაზე დაუფასებელ და მძიმე პროფესიას შევჭიდებოდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა – აღარ მესმის გაოცებული კითხვები, ეს კი ნიშნავს, რომ ამ პროფესიისადმი თავად საზოგადოების დამოკიდებულებაა შეცვლილი. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ ერთი წარმატებით ჩემი პროფესია ავამაღლე, ოდნავ მეტი პრესტიჟი და პატივისცემა შევმატე.

– თავად კი პასუხისმგებლობა მოგემატათ…

– რაც გარდაუვალი იყო და ამისთვის მზად ვიყავი. ახლა უკვე ვიცი, რომ  ჩემი პროფესიის პოპულარიზაციაზე ზრუნვა მართლაც არის შედეგის მომტანი. საინტერესო მასწავლებლური ცხოვრება აქამდეც მქონდა, თუმცა პროფესიის მიმართ ასეთ პასუხისმგებლობას ნამდვილად არ ვგრძნობდი. ახლა ყველაფერი შეიცვალა, სხვა ვალდებულებები და დამოკიდებულებები გამიჩნდა.

– დაიწყეთ რაღაც ისეთის კეთება, რასაც აქამდე საჭიროდ არ მიიჩნევდით?

– კონკურსში მონაწილეობამ უამრავი კოლეგა მეგობარი შემძინა – ქვეყნის საუკეთესო მასწავლებლები და კონკურსის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები, რომლებიც მასწავლებლის პროფესიაზე მართლა ზრუნავენ. ნამდვილად არ ვიცოდი, ამას ვინმე თუ აკეთებდა. თურმე მართლა არიან ასეთი ადამიანები, მე კი არ ვიცოდი. კოლეგებთან უფრო ინტენსიური ურთიერთობის შედეგად პრაქტიკისადმი ინტერესიც მომემატა, გამიჩნდა საკუთარი გამოცდილების გაზიარებისა და მათი მეთოდების გაცნობის სურვილი. ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებმა ერთმანეთს გავუღეთ საკლასო ოთახები, რაც ჩვენ მიერ შემუშავებული მეთოდების გავრცელებისთვის საუკეთესო საშუალებაა – სწორედ ესაა თანამშრომლობის კულტურა. მაგალითად, შარშან სვანეთს ვესტუმრე, სადაც 2017 წლის კონკურსის კიდევ ერთი ფინალისტის, მესტიის სოფელ ფარის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ეკა წულუკიძის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების კონფერენციას დავესწარი. უამრავ კოლეგას შევხვდი, მოვუყევი ჩემი ამბავი და მოვისმინე მათი. გარდა ამისა, ავიხდინე სვანეთში მოგზაურობის ოცნებაც. ეს იყო საუკეთესო დღეები და საჭირო გამოცდილება.

mastsavlebeli.ge-ზე ერთ-ერთ სტატიაში წერთ, თუ როგორ და რატომ უნდა მიიღონ მასწავლებლებმა მონაწილეობა მასწავლებლის ეროვნულ კონკურსში. რა იყო თქვენი მოტივაცია?

– ჩემი მთავარი მოტივაცია მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია გახლდათ და ვფიქრობდი, რომ ჩემი გამოცდილება და მეთოდები, უკვე არსებული წარმატებები, ამისთვის გამოდგებოდა. თავიდან მეც ვყოყმანობდი. ტელევიზიით ნანახი ანონსი უყურადღებოდ გავატარე, მაგრამ შემდეგ ახლობლებმა და ოჯახის წევრებმაც მიმითითეს, რომ განაცხადი აუცილებლად უნდა შემევსო. ამის შემდეგ კი რჩევა ვკითხე ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს, რადგან მათი აზრი ყველაზე მნიშვნელოვანია და საუკეთესოდ იციან, რას ვაკეთებ. მართლაც – ამაზე ფიქრი დავიწყე, გავეცანი შერჩევის კრიტერიუმებს და განაცხადის შევსების წესებს. საქმეს ობიექტურად მივუდექი, თუმცა ისიც ვიფიქრე,  რომ კონკურსის ჟიურის წევრებისთვის საინტერესო ვიქნებოდი. მინდოდა, ჩემი საქმიანობა განათლების პროფესიონალებს შეეფასებინათ, მიეთითებინათ ნაკლისა თუ უპირატესობისკენ. საკუთარ თავს ვუთხარი კიდეც: თუ ათეულში მოხვდები, ესე იგი, სწორი გზით მიდიხარ და თუ ვერ, მაინც ასეა, რადგან დაინახავ, რომ რაღაც უნდა შეცვალო და მეტი გააკეთო. ამრიგად, მოტივაცია არც ერთ შემთხვევაში არ დამეკარგებოდა. ვფიქრობ, ამ კონკურსში მონაწილეობა აუცილებლად უნდა მიმეღო. არა იმიტომ, რომ ჩემი თავი საუკეთესო მასწავლებელი მგონია, არამედ იმიტომ, რომ მოსწავლეების მოთხოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით ვასწავლი, გაკვეთილებსაც შესაბამისად ვგეგმავ და, წლების განმავლობაში, მოსაყოლი ბევრი დამიგროვდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა ვარ და ძალიან მინდა, ჩემი მაგალითით ამ პროფესიით მეტი ახალგაზრდა დავაინტერესო, მასწავლებლობა მათთვისაც გახდეს საინტერსო და გაიგონ, რომ ამ პროფესიაშიც შეიძლება იყო ბედნიერი, რეალიზებული და პერსპექტიული.

– საუბრის დასაწყისში ახსენეთ, რომ თქვენი მასწავლებლობის სურვილის მიმართ ბევრი სკეპტიკური დამოკიდებულება გსმენიათ. ცხადია, განათლების სფეროში ბევრი პრობლემა გვაქვს, მაგრამ მასწავლებლის პროფესიის მიმართ ამგვარ დამოკიდებულებას მაინც რა იწვევს?

– ფაქტია, რომ საზოგადოება ნეგატიური ინფორმაციით უფრო ინტერესდება, ვიდრე პოზიტიურით. არადა, ჩვენს სფეროში იმდენი საინტერესო რამ ხდება, მოსაყოლი არ დაილევა. მოდი, ამაზე  ვილაპარაკოთ და არა იმაზე, რამდენი მასწავლებელი ჩაიჭრა გამოცდებზე და რამდენმა ვერ დააკმაყოფილა კომპეტენცია. ნუ დაგვავიწყდება, რომ უმეტესობამ პირადი ცხოვრება დათმო, რათა მასწავლებლის პროფესიაში წარმატებისთვის მიეღწია და ბავშვებისთვის განათლების ბედნიერება მოეტანა. სწორედ, ნეგატიურ სიახლეებზე აქცენტირება ბადებს ჩვენი პროფესიის მიმართ სკეპტიციზმსაც. აქვე აუცილებლად უნდა ვახსენო ანაზღაურების საკითხიც. ეს აუცილებელია, რათა ადამიანი მხოლოდ მასწავლებლობაზე იყოს კონცენტრირებული და დღე ისე დაგეგმოს, სხვა საქმის კეთება არ უწევდეს. მასწავლებლების უმეტესობა, შემოსავლის გაზრდის მიზნით, სხვა საქმესაც აკეთებს, ამ დროს კი თავის მოსწავლეებს აკლებს.

– მახსოვს, როდესაც „მანდარინები“ „ოსკარის“ ნომინაციაში მოხვდა, ამ წარმატების გამო კინოცენტრს დაფინანსება გაუზარდეს. იქნებ, ლადო აფხაზავასა და თქვენნაირი სხვა მასწავლებლების ამბავმაც შეცვალოს საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება?

– ამ მხრივ, იმედიანად ვარ განწყობილი. თუნდაც ერთი ლადოს აფხაზავას მაგალითით რომ ვიმსჯელოთ, მასწავლებლის ეროვნულმა ჯილდომ უკვე მოიტანა უდიდესი შედეგი – მასწავლებლების მიმართ დამოკიდებულება ჯანსაღი მიმართულებით შეიცვალა, და ეს შედეგი წლების შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდება, როცა რეალურ ნაყოფს მივიღებთ. მეც კი, კონკურსის რიგითი მონაწილე, უკვე ვხვდები შეცვლილ განწყობასა და დამოკიდებულებას. თუმცა, სხვა მასწავლებლებისგან განსხვავებით, ამ განწყობას სულ ვგრძნობდი, რადგან თავიდანვე ისეთ სკოლაში მოვხვდი, სადაც მასწავლებელს აფასებენ, უსმენენ, სადაც მასწავლებლის სჯერათ. ეს დიდი ბედნიერებაა. არიან ისეთი მასწავლებლებიც, თუნდაც იგივე ლადო აფხაზავა, მინიმალურ ხელფასზე და მძიმე პირობებში რომ უმუშავიათ, მაგრამ საქმის კეთება არასდროს შეუწყვიტავთ. აუცილებლად უნდა დავაფასოთ ადამიანები, რომლებიც სრულად აცნობიერებენ საკუთარ წილ პასუხისმგებლობას და ბოლომდე იხარჯებიან ამ პროფესიაში.

– ლადო აფხაზავა ახსენეთ და მოდი, ცოტა მასზეც ვისაუბროთ. თქვენი შეფასებით, როგორი მასწავლებელია? და თუ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს წლევანდელი ათეულით ვიმსჯელებთ, როგორია თანამედროვე განათლების სისტემის მოთხოვნები და კრიტერიუმები?

– ლადო ორი წლის წინ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტების შეკრებაზე გავიცანი და მალევე დავმეგობრდით. ჩიბათის სკოლაში არ ვარ ნამყოფი, არ მინახავს, როგორ ატარებს გაკვეთილებს, მაგრამ შევხვედრივარ მის მოსწავლეებს და ეს უკვე ნიშნავს, რომ ლადოს შესახებ ყველაფერი ვიცი – მოსწავლეები აღტაცებით ყვებიან, ლადოსთან შეხვედრის შემდეგ, როგორ გაუმჯობესდა არა მხოლოდ მათი სასწავლო პროცესი, არამედ ცხოვრებაც. რაც შეეხება მსოფლიო განათლების სისტემის კრიტერიუმებს, აშკარაა, რომ უპირატესობა არაფორმალურ განათლებას ენიჭება, ბავშვებს ისე ასწავლიან, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა ცხოვრებაში მართლაც გამოიყენონ.

– თქვენ რამდენად იყენებთ არაფორმალურ განათლებას?

– ვფიქრობ, რომ ვიყენებ, რაც ჩემი მოსწავლეებისგან მიღებულ უკუკავშირში ჩანს. ახლავე გაჩვენებთ დღევანდელ დავალებას… თავადაც ისე მაინტერესებს, ერთი სული მაქვს, ბოლომდე როდის გადავიკითხავ… აი, ისიც: მერვეკლასელებს პროგრამაში დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“ აქვთ. თავიდან არ დაინტერესდნენ, ტექსტს ვერაფრით დაუახლოვდნენ, რაც დროითი დისტანციის, ენის თავისებურებითა და სხვა მიზეზებით იყო განპირობებული. ერთადაც ვცადეთ წაკითხვა, მაგრამ მაინც არაფერი – ინტერესი არა და არ გაჩნდა. ბოლოს გამოსავალი მოვძებნე: ეკრანზე დავით კლდიაშვილის ოთხ შვილთან ერთად გადაღებული ფოტო ვაჩვენე და ვთხოვე, მისი ენით მიეწერათ ცოლისთვის, მარიამ მაჭავარიანისთვის, რომელიც ფოტოზე არაა, ვითომ სადღაცაა წასული. შესანიშნავი შედეგი მივიღე, რადგან დავინახე, რომ ასე უკეთესად გაუგეს მწერალს, მის ეპოქას მეტად დაუახლოვდნენ. ერთმა წერილის გარდა მეუღლეს შვილების ნახატებიც გაუგზავნა, ვითომ ბავშვებმა დედას ოჯახის წევრები დაუხატეს. ამ საოცარი უკუკავშირის შემდეგ მეც როლში შევედი და მეტი მოვინდომე: წავიკითხეთ დავით კლდიაშვილის მოგონებები ბათუმზე და ვთხოვე, მაშინდელი ბათუმის ფოტოები მოეძებნათ და საკუთარი აღწერებით გამოეგზავნათ. ამას კი უამრავი თემა მოჰყვა – მაგალითად, ვითომ დავით კლდიაშვილის სახელით წლის საუკეთესო მწერლის საკონკურსო განაცხადი უნდა შეევსოთ. გარეთ 1910 წელია. დავით კლდიაშვილი წერს ბიოგრაფიას, იხსენებს ბავშვობას, ლაპარაკობს განათლებაზე, წერს სამოტივაციო წერილს, ბოლოს კი პასუხს სცემს კითხვაზე, 21-ე საუკუნეში რომ მოხვედრილიყო, რაზე დაწერდა ნაწარმოებს და სათაურად რას დაარქმევდა. ამრიგად, მოსწავლეები ეცნობიან არა მხოლოდ მწერლის ბიოგრაფიას და მრავალშვილიანი მამის ცხოვრების დეტალებს, არამედ სწავლობენ საარქივო მასალის მოძებნას, ბათუმის ისტორიას, საკონკურსო განაცხადის შევსებას, სამოტივაციო წერილის წერას და, ბოლოს, დროშიც მოგზაურობენ. ანუ ერთი გაკვეთილით გავიარეთ არა მხოლოდ შემეცნებითი და გასართობი, არამედ მომავალში გამოსადეგი საკითხებიც.

– ეს ყველაფერი ძალიან კარგია, თქვენც აღფრთოვანებით ლაპარაკობთ და ბავშვებსაც მოსწონთ, მაგრამ როგორია მშობლების დამოკიდებულება არაფორმალური სწავლების მიმართ?

– ჩემი ერთ-ერთი მეთოდი თამაშით სწავლებაა, რაც ძალიან სახალისოა და მოსწავლეები ყოველთვის მოუთმენლად ელოდებიან. ასევე ძალიან ეფექტურია, როდესაც ბავშვები სასწავლო რესურსს თავად ქმნიან. ცხდია, ამ მეთოდს ხშირად ვერ მივმართავ, რადგან განსაკუთრებული გაკვეთილები უამრავ დროსა და შრომას მოითხოვს, შეიძლება ღამის გათენებაც დამჭირდეს. თუმცა ბავშვების გასაბედნიერებლად ყველანაირი მსხვერპლი გამართლებულია. ამას მშობელიც ხედავს, რომელსაც სწორი კომუნიკაციით ადვილად აუხსნი, თუ რატომ ჯობს ესა თუ ის განსხვავებული მეთოდი უკვე დადგენილს. თუ მშობელთან კომუნიკაცია წარმატებულია, მაშინ ბავშვიც მოგებული გამოდის, რადგან მასწავლებელი და მშობელი სწორედ მისი უკეთესი შედეგისთვის ერთიანდებიან. ამისთვის მშობელს მასწავლებლის მიმართ ნდობაც უნდა ჰქონდეს. საკუთარ მაგალითს მოგიყვანთ: როდესაც მასწავლებლობა დავიწყე, ისეთი პატარა ვიყავი, რომ ჩემი მოსწავლეების მშობლები ჩემს მშობლებზე უფროსები იყვნენ. მაგრამ ნდობა გამომიცხადეს, შვილები მომაბარეს, რისთვისაც მათი მადლიერი ვარ.

– ეროვნული კონკურსის ათეულში მოხვედრა უკვე არის წარმატება. შესაბამისად, ალბათ გქონდათ შემოთავაზებებიც.

– მასწავლებლობა ამ სკოლაში დავიწყე და, მეცხრე წელია, აქ ვარ. ცხადაია, შემოთავაზება სხვა სკოლებიდანაც მქონია, მაგრამ ეს სკოლა, ეს სივრცე, ჩემთვის განსაკუთრებით ძვირფასია. შეიძლება ითქვას, რომ აქ გავიზარდე და მენდობოდნენ მაშინაც, როდესაც არავინ მიცნობდა. ამ ნდობამ და თავისუფლების ხარიხმა კი მეტის საკეთებლად გამაძლიერა.

– თითქმის ათი წელია, მასწავლებლი ხართ. გიფიქრიათ ვინ და სად იქნებით კიდევ ერთი ათი წლის შემდეგ?

– სკოლაში აუცილებლად ვიქნები, თუმცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე უკვე ვასწავლი ქართულის მომავალ მასწავლებლებს. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მასწავლებლობა შევაყვარო, იცოდნენ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროფესიაა და აუცილებლად შეუყვარდებათ. პარალელურად „ქორალის“ დირექტორის მოადგილეც ვარ. ჩემი საქმე ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, პროექტების მომზადება და მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. ყოველდღიურად მზრდის ჟურნალ „მასწავლებლის“ ავტორობაც. ამრიგად,  ძიებისა და ახალი აღმოჩენებისთვის მუდამ მზად ვარ – მომწონს მასწავლებლობა და ამ პროფესიაში ყოფნის არ მეშინია.

სამი ელექტრონული რესურსი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის

0

ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება „ადასტურებს, რომ ადამიანის უფლებები მუდმივად უნდა იყოს დაცული და ყველა მუდმივად უნდა სცემდეს მათ პატივს“ (1.1)

„პატივისცემას გამოხატავს სხვა ადამიანების მიმართ და ექცევა მათ, როგორც თანასწორებს“ (5.27)

„გამოთქვამს სურვილსა და მზადყოფნას, ითანამშრომლოს და იმუშაოს სხვებთან ერთად“ (6. 33)

„შეუძლია, ამოიცნოს, როდის სჭირდება მის პარტნიორს მისი დახმარება“ (13. 76)

„შეუძლია ახსნას, თუ რატომ აქვთ სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს განსხვავებული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის ნორმები და წესები, რომლებიც, მათი ხედვით, გარკვეული მნიშვნელობის მატარებელია“ (19. 115)[1]

 

 „ორენოვანი შრიფტის რედაქტორი“

აღნიშნული რესურსი შექმნილია სსსმ მოსწავლისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების, ასევე, ელემენტარული ენობრივი კომპეტენციების დაუფლების მიზნით.

მოსწავლის საჭიროებები: ენისა და მეტყველების დარღვევა, ფსიქოლოგიური ჩამორჩენა, დასწავლის უნარის დაქვეითება და ქცევითი აშლილობები. მიუხედავად მისი ასაკისა (13 წლის), მოსწავლე  ვერ ფლობს მშობლიური ენის ანბანს და უჭირს სიხშირული ლექსიკის გამოყენება. არ შეუძლია ბაზისური საგნების სახელწოდებების დასახელება.

მოსწავლესთან მუშაობის პროცესი წარიმართება ესგ-ის მოდიფიცირებული ვერსიის ინდიკატორების მიხედვით (ე.ს.გ.ის.ტექნ.დაწყ.2).:

  • იგი აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
  • მეტ-ნაკლებად იაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და იყენებს კლავიატურას;
  • ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს, როგორც ოპერაციულ სისტემას შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
  • აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება);
  • ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი).

 

სპეცმასწავლებლის, რომელიც ამავდროულად მუშაობს მოწაფესთან, როგორც ენისა და მეტყველების სპეციალისტი, მითითებების კვალდაკვალ მოწაფესთან სამუშაოდ გამოიკვეთა შემდეგი მიზნები:

  1. ქართული და ლათინური ანბანების/სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და ერთმანეთთან დაკავშირება;
  2. კლავიატურაზე მუშაობის უნარების განვითარება.

გარემოს აკომოდაციის მიზნით სსსმ მოსწავლისთვის შეირჩა სპეციფიკური კლავიატურა, რომელზეც ლათინურ შრიფტთან ერთად დატანილი იყო ქართული ანბანიც.

ისტ პედაგოგის, გიორგი უგრეხელიძის მიერ Microsoft Word ტექსტურ რედაქტორში შეიქმნა ორსვეტიანი ცხრილი, რომლის პირველ სვეტში განთავსდა ლათინური ანბანი. თითო ლათინური სიმბოლოს გასწვრივ გოგონას უნდა შეეტანა შესაბამისი ქართული სიმბოლო და – პირიქით. ასე ის შეძლებდა კლავიატურაზე გამოსახული ლათინური შრიფტის დაუფლებას და ქართულთან დაკავშირებას.

გარდა ამისა, სპეცმასწავლებლის მეშვეობით მოსწავლის მშობელს გაეწია კონსულტირება მსგავს დავალებებზე შინ სამუშაოდ. ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა გაუზიარა კლავიატურის ონლაინტრენერი https://www.typingclub.com.

აღნიშნული რესურსის მეშვეობით მოსწავლემ რამდენადმე შეძლო როგორც ქართული, ასევე ლათინური სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და  ერთმანეთთან დაკავშირება, ასევე აითვისა კლავიატურაზე მუშაობის უნარები.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლისთვის დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებლისა და   სპეცმასწავლებლის ინსტურქციების თანახმად, ასევე  მეწყვილე თანაკლასელის დახმარებით. აღნიშნულ სამუშაო პროცესში ყურადღება ექცევა არტიკულაციას.

სსსმ მოსწავლემ ვიზუალურად აითვისა ქართული შრიფტის თითქმის ყველა ასო-ნიშანი, რაც მისი სააზროვნო უნარების კვალობაზე კარგ შედეგად შეიძლება ჩაითვალოს. აღნიშნულ ასოებს იგი იყენებს სხვადასხვა ტექსტის შედგენის დროს, ხოლო დანაკლისის შესავსებად საგაკვეთილო პროცესში მის გვერდით მუდმივად იმყოფება სპეცმასწავლებელი ან მეწყვილე თანაკლასელი.

 

წინამდებარე რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი ტიპის პრობლემის მქონე სხვა მოსწავლეებისთვისაც.

 

დასურათებული სალექსიკონო ტესტი

(სავარაუდო პასუხის დაწკაპებით შერჩევა)

 

აღნიშნული რესურსი შექმნილია სსსმ მოსწავლისთვის ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების, ასევე, ელემენტარული ენობრივი კომპეტენციების დაუფლების მიზნით.

სსსმ მოსწავლის საჭიროებები: გოგონას აღენიშნება მეოთხე ხარისხის სმენის დაქვეითება (სმენაჩლუნგობა) და თანმდევი კოგნიტური და ფსიქოლოგიური პრობლემები, ენისა და მეტყველების დარღვევა, დასწავლის უნარის დაქვეითება და მსუბუქი ქცევითი აშლილობები. სარგებლობს კოხლეარული იმპლანტით. არ იცის სრულყოფილად მშობლიური ენის ანბანი და უჭირს სიხშირული ლექსიკის გამოყენება. არ შეუძლია ბაზისური საგნების სახელწოდებების დასახელება.

მოსწავლესთან მუშაობის პროცესი წარიმართება ესგ-ის მოდიფიცირებული ვერსიის ინდიკატორების მიხედვით (ე.ს.გ.ის.ტექნ.დაწყ.2).:

  • იგი აცნობიერებს ზოგიერთი ციფრული საშუალების დანიშნულებას;
  • იაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს კლავიატურას;
  • ჩართავს და გამორთავს კომპიუტერს, როგორც ოპერაციულ სისტემას შესაბამისი ფუნქციის გამოყენებით, ასევე მოწყობილობის ჩართვა-გამორთვის ღილაკების საშუალებით. გაიაზრებს ამ ორ ხერხს შორის განსხვავებას;
  • აცნობიერებს თაგვის ღილაკების ფუნქციებს და ეფექტიანად იყენებს თაგვს (მაგალითად: თაგვის კურსორის გადაადგილება სასურველ ადგილას, ობიექტის „გადათრევა“ თაგვის საშუალებით, დაწკაპება და ორმაგი დაწკაპება);
  • ამოიცნობს ციფრული მოწყობილობის კომპონენტებს და გაიაზრებს მათ დანიშნულებას (მაგალითად: კლავიატურა, მონიტორი, ეკრანი, თაგვი).

 

სპეცმასწავლებლის მითითებების კვალდაკვალ  სამუშაოდ გამოიკვეთა შემდეგი მიზნები:

  1. ქართული ანბანური სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და ერთმანეთთან დაკავშირება;
  2. ანბანის რიგზე დალაგებული, წინასწარ შერჩეული ქართული ანბანური მასალის, კონკრეტულად კი არსებითი სახელების მისადაგება შესაბამის ვიზუალურ მასალასთან.

 

iSpring suite 8.0-პროგრამის მეშვეობით, ისტ პედაგოგის, გიორგი უგრეხელიძის მიერ შეიქმნა პრეზენტაცია-ტესტი. მოდელად შერჩეულ იქნა მაკმილანის (Macmillan English Books) სახელმძღვანელოების ელექტრონული მხარდაჭერის პროგრამული რესურსი,  რომლითაც მოსწავლეს შეუძლია დაათვალიეროს ერთ ასო-ნიშანზე ერთი კონკრეტული გამოსახულება და შეამოწმოს, რამდენად სწორად ამოიცნო ისინი ტექსტის სახით მოცემული ოთხი სავარაუდო პასუხებიდან ერთ-ერთის  შერჩევით.

მეთოდი იძლევა საშუალებას, ცალ-ცალკე დასწავლილი ანბანის სიმბოლოები მოსწავლემ აღიქვას სიტყვებად, ასევე სწორად დაუკავშიროს რომელიმე კონკრეტული არსებითი სახელი ვიზუალურ ხატს. აღნიშნულ სამუშაო პროცესში ყურადღება ექცევა მოსწავლის არტიკულაციას.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული აქტივობა მოსწავლისათვის აღმოჩნდა დამატებითი მოტივატორი, რომლითაც იგი საგაკვეთილო პროცესში დიდი  სიხარულით ჩაერთო. თანაკლასელებისა თუ სპეცმასწავლებლის დახმარებით მოსწავლემ შეძლო 33 ასო-ნიშანზე შედგენილი 33 ტესტური დავალების წარმატებით შესრულება. თითო ასო-ნიშანზე მას უხდებოდა ოთხი არსებითი სახელის გააზრება, გამოცნობა თუ დასწავლა, რამაც მნიშვნელოვანწილად გაამდიდრა მისი ლექსიკური მარაგის დონე.

რესურსის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ლინკზე (ჩამოტვირთეთ ფოლდერი და შემდეგ გახსენით ფაილი: index.html)

https://drive.google.com/open?id=156XMpBJz28-4Ssr6oBmI0frNohvDdVN_

მოცემული რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას მსგავსი ან ანალოგიური პრობლემის მქონე, ასევე ტიპური განვითარების დაწყებითი (1-ელი კლასი) სასკოლო ასაკის ან ქართულის, როგორც მეორე ენის მოსწავლეებთან მუშაობისთვის.

 

დასურათებული სალექსიკონო ტესტი

(მართებული პასუხის კლავიატურაზე აკრეფა)

 

ქართული ენის ლექსიკის  ათვისების საწყის ეტაპზე მყოფ მოწაფესთან მუშაობისთვის გამოიკვეთა შემდეგი მიზნები:

  1. ქართული ანბანური სიმბოლოების უკეთ გაცნობიერება და ერთმანეთთან დაკავშირება;
  2. ანბანის რიგზე დალაგებული, წინასწარ შერჩეული ქართული ანბანური მასალის, კონკრეტულად კი არსებითი სახელების მისადაგება შესაბამის ვიზუალურ მასალასთან.
  3. მართებული პასუხის გამოცნობა და საგანთან არსებითი სახელის წერილობით დაკავშირება.

iSpring suite 8.0-პროგრამის მეშვეობით ისტ-ის პედაგოგის (გიორგი უგრეხელიძის) მიერ შეიქმნა პრეზენტაცია-ტესტი. სპეცმასწავლებლის მითითებით მოდელად შეირჩა  მაკმილანის სახელმძღვანელოების (Macmillan English Books) ელექტრონული მხარდაჭერის პროგრამული რესურსი,  რომლითაც მოსწავლეს შეუძლია დაათვალიეროს ერთ ასო-ნიშანზე ერთი კონკრეტული გამოსახულება და შეძლოს, აღნიშნული საგნისთვის მართებული არსებითი სახელის აკრეფა. ეს იძლევა საშუალებას, ცალ-ცალკე დასწავლილი ანბანის სიმბოლოები აღიქვას სიტყვებად, ასევე სწორად დაუკავშიროს რომელიმე კონკრეტული არსებითი სახელი ვიზუალურ ხატს, განუვითარდეს კოდირების და დეკოდირების, ასევე საბაზისო წერითი უნარები. აღნიშნული სამუშაო პროცესში ყურადღება ექცევა მოსწავლის არტიკულაციის განვითარებას.

ელექტროტესტური სავარჯიშოები მოსწავლისათვის სახალისო და მამოტივირებელია. იგი საგაკვეთილო პროცესში დიდი  სიხარულით ჩაერთო. თანაკლასელებისა თუ სპეცმასწავლებლის დახმარებით მოსწავლემ შეძლო 33 ასო-ნიშანზე შედგენილი 33 ტესტური დავალების წარმატებით შესრულება. თითო ასონიშანზე მას უხდებოდა ხშირად გამოყენებითი არსებითი სახელების გააზრება, გამოცნობა და ვიზუალურ ხატებთან სახელების წერილობით დაკავშირება. თამაშით და სიამოვნებით დასწავლის ამგვარმა მეთოდებმა მნიშვნელოვანწილად გაამდიდრა მისი ლექსიკური მარაგის დონე.

რესურსის ნახვა შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ ლინკზე (ჩამოტვირთეთ ფოლდერი და შემდეგ გახსენით ფაილი: index.html)
https://drive.google.com/open?id=1yv1KlX6_ItjmgIe3AgWouwj3lUIxqX28

მოცემული რესურსი შეიძლება გამოვიყენოთ ენობრივი პრობლემის მქონე ან ტიპური განვითარების დაწყებითი (1-ელი კლასი) სასკოლო ასაკის, ასევე  ქართულის, როგორც მეორე ენის შემსწავლელებთან მუშაობისთვის.

[1] დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების დესკრიპტორები, 2018, ტ. II.

ერთი მწიკვი სიმართლე

0

ეს ყველა ისე სწრაფად მოჰხდა, ისე სწრაფად, რომ კაცი ძლივს მოასწრებდა თვალს….

ალექსანდრე ყაზბეგი

1.

ლუბა

შავლეგი, კაცო?! დედამისის გაზრდილი ვარ, ძუძუ არ უწოვებია, თორემ სანამ თავისი პატარები შეესეოდნენ, გულში ვყავდი ჩახუტებული. მერე მე დავტრიალებდი იმის პაწაწინა გოგო-ბიჭს.

ეტყობა ასეა მოწყობილი – რაც თვალს ახარებს, დიდი ხანი ვერ რჩება, ყოველი წამი დათვლილი აქვს ზევიდან. როცა დრო მოაწევს, დაუძახებენ და… ხან ტრაღიკული შემთხვევა ჰქვია ამას, ხან – ჩაქცევა და ინფარქტი.

ანევრიზმა, არა? – რა და რა სახელებს არ გამოიგონებენ დალოცვილები, შიში რომ შეაწმინდონ, გული დაიმშვიდონ, მეზობელ-ნათესავებში ილაპარაკონ თამამად: `განგებას ვერ წაუხვალ, რაც შევძელით ეგ იყო, ცდა ჩვენ არ დაგვიკლია და წამალი, უფალთან მართლები ვართო~. ეგება ასეც იყოს, მაგრამ მკვდარზე საბრალო მე მაინც ის ჭირისუფალი მგონია, თავის მართლებას რომ მოჰყვება.

სამოცდაათისა იქნებოდა, ნამდვილად. ბოლო წლებმა მოტეხა, თორემ სულ ჯანზე იყო, ჩამოწოწილს ვერ ნახავდი. სოფლის ავ-კარგზე ყური ჰქონდა მიგდებული და სხვისიც სტკიოდა, სხვისიც უხაროდა. მახსოვს, მომდურავები ჰყავდა, მაგრამ ნამდვილი კაცები მტერსაც ხელად იჩენენ და არც უშინდებიან.

 

ჯავარა

სულ ტყუილად გგონიათ, რომ ვინმეს წინაშე უკადრისი და ცოდვიანი ჩამედინოს რაიმე. მერე რა – იარაღი ვის არ სჭერია ხელში, ოდითგან იარაღში იჯდა ნახევარი ქვეყანა. მიწისა და მამაპაპეული საგანძურის დასაცავად ვარდები და დაფნის რტოები აღარ კმაროდა – არც უწინ, არც ახლა. გულიანი გაბრძოლება, თავდაცვა და შემოტევა იყო ჩვენი გამოსავალი. ამ ბოლო დროს დაიწყეს მშვიდობის ქადაგება, მთელი სამყარო ფეხზე დადგა, ესაო და, სისხლისღვრა უნდა ავიცილოთ თავიდან, ისაო და, ერთმანეთის სიცოცხლეს უნდა გავუფრთხილდეთო. ნეტა მაცოდინა, როდიდან დავჭკვიანდით?! რაც გვიცხოვრია, ომით გვიცხოვრია, იმ ტაძრებსაც ომით ვიცავდით, თორემ, მე შენ გეტყვი, რომელი ერთი შერჩებოდა აქამდე. თავი კი მოგვაქვს, მაგრამ ერთი ისტორიაშიც ჩაიხედეთ, რა მსხვერპლის ფასად შემოგვინახავს თუნდაც ერთი იმათგანი…

გავწამდი, ჩემო ბატონო, ჭორებს მიყრიან, არამზადებისა და ხელიდან წასულების დასასჯელად დაგეშა ბიჭებიო. ყოველთვის ვამბობდი (ჯანდაბას ჩემი თავი!), მხოლოდ სამშობლოს მოწოდებაზე გამოვალთქვა გარეთ, სხვა დროს ხმას არ ამოვიღებ, თითქოს არც ვყოფილვარ-მეთქი. საკეთებლის მეტი რა მქონდა – წინ ისეთი წიგნები მედო, დაწყებული და მისამთავრებელი, ზოგიერთი (გადაჭარბების გარეშე) მთელ ევროპაში სახელს გამითქვამდა. ეჭვი არ შეგეპაროთ, მენატრებოდა კიდეც ჩაჯდომა და მხოლოდ ჩემს ფიქრებში ხეტიალი. ცოდვის კითხვა იყო, ქარიშხლიანი და შინაარსიანი ცხოვრება დაუწერელი დამრჩენოდა. ბევრს შევესწარი, ბევრიც სხვებისგან ვისწავლე ამხანობაში, წესით, კარგი ამბები უნდა გამომსვლოდა. ვინ გაცალა…

არა, ჩემკენ ნუ გამოიშვირეთ თითი, ბედოვლათებო! ვინც გამოიშვირა, აღარ დადგომია ხეირი. ასეთი დაუწერელი კანონი არსებობს ცხოვრებაში: უწყინარი კაცი არ უნდა გამოიწვიო, თორემ რაც სალახანასთან გაგივა, წესიერი არ შეგარჩენს და სანანებლად გაგიხდის საქმეს. აჰ, აჰ, როგორ ვიზოგავდი თავს, მეგობრებსაც ვუფრთხილდებოდი, წამდაუწუმ რომ მაქეზებდნენ, ახლა შენი ჯერია, გამოწვევა უნდა მიიღო, სულერთია – დედიკოს ბიჭის იქნება თუ უკანასკნელი ხულიგნისო. პასუხს ყველა იმსახურებს. მერე ეამაყებათ კიდეც, ყურადღების ღირსად რომ ჩათვლი და დააფასებ. თავსაც შეგაკლავენ ულაპარაკოდ…

მაგრამ თქვენ ნუ გგონიათ, ამ ცხოვრებით მეცხოვროს ოდესმე, ან ვინმე გამეწიროს, ვინმე არ დამეზოგოს. დამიზნებული ამიცდენია შეგნებულად და ამის მოწმეებიც მყავს. დემაგოგიას მოეშვით, ძალიან გთხოვთ! სულ შემთხვევით მოხდა. აქეთა ნაპირზე ჩვენ ვიყავით, სანგრებში ისხდნენ ბიჭები, სამი დღე ლუკმაპური არ ეჭამათ. სამშობლოს გასაჭირი, თორემ ამხელა გზაზე რა რჯიდა ინტელიგენციისა და ნაღები საზოგადოების შვილებს, დე ძესიტში გაზრდილები აკობებში რომ ეყარნენ დღედაღამ; იქით გაურკვეველი ხალხი იდგა, ვინაც დროშებითა და ბელადის სურათებით იბრძვის ყოველთვის, უფრო სწორად, ჯერ შაოსან დედებს მიუშვებს წინ, შეეცოდებათო, და ამათ ამოფარებული, მხდალივით მოაყოლებს ტყვიას. უნამუსობის ბატალიონი! ღირსნი იყვნენ, დაუფიქრებლად მიგვეშვა ჯერი, დედაწულიანად გაიჟლიტებოდნენ ჭკუამცდარები, მაგრამ აქაც დავინდე ჩემი მოყვასი და სნაიპერს ვუთხარი: ერთი გადახედე იქაურობას, ვინც საეჭვო ნახო, ტყვია არ დაგენანოს-თქო. იმანაც, სულელმა, ყველაზე ახოვანი ვინც იყო, ის გამოიჭირა და შუბლში დააჭედა პირდაპირ. არადა, როგორც შემდეგ მითხრეს, სლუჩაინი ტიპი ყოფილა, ხელოვანი კაცი. ბიჭები იხოცებიანო და გამოქანდა უაზროდ, უიარაღოდ. თვითონაც არ იცოდა, სად ამოყო თავი. ვერც გაიგო, ისე გათავდა…

 

ზიკო

რაც თავი მახსოვს, სულ სკოლის დირექტორი იყო, მაგრამ არასდროს გვისაუბრია სკოლის შესახებ. ჯერ ერთი, თვითონაც ერიდებოდა სამსახურის ამბების ოჯახში შემოტანას, შვილიშვილებისთვის მოყოლას და მეორეც: მე, რაც სხვისგან მესმოდა, ისიც მყოფნიდა სოფლის სკოლის დირექტორზე, რომელიც დილაუთენია გადის (ბებიაჩემი ჭიშკრამდე მისდევდა წამლებით ხელში, დალევა არ დაგავიწყდესო) და შინ გვიან ბრუნდება. ხისტი, პრინციპულია და, ხმებს თუ დავუჯერებთ, მექალთანეც.

ეს უკანასკნელი არასდროს უღიარებია, უფრო პირიქით – თავს არიდებდა და რასაც შევსწრებივარ, ხუმრობითაც არ უნდოდა თავისი თავგადასავლების გახსენება. სამაგიეროდ, ერთხელ, შუქი რომ არ მოვიდა (არც გაგვკვირვებია) და ყველანი ლამფას შემოვუსხედით……

სახლს ვაშენებდი, მეგონა ყველაფერი მოვიმარაგეო. მასალები მოვზიდე, სხვებიც მეხმარებოდნენ, მარტო რას გავხდებოდი, გზადაგზა მემატებოდა საზრუნავი და მოსატან-წასაღები, მაგრამ როგორღაც ავუდიოდი, საშველიც გამოჩნდებოდა ხოლმე, ხელსაც ვიღაც წამაშველებდაო. საქმესაც შეეტყო – წინ მიიწევდაო. ერთხელ, ვდგავარ ამოყვანილ კედლებთან, გავცქერი ოთხივე კუთხეს და ფიქრში მაქვს, დღე-დღეზე იატაკი უნდა დავაგო, ოთახებსაც მოვხაზავ და ცოლ-შვილს შემოვიყვან-თქო. ის დროა, ერთიანად რომ გაუჭირდა ყველას. მასწავლებლებს რა უნდა გვქონოდა – რაც გვქონდა, აღარ გვიჩერდებოდა ხელში. ამ დროს კი ისე იმედიანად, გულიანად ვარ, ფონს გავედი, აჩხერილი კარკასი სახლს დაემსგავსა და… თურმე რაც ფიცარი მაქვს, ოდნავადაც ვერ გაწვდება იატაკს! სულ ოდნავ! საიდან გინდა მოიტანო, ვის გინდა თხოვო. ვისთანაც მიმესვლებოდა, შეწუხებული მყავს ყველა: ზოგმა ისე გამიმართა ხელი, ზოგმა მადროვა და მერე გავუსტუმრე, რაც ჯამაგირი მქონდა, ისედაც ამ სახლს ვახმარდი. თავს ზემოთ ძალა არ არისო, რომ იტყვიან, იმ დღეში ჩავვარდი. მოკვდი თუ გინდა! ან სად გინდა იშოვო, ან რა უნდა ქნა, მეტი რომ იშოვო და ამ ხელმოჭერილი ყოფიდან გააღწიო. რას იზამ, უკეთესს ვერაფერს მოიფიქრებ. რაზეც ოცნებობდი და დღე-დღეზე ასრულებული გეგონა, ისე დაგშორებია, ისე ერთიანად წამოუკრეფია საგნები, უკვე იმ ფიცრებსაც ვერ ამჩნევ, მოხდენილად რომ ეწყო და მხოლოდ იმისთვის გყოფნიდა, იატაკის დაგება რომ დაგეწყო. დაგეწყო და მეტი არაფერი. უკვე ვერაფერს ვამჩნევდიო, ყველაფერი ჩამმწარდა და ყველაფრის ხალისი დამეკარგაო, – ჰყვებოდა ბაბუაჩემი, – ხელები ავიფარე სახეზე და უღონობისგან ავტირდიო. ამას შევაფარე თავი, სასოწარკვეთისგან ამან მიხსნაო.

 

მერაბი

თუკი ინებებ, გამოგვყევიო. არა, ტყუილს ვამბობ, ჩემს არჩევანზე არ ყოფილა ეგა. ახლავე ადექი და გამოგვყევიო, უფრო ეგ იყო, მაგან რაც მითხრა. რა უნდა მექნა, ფეხზემდგომელამ ავისხ-ჩავიცვი ყველაფერი და სანამ კართან დაყუდებულ ვილისამდე ვუწევდი, კინაღამ ჩემი დამემართა: სად და ვისთან მივყავართ ამ თარს დღეს დაბადებულებს და ქვეყნის ამომგდებებს-მეთქი. შიში კი შემიჯდა კანში, მაგრამ სირცხვილის უფრო მეშინოდა გონია. ჩემი ხნის კაცს, ორმოცს ვინც გადასცილდება, ნაჭამი აქვს ყველა შიში და მძღნერი, ამიტომ სახლში რომ მოადგებიან, თავის თავზე აღარ ნაღვლობს, შვილებზე უფრო ეფიქრება, იმათი ბედი და მომავალი უფრო უჭერს ყელში. თავი ისე დავიჭირე, ჩემებისკენ არც კი გამიხედავს, თითქოს არ არსებობს, სულიც არ უდგიათო. არადა სულ იმის ფიქრში ვიყავი, ვინმემ მათი ყოფნა არ დაიხვიოს ხელზე და რაც ვიცი და რაც არ ვიცი, რაც მინდა და რაც შემიძლია, ყველაფერი მაკისრებინოს ამ მუხთალ დროებაში-თქო. არ იკისრებ და გამოჩნდება მკისრებელი, შენ კი სირცხვილს სირცხვილად გაჭმევდნენ და არც შენს შვილებს დაადგებოდათ კარგი დღე. ვისთანაც ჩავჯექი და სადაც მივდიოდით, ჩაჯდომიდან ორ წუთში ვიცოდი მე, არც ერთი გამკვირვებია და არც მეორე. აბა, ბიჭო, ცენტრიდან რომ მოდიან დაგეშილები და დავალება ხელში უჭირავთ, შენ გკითხავენ ახლა, ვისთან რანაირი გონორით და პახოდკით მივიდნენ. გზის მაჩვენებლად ვჭირდებოდი მე მაგათ, ჩემზეც კი სმენოდათ ერთი-ორი, ყურმოკრული სიტყვა, მაგრამ ჩემი რჩევა არც მანამდე და არც მერე არ დაჭირვებია იმ კამანდას… მრჩევლები თვითონ იყვნენ, ახალმოყვანილ მეთაურს გეწი-გეწ, მიყოლებით ანიშვნინებდნენ გამგებლებს, გუბერნატორებს, მილიციის უფროსებს, პროკურორებს, ორი თავი უნდა გქონოდა, მაგათ ნებას წინ გადადგომოდი.

2.

ზიკო

– შენოდენა ვიქნებოდიო, – დინჯად ყვებოდა, აუჩქარებლად, თითქოს პაუზებს შორის წლებს ტოვებდა, – როცა ყველაზე სუსხიანი ტკივილი ვიგრძენი პირველად. ტკივილი კვდომის განცდაზე არანაკლებია, ზოგჯერ ერთი მშვიდი სიკვდილიც განატრებინოს იქნება. გამჩენს ეხვეწები, გამათავე, რას მაწვალებ, მომასვენე ამ საცოდაობისგანო.

სოფელში, არ ვიცი რაღაზე და რანაირად, სამხედრო მანქანით რუსი სალდათები იყვნენ მოსული. ვერ გეტყვი, იყვნენ თუ უბრალოდ ჩვენს სოფელზე გადიოდა მოჭრილი გზა და აქედან არჩიეს წასვლა. მე მხოლოდ ის მახსოვს, შინდისფერი ბედაური რომ მება საბალახოზე, ამ ჯარისკაცების დანახვაზე თოკი ავხსენი და მანქანას გამოვენთე.

გაჭენება უნდა, თორე ყველა ცხენი ისედაც თოხარიკია. ჰაერს ტალღებად მივშხეფავდი, ლაგამიდან ხელი მისხლტებოდა, გაოფლილ ცხენზე სრიალებდა უნაგირი, რუსები მანქანის უკანა კოფოდან მისტვენდნენ და მახელებდნენ. შესახვევთან ცხენი მოსრიალდა უცები შემობრუნებისგან, სადავე ვერ შევიმაგრე და უნაგირს მოვწყდი.

გაფრენაზე მეტად დახეთქება მახსოვს. მუხლით დავემხე გაღორღილ მიწაზე. სისხლმა ტანსაცმლიდან გამოატანა, ტკივილმა წამართვა გონება. გამოფხიზლებულს თავი მკვდარი მეგონა. თვალში კარგახანს ვერ გამოვიხედე. ყურში ჯერაც ჩამესმოდა აუტანელი წუილი. დაგლეჯილი სახე მეფხანებოდა, უმორჩილოდ მითამაშებდა ნატკენი მუხლის კუნთიო.

 

ჯავარა

ვიღაცები მეტყვიან, შებრალება არ იციო… მომიგონეს ყველაფერი! ყმაწვილობიდან, ციხიდან, ქუჩიდან ამ თხზვითა და ჭორხაბარებით ვცხოვრობ. დაეტიონ თავიანთ ქერქში, ოღონდ მე წერა მაცალონ, ვიღაცებივით ტყუილ მემუარებს კი არა, ნაღდ წიგნს დავწერ. ერთს და ნაღდს, სადაც დაწვრილებით ვიტყვი, რაც გადამხდა, შეულამაზებლად; კარგს კარგად მოვყვები, ავს – როგორც სინამდვილეში იყო. თუ ცოდვა მქონდა, ჩემმა ხალხმა განსაჯოს, იმ ცოდვებსაც არ მოვერიდები – უცოდველი არავინაა, გენაცვალე, და ერთხელაც ყველას მოუწევს თავისი წილი გოგირდის შეჭამანდი, ცოტაც – კუპრი და წუმწუმა.

ოღონდ კი ის ერთი, ისა… იმას კი არ ვნანობ და არც ოდესმე დამავიწყდება, პირიქით, ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, ცოცხალი როგორ გადამირჩა ღრჯო მოხუცი, როგორც ამბობდნენ, სოფლის სკოლის დირექტორი. მაგის სახე ახლაც თვალწინ მიდგას…

 

ლუბა

შენ პატარა იქნებოდი მაშინ – ნაშუადღევი იყო. მანქანა არ ჭაჭანებდა და ფეხით გამოვუყევი. ვიფიქრე ცუდ დღეს გაჩენილმა, ერთი-ორი გროში რომ მაქვს გადანახული, რა შავ ქვად მინდა, ისეთი სუნი ტრიალებს, ოხრად დაგვირჩენენ-მეთქი ყველაფერს, დილაუთენია ავდექი და ქალაქისკენ დავეშურე. ჩემს ბედად, ბაზარშიც არ იყო ხალვათობა – რაგინდარა საქონელი არგამად, შეღავათში იყიდებოდა. რასაც გავწვდი, მოვხვეტე და ტომარაში გამოვახვიე. თავიდან კი მემძიმა, ხელები დამაწყდა, დამეღალა, მაგრამ არ შევიმჩნიე ათას გაჭირვებაგამოვლილმა. მერე კიდევ ისაა,

სხვამ არ უნდა შეგნიშნოს მოტეხილი და დაუძლურებული რომ ხარ, თორემ გაიხარებს უეჭველად, სახეზე თუ არ შეეტყო, გულში ჩაეღიმება, იტყვის, ამასაც მოსწევია მიქელ-გაბრიელიო.

როგორც იქნა მოვაღწიე მოსახვევამდე. სიცივისგან დაკბენილი გაჩერებას არც ვაპირებდი, მაგრამ რაღაც მანქანამ გამიჩერა, ვიღაცამ გადმოყო თავი და, – დედი, სკოლის დირექტორი ხომ აქ ცხოვრობსო, – მკითხა. ზრდილობიანი ჩანდა. იმან კი დამაეჭვა, სამხედრო ფორმა რომ ეცვათ, თუმცა ბევრი არ მიფიქრია, მაშინვე ვუთხარი სადაც ცხოვრობდა პატივცემული დირექტორი. იმ გზაზე მივდივართ და ბარემ წაგიყოლებთო, – დამიძახეს და რომ ჩავჯექი, სიგარეტისა და კაცების სუნით გამთბარ მანქანაში უარესად მომეკვეთა ფეხი დაღლილობისგან.

მერე ჩამომსვეს, თვითონ უკან შებრუნდნენ და დირექტორის ჭიშკართან ატეხეს სიგნალი. ცნობისმოყვარეობამ მძლია რატომღაც – არ ვარ ისე სეირსა და ტაშ-ფანდურს მიყურადებული – გამოღებული ჭიშკარი მივატოვე, ტომარაც მივჩურთე სადღაც, ხეს ავეფარე და ახლო რომ მივიწიე… სამნი იდგნენ, ეწეოდნენ და ჩაბნელებული მანქანიდან გადმოსულები სულ სხვანაირები ჩანდნენ. უფრო საშიშები. ბნელში და სიცივეში გაზრდილებს ჰგავდნენ. ამის ახსნას ნუ მომთხოვ ახლა: როგორც გაიგე ისეთია, უშუქო, უჭრაქო, უნათელო…

სიგნალზე რომ არავინ გამოიხედა, ისევ აპიპინდა მანქანა, ამათაც ხმა შეაშველეს, ხან ერთმა დაიძახა, მეორემაც არ დააკლო ხმა. როდის-როდის გამოჩნდა მასპინძელი, მძიმე ნაბიჯით მოუყვებოდა ეზოს, უკან არც მიუხედავს, თითქოს გაგდებულმა თუ გაბრაზებულმა მოიხურა კარიო.

 

3.

მერაბი

შესახვევთან ოდნავ შეანელა და შეუხვია მკვეთრად. შესახვევიდან ჭიშკრამდე ორასოთხმოცი ნაბიჯია. სულ ზეპირად ვიცი ყველა ნაბიჯი, იმდენჯერ ვყოფილვარ. აქაურ ხრეშს და კენჭებს სახელებით ვცნობ, მაგრამ ჯობია ხალხს არ ვიცნობდე, ისეთ დღეში და ისეთ საქმეში ვარ ახლა. კიდე კაი, ღმერთს მადლობა, შესახვევთან აყვანილმა, ძაძაგახუნებულმა და ტვირთისგან მისავათებულმა ქალმა არ მკიდა თვალი. ის მომენტია, თავი რომ უნდა მოიკლა კაცმა, მაგრამ ვერც ამას შვრები, თავის მართლებაც და თავმოყვარეობაც ერთი მიწისგანაა მოზელილი – სიცოცხლე რომ გიყვარს და არ გეთმობა, ე მაგისგან.

– ა, ეგ არის და თუ არ გჭირდებით… ან მე რაში გჭირდებით… – უკანა სკამზე, ფანჯარასთან მივიყუჟე. სირცხვილი დორბლად მდიოდა, ფაფანაჭამი ბავშვივით, სიბრაზისა და უმწეობისგან მაცახცახებდა.

ჯავარას ჩემკენ არც გამოუხედავს, ვილისიდან ჩავიდა და ჭიშკარს მიადგა.

 

ლუბა

სტუმრებმაც მიიწიეს ჭიშკრისკენ, სალამი თქვეს.

ერთი, ეტყობა, უფროსი იყო მაგათი, ხმამაღლა ლაპარაკობდა, რიხიანად: შენა ხარ დირექტორიო? – შავლეგმა თავი დაუკრა.

– გეცოდინება, ძიაკაცო, გუშინ გადმოვლახეთ მდინარე, ბევრი ბიჭი დაგვეკარგა შეტაკებაში, დაჭრილებიც გვყავს. ქალაქიდან გვეუბნებიან, ყველა შტაბი სავსეაო…

– ჰო…

– არ შეგაწუხებდით, მაგრამ, აი, კაცურად, ღამის გასათევი ადგილი არა გვაქვს და თქვენკენ მოგვასწავლეს, სკოლის დირექტორიაო…

– დიახ, სკოლის დირექტორი ვარ.

– აგაშენა ღმერთმა! დირექტორი რომ ხარ, გასაღებიც გექნება უეჭველად, ჩვენც ამისთვისა ვართ მოსულები. გაგვიხარდებოდა, თუ შეირბენდი და გამოგვიტანდი…

 

ჯავარა

საღამო იყო, სახლში რომ მივადექით და შორიდანვე შეეტყო ნაბიჯებზე – ნერვიულობდა. სულმთლად გაფართოებული თვალები გაურბოდა სადღაც. კაცურად ვთხოვე: ამხელა გზა გამოიარეს ბიჭებმა, ზოგი დაჭრილია, ბევრიც – დახოცილი, ძლივს ვაკავებ დანარჩენებს, მარადიორობა რომ არ დაიწყონ სოფელში. ღამის გასათევი არა გვაქვს და სანამ ეს უძინარი და მოშიებული მასა დარევია აქაურობას, გააღე ეგ შენი სკოლის კარები, ცოტა ხანს დავრჩებით და მალე ჩაგაბარებთ-მეთქი. წინდაწინ ვიცოდი, უარს მოხევდა. “არ შემიძლია, სასწავლო პროცესს ვერ ჩავშლიო” – თავი რომ გადაიქნია, ეგრევე ქამრისკენ წავიღე ხელი.

 

ლუბა

შავლეგი მახსოვს გაფითრებული: მკვდრისფერი ედო სახეზე, ხელის მარჯვენა მტევანი უკანკალებდა და ვიფიქრე, დამთავრდა ყველაფერი, დამთავრდა სიცოცხლე-მეთქი, მაგრამ მანქანიდან ვიღაც გამოვარდა, მეოთხე, ღმუილით, ხვეწნით, – არ ესროლო, არ მოკლა, მაგის გაზრდილი ვარო, მუხლებში ჩაუვარდა უფროსს. იმას ბებუთი ეჭირა ხელში შემართული, იგინებოდა და შავლეგისკენ იწევდა, ამის დედაც და რჯულიც, ამის სკოლაც და ოჯახიც, როგორ მაკადრა, უარი როგორ გამიბედაო…

იმ დღეს ნახევრად ჩამოიქცა ბაბუაშენი, ახლა კიდე – ანევრიზმაო!

…ვაი, რას მოვესწარი! ეს რა გავიგონე, კაცო… რა ოხერ დღეზე გამაჩინე, დედა მარიამ, ამდენ გაშავებულ, გაქვავებულ ვაჟკაცს რისთვის მაყურებინე!..

მასწავლებლის ხმა: დედის ნაანდერძევი პროფესია

0

სვანეთის მიწაზე ფეხი პირველად ექვსი წლის წინ დავადგი. ხაიშს მივლინებით ვეწვიე და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ბევრი ოჯახის კარი შევაღე. არასდროს დამავიწყდება, ჭუბერში მცხოვრები მეფუტკრე როგორი სიყვარულით მესაუბრებოდა თავის ფუტკრებზე და ის მოულოდნელი საჩუქარი, მეორე დღეს პირველი თოვლით ჩახერგილი სოფლიდან ნატურალური თაფლის სახით რომ ,,დამაწია“.

,,მხოლოდ მთებშია თავისუფლება“ – ეს ფრაზა მეც უამრავჯერ მითქვამს, მაგრამ სწორედ სვანეთში გავიაზრე ბოლომდე ამ სიტყვების მნიშვნელობა. იმ ისტორიებმა და ლეგენდებმა, რომელიც სიყვარულის კოშკზე, წყვილ ლოდსა თუ ოქროს მოპოვებაზე მოვისმინე, ამ საოცარ მხარეზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება შემიქმნა. მოგვიანებით, მესტიისა და უშგულის  მონახულებისას, თითოეულ ქვაში, ნაგებობასა თუ ადამიანში ამ თქმულებების ანაბეჭდს ვეძებდი. სოფელი ჭუბერი კი ჩემს მეხსიერებას იმ მეფუტკრე კაცის მორთმეული ფიჭვის თაფლის ტკბილ-მწარე გემოსავით შემორჩა. შემდეგ ჭუბერის სკოლაში დამკვირვებლის ამპლუაში მოვხვდი და იქაური მასწავლებლების გაცნობის საშუალებაც მომეცა. ამ წერილში სწორედ ერთ-ერთ მათგანზე ვისაუბრებ.

ჭუბერის თემი რამდენიმე სოფელს აერთიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ჭუბერი ხაიშთან უფრო ახლოა, ვიდრე – მესტიის მუნიციპალიტეტთან და მეზობელ რეგიონთან (სამეგრელო) დაკავშირება უფრო ადვილია, მიგრაციის პრობლემა მაინც დგას. 2002 წლის აღწერის თანახმად, თემში 1 257 ადამიანი ცხოვრობდა, 2014 წელს კი მოსახლეთა რაოდენობა 945-მდე შემცირდა. ამ პრობლემაზე ჩემი რესპონდენტი – ჭუბერის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია ჩხვიმიანიც ამახვილებს ყურადღებას:

,,ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე, რადგან აქ გავიზარდე და ჩემთვის ბუნებრივი გარემოა. ახალგაზრდობას კი გული ქალაქისკენ მიუწევს. მიდიან ოჯახები, იცლება სოფლები. ყველა რომ ქალაქში წავიდეს, სოფელში ვინღა დარჩება?! ან ქალაქს შეუძლია ამდენი ადამიანის რჩენა?! ბევრი ჩემი მოსწავლის მშობელი საზღვარგარეთ იმიტომ გადაიხვეწა, რომ მის შვილებს არ მოშივდეთ… სხვის შვილებს უვლიან საკუთარის გადასარჩენად“.

ქ-ნი მაიას თქმით, მაღალმთიანი რეგიონის სკოლის მასწავლებელთა პასუხისმგებლობა უმშობლოდ დარჩენილი ბავშვების ,,გამხნევებაცაა“. თვითონ ობლობაში გაიზარდა და დღემდე უზომოდ მადლიერია იმ პედაგოგების, რომლებმაც შორეულ ბავშვობაში მის ტკივილს მიაგნო და ცოტათი მაინც გაუყუჩა. მასწავლებლის პროფესიას სწორედ ნაადრევად გარდაცვლილი დედის თხოვნით დაეუფლა. ,,მასწავლებლობანას“ თამაში უნივერსიტეტშიც გააგრძელა და მშობლიურ სკოლას ოცი წლისა, ახალბედა პედაგოგის სტატუსით დაუბრუნდა.

,,ათი წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა. მისი სურვილი იყო, რომ მასწავლებელი გამოვსულიყავიმამიდაჩემი ხშირად მახსენებდა დედის ნათქვამს, მაგრამ მარტო ამას ვერ დავაბრალებ. მეც მქონდა რაღაცნაირი ინტერესი, თამაშითაც ხშირად მასწავლებლობანას ვთამაშობდი. ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი (სოხუმის ომის გამო ჩემი უნივერსიტეტი ლტოლვილად იყო და ორწლიანი შესვენების აღება მომიხდა), ჭუბერის სკოლის დირექტორმა რომ შემაგულიანა – მოდი, სცადეო! ძალიან მერიდებოდა, ჩემს ყოფილ მასწავლებლებს როგორ გავუთანაბრდე-მეთქი, მაგრამ ქ-ნი ნატო (დირექტორი) არ მომეშვა და ასე აღმოვჩნდი 20 წლისა სკოლაში.  რაღაც დროის შემდეგ თბილისში დავბრუნდი სწავლის დასამთავრებლად. თუმცა დაუსწრებლად ვსწავლობდი, მასწავლებლობისთვის თავი არ დამინებებია. მას შემდეგ ოცდაშვიდი წელი გავიდა“.

როგორც ვხედავთ, ჩვენს რესპონდენტს მთელი ცხოვრება, ჯერ მოსწავლის, შემდეგ კი -მასწავლებლის სტატუსით სკოლაში აქვს გატარებული. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა სკოლა მისი ბავშვობიდან დღემდე, მან, პირველ რიგში, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულების ცვლილებას გაუსვა ხაზი:

,,მასწავლებელმა ბავშვს მასთან მისასვლელი გზა არ უნდა გადაუკეტოს. ჩემს ბავშვობაში ძალიან დიდი დისტანცია იყო ბავშვსა და მასწავლებელს შორის. ერთეულების გარდა, ყველა მკაცრად იცავდა ამ საზღვრებს. მე ძალიან მორცხვი ბავშვი ვიყავი, თან ობლობა ძალიან რთული ამბავიათუმცა იყო ერთი-ორი გამორჩეული მასწავლებელი, დღეს როგორც იტყვიან, თითოეულ ბავშვზე ახერხებდა ყურადღების განაწილებას. თან განსხვავებული დამოკიდებულება იგრძნობოდა მისგან. დღემდე არ ვიცი, როგორ ახერხებდა ამას, მაგრამ მის გაკვეთილში ჩართვის, ხელის აწევის სურვილი მიჩნდებოდა. სწორედ მაშინ გამიელვა თავში აზრმა, თუ ოდესმე მასწავლებელი გავხდებოდი, საკუთარი თავისთვის ბავშვის თვალით უნდა შემეხედა და ეს მიკარნახებდა სწორ გეზს. მას შემდეგ ვცდილობ, ასე მოვიქცე. რამდენად კარგად გამომდის, ამას ჩემი მოსწავლეები შეაფასებენ.

ჩემს რესპონდენტს დედაქალაქის ერთ-ერთ სკოლაში მუშაობის გამოცდილებაც ჰქონია. ქალაქელ მოსწავლეებთან მუშაობა იმდენად გასჭირვებია, რომ სიხარულით დაბრუნებია თანასოფლელ აღსაზრდელებს. ქალაქის სკოლების მთავარ სირთულედ ისევ დამოკიდებულებას ასახელებს, ოღონდ ამჯერად, მოსწავლეებისას – მასწავლებლებისა და, ზოგადად, საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ.

განსაკუთრებით მაშფოთებდა დისციპლინის საკითხი, უფრო სწორად, ბავშვების სწავლისადმი, მასწავლებელთა მიმართ დამოკიდებულება. რა ვქნა, ვფიქრობ, რომ  რეგიონებში უფრო მეტად აფასებენ სკოლის საქმიანობას. ჩვენ გვყავს მობარებული  საკმაოდ რთული ოჯახების შვილებიც, მაგრამ მათთან მუშაობა გაცილებით მიადვილდება, ვიდრე იმ მოზარდებთან, ვინც არაფრად აგდებს სკოლას, მასწავლებელს, გარშემომყოფებს“.

ქ-ნი მაიას ერთი სამუშაო დღის აღწერა რომ მოვინდომოთ, მას ხან საგაკვეთილო პროცესში უნდა შევუღოთ კარი, ხანაც – სადამრიგებლო კლასში უნდა ვეწვიოთ. თუ თვალს მოეფარა, ესე იგი, რომელიმე მოსწავლესთან განმარტოვდა, ნაადრევი დარდით დამძიმებული ფიქრები ცოტათი მაინც რომ შეუმსუბუქოს.

,,ვერ უძლებენ დიდურ სირთულეებს ჩამოუყალიბებელი ფსიქიკის მქონე პატარა ადამიანები და ხშირად აგრესიით გამოხატავენ თავიანთ გასაჭირს. სოფელმა უფრო იცის თითოეული ოჯახის ავიც და კარგიც. ეს კარგიცაა და ცუდიც. ბავშვებს დიდად არ უხარიათ მათი უბედურების მაყურებელი ხალხი და ამიტომაა ძნელი მათი ნდობის მოპოვება. შეცდომისთვის კი არ განსაჯო, სწორი მაგალითი აჩვენე, გაუგე, ხანდახან თვალიც დახუჭე… ნურავის წაართმევ შეცდომის დაშვების და გამოსწორების უფლებას!“

ქ-ნი მაიას აზრით, ბავშვის სიყვარული რომ არა, ალბათ სკოლები დაიცლებოდა ომიანობის პერიოდში. მისთვის ბავშვისა და საკუთარი საქმის სიყვარული დღემდე ყველაზე დიდი მოტივატორია.

,,90-იან წლებში კაპიკებზე მიმუშავია და ხანდახან ისიც დამიკარგავს. ახლა მიკვირს ეს ამბავი, როგორ გავძელი?! მაგრამ მაშინ წასვლა არ შეიძლებოდა. შენ რომ წახვიდე, სხვაც რომ წავიდეს, ვინ დარჩება?! მაშინ გადასარჩენი იყო ქვეყანა – ასე ვუყურებდით უხელფასობას, უშეშობას, უგზოობას… დაცხრილულ, გაყინულ კედლებში ვატარებდით გაკვეთილებს. ბავშვს სწავლა უნდა, მისი რა ბრალია, რომ რთულ პოლიტიკურ პერიოდში გაჩნდა?! ის სკოლის ასაკს ერთხელ გადის ცხოვრებაში და არავის აქვს უფლება, განათლების მიღების შესაძლებლობა შეუზღუდოს.“

სოფლის სკოლის ერთ-ერთ პრობლემად ჩემი რესპონდენტი დამატებით მუშახელად ქცეულ მოსწავლეებს ასახელებს. ეს ბავშვები საკლასო ოთახს იშვიათად სტუმრობენ და უმეტეს შემთხვევაში სკოლასაც ვერ ამთავრებენ. ქ-ნი მაია ამბობს, რომ იმ მშობლებთან მოლაპარაკება, რომლებიც ,,დღევანდელ კვერცხს ამჯობინებენ ხვალინდელ ქათამს“, ძალიან ძნელია. მათ თავიანთი სიმართლე აქვთ – ,,საყოლი“ დასაპურებელია, ეზო-კარი მოსავლელი, ყანა დასათესი, გასათოხნი ან გასამარგლი… ამდენ საქმეს მხოლოდ უფროსები ვერ აუვლენ. ბავშვები კი არა, ხშირად მასწავლებლებიც ვერ ახერხებენ დროის გამონახვას პროფესიული განვითარებისთვის. ,,ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა პირველ ადგილზე დგას და რაც არ უნდა თავდადებული იყო საკუთარი საქმისთვის, შორს არ გაგიშვებს“.

აქვე მშობელთა ჩართულობაც განვიხილეთ. ჩემი რესპონდენტის თქმით, მის სოფელში ცოტა ადამიანი ინტერესდება შვილის აკადემიური განვითარებით. შეიძლება შვილები სკოლაში გამოუშვან, მაგრამ სწავლას მოწადინებულ ბევრ ბავშვს სახლში არანაირი ხელშეწყობა არ აქვს (სამეცადინო კუთხე, დრო მეცადინეობისთვის და ა.შ.).  ქ-ნი მაიას აზრით, მშობლებს შვილებისთვის ზოგადი განათლების მიცემა კანონით უნდა ევალებოდეთ (იხსენებს გახმაურებული რეპორტაჟის მთავარ გმირს – რვა შვილის მამას, რომელმაც ბავშვებს განათლების მიღების და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბების უფლება პირად შეხედულებებზე დაყრდნობით შეუზღუდა) და სოციალური სამსახურები ბავშვთა უფლებების დაცვას მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ.

,,მშობლები, რომლებიც აზიანებენ მოზარდებს თავიანთი უყურადღებობით, მავნე ჩვევებით, ოჯახური ძალადობის შემთხვევებით. ვერ აკონტროლებენ, ბავშვი ცუდ წრეში ტრიალებს თუ კარგში, ბულინგის მსხვერპლი როგორ გახდა, რატომ არ სძინავს ღამღამობით და ა.შ. ასეთ ოჯახში ცხოვრება, ჩემი აზრით, ბავშვისთვის ზიანის მომტანი უფროა და აქ უნდა ერთვებოდეს სწორედ სახელმწიფო“.

ქ-ნი მაიას აზრით, თანამედროვე მოსწავლე დამცირებას აღარ მოგითმენს. მისი ჰორიზონტი გაცილებით ვრცელია, რადგან დღეს განვითარების ათასგვარი შესაძლებლობა არსებობს. მასწავლებელმა მოსწავლესთან დიალოგი უნდა გამართოს, აჩვენოს, რომ ყველა აზრს, პოზიციას აქვს არსებობის უფლება. თვითგამოხატვის საშუალება კი მას თავისუფალ პიროვნებად აქცევს.

,,ჩემთვის  ბავშვობაში რომ გეკითხათ, რა არის თავისუფლებაო, ძალიან გამიჭირდებოდა პასუხის გაცემა. სიტყვაც კი არ განიხილებოდა, არათუ ის, რაც მასში იგულისხმება.  ,,რამე არ შემეშალოს“ შიშით ხშირად შემიკავებია თავი საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან. მარტო შერცხვენის არა, სასჯელის შიშითაც (მოსწავლეების საჯაროდ გაროზგვის სცენასაც შევსწრებივარ). ე.წ. დისციპლინის ბერკეტით გვმართავდნენ  და ეს უკან დახევისადმი მიდრეკილება დღემდე აქვს ჩემი თაობის ხალხს შემორჩენილი“.  

ქ-ნი მაია არც იმას  უარყოფს, რომ შეიძლება პირიქითაც მოხდეს და თანამედროვე მოსწავლემ აქეთ შეძლოს მასწავლებლის ,,დაშინება“. თუმცა თუ ორივე მხარე გაიაზრებს, სად გადის თავისუფლების ზღვარი (,,საკმაოდ რთული გაკვეთილია“), მსგავსი პრობლემა მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობაში არასდროს გაჩნდება.

რას ნიშნავს თქვენთვის მეამბოხეობა?  

,,ყოველთვის ვერ დაიცავ წესებს. ვერ იტყვი, ასეა დაწერილი და უნდა ვქნაო!  ზოგჯერ ბრმა კანონმორჩილებაა დანაშაული. ლუარსაბისა არ იყოს, რომ უკვირს, ღმერთო, კაცი არ მომიკლავს და რა დაგიშავეო?! განა მარტო კაცის კვლაა ცოდვა?!  რაღაც უნდა გააკეთო, რაღაც მნიშვნელოვანი, ქვეყნისთვის თუ არა, შენი თავისთვის მაინც. პერიოდული ამბოხი და ბარიერების გადალახვა აუცილებელია წინსვლისთვის. მაგრამ თუ რამის დამტკიცება გინდა, დარწმუნებული უნდა იყო, რომ ის ,,რაღაც“ ბრძოლად ღირს.

თქვენი აზრით, მასწავლებელი შეიძლება იყოს მეამბოხე?

მეამბოხე მასწავლებლები სასკოლო რუტინას, როგორც წესი, ნაკლებად ემორჩილებიან. თუმცა მათ მიერ მიღწეული შედეგი გვაჩვენებს, რომ თავიანთი დრო და რესურსი გაცილებით მნიშვნელოვან საქმეს მოახმარეს. პარალელი რომ გავავლოთ,  ,,იდეალის“ გამოცხობა ბევრმა იცის, მაგრამ თუ მასში რაღაც შენეულს ჩართავ, განსხვავებულ ინგრედიენტს შეურევ, ყველა ამოიცნობს შენს ნახელავს. ჩემი აზრით, მასწავლებლის ამბოხის მიზანი სწორედ ასეთი ,,გამორჩეული გემოს“ აღმოჩენაა“.

 

განებივრებული ბავშვები

0

ვფიქრობ, ძნელი არ უნდა იყოს ისეთი მშობლის მოძებნა, რომელიც ხშირად იმსახურებს საყვედურებს გარშემომყოფებისაგან შვილის განებივრების გამო. „მომავალში ძალიან ინანებთ, მაგრამ უკვე გვიან იქნება“ – მოძღვრავენ კეთილისმყოფები სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ დედას, რომელსაც უჭირს იმის გაგება, რატომ თვლიან მის ნებიერას და სიყვარულით გარემოცულ ბავშვს განებივრებულად. „რა მოხდა, თუ პატარა ხანდახან ზედმეტად ჭირვეულობს, ცდილობს ყოველთვის თავისი გაიტანოს და არ ემორჩილება უფროსებს. ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა, გაიზრდება და შეიცვლება“ – თავს იმშვიდებს დედა, რომელსაც შეიძლება არანაკლებ აწუხებდეს შვილის ქცევა საზოგადოებაში.

რა ნიშნები გამოარჩევს განებივრებულ ბავშვს თანატოლებისაგან, რა იწვევს განებივრებას და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ განებივრებასთან დაკავშირებული სირთულეები.

განებივრებული ბავშვის ძირითადი მახასიათებლები:

  • ეგოცენტრულობა – საკუთარი თავის სამყაროს ცენტრად აღქმა. არ ემორჩილება აკრძალვებს, უჭირს უფროსების მოთხოვნების შესრულება, მხოლოდ საკუთარ აზრს თვლის სწორად, კონცენტრირებულია თავის განცდებზე, ინტერესებზე და ვერ ამჩნევს სხვა ადამიანების განცდებს. მას არ შეუძლია იმ ინფორმაციის აღქმა და გათვალისწინება, რომელიც ეწინააღმდეგება მის საკუთარ გამოცდილებას, არ ესმის, რომ შესაძლებელია სხვა თვალსაზრისის არსებობაც. ის დარწმუნებულია, რომ სხვა ადამიანები უნდა აზროვნებდნენ ისე, როგორც თავად აზროვნებს. ასეთი ბავშვის უმთავრესი მოთხოვნილებაა იყოს ყურადღების ცენტრში;
  • ეგოისტობა – უჭირს სხვებისთვის იმის განაწილება და გაყოფა, რაც აქვს. ის მიეჩვია, რომ პირველივე მოთხოვნით უნდა მიიღოს  ყველაფერი, რასაც მოისურვებს – სათამაშოები, ტკბილეული, გარშემომყოფთა ყურადღება. თუ მისი სურვილები დაუყონებლივ არ შესრულდება, მართავს ისტერიკას, რომელიც მისთვის მანიპულაციის საშუალებაა;
  • მიჯაჭვულობა მშობლებზე – მშობლის გარეშე უარს ამბობს დაძინებაზე, ჭამაზე, საბავშვო ბაღში ან ბებიასთან დარჩენაზე;
  • საკვების მუდმივად შერჩევა – არაფერია საგანგაშო იმაში, თუ ოჯახში კერძები ბავშვისთვის სპეციალურად მზადდება, რომელსაც განსაკუთრებული დიეტა აქვს დანიშნული, მაგრამ, თუ ჯანმრთელი ბავშვი დაჟინებით მოითხოვს ინდივიდუალურ მენიუს ყოველ საღამოს, ეს შეიძლება განებივრებულობის ნიშანი იყოს;
  • ყველათი და ყველაფრით მუდმივი უკმაყოფილება – სრულიად უმნიშვნელო მიზეზითაც კი ბავშვი იწყებს ბუზღუნს და ჭირვეულობას – არ მოსწონს სათამაშოები, რომლებიც საჩუქრად მიიღო, ტანსაცმელი, ტკბილეული, რომელსაც სთავაზობენ. სწრაფად ბეზრდება ახალი სათამაშო და დაუყონებლივ ითხოვს ისეთის ყიდვას, როგორიც სხვა ბავშვის ხელში დაინახა;
  • უარი და პროტესტი საკუთარი სათამაშოების დალაგებაზე – სრულიად ნორმალური და ბუნებრივია დავეხმაროთ 3 წლამდე ასაკის ბავშვს სათამაშოების დალაგებაში, მაგრამ, თუ ჩვენ ამის კეთებას მოგვიანებითაც ვაგრძელებთ, ბავშვს უყალიბდება რწმენა, რომ ეს ასეც უნდა ხდებოდეს და გამოხატავს პროტესტს, როცა თამაშის შემდეგ სთხოვენ, რომ სათამაშოებს თავისი ადგილი მიუჩინოს;
  • უხეშობა და თავხედობა უფროსებთან – სასურველის მიღების ჩვევას ბავშვი იქამდე მიჰყავს, რომ ის ძალიან მომხმარებლურად უყურებს მშობელს. მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა იყოს თავაზიანი იმათთან, ვინც ყველა მის მოთხოვნას ასრულებს. დედისადმი უპატივცემულობა ხშირად უხეშობაში გადადის. განებივრებული ბავშვი არ აღიარებს ავტორიტეტად საკუთარ აღმზრდელებს, ამიტომ, მისთვის მათი მოთხოვნები ფაქტობრივად არაფერს ნიშნავს;
  • მანიპულირება უფროსებით – საკუთარი მიზნების მისაღწევად განებივრებული ბავშვი იყენებს მისთვის ხელმისაწვდომ ყველა საშუალებას, ხერხს: ისტერიკა, ცრემლები, მშობლებთან განსხვავებული, არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. თუ დედა ნაყინს არ უყიდის, მიმართავს მამას და დაიწყებს მისთვის სიყვარულის ახსნას – „მამა, მე შენ ყველაზე მეტად მიყვარხარ ამ ქვეყანაზე“ – ის ამ სიტყვებს გაუმეორებს მამას მანამდე, სანამ ეს უკანასკნელი მას რაიმეს არ აუკრძალავს. საკუთარი მიზნების მისაღწევად და უფროსების ყურადღების მისაპყრობად მან შეიძლება იყვიროს, მოაწყოს ისტერიკები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში (მაღაზიაში, კაფეში, გასართობ ცენტრში, პარკში და ა.შ.) და უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს მშობლები;
  • სიტყვების „არა“, „არ შეიძლება“ აღქმის უუნარობა – განებივრებული ბავშვისთვის ძნელია იმის გაგება, რატომ არ შეიძლება მან საკუთარი სურვილი აისრულოს და სასურველი მიიღოს. ის უარს ხმამაღალი ქვითინით ეხმაურება და მას ისე აღიქვამს, როგორც სამყაროს დასასრულს;
  • გარე სამყაროსთან, საზოგადოებაში არსებულ ქცევის ნორმებთან და წესებთან ადაპტირების უუნარობა – უჭირს საზოგადოებაში მიღებული წესების დაცვა, რის გამოც მუდმივად საყვედურებს იმსახურებს, მაგრამ გარშემომყოფთა უკმაყოფილების მიუხედავად არ ცდილობს რაიმე შეცვალოს საკუთარ ქცევაში;
  • დაბალი სტრესგამძლეობა, დეპრესია, ფსიქოლოგიური კომპლექსები – იმის გამო, რომ მუდმივად უკმაყოფილოა და ამასთან უჭირს საკუთარი ემოციების მართვა, ხშირად ვარდება დეპრესიაში, უყალიბდება ფსიქოლოგიური კომპლექსები.

ბავშვის განებივრებულობის ხელშემწყობი ფაქტორები:

  • უზომო მეურვეობა – პატარები განებივრებულად არ იბადებიან. ხმამაღალი ტირილით თავდაპირველად ისინი მიგვანიშნებენ უმარტივესი მოთხოვნილებების (ჭამა, სმა, სითბო, ყურადღება) დაკმაყოფილების საჭიროებაზე. მაგრამ, თუ უზომო მეურვეობას გავუწევთ ბავშვს და მუდმივად, საჭირო იქნება ეს თუ არა, შევეცდებით მის ხელში აყვანას და გართობას მხოლოდ იმიტომ, რომ არ იტიროს, ის მალე გახდება მთელი ოჯახის ცენტრი და ყოველთვის, იქნება ამის საჭიროება თუ არა, მოითხოვს ყურადღებას, ხელში აყვანას, გართობას; ამასთან, ადვილად მოახერხებს ამ ყველაფრის მიღწევას ტირილითა და ჭირვეულობით;
  • აღმზრდელთა შეუთანხმებლობა აღზრდის ძირითად მეთოდებსა და პრინციპებში – ძალიან ხშირად განებივრებული ბავშვები ისეთ ოჯახებში იზრდებიან, სადაც ბევრი „მეურვე“ და „აღმზრდელია“ და თითოეულ მათგანს თავისი საკუთარი, სხვებისგან განსხვავებული მიდგომა აქვს ბავშვთან, ამასთან, არ შეუძლიათ შეთანხმება აღზრდის ძირითად მეთოდებზე. პატარა, ხედავს რა ასეთ შეუთანხმებლობას აღმზრდელებში, იწყებს მანიპულირებას, მბრძანებლობას და უფროსების მართვას – როდესაც მამა უკრძალავს, ის მიდის საყვარელ და კეთილ დედასთან. და, თუ არც ის დართავს ნებას, გაიქცევა ბებიასთან, რომ მან დაიცვას და აუსრულოს სურვილი. ბავშვი თანდათან ეჩვევა აზრს იმის შესახებ, რომ მისთვის არ არსებობს აკრძალვები ოჯახში, აუცილებლად მოიძებნება იქ ადამიანი, რომელიც მას დაუჭერს მხარს და დაიცავს. ბოლოს და ბოლოს ბავშვი კარგავს სიტუაციაში ორიენტირების უნარს, გრძნობს დაუსჯელობას და ხდება უმართავი;
  • არათანმიმდევრულობა აკრძალვებში – როგორც წესი, ბავშვს საგონებელში ვაგდებთ და დაუმორჩილებლობისკენ ვუბიძგებთ, როდესაც დღეს  ვუკრძალავთ იმას, რაზეც გუშინ უპრობლემოდ ვრთავდით ნებას. თუ საკმარის სიმტკიცეს არ გამოვიჩენთ და არ ვიქნებით თანმიმდევრული გადაწყვეტილებებში, ჭირვეულობითა და ისტერიკებით ბავშვი მიაღწევს თავისას. საკმარისია ერთი-ორჯერ აღმოჩნდეს ის ასეთ სიტუაციაში და მიხვდება, რომ შეიძლება მშობლებით მანიპულირება, რაც მომავალში ბავშვის განებივრების ხელშემწყობი ფაქტორი გახდება;
  • ბავშვთან ურთიერთობისათვის საჭირო დროის დეფიციტის კომპენსირება საჩუქრებით – ბევრი დაკავებული მშობელი იმის გამო, რომ დროს ვერ პოულობს შვილთან ურთიერთობისათვის, სხვადასხვა სახის ნივთებითა და სათამაშოებით ცდილობს მის „მოსყიდვას“ და კეთილგანწყობის მოპოვებას. ბავშვები კარგად უღებენ ალღოს შექმნილ სიტუაციას და სულ უფრო და უფრო ზრდიან მოთხოვნებს. მალე მშობლები ხვდებიან, რომ ბავშვი გაანებივრეს, მის მოთხოვნებს და სურვილებს საზღვრები არა აქვს, თუმცა, მდგომარეობის შეცვლა თითქმის შეუძლებელი ხდება.

     რეკომენდაციები განებივრებულ ბავშვებთან ურთიერთობისათვის:

  • შევინარჩუნოთ სიმშვიდე. გვახსოვდეს, რომ სიტუაციის გაკონტროლებას შევძლებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით მშვიდი და ემოციურად გაწონასწორებული. ჩვენი ყვირილი ვერ აიძულებს ბავშვს, დაგვიჯეროს და დაგვემორჩილოს. ნუ ავუწევთ ხმას მაშინაც კი, თუ პატარა აწყობს ისტერიკას, ან უხეშობს. უკეთესი იქნება იგნორირება გავუკეთოთ მის ქცევას;
  • შექმნილი მდგომარეობის გამოსწორებაზე ზრუნვა დროულად დავიწყოთ – როგორც კი მივხვდებით, რომ ბავშვი ტირის და ყვირის მისთვის სასურველი ნივთის მისაღებად, ყვირილით ცდილობს სასურველის მოპოვებას, დაუყოვნებლივ გავაჩეროთ პატარა მანიპულატორი. ნუ წავახალისებთ მის ქცევას მისი ნებისმიერი სურვილის შესრულებით იმ იმედით, რომ ის შეწყვეტს ისტერიკას, წუწუნსა და ქვითინს;
  • ვიყოთ თანმიმდევრული ბავშვის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებში, ჩვენს ქცევასა და მოქმედებაში. თუ დღეს ნებას დავრთავთ პატარას იხტუნაოს დივანზე, ხვალ კი უმკაცრესად ავუკრძალავთ მას ამის გაკეთებას, ჩვენს წესებს არანაირი ძალა არ ექნება. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ აკრძალვები ჩვენს გუნება-განწყობაზე არ იქნება დამოკიდებული. ის, რაც ავუკრძალეთ, მისთვის აკრძალული იქნება დღესაც, ხვალაც და შემდგომშიც, სანამ პრობლემა არ მოგვარდება. თუ ბავშვს რაიმეს დავპირდებით, აუცილებლად შევასრულოთ ის;
  • ვიმოქმედოთ შეთანხმებულად. ოჯახის წევრთა რეაქცია ბავშვის ქცევაზე უნდა იყოს ერთსულოვანი და დასაბუთებული;
  • ვისწავლოთ „არას“ თქმა ბავშვისთვის. განებივრებული ბავშვი, იღებს რა ყოველდღიურად სხვადასხვა საჩუქარს, მშობლებს ხშირად „მოსიარულე საფულედ“ აღიქვამს. მორიგი საჩუქრის ნაცვლად დავუთმოთ პატარას უფრო მეტი დრო – წავუკითხოთ, ვისეირნოთ, ვითამაშოთ მასთან ერთად;
  • ვიზრუნოთ ბავშვში სხვადასხვა სახის ჩვევების, პირველ რიგში კი თვითმომსახურების ჩვევების გამომუშავებაზე. 4-5 წლის ბავშვს უკვე უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად ჭამა, ჩაცმა, გახდა, თამაშის შემდეგ სათამაშოების დალაგება;
  • ჩამოვაყალიბოთ ჩვენი აზრები და სათხოვარი მკაფიოდ და ნათლად, ბავშვისთვის გასაგებ ენაზე. ეს უნდა იყოს სწორედ თხოვნა და არავითარ შემთხვევაში ბრძანება;
  • დავასაბუთოთ ჩვენი გადაწყვეტილება, მაშინაც კი, თუ ის არ მოგვწონს. ჩვენს მეტყველებაში უნდა იგრძნობოდეს სიმტკიცე და შეუვალობა. გავაგებინოთ ბავშვს, რომ ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა და განხილვას აღარ ექვემდებარება;

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ გაცილებით ადვილია განებივრებულობის თავიდან აცილება, ვიდრე უკვე განებივრებული ბავშვის გამოსწორება, მის ქცევასა და განწყობა-დამოკიდებულებებში ცვლილებების შეტანა.

 

 

 

 

გაჩერებებით კითხვა და წარმოსახვითი უნარის განვითარება

0

ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება საკმაოდ სპეციფიკურია. არსებული სახელმძღვანელო დასახვეწია, რადგან მასში მოცემული თემები და საკითხები ვერ აკმაყოფილებს მოსწავლეთა ინტერესებს და ხშირად უკარგავს მათ მოტივაციას. სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების, ინტერაქტიული პროცესის შექმნისა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მიზნით სხვადასხვა ეტაპზე მიზნობრივად ვიყენებ დამატებით რესურსს. ამ მხრივ ძალიან საინტერესოა „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის“ ფარგლებში შექმნილი პორტალი kargiskola.ge

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა დამყარებულია არასტრესულ გარემოში სწავლებაზე. ყოველთვის ვფიქრობ, როგორ დავგეგმო გაკვეთილი ისე, რომ სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის არ იყოს მოსაწყენი, ერთფეროვანი, მომაბეზრებელი. შესაბამისად, მიწევს სხვადასხვა მეთოდისა და აქტივობის ძებნა/მოფიქრება, მოსწავლეთა შესაძლებლობის გათვალისწინებით მათი საგაკვეთილო პროცესზე მორგება.

მინდა, გაგიზიაროთ ერთი აქტივობა, რომელმაც ხელი შეუწყო კითხვის, წერისა და მეტყველების უნარების განვითარებას არაქართულენოვანი სექტორის VIII კლასში.

პირველი ეტაპი – გაჩერებებით კითხვა

kargiskola.ge-ის პორტალზე არაქართულენოვანი სკოლებისთვის ატვირთულია საინტერესო ტექსტები. ძებნის ველში უნდა მიუთითოთ კლასი და შესაბამისი ტიპი. მაგალითად: თხრობითი ან საინფორმაციო შემეცნებითი ტექსტი.

მოსწავლეებს შევთავაზე ტექსტი „ძმები“. იმისთვის, რომ კითხვის პროცესი ყოფილიყო საინტერესო და დამაინტრიგებელი, ტექსტი რამდენიმე ნაწილად დავყავი. გამოწვევის ფაზაზე, სათაურის მიხედვით გამოვთქვით ვარაუდები. მოსწავლეებმა უპასუხეს შეკითხვებს:

  • ვის შესახებ იქნებოდა ტექსტი?
  • ვის ჰყავს დედმამიშვილი?
  • ვინ იქნებიან პერსონაჟები?
  • სათაურის მიხედვით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები…

პასუხების მიღების შემდეგ წავიკითხეთ დასაწყისი. სასურველია მოსწავლეთა პასუხები დაფიქსირდეს რაიმე ფორმით, მაგალითად, ვარაუდების სქემაში.

    რა მოხდება? რატომ ფიქრობ ასე? რა მოხდა სინამდვილეში?
სათაურის წაკითხვის შემდეგ ტექსტში მთავარი გმირები იქნებიან ძმები.

 

სათაურიდან გამომდინარე. ჩემი ვარაუდი გამართლდა.
I   მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ      
II მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ      
III მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ      

კითხვის დასრულების შემდეგ შევთავაზე სტანდარტული კითხვები, რომლებიც ყოველი ნაწილის წაკითხვის შემდეგ მეორდებოდა.

  • რა იყო საინტერესო ამ ნაწილში?
  • როგორ დაახასიათებთ პერსონაჟებს?
  • როგორ განვითარდება მოვლენები?

მნიშვნელოვანია დანაწევრებული ტექსტის მოსწავლეებისთვის ნაწილ-ნაწილ მიწოდება. მათ ერთი სული აქვთ, გაიგონ, რა მოხდება შემდეგ ეპიზოდში.

შეჯამება/გააზრების ფაზაზე შევაფასეთ ის პერსონაჟები, რომლებიც ფიგურირებდნენ ტექსტში და ჩამოვწერეთ, რა იყო ტექსტის მთავარი მოტივი/სათქმელი.

მეორე ეტაპი – წარმოსახვითი უნარის განვითარება

მოსწავლეებს მოსწონთ, როცა ვთავაზობ არჩევნის საშუალებას. ხშირად თვითონ ირჩევენ სასწავლო პროცესის განვითარების შესაძლო გზებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მათგან წამოვიდა იდეა, რომ მოეფიქრებინათ დიალოგები პერსონაჟებს შორის.  რა თქმა უნდა, მე მხარი დავუჭირე და წავახალისე მათი ინიციატივა. ნელ-ნელა მოსწავლეები გადაიქცნენ შემოქმედებად, მე კი  გავხდი პროცესის ფასილიტატორი, რომელიც მხოლოდ რჩევებისა და რეკომენდაციების გაცემით შემოიფარგლებოდა.

ოთხ ჯგუფად დაყოფილმა კლასმა გამოყო ოთხი მომენტი. პირველმა ჯგუფმა ჯემალის ისტორიაზე იმუშავა, მეორე ჯგუფმა მოიფიქრა დიალოგი, რომელიც შესაძლოა წარმართულიყო ბებიასა და ჯემალს შორის, მესამე ჯგუფმა მოიფიქრა რკინიგზის სადგურში ტაქსის მძღოლისა და ჯემალს შორის წარმართული დიალოგი, ხოლო მეოთხე ჯგუფმა გააცოცხლა ტექსტის ბოლო ნაწილში, საავადმყოფოში მისული ჯემალის, იუბილარი ძმისა და გაკვირვებული მშობლების მონაკვეთი.

ეს იყო ცოცხალი, შემოქმედებითი კუთხით დატვირთული პროცესი, რამაც ხელი შეუწყო ახალი ლექსიკური ერთეულების განმტკიცებასა და წერითი უნარის გამომუშავებას.

მესამე ეტაპი  – როლური თამაში

ბოლო ნაწილი იყო ყველაზე მხიარული, რადგან საქმეში როლური თამაში ჩაერთო. გადავწყვიტეთ, გაგვეცოცხლებინა უკვე მათ მიერ მოფიქრებული დიალოგები. მოსწავლეებმა გაინაწილეს როლები და გაითამაშეს ეპიზოდები.

დიდ გამარჯვებად მიმაჩნია, როცა მოსწავლეებს ჩემთან ერთად უხარიათ გაკვეთილის დაწყება და გულდაწყვეტილები არიან ზარის დარეკვისას. ამის მიღწევა მონდომების შემთხვევაში და მსგავსი მიდგომით ნამდვილად შესაძლებელია. შეაფასეთ მოსწავლეების მზაობა, ენობრივი კომპეტენცია და ამის მიხედვით დაგეგმეთ სწავლება. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ აქტივობის გამოყენება ეფექტური იქნება ნებისმიერი სხვა უცხო ენის სწავლების პროცესში. მოიძიეთ შესაბამისი ტექსტი და სცადეთ.

დასწავლის სირთულეები და დაძლევის გზები

0

ირველლასელთა სასკოლო ცხოვრება ხშირად თანმიმდევრულად ვითარდება. ზოგჯერ, კი სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების აღმოჩენა გვიან ხდება, რაც უმეტესად დაკავშირებულია არასწორ და დაგვიანებულ შეფასებასთან. ასეთი  მდგომარეობა,  შემდეგ უფრო დიდი სირთულის წინაშე აყენებს მოსწავლის აკადემიურ წინსვლას. თინა ჭინჭარაული, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ფსიქოლოგი დასწავლის უნარის სირთულეებზე, მის მახასიათებლებსა და პრობლემის დაძლევის გზებზე  გვესაუბრა.

 

როდესაც ბავშვი პირველ კლასში მიდის, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი წერა-კითხვის ათვისება და ელემენტარული არითმეტიკული ოპერაციების გაგების ლოგიკა ხდება. მეორე-მესამე კლასიდან კი წერა-კითხვა ხდება ინსტრუმენტი, ახალი და მრავალფეროვანი საგნების ასათვისებლად. რასაც, ჩვენ ზუსტად ამ ადრეულ ასაკში, ანუ პირველ კლასში აღმოვაჩენთ ხოლმე – ეს არის დასწავლა უნარის დარღვევა. ეს არის მდგომარეობა, რომელიც შედის ნეიროგანვითარების დარღვევების ჩამონათვალში, მაგრამ საკმაოდ განსხვავებულია ნეიროგანვითარების სხვა დარღვევებისგან იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვებს დასწავლის უნარის დარღვევით, როგორც წესი, არ აქვთ ინტელექტთან დაკავშირებული არანაირი პრობლემა. ანუ მათი შემეცნებითი უნარების განვითარება – მეხსიერება, ყურადღება, აღქმის უნარი, ერთი შეხედვით, სრულიად აკმაყოფილებს ასაკობრივ ნორმებს. რის გამოც, სპეციალიზებული, ფსიქომეტრული ინსტრუმენტების შეფასებისას მათი ინტელექტის კოეფიციენტი არის საშუალო ნორმის შესაბამისი. უცებ აღმოჩნდება, რომ ეს ბავშვები ვერ სწავლობენ წერას, კითხვას ან ვერაფრით იგებენ ციფრსა და რაოდენობას შორის მიმართებას. ვერ ხვდებიან ბევრი/ცოტა რას ნიშნავს, ვერ ხვდებიან, რას გულისხმობს  მიმატება და გამოკლება. და როცა დავალება მიმატებაზეა – აკლებენ, როცა გამოკლებაზეა დავალება – ამატებენ. პირველად ეს მასწავლებლისთვის ხდება მანიშნებელი და მერე – მშობლებისთვის, რომ აუცილებელია დამატებითი შეფასების განხორციელება, რომ არ გამოგვეპაროს ამ საბაზისო, აკადემიური უნარების განვითარებასთან დაკავშირებული სირთულეები. ძირითადად, როგორც წესი, პირველი კლასის მეორე ნახევრიდან, გაზაფხულის სემესტრისთვის მშობლები და მასწავლებლები განგაშის ზარების შემოკვრას იწყებენ. ეს საყურადღებო დეტალები კი ასეთია: მართალია, ბავშვი ძალიან ყოჩაღია ყველაფერში, სადაც ზეპირი გადმოცემა არის საჭირო, ძალიან კარგად ერთვება, ჯგუფურ ინსტრუქციებს მიჰყვება, მაგრამ, როდესაც საქმე მიდგება კითხვაზე ან ამოცანის ამოხსნაზე, ვერაფრით ვერ ხდება თანდათანობითი პროგრესის დანახვა. მაინც ეშლება ასოები, მაინც ვერ ახდენს ამოკითხული ასოების სიტყვაში გაერთიანებას, ამოიკითხავს მაგრამ მაინც ვერ ხვდება, რა ამოიკითხა და ა.შ. სწორედ, ეს არის ის პერიოდი, როდესაც არ უნდა მოხდეს შეფასების გადავადება.

 

ვინ უნდა შეაფასოს მოსწავლის მდგომარეობა?

 

ამ მდგომარეობას მასწავლებელიც და მშობელიც ამჩნევს. უბრალოდ, როგორც წესი, ზოგიერთ შემთხვევაში ხდება ბავშვის არასწორი შეფასება, როგორც ზარმაცის  და ცელქის. როდესაც ხედავ, რომ ბავშვი ძალიან სხარტია  და ძალიან კარგად იგებს ყველაფერს, არანაირი სხვა პრობლემა არ აქვს, მაგრამ რატომღაც წერა-კითხვას ვერ სწავლობს, პირველი ეჭვი და შთაბეჭდილება რაც უჩნდებათ, არის ის, რომ ზარმაცია. ბავშვებიც იმ საქმიანობას, რაც არ გამოსდით, მაქსიმალურად ცდილობენ, თავი აარიდონ და ეს ბუნებრივია. როდესაც ბავშვი უყურებს ამ თეთრზე შავით დახატულ ნიშნებს და მისთვის ,,ა” მოსმენილი და ,,ა” დაწერილი, ვერაფრით ვერ უკავშირდება ერთმანეთს, ბუნებრივია, რაღაც ეტაპზე ის ცდილობს, თავი აარიდოს ამ ტიპის მეცადინეობას და მერე უკვე მოდის ფრაზა: ,,იმიტომ კი არ უჭირს წერა-კითხვის ათვისება, რომ არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ ზარმაცია”.

 

ასევე გააჩნია ბავშვის ტემპერამენტსაც. ზოგიერთ შემთხვევაში სიცელქე და ქცევასთან დაკავშირებული სირთულეები შეიძლება დასწავლის პრობლემის დაფარვის მცდელობად იქცეს. ბავშვებს ურჩევნიათ იყვნენ ცელქები, ვიდრე ,,უწიგნურები” და კიდევ ბევრ, ასეთ ფრაზას ისმენენ უფროსებისგან.

 

ამ ყველაფერს უნდა მოჰყვეს გადამისამართება სპეცპედაგოგთან ან ფსიქოლოგთან, იმისთვის, რომ მოხდეს შეფასება, რასთან გვაქვს საქმე. ანუ საქმე გვაქვს მოტივაციის ნაკლებობასთან, რადგან სკოლა, გარდა იმისა, რომ აკადემიურ მოთხოვნებს უყენებს  ბავშვს, ასევე უყენებს ქცევასთან დაკავშირებულ მოთხოვნებსაც, რაც საკმაოდ რთულია ამ ასაკისთვის. სწავლის პირველ ეტაპზე ბავშვს უწევს სხვისი დაკვეთის შესრულება და ამის გამო, შესაძლოა მისმა მოტივაციამ იკლოს. რადგან, სწავლა არ არის მისთვის, წამყვანი ქცევითი აქტივობა. მისთვის წამყვანი ქცევითი აქტივობა მაინც თამაშია.

 

ამ პროცესის შეფასება გვიჩვენებს, რამდენად შესაბამისობაშია ერთმანეთთან ბავშვის კოგნიტური განვითარება, მისი მოტივაციური სფერო და აკადემიური წინსვლა. უკვე აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, არის ეს დასწავლის უნარის დარღვევა, თუ – არა.

 

რა ტიპის შეიძლება იყოს დასწავლის უნარის დარღვევა ? რა მახასიათებლები აქვს?

 

ძირითადად, გამოიყოფა ორი ტიპის დასწავლის უნარის დარღვევა. ეს არის დისლექსია, კითხვის უნარის განვითარებასთან დაკავშირებული სირთულე და დისკალკულია, რაც არის არითმეტიკული – ციფრების, რიცხვების, არითმეტიკული ოპერაციების ათვისებასთან დაკავშირებული სირთულე. ზოგიერთი ბავშვის შემთხვევაში, ორივე დარღვევა შეიძლება ერთადაც იყოს.

 

თუ დროულად არ მოხდა შეფასება სპეციალისტისგან და ამ დარღვევების გამოსწორებაზე მუშაობა, რა ხდება შემდეგ?

 

თუ არ მოხდა დროული ჩარევა, ამ ბავშვების შემთხვევაში იზრდება შფოთვითი აშლილობების რისკი, იზრდება ქცევასთან დაკავშირებული სირთულეების რისკი, იმიტომ, რომ კარგი ინტელექტიდან გამომდინარე ზუსტად იციან, რომ – სწავლა კარგია, ძალიან ბევრს ცდილობენ, მაგრამ შედეგზე ვერ გადიან. ამის პარალელურად , გარემოდან გრძელდება ეს ზეწოლა – „როგორ შენ ვერ სწავლობ?“; „დღეს ისევ ცუდი ნიშანი მოიტანე?“ და ა.შ. ეს ყველაფერი შემდეგში ძალიან ბევრ ფსიქოლოგიურ პრობლემას უკავშირდება. თუ დროულად მოხდა ჩარევა, უმრავლეს შემთხვევაში დასწავლის უნარის დარღვევა არის მართვადი, სირთულეების სწორი იდენტიფიკაციითა და ინდივიდუალიზირებული პროგრამის შერჩევით.

 

როგორ ერთვება ოჯახი ბავშვის აკადემიური წინსვლის მხარდამჭერ პროცესში?

 

სწორი მოლოდინებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სირთულის დროული იდენტიფიკაცია მასწავლებელსა და მშობელსაც  ეხმარება, გაუჩნდეთ სწორი მოლოდინები ბავშვთან დაკავშირებით და შესაბამისად არ ახდენენ ზეწოლას: ,,მოდი იმეცადინე”. როდესაც, ბავშვს კი არ ეზარება, უბრალოდ სწავლისთვის სხვანაირი ტიპის მიდგომა, სტრატეგია, სწორად აწყობილი და განსაზღვრული პროგრამა სჭირდება, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ დავეხმაროთ ამ კონკრეტულ ბავშვს, მისი კონკრეტული უნარებიდან გამომდინარე წერა-კითხვის ათვისებაში ან არითმეტიკული მცნებების გაგებაში.

 

თუ არსებობს კონკრეტული ვადები ამ სირთულის დასაძლევად?

 

ვადები არასოდეს არის განსაზღვრული, იმიტომ რომ ძალიან ინდივიდუალურია პრობლემის სიმძიმიდან და თვითონ ბავშვიდან გამომდინარე. რას ვეძახით დაძლევას? როგორ განვსაზღვრავთ? თუ დაძლევას ვეძახით იმას, რომ წერა-კითხვასთან დაკავშირებით აღარასოდეს ექნება პრობლემა, გარკვეული სირთულეები მაინც დარჩება, მაგრამ სწორი მოლოდინებიდან და სწორი მიდგომიდან გამომდინარე მაინც გავდივართ იმ სასწავლო შედეგზე, რა შედეგზეც უნდა გავდიოდით სწავლების პროცესში.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...