პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

იყავი ბედნიერი…

0

სკოლის დასრულების შემდეგ მოზარდები უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინაშე დგებიან – რა უნდა აკეთონ მომავალში? რისი გაკეთება აინტერესებთ?რა მიანიჭებთ მათ ბედნიერებას? რას გააკეთებენ ისინი საზოგადოებისთვის? სამყაროსთვის? სხვა ადამიანებისთვის?

 

ჟონგლიორი, აკრობატი, ჯამბაზი, მასწავლებელი, მწვრთნელი, მსოფლიოს გარშემო მოგზაური, ბედნიერების, სიცილისა და სიხარულის გამავრცელებელი – და ყველაფერი ეს ერთდროულად. ასეთია იმ ადამიანების პროფესია, რომელსაც ბლოგში ამჯერად გაგაცნობთ. დასმულ კითხვებს მათ თავიანთი პასუხები უპოვეს. საკუთარი ბედისწერისა და ბედნიერების შემოქმედები თავადვე გახდნენ…

იანი და დევიდი შტუტგარტელი ახალგზარდები არიან. დამეგობრდნენ და გაუდგნენ გზას…მსოფლიოს გარშემო საცირკო მოგზაურობაში.

იანი 24 წლისაა. სკოლის შემდეგ უნივერსიტეტში გააგრძელა სწავლა და სპორტის მასწავლებელი გახდა. 12 წლიდან დაინტერესდა ცირკით, 16 წლიდან კი უკვე ბავშვებს ასწავლიდა ცირკის ელემენტებს. ცირკის მწვრთნელობამ იმდენად დააინტერესა, რომ სწავლის პარალელურად სხვებსაც ასწავლიდა. ახლა „დიდ საცირკო მოგზაურობაში ვარ“ – იცინის ბედნიერი.

იანი

„სკოლის შემდეგ მოგზაურობა გადავწყვიტე, ოღონდ ვერ გადამეწყვიტა, რა მინდოდა, ველომოგზაურობა, მარტო გასვლა ზურგჩანთით თუ რა. შემდეგ რაღაცნაირად ჩემი საყვარელი საქმიანობის დაკავშირება მომინდა მოგზაურობასთან, დევიდს რომ გავუმხილე, ისიც აღფრთოვანდა, რახან მდიდარი არც ერთი არ ვართ, დავიწყეთ ფიქრი, როგორ მოგვეძიებინა ფინანსები. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვატარეთ იდეა და შემდეგ ოცნება აგვიხდა, რამდენიმე ფონდი გამოგვეხმაურა, თანხა მოვიპოვეთ და დავიწყეთ!“

დევიდი

„6 წლის ვიყავი, ცირკით რომ დავინტერესდი. ერთ კლოუნს ვიცნობდი, თავის მანქანაში ცხოვრობდა და ქალაქში სხვადასხვა ადგილას წარმოდგენებს მართავდა. იმდენად შთამბეჭდავი იყო ჩემთვის, ბურთები ავიღე და თამაში დავიწყე. ნელ-ნელა ისე გავიწაფე ჟონგლიორობაში, რომ საავადმყოფოებში მივდიოდი და იქ ვმართავდი წარმოდგენებს, შემდეგ სკოლაშიც გამოვდიოდი. საბოლოოდ, თეატრალურ სასწავლებელში მივიღე განათლება ამ მიმართულებით და ცირკის მწვრთნელად დავიწყე მუშაობა. შემდეგ იანს შევხვდი, დავმეგობრდით, ერთხელად მოვიდა ამ გიჟური იდეით და მსოფლიო მოგზაურობა შემომთავაზა. მოგზაურობა და საცირკო წარმოდგენები ერთად – გასაოცარი გამოწვევა იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, დავთანხმდი“.

ბიჭები აღნიშნავენ, რომ ჩვეულებრივი ტურიზმი „მათთვის არ იყო საინტერესო“.

„ გვინდოდა არა მხოლოდ მიგვეღო შთაბეჭდილებები , არამედ რაღაც გაგვეცა ამ სამყაროში. ის, რისი გაცემაც ჩვენ შეგვეძლო, არის სიხარული და სიამოვნება, რასაც წარმოდგენის ნახვისას განიცდიან მაყურებლები. ასე დაიბადა ეს იდეა“ – ამბობს იანი.

 

დევიდი

„ჩვენ სტუმრები ვართ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც მივემგზავრებით. მხოლოდ ტურისტული მარშრუტები და ღირსშესანიშნაობები არ გვაინტერესებს,  უფრო მეტად ადამიანები გვინდა გავიცნოთ და შევიცნოთ. მათი ცხოვრება, ისტორიები, ამბები. ჩვენ არა მხოლოდ წარმოდგენებს ვმართავთ, არამედ ვასწავლით კიდეც მსურველებს. მასპინძელ ქვეყნებში სკოლებს ვუკავშირდებით, ჩვენს პროექტს ვაცნობთ და მოსწავლეებთან ვმუშაობთ.

ენითაუწერელია ის შეგრძნებები და შტაბეჭდილებები, რასაც ასე ვიღებთ. ყველა ქვეყანაში სხვადასხვა რამ გვხგვდება და ხდება.

იანი

„ხდება ხოლმე, ჩადიხარ ადგილზე, გაქვს გარკვეული გეგმა, მაგრამ გონზე არ ხარ, როგორ შეხვდებიან ამას ადგილობრივები, იწყებ წარმოდგენას და ხვდები, რომ რაღაც ახალი და განუმეორებელი იბადება, ახალი გამოცდილება, შეგრძნებები. ცირკი ძალიან საინტერესო და მარტივი ხერხია ადამიანებთან დასაახლოებლად, განსაკუთრებით, ბავშვები გამოირჩევიან ცნობისმოყვარეობით და სიახლეების შეცნობის სურვილით. ისეც ხდება ხოლმე, როდესაც ესმით ცირკი, წარმოუდგენიათ ცხოველები,  სპეციალური აღჭურვილობა, ამ დროს მივდივართ ბურთებით და ვიწყებთ წარმოდგენას, მერე კი მათაც ვუზიარებთ ჩვენს ცოდნას. განსაკუთრებით მოსწონთ ხოლმე აკრობატული ილეთები, სწავლობენ, როგორ დაეუფლონ თავიანთ სხეულს, რას გრძნობენ, როგორ ეწყობიან სხვებს სხვადასხვა მოძრაობისა თუ ილეთის მეშვეობით. თავისებურად სოციალური მომენტია. გასაოცარია იმაზე დაკვირვება, როგორ იწყებ ნულიდან და ერთ კვირაში უკვე ხედავ შედეგებს, ვიღაც ბურთებით ჟონგლიორობს ოსტატურად, ვიღაც აკრობატულ ილეთებს ასრულებს, რაც ერთი კვირის წინ წარმოუდგენლად ეჩვენებოდა, ისიც გასაოცარია, როგორ ინდომებენ მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას, ვიღაცას სამი ბურთი აღარ ჰყოფნის, მეტს აკეთებს…

საბოლოოდ ეს ყველაფერი წარმოდგენით სრულდება. ეს მართლაც მნიშვნელოვანია, საკუთარი შრომის შედეგებს წარმოუდგენენ სხვებს.

დევიდი

მაკედონიაში გვქონდა ასეთი გამოცდილება – ბავშვები დაგვიახლოვდნენ. მათ საერთოდ არაფერი სმენოდათ ცირკის შესახებ. რთული იყო რამდენიმე მიზეზის გამო – ერთმანეთის ენა არ გვესმოდა, არადა ჩვენ უნდა აგვეხსნა, რა არის ცირკი და ისიც უნდა გაგვეგებინებინა მათთვის, რომ სულ რაღაც ერთ კვირაში მათთან ერთად წარმოდგენას გავმართავდით, თუ მოინდომებდნენ და ჩაერთვებოდნენ.

რთული კვირა იყო, ვმუშაობდით თავდაუზოგავად დაერთი კვირის შემდეგ წარმოდგენა გავმართეთ. ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ტოვებდნენ ადგილს და საოცრად ბედნიერები იყვნენ მიღწეულით. მაშინ ვთქვით, ესააა ის, რისი კეთებაც გვინდა.დიდებული რამ იყო.

 

იანი სკოლასა და სკოლის წლებზე

სკოლის წლებმა დიდწილად განსაზღვრა ჩვენი მსოფლხედვაც და ცხოვრებაც. სამყაროს მიმართ ღიაობა და მიმღებლობა, რისკების გათვლა, ფართო თვალსაწიერი – ეს ბაგაჟი წამომყვა სკოლიდან. ჩვენს სკოლაში იმასაც გვასწავლიდნენ, როგორ გამოგვეყენებინა ის, რაც მუდამ თან გვაქვს, ჩვენი სხეული, ბევრს ვმუშაობდით სხვადასხვა მასალაზე.

დევიდი „სკოლამ სამყაროს მიმართ ინტერესი გამიჩინა“

შტუტგართან ახლოს ვალდორფის სკოლაში ვსწავლობდი, მერე შტუტგარდის ვალდორფში გადავედი. თავისუფლად სწავლების და სამყაროს მიმართ ინტერესის გაჩენის წლები იყო ჩემთვის სკოლის წლები. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ურთიერთობა არ არის ჩვეულებრივი ურთიერთობა ორ ადამიანს შორის. მნიშვნელოვანია, რაღაც კონტაქტი დამყარდეს, ინტერესთა თანხვედრა, ურთიერთპატივისცემა. როცა გრძნობ, რომ მასწავლებელს აინტერესებს შენი ინდივიდუალიზმი, შენი პიროვნება.

იანი

თუ რაღაც ხდება და ამის შეცვლა არ შეგიძლია, ნუ გაბრაზდები.

სწრაფად რეაგირება ვისწავლე.

სიტუაციის მიღება და კონტროლი. კ

იდევ ერთი – თუ თავად არ მოინდომებ რაღაცის შეცვლაას ან გაკეთებას, არც არაფერი შეიცვლება.

ესაა ის გაკვეთილები, რაც ამ ამ გამოცდილებამ მასწავლა.

ჩვენ დავიწყეთ მოგზაურობა მანქანით, რომელიც არც იყო ბოლომდე მოწყობილი საცხოვრებლად. კიდევ დიდხანს რომ დავლოდებოდით და გადაგვედო, შეიძლება ეს თავგადასავალი აგვცდენოდა.

თუ გინდა რამე, ადექი და გააკეთე – ესაა, რაც მკაფიოდ ვისწავლე.

დევიდი

იმდენი ვისწავლე სხვადასხვა ქვეყნის შესახებ, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი და ყველაზე ძვირფასი, რაც შევიძინე, მიმღებლობაა. ვფიქრობ, მანამდე უფრო სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, და დისტანციურიც ადამიანებთან, ახლა კი უამრავი მეგობარი შევიძინე.

საქართველოზე…

აქ ადამიანები სულ მღერიან. ახალგაზრდები ერთად მღერიან ყველგან და ყოველთვის. ტრანსპორტშიც, თუ წვეულება აქვთ, მაშინაც. ეს საოცარია. თან, არავინ ბრაზობს, თუ ხმამაღლა მღერი.

ბუნება – გასაოცარი ბუნებით დაგვამახსოვრდება კიდევ საქართველო.

სად გაქვთ ბამპერები?

ქართველებს არ უყვართ საგზაო წესები – ეს იყო პირველი, რაც ვიღაცამ გვითხრა საქართველოში რომ შემოვედით. გზებზე ეს მართლაც ჩანს.

მხიარული, საინტერესო, ლაღი ქართველები გავიცანით. ბევრი გავეცით და კიდევ უფრო მეტი მივიღეთ. გმადლობთ, ქართველებო!

იანი და დევიდი საქართველოდან სომხეთში გაემზაგვრნენ. მათ მოგზაურობისთვის ორი წელი აქვთ განსაზღვრული. შემდეგ კი, დარწმუნებული ვარ, მიღებულ გამოცდილებას კიდევ არაერთ სასიკეთო საქმეს მოახმარენ.

მასალის მომზადებისას გაწეული ტექნიკური დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა თბილისის ვალდორფის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეს, გიორგი ძიძიგურს.

 

 

სითბური გაფართოება. წყლის ანომალია.

0

ჩვენ უკვე გავეცანით ატომის აღნაგობას და გავარკვიეთ, რომ მას დისკრეტული აგებულება აქვს. ვიცით, რომ ატომები დადებითად დამუხტული ბირთვისგან და მის გარშემო მოძრავი უარყოფითად დამუხტული ელექტრონებისგან შედგება. წინა სტატიებში ამ საკითხის შესწავლისას გამოვიყენეთ ცნობილი ექსპერიმენტი, რომლის მიხედვით ფოლადის ბურთულა გათბობისას ისე გაფართოვდა, რომ რგოლში აღარ გავიდა (სურ. 1).

სურ. 1.

სხეულების გათბობით მათი მოცულობის გაზრდის მოვლენას სითბურო გაფართოება ეწოდება. შევეცადოთ სხეულების შემადგენელი ნაწილაკების მოძრაობის და ურთიერთქმედების გათვალისწინებით ავხსნათ ეს მოვლენა. დიფუზიის შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ ტემპერატურის გაზრდით დიფუზიის სიჩქარე იზრდება. ეს კი ავხსენით მოლეკულების და ატომების მოძრაობის სიჩქარის ზრდით. ნაწილაკების მოძრაობის სიჩქარის გაზრდა ხელს უწყობს ნივთიერებათა ერთმანეთში შერევის მოვლენის ინტენსიურობის ზრდას, ანუ დიფუზიის ინტენსიურობას. სითბური გაფართოების მოვლენაც ამ მექანიზმით ხომ არ აიხსნება? სწორედ ასეა.

თავდაპირველად განვიხილოთ მყარი ნივთიერების შემთხვევა. როგორც უკვე ვიცით, მყარი ნივთიერებების  შემადგენელი ნაწილაკებს (მოლეკულები და ატომები) შორის მცირე მანძილია. ისინი ურთიერთქმედების (მიზიდვა-განზიდვის) გამო ერთმანეთს არ შორდებიან – განთავსებულნი არიან რაღაც კონკრეტულ „დისლოკაციის“ ადგილზე და ირხევიან. მათთვის ეს მდგომარეობა წონასწორობას წარმოადგენს და აქ  თავს „მშვენივრად“ გრძნობენ. სხვანაირად, მყარ ნივთიერებებს კრისტალური მესერი გააჩნია. სწორედ ამ მესრის კვანძწერტილებში არიან მოთავსებულნი ატომები. სურათის უკეთ წარმოსადგენად განვიხილოთ კრისტალური მესრის მოდელი – ზამბარებით ერთმანეთთან დაკავშირებულ ბურთულები. მოლეკულების და ატომების ურთიერთქმედების შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ ატომების (ბურთულების) ერთმანეთისგან დაშორებით გააქტიურდება მიზიდვის ძალა, ხოლო ბურთულების მიახლოვებით კი  – განზიდვის ძალა. ამდენად, ეს მოდელი კარგად ასახავს მყარ სხეულებში  ნაწილაკების განლაგების მექანიზმს (სურ. 2).

სურ. 2.

სხეულის ტემპერატურის გაზრდით ადგილი აქვს ნაწილაკების (ბურთულების) სიჩქარის გაზრდას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მთლიანი სისტემის – კრისტალური მესრის რხევას. ეს აიხსნება იმით, რომ ნაწილაკების რხევის სიჩქარის გაზრდა, ზამბარის დრეკადობის (ურთიერთქმედების) გამო  გააქტიურებს ნაწილაკების რხევით მოძრაობას, ისინი მეტი მანძილით დაშორდებიან წონასწორობის მდგომარეობას და შესაბამისად, ერთმანეთს. ესეიგი სხეულის გათბობისას ნაწილაკებს შორის მანძილი გაიზრდება. ეს კი ნიშნავს იმას, რომ სხეულის მოცულობა გაიზრდება (სურ. 3).

სურ. 3.

ცდებით დასტურდება, რომ გათბობისას სითხეებიც ფართოვდება.  (სურ. 4).

სურ. 4.

სითხის მოლეკულები, მყარ სხეულის მოლეკულებთან შედარებით, ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან. მათ შორის მანძილი, როგორც ცნობილია, მოლეკულების ზომების რიგისაა. ამიტომ მათ შორის ურთიერთქმედების ხარისხი მყარ სხეულთან შედარებით დაბალია, მიზიდვა-განზიდვა გაცილებით სუსტია, ამიტომ სითხის გათბობისას ნაწილაკები შედარებით უფრო თავისუფლად ტოვებენ „დისლოკაციის“ ადგილს, ვიდრე მყარ სხეულში. თუმცა ეს „თავისუფლება“ მაინც ნივთიერების გვაროვნებაზეა დამოკიდებული. საბოლოოდ კი აქაც, სითხის შემთხვევაშიც, გათბობისას, ნაწილაკები მეტი სიჩქარით იწყებენ მოძრაობას, იზრდება დაჯახებების რიცხვი და  აღმოჩნდება, რომ თბილი სითხის ნაწილაკებს „არსებობისთვის“ მეტი სივრცე ჭირდება, ვიდრე ცივი სითხის ნაწილაკებს. ეს კი ნიშნავს, რომ სითხის მოცულობა გათბობისას იზრდება, ანუ სითხე ფართოვდება.

სწორედ სითბური გაფართოების მოვლენა უდევს საფუძვლად სითხიანი თერმომეტრების მოქმედებას (სურ. 5.)

სურ. 5.

სითბური გაფართობების მოვლენა ახასიათებს აირებსაც. თვისობრივი განსხვავება სითხის და აირის სითბურ გაფართოვებას შორის არ არსებობს. ანუ აირის სითბური გაფართოვების მექანიზმიც ისეთივეა, როგორიც სითხეში. განსხვავება არის მხოლოდ ის, რომ აირის ატომები ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან, მათ შორის მანძილი დიდია და ურთიერთქმედება –  სუსტი. შესაბამისად, გამთბარი აირის  ნაწილაკების სიჩქარე დიდია და მათი გადაადგილების „მასშტაბი“, სითხის ნაწილაკებთან შედარებით, დიდია. ამიტომ აირი გათბობისას, სითხესთან შედარებით,  მეტად ფართოვდება (სურ. 6).

 

 

ნახ. 6

სურ. 6 .

ამრიგად, ტემპერატურის გაზრდით სხეულის მოცულობა იზრდება, ხოლო ტემპერატურის შემცირებთ, მისი მოცულობა მცირდება. აქედან გამომდინარეობს, რომ ნივთიერებების თხევადიდად მყარ მდგომარეობაში გადასვლისას მოცულობა უნდა მცირდებოდეს. ეს უმეტეს შემთხვევაში  მართლაც ასეა, თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად ყველამ ვიცით, რომ მინის წყლიანი თავდახურული ბოთლი საყინულეში არ უნდა შევდგათ, რადგან ის აუცილებლად გასკდება. ამის მიზეზი კი თურმე ის არის, რომ წყლის მოცულობა გაყინვისას იზრდება. ეს მოვლენა წყლის ანომალიის სახელწოდებით არის ცნობილი.

განვიხილოთ ეს მოვლენა უფრო დაწვრილებით. წყალი, მაგალითად, 20⁰C-დან 4⁰C-მდე გაციებისას, ჩვეულებისამებრ იკუმშება. 4⁰C-დან 0⁰C – მდე კი საპირისპიროდ იქცევა – ფართოვდება. შემდეგ, კიდევ უფრო გაციებისას, 0⁰C-დან ქვემოთ, მაგალითად, -5⁰C-მდე, ისევ იკუმშება. გათბობისასაც იგივე ხდება. მაგალითად, როგორც წესი, – 10⁰C-დან 0⁰C-მდე გათბობისას ფართოვდება, მაგრამ 0⁰C-დან 4⁰C-მდე, გაფართოვების ნაცვლად, იკუმშება. 4⁰C-ის ზემოთ გათბობისას ისევ ფართოვდება. ანუ კრიტიკული ტემპერატურული შუალედი არის სწორედ 0⁰C-დან 4 ⁰C -მდე. აქ წყალი ზოგადი კანონზომიერების საპირისპიროდ იქცევა.

ნახ. 7-ზე მოცემულია როგორ იცვლება 1კგ წლის მოცულობა ტემპერატურის 0⁰C-დან 10⁰C-მდე გათბობისას. ნახაზიდან ჩანს, რომ გრაფიკი 0⁰C-დან 4⁰C-მდე ჯერ დაბლა ეშვება, ანუ მოცულობა ამ დროს მცირდება, ხოლო 4⁰C-დან ზემოთ ტემპერატურის გაზრდისას, გრაფიკის შტო მიიწევს მაღლა, ანუ მოცულობა შესაბამისად, იზრდება.

ნახ. 7.

წყალი გამონაკლისის არ არის. ამგვარი ანომალია ახასიათებს გალიუმს, თუჯს, ბისმუტს.

წყლის ანომალიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წყლის ბინადართათვის. ამ საკითხს შემდეგ სტატიებში უფრო დაწვრილებით შევეხებით.

ამრიგად, ტემპერატურის გაზრდით ყველაზე მეტად აირები ფართოვდება, შემდეგ სითხეები და მყარი სხეულები, რასაკვირველია იმ მცირე გამონაკლისების გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ.

ნივთიერებათა სითბური გაფართოების თავისებურებების გათვალისწინება ძალზედ მნიშვნელოვანია სამშენებლო საქმიანობაში, ასევე სხვადასხვა დანადგარის, ხელსაწყოს და მანქანის კონსტრუირებისას.

 

ლიტერატურა

 

  1. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VIII კლასი. 2012 წ;
  2. ქეთევან ტატიშვილი. ფიზიკა VIII კლასი. 2012 წ;
  3. ილუსტრაციები აღებულია ვებ-გვერდებიდან:

https://www.shutterstock.com/image-vector/diagram-balloon-showing-thermal-expansion-cold-1189928704

https://www.nextgurukul.in/wiki/concept/karnataka/class-8/physics/part-2-heat/anomalous-expansion-of-water/3958740

 

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

0

ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალი “განათლების მეცნიერება” , jes.org.ge,  გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას,  საინტერესო და  ნაყოფიერ ცხოვრებას გისურვებთ!

შედევრების ჯაჭვური რეაქცია

0

ხალხურ სამიჯნურო პოეზიაში ერთი ტრადიცია არსებობდა, შეყვარებული დაწვრილებით, ნაკვთ-ნაკვთად აღწერდა თავის მიჯნურს. ამ ლექსებში არსად იყო სიტყვა „მიყვარხარ“ ანდა ფრაზა – „რა ლამაზი ხარ“. სატრფოს მშვენიერების დეტალური და ხატოვანი დახასიათებით ლექსის ავტორი  იმხელა სიყვარულსა და თაყვანისცემას ამჟღავნებდა, რომლის, როგორც შეგრძნების, გამოთქმა „მოკვდავის ენას არ ძალუძს“. ალბათ, ჩვენი მოსწავლეები არაფერს დაკარგავენ, თუკი ამგვარი პოეზიის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წავუკითხავთ. ლექსი თავიდან ბოლომდე მომყავს, რადგან მინდა, ინტერნეტსივრცის საძიებო სისტემებმა მისი  პოვნა შეძლონ:

,,თავით ფეხამდინ შეგამკობ, შენ, ქალო, ამბარისებრო:

თავ-თმანო, მუხათ ნაზარდნო, სიშავით ყორნის ფრთისებრო,

შუბლო, ვერცხლისა ფიცარო, გათლილო ხუროისებრო,

ყურო, ირიბად ნაზარდო, სიონის საყდარისებრო.

თვალო, წარბო და წამწამო, გველეშაპისა ფხისებრო.

თვალი გიყრია გიშრისა, ზღვაშია მორევისებრო,

ცხვირო, სვეტურებ ჩასხმულო, ბაგენო, ბალახშისებრო,

აქეთ-იქითა ლოყებო, მინდვრისა ყაყაჩოსებრო,

ღრძილო, ტურფათ მოწყობილო, ბაგენო, ბალახშისებრო,

პირში რომ ენა გიგორავს ზღვაშია კალმახისებრო.

ტუჩებო, ხახვის ფურცელო, სიწმინდით ქაღალდისებრო.

ყელო, წვრილო და მაღალო, ზღვისპირა ალვის ხისებრო.

მკლავნო, მაჯანო, გავანო, ჩაწყობილ ამბარისებრო,

ხელო და ხელის ლანჩანო, თითებო, ლერწამისებრო.

გულო და გულის ფიცარო, გათლილო ხუროისებრო,

ზედ რომ ძუძუნი გიგორავს, ვერცხლისა კუტალისებრო.

წელო, წვრილო და მაღალო, ზღვისპირსა ალვის ხისებრო.“

სწორედ ეს მეტად ეფექტური ხერხი აქვს გამოყენებული გალაკტიონ ტაბიძეს ნიკორწმინდის ტაძრის აღწერის დროს. იგი თავიდან ბოლომდე, უფრო სწორად კი, პირიქით, საძირკვლიდან გუმბათამდე ახასიათებს ნიკორწმინდის ტაძარს და თითოეული დეტალის დასურათხატებისას ამჟღავნებს იმ ერთი რამის სიყვარულს, „დაფარვა რომ სჭირდება“. სამშობლოზე ლექსის დაწერა ბეწვის ხიდზე გავლას ჰგავს, განსაკუთრებული სიფრთხილე სჭირდება და განსაკუთრებული ოსტატობაც, თუმცა გალაკტიონის ოსტატობა, აბა, რა ჩემი შესაფასებელია… აკი, თავადაც სრულიად დარწმუნებული საკუთარ ჯადოქრულ შესაძლებლობებში  ლექსის პირველივე სტრიქონებში გვიცხადებს, რომ  საოცრებების ჩადენა შეუძლია: „მაქვს მკერდს მიდებული ქნარი, როგორც მინდა“.

მსოფლიო ლიტერატურაში საკმაოდ გავრცელებული ე.წ. „ხმამიმბაძველობითი“ პოეზია; თუმცა, რაღა შორს წავიდეთ, აკი, ქართულ პოეზიაშიც მოიძებნება ლექსები, რომელთა რიტმიც მათ შინაარსს თანხვდება: მდინარის ხივილს, ცხენის ფლოქვისცემას, მატარებლის დაგადუგს… გალაკტიონი ამ ლექსით ქმნის ერთგვარ „ფორმამიმბაძველობით“ პოეზიას,  არქიტექტურულ სისტემას, ისეთივე სრულყოფილს, როგორიც თავად ნიკორწმინდაა; ანდა, რაკიღა ყველამ ვიცით, რომ პოეტს ლექსის დაწერის დროს ნიკორწმინდა ნანახიც არ ჰქონდა, იგი ქმნის არქიტექტურულ კომპოზიციას, მსგავსს, ზოგადად, შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ძეგლებისა: გარე და შიდა რითმები იქცევა დუღაბად, რომელიც ლექსს კრავს, რიტმი – სიმეტრიად, მხატვრული გამეორებები – პროპორციად; ლექსიკური სამშვენისები, არქაიზმები და ოკაზიონალიზმები – ჩუქურთმებად, ალიტერაციები – სარკმელებად, საიდანაც სხივები შემოდის… მოკლედ, ძალიანაც რომ არ გავაპოეტურო, ლექსის ფორმა ერწყმის შინაარსს და  ისეთ მონუმენტურ სტრუქტურულ ჰარმონიას ქმნის, როგორსაც ის ტაძარი, რომელსაც ეძღვნება და ამასთანავე, სიტყვა „მონუმენტური“ სრულიადაც არ გამორიცხავს სიტყვა „ჰაეროვანს.“

როცა ჰაეროვნებაზე ვსაუბრობთ, არ უნდა დავივიწყოთ სიტყვა ,,ეროვანი“, რომელსაც ქართულად ორი მნიშვნელობა აქვს – იერიანისა და ჰაეროვნისა. კონტექსტიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელი მნიშვნელობით იყენებს მას ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსში „გოგჩა“: „საგლოვო ნაშთნი შენობათა კვლავ ეროვანთა…“ სავარაუდოდ, ამავე მნიშვნელობით იყენებს მას გალაკტიონიც – „ასვლა ეროვანი…“ ალ. ჭავჭავაძის „გოგჩა“ უდავოდ ის საეტაპო ნაწარმოებია, რომელიც ქართულ პოეზიას შესაბამისი ეპოქის ევროპული ლიტერატურის კალაპოტს უჭრის, მაგრამ, ალბათ, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, რომელსაც იგი ბევრჯერ წაკითხვით „შემოზეპირებია“, განსხვავებით გალაკტიონის ლექსისაგან. განა, მშვენიერი არ არის, რომ ძველი საფუძველს უყრის ახალს, კიდევ უფრო ღირებულს და  მის თუნდაც მცირე ნაწილად იქცევა?!

აუცილებლად უნდა ვუთხრათ ჩვენს მოსწავლეებს, რომ ერთ შედევრის შექმნა ბევრის შექმნას გულისხმობს. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დიდებულება  დაედო საფუძვლად ვიქტორ ჰიუგოს ცნობილ რომანს, რომელიც, თავის მხრივ,  არაერთი შესანიშნავი ადაპტაციის – სახელგანთქმული მიუზიკლის, კინოვერსიების, ყველასთვის საყვარელი ანიმაციური ფილმის და ა.შ. – პირველწყარო გახდა. როგორც ამბობენ, არსებობს ასევე არაჩვეულებრივი კომპიუტერული თამაშიც, რომლის ერთ-ერთი ეტაპიც სწორედ ნოტრ დამის კედლებში მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, გრაფიკა სკუპულოზურად იმეორებს სინამდვილეს. ხოლო მსოფლიო მოუთმენლად ელის „ნოტრდამელი კუზიანის“ ახალ ვერსიას, რომელზეც ჰოლივუდის საუკეთესო შემოქმედები მუშაობენ; და ასე შემდეგ და ასე შემდეგ…

ნიკორწმინდის ტაძრის შესახებ დაწერილი გალაკტიონის ლექსი საუკეთესო მაგალითია მოსწავლეებისათვის იმის ასახსნელად, თუ როგორ შობს ხელოვნება ხელოვნებას. შემოქმედის მიერ ერთი შედევრის შექმნა  არამხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ეს ნაწარმოები ადამიანებს ესთეტიკურ სიამოვნებას განაცდევინებს, არამედ იმასაც, რომ ინსპირაციად იქცევა ახალი შედევრის შესაქმნელად, რადგან ყველა ნიჭიერ ხელოვანში აკუმულირდება თავისი თუ სხვა (მაგრამ, ალბათ, ყველაზე უფრო მაინც თავისი) ხალხების შემოქმედებითი ენერგია, ყველაფერი, რამაც მის ცნობიერებაზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა და ახალ ნაწარმოებად გადაიქცევა. ამაზე წერს ოთარ ჭილაძეც თავის ლექსში „როდესაც ასე ახლოა გრემი“:

,,როდესაც ასე ახლოა გრემი,

მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,

რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით

რაღაც ახალი, სულმთლად ახალი.“

ეს არის ახლის პასუხისმგებლობა იმის მიმართ, ვინც ძველი შექმნა, ვინც თამასა მაღლა აუწია მომდევნო თაობებს და ძველ კულტურაზე ახლის დასაშენებლად  იმპულსი მისცა.

გალაკტიონის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ ალბათ უკვე იქცა ან მომავალში  იქცევა ინსპირაციად სხვა ლიტერატურული ნაწარმოებისა ანდა სიმღერისა, იქნებ მხატვრობისა, შეიძლება გამოყენებითი ხელოვნების რომელიმე დარგისა, შეიძლება გალაკტიონის სხვა ლექსების მსგავსად დემნა გვასალიას მიერ შექმნილ ჯინსის ქურთუკზეც იპოვოს ადგილი, მერე კი რეპერის მკლავზე აღმოჩნდეს და სულ სხვა, ეგებ ნაკლებად მონუმენტური და ჰაეროვანი ტექსტის ფონზე გაიცნოს მსოფლიომ… მოკლედ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. შედევრებს არსად  ეჩქარებათ, შედევრებს, ადამიანებისაგან განსხვავებით, წინ დიდი დრო აქვთ.

 

როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების ეფექტიანობა?

0

მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული კვლევა, რომელიც საკვლევ ჯგუფთან ერთად თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სამაგისტრო დაცვისთვის განვახორციელე. კვლევა ჩატარდა ორ მეათე კლასში, მათემატიკის საგანში. პრაქტიკული კვლევის არსი მდგომარეობდა პრობლემის შესწავლაში (რამდენად დაკავშირებულია საშინაო დავალება საკლასო სამუშაოსთან, რამდენად გათვალისწინებულია ყველა მოსწავლის უნარ-ჩვევა, როგორ ხდება საშინაო დავალების შესწორება და რა კრიტერიუმებით ხდება შეფასება), ინტერვენციების დასახვასა და მათი ეფექტის შეფასებაში.

მოგეხსენებათ, რომ საშინაო დავალება მოსწავლეებს ხშირად ეძლევათ და ამით მათ ერთგვარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თითოეულ დავალებას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს. ზოგიერთი საშინაო დავალება მოსწავლეთათვის არის სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი. ზოგიერთი კი პირიქით, რუტინული და მომაბეზრებელი. ამიტომ მათ ხშირად ეზარებათ დავალების შესრულება, მით უმეტეს – მაღალ კლასებში. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ საშინაო დავალება არ იყოს მოსაბეზრებელი?

  • გათვალიწინებული იქნეს მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები;
  • დავალება კავშირში იყოს სასწავლო მიზნებთან;
  • დავალება იყოს სახალისო და საინტერესო, რათა მოსწავლე სიამოვნებით ასრულებდეს მას.

კვლევის დასაწყისში ვეცადეთ, დაგვედგინა, როგორ აძლევდა მასწავლებელი დავალებებს თავის მოსწავლეებს, რა სიხშირით, რა ფორმით ასწორებდა, რის მიხედვით აფასებდა და როგორ ხდებოდა უკუკავშირის გაცემა. თუ მასწავლებელი მიცემულ საშინაო დავალებას არ გამოიკითხავს და უკუკავშირს არ მოახდენს, ის დაკარგავს ინტერესს და აღარ შეასრულებს მას.

კვლევის პირველ ეტაპზე ორივე კლასში დავაკვირდით საგაკვეთილო პროცესს, რის შედეგადაც უკეთ შევისწავლეთ კლასებში არსებული პრობლემები და შევარჩიეთ რესპონდენტები სიღრმისეული ინტერვიუებისთვის. ასევე ორივე კლასში ჩავატარეთ გამოკითხვა, რომლითაც დავადგინეთ მოსწავლეების დამოკიდებულება მათემატიკის საგნის მიმართ, მათი დავალებების სიხშირე და არშესრულების მიზეზები. ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავატარეთ ორივე მეათე კლასში როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან.

ინტერვიუების ფონზე უკეთ შევისწავლეთ არსებული პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები, რათა შემდეგში ეფექტიანად მომხდარიყო ინტერვენციების შემუშავება.

დამატებით გავეცანით საკლასო და საშინაო დავალების რვეულებს, რომ გაგვერკვია პედაგოგები რა მეთოდებისა და ტექნიკის საშუალებით ასწორებენ და აფასებდნენ ბავშვებს.

მეტი სიზუსტისთვის დავესწარი თვითონ გაკვეთილებსაც, რითაც გადავამოწმე ის ინფორმაცია, რომლითაც საშინაო დავალების რვეულებიდან და გამოკითხვიდან მქონდა მიღებული. გაკვეთილზე დასწრება და დაკვირვება იმაზე მეტ რეალურ პასუხს იძლევა, ვიდრე რომელიმე ფურცლიდან ამოკითხული წინადადება.

ამის შემდეგ მასწავლებლებს გავაცანი ჩვენ მიერ შესწავლილი მდგომარეობა საშინაო დავალებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გაკვეთილზე დაკვირვება მოვახდინე ამ დროსაც, რათა უკეთ დამენახა, რამდენად მუშაობდა შეთავაზებული რეკომენდაციები. ბოლოს კი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა მოსწავლეებთან, ისევე როგორც დასაწყისში.

დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა პრობლემები:

  • მოსწავლეები ნაკლებად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში;
  • მოსწავლეების მხრიდან არ იყო ინტერესი გამოხატული იმ საკითხებზე, რომელიც მათთვის იყო გაუგებარი საშინაო დავალების შესრულების დროს;
  • დავალებები არ იყო სახალისო და მრავალფეროვანი;
  • დავალებების შესრულება საჭიროებდა ბევრ დროს;
  • არ ხდებოდა მასწავლებლების მხრიდან ინდივიდუალური უკუკავშირი საშინაო დავალების შესრულებისას.

რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებლებს მივეცით, სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარეობდა:

  • ინდივიდუალური უკუკავშირის გაზრდა ამ ამოცანის გადასაჭრელად მასწავლებლებს ვთხოვეთ, საშინაო დავალების შესრულების შემდეგ თითოეული მოსწავლისთვის რვეულში წერილობით გამოეხატათ უკუკავშირი.
  • გაკვეთილისა და საშინაო დავალების ფორმატის მრავალფეროვნების გაზრდა –  მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ თანამედროვე მეთოდების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოკითხვამაც აჩვენა. ამიტომ, თავდაპირველად შევეცადეთ გაგვემდიდრებინა გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა. ახალი თემის გასაცნობად, მაგალითად, სამკუთხედის ფართობის ასახსნელად, გამოვიყენეთ ვიდეოგაკვეთილი, ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს მინი-ტესტი იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ყურადღებით მოისმინეს ახსნილი მასალა. საშინაო დავალებას მასწავლებელი გამოიკითხავდა ბურთის სროლით, ვისაც ესროდა, იმას უნდა წაეკითხა საშინაო დავალების პასუხი. რაც შეეხება საშინაო დავალებებს, გამოვცადეთ ჯგუფური პროექტების ფორმატი, ასევე სხვადასხვა მეთოდი წყვილებში მუშაობისათვის. მოსწავლეებს დაევალათ, გაეკეთებინათ პოსტერი სამკუთხედის ფართობის შესახებ, რომელიც უნდა ყოფილიყო კრეატიული და სახალისო. ასევე, მასწავლებლებმა დაჰყვეს კლასი ორ სხვადასხვა ჯგუფად, ერთს ჰქონდა მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი ამოცანები, მეორეს – მხოლოდ პასუხები. ამოცანის ავტორს უნდა მოეძებნა თავისი მეწყვილე პასუხი.
  • დიფერენცირებული სირთულის დავალებების გამოყენება: შევეცადეთ მაგალითები და ამოცანები დაგვეხარისხებინა სირთულის მიხედვით, მოსწავლეებს ახალი მასალის ახსნის შემდეგ, ეძლეოდათ სხვადასხვა სირთულის დავალება. საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელს მოჰქონდა ფერად ფურცლებზე დაწერილი ამოცანები, ფერები განსხვავებული იყო სირთულის მიხედვით (წითელი-ძნელი,  ყვითელი – მარტივი, მწვანე – საშუალო).
  • მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდა კლასში ჩართულობისა და ინტერესის ასამაღლებლად შევეცადეთ გაკვეთილები  და საშინაო დავალებები ყოფილიყო არაერთფეროვანი. განსხვავებულმა გაკვეთილებმა ის შედეგი გამოიღო, რომ გაკვეთილში დისციპლინის პრობლემის მქონე მოსწავლეებიც ჩაერთნენ, მაგალითად, ზოგი სამკუთხედს ჭრიდა, ზოგი ვიდეოგაკვეთილისთვის აპარატურის მომზადებაში დაგვეხმარა, ზოგს მოეწონა სამკუთხედის პოსტერის გაკეთების იდეა და სხვა.

კვლევის დასასრულ მოსწავლეებთან სიღრმისეული ინტერვიუების, კლასებში ჩატარებული გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა მიერ დავალების შესრულების სიხშირე გაიზარდა. გაკვეთილი შედარებით სახალისო და აქტიური გახდა, რის გამოც მასში მეტი მოსწავლე ჩაერთო.

ვფიქრობ, კვლევის მიგნებები საინტერესოა არა მხოლოდ ამ კონკრეტული სკოლის მასწავლებლებისთვის, არამედ სხვა სკოლებისთვისაც, სადაც მასწავლებლები ანალოგიურ პრობლემებს აწყდებიან.

მასწავლებლებს კი, ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესი არის მეტად საინტერესო, როცა ის არის მრავალფეროვანი და გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, იგივე ხდება საშინაო დავალებების შესრულების დროსაც.

 

როგორ გავუმკლავდეთ დისპრაქსიას, ანუ განვითარების კოორდინაციულ დარღვევას

0

დისპრაქსიას (განვითარების კოორდინაციულ დარღვევას) ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციასთან აკავშირებენ. იგი განიხილება სწავლის სირთულედ, რომელსაც მოტორული დეფიციტი განაპირობებს. დისპრაქსია კომპლექსურ სირთულედ მიიჩნევა. ის უმეტესად ვლინდება ხელწერის, ჩაცმის, თამაშის და სხვ. თავისებურებებში. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც დისპრაქსია აქვს, განსხვავებულად (ან სულაც ვერ) ცეკვავს, ვერ თამაშობს ჰულაჰუპით, ვერ დგას გორგოლაჭებზე და სხვ. დისპრაქსია ვლინდება მეტყველების თავისებურებაშიც. ახასიათებს არტიკულაციის პრობლემებიც: დისპრაქსიის მქონე ბავშვები ზოგჯერ მეტისმეტად ხმამაღლა ან მეტისმეტად ხმადაბლა, მეტისმეტად სწრაფად ან მეტისმეტად ნელა მეტყველებენ.
დისპრაქსიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მეხსიერებისა და ფოკუსირების სირთულეც. მათ უჭირთ აქტივობების დაგეგმვა და საქმის ბოლომდე მიყვანა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მათ ტვინს არ შეუძლია ფიზიკური მოძრაობისა და სხეულის კუნთების კორდინირებულად ამუშავება. თუმცა დისპრაქსიის წარმოშობის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. საუბრობენ გენეტიკურ ფაქტორებსა და გოგონებთან შედარებით, დისპრაქსიის შემთხვევების ბიჭებში მეტ გავრცელებაზე, ისევე როგორც დისლექსიისა და დისპრაქსიის თანარსებობაზე. კვლევები ცხადყოფს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვების 53% დისპრაქსიის მატარებელია .
გამოიყოფა დისპრაქსიის ოთხი ტიპი:
1. ორომოტორული (პირის მოძრაობითი), რომელიც ბავშვს სიტყვების წარმოთქმაში უშლის ხელს;
2. კონსტრუქციული (მიმართებითი), რომელიც სივრცესთან ურთიერთობის დარღვევით ვლინდება;
3. აზროვნებითი, რომელიც იწვევს თანმიმდევრული მოძრაობების შეფერხებას;
4. იდეომოტორული, რომელიც ცალკეული ამოცანების შესრულების უუნარობით გამოიხატება.
დისპრაქსიის ნაადრევი შემთხვევები 1-2 წლის ასაკშიც გვხვდება. დიაგნოზი 5 წლამდე არ დაისმის – მაშასადამე, ასაკამდე, ვიდრე კოორდინაციული სირთულეების დაკავშირება შესაძლებელია კუნთების ძალასთან და არა რომელიმე ნევროლოგიურ მდგომარეობასთან.
ამრიგად, დისპრაქსიას ახასიათებს:
 ენა-მეტყველების სირთულე;
 მოძრაობისა და კოორდინაციის სირთულე;
 წონასწორობის დაცვის სირთულე;
 მოტორული დაგეგმვის პრობლემები;
 თვალისა და ხელის კოორდინაციის სირთულე;
 ნატიფი მოტორული მოქმედებების განხორციელების სირთულე;
 საკუთარი ქცევისა და ნივთების ორგანიზების სირთულე;
 სირთულე სოციალურ უნარებში.

როგორ დავეხმაროთ დისპრაქსიის მქონე ბავშვებს
გამოხატულ სიმპტომთა ფართო სპექტრის გამო დისპრაქსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობა შეიძლება უიმედო გამოცდილებად გვეჩვენებოდეს, თუმცა დისპრაქსია არ არის ინტელექტუალრი დარღვევა. ის მხოლოდ ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გადაადგილებისა და კოორდინაციის ცვლილებებს იწვევს, ინტელექტზე გავლენას კი საერთოდ არ ახდენს .
ამიტომ არის, რომ დისპრაქსიის მქონე ბავშვები სწავლის ნიჭსა და მაღალ უნარებს ავლენენ თავიანთ მეწყვილეებსა თუ სხვა თანაკლასელებთან ურთიერთობისას. უბრალოდ, დროდადრო ჩვენგან ცოტა მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
მთავარი, რაც დისპრაქსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობისას მოგვეთხოვება, მაღალი შეგნებაა. ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, რომლითაც ბავშვს დავეხმარებით თავისი შესაძლებლობების სრულად დანახვასა და გამოვლენაში.
სწავლის უნარის დარღვევის სხვა გამოვლენათაგან (დისლექსია, დისგრაფია, დისკალკულია) დისპრაქსია ბავშვებში ზოგადი ნიშნებით ვლინდება და ის მოსახლეობის 6-10%-ისთვისაა დამახასიათებელი. ბავშვს დისპრაქსიამ შეიძლება პრობლებები შეუქმნას წერის ან იმგვარი დავალების შესრულებისას, რომლის დროსაც ნატიფი მოტორიკის, დაგეგმვისა და ორგანიზაციული უნარების გამოვლენაა საჭირო.
რეკომენდაციები მშობლებისთვის:
• თხრობითი უნარების გასაძლიერებლად ესაუბრეთ მთელი დღის შესახებ.
• დაუნაწევრეთ მოქმედებები ცალკეულ ნაბიჯებად.
• ხშირად გაუმეორეთ ყოველდღიური რუტინის წესები, როგორიცაა ჩაცმა, საუზმობა და ა. შ.
• ბავშვებისთვის, რომლებსაც დისპრაქსიის ნიშნები აღმოაჩნდებათ, უმნიშვნელოვანესია ენისა და მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპია .

რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის :
 არ მიაკრათ ბავშვს „ამრევის“, „ჩამორჩენილის“, „ნელის“ ან სხვა ტიპის იარლიყი!
 შეიძლება, დისპრაქსიის მქონე ორი ბავშვი ერთმანეთს არ ჰგავდეს. ამდენად, ნუ გექნებათ მათ მიმართ თანაბარი მოლოდინი.
 დისპრაქსიის მქონენი ზოგჯერ ძალიან მოუსვენრობენ, უჭირთ მერხის პირდაპირ ჯდომა, ზოგჯერ დავალებებს კარგავენ, თარიღებსა და შესასრულებელ ამოცანებს ერთმანეთში ურევენ. ამან არ უნდა გაგაღიზიანოთ.
 დაანახეთ, გააზრებინეთ სირთულის მიზეზი, საფუძველი.
 მყისიერად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება და ამით აჩვენეთ გულისხმიერება.
 ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს და მისი ნათქვამის უკეთ გასაგებად შეეცადეთ, ნათქვამი ემოციასთან დააკავშიროთ.
 წარმატების მისაღწევად გაუმარტივეთ, მოკლე ნაბიჯებად დაუნაწევრეთ შესასრულებელი ამოცანა.
 სოციალური უნარების განსავითარებლად სხვებთან ერთად ათამაშეთ როლური თამაშები.
 აუცილებელია გარემოს აკომოდაცია. სკამის ფეხებზე შეიძლება რეზინის დამაგრება, რათა ფეხების შემოწყობა შეძლოს.
 დასვით წინა მერხზე, ოღონდ კარისა და ფანჯრებისგან მოშორებით, ისე, რომ დაფას პირდაპირ უცქერდეს.
 თუ ჩვეულებრივი კალმით წერა უჭირს, დაე, მისთვის მოხერხებული ფანქრით წეროს.
 აუცილებლად ასწავლეთ ბეჭდვა. 7 წლამდე ასაკის ბავშვები, როგორც წესი, ბეჭდვას კლავიატურაზე ცქერის გარეშე ეუფლებიან. დისპრაქსიის მქონე ბავშვს ეს კოორდინაციის პრობლემას მოუხსნის.
 დისპრაქსიის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, ხელნაწერი დავალების ნაცვლად კომპიუტერზე აკრეფილის წარმოდგენა შევთავაზოთ.
 საგაკვეთილო პერიოდში აუცილებლად გამოიყენეთ 2-3-წუთიანი ვარჯიში/ენერჯაიზერი, მაგალითად, ასეთი:
მზეს ავხედეთ (თავი ზემოთ),
ზღვას ჩავხედეთ (თავი ქვემოთ),
ცას შევხედეთ (თავი ზემოთ),
გზებს გავხედეთ (თავი ჯერ მარცხნივ, შემდეგ – მარჯვნივ),
ავიზიდეთ (ხელები ზემოთ),
გავიშალეთ (ხელები განზე),
გავიბადრეთ
და დავსხედით.
ამგვარი მიდგომებით ყველა ბავშვს ერთნაირად წავახალისებთ, შევაყვარებთ სწავლას და, იმავდროულად, ადრეული ასაკიდანვე განვუვითარებთ წიგნიერების უნარებს.

 

გამოყენებული რესურსები:
1. https://www.skillsforaction.com/DCD-and-dyspraxia
2. https://www.readandspell.com/difference-between-dyslexia-and-dyspraxia
3. https://www.ldonline.org/calendar/ld
4. https://www.youtube.com/watch?v=h6tplQ3Kac4
5. https://www.youtube.com/watch?v=zidXDVfdGms
6. https://www.readandspell.com/how-to-help-a-child-with-dyspraxia-in-the-classroom

„როგორ  დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან“

0

ნორვეგიელი ფსიქოლოგი,  ქრისტინე აუდმაიერი, წიგნში: „როგორ  დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან,   ავტორი საკუთარ გამოცდილებაზე უყვება მკითხველებს.

მაშ ასე, ქრისტინე აუდმაიერი წერს, რომ, როდესაც მან აღმოაჩინა, საკუთარ გოგონაზე თანატოლების მხრიდან დევნის შემთხვევა, მაშინვე დაურეკა კლასის დამრიგებელს, რათა მისთვის ყველაფერი მოეყოლა და იქვე გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ მისი გოგონა სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მასწავლებელმა არცთუ დიდი ენთუზიაზმი გამოხატა და ისიც კი მითხრა, რომ უნდა დამერეკა მშობლებისათვის განკუთვნილ დროს ანუ რამდენიმე დღის შემდეგ. „იმ წუთას მიმაჩნდა, რომ ამ საქმის განხილვის თუნდაც რამდენიმე დღით გადადება არაფრით არ შეიძლებოდა და რომ უსწრაფესად უნდა გატარებულიყო ადეკვატური ღონისძიებები სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ახლა, როდესაც უკვე საკმაოდ დროა გასული იმ ავადსახსენებელი პერიოდიდან, ვხვდები, რომ ერთი-ორი დღე სერიოზულად არაფერს წყვეტს ასეთ საქმეში, მაგრამ აქვე ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერ მშობელს, რომელიც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდება ზუსტად ასეთი რეაქცია ექნება, რადგან მშობლები სასოწარკვეთაში ვარდებიან ბულინგის შესახებ ინფორმაციის გაგებისას“.

„სწორედ ამიტომ – ხაზგასმით წერს ნორვეგიელი ფსიქოლოგი – მინდა მშობლებს შევთავაზო რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში. ეს რჩევები დაეხმარება უფროსებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდება არა მხოლოდ მისი, არამედ სხვისი შვილი“:

  • ეცადეთ როგორმე ჩასწვდეთ სიმართლეს. გაესაუბრეთ მსხვერპლს, მაგრამ თავი აარიდეთ ხანგრძლივ „დაკითხვებს“. მნიშვნელოვანია, ძალიან არ დააჩქაროთ ბავშვი, არ გადააჭარბოთ, არ დააფრთხოთ ისედაც შეშინებული პატარა;
  • უნდა შეეცადოთ, არ მოექცეთ ძლიერი ემოციების ზეგავლენის ქვეშ. თუ ბავშვი მიხვდება, რომ უფროსი დაითრგუნა მოსმენილი ამბისგან, თანაც ისე ძლიერ, რომ ემოციებს ვერ უმკლავდება, ის შეეცდება დაინდოს ზრდასრული. შედეგად, ბავშვი საკუთრ თავში უფრო მეტად ჩაიკეთება, ნაცვლად იმისა, რომ გაიხსნას და სრული სიმართლე მოჰყვეს;
  • თუ ბავშვს უჭირს საუბარი, კონტაქტის დამყარება, უფროსს შეუძლია მას რაიმე ამის მსგავსი უთხრას: „ვიცი, ბევრ ბავშვს ძალიან უჭირს მსგავს პრობლემებზე საუბარი, მაგრამ მე მინდა, შენ დაგეხმარო. შენ შეგიძლია მესაუბრო მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნები“. მნიშვნელოვანია, უფროსებს ახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის მთავარია, მიხვდეს, რომ არსებობს ზრდასრული ადამიანი, რომელმაც იცის მისი პრობლემის შესახებ და მზად არის მოუსმინოს და დაეხმაროს მას;
  • თუ ბავშვი შედარებით მცირე ასაკისაა (მაგალითად, საბავშვო ბაღის ასაკის), შესაძლებელია მისთვის გაადვილდეს პრობლემაზე საუბარი რაიმე სათამაშოს გამოყენებით. „ნეტავ საბავშვო ბაღში ვინმე ხომ არ აბრაზებს ფუმფულა დათუნიას?“ მსგავსი მეთოდები მცირეწლოვან ბავშვებთან გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარას უჭირს საკუთრ ემოციებზე საუბარი;
  • მიეცით პატარას საშუალება თავად იპოვოს პრობლემის გადაჭრის რაიმე მეთოდი. თუნდაც მან მოითხოვის ბულერის „მთვარეზე გაშვება“. აქ მთავარია, ბავშვმა დაიჯეროს, რომ მის მიერ მოფიქრებულ „გადაწყვეტილებას“ უფროსები სერიოზულად უსმენენ მაშინაც კი, როდესაც ვერ მოახერხებენ „დამნაშავის კოსმოსში გაფრენას“. „სიმართლე უნდა ითქვას – ამბობს ფსიქოლოგი. – მე ხშირად მიმიღია ძალიან პატარებისაგანაც კი სიტუაციისაგან რაციონალური გამოსავლის შეთავაზება და თუ რომელიმე უფროსი მათ გაითვალისწინებს, შესაძლებელია ეს ძალიან კარგიც კი იყოს  ამ სიტუაციაში. ამას გარდა, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასე უფროსები მნიშვნელოვნად შეუმცირებენ დაზარალებულ პატარას დაუცველობისა და საკუთარი მოწყვლადობის განცდას;
  • არასოდეს შეჰპირდეთ ბავშვებს, რომ თქვენ არავის არაფერს უამბობთ. აუცილებელია ბულინგის შესახებ ინფორმაცია, სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას შეატყობინოთ და ასევე ეს ამბავი უნდა გააგებინოთ მოძალადისა და დევნაში მონაწილე სხვა ბავშვების მშობლებს;
  • როდესაც ბავშვი უფროსს რაიმე უსიამოვნო ამბავს უყვება, ზრდასრულს სურვილი უჩნდება სასწრაფოდ დაამშვიდოს პატარა და შეჰპირდეს, რომ ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება და მსგავსი ცუდი ამბავი არასოდეს განმეორდება მის ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეჰპირდეთ ბავშვებს იმაზე მეტი, რაც თქვენს ძალებს აღემატება. ზოგჯერ პრობლემის გადაჭრას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ უმჯობესია ბავშვს ვუთხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და რომ მანამ არ შევწყვეტთ ამ საკითხის გარშემო მუშაობას, სანამ ის არ გადაიჭრება;
  • ჩემი, როგორც მშობლისა და ფსიქოლოგის რჩევაა – განაგრძობს ქრისტინ აუდმაიერი, ეცადოთ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ, თუ როგორ აქვს საქმეები თქვენს შვილს, როგორი ურთიერთობები აქვს თანატოლებთან, უფროსებთან, ეს ეხება საბავშვო ბაღს, სკოლას და ნებისმიერ იმ სხვა გარემოს, რომელშიც ბავშვს უწევს ცხოვრება;
  • მცირე ასაკის ბავშვებს ზოგჯერ უჭირთ ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისაგან გარჩევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უფროსებმა ზუსტად გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში;
  • მშობელმა უნდა მოსთხოვოს დაწესებულების ადმინისტრაციას, შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის საგანგებო, დეტალური გეგმა. ეს თქვენი უფლებაა და თუ აღმოჩნდება, რომ ადმინისტრაციის მიერ დასახული გეგმა ვერ მუშაობს, არ მოგერიდოთ და შემდეგ ინსტანციას მიმართეთ;
  • შესაძლებელია, ურჩიოთ ბავშვს, გაესაუბროს იმ უფროსს, რომელსაც ენდობა. სულაც არ არის აუცილებელი თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი. აუხსენით მას, რომ მისთვის ძალიან კარგი იქნება, საკუთარ პრობლემას მეგობარს გაუზიარებს. არის შემთხვევები, როდესაც მოზარდებს ურჩევნიათ დღიური წერონ და იქ აღწერონ ყველაფერი, რაზეც საუბარი მისთვის სხვებისთვის მძიმე და ზოგჯერ შეუძლებელიც კი არის. აქვე, საგანგებოდ აღვნიშნავ, გვაფრთხილებს ფსიქოლოგი: „მე არ ვურჩევ არასრულწლოვნებს, ღიად წერონ მსგავს პრობლემებზე სოციალურ ქსელებში ან ბლოგებში“;
  • მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენ ნაწყენი ან გაბრაზებულიც კი იყოთ სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაზე და სხვა მშობლებზე, გირჩევთ, მაინც ითანამშრომლოთ მათთან. უფროსები ვალდებული არიან, მიუხედავად ყველა იმ ემოციისა, რომელიც შესაძლებელია დაეუფლოთ მსგავს რთულ სიტუაციაში, მაინც ზრდასრული ადამიანებივით მოიქცნენ და სიტუაციიდან კონსტრუქციული გამოსავალი მოძებნონ;
  • მშობლები, რომელთა შვილებიც ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მალე აღმოაჩენენ, რომ გარშემო ყველა ადამიანი, ერთნაირად არ აღიქვამს წარმოქმნილ პრობლემას. ის, რასაც ერთი მხარე მასხრად აგდებას ან სულაც შეურაცხყოფას ეძახის, მეორისათვის მხოლოდ „უსიამოვნებაა“. რთულ სიტუაციაში გაცილებით უფრო ადრე მიაღწევთ შედეგს, თუ არ გაჯიუტდებით და არ დაიწყებთ საკუთარი ვერსიის მტკიცებას და დამნაშავის დამუნათებას. უფრო მნიშვნელოვანია, კონცენტრირდეთ იმაზე, რისი გაკეთებაა საჭირო. ისაუბრეთ ფაქტებით და არა მხოლოდ ბრალდებებით;
  • ბავშვებიც და ზრდასრულებიც მიდრეკილი არიან თავდაცვის პოზიციაში ჩადგნენ მაშინ, როდესაც მათ ბრალდებებს უყენებენ. სამაგიეროდ, გაცილებით უადვილდებათ სიმართლის აღიარება, როცა ფაქტებით დაელაპარაკებიან. მაგალითად: იმის ნაცვლად, რომ ბავშვს უთხრათ – „შენ ძალიან გამომწვევად იქცევი“ – ზოგიერთ თანაკლასელს სრულიად დაუმსახურებლად გამოარჩევ დანარჩენებისაგან. სჯობს პირდაპირ ფაქტებზე მიუთითოთ: „მთელი წლის მანძილზე ანა იყო ერთადერთი, ვინც არცერთხელ არ დაუპატიჟებიათ დაბადების დღეზე“; „როდესაც ანა ხელს იწევს, რომ რამე მოსაზრება გამოთქვას, ნინო, თამარი და სალომე სიცილს იწყებენ“; „რამდენიმე დღის წინ კი გიორგიმ ანას თმაზე ცეცხლი წაუკიდა და თანაც სულ დებილი ეძახა“. აი, სწორედ ეს არის ფაქტებით საუბარი და არა აბსტრაქტული, ზოგადი დადანაშაულებები;
  • კარგი იქნება, დაეხმაროთ საკუთრ შვილს, მოძებნოს ახალი სამეგობრო წრე. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესების სფერო და ის, თუ რისი კეთება უფრო კარგად გამოსდის მას. ამით ბავშვს/მოზარდს საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებასა და საკუთარი სტატუსის ამაღლებაშიც დავეხმარებით.

ვფიქრობ, ნორვეგიელი ფსიქოლოგის ძალიან კონკრეტული და საქმიანი რჩევები დაეხმარება დაინტერესებულ მკითხველს.

 

 

სამყარო – მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი

0

„აგრეგო“ ლათინური სიტყვაა და ნიშნავს – „ვაერთებ“, „ვაკავშირებ“. ამ სიტყვას უკავშირდება ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა, რომელშიც შეიძლება იგი არსებობდეს. ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა ეწოდება ნივთიერების ისეთ მდგომარეობას, რომელიც  მოცემულ პირობებში ნივთიერების განსაზღვრული ფორმისა და მოცულობის შენარჩუნების უნარის ხარისხით  ხასიათდება.

ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ სამყაროში ყველაფერი შედგება მიწის, წყლის, ჰაერის და ცეცხლისგან.

თუ გავიხსენებთ, რომ თანამედროვე ფიზიკაც ოთხ აგრეგატულ მდგომარეობას აღიარებს: მყარს, თხევადს, აირადს და პლაზმურს  (სურ. 1), მაშინ უთუოდ დავინახავთ ძველი ბერძნების მიერ სამყაროს აღქმასთან კავშირს.

მიწა – ნივთიერების მყარი მდგომარეობაა;

წყალი  – ნივთიერების თხევადი მდგომარეობაა;

ჰაერი  – ნივთიერების აირადი მდგომარეობა;

ცეცხლი – ნივთიერების პლაზმური მდგომარეობა.

 

სურ. 1.  A – მყარი, B – სითხე, C – აირი, D – პლაზმა.

 

თითოეულ აგრეგატულ მდგომარეობაში ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების განლაგება, მოძრაობა და ურთიერთქმედება განსხვავებულია. სწორედ ამ ნაწილაკების „ცხოვრების წესი“ განსაზღვრავს არსებულ პირობებში რომელ აგრეგატულ მდგომარეობაში იქნება ნივთიერება. მყარ, თხევად და აირად მდგომარეობებს გარეგნულად ერთმანეთისგან ადვილად ვარჩევთ. ზამთარში ტბებისა და მდინარეების ზედაპირზე წყალი იყინება – თხევადიდან მყარ მდგომარეობაში გადადის, ანუ ყინულად იქცევა. ყინულის ქვეშ კი წყალი თხევად მდგომარეობაში რჩება (სურ. 2).

 

სურ.2

ესე იგი, ნივთიერება – წყალი ერთდროულად ორ სხვადასხვა მდგომარეობაში იმყოფება: მყარი (ყინული) და თხევადი (წყალი). აქვე არსებობს წყალი მესამე – აირად მდგომარეობაში, რომელიც უხილავი ორთქლის სახით ჩვენს გარემომცველ ჰაერშია.

რა ვიცით ნივთიერების მეოთხე მდგომარეობის შესახებ, რომელსაც პლაზმური ეწოდება? მეცნიერება ამტკიცებს, რომ სამყაროს 99% პლაზმისგან შედგება. მზე გავარვარებული პლაზმისგან შემდგარი უზარმაზარი სფეროა. პოლარულ ნათებას, ელვას სწორედ პლაზმურ მდგომარეობაში მყოფი აირი იწვევს. პლაზმას წარმოადგენს ასევე ცეცხლიც (სურ. 3).

 

სურ. 3.

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოლეკულებისა და ატომების განლაგება, მოძრაობა და ურთიერთქმედება განაპირობებს ნივთიერების აგრეგატულ მდგომარეობას.

თავდაპირველად განვიხილოთ მყარი აგრეგატული მდგომარეობა. ჩვეულებრივ პირობებში მყარი სხეულის, მაგალითად მეტალის გაჭიმვა ან შეკუმშვა რთულია. იგი ინარჩუნებს თავის მოცულობას. მისი ფორმის შესაცვლელად, მაგალითად, მოსაღუნად ან გასაწყვეტად, საჭიროა მასზე გარკვეული ზემოქმედება.

მყარ მდგომარეობაში ნაწილაკები ერთმანეთთან ახლოს და განსაზღვრულ ადგილებზეა განლაგებული. ამ მდგომარეობაში ნაწილაკები მხოლოდ ირხევიან. ნაწილაკებს შორის არსებული ურთიერთქმედების (მიზიდვა-განზიდვის) ძალები მათ აიძულებს თავიანთ (დისლოკაციის) ადგილზე რხევით მდგომარეობაში ყოფნას. ნაწილაკებისთვის ეს მდებარეობა წონასწორობას შეესაბამება და ნებისმიერი გარე ზემოქმედება მათთვის „შეშფოთებას“ ნიშნავს. ნაწილაკების სისტემა ამ ზემოქმედებას წინააღმდეგობით პასუხობს. ამიტომ ინარჩუნებს ფორმას და მოცულობას მყარი სხეული.

სითხე ადვილად იცვლის ფორმას. იგი იმ ჭურჭლის ფორმას იღებს, რომელშიც ასხამენ. ჩვეულებრივ პირობებში სითხის მხოლოდ პატარა წვეთებს აქვს საკუთარი ფორმა – ბურთულის ფორმა. სწორედ ამ ფორმას უწოდებენ  პირობითად, სითხის ფორმას. ნამის გაჩენისას მცენარის ფოთოლზე ასეთი, ბურთულის ფორმის მსგავსი წვეთები ხომ ადვილად შესამჩნევია?

მიუხედავად იმისა, რომ სითხე ადვილად იცვლის ფორმას, მისი მოცულობის შეცვლა ძალიან რთულია. ახლა ავხსნათ სითხის ეს თვისებები მისი აღნაგობის მიხედვით. მყარი სხეულისგან განსხვავებით, სითხეში მოლეკულები დაშორებულია მოლეკულის ზომის ტოლი მანძილით. ეს მანძილი საკმარისია, იმისთვის, რომ სითხემ მთლიანობა შეინარჩუნოს, თუმცა არასაკმარისია, იმისთვის, რომ თავის ადგილას დაამაგროს. სითხეში ნაწილაკებს შედარებით ადვილად შეუძლიათ ერთი ადგილიდან მეორეზე გადანაცვლება.

მთლიანობაში მათი მოძრაობა ასე შეიძლება აღიწეროს: რხევა – ახალ ადგილზე გადასვლა – კვლავ რხევა – კვლავ გადასვლა და ასე შემდეგ. სითხის ნაწილაკების ერთ ადგილზე ყოფნის დრო დიდი არ არის. ამიტომ ამბობენ სითხის ნაწილაკები „ბოშურ“ ცხოვრებას ეწევიანო. ნაწილაკების ასეთი „ცხოვრების წესით“ აიხსნება თვისება, რომლის მიხედვითაც სითხე ინარჩუნებს მოცულობას და ვერ ინარჩუნებს ფორმას.

აირის შეკუმშვით მისი მოცულობა რამდენჯერმე შეიძლება შემცირდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აირში ნაწილაკებს შორის მანძილი საკმაოდ დიდია. როგორც მეცნიერები ამბობენ, ეს მანძილი ნაწილაკის ზომაზე გაცილებით მეტია. ცნობილია, რომ ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედების ძალები დაახლოებით ნაწილაკის ზომის ტოლ მანძილებზე მოქმედებს. შესაბამისად, აირის ნაწილაკებს შორის ურთიერთქმედება გაცილებით სუსტია, ვიდრე მყარ სხეულსა და სითხეში. აირის ნაწილაკებს შორის სუსტი მიზიდვა-განზიდვის არსებობით აიხსნება ის ფაქტი, რომ შეუძლებელია ბოთლის ან ჭიქის აირით ნახევრად ავსება. მოლეკულები, რომლებიც თითქმის არ იზიდავენ ერთმანეთს, თუ არ გავითვალისწინებთ ურთიერთდაჯახებებს, ყველა მიმართულებით შეუფერხებლად მოძრაობენ და სწრაფად ავსებენ მთელ ჭურჭელს. სწორედ ნაწილაკებს შორის  სუსტი ურთიერთქმედების გამო აირი ვერ ინარჩუნებს ვერც ფორმასა და ვერც მოცულობას.

 

 

სურ. 4

სურ. 4 -ზე გამოსახულია წყალი სამ აგრეგატულ მდგომარეობაში აღნაგობის შესაბამისი სქემატური სურათებით.

ჩვენთვის ცნობილია ატომის აღნაგობა. ვიცით, რომ ბირთვში არსებული დადებითი პროტონების რიცხვი ტოლია ბირთვის გარშემო მოძრავი უარყოფითი ელექტრონების რიცხვის. პროტონის და ელექტრონის მუხტის მოდული კი ერთნაირია. ამიტომ ატომი ჩვეულებრივ მდგომარეობაში ელექტრულად ნეიტრალურია. თუ რაიმე მიზეზით, მაგალითად, ენერგიის დასხივებით, მოხდება ატომის იონიზაცია – ელექტრონის მოწყვეტა ბირთვის ორბიტიდან, ნეიტრალური ატომიდან მივიღებთ ორ ნაწილაკს – დადებით იონს და უარყოფით ელექტრონს (სურ. 5).

 

 

სურ. 5.

 

 

 

სწორედ ასეთ იონიზირებულ აირს წარმოადგენს პლაზმა (სურ. 6). მაშასადამე, აირიდან პლაზმურ მდგომარეობაში ნივთიერების გადასაყვანად საჭიროა მისი ძლიერი გახურება. ყველაზე დაბალტემპერატურული 1%-იანი (100 ატომიდან ერთია იონიზირებული) პლაზმა ხასიათდება            100 000⁰C -ით. დედამიწის პირობებში ასეთი პლაზმას წარმოადგენს ელვა. ელვის დროს მანათობელი არხის ტემპერატურა შეიძლება 30 000⁰C-ს აღემატებოდეს, რაც 6-ჯერ მეტია მზის ზედაპირის ტემპერატურაზე.

 

სურ. 6.

ნივთიერების ერთი აგრეგატული მდგომარეობიდან მეორეში გადაყვანა შესაძლებელია ტემპერატურის შეცვლით. მყარ მდგომარეობაში ნივთიერებას შეესაბამება ყველაზე დაბალი ტემპერატურა. თუ გავზრდით მის ტემპერატურას აღნიშნული ნივთიერების დნობის ტემპერატურამდე, ნივთიერება გადნება და მყარიდან თხევად მდგომარეობაში გადავა. ამის შემდეგ თუ კიდევ გავზრდით სითხის ტემპერატურას ნივთიერების დუღილის ტემპერატურამდე, წარმოდგენილი სითხე ადუღდება და ნივთიერება სითხიდან აირად მდგომარეობაში გადავა. კიდევ თუ გავახურებთ მოხდება ნივთიერების აიონიზაცია და აირი პლაზმურ მდგომარეობაში გადავა. დიფუზიის შესწავლისას ავღნიშნეთ, რომ დიფუზიის სიჩქარე მყარ სხეულებში დაბალია, ვიდრე სითხეებში და კიდევ უფრო დაბალი, ვიდრე აირებში.

ახლა, როცა  აგრეგატული მდგომარეობები დავახასიათეთ ნივთიერების აღნაგობის საფუძველზე, გასაგები ხდება ნივთიერების სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობას რატომ შეესაბამება შემადგენელ ნაწილაკების განსხვავებული სიჩქარე, რაც დიფუზიის მოვლენის განსხვავებულ სიჩქარეს განაპირობებს.

 

ლიტერატურა

  1. ილუსტრაციები ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობის შესახებ აღებულია ვებგვერდებიდან

https://followtheart.info/kareff-Sun_17_11.html

https://sciencesinworld.wordpress.com/2014/06/13/964368/

  1. ა. პერიშკინი, ნ. როდინა. ფიზიკა VII კლასი. 1989 წ;
  2. ელენე სურგულაძე. მანანა კასრაძე. ფიზიკა VII კლასი. 2003 წ;
  3. გიორგი გედენიძე, ეთერ ლაზარაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2001 წ;
  4. ეთერ ბასიაშვილი. ფიზიკა VII კლასი. 2005 წ .
  5. ლევან მნათობიშვილი, რუსუდან ქანთარია, ლეილა ჩიჩუა. ფიზიკა VII კლასი. 2006 წ.

 

როგორ სურთ ბავშვებს თამაში?

0

თამაშის ბევრნაირი სახეობა არსებობს და წესებიც მრავალნაირია. მშობლის უპირველესი მიზანი ალბათ ის უნდა იყოს, რაც შეიძლება მეტი, მრავალფეროვანი და განმავითარებელი თამაში შესთავაზოს შვილს, ჩაერთოს ამ პროცესში და ახალი თამაშების გამოგონებაში მიიღოს მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ასევე კარგი ხარისხის და განმავითარებელი სათამაშოები, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობაში უკვე ძვირად მოსაპოვებელი სიამოვნება გახდა. თუმცა, თუ ბავშვს დავაკვირდებით და მის ქცევას მივადევნებთ თვალს, მივხვდებით რომ ზოგჯერ სულაც არ არის მნიშვნელოვანი უამრავი ძვირადღირებული სათამაშოს შეძენა, რადგან ბავშვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის დროა, რომელსაც მშობელი მისთვის დაუნანებლად გასცემს. ასე რომ, მშობლებს შეუძლიათ შესთავაზონ ბავშვებს ისეთი თამაშები, რომლებიც არც დამატებით ფინანსურ ხარჯს მოითხოვს და მეტიც, უზარმაზარი ემოციური სარგებლის მოტანა შეუძლია. ასეთ დროს ხომ ერთ მუშტად იკვრება ოჯახი და ბავშვებიც გრძნობენ ამ ერთიანობის ჯადოსნურ ძალას. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მშობელს არც თამაშის განწყობა აქვს და არც დრო, ასეთ დროს კი მთავარია, ხელი არ შეუშალოს ბავშვს და უხეში ჩარევით არ შეაჩეროს მის სამყაროში მიმდინარე ჯადოსნური პროცესები.

 

წარმოიდგინე და ითამაშე

 

ჩემი შვილების საყვარელი თამაშები წარმოსახვითია. ისინი ისე არ დაიძინებენ, თუ ძილის წინ რაიმე ახალი თამაში არ გამოიგონეს. სიუჟეტს თავად იფიქრებენ და როლებსაც თავად ანაწილებენ. გოგონა ხან ციხე-სიმაგრეში გამოკეტილი მზეთუნახავია, რომელიც ცეცხლისფრქვეველმა ურჩხულმა დაატყვევა და ახლა მის გასათავისუფლებლად მამა და პრინცის როლმორგებული ძმა იბრძვიან და საბოლოოდ დაიხსნიან კიდეც მას. ხშირად არის, რომ მათი თამაშები იმ ლიტერატურული ეპიზოდებით მდიდრდება, რომელსაც დღის მანძილზე ეცნობიან და შემდეგ ესეც თამაშის ნაწილი ხდება. ამიტომ, თუ შვილებთან თამაშს გადაწყვეტთ და ხუთი წუთით მაინც დაფიქრდებით სიუჟეტზე, ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს საინტერესო თამაშის შთამაგონებელი.

 

მაგალითად, რამდენიმე დღის წინ თამაშში გადავიტანეთ ბულინგის სიუჟეტი. ჩემი პირველკლასელი შვილი სკოლაში უკვე შეეჯახა თანატოლისგან არასასიამოვნო (ძალადობრივ) ქცევას და გადავწყვიტეთ თამაში ამ თემაზე აგვეგო. თამაშში ახლა ის განასახიერებდა ბულერ ბიჭს, რომელიც პატარა გოგონას ჩაგრავდა და მას კვების თანხას სძალავდა. პატარა გოგონას როლს ჩემი გოგონა ასრულებდა. ამ სიუჟეტურ ქარგაში მოვაქციეთ ბულინგის დრამატულობა და შემდეგ ისინი ჩემი დახმარების გარეშე ცდილობდნენ თამაშის დასკვნით ნაწილში ორი ადამიანის ერთმანეთთან შერიგებას და პრობლემის მოგვარების გზის გამოძებნას. ამისთვის მათ აირჩიეს სტრატეგია – საერთო ინტერესები. „შენ ფრი გიყვარს ხომ? წამოდი, ჩემთან სახლში ფრი ერთად ვჭამოთ და შემდეგ გაკვეთილები ერთად მოვამზადოთ”; ან კიდევ „რა საყვარელი ძაღლი გყავს. შეიძლება ერთად გავასეირნოთ?”.  ამ თამაშში გავაჟღერეთ ისიც, რომ ზოგჯერ მოძალადის ქცევაც ძალადობით არის განპირობებული და მას ბევრი მიზეზი შეიძლება უძღოდეს წინ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, ბულინგის შემთხვევაში პრობლემის მოგვარების დროს არა მარტო მსხვერპლზე გაკეთდეს აქცენტი, არამედ მოძალადეზეც და ამ ქცევის გამომწვევ წყაროსაც მივაგნოთ. რადგან, ხშირად არასოციალურ ქცევას, თავისი განმაპირობებელი მიზეზები აქვს: არასახარბიელო სიტუაცია და აგრესიული ატმოსფერო ოჯახში, ეკონომიკური სიდუხჭირე თუ საზოგადოებაში თვითდამკვიდრებისთვის არასწორად არჩეული სტრატეგია. ოცწუთიან თამაშში ჩავტიეთ ეს ამბავი და ისინიც კმაყოფილი დარჩნენ. ჩემი დაკვირვებით, ყველაზე კმაყოფილი და ბედნიერი ისინი თამაშის დროს არიან.

 

კოშკების შენება

 

თუ ამ თამაშს ციხე-კოშკების აშენებას არ დავარქმევთ, თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ განმარტოობანას თამაში ან ცხოვრების შენება. მიუხედავად მცირე ასაკისა, ბავშვებიც მიილტვიან სიმყუდროვისკენ და სურთ საკუთარი პირადი სივრცის მოწყობა. თამაშისთვის აუცილებელი რესურსი ბლომად საბან-ბალიში და პლედია. ყველაფერი კი ასე იწყება: ორ სავარძელს ერთად შეატყუპებენ, შემდეგ იწყება საძირკვლის ჩაყრა, ბევრი ფუმფულა საბნის დაფენა, შემდეგ გადახურვის პროცესი მიდის. რაც შეიძლება დიდი გადასაფარებელი გვჭირდება, რომ ციხე-კოშკში მზემ ვერ ჩააღწიოს. თუ გვერდებიდანაც აღწევს სინათლე, მაშინ გვერდების დამატებით გადახურვაა საჭირო. აი, ასეთ სახლებს აშენებენ ჩემი შვილები, როდესაც დრო ჩველუებრივზე მეტი აქვთ ხოლმე. შემდეგ შეძვრებიან თავიანთ ციხე-სიმაგრეში, შეიტანენ ფერად განათებას, წიგნებს ან სასუსნავებს და იწყება კიდევ ერთი ახალი თამაში. ზოგჯერ, ასეთ შტაბში გამაგრებულებს ხან უცხოპლანეტელები ესხმიან თავს და ხანაც ზომბები. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, რასაც ყველაზე დიდი ხალისით და ინტერესით უდგებიან, ეს შენების პროცესია. ისინი გამოცდილი მშენებლებივით ყველა დეტალს სერიოზულად და სკრუპულოზურად აკვირდებიან. ასეთი თამაშების დროს მშობლების მოთმინებაც იცდება: „ნუთუ ათი პლედი და ოთხი ბალიში საკმარისი არ არის? აუცილებელია, ყველა მანდ შეიტანოთ?“ –  ბუზღუნებს ალბათ ჩემნაირი მშობელი, რომელიც დაშლის პროცესს როცა წარმოიდგენს, კოშკების მშენებლობა აღარ ეპიტნავება. თუმცა, როდესაც თავის „ქვენა” გრძნობებზე მაღლა დადგება, ისიც იგრძნობს, რომ ძალიან სასიამოვნოა ბავშვურ სამყაროში, თუნდაც ოცი წუთით დაბრუნება.

 

ეს რა თამაშია? ეს რა თამაშია?!

 

ალბათ, მხოლოდ ჩემი საწუხარი არ არის ის, რომ თანამედროვე, ურბანულ გარემოში ბავშვისთვის გართობისთვის და თამაშისთვის არეალი დავიწროვდა და ამას ბევრი მიზეზი აქვს. გადატვირთული სასწავლო რეჟიმის პირობებში მყოფ ბავშვებს, უფრო ნაკლები დრო რჩებათ სირბილისთვის, თამაშისა და ონავრობებისთვის. მჯდომარე ცხოვრების წესი არამარტო უფროსებს აწუხებთ, არამედ ბავშვებიც ამ პირობებში იმყოფებიან. სექტემბრიდან მოყოლებული, ალბათ თითზე ჩამოსათვლელი იქნება ისეთი დღეები, როდესაც ჩემი ოთხი წლის გოგონა, ბაღის ეზოში გაიყვანეს. ამისთვის ხელისშემშლელი მიზეზი კი არასოდეს დაილია. ძირითადად ყველაფერი „ცუდ ამინდს” ბრალდება და ასე არიან გამოკეტილი ბავშვები დილის ცხრა საათიდან საღამოს ექვსამდე ერთ სივრცეში და გამუდმებით ჭრიან, აფერადებენ, კითხულობენ და  ხატავენ.  რა თქმა უნდა, ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი აქტივობის წინააღმდეგი არ ვარ და მეტიც მადლიერი ვარ, რომ ბაღში გაგვიმართლა და კარგი მასწავლებლები შეგხვდნენ, მაგრამ ეზოში თამაში და ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ჯანსაღი განვითარების პროცესისთვის და, სამწუხაროდ, სკოლამდელი დაწესებულებების უმრავლესობა ასეთი რეჟიმის პირობებში იმყოფება. სწორედ ამის გამო, ერთგვარი მისიონერული შემართებით შევუდექი საკუთარი შვილების დღის დაგეგმვას: არცერთი დღე ჰაერისა და სირბილის გარეშე! თუმცა, ესეც სხვა მნიშვნელოვანი საქმეების ხარჯზე ხდება. ამიტომ, იმისთვის, რომ მათ ყველაზე მცირე ორი საათი ჰაერზე გაატარონ, ვიყენებ ყველა პარკს, სადაც კი მოვხვდებით. პარკებში ყოფნის დროს ერთი თვალის შევლებაც კი კმარა იმის მისახვედრად, რომ ბავშვებთან დაკავშირებულ ადამიანებს, იქნებიან ისინი ძიძები, ბებიები თუ დედები არასაკმარისი ცოდნა აქვთ იმის შესახებ, თუ როგორი უზარმაზარი სიკეთეა ბავშვისთვის ფიზიკური აქტივობა. ამიტომ, ნებისმიერი პარკში მოხვედრილი ადამიანი ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: „ნუ დარბიხარ – გაცივდები, ნუ დარბიხარ – გაოფლიანდები, ნუ დარბიხარ – დაისვრები“. მთელი ეს აკრძალვები მარტო სირბილზე არ ვრცელდება, ასევე ვრცელდება თამაშის სიუჟეტზეც. „ეს, რა თამაშია?! ეს რა თამაშია?!” – მამები თუ ძიძები ამ ფრაზით დასდევდა ბავშვებს, რომლებიც „ზომბობანას” თამაშობდნენ ერთ-ერთ პარკში და ერთმანეთს „შესაჭმელად” დასდევდნენ. მათ საბოლოოდ, მაინც მოახერხეს და დაშალეს ზომბებისგან შემდგარი გუნდი.

 

თამაში ბავშვებისთვის არც დროის გაყვანაა და არც ამ დროის უსარგებლოდ ხარჯვა. თამაში შენებაა იმ უნარების, რომლებიც მას ზრდასრულობაში გამოადგება. თამაში ადრეული განვითარების ასაკში ის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც უკვე ზრდასრულობაში უფრო განვითარდება ბავშვის სოციალური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური სფერო. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ თამაშობს ბავშვი, როგორ სურს, რომ ითამაშოს, რადგან სწორედ ამ დროს იგი გამოხატავს მის განწყობას, ხასიათს, სურვილებს და ამ პროცესში ბევრი მნიშვნელოვანი დეტალი შეიძლება ამოვიკითხოთ და შემდეგ ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. არ დაგვავიწყდეს! ბავშვების თამაში არ ეფუძნება ჩვენ მიერ აღიარებულ მსოფლმხედველობას თუ სხვა კანონზომიერებას, ამიტომ დავუტოვოთ მათ იმის უფლება იყვნენ თავისუფალი საკუთარ გამოგონილ სამყაროში.

 

 

პარასკევი მომავლისათვის

0

გასული წლის აგვისტოს მიწურულს, შევედეთში ერთმა თექვსმეტი წლის მოსწავლემ გადაწყვიტა, რომ პარასკეობით სკოლა უნდა გაეცდინა ხოლმე. ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს გოგონა სკოლის ნაცვლად სტოკჰოლმის ცენტრში მიდის და რაიხსტაგის წინ კუთვნილ ადგილს იკავებს. გარეუბნელს ყოველთვის თან დააქვს თავისი სიმაღლისთვის (1.53 მ) შეუფერებლად დიდი ტრანსფარანტი, რომელსაც მთავრული ასოებით აწერია: „სასკოლო გაფიცვა კლიმატისათვის!“. თვეების განმავლობაში გრეტა თუნბერგი მარტო აპროტესტებდა მსოფლიოს პოლიტიკურ ლიდერთა ქმედებებს. მოსწავლეს მიაჩნია, რომ ძალაუფლების მქონე პირები არაფერს აკეთებენ კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად და დედამიწის, ბუნების, ბიომრავალფეროვნების გადასარჩენად, მავნე ნივთიერებების ჰაერში, წყალსა და ნიადაგში გავრცელების შესაფერხებლად. ახალგაზრდას თავისი წამოწყების გამო ხშირად დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ. სკოლის ადმინისტრაცია მას გაკვეთილების გაცდენის გამო კიცხავდა. განათლების მესვეურები ამტკიცებდნენ, რომ გრეტა კეთილშობილური ეკოლოგიური იდეებით ცდილობდა ყოველ პარასკევს „შატალოზე“ წასვლის აუცილებლობის დასაბუთებას. ყველაზე სულმოკლე ადამიანები მის დიაგნოზზეც ალაპარაკდნენ და ერთი შეხედვით უცნაური ქცევა გოგონას განსაცდელის სიმპტომად მიიჩნიეს. თუნბერგმა თავად განაცხადა, რომ მას ასპერგერის სინდრომი აქვს. ზოგიერთი მეცნიერი ასპერგერის სინდრომს აუტისტური სპექტრის დარღვევებს მიაკუთვნებს. მოზარდის მოწინააღმდეგეები გაჰყვირიან, რომ ასპერგერის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანი ბიპოლარული აზროვნება, მხოლოდ ორ უკიდურესობას შორის არსებული არჩევანის აღქმაა (შვედი ამტკიცებს, რომ ან ახლავე დავიწყებთ დედამიწის გადარჩენას, ან გლობალური დათბობა მალე მოგვიღებს ბოლოს). იაფფასიანი გამოცემები კი დარწმუნებულნი არიან, რომ მოზარდი მშობლების კომერციული მიზნების აღმსრულებელია.

რატომ ჰყავს გაცდენებით გამორჩეულ მოსწავლეს ამდენი მტერი?

ერთი ბავშვის მიერ დაწყებული პროტესტი თითქმის ნახევარწლიანი ყოველდღიური და შეუპოვარი საქმიანობის შედეგად მთელი პლანეტისთვის ცნობილი გახდა. როგორც აღმოჩნდა, განვითარებულ ქვეყნებში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერება საშუალოზე მაღალია. დღეს, გრეტას მსგავსად, დედამიწის ყველა კუთხეში ათასობით მოსწავლე აცდენს პარასკევის გაკვეთილებს. ისინი თავიანთი ქალაქების ქუჩებში გამოდიან და გარემოსდაცვით ლოზუნგებს სკანდირებენ. 12-დან 17 წლამდე ბავშვები მუყაოს დაშლილ ყუთებზე ფერადი საღებავებით აწერენ – „დინოზავრებსაც ეგონათ, რომ ბევრი დრო ჰქონდათ, მაგრამ …“; „დრო მიდის, თქვენ თვლემთ“; „გაფიცვა სკოლაში, გაფიცვა ფაბრიკაში, ეს არის ჩვენი პასუხი თქვენს პოლიტიკაზე!“ და ა.შ. ახალგაზრდები გაჩერებას არ აპირებენ. მათ სურთ, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის შესაჩერებლად კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც დასახონ.

მოკლედ, ერთი ადამიანის პროტესტი მრავალათასიან, გლობალურ, ახალგაზრდულ გარემოსდაცვით მოძრაობად გარდაიქმნა, რომელსაც „პარასკევი მომავლისათვის“ ეწოდა. გრეტა თუნბერგი ნობელის პრემიაზეც კი არის წარდგენილი. ცოტა ხნის წინ მოძრაობის პიონერი დავოსის მსოფლიოს ეკონომიკურ სამიტზეც მიიწვიეს. მასპინძლები შვედ გოგონას მომავლის იმედისა და იდეალიზმის, ახალგაზრდული რადიკალიზმის შესანიშნავ სიმბოლოდ აცხადებდნენ და გარემოსდამცველთა წინადადებების ნაწილის ლეგიტიმურობაზე მიანიშნებდნენ. მორიგი შოუს სანახავად თავმოყრილ საზოგადოებას სტოკჰოლმის მკვიდრმა ცივი წყალი გადაასხა: „თქვენ გსურთ, რომ დღეს ახალგაზრდებში, ჩვენ საქმეში იმედი დაინახოთ… მე არ მინდა, რომ თქვენ იმედი მოგცეთ. პირიქით, მსურს, რომ დაპანიკდეთ… თქვენ ისე უნდა იქცეოდეთ, როგორც ადამიანი, რომლის სახლსაც ცეცხლი უკიდია. დედამიწა საფრთხეშია!“.

იმედია, ქართველი მოსწავლეები პარასკეობით გაკვეთილების გაცდენის სტრატეგიას არ მიემხრობიან და მხოლოდ ფიქრით, მსჯელობით შეეცდებიან გრეტა თუნბერგის მიერ დაწყებული და მოულოდნელად აზვირთებული მოძრაობის საიდუმლოს ამოხსნას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...