შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

როგორც ვაქციოთ კითხვა სასიამოვნო აუცილებლობად

0

კითხვა სასიამოვნო აუცილებლობაა ადამიანის ცხოვრებაში. ყოველი წაკითხული წიგნი ახლის შემეცნებაა, მართალია იზრდება „მობილური“ თაობა, რომელთათვისაც ინტერენეტში მოძიებული მასალები უფრო მიმზიდველია, მაგრამ ეს წიგნს ვერ შეცვლის, „ვერ მოკლავს“ რაც არ უნდა შიშით ვუმზიროთ კომპიუტერს.

ხშირად ვამბობთ, მოზარდები არ კითხულობენ წიგნს, რაც თანამედროვე პრობლემაა. მომავალი თაობა ნაკლებად თუ ტკბება წიგნის ჯადოსნური სამყაროთი. ვის შეუძლია მოზარდებთან პრობლემაზე მუშაობის დაწყება?

მასწავლებელი მშობელთან ერთად ის კომპეტენტური პირია, რომელიც ცდილობს მოზარდი კარგ მკითხველად აღზარდოს.

კითხვა არ უნდა იყოს მოსაწყენი აუცილებლობა, ის სიამოვნებაა. წიგნიერი მშობელი და პედაგოგი მოსწავლისთვის მისაბაძი ხდება ლიტერატურის გაცნობისა და შეყვარების გზაზე. აუცილებელია აგრეთვე ნაწარმოები  სწორად შეირჩეს. მშობლები ფიქრობენ, დარდობენ და ამბობენ, რომ შვილები არ კითხულობენ! იქნებ წიგნი არასწორად შეირჩა? იქნებ მშობლის ან უფროსი თაობის მკითხველის გემოვნებასა და ბავშვობის მისწრაფებას თანამედროვე მოზარდის ინტერესი და გემოვნება არ ემთხვევა? წიგნი სწორად უნდა იქნეს შერჩეული მოზარდის ინტერესების გათვალისწინებით. საინტერესოა ამ კუთხით ცნობილი მწერლის, ჰარპერ ლის ერთადერთი რომანი “ნუ მოკლავ ჯაფარას”. 6 წლის გოგონას, ჯინ ლუიზა ფინჩის თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი; რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, და რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

მთავარია, მოზარდის ცნობიერებაში გაიღვიძოს ინტერესმა და მოსწავლემ გამოიმუშაოს წიგნთან მუშაობის უნარები. ზოგიერთი მოსწავლისთვის თავდაპირველი დაინტერესებისათვის ასაკის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია წიგნის ვიზუალური მხარე:

ა) შესაბამისი შრიფტის ზომის შერჩევა;

ბ) ილუსტრაციებით გამდიდრებული წიგნი და ა. შ.

პირველ რიგში ბავშვისთვის მშობელია ეტალონი, მისაბაძი. ის ხშირად მაგალითს მისგან იღებს, ამიტომ წიგნის კითხვის მაგალითიც, ვთვლი, რომ პირველ რიგში მშობლისგან უნდა აიღოს.

მოსწავლეს წიგნის სიყვარული ბავშვობიდან უნდა ჩავუნერგოთ. ბავშვს უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, თავად აირჩიოს წიგნი, ასევე წიგნის ჩუქება უნდა გავხადოთ ტრადიცია ოჯახში.

პედაგოგის როლი დიდია მოსწავლის ლიტერატურული გემოვნების ჩამოყალიბებაში და წიგნისადმი სიყვარულის ჩანერგვაში. ამისათვის კარგი მეთოდია, როცა პედაგოგი აღსაზრდელს ესაუბრება:

  1. თავის საყვარელ წიგნზე;
  2. პერსონაჟზე;
  3. ფრაზებსა და გამონათქვამებზე, რომელიც მოსწონს;
  4. წიგნზე – რომელიც ბოლოს წაიკითხა, ან რომელი წიგნის წაკითხვასაც გეგმავს.

აქვე დავძენ,

  • ჩემი საყვარელი წიგნია – გრიგოლ რობაქიძის – „გველის პერანგი“;
  • პერსონაჟი – ოლღა ბებია ნ. დუმბაძის – მე, ბებია, ილიკო და ილარიონიდან“;
  • ჩემი საყვარელი ფრაზები:

„თუკი სიმართლესა და სიკეთეს შორის არჩევანი უნდა გააკეთო, აირჩიე სიკეთე“ — რ.ჯ. პალაციო

„აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა“ – ლეიბნიცი.

„შენი მწვანე თვალების შემოდგომა მინდა ვიყო, ერთად მოვკვდეთ მინდა ზამთარში“ – გ. კეკელიძე;

„სახსოვართაგან უსასტიკესია სუნი, არც იბზარება და არც ცვდება – იქეთ გცვეთს და გბზარავს“ – გ. კეკელიძე

და ა.შ.

  • ბოლოს წავიკითხე ე. შაფაქის – „სიყვარულის ორმოცი წესი“.
  • ვგეგმავ ე. ბრონტეს – „ქარიშხლიანი უღელტეხილის“ წაკითხვას.
  • ვკითხულობ სხვადასხვა ჟანრში და არაერთი რჩეული მწერალი და პოეტი მყავს და მათი გამოყოფა ისევე მიჭირს, როგორც – საყვარელი წიგნების.

გულახდილი და უშუალო საუბარი მოსწავლეს სურვილის უჩენს, თავადაც ჩაერთოს საუბარში ან დაფიქრდეს და შემდეგისთვის  შეძლოს თვითონ იყოს დიალოგის აქტიური მონაწილე მასწავლებელთან. ეს უშუალო და უწყინარი მეთოდი აღსაზრდელებს წიგნთან ადვილად მიიყვანს.

მოსწავლისთვის წიგნის შესაყვარებლად, კითხვის ინტერესის გასაღვივებლად არაერთი გზა არსებობს, თუმცა დაძალება არ არის გამართლებული. ის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დავაინტერესოთ, როცა რომელიმე ნაწარმოებს ან ლექსს ისწავლის, იქვე შეიძლება მასწავლებელმა მოსწავლეებს შესთავაზოს/მოუთითოს ამავე ავტორის სხვა ნაწარმოები წასაკითხად. ამ მეთოდს ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ. ბავშვებს ვთხოვ, უბის წიგნაკში გააკეთონ პატარა ჩანაწერი; ჩაინიშნოს რა მოეწონათ ან რამ გააღიზიანა ყველაზე მეტად წაკითხულ ნაწარმოებში. შეიძლება ეს იყოს  ერთი რომელიმე ფრაზის ციტირება. შემდეგი შეხვედრისთვის ჩანაწერის გაზიარება საინტერესოა კლასში, რადგან წაკითხულს ხშირად მოჰყვება მსჯელობა, რაც აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს. საბოლოოდ, მოსწავლემ გაკვეთილზე ისწავლა მწერლის ერთი ნაწარმოები, დამატებით გაეცნო მეორეს, რაც ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის სიხარულის საფუძველია – მიზანს მივაღწიე!

სასწავლო პროცესში მოსწავლეთა დაინტერესებისთვის ერთ-ერთი შედეგიანი მეთოდი ფილმებით სწავლებაა. ეს აქტივობა საშუალებას მაძლევს ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადო სასწავლო პროცესი. გასათვალისწინებელი და აღსანიშნავია ისიც, რომ ფილმი არ მიჰყვება მხატვრულ ტექსტს, რაც საინტერესოდ გვაძლევს ლიტერატურისა და ხელოვნების ინტეგრაციის საშუალებას. არაერთხელ გამოვიყენე ეს მეთოდი ჩემს სკოლაში, მკითხველთა კლუბის „წიგნიერის“ სამუშაო შეხვედრებზე.

მოსწავლეთა ინტერესი იზრდება ფილმის ნახვისას. ისინი სიუჟეტის მიმდინარეობას გაფაციცებით ადევნებენ თვალს და გზადაგზა იხსენებენ, რომელი სიუჟეტი შეხვდათ კითხვის დროს და რომელი არა. ფილმის ჩვენებას მეორე დადებითი მხარეც აქვს: ბავშვები  ყურადღებას ამახვილებენ შემდეგ საკითხებზეც: ვინ არის რეჟისორი? ვინ ასრულებს მთავარ როლს? რა იყო ფილმში გადაჭარბებულად ნაჩვენები და რა უფრო კარგად წარმოაჩინა რეჟისორმა/მსახიობმა, ვიდრე წიგნში/ტექსტში იყო მოცემული? როგორია ფილმის სპეციფიკური ელემენტები: ხმა, ფერი, მოტაჟი, მუსიკა, გადაღების კუთხე და ა.შ.

ამრიგად, მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა შეიძლება აქაც წამოვიდეს მოსწავლეთა მხრიდან, რაც მათი აზროვნების გააქტიურების საფუძველია. ასეთ დროს მატულობს მოტივაციაც და ინტერესიც, მაღალია მასწავლებლის მუშაობის ეფექტიანობა. სწავლაც/კითხვაც უფრო სახალისოა, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეთა თავისუფალი აზროვნების განვითარებასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას.

საინტერესო მიდგომაა, როცა მოზარდს ურჩევთ, თავისუფალი დრო სწორად გაანაწილოს. ალბათ უცხო არაა დღეს, რომ ბავშვები საკუთარი ინტერესის მიხედვით გარკვეულ დროს უთმობენ მუსიკას, სოციალურ ქსელს, სპორტს, ცეკვას, ქუჩას… წიგნის კითხვაც ხომ სიამოვნებაა?! დრო კითხვისთვისაც უნდა გამოვყოთ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა;
  2. ქართული ენა და ლიტერატურა, მასწავლებლის გზამკვლევი.

 

გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული გაკვეთილის დაგეგმვა

0

მათემატიკის მაღალი ხარისხით სწავლება მნიშვნელოვნად განაპირობებს მოსწავლის  ინტელექტის განვითარებას. ბოლო წლებში  საგანმანათლებლო სივრცეში სულ უფრო მეტად საუბრობენ რთული სააზროვნო უნარებ-ჩვევების:  კრიტიკული, შემოქმედებითი და რეფლექსური აზროვნების სწავლებაზე. აზროვნების ამოქმედების დროს მოსწავლე ნასწავლ მასალას კი არ იზეპირებს, არამედ იაზრებს, რაც ხდის მას უფრო გამჭრიახს. შესაბამისად  მისი აქტუალობა სასწავლო პროცესში იზრდება. ამიტომ ვთვლი, რომ ჩვენი, როგორც პედაგოგების, უმთავრესი საზრუნავი სწორად დაგეგმილი სასწავლო პროცესია, რომელიც მოსწავლეებში  მრავალმხრივი უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვა ბევრ ფიქრს საჭიროებს, კარგად უნდა შევისწავლოთ   კლასის მოსწავლეთა მზაობა, გამოცდილება, საჭიროება, ინტერესები და მათი გათვალისწინებით დავისახოთ საგაკვეთილო მიზანი, რომელიც შესაბამისი იქნება ეროვნულ სასწავლო  მიზნებთან. შემდეგ სწორედ მიზნიდან  განისაზღვრება, რა საჭიროება გვაქვს: პრობლემაზე ორიენტირებული, გამჭოლ კომპეტენციების განვითარებასა  თუ ინოვაციურ სწავლებაზე ვაკეთებთ არჩევანს?

როგორ დავგეგმოთ გამჭოლ კომპეტენციაზე ორიენტირებული მათემატიკის გაკვეთილი?

მათემატიკის გაკვეთილის დაგეგმვისას გამჭოლი კომპეტენციის მიმართულებებიდან სასწავლო მიზანს  მარტივად შეგვიძლია შევუსაბამოთ და თანხვედრაში მოვიყვანოთ  შემდეგი:

  • რაოდენობრივი წიგნიერება – რაოდენობრივი წიგნიერება არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა, რომელთა დაუფლება მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას, რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, რიცხვებს შორის მიმართებების გაგებას, რაოდენობათა შედარებას, ეს უნარ-ჩვევები მოსწავლეს სჭირდება არა მხოლოდ მათემატიკის, არამედ სხვა საგნის შესასწავლადაც.

რაოდენობრივი წიგნიერების განმარტების თანახმად, ვინაიდან ის  გულისხმობს  რიცხვის არსის გააზრებასა და  რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას, მათემატიკის პედაგოგებს, შეგვიძლია დავგეგმოთ გაკვეთილი გამჭოლი კომპეტენციების განვითარებაზე ორიენტირებული,  შემდეგი თემებით:

  • ნატურალურ რიცხვთა სიმრავლე, რიცხვის არსის გააზრება;
  • წილადი რიცხვის არსის გააზრება;
  • ათწილადის არსის გააზრება.

ერთ-ერთი განვიხილოთ კონკრეტულად, მაგალითისათვის ავიღოთ წილადი რიცხვი, რომლის არსის გააზრება შესაძლებელია მოვახდინოთ სამი სხვადასხვა სახით:

  1. წილადი როგორც ორი რიცხვის განაყოფი;
  2. წილადი როგორც ერთობლიობის ნაწილი;
  3. წილადი როგორც მთელის ნაწილი.

გაკვეთილის მიზნის მისაღწევად  და  საინტერესოდ, მრავალფეროვნად წარმართვისათვის აუცილებელია რესურსის შექმნა და გამოყენება , რომლის მიზნობრიობაც შესაბამისი იქნება აქტივობის მიზნებთან.

  1. წილადი როგორც ორი რიცხვის განაყოფი:

3:5   იგივეა რაც:        3/5

 

  1. წილადი როგორც ერთობლიობის ნაწილი;

სურათზე 9  ბავშვია. ბავშვების რაოდენობის რა ნაწილს შეადგენს გოგონები? 

 

3.წილადი როგორც მთელის ნაწილი.

გამჭოლი კომპეტენციის განვითარების  მიმართულებაა ასევე  სემიოტიკური კომპეტენცია.

სემიოტიკური კომპეტენცია –  არის ვერბალური და არავერბალური (რუკის, დიაგრამის, სქემის, ნახატის, მელოდიისა და სხვ.) საშუალებით გადმოცემული  ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან  მეორეში გადატანის (მაგ.სიტყვიერ ტექსტში ან მუსიკალურ ნაწარმოებში გადმოცემული აზრის  ილუსტრაციით გამოხატვის, სიტყვიერი  ტექსტისა და ნახატის ერთმანეთთან დაკავშირების,  სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის სახით წარმოდგენისა და ა.შ) უნარი;

მათემატიკის გაკვეთილი შეგვიძლია დაგვეგმოთ  სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებაზე ორიენტირებული.  განმარტების თანახმად  სიტყვიერად გადმოცემული ინფორმაციის დიაგრამის, ცხრილის  სახით წარმოდგენა შეგვიძლია გამოვიყენოთ. ასეთი გაკვეთილები შეიძლება დაიგეგმოს თემით:

1.მონაცემთა ანალიზი;

2.სტატისტიკური მახასიათებლები;

3.პირდაპირპროპორციული და უკუპროპორციული სიდიდეები;

4.ნაშთიანი გაყოფა;

მიზნისა და თემის განსაზღვრის შემდეგ  საჭირო ხდება შესაბამისი და მიზნობრივი რესურსის შექმნა. ჩამოთვლილი ოთხი თემიდან, პირველ სამში, უკვე მარტივია გააზრება, თუ როგორ გამოვიყენებთ  დიაგრამებსა და ცხრილებს. განვიხილავ მეოთხე შემთხვევას, სადაც  ნაშთიანი გაყოფის შესწავლასთან ერთად სემიოტიკური კომპეტენციის ამაღლებაც შესაძლებელია  მსგავსი რესურსებით: (სქემები,ცხრილები,დიაგრამები) :

 

გამოყენებული ლიტერატურა:

1.ეროვნული სასწავლო გეგმა;

  1. ჟურნალი მასწავლებელი.

3.მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  სქემის გზამკვლევი.

 

 

 

 

ინტეგრირებული გაკვეთილის აქტივობები

0

იმედი მაქვს, ჩემს კოლეგებს გარკვეულ დახმარებას გავუწევ გამოცდილების გაზიარებით –  როგორ დაგეგმონ და განახორციელონ ინტეგრირებული გაკვეთილი, მიზნობრივად როგორ დაგეგმონ  აქტივობები, მიზნის მისაღწევად,  როგორ გამოიყენონ რესურსები  (სქემები, ცხრილები, აუდიო თუ ვიდეოფაილები).

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ ენასა და მუსიკაში თემაზე ,,ხალხური საკრავები ლიტერატურაში“.

ჩემი მიზანი იყო მოსწავლეებს წაეკითხათ ტექსტი, გაეგოთ და გაეაზრებინათ იგი . გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება, გამოეთქვათ ვარაუდები, დაეხარისხებინათ ინფორმაცია, ამოეცნოთ მუსიკალური საკრავები და დაეკავშირებინათ წაკითხულ ტექსტებთან, გადმოეცათ საკუთარი შთაბეჭდილებები და შეექმნათ მცირე მოცულობის ტექსტი. გავითვალისწინე ესგ -ის სტანდარტები :

 

ქართ.დაწყ.(I).7        სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.

ქართ.დაწყ.(I).9.      წაკითხული ტექსტის მიმართ პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა; ტექსტის თემის და/ან მასში განხილული კონკრეტული საკითხების შეფასება.

ქართ.დაწყ.(I).13     სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის მარტივი ტექსტების შექმნა ნაცნობ თემატიკაზე.

მუს.დაწყ.(I).4. მოსმენის დროს სახე-ხატების შექმნაში მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) როლის განსაზღვრა;

მუს.დაწყ.(I).6. ხალხური მუსიკის თავისებურებების ამოცნობა.

დრო : 40წთ+40 წთ

გავითვალისწინე მოსწავლეების კითხვის დონე (წინასწარ ჩატარებული დიაგნოსტიკური შედეგების მიხედვით) , მოსწავლეები დავყავი 4 ჯგუფად  : 2 ჯგუფი – საშუალო დონის  მკითხველებით და 2 ჯგუფი – აქტიური მკითხველებით. გამოვიყენე მართული კითხვის მეთოდი, რათა მოსწავლეებს მათი კითხვის უნარის დონის შესაბამისი ტექსტები წაეკითხათ და დაემუშავებინათ.

მოტივაციის შესაქმნელად  და წინარე ცოდნის გასააქტიურებლად გაკვეთილი დავიწყე მოთელვით. ერთ-ერთ მოსწავლეს ჩავაწოდე ბურთი და დავასახელე პირველი მუსიკალური ბგერა, მას უნდა დაესახელებინა მომდევნო, ასე გაგრძელდა შვიდივე ბგერის დასახელებამდე. შემდეგ შევეკითხე, თუ რა იყო ბგერა, მუსიკაში რამდენი   ძირითადი ბგერა არსებობდა, როგორი ბგერები იცოდნენ (მუსიკალური და არამუსიკალური) , რომელი ბგერები მოსწონდათ, სიამოვნებდათ მოსმენა, საიდან მიიღება მუსიკალური ბგერები, რისი საშუალებით  გამოვსახავთ ბგერას (ნოტის) . შემდეგ შევადარეთ ქართულ ენაში არსებულ ბგერებს, დაასახელეს ანბანში არსებული ბგერათა რაოდენობა, ვკითხე, ქართულ ენაში როგორი ბგერები იცოდნენ (ხმოვანი და თანხმოვანი),  რამდენი ხმოვანი და რამდენი თანხმოვანი გვაქვს, როგორ გამოვსახავთ ბგერას (ასოთი), რა განსხვავებაა ასოსა და ბგერას შორის.

ვთხოვე , გაეხსენებინათ,  რომელი მუსიკალური საკრავები იცოდნენ, ჩამოთვლილთაგან რომელი იყო ხალხური საკრავები, ძირითადად რომელ სიმღერებს მღეროდნენ ამ ხალხური საკრავების გამოყენებით (ხალხურს)? ხომ ვერ გაიხსენებდნენ შესწავლილ ხალხურ სიმღერებს (,,მზე შინა“, ,,თხამ ვენახი“, ,,ცანგალა და გოგონა“, ,,მუხა წონწილებს“). ვკითხე , თუ რას აღნიშნავდა სიტყვა  ხალხური,  სიმღერის გარდა რა გაუგიათ ხალხური (ლექსი, ზღაპარი).  ასოციაციური რუკის გამოყენებით ყურადღება გავამახვილე ზღაპარზე, რადგან გაკვეთილის ერთ-ერთი მიზანი იყო ზღაპრის წაკითხვა, გაგება,გააზრება.

ზღაპარი


ამის
შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის მიზანი მართული კითხვის მეთოდით წაიკითხავდენ ტექსტს, გაიაზრებდნენ მის შინაარსს, შეავსებდნენ მახასიათებლის ცხრილს, სქემას, გაიღრმავებდნენ ხალხური მუსიკალური საკრავების შესახებ ცოდნას, შექმნიდნენ ოთხსტრიქონიან ლექსს)

დავურიგე ტექსტი, გამართულ მკითხველთა 2 ჯგუფს მივეცი ზღაპრის ,,მეჩონგურე“, https://animaciebi.com/zgaprebi/mechongure.html ადაპტირებული ვარიანტი,

საშუალო მკითხველთა 2 ჯგუფს- ნონა მიქელაძის ,,სალამური“ https://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/done/salamuri.pdf ,.

ჯგუფებმა ტექსტი წაიკითხეს  მართული კითხვის  მეთოდით, დიფერენცირებულად, კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებით:  საშუალო დონის მკითხველები კითხულობდნენ წყვილებში, აქტიური მკითხველები კი- ინდივიდუალურად.

პარალელურად შეავსეს სქემები  ინსტრუქციის მიხედვით :

აქტიური მკითხველების  I ჯგუფი სქემა :

ვიღაცას უნდოდა მაგრამ საბოლოოდ

 

საშუალო მკითხველების ჯგუფი კი სქემა :

ვინ?  რა? რა    ქნა? რატომ?

 სქემების ,,ვიღაცას, უნდოდა, მაგრამ, საბოლოოდ“ და ,,ვინ?/რა? რა ქნა? რატომ?“ გამოყენებით მოსწავლეებმა დაამუშავეს და შეაჯამეს წაკითხული ტექსტები. ეს აქტივობები მოსწავლეებს დაეხმარა  პესრონაჟთან დაკავშირებული პრობლემისა და მისი გადაჭრის გზების გააზრებაში, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვაში, ტექსტის გააზრება-შეჯამებაში.

ტექსტზე და სქემებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეები წითელი და მწვანე შუქნიშნებით მაჩვენებდნენ : წითლით, თუ რამე უჭირდათ, მწვანით – ყველაფერი გასაგები იყო.

მე-2 გაკვეთილი

კვლავ დავუბრუნდით ტექსტს, დამატებითი კითხვებით დავეხმარე ტექსტის უკეთ გააზრება-გაგებაში. დაფაზე შევაჯამეთ ჯგუფებში მიცემული სქემები.

ტექსტის  წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ   მოსწავლეებს ვკითხე, თუ რომელ ხალხურ საკრავებზე იყო ტესტებში საუბარი. თუ იცოდნენ მათზე რამე.

პასუხების მოსმენის შემდეგ მივაწოდე დამატებითი ინფორმაცია ჩონგურზე და სალამურზე, გავუზიარე movie maker-ში შექმნილი ელექტრონული რესურსი საკრავების შესახებ, მოვასმენინე ფრაგმენტები ამ საკრავების გამოყენებით.

https://www.youtube.com/watch?v=blCuPc2k-TM&feature=youtu.be

ბოლოს დამატებითი ინფორმაციის მოსმენის შემდეგ ისევ ჯგუფებში შეავსეს

აქტიური მკითხველების მახასიათებლის ცხრილი :

საგანი როგორი საკრავია? რისგან მზადდება? სად გვხვდება?
ჩონგური    

 

 

 

 საშუალო მკითხველების    მახასიათებლების ცხრილი :

საგანი როგორი საკრავია?

 

რა ახასიათებს ?
სალამური    

 

მოსწავლეებმა movie maker -ის პროგრამით დამუშავებული კლიპისა და ჩემ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე  (ტექსტებში გამოყენებული საკრავების- ჩონგურისა და სალამურის შესახებ)  გაიღრმავეს ცოდნა აღნიშნულ საკრავებზე და მახასიათებლების ცხრილის გამოყენებით დაახარისხეს მოსმენილი ინფორმაცია.

ვისაუბრეთ ზღაპრებში მუსიკის როლზე, მოსწავლეებს ვკითხე,  ხომ არ იცოდნენ სხვა ზღაპრები, სადაც საკრავები იყო გამოყენებული. გავაცანი ზოგიერთი მათგანი ( ,,წიქარა“, ,,ბრმა მეჩონგურე“, ,,სამი და“)

ტექსტის  დამუშავებისა და საკრავების შესახებ ცოდნის გაღრმავების შემდეგ   მოსწავლეებს შევთავაზე ინტერაქტიული წერის მეთოდი:

ვთხოვე, გამოეყენებინათ შევსებული მახასითებლების ცხრილი საკრავების შესახებ, სურვილის მიხედვით აერჩიათ საკრავი და  შეექმნათ ოთხსტრიქონიანი ლექსი, (ვაძლევ ინსტრუქციას) :

,,საავტორო სკამის“ საშუალებით მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. საავტორო სკამს საკლასო გარემოში ერთგვარი საზეიმო განწყობა შემოაქვს და ყველა მოსწავლეს უჩენს  წერის სურვილს, აძლევს შესაძლებლობას გახდეს პატარა მწერალი და ამ ზეიმის ცენტრში აღმოჩნდეს.

საშინაო დავალებად ვთხოვე დაეხატათ მოთხრობის/ზღაპრის ის ნაწილი, რომელიც თვითონ ძალიან მოეწონათ).

გაკვეთილის ბოლოს  მოსწავლეები შევაფასე ზეპირი განმავითარებელი კომენტარებით, მოსწავლეებმა კი გაკვეთილი შეაფასეს ,,ავტოსადგომის“ გამოყენებით, ინდივიდუალურად ბარათების საშუალებით დაწერეს, რა მოეწონათ გაკვეთილზე და რა ვერ გაიგეს,  რა კითხვები გაუჩნდათ.  ეს აქტივობა დამეხმარა  გამერკვია, რამდენად ეფექტურად ჩატარდა გაკვეთილი და სად ჰქონდათ მოსწავლეებს პრობლემები. მოსწავლეთა კომენტარები გავითვალისწინე მომდევნო გაკვეთილების დაგეგმვისა და წარმართვის დროს.

ვფიქრობ, აღნიშნული გაკვეთილით, ქართულისა და მუსიკის ინტეგრაციით მოსწავლეებმა ისწავლეს ერთი თემის მეორესთან დაკავშირება, ერთი სასწავლო საგნისა – მეორესთან. გაიღრმავეს საგნობრივი ცოდნა, გაიუმჯობესეს თანამშრომლობითი უნარები, გაგება-გააზრების, ინფორმაციის კატეგორიზება-დახარისხების უნარები. გაკვეთილმა ხელი შეუწყო  ცოდნის გამთლიანებასა და ასევე შეძენილი ცოდნისა და უნარების ერთი სფეროდან მეორეში გადატანას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა
  2. მასწავლებლის გზამკვლევი ქართული ენა და ლიტერატურა

 

მხატვრული ტექსტის აღქმა და გაგება-გააზრება

0

 

„ – ვითომ დაფრთხებოდნენ დამბაჩის ხმაზე ყვავები?“ – ანუ რატომ არ გაუბრწყინდა აღტაცებით თვალები ნოველის წაკითხვაზე მწერლის ქალიშვილს?

მხატვრული ნაწარმობის აღქმის ხარისხი სხვადასხვა მკითხველისათვის განსხვავებულია, მაგრამ რატომ უჭირთ ზოგჯერ ნაწარმოების ძირითადი სათქმელის გაგება?

უნდა ვიცოდეთ და მოსწავლეებსაც უნდა ავუხსნათ, რომ მხატვრული ნაწარმოების აღქმის პირველ საფეხურს წარმოადგენს მკითხველის რეალური სინამდვილიდან გამოთიშვა და ცნობიერების მხატვრულ სინამდვილეზე გადართვა. ეს მხატვრულ სინამდვილეზე გონების კონცენტრაციის აუცილებელი წინაპირობაა და ხელს უწყობს მკითხველის „შეცურებას თხრობის მდინარეში“. თან უნდა ვიცოდეთ, რომ ყოვლად დაუშვებელია მხატვრული სინამდვილის რეალობასთან აღრევა და გაიგივება.

მკითხველი კითხვის პროცესში აგროვებს ცოდნა-გამოცდილებას, რაც საშუალებას აძლევს მას, გაითვალისწინოს ტექსტში აღწერილი ეპოქა და შეძლოს ტექსტის დეტალებზე რეაგირება. ამა თუ იმ დეტალმა მას უნდა მისცეს რაღაც პატარა, სულ მცირე მინიშნება, რომ სათქმელს მიახვედროს.

დღეს გამომცემლობები ბავშვების დასაინტერესებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ – საინტერესო ტექსტები, ნაირფერი ილუსტრაციები იზიდავს ბავშვს, ხდის მას ცნობისმოყვარეს. ჩვენი ვალია, არ გავანელოთ ეს ინტერესი.

თუკი კითხვის ინტერესი გაჩნდება და ჩვევად ჩამოყალიბდება, მიზანი მიღწეულია. ამ საქმეში მიმართულების მიმცემი მაინც სასწავლო დაწესებულებაა, რომელსაც მხარში ოჯახი უნდა დაუდგეს.

მივცეთ ბავშვებს სტიმული, წავახალისოთ, თვითონ შეარჩიონ საკითხავი ლიტერატურა. ჩვენ გავაკონტროლოთ და მივცეთ იმის დრო და საშუალება, შეძლონ წაკითხულის წარმოჩენა – გაუზიარონ ერთმანეთს აზრები, საინტერესო დეტალებზე გააკეთონ კომენტარი, მხედველობიდან არ გამორჩეთ ტექსტის ძირითადი სათქმელი, პირიქით,  ყველაზე მეტი ყურადღება მას დაუთმონ. კითხვის პროცესში  ყურადღება მიაქციონ სათქმელი პირდაპირაა მოცემული თუ შეფარვით. მოვუსმინოთ, რათა დარწმუნდნენ, რომ ჩვენც გვაინტერესებს; ჩავერთოთ მათთან ერთად მსჯელობაში. მაშინ ისინი დარწმუნდებიან, რომ ჩვენ გვაინტერესებს მათი აზრები და გაჩნდება ნდობა, შედგება ურთიერთთანამშრომლობა, ერთმანეთის აზრის პატივისცემა. თუკი ჩვენს რჩევას ითვალისწინებენ, ჩვენც წავიკითხოთ მათი შერჩეული წიგნი.

მთავარია მოსწავლეთა მონდომება, მაგრამ ვეცადოთ ეს ქმედება არ გახდეს ნაძალადევი პროცესი. სასურველია, გავაფართოვოთ საქმიანობა, გამოვიწვიოთ სკოლები, დავგეგმოთ კონკურსები და ეს შეხვედრები ვაქციოთ ჯანსაღი კონკურენციისა და ცოდნის ამაღლების სტიმულად.

დღეს კომპიუტერზე მიჯაჭვულობა თვალში საცემია, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყენებს ტექნიკის მიღწევებს მოსწავლე. დათო ტურაშვილმა ჩვენთან სკოლაში შეხვედრაზე თქვა: რა მნიშვნელობა აქვს ტექსტს სად წაიკითხავ, წიგნში თუ კომპიუტერში, მთავარია წაიკითხოო.

უდიდესი შრომა იხარჯება მხატვრული ლიტერატურის ელექტრონულ საიტებზე განთავსებაზე და სკოლებიც სიახლეებს ელოდებიან ახლო მომავალში, მაგრამ, სამწუხაროდ, ლიტერატურის გასაცნობად კომპიუტერს ჯერჯერობით ძალიან ცოტა მიმართავს. კომპიუტერი უმრავლესობისათვის გასართობია და ისინი ვერ ხედავენ მის საგანმანათლებლო დანიშნულებას.

მასწავლებლისა და ოჯახის შემდეგ ბავშვისთვის მნიშვნელოვანია თანატოლების არჩევანი, მათი აზრის გაზიარება. ბავშვები ენდობიან იმათ, ვინც სისტემატურად კითხულობს, შესაბამისად მისი არჩევანი მოსაწონია. სასკოლო ცხოვრების ბოლო წლებში ასეთი რამ შევამჩნიე: პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნები შემოიტანეს. მალე პოპულარლი გახდა ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“. წიგნი ხელიდან ხელში გადადიოდა, რამდენიმე მასწავლებელმაც წაიკითხა. იგივე მოხდა პალაციოს „საოცრებაზეც“. ამ უკანასკნელის პოპულარობას ფილმმაც შეუწყო ხელი, რომლის ერთად ნახვა ბავშვებმა მოისურვეს. შთაბეჭდილებებით გაბრწყინებული თვალებით შესცქეროდნენ  ერთმანეთს. დარწმუნდნენ, რომ არაფერია შეუძლებელი და მიუღწეველი. წიგნი ადამიანის მეგობარია, ამჯერად წიგნმა დააახლოვა სხვადასხვა კლასის მოსწავლე.

შეიძლება მასწავლებლის რჩევითაც წაიკითხონ, მაგრამ, ვფიქრობ, თავისუფალი არჩევანი უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ, უფროსებმა, პატივი უნდა ვცეთ მათ არჩევანს და გამოვნახოთ დრო, როცა წაკითხული წიგნის შთაბეჭდილებების გაზიარებას მოინდომებენ. ხანდახან თემატიკაც უნდა შევცვალოთ, რათა ერთფეროვანი და მოსაწყენი არ გახდეს მათი საქმიანობა.

დამეთანხმებით, რომ მნიშვნელოვანია, მოსწავლე ტექსტში აღწერილ ამბებთან ერთად არანაკლებ ყურადღებას აქცევდეს ნაწარმოებში აღწერილ დროს, რათა კითხვის პროცესში გაითვალისწინოს ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტი, პერსონაჟთა ფასეულობები, სოციალურ-კულტურული გარემო. გამოარკვიოს პრობლემის გამომწვევი მიზეზები. ამგვარად წარმართული მუშაობით ამოიცნობს ავტორის მიზანს  და მთავარი სათქმელის ამოცნობაც რთული აღარ იქნება.

ასე თანდათან ჩამოყალიბდება ლიტერატურული გემოვნება და, დამერწმუნეთ, წაკითხულ ტექსტებში გაუგებარი არაფერი დარჩება.

კითხვა ხელოვნებაა და გირჩევთ, ეზიაროთ მის მადლს. იყავით მკითხველი და არა ,,მხოლოდ გადამკითხველი“.

„მკითხველი, რომელიც ტკბობისას მსჯელობს და მსჯელობისას ტკბება“ (გოეთე).

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ საგნობრივი პროგრამა ქართული ენა და ლიტერატურა;
  2. მასწავლებლის გზამკვლევი, ქართული ენა და ლიტერატურა.

 

 

 

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში

0

მოგეხსენებათ, რომ პროექტზე დაფუძნებული სწავლება 21-ე საუკუნის უნარებს ავითარებს. მოსწავლეები უკეთ ართმევენ თავს პროექტისთვის დაგეგმილ აქტივობებს მაშინ, როცა მის დაგეგმვაში თვითონ მონაწილეობენ მოსწავლეები, მაგრამ უფრო ეფექტურ შედეგს იძლევა ამ პროცესში მშობელთა ჩართულობა, რადგან მათი გააქტიურება და პროექტის წარმართვის პროცესში დამოუკიდებლობის მინიჭება ზრდის მათ პასუხისმგებლობას და აჩვევს მშობელს შვილთან ურთიერთობას. მშობელთა ჩართულობა დადებითად აისახება სკოლაზე, სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობა ამდიდრებს სკოლის კულტურას და ხელს უწყობს მის განვითარებას. სკოლაც და მასწავლებელიც დაინტერესებული უნდა იყვნენ მშობელთან აქტიური თანამშრომლობით, რადგან ეს აისახება სასკოლო საზოგადოებაზე, მასწავლებლებზე, მშობლებსა და მოსწავლეებზე.

მშობელთა ჩართულობა ნიშნავს მშობლის ინტენსიურ, მრავალმხრივ მონაწილეობას საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებში, ამ დროს მოსწავლეს უმაღლდება მოტივაცია, თვითშეფასება, უვითარდება სოციალური უნარები, მისი ქცევა პოზიტიური ხდება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. ერთიანდებიან მშობელი და მასწავლებელი, რათა ერთიანი ძალისხმევით შეუწყონ ხელი მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. სკოლის ცხოვრებაში მონაწილე მშობლის შვილებს უფრო კარგი ურთიერთობა უყალიბდებათ როგორც მასწავლებლებთან, ასევე ოჯახის წევრებთანაც. განსხვავებული კულტურული გარემოდან გამოსული მოსწავლეები უფრო წარმატებით სწავლობენ, როცა მშობლები და მასწავლებლები ერთობლივად ცდილობენ ოჯახსა და სკოლაში არსებული კულტურული განსხვავებულობის გათვალისწინებას.

მშობელთა ჩართულობას სარგებელი აქვს თვითონ მშობლისთვისაც, იცვლება მშობლის სოციალური, ემოციური მხარე და პიროვნული თვისებები; მას მეტად ესმის თავისი შვილის; უფრო მეტ ყურადღებას უთმობს შვილის სოციალურ, ემოციურ, ინტელექტუალური განვითარების საჭიროებებს. ხდება უფრო მზრუნველი, ნაკლებად მკაცრი შვილის მიმართ და უფრო მეტად აფასებს მის მიღწევებს. მშობელი სიამოვნებით ერთვება ბავშვის განათლებისა და აღზრდის პროცესში, უფრო თავდაჯერებულია გადაწყვეტილების მიღებისას, მეტ დროს უთმობს საკუთარი  ცოდნისა და უნარ-ჩვევების ამაღლებას.

მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში მასწავლებელს ეხმარება გახდეს უფრო თავდაჯერებული, უფრო მეტად დააფასოს საკუთარი პროფესია, ზრდის კომუნიკაციის ხარისხს მშობელსა და მასწავლებელს შორის. ეს ეხმარება მასწავლებელს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია მოსწავლის შესახებ. ეს ყველაფერი კი მასწავლებელს საშუალებას მისცემს სასწავლო პროცესი მოარგოს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მიაღწიოს სასურველ შედეგს.

გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციაა „წიგნიერება“, რომლის მიხედვითაც მთავარია მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება. კითხვის უნარის განვითარება ყველაზე მეტად განაპირობებს სასკოლო პროგრამის წარმატებით ათვისებას და განსაზღვრავს თითოეული პიროვნების ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. თუ გავიზიარებთ საერთაშორისო გამოცდილებას, წიგნიერების საერთაშორისო კვლევისა (PIRLS) და სწავლების საერთაშორისო კვლევების (TIMSS)  შედეგების მიხედვით საქართველოს სკოლებში აუცილებელია კითხვის უნარების განვითარება, უკეთესი შედეგები აჩვენეს იმ მოსწავლეებმა, რომელთა მშობლებსაც უყვართ კითხვა და შვილებთან ერთად არიან ჩართულნი კითხვის აქტივობებში, მათ უმთავრეს საზრუნავს წარმოადგენს მათი შვილების აკადემიური მოსწრება და მიღწევები.

სწორედ მშობელთა ჩართულობით წიგნიერების დონის ამაღლებისათვის დავგეგმე პროექტი ჩემს სადამრიგებლო პირველ კლასში, მიმდინარე სასწავლო წლის თებერვალში. იანვრის ბოლოს დავასრულეთ ასო-ბგერების შესწავლა და უკვე უნდა მეზრუნა მათი როგორც მკითხველებად ჩამოყალიბებისთვის. მოსწავლეები იჩენდნენ ინტერესს წაკითხული პატარა ტექსტების მიმართ, ითხოვდნენ, რომ ყოველ გაკვეთილზე ასო-ბგერების შესწავლის შემდეგ წამეკითხა მათთვის უცხო ტექსტი. აქედანაც წამოვიდა იდეა პროექტის განხორციელებისა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ეს მათთვის პირველი პროექტი იქნებოდა, ნაკლებად მიიღებდნენ მონაწილეობას მის დაგეგმვაში. ამიტომ  გადავწყვიტე მშობელთა ჩართულობით განმეხორციელებინა პროექტი, სახელწოდებით „ვსწავლობთ კითხვას“.

პროექტი მიმდინარეობდა 18.02-დან  25.03.2019-მდე, დაახლოებით 1 თვის განმავლობაში.

პროექტის მსვლელობისას გამოვიყენე მრავალფეროვანი აქტივობები:

  • კლასის მომზადება პროექტისთვის;
  • ლიტერატურის შერჩევა ასაკის გათვალისწინებით;
  • მშობლებისთვის დაგეგმილი დღეების და წასაკითხი წიგნების განრიგის გაცნობა;
  • საუბარი მოსწავლეებთან წიგნის მნიშვნელობაზე და კითხვის აუცილებლობაზე;
  • ფილმის ჩვენება პროექტორის დახმარებით „ბომბორა სწავლას იწყებს“ და განხილვა-ჩანახატის გაკეთება – გამოკვრა კლასის კედლებზე

 

 

  • ვიზიტი თოჯინების თეატრში მშობლებთან ერთად და შთაბეჭდილების გადმოცემა ნახატით-გამოკვრა კლასის კედლებზე;
  • დიდ მონიტორზე წიგნის კითხვა და ერთობლივი განხილვა;
  • სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში და დიდი წიგნების „ორი ღორი“ და „დათვი დადუ“ კითხვა და დისკუსია სკოლის ბიბლიოთეკართან;
  • ვიზიტი ვარკეთილის ფილიალის მედიათეკაში მშობლებთან ერთად გაცნობის მიზნით, საუბარი შთაბეჭდილებებზე;
  • მშობლების ვიზიტი კლასში კვირაში 3-ჯერ და წინასწარ განსაზღვრული წიგნების წაკითხვა-განხილვა მოსწავლეთათვის;
  • პრეზენტაცია – საუბარი მშობლებთან, მოსწავლეებთან პროექტის მიმდინარეობის შესახებ, შთაბეჭდილებების გადმოცემა, პროდუქტის შექმნა: წიგნის „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ დამზადება მშობლებთან ერთად.

 

გამოვიყენე სხვადასხვა მეთოდი და კლასის ორგანიზების ფორმა: მინი-ლექცია წიგნის კითხვის აუცილებლობაზე, მოსმენა, ფილმის ჩვენება, დისკუსია, საუბარი, ვერბალური საუბარი, კითხვა-პასუხი, გონებრივი იერიში, როლებში კითხვა, კითხვა სხვადასხვა მეთოდებით: განგრძობით, ინდივიდუალური, ერთობლივი, ქოროს ტიპის, გამოკრებითი, ბიჭების, გოგონების. ცხრილებით მუშაობა, შთაბეჭდილებების გადმოცემა,  ჩანახატებისა და ნახატის გაკეთება, წიგნის შექმნა ერთობლივად, გამოფენის მოწყობა. ინდივიდუალური მუშაობა, წყვილებში მუშაობა, საერთო საკლასო მუშაობა.

ჩემ მიერ განხორციელებულ პროექტს დადებითი შედეგი ჰქონდა. პროექტი მთელი პროცესის განმავლობაში იყო ინტერაქტიული, მიმდინარეობდა დიდი ხალისითა და ინტერესით, მოსწავლეებს განუვითარდათ შემოქმედებითი, ფანტაზიის, თანამშრომლობითი, პრეზენტაციის, თავდაჯერებულობის, პასუხისმგებლობის, კომუნიკაციის, ინდივიდუალური და წყვილებში მუშაობის, პრობლემის გადაჭრის უნარები. მოსწავლეები და მშობლები აქტიურად მუშაობდნენ და შექმნეს პროდუქტი, მათ ერთობლივად წაიკითხეს 25 საბავშვო მოთხრობა. პროექტში ჩართული იყო პირველი კლასის 27 მოსწავლე და 25 მშობელი. პროექტის მსვლელობისას მშობლები შთაბეჭდილებებს სხვა კლასის მშობლებს უზიარებდნენ, მოსწავლეები კი – დასვენებებზე თანატოლებს ესაუბრებოდნენ წაკითხული საბავშვო ლიტერატურის შესახებ.

პროექტის პრეზენტაციაზე მშობლებმა და ბავშვებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა, ერთმანეთის მუშაობა, აქტიურობა, ჩართულობა, საკუთარი თავი. პატარები ემოციებს ვერ მალავდნენ თავიანთი და მშობლების ერთობლივი მუშაობით შექმნილი წიგნის მიმართ. მათ დააფიქსირეს თავიანთი აზრი,  რომ ივლიდნენ სკოლის ბიბლიოთეკაში, ვარკეთილის ფილიალის მედიათეკაში მშობლებთან ერთად და კვლავაც გააგრძელებდნენ ლიტერატურის კითხვას. გამოთქვეს სურვილი, რომ პროექტი მშობელთა ჩართულობით მომდევნო კლასებშიც გაგრძელდეს. ჩემი მხრიდან გაჩნდა ახალი იდეები, ინიციატივები, რომლებსაც სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს და მომავალშიც განვახორციელებ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ინტერნეტრესურსი www.kargiskola.ge;

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის გზამკვლევი. II ნაწილი.

თეოფილ გოტიეს მირაჟები

0

თეოფილ გოტიეს სახელი ქართველ მკითხველს მოდერნისტებმა გააცნეს, ცისფერყანწელებმა, გალაკტიონ ტაბიძემ, გრიგოლ რობაქიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ. ამ ფრანგი პარნასელის სახელი მაღალი ხელოვნების, სამყაროს ესთეტიკური აღქმის დიდოსტატის სიმბოლოდ იქცა. მისი „კამეები და მინანქრები“ იყო კრებული ლექსებისა, რომლებიც შთააგონებდნენ პოეტებს წმინდა პოეზიის მსახურებას. შარლ ბოდლერმა „ბოროტების ყვავილები“ მას მიუძღვნა, როგორც „უზადო პოეტს, ფრანგული სიტყვიერების ნამდვილ ჯადოქარს, უძვირფასეს და სათაყვანო მასწავლებელსა და მეგობარს“. გალაკტიონი მის სახელს არაერთგზის ახსენებს და უძღვნის ლექსებს. მაგალითად, მის ერთ ლექსში ვკითხულობთ:

„თქვენს მშობლიურ სავანეს დაარქვით პიმოდანი.

იგი მარად ფერობდა დელაროშის ფერებით.

ჩვენ ნათელი გველოდა არამცირეოდენი,

არამცირეოდენი დაფნით და დაფერებით.

ბედნიერი იგი დრო, ეხლა უფრო ანკარა!

თვითეულში ელავდა ბრიუმელი ან ლოზენი.

ნეტავი სად არიან ყველა ეს უანგარო

პოეტები, მხატვრები, ქალნი მომიმოზენი? („გოტიეს“).

„არტისტულ ყვავილებსაც“, ბოდლერის, ვერლენისა და ანრი რენიეს სტრიქონებთან ერთად, მისი სტრიქონებიც წაუმძღვარა ეპიგრაფად: La demoiselle bleue aux bords frais de la source – „ცისფერი ქალწული ნაკადულის გრილ ნაპირზე“.

ხელოვნების რეალობაზე აღმატებულობის ესთეტიკური კონცეფცია იყო გოტიეს შემოქმედების მთავარი განმსაზღვრელი. ერთ ლექსში „Lart“ იგი ასე მიმართავს ხელოვანს:

„მხატვარო! ნახე გზა საყვარელი –

ახლა ნუ გინდა სადა ფანქარი და აკვარელი.

ცეცხლში დაადნე შენ მინანქარი,

სირინოზების შეჰქმენი ტევრი –

ჯარი ლურჯთვალა კუდიან დების. დევები ბევრი –

საშინელება ოქროს ღერბების.

სამსართულიან ალში ზმანება

წმინდა მადონას და მაცხოვარის,

ცეცხლოვანება

გოლგოთისა და ლათინურ ჯვარის.

უკანასკნელად ყოველი კვდება.

ხელოვნებაა მარად ძლიერი

და ქანდაკება –

თვით სახელოვან ერზე ხნიერი“ (თარგმანი ვალერიან გაფრინდაშვილისა).

თეოფილ გოტიე მრავალმხრივი ინტერესების ადამიანი იყო, პოეტი, პროზაიკოსი, კრიტიკოსი, მოგზაური. ასე რომ, არა მხოლოდ პოეზიაში, არამედ პროზაშიც წარმოაჩენდა თავის ესთეტიკურ მრწამსს. ამ თვალსაზრისით გამოვარჩევთ მის ერთ მოთხრობას უჩვეულო სათაურით – „შეყვარებული მკვდარი“, რომელშიც ავტორი სიკვდილისა და სიყვარულის, რეალურისა და ირაციონალურის ურთიერთობას წარმოაჩენს.

მისტიკა და ფანტასტიკა თანაბარი ინტენსივობით იჭრება ამ მოთხრობაში, რომლის მთავარი გმირი ახალგაზრდა მღვდელია. ადამიანის შინაგანი სამყაროს წვდომა ყოველთვის იყო მწერალთა უპირველესი მიზანი. ყველა დროში განსხვავებული მიზანდასახულობითა და ფორმით იხატებოდა სულის ნათელი თუ ბნელი მხარეები. ამ მოთხრობაშიც მწერალი ხატავს გაორებულ ადამიანს, რომელიც იმდენად იხლართება წარმოსახვისა და ზმანების ხლართებში, რომ სიზმარი და ცხადი ერთმანეთისგან ვეღარ გაურჩევია. 66 წლის მღვდელი მეგობარს უამბობს „მოგონებების ფერფლიდან“ გამოტაცებულ ამბავს. მოთხრობა იწყება გაცვეთილი შეკითხვით: „განმიცდია თუ არა სიყვარული?“ თუმცა ამ ბანალურ კითხვას მოჰყვება უჩვეულო, ჟრუანტელის მომგვრელი ამბავი, რომელიც მკითხველს ბნელეთის ჯურღმულებს მოახილვინებს.

მოთხრობაში, როგორც პოეზიაში, ერთმანეთს გადაეწვნება ფერი, მუსიკა და სურნელი. გოტიე კარგად იცნობდა ფერწერას და თვითონაც ხატავდა. ეს კარგად წარმოჩნდება თხრობის სტილში, რომელიც ტილოზე ფუნჯის მონასმებს მოგვაგონებს. მწერალი მკითხველს თავიდანვე მუხტავს უცნაურის მოლოდინით, რადგან მღვდელი აპირებს მოჰყვეს, როგორ იქცა „სატანური ილუზიის“ მსხვერპლად. სოფლის ეკლესიის უბრალო მსახური ორმაგ ცხოვრებას ეწევა. ღამით სარდანაფალია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ასურეთის ძლევამოსილ მეფესავითაა, რომლისთვისაც ყოველგვარ საამქვეყნო სიამეთა კარი ღიაა, დღისით კი ღვთის ნების მორჩილი, სხვათა მსახურებაში ჩართული მარტოსული მოკვდავია.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ ეროსის ზემოქმედებით ახალგაზრდა ქალმა სწორედ იმ დღეს, როდესაც მთავარ გმირს მღვდლად აკურთხებდნენ, წარმწყმედელი, ნდობით აღსავსე მზერა ესროლა და ნაცრისფერი ყოფა ზღაპრად გადაუქცია: „მიყვარდა ისე, როგორც ქვეყნად არავის ჰყვარებია, შმაგი, უგონო სიყვარულით. ისეთი მგზნებარებით, რომ მიკვირს, გული რად არ გამისკდა“. ამ მოთხრობაშიც შემოიჭრება ნაცნობი სიმბოლიკა – ქალის როგორც მაცდუნებლისა. ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ გვახსენდება, როცა ბერს ჯერ შიში ეუფლება და ფიქრობს: „ნუთუ აწ ბედმა ქალის სახითა / განსაცდელი რამ მას მოუვლინა?“ ხოლო შემდეგ ჩაძინებული ქალის სილამაზით მოხიბლული ფიქრობს: „თუ ცოდვა არის, ეგრე რადა ჰგავს / სულისთვის აღთქმულ უკვდავებასა“. თუმცა განდეგილის გაორებასა და ტანჯვას სიკვდილი მოუღებს ბოლოს. ამ მოთხრობაში კი გაორებული ყოფა მთელი თავისი მრავალფეროვნებით იხატება. დღისით უფლის მწყემსი, უბიწო, ლოცვითა და საღვთო საქმეებით გართული, თვალს მოხუჭავს თუ არა, ნატიფ მექალთანედ, ნადირობისა და ცხენების ტრფიალად, აზარტულ მოთამაშედ და ღვთისმგმობელად გადაიქცევა. ისეთი ცოცხალი იყო ძილში შეგრძნობილი, რომ გამთენისას მღვდელს ხშირად ეუფლებოდა ეჭვნეული განცდა, რომ, პირიქით, როცა იძინებდა, სწორედ მაშინ იწყებოდა მისი საღვთისმსახურო ცხოვრება და რეალურ კი არა, სიზმრისეულ სამყაროში იყო მღვდელი; ვეღარ გაერჩია, დიდებული იყო, რომელსაც ესიზმრებოდა, რომ მღვდელი იყო თუ პირიქით.

ჩვენ თვალწინ იხატება ორი სრულიად განსხვავებული, ურთიერთსაპირისპირო სამყარო და მით უფრო მძაფრია მათი შეჯახების გამოძახილი. მოთხრობის გმირი საზოგადოებას განშორებული ახალგაზრდაა, რომლის გადაწყვეტილება, მღვდლობა, უსინანულო არჩევანია. ამიტომაც იყო რაღაც ჯადოქრული მის ყოფაში, როდესაც მაინცდამაინც იმის მსხვერპლი შეიქმნა, რასაც ასე გაურბოდა და ფიქრადაც არ გაივლებდა. ლოცვით ექსტაზამდე მისული წარდგა იმ დღესაც იმისთვის, რომ არჩეულ გზას სიკვდილამდე გაჰყოლოდა. სწორედ ამ დროს მოულოდნელად თვალს მოჰკრავს მეფური გარეგნობის, თვალისმომჭრელი სილამაზის ქალს. საგულისხმოა, რომ იმას, რასაც განიცდის, პერსონაჟი თვალიდან ბინდის მოშორებას უწოდებს, თითქოს ბნელმა და ნათელმა სამყაროებმა ადგილი გაცვალეს. ახლა ეკლესია ჩამოუბნელდა და ქალი წარმოუდგა გაბრწყინებულ სივრცეში. მისი დახუჭული თვალების წიაღშიც აღწევდა ცისარტყელას ფერები და ქალის ლანდის მეწამული ჩვენება. პერსონაჟის წარმოსახვაში დეტალურად აღიბეჭდა ქალის მშვენიერება, ისეთი, როგორიც არცერთ ფერწერულ ტილოზე არ უნახავს და არც პოეზიაში შეხვედრია. „ცის ბინადარი იყო თუ ჯოჯოხეთის მკვიდრი?“ – ამგვარმა ორჭოფობამ თითქოს გამოაფხიზლა. მისმა გონებამ წამიერად სძლია გულს და საშიშროების კონტურები შემოუხაზა. მაგრამ თავს არ ანებებდა განცდა, რომ ქალში იყო ორივე: დემონიცა და ანგელოზიც და სწორედ ამიტომ ატყვევებდა ასე მაგიურად. პერსონაჟი მკითხველს უხატავს ქალის შთამბეჭდავ ფერწერულ ხატს და ყურადღებას ამახვილებს ხელებზე: „გრძელი თლილი თითები ამკობდა. ეს თითები ისეთი გამჭვირვალე იყო, ისეთი გამჭვირვალე, რომ ავრორას თითებივით სინათლეს ასხივებდა“. ამ თითების გამოძახილი შეიძლება დავინახოთ გალაკტიონის პოეზიაშიც („მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს“ („ალვები თოვლში“).

მწერალი ხატავს, როგორ ებრძვის ახალგაზრდა კაცის გულში ერთმანეთს ხმამაღლა წარმოსათქმელი ორი სიტყვა: „დიახ“ და „არა“. ერთი დასტურია სასულიერო ცხოვრების სწორი არჩევანისა, მეორე კი უარმყოფელი ამ გადაწყვეტილებისა. ქალი მზერით ღვთაებრივი დაპირებებით ავსებდა: „თუ ჩემი გინდა იყო, უფრო ბედნიერს გაგხდი, ვიდრე ღმერთს შეუძლია გაგხადოს თავის სამოთხეში. ანგელოზებს შეშურდებათ შენი. დახიე ეს წყეული სუდარა, რომელშიც ეხვევი. მე სილამაზე ვარ! მე სიჭაბუკე ვარ! მე სიცოცხლე ვარ“. საბოლოოდ სძლევს „ჰო“ და იდება აღთქმა ღვთისთვის შეწირულობისა, მაგრამ უარყოფილი გული, „ხარბი და გაუძღომელი“, რომელსაც, როგორც რუსთაველი იტყვის, „ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი“, საბრძოლო პოზიციებს არ თმობს და თავის სამეფოს ქმნის – რეალური სამყაროს არათუ ნაცვალს, არამედ მასზე აღმატებულს. გონებამ ვერ ჩაახშო ეკლესიის ზღურბლთან ნათქვამი ქალის სიტყვები: „უბედურო, უბედურო, ეს რა ჩაიდინე?“ (ეს სიტყვებიც გაგვახსენებს განდეგილის მიერ თითქოსდა შემთხვევით წამოცდენილ თვითშებრალებას: „ხსნა ყველგან არის, ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე… უბედურსა…“. და მღვდელი გიჟური გატაცებით მიეცა ამ სიყვარულს, რომლის ამოძირკვა არ შეეძლო. „ჩემმა სიჭაბუკემ, ასე დიდხანს რომ მყავდა დათრგუნვილი, ერთბაშად იფეთქა ალოესავით, ას წელს რომ ანდომებს აყვავებას და ერთბაშად იფურჩქნება მეხის გრგვინვასთან ერთად“. ვაჟი მკლავის იმ ადგილს იკოცნიდა, რომელსაც შეეხო ქალი ეკლესიიდან გულმოსული გასვლისას. ერთ საღამოს სენაკში განმარტოებულს კი შავკანიანმა პაჟმა ბარათი გადასცა, რომელშიც ეწერა: „კლარიმონდი. კონჩინის სასახლეში“. ეს იყო მიწვევა, რომელიც მიწვევად დარჩა, რადგან მღვდელი სოფლის ეკლესიაში გადაიყვანეს. სწორედ მაშინ შენიშნა აბატმა სერაპიონმა რაღაც ცვლილება და მღვდელი რომუალდი გააფრთხილა: „ბოროტი სული გამწყრალია, რომ სამარადისოდ უფალს მიუძღვენი თავი“. როცა ქალაქიდან გადიოდნენ, რომუალდმა, რომელსაც თვალები უკან რჩებოდა, უძველესი სასახლე შეამჩნია. სერაპიონმა უთხრა, რომ ის პრინცმა კონჩინიმ უბოძა კურტიზან კლარიმონდს და იქ ღამღამობით საზარელი ამბები ხდებოდა.

მკითხველის დაძაბულობაც უფრო და უფრო იზრდება და ცნობისმოყვარეობა პიკს აღწევს. ერთგვარი წინათგრძნობა, რომელსაც მსგავსი თემების რემინისცენციები იწვევს, მართლდება. გვახსენდება ქართველი სიმბოლისტის, სანდრო ცირეკიძის მინიატურა „რომანი“, რომლის გმირიც სწორედ მაშინ იწყებსა ნამდვილ და მჩქეფარე ცხოვრებას, როდესაც იძინებს. ძილის ქვეყანაში პოულობს თავის სატრფოსაც და სიცოცხლეს ბედნიერ წუთებს გამოსტაცებს. გოტიეს მოთხრობაში მღვდელს ღამით უცხო რაინდები შავი ბედაურებით სასახლეში წაიყვანენ საოცნებო ქალთან, თუმცა უკვე გარდაცვლილთან. მაგრამ სიკვდილი სიყვარულს ვერაფერს აკლებს, პირიქით, უფრო მეტად აღორძინებს. მღვდლის ამბორს ქალი ვნებიანად გაეპასუხება და მიყვარხარო, ეტყვის. ამის შემდეგ სამი დღე გონდაკარგული იყო მღვდელი და თითქოს სწორედ ამ სიმბოლურ დროს დაიბადა ირეალური სამყარო, რომელშიც მკითხველის თვალწინ ქალ-ვაჟის ღამეული სასიყვარულო ცხოვრების ქრონიკები გადაიშლება. აბატი სერაპიონი ამცნობს მას, რომ კურტიზანი კლარიმონდი ერთკვირიანი ორგიის შემდეგ გარდაიცვალა. იმასაც ეუბნება, რომ ქალი პირველად არ კვდებოდა და საერთოდაც სიკვდილი ახლდა მის სიყვარულს, რადგან ყველა საყვარელი დაეხოცა. კლარიმონდია სწორედ ის „შეყვარებული მკვდარი“, ქალი-ვამპირი, რომელიც რომუალდს არა ერთბაშად, არამედ წვეთწვეთობით სწოვს სისხლს, რადგან სიყვარულის გახანგრძლივება სურს. მღვდელი გრძნობს, რომ მასში ორი ადამიანია და არცერთი მეორეს არ იცნობს. აბატი სერაპიონი კი ფხიზლად ადევნებს თვალს, ხოლო მორიგი გამოფხიზლებისას ჩააგონებს, რომ კლარიმონდის სასაფლაო ინახულონ და როცა მღვდელი მატლებით დაჭმულ ხრწნად ხორცს იხილავს, აღარ მოუნდება ღამეული ცხოვრება (გვახსენდება ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი „მხოლოდ ფატმანი, ორეული და ჭიანჭველა“, რომელშიც ლირიკული გმირი აღწერს, როგორ ეხვევიან ფატმანის დახრულ სხეულს ჭიანჭველები: „ფატმანს ცეცხლიდან მიათრევენ ჭიანჭველები,/ მაგრამ დაისში გამოვჩნდები მე ორეული,/ საყვარელ ტანზე მე დავწყვიტო მინდა ქსელები,/ რომ დავიბრუნო დაკბენილი, ნაზი სხეული“ . ეს სტრიქონები, რა თქმა უნდა, ეხმიანება ბოდლერის „ლეშსაც“, რომელშიც პოეზიის ძალით აღდგება ლეშად ქცეული მშვენიერება: „მაშინ კი, ჩემო მშვენიერო, როდესაც მატლი/ კოცნით შეგსანსლავთ, უთხარით წყეულს,/ რომ დაშლილ სატრფოს ჩემი ლექსით მე კვლავ მოვმადლი/ ღვთაებრივ სულს და ღვთაებრივ სხეულს“). პერსონაჟი რომუალდი შეძრწუნებული თანხმდება კუბოს გახსნას და როცა იქ ქალის შეუბღალავ სხეულს იხილავენ, გააფთრებული სერაპიონი მას აიაზმას ასხურებს. მარმარილოს ტანი იმწამსვე ნაცრად გადაიქცევა. იმ ღამეს მღვდელს კლარიმონდი კვლავ ესტუმრება, მაგრამ საყვედურებით აავსებს და ეტყვის: „უბედურო, შე უბედურო, ეს რა ჩაიდინე?… განა ბედნიერი არ იყავ?.. ყველა კავშირი ჩვენს სულებსა და სხეულებს შორის ამიერიდან მოიშალა. მშვიდობით“. რომუალდს საშინელი სინანულის გრძნობა დაეუფლა: „სულის სიმშვიდე ერთობ ძვირად ვიყიდე. ღვთის სიყვარულმა ვერ შემიცვალა კლარიმონდის სიყვარული“. ამ ამბავმა მის გულში წარუშლელი კვალი დატოვა და ერთ სიბრძნესაც აზიარა: „ერთი წუთიც კმარა იმისთვის, რომ მარადისობა დავკარგოთ“.

ასე რომ, მოთხრობაში ადამიანის ცხოვრება წარმოჩნდება როგორც გზა, სავსე აღმართებითა და დაღმართებით, დაცემითა და წამოდგომით. თეოფილ გოტიემ კი სიმბოლისტური ესთეტიკით, მისტიკურ სამყაროსთან ირაციონალური კავშირის გადმოცემით, მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ხელოვნება, ამ შემთხვევაში – ლიტერატურა, არის გასაღები უხილავ განზომილებაში შესაღწევად და ადამიანის ქვეცნობიერ სამყაროში სამოგზაუროდ.

ეს მშვენიერი მოთხრობა შესულია თეოფილ გოტიეს „ფანტასტიკური მოთხრობების“ კრებულში, რომელიც შესანიშნავად თარგმნა ნესტან იორდანიშვილმა და მრავლისმთქმელი წინასიტყვაობაც წარუმძღვარა (2016 წ., გამომცემლობა „ოჩოპინტრე“).

ლიტერატურული კონკურსი – მოთხრობა მასწავლებლისთვის!

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისაინფორმაციო საგანმანათლებლო  რესურსები  ჟურნალიმასწავლებლიდა ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“ ,  ლიბერთი   ბანკის  მხარდაჭერით,  უკვე მეოთხედ,  აცხადებს ლიტერატურულ  კონკურსს ქართველი მწერლებისთვის.

კონკურსის მიზანია, შეიქმნას მოთხრობა მასწავლებლისთვის, როგორც საგანმანათლებლო რესურსი  და ასევე,  მასწავლებლის    პროფესიის  პოპულარიზაცია და მხარდაჭერა.

წლევანდელი კონკურსის თემაა:

„ძილში კი სიზმრებად
მოდიან ბავშვები,
მოდიან ბავშვები და ნიშნებს მიწერენ.“

ირაკლი კაკაბაძე

 

კონკურსის სპეციალური ჟიური შეარჩევს ათ საუკეთესო მოთხრობას, რომელთაგან  შეირჩევა სამი გამარჯვებული ნაწარმოები. ჟიური  განიხილავს მხოლოდ იმ მოთხრობას, რომელიც საკონკურსო პერიოდში შეიქმნება. საუკეთესო ათეული გამოვლინდება მიმდინარე წლის  9  სექტემბერს.

კონკურსის სამი გამარჯვებული  დაჯილდოვდება  30 სექტემბერს  საზეიმო მიღებაზე და საჩუქრად გადაეცემათ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალური პრიზი და  ასევე  ფულადი ჯილდო კონკურსის პარტნიორ   ლიბერთი ბანკისაგან:

 

ადგილი – 1000 ლარი;

II ადგილი – 700 ლარი;

III ადგილი – 500 ლარი.

 

კონკურსის  სიმბოლო გადაეცემა კონკურსის გამარჯვებულს!

ლიტერატურული ნაწარმოები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულად, მისამართზე:  mastsavlebeli.ge@gmail.com.

გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.

საკონკურსო მოთხრობის მოცულობა უნდა იყოს   5-დან – 15 გვერდამდე.

საკონკურსო მოთხრობების გამოგზავნის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 15 აგვისტო!

საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ზე  და  მიეძღვნება ჟურნალ “მასწავლებლის ” სპეციალური ნომერი.

კონკურსის მხარდამჭერია:    გამომცემლობა „ინტელექტი“, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, “გამომცემლობა წიგნები ბათუმში” და  “საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია.”

როგორ გავხდე მასწავლებელი: გზამკვლევი

0

უინსტონ ჩერჩილი ამბობდა, სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენო. დღეს ამ ,,ძალაუფლების“ მოხვეჭას არც თუ ისე ბევრი ადამიანი ცდილობს. ძველად, როცა განათლება ფუფუნების საგანი გახლდათ, მასწავლებლის პროფესია საზოგადოებაში აღფრთოვანებასა და მიუწვდომლობის განცდას აღძრავდა. დღეს განათლების მიღება ფორმალურთან ერთად, არაფორმალური გზით, დამოუკიდებლადაც შეიძლება და განათლების სფეროს მიმართ დამოკიდებულების შეცვლაც ბუნებრივ პროცესად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მასწავლებლის გავლენა წლიდან წლამდე მცირდება, ამას ემატება პროფესიაში არსებული სხვა სირთულეებიც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს  მასწავლებლის პროფესიის არჩევის წილს სხვა პროფესიებთან მიმართებაში.

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში შვიდ მოსწავლეზე ერთი მასწავლებელი მოდის, რაც  TALIS-ის საშუალოსთან (12) შედარებით საკმაოდ დაბალია. ასევე პრობლემას წარმოადგენს რეგიონებში კადრების არათანაბარი გადანაწილება, ურბანულ სკოლებში მოსწავლე-მასწავლებლის შეფარდება სულ სხვა შედეგს გვაძლევს. საქართველო მასწავლებლის ხელფასების შედარებისას ბევრ ქვეყანას და ასევე  ქვეყნის შიგნით სხვა პროფესიების ადამიანთა ანაზღაურებასაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ამ თუ სხვა მიზეზებით განპირობებული ახალი კადრების სიმწირე კი იწვევს პროფესიის ,,დაბერებას“ (TALIS-ის ქვეყნებს შორის ხანდაზმული მასწავლებლების წილი ყველაზე მაღალი საქართველოშია).

მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საუბრობენ პროფესიაში შესვლის დაბალ ბარიერზე, ბევრს მასწავლებლობისკენ მიმავალი გზა გადაულახავ რუბიკონად ეჩვენება. საინტერესოა, რა გზა უნდა გაიაროს მომავალმა პედაგოგმა, რომ მისი პროფესიული კომპეტენცია თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

 

2013 წელს მასწავლებლის პროფესიულ გამოწვევებთან დაკავშირებით სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა  ჩაატარა კვლევა ,,მასწავლებლებზე არსებული და მომავალში მოსალოდნელი მოთხოვნის განსაზღვრა საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში“, რომლის მიზანიც მომავალ მასწავლებელთა მოსალოდნელი ნაკადის გამოვლენა გახლდათ.  კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, უნივერსიტეტების  კურსდამთავრებულთა რამდენი პროცენტი წარადგენს საკუთარ კანდიდატურას მასწავლებლის პოზიციაზე. კვლევაში ჩართეს უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ორივე სამიზნე ჯგუფის უმრავლესობამ დადებითად შეაფასა ბოლო წლებში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმები.  რესპონდენტები ასევე მხარს უჭერდნენ სერტიფიცირების მოთხოვნას და თვლიდნენ, რომ მასწავლებლის გამოცდები სავალდებულო უნდა იყოს, თუმცა სერტიფიცირებული კადრები აუცილებლად უნდა სარგებლობდნენ უფრო მეტი პრივილეგიით, ვიდრე ამ ეტაპზე გააჩნიათ.

გამოკითხული რესპონდენტების პასუხებს თუ დავეყრდნობით, მასწავლებლის პროფესიისადმი საკმაოდ დადებით დამოკიდებულებას ვიღებთ, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზემოაღნიშნული მონაცემები  ე.წ. სიმბოლური კაპიტალის პროდუქტია. საკუთარი მომავლის აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირების შემთხვევაში კი ზემოთ აღწერილი სურათი იცვლება. კვლევის მონაწილეები აღიარებენ, რომ მასწავლებლის პროფესია ნაკლებად კონკურენტუნარი და დაბალანაზღაურებადია. კვლევის შედეგების თანახმად, ხელფასის მომატება მასწავლებლობის მსურველთა რიცხვს მნიშვნელოვნად გაზრდის. ამ ეტაპზე კი  მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რეალურ კანდიდატებად სტუდენტების – ჩვიდმეტი და კურსდამთავრებულთა ცამეტი პროცენტი  მოიაზრება.

ფინანსური საკითხის გარდა, მასწავლებლის მუდმივი პროფესიული გამოწვევებიც ბევრ კანდიდატს ,,აფრთხობს“.  პროფესიული სტანდარტის ცვლილებას მოსდევს განახლებული მოთხოვნები, რომელსაც მასწავლებელთა დიდი ნაწილი ვერ ,,ერგება“. ამას გარდა, შეიცვალა პროფესიაში შესვლის პროცესიც. ადრე საქართველოში მომავალ მასწავლებლებს პედაგოგიური უნივერსიტეტი და ზოგიერთი უმაღლესი სასწავლებელი (მეორადი სპეციალობა) ამზადებდა. როგორც ვიცით, 2005 წლიდან პედაგოგიური უნივერსიტეტი აღარ ფუნქციონირებს და პროფესიაში შესვლისკენ მიმართული რეგულაციებიც შეიცვალა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, მანანა რატიანის თქმით, მომავალი მასწავლებელი სკოლისკენ მიმავალი ოთხი გზიდან ერთ-ერთს უნდა დაადგეს.

  • მასწავლებლის სტატუსის მოპოვებას შეძლებთ, თუ უმაღლესი სასწავლებლის კვალიფიკაციას ფლობთ და თან კომპეტენციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრის მიერ ორგანიზებული გამოცდითაც დაადასტურებთ. მასწავლებლის კვალიფიკაციის მქონე პედაგოგი საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების შემდეგ სკოლაში უფროსი მასწავლებლის სტატუსით შევა.
  • თუ დიპლომით განსაზღვრული მასწავლებლის კვალიფიკაცია არ გაგაჩნიათ, მაგრამ საგამოცდო ბარიერის გადალახვას შეძლებთ, ერთწლიანი მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის (60 კრედიტი) გავლა მოგიწევთ.
  • უნივერსიტეტებს დაემატა ე.წ. 300 კრედიტიანი (საგნობრივი ჯგუფის, მასწავლებლის მომზადების, თავისუფალი კომპონენტის და სასკოლო პრაქტიკის/პრაქტიკის კვლევის მოდულები) პროგრამები, რომელთა გავლის შემდეგაც საგნობრივი ჯგუფის მაგისტრის წოდება გენიჭებათ. ხუთწლიანი სასწავლო პროგრამა პასუხისმგებელია სკოლისათვის კვალიფიციური კადრების მიწოდებაზე.
  • სკოლაში შესვლას ყველაზე ადვილად დოქტორის ხარისხის მოპოვების შედეგად შეძლებთ და ამ შემთხვევაშიც უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოგენიჭებათ.

ზემოთ აღნიშნული მასწავლებელთა მოსამზადებელი საუნივერსიტეტო პროგრამა, პროფესიის პოპულარიზაციის და ხარისხის ამაღლების მიზნით, საუნივერსიტეტო პროგრამების ჩამონათვალს 2015 წლიდან დაემატა. იგი პროფესიაში შესვლის ყველაზე მოკლე გზად აღიქმება. ილიას უნივერსიტეტის ე.წ. 60 კრედიტიან პროგრამის სილაბუსში ნათლადაა ასახული მისი მიზანი, სტრუქტურა და სწავლების მეთოდები. პროგრამის მთავარ მიზანს საგნის სწავლებისთვის საჭირო თანამედროვე ცოდნის გადაცემა და პრაქტიკული უნარების განვითარება წარმოადგენს. პროგრამა შედგება პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური, საგნობრივი მეთოდიკისა და სასკოლო პრაქტიკის მოდულებისგან. რაც შეეხება სწავლების მეთოდებს, სასწავლო პროცესი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: ლექციას, დისკუსიას, სიტუაციის ანალიზს (Case Study), პროექტულ სწავლებას, პედაგოგიურ პრაქტიკას, მასზე დაკვირვებას, ანალიზსა და რეფლექსიას, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებას, ლაბორატორიულ მუშაობას და სხვ.

ფორმალური განათლების მიღების გარდა, მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტიც არსებობს.

მაძიებლობის საპილოტე პროგრამის განხორციელება 2007 წლიდან დაიწყო და 2014 წლამდე თითქმის მთელ საქართველოში დაინერგა.  პროგრამის მიზანი ახალგაზრდა კადრების მასწავლებლის პროფესიაში შემოყვანა გახლდათ. აღნიშნული ინიციატივა პოტენციურ პედაგოგებს კომპეტენციის გაღრმავებასა და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას უადვილებდა. როგორც ვიცით, მაძიებლის პროგრამა დროებით შეაჩერეს და მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანეს. 2019-2020 წლიდან ზემოაღნიშნული პროექტის ისევ  დაიწყება. ამჯერად ,,მაძიებელი“ სკოლაში მუშაობის პარალელურად პროფესიულად განვითარებას მაძიებლის პროგრამის დახმარებით გააგრძელებს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტის – სოფიკო ლობჟანიძის თქმით, განახლებული პროგრამა ითვალისწინებს მაქსიმუმ ორწლიან თანამშრომლობას მასწავლებლის პროფესიაში შესვლით დაინტერესებულ ადამიანებთან. პროგრამით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, მაძიებლები მოიპოვებენ სკოლაში დარჩენის უფლებას უფროსი მასწავლებლის სტატუსით, წარუმატებლობის შემთხვევაში კი, სამწუხაროდ, შეუწყდებათ სკოლასთან დადებული შრომითი ხელშეკრულება.

განათლების სფეროს წარმომადგენლები მაძიებლის პროგრამას მასწავლებლის პროფესიაში შესვლის და სქემაში ჩართვის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილ გზად მიიჩნევენ. იგი ზოგადი განათლების შესახებ კანონში დეტალურადაა აღწერილი:

,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის თანხმობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება მასწავლებლობის მაძიებელთან აფორმებს შრომით ხელშეკრულებას. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდში მასწავლებლობის მაძიებელს აუნაზღაუროს შრომა საჯარო სკოლის მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების შესაბამისად. მასწავლებლობის მაძიებელი სარგებლობს ამ კანონით მასწავლებლისათვის გათვალისწინებული ყველა შეღავათითა და უფლებით, გარდა საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის უფლებისა…“

ამას წინათ საგანმანათლებლო სივრცეში გაჟღერდა კიდევ ერთი ინიციატივა, რომლის თანახმდაც სკოლას შეეძლება, მოიწვიოს პროფესიული ნიშნით წარმატებული ადამიანები მოსწავლეებისთვის საკუთარი გამოცდილების გასაზიარებლად. სავარაუდოდ, ისინი არასრული დატვირთვით იმუშავებენ და გათავისუფლდებიან სქემაში ჩართული მასწავლებლებისთვის განკუთვნილი პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობისგან.

იმედს ვიტოვებთ, რომ ზემოაღნიშნული ინიციატივები სკოლას მრავალფეროვანი და კვალიფიციური კადრებით გაამდიდრებს, რაც პროფესიისადმი დამოკიდებულებასაც დადებითად შეცვლის და ზოგადი განათლების ხარისხსაც გააუმჯობესებს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გორგოძე, სალომე. 2018. რა ბარიერებს აწყდებიან დამწყები მასწავლებლები. ლიბერალი.

იხ. შემდეგ ლინკზე https://liberali.ge/articles/view/35315/ra-barierebs-atsydebian-damtsyebi-mastsavleblebi

 

  1. შერგილაშვილი, ცისანა. 2018. მაძიებლობის პროგრამა – მასწავლებლის პროფესიაში შესვლის კიდევ ერთი გზა და მისი ამოქმედების ვადები. განათლება. იხ. შემდეგ ლინკზე https://edu.aris.ge/news/madzieblobis-programa-maswavleblis-profesiashi-shesvlis-kidev-erti-gza-da-misi-amoqmedebis-vadebi.html

 

  1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმი. იხ. შემდეგ ლინკზე https://iliauni.edu.ge/ge/ajax/downloadFile/46452/%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90.pdf

 

  1. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი. 2013. კვლევა – მასწავლებლებზე არსებული და მომავალში მოსალოდნელი მოთხოვნის განსაზღვრა საქართველოს საჯარო/კერძო სკოლებში. იხ. შემდეგ ლინკზე

 

https://issa-georgia.com/files/Reports/TPDC/mascavlebelta_mosalodneli_nakadis_kvleva_-_sakartvelos_umaglesi_sascavleblebis_studentta_da_kursdamtavrebulta_gamokitxvis_shedegebi.pdf

 

  1. ზოგადი განათლების შესახებ კანონი. 2019. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. იხ. შემდეგ ლინკზე

https://matsne.gov.ge/document/view/29248?publication=78

 

აბრაგი ქალი

0

სამწუხაროდ, საქართველოს სკოლებში კავკასიის შესახებ მოსწავლეებს ბევრს არაფერს ასწავლიან. კავკასიის ხალხთა ისტორიისა და კულტურის მთავარი მახასიათებლები ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმაა აღმოჩენილი. ქართული მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები არ ავლენენ განსაკუთრებულ ინტერესს რეგიონალური თემატიკის მიმართ. ახალმა თაობებმა გაცილებით მეტი იციან ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მიმდინარე მოვლენების თაობაზე, ვიდრე სამეზობლოში განვითარებულ პროცესებზე. ერთმა უფროსკლასელმა ისიც კი მითხრა, რომ საქართველოს ჩრდილოეთით მცხოვრები ეთნიკური ჯგუფები შუა საუკუნეებში ჩარჩენილ ველურ ტომებად მიაჩნია. სიბეცეზე დაფუძნებული წარმოდგენები დასანგრევია, მცდარი შეხედულებების გარდაქმნა სამოქალაქო განათლების გაკვეთილებიდან შეგვიძლია დავიწყოთ. შთამბეჭდავმა და დასამახსოვრებელმა ამბებმა მთავარი როლი შეიძლება შეასრულონ კავკასიონის გადაღმა არსებული სივრცის აღმოჩენის საქმეში. ლაისატის თავგადასავალი სწორედ ამგვარი ამბების რიგს მიეკუთვნება.

მეცხრამეტე საუკუნის კავკასიაში აბრაგები მომრავლდნენ. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებასა და კანონს არ ემორჩილებოდნენ, ცალკე ცხოვრობდნენ და საკუთარი წესებით ხელმძღვანელობდნენ. რუსეთის ხელისუფლება აბრაგებს ტყეში გახიზნულ ჩვეულებრივ კრიმინალებად და ავაზაკებად ასაღებდა, რომელთა საქმიანობის მიზნად მხოლოდ სხვათა ძარცვა სახელდებოდა. ცარისტული რეჟიმის სამართალდამცველები ცდილობდნენ აბრაგთა მოქმედებების პოლიტიკური წინაპირობების გარეშე ახსნას. მეცნიერები კი თანხმდებიან, რომ მოქალაქეთა „სოციალურ ყაჩაღებად“ ჩამოყალიბებას ორი გარემოება განსაზღვრავდა. უპირველეს ყოვლისა, აბრაგები თავიანთი ქცევით გამოხატავდნენ პროტესტს ბატონყმობის მიმართ. ტყეში გავარდნა უსამართლო, მჩაგვრელი ფეოდალისგან, მისდამი მონური მორჩილებისგან გათავისუფლების ერთადერთი გზა გახლდათ. მეორე მხრივ, ბევრი აბრაგი პატრიოტული სულისკვეთებით მოქმედებდა. ისინი ვერ იტანდნენ რუსულ იმპერიალისტურ პოლიტიკას, რომელიც კავკასიაში მცხოვრები ხალხების კულტურას, თვითმყოფადობას, წეს-ჩვეულებებს არაფრად აგდებდა და მის ჩანაცვლებას ესწრაფვოდა. სისტემის მიღმა ყოფნა და იმპერიალისტურ ჯარებზე პერიოდული პარტიზანული თავდასხმები კავკასიელთა ნაწილს თვითმპყრობელობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ ეფექტიან საშუალებად ესახებოდა.

ბევრი ფიქრობს, რომ აბრაგები საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებისა და გაძლიერების კვალდაკვალ გაქრნენ, რაც მცდარი მოსაზრებაა. სტალინურმა რეპრესიებმა სათავე დაუდო აბრაგთა კიდევ ერთი თაობის ჩამოყალიბებას.

1944 წლის დასაწყისში საბჭოთა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კავშირის განაპირა რეგიონებიდან ხელისუფლებისათვის არაკეთილსაიმედო, ბრძოლისუნარიანი ხალხები ცენტრალურ აზიაში გაესახლებინა. თავდაპირველად, სტალინის რისხვა ჩეჩნებსა და ინგუშებს დაატყდათ თავს. ათობით ათასი მოქალაქე ერთ ღამეში გამოამწყვდიეს საქონლისათვის გამზადებულ ვაგონებში და ყაზახეთის გზას გაუყენეს. უამრავი ადამიანი ძალისმიერი დეპორტაციისათვის წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიღუპა, ბევრმა მგზავრობას ვერ გაუძლო და ყინვას ან ეპიდემიას ემსხვეპლა. ბუნებრივია, რომ ვაინახები დარბევას, აყრასა და გადასახლებას გულხელდაკრეფილნი არ შეხვედრიან. ისინი უსამართლობის წინააღმდეგ გალაშქრებასაც ცდილობდნენ. პარტიზანთა შორის რამდენიმე ქალიც ირიცხებოდა. 1944 წლის დეპორტაციის შესაჩერებლად იარაღით ხელში იბრძოდა ლაისატ ტანგიევა-ბაისაროვაც, რომელიც ჩეჩნებისა და ინგუშების წინააღმდეგობის სიმბოლოდ იქცა.

ლაისატი 1920 წელს ინგუშურ სოფელ გალაშკიში დაიბადა. მომავალი პარტიზანი ჩეჩენზე გახლდათ დაქორწინებული. 1944 წლამდე ლაისატი გულმხურვალე კომუნისტი იყო. ტანგიევა მონაწილეობას იღებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის რესპუბლიკის განაპირა ტერიტორიებზე კომკავშირული ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში. არ ეზარებოდა სააგიტაციო და პროპაგანდისტული სამუშაოების შესრულება. აქტიურად იყო ჩართული თავის სოფელის ხუთწლედის პროგრამის განხორციელების საქმეში. პირადად გეგმავდა ბოლშევიკური სულისკვეთების მასობრივ კულტურულ ღონისძიებებს. იგი არც სპორტულ აქტივობებს აკლდებოდა. ინგუში გოგო აღმოჩნდა პირველი ქალი, რომელმაც იალბუზი დაიპყრო. ევროპის უმაღლეს მწვერვალზე იგი თანაპარტიელებთან ერთად ავიდა.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ლაისატი ფრონტის დამხმარე საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წევრი იყო. იგი სოფელ-სოფელ დადიოდა და თანამემამულეებს ომში მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ ესაუბრებოდა, ამზადებდა ახალგაზრდებს ფრონტის ხაზზე გასამგზავრებლად, აგროვებდა სურსათ-სანოვაგესა და თბილ სამოსს საბჭოთა ჯარისკაცებისთვის. ტანგიევა-ბაისაროვა იყო წითელი არმიის მხარდასაჭერად გამართული მიტინგების თანაორგანიზატორი.

მოკლედ, 1944 წლამდე ლაისად ბაისაროვა დისციპლინირებული და იდეოლოგიურად მომზადებული პარტიული მუშაკი გახლდათ. მას მართლა სწამდა იმის, რომ კომუნიზმი დამკვიდრდებოდა. მას ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ კომუნიზმი კავკასიელ ხალხებს გაათავისუფლებდა და უკეთ ცხოვრების შესაძლებლობას მისცემდა. ჩეჩნებისა და ინგუშების მასობრივმა სისხლიანმა დეპორტაციამ და რეპრესიებმა ლაისატი ღუბლებიდან დედამიწაზე დაანარცხეს. ათასობით ოჯახის „სოციალისტური სამშობლოს“ სახელით განადგურებამ ახალგაზრდა ქალი მრისხანებამდე მიიყვანა. მან უარი თქვა დეპორტაციის ბრძანების შესრულებაზე, სამშობლოდან გადახვეწაზე და პარტიული დისციპლინის მორჩილებაზე. მან იარაღი აიღო ხელში და სხვებთან ერთად ჩეჩნეთის მიუდგომელ, მაღალმთიან აულებს შეაფარა თავი. სპორტული სროლის ოსტატმა ამჯერად ნამდვილი იარაღი აიღო ხელში და ყველაზე წარმატებულ სნაიპერად იქცა. ჩასაფრებული ლაისატის მოულოდნელმა ტყვიამ უამრავი სამხედრო მაღალჩინოსანი და დეპორტაციის მოთავე ოფიცერი იმსხვერპლა. საბჭოთა მილიციამ მისი ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა, სნაიპერს ხშირად ქართველები აძლევდნენ თავშესაფარს.

იმედგაცრუება ყველაზე მეტად მასზე მოქმედებს, ვისაც გულმხურვალედ სწამს. იმედგაცრუების რისხვას პატიოსანი და მორჩილი პარტიული მუშაკის პროფესიონალ სნაიპერად გარდაქმნა შეუძლია. სახელმწიფოებრიობის არქონის მიუხედავად, საბჭოთა თუ ცარისტული უღლის ქვეშ ჩეჩნები და ინგუშები აბრაგთა საშუალებით უწყვეტად იბრძოდნენ ეროვნული ჩაგვრის დასამარცხებლად. ამ ბრძოლაში კი ქალები მნიშვნელოვან და გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ.

„აღიარების ენა”  მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში

0

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ბევრი მკვლევრის, ფსიქოლოგისა და სხვა დაინტერესებული ადამიანების კვლევისა და მსჯელობის საგანი ყოფილა. ეს ურთიერთობა სხვადასხვა დაწერილი და დაუწერელი კანონით რეგულირდება, თუმცა ბევრ შემთხვევაში ამ კანონების უგულებელყოფა და კიდევ მრავალი ფაქტორი განაპირობებს მოსწავლე-მასწავლებელს შორის ურთიერთობის დაძაბვას, რომელიც ხშირად კონფლიქტში გადაიზრდება ხოლმე. ეს უკანასკნელი კი, მოგეხსენებათ, უარყოფითად აისახება მოსწავლეზე ყველა ასპექტში (აკადემიური მოსწრება, ქცევა, დამოკიდებულებები და სხვა). ბევრი იწერება იმის თაობაზე, თუ როგორ დარეგულირდეს უთანხმოებები, კონფლიქტები. თუმცა, უმჯობესია, საერთოდ არ ხდებოდეს. ამისთვის ფსიქოლოგები პედაგოგებს გვირჩევენ, გამოვიყენოთ კომუნიკაციის ეფექტური ხერხები. როგორც მოგეხსენებათ, დაძაბულობა, უთანხმოებები, კონფლიქტი მოსწავლე-მასწავლებელს შორის არ ხდება მხოლოდ დაბალი აკადემიური მოსწრების ან ქცევის გამო, არამედ ეს ყველაფერი შესაძლოა გამოიწვიოს მასწავლებლის არასწორმა კომუნიკაციამ თუნდაც არაფორმალურ გარემოში (მაგ. ექსკურსიაზე).

ხშირად პედაგოგები პირველ წარმოდგენას მოსწავლეებზე მათი გარეგნობიდან ან ჩაცმულობიდან გამომდინარე იქმნიან და შესაბამისი მოლოდინებიც აქვთ. ადამიანის ბუნებაა, ზოგადად, რომ შინაგანად ყოველთვის ვებრძვით ადამიანზე პირველადი წარმოდგენის საწინააღმდეგო არგუმენტებს. მაგ. თუ ესა თუ ის მოსწავლე არ არის სხვებივით ლამაზად ჩაცმული ან არ არის გარეგნულად მიმზიდველი, გვიჩნდება მოლოდინი, რომ ის ვერ იქნება კარგი მოსწავლე (ამან რა უნდა გააკეთოს) და ა.შ.
ამ და მსგავს სიტუაციაში ფსიქოლოგები გვირჩევენ და პრაქტიკაც გვიჩვენებს, რომ ეფექტური კომუნიკაციის ერთ-ერთი ხერხი „აღიარების ენის“ გამოყენებაა. „აღიარების ენა“ ნიშნავს მიიღო ადამიანი ისეთი, როგორიც არის. ფსიქოლოგმა და მეცნიერმა თომას გორდონმა „აღიარების ენა“ გამოიყენა მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობის დარეგულირებაში და, როგორც თვითონ აღწერს მისსავე წიგნში „როგორ გავხდე კარგი მშობელი“, ძალიან კარგი შედეგი მიიღო.
როდესაც გავეცანი წიგნს, გადავწყვიტე მისი ეს მეთოდი გამომეყენებინა მოსწავლეებთან ურთიერთობაში. როგორც გორდონი აღნიშნავს „აღიარების ენას“ დიდი ძალა აქვს და მისი გამოყენება აისახება ქცევაში, საქმიანობაში, შემოქმედებაში, პროდუქტიულობაში. ის ნოყიერ ნიადაგს ქმნის მოზარდის განვითარებისთვის, პოტენციალის რეალიზებისთვის. ხშირად მშობლები თვლიან, რომ ბავშვის ხშირი შექება, საქციელის მოწონება, მისი, როგორც პიროვნების აღიარება, უარყოფითად აისახება შვილების აღზრდაზე. ამავე აზრისაა ზოგიერთი მასწავლებელიც. ამ დროს ბავშვის აღიარების შემთხვევაში პირიქით ხდება.
შევეხები, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ „აღიარების ენა“ სასკოლო ცხოვრებაში, კონკრეტულად კი მოსწავლე-მასწავლებლის ურითიერთობაში. ადამიანის ისეთად მიღება, როგორიც ის არის, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აღზრდის და განვითარების პროცესებზე, მნიშვნელოვანი ფაქტორია კონკრეტული ცვლილებების მოსახდენად ისწავლონ სულიერი წონასწორობის დაცვა. აღიარება ურთიერთობას უშუალოს ხდის, მოსწავლე გახსნილია, ეძლევა გულის გადაშლის საშუალება; როცა მას არ აღიარებენ, პირიქით – თავის თავში იკეტება, მუდმივად თავდაცვით პოზიციაშია, ეზრდება დისკომფორტი და დაბალია მეტაკოგნიციის დონეც.
არსებობს აღიარების ენის გამოხატვის სხვადასხვა ხერხი:

  • აღიარების დემონსტრირება;
  • არავერბალური გამოხატვა;
  • ჩაურევლობა, როგორც აღიარების გამოხატვა;
  • პასიური მოსმენა;
  • ვერბალური გამოხატვა.

 

  • აღიარების დემონსტრირების ერთ-ერთი საშუალება საუბარია. თუმცა როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება მოსწავლე-მასწავლებელს შორის, დამოკიდებულია საუბრის ფორმაზე. საუბრის დასაწყისი უნდა იყოს კეთილგანწყობილი, რომ მოსწავლემაც ისურვოს „აღიარების ენით“ საუბარი. ჩვენი საუბრის უნარზეა დამოკიდებული დახმარებას შევძლებთ თუ ზიანს მოვუტანთ მათ. მაგ. თუ მოსწავლესთან საუბარს მისი დამოძღვრით დავიწყებთ, ჩვენდამი ნდობა არ გაჩნდება და, შესაბამისად, საუბარი არაეფექტური იქნება, გულწრფელ პასუხებს ვერ მივიღებთ. პირველ რიგში ჩვენ უნდა დაგვეტყოს გულწრფელობა. საუბარი უნდა დავიწყოთ დადებითი კონტექსტით. მაგ. მოსწავლე გამოგვეცხადა თანატოლებისგან მკვეთრად განსხვავებული იმიჯით (გამომწვევად შეღებილი თმის ფერი ან უცნაური ვარცხნილობა და სხვა). სავარაუდოდ, გარშემომყოფებისგან მან უკვე მიიღო შენიშვნები, შესაძლოა გაკიცხვაც (მათ შორის მშობლებისგან). იგივე მოლოდინი აქვს ჩვენგანაც, მაგრამ თუ ჩვენ ვეტყვით: „ნინი, იმიჯი შეგიცვლია, რაღაცები მომწონს“ ნიშნავს, რომ დავაფასეთ მისი იმიჯი ნაწილობრივ მაინც, ანუ ვაღიარეთ და „იმედი გავუცრუეთ“. ეს აღიარების გამოხატულებაა. ვფიქრობ, ამის შემდეგ ადვილად შევძლებთ ნინისთან იმის გარკვევას, თუ რაში დასჭირდა ან რატომ მოუნდა მას იმიჯის მკვეთრი შეცვლა. ნინისთან ამ თემაზე საუბარი, ვფიქრობ, დასაწყისშივე აუცილებელია, რადგან, როგორც ცნობილია, მსგავს ქცევებს სერიოზული მიზეზები აქვს და მისი ქმედებები შემდგომში შესაძლოა რადიკალურ ქმედებებშიც კი გადაიზარდოს.
  • არავერბალური გამოხატვა ნიშნავს ჟესტებით, პოზიციით, სახის გამომეტყველებით ან სხვა ქცევით მივანიშნოთ მოსწავლეს ჩვენი დამოკიდებულება მისდამი და ეს უნდა იყოს აუცილებლად დადებით კონტექსტში (მაგ. ცერა თითის აწევით ვანიშნებთ, რომ რაღაც მოგვეწონა).
  • ვერბალური გამოხატვა ნიშნავს უშუალოდ სიტყვებით გამოხატვას. ამ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან, გარდა საუბრისა, აუცილებელია, ვიყოთ აქტიური მსმენელიც, ვასაუბროთ მოსწავლე საკუთარ თავზე, პრობლემებზე და ა.შ. და რაც არ უნდა მიუღებელი აზრი დააფიქსიროს, არ ვაკრიტიკოთ. ამ დროს მოსწავლე გრძნობს, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ (არ ვაკრიტიკებთ) და უჩნდება იმედი, რომ დავეხმარებით.
  • აღიარების გამოხატვა შესაძლებელია პასიური მოსმენითაც. ეს მეთოდი ეფექტურად მუშაობს, როცა ნდობა უკვე მოპოვებული გვაქვს (წინარე მეთოდებით). ამ დროს ხშირად ვიყენებთ დუმილის მეთოდს, მაგრამ ვაგრძნობინებთ, რომ ვუსმენთ (თვალებით კონტაქტით). პასიური მოსმენით საშუალებას ვაძლევთ განთავისუფლდეს ტვირთისგან, დაიცალოს ბრაზისგან და ზიზღისგან (თუ ამასთან გვაქვს საქმე), შესაძლოა მან თვითონ იმსჯელოს და მივიდეს სწორ დასკვნამდე.
    მაგ. მოსწავლე: დღეს გვანცამ ძალიან მაწყენინა.
    მასწ:   მართლა?
    მოსწ:  გვანცამ მითხრა ბევრს ლაპარაკობო.
    მასწ: გასაგებია.
    მოსწ: ამ დროს თვითონაც ძალიან ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ არავინ ეუბნება და თვითონ კი ვერ ამჩნევს.
    მასწ: ჰმ!
    მოსწ: სჯობს, მე თვითონ ვუთხრა, მაგრამ არ ვეჩხუბები, რჩევის სახით ვეტყვი და ალბათ, გამიგებს.
    მასწ: (დუმს)
    მოსწ: ხო, სჯობს ასე ვქნა, თორემ მუდმივად თვითონ რომ მაძლევს შენიშვნას, გული მტკივა და შესაძლოა მეგობარი დავკარგო. მოდი, ხვალვე ვეტყვი, რომ  მწყინს და მეტად აღარ მითხრას, ალბათ გამიგებს.
         ამ ეპიზოდში კარგად ჩანს დუმილის ფასი.  ამ დროს მოსწავლე ვაღიარეთ და ის ვითარდება.

      ჩაურევლობა, როგორც „აღიარების ენა“ გამოყენებადია, როცა მოსწავლეები მსჯელობენ თემაზე საგაკვეთილო ან თუნდაც არასაგაკვეთილო  პროცესში. ამ დროს შეგვიძლია ვიყოთ დამკვირვებელი, მაგრამ არ ჩავერიოთ. ჩავერთვებით ან მათი თხოვნით, ან მაშინ, როცა მოსალოდნელია ურთიერთობა კამათში გადაეზარდოთ. ეს ნიშნავს, რომ ვაღიარებთ მათ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და პატივს ვცემთ მათ ნააზრევს.
ამრიგად, „აღიარების ენის“ გამოყენებით  ჩვენ:

  • ვალაგებთ მოსწავლესთან ურთიერთობას;
  • ვიმაღლებთ ნდობის ხარისხს;
  • მცირდება ტაბუდადებული თემების რაოდენობა ან საერთოდ ქრება;
  • ვაკონტროლებთ მის ქცევას;
  • მოსწავლე კონსტრუქციულად ვითარდება;
  • ხელს ვუწყობთ მასში დადებითი ცვლილებების განხორციელებას.

რჩევები კოლეგებს:

  • ხშირად გამოიყენეთ აღიარების ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები;
  • ვეცადოთ, მოსწავლესთან ერთად მოვაგვაროთ პრობლემები, რომლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა „აღიარების ენა“;
  • კომუნიკაციისას ვიყოთ ნაკლებ კრიტიკული, ზოგჯერ საერთოდ არ გავაკრიტიკოთ;
  • ვესაუბროთ მათთვის გასაგებ ენაზე;
  • ვაგრძნობინოთ თავი ჩვენს თანატოლად: დავანგრიოთ სტერეოტიპი: ,,მოსწავლე არასდროს არაა  მასწავლებელზე მეტი“.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. თ. გორდონი – ,,როგორ გავხდე კარგი მშობელი“ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – 2014 წელი.
  2. ი. ლომაძე – ,,მოსწავლე-მასწავლებელი“ – ურთიერთობა და თანასწორი შესაძებლობები – სტატია ge-ში – 22.05.2017 წელი.
  3. მ. ჯალიაშვილი – მოსწავლე და პედაგოგი – ურთიერთობის ეთიკა – სტატია ge-ში – 30.07.2018 წელი.

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...