პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

პერიოდული სისტემა იუბილარია!

0

1860 წელს კეკულეს მიერ მოწყობილი პირველი კონგრესის შემდეგ მსოფლიო მაშტაბით ყოველ წელს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციები, მასტერ კლასები და კონგრესები მიმდინარეობს. მათში მონაწილეობის მიღება, პირდაპირ ვიტყვი, აუცილებლობას წარმოადგენს. თუ აკადემიურ წრეში მუშაობ, ხვალინდელ საზოგადოებას ასწავლი და მეცნიერებასთან კავშირი გაქვს, უნდა მიიღო მონაწილეობა ან თუნდაც დაესწრო მაინც, რათა საქმის კურსში იყო, რა ხდება მსოფლიოში.

სამწუხაროდ, მონაწილეობა ყოველთვის ვერ ხერხდება და მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მხარეა… რადგან… მეცნიერთა უმრავლესობისთვის წასასვლელად დაფინანსების წყარო ან სამეცნიერო ფონდში მოგებული გრანტია ან მასპინძელი მხარის მიერ გაღებული სრული დაფინანსება. ისე… მესამე გზაც არსებობს… მაგ. საკუთარი სახსრები, ოღონდ, ამისთვის ქვეყანაში შრომა ისე უნდა ფასდებოდეს, როგორც, მაგალითად, ავსტრალიაში. სწორედ ამიტომ, უამრავ მიწვევაზე მითქვამს უარი და სადაც კი წავსულვარ, მხოლოდ პირველი ორი საშუალება გამომიყენებია.

ავსტრალია ტყუილად არ მიხსენებია, სწორედ ამ ქვეყნის მონაშის უნივერსიტეტის იტალიის ქალაქ პრატოში არსებულ ცენტრში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია „ევრომრავალფეროვნება 2019“. ამჯერად, გამიმართლა და საჭირო დაფინანსება მოძიებულ-მოგებული მქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ჩემს მონაწილეობას, ჩემი კვლევის წარდგენას და სხვების მოსმენას წინ არაფერი დაუდგებოდა.

წლევანდელი წელი პერიოდული სისტემის საიუბილეო წელი გახლავთ და ამას კონფერენცია ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვახსენებდა. ჰონკ-კონგელი მკვლევარი ჯეისონ ჩანი კი საგანგებოდ დაბეჭდილ საიუბილეო პერიოდულ სისტემებს ყველას ჩუქნიდა. დღეს ეს ცხრილი უკვე ჩემს სამუშაო კედელს ამშვენებს. ყოჩაღ ჯეისონს არაორდინალური ხედვისთვის. ამ ერთ პლაკატში არა მხოლოდ ქიმია, ისტორიაც დატეულია და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ…

ელემენტების სისტემატიზაციაზე ჯერ კიდევ ლავუაზიე ფიქრობდა. ის ამბობდა, რომ თითოეულ ელემენტს უნდა ჰქონოდა სახელი, რომელიც მასზე მთელ ინფორმაციას დაიტევდა. ასეთი სახელწოდებები მან მისცა მაგალითად, წყალბადს და ჟანგბადს. თუმცა, ახლა საჭირო იყო ერთგვარი ცხრილის შემუშავება, სადაც ყველა უცნობი ელემენტი დაიკავებდა თავის კანონზომიერ ადგილს. 1789 წელს ლავუაზიემ გამოაქვეყნა წიგნი – „შესავალი ელემენტარულ ქიმიაში“, სადაც ჩამოთვალა, ის მარტივი ნივთიერებები, რომლებიც ანალიზის შედეგად არ იშლებოდნენ. აქ ელემენტებად დაასახელა ასევე სითბო და სინათლე. ეს მისი შეცდომა იყო. პარიზის ხელნაწერთა მუზეუმში ამ წიგნის ორიგინალი ინახება. პირველ ჯგუფში განათავსა: სითბო, სინათლე და ისეთი აირები, როგორიცაა – ჟანგბადი და აზოტი; მეორე ჯგუფში: გოგირდი და ფოსფორი; მესამე ჯგუფი: სპილენძი, ტყვია, თუთია, კალა; მეოთხე ჯგუფი მოიცავდა „მარილწარმომქმნელ მარტივ მიწა ნივთიერებებს“. აქ მოიაზრებოდა კალციუმი, ბარიუმი, მაგნიუმი, ალუმინი, სილიციუმი.

საუკუნის დასაწყისში ქიმიის სამყაროში დიდი არეულობა სუფევდა. ალქიმიკოსებისთვის შვიდი მეტალი და რამდენიმე არამეტალი იყო ცნობილი. მე-18 საუკუნეში აღმოაჩინეს ისეთი აირადი ნივთიერებები, როგორიცაა აზოტი, წყალბადი, ჟანგბადი, ქლორი; ასევე, მეტალები – კობალტი, პლატინა, ნიკელი, მანგანუმი, ვოლფრამი, მოლიბდენი, ტიტანი, ქრომი. მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ამ სიას კიდევ 14 ელემენტი დაემატა. მხოლოდ დევიმ ელექტროლიზით ექვსი ელემენტი მიიღო. გე-ლუსაკმა და ტენარმა გამოჰყვეს ბორი. ელემენტების აღმოჩენები იზრდებოდა. 1830 წელს 55 ელემენტი იყო ცნობილი. ამან ქიმიკოსები დააბნია. ლავუაზიეს შემდეგ ელემენტების დაჯგუფების გადაწყვეტილება გერმანელმა ქიმიკოსმა იოჰან დობერეიერმა მიიღო.

1817 წელს იოჰან დობერეიერმა შენიშნა, რომ სტრონციუმის ფარდობითი ატომური მასა კალციუმის და ბარიუმის ფარდობითი ატომური მასების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით ემთხვეოდა. 1829 წელს გამოაცხადა, რომ ელემენტების რამდენიმე ჯგუფს (თითოეულ ასეთ ჯგუფში სამი ელემენტი შედიოდა) გააჩნდა მსგავსი ფიზიკური და ქიმიური თვისებები. ჯგუფებმა ტრიადების სახელწოდება მიიღეს. მან შენიშნა, რომ ბრომი თავისი თვისებებით შუალედურ ადგილს იკავებდა ქლორსა და იოდს შორის. რიგში: ქლორი-ბრომი-იოდი შეინიშნებოდა არა მხოლოდ ფერის თანდათანობითი ცვლილება, არამედ რეაქციის უნარიანობაც იცვლებოდა და ატომური მასაც. შემდეგი სამი ელემენტი იყო კალციუმი, სტრონციუმი, ბარიუმი. ასევე, გოგირდი-სელენი-ტელური. ასეთ ჯგუფებს ტრიადებს უწოდებდა. თუმცა, ბევრი რამ ვერ ახსნა.

ქიმიკოსები იმაზეც ვერ თანხმდებოდნენ ელემენტის ატომური მასა უნდა ყოფილიყო მთავარი, თუ მისი ნაერთის მოლეკულური მასა. მაგ. ჟანგბადისთვის მნიშვნელოვანი იყო ატომური მასა, თუ მაგ. რომელიმე ოქსიდის, ანუ მისი ნაერთის, მოლეკულური მასა.

წარმოქმნილი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად კეკულეს ინიციატივით 1860 წელს კარლსრუეში შედგა ქიმიკოსთა პირველი საერთაშორისო კონგრესი. ამ კონგრესამდე ორი წლით ადრე იტალიელი ქიმიკოსი კანიცარო გაეცნო ავოგადროს კვლევებს. დაინახა, რა კარგად ჰქონდა დასაბუთებული, რომ ატომური მასა და მოლეკულური მასა სხვადასხვა მონაცემია. ექვივალენტური მასა კი სულ სხვაა და არ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა. მას კონგრესზე ბრწყინვალე პრეზენტაცია გაუკეთებია, თან პატარა ბროშურები დაურიგებია, რომ ქიმიკოსებს წაეკითხათ. კანიცარომ დაარწმუნა კოლეგები. რომ ატომური მასა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

1864 წელს ინგლისელმა ჯონ ნიულენდსმა შენიშნა, რომ თუ ელემენტებს განალაგებდა ატომური მასის ზრდის მიხედვით, მაშინ ყოველი მერვე ელემენტი რაღაცით ემსგავსებოდა პირველს. როგორც მერვე ნოტი პირველ მუსიკალურ ოქტავაში. ამ კანონზომიერებას „ოქტავათა კანონი“ უწოდა. 1865 წელს შექმნა ცხრილი, სადაც ელემენტები განლაგებულნი იყვნენ მათი ატომური მასების ზრდის მიხედვით. ამ ცხრილში პირველი 17 ელემენტი სწორად არის განლაგებული. კალციუმის შემდეგ კი მან თავისი „ოქტავები“ ვეღარ მოაწესრიგა. ის მხოლოდ ცნობილი ელემენტების კლასიფიკაციას ცდილობდა და ჯერ კიდევ აღმოუჩენელ ელემენტებს არ ითვალისწინებდა. ნიულენდსი იძულებული იყო, ზოგ ადგილას ერთდროულად ორი ელემენტი მოეთავსებინა. თუმცა, ზოგიერთი ელემენტის თვისებებს შორის მკვეთრი განსხვავება იყო. ფოსფორს მცირე საერთო აქვს მანგანუმთან, რკინას კი ვერცხლთან. ლონდონის ქიმიურ საზოგადოებაში ის მკაცრად გააკრიტიკეს.

ნიულენდსზე ერთი წლით ადრე ფრანგმა დე შანკურტუამაც სცადა ელემენტების განლაგება. მან ელემენტები სპირალურად ატომური მასების ზრდის მიხედვით განალაგა. სპირალს „დედამიწის სპირალი“ უწოდა.

1870 წელს გერმანელმა ქიმიკოსმა ლოთარ მაიერმა ააგო ელემენტების ატომური მოცულობების მათივე ატომურ მასებზე დამოკიდებულების გრაფიკი. ელემენტის ატომურ მოცულობას ფარდობითი ატომური მასის სიმკვრივეზე გაყოფით ანგარიშობდა.

თუმცა, ერთი წლით ადრე, მენდელეევმა გამოაქვეყნა პერიოდული სისტემა. ამ აღმოჩენისთვის ლონდონის ქიმიურმა საზოგადოებამ ის ძვირფასი მეტალისგან-ალუმინისგან დამზადებული ჭიქით დააჯილდოვა. თუ რატომ იყო ალუმინი ძვირფასი, ადრინდელი სტატიიდან გავიხსენოთ https://mastsavlebeli.ge/?p=3703

მენდელეევი კარლსრუეში გამართულ კონგრესს დაესწრო. კანიცაროს მოხსენებამ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და დაიწყო პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრი. ყურადღება მიაქცია, რომ ელემენტების ვალენტობა იზრდებოდა მათი ატომური მასების ზრდასთან ერთად. ამ ცვლილებას პერიოდული ხასიათი ჰქონდა. მაგ. წყალბადისა და ლითიუმის ვალენტობა ერთის ტოლია, ბერილიუმის – ორია, ბორის – სამი, ნახშირბადის – ოთხი, მაგნიუმის – ორი და ა.შ. ვალენტობის ზრდის და კლებადობის მიხედვით მენდელეევმა ელემენტები პერიოდებად დაჰყო. პირველ პერიოდში მხოლოდ წყალბადი და ჰელიუმია.

1871 წელს გამოვიდა პერიოდული სისტემის გაუმჯობესებული ვარიანტი. ამ ვერსიაში იყო ცარიელი ადგილები მომავალში აღმოსაჩენი ელემენტებისთვის. განსაკუთრებით დაწვრილებით აღწერა სამი მომავალში აღმოსაჩენი ელემენტის თვისებები, ვალენტობა, ატომური მასები. მან ასევე შეასწორა თერთმეტი ელემენტის ატომური მასა. აღწერილი ჯერ აღმოუჩენელი სამი ელემენტი იყო: ეკაბორი, ეკაალუმინი, ეკასილიციუმი. ამ ელემენტებიდან პირველი ეკაალუმინი აღმოაჩინეს, 1875 წელს. იგი ლეკოკ-დე-ბუაბოდრანმა აღმოაჩინა და თავისი სამშობლოს პატივსაცემად გალიუმი უწოდა („გალია“ ლათინურად საფრანგეთს ნიშნავს). გალიუმზე გაიხსენეთ სტატიიდან „მზე“https://mastsavlebeli.ge/?p=19470

1879 წელს შვედეთში კლევემ და ვილსონმა დაადგინეს ახალი ელემენტის არსებობა, რომლის ადგილი პერიოდულ სისტემაში კალციუმსა და ტიტანს შორის დიდი ხნით ადრე იყო გათვალისწინებული. ეს ახალი ელემენტი ეკაბორი გახლდათ და მას სკანდიუმი უწოდეს.

1886 წელს საქსონიაში ვინკლერმა აღმოაჩინა ეკასილიციუმი და მას გერმანიუმი უწოდა.

სხვათა შორის, პერიოდული სისტემის გაუმჯობესებაში ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებელსა და პირველ რექტორს პეტრე მელიქიშვილსად მიუძღვის წვლილი და ამას პირველ რიგში მენდელეევი აღიარებდა. ეს ჩემთვის განსაკუთრებით საამაყოა, რადგან სტუდენტობისას პეტრე მელიქიშვილის სახელობის სტიპენდიანტობის პატივი მქონდა.

ჰოდა, იმას ვამბობდი… თუ ჯერ კიდევ არ ჩაგიტარებიათ პერიოდული სისტემისადმი მიძღვნილი სპეციალური გაკვეთილი, მაშინ დრო ჯერ კიდევ არის. არდადეგებზევე შეგიძლიათ დაგეგმოთ და სწავლის დაწყებისას ერთ-ერთი პირველი გაკვეთილი სწორედ მას მიუძღვნათ… რადგან, პერიოდული სისტემა იუბილარია!

დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში კი უამრავი ვიდეო რესურსი დაგეხმარებათ, რომელიც უხვად არის მიმოფანტული „მსოფლიო აბლაბუდაში“. იმისთვის, რომ სწორი მასალა ავარჩიოთ მედიაწიგნიერების ელემენტარულ უნარებს მაინც უნდა ვფლობდეთ. თუმცა, აქ საქმეს გავაიოლებ და ზოგიერთი რესურსის მისამართს გიკარნახებთ.

The Mystery of Matter (PBS series, 2015)

https://www.pbs.org/program/mystery-matter/

https://www.youtube.com/watch?v=z3Gt5IOjAuc

https://www.youtube.com/watch?v=Mz2Z7gYegBo

https://www.youtube.com/watch?v=wbuDmY5gpXQ

Periodic Table Videos from the RSC and University of Nottingham

https://www.youtube.com/watch?v=6rdmpx39PRk&list=PL7A1F4CF36C085DE1

Chemistry: a volatile history (BBC series, 2010)

https://www.youtube.com/watch?v=dd4Rf6zZZhw&list=PLk4aZhY2J7MPL5ECqvG5iXopo6cDgtmuJ

 

 

 

როგორ შეიცვლება განათლება 2030 წლისთვის

0

ნეიროქსელი შემფასებლად, ბოტები – კურატორების სანაცვლად

ჩვენ ბავშვები რამდენიმე წელიწადში დაამთავრებენ სკოლას, მაგრამ უკვე გვაღელვებს და საფიქრალს გვიჩენს მათი მომავალი სტუდენტობა. ყველა მშობლის ოცნებაა, რომ მისმა შვილმა საუკეთესო  უმაღლესი განათლება მიიღოს. ლონდონში, საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენცია EdTech-ის ფარგლებში მომავლის განათლებაზე ექსპერტებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვლება უმაღლესი განათლება 2030 წლისთვის.

  1. ონლაინსწავლება და ინდივიდუალური მიდგომა

2030 წელს საუნივერსიტეტო განათლება კვლავ პოპულარული და პრესტიჟული იქნება. მეტიც, სპეციალისტთა პროგნოზით, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში დღვანდელთან შედარებით იმ დროისთვის სტუდენტთა წლიური რაოდენობა 14 მილიონით გაიზრდება. იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა სტუდენტს თავისი ადგილი ჰქონდეს საუნივერსიტეტო მზის ქვეშ ყოველკვირეულად ახალ-ახალი უნივერსიტეტების გახსნა გახდება საჭირო, რაც, რა თქმა უნდა, არარეალურია. შესაბამისად გაჩნდება და მომრავლდება ონლაინუნივერსიტეტები. ისინი წლიდან წლამდე დახვეწენ და გააუმჯობესებენ მომსახურების ხარისხს, შემოიღებენ ინდივიდუალური მიდგომების სხვადასხვა სისტემას.

სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ საუნივერსიტეტო კურსები უნივერსიტეტში ჩარიცხვამდე გაიარონ. სკოლაში სწავლის დროს ახალგაზრდები დააგროვებენ ქულებს, რომლებიც მისაღებ გამოცდებზე გამოადგებათ. ასეთი სისტემის შექმნას უკვე ცდილობს ცნობილი საგანმანათლებლო პლატფორმა FutureLearn. პლატფორმის ავტორთა აზრით, უახლოეს წლებში ნიჭიერი მოსწავლეები უკვე თავადვე მოახერხებენ ინდივიდუალური აკადემიური სწავლების მარშრუტების დაგეგმვას.

  1. არამხოლოდ ჰარვარდი

მიუხედავად იმისა, რომ კარგ უნივერსიტეტებში სწავლის საფასური ძალიან მაღალია, სტუდენტები იქ მაინც აბარებენ. ისინი აგრძელებენ ბრძოლას, არ აშინებთ კონკურენცია, ცდილობენ სწავლის ფულის მოგროვებას, ეძებენ გრანტებისა და სტიპენდიების მიღების შესაძლებლობას, ოცნებობენ სანუკვარ ოქსფორდზე.

ამავე დროს, ევროპისა და ამერიკის ადგილობრივი/რეგიონალური უნივერსიტეტები სტუდენტებს გონივრულ თანხად არცთუ ცუდ განათლებას სთავაზობენ. შესაძლოა მათ ლექტორებად მსხვილი კორპორაციების ლიდერები არ ასწავლიან, მაგრამ ბევრი მოწინავე პროფესორი ჰყავთ, რომლებიც საქმიანად და სიყვარულით უდგება თავის საგანსა და კვლევებს.

სხვათა შორის, 20 ყველაზე წარმატებული გლობალური კორპორაციის დამფუძნებელს შორის მხოლოდ ერთი, ამაზონის ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსია პრესტიჟული უნივერსიტეტის კურსდამთავრებლი. სხვა მოწინავე მენეჯერებმა  რეგიონალური უნივერსიტეტი დაამთავრეს, ანუ იმისათვის, რომ წარმატებული ბიზნესი ააწყო, აუცილებელი როდია „ჩაირიცხო ჰარვარდში ან მოკვდე“. საკმარისია მაღალი ხარისხის, ფუნდამენტური განათლების მიღება და ლიდერის თვისებების გამომუშავება.

სპეციალისტთა აზრით, უახლოესი 10 წლის განმავლობაში რეგიონალური განათლების ტენდენცია მომძლავრდება. თანაც, კომერციული და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის ისედაც გაცილებით მომგებიანია ნიჭიერი ახალგაზრდების შენარჩუნება ადგილზე.

  1. რობოტიზაცია, მანქანათმცოდნეობა, ხელოვნური ინტელექტი

ნელ-ნელა ის დრო გვიახლოვდება, როდესაც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა არამხოლოდ გამოცდილების, ცოდნის და სპეციალური განათლების მქონე პირის პრეროგატივაა. მაგალითად, ინგლისის საჯარო სკოლებში უკვე გამოიყენებენ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებსაც შეუძლიათ საშინაო დავალების მიცემა კონკრეტული მოსწავლის დონის შესაბამისად.

ერთ-ერთ ასეთ პროგრამას (Tassomai ბრენდის განვითარება) შეუძლია ასობით ათასს სტუდენტთან იმუშაოს. პროგრამა ითვალისწინებს თითოეული მოსწავლის სწავლის ტემპს, შეუძლია ამოიცნობს მისი სუსტი მხარეები სწავლის პერიოდში და სხვ.

რა თქმა უნდა, მასწავლებელს მაინც უწევს მოსწავლეებისთვის იმის შეხსენება, რომ საშინაო დავალება აქვთ შესასრულებელი. ის მაინც აკონტროლებს სასწავლო პროცესს, მაგრამ მისი პროფესიული დატვირთვა სკოლაში გაცილებით იკლებს. საკმარისია მასწავლებელმა „ჭკვიან“ ეკრანს თვალი შევავლოს, რომ მთელი კლასის სიტუაციას შეაფასებს – პროგრამას სხვადასხვა ფერადი წერტილების დახმარებით შეუძლია ამოიცნოს რომელი ბავშვი იჯდა უფრო ყურადღებით გაკვეთილზე, ვინ უსმენდა და ვინ – არა. ამას პროგრამა სხვადასხვა ფერისა და ზომის წერტილებით აფიქსირებს.

ლონდონში გამართულ კონფერენციაზე მასწავლებლებმა არც კი იმსჯელეს იმაზე, სჭირდებათ თუ არა ასეთი პროგრამა. მათ დაუყოვნებლივ გაარკვიეს მისი უპირატესობები და ის, თუ რა დაუჯდება სკოლას ასეთი პროგრამით უზრუნველყოფა.

საქმე ის არ არის, რომ მასწავლებლები მასობრივად ზარმაცდებიან და უნდათ საქმე ხელოვნურმა ინტელექტით შეიმსუბუქონ. უბრალოდ, სხვა საკითხებთან ერთად, ასეთი პროგრამები მართლაც ეხმარება მათ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაში. შესაბამისად, იზრდება სკოლის რეიტინგი და მასწავლებელთა ხელფასიც.

ეს კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია მანქანათმცოდნეობის გამოყენებისა: სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობა იზრდება, მათ მიმართ ინდივიდუალური მიდგომაც უფრო სრულყოფილი და დახვეწილი უნდა გახდეს.

გარდა პროცესების რობოტიზაციისა, განათლებაში სულ უფრო ხშირად იყენებენ ხელოვნურ ინტელექტს. მაგალითად, ათასობით ამერიკელ სტუდენტს ჩატ-ბოტები ეხმარებიან. პირველი ჩატ-ბოტი ჯორჯიის უნივერსიტეტში გამოიყენეს. ბოტი დაუყოვნებლივ პასუხობს სტუდენტების ნებისმიერ შეკითხვას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში. ხელოვნური ინტელექტის  უპირატესობა – ბოტთან კომუნიკაციის დროს სტუდენტებს არ ერიდებათ სულელური კითხვების დასმა და არ ეშინიათ, რომ ამის გამო მათ ვინმე არაკომპეტენტურად მიიჩნევს.

ექსპერტთა შეფასებით, მალე მოვა დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი მოსწავლეებს ნიშნებს დაუწერს. ვარაუდობენ, რომ ამ გზით შესაძლებელი გახდება სტუდენტის ცოდნის უფრო ობიექტურად შეფასება. მოსწავლე/სტუდენტი ვეღარ ისარგებლებს მასწავლებლის  შეღავათით, ვერ გახდება მისი ფავორიტი, ნიშანზე ვერ იმოქმედებს მასწავლებლის ცუდი განწყობა, დაღლილობა ან სხვა ადამიანური ფაქტორი.

  1. ჩვენ ვასწავლით ერთმანეთს

დასავლეთის ტრენდი peer to peer (ერთმანეთისთვის) აქტიურად გამოიყენება ოფისებში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და, რა თქმა უნდა, განათლებაში. Future-ის მსგავსი დიდი ონლაინუნივერსიტეტები უკვე საუბრობენ მასწავლებელთა პერსონალის ნაკლებობასა და სტუდენტთა რაოდენობრივ ზრდაზე, რაც გამოიწვევდა კოლაფს, რომ არა სტუდენტურ გარემოში ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობა.

ბარიერების არარსებობამ, ნებისმიერი დარგის ექსპერტთან უშუალოდ კომუნიკაციის შესაძლებლობამ, შესაძლოა გაამარტივოს სემინარების წარმართვა, პრაქტიკული მუშაობა, განტვირთოს მასწავლებლები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, სტუდენტები. დღეს საკუთარ საქმეში ექსპერტად ყოფნა მნიშვნელოვანია როგორც არასდროს. ეს იძლევა ცოდნის პირდაპირ და სარფიანად გაყიდვის შესაძლებლობას.

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ორი ახალი წიგნი შეემატა

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული  ცენტრის  საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამამ, მასწავლებლის ბიბლიოთკა  ორი ახალი წიგნით გაამდიდრა.

წიგნის “საკლასო ოთახი,”ავტორები განიხილავენ საკლასო ოთახის სხვადასხვა ასპექტს, რადგან ამ მრავალფეროვან და განსხვავებულ სივრცეს რეალურად არ გააჩნია საზღვრები. საკლასო ოთახი – განათლების, მოსწავლეთა უფლებების, თავისუფლების, ცოდნისა და უნარების რე­ალიზების საუკეთესო საშუალებაა.

ავტორები გვთავაზობენ პრაქტიკულ მაგალითებს, როგორ გახადეს ეს სივრცე მოქნილი, პო­ზიტიური და დადებითი ემოციების მომცემი. სადაც მოსწავლეებს დაძლევინეს არასასურველი ქცევა, დაბნეულობა და შექმნეს ისეთი გარემო, რომელშიც მოსწავლეები გახდნენ აკადემი­ურად წარმატებულები. ავტორები გვისაბუთებენ, რომ საკლასო ოთახში არაფერია რუტინული, კონტროლი და შეფასებაც კი კლასის წარმატებაზეა ორიენტირებული. მოსწავლეებს რეალუ­რად შეუძლიათ დაინახაონ თავიანთი თავი არა მარტო გარკვეული დროის განმავლობაში, არამედ პერსპექტივაშიც.

ავტორები მსჯელობენ, რამდენად მნიშვნელოვანია საკლასო ოთახის ღირებულებები: არას­ტანდარტული სწავლება, ინტერაქტიური გაკვეთილები, მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქ­მედებითი აზროვნების განვითარება/წარმოჩენა, ურთიერთზრუნვა, სწორი კომუნიკაცია და კიდევ ბევრი სხვა.

 

წიგნის “მე-მასწავლებელი, ავტორები ” მასწავლებლის პროფესიის იდუმალ, საინტერესო, რთულ და ჯადოსნურ ამბავზეა ეს წიგნი და პირველი მცდელობაა მასწავლებლებმა თავად ისაუბრონ პროფესიაზე, მათ გზაზე ამ პროფესიაში, ისაუბრონ მასწავლებლებზე, ვინც ცხოვრება გაუადვილა, შეუცვალა და მთავარი ღირებულებების შესახებ გაუმხილა.

„შენ, რომელმაც ახლა კითხვა დაიწყე, მინდა გითხრა, რომ ჩვენი ცხოვრება სავსეა მოულოდ­ნელი ბედნიერებითა და თავს დატეხილი სიურპრიზებით. თუ მასწავლებელი ხარ და ეს შენი ცხოვრების წესია, ნუ გამიჯნავ მას რეალური ცხოვრებისგან და შენს მოსწავლეებს დაანახე, რომ ცხოვრება სევდიანიც შეიძლება იყოს, მხიარულიც, უცნაურიც, იდუმალიც; რომ ის ჭრელია და მთავარია, ამ სიჭრელეში ჩვენი ფერის პოვნა შევძლოთ; რომ თუ არ დავეცით, ვერ ავდ­გებით, ამიტომ დაცემა ზოგჯერ საჭიროც კია.

ნუ დაუმალავ, რომ, როდესაც ჩვენს ცხოვრებაში დგება განსაკუთრებული და მტკივნეული მო­მენტები, როდესაც ცრემლები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი ხდება, როდესაც სამყაროსგან განდგომა ყველაფერს გვირჩევნია, ვიკრებთ უკანასკნელ ძალებს, უკან ვიბრუნებთ ცრემლებს, ტკივილს გულში ვიქვავებთ, ვდგებით და მივდივართ.

მივდივართ მათთან, რადგან გვახსოვს, რომ ისინი გველოდებიან. იმიტომ, რომ ჩვენ მასწავ­ლებლები ვართ“ (ეს ნაწყვეტი ამონარიდია ამ წიგნის ერთ-ერთი ავტორის მონათხრობიდან).

პასუხისმგებლობიდან თავისუფლებამდე- სწავლა-სწავლების მთავარი პრინციპი

0

ერთგვარი მარადიული „ მისტერიაა“ ჩემთვის ანდერსენის შექმნილი მართლა გენიალური  მხატვრული ხატი: როგორ მედიდურად თავაწეული დადის ქალაქის ქუჩებში დედიშობილა მეფე, გარშემო ყველა მას შესცქერის, ისტერიულად უკრავენ ტაშს და ისმის შეძახილები: რა ლამაზია! რა მშვენიერია! მაგრამ ხალხის სახეები შეუსაბამოა ამ რეპლიკებთან – ისინი გაოცებასა და დაბნეულობას  უფრო გამოხატავენ, ვიდრე აღფრთოვანებას. ეს სულელად წარმოჩენის შიშით რეალობასა და საკუთარ შეხედულებებზე უარისმთქმელი ადამიანების ისტერიაა . მათი ,,მხსნელი“ პატარა ბიჭი აღმოჩნდება, რომელიც ბუნებრივი გულწრფელობით ამბობს მარტივ ფრაზას: მეფე ხომ შიშველია?! აქ მთავრდება ზღაპარი, რომლითაც ანდერსენი გვეუბნება, რომ სიმართლე ყოველთვის მარტივი და ადვილად შესამჩნევია, მაგრამ უფროსებს ჩვენი მანკიერებანი გვაკარგვინებს მისი დანახვის უნარს. შეპყრობილები ვხდებით. ბავშვი კი თავისუფალია „უფროსული“ კლიშეებისგან და თავისუფალი ადამიანი ხომ სიმართლეს ადვილად ამჩნევს.

სწორედ ამ ფსიქოლოგიურ ფაქტორზე წერს ვაჟა- ფშაველა თავის წერილში ,,რას ჰქვიან თავისუფლება“:

,, ადამიანი თავისუფალი იბადება. უცქირეთ ბავშვს როგორ თავისუფლად მოქმედობს, როცა შეიძლებს მოძრაობას, ეპოტინება ყველაფერს, რასაც თვალი დ ყური მიუწვდება; იქნევს ხელებს და ფეხებს, როცა აკვანში აწვენს დედა და ხელებზე არტახებს უჭირებს. მხოლოდ დიდების მოსაზრება, დაშლა, დაშინება ჰკვეცავს ფრთებს ბავშვის თავისუფალ მოქმედებას, რომელიც უსამზღვრო თავისუფლებისაკენ მიისწრაფის…

გაიზრდება, მოვა გონებაზე და მაშინ ხომ შინაურ უფროსებთან ერთად უჩნდება გარეთ სხვა უფროსი – საზოგადოება აუარებელი ზნე-ჩვეულებით, აზრებით, წესებით, რომელთა შორის მრავალი უვარგისი და პირდაპირ დამღუპველია ადამიანისა, შემბოჭველი იმის თავისუფლებისა, საღის მსჯელობისა. მშობლები, საზოგადოება და უხეირო სკოლები აჩვევენ ყრმას ისეთს აზროვნებას, რაც უხშავს მას გონებას, უნერგავს ცხოვრებისათვის მავნე აზრებს, აჩვევს გონებას მორჩილებას, მოთმენას, უკლავს სიყვარულს თავისუფლებისადმი. ასე: ადამიანი მოსისხლე მტერი ხდება ბუნებისა; იმის მაგივრად, რომ ხელი შეუწყოს და განავითაროს ეს ძვირფასი განძი – თავისუფალი გრძნობა, მისცეს მას გონივრული მიმართულება, ცდილობს დაახშოს, მოსპოს იგი, სრულიად ამოაგდოს ძირიან-ფოჩვიანად ადამიანის გულიდან“.

მგონი, ეს მცირე ლიტერატურული ექსკურსიც საკმარისია იმის დასანახავად, რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნების სწორად ჩამოყალიბებისთვის თავისუფლების მაღალი ხარისხი ბავშვობიდანვე.

რაც მასწავლებელი ვარ, სულ ვფიქრობდი, რომ თავისუფლება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია სწავლა-სწავლების დროს, მაგრამ ყოველთვის, როცა თავისუფლებას ვაძლევდი ბავშვებს, ძალიან მალე ვხვდებოდი, რომ მათ ურთიერთობაში ბალანსის დაჭერა უჭირდათ და მოვალეობებიც ავიწყდებოდათ. ამიტომაც ყოველთვის „მოზომილ თავისუფლებას“ ვირჩევდი ხოლმე.

როცა ერთ მშვენიერ დღეს ესტონეთში აღმოვჩნდი პროფესიული ვიზიტით, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ზოგადად ევროპული განათლების განმსაზღვრელია, არის მოსწავლეთა თავისუფლების უმაღლესი ხარისხი. ამაში იგულისხმება როგორც ყოფითი, ისე მენტალური თავისუფლება.

თავიდან სკოლების ინფრასტრუქტურებისა და კეთილმოწყობის შემხედვარეს, საშინლად შემეცოდნენ ჩვენი ბავშვები.

მაგრამ მალევე გახდა ჩემთვის ნათელი, რომ არავითარი ინფრასტრუქტურა, არავითარი უფასო სადილები, დიდი ეზოები და მოედნები ისე მიმზიდველს არ ხდის სკოლას ბავშვებისთვის, როგორც იმის აღქმა, რომ ისინი აქ შემბოჭველ, დამთრგუნავ, სხვისი კანონებით მართულ სივრცეში კი არ არიან, არამედ მათთვის და მათ მიერვე დიდი სიყვარულითა და რუდუნებით შექმნილ თავისუფალ, სასურველ გარემოში. ის ინფრასტრუქტურაც ამ განცდის გამყარებას ემსახურება.

ყოფითი თავისუფლების მაგალითებიდან: სკოლის შენობის თითქმის ნახევარი ეთმობა თავისუფალ, მოსასვენებელ სივრცეებს, რომლებიც განკუთვნილია მოსწავლეებისთვის. იქნება ეს მუსიკალური ინსტრუმენტების კუთხე, წიგნების, კომპიუტერების, უბრალოდ რბილი სავარძლებით მოწყობილი თუ სასადილო სივრცეები, რომელთაც ერთმანეთისგან სქელი კედლები კი არა, სიმბოლური, პირობითი ბარიერები მიჯნავთ ( სკოლის ადმინისტრაცია მაქსიმალურად ცდილობს, ბავშვებისთვის სკოლა იყოს არა მხოლოდ განათლების მიღების, არამედ დასვენების, თავისუფალი დროის  შინაარსიანად და სასიამოვნოდ გატარების ადგილი. ზოგჯერ მთელი დღე სკოლაში რჩებიანო)

მენტალური თავისუფლების მაგალითები:

  • დავიწყოთ ელემენტარულით, მაგრამ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანით: გიმნაზიაში, სადაც მხოლოდ უფროსკლასელები არიან, ზარი არ ირეკება: ისინი საკმაოდ დიდები არიან იმისთვის, რომ დროითა და თავიანთი სურვილით იხელმძღვანელონ და არა კონკრეტული მაუწყებელი ნიშნით.
  • მოსწავლეები თავად ირჩევენ სასწავლი საგნების უმეტესობას, რადგან ყველა მეათეკლასელმა იცის, სავარაუდოდ, რომელ პროფესიას აირჩევს, რომელი საგნებია მისთვის საჭირო.
  • ხელოვნება ყველაზე დიდი დოზით გულისხმობს თავისუფლებას, დაწყებითი კლასებიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფერწერის, დრამის, ცეკვის, ხელსაქმის გაკვეთილებს/წრეებს, რომელთა არჩევანი დიდია.
  • ზეიმები ეწყობა ბავშვებისთვის ფერად, მყუდრო და უცხო თვალს მორიდებულ სივრცეში და არა მშობლებისა და სხვა მასწავლებლებისთვის თავის მოსაწონებლად …

აი, ასეთი თავისუფლება მომინდა ჩვენი მოსწავლეებისთვის. მაგრამ ამ თავისუფლებისთვის (ისევე, როგორც ნებისმიერისთვის) უმნიშვნელოვანესია მზაობა, რომელიც უდიდეს პასუხისმგებლობას ეფუძნება. გზა ჭეშმარიტ თავისუფლებამდე აუცილებლად პასუხისმგებლობაზე გადის – მივხვდი, აი, ამის გააზრება აკლიათ და ეს უნდა გაითავისონ ჩვენმა ბავშვებმა. ახლა პასუხისმგებლობის მაგალითებიდან:

  • დაწყებითი კლასებიდანვე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვებში თვითშეფასების უნარის განვითარებას. თვითშეფასება, ერთგვარი კითხვარებისა და საგანგებო ფორმების დახმარებით, წელიწადში ორჯერ პირველი კლასიდანვე სავალდებულოა. მიზანი: თვითკრიტიკულმა ადამიანმა აუცილებლად იცის პასუხისმგებლობის ფასი.
  • დაწყებითი სკოლაში ფეხშიშველა მოტანტალე ბავშვების დანახვაზე თვალები შუბლზე აგვივიდა. გაოცებაზე ასე გვიპასუხეს: ბავშვები თავად ზრუნავენ დღის განმავლობაში საკლასო ოთახების, დერეფნების, ტუალეტების სისუფთავეზე და იციან, რომ ყველაფერი სუფთააო…
  • მაღალ კლასებში ხელსაქმისა და კულინარიის გაკვეთილებზე რასაც ქმნიან ბავშვები, იმის რეალიზებაზეც თავადვე ზრუნავენ. მაგალითად, სკოლაში იდგა ძლიან კომპაქტური, საინტერესო სავაჭრო დახლი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მოსწავლეებმა თავად დაამზადეს და ახლა სხვა თაობის ბავშვები იყენებდნენ…

ყველგან იგრძნობოდა, რომ ეს ყველაფერი მათთვის უკვე ყოველდღიური კულტურის ნაწილი იყო და არა თავსმოხვეული დროებითი მოვალეობები.

მერე ის იყო, ჩამოვედი და ვუყვებოდი ბავშვებს იქ ნანახ საოცრებებზე, თვითონაც მოიხიბლნენ, მოუნდათ, მაგრამ კარგად ვიცი, კიდევ დიდი და ძალისხმევით სავსე გზა უნდა გაიარონ, რომ პასუხისმგებლიან და თავისუფალ საზოგადოებად ჩამოყალიბდნენ.

ისინი ჯერ ვერ ამჩნევენ, რომ ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი ნაკლი თავისუფლებაში საკუთარი პასუხისმგებლობის ვერგაცნობიერება და სხვისი თავისუფლების ვერდანახვაა.

ნელ-ნელა უნდა ვასწავლო, რომ ნამდვილი საზოგადოება საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადამბრალებელი, ახალგაზრდების დამაბრმავებელი, სხვისი შემბოჭველ- გამმათრახებელი, სოციალური ჩირგვებიდან მლანძღველ- მაწყევარი ადამიანებისგან ვერ შედგება. და თუ სურთ, უკეთესი მომავალი ჰქონდეთ, პასუხისმგებლები აქედანვე თავად უნდა გახდნენ.

***

სტატიას რომ ვწერდი, უფროსკლასელთა საერთო ჩატში ჩავწერე: რა არის თავისუფლება? ( მიპასუხეთ გულწრფელად და სხვისი ბრძნული გამონათქვამების გარეშე, თქვენი ყოფითი ცხოვრებიდან გამომდინარე -მეთქი)

ნელ-ნელა მომდიოდა პასუხები, ზოგი იქვე წერდა, ზოგი პირადად მიგზავნიდა:

– ჩემთვის თავისუფლება არის დრო, როდესაც ზიხარ, ფილმს უყურებ და არავინ გაწუხებს. (ან როდესაც ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ექვსწლედს დაამთავრებ 🙂 )

– თავისუფლება ის კი არაა მომთვინიერებლის ხელიდან დაგდებული მათრახი არ ავიღოთ, არამედ ავიღოთ და ჩვენი წილი მოთვინიერების შესაძლებლობა გვქონდეს.

– არ ვიცი, ზოგადად როდის ვგრძნობ თავს თავისუფლად, მაგრამ თავისუფლება, ალბათ, იმას ნიშნავს, როცა შემიძლია ფიქრი და არავინ მიშლის ხელს.

– თავისუფლება ჩემთვის არის მრავალფეროვნება ყველგან და ყოველთვის.

ერთგულება ადამიანების და ცხოველების უფლებებისადმი. სიმშვიდე და თანასწორობა. უსასრულობის ერთი ჯაჭვი, რომელიც სხვას ეჭიდება და ყველა ერთად დიდ წრეს ქმნის.

აი, ჩემი თავისუფლება.

– ჩემთვის თავისუფლება არის აი, ის გრძნობა, როცა იცი, კარგი ადამიანი ხარ, როცა სინდისი სუფთა გაქვს, თავისუფლებაა ფლობდე საკუთარ თავს. და ბოლოს თავისუფლებაა, იყო ის, ვინც ხარ…

კი გაიელვა სტრიქონსა და სტრიქონს შორის, მაგრამ თვითონ სიტყვა „პასუხისმგებლობა“ მაინც არც ერთს არ უხსენებია. ეს ჩემთვის ნიშნავს, რომ კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიკითხოთ ერთად, ვისაუბროთ და ვწეროთ ამ რთული  და საჭირო სიტყვის მრავალმხრივი გააზრებისთვის.

 

 

 

ათი წიგნი, რომლებიც მასწავლებელმა არ უნდა წაიკითხოს, არც ამ ზაფხულს

0

ბესიკ ხარანაულის შესახებ პირველად 1997 წელს გავიგე, როდესაც ქართულის მასწავლებელს ბუკინისტებთან ნაყიდი „ხეიბარი თოჯინა“ მოუტანა ჩემმა კლასელმა და ჰკითხა, ღირდა ამ წიგნის წაკითხვა თუ არა.

პედაგოგმა დახედა ავტორს და რატომღაც მთელი კლასის გასაგონად თქვა ფრაზა, რომელიც მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა: „ვაჟა-ფშაველას მხრიდან რომ ხარ წარმოშობით, დიდი სირცხვილი და უნამუსობაა ისე წერო, როგორც ეგ კაცი წერს, სჯობს, ღუმელის მოსანთებად გამოვიყენოთ ეგ წიგნი, ყველასთვის დიდი შეღავათი იქნებაო“.

ცხადია, პირველი რაც იმ დღეს გავაკეთე, კლასელს ახალნაყიდი წიგნი ვეთხოვე და სახლში, გვიან ღამემდე ვკითხულობდი ჩემთვის მანამდე სრულიად უცნობი ვერლიბრით დაწერილ პოემას და ალბათ ისეთივე სახე მქონდა, როგორც ჩუკოტკელ ბავშვს, პირველად რომ სინჯავს მანდარინს.

არც კი ვიცი რამ გააბრაზა ასე ჩემი ქართულის მასწავლებელი, მაგრამ რამდენიმე წლის მერე, როცა ჩემი დაწერილი წიგნიც მიუტანეს, თქვენმა ყოფილმა მოსწავლემ გამოსცაო, პასუხი დაახლოებით იგივე იყო, მაგრამ ამჯერად, ღუმელი აღარ იდგა კლასში, რომ შეეკეთებინათ.

პრობლემა, როდესაც მასწავლებლების რაღაც ნაწილს (ალბათ მცირეს) არ უყვარს თანამედროვე ლიტერატურა და არ აღიარებს მას, კლინიკურია, რადგან ეს ძალიან მაგონებს ამბავს, როდესაც მკურნალი ექიმი უარს ამბობს მედიცინის თანამედროვე პრეპარატების გამოყენებაზე, საბაბით, რომ ძველი უკეთესია, რადგან გამოცდილია და სიახლეების „არ სჯერა“.

არადა, თანამედროვე მხატვრული ტექსტების კითხვა ისეთივე აუცილებელია მასწავლებლისთვის, როგორც მეცნიერისთვის უახლოესი გამოგონებებისთის თვალის დევნება, მშენებლისთვის კი ახალი ტექნოლოგიების ცოდნა.

და მაინც, ზოგიერთი მასწავლებელი უფრო მეტად უფრთხის თანამედროვე ავტორების გადაფურცვლას, ვიდრე ამაზონში აალებულ ტყეში მცხოვრებ რომელიმე ძუძუმწოვარს.

სწორედ მათთვის, რამდენიმე წიგნი შევარჩიე, რომლის წაკითხვა არაფრის დიდებით არ შეიძლება, განსაკუთრებით ზაფხულში და თან ამ სანუკვარი დასვენების პერიოდში.

მაშ ასე:

 

პოლ ოსტერი

მისნის ღამე

მართალია პოლ ოსტერი ალბათ ყველაზე უცნაური და ღრმა ამერიკელი მწერალია, ვისაც ნიუ-იორკში უცხოვრია, სწორედ ამ ქალაქზე, როგორც თანამედროვე ბაბილონზე, წერს ძირითადად.

ოსტერის საუკეთესო (ჩემი აზრით) წიგნი „მისნის ღამეა“, სწორედ მის არ წაკითხვას გირჩევდით მკაცრი რეკომენდაციით, რადგან აბა, ვის რაში აინტერესებს მძიმე სენით დაავადებული სიდნი ორლოვსკის კათარზისი, როდესაც ის საკუთარი თავის განკურნებას ბლოკნოტის ყიდვითა და ჩანაწერების გაკეთებით იწყებს, არც ისაა საინტერესო, როგორ ახერხებს ავტორი მკითხველის შეყვანას პროტაგონისტთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს აშენებულ ბუნკერში და როგორ უმოწყალოდ ტოვებს პერსონაჟსაც და მკითხველსაც დაკეტილი კარის მიღმა. ეს ლიტერატურული სადიზმი, როდესაც ვერაფრისდიდებით იგებ რა დაემათა კაცს, ვისაც ბიძაშვილზე უკეთ იცნობდი და დააღწია თუ არა თავი ლაბირინთს, რომელსაც გამოსავალი არ აქვს.

 

ჯონ მაქსველ კუტზეე

სირცხვილი

 

სამხრეთ აფრიკული წარმოშობის ავსტრალიელი მწერალი ჯონ მაქსველ კუტზეე ერთ-ერთი ყველაზე ინტელექტუალური ავტორია, რომელიც ისეთ თემებზე წერს, რომელზე ხმამაღლა ლაპარაკიც ხშირ შემთხვევაში არაპოლიტკორექტულია.

მწერლის ტექსტი „სირცხვილი“ სწორედ ისეთი რომანია, რომელიც მასწავლებელმა არაფრისდიდებით უნდა წაიკითხოს, რადგან ტექსტი სწორედ მასწავლებლის დევიდ ლურიეს ამბით იწყება, მასწავლებლის, ვინც საკუთარ სტუდენტთან არაშესაბამის ურთიერთობაშია შემჩნეული. გარყვნილი კაცი სამსახურსაც ტოვებს და მშობლიურ ქალაქ კეიპტაუნსაც და შვილთან გადადის საცხოვრებლად ღრმა აფრიკაში, სადაც უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მმართველ მის ქალიშვილს საოცარი ის სიტყვა არაა და შემაძრწუნებელი თავგადასავალი გადახდება თავს.

კუტზეეს ეს ტექსტი, თავისი ფანტასტიკურად კარგი თარგმანითა და ულამაზესი ენით, ზუსტად ის წიგნია რომლის გამო შვებულების გაცდენა არ ღირს.

 

ვიქტორ პელევინი

Generation P

პელევინი საკუთარი ქალაქის მეტროსთან იდგა ხოლმე დახლზე გაშლილ გამოცემებს შორის და სადღაც იქვე შორიახლოს ამობეჭდილ გადაკეცილ A 4 ზომის ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი ეჭირა: „მე ვიქტორ პელევინი ვარ, მწერალი და ეს ჩემი გაუყიდავი წიგნებია!“

დღეს პელევინი ყველაზე პოპულარული რუსი ავტორია, ვინც კლასიკური რუსული ლიტერატურა მთლიანად შეცვალა. პელევინი წერს ისე და ისეთ ამბებზე, როგორზეც მანამდე არავის დაუწერია. პელევინს შეუძლია დაწეროს კოსმოსურ თავგადასავალზე და აღმოჩნდეს, რომ ეს ყველაფერი სკოლის დერეფანში აირწინაღით მხოხავი დასჯილი მოსწავლის წარმოსახვის შედეგია.

Generation P პეპსის თაობის შესახებ დაწერილი წიგნია, რაც, კლასიკურ გოგოლზე აღზრდილ ნამდვილმა პედაგოგმა არაფრის დიდებით არ უნდა წაიკითხოს.

 

მიშელ უელბეკი

პლატფორმა

 

პატიოსანი პედაგოგი ალბათ მიშელ უელბეკის სახელის გაგონებაზე უნდა შეიშმუშნოს, რაც შეეხება წიგნს „პლატფორმა“, რომელიც სავსეა სექსუალური სცენებითა და ტერმინებით,

არწასაკითხი წიგნების ათეულის სათავეშიც თავისუფლად დაიდებდა ბინას.

ისლამოფობი მიშელ რენო მამის სიკვდილის მერე ტაილანდში მიემგზავრება, რათა მუქთად დატოვებული მემკვიდრეობა მეძავებში გაანიავოს, სადაც ის საყვარელ ადამიანთან ვალერისთან და მის უფროსთან და საყვარელთან ჟან ივთან ერთად სამუდამოდ ცხოვრებას გადაწყვეტს, სანამ ისლამისტი ტერორისტები კაფეში, სადაც სამეული ვახშმობს, ტერაქტს არ მოაწყობენ.

აღვირახსნილი და ნატურალისტური სექსუალური სცენების მიღმა უკიდურესად მორალისტი უელბეკი იმალება, რომლის წაკითხვაც მასწავლებლისთვის, არც წელს და არც გაისად არ შეიძლება.

 

იენ მაკიუენი

ცემენტის ბაღი

 

იენ მაკიუენს ბავშვები სძულს, სხვანაირად როგორ მოიფიქრებდა სიუჟეტს, სადაც 4 მოზარდი უკიდურესად საშინელ ადამიანებად არიან გამოყვანილები. 6, 13, 15 და 17 წლის და-ძმას მშობლები დაეხოცებათ, სავალდებულო გაშვილებისგან თავის ასარიდებლად კი ისინი ძალიან უცნაურ მეთოდს მოიფიქრებენ. როდესაც ავტორი ამ მართალია ძალიან კარგად დაწერილ, მაგრამ არასათანადო წიგნს წერდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ერტ დღესაც, მის არწაკითხვას მე ვურჩევდი ძვირფას პედაგოგებს.

ელის უოკერი

იისფერი

მართალია ავტორმა აფროამერიკულ თემზე დაწერა წიგნი, მაგრამ მთარგმნელმა ის ზემოიმერული კილოთი თარგმნა. ტექსტი სრულად ფემინისტურია და ამან არ მოგატყუოთ, არ შეგიტყუოთ და არ წაგაკითხოთ ქალების უმთავრეს და მნიშვნელოვან პრობლემებზე დაწერილი წიგნი, რომელიც იმედს იძლევა, რომ ბრძოლას და განათლებას ყოველთვის მოაქვს შედეგი. არწაკითხვის უმთავრესი მიზეზი კი ისაა, რომ ტექსტი სავსეა ძალადობით, იძულებული აბორტებით, ინცესტითა და ათასგვარი ადამიანური უბედურებით, რაც აფროამერიკულ თემში ხდება, ჩვენსას კი ძალიან ჰგავს რატომღაც.
წიგნი გამოცემულია სერიით „აკრძალული წიგნების თარო“ და ვფიქრობ, ეს დასახელება საკმარისია იმისთვის, რომ უარი ვთქვათ მასში ფულის გადაყრაზე.

 

ლიოსა

ცუდი გოგოს ოინები

 

კარგი გოგოები და ბიჭები ცუდი გოგოს ოინებზე რატომ უნდა დავინტერესდეთ, მითუმეტეს, რომ წიგნი ისეთ ცალმხრივ სიყვარულზეა, კითხვის პროცესში რომ ნერვებს გიშლის და განერვიულებს. პერუელი ავტორი რომ ისედაც შემჩნეულია მაღალმხატვრულობაში, მაგრამ ამ ტექსტში ლიოსამ თავს აჯობა და მეოცე საუკუნის ისტორია ლამის მთლიანად მოგვიყვა ქალი კვაჭი კვაჭანტირაძისა და მასზე უგონოდ შეყვარებული კაცის თავგადასავლით.

„ცუდი გოგოს ოინები“ ისეთი დინამიური წიგნია, რომ შეტყუება იცის და თავს ადვილად არ დაგანებებინებს, ამიტომ მისი ხელში აღებაც კი დიდად სარისკო საქმე მგონია და გირჩევდით, თუ სადმე დალანდეთ, თვალი მოარიდოთ.

 

ბორის აკუნინი

მწერალი და თვითმკვლელობა

 

აკუნინი, იგივე ბორის ჩხარტიშვილი ზესტაფონში დაბადებული, მაგრამ მაინც რუსი მწერალია. მასზე ამბობენ, უკეთესი ენით ჩეხოვის შემდეგ რუსულად არავის დაუწერიაო და მაინც, კონკრეტულად ეს ტექსტი სახიფათოა, რადგან აღმოსავლური კულტურით გატაცებულ მწერალს თვითმკვლელობა როგორც უკიდურესად ნეგატიური აქტი კი არა, როგორც გმირობა და ახალ სამყაროში გასვლის საინტერესო გზა წარმოუდგენია. ამისათვის, ის ძალიან ვერაგულ ხერხს მიმართავს და მსოფლიოს ყველა თვითმკვლელი ავტორის შესახებ გვიყვება ამბებს.

 

მილან კუნდერა

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

 

ჩეხი კუნდერა ამ წიგნში წერს: „სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება), არამედ მასთან ერთად ძილის სურვილში (ეს მხოლოდ ერთ ქალს უკავშირდება).
რატომ ხდება, რომ ქალს უყვარს კაცი და კაცს უყვარს ქალი, მათ კი ერთად ცხოვრება მაინც არ გამოსდით? ამაზე პასუხი არც კუნდერას აქვს, წიგნზე მოცდენაც ამიტომ არ ღირს, მაგრამ წერაზე რომ არ მოვცდე, რაკი ტირაჟი ბევრჯერ და კაი ხნის წინ ამოიწურა, ვიცი, ვერ იშოვით და აღარ გავაგრძელებ.
ბესიკ ხარანაული

დიდი სმა

 

ხარანაული კი არის მეტაფორების დიდოსტატი, თან რაც ასაკი მოემატა, სწორად დაწურული ღვინოსავით გემოც გაუმრავალფეროვნდა და გაუსრულყოფილდა, მისი ტექსტები კი იკითხება სტრიქონებს შორისაც, კი წერს ისე, თითქოს ადამიანად გადაცმული ანგელოზია, მაგრამ მახსოვს, რომ მისი წინაპრები მაღაროსკარიდან (ფშავი) გადასახლდნენ თიანეთში, ვაჟას მხარეში დაბადებულმა კაცმა კი კალამი რომ შუაზე უნდა გადატეხოს, წერილის დასაწყისში მოგახსენეთ.

 

 

რამდენიმე რჩევა მოსწავლეთა წასახალისებლად

0

ხშირად ბავშვებს ყურადღება ეფანტებათ და ერთ რამეზე ვერ ფოკუსირდებიან. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს წლის დასაწყისში ან ბოლოს. თუმცა გამოცდილმა მასწავლებლებმა კარგად იციან, როგორ უნდა „გამოაცოცხლონ“ მოსწავლეები და ხელი შეუწყონ მათ მოტივირებას, თანაც დღეს, აქ და ამ წამს.

წახალისება – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საკლასო ოთახში! აჩვენეთ თქვენი მოსწავლეების საუკეთესო შედეგები მათ მშობლებს, არ დაიზაროთ დადებითად გამოეხმაროთ მოსწავლეების სწრაფვას წარმატებისკენ. დააჯილდოვეთ ისინი კარგი სწავლისთვის, დააწესეთ თუნდაც ყოველკვირეული, სიმბოლური პრემია, სადაც ხელი მიგიწვდებათ, გაასაჯაროეთ საუკეთესო მოსწავლის ვინაობა, შეაქეთ თქვენი მოსწავლეები  კოლეგებთან.

მაღალი ხარისხი – შექმენით რთული, მაგრამ რეალისტური სამუშაო გეგმა. გააჟღერეთ მოსწავლეებთან თქვენი მოლოდინები. ჩამოაყალიბეთ მოკლევადიანი მიზნები და ყოველთვის აღნიშნეთ ამ მიზნების მიღწევის შესახებ.

იყავით გადამდებად აზარტული სწავლა-სწავლებაში – აჩვენეთ თქვენი ენთუზიაზმი მოსწავლეებს, გახადეთ ის გადამდები. მაგალითად, ვიდრე კლასს ტერმინ „ალიტერაციის“ არსს განუმარტავთ, შესთავაზეთ გამოიგონონ საყვარელი საგნების სახელები, ისარგებლეთ ამ მეთოდით.

მკაფიოდ დაგეგმეთ სასწავლო დღე – ეს ყველასათვის ისედაც ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ: გამოვიყენოთ სწავლების სხვადასხვა მეთოდი. ყველა ბავშვი განსხვავებულია და ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. იმისათვის, რომ სწავლა კომფორტული იყოს, მკაფიოდ დაგეგმეთ. ეს ხელს შეუწყობს კლასში წესრიგის შენარჩუნებას. მიაჩვიეთ თქვენი მოსწავლეები იმას, რომ ვთქვათ, გაკვეთილის თემის გაცნობას 15 წუთი უნდებით, ჯგუფურ დისკუსიაზე 15 წუთს ხარჯავთ, კითხვა-პასუხი კი გაკვეთილის ბოლოსაა. ასე მოსწავლეებს ეცოდინებათ, რას უნდა ელოდონ ყოველდღე. თვითონაც მეტად  ორგანიზებული იქნებიან.

გადაანაწილეთ საკლასო სამუშაოები – მოსწავლეებთან ერთად შეადგინეთ დავალებების ერთი კვირის ჩამონათვალი. გამოიყენეთ კრიტერიუმები თქვენი შეხედულებებისამებრ, საშუალება მიეცით მოსწავლეებს, თავად აირჩიონ მომავალი საკლასო სამუშაო შემდეგი კვირისთვის. ეს შეიძლება იყოს: კლასის ბლოგინგი, კალენდრის განახლება, თამაშებისა და აქტივობების შერჩევა, ზრუნვა ცხოველებზე (თუკი ჰყავთ), კომუნიკაცია კლასის სტუმრებთან, კლასისთვის სტანდარტული დავალებები: დაფის დასუფთავება, კლასში სკამების სწორად განთავსება და სხვ.

გაიზიარეთ მოსწავლეთა იდეები – როცა მოსწავლეები პასუხისმგებლობას იღებენ იმაზე, რაც ხდება კლასში, მათ ნაკლები აქვთ პრეტენზია მასწავლებელთან. ჰკითხეთ, რის კეთება მოსწონთ გაკვეთილებზე, შესვენების დროს, რა ეხმარებათ მეცადინეობის დროს, რაზე ღელავენ გაკვეთილების მერე.

პასუხების გაანალიზების შემდეგ, მოახდინეთ გაკვეთილის ინტეგრირება ან გონებრივი იერიში, რათა გაიგოთ, როგორ შეიძლება ამ იდეების სასწავლო პროცესში გადატანა.

გახადეთ პარასკევი შედარებით თავისუფალი – შეგიძლიათ უფრო ხშირად გამოიყენოთ მოსწავლეთა იდეები. მაგალითად, სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც მთელი კვირის განმავლობაში არ აცდენდნენ გაკვეთილებს, ასრულებდნენ ყველა დავალებას და იცავდნენ ყველა წესს, შეუძლიათ მასწავლებელთან ერთად მონაწილეობა მიიღონ პარასკევის აქტივობების დაგეგმვაში (ლექციები, დისკუსიები, ფილმის ყურება, თამაში…).

დაუკავშირეთ გაკვეთილები რეალურ ცხოვრებას – იქნება ეს ოჯახის წევრთა დაბადების დღისთვის სასაჩუქრე ბიუჯეტის შედგენა, ახალი ამბები თქვენი ქალაქის ან პოპ-კულტურის სიახლეების შესახებ – მოსწავლეებს უფრო მეტად შეუყვარდებათ სკოლა, თუ შეძლებენ სასწავლო პროცესის ყოველდღიურ ცხოვრებასთან ასოცირებას.

აღნიშნეთ წარმატებები – რთულ კლასებში მუშაობამ შეიძლება სკოლა გადააქციოს ბრძოლის ველად. ამიტომ ეცადეთ შეახსენოთ მოსწავლეებს, რომ მათ გრძელი გზა უკვე განვლეს და ახლა უფროს კლასებშიც უნდა იყოჩაღონ. წარმატებები ახლაც სჭირდებათ. დაუსახეთ გრძელ და მოკლევადიანი მიზნები, ყურადღება გაუმახვილეთ მათი შედეგების გაუმჯობესებაზე, საშუალებას მიეცით მოსწავლეებს, თავად შეაფასონ საკუთარი თავი და დაეხმარეთ იმის შეცვლაში, რასაც თვითონ ვერ უმკლავდებიან.

თანაც, სწავლა შესაძლებელია და აუცილებელია არა მხოლოდ სკოლის ფარგლებში. შესთავაზეთ ბავშვებს დათვალონ ნაბიჯების რაოდენობა საკუთარ სახლამდე, დაწერონ ესეი თავიანთი მოხალისეობის გამოცდილების შესახებ, თუ რას გრძნობენ სპორტული შეჯიბრებების დროს. შეურჩიეთ ნებისმიერი შემოქმედებითი დავალება, რომელსაც სიამოვნებით შეასრულებდნენ.

დაგეგმეთ საოცნებო ექსკურსია – ორგანიზება გაუწიეთ გონებრივ იერიშს და მოიფიქრეთ – სად შეგიძლიათ გამგზავრება. რაც უფრო უკეთ იმუშავებენ ბავშვები კლასში და კარგ შედეგებს აჩვენებენ, მით უფრო გრძელი მოგზაურობა ელით. მოუსმინეთ ბავშვების მოსაზრებებს და გაემგზავრეთ ტურში, რომელსაც ერთად დაგეგმავთ. აუცილებლად წაახალისეთ მოსწავლეები ექსკურსიის დროს კარგი ქცევისთვის, ინტერესისთვის, მოაყოლეთ შთაბეჭდილებები მოგზაურობის შესახებ.

დაარწმუნეთ, რომ ცოდნა უზრუნველყოფს მოსწავლის მომავალს – დაანახეთ კარგი სწავლისა და მყარი ცოდნის პერსპექტივები. დაარწმუნეთ, რომ კარგი უნარ-ჩვევებითა და ცოდნით მოსწავლე საოცნებო უნივერსიტეტში გაცილებით ადვილად და სწრაფად მოხვდება, მეტი შანსი ექნება გაიაროს საინტერესო სტაჟირება, მოხვდეს გაცვლით პროგრამაში, ისწავლოს საზღვარგარეთ.

 

 

შუა ზაფხულის ჩანაწერებიდან

0

ახლა სოფლებში ის დრო დგებოდა, როცა ბიჭებს გოგოები გვიყვარდებოდა. უფრო მეტად – ჩამოსული გოგოები. უფრო დიდი ქალაქებიდან, ვიდრე, მაგალითად, ოზურგეთი იყო. შეიძლება გოგოებსაც უყვარდებოდათ ბიჭები, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და ხმამაღლა არ ამბობდნენ. ჩვენ კი გვიყვარდა ამ უცნაური, ვადიანი სიყვარულით, ზაფხულის შუიდან ვიდრე 30 აგვისტომდე. ამ სიყვარულის არსს ვერავინ გაიგებს, თუ 1995 წლის 14 ივლისს, საღამოს შვიდზე, ტუნგოების ბირჟაზე არ მისულა სველი სავარცხლით დავარცხნილი თმით და კისერზე წაკრული ბენდენით, სასხვათაშორისოდ გაფანტული მზერით და რაღაც გაურკვეველი სიმღერის ღიღინით. მისულა და ორ წუთში უკან არ გაბრუნებულა.

მამაჩემმა ვერაფერი მოასწრო. ვერც ავადმყოფობა. გუშინ, საავადმყოფოს მოსაცდელში რომ ვიდექი, კაცი იდგა სხვაც და ზურგიდან ძალიან ჰგავდა. მაშინ ვინატრე, ნეტავ ასე მაინც ყოფილიყო-მეთქი და ერთად გვევლო ანალიზებზე, გადასხმებზე და მაგგვარ ამბებზე. გვევლო და გველაპარაკა. სულ ცოტა ხნით რომ ჩავდიოდი შინ, მეუბნებოდა, თხილს რომ ვკრეფ და ბალახს ვცელავ, შენთვის სათქმელს ვაგროვებ და ახლა თლა მავიწყდებაო. ჰოდა, ძალიან მაკლია ის ლაპარაკი, სადღაც ჩაკარგული და უთქმელი სიტყვები. სად წავიდნენ? რომელი თხილის ძირში ვეძებო ახლა?

 

აგვისტოს თბილ საღამოს გოეთე ჩაფიქრებული მიაბიჯებდა ვაიმარის ვიწრო ქუჩაში. ერთი კაცი შემოეყარა, რომელმაც გზა არ დაუთმო და იქით შეუტია – განზე გადექიო.

– რეიზა?! – მიუგო გოეთემ.

ეს ამბავი მთავრდება გონებამახვილური ფინალით, მაგრამ ჩვენ აქ დავასრულოთ, როგორც რომ ერთი უნებლიე სურათი ჩვენი სასკოლო დადგმებიდან იმ შორეულ წლებში, ქალაქში, რომელსაც ჰქვია ოზურგეთი.

 

შეიძლება ეთანხმებოდე ან არ, მოგწონდეს ან ნაკლებ, მაგრამ ახალგაზრდებს მოსყიდულებს, მონებს და უმსგავსოებს ეძახდე, ნიშნავს, რომ შენ თვითონ ტრიალებ ამ ეპითეტების ახლომახლო. ახალგაზრდა დიდწილად მართალია და თუ მაინცდამაინც – ის არ უნდა გეთანხმებოდეს, უნდა შეცდეს, უნდა გადააჭარბოს – ეს არის ახალგაზრდად ყოფნის მთავარი ნიშანი. ცოდნამდე და თავისუფლებამდე მისასვლელი გარდაუვალი გზა.
კლასიკური აზრით მე პოლიტიკა არ მიზიდავს – არ არის ეგ ჩემი საქმე და არც არასდროს იქნება. კინო მაინტერესებს და ლიტერატურა, ფოლკლორი და ბიბლიოთეკა. აი, ახლაც სოფლის ბიბლიოთეკების მოსაწყობად მივდივარ და იმედი მაქვს, განათლება იქნება, რაც გვიშველის, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენი მომავლის თუნდაც მცირე ნაწილი გამოვა გარეთ და უცებ მიედევნება ის საშინელი ფრაზა: „ეჰ, რა თაობა მოდის!“ – მე აუცილებლად ხმამაღლა ვიტყვი: „ძალიან, ძალიან მაგარი თაობა!“

საშინაო დავალების როგორც დადებითი  ისე ნეგატიური ეფექტები

0

საშინაო დავალება მოსწავლეებს ეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ სწავლა სკოლის გარეთაც გრძელდება. ის აუმჯობესებს დამოუკიდებლად მუშაობის უნარებს. ასევე იძლევა შესაძლებლობას, რომ მშობლებს, უფრო მკაფიო წარმოდგენა ჰქონდეთ შვილების აკადემიურ მიღწევაზე.

 

საშინაო დავალებას აქვს ნეგატიური ეფექტებიც. მკვლევრების აზრით, საშინაო დავალება შეიძლება გახდეს მომაბეზრებელი, შეზღუდოს დასვენებისთვის განკუთვნილი დრო. შესაძლებელია მშობლები ზედმეტად ჩაერიონ სწავლის პროცესში.

 

სამეცნიერო ლიტერატურიდან ვიგებთ, რომ საშინაო დავალების ეფექტები განსხვავდება სწავლის საფეხურის მიხედვით – ეფექტი უფრო მაღალია საბაზო და საშუალო საფეხურებზე, ვიდრე დაწყებით საფეხურზე. ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მოტივირებულია მოსწავლე მის შესასრულებლად. თუ მოსწავლე ჩარ­თუ­ლია სწავ­ლის პრო­ცეს­ში, ის ზრუ­ნავს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი დავა­ლე­ბის ხა­რის­ზე. სხვა შემთხვევაში კი მას დაბალი ინტერესი და ნაკლები ძალისხმევის გამოვლენის სურვილი უჩნდება.

 

საშინაო დავალების ეფექტურობასთან დაკავშირებით უამრავი კვლევა ჩატარებულა. (მაგალითად: Cooper, 1989; Cooper & Valentine, 2001; Trautwein, Koller, Schmitz, & Baumer, 2002; Dettmers,  Trautwein, & Ludtke, 2009).   ეს კვლევები აჩვენებს, რომ იმ სტუდენტთა ჯგუფი, რომელსაც საშინაო დავალება რეგულარულად აქვს შესასრულებელი, უფრო მაღალ აკადემიურ შედეგებს აჩვენებს, ვიდრე ის ჯგუფი, რომელიც საშინაო დავალებას არ ასრულებს. რეგულარული საშინაო დავალებისგან მოსწავლეები მეტ სარგებელს იღებენ, რადგან მათი შესრულების პროცესში ახალ საკითხებში ვარჯიშობენ, იმეორებენ განვლილ მასალას.

 

საშინაო დავალება მოსწავლეებს გარკვეულწილად სწავლის სიყვარულისკენაც უბიძგებს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული საშინაო დავალების მიცემა მოსწავლეებისთვის, რათა თავიდან ავირიდოთ სწავლის ინტერესის დაკარგვა, სიყვარულის ნაკლებობა, მოტივაციის დაქვეითება და ა.შ.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა: Cooper, H.M., Robinson, J.C.,& Patall, E.A.(2006). Does homework improve academic achievement?

 

 

 

როგორ დავწროთ ავტობიოგრაფია

0

ყველა იდუმალ არსებაში საკუთარი სულის სხვისთვის ჩვენების

უზარმაზარი ვნებაა, იმის თქმის ჟინია, რაცშიგნითმომწიფდა და,

კერძოდსანუკვარი წარმოსახვითი სამყარო. 

გასეტი

,,საკმარისია, ენამ ამოთქვას

რაღაც  ვიღაცასთან ერთად,

ან ვიღაც რაღაცის გვერდით;

ვისლავა შიმბორსკა

 

ხშირად შეიძლება დაუსვას მასწავლებელმა საკუთარ თავსაც და მოსწავლეებსაც ასეთი კითხვა: რატომ ვკითხულობთ ლექსებს? პასუხი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კონტექსტში სრულიად განსხვავებული იქნება; რადგან ლექსის კითხვა არც მოვალეობაა და არც ვალდებულება…  მაგრამ როდესაც მასწავლებელს რომელიმე ლექსით შეუძლია მსმენელები „შეიტყუოს“ სხვა სამყაროში და ფიქრი დააწყებინოს, – ეს უკვე რეფლექსიაა… ეს არის ის, რისთვისაც საერთოდ ვსწავლობთ: ვწერთ და ვკითხულობთ!

საერთოდაც, ენა, როგორც ფენომენი, უკვე „შეტყუებაა“ …. „ჩვენ შევეჩვიეთ დამკვიდრებულ ცრურწმენას, თითქოს, „საუბრისას ერთმანეთის გვესმის“, და იმდენად გვჯერა ყველაფერი თქმულის, რომ საბოლოოდ ისეთი მოტყუებულნი ვრჩებით, სჯობდა, საუკუნოდ დავმუნჯებულიყავით და უბრალოდ, სხვათა აზრების კითხვა შეგვძლებოდა…“ – ამას ხოსე ორტეგა ი გასეტი ამბობს, როდესაც ენისა და ხალხის ურთიერთმიმართებაზე საუბრობს;

თუ ენა შეტყუებაა და თუ არ შეგვიძლია სხვისი გვესმოდეს, მაშინ დაისმის ლოგიკური კითხვა: რატომ ლაპარაკობს ადამიანი? და საერთოდ, რატომ წერს ის ლექსებს? მით უფრო, რას განვიხილავთ? თუ ამ ლექსებშიც უმეტესად გამოუთქმელი რჩება ის, რისკენაც ამ სიტყვებით ვისწრაფვით?

ამ კითხვებს ფინალში დავუბრუნდეთ, ახლა კი რეფლექსიისთვის გთავაზობთ ვისლავა შიმბორსკას ერთ საინტერესო ლექსს: „როგორ დავწეროთ ავტობიოგრაფია“ (გია ჯოხაძის თარგმანი).

ამ სიტყვების მოსმენისას თქვენ ალბათ CV – ის დასაწერად არ განეწყობით. ეს ლექსი ირონიზებაა იმისა, რასაც ჰქვია მშრალი, ფაქტობრივი არსებობა (მეტყველება), ზედაპირი და არასდროს – სიღრმე.

„ბოლოს და ბოლოს, რას გთხოვენ ასეთს?
განცხადებას და ბიოგრაფიას.

სიცოცხლის ხანგრძლივობის მიუხედავად,
თავს რაც გადაგხდა, უმოკლესად უნდა აღწერო.

აქ საჭიროა მხოლოდ ფაქტები,
ხედების ნაცვლად – მისამართები,
მოგონებათა სანაცვლოდ კი – მხოლოდ ზუსტი წელი და რიცხვი….“

ვინ ვართ ჩვენ და რა აინტერესებს ჩვენგან საზოგადოებას? – ეს ის კითხვებია, რომლებიც ლექსის დასაწყისში გაჩნდება და გვაიძულებს, ორივეზე დავფიქრდეთ.

რას ეუბნება ჩვენი ბიოგრაფია ადამიანებს და ვინ ვართ სინამდვილეში? – ბიოგრაფია, როგორც საზოგადოებრივი ენა, ჩვევის ნაწილია, შესაბამისად, მშრალი და გაუგებარი. მაგალითად, ადამიანს ბიოგრაფიაში უწერია, რომ ის არის ექიმი. და ასე მილიონობით ადამიანი აღნიშნავს თავის პროფესიას. ჩვენ ვიგებთ პროფესიის სახელს და ეს არაფერს გვეუბნება თავად ადამიანზე. ერთი მხრივ, ენა, როგორც ჩვევა და, მეორე მხრივ, შინაგანი ადამიანი…

ბიოგრაფიაში კი ყველაფერი ფორმატდება „გასაგებ“ ენაზე, რითაც გაუგებარი რჩება გასაგები ენით აღწერილი პიროვნება. ეს არის კონფლიქტი შინაგანსა და გარეგან ადამიანსა და, შესაბამისად, მეტყველაბას შორის. ისევ გასეტის ციტატას დავიმოწმებ, რადგან უნებურად, წერის დასაწყისში შიმბორსკამ გასეტის სტატიები გამახსენა:

ესაა ინდივიდის მარადიული კონფლიქტი, რომელიც ესწრაფის რაღაც ახლის გამოთქმას, რაც მის სულში იშვა და სხვათათვის უცხოა; ესაა პიროვნების კონფლიქტი უკვე დადგენილ და წინასწარგანსაზღვრულ ენასთან, ან არა და, გამოთქმის ნაყოფიერი შეჯახება მეტყველებასთან...“ (გასეტი).

სწორედ ამიტომ არის ვისლავა შიმბორსკასთვის „ჩვეულებითი ენა“ არასაკმარისი… თითქოს საკუთარ თავს კი არ აღწერდე ბიოგრაფიაში, არამედ შორიდან უყურებდე და გარშემო უვლიდე, როგორც უცნობ ციხესიმაგრეს, რომელსაც კარი ვერ უპოვე, რომ შეხვიდე:

„ისე დაწერე, თითქოს სიტყვაც კი არ გეთქვას შენი თავისთვის,
არამედ მხოლოდ მის გარშემო გევლოს და გევლოს.

სიტყვა არ დაძრა კატებსა და ჭკვიან ძაღლებზე, ჭრელ ფრინველებზე,
ტკბილ სიზმრებსა და მეგობრებზე.

პოეტისთვის მთავარია დიალოგი, გამოთქმა რაღაცის შესახებ… სულერთია, ეს იქნება ადამიანი, მცენარე, კატა თუ ძაღლი… მაგრამ აუცილებლად რაღაცის შესახებ…  პოეტი არასდროს არ არის ცალკე და მარტო… ის როცა წერს, – ეს უკვე ურთიერთქმედებაა ვინმესთან ან რამესთან, რომელიც აგროვებს ემოციას… ეს უკვე აღარ არის ჩვეულებრივი.

ეს სიტყვები კი ნობელის პრემიის მიღების გამო წარმოთქვა პოეტმა 1996 წელს: „ყოველდღიურ მეტყველებაში, რომელიც გვაიძულებს, არ დავუფიქრდეთ თითოეულ სიტყვას, ხშირად ვსარგებლობთ განსაზღვრებებით: ,,ჩვეულებრივი ცხოვრება”, ,,ჩვეულებრივი სამყარო”, ,,საგნების ჩვეულებრივი წესრიგი”. მაგრამ პოეზიაში, სადაც ყველა სიტყვა იწონება, არაფერია ჩვეულებრივი და ნორმალური. არც ერთი ბორცვი და არც ერთი ღრუბელი მის ზემოთ. არც ერთი დღე და მას მოყოლილი არც ერთი ღამე. და უმთავრესი _ არავის არსებობა ამ ქვეყანაზე!”

ავტობიოგრაფიაში კი:

უნდა აღნიშნო რაღაცის ფასი და არასდროს – ფასეულობა,
მიუთითო უნდა სახელი და არასოდეს – შინაარსი.
შენგან ითხოვენ ფეხსაცმლის ნომერს, და არა იმას, საით წავიდა,
ის, რამაც შენგან გამოაღწია.

 

ამ ლექსის ანალიზით შეგვიძლია მოსწავლეები დავაფიქროთ ისეთ თემებზე, რაზეც მანამდე არასდროს არ უფიქრიათ…

და, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ მისცეთ ძალიან საინტერესო დავალება: დაწერონ ორი ბიოგრაფია: ერთი – ჩვეულებრივი და მეორე – მხატვრული, რომელშიც აღწერენ თავის დილის ფიქრებს, მეგობართან დიალოგს, ძილისწინა ოცნებას და სხვა…

ფინალისთვის კი ერთი ჩემი პატარა ჩანაწერი გამახსენდა:

 

* * *

აჰა, შენ ჩემი ბიოგრაფია _

დაბადების წელი, ადგილი,

მნიშვნელოვანი და უმნიშვნელო ყველა თარიღი…

ერთი ღიმილი განა უფრო მეტს არ გეტყოდა?!  (ცირა ბარბაქაძე)

წიგნები თინეიჯერებისთვის და თინეიჯერებზე

0

“დავინახე, რომ დედაჩემი იღლიებს იყნოსავდა, ასე კი იმ შემთხვევაში იქცევა ხოლმე, როცა ცხელა და ნესტია. სურს, რომ დეზოდორანტის ეფექტურობაში დარწმუნდეს. მე ჯერჯერობით დეზოდორანტს არ ვხმარობ. მგონი, ადამიანებს ცუდი სუნი, სულ ცოტა, თორმეტ წლამდე მაინც არ ასდით. მანამდე კიდევ რამდენიმე თვე მრჩება”, – ჰყვება მარგარეტი, ჯუდი ბლუმის რომანის გმირი, რომლის მშობლებმაც საცხოვრებელის გამოცვლა გადაწყვიტეს და რომელიც ძალიან ნერვიულობს იმაზე, როგორი იქნება მისი ცხოვრება ახალ სკოლაში, ახალ ადამიანებთან, ახალ ადგილას.

 

რას ფიქრობენ პატარა გოგოები და ბიჭები, როცა მშობლების რუტინულ პროცედურებს უყურებენ, როცა თავიანთ მომწიფებულ სხეულთან შეგუებას სწავლობენ, როცა ვიღაც მოსწონთ ან ვიღაცას მოსწონთ და როცა არ იციან, რა ხდება მათ თავს?  რჩებათ კი უფროსებს დრო და სურვილი, გაიხსენონ როგორები იყვნენ 11-13-15-17 წლის ასაკში და შეუძლიათ კი გულწრფელად და ღიად უპასუხონ თინეიჯერების ზოგჯერ ძალიან მარტივ და ზოგჯერ ძალიან რთულ კითხვებს ოჯახურ ცხოვრებაზე, სექსზე, ბულინგზე, ალკოჰოლსა და თავის მოვლის საშუალებებზე?

 

ზოგჯერ რთულ შემთხვევებში ნავიგაციისთვის ლიტერატურა კარგი საშუალებაა.

იმის გასახსენებლად, როგორია ცხოვრება, როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, რამდენიმე წიგნი გამოდგება. იგივე წიგნები შეიძლება აღმოჩნდეს ნუგეში თინეიჯერებისთვის, რომლებიც მიხვდებიან, რომ ადამიანებს უფრო მეტი რამ აერთიანებს, ვიდრე განგვასხვავებს და ის, რაც ჩვენს თავს ხდება, დედამიწაზე სხვა უამრავ ადამიანს გამოუცდია ან ახლა განიცდის. ესეც ამბავია.

 

“აქ ხარ ღმერთო?! ეს მე ვარ მარგარეტი. ჩემი ცხოვრება დღითიდღე სულ უფრო რთულდება, მე ერთადერთი ვარ, რომელსაც ჯერ კიდევ არ დაწყებია. მე ამას ვგრძნობ, ასევე მე ერთადერთი ვარ, რომელსაც არ გააჩნია არანაირი რელიგია, ღმერთო შენ რატომ არ მეხმარები!?” – შესჩივის ღმერთს მარგარეტი, რომელსაც ერთი სული აქვს, როდის გაეზრდება მკერდი, დაეწყება მენსტრუაცია და სანამ ყველაფერი კალაპოტში ჩადგება, ნუგეშს რელიგიაში ეძებს, თუმცა რთულად ასარჩევია, რომელი კონფესიაა მასთან უფრო ახლოს. წიგნი გასული საუკუნის 70-იანი წლების ამერიკაშია დაწერილი და მისი კითხვისას შვებისმომგვრელია ის, რომ პირველი ლიფის არჩევა, პირველი კოცნა, დაძაბულობა ოჯახის წევრებს შორის და დაჯგუფებები სკოლებში ყველგან და ყველა დროს ერთნაირად აკარგვინებს სიმშვიდეს ადამიანს.

 

ნიკის და ნორას უსასრულო ფლეილისტი – გოგოსა და ბიჭის ერთ ღამეში დაწყებული იმედისმომცემი სიყვარულის ამბავია. ნორა ფიქრობს, რომ ის ბიჭებისთვის ბევრად ნაკლებად საინტერესო და მიმზიდველია, ვიდრე მისი მეგობარი გოგონები და ჯერაც რამდენიმე თვის წინ დაშორებულ შეყვარებულზე ღელავს, როცა კონცერტის მერე ნიკს შემთხვევით მოხვდება თვალში და აკოცებს. ნიკიც ახალდაშორებულია შეყვარებულს, რომელზე ფიქრსაც ვერაფრით წყვეტს, რომელსაც სიმღერებს უწერდა, რომლის გარეშეც ცხოვრება არ წარმოედგინა და რომელმაც ერთ დღეს უთხრა, რომ მისგან დაიღალა და მალევე სხვა ბიჭებთან ერთად დაიწყო მის კონცერტებზე სიარული. ნიკის და ნორას ვნებები კლასიკაა – თავდაუჯერებლობა, წარუმატებლობის შიში და მწველი სურვილი, რომ უყვარდე, მოსწონდე, შენით აღფრთოვანებული იყვნენ, იზიდავდე და აინტერესებდე მათ, ვინც კოლეჯსა თუ ბარებში შეგხვდება, ვისი აზრიც შენთვის მნიშვნელოვანია, ვინც გინდა რომ შეგიყვაროს.

 

მგონია, რომ წიგნი უფრო თინეიჯერი გოგონებისთვის არის დაწერილი, რომლებმაც უნდა იცოდნენ, რომ ხშირად ბიჭები, რომლებსაც ისინი ხვდებიან, მათზე უფრო დაბნეული, მათზე ნაკლებად თავდაჯერებულები და სუსტებიც კი არიან და თუკი რამე ისე არ გამოდის, როგორც საჭიროა, ეს არა მათი მკერდის ზომის ან კაბის სიგრძის, არამედ სხვა გარემოებების ბრალია. საერთოდ, გოგონებმა უნდა იცოდნენ, რომ თუკი გამოგონილი როლის თამაშს არ დაიწყებ, სტანდარტებში ჩაჯდომას არ ეცდები და ისე მოიქცევი, როგორც შენ თვლი საჭიროდ და არა ისე, როგორც სხვა მოიქცეოდა შენს მაგივრად, აუცილებლად იარსებებს ადამიანი შენს გარშემო, რომელსაც ზუსტად ასეთი ეყვარები. არავისთვის და არაფრისთვის არ ღირს საკუთარ თავზე უარის თქმა.

 

გოგონები –  წიგნი 1969 წლის აგვისტოში ლოს-ანჯელესში დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეხმაურება, რომლის მთავარი შემოქმედიც ჩარლზ რასელი იყო, სასტიკი და დაუნდობელი მკვლელი მიმდევრებით, რომლებსაც “ოჯახს” ეძახდა. წიგნში ისტორიული ფაქტები ფონია, მთავარი პირი მარტოსული და სევდიანი თინეიჯერი, ივი ბოიდია, რომელიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში, ზაფხულის ერთ დღეს პარკში შეხვდება სუზანს და სხვა გოგონებს და მათი თავისუფლება, დაუდევრობა და გამბედაობა მოაჯადოებს, მონუსხავს და ერთ მათთაგანად ყოფნის სურვილს გაუჩენს.

 

“ჟურნალში ამოკითხული სტატიების გამო მეგონა, რომ ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მოსაცდელი ოთახი, სანამ ვინმე შეგამჩნევდეს. მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ [გოგონები] ვცდილობდით, სხვებს დავმსგავსებოდით, ბიჭები საკუთარ თავს ეძებდნენ”, – ამბობს  ივი, რომელიც მალე ექცევა სუზანის გავლენის ქვეშ და ქარიზმატული ლიდერის არაორდინალურ წრეშიც ამოყოფს თავს. მთებში ჩაკარგული დანგრეული რანჩო, სადაც რეალობას მოწყვეტილი სასტიკი წინამძღვრის ნების უსიტყვო მორჩილნი აფარებენ თავს, ივის ეგზოტიკურად, ამაღლებულად და გასაოცრად ეჩვენება და, რანჩოს მცხოვრებლებთან ერთად, გაუცნობიერებლად უახლოვდება შემზარავ ძალადობას… გოგოს ცხოვრებაში ყველაფერი თავდაყირა დგება…

 

როგორ შეიძლება დაკარგოს ადამიანმა რეალობის შეგრძნება, მოინუსხოს და რეალობა ილუზიით ჩაანაცვლოს? რა განაპირობებს კრიმინალების ავტორიტეტს და ხიბლს და როგორ ახერხებენ მიიმხრონ ახალგაზდები? და რას ეძებენ თინეიჯერები საყრდენად, რა სჭირდებათ მათ მიწაზე მყარად დგომისთვის?

 

“მათ [მშობლებს] აწუხებდათ ჩემი საშუალო ნიშნები და ის ფაქტი, რომ სხვა მოზარდებისგან დიდად არ განვსხვავდებოდი. მათთვის ნამდვილი ტრაგედია იყო, რომ ჩემში სიდიადის ნიშანწყალსაც ვერ შენიშნავდით”, – იხსენებს ივი წიგნში, რომლის თქმითაც, სიცარიელე, რომელსაც ბავშვობაშიც მძაფრად აღიქვამდა, სიკვდილივით მტანჯველი იყო.

 

ხშირად მოზარდების მშობლებისთვის მათი გარდატეხის წლები არანაკლებ მძიმეა, ვიდრე თავად ბავშვებისთვის. ზოგი თვალს ვერ უსწორებს პრობლემებს, ზოგი სხვაგან ეძებს კრიზისების მიზეზს, ზოგი დუმილს ირჩევს, ზოგს კი უჭირს ოქროს შუალედის დაჭერა გადამეტებულ ყურადღებასა და საჭირო ემპათიას შორის. მზა რეცეპტები არ არსებობს, თუმცა ლიტერატურა ზოგჯერ სარკეში ჩახედვის ეფექტს იძლევა და ზოგჯერ ესეც საქმეა.

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...