პარასკევი, ივლისი 18, 2025
18 ივლისი, პარასკევი, 2025

ბავშვების უსაფრთხოება

0

ნაიჯელ ლატა ახალზელანდიელი ფსიქოლოგია. მას უკვე იცნობს დაინტერესებული მკითხველი და იცის, რომ ამ ავტორს გამოყენებით ფსიქოლოგიაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, თანაც ყველაზე „რთული შემთხვევების“ ექსპერტია, ამიტომ, ვფიქრობ,  მშობლებისთვის საინტერესო იქნება ნაიჯელ ლატას მოსაზრებები ბავშვების უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც გამოთქმულია მის წიგნში „სანამ თქვენი შვილი საბოლოოდ გაგაგიჟებთ“.

 

„ჩემი პროფესიული კარიერის განმავლობაში უნიკალურ, სრულიად არაორდინარულ ადამიანებთან მომიწია ურთიერთობა, – ასე იწყებს ნაიჯელ ლატა თავს ბავშვების უსაფრთხოების შესახებ და განაგრძობს: – ბენეფიციარების ნაწილი სასიამოვნო პიროვნება იყო, ნაწილი – არცთუ ისე სასიამოვნო. მე მათთან შეხვედრა მიწევდა სრულიად სხვადასხვა გარემოში, მათ შორის – სასჯელაღსრულების დაწესებულებებშიც. სამწუხაროდ, ზოგიერთი მსჯავრდებული ბავშვებზე ძალადობის მუხლითაც იხდიდა სასჯელს. მშობლებმა შესანიშნავად იციან, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ და შვილების უსაფრთხოებაზე ხშირად ზომაზე მეტად ღელავენ. მე მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო პარანოიაში ჩავარდნა, უბრალოდ, აუცილებელია მკაფიო ცოდნა იმისა, რაში მდგომარეობს საფრთხე. ბავშვების ნებისმიერი ნაბიჯის გაკონტროლება არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს, ზომიერება საუკეთესო არჩევანია“.

წიგნში ფსიქოლოგი ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მომენტზე, რომლებიც მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ:

„თავდაპირველად მინდა, ხაზი გავუსვა, რომ სამყარო საკმაოდ უსაფრთხო ადგილია და ადამიანების უმრავლესობა კეთილია. მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას როგორც ადამიანი, რომელიც თექვსმეტი წლის განმავლობაში მუშაობდა მოძალადეებსა და მათ მსხვერპლებთან. თანამედროვე სამყაროში უფროსები ბავშვების უსაფრთხოებაზე საყოველთაო ზრუნვის ისტერიას აუტანია. მინდა, დავამშვიდო ისინი, თანაც რამდენიმე რჩევა მივცე.

უმთავრესი ურთიერთობაა. ამ თეზას მე გამუდმებით ვიმეორებ. მშობლებმა უნდა მოახერხონ და ისე მოიქცნენ შვილებთან, რომ მათ იცოდნენ: ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მიმართონ მშობლებს – ისინი აუცილებლად მოუსმენენ. ამ წესს ბავშვის დაბადების პირველივე წუთიდან უნდა მისდიოთ და სანამ ცოცხალი ხართ, ძალაში დატოვოთ. აქვე გეტყვით, რომ რაც უფრო უკეთ გაიცნობთ შვილებს, რაც უფრო მეტი გეცოდინებათ მათი ინტერესების, გემოვნების, მისწრაფებების, მიზნების, მეგობრების შესახებ, მით უფრო მეტი შანსი გექნებათ, ისინი უსიამოვნებებისგან დაიცვათ. თუ მოუცლელობის გამო შვილებს საკმარის დროს ვერ უთმობთ, ნამდვილად ვერ მოახერხებთ მათ ქცევაში ცვლილებების შეტანას. უსმინეთ ბავშვებს, რათა არ გამოგეპაროთ მათი შფოთვა. ხშირად შეიძლება სწორედ ასეთი შემთხვევითი საუბრის მოსმენისას გაიგოთ რაღაც მნიშვნელოვანი საფრთხის შესახებ. ყურადღება მიაქციეთ, ხომ არ გაურბის თქვენი შვილი განსაზღვრულ ადამიანებთან შეხვედრას ან თავს ხომ არ არიდებს განსაზღვრულ ადგილას ყოფნას. აუცილებლად გაარკვიეთ, რაშია საქმე. თუ თქვენი შვილი უარს ამბობს სკოლაში წასვლაზე ან მისი აკადემიური მოსწრება გაუარესდა, ნუ დატოვებთ ამას უყურადღებოდ. ნებისმიერი ქცევა ურთიერთობის ფორმაა, ამიტომ ყოველი ახალი ქცევა იმაზე მიანიშნებს, რომ ბავშვს რაღაც აწუხებს და ამის თქმას ცდილობს.

ცუდი ადამიანები ხშირად სავსებით ჩვეულებრივად გამოიყურებიან და ძალიან ცოტაა ისეთი, რომელსაც სახეზე აწერია: „ფრთხილად, მე მოძალადე ვარ!“ ამიტომ გირჩევთ, ენდოთ ინტუიციას და თუ რამე გაშფოთებთ ან ვინმე არ მოგწონთ, ბავშვები ასეთ ადამიანებს მოარიდოთ. მოძალადეები (ხშირად – სექსუალური მოძალადეები) იშვიათად არიან სრულიად უცნობი ადამიანები თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ნაცნობს ეჭვის თვალით უყუროთ.

მონაწილეობა მიიღეთ შვილების ყოველდღიურ საქმიანობაში. თანამედროვე ცხოვრება გულისხმობს ბავშვების აღზრდაში დამატებითი ადამიანების (ძიძების, მასწავლებლების, რეპეტიტორების, სპორტული სექციების მწვრთნელების) მონაწილეობას, მაგრამ უდიდესი წვლილი მათ ცხოვრებაში მაინც მშობლებს შეაქვთ. ისინი უნდა ინტერესდებოდნენ ბავშვის გარშემო მყოფი ადამიანების საქმიანობით, რათა შეძლებისდაგვარად აკონტროლონ ისინი.

დასვით კითხვები. ეს ძალიან მარტივი წესია. შეარჩიეთ მომენტი, მშვიდი გარემო და ჰკითხეთ ბავშვს: „როგორ მიდის საქმეები? ყველაფერი რიგზე?“ ან: „რამე გაწუხებს?“ თუ ბავშვი გიპასუხებთ, რომ არაფერი აწუხებს და ყველაფერი მშვენივრად მიდის, ჩაეხუტეთ და უთხარით: „კარგია“. შვილებს უნდა აუხსნათ, რომ თუ რამე პრობლემას შეეჯახა, მშობლებს მიაკითხოს – ისინი აუცილებლად მოუსმენენ და დაეხმარებიან მას. ამ საუბრებმა სრულიად მშვიდ გარემოში, ყოველგვარი სტრესისა და შფოთვის გარეშე უნდა ჩაიაროს.

ახლა მინდა გაგიზიაროთ ერთი მეთოდი, რომელსაც პატარა ბავშვებთან ვიყენებ, მას „განგაშის სიგნალი“ დავარქვი. ვეუბნები ბავშვს, რომ მას შიგნით აქვს ერთგვარი ზარი, რომელიც იმის გარკვევაში ეხმარება, ყველაფერი რიგზეა თუ არა. ეს იმდენად მარტივი ხერხია, რომ სამი-ოთხი წლის ბავშვებთანაც წარმატებით გამოიყენებთ. მაშ ასე, თუ ბავშვს ჰკითხავთ, დარეკავს თუ არა მისი ზარი, როდესაც ის პატარა ფისოს დაინახავს, ბავშვი გიპასუხებთ: „არა“. მაგრამ რა მოხდება, თუ უცებ საიდანღაც გაბრაზებული ნაგაზი გაჩნდა? სიგნალი, სავარაუდოდ, ამოქმედდება. შეგიძლიათ დასვათ ნებისმიერი კითხვა: სკოლაში უფროსი ბავშვი ხელს გკრავს; მასწავლებელი დავალებას გიმოწმებს; დედიკო და მამიკო გეფერებიან; საყვარელი ძაღლი გეთამაშება; უცნობი ადამიანი ქუჩაში მანქანით გასეირნებას გთავაზობს; მეგობარი გთხოვს, ათხოვო შენი ნივთი; შენთვის უსიამოვნო ადამიანი ცდილობს ჩაგეხუტოს; კლასელი გთხოვს, დედას და მამას არ მოუყვე კლასში მომხდარი ინციდენტის შესახებ…

მკითხველი მიხვდება, რომ სიტუაციების (მაგალითების) მოფიქრება დაუსრულებლად შეიძლება. მთავარია, ბავშვს გავაგებინოთ, რომ როდესაც მის შიგნით „განგაშის სიგნალი“ ირთვება, აუცილებელია, ამის შესახებ მოუყვეს მშობლებს, რომლებიც დაუყოვნებლივ მოძებნიან სიტუაციიდან გამოსავალს. კარგი იქნება, თუ ბავშვთან ერთად განიხილავთ სხვადასხვა სავარაუდო სიტუაციას, მაგალითად, იმის თაობაზე, რომ საფრთხემ შესაძლოა ნებისმიერ დროსა და ადგილას იჩინოს თავი. მთავარია, პატარამ დაიმახსოვროს, რომ უნდა უსმინოს თავის „სიგნალს“ და დახმარებისთვის უფროსს მიმართოს.

კიდევ ერთი რჩევა: პატარა ბავშვებს ხშირად უჭირთ უფროსებს აუხსნან, რა აწუხებთ, ამიტომ არ დაიზაროთ და „წაამეცადინეთ“ ისინი. თუნდაც ასე:

– როგორ მოიქცევი, თუ სკოლაში რამე ისეთი მოხდა, რომ შენი განგაშის სიგნალი ჩაირთო?

– მასწავლებელს მოვუყვები.

– ყოჩაღ, კარგია. მაგრამ თუ ის სიახლოვეს არ აღმოჩნდა?

– მაშინ, რომელი პედაგოგიც ყველაზე ახლოს იქნება, იმას მოვუყვები;

– კარგს იზამ. და რას მოუყვები?

– იმას, რომ მეგობრის საქციელი არ მომეწონა.

– შესანიშნავია. კიდევ ვის მოუყვები ამ ამბავს?

– შენ, დედიკო/მამიკო.

 

ამ მეთოდით ასწავლით პატარებს, რომ საფრთხის შეგრძნებისთანავე ითხოვონ შველა. აქვე გაგაფრთხილებთ, რომ განგაშის სიგნალი შესაძლოა ნებისმიერ წვრილმანზე ჩაირთოს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ბავშვს გულდასმით მოუსმინეთ.

მშობლობა სწორედ ის არის, მუდმივად წუხდეთ და შფოთავდეთ შვილების გამო. შიში აღზრდის პროცესის ბუნებრივი კომპონენტია. მშობლების შიში იწყება ბავშვის მუცლად ყოფნის პერიოდიდან და მთელი ცხოვრება გრძელდება. ბავშვებს ბევრი რამ შეიძლება შეემთხვეთ, მაგრამ ასე, როგორც წესი, იშვიათად ხდება. ბავშვები გამუდმებით ეპოტინებიან ბასრ და მჭრელ საგნებს, მაგრამ ძალიან ცოტაა ისეთი, რომელიც მძიმედ დაიჭრება. ცხოვრებაში ცუდი რამეები ხდება, მაგრამ კარგიც ხომ ცხოვრების მუდმივი თანამგზავრია! წარმოუდგენელია, მთელი ცხოვრება შიშში გაატარო – კეთილგონიერება შეინარჩუნეთ და არ დაკარგოთ იმედი, რომ თქვენ და თქვენს შვილებს ცუდი არაფერი შეგემთხვევათ.

განათლება – სრულფასოვნებისთვის

0

ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია Z თაობის შესახებ – ის Wi-Fi-სა და სოციალური ქსელების თაობაა და ამ ყველაფრის გარეშე თავი ვეღარ წარმოუდგენია. მის წინამორბედ თაობას მილენიალებს ან Y თაობას უწოდებენ. ეს არის 80-იანიდან 90-იან წლებამდე დაბადებული, პეიჯერებისა და სადენიანი ინტერნეტის დროინდელი ახალგაზრდობა.

მალკოლმ ჰარისი ტიპური მილენიალია – უკეთია დიდი სათვალე, აცვია რუხი მაისური, ხელში კი განუწყვეტლივ ატრიალებს აიფონის ბოლო მოდელს. ამბობს, რომ მილენიანელების შესახებ წიგნი „Kids These Days: Human Capital and the Making of Millennials“ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაწერა. ახლა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს და მილენიალების თემაზე საჯარო ლექციებს კითხულობს. ის მოგვიყვება, რა არის დამახასიათებელი Y თაობისთვის, როგორ ერგება ის თანამედროვე სამყაროს და რით განსხვავდება Z თაობისგან.

 

– რატომ მიგაჩნიათ, რომ მილენიანელი ხართ?

– ჯერ ერთი, დაბადების თარიღით ვარ მილენიანელი. ესეც არ იყოს, თუ კანონზომიერებაზე ვისაუბრებთ, ბავშვობიდანვე ძალიან ბევრს ვმუშაობდი. ამ წიგნს ვერ დავწერდი, მთელი ბავშვობა რომ არ მეძებნა ახალი იდეები, ამეთვისებინა ახალი უნარ-ჩვევები, მიმეღო ახალი ცოდნა, მემუშავა, მემუშავა და კიდევ ერთხელ მემუშავა. მე კალიფორნიაში გავიზარდე. ჩემი კოლეჯი იმ ქუჩაზე იყო, რომელზეც რამდენიმე ძლიერი საგანმანათლებლო დაწესებულება გახლდათ თავმოყრილი, მაგალითად, სტენფორდის კამპუსი. ყველა სტუდენტი ერთმანეთთან ურთიერთობდა. ამერიკაში ეს ადგილი ითვლება ტერიტორიად, სადაც იზრდებიან სხვადასხვა სფეროს მომავალი საუკეთესო სპეციალისტები – შესაძლოა, მსოფლიოში საუკეთესოც.

რა მაქცევს მილენიანელად? ბევრ სტერეოტიპს ვერგები. მამაჩემს ჩემს ასაკში სამი შვილი ჰყავდა, მე კი დაოჯახებაზე ჯერ არც კი ვფიქრობ. არ მაქვს მუდმივი სამსახური. ამიტომ ფრილანსერი ვარ. მწყინდება მუდმივად ერთ დამქირავებელთან მუშაობა და საერთოდაც, მიჭირს დიდი ხნის განმავლობაში რამეზე გამობმა.

მე ჩაციკლული ვარ ჩემს აიფონზე, ყოველ წუთას ვამოწმებ სოციალურ ქსელებს. მთელი ჩემი ცხოვრება სოციალურ ქსელებს უკავშირდება და ამიტომ ვერაფრით ვმიჯნავ ერთმანეთისგან სამსახურსა და პირად ცხოვრებას. ახალი თაობისგან განსხვავებით, ზუსტად მახსოვს, პირველად როგორ დავრეგისტრირდი სოციალურ ქსელში. მახსოვს, ერთხელ სამსახურში იმის გამო არ მიმიღეს, რომ ტვიტერში აქაუნთი არ მქონდა.

 

– მილენიალები ახალი თაობის მშობლები არიან, ამიტომ საინტერესოა, როგორ გამოიყურება ტრადიციული Y-ოჯახი.

დღეს აშკარაა ტენდენცია, რომლის მიხედვით, ახალგაზრდები არ ჩქარობენ დაოჯახებას. მილენიანელები დიდხანს ცხოვრობენ მშობლებთან ერთად, ოჯახს კი 35 წლის შემდეგ ეკიდებიან. არსებობს თეორია, რომ თანამედროვე საზოგადოების ეკონომიური სტრუქტურა ეწინააღმდეგება ქორწინების ინსტიტუტს, რადგან ინდივიდისთვის ძნელია და არცთუ მოგებიანი ოჯახის შექმნა. მე სხვა თეორია მაქვს. ის უფრო პერსპექტიულია: წინათ ოჯახს მეტისმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მთელი სოციალური და ეკონომიკური სტრუქტურა ოჯახის იმედად იყო, ახლა კი ცალკეული ინდივიდების იმედად არის.

ამერიკაში, მაგალითად, არსებობს სტერეოტიპი, რომ ბავშვები, რომლებიც დიდხანს ცხოვრობენ მშობლებთან ერთად, მათ კმაყოფაზე არიან. ეს სიცრუეა. მათი უმრავლესობა, ვინც მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ფინანსურად ეხმარება ოჯახს, სრულფასოვნად მონაწილეობს ბიუჯეტის მართვაში.

მომდევნო ათი წლის განმავლობაში ოჯახის ინსტიტუტი მთლიანად შეიცვლება. იმედი მაქვს, ასე მოხდება. ოჯახი აღარ არის მომავლის განსაზღვრის მთავარი ფაქტორი. დღეს სხვა კონცეფციაა: არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ოჯახში დაიბადე – შეგიძლია გახდე ის, ვინც გინდა იყო. გაქვს სოციალური დახმარება, შეღავათები, თუ გონება გიჭრის, შეგიძლია მიიღო ნებისმიერი განათლება.

დღეს გაცილებით მნიშვნელოვანია, დაიბადო არა შეძლებულ, არამედ ფსიქოლოგიურად ჯანსაღ და ემოციურად სტაბილურ ოჯახში.

– ჩვენს საზოგადოებაში – მთავრობასა და ეკლესიაში – ბევრი ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები ოჯახის ინსტიტუტზე ცუდად იმოქმედებს, რომ ოჯახი როგორც ინსტიტუტი საჭიროა დემოგრაფიული მდგომარეობის მხარდასაჭერად. მათ რას უპასუხებდით?

– ვფიქრობ, ეს აღარ არის დისკუსიის საკითხი. ეს ძალაუფლებისა და უფლებამოსილების საკითხია. ისინი არ გვეკითხებიან ჩვენ, როგორ გვინდა ვიცხოვროთ, მაგრამ საზოგადოების სტრუქტურა იცვლება და ამას წინ ვერ აღუდგებიან. ხელისუფლებაში ბევრი ძველი ყაიდის ადამიანია და ჩვენ უბრალოდ ველოდებით, როდის წავლენ ისინი შინ. ამერიკის მთავრობაში არიან ადამიანები, რომლებსაც „ბეიბი-ბუმერებს“ უწოდებენ, რადგან მათ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ ოჯახისა და ბავშვების მიმართ.

– Z თაობის იმედი ბევრს აქვს. მიაჩნიათ, რომ ისინი თავისუფლები იზრდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ არ დაექვემდებარებიან ავტორიტარულ და განსაკუთრებით ტოტალიტარულ მმართველობას. ამაზე რას ფიქრობთ?

– სკეპტიკურად ვეკიდები იმ მოსაზრებას, რომ სოციალური ქსელები გვათავისუფლებენ. სინამდვილეში მათი წყალობით ყველა კონტროლის ქვეშ ვართ. 2011 წელს უოლ-სტრიტზე საპრროტესტო მსვლელობაში ვმონაწილეობდი. მაშინ 700 ადამიანი დააპატიმრეს. დარწმუნებული ვიყავი, რომ ყველაფერი ამით დასრულდებოდა, მაგრამ პოლიციამ ჩემი სოციალური ქსელიც გატეხა. ტვიტერს ჯერ უთქვამს, ჩვენ პაროლებს არ გავცემთ, ეს პირადი ინფორმაციააო, პოლიციას კი უპასუხია: მაშინ, გთხოვთ, გასული წლის ფინანსური ანგარიში წარმოგვიდგინოთო და ტვიტერმაც მაშინვე გასცა ჩემი პაროლი. ასე რომ, ახლა სხვა სქემა მუშაობს: სოციალური ქსელებს დიდი კორპორაციები აკონტროლებენ, დიდ კორპორაციებს კი – სახელმწიფო.

– მკვლევართა პროგნოზით, სოციალური ქსელები იმდენად საყოველთაო გახდება, რომ მალე ადამიანებს მობეზრდებათ…

– დიახ, ამის შესახებ მეც წავიკითხე. სასაცილოა, მაგრამ, ალბათ, სიმართლეა. თავისუფალი დროის გატარება ბავშვებთან ერთად მიყვარს. მე და ჩემმა მეგობრებმა წამოვიწყეთ პატარა პროექტი, შემოვიკრიბეთ ადამიანები, რომლებსაც ბავშვებთან მუშაობა მოსწონთ. სანამ საკუთარი შვილები მეყოლება, შემიძლია, დრო ამ სამუშაოს დავუთმო.

ჰოდა, შევამჩნიე, რომ ბავშვები უკვე განსხვავებულად ეკიდებიან ტელეფონებსა და პლანშეტებს. მათთვის ისინი დიდ ღირებულებას არ წარმოადგენენ. სხვა ბავშვებთან ურთიერთობა მათ გაცილებით დიდ ბედნიერებას ანიჭებთ. მოსწონთ თამაში, სირბილი, ხატვა. ვხედავ, რომ თანამედროვე ბავშვებს არ აღაფრთოვანებთ ეკრანთან ურთიერთობა. ისინი გაჯეტებს გულგრილად  კიდებიან. სინამდვილეში ჩვენ, მილენიალები ვართ დამოკიდებულები აიფონებზე და არა ბავშვები.

– როგორ უნდა შეიცვალოს განათლების სისტემა, თუკი ახალ თაობაში მიმდინარე ცვლილებებს გავითვალისწინებთ?

– ჩვენ ვფოკუსირდებით პროფესიულ უნარ-ჩვევებზე და მათ მიღებაზე – ეს არის სწავლების მიზანი. ახლახან მოვისმინე ამბავი ერთი საბავშვო ბაღისა, სადაც ხელოვნების გაკვეთილები გააუქმეს, რათა ბავშვებს პროფესიული უნარებისთვის მეტი დრო დაეხარჯათ.

ბავშვები ჯერ მხოლოდ ექვსი წლისანი არიან, მაგრამ მათ უკვე კარიერისთვის ამზადებენ! პედაგოგები ამბობენ: „ნუ ასწავლით მათ ისტორიას, ხელოვნებას, დაეხმარეთ საქმიანი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში“. მერე ბავშვები იზრდებიან და აღმოჩნდება, რომ ისტორია და ხელოვნებაც საჭირო იყო. მეორე მხრივ, უამრავ კომპანიას სჭირდება ახალგაზრდების პროფესიული უნარ-ჩვევები. მგონი, ოქროს შუალედი უნდა ვიპოვოთ, რათა ახალგაზრდები, ერთი მხრივ, უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, მეორე მხრივ კი აკეთებდნენ იმას, რაც მოსწონთ. მესმის, რომ მშობლებისთვის მნიშვნელოვანია შვილების წარმატებულა. მესმის მათი შიშების. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, აღვზარდოთ ადამიანი, რომელიც შეძლებს ახალი სტრატეგიების მოფიქრებას ან აზროვნების შეცვლას. დღევანდელი განათლება ის არის, რაც ადამიანს სრულფასოვან პიროვნებად აქცევს.

კუნძულებსა და ძველეგვიპტელ წყვილზე  

0

კარგა ხანს ვიფიქრე. ხელში ვატრიალე, გადავშალე, დავხურე. ბოლოს მაინც ვიყიდე. რუს რეჟისორს, ანდრეი ზვიაგინცევს ვენდე, რომელიც ერთ ინტერვიუში აღტაცებით საუბრობს ამ წიგნზე. მინდოდა, მის ფილმზე დამეწერა, რომლის სათაურიც ჩვენს ენაზე სხვადასხვანაირად თარგმნეს: „უსიყვარულო“, „უსიყვარულოდ“, „უსიყვარულობა“… ამისთვის ფილმი ხელახლა უნდა მენახა და სწორედ ეს ვერ შევძელი: მეტისმეტად მძიმეა მთავარი გმირის – 12 წლის ალიოშას სახის გახსენებაც კი. ნახეთ, ვისაც შვილები გყავთ. ნახეთ, ვისაც ვისაც შვილები არ გყავთ.

წიგნს კი, რომლის ორი მოკლე ნაწყვეტიც სწრაფად ვთარგმნე, ასე ჰქვია: „საპიენსი: კაცობრიობის მოკლე ისტორია“. მისი ავტორი იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი იუვალ ნოა ჰარარია.

ესეც სიმართლეა – ჩვენზე, მითებით თვალდაბნელებულ ადამიანებზე. ზოგჯერ – საკამათო, ზოგჯერ კი – ისეთი, გულის სიღრმეში რომ ყოველთვის ვიცოდით და ხმამაღლა თქმა აზრად არ მოგვსვლია.

ქვეთავიდან „ნოეს კიდობანი“

წყნარ ოკეანეში სახეობების მასობრივი გადაშენება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წლით ადრე დაიწყო, როცა პოლინეზიელი გლეხები სოლომონის კუნძულებზე, ფიჯიზე და ახალ კალედონიაზე დასახლდნენ. მათ, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ფრინველების, მწერების, ლოკოკინებისა და სხვა ადგილობრივ მკვიდრთა ასობით სახეობა გაწყვიტეს. გადაშენების ტალღა თანდათან გავრცელდა აღმოსავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, მთელ წყნარ ოკეანეში, და მიწის პირიდან აღგავა უნიკალური ფაუნა სამოასა და ტონგაზე, მარკიზის კუნძულებზე, აღდგომის კუნძულზე, კუკის კუნძულებსა და ჰავაიზე, და ბოლოს ახალ ზელანდიაზე.

ასეთივე ეკოლოგიური კატასტროფა მოხდა იმ ათასობით კუნძულზე, რომლებიც ატლანტის ოკეანეში, არქტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაშია გაბნეული. არქეოლოგებმა პაწაწინა კუნძულებზეც კი აღმოაჩინეს იმ ფრინველების, მწერებისა და ლოკოკინების კვალი, რომელთა უამრავი თაობა ცხოვრობდა იქ და მხოლოდ მაშინ გაქრნენ, როცა ადამიანმა დადგა ფეხი მიწაზე. ბოლო დრომდე ჩვენს თვალს ძალიან ცოტა შორეული კუნძული თუ გადაურჩა, რომლებზეც ფაუნა ხელუხლებლადაა შემორჩენილი. ცნობილ მაგალითს მოვიყვან: გალაპაგოსის კუნძულებზე მე-19 საუკუნემდე ფეხი არავის დაედგა და ამიტომაცაა შემონახული უნიკალური სახეობები, მათ შორის გიგანტური კუები, რომლებსაც, ძველი დიპროტოდონების მსგავსად, ადამიანის არ ეშინიათ.

გადაშენების პირველ ტალღას, რომელსაც საკვების მაძიებლების გავრცელება ახლდა, მეორე ტალღა მოჰყვა, რომელმაც მიწათმოქმედებს გაუხსნა გზა. ეს მნიშვნელოვან წარმოდგენას გვიქმნის დღევანდელი სამრეწველო საქმიანობით გამოწვეულ მესამე ტალღაზე. ნუ დაუჯერებთ იმათ, ხეებს რომ ეხუტებიან და ამტკიცებენ, ჩვენი წინაპრები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობდნენო. სამრეწველო რევოლუციამდე ბევრად ადრე ჰომო საპიენსმა რეკორდი დაამყარა – ყველა ორგანიზმს გაუსწრო იმით, რომ მცენარეთა და ცხოველთა სახეობების უმრავლესობა გაწყვიტა. თავმოსაწონი რამით არ გამოვირჩევით: ყველაზე დაუნდობელი სახეობის, უმოწყალო მკვლელის სახელით შევედით ბიოლოგიის ანალებში.

 

ქვეთავიდან „ციხის კედლები“

რას გვეუბნება რომანტიკულობა და იმას, რომ ჩვენი შესაძლებლობების სრულად გამოსავლენად რაც შეიძლება მეტი განსხვავებული გამოცდილება უნდა მივიღოთ, გული უნდა გავუხსნათ მრავალფეროვან ემოციებს, მრავალნაირი ურთიერთობები უნდა გამოვცადოთ, სხვადასხვა სამზარეულოს უნდა გავუგოთ გემო, სხვადასხვა მუსიკალური სტილის დაფასება უნდა ვისწავლოთ. ამ ყველაფრის მისაღწევად კი საუკეთესო გზა ყოველდღიური რუტინისაგან გათავისუფლება, ნაცნობი ადგილების უკან მოტოვება და შორეულ ქვეყნებში სამოგზაუროდ წასვლაა, სადაც ახალი კულტურა, სურნელები, გემოები და წეს-ჩვეულებები დაგვხვდება. მუდმივად გვესმის რომანტიკული მითი: ახალმა გამოცდილებამ თვალი ამიხილა და ცხოვრება შემიცვალაო.  

კონსუმერიზმი კი გვეუბნება: ბედნიერებისთვის რაც შეიძლება მეტი პროდუქტი და მეტი სერვისი გჭირდებათო. თუ ვგრძნობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის ცხოვრებაში, მაშინ ალბათ რაიმე პროდუქტის ყიდვაა საჭირო (მანქანა, ახალი ტანსაცმელი, ორგანული საკვები), ან რაიმე სერვისით სარგებლობა (სახლის დალაგება, ფსიქოთერაპევტთან სიარული, იოგის გაკვეთილები). ყოველი სატელევიზიო რეკლამა კიდევ ერთი პატარა ლეგენდაა იმის შესახებ, ესა თუ ის პროდუქტი თუ სერვისი როგორ გაგვიუმჯობესებს ცხოვრებას.

რომანტიკულობა, ამგვარი მრავალფეროვნებისკენ რომ გვიბიძგებს, შესანიშნავად შეეწყო კონსუმერიზმს და სწორედ მათი შეწყვილების შედეგად დაიბადა უსასრულო „გამოცდილებების ბაზარი“, რომელსაც თანამედროვე ტურიზმის ინდუსტრია ეფუძნება. ტურიზმის ინდუსტრია თვითმფრინავის ბილეთებსა და სასტუმროს ნომრებს კი არა, გამოცდილებებს ყიდის. პარიზი არ არის ქალაქი, არც ინდოეთია ქვეყანა – ისინი გამოცდილებებია, რომლებმაც ჰორიზონტი უნდა გაგვიფართოვოს, ადამიანური პოტენციალი უნდა გაგვიზარდოს და უფრო ბედნიერები უნდა გაგვხადოს. ამდენად, როცა მილიონერს ცოლთან ურთიერთობა აერევა, იმედის თვალს ძვირადღირებულ მოგზაურობას მიაპყრობს და მას პარიზში წაიყვანს. ეს მოგზაურობა ბუნებრივად გაჩენილი სურვილის გამოხატულება კი არაა, არამედ რომანტიკული კონსუმერიზმის მითების ღრმა რწმენისა. ძველ ეგვიპტეში მდიდარ კაცს აზრად არ მოუვიდოდა, ცოლთან ურთიერთობისას მოულოდნელად წარმოქმნილი სირთულე იმით მოეგვარებინა, რომ ბაბილონში დასასვენებლად წაეყვანა. ადგებოდა და მას დიდებულ, მდიდრულ საფლავს გაუკეთებდა – ისეთს, როგორიც ქალს ყოველთვის სურდა.

 

სანამ გურამი აჩხაკუნებდა

0

გაგიკვირდებათ და, წიგნებს წაღმა ვკითხულობ, მაგრამ ამჯერად, არ ვიცი, გუმანმა მიკარნახა თუ მფარველი ანგელოზის ჩურჩულით იყო, უკუღმა წავიკითხე.

 

გურამ წიბახაშვილის ალბომი მაჩუქეს – „ზამთარი გადატანილია”.

 

გურამ წიბახაშვილი – კაცი დღემუდამ გულზე ჩამოკიდებული ფოტოაპარატითა და დაკვირვებული სახით, აგერ უკვე მერამდენე ათწლეულია, რაც თბილისის აჩრდილად მუშაობს. ასეთებს ქალაქის კოლორიტებს ეძახიან, მაგრამ ეგ სიტყვა ჩემთვის სხვანაირ ტიპებთან მისამართდება – განსხვავებული სასმისით უნდა მყავდეს ნანახი და საქართველოს სადღეგრძელოს გამოცლის შემდეგ, ოდნავ მომანჭული სახით 18+ ანეკდოტს უნდა ჰყვებოდეს. ოღონდ, ჩუმად, ულვაშებში. გურამი ეგეთი არ არის.

 

წიბახა ჩემი მეგობრების, ლადოს და გიგას მამა და სალი დადიანის – დადუს მამამთილია, მაგრამ ვერ დავიკვეხნი ვიცნობ-მეთქი. მხოლოდ „გამარჯობა, ბატონო გურამ, როგორ ბრძანდებით” დონეზეა ჩვენი ურთიერთობა. არადა, გული მწყდება, მთელი ქვეყანა ჰყავს კადრში მოქცეული, ესე  იგი, ისტორიისთვის დაკონსერვებული და სული მიკაწკაწებს ხოლმე ერთი პორტრეტი შევვედრო. ვერა და ვერ გავუბედე.

 

იმას ვყვებოდი, რომ „ზამთარი გადატანილია” ჩამივარდა ხელში. საზრიან ხალხს მოუფიქრებია და გურამის ფოტოებით განუზრახავს საქართველოს ისტორიის იმ წლებზე ამბავთთხრობა, რომლებზეც რახანია რომანებსა და მოთხრობებს ვწერთ, პირად საუბრებში ვღეჭავთ, ფილმებს ვიღებთ. ხან ბნელს ვუწოდებთ, ხან ტკბილ-მწარეს ვეძახით და ნაღდი წვენი მაინც ვერა და ვერ გამოვადინეთ. ზოგჯერ მარილს ვაკლებთ და ზოგჯერ სიყალბე მოგვდის მეტი. რომანტიზებაზე სიტყვას არ დავძრავ – მაგაში ხომ ვცოდავთ და ვცოდავთ.

 

არადა, თანამედროვე ხელოვანისთვის ნამდვილი სამოთხეა 1990-იანები. გამზადებული არქივია – შედი, მოკიდე ხელი რომელიმე საქაღალდეს და დაამუშავე.

 

ალბათ ზედაპირზე ჭყუმპალაობის ხალხი ვართ, ყვინთვა გვეზარება და ამიტომაც ხდება ეგ ყველაფერი.

 

გურამის ალბომის კითხვა-თვალიერება ბოლოდან დავიწყე და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. უნებურად მოხდა, მაგრამ მერე მივხვდი, რატომ გამოდგა სწორი. ისტორიის სწავლას ხომ თავიდან ვიწყებთ და ბოლოში გავდივართ. მოსწავლეები უახლეს პერიოდამდე რომ მოდიან უხარიათ, წიგნის ფურცლებზე იმ სახეებს ხედავენ, რომლებიც ტელევიზორში ან სულაც ქუჩაში ჰყავთ ნანახი და ხვდებიან, რომ ისტორია ცოცხალია – გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა. ასეთი ხერხით იმას ვიგებთ, რა მოხდა. პირიქით თუ წახვალ, ანუ ისტორიაში თავქვე დაეშვები, სულ სხვანაირი მუღამი ჰქონია. ჯაჭვის  ეგრე მიყოლით იმასაც ხვდები, რატომ მოხდა და როგორ დალაგდა ასე.

 

გურამ წიბახაშვილის „ზამთარი გადატანილია” ფოტოგრაფის ალბომიცაა და, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ისტორიის სახელმძღვანელოც. ამ წიგნს ის წვენი აქვს, რომელსაც სკოლის სახელმძღვანელოს ვერ გამოადენ, ჭეჭყე რამდენიც გენებოს. ცხონებული ბალზაკი ამბობდა, მწერალი სოციალურ თემებში კარგად უნდა ერკვეოდეს, რადგანაც რომანი სხვა არაფერია, თუ არა ერების პირადი ცხოვრებაო და მგონია, რომ ეს ნათქვამი მხოლოდ მწერლებისკენ არ მიემართება.  ფოტოგრაფებისკენ, მხატვრებისკენ, რეჟისორებისკენ და ზოგადად, ხელოვნების ხალხისკენ ნასროლი კენჭიცაა.

 

წიბახა კაი ორმოცი წელი იქნება, რაც ამ ქვეყნის პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებს და აქვეყნებს. ქვეყნის და იმ ხალხის, ვინც აქ ცხოვრობს და შესაბამისად, სასიცოცხლო მექანიზმის ნაწილია. „ზამთარი გადატანილია” ფოტოებით, პორტრეტებითა და ტექსტებით გველაპარაკება. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ წიბახაშვილის ფოტოები, დადგმულიც რომ იყოს, მაინც ნამდვილია და ამ ნამდვილ ფოტოებს ავტორის უშუალო და მეგობრული ტექსტები აქვს მოსხმული. ისევ რომანტიკისკენ რომ წავიღო პირი, ზიხარ, ფურცლავ ამ ისტორიის სახელმძღვანელოს და თითქოს გვერდით გიზის ჟამთააღმწერელი. შენთან ერთად ათვალიერებს და დაუზარებლად გიყვება, აი ეს აქა და აქ გადავიღეო, მაშინ იცი რა დრო იყოო? აი, ის რო ხდებოდაო. ზის და გებაასება.

 

ამ თვალიერებ-თვალიერებაში, თვალსა და  ხელ შუა, განათლებას იღებ. ცოდნას კი არა, განათლებას. კი, აქამდეც გიცხოვრია იმ ზამთარში – იცი, როგორ დარბოდნენ ავტომატიანი ბიჭები ქუჩაში, ესროდნენ ყველას და ყველაფერს; როგორ შეაყენებდნენ ხოლმე მიწისქვეშა გადასასვლელში შავები ჯინსის ქურთუკებში გამოწყობილ ახალგაზრდებს და რატომ დადიოდა ხალხი დასაბანი თმით კვირებით. იცი, როგორ არ იცი. კიდევ ბევრი იცი… მაგრამ ამ თხრობას სხვა რელსებზე მდგომი სხვა მატარებლით  მიყავხარ. აქაური ამბები იმ ხალხის მხრებიდან, მზერიდან, მუსიკიდან, ფერწერიდან, ლექსებიდან, მოთხრობებიდან, ჩანასახშივე მკვდარი იდეებიდან, მკვდრადშობილი ენთუზიაზმიდან, განწირული ინიციატივებიდან ჩანს, ვინც იმ სასტიკ ზამთარში მაღალ, ძალიან მაღალ ხელოვნებას ქმნიდა. ქმნიდა, ოღონდ არავისთვის. მათ სოციალურ ყოფასა და იდეებს შორის თვალუწვდენელი უფსკრული იყო. იმდენად თვალუწვდენელი, რომ ჩახედვისას ბევრი მათგანი ჩაიყოლა.

 

წიბახაშვილის ალბომს ზემოდან მარწყვიც ადევს – ანა კორძაია-სამადაშვილის, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმის მიერ მოყოლილი ამბები. ეს უბრალო ჩანართები არ არის, არამედ მკაცრად სამედიცინო, კერძოდ კი კარდიოლოგიური დანიშნულება აქვს. კორძის თხრობა საშუალებას გაძლევს გული დაიმშვიდო. თუმცაღა, არც მისი თქმებია დალხენილ ცხოვრებასა და ლამაზ ნაპირზე, პირიქით.

 

ამ წიგნს სურნელი დაჰკრავს. სტამბიდან გამოყოლილ, საღებავის სუნს არ ვგულისხმობ – ეს ეპოქის სუნია. დეზერტირების ბაზარში გამოფენილი ფერწერული ტილოების, კოლმეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის, ნესტიანი საგამოფენო დარბაზების, გასაპარსი, ჯიბეგაფხეკილი, ნავთის რიგში მდგომი გენიოსების, აივნებზე შემოდგმული მოგრიხინე გენერატორების გამონაბოლქვის, ბიტუმით დაწერილი ხატების, დანგრეული „ვიტრეზვიწელის“, წარმოსახვით დახატული ეროტიკული კინოაფიშების, ლენინის ძეგლისა და სხვა ბევრი სუნი.

 

ბოლოდან დაიწყეთ, რადგანაც რიტორიკაში სხვანაირად წერია.

 

 

 

ბრიუსელიდან დანახული საქართველო

0

„დღეს საქართველოში არსებული პრობლემებიდან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალებაა განათლების სისტემაში სასიკეთო ცვლილებების განხორციელება. არსებული მდგომარეობის გამოსწორება მასწავლებელთა ძალისხმევითაა შესაძლებელი. საბოლოო მოგვარებას კი, რა თქმა უნდა, მომავალი თაობები შეძლებენ“.

საზოგადოებაში დამკვიდრებულია მოსაზრება – თითქოსდა ევროპული საზოგადოება საქართველოში არსებულ გამოწვევებს კარგად არ იცნობს, გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ მათი გადმოსახედიდან ხდება, სიტუაციის ძირეული შესწავლისა და გაანალიზების გარეშე – 8-11 ივლისს ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ კარგად გავიაზრე, რომ ზემოაღნიშნული ნარატივი ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ მიერ გამართულ კონკურსში – „ჩაატარე 100 ლექცია ევროპის შესახებ“  გამარჯვებული მასწავლებლების ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, გვქონდა მაღალი დონის შეხვედრები ევროკომისიისა და ნატო-ის იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც უშუალოდ საქართველოს მიმართულებით მუშაობენ აღნიშნულ უწყებებში საქართველოს საელჩოს ხელმძღვანელ პირებთან.

ის, რომ მასწავლებლები საქართველოდან განებივრებულები არ ვართ მსგავსი ვიზიტებით ბევრჯერ თქმულა და აღნიშნულა. მოვისმინეთ საინტერესო მოსაზრებები ჩვენი ქვეყნის წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. გაფაციცებით ვუსმენდი მათ მიერ შემოთავაზებული პრობლემების მოგვარების გზებს და ყველა მნიშვნელოვან დეტალს წიგნაკში ვიწერდი.

სტატიის დასაწყისში მოყვანილი ციტატა მეთიუ ბუსკესს ეკუთვნის (საქართველო – მოლდოვას ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ხელმძღვანელი). მომდევნო მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყებაში (European Union External Action),  აღმოსავლეთ პარტნიორობის (Eap) ორმხრივი ურთიერთობების ხელმძღვანელთან რიჩარდ ტიბელსთან. აღსანიშნავია, რომ ორივე მნიშვნელოვან შეხვედრაზე სპიკერები საუბრობდნენ იმ გამოწვევებზე, რომლებიც მწვავედ დგას განათლების მიმართულებით. ჩემთვის გასაკვირი იყო ის ფაქტი, რომ ისინი სიღრმისეულად იცნობდნენ არსებულ პრობლემებს და აკეთებდნენ სწორ აქცენტებს მათი მოგვარების გზების მიმართულებით. მოხსენებები მორგებული იყო აუდიტორიის საჭიროებებზე და ზუსტად იცოდნენ, რომ ჩვენ, მასწავლებლები, ვართ გასაღები სასიკეთო ცვლილების დასაწყისისა.

ალბათ, გაინტერესებთ, რა მიიჩნიეს ორ ძირითად პრობლემურ მიმართულებად? –  კრიტიკული აზროვნება და მედიაწიგნიერება. კრიტიკული აზროვნება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დასახელდა.

XXI საუკუნეში სოციალური მედიის განვითარებისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის გაზრდის კვალდაკვალ, მედიაწიგნიერება მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. რა შეუძლია მედიაწიგნიერ ადამიანს? ინფორმაციის გადამოწმება, ალტერნატიული წყაროების მოძიება და შედარება, შეპირისპირება და ა.შ.

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანიც ადვილად არ ხდება მანიპულაციის მსხვერპლი. მისი დარწმუნება ერთი, თუნდაც სანდო წყაროთი საკმაოდ ძნელია.  კრიტიკული აზროვნება ეს არის უნარი,  შეაფასო მოვლენა თუ ფაქტი,  როგორც არგუმენტებით ასევე კონტრარგუმენტებით.

თუ მიმოვიხედავთ ირგვლივ, დავაკვირდებით სხვადასხვა ჯგუფს, თვალს ვადევნებთ სოციალურ ქსელებში მიმდინარე დისკუსიებს, მაშინვე თვალსაჩინო გახდება, თუ როგორ იჯერებენ, აზიარებენ და მის სიმართლეში სხვებსაც არწმუნებენ ადამიანები, გადაუმოწმებელ არასანდო ინფორმაციას.

ასევე მომეწონა მასწავლებლებისა და სასულიერო პირების შედარებაც. „საქართველოში სასულიერო პირებს ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსახლეობაზე. ამ დროს ყურადღების მიღმა რჩებათ მასწავლებელთა კორპუსი. მათ ხომ მომავალ თაობასთან აქვთ შეხება?“ პრობლემის იდენტიფიცირების კვალდაკვალ გამოსავალზეც გვქონდა საუბარი. ჩვენმა პარტნიორებმა საუკეთესო პრაქტიკის სახით ფინეთის მაგალითის გაზიარება შემოგვთავაზეს. ფინეთი ხომ ის ქვეყანაა, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში (საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი) მედიაწიგნიერების კომპეტენციების განვითარებით, კრიტიკული აზროვნების უნარის გამომუშავებითა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფი ათვისებით ამარცხებს დეზინფორმაციასა და პროპაგანდას.

რაც მთავარია, ევროკავშირი  და ზოგადად, ევროპული საზოგადოება არ ცდილობს, თავს მოგვახვიოს საკუთარი აზრი. ისინი გვესაუბრებიან, როგორც თანასწორს, ყოველგვარი ქედმაღლობის გარეშე, გვიზიარებენ გამოცდილებას და მიგვითითებენ შედეგებზე, რაც თავისთავად ზრდის საშუალებას, ავირჩიოთ პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზა. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, ხშირად გაიმართოს მსგავსი შეხვედრები, ბევრ მასწავლებელს მიეცეს საშუალება, ადგილზე გაეცნოს ევროპული ქვეყნების განათლების სისტემას, რათა უმცირეს დროში მოხერხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ამისთვის კი უნდა გამოვიყენოთ ყველა საშუალება.

 

გამოყენებული წყაროები:

„როგორ იგებს ომს ფინეთი ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ“ – https://www.msn.com/nl-nl/entertainment/video/how-finland-is-winning-the-war-against-fake-news/vp-AABvDB8

მედიაწიგნიერება – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი: https://cdi.org.ge/uploads/pages/29.pdf

ინფორმაცია პროექტის შესახებ: https://eprc.ge/index.php?a=main&pid=1735&lang=geo

 

 

ფინეთის განათლების სისტემა – რა არის მასში განსაკუთრებული?

0

(გაგრძელება)

კარი აუტერო – ფინეთის მოქალაქე

შეკითხვა: სასკოლო სწავლება ბავშვებისთვის ფინეთში 7 წლის ასაკიდან იწყება. როგორც წესი, გაკვეთილები ჯამში 5 საათი გრძელდება (სწავლა დილის 9 საათზე იწყება). ყოველი გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს 15-წუთიანი შესვენება აქვთ. 16 წლის ასაკამდე, მოსწავლეებს არ აქვთ ფორმალური გამოცდები და მიუხედავად ასეთი გრაფიკისა, ფინეთი მუდმივად ხვდება მსოფლიოს საუკეთესო სასკოლო და საუნივერსიტეტო განათლების სისტემების სამეულში. რატომ არ გადაიღებენ მსოფლიოს სხვა ქვეყნები სისტემას, რომელიც უკვე დადასტურებულად მიახლოებულია იდეალურთან?

კარი აუტერო: „მსოფლიომ“ განსაზღვრა თავისი პრიორიტეტები განათლებასთან დამოკიდებულებაში. როგორც ჩანს, სხვადასხვა ქვეყნისთვის ისინი განსხვავებულია. ძნელია იმ პრიორიტეტებსა და მიზნებში გარკვევა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას აქვს.

პასი სალბერგს (Pasi Sahlberg), განათლების ფინელ ექსპერტს (რომელიც ფინეთის საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთ შემოქმედად მოიაზრება, ლ.ა.) ამ საკითხზე ბევრი აქვს დაწერილი. იგი თავის შრომებში ხაზს უსვამს შემდეგ გარემოებებს: არ შეიძლება ვინმემ „უბრალოდ“ აიღოს და გადაიტანოს ფინური განათლების სისტემა რომელიმე სხვა ადგილას, სრულიად განსხვავებულ კულტურულ გარემოში, რადგან შეუძლებელია ფინური განათლების დადებითი მხარეები მექანიკურად სხვაგან დანერგო – თუ ამას გააკეთებ, მაშინ უნდა „დანერგო“ და „მიიღო“ ის გარემოებებიც, რომლებიც ამ გამოცდილებას ან ‘სისტემას“ ახლავს თან. მაგალითად, აშშ-ში, ფინეთი ბევრის მიერ განიხილება როგორც „სოციალისტური“ ქვეყანა. რა შეიძლება ამის შემდეგ ითქვას? რამდენად არის მოსალოდნელი რომ ამერიკელები რაიმე „სოციალისტურს“ გადაიღებენ? შესაძლოა სხვა ქვეყნებს უფრო მეტად ესმით ფინური სისტემის თავისებურებები ან „ჩრდილოური მოდელი“ (ინგლ. Nordic Model), მისი დადებითი თუ უარყოფითი მხარეები, რაც გამოცდილების გადატანას (ტრანსფერს) უფრო შესაძლებელს გახდიდა.

ფინური განათლების სისტემის ერთი თავისებურება, რომელსაც პასი სალბერგი აღნიშნავს, გახლავთ „ნდობის კულტურა“, რომელიც მიღებულია სკანდინავიის ქვეყნების ხალხებში: ხალხი, ძირითადად ენდობა თავის მთავრობასა თუ ხელისუფლებას.

ეს ალბათ დამახასიათებელია ყველა „ნორდიული“ ქვეყნისათვის. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს, ჩვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. ამას, ძალიან დიდი გავლენა აქვთ მასწავლებლების პროფესიულ დამოუკიდებლობასა და მოსწავლეების ცოდნის შემოწმების მეთოდებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვმოქმედებთ წესებით, გვყავს ბიუროკრატია და გვაქვს კონტროლის მექანიზმები, მაგრამ ბევრი რამ ურთიერთნდობაზეა დამყარებული.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მასწავლებელები ისე აკეთებენ თავიან საქმეს, რომ ყოველ ჯერზე არ მოეთხოვებათ „შედეგების“ მიღწევა. იგივე ვრცელდება მოსწავლეებზეც. ჩვენ ვატარებთ გამოცდებს, მაგრამ ყოველთვის არ ვცდით. ჩვენ გვჯერა მათი პასუხისმგებლობისა და იმისა, რომ ყველა ეცდება შესაძლებლობების მაქსიმუმი გაიღოს საკუთარი განვითარებისთვის.

კიდევ ერთი კულტურული თავისებურება გახლავთ პრიორიტეტის დასახვა განათლების გადაცემის წესებში: საუკეთესოებს შევთავაზოთ ყველაზე საუკეთესო, თუ ყველასთვის მაღალი ხარისხის განათლების გადაცემა დავისახოთ მიზნად? ჩვენ ამ ბოლო ვერსიას ვანიჭებთ უპირატესობას. ეს, როგორც ხვდებით, კულტურული არჩევანია. როგორც მესმის, აშშ-ის არჩევანი განსხვავებულია.

ფინური განათლების კიდევ ერთი თავისებურებაა ის, რომ იქ ძალიან ძნელია მასწავლებლისთვის აუცილებელი განათლების დონის მიღწევა; მასწავლებლის პროფესია ძალიან ფასობს და მათი ხელფასები საკმაოდ მაღალია. სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს და სწავლების სირთულეები უფრო მასწავლებლის გადასაჭრელია, ვიდრე ვიდრე სკოლების. როდესაც მასწავლებელს სკოლაში სწავლების უფლება ენიჭება, ისინი თავიანთ საქმეს ძალიან კარგად ასრულებენ.

 

ამ ყველაფერმა მოიტანა შედეგები საერთაშორისო ტესტირებაში (ვთქვათ, PISA-ის ტესტებში – PISA გახლავთ 15 წლის მოსწავლეთა უნარების შეფასების საერთაშორისო სისტემა მათემატიკაში, მეცნიერებებსა და კითხვაში, ლ.ა.). ალბათ აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ, ფინეთში არ ვიცოდით ჩვენი შედეგების შესახებ, სანამ არ იქნა შემოღებული PISA-ის შეფასების სისტემა.

ბოლოს შეიძლება ითქვას, რომ ვცადე, აღმეწერა, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კულტურულ ღირებულებებს საგანმანათლებლო სისტემის ორგანიზებაზე და არ მგონია, რომ ზოგადად, სისტემის ასლის შექმნა შესაძლებელია სხვა კულტურულ სივრცეში, თუმცა შესაძლებლად მიმაჩნია ჩვენი განათლების წესებიდან ზოგიერთის გამოცდა სხვა მოცემულობასა და კულტურულ სივრცეში.

 

ვიივი აჰტი – ასისტენტ-პროფესორი, ფინეთი.

მოკლედ გამოვყოფ განათლების ფინური სისტემის რამდენიმე თავისებურებას:

The size of a Finnish class is not large. Each teacher works with 7-8 students and pay attention to each student student’s need. (s) he follows students’ progress and stay in close contact with school principals and parents about the performance. /

  • ფინეთში, კლასებში მოსწავლეთა რაოდენობა არ არის დიდი. ყოველი მასწავლებელი მუშაობს დაახლოებით 7-8 ბავშვთან და ყურადღებით ეკიდება ყოველი მათგანის საჭიროებებს. მასწავლებელი აკვირდება და სწავლობს თითოეული მოსწავლის განვითარებას და მუდმივად მჭიდრო შეხება აქვს სკოლის დირექტორთან და ბავშვების მშობლებთან მოსწავლის სასკოლო მოსწრების საკითხებზე.

 

  • ბავშვებს, როგორც წესი, აქვთ საშინაო დავალებები, თუმცა სამუშაოს უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დაწყებით კლასებში) სკოლაში სრულდება, სხვა მოსწავლეებთან ერთად. ისინი სწავლობენ ერთად და პრაქტიკულ სამუშაოსაც ერთად აკეთებენ. გარდა ამისა, თითოეული საკითხის განხილვა კლასში მრავალჯერ ხდება. შედეგად, ფინელ ბავშვებს კარგად ახსოვთ, თუ რა ისწავლეს საკლასო მეცადინეობისას და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში.

 

 

  • მასწავლებლები ასევე დიდ ყურადღებას უთმობენ თითოეული ბავშვის ძლიერ და სუსტ მხარეებს, მათი ადრეული ასაკიდან. ეს მასწავლებელსა და მოსწავლეს დიდად ეხმარება, გაიაზრონ ახალგაზრდის სამომავლო კარიერა, მისი სურვილები და მოლოდინები, რომლებიც დამყარებული იქნება მათ ძლიერ მხარეებზე. ეს მოსწავლეს ეხმარება, სამომავლო საქმიანობად აირჩიოს ის, რაც კარგად გამოსდის და უარი თქვას იმაზე, რაც არ მოსწონს ან არ სჭირდება.

 

  • ფინური კულტურა დიდ ყურადღებას უთმობს ინდივიდს (ინდივიდუალიზმის ხარისხი საკმაოდ მაღალია, თუმცა ჩამორჩება შვედეთს ან დანიას). სასკოლო სისტემაში (ისევე როგორც ოჯახებში) ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვებს ექცევიან და განიხილავენ, როგორც ზრდასრულებს. მათი მოსაზრებები ყოველთვის მნიშვნელოვანია და მშობლები ყურადღებით ისმენენ ბავშვის ნათქვამსა და სურვილებს.

თუმცა ყოველ მონეტას ორი მხარე აქვს. ის ფაქტი, რომ ბავშვებს ზრდასრულებივით ექცევიან, ხანდახან მოულოდნელი შედეგებით სრულდება. მაგალითად, ყოფილა შემთხვევა, როდესაც მასწავლებელი სამუშაოდან წასულა, რადგან მას ბავშვმა შეურაცხყოფა მიაყენა!

ვეცდები, მოგითხროთ რეალური ისტორიები, რომლებიც განასხვავებენ ორ სასკოლო სისტემას. ჩემი დის მასწავლებელმა აღნიშნა მისი ნიჭი ლიტერატურასა და ლინგვისტიკაში, როდესაც ჩემი და 10 წლის იყო. 19 წლის ასაკში ჩემი და ეკონომიკის შესწავლას ფიქრობდა, მაგრამ მოულოდნელი გარემოებების წყალობით მან კინოფილმების ფაკულტეტზე ჩააბარა. დღეს იგი თავისი ასაკისათვის (21 წლის) უკვე ცნობილი სცენარისტია და ცოტა ხნის წინ ბრიტანული სასწავლო სტიპენდიაც მოიპოვა განათლების გასაგრძელებლად. არ ვიცი, გახდებოდა თუ არა ჩემი დაიკო ცნობილი ეკონომისტი, მაგრამ იგი ხშირად იმეორებს, რომ დღემდე კარგად ახსოვს სკოლაში ნასწავლი მათემატიკა, ფსიქიატრია, ისტორია და გეოგრაფია.

ახლა ჩემი დის ისტორია ჩემს გამოცდილებას შევადაროთ. მე, ოჯახის უფროს შვილს, ოჯახური ვითარების  გამო, ბავშვობისა და სასკოლო წლების გატარება ირანში მომიხდა. იქ, საერთაშორისო სკოლაში, გაძლიერებულად მასწავლიდნენ მათემატიკასა და ფიზიკას, არა იმიტომ, რომ მე ეს მომწონდა, არამედ იმიტომ, რომ ეს „ჭკვიანი“ ბავშვის ატრიბუტად ითვლებოდა და თანაც, ეს ჩემს მშობლებს სურდათ. მე ყოველთვის პოლიტიკა და სოციოლოგია მაინტერესებდა, მაგრამ ჩემი სურვილები უგულვეყოფილი იყო. ექიმობა ან ინჟინრობა – ეს იმ დროს „წარმატებული“ სპეციალობები იყო. შესაბამისად, ჩემს სურვილებსა და მიდრეკილებებს არაფრად აგდებდნენ. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ბევრი არაფერი მახსოვს ისტორიის ან გეოგრაფიის სასკოლო კურსებიდან, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ყოველდღე 6 საათს ვატარებდი, ხოლო საღამოს უამრავი დრო მჭირდებოდა საშინაო დავალებების შესასრულებლად. როგორც ხედავთ, ჩვენ ვართ ორი და, რომლებსაც ერთი და იგივე მშობლები გვყავს და რომლებიც ორ სრულიად განსხვავებულ საგანმანათლებლო სისტემაში გავიზარდეთ.

 

 

 

 

ციფრული სახელოსნო „მოდი, დავწეროთ’’

0

გაინტერესებთ, სად არის ციფრული სახელოსნო?

მოდი, ვესტუმროთ ბევრისთვის ნაცნობ და ბევრისთვის უცნობ საგანმანათლებლო პორტალს https://kargiskola.ge/index.php, სადაც თავმოყრილია დაწყებითი (I-VI) კლასების კითხვისა და მათემატიკის მრავალფეროვანი / ინოვაციური საგანმანათლებლო სწავლებისა და სასწავლო მეთოდური ინტერაქციული რესურსები.

„პორტალი შეიქმნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს დაწყებითი პროექტის (USAID G-PriEd) ფარგლებში. 2012 წლიდან პროექტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შექმნა და შერჩეულ საჯარო სკოლებში დანერგა უამრავი რესურსი, რომლებიც ხელს უწყობს გააზრებული კითხვისა და მათემატიკის სწავლას, აადვილებს, აცოცხლებს და ააქტიურებს სასწავლო პროცესს. მიღებული უკუკავშირისა და დაგროვებული გამოცდილების გათვლისწინებით, აპრობირებული და შერჩეული რესურსები, მეთოდები და ინსტრუმენტები თავმოყრილია ამ პორტალზე იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, ხელმისაწვდომი გახდეს სასწავლო რესურსები, გამარტივდეს კვალიფიკაციის ამაღლება და იმ ინოვაციური მეთოდების გამოყენება, რომლებიც გააუმჯობესებს მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს კითხვასა და მათემატიკაში დაწყებით კლასებში.

პორტალის მეშვეობით დაწყებითი კლასების მასწავლებელს შეუძლია ელექტრონული კურსების გავლა, გაკვეთილის გეგმის ჩამოტვირთვა, საბავშვო წიგნებისა და თამაშების გამოყენება ჯგუფური, ინდივიდუალური თუ საკლასო მუშაობისთვის (რესურსები მასწავლებლებისთვის). ასევე, საკლასო შეფასების სივრცეში, მასწავლებელს შეუძლია გაეცნოს განმავითარებელი შეფასების მრავალ ტექნოლოგიას, პრაქტიკას და დიაგნოსტიკური შეფასების მეშვეობით დაგეგმოს, ჩაატაროს დიაგნოსტიკური ტესტირება და გააანალიზოს შედეგები“.

მინდა, გაგიზიაროთ გამოცდილება, როგორ შეიძლება პორტალზე განთავსებული ციფრული სახელოსნოს დახმარებით მოსწავლეებმა ინდივიდუალურად, წყვილებში და ჯგუფურად მარტივად შექმნან მოთხრობები, ზღაპრები, სტატიები და წერილები.

ვებგვერდზე, საძიებო ველში, დავაწკაპებთ ღილაკს „დაწერე მოთხრობა“.

 

ეკრანზე გაჩნდება ასეთი სურათი:

 

მოსწავლეები, რამდენჯერაც სურთ, იმდენჯერ დააწკაპებენ და სურვილისამებრ შეარჩევენ „ყუთებიდან ამოსულ“ სიტყვებს. მათ შეუძლიათ აირჩიონ სასურველი პერსონაჟი, მისი ნიშან-თვისებები, პრობლემა და აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით, სურვილისამებრ, შექმნან მოთხრობა/ზღაპარი, საგაზეთო სტატია, დღიურის ჩანაწერი, ან მისწერონ წერილი პერსონაჟს.

ჩემმა მეოთხეკლასელმა მოსწავლემ ასეთი არჩევანი გააკეთა: პერსონაჟი – კაპიტანი, თვისება – მდიდარი, პრობლემა – საუკეთესო მეგობარმა მოატყუა.

 

მთავარი პერსონაჟი და მისი პრობლემა უკვე ცნობილია. ბავშვებმა უნდა მოიფიქრონ, კიდევ ვინ იქნება მათ მიერ შეთხზული ამბის მონაწილე. როგორ შეეცდება პერსონაჟი პრობლემის გადაჭრას, ბოლოს კი – საინტერესო, მოულოდნელი დასასრული.

ისარზე დაწკაპებით ეკრანზე ჩნდება კედელი, რომელზეც მოცემულია ტექსტის ოთხი ვარიანტი: წერილი, მოთხრობა/ზღაპარი, დღიურის ჩანაწერი, სტატია (გაზეთი). ამ შემთხვევაშიც მოსწავლეები სურვილისამებრ აირჩევენ და წერენ ტექსტს.

წერილი შეიძლება იყოს მეგობრული ან ოფიციალური; დღიურის ჩანაწერში შეიძლება წარმოიდგინონ, რომ შეხვდნენ პერსონაჟს; სტატიაში ზუსტად და დამაჯერებლად უნდა აღწერონ მომხდარი ამბავი.

 

როდესაც მოსწავლეები აირჩევენ, რა ტიპის ტექსტი დაწერონ, ისარზე დააწკაპებენ და ეკრანზე ჩნდება „სუფთა ფურცელი“, რომელზეც წერენ თავიანთ ნააზრევს.

 

 

ციფრულ სახელოსნოს აქვს ხატვის, სურათის ატვირთვის, ტექსტის რედაქტირების და შენახვის ფუნქციები. მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ ის, რომ შეუძლიათ ჩანაწერის რედაქტირება, რის საშუალებაც არ აქვთ ჩვეულებრივ ფურცელზე კალმით დავალების შესრულების დროს.

წერის დაწყებამდე მოსწავლეებს აუცილებლად უნდა შევახსენოთ ხუთსაფეხურიანი წერის საფეხურები და წერის ექვსი მახასიათებელი. უმჯობესია, გამოვიყენოთ პორტალზე არსებული პლაკატები (ელექტრონულად, ან ამოვბეჭდოთ).

 

 

მოსწავლის მიერ შექმნილი ციფრული მოთხრობა საბოლოოდ ასეთ სახეს იღებს:

 

 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა, გარდა მოთხრობებისა და ზღაპრებისა, დაწერეს სტატიები და წერილები. მომდევნო გაკვეთილზე თითოეულმა მათგანმა გააკეთა საკუთარი ნამუშევრის პრეზენტაცია.

ამგვარი სახალისო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ამაღლებს მათ მოტივაცია და, რაც მთავარია, აჩვევს მათ კომპიუტერის სასარგებლო დანიშნულებით გამოყენებას.

და კიდევ, ჩემი თაობისგან განსხვავებით, მოსწავლეებს დაწყებით საფეხურზე უვითარდებათ ბიზნესის უნარ-ჩვევები. ფიქრობენ, რომ შესაძლებელი იქნება მათ მიერ შექმნილი წიგნების გაყიდვა და შეგროვილი თანხის პირადი კეთილდღეობისთვის გამოყენება, იმავდროულად – სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილეობა.

განათლება უკეთესი მშობლობისთვის

0

ყველა ვთანხმდებით, რომ საჭირო უნარებით და ცოდნით აღჭურვილი მშობელი უკეთესი მშობელია და უფრო მეტი გავლენის მოხდენა შეუძლია შვილის განვითარებასა და მომავალზე. შვილებთან ყოველდღიურ ურთიერთობაში მრავალი სირთულე იჩენს თავს, რომელთა გადასაჭრელად მშობლებს ზოგჯერ არც მოთმინება გვყოფნის და არც ცოდნა. უნებლიე, არასწორმა და გაუაზრებელმა საქციელმა კი შეიძლება შეაფერხოს ჩვენი შვილების პოზიტიური განვითარება.

მშობლობისთვის საჭირო თანდაყოლილი ცოდნით არავინ იბადება – გზადაგზა ვსწავლობთ, ვიღებთ ინფორმაციას, გამოვიმუშავებთ აღზრდისთვის საჭირო უნარებს, ზოგჯერ – პირადი გამოცდილების საფუძველზე, ზოგჯერ კი ჩვენს ხელთ არსებული ლიტერატურის დახმარებით ვიღრმავებთ ცოდნას.

წიგნი, რომელზეც ახლა მოგიყვებით, უკეთეს მშობლად გახდომისთვის ფასდაუდებელ ლიტერატურულ წყაროს წარმოადგენს.

განათლება უკეთესი მშობლობისთვის– ასე ჰქვია კრებულს, რომელიც მშობლებს და ბავშვებზე მზრუნველ ადამიანებს დაეხმარება, გამოიყენონ მიღებული ცოდნა ბავშვის სწორი აღზრდისთვის, დასახონ მისი ქცევის მართვის პოზიტიური სტრატეგიები, ჩაერთონ საგანმანათლებლო პროცესში და წარმატებით გაუმკლავდნენ ასაკობრივ გამოწვევებს.

უკეთესი მშობლობის სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება: მიჯაჭვულობისა და თვითრეგულაციის უნარების განვითარება, კვება, ჰიგიენა და ჯანსაღი ზრუნვა, თამაში და სასკოლო მზაობა, 6-11 წლის ბავშვის განვითარება და აღზრდა, გარდატეხის ასაკის ბავშვის განვითარება და აღზრდა, მშობლების ჩართულობა საგანმანათლებლო სივრცეში… კრებული ასევე ეხება ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს: ბავშვის ქცევის მართვას, მშობლების მიერ საკუთარი სტრესისა და ბრაზის მართვას, უსაფრთხო და მზრუნველ ფიზიკურ და სოციალურ გარემოს, ბავშვის უსაფრთხოების დაცვას ვირტუალურ სივრცეში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას ასაკისა და განვითარების შესაბამისად, ბავშვთა მიმართ ძალადობას და მის შედეგებს, მრავალფეროვნებას და ინკლუზიას. კრებული ამომწურავად პასუხობს ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.

სტატიაში შევეხებით რამდენიმე თავს, რომლებიც, ვფიქრობ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საყურადღებოა მშობლებისთვის და დაეხმარება მათ, უფრო მეტი ცოდნით აღჭურვილებმა, უკეთ დაგეგმონ შვილების აღზრდის სტრატეგიები და ნაკლები შეცდომა დაუშვან ბავშვის აღზრდის პროცესში.

 

თამაში ადრეულ ასაკში

რვა წლამდე ბავშვის სწავლისა და განვითარების წამყვანი სტრატეგიაა თამაში. ბავშვი თამაშით შეიმეცნებს სამყაროს და იძენს უნიკალურ გამოცდილებას. მშობლები, რომლებსაც გააზრებული აქვთ თამაშის მნიშვნელობა, აკმაყოფილებენ ბავშვების ცნობისმოყვარეობას, რადგან იციან, რომ ეს ყველაზე სახალისო პროცესია ბავშვისთვის და მას დაუსრულებელ აღმოჩენებს სთავაზობს. თამაში ხელს უწყობს ბავშვის ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას და, მეორე მხრივ, ამავე კეთილდღეობის მაჩვენებელია.

თამაში საშუალებას აძლევს ბავშვს, შეიძინოს თავდაჯერება, გამოიმუშაოს ადაპტაციის უნარი, გაერთოს, გაიხაროს და განვითარდეს არასახარბიელო გარემოშიც, დაძლიოს სტრესი და გაუმკლავდეს ემოციურ გამოწვევებს თავისი მოფიქრებული შემოქმედებითი სტრატეგიებით ან პრობლემის გადაჭრის უნარების გამოყენებით. ოჯახურ გარემოში დროის ხარისხიანად გატარება მნიშვნელოვანია როგორც ბავშვის, ისე მასზე მზრუნველი პირების და ოჯახის როგორც მთლიანობის ჩამოყალიბებისთვის.

 

სასკოლო მზაობა

 

სკოლაში მისვლა არა მარტო ბავშვის, არამედ მთელი ოჯახის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპია, თუმცა ცვლილებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვისთვის, რადგან იცვლება მასთან დაკავშირებული წარმოდგენები, იზრდება მისდამი მოთხოვნები, მისი პასუხისმგებლობები. ბავშვი ხვდება ახალ, მეტად სტრუქტურირებულ გარემოში, სადაც მოქმედებს განსხვავებული წესები, სადაც მისგან მოითხოვენ აკადემიურ ქცევას და სკოლის წესებთან შეგუებას. იცვლება ბავშვის დღის რუტინა, მის ცხოვრებაში შემოდიან ახალი ადამიანები, მასწავლებლები და თანატოლები. მასწავლებელი ხდება პრიორიტეტი ბავშვისთვის, აქტივობები კი უფრო მეტად იტვირთება საშინაო დავალებებით, ხოლო თამაშისთვის ნაკლები დრო რჩება.

იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ამ ცვლილებათა უარყოფითი შედეგები და ხელი შევუწყოთ დადებითს, ბავშვის განვითარების სპეციალისტები გვირჩევენ, ბავშვთან ერთად მშობელიც მოემზადოს სკოლისთვის. ასევე აუცილებელია მასწავლებლებისა და სკოლის მხრივ როგორც ბავშვის, ისე მშობლის ემოციური მხარდაჭერა, საჭიროების შემთხვევაში – აქტივობათა ინდივიდუალურად შერჩევა, სწავლის პროცესის სახალისოდ და საინტერესოდ წარმართვა.

 

მშობლების ჩართულობა საგანმანათლებლო სივრცეში

მშობლებისა და ოჯახების ჩართულობა საგანმანათლებლო დაწესებულებათა საქმიანობაში უფრო და უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს და ამაზე საუბარიც უფრო და უფრო აქტუალური ხდება. თითოეული ოჯახი საკუთარი უნიკალური კულტურით, ტრადიციებით თუ ხედვებით შეიძლება შენაძენად იქცეს სკოლისთვის სასწავლო გარემოს გასამრავალფეროვნებლად. საგანმანათლებლო პროცესში მშობლების ჩართულობა გულისხმობს მათი მხრივ აქტიური, მნიშვნელოვანი ინიციატივების წამოწევას, რომლებიც წაახალისებს ბავშვების სხვადასხვა აქტივობას სკოლასა თუ ოჯახში. მშობელთა ჩართულობა ეხმარება სკოლას უფრო სანდო და მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაში. საგანმანათლებლო პროცესში მშობლების ჩართულობა აუმჯობესებს აკადემიური მიზნების მიღწევას, უფრო ძლიერი თვითრეგულაციის უნარების გამომუშავებას, დისციპლინური პრობლემების გადაჭრას, სკოლისა და, საზოგადოდ, სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

 

სტრესის და ბრაზის მართვა

სტრესი მშობლობის თანამდევი მოვლენაა და შეუძლია როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივი ზემოქმედება ჯანმრთელობაზე, ოჯახის კლიმატზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ სტრესის მართვა, მისი პრევენცია ან შემცირება. სტრესის ერთ-ერთი მიზეზი დროის უკმარისობაა, რაც რამდენიმე გზით შეიძლება შევამციროთ ან აღმოვფხვრათ:

 

  • დავგეგმოთ დღე, კვირა, თვე;
  • გამოვყოთ პრიორიტეტები;
  • გავანაწილოთ მოვალეობები;
  • მოვაწესრიგოთ ქაოსი;
  • უარი ვთქვათ ისეთი რამის კეთებაზე, რისი სურვილიც არ გვაქვს.

 

მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტაოდენი დრო მაინც გამონახონ ურთიერთობისთვის ბავშვების გარეშე, რაც არა მარტო მათ, არამედ ბავშვების ემოციებზეც პოზიტიურად აისახება.

ძნელი წარმოსადგენია მშობელი, რომელიც შვილზე არ გაბრაზებულა. ასეთი მშობელი უბრალოდ არ არსებობს. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა და ბევრი საზრუნავი აწევთ ტვირთად, მუდმივად ჩქარობენ, ახალ დღეს გეგმავენ, ცხოვრებისეულ პრობლემებს და გამოწვევებს უმკლავდებიან, მაგრამ მოულოდნელად ისეთ რამეზე იწყებენ ყვირილს, რაც შეიძლება სულ ადვილად მოგვარებულიყო. ხშირად მათი ბრაზის ობიექტები ბავშვები ხდებიან. ასეთი ქცევა ხელს უშლის ჰარმონიულ ურთიერთობებს ოჯახში და უარყოფითად აისახება ბავშვსა და მის უსაფრთხო განვითარებაზე.

ვინაიდან ბავშვს თავად მშობლები ვთავაზობთ ქცევის მოდელებს და ისინიც უნებლიეთ ჩვენს ქცევას ბაძავენ, მშობლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, ვისწავლოთ და ბავშვსაც ვასწავლოთ უარყოფითი ემოციების მართვა ისე, რომ საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ ჯამრთელობას და ზიანი არ მიაყენოს გარშემო მყოფებს.

 

კრებული “განათლება უკეთესი მშობლობისთვის” შედგება სხვადასხვა ავტორის 13 სტატიისგან, რომლებიც შეიქმნა „World Vision საქართველოსა“ და „ფსიქომეტრიული და საკონსულტაციო ასოციაციის“ თანამშრომლობის შედეგად. ვფიქრობ, ასე კომპაქტურად თავმოყრილი ინფორმაცია ბავშვის სწორად აღზრდის შესახებ მშობლებს და აღზრდის საკითხებით დაინტერესებულ პირებს დაეხმარება სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში ბავშვებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. განათლება უკეთესი მშობლობისთვის, 2019 წ.

წუთისოფლის გერები  

0

სააქაო შორსაა ჰარმონიისგან, რადგან, დოსტოევსკისა არ იყოს, ბავშვის ერთი ცრემლიც კი არღვევს მას. მავანს აღაზევებს, მავანს კი გარიყავს წუთისოფელი. ცხოვრებას არ მოსწონს ის, ვინც მის ჩარხზე არ გამოიჭრება. განსაკუთრებით ახალი წლის დღეებში შემომაწვება ხოლმე გულზე ნაღველი, როცა ვგრძნობ: დრო იცვლება, გარემო კი – თითქმის არა. ღამღამობით ყინავს, ქუჩაში კი უსახლკარო ადამიანები და მიუსაფარი ცხოველები დაეხეტებიან. სასოწარკვეთილნი, ცხოვრებაზე ხელჩაქნეულნი, უილაჯონი. წუთისოფლის ამ „უცხოთა“ წინაშე ყველანი უდანაშაულო დამნაშავეები ვართ. გროშები, რომლებსაც ვუწილადებთ, დიდი ვერაფერი დახმარებაა. უფრო ქმედითია, ალბათ, გვქონდეს საკუთარი ცოდვების შეგრძნება ხანდახან მაინც, ფიქრი, რომ არაფრით ვჯობივართ მათ, რადგან ყველანი ვიმსახურებთ სითბოს, სიყვარულს, მომავალს… ასე ნაკლები იქნება აგრესია, მეტი ცრემლი გაქვავებული, გაამპარტავნებული, დახშული გულების გასალღობად, ჩვენიც და სხვისიც, ასე რომ სწყურიათ დაკარგული ღმერთის პოვნა და თავშესაფარი.

ყველას გვიფიქრია, ალბათ: რა არის ტანჯვის არსი? ზრდასრული ადამიანის ტანჯვა შეიძლება იობის წიგნის მოშველიებით აიხსნას: ღვთისგან მოვლენილი განსაცდელი, რომელიც იწვევს განახლებას, კათარზისს, ღმერთთანვე მიახლოებას. აქ ჩეხოვის „მკვლელობა“ მახსენდება – ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება ცდილობს, ზედმიწევნით აღასრულოს საღვთო ლიტურგია, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ღვიძლ ძმას იმის გამო წაეჩხუბება, რომ ეს უკანასკნელი არ მარხულობს და უნებლიეთ შემოაკვდება, ჭეშმარიტებას მხოლოდ კატორღაში პოვებს, შეიგრძნობს ღმერთს. ყველაფრის ახსნა შეიძლება, მაგრამ ბავშვის ტანჯვა თუ სიკვდილი თითქოს აუხსნელია. კარგა ხანია, საქართველო ტანჯული მოხუცებისა და ბავშვების ქვეყნადაც იქცა, რადგან მრავალი მათგანია მიუსაფარი და არ აქვს პური არსობისა.

ჩვენში მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. სპეციალისტთა აზრით, ამის შესაჩერებლად ორი მიმართულებითაა საჭირო გადაწყვეტილების მიღება: უპირველესად, უნდა გამარტივდეს შვილად აყვანის პროცედურა, რომ ბევრმა უშვილო ოჯახმა აისრულოს ნატვრა, ხოლო ბავშვთა სახლებში ბავშვის დატოვება, პირიქით, გართულდეს. თუმცა ყველაფრის თავიდათავი მაინც ეკონომიკური სიდუხჭირეა. ბავშვებს უმეტესად ღარიბი ოჯახები ტოვებენ. ცხადია, არიან ისეთებიც, რომლებსაც მშობლები ციხეში ჰყავთ ან დედა პროსტიტუციას ეწევა და ა.შ., მაგრამ ბავშვთა სახლებს უმთავრესად მაინც სოციალურად დაუცველები მიმართავენ. საჭიროა, შეიქმნას სახელმწიფო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ბავშვების საზღვარგარეთ გაშვილებას, როცა ჩვენსავე ქვეყანაში შვილად აყვანის ამდენი მოსურნეა. ამისთვის ნაკლებად კორუფციული კანონმდებლობაა აუცილებელი. უნდა შეისწავლონ სავარაუდო მშობლების ფინანსური მდგომარეობაც, რასაც ახლაც ითვალისწინებს კანონი. უნდა შემოწმდეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რადგან ხშირად მომხდარა, რომ პატარები უკან დაუბრუნებიათ და მათ მძიმე მდგომარეობას ახალი სტრესი დამატებია. რაც შეეხება ბავშვთა სახლებში დატოვებას, სახელმწიფო პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც სწორად უნდა იყოს მიმართული. მშობელი არ უნდა დარჩეს უფუნქციოდ, რათა საკუთარი უფლება-მოვალეობების შესრულება შეძლოს – ბავშვთა სახლების ბინადართა დიდ ნაწილს მშობლები საზღვარგარეთ, იძულებით ემიგრაციაში, ან ციხეში ჰყავს. უნდა შემუშავდეს კონცეფცია და ამოქმედდეს პროგრამები, რომ დაწესებულება ღია ტიპისა არ იყოს, რომ ბავშვს არ შეეძლოს საკუთარი სურვილით იქიდან გასვლა, ისევ ქუჩაში ყოფნა და ა.შ.

კიდევ ერთი უბედურება ის არის, რომ ზრდასრული, ბავშვთა სახლებიდან წასული ბენეფიციარები ვერც სამსახურს შოულობენ, არც სახლი აქვთ და ისევ ქუჩაში ხვდებიან. „ქუჩის ბავშვი“ ის კატეგორიაა, რომლისთვისაც ქუჩა გახდა სახლი ან საარსებო წყარო. ისინი დაუცველები და საზოგადოებისგან უყურადღებოდ მიტოვებულები არიან. გაეროს ამ დეფინიციაზე დაყრდნობით ქართველმა პრაქტიკოსებმა საკუთარი განსაზღვრება ჩამოაყალიბეს. ისინი ქუჩის ბავშვების სამ ჯგუფს განასხვავებენ:

  • ქუჩის ბავშვები _ ბავშვები, რომლებიც ღამეს ქუჩაში ან ადამიანის საცხოვრებლად შეუსაბამო ადგილას ატარებენ (სძინავთ) ერთი თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არ ჰყავთ ოჯახი და მათზე არ ზრუნავენ;
  • ბავშვები ქუჩაში – ისინი ყოველთვის ან უმეტესად სახლში იძინებენ, მაგრამ დროის უდიდეს ნაწილს ქუჩაში ატარებენ. მათ აქვთ კავშირი ოჯახთან და ხშირად საკუთარ თავსაც და ოჯახსაც არჩენენ;
  • ქუჩის ოჯახების ბავშვები – ბავშვები, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად ქუჩაში ცხოვრობენ და შემოსავალსაც იქვე მოიპოვებენ. საქართველოში ეს ცნება უარყოფითი კონოტაციითაა დატვირთული და, ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ კატეგორიის ბავშვებს საკუთარი თავის აღსაწერად სურთ გამოიყენონ ტერმინი „უბრალოდ ბავშვები“. ეს გასაგებიცაა, რადგან სტიგმა მათ თითქოს ბავშვობას ართმევს. არც უფროსებს უნდა დაგვავიწყდეს მთავარი: ის, რომ ფიქციაა კატეგორიებად ადამიანთა ნებისმიერი დაყოფა, რადგან ყოველი ჩვენგანი თავისი ნიჭითა და შესაძლებლობებით გამოირჩევა.

როგორც უკვე ვთქვით, ქუჩაში მოხვედრა, ნორმალური ცხოვრებისგან მოწყვეტა, ისევ საზოგადოების მიზეზითაა, მის სისუსტედ აღიქმება – იმის დასტურად, რომ იქ ეკონომიკური კონტექსტის გამო უთანასწორობა იზრდება. ამერიკული გამოცემა Global Finance Magazine-ის ვერსიით, საქართველო 185-დან 113-ე ადგილზეა მსოფლიოს მდიდარი ქვეყნების ჩამონათვალში. ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 365 ათასი ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც მოსახლეობის საერთო რაოდენობის 9,7%-ია. არსებობს მიზეზები, რომელთა გამოც ბავშვები სიცოცხლესაც ამთავრებენ ქუჩაში:

  • ოჯახების მცირე შემოსავალი – ბევრი ბავშვი ქუჩაში იმისთვის გადის, რომ ოჯახი გადაარჩინოს განადგურებას;
  • უსახლკარობა – ქვეყანაში არ არის საკმარისი რაოდენობის ბავშვთა სახლი;
  • საზოგადოებისგან უარყოფა და დამცირება – აქ მშობლების ფაქტორიცაა, რომლებიც ნარკოტიკზე ან ალკოჰოლზე ხდებიან დამოკიდებულნი და შვილებს საკმაო დროს არ უთმობენ;
  • სკოლაში წარუმატებლობა;
  • შეიარაღებული კონფლიქტის, უბედური შემთხვევის, ავადმყოფობის გამო მშობლების დაკარგვა ან ლტოლვილობა.

ქუჩის ბავშვების პრობლემა საქართველოში 90-იან წლებში გაჩნდა. ძალიან ბევრი არასრულწლოვანი აღმოჩნდა სახლის გარეთ. თბილისში უამრავი ასეთი ბავშვია, რომლებიც პატარა მაწანწალებად ქცეულან, მოწყალებას ითხოვენ (იქნებ უფრო სითბოს?). ისინი არ დადიან სკოლაში და ხშირად არანაირი საბუთი არ აქვთ. სახელმწიფო მათხოვრობას ბავშვთა ექსპლუატაციად არ განიხილავს და პოლიციაც, რომელიც ყველა მეტროსადგურის პლატფორმაზე მორიგეობს, გულგრილად შეჰყურებს ქუჩის ბავშვებს. საქართველოში ცნება „უსახლკარო ბავშვები“ აქამდე არ არსებობდა. იუსტიციის სამინისტრომ ახლახან წამოაყენა წინადადება, ეს ტერმინი შევიდეს საქართველოს კანონმდებლობაში. დაიწყო სხვა ძვრებიც: საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონპროეტი, რომლის მიხედვით, სოციალური მუშაკები ასეთ ბავშვებს ოჯახებს ჩამოართმევენ; მთავრობამ დაამტკიცა პროგრამა და საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტომ უსახლკარო ბავშვებისთვის სპეციალური ცენტრი გახსნა, სადაც მათ დღეში ორჯერ გამოკვებავენ. ბავშვებს აქ შეუძლიათ იზრუნონ თავიანთ ჰიგიენაზე და სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური დახმარებაც მიიღონ. გაეროს სპეციალური მომხსენებლის აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არა მხოლოდ მატერიალური დახმარება უნდა გაუწიონ იმ ოჯახებს, რომელთა შვილებიც იძულებულები არიან, ქუჩაში „იმუშაონ“, არამედ ასეთი ბავშვების განათლებასაც მიაქციონ ყურადღება. საქართველოს სახალხო დამცველი „ქუჩის ბავშვების“ პრობლემის მოგვარებას შსს-ს გაძლიერებულ მუშაობაში ხედავს, რომელმაც უსახლკაროთა ცენტრთან უნდა ითანამშრომლოს, ასეთ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისა თუ სოცმუშაკების კვალიფიკაციის ამაღლებაცაა საჭირო და ა.შ.

ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა შეიგნონ, რომ ეს ბავშვები ჩვენი ნაწილია, ჩვენი მომავალი. მათაც აქვთ განათლების, ნორმალური ცხოვრების, ბედნიერების უფლება. უკვე უბედურებაა, როცა ასეთ ბავშვებს საეჭვო რეპუტაციის ადამიანები ზედამხედველობენ, რომლებიც მათ როგორც ნივთებს, ისე იყენებენ, სცემენ, თუ საკმარის ფულს ვერ იშოვიან, სჯიან. ხშირად ისმის, რომ მაწანწალა ბავშვები უხეშები და უკულტუროები არიან. იქნებ ჩვენივე გულგრილობა და უმოქმედობაა ამის მიზეზი? იქნებ ჩვენ ვაგრძნობინებთ მათ თავს ზედმეტებად? იქნებ ჰგონიათ, რომ არსებობენ დაძველებული ნივთებივით უსარგებლო ადამიანები: მობეზრებულები, გამოუსადეგარები, უშნოები, გულმიუსვლელები? ფიქრობენ, რომ არც ისე ადვილია მათი თავიდან მოცილება – მათში ხომ სიცოცხლეა, შინაარსი, ცხოვრების ისტორია, თავგადასავალი, ნაღველი და… სულისშემძვრელი მარტოობაც. მათ სჭირდებათ ყურადღება, მოვლა, მათი არსებობა ერთ დიდ კითხვის ნიშნად ქცეულა. სამყაროს წესია, ხვნეშით მოიცილოს ყველაფერი განწირული. მაგრამ ჩვენ, სწორედ ჩვენ, რამენაირად უნდა ვაგრძნობინოთ მათ სიყვარული და არა სიბრალული, ვაგრძნობინოთ, რომ ისინი საჭირონი არიან – ქვეყნისთვის, ახლობლებისთვის, საკუთარი თავისთვის. ყოველი მათგანი ხომ უნიკუმია, მიკოროსამყარო, რომელიც არასდროს გამეორდება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ დახმარება ზედმეტი ხურდის მიჩეჩება ან გამონაცვალი ტანსაცმლის გამეტება არ არის. სულ უნდა ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რომ ცხოვრებამ არ გარიყოს ისინი…

ნუგზარ შატაიძის მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“ პერსონაჟი, ქუჩის ბიჭი, უსახელოა, ალბათ იმიტომ, რომ ერთი კონკრეტული ბავშვის სახე არ არის. მერე რა, რომ მისთვის ცხოვრება ბოროტ დედინაცვლად ქცეულა – აფხაზეთში მამის საძებნელად მიდის და თავისი გაპარტახებული სახლიდან წაღებულმა, ტკბილი ბავშვობის სახსოვარმა, ნაჭრის დათუნია გერასიმემ თავისი დაძენძილი მხრებით უნდა იტვირთოს მისი გათბობაც, დაპურებაც, დარიგებაც, მოფერებაც, დატუქსვაც, რომ მან, სულ რაღაც თხუთმეტი წლისამ, უკვე იგემა ბოროტებისა და სიკვდილის სიმწარე, რომ „აცეტონზე ზის“ და წამლის ზმანებების სამყაროში, აფრიკაში „მოგზაურობს“, რომ აფხაზეთი, მისი სამშობლო, უფრო შორსაა, ვიდრე აფრიკა… ის ოდესმე აუცილებლად გამოვა მუყაოს ყუთიდან და საზოგადოებას იქ გატარებული წლების გამო პასუხს მოსთხოვს, და იქნება უკვე ძლიერი კაცი, რათა დაიცვას საკუთარი თავიც და ქვეყანაც, და მტკივან სულიერ სიცარიელეს ამოივსებს, და კეთილი მომავლის იმედი ექნება. ასეთია მწერლის წინასწარმეტყველებაც…

მნემოტექნიკა – დამახსოვრების სტრატეგია გაკვეთილზე

0

ბევრს აინტერესებს, თუ როგორ ვისწავლოთ და დავიმახსოვროთ დიდი მოცულობის ინფორმაცია – სწავლის, სამუშაოსა და პირადი მიზნებისთვის. ამის საშუალებას იძლევა მნემოტექნიკის სხვადასხვა მეთოდი. როგორ დავეუფლოთ და გამოვიყენოთ ის? ან როგორ მუშაობს ეს მეთოდები? რა არის მნემოტექნოლოგია, რა პრინციპებზეა დაფუძნებული, როგორ უნდა გამოვიყენოთ და განვავითაროთ იგი? როგორ და რაში გამოგვადგება სწავლის პროცესში?

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მთავარი სიახლე სწორედ ცნებების დამახსოვრება-გათავისება და მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებაა.

ცნებები განსაზღვრავს  იმ არსებით  ცოდნას, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს – ყველა საგანში უამრავი ცნება და ტერმინია, რომლის დამახსოვრებასაც (უკეთეს შემთხვევაში გააზრებას) ვთხოვთ მოსწავლეებს. წარმოიდგინეთ დღეში 6-7 საგანი აქვთ და შესაბამისად რამდენი ინფორმაციის მიღება-დამახსოვრება უწევთ.

მკვიდრი წარმოდგენები განისაზღვრება სტანდარტის შედეგებზე დაყრდნობით. ეს არის ზოგადი  წარმოდგენები, რომლებიც თემის შესწავლისას უნდა ჩამოყალიბდეს მოსწავლის  ხანგრძლივ მეხსიერებაში მის წინარე წარმოდგენებზე დაყრდნობით, რათა თემის ფარგლებში დასახული მიზნების მიღწევა გაუადვილდეს. მკვიდრი წარმოდგენები აზროვნების საყრდენია გაგების აქტების განსახორციელებლად.

როგორ მივაწოდოთ ცნებები და  როგორ ჩამოვუყალიბოთ მოსწავლეს მყარი წარმოდგენები ისე, რომ ვუპასუხოთ 5 საგანმანათლებლო პრინციპს: სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით და ამავე დროს აუცილებელია სწავლა-სწავლება მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარაციულს, პროცედურულსა და პირობისეულს…

სწორედ ამიტომ გამახსენდა მნემონიკა, რომელიც დამახსოვრების ხელოვნებაა და გამოიყენება საჭირო ცნებების დამახსოვრების გასაადვილებლად. ის აძლევს საშუალებას მოსწავლეს, უკვე არსებულ ცოდნას დაუკავშიროს ახალი ცოდნა (სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას).

მნემონიკა არის წესების ერთობლიობა, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ ამა თუ იმ ინფორმაციის უკეთესად დასამახსოვრებლად. ეს არის მეხსიერების ტექნიკა, რომელიც ეხმარება ჩვენს ტვინს, უკეთესად მოახდინოს საჭირო ინფორმაციის კოდირება (შენახვა) და აღდგენა. მნემონიკური ტექნიკები საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გვხვდება. აღსანიშნავია, რომ მნემოტექნიკას ყველა ადამიანი იყენებს, მიუხედავად იმისა, იციან მათ ამის შესახებ თუ არა.

მოსწავლეთა ფსიქოლოგიური და ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით  მნემოტექნიკის გამოყენება საკლასო ოთახში კარგ შედეგს გვაძლევს. იგი ხელს უწყობს მოსწავლეების აზროვნების გააქტიურებას, საგნის მიმართ ინტერესის განვითარებას, დროთა განმავლობაში ახალი ცნებებისა და მოვლენების სტრუქტურების შესწავლას. რაც მთავარია, ის ხელს უწყობს გაკვეთილის დროს პოზიტიური ემოციური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას.

მეხსიერება ყალიბდება რამდენიმე რთული პროცესისგან. თავდაპირველად, ნებისმიერი მონაცემი უნდა დავაფიქსიროთ (დავიმახსოვროთ), ამასთანავე სასურველია, რომ ეს ინფორმაცია ტვინში დარჩეს დიდხანს. შემდეგ პერიოდულად  უნდა გავიხსენოთ და  როგორღაც გამოვიყენოთ. ჩვენ ვაწყდებით იმ ფაქტს, რომ არ შეგვიძლია ამ ინფორმაციის გამოყენება, რადგან ჩვენ არ გვახსოვს (დავიწყება) და არ ვიცით როგორ გამოვიყენოთ.  ამ პრობლემის გადაჭრაში მნემოტექნიკა გვეხმარება.

როგორ მუშაობს ეს სამახსოვრო სისტემა? ჩვენთვის რთულია აბსტრაქტული და მიმოფანტული მონაცემების (ნომრების, სიტყვების სიების და სხვა და სხვა ინფორმაციის) დამახსოვრება. ადვილია გვახსოვდეს კავშირები ობიექტებს შორის, ახალ ინფორმაციასა და არსებულს შორის და ა.შ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გაცილებით ადვილია გვახსოვდეს ჩვენი ემოციები, ლოგიკური, ასოცირებული, სიმბოლური და სხვა კავშირები ობიექტებს შორის, ვიდრე ობიექტები. ამ კავშირების საშუალებით, უფრო ადვილად ვიპოვით ინფორმაციას ჩვენს მეხსიერებაში. აქედან გამომდინარე, თუ ამ მონაცემებს ასეთი კავშირები არ აქვს, ისინი უნდა შევქმნათ. სწორედ ამაზეა აგებული მნემოტექნიკის მეთოდები.

გარკვეული ინფორმაცია იღებს ცალკეულ გამოსახულებას, შემდეგ კი ეს სურათები უკავშირდება მოცემულ გამოსახულებებს. იმისათვის, რომ გავიხსენოთ ეს ინფორმაცია, მოქმედების თანმიმდევრობა შეიცვლება: ჯერ ვიხსენებთ დაკავშირებულ გამოსახულებებს, შემდეგ კი იმას, რაც დაკავშირებულია მათთან. ამდენად, ფაქტობრივად, თავდაპირველად ჩვენ ვახდენთ მონაცემების კოდირებას, რომელიც ადვილად დასამახსოვრებელია და როდესაც გვჭირდება, ჩვენ მას მეხსიერებიდან ვიღებთ და ვშიფრავთ. ამიტომ ეს მეთოდები გამოგვადგება მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში.

რამდენი ხანი შეიძლება ამგვარი “დაშიფრული” ინფორმაციის შენარჩუნება ჩვენს თავებში? ზოგადად, რამდენიც საჭიროა. მნემოტექნიკის მეთოდები შეიძლება გამოყენებულ იქნას იმისათვის, რაც დიდი ხნის განმავლობაში გვსურს შევინახოთ.

ამგვარად, ეს მეთოდები დაგეხმარებათ ინფორმაციის გადატანაში გრძელვადიან მეხსიერებაში, მკვიდრი წარმოდგენების ჩამოყალიბებაში. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მნემონიკის გამოყენება ახალი მასალის ათვისებას აადვილებს. და რაც მნიშვნელოვანია ეს მიღწეულია თამაშის ელემენტის დანერგვის გზით.

მნემოტექნიკაში დამახსოვრება ხდება ვიზუალური აზროვნების საფუძველზე: ჩვენ წარმოვიდგენთ გამოსახულებებს და ვიგონებთ მათ შორის კავშირებს. ახლა გავეცნოთ ვიზუალურ აზროვნებას, მასზე დაფუძნებულია მრავალი ცნობილი მეთოდი. მათ შორის „მეხსიერების სასახლე“ ანუ „ციცერონის გზა“.

ამ მეთოდს მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ორატორის საპატივცემულოდ დაარქვეს სახელი. მარკუს ტულიუს ციცერონი (ჩვ.წ. აღ-მდე 106-43 წწ) – რომის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე, უძველესი ფილოსოფოსი და ორატორი ცნობილია იმით, რომ ის არასოდეს იყენებდა საჯარო გამოსვლებში ჩანაწერებს.

ციცერონი ყოველდღიურად „სამსახურში“დადიოდა ფეხით. გამოირჩეოდა ბრწყინვალე ყურადღებით. ციცერონი ყოველდღე აკვირდებოდა და აღმოაჩენდა ამ გზაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან დეტალებს. დიდი ხნის შემდეგ მან გაიხსენა გზა ისე, რომ შეძლო აღედგინა ნებისმიერი დეტალი.

ამის შემდეგ, ციცერონმა ისწავლა გზაზე დანახული და მის ცნობიერებაში არსებული ობიექტების დაკავშირება. და როდესაც გაიხსენა ადგილი გზაზე, მან მყისიერად გაიხსენა ობიექტი, რომელიც “მიბმული” იყო ამ ადგილს. ამას ეწოდება ასოციაციური კავშირი.

მეთოდი „მეხსიერების  სასახლე“ (ციცერონის გზა) შედგება ძლიერი ასოციაციური კავშირებისგან, რომელთა წყალობითაც შეგვიძლია დავიმახსოვროთ ნებისმიერი რაოდენობის ინფორმაცია სწორი თანმიმდევრობით. თუ ასოციაციის დახმარებით ახალ ინფორმაციას მეხსიერებაში ჩაბეჭდილ მოგონებებს დავუკავშირებთ, ინფორმაციის დამახსოვრება და შემდგომში მისი აღდგენა გაცილებით გაგვიადვილდება.

„მეხსიერების სასახლის“ გამოყენებისთვის საჭიროა კარგი ფანტაზია. ფაქტობრივად, ყველას შეუძლია გამოიყენოს ეს მეთოდი, მაგრამ კარგი ფანტაზია ბევრად დაეხმარება.

ამ ტექნიკების ფარგლებში, ინფორმაცია დაყოფილია სემანტიკურ ნაწილებად, რომლებიც გამყარებულია გარკვეული გამოსახულებებით. ამ მეთოდის გამოყენებით ადამიანი გასაქანს აძლევს წარმოსახვის უნარს და დასამახსოვრებელ ინფორმაციას უკავშირებს კონკრეტულ შენობებს ან ნივთებს. საჭიროების შემთხვევაში ის იხსენებს წარმოდგენილ სურათს და მასზე „მიბმულ“ ინფორმაციას.

ციცერონის გზა ხელს უწყობს ინფორმაციის თანმიმდევრობით დამახსოვრებას, ამიტომ იგი უნდა გამოვიყენოთ, მაგალითად, საგანთა ან მოვლენათა სიის ან პრეზენტაციის თეზისების დასამახსოვრებლად.

პირველ ეტაპზე აუცილებელია შეიქმნას მინიშნებები – ცნობილი ობიექტები, რომელთაც დავუკავშირებთ დასამახსოვრებელ ინფორმაციას. შეგვიძლია ავირჩიოთ მხოლოდ ერთი ოთახი და შეგვიძლია ავირჩიოთ მთელი ბინა ან შენობა, ასევე ციცერონივით სკოლისკენ მიმავალი გზა. კიდევ ერთი ვარიანტია, წარმოვიდგინოთ წარმოსახვითი ოთახი და ავირჩიოთ გარემო საკუთარი გემოვნებისა და სურვილების მიხედვით. არ უნდა შევიზღუდოთ, ვინაიდან ის მხოლოდ აზროვნებასა და წარმოსახვაშია.

სასურველია გვახსოვდეს და დავიცვათ სურათების თანმიმდევრობა, მაგალითად, გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ საათის მიმართულებით ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ. ეს საჭიროა იმისათვის, რომ არ მოხდეს დაბნეულობა და არ უნდა გამოგვრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი ოთახში.

კონსოლიდაციის ეტაპი მოიცავს გონებაში გამოსახულების განმტკიცებას. სასურველია ოთახის გარშემო ან შერჩეულ გზაზე გასეირნება და სურათების თანმიმდევრობის დაფიქსირება. ამის გაკეთება შეგიძლიათ გონებაში. ეს ქმედებები კიდევ უფრო განამტკიცებს წარმოსახვით საფუძველს, რომლითაც ახალი ინფორმაცია გაჩნდება.

სავალდებულო ეტაპზე საჭიროა ოთახში ობიექტებისთვის დამახსოვრებული სიტყვების კორელაცია. მაგალითად, თქვენ უნდა დააფიქსიროთ შემდეგი სიტყვები თქვენს მეხსიერებაში: კატა, მზე, გული, წიგნი, სანთელი. ოთახის დეკორაციის გამოყენებისას, ყველაფერი ასე გამოიყურება: ფანჯრის რაფაზე ვხედავ კატას, მზე ანათებდა ფანჯარაში, ვუყურებ კედელს და ვხედავ დიდ წითელ გულს, თაროზე არის ახალი მწვანე წიგნი, სარკის ახლოს კი ანთია სანთელი.

ციცერონის მეთოდი არის უნიკალური მნემოტექნიკის მაგალითი, რომელიც საშუალებას გვაძლევს დავიმახსოვროთ დიდი მოცულობის ტექსტები. იგი ხელს უწყობს გონებაში გამოსახულებების წარმოქმნასა და ფანტაზიის განვითარებას.

მნემოტექნიკის კიდევ ერთი მარტივი მეთოდია “უწყვეტი ჯაჭვი” (უსასრულო ჯაჭვი). იგი გაკვეთილზე გამოიყენება მაშინ, როცა გვინდა, რომ მოსწავლეებს დიდი რაოდენობით ინფორმაცია გავაცნოთ, სწრაფად დაიმახსოვრონ და თავისუფლად გამოთქვან აზრები. ამ შემთხვევაშიც დამახსოვრება დაფუძნებულია ვიზუალურ აზროვნებაზე.

“უწყვეტი ჯაჭვის“ დახმარებით  ხდება მოვლენების, ცნობილი პიროვნებების, ისტორიული თარიღების, ფაქტებისა და თარიღების ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დამახსოვრება. “უწყვეტი ჯაჭვი” მოსწავლეებს ეხმარება ისტორიის, ლიტერატურისა და გეოგრაფიის მრავალრიცხოვანი პარაგრაფების დამახსოვრებაში.  ინფორმაციის დამახსოვრება დისკუსიის შედეგად უფრო ადვილია, ვიდრე დაზეპირებით.

როგორ გამოვიყენოთ “უწყვეტი ჯაჭვის“ ტექნიკა გაკვეთილზე?

თავდაპირველად განისაზღვრება დამახსოვრების მიზანი (მკვიდრი წარმოდგენები) და შეირჩევა ასოციაცია. ასოციაციები ყოველთვის განიხილება წყვილებში. იგი ყოველთვის არ არის პირდაპირ დაკავშირებული თემასთან, ხანდახან მასთან საერთოც კი არაფერი აქვს. ფიქრები უფრო დეტალურად არის აღწერილი, დეტალები, რომლებიც მეხსიერების აღწარმოების პროცესში ყალიბდება ავსებენ წარმოსახვის შინაარსს, აფართოებენ და აძლიერებენ ტექსტს.

როდესაც პირველ და მეორე წარმოსახვას შორის ძლიერი კავშირი ჩამოყალიბდება, მაშინ ცნობიერებიდან პირველი წარმოდგენა გადადის მეორეზე. შემდეგ ყალიბდება მეორე და მესამე სურათის ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც ივსება შინაარსით. გამოდის, ე.წ. ფიქრების (აზრების) ჯაჭვი, რომელიც გრძელდება თემის ამოწურვამდე.

იყენებენ ჰორიზონტალურ “აზრობრივ უწყვეტ ჯაჭვს“ – პირველი გამოსახულება განთავსდება მარცხნივ, შემდგომი – მარჯვნივ. აზრები ცვლიან ერთმანეთს.

ვერტიკალური ჯაჭვი გულისხმობს ინფორმაციის დამახსოვრებას ქვევიდან ზევით.

იქმნება უსასრულო ჯაჭვი, რომელიც აკავშირებს წინა გაკვეთილზე მიღებულ ცოდნას ახალ ინფორმაციასთან.

მაგალითი გეოგრაფიის გაკვეთილზე:

“წყნარი ოკეანის” თემის შესწავლისას შეიქმნება შემდეგი „აზრობრივი ჯაჭვი“:

პირველი წყვილი: წყნარი ოკეანე → ყველაზე დიდი ოკეანე, იგი ჰყოფს და ამავდროულად აერთებს ხუთი კონტინენტის სანაპიროს, მაგელანის ზღვა, დრეიკის სრუტე… მოსწავლეები იხსენებენ კონტინენტთა სახელებს, აჩვენებენ მათ რუკაზე.

მე-2 წყვილი: ”წყნარ ჭაობში ეშმაკები ბუდობენ”. ბობოქარი, აღნიშნავენ, რომ სახელი ყოველთვის არ ამართლებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ოკეანის ფსკერზე ბევრი ვულკანია, დედამიწის ქერქს ხშირი მოძრაობები ახასიათებს, დედამიწის „ცეცხლოვანი რკალი“ წყნარ ოკეანეშია. განიხილება პლანეტის “ცეცხლოვანი რკალი“, ოკეანის ქედები, კლიმატი, ქარი, ქარიშხლები.

მე-3 წყვილი: “წყნარ ოკეანეში” გვხვდება ტაიფუნი, შტორმი, ცუნამი. განიხილავენ კლიმატის საკითხებს: ქარები, ტალღები, წყლის ტემპერატურა.

მოცემული მაგალითი გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ფიქრების უწყვეტი ჯაჭვის ასოციაციები და როგორ შევავსოთ თემატური ინფორმაცია.

მოსწავლეებმა იციან, რომ იყენებენ მეთოდებს “ფიქრების უწყვეტი ჯაჭვი”, რომელიც ქმნის მეხსიერების სიმბოლოებისგან შემდგარ ინფორმაციის უსაზღვრო ჯაჭვს, რომელიც შეუძლიათ, გამოიყენონ თემის დამოუკიდებლად შესწავლისას.

“მთების” თემის შესწავლისას შეიძლება მივიღოთ შედეგი ჯაჭვი:

მთები – თოვლი – ცივი – ზამთარი – თხილამურები -არდადეგები – დღესასწაულები.

მთები – ალპინიზმი – სპორტი – ძალა – გამბედაობა.

მნემოტექნიკის მეთოდების გამოყენებით გაკვეთილი საინტერესოა. იგი ზრდის ყურადღების კონცენტრაციას, შემოქმედებით და ლოგიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს მასალის უკეთეს შესწავლას.

 

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://pedsovet.su/metodika/priemy

https://experimental-psychic.ru/mnemotekhnika/

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...