კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

კონფლიქტი და ძალადობა ერთი და იგივე არ არის

0

იტალიელი ფსიქოლოგის დანიელე ნოვარას წიგნის „ნუ უყვირით ბავშვებს!“ მიხედვით

მკითხველს ახსოვს, რომ ჩემი ბოლოდროინდელი სტატიები ძალადობას ეხებოდა. ვფიქრობ, ამ პრობლემის უკეთ გასაგებად ურიგო არ იქნება, ერთმანეთისგან განვასხვაოთ კონფლიქტისა და ძალადობის ცნებები.

„კონფლიქტი ერთზე მეტ მხარეს გულისხმობს. აუცილებელია არსებობდეს ის, ვისთანაც ხდება შეტაკება. ძალადობა შეიძლება გამოვლინდეს საგნებისადმი, საკუთრი თავისადმი, უცნობი ადამინებისადმი. ეს ტერმინები ერთმანეთისგან შინაარსობრივად ძალიან განსხვავდება, ამიტომ მათმა ერთმანეთში არევამ ან ურთიერთჩანაცვლებამ ურთიერთობებში შესაძლოა პრობლემები წარმოშვას“, – მიაჩნია დანიელე ნოვარას (ცნობილი იტალიელი ფსიქოლოგი, პედაგოგი, კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი. მან იტალიის ქალაქ პიაჩენცაში დააარსა აღზრდისა და კონფლიქტების გადაჭრის ცენტრი, შეიმუშავა სხვადასხვა ასაკის ბავშვებთან კონფლიქტების მართვის საავტორო მეთოდიკები), რომლის წიგნიდან „ნუ უყვირით ბავშვებს!“ ამონარიდი ახლა თქვენ წინაშეა.

მაშ ასე, რას ნიშნავს ტერმინი „კონფლიქტი“? მაგალითად, საქმიან შეხვედრებზე აზრთა სხვადასხვაობას, როდესაც ერთ მხარეს მიაჩნია, რომ პროექტი მეტისმეტად ძვირი დაჯდება, მეორე კი, პირიქით, მის სიიაფეზე საუბრობს? ან თუნდაც ორ კოლეგას შორის დავას ორგანიზაციის სამომავლო განვითარების თაობაზე? ან იქნებ შვილებთან უთანხმოებას?

იტალიელ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ, ერთი მხრივ, კონფლიქტისა და ჩხუბის, მეორე მხრივ კი ძალადობისა და კონფლიქტის აღრევა იწვევს შიშს და შფოთვას ისეთ სიტუაციებში, როდესაც უთანხმოება წარმოიშობა. თუ ამ ორ ცნებას     შორის განსხვავებას ვერ გავაცნობიერებთ, შესაძლოა, ბევრ გაუგებრობას შევეჯახოთ. მაგალითად, თუ მეზობელი მეზობელს უკმეხად ეტყვის რამეს, ამ ორ შორის „საომარი“ ვითარება შეიქმნება, მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ ადამიანს ძალადობრივი არაფერი ჩაუდენია. და ეს გაუგებრობა შესაძლოა მოხდეს სწორედ იმის გამო, რომ არ არის გავლებული მკაფიო ზღვარი ტერმინებს შორის, რაც ადამიანებს უფრო მოწყვლადს ხდის და თავს დაჩაგრულად აგრძნობინებს. შედეგად სიტუაცია მკაფიოდ ვეღარ აღიქმება და შესაძლოა, მაგიდაზე მუშტის დარტყმა და ძლიერი შეურაცხყოფა ერთნაირად აღიქვას პიროვნებამ. „ამ ყველაფერზე იმიტომ ვსაუბრობ, – შენიშნავს დანიელე ნოვარა, – რომ ასეთ პირობებში რთულია ბავშვებს ვასწავლოთ, ერთმანეთისგან განასხვაონ ძალადობა და კონფლიქტი“.

კონფლიქტი – ეს ურთიერთობის წარმართვის ფორმაა. სწორედ კონფლიქტების საშუალებით აღმოაჩენენ ადამიანები, შესწევთ თუ არა თანაცხოვრების უნარი; უნარი იმისა, რომ მიიღონ ერთმანეთი ისეთები, როგორებიც არიან; პატივი სცენ ერთმანეთის პოზიციებს; გაიზიარონ განსხვავებული თვალსაზრისები; სხვადასხვა სიტუაციიდან ახლებური გამოსავალი იპოვონ და გაცილებით ქმედით ურთიერთშეთანხმებებს მიაღწიონ.

ძალადობა, ისევე როგორც ომი, კონფლიქტის საწინააღმდეგო მხარეა. ის სრულად უგულებელყოფს სხვას და ანადგურებს დავის პირველწყაროს. ძალადობა მიმართულია იმის განადგურებისკენ, ვინც, მოძალადის თვალსაზრისით, წარმოადგენს მიზეზს, დაბრკოლებას. ეს პრიმიტიული, ბანალური და დაუნდობელი ქცევაა. ამავე დროს საგულისხმოა, რომ ისინი, ვისაც არ უყვართ დავები და კონფლიქტები და უპირატესობას ანიჭებენ რბილ, მშვიდობიან ურთიერთობას, გაცილებით ადვილად ძალადობენ. მშობლები, რომლებიც არასოდეს ეკამათებიან შვილებს, უფრო ადვილად გადადიან ურთიერთობის არცთუ ისე მშვიდობიან ფორმებზე, როდესაც მოთმინების ფიალა ევსებათ.

გავრცელებული შეხედულება, თითქოს ძალადობა – ეს იგივე კონფლიქტია, რომელიც, უბრალოდ, მეტისმეტად შორს წავიდა, ფაქტებით არ დასტურდება. დასტურდება მხოლოდ ის, რომ ხანდახან შესაძლოა, კონფლიქტი ძალადობაში გადაიზარდოს, მაგრამ უმართებულოა იმის მტკიცება, რომ ძალადობა ნებისმიერი შორს წასული კონფლიქტის სავალდებულო დასასრულია. სინამდვილეში გაცილებით მეტია ისეთი შემთხვევა, როდესაც ძალადობას წინ არ უძღვის აშკარა კონფლიქტი.

გამოჩენილმა ფსიქოანალიტიკოსმა ფრანკო ფორნარიმ აღწერა ომის წარმოების ფსიქოლოგიური სარგებლიანობა და ძალადობის გამოყენება პრობლემის გადაჭრის მიზნით. ურთიერთობების დონეზე ძალადობა ტავტოლოგიური ლოგიკის გამოხატულებაა: „პრობლემა გადაიჭრება მაშინ, როდესაც ის აღარ იარსებებს“. აქ მიზანი ნათელია – გავაქროთ სხვა ადამიანის მიერ დაწესებული საზღვრები. აღმოიფხვრას კონფლიქტი მისი პირველწყაროს გაქრობით – სწორედ ეს არის ძალადობის ლოგიკა, რომელიც დამახასიათებელია მათთვის, ვინც ურთიერთობებში არსებულ პრობლემებთან გამკლავებას ვერ ახერხებს.

„ხასიათის ამ თვისებას მე „კონფლიქტურ არაკომპეტენტურობას“ ვუწოდებ“, – ამბობს ნავარა და დასძენს, რომ ეს ფრაზა გულისხმობს ურთიერთობაში დაძაბულობის გადალახვის უუნარობას, რადგან დაძაბულობა აუტანელ მუქარად აღიქმება. ამის საპირისპირო ცნებაა „კონფლიქტური კომპეტენტურობა“, რომელიც სწორედ დაძაბული მომენტების წარმატებით გადალახვის უნარს გულისხმობს. ამ დროს ადამიანები განიხილავენ დაძაბულობას როგორც სიტუაციას, საიდანაც გამოსავლის პოვნა შესაძლებელია.

ძალადობის საუკეთესო პროფილაქტიკაა კონფლიქტის და ჩხუბის „წარმართვის ცოდნა“.

ამრიგად, აუცილებელია, ვასწავლოთ შვილებს განსხვავებულ მოსაზრებებსა და რთულ ურთიერთობებში გარკვევა. მხოლოდ ამგვარად ისწავლიან ისინი საკუთარი იმპულსების კონტროლს, მხოლოდ ამგვარად მოახერხებენ, არ გახდენენ ძალადობის ობიექტები ან თავად არ იქცნენ მოძალადეებად.

ძალადობა არასოდეს წარმოიშობა ისე, უბრალოდ, თვისთავად. მოძალადეების უკან დგას აღზრდა, რომელიც დაფუძნებული იყო დათრგუნვაზე, გაუმართლებელ სიმკაცრეზე, ემოციების შეკავებაზე. ზრდასრული ადამიანები, რომლებიც ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლები იყვნენ, დიდი ალბათობით, თავად გახდებიან მოძალადეები. დღეს აღარავინ დავობს იმაზე, რომ იმ უფროსების უმეტესობამ, რომლებიც ბავშვებზე (და არამხოლოდ მათზე) ძალადობენ, ბავშვობაში თავად გადაიტანა  ძალადობა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი, რომელიც ბავშვობაში ემოციურ დეპრივაციას განიცდიდა, დიდი ალბათობით ზრდასრულ ასაკში ან მოძალადე გახდება, ან თვითგანადგურებისკენ მიდრეკილება ჩამოუყალიბდება.

აღზრდის ძალადობრივი მეთოდები სრულიად მიუღებელია, ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ბავშვის პიროვნება ღირსებისა და პატივის შემლახავ გარემოში ყალიბდება, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ბავშვი ექცევა ერთგვარ ტოტალიტარულ რეჟიმში, რომლის წიაღშიც ის სათანადოდ ვერ აღიქვამს სიტუაციას და ვერ ახერხებს თავის დაცვას დამცირებისა და ჩაგვრისაგან. ასე აღზრდილი ბავშვი ზრდასრულ ასაკში თავად გადაიღებს ურთიერთობის ამ სტილს და მისით იხელმძღვანელებს ოჯახში, სამსახურში, პოლიტიკაში – ყველგან, სადაც მისი, საკუთარი თავის რწმენას მოკლებული ბავშვის შიშები შეეჯახება ძალადობაზე დაფუძნებულ წინააღმდეგობას.

დათრგუნული ბავშვის მყიფე ფსიქიკა აიძულებს მას, საკუთრი თავი აგრესორთან გააიგივოს, გაამართლოს მისი ქმედებები და მოძალადის პოზიციაზე გადავიდეს. აქ საუბარია იმაზე, რომ ბავშვები იმდენად სუსტები არიან, რომ მათთვის ტკივილის გადატანის ერთადერთი გზა ამ ტკივილის სამართლიანობის და სარგებლიანობის აღიარებაა. „ეს ყველაფერი ჩემივე კეთილდღეობისთვის კეთდება“. სწორედ ამიტომ ბავშვთა მიმართ ძალადობა თაობებს გადაეცემა. არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი ბავშვები იძულებულები არიან, სიტუაციას განსხვავებული ინტერპრეტაცია მოუძებნონ, მათ არ აქვთ არჩევანი: ისინი მთლიანად საკუთრი მჩაგვრელების ხელში არიან და ამიტომ ხშირად ცდილობენ, განდევნონ, დაივიწყონ უსიამოვნო მოგონებები. ამ მანკიერი ჯაჭვის გასაწყვეტად საჭიროა კონფლიქტისა და ძალადობის ერთმანეთისგან განსხვავება. მშობლებმა უნდა აღიარონ, რომ ბავშვს შეიძლება ჰქონდეს აგრესიული გრძნობები და ზრახვები, მათ შორის – საკუთარი მშობლების და მით უმეტეს – სხვა ბავშვების მიმართ. ეს არ ნიშნავს, რომ პატარა ძალადობისკენ მიისწრაფვის. ბავშვებს, ყოველ შემთხვევაში, ექვს წლამდე, არ გააჩნიათ ისეთი ფსიქოკოგნიტიური უნარები, რომლებიც საჭიროა ძალადობრივი ქმედებების განსახორციელებლად. მათ არ შეუძლიათ, ორგანიზება გაუწიონ წინასწარ დაგეგმილ ქმედებას და ის,რაც მშობლებს აგრესიულ საქციელად ეჩვენებათ, სინამდვილეში რეაქციაა, რომელიც გამოწვეულია საკუთარ ემოციებთან გამკლავების უუნარობით.

მნიშვნელოვანია, ბავშვს კონფლიქტში ჩართვის ნება დავრთოთ. ეს მას დაეხმარება, ისწავლოს (სათანადო დახმარების პირობებში) აგრესიის შეფასება, მისი დოზირება და შეკავება. ძალადობისადმი მიდრეკილება ჩნდება მაშინ, როდესაც:

  • ბავშვს არ აძლევენ საშუალებას, გარეთ გამოიტანოს საკუთარი იმპულსები, გამოხატოს გრძნობები;
  • როდესაც მშობლები ზედმეტად მკაცრი აღმზრდელობითი მეთოდების გამოყენებით უღვივებენ ბავშვს დანაშაულის გრძნობას.

ბავშვი, რომელმაც ვერ ისწავლა თავის უეცარ მრისხანებასთან გამკლავება, სირცხვილს გრძნობს და ცდილობს, დისტანცირდეს საკუთარი ემოციებისგან. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ შიში, რომ მათ შვილებს შესაძლოა ძალადობისკენ მიდრეკილება ჩამოუყალიბდეს, აიძულებს მშობლებს, აღზრდის დიქტატორული მიდგომები გამოიყენონ.

მხოლოდ სწორი აღზრდის პირობებშია შესაძლებელი ბავშვების დაუნდობლობის და ძალადობრივი ქმედებების თავიდან აცილება. ამისთვის უნდა ვასწავლოთ შვილებს „სწორად“ ჩხუბი და კონფლიქტის შემთხვევაში მათ მიერ გამომჟღავნებული ემოციების მიღების უნარი.

ბავშვებმა უნდა ისწავლონ:

  • ერთმანეთის პირადი სივრცის საზღვრების გავლება.
  • სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას საკთარი უნარ-ჩვევების გამოცდა;
  • იმედგაცრუებასთან გამკლავება;
  • გარშემო მყოფებთან ურთიერთობის სწორი სტრატეგიების არჩევა.

რა იმალება „K“-ს უკან?

0

სწორედ ასეთი სახელწოდების  მასტერ კლასი ჩავატარე ესქიშეჰირის სახალისო მეცნიერების ცენტრში თურქ მოსწავლეებთან.

როდესაც, შეხვედრას გეგმავ, უნდა იცოდე რა მიზანი გაქვს. რა შედეგი გსურს, რომ მიიღო. ამ შეხვედრის მიზანი ქიმიის პოპულარიზება იყო. საკმაოდ რთული საგნის სახალისოდ წარმოდგენა, თუმცა (არა ერთხელ დამიწერია)… ხალისობასთან ერთად მიმდინარე ქიმიური პროცესების ახსნა აუცილებელია. მოკლედ, ასეთი შეხვედრის შემდეგ ჯერი უკვე საგნის მასწავლებელზეა, რომ გამოწვეული ინტერესი ჰაერში კი არ გაიფანტოს, არამედ,  უფრო გაღვივდეს და ხანგრძლივ კვლევა-სწავლით საქმიანობაში გადაიზარდოს.

ჰოდა, რადგან საქმე ხალისზე მიდგა, მოსწავლეების იუმორის გრძნობის გაზომვა ვცადე და საკმაოდ სერიოზულად მოვახსენე, რომ „K“-ს უკან ჩემი სახელი და გვარი იმალებოდა. ამ შემთხვევაში, ენამ და ანბანმა ამგვარად  თქმის საშუალება მომცა. თუმცა, „K“-ს უკან ქიმიაც (kimya) შეიძლება იმალებოდეს (ისევ ენის და ანბანის პრივილეგიაა). ან, იქნებ სულაც ის კეკულე დგას, 1865 წელს ბენზოლის აღნაგობა, რომ დაადგინა. ამ ამბავზე ათასნაირი მითი დადის. ერთ-ერთის თანახმად, კეკულეს გველი ორო-ბორო დაეხმარა, რომელიც ალქიმიური ალეგორიის ნაწილია. განასახიერებს გველს, რომელიც წრეზეა დახვეული და თავისივე კუდს ჭამს. შესაბამისად, იკვრება ციკლი, რაც მუდმივობას და განმეორებად ცხოვრებისეულ მოვლენებს ნიშნავს…ეს, ალქიმიკოსებისთვის, თორემ კეკულემ, თურმე ამ ციკლში სწორედაც, რომ ბენზოლის აღნაგობა ამოიკითხა.

ხუმრობამ შესაბამისი განწყობა შემოიტანა და მთავარ სათქმელს მივადექით.

„K“-ს უკან კალიუმი იმალება. ინგლისურად: Potassium,ფრანგულად: Potassium, გერმანულად: Kalium, თურქულად: Potassium/ Kalium (ორივეს იყენებენ). 1807 წელს ჰამფრი დევიმ ელექტროლიზის მეშვეობით მიიღო. მეტალს სახელი მოგვიანებით ჰილბერტმა თავის ჟურნალში, „Annalen der Physik“ უწოდა და ეს სახელი კალიუმი გახლდათ. თუმცა, სხვა ენებზე მას პოტასიუმი დაარქვეს, რადგან მისი წარმომავლობა სიტყვა პოტაშისგან (ნაცრისგან) მოდიოდა. პოტაშს დიდ ქოთნებში ამზადებდნენ და მისგან სელიტრა მიიღებოდა, რომელიც დენთის დასამზადებლად ყოფილა კარგი. თავად ტერმინი კალიუმი არაბული სიტყვა „ალ კალისგან“ მოდის, რომელიც ნიშნავს ტუტეს. სიტყვა „კალი“ (qila) 850 წელს ერთ არაბულ თხზულებაში გვხვდება, შემდეგ  შეიცვალა სიტყვით qali, Al-qali.

თავის წიგნში იმავე ტერმინს იყენებს ქიმიკოსი მეფე ვახტანგ მეექვსე.

„ამბავი კალიისა: კალია ოთხ რიგია, ერთი ერევანს არის, ერთი ქართლში, იაღლუჯაზედ თარაქამანი აკეთებენ; ორი აქ, ისპაანს არის, ერთი შავი და ერთი მოთეთრო. ამისი მარილის დაჭერა ხომ ზეით დაგვიწერია“. ეს ჩანაწერი მეფეს ირანში ყოფნისას გაუკეთებია. ტექსტი ამას მეტყველებს.

მოგვიანებით ტუტეები დაყვეს ფიქსირებულ და აქროლად ნივთიერებებად.  მე-17-ე საუკუნეში არის დასახელებები alkali fixum minerale,  alkali fixum vegetabile და alkali volatile. კიდევ უფრო მოგვიანებით, ლავუაზიე წერდა, რომ პოტაში ფიქსირებული მინერალი იყო.  პოტაშს დიდი რაოდენობით შეიცავს ნაცარი. ის  იგივე კალიუმის კარბონატია K2CO3, რომელიც წყალში გახსნისას ჰიდროლიზდება:

K2CO3+H2O ↔ KHCO3+KOH

CO32++H2O HCO3+OH

სხვათა შორის, თანამედროვეობაში უამრავი სამეცნიერო სტატია მოიძებნება, სადაც პოტაშით წყლის გაწმენდის მეთოდებია აღწერილი. მნიშვნელოვანია, რისთვის წმენდენ წყალს, დასალევად, მოსარწყავად თუ კვლავ ზედაპირულ წყლებში ჩასაშვებად. მიზნიდან გამომდინარე ირჩევა პოტაშით წმენდის შესაბამისი მეთოდიკაც.

როგორც, ექსპერიმენტებმა აჩვენეს, ნაცრით წყლის წმენდა საყოფაცხვრებო წარმომავლობის საკანალიზაციო წყლებს მთლიანად აცილებს დეტერგენტებს და ჰალოგენებს.

თავად კალიუმს, რაც შეეხება, მაღალი ქიმიური აქტიურობის გამო ბუნებაში მხოლოდ ნაერთების სახით გვხვდება. დედამიწის ქერქში დაახლოებით 2,5%-ია. ცნობილია რამდენიმე ასეული კალიუმშემცველი მინერალი: სილვინი (KCl), სილვინიტი (KCl•NaCl), კარნალიტი (KCl•MgCl2 • 6H2O) და სხვ. ყველაზე გავრცელებული მინერალია ორთოკლაზი-სილიციუმმჟავას კალიუმ-ალუმინის მარილი. ის დედამიწის ქერქის მასის 18%-ს შეადგენს. წყალში ცუდად იხსნება, მაგრამ კალიუმის დიდი ნაწილი ნიადაგში ძირითადად მისგან ხვდება. ქიმიური დაშლის და გამოფიტვის დროს, მასზე ბუნებრივი წყლებისა და ნახშირბადის დიოქსიდის მოქმედებით წარმოიქმნება პოტაში. ეს უკანასკნელი წყალში კარგად იხსნება და კალიუმი მცენარეებში ადვილად ხვდება.

მარტივი ნივთიერების სახით კალიუმი მბზინავი, მსუბუქი, რბილი, პლასტიკური, ადვილად წელვადი, ადვილად ლღობადი და პარამაგნიტური ტუტე მეტალია. ჰაერზე ადვილად იჟანგება, ამიტომ, ნავთში ან მინერალურ ზეთში ინახავენ. კარგად ატარებს სითბოს და ელექტრობას.

განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენს წყლის, ჟანგბადის, ჰალოგენების, გოგირდის, ფოსფორის მიმართ.

წყლის და კალიუმის ურთიერთქმედების რეაქცია ყველამ იცის. წყალთან შეხებისთანავე ცეცხლი ეკიდება, გამოიყოფა წყალბადი და წარმოიქმნება კალიუმის ტუტე. ამ უკანასკნელის წარმოქმნა ინდიკატორ ფენოლფტალეინით შეიძლება დადასტურდეს.

ახლა იგივე ცდა ოდნავ სხვანაირად, რომ ვაჩვენოთ?

ოღონდ, მანამდე ინტერესის აღძვრაა აუცილებელი.

როგორ?

მაგალითად…

გავიხსენოთ, რომ მეშვიდე საუკუნეში არაბები ხომალდების მთელი რაზმით ეგვიპტის სანაპიროს მიადგნენ. დაპყრობა სურდათ. ეგვიპტელები ეწინააღმდეგებოდნენ. ამიტომ, „კალენიკეს ბერძნული ცეცხლით“ უმასპინძლეს. ეს „ცეცხლი“ შეიცავდა გოგირდის, ნავთობის და ზეთის გარკვეული პროპორციის ნარევს. ხისგან დამზადებულ ხომალდებს ცეცხლი გაუჩნდათ, არაბებმა ჩაქრობა წყლით გადაწყვიტეს, თუმცა…ცეცხლი უფრო გაღვივდა და პირწმინდად შთანთქა მთელი ფლოტილია. ალბათ, ერთი-ორი მაინც გადარჩა, რადგან უკან გაბრუნებულან და ამბავი წაუღიათ, როგორ აჩენდა წყალი ცეცხლს…არადა, წესით უნდა ჩაექრო.

სწორედ, ეს ამბავი მოვყევი მეც ზემოთ ხსენებულ შეხვედრაზე. შემდეგ, კი ცოტა წავიტრაბახე, მეც ისეთი ყოჩაღი ვარ, წყლით ახლავე ცეცხლს დავაგიზგიზებ თქო. არადა, ქიმიის იმედი მქონდა. წინასწარ მომზადებულ დიდ ქიმიურ ჭიქაში სამედიცინო ეთერი ჩავასხი და კალიუმის მცირე ნაჭერიც ჩავაგდე. მათ შორის რეაქცია არ წარიმართება. ამგვარად მომზადებულ ჭიქას 100-200 მლ წყალი დავამატე (საპატიო მანძილიდან) და მაშინვე ცეცხლის ენები გამოჩნდნენ. ალი გაძლიერდა, მაგრამ რას გაძლიერდა. მოსწავლეებიც კმაყოფილნი დარჩნენ (ცეცხლის დანთება სხვანაირად უყვართ), მეც კმაყოფილი დავრჩი (ცდა ზოგჯერ არ გამოდის ხოლმე) და შეხვედრის სივრცის მეპატრონეებიც (ცეცხლი კი გაჩაღდა, მაგრამ ვაკონტროლებდი და მშვიდობიანად ჩაქრა).

ესეც ასე, ეგვიპტელებზე რა ნაკლები ვიყავით, წყლით ცეცხლი დავანთეთ.

სინამდვილეში, წყლის დასხმით კალიუმსა და წყალს შორის  რეაქცია დაიწყო. წარმოიქმნა ცეცხლი, რომელიც არ ჩაქრა და წვა განაგრძო, რადგან ეთერის ორთქლი იწვებოდა. რაც მეტი იქნება ეთერი, მით დიდხანს წარიმართება წვის პროცესი. თუმცა, ბევრის ჩასხმას არ გირჩევთ, ჯობს ყველაფერი მალევე დასრულდეს.

 

კიდევ რა იმალება „K“-ს უკან?

 

ვიტამინი K…ცხიმში ხსნადი, იგივე ლიპოვიტამინი გახლავთ და ჩვენს ორგანიზმში სისხლის შედედებაზეა პასუხისმგებელი, რადგან ახორციელებს პროთრომბინის და სისხლის შედედების პროცესში მონაწილე კიდევ სამი ფაქტორის გააქტიურებას. ამ ვიტამინით მდიდარია მცენარეების მწვანე ნაწილები. ადამიანის ნაწლავის მიკროფლორა მას ასინთეზირებს.

ბიოლოგიურ მასალად ბროკოლი ავიღოთ. ფაიფურის როდინში დავსრისოთ და მცირე რაოდენობით სამედიცინო სპირტი დავასხათ. შემდეგ კი ვიტამინ K-ზე თვისებითი რეაქციების ჩატარებაც შეიძლება.

 

  1. სინჯარაში მოათავსეთ ბიოლოგიური მასალის ხსნარი. დაამატეთ ვიკასოლის (ან მეთიონინის 0,2% სპირტხსნარი) 1მლ. დაუმატეთ ამინმჟავა ცისტეინის 0,025% ხსნარის ორი წვეთი და ნატრიუმის ტუტის 10%-იანი ხსნარის ორი წვეთი. წარმოიქმნება ყვითელი შეფერილობა.
  2. სინჯარაში მოათავსეთ ბიოლოგიური მასალის ხსნარი. დაამატეთ ვიკასოლის 0,1% სპირტხნარის 2მლ. დაამატეთ 0,5მლ 1% დიეთილის ეთერის ხსნარი. ასევე, კალიუმის ტუტის 1% ხსნარის 0,1მლ. წარმოიქმნება იისფერი შეფერილობა.

 

ჰო მართლა, ამბის მოყოლა დამავიწყდა.

ერთ ქვეყანაში  ბიჭი ცხოვრობდა. ჯოვანი ერქვა. ჩვეულებრივი ბიჭი იყო, სხვებისგან არც არაფრით გამოირჩეოდა, თუმცა შეკითხვების დასმა უყვარდა. კითხვების დასმაში ცუდი არაფერია, მაგრამ ამის კითხვები რაღაცნაირი ჩახლართული იყო (ჯანი როდარი, „ამობრუნებული კითხვები“).

-რატომ აქვთ   ყუთებს მაგიდა?

-რატომ ყავს  ულვაშებს კატა?

-რატომ აქვს ჩრდილს ხე?

-რატომ არ წერენ ღრუბლები წერილებს?

ბუნებრივია, მისი კითხვები პასუხგაუცემელი რჩებოდა. ამასობაში წლები გავიდა, ბიჭი გაიზარდა, ოჯახს მოეკიდა, თუმცა უცნაური კითხვების დასმას ვერ გადაეჩვია.

ხალხი ამბობდა, ბიჭს სკოლაში კითხვის სწორად დასმა არ ასწავლესო.

-და თუ ჩახლართული კითხვები უყვარდაო?-კითხულობდა მავანი;

-ჩახლართული კითხვაც შეიძლება იყოს სწორიო,-პასუხობდა მეზობლად მჯდომი მეთუნუქე.

ჰოდა, თუ კლასში ჯოვანის მსგავსი ბიჭი გყავთ, ჩახლართული კითხვები უყვარს და თქვენგანაც იმავეს მოითხოვს, ქიმიის გაკვეთილზე კითხეთ:

-რა იმალება “K” უკან?

შეუძლია თუ არა მხატვრულ ლიტერატურას, უკეთეს ადამიანებად გვაქციოს?  

0

 

ბავშვობიდან გვარიგებენ, რომ ბევრი უნდა ვიკითხოთ, რომ წიგნები გარე სამყაროს უკეთესად აღქმაში გვეხმარება, ლექსიკას გვიმდიდრებს და მართლწერას გვიხვეწს, მაგრამ… შეუძლია მხატვრულ ლიტერატურას, უკეთეს ადამიანებად გვაქციოს? არსებობს მისი დადებითი გავლენის დამამტკიცებელი სარწმუნო კვლევები? რეალურად რა სარგებლობა მოაქვს სხვისი გამოგონილი ამბების კითხვას?

 

* * *

კანადელმა მწერალმა და კოგნიტიური ფსიქოლოგიის მკვლევარმა კიტ ოუთლიმ მხატვრულ ლიტერატურას „ჩვენი შემეცნების საპილოტე ტრენაჟორი“ უწოდა. მისი აზრით, როგორც მფრინავი სწავლობს ავიალაინერის მართვას დედამიწიდან აფრენის გარეშე, ასევე იუმჯობესებს სოციალურ უნარ-ჩვევებს ადამიანი, რომელიც რეგულარულად კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას.

კვლევის პროცესში ოუთლიმ შენიშნა, რომ პერსონაჟთან იდენტიფიცირებისას მკითხველი საკუთარის ნაცვლად გმირის მიზნებსა და სურვილებზეა კონცენტრირებული – თუ პერსონაჟი საფრთხეშია, მასაც უხშირდება გულისცემა, აღელვებისგან შესაძლოა სუნთქვაც კი შეეკრას, თუმცა იმის გააზრება, რომ წიგნში აღწერილი მოვლენები სინამდვილეში არ ხდება, კმაყოფილების განცდას იწვევს, შიშსა და კომპრომისული გადაწყვეტილების მიღების სურვილს ანელებს. სამაგიეროდ, ძლიერდება სხვის გასაჭირში თანამონაწილეობის, თანაგრძნობის, ზრუნვის მექანიზმები.

არისტოტელე ამბობდა: როდესაც ტრაგედიას ვუყურებთ, ჩვენში ორი ემოცია იბადება – მთავარი გმირი გვეცოდება და საკუთარი თავის გამო შიში გვეუფლებაო. კითხვის პროცესში ჩვენ ვაანალიზებთ, როგორ მოვიქცეოდით პერსონაჟის ადგილას. ეს გონების ერთგვარი წვრთნაა, სხვა ადმიანების უკეთ შეცნობაში რომ გვეხმარება. და მართლაც, ოსტატურად დახატული პერსონაჟები გვაინტრიგებენ და თავგადასავლებში გვითრევენ. ბელეტრისტიკის გავლენას ხომ საოცარი ფაქტები მოწმობს: ადამიანები სამოქალაქო აქტივობებში, საქველმოქმედო აქციებში, ძალადობასთან ბრძოლაში ერთვებიან…

მაგრამ… შეიძლება თუ არა, გადაჭრით ითქვას, რომ ის, ვინც მხატვრულ ლტერატურას კითხულობს, უფრო ემპათიურია, ვიდრე დოკუმენტური და სამეცნიერო ლიტერატურის მკითხველი ან ის, ვინც არაფერს კითხულობს?

ოუთლიმ სტუდენტებს მწერლების სია დაურიგა და სთხოვა, მხოლოდ ნაცნობი ავტორები შემოეხაზათ. მაქსიმალურად გულწრფელი პასუხების მისაღებად ექსპერიმენტის მონაწილეები გააფრთხილა, რომ ჩამონათვალში გამოგონილი სახელებიც იყო (ხშირად ადამიანები საკუთარ თავს უკეთეს მკითხველებად წარმოჩენენ, ვიდრე სინამდვილეში არიან). ამის შემდეგ ოუთლის გუნდმა ჩაატარა ტესტი „Mind in the Eyes“: მონაწილეებს დაურიგეს ფოტოები, რომლებზეც მხოლოდ წყვილი თვალი იყო აღბეჭდილი და სთხოვდნენ, გამოხედვის მიხედვით ამოეცნოთ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა.

მაქსიმალური შეფასება იმ სტუდენტებმა დაიმსახურეს, რომლებსაც მეტი მხატვრული ნაწარმოები ჰქონდათ წაკითხული. დიახ, აღმოჩნდა, რომ ბელეტრისტიკის ფანები უკეთ აღიქვამენ სოციალურ გარემოს და უკეთ აფასებენ გარშემო მყოფთა ემოციებს. მაგრამ აქცევს კი ეს უნარი მათ უკეთეს ადამიანებად?!

ამის შესამოწმებლად მკვლევარებს ხანგრძლივი დაკვირვება დასჭირდათ. პირველ ეტაპზე მონაწილეებს ავსებინებდნენ ანკეტას – პასუხს აცემინებდნენ კითხვებზე, რომლებიც მათი ემპათიურობის ხარისხის გაზომვის საშუალებას იძლეოდა. მეორე ეტაპი მოკლე მოთხრობის წაკითხვა და მის შესახებ მსჯელობა გახლდათ, რომლის მსვლელობის დროსაც აკვირდებოდნენ, ვინ რამდენად დაინტერესდა წაკითხულით, ვის სურდა, ამბის დასრულების შემდეგ პერსონაჟების შესახებ კიდევ შეეტყო რაიმე. მესამე ეტაპზე კი ნებისმიერი ფსიქოლოგისთვის ნაცნობ მეთოდს მიმართეს: იატაკზე ვითომ შემთხვევით დაუცვივდათ კალმები, რომ გაეგოთ, ვინ გაიწევდა მათ დასახმარებლად.

ვინც მეტად თანაუგრძობდა წაკითხული მოთხრობის გმირს, დასახმარებლადაც ის გარბოდა. შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ადამიანები მოთხრობის წაკითხვამდეც საკმაოდ გულისხმიერები იყვნენ, მაგრამ მკვლევარებმა მონაწილეების ემპათიურობის განმსაზღვრელი ქულები მოთხრობის წაკითხვამდეც დააჯამეს. ნებისმიერ შემთხვევაში მეტი ალტრუიზმი მათ გამოიჩინეს, ვიზეც უფრო მეტად იმოქმედა წაკითხულმა.

***

ექსპერიმენტი ექსპერიმენტად რჩება, რეალურ ცხოვრებაში კი შესაძლოა ყველაფერი პირიქით მოხდეს. იქნებ, ვინც უფრო ყურადღებიანია გარშემო მყოფების მიმართ, მხატვრული ლიტერატურის კითხვაც სწორედ მას იტაცებს. დასკვნის გამოტანა ერთი ხელის მოსმით შეუძლებელია. უკეთეს შედეგს ალბათ მაშინ მივიღებთ, ემპათიის ხარისხის გაზომვის შესაძლებლობა ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე თუ გვექნება.

ამგვარი მიდგომით რამდენიმე მცირე კვლევა ჩატარდა კიდეც: სტუდენტებს წასაკითხად შესთავაზეს საგაზეთო სტატია (საბერძნეთში მომხდარ აჯანყებასა და ნიდერლანდებში გამართულ დღესასწაულზე) ან ერთი თავი ჟოზე სარამაგუს რომანიდან „სიბრმავე“, რომელშიც მამაკაცი საჭესთან მწვანე შუქის ანთებას ელოდება და უეცრად მხედველობას კარგავს. თანამგზავრები მას შინ წაიყვანენ, შემთხვევითი გამვლელი კი ავტომობილის სახლამდე მიყვანას სთავაზობს და მანქანას იპარავს. სტუდენტების ემპათიის დონე წაკითხვისთანავე საგრძნობლად იზრდებოდა. ამ სტუდენტებს ერთი კვირის შემდეგაც იკვლევდნენ და მათი ემპათიის მაჩვენებლები კიდევ უფრო მაღალი იყო.

ბუნებრივია, ჩვენს გრძნობებსა და ქცევაზე გავლენას მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებები არ ახდენს. ჩვენ თანავუგრძობთ იმ ადამიანებსაც, ვის შესახებაც საგაზეთო სტატიებსა და რეპორტაჟებში ვკითხულობთ. მაგრამ ბელეტრისტიკას, სულ მცირე, სამი უპირატესობა აქვს: მკითხველს საშუალება ეძლევა, ჩაუღრმავდეს გმირის შინაგან სამყაროს; მკითხველს, როგორც წესი, სჯერა რომანებში წაკითხული ამბების; მკითხველი პერსონაჟის ცხოვრებას მრავალი წლის განმავლობაში ადევნებს თვალყურს.

ამრიგად, კვლევებს თუ დავუჯერებთ, მხატვრული ლიტერატურის კითხვა ადამიანებს უკეთესი ქცევისკენ უბიძგებს. აქედან გამომდინარე კი დროა, უარი ვთქვათ სტერეოტიპზე, რომლის მიხედვითაც „წიგნის ჭიები“ ბევრ დროს იმიტომ ატარებენ წიგნებთან, რომ რეალური ურთიერთობებისა ეშინიათ. სინამდვილეში ამ „ჭიებს“ ყველაზე უკეთ ესმით სხვა ადამიანებისა, რისი გათვალისწინებაც არაერთი პროფესიის წარმომადგენელსა თუ პოლიტიკოსს ნამდვილად წაადგებოდა.

 

წერილი მომზადებულია BBC ჟურნალისტის, კლაუდია ჰემონდის სტატიის „Does reading fiction make us better people?მიხედვით.

იღბალა

0

იჯდა. ეგდოო, ვერ იტყვი. ფეხი ფეხზე გადაედო. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, ირონიაშეპარული. თითქოს ბედს შეგუებოდა. სახეზე მტვრისფერი ედო. არ ვიცი, რამდენ ხანს იჯდა შუა ქუჩაში ამოთხრილ ამ ორმოში. გარეგნობით დიდი ხნის მოსულს ჰგავდა…

სამივემ მანქანის გაჩერებისთანავე შევამჩნიეთ. მისი ჯდომის მანერა და მტვერში ამოგანგლული იდუმალი ღიმილი უმალვე მოგვხვდა თვალში. მერე ჩვენი მზერა შეხვდა ერთმანეთს და სამივემ ერთი და იგივე რამ გავიფიქრეთ. ჩვენ შორის ყველაზე უმცროსმა ითავა მისი ორმოდან ამოყვანა. ძნელი აღმოჩნდა. ქუჩაზე წუთში ათი მანქანა მაინც ჩაივლიდა ხოლმე. რამდენიმე წუთი დაგვჭირდა ლოდინი, რომ სწრაფი გადარბენით ორმომდე მიგვეღწია და ამოგვეყვანა. ეს რამდენიმე წუთი ლამის საუკუნედ იქცა. ყოველი მანქანის გამოჩენისას სუნთქვა გვეკვროდა: – აი, ახლა კი აღარ გაუმართლებს და მის ღიმილს რეზინის პროტექტორის ანაბეჭდი შეცვლის… ის კი იჯდა ამაყად და იღიმებოდა.

როგორც იქნა, ვიხელთეთ რამდენიმე წამი და მივირბინეთ…

შინ მიყვანილს მთელი ქალაქის მტვერი ჩამოვბანეთ. თურმე ნაცრისფერი სულაც არ ყოფილა. ფერთან ერთად თითქოს ღიმილიც შეეცვალა – ირონიის ადგილი ბედნიერებამ დაიკავა. მას შემდეგ არათუ ჩვენი ოჯახის წევრი, არამედ ცხოვრების თანამგზავრი გახდა. სახელიც შევურჩიეთ – იღბალა დავარქვით.

პირველად 2017 წელს წავიყვანეთ ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ტაილანდში. იმ წელს ჩვენი ქვეყანა მეოთხედ ასპარეზობდა დიდ არენაზე, რომელზეც ქვეყნები მედლების მოპოვებას ექვს-შვიდწლიანი გამოცდილების დაგროვების შემდეგ იწყებენ. ჩვენ გაგვიმართლა – ოთხიდან სამმა მედალი აიღო. მომდევნო წელსაც ჩვენი ნაკრების „შემადგენლობაში“ შედიოდა იღბალა და ოთხი მონაწილიდან ოთხივე გამარჯვებული დაბრუნდა სამშობლოში.

მას შემდეგ ის ჩვენი გუნდის თილისმად იქცა და უკვე ერთი წელია ემზადება პაზირში წასასვლელად… კვირის ბოლოს გავფრინდებით და ერთად დაველოდებით ჩვენი გუნდის შედეგებს.

ისე, იმ დღეს ქუჩაში იღბალა გასრესისთვის მარტო იღბალს არ გადაურჩენია – „გეოპოლიტიკურმა“ მდებარეობამ იხსნა. მძღოლები ორმოში ჩავარდნასა და კისრის მოტეხას არიდებდნენ თავს და არა მის სათნო ღიმილს…

ეს ჩვენი მტვერში, ოფლში, ცრემლსა და სისხლში ამოსვრილი სამშობლოც იღბალასავით არის მიგდებული მსოფლიოს გეოპოლიტიკურ რუკაზე. ჯერ კიდევ შეგვრჩენია თბილი ღიმილი და თბილი გული, მაგრამ მათ იმედად ყოფნა გადარჩენის დიდი ვერაფერი გარანტიაა. რკინის მუხლუხოებს არც თვალი აქვს და არც გული. იღბალასავით არც ხავერდის სათამაშო ვართ, რომ ერთხელაც კეთილმა ძია სემმა ჩამოიაროს, შეამჩნიოს ჩვენი მომხიბვლელობა და თან წაგვიყვანოს. არც „ჩინეთის დიდი კედლის“ შემოვლება გვარგებს რამეს – დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა მტერს ასეთი მარტივი „მექანიკური“ მოწყობილობები აკავებდა… მაშ, სად არის გამოსავალი? დიდ საერთაშორისო პროექტებში. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი რომ არა, დღეს შიდა ქართლში მავთულხლართები სულ სხვაგან იქნებოდა გავლებული. ამიტომ სიმშვიდისა და მეტი დაცულობისთვის ბევრი „ანაკლიაა“ საჭირო.

ახალგაზრდა მასწავლებლის სევდა

0

მასწავლებლებისგან ხშირად გაგვიგონია: 30 წელია სკოლაში ვასწავლი, 40 წელია მასწავლებელი ვარ, მთელი 25 წელი სასწავლო ნაწილი ვიყავი, – და ა.შ. ამ დროს ახალგაზრდა მასწავლებელი ფიქრობს: „მე ამდენი წლის ჯერ არც კი ვარ და უკვე მასწავლებელი მქვია…“

ახალგაზრდა მასწავლებელს ბევრი სირთულის გადალახვა უწევს, ბევრჯერ დამტკიცება, უპირველესად, საკუთარი თავისთვის, მერე კი სხვებისთვისაც, რომ პროფესიის არჩევანში არ შემცდარა, რომ ნამდვილად იმსახურებს მასწავლებლის სახელს.

სტერეოტიპი, რომ გამოცდილმა, ასაკოვანმა მასწავლებელმა უკეთ იცის თავისი საქმე, ვიდრე ახალგაზრდამ, ნელ-ნელა იმსხვრევა. საზოგადოება მიხვდა, რომ შეიძლება იყო ახალგაზრდა, გამოუცდელი, მაგრამ კარგი მასწავლებელი. აქედან გამომდინარე, ხშირად არჩევანს ახალგაზრდა მასწავლებელზეც აკეთებენ.

ახალგაზრდა მასწავლებლის სევდას რამდენიმე მიზეზი აქვს, რომლებსაც ის მანამდე აწყდება, სანამ ახალგაზრდა მასწავლებელი ჰქვია:

  1. ახალგაზრდაა და ეშლება – ბევრს უნდა, ახალგაზრდა მასწავლებელი ჰყავდეს, მაგრამ ძალიან ცოტა ენდობა მას. როცა კლასში რაიმე სირთულე წარმოიშობა, ამას მაშინვე მასწავლებლის ახალგაზრდობას და გამოუცდელობას დააბრალებენ. თუ რომელიმე მოსწავლეს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს, ესეც ახალგაზრდა მასწავლებლის ბრალია – ე.ი კარგად ვერ აუხსნა, ვერ გააგებინა ბავშვს. აზრადაც არ მოსდით, რომ მსგავს პრობლემას ორმოცწლიანი სტაჟის მქონე მასწავლებლებიც ეჯახებიან.
  2. 2. ახალგაზრდაა, ანუ შემიძლია გავუთამამდე – ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რომელიც ასაკით ჩვენზე უფროსია, თავიდანვე აღგვიძრავს პატივისცემას, რასაც ვერ ვიტყვით ახალგაზრდაზე, მით უმეტეს – თუ ის ხშირად იღიმება და კეთილგანწყობას გამოხატავს. მშობლების უმრავლესობა ახალგაზრდა მასწავლებელზე უფროსია ან სულ რამდენიმე წლითაა უმცროსი. და რადგან თითქმის ტოლები არიან, ნებით თუ უნებლიეთ ივიწყებენ ეთიკის ელემენტარულ ნორმებს. მაგალითად, როგორ მიმართავენ ახალგაზრდა მასწავლებელს მშობლები? – ისე, თითქოს მეზობლის გოგო ან ბავშვობის მეგობარი ყოფილიყოს, რაც ძალიან შეურაცხმყოფელია. ახალგაზრდა მასწავლებელსა და მშობლებს შორის ხშირად თავიდანვე ყალიბდება მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას ფამილარულად მივმართოთ.
  3. ახალგაზრდაა, ესე იგი ბევრი დრო აქვს – ახალგაზრდა მასწავლებელი, ისევე როგორც ყველა სხვა, მუდამ ცდილობს, მშობლებს რაც შეიძლება ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ, უთმობს მათ არასამუშაო საათებს. სანაცვლოდ მას ავსებენ ისეთი კითხვებით, რომელთა პასუხი თავადაც შეიძლება გაიგო შვილისგან, სხვა მშობლებისგან ან უბრალოდ დაფიქრდე და მიხვდე, მაგრამ რატომღაც მაინც ურჩევნიათ, მასწავლებელს ჰკითხონ. მერე რა, რომ მას კიდევ რამდენიმე ათეულ მშობელთან უწევს ურთიერთობა, რომლებიც ანალოგიურად სწერენ და ურეკავენ – ის ხომ არასოდეს გტოვებთ უპასუხოდ! ამიტომ ახლაც ჰკითხავთ. ხოლო თუ ერთხელაც ახალგაზრდა მასწავლებელს მოთმინების ფიალა ამოეწურა და მოკრძალებულად გამოაცხადა, იქნებ ზოგი პრობლემა თავადვე მოაგვაროთო, მისი ყველა დამსახურება უკვალოდ ქრება.
  4. 4. შენი ჯობია თუ ჩემი? – შედარებები მშობლებს ძალიან უყვართ. ერთმანეთს შვილებსაც კი ადარებენ და რა გასაკვირია, რომ მათი მასწავლებლების შედარება დაიწყონ. მუდმივი შედარება კი გაუნობიერებლად გვაკარგვინებს მასწავლებლის ნდობას, რაც სამომავლოდ აუცილებლად წარმოშობს პრობლემებს.
  5. სკოლაში ახალი მასწავლებელი მოვიდა, თანაც ახალგაზრდა! „ო, ეს დიდი საფრთხეა! მე ხომ ამდენი წელია ამ სკოლაში ვასწავლი, საკმაოდ კარგი მასწავლებლის სახელი მაქვს. ახლა კი მოვიდა ვიღაც ცხვირმოუხოცავი და თავისი ვითომდა ახალი მეთოდებით ეცდება, ჩემი ადგილი დაიკვაოს!“ – ფიქრობს 30-წლიანი სტაჟის მქონე მასწავლებელი და თხემით ტერფამდე შემფასებლური მზერით ათვალიერებს სამასწავლებლოში ისედაც უხერხულად მდგომ ახალგაზრდას, თან იმ დღეს ელოდება, როცა მას რაღაც შეეშლება, რათა „მზრუნველი“ კილოთი დაამშვიდოს და უთხრას, რომ როცა ისიც მასავით ახალგაზრდა იყო, ასეთი შეცდომები მასაც მოსდიოდა.

 

ნებისმიერი მასწავლებელი, მეტადრე – ახალბედა, ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს. ეძებოს ახალი მეთოდები, ყოველი სასწავლო დღე გააფერადოს და გაახალისოს. ის დიდი ენთუზიაზმით ეკიდება თავის საქმეს და მასაც სჭირდება ქება, წახალისება, აღნიშვნა იმისა, რომ რასაც აკეთებს, გარშემო მყოფებიც ხედავენ.

ახალგაზრდა მასწავლებლის სევდის კიდევ ბევრი მიზეზის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც, რა თქმა უნდა, მხოლოდ ახალგაზრდებს არ აწუხებთ, მაგრამ მე და ჩემი კოლეგების მთავარი სადარდებელი მაინც ის არის, რომ ჩვენ უბრალოდ ახალგაზრდა მასწავლებლები ვართ, „ჯერ თვითონაც ბავშვები“, და „ბავშვებს რა უნდა ვასწავლოთ?!“

აქტივობები გაკვეთილებზე სახალისო ვერბალურ-ვიზუალური ტექსტების შესაქმნელად

0

კომიქსები და გრაფიკული ლექსები – კალიგრამები

ადამიანმა მრავალი ათასწლეულის წინ დაიწყო ინფორმაციის გრაფიკულად გადმოცემის გზების ძიება. პირველი მცდელობა კლდეებზე შესრულებული ნახატები იყო. ასეთი ნახატები პიქტოგრაფიის უძველესი ნიმუშებია.

შემდეგ პიქტოგრამამ ევოლუცია განიცადა და გაჩნდა იდეოგრამა. იდეოგრამა გრაფიკული სიმბოლოა და გამოხატავს მთელ სიტყვას, საგანს, იდეას. დიდი ხნის განმავლობაში პიქტოგრამა და იდეოგრამა ერთობლივად გამოიყენებოდა ინფორმაციის გადმოსაცემად. (მაგ., მაიას ტომების გრაფიკული წერილები).

დროთა განმავლობაში იდეოგრამამაც განიცადა ცვლილება და უფრო აბსტრაქტული ხასიათი მიიღო. ადამიანებისთვის უკვე აღარ იყო მნიშვნელოვანი, საგანი და მისი გამომხატველი გრაფიკული სიმბოლო ვიზუალურად ერთმანეთის მსგავსი ყოფილიყო.

დაახლოებით ძვ. წ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე დაიწყო გრაფიკული ნიშნების ბგერებით გადმოცემა. დაახლოებით ამ პერიოდში შეიქმნა ანბანი.

ანბანის შექმნის შემდეგ დაიწყო კალიგრაფიის გაუმჯობესება. იმის გამო, რომ ადამიანს საუკუნეების განმავლობაში ხელით უხდებოდა დიდი მოცულობის ტექსტების გადაწერა, მისმა დონემ განვითარების მწვერვალებს მიაღწია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის – საქართველოშიც.

ტერმინი „კალიგრამა“ გვიან გაჩნდა, თუმცა ძვ. წ. აღ. III საუკუნეში უკვე იქმნებოდა კალიგრაფიის ნიმუშები. ის პოპულარული იყო ძველ საბერძნეთში, შუა საუკუნეების ევროპაში. კალიგრამების ნიმუშები ახლაც იქმნება, თუმცა არც ისე ცნობილი და გავრცელებულია. საბეჭდი მანქანის გამოგონებამ ახალი შტრიხები შემატა გრაფიკულ პოეზიას, გაჩნდა კალიგრამის სხვადასხვა სახეობა.

კალიგრამა არის ლექსი, რომლის გრაფიკული წყობა ფურცელზე ქმნის ნახატის ფორმას. ეს უკანასკნელი ხშირ შემთხვევაში ტექსტის სიუჟეტთან არის დაკავშირებული, მაგრამ ზოგჯერ მისი საპირისპიროცაა. სიტყვა „კალიგრამა“ შეიქმნა ორი ტერმინის – „კალიგრაფიისა“ და „იდეოგრამის“ შერწყმით. ეტიმოლოგიურად ის „ლამაზად ნაწერს“ აღნიშნავს (ბერძ. kali – ლამაზი, gramma – წერილობითი ნიშანი).

„მე ლექსებს არ ვწერ – მე ლექსებს ვხატავ“, – ვახტანგ ჯავახაძის ეს სიტყვები ყველაზე უკეთ შეესაბამება პოეზიაში იმ მიმდინარეობას, რომელსაც ვუწოდებთ კალიგრამს, ვიზუალურ პოეზიას, გრაფიკულ პოეზიას და სხვა. სიტყვა „კალიგრამა“ სიურეალისტური პოეზიის ნიმუშების აღსანიშნავად შემოიღო დიდმა ფრანგმა მწერალმა და პოეტმა გიიომ აპოლინერმა. მან თავის შემოქმედებაში განავითარა კალიგრამა და ევროპაში საფუძველი ჩაუყარა თითქმის ყველა ავანგარდისტულ მიმდინარეობაში პოეზიაში.

გრაფიკული ლექსების ცნობილი ნიმუშები

ფრანგი პოეტი ფიქრობდა, რომ კალიგრამების ანუ „ლირიკული იდეოგრამების“ ტექნიკის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა „მთელი ლექსის წაკითხვა ერთი შეხედვით, თვალის ერთი შევლებით“. „სამყარო წიგნია და მეც, გიიომ აპოლინერი, პოეტი, საკუთარი თავისა და კაცობრიობის მოხეტიალე კალიგრამა, წარმოვადგენ ადამიანთა ისტორიას. მე საკუთარ თავს ვშიფრავ, საკუთარ თავს ვსწავლობ მათ ისტორიაში“, – ამბობდა იგი.

კალიგრამა ერთმანეთში გარდამავალი ვერბალური და ვიზუალური ნიშნები, სრულიად განსხვავებული სემიოტიკური სისტემებია, რომელთა მოშველიებითაც თავისთავად შეიძლება გამოითქვას აზრი განსხვავებული პარამეტრებით. აქ ვერბალური ტექსტი ერწყმის გრაფიკას და გრაფიკა აგრძელებს ვერბალურ ტექსტს.

 

გრაფიკული პოეზიის ექსპერიმენტული ნიმუშები ქართულ ლიტერატურაშიც გვაქვს. ეს არის საინტერესო მცდელობები ულტრათავისუფალი ლექსის შექმნისა.

ამრიგად,

გრაფიკული ლექსი მხატვრული ტექსტია, რომელსაც რაიმე საგნის სპეციფიკური ფორმა აქვს. მისი ვიზუალური მხარე მისსავე თემას შეესაბამება. მაგალითად, თუ ლექსი ხეზეა, ის ვიზუალურადაც ხეს უნდა მივამსგავსოთ, თუ ვარსკვლავზეა – ვარსკვლავს. ასეთი ლექსის წერა აერთიანებს წერისა და ხატვის ელემენტებს, ამიტომაც ის ბავშვებს აუცილებლად დააინტერესებს.

 

 

 

 

 

გრაფიკული ტექსტის „ბრილიანტის“  ერთ-ერთი ვარიაცია

გრაფიკული მწერლობის მარტივი ნიმუშების შემოტანა საგაკვეთილო (ან არაფორმალურ) პროცესზეც შეიძლება. კალიგრამების მარტივი ფორმების შექმნით (ნიმუშების წაბაძვით) ადვილად შეიძლება მოსწავლეთა დაინტერესებაც. მოსწავლეებს, განსაკუთრებით – დაწყებით საფეხურზე, უყვართ თავიანთი ნაწერების ნახატებით გაფორმება. წერა მათთვის ზოგჯერ მოსაბეზრებელი რუტინაა. რატომ არ შეიძლება, ამ რუტინისგან თავდასაღწევად ზოგჯერ ისეთი სახალისო აქტივობაც შევთავაზოთ, როგორიც კალიგრამების შექმნაა?

 

 

 

 

ვიდრე მასწავლებლები გრაფიკული ლექსების დამოუკიდებლად წერას დაიწყებენ, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ერთობლივი მუშაობის პრაქტიკა, ნაბიჯ-ნაბიჯ, საფეხურებად მიაწოდოს ინსტრუქციები, აუხსნას ბავშვებს, რა ტიპის ტექსტია კალიგრამა, როგორ იქმნება იგი, თვალსაჩინოდ წარმოუდგინოს ბავშვებს მისი შექმნის პროცესი და ასე თანდათანობით ჩართოს ისინი მის შექმნაში. წარმოგიდგენთ ნიმუშებს, რომლებიც ერთობლივი პრაქტიკით მესამე- და მეხუთეკლასელების თვალწინ შეიქმნა:

 

 

 

 

მოსწავლეების მიერ დამოუკიდებლად შექმნილი კალიგრამები

 

 

 

 

რამდენიმე რეკომენდაცია დაწყებით კლასებში ქართული ენის გაკვეთილებზე კალიგრამების შესაქმნელად:

აქტივობა კომპლექსური ხასიათისაა. ის ემსახურება როგორც წერითი მეტყველების, ასევე ზეპირმეტყველებისა და კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივობა ოთხ ეტაპს მოიცავს: წაკითხვას – განხილვას – სიტყვებით ხატვას – აღწერას.

აქტივობის მიზნებია: ვიზუალური წიგნიერების უნარ-ჩვევების განვითარება დეტალებზე კონცენტრირებით, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების განვითარება, ზეპირმეტყველების უნარ-ჩვევების განვითარება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება.

აქტივობის პირველ ეტაპზე მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ, მეორეზე წაკითხულს განიხილავენ, აფასებენ პერსონაჟების ქმედებებს, შემდეგ ქმნიან კალიგრამებს, უკანასკნელ ეტაპზე კი მათ კლასის წინაშე წარადგენენ და აღწერენ.

სასურველია ჩაატაროთ საკლასო ინტერაქცია შერჩეულ თემაზე.

  • აქტივობა „წავიკითხოთ-განვიხილოთ-დავხატოთ სიტყვებით/ასოებით-აღვწეროთ“.
  • კალიგრამის შესაქმნელად ტექსტის წაკითხვა არ არის აუცილებელი; შეიძლება შეირჩეს ნებისმიერი თემა და მოსწავლეებს შევთავაზოთ მასზე კალიგრამების შექმნა.
  • თავდაპირველად ბავშვებს საინტერესო ნიმუშები შესთავაზეთ, – რა თქმა უნდა, მარტივი, მისაწვდომი.
  • შეიძლება შესთავაზოთ კონტურული ნახატები. უმცროსკლასელები გამოსახულების კონტურებზე სიტყვებს ადვილად განალაგებენ.
  • ბავშვებს უყვართ ფერადი ნახატები, მიეცით საშუალება, ნიმუშები სურვილისამებრ გააფერადონ.
  • ნუ შეზღუდავთ, ნუ მოაქცევთ ჩარჩოში ბავშვების ფანტაზიას, მიეცით უფლება, თავიანთი სურვილების შესაბამისად ხატონ და წერონ.
  • მუდამ პოზიტიურად შეაფასეთ ბავშვების ნამუშევრები.
  • არ დაგავიწყდეთ, რომ ზემოთ აღწერილი აქტივობა სახალისოა. თუ მას სისტემატურად გამოიყენებთ, მოსწავლეებს მობეზრდებათ ეს საქმიანობა და ის ხიბლს დაკარგავს.

 

რა არის კომიქსი?

კომიქსიც ვიზუალური ხელოვნების ფორმაა, ეს არის პატარა მოთხრობა, რომელშიც ამბავი სურათების თანმიმდევრობით, მოკლე-მოკლე ტექსტებითა და დიალოგებითაა გადმოცემული. პერსონაჟების ნათქვამი კომიქსში სპეციალურ ბუშტშია მოთავსებული. ბუშტი წვერით იმ პერსონაჟის გამოსახულებას უერთდება, რომელიც ამ სიტყვებს წარმოთქვამს. იკითხება მარცხნიდან მარჯვნივ, როგორც ჩვეულებრივი ტექსტი. ყოველი ნახატი, წესისამებრ, სწორკუთხა ჩარჩოში თავსდება. ეს წესი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ირღვევა.

ე.ი. კომიქსი შედგება: ნახატისგან, ტექსტისა და გარკვეული გრაფიკული ნიშნებისგან.

თავდაპირველად კომიქსი გამოიყენებოდა კარიკატურების ილუსტრაციისთვის და გასართობად სასაცილო და ტრივიალური ისტორიებით. დროთა განმავლობაში ის განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა. ეს ჟანრი ამერიკული კულტურის ნაწილია, თუმცა თანდათანობით სხვა ქვეყნებშიც იხვეჭს პოპულარობას. მაგალითად, იაპონიაში კომიქსი (იაპ. მანგა) გასართობი ინდუსტრიის საკმაოდ დიდ სეგმენტს წარმოადგენს. არსებობს მოსაზრება, რომ კომიქსი სულაც იაპონელებმა გამოიგონეს. მისი წინამორბედი, პირველი სურათებიანი მოთხრობა, მეთორმეტე საუკუნეში გაჩნდა. ის ცნობილ ბუდისტ ბერსა და მხატვარს ტობას ეკუთვნოდა.

თანამედროვე მსოფლიოში კომიქსების გამოშვებაში ერთმანეთს ორი გიგანტი ეჯიბრება: „მარველი“ (Marvel Comics) და „დი სი“ (DC Comics).

კომიქსების შექმნისა და გამოცემის კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, თუმცა ამ მიმართულებით უფრო და უფრო საინტერესო ახალი გამოცემები ჩნდება. მაგალითად, ახლახან წიგნად გამოვიდა დათო მაჭავარიანის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტზე შექმნილი კომიქსი.

ზოგი მოყვარული კომიქსს ვიზუალურ პოეზიას უწოდებს და მასში განსაკუთრებით მოსწონს სიტყვისა და გამოსახულების ბალანსი, ამბავი, რომლის გადმოცემაში ტექსტთან ერთად ნახატიც მონაწილეობს.

ზოგიერთს მიაჩნია, რომ კომიქსი ზედაპირულია და სიღრმეები, შრეები, განზომილებები არ გააჩნია, არ შეუძლია გადმოსცეს მნიშვნელოვანი სოციალური და ადამიანური პრობლემები. კომიქსების ცნობილი ავტორი ვენ ჯენსენი მიიჩნევს, რომ ეს ასე არ არის, უბრალოდ, ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ, ჯერ კარგ კომიქსს არ გადაჰყრიან. არსებობს უამრავი საინტერესო და ჭკვიანური კომიქსი, ზოგი მათგანი ლიტერატურული შედევრია.

გრაფიკული წიგნების კიდევ ერთ ცნობილ მწერალს ჯოშუა ელდერს მიაჩნია, რომ კომიქსებს შეუძლიათ, ბავშვებს სქელტანიანი წიგნები შეაყვარონ.

„კომიქსებს ჩვენი გადარჩენა ძალუძთ“, – ამბობს ელდერი და მაგალითად თვითმფრინავის მგზავრებისთვის განკუთვნილი ისტორია მოჰყავს, რომელსაც გრაფიკული რომანისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშანი აქვს. უმარტივეს ნახატს, რომელსაც რამდენიმე წამი სჭირდება აღსაქმელად, მართლაც შეუძლია გადაგვარჩინოს.

ელდერის აზრით, კომიქსი ეფექტური საგანმანათლებლო რესურსია, რომლის გამოყენება ნებისმიერი საგნის სწავლებისას შეიძლება. კომიქსებს აქვთ პოტენციალი, რომ განათლების მიმართ უამრავი მიდგომა გაათანამედროვეონ და შეცვალონ.

კომიქსების მთავარი ხიბლი ნახატისა და ტექსტის ჰარმონიული ერთიანობაა. „კითხვა აქტიური პროცესია. როდესაც ფილმს ვუყურებთ, ან მუსიკას ვუსმენთ, პასიურები ვართ, რადგან მათი აღქმა თავისთავად ხდება. როდესაც ხელში ნახატებიანი წიგნი გვიჭირავს, თითქოს წიგნში ვართ, ამ დროს წიგნს უფრო ვგრძნობთ, აქ მოთხრობილ ამბავში აქტიურად ვმონაწილეობთ… კომიქსის კითხვის დროს ჩვენი ტვინი ერთდროულად ამუშავებს ტექსტსა და გამოსახულებას. ამ ინფორმაციის გადასამუშავებლად მისი სხვადასხვა ცენტრი ირთვება“.

ამერიკელი ავტორი მასწავლებლებს ურჩევს საგანმანათლებლო პროცესში კომიქსების გამოყენებას სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვისაც: „მახსენდება შემთხვევა, როდესაც ასეთი მოსწავლეები ისე დაინტერესდნენ კომიქსებით, რომ მასწავლებელმა სათითაოდ უყიდა. ხშირად ხდება, რომ ბავშვს კითხვა არ უყვარს, არც დაძალებას აქვს აზრი. ასეთ დროს კომიქსები ძალიან გვეხმარება“.

ელდერის აზრით, კომიექსების გამოყენება იმ ბავშვების სწავლებაშიც შეიძლება, რომლებსაც კითხვა უყვართ. კომიქსებით მიწოდებულ ინფორმაციას ჩვენი ტვინი 10-ჯერ სწრაფად ამუშავებს.

ჯოშუა ელდერი ირწმუნება, კომიქსების მკითხველი ბავშვები კლასიკური ლიტერატურითაც ინტერესდებიან. კომიქსები ბევრ მოზრდილსაც აყვარებს კითხვას. „მიუხედავად იმისა, რომ კომიქსი შედარებით ახალგაზრდა ჟანრია, მას დიდი პერსპექტივა აქვს“, – მიიჩნევს ის.

კომიქსები როგორც ეფექტური სასწავლო რესურსი ფეხს იკიდებს ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეშიც. ის თანდათან მკვიდრდება ჩვენს სახელმძღვანელოებში, საბავშვო ჟურნალებსა თუ წიგნებში. ამ ჟანრის ლიტერატურა უყვართ ყველა ასაკის მოსწავლეებს, განსაკუთრებით – უმცროსკლასელებს. მათ კომიქსების არა მარტო კითხვა, არამედ შექმნაც ძალიან მოსწონთ. კომიქსი, პირველ რიგში, ახალისებს კითხვის პროცესს, ეხმარება მოსწავლეს წაკითხული ტექსტის გააზრებაში, პერსონაჟების ქმედებათა გაცნობიერებაში, ორგანიზებული წარმოსახვის განვითარებაში. კომიქსის შექმნისას მასწავლებელი, რა თქმა უნდა, არ მოითხოვს მოსწავლისგან ვიზუალის სრულყოფილებას, – მას ბავშვი საკუთარი სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით ქმნის. ხატვის ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეს კი კომიქსი თვითრეალიზების ასპარეზს აძლევს.

კომიქსი, ისევე როგორც სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურა, ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა მოსწავლეთა წიგნიერების განვითარებისა. მისი გამოყენება შეიძლება როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური სწავლების დროს.

ჩვენ ვსწავლობთ კითხვით, მოსმენით, დაკვირვებით, მსჯელობით, კეთებით. ამ არხებით ვიღებთ ინფორმაციას. ის, რასაც ადამიანი იმახსოვრებს, ითავისებს და შეიმეცნებს, უკვე ცოდნაა.

სწავლის პროცესი კი მით უფრო შედეგიანია, რაც უფრო მაღალია მასში მოსწავლის თანამონაწილეობის ხარისხი. მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ახალ ინფორმაციას ადამიანი სხვადასხვანაირად შეიმეცნებს.

ცნობილია, რომ ადამიანი იმახსოვრებს წაკითხულის მხოლოდ 10%-ს. ამ დროს მისი თანამონაწილეობის ხარისხი დაბალია. შეუძლია დაიმახსოვროს მოსმენილის 20% და ნანახის 30%, თუმცა მისი თანამონაწილეობის ხარისხი ამ დროსაც დაბალია. კვლავ დაბალია, თუკი ერთდროულად ესმის და კიდეც ხედავს – 50%.

თანამონაწილეობის ხარისხი მაღლდება, როდესაც ადამიანი მსჯელობს, საუბრობს იმაზე, რაც მოისმინა – ის უკვე 70%-ს აღწევს. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღლა იწევს, როდესაც მკითხველი ახალ ინფორმაციას პირად გამოცდილებასთან აკავშირებს, აკეთებს, ქმნის ამ ინფორმაციის შესაბამისად. ამ დროს თანამონაწილეობის ხარისხი უკვე 90%-ია.

 

ვინაიდან მოსწავლეებს, განსაკუთრებით – უმცროსკლასელებს, ხშირად უჭირთ წაკითხული ტექსტის შინაარსის გააზრება, სწავლებაში კომიქსების გამოყენება ეფექტური იქნება. 

 

ერთხელ მე და ჩემმა მესამეკლასელებმა

გადავწყვიტეთ, წაგვეკითხა ვრცელი მოთხრობა უძველეს ადამიანებზე. ძირითადი ტექსტის წაკითხვამდე მოსწავლეებს პირველ ადამიანებზე კომიქსი შევთავაზე. ბავშვები მას ხალისით გაეცნენ, ადვილად გამოთქვეს ვარაუდები და დიდი ინტერესით წაკითხეს ძირითადი ტექსტი, რადგან ძალიან აინტერესებდათ პარალელები კომიქსებსა და ტექსტს შორის.

კომიქსები „პირველ ადამიანებზე“ მოსწავლეებს ტექსტის წაკითხვამდე შევთავაზე. ბავშვებს დავალება ძალიან მოეწონათ, მათ ადვილად გაიაზრეს წაკითხულის შინაარსი და სურვილი გამოთქვეს, ნაწარმოების მომდევნო თავებსაც გასცნობოდნენ. ეს საბავშვო მოთხრობა, რომელიც 22 თავისგან შედგება, დიდი ინტერესით წავიკითხეთ. ეს ინტერესი კითხვის დასრულებამდე არ განელებულა.

ასეთი მოტივირებული კითხვის შემდეგ მოსწავლეებმა ადვილად შეასრულეს სხვადასხვა ტიპის წერითი დავალებები: მოქმედებათა რიგის დალაგება, კითხვებზე პასუხის გაცემა, ეპიზოდების შინაარსის წერა, კომიქსის მიხედვით ამბის შედგენა და სხვა.

 

 

 

ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე სხვა ლიტერატურის გაცნობაც მოისურვეს. ამ მიზნით წავიკითხეთ ნინო ნაკაშიძის „უღუ და თეთ“. ნაწარმოები კლასში განვიხილეთ და შევაფასეთ.

კომიქსების გამოყენება კითხვის შემდეგაც შეიძლება. ჩემმა მოსწავლეებმა მოისურვეს, თვითონაც შეექნათ ისინი ტექსტის გასააზრებლად ან სულაც ახალი, დამოუკიდებელი ტექსტის შესაქმნელად.

შემოგთავაზებთ რეკომენდაციებს გაკვეთილისთვის, როცა კომიქსი გამოყენებულია ძირითადი ტექსტის წაკითხვამდე შერჩეულ თემაზე საკლასო ინტერაქციისთვის, ვარაუდების გამოსათქმელად, შემდეგ კი – წაკითხულის გასააზრებლად.

 

გაკვეთილის თემა: კომიქსები საბავშვო მოთხრობისათვის „პირველი ადამიანები“

. აქტივობა: ინტერაქცია შეთავაზებულ თემაზე;

ბავშვებს ძალიან აინტერესებთ ინფორმაცია დედამიწის პრეისტორიული წარსულის შესახებ. განსაკუთრებით ხშირად სვამენ კითხვებს პირველ ადამიანებზე. ამ მიზნით ჩვენმა საავტორო ჯგუფმა საგანგებოდ შექმნა კომიქსები, რომლებიც მცირედ მაინც დააკმაყოფილებს მეორეკლასელთა ცნობისმოყვარეობას. რა თქმა უნდა, ინფორმაცია აქ მხოლოდ იმდენია, რამდენის აღქმაც შეუძლია უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეს. სასურველია, მასწავლებელმა ბავშვებს მარტივად, მათთვის გასაგებ ენაზე მოუთხროს დმანისის აღმოჩენებზე, შეიძლება საპრეზენტაციო სლაიდებიც შესთავაზოთ ან დმანისში სასწავლო ექსკურსია დაგეგმოთ.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილი კომიქსები ვრცელი საბავშვო მოთხრობის, „პირველი ადამიანების“, ერთგვარი ინტერპრეტაციაა.

გარდა ამისა, აღნიშნულ თემაზე ინტერნეტში უამრავი სასწავლო ფილმი მოიპოვება, სასაურველია, ერთი მათგანი შეარჩიოთ და მოსწავლეებს მოტივირების მიზნით გააცნოთ.

მოსწავლეები საუბრობენ აღნიშნულ თემაზე, მასწავლებელი აკვირდება, რა ინფორმაციაა მათთვის ცნობილი.

. აქტივობა: ნახატების დათვალიერება.

მოსწავლეები ათვალიერებენ ილუსტრაციას და გამოთქვამენ ვარაუდს, რის შესახებ იქნება ამბავი.

. აქტივობა: დიალოგების წაკითხვა

მოსწავლეები კითხულობენ დიალოგებს სათანადო ინტონაციით, გამოხატავენ წინადადებების მოდალობას.

. აქტივობა: კომიქსებში წარმოდგენილი ინფორმაციის გაგებაგააზრებისკენ მიმართულ სავარჯიშოებზე მუშაობა. ამ დროს შეიძლება გამოიყენოთ გრაფიკული სქემები: „მოქმედებათა თანმიმდევრობა“, „პერსონაჟის დახასიათების სხვადასხვაგვარი სქემა“, „გრაფიკული სქემა მიზეზშედეგობრივი კავშირების დასამყარებლად“ და სხვა.

სახელმძღვანელოში აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე კომიქსია. ცალ-ცალკე მათ დახასიათებას საჭიროდ არ მივიჩნევთ, რადგან მასწავლებელს მათზე მუშაობა საკუთარი ინტერპრეტაციითაც შეუძლია. ასევე, მას შეუძლია აღნიშნულ თემაზე დაგეგმოს წერითი სავარჯიშოები და საინტერესო აქტივობები.

შეიძლება შევთავაზოთ საინტერესო თამაშებიც. მაგალითად: „წარმოიდგინე თავი თუთის ადგილას და დაარქვი საგნებს სახელები შენი წარმოდგენით“.

შემოგთავაზებთ საორიენტაციო შეკითხვებს:

  • რა აშინებთ გამოქვაბულში მცხოვრებ ადამიანებს, რა სურთ მათ?
  • თუთის და თეას ძაღლის მოშინაურება რატომ უხარიათ?
  • რა სარგებლობას მოუტანდა ცეცხლის პოვნა პირველ ადამიანებს?
  • რა შეიძლებოდა შემდეგ მომხდარიყო, როგორ შეიცვლებოდა პირველი ადამიანების ცხოვრება ძაღლის მოშინაურებისა და ცეცხლის გამოყენების შემდეგ?

სამუშაო რვეულში მეტი ყურადღება წინადადებათა თანმიმდევრულად დალაგებაზეა გადატანილი, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნული ამბის გაგება-გააზრებასაც.

ნაწარმოების მომდევნო თავების წაკითხვის შემდეგ შეიძლება, მოსწავლეებმა თვითონაც შექმნან კომიქსები. ისაუბრონ თავიანთ ნამუშევარზე.

უმცროსკლასელებს ძალიან მოეწონათ არჩილ სულაკაურის ცნობილი ზღაპარი „სალამურას თავგადასავალი“. არანაკლებ ისიამოვნეს ამ ზღაპრის მიხედვით კომიქსების შექმნით. ფაქტია, რომ ეს მათ ტექსტის ღრმად გააზრებაში დაეხმარა. მოსწავლეთა ნამუშევარი საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ამ პროცესის დროს მოსწავლეთა წარმოსახვა განსაკუთრებით აქტიურდებოდა, მით უმეტეს – თუკი ამ სამუშაოს წინ უძღოდა ტექსტის, პერსონაჟთა ქმედებების გასააზრებლად განკუთვნილი რომელიმე ეფექტური სტრატეგია. ჩემს მესამეკლასელებს განსაკუთრებით მოეწონათ სტრატეგია „ცხელი სკამი“.

ტექსტის კარგად გააზრების შემდეგ მოსწავლეები ქმნიდნენ კომიქსებს – სურვილისამებრ, ტექსტის სიუჟეტის მიხედვით ხატავდნენ ან თვითონვე აგრძელებდნენ ამბავს და პერსონაჟებზე ახალ-ახალ თავგადასავლებს თხზავდნენ.

ასევე დაინტერესდნენ ბავშვები როალდ დალის ცნობილი ნაწარმოებით „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“.

მოსწავლეების მიერ შექმნილი კომიქსები

 

 

დასკვნა

ვინაიდან უმცროსკლასელებს ხშირად უჭირთ წერითი დავალებების შესრულება, სასურველია, პერიოდულად გავუხალისოთ წერის პროცესი, ისეთი აქტივობები შევთავაზოთ, რომლებიც მათ ბავშვურ სამყაროს გაალამაზებს, გააფერადებს, მაგალითად, კალიგრამებისა და კომიქსების შექმნით.

თუ მოსწავლეებს მივცემთ ზუსტ, რამდენიმესაფეხურიან ინსტრუქციას, ვუჩვენებთ მარტივ ნიმუშებს, თავისუფლებას მივანიჭებთ მუშაობის პროცესში, მათ ნამუშევრებს პოზიტიურად შევაფასებთ, შევძლებთ, კალიგრამები და კომიქსები წერის, კითხვისა და ზეპირმეტყველების უნარ-ჩევების განსავითარებლად გამოვიყენოთ, თანაც ისე, რომ გაკვეთილები მოსწავლეებს საინტერესო და მომზიდველ პროცესად ვუქციოთ.

დასასრულ, შემოგთავაზებთ სახალისო გრაფიკულ-ვიზუალურ ტესტს – კალიგრამას, რომელიც ზაფხულის არდადეგების მომლოდინე მესამეკლასელებისა და მასწავლებლის ერთობლივი მუშაობის პრაქტიკითააა შექმნილი:

 

ჰა,

კალმით

დახატული

მოგვდგომია კარს

ზაფხული. უზრუნველი,

მხიარული ისმის ჩვენი ჟრიამული.

მასწავლებელი იცინის: ეს სასწავლო წელიც

მორჩა. მესამეში დაგტოვებდით? წინ მეოთხე კლასი

მოჩანს. ზაფხულის არდადეგებით იხალისეთ, გვრიტუნებო,

გაზრდილები დამიბრუნდით, ჩემო კარგო ჩიტუნებო! ახლა ლექსს

ვწერთ და ვხალისობთ, ისევ ერთად ყოფნა გვინდა… აი, ისიც, ავაშენეთ

ჩვენ სიტყვების პირამიდა! მეგობრობის პირამიდა! ჩვენი კლასის პირამიდა!

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2018-2024 წ.წ.
  2. ჯენ ვენსენი, კომიქსების შესახებ
  3. ლელა კოტორაშვილი, იდეის დაბადება – კომიქსები და არაფორმალური განათლება
  4. ირმა კახურაშვილი, კომიქსები – ახალი სიტყვა განათლებაში
  5. კითხვის ეფექტური მეთოდები (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი)
  6. USAID-ის საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი G-PRIED: წერისა და კითხვის სწავლება დაწყებით საფეხურზე

 

 

 

 

როგორ დავუკავშიროთ ჩრდილების თეატრი მწერალთა ბიოგრაფიებს

0

ჩრდილების თეატრით რამდენიმე წლის წინ ჩემი შვილების გამო დავინტერესდი. მათი ყოველდღიურობის გამრავალფეროვნების მიზნით მოვიძიე ინფორმაცია, თუ როგორ გამემართა სახლის პირობებში. იდეა და ინფორმაცია რეალობას მოვარგე და მალე სახლიდან საკლასო ოთახში გადავინაცვლე. მას შემდეგ სასწავლო პროცესში აქტიურად ვიყენებ, რადგან თანდათან უფრო მრავაფუნქციურ მეთოდად გადაიქცა. ჩრდილების თეატრი გამომიყენებია  შემაჯამებელი გაკვეთილისთვის, ზღაპრების, ლექსებისა და მოთხრობების გაცნობისთვის, გამოგონილი პერსონაჟების გაცოცხლებისთვის და მწერალთა ბიოგრაფიების გასაცნობად. აუდიტორიის ასაკს შეზღუდვა არ აქვს. ჩრდილების თეატრი ისეთივე ეფექტურია როგორც სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის, ასევე უფროსკლასელთათვისაც.

ჩრდილების თეატრის შესახებ Mastsavlebeli.ge-ს საძიებო ველი ჩემს ერთ სტატიას გაპოვნინებთ (https://mastsavlebeli.ge/?p=18012). ამ სტატიის მიზანიც სწორედ ის არის, რომ გაგიზიაროთ გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ გადაიქცა ჩრდილების თეატრი ბიოგრაფიების გაცნობის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდად.

სასწავლო წლის დასრულებამდე ორი კვირა იყო დარჩენილი, როდესაც მეცხრე კლასში შემცვლელ მასწავლებლად მომიწია შესვლა. ეს პერიოდი მიხეილ ჯავახიშვილის „მიწის ყივილის“ ირგვლივ ვიტრიალეთ. მოთხრობაში საკმაოდ ბევრი უცხო სიტყვა, ისტორიული ფაქტი, გეოგრაფიული  სახელწოდება გვხვდება, რაც შინაარსის გაგებას ართულებს. ბოლო გაკვეთილისთვის ჩრდილების თეატრით ავტორის გაცნობა დავგეგმე. მართალი გითხრათ, ახალი გარემო და მოსწავლეთა ასაკი მაშინებდა. ვეჭვობდი, რამდენად სწორად მიიღებდნენ ამგვარ გაკვეთილს. წინასწარ მოვამზადე ყველა საჭირო ნივთი. პერსონაჟად მწერლის ქალიშვილი, ქეთევან ჯავახიშვილი შევარჩიე. გაკვეთილის დასაწყისში გავმართე ჩრდილების თეატრი, ფონად მუსიკა ჩავრთე და პირველ პირში ვუამბე „მამის“ შესახებ. თხრობის პარალელურად ბავშვების სახეებს ვაკვირდებოდი და ვხედავდი, როგორ ეცვლებოდათ მზერა, რაც ცნობისმოყვარეობის აღძვრას მიანიშნებდა. შემდეგ კლასი ჯგუფებად დავყავი,  კონკრეტული ეპიზოდი შევურჩიე და ჩრდილების თეატრისთვის პრეზენტაციის მოწყობა დავავალე, რასაც როლების განაწილება და თითოეული მოსწავლის გააქტიურება მოჰყვა. მალევე დაფაზე გაჩნდა ორი ფრაზა, რომელიც პასიური მოსწავლეების ჩართულობაზე მიანიშნებდა – „აუ, სკამი დავკარგეთ“ და „მაკრატელი არ გვაქვს“. მაკრატელიც თვალის დახამხამებაში გააჩინეს და საგულდაგულოდ გამოჭრილი ანდრე კაშორის გრძელსკამიც მალევე იპოვეს. ჩემი შიში არ გამართლდა. თითოეულმა ჯგუფმა თავისი ეპიზოდი ჩრდილების თეატრით გააცოცხლა – ვინ კითხულობდა, ვინ გამოჭრილ პერსონაჟებს ცვლიდა, ვინ მუსიკას რთავდა. სულ ბოლოს კი დაფის ფრაზები ერთგვარ გასასვლელ ბარათებად ვაქციეთ და შთაბეჭდილებების წერილები დაწერეს. სათაურად ზოგმა „აუ, მაკრატელი არ გვაქვს“ შეარჩია, ზოგმა კი – „აუ, სკამი დავკარგეთ“.

ეს ამბავი იმპულსად მექცა და ხელახლა მიმაბრუნა დავით კლდიაშვილის ავტობიოგრაფიულ თხზულებისკენ  „ჩემი ცხოვრების გზაზე“, რადგან სწორედ მისი კითხვისას დამებადა იდეა ჩრდილების თეატრით მწერალთა ბიოგრაფიების გაცნობისა.

მწერალს ავტობიოგრაფიის დაწერის თარიღად 1925 წელი მიუწერია. დავით კლდიაშვილი გვიამბობს თავისი ცხოვრების შესახებ ადრეული ბავშვობიდან ვიდრე 1917 წლის რევოლუციამდე. ყურადღებას იქცევს მიძღვნა – „ნაშრომს კი ვუძღვნი მათ ხსოვნას, ვინც გული სიყვარულით გამითბო, მასწავლა ადამიანის პატივისცემა და ნდობა. მოკლე მოგონებებში არაფერი შეფერადებული არ იქნება, მხოლოდ სინამდვილე, სინამდვილე, რომელსაც გადაუხრელად ვემსახურებოდი მთელი ჩემი მწერლობის განმავლობაში“.  სინამდვილე კინოკადრებივით ცოცხლდება კითხვისას და წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი ეპოქალური მოვლენების, ისტორიული პირების, საზოგადო მოღვაწეებისა და უბრალო ადამიანების ცხოვრების შესახებ.

„ჩემი ცხოვრების გზაზე“ მარტო ლიტერატურის მასწავლებლების საკითხავი ნაწარმოები არ არის. გაკვეთილის დაგეგმვისთვის არაჩვეულებრივი რესურსია გეოგრაფიის, ისტორიის, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთათვისაც.

დავით კლდიაშვილმა ოცდაექვსი წელი იმუშავა ბათუმის სამხედრო დანაყოფში. უფროსებად მუდამ რუსი პოლკოვნიკები ჰყავდა, თუმცა მაინც ახერხებდა უსამართლობისთვის წინააღმდეგობის გაწევას. გასაოცარ ძალას გაძლევს, როცა კითხულობ მისი, როგორც მოქალაქის, საქმიანობის ამბებს. „მე ისევ იმ აზრზე ვარ, რომ ჯერ მოქალაქე ვარ და მერე სამხედრო პირი“ – ეს სიტყვები, რომლებიც უშიშრად განუცხადა პოლკოვნიკ ტუნებერგს, ერთგვარ გზავნილად შეიძლება იქცეს ნებისმიერი საჯარო მოხელესთვის.

„ჩემი ცხოვრების გზაზე“ ადამიანთა მრავალფეროვანი გალერეაა, რომელთა შეფასებას მწერალი სხვადასხვა რაკურსით ცდილობს, თუმცა, მთავარი სამართლიანობა და საკუთარი საქმის ერთგულებაა. ექიმი, სამხედრო პირი, მწერალი, მასწავლებელი, დიასახლისი, ქალაქის მმართველი, ბუკინისტი, უბრალო გლეხი – ყველას ეცნობი ერთ უმთავრეს ჭრილში, საკუთარი საქმიანობით როგორ ემსახურებიან ქვეყანას.

მოვლენები ერთმანეთს ცვლიან: თხრობა იმერეთის სოფელ სავანეთიდან ქუთაისში ინაცვლებს, შემდეგ კიევში გრძელდება, მოსკოვიდან ბათუმში, შემდეგ კი კვლავ ქუთაისში ბრუნდება. ვეცნობით იმ პერიოდის მოვლენებს: პორტო-ფრანკობა ბათუმში, მისი გაუქმება და ზღვისპირა ქალაქის მშენებლობა, ქალაქის თვითმმართველობის არჩევნები, ბულვარის გაშენება, პირველი სასწავლებლისა და გიმნაზიების, ელექტროსადგურის, ლომბარდის, ბიბლიოთეკის დაარსება,  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა, კავკასიის მთავარმმართებლისა და ნიკოლოზ III ის საქართველოში სტუმრობა, ბათუმის ნავთის ქარხნების საქმიანობა, ნავთისა და ჩაის წარმოება, გურიისა და როტშილდის მუშათა აჯანყება, დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა, გაბრიელ ეპისკოპოსის გარდაცვალება და მისი დასაფლავება, ეპისკოპოსის სახელის დასაცავად პალმის დუელში გამოწვევა, ეგნატე ნინოშვილის სიცოცხლის ბოლო დღეები, ალექსანდრე ყაზბეგის გაცნობა, აკაკისა და ვაჟას საიუბილეო დღეები ქუთაისში, ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტის დაარსება და კიდევ მრავალი იმდროინდელი მოვლენის თანამონაწილე ვხდებით.

გრიგოლ ვოლსკი, ნიკო ლომოური, გიორგი ზდანევიჩი, ლუკა ასათიანი, ალექსანდრე კლდიაშვილი, ზაქარია ფალიაშვილი, ივანე ჯავახიშვილი, ილია ჭავჭავაძე, იოსებ ყიფშიძე, კიტა აბაშიძე, ლადო მესხიშვილი, პეტრე უმიკაშვილი, ივანე მესხი, ვანო მაჩაბელი – ეს მცირე ჩამონათვალია იმ საზოგადო მოღვაწეებისა, რომლებიც ქმნიდნენ საქართველოს კულტურის ისტორიას და მათი საქმიანობის გაცნობა ასი წლის შემდეგ მკითხველს ქმედებისკენ უბიძგებს, თუმცა, სამოქალაქო საქმიანობას მოჰქონდა მუდმივი ღელვა, დავიდარაბა, რაც იწვევდა „გულის გაგანიერებას“, ნერვების აშლასა და სიკვდილს.

„ამ თავდაუზოგველობამ, შეუწყვეტელმა მუშაობამ, თავისი ქნა –  უდროოდ მოუსპო სიცოცხლის დღენი ჯერ კიდევ ახალგაზრდას, ენერგიით სავსეს, ცოდნით აღჭურვილ თვალსაჩინო მოღვაწეს“. – კიტა აბაშიძის შესახებ წერს დავით კდლიაშვილი.

„ჩემი ცხოვრების გზაზე“  უამრავ ისტორიას ინახავს, რომლებიც ჩრდილების თეატრით შეგვიძლია გავაცოცხლოთ. პირველ პირში საუბრი მოვლენების აღქმას აადვილებს, მუსიკა, შუქჩრდილების თამაში წარმოსახვას აძლიერებს და მაყურებელის მგრძნობელობას აღვივებს. მრავალი ამბიდან ერთი შევარჩიე და შევეცდები აღვწერო, როგორ დავუკავშირებდი ჩრდილების თეატრს.

ალექსანდრე ყაზბეგი

ყოველ თავს თემატური ქვეთავები აქვს. „ქართველ მსახიობთა პირველი ჩამოსვლა ბათუმში. სანდრო ყაზბეგი“. – მესამე თავი ამ თემებით სრულდება.  იმ დროის ამბებია, როდესაც ბათუმში თეატრი არ იყო და ზაფხულობით სპექტაკლების გასამართად თბილისიდან მსახიობთა დასი ჩადიოდა. სამოქალაქო სასწავლებლის ეზოში მდგარ პატარა შენობაში იკრიბებოდნენ, სადაც ასი კაცი ძლივს ეტეოდა. დავით კლდიაშვილმა დასის პირველი სტუმრობისას გაიცნო სანდრო ყაზბეგი და წიგნის რამდენიმე გვერდზე გვიყვება მის შესახებ. ალექსანდრე ყაზბეგის  ნაწარმოებები სასკოლო პროგრამაშია შეტანილი. ერთი მწერლის მოგონებანი მეორის შესახებ ძალიან საინტერესო გზაა მათი პიროვნებების ირგვლივ წარმოდგენის შესაქმნელად.

დავით კლდიაშვილი ყაზბეგს სანდროთი მოიხსენიებს. დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობა მის მონათხრობში. სანდროს უყვარდა თეატრი, შესანიშნავად თამაშობდა ლეკურს, თუმცა მსახიობური ნიჭი აკლდა და თხრობითაც ვერ ახდენდა დიდ შთაბეჭდილებასო. ამის გამო მცდარი წარმოდგენა შექმნილა საზოგადოებაში და  ეჭვობდნენ, ნამდვილად იყო თუ არა „ელგუჯა“, „მოძღვარი“, „ხევისბერი გოჩა“ მისი დაწერილი. ამგვარ დამოკიდებულებას მტკივნეულად განიცდიდა ალექსანდრე ყაზბეგი. ვანო მაჩაბელი და ილია ჭავჭავაძე ყოფილან მისი დამცველები.

„სანდრო ყაზბეგი თამაშობდა სიმონ ლეონიძეს. მესამე მოქმედებაში გატაცებით რომ მიმმართავდა მეტეხის ციხეში თავმოყრილ შეთქმულებს, მე შიშისაგან დაბნეულმა წამოვავლე ხელი ბაიარაღს და გავედი სცენაზე და სანდროს მივაჩხირე ბაიარაღი. გაოცებულმა სანდრომ სათქმელი არ შეწყვიტა, გამომართვა ბაიარაღი, გაიტანა გარეთ, მეც უკან გავყევი დარცხვენილი, რომ ასე უდროო დროს შემოვიჭერი სცენაზე და ასეთი სიბრიყვე ჩავიდინე. ეს იყო და ამის შემდეგ არტისტებთან აღარ გამოვსულვარ სცენაზე არასოდეს – ისე დამარცხვინა ამ შემთხვევამ“.  -წერს დავით კლდიაშვილი და  რომ არა დოკუმენტური პროზა, მოგონებების ლიტერატურად გადაქცევა, ეს ისტორია დაიკარგებოდა.

თხრობა გრძელდება და ამბავი ამბავს მიჰყვება:  იმდენად მოსწონთ სტამბის ასოთამწყობებს   „ელგუჯა“, რომ ყაზბეგს დასასრულს აცვლევინებენ; დავით კლდიაშვილი მწერალს „განკიცხულის“ წაკითხვის შემდეგ აღფრთოვანებას წერილით უზიარებს; მერე საკუთარი თვალით ხედავს სასტუმრო „ევროპაში“ როგორ წერდა დრამას „ქეთევან დედოფალს“; ილია ჭავჭავაძე ყაზბეგს  „ივერიაში“ უბეჭდავს „განკიცხულს“, იმავე პერიოდში იონა მეუნარგია და ილია ხონელი თავს ესხმიან ყაზბეგს და ცხარე ცრემლით ატირებენ, „ბევრი უსამართლოდ ექცეოდა სანდროს და ხანდახან ცხარე ცრემლითაც ატირებდნენ მას. ერთხელ „დროებაში“ საოცარი ენით გალანძღა იგი, მიწასთან გაასწორა, რომ იტყვიან, როგორც პიროვნება, როგორც მწერალი, ილია ხონელმა. ძლივს დავაწყნარეთ საწყალი სანდრო, როცა ტირილი აუვარდა ფელეტონის წაკითხვის შემდეგ“ – დავიმოწმოთ დავით კლდიაშვილის სიტყვები. თხრობა სრულდება მიხეილის საავადმყოფოში.  სამტომეული მიუტანიათ სანდროსთვის, დასნეულებულს კი თავისი პორტრეტი  და ფურცლები ამოუხევია და მიმოუყრიაო.

გულგრილს არავის დატოვებს ალექსანდრე ყაზბეგის პიროვნება, მისი ტრაგედია, საზოგადეობის უსამართლო დამოკიდებულება, დავით კლდიაშვილის თხრობის მანერა.

ჩრდილების თეატრისთვის შეიძლება რომელიმე კონკრეტული ეპიზოდის გამოყენება ან მთელი მოგონების წარმოჩენა. მოსწავლეთა ასაკისა და მიზნის გათვალისწინებით ვწერთ პატარა სცენარს ან ვაკეთებთ მოკლე მონახაზს. მთხრობელად ნებისმიერი მოქმედი პირი შეიძლება ვაქციოთ და ისიც შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე  ამბავი რამდენიმე პერსონაჟს მოვაყოლოთ. ამგვარად ხაზს გავუსვამთ, რომ თითოეული ადამიანი სუბიექტურად ხედავს და სინამდვილის შეფასება მნიშვნელოვანი უნარია. შეგვიძლია, ტექსტს სიტყვასიტყვით მივყვეთ ან ჩვენი სიტყვებით ავალაპარაკოთ პერსონაჟი და პირველწყაროს არ დავშორდეთ.

ეპიზოდის პერსონაჟები: დავით კლდიაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, ასოთამწყობი მოხუცი რუსიშვილი, მეტრანპაჟი დიომიდე კილაძე, ილია ხონელი, ვანო მაჩაბელი, ილია ჭავჭავაძე, ილია მეუნარგია.

შენობები, სადაც მოქმედება ვითარდება: ბათუმის საქალაქო სასწავლებელი, სტამბა, ბათუმის სასტუმრო „ევროპა“, გაზეთ „ივერიის“ რედაქცია, მიხეილის საავადმყოფო.

მუსიკად შეგვიძლია შევარჩიოთ ლეკური, ნატო გაბუნიას სიმღერის ჩანაწერები, ამგვარად წარმოდგენას შევუქმნით, რას უსმენდნენ მაშინ, თუმცა მუსიკის მთავარი მიზანი შესაბამისი განწყობის შექმნაა და ესეც ინდივიდუალურად გადასაწყვეტია.

ჩრდილების თეატრისთვის შეიძლება შენობებისა და პიროვნებებისთვის შესაბამისი ფორმის გამოჭრა გაგვიჭირდეს, თუმცა, აქაც შემოქმედებითი მიდგომა დაგვეხმარება, მცდელობა კი უკვალოდ არ ჩაივლის. მთავარი აქ ისევდაისევ თხრობა და ამბების გასულიერებაა.

დავით კლდიაშვილის გავლენით კი ალექსანდრე ყაზბეგის დედაჩემის ბიბლიოთეკის ლურჯყდიანი წიგნის მოვძებნე. ერთი დღეც ამოატივტივა მოგონებებიდან, როცა  მერვეკლასელი სიცხიანი ლოგინს მივეჯაჭვე და რამდენიმე დღე მხოლოდ ყაზბეგის მოთხრობებს ვკითხულობდი. ახლაც მახსოვს მაშინდელი მძაფრი შთაბეჭდილებები.

ჩრდილების თეატრი შეგვიძლია გალაკტიონის ლექსით დავასრულოთ. 1948  წლით დათარიღებული ასეთი გრძელი სათაურით “საბოდიშო ლექსი იმის გამო, რომ ვერ ვესწრები ყაზბეგის დღეებს“.

ამგვარად, ნებისმიერი დღიური, პირადი წერილი, მოგონებანი, უბის წიგნაკის ჩანაწერები შეგვიძლია ჩრდილების თეატრისთვის გამოვიყენოთ და ბავშვებს მწერალთა ბიოგრაფიული დეტალები გავაცნოთ, რითაც წარმოდგენას შევუქმნით ცხოვრებისეული მოვლენების შესახებ. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩრდილების თეატრი მათ ცნობიერებაში ღრმად დალექავს ადამიანებსა და მოვლენებს.

VaKE მეთოდი და მისი გამოყენება სწავლების დაწყებით საფეხურზე

0

დღეს, ღირებულებათა გადაფასების ეპოქაში, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება  მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობისა და ჯანსაღი დისკუსიის უნარების განვითარებას; ისეთ კომუნიკაციას, რომელიც გამორიცხავს ურთიერთშეურაცხყოფას და საფუძვლად უდევს ღირებულებითი განათლება, ფასეულობებზე დაფუძნებით ცოდნის კონსტრუირება.
,,ცოდნა და ღირებულებითი განათლება“ – VaKE – (Values and Knowledge Education) როგორც მას უწოდებენ, სწავლა-სწავლების ინოვაციური დიდაქტიკური მეთოდია, რომელიც კონსტრუქციულ საფუძველზე ცოდნისა და ღირებულებების დაკავშირების საშუალებას იძლევა. ის ზალცბურგის უნივერსიტეტის პროფესორის ჟან-ლუკ პატრის ( Jean Luc Patry) მიერ შემუშავდა. პროფესორი პატრი იზიარებს სწავლების კოლბერგისეულ ტრადიციას და სწავლების პროცესში დილემის შეტანის გზით ცდილობს ერთმანეთს დაუკავშიროს ცოდნის შეძენის პროცესი და ღირებულებითი საკითხები.  ის თავის გუნდთან ერთად წლებია მუშაობს ამ ინსტრუმენტის საგანმანათლებლო სისტემაში დანერგვაზე. საქართველოში ცოდნა და ღირებულებითი განათლება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში თამარ მოსიაშვილისა და ეკატერინე შავერდაშვილის მიერ დაინერგა.
ცოდნისა და განათლების კონსტრუირებას ღირებულებებზე დაფუძნებით, ვფიქრობ, ადრეულ ასაკშივე უნდა ჩაეყაროს საფუძველი, რათა მოსწავლეს მოზარდობის ასაკში უკვე ჰქონდეს საკუთარ გამოცდილებასა და ფასეულობებზე დაფუძნებული ღირებულებათა  სისტემა, რომელიც მის აზროვნებასა და კრიტიკულ მსჯელობას სწორი მიმართულებით განავითარებს ახალი იდეებისა და შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად.
ცხადია, დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო მასალის სწორად შერჩევას, მით უფრო დაწყებით საფეხურზე, მაგრამ თუ მიზნად დავისახავთ მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნებისა და მსჯელობის უნარის განვითარებას ღირებულებათა ჭრილში, შესაფერის მასალასაც აღმოვაჩენთ სახელმძღვანელოში ან საბავშვო ლიტერატურაში.
სადემონსტრაციოდ გთავაზობთ ჩემ მიერ მე-4 კლასში ამ მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილს აქტივობების თანმიმდევრობით.
საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა
თემა: ი. ჭავჭავაძის ,,მოძღვარი“ (ნაწყვეტი)
გაკვეთილის მიზანი: მხატვრული ტექსტის გაგება-გააზრება დილემაზე არგუმენტირებული მსჯელობისა და დისკუსიის საფუძველზე.
კავშირი ესგ-სთან: ქართ. დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა.
გაკვეთილის დასაწყისში თემისა და მიზნის გაცნობის შემდეგ ვაყალიბებთ შეფასების ინსტრუმენტებს. გაკვეთილის მიზნიდან და VaKE-ის მეთოდური თავისებურებიდან გამომდინარე სასურველია, მოსწავლე შეფასდეს დისკუსიაში შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
•       მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
•       ასაბუთებს მოსაზრებას, მოჰყავს მაგალითები, აკეთებს დასკვნას;
•       იცავს დისკუსიის წესებს;
•       პატივს სცემს სხვის აზრს.
მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს. შემდეგ ხდება დილემის გამოყოფა და მისი განხილვა VaKE -ის ფაზების მიხედვით.
•       დილემის მომზადება: ზაქარიას ძმასთან უთანხმოება აქვს. მოძღვარი მას საყვედურობს ცუდი საქმეების გამო. კიცხავს, რომ, როგორც ჭარმაგ ადამიანს, არ შეშვენის მსგავსი საქციელი. ზაქარიას თავი უდანაშაულოდ მიაჩნია და ყველაფერს ძმას აბრალებს. მოძღვარი აფრთხილებს: თუ ერთმანეთის პატივი არ გექნებათ, ტაძარში არ შემოგიშვებთო.
•       დილემის წარდგენა: ზაქარიამ ან უნდა მოაგვაროს ურთიერთობა ძმასთან და შეურიგდეს მას, ან უნდა შეწყვიტოს ტაძარში სიარული.
•       დილემის განხილვა/კითხვები: რა პრობლემა დავინახეთ ამ ტექსტში? რითი იმართლებს ძმა თავს?  სწორად იქცევა ზაქარია, როცა პრობლემას თავის ძმას აბრალებს? ძმის ყოველგვარ საქციელზე თვალი უნდა დავხუჭოთ და ყველაფერი ვაპატიოთ? რა კავშირი აქვს ძმათა შორის უთანხმოებას ტაძარში შესვლასთან?
•       რეფლექსია: მოსწავლეები ფიქრობენ: 1) ზაქარიამ უნდა აღიაროს თავისი პასუხისმგებლობა, გაარკვიოს ურთიერთობა ძმასთნ და შეურიგდეს მას; 2) დარჩეს თავის პოზიციაზე, არ მოაგვაროს ურთიერთობა მასთან და შეწყვიტოს ტაძარში სიარული; 3) მოსწავლეებს ჯერ არ აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. მასწავლებელი ფიქრისათვის აძლევს რამდენიმე წუთს.
•       პირველადი გადაწყვეტილება: მოსწავლეები საკლასო ოთახში მერხებს განალაგებენ სამ  ჯგუფად და განაწილდებიან სამ პოზიციაზე.
•       პრეზენტაცია: მოსწავლეები მსჯელობენ ჯგუფებში და ტექსტზე დაყრდნობით გამოაქვთ დასკვნები, აკეთებენ პრეზენტაციას, ასაბუთებენ შეხედულებას.
•       დამატებითი ინფორმაციის მოძიება: მასწავლებელი კლასს უჩვენებს ანიმაციურ ფილმს ,,ორნი ძმანი“ (სულხან-საბა ორბელიანის ამავე სახელწოდების იგავის მიხედვით), სთხოვს, დაუკვირდნენ პერსონაჟების ქცევას, ჩაწვდნენ ავტორის სათქმელს. ასევე ,,დიახ“ და ,,არას“  გასამყარებლად დამატებითი არგუმენტებისათვის აკრავს დაფაზე ფორმატს ანდაზებით, მაგ:
o       ,,ძმა თუ არ გყავდეს, სხვა იძმე, უძმოდ სიკვდილი მწარეა“;
o       ,,ძმამ ძმას ანგარიში უყო და ისევ ძმებად დარჩნენო“;
o       ძმაცა მყავს და ძმობილიც, მაგრამ ძმა ძმაც არის და ძმობილიც“;
o       ,,ძმა ძმისთვისაო – შავი დღისთვისაო“;
o       ,,ძმებს სიმინდი რომ შემოელევათ, მაშინ გაიყრებიანო“.
(დაწყებით საფეხურზე დასაშვებია, მასწავლებელმა შესთავაზოს დამხმარე მასალა საკითხთან დაკავშირებით).
•       რეფლექსია: მოსწავლეები ისევ დაფიქრდებიან, ხომ არ შეეცვალათ წარმოდგენა საკითხზე?
•       მეორადი გადაწყვეტილება: მასწავლებელი სვამს კითხვას: ისევ იმ აზრზე ხართ? თუ ვინმე პოზიციას შეიცვლის, გადაინაცვლებს შესაბამის ჯგუფში.
•       პოზიციის არგუმენტირება: მოსწავლეები დაასაბუთებენ არჩევანს: რითი ახსნით, რამ განაპირობა არჩევანის ცვლილება? შესაძლოა, ფილმთან ერთადა გუმენტებად ანდაზებიც მოიყვანონ, ან მოიშველიონ ამ საკითხთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია.
•       გენერალიზაცია და ტრანსფერი: მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით შეაჯერებენ სათქმელს და რჩევის სახით ჩამოაყალიბებენ დასკვნას. შემდეგ კი გაიხსენებენ, სმენიათ თუ არა მსგავსი შემთხვევის შესახებ.
მინდა აღვნიშნო, რომ გაკვეთილის ბოლოს მიღწეულმა შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. როდესაც თემის დამუშავება დავიწყე, ვფიქრობდი, შესაძლოა, დისკუსია არც კი შემდგარიყო. ცხადია, ამ შემთხვევაში, მეთოდი ვერ იმუშავებდა და საკითხის განხილვაც ვერ შედგებოდა ღირებულებით ჭრილში. მაგრამ, შევძელი და დილემა ისე წარვუდგინე ჩემს მოსწავლეებს, რომ ეჭვი არ შეჰპარვიათ: მე არ მქონდა პასუხი ამ კითხვაზე და მათი დახმარება მჭირდებოდა საბოლოო დასკვნის მისაღებად. ასევე იმასაც ვვარაუდობდი, რომ პირველ ეტაპზე შესაძლოა არ გამოკვეთილიყო მესამე ჯგუფი, რომელსაც ცალსახა პოზიცია არ ექნებოდა. მაგრამ ეს ვერსიაც გამოირიხცა, გამოჩნდნენ მოსწავლეები, რომლებიც ძმის, ერთი შეხედვით, უწყინარ საქციელში პრობლემას ვერ ხედავდნენ. ასე რომ, ჩვენი დისკუსია შედგა და საკმაოდ წარმატებულიც აღმოჩნდა.
მე, როგორც მასწავლებელს, არ დამჭირვებია ზედმეტი ჩარევა, ვიყავი მხოლოდ ფასილიტატორი, მეთოდის ფაზების მიხედვით ვაძლევდი მიმართულებას მოსწავლეებს.
საბაზო და საშუალო საფეხურზე მასალის მოცულობისა და სირთულის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, რამდენად აქტუალურია დასმული დილემა, რა ფაქტები და მტკიცებულებები მოიპოვეს მოსწავლეებმა საკუთარი პოზიციების ასახსნელად, არგუმენტირებისა და მსჯელობის ჩამოსაყალიბებლად, მიზანშეწონილია გაკვეთილზე გაიწეროს მეთოდი 2 – პირველ გაკვეთილზე მომზადდეს დილემა და ჩატარდეს ფაზები: დილემის წარდგენა, განხილვა, ვალიდური ღირებულებების განსაზღვრა, რეფლექსია, პირველადი გადაწყვეტილება, პრეზენტაცია. სახლში მოიძიონ დამატებითი ინფორმაცია, ხოლო მეორე გაკვეთილზე ჩატარდეს ფაზები: რეფლექსია, მეორადი გადაწყვეტილება, პოზიციის არგუმენტირება, გენერალიზაცია და ტრანსფერი:
გთავაზობთ კითხვებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა VaKE-ის მეთოდით სწავლებისას:
•       სწორადაა თუ არა შერჩეული თემა ამ მეთოდით სწავლებისას?
•       სწორადაა თუ არა გამოკვეთილი დილემა?
•       ნათელია თუ არა ჩემი მოსწავლეებისათვის საგაკვეთილო მიზანი – რისი მიღწევა გვსურს?
•       გასაგებად არის თუ არა სტრუქტურირებული ჩემ მიერ დაგეგმილი პროცესი?
•       საკმარისია თუ არა მოძიებული დამხმარე მასალა საკითხის მრავალმხრივი განხილვისათვის?
•       გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა წინარე ცოდნა და უნარები?
•       საკმარისია თუ არა გამოყოფილი დრო საკითხის დასამუშავებლად?
•       შეესაბამება თუ არა მიღწეული შედეგი დასახულ მიზანს?

 
გამოყენებული ლიტერატურა:
1)      https://www.vake.eu/;
2)      სამეცნიერო კონფერენცია: ,,ღირებულებები და განათლება“-თბილისი, 30 სექტემბერი, 2017წ.

Wisc-Online სასწავლო რესურსები ფიზიკაში

0

ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოსწავლეთა მოტივაციის ზრდის შესახებ ვკითხულობთ: „მოსწავლის მოტივაციის გაზრდა მნიშვნელოვანი პედაგოგიური ამოცანაა. სწავლების პროცესში გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი წინსვლის ხელშეწყობაა და, პირიქით, იკლებს, თუ მიაჩნია, რომ მასწავლებლის პრიორიტეტი მისი შედეგის განსჯა-შეფასებაა. ასევე, მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ის ხედავს დავალების მიზანს, დარწმუნებულია მის საჭიროებაში. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა გააგებინოს, რა მიზანს ემსახურება კონკრეტული დავალება. აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სკოლაში მიმდინარე  საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის“.

პედაგოგიური მეცნიერების განვითარებამ ახალი გამოწვევების წინაშე დაგვაყენა. სკოლებში ახალი საგანმანათლებლო მიზანი გაჩნდა –
მოსწავლეთა ძირითადი საგანმანათლებლო კომპეტენციების ჩამოყალიბება. სწავლების წარმატება დიდწილად მასწავლებლის უნარსა და მოსწავლეთა ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებაზეა დამოკიდებული. მოსწავლეთა შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარების პრობლემა დღეს მთავარი პრობლემაა, რომლის ძირითადი ამოცანაა შემოქმედებითი პირის აღზრდა.

პედაგოგიური საქმიანობის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების თვითრეალიზებას, განათლების დონის ამაღლებას, კომუნიკაციის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, შემოქმედებითი აზროვნების, შემეცნებით საქმიანობას. შემოქმედებით მასწავლებელს უწევს სასწავლო პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების შემუშავება, შექმნა და გამოყენება, რომელიც  მიმართულია მოსწავლის პროდუქტიულობასა და ცნობიერების ამაღლებაზე, რაშიც აუცილებლად გვეხმარება მულტიმედიური საშუალებები.

პედაგოგიური საქმიანობა შეიძლება ასეთ ჭრილშიც წარმოვადგინოთ, ამოსავალი წერტილი –  ფიზიკის სწავლების პროცესი  და  თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების (ელექტრონული რესურსების) გამოყენება ფიზიკის გაკვეთილებზე.

სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი დამერწმუნებით,  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით.  სასწავლო პროცესში ახალი სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების ტრადიციული მეთოდების შეცვლასაც გულისხმობს. ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენებით შესაძლებელია ფიზიკური პროცესების მოდელირება, ასევე ფიზიკურ პროცესებზე დაკვირვება, ელექტრონულ რესურსზე თანდართული ანიმაციები და ვიდეოები ხელს უწყობს აზროვნების შემოქმედებით განვითარებას, მოსწავლეების სწავლის პროცესის გააქტიურებას. იზრდება მოსწავლეების ჩართულობა, თავად მოსწავლე ხდება პროცესის დამგეგმავი, თანამონაწილე, დამკვირვებელი და ა.შ.

სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას.

მე როგორც აქტიური მოქმედი პედაგოგი, ყოველთვის ვეძებ ახალ-ახალ გზებს და მეთოდებს და ვქმნი რესურსებს სხვადასხვა პროგრამის შაბლონების დახმარებით. მინდა, წარმოგიდგინოთ Wisc-Online https://www.wisc-online.com. ეს  არის საგანმანათლებო თამაშების შესაქმნელად განკუთვნილი საიტი.

Wisc-Online-ს გააჩნია ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს 2,500 სასწავლო ობიექტს ონლაინრეჟიმში. მისი შემქმნელია Wisconsin ტექნიკური კოლეჯი. დღეისათვის ძალიან ბევრი მოსწავლე და მასწავლებელი იყენებს  Wisc-Onlineის სასწავლო რესურსებს.

ამ საიტის დახმარებით შეგვიძლია ჩვენ თვითონ შევქმნათ ან გამოვიყენოთ სხვების მიერ შექმნილი მზა ციფრული რესურსები, მოვახდინოთ მოდიფიცირება.

მოსწავლეს შეუძლია ითამაშოს როგორც პერსონალური კომპიუტერიდან, ისე ტაბლეტიდან ან სმარტფონიდან, ეს თამაშები შეგვიძლია გამოვიყენოთ როგორც საგაკვეთილო პროცესში, ასევე გადავუგზავნოთ მოსწავლეებს საშინაო დავალების სახით. ახლა მოკლედ წარმოგიდგენთ ამ საიტის შინაარსს.

Wisc-Online-ს გააჩნია საკუთარი შაბლონები, რაც გვაძლევს მისი გამოყენების საშუალებას და მრავალფეროვანი სასწავლო რესურსის შექმნის შესაძლებლობას. წარმოგიდგენთ ამ შაბლონების ჩამონათვალს: ბეისბოლი, ბზიკები, ბინგო, ააგე შენი ცოდნა, მეხსიერების ბარათები, დრო ამოიწურა, ფლეშბარათები და ა.შ. მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს  სასურველი კითხვები და შესაძლო პასუხები და შექმნათ თამაში.

ეს თამაშები ეხმარება მოსწავლეებს წარმატების მიღწევაში, თქვენ ააქტიურებთ სასწავლო პროცესს და ზოგავთ დროს. თამაში შეიძლება იყოს როგორც ინდვიდუალური, ასევე გუნდური. გამოიყენება ნებისმიერ სასწავლო გარემოში და ნებისმიერი საგნისთვის. საიტს გააჩნია სურათების, ვიდეოების, აუდიომასალის გალერეა, ვიდეო კურსები და რესურსების საცავები.  წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ 3 ამოცანას Wisc-Online დახმარებით. ვიმედოვნებ, ჩემს კოლეგებს მოეწონებათ ეს რესურესები და თავადაც შეეცდებიან შექმნან არანაკლებ საინტერესო რესურსები ნებისმიერ საგანში.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ შექმნილ უმარტივეს ელექტრონულ რესურსებს, რომლით სარგებლობაც შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ მოსწავლესა და მასწავლებელს.

 

  რესურსის ლინკი რესურსის დასახელება

1
https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/games/31582/forces ძალები

2
https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/viewgame?gameId=31607 სხეულთა ურთიერთქმედება
3 https://www.wisconline.com/users/katiesepiashvili/viewgame?gameId=35191 იპოვეთ ზედმეტი სიტყვა

 

 

 

ჯადოსნობა გაკვეთილზე, ანუ როგორ შევქმნათ ანიმაცია მოსწავლეებთან ერთად

0

(ანიმაციური ფილმები იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობების მიხედვით)

არ მეგულება ბავშვი, რომელსაც ანიმაცია და ანიმაციური ფილმები არ უყვარდეს. ისინი ამაზე ხშირად საუბრობენ. განიხილავენ, მსჯელობენ. ჰყავთ გამორჩეული ანიმაციური გმირი. აღმერთებენ მას. დაკვირვებული თვალისთვის ეს მარტივი შესამჩნევია, თუ მათ რვეულებს, ჩანთებს, წიგნის შემოსაკრავებს და სხვა სასწავლო ნივთებს დააკვირდება. თითოეულს ხომ მათი საყვარელი ანიმაციის გმირი ამშვენებს. და არა მარტო სასწავლო ნივთებს. ისინი სადღესასწაულო ტორტებსა და ჩაცმულობასაც კი ამის მიხედვით არჩევენ.

 

საკმარისია მასწავლებელმაც აგრძნობინოს ბავშვს, რომ მასაც აინტერესებს ანიმაციური სამყარო, მაშინვე ამ პატარა არსებების ნდობა აქვს მოპოვებული. მაშინვე მათი თანამოზიარე ხდება და იწყება სამხიარულო ამბები თუ თავგადასავლები. უცებ აცნობიერებ, რომ თავიანთ მესაიდუმლედ და მეგობრად გთვლიან. კვირა არ გავა, რომელიმემ ახალი ანიმაცია არ აღმოაჩინონ. სულს ვერ ითქვამენ, ისე ჰყვებიან მასწავლებლისა და კლასის წინაშე საკუთარი შთაბეჭდილებების შესახებ და ერთად ყურების სურვილს გამოთქვამენ. ნახვის შემდეგ კი გისვამენ უამრავ შეკითხვას, აინტერესებთ ყველამ ის იგრძნო და განიცადა თუ არა, რაც თავად განიცადეს. და ასე საინტერესოდ გრძელდება  სასკოლო ცხოვრების ურთიერთობები.

ერთ-ერთი ასეთი  ანიმაციური ფილმის ყურების შემდეგ მოსწავლეებს შევთავაზე თავად შეექმნათ მსგავსი მასალა. ბავშვები მაშინვე სიხარულით დამთანხმდნენ. სიამოვნებით მოირგეს ანიმატორების როლი. დავიწყეთ ტექსტების მოძიება და დამუშავება, შევისწავლეთ მოთხრობებში წარმოდგენილი გარემო, პერსონაჟები. შევქმენით დიორამები. ფოტოები გადავუღეთ, გავმართეთ მკითხველთა თეატრი, მცირე კომპიუტერული ჯადოსნობებიც ჩავრთეთ, გამოსახულება და ხმა ერთმანეთს მოვარგეთ და მცირე ზომის ანიმაციებიც დაიბადა. იმდენად მოგვეწონა, რომ ფილმების საჯაროდ ჩვენებაც მოვაწყვეთ. დაინტერესება დიდი იყო. ბავშვები კი ამაყები და ბედნიერები – ისინი ხომ თავს ნამდვილ ანიმატორებად თვლიდნენ.

 

გთავაზობთ ანიმაციებზე მუშაობის მიმდინარეობას:

 

პირველი ეტაპი – ტექსტებზე მუშაობა

 

პედაგოგი წინასწარ არჩევს მარტივ, შესაბამის ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილ ტექსტს/ტექსტებს (ამ შემთხვევაში ეს არის იაკობ გოგებაშვილისა და ნიკო კეცხოველის მოთხრობები). ტექსტებს  კითხულობენ საგაკვეთილო პროცესში და ხდება მათი დამუშავება/ გააზრება.

 

მეორე ეტაპი – ტექსტის დეკორაციებზე მუშაობა

 

საჭირო რესურსი: მუყაოს ყუთები, ფერადი ფურცლები, წებო, პლასტელინი, საღებავები და ფუნჯი.

 

ამის შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ მათთვის სასურველ მოთხრობას და მუშაობენ დეკორაციებისა და  პერსონაჟების შექმნაზე, ვინც როგორ ხედავს და როგორ წარმოუდგენია. ხდება გარემოს შესაბამისად დიორამის შექმნა, მოხატვა და პერსონაჟების გამოძერწვა.

 

მესამე ეტაპი – როლებში ინტონაციაზე მუშაობა

 

მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს „მკითხველთა თეატრის“ მეთოდის გამოყენებით და ცდილობენ გაითავისონ თითოეული როლი შესაბამისი ინტონაციებით. აწყობენ მკითხველთა თეატრს.

 

მეოთხე ეტაპი – ფოტოების გადაღება power point-ში აწყობა

 

დიორამებსა და პერსონაჟებს ვუღებთ ფოტოებს სხვადასხვა რაკურსის ტექსტის საჭიროებიდან გამომდინარე და ვამუშავებთ კომპიუტერულად პროგრამა power point-ში.

 

მეხუთე ეტაპი –  გახმოვანება

 

მოსწავლეები ეკრანის ჩანაწერის დახმარებით ცდილობენ საკუთარი ხმა მოარგონ სლაიდის სახით აწყობილი ტექსტის ეპიზოდებსა და პერსონაჟებს.

 

მეექვსე ეტაპი – მონტაჟი

საბოლოოდ ხდება შექმნილი მასალის კომპიუტერულ პროგრამა Moviemaker-ში დამუშავება მასწავლებლის მიერ.

 

მეშვიდე  ეტაპი – ტექსტის/ტექსტების გააზრების მონიტორინგი და შედარებითი ანალიზი.

 

ანიმაციური ფილმების ჩვენების შემდეგ ისევ ხდება ტექსტის გააზრებაზე მუშაობა სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენებით და შედარებითი ანალიზის გაკეთება.

 

მერვე ეტაპი – პრეზენტაცია

 

მოსწავლეები ქმნიან აფიშას, მოსაწვევებს და საბოლოო სახით შექმნილ რესურს წარუდგენენ დაინტერესებულ აუდიტორიას. მასალა კი გამოქვეყნდება სოციალურ ქსელში ან youtube-ზე.

 

რეფლექსია

 

საერთაშორისო კვლევებზე (PIRLS 2006, PIRLS 2011)  დაყრდნობითა და პირადი გამოცდილებით, სკოლებში ტექსტებზე მუშაობისას გარკვეულ სირთულეებს ვაწყდებით, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია სწავლების დაწყებით საფეხურზე.

 

ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული რესურსის (ანიმაციური ფილმების) შექმნა, რადგან ამ ასაკში, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვები ვიზუალურ მახასიათებლებს უფრო ადვილად იმახსოვრებენ და აღიქვამენ.

 

რესურსი უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობასა და თანამშრომლობის სურვილს. ის მოითხოვს ერთად ფიქრს, ერთად კეთებას და ამით რაღაცის აღმოჩენას, რადგან ის საერთო ძალისხმევის შედეგია.

 

რესურსი იძლევა უნარების კომპლექსური განვითარების საშუალებას – ზეპირმეტყველება, კითხვა, გააზრება, შემოქმედებითი აზროვნება, ხელის მოტორიკა.

 

რესურსი მისდევს გარკვეულ სქემას და მოიცავს თანმიმდევრულ პროცესებს, რაც აადვილებს საკითხის აღქმასა და გააზრებას.

 

ასეთი ფილმების დახმარებით მოსწავლე სწავლობს და შეიმეცნებს ხალისით, მაღლდება მოტივაცია შესასწავლი საკითხისა და, საერთოდ, საგნის მიმართ. სასწავლო მასალის აღქმაში ჩართულია სხვადასხვა უნარი და, შესაბამისად, დამახსოვრების ხარისხიც მაღალია, აკმაყოფილებს განსხვავებული სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების მოთხოვნილებებს.

 

თავად რესურსი შეიძლება პირდაპირი სახით ერთჯერადი გამოყენების არის, მაგრამ იდეის გამოყენება  ქართული ენის პედაგოგებს სწავლების სამივე საფეხურზე შეუძლიათ.

 

რესურსს აქვს უარყოფითი მხარეებიც – ის ტექნიკურად რთული შესასრულებელია და მოითხოვს სპეციალურ მომზადებას ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დაუფლებაში (რადგან ფოტოები აწყობილია Powerpoint-ში და ვიდეორგოლი შექმნილია Moviemaker-ში). მოითხოვს ასევე დიდ დროს და მუდმივ განახლებას.

 

 

რესურსის მიზნები (I კლასი)

 

ქართ. I. 1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ასრულებს მასწავლებლის მარტივ ზეპირ ინსტრუქციებს;
  • უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
  • მონაწილეობს სიტუაციურ თამაშებში, ჯგუფურ აქტივობებში და საჭიროების მიხედვით ადეკვატურად ცვლის სამეტყველო როლებს (უსმენს სხვებს, სვამს/ პასუხობს შეკითხვებს).

 

ქართ.  I. 2. მოსწავლეს შეუძლია გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემებზე.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მეტყველებისას იყენებს წინადადების მოდალობებს (თხრობას, შეკითხვას, თხოვნას, ბრძანებას) და შესაბამის ინტონაციას.

 

ქართ.  I. 3. მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მკაფიოდ გამოთქვამს ბგერებს სიტყვაში;
  • პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
  • წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზითა და შესაბამისი ინტონაციით.

 

ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 

  • სვამს/პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
  • მონაწილეობს ტექსტის სახელდახელო ინსცენირებაში, ირჩევს როლის შესატყვის ინტონაციასა და ჟესტ-მიმიკას.

 

ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

 

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის  ტექსტებს;
  • წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
  • აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.

 

 

მოსწავლეთა მიერ შექმნილი რესურსი (ანიმაციები):

 

ამაყი ყვავილი – https://youtu.be/o4_–OaQMMw

პეპელა და ფუტკარი – https://youtu.be/vl1yG6KrRZ0

მარადმწვანე ხეები – https://youtu.be/ICeqY7kgjYQ

ორი მეგობარი – https://youtu.be/xB15ySt_h60

სირცხვილი აიცილა – https://youtu.be/r4NZb0_jw8Q

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...