პარასკევი, აპრილი 17, 2026
17 აპრილი, პარასკევი, 2026

კორონავირუსი – სხვადასხვა საგნის სასწავლო რესურსი

0

კორონავირუსი საინტერესო მოვლენაა არა მხოლოდ ბიოლოგია-ქიმიის თვალსაზრისით. მისი არსებობა გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად. მასწავლებელს შეუძლია საგაკვეთილო თემად განიხილოს ხელის დაბანის პროცედურა, თუ რატომ შეუძლია ქაფს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა? რატომ არის აუცილებელი ორმეტრიანი დისტანციის დაცვა და რა მიზეზით უწოდებენ მას სოციალური დისტანციას? როგორ აწარმოებენ ვირუსის გავრცელების სტატისტიკას და რას გვაძლევს მისი ცოდნა? რომელმა ქვეყნებმა განიცადეს ყველაზე დიდი დანაკარგი და არის თუ არა ეს კავშირში სახელმწიფოების გეოგრაფიული მდებარეობასთან?.. კითხვა უამრავია და რადგან ვირუსთან ერთად თანაცხოვრება გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ მოგვიწევს, შეგვიძლია მსგავსი თემები წინასწარ მოვიფიქროთ, მოვამზადოთ და სასარგებლო რესურსად ვაქციოთ.

 

მათემატიკა: განვიხილავთ და ვაანალიზებთ სტატისტიკას 

სწორედ ასე მოიქცა ფრენკ ვანი, მათემატიკის პედაგოგი, მეცნიერებისა და მათემატიკის სკოლის პრეზიდენტია ოკლაჰომაში. ის „ეპიდემიის მათემატიკას“ სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ ამით თავის საგანს უფრო მიმზიდველს ხდის (ფრეკენ ვანის მიერ მომზადებული ინგლისურენოვანი მასალების ნახვა Facebook-ზე შეგიძლიათ).

„რაც მსოფლიოში ხდება, კატასტროფაა, მაგრამ მიმდინარე მოვლენებისა და რეალური მათემატიკის შერწყმით შეგვიძლია მოსწავლეებს საგნის მიმართ დამატებითი მოტივაცია შევუქმნათ. ახლა მათ უფრო ესმით, რომ ექსპონენციალური ზრდის განტოლება, რომელიც ადრე უსარგებლო რამ ეგონათ, გვეხმარება სავენტილაციო საშუალებების ან საავადმყოფოების საწოლების რაოდენობის გამოთვლაში“.

ფრენკს მაგალითად მოჰყავს იმის გამოთვლას, თუ რამდენად სწრაფად გავრცელდება ეპიდემია მაშინ, როდესაც ორმოცი მილიონი ადამიანი „ცხელების ცენტრს“ მიაკითხავს, შემდეგ კი ისევ სახლში გაბრუნდება. ასე შესაძლებელია ინკუბაციური პერიოდის ან სიკვდილიანობის მაჩვენებლის გამოთვლა.

 

ბიოლოგია: ვირუსების შესწავლა რეალურ დროში   

სკოტ ჯონსონი Century High School-დან ბისმარკში, სთავაზობს თავის მოსწავლეებს შეისწავლონ სტატიები იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე. ბოლო პერიოდში ის ამას ონლაინ გაკვეთილებზე აქტიურად განიხილავდა.

მასწავლებელთა ეროვნული ასოციაცია (NSTA) სწავლების ამ სისტემას „3D სწავლებას“ უწოდებს, მეცნიერებასა და საინჟინრო პრაქტიკას შორის ინტერდისციპლინარული ურთიერთობაზე დაფუძნებულს. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ისწავლონ არსებული მოვლენის გააზრება, სწორი კითხვების დასმა. მომავალში ეს ხელს შეუწყობს წარმატებულ პრაქტიკულ გამოცდილებასა და კვლევას. სისტემის მიზანია სასწავლო საგნის გაფართოება.

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაანალიზონ ინფორმაციის წყაროები: არის თუ არა კავშირი წაკითხულსა და სხვა დისციპლინებს შორის?

ბავშვები ცდილობენ იაზროვნონ მეცნიერულად, თანმიმდევრულად დაფიქრდნენ კითხვებზე, გამოიტანონ ლოგიკური დასკვნები ვირუსის წარმოშობისა და მისი გავრცელების შესახებ.

 

ისტორია და ლიტერატურა: დღიურის წარმოება კოროვირუსის პერიოდში

COVID-19 უნიკალური ისტორიების უსასრულო წყაროა. მოსწავლეები სწავლობენ ინფორმაციასთან მუშაობას, აღნიშნული ისტორიების პოვნას და მათ გაფორმებას სხვადასხვა ჟანრში.

ფსიქოლოგთა აზრით, თვითიზოლაციის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების შინაგან მდგომარეობაზე დაკვირვება, მათი გრძნობების გამოხატვის გზების ძიება. მაგალითად, შეგიძლიათ შესთავაზოთ წერილობითი დღიურის წარმოება, ანდა ჩანახატების, ვიდეოფორმატის სსახით. ამელია ნირენბერგი New York Times-დან წერს, რომ ასეთი ჩანაწერები მოგვიანებით სასარგებლო იქნება ისტორიკოსებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი ადამიანების ცხოვრებისეული მომენტები.

ბრაიან შოუმ, სოციალურ მეცნიერებათა პედაგოგი Ygnacio Valley-ს საშუალო სკოლიდან, წერს ინსტრუქციებს მსგავსი დღიურების წარმოების შესახებ. „თქვენი ამოცანაა აღწეროთ ცვლილებები, რომელთა უშუალო მოწმე გახდით. ყოველდღიურად მოინიშნეთ რა გაიგეთ ახალი ამბებიდან, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისგან. სულაც არ არის სირცხვილი გადაიღოთ ვიდეოები, აღწეროთ ამბები პოეტურად ან შექმნათ ესკიზები – გლობალური პანდემიის დროის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ხდება. შეგიძლიათ ასეთი დღიური მთელ ოჯახთან ერთად აწარმოოთ, საღამოობით ერთად განიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები“.

 

დღიურისთვის საჭირო კითხვების სია:

რა გამოაცხადა მთავრობამ დღეს და რა მოიმოქმედა? ჰქონდა თუ არა ამას აზრი? როგორ იმოქმედა ამან თქვენს ცხოვრებაზე?

რა შეზღუდვებია თქვენს მხარეში და რა – არა?

როგორ გამოიყურება თქვენი უბანი ახლა? ქუჩაში რამდენი ადამიანი გადაადგილდება?

როგორ განსხვავდება დღვანდელი დღე გუშინდელისგან?

შენიშნეთ უთანასწორობის რაიმე მაგალითი (ადგილობრივად, ნაციონალურად თუ გლობალურად)?

რა გაიმედებთ? რა იწვევს თქვენში შიშს, შფოთვას (მაგალითად, სიახლეები სოციალურ ქსელებში)?

ახლა რა აკლია თქვენს ოჯახს? რაზე არ გაქვთ წვდომა?

რა აქვს თქვენს ოჯახს ისეთი, რაც შეიძლებოდა სხვისთვის სასარგებლო ყოფილიყო?

 

სამოქლაქო განათლება  

კორონავირუსი ის შემთხვევაა, როდესაც სამოქალაქო განათლების გაკვეთილი ცხელ დისკუსიად იქცევა. ეს ხელს შეუწყობს კრიტიკული აზროვნების, ემპათიისა და რეფლექსიის განვითარებას. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ მოიშველიოთ სხვადასხვა ქვეყნებიდან მიღებული სიახლეები, სადაც ექიმები წყვეტენ ვის გაუწიონ სამედიცინო დაწესებულებაში დახმარება და ვინ უნდა იმკურნალოს სახლის პირობებში. სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული კითხვები, რომლებზეც ერთმნიშვნელოვნად პასუხს ვერ გასცემ, მოსწავლეებს შეასწავლის რთული ეთიკური სიტუაციების გაანალიზებას და მოეხმარება ფასეულობათა სისტემის გააზრებაში.

დასაწყისისთვის, გააცანით მოსწავლეებს ეთიკური გადაწყვეტილების მიღების მეთოდი:

სიტუაციის შესწავლა;

დასახელდეს ღირებულებები, ყველა მხარის;

ეთიკური დილემის იდენტიფიცირება;

იმ ღირებულებების იდენტიფიცირება, რომლებიც გავლენას ახდენს მოსწავლეთა პოზიციაზე;

მოყევით თქვენი გადაწყვეტილების შესახებ ფაქტობრივი არგუმენტებით, რა ღირებულებებით ხელმძღვანელობთ.

 

მედიაწიგნიერება: ვისწავლოთ ახალი ამბების წაკითხვა

დისტანციური სწავლება არის ახალი ტექნოლოგიების განათლებაში დანერგვის შესაძლებლობა. ინფორმაციული ცოდნა დაეხმარება ბავშვებს (და მათ მშობლებს) შემდგომ სწავლაში და სამსახურში დასაქმების დროს. ყალბი ამბების განსხვავების უნარი შეამცირებს პანდემიის შესახებ შფოთვას, რადგან გაკვეთილის მთავარი ამოცანაა  სიმართლის გამოვლენის სწავლება და არა ყველა სიახლის დაჯერება და გაზიარება.

2016 წელს, სტენფორდელი ისტორიისა და განათლების პროფესორის, სემ ვაინბურგის და მეცნიერთა გუნდის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აშშ-ის 12 შტატში 8000 მოსწავლეს შორის, აჩვენა, რომ ახალგაზრდების ინტერნეტით ინფორმაციის ანალიზის უნარი შეიძლება ერთი სიტყვით შეფასდეს – ცუდი.

კიდევ ერთ სტატიაში, სემ ვაინბურგი გამოჰყოფს სამ ძირითად პრინციპს, რომელიც მასწავლებლებმა უნდა გამოიყენონ მედიაწიგნიერების სწავლების პროცესში:

 

1.ცნობიერი კითხვა

ინფორმაციის სიმრავლე მოიაზრებს „ჰორიზონტალურად“ წაკითხვის უნარს, როდესაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტები შეიძლება გამოგვრჩეს. ახლანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ეს არ არის საუკეთესო გზა. უმჯობესია ნერვების და არა დროის დაზოგვა. ჩვენ ყურადღებით ვკითხულობთ სიახლეებს, мштфчфмЕ ჩანართს და სხვა წყაროებы ვადარებთ.

2.რამდენიმე ვებგვერდის გამოყენება

ინფორმაცია, თუნდაც ოფიციალური ვებსაიტზე, ყოველთვის არ შეიძლება სანდო იყოს. ასწავლეთ ბავშვებს გვერდის/ორგანიზაციის სახელწოდების გადამოწმება,  ხელმძღვანელობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, წაიკითხეთ მათი მიმოხილვები სხვა რესურსებზე, ანუ გასცდით განყოფილებას „ჩვენს შესახებ“.  განყოფილებას.

3.მოძებნეთ სხვა ბმულებიც

ბრაუზერში კითხვაზე პასუხის ძებნისას არ უნდა შემოვიფარგლოთ პირველივე ღია ვებგვერდით. არ უნდა ვენდოთ გუგლის პირველ შედეგებს. აუცილებელია რამდენიმე ვარიანტის ნახვა და შემდეგ გადაწყვიტა, სად დევს უფრო არის სანდო და თანმიმდევრული ინფორმაცია.

ზოგიერთ სკოლას აქვს სპეციალური ფილტრები, რომლებიც მოსწავლეებს საუალებას აძლევს იმუშაონ მხოლოდ სანდო საიტებზე. მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, ისინი, ვისაც არ აქვს ინტერნეტით ძებნის გამოცდილება, ვერ შეძლებენ ინფორმაციის დამოუკიდებლად გაფილტვრას. პანდემია კარგი დროა იმუნიტეტის გასაუმჯობესებლად ტოქსიკური და ყალბი შეტყობინებების მიმართ, რომლებიც ახალი ამბების მასალებში უხვად გვხვდება..

 

მოსწავლის კოგნიტური და აკადემიური უნარების შეფასება დისტანიციური სწავლებისას თუ მის გარეშე

0

No Child Left Behind[1]

 „არცერთი ბავშვი უყურადღებოდ!“ 

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის კოგნიტური, ანუ შემეცნებითი და აკადემიური უნარების შეფასება იქამდეა აუცილებელი, ვიდრე მისთვის ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემუშავდება. უფრო მეტიც, იგი სახელმძღვანელო დოკუმენტის სახესაც კი იძენს. თუმცა მოსწავლის შემეცნებითი (კოგნიტური) თუ აკადემიური უნარების შეფასება წლის ბოლოსაც იწერება და იგი ასევე საცნობარო თუ სახელმძღვანელო ინსტრუმენტია ახალი მასწავლებლისთვის, რომელმაც შეიძლება ბავშვს მომავალი სასწავლო წლიდან ასწავლოს.

 

შეფასების დოკუმენტში ვუთითებთ შევსების თარიღს, ინტერვიუერისა (ამ შემთხვევაში მოსწავლის) და დამკვირვებლის – მასწავლებლის ან სპეციალური მასწავლებლის გვარ-სახელს. სპეციალური მასწავლებელი აფასებს მოსწავლის კოგნიტურ  უნარებს, როგორიცაა: აღქმა, ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება, ქცევა, ემოცია და კომუნიკაცია. საგნის მასწავლებლები აფასებენ მოსწავლის აკადემიურ უნარებს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტში გაწერილი მისაღწევი შედეგების/სამიზნე ცნებების/მკვიდრი წარმოდგნების მიხედვით. მოსწავლის ფუნქციური/ადაპტური უნარების შეფასება ყველა მასწავლებელს შეუძლია.

ორივე ტიპის შეფასებისას წინა პლანზე უნდა გამოვიტანოთ ბავშვის ძლიერი მხარეები, თუმცა ცალკე სვეტში აუცილებლად უნდა მივუთითოთ, რას ვერ აკეთებს ბავშვი, რაა მისი სუსტი მხარე და რით შეიძლება დავძლიოთ აღნიშნული პრობლემა.

ბავშვის სასკოლო განვითარების ადრეულ ეტაპზე საგნის მასწავლებლების მერ ფასდება ზოგადი აკადემიური უნარები, როგორიცაა: კითხვა, წერა, თხრობა და ბაზისური მათემატიკური უნარები. თითოეული ამ უნარის შეფასება უნდა მოხდეს ბუნებრივ გარემოში და შესაძლოა, მიეძღვნას ერთი საგაკვეთილო დრო.

დისტანციური მუშაობისას კითხვის უნარის შესაფასებლად მოსწავლეს შეიძლება შევთავაზოთ „კარგი სკოლის“ მიერ მომზადებული მისი განვითარებს შესაბამისი სამუშაო ფურცლები, მაგალითად, ასეთი: https://kargiskola.ge/myadmin/ckeditor/ckfinder/userfiles/files/dabadebis%20dge.pdf

თუმცა რეკომენდებულია ვიხელმძღვანელოთ კითხვის დებულებებით, როგორიცაა:

  • ტექსტის წაკითხვა/მოცულობა ( ასოების ცნობა; მარცვალ-მარცვალ კითხვა; სიტყვების კითხვა; მარტივი წინადადებების კითხვა; მცირე მოცულობის ტექსტების კითხვა)

გზები და ინსტრუქციები: მოსწავლეს ვაწვდით ტექსტს და ვთხოვთ წაიკითხოს. თუ მოსწავლეს საერთოდ არ შეუძლია კითხვა, მაშინ თავად ვუკითხავთ ტექსტს, ხოლო თუ მოსწავლე კითხულობს მაგრამ ძალიან უჭირს, ვაკითხებთ მხოლოდ ერთ წინადადებას და შემდეგ ჩვენ ვაგრძელებთ. აუცილებლად ვუთითებთ დახმარების დონის გაზრდის შესახებ კომენტარებში. მოსწავლეს ვუჩვენებთ ფურცელზე დაბეჭდილ წინადადებებს და ვთხოვთ წაიკითხოს.  მოსწავლეს ვუჩვენებთ სიტყვებს და ვთხოვთ წაიკითხოს. მოსწავლეს ვუჩვენებთ გვერდს სადაც წერია დამარცვლილი სიტყვები და ვთხოვთ წაიკითხოს მარცვლები. ვუჩვენებთ  ბარათზე დაწერილ ასოებს. ვთხოვთ იპოვოს და დაასახელოს ჩვენ მიერ წარმოთქმული ასო-ბგერები.

დისტანციური მუშაობისას შეიძლება შევთავაზოთ შემდეგი ბმული: https://www.kargiskola.ge/teachers/cignebi/Readers_Grade2/pingvinis_macivari.pdf

  • კითხვის მოქნილობა – სათანადო ტემპისა და ინტონაციური გამართულობას ვაფასებთ იმის მიხედვით, თუ რამდენად გამთლიანებული სიტყვებითა და სათანადო ინტონაციით კითხულობს ტექსტს, რამდენად იცავს წინადადებებს შორის პაუზას, რამდენად  მკაფიოდ და  ხმამაღლა კითხულობს.

გზები და ინსტრუქციები: ვაძლევთ მცირე ტექსტს, ან წინადადებას და ვაკვირდებით (დეტალურად ვინიშნავთ რა სიგრძის და სირთულის სიტყვებს  კითხულობს, რა ტიპის შეცდომებს უშვებს)

დისტანციური მუშაობისას შეიძლება შევთავაზოთ შემდეგი ბმული: https://kargiskola.ge/anbani/lokokina%20lila_adapt..pdf ჩვეულებრივ კი აღნიშნული ტექსტი ცალკე წიგნად ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მოეპოვება.

  • წაკითხულის შინაარსის გაგების უნარი ვლინდება, თუ რამდენად სწორ ვარაუდს გამოთქვამს ტექსტის შინაარსის შესახებ სათაურის მიხედვით; რამდენად ამოიცნობს ტექსტის დასაწყისსა და დასასრულს; რამდენად შეუძლია მოსმენილ ტექსტში მოსმენილი ფაქტებისა და პერსონაჟების დასახელება, რამდენად შეუძლია სიტყვების სემანტიკური გააზრება კონტექსტის მიხედვით

გზები და ინსტრუქციები: მოსწავლეს ვაკითხებთ ტექსტს და  ვთხოვთ: აღწეროს რა მოხდა ტექსტის მიხედვით; დაგვისახელოს ტექსტში ნახსენები პერსონაჟები. თუ მოსწავლეს არ შეუძლია კითხვა საერთოდ, მაშინ ჩვენ ვუკითხავთ ტექსტს; თუ მოსწავლე კითხულობს მაგრამ ძალიან უჭირს, ვაკითხებთ მხოლოდ ერთ აბზაცს და შემდეგ თქვენ ვაგრძელებთ. აუცილებლად ვუთითებთ დახმარების დონის გაზრდის შესახებ კომენტარებში. ორივე შემთხვევაში, ვუკითხავთ თუ ვაკითხებთ, ვეკითხებით სიტყვების მნიშვნელობას ტექსტიდან.

  • ფონოლოგიური ცნობიერება მოიცავს ფონოლოგიური ანალიზისა და სინთეზის უნარებს. ვაფასებთ, რამდენად შეუძლია ცალკეული ასოების გაერთიანება სიტყვებად, სიტყვის დაშლა შემადგენელ ბგერებად
  • ვაფასებთ შეცდომების ხარისხსა და რაოდენობას, რამდენად ტოვებს, ანაცვლებს ან ამატებს სიტყვებში ასოებს/მარცვლებს, უცვლის ფლექსიებს, უჭირს ხაზიდან ხაზზე გადასვლა, ტოვებს ხაზს, არ ითვალისწინებს სასვენ ნიშნებს, კითხულობს არასწორი ინტონაციით, მონოტონურად

წერის შეფასებისას ფასდება:

  • წერის მოტორული კომპონენტი. ვაკვირდებით : რომელი ხელით წერს მოსწავლე (რომელია წამყვანი ხელი), როგორ უჭირავს საწერი საშუალება (ხელის პოზიციას), იჭერს თუ არა მეორე ხელით საწერ ფურცელს, როგორ ზის წერისას, შეუძლია  თვალისა და ხელის კოორდინირება

დავალება: დაწეროს ის რასაც მოჰყვა; დაწეროს საკუთარი თავის შესახებ

დისტანციური სწავლებისას მოსწავლეს შეიძლება შევთავაზოთ ბმული: https://kargiskola.ge/dawere/

  • ნაწერის ვიზუალური მხარის შეფასებისას ვითვალისწინებთ ასოების ზომას, მოყვანილობას, ზედა და ქვედა რეგისტრის გრაფემების ხაზზე განლაგებას, ასოებს შორის დისტანციას, სიტყვებს შორის დისტნციას, იწყებს თუ არა სწორი მხრიდან წერას (მარცხენა ზემოთა კუთხიდან).
  • ორთოგრაფიის/მართლწერის შეფასებისას ვაკვირდებით იცის თუ არა განსაზღვრული ასოების წერა, ტოვებს თუ არა ასოებს სიტყვაში, ანაცვლებს ერთ ასოს სხვა ასოთი, ამატებს ასოს სიტყვაში, წერისას იცავს ასოების სივრცით მიმართებებს

დავალება: მოსწავლეს ვთხოვთ დაგვიწეროს ის ასოები, რომელიც იცის. თავისი სახელი, (ვაკვირდებით, რამდენად სწორად წერს შ და წ-ს, ძ და ხ-ს და არ ერევა ერთმანეთში). ვაკითხებთ ასაკის შესაბამის ტექსტს და ვთხოვთ აღადგინოს ზეპირად ან წერილობით. დისტანციური მუშაობისას ტექსტების შერჩევა შესაძლებელია შემდეგ გვერდზე: https://kargiskola.ge/teacherintro/teacher-moswavlis-wignebi.php

  • ვაფასებთ, რამდენად შეუძლია შეუძლია სიტყვებისა თუ ფრაზების  წერა კარნახით; ტოვებს თუ არა სიტყვას წინადადებაში, ანაცვლებს და ცვლის თუ არა  სიტყვების თანმიდევრობას წინადადებაში.

დავალება: მოსწავლეს ვუსახელებთ  სურათზე მინიშნებით ფრინველის სახელს და ვთხოვთ  დაწეროს დასახელებული სახელი;

  • ვაფასებთ, რამდენად შეუძლია კოპირება – ნაბეჭდი/დაფაზე ნაწერი ტექსტის სწორად გადაწერა

დავალება: ტექსტში მოვუნიშნავთ ჯერ წინადადებას, თუ გაუჭირდა, შემდეგ ვთხოვთ სიტყვის ან ასოს გადაწერას

  • ვაფასებთ გრამატიკულ მხარეს – რამდენად სწორად ათანხმებს რიცხვში სახელებისა და მოქმედების აღმნიშვნელ სიტყვებს, რამდენად მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ…) სიტყვების დასაკავშირებლად, რამდენად იყენებს მოსწავლე გრამატიკული და ორთოგრაფიული თვალსაზრისით სწორ ფორმებს და იცავს პუნქტუაციის ძირითად წესებს წინადადების აგებისას, რამდენად მართებულად იყენებს კონტექსტის მიხედვით ზმნის დროებს (წარსული, აწმყო, მომავალი), რამდენად მართებულად იყენებს თხრობით, ბრძანებით და კითხვით წინადადებებს და რამდენად სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს.
  • ვაფასებთ, ტექსტის ტიპის ცოდნას – რა სირთულის და რა მოცულობის ტექსტის აღქმა შეუძლია და შეუძლია თუ არა საკუთარი აზრის დაფიქსირება. ვკარნახობთ 3-4 სიტყვიან ბრძანებით, კითხვის ან ძახილის წინადადებებს და ვაფასებთ, რამდენად სწორად წერს მათ.

თხრობა

  • თხრობის შეფასებისას უპირველე ყოვლისა, ვაკვირდებით და ვიგებთ, მოსწავლეს რამდენად შეუძლია ააგოს წინადადების გრამატიკული სტრუქტურა.

დავალება: მოსწავლეს ვთხოვთ მოგვიყვეს: ა)  მისი ჰობის შესახებ, რის კეთება უყვარს ყველაზე მეტად; ბ) საყვარელი ფილმის, ან ბოლო დროს ნანახი ფილმის შინაარსი; შესაძლოა ასევე ვთხოვოთ წაკითხული ტექსტის შინაარსის მოყოლა (თუ უჭირს გადმოცემა, ვუსვამთ დამხმარე შეკითხვებს); სიუჟეტური სურათის აღწერა (თუ ესეც უჭირს გადავდივართ სახელდებაზე). შესაძლოა ასევე ვთხოვოთ წაკითხული ტექსტის შინაარსის მოყოლა (თუ უჭირს გადმოცემა, ვუსვამთ დამხმარე შეკითხვებს).

 

  • ვაფასებთ, რამდენად შეუძლია შინაარსის გადმოცემა – მოვლენების ლოგიკური თანმიმდევრობა, ძირითად დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას თუ მეორეხარისხოვანზე, შეუძლია თუ არა საკუთარ თავზე ამბის მოყოლა, შეუძლია თუ არა სიუჟეტური სურათების აღწერა-გადმოცემა, რა სირთულის და მოცულობის შინაარსის გადმოცემა შეუძლია დამოუკიდებლად ან დამხმარე კითხვებით
  • ვაფასებთ გრამატიკულ უნარებს, რამდენად შეუძლია არსებითი სახელისა და ზმნის რიცხვში შეთანხმება, სახელების შეთახმება ბრუნვაში და სხვ.

ბაზისური მათემატიკური უნარების შეფასებას ვიწყებთ:

  • თვლით, ვაკვირდებით, რომელ რიცხვამდე შეუძლია მოსწავლეს დათვლა (იმისდა მიხედვით, თუ როგორ თვლის მოსწავლე, ვცვლით, ვამარტივებთ ან ვართულებთ მოთხოვნას; ვითვლით 10-ის ფარგლებში ან 10-ის ზევით ნებისმიერი დასახელებული რიცხვიდან, ვთვლით უკუ: 10-დან 1-მდე; 10-ის ფარგლებში ან მის ზემოთ უკუთვლა ნებისმიერი დასახელებული რიცხვიდან; რიცხვების თანმიმდევრობა. ვაფასებთ, რამდენად შეუძლია წინარე და შემდგომი რიცხვის განსაზღვრა, 2-ის, 3-ის… ბიჯით თვლა (მაგ.: 2,4,6 . . . ; 3,6,9 . . . ,  4,8,12…); ათეულებით ან ასეულობით გადათვლა, 10–ის ზევით ნებისმიერი დასახელებული რიცხვიდან.
  • ვაფასებთ, რამდენად შეუძლია მოსწავლეს საგანთა რაოდენობის განსაზღვრა, სურათზე წარმოდგენილი ერთგვაროვან საგანთა გროვის გადათვლა და გადათვლის შემდეგ საგანთა საერთო რაოდენობის დასახელება.

დავალება: წარმოვუდგინოთ მოსწავლეს ერთგვაროვან საგანთა გროვა და ვთხოვოთ სავარაუდო რაოდენობის განსაზღვრა ან თავად შევთავაზოთ ორი სავარაუდო პასუხი და ვთხოვოთ  იმ რიცხვის შერჩევა, რომელიც  მისი აზრით მეტად შეესაბამება საგანთა რაოდენობას.

  • ვაფასებთ, რამდენად შეუძლია რიცხვების ცნობაცხრილის მიხედვით რიცხვების განსაზღვრა (10-ის ფარგლებში ან 100-ის), სამ და მეტნიშნა რიცხვების ცნობა/დასახელება; 10-ის ან 100-ის ფარგლებში ან სამ და მეტნიშნა რიცხვების კარნახით ჩაწერა, რომაული რიცხვების ცნობა და ჩაწერა; კენტი და ლუწი რიცხვების ცნობა და ჩაწერა; რიცხვში თანრიგის განსაზღვრა (ასეული, ათეული, ერთეული); რიცხვების შედგენა. მაგ.: 4000 +100+ 80+3 =4183  და რიცხვის მის შემადგენელ თანრიგებად დაშლა. მაგ.: 589 = 500+80+9; რიცხვების დამრგვალება.
  • რიცხვების შედარება
  • ფიგურის ნაწილებისა და წილადების, არამთელი რიცხვების ცნობა.
  • მიმატება 10–ის ფარგლებსა და მის ზემოთ, 10-ის გავლით 20-მდე, ორ და მეტნიშნა რიცხვების შეკრება; ათეულების შეკრება; ორზე მეტი შესაკრების მიმატება 10-ის ფარგლებში; ორზე მეტი შესაკრების მიმატება 10-ის ზევით; (მიუთითეთ თუ რამდენნიშნა რიცხვებს უმატებს ერთმანეთს)
  • გამოკლება 10–ის ფარგლებში; 20–ის ფარგლებში; ორ და მეტნიშნა რიცხვების გამოკლება (აღნიშნეთ ასრულებს ზეპირად, ქვეშმიწერით, თვალსაჩინო მასალის გამოყენებით); ორი და მეტი საკლების გამოკლება 10–ის ფარგლებში; ორი და მეტი საკლების გამოკლება 10–ის ზევით; (ვუთითებთ, თუ რამდენნიშნა რიცხვებს აკლებს ერთმანეთს მოსწავლე)
  • გამრავლება – ციფრების ერთმანეთზე გამრავლება (გამრავლების ტაბულა); ციფრების 10–ზე გამრავლება; 0–ზე დაბოლოებულ რიცხვებზე გამრავლება; ორ და მეტნიშნა რიცხვების გამრავლება;
  • გაყოფა – ციფრების გაყოფა 10–ის ფარგლებში; ორნიშნა რიცხვების ციფრებზე გაყოფა; ორნიშნა რიცხვებზე გაყოფა. მაგ.: 100:50=; 34:17=;  გასაყოფი რიცხვის განსაზღვრა. მაგ.: იმ  რიცხვის დასახელება, რომელიც იყოფა 12–ზე; 9–ზე;

დავალების სირთულეს ვარჩევთ მოსწავლის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, რაც მან წინარე დავალებების შესრულების დროს გამოავლინა.

  • ამოცანის ამოხსნა (ერთმოქმედებიანი შემდგომ გართულებული ამოცანის და განტოლების ამოხსნა).
  • რამდენად იცის გეომეტრია – გეომეტრიული ფიგურების ცნობა (სამკუთხედი, მართკუთხედი, კვადრატი, წრე, რომბი, ცილინდრი, ხუთკუთხედი და ა.შ.); მარტივი გეომეტრიული ფიგურების აგება; რთული გეომეტრიული ფიგურების აგება; გეომეტრიული ფიგურის გვერდის გაზომვა სახაზავის გამოყენებით; ფიგურის ტოლ ნაწილებად დაყოფა.
  • ვაფასებთ, რამდენად ერკვევა საზომი ერთეულებში – შეუძლია თუ არა თერმომეტრის წაკითხვა; წონის, სიგრძის, სითხის, ტემპერატურის და დროის საზომი ერთეულების დასახელება; საზომი ერთეულების ზრდის (სიდიდის) მიხედვით დალაგება. მაგ.: დეციმეტრი, მილიმეტრი, კილომეტრი, მეტრი; რამდენი წუთია ერთ საათში, რამდენი წამია ერთ წუთში? რამდენი სანტიმეტრია ერთ მეტრში, რამდენი მილიმეტრია ერთ სანტიმეტრში, რამდენი სანტიმეტრია ერთ დეციმეტრში, რამდენი დეციმეტრია ერთ მეტრში, რამდენი მეტრია ერთ კილომეტრში? რამდენი გრამია ერთ კილოგრამში, რამდენი მილიგრამია ერთ გრამში, რამდენი კილოგრამია ერთ ტონაში? რამდენი მილილიტრია ერთ ლიტრში? შედარება: 30 სმ ? 2 დმ (<>=)
  • ვაფასებთ, რამდენად იცის ფულის ცნობა და გამოყენებითი მათემატიკა – შეუძლია თუ არა ეროვნული ვალუტის კუპიურების ცნობა (თეთრები, ლარები); რამდენი 20 თეთრია 1 ლარში? რა თანხას მივიღებთ თუ შევკრებთ 10+20 +50 ლარს? რა თანხას მივიღებთ თუ შევკრებთ 0,20+0, 30+0,20+0, 50 თეთრს? შეადგინეთ 2 ლარი მხოლოდ თეთრებისგან ისე, რომ გამოიყენოთ თეთრების შემდეგი ნაირსახეობა: 5, 10, 20 და 50. თუ საპონი ღირს 1,30 ლარი, რამდენი ხურდა გვეკუთვნის 10 ლარიდან? თუ ნამცხვრის ნაჭერი ღირს 2,20 ლარი რამდენი ხურდა გვეკუთვნის 5 ლარიდან? გადახურდავება. თუ მიმართება ლარსა და დოლარს შორის შემდეგია: 1$=1,67ლარს, რამდენი ლარი გექნებათ 10 ან/და15 დოლარში?  გადახურდავება. თუ მიმართება ლარსა და დოლარს შორის შემდეგია: 1$=1,67ლარს, რამდენი ლარია საჭირო 20 დოლარის შესაძენად?

ვაფასებთ, რამდენად შეუძლია დროში ორიენტაცია, იცის თუ არა წელიწადის დროების, თვეების დასახელებები, შეუძლია წელიწადის დროებისა და თვეების შესაბამება; კვირის ციკლისა და მიმდინარე კვირის დღის, თვისა და წელიწადის განსაზღვრა, ციფერბლატიანი თუ ციფრული საათის ცნობა, საათის ნახევრის განსაზღვრა, საათის წუთობრივი სიზუსტით ცნობა, დროში მოქმედებების დაგეგმვა, დღე-ღამის რიტმის აღქმა, დღისა თუ ღამის დასახელება, კალენდრის გამოყენება ( კალენდარზე თვის მეორე სამშაბათის დემონსტრირება, თვის რომელ კვირაშია 15, რამდენი დღეა არანაკიან წელიწადში?) , აქტივობის დაგეგმვა დროში

 

ვაფასებთ ბავშვის თვითცნობიერებას  – შეუძლია თუ არა კითხვებზე პასუხის გაცემა პერსონალური ინფორმაციის გამოყენებით, სახელის, გვარის, ასაკის, სკოლის, კლასის, მისამართის, ოჯახის წევრებისა თუ ტელეფონის ნომრების დასახელება.

საგნობრივი შეფასებისას შესაძლოა, ვიხელმძღვანელოთ ამა თუ იმ საგნის ეროვნული სასწავლო გეგმით მისაღწევი მიზნებითა და ამოცანებით. მაგალითად, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების სასწავლო გეგმა ითვალისწინებს კონკრეტული ამოცანების გადაჭრას. ეს ამოცანები მოიცავს როგორც ცოდნას, ასევე უნარების განვითარებას: ამიტომ შეფასებისას მნიშვნელოვანია, ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ეს ორი კომპონენტი და მოსწავლე შევაფასოთ დაახლოებით შემდეგნაირად:

  • მოსწავლემ იცის ცოცხალი სამყაროსა და მასში მიმდინარე სასიცოცხლო პროცესებში; სამყაროში მიმდინარე  ფიზიკური და ქიმიური მოვლენები; დედამიწისა და გარესამყარო; ადამიანისა და გარემოს ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა;

 

  • მოსწავლეს გამომუშავებული აქვს: დაკვირვების, აღწერის, კლასიფიცირების უნარის, განჭვრეტა/ჰიპოთეზის გამოთქმის დაგეგმვის, ექსპერიმენტის/ცდის ჩატარების, მონაცემების აღრიცხვის, ანალიზის უნარის, დასკვნის გამოტანისა და შეფასების, მოდელირებისა და კომუნიკაციის უნარები;

 

  • ინტერესს იჩენს საბუნებისმეტყველო დისციპლინების მიმართ; იაზრებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მნიშვნელობას, აქვს მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება; შეუძლია თანამშრომლობა; იაზრებს ჯანმრთელობის, ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობას; ჩამოყალიბებული აქვს გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა.

 

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც უნდა გვახსოვდეს, მოსწავლის შეფასების დროსაც კი უნდა ვიზრუნოთ მასში მაღალი თვითშეფასების ჩამოყალებებაზე. ყველაზე რუტინული პროცესებიც კი ვმართოთ ხალისით და გვქონდეს რწმენა, რომ  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ნამდვილად აღწევენ წარმატებებს, იმაღლებენ ცოდნას, ეუფლებიან ახალ უნარებს, მით უფრო მაშინ, თუ ისინი კარგ ხელში აღმოჩნდებიან და ისეთ სასწავლო გარემოში, სადაც  არავინ არავის ივიწყებს, არავინ არავის ტოვებს  განათლების მიღმა ნაპირზე, ყველა ყველაზე ზრუნავს და ასე ერთად ქმნის მრავალფეროვან, არაძალადოობრივ, სტრეროტიპებთან მებრძოლ საზოგადოებას.  მაშ ასე, ვაფასებთ წარმატებისა და ბევრად უკეთესი შედეგებისთვის, შეფასების და დაფასების თანაბარი გაგებით და  მაღალი მოლოდინებით. ხოლო თუკი შეფასებას დაფასებისა და წინსვლის ინსტრუმენტად ვაქცევთ, დოკუმენტების რუტინულობაც ძალას დაკარგავს და ოდესმე აუცილებლად გადაგვექცევა სასიამოვნო მოგონებებად.

 

[1] ამერიკაში ჯორჯ ბუშის მიერ 2002 წელს მიღებული ჩარჩო დოკუმენტის სახელწოდება, რომლის თანახმად, განათლებაზე წვდომა  ყველა მოსწავლეს თანაბრად უნდა ჰქონდეს.

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ – უცხო ენის შესწავლა, უპირატესობა და რისკები

0

ადამიანის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა არის სიახლეების ძიება და არსებული გამოცდილების გაზიარება. დღეს ინტერნეტ სივრცე სავსეა ონლაინ რესურსებით სხვადასხვა ენაზე, დაინტერესებული პირებისთვის ხელმისაწვდომია ფორუმები, კონფერენციები. ბევრი ძალიან კარგი პედაგოგი, მოსწავლე ან უბრალოდ თემის წარმომადგენელი ვერ იღებს მონაწილეობას მსგავს ღონისძიებებში ენის ბარიერის გამო, თუმცა შესაძლებელია, მათ გარკვეული სტატიკური ცოდნა ჰქონდეთ რომელიმე უცხო ენაში.

უცხოური ენის შესწავლა მშობლიურ ანუ ამავე ენაზე მოსაუბრე პირისგან დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. ბევრი სასწავლო ცენტრი ქირაობს მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პირს, ეგრეთ წოდებულ native speakers ენის შესწავლის  პროცესისთვის და არამარტო.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრს, პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში, ყოველწლიურად ჩამოჰყავს მშობლიურ ენაზე მოსაუბრე კვალიფიციურ მოხალისე მასწავლებელთა ჯგუფი სხვადასხვა ენის მიმართულებით; ინგლისური, ფრანგული, გერმანული, იტალიური და ჩინური.  მოხალისე მასწავლებლები ერთი სასწავლო წლის განმავლობაში ასწავლიან საქართველოს სკოლებში და პროფესიულ სასწავლებლებში, ცხოვრობენ მასპინძელ ოჯახებში.  ისინი არა მხოლოდ ატარებენ ფორმალურ გაკვეთილებს, არამედ აქვთ კლასგარეშე აქტივობები ენის შესწავლით დაინტერესებული პირებისთვის, იქნება ეს მოსწავლე, სხვა საგნის პედაგოგი, მასპინძელი ოჯახის წევრი თუ თემის წარმომადგენელი.

პირველ რიგში, განვსაზღვროთ, ვინ შეიძლება ჩაითვალოს მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პირად და ვისგან შეიძლება შევისწავლოთ ენა კვალიფიციურად.  ადამიანი, რომელმაც ესა თუ ის ენა აითვისა და შეისწავლა დაბადებიდან, გაიზარდა, ისწავლა იმ ქვეყანაში, სადაც ეს ენა არის სახელმწიფო ენად გამოცხადებული, ამ ენაზე საუბრობს აქცენტის გარეშე, ფიქრობს, წერს, კითხულობს, აზროვნებს და კომუნიკაცია აქვს მთელი ცხოვრების მანძილზე, შეიძლება ჩავთვალოთ მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პირად. დღევანდელი გლობალიზაციის პერიოდში შესაძლებელია ადამიანი დაიბადოს მულტილინგვურ ოჯახში, სადაც საუბრობენ რამდენიმე ენაზე, მაშინ მისი მშობლიური ენებია ის ენები, რომელ ენებზეც ოჯახში საუბრობენ. ასევე გასათვალისწინებელია მიგრაციის პროცესი, როდესაც, ოჯახი გადადის  საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში და პირმა განათლება დაწყებითი საფეხურიდანვე მიიღო ამ ენაზე და გარემოც შესაბამისია. ენა, რომელზეც საუბარი, წერა, კითხვა, აზროვნება დამატებით ძალისხმევას მოითხოვს პირისგან, არ არის მისი მშობლიური ენა.

არის თუ არა ენის შესწავლა შედეგიანი, სრულყოფილი მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პირისგან?  ამასთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა მოსაზრება, თუმცა კვლევები აჩვენებს რომ, თუ ერთმანეთს შევადარებთ კვალიფიციურ მასწავლებელს, მშობლიურ ენაზე მოსაუბრეს და მასწავლებელს, რომლისთვისაც შესასწავლი ენა არ არის მშობლიური, სწავლების პროცესში აუცილებლად დავინახავთ განსხვავებას. აქ კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანს, რომელიც ასწავლის, ჰქონდეს შესაბამისი კვალიფიკაცია და ის არ იყოს მხოლოდ ენის მატარებელი. მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანს, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება და შესაბამისი კომპეტენცია, შეიძლება გააუმჯობესოს თქვენი სამეტყველო უნარი, დაგეხმაროთ ენის ბარიერის გადალახვაში, მაგრამ ეს ვერ იქნება ენის კვალიფიციური ცოდნა.

რა დადებითი ტენდენციები იკვეთება კვლევებში და რა უპირატესობა აქვს ენის შესწავლის ამ მეთოდს;

მეტყველება, მოსმენა, გაგება, გააზრება – ეს ის უნარებია, რომელიც მეტად არის განვითარებული იმ ადამიანებში, ვინც უცხო ენა მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებლისგან შეისწავლა. პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში მონაწილე ადგილობრივი პედაგოგების გამოკითხვამაც დაადასტურა, რომ მოხალისე მასწავლებელთან ურთიერთობამ დახვეწა და გააღრმავა არა მხოლოდ მოსწავლის საკომუნიკაციო უნარები, არამედ ისინი გახადა უფრო მოტივირებულები და აქტიურები გაკვეთილზე. ისინი ხშირად საუბრობენ მოხალისე მასწავლებელთან არასაგაკვეთილო პროცესშიც. სპონტანური საუბრები მოხალისე მასწავლებელთან დადებითად აისახება მოსწავლეების უცხოურ ენაზე საკომუნიკაციო უნარების განვითარებაზე.  ადგილობრივი პედაგოგების უმეტესობა ფლობს შესაბამის ენას, თუმცა ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მოხალისე მასწავლებელთან კომუნიკაციის შედეგად გადალახეს ენის ბარიერი, ყოველდღიური საუბრების შედეგად გახდნენ უფრო გახსნილები და თამამად შეუძლიათ საუბარი. შედეგად, ადგილობრივი და მოხალისე მასწავლებელი ერთად გეგმავენ და ატარებენ უცხო ენის გაკვეთილებს, უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას.

მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პირისგან ენის შესწავლის პროცესში მოსწავლე მთლიანად არის ჩაფლული უცხოენოვან გარემოში. ახალ ლექსიკურ ერთეულებს იღებს თარგმანის გარეშე, განმარტებებით, ილუსტრაციებით, რაც უფრო მეტად დასამახსოვრებელია მისთვის. ასევე კვლევები ადასტურებს, რომ განსხვავებაა მასწავლებლების მიდგომებს შორის, რომლისთვისაც ეს ენა მშობლიურია და რომლისთვისაც არა.

მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელთან მსმენელი უკეთ ერკვევა ენის თავისებურებებში, უკეთ ესმის ენაში არსებული იდიომების და გამოთქმების შინაარსი, რადგან ამას თან ახლავს მასწავლებლის მიერ მოყვანილი ყოველდღიური, ცხოვრებისეული მაგალითები და ისტორიები. თუმცა გრამატიკულ წესებს ისინი ხსნიან უბრალოდ როგორც ფაქტს. მიუხედავად ამისა ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მოსწავლეებს, რომელსაც ასწავლიდა მასწავლებელი, რომლისთვისაც ინგლისური არ იყო მშობლიური ენა, ზედმიწევნით კარგად იცოდნენ გრამატიკული წესები, მაგრამ საუბრის დროს უჭირდათ სწორი ფორმების გამოყენება.

მასწავლებელი რომლისთვისაც ეს ენა არ არის მშობლიური ასევე ფოკუსირებულია ცალკეული სიტყვების გამოთქმაზე, მართლწერაზე, რაც მალე ავიწყდება მსმენელს.

მშობლიურ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან ენის შესწავლისას გიწევს მთელი, შენ მიერ შესწავლილი ლექსიკონის გამოყენება, რაც თავისთავად განამტკიცებს შესწავლილ ლექსიკას და უზრუნველყოფს ამ ლექსიკური ერთეულების ახალ კონტექსტში გამოყენებას.

 

სასწავლო პროცესის გარდა, ყოველდღიური საუბარი მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელთან საშუალებას გვაძლევს, უკეთ გავიცნოთ მისი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები, რაც ხშირად სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით მის მიერ მოყვანილ მაგალითებში აისახება. ისინი ყვებიან ყოველდღიურ, ნამდვილ ამბებს, რაც ხდება მათ ირგვლივ, ამით მსმენელს მეტი ინფორმაცია აქვს ამ ენის, ქვეყნის და კულტურის შესახებ. „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში საქართველოში მოხალისეები ჩამოდიან ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ინგლისიდან, ავსტრალიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ჩინეთიდან. ისინი ადგილობრივ კოლეგებს უზიარებენ როგორც პროფესიულ გამოცდილებას, ასევე საკუთარი ქვეყნის ისტორიას და ტრადიციებს. ისინი მალევე ინტეგრირდებიან თემში და მეგობრულ ურთიერთობებს ამყარებენ მოსწავლეებთან, სკოლის თანამშრომლებთან, თემის წარმომადგენლებთან. ადგილობრივი მასპინძელი ოჯახების უმეტესობას აქვს მჭიდრო ურთიერთობა მოხალისე მასწავლებელთან პროგრამის დასრულების შემდეგაც. ისინი აგრძელებენ მიმოწერას და სტუმრობენ ერთმანეთს.

მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პირისგან ენის შესწავლას, რა თქმა უნდა, თან ახლავს გარკვეული სირთულეები. როცა მასწავლებელი არ საუბრობს შენს ენაზე, რთულია გაგება, ეს დიდი გამოწვევაა მოსწავლისთვის, სწორად გაიგოს ახსნილი მასალა. მშობლიურ ენაზე მოსაუბრე მასწავლებელი შესაძლებელია საუბრობდეს უფრო სწრაფად და მოსწავლისთვის რთული იყოს გასაგებად მისი მეტყველება. ხშირად სირთულე გრამატიკული წესების ახსნის დროს იჩენს თავს, ვინაიდან ენის სტრუქტურა არის განსხვავებული.

ასევე მსმენელი შეიძლება იყოს მუდმივად დაძაბული მოსმენის, ახსნის დროს, რომ არ გამოეპაროს რაიმე დეტალი. ამან შესაძლოა, მოსწავლეს დაუკარგოს მოტივაცია ან გაკვეთილები გახდეს მისთვის დამღლელი და მოსაბეზრებელი.

პროგრამის ფარგლებში მონაწილე მოხალისე მასწავლებლების შემთხვევაში ეს სირთულეები მინიმუმამდეა დაყვანილი, ვინაიდან ისინი ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად გეგმავენ და ატარებენ გაკვეთილებს, რა დროსაც ითვალისწინებენ ასაკობრივ თავისებურებებს და ენის ცოდნის დონეს საკლასო ოთახში.

თუ გავითვალისწინებთ ევროპული ჩარჩოს რეკომენდაციებს, უცხოური ენის შესწავლა მშობლიურ ენაზე მოსაუბრე პირისგან რეკომენდებულია B1 და B2 დონიდან, საწყის ეტაპზე სასურველია ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად.

ჩვენ უზრუნველვყოფთ რეგიონის სკოლებს კვალიფიციური უცხოური ენის  მოხალისე მასწავლებლებით, რომლებიც ატარებენ ენის შემსწავლელ გაკვეთილებს თემში და თუ მაინც დამოუკიდებლად გადაწყვეტთ ენის შესწავლას, სასურველია, იცოდეთ, რა დონეს შეეფერება თქვენი ენის ცოდნა და აქვს თუ არა შესაბამისი კვალიფიკაცია თქვენს მასწავლებელს.

 

დაკარგული გაზაფხულის ძიებაში

0

მოცლილობამ მაფიქრებინა – ოთახს ხელახლა დავალაგებ და იმ ყველაფრისგან დავცლი, რასაც წლების განმავლობაში, ცოტა არ იყოს, სასაცილო მგრძნობელობის გამო ვინახავდი-მეთქი. ძველი ჩანაწერებით სავსე ბლოკნოტები, ფრანგულის რვეულები, საუკუნის დასაწყისის ქსეროასლები: სახელმძღვანელოები, მოდური მწერლებისა და ფილოსოფოსების წიგნები, უხარისხო ფოტოები – ჩემიც და სხვისიც, პირველი მოგზაურობებიდან შემორჩენილი ბილეთები, ჩამუქებული, ბზინვარებადაკარგული სამკაულები, პრეზენტაციებიდან გამოყოლილი ბუკლეტები, მაგიდაზე დასადები თუ ხელისგულზე დასატევი კალენდრები, გორიდან წამოღებული შუშის ბურთულები, საყვარელი ხის სათამაშოს ნატეხები.

ამ გადარჩევასა და წარსულის აჩრდილების მოგერიებაში იყო, რომ ქაღალდის ნახევზე მეგობრის ხელით დაწერილ მისამართსა და ჩემს გაუგზავნელ წერილებს გადავაწყდი. 12-13 წლისას უნდა დამეწერა, რუსულად, სამარცხვინო შეცდომებით, შთაბეჭდილების მოხდენის სურვილით, დიდი გულწრფელობითა და იმ ფიქრებით, რომ ჩვენი მეგობრობა ყველა განსაცდელს გაუძლებდა: დროს, მანძილს, საეჭვოდ შეცვლილ გარემოებებს, თითოეულის გარდაუვალ გარდასახვას – სხვა, საუკეთესო შემთხვევაში, უფრო საინტერესო ადამიანად ქცევას. ორი ბულგარელი ბიჭი, ძმები – დანიელი და ალექსანდერი სამეგრელოს პატარა ქალაქში გავიცანი და ჩვენმა ერთთვიანმა მეგობრობამ პირველად დამაფიქრა სხვა ქვეყანაში ცხოვრების მაცდუნებელ შესაძლებლობაზე. თუ სოფიაში გადავსახლდებოდი, დილიდან ღამემდე ერთად ვიქნებოდით, ვისეირნებდით, სამ ენაზე ვილაპარაკებდით (ბულგარულს აუცილებლად ვისწავლიდი, იმათ კი ქართულს კარგად ვასწავლიდი), კინოში ვივლიდით, ათას უცნაურ გასართობს მოვიგონებდით. როგორც მახსოვს, დანიელი ერთი წლით უფროსი იყო ჩემზე, ალექსანდერი კი – ამდენივეთი უმცროსი. წერილებს ორივეს ვწერდი, ოღონდ რატომღაც – ახლა მიზეზს ვერაფრით ვიხსენებ – არ ვუგზავნიდი, ჩემთვის ვინახავდი. შეიძლება მინდოდა, ვინმეს, რუსულის კარგად მცოდნეს წაეკითხა და შეესწორებინა, შეიძლება, უბრალოდ, წერა და ოცნებებს აყოლა მსიამოვნებდა.

სოფია წარმოუდგენელი სილამაზის, ზღაპრულ ქალაქად მესახებოდა, იმ ქუჩაზე კი, სადაც ძმები ცხოვრობდნენ, რაღაც გრძნეულებით, მუდმივად გაზაფხული უნდა ყოფილიყო, ხეების ყვავილობა, გამაბრუებელი სურნელი.

რა თქმა უნდა, მაშინვე ეს ისტორია გამახსენდა, როცა საფრანგეთში დასახლებული ბულგარელი ფილოსოფოსის, ფსიქოანალიტიკოსის, მწერლის, იულია კრისტევას ესე „ბულგარეთო, ჩემო ტკივილო“ წავიკითხე. როდის? – სადღაც საუკუნის დასაწყისში. ორ-სამ წელში ერთხელ ვუბრუნდებოდი და თავიდან ვკითხულობდი ხოლმე – მეჩვენებოდა, რომ საქართველოს უბადრუკობასაც აღწერდა, ქართველების სიბრმავესა და უგუნურებაზეც უკვდებოდა გული. შავი ზღვის სხვადასხვა მხარეს მდებარე ამ ორ ქვეყანას რაღაც ისეთი აერთიანებდა, რისი მკაფიოდ დანახვაც მანამდე ვერ მომეხერხებინა და ის, რასაც ავტორი თავის სამშობლოზე წერდა, ჩვენც გვეხებოდა, „ისტორიის მიღმა აღმოჩენილებს“.

მოკლე ნაწყვეტები წარმოდგენის შესაქმნელად:

„თქვენს სიმღერებში ტირილი ისმის, თქვენი სიცილი მწუხარებისაა. არაფერი არ გახარებთ, წინ არ ისწრაფვით. თუნდაც ყველაზე ადრე გაიღვიძოთ, მაინც აგვიანებთ ამ ძალიან ძველ სამყაროში, მუდმივად რომ ახლდება და ვერ იტანს დაგვიანებულებს. თქვენ გგონიათ, რომ ყველა ვალშია თქვენ წინაშე – გაუგებარია, რატომ, მაგრამ ასეა. თქვენ გინდათ, მიიღოთ ყველაფერი, ოღონდ იმ პირობით, რომ თვლემას განაგრძობთ, თითს არ გაანძრევთ, ან ითვალთმაქცებთ, მოატყუებთ, ცბიერებას გამოიჩენთ, ზოგჯერ ღონემიხდილნი იმუშავებთ სიკვდილამდე; მაგრამ, ღმერთო ჩემო, ვის სჭირდება თქვენი სიკვდილი?“

„დასავლეთისთვის ძნელი წარმოსადგენია თქვენი ტანჯვა, თქვენი დამცირება. ვერ ვბედავ, გითხრათ, რომ ვიზიარებ მათ აზრს, რადგან თქვენი სიმართლე სხვაა, შორიდან განცდა კი ძალიან ადვილია. უკეთესია, ვთქვა ასე: მე ვიტანჯები იმ უდიდესი ამოცანის გამო, რომელიც ყველა ჩვენგანმა – სადაც არ უნდა ვცხოვრობდეთ – უნდა გადაჭრას უახლოეს წლებში: უნდა მოიფიქროს პასუხი კითხვაზე „რატომ?“ რატომ დავმარცხდით, როდესაც თავისუფლება დავიბრუნეთ?“

ამდენი წლის შემდეგაც გულისმომკვლელად მეჩვენება თითქმის ყველა სიტყვა, რომელსაც იულია კრისტევას ამ ტექსტში ვკითხულობ. რა დრო გავიდა რაღაც გაურკვევლის მოლოდინში, ძველი ზღაპრების გამეორებაში, სიზარმაცეში, ნაცადი ხერხებით საკუთარი თავის დამშვიდებაში. „ისტორია გვეძახის და გვიწვევს. ამის გამო მასზე ვბრაზდებით, მაგრამ ვბრაზდებით კი საკუთარ თავზე? ჩვენ ნიჰილისტები ვართ, თუმცა სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით გაბრიყვებულები. აი, სადაა ჩემი ტკივილი, და მე არ ვიცი ამ ჩიხიდან სწრაფად გამოსვლის გზა, ბულგარეთო, ჩემო ტკივილო“.

გაუგზავნელი წერილები გადასაყრელად არ დამნანებია, 11-12 წლის ალექსანდერის ხელით დაწერილი მისამართი კი ვერ გავიმეტე. არც კი ვიცი, რისთვის შევინახე.

 

ლალამიაში მოხვედრილები- საკლასო აქტივობა დისტანციური სწავლებისას

0

 თავიდან (ვიდრე დისტანციურ სწავლებას წინასწარი შემზადების გარეშე ავიტაცებდით) მეგონა, პანდემიის გამო სახლში ყოფნა ყველაზე მეტად მასწავლებლებს გვიჭირდა.  ჩვენ ხომ ასეთი ჩვევა გვაქვს: ბევრს ვწუწუნებთ საკუთარი  პროფესიის სირთულეებზე, როგორი დამღლელია ჩვენი შრომა, თანაც საზოგადოებისგან არასაკმარისად გაგებულ-მხარდაჭერილი, მაგრამ საკმარისია სკოლას, ბავშვებს რამდენიმე დღით მოვწყდეთ, მაშინვე სასოწარკვეთილებაში ვვარდებით, ისევ ბავშვების ჟრიამული გვენატრება.  სცენის მტვრის ეფექტივითაა,- გადაყლაპავ სკოლის მტვერს, დაინახავ სიყვარულით მომზირალ თვალებს  და … თუ გულით  მასწავლებელი ხარ, შენ უკვე ამ თვალებს  ეკუთვნი. ზოგს ეს პათეტიკურ ნათქვამად  მოეჩვენება, მაგრამ  ყველას ნამდვილად არა. ასეთებს პანდემიის დროს აკვიატებული სიზმრებიც გაახსენდებათ, სიზმრად ჩატარებული გაკვეთილები…

მაგრამ ბავშვებიც ხომ იძულებული არიან სახლში იყონ, არადა, ვინ იცის, იმათაც როგორ ენატრებათ სკოლის დერეფნებში  განავარდება! როგორი ერთგული ყოფილან, როგორი უღალატოები! ამას  დისტანციურ სწავლებაზე დაკვირვებაც  მიდასტურებს: მიკროფონები წარამარა გვეთიშება, ზოგჯერ ყურში ერთდროულად რამდენიმე ხმა  ჩაგვესმის, სადღაც  რაღაც ზრიალებს, რაღაც წკრიალებს, ვიღაც ცელქობს და ვიღაცას „გაგდებობანას“ ეთამაშება, (ზოგჯერ მეტისმეტი მოსდის და ჩვენც კი „გვაგდებს“), საშინაო დავალებებს ზოგი „ჩათში“ აგდებს, ზოგი ფაილებში, ზოგი სრულიად წარმოუდგენელ ადგილას,  საპრეზენტაციო სლაიდი ზევით-ქვევით დაოთხილი დარბის…სადღაც ძაღლები ყეფენ, ჩვილები ტირიან, ჯამ-ჭურჭელი წკრიალებს და მაინც… ყოველ დღე ეკრანთან სხდებიან და აციმციმებული თვალებით გვიყურებენ, ახლა დამშვიდობება ნახეთ! ხელებს  პაწაწინა ალმებივით აფრიალებენ… დიდხანს… დიდხანს…

გარეთ გვინდა ყოფნა… უფრო სწორად, ერთად ყოფნა გვენატრება… არადა, სასწავლო წელი დასასრულისკენ მიიჩქარის…რომც მოესწროს ჩვენი შეხვედრა, მაინც დისტანცირებას გვირჩევენ… ეს კი იმდენ მკაცრ წესს  გულისხმობს… რას ვიზამთ, ჩვენი გადარჩენისთვის წესების დაცვა  აუცილებელია!..

ახალი შეხვედრებისთვის ალბათ ახალ  სასწავლო წელს უნდა დაველოდო, მანამ კი სახლში გამომწყვდეული ბოლთას ვცემ და ვფიქრობ, როგორ მოვახერხო, რომ ახლავე შევხვდეთ ერთმანეთს, თუნდაც ზღაპრულ სამყაროში, – ლამაზში, მიმზიდველში…ზღაპრულში  და ამავე დროს ადამიანურშიც თავისი ავ-კარგით.

რა გაახალისებს ჩემს მოსწავლეებს, რა იქნება ისეთი, რაც მათ ძალდაუტანებლად მიიზიდავს, ძველს  გაახსენებს,  ახალს ასწავლის, რაღაცასთან ან ვიღაცასთან მიმართებით საკუთარ თავს გამოაცნობინებს. ასეთი ხომ ზღაპარია! ეს ჟანრი უმცროსკლასელებს ძალიან უყვართ. კარგი აზრია,  იქნებ ზღაპარში სამოგზაუროდ გავეშუროთ!

მაშ ასე, ვიწყებთ: იყო და არა იყო რა…. არა, ასეთი დასაწყისი ამჟამად არ მაწყობს. ჩვენ ნამდვილად ვარსებობთ  და ეს მოგზაურობაც ნამდვილად გაიმართება. თუკი ჩვენს ავატარებს ფეხდაფეხ გავყვებით და ერთობლივ თავგადასავალში თავდავიწყებით გადავეშვებით, ვითომ რატომ არ იქნება   „ნამდვილი ზღაპარი“?  ამბის პერსონაჟები ხომ თვითონვე  ვიქნებით.

მას ასე, გადაწყდა, ჩვენ – მთელი კლასი ლალამიაში გავემგზავრებით, ყვავილებისა და მუსიკალური ბგერების, ანუ სილამაზისა და სიხარულის სამფლობელოში. მაგრამ სილამაზესა და სიხარულს ბოროტება ხშირად ეპოტინება. არა უშავს, მას  ერთად შევებრძოლებით,  ერთობით ყველაფერს დავძლევთ.

ყველაზე ძნელი დაწყებაა. როგორ დაიწყება ჩვენი თავგადასავალი? მას ვინ დაიწყებს? – ერთმანეთს ვეკითხებით. (ონლაინ გაკვეთილის შემდეგ კომპიუტერს ამაზე მოსათათბირებლად შემოვრჩით,-ოთხს ვუყურებთ, დანარჩენს სიის მიღმა ვვარაუდობთ).  მძიმე სიჩუმეა!

-მას, ნახეთ, დედამ რა ლამაზი სახატავი ფანქრები გამომიწერა!- ვერ ითმენს ჩვენი ხატვისმოყვარული  მარიამი და პაუზას უცებ ავსებს.

ეს ნიშანი იყო, გადაწყდა! ზღაპარს მარიამი დაიწყებს!

          ჩვენი ერთობლივი თავგადასავალიც იწყება: მარიამი სკოლისაკენ მიიჩქარის(ისევ სკოლის ნოსტალგია),  ხელში სახატავი ალბომი უჭირავს და ერთი სული აქვს,  თავისი ნახატები თანაკლასელებსა და მასწავლებელს მალე უჩვენოს. გზად მიმავალს ალბომი ხელიდან გაუვარდება და ფურცლები დაეფანტება.  შემთხვევითი გამვლელი,- უცნობი ქალი დაეხმარება, ამასობაში  მარიამის ნახატებს დაათვალიერებს.  ქალი  უცებ გადაწყვეტს, რომ გოგონას ჯადოსნური ნივთი აჩუქოს, ოღონდ ერთი პირობით, მარიამმა და მისმა მეგობრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა  ჰოპი გააცოცხლონ.   ეს ჯადოსნური ფანქარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამ ზღაპარ-ამბავში.

          მოკლედ, ამბის გაგრძელება პროვოცირებულია, ნამდვილი მარიამი ძალიან კმაყოფილი,  ბავშვები საოცრად მოტივირებული:

-ნეტავ, ჰოპი ვინ არის?

-ნეტავ, როგორია?

– არც ის ვიცით,  ახლა სად არის!

-ვინ იცის, იმ უცნობ ქალს რა გაუჭირდა! მარი, შემთხვევით,  ჰოპი მისი შვილი ხომ არაა?

ჰმ, ზღაპარში მეც შევდივარ, თავიდან თითქოს მორიდებით, მერე თანდათან ვთამამდებდი.   დახეთ, მთელი ჩემი კლასი აქაა! გაკვეთილს ვიწყებ, მაგრამ … ნურას უკაცრავად, როგორ გინდა, დანთებული ცეცხლი ასე უცებ გაანელო… მარიამი გაკვეთილს უგულისყუროდ უსმენს, ბავშვებიც უგულისყუროდ გამოიყურებიან… ჰოპიზე ფიქრი არ ასვენებთ, რა დროს გაკვეთილია!

თავს ვარაუდების სეტყვა დამატყდა (ზღაპარშიც და სინამდვილეშიც). ერთადერთი რამ უტყუარია: ჰოპი ძალიან, ძალიან უცნაური ვინმე იქნება.

ზღაპარს ხვალ გავაგრძელებთ, ბავშვები კი მარტივ და სახალისო დავალებას შეასრულებენ,-ჰოპიზე იფიქრებენ და უპასუხებენ კითხვას: როგორი? ჩვენ ყოველი ახალი თავის წაკითხვისას ახალ სახალისო დავალებას შევასრულებთ, ეს კი გასაღები იქნება მომდევნო თავის დასაწერად.

ერთმანეთს ხელების ენერგიული ფრიალით ვემშვიდობებით: ჰმ, ყველა როგორ ჩაგვითრია! ეს ჰოპი რა ყოფილა!  მაინც ვინაა ასეთი!

მარიამის ფანქარმა თავისი ჯადოსნური ვალი შეასრულა, ჰოპი დახატა. ხატვა სხვა ბავშვებსაც ძალიან უყვართ  და ფანქარი მათ პაწია ხელებსაც კი  ადვილად ემორჩილება. ჰოპი ულამაზესი ელფი აღმოჩნდა, მაგრამ ის ახლა ქაღალდშია გამომწყვდეული, იქიდან როგორ უნდა გამოვიხსნათ…  დაგვეხმარე მასწავლებელო! ახლა თქვენ  მოიფიქრეთ რამე!

ჰოპის შეკითხვებს  ვწერთ, ვუგზავნით,  კითხვითი წინადადებების შედგენასაც ვსწავლობთ. საბრალო ჰოპი! თვითონაც არ იცის, რა შეემთხვა. იგი ლალამიას პრინცესა ყოფილა. ერთხელაც გაიღვიძა და მოულოდნელად სიცარიელეში აღმოჩნდა. საბრალო ელფი! ბავშვებსა და მასწავლებელს მუდარით უყურებს,- აქედან დამიხსენითო. ჩვენს ჰოპის სიცოცხლე სწყურია და არა ერთ ადგილას ყურყუტი.

ჰოპის ერთი სიტყვა საკმარისი აღმოჩდა, რომ ანის სიზმარში მოსმენილი ლექსი გახსენებოდა, უფრო სწორად ლექსში ლექსი. ეს ჯადოსნური ლექსია, უკუღმა შეტრიალებული სიტყვებით, ყოველი დასაწყისი სიტყვა კი გასაღებია.

          ვაშაა! ლექსი-გასაღები წავიკითხეთ! საიდუმლო გამოვიცანით, ჰოპიც დავიხსენით და უცებ მასთან ერთად ლალამიაში აღმოვჩნდით, სილამაზის, მუსიკისა და სიხარულის სამეფოში.

ლალამიას ჰოპის და მართავს -პრინცესა ელა. ეს უმშვენიერესი სახელმწიფოა,- იქ მობინადრე ულამაზესი ელფებით. რა ბედნიერებაა! სახლში ყოფნით გულგაწყალებულები უცებ ნაყინის ფესტივალზე მოვხვდით,   ნაყინის  რეცეპტიც შევადგინეთ და კიდევაც მოვამზადეთ. სახელად „ტასიკოს ნაყინი“ ვუწოდეთ, რადგან ჩვენი ტასოს რეცეპტით ვხელმძღვანელობდით. თავი ვისახელეთ, შოკოფოიერვერკებით მოვიხიბლეთ, ამის შემდეგ კი წითელი მინიბუსით, რომელსაც სახელად დოდი ჰქვია, ლალამია კიდითკიდე შემოვიარეთ. ვინ არ გავიცანით: კომპოზიტორი დორემი, სახელგანთქმული მომღერალი ჩიორელა, შვიდი დობილი ყვავილი-ეკა, მაკა, თიკა, ლიკა, ნუკა, ბუკა და ნუნუკა… მერე  ქეთის მომზადებულ „შოკოლადის ძეხვს“ გავუსინჯეთ გემო და ადვილად მოსამზადებელი ტკბილეულის რეცეპტებიც შევადგინეთ. შაბათ-კვირა მოდის, ახლა ტკბილეულის მომზადებას სახლში მოვსინჯავთ, ცივად მოსამზადებელია, – უბრალოა, მაგრამ გემრიელი…ზღაპარში კი…დაღლილ-დაქანცულები საგანგებოდ ჩვენთვის მომზადებულ „ცაფირუზა კოტეჯებში“ დავბინავდით.

ყველაფერი ერთმანეთს გადაეჯაჭვა: საკუთარ თავგადასავალს ვკითხულობთ, ვხატავთ, ვწერთ და ვხალისობთ…

როგორც ყველაფერი ამ სამყაროში, არც ლალამიას ცხოვრება ყოფილა  უზადო.  ელა პრინცესაა, მაგრამ ძალაუფლება დებზე და მათ სამეფოზე  ხელთ მათ დეიდას, ქალბატონ ფამიას უპყრია,- პრინცესების აკადემიაში მანერების მასწავლებელს. საქმე იმაშია, რომ ელას სხვა მრჩეველი არ ჰყავს, დედამისი უგზოუკვლოდ დაიკარგა, პრინცესა კი ცოტათი დაბნეულია, – დეიდასთვის წინააღმდეგობის გაწევა უჭირს. ელას გმირი სისოლი უყვარს, მაგრამ სისოლი ღარიბი ელფია,  ფამიას კი მასზე არაფრის გაგონება არ სურს. ესეც არ იყოს, ელას და მასთან ერთად მთელი ლალამიას დაპატრონება მინორე ფონეგოს უნდა-მეზობელი სახელმწიფოს მმართველს. ფამია მდიდარი და ქედმაღალი ელფის მხარესაა, (მეტიც, მისი თანამზრახველია). ჩვენ-ზღაპრის სტუმრები თავიდან საფრთხეს თითქოს  არაფრად ვაგდებთ, მხიარულ სეკვენციასაც კი ვთხზავთ, მაგრამ არა… საქმე არც ისე ადვილადაა…

          ახლა რა მოხდება? გარეთ მხიარული თავგადასავლისთვის  გამოვედით, იქნებ მთელი ეს დრო სეირნობისთვის და  და გართობისთვის მიგვეძღვნა, ლალამიას პრობლემები რა ჩვენი საქმეა!   სულაც არა! ყველანი გავერთიანდით, რომ სილამაზისა და სიხარულის ზღაპრულ სამეფოს  უკეთესი  მომავალი შევუქმნათ. მეგობრებს მხარში უნდა ამოვუდგეთ!  სისოლი და ელა ბედნიერი უნდა იყონ, მაშინ ჩვენი პატარა ჰოპიც ბედნიერი იქნება.

რა გამოწვევა არ მივიღეთ და გავიმარჯვეთ: პრინცების აკადემიის ზედმეტად თავდაჯერებულ ფეხბურთელებს ჩვენი ანდრიას კაპიტნობით ფეხბურთის მატჩი დიდი ანგარიშით მოვუგეთ,  გაბღენძილ პრინცებს  ვასწავლეთ, როგორ უნდა დაიწეროს წერილი თავაზიანი სიტყვებით, მართლწერის მნიშვნელოვანი წესებიც ავუხსენით,  ჯადოსნურ ლაბირინთსა  და ფონეგოს ჯღუნებს  ჩვენი ბავშვების  საზრიანობით თავი დავაღწიეთ… არც ამას დავჯერდით, პრინცესების აკადემიაში გამართული სიმღერის კონკურსში გავიმარჯვეთ, თუმცა ამის გამო პრინცესა სისი -ფონეგოს და მტრად გადაგვეკიდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ქალბატონ ფამიას მანერების გაკვეთილი დიდი  სისულელეა და რომ სწავლების მეთოდები აკადემიაში სრულიად  უნდა შეიცვალოს.

კვანძი სულ უფრო და უფრო იკვრება, კულმინაცია ახლოვდება: დომირეთში წასული სისოლი გზიდან მოიტაცეს, ქვეყანაში მინორ ფონეგოს ჯარი შემოიჭრა, ფამიას მზაკვრობა გამოაშკარავდა- თურმე ელასა და ჰოპის დედა  მან შეიტყუა არაფერში, ჰოპის შემთხვევაც მისგან მოდიოდა. გგონიათ,  ფონეგოსთან შეთქმული ფამია ამას  უმიზნოდ აკეთებდა? მას დიდი მადაც ჰქონდა და  თავისი აზრით, „დიადი“ მიზნებიც…

განა ფეხმორთხმით ჯდომის დროა, ბავშვებო, ბრძოლის სტრატეგიაა შესადგენი!  ამაში წერის „რაფთ-მეთოდი“ დაგვეხმარება, ის იქნება ჩვენი საყრდენი. გავყვებით შერჩეულ ჩარჩოს და ბრძოლის გეგმასაც შევადგენთ.

აი, კიდევ რა  გამახსენდა! მარიამ, შენ ხომ ჯადოსნური ფანქარი გაჩუქეს, თანაც იცი, ის უცნობი ქალი როგორ გამოიყურებოდა. დახატე, გთხოვ, დახატე, ჩვენც  დაგეხმარებით!

ჯადოსნური ფანქარი-მთავარი ატრიბუტი ჩვენი ზღაპრისა ისევ საქმეს შეუდგა, დიდი წარმატება  გვეწვია, არაფრიდან დედოფალიც გამოვიხსენით, ახლად დატყვევებული სისოლიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, წლების უკან გადაკარგული მინორეს ბიძაც-მაჟორე ფონ ეგო. გგონიათ, ამას დავჯერდით?  ბრძოლის წინა ღამეს მთელი დრო ლეგორობების დამზადებას  მოვანდომეთ-უზარმაზარი არმია შევქმენით.

ჩვენს კეთილსა და მამაც სისოლს ტყუილად ეგონა, რომ ამ ბრძოლას მარტო მიიღებდა, ჩვენ გვიფრთხილდებოდა. ოჰ, არა, ძვირფასო სისოლ! ამ საოცარ ბრძოლას- ლეგორობებით ნამდვილად არ დავაკლდებოდით.

-რა მამაცი ხარ, სისოლ! როგორი თავგანწირული!- გოგონებს მასზე უცებ შეუვარდათ გული. ვგონებ,  ბიჭებს შურის შეტევა ეწყებათ, თუმცა მსუბუქი. თვალები მაინც სიხარულით  უციმციმებთ…

-ბავშვებო, არ გინდათ, სისოლი წარმოსახვით ინტერვიუზე დაპატიჟოთ?-ვაპარებ.

-გვინდა, მას, როგორ არ გვინდა!-წიოკობენ გოგონები.

-თუ ასეა, ჩვენ ინტერვიუზე პრინცესა ელასა და ჰოპის მოვიწვევთ,- ვითომ  ბრაზობენ ბიჭები.

მოსახდენი მოხდა. კვანძი გაიხსნა. ბოროტება ჯერ ჩვენს ქმნილებას -ლეგოკედელს შეასკდა.  მტერმა ძალების მოკრება შეძლო, მაგრამ წინ ამასაც მედგრად აღვუდექით, მინორეს ჯარს გოლიათი ლეგორობებითა და ლეგომანქანებით შევუტიეთ. ბრძოლის სასწორი მაინც ლეგოგამაცივებლებმა და სისოლის სიმამაცესთან შერწყმულმა გონიერებამ გადაწონა.

რა თქმა უნდა, გავიმარჯვეთ! მონორე ფონეგო თავისი ქვეყნის  საზღვრამდე ისე ვარბენინეთ, ქუსლებს ლამის კეფაზე ირტყამდა. როცა ფონეგოელებმა მინორეს ბოროტ საქმეებზე გაიგეს და ჩვენ მიერ დახატული ბრძოლის ეპიზოდები დაათვალიერეს, გადაწყვიტეს, რომ სიკეთეს ალტერნატივა არა აქვს. (ოღონდ არა ამ სიტყვებით). ფონეგოს მმართველად მაჟორე მოიწვიეს და ქვეყანას სახელიც კი გადაარქვეს, მირემისია უწოდეს-მუსიკალური ბგერების სახელი.

რა თქმა უნდა, მთავარი პრიზი  ყოველთვის გამარჯვებულს ერგება!  სისოლმა და ელამ დიდებული ქორწილი გადაიხადეს, ამ ქორწილში ჩვენც იმდენი ვიმხიარულეთ! ჰოპის სიხარულს ხომ საზღვარი არ ჰქონდა!

შინ -რეალურ სამყაროში დაბრუნების დროც მოვიდა. რა მოგვცა ამ მოგზაურობამ?

-ბავშვებო, ახლა მთავარი აზრი გამოკვეთეთ, რას დავაკვირდით,  რა ვისწავლეთ მნიშვნელოვანი?

– ის, რომ მეგობრობასა და ერთიანობას წინ ვერაფერი დაუდგება, ერთობის  ძალით ყველა განსაცდელი დაიძლევა, ყველა ტკივილი დაცხრება, წუხილი გაყუჩდება,  ყველგან სიყვარული და სიხარული გაბატონდება…

-არასოდეს მოარიდოთ თვალი  და გული სხვის გასაჭირს, სხვის ტკივილს  სასწრაფოდ უწამლეთ, გზადაკარგულს წინამძღოლად  გაუძეხით, სამშვიდობოს გაიყვანეთ…- ვეუბნებ დიდურად, როგორც მასწავლებელი.

-შეცდომები რომ დავუშვათ?

-შეცდომები უნდა გავიაზროთ და მომავალში აღარ გავიმეოროთ. შეცდომა გამოცდილებას გვმატებს, ის ხშირად ცხოვრების მასწავლებელია, ჩემო პატარებო!

ესეც ასე, ფანტაზიაში მოგზაურობაც დამთავრდა და ჩვენი ზღაპარიც.  როგორც ცხოვრების წესია, ყველაფერი, რაც კი უსიამოვნოა და ხელისშემშლელი, სიკეთის ხელით იცვლება, ყველაფერს აქვს თავისი დასასრული.

ბოლო წერტილიც დავსვით, თუმცა ის საკმაოდ მსხვილი აღმოჩნდა, – მთელი  სახუმარო ლექსი. არა უშავს, მთავარი ისაა, რომ „მსხვილად“  მიგვანიშნოს, – არაფერი ხდება ტყუილად! ყველაფერი ჭკუის სასწავლებელია!  სისოლს ელა შეხვდება, მინორს კი მელა (ფამიას მელასაც ეძახდნენ).  ჩვენს  სილამაზეს, სიხარულსა  და სილაღეს ბოროტება ვერ მოიხელთებს,   სიკეთის გამარჯვებას ვერაფერი შეაჩერებს. ჩვენი ერთობით  ყველგან გავიმარჯვებთ – რეალურშიც და არარეალურშიც…ბავშვები?  ისინი  ამ რთულ საკითხზე ბავშვურად ჟღურტულებენ:

„ჩვენი ფონეგო რადგან გაურჩდა,

სისოლის მუშტებს ვერ გადაურჩა.

ვინც სხვებს ატირებს, ბოლოს ის ტირის,

ვინც სხვებს აყვირებს, ბოლოს ის ყვირის,

არ შეხვდა  ტახტი მინორ ბრექიას,

წიხლი ამოსცხეს ომიქექიას,

ბიჭი-ფონეგო ახტა და დახტა,

და თავის გათხრილ ორმოში ჩახტა,

სად არის ახლა, სად დაჭრაჭუნებს?

ბოღმისგან  კბილებს სად აკრაჭუნებს?

ალბათ შურისგან ისე გასივდა,

მისი შემყურე მზეც კი გაცივდა.

სისოლს ელა და მინორს  მელაო,-

ტრაბახას  ერგო ძველისძველაო,

ჰეი, ფონეგო, ხომ არის ფაქტი,

რომ სისოლს შეხვდა სამეფო ტახტი!

შენ კი მტკივან ცხვირს მიხედე კარგად,

სისოლის მუშტი რომ მოგხვდა მაგრად.

იქ  არსაითში,  სადღაც წარსულში,

დარჩა  ბოროტი, დარჩა ავსული,

ჩვენ კი ცხოვრება გვერგო  კეთილი,

აჰა, დავუსვით ბოლო წერტილი.

ერთ-ერთ ჩვეულებრივ საკლასო აქტივობაზე ამბის მოყოლით იქნებ სულაც თავი შეგაწყინეთ, მაგრამ ვერ შევძელი  პანდემიის მიწურულს  თქვენთან საუბრის სიამოვნებაზე უარი მეთქვა. თუ მოისურვებთ, რომ ჩვენს ირეალურ მოგზაურობას თვალი გადაავლოთ, ეს ბმული დაგეხმარებათ. თუ მოგეწონებათ, გამიხარდება.

საოცარი მოგზაურობა ლალამიაში

https://drive.google.com/file/d/1nDBKohwvT-e5iTwC-EVZZlTGmxLVJkCf/view?usp=sharing

ლიტერატურის მუზეუმი –  სასწავლო რესურსი დისტანციური სწავლების დროს

0

ბოლო პერიოდში გავრცელებული და ჩვენი მეტყველებისთვის მოდადქცეული სიტყვა „გამოწვევა“ მეც გამომიყენებია ხოლმე (იშვიათად, მაგრამ მაინც), მაგრამ მისი სიმწვავე რეალურად მაშინ ვიგრძენი, როდესაც მარტის თოვლიან დილას პირველი დისტანციური გაკვეთილისთვის დავჯექი კომპიუტერთან.  გაკვეთილის უჩვეულო ფორმატს თბილისისთვის უჩვეულოდქცეული თოვლიანი მარტიც დაემატა და ასე დაიწყო პროცესი, რომელმაც ყველა ჩვენგანს სხვაგვარად შეგვაფასებინა ჩვენი როლიც, ადგილისა და დროის მნიშვნელობაც, ურთიერთობაც და ბევრი რამ.

არადა, დისტანციური სწავლება (თურმე) მე-19 საუკუნიდან იღებს სათავეს, როდესაც ბრიტანელი პროფესორი ისააკ პიტმანი ფოსტის საშუალებით ასწავლიდა სტუდენტებს და ამიტომაც იწონებს თავს ლონდონის უნივერსიტეტი (University of London) დისტანციური სწავლების დანერგვის პიონერობით.[1] დღესაც ძალიან ბევრი უნივერსიტეტი იყენებს სწავლების ამ ფორმატს და წარმატებითაც, რადგანაც მას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. თუმცა, მიუხედავად დადებითი მხარეებისა, მე (ტიპური კონსერვატორი), ტრადიციული ფორმატის მომხრე გახლდით მუდამ და კლასსა თუ აუდიტორიაში ცოცხალ ურთიერთობებს ვერასოდეს შეველევი. მაგრამ რადგანაც ერთმა უხილავმა ვირუსმა მთელი ხილული კაცობრიობის (და მათ შორის ჩემიც) ცხოვრება გადააწყო და თავის ნებაზე გადაალაგა, ისღა დაგვრჩენოდა, მოვრგებოდით ახალ რეალობას და გავმკლავებოდით ამ უჩვეულო გამოწვევას.

დისტანციური სწავლების რისკებზე ლამის ყოველდღე იწერება. უმეტესად აქცენტირებულია ტექნოლოგიური ელემენტები და ფსიქოლოგიური განწყობა – მოსწავლის, მასწავლებლის, მშობლის. რასაკვირველია, ეს უმთავრესი ფაქტორებია, რომლებიც დასაწყისშივე უნდა გაითვალისწინო და რომელთა გარეშეც ვირტუალური ურთიერთობა ვერ შედგება. მაგრამ ეს არის საშუალება, რომელიც ცოდნის გადაცემისთვის გვჭირდება. გასათვალისწინებელი გვრჩება უმთავრესი ფაქტორი – როგორ მივაწოდოთ ეს ცოდნა ისე, რომ იყოს საინტერესო და სახალისო.  ჩემი აზრით, ეს განსაკუთრებით (ყველაზე მეტადაც) მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარისხს ვერ მივიღეთ.

ამისთვის კი საჭიროა, რომ ის რესურსები, რომლებსაც კლასში აქტიურად ვიყენებდით, მოვარგოთ  შესაბამის ტექნოლოგიებს და ეს უნდა მოვახერხოთ სწრაფად. ფაქტობრივად, დაყოვნების დრო არ გვაქვს და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას – დღეს ჩვენ, მასწავლებლები, ვდგავართ გამოწვევებისა და საკუთარი თავის აღმოჩენის წინაშე. მაგალითად, მე აღმოვაჩინე, რომ თურმე ბევრი რამ შემძლებია.

სასწავლო პროცესში ხშირად ვიყენებ ლიტერატურის მუზეუმის მასალებს; არა იმიტომ, რომ თავად ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ვარ, არამედ, უბრალოდ, შეუძლებელია ამ მასალების გარეშე ლიტერატურის სწავლება.

ზოგადად, მუზეუმების ძირითადი ფუნქციაა, შეინარჩუნოს და დაიცვას მემკვიდრეობა, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მას როგორც სწავლების, ისე კვლევის თვალსაზრისით, მითუმეტეს დღეს, როდესაც ადამიანები ყოველდღიურად ვითარდებიან, იძენენ მათთვის საჭირო ცოდნასა თუ უნარ-ჩვევებს არა მხოლოდ ფორმალურ/სასწავლო, არამედ არაფორმალურ გარემოში. დისტანციური სწავლების რეჟიმმა კი კიდევ უფრო წარმოაჩინა ამგვარი ტიპის სასწავლო რესურსების აუცილებლობა. ჰოდა, თუკი ვერ მიგვყავს მოსწავლეები მუზეუმში, მაშინ მუზეუმი მოვიყვანოთ ჩვენს მოსწავლეებამდე.

სამუზეუმო-საარქივო მასალები იძლევა საშუალებას, რომ მოსწავლე შეეჩვიოს ავთენტურ წყაროებზე მუშაობას. მათი მეშვეობით მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო საკითხების მიღმა გაეცნონ სხვა ტექსტებსაც, მოიძიონ საჭირო ინფორმაციები. ეს მათ გამოუმუშავებს მაძიებლობის, კვლევის, ანალიზისა და, რაც მთავარია, დამოუკიდებლად მუშაობის უნარს. მოსწავლე ამ დროს არა მხოლოდ ახალ ცოდნას იძენს (სწავლობს), არამედ ივითარებს კომპლექსურ უნარებს – წაიკითხოს, გააანალიზოს, სწორად აღიქვას დრო, ადგილი, კულტურულ-სოციალური გარემო, კონკრეტული ეპოქის ღირებულებები, შეაფასოს, პარალელები გაავლოს და ა.შ. ამ შემთხვევაში მუზეუმი შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც არაფორმალური განათლების საშუალება და მისი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ ინიციატორად გვევლინება მოსწავლე – ის აკეთებს არჩევანს, რა მოსწონს; შემდეგ აანალიზებს, რატომ მოსწონს და ამის შემდეგ იწყებს დაგეგმვას იმისა, რა შეიძლება გააკეთოს ამ ავთენტური წყაროების მეშვეობით. ამგვარად შეიძლება კვლევითი კომპონენტის ჩართვა სასწავლო პროცესში.

დამეთანხმებით, რაც არ უნდა საინტერესო ამბები მოვუყვეთ ჩვენს მოსწავლეებს გალაკტიონის შემოქმედების სწავლებისას, იმ ემოციას მაინც ვერ მივცემთ და ვერ აღვაქმევინებთ, როგორც თავად მიიღებს გალაკტიონის ავტოგრაფისა თუ ჩანახატის ნახვისას. ამისთვის სულაც არაა საჭირო მუზეუმში სტუმრობა. ლიტერატურის მუზეუმმა მოამზადა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ყველაფერი გავიგოთ გალაკტიონის შესახებ – https://galaktion.ge/ ეს მართლაც უნიკალური საიტია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ სივრცეში ერთი მწერლის შესახებ ასეთი სრულყოფილი საიტი არ არსებობს. შესაბამისად, ეს საიტი ფასდაუდებელი წყაროა მასწავლებლებისთვის.

საიტზე განთავსებული მასალები ცოდნის მიცემასთან ერთად მე, მასწავლებელს, მაძლევს საშუალებას, ჩემს მოსწავლეებს განვუვითარო ინფორმაციის დახარისხების უნარი. მოსწავლემ უნდა დაალაგოს, რომელია ძირითადი/მნიშვნელოვანი წყარო და რომელი – დამხმარე. ეს მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც კვლევისთვის გადამწყვეტია, რადგან ხშირად მოსწავლეებს კვლევისას ყველა  ინფორმაცია მოსწონთ და ვერ გადაუწყვეტიათ, რომელი გამოიყენონ, რადგან ჰგონიათ, რომ ყველაფერი სჭირდებათ.

არ დავიწყებ იმაზე საუბარს, ამ საიტზე განთავსებული მასალების დიდი ნაწილი (განსაკუთრებით, გალაკტიონის დღიურები), უცნობია ფართო საზოგადოებისთვის. ნუ შეგვეშინდება იმის, რომ შეიძლება ჩვენმა მოსწავლემ ისეთი რამ აღმოაჩინოს, რაც არ ვიცით. ეს ბუნებრივია და რაღაცებს რომ მათგან/მათთან ერთად ვისწავლით, მერწმუნეთ, სასიამოვნო პროცესია ძალიან. ერთად ეძებეთ, ერთად აღმოაჩინეთ და ერთმანეთის ემოცია შეიგრძენით. ასეთი ინტერაქციაც აუცილებელია მასწავლებლებისთვის.

მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ ხოლმე ჩანახატების ჩხრეკა. მაგალითისთვის, საიტზე დროის ხაზით (timeline) მოძებნეთ 1956 წლის ჩანახატი, როცა გალაკტიონმა ლენინის პორტრეტს წვერები მიუხატა და ავტოპორტრეტი უწოდა https://galaktion.ge/?page=Sketches&year=1956

ამ ჩანახატით შეგიძლიათ ახსნათ გალაკტიონისეული ირონია, რომლის ნიმუშებს უხვად იპოვით თუნდაც გალაკტიონის ნაქონი წიგნების მინაწერებში. საერთოდაც, ამ მინაწერებს თუ ცალკე გაკვეთილს დაუთმობთ და გალაკტიონის პირად ბიბლიოთეკას მოსწავლეებთან ერთად მოჩხრეკთ, ბევრ რამეს აღმოაჩენთ, თუნდაც კვლევითი/ანალიტიკური ესეს თემატიკისთვის https://galaktion.ge/?page=Library

ასე რომ, გალაკტიონის ვებგვერდის გამოყენება დისტანციური სწავლებისას მოგიხსნით ნებისმიერი ტიპის მასალის/რესურსის პრობლემას და მოგცემთ საშუალებას, დაგეგმოთ ათასგვარი აქტივობა და თქვენი გაკვეთილები იყოს მრავალფეროვანი. ჩემს მოსწავლეებს განსაკუთრებით მოსწონთ მათი საყვარელი ლექსის ავტოგრაფის მოძიება. ამ ძიებისას ისინი აღმოაჩენენ, რომ რამდენიმე ვარიანტია. ასე ვასწავლი მათ ძირითადი ტექსტისა და მისი ვარიანტების შესახებ; შემდეგ ვიწყებთ ფიქრსა და მსჯელობას – რატომ შეცვალა ტექსტი? უკეთესი სიტყვა მოიძია? თუ უკეთესი პოეტური ხერხი შეარჩია? იქნებ სხვა გარემოების გამო? და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, ფიქრსა და მსჯელობებში ვეცნობით ეპოქას, მწერლის სტილს, შემოქმედებით ლაბორატორიას, ავტოგრაფების ხიბლსა და დანიშნულებას… მე ყველაზე მეტად ეს აქტივობა მომწონს, სიამოვნებით ვაკვირდები, ამ ფიქრის დროს როგორ იზრდება ჩემი მოსწავლე.

ასეთივე რესურსია მუზეუმის მიერ მომზადებული მეორე საიტი ცისფერყანწელთა შესახებ: https://niamorebi.ge/

აქ შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური მასალები პირველი ქართული ავანგარდული ლიტერატურული დაჯგუფების შესახებ; თოთხმეტი მწერლის შემოქმედება (ავტოგრაფები), წერილები, პუბლიკაციები, ფოტოები, მემორიალური ნივთები, გამოცემები – ეს ყველაფერი ერთად, ერთ სივრცეში თავმოყრილი, მართლაც რომ საგანძურია მასწავლებლისთვის, რომელსაც შეუძლია ეს მასალები გარდაქმნას მრავალფეროვან საინტერესო აქტივობად. ამ საიტზე შეგიძლიათ გაეცნოთ მწერალთა ფედერაციის / კავშირის კრებების ოქმების სტენოგრაფიულ ჩანაწერებს (დასკანერებულ მასალებს), რომელიც შეგიძლიათ არა მხოლოდ ინფორმაციისთვის, არამედ ინტეგრირებული სწავლებისთვისაც გამოიყენოთ. თუკი მოსწავლეს აჩვენებთ ტიციანის დახვრეტის ოქმს, მას არასოდეს დაავიწყდება ის საშინელი ეპოქა და მოუთვინიერებლობის ფასი:

https://niamorebi.ge/tabidze/%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90%e1%83%9c-%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%91%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%91%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%93%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98-2/

ამ საიტზე განთავსებული მასალებიც ბევრი აქტივობის საშუალებას მაძლევს. მაგალითად, როდესაც მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლების ლიტერატურულ პროცესებს ვასწავლი, ფ  აქტობრივად, შეუცვლელი წყაროა.

როდესაც ამ საიტს გააცნობთ და დააინტერესებთ მოსწავლეებს, უკვე შეგიძლიათ ცისფერყანწელთა მიმოწერაც გამოიყენოთ, რომელიც ორ ტომად გამოსცა ლიტერატურის მუზეუმმა.

ორივე წიგნის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ ლიტერატურის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე: https://www.facebook.com/geoliteraturemuseum/

ამ გვერდზე ატვირთულია, ასევე, მუზეუმის სხვა გამოცემებიც. სპეციალურად შეირჩა ისინი, რომლებიც მასწავლებლებს დისტანციური სწავლების ფორმატისთვის გამოადგებოდათ: აკაკი ბაქრაძის „მწერლობის მოთვინიერება“ (ახალი გამოცემა) და „აკაკი წერეთელი“; მწერალთა ავტობიოგრაფიები (ორტომეული); მარო მაყაშვილის დღიურები; გალაკტიონის 100 ლექსი – კოლაუ ნადირაძის ცნობილი მინაწერებით; ფუნაგორიები; თედო სახოკიას ჩანაწერები ციმბირიდან; კარაპეტ გრეგორიანცის ძველი თბილისის იშვიათი ამბები; ლეილა აჩბა-ანჩაბაძის მოგონებები ჰარამხანიდან; აკაკი ბელიაშვილის „მოგზაურობა ამერიკაში, პარიზის გავლით“; ამბაკო ჭელიძის „ფერეიდნელი ქართველები“, ვაჟა-ფშაველას ალბომი (საარქივო გამოცემა); და რაც მთავარია – XX საუკუნის 10-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალები ოთხ ტომად (თითოეული ტომი თითქმის 900-გვერდიანია), რომელთა მეშვეობითაც თქვენ შეგიძლიათ იმდროინდელი ქართული ლიტერატურული ცხოვრება ისე აუწყოთ და დაანახოთ მოსწავლეებს, რომ ოთახიდან გასვლაც არ დაგჭირდეთ, არათუ სხვადასხვა მუზეუმსა თუ ბიბლიოთეკაში სირბილი თითოეული ჟურნალის მოსაძიებლად და დასასკანერებლად. ეს ნამდვილი ფუფუნებაა და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ გაკვეთილებზე.

ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლიტერატურის მუზეუმის გამოცემები საარქივო ტიპისაა, ანუ, მათში შენარჩუნებულია ავტორისეული სტილი, ორთოგრაფია; უმეტესობა (აკაკი ბელიაშვილი, ამბაკო ჭელიძე…) ცენზურის გამო ან არ იყო გამოცემული, ან შემოკლებული ვარიანტით და მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი პირვანდელი, ავტორისეული პირველწყაროს მიხედვით გამოცემა. ესეც კარგი საშუალებაა, ამ გამოცემებზე დაყრდნობით ბოლშევიკური / საბჭოთა ცენზურის შესახებ მოუყვეთ მოსწავლეებს. მაგალითად, აკაკი ბელიაშვილის მოგონებიდან მწერლის პარიზში ყოფნა მიუღებელი იყო იმიტომ, რომ 1. მწერალი იქ თავის ემიგრანტ ძმას და სხვა ქართველ ემიგრანტებს შეხვდა და 2. როგორ შეიძლება საბჭოთა მწერალი ასეთი აღტაცებით წერდეს „დამპალ კაპიტალისტურ ქვეყანაზე“. ლიტერატურის მუზეუმის გამოცემაში თუკი მოსწავლეს მოუნიშნავთ იმ ადგილს, რომელიც წინა გამოცემიდან ცენზურამ ამოიღო, მაშინ ის ადვილად ჩაწვდება ეპოქის არსს და მისთვის უკვე ნათელი გახდება აკაკი ბაქრაძის მოხდენილი მეტაფორა „მწერლობის მოთვინიერება“.

როდესაც მოსწავლე ამ მასალებს გამოიყენებს წერითი დავალების თუ პრეზენტაციის დროს, აუცილებლად უნდა მივაჩვიოთ, რომ თითოეული მასალის წყარო მიუთითოს. ამით ჩვენ აღვზრდით ციფრულ მოქალაქეს, ანუ განვუვითარებთ ჩვენს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის მოქალაქის / მკვლევრის უნარს.

დაბოლოს, როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებს მოარგო მუზეუმის ექსპონატები და გახადო ის სასწავლო რესურსი, ამის საუკეთესო ნიმუშია ევროპული სკოლის საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამის საბაზისო საფეხურის (MYP) მე-9 კლასის მოსწავლის, მიშიკო გაბაიძის მიერ მომზადებული ვირტუალური გამოფენა-ტური

https://www.artsteps.com/view/5eb874586a379e6fa4dc5d98?fbclid=IwAR06VJj_TeA_PbDR-SO0-TnBdDFjjfyzvKIdx1P8bPXdcDP6lAhP_D7wWIg

მიშიკომ წყაროდ გამოიყენა აკაკი წერეთლის დაბადებიდან 175 და გარდაცვალებიდან 100 საიუბილეო წლის აღსანიშნავად ლიტერატურის მუზეუმის მიერ მომზადებული აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მობილური გამოფენა. ეს გამოფენა პლაკატ-პოსტერების სახითაცაა დაბეჭდილი და „ევროპულმა სკოლამ“ შეიძინა. შესაბამისად, შარშან, აკაკის შემოქმედების სწავლებისას, მე კლასში 15-ვე პოსტერი გამოვიყენე და ეს ისეთი შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ მიშიკომ გადაწყვიტა, სწორედ ამ პოსტერების მიხედვით აეწყო თავისი ტური.

 

მიშიკომ მეორე ტურიც მოამზადა ლიტერატურის მუზეუმის შესახებ, სადაც უშუალოდ გეძლევათ საშუალება, გაეცნოთ სამივე ფონდს: ხელნაწერთა, იკონოგრაფიული და უნიკალური წიგნების: https://www.artsteps.com/view/5ec156560b84e4681ca92147?fbclid=IwAR1gOA4SMiH3ZrnjCmhldEwKP0ljbt0SHOh287I6r49AUnXSECq_IXirDYo

 

გასაგები მიზეზის გამო, თითოეული ფონდიდან რამდენიმე ექსპონატია წარმოდგენილი, მაგრამ ვირტუალური ტურის შექმნის მიზანი იყო, ზოგადი წარმოდგენა შეგქმნოდათ ლიტერატურის მუზეუმისა და იქ დაცული ექსპონატების შესახებ, რათა ეფექტურად დაგეგმოთ გაკვეთილები. იმედი მაქვს, მე და ჩემმა მოსწავლემ ამ ორი ვირტუალური გამოფენა-ტურის მეშვეობით მივაღწიეთ მიზანს და თქვენ აუცილებლად გამოიყენებთ თქვენს გაკვეთილზე ლიტერატურის მუზეუმს, როგორც ერთ-ერთ საუკეთესო რესურსს დისტანციური სწავლების პროცესში.

 

P.S. არავის აქვს ილუზია, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი სწავლა-სწავლების ხარისხით ჩვეულებრივ სასკოლო ფორმატს გაუტოლდება და უპრობლემოდ  ჩაანაცვლებს მას; მაგრამ არსებული რეალობიდან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, რომ დროულად მივხვდეთ, ჟამი რას ითხოვს ჩვენგან და რაც მთავარია, შევძლოთ სიახლეების მიღება. სიახლეების არ უნდა შეგვეშინდეს. სიახლეებს განახლება მოაქვს და ეს კარგია.

 

[1] https://mtm1984.wixsite.com/sophie/-1

რაც არ გამოვიდა

0

ჩვენ გვგონია, რომ ცხოვრება ისაა, რასაც ვაღწევთ და პირად ანგარიშში მივითვლით, არადა ხშირად ის უფრო გვზრდის, წინ გვწევს და ძალას გვმატებს, რაც არ გამო(გვი)ვიდა. მარცხი არაა ეგ, მარცხი სხვა რამეა – ვეცდები ავხსნა, რასაც ვგულისხმობ.

 

*

თომას მანის და ჰერმან ჰესეს მიმოწერა რომ მოგვეწონა და საავტორო უფლებაც შევიძინეთ, მაშინვე ის ვიფიქრე, კარგი იქნება, დალი ფანჯიკიძეს და ნანა გოგოლაშვილს გავუყოთ სათარგმნად ეს წერილები: სიმბოლურიც გამოვა და სოლიდურიც-მეთქი.

ორივენი დაგვთანხმდნენ, ტექსტიც არ მოეჩვენათ რთულად, ორიგინალებიც გავუმზადე და გავატანე შინ ამობეჭდილი ვერსიები. მანამდე გრიგოლ რობაქიძის „ჰიტლერი“ და „მუსოლინი“ და ამავე ავტორის რომანები „ქალღმერთის ძახილი“ და „მეგი – ქართველი გოგონა“ ჰქონდათ ჩვენთან თარგმნილი და გამოცემული, ბევრი კარგი და სასიამოვნო ამბავი გვაკავშირებდა ამ წიგნების მზადების პროცესში და დარწმუნებული ვიყავი, ასეც აეწყობოდა.

მერე ერთხელაც ქალბატონმა დალიმ დამირეკა – პირდაპირი თქმა იცოდა ხოლმე, მიკიბ-მოკიბვის გარეშე – ვეცადე ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ შევძლებდი, გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც შევძლებდი, საერთოდ ცხოვრებაში იოლად არაფერი გამომსვლია, მით უფრო ახლა, ამ ასაკში, როცა ჯანმრთელობის მდგომარეობაც… მოკლედ, უარი უნდა გითხრათ…

ასე იოლად დანებებას, ცხადია, არ ვაპირებდი, ცოტა გავუიოლე, ის ინტერვიუ შევახსენე, – თქვენ კი თქვით, მგონი დასვენება დავიმსახურეო, მაგრამ იქნებ ამ ერთხელ…

მას შემდეგ არც მე და არც მას ეს თემა არ გვიხსენებია. ულრიხ პლენცდორფის „ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანის“ მისეულ ადრინდელ თარგმანს რომ ვამზადებდით – უხაროდა, ახალი და ლამაზი გამოცემა ეღირსა ამ წიგნსო – მაშინ უკვე იცოდა, სხვები რომ თარგმნიდნენ ერთ დროს მისთვის და მისი მეგობრისთვის ჩაფიქრებულ წიგნს.

ნატალია ნადირაშვილისა და ეკატერინე რაისნერის მიერ თარგმნილი ჰესე-მანის მიმოწერა 2016 წელს გამოსცა „ინტელექტმა“. მთარგმნელებთან ერთად ბოლო რედაქცია რომ მოვითავე, კიდევ ერთხელ გავიხსენე ამბავი, რომელიც არ შედგა და… უცებ ერთმა აზრმა გაგვიელვა სამივეს, რაც წიგნის სატიტულო გვერდზე გადავიტანეთ კიდეც:

„დიდი პატივისცემით ვუძღვნით დალი ფანჯიკიძესა და ნანა გოგოლაშვილს – თომას მანისა და ჰერმან ჰესეს რომანების ბრწყინვალე მთარგმნელებს.“

 

*

ცაიშში, ჩვენს მეზობლად ერთი უცნაური კაცი ცხოვრობდა – ალიკო დიდიშვილი. შეიძლება დიდად უცნაური არც იყო, მაგრამ მე მაინც ასეთად დამამახსოვრდა. ერთხელ ჩვენს ჭიშკართან ჩამოიარა და ბავშვებს ასეთ რამეს გვეუბნება:

– ახლა ხომ ივნისია, ივლისი მოდის. 29 ივლისს, ზუსტად 29-ში, ყოველთვის, ირ წანას, ჭექა-ქუხილი იცის. ესაა ჭექა-ქუხილის დღე. ვინც გაბედავს, გარეთ გავა იმ დროს და გვიმარებში ჩაჯდება – კარგი საწვიმარი უნდა მოიცვა ან ნაბადი მოიხურო – ვინც გაუძლებს წვიმას და ჭექა-ქუხილს, დაინახავს ყველაფერს, რაც მიწის ქვეშაა: ოქრო, ვარჩხილი, რკინა, სიმდიდრე… ოღონდ უნდა გაუძლო!

ისე ჩაიარა, ვერ მოვასწარით გვეკითხა, თვითონ თუ ეცადა იმ ჭექა-ქუხილის დღეს გვიმრებში ჩაჯდომა და მესამე თვალის გახსნა თუ გამოუვიდა. ერთიხანობა კედელზე, მერე ბლოკნოტებში გადამქონდა ეს თარიღი, არ დამავიწყდეს-მეთქი, მაგრამ ისე გასხლტებოდა 29 ივლისი, ვერ ვასწრებდი თავის შემზადებას ალიკო დიდიშვილის მიერ ნაკარნახევ რიტუალზე დასასწრებად.

იქნებ ასეც სჯობდა, ასეც იყო ჩაფიქრებული, რომ სულ გხსომებოდა და მისი გასინჯვა არასდროს გაგევლო გონებაში.

 

*

ჯემალ აჯიაშვილთან ერთადერთხელ ვისაუბრე: მის 100 ლექსს ვამზადებდით სერიაში და რაღაცის დასაზუსტებლად დამირეკა. მშვიდად, მამაშვილურად მელაპარაკა, თავისი თარგმანებივით იყო თითქოს – დარბაისელი, ამაღლებული და უპრეტენზიო, არადა თურმე საშინელ ავადმყოფობას ებრძოდა იმ დროს. წიგნი რომ გამოვა, მიზეზი მექნება და შევხვდები-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ თქმა ვერ გავუბედე.

მამუკა წიკლაური რენე კალანდიას 100 ლექსის წარდგენაზე მოვიდა. დინჯად ისმენდა თანატოლი თუ უმცროსი კოლეგების ნაუბარს, არ ჩაერეოდა, თუ რამეს ჰკითხავდნენ, ცოტა დაიმორცხვებდა კიდევ, თითქოს არ უნდოდა ვინმეს მისი – ძლიერი ლექსების/პოემებისა და ეროვნული იდეალებისთვის მებრძოლი კაცის – იქ ყოფნა აღენიშნა განსაკუთრებით, ზედმეტად თვალში მოხვედროდა. მამუკა წიკლაურის 100 ლექსზე რომ ვმუშაობდით მის ძვირფას მეუღლესთან – ქალბატონ ნანა ფირცხალავასთან ერთად, დარწმუნებული ვიყავი, არათუ პრეზენტაციის მოწყობა და ამ ამბის გაშუქება, არამედ ავტორისთვის ლექსის წაკითხვა და ამის ჩაწერაზე თხოვნაც კი გამიძნელდებოდა.

ვახტანგ ჯავახაძეს დავურეკე ზუგდიდიდან, მკითხველებს თქვენთან შეხვედრა უნდათ და რთული კია ამხელა მანძილზე წამოსვლა, მაგრამ თქვენი მშობლიური ქუთაისიც ამ გზაზეა და სხვაფრივ კი ყოველმხრივ ვეცდებით, მგზავრობამ რომ არ გადაგღალოთ-მეთქი. დიდი სიამოვნებით, ჩემო ზვიად, მაგრამ მეუღლე მყავს შეუძლოდ, არადა მასაც გაუხარდებოდა სამეგრელოში წამოსვლა და იქნებ ცოტა გადავდოთ ჩვენი შეხვედრაო; მაისის იმ დილით, თუ არ ვცდები თბილისის წიგნის ფესტივალის გახსნის დღე იყო, მე და გვანცა ჯობავა ადრიანად მივადექით ყაზბეგისა და ასათიანის კუთხეში მდგარ კორპუსს. ლიფტმა ნაცნობ ბინამდე მიგვიყვანა. ხელის ჩამორთმევისა და მისამძიმრების შემდეგ ჩამოვარდნილი დუმილი ბატონმა ვახტანგმა რამდენიმე წამში დაარღვია: „ამიტომაც არ მინდოდა ზუგდიდში წამოსვლა… მის გამო… უმისოდ არ მინდოდა…“ და თვალები ცრემლით აევსო.

 ლოცვა სიცოცხლისათვის

0

„ყოველი სიტყვა პოეზიაა“, – ამბობს ბორხესი თავის ერთ ლექციაში, რომელიც პოეზიას მიუძღვნა. სიტყვები განსაკუთრებული მრავალფეროვნებით პოეტის სულსა, გულსა და გონებაში ხმიანობენ. ანა კალანდაძის პოეტურ განზომილებაში კი ნაცნობი სიტყვები განსხვავებული აზრობრივი ელფერითა და მნიშვნელობით წარმოჩნდებიან. ერთი ასეთი გამორჩეული ლექსია  „ლოცულობს გველი“.  პოეზიამ არ იცის საზღვრები და ეს ორი, ცასა და მიწასავით დაშორებული სიტყვა ანა კალანდაძემ წარმოსახვის მშვენიერ სივრცეში ერთმანეთს ლაღად და თავისუფლად დაუწყვილა. მკითხველის მეხსიერება, რა თქმა უნდა, გველის საინტერპრეტაციო სივრცედ უპირველესად ბიბლიას მოიხმობს. ძველ აღთქმაში („დაბადება“) გველი ეშმაკია, რომელიც ადამიანს სამოთხეს დააკარგვინებს: „უთხრა უფალმა ღმერთმა გველს: რაკი ეს ჩაიდინე, წყეულიმც იყავ ყველა პირუტყვს შორის, ყველა გარეულ ცხოველს შორის! მუცლით იხოხე და მტვერი ჭამე მთელი სიცოცხლე“ (დაბადება, 3, 14). ახალაღთქმისეულ კონტექსტში გველი ქრისტეს ქადაგებაში ჩნდება, როგორც განსხვავებული სიმბოლო: „აჰა, მე მიგავლენთ თქვენ, როგორც ცხვრებს მგელთა შორის. მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველნი, და უმანკონი, როგორც მტრედნი“ (მათე, 10,16). ასე რომ, გველის სახეს ერთგვარი ორგემაგობა ახლავს. მის შესახებ მითოლოგიურ-ფოლკლორული, ზღაპრისეული წარმოდგენები, ლიტერატურული ინტერპრეტაციები მსოფლიოსა და ქართულ ლიტერატურაში, ზოგადად, კულტურასა და ხელოვნებაში (ფერწერა, არქიტექტურა, კინო და სხვ.) კი ისეთ მრავალფეროვან და მრავალმნიშვნელოვან კონტექსტებს ქმნიან, რომლებში გზის გაკვლევა არა მხოლოდ ცოდნასა და გამოცდილებას, არამედ ერთგვარ გეშსა და ალღოს, ინტუიციასაც მოითხოვს. ამ შემთხვევაში, ჩვენ მხოლოდ ერთი ლექსის პოეტურ განზომილებაში ვიტრიალებთ, როგორც ჯადოსნურ დრო-სივრცეში, რომელშიც სიტყვის ძალით ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

პოეტი ლექსში, ერთი შეხედვით ცხად, გამჭვირვალე სურათ-ხატებს ქმნის. სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნება მხოლოდ მერე, წარმოდგენილი სახეების ანალიზის შემდეგ გამოიკვეთება. ასოციაციური ნაკადი გაარღვევს ზედაპირს, თავისთავად ღირებულს და გამოაჩენს სულ სხვა სიღრმეს, რომელიც მოიცავს შესაქმესაც, ძველეგვიპტურსა თუ ძველბერძნულ წარმოდგენებსაც, ერთი სიტყვით, ცალკეული კონკრეტული სახე თითქოს ნიღაბს იხდის და მითოსური თუ ბიბლიური არქეტიპების სიბრტყეზე პროეცირდება. პირველი, რასაც მკითხველი შეიგრძნობს ლექსის დასაწყისი სტრიქონებიდან, არის ელდა გველის გამოჩენისა:

„გასრიალდება ხევში ზმორებით,

ტანმოხატული უცხო ზოლებით.

მუხლებს მოიყრის და შიშისმგვრელი

ლოცულობს გველი“.

თავისთავად იბადება მუსიკაც, ნიუანსობრივი ტონალობებით, რომელსაც წარმოქმნის ხევში ჩაფენილ ფოთლებზე გველის გასრიალება. ყურადღებას იქცევს ის, რომ ეს არის გასრიალება „ზმორებით“, ე.ი. ახლადგამოღვიძებული, ჯერ კიდევ რომ არ გამოუღწევია სრულად ძილის სამეფოდან, ქვეწარმავალი გათენებისთანავე მისრიალებს ხევში ლოცვის სათქმელად. ჩვეულებისამებრ, ქრისტიანი ამ დროს აღვლენილ დილის ლოცვაში ამგვარ სიტყვებსაც ამბობს: „ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ, წმინდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელოებისა შენისათვის არა განრისხენ ჩემ უძღებსა და ცოდვილსა ზედა და არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემისათა…“ ადამიანი მადლობს უფალს, რომ, მიუხედავად ცოდვათა და უსჯულოებათა სიმრავლისა, მაინც გახდა ღირსი სიცოცხლისა. ლექსის განზომილებაში ღვთის მადლობამ ისეთ დაცემულ ჭურჭელშიც კი შეაღწია, როგორიც გველია და იგი შემოქმედის სადიდებლად ზეწამომართა. პოეტმა კი მკითხველი ამ უცნაური, იდუმალი რიტუალის მოწმედ აქცია.

მთელი სამყარო, განწმენდილი და უცოდველი, ყოველ დილას ღვთისგან შენდობილი, თითქოს ხელახლა იბადება თავიდან. ყოველი დილა ღვთის „შესაქმით“ იწყება. შენდობა დილას ამოსულ მზის სხივებივით უშურველად მიენიჭება ყოველს, მადლი დაეფინება სამყაროს და განიწმინდება. როგორც ვაჟა-ფშაველა წერს: „ცამ გადიბანა პირიდამ / მური, ნაცხები ღრუბლისა, /გადაეფინა სამყაროს / ლოცვა-კურთხევა უფლისა“ („ბახტრიონი“). ამიტომაცაა, რომ „შიშისმგვრელი“ გველი ლამაზია — „ტანმოხატული უცხო ზოლებით“. პოეტისა და მკითხველის მზერა მის ტანს გარს შემოევლება, როგორც ფერწერულ ნიმუშს, თავისთავადს, დამოუკიდებელს, რომელიც აღძრავს სილამაზით მოგვრილი აღტაცების განცდას, ესთეტიკურ სიამოვნებას. ფერადოვან პალიტრას, რომელსაც კონკრეტულ ფერთა დაუსახელებლად ქმნის პოეტი, მოაქვს სიმშვიდისა და ჰარმონიის შეგრძნება.

წარმოდგენილი სურათის სრულყოფილებისათვის და ლოცვის გასამძაფრებლად პოეტი გველს მუხლმოყრილს ხატავს. ამგვარ პოზაში კარგად შეიგრძნობა მისი შინაგანი ქედმოდრეკილობა, თაყვანისცემა, მორიდება და გულშემუსვრილობა უზენაესის წინაშე. ლოცვასაც გზნება და მხურვალება ემატება. ამიტომაც ლექსის პირველი სტრიქონებით მოგვრილ ელდას ემატება ჯერ გაოცება, მერე თანაგრძნობა.

„ალბათ, ცოდვილ სულს ავედრებს ღმერთსა“, – ეს სტრიქონი თითქოს ერთ სიბრტყეში მოაქცევს მკითხველსა და უხსენებელს. ისიც მასავით ცოდვილია. მათ შორის უხილავი ძაფები იბმება. დემონური და ანგელოზური ერთდროულად იჭრება წარმოსახვაში. ლოცვა ამხელს ცოდვილი სულის ტკივილს. ვედრება და სინანული გზაა შენდობისაკენ. მზიან-ჩრდილიანი განცდები უჩნდება მკითხველს და სულის უფსკრულებში ჩახედვისაკენ, საკუთარი თავისა თუ სამყაროს შემეცნებისკენ უბიძგებს.

გველთან მადლის დაკავშირების თემამ, უპირველესად, რა თქმა უნდა, ყველასთვის ნაცნობი სახე ამოატივტივა ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონიდან“. სიკეთესთან, სინათლესთან, სიმართლესთან, სიბრძნესთან, თავგანწირულობასთან (ლუხუმის სახე ხომ ასე განზოგადდება) შეხვედრისას გველი იცვლება:

„დაფიქრდა გველი ძლიერად,

გული ევსება ბრალითა.

ბევრის ცოდვების მოქმედსა

გადაუბრუნდა გონება:

რა სიბრალულით იმსჭვალვის

მისი გველური ბუნება“.

ანა კალანდაძის ლექსში არ ჩანს ამგვარი შეხვედრა ვინმესა ან რაიმესთან, შესაბამისად, არ ვესწრებით გველის ფერისცვალებას. თუმცა, შესაძლოა, რომ სწორედაც პოეზიასთან შეხვედრამ გამოიწვია მისი ერთგვარი ტრანსფორმაცია, ლოცვის წყურვილი. ამიტომაც პოეტის მზერაში მისი „შიშისმგვრელობა“ „ლოცვის სიმხურვალეში“ დნება და ქრება:

„როს იდუმალებს,

სევდიან თვალებს,

მიაპყრობს ზეცას,

ჩუმად ჩურჩულებს

გესლიან ენით“.

მართალია, „გესლიანი ენა“ მკითხველს ისევ აბრუნებს ადრინდელ ელდასთან, მაგრამ ჩუმი ჩურჩული ამ გესლს თითქოს ძალას აცლის. ზეცისკენ მიმართული „სევდიანი თვალები“ საოცარი პოეტური ხატია, რომელიც უწმინდურის მარტოსულობას, მიუსაფრობას, გარიყულობას წარმოაჩენს. ეს იდუმალი თანაგრძნობა, რომელიც პოეტს მის მიმართ აქვს, სამყაროს მთავარ საყრდენს, სიყვარულს შეგვაგრძნობინებს. რის იმედი შეიძლება ჰქონდეს ღვთისგან დაწყევლილ არსებას? ეს უსაშველო სევდა თითქოს ლექსის განზომილებიდან გამოაღწევს და მკითხველის სულშიც ჩაიღვრება. პოეტი სიტყვათა გამოუთქმელი ჯადოსა, ენერგიისა და მუხტის წყალობით სამყაროს ხილულ ზედაპირს ხდის, ფარდას ხსნის. იდუმალში შეღწევის, დაუნახავის ხილვის წყურვილით არის სავსე ანა კალანდაძის პოეზია:

„და ჩურჩულებენ, ჩურჩულებენ

შემოგარენი…

ეს ჩურჩულიც ისმის მკაფიოდ…

და ლურჯ ბალახებს

ნამისგან სველებს

თვის გულის ნადებს გაანდობს ღალღაც…

ო, არის რაღაც

უსაზომოდ დამაფიქვრელი“.

სწორედ ეს „რაღაც“, რაც „უსაზომოდ დამაფიქვრელია“, არ ასვენებს პოეტს და მისი ამოხსნისკენ უბიძგებს. მასაც გალაკტიონივით ესმის „სიჩუმის ენა“ და ცდილობს მის გამოთარგმანებას, სიტყვიერი ქსოვილით შემოსვას, რათა მკითხველსაც შეაგრძნობინოს უჩინარის მშვენიერება. ხილულ სამყაროში გამოღწეული უხილავი, გამოთქმულში დატყვევებული, თითქოს კარგავს რაღაც მნიშვნელოვანს, მაგრამ პოეტურ სახეებსა თუ სიმბოლოთა ლაბირინთებში მკითხველი მაინც მიიკვლევს გზას.

ლექსის სივრცე სავსეა ფერთა და ბგერათა გრადაციებით. თავიდან „სრიალით“ აღძრული მუსიკა იცვლება და ახალი ხმოვანება იქმნება:

„გრილი ნიავი ფოთლებთან მრკენი

შეარხევს ბალბას, შრიალებს ლელი“.

ირგვლივ ხავერდოვანი, რბილი სიმშვიდე ისადგურებს. მრავალფეროვანი სამყარო დილის მზით მადლსხურებული თითქოს იშვებს. ამიტომაც ამ გადასახედიდან ახლა დაუჯერებელი ჩანს: „ვინ იტყვის ახლა, ერჩოდეს კაცთა“.

გველი ახლა უკვე მხოლოდ ნიღაბია, საფარველია, მახინჯი ზედაპირია, რომლის გადახდით გამოჩნდება მიღმიერი, უცხო და იდუმალი სანახები. ასე იბადებიან ზღაპრებში გველის ტყავიდან მზეთუნახავნი. ამიტომაც ბუნებრივად ჩნდება „ტყის ბანოვანთან“ შედარება. მისი ამგვარი სახელდება წარმოაჩენს „სხვას“, რომელიც ყველაფერია და ყველგანაა, რომელიც არ ჩანს მატერიალურ სივრცეში და რომელიც ყველაზე ახლოა უზენაესთან. სწორედ ამ დროს ის „სხვა“ ასე მჟღავნდება:

„ნაიდუმალევს,

როს მზეს აჩვენებს დაწინწკლულ ტანს

და სევდიან თვალებს“.

მაგრამ ამგვარი „გახსნა“ და ზიარება სინათლესთან დროებითია და წარმავალი. სულის დღესასწაულს (რაც ლოცვისას ხდებოდა), შეენაცვლება სხეულის ზეიმი:

„მორჩება ლოცვას და შიშის მგვრელი

ხელში დაირით

ველებს დაივლის

და უზუნდარას იცეკვებს გველი“.

ლოცვით შენდობილი გველი ისევ „ეცემა“, რათა კვლავ ცოდვებით გაივსოს, მაგრამ დილას, ღამის კოშმარებს თავდაღწეული კვლავ დაელოდება მზის ამოსვლას და ყოვლის მიმტევებელთან შეხვედრას ცოდვათა შენდობის იმედით. სიტყვები ერთმანეთს აზრობრივად და მუსიკალურად ეხმიანებიან, ალიტერაციებს ქმნიან („მგვრელი“, „ველები“ „დაირა“, „უზუნდარა“) და სტრიქონებს ბუნებრივ მელოდიურ ფონად გასდევენ. მოცეკვავე გველის სახე არაერთ ლიტერატურულ ტექსტს გაგვახსენებს, უპირველესად, გველებთან მოცეკვავე ელის სახეს წამოატივტივებს (ნიკო ლორთქიფანიძე „შელოცვა რადიოთი“), სანავარდოს დახაშმულ სანახებს (დემნა შენგელაია „სანავარდო“) და სხვ.

ხელში დაირით, უზუნდარას რომ ცეკვავს, — არანაკლებ შთამბეჭდავი პლასტიკური სახეა, ვიდრე უძრავ პოზაში მლოცველი გველი. დაირის საზეიმო რიტმს შემოაქვს მაჟორული განწყობა. ეს უკვე დილიდან გამოსული სამყაროა, სინათლიდან სიჭრელეში და აქედან სიბნელეში გარდამავალი. ეს მარადიული დაცემა-აღდგომაა, შეკრული ჯადოსნური წრეა, რომელსაც ვერასოდეს დააღწევს თავს ვერც გველი და, სამწუხაროდ, ვერც ადამიანი. ეს თვითონ სიცოცხლეა, თავისი ცრემლითა და სიხარულით, სინათლითა და სიბნელით. სიცოცხლის საიდუმლოც ესაა. ცოდვა სიკვდილია, სულის მოშთობა, ლოცვა კი აღდგომაა სიკვდილიდან, ცოდვიდან. იქნებ პოეზიის მადლი ისიც იყოს, რომ ამ გზით ადამიანი ეზიარება დაფარულს, იდუმალს, ირაციონალურსა და მეტაფიზიკურს. იმას, რაც სიღრმეშია. რადგან ხშირად სინათლე შეიძლება ზედაპირზე სიბნელედ ჩანდეს, ანდა, პირიქით, პოეზია კი ამ უხილავ სიღრმეთა მიმოხილვაა, შთასვლაა ჯოჯოხეთში სამოთხეში „ამოსასვლელად“. ამგვარი განცდები კი ამდიდრებს ყოფიერებას, თორემ ისე, სიცოცხლე, მართლაც, უსახო, პლატონისეულ მღვიმის კედლებს დაემსგავსებოდა, სადაც უსისხლო ჩრდილები ჩანს მხოლოდ და სხვა არაფერი, მაგრამ სიცოცხლე ფერადი „ხევია“, სადაც დილ-დილობით სალოცავად მისრიალებს უხსენებელი. პოეტი კი თვალს გვიხელს, გვაღვიძებს და პოეზიის უცხო და თან დავიწყებული მშობლიური სანახებისაკენ მიგვიძღვება. თუ ამ ლექსის ინტერტექსტუალურ გადაძახილებს გავყვებით, მაშინ მისი საინტერპრეტაციო სივრცე უფრო გაფართოვდება და გამდიდრდება.

 

„მრავალჟამიერის“ ფილოსოფია

0

„არც ერთი საქმე ისე სასწრაფო არ იყო, როგორც ზეპირგამოცემათა შეგროვება“, – ამბობდა აკაკი და მართლაც, სწორედ თერგდალეულებმა დაიწყეს ხალხური სიტყვიერების ნიმუშების ინტენსიური შეგროვება, საფუძვლიანი შესწავლა. ამ საქმეს მანამდეც ექცეოდა ყურადღება. თუნდაც მე-18 საუკუნის მხატვრული ანთოლოგიები გავიხსენოთ, გრიგოლ ბაგრატიონი, პლატონ იოსელიანი, თეიმურაზ ბატონიშვილი… მაგრამ ქართული ფოლკლორის სისტემურ და ორგანიზებულ შესწავლას სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების იმ სხდომაზე ჩაეყარა საფუძველი, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. ვაჟა-ფშაველაც, რომელმაც ადრეული ასაკიდან გაითავისა ხალხური ზნე-ჩვეულებები თუ პოეზია, აქტიურად იყო ჩაბმული ამ საქმიანობაში. ამ მხრივ დიდი როლი შეასრულა ვაჟას დედამ, რომელმაც, წერა-კითხვის უცოდინარმა, კარგად იცოდა ხალხური ლექსები და ზღაპრები. დედის ბიძა, პარასკევა, მწერლის სიტყვებით, „პირველი მელექსე იყო ფშავში“. რაზიკაშვილების ოჯახის პოეტური ტრადიცია კი ყველას მოგვეხსენება. ცალკე – ოჯახურმა გარემომ, პოეზიით სავსე სოფლის ხატობებმა, ცალკე – საკუთარმა საზოგადოებრივ-ლიტერატურულმა შეხედულებებმა დააკავშირა ვაჟა-ფშაველა ხალხთან. ის იყო მთის პოეზიის, ყოფა-ცხოვრების შემკრები და ღრმა მკვლევარი. ამ მხრივ მდიდარი მასალაა მის პუბლიცისტკაში. ეს საქმიანობა ვაჟას სიკვდილამდე არ შეუწყვეტია და მის კალამს უამრავი საინტერესო ეთნოგრაფიული წერილი ეკუთვნის თუშ-ფშავ-ხევსურების ცხოვრებიდან. საგმირო სიტყვიერების სიმდიდრით ხევსურეთმა ადრიდანვე მიიქცია ყურადღება, მაშინ, როცა ქართული ფოლკლორის შეკრება-შესწავლის საქმე ის-ის იყო ფეხს იკიდებდა. ილია ჭავჭავაძემ მე-19 საუკუნის 70-იან წლებში, დუშეთში მუშაობისას, ჩაიწერა ხევსურული საგმირო-პატრიოტული პოეზიის ნიმუშები. მსგავს ნიმუშებს ვხვდებით ალ. ყაზბეგის, რ. ერისთავის, ნ. ურბნელის, პ. უმიკაშვილის, ვაჟა-ფშაველას, ბაჩანა და თედო რაზიკაშვილების და სხვათა შეკრებილ მასალებში. ამავე მასალებს სამეცნიერო დანიშნულებით იყენებდნენ ქართველი და უცხოელი მკვლევარები. თუმცა ცალკე და საგანგებოდ ეს საკითხი არავის შეუსწავლია. ვაჟას წერილებსა თუ ნარკვევებს ერთვის ზეპირსიტყვიერების საკმაოდ ბევრი ნიმუში, რომლებიც პოეტს ციტატებად აქვს გამოყენებული. ხალხური სიტყვიერების შესახებ შექმნილი სკოლები თუ მიმდინარეობები არ ყოფილა უცხო ქართული კულტურისთვის და იმდროინდელი ქართველი ფოლკლორისტების (ილია ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, პ. უმიკაშვილი, ი. რაზიკაშვილი, ალ. ხახანაშვილი) წერილებსა და გამოკვლევებში რამდენიმე უცხოური თეორიის გავლენასაც ვხვდებით. რაც შეეხება ვაჟას, იგი არაფერს ამბობს საკუთარ მეთოდზე. მაშასადამე, კითხვას, რომელ მეთოდს იყენებდა ვაჟა-ფშაველა, საკუთარი დაკვირვების მიხედვით უნდა ვუპასუხოთ. კრიტიკული და ეთნოგრაფიული წერილების შესწავლა კი გვიჩვენებს, რომ ვაჟა-ფშაველა საკვლევაძიებო პრაქტიკაში აღწერით-შედარებით მეთოდს იყენებდა [მ. ჩიქოვანი, ხალხური სიტყვიერების ისტორია].

უძველესი წერილობითი წყაროები ქართული სიმღერა-ცეკვის შესახებ მოგვითხრობს: ასურული წყაროების თანახმად, მეფე სარგონის (ძვ. წ. 714 წ.) ეპოქაში ქართველთა წინაპრები ომის დროს „მხიარულ სიმღერებს“ მღეროდნენ; ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ. წ. V-IV ს.ს.) „ანაბაზისში“ აღწერს ქართველური ტომების „განსაკუთრებული ყაიდის“, უცნაურ საბრძოლო ცეკვა-სიმღერებს; XI-XII საუკუნეების ქართველი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი, ღვთის სამსახოვნების-სამგვაროვნების მაგალითზე, უკვე დანეჯითებით საუბრობს ქართული სიმღერა-გალობის სამხმიანობის შესახებ. ქართული მუსიკალური ფოლკლორის „ეთნიკური ბგერითი იდეალი“ სწორედ სამხმიანობაში გამოვლინდა.

ქართული ფოლკლორი (ცეკვა თუ მრავალხმიანობა) უძველეს დროში იღებს სათავეს. მასში ჩვენი მრავალჭირგადანახადი ხალხის ისტორია, სულიერი მისწრაფებები, გენეტიკური მახასიათებლებია არეკლილი. ეს არის ის, საიდანაც მოვდივართ და რითაც ვსაზრდოობთ. ქართველი ნებისმიერ საქმიანობას სიმღერას უკავშირებდა, მღეროდა ომის, შრომის, ავადმყოფობის, მხიარულებისა თუ მწუხარების დროს. უძველესი დროიდან ჩვენ გვქონდა ჩამოყალიბებული მუსიკალური ენა, რომელიც დღემდე მოგვყვა, გამორჩეული თავისი ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპით. ქართული ფოლკლორისთვის სინკრეტულობაა დამახასიათებელი და მოიცავს ცეკვას, სიმღერას, მუსიკას, ლექსს. ქართულ ხალხურ მუსიკას ახასიათებს თავისუფალი მუზიცირება-იმპროვიზაციულობა, ვარიანტულობა და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი. ზეპირსიტყვიერებაშიც ასეა: ისევე როგორც ნებისმიერი ხალხის ფოლკლორში, ჩვენთანაც არის ჟანრი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმპროვიზაციის წყალობით არსებობს. ამ უკანასკნელის შედეგია თუნდაც შაირობა, კაფიაობას რომ ვეძახით და ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, განსაკუთრებით კი ფშავში, სადაც მას მკაცრი კანონები აქვს (რითმის შეუცვლელობა, იმპროვიზაცია, ადრე ნათქვამის გამეორებისთვის თავის არიდება და ა.შ.). ხმით ნატირლებში მოულოდნელობა აუდიტორიის დაკვეთაა, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს. საკულტო სიტყვიერება, შესაძლოა, გამონაკლისი იყოს ამ მხრივ, რადგან მასში არ არის მიზანშეწონილი პიროვნული ჩარევა ტექსტის შეგნებული შეცვლის მიზნით, არც რაიმე იმპულსი და მოტივი არსებობს _ ტექსტის წარმოშობა თუ, საზოგადოდ, საკრალურობა ხელს უშლის ამას. მაგრამ როცა სუსტდება ასეთი ტექსტისადმი მოწიწება, მთქმელ-შემსრულებელი თავს თავისუფლებას აძლევს.

ხალხური ყოფის ცვლილებებმა ქართული ფოლკლორის განვითარება მოსწყვიტა მის მასაზრდოებელ ბუნებრივ, ცოცხალ ყოფას. თუმცა, საბედნიეროდ, მისი ტრადიციული- ავთენტური ნიმუშები (ფოლკლორის ყველა დარგში) XXI საუკუნეშიც შემოინახა რაჭამ, სვანეთმა, აჭარამ და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთმა.

ფოლკლორი ხალხურ შემოქმედებას ნიშნავს, ამიტომ ისტორიამ თუ მატიანეებმა სახელები ვერ შემოინახა. გამოჩენილი მომღერლებისა თუ მელექსეების წარმოჩენის ხანა სწორედ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე დადგა. გაჩნდა მოთხოვნილება და აუცილებლობა სხვადასხვა კუთხის სიმღერების, ცეკვებისა თუ პოეზიის თავმოყრისა და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა. ასე ჩამოყალიბდა მეორეული ფოლკლორი და გასული საუკუნის 60-70-იან წლებში – ახალი, აკადემიური საშემსრულებლო სტილიც. არქაული მუსიკალური ენისა და ორიგინალური, უნიკალური ჰარმონიის შერწყმა ყოველთვის ატყვევებდა უცხოელებს, გამოჩენილ მეცნიერებს, ფოლკლორისტებს, ეთნომუსიკოლოგებს, კომპოზიტორებს. „ქართული მრავალხმიანობა ევროპული მრავალხმიანობის საფუძველი უნდა იყოს“, – ამბობდა ზიგფრიდ ნადელი-გერმანელი მუსიკათმცოდნე. „ბახი რომ ცოცხალი იყოს, მასაც კი აღტაცებაში მოიყვანდა ასეთი პოლიფონია“, – ეს ალან ივანესია, ამერიკელი კომპოზიტორი.

2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიოს არამატერიალური კულტურის ძეგლად გამოაცხადა და კულტურული მეკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, რითაც ჩვენი ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა აღიარა. ეს ინტერესი არც შემდგომ შენელებულა: 2003 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დაარსდა ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის ცენტრი, რომელმაც უკვე ოთხი სიმპოზიუმი გამართა.

ქართულ ფოლკლორს, მისი ყოველი დარგის შენარჩუნებას 1936 წლიდან ემსახურება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი თავისი მდიდარი არქივით. მისი მიზანია ქართული ფოლკლორის ავთენტურობის დაცვა, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოვლა, პოპულარიზაცია.

მოგვიანებით ტექნიკურმა პროგრესმა შეცვალა ფოლკლორის საარსებო სოციალური გარემო. შეიცვალა ფასეულობებიც. დაიკარგა მრავალი წეს-ჩვეულება და მდარე მასობრივმა პროდუქციამ ქართული ფოლკლორი თითქოს შეავიწროვა, თუმცა შემუშავებულია მისი შენარჩუნებისა და დაცვის საპრეზიდენტო პროგრამა. ეს აუცილებლად მოიაზრებს ამ დარგის კორიფეების (ა. ერქომაიშვილი, ნ. რამიშვილი და ი. სუხიშვილი, ჯ. ჭკუასელი, რ. ჭოხონელიძე, გ. ბაქრაძე, ბ. დარახველიძე და სხვები) ხელშეწყობასა და პატივისცემას.

დღეს დავრწმუნდით, რომ ჩვენში ისევ ყოფილა ის უცნაური წესრიგი, რომელიც ჩვენს ფოლკლორშია, ნაღველნარევი ოპტიმიზმი, ასე რომ ჰგავს ჩვენი არსებობის ფილოსოფიას. ამიტომ სიცოცხლის ამ მოუღალავი სიყვარულის წინაშე ყველა განსაცდელს უნდა გავუძლოთ. ეს ვალდებულებაცაა და იმედიც.

რესურსები და ინსტრუმენტები დისტანციური სწავლებისთვის

0

მასწავლებლები,  არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, სრულიად მოულოდნელად,  თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდით. ამ უჩვეულო გარემოში კი ყველაფერი, რის გაკეთებაც ჩვენ მოგვიხდა და შევძელით, ალბათ წლების წინ ვინმეს რომ შემოეთავაზებინა, არარეალურად  და შეუძლებლად  მოგვეჩვენებოდა.

რთული იყო ეს მოულოდნელი სინამდვილე, მაგრამ ალბათ საჭიროც.  ყოველი დღე თითქოს ახალი გამოწვევაა, ახალ-ახალი საფიქრალითა და დატვირთვით. პირისპირ სწავლების პროცესში,  შესაძლებლობა იმისა,  რომ ერთმანეთს შევხვედროდით და გამოცდილება გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის, გაცილებით ნაკლები იყო. შექმნილი  გარემოების გამო, ყველანი ერთმანეთის ვირტუალური მეგობრები გავხდით. ვცდილობთ, ვაგრძნობინოთ ერთურთს, რომ  მარტო არ ვართ. ასეთი ურთიერთანამშრომლობა, მართლაც სამაგალითო და დასაფასებელია. კოლეგებმა მალევე დავიწყეთ საგნობრივი თუ სხვადასხვა ტიპის ჯგუფების შექმნა და გამოცდილების გაზიარება.  ასევე აუცილებელი იყო, ჩვენს მოსწავლეებს არ ეგრძნოთ, რომ მასწავლებლებმა თავი  ვერ გავართვით ამ სირთულეს და არ შეგვეძლო მობილიზება უწყვეტი სასწავლო პროცესისთვის.  ჩვენი ვალდებულებაა,  მათ არ ვაგრძნობინოთ სირთულეები და  პოზიტიური გარემო  ვირტუალურ სივრცეში გადავიტანოთ, რადგან სწავლა-სწავლების ასეთი ფორმა მათთვისაც უცხოა და მთელ რიგ სტრესებთან არის დაკავშირებული.

შევეცდები, გაგიზიაროთ ის საინტერესო რესურსები, რომლებიც მოსწავლეებთან ურთიერთობაში  და დისტანციური სწავლების  საინტერესოდ და სახალისოდ წარმართვაში დაგვეხმარება.

სასწავლო პროცესში,  სხვადასხვა საგანში ძალზე საინტერესო გაკვეთილებით, ჩვენს მასწავლებლებს და მოსწავლეებს მალევე შემოეშველა „ტელესკოლა“. შეიქმნა სივრცე, სადაც ”საკლასო ოთახი მთელი საქართველო გახდა“.

ტელესკოლა

 

არსებული გამოწვევების დაძლევაში, კოლეგებთან და მოსწავლეებთან კომუნიკაციაში  სამი  პლატფორმა დაგვეხმარა: მაიკროსოფტ თიმსი (Microsoft Teams), გუგლ მითი( Google meet) და ზუმი (Zoom). ამ პლატფორმების საშუალებით ადვილად დავგეგმეთ შეხვედრები და  საგანმანათლებლო პროცესზე მორგებული გაკვეთილები ჩავატარეთ, რომელსაც დღესაც წარმატებით ვაგრძელებთ.  აქვე გაგიზიარებთ ყველა იმ ძირითადი საკითხების ვიდეო ინსტრუქციებს, როგორიცაა: კლასის გააქტიურება, შეტყობინების დატოვება, ვიდეო ზარის წამოწყება, დავალების მიცემა და უკუკავშირი, ქვიზის შექმნა, კალენდარში გაკვეთილის ჩანიშვნა და ა. შ.,  რაც თიმსის უკეთ გამოყენებაში დაგეხმარებათ:

ვიდეოინსტრუქციები

გარდა ამისა, მინდა შემოგთავაზოთ სხვადასხვა ინსტრუმენტი, რომლებიც ჩვენს დისტანციურ სასწავლო პროცესს საინტერესოს გახდის და გაგვიადვილებს ცოდნის გადაცემისა და მიღების პროცესს:

ინტერნეტგაზეთი https://mastsavlebeli.ge

მასწავლებლებს ყოველთვის გვანებივრებდა  საინტერესო რესურსებით,  ამ სიტუაციაშიც ჩვენი დიდი მხარდამჭერი აღმოჩნდა და ვებ-გვერდი სწრაფად ივსებოდა ჩვენს საჭიროებებზე მორგებული ახალ-ახალი რესურსებით,  რომლებიც ჩვენი გზამკვლევი აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესში. გიზიარებთ წიგნს, რომელშიც  გაეცნობით მასალებს ჩვენი მასწავლებლების დისტანციური გაკვეთილებიდან. ეს გაკვეთილები, უკეთესი ორიენტირებისთვის რამდენიმე ნაწილადაა დაყოფილი: გაკვეთილები, რომლებიც საკლასო ოთახებში შეგვეშველებიან, უსაფრთხოების გაკვეთილები, გაკვეთილები მშობლებისთვის და გაკვეთილები, რომლებიც აუცილებლად თან უნდა ვიკითხოთ.

გაკვეთილები დისტანციური სწავლებისთვის

 

აუცილებლად გამოგადგებათ რეკომენდაციები  ეფექტური ვიდეო-გაკვეთილების შექმნისთვის, სადაც გაეცნობით, როგორ დავგეგმოთ და წარვმართოთ ვიდეო-გაკვეთილი ისე, რომ შევძლოთ საგანმანათლებლო მიზნების მიღწევა და მოსწავლეთა ჩართულობის მაღალი დონის შენარჩუნება.

რეკომენდაციები ეფექტური ვიდეო-გაკვეთილების შექმნისთვის

 

ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას

დისტანციური სწავლება როგორც სინქრონული, ასევე ასინქრონული, ძირითადად, ინდივიდუალურ დავალებებს მოიცავს. იმ ფონზე, როდესაც მოსწავლეები სახლებში იმყოფებიან, დიდია მათი ასოციალიზაციის რისკი. ამასთან, შეიძლება ჩამოყალიბდეს ადიქციური ქცევა. ვფიქრობ, მიუხედავად შექმნილი გარემოებისა, მასწავლებლებმა ხელი უნდა შევუწყოთ ჯგუფური მუშაობის ელემენტების შემოტანას,  ჯგუფური მუშაობისთვის კი ძალიან მოსახერხებელია ე.წ პადლეტის დაფა, რომლის გამოყენების ვიდეო ინსტრუქციასაც ასევე  იხილავთ ბმულზე

ჯგუფური მუშაობა დისტანციური სწავლებისას

 

სწავლა-სწავლება პანდემიის დროს

როგორ გამოვიყენოთ ფილმები, წიგნები და სხვადასხვა ინსტრუმენტები შემოქმედებითი და მრავალფეროვანი გაკვეთილისთვის

სწავლა-სწავლება პანდემიის დროს

 

ფიზიკური აღზრდა დისტანციური სწავლების დროს

ფიზიკური აღზრდა და სპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო დისციპლინაა, რომელიც დიდ როლს ასრულებს ბავშვის, როგორც ფიზიკური, ისე კოგნიტური, მეტყველებისა და სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებაში. ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას და გაკაჟებას, სხეულის პროპორციებისა და სწორი ტანადობის ჩამოყალიბებას, მოსწავლის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. სტატიაში იხილავთ, თუ როგორ შეიძლება მოსწავლეებმა   სახლის პირობებში სწორად ივარჯიშონ.

ფიზიკური აღზრდა დისტანციური სწავლებისას

 

 

სხვადასხვა სპორტული აქტივობები ასევე შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

სპორტული აქტივობები

 

 ვფიქრობ, თქვენს მოსწავლეებს განსაკუთრებით გაახალისებს საქართველოს ეროვნული არქივის მიერ შემოთავაზებული ქართული ზღაპრების აუდიო ბიბლიოთეკა, სადაც მათ ზღაპრებს გამოჩენილი ქართველი მსახიობები წაუკითხავენ:

ქართული ზღაპრები

ქართული ზღაპრები ახალი ჩანაწერები

 

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმაც იზრუნა პატარებზე და სპეციალურად მათთვის შექმნა ონლაინ ფორმატით ნიკო ფიროსმანაშვილის პერსონაჟების მიხედვით გასაფერადებელი ნახატები.  ჩვენს პატარებს შესაძლებლობა აქვთ ფიროსმანის ნახატებსაც გაეცნონ:

ფიროსმანი

 

ვფიქრობ, საინტერესო რესურსია ისტორიის მასწავლებლებისთვის „ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია“, რომლის საშუალებით მოსწავლეები გაეცნობიან უნიკალური ექსპონატების ისტორიებსა და ფაქტებს, რომელსაც ვერც საგამოფენო ეტიკეტზე ამოიკითხავენ და ვერც საინფორმაციო დაფაზე:

ექსპონატით მოყოლილი საქართველოს ისტორია

 

ხელოვნების მასწავლებლები აღნიშნული ბმულის დახმარებით(https://www.artsteps.com)  საშუალებას მისცემენ მოსწავლეებს  განივითარონ ფანტაზიის და წარმოსახვის უნარი, მათ შესაძლებლობა აქვთ, შექმნან   საკუთარი ვირტუალური საგამოფენო სივრცე, ამაში კი ვიდეო ინსტრუქცია დაგეხმარებათ:

 

 

ხატვის მასწავლებლები კი მარტივად გააცნობენ მოსწავლეებს  ხატვის უნიკალურ ტექნიკას, ხატვის ორიგინალურ და მარტივ მეთოდებს:

ხატვის მეთოდები

 

ბევრი საინტერესო მასალა და ელექტრონული რესურსია ქიმიის სწავლებისთვის, მათ შორის, ტელესკოლის ვიდეო გაკვეთილები ქიმიაში, რომლებიც ძირითადად ექსპერიმენტული ნაწილითაა დატვირთული, შეგიძლიათ, იხილოთ კლასებისა და თემების მიხედვით ბმულზე:

ტელესკოლის ვიდეოგაკვეთილები ქიმიაში

 

 

www.el.ge  ელექტრონული ბიბლიოთეკა გთავაზობთ კომპლექსური საშინაო დავალებების კრებულებს სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით,  I-XII კლასის მოსწავლეებისთვის.  აქვე განთავსებულია  ვიდეოები, ანიმაციები, ვებინარები, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები და ა. შ.

 

ვიდეო გაკვეთილები ცალკეული თემების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

ვიდეოგაკვეთილები

 

საბუნებისმეტყველო საგნებში მნიშვნელოვანია საგაკვეთილო პროცესის ექსპერიმენტული ნაწილით უზრუნველყოფა, სიმულაციები კი დისტანციური სწავლა-სწავლების პირობებში ძალზე გამოსადეგი სასწავლო რესურსებია. გთავაზობთ სიმულაციებს სხვადასხვა საგანში. რესურსების ძირითადი ნაწილი ქართულადაა თარგმნილი, მხოლოდ ტერმინები შეიძლება შეგხვდეთ ინგლისურ ენაზე:

 ფიზიკა

ბიოლოგია

ქიმია

ბუნებისმეტყველება

 მათემატიკა

 

ბიოლოგიის მასწავლებლები შეძლებენ, ანიმაციების ფონზე აუხსნან მოსწავლეებს გენეტიკის რამდენიმე საკითხი:

https://learn.genetics.utah.edu/content/basics/

შეგიძლიათ იხილოთ მარტივი სიმულაციები ბუნებისმეტყველებასა და ქიმიაში:

სიმულაციები ბუნებისმეტყველებასა და ქიმიაში:

 

მრავალფეროვანი საგანმანათლებლო თამაშების პროგრამების გადმოწერას შეძლებთ ბმულიდან:

  საგანმანათლებლო თამაშები

 

დაბოლოს, მინდა გაგიზიაროთ ვებ-გვერდი www.Quizlet.com, რომელიც ძალზე მოხერხებული და ადვილად აღქმადი ვებ-გვერდია, სადაც შესაძლებლობა გაქვთ, შექმნათ სასურველი რაოდენობის საკითხების, თემების ნუსხა, რომელიც შეგიძლიათ, სხვადასხვა აქტივობის სახით მიაწოდოთ მოსწავლეებს. არის თამაშები, სადაც იწერება ქულები, რომელთა გაუმჯობესებაც მოსწავლეებს მუდმივად შეუძლიათ. აქვე დავურთავ Quizlet-ით სარგებლობის ინსტრუქციას.

Quizlet-ით სარგებლობის ინსტრუქცია

შედიხართ www.quizlet.com – ზე და მარჯვენა ზედა კუთხეში ირჩევთ “sign up”

გამოჩნდება ახალი ფანჯარა, სადაც შეგიძლიათ, რეგისტრაციის გავლის გარეშეც, აირჩიოთ სისტემაში შესვლა Google ელექტრონული ფოსტის სახელითა და პაროლით  ან Facebook-ის მონაცემებით.

 

თუ მოისურვებთ რეგისტრაციას, მაშინ უნდა შეავსოთ მონაცემებისთვის განკუთვნილი ველები:

 

ამ ეტაპის დასრულების შემდეგ შედიხართ სისტემაში და ქმნით კლასს:

 

კლასის შესაქმნელად დაგჭირდებათ შემდეგი მონაცემების შევსება:

შემდეგი ეტაპია მოსწავლეების დამატება:

 

 

შექმნილ კლასში ამატებთ სასურველ თემებს (საკითხებს):

 

გამოჩნდება ახალი ფანჯარა, სადაც უთითებთ სასურველ თემას

სასურველი რაოდენობის საკითხების დამატების შემდეგ,  ყველაფერს ინახავთ. ამის შემდეგ  თქვენ მიერ შევსებული მასალა მოსწავლეებს მიეწოდება მრავალფეროვანი აქტივობების საშუალებით, მაგ: ე. წ. „ფლეშქარდები“

Learn და Write საშულებით მოსწავლეს შეუძლია, რამოდენიმეჯერ გაიმეოროს საკითხი. პასუხის დროს საკითხი, რომელშიც ყველაზე მეტ  შეცდომას უშვებს მოსწავლე, ინიშნება მაგ:

ხოლო match და gravity არის თამაშები, რომლებშიც მოსწავლეებს  შესაბამისობის პრინციპით  კითხვასთან სწორი პასუხების დაკავშირება უწევთ და ასევე უწევთ მისი ჩაწერა სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია დროზეც. მთელი კლასის მონაცემები გროვდება, იწერება ქულები, რომელთა გაუმჯობესებაც მოსწავლეებს თამაშით  შეუძლიათ.

Gravity:

გარდა თამაშებისა, თქვენ ასევე შეგიძლიათ, შექმნათ ტესტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ტიპის კითხვები (არჩევითპასუხიანი, ღია კითხვები, შესაბამისობის, მცდარია/სწორია და ა. შ.)  და ამ კითხვებზე მოსწავლეებს პასუხის გაცემა მოუწევთ.

შესაძლებელია ტესტების ამობეჭდვაც

თვალსაჩინოა, რომ ჩვენმა მასწავლებლებმა მალევე თავად დაიწყეს  მოსწავლეებისთვის ახალი და საინტერესო  დისტანციური რესურსების შექმნა და იმედია,  „რესურსების ბანკი“ სამომავლოდ უფრო მეტად გამდიდრდება.

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...