შაბათი, აპრილი 18, 2026
18 აპრილი, შაბათი, 2026

აქტივობები სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის სწავლებისათვის

0

სამოქალაქო განათლების/მოქალაქეობის  საგნობრივ სტანდარტში მეცხრე კლასის სავალდებულო თემის ,,ცენტრალური ხელისუფლება“ ერთ-ერთ მკვიდრ წარმოდგენად ,,სახელისუფლებო შტოების დანაწილება და ბალანსი სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობის აუცილებელი პირობაა“ მოიაზრება.

წერილის მიზანს ამ სავალდებულო თემის ფარგლებში სამიზნე ცნება _,,დემოკრატიაზე“ ორიენტირებული კომპლექსური დავალებისა და მასთან დაკავშირებული აქტივობების შემოთავაზება წარმოადგენს.

სამიზნე ცნებასა და მის მკვიდრ წარმოდგენებზე გასასვლელ საკითხად ,,ხელისუფლების დანაწილება“ შევარჩიეთ. სამიზნე ცნების ერთ-ერთ მკვიდრ წარმოდგენად დემოკრატიის პრინციპების არსში წვდომაც მოიაზრება. მოსწავლეს დასჭირდება გაერკვას ხელისუფლების დანაწილების არსში, ცალკეული შტოების ფუნქცია-მოვალეობებში და მათ შორის მიმართებებში. შერჩეული საკითხის სწავლებას გაკვეთილების საკმაო რაოდენობა დასჭირდება. გამოცდილებით,  ხელისუფლების სამი შტოს ხსენება  მაშინათვე   აღძრავს ცნება ,,მეოთხე ხელისუფლების“ ასოციაციას. ამიტომ მართებულად მივიჩნიეთ, ეს საკითხიც აქვე გაგვეაქტიურებინა. ამით მოსწავლეებს მივცემთ საშუალებას, ჩაუღრმავდნენ ,,მეოთხე ხელისუფლების“ განსხვავებას ხელისუფლების სამი შტოსაგან  და აღიქვან მედია, როგორც ხელისუფლების სამივე შტოს  გარედან მაკონტროლებელი ბერკეტი.

კომპლექსური დავალების შედგენისას, გასათვალისწინებელი იყო რამდენიმე კრიტერიუმი. უნდა გვქონოდა მოსწავლისთვის ნაცნობი კონტექსტი, მიზნად დაგვესახა გასაგები პროდუქტის შექმნა და ამ პროდუქტზე მუშაობას ხელს უნდა შეეწყო სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენების გათავისებაში. დავალების პირობას კავშირში უნდა ჰქონოდა საკითხებთან და შემსრულებელი  ახალი ცოდნის აგებისა და უნარების განვითარების პროცესში ჩაება.

სწავლების შუალედური მიზანი საკვანძო კითხვებში  ,,რატომ და  როგორ განაპირობებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპი დემოკრატიული სახელმწიფოს გამართულ მოქმედებას? როგორ ახდენს მედია ხელისუფლების კონტროლს?“ აისახა.

კომპლექსური დავალება

 

წარმოიდგინე, რომ  სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ხარ და  მეცხრეკლასელ მოსწავლეებს დემოკრატიის  პრინციპის _ ხელისუფლების დანაწილების _არსი და ხელისუფლების შტოები უნდა გააცნო. შექმენი შესაბამისი სლაიდშოუ, რომელზეც ვიზუალურად (სქემების სახით) წარმოადგენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს და მათ შორის მიმართებებს.

ნაშრომის წარმოდგენისას     ხაზგასმით წარმოაჩინე :

  • ხელისუფლების განაწილების პრინციპის არსი და მნიშვნელობა (დაასახელე არგუმენტები/მაგალითები);
  • ამ პრიციპის დაცვის მექანიზმები ( დოკუმენტები, ინსტიტუციები…)
  • კავშირი ხელისუფლების დანაწილებასა და ადამიანის უფლებების დაცვას შორის;
  • ,,მეოთხე ხელისუფლების“ ადგილი და დანიშნულება;

 

პრეზენტაციის შემდეგ იმსჯელე:

  • რა ნაბიჯები გადადგი დავალებაზე მუშაობისას?
  • რა გაგიიოლდა და რა გაგიძნელდა?
  • რა ცოდნა და უნარები შეგძინა დავალების შესრულებამ? რა დასკვნები გამოიტანე?
  • ხელახლა რომ ასრულებდე დავალებას, რას გააუმჯობესებდი?

 

უპირველესი დავალების პირობის გაცნობა და გააზრებაა. მოსწავლე თავიდანვე უნდა  გაერკვეს რა პროდუქტი უნდა შექმნას, რას უნდა მიაქციოს ყურადღება, როგორი უნდა იყოს შინაარსი და ტექნიკური მხარე. მისთვის სასწავლო პროცესი კარგად ნაცნობი კონტექსტია, მაგრამ არის სიახლეც _ ამ პროცესში ახალი როლის (მასწავლებლის) გათავისება მოუწევს და ეს ინტერესს აღძრავს. სლაიდშოუს მომზადებაც არ უნდა იყოს უცხო, დეტალების დასაზუსტებლად შეგვიძლია მივუთითოთ ,,სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ_განათლება დემოკრატიისათვის (წიგნი I)“ 66-69 გვერდზე განთავსებული რჩევები.

 

მთავარ მიზანს რომ მივაღწიოთ, მოსწავლემ უნდა გაითავისოს როგორ აბალანსებენ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები ერთმანეთს და როგორია ურთიერთკონტროლისა და შეკავების მექანიზმები, მედიის როლი ამ მექანიზმების ამოქმედებასა და გაძლიერებაში. გააზრების შემდეგ ეს მიმართებები სლაიდებზე სქემებში უნდა ასახოს და სიტყვიერად აუხსნას ,,მოსწავლეებს“.  ამისათვის ის ჯერ ცალკეული შტოების ფუნქცია-მოვალეობებზე,  შიდა სტრუქტურებზე უნდა ფლობდეს ინფორმაციას.

სხვადასხვა კლასში ამ ცოდნის აგებისა და გააზრების პროცესი სხვადასხვა დროს და მიდგომას მოითხოვს, რასაც მასწავლებელი თავად განსაზღვრავს. აქ მხოლოდ ზოგიერთ აქტივობას შემოგთავაზებთ, რომლებიც, ჩვენი აზრით, ახალი ცოდნის აგებაში ხელს შეუწყობს;

ა) კითხვა-პასუხი, მცირე დისკუსია

გავიხსენოთ, უახლოესი სიტუაცია, ახალი კოვიდ19-ის პანდემიის მართვის პროცესში როგორ ხდებოდა გადაწყვეტილებების მიღება, ვინ მონაწილეობდა?

რას აკეთებდა პარლამენტი?

რას აკეთებდა მთავრობა?

სასამართლო?

ბ) საკითხის შეჯამება ან ინტერაქტიური ლექცია  ,,ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე“.

გ) საშინაო დავალება

მოსწავლეები უნდა გაეცნონ სახელმძღვანელოში საკითხზე მოცემულ  რესურსებს, ,,საქართველოს კონსტიტუციის“ მესამე. მეოთხე, მეხუთე თავებს.

დ) ჯგუფური სამუშაო; (იქმნება 3 ან 6 ჯგუფი)

ინსტრუქცია: თითო ან ორ-ორმა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს: თითო სახელისუფლებო (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) შტოს ფუნქცია-მოვალეობები, (რესურსად იყენებენ სახელმძღვანელოს, ,,საქართველოს კონსტიტუციის“ შესაბამის თავებს. ჯგუფებმა უნდა მოიფიქრონ ამ ფუნქციათა განხორციელების  მაგალითები.

 

ე)პრეზენტაციების შემდეგ იმართება დისკუსია და შეჯამება.  

 

ვ) ინდივიდუალური დავალება

ელექტრონულად (ვორდის ან სლაიდშოუს ფაილებში) შექმენი ხელისუფლების თითოეული შტოს შიგნით მოქმედი სტრუქტურების  ამსახველი სქემები. გამოიყენე ,,insert SmartArt” შესაბამისი გრაფიკები;

 

ეს დავალება ხელს უწყობს მოსწავლეებს, სტანდარტის შესაბამისად, განივითარონ ისეთი გამჭოლი კომპეტენცია, როგორიცაა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება, რაც შემდგომში კომპლექსური დავალების შესასრულებლადაც დასჭირდებათ.

 

ზ) კითხვა- პასუხი  ,,მეოთხე ხელისუფლების“ თემაზე (მთელი კლასი)

რატომ უწოდებენ მედიას ,,მეოთხე ხელისუფლებას“?

რა ფუნქცია აქვს მედიას ხელისუფლებასთან მიმართებაში?

ხელისუფლების რომელი შტოს კონტროლსა და დაბალანსებას ემსახურება მედია?

ხომ ვერ დაასახელებთ კონკრეტულ შემთხვევებს, როდესაც მედიამ ამხილა, ან შეაკავა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები?

ამ კითხვებზე პასუხების მიღების შემდეგ, მასწავლებელი აკეთებს უკუკავშირსა და შეჯამებას.

 

ზ) სიმულაციური თამაში _ ბრიფინგი 

კლასში  მოსწავლეთა სურვილის მიხედვით (საჭიროების შემთხვევაში, ვაბალანსებთ), იქმნება 4 ჯგუფი: ,,პარლამენტარები“, ,,მთავრობა“, ,,მოსამართლეები“, ,,ჟურნალისტები“.

I ეტაპი.

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ინსტრუქციას: ,,გაეცანით  სიტუაციას: ,,სასამართლოს განცხადებით მიმართა ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ჯგუფმა. განაცხადებაში აღნიშნულია, რომ ირღვევა მათი უფლება საცხოვრისის ქონასა და განათლების მიღებაზე. სახელმწიფო  არ იღებს პასუხისმგებლობას მათთვის თავშესაფარის მიცემისა და განათლების უფლების რეალიზების თაობაზე.“

ჯგუფი მოემზადოს ბრიფინგზე ინფორმაციის წარმოსადგენად, რომელიც უნდა პასუხობდეს კითხვებს:

  • როგორია თქვენი შტოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე?
  • თქვენი რომელი სტრუქტურაა ამ პრობლემაზე პასუხისმგებელი?
  • რა აქვს გაკეთებული ამ სტრუქტურას პრობლემის მოსაგვარებლად?
  • რას გეგმავთ მომავალში ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
  • სხვა რომელი შტოს ბრალეულობას ხედავენ ამ სიტუაციაში?
  • (თითოეულ ჯგუფს ეძლევა 3-4 წთ პოზიციების გასაჟღერებლად)

,,ჟურნალისტების“ ჯგუფი ამზადებს კითხვებს, რომელთა მოდიფიცირებასაც ახდენს წინა სამი ჯგუფის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილი ინფორმაციების შესაბამისად. სულ აქვთ 5 კითხვის დასმის უფლება.

რესურსად ჯგუფებს ეძლევათ ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“

 

II ეტაპი. იმართება ბრიფინგი. პირველი სამი ჯგუფი რიგრიგობით წარადგენს თავის ინფორმაციას. ,,ჟურნალისტები“ სვამენ კითხვებს. მასწავლებელი არეგულირებს დროის რეგლამენტს  ,,მიკროფონის“ გადაცემის საშუალებით.

დასასრულ, ყველას ეძლევა ნახევარი წუთი დასკვნისთვის.

მასწავლებელი აკეთებს უკუკავშირს და შეჯამებას.

ყურადღებას ამახვილებს მედიის როლზე, რომ ის ხელისუფლების ყველა შტოსთვის წარმოადგენს საზოგადოებასთან ურთიერთობის, ხელისუფლების შტოებს შორის ურთიერთობის პლატფორმას. პარალელურად, მედია, აკონტროლებს ხელისუფლების სამივე შტოს და მათ ამცნობს საზოგადოებრივ აზრსაც.

ამ მოსამზადებელი აქტივობების შესრულების შემდეგ დგება კომპლექსური დავალების შესრულების და წარდგენის ეტაპი. პრეზენტაციების დროს მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად, შესაძლებელია მასწავლებელმა კლასს ,,მსმენელის დღიურის“ წარმოება შესთავაზოს, რისთვისაც ერთობლივად შეიმუშავებენ კრიტერიუმებს (რა გაიგეთ ახალი? რამ დაგაინტერესათ? რას დაამატებდით?).

როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი კომპლექსური დავალება პირდაპირ ორიენტირებულია სამიზნე ცნებაზე დემოკრატი (ადამიანის უფლებები, სამართლებრივი დოკუმენტები, დემოკრატიის პრინციპები)

(შედეგები: 3, 4, 13)

და მის მკვიდრ წარმოდგენებზე:

  • ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი, საკუთარი ღირსებითა და უფლებებით;
  • ადამიანს აქვს სამოქალაქო-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კოლექტიური უფლებები; საქართველოს კონსტიტუცია და საერთაშორისო დოკუმენტები (დეკლარაციები, კონვენციები) ამ უფლებების დაცვას უზრუნველყოფს;
  • დემოკრატიულ საზოგადოებაში/ სახელმწიფოში ადამიანის უფლებები უმთავრესი ღირებულებაა;

დემოკრატია ეფუძნება ფუნდამენტურ პრინციპებს (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა), რომელთა დაცვის გარეშეც დემოკრატიული სახელმწიფო ფუნქციონირებას  ვერ შეძლებს.

თუმცა ირიბად ის სხვა სამიზნე ცნებებსაც უკავშირდება.

სწავლება დისტანციური მოგზაურობით

0

როგორ შევისწავლოთ სახლში ისეთი მოცულობითი საგანი, როგორიცაა გეოგრაფია? რამდენად გამოგვადგება საშინაო დავალებისთვის ინტერნეტინფორმაცია და მისი მრავალფეროვნება? ამ კითხვებზე პასუხი შესაძლოა ასეთიც იყოს:

 

გადაახალისეთ სკოლის სახელმძღვანელო

უმცროსკლასელთა მშობლებს შეუძლიათ გამოიყენონ ასეთი ტექნიკა: განაცხადონ, რომ რომელიღაც სამეცნიერო ფაქტი დავიწყებიათ და ბავშვის დახმარება სჭირდებათ. ბავშვს აუცილებლად მოუნდება პასუხის პოვნა სახელმძღვანელოში ან ინტერნეტში. ამ გზით ის ახალ ინფორმაციას მიიღებს, თუმცა ამ ხრიკის ხშირად ნუ გამოიყენებთ, რომ ბავშვის ნდობა არ დაკარგოთ.

ასევე, მშობლებს შეუძლიათ, იმსჯელონ ისეთ თემებზე, რომლებიც პირდაპირ თუ ირიბად ეხმიანება სასწავლო პროგრამას, მაგალითად, უძველეს რუკებზე, დამპყრობლებზე, კოლონიებსა და ცვლილებებზე მსოფლიოს პოლიტიკურ რუქაზე. მსჯელობაში, დისკუსიებში ნებისმიერი ასაკის ბავშვის ჩართვა შესაძლებელია.

დაწყებით სკოლაში შეგიძლიათ „თამაშში“ სკოლის სახელმძღვანელო დაიხმაროთ:  მაგალითად, სთხოვოთ ბავშვს გარკვეულ დროში, სწრაფად მოძებნოს რაიმე გეოგრაფიული ტერმინი და განმარტოს მისი მნიშვნელობა. შემდეგ კი უფრო და უფრო გააუმჯობესოს თავისივე რეკორდი. ამ შემთხვევაში ბავშვმა სასურველია არ იცოდეს, რომ თამაშს საგანმანათლებლო დატვირთვა აქვს.

 

იმსჯელეთ, იფანტაზიორეთ

თუ ბავშვს უყვარს ხატვა, შეგიძლიათ გააკეთოთ ილუსტრაციები სახელმძღვანელოზე დაყრდნობით, გამოიგონოთ კომიქსები ან ისტორიები. მაგალითად, თემაში „წყლის ციკლი ბუნებაში“, შესაძლოა დააწერინოთ მოთხრობა წყლის წვეთის მოგზაურობის შესახებ. თუ მოსწავლე უფროსკლასელია, უბიძგეთ, იოცნებოს, ვთქვათ, თემაზე: „სად ავაშენებდი ქვანახშირის გადამამუშავებელ ქარხანას და რა მოგებას მომიტანდა ის“.

ეცადეთ, ბავშვისთვის ლამაზი და საინტერესო წიგნები შეიძინოთ, მით უფრო, რომ უამრავი საინტერესო, კარგად ილუსტრირებული ენციკლოპედია თუ თემატური წიგნი გამოიცემა და არა მხოლოდ ქართულ ენაზე.

ასწავლეთ თქვენს შვილს მხატვრული ლიტერატურის კითხვის დროს ონლაინრუკების შედგენა, რათა მან უკეთ წარმოიდგინოს წიგნში აღწერილი მოქმედება.

 

ერთად უყურეთ თემატურ ფილმებს/მულტფილმებს

დასვენების და გართობის დროსაც კი შეგიძლიათ ისწავლოთ და გაზარდოთ სწავლის მოტივაციის დონე. ერთად უყურეთ სათავგადასავლო ფილმებს, სადაც მოგზაურობა ძირითადი თემაა. მონიშნეთ რუკაზე ის ადგილები, რომლებსაც ფილმის გმირები ეწვივნენ. ისაუბრეთ, რატომ არის მოგზაურობის მოყვარულთათვის მნიშვნელოვანი გეოგრაფია და რაში ეხმარება მისი ცოდნა.

თემატური ვიდეოების ნახვა განსაკუთრებით კარგია დისლექციის მქონე ბავშვებში საგნისადმი ინტერესის გასაზრდელად. გაესაუბრეთ შვილს იმაზე, თუ რას უყურეს და სთხოვეთ, ჩამოწეროს სიახლეები, რომლებიც ვიდეოდან ისწავლა. თავდაპირველად ეს შეიძლება ცოტა გაურთულდეს, მაგრამ ნელ-ნელა გაუადვილდება და აზარტიც მოემატება. ვიდეოების მოძებნა YouTube-ზე შეგიძლიათ.

 

ესტუმრეთ ონლაინ მუზეუმებს

დღეს მსოფლიოს მრავალი მუზეუმი ონლაინტურებს გვთავაზობს. სასურველია ვირტუალური ექსკურსიები მთელმა ოჯახმა გამართოთ და შემდეგ ერთმანეთს გაუზიაროთ მიღებული შთაბეჭდილება. საუბარია ასეთი ტიპის ვირტუალურ ექსპოზიციებზე:

ეგვიპტურ პირამიდებზე https://www.3dmekanlar.com/en/the-pyramids.html

გალილეოს მუზეუმი ფლორენციაში https://catalogue.museogalileo.it/ და სხვ.

 

ითამაშეთ!

https://www.geoguessr.com/  თამაშები სხვადასხვა თემაზე: ქალაქები, ქვეყნები და მსოფლიო. შეგიძლიათ ითამაშოთ მარტომ ან გუნდურად. თამაშის არსი: თითოეულ ტურში ჩნდება ადგილის ფოტო და მსოფლიო რუკა – უნდა გამოიცნოთ ქვეყანა, სადაც ეს ობიექტია.

https://world-geography-games.com/  თამაში, რომელიც გვასწავლის დროშებს, ქვეყნის სახელწოდებებს, დედაქალაქებს, კუნძულებს და ა.შ.

https://www.enigeo.org/en/  შეგიძლიათ გაიგოთ ინფორმაცია ქვეყნების, დედაქალაქების, დროშებისა და თუნდაც ჰიმნების ადგილმდებარეობის შესახებ. შეგიძლიათ თამაშის ჩამოტვირთვა.

https://www.toporopa.eu/en/  მოსახერხებელია ქვეყნების, დროშების, მდინარეების, კუნძულების, დედაქალაქების, მმართველობითი სისტემების, ზღვებისა და სხვა გეოგრაფიული ობიექტების შესასწავლად.

https://www.sheppardsoftware.com/  ბევრი თამაში გეოგრაფიაზე.

 

დაგეგმეთ მომავალი ან გაიხსენეთ ხოლმე წარსული მოგზაურობები

შეიმუშავეთ მარშრუტი, განათავსეთ ის რუკაზე, შეისწავლეთ მარტივი ფრაზები იმ ენაზე, რომელ ქვეყანასაც გინდათ ესტუმროთ, ყურადღება მიაქციეთ ამ ქვეყანასა და საქართველოს შორის არსებულ განსხვავებებს.

 

თვითსწავლების ძირითადი პრინციპები

თემის შესწავლა უნდა დაიწყოს ბავშვის მოტივაციით, რის შემდეგაც შეგიძლიათ ახალი ცოდნის შეძენა და მისი გამყარება. საინტერესო ვიდეო ან მულტფილმების სერია დაგეხმარებათ მოტივირებაში, ასევე, საუბრები იმაზე, თუ რატომ უნდა იცოდეთ გეოგრაფია. შემდეგ – ვკითხულობთ საგანმანათლებლო ლიტერატურას ან ვუყურებთ ვიდეოგაკვეთილს და ვაკონსპექტებთ.

მასალის გასამყარებლად შესთვაზეთ ბავშვს ნახატის დახატვა ან აპლიკაციის გაკეთება. შედარებით უფროსკლასელებს შეუძლიათ ინფოგრაფიკის, პრეზენტაციის,  ვებსაიტის, ინტერნეტარხების შექმნა. ციკლი შეიძლება განმეორდეს თითოეული თემით, ექსპერიმენტის მეთოდის გამოყენებით.

 

მნიშვნელოვანი მომენტები:

  1. ასაკი. სასწავლო მასალის შინაარსი, მეთოდები და მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ასაკს და ინდივიდუალურ მახასიათებლებს.
  2. თემების არჩევანი. სასწავლო გეგმის შედგენისას შეგიძლიათ ენდოთ სასკოლო სახელმძღვანელოს. უმჯობესია აირჩიოთ კონკრეტული თემა თქვენი შვილისთვის. რაც უფრო დიდი ასაკი აქვს ბავშვს, მით მეტი თავისუფლება უნდა იყოს მეთოდების და მასალების არჩევისას. თუმცა დახმარება სწავლის დროს შეიძლება ნებისმიერ ასაკში დასჭირდეს.
  3. გრაფიკი. აუცილებელია დაცული იყოს სწავლის რეჟიმი, ძილის, ფიზიკური დატვირთვის, დასვენების. მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპტიმალური იყოს ოჯახის ყველა წევრისთვის. უმცროს სკოლის მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ რეჟიმის დაცვა. ამისათვის გამოიყენეთ ნახატები, სტიკერები მინიშნებებით, ინტერაქტიული გრაფიკი. ერთად აკონტროლეთ რამდენი დრო სჭირდება ბავშვს დავალებებისთვის, დასვენებისთვის. თუ ბავშვი ნელია, იყავი მომთმენი.

მნიშვნელოვანია მეთოდების არჩევა, ბავშვის ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით. გახსოვდეთ, რომ ოჯახში ჰარმონიული ურთიერთობები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მაღალი ქულები.

 

 

ანტიგონე და აღაზა – სულიერი დები

0

ანტიგონე და აღაზა მსოფლიო ლიტერატურის ორი გამორჩეული პერსონაჟია. ისინი განსხვავებულ დრო-სივრცეში არსებობენ, მაგრამ ხვდებიან იმ განზომილებაში, რომელშიც ყოველგვარი პირობითი საზღვარი და ჩარჩო უქმდება. ორივემ თავისი სიკვდილით დაამოწმა ადამიანობის გადამრჩენი, მხსნელი ღირებულებების, დაძმობის, სიყვარულის უკვდავება. ორივე იქცა წმინდა მსხვერპლად, რომელიც დღემდე აფორიაქებს, აღელვებს მკითხველს და თვალს უხელს, აღვიძებს, ჭეშმარიტების ძიებისკენ უბიძგებს. ვაჟა-ფშაველას ნაწარმოებთა კავშირი ძველბერძნულ ტრაგედიასთან არაერთხელ აღუნიშნავთ, ანტიგონესა და აღაზას შორის ნათესაობაც არ გამორჩენიათ, თუმცა ამჯერად მათ სულიერ დობაზე  უფრო მეტს ვიმსჯელებთ.  ანტიგონე სოფოკლეს ტრაგედიის „ანტიგონეს“  მთავარი გმირია, აღაზა – ვაჟა-ფშაველას „სტუმარ-მასპინძლისა“. ორივე ქალი ახალგაზრდა, ძლიერი  ნებისყოფის ადამიანია. მათი ხასიათები, როგორც არისტოტელე იტყვის, სწორედ მაშინ გამოიკვეთება, როდესაც რთულ, მაგრამ პრინციპულ არჩევანს აკეთებენ, თავიანთ პიროვნულობას ამჟღავნებენ,  საკუთარი სინდისის კარნახს მიჰყვებიან, საზოგადოებაში დამკვიდრებულ თვალსაზრისებს უპირისპირდებიან.  ორივეს ამბავთან ზიარება იწვევს კათარზისს, იმგვარ განწმენდას, რომელიც მკითხველს სულიერი მზერის გახსნისკენ, მოვლენების განსხვავებული რაკურსითა და კრიტიკული თვალთახედვით აღქმისკენ უბიძგებს. ისინი სულიერი დები არიან, რადგან ერთმანეთს ენათესავებიან მაღალი მორალისა და ზნეობის ერთგულებით, იმ წინააღმდეგობით, რომელსაც „დაწერილი  კანონების“ დარღვევით ავლენენ. ანტიგონე თებეს მეფე კრეონის ოფიციალურად გამოცემულ, „დაწერილ ბრძანებას“ არღვევს, ძმას მიწას მიაყრის, დაკრძალვის რიტუალს აღასრულებს,  აღაზა კი – თემის ტრადიცებით, წეს-ჩვეულებებით განპირობებულ „კანონებს“ დაარღვევს, ქისტების მტერს, უცხო რჯულის ზვიადაურს, დაიტირებს. ორივე სიყვარულის ღვთაებრივ კანონებს აღასრულებს, რადგან „ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს“ (იონე 4, 7-8). ისინი თავიანთ ქრონოტოპში, იმ მხატვრულ დროს-სივრცეში ცხოვრობენ, რომელშიც ავტორებმა მოაქციეს, შესაბამისად, გასათვალისწინებელია ყველა ის ნიუანსი, რომელიც  მათ არჩევანზე ზემოქმედებს. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათ შორის, განსხვავებაც ბევრია.

ორივეს ცხოვრება ბედნიერების წმინდა ნაკადულივით მიედინება. ანტიგონე დანიშნულია ჰემონზე, კრეონის, თებეს მმართველის ვაჟზე. ჰემონი მაღალი ზნეობის ადამიანია. ჩანს, ანტიგონეს სულიერი ტოლი უპოვია. ჰემონი მამას თამამად   უპირისპირდება, უსამართლო გადაწყვეტილებაში სდებს  ბრალს, მისკენ მოსაკლავადაც გაიწევს. ის ჰადესში, სიკვდილის საუფლოში მიჰყვება საცოლეს, თავისი მახვილითვე განგმირული. აღაზას შესანიშნავი ოჯახი ჰყავს, ჯოყოლა ალხასტაიძე ქისტეთში განთქმული ვაჟკაცი, კაი ყმაა, რომელიც გამოვა პლატონისეული „გამოქვაბულიდან“, გაარღვევს წყვდიადის ჩარჩოებს, გადალახავს იმ რთულ წინააღმდეგობებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთისგან  აუცხოვებენ და სიყვარულის მწვერვალზე შედგება  აღაზასა და ზვიადაურთან ერთად. ფინალური ეპიზოდის მრავალმნიშვნელოვნება სწორედ ამაზე მეტყველებს.

ანტიგონეცა და აღაზაც ბედისწერას მიჰყვებიან, ოღონდ არა ბრმად, არამედ თვითონვე ქმნიან თავიანთ ბედს. მათ გაცნობიერებული აქვთ, რომ ნაწილნი არიან ადამიანობისა, ერთი მთელისა, რომლის სიჯანსაღე მათზეცაა დამოკიდებული. ანტიგონეს მეხსიერება ტრავმირებულია მამის, ოიდიპოსის ტრაგედიით, მას ტვირთად აწევს ქალის მოკრძალებული როლიც საზოგადოებრივ ყოფაში. აღაზას „მამა“ მთაა, მკაცრი და უშეღავათო, რომელიც განსაზღვრავს ქალის ქცევის წესს პატრიარქალურ საზოგადოებაში, თრგუნავს მისი პიროვნულობის გამოვლენის შესაძლებლობებს. თუმცა, ორივეს ეს „მამები“ გადაალახვინებენ ცოდვის აღქმისა და გაგების  იმ ბარიერებს, რომლებიც ადამიანების და არა ღმერთის შექმნილია.

ორივეს გრეგნული და სულიერი მშვენიერება სრულ ჰარმონიაშია: აღაზა: „გამოჩნდა ქალი ლამაზი, /შავის ტანსაცმლით მოსილი, /როგორაც ალყა ტანადა, /ვარსკვლავი ციდამ მოცლილი“.  ორივე დამცველია დიდი სიყვარულისა, რომელსაც საფრთხე ემუქრება. ეს სიყვარული „ზემხედველი“ ადამიანების თვალითაა დანახული. იმგვარია, რომელიც ადამიანს მატერიალური სამყაროს ტყვეობიდან ათავისუფლებს და ახალ განზომილებაში, სინათლისა და სიკეთის საუფლოში გაჰყავს, სადაც ყოველგვარი ადამიანური წესები უქმდება და მხოლოდ სიყვარულის უნივერსალური კანონი მოქმედებს. ეს რუსთველისეული „მიჯნურობაა“, ზეაღმატებული და  „გამოუთქმელი“: „მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან“ (რუსთაველი).

ორივეს მშვიდ ყოფას მოულოდნელი საბედისწერო მოვლენა ამღვრევს: ანტიგონეს ძმები ძალაუფლებისთვის ბრძოლაში ერთმანეთს უპირისპირდებიან და იხოცებიან. კრეონი ერთ ძმას პატივით ამარხვინებს, მეორეს კი (რომელიც უცხო ჯარის დახმარებით ცდილობდა ტახტის მოპოვებას) მოღალატედ შერაცხავს და ყვავ-ყორანთა საჯიჯგნად დააგდებს, მცველებსაც დაუყენებს, რომ არავინ დაარღვიოს მისი ბრძანება. მიწას მიჯაჭვული კრეონისთვის კანონი უზენაესია, ძალაუფლებით დაბრმავებულს ეჭვიც არ შეაქვს თავისი გადაწყვეტილების სისწორეში. მის გაქვავებულ გულამდე ზეცის ხმა არ აღწევს, ამიტომაც სასტიკად ისჯება (მეუღლე და შვილი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებენ).  ანტიგონე კი  ღვთიურ  მოვალეობას  ასრულებს და მიწიერ კანონს არღვევს.  თემისა და კრეონის კანონები ამქვეყნიური ყოფის სოციალურ „სისტემებს“ აწესრიგებენ, აღაზასა და ანტიგონეს კანონები კი მეტაფიზიკური სამყაროს ფუნდამენტს ქმნიან, დროისა და სივრცის მიღმა არსებულს.

ორივეს გაბედულება გასაოცარია. ანტიგონე დას, ისმენეს გაუმხელს, თუ რას აპირებს:

„ანტიგონე: აბა, იფიქრე, თუ შემეწევი.

ისმენე: საშიშს აპირებ, რა განგიზრახავს?

ანტიგონე: დამეხმარები, დავფლათ ძმის გვამი?

ისმენე: როგორ თუ დავფლათ, მერე ბრძანება?

ანტიგონე: შენსა და ჩემს ძმას უშენოდ დავფლავ და აღვასრულებ ჩვენს საერთო ვალს.

ისმენე: თავხედო, კრეონს გინდა ეურჩო?

ანტიგონე: ის ვერ დამიშლის ვალის სრულყოფას.

… ისმენე: უგნურებაა, თავს იდვა საქმე,  ძალს და ღონეს რომ აღემატება.

…ანტიგონე: როგორც გენებოს, მე კი დავმარხავ! ასეთ საქმისთვის შვებით მოვკვდები“.

ანტიგონე მოქმედებს პრინციპით: „ბედი ცდაა“, როგორც რუსთველი ამბობს: გამარჯვება კი „ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების“. აღაზა შეურაცხყოფილი, გათოკილი ჯოყოლას დაწყებულ „საქმეს“ აგრძელებს. ისიც ანტიგონესავით მარტოა, მაგრამ სასაფლაოზე მიჰყვება ზვიადაურს და თითქოს ფარულად „იცავს“:

„მიშველებასა ჰლამობდა:

„ნუ ჰკლავთ!” ეძახის გულიო,

ფიქრობდა ბრაზმორეული:

ნეტავი მომცა ცულიო,

ნეტავი ნებას მაძლევდეს

დედაკაცობის რჯულიო,

რომ ეგ ვაცოცხლო, სხვას ყველას

გავაფრთხობინო სულიო“.

აღაზას არა მხოლოდ ცოცხალნი, მკვდარნიც კი საყვედურობენ. რა თქმა უნდა, ეს შექსპირული დრამატიზმით წარმოჩენილი ბრძოლაა, რომელიც აღაზას სულიერ სამყაროში დიდ რყევას, გულის ჭიდილს იწვევს, მაგრამ იგი საკუთარ თავზე იმარჯვებს.  ერთ მხრივ, ხათრი აქვს თემისა:

„მეორით – ღმერთი აშინებს,

ქისტეთის მტრისა მოზარეს

თავს რისხვას გადმოადინებს.

ეს ფიქრი გონებისაა,

გული თავისას შვრებოდა,

კაცის კაცურად სიკვდილი

გულიდამ არა ჰქრებოდა“.

ქისტების მოკლული ზვიადაური აღაზასთვის არა მხოლოდ უცხო კაი ყმა, არამედ „ლამაზი ძმაა“, რომლის ხსოვნის სამხილსაც ინახავს:

„აიხსნა დანა, მიჰმართა

ზვიადაურსა იმითა,

ააჭრა ნიშნად, სახსოვრად

სამი ბალანი პირითა,

ჩიქილის ტოტში შეხვია

ბროლის თითებით თლილითა…

….

„უნამუსოვო”! მისძახდენ

ტანდაწკეპილნი დეკანი,

ბალახნი, ქვანი, ქვიშანი,

იმ არე-მარეს მდებარნი.

აგერ, საფლავით ამოდგა

მისი მკვდარი ძმა ებარი,

თავის ტოლებში უსწორო,

ქისტეთს გათქმული მხედარი.

თან მიჰკიოდა თავის დას,

სიტყვა პირს მოსდის მჭეხარი:

„ვაჰ, დაო, დაო, რა მიყავ?

რისხვა რად დამეც მედგარი?

მეორეს საფლავში ჩამდევ,

ერთს სამარეში მდებარი!“.

დევების გამოკიდების „ტყუილი ამბის“   გამო არ ამუნათებს ჯოყოლა ცოლს. აღაზამ ამ „ზღაპრით“ სამყაროს ის კანონზომიერი სიმართლე გამოთქვა, რომელიც  ბოროტებასა და სიკეთეს შორის დაუსრულებელ ბრძოლას გულისხმობს. დევი, გველეშაპი თუ გველი მითოლოგიურად ერთი რიგის წყვდიადის მოციქულნი არიან, რომლებიც ჩანთქმას უპირებენ მზეს, მთვარესა თუ ვარსკვლავებს, აღაზასაც „სხივმიხდილ ვარსკვლავად“ აქცევენ, მაგრამ ვერ დაამარცხებენ. ყოველივე იმას, რაც სიცოცხლეს აცისკროვნებს, „უფსკრულს“ გადალახავს აღაზა. ის ამაყად აიღერებს ყელს მზისაკენ, როგორც უმშვენიერესი, ნაზი პირიმზე: „და უფსკრულს დასცქერს პირიმზე/ მოღერებულის ყელითა“. პირიმზეს სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნება კი იმ სიწმინდეს, სიკეთეს, სიყვარულს, რწმენას გულისხმობს, რომელსაც სიკვდილი არ უწერია. მკითხველსაც უჩნდება განცდა, რომ „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია“ (რუსთაველი).

ჯოყოლას მიერ გადადგმული პირველი გაბედული ნაბიჯები, თემთან დაპირისპირებისა, ზვიადაურის, როგორც სტუმრისა და ვაჟკაცის დაცვისა, აღაზამ გააგრძელა. მან თემის  საუკუნეებით განმტკიცებულ ტრადიციას, „დაწერილი კანონის“ რანგში აყვანილს, უღალატა. უცხო დაიტირა: „სიკვდილსა გლოვა უხდება, მკვდარ ძმას ტირილი ძმისაო“. აღაზასთვის ეს იყო  საკუთარ თავთან  ბრძოლის მოგება, უდიდესი გამარჯვება. ვგულისხმობთ იმას, როგორ საყვედურობენ ამ საქციელს სულიერ-უსულონი, რომლებიც სიზმარ-ცხადში აწამებენ, მიუტევებელი  ცოდვის შეგრძნებას უმძაფრებენ, დანაშაულის განცდას უჩენენ. როგორც თამაზ   ჩხენკელი წერს: „ჯოყოლა, ზვიადაური და აღაზა, ღვთისშვილთა მსგავსად, ერთურთის სტუმარ-მასპინძელნი და მოდე-მოძმენი არიან. ასეთივე „მოძმე”, ანუ „ლამაზი ძმაა” ალუდასათვის მუცალი. „ლამაზი” მზიური ღვთაებების ეპითეტია“ („ტრაგიკული ნიღბები“).

თავისი პერსონაჟის ამ გასაოცარმა ნაბიჯმა „გააოცა“ თვითონ ვაჟა-ფშაველაც. ალბათ ამიტომაც დასჭირდა ამდენი დრო მისი საქციელის შესაფასებლად: „იმ ადგილმა, როცა ქმარი ჯოყოლა ჰკითხავს ცოლს, აღაზას, ნამტირალევი რადა ხარო, ამის გამო ცოლ-ქმარის ბაასმა მთელი ორი თვე შემაჩერა. ნამეტნავად იმ ადგილმა გამოიწვია ჩემში სულიერი რყევა, თუ რა პასუხი უნდა მიეცა ჯოყოლას ცოლისთვის, როგორ შეჰხვედროდა აღაზას სიტყვებს, როცა იგი ეუბნებოდა ზვიადაურზე: „ცრემლები შემიწირია იმ შენი მეგობრისთვისაო“ (ვაჟა-ფშაველა, „კრიტიკა ბ. იპ. ვართაგავასი“).

ვაჟა-ფშაველამ მოულოდნელი „კონფლიქტი“ ცოლქმრული ეჭვიანობის ვიწრო ჩარჩოდან  გაიტანა და სამყაროულ კონტექსტში გაშალა. ამ კონტექსტში კი ჯოყოლა და აღაზა ერთარსნი არიან, ერთი დიადი სულის, სიყვარულის, ღვთის,  ხორცშესხმული ხატებანი. აღაზამ ჯოყოლას გულისთქმა გამოიცნო, რეალურად, ეს ერთი სულია ორ სხეულში, ისინი ერთი სულისკვეთებით მოქმედებენ, რომელსაც სიყვარული ასაზრდოებს. ეს არის გამოღვიძება, გასხივოსნება, იმ დიდ სინათლეში შესვლა, რომელიც მწვერვალზე დაინთება. აქ  აღაზა, ჯოყოლა და  ზვიადაური ღვთის სახლში, სასუფეველში სხედან და მეგობრობის, და-ძმობის, თანაგრძნობის, სიყვარულის არსს ჭვრეტენ, ან, უკეთესად თუ ვიტყვით, თვითონვე არიან ხორცშესხმული იდეები, რომლებიც მარადიულად იარსებებენ, გადარჩებიან, მიუხედავად  მათი  განუწყვეტელი ჩაქოლვისა, მოკვეთისა, განადგურებისა („როცა მათ ჰხედავს ერთადა /კაცი, ვერ ძღება ცქერითა“). კოსმოსი ისევ იკრებს ძალას და იმარჯვებს. აქაც (ისევე, როგორც „ბახტრიონში“) ქაოსს, გველეშაპს, ლუხუმის ჩასათქმელად რომ მიემართება, სახეს უცვლის. დიდი სინათლის წინაშე სიბნელე უძლურია, ისიც ტრანსფორმირდება და სიკეთის ნაწილად იქცევა, ე.ი. თავის საწყისს უბრუნდება, რადგან ბოროტება უარსოა, ის მხოლოდ მოკლებული სიკეთეა (ფსევდოდიონისე არეოპაგელი).

ანტიგონესა და აღაზასთვის, ორივესთვის, ადამიანური მოვალეობა, სინდისით ნაკარნახევი, უზენაესია. ანტიგონე შეშინებულ დას, ისმენეს, ეუბნება კრეონზე: „ის ვერ დამიშლის ვალის სრულყოფას“. „მე მირჩევნია ქვესკნელის ღმერთთა პატივისდება, სად სავანეა სამარადისო, ვიდრე უფალთა ამქვეყნისათა“. მას არ ეშინია სიკვდილისა: „ვინც ჩემებრ მარად ტანჯულ-გვემულა, მისთვის სიკვდილი ნეტარებაა!/ და თუ ასეთი მომელის ხვედრი, შვება იქნება! მაგრამ ღვიძლი ძმა დაუმარხავი მე რომ დამეგდო, ღმერთთ შევცოდავდი“.  ანტიგონე, ნაზი და უმწეო, თითქოს ზეციდან მოიკრებს ძალებს და  ამბობს: „მე გავჩენილვარ სიყვარულისთვის“, კრეონი ცინიკურად შეეპასუხება: „მაშ, წადი მკვდრებთან და იქ გიყვარდეს“. ანტიგონეც მიდის, რადგან ის გზა, რომელსაც ირჩევს, სულიერ ბრმათათვის  უხილავი სინათლისკენ მიემართება.

როგორც ვიცით, ანტიგონეცა და აღაზაც  თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს. ამგვარადაც გამოხატავენ თავიანთ არჩევანს. ისინი  თავიანთი ბედს თვითონვე გადაწყვეტენ.  როცა ანტიგონე ამბობს: „ტიალი, სულმთლად ობლად შთენილი / ცოცხლივ სამარეს მივეშურები“, უპირველესად, სულიერ სიობლეს გულისხმობს. მას, მართალია, გამოექომაგნენ (უპირველესად, ბრმა მისანი ტირეზია), მაგრამ მეფეს გადაწყვეტილება ვერ შეაცვლევინეს, გადარჩენა ვერ შეძლეს, კრეონის ძალას წინ ვერ აღუდგნენ. ის კი მხოლოდ თავს დამტყდარი უბედურების შემდეგ მიხვდა თავის „სიბრიყვეს“. ანტიგონე არ დაელოდა კრეონის სასჯელის აღსრულებას, რაც იმ აკლდამაში სიკვდილს გულისხმობდა და თავი ჩამოიხრჩო. კარგად შენიშნავს პიესის მთარგმნელი პეტრე ქავთარაძე: „ანტიგონე თვს სწირავს საკუთარ სრულყოფას. მისთვის მამის სიყვარული, ძმის წინაშე მოვალეობის შესრულების აუცილებლობა, პირველ ყოვლისა, მისი სინდისის, მისი უმაღლესი ადამიანობის დაკისრებული უმაღლესი და გარდაუვალი კანონია“.

სასოწარკვეთილი, მთელ სამყაროში მარტო დარჩენილი აღაზა ამბობს:

„- რაღად ვიცოცხლო, რიღასთვის?

ამას ჰფიქრობდა ქალია. –

ქისტეთში ჩემი ერთგული

კენჭიც კი არსად არია“.

ამ თემაზე სხვაც ბევრი რამ შეიძლება თქმულიყო. აქ ერთ საკითხსაც შევეხებით. „არის თუ არა აღაზას ზვიადაურისადმი თანაგრძნობაში სატრფიალო ნიუანსი?“ – ამგვარ კითხვას ვხვდებით თამაზ ჩხენკელის არაჩვეულებრივ ნაშრომში „ტრაგიკული ნიღბები“. ავტორი ვრცლად მიმოიხილავს ამ საკითხს: „მართებულად აღნიშნავს გრიგოლ კიკნაძე, რომ „ფაქტებზე დიდი ძალადობის შედეგი იყო, როდესაც ზოგიერთმა კრიტიკოსმა ზვიადაურისადმი აღაზას თანაგრძნობაში სატრფიალო ნიუანსი დაინახა”. ჩხენკელის აზრით, ვაჟას ზღვარი აქვს გავლებული გონების ფიქრსა და გულს შორის. „გული” აღაზას დაუთრგუნველი, ქვეცნობიერი სწრაფვის გამომხატველია, ხოლო „გონების ფიქრი” ცნობიერი სიფხიზლისა. მისი საგულისხმო დაკვირვების მიხედვით, აღაზას ნაამბობში „დევი” აშკარა ეროტიკული შტრიხით არის წარმოდგენილი. მისი ნაამბობი მისივე ქვეცნობიერი სწრაფვის ცენზურაქმნილი და ამიტომ ნეგატიურად ინტერპრეტირებულია. დევი ხელებს იწვდის აღაზასკენ („ნეტავი იმას, ვინაცა მაგის მკლავზედა წვებოდა”). დევს „მყრალი კანი” აქვს („ვისიცა მკერდი, აწ კრული, მაგის გულმკერდსა სწვდებოდა”). ეს კანი „ჯერაც თვალებში უელავს” აღაზას (ზვიადაურის სიკვდილი მას „თვალებში ელანდება”). დევი ცოლობას სთხოვს აღაზას: „ჩემთან წამოდი, ჩემთან იცხოვრე, ქალაო” („ნეტავი იმას, – ე.ი. ზვიდაურის ცოლს, – ოდესმე ქმრის ტრფობა გაუცვდებოდა?”) და შეძრწუნებული აღაზა გამორბის სახლისკენ, მაგრამ მისივე ძლიერი ქვეცნობიერი სწრაფვის განმასახიერებელი „დევი” ღრიალით მოსდევს უკან…“. თამაზ ჩხენკელის აზრით,  „არავითარ „ტრფობაზე” და მით უმეტეს, „ეშხით ანთებაზე” ლაპარაკი არ შეიძლება აქ“.  იგი ფიქრობს, რომ „აღაზას ზვიადაურისადმი თანაგრძნობა უბრალო, ჩვეულებრივ გრძნობაზე მეტი რამ არის… ამ განცდის არაცნობიერში დამარხული ფესვი ეროტიკული ხასიათის იმპულსზე მიგვანიშნებს (ვაჟას აქცენტირებული არა აქვს ეს იმპულსი. იგი თავისთავად ჭვივის აღაზას ფიქრებში, ქცევასა და ნაამბობში), ხოლო მის ცნობიერში დადგინებული სახე ყოვლისგადამლახველ, ზნეობრივად სრულყოფილ, უნივერსალიზმამდე ამაღლებულ „თანაგრძნობას” გვიმხელს…. „სხივმიხდილი” ვარსკვლავი ქვესკნელში ეშვება, რათა „გარდაცვლილი” კვლავ შედგეს კლდის თავზე და ღვთაებრივმა მოდემ კვლავ იპოვოს თავისი ღვთაებრივი მოძმე“ („ტრაგიკული ნიღბები“).

ამგვარად, ანტიგონე და აღაზა ღვთაებასთან წილნაყარი, ზეციური სამყაროდან ადამიანთა „გასაღვიძებლად“ მოსული სინათლის სხივები არიან, მსოფლიო ლიტერატურის „მარგალიტები“, გამორჩეულები, მარგალიტად თვითონვე რომ გარდაქმნეს თავიანთი სულები („ეკერებოდა გულ-მკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“), „ძნელად მოსაპოვებელნი“ („მარგალიტი არვის მიხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად“). ისინი სახარებისეულ მარგალიტებსაც მოგვაგონებენ, ღორები რომ თელავენ, მაგრამ „ნათელი იგი ბნელსა  შინა ჩანს და  ბნელი იგი მას ვერ ეწია“ (იოანე, 1,5).

 

 

[ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი – იარლიყს მიღმა

0

ზარმაცი ვარ. ზოგჯერ ეს წინადადება არა მხოლოდ მოსწავლის დახასიათება, არამედ – ირგვლივმყოფებსა და მოსწავლეს შორის არსებული შეთანხმებაა, რომელიც დამატებით ნაგულისხმევ მნიშვნელობებს მოიცავს. მაგალითად:

  • [ზარმაცი ვარ], შესაბამისად, სწავლის სურვილი არ მაქვს.
  • [ზარმაცი ვარ], შესაბამისად, წარუმატებელი ვარ.
  • [ზარმაცი ვარ], შესაბამისად, ნურაფერს ელით ჩემგან: ნურც მიღწევებს, ნურც მიღწეულის გაუმჯობესებას.

* * *

ხშირად, სიზარმაცეს იმ მოსწავლეებს მიაწერენ, რომელთა ქცევებიც სწავლის სურვილის ნაკლებობად ფასდება. რატომ არ შეასრულა დავალება ამჯერად მაინც? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ სწავლის სურვილი არ აქვს. ანუ, ზარმაცია.

დროთა მანძილზე, მოსწავლე იწყებს ამ შეფასებით სარგებლობას.

როგორ შეუძლია, მოსწავლეს გამოიყენოს ეს შეფასება თავის სასარგებლოდ?

როდესაც ამ საკითხებში გათვითცნობიერებისთვის მცირე დრო მაქვს ან, უბრალოდ, არ ვიცი, როგორ გადავჭრა ის ამოცანები, რომლებიც ჩემ წინაშეა, გაუცნობიერებლად ზარმაცის იარლიყს მივმართავ დასახმარებლად. რატომ?

დადგენილია, რომ ადამიანები უჩვეულოდ იქცევიან მნიშვნელოვან გასაუბრებამდე ან გამოცდამდე ერთი დღით ადრე. შესაძლოა, მათ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი მიიღონ ან გვიანობამდე შემორჩნენ მეგობრებთან ერთად რომელიმე ბარში, სადაც გამოფიტვამდე ცეკვავენ. კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება ასე მოიქცე მნიშვნელოვან მოვლენამდე ერთი დღით ადრე, ერთ – ერთი მამოძრავებელი ასე ჟღერს: თუ მე წარუმატებლად ჩავაბარებ გამოცდას ან გასაუბრებაზე ჩემს მონაცემებს დაიწუნებენ, მე შევძლებ, ეს არა ჩემი უუნარობით, არამედ ჩემი მდგომარეობით ავხსნა. ამიტომ, გაუცნობიერებლად, წინასწარ ვქმნი ჩემი ქცევის ისეთ ახსნას, რომელიც უუნარობის განცდას განმარიდებს: დამიცავს ამ განცდისგან. ნაბახუსევი ვიყავი, ამიტომ, ვერ ვაზროვნებდი, უუნარო კი არ ვარ. ცეკვამ გამომფიტა, ალბათ, ისე შთამბეჭდავად ვერ ვმეტყველებდი, უუნარო კი არ ვარ.

ასევე მოქმედებს ადამიანებზე იარლიყი – [ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი.

ხშირად, ფორმულირება − [ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი − ადამიანებს აფიქრებს იმაზე, რომ მათ უნარიანობაში ეჭვი არავის ეპარება. ეჭვი ეპარებათ იმაში, უნდა თუ არა ადამიანს სწავლა. შესაბამისად, უუნარობის განცდისგან უცნაურად, მაგრამ, ამჯერადაც, დაცული ვართ.

თუმცა, ეს მანამ, სანამ იარლიყი – [ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი – არ გამოიწვევს ჩემი უნარიანობის განცდის სრულ ამოწურვას, რადგან უნარიანობის განცდას ისევე სჭირდება ზრუნვა, როგორც პასუხისმგებლობის უნარის განვითარებას.

დროთა მანძილზე, ჩემი მიღწევები მეხსიერების მიუვალ კუნჭულებში გადაინაცვლებს, სიცინცხლეს დაკარგავს, უფრო და უფრო გამიჭირდება საკუთარი თავის, როგორც უნარიანი ადამიანის შეფასება და წინ უნარიანობის განცდის ნაკლებობა წამოიწევს.

ამდენად, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან თუ სხვებთან დაკავშირებით ასეთი კითხვა დავსვა:

  • ჩემი [ან ჩემი მოსწავლის] ქცევებს ნამდვილად შესატყვისად ახასიათებს იარლიყი – [ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი?
  • ჩემი მოსწავლის ქცევები ნამდვილად სწავლის სურვილის ნაკლებობაზე მიანიშნებს, თუ არსებობს ამ ქცევის სხვა მამოძრავებელი?

ქმედების დაწყების გადავადებას, რომელსაც პროკრასტინაციასაც უწოდებენ, სხეულებრივი საფუძვლების გარდა, ფსიქიკური მამოძრავებლები და კონკრეტული მიზნები აქვს. ხშირად, ქმედების დაწყების გადავადებისკენ მიდრეკილ ადამიანებს არათუ სწავლა არ უნდათ, არამედ – განსაზღვრული ემოციების და საკუთარ თავთან დაკავშირებული დადებითი წარმოდგენების დაკარგვა არ სურთ.

ქმედების დაწყების გადავადებას რამდენიმე მიზეზი აქვს.

#1 – სრულყოფილებისკენ დაუოკებელი სწრაფვა[1]

ეს პიროვნული თავისებურება შესაძლოა იქცეს როგორც საშუალებად, ასევე – თვითმიზნად. ადამიანების ნაწილი, რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, აცნობიერებს, რომ სრულყოფილება რომც არსებობდეს, მისი მიღწევა თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ცდილობენ, სრულყონ ცოდნა, განივითარონ უნარები და შეუძლიათ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ასეთი ადამიანები აცნობიერებენ, რომ ცოდნის გამდიდრება არ ნიშნავს იმას, რომ არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები ან გასაუმჯობესებელი უნარი. თუმცა, მათთვის ეს თვისება შემეცნების იარაღია. ხოლო ადამიანები, რომელთათვისაც სრულყოფილება თვითმიზანია, ხშირად, თავს იცავენ სხვა, მათთვის მეტად არასასურველი მოლოდინების ახდენისგან. შესაძლოა, ამ თავისებურების მქონე ადამიანებისგან ხშირად მოისმინოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა:

  • თუ ბოლომდე ვერ გაიგებ რამეს, რა აზრი აქვს რაიმეს სწავლის დაწყებას?
  • თუ ყველა საგანში ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად არ მეცოდინება, რა აზრი აქვს სწავლას?

#2 – სტრესორებზე რეაგირების თავისებურება

შესაძლოა, თქვენმა მოსწავლემ ჩათვალა, რომ ტექსტში მეტისმეტად ბევრი უცნობი სიტყვა, ცნება ან ფორმულაა. შფოთვასთან გამკლავებისთვის, ზოგიერთი მოსწავლის გონება ოცნებით, დავალებასთან დაუკავშირებელი აზრებით, ემოციებითა და ქცევებითაა გატაცებული.

აღიარეთ, ვის არ დაგვილაგებია სახლი ან ვის არ გვითვალიერებია ნაცნობ – მეგობრების ფოტოები მთელი დღის მანძილზე, ოღონდ, იმ ტექსტის კითხვა არ დაგვეწყო, რომელშიც უამრავი უცნობი სიტყვა, ცნება თუ ფორმულაა? ან, ვის არ გაგვიტარებია მთელი დღე საუბარში, ოღონდ, იმ ტექსტის წერა არ დაგვეწყო, რომელიც ჩვენგან დიდი ძალისხმევის გაღებას მოითხოვდა?

ზოგჯერ გარემოს მოთხოვნები მეტისმეტია ჩვენი მოსწავლეებისთვის: ახალი ცნებები, ტერმინები, ფორმულები, მათი ისტორია, ფორმულების გამოყენება და ა. შ.

#3 – ძირითადის მეორეხარისხოვნისგან განსხვავების სირთულე

რომელი ფერის კალმით დავწერო ეს ესე? მობილურში დავიწყო წერა, თუ კომპიუტერში? იქნებ, სჯობს, ელ – ფოსტაში ავკრიფო, შეინახებოდა. სამუშაო ფურცელი ყვითელი იყოს თუ თეთრი? წერის დაწყება დილით საუზმემდე სჯობს, თუ გვიან ღამით?

თითოეული ამოცანა მოიცავს ძირითადს და მეორეხარისხოვანს. ზოგჯერ მოსწავლეს უჭირს, განსაზღვროს, რამდენად აისახება ან აისახება თუ არა რომელიმე დეტალის გაუთვალისწინებლობა დავალების შესრულების ხარისხზე.

მოსწავლეებს უჭირთ, ერთმანეთისაგან პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვნისგან განასხვაონ.

ამდენად, სასურველია, ინსტრუქციები მათდამი მოლოდინებსაც ზუსტად ასახავდეს.

მაგალითად, რატომ არის მნიშვნელოვანი თემის სიტყვების რაოდენობის განსაზღვრა? დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ მოსწავლეები დროს და ძალისხმევას არ ხარჯავენ ისეთ საკითხზე ფიქრში, რომელსაც, თურმე, პასუხი, საერთოდაც, არ აქვს და გამოცნობანას[2] თამაშობენ: არავინ იცის, რამდენი სიტყვისგან შედგენილ თემას ელიან მისგან. თუმცა, ზოგიერთ მოსწავლეს მასწავლებლის მოლოდინებთან თემის სიტყვების რაოდენობის შესაბამების ძლიერი სურვილი ეუფლება, რაც თავად წერის დაწყებას ართულებს.

#4 – შედეგების განუსაზღვრელობა და განუსაზღვრელობის აუტანლობა

ზოგიერთი მოსწავლე დიდი ხნის მანძილზე ფიქრობს ქმედების შედეგებზე. მაგალითად, რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ ისეთ თემას დაწერს, რომელიც მასწავლებელს ან მის ძვირფას ადამიანებს მოლოდინს გაუცრუებს? როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში? შეძლებს, მომდევნო თემა წარმატებით დაწეროს?

მოსწავლეებს წარმოსახული შედეგები აშფოთებთ. იმ შემთხვევაში, თუ მე დროებით გადავავადებ თემის დაწერას, შევძლებ, განვერიდო იმ შედეგებზე ფიქრსაც, რომელიც ჩემთვის ავისმომასწავებელია. ჯერ ვითამაშებ, შემდეგ – მეგობრებს დაველაპარაკები, შემდეგ ცოტა დროს ოცნებასაც დავუთმობ და ასე გადავავადებ უსიამოვნო შედეგებზე დამაფიქრებელი დავალების შესრულების დაწყებას.

ამ შემთხვევაში, მე გაუცნობიერებლად ვირჩევ, განვერიდო შფოთვის განცდას და ისეთი აქტივობები განვახორციელო, რომლებიც თავს უნარიან ან სასურველ ადამიანად მაგრძნობინებენ.

#5 – ვერ ვიგებ, რისთვის ვაკეთებ ამას

ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს დავალების მიზნის წვდომა. ხშირად, მათ სჭირდებათ ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რ ი ს თ ვ ი ს ასრულებენ განსაზღვრულ დავალებას. ზოგიერთი მათგანი უხალისოდ დაჰყურებს დავალებას და განმეორებით უსვამს საკუთარ თავს კითხვას: „ბოლოს და ბოლოს, რატომაა ამ დავალების შესრულება ჩემთვის მნიშვნელოვანი? რას ვისწავლი ახალს?“

შესაძლოა, დავალების მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება მოსწავლის ქცევის მამოძრავებელი და გზამკვლევი გახდეს.

„რას ისწავლით ამ დავალების შესრულების შემდეგ? ეს დავალება მიზნად ისახავს,…“

#6 – არ ვიცი, როგორი ვიქნები მომავალში, თუმცა, ვიცი, როგორი ვარ ახლა

რა მოჰყვება შეცდომის დაშვებას? აღფრთოვანდებიან თუ არა ჩემი მოხსენებით? იქნებ, მოხსენების დროს, ნასწავლი დამავიწყდეს და შევრცხვე? შევძლებ, ამდენი სიახლე გავითავისო? ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ის, რომ ამდენი რამ არ მცოდნია? რას ვიფიქრებ ჩემზე, თუ სიახლის ან სირთულის პირისპირ აღმოვჩნდები? უუნარო ვარ, ზარმაცი, თუ…?

#7 – არ ვიცი, რომელი ნაბიჯი რომლის შემდეგ გადავდგა

ზოგჯერ მოსწავლეებს უჭირთ დავალების შესრულებისთვის შესატყვისი ნაბიჯების თანმიმდევრობის განსაზღვრა. როგორც წესი, ეს უნარი დაგეგმვის უნარის განვითარების ერთ – ერთი მაჩვენებელია. დაგეგმვის უნარი კი მცირეწლოვან მოსწავლეებს, როგორც წესი, ჯერ კიდევ დაუხვეწავი აქვთ, ხოლო მოზარდ მოსწავლეებს, თავის ტვინის განვითარების თავისებურებებისგან გამომდინარე, უჭირთ ქცევის შედეგების გაცნობიერება. შედეგების გაუთვალისწინებლად განხორციელებული ქცევაც და ქცევის განხორციელებისგან თავშეკავებაც, ხშირად, ქმედების თუ უმოქმედობის შედეგების სრულფასოვნად გათვალისწინების განსავითარებელი უნარის შედეგია.

შესაბამისად, შეგვიძლია, დავალების შესრულების ინსტრუქცია იმასაც მოიცავდეს, რომელი ნაბიჯი რომლის შემდეგ უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ შევამციროთ ნაბიჯების თანმიმდევრობის განსაზღვრის თანმხლები შფოთვა ან ვცადოთ, გაკვეთილის ნაწილი მაინც დავუთმოთ დავალების შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯების თანმიმდევრობის განსაზღვრას.

ამ შემთხვევაში, სასურველია, მოსწავლე ორ კითხვაზე დაფიქრდეს:

ა) რომელ ნაბიჯებს გადადგამთ იმისათვის, რომ დავალების შესრულება შეძლოთ?

ბ) რომელ ნაბიჯს რომელი ნაბიჯის შემდეგ გადადგამთ იმისათვის, რომ დავალების შესრულება შეძლოთ?

* * *

რომ შევაჯამოთ, ქმედების დაწყების გადავადება საკუთარ თავზე გაბატონებული დადებითი წარმოდგენების შენარჩუნებას ემსახურება, რომელთა დაკარგვაც არ მსურს.

და მერე, როდესაც მასწავლებლები და მშობლები მოტივირების მათთვის ნაცნობი გზების წარუმატებლობის და მარცხის განცდისგან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მომაკუთვნებენ ზარმაცი ადამიანის იარლიყს… ნუთუ არ განვიცდი?

განვიცდი… თუმცა, მთავარია, აქ და ახლა, როდესაც აქამდე უცნობის წინაშე აღმოვჩნდი, თავი ხელებში ჩავრგე და არ ვიცი, რა ვქნა, უუნარობის განცდას დავეხსნა: წიგნი დავხურო და რამდენიმე საათით კიდევ გადავავადო ამ განცდის წინაშე ყოფნის აუცილებლობა.

[1] Perfectionism

[2] Mindreading

პირველი წლის „შემაჯამებელი“ (ნაწილი 1)

0

„თუ დრო არ გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას.“ ასე იწყებს გოდერძი ჩოხელი თავის რომანს, „ადამიანთა სევდა.“ ხოდა, აქაც, რაღაც ეგეთი ამბავია… ამიტომაც, მეც მას მივბაძავ და ეგრე დავიწყებ.

ეს სტატია არც შემაჯამებელ დავალებას ეხება და არც რაიმე მსგავსს. ეს არის ჩემი მასწავლებლობის პირველი წლის გამოცდილების შეჯამება. უფრო – გახსენება და ზოგადი შეფასება. რა გავაკეთე, რა ვერ გავაკეთე, რა მეგონა და რა – არ მეგონა. მოკლედ, დავიწყებ და ვნახოთ, რა გამოვა.

მოკლე შესავალი

ე. ი. დასაწყისში უნდა ვთქვა, რომ ჩემი საქმიანობა განათლების კოალიციაში, ასევე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტი და სხვა კავშირები, ბუნებრივია, დამეხმარა იმაში, რომ მასწავლებელი გავხდი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლობა პირველად 2015 წელს ვცადე, თუმცა, გასაუბრების შემდგომ ჩემი კანდიდატურა არ შეირჩა.

მიზეზებზე, თუ რატომ მომინდა მასწავლებლობა, ბევრს არ დავწერ. ორი მიზეზი აქვს –  პრაგმატული და მეორე:

  • პრაგმატული – ძალიან ახლოს არის ჩემს საქმიანობასთან და მინდოდა, ეს გამოცდილება მქონოდა;
  • მეორე – ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა სირთულეების გადალახვა და გამოწვევები; მაგალითად, ფეხბურთის თამაშის დროს, ვცდილობდი ყოველთვის ყველაზე რთული მეტოქე „ამეყვანა.“ სხვა სპორტშიც ყველაზე კონკურენტული ადამიანები მიყვარს – მაგალითად, კობი ბრაიანტი; განათლების კოალიციაშიც ვცდილობთ, სულ ასეთ საქმეებს შევეჭიდოთ. მაგალითად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. მოკლედ, მასწავლებლობა უფრო საკუთარი თავის ტესტი იყო. მეორე მხრივ, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. აქვე ვიტყვი, რომ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული მასწავლებლობისათვის. თუმცა, მაინც გავრისკე. ბუნებრივია, ვაანალიზებდი ყველა იმ რისკს, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლდა (ასეთი კი ბევრი იყო).

რაც შეეხება სკოლებს, პირველი არჩევანი იყო შედარებით პერიფერიული სკოლა, სადაც ბევრი გამოწვევა მექნებოდა. არც თუ ისე ხანგრძლივი ძიებისა და სკოლის ადმინისტრაციასთან ინტერესების თანხვედრის შემდგომ, გავიარე გასაუბრება და ყველა ის პროცედურა, რაც მომეთხოვებოდა. საბოლოოდ, დავიწყე მუშაობა თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში. კონკრეტულად, ორი კლასი მყავდა. ორივე მეშვიდე.

ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე ხანში, ჩემმა მეგობარმა, ამ ჟურნალის მკითხველთათვის ( არა მხოლოდ მათთვის) კარგად ნაცნობმა ნათია ფურცელაძემ დამირეკა და შემომთავაზა, სკოლა ქორალში დამეწყო სწავლება. მოკლედ, იმდენად დამაინტრიგა, რომ სხვა გზა არ მქონდა. შესაბამისად, 2019 წლის სექტემბრიდან არა ერთ, არამედ ორ სკოლაში და 8 კლასში დავიწყე სწავლება.

რა გავაკეთე და როგორ – კორონამდე და კორონას შემდეგ

პირველი ნაწილი – კორონამდე

პირველი დღე და პირველი კვირა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველივე გაკვეთილზე ჩავაგდე ინტრიგა და დავიწყე სკოლის კრიტიკა (არ გამიჭირდებოდა). თავიდან, მიყურეს, ეს მოგზავნილიაო, მაგრამ შემდეგ, სულ ცოტა ხანში, ძალიან კარგი დისკუსია გავმართეთ. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და, წლის ბოლოს, მე მგონი, ყველანი კმაყოფილები ვართ. მეორე გაკვეთილზე გადამღები ჯგუფი მოვიდა სიუჟეტის ჩასაწერად და ამითაც ძალიან ბედნიერები იყვნენ. მახსოვს, ყველას მაშინ უნდოდა აქტიურობა.

დისკუსიების გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ბავშვები სკოლის გარეთ გამეყვანა, ხანდახან, თუნდაც, სხვა გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე. ბუნებრივია, „გარე გაკვეთილები“ თვითმიზანი არ იყო და გარკვეული გასართობი, განმავითარებელი, დასამახსოვრებელი და დასაფიქრებელი აქტივობები უნდა მომეფიქრებინა. საბოლოოდ, მოვახერხეთ და წავედით უამრავ ადგილას – ექსპერიმენტორიუმი, ილუზიების მუზეუმი, თავისუფალი თეატრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი და ა. შ.

გარე აქტივობებთან ერთად,  მოწვეული სტუმრების მეშვეობით, შევეცადე მათი სააზროვნო არეალის გაფართოებას, ანუ მათ ისეთ თემებზე დაფიქრებას, რაზეც იქამდე არ უფიქრიათ. მსურს, ყველა  ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ასეთები კი, საბედნიეროდ ბევრნი არიან: დაჩი ნანობაშვილი, თემო სუყაშვილი, ნინო ზაუტაშვილი, ირინა ჭოჭუა, ნათია გოცაძე, პავლე თვალიაშვილი.

ასევე, პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილებზე ვიდეო რგოლების გამოყენება. ხშირად ვიყენებდი „რადიო თავისუფლების“ ან ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ვიდეოებს. მაგ. ვიდეოში – „ვერის აღმართი შესვენებით“ – მთელი ცხოვრებაა  გადმოცემული. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბავშვებს სიკეთისაკენ უბიძგებს და სწორი ღირებულებებისაკენ განაწყობს. ვიდეოში – „გარდაცვლილებსაც სჭირდებათ სამართალი“ – უამრავი ისეთი საკითხია, რასაც სამოქალაქო განათლება ასწავლის. როდესაც მოსწავლეებს ვთხოვე, ჩამოეთვალათ ეს საკითხები და დაესაბუთებინათ რატომ, გაკვირვებულიც კი დავრჩი, იმდენი რამე ჩამოთვალეს: უთანასწორობა, სიღარიბე, შრომითი უფლებების არარსებობა, ბავშვთა შრომა, ემიგრაცია და, ამ მხრივ, არსებული პრობლემები, საბინაო პოლიტიკა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უპასუხისმგებლობა, „გამოძიება,“ საზოგადოების როლი და დამოკიდებულება ასეთი საკითხებისადმი და ა. შ.

დაბოლოს, ძალიან მეხმარებოდა დოკუმენტური ფილმები და დოკუმენტური მასალები. მაგალითად, „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს,“ ფანტასტიკური ფილმი, რომელიც ბევრი მიმართულებით დააფიქრებს ადამიანს. ამ მხრივ, სკოლა „ქორალში“ დავიწყეთ დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზება და დიდი გეგმები გვქონდა, სადაც ბავშვებს თავად უნდა გადაეღოთ ფილმები.  თუმცა, პანდემიამ გაგვაჩერა. მიუხედავად ამისა, „ქორალის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის“ ფარგლებში შემდეგი აქტივობები მოვასწარით:

  • ვიზიტი მარნეულის N2 საჯარო სკოლაში და დისკუსია თანატოლებთან;
  • შეხვედრა ნინიშა ჩლაიძესთან (აქტივისტი) ცხოველთა უფლებების შესახებ;
  • შეხვედრა მედეა ხმელიძესთან (ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი) ქალთა უფლებებისა და აბორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად;
  • შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან მათი საქმიანობის გაცნობის მიზნით;
  • შეხვედრა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამისა და ჟურნალ „მასწავლებლის“ წარმომადგენლებთან;
  • ვიზიტები ქვეშის საჯარო სკოლაში და წეროვანში ოკუპაციის საკითხების განსახილველად;

შედეგად, პირველ რიგში, მივიღე ის, რომ მაქვს კარგი ურთიერთობა ბავშვებთან. მეორე მხრივ, გაიზარდა მათი თვალსაწიერი, ისეთ რაღაცებზე დაიწყეს ფიქრი, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ. გარდა ამისა, სულ სხვა პერსპექტივიდან დაინახეს ის საკითხები ,რასაც მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილავდნენ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე – შეეცვალათ დამოკიდებულება თავად საგნის მიმართ და დაინახეს მისი მნიშვნელობა.

ამ ყველაფრით იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ პირველ წელს დიდი მიღწევები მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, გარკვეული დადებითი ეფექტი მოვახდინე როგორც ბავშვებზე, ასევე სკოლაზე. არა ისეთი, როგორიც მინდოდა, თუმცა – მაინც დადებითი. ბუნებრივია, იმასაც ვაანალიზებ, რომ ჩემი პოზიცია (და კიდევ ბევრი სხვა რამ) დამეხმარა, სხვებისთვის რთულად მისაწვდომი რაღაცები გამეკეთებინა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველას რაღაც შეგვიძლია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმის მისაღებად.

რამდენად გამომივიდა, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა, ცდა ნამდვილად არ დამიკლია.

 

CK-12  პლატფორმა  – დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

0

დისტანციური სწავლების ეს ეტაპი თითქმის დასასრულს უახლოვდება. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ნებისმიერი მასწავლებლისთვის. ჩვენ  საშუალება გვქონდა  Microsoft teams-ის საშუალებით ჩაგვეწერა გაკვეთილები და შემდეგ გაგვეანალიზებინა. მოგიყვებით ჩემს ისტორიას. ყველა გაკვეთილს ვიწერდი და შემდეგ ჩემს შვილებთან ერთად ვუყურებდი ჩანაწერს. უამრავ შენიშვნას მაძლევდნენ: ხან საუბრის დროს ხმის ტემბრი არ მოსწონდათ, ხან – ოფიციალური ტონი, ხან – მოსწავლეებისთვის სამუშაოდ მიცემული ცოტა დრო, ასევე აღნიშნავდნენ, რომ მოსწავლეებს ზოგჯერ გამხიარულება სჭირდებათ. თუმცა ერთხელ უფროსმა ბიჭმა მკითხა: ,,როგორ ახერხებ, რომ მოსწავლეები შენს გაკვეთილზე არ იღლებიან?“ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დავიწყე ფიქრი. სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემი მოსწავლეები არ იღლებიან, როგორც ჩემს შვილს ჰგონია.  ჩემი მუშაობის შესაფასებლად შევადგინე კითხვარი და გავუგზავნე  მოსწავლეებს შესავსებად. გამოკითხვა მხოლოდ ჩემს გაკვეთილებს ეხებოდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ორი საჯარო სკოლის 150-მა მოსწავლემ (კვლევა ეხებოდა ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებს). შეკითხვაზე: „ახერხებდა თუ არა მასწავლებელი თქვენს დაინტერესებას?“, მოსწავლეების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ახერხებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესო სიმულაციებსა და ვირტუალურ საშუალებებს იყენებდა. აღმოჩნდნენ ისეთებიც (6 %), რომლებიც ვერ დავაინტერესე. ეს სამომავლო კვლევის საგანია.

ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ ის პლატფორმები, რომლებიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა მოსწავლეებში. უმეტესად ვსარგებლობდი კოლორადოს უნივერსიტეტის სიმულაციებითა და  საერთაშორისო პლატფორმა CK-12-ზე არსებული რესურსებით. სასიხარულოა ის, რომ კოალიცია ,,განათლება ყველასათვის საქართველო“ მისი მსგავსი პლატფორმის შექმნას იწყებს. ამ პროექტის მიზანი ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნაა. პროექტის ფარგლებში ითარგმნება რესურსები. ამ პლატფორმაზე შეიქმნება ქართველი მომხმარებლებისთვის სპეციალური გვერდი.  ქართველ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ყველა საგანში მოცემული დავალება გამოიყენონ სასწავლო პროცესში.  ასევე მასწავლებლები შექმნიან რესურსებს და განათავსებენ პლატფორმაზე. ამ პლატფორმაზე მუდმივად მიმდინარეობს ახალი რესურსების დამატება. მოცემულია კომპლექსური დავალებები. მოსწავლეების ინტერესს ძირითადად იწვევდა ის, რომ ყველა დავალება კავშირში იყო ყოფა-ცხოვრებასთან, შეკითხვა დასმული იყო მოსწავლის მოტივაციის გასაზრდელად.

https://interactives.ck12.org/simulations/chemistry.html

შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო სამუშაოს დეტალურ აღწერას

მოსწავლეების ყურადღებას იპყრობს სურათი, რომელიც აღუძრავს ინტერესს და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველა რესურსის ,,თავფურცელი“ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.

კომპლექსური  დავალება  N1:

სამიზნე ცნება: ნივთიერება  და თვისებები

,,მთამსვლელების ჩანაწერებში  და სათავგადასავლო ნაწარმოებებში ალბათ წაგიკითხავს, რომ მთაში უმჯობესია წაიღო ალუმინის ჭურჭელი და მოხარშული ხორცი. გაეცანი სიმულაციას და იმსჯელე, რატომ მიაქვთ ალუმინის ჭურჭელი?  რატომ ვერ მოხერხდება ხორცის მოხარშვა დანთებულ კოცონზე?“.

პროდუქტის სახით მოსწავლეებმა შესაძლებელია, წარმოადგინონ კვლევის ანგარიში, რომელიც შეიცავს ჰიპოთეზას, მსვლელობასა და მიღებულ დასკვნებს.

ამ სიმულაციის გამოყენებით მოსწავლემ შესაძლოა, დაადგინოს ატმოსფერული წნევის დამოკიდებულება სიმაღლეზე.

 

 

I  – ამ მწვანე წერტილზე მაუსის დაწკაპებითა და მარცხნივ მოძრაობით შესაძლებელია სიმაღლის არჩევა (სიმულაციაში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილი);

II – ყვითელ ღილაკზე დაწკაპებით ირთვება სიმულაცია და მოლეკულები იწყებენ მოძრაობას;

III – აქ მითითებულია ტემპერატურა;

IV – დიაგრამაზე ჩანს წყლის დუღილის ტემპერატურის დამოკიდებულება ორთქლის წნევაზე;

V – თეთრ და მწვანე მართკუთხედებში ჩანს ორთქლის წნევისა და ატმოსფერული წნევის ცვლილება.

(მოსწავლე უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ორთქლის წნევა და ატმოსფერული წნევა ერთმანეთს გაუტოლდება და ამ დროს დუღს წყალი).

კომპლექსური დავალება N2   ფიზიკა

,,ადამიანს სურვილი აქვს სარკეში დაინახოს საკუთარი სხეული თავიდან ფეხებამდე.  როგორ ფიქრობ, აუცილებელია ადამიანის სიმაღლის სარკე? პასუხი დაასაბუთე არეკვლის კანონის გამოყენებით“ . მოამზადე პრეზენტაცია.

https://interactives.ck12.org/simulations/physics/promnight/app/index.html?screen=sandbox&embeded=true&interactive=prom-night&subject=physics&artifactID=1732556&lang=en&assignment=true

  1. თეთრი ბურთულის გადაადგილებით შეიცვლება ადამიანსა და სარკეს შორის მანძილი;
  2. სარკის სიმაღლე;
  3. სინათლის სხივის გამოსვლის ადგილი (ხელი, ფეხსაცმელი, თავი);
  4. ყვითელ ბურთულაზე დაწკაპებით დაიწყება სხივების მოძრაობა.

მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს ცხრილები მონაცემების შესაგროვებლად (კლასის საჭიროების მიხედვით);

თითოეული საკითხი მოიცავს საჭირო ვიდეომასალას, თუმცა ინგლისურ ენაზე, ასევე საკითხავ მასალაც. ჩემი აზრით, მხოლოდ სიმულაციის გამოყენებაც მოსწავლეებს მუშაობასა და საკითხის შესწავლაში დაეხმარება. რაც მთავარია, მოსწავლე დაინახავს საბუნებისმეტყველო და სხვა საგნების  საჭიროებას  ყოველდღიურობაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://interactives.ck12.org/simulations/physics.html

https://interactives.ck12.org/simulations/chemistry.html

 

აქცენტი თანაგრძნობაზე: დისტანციური სწავლება და მასწავლებელი

0

შექმნილი ვითარების გამო და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შედეგად, ონლაინგაკვეთილები, ბევრი მოსწავლისთვის რთული აღმოჩნდა. მაგრამ მასწავლებელს შეუძლია შექმნას სივრცე, რომელშიც იგი ყურადღებით მოუსმენს ახალგაზრდებს და სწორად უხელმძღვანელებს სწავლების პროცესს.

ავტორი: რეიჩელ იორგენსენი

როგორც განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტს, დისტანციური სწავლების პირველივე დღეებიდან გამიჩნდა შეგრძნება, რომ ონლაინსწავლების პროცესი სავსეა გაურკვევლობით, უხერხულობებითა და ეჭვებით. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ არ არსებობს სახელმძღვანელო ან ინსტრუქცია, რომელიც ნათლად შემოგვთავაზებდა სწავლების პროცესის სრულად გადაყვანას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის. შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს თვითონვე უწევს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც თან ახლავს დისტანციურ სწავლებას. მე მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმისა, რამდენ არასტანდარტულ შემთხვევას აწყდებიან მოსწავლეები ონლაინკურსის დროს.

მოსწავლეს შუბლზე არ აწერია, რა სახის სიძნელეებს განიცდის ის ონლაინგაკვეთილის მიმდინარეობისას. მასწავლებლისთვის ასევე რთულია იმის გამოცნობა, რას დარდობს თუ რას განიცდის მოსწავლე გაკვეთილის მიმდინარეობისას, როგორ მართავს დროს ან რა სახის სირთულეებს აწყდება ოჯახში არსებული სიტუაციის გამო. დღეს, ალბათ ყველაზე მეტად, ვიდრე ადრე, გვჭირდება მოსწავლეებთან ურთიერთობების შენება, რადგან მათი მდგომარეობა, ემოციური მზაობა თუ უბრალოდ გაკვეთილებისადმი დამოკიდებულება განაპირობებს მათ მიერ მასალის ათვისებასა და შეფასებას ამ უპრეცენდენტო გარემოებების პირობებში.

ბევრი მასწავლებელი უკვე გადაერთო სწავლების დროს თანაგრძნობასა და ემპათიაზე დისტანციური ურთიერთობების დროს. ამის მიღწევა შესაძლებელია მოსწავლეების ყურადღებით მოსმენით, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა კლასში, ცოცხალი ურთიერთობების დროს. ონლაინსწავლებისას მასწავლებელმა უნდა შექმნას ის პირობები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, გაიზიაროს და მოუსმინოს მოსწავლეთა მოსაზრებებს, მათ განწყობებსა და ემოციურ მდგომარეობას. ჩვენ უნდა გავხდეთ თანამგრძნობნი  და შევეცადოთ, გავიგოთ მოსწავლეების ინდივიდუალური გარემოებები.

ონლაინგაკვეთილის მიმდინარეობისას, ემპათიური პრაქტიკა შესაძლებელია, თუ ყურადღებას მივაქცევთ რამდენიმე მოსაზრებას.

მოთხოვნა წაკითხულისადმი

მასწავლებლისათვის ჩვეულებრივი ამბავია კომუნიკაცია წერილობითი ფორმით. ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ უამრავ წერილს, უამრავი ხალხისგან (ადმინისტრაციისგან კოლეგებისგან და მშობლებისგან).

ჩვენთვის ბუნებრივია ელფოსტით მიღებული წერილების სწრაფად კითხვა და მათზე სწრაფივე პასუხი. ჩვენ მიჩვეულნი ვართ ასეთი ტიპის ჩქარ კომუნიკაციასა და წერილობითი ინფორმაციის სწრაფ გადამუშავებას. ჩვენ ფაქტობრივად, ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაჯერებულია საკითხავითა და ნაწერით და ჩვენი უმეტესობა, ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს.

დისტანციური სწავლებისას, არსებობს საფრთხე, რომ მასწავლებელმა, მოსწავლეების წერისა და კითხვის, ტექსტის აღქმისა და გაგების უნარები, ასევე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნიოს. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს, ძალიან ხშირად ასე არ არის. დისტანციური სწავლება ბევრ სტუდენტს უქმნის სირთულეს ტექსტის კითხვისა და აღქმის დროს. შესაძლოა მოსწავლეების ნაწილს სათანადოდ არ ჰქონდეს განვითრებული ეს უნარები, რაც მათ შეუქმნის ტექსტის შინაარსის გაგების სიძნელეებს. ამის გამო, მოსწავლე შეიძლება დაძაბულობისა და ფრუსტრაციის მსხვერპლი გახდეს.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? მთავარი პასუხია – სიმარტივე! გაიხსენეთ, რომ არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ თქვენგან მიღებული გრძელი წერილებისა და დავალებების კითხვა-აღქმა? გარდა ამისა, ბევრ მოსწავლეს აშინებს გრძელი ტექსტი, რთული წინადადებებით. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს ტექსტის აღქმაში, მიუხედავად მათი კითხვითი უნარებისა:

  • ეცადეთ, წერილობითი კომუნიკაცია იყოს ნათელი და ლაკონიური;
  • თუ ეს შესაძლებელია, ტექსტს დაურთეთ ვიდეო-ინსტრუქცია;
  • შესთავაზეთ მოსწავლეებს პირადი ვიდეო-შეხვედრა (Google Meet ან Zoom-ით), ვერბალური განმარტებებისათვის და მოსწავლის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად;
  • შეზღუდეთ იმეილკომუკაცია მოსწავლეებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისაც უჭირთ კითხვა. ვერბალური კომუნიკაცია ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
  • შეზღუდეთ რაოდენობა და გაზარდეთ ხარისხი. შეარჩიეთ მასალა, რომელსაც აწვდით მოსწავლეებს და გამოაკელით მას ზედმეტი ინფორმაცია.
  • თავიდან გადაიკითხეთ წერილობითი ინფორმაცია და მოაცილეთ მას „სამასწავლებლო ჟარგონი“, გახადეთ იგი ადვილად გასაგები მოსწავლეებისათვის. გახსოვდეთ! ჩვენი ლექსიკონი, ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე სკოლის მოსწავლეებისა.

დაეხმარეთ მოსწავლეებს

მოსწავლეთა ოჯახების დამოკიდებულება და ხედვა განათლების მიმართ დიდ გავლენას ახდენენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაზე. ჩვენ, მასწავლებლები, შეიძლება მივიჩნევდეთ, რომ მშობლები აფასებენ სკოლასა და განათლებას და მათი დამოკიდებულება (ვთქვათ, ონლაინ სწავლებისადმი) პოზიტიურია. სამწუხაროდ, ხშირად ეს ასე არ არის.

არასდროს არ უნდა გავკიცხოთ ოჯახები, რომლებიც დიდად არ აფასებენ ონლაინსწავლებას! გლობალურმა კრიზისმა ბევრი მშობელი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. გაუჩინა პრობლემები – სამსახურის დაკარგვა, ფინანსური არასტაბილურობა, მომავლის გაურკვევლობა, მოულოდნელი სამედიცინო პრობლემები და სხვა. სწორედ ამ დროს თანაგრძნობა ის გასაღებია, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეებისადმი, არამედ მათი ოჯახების მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ.

ის ლოგისტიკური საკითხები, რომლებიც ონლაინ სწავლების დროს დგება – ინტერნეტისადმი წვდომა, შესაბამისი კომპიუტერის/ტაბლეტის ქონა, შესაბამისი სივრცე სწავლისა და გაკვეთილისათვის, ყველა შემთხვევაში ძალიან განსხვავებულია.

მასალის ათვისება და მოსწრება პანდემიის პირობებში

ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა, რომელიც პანდემიის ფონზე ონლაინსწავლების დროს გაჩნდა, მასალის ათვისებასა და მოსწრებას ეხება: ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად არ აურჩევიათ სწავლების ეს მეთოდი – დისტანციური გაკვეთილები. ამიტომაც, არცერთი მათგანი არ შეიძლება დაისაჯოს ამ შეცვლილი გარემოების გამო.

ამ თემის ირგვლივ დიდი კამათი მიმდინარეობს მასწავლებლებს შორის, რომლებიც ცდილობენ, დაადგინონ წონასწორობა სწავლების მაღალ სტანდარტებსა და გულუხვობას შორის.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული სიტუაცია განსხვავებული და უნიკალურია. მოთხოვნა მასალის ათვისებაზე დიამეტრალურად განსხვავებული იქნება ონლაინსამხატვრო და ონლაინალგებრის კლასებს შორის. დღეს, შეფასების დროს, ამ ახალ პირობებში წონასწორობა უნდა დავიცვათ თანაგრძნობას, მოქნილობასა და ნიშნის დაწერის/შეფასებას შორის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ჩვენ ფსევდოსკოლის პირობებში ვასწავლით და ადრე ასეთ პირობებში არასდროს გვისწავლებია. ჩვენ ყველანი, მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად უცნობ წყლებში ვართ.

დღეს უბრალოდ არ არის იმის დრო, როდესაც უნდა გავამკაცროთ მოთხოვნები, გავბრაზდეთ მოსწავლეთა დასწრებაზე ან მშობლების მოთხოვნებზე, ან ვაკრიტიკოთ ჩვენი კოლეგები. დღეს დროა, წონასწორობა დავიცვათ მოთხოვნასა და ურთიერთობებს შორის, ვიყოთ თანამგრძნობნი, შევცვალოთ დავალებების ფორმა თუ ფორმატი, ან შევთავაზოთ მოსწავლეებს ალტერნატიული დავალებები, რომლებიც უფრო შეესაბამებიან არსებულ მდგომარეობას.

 

არ დაგვავიწდყეს, რომ დღეს ყველაზე კარგი დროა, ერთად გავიაროთ ეს უცნაური დრო, უცნობი გარემოებები და შევინარჩუნოთ მოსწავლეებთან თანაგრძნობითა და სოლიდარობით სავსე კავშირი!

 

სტატია მოამზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ

მოსწავლეთა მშობლების დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ. კვლევის შედეგები

0

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი სამცხე-ჯავახეთიდან: „მე ვთვლი, რომ ბავშვისთვის აუცილებლია საშინაო დავალების მიცემა ყოველდღიურად, იმიტომ რომ,  რაც მან კლასში მოისმინა და გაიგო, ის განიმტკიცოს. მიეჩვიოს გულისყურით მომზადებას და დამოუკიდებელ მუშაობას.“

საბაზო საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან: „არ აქვს აზრი უამრავი სავარჯიშოს კეთებას სახლში, რომელსაც სკოლაში არავინ ამოწმებს და გაუგებარია რას ემსახურება. თუ მასწავლებელი არ შეამოწმებს საშინაო დავალებას, როგორ უნდა მიხვდეს, რა გაიგეს ბავშვებმა და რა არა. მეორე მხრივ, თუ ბავშვს მშობელი ან რეპეტიტორი ეხმარება დავალების დაწერაში, კვლავ გაუგებარია, რა ასწავლა მასწავლებელმა და რას ისახავს მიზნად მის მიერ მოცემული საშინაო დავალება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დავალებას მშობლებს აძლევენ, რომ მშობლებმა ასწავლონ ბავშვებს.“

 

საშუალო საფეხურის მოსწავლის მშობელი ქვემო ქართლიდან:
„საშინაო დავალების მიცემის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლის უნარები და ინტერესები. დავალებას მოსწავლე ხალისით უნდა ასრულებდეს და არა ტანჯვით. რაოდენობაც არ უნდა იყოს დიდი. ყველა დავალება, რაც მიეცემა მოსწავლეს, უნდა მოწმდებოდეს, ეძლეოდეს უკუკავშირი“

 

ეს ფრაზები საშინაო დავალების შესახებ კვლევის ნაწილია. კვლევის წარმოება ჯერ კიდევ იმ დროს დავგეგმეთ, სანამ დედამიწას კორონავირუსი მოედებოდა. მშობელთა ასოციაციის კითხვარებით „შეარაღებული“ ჩვენი მუნიციპალური კოორდინატორები დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებს თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში და ზემო სვანეთში შეხვდნენ. შესაბამისად, კვლევის შედეგები სწავლების კლასიკური მეთოდის ანუ ბავშვების სკოლაში სიარულის პერიოდს ასახავს და არა სახლიდან სწავლის ხანას.

მშობელთა ინტერესი საშინაო დავალების მიმართ მაღალია, რადგან სახლში მეცადინეობის პროცესში მშობლების თანამონაწილეობას უდიდესი გავლენა აქვს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე.

რადგან საშინაო დავალების შინაარსის, ფორმის და მოცულობის ზოგადი სტანდარტი არ არსებობს, პედაგოგები ჩამოთვლილ პარამეტრებს თავად განსაზღვრავენ; და/ან ეყრდნობიან განათლების ექსპერტების რეკომენდაციებს.

საშინაო დავალების მიმართ არაერთგვაროვანია მშობლების დამოკიდებულებაც. მშობლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბევრი საშინაო დავალება აუცილებელია, რადგან ეს დაიცავს ბავშვს ზიანისგან, რაც ზედმეტი „თავისუფალი დროის“ შემთხვევაში შეიძლება მიადგეს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ დიდი მოცულობის, ერთფეროვანი საშინაო დავალება ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და იწვევს მოსწავლეთა დემოტივაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ საშინაო დავალების მოცულობა უნდა იყოს გონივრული და ბავშვის შესაძლებლობებს მორგებული.

იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაა სკოლებში, რამდენ საგანში აქვთ ბავშვებს ყოველდღიურად საშინაო დავალება შესასრულებელი, რამდენ დროს ხარჯავენ სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეები სახლში მიცემული დავალების შესრულებაზე, ვინ ეხმარება მათ დავალების შესრულებაში, როგორ პირობებში უწევთ მეცადინეობა, როგორი განწყობით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და რჩებათ თუ არა თავისუფალი დრო, მშობელთა ასოციაციამ  საკითხი ჩაღრმავებულად შევისწავლეთ.

გამოკითხული მშობლების 92% აღნიშნავს, რომ მათ შვილებს ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი საშინაო დავალება. მშობლების 60% აღნიშნავს, რომ მათ შვილებს დღეში საშუალოდ 3-4 საგანში ეძლევათ საშინაო დავალება. 25% კი აცხადებს, რომ მისი შვილი ყოველდღიურად 5 და მეტ საგანში მეცადინეობს.

რაც შეეხება დავალების შესრულების დროს, მშობლების თქმით, მოსწავლეების ძირითადი ნაწილი საშინაო დავალების შესრულებას ორ (30.6%) ან სამ (29.1%) საათს ანდომებს. 13% კი ოთხს საათს და უფრო მეტს.

კვლევის შედეგად ის საგნები გამოიკვეთა, რომლის საშინაო დავალების მომზადებას მოსწავლეები ყველაზე მეტ დროს ანდომებენ.

მშობლებს ვთხოვეთ გამოეთქვათ მოსაზრებები თუ რატომ ანდომებს მათი შვილი ამა თუ იმ საგნის მომზადებას დიდ დროს. რესპონდენტები ძირითადად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს დიდი მოცულობით საშინაო დავალება აქვთ ამა თუ იმ საგანში. უფრო კონკრეტულად, დიდია სავარჯიშოების რაოდენობა ან დასამუშავებელი ტექსტის მოცულობა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეები კარგად ვერ ხვდებიან დავალების აზრს ან ვერ გაიგეს ესა თუ ის საკითხი, რომელიც მასწავლებელმა აუხსნა. შესაბამისად, უჭირთ დავალების შესრულება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან: „ჩემი აზრით, მოსწავლისათვის საშინაო დავალების მიცემა აუცილებელია, თუმცა მისი მოცულობა უნდა იყოს გონივრული. ამასთან, რა თქმა უნდა, თემა წინასწარ უნდა იყოს ახსნილი და დამუშავებული. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი კლასს დავალებას აუხსნელად აძლევს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა საშინაო დავალება შეამოწმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს იმედგაცრუება ეპარება და მოტივაცია ეკარგება.“

 

მშობლების კომენტარებიდან ისიც გაირკვა, რომ არაერთი მათგანი სწორედ საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებისთვის ქირაობს რეპეტიტორს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი ქვემო ქართლიდან: „მე სხვა მეთოდებით მასწავლიდნენ ამა თუ იმ საგანს, ამათ სულ სხვა მეთოდები აქვთ, რასაც ვერ ვუმკლავდები. იძულებული ვარ რეპეტიტორი სახლში მოვიდეს და ამეცადინოს ბავშვები“

 

მშობლები ამბობენ, რომ საშინაო დავალების მომზადების გამო ზოგიერთ ბავშვს ძილის შეფერხება აქვს (15%). მოსწავლეთა მესამედს საშინაო დავალება მოსაწყენად და ერთნაირად ეჩვენება, 37% კი საშინაო დავალებებს იძულებით ასრულებს. კვლევამ ასევე, დაგვანახა, რომ მოსწავლეები უმეტესად იმ საგნებში ემზადებიან, რომლის საშინაო დავალების შესრულებაც ყველაზე მეტად უჭირთ. მათ შორის, უცხო ენა, მათემატიკა და ქართული ლიდერობს.

მოსწავლეები პოზიტიური დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ კლასიდან-კლასში გადასვლისას სულ უფრო მცირდება. საინტერესოა, როგორ უკუკავშირს აძლევენ მშობლები მასწავლებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მშობლების 37%-ს ერთხელ მაინც ჰქონია პროტესტი ჭარბი საშინაო დავალების მიმართ, მაგრამ მათ 20 %-ს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. 7%-მა ბევრი სამეცადინო სხვა მშობლებთან გააპროტესტა. მასწავლებელს კი პრობლემის მოგვარების მიზნით მხოლოდ 9%-მა მიმართა.

შედარებით დაბალია იმ მშობლების წილი, ვისაც მცირე რაოდენობით საშინაო დავალების გამო აქვს პროტესტი. მათი რაოდენობა 13%-ს არ აღემატება. თუმცა მათი მხოლოდ 3% აფიქსირებს საკუთარ აზრს პედაგოგთან.

კვლევის პროცესში მშობლებს ვთხოვეთ, გამოეთქვათ თავიანთი აზრი, თუ როგორი ფორმის და რა მოცულობის საშინაო დავალება იქნებოდა გონივრული მათი შვილებისთვის.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან: „საშინაო დავალებას უარყოფითი მხარეც აქვს. მაგალითად, დაღლილობის გამო მოსწავლის მოტივაცია იკლებს; ხშირად დაძაბულობის და უსიამოვნების მიზეზი ხდება მოსწავლესა და მშობელს შორის; ამ რისკების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი ბავშვებს ყველა საგანში ყოველდღიურად ჰქონდეთ საშინაო დავალება. ან თუ ეს მნიშვნელოვანია, დაავალონ ბავშვებს ღირებულებითი განათლების პროექტების შესრულება, მაგალითად, სიკეთის გაკეთება და შემდეგ ამის აღწერა. ან პრაქტიკული პროექტები: ეზოში სპორტული მოედნის აზომვა, მისი პერიმეტრის გამოთვლა და ა.შ. ესეც საშინაო დავალებაა, მაგრამ ხალისით შეასრულებდა ბავშვი.“

საბაზო საფეხურის მოსწავლის მშობელი მაღალმთიანი სოფლიდან: „აუცილებელია, სკოლამ შეიმუშაოს მიდგომა, რომ მასწავლებლები კოორდინირებულად მუშაობდნენ და აძლევდნენ იმ რაოდენობის დავალებებს სხვადასხვა საგნებში, რომ ბავშვს თავისუფალი დროც რჩებოდეს თამაშისა და გართობისთვის“.

საბაზო საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან: „სურვილი მაქვს მასწავლებელმა აუხსნას მოსწავლეს საშინაო დავალებაში შესასრულებელი საკითხები. მაგალითად, მიუთითოს როგორ შეასრულოს დავალებები და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის მოსწავლის შესასრულებელი და არა მისი მშობლის.“

კვლევის შედეგად, მშობელთა ასოციაციამ რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის არის გამიზნული. კერძოდ, რა უნდა გაითვალისწინონ მათ საშინაო დავალების შედგენისას, მიცემისას, შესრულების მეთვალყურეობისა და უკუკავშირის გაცემისას. ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ერთნაირად ეხება ორივე რგოლს შემდეგია:

მასწავლებელიც და მშობელიც უნდა შეთანხმდნენ, რომ ცოდნისა და უნარების შეფასება მასწავლებლის პრეროგატივაა, ხოლო თანამშრომლობა და ინფორმაციის შევსება – მშობლის.  სასურველია, დავალების შესრულებისას, – მანამდე და შემდეგაც მათ ითანამშრომლონ ერთმანეთთან, გაარკვიონ ერთმანეთი მათთვის ნაცნობ საკითხებში და გაუზიარონ რჩევები და რეკომენდაციები.

 

კვლევის სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ბმულს

https://bit.ly/3eH1Oco

 

ბოდიში – წამალი თუ შხამი?

0

ცუდი ამბავი მოხდა ამერიკაში. ერთ-ერთი რიგითი შემთხვევისას პოლიციელმა არ შეისმინა დაკავებული ეჭვმიტანილის, ჯორჯ ფლოიდის მუდარა, რომელიც სუნთქვის უკმარისობას ჩიოდა და არ მოაცილა ფეხი მის კისერს, შედეგად კი რამდენიმე წუთში ფლოიდი დაიხრჩო. საქმე ისაა, რომ ჯორჯ ფლოიდი შავკანიანი იყო, პოლიციელი კი თეთრკანიანი, რამაც მისი საქციელის სარჩულის მიმართ სამართლიანი ეჭვები გააჩინა, ბევრმა მიიჩნია, რომ პოლიციელის ქმედება არ იყო აუცილებელი სიფრთხილე, არამედ რასისტული უგულობა თუ დაუდევრობა, ანდა ყველაზე რადიკალურად განწყობილთა აზრით, სულაც დაკავებულის განზრახ წამება. ამ მძიმე ტრაგედიამ რასიზმის წინააღმდეგ ახალი ამბოხების ტალღა გამოიწვია ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღშფოთებული საზოგადოება ქუჩებს მოედო, მათ შორის როგორც შავკანიანები ისე სხვა რასის ხალხებიც.

ეს ვრცელი თემაა, რომელიც სათავეს საუკუნეების სიღრმეში იღებს და მისი კონტექსტის სრულად აღსაქმელად, ისტორიის კარგად ცოდნაც კი არ კმარა, არამედ თანამედროვე კონტექსტების გააზრება, ამერიკული რეალობის დეტალური ცოდნა და იმ ადამიანების ამბების სწორი ანალიზი, ვინც თავს დაჩაგრულად მიიჩნევს. რასიზმი ზღაპარი არაა, ის რეალობაა და როგორც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ მონობა ამერიკაში ოფიციალურად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გადავარდა, დანარჩენ მსოფლიოშიც სამარცხვინო საქციელად მიიჩნევა, საუკუნის შემდეგ შავკანიანებმა თანასწორ უფლებებს მიაღწიეს და 21-ე საუკუნეში ქვეყანას შავკანიანი პრეზიდენტიც კი ჰყავდა, მაინც ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ რასიზმი დღესაც არსებობს. არსებობს ყველგან, სადაც განსხვავებული რასები სახლობენ. არსებობს სხვადასხვა პროპაგანდისტული მანქანებითა თუ ყალბი წარმოდგენებით გაღვივებული რასისტული შეხედულებები და შესაბამისად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემის მიზეზად კანის ფერს მიიჩნევენ. ჩაგრულთა მხარეს მყოფნი კი არაერთ ისტორიას ჰყვებიან იმ შემთხვევათა შესახებ, როდესაც მათი უფლებები სწორედ კანის ფერის გამო დაირღვა, იქნება ეს არათანაბარი ანაზღაურება მიუხედავად იდენტური კომპეტენციისა, თუ პირდაპირი ბულინგი ჰეგემონური პოზიციების მქონეთა მხრიდან.

და მაინც, ამ წერილში მინდა ყურადღება ერთ კონკრეტულ ქცევაზე გავამახვილო. ესაა თანამედროვე თეთრკანიანთა ბოდიში თანამედროვე შავკანიანთა მიმართ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელები, თუ მათი წინაპრები ჩაგვრას განიცდიან სხვა თეთრკანიანებისა, თუ მათი წინაპრების მხრიდან. აქ რაღაც ისე ვერაა, მეგობრებო. მოდით ცოტა შორიდან დავიწყოთ.

ადამიანებს მუდმივად აქვთ ვნება არ იყვნენ მარტონი და თვითიდენტიფიკაცია მოახდინონ ამა თუ იმ ჯგუფთან. შესაძლოა, ეს ცივილიზაციური ვნებაა, რომელმაც თავის დროზე განაპირობა ინდივიდების ჯგუფებად, კლანებად და თემებად გაერთიანება. შესაძლოა, ამ ყველაფერს მხოლოდ ფიზიკური საჭიროებები (გადარჩენა, კეთილდღეობა) არ ედო მიზეზად, რადგან დღესაც ასეა, ადამიანებს სურთ იყვნენ ამა თუ იმ საზოგადოების ნაწილი. აი ჩვენ სასწორები ვართ. ჩვენ მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები. ჩვენ წითურები. ჩვენ კაცები. ჩვენ იმერლები. და ა.შ. ბევრი მიზეზის გამოძებნა შეგვიძლია საერთო თვისებების, შეხედულებების თუ გემოვნების შტრიხებისა აღმოსაჩენად, მერე კი ვჯგუფდებით და თითქოს ამით კიდევ უფრო მეტად ვძლიერდებით. ეს თვითიდენტიფიკაცია რიგ შემთხვევებში პრობლემებსაც იწვევს, მაგალითად მაშინ, როცა საქმე რასებთან მიდის. ჩვენ – თეთრები. სინამდვილეში თეთრები არ შეიძლება იყოს ამა თუ იმ ფრონტზე თანამებრძოლობის განმსაზღვრელი საბაბი, არაფერი გვაქვს საერთო ჩვენ – თეთრებს – ისეთი, რის გამოც ადამიანები ერთად დგებიან ხოლმე. არ გვიყვარს ერთი და იგივე რამ, არ გვაწუხებს ერთი და იგივე პრობლემები, არ გვაქვს მსგავსი მსოფლმხედველობა და გემოვნება. კანის ფერი ისეთი საწყისი მოცემულობაა, რომელიც ჩვენ არ შეგვიძენია, არამედ დაბადებიდან დაგვყვა და შესაბამისად ვერაფრით განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას. სწორედ ამიტომ, მე, თეთრკანიანს, არაფერი მაქვს საერთო სხვა თეთრკანიანებთან მხოლოდ ამ ნიშნით. არც შავკანიანებთან და არც სხვებთან. კანის ფერი არაა ნიშანი, რომლის გარშემოც შეიძლება გავერთიანდეთ. სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი ანტირასისტული თეზისი, მთავარი პარადიგმა, რომლის გამოც რასისტები ბრტყელი დედამიწის მომხრეთა თანასწორად მიმაჩნია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელნი, ამ ეტაპზე, კაცობრიობას ვერაფერს უშავებენ. ყოველივე ზემოთ განხილულის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ, “თეთრები”, რომელთაც არ გაგვაჩნია რასისტული შეხედულებები (ასე რომ არ იყოს, არც ბოდიშის მოხდას დავაპირებდით) ვუხდით ბოდიშს “შავებს” იმ თეთრკანიანთა გამო, რომლებმაც წარსულში ან აწმყოში ჩაიდინეს რასისტული დანაშაული მათ მიმართ, ჩვენც გამოვდივართ რასისტული მიდგომებიდან, რადგან თვითიდენტიფიკაციას ვახდენთ სხვა თეთრკანიანებთან, მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მსოფლმხედველობა თუ შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რამდენად სწორია ეს? რამდენად სწორია რასობრივი დაყოფის ხელშეწყობა, განსხვავებული ფერის ადამიანების სხვადასხვა ბანაკებად დაშლა და შემდგომ, ერთი ბანაკის მხრიდან თუნდაც სულგრძელი საქციელი, რაც აღნიშნულ ბოდიშში გამოიხატება? უწამლებს კი ეს ბოდიში რასისტულ მიდგომებსა და განსხვავებულთა ჩაგვრას, თუ პირიქით, შხამად მოგვევლინება და სეგრეგაციას შეუწყობს ხელს, რადგან ბოდიშის შემდეგ, ჩვენ მაინც თეთრებად დავრჩებით და არც ბოდიშის ადრესატების ბანაკის ადგილმდებარეობა შეიცვლება.

 

დისტანციური სწავლების გამოწვევები ინკლუზიურ განათლებაში

0

ონლაინსწავლებაზე გადასვლამ ახალი გამოწვევები მოიტანა ყველასთვის – მასწავლებლების, მოსწავლეებისა თუ მშობლებისთვის. ყველას ერთად მოგვიწია გავმკლავებოდით მის გამოწვევებს. დისტანციურმა სწავლებამ უფრო მეტად გაურთულა განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს. როგორც მასწავლებლები და მშობლები ჰყვებიან, დისტანციურ სწავლებაში მათი ჩართვა სხვადასხვა პრობლემას უკავშირდებოდა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები არ იყვნენ სრულფასოვნად ჩართულნი ონლაინსწავლების პროცესში.

 

საინტერესოა, რამდენად აქტიურად ხდებოდა სსსმ მოსწავლის გათვალისწინება და მისი საჭიროებების დანახვა დისტანციური სწავლების პროცესში, რა ხელისშემშლელი ფაქტორები გამოიკვეთა და როგორ უპირისპირდებოდნენ, როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები ონლაინსწავლების გამოწვევებს ვირტუალურ სივრცეში, ამის გარკვევას მათთან შევეცადეთ.

 

ნინო ომანაძე 10 წლის დაუნის სინდრომის მქონე გოგონას დედაა. გოგონასთვის სკოლაში ადაპტირება რთული არ ყოფილა, ის ეროვნულ სასწავლო გეგმას მიჰყვება. დისტანციური სწავლების დროს გამოწვევა მისთვის ის ზოგადი, ხელისშემშლელი ხარვეზი იყო, რომელიც ზოგადად ყველა ბავშვს უქმნიდა პრობლემას ონლაინსწავლებისას. „ზოგჯერ ღიზიანდება, რადგან, როდესაც ბევრი ბავშვი ხმაურობს, ვერ ახერხებს თავისი ხმა მიაწვდინოს მასწავლებელს, რაც ზოგადად, ონლაინსწავლებისთვის დამახასიათებელი ხარვეზია”, – ამბობს ნინო.

ნინო აქტიური მშობელი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მეც – Me Too”-ის დამფუძნებელია. ხშირად საუბრობს შშმ ბავშვების უფლებებზე და პრობლემებზე. არც პანდემიის პერიოდი ყოფილა გამონაკლისი. პანდემიის პერიოდში მან მცირე კვლევაც ჩაატარა შშმ ბავშვების მშობლებთან და გამოიკვლია, როგორ იყვნენ ჩართულნი სსსმ ბავშვები დისტანციურ სწავლებაში. ნინოს სიტყვებით – „ხაზგასმით გამოიკვეთა, რომ სსსმ ბავშვებისთვის მხოლოდ სპეციალური მასწავლებელი მუშაობს და მუშაობს ძალიან აქტიურად. საგნის მასწავლებლები ფაქტობრივად იგნორს უკეთებენ ბავშვებს და ეს დისტანციურ სწავლებამდეც ასე იყო. საგნის მასწავლებლები არ ურეკავენ სსსმ ბავშვებს, არ უთანხმებენ გაკვეთილს, რადგან არ სურთ ხელი შეეშალოთ გაკვეთილის პროცესში. რადგან გაკვეთილიც ხანმოკლეა და მათ სხვა აქტიური ბავშვები ჰყავთ გამოსაკითხი. ამიტომ საგნის მასწავლებლები თავს არიდებენ სსსმ მოსწავლის გაკვეთილზე ჩართვას. ასე რჩებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ონლაინსწავლების მიღმა“.

ამავე პრობლემაზე საუბრობს სპეციალური მასწავლებელი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა. ის ამბობს: „საგნის მასწავლებლები არც პანდემიამდე ცდილობდნენ სსსმ მოსწავლის სრულყოფილ ჩართვას სწავლის პროცესში და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პერიოდშიც ეს ძველებურად გაგრძელდა. ჩემს შემთხვევაში დისტანციური სწავლების დროს მხოლოდ საგნის ორმა მასწავლებელმა იმუშავა და მხოლოდ ამ მასწავლებლებმა დაწერეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. რვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე გვყავს და არცერთი მათგანი არ იყენებს TEAMS-ს და არ ესწრება კლასთან ერთად ონლაინგაკვეთილებს, მხოლოდ ჩემს იმედად არიან. დადებითი რაც გამოიკვეთა, ის არის, რომ ახლა როდესაც მშობლები გვერდით ჰყავთ, უფრო მობილიზებულნი არიან, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში”.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა იმ რგოლების მოქნილობა, რომლებიც განსაზღვრავს ინკლუზიური განათლების წარმატებას და ყველა დეტალის მორგებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე. თბილისის 31-ე და 116-ე საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებელი, ქეთი გოგოლაძე ამბობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ ბევრი პრობლემა დააყენა დღის წესრიგში.

„ყველაზე გამოკვეთილი და მკაფიო პრობლემა იყო, სსსმ მოსწავლეებისთვის უშუალოდ მონიტორიდან სწავლება, რადგან ხშირად მათ არ შეუძლიათ მონიტორთან ჯდომა და იმ ინსტრუქციების შესრულება, რომლებსაც მასწავლებლები ვავალებთ. სკოლაში პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვებთან, სხვადასხვა არხს ვიყენებთ ბავშვისთვის სწავლების პროცესში. ეს არის ტაქტილური, ვიზუალური და სხვადასხვა მოდალობა, რომ თითოეული უნარის განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობა შევთავაზოთ. მონიტორთან, დისტანციური სწავლების დროს ამის განხორციელება ძალიან ჭირდა. დისტანციურ სწავლებას სირთულეებთან ერთად, თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. მშობლები, რომლებიც აქამდე ძალიან დაკავებული იყვნენ და მხოლოდ რამდენიმე საათით ახერხებდნენ ბავშვთან კომუნიკაციას, ახლა აქტიურად ჩაერთნენ სწავლების პროცესში. მათ ვაწოდებდით დავალებებს დეტალური ინსტრუქციებით და მათაც ისწავლეს შვილებთან მუშაობა. აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ მოგვყვებოდნენ, ეს კი დისტანციური სწავლების ნამდვილად ერთ-ერთი კარგი მხარე იყო”.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც მასწავლებელი საუბრობს, არის ის, რომ ძალიან ბევრი სსსმ მოსწავლე დარჩა დისტანციური გაკვეთილების მიღმა, დისტანციურად თითქმის ვერაფერში ჩაერთო. იმდენად მიჩვეული იყო პირდაპირ, სპეციალურ მასწავლებელთან მუშაობას, მშობლისთვის მიცემული ინსტრუქცია არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის დავალების შესასრულებლად.

„სკოლაში მასწავლებლის მიცემულ დავალებას კლასი ინდივიდუალურად ასრულებს. ის მიდის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან, უხსნის მას და უფრო დეტალურ ინსტრუქციას აძლევს, რა დავალება როგორ უნდა შეასრულოს. ამის საშუალებას არ გვაძლევდა დისტანციური სწავლება. როდესაც მასწავლებელს რაღაც გეგმა ჰქონდა, ამის მორგება ძალიან უჭირდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე. მასწავლებლებს ინდივიდუალურად უწევდათ ბავშვთან მუშაობა ან მშობლებს უგზავნიდნენ დავალებებს და მათ აძლევდნენ ინსტრუქციებს. კლასთან ერთად, დისტანციური გაკვეთილის ჩატარების პერიოდში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სრულყოფილი ჩართვა ვერ ხდებოდა. ყველაზე მეტად გაუჭირდათ მასწავლებლებს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება მოსწავლეებზე, მათ უნარებზე და ამას ძალიან განიცდიან მშობლებიც და მასწავლებლებიც”, – ამბობს ქეთი გოგოლაძე.

ელენე ირემაშვილი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელია. ონლაინსწავლების დაწყებისთანავე ელენემ სკოლის პედაგოგებს მიმართა, რომ ონლაინსწავლებისას არ მომხდარიყო სსსმ მოსწავლის დისკრიმინაცია და მასწავლებლებლებს ისინი უზრუნველეყოთ მათ საჭიროებაზე მორგებული დავალებებით.

 

სკოლაში, სადაც ელენე მუშაობს, 12 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა და ელენეს გარდა, კიდევ ერთი სპეციალური მასწავლებელი ასწავლის. დისტანციური სწავლების პროცესში 12 მოსწავლიდან მხოლოდ 6 მოსწავლე იყო ჩართული ონლაინსწავლებაში, დანარჩენ მოსწავლეებს მასწავლებლები ტელეფონით ინდივიდუალურად უკავშირდებოდნენ და დაწვრილებით უხსნიდნენ, როგორ შეესრულებინათ დავალებები.

 

ელენე აღნიშნავს, რომ უკუკავშირის სახით შესრულებულ დავალებებს ვერ იღებდნენ, რაც სხვადასხვა ფაქტორით იყო გამოწვეული. მისი თქმით, სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები და შვილების ასისტენტირებას ახერხებდნენ. თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ტექნიკური ხელმისაწვდომობა და ინტერნეტიზაცია იყო.

 

ჩვენს რეალობაში არსებობს ოჯახები, რომელთაც არ აქვთ ინტერნეტის შეძენის საშუალება და არ აღმოაჩნდათ ისეთი ციფრული მოწყობილობები, ომლებითაც მასწავლებელი და მოსწავლე კომუნიკაციის დამყარებას შეძლებდნენ, რომ ამ კომუნიკაციას მოეცა საშუალება, მასწავლებელს ისინი შეეფასებინა და მათთვის უკუკავშირი მიეცა”, ამბობს სპეციალური მასწავლებელი.

ჯერჯერობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო კვლავ უცნობია, როგორი იქნება სასწავლო პროცესი სექტემბერში, მოსწავლეები სკოლაში ივლიან თუ ისევ გაგრძელდება დისტანციური სწავლება. თუმცა, პრობლემები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არსებობს, კვლავ პრობლემად დარჩება, თუ ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული ყველა რგოლი, არ გაიაზრებს სსსმ მოსწავლის უფლებას – რომ ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების უფლება, მიუხედავად იმისა, რა ბარიერებს აწყდება სწავლისა და განვითარების პროცესში.

შორენა ტყეშელაშვილი

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...