ორშაბათი, ივნისი 23, 2025
23 ივნისი, ორშაბათი, 2025

მოსწავლის პიროვნული ზრდის ხელშემწყობი დავალებების გამოყენება გაკვეთილზე

0

თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნები მოსწავლისგან საგნობრივი დისციპლინის ცოდნასთან ერთად საკუთარი ცოდნის კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში გამოყენების უნარსაც მოიცავს. ამისთვის მოსწავლემ შესაბამისი პრაქტიკული უნარები უნდა გამოიმუშაოს, მაგრამ სწავლა/სწავლების პროცესში ეს მიზანი მიუღწეველი დარჩება სწავლებაში მრავალფეროვანი აქტივობების ჩართვის გარეშე.

რამდენად კარგად ამზადებს საგანმანათლებლო სისტემა მოზარდებს იმ გამოწვევებისთვის, რომლებსაც ისინი სკოლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად უნდა გაუმკლავდნენ? რამდენად უზრუნველვყოფთ მათ ესოდენ მნიშვნელოვანი მრავალფეროვანი დავალებებით?

ჰუმანისტური პედაგოგიკის მიხედვით, თითოეულ მოსწავლეს შემოქმედებითი ბუნება აქვს. სწორედ მასზე დაყრდნობით უნდა შეძლოს მასწავლებელმა დასახული პრაქტიკული მიზნების მიღწევა. მაგრამ სწავლებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დროის დეფიციტი, რადგან მიზანი ხშირად მეტ საგაკვეთილო საათს მოითხოვს, ვიდრე რეალურად აქვს მასწავლებელს. გამოსავალი ისევ სწავლის ტექნოლოგიისა და შეფასების სისტემის სრულყოფაში უნდა ვეძებოთ, რომელიც გულისხმობს არა სწავლების შინაარსის შეცვლას, არამედ ასაკობრივი ფსიქოლოგიის გათვალისწინებით არსებული მეთოდიკის ხარისხობრივად ამაღლებას. მაგალითად, სწავლებაში აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ისეთი მეთოდური რეკმენდაციები, როგორიცაა:

  • სწავლის შინაარსის მეცნიერულობა (მიმართულება მარტივიდან რთულისკენ);
  • პრობლემაზე ორიენტირებული დავალებების სიხშირე;
  • მასწავლებლის როლის ცვლილებები გაკვეთილზე;
  • შედეგების მონიტორინგი და კორექცია;
  • საგაკვეთილო დროის სწორი მენეჯმენტი

და სხვა მეთოდური მიდგომები.

ჩამოთვლილთაგან განსაკუთრებული და, შეიძლება ითქვას, შეუცვლელია მუშაობის საგაკვეთილო ფორმა და მისი ისე ორგანიზება, რომ ხელი შეეწყოს ცოდნის დაგროვებსაც და პიროვნულ სრულყოფასაც, მაგალითად:

  • მცირე შესავალი საუბარი გაკვეთილის დასაწყისში, სადაც გაიმეორებენ განვლილ მასალას და წამოაყენებენ ახალი მასალის თემას (ზედა საფეხურზე ის შეიძლება ფორმულირებული იყოს თავად მოსწავლეთა მიერ);
  • შესასწავლი მასალის ანალიზი, რომელიც შესრულებულია არსებული ინფორმაციის მიხედვით აგებული გეგმის საფუძველზე;
  • მოსწავლეთა ინდივიდუალური და ტიპოლოგიური თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილი დიფერენცირებული დავალებების გამოყენება („სუსტი“ და „შედარებით რთული“), რაც საშუალებას მისცემს მასწავლებელს, სხვადასხვა ცოდნისა და უნარის მოსწავლეები ჩართოს სასწავლო პროცესში;
  • სხვადასხვა ტიპის ტესტების შეთავაზება გაკვეთილზე;
  • რთული დავალებების დროს საგაკვეთილო ტექსტის „დაშლა“ ნაწილებად და მოსწავლეთა შორის განაწილება, შემდეგ – გაანალიზება და ბოლოს – შეჯამება. შესაძლებელია მცირე ჯგუფების შექმნაც და შემდეგ ერთმანეთში შერევაც;
  • დაბოლოს – რეფლექსია.

დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლე-მასწავლებლის სწორ კომუნიკაციას და განმარტებას, თუ რატომ უნდა იცოდნენ კონკრეტული თემა, რას მისცემს მისი ცოდნა ახლა თუ მომავალში, ანუ როდესაც ვთხოვთ „ისტორიულად აზროვნებას“, მაგალითად, ასეთი დავალებების დროს:

  • ძველი მსოფლიოს ისტორიის თემატიკის შესწავლისას ყურადღება გავამახვილებინოთ იმაზე, რატომ და როგორ გახდა ადამიანი დედამიწის „მმართველი“, ან როგორ გაჩნდა სახელმწიფოები;
  • შუა საუკუნეების თემების გავლისას – რატომ მაინცდამაინც დასავლეთ ევროპის ქვეყნებმა შეძლეს „ახალი სამყაროს“ აღმოჩენა და ათვისება;
  • ახალი ისტორიის შესწავლისას – როგორ მოახერხა ადამიანმა ტექნოგენური ცივილიზაციის ფორმირება

და სხვა. ამ გზით მოსწავლები გახდებიან არა უბრალოდ პასიური მსმენელები და მასწავლებლის მითითებების შემსრულებლები, არამედ მკვლვარები, რომელთაც შეუძლიათ, დამოუკიდებლად მოიპოვონ ისტორიული ინფორმაცია, დასვან კითხვები და მიაგნონ პასუხებს, შეაფასონ ისტორიული ფაქტები და მოვლენები, ისტორიულ პირები, განუვითარდეთ პრაქტიკული უნარები.

ასეთ მიდგომის შედეგი იქნება:

  • ურთიერთრწმენა და უფლებებისა და მოვალეობების „გაფართოება“ (მოსწავლეები ერთგვარად გამოდიან მასწავლებლის როლში);
  • თავისუფალი არჩევანის პრინციპის მდგრადობა (მოსწავლე თვითონ ირჩევს ცოდნის შემოწმების ფორმას);
  • სრული დამოუკიდებლობა მასალის ათვისების პროცესში

და სხვა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც მოსწავლის ინტერესსაც ზრდის და მის პიროვნულ სრულყოფასაც უწყობს ხელს, არის მოდელური დავალებების (მოდელზე ორიენტრებული დავალებების) ჩართვა საგაკვეთილო პრაქტიკაში. „მოდელური დავალება“ ტექნიკური ტერმინია. ასე უწოდებენ დავალებას, რომელსაც გამოიყენებენ მეთოდური მიზნით. იგი შეიცავს ნაკრებს ალტერნატიული მექანიზმებისა, რომელთაგან ერთ-ერთი ჭეშმარიტია იმ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელსაც განიხილავენ, მაგრამ არა ყოველთვის. ამ დროს მთავარი ყურადღება ექცევა არსს და არა დეტალებს.

მოდელური დავალება დღეს ფართოდ გამოიყენება მეციერებასა და ტექნიკაში და შედეგება 4 კომპონენტისგან: 1) სუბიექტი; 2) ამოცანა, რომელიც უნდა გადაწყვიტოს სუბიექტმა; 3) ობიექტი – ორიგინალი (რომელიც აღსაწერია); 4) ლექსიკური ერთეულები, რომლებითაც უნდა აღიწეროს მოდელი (ორიგინალი).

მოდელური დავალების შესრულების დროს:

  • უნდა შეირჩეს მოდელის (საწყისი სუბიექტის/ობიექტის, ორიგინალის) არსებითი ნიშნები;
  • გამოიყოს მთვარი ორიენტირი, რომლის გარშემო დაჯგუფდება ძირითადი ნიშნები;
  • გამოიკვეთოს კომპლექსური მიდგომა საკითხის მიმართ.

მოდელური დავალების ტიპი, ფორმა და სტილი მრავალფეროვანია. მოსწავლეს შეუძლია, დავალებად წარმოადგინოს მემუარები, მოგონებები, სტატისტიკური მონაცემები, მხატვრული ტექსტები, ილუსტრაციები და სხვ. ასეთი დავალების სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ ის ხელს უწყობს მოსწავლეთა „სოციალური წიგნიერების“ (სოციალური და სამოქალაო კომპეტენციის) განვითარებას:

  • დავალების შესრულება მოითხოვს ადეკვატურ ანალიზს, წყაროს კრიტიკას, სანდოობის დადგენას;
  • ისტორიულ დროში ვარირებას (წარსული-აწმყო-მომავალი), მოვლენათა შესაძლო განვითარების პროგნოზირებას;
  • სოციალური ხასიათის პრობლემატიკის შესახებ მოსაზრებების ჩამოყალიბებას.

დავალებების შესრულების დროს:

  • მოსწავლეებს უვითარდებათ

თეორიული აზროვნების (განზოგადების, სისტემატიზაციის, კლასიფიკაციის, არგუმენტირების) უნარები;

ინფორმაციის გადამუშავების (ანალიზის, სინთეზის, ინტერპრეტაციის, შეფასების) უნარები;

კრიტიკული აზროვნების (ფაქტების შედარება-დახასიათება, წყაროს სანდოობის დადგენა, პოზიციების ჩამოყალიბება, ლოგიკური შეუსაბამობის დადგენა და ა.შ.) უნარები;

შემოქმედებითი აზროვნება (ახალი ინფორმაციის აღმოჩენა – დანახვა ტექსტში, არასტანდარტული სიტუაციის პოვნა, ობიექტის დანახვა განსხავავებული კუთხით;

  • ხდება უნარების რეგულაცია (კითხვის დასმის, ჰიპოთეზის ფორმულირების, დაგეგმვის, კონტროლის, ანალიზის და ა.შ.);
  • უმჯობესდება აზროვნების ხარისხი (მოქნილობა, ანტიკოფორმიზმი)
  • ვითარდება საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბების, პოზიციის დათმობის/გადახედვის უნარი

და სხვა.

ყოველივე ეს მოსწავლისგან, უპირველესად, მოითხოვს ტექსტსა და დავალებებზე გულდასმით მუშაობას და თანმიმდევრულობას მუშაობის პროცესში, რაც არა მარტო წიგნიერების, არამედ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სხვა კომპეტენციების განვითარების საშუალებასაც იძლევა. უფრო მეტიც: შეიძლება ითქვას, რომ მოდელური დავალებები არა მარტო საკუთარი მიღწევების შეფასების, არამედ პიროვნული თვისებების ფართოდ ფორმირების შესაძლებლობასაც აძლევს მოსწავლეს.

მოდელური დავალების ნიმუში: „საქართველო XIXXX საუკუნეების მიჯნაზე“:

N შეკითხვის შინაარსი სწორი პასუხის შინაარსი შეფასება/ქულა
1. როგორი იყო საქართველოს მოსახლეობის რიცხვი 1918 წელს? სწორი პასუხი:

დაახლოებით … მლნ. ადამიანი

სწორი პასუხი – 1 ქულა

არასწორი პასუხი – 0 ქულა

2 გაკვეთილის ტექსტში მოცემული ინფორმაციის მიხედვით იმსჯელეთ რუსეთის იმპერიის რეგიონული განვითარების პერსპექტივებზე. მოიყვანეთ არგუმენტები. სწორი პასუხი უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

რეგიონების განვითარების პირობები არათანაბარი იყო: მეტი შანსი ჰქონდა იმპერიის ევროპულ ნაწილს, ნაკლები – ანექსირებულ ტერიტორიებს (მოსახლეობის სიმჭიდროვე; საქალაქო ცხოვრების ხარისხი; წიგნიერების დონე…);

2) ქალაქის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა მიუთითებდა მოცემულ რეგიონში მრეწველობის განვითარებაზე.

დასკვნა სწორია, მოყვანილია არგუმენტი – 2 ქულა

სწორი დასკვნა, მაგრამ არგუმენტის გარეშე – 1 ქულა;

არასწორი დასკვნა, არასწორი არგუმენტი – 0 ქულა

3 რამ გამოიწვია საქალაქო ცხოვრების დაწინაურება საქართველოში XIX ს-ის 60-70-იან წლებში? აღწერეთ პროცესი. სწორი პასუხი უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

მრეწველობის სწრაფი ზრდა, რომელიც კონცენტრირებული იყო ქალაქებში; ურბანიზაცია.

დასკვნა სწორია, მოყვანილია არგუმენტი – 2 ქულა

სწორი დასკვნა არგუმენტის გარეშე – 1 ქულა;

არასწორი დასკვნა, არასწორი არგუმენტი – 0 ქულა

4. XIX ს-ის 60-იან წლებში მძლავრი საზოგადოებრივი მოძრაობა წარმოშვა:

ა) სოციალურმა პრობლემებმა;

ბ) პოლიტიკურმა პრობლემებმა.

სწორი პასუხი:

ა) ეროვნულ -განმათავისუფლებელი მოძრაობა;

ბ)…

სწორი პასუხი: 1 ქულა

 

არასწორი პასუხი: 0 ქულა

დაასახელეთ აღნიშნული ფაქტის მიზეზები სწორი პასუხი:

1801 წლის მოვლენები…

სწორი პასუხი: 1 ქულა

 

არასწორი პასუხი: 0 ქულა

დაასახელეთ ქვეყნები, სადაც მსგავსი მოვლენები ხდებოდა. სწორი პასუხი:

იტალია.. სამხრეთ ამერიკის…

სწორი პასუხი: 1 ქულა

 

არასწორი პასუხი: 0 ქულა

6 ჩამოთვალეთ მოსალოდნელი შედეგები. სწორი პასუხი უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

სამოქალაქო დაპირისპირება…

ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა…

რევოლუცია… სოციალური უფლებებისთვის ბრძოლა… ტექნიკური პროგრესის შედეგები…

დასკვნა სწორია, მოყვანილია არგუმენტი – 2 ქულა

სწორი დასკვნა არგუმენტის გარეშე – 1 ქულა;

არასწორი დასკვნა, არასწორი არგუმენტი – 0 ქულა

7. გაეცანით მოსაზრებას:

ა) იმის გამო, რომ სახელმწიფო არ აღიარებდა არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ კრიზისს და პოლიტიკურ პრობლემებს, ქვეყანა შევიდა ჩიხში და დაიშალა;

ბ) რუსეთის იმპერია დაადგა ეკონომიკური განვითარების გზას და რომ არა სოციალ-დემოკრატი ბოლშევიკების შეხედულებები სამყაროს მომავალ განვითარებაზე, იმპერიის მოსახლეობისთვის უკეთესი პირობები შეიქმნებოდა.

 

– რომელი მოსაზრება ეთანხმება თქვენსას და რატომ?

სწორი პასუხი უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

მრეწველობა…  აგრარული პოლიტიკა… საქალაქო ცხოვრება… ეროვნება… სახელმწიფოებრიობა… პარტია… კონსტიტუცია…

უკეთესი არჩევანი იქნებოდა… ჩემი აზრით…

დასკვნა სწორია, მოყვანილია არგუმენტი – 2 ქულა

სწორი დასკვნა არგუმენტის გარეშე – 1 ქულა;

არასწორი დასკვნა, არასწორი არგუმენტი – 0 ქულა.

 

მოდელური დავალებები განსაკუთრებით მოხერხებული ინსტრუმენტია ისტორიაში სოციალური ხასიათის პრობლემატიკის შესასწავლად. ის საშუალებას აძლევს მასწავლებელს, ერთდროულად შეაფასოს მოსწავლის როგორც საგნობრივი ცოდნა, ისე მისი პიროვნული განვითარების მიმდინარეობა, გადაწყვეტილებების მიღებისთვის მზაობა.

გაკვეთილის ორგანიზებისადმი მრავალფეროვანი მიდგომებითა და საინტერესო დავალებებით ხელს შევუწყობთ მოსწავლის მიერ ცოდნის დაუფლებას, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპეტენციების ფორმირებას, აქტიურ კომუნიკაციას მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის, მოსწავლის შემეცნებითი ინტერესების გააფართოებას და მის პროვნულ სრულყოფას, რითაც სწავლა/სწავლების მიზნები გაცილებით დაძლევადი და მიღწევადი გახდება.

სტრესის გარეშე (გაგრძელება)

0

მკითხველს ვთავაზობ კიდევ ერთ ამონარიდს მარვინ მარშალის წიგნიდან: „დისციპლინა სტრესის გარეშე“.

მაშ ასე, ბავშვებს არ უნდა შევუზღუდოთ ამა თუ იმ მოვლენაზე რეაქციის თავისუფლად გამოხატვის უფლება. მოსწავლეები უფრო პასუხისმგებლიანები ხდებიან მაშინ, როცა ხვდებიან, რომ პრაქტიკულად ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი სტიმულების, იმპულსებისა და სურვილების ზემოქმედების მიუხედავად, მათ თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ რეაქცია. ნებისმიერი ასაკის ადამიანი შესაძლებელია მოხვდეს ისეთ სიტუაციაში, რომლის გაკონტროლებაც მის ძალებს აღემატებოდეს, მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია, ვიქონიოთ თავისუფალი რეაქცია.

მცირე ასაკის ბავშვები აკეთებენ იმას, რასაც, მათი აზრით, მათგან უფროსები მოელიან/მოითხოვენ. პატარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უფროსების შეხედულებები და ამიტომ ისინი ცდილობენ, მათ ასიამოვნონ. იგივე ითქმის დაწყებითი  სკოლების მოსწავლეებზეც, ისინი ზუსტად ასევე აღიქვამენ  მასწავლებლებს. ჩემდა სამწუხაროდ, ბევრი მასწავლებელი იყენებს დასჯისა და წახალისების მეთოდებს, რადგან ისინი ფიქრობენ, რომ ასეთი გარეგანი მანიპულაციებით აიძულებენ ბავშვებს, შეიცვალონ „უკეთესობისაკენ“. მოდით, განვიხილოთ ასეთი მაგალითი. დავუშვათ, გიორგიმ აწყენინა ნიკას. ნიკას შეუძლია მას ხურდა დაუბრუნოს, გაიქცეს და უფროსებისგან ითხოვოს დახმარება ან იტიროს. ნიკას თავად შეუძლია აირჩიოს, როგორ მოიქცეს. ჩემი მოსაზრების მთავარი მიზანია, ბავშვებს გავაგებინოთ: მიუხედავად იმისა, თუ რა სიტუაციაში აღმოჩნდებიან, მათ ყოველთვის აქვთ თავისუფლება, მიიღონ ესა თუ ის გადაწყვეტილება. სამოქალაქო საზოგადოების ფუნდამენტური უფლებაა, თავისუფლად გადაწყვიტოს, როგორ მოიქცეს, ხოლო ზრდასრული ადამიანების მოვალეობაა აუხსნას, ასწავლოს ბავშვს, რომ მისთვისვე იქნება უკეთესი, თუ არჩევანი ღირსეული აღმოჩნდება. თუ ბავშვებს დაეხმარებით იმის გაცნობიერებაში, რომ მას ქცევის თავისუფალი არჩევანი აქვს, ეს მათ დაეხმარება, გაიუმჯობესონ თვითკონტროლი და პასუხისმგებლობის შეგრძნება. გარდა ამისა, ბავშვები და მოზარდები ამ დროს თავს გაცილებით თავისუფლად გრძნობენ, ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც საკუთარი უსუსურობის განცდა აწუხებს და თავს მსხვერპლად გრძნობს.

ახლა რამდენიმე სიტყვა სწორედ მსხვერპლის კომპლექსზე, გნებავთ განცდაზე.

ზემოთ უკვე აღვნიშნე – განაგრძობს მარვინ მარშალი – რომ, როდესაც ბავშვებს ვასწავლით თავისუფალ აზროვნებას (ქცევითი რეაქციების კონტექსტში), ამით ვუხსნით, რომ არ არის აუცილებელი მუდმივად იყვნენ მსხვერპლის როლში და ეს შესაძლებელია მათ ცხოვრებაში ყველაზე მთავარი გაკვეთილი აღმოჩნდეს. მსხვერპლის როლი სრულებით არ უწყობს ხელს პასუხისმგებლიანი პიროვნების აღზრდას. ყველას მოგისმენიათ მსგავსი ფრაზები: „ჩემი ბრალი არ იყო, მან თავად მაიძულა ასე მოქცევა“; „თავს ვერ ვაკონტროლებდი, არ ვიცი, რას ვაკეთებდი“; „მე არაფრის გაკეთება არ შემეძლო“; „არჩევანი არ მქონდა, ასე უნდა მოვქცეულიყავი“… თუ ბავშვი გააცნობიერებს, რომ მსგავსი ტიპის მსჯელობები იმას ნიშნავს, რომ ის კონტროლს „ვიღაც სხვის“ ხელში აგდებს, მერწმუნეთ პასუხისმგებლობის გრძნობა მასში თანდათან გაძლიერდება.

მოსწავლე, რომელმაც ტესტური დავალების შესრულებისას დაბალი შეფასება დაიმსახურა, დაფიქრდა და დაასკვნა: „ამ საგანს ვერ ვითვისებ“. მას მიაჩნია, რომ არ შეუძლია ამის გაკონტროლება და ამიტომ პესიმისტურად განეწყობა, საბოლოოდ კი სულაც ხელს ჩაიქნევს ამ საგნის სწავლაზე. მეორე მოსწავლე – ოპტიმისტია, ამიტომ იფიქრებს: „უფრო მეტი უნდა მემეცადინა, მე ხომ შემეძლო გაცილებით დიდი დრო დამეთმო ამ საგნისთვის?“ ასეთ მოსწავლეს ესმის, რომ მას შეეძლო გაეკონტროლირებინა სიტუაცია. არჩევანი, კონტროლი და პასუხისმგებლობა მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან. რაც უფრო ხშირად ირჩევს ბავშვი/ზრდასრული პასუხისმგებლობას, მით უფრო უძლიერდება კონტროლის განცდა.

ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ისინი მსხვერპლნი არიან, თვლიან, რომ მათ არ შეუძლიათ რაიმეს მართვა საკუთარ ცხოვრებაში და ფიქრობენ, რომ სამყარო მათ მიმართ ყოველთვის განსაკუთრებით უსამართლოა. ასეთი ადამიანები, ხშირ შემთხვევაში გაბოროტებულნი არიან. ისინი არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, იყვნენ ბედნიერი, უბრალოდ იმიტომ, რომ ბედნიერების განცდა მათ მსოფლმხედველობას ეწინააღმდეგება. კიდევ მინდა დავამატო – განაგრძობს – ავტორი, სიტუაციაზე კონტროლის განცდის ნაკლებობა ახალგაზრდების მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედების საბაბიც შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომაც ბავშვობიდანვე საჭიროა იმის ცოდნა, რომ მათ აქვთ არჩევანი, თავისუფლად გადაწყვიტონ, როგორ მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში და ამასთან ერთად აიღონ პასუხისმგებლობა მიღებული გადაწყვეტილებაზე.

მინდა დავამატო, რომ მსხვერპლის ასეთი მდგომარეობა იმის შედეგიცაა, რომ მას სწამს გარეგანი ძალების ყოვლისშემძლეობის და არა მისივე პიროვნული შინაგანი რეაქციების. აი, აზროვნების შაბლონების მაგალითები: „ეს „ვიღაცის“ ბრალია“; „რაღაცამ“ პროვიცირება მოახდინა მე არაფერ შუაში ვარ“; „მე ხომ მსხვერპლი ვარ“. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, ესაუბრონ საკუთარ თავს ძლიერი პიროვნების პოზიციიდან, რომელიც სრულებით აკონტროლებს საკუთარ ცხოვრებას. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ მოზარდმა თავი იმართლოს და თქვას: „მაიძულეს ამის გაკეთება“ ან „მე იძულებული გავხდი ეს გამეკეთებინა“ უმჯობესია ასეთი ფორმულირებები: „მე მიბიძგეს ამის გაკეთებისკენ“ და „მე მქონდა სტიმული ამის გასაკეთებლად“. ვფიქრობ, ყურადღებიანი მკითხველი ჩაწვდა ამ ფრაზებს შორის განსხვავებას, ისინი არ ართმევენ ბავშვს საკუთარ ცხოვრებაზე ძალაუფლებას, ისინი მხოლოდ აღწერენ სხვა ადამიანების ზემოქმედებას ბავშვის ქცევაზე.

კიდევ ერთი სტრატეგია. მოდით, აბა დაინახეთ განსხვავება „შენ მე მაწყენინე“-სა და „მე ვბრაზობ“-ს შორის. როდესაც ფრაზა, ასე ვთქვათ, პირადული ხდება, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობიერებთ, რა არჩევანი გავაკეთეთ. როდესაც ადამიანი დარწმუნებულია საკუთარ შინაგან დიალოგში – ეს წარმატების საწინდარია. ფენრი ფორდმა (1863-1947წწ. ამერიკელი ბიზნესმენი, გამომგონებელი, მილიარდერი – საავტომობილო ინდუსტრიის ფუძემდებელი. მისი ლოზუნგი იყო – „ავტომობილი ყველას“) ამის შესახებ სიტყვამოსწრებულად აღნიშნა: „თუ თქვენ თვლით, რომ რაღაც შეგიძლიათ, მაშინ ეს ასეა. თუ ფიქრობთ, რომ არ შეგიძლიათ, ესეც ასე იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენ მართალი ბრძანდებით“.

კიდევ ერთი უნარი, რომელიც ბავშვებში უფროსებმა უნდა დანერგონ – ეს არის რეფლექსია. რეფლექსია, ანუ საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა. მაგალითად ასე: „როგორ უნდა მოვიქცე, რომ არ შევცდე?“; „როგორი იქნებოდა საუკეთესო გადაწყვეტილება?“; „როგორ მოვიქცე, რომ ჩემმა სურვილებმა არ მართონ ჩემი ქცევები?“ მსგავსი კითხვები ეხმარება მოზარდებს პიროვნული ზრდისას და ასევე ავითარებს სოციალურ პასუხისმგებლობას. სიკეთე და კეთილგონიერება ვლინდება მაშინ, როდესაც ადამიანები პატივს ვცემთ ბავშვის პიროვნებას, ვამხნევებთ, ხელს ვუწყობთ მის დამოუკიდებლობას.

მნიშვნელოვანი გარემოებები:

  • ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი ზემოქმედების ქვეშ ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ რეაქციებს;
  • ერთ-ერთი ყველაზე ღირებული უნარ-ჩვევა, რომელიც შესაძლებელია ბავშვს გამოვუმუშოთ, არის ის, რომ მას შეუძლია არჩევანის გაკეთება და რომ სულაც არ არის აუცილებელი მსხვერპლის პოზაში ჩადგომა;
  • ძირეული სხვაობა პესიმისტურ და ოპტიმისტურ აზროვნებას შორის არის ის, რომ ოპტიმისტს შეუძლია აკონტროლოს საკუთარი ცხოვრება, რომელიც არჩევანის თავისუფლებაზეა დაფუძნებული;
  • არჩევანი, კონტროლი და პასუხისმგებლობა მჭიდროდ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან და დიდ გავლენას ახდენენ ბავშვის, მოზარდის/ზრდასრულის ფსიქიკაზე;
  • ბავშვებს შესაძლებელია, ვასწავლოთ საკუთარ თავთან საუბარი ისე, რომ მათ შეიგრძნონ საკუთარი ძალა და უნარი, აკონტროლონ პირადი ცხოვრება.

თქვენ გაეცანით ამონარიდებს მარვინ მარშალის  წიგნიდან: „დისციპლინა სტრესის გარეშე“. ამერიკელი დოქტორი მარვინ მარშალი არის მრავალი ბეტსელერის ავტორი. ის მრავალწლიანი სტაჟის მქონე პედაგოგია, რომელმაც შეიმუშავა საკუთარი სისტემა -„დისციპლინა სტრესის გარეშე“. ამ სისტემის მთავარი იდეა ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ბავშვს შეუძლია საკუთარი თავის შეცვლა, ხოლო მასწავლებლებისა და მშობლების ამოცანაა – ამ პროცესის დელიკატურად გაკონტროლება. დოქტორ მარშალის აზრით, მთავარია, ბავშვები საკუთარ თავზე მუშაობისკენ წავაქეზოთ. ავტორი საკუთარ პროფესიონალურ მისიად მიიჩნევს, დაეხმაროს პედაგოგებს, მშობლებსა და დაწესებულებების ადმინისტრაციებს, აღზრდის ძალადობრივი მიდგომები შეცვალონ უფრო ქმედითი მიდგომებით. კერძოდ: აღმზრდელებმა უნდა გაუძლიერონ ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა, სწავლის წადილი, გაზარდონ ეფექტურობა და ეს ყველაფერი მოახერხონ ისე, რომ არც ბავშვები და არც უფროსები არ იყვნენ მუდმივი სტრესის პირობებში.

 

 

თუ მოსწავლე მხატვრულ სახეს ვერ ხსნის

0

მხატვრული ლიტერატურის უმთავრესი მახასიათებელი რომ სახეობრივი აზროვნებაა, ნათელია არა მხოლოდ ლიტმცოდნეების, არამედ ლიტერატურაზე დილეტანტური წარმოდგენის მქონე ადამიანებისთვისაც. სახისმეტყველება ლიტმცოდნეობის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. სახეობრიობა არის ის უმთავრესი ხიბლი, რომელიც ლიტერატურულ ტექსტებს მკითხველისთვის მომაჯადოებელ სამყაროდ აქცევს. და მაინც: ყოველთვის პრობლემაა მხატვრული სახეების სწორად აღქმა და მით უფრო – მათზე წერილობითი ტექსტების შექმნა.

დაწყებით საფეხურზე ქართულის მასწავლებლები მოსწავლეებს ხშირად ავალებენ პერსონაჟის დახასიათების წერას, რასაც პატარები იოლად ართმევენ თავს, რადგან ამაში ეხმარებათ უამრავი კოგნიტური სქემა, მაგალითად, პერსონაჟის რუკა ან პერსონაჟის თვისებების „მზე“, რომლის „სხივებზეც“ გმირის თვისებებს წერენ და შემდგომ მისი დახმარებით აგებენ თხზულებას. მიუხედავად დაწყებით საფეხურზე ამგვარი აქტივობების სიხშირისა,  მხატვრული სახის სრულყოფილი პორტრეტების შექმნა საბაზო და საშუალო საფეხურზე, ასევე ერთიან ეროვნულ გამოცდაზეც პრობლემად რჩება. ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდის ტესტში მოცემულ მხატვრულ ტექსტზე შესაქმნელი თხზულება ასაგებია სამი მითითების მიხედვით, რომლებიც თითქმის ყოველთვის დალაგებულია ამ სქემის შესაბამისად:

ი დ ე ა (მთავარი სათქმელი)

 

ს ა ხ ე (ლექსის ლირიკული გმირის ან ეპოსის პერსონაჟის ლიტერატურული პორტრეტი)

 

ს ტ ი ლ ი (ავტორის ხელწერის მხატვრული თავისებურებები)

 

ლიტერატურის არჩევით გამოცდაზე კი აუცილებელია პარალელური ტექსტების სინთეზირება და შესაბამისად აბიტურიენტმა უნდა შეძლოს ორი ტექსტის მხატვრული სახეების სინთეზიც.

ყოველი მხატვრული სახე, რაც უნდა მარტივი და სადა ხერხებით იყოს რეალიზებული, უთუოდ ატარებს გარკვვეულ შიფრ-კოდებს, რომელთა გახსნასაც ვეძახით სახის დეკოდირებას. მხატვრული ტექსტის იდეა და სახე ყოველთვის კავშირშია ერთმანეთთან, რადგან იდეის რეალიზების უპირველესი საშუალება სწორედ სახეა, მასში განასახიერებს ავტორი თავისი სათქმელის ყველა ქვეტექსტს. ამიტომ სახე ტევადი და მრავალშრიანია.

სახის დეკოდირება, ანუ ლიტერატურული პორტრეტის შექმნა არ არის მარტივი ამოცანა, მოითხოვს ემოციურ აღქმას, ღრმა და ფართო ხედვას, ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების მაღალ უნარებს, თუმცა მასწავლებელმა უნდა შეძლოს პორტრეტის შექმნის გარკვეული ტექნიკის ეფექტურად სწავლება. უსათუოდ უნდა გავმიჯნოთ ლირიკული და ეპიკური ტექსტების სახეები, რადგან მათ გარკვეულწილად სპეციფიკური განმასხვავებელი ნიშნები აქვთ.

ლირიკულ ტექსტებში ყოველთვის ვხვდებით მთავარ ლირიკულ გმირებს და მათთან იდეურად დაკავშირებულ მხატვრულ სახეებს. ლირიკული გმირიც მხატვრული სახეა, მაგრამ ყველა მხატვრული სახე ლირიკული გმირი ვერ იქნება, რადგან დამხმარე საშუალებაა, ეპიკური ტექსტის მეორეხარისხოვან, ეპიზოდურ ან პასიურ პერსონაჟს მოგვაგონებს.

ძალიან ხშირად ვაწყდები მოსწავლეთა პანიკურ დამოკიდებულებას ამგვარი დავალებისადმი: „იმსჯელეთ ამა თუ იმ ტექსტის გმირის მხატვრული სახის გარშემო“. აუცილებელია, რომ მასწავლებელმა შექმნას უნივერსალური  სქემები, რომლებიც ერთგვარ ორგანაიზერად გამოადგება მოსწავლეს. გთავაზობთ ამგვარი სქემის მარტივ ნიმუშს:

მხატვრული სახის ანალიზი (ლიტერატურული პორტრეტი)
მხატვრული სახის ზოგადი მახასიათებლების მიმოხილვა (შესავალი)
სახის კონკრეტული მახასიათებლების მარკირება, გამოვკვეთოთ თვისებები, რომელთაც ის თავისი მოქმედებით ამჟღავნებს
არგუმენტირებული მსჯელობა გამოკვეთილი თვისებების გარშემო ტექსტიდან არგუმენტირება-ციტირებით
მსჯელობა მხატვრული სახის მისიისა და როლის გარშემო, ანუ სახე, როგორც კონკრეტული იდეის განსახიერება/რეალიზება
ლიტერატურული პარალელები (სინთეზი მონათესავე მხატვრულ სახეებთან)
მკითხველის დამოკიდებულება მხატვრული სახისადმი
მხატვრული სახის მახასიათებლების შეფასება-შეჯამება, მხატვრული სახე ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში (რეზიუმე)

 

მაგალითისთვის სახეობრივად განვიხილოთ ერთი პროზაული და ერთი ლირიკული ტექსტი: იოვანე საბანისძის „აბოს წამება“ და გიორგი ლეონიძის „ღამე ივერიისა“.

„აბოს წამების“ მეორე და მესამე თავები, სადაც მოთხრობილია მარტვილის ქართლად შემოსვლა, ნათლისღება და წამება, გვიხატავს წმინდა მოწამის უაღრესად დამაჯერებელ, საინტერესო, ტევად მხატვრულ სახეს. სასურველია, რომ მისი სახის დეკოდირებისთვის გაკვეთილზე დავამუშაოთ ზემოთ მოყვანილი სქემა და შევავსოთ ის ტექსტიდან მოძიებული მასალით:

მხატვრული სახის დეკოდირების ორგანაიზერი ტექსტში მარკირებული  ფაქტობრივი მასალა
მხატვრული სახის ზოგადი მახასიათებლების მიმოხილვა VIII საუკუნის ჰაგიოგრაფიული თხზულება გვიხატავს ღვთის მაძიებელი, ჰუმანური, მამაცი, თავდადებული გმირის პორტრეტს.
სახის კონკრეტული მახასიათებლები, თვისებები, რომელთაც ის თავისი მოქმედებით ამჟღავნებს. მოცემულ ეპიზოდებში აბო წარმოჩნდება, როგორც: მაძიებელი ბუნების, მოაზროვნე, გონიერი, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, ჰუმანური, ქველმოქმედი, უანგარო, პრინციპული, მტკიცე, მამაცი, ნებისყოფიანი, ღრმა ინტუიციის, ადამიანური მისიის შემმეცნებელი, ამტანი, ენამახვილი, ტოლერანტი.
არგუმენტირებული მსჯელობა გამოკვეთილი თვისებების გარშემო ტექსტიდან არგუმენტირება-ციტირებით ტექსტში აღმოჩენილ თვისებებს გმირი ამჟღავნებს, როცა:

მაძიებელი ბუნების – ბაღდადში ოჯახთან ერთად უზრუნველად მცხოვრები ქართლში, უცხო ქვეყანაში მოდის ღვთის მაძიებლად;

მოაზროვნე – აბოს ნათლად აქვს გააზრებული საკუთარი გზაც და გარშემომყოფთა დამოკიდებულებაც საკუთარი პერსონისადმი, კარგად ესმის მოვლენათა და გარემოებათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რაც ნათლად ჩანს ტფილისში მისი მოღვაწეობის, ხაზარეთსა და აფხაზეთში მოგზაურობისა და პატიმრობის ჟამს;

ნიჭიერი, გონიერი – აბო იოლად ითვისებს ქართულ ენაზე თავისუფლად ფიქრის და აზროვნების უნარს, სწავლობს ქრისტიანულ ღვთისმეტყველებას სრულყოფილად, ავსებს თავის ცოდნას სჯულისმცოდნეთაგან;

მიზანდასახული – აბო გეგმავს საკუთარ გზას, ილტვის სიახლეებისკენ, ისწრაფვის თავისი ჩანაფიქრების განსახორციელებლად (ქართლში ჩამოსვლა, უცხო ენის და ღვთისმეტყველების სწავლა, მონათვლა, ქველმოქმედება, ღვაწლის მძლეობა, ქრისტიანობის ქადაგება, ქართლის ერის გამხნევება);

შრომისმოყვარე – მარტვილი თავდაუზოგავად შრომობს ყველგან, უქმად არსად არ რჩება, სულ მოძრაობაშია, ქმნის, ნელსაცხებლებს ამზადებს, ყიდის, ქველმოქმედებას ეწევა, სწავლობს, მოგზაურობს, ტალანტის გამამრავლებელია;

ჰუმანური – ის ზრუნავს დაჩაგრულ ქართლელებზე, იჩენს მეგობრებს (მაგალითისთვის შეგვიძლია დავასახელოთ თხზულების ავტორთან მისი მეგობრობა), საპყრობილეში ყიდის ნივთებს და აჭმევს უპოვრებს;

ქველმოქმედი – მუდამ გასცემს და უკან არასდროს ითხოვს, ტფილისის მიმდებარე სოფლებში ქადაგებს, ქველმოქმედებას ეწევა უანგაროდ;

უანგარო – მიუხედავად მრავალი შესაძლებლობისა, ის არასდროს არავისგან არაფერს ითხოვს და იღებს. ჰქონდა შანსი, რომ აფხაზთა მთავრისგან ან სარკინოზთა ამირასგან მიეღო უხვი მატერიალური სიკეთე, მაგრამ ამაზე კატეგორიულ უარს ამბობს („დაღაცათუ ბევრეული ოქროისა და ვეცხლისა მომცენ მე… ვერ განმაშორონ მე სიყვარულსა უფლისა ჩემისასა“…);

პრინციპული, მტკიცე, თავდაჯერებული – აბო შეუპოვარია მრისხანე შემასმენელთა და ამირას წინაშე. თავდაჯერებულია ყველა ეპიზოდში, ამირასთან მშვიდად აცხადებს საკუთარ არჩევანს და მახვილის წინაშეც კი უდრეკია;

მამაცი – მთელი მისი გზა და მოღვაწეობა ამტკიცებს, რომ აბო გამორჩეულად მამაცი ადამიანია: სარისკო იყო სარკინოზთაგან დაპყრობილ ქართლში ჩამოსვლა, ტფილისში არაბი ჭაბუკის ქრისტესთან ზიარება, ნათლობა, ქართლელებთან ღიად თანამშრომლობა და სოლიდარობა, აფხაზეთიდან წამოსვლა, სარკინოზებისადმი ანტაგონისტურად განწყობილ ნერსე ერისმთავართან სიახლოვე, აფხაზეთიდან ტფილისში დაბრუნება, გაცხადებულ ქრისტიანად ტფილისის ქუჩებში სიარული, თანამგრძნობთა მიერ გაფრთხილების მიუხედავად ქრისტიანული ცხოვრების წესის ღიად მიდევნება;

მომთმენი, ამტანი, ნებისყოფიანი – აბო საკვირველ ნებისყოფას ამჟღავნებს საპყრობილეში, ცხრა დღე უმძიმეს ასკეზისშია, ზედგომა, მღვიძარება, უწყვეტი ლოცვა, ხორციელი შიშის დაძლევა თვით მახვილის წინაშეც კი მის ზეადამიანურ ნებისყოფაზე მეტყველებს;

ღრმა ინტუიციის, წინასწარმეტყველი, სასწაულთმოქმედი – ის ღრმადმჭვრეტელი, ინტუიტური აზროვნების, წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, საკუთარი სიკვდილის ჟამიც კი უფალმა გამოუცხადა, მისი სული ზემოდან დაჰყურებს სხეულს, როცა სიკვდილით დასასჯელად მიჰყავთ, წინასწარ ხვდება, რას უმზადებენ სარკინოზები, ხედავს სულის გზას იმიერ სოფელში და სულიერ სიმშვიდეს ინარჩუნებს უმძიმეს განსაცდელშიც;

ადამიანური მისიის შემმეცნებელი – აბო არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის აცნობიერებს, რომ მისი სულიერი მისიაა სარკინოზთაგან დაჩაგრული, ქრისტიანობაშერყეული ქართლის გამხნევება, ყველაფერს აკეთებს ამ მისიის აღსასრულებლად, რის გამოც თხზულების ფინალში ავტორი მასზე აცხადებს, რომ მის გამო ქართლში ქრისტესადმი რწმენა „კუალად განახლდა“, ის მოძღვრად იქცა ქრისტიანებისთვის, მან გავლენა მოახდინა საზოგადოების ყველა ფენასა და ყველა კატეგორიის ადამიანზე;

ენამახვილი – აბოს დიალოგები აფხაზთა მეფესთან, ასევე ტფილისის ამირასთან და თანამდგომ ქრისტიანებთან მოწმობს მის ენამახვილობას;

ტოლერანტი – მთლიანობაში აბო თავისი ეპოქის დიდი ნოვატორი და ტოლერანტია, რადგან ისმაიტელთა მძლავრობის ჟამს მან შეძლო, რომ უცხო ქვეყნის კულტურა, რელიგია, ენა და ხალხი მიეღო, შეეყვარებინა, გაეთავისებინა, თვითიდენტიფიკაცია მოეხდინა ამ ხალხთან და რელიგიურ აღმსარებლობასთან. ამისკენ მოუწოდებს საკუთარი ზნეობრივი მაგალითით აბო ყველას, ქართლელებსაც და სარკინოზებსაც.

მხატვრული სახის მისია და როლი, რომელსაც მას ავტორი აკისრებს, ანუ სახე, როგორც კონკრეტული იდეის განასახიერება აბო განასახიერებს VIII საუკუნეში დევნილი, „ქენჯნილი და ძვირ-ძვირად ზღვეული“ ქართლისა და ქრისტიანული რწმენისთვის თავდადებულ ზეკაცს, ის გვევლინება უკვდავ სახედ, არქეტიპად, რომელიც მომავალი თაობების სულებში ცოცხლობს, როგორც ტოლერანტობის, ღვთისმსახურების, რწმენის, სიმამაცის და ჰუმანიზმის იდეალი.
ლიტერატურული პარალელები (სინთეზი მონათესავე მხატვრულ სახეებთან) აბო ტფილელი, როგორც „მეთერთმეტე ჟამის ვენახის მუშაკი“ ენათესავება წინარე და მომდევნო ეპოქების მარტვილებს, შუშანიკ დედოფალს, ასურელ მამებს, ევსტათი მცხეთელს, გობრონს, კოლაელ ყრმებს, გრიგოლ ხანძთელის საძმოს წევრებს, იოვანე და ექვთიმე მთაწმინდელებს. ასევე შეგვიძლია პარალელი გავავლოთ აკაკის თორნიკე ერისთავთან, გაბრიელ სალოსთან, ილიას „ოთარაანთ ქვრივის“ გიორგისთან, ვაჟას ალუდა ქეთელაურთან და ლუხუმთან, ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობა „იგის“ მთავარ გმირთან, გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობის“ გურამთან, „ვეფხისტყაოსნის“ რაინდებთან და ა.შ.
მკითხველის დამოკიდებულება მხატვრული სახისადმი აბოს მსგავსი იდეური, მრავალშრიანი და ადამიანურად მომხიბვლელი გმირი მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს, ის აღძრავს პიეტეტის განცდას, აქვს ზნეობრივი გმირის, საზოგადოების გამაკეთილშობილებელი მესია-გმირის თვისებები, როს გამოც პოპულარულია ყველა თაობის მკითხველში.
მხატვრული სახის მახასიათებლების შეფასება-შეჯამება, მხატვრული სახე ისტორიულ-ლიტერატურულ კონტექსტში VIII საუკუნის სარკინოზთაგან დაპყრობილი და რწმენაშერყეული ტფილისის მფარველად მოვლენილი წმინდანი შეიყვარა ქართველმა ხალხმა, ყველა ადამიანური ღირსებით გამორჩეული ჭაბუკი ტოლერანტობის, ჰუმანიზმისა და სიმამაცის სიმბოლოდ იქცა და მისი ხსოვნა ქართველებში მუდამ ცოცხლობს.

 

გიორგი ლეონიძის „ღამე ივერიისა“ სიმბოლიზმის ეპოქის ტექსტია და მიუხედავად მცირე მოცულობისა, უმდიდრეს მხატვრულ სახეებს აცოცხლებს. აუცილებელია მისი ლირიკული გმირებისა და სხვა სახე-სიმბოლოების დაფიქსირება, ხოლო მათი დეკოდირებისთვის საჭიროა მოვიშველიოთ ფანტაზია, ემოცია, ინტუიცია, შემოქმედებითი აზროვნება. ლექსში იკვეთება 12 უაღრესად საინტერესო და მრავალპლანიანი მხატვრული სახე:

მხატვრული სახეები დეკოდირება
გულაყვავებული ლირიკული გმირი მთავარი ლირიკული გმირები, რომლებიც პირველი პირით გვესაუბრებიან, განასახიერებენ ავტორის ორეულს, თავისებურ ალტერ ეგოს, რის გამოც მათი მთავარი მახასიათებელი არის გულწრფელობა, ღრმა ემოცია, ფსიქოლოგიზმი. „ისევ აყვავდა გული ვარდივით“ – ულამაზესი ეპითეტისა და შედარების დახმარებით ავტორი გვიმხელს, რომ სამშობლოზე სიმღერას აპირებს, რაც სათაურში იკვეთება („ღამე ივერიისა“).
დარიალიდან ხაზარეთისკენ გადავარდნილი წერო დარიალიდან ხაზარეთისკენ გადავარდნილი წერო აღძრავს „აბოს წამების“ ალუზიას, სადაც გზა დარიალიდან ხაზარეთისკენ ტექსტის უმნიშვნელოვანესი, საკვანძო ქრონოტოპია და სიმბოლურად განასახიერებს დევნილი ქართლისა და ქრისტიანობის ძველისძველ სახეს, რომელიც XX საუკუნეშიც კი აქტუალურია. ფრინველი, მათ შორის წეროც, განასახიერებს თავისუფლებისკენ ლტოლვას, ორი სამყაროს კავშირს, ადამიანთა სულიერი ძიებების გზას.
დახანძრებული ივერია ეს სინტაგმა იტევს უღრმეს ქვეტექსტებს – დახანძრებული ივერია მრავალ ჭირ-ვარამგადანახადი საქართველოს სიმბოლოა, რომელიც გასულიერებულია (გაპიროვნებულია) და ისტორიული ქარტეხილებით დაღლილი „წევს“, თითქოს ისვენებს, ძალებს იკრებს, საბჭოთა სინამდვილიდან და რუსული იმპერიული გავლენისგან თავის დაღწევას ცდილობს.
თარზე დამკვრელი მტკვრისპირა წნორები ასევე გაპიროვნების ხერხით იხატება წნორების მხატვრული სახე, ისინი განასახიერებენ ესთეტიზმს, მტკვრისა და თბილისის სილამაზეს, ამავე დროს იმ რყევებს, რომელთა გამოც ბევრი განსაცდელი გამოუვლია მრავალტანჯულ სამშობლოს (შევადაროთ: „ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“ –  ისევ და ისევ „აბოს წამების“ ალუზია). წნორი, ანუ ტირიფი ასევე გვევლინება სევდისა და ცრემლების სიმბოლოდ…
მეტივეები „მეტივეები სადღაც მღერიან“ – ისინი განსახიერებენ თბილისის კოლორიტს, მათი სიმღერა ქალაქის ინსპირაციაა, მათთან დაკავშირებულია მრავალი ქალაქური ტრადიცია.
სოფლის გუბეში გაჩრილი მთვარე მთვარე მუდამ მისტიკურის, შეუცნობლის, საოცნებოს, რომანტიკულის ალეგორიულ სახე-სიმბოლოდ ითვლებოდა, ხოლო სოფლის გუბეში გაჩრილი მთვარე ხაზს უსვამს რეალიზებულ, ახდენილ სიყვარულს, სამშობლოს ბრწყინვალებით სავსე და ბედნიერ სულს.
ბეღლებში მთვლემარე ლურჯი ყანები მწვანე ყანებს რომ სილურჯე გადაჰკრავთ შორიდან, ეს მათი ნაყოფიერების, ბარაქის, სიმდიდრის, ქვეყნის კეთილდღეობის, ადამიანთა არსობის პურის სიმბოლოა.
ლამპარივით ელვარე ხვავი „ელვარებს ხვავი, თითქოს ლამპარი“ – იშვიათი ოსტატობით მიგნებული შედარება გვიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის დოვლათი და ადამიანთა კეთილდღეობა.
წარსულს მიბარებული ჩინგისხანები იოლი ამოსაცნობია წარსულს ჩაბარებული ჩინგისხანები, როგორც სიმბოლო წარსულის სასტიკი დამპყრობლებისა, რომელთა შორის ყველაზე სასტიკის სახელი განზოგადებულად გვიხატავს მრისხანე ოკუპანტების სახეებს.
ზღაპრისმთხრობელი მეწისქვილე წისქვილი და მეწისქვილე მხატვრულ ტექსტებში პოპულარული სახე-სიმბოლოები არიან. ისინი განასახიერებენ სოფლის ხვავსა და ბარაქას, სოფლის მცხოვრებთა ერთობას, სიახლეს, თხრობას, ფიქრს, აზრთა გაცვლა-გამოცვლას. მეწისქვილე ყოვლისმხილველი/ყოვლისმცოდნეა და მისი ფანტაზია შორს მიდის, მისი მოთხრობილი ზღაპარი სულის საკვებად გამოადგებათ თაობებს.
ნაღვლიანი, ძველი ქართლი ემოციური და შთამბეჭდავი ეპითეტით დახატული ქართლი თანამედროვე „დახანძრებული ივერიის“ პარალელური სახე-სიმბოლოა, ის საკუთარ იპოსტასში მალავს საქართველოს ამაღელვებელ ისტორიას.
აზნაურის ქალი მოგვაგონებს ლეონიძის მეორე შედევრის, „ნინოწმინდის ღამის“, ათაბაგის ქალს, ქალური ინიციაციის, ვნების, სიყვარულის, შთაგონების, შემოქმედების, ლირიზმისა და მუსიკალობის განმასახიერებელი სიმბოლოა და ლექსის საოცარი სახეების გალერეას ამით ამშვენებს.

მხატვრულ სახე-სიმბოლოთ ჩხრეკა-ძიების, დეკოდირებისა და ანალიზის პროცესში გადამწყვეტია არა მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობების სწორად ამოცნობა, არამედ მათი დაკავშირება ტექსტის იდეებთან, ცოდნის გამთლიანება/რეფლექსირება, რაც მოსწავლეს დაეხმარება, რომ ანალოგიური ძიებების დროს გამოიყენოს ეს კარგად დამუშავებული „ქეისები“, რათა ახალი და ახალი მხატვრული სახეების დეკოდირება არ იყოს დაუძლეველი სირთულე.

როგორ მივიდეს ბავშვი სკოლაში უსაფრთხოდ?

0

როგორი უნდა იყოს ჩვენი ქალაქების ქუჩები, რათა ბავშვებისთვის სკოლაში მისვლა არ გაუჭირდეთ?

 

ალბათ ყველას უნახავს, დილას სკოლაში მიმავალ ბავშვები. ისინი მიიჩქარიან სკოლისკენ, ცდილობენ ავტომობილებით დატვირთულ ქუჩაზე გადავიდნენ, ზოგი, მძიმე ჩანთის მიუხედავად, მირბის, რათა გაკვეთილზე არ დააგვიანოს. ალბათ ასევე შეგიმჩნევიათ რომ ზოგიერთ სასკოლო ჩანთას, ქურთუკს ან ქუდს, ფლუროსცენტული (ამრეკლავი) ხაზი აქვს ჩაკერებული.

დასავლეთის ბევრ და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, სკოლების მახლობლად შენიშნავთ ფლუროსცენტულ ჟილეტებში და ქურთუკებში გამოწყობილ ხალხსაც – ესენი სასკოლო „მოსიარულე ავტობუსის“ მოხალისეები არიან.

„მოსიარულე ავტობუსი“ შედარებით ახალი კონცეფცია გახლავთ, რომელიც გულისხმობს სკოლამდე ბავშვების უსაფრთხოდ მიყვანას არა დიდი, ყვითელი (ან სხვა ფერის) სასკოლო ავტობუსით, არამედ ბავშვების სკოლამდე მიცილებას, წინასწარი მარშრუტით და „გაჩერებებით“, ოღონდ სკოლამდე მანძილის, ბავშვებთან ერთად ფეხით გავლით.

 

„ჩვენ გვსურს რომ ფეხით სიარული ბავშვებისათის ცხოვრების ყოველდღიურ წესად ჩამოყალიბდეს. დღეს, ეს ასე არ არის“, ამბობს ქოლინ კუპერი, რომელიც ვატერლოოს რეგიონში (კანადა), „მოსიარულე ავტობუსების“ პროგრამის კოორდინატორია. „პროგრამის მიზანია შევცვალოთ ბავშვების სკოლაში მანქანით ტრანსპორტირება, ფეხით სიარულით“.

კანადის სიმსივნესთან ბრძოლის საზოგადოებამ (Canadian Cancer Society), ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია Block Parents-თან ერთად, ქ. ვატერლოოში (კანადა) წამოიწყო „მოსიარულე ავტობუსების“ საპოლიტე პროექტი. სამწლიანი საპილოტე ინიციატივა – რომელიც შარშან დაიწყო – დაფინასებულია „ონტარიოს თრილიუმ ფაუნდეიშენის“ მიერ. პროგრამა იმ ბავშვებისთვის შეიქმნა, რომლებიც სკოლიდან სასეირნო მანძილზე (დაახ. 1.6 კმ-ი) ცხოვრობენ.

კანადაში, მოსწავლეთა 80%, სკოლიდან 1.6 კმ-ზე ნაკლებ მანძილზე ცხოვრობს, მაგრამ მათი მხოლოდ 25% დადის სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით.

„ბევრი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ბავშვის მიყვანა სკოლაში მხოლოდ მანქანით არის შესაძლებელი“, ამბობს ქოლინ კუპერი.

ყველამ კარგად იცის რომ ბავშვისთვის ბევრად უკეთესია სკოლაში ფეხით ან ველოსიპედით წავიდეს, მაგრამ ჩვენი ქალქები და ქუჩები ისეა დაგეგმილი რომ საავტომობილო ტრანსპორტს აშკარად უპირატესობა აქვს, ფეხით მოსიარულეებთან შედარებით.

ერთმა გამოკვლევამ, რომელიც კანადაში ჩატარდა, საინტერესო სიახლე გამოავლინა: ბავშვები, რომლებიც სკოლაში ფეხით დადიან, უფრო ნაკლებად განიცდიან დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედებას, ვიდრე ისისნი, ვინც სკოლაში მანქანით ან ავტობუსით დაჰყავთ.

კანადის სიმსივნესთან ბრძოლის საზოგადოება სწორედ ამიტომ არის  ჩართულია „მოსიარულე ავტობუსების“ პროგრამაში. საზოგადოება აცხადებს რომ მათი მიზანია ბავშვები, სიარულის მეშვეობით, ყოველდღიურად დაიტვირთონ ფიზიკურად, სულ მცირე ერთი საათით მაინც. საზოგადოების თქმით, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა საგრძნობლად ამცირებს სიმსივნის სხვადასხვა სახეობების განვითარებას, დასძენს ბ-ნი კუპერი.

სკოლაში და სკოლიდან სიარული ბავშვებისათვის სიძნელეს არ წარმოადგენს, არ მოიცავს ხარჯებს და ხელს უწყობს ბავშვების ფიზიკურ აქტივობას.

გარდა ბავშვებისა, ფეხით სიარული და ზოგადად, ფიზიკური აქტივობა მთელ საზოგადოებასაც ეხმარება, ორგანიზაცია Canada Walks-ის თანახმად (ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ხელს უწყობს აქტიური ცხოვრების წესს კანადაში), ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია მოსახლეობის არააქტიურ ცხოვრების წესთან,  ქვყანას წელიწადში დაახლ. 5.3 მილიარდი კანადური დოლარი უჯდება.

ზემოთ, როგორც ნახეთ, ნეგატიური შედეგების შესახებ მოგითხრეთ.

რაც შეეხება, ‘კარგ ამბებს’, შეგვიძლია განვაცხადოთ რომ მცირე ცვლილებებს დიდი დადებითი შედეგებისკენ მივყავართ.

გამოკვლევების თანახმად, რომელიც Canada Walks-ს მოჰყავს, ჭარბწონიანობის რისკი 5%-ით მცირდება ყოველ კილომეტრზე, რომელსაც ყოველდღიურად გავდივართ; ყოველდღიური ფეხით სიარული აუმჯობესებს გონებრივ ჯანმრთელობას და ამცირებს დემენციისა და სიმსივნის განვითარებას. უბრალოდ, ფეხის გადადგმას და ფეხით სიარულს მრავალი სიკეთე მოაქვს, რომელთა შესახებ ბევრი არაფერი ვიცით.

თუმცა, მიუხედავად ჩვენი განწყობისა თუ სურვილებისა, ფეხით სიარული დიდად არის დამოკიდებული ქუჩების დაგეგმარებაზე.

თუ ქუჩების დიზაინი არ არის მორგებული ფეხის სიარულზე, მშობლები, ბუნებრივია, ნერვიულობას იწყებენ ბავშვების უსაფრთხოებაზე სკოლამდე მათ მიერ მარტო გასავლელ გზაზე.

ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის, The University of British Columbia (UBC), მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის მიხედვით, ძალიან მნიშვნელოვანია მივცეთ ბავშვებს თავისუფლად სირბილის და თამაშის საშუალება.

დოკუმენტური ფილმი, რომელსაც ეწოდება, Running Free: Children’s Independent Mobility („თავისუფლად სირბილი: ბავშვების დამოუკიდებელი მობილობა“), მოგვითხრობს მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევებზე, რომლებიც ამბობენ რომ ბავშვები, რომლებსაც აქვთ საშუალება თავისუფლად ირბინონ, ბევრად უფრო დარწმუნებულნი არიან თავიანთ შესაძლებლობებში; მათ უფრო თავისუფლად შეუძლიათ სივრცეში ორიენტაცია, მაგრამ ბევრ ბავშვს ანის საშუალება არ ეძლევა, რადგან მათ მშობლებს მათი უსაფრთხოების შიში აქვთ.

ამ პრობლემის მოგვარებისა და მშობლების დამოკიდებულების შეცვლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს ქუჩებში უსაფრთხოების გაზრდა – ქუჩები უსაფრთხო უნდა გახდდნენ ბავშვებისათვის და მათი აქტივობებისათვის.  ქალაქებში ამის მიღწევა შესაძლოა ავტომობილების სიჩქარის ლიმიტების შემცირებით პარკების მიმდებარე ადგილებში, სატრანსპორტო მოძრაობის განტვირთვით და ბავშვების აღჭურვით, ვთქვათ მობილური ტელეფონებით, გადაუდებელი შემთხვევებისათვის.

„მოსიარულე ავტობუსებიც“ ერთ-ერთი გამოსავალია, რადგან ასეთი მოძრაობა-გადაადგილების წესი ზღუდავს მოძრაობას სკოლების გარშემო, ამცირებს „დილის სასკოლო საცობებს“ და ჰაერის დაბინძურებას სკოლებთან.

შედეგად, ქუჩები, სკოლების გარშემო, ბევრად უფრო უსაფთხო ხდება და მშობლებსაც აღარ უწევთ პატარების მიყვანა სკოლაში ავტომობილით.

2016 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ შეისწავლა მძღოლთა ქცევა/ტარების თავისებურებები ტორონტოს 118 სკოლის მიდამოებში და აღმოაჩინა რომ მანქანის სახიფათოდ ტარების შემთხვევათა რიცხი 88-ს შეადგენდა !

„ცხოვრება ბევრად უფრო ცივილიზებულ გახდება თუ მასობრივად გადავათ ფეხით გადაადგილებაზე“, დასძენს ბ-ნი კუპერი.

კუპერის თქმით, ვატერლოოს რეგიონი სწორედ იმიტომ შეირჩა „მოსიარულე ავტობუსების“ საპიტო პროექტისთვის რომ რეგიონში უკვე არსებობდა საინიციატოვო ჯგუფი, რომელიც აქტიურ, ფიზიკურ გადაადგილებას უჭერდა მხარს.

ქალაქ კიჩენერში (კანადა), რომელიც ვატერლოოს რეგიონის ადგილობრივი ცენტრია, უკვე შეიქმნა ქალაქის ქუჩების დაგეგმარების ახალი გეგმა, რომელიც გულისხმობს „სრული ქუჩების“ გაკეთებას ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი იქნება. „სრული ქუჩა“ ( a complete streets, ინგლ.), ნიშნავს ქუჩას, რომელიც შექმნილია ყველა ტიპის მომხმარებლისთვის და რომელიც უპირატესობას ფეხით მოსიარულეს ანიჭებს. ქ. ვატერლოომ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ქუჩების ახალი გეგმა, სადაც ველოსიპედების ბილეკები გამოყოფილია უფრო ფართო, ქუჩის ტროტუარებისგან, რაც თავის მხრივ, სერნობასა და ველოსიპედით მოძრაობას უფრო კომფორტულს ხდის მოქალაქეებისათვის.

ფეხის სიარულს უამრავი სიკეთე მოაქვს ჯანმრთელობისთის, მაგრამ უნდა აღინიშნოს მისი ეკონომკური სარგებლიანობაც.

კალიფორნიაში მდებარე ქალაქ ლანკასტერში(აშშ), 2008 წელს საგრძნობლად გაიზარდა სამუშაო ადგილებისა და უძრავი ქონების ფასები იმის შემდეგ რაც ქალაქის მმართველობამ ქუჩების რეკონსტრუქცია გააკეთა და ისინი ფეხით მოსიარულეების საჭიროებებს მოარგო. ქუჩების დიზაინის ცვლილებამ შეაცირა სატრანსპორტო ნაკადების ურთიერთგამჭოლი გადაკვეთები და ზოგადად, ქალაქის ქუჩები ფეხით მოსარულეთათვის მოხერხებული გახადა.

როგორც ქ. ლანკასტერის მაგალითი გვიჩვენებს, ფეხით სიარული ქალაქებში დიდად არის დამოკიდებული, ფეხით მოსიარულეთათვის კომფორტულად მოწყობილ ქუჩებზე.

მკაფიოდ ჩანს, რომ საკითხი ბავშვების სიზარმაცეში ან მშობლების შიშნარევ წარმოდგენებში კი არ მდგომარეობს, არამედ იმაში თუ რამდენად უსაფრთხო და კომფორტულია ფეხით გდაადგილება ჩვენს ქუჩებში თუ უბნებში და სასიარულო ზონების მოწყობა მხოლოდ სკოლებთან, აშკარად არ წარმოადგენს გამოსავალს.

 

სტატია მოამზადა ლევან ალფაიძემ

 

 

უმშობლებო გოგო და ამბების გაშლილი ბადე     

0

ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელოს“ წაკითხვა წლების წინ ჩავიდე გულში და მას შემდეგ ვის აღარ ვთხოვე: წიგნისკენ მიმავალი გზა მასწავლეთ-მეთქი. ხან ვუახლოვდებოდი სურვილის ასრულებას და ხან ვშორდებოდი. ზოგჯერ მეგონა, ხელის გაწვდენაღა დამრჩა-მეთქი. და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სწორედ მაშინ მოხდა ის, რაც მოხდა: წიგნი ხელახლა გამოსცეს. მაღაზიაში კი მაინც იმ ფიქრით შევედი, რომ შეიძლებოდა, სოფლიდან დაბრუნებულს, ბოლო ეგზემპლარიც არ დამხვედროდა თაროზე. თითქოს ზაფხულში გამოსული წიგნი ზაფხულთან ერთად გათავდებოდა და ეს დაგვიანება სამუდამოდ სანანებლად დამრჩებოდა.

წავიკითხე და ყველაზე საყვარელ ქართულ წიგნებშიც ჩავწერე. ერთი გრძელი ღამის ამბავი მრავალ ისეთ ამბად იშლება, ერთმანეთზე გადაბმულები წარმოუდგენელი ზომის ბადეს რომ წარმოქმნიან. ბადე მთელ აღმოსავლეთ საქართველოს სწვდება და გასული საუკუნის სხვადასხვა ათწლეულის წყლებშიც დალივლივებს. შუაგულში კი კახეთია, მთელი თავისი მშვენიერებითა და ენით აუწერელი საშინელებით. დასაწყისშივე ცხედრის სიახლოვეს ვდგავართ, ერთ ციცქნა სარდაფში, და გვესმის, როგორ ეუბნება ბებია შვილიშვილს: „ზოგჯერ მგონია, რომ შენგან არაფერი არ გამოვა… და ეს გულს მიკლავს. სულ იმის ცდაში ხარ, არც ტანჯვით შეიწუხო თავი… არც სიძულვილით… და სიყვარულიც მხოლოდ სიამოვნებას დაარქვა“. არადა, ეს გოგოა, ვინც არის – სწორედ მისი ხმა ისმის ყველაზე მკაფიოდ ამ წიგნში, მისი თვალით დანახულსაც მეტისმეტად ცხადად ვხედავთ.

ერთი შეხედვით, თუ ვინმეს არ გაუმართლა – აი, ამ გოგოს, რომელმაც დიდების სამყაროს მთელი საშინელება ბავშვობაშივე იხილა და ახლობლის კუბოსთან ჯდომა, ძველი ამბების გახსენება, ასეთ პირქუშ ადგილას ღამის გათევა ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. წანდილისთვის კაკალსაც ამტვრევს და ნიგოზსაც საგულდაგულოდ ნაყავს. ბევრად უფრო მძიმე მოსაგონარი აქვს – ძალიან ადრე მოუხდა თვალის გასწორება დიდი უსამართლობისთვის, საყვარელი ადამიანების უმწეოდ დაშვებული ხელებისა და თავის გადასარჩენად ყველაფერზე წამსვლელთა  ვერაგობისთვის. „ვერ ვხვდებოდი, ყველაფერი ეს რატომ ხდებოდა. მინდოდა, ასე ვმჯდარიყავი ამ სველ კლდეებთან, ამ თოვლში, გარინდებული და გაყუჩებული. იქნებ როგორმე მომეკრიბა გონება და მივმხვდარიყავი ჩვენი უბედურების თავსა და ბოლოს. ასე მეგონა, ამ გამოცნობით რაღაცას მივაღწევდი, ასეთი ჩაქოლილი და გაცამტვერებული აღარ ვიქნებოდი. ასე ერთბაშად უმნიშვნელო და უჩინარი რომ გავხდი, ალბათ ქაღალდის მონახევად აღარავის მივაჩნივარ-მეთქი, ვფიქრობდი. მინდოდა, რაღაც საყრდენი მეპოვნა, რაღაცას მოვჭიდებოდი…“. მე-20 საუკუნის 30-იანი წლებია – რას იპოვი, რას მოეჭიდები?!

დიდი ტერორი. ბავშვობის წლები ამ შავბნელ ხანას ემთხვევა, მაგრამ უმშობლებოდ დარჩენილი გოგო ისეთი ქალების ხელშია, რომლებმაც კარგად იციან, მასთან სიმართლის რა ნაწილი უნდა გაამხილონ; რა მიმართულება უნდა მისცენ მის გულში ქარიშხლად დატრიალებულ რისხვას, მუდმივად სახეცვალებად შიშს, ცნობისწადილს, ამოუწურავ ენერგიას. ბებია მუდმივად ესაუბრება წარსულსა და აწმყოზე, ისტორიასა და ლიტერატურაზე, ცხოვრებაზე, ადამიანებზე, თან შრომას აჩვევს, იმ დღეებისთვის ამზადებს, როცა მარტოდმარტოს მოუწევს ყოველდღიური სიძნელეების დაძლევა. „შენ გული შიგნითა გქონდეს, შემოგევლოს ბებო!“ – ამშვიდებს და ეფერება. ხანგამოშვებით კი ახსენებს: „ადამის შვილს კაცად მოვალეობა ხდის, სხვა კი არაფერი“.

ისე გამოდის, რომ სწორედაც გაუმართლა ჩვენს გოგოს – ისეთი ბებია ჰყავს, ერთ დღესაც გვერდით რომ მოისხამს მას და მის მეგობარ ჩიკოს და „ჰამლეტს“ მოუყვება; ჩიკო ჰყავს – დიდი მეგობარი, მისნაირად დაფეთებული და მთავარ კითხვებზე პასუხების გამალებით მძებნელი; ლამაზი ევა ჰყავს და, სხვა ყველაფერთან ერთად, ევას გასაოგნებელი სიყვარულის ისტორიაც ზრდის;  კიდევ ჰყავს ერთი-ორი ისეთი ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობა, ვის გულწრფელობასაც მუდამ მიწად იგრძნობს ფეხქვეშ. და ამბები, ამბები – ამაღელვებელი, თავზარდამცემი, გულის ამაჩუყებელი, ჭკუის სასწავლებელი, სასაცილო, ერთადერთხელ მოსაყოლი, სიცოცხლის ბოლომდე დასამახსოვრებელი… მისია ეს ყველაფერი, მისი სამყაროს დიდი ნაწილია.

წიგნის კითხვისას მუდმივად იცვლებოდა მანძილი ჩემსა და მთავარ გმირს შორის, ხანდახან კი სახიფათოდაც ქრებოდა. მერე რა, რომ 30-იან წლებში არ მიცხოვრია და არც ჩემს მშობლებს გასწორებია საბჭოთა რეჟიმი უმოწყალოდ, გამოგონილი მიზეზით. ეჭვი მაქვს, სხვა მკითხველებიც ამავეს დაინახავენ და იგრძნობენ – ყველას გვიშრებოდა პირი, როცა მარტო ვრჩებოდით გაუგონარსა და ამოუხსნელთან, გვეშინოდა ჩვენივე სიზმრების ახდენისა და ღამღამობით წარმოდგენილი სისხლიანი ხელების, და გული გვიგრძნობდა, რომ დარჩენილი ცხოვრებაც ასეთივე უნდა ყოფილიყო – ძნელი, ძალიან ძნელი.

 

 

ერთი მასწავლებლის ისტორია- დავით გონდაური

0

„მათემატიკა ეს არის ტვინის მუსიკა,

ხოლო მუსიკა კი სულის მათემატიკა“.

დათიკო გონდაური

 

ალბათ ბევრმა არც იცის, რომ 1921 წელს თბილისში დაიბადა საქართველოს სახალხო მასწავლებელი…

55 წელზე მეტი ასწავლა სკოლაში…

როცა მის ბიოგრაფიას ეცნობი, ფიქრობ, რა რთულია, იყო მასწავლებელი და რა მარტივია მასწავლებლობა, როცა გიყვარს ბავშვები და გახარებს ცოდნის გაზიარება.

მინდა, გაგაცნოთ სახალხო მასწავლებელი დათიკო გონდაური, რომელიც მისი მოსწავლეებისთვის დღემდე მასწავლებლად რჩება ცხოვრების გზაზე.

ის ასწავლიდა მათემატიკას, ესაუბრებოდა მოსწავლეებს ცხოვრებაზე, ჩუქნიდა კანფეტებს და უყვარდა ისინი. დათიკო გონდაურის თქმით, „…სწავლის უნარი თავისთავად არ ჩნდება, ის მასწავლებელთა და მოსწავლეთა საგანგებო აღზრდას, ყურადღებასა და სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეთა ჩავარდნები მათემატიკის კურსის (და არა მხოლოდ მათემატიკის) შესწავლისას იმას უკავშირდება, რომ სკოლაში არ ვასწავლით სწავლის ხელოვნებას“.

იგი მათემატიკის სწავლებას სისტემატურად უკავშირებდა ცხოვრებისეულ ამოცანებს. „ჩემი გაკვეთილები მშრალი მათემატიკური ფორმულებითა და თეორიების დამტკიცებით არ არის გაჯერებული. გაკვეთილებზე მასალა ისწავლება ცხოვრებასთან, აღზრდასთან მჭიდრო კავშირის ნიშნით, რომელიც დროის შესაბამისი, ცხოვრებისეული შინაარსით არის გაჟღენთილი“, – აღნიშნავდა დათიკო გონდაური. გაკვეთილებზე დიდი ყურადღებას აქცევდა ისეთი ამოცანების ამოხსნას, რომლებიც რეალური ცხოვრებიდან არის აღებული და, გარდა სასწავლო სახელმძღვანელოსა, იყენებდა დამხმარე ლიტერატურას. მაგალითად, მოსწავლის ზ. მაღალაშვილის საკონფერენციო თემიდან, რომელიც მან ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტის მუშაობის მაგალითზე შეადგინა, ამოცანად დაისახა, განესაზღვრა ცილინდრული ჭურჭლის ისეთი ზომები, რომ მისი მოცულობა მოცემული მასალისგან იყოს უდიდესი ტევადობის, რაც მოგვცემს ლითონის, ბეტონის, პილიეთილენისა და სხვა მასალის ეკონომიას. ასევე, მოსწავლეებს ამუშავებდა ინტერდისციპლინურ თემებზე, უკავშირებდა რა ერთმანეთს ხელოვნებასა და მათემატიკას – ორნამენტების განტოლებას, ბიოლოგიასა და მათემატიკას – ადამიანის თვალი და გეომეტრია.

დათიკო გონდაური არ ივიწყებდა და პატივს სცემდა თავისი მასწავლებლის რჩევას „წარუმატებლობის ფესვები მოსწავლეებში კი არ არის, არამედ შენშია“. ის მუდამ იყო მკვლევარი თავისი საქმის, მოსწავლეთა მიღწევებისა და შედეგების. შვებულების პერიოდში ადგენდა საგნის თემატურ გეგმებს კლასებისა და საგნების მიხედვით, საჭირო საათებისა და შესაბამისი მეთოდური ლიტერატურის მითითებით. „ასე შედგენილი თემატური გეგმა მთელი სასწავლო წლის განმავლობაში იძლევა სასწავლო პროცესის სწორად, გეგმაზომიერად და ეფექტურად წარმართვის საიმედო ორიენტაციას“, – აღნიშნავდა იგი. ასევე ხელმძღვანელობდა მათემატიკის წრეს და თვლიდა, რომ ის მნიშვნელოვანია კლასგარეშე საქმიანობა მოსწავლეთა უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.

ბოლოს გთავაზობთ „მასწავლებლის სამახსოვროდან“ დათიკო გონდაურის 15 წესს:

  • დააინტერესე მოსწავლეები შენი საგნით;
  • მოიფიქრე, როგორ ჩაატარო გაკვეთილი უფრო ეფექტურად;
  • მოსწავლეებს გააცანი გაკვეთილის მიზანი და დაუსახე კონკრეტული ამოცანა;
  • მოემზადე არა მხოლოდ გაკვეთილისთვის, არამედ მთელი თემის გადასაცემაც;
  • დამოუკიდებელი მუშაობით გაააქტიურე მოსწავლეები;
  • ნუ დაივიწყებ თვალსაჩინოებას;
  • ჩაატარე თემის შემაჯამებელი გაკვეთილი;
  • გულდასმით გააანალიზე თითოეული მოსწავლის ცოდნა, გაარკვიე რა არ იცის და რატომ, მიეცი გამოსასწორებელი დრო და საჭირო მითითებები;
  • ჩაატარე მოსწავლეებთან ინდივიდუალური მუშაობა;
  • გაიმეორე გავლილი მასალა;
  • ყური უგდე აღმზრდელობითი სწავლების მოთხოვნას;
  • თეორიული მასალა დაუკავშირე ცხოვრებას, ცოცხალ, პრაქტიკულ საკითხებს;
  • გაითვალისწინე ბავშვის ასაკობრივი განვითარება, მისი ინდივიდუალური თვისებები, შესაძლებლობები, დაიცავი მისაწვდომობის პრინციპი;
  • გაკვეთილზე მტკიცედ იხელმძღვანელე სწავლების დიდაქტიკური პრინციპებით. გახსოვდეს, რომ სწავლებაში მთავარია: ა) ცოდნის სისტემატურობა და თანმიმდევრობა; ბ) შეგნებულობა და აქტიურობა; გ) თვალსაჩინოება; დ) მოსწავლეთა მიერ ცოდნა-ჩვევების მტკიცედ შეთვისება;
  • შემოიღე საკუთარი „მეთოდური ყულაბა“, შეიტანე მასში, რაც კი უკეთესი და მოწინავეა შენი თუ სხვა პედაგოგის გამოცდილებიდან, მუდამ იზრუნე პედაგოგიური ოსტატობის სრულყოფისათვის.

… რა რთულია იყო მასწავლებელი და რა სასიამოვნოა მასწავლებლობა.

 

https://georgianencyclopedia.ge/index.php/%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98?fbclid=IwAR30aDutRzgXrAvqYkMoXH1o58YQLpc4LDyQ13ZqojLI-nZin0nUYjO-V2Y

 

 

 

ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცა

0

ყოველთვის მშურდა ადამიანების, რომლებსაც პრიორიტეტების განსაზღვრა შეეძლოთ. მოგვიანებით, საკუთარი წარუმატებლობისა თუ წარმატების ანალიზით, დროის განაწილება ასე თუ ისე ვისწავლე. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მოსწავლისთვის საგნის სწავლებასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია “ცხოვრების სწავლებაც”. ვიცი, ბევრი არ დამეთანხმება, მაგრამ ჩვენ ამას სკოლაში არ გვასწავლიდნენ. ახლაც მახსოვს ჩემი და ჩემი მეგობრების ბევრი დაუფიქრებელი ნაბიჯი და გადაწყვეტილება, დაბნეული და გაკვირვებული 17-18 წლის გოგო-ბიჭები, რომლებსაც ცხოვრებამ არაერთი მწარე გაკვეთილი ჩაგვიტარა. ვიცი, მეტყვით, საკუთარი გამოცდილება საუკეთესო გზამკვლევიაო, მაგრამ ანალიზს და პრიორიტეტების განსაზღვრას თუ ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს, დამეთანხმებით, გაცილებით გაუადვილდებათ ცხოვრება. მით უმეტეს, როცა არსებობს ეიზენჰაუერის მატრიცა, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარება.

რა არის ეიზენჰაუერის მატრიცა?

ეიზენჰაუერის მატრიცა არის პრიორიტეტების განსაზღვრისა და დროის მენეჯმენტის ინსტრუმენტი, რომელსაც ეს სახელი მისი გამომგონებლის, ამერიკის შეერთებული შტატების 34-ე პრეზიდენტის – დუაიტ დევიდ ეიზენჰაუერის პატივსაცემად ეწოდა.

 

„ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას, თუნდაც ამისთვის ბრძოლა მოგვიწიოს“, – ამ სიტყვების ავტორი დუაიტ ეიზენჰაუერია. ის პრეზიდენტად ორჯერ: 1952 და 1956 წლებში, – აირჩიეს. ეიზენჰაუერი პირველი პრეზიდენტი იყო კონსტიტუციის 22-ე შესწორების მიღების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეს მხოლოდ ორჯერ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის დროს გრძელდებოდა გამალებული შეიარაღება, ზეწოლა საბჭოთა კავშირზე, “ძალის პოზიციისა” და “ცივი ომის” პოლიტიკა. ბირთვული იარაღი უფრო მაღალ თავდაცვით პრიორიტეტად იქცა. 1953 წლის ივლისში ეიზენჰაუერმა ხელი მოაწერა ზავს კორეაში, მაგრამ დადო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასა და ტაივანთან ე.წ. ურთიერთთავდაცვის შესახებ. 1954 წელს მან ხელი მოაწერა კანონს კომუნისტურ საქმიანობაზე კონტროლის დაწესების შესახებ. იმავე წლის სექტემბერში ეიზენჰაუერის მთავრობამ მთელი რიგი სხვა კაპიტალისტური სახელმწიფოების მთავრობებთან ერთად ხელი მოაწერა პაქტს “სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის დაცვის” (სეატო) შესახებ. ამასთანავე, მონაწილეობა მიიღო ოთხი სახელმიფოს – სსრკ-ს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მთავრობათა მეთაურების ჟენევის შეხვედრაში (1955 ივლისი), რამაც ხელი შეუწყო დაძაბულობის შენელებას. ეიზენჰაუერის პრეზიდენტობისას დაარსდა ნასა და დაიწყო კოსმოსური შეჯიბრება, გაფართოვდა სოციალური დაცვის პროგრამა და დაიწყო შტატებს შორის ავტომაგისტრალის სისტემის მშენებლობა. 34-ე პრეზიდენტის სახელი ასევე დაკავშირებულია ახლო და შუა აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ აშშ-ს სპეციფიკურ და ხანგრძლივ საგარეოპოლიტიკურ კურსთან (იხ. ეიზენჰაუერის დოქტრინა). ის მე-19 საუკუნეში დაბადებული ბოლო პრეზიდენტი იყო და აშშ-ს ერთ-ერთ საუკეთესო მმართველადაა მიჩნეული.

ეიზენჰაუერმა ყურადღება გაამახვილა დაბალანსებული ბიუჯეტის შექმნის აუცილებლობაზე. მისი მმართველობის დროს დაიწყო სეგრეგაციის წინააღმდეგ ბრძოლა განათლების სისტემასა და ჯარში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ დუაიტ ეიზენჰაუერმა ამერიკულ ქალაქ პატარა როკ-არკენში ჯარები გაგზავნა, რათა დაეცვა შავი მოსახლეობის განათლების უფლება ფედერალური სასამართლოს მიერ დადგენილი წესით. დუაიტ ეიზენჰაუერი აცხადებდა, რომ “ამ ქვეყანაში არ უნდა ყოფილიყვნენ მეორე კლასის მოქალაქეები”.

 

„მე მაქვს ორი სახის პრობლემები: სასწრაფო და მნიშვნელოვანი. სასწრაფოდ მოსაგვარებელი პრობლემები არ არის მნიშვნელოვანი, ხოლო მნიშვნელოვანი პრობლემები არასოდესაა სასწრაფო“, – ამბობდა ეიზენჰაუერი.

ამრიგად, ეიზენჰაუერის მატრიცაში დავალებები დაყოფილია ორი კრიტერიუმის: გადაუდებლობისა და მნიშვნელობის, – მიხედვით. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ყველა გადაუდებელი საკითხი არ არის მნიშვნელოვანი და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი არ არის გადაუდებელი.

მნიშვნელოვანი ამოცანები უნდა გადავჭრათ მანამდე, სანამ ისინი საჩქაროდ გადასაწყვეტი გახდებიან.

როგორ შევადგინოთ საქმიანობის გეგმა პრიორიტეტების მატრიცის საფუძველზე?

ყველა დავალება უნდა დაიყოს 4 კატეგორიად:

კატეგორია A: მნიშვნელოვანი და გადაუდებელი;

კატეგორია B: მნიშვნელოვანი, მაგრამ არა გადაუდებელი;

კატეგორია C: გადაუდებელი, მაგრამ არა მნიშვნელოვანი;

კატეგორია D: არა გადაუდებელი და უმნიშვნელო.

ყველაზე მოხერხებულია ფურცლის ოთხ კვადრატად დაყოფა და თითოეული მათგანის მონიშვნა შესაბამისი ფერით და ასოთი, მერე კი მათში დავალებების ჩაწერა.

მოდი, განვიხილოთ ყველა კატეგორია უფრო დეტალურად, მაგალითებით.

 

A კატეგორია

მნიშვნელოვანი და გადაუდებელია საკითხები, როდესაც ვადა იწურება ან ფორსმაჟორულ გარემოებაში აღმოჩნდები. რეალურად, ეს არის კრიზისული სიტუაციების ზონა – ასეთი დავალებების შეუსრულებლობა მძიმე შედეგებს გამოიწვევს, არადა ამისთვის ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. მოკლე დროში კი მნიშვნელოვანი საქმეების შესრულება საკმაოდ რთულია და ხელის მოცარვის საფრთხეც დიდია. ადამიანთა უმრავლესობა სწორედ ამ კვადრატში ტრიალებს, რაც მათთვის მუდმივ სტრესს, კრიზისულ აზროვნებას, დაძაბულობას ნიშნავს.

დღეს იპოთეკური სესხის გადახდის ბოლო დღეა, ანგარიშის გაგზავნის ბოლო დღეა, ამ დროს კი გადაუდებელი საქმე გამოგვიჩნდა. ეს არის კატეგორია A.

 

B კატეგორია

მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადაუდებელი. უნდა შედგეს საქმეების ჩამონათვალი. ისეთი საქმეებისა, რომლებიც, თუ დღეს არ გაკეთდა, ხვალ შეიძლება A კატეგორიაში გადავიდეს. ეს საქმეები მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს დროის მცირე რეზერვი, მაშასადამე შესაძლებელია მათი გადადება მცირე ხნით.

ასეთია, მაგალითად, სააბაზანოში ონკანის გამოცვლა, რომელიც ჯერ კიდევ მუშაობს, მაგრამ უკვე წვეთავს; კონცერტის ბილეთების წინასწარ შეძენა. ამავე კატეგორიაში შედის შემთხვევები, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს მომავალ ცხოვრებასთან. მაგალითად, თუ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ან ახალი სამუშაოს პოვნას აპირებთ, ამისთვის კი გჭირდებათ ახალი ცოდნის მიღება, ახალი უცხო ენის შესწავლა, დამატებითი შეკვეთის შესრულება კაპიტალის ფორმირებისთვის…

 

კატეგორია C

გადაუდებელი, მაგრამ უმნიშვნელო საქმეები. ეს ის საქმეებია, რომლებიც დღეს უნდა დასრულდეს, რადგან ხვალ უკვე დაგვიანებული იქნება. C კატეგორიის საქმეები, წესისამებრ, გულისხმობს ცხოვრების კომფორტული პირობების შექმნას და სოციალური კავშირების დამყარებას.

ამ კატეგორიას მიეკუთვნება მილოცვა, მშობლების დახმარება, ახალი ტელევიზორის შეძენა დიდი ფასდაკლებით – ფასდაკლების აქცია რომ არ ყოფილიყო, მოგვიანებით შეიძენდით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, C კატეგორიის საქმეები არ არის კრიტიკული, მაგრამ უკეთესია და უფრო კომფორტულიც მათი დროულად შესრულება. ამ კატეგორიაში სისტემატურად ტრიალის შედეგებია მოკლევადიანი ეფექტი, კრიზისული აზროვნება, ღირებული მიზნების უქონლობა, ზედაპირულობა.

 

კატეგორია D

არასასწრაფო და უმნიშვნელო საკითხები. ყველაზე მზაკვრული კატეგორია, რომელიც ძირითადად მოიცავს „დროის მკვლელებს“. ამ პუნქტში შედის ფილმის ყურება, მეგობრებთან საუბარი, წიგნის წაკითხვა. ამ ამოცანების შესრულება მოითხოვს კარგად განვითარებულ ნებისყოფას და კონცენტრირებას იმაზე, რაც გჭირდებათ და არა იმაზე, რაც გსურთ.

მას შემდეგ, რაც საქმეებს ოთხ კვადრატაში გადაანაწილებთ, დაიწყეთ მათი შესრულება პირველი პუნქტიდან. თუ ისწავლით პრიორიტეტების დაცვას, დავალებებსაც დროულად გაუმკლავდებით და დროც დაგრჩებათ არასასწრაფო და უმნიშვნელო ამოცანებისთვის.

სასწრაფო არასასწრაფო
კვადრატი 1

 

მნიშვნელოვანი და სასწრაფო საქმეები

 

კვადრატი 2

 

მნიშვნელოვანი, მაგრამ არასასწრაფო საქმეები

 

კვადრატი 3

 

უმნიშვნელო, მაგრამ სასწრაფო საქმეები

 

კვადრატი 4

 

უმნიშვნელო და არასასწრაფო საქმეები

 

 

როგორ შევადგინოთ ეიზენჰაუერის მატრიცა

  1. თავდაპირველად საქმეების სწორად განაწილება შესაძლოა გაგიჭირდეთ. პროცესის გასამარტივებლად დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: „მნიშვნელოვანია ეს ამოცანა? ეს ჩემი ცხოვრების პრიორიტეტების საკითხია? შეუსრულებლობა პრობლემებს გამოიწვევს?“ თუ ასეა, მაშინ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. იმის გასაგებად, არის თუ არა ეს საკითხი გადაუდებელი, იფიქრეთ იმაზე, დაკარგავს თუ არა იგი უახლოეს მომავალში აქტუალობას. თუ ასეა, მაშინ ამოცანა გადაუდებელია.
  2. შეეცადეთ, A კვადრატი ცარიელი დატოვოთ – გახსოვდეთ, რომ B ჯგუფის ყველა შეუსრულებელი პუნქტი იქ გადაინაცვლებს. ვიმეორებთ: იდეალურ შემთხვევაში, თუ დროს სწორად გავანაწილებთ, გადაუდებელი და მნიშვნელოვანი ამოცანები არ უნდა დაგვრჩეს. გამონაკლისია ფორსმაჟორი, ასევე:

 

  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სიტუაციები
  • ქმედებები, რომლებზეც მნიშვნელოვანი მიზნებია დამოკიდებული (თუ ზაფხულში საზღვარგარეთ წასვლა გსურთ, უმჯობესია, პასპორტი წინასწარ აიღოთ);
  • საქმეები, რომელთა შეუსრულებლობა მომავალში შეგიქმნით პრობლემებს (დროულად გადაუხდელმა ჯარიმამ შესაძლოა ხელი შეგიშალოთ საზღვარგარეთ წასვლაში).
  1. როგორ მივანიჭოთ პრიორიტეტი ეიზენჰაუერის მატრიცის B კატეგორიის – ყველაზე პერსპექტიულ – ამოცანებს? სტატისტიკა აჩვენებს, რომ ის, ვინც ამ კატეგორიის მიზნებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს, უფრო წარმატებულია, უფრო თავდაჯერებული მიიწევს მაღლა კარიერის კიბეზე. კონცენტრაციისა და პრიორიტეტების სწორად განაწილების უნარი, საქმეების დროულად, მშვიდად, აუჩქარებლად შესრულება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, სრულყოფილად გამოამჟღავნოს თავისი ნიჭი.
  2. C კატეგორიის ზოგიერთი ამოცანა შეიძლება მივაკუთვნოთ ყურადღების გადამტანთა კატეგორიას, რადგან მათ შეუძლიათ, შეამცირონ თქვენი მუშაობის ეფექტურობა და საკმაოდ ბევრი დრო დაგაკარგვინონ, თუმცა ეს საქმეები დიდად მნიშვნელოვანი არ არის. ასეთებია, მაგალითად, შორეული ნათესავისთვის დღესასწაულის ან წარმატების მილოცვა, ახალი დივნის შეძენა… მნიშვნელოვანია, განასხვაოთ ისინი B კატეგორიის ამოცანებისგან. თუ შესაძლებელია, მათი შესრულება სხვებს სთხოვეთ.
  3. D კატეგორიის საქმეებს შეიძლება დროის მფლანგველი ვუწოდოთ. ეს არის უმნიშვნელო და არასასწრაფო საქმეების ზონა, რომლებსაც მცირე სარგებლობა მოაქვს, მაგრამ კრიზისული სიტუაციისთვის თავის არიდების და საქმის კეთების იმიტაციას ქმნის. თუმცა შეგიძლიათ, ისინი უფრო სასარგებლო გახადოთ. მაგალითად, წაიკითხოთ კარგი წიგნი ბულვარული რომანის ნაცვლად; იაროთ სპორტზე ემოციური განტვირთვისთვის. დროის ფუჭად გატარების ცდუნებას თუ ვერ უძლებთ, ის მაინც მოახერხეთ, რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ. ამისთვის თავდაპირველად დანარჩენი სამი კვადრატის ამოცანებს მიხედეთ.

 

ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცა შეიძლება გამოვიყენოთ გეოგრაფიის გაკვეთილზე პრობლემის გადაჭრის გზების ძიებისას. მაგალითად, მოსახლეობის თემის შესწავლისას მოსწავლეები განიხილავენ დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების გადაჭრის გზებს და განსაზღვრავენ მნიშვნელოვან და არამნიშვნელოვან, სასწრაფო და არასასწრაფო მიზნებსა და ნაბიჯებს, რომლებსაც პრიორიტეტების მიხედვით დააჯგუფებენ.

მატრიცის გამოყენება შესაძლებელია აგრეთვე ბუნებრივი კატასტროფების პრევენციის განსაზღვრისა და დაგეგმვისას.

ეიზენჰაუერის პრიორიტეტების მატრიცა მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებას შეუწყობს ხელს. გარდა იმისა, რომ მათ უნდა იპოვონ პრობლემის გადაჭრის გზები, ანალიზის შედეგად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება (შეფასება) და თითოეული ნაბიჯი პრიორიტეტების მიხედვით უნდა დაალაგონ. ყოველივე ეს კი მათ დაანახებს გეოგრაფიის კავშირს რეალურ ცხოვრებასთან.

როდესაც ეიზენჰაუერის მატრიცის პრინციპს დაეუფლებით, გახდებით არა მხოლოდ უფრო წარმატებული, არამედ უფრო გაწონასწორებულიც და ოპტიმისტიც, რადგან შეწყვეტთ ნერვიულობას მნიშვნელოვან წვრილმანებზე, რომელთათვისაც ადრე დრო არ გყოფნიდათ.

 

გამოყენებული რესურები:

https://business.org.ge/eizenhaueris-matrica/ https://experimental-psychic.ru/matrica-ehjzenhauehra/

ენის დოკუმენტირება – წარსული, აწმყო და გამოწვევები

0

თანამედროვე საკლასო ოთახებში მოსწავლეების უმრავლესობას ენა მხოლოდ მათ სახელმძღვანელოებში ჩაწერილი გრამატიკული წესების ცოდნა ჰგონია და ვერც კი წარმოუდგენია, რამდენი დრო, ენერგია, ძალისხმევა და ცოდნა სჭირდება ამ პატარა სიტყვის მნიშვნელობის გააზრებას, დაცვას თუ მის მომავალზე ზრუნვას. ფაქტია, სასკოლო/სასწავლო დაწესებულებებში ენისადმი არსებული მიდგომები ძირეულად გადასაფასებელია ტექნოლოგიების ერაში და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდობისათვის ენის ამ წახნაგით ჩვენება ენა-ლიტერატურის თუ სხვა საგნის მასწავლებლების უმთავრესი გამოწვევაა იმდენად, რამდენადაც ენას ყველა ვიყენებთ და ყველას გვეხება ის ცვლილებები, რომლებიც მასში თუ მის მიღმა ჩვენი ჩარევებით აისახება. „– რატომ და როდის დაიწყეს მეცნიერებმა ენის „შენახვაზე“ ზრუნვა? რა კეთდება დღეს და რა უნდა ვიცოდეთ, რომ ენის „მოვლის“ საერთაშორისო პროცესებს ღირსეულად ავუწყოთ ფეხი? რა ადგილი უჭირავს ენას ციფრული/დიგიტალური ჰუმანიტარიის უსასრულო სივრცეში?“… – არასრული კითხვების ჩამონათვალია, და სავსებით ბუნებრივია, ერთ დღესაც საკლასო ოთახში დაგვისვას 21-ე საუკუნის ქართველმა მოსწავლემ. მათ საპასუხოდ კი ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ.

მას შემდეგ, რაც 1973 წელს დაფუძნდა ლიტერატურული და ლინგვისტური კომპიუტინგის ასოციაცია – ALLC[1], ბევრი რამ შეიცვალა. კერძოდ: 1986 წელს პატრიკ კორნერმა[2] ჰუმანიტარული დისკუსიებისთვის სპეციალური ელექტრონული ჯგუფები – ListServ და Ansaxnet – შექმნა. 1987 წელს უილარდ მაკარტიმ დააფუძნა გლობალური ელექტრონული სემინარი „ჰუმანისტი“[3]. 1990 წელს ენტონი არისტარმა შექმნა ენათმეცნიერთა მთავარი ელექტრონული ფორუმი Linguist List[4]. 1986 წელს ISO-მ გამოუშვა მეტაენა SGML[5]. 1987 წელს ACH-ის, ALLC-სა და კომპიუტერული ლინგვისტიკის ასოციაციის მონაწილეობით დაიწყო ტექსტების ანოტაციის ერთიან ფორმატზე მუშაობა, რის შედეგადაც შემუშავდა ელექტრონული ტექსტების კოდირებისა და გაცვლის სისტემა TEI[6], რომლის პირველი სრული სახელმძღვანელო 1994 წელს გამოქვეყნდა[7]. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ტექსტების კორპუსში შემავალი მასალის ავტომატური დამუშავების დროს ხდება „მარკირება“ (Mark-up), რაც გულისხმობს თეგების გამოყენებას. ნებისმიერი მარკერი ტექსტის ინტერპრეტირების აქტს წარმოადგენს, ხოლო თეგები (ნიშნულები) დაერთვის სიტყვებსა და ფრაზებს. თეგირება[8] მოიცავს სამ დონეს: მორფოლოგიურ, სინტაქსურ და სემანტიკურ ანალიზს.

მალე TEI ფორმატმა და მეტაენამ გააფართოვა ტექსტის მანქანური დამუშავებისა და დიგიტალური/ციფრული რესურსების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში შეუფერხებლად მიმოქცევის შესაძლებლობები, რის გამოც ფართოდ დაინერგა მსოფლიოს ისეთ ცნობილ ციფრულ ბიბლიოთეკებში, ჰიპერმედიულ არქივებსა და მუზეუმებში, როგორებიცაა: უოლტ უიტმენის არქივი[9], დანტე გაბრიელ როსეტის არქივი[10], უილიამ ბლეიკის არქივი[11], სტენფორდის „წერილების რესპუბლიკა“[12], „ჩრდილების ხეობა“,[13]  სალემის ჯადოქართა სამსჯავრო[14], პერსევსის ციფრული ბიბლიოთეკა[15], „ამერიკის მეხსიერება“[16], პირველი ღია ინტერნეტენციკლოპედია[17], ღია ონლაინენციკლოპედია ვიკიპედია[18]. 2017 წელს ინგლისურ ვიკიპედიაში 5,701,955 სტატია იყო განთავსებული, მის ქართულ ვერსიაში – 124,062 სტატია. 2019 წელს: 5,938,146 ინგლისური სტატია, 131,875 – ქართული სტატია[19].

აქვე განსაკუთრებული პატივისცემით და მადლიერებით უნდა აღინიშნოს, რომ ქართული ვიკიპედია სწორედ ქართული სკოლის წიაღში მოხალისეობრივ საფუძველზე შეიქმნა და უსასყიდლოდ, ყოველივე ანაზღაურების გარეშე მდიდრდება. მისი ავტორი და ერთ-ერთი შემოქმედია ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის დაბა სურამის N2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი, ჯაბა ლაბაძე. ამჟამად ქართულ ვიკიპედიას ჰყავს 3 ადმინისტრატორი, 30-მდე შემმოწმებელი და, სულ ბოლო მონაცემით,  წარმოდგენილია 132 241 ქართული სტატია, რომელთა უმრავლესობა სწორედ ჯაბასა და მის მოწაფეებზე მოდის, განსაკუთრებით აღნიშვნას საჭიროებს ასევე ის ფაქტი, რომ მათი ძალისხმევით მომზადდა და ვიკიპედიაში განთავსდა სტატიები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ, მათ შორის, აფხაზეთში არსებული ძეგლების შესახებ ქართულად, ინგლისურად და აფხაზურად (აფხაზური ვიკიპედიისთვის),  სამაჩაბლოს შესახებ კი – ჯერჯერობით მხოლოდ ქართულად.

2008 წლიდან ციფრული მეტაფორების – „დიდი ნავთობი“, „დიდი წიაღისეული“ – გვერდით გაჩნდა ტერმინი „დიდი მონაცემები“, რომელიც პირველად 2008 წელს ამერიკის ქსელური ინფორმაციის კოალიციის დირექტორმა – კლიფორდ ლინჩმა გამოიყენა. დიდ მონაცემებს ხუთი მთავარი ნიშან-თვისების მიხედვით ახასიათებენ. ესენია: – მოცულობა, (volume),  ზრდის, დამუშავების, შედეგების მიღების სიჩქარე (velocity), მრავალფეროვნება (variety), უტყუარობა (veracity), ცვალებადობა (variability). ამ პრინციპებით Google Book Search-ისა და Google Books-ის პროექტის ფარგლებში სკანირებული (გაციფრებული) წიგნების რიცხვი უკვე 25 მილიონს აღემატება[20].

იმდენად, რამდენადაც მატერიალური და სულიერი მემკვიდრეობის დიგიტალური დოკუმენტირება და არქივირება კულტურული მემკვიდრეობის კვლევის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს, დღის წესრიგში დადგა საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირების საკითხი. დიგიტალური/ციფრული ჰუმანიტარიის განვითარებისა და ენათა და კულტურათა ელექტრონული დოკუმენტირების საშუალებების გაჩენის წყალობით  დოკუმენტირება დღეს უკვე აღარ გაიგება, როგორც მასალის უბრალო ჩაწერა-ფიქსაცია. ამ ცნებამ უფრო ფართო და მრავალწახნაგოვანი შინაარსი შეიძინა – XXI საუკუნის გამოწვევების ფონზე ხელახლა დამუშავდა დოკუმენტირების ძირითადი პრინციპები და მეთოდები, რამაც საფუძველი დაუდო ენებისა და კულტურების დოკუმენტირების თვისობრივად ახალ ეტაპს – დიგიტალურ დოკუმენტირებასა და არქივირებას. 2000 წლიდან ხორციელდება ტეხასის უნივერსიტეტის პროექტი AILLA[21] – „ინდიგენური ენები ლათინურ ამერიკაში“[22], 2002 წელს საფრთხეში მყოფი ენების დოკუმენტირების პროგრამა ELDP[23] ამოქმედდა ლონდონში – SOAS-ის უნივერსიტეტში[24]. 2003 წელს UNESCO-მ სპეციალური დოკუმენტი მიუძღვნა ენების საფრთხის პრობლემას, ასევე ამოქმედდა ლოკალური პროგრამები: DELAMAN, CLARIN და სხვა.

სწორედ ამ გამოწვევების კვალდაკვალ შეიქმნა ჰუმანიტარულ მეცნიერებაში კიდევ ერთი ინტერდისციპლინური მიმართულება  – დიგიტალური დოკუმენტირებისა და არქივირების შემსწავლელი დარგი – დოკულინგვისტიკა, რომლის კვლევის ობიექტია ენა, მისი ლინგვისტური, ლინგვოკულტუროლოგიური, ქრონოტოპული თუ სოციალური ასპექტებით. ცდოკულინგვისტიკის ფუძემდებლის, ნ. ჰიმელმანის თანახმად, ენის დოკუმენტირება ნიშნავს ენობრივ მონაცემთა თანმიმდევრულ და მრავალმიზნობრივ (ინტერდისციპლინური კვლევებისთვის გათვლილ) შეგროვება-დაფიქსირებას, მოპოვებული რესურსების ტექნოლოგიურ დამუშავებასა და მათ არქივირებას.

სწორედ ამ მიდგომების გათვალისწინებით, მეცნიერების განვითარების ფონდის – Volkswagen Stiftung ინიციატივით შეიქმნა მდგრადი განვითარების სამეცნიერო-კვლევითი პროგრამა (1999-2011) DOBES (Dokumantation der Bedroten Sprachen), რომელიც მიზნად ისახავდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე საფრთხეში მყოფი ენების შერჩევას, დოკუმენტირებასა და არქივირებას  შესაძლო რევიტალიზაციის მიზნით.  პროგრამის ფარგლებში სულ 67 სამეცნიერო პროექტი განხორციელდა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე, რომელთა კვლევის შედეგად დამუშავდა დიგიტალური დოკუმენტირებისა და არქივირების დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სტანდარტი. პროგრამის ფარგლებში დამუშავდა ენებისა და კულტურების დოკუმენტირების ახალი სტრატეგია, შემუშავდა ძირითადი პრინციპები და მეთოდოლოგია და, რაც მთავარია, შეიქმნა დიგიტალური რესურსების დამუშავებისა და არქივირების ტექნოლოგიური ინსტრუმენტები და ენათა არქივი TLA (The Language Archive), სადაც თავმოყრილია DOBES-ის ფარგლებში მოპოვებული მასალები.

ენათა და დიალექტების გაქრობის საშიშროების გაცნობიერებამ ცხადი გახადა, რომ ენის გაქრობასთან ერთად ქრება ამ ენის მატარებელი სოციუმის კულტურული მემკვიდრეობა და სოციუმის შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობა. ენის მეშვეობით დოკუმენტირებული რესურსები კი საშუალებას გვაძლევს, თვალი მივადევნოთ არა მარტო ენების სტრუქტურულ განვითარებას, არამედ ამ ენათა მატარებელი ხალხების ისტორიულ და კულტურულ ევოლუციას. აქედან გამომდინარე, ენის დოკუმენტირება კულტურის დოკუმენტირების ტოლფასად აღიქმება და არსებითი მნიშვნელობისაა არა მხოლოდ კაცობრიობის განვითარების დიაქრონიული კვლევის თვალსაზრისით, არამედ სინქრონიულადაც, რათა გამოვიკვლიოთ ენობრივი ქცევის ნორმები, მოვახდინოთ ენობრივი სიტუაციიდან გამომდინარე ეთნიკური და პოლიტიკური კონფლიქტების პროგნოზირება და სწორად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ენობრივი პოლიტიკა“, – აცხადებს ფრანკფურტის გოეთეს უნვერსიტეტის კავკასიოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა თანდაშვილი. მისივე თქმით, ენებისა და კულტურების დოკუმენტირება განსაკუთრებულ მნიშვნელობას  იძენს დღესდღეობით ენათა გაქრობის საშიშროების ფონზე. რამდენადაც გლობალიზაციის პროცესმა მნიშვნელოვნად დააჩქარა მსოფლიოს ლინგვისტურ რუკაზე ენათა გაქრობის პროცესი: იუნესკო-ი მონაცემებით, დღეისათვის 7000-მდე ენა არსებობს (36 იზოლირებული ენა, 82 – კრეოლი და 119 – ჟესტების ენა, დანარჩენი ენები 150-მდე ენათა ოჯახში არის გადანაწილებული), რომელთაგან თითქმის ნახევარს გაქრობის საშიშროება ემუქრება. გაქრობის საფრთხის წინაშე მდგარი ენების მსოფლიო ატლასში  დღეისათვის 2465 ენაა რეგისტრირებული, მათ შორის საქართველოში გავრცელებული ენებიდან 11 ენა: უდიური, წოვა-თუშური, პონტოელ ბერძენთა მეტყველება, ახალ-არამეული, ლაზური და სხვ.

საკუთრივ ქართული ენისა და მისი დიალექტების დოკუმენტირების მიზნით კი დღესდღეობით ენათმეცნიერთა ჯგუფები აქტიურად მუშაობენ როგორც საქართველოში, ასე მის საზღვრებს გარეთ. მათ შესახებ კი ვრცლად სხვა წერილებში მოგიყვებით.

 

 

გამოყენებული რესურსები:

  1. https://tandaschwili.com/
  2. Himmelmann, Documentary and descriptive linguistics, Linguistics 36 (1998). 161-195.

SOAS: Whatisit – https://www.hrelp.org/documentation/whatisit/

  1. Gippert, Jost, Nikolaus P. Himmelmann, Ulrike Mosel https://emilkirkegaard.dk/lyddansk/sites/default/files/files/essentials-of-language-documentation.pdf
  2. DocumentaryLinguistics https://www.google.de/search?tbm=bks&q=%22documentary+linguistics&cad=h
  3. Bibliographie: https://www.oxfordbibliographies.com/view/document/obo-9780199772810/obo-9780199772810-0075.xml

 

 

[1] The Association for Literary and Linguistic Computing

[2] Patrick W. Conner

[3] https://dhhumanist.org/

[4] https://www.linguistlist.org/

[5] Standard Generalized Markup Language — სტანდარტული განზოგადებული მარკირების ენა

[6] Text Encoding Initiative

[7] https://www.tei-c.org/index.xml

[8] თეგების გარშემომრტყმელ სიმბოლოებს (<>)კუთხური ფრჩხილები ეწოდება. თეგები წარმოადგენს წყვილს, მაგალითად, და . წყვილის პირველი თეგი არის საწყისი თეგი, ხოლო მეორე – სასრული თეგი. საწყის და სასრულ თეგებს შორის მოთავსებულ ტექსტს ეწოდება ელემენტის შიგთავსი.

[9] https://whitmanarchive.org

[10] https://www.rossettiarchive.org/

[11] https://www.blakearchive.org/

[12] https://republicofletters.stanford.edu/

[13] https://valley.lib.virginia.edu/

[14] https://salem.lib.virginia.edu/

[15] https://www.perseus.tufts.edu/

[16] The Stanford Encyclopedia of Philosophy (https://plato.stanford.edu/)

[17] The Stanford Encyclopedia of Philosophy (https://plato.stanford.edu/)

[18] https://www.wikipedia.org/

[19]https://en.wikipedia.org/wiki/Special:Statistics აღნიშნული მასალის მომზადებისას ვეყრდნობით პროფ. რამაზ ხალვაშის მონაცემს, რომელიც ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019 წლის ოქტომბერში გამართულ დიგიტალური ქართველოლოგიის საერთაშორისო ვორქშოფზე წარმოადგინა.

[20] https://books.google.com/

[21] the Archive of the Indigenous Languages of Latin America

[22] https://www.ailla.utexas.org/

[23] Endangered Languages Documentation Programme

[24] https://www.eldp.net/

პარალელების სქემის გამოყენება

0

სქემების გამოყენებით მასწავლებელი პატარა მკითხველებს ეხმარება ტექსტის უკეთ გააზრებაში, პარალელების გავლებაში, სიტყვებთან ვერბალური თუ ვიზუალური ასოციაციების გაბმაში და სხვა. სასურველია, სქემები სხვადასხვა ტიპისა  იყოს – ეს უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს.

უპირველესად, უნდა შეირჩეს ტექსტის შესაბამისი სქემა: რისი მიღწევა გვინდა მისი მეშვეობით – ლექსიკური ერთეულების დაუფლება, პერსონაჟების დახასიათება, მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაციის გარჩევა, ტექსტის სტრუქტურის აღქმა თუ სხვა რამ?

სქემაზე მუშაობა, კონკრეტული სტრატეგიების გავარჯიშებასთან ერთად, ხელს უწყობს მოსწავლეებში დამოუკიდებელი უნარების განვითარებას. გაგება-გააზრების სტრატეგიების დაუფლება უფრო სწრაფად ხდება. სქემის გამოყენება კითხვის უნარის მონიტორინგსაც უწყობს ხელს და იძლევა კითხვისა და წერის სტრატეგიების ინტეგრირების საშუალებას.

სქემის შესავსებად მოსწავლეებს განვითარებული უნდა ჰქონდეთ ისეთი უნარები, როგორიცაა აღქმა და ანალიზი, წარმოსახვა, იდეების ორგანიზება და სქემატურად დაკავშირება, დასურათება, წერა.

მასწავლებელს შეუძლია, სქემა თავისი გაკვეთილის მიზანს მოარგოს. მისი გამარტივება თუ გართულება იმის მიხედვით წყდება, რა სჭირდება სამუშაო ჯგუფს.

მნიშვნელოვანია სქემაზე მუშაობისადმი დამოკიდებულება. მოსწავლეს უნდა ეხალისებოდეს მასზე მუშაობა. არსებობს რამდენიმე საფეხური, რომლებიც მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს:

  • მასწავლებელმა მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა აუხსნას სქემის დანიშნულება და შევსების პროცედურა. მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ სქემაზე მუშაობის საჭიროება.
  • მასწავლებელმა უნდა მოახდინოს სქემის მოდელირება. მან მოსწავლეებს თვალსაჩინოდ უნდა აჩვენოს, როგორ ივსება სქემა.
  • ამის შემდეგ მასწავლებელი რთავს მოსწავლეს სქემის შევსებაში, აძლევს მას სქემის შევსების გაგრძელების საშუალებას.
  • სქემა შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალურადაც. ეს ყოველივე ხდება მასწავლებლის მეთვალყურეობით, რათა საჭიროების შემთხვევაში დროულად დაეხმაროს ბავშვს.

განვიხილავ ტექსტების პარალელების ანუ კავშირების დამყარების სქემას.

სწავლის პროცესში მნიშველოვანია კავშირის დამყარება ახალ და უკვე არსებულ ცოდნას შორის, მათი შედარება, პარალელების გავლება და მსჯელობა. კავშირების დასამყარებლად შეგვიძლია გამოვიყენოთ სქემა N1, რომელიც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, კითხვის დროს ტექსტში მოცემული ინფორმაცია დაუკავშიროს თავის გამოცდილებას, სხვა ტექსტებსა და გარე სამყაროს.

უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეებს გააცანით თემა, რომელსაც სქემას მოარგებთ. დაიწყეთ სქემაზე მუშაობა. გამოიყენეთ სქემაზე მუშაობის თითოეული ნაბიჯი.

მოსწავლეებს სქემაში შეაქვთ ტექსტში არსებული სამი ძირითადი ინფორმაცია, რომლებსაც უკავშირებენ

  • საკუთარ გამოცდილებას;
  • სხვა ტექსტის შინაარსს;
  • გარე სამყაროს.

ასე მუშაობა მოსწავლეებს უვითარებს როგორც ტექსტის შინაარსის გააზრებისა და მისი სტრუქტურის აღქმის, ისე პარალელების გავლების უნარს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

* „ვიზუალური სქემები და გრაფიკული ორგანიზატორები“

 

ვინ არის დამნაშავე?

0

ბევრ სხვადასხვა სიტუაციასა და ვითარებაში შეიძლება ამ კითხვის დასმა, მაგრამ არის ერთი სივრცე, ერთი კონკრეტული სიტუაცია, როცა ეს ყოვლად დაუშვებელი, საზარელი და ამაზრზენია და ეს სივრცე მოსწავლეებით სავსე საკლასო ოთახია.

ამ საკითხზე ბლოგის დაწერა მაშინ გადავწყვიტე, როცა მეგობარმა თავისი შვილის სკოლაში მომხდარის შესახებ მიამბო.

ამბის მთავარი გმირი საოცარი და ღირსეული ადამიანია – მეგობრის შვილის კლასში ახალი გადასული მოსწავლე. სიტუაცია კი ასეთია – ერთ-ერთი სკოლის მეშვიდეკლასელებმა ცელქობისა და თამაშის დროს დასვარეს კედელი.

კედელს ორი სხვადასხვა ფეხსაცმლისგან დატოვებული ნაფეხური ეტყობოდა. რადგან ყველამ იცოდა, რომ იმ სივრცეში მეშვიდეკლასელები თამაშობდნენ და ფეხსაცმლის ანაბეჭდიც დაახლოებით ამ ასაკის ბავშვებისა იყო, სკოლის დირექციამ და მასწავლებელმა დაკითხვა მოაწყვეს – კლასში შელაგდნენ და ავისმომასწავლებელ სიჩუმეში ეს საზარელი და უმისამართო კითხვა რამდენჯერმე დასვეს.

კითხვას, საბოლოოდ, გამოეპასუხა ერთ-ერთი „დამნაშავე“, რომელსაც მშობლის მოყვანა დაავალეს და „განაჩენიც“ იქვე, სიტყვიერად, ყველას თანდასწრებით „გამოუტანეს“, მაგრამ, ცხადია, ამითი უფროსები ვერ დაკმაყოფილდებოდნენ და კლასის დატოვებას მანამ არ აპირებდნენ, სანამ მეორე დამნაშავე არ ადგებოდა ან რომელიმე მოხალისე კლასელი არ გათქვამდა მის ვინაობას.

ამ დროს, გაჭიანურებულ დუმილში, კლასში ახალგადმოსულს ხელი აუწევია და მორიდებით უკითხავს:

-შეიძლება მე რომ ვიყო მეორე?

ამ გულწრფელ და გასაოცარ კითხვას, მადლობა ღმერთს, უფროსებისგან, ამჯერად მაინც, ადეკვატური რეაქცია მოჰყოლია. მეორე „ცოდვილის“ ძიების პროცესი დასრულდა და კლასში შემოლაგებული დირექცია და ოფიციალური პირები ისევ გალაგდნენ.

ამბის დასასრული.

 

ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სიტუაციის წარმოდგენას ვცდილობ, მაინტერესებს და ვერაფრით მივმხდარვარ, რა მოტივი აქვთ უფროსებს – მასწავლებელს, დირექტორს, სასწავლო ნაწილს, მოადგილეს, სულ ერთია – მოსწავლეების წინაშე მდგომებს. რა სურთ მათ? რა არის მათი მიზანი?რაზე ფიქრობენ, როცა მუქარანარევი ტონით  უსვამენ ამ კითხვას ბავშვებს?

 

სამართლისა და სიმართლის პოვნა სურთ?

გამბედაობის უნარის გამომუშავებასა თუ წაქეზებაზე „მუშაობენ“?

რაიმეს გამოსწორებაა მათი მიზანი?

 

დავუშვათ, სკოლაში მოხდა რაღაც მიუღებელი.

დავუშვათ, ყველამ ზუსტად იცის, რომ ამ მიუღებელი ქცევის ჩამდენი რომელიღაც კონკრეტული კლასის მოსწავლეა (ვინაობა უცნობია).

სასწრაფო წესით იკრიბება მთელი კლასი და საზარელ დაძაბულობაში ისმის ეს კითხვა – ახლავე ითქვას, ვინ ჩაიდინა ეს! ახლავე ადგეს დამნაშავე!

 

ვფიქრობ, ამგვარი „საჯარო საგამოძიებო ღონისძიება“ დაუშვებელია და მოსწავლის ღირსების შემლახველიც. წარმოიდგინეთ თუნდაც, „დამნაშავე“ მოსწავლის, მოზარდი ადამიანის მდგომარეობა, როდესაც მას აიძულებენ ხმამაღლა და ყველას თანდასწრებით გათქვას საკუთარი ან სხვისი „დანაშაული“.

ვფიქრობ, დაუშვებელია ადამიანის იძულება გამოთქვას რაიმე შეხედულება ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, სხვების თანდასწრებით.

სწორედ ამას ითხოვს ის, ვინც მთელი კლასის წინაშე სხვამს კითხვას:

ვინ არის დამნაშავე?

 

ახლა მეორე ამბავიც მინდა მოვყვე. ამჯერად – პირადი გამოცდილებიდან.

 

სკოლაში, სადაც ვმუშაობ, სამასწავლებლოში ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე მიმდინარე საკითხებსა და პრობლემებზე. ერთ დღესაც, შესვენებაზე, აღელვებული დამრიგებელი ყვებოდა კლასში მომხდარი უსიამოვნების შესახებ – კლასში ერთ-ერთ მოსწავლეს ახალი, ლამაზი პენალი დაეკარგა. დილით სკოლაში მოტანილი უცბად გაქრა! მასწავლებელმა გაკვეთილის თემაც და გეგმაც გვერდით გადადო და  ასეთი რამ შესთავაზა მოსწავლეებს:

ახლა ჩვენ ყველანი გავალთ გარეთ და შემდეგ სათითაოდ შევალთ კლასში. ის,  ვინც სხვისი ნივთი მიისაკუთრა, დააბრუნებს მას თავის ადგილას ან დადებს მასწავლებლის მაგიდაზე. ამით ეს უსიამოვნება ამოიწურება. მოსწავლე, რომელმაც სხვისი ნივთი დაუკითხავად აიღო ( რასაც ქურდობა ჰქვია), კარგად დაფიქრდება თავის ქცევაზე. თუ მას სურვილი აქვს, შეუძლია საბოდიშო წერილი დაწეროს და ასევე მაგიდაზე დატოვოს.

„თუ ახლა ვერ მოახერხებთ დაბრუნებას, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დაბრუნდეთ კლასში და დააბრუნოთ აღებული“ – დასძინა მასწავლებელმა.

 

მოგვიანებით, როდესაც კლასი ისევ შეიკრიბა ერთად, მასწავლებელმა სთხოვა მოსწავლეს, რომელსაც პენალი დაეკარგა, შეემოწმებინა ჩანთა. ნივთი დაბრუნებული აღმოჩნდა.

მასწავლებელმა მადლობა გადაუხადა „დამნაშავეს“ სწორი გადაწყვეტილებისთვის და ამ თემას იმ დღეს აღარ მიბრუნებია.

 

მორიგი გაკვეთილები მან ისე დაგეგმა, რომ ბევრი ემსჯელათ ამ თემაზე. გარკვეული ხნის შემდეგ მის მაგიდაზე საბოდიშო წერილი გაჩნდა.

მსგავსი შემთხვევა კლასში აღარ განმეორებულა.

 

როგორ უნდა მოქცეულიყო დირექცია და მასწავლებელი ჩემი მეგობრის შვილის კლასში მომხდარი უსიამოვნების შემდეგ?

 

კლასის წინაშე პირისპირ მდგარ მასწავლებელს შეეძლო აეხსნა მოსწავლეებისთვის, რომ სკოლის სივრცე მათი სივრცეა. ადგილი, სადაც ისინი დღის დიდ ნაწილს ატარებენ. ადგილი, სადაც მათზე ზრუნავენ. ამიტომ მოსწავლეებმაც, თავის მხრივ, უნდა იზრუნონ სივრცეზე და მოუარონ მას.

მას შეეძლო ეთხოვა იმ მოზარდებისთვის, რომლებმაც თამაშის დროს დააზიანეს ან დასვარეს კედელი, მობრუნებულიყვნენ გაკვეთილების შემდეგ და მშობლების დახმარებით მოეწესრიგებინათ გარემო. შეიძლებოდა იმის შეთავაზებაც, რომ კლასს ერთობლივად დაელაგებინა და დაესუფთავებინა სივრცე.

შეიძლებოდა ნებისმიერი სხვა, უფრო მართებული და გამართლებული გამოსავლის მოძებნა. ოღონდ არა საჯარო სასამართლოს მოწყობა საკლასო სივრცეში და დამნაშავის აღიარების გამოძალვა.

რა თქმა უნდა, სიტუაცია და პრობლემა მრავალნაირი შეიძლება იყოს. ცხადია, არის მძიმე შემთხვევებიც და ისეთი ვითარებაც, როდესაც დუმილი და დამალვა დანაშაულის ტოლფასია და ასეთ შემთხვევები სცდება მოსწავლისა და მასწავლებლის(ან დირექციის) ურთიერთობის ფორმატს და საკლასო სივრცესაც.

შესაბამისად, ამას არც განვიხილავთ.

ისევ და ისევ, თუ საქმე მოზარდების მიერ დაშვებულ შეცდომებს და ადვილად გამოსასწორებელ ქმედებებს ეხება, დამნაშავის გამოვლენისა და სასჯელის საჯაროდ გაცხადების ნაცვლად უმჯობესია ამ პრობლემისა თუ შეცდომის აღმოფხვრაზე დავხარჯოთ ენერგია და მოსწავლეებს თავად დავავალოთ გაფუჭებულის გამოსწორება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...