კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

თეთრი კაცის საიდუმლო  

0

„მახსოვს, სკოლაში რომ მოდიოდით ხოლმე“, – ვუთხარი კლასელის დედას, რომელიც 1990 წლის მერე არ მენახა და მიკროავტობუსში ჩემი სახელი რომ არ წამოეძახა, თვალს მხოლოდ წამით შევაჩერებდი, უცხოდ მივიჩნევდი. უკრაინელი იყო, გარეგნული იერითა თუ საუბრის მანერით დანარჩენი მშობლებისაგან განსხვავებული, და ყოველთვის მომწონდა. ხელი აიქნია – იმის მერე იმდენი დრო გავიდაო. მომეჩვენა, რომ დროზე, წლებზე, წლებთან დაკავშირებულ პირობითობაზე სხვადასხვაგვარი წარმოდგენა გვქონდა. მისთვის თითქოს რამდენიმე ცხოვრება გასულიყო და ძველ, თვალწინ ჩაბნელებულ სურათებზეც ვეღარაფერს არჩევდა. „საშინელებაა, საშინელებაა“, – ჯოზეფ კონრადის „წყვდიადის გულის“ გმირივით თქვა. ვერ მივხვდი, სოფლელი ქალის ქანცგამწყვეტ შრომას, თავის გასატანად ყოველდღიურ ბრძოლას გულისხმობდა, გორში გატარებულ, დაუბრუნებელ ახალგაზრდობას თუ რაღაც ისეთს, რაც მხოლოდ ნაწილობრივ უკავშირდებოდა ერთსა თუ მეორეს.

საგონებელში ჩამაგდო. კურცი გამახსენა და კონრადის სხვა მოთხრობის გმირიც – ფალკი, რომელზეც ყოველთვის მინდოდა დამეწერა. ჩემი წარმოდგენით, „წყვდიადის გული“ ის წიგნია, სკოლაში რომ უნდა ისწავლებოდეს (ყურადღებით წაკითხვას, სიღრმისეულ ანალიზს მთელი სემესტრიც შეიძლება დაეთმოს), „ფალკს“ კი იმ მოსწავლეებისთვის შემოვინახავდი, რომლებიც მწერლის სამყაროში უფრო ღრმად შესვლას მოინდომებდნენ. მწამს, რომ არსებობენ ასეთებიც – კარგი ლიტერატურის გამალებით მძებნელები, ენობრივი ბარიერების მარტივად გადამლახველები.

„ფალკზე“ დაწერა იმ წიგნმაც გადამაწყვეტინა, რომელიც მაგიდაზე მიდევს – რიჩარდ ფლენეგანის „ვიწრო გზა შორეული ჩრდილოეთისაკენ“. სწორედ აქ ამოვიკითხე ფრაზა: „კეით მალვეინი იმ კაცად გრძნობდა თავს, რომელმაც რაღაც მოკლა, რომ შეეჭამა“. მანამდე კეით მალვეინმა ახლობლის სიკვდილის ამბავი გამოიგონა, რომელიც, მისივე წარმოდგენით, სიყვარულის ობიექტს საბოლოოდ დაუბრუნებდა. მოიტყუა. ტყუილის თქმა მკვლელობის აქტს გაუთანაბრდა და ის პირველყოფილთა სამყაროში დააბრუნა, სადაც მოთხოვნილების ნებისმიერი საშუალებით დაკმაყოფილებაში, სასურველის მისაღებად ხელის სისხლით გასვრაში უჩვეულო არაფერია.

„ფალკის“ მთავარ გმირს კი – დანიელსა თუ ნორვეგიელს (მთხრობელი ვერ გვეუბნება, მაინც რომელია) – მამაკაცური მომხიბვლელობა არ აკლია. გვარწმუნებენ, რომ მესაკუთრეა, მონოპოლისტია, თუმცა დასაწყისში ეს მისატევებლად გვეჩვენება. გარშემომყოფებისათვის გაუგებარი ახირებებიც აქვს – ვეგეტარიანელია, რაც მეტისმეტად ძნელი წარმოსადგენი ხდება მათთვის, ვისაც სწამთ, რომ „აუცილებელია, თეთრმა კაცმა ხორცი ჭამოს“. თავისებურად კეთილსინდისიერია – არავინ აიძულებს საშინელი საიდუმლოს გამხელას იმ ქალიშვილისათვის, რომელიც შეჰყვარებია და ასევე ქალიშვილის ახლობლებისათვის, მაგრამ მაინც გადაწყვეტს სიმართლის თქმას.

სიმართლე კი ისეთი თავზარდამცემია, ადამიანის გონება რომ ვერაფრით შეალამაზებს, მეტ-ნაკლებად მისაღებ ფორმას ვერ მოუძებნის. შეყვარებული ქალიშვილი სხვაა – იტირებს, იტირებს და ბოლოს მაინც დათანხმდება იმ კაცთან ცხოვრებას, ვინც… არც კი ვიცი, რა სიტყვებით ვთქვა. „სადღაც, კეთილი იმედის კონცხსა და ახალ ზელანდიას შორის“, სატვირთო გემზე მეზღვაურები შიმშილით იხოცებიან ან ლანდებად ქცეულები სიცოცხლეს თვითმკვლელობით ამთავრებენ. ხსნას არსაიდან ელიან. ისეთი პირი უჩანს, რომ ადრე თუ გვიან ყველას ერთი ბედი ეწევა. მაგრამ არა, ფალკი გადარჩება! ფალკისთვის გადარჩენა უმთავრესი ამოცანა, სამყაროში ადამიანის არსებობის უდიდესი მიზანია – ზნეობრივ კანონთან გასათანაბრებელი.

ის კაცის ხორცს შეჭამს და ათი წლის შემდეგ იტყვის, თავს დიდი უბედურება დამატყდა,  დიდი განსაცდელი გამოვიარეო. საკუთარ თვალში მართალია – განა ნებისმიერ ფასად არ უნდა ეცადა, რომ გადარჩენილიყო? რა სიკეთე იქნებოდა, ხვედრს რომ შეგუებოდა და სხვებივით ჩასჩერებოდა თვალწინ გადაშლილი უფსკრულის სიბნელეს? ქალიშვილიც ასე უყვარს – მშიერი კაცის გახელებით: „დამშეულივით უნდოდა ეს გოგო, შიმშილისაგან თვალდაბნელებულივით – თითქოს ძალიან დიდი ხანია, არაფერი უჭამიაო“.

რთული წარმოსადგენი არ არის, რა შეკითხვები შეიძლება გაუჩნდეს მკითხველს, რომელიც მოულოდნელად აღმოჩნდება ამ გმირის, მისი შემაძრწუნებელი ისტორიის პირისპირ. იქნებ ცდუნებას აჰყვეს და სწრაფად მოძებნოს დამამშვიდებელი პასუხები; ან ფალკის შეყვარებულის ბიძასავით, კაპიტან ჰერმანივით გაიმეოროს: „საშინელი ამბავია, საშინელი!“ და ამით გაავლოს ხაზი ადამიანურსა და არაადამიანურს შორის.

მე კი ყოველთვის ის კითხვა მაწუხებდა, რატომ ვერ შეძლო მომავლისაკენ მზერამიმართულმა ფალკმა წარსულში მომხდარი საზარელი ამბის ბნელ საიდუმლოდ დატოვება, გონების რომელიღაც ქვაბულში სამუდამოდ გამოკეტვა; რატომ მოუნდა, რომ ზუსტად ისეთი მიეღოთ და ჰყვარებოდათ, როგორიც იყო?..

„მეგობრები ვიყავით მე და თინა. მიყვარდა“, – ვუთხარი კლასელის დედას, სანამ მიკროავტობუსიდან ჩავიდოდა. მახსოვსო, – მიპასუხა და იმ სამყაროში გაუჩინარდა, შემაშინებლად, სასოწარმკვეთად რომ დამსგავსებოდა ჯოზეფ კონრადისას.

წარმატების ნიშნები ბავშვებში

0

ჩვენი შვილი ჯერ არ დაბადებულა და უკვე მის წარმატებაზე ვოცნებობთ, ვგეგმავთ, როგორ მიაღწევს მას, ბავშვის დაბადების შემდეგ კი გულმოდგინედ ვცდილობთ, ამოვიცნოთ მისი თანდაყოლილი ნიჭი, უნარები, შესაძლებლობები, პოტენციალი. გვინდა, ჩვენს შვილს საოცარი ცხოვრება ჰქონდეს. მონდომებით ვამზადებთ მას ბაღისთვის, სკოლისთვის, უმაღლესი სასწავლებლისთვის, პედაგოგები და ფსიქოლოგები კი რჩევა-დარიგებას არ იშურებენ, რომ აღზრდის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალები არ გამოგვრჩეს.

ყველა მშობელს აწუხებს კითხვები: აქვს თუ არა უფლება, მშვიდად იყოს შვილის მომავლის თაობაზე? ვის ენდოს – მასწავლებლებს თუ რეპეტიტორებს? როგორ განაწყოს შვილი წარმატებისთვის? მკვლევართა ნაწილს მიაჩნია, რომ ბევრი რამ მიგვანიშნებს ბავშვის მომავალ აკადემიურ წარმატებებზე, მთავარია, კარგად დავაკვირდეთ.

მაგალითად, თუ პატარა დიდხანს აკვირდება და სწავლობს ახალ სახეებს, ეს კარგი ნიშანია. 80-იან წლებში კლივლენდის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ფსიქოლოგმა ჯოზეფ ფაგანმა, ტესტი შეიმუშავა: ექვსი თვის ბავშვებს ფოტოებს ათვალიერებინებდნენ; ჯერ წყვილ იდენტურ სახეს აჩვენებდნენ, შემდეგ – ერთ უკვე ნანახ სახეს, ბოლოს – უცხოს და ამოწმებდნენ, რამდენ ხანს ანდომებდა ბავშვი უცნობი სახის შესწავლას. აღმოჩნდა, რომ ამ მარტივი ტესტის შედეგი პირდაპირ უკავშირდებოდა IQ-ს. მეცნიერებმა განაცხადეს, რომ რაც უფრო ცნობისმოყვარე და ჭკვიანი იყო პატარა, მით უფრო მეტხანს ათვალიერებდა სახეებს. ასეთი ბავშვების უმეტესობა სკოლაშიც კარგად სწავლობდა.

წარმატების მომასწავებელი ნიშანია, თუ ბავშვს ადრეულ ასაკში ძალიან სწრაფად უვითარდება მოტორული უნარები. კვლევამ, რომლის ანგარიშიც 2016 წელს გამოქვეყნდა, ყურადღება გაამახვილა ნიუ-იორკის შტატში მცხოვრები 600-მდე ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე. მეცნიერებმა გამოიყენეს დედების ჩანაწერები: როდის დაჯდა მათი შვილი დამოუკიდებლად, როდის დაიწყო ცოცვა, აიდგა ფეხი… აღმოჩნდა, რომ მოტორული უნარ-ჩვევების განვითარებასა და კოგნიტიურ ტესტებში მიღებულ ქულებს შორის (მათ ბავშვებს ოთხი წლის ასაკში უტარებდნენ) არსებობდა კანონზომიერება: რაც უფრო ადრე ახერხებდა პატარა თავის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში დაჭერას, მით უკეთესად აბარებდა გამოცდას არა მხოლოდ ოთხი წლის ასაკში, არამედ სკოლის პერიოდშიც.

თუ ბავშვმა მალევე ამოიდგა ენა, ესეც შესანიშნავი ნიშანია. ერთ-ერთი კვლევის ავტორი, ფლორიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი, თავის სამეცნიერო ნაშრომში წერს, რომ „აქვს სანდო მტკიცებულებები მტკიცე კავშირის შესახებ მეტყველების „წარმოებასა“ და მომავალში სამეცნიერო ცოდნის განვითარებას შორის“.

9-დან 30 თვემდე ასაკის 9 ბავშვთან მუშაობის დროს მკვლევრებმა ყურადღება მიაქციეს მათ ტიტინს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო რთულად ტიტინებდა ბავშვი, მით უფრო ადვილად სწავლობდა 6 წლის ასაკში ანბანს.

ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის მიერ ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ ყურადღება გაამახვილა ბაღის ასაკის ბავშვებზე. ექსპერტებმა შეაფასეს პარამეტრების მთელი წყება: ყურადღების კონცენტრაციის უნარი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვ. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც კარგად ფლობდნენ მშობლიურ ენას, მომავალში არა მხოლოდ სხვა ენებს სწავლობდნენ წარმატებით, არამედ დანარჩენ საგნებშიც მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ.

ენაზე საუბრისას არ მეცნიერები გულისხმობენ კითხვის უნარს – აქ, პირველ რიგში, მდიდარი ლექსიკა, რთული სინტაქსი და საინტერესო გრამატიკული სტრუქტურების გამოყენების უნარი იგულისხმება. ენის კარგი ფლობა ადამიანს უდავოდ ეხმარება ნებისმიერი სამეცნიერო დარგის შესწავლაში.

კიდევ ერთი რამ: წარმატებას ხშირად აღწევენ ისეთი ადამიანის გვერდით გაზრდილი ბავშვები, რომლებსაც უყვართ ლაპარაკი, აქვთ ბევრი წიგნი და საგანმანათლებლო სათამაშო.

ნიუ-იორკის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა 2 ათასზე მეტი ოჯახი შეისწავლა. კვლევა მათ მაშინ წამოიწყეს, როდესაც ბავშვები 14 თვისები იყვნენ და 10 წელი აგრძელებდნენ დაკვირვებას. სკოლის ასაკში ბავშვებს შეუმოწმეს კოგნიტიური უნარები, პრობლემების გადაჭრის უნარი და სიტყვათა მარაგი. აღმოჩნდა, რომ უფრო უკეთესი მაჩვენებლები ჰქონდათ ბავშვებს, რომლებსაც ხელი მიუწვდებოდათ წიგნებზე, კონსტრუქტორებზე, კრეატიულობისთვის გამომჟღავნებისთვის საჭირო მასალაზე. განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტი იყო ზრდასრულთან ურთიერთობაც: ბავშვზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა, როცა ზრდასრული გამუდმებით რეაგირებდა მის თხოვნაზე, ესაუბრებოდა, რაღაცას უყვებოდა და დროდადრო მასთან ერთად თამაშობდა.

თუ თქვენს შვილს „ზედმეტ“ ცნობისმოყვარეობას შეატყობთ, ჩათვალეთ, რომ წარმატების მარცვალი მასში უკვე ჩაგდებულია. მკვლევრებს დიდხანს მიაჩნდათ, რომ აკადემიური მიღწევების გასაღები შრომისმოყვარეობა იყო, მაგრამ ტეხასში, ოსტინში მდებარე უნივერსიტეტის მეცნიერებმა ეს წარმოდგენა ქარს გააყოლეს. მათ 1000-ზე მეტი 8-დან 14 წლამდე ასაკის ტყუპი შესწავლეს და მონაცემების ანალიზით დაადგინეს, რომ მათემატიკისა და ლიტერატურის სიყვარული დაკავშირებული იყო ცნობისმოყვარეობასა და თავდაჯერებასთან, კეთილსინდისიერება კი არაფერ შუაში გახლდათ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არც ერთ ბავშვს არ აწყენს სიბეჯითისთვის ქება. ეს მომავალში წარმატებას მოუტანს. ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა, რომელთა შორის იყო ცნობილი პროფესორი კეროლ დუეკიც, შეისწავლა მშობლების მიერ წარმოთქმული საქებარი სიტყვების გავლენა ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე. სამი წლის ასაკში ნათქვამ „ყოჩაღს“ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონია წლების შემდეგ. ზომიერი, მაგრამ სწორი ქება არა მხოლოდ დადებითად აისახება ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე მათემატიკასა და ლიტერატურაში, არამედ ანიჭებს მას თავდაჯერებას, განაწყობს, რომ რთული დავალებება სახალისო ამოცანად მიიჩნიოს და მარტივად გადაჭრას.

2007 წელს ჩატარებული კვლევის ავტორები ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტიდან მხარს უჭერენ სკოლისთვის მოსამზადებელი კურსების იდეას. მათ შეისწავლეს ბავშვების ცოდნისა და ქცევის დონე 5 წლის ასაკში, მერე კი დააკვირდნენ პროგრესს 7-დან 14 წლამდე. მკვლევართა ანგარიშების თანახმად, რაც უფრო ადრე სწავლობს ბავშვი წერა-კითხვას, მით უკეთესია მისი აკადემიური მოსწრება მომდევნო წლების განმავლობაში.

გჯეროდეთ ბავშვის და ესაუბრეთ, როგორც თანატოლს. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთათვის მათ მიმართ პატივისცემის გამოხატვა. შვილთან საუბრისას მშობელი პირდაპირ მოქმედებს მის თავის ტვინში არსებული მეტყველების ცენტრების განვითარებაზე. სიტყვების რაოდენობასა და სირთულეს კი არ აქვს მნიშვნელობა, არამედ იმას, რამდენად ყურადღებით უსმენს ზრდასრული ბავშვს. რაც უფრო მეტი რეპლიკა ესმის ზრდასრულისგან სკოლამდელი ასაკის პატარას, მით უფრო ძლიერია ნეირონების აქტივობა მისი თავის ტვინის ქერქში, ბროკას ზონაში – ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მეტყველების სიგნალების დამუშავებაზეა პასუხისმგებელი.

გასვლის დროა

0

კარანტინი რომ დასრულდა და მთავრობამ სასაფლაოების შესასველებთან გამაგრებული დაცვა მოხსნა, მე და ვახო ბებია-ბაბუის საფლავის დასალაგებლად წავედით მუხათგვერდში. ციცაბო ადგილია. ბებიაჩემი სულ იმაზე წუხდა, რომ მოვკვდები აქ როგორ უნდა ჩამომიტანოთო. სიცოცხლე თქვი, თორემ სიკვდილის შემდეგ ყველგან ჩაგიტანენ. რუსიკოც ჩავიტანეთ. თან, თავსხმა წვიმაში.

 

დრო იყო ბევრნი დავდიოდით ბაბუას საფლავზე. ახლა დავცოტავდით. ეგეთია ცხოვრება. ერთ ფილმში ამბობენ, დიდი ოჯახები ძველ ცივილიზაციებს ჰგვანან, სუსტდებიან და ქრებიანო. აღარც ბებიაჩემია, აღარც დედა. ახლა სხვადასხვა სასაფლაოზე ცხოვრობენ. მოკლედ, გრძელი ამბავია.

 

ინფექცია რომ დაიბადა, მგონი გასული წლის ნოემბრის ბოლო იყო თუ დეკემბრის დასაწყისი, ქართველები მშვიდად ვიყავით. არ გვეხებოდა, არ ვეხებოდით. შორით ვაკვირდებოდით, როგორ იკრებდა ძალებს ჩინეთში და ერთი-ორს ვიცნობ, გულის კუნჭულებში უხაროდა კიდეც. მალავდა კია. საინფორმაციო გამოშვებებს თამამად ვუსმენდით. ზვიად რატიანის ლექსის არ იყოს, ტელევიზორებს მაღალ ხმაზე ვაგუგუნებდით. მერე ინფექციამ ზოგან ვიზით და ზოგან უვიზოდ შეაღწია, ღრიჭოები იპოვა და ჩვენთანაც შემოჟონა. გავცვივდით, სუპერმარკეტები ტუალეტის ქაღალდისგან დავაცარიელეთ, აფთიაქები სპირტისგან, ბანკომატები კი – ფულისგან. დავაცარიელეთ იმიტომ, რომ გულები  იმედებით აგვევსო. იმედებით ავსებისას კი ხან ერთ ხავსს მოვეჭიდეთ, ხან მეორეს. ჯერ „ბე ცე ჟეს“ აცრა გვიცავსო, ხან ჭაჭა ერევაო, მერე ნიკოტინი სძულს და მოწევას მივეძალოთო.  პლაქვენილი ვსვით ურეცეპტოდ, ლიმონით დავიხვრიტეთ კუჭები.

 

ბოლოს, როცა მედიცინამ ჩვენ მიერ შეთხზულ თეორიებს სათითაოდ გამოუსვა ცელი კისერში, თავის დამშვიდების უნივერსალურ მეთოდს მივაგენით და საყოველთაოდ შევთანხმდით, რომ სინამდვილეში სადარდებელი არც არაფერია, რადგანაც ვირუსი კი მძვინვარებს, მაგრამ ის მხოლოდ მოხუცებს კლავს.

 

„რისი გეშინია, შეჩემა, კორონა მარტო ბებრებს და ინვალიდებს ბრიდავს“ – მითხრა ძველმა ნაცნობმა და საკოცნელად გამოიწია. გაგანია კარანტინი იყო, ქუჩაში შემხვდა. წლებია არ მენახა. მე მაღაზიაში მივდიოდი, ის ძველებურად, სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, ალბათ არსად. ჩემი ნაცნობი რომ საზომი არ არის, ცხადზე უცხადესია. ჩემი ნაცნობი ვის დაკარგვია, როცა ამბიონზე შემომდგარმა მიტროპოლიტმა იობმა უქადაგა თავის სამწყსოს, კორონავირუსის შედეგად უფრო მოხუცები იღუპებიან, როცა ისინი უკვე უნდა გავიდნენ ამ ქვეყნიდანო.

 

ასეთი დამამცირებელია ის წითელი ზღვარი, რომელსაც ამა ქვეყნის ძლიერები, ჯან-ღონით სავსეები, მხარბეჭიანები და ფეხმარდები აწესებენ ადამიანებისთვის, ვისაც სამ-ოთხი კაბა-შარვლით მეტი გამოუცვლია, გაღიმებისას სახე ეჭმუჭნება და ბანკომატს კრძალვითა და ცახცახით მოიხმარს. სინამდვილე კი ისაა, რომ ინფექციის აფეთქებამ, პანდემიამ, კარანტინმა, ტუალეტის ქაღალდის დეფიციტმა, თვითგადარჩენისა თუ საკუთარი უკანალის გადარჩენის ინსტიქტმა ფეხქვეშ გამოგვაცალა საყრდენი – იმის ცოდნა, რომ ადამიანს დაბადების თარიღი აქვს,  გამოშვების წელი – არა. და, თუკი მას ავტომანქანად აღიქვამ,  გარბენს, ძრავისა და აკუმულატორის რესურსს უთვლი და მის ვარგისიანობას სავალი ნაწილის ვარგისიანობითა თუ პოლირებული ზედაპირით აფასებ, შენდაუნებურად იცლები ჰუმანურობისგან. ამ საყოველთაო აურზაურმა მიგვავიწყა, (ან, იმედი მაქვს ჩვენ დროებით მიაძინა) იმის განცდა, რომ ადამიანი ცოცხალია მანამ, სანამ უყვარს, განიცდის და უხარია. ხოლო გასვლის დრო მხოლოდ მაშინ დგება, როცა გავა.

 

პაოლო სორენტინოს ერთი გმირი ჰყავს – ჯეპ გამბარდელა, ნიჭიერი და ზარმაცი კაცი, რომელიც თავს იტალიური ბომონდის მეფობით ირთობს, სინამდვილეში კი ამქვეყნად ყველაზე მოწყენილი ვინმეა. წლებშია ისიც და ამ წლებს ღიპზე შემოკრული კორსეტით მალავს. ჯეპ გამბარდელა ამბობს, ყმაწვილკაცობაში ჩემი მეგობრები ამ კითხვაზე ერთსა და იმავე პასუხს სცემდნენ – მუ…ლიო, მე კი ვპასუხობდი, იმ სახლის სურნელი, სადაც მოხუცები ცხოვრობენო. კითხვა კი ასეთი იყოო: რა გიყვარს ცხოვრებაში ყველაზე მეტადო. მე ყოველთვის ჯეპ გამბარდელას მხარეს ვიყავი.

 

თანამედროვე ამერიკული კინოს კლასიკოსს, ალექსანდრ პეინს შესანიშნავი კინოსურათი აქვს – „ნებრასკა“ ჰქვია. ამ ფილმის მთავარი გმირები გზას მიუყვებიან. ერთი მათგანი მოხუცი კაცია, რომელსაც მავანი იტყოდა, მაგისი გასვლის დროაო. მეორე კი მისი ვაჟი. მოხუცს აუკვიატებია, მილიონი მოვიგეო და პრიზის ასაღებად მიიწევს. შვილი, იმის მიუხედავად, რომ მოგების აბსურდულობაში დარწმუნებულია, მამას ხათრს არ უტეხავს და მის მიზანს თანაუგრძნობს. მერე კი იწყება ამბები და თან რა ამბები – ფათერაკები, აღსარებები, ახსნები, გულის ტკენები და გულის გადაშლები. ამ ნაძერწ ისტორიაში რეჟისორი ანაზდად გაპარებს აზრს, რომ შესაძლოა მამასთან ერთად ათწლეულები ცხოვრობდე, თუმცა არ იცნობდე და გაიცნო მაშინ, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელოდები და მიხვდე, რომ ის არასდროს ყოფილა ისე ცოცხალი, როგორც იმ მომენტში, როცა, ერთი შეხედვით, „მისი გასვლის დროა“.

 

…მე და ვახომ საფლავი ბალახისგან გავწმინდეთ, ბებიაჩემის საყვარელი „ფანტას“ ბოთლი გავხსენით, რომელიც ზაფხულის სიცხეს გვარიანად გაეხურებინა და ქვაზე ჩამოვსხედით. ვისხედით ასე და ქალაქს გავყურებდით. თან, თბილ „ფანტას“ ვწრუპავდით.

 

  • როგორ გგონია, რუსიკო ნაწყენია? – ვკითხე.

ვახომ პასუხზე არ იჩქარა. მივხვდი, მართლა მართლა.

  • ალბათ.

არც მე ვიჩქარე საუბრის გაგრძელება. ალბათ იმიტომ, რომ ვეთანხმებოდი.

  • შავი მიწა დავამატებინოთ?
  • დავამატებინოთ.

 

ბებიაჩემი 2017 წლის 25 სექტემბერს წავიდა. მაშინ ახალი კორონავირუსული ინფექცია ჯერ არ არსებობდა, თუმცა ადამიანები მაშინაც უთვლიდნენ ერთმანეთს წლებს და უვლებდნენ საზღვრებს – ვისი გასვლის ჟამი დამდგარიყო და ვისი – არა. რუსიკო მეოთხმოცეში გადამდგარი გავიდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო წუთამდე უყვარდა და განიცდიდა.

 

 

 

 

 

 

მოსწავლეთა სწავლის სტილის გათვალისწინება გაკვეთილების დაგეგმვისას

0

ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზს განვსჯით იმის მიხედვით, შეუძლია თუ არა ხეზე ასვლა, დავიჯერებთ, რომ ის ბრიყვია.

ალბერტ აინშტაინი.

 

თუ თვალს გადავავლებთ განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას -ეროვნულ დონეზე, სასკოლო სასწავლო გეგმას – სასკოლო დონეზე და გაკვეთილის გეგმას – საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის დონეზე, დავრწმუნდებით: მუდამ აქტუალური იყო სასწავლო პროცესის იმგვარად დაგეგმვა, რომ მოსწავლეს მიეღო მისი პიროვნული ზრდა-განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, რომელიც, იმავდროულად, გრძელვადიან მიზანზე იქნებოდა ორიენტირებული.

ეს შესანიშნავად ვიცით პედაგოგებმა. მიუხედავად ამისა, საჯარო სკოლებში თავს იჩენს სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები. ყველა, ვინც თავი საგანმანათლებლო სფეროს მიუძღვნა, ვალდებულია, ხელსაყრელი პირობები შეუქმნას აღსაზრდელს.

საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სწავლის სტილის დადგენა.

როგორი შეიძლება იყოს სწავლის სტილი და როგორ შეგვიძლია მოსწავლეთა დაინტერესება მისი გათვალისწინებით?

 

ყველაზე გამოცდილი და თავდაჯერებული განმანათლებლებიც კი ხშირად უსვამენ საკუთარ თავს შემდეგ კითხვებს:

* მისმენენ თუ არა მოსწავლეები?

* როგორ მოვახერხო, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში? რამდენად სწორია გზა, რომელიც მიზნამდე მისაღწევად ავირჩიე?

* როგორ გავზარდო მოსწავლეთა ინტერესი?

ყველა მოსწავლეს სწავლის სხვადასხვა სტილი აქვს. შეუძლებელიც კია, ერთი და იგივე სასწავლო გეგმა მოერგოს ერთი და იმავე კლასის მოსწავლეთა უმეტესობას. თუ ერთ მოსწავლეს უფრო მეტი თვალსაჩინოება სჭირდება მასალის უკეთ აღსაქმელად, მეორეს ვერბალური კომუნიკაცია ურჩევნია.

ცნება „სწავლის სტილი“ გულისხმობს, ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა. განათლების სპეციალისტებმა ამ საკითხზე გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაამახვილეს ყურადღება, თუმცა ის დღესაც აქტუალურია. მრავალი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მასწავლებელმა უნდა შეისწავლოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მაქსიმალურად მოარგოს მას სწავლების მეთოდები. რაც უფრო მრავალფეროვანია სწავლებისა და სწავლის სტრატეგიები, მით უფრო ადვილად ერთვებიან მოსწავლეები სასწავლო პროცესში. ცალკეული მოსწავლეები შესაძლოა სწავლის რამდენიმე სტილს იყენებდნენ. ამ დროს მულტიმოდალობაზე საუბრობენ.

ტერმინ „მულტიმოდალობას“ იყენებენ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც სწავლის ერთზე მეტ სტილს ანიჭებენ უპირატესობას.

 

არსებობს სწავლის ტიპების კლასიფიკაციის რამდენიმე მოდელი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებელია სწავლის ოთხი ძირითადი ტიპის გამოყოფა. ესენია: ტაქტილური (შეხებითი), კინესთეტიკური (მოძრაობითი), მხედველობითი და სმენითი. ამ კლასიფიკაციის ძირითადი პრინციპია ის შეგრძნებითი მოდალობა, რომელსაც ადამიანი ანიჭებს უპირატესობას ინფორმაციის გადამუშავებისას.

სმენითი ტიპის ადამიანები უკეთ სწავლობენ მოსმენით, კინესთეტიკური ტიპისა – ურთიერთქმედებით და კეთებით, მხედველობითი ტიპისა – ვიზუალური ხატებით, სხეულის ენით, ხოლო ტაქტილური ტიპისა -ჩანაწერების კეთებით.

სწავლობს თუ არა ბავშვი უკეთ იმ შემთხვევაში, როდესაც მას ცოდნა რომლიმე კონკრეტული სტიმულის საშუალებით მიეწოდება?

სწავლის სტილი კოგნიტიური და ქცევითი სქემაა, რომელიც მეორდება სხვადასხვა დავალებაზე მუშაობისას სხვადასხვა დროში. ის თითოეული ინდივიდის აღქმის სხვადასხვაგვარობას ეფუძნება. ამ განსხვავებულობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოსადგენად შეგვიძლია გამოვიყენოთ სიტყვითი ასოციაციების სავარჯიშო. მაგალითად, უპირველეს ყოვლისა, რა მოგდით თავში სიტყვა „სკამის“ გაგონებისას? უბრალოდ დასაჯდომი საშუალება, საზოგადოდ, ავეჯი თუ, მაგალითად, რომელიმე კონკრეტული სკამი?

განსხვავებული ინტერპრეტაციის ეს მარტივი მაგალითი ნათელს ხდის, რატომ ესმით ადამიანებს კომპლექსური სიტუაციები სხვადასხვანაირად. ჩვენს სიტუაციას თუ მივუსადაგებთ – რატომ „ესმით“ ბავშვებს მასწავლებლის სხვადასხვა მითითება. სწავლის სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვაჩვენებს ჩვენთვის „საუკეთესო“ გზებს დავალებისთვის თავის გასართმევად. აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია – წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ უნარებს.

 

თანამედროვე თეორიები

1960-იანი წლებიდან აქტიურად  ტარდება სწავლასა და ინდივიდუალიზმთან დაკავშირებული კვლევები და ნელ-ნელა მკვიდრდება ტერმინი „სწავლის სტილი“. შეიქმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი თეორიაც, თუმცა უნდა ითქვას, რომ მათ კრიტიკოსებიც მრავლად ჰყავთ, მრავალი მკვლევრის აზრით კი, მათ ჭეშმარიტება-მცდარობაზე საუბარი ძნელია, სანამ შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით კვლევები არ ჩატარდება. კატერინ მაიერსმა და იზაბელ ბრიგსმა გამოიყენეს შვეიცარიელი ფსიქოლოგის კარლ იუნგის თეორია ფსიქოლოგიური ტიპების შესახებ და შეიმუშავეს სპეციალური ინსტრუმენტი – მაიერს-ბრიგსის ტიპის ინდიკატორი.

იუნგის თეორია ეხება ორ ურთიერთსაპირისპირო ფსიქიკურ ფუნქციას, რომლებიც ჩართულია ინფორმაციის მიღების პროცესში: 1. შეგრძნებით აღქმას – ინფორმაციის მიღებას ხუთი გრძნობის საშუალებით და 2. ინტუიციურ აღქმას – სენსორული ინფორმაციის მიღმა კავშირების დანახვას და დასკვნების გამოტანას. იგივე თეორია აღწერს ორ სხვა ურთიერთსაპირისპირო ფსიქიკურ ფუნქციასაც, რომლებიც ინფორმაციის შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესშია ჩართული: 1. გონებრივ მსჯელობას- ინფორმაციის ობიექტური და ლოგიკური კრიტერიუმების საშუალებით შეფასებას და 2. გრძნობით მსჯელობას- ინფორმაციის შეფასებას სუბიექტური მნიშვნელობის საფუძველზე. რიტა და კენეტ დანებმა საკლასო ოთახში მოსწავლეთა ქცევაზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად აღწერეს მოსწავლეთა გარემო, ემოციური, სოციოლოგიური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური საჭიროებების სხვადასხვა მოდელი. მაგალითად, გარემო საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ხმაურის მიმართ მგრძნობელობა: ზოგიერთ ბავშვს დავალების შესრულება მხოლოდ სიჩუმეში შეუძლია, ზოგს კი ხმაური საერთოდ არ აწუხებს. სოციოლოგიური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა – ზოგ ბავშვს დავალებაზე მარტო მუშაობა ეადვილება, ზოგს კი, პირიქით, თანატოლებთან ერთად. ფიზიკური საჭიროებების ერთ-ერთი კომპონენტია აღქმის ძლიერი მხარეები: ბავშვები განსხვავდებიან იმის მიხედვით, თუ რა ფორმით (ვიზუალური, აუდიო-, ტაქტილური თუ კინესთეტიკური) მიღებულ ინფორმაციას უკეთ იმახსოვრებენ და იყენებენ. აღნიშნული მოდელი ავტორებმა იმისთვის შეიმუშავეს, რომ მასწავლებლებს შესძლებოდათ სწავლის საჭიროებების შეფასება და შესაბამისი გარემოს უზრუნველყოფა.

ენტონი გრეგორი განასხვავებს და აღწერს აღქმისა და გააზრების სხვადასხვა სტილს. ის გამოყოფს აღქმის კონკრეტულ და აბსტრაქტულ ხარისხს, ინფორმაციის ორგანიზების თანმიმდევრულ და არათანმიმდევრულ სტილს. გრეგორის თანახმად, თითოეულ ინდივიდს აქვს როგორც კონკრეტული, ისე აბსტრაქტული აღქმის უნარი და, ამასთან ერთად, ინფორმაციის თანმიმდევრულად ან არათანმიმდევრულად ორგანიზების სტილი, თუმცა უფრო მეტი წარმატებით მხოლოდ ერთ მათგანს იყენებს.

უოლტერ ბარბიმ და რეიმონდ სვასინგმა შექმნეს მოდელი, რომელიც კონცენტრირებულია სწავლის აუდიტორულ, ვიზუალურ და კინესთეტიკურ მოდალობაზე და მასწავლებლებს მოდელის პრაქტიკაში დანერგვის პრინციპებს სთავაზობს. მეცნიერთა აზრით, უსამართლობაა, როცა ბავშვებს, სწავლის მიუხედავად, უხდებათ თავიანთი სწავლის სტილის (მოდალობის) სუსტ მხარეებთან შეჯახება, მაშინ როდესაც ძლიერი მხარეები შესაძლოა იგნორირებული იყოს. აღნიშნული თეორიის მიხედვით, ადრეულ ასაკში ერთ-ერთი მოდალობა დომინირებს. მოწიფული ასაკის ადამიანს საჭიროების შემთხვევაში შეუძლია სხვა მოდალობების გაძლიერება, თუმცა სტრესულ სიტუაციებში ზრდასრულებიც დომინანტურ მოდალობას უბრუნდებიან.

 

ვიზუალური მოდალობა

ადამიანები, რომლებიც უკეთ იგებენ და იმახსოვრებენ ვიზუალური ფორმით მიწოდებულ ინფორმაციას, ხშირად საუბრის დროს ხატოვნად წარმოიდგენენ ნათქვამს, კითხვის დროს მონიშნავენ ტექსტს და ა. შ. მათ სწავლაში ეხმარება თვალსაჩინოებები და სურათები, ცხრილები, გრაფიკები და ა.შ.

 

აუდიტორული მოდალობა

ადამიანი, რომლის ძირითადი მოდალობა აუდიტორულია, ფიქრის დროს ხშირად ხმამაღლა გამოთქვამს მოსაზრებას. საკუთარი აზრების მოსმენით ის უკეთ იმახსოვრებს; ესწრაფვის დაზუთხვას და გამეორებას და, როგორც წესი, დავალების შესრულებისას მოითხოვს სიჩუმეს, რადგან ხმაური ხელს უშლის დავალებაზე კონცენტრირებაში.

 

კინესთეტიკური მოდალობა

ბარბი და სვასინგი კინესთეტიკურ მოდალობას განმარტავენ როგორც მსხვილი და ნატიფი მოტორიკისა და შეხების გრძნობის აქტიურ გამოყენებას სწავლის პროცესში. კინესთეტიკური მოდალობის მქონე მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს გაკვეთილზე დიდხანს უმოძრაოდ ჯდომა. ისინი გაცილებით მეტს სწავლობენ, როდესაც მშვიდად არიან, რადგან ყურადღებას არ უფანტავთ ადგომისა და მოძრაობის სურვილი.

 

ტაქტილური მოდალობა

განმარტებულია როგორც შეხების შეგრძნება. მსგავსი მოდალობის მქონე მოსწავლეები უკეთ სწავლობენ წერით, ხატვით. ახალ მასალას იოლად ითვისებენ, როცა მასთან შეხება უწევთ. ასეთ მოსწავლეებს მასწავლებლის მოსმენისას ჩანაწერების გაკეთება უნდა ვურჩიოთ.

 

შერეული მოდალობები

დომინანტური მოდალობა ის არის, რომლის საშუალებითაც მოსწავლე ყველაზე ეფექტურად ამუშავებს ინფორმაციას. დომინანტური მოდალობა მკაფიოდ ჩანს ადრეულ ასაკში, თუმცა ზრდასრულებთან მისი გამოცალკევება უკვე ჭირს. შერეული მოდალობები (ანუ ერთდროულად ორი ან სამი ძლიერი მოდალობა) გვხვდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს თითოეული მოდალობის გავარჯიშების თანაბარი შესაძლებლობა აქვს (მაგ., მოსასმენი აქტივობები, თვალსაჩინოებები, საკუთარი ხელით ჩატარებული ექსპერიმენტები და ა.შ.)

 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ჩავუტარე გამოკითხვა ღიადაბოლოებიანი ტესტების საშუალებით და დავადგინე თითოეული მათგანის სწავლის სტილი. როცა პედაგოგს აქვს ინფორმაცია თითოეული მოსწავლის სწავლის სტილის შესახებ და მასზე დაყრდნობით არჩევს საკლასო აქტივობებს, მოსწავლეები უფრო უკეთ ერთვებიან სასწავლო პროცესში და მათი მოტივაციაც იზრდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგივე მოსწავლეებს ჩავუტარე მეორადი ანკეტირება, პირველადი შედეგების ვალიდურობის დასადგენად. მეორადი შედეგების ანალიზის შედეგად მონაცემები შეიცვალა. ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ ასაკის მატებასთან ერთად სწავლის სტილი ზოგჯერ იცვლება.

 

მოსწავლეთა პირველადი ანკეტირების შედეგები

 

 

შერეული* ნიშნავს რომ მოსწავლეს სწავლის ოთხი სტილი აქვს.

 

 

პირველადი ანკეტირების შედეგად დავადგინე, რომ მოსწავლეთა 35% სწავლის შერეულ სტილს იყენებს, 52%-თან შეინიშნება სწავლის სამი სტილი, 2 სტილი აქვს 7%-ს, ხოლო მხოლოდ მოსმენით მოსწავლეთა 6% სწავლობს.

მინდა, კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ ძნელია სწავლის სტილის დადგენა, ვინაიდან ის ასაკის მატებასთან ერთად იცვლება, თუმცა მოცემულ ეტაპზე მისი გათვალისწინება დიდად უწყობს ხელს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართვას.

მოსწავლეთა შედეგების, მათი სწავლის სტილის გათვალისწინებით შევადგინე შემდეგი სახის საკლასო აქტივობები, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ პედაგოგებმა საგაკვეთილო პროცესში:

* მოუსმინე ტექსტს და წინადადებებში, გამოტოვებულ ადგილას, ჩასვი მოცემული სიტყვები (ამ ტიპის დავალება შესაფერისია როგორც მოსმენის, ისე შერეული სწავლის სტილის მქონე მოსწავლისთვის);

* წაიკითხე ტექსტი, მონიშნე შენთვის მნიშვნელოვანი ადგილები, გააკეთე ჩანაწერები, შეადარე დედანს, წაიკითხე შეკითხვა და უპასუხე ტექსტში მოძიებული ინფორმაციით (ასეთი დავალება შესაფერისია იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც სწავლობენ ვიზუალური აღქმით.)

* წაკითხვამდე დააკვირდი ფოტოებს, სათაურს, ქვესათაურს.

* დაალაგე მოცემული სიტყვები ისე, რომ მიიღო გამართული წინადადებები/დააჯგუფე სიტყვები ან ფრაზები. მსგავსი დავალება მისაღებია მოსწავლისთვის, რომელიც სწავლობს კეთებით სწავლობს.

* დააკვირდი მოცემულ სურათს, მოიფიქრე, რა სათაური შეეფერება, დაასათაურე და წარუდგინე კლასს ნააზრევი (ეს აქტივობა შეეფერება მოსწავლეს, რომელიც გამოირჩევა 2 ან მეტი სწავლის სტილით).

  • ისწავლე მეგობართან/ჯგუფთან ერთად, განიხილე თემა, მოუსმინე მეგობარს/თანაჯგუფელს (სწავლობს მოსმენით);
  • დასამახსოვრებელი ინფორმაცია რამდენჯერმე გაიმეორე ხმამაღლა (მოსმენით სწავლა).
  • იმუშავე წყნარ და მშვიდ გარემოში. მუშაობისას უსმინე წყნარ მუსიკას (სწავლობს დანახვით).
  • იმუშავე დამოუკიდებლად (უმეტესობა მოსწავლეებისა, რომლებიც გამოირჩევიან ვიზუალური სწავლის სტილით, დამოუკიდებლად მუშაობას ამჯობინებენ).
  • სწავლისას ხშირად შეისვენე. იმუშავე 20-30 წთ, დაისვენე 5 წუთი (სწავლობს კეთებით).
  • საკუთარ თავთან მოყოლისას იარე ნელა (სწავლობს კეთებით).

მოსწავლეთა სწავლის სტილის გაგება და გაკვეთილების დაგეგმვისას გათვალისწინება საგრძნობლად ზრდის საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა ჩართვას. იმედი მაქვს, ჩემ მიერ გაწეული შრომა გამოადგებათ სხვა პედაგოგებისაც, – მათ ეცოდინებათ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწავლის სტილის ცოდნა და მისი გათვალისწინება გაკვეთილების დაგეგმვისას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

1.ტყემალაძე რ., დალაქიშვილი ნ., თოფაძე ქ., პაჭკორია თ., ბუწაშვილი თ., თბილისი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2008წ. სწავლება და შეფასება, დამხმარე სახელმძღვანელო, მოტივაცია და მოტივაციის ამაღლების საშუალებები, გვ.3-8

2.https://www.scholastic.com/parents/resources/article/parent-child/quiz-whats-your-childs-learning-style

4.https://mastsavlebeli.ge/?p=1400

5.https://vark-learn.com/

6.https://mastsavlebeli.ge/?p=2503

7.https://news.edu.aris.ge/index.php?newsid=6163

8.https://msdillard.wordpress.com/2013/01/05/the-four-modalities-of-learning/

9.https://www.researchgate.net/profile/Andrija_Kozina2/post/Is_there_any_validated_questionnaire_to_me

 

 

 

 

 

 

ბენჯამინ ბრიტენის ოპერა „გლორიანას“ დრამატურგია ინგლისური მუსიკალური თეატრის განვითარების კონტექსტში

0

ინგლისის მუსიკალური თეატრის განვითარების ისტორია წარმოადგენს ტალღისებურ მრუდს უეცარი აღმასვლით და არანაკლებ მძაფრი დაცემით. მის ორ მთავარ მწვერვალად მიიჩნევა ჰენრი პერსელის (XVII საუკუნის ბოლო) და ბენჯამინ ბრიტენის (XX საუკუნე) შემოქმედება.

ინგლისში მუსიკის განვითარება XV საუკუნის შუა წლებიდან დაიწყო. იმ პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული ხალხური მრავალხმიანი მუსიკა, კანონები და, რა თქმა უნდა, ბალადები. ბალადა ინგლისური ფოლკლორის ყველაზე პოპულარულ სახეობას წარმოადგენდა. ხალხური შემოქმედების ვერცერთმა ჟანრმა ვერ აუარა გვერდი მის ზეგავლენას. ბალადაში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ტექსტი და მინამღერი, მელოდია ექვემდებარება ლექსის მეტრულ და რიტმულ სტრუქტურას.

ყოფითი სახეობის ყველაზე გავრცელებული ფორმა იყო საშობაო საგალობელი – კეროლი (Carol).

თავდაპირველად კეროლიც და ბალადაც ცეკვასთან ასოცირდებოდა. მოცეკვავეები მღეროდნენ ბალადის მისამღერს, რომელსაც წამყვანი მოცეკვავე ამატებდა თხრობით სტროფს. ამას ისევ მისამღერი მოსდევდა.

არანაკლებ პოპულარული ჟანრები იყო რაუნდი და კეტჩი, რომლებიც XVII-XVIII საუკუნეებში ჩამოყალიბდა – მხიარული სიმღერები, რომლებიც ფორმით კანონს წარმოადგენდა.

რაუნდი და კეტჩი, ისევე როგორც კეროლი, საფერხულო ცეკვისგან წარმოიშვა. მათში ხშირად გვხვდება საცეკვაო რიტმები.

რაუნდი და კეტჩი გამუდმებით განიცდიდა ბალადის ზეგავლენას, რომელიც განსაკუთრებით მკაფიო იყო ნახევრად დრამატულ კეტჩებში.

მუსიკის ისტორიის ყველაზე საინტერესო პერიოდი XVI საუკუნეა. სწორედ ამ დროს დაიწყო ვერჯინალისტებისა და მადრიგალისტების შემოქმედების აყვავება, რაც ხალხური მუსიკის ზეგავლენით გამოიხატა. უილიამ ბიორდი, ტომას მორლი, ჯონ ბული, ორლანდო გიბონსი, ჯონ დოულენდი (XVI-XVII ს.ს.) – ესენი ის კომპოზიტორები არიან, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს ინგლისური მუსიკის ისტორიაში. ისინი წერდნენ მადრიგალებს და პარალელურად მუშაობდნენ სხვა ჟანრებშიც. მათი შემოქმედების საფუძველს ხალხური სიმღერები და პოპულარული მელოდიები წარმოადგენდა. მადრიგალები თემატურ- აზრობრივი და სოციალურ-ფსიქოლოგიური დატვირთვით გამოირჩეოდა.

ამავე პერიოდში გაჩნდა თეატრალური მუსიკა. მუსიკალური თეატრის ჟანრს წარმოადგენდა ნიღბების ხელოვნება, ინგლისური აღორძინების პირმშო. ეს იყო სამეჯლისო, თეატრალიზებული დივერტისმენტი მთელი თავისი ბრწყინვალებით. ქორეოგრაფიული ნომრები, დრამატული სცენები, დეკორატიული გაფორმება, გუნდი, სოლო, სცენები ხალხურ-ჟანრული წარმოდგენებიდან „ანტინიღბები“ – ყოველივე ეს სინთეზირდებოდა ანტიკური კლასიკის ცნობილ სიუჟეტებში. გარდა ამისა, ეს იყო ხანა შექსპირის თეატრის აღორძინებისა, რომელშიც მუსიკას უდიდესი როლი ეკისრებოდა. შექსპირთან მუსიკას ეთიკური დატვირთვაც ჰქონდა – მას ხალხი ერთმანეთთან უნდა დაეახლოებინა, ზნეობრივად აემაღლებინა, გაეკეთილშობილებინა მათი აზრები და შეხედულებები. „სიმღერა ყოველთვის განუყოფელია მოქმედი პირების სახეებისგან. შექსპირი ხშირად მიმართავს პოპულარულ ყოფით სიმღერებს, ისინი ჟღერს მის თეატრში მარტივად, მსუბუქად და ღრმად გააზრებულად“ (Л. Ковнацкая, „Бенджамин Бриттен“). ამგვარად, სახეზეა წინაპირობები ეროვნული მუსიკალური თეატრისა, რომლის თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო ჰენრი პერსელი – ავტორი პირველი ინგლისური ოპერისა „დიდონა და ენეასი“.

„დიდონა და ენეასი“ დაიწერა ინგლისური მუსიკის განვითარების ახალ ეტაპზე – 1689 წელს. თავისი ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში ჰენრი პერსელმა შეაჯამა თანამედროვე ევროპელი კომპოზიტორების მიღწევები ისე, რომ არ დაკარგა თვითმყოფადი, ეროვნული ხასიათი და ორგანულად შეურწყა ერთმანეთს მუსიკა და სიტყვა. პერსელმა დამაჯერებლად დაამკვიდრა ინგლისურ მუსიკაში ახალი ფორმები, მაგალითად, გრაუნდი (ground). „[მან] ვარიაციაში გრაუნდ-ბანის საფუძველზე შეიტანა ბალადურობის ელემენტები, რითაც ხაზი გაუსვა ხალხურობასთან კავშირს. ეს ხალხურობა იგრძნობა ვარიაციების ჯგუფებში, სტროფისა და რეფრენის მსგავსად“ (Л. Ковнацкая, „Английская музыка XX века“). ამ მიღწევას ორი ათწლეულის სტაგნაცია მოჰყვა. ამ პერიოდის კომპოზიტორების შემოქმედება ეროვნული ჩარჩოებიდან არ გადის. ინგლისის სცენას იპყრობენ იტალიური დასები და გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის გერმანული ოპერები. გამონაკლისია პოეტ ჯონ გეისა და კომპოზიტორ იოჰან პეპუშის „მათხოვართა ოპერა“ ჯონათან სვიფტის მოტივებზე. 1732 წელს ამ ბალადური ოპერით გაიხსნა კოვენტ-გარდენის თეატრი. „მათხოვართა ოპერაში“ ერთმანეთს ერწყმის სასიმღერო ბალადისა და კეროლის ტრადიციები.

ინგლისური მუსიკის შემდგომი აღმასვლა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისს უკავშირდება. ამ პერიოდს ინგლისური მუსიკის ახალ რენესანსს უწოდებენ. ასპარეზზე გამოდიან სესილ შარპი, რომელმაც ჩაწერა 5000-ზე მეტი ხალხური მელოდია, ედუარდ ელგარი, გუსტავ ჰოლსტი, ჯონ აირლენდი და სხვები. ახალი ეროვნული სკოლის ამ ფუძემდებლებმა ინგლისური მუსიკა მსოფლიო ასპარეზზე გაიტანეს. მათ მუსიკაში გამოიკვეთა ორი ტენდენცია: ეროვნული ღირებულებების მძაფრი შეგრძნება და თანამედროვე ევროპული სკოლების მოწინავე გამოცდილების ათვისება. მოგვიანებით წარმოჩნდა მესამე გზაც, რომელიც რალფ ვოან უილიამსმა გაკვალა.

ეროვნული ტრადიციისა და ინტერნაციონალური ეკლექტიზმის სინთეზის პრობლემა მწვავედ იდგა ბენჯამინ ბრიტენის შემოქმედებაში. ამ პერიოდისათვის ბრიტენის გამოჩენა კანონზომიერი იყო: „ინგლისური მუსიკის ნახევარსაუკუნოვანი განვითარება უმაღლეს მწვერვალს აღწევს, ბრიტენი ახალი დროის ხელოვანია. საგულისხმოა, რომ ამ მძაფრი კრიზისის პერიოდში, ომის წლებში, მან იტვირთა ეროვნული მუსიკის განვითარების მისია, მიზნად დაისახა იმ თეორიული ამოცანების გადაწყვეტა, რომლებიც იდგა ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის წინაშე“.

„პიტერ გრეიმსის“ დადგმამ 1945 წელს სათავე დაუდო ინგლისური ეროვნული მუსიკალური თეატრის აღორძინებას. „პიტერ გრეიმსი“ სამმოქმედებიანი ოპერაა სლეტერის ლიბრეტოზე, ჯორჯ კრების პოემა „ქალაქის“ მიხედვით. ის დინამიკურია, ფუნდამენტური, ტრადიციული, „დიდი ოპერისათვის“ დამახასიათებელი კონსტრუქციით.

„გლორიანას“ (1953) კი ბრიტენის მარცხად მიიჩნევენ.

ოპერა დედოფალ ელისაბედ II-ის კორონაციას ეძღვნება. მასში მოთხრობილია ელისაბედ I-ისა და რობერტის, ესექსის გრაფის, სიყვარულის ტრაგიკული ამბავი. ლიბრეტოს ავტორია უილიამ პლომერი, რომელმაც, თავის მხრივ, წყაროდ გამოიყენა ლიტონ სტრეჩის „ელისაბედი და ესექსი: ტრაგიკული ისტორია“. ოპერა მოგვითხრობს დედოფლისა და გრაფის სიყვარულზე, სასახლის ინტრიგებზე, ესექსის დაუმორჩილებლობასა და სიკვდილით დასჯაზე.

ოპერა სამი მოქმედებისა და 8 სცენისგან შედგება. ორიგინალურია სცენების სტრუქტურა. სიტუაციაში ყოველი ცვლილება დანომრილია და თავისი პროგრამული სათაური აქვს. მაგალითად, I მოქმედება, I სცენა: N1 – პრელუდია; N2 – ტურნირი; N3 – რეჩიტატივი და ბრძოლა; N4 – დედოფლის გამოსვლა; N5 – რეჩიტატივი; N6 – ორი ლორდის შერიგება; N7 – რელეას სიმღერა; N8 – შერიგების ანსამბლი; N9 – რეჩიტატივი და ფინალური მარში. ოპერა ნომრების თანმიმდევრობის პრინციპზეა აგებული. რაც შეეხება ეპიზოდებს, ისინი არა მხოლოდ სცენის შემადგენელი ნაწილებია, არამედ დამამთავრებელი ან შედარებით დამამთავრებელი – შემაჯამებელი ფუნქცია აქვს.

II მოქმედების I სურათი დივერტისმენტია სახელწოდებით „ნიღბები“. დივერტისმენტი გახლავთ საოპერო ნაწარმოების დამოუკიდებელი ნაწილი, რომელსაც სიუჟეტის განვითარებასთან კავშირი არ აქვს. ის აგებულია სიუიტურობის პრინციპზე და შეიცავს საცეკვო და ვოკალურ ნომრებს, პანტომიმას, პოეტურ ეპიზოდებს. ბრიტენის ოპერაში სივერტისმენტი 6 საცეკვაო-საფერხულო ნომრისგან შედგება.

III მოქმედებაში გამორჩეულია II სურათი, რომელსაც კომპოზიტორი უწოდებს „რონდო-ბალადას“. ის, ისევე როგორც II მოქმედების III სურათი, ორპლანიანი მოქმედების ცვლაზეა აგებული. კომპოზიტორი იყენებს იმავე პოლიფონიურ ხერხს, რომელიც მანამდე „გრეიმსსა“ და „ლუკრეციაში“ გამოიყენა.

სიუიტაში ერთმანეთს ენაცვლება ცეკვა (სცენური ორკესტრი და ბალეტი), სასახლის კარის საუბრები, თავისუფალი საფერხულო რეპლიკები, დედოფლის რეჩიტატივი-დიალოგი, ლედი ესექსის რეპლიკა და პენელოპე რიჩის ეპიზოდი.

სიუიტას დრამატურგიულად ნელ-ნელა ავიწროებს უმთავრესი ინტრიგა-კვარტეტი, სურათის ბოლოს ჟღერს კურანტა, როგორც ფინალი, რომელიც კვლავ უბრუნებს სურათს სიუიტის სახეს. ამგვარად, სიუიტა გადამწყვეტ როლს ასრულებს დრამატურგიული კონფლიქტის ესკალაციაში.

ნომრული სტრუქტურა გადაედინება გამჭოლი ტიპის სცენებში, სადაც ანსამბლებში, პოსტკულმინაციურ ფაზაში, კვლავ შემოდის ნომრული პრინციპი. ეს არ არის ბრიტენის ახალი ხერხი – ფარული ნომრული პრინციპი ორგანულად ერწყმის გამჭოლ სცენას, რომელიც ოპერაში კამერულობას აფუძნებს. ამგვარადვეა აგებული „ლუკრეცია“. „გლორიანაში“ კი „დიდი ოპერის“ პირობებში ეს წარმოდგენილია დივერტისმენტისა და გამჭოლი სცენა-ფაზების შერწყმით. ამ ხერხის გამოყენება ოპერის სტრუქტურის სიჭრელეზე მეტყველებს.

„გლორიანაში“ ყოველი სურათი ლოგიკურადაა აგებული და ორგანიზებული, მაგრამ არ ქმნის მთლიან, ერთიან არქიტეტურულ ანსამბლს. კონსტრუქციული იდეების განახლება ,,გლორიანაში“ იმით აიხსნება, რომ ოპერა გარდამავალია: აქ არის „დიდი ოპერის“ შერწყმა კამერულ ჟანრთან (დედოფლის მისალმება, გუნდის ხოტბა, დედოფლის განდიდება), რომელიც კიდევ უფრო საინტერესოდაა ფორმირებული ოპერაში „ჭანჭიკის შემობრუნება“.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, „გლორიანაში“ არ არის მუსიკალური დრამატურგიის მთლიანობა. მასში არც ის ბგერითი იდეაა განსაზღვრული, რომელიც ხელს შეუწყობდა მუსიკალური პროცესის განვითარებას.

„გლორიანაში“ გარდამავალი მდგომარეობა ყველგან და ყველაფერში იგრძნობა. მასში არ არის ოსტატურად დამუშავებული პორტრეტული დახასიათებები, როგორიც „პიტერ გრეიმსსა“ და „ალბრეხტ ჰენინგში“ გვხვდება. აქ მოქმედი პირების დახასიათება ნეიტალური რჩება. ზოგჯერ სახეში ერთი თვისება იკვეთება როგორც წამყვანი (მაგალითად, ესექსის სახეში დასაწყისშივე იკვეთება იმპულსურობა). რამდენად შეიძლება, ეს წარმატების საფუძველი იყოს? – „დიდი ოპერა“ ხომ ხასიათების ევოლუციას მოითხოვს.

ბენჯამინ ბრიტენის შემოქმედება სისხლხორცეულადაა დაკავშირებული როგორც თანამედროვეობასთან, ისე განვლილი წლების ინგლისურ კულტურასთან. კომპოზიტორი არ წყვეტს წარსულთან კავშირს, არც ერთ ნაწარმოებში არ კარგავს ეროვნულ თვითმყოფადობას. ასეთ სინთეზსა და ორგანულ მთლიანობაში იკვეთება XX საუკუნის ინგლისური სკოლის მიღწევები, რომელშიც ტიუდორების პერიოდის თეატრალური ჟანრები საკუთარ გამორჩეულ სტილთანაა შერწყმული. „გლორიანას“ სახით კი საოპერო დრამატურგიაში ბრიტენმა შექმნა მონარქის ძლიერი პორტრეტი ცვალებად სამყაროში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Ковнацкая Л.Английская музыка XX века: Очерки. М.; Сов. композитор, 1986. 216 с.
  2. Ковнацкая Л.Бенджамин Бриттен. М.: Сов. композитор, 1974. 329 с.
  3. Evans P. The Music of Benjamin Britten. London: Clarendon Press, 1996. 586 p.
  4. Kildea, P. Britten on Music. Oxford University Press, 2003. 437 p.
  5. White E. Benjamin Britten, His Life and Operas. University of California Press. 1983. 322 p.

 

დამატებითი მასალა:

ოპერა „გლორიანას“ პარტიტურა

თანამედროვე წმინდანები _  ფილმი, როგორც სასწავლო რესურსი

0

„მე მჯერა რომ წმინდანები ჩვენ შორის ცხოვრობენ“, _  ეუბნება მასწავლებელი მოსწავლეებს. რატომ დასჭირდა მას ამ ერთგვარი პროვოკაციული ფრაზის წარმოთქმა?  ის ბავშვებს სახელმძღვანელოს იმ თავს შეასწავლის, რომელსაც „კათოლიკური წმინდანები“ ჰქვია. მასწავლებელი ხედავს, რომ მოსწავლეებს დაზეპირებული აქვთ წმინდანთა ცხოვრების დეტალები, პრეზენტაციებსაც წარმოადგენენ, თუმცა გააზრებული არა აქვთ. მათთვის  გაუგებარია ბევრი რამ და თანამედროვეობასთან ვერ აკავშირებენ. პედაგოგი, სავარაუდოდ, ხვდება, რომ ეს მისი ბრალია და არა  მოსწავლეებისა.  წმინდანებთან დროულ-სივრცული თუ სულიერ-მენტალური დისტანცია იმდენად დიდია, რომ ბავშვები მათში ადამიანებს ვეღარ ხედავენ,  ამიტომაც მოძებნა სხვა გზა.  მასწავლებელი ასე განაგრძობს თავის უჩვეულო ახსნა-განმარტებას: „მე მჯერა რომ წმინდანები ჩვენ შორის ცხოვრობენ. შეიძლება ვერავინ შენიშნოს და არც წიგნებში დაწერონ მათ შესახებ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანნი არიან“. ამის შემდეგ მასწავლებელი ბავშვებს დავალებად აძლევს მოხსენების დაწერას სათაურით: „წმინდანები ჩვენ შორის“: „დააკვირდით ადამიანებს თქვენ გარშემო და შეეცადეთ მათში იპოვოთ ის თვისებები, რომლებიც წმინდანებს ახასიათებთ“.

ვფიქრობთ, თამამი და აქტუალური დავალებაა, რომელიც ქართველ მასწავლებლებსაც შეიძლება გამოადგეთ. ეს ხელს შეუწყობს არა მხოლოდ კრიტიკული აზროვნების განვითარებას, არამედ ზნეობრივ ღირებულებებსაც განუმტკიცებს, ფასეულობათა სისტემას ჩამოუყალიბებს,  წიგნის მასალასა და ცხოვრებას ერთმანეთთან დააკავშირებს.

ოლივერი, ფილმის მთავარი გმირი ამერიკელი  ბიჭუნა,  იწყებს დავალებაზე ფიქრს და მიხვდება, რომ შორს წასვლა არ სჭირდება.  ის თავის გვერდით აღმოაჩენს ადამიანს, რომელშიც წმინდანის თვისებებს დაინახავს და  იწყებს მასალის შეგროვებას მეზობელ კაცზე, რომელიც არაფრითაა გამორჩეული, პირიქით, ერთი შეხედვით, საზიზღარი, მოუწესრიგებელი, ზარმაცი და უპასუხისმგებლოა. ეს ყველაფერი კი წარმოჩენილია ფილმში „წმინდა ვინსენტი“ (რეჟისორი ტედ მელფი).

წმინდანებზე წარმოდგენა  მკითხველს მსოფლიო თუ ქართული ჰაგიოგრაფიული ტექსტების მიხედვით აქვს ჩამოყალიბებული. ისინი, მოწამენი თუ მოღვაწენი, საღვთო იდეისთვის შეწირულნი არიან. ეს იდეა ჯვარსახოვანია, ღვთისა და  მოყვასის სიყვარულს თანაბრად გულისხმობს, ერთი მეორეს ავსებს და ამგვარად ადამიანი სულიერად იზრდება იმისთვის, რომ გააცნობიეროს ამქვეყნიური, წარმავალი არსებობის აზრი და მიზანი.

წმინდანი საღვთისმეტყველო ცნებაა და იგი რელიგიურ კონტექსტებში მოაზრება. არის თუ არა ეს სიტყვა თანამედროვე ლექსიკონისთვისაც მნიშვნელოვანი?  შეიძლება თუ არა, იგი  დღესაც გამოვიყენოთ,  როგორც ვინმეს აღმნიშვნელი, შემფასებელი, ეგზისტენციის განმსაზღვრელი. როგორც ცნობილია, ყველა რელიგიურ კონფესიას თავისი წმინდანი ჰყავს. წმინდანობა ნიშანია, რომლითაც ეკლესია სახარებისეული თუ წმინდა მამათა საღვთისმეტყველო სწავლებითა და საეკლესო გადმოცემებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებული კრიტერიუმებით ერთ  ადამიანს სხვათაგან გამოარჩევს.

რა თქმა უნდა,  ხელოვანებს აქვთ ამ ცნების გაფართოების, მისი მნიშვნელობის იმგვარი გაღრმავების  მცდელობა, რომ ფუნდამენტური, არსობრივი გაგება შეუნარჩუნდეს, მაგრამ თან თანამედროვე ლექსიკის ცოცხალ ნაწილადაც იქცეს, რაღაც ისეთიც აღნიშნოს, რაც გადის „საღვთიმეტყველო“ დოგმატური ჩარჩოებიდან.

ჰაგიოგრაფიული ტექსტების სწავლებისას ჩნდება სურვილი მათი გათანამედროვებისა, პრობლემატიკის თანამედროვე კონტექსტში გააზრებისა. თუმცა, ეს ძალიან საფრთხილო საქმეა. ამ თვალსაზრისით, საინტერესია თამაზ ჭილაძის წერილი „იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“, რომელშიც  ჰაგიოგრაფიული ტექსტი რომანად არის მოხსენიებული. მწერლის  აზრით,  „შუშანიკს რომანში ორი ტექსტი აქვს, ერთი – აშკარა, წმინდანისათვის აუცილებელი და ამდენად სტერეოტიპული, მეორე კი, დაფარული, ადამიანური“. წერილში ავტორი სწორედ ამ ადამიანურ ტექსტს თანამედროვეობის ჭრილში აანალიზებს და საგულისხმო დაკვირვებებს გვთავაზობს. მისი აზრით: „ჩვენ ვხედავთ ერთი ადამიანის დაუშრეტელ ენერგიას, ერთი ადამიანის უნარს, ერთი ადამიანის ძალას, რომელიც ბევრისა და ბევრის მაგივრად უპირისპირდება ბოროტებას. და თუ ჩვენ დღეს მის ქმედებას ჩამოვაშორებთ რელიგიურ-მისტიკურ საბურველს, ხელთ შეგვრჩება ცოცხალი გაკვეთლი ადამიანის სულის სასიკეთო ძალისხმევისა“.

თანამედროვე ლიტერატურაში ხშირად გვხვდებიან პერსონაჟები, რომლებსაც სხვები წმინდანად აღიქვამენ, რადგან მათ ცნობიერებაში ჩამოყალიბებული წმინდანთა განმსაზღვრელი ხატები მიესადაგება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს. სწორედ ამგვარი მიზანი აქვს ზემოთ ხსენებულ ფილმის მასწავლებელსაც, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე წმინდანთა დანახვას ავალებს. ფილმი („წმინდა ვინსენტი“) მოგვითხრობს ბიჭუნას დაახლოებაზე უცნაურ მეზობელთან, ლოთსა და უიღბლო კაცთან, რომელსაც ქალმა დროებით ერთგვარი ძიძობა, ბიჭის დატოვება სთხოვა ანაზღაურებით. ერთი შეხედვით, უკმეხი და ცხოვრებისგან გარიყულ-გათელილი კაცი ის ადამიანი აღმოჩნდა, რომელიც ბიჭისთვის ცხოვრების მასწავლებლად იქცა.

როგორია ბიჭის მოხსენება, რომელიც გამარჯვებულად  გამოცხადდა? ოლივერს არც ინტერვიუ აუღია მისგან და არც ამ თემაზე დალაპარაკებია. ის უკვე კარგად იცნობდა მას ყოველდღიურ ყოფას. დანარჩენი კი, ბიოგრაფიისა დეტალები და ფოტოები, ჩუმად მოიპოვა. ასე რომ, თვითონ ვინსენტისთვისაც მოულოდნელი იყო, რაც ოლივერმა მასზე ილაპარაკა. ის პრეზენტაციაზეც კი არ აპირებდა წასვლას.

ოლივერმა კი პრეზენტაციისას, რომელსაც სკოლის მასწავლებლები, მშობლები, ახლობლები ესწრებოდნენ,  ასეთი რამ თქვა: „წმინდანი არის ის ადამიანი, რომელმაც თავი მიუძღვნა სხვა ადამიანებს და შეეცადა ეს სამყარო უკეთესი გაეხადა… ჩემი მოხსენებისთვის ავირჩიე ადამიანი, რომელსაც წმინდანის შესაფერისი ბევრი თვისება აქვს, როგორც წმინდა უილიამ როჩესტერს. ერთი შეხედვით, შეიძლება იფიქროთ, რომ ის სულაც არა ჰგავს წმინდანს. ის არ არის ბედნიერი ადამიანი. მას არ მოსწონს ხალხი და არც ხალხს მოსწონს ის. ის უხეში, ბრაზიანი და მთელ სამყაროზე განაწყენებულია. ბევრს სვამს, ეწევა, თამაშობს, ბილწსიტყვაობს, წუწუნებს და იტყუება… მაგრამ ეს ისაა, რაც ერთი შეხედვით ჩანს. თუ უფრო ღრმად ჩაიხედავთ, მასში ნამდვილ ადამიანს დაინახავთ. მისტერ ვინსენტ მაკენა 1946 წელს დაიბადა პირველი თაობის ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. ის სიღარიბეში იზრდებოდა. ბრუკლინის ქუჩებში ცხოვრებამ მას უამრავი ისეთი რამ ასწავლა, რაც ბავშვმა არ უნდა იცოდეს: ჩხუბი, ბილწისტყვაობა და აზარტული თამაშები. 1965 წელს, როგორც შეერთებული შტატების მეხუთე ლეგიონის წევრი, იმ 450 ჯარისკაცს შორის იყო, რომლებიც ლაგრანდის ველზე იბრძოდნენ. მათ ორი ათას ჯარისკაცთან მოუწიათ ბრძოლა. ვინსენტმა ორი დაჭრილი ჯარისკაცი გადაარჩინა და სამშვიდობოს გაიყვანა. მას ბრინჯაოს მედალი მიანიჭეს სიმამაცისთვის, მაგრამ რომ დაინახოთ, სინამდვილეში ვინ არის მისტერ ვინსენტ მაკენა, უნდა მოგიყვეთ, რა გააკეთა მან ჩემთვის. როცა მე და დედა აქ გადმოვედით, არავის ვიცნობდით. მე მისტერ მაკენა დამეხმარა. ის სულაც არ იყო ვალდებული და ალბათ არც უნდოდა, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. სწორედ ასე იქცევიან წმინდანები. ჩვენ  პანსიონში მოსანახულებლად დავდიოდით მისი ცოლის, სენდისა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ვინსენტი მის თეთრეულსა და ტანსაცმელს თვითონ რეცხავდა ყოველ კვირას, რვა წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ სენდი მას ვეღარ ცნობდა, იმიტომ, რომ წმინდანები არასოდეს ნებდებიან. მან მე მასწავლა, როგორ ვიბრძოლო, როგორ დავიცვა  თავი და საკუთარი მოსაზრება, იმიტომ რომ წმინდანები ყოველი ჩვენგანისთვის იბრძვიან. მან  აზარტული თამაშები და ფსონების დადებაც მასწავლა,  რის გამოც 18 წლამდე შინაპატიმრობა მემუქრება, მაგრამ გავიგე, რა არის რისკი და როდის უნდა გავჩერდე, იმიტომ, რომ შეიძლება ამ ცხოვრებაში ფსონი არასწორად დადო. ეს მისი კატაა, ფელიქსი, ის საუკეთესო საკვებს მიირთმევს, როცა ვინსენტი კონსერვებით იკვებება, იმიტომ, რომ წმინდანები ჩვენ გამო მსხვერპლს იღებენ. დიახ, მისტერ მაკენას ბევრი ნაკლი აქვს, ისევე, როგორც სხვა წმინდანებს. იმიტომ, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან. სიმამაცე, თავგანწირვა, თანაგრძნობა და ადამიანობა _ ეს წმინდანის თვისებებია და ამიტომაც მისტერ  ვინსენტ მაკენა ძალიან ჰგავს წმინდა უილიამ როჩესტერს. და აი, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მეგობარი და ძიძა  ვინსენტ მაკენა და ყოველივე ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით ვუწოდო წმინდა ვინსენტი“.

 

კადრი ფილმიდან „წმინდა ვინსენტი“

 

რა თქმა უნდა, ბილ მიურეი შესანიშნავად ასრულებს ვინსენტის როლს. მაყურებელი ხედავს მის თავშეკავებულ გაოცებულ მზერას, როდესაც წმინდანს უწოდებენ. მაყურებელმა და ოლივერმაც იციან, რომ იგი ამის შემდეგაც ჩვეულებრივ გააგრძელებს ცხოვრებას. გულის ამაჩუყებელია ეპიზოდი, როდესაც დარბაზში სწორედ პრეზენტაციისას შემოდის ვინსენტი, ყოველდღიური მოუწესრიგებელი ჩაცმულობით. მას სცენაზე მოიხმობენ, ოლივერი მას მედალს  ჩამოკიდებს. დარბაზში ამტყდარ ტაშში ჩაიკარგება ერთმანეთისთვის თქმული  მადლობა, რომელიც მაყურებელს შესანიშნავად ესმის და ამახსოვრდება.

ამგვარად, ფილმისეული მასწავლებელი აჩვევს ბავშვებს, რომ დაინახონ და დააფასონ სიკეთე არა მხოლოდ პერსონაჟებისა თუ ისტორიული გმირებისა, არამედ მათ გვერდით მყოფი უბრალო ადამიანებისა, დაინახონ ღვთაებრივი ნაპერწკლები, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან, ამიტომ არ უნდა გამოტოვო ეს წამი მათი ანთებისა. ამ დროს აქვს ადამიანს გაცდა სამოთხისა. ეს არის ცხოვრება, თორემ ეს ნაპერწკლები რომ ალად იქცეოდნენ და არ ქრებოდნენ, ადამიანი სიხარულის განცდას დაკარგავდა.

პოსტმოდერნულ ხანაში წმინდანებიც ისევე იქცა არტისტული თამაშის საგნად, როგორც სხვა ნებისმიერი რამ. ისინი ჩამოიყვანეს კვარცხლბეკებიდან და რომანის, ფილმის გმირებად აქციეს, მათი სისხლი და ხორცი ახლოდან დაგვანახვეს, ადამიანური ნაკლოვანებანი და სისუსტენი წარმოაჩინეს.

ადამიანს აქვს წამები, გაკაშკაშებული, როდესაც უჩნდება შეგრძნება ამგვარი სიწმინდისა („ერთი წამიც კი სიცოცხლის / თუ სინათლის მომფენია, / უსინათლოს და უგრზნობელს,/ საუკუნეს მირჩევნია“  (აკაკი წერეთელი, „რაც არ იწვის, არ ანათებს“). ამას შეიძლება ღვთაებრივი ნათლის, ქრისტეს,  დაბადება ვუწოდოთ: „ქრისტე ათასჯერ რომც დაბადებულიყო ბეთლემში, თუ იგი ახლა შენს სულში ისევ არ დაიბადა, მაინც დაღუპული ხარ“ (ანგელუს სილეზიუსი, მე-17 ს-ის გერმანელი მისტიკოსი პოეტი). ეს ნაპერწკალი მაშინ ინთება, როდესაც ყოველგვარი დაბრკოლება გადაილახება და ადამიანური თანაგრძნობის, სიყვარულის გზით ერთი ადამიანი მეორეში ხედავს ღმერთს.

 

ბერტას მეორე სიცოცხლე

0

საქართველოში ძალიან ბევრ გამოჩენილ, მსოფლიო მნიშვნელობის უცხოელს უცხოვრია. მთაწმინდის მოსახლეობისათვის ადვილი შესამჩნევია დანგრეული სახლი, სადაც პეტრე ჩაიკოვსკიმ თავისი სიცოცხლის რამდენიმე მნიშვნელოვანი თვე გაატარა. ათონელის ქუჩაზე ყველას ჩაგივლიათ სასტუმროსთან, სადაც თბილისში ყოფნისას დროს კლავდა დიდი ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი. ნაძალადევის თვითმმართველ კომუნაში პლანეტის ყველაზე ძლევამოსილი რევოლუციონერების ნახევარს მაინც აქვს ღამე გათენებული. ფაქტობრივად შეუძლებელია ყველა ცნობილი ადამიანის ქართულ კვალს გამოვედევნოთ. თუმცა, ზოგიერთები მაინც იმსახურებენ განსაკუთრებულ ყურადღებას.

სამწუხაროდ, ბევრმა არ იცის, რომ თითქმის ათი წლის განმავლობაში საქართველოში ცნობილი ავსტრიელი მწერალი, მშვიდობის მკვლევარი და პაციფისტური მოძრაობის ლიდერი ბერტა ფონ ზუტნერი ცხოვრობდა. იგი ჩვენს ქვეყანაში ეკატერინე ჭავჭავაძის მოწვევით ჩამოვიდა, რათა თავი დაეხსნა გაცეცხლებული დედამთილის რისხვისგან. დედამთილი უკმაყოფილო იყო, რადგან ბერტაზე შვიდი წლით უმცროსი არტური სახლში მოწვეულ მასწავლებელზე აპირებდა დაქორწინებას. ზუტნერები სამეგრელოში დასახლდნენ, ხელი მიჰყვეს საკარმიდამო მეურნეობის მოწესრიგებას, ბერტა დადიანების არისტოკრატული ოჯახის შვილებს ევროპულ ენებს ასწავლიდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ავსტრიელთა ოჯახი დასავლეთის პრესას აქტიურად ამარაგებდა პუბლიცისტური წერილებით. ცოლ-ქმარი რუსეთი-თურქეთის ომის, კავკასიელი ხალხების ცხოვრებისა და მშვიდობის მნიშვნელობის შესახებ წერდნენ. საქართველოში ცხოვრების წლებში დაიწყო ბერტამ თავის პირველ ლიტერატურულ ნაწარმოებებზე მუშაობა. ბერტას გულითადი მეგობრობა აკავშირებდა იონა მეუნარგიასთან, რომელთან ერთადაც „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგული და გერმანული თარგმანის მომზადებისთვის შრომობდა. ხელმომჭირნეობის მიუხედავად, ბერტა ზუტნერი ბედნიერად იხსენებს სამეგრელოსა და თბილისში გატარებულ წლებს. თბილისის ყოფილ გერმანულ დასახლება „ნოიტიფლისში“, დღევანდელი უზნაძის ქუჩაზე ზუტნერების სახლს ამჟამადაც ამშვენებს მემორიალური დაფა.

სამეგრელოსა და თბილისში მცხოვრებ ბერტას მსოფლიოში ბევრი არავინ იცნობდა. იგი საერთაშორისო გავლენის მქონე ქალად ევროპაში დაბრუნების შემდეგ ჩამოყალიბდა. მისი წარმატება რომანმა „ძირს იარაღი“ გამოიწვია. პაციფისტური შინაარსის წიგნით ავტორი მკითხველს ომის სისასტიკეების შესახებ მოუთხრობდა. ამასთანავე, დაწვრილებით აღწერდა მშვიდობის დამყარების რეალურ შანსებს, რომელთა გამოყენებაზეც შეგნებულად ამბობდნენ უარს იმპერიალისტები. „ძირს იარაღი“ მილიონობით პაციფისტისა და ომის მოწინააღმდეგის მობილიზების წინაპირობა გახდა. ლევ ტოლსტოი ამტკიცებდა, რომ ზუტნერის ნაშრომს ისეთივე ეფექტი ჰქონდა საზოგადოებაზე, როგორიც ჰარიეტ ბიჩერ-სტოუს „ბიძია თომას ქოხს“.

„ძირს იარაღის“ შემდეგ დაიწყო მრავალრიცხოვანი პაციფისტური კონგრესები, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ გამოსვლები, ფემინისტური აქციები, რომელთა მთავარი ორგანიზატორი ბერტა ფონ ზუტნერი გახლდათ. იგი ანტიიმპერიალისტური, საერთო ევროპული ოპოზიციის სახედ და ერთ-ერთ თვალსაჩინო ხელმძღვანელად ჩამოყალიბდა. ცხადია, სამეგრელოში ნაცხოვრები ავსტრიელის საქმიანობა უყურადღებოდ არ დარჩენიათ ნობელის კომიტეტის წევრებს. 1905 წელს ნობელის ყოფილი პირადი მდივანი კომიტეტმა მშვიდობის პრემიით დააჯილდოვა. დადიანების მასწავლებელი პირველი ქალი აღმოჩნდა, რომელმაც ნობელის მშვიდობის პრემია მოიპოვა.

რამდენიმე წლის წინ თბილისში დაარსდა ორგანიზაცია „მშვიდობის ინსტიტუტი პროგრესისათვის“ (PIP). ინსტიტუტი მშვიდობის მშენებლობის სფეროში ერთ-ერთ მოწინავე დაწესებულებად ჩამოყალიბდა. მათ მშვიდობის ადგილობრივი, ქართული პრემიის დაწესება გადაწყვიტეს, მიზნის მისაღწევად კი ხელახალი სიცოცხლე შთაბერეს ავსტრიელი პაციფისტი ქალის არსებობას ქართულ სააზროვნო სივრცეში. უკვე მეორე წელია ბერტა ფონ ზუტნერისთვის კარგად ნაცნობ, აფხაზეთთან ყველაზე ახლოს მდებარე დიდ ქართულ ქალაქში – ზუგდიდში ნობელიანტი ქალის სახელობის პრიზი გაიცემა, რომლითაც ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ დიალოგსა და ჰუმანიტარულ ურთიერთობებში ჩართული, რეგიონის ხალხთა შერიგებაზე მომუშავე პირები ჯილდოვდებიან. მაშასადამე, PIP-ის ხელმძღვანელები ზრუნავენ იმ ადამიანთა შრომის დაფასებაზე, რომელთა საქმესაც ცოტანი ამჩნევენ; რომლებიც უდიდესი და კრიტიკული მნიშვნელობისა ამოცანებს გაუხმაურებლად წყვეტენ. აღსანიშნავია ისიც, რომ პრიზის დაწესების პარალელურად ქართულად ითარგმნა მსოფლიოს პაციფისტური ლიტერატურის კლასიკა „ძირს იარაღი!“ და ბერტა ფონ ზუტნერის მემუარების საქართველოსთან დაკავშირებული წერილები.

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრიზი, რომელსაც ენგურის ხიდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გასცემენ, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების საჭირო და აუცილებელი გზავნილია აფხაზი ხალხისადმი. საქართველოში ბევრნი ვართ ზუტნერის იდეების მიმდევრები.

თავისუფლებასა და მონობას შორის

0

(გიგი თევზაძის წიგნებზე: „ათი წერილი მკითხველს თავისუფლებისა და ჩვენ შესახებ“ და „ათი წერილი მკითხველს მონობისა და ჩვენ შესახებ“)

 

ყველა სწავლება, რომელიც შეიძლება ჩვენს სამყაროში შეგვხვდეს,

საბოლოო ჯამში, თავისი არსით, სურვილების იდენტიფიკაციის, მართვის და აღსრულების შესახებ სწავლებაა.

გიგი თევზაძე

 

„…ტექნოლოგიების შემოსვლას ახალი სურვილებიც მოჰყვება, რომლებიც ნელ-ნელა დომინანტური ხდება. ამის შემდეგ მალე დგება დრო, როდესაც ტექნოლოგიებით შემოსული სურვილების დიაპაზონი რადიკალურად განსხვავდება მმართველების მიერ წლების წინ დადგენილისგან: შესაბამისად, საზოგადოების ყოველ წევრს უკვე მნიშვნელოვნად განსხვავებული სურვილები აქვს იმისგან, რასაც მმართველობა სთავაზობს. შესაბამისად, საზოგადოების წევრებს, ასევე აქვთ სურვილი, რომ მსგავსი შემოთავაზება არ მიიღონ და რომ სურვილების შემოთავაზება მათ საზოაგდოებაში გამრავალფეროვანდეს.

 

გიგი თევზაძე

 

ჩვენ ძალიან ხშირად ვმოძრაობთ, ვმოქმედებთ, ვესწრაფვით რაღაცას და ხშირად არ ვიცით, საით მივდივართ. ეს შეიძლება ითქვას კონკრეტულ ადამიანზეც, ადამიანთა ჯგუფზე, პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყანაზე და სხვა. შესაძლოა, წლების „მოძრაობის“ შემდეგ აღმოვაჩინოთ, რომ ეს ყველაფერი ცრუმოძრაობა და, უბრალოდ, ვირთხების რბოლაში მონაწილეობა იყო… რომ არსაითაც არ წავსულვართ და რომ ერთ ადგილს ვტკეპნიდით, ზუსტად ისე, როგორც სიმულაციურ სარბენ ბილიკზე სირბილი არ არის სვლა რაიმესკენ; რა თქმა უნდა, ამ ბილიკზეც იღლები, უმატებ ან უკლებ სიჩქარეს, მაგრამ არსაით არ მიდიხარ.

თანამედროვე განათლების სისტემა სიმულაციურ ბილიკზე სირბილს მაგონებს; ერთხელ გიგი თევზაძეს ჰკითხა ჟურნალისტმა: საით მიდის განათლების სისტემაო და მახსოვს, უპასუხა: არსაითაც არ მიდის, საითმე რომ წახვიდე, ორიენტირი უნდა გქონდეს, თანამედროვე განათლების სისტემას კი არავითარი ორიენტირი არა აქვსო – დაახლოებით ასე უპასუხა.

გიგი თევზაძის ეს პასუხი ახლა იმიტომ გამახსენდა, რომ  მინდა გესაუბროთ მის ორ წიგნზე, რომლებიც, ვფიქრობ, არის უნიკალური რესურსი მასწავლებლებისთვის, დააფიქრონ მოსწავლეები თავისუფლებასა და მონობაზე; სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი ცხოვრებაც არ იყოს სიმულაციურ ბილიკზე სირბილი. თანამედროვე სკოლამ უნდა გააცნობიეროს, რომ უბრალოდ ფაქტებისა და მოვლენების დასწავლა და თუნდაც, გარკვეული უნარების შეძენა – არაფერია, თუ არ იცი, საით მიდიხარ.

უფრო ფილოსოფიურად თუ მივუდგებით საკითხს, შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ  ჩვენი შინაგანი (შესაბამისად, გარეგანი) სვლა არის ორი ძირითადი (და მათ შორის გარდამავალი) მიმართულებით. ჩვენ ვმოძრაობთ ან თავისუფლებისკენ და ან – მონობისკენ (როგორც თითოეული ადამიანი, ასევე – მთელი ერი);

შემდეგი კითხვაა: რა არის თავისუფლება და რა არის მონობა? აი, სწორედ ამ ფუნდამენტური კონცეპტების გააზრება-გაცნობიერებაში დაგეხმარებათ გიგი თევზაძის წიგნები, რომლებიც თავისუფლედ შეგიძლიათ ელექტრონული სახით მოიპოვეოთ ამ ლინკზე: https://www.criticallog.org/blank

ლექსიკონებში ამოკითხული განმარტებები ასეთ დროს ვერაფერს აგიხსნით, დაგეხმარებათ მხოლოდ თქვენივე რეფლექსია ამ საკითხებზე, რომ აღმოაჩინოთ თქვენი მოძრაობის წერტილი გრაფიკზე – თავისუფლებასა და მონობას შორის, ანუ მოვახდინოთ ჩვენი მოძრაობის იდენტიფიკაცია. დიახ, ეს მთელი ცხოვრების საფიქრალია და ეს ფიქრი სწორედაც რომ სკოლიდან უნდა დაიწყოს, რომ მერე მიადევნოთ თვალი, საით გადაადგილდებით, ან გზიდან ხომ არ გადაუხვიეთ…

ფიზიოლოგიის დონეზე განხილული თავისუფლება და მონობა და მისი გააზრება, ძალიან ბევრ საკუთარ ქცევასაც აგვახსნევინებს და შესაძლოა, აღმოვაჩინოთ, რომ ჩვენ რომ გვეგონა, ერთგულები და სანიმუშოები ვიყავით, თურემ ვყოფილვართ „მონები“. „მონობა“ ამ შემთხვევაში მეტაფორაა და მაინცდამაინც იმას არ გულისხმობს, რასაც ტრადიციულად აღნიშნავს. ძალიან ხშირად ჩვენივე ნებით ვხდებით მონები და საძიებელი სწორედ ისაა, ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: რატომ?

თუ განათლების სისტემამ არ გვასწავლა, რომ გავარჩიოთ ერთმანეთისაგან თავისუფლება და მონობა, სხვა ამას ვერ შეძლებს! შესაბამისად, საზოგადოება, რომელიც ხელს უწყობს ადამიანების სურვილების იდენტიფიკაციას და განხორციელებას, არის თავისუფლების მოძრაობაში და პირიქით… და თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, რომელ ნაკადში ვართ?

ჩვენი გარემო, რომელშიც ჩვენ დაბადაბისთანავე ვხვდებით, გვასწავლის, როგორ უნდა მივაღწიოთ სურვილების აღსრულებას. ასევე, როგორც უნდა მოვახდინოთ ჩვენი სურვილების იდენტიფიკაცია – გავარკვიოთ, რა და როგორ გვინდა. ზოგი საზოგადოება/თემი ამ გზაზე წარმატებულია, ზოგი – არა. ეს სწავლება აუცილებელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ დავიზიანებთ საკუთარ თავს და დავაზიანებთ სხვებს.“ (გიგი თევზაძე, ათი წერილი მონობისა და ჩვენ შესახებ“, გვ. 9)

გიგი თევზაძის აღწერით, ამ შინაარსის განხორციელებას შესაბამისი სტრუქტურებით უნდა ახდენდეს სახელმწიფო და, პირველ რიგში, რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ეს არის საგანმანათლებლო დაწესებულებების განსახელმწიფოებრიობა. გარკვეულ ბერკეტებს სახლემწიფო ამ შემთხვევაშიც ინარჩუნებს, რა თქმა უნდა, მაგრამ არა იმდენს და ისე, როგორც დღეს. ეს კი საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოებაში ადამიანებმა რაც შეიძლება მრავალფეროვანი სურვილების იდენტიფიკაცია მოახდინონ და ისწავლონ მისი შესრულება, სხვაგვარად, ვერც ადამიანი იქნება რეალიზებული და ბედნიერი.

ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, ასწავლოს საკუთარი შეხედულებების მიხედვით (ცხადია, იმ საერთო შეთანხმებების გათვალისწინებით, რომლის შესახებაც წინა წერილებში ვილაპარაკეთ) და ყველა ადამიანს უნდა მიეცეს უფლება, აირჩიოს რომელიმე სწავლება.“ (გ.თ.)

მრავალფეროვანი შეთავაზება ინდივიდუალური ადამიანების ინტერესებზე მორგებული სისტემაა, შესაბამისად, განვითარება და შემოქმედებითობა სოწრედ ამ მიდგომით განხორციელდება;

ამ ტიპის სწავლების გამოცდილების დანერგვა ჯერ კიდევ ილიას უნივერსიტეტში დაიწყო გიგი თევზაძემ რექტორობის პერიოდში. ეს მიდგომა აისახა სილაბუსებზე და სწავლების ფორმებზე. პროფესორი ვალდებული იყო, ყოველწლიურად ახალი კურსები შეეთავაზებინა სტუდენტებისთვის, ისეთი თემები, რომელთა კვლევაზე მუშაობდნენ  თავად პროფესორები; ეს აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პროფესორისთვისაც საინტერესო და სახალისო ყოფილიყო სწავლება, ამავე დროს მას ჰქონდა საშუალება, ამ კვლევაში სტუდენტებიც ჩაერთო… აი, ამას ნიშნავდა „სწავლება კვლევით“ და კიდევ: არავითარი რაოდენობით განსაზღვრული ჯგუფები არ არსებობდა, 2-3 სტუდენტი თუ აირჩევდა რომელიმე კურსს, პროფესორი ჩვეულებრივად მუშაობდა ამ მცირე ჯგუფთანაც; ამ დამოკიდებულებამ სასწავლო პროცესი მართლაც შემოქმედებითი და საინტერესო გახადა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი იყო წარმატებული და თუ გვინდა, პროგრესული განათლება, ის მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ სტუდენტების სურვილებს და ამ სურვილების ასრულებას (ამ შემთხვევაში, სწავლების გზით).

წარმოიდგინეთ, რამდენად მრავალფეროვანი გახდება ადამიანების შემოქმედებითობა, რამდენად განსხვავებული და საინტერესო იდეები დაიბადება ასეთი სწავლების შედეგად. განსხვავებულ თემებზე ფიქრი ჯაჭვურად ახალ იდეებს წარმოქმნის სინერგიის საფუძველზე და ეს პროცესი შეუქცევადი გახდება, სწორედ ასე შეგვიძლია ვიმოძრაოთ თავისუფალი საზოგადოებისკენ, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს ეხმარებიან მიზნების მიღწევაში, სურვილების ასრულებაში.

ბუნებრივია,  მანამდე უნდა შეგვეძლოს გავარჩიოთ ჩვენი და სხვისი სურვილები ერთმანეთისაგან. ხშირად ხომ ისე ხდება, რომ დაბადებიდან თავსმოხვეული სურვილები ჩვენი საკუთარი გვგონია… მერე ვიქცევით ისე, როგორ ერეკლე დეისაძის სიმღერაში: „რაც მამას უნდა…!“

ჰო და, დროა, სიმულაციური სარბენი ბილიკიდან გადავიდეთ ნამდვილ ცხოვრებაში!

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მასწავლებლის ბიბლიოთეკა- სხვა გაკვეთილების ცხრილი

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საინფორმაციო,  საგანმანათლებლო  რესურსი “mastsavlebeli.ge გთავაზობთ ახალ წიგნს – “სხვა გაკვეთილების ცხრილი”

წიგნის სათაური შემთხვევითი არ გახლავთ… ნაფიქრია… მკითხველის დაბნევა არ გვიცდია. ეს ჩვეულებრივი გაკვეთილების ცხრილია − ტრადიციული საგაკვეთილო ჩამონათვალით. უბრალოდ, ამ ჩამონათვალში არსად წერია კონკრეტული საგნების დასახელება. აქ, სინამდვილეში, ყველა დისციპლინაა, რომელსაც სკოლაში ვასწავლით, თითოეული მათგანისთვის აუცილებელი შინაარსით. თუ თქვენ ქიმიის, ფიზიკის, ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკის, ბიოლოგიის, ისტორიის, ხატვის, მუსიკის თუ რომელიმე სხვა საგნის მასწავლებელი ხართ, ეს წიგნი თქვენთვისაა. აქ აუცილებლად იპოვით თქვენთვის მნიშვნელოვან წერილებს. როგორც შეგპირდით, ყველა საგანს თან ახლავს თვითშეფასების, წიგნიერების, მედიაწიგნიერების, ტოლერანტობის, ძალადობის გადალახვის, მშობლებისა და შვილების და ჩვენი მასწავლებლების პასუხისმგებლობიდან თავისუფლებამდე და პირიქით გასავლელი გზისთვის საჭირო მინიშნებები. ეს წიგნი ნდობაზეა. სხვაგვარად არაფერი ისწავლება.

წიგნის სრული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოდ ქვემოთ მოცემული ბმულიდან

 

როგორ გაუხალისოს მშობელმა პირველკლასელს მეცადინეობის პროცესი

0

ახალი სასწავლო წლის დაწყება ემოციებით ავსებს დიდებსაც და პატარებსაც, მაგრამ განსაკუთრებული ცნობისმოყვარეობით სკოლაში ფეხის შედგმას პირველკლასელები ელოდებიან. მათი ყოველდღიური ცხოვრება და რეჟიმი იცვლება. მომავალ მოსწავლეებს უხარიათ და, ამავდროულად, ღელავენ კიდეც, აინტერესებთ, რა მოხდება სკოლაში, როგორ უნდა იმეცადინონ, ვინ იქნება მასწავლებელი, რას ეტყვიან თანაკლასელები. ღელვა სავსებით ბუნებრივია, განა ჩვენ, ზრდასრულები, არ ვშფოთავთ, როცა წინ რაღაც სიახლე ან გაურკვევლობა გველოდება?

 

ზოგიერთი ბავშვი მარტივად გადის ადაპტაციის პროცესს, ადვილად ეგუება სასწავლო რეჟიმს,  მაგრამ ნაწილს ურთულდება, ეს კი იწვევს მთელ რიგ პრობლემებს. მაგალითად, შეიძლება პირველკლასელს დაეუფლოს განცდა, რომ რაღაც არ გამოუვა, ვერ დაწერს ან წაიკითხავს, ამის გამო კი დაეწყოს შფოთვა და დაეკარგოს მეცადინეობის სურვილი. ცხადია, ასეთ დროს მასწავლებელს ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა, ის უნდა დაეხმაროს ბავშვს, თუმცა არანაკლები შეუძლია მშობელს.

 

როგორ მოვახერხოთ, რომ პირველკლასელისთვის მეცადინეობა არა მოსაბეზრებელ და სავალდებულო საქმიანობად, არამეც სასიამოვნო პროცესად იქცეს? რა შეგვიძლია მშობლებს? ჩემეული პასუხი ასეთია – ,,მოვუშინაუროთ“ ის, რასაც სწავლობს.  პატარებს  ძალიან უყვართ თამაში, შეგვიძლია ანბანის და ციფრების სამყარო უფრო ახლოს თამაშით გავაცნოთ.

 

გაგიზიარებთ რამდენიმე შემეცნებით აქტივობასა და თამაშს, რომელთა ჩატარებაც და რესურსების მომზადებაც სახლის პირობებში თავისუფლად შესაძლებელია. მთავარი წესია ის, რომ ჩვენ, ზრდასრულებმა (მშობლებმა, ნათესავებმა, მეზობლებმა და სხვ.), მათთან ერთად ვითამაშოთ. ამგვარად ბავშვსაც გავახარებთ და დავაკვირდებით კიდეც, რა ურთულდება ან უმარტივდება და მერე ჩვენც გაგვიადვილდება პრობლემების მართვა.

 

  1. ანბანის ხატვა

 

პირველკლასელი დაიწყებს თუ არა ანბანისა და ციფრების შესწავლას, შევთავაზოთ, დახატოს ეს ასოები და ციფრები და გამოიგონოს მათზე ისტორიები. სასურველია, თუ ზრდასრულიც დახატავს და პატარას მაგალითს მისცემს.

ქვემოთ შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პირველკლასელი შვილის მიერ დახატული თ, ა და ს, მაგრამ ეს უბრალოდ 3 ასო არ არის.  აქ ჩანს, როგორ მიჰყავს ს-ს (ანუ დედას) თ და ა (შვილები) სკოლასა და ბაღში – ასე ახსნა მხატვარმა. ნახატი იძლევა როლური თამაშის საშუალებასაც – ასოებს შორის შეიძლება გაიმართოს დიალოგი, ან ვკითხოთ ბავშვს, რას ფიქრობს მის ნახატში მზე ასო-ბგერებზე? და ა.შ.

მთავარია, პირველი კლასის მოსწავლის ფანტაზიას  გასაქანი მივცეთ და დავარწმუნოთ, რომ ასოები მხოლოდ სასკოლო რვეულების ან წიგნების ფურცლებზე არ ,,ცხოვრობენ“, მათი თავგადასავალი გრძელდება დაუსრულებლად. სწორედ ეს არის მათი ,,მოშინაურების“ ერთ-ერთი საიდუმლო.

 

 

 

  1. ანბანის ძერწვა

 

ძალიან სახალისოა შესწავლილი ასოების ძერწვა. ერთი, რომ აუმჯობესებს ნატიფ მოტორიკას, მეორე და მესამე – ხელს უწყობს წარმოსახვის უნარის განვითარებასა და  ასო-ბგერების უკეთ დამახსოვრებას.

ფოტოზე ხედავთ, როგორ გამოძერწა პირველკლასელმა ასოები. მერე ისინი გმირებად აქცია და მოიგონა თავგადასავალი, თუ როგორ ერთობოდნენ თ, ხ, ს, ი და ა. ძერწვის პროცესიც და შემდეგ გამოგონილი თამაში ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა.

 

 

  1. მეხსიერების თამაში ანბანის შესახებ

 

ალბათ, ბევრისთვის ნაცნობია მეხსიერების თამაში, რომელიც სულ მცირე ორმა ადამიანმა უნდა ითამაშოს. წყვილ ბარათზე გამოსახულია ერთი და იგივე ნახატი, წარწერა ან სხვა რამ. ბარათები რიგდება ისე, რომ ჩანს მხოლოდ უკანა მხარე (უკანა მხარე ყველა ბარათს ერთნაირი აქვს). მოთამაშეს ერთ ჯერზე აქვს 2 ბარათის გადმობრუნების უფლება. თამაშის პროცესში ის უნდა დააკვირდეს, სად რომელი დევს და დაიმახსოვროს. როცა 2 ერთნაირ ბარათს მიყოლებით გადმოაბრუნებს, ორივე მისი ხდება. იმარჯვებს ის, ვინც მეტ ბარათს შეაგროვებს.

სკოლაში შესვლამდე ეს თამაში ძალიან უყვარდა ჩემს შვილს და სწორედ ის გახდა ჩვენთვის შთამაგონებელი, დაგვემზადებინა მეხსიერების ხელნაკეთი თამაში ანბანის თემაზე.

სახლში გვქონდა ერთი ქართული საწარმოს შექმნილი ხის ასოები (ფოტოზეც ჩანს), მათგან პირველკლასელმა შეარჩია 15 და ხის ფორმების დახმარებით ამოწერა 15 წყვილ ბარათზე. თამაშის პროცესში ახალი იდეებიც გაგვიჩნდა – მაგ., გარდა ბარათების დამახსოვრებისა, ვასახელებდით, თუ რომელი სიტყვები (ხილი, ბოსტნეული, ფერი, სათამაშო, მულტფილმი და ა.შ.) იწყებოდა კონკრეტულ ასოზე.  ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, მაგ., ბარათების მოხატვა და გაფორმება, ასე კიდევ უფრო საყვარელი და ძვირფასი სათამაშო გახდება ბავშვისთვის.

თამაშის პროცესში ბავშვს უვითარდება  მეხსიერებისა და დაგეგმვის უნარები, უმდიდრდება ლექსიკური მარაგი და, რაც მთავარია, ანბანი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება.

 

 

 

 

  1. ასოებზე თევზაობა

 

შესაძლოა, ერთ დღესაც აღმოაჩინოთ, რომ ბავშვი წერისას  ასოებს ტოვებს. ეს სრულიად ბუნებრივია, მით უმეტეს – პირველ კლასში. მარტივად შეგვიძლია ამ სირთულის დაძლევა (აქვე აღვნიშნავ, უაღრესად მნიშვნელოვანია,  შეცდომისადმი შიში არ ჩამოვუყალიბოთ პატარა ადამიანს. მართლწერის პრობლემა მარტივად გვარდება, შეცდომის შიში კი მერე მთელი ცხოვრება მიგვყვება და გვტანჯავს).

 

სათამაშო, რომელსაც ფოტოზე ხედავთ, ხელნაკეთია. დაფის მაგნიტებს მივაწებეთ ასოები, სახლში აღმოგვაჩნდა მაგნიტიანი სათამაშო  ანკესი. შემდეგ ფურცელზე დავწერე პერსონაჟების სახელები იმ წიგნიდან, რომელსაც ვუკითხავდი. ფურცელი მივაკარი მაგნიტურ დაფას. ბავშვს გამოტოვებული ასო უნდა ეპოვა,  ანკესით ,,დაეჭირა“ და კუთვნილ ადგილას მოეთავსებინა. ამ აქტივობას მარჯვენა-მარცხენას გარჩევის სავარჯიშოც შეგვიძლია დავუმატოთ, ვთხოვოთ, რომ პირველი ასო მარჯვენა ხელით ,,ამოიყვანოს“, ან – პირიქით.

რამდენიმეწუთიან თამაშს შედეგად ბევრი რამ მოჰყვება: პირველკლასელი მარტივად ამჩნევს, რომელი ასოა გამოტოვებული და სიტყვას ავსებს, უვითარდება  ინსტრუქციის მოსმენისა და გაგების უნარი, ხალისობს და სიამოვნებით ასწორებს შეცდომას.

 

  1. ანბანის თეატრი

 

როლური თამაში და სპექტაკლის მოწყობა ბავშვებს ძალიან უყვართ. შეგვიძლია პირველკლასელს შევთავაზოთ, დახატოს საკუთარი თავი (ან მეგობარი, ოჯახის წევრები), შემდეგ თავისი სახელის შემადგენელი ასოები, გააფერადოს და გააფორმოს. დახატული გამოჭრას უსაფრთხო მაკრატლით (საჭიროებისამებრ, შესაძლოა ჩვენც დავეხმაროთ გამოჭრაში ან ვუჩვენოთ, როგორ გააკეთოს ეს) და ქაღალდის წებოთი მიაკრას ხის ჩხირებს. სპექტაკლისთვის ,,მსახიობები“ მზად არიან. აქვე ავუხსნით, რომ თეატრს, გარდა მსახიობებისა, ჰყავს რეჟისორი, სცენარისტი, კოსტიუმების მხატვარი და თავად უნდა მოირგოს სხვადასხვა როლი.

ძალიან საინტერესოა, რას ათქმევინებს ,,მსახიობებს“ ბავშვი, რა სცენარს მოიგონებს. მისი სიტყვები ბევრ რამეზე მიგვანიშნებს. შეგვიძლია, დავუსვათ შეკითხვები და თავად უპასუხოს, ვთხოვოთ, გაგვაცნოს ასოები, დაახასიათოს ისინი, გაახმოვანოს, რას ფიქრობენ და სხვა.

ჩვენს შემთხვევაში ჩემმა ქალიშვილმა დახატა საკუთარი თავი დასთან ერთად, შემდეგ კი სახელების ასოები. ბევრი იფიქრა, როგორ მოეხატა ესა თუ ის ასო, რა ფერი შეერჩია, თვალები როგორ ჩაეწებებინა.

ბავშვებმა იმხიარულეს სპექტაკლის ჩატარების პროცესშიც. აქტიურად ჩაერთო უმცროსი გოგონაც, რომელიც ბაღში დადის. სცენარი ასეთი გამოგვივიდა, მას შემდეგ, რაც ელენეს და კატოს თოჯინები სახელდახელოდ მოწყობილ სცენაზე გამოჩნდნენ, მათ სახელები დაეკარგათ და დაიწყეს ძებნა. ასოები ბრუნდებოდნენ იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ამ ასოზე 1 სიტყვის დასახელებას შეძლებდა. ასოების დაბრუნების შემდეგ კი მსახიობები საუბარს იწყებდნენ.

ამ გზით მოსწავლეს, გარდა იმისა, რომ უყალიბდება თბილი დამოკიდებულება ანბანისადმი, უყვარდება თითოეული ასო, უვითარდება წარმოსახვისა და მეტყველების უნარები, ხდება შემოქმედებითი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

 

 

  1. მათემატიკური კროსვორდი

 

პირველკლასელის საშინაო აქტივობები მხოლოდ ქართული ანბანით არ უნდა შემოიფარგლოს. მთავარია, ვიცოდეთ ან დავადგინოთ, რისი კეთება სიამოვნებს ბავშვს, ეს მოვარგოთ მის საჭიროებებს და ამის მიხედვით დავგეგმოთ ყველაფერი.

ჩემს ქალიშვილს ძალიან უყვარს კროსვორდების შევსება, ამან გადამაწყვეტინა, დამემზადებინა მისთვის მათემატიკური კროსვორდი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს როგორ უნდა გამეკეთებინა. ხშირად ვსტუმრობ Pinterest-ს, იქ უამრავ ფერად იდეას ვპოულობ და შემდეგ ვარგებ ჩვენს ინტერესებს. სწორედ Pinterest-ზე ვიპოვე მათემატიკური კროსვორდი, რომელიც უფრო მაღალკლასელის დონეს შეესაბამებოდა, მაგრამ გადავაკეთე და ბავშვის 20-ის ფარგლებში ანგარიშში ვარჯიში დავისახე მიზნად. მოვამზადე ციფრების სტიკერები, რათა უფრო სახალისო ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც სწორ პასუხს გამოიცნობდა, ჩააკრავდა რომელიმეს. შესაძლებელია, სწორი პასუხი ხელითაც ჩაიწეროს. როგორც ფოტოზე ხედავთ, ერთი მაგალითის სწორი პასუხი მოსწავლეს ეხმარება მეორე მაგალითის ამოხსნაში.

www.pinterest.com  – გირჩევთ, ესტუმროთ ამ გვერდს, დაათვალიეროთ და იპოვოთ სასურველი რესურსები, შემდეგ კი შეარჩიოთ სასურველი და მოარგოთ პირველკლასელთა ინტერესს,  აუცილებელია, გაითვალისწინოთ მათი შესაძლებლობები, საჭიროებები და ასაკობრივი თავისებურებები.

შემდგომი 2 აქტივობა სწორედ ამ გვერდზე ვიპოვე და გადავაკეთე  თამაშად.

 

 

 

  1. ნაყინების შედგენილობა

 

  • რისგან შედგება 15?
  • ათისგან და ხუთისგან – შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი პასუხი. ჩვეულებრივი პასუხი.

რა შეგვიძლია იმისთვის, რომ ეს პასუხი არაჩვეულებრივი გავხადოთ? ისევ და ისევ თამაშში გამოვიწვიოთ ბავშვი.

ჩემი დაკვირვებით, გამყიდველობანა ძალიან უყვართ პატარებს, ფერად-ფერადი ნაყინებიც. ამ დაკვირვებამ მომაფიქრებინა ეს აქტივობა.

შვილთან ერთად ასეთი თამაში წამოვიწყე: მე, მყიდველს, მსურდა ისეთი ნაყინი, რომელიც შედგებოდა, მაგალითად, ცხრისგან, შვიდისა და ორისგან, მას უნდა მოეძებნა, რომელი იყო ასეთი და მოეყიდა. შემდეგ როლებს ვცვლიდით და თამაშ-თამაშით პირველკლასელი ანგარიშშიც ვარჯიშობდა.

 

 

 

  1. მაგალითების დაფა

 

ამ რესურსის დამზადება ძალიან მარტივია. ფურცელზე ჩამოვწერთ მაგალითებს, სწორ პასუხებს კი დავაწერთ ხის სარჭებს, რომლებიც ბავშვმა შესაბამის ადგილას უნდა მიამაგროს.

რადგან ჩვენს ოჯახში პირველკლასელს უმცროსი დაც ჰყავს და მასაც აქვს სურვილი, ჩაერთოს ამგვარ აქტივობებში, აუცილებლად ვუნაწილებ საქმეს. მართალია, ჯერ ანგარიში არ იცის და არც უნდა იცოდეს, მაგრამ ვცდილობ იგრძნოს, რომ ოჯახურ თამაშში მასაც დაკისრებული აქვს როლი. თამაშს ვიწყებთ ამგვარად: ხის სარჭებს სახლსა და ეზოში ვმალავ. უმცროს დას ევალება, მოძებნოს და იპოვოს ისინი სხვადასხვა მინიშნების შემდეგ (ძიების პროცესი ლოგიკური აზროვნების უნარის განვითარებას უწყობს ხელს) და გადასცეს უფროს დას, პირველკლასელმა კი მაგალითები ამოხსნას. ამ ყველაფერთან ერთად ბავშვები თანამშრომლობასაც სწავლობენ და აცნობიერებენ ერთმანეთის საჭიროებას.

 

 

თამაშებისა და აქტივობების მოფიქრება უსასრულოდ შეიძლება, მთავარია, გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდია და ყველაფერი მათი ინტერესების, საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით დავგეგმოთ და მათი ნებისმიერი მცდელობა წავახალისოთ.

 

ჩვენ, მშობლებს, შეგვიძლია, ჩვენი შვილების მეცადინეობის პროცესი უფრო სახალისო გავხადოთ, ჯადოსნური თავგადასავლები მოვუწყოთ ბავშვებს, ამისთვის კი მუდმივად უნდა ვეძებოთ. ძიებისა და ფიქრის პროცესიც ხომ ერთი დიდი სიამოვნებაა!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...