კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

მკითხველის „დასაწყისი“ და ქართული  საბავშვო ლიტერატურა

0

#სტატია მომზადებულია საბავშვო ლიტერატურის კონკურსის “ოქროს ბუმბული” ფარგლებში

როგორ იწყება მკითხველის მეხსიერება და საერთოდ, როდის იწყება მკითხველი? ანუ ადამიანი, რომელსაც ყოველთვის ეყვარება კითხვა, ყოველ  თავისუფალ წუთს წიგნში ჩაჭყეტვა მოუნდება, წიგნის სიუჟეტებს თავის ფანტაზიაში გააგრძელებს,  სასასთუმლე, სამაგიდო თუ სამოგზაურო წიგნები ექნება და სამყაროს ყველა კითხვაზე ერთი პასუხს მაინც მოძებნის მხატვრული ლიტერატურიდან.

როდის და ალბათ იმ ჯადოსნურ წუთს, როდესაც ბავშვი სათამაშოებს გადააწყობს, ეზოში ველოსიპედის ქროლვასა და მეგობრებთან გართობის მერე თაროსთან მივა, ერთ, რომელიმე ლამაზყდიან წიგნს ჩამოიღებს და ლიტერატურასთან მისი ჯადოსნური შეხვედრა შედგება.

ეს შეხვედრა ბევრ რამეს განაპირობებს, ერთგვარად საბედისწეროა. თუ ახალბედა მკითხველის ხელში ზუსტი წიგნი არ აღმოჩნდა, მეორე შეხვედრა შესაძლოა ან ძალიან გვიან ან სულაც აღარასდროს შედგეს.

კარგი საბავშვო წიგნი ბავშვისთვის  ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კვალიფიციური პედიატრი, ჯანსაღი საკვები და მშობლების სითბო. ამიტომაც არასდროს გვავიწყდება ბავშვობის წიგნების უძვირფასესი სახელები, პერსონაჟები, განწყობა, ფერები და გემოებიც კი.

საბავშვო ლიტერატურის განვითარების აუცილებლობას ყველა მოაზროვნე ადამიანი ხედავს და ხედავდა, ამიტომაც ქართული საგანმანათლებლო მოძრაობის სახელები, როგორებიც არიან იაკობ გოგებაშვილი, ეკატერინე გაბაშვილი, ნუნუ ნაკაშიძე და სხვები, სახელმძღვანელოების ავტორები თუ სკოლების დამაარსებლები, თავიანთი მოღვაწეობის დიდ ნაწილს საბავშვო ლიტერატურას უთმობდნენ. სწორედ მათ შექმნეს ტექსტები, რომელთა საშუალებითაც ქართველი ბავშვი ქართულ ამბებს ქართულ ენაზე  კითხულობდა. სწორედ მათი თაოსნობით დაიწყო სუნთქვა ქართულმა საბავშვო პერიოდიკამ.

ნაცნობი გარემო, მშობლიური კონტექსტი, ნაცნობი ტოპონიმიკა, სახელები, ამბები ძალიან მნიშვნელოვანია პატარა მკითხველისათვის, ამიტომაც აუცილებელია მსოფლიო საბავშვო ლიტერატურის შედევრებთან ერთად, ქართულ ტექსტებსაც კითხულობდეს.

ქართული საბავშვო ლიტერატურის თარო ბევრ ძალიან კარგ და მკითხველისთვის საყვარელ წიგნს მოიცავს, საბავშვო ლიტერატურის განვითარების ერთგვარ რეტროსპექტივას თუ მივადევნებთ თვალს, მნიშვნელოვანი ავტორების  ჩამონათვალი შეგხვდება, დღესაც არაერთი საინტერესო ავტორი წერს ბავშვებისთვის. საბავშვო ავტორების გარდა, გვყავს „სადიდო“ ავტორებიც, რომლებიც ბავშვებისთვის წერენ, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცოტაა.

მაინც, ნებისმიერ მკითხველს რომ ჰკითხოთ, ქართველი ავტორის სახელსა და გვარს იშვიათად დაგისახელებთ, წიგნის სათაურს – კიდევ უფრო იშვიათად.  წიგნის მაღაზიაში მისული მშობელი შვილისათვის უცხოელ ავტორს შეარჩევს, თუნდაც თანამედროვეს, უცხოს, ურჩევნია ენდოს ე.წ. ბეჭედს „ნათარგმნია“, ვიდრე ქართველი ავტორის წიგნი წაიყოლოს. რასაკვირველია, ბედნიერი გამონაკლისები არსებობს, თუმცა მაინც ძალიან ცოტა. სფეროს სჭირდება ხელშეწყობა, განვითარება, მხოლოდ ავტორი და მკითხველი კი არა, საბავშვო ლიტერატურის მკვლევარი, კრიტიკოსი, შემფასებელი.

ბოლო დროს, იშვიათ, მაგრამ მნიშვნელოვან ინიციატივებსაც ვაწყდებით, ახლახანს  ქარჩხაძის გამომცემლობამ გამოაცხადა საბავშვო ლიტერატურის კონკურსი „ოქროს ბუმბული“ 3 ნომინაციით: საუკეთესო საბავშვო რომანი, მოთხრობების კრებული და ნახატებიანი წიგნი, თითოეულის საპრიზო ფონდი სოლიდურია,  5000 ლარი.

ქართული საბავშვო ლიტერატურული კონკურსების ისტორია არცთუ ხანგრძლივი და მდიდარია, თუმცა, მაინც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. 2008 წელს ჩატარებული „ოქროს ბუმბულის“ გამარჯვებული ნატო დავითაშვილის, ფენტეზის ჟანრის ქართველი მწერლის წიგნი გახდა, რომელიც ძალიან შეიყვარა ქართველმა მკითხველმა, საბავშვო წიგნის კონკურსისთვისაა დაწერილი ზაზა თვარაძის „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“,თამრი ფხაკაძის „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“, თეა თოფურიას „ვარაზვაჩე“ და სხვა ნაწარმოებები, რომელთაც საბავშვო ლიტერატურის ქართული თარო შეავსეს და გაამდიდრეს.

ასე რომ, საინტერესო პროცესი იწყება, კონკურსი ძალიან კარგი სტიმულია ავტორებისთვის, მითუმეტეს, რომ  ნომინაციების ჟანრული დაყოფა ბევრ საინტერესო საბავშვო წიგნს გვპირდება. იქნებ სულ მალე, რომელიმე ქართული საბავშვო წიგნი მსოფლიო ბესტსელერიც გახდეს. თუმცა ამაზე მთავარი, ბავშვი მკითხველების პირველი ლიტერატურული თავგადასავლისთვის ახალი და საინტერესო, დაუვიწყარი და შთამბეჭდავი ისტორიის შექმნაა.

სტატია მომზადებულია საბავშვო ლიტერატურის კონკურსის “ოქროს ბუმბული” ფარგლებში

 

 

 

პანდემია და ტურიზმი – სწავლის პროცესში ანალიზისა და შეფასებისთვის

0

ზაფხულიც მიიწურა… არდადეგები დაფიქრებისა და მომავლის დაგეგმვის დრო იყო მუდამ. ახლა ცოტა გაურკვევლობაში ვართ, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, სწავლას მაინც გავაგრძელებთ. როგორი ფორმატით – აღარ აქვს მნიშვნელობა. გადაფასება-გახსენება-შეფასება მაინც მოხდება. განსაკუთრებით – ახლა, პანდემიის პერიოდში, როცა ბევრი რამ შეიცვალა: შეწყდა ქვეყნებს შორის მიმოსვლა, შეიზღუდა გარკვეული სამსახურები… პანდემიამ განსაკუთრებით ღრმა კვალი ტურიზმს დააჩნია. მარტო საქართველოში კი არა – მთელ მსოფლიოში. რატომ ტურიზმი? ალბათ იმიტომ, რომ ჩემი პირველი პროფესიაა. ახლაღა დავფიქრდი ჩემს დიდ ინტერესზე მეურნეობის ამ დარგის მიმართ. მე ხომ გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ამ სპეციალობით დავამთავრე. ჩემი ინტერესების შუაგულში ყოველთვის მოსახლეობის კეთილდღეობა იდგა, ტურიზმი კი სწორედ მოსახლეობასთან, მის კეთილდღეობასთან არის დაკავშირებული. ეს მუდამ ცვალებადი, განვითარებადი სფეროა. ისეთი ცვალებადი, რომ პროგნოზირებას ვერც კი მოახდენ. რეალობამაც ეს აჩვენა. 2020 წელს ყველაზე მეტ ტურისტს ელოდებოდა ქვეყანა, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სწორედ ამ წელს აღირიცხა. 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის დროსაც კი ის უფრო მაღალი იყო. პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვამ იანვრიდან მაისის ჩათვლით ტურისტების რაოდენობის უეცარი და სწრაფი ვარდნა, შედეგად კი დაახლოებით 320-მილიარდდოლარიანი ზარალი გამოიწვია. ეს სამჯერ აღემატება ტურიზმის სექტორზე 2007-2009 წლის დიდი რეცესიის გავლენას, და ეს – მხოლოდ წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში, – ვკითხულობთ UNWTO-ს (ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაცია) ოფიციალურ ვებგვერდზე.

არც არის გასაკვირი – იმ დროს თავისუფალი მიმოსვლა არ შეწყვეტილა. ტურიზმის დრამატული ვარდნა საფრთხეს უქმნის მილიონობით ადამიანის საარსებო წყაროს.

მსოფლიოს ყველა რეგიონის მთავრობებს ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ: იზრუნონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვაზე და იმავდროულად დაიცვან სამუშაო ადგილები და ბიზნესი.

ახლა კი გთავაზობთ ინფორმაციას ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გადატვირთვის პოლიტიკის შესახებ, რომელიც, ვფიქრობ, სწავლის პროცესში ანალიზისა და შეფასებისთვის გამოგვადგება.

მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ტურიზმის ხელახალი აღორძინება, შეზღუდვების შემსუბუქება და ახალ რეალობასთან ადაპტაცია. ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის უახლესი ანალიზის თანახმად, მთელ მსოფლიოში ქვეყნების მხოლოდ 40%-მა შეასუსტა შეზღუდვები, რომლებიც საერთაშორისო ტურიზმზე დაწესდა COVID-19– ის საპასუხოდ.

 

რუკაზე მწვანე ფერით მონიშნულია ქვეყნები, სადაც აკრძალვები შერბილებულია, ხოლო ლურჯით – ქვეყნები, სადაც ისინი ჯერ არ შეურბილებიათ.

UNWTO-ს ანგარიშის თანახმად, ტურიზმზე უფრო მეტად დამოკიდებული ქვეყნები უფრო მეტად შეარბილებენ აკრძალვებს: 87 მიმართულებიდან, რომლებზეც ახლახან შემცირდა შეზღუდვა, 20 მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოა (SIDS). მათთვის ტურიზმი არის დასაქმების, ეკონომიკური ზრდისა და განვითარების მთავარი წყარო. მოხსენების თანახმად, ევროპაში შეზღუდვების შემცირება მოწმობს, რომ რეგიონში წამყვანი როლი ტურიზმის გადატვირთვაში სწორედ მათ ეკისრებათ.

საზღვრების გახსნა შვებაა მილიონობით ადამიანისთვის, რომელთა კეთილდღეობაც ტურიზმის სექტორზეა დამოკიდებული, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. განსაკუთრებით – იმ ბოლოდროინდელი განცხადებებისა და ზომების გათვალისწინებით, რომლებიც, როგორც ჩანს, შორს არის საერთაშორისო კოორდინაციისგან, რომელსაც UNWTO პანდემიის დასაწყისიდანვე მოითხოვს.

ტურიზმს გაუჭირდება. შესაძლოა, ამან მისცეს ბიძგი ეკონომიკის მეტ დივერსიფიკაციას, თუმცა ტურიზმი ამ შემთხვევაშიც ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად დარჩება.

ამ გაურკვეველ დროში მსოფლიოს ხალხებს სჭირდებათ ძლიერი, მკაფიო და თანმიმდევრული შეტყობინებები. პოლიტიკოსებმა არ უნდა უგულებელყონ ის ფაქტი, რომ მხოლოდ ერთად ვართ ძლიერები და მხოლოდ ერთად თუ დავძლევთ მდგრადი განვითარების გამოწვევებს.

სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა და გავლენის მქონე პირებმა აღიარეს ტურიზმის მნიშვნელობა ეკონომიკისა და ნდობის აღდგენისთვის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. ახლა მათ ყველაფერი უნდა იღონონ, რომ ხალხმა კვლავ იმოგზაუროს, მაგრამ, ამასთანავე, შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია, რომლებიც ახალი რეალობის ნაწილია.

როგორც UNWTO-მ განაცხადა, კრიზისის პერიოდში მთავრობებს, უპირველეს ყოვლისა, თავიანთი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა ევალებათ, თუმცა მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობაც, დაიცვან ბიზნესი და მოსახლეობის საარსებო წყარო. დიდი ხნის განმავლობაში ბევრ ქვეყანაში აქცენტს მხოლოდ პირველ ნაწილზე სვამდნენ… ახლა შედეგებს ვიმკით.

ტურიზმის სექტორს აქვს ადაპტაციისა და რეაგირების მრავალწლიანი გამოცდილება. გლობალურმა ტურიზმმა გვიჩვენა გზა ისეთი გადაწყვეტილებების საპოვნელად, რომლებიც ახალ რეალობასთან ადაპტირებაში დაგვეხმარება. ველოდებით ვაქცინას, რომელიც შეიძლება შეიქმნას მრავალი თვის შემდეგ. პორტებსა და აეროპორტებში სწრაფი ტესტირება და პროგრამებისთვის თვალყურის დევნება ტურიზმის უსაფრთხო აღდგენის შესაძლებლობას ქმნის.

შეფერხება საფრთხეს შეუქმნის ტურიზმში მიღწეულ პროგრესს. ცალმხრივი მოქმედებები გრძელვადიან პერიოდში დამანგრეველ შედეგებს გამოიწვევს.

საზოგადოდ, ადამიანებმა ისწავლეს პასუხისმგებლობა. იმისთვის, რომ ტურიზმი მდგრადი და ინკლუზიური გამხდარიყო, ბიზნესებმა და სერვისებმა შეიმუშავეს პროტოკოლები და შეცვალეს ოპერირების მეთოდები. ახლა დროა, ხარვეზები გამოსწორდეს, რათა ყველამ ერთად შეძლოს წინსვლა.

UNWTO-ს ტურიზმის ექსპერტთა უმეტესობა მოითხოვს, საერთაშორისო ტურიზმი 2021 წლის მეორე ნახევარში აღდგეს.

წერილს ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის სიტყვებით დავასრულებ:

„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემების სწორი წონასწორობის პოვნა და იმ სექტორის მხარდაჭერა, რომელზეც მილიონობით ადამიანია დამოკიდებული, ადვილი არ იქნება. თუმცა შესაძლებელია.

კანარის კუნძულებზე ოფიციალური ვიზიტის დროს UNWTO-მ დაინახა, თუ როგორ შეიძლება ტურიზმის აღდგენა. ბალეარის კუნძულებზე ვიზიტის დროს ჩვენ ასევე ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება ჯანმრთელობისა და ჰიგიენის მკაცრი პროტოკოლების შესრულება და პარტნიორობა ტურისტული მიმართულებების გახსნისთვის.

COVID-19-ის დაწყებისთანავე UNWTO სთხოვს ქვეყნების მთავრობებს, ერთად ვიმუშაოთ ტურიზმის აღდგენისთვის.

მიმართულებები, ტურიზმის სექტორი და მისი მილიონობით თანამშრომელი ბოლო თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ ვიზიტორების მისაღებად. გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ შევეჯახეთ წლის დასაწყისში, გრძელდება, მაგრამ ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი გაკვეთილი და ახლა უფრო მომზადებულები ვართ.

ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი თანამშრომლობა, როგორც ინდივიდუალური, ისე ერთობლივი მოქმედებები. ისევ და ისევ, პანდემია გვიბიძგებს და გვიმტკიცებს, რომ უფრო ძლიერნი ვიქნებით, თუ ერთად ვიმოქმედებთ და არა იზოლირებულად“.

ტურიზმის შესახებ ახალ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ინტერნეტგვერდებზე:

https://www.unwto.org/news/covid-19-responses-must-not-undermine-solidarity-and-confidence

https://www.unwto.org/news/tourism-restarts-40-per-cent-of-destinations-have-now-eased-travel-restrictions

https://www.unwto.org/news/impact-of-covid-19-on-global-tourism-made-clear-as-unwto-counts-the-cost-of-standstill

ფაქტობრივი და სიტყვიერი კამათი

0

თქვენი არ ვიცი, მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან მაღიზიანებს, როგორ ცდილობენ პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, რიგითი მოკვდავები ფაქტობრივი კამათის სიტყვიერ კამათში გადაყვანას ზეპირ და წერით კომენტარებში. განა, ამით ისინი რაიმე უკანონობას სჩადიან?! რა თქმა უნდა, არა. არაფერია უკანონო იმაში, როცა ცდილობ, მოგებული გამოჩნდე ვიღაცის, უფრო სწორად, მსმენელის და მკითხველის თვალში. მაგრამ საქმე ის კი არაა, რამდენად შეძლო მოგებულმა მხარემ სასწორის თეფშის გადახრა თავის სასარგებლოდ, არამედ გაფრთხილებულია თუ არა მისი მსმენელი/მკითხველი, იცის თუ არა აუდიტორიამ იმ ხრიკის შესახებ, რომელსაც მოპაექრე იყენებს და რომელიც იოლი გამოსავალია რთულ შეკითხვებზე პასუხის ასარიდებლად, დისკუსიის სხვა მიმართულებით წასაყვანად და პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლადაც კი? თუკი მყიდველისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, სასწორის თეფშზე საქონლის აწონვისას, გირის საპირწონედ, საქონელთან ერთად რას შემოდებენ, კამათის დროსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გზით გადაწონის ერთი არგუმენტი მეორეს – პინას გადაწონის თავად არგუმენტის სიმძიმე თუ მასთან ერთად იმ სიტყვების დახვავება, გადარჩევის შედეგად რომ უვარგისები ხდებიან? ამიტომაც სიტყვებით პაექრობისას მოწინაღმდეგე მხარეც და მსმენელიც/მკითხველიც ფხიზლად უნდა იყოს ან ფრთხილად მაინც.

ჩვენი მოსწავლეები რომ არ აღმოჩნდნენ მათ შორის, ვისაც სასწორზე, გასაყიდ საქონელთან ერთად, სიყალბეს შეაპარებენ, ვისაც ადვილად წამოაგებენ ანკესზე, ვისაც მარტივი ფანდის ამოცნობა გაუჭირდება, ჩვენი, მასწავლებლების მოვალეობაა, გავაფრთხილოთ ისინი ამის შესახებ და ვასწავლოთ, როგორ უნდა მოიქცნენ, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო პრობლემა. რას ნიშნავს, როცა პაექრობის დროს დისკუსანტებს ფაქტობრივი კამათი სიტყვიერში გადაჰყავთ? ჩემს მოსწავლეებთან ამ საკითხზე მსჯელობისას ასეთ გზას მივმართავ, შეიძლება თქვენთვისაც საინტერესო აღმოჩნდეს:

  1. ფაქტობრივი კამათის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ფაქტის შესახებ არსებულ, თუნდაც განსხვავებულ, მოსაზრებებს და არა სიტყვების მნიშვნელობებს, მაშინ, როდესაც სიტყვიერი კამათისას წინ წამოიწევს ეს უკანასკნელი – სიტყვა. თუკი ფაქტობრივი კამათის დროს გამარჯვებულია ის, ვინც უკეთ წარმოადგენს დამაჯერებელ არგუმენტს, მონაცემებს სადისკუსიო თემაზე, სიტყვიერი კამათისას გამარჯვებული ისაა, ვინც დაარწმუნებს მოწინააღმდეგე მხარეს სიტყვის აღქმის მისეული ვარიანტის სისწორეში.

უკეთ რომ  გავარკვიოთ, რომელია ფაქტობრივი და რომელია სიტყვიერი კამათი, წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაციები:

„- ღმერთმა ადამიანი ხატად და მსგავსად თვისად შექმნა.

– ღმერთი არ არსებობს.“ – ეს დიალოგი სიტყვიერი კამათის ელემენტს შეიცავს, ვინაიდან პირველი მოსაუბრე რასაც აცხადებს, მეორე მოსაუბრე იმ მოსაზრებას კი არ უარყოფს ან ამტკიცებს, არამედ საუბარს  სხვა მიმართულებას აძლევს და ამიტომაც გაგრძელებაც შესაბამისი იქნება.

„- შენი დაგებული გზა ჩაინგრა.

– შენგან შენიშვნას ვერ მივიღებ, შენ ხომ არცერთი გზა არ აგიგია.“ – ეს დიალოგიც სიტყვიერია, ვინაიდან მეორე დისკუსანტი განსახილველი ფაქტის სისწორე-სიმცდარეზე კი არ პასუხობს პირველს, არამედ წამოაძახებს მის მიერ განვლილი ცხოვრების ერთ ასპექტს.

„- შენს ნაწერში ბევრი შეცდომაა.

– შენს ნაწერებშიც.“ – ეს დიალოგიც სიტყვიერი კამათის ნიმუშია, რადგან საკუთარ ნაწერში არგუმენტების მოძებნის ნაცვლად, სხვის ნაწერზე გადაგვაქვს საუბარი.

ხშირად სიტყვიერ კამათში გადაზრდას იწვევს თავად ენა და მასში არსებული სიტყვების აღქმა, თუნდაც საორჭოფო/საჭოჭმანო (weasel words) და ბუნდოვანი (vague words) სიტყვების არსებობა წინადადებაში.

ა) საჭოჭმანო/საორჭოფო სიტყვების გამოყენების მაგალითებია:

„მასწავლებელი: – არ გიმეცადინია!

მოსწავლე: – როგორ არა, საკმარისი დრო დავუთმე მეცადინეობას!“ – ამ შემთხვევაში არ ჩანს, რა დრო დაუთმო მოსწავლემ მეცადინეობას. მოსწავლე შესაძლოა, სიმართლეს ამბობდეს და მან იმეცადინა, მაგრამ ფაქტია, მასწავლებელს მეცადინეობისთვის დათმობილი დრო არასაკმარისად მიაჩნია, განსხვავებით მოსწავლისგან.

„გამომძიებელი: – ეს იყო?

მოწმე: – მგონი/ალბათ/თითქოს, კი.“ – სიტყვები „მგონი“, „ალბათ“, „თითქოს“, „შესაძლოა“, „ეგებ“ და სხვა მსგავსი სიტყვები საორჭოფო/საჭოჭმანოა და მათი გამოყენებაც საფრთხის წინაშე აყენებს ფაქტობრივ კამათს.

„რეკლამა: – ჩვენი პროდუქტი დაზიანებულ თმას 25%-მდე  აღადგენს“. მიდი ახლა და არკვიე, რამდენია თმის 100 და მერე იმის მეოთხედი პროცენტი. რა თქმა უნდა, ადვილია ასეთ თემაზე საუბარში საორჭოფო/საჭოჭმანო სიტყვების გამოყენებამ, ფაქტობრივიდან სიტყვიერში გადაზარდოს კამათი.

ბ) ბუნდოვანი სიტყვების გამოყენების მაგალითებია:

„მოსწავლე: – მე სკოლიდან შორს ვცხოვრობ.“ – რას ნიშნავს „შორს“, რასთან შედარებითაა მოსწავლის საცხოვრებელი სახლი შორი?

„პაციენტი: ბევრს ვჭამ.“  – „ბევრი“ ისეთივე ბუნდოვანი სიტყვაა ამ კონტექსტში, როგორც „შორი“ იყო წინა მაგალითში.

„დამსაქმებელი: – ჩვენთან მაღალი ანაზღაურება გექნებათ!“ – ცხადია, „მაღალი“ ბუნდოვანი სიტყვაა, რადგან ხელფასის მოცულობა და მისი აღქმა ინდივიდუალურია სხვადასხვა ადამიანისთვის სხვადასხვა დროს და ადგილას.

  1. როდესაც გავარკვევთ მოსწავლეებს, რა საფრთხეების შემცველია კამათის დროს საორჭოფო/საჭოჭმანო და ბუნდოვანი სიტყვების გამოყენება, სასურველია ავხსნათ, რას ნიშნავს ფაქტი. განსაკუთრებით, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს ლიტერატურაში.

ფაქტი (მამრ. factus, მდედრ. facta, საშ. factum) ლათინური სიტყვაა. თუკი დავაზუსტებთ და გრამატიკის მოშველიებით გავარჩევთ მას, ის ნამყო სრული დროის ვნებითი გვარის მიმღეობაა (perfect passive participle). ლათინურიდან წარმომდგარი ეს სიტყვა ზმნა facio-დან მომდინარეობს, რომელიც ჩადენას, გაკეთებას, მოქმედებას აღნიშნავს. ამავე ზმნიდან იწარმოება სიტყვები „ფაქტურა“ და „ფაქტორი“, რომლებიც, თავის მხრივ, არაერთ სიტყვას აწარმოებენ. თავად სიტყვა „ფაქტი“ კი მომხდარს, გაკეთებულს, ჩადენილს ნიშნავს, შესაბამისად, ის უტყუარია, მის ნამდვილობას წყალი არ გაუვა. მაგრამ, ამ სიტყვის ხშირ გამოყენებასთან ერთად, აღმოჩნდა, რომ ფაქტი სულაც არ ყოფილა ყოველთვის ჯიუტი. ასე გაჩნდა ენაში ისეთი წყვილები, როგორებიცაა, მაგალითად, „უზუსტო ფაქტი“, „მცდარი ფაქტი“, „არასწორი ფაქტი“, რაც სხვა შემთხვევაში ოქსიმორონი იქნებოდა, რადგან შეუძლებელია, ფაქტი, განმარტების მიხედვით, სიტყვის შინაარსიდან გამომდინარე, ტყუილი იყოს.

საკითხში რომ უკეთ გავერკვეთ, მოვიშველიოთ მაგალითები სხვადასხვა დისციპლინიდან.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაკვირვებიდან თეორიამდე გრძელი გზაა გასავლელი. ამ გზაზე ფაქტები უმთავრეს როლს თამაშობენ, ფაქტებია ექსპერიმენტების შედეგები, შეგროვილი მონაცემები და სხვ. ფაქტები სამშენებლო ქვებია, რომლითაც თეორიას აგებენ. მაგრამ ხდება ისეც, რომ ის, რაც მანამდე ფაქტი გვეგონა, ანუ ის, რაც ნამდვილი გვეგონა, ამა თუ იმ მიზეზის გამო, მცდარი აღმოჩნდება. ეს საბედისწერო მომენტი ჩამოშლის თეორიას. ბანალურია, მაგრამ გეოცენტრიზმიდან ჰელიოცენტრიზმამდე გზა სწორედ ფაქტების გადაფასების შედეგია – ის, რაც მანამდე ფაქტად იყო აღიარებული (sc. უძრავი დედამიწა და მოძრავი მზე), ტყუილი აღმოჩნდა და ფაქტებად მიჩნეული მცდარი შეხედულებების ჩამოშლამ ახალი თეორია წარმოქმნა.

იგივე ვითარებაა სოციალურ მეცნიერებებშიც. როცა წყარო ფაქტადაა მიჩნეული, შესაძლოა, ახალი წყაროს აღმოჩენის შემდეგ ფაქტის სიზუსტე და სანდოობა სადავო გახდეს და აღიარებული ჭეშმარიტება თვალსა და ხელს შუა გამოგვეცალოს. ზემოთ აღნიშნული მიზეზის გამო, არავინ უყურებს სოციალურ მეცნიერებებს, როგორც ზუსტ მეცნიერებებს – ძალიან დიდია იმის ალბათობა, გადამოწმებისას ფაქტად მიჩნეული ჭეშმარიტება საპნის ბუშტივით გასკდეს. როგორც არ უნდა ცდილობდნენ ამ სფეროს (სოციალური მეცნიერებების) წარმომადგენლები, შეამოწმონ ფაქტები, შეადარონ, დააპირისპირონ ისინი ერთმანეთს, აქსიომაა: სოციალურ მეცნიერებებში თეორიების ასაგებად მოძიებულ ფაქტებს ვერც ბრმად მიენდობი და ვერც დაეყრდნობი. მაგრამ სხვა გზა არ არსებობს და ამ სფეროში არსებული თეორიები მაინც ვარაუდები იქნება.

რაც შეეხება ლიტერატურას, ლიტერატურაში ფაქტები ნაწარმოებებში გვაქვს. როგორც არ უნდა მოიწადინოს მკითხველმა, ის ვერ გაექცევა, ვერ გასცდება ტექსტით შემოსაზღვრულ მწერლის მიერ დაწესებულ ჩარჩოებს. თუმცა ლიტერატურული ფაქტებიც იწვევს გაუგებრობას. ამას წინათ ფეისბუქზე საინტერესო დისკუსიას ვადევნებდი თვალს. ერთ-ერთი ლიტერატორი წერდა (დიალოგი შემოკლებული სახით გადმოვიტანე წერილში გია არგანაშვილან შეთანხმების შემდეგ), რომ „როგორც უნდომლად მოკლული თავის ლამაზი ძმისთვინა“ ავტორი „ლამაზ ძმაში“ ალუდას მიერ მოკლული მუცალის ხორციელ ძმას გულისხმობს და არა თვითონ მუცალს. პოსტის ავტორისთვის ტექსტიდან მოხმობილი ციტატის საფუძველზე მისი მოსაზრება ფაქტი იყო, მაგრამ ფაქტი სხვა ლიტერატორებისთვის არ აღმოჩნდა სარწმუნო და მათ თავიანთი მოსაზრების, განსხვავებული წაკითხვის გასამყარებლად, ისევ ტექსტიდან მოიხმეს ციტატები: მუცალის ძმას „ქურდკანტალას“ უწოდებს და ეს არ არღვევს „ლამაზ ძმად“ მუცალის ხორციელი ძმის გააზრების დასაშვებობას? ფეისბუქზე კამათი იმით დასრულდა, რომ მასში მონაწილე პირები მაინც თავიანთ აზრზე დარჩნენ. რამ გამოიწვია ეს? იმან, რომ ლიტერატურაში ფაქტი სიტყვებს ეფუძნება, სიტყვები კი ყველა ადამიანს თავისებურად ესმის, სიტყვები კონტექსტში იკითხება და კონტექსტი აღმქმელისთვის ხშირად სუბიექტურია.

რატომ მოვიხმე ეს დისკუსია? ჩემი აზრით, ვიღაცას, შესაძლოა, არასწორად ეგონოს, რომ ეს კამათი სიტყვიერია. არავითარ შემთხვევაში. როგორც აღვნიშნე, ლიტერატურაში ფაქტები სიტყვებს ეფუძნება, ამიტომაც ზემოთ მოტანილი დისკუსია ფაქტობრივია და არა სიტყვიერი. სიტყვიერი მაშინ იქნებოდა, მასში მონაწილე მხარეებს სიტყვების მნიშვნელობა  სხვადასხვაგვარად აღექვათ და ამაზე ედავათ. მაგალითად, ვისთვის რა არის ლამაზი (სხვადასხვა ეპოქაში და კულტურაში სილამაზის სხვადასხვა სტანდარტზე დავა და სხვ.) ან ვისთვის რა მიიჩნევა მოკლულად (შემთხვევით, უნებლიეთ, გამიზნულად. დაგეგმილად და ა.შ.).

  1. როდესაც მოსწავლეებს ავუხსნით ბუნდოვან და საორჭოფო/საჭოჭმანო სიტყვებს, გავარკვევთ ფაქტების მნიშვნელობაში და მათ როლს დისციპლინიდან დისციპლინაში, ვასწავლოთ შემდეგი: იმისთვის რომ თავი დავიზღვიოთ და მოწინააღმდეგე მხარემ მიმართულება არ შეაცვლევინოს კამათს, არ აგვაცდინოს თანმიმდევრობას და არჩეული გზიდან არ გადაგვახვევინოს, კარგი იქნება, თუკი თავიდანვე შევთანხმდებით საკვანძო სიტყვების მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთი შეთანხმება არგუმენტირებული ნაწერის დასაწყისში. ეცადეთ, აუხსნათ მოსწავლეს, წარმოიდგინოს, რომ გამოცდაზე, როცა მის ნაწერს უცნობი გამსწორებელი ასწორებს და მან არ იცის, რა მნიშვნელობას დებს მოსწავლე წერისას სიტყვაში, რომელიც ამოსავალია მსჯელობისთვის, აუცილებელია, ნაწერში თავიდანვე განიმარტოს სიტყვა. მეც, მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, რას ვგულისხმობ ამა თუ იმ სიტყვის გამოყენებისას და ჩემი ნაწერიც ნაკლებად სადავო იყოს, ხშირად საკამათო ნაწერს სიტყვის განმარტებით ვიწყებ – ასე თავსაც ვიზღვევ და ჩემს ნაწერსაც ვაზღვევ. მკითხველმა თავიდანვე იცის, რას ვგულისხმობ საჯილდაო სიტყვაში. ასე ფაქტობრივი კამათი სიტყვიერ კამათში აღარ გადაიზრდება (ეს წერილიც ამის მაგალითია, დასაწყისშიც და მერეც შევეცადე, რამდენიმე საკვანძო სიტყვა თავიდანვე განმემარტა).

და ბოლოს, გაიხსენეთ, თქვენ ან თქვენს მოსწავლეებსაც ხომ არ გადაგყავთ ფაქტობრივი კამათი სიტყვიერში? თუ ასეთი რამ არ გახსენდებათ, გილოცავთ, რადგან დღესაც და გუშინაც მუდმივად იმის შემსწრენი ვართ, საქართველოში როგორ გადაჰყავთ ფაქტებზე დავა სიტყვიერ დავაში და როგორ გვაკარგვინებენ დროს უსაგნო და უმიზნო საუბრების მოსმენაში ტელევიზიებიდან და ხანდახან მაღალი ტრიბუნებიდანაც. თუკი სკოლის მერხიდან არ ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს ფაქტების მოძიებას, არგუმენტის გაბათილებას ან დადასტურებას ფაქტებით, სიტყვების მნიშვნელობის თავიდანვე განმარტებას, სამწუხაროდ, ჩვენი მოსწავლეებიც არასწორ გზას დაადგებიან – ქვეყანას არც სამ ხმაში სიმღერა და არც უსაფუძვლო კამათი აშენებს და, მით უმეტეს, არც სიტყვებზე გამოდავება და მათზე უსაგნო დავა.

 

 

 

ლექსიკური მარაგის გამდიდრება (მეორე წერილი)

0

ილუსტრაცია ”საქართველოს დაწყებითი პროექტის – G-PriEd” ფარგლებში შექმნილი წიგნიდან ”ცუგა”

ხომ გახსოვთ, როგორ იწყებოდა ჩემი   პირველი წერილი ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ? “პირველად იყო სიტყვაო”… ახლა დევიდ უოლკერის ერთი გამონათქვამი მინდა გავიხსენოთ: „გრამატიკის გარეშე, თქვენ შეგიძლიათ გამოთქვათ ცოტა რამ, ხოლო ლექსიკის გარეშე ვერ გამოთქვამთ ვერაფერს.“

ამ წერილში შევეცდები წარმოვადგინო ის ხვრელები, რომლებიც უნდა შეივსოს ლექსიკურ მარაგზე მუშაობით ენის სწავლება-სწავლის მდინარებაში (ამ სიტყვას ზოგჯერ  ვიყენებ “პროცესის” ნაცვლად.). ასეთი ხვრელებით განმასჭვალულია ქართულის, როგორც მშობლიური/მეორე/უცხოური ენის მთელი გაკვეთილები და რაც უფრო საინტერესოდ, მრავალფეროვნად წარიმართება ლექსიკურ მარაგზე მუშაობა, მით უფრო სისრულით მოხდება ენის შესწავლაც.

ენის მასწავლებლები ხშირად ვფიქრობთ ისეთ შეკითხვებზე, რომლებიც საკითხის არსისა და სიღრმის გარკვევაში გვეხმარება:

  • რას ნიშნავს სიტყვის ცოდნა?
  • აქვს თუ არა “საფეხურები” “სიტყვის შესწავლას”?
  • რა გზას გადის სიტყვა დროთა განმავლობაში?

ამ შეკითხვებზე საპასუხოდ გავიხსენოთ ამ წერილში ზემოთ უკვე დასახელებული სიტყვა “პროცესი”. როგორც ვიცით, ეს სიტყვა არაა ქართული და ნასესხებია უცხოური ენიდან. რომელი კატეგორიის სიტყვაა “პროცესი” გამოყენების სიხშირის მიხედვით? არის ეს ხშირი, ნაკლებად ხშირი თუ იშვიათად ხმარებული სიტყვა? ვფიქრობ, ეს სიტყვა ნაკლებად ხშირი გამოყენების, საშუალო სიხშირის სიტყვაა ქართულ ენაში. (კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ამ კრიტერიუმით შეაფასებს ხოლმე სიტყვებს და ამ შეფასებას დააფუძნებს თავის სასწავლო პროცედურებს: დაუთმოს სათანადო დრო ამა თუ იმ სიტყვას, ხშირ სიტყვას — მეტი, იაშვიათს — ნაკლები.)

რა გზა გაიარა ამ სიტყვამ დღემდე ჩემს მახსოვრობა-მეხსიერებაში? შევეცდები თვალი მიგადევნებინოთ… სკოლაში შესვლამდე მე ეს სიტყვა არ მეცოდინებოდა. დაწყებით კლასებში შესაძლოა გაგონილი მქონოდა რომელიმე მასწავლებლისგან ან დირექციის წარმომადგენლისგან, როგორც „სასწავლო პროცესის“ ერთ-ერთი შემადგენელი, თუმცა მაშინ მის მნიშვნელობას ვერ მივხვდებოდი. შესაძლოა, ამ სიტყვის მნიშვნელობა გავაცნობიერე მეხუთე-მეშვიდე კლასებში ისტორიის გაკვეთილებზე და მივხვდი, რომ ეს იყო რაღაც დროში გაწელილი მოქმედებები. შემდეგ უფრო და უფრო სხვადასხვა საგნობრივ ჭრილში ვიყენებდი ამ სიტყვას (ქიმიური, გეოგრაფიული პროცესები…). შემდეგ წავიკითხე კაფკას „პროცესი“ და ეს სიტყვა კიდევ უფრო დაიტვირთა ჩემთვის. შესაბამისად, ჩემგან განსხვავებული ასოციაციები აღეძვრის ადამიანს, რომელსაც კაფკას ეს ნაწარმოები არ აქვს წაკითხული ამ სიტყვის გაგონებისას თუ გამოყენებისას… შემდეგ გარკვეული იურიდიული განათლება მივიღე და კიდევ სხვა რაკურსით დავინახე პროცესი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ამ სიტყვას სომხურში არ იყენებენ ნასესხების სახით და საკუთარი სიტყვით გადმოსცემენ: „საქმის მსვლელობა“ — ასეთი მნიშვნელობით…

თუკი თვალს მივადევნებთ კონკრეტულ სიტყვას, შეიძლება უფრო შორსაც კი წავიდეთ, და ასეთი წიაღსვლები საინტერესოც კია, მაგრამ ჩვენი წერილის მთავარ სათქმელს ნუ მოვწყდებით…

—————————-

წინამდებარე წერილში, რომელიც რიგით მეორეა ლექსიკის სწავლების შესახებ, მინდა შემოგთავაზოთ საყოველთაოდ გავრცელებული მეთოდი ე. წ. “დაკარგული სიტყვები” და მისი რამდენიმე ვარიაცია, რისთვისაც გამოვიყენებ ჯიპრაიდის ფარგლებში პაატა პაპავასთან ერთად შექმნილ ტექსტს.

ერთ-ერთი სასარგებლო, გავრცელებული და კომპლექსური სტრატეგია ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე სამუშაოდ არის ე. წ. დაკარგული სიტყვები. იგი ავითარებს ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარს, ხელს უწყობს წაკითხული ტექსტის გააზრებას. ამ აქტივობის დროს მასწავლებელი ტექსტში გამოტოვებს სიტყვებს და ისე ურიგებს მოსწავლეებს. მოსწავლეებმა კი უნდა “იპოვონ”, მიხვდნენ და შეავსონ ტექსტი, გამოტოვებულ ადგილებზე ჩაწერონ “დაკარგული” სიტყვები.

ამ მეთოდის რამდენიმე ვარიანტი არსებობს და მინდა შემოგთავაზოთ ყველა შესაძლო მათგანი, რისთვისაც გამოვიყენებ “ცუგას” შესავალს, რომელიც აბზაცებადაა დაყოფილი. სანამ ვარიანტის ახსნა-განმარტებას წაიკითხავთ, ჯერ დაუკვირდით თითოეულ ნაწილს, თუ რა პრინციპია გამოყენებული სიტყვების “დასაკარგად”.

ცუგა

  1. I) ერთ ჩვეულებრივ სოფელში ცხოვრობდა ცუგა. ცხადია, _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ის ერთადერთი ძაღლი არ იყო. თუმცა _ _ _ _ _ _ _ _ ძაღლებისგან გამოირჩეოდა. მთელი დღე გიჟივით დარბოდა _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ და ყველას უყეფდა. ხან ძროხას მივარდებოდა, _ _ _ _ _ _ _ _ _ _ — ქათმებს. მოკლედ, აიკლო მთელი სოფელი.

აქ გამოტოვებულია ყოველი მეშვიდე სიტყვა (სოფელში, სხვა, აქეთ-იქით, ხან). თუკი მოსწავლეთა მზაობის მიხედვით მასწავლებელს უფრო გართულება სურს დავალების და ტექსტიც იძლევა ამის საშუალებას, შეიძლება ყოველი მეექვსე სიტყვა ამოიღოს. ასე გართულებულ დავალებას მოსწავლეთა რომელიმე ჯგუფს შევთავაზებთ და ამ მიდგომას სწავლების დიფერენცირებითვის გამოვიყენებთ.

  1. II) სოფლის ბოლოს, ძველ სახლში, ცხოვრობდა ერთი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (ბრაზიანი/კეთილი) კაცი. გარეთ იშვიათად გამოდიოდა, მაგრამ თუ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (გამოვიდოდა/შევიდოდა), აუცილებლად აუხირდებოდა ან გალანძღავდა ვინმეს. ხან _ _ _ _ _ _ _ (მასზე/რაზე) ჯაჯღანებდა, ხან – რაზე. ხან თავის ჭიშკართან _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (მომუშავე/მოთამაშე) ბავშვებს უყვიროდა, ხან ეზოში გადმომხტარ თხას _ _ _ _ _ _ _ _ _ (უმღერებდა/გამოეკიდებოდა) ჯოხით. მისი ნამდვილი სახელი არავის ახსოვდა, _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (რადგან/იმიტომ) რომ ყველა ჯაჯღანას ეძახდა. ადამიანთაგან მხოლოდ ამ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (ჯაჯღანას/ხარხარას) უყეფდა ხოლმე ცუგა. სხვებს არ ერჩოდა.

აქაც ყოველი მეშვიდე სიტყვაა გამოტოვებული, მაგრამ ფჩხილებში შეთავაზებულია სიტყვათა წყვილი, რომელთაგან მოსწავლე შეარჩევს საჭიროს. ეს პრინციპი შედარებით ადვილია და მოსწავლეებს ნაკლები ძალისხმევა დასჭირდებათ. თუმცა, დავიმახსოვროთ, რომ არა იმდენად სიტყვების სწორად შერჩევაა მთავარი, რამდენადაც ამ არჩევანის გაკეთებაზე თვალის მიდევნება და მისი ხმამაღლა გადმოცემა.

III) სოფელში ცხოვრობდა ძროხაც. როგორც ყველა წესიერი ძროხა, ისიც _ _ _ _ _ _ _ _ მინდორში გადიოდა და მთელი დღე დინჯად ძოვდა ბალახს. _ _ _ _ _ _ _ _ _ , მზე რომ დააჭერდა, ცოტა ხნით ჩრდილში ისვენებდა. _ _ _ _ _ _ _ _ ეჟვნის ჟღარუნით ბრუნდებოდა შინ.

აქ სხვა პრინციპითაა გამოტოვებული სიტყვები. ესენია: დილით, შუადღისას, საღამოს. ანუ ერთგვაროვანი სიტყვებია გამოტოვებული, მიუხედავად იმისა, თუ სადაა ტექსტში განთავსებული ეს სიტყვა. ასეთი მიდგომა ამ მეთოდისადმი განსაკუთრებით გამოადგებათ უცხოური/მეორე ენის სწავლების შემთხვევაში, როდესაც მასწავლებლები ერთი ტექსტის ფარგლებში აქცენტს აკეთებენ ერთი რიგის (მაგალითად, ზმნიზედებზე, ზედსართავებზე და ა. შ.) სიტყვებზე.

  1. IV) მინდვრის ბოლოს, ტყის პირას, დიდი ლოდის ქვეშ ერთი გველი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (ცხოვრობდა/არსებობდა/თამაშობდა). ეს გველი შხამიანი არ იყო. მზეზე წოლა და ფიქრი _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (გრძობდა/უყვარდა/გამოდიოდა). დილით _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (შეძვრებოდა/გადაძვრებოდა/გამოძვრებოდა), ლოდზე _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (ასრიალდებოდა/ჩამოსრიალდებოდა/ჩამოვიდოდა) და მზის გულზე _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (წამოწვებოდა/გაიშოტებოდა/მოკალათდებოდა). საღამოს, მზე რომ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (ამოვიდოდა/გადაიხრებოდა/ამოიწვერებოდა), ისევ დაბლა _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (ასრიალდებოდა/ჩასრიალდებოდა/შესრიალდებოდა) და ლოდის ქვეშ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (იღვიძებდა/ფხიზლდებოდა/იძინებდა).

აქაც ერთგვაროვანი სიტყვები, ამ შემთხვევაში ზმნებია გამოტოვებული, ოღონდ ფრჩხილებში შეთავაზებულია არა სიტყვათა წყვილები, არამედ სამეულები და სწორი ვარიანტი მოსწავლემ სამი ზმნური ფორმიდან უნდა აარჩიოს. შეამჩნევდით, რომ ზოგიერთ ადგილზე შესაძლოა ჩაისვას არამხოლოდ ერთი მათგანი, არამედ ორიც კი. ასეთი მომენტების პრეზენტაციის დროს განხილვა და სათანადო დასკვნის გაკეთება მოსწავლეების ლექსიკურ ერთეულებზე მუშაობის უნარის განვითარების გარდა, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების გაღრმავებასაც უწობს ხელს.

  1. V) _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (სოფელს/სოფელში) ცხოვრობდა ერთი ამაყი მამალი. დილით _ _ _ _ _ _ _ _ _ (ყველას/ყველამ) მისი ხმამაღალი ყივილი აღვიძებდა. მთელი დღე ეზოში გადი-გამოდიოდა და ამაყად დასტრიალებდა _ _ _ _ _ _ _ _ _ (ქათმებმა/ქათმებს). მზის ჩასვლასთან ერთად _ _ _ _ _ _ _ _ (ქათმებს/ქათმები) გადათვლიდა, საქათმეში შეუძღვებოდა და _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ (თვალები/თვალებს) დაუბრიალებდა. კიდევ სოფელში ცხოვრობდა ერთი შეყვარებული თხა. მთელი დღე ხან ერთ _ _ _ _ _ _ _ _ _ (ვენახის/ვენახს) ეწვეოდა, ხან – მეორეს. ზოგჯერ ფარას ჩამორჩებოდა და სადღაც მიწანწალებდა. ხშირად უნახავთ (პეპლებმა/პეპლებს) ადევნებული ან ყვავილს მიშტერებული.

ამ ვარიანტში ერთი და იმავე სიტყვის სხვადასხვა ფორმაა შემოთავაზებული. ეს ვერსია, ადვილად მოგვეჩვენება ქართულის, როგორც მშობლიური ენის შემსწავლელი მოსწავლეებისთვის, თუმცა როგორც არამშობლიური ენის შემსწავლელებისთვის სასარგებლო და არცთუ ადვილი ამოცანა იქნება.

——————————–

თითოეული ზემოთ განხილული ვარიანტის პრეზენტაციისას, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა იმსჯელონ  შემდეგი შეკითხვების მიხედვით:

  • როგორ ამოიცანი საჭირო სიტყვა?
  • იყო თუ არა ეს სიტყვა პირველივე ვარიანტი?
  • ხომ არ გქონია ალტერნატიული ვერსია?
  • რა დაგეხმარა სიტყვათა შემოთავაზებული წყვილიდან/სამეულიდან სასურველის შერჩევაში.
  • შეიძლება თუ არა შენ მიერ შერჩეული სიტყვის გარდა სხვა სიტყვა გამოვიყენოთ იმავე ადგილას?..

 

კითხვის გაკვეთილის რომელ ფაზაზე შეგვძლია გამოვიყენოთ ეს აქტივობა?

ეს ერთ-ერთი საჭირბოროტო შეკითხვაა… და სანამ ამ შეკითხვას ვუპასუხებთ, ფაზებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. კითხვის სამფაზიანი მოდელი, სამფაზიანი გაკვეთილი ერთობ გავრცელებული პრაქტიკაა.

მოკლედ გავიხსენოთ, რომ პირველ, წაკითხვამდე ფაზაზე ხდება:

  • მოტივაციის აღძვრა, ტექსტის თემატიკაზე მოსწავლეთა წინარე ცოდნის გააქტიურება.
  • წაკითხვის დროს შესასრულებელი დავალების გაცნობა და/ან მოდელირება.
  • ტექსტის წაკითხვაში დახმარების მიზნით ზოგიერთ ლექსიკურ ერთეულზე ყურადღების გამახვილება, რაიმე საკითხზე საჭრო ცნობის მიწოდება.
  • ვარაუდების გამოთქმა სათაურის და/ან ილუსტრაცი(ებ)ის მიხედვით.

მეორე, წაკითხვის ფაზაზე:

  • მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს და ასრულებენ მიცემულ დავალებას (შეთავაზებულ შეკითხვებზე მუშაობა, რომელიმე სააზროვნო სქემის შევსება, კომიქსის/პოსტერის/ შექმნა…). მუშაობის ფრომატი (ინდივიდუალური, წყვილებში თუ მცირე ჯგუფებში) განისაზღვრება მასწავლებლისა და მოსწავლეების მიერ არსებული საჭიროებების გათვალისწინებით.
  • უბრუნდებიან და ამოწმებენ პირველ ფაზაში ტექსტის შესახებ გამოთქმულ ვარაუდებს.
  • სვამენ ახალ შეკითხვებს და ეძიებენ მათზე პასუხებს.
  • მაზადებენ დავალების პრეზენტაციას, წარდგენის მიზნით ინაწილებენ როლებს…

მესამე, წაკითხვის შემდეგ ფაზაზე:

  • ხდება ნამუშევრების წარდგენა.
  • ეწყობა დისკუსია, მსჯელობა, სხვადასხვა ახალი შეკითხვის დაბადება და მასზე პასუხების ერთობლივი ძიება.
  • წაკითხული ტექსტის სხვა ტექსტთან და/ან პირად გამოცდილებასთან დაკავშირება.
  • ტექსტის მიხედვით ახალ დავალებებზე მუშაობა, რომელიც ტექსტის სხვა რაკურსით გააზრებისა და ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

თუ კარგად დავაკვირდებით ზემოთ მიმოხილულ ქმედებებს, ყველაზე უპრიანი იქნება, თუკი წაკითხვის ფაზაზე გამოვიყენებთ “დაკარგული სიტყვების” აქტივობას. ოღონდ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, თუ რომელ კლასში ვმუშაობთ და რა მზაობის მოსწავლეები არიან. ამის მიხედვით, შესაძლებელია, მესამე ფაზაზეც გამოვიყენოთ, მით უფრო მაშინ, როდესაც ქართულის, როგორც მეორე/უცხოური ენის გაკვეთილებზე გვიხდება ენის სწავლება. (აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდის გამოყენება სასარგებლო იქნება ტრანსფერის ფაზაზეც, როდესაც სატრანსფერო მიზანი გამოტოვებული ერთგვაროვანი სიტყვების გააქტიურება იქნება.)

რომელ კლასებში, რა ასაკის მოსწავლეებთან უნდა გამოვიყენოთ?

ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, უნივერსალური მეთოდია — ნებისმიერ კლასში შეგვიძლია გამოვიყენოთ და ასეთი მეთოდით წარმართული პროცესი ფრიად სასარგებლო იქნება ყველა კლასში, იქნება ეს ქართულის, როგორც მშობლიური ენის თუ როგორც მეორე/უცხოური ენის გაკვეთილები. რასაკვირველია, აქტივობის დროს გამოყენებული ტექსტი შერჩეული უნდა იყოს სწორედ მოსწავლეთა მზაობისა და საჭიროებების გათვალისწინებით.

შეიძლება თუ არა გამოგვადგეს, როგორც კომპლექსური დავალება?

ჩემი აზრით მშვენიერი კომპლექსური დავალებაა, რომელიც გამოდგება გაგების ფაზის მკვიდრი წარმოდგენების გამომუშავების მიზნით. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში საჭირო იქნება, მოსწავლემ ისაუბროს იმის შესახებაც, თუ როგორ მოახერხა საჭირო სიტყვების ამოცნობა, რა დაეხმარა ამაში, რა ვერსია ჰქონდა პირველ ჯერზე და როგორ მივიდა გადაწყვეტილებამდე, რა გაუჭირდა და რა იყო შედარებით ადვილი და ხომ არ შეცვლიდა რაიმეს ხელახლა რომ უბრუნდებოდეს დავალებას?

ასეთი რაკურსით ნამუშევრის წარდგენა მოსწავლეებს დაეხმარება, თვალი მიადევნოს საკუთარი სწავლის პროცესს და მომავალშიც იფიქროს იმის შესახებ, თუ რა და როგორ შეიძლება გადმოიცეს განსხვავებულად, ორიგინალურად, მარტივად.

 

 

კავშირი ფიზიკასა და ტექნოლოგიებს შორის

0

ფიზიკის განვითარების შედეგია ინდუსტრიული მრეწველობის განვითარება. ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიებიც. მაგალითად: მე-18 საუკუნეში, როდესაც პირველად ორთქლის ძრავები შეიქმნა, მან დასაბამი დაუდო გემთმშენებლობაში მის გამოყენებას. უნდა აღვნიშნოთ, რომ ორთქლის ძრავების შექმნა და განვითარება პირდაპირ კავშირში იყო ფიზიკაში თერმოდინამიკის განვითარებასა და მის წინსვლასთან. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ორთქლის ძრავებს იყენებდნენ სხვადასხვა სფეროში: მაღაროებში, სამრეწველო ინდუსტრიაში, გემთმშენებლობაში. ცხადია, ამ ერთმა ნაბიჯმა კაცობრიობის განვითრებისა და ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გარდამტეხი როლი ითამაშა.

 

გადავინაცვლოთ მე-19 საუკუნეში, სადაც მსოფლიო ასპარეზზე კიდევ მეტად გარდამტეხი ეპიზოდები ჩნდება. მაიკლ ფარადეის ინდუქციის კანონის აღმოჩენამ განაპირობა ელექტროგენერატორებისა და ტრანსფორმატორების შექმნა. დავებმა ტესლასა და ედისონს შორის, ედისონსა და ვესტინგჰაუსს შორის – ელენერგიის კომერციალიზაცია გამოიწვია და ამ დარგში დიდ აღმოჩენებს ჩაუყარა საფუძველი, რამაც შეცვალა ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების წესი. ამ ყველაფრის შემდეგ, ძალიან მალე ადამიანების ცხოვრებაში იჭრება რადიო. ინფორმაციის გადაცემისა და მიღების გზებმა საფუძველი ჩაუყარა საკომუნიკაციო საშუალებებს.

 

მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოვყოთ ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ადამიანებისთვის. პირველი – ატომური ბომბის შექმნა, მისი გამოყენება და შემდეგ კი კონტროლირებად ატომურ რეაქტორებში მისი განთავსება და სასარგებლო მიზნით გამოყენება; და მეორე მნიშვნელოვანი გამოგონება, რამაც ყოველდღიურობა გაამრავლფეროვნა, გახლდათ ტელევიზორი. თავდაპირველად ტელევიზორი აჩვენებდა შავ-თეთრ ფერებში, ხოლო შემდგომ ფერადად. რა თქმა უნდა, ტელევიზორის განვითარებასაც თავისი ეტაპები ჰქონდა, რამაც გამოიწვია მისი ფერადი გამოსახულების მიღება.

 

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი უფრო მეტად დახუნძლული იყო სამეცნიერო მიღწევებით, რაც აისახებოდა ტექნიკის და ტექნოლოგიების განვითარებასა და შექმნაზე.  მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ადამიანებმა შეძლეს მთვარეზე დაშვება, სატურნზე თანამგზავრის გაშვება, ინტერნეტის გამოგონება და ა.შ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ დიადი აღმოჩენებისა და მიღწევებისა, რომლებიც მეოცე საუკუნეს მიეწერება. აქვე აღსანიშნავია, რომ ნახევარგამტარული ფიზიკის განვითარებისკენ მუდმივმა სწრაფვამ შედეგი გამოიყო და კომპიუტერები ზომაში შემცირდნენ, ასევე შეიქმნა სმარტფონები და სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა, რომელთა ზოგიერთი წარმომადგენელი ფრჩხილის ზომისაც კი არის.

 

კაცობრიობამ საინტერესო ეპოქები განვლო, დაწყებული მექანიკური ეპოქიდან ელექტრულამდე, ელექტრულიდან კოსმოსამდე, კოსმოსიდან ციფრულამდე. ყველა ამ ეპოქას თავისი ლოგიკური გადასვლები და კავშირები ჰქონდა ერთმანეთთან. დღესდღეობით ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და ფიზიკის განვითარების გარეშე თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები შეუძლებელია. ქვემოთ მოცემულ ცხრილზე ნაჩვენებია კავშირი ფიზიკასა და ტექნოლოგიების განვითარებასა და ურთიერთგანვითარებას შორის.

 

ორთქლის ძრავა თერმოდინამიკის კანონები
ატომური რეაქტორი კონტროლირებადი ატომური რეაქცია
რადიო და ტელევიზია ელექტრომაგნიტური ტალღების გენერაცია, გადაცემა, მიღება
ლაზერები ოპტოელექტრონიკა
კომპიუტერები ციფრული ლოგიკური გამომთვლელი
კოსმოსური რაკეტა ნიუტონის კანონები
რადარი და სონარი არეკვლის კანონები
ელექტრო გენერატორი ფარადეის ინდუქციის კანონი
ჰიდროელექტროსადგური მექანიკური და ელექტრული ენერგია
თვითმფრინავი აეროსტატიკა
ნაწილაკთა ამაჩქარებელი ლორენცის ძალა
ოპტიკური ბოჭკო სრული არეკვლა
ფოტოვოლტაიკი ფოტოეფექტი
ტელესკოპი სინათლის არეკვლა და გარდატეხვა
ტრანზისტორი ნახევარგამტარული ფიზიკა

 

დაისმის შეკითხვა – შესაძლებელია ტექნოლოგია განვითარება ფიზიკის გარეშე? დიახ, თუმცა იშვიათ შემთხვევაში. ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი გახლდათ დროის გაზომვის ტექნოლოგია გალილეოსა და ჰიუგენსის მიერ (რა თქმა უნდა, სხვადასხვა პერიოდში).

 

ასევე საინტერესო ტექნოლოგიაა ნაწილაკთა ამაჩქარებელი, რომელშიც შესაძლებელია სხვადასხვა ნაწილაკზე დაკვირვება და ახალი ნაწილაკების აღმოჩენა. ახალი ნაწილაკის აღმოჩენისას, რაღა თქმა უნდა, იბადება ფიზიკის ახალი ქვემიმართულებები, რომლებიც ამ ნაწილაკს შეისწავლიან.

 

საბოლოოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კავშირი ფიზიკასა და ტექნოლოგიებს შორის ორმხრივი და მყარია. რა თქმა უნდა, პირველის განვითარება მეორის განვითარების საწინდარია, ვიდრე პირიქით, თუმცაღა უნდა აღვნიშნოთ, რომ ორივეს განვითარების საბოლოო პროდუქტი გავლენას ახდენს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრების წესზე.

 

 

გამოყენებული წყარო
https://www.wondersofphysics.com/

უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ (ნაწილი I)

0

რამდენად კარგად იცნობთ საკუთარ ქალაქს? რა მოგონებები გაქვთ ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ? რა ჯადოსნური ფიქრები გამოგყვათ ბავშვობიდან?

სტატიის წერა სწორედ იმ შეკითხვებით დავიწყე, რომლებმაც ერთ პატარა თავგადასავალს დაუდო სათავე –  შვილებთან ერთად საკუთარ ქალაქში მოგზაურობას. შეკითხვები კი წიგნის „ჩიტები თბილისში“ კითხვისას დამებადა. უჩა – მამა მერცხალს ჰქვია. წიგნის პირველ გვერდზე შვილს, ჩიორას, ფრენას ასწავლის და თბილისს ათვალიერებინებს. „ჩიტები თბილისში“ ეკუთვნის გამომცემლობას – „ზოლიანი კატა“  და მისი ავტორები ალექს ჩიღვინაძე და ლაშა ბაქრაძე არიან, ილუსტრატორი კი ანა ჯანელიძეა.

ფერადი ილუსტრაციები და მინიმალისტური ტექსტები მშვენიერი გზაა ბავშვების ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, თუმცა, ამ ვირტუალურ მოგზაურობას მეგზურობაც სჭირდება.

თბილისის გარეუბანში გავიზარდე. სანამ ქალაქს დამოუკიდებლად გავეცნობოდი, ყველაზე ტკბილი მოგონება ჩემს მშობლებს უკავშირდება. ერთხელ რუსთაველის პროსპექტზე გავისეირნეთ, მერე კი ეროვნულ მუზეუმში შევედით. ქვილთის ნაკუწებივით მახსოვს იმ დღეს ნანახი ექსპონატები. ჩემი მშობლების ყოველდღიურობა იმაზე ზრუნვით იყო მოცული, რომ საკვები არ გამოგვლეოდა. უშუქო და უიმედო 90-იანი წლების ბავშვებს  მოუცლელი, გადაღლილი, ნერვებდაგლეჯილი მშობლები გვყავდა. ძნელი იყო კულტურულ ღონისძიებებზე ეფიქრათ. ის დღე ცხოვრებას ახლა მზის სხივივით მინათებს და გული მადლიერებით მევსება.

სწორედ ამ მოგონებამ მიბიძგა წიგნის „ჩიტები თბილისში“ მიხედვით თავგადასავალი წამომეწყო. ვფიქრობ, მასწავლებლებისა და მშობლებისთვის საინტერესო აღმოჩნდება ჩვენი გამოცდილების გაზიარება, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებების დაგროვება სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული.

გადავწყვიტე, უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ ჩემი გოგონასთვის ქალაქი დამეთვალიერებინა და გამეცნო. ჩამოვწერეთ წიგნში ნახსენები ადგილები და პირველი დღე დავგეგმეთ:

  • ნარიყალა;
  • აბანოთუბანი;
  • ძველი თბილისის ქუჩები;
  • ბოტანიკური ბაღი;
  • რუსთაველის პროსპექტი.

 

შემდეგ კითხვარი შევადგინე და თეკლას შევავსებინე. შეკითხვებს თქვენც გაგიზიარებთ:

  1. რა იცი თბილისის ღირშესანიშნაობების შესახებ?
  2. სიტყვა „თბილისის“ გაგონებისას პირველად რა გახსენდება?
  3. რომელი ლექსი, სიმღერა, ფილმი ან მულტფილმი იცი თბილისზე?
  4. წარმოიდგინე, რომ უცხო ქვეყანაში ხარ და შენი ქალაქის შესახებ გეკითხებიან. რას უამბობდი?
  5. რა მოლოდინი გაქვს დღევანდელი დღისგან?

 

პასუხები დამეხმარა თბილისის შესახებ თეკლას ცოდნისა და მისი მოლოდინის გარკვევაში. ვატყობდი, რომ ჩემი ენთუზიაზმი და სადღესასწაულო განწყობა მას აბნევდა და ზრდილობის გამო უფრო მომყვებოდა. ეს გამოწვევა იყო, რომელსაც უნდა გავმკლავებოდი.

ქალაქის გარეუბნიდან რუსთაველის პროსპექტამდე სამარშრუტო ტაქსითა და მეტროთი მივაღწიეთ. თუ მამა მერცხალმა ნარიყალიდან დაიწყო ქალაქის გაცნობა, ჩვენ რუსთაველის მეტროდან მზით გამლღვარ ქუჩაში ამოვყვინთეთ და რუსთაველის ძეგლის წინ ჩამოვდექით.

 

ამბები

როგორც იცით, ამბების მოსმენა ბავშვებს ძალიან უყვართ.  შოთა  რუსთაველის შესახებ ვუამბე. საპროგრამო მასალის მიხედვით მეხუთე კლასში თინათინის გამეფებით ეცნობიან „ვეფხისტყაოსანს“. შოთა რუსთაველის ბურუსით მოცული ბიოგრაფია ბევრ კითხვას ბადებს. ვუამბობ მოკლედ. როგორც კი ვგრძნობ, რომ მოსმენა უჭირს, ვჩერდები.

 

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი – ვკითხულობთ წიგნში. შენობას გარს ვუვლით. ის შთამბეჭდავია. ვაკვირდებით თაღებს და ვუამბობ ორჯერ დამწვარი ოპერის შესახებ.

იმასაც ვიხსენებ, ერთხელ ანასტასიას დედამ, ნათელა დეიდამ, ბალეტ „ჟიზელის“ ბილეთები რომ გვიყიდა თინეიჯერ გოგოებს.

 

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გზის მეორე მხარესაა. აქ ჩემს მეგობრებთან ერთად დავდიოდი შემოქმედებითი წერის წრეზე. დრო გავიდა და ამ შენობაში ჩემს მოსწავლეებთან ერთად დავბრუნდი. თეკლას შევპირდი, რომ სხვა დროს საგანგებოდ წამოვიყვანდი და გიდთან ერთად გავეცნობოდით მის ისტორიას.

 

ათი წლის გოგოს საქართველოს პარლამენტი ყველაზე მეტად აინტერესებს. ვცდილობ, საპარლამენტო მმართველობის შესახებ გასაგებად ვუამბო.

 

კლასიკური გიმნაზია ბიძაშვილებს ახსენებს.

 

ლესელიძის ქუჩას დავუყევით და სანამ მოგზაურობას გავაგრძელებდით, სადილობა გადავწყვიტეთ. პიცა უგემური იყო. თეკლამ ძველი თბილისის ხედის ესკიზი შექმნა. ხატვისას ორი ბეღურა მოფრინდა, მოაჯირზე დასკუპდა და სახატავ რვეულში იჭყიტებოდა.

 

ძველი სახლების ეზოები

 

აბანოთუბნისკენ ძველ ეზოებს ვაკვირდებოდით. ერთ-ერთი სახლის კიბეზე ბევრი ადამიანი იჯდა და ისე გულიანად იცინოდა, განწყობა ჩვენც გადმოგვედო. წიგნის ილუსტრაცია თვალწინ გაგვიცოცხლდა. უჩასა და ჩიორას კვალს მივყვებოდით და თეკლას გულიც მადლიერებით ივსებოდა.

 

აბანოთუბანი

 

„ფრენით დაღლილებმა ძველი აბანოს გუმბათზე ჩამოისვენეს და მამამ შვილს უამბო თქმულება ქალაქის დაარსების შესახებ“. – ჩვენ აბანოების გუმბათები გვაკვირვებს და ვაკვირდებით დედ-მამას, რომლებსაც ერთ-ერთ გუმბათზე პატარა გოგო შემოუსკუპებია და თბილისური საღამოთი ტკბებიან. ვახტანგ გორგასლის დროს თხუთმეტი საუკუნე გვაშორებდა.

 

აბანოში შესვლის ნებართვაც მივიღეთ. თეკლას ძლივს ვეწევი. წყალში ხელს ყოფს და აღფრთოვანებას ვერ მალავს.

ჭრელ აბანოსაც მალე მივაგენით. წიგნს ვშლით და ილუსტრაციის ფონზე სურათს ვიღებთ.

 

ნარიყალისკენ

 

ვიწრო ქუჩებით ნარიყალას ვუახლოვდებით. თეკლას ძლივს ვეწევი. შეყვარებულ წყვილს მყუდროებას ვურღვევთ.

 

„ბარტყო, ესაა თბილისის უძველესი ნაწილი. ამ ციხე-სიმაგრეს ნარიყალა ჰქვია. წინათ ქალაქს ხშირად ესეოდნენ მტრები და მაშინ თბილისელები გალავნით შემოზღუდულ ციხე-სიმაგრეს აფარებდნენ თავს“, – უჩა ჩიორას ნარიყალას აცნობს. ციხის კარიბჭეში შევლისას სახეს ქვებს ვადებ და ვუსმენ. რამდენი ადამიანის ხმა, ტკივილი, სიცილი, შიში გახსოვს-მეთქი, ვეკითხები ხმამაღლა და ციხის ქონგურებისკენ მივიწევთ. თბილისს ზემოდან დავყურებთ. ჩვენს უბანს ვეძებთ. თბილისი იმხელაა, თვალის მოვლება შეგვიძლია.

 

ბოტანიკური ბაღი

 

ნარიყალიდან ბოტანიკური ბაღისკენ ვეშვებით.

 

თეთრი თოვლის გუნდა, ესპანური სოჭი, კავკასიური აკაკი, დიადი ბოკვი, ბალეარის ბზა, ჭყორფოთოლა მაჰონია, ევროპული არღავანი, გადაშლილი ჩიტაკომშა, ვირჯინიის ხურმა, სირიის ვარდი – ეს ჩამონათვალი თავისი ლათინური სახელებითურთ ჩემი საყვარელი ნაწილია. გადაშლილი წიგნით ხელში დავდივართ და ყოველი ხისა თუ ბუჩქის ქვეშ ვჩერდებით. ყურადღებით ვკითხულობთ აბრაზე დატანილ წარწერებს. პირველად სირიის ვარდს ვპოულობთ. ივლისის ცხელი საღამოა. ბაღში, ჩვენ გარდა, პატარა ბიჭი და მისი მშობლები არიან. ერთად მივიწევთ ჩანჩქერისკენ. თამარის ხიდზე დაღლილობისგან სიცილი გვიტყდება. ათი წლის ვიყავი, კლასის დამრიგებელმა ბოტანიკურ ბაღში რომ წამოგვიყვანა. მახსოვს, რამდენიმე მშობელს ხელში ნამცხვრით სავსე ლანგარი ეკავა და ნერწყვები მდიოდა. ისე ნათლად ამომიტივტივდა მოგონება, თითქოს იმ დღეს მთელი ოცდაოთხი წელი არ მაშორებდეს.

 

მცენარეების სახელწოდებები ლიტერატურულ თამაშად შეიძლება ვაქციოთ-მეთქი, ვთავაზობ თეკლას. მაგალითად, დაწეროს მოთხრობა, რომლის მთავარი პერსონაჟები ჭყორფოთოლა მაჰონია ან გადაშლილი ჩიტაკომშა იქნებოდნენ.

 

თამარის ხიდიდან ქართლის დედისკენ ვეშვებით. ბინდდება და უკაცრიელი ბილიკები შიშს გვგვრის. მეეზოვის ცოცხი ფიროსმანის ნახატსა და ჰარი პოტერს გვახსენებს. ისევ ძველი თბილისის ქუჩებში ამოვყავით თავი. გზად მეჩეთი აღმოვაჩინეთ და დასათვალიერებლად შევედით. მეჩეთი მამაკაცებითაა სავსე. ფეხზე ვიხდით და თავშლებს ვიხვევთ. ხალიჩა შიშველ ფეხისგულებს გვიმშვიდებს. ათეულობით ყურანი თვალს გვჭრის. მოშორებით ფეხმორთხმულ მამაკაცებს ვამჩნევ. მშვიდად საუბრობენ და მთელი გულით მაინტერესებს მათი საუბრის საგანი.

 

ისევ აბანოთუბანში ვბრუნდებით. შინ ტაქსით მივდივართ. გზაში რელიგიაზე, ასტრიდ ლინდგრენზე, ომზე ვსაუბრობთ. თეკლა მადლობებით მავსებს. თავიდან კი მეზარებოდა წამოსვლა, მაგრამ ახლა ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი ვარო. ზუსტად ვიცი, გაივლის წლები და ამ დღეს კიდევ უფრო მეტად შეიყვარებს. მას თავისი მოგონებები ექნება თბილისის შესახებ.

 

ასე რომ, ქალაქის გასაცნობად მშვენიერი გზაა უჩასა და ჩიორას კვალდაკვალ სიარული. მართალია, მარშრუტის თანმიმდევრობა შევცვალეთ, მაგრამ მთავარი იდეის ერთგულები დავრჩით.

 

შეგიძლიათ „ჩიტები თბილისში“ სასკოლო პროექტად აქციოთ. მთელ წელზე გაწეროთ და  აქტივობები დაგეგმოთ – ამბის თხრობა, შთაბეჭდილებების დღიურის წერა, ახალი ადგილების აღმოჩენა, თბილისის ღირშესანიშნაობების რუკის შექმნა – კიდევ ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება.

 

ერთი დღისთვის ეს ვიკმარეთ. შემდეგ წერილში ეროვნულ მუზეუმსა და მშრალ ხიდზე სტუმრობის ამბავს გიამბობთ.

 

 

 

 

 

სკოლა და მისი მართვა ციფრულ ეპოქაში – ცვალებადი პარადიგმები ცვალებად დროში

0

(მეხუთე ნაწილი)

ტექნოლოგია და საზოგადოება

საზოგადოებაში მომხდარმა ცვლილებებმა, რომლებიც ტექნოლოგიების არნახულმა განვითარებამ გამოიწვია, უკვე დიდი გავლენა მოახდინა სწავლებაზე, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, რესურსებზე, დაინტერესებულ მხარეთა ურთიერთობებზე და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე.

ტექნოლოგიების მიერ შემოთავაზებულმა შესაძლებლობებმა გზა გაუხსნა უფრო მდიდარ და მრავალფეროვან მულტიმედიურ მასალას; ონლაინ კურსების/გაკვეთილების მზარდ რესურსებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადა ასეთი გაკვეთილების ჩატარება იქ, სადაც ეს სხვაგვარად შეუძლებელი იყო.

ახალი შესაძლებლობები მოიცავს სხვადასხვა სახის საკომუნიკაციო საშუალებებს, რომელთა მეშვეობით რეალობად იქცა ინტერნეტთან დამაკავშირებელი მობილური თუ კომპიუტერული მოწყობილობების საყოველთაო გავრცელება და ხელმისაწვდომობა, სოციალური ქსელებისა და კავშირების როლის ზრდა, ქსელური სასწავლო ფორმატების შეთავაზება სწავლებისა და პროფესიული ზრდისთვის და ინტერესის მატება ციფრული თამაშების მიმართ, რომლებიც ხელს უწყობს უფრო მეტად პერსონალიზებულ სწავლებას (Education Week, 2016).

ჩვენი მოსწავლეების სამყაროს საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ონლაინ ფორმატთან არის დაკავშირებული.

ამ ცვლილებების არსში წვდომა, მათი გაგება ის გასაღებია, რომელიც დაგვეხმარება, შეცვიცნოთ სწავლების ახალი კულტურა, რომელიც უკეთ ერგება ჩვენი მოსწავლეების სურვილებს და აჩვენებს მის მნიშვნელობას ყველა დაინტერესებულ მხარეს.

უკვე გამოიკვეთა ტექნოლოგიების გამოყენების მზარდი ტენდენცია და სხვადასხვა სახის ტექნოლოგიური მოწყობილობების გამოყენების მასშტაბი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება.

 

ზემოთქმულის დასტურად საკმარისია, თვალი შევავლოთ სტატისტიკურ მონაცემებს, პუბლიკაციებსა და ფაქტობრივ მასალებს, რომლებსაც ყოველწლიურად აქვეყნებს Pew Research Center-ი – აშშ-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევის ერთ-ერთი წამყვანი ინსიტუტი (www.pewinter net.org/). Pew Research-ის ანალიტიკური პუბლიკაციები მკაფიოდ ასახავს როგორც ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებულ პერიოდულ მონაცემებს, ისე ისტორიულ ტენდენციებს.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ტექნოლოგიების შეღწევამ და მათზე წვდომის გამარტივებამ ქცევის ცვლილება გამოიწვია.

სოციალურ მეცნიერებათა დოქტორ ანდრეუ კასერო-რიპოლეს (Andreu Casero-Ripollés, სევილიის ჟაუმე I-უს სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი, ესპანეთი) გამოკვლევების თანახმად, ახალი ამბების გაცნობა-მოხმარების წესი ახალგაზრდებში ახალ მედიაზეა ორიენტირებული, განსაკუთრებით კი – სოციალურ ქსელებზე. ამავე დროს, გაზეთების კითხვის მაჩვენებელი ახალგაზრდებში შემცირებულია. Wi-Fi (უსადენო ინტერნეტი) ინდუსტრიალიზებულ სამყაროში ძირითად პროდუქტს წარმოადგენს და ახლო მომავალში მსოფლიოს ყველაზე იზოლირებული რაიონებისთვისაც კი ჩვეულებრივი მოვლენა გახდება.

ჩვენი ბავშვები შრომით ცხოვრებას დაიწყებენ მსოფლიოში, რომელზეც უდიდესი გავლენა ექნება ახალ ტექნოლოგიებს. ცვლადი ეკონომიკის პირობებში წარმატებისთვის მათ დასჭირდებათ ალგირითმული და გამოთვლითი ტიპის აზროვნების დასწავლა, ისეთი პრობლემების გადაჭრა, რომლებსაც აბსტრაგირების ცვალებადი დონეები ექნება ((Jacob & Warschauer, 2018).

აშკარაა, რომ ჩვენი მოსწავლეების უმატესობა, დაინტერესებული მხარეები, მასწავლებლები და სასკოლო ადმინისტრაცია უკვე ჩართულნი არიან ონლაინ სივრცეში და ინტერნეტთან წვდომის საკმარისი საშუალება აქვთ. ამ სივრცეში ისინი ქმნიან, ერთმანეთს უკავშირდებიან, თანამშრომლობენ და კამათობენ.

ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან ინტერნეტსაიტებზე და მისთვის ადამიანები იყენებენ როგორც უკვე დამკვიდრებულ, ისე უახლეს ტექნოლოგიურ საშუალებებს.

ნებისმიერი წარმომავლობის ადამიანისთვის დრო, დახარჯული ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე, ფასეულია. მათი საშუალებით ისინი უკავშირდებიან მეგობრებს, კითხულობენ ციფრულ პუბლიკაციებს, თამაშობენ ვიდეოთამაშებს და საკუთარ, უნიკალური შინაარსის მასალას ქმნიან.

ძნელია ვერ დაინახო მოსწავლეთა ჩართულობისა და ურთიერთქმედების ის დონე, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს მოაქვს. ეს ყველაფერი კი ხელს უწყობს იმ შედეგებს, რომელთა გაძლიერება და გაფართოებაც სურთ სკოლებს.

ეს ის სამყაროა, რომელშიც ჩვენი მოსწავლეები დაიბადნენ და რომელშიც უკვე ჩართულია ჩვენი საზოგადოების ყველა წევრი.

საუბრები „ციფრულ მკვიდრ მოსახლეობასა“ და „ციფრულ იმიგრანტებზე“[1] უნდა შეიცვალოს და ყურადღება მიექცეს იმ ფაქტს, რომ დღეს ტექნოლოგიამ ვირტუალურად უკვე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა კუთხე-კუნჭულში შეაღწია. ტექნოლოგიის ზრდა-განვითარებისთან ერთდ ვითარდება მსოფლიოც და ტექნოლოგიების შემსწავლელნი აგრძელებენ ადაპტაციის პროცესს.

ახლა სწორედ ის დროა, როდესაც სკოლები უნდა მიჰყვნენ არსებულ რეალობას და მთლიანად მიიღონ მიმდინარე ცვლილებები. Pew Research Center-ის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა და ფაქტები, რომლებიც მუდმივად მიეწოდება საზოგადოებას, გვიხატავს მკაფიო სურათს, რომელიც ადასტურებს საზოგადოების მიერ ინტერნეტისა და სხვა ციფრული ტექნოლოგიების მზარდ გამოყენებას, მათზე დამოკიდებულებას და მისდამი ერთგვარ ტრფიალსაც კი.

რეალურ დროში ინფორმაციაზე წვდომა სიციალური მედიის გვერდების ზრდისა და ევოლუციის ფონზე ჩვეულებრივ სტანდარტად იქცა.

უკვე მოძლიერებული მობილური ტექნოლოგიების საყოველთაო გავრცელების პირობებში, ხელმისაწვდომი ფასის მქონე მოწყობილობებისა და უსადენო კავშირგაბმულობის პროგრესის გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა მოსალოდნელზე უფრო მალე გახდება ქსელთან დაკავშირებული ან, როგორც ინგლისურად ამბობენ, connected.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, აშკარაა პროაქტიური მიდგომების უპირატესობა რეაქტიულთან შედარებთ. სათანადოდ იქნებიან თუ არა თქვენი მოსწავლეები მომზადებულნი ისეთი სამყაროსთვის, რომლის პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია, თუ გავითვალისწინებთ ტექნოლოგიების ექსპონენციალურ (გეომეტრიული პროგრესიით მზარდ) წინსვლას?

თუ არა, მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ თქვენი საკლასო ოთახი, სკოლა, ოლქი ან ორგანიზაცია სწორი მიმართულებით განვითარდეს?

საზოგადოება მრავალი მიზეზის გამო მიისწრაფვის ინტერნეტისკენ და უკვე შეიარაღებულია საშუალებებით, რომლებიც მასზე წვდომას, მასთან კავშირს უზრუნველყოფს. ამ ძვრების გათვალისწინებით, ზოგიერთმა სასკოლო ლიდერმა უკვე გააცნობიერა, რომ ამჟამად არსებული სასკოლო დაწესებულებები და მათთან დაკავშირებული სტრუქტურები სათანადიდ არ არიან მორგებულნი სკოლის კედლების მიღმა არსებულ მსოფლიოს, რომელიც, თავის მხრივ, მუდმივად იცვლება, წინ მიიწევს და ვითარდება.

შედეგად უკვე დაიწყო საუბრები სასკოლო ლიდერებს შორის შემდეგ თემაზე: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მიმდინარე მოვლენები, დაკავშირებული ციფრული საუკუნის რენესანსთან?

სკოლები, რომლებსაც არც ისე დიდი ხნის წინ არარეგულარული ინტერნეტკავშირი ჰქონდათ, დღეს უკვე ინტენსიურად ხარჯავენ სახსრებს უსადენო ქსელების მონტაჟისთვის, რომლებიც სასწავლო დაწესებულების ყველა შენობა-ნაგებობას გააერთიანებს. თუმცა ციფრული ინფრასტრუქტურის ქონება არ არის საკმარისი – აუცილებელია მისი გამოყენებაც თანამედროვე ტიპის სწავლებისთვის და სწავლების სხვა ასპექტების გასაძლიერებლად.

წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც სკოლები დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ კლასის სოციალურ ქსელში ჩართვას და ქსელურ გაკვეთილებს.

ჩვენ გვყავს უკვე მოსწავლეთა ის თაობა, რომლისთვის ციფრული საშუალებების გამოყენება არათუ კომფორტულია, არამედ შთაგონების წყაროა, საშუალებაა თანამშრომლობისა, რომლის დროსაც ისინი უფრო შემოქმედებითნი არიან, ვიდრე ციფრული ქსელის უბრალო მომხმარებლები.

[1] „ციფრული მკვიდრი მოსახლეობა “(ინგლ. Digital natives) – მეტსახელი თაობისა, რომელიც კომპიუტერული და ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში დაიბადა, აღიზარდა და სავსებით ბუნებრივად აღიქვამს და იყენებს ამ ტექნოლოგიებს; „ციფრული იმიგრანტები “(ინგლ. Digital immigrants) – მეტსახელი, რომლითაც აღნიშნავენ ციფრული ტექნოლოგიების ეპოქამდე დაბადებულ და გაზრდილ თაობას.

არავერბალური კომუნიკაცია და მასწავლებელი

0

არავერბალური კომუნიკაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს საკლასო გარემოს შექმნაში წარმატებული სწავლებისთვის. სკოლის მასწავლებლებისთვის არავერბალური ენის ფლობა აუცილებელია, რადგან მოსწავლეებს შეუძლიათ ამ ენის დახმარებით „ამოიკითხონ“ მასწავლებლის ქცევა, განწყობა, დამოკიდებულება. მასწავლებლებმა მეტი უნდა იცოდნენ იმ როლზე, რასაც არავერბალური კომუნიკაციას სწავლებაში აქვს და ეცადონ თავიანთი, გაუცნობიერებელი პროფესიული ჟესტები თუ კომუნიკაციის სხვა ფორმები, გააზრებულ ქცევებადდ აქციონ, რათა გაკვეთილი უფრო ეფექტური გახდეს.

არავერბალური კომუნიკაციაა ჟესტების ენა, მიმიკა, პოზაი, ვიზუალური კონტაქტი, ხმის ტემბრი, შეხება, რომლითაც რაღაცის ემოციურ ნარატივს გადმოვცემთ.

ამერიკელმა ანთროპოლოგმა რეი ბერდვისტელმა გააანალიზა და სისტემური სახე მისცა ინფორმაციას არავერბალური კომუნიკაციის შესახებ. მან დაადგინა, რომ ინტერპერსონალური კომუნიკაციის ვერბალური კომპონენტი 35%-ს შეადგენდა, ხოლო კომუნიკაციის დროს გადაცემული ინფორმაციის 65%-ზე მეტი არავერბალური გზით გადაიცემოდა. მარტივად რომ ვთქვათ, მნიშვნელოვანია არა ის, რაც ნათქვამია, არამედ ის, თუ როგორ არის ნათქვამი.

ჟესტების ენის ცოდნა საშუალებას გვაძლევს უკეთ გავუგოთ თანამოსაუბრეს და წინასწარაც კი გავთვალოთ ის, თუ რა შთაბეჭდილებას მოახდენს მასზე ჩვენი ნათქვამი რაიმე თემაზე საუბრის დაწყებამდე. არავერბალური მინიშნებების სწორი ინტერპრეტაცია აუცილებელია ეფექტური კომუნიკაციისთვის.

არავერბალური კომუნიკაციას, მაგალითად, ჟესტების ენას, ადამიანები ცხოვრების ყველა სფეროში ვიყენებთ, მათ შორის სკოლაში. მაგალითად, არავერბალური კომუნიკაცია უცხო ენის სწავლის განუყოფელი ნაწილია. უცხო ენის შესწავლა არ არის მხოლოდ ლექსიკისა და გრამატიკის დაზეპირება. უცხო ენა არის კულტურა, ხოლო კომუნიკაციის არავერბალური ენა, როგორც სამიზნე ენის ქვეყნის კულტურის ნაწილი, სწორად უნდა  ისწავლებოდეს საკლასო ოთახში.

არავერბალური კომუნიკაციის ენა უნივერსალური როდია. მას აქვს ეროვნული მახასიათებლები, რომლებიც უნდა იქნას გათვალისწინებული უცხოელებთან ურთიერთობისას. ამ სპეციფიკის არცოდნამ შეიძლება შექმნას მნიშვნელოვანი ბარიერები წარმატებული კომუნიკაციისთვის.

გარდა ამისა, არავერბალური ტექნიკა შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს თვით სწავლების პროცესში. ეს იმის გამო ხდება, რომ ბავშვებისთვის დამახასიათებელია გარემოს გამახვილებული აღქმა. ბავშვები იოლად ფოკუსირდებიან სხვა ადამიანების სახის გამომეტყველებაზე, ჟესტებზე. მათ გონებაში სწრაფად უკავშირდება ერთმანეთს ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის რგოლები.

მასწავლებელმა არასდროს უნდა დაივიწყოს, რომ არსებობს არავერბალური კომუნიკაციის ენა, რომელიც შეიძლება იქცეს წარმატებულ იარაღად იგივე უცხო ენების სწავლების დროს, მით უფრო, რომ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია ისეთი „წვრილმანი“, თუ როგორ გამოიყურება ის კლასში, როგორ დგას, ზის ან იყენებს თავის ხმას, ღიმილს.

მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის არავერბალური კომუნიკაცია რამდენიმე არხით ხერხდება: მიმიკით, შეეხებით, ჟესტებით, საკომუნიკაციო მანძილით, ინტონაციით, ვიზუალური ურთიერთმოქმედებით.

ამერიკელი მეცნიერი, ალბერტ მეიერაბიანი აღნიშნავს, რომ ჟესტების ხშირი გამოყენება ასოცირდება უფრო მეტად ისეთი გაკვეთილის სტილთან, რომელიც ხელს უწყობს სიმპათიის გაჩენას და თანამშრომლობას კლასთან. ასევე, ის აანალიზებს, რომ მასწავლებლის სახის გამომეტყველება (მაგალითად, გაღიმება) უფრო მეტ ყურადღებას იქცევს და უფრო ხშირად განაწყობს მოსწავლეს პასუხისთვის, ვიდრე ბევრი სიტყვის მოშველიება, ანდა, რაც უფრო ხშირად იყენებს მასწავლებელი დაფას, მით ნაკლებად ეფექტურია გაკვეთილი არავერბალური კომუნიკაციის არარსებობის გამო.

ვიტი და უილესი ამტკიცებენ, რომ მასწავლებლის არავერბალური ქცევა (ახლო მანძილიდან კომუნიკაცია, ღიმილი, თვალით კონტაქტი, ჟესტები) ძალიან ეფექტურია მასწავლებლისთვის მოსწავლეების ყურადღების მოსაზიდად. ბევრ მასწავლებელს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, შემჩნეული აქვს, რომ თუ, მაგალითად, ის დგას ან მოძრაობს მერხებს შორის, მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულნი საგაკვეთილო პროცესში და გრძნობენ კავშირს მასთან. ხოლო თუ ის ზის, მაშინ მასსა და კლასს შორის ურთიერთქმედება შესამჩნევად მცირდება.

მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა არავერბალური ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ პირველ მერხებზე მსხდომ მოსწავლეებს, არამედ კონტაქტი დაამყაროს თითოეულ მოსწავლესთან.

ჟესტების სისტემას განსაკუთრებული ადგილი უკავია მასწავლებლის არავერბალური კომუნიკაციის სისტემაში. მოსწავლეებისთვის მასწავლებლის ჟესტი არის მათ მიმართ  დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე თვასაჩინო მაჩვენებელი.

გრანტი და ჰენინგი აღნიშნავენ, რომ მასწავლებლის ინფორმაციის 82% გადმოიცემა  ჟესტებით, განსაკუთრებით გრძნობების გამოხატვისას. პირველი წუთებიდან მასწავლებლის ჟესტების ხასიათი ქმნის გარკვეულ განწყობას კლასში. თუ მასწავლებლის მოძრაობები ნერვიულია, მაშინ კლასშიც დაძაბულობაა.

ჟესტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მოსწავლეთა ყურადღების უზრუნველყოფაში, ვინაიდან ჟესტის ემოციურობა იწვევს აუდიტორიის ყურადღების კონცენტრირებას. ყურადღების ორგანიზების საშუალებებს შორის თითქმის ყველა მასწავლებელი აქტიურად იყენებს ისეთ ჟესტს, როგორიცაა მითითების, იმიტაციის, რაღაცის ხაზგასმის გამომსახველი ჟესტი. ჟესტის დახმარებით მასწავლებელს უჩნდება სავალდებულო უკუკავშირი მოსწავლესთან (თავის დაკვრა, დაფასთან მოწვევის ჟესტი და ა.შ.), ზრდის მის ინტენსივობას (დასტურის, შეფასების ჟესტები) ან ჟესტით ის წყვეტს მასთან კონტაქტს.

მასწავლებელის მოსწავლეებთან ურთიერთობისას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მეტყველების ტონს. ამის შესახებ ახალბედა მასწავლებელმაც კი კარგად იცის. ინტონაციამ მოზრდილთა შორის კომუნიკაციაში შეიძლება მოიტანოს ინფორმაციის 40%-მდე, მაგრამ ბავშვთან კომუნიკაციისას ინტონაციის გავლენა კიდევ უფრო იზრდება.

ინტონაციით ვლინდება დამოკიდებულება, რომელიც თან ახლავს მასწავლებლის სიტყვას. ბავშვი საოცრად ზუსტად სცნობს მოზრდილების დამოკიდებულებას მის მიმართ ინტონაციით. ბავშვს აქვს განსაკუთრებული „ემოციური ყური“.

არავერბალური ენა ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა არა მხოლოდ გაკვეთილზე პოზიტიური ატმოსფეროს შესაქმნელად, არამედ მოსწავლეთა შესწორების დროს (პასუხის გაცემისას). მაგალითად, უცხო ენის მასწავლებელმა გაკვეთილზე შეიძლება გამოიყენოს არავერბალური შესწორების რამდენიმე მეთოდი:

– თითებით კორექცია. ფაქტპბრივად, აჩვენებთ მოსწავლეებს, თუ სად დაუშვეს შეცდომა საუბრის დროს. შეგვიძლია ეს დავანახოთ თქმის გარეშე, ანუ არ შევაწყვეტინოთ მოყოლა. ჩვენ ასევე შეგვიძლია ხელი მივმართოთ კლასისკენ და თითის დახრით აღვნიშნოთ მოსწავლის გამოთქმული ყველა სიტყვა. თუ მოსწავლემ რაიმე სიტყვა გამოტოვა, ძალიან ადვილი იქნება იმის მითითება, თუ სად დააკლდა სიტყვა და ეს მას უფრო გაუადვილდებს მდგომარეობის გამოსწორებას. ეს მეთოდი ასევე გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ გვსურს რომ მოსწავლეებმა გამოიყენონ შემოკლებული ფორმები, როგორიცაა I’mworking და არა Iamworking.

– ჟესტები/მიმიკა სასარგებლოა, როდესაც არ გვინდა შევაჩეროთ მოსწავლეები, მაგრამ მაინც უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ შეცდომა დაუშვეს. ხშირად მასწავლებლის შეშფოთებული ან საეჭვო მზერა საკმარისია იმისთვის, რომ მოსწავლემ გააცნობიეროს –  მან შეცდომა დაუშვა. ასევე, მასწავლებლის ღიმილი შესანიშნავად მუშაობს მაშინ, როდესაც მოსწავლე სწორად პასუხობს, მაგრამ მაინც ეეჭვება რაღაც.

მოსწავლეებთან ერთად მასწავლებელს შეუძლია შექმნას ჟესტების საკუთარი ნაკრები, ი ენა. მაგალითად, ხელის ზურგს უკამ მოქნევის ჟესტი შეიძლება წარსული დროის გამოყენებას აღნიშნავდეს, ანდა ხელების განზე გაშლა – Continuous ჯგუფის დროებს.

– ექო-კორექცია – კვლავ უცხო ენის მსწავლელ მასწავლებელთა მაგალითზე: მოსწავლის მიერ დაშვებული შეცდომის გამოსასწორებლად, შეგიძლიათ გაიმეოროთ ფრაზა (ფრაზის ნაწილი), სადაც შეცდომა დაუშვეს, მაგრამ მხოლოდ აღმავალი ინტონაციით. ამით ფრაზა შეკითხვასავით გაიჟღერებს და მოსწავლე მიხვდება, რომ დაშვებულია შეცდომა. ეს ტექნიკა სასარგებლოა, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მოსწავლეს შეუძლია შეცდომის გამოსწორება. ამ ტიპის შესწორება ძალზე ეფექტურია, მოსწავლეები დაუყოვნებლივ ხვდებიან, რა არის გამოსასწორებელი.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კომუნიკაციის არავერბალური ასპექტი დიდ  ადგილს იკავებს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთქმედების პროცესში. მათი მუშაობის ხელშესაწყობად, მასწავლებელს უნდა შეეძლოს ბავშვებთან ურთიერთობა საუბრის გარეშე, თვითონაც უნდა გაითვალისწინოს არა მხოლოდ მოსწავლის მეტყველება, არამედ მისი ყოველი ჟესტი და მზერა, ასევე მკაცრად აკონტროლოს საკუთარი არავერბალური ქცევა.

კომუნიკაციურად კომპეტენტური მასწავლებლის განკარგულებაშია არა ერთი, არამედ ორი კომუნიკაციის ენა. ამასთან, ვერბალურსა და არავერბალურს შორის ურთიერთმოქმედების საკითხები სამეცნიერო და პედაგოგიურ ლიტერატურაში ჯერ კიდევ საკმარისად შესწავლილი არ არის.

-მასწავლებლის არავერბალური კომუნიკაციის სისტემაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს სახის გამომეტყველებას, მზერას, რომლითაც შეგიძლია ნათლად გამოხატო  დამოკიდებულება მოსწავლის მიმართ. ვიზუალური ურთიერთქმედება (თვალის კონტაქტი) კომუნიკაციის პროცესის უაღრესად მნიშვნელოვანი კომპონენტია.

ადამიანი იღებს მგრძნობიარე შთაბეჭდილებების დაახლოებით 80%-ს სწორედ მხედველობის საშუალებით. თვალები ასევე ემოციის და განწყობის გამოხატვის მნიშვნელოვანი ორგანოა. თანამედროვე მონაცემებით, მზერა მაკონტროლებელი გავლენის როლს ასრულებს, რაც უკავშირდება პარტნიორის ქცევას და კომუნიკაციაში მისი ჩართულობის ხარისხს. ძალიან მნიშვნელოვანია გამოხედვის როლი რეპლიკების გაცვლაში, სადაც ის ასრულებს სიგნალის ფუნქციას, მონაწილეობს ინტიმურობის გამოხატვაში და დისტანციის დარეგულირებაში. მასწავლებლის მზერის გავლენა დამოკიდებულია საკომუნიკაციო მანძილზე. შორიდან, ზემოდან და ქვემოდან გადახედვა საშუალებას აძლევს მასწავლებელს ერთდროულად დაინახოს ყველა მოსწავლე.

ოპტიმალური პედაგოგიური კომუნიკაციისთვის მასწავლებელს უნდა შეეძლოს თავისი  ქცევის მართვა, მოსწავლის პიროვნების ადეკვატურად მოდელირება, გარეგანი ნიშნებით მისი ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება, ვერბალური და არავერბალური კონტაქტის უნარების ფლობა.

არავერბალური საშუალებები სიტყვიერი კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვანი დამატება გახლავთ. ის ბუნებრივად არის ჩაქსოვილი ინტერპერსონალური კომუნიკაციის ქსოვილში. მათი როლი განისაზღვრება არა მხოლოდ იმით, რომ ისინი აძლიერებენ მეტყველების გავლენას აუდიტორიაზე, არამედ იმითაც, რომ ისინი ეხმარებიან კომუნიკაციის მონაწილეებს ერთმანეთის განზრახვის გამოსავლენად, რაც ურთიერთობის პროცესის უფრო ღიას ხდის.

 

 

მე, მე და მე

0

კიდევ ერთხელ თვითშეფასებაზე.

გვსურს თუ არ გვსურს, ვვარაუდობთ თუ მკაფიოდ ვაცნობიერებთ, ჩვენი სამყაროს სიღრმეში ჩვენი თვითშეფასება „მდებარეობს“. ხშირად, თუ ყოველთვის არა, მიმდინარე მოვლენებს სწორედ საკუთარ თავთან ვაკავშირებთ და ვსვამთ მარტივ და ზოგჯერ გაუცნობიერებელ კითხვას: რას ამბობს ეს მოვლენა თავად ჩემზე? როგორი ადამიანი ვარ მე, ამ შემთხვევის შემდეგ?

მაშინაც კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი მოვლენა ჩვენ, როგორც შეფასების ობიექტებს, არ გვიკავშირდება, თვითშეფასება ამ შემთხვევაშიც მოქმედებს.

ბევრს გვსმენია, რომ არსებობს მაღალი და დაბალი თვითშეფასება. თუმცა, რა მოხდება, თუ თვითშეფასებას არა უძრავ, მყარ, დაბალ ან მაღალ თვითშეფასებად წარმოვიდგენთ, არამედ სხვაგვარად გავიაზრებთ?

დღესდღეობით, არსებობს თვითშეფასების ჩამოყალიბებისა და მისი მოქმედების გზების ახსნის რამდენიმე მნიშვნელოვანი, ახალი თეორია.

ერთ – ერთი მათგანი ვარაუდობს, რომ ჩვენს მეხსიერებაში არსებობს შეფასებების ჩამონათვალი, რომელიც შედგება დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებისგან. მაგალითად, თითოეული ჩვენგანის მეხსიერებაში მოცემულია ზედსართავები – კეთილი, გულისხმიერი, მზრუნველი და ბოროტი, გულგრილი, უყურადღებო. იმის მიხედვით, თუ როგორ მოვიქცევით ჩვენ ან როგორ განვითარდება მოვლენები ჩვენს ცხოვრებაში, მეხსიერებიდან სწორედ ის შეფასებები გაცოცხლდება, რომლებიც განვითარებულ მოვლენებს თუ ჩვენს ქცევებს შეესაბამება. სწორედ ამიტომ, სასურველი იქნება, ჩვენს თვითშეფასებას დროებით მაინც მივაწოდოთ ისეთი ფაქტები, რომლებიც დაგვეხმარება საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენები უფრო სწრაფად აღვიდგინოთ მეხსიერებიდან, ვიდრე – უარყოფითი წარმოდგენები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეხსიერებიდან გაცილებით მარტივი იქნება საკუთარ თავზე არსებული უარყოფითი წარმოდგენების აღდგენა, ვიდრე – დადებითის. გარდა ამისა, საკმაოდ სწრაფად გავიწვრთნებით უარყოფითი შეფასებების გახსენებაში, ვიდრე – დადებითი წარმოდგენების გახსენებაში. დროთა მანძილზე კი, მეტად და მეტად გაგვიჭირდება საკუთარ თავთან დაკავშირებული დადებითი შეფასებების მოძიებაც, რაც ჩვენს გუნება – განწყობაზე და ქმედების შესრულების უნარზე უარყოფითად აისახება.

მეორე თეორია, რომელიც თვითშეფასების მოქმედების გზებს ხსნის, საკუთარ თავზე არსებულ წარმოდგენებს შორის განსხვავების შედეგების ახსნას ცდილობს[1].

ამ თეორიის თანახმად, თვითშეფასება სამ დიდ განზომილებას შორის ურთიერთქმედების შედეგია.

თითოეული ჩვენგანი საკუთარ თავს სამი დიდი განზომილების შედარების და მათ შორის განსხვავებების განცდის საფუძველზე აფასებს.

ეს სამი განზომილებაა:

ამჟამინდელი „მე“ წარმოადგენს საკუთარ თავზე ამჟამინდელი, აწმყო და მიმდინარე მოვლენების, თუ ჩემ მიერ ამჟამად, აწმყოში განხორციელებული ქმედებების ერთობლიობას, რომელიც ამჟამინდელ „მე“ – ზე წარმოდგენებს ქმნის.

სრულყოფილი „მე“ მოიაზრებს იმედებსა და სურვილებს, მიზნებს, რომელთა მიღწევასაც ვისურვებდით, ოცნებებს და ქცევის ძირითად მამოძრავებლებს. სრულყოფილი „მე“ განგვაწყობს სასურველთან მიახლოებისკენ. ის, როგორც გზამკვლევი, გვიბიძგებს, ჩვენი ოცნებების ასრულებისთვის განსაზღვრული ქცევები განვახორციელოთ.

როდესაც ჩვენ სასურველს ვერ ვუახლოვდებით, მეტწილად, სევდას, დათრგუნვილობას და ამ ორი ემოციის მონათესავე ემოციებს განვიცდით.

„მე,“ რომელსაც პასუხისმგებლობები აქვს – მოიცავს პასუხისმგებლობებს, რომლებიც ადამიანს აქვს ირგვლივმყოფების წინაშე. გარდა ამისა, თვითშეფასების ეს განზომილება მოიცავს მოლოდინებს, როგორიცაა: რას ელიან ჩემგან, რა მევალება და რაზე ვარ პასუხისმგებელი ირგვლივმყოფების წინაშე? რამდენად ამართლებს ჩემი ქცევები სხვების მოლოდინებს? როგორი უნდა ვიყო მე სხვების აზრით?

ეს არის წარმოდგენები სრულყოფილ, უნაკლო და უზადო „მე“ – ზე.

ის, როგორც გზამკვლევი, გვიბიძგებს განრიდებისკენ და შფოთვისგან თავდაცვისკენ. მაშინ, როდესაც ჩვენ ამ განზომილებაში არსებულ რომელიმე მოლოდინს ვამართლებთ, ხშირად, ის განიცდება არა როგორც შენაძენი, არამედ – როგორც უსიამოვნო განცდებისგან განრიდება და, აქედან გამომდინარე, დამაჯილდოებელი გამოცდილება. ანუ, ადამიანი კმაყოფილია იმით, რომ უსიამოვნო ემოციების განცდის თავიდან არიდება შეძლო.

მაგალითად, როდესაც ჩვენ გავამართლეთ მშობლის მოლოდინი, მივიღოთ მაღალი შეფასება, ხშირად, ამ მოლოდინის გამართლებას არა შენაძენად აღვიქვამთ, არამედ უსიამოვნო ემოციებისგან განრიდების საშუალებად, რაც, თავის მხრივ, კმაყოფილებას აღძრავს.

ამ სამ განზომილებას შორის არსებული განსხვავებები ადამიანებს სხვადასხვაგვარად აგრძნობინებს თავს. რამდენად დიდია ჩემს ამჟამინდელ „მე“ – სა და სრულყოფილ „მე“ – ს შორის განსხვავება ან რამდენად ძლიერ განსხვავდება ამჟამინდელი „მე“ – ს მიერ შესრულებული ქმედებები და ეხმიანება თუ არა ჩემდამი მოლოდინებს? ანუ, შეესაბამება თუ არა ჩემი ქმედებები სხვების წინაშე გაშინაგნებულ პასუხისმგებლობებს?

როგორ შეიძლება აისახოს ამ სამ განზომილებას შორის განსხვავება სწავლის დროს?

სწავლა, როგორც მიღწევასთან და მოლოდინების გამართლებასთან თუ იმედგაცრუებებთან დაკავშირებული პროცესი, მჭიდროდ უკავშირდება განხილულ განზომილებებს.

სწავლა ჩვენი სურვილებისა და ოცნებების ასრულებას ისევე უკავშირდება, როგორც ირგვლივმყოფების მოლოდინებს ან სრულყოფილი ან უნაკლო „მეს“ შესახებ წარმოდგენებს.

მიღწევები თუ წარუმატებლობები, რომლებიც სწავლას ახლავს თან, აძლიერებს ან ასუსტებს არსებულ, სასურველსა და იმ სინამდვილეს შორის განსხვავებას, რომელსაც ჩვენგან ელიან.

რაც უფრო მკაფიოდაა გამოხატული ამ სამი განზომილების მიხედვით საკუთარი თავის შეფასების შედეგებს შორის განსხვავება, მით უფრო დიდია შანსი, ისეთ ემოციებს განვიცდიდე, როგორიცაა შფოთვა, დათრგუნვილობა, სევდა, ბრაზი და ა. შ. გარდა ამისა, იზრდება დაძაბულობა და სასურველთან მიახლოების სურვილი იცვლება მხოლოდ უსიამოვნოსგან განრიდების სურვილით.

 

როგორ შეგვიძლია, ვიზრუნოთ მოსწავლეების თვითშეფასების სიმყარეზე და განმტკიცებაზე?

სცადეთ, მოსწავლეებში გააღვივოთ პასუხისმგებლობის განცდა

პასუხისმგებლობის უნარი ფსიქიკური კეთილდღეობის ერთ – ერთი წინაპირობაა, რადგან ის არა მხოლოდ იმაში გვარწმუნებს, რომ შეგვიძლია, დაბრკოლებებს გავუმკლავდეთ და სხვებზე ვიზრუნოთ, არამედ, გვეხმარება ისეთი გამოცდილებებისგან განრიდებაში, რომლებიც ჩვენგან დიდ ძალისხმევას და სასიცოცხლო ძალას ითხოვენ. პასუხისმგებლობის უნარი ირგვლივმყოფებთან ხანგრძლივი, მყარი და კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარებაში გვეხმარება, რაც, თავის მხრივ, საკუთარ თავზე დადებით წარმოდგენებს აძლიერებს. ჩვენს ამჟამინდელ, წარმოსახულ და მომავალ „მე“ – ს შორის მცირდება განსხვავება, რაც ჩვენში ნაყოფიერი ქმედებების დაგეგმვის უნარსაც აძლიერებს.

ეცადეთ, მოსწავლეებს ასაკობრივი თავისებურებებისთვის შესატყვისი საზრუნავი ჰქონდეთ. მაგალითად, ოთახის მცენარეზე ზრუნვა. გარემოზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მოსწავლეებში ანგარიშვალდებულების განცდას აძლიერებს, რაც საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენების ჩამოყალიბებასაც უწყობს ხელს.

უზრუნველყავით მართვის განცდა მოსწავლეებში

მართალია, მაცდუნებელია მოსწავლეებისთვის პრობლემური ამოცანის გადაჭრის გზის შეთავაზება, თუმცა, თუ თქვენ მოსწავლეებს თავსატეხების თავად ამოხსნის უფლებას მისცემთ, მათში გაძლიერდება მართვის განცდა. მართვის განცდა ადამიანის ერთ – ერთი ძირეული მოთხოვნილებაა.

მაგალითად, თუ თქვენი მოსწავლეები ერთმანეთს მასხრად იგდებენ გაკვეთილის დროს, სცადეთ შემდეგი მიდგომა სიტყვიერი შეხსენებების ნაცვლად:

ა) ჰკითხეთ თქვენს მოსწავლეებს, ფიქრობენ თუ არა, რომ გაკვეთილის დროს ერთმანეთის მასხრად აგდება პრობლემური სიტუაციაა. იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ სიტუაციას არ აღიარებენ პრობლემურ სიტუაციად, სცადეთ, სწორედ მათი პასუხი გამოიყენოთ დისკუსიის დაწყებისთვის. მაგალითად, დაუსვით მათ კითხვა: „რატომ ფიქრობთ, რომ გაკვეთილის მანძილზე, ერთმანეთის მასხრად აგდება პრობლემური სიტუაცია არაა?,“ „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება ერთმანეთის მასხრად აგდება ხელს გვიშლიდეს?“

ბ) მას შემდეგ, რაც მოსწავლეები აღიარებენ პრობლემური სიტუაციის არსებობას და გაიაზრებენ, რატომაა კონკრეტული სიტუაცია პრობლემური, შეგიძლიათ, ჰკითხოთ: „როგორ შეგვიძლია, ამ პრობლემის მოგვარება?“

გ) სცადეთ, გამოიყენოთ პრობლემის მოგვარების ისეთი გზები, რომლებიც, წესით, გონივრულია.

ეცადეთ, მოსწავლეებს დისციპლინირებულობის წვრთნაში დაეხმაროთ – არსებობენ მოსწავლეები, რომელთაც მეტად უჭირთ იმპულსის მართვა, ვიდრე – სხვა მოსწავლეებს. როგორც წესი, დისციპლინირებულობა არათუ ახირება, არამედ საშუალებაა, ჩვენს მიზნებს გაცილებით მარტივად და დამატებითი დაბრკოლებების გარეშე მივაღწიოთ.

მოსწავლეები, რომელთაც იმპულსის მართვის სირთულე აქვთ, დიდწილად, თვითშეფასებაში საკუთარი თავის შესახებ უარყოფითი წარმოდგენების გაბატონების საფრთხის წინაშე დგანან.

ამდენად, სასწავლო წლის დასაწყისშივე, სცადეთ, მოსწავლეებთან ერთად შექმნათ წესები, რომლებიც მათ გზამკვლევად ემსახურება.

ა) სთხოვეთ მოსწავლეებს, გაგიზიარონ, კლასის მართვის რომელი წესები მიაჩნიათ მნიშვნელოვნად როგორც მოსწავლისათვის, ასევე – მასწავლებლებისთვის.

ბ) როგორ ფიქრობენ, როგორ შეუძლიათ, წესები სწრაფად დაიმახსოვრონ იმისათვის, რომ წესების შეხსენება ხშირად არ დასჭირდეთ.

გ) როგორი შედეგები მოჰყვება წესების დარღვევას.

როდესაც წესების შექმნისთვის მოსწავლეები თავად გასცემენ ძალისხმევას, ისინი მეტად ცდილობენ წესების დაცვას.

ეცადეთ, გახსოვდეთ დადებითი გამოხმაურებისა და მხარდაჭერის მნიშვნელობა

ადამიანების მეხსიერება მიდრეკილია, მოვლენები, რომელთაც ძლიერი შფოთვა, ბრაზი ან მათთან მონათესავე ემოციები ახლავს თან, გაცილებით მძაფრად დაიმახსოვროს, ვიდრე – სიხარულის ან აღტყინების აღმძვრელი მოვლენები. ამდენად, თანმიმდევრულად მიღებული გამოხმაურება ჩვენი მიღწევების თუ ძლიერი მხარეების შესახებ გვეხმარება შევამციროთ განსვლა ზემოთ აღწერილი სამი განზომილების მონაცემებს შორის და მედეგი თვითშეფასება შევქმნათ.

ამისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ რამდენიმესიტყვიანი, გამამხნევებელი კომენტარები.

თუმცა, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, მოსწავლეს არა მხოლოდ მიღწევებზე, არამედ – გასაუმჯობესებელ უნარებზე, ცოდნაში არსებულ დანაკლისებზე თუ შეცდომებზე სწორი წარმოდგენა ჰქონდეს.

ეცადეთ, მოსწავლეები შეცდომების დაშვების გარდაუვალობას შეაგუოთ.

ბევრი ადამიანი შეცდომის დაშვებაზე სხვადასხვა მიზეზის გამო ღელავს. იმისთვის, რომ მოსწავლეებს შეცდომის დაშვების შიში შეუმსუბუქდეთ, შეგიძლიათ, სასწავლო წლის დასაწყისში მათ მარტივი კითხვა დაუსვათ: „ვინ ფიქრობს, რომ წელს შეცდომებს დაუშვებს და ზოგჯერ სწავლაში დაბრკოლებებიც შეექმნება?“ კითხვის დასმისთანავე, კითხვაზე დადებითი პასუხის ნიშნად, შეგიძლიათ, ხელი თავად აწიოთ და შეცდომის დაშვება მსჯელობის საკითხად აქციოთ. დასვით კითხვა: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება შეცდომის დაშვების შიშმა ხელი შეგვიშალოს სწავლაში?“ მსჯელობის შეჯამების დროს, აუხსენით მოსწავლეებს, რომ შეცდომის დაშვების შიში ბევრ ადამიანს ეუფლება. შეგიძლიათ, მათთან ერთად, ამ შიშის მიზეზების მოკლე ჩამონათვალიც შეადგინოთ. ბოლოს კი, მოკლე სამოქმედო გეგმაც შეადგინოთ, რომელიც შემდეგ კითხვას უპასუხებს: „როგორ შეგვიძლია, გავუმკლავდეთ შეცდომის დაშვების შიშს?“

შეცდომების შიშის შესუსტებაში საკუთარ თავზე დაკვირვებაც დაგეხმარებათ. შეგიძლიათ, საკუთარ თავს რამდენიმე კითხვა დაუსვათ:

ა) შემთხვევით, მძაფრ ემოციებს ხომ არ აღძრავს ჩემში მოსწავლეების შეცდომები?

ბ) კონკრეტულად, რომელ ემოციებს აღძრავს ჩემში მოსწავლეების შეცდომები?

გ) როგორ ვეხმაურები თავად მოსწავლეებს, რომლებიც შეცდომებს უშვებენ? როგორ წინადადებებს ვიყენებ, როდესაც მოსწავლეების შეცდომებს ვეხმაურები?

დ) როგორ ვიქცევი, როდესაც კლასში მოსწავლე კითხვას მცდარ პასუხს სცემს?

სცადეთ, მოსწავლეებს შეახსენოთ ხოლმე, რომ სასწავლო მასალის ათვისებაში სირთულეები მოსალოდნელია და თქვენ მზად ხართ, მათთან ერთად გაერკვეთ და დაძლიოთ ისინი.

ისეთი ფრაზების გამოყენების ნაცვლად, როგორიცაა − „კიდევ რამდენჯერ უნდა განვმარტო ეს საკითხი?,“ „ყურადღებით მისმენდი?“ − სცადეთ, გამოიყენოთ შემდეგნაირად ჩამოყალიბებული ფრაზა: „შესაძლოა, ეს ინსტრუქცია მეტისმეტად გრძელია და გაგება გაგიჭირდა. მოდი, ვცადოთ, ერთად გავერკვეთ, რა შეგვიძლია, გავაკეთოთ ინსტრუქციის უკეთ გაგებისთვის.“

როდესაც რომელიმე მოსწავლე მცდარ პასუხს გცემთ, ეცადეთ, სწორი პასუხის ძიებაში სხვა მოსწავლეზე არ გადაინაცვლოთ და მცდარი პასუხი პრობლემის გასაცნობიერებლად გამოიყენოთ. შესთავაზეთ კლასს: „მოდით, ხელახლა განვიხილოთ ეს პრობლემური სიტუაცია.“ ამ მიდგომის გამოყენებით მოსწავლეები შეცდომის დაშვების ბუნებრიობას გაიაზრებენ. ამავდროულად, ისინი ისწავლიან, რომ დაშვებული შეცდომის აღმოჩენა და სწორი პასუხის ძებნა შეუძლიათ, განვითარების საფუძვლად აქციონ.

და მაინც…

როგორი ვარ მე, როგორც ჩემი სამყაროს შუაგული? როგორ ვუყურებ სწავლას ამ შუაგულიდან?

[1] Self-discrepancy theory, Edward Tory Higgins, 1987.

დროშების ომი

0

უკანასკნელი რამდენიმე კვირაა მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს ბელორუსში განვითარებულ მოვლენებს. სტაბილურობითა და სიმშვიდით გამორჩეული პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკა საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა. ასობით ათასი მოქალაქე ქუჩაშია გამოსული და ხელისუფლებაში ყოფნის ოცდაექვსწლიანი გამოცდილების მქონე ლიდერს, ალექსანდრე ლუკაშენკოს უპირისპირდება. ბელორუსი ორად არის გაყოფილი, ქვეყანაში ნაციონალური კონსენსუსი არ არსებობს, ოპოზიცია და ხელისუფლება ბრძოლაში განსხვავებული ფერის დროშებით არიან ჩართულნი.

ავტორიტარი მმართველის ოპონენტები, საყოველთაო სახალხო გამოსვლების მონაწილეები ბელორუსის ძველ ალამს, წითელი და თეთრი ფერებით გაწყობილ დროშას იყენებენ. აღნიშნულ სიმბოლოს საუკუნოვანი ისტორია აქვს. დაუზუსტებელი ცნობებით, პროტესტის მთავარ ნიშნად ქცეული დროშა 1910-იან წლებში ახალგაზრდა ბელორუსმა არქიტექტორმა კლაუდიუს დუჟ-დუშევსკიმ შექმნა. ნაციონალისტური განწყობების მქონე ხელოვანმა ლიეტუას დიდი სათავადოს ჰერალდიკური ნიმუშებით იხელმძღვანელა. ლიეტუას სამხედრო ძალებში გაერთიანებული ბელორუსების ფარებზე, სამოსზე, შტანდარტებზე სწორედ წითელი და თეთრი ფერი დომინირებდა. 1918 წელს ბელორუსი პატრიოტების მიერ წარმოებული მრავალწლიანი ბრძოლა ლოგიკურად დასრულდა – რუსეთსა და პოლონეთს შორის ჩამოყალიბდა ბელორუსის სახალხო რესპუბლიკა. წითელი და თეთრი ფერებით გაწყობილი ალამი კი სახალხო რესპუბლიკის ოფიციალურ დროშად გამოცხადდა. დამოუკიდებელმა სახელმწიფომ მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება, გერმანელებმა მალევე დაიპყრეს ახალგაზრდა რესპუბლიკის ტერიტორიები. მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, პირველმა რესპუბლიკამ წარუშლელი კვალი დატოვა ბელორუსთა მეხსიერებაზე, რადგან იგი გახლდათ ამ ხალხის სუვერენიტეტისა და ერთიანობის პირველი ფორმალური გამოვლინება. პოლიტიკური ემიგრაცია საბჭოთა კავშირის დანგრევამდე უფრთხილდებოდა 1918 წელს დაარსებული დღემოკლე სახელმწიფოს მემკვიდრეობას, მათ შორის ეროვნულ სიმბოლოებს. 70 წლის განმავლობაში ანტისაბჭოთა მოძრაობის ბელორუსი წევრები მთელ მსოფლიოში წითელ-თეთრი დროშით ცდილობდნენ დაპყრობილი სამშობლოს ინტერესების დაცვას.

1991 წელს ბელორუსის უზენაესმა საბჭომ ეროვნული ბაირაღის სტატუსი დაუბრუნა დუჟ-დუშევსკის მიერ შექმნილ დროშას. საბჭოთა კავშირის დაშლის პროცესისათვის წერტილის დასმისას, „ბელოვეჟის ხელშეკრულების“ გაფორმების დროს დამოუკიდებელი ბელორუსის პირველ ლიდერს, პროფესორ სტანისლავ შუშკევიჩს წინ სწორედ წითელ-თეთრი ალამი ედგა. 1991-1995 წლებში ბელორუსი დამოუკიდებელი, მრავალპარტიული, მეტ-ნაკლებად დემოკრატიული სახელმწიფო იყო. ოპოზიციურ მედიას მაუწყებლობის საშუალება ჰქონდა, ხელისუფლების ოპონენტებს ქუჩაში არ იტაცებდნენ და კლავდნენ, პრეზიდენტი დიქტატორად არ იყო ქცეული, ქვეყანა დასავლეთთან დაახლოებაზე ფიქრობდა. ხელისუფლების სათავეში ალექსანდრე ლუკაშენკოს მოსვლის პერიოდიდან პრეზიდენტის მიერ გაუქმებული ალამი ლიბერალური დემოკრატიისა და რუსეთისგან დისტანცირების სიმბოლოდ იქცა.

რატომ გააუქმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დუჟ-დუშევსკის დროშა?

ზოგიერთი ცნობებით, ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსის უზენაესი საბჭოს ის დეპუტატი იყო, რომელმაც არც სსრკ-ს დაშლას და არც დამოუკიდებლობის გამოცხადებას არ უჭერდა მხარს. მას სწამდა, რომ ბელორუსი დიდი თანამეგობრობის ნაწილი უნდა ყოფილიყო. ბუნებრივია, ყოფილი კოლმეურნე ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევდა ქვეყნის დამოკიდებულების ზრდას რუსეთზე. ლუკაშენკოს პრიორიტეტი არასდროს ყოფილა ლიბერალური დემოკრატია და პოლიტიკური თავისუფლების დაცვა. პირიქით, ისტორიკოსის დიპლომის მქონე ლიდერი ყოველთვის აღფრთოვანებული იყო სუპერსაპრეზიდენტო მმართველობის უპირატესობებით.

1994 წელს ალექსანდრე ლუკაშენკო ბელორუსის პრეზიდენტი გახდა. მალევე მან საზოგადოებას შეახსენა, რომ თეთრ-წითელ დროშას ნაცისტური ოკუპაციის პერიოდში აქტიურად იყენებდნენ ჰიტლერთან დაკავშირებული კოლაბორაციონისტები, ამიტომ გამოვიდა ინიციატივით, რომ ეროვნული დროშა შეეცვალათ. ალტერნატიულ ვარიანტად ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ბელორუსის საბჭოთა რესპუბლიკის დროშა წარადგინა, რომელზეც ნამგალისა და უროს გამოსახულება იყო წაშლილი. 1995 წლის რეფერენდუმზე მოსახლეობის უმრავლესობამ დროშის ახალ ვარიანტს მხარი დაუჭირა. მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ბოლო მეოთხედი საუკუნეა დუშ-დუშევსკის მიერ შექმნილი სიმბოლო ლუკაშენკოს ოპოზიციის მთავარ ატრიბუტად რჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ დროშების გარდა, ბელორუსები სხვა სიმბოლოების თვალსაზრისითაც არიან ერთმანეთთან დაპირისპირებულნი. ლუკაშენკოს მხარე მთავარ ეროვნულ დღესასწაულად 3 ივლისს მიიჩნევს. 1944 წლის 3 ივლისს საბჭოთა ჯარებმა გერმანელებისგან გაათავისუფლეს ქალაქი მინსკი. ოპოზიციის ლიდერები კი დამოუკიდებლობის დღეს 25 აგვისტოს აღნიშნავენ, როდესაც ბელორუსის უზენაესმა საბჭომ საბჭოთა კავშირისგან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

სანამ ქვეყანაში ელემენტარულ, გამაერთიანებელ სიმბოლოებზეც კი არ არსებობს საყოველთაო შეთანხმება, მანამ სტაბილურობას დიდი დღე არ უწერია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...