კვირა, აპრილი 19, 2026
19 აპრილი, კვირა, 2026

ქების ბნელი მხარე ანუ როგორ შევაქოთ სწორად

0

„ყოჩაღ, ძალიან კარგია“, „რა ჭკვიანი ხარ“, „ეს ყველაზე მშვენიერი ნახატია, რაც კი მინახავს“, – ამ და სხვა საქებარ სიტყვებს ხშირად ვიყენებთ. ვაქებთ შვილებს, მოსწავლეებს და მიგვაჩნია, რომ ამით მათ მოტივაციას და თვითშეფასებას ვუმაღლებთ, ვეხმარებით, შემდგომში უკეთ წარმოაჩინონ თავიანთი შესაძლებლობები და აკადემიურ წარმატებას  მიაღწიონ. ქება, რომელიც ყველა ბავშვისთვის სასიამოვნო სოციალური სტიმულია, შესაძლოა, მავნე ფსიქოლოგიურ აბებად იქცეს და ჩვენი მოლოდინის საპირისპირო შედეგი გამოიღოს.

მაინც როგორი ქება ვნებს ბავშვს? – გადაჭარბებული, არარელევანტური, არასწორად ფორმულირებული და არაგულწრფელი. არასწორი ქების დროს აქცენტირებულია პიროვნება („ძალიან ჭკვიანი ხარ“), შეფასება გაზვიადებულია („მეორე პიკასო ხარ“), ქება ორიენტირებულია შედეგზე, ზოგადია და ხშირად არაგულწრფელი („შეუდარებელი ნამუშევარია“).

კვლევები მოწმობს, რომ ქება დადებითად მოქმედებს ბავშვზე, მის ფსიქოლოგიურ ფუნქციონირებაზე, მაგრამ არა ყოველთვის. უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის ფორმასა და შინაარსს. სტენფორდის უახლესი კვლევის თანახმად, ბავშვის განვითარებაზე ქება მაშინ ახდენს დადებით გავლენას, როდესაც ხაზს უსვამს ძალისხმევას და არა ნიჭს. მოტივაციის ამაღლებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში ემსახურება, როდესაც ემყარება რეალურ მიღწევას და არა ყალბ შეფასებას. სიყალბეს ბავშვები გრძნობენ, ეს კი თვითშეფასებისა და მოტივაციის დაქვეითების საფრთხეს ქმნის. საინტერესოა, რომ გულწრფელმა, მაგრამ პიროვნულ მახასიათებლებზე აქცენტირებულმა ქებამაც შეიძლება ასეთივე შედეგი გამოიღოს. პიროვნებაზე ცენტრირებული ქების დროს („ძალიან ნიჭიერი ხარ“) ბავშვის ყურადღება „მე“-სკენ მიემართება და როდესაც ის რიმე საქმიანობაში მარცხს განიცდის, ამ წარუმატებლობასაც საკუთარ „მეს“ მიაწერს („მე უნიჭო ვარ“), ნაცვლად კონკრეტული ქმედებისა („ნაკლები ძალისხმევა გამოვიჩინე“). დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებს კი ქებისას პიროვნული მახასიათებლების ხაზგასმა კიდევ უფრო უქვეითებს თვითშეფასებას და თვითრწმენას.

რა შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებულმა, ყალბმა, უშინაარსო და მხოლოდ ნიჭსა და პიროვნებაზე აქცენტირებულმა ქებამ?

* არაადეკვატურობის განცდა. ბავშვებს არასწორი წარმოდგენა უყალიბდებათ საკუთარ თავზე. სინამდვილეში ისინი არასოდეს არიან საკუთარი თავით კმაყოფილი, რადგან ქება, რომელსაც იღებენ, ცარიელი და ყალბია. საბოლოოდ კი მათ შეცდომის შიში უჩნდებათ.

* ნარცისიზმი. ნარცისული განწყობები ბავშვს ხელს უშლის სხვისი წარმატებების დანახვასა და აღიარებაში და ის საკუთარ თავზე ცენტრირებულ, მუდმივად პერსონალურ წარმატებებზე მეოცნებე ადამიანად ყალიბდება.

* იმედგაცრუება. სახლის ან საკლასო ოთახის გარეთ ბავშვი, შესაძლოა, არავინ შეაქოს ისე მგზნებარედ, როგორს მიჩვეულია. ამ შემთხვევაში იმედგაცრუება გარდაუვალია. რეალური სამყაროს გამოწვევებს ბავშვი მოუმზადებელი ხვდება.

* მოტივაციის დაქვეითება. კოლუმბიისა და სტენფორდის უნივერსიტეტების კვლევათა მიხედვით, ბავშვების ქება მათი ინტელექტის ან შესრულებული სამუშაოს შედეგის გამო მხოლოდ მცირე ხნით ცვლის სწავლის ხარისხს. რეალურად ის ამცირებს გამოწვევებისადმი ბავშვის მდგრადობას და ცვლილებების სურვილს.

* ქებაზე დამოკიდებულება. ამ დროს უპირატესი განცდა არა პროცესით, არამედ ქებით მოგვრილი სიამოვნებაა და მთელ აქტივობასაც ეს დამოკიდებულება განაპირობებს და არა შინაგანი მოტივაცია.

* შეჯიბრებითობის გადაჭარბებული განცდა. ბავშვს იმდენჯერ აქვს მოსმენილი ქება, რომ აღიარების მუდმივი დეკლარირება სჭირდება საკუთარი „მე“-ს ხატის გასაძლიერებლად. ამავე დროს, ის სხვისი შესაძლებლობებისა და მიღწევების დაკნინებით თავს უკეთ გრძნობს.

* აღიარების მუდმივი მოთხოვნა და მოლოდინი. ყოველი სამუშაოს დასრულების შემდეგ ბავშვი ელის ან ითხოვს აღიარებას და ქებას, რომლის გარეშეც ის კმაყოფილებას ვერ გრძნობს.

* ცვლილებების სურვილის უქონლობა. არარეალური და ყალბი „მე“-ს ხატის რღვევის შიშით ბავშვი გამოწვევებს და ცვლილებებს თავს არიდებს.

* სასკოლო მოსწრების დაქვეითება. „სოციალური და კლინიკური ფსიქოლოგიის ჟურნალის“ თანახმად, როდესაც მკვლევრებმა სცადეს დაბალი მოსწრების მქონე მოაწავლეთა შედეგების გაუმჯობესება და მათ აჩვენეს დადებითი კომენტარები, რაც მათი თვითშეფასების ამაღლებას ისახავდა მიზნად, შედეგები გაუარესდა.

* სირცხვილის განცდა და დაბალი თვითშეფასება. როდესაც დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვის ქებისას მის პიროვნულ შტრიხებს ვუსვამთ ხაზს („რა არაჩვეულებრივი, რა გასაოცარი ხარ“) და არა მის ძალისხმევასა და სიმტკიცეს, ამას ის ნაკლები ემოციით ხვდება. დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვები ასეთმა ქებამ შესაძლოა უფრო მეტად დაამორცხვოს და თვითშეფასება უფრო მეტად დაუქვეითოს. მსგავსი შეფასება მაღალ სტანდარტებს და მოლოდინებს უწესებს ბავშვს, რის გამოც ის შფოთავს და მოტივაციას კარგავს.

 

როგორ შევაქოთ ბავშვი სწორად?

* მეტად დააკონკრეტეთ აზრი და გამოიყენეთ აღწერითი უკუკავშირი. მაგალითად, „კარგია“, „არაჩვეულებრივია“ ვერ ეხმარება ბავშვს იმის გაცნობიერებაში, სახელდობრ რა გააკეთა კარგად. ამ სიტყვებს დაამატეთ „რადგან“ და შემდეგ დააზუსტეთ, კერძოდ, რა მოგეწონათ („ძალიან კარგია, რადგან ყველა მითითება წაიკითხე და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე წერა“).

* ეცადეთ, სათქმელი მოკლედ თქვათ. სიტყვამრავალი ქება მოტივაციას ვერ ამაღლებს. პირიქით, შესაძლოა მრავალსიტყვაობამ ქებას ძალა დაუკარგოს კიდეც. სამაგიეროდ, სწორად ნათქვამ ერთ წინადადებასაც კი შეუძლია მოტივაციის ამაღლება.

* იყავით გულწრფელი. ბავშვები გრძნობენ სიყალბეს. შეუქეთ მხოლოდ ის, რაც ნამდვილად საქებარია.

* გამოიყენეთ „მე“: „[მე] ძალიან მეამაყება, რომ დავალება ბოლომდე შეასრულე“, „[მე] გამიხარდა, რომ მეგობარს სათამაშო ათხოვე…“

* დაუსვით კითხვა. ქების ნაცვლად შეგიძლიათ ჰკითხოთ, რას ფიქრობს თავად, რას გრძნობდა, როდესაც ამას აკეთებდა. მაგალითად, ასე: „როგორ მოახერხე ბალანსის შენარჩუნება და ველოსიპედის ისე ტარება, რომ არ წაქცეულიყავი?“; „როგორ მოიქეცი, რომ სწორი პასუხი მიგეღო?“

* შეაქეთ ქცევა და არა პიროვნება. ხაზი გაუსვით ბავშვის ძალისხმევას და არა მის ნიჭს („ვხედავ,სირთულემ ვერ შეგაშინა, არ დანებდი და ბოლომდე შეასრულე დავალება“).

* შეუქეთ ის, რაც ბავშვის კონტროლს ექვემდებარება. მისი ძალისხმევა ნამდვილად მის ხელთაა, რაც ავტონომიურობის განცდას განუმტკიცებს.

* უფრთხილდით ქების გაუფასურებას. გაუფასურებული ქება, ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ხელს უწყობს „ქების ადიქციის“ ფორმირებას – ამ დროს ბავშვი იმპულსურად ახორციელებს კონკრეტულ ქცევას, რათა ქება მიიღოს.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა ქება, არამედ ის, რომ ჩვენმა შვილებმა და მოსწავლეებმა თავი ბედნიერად იგრძნონ. აქტივობას, რომელშიც ჩართულები არიან, მათთვის კმაყოფილების განცდა მოჰქონდეს, ჰქონდეთ მაღალი მოტივაცია, შეეგებონ სხვადასხვა სირთულის გამოწვევებს, გამოიჩინონ სიმტკიცე და ძალისხმევა და იგრძნონ პროცესით მოგვრილი სიამოვნება, ნაცვლად შედეგის მოლოდინით გამოწვეული შფოთვისა. ამისთვის გადაჭარბებული ქება უსარგებლოა. ცოტაოდენი წინდახედულება და შემოქმედებითობა დაგვეხმარება, თავი ავარიდოთ ქების ბნელ მხარეს და ვიპოვოთ ის ერთი სიტყვა, რომელიც ბავშვს შინაგან მოტივაციას გაუღვიძებს და სხვადასხვა აქტივობით სიამოვნების მიღებაში დაეხმარება. ამ შემთხვევაში ის წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

Dweck, S. C. (1999). Caution – Praise Can Be Dangerous. American Educator https://www.aft.org/sites/default/files/periodicals/PraiseSpring99.pdf (6.11.20)

Smith, F. (2018, March) The effects of Praise on Young People. Psychology Postgraduate Affairs Group https://www.psypag.co.uk/wp-content/uploads/2013/06/PsyPag-106-final-proof.pdf#page=16 (6.11.20)

Brummelan, E., Thomaes, S., Nelemans A. S. et al. (2015, March) Origins of Narcissism in Children. Proceedings of the National Academy of Sciences https://www.pnas.org/content/112/12/3659 (6.11.20)

Firestone, l. (2013, Dec. 10) Are We Overpraisinig Our Children? Psychology Today https://www.psychologytoday.com/us/blog/compassion-matters/201312/are-we-    overpraising-our-children (6.11.2020)

Shaw, M. (2011). Good! Great! Terrific! Examining the Overuse of Praising Children https://open-circle.org/images/pdf/OpenCirclePraise.pdf (6.11.20)

Brummelman, E., Thomaes, S., Bushman, B. et al., (2014) On feeding Those Hungry for Praise: Person Praise Backfires in Chidren With Low S elf-Esteem. Journal of Experimental Psychology: General https://www.apa.org/pubs/journals/releases/xge-a0031917.pdf (6.11.20)

Underwood, L. P. (2020, Aug. 13). Are You Overpraising Your Child ? The New York Times https://www.nytimes.com/2020/08/13/parenting/praising-children.html (6.11.20)

Borba, M. (2013, March. 13) Dangers of Over-Praising Kids. https://micheleborba.com/are-you-a-praise-aholic/ (6.11.20)

პანდემიის გაკვეთილები

0

პანდემია დაიწყო თუ არა, იმთავითვე ცხადი გახდა, რომ წინ ხანგრძლივი და დამღლელი პერიოდი გველოდა. შიშის, მარტოობის, უსუსურობის და გაურკვევლობის, ახალი ჩვევების გამომუშავების და ძველი ჩვევების მონატრების დღეები, თვეები, ვინ იცის, წლებიც. ცხადი გახდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ცხოვრება, სანამ ამ ყველაფერს უკან არ მოვიტოვებდით, თუმცა პანდემიაზე საუბარი ალბათ არც წარსულ დროში იქნება ადვილი.

პირველი დღეებიდანვე, საგანგებო რეჟიმსა და ონლაინ გაკვეთილებში ჩართული, ვფიქრობდი, რომ კარგი იქნებოდა, ამ ცუდი გაკვეთილიდან კარგი გაკვეთილი მიგვეღო, დავფიქრებულიყავით იმაზე, რაზე საფიქრალადაც მანამდე ვერ ვიცლიდით, დაგვენახა, ვისაც ვერ ვამჩნევდით და გამოგვესწორებინა შეცდომები, რომელთა დაშვებითაც, გვეგონა, არაფერს დავაშავებდით. ახლა, როცა უკვე მეორე სასწავლო წელი დაიწყო და ჩვენ ისევ ეკრანებთან ვართ, მეტია სევდა და ნაკლები – იმედი, რომ პანდემიისგან რამე ვისწავლეთ ან ვისწავლით.

თუკი რამ შეგვეძლო დაგვენახა ამ ვერაგი ვირუსის წყალობით, საზოგადოებისთვის ერთი, ცალკე აღებული ადამიანის მნიშვნელობაა. ის, რომ ერთი შეცდომა, ერთი უპასუხისმგებლობა დომინოს ეფექტს იწვევს და ბევრ სხვა რამეზე ახდენს გავლენას. შეგვეძლო, ისევ გვერწმუნა, რომ ერთ ადამიანსაც შეუძლია, რამე მნიშვნელოვანი გააკეთოს საზოგადოებისთვის და ყველას ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენ-ჩვენი გზა გვაქვს, განურჩევლად იმისა, როგორ იქცევიან სხვები.

პანდემიამ აშკარა გახადა ისიც, რომ სისტემების არარსებობა სწორედ ინდივიდებს იწირავს და სისტემა, რომელიც ინდივიდებს ვერ ხედავს, ცენტრალიზებულად მოქმედებს და ყველას ერთნაირად უდგება, ცუდი სისტემაა. ინდივიდუალური მიდგომა ახლა ალბათ საუკეთესო გზაა იზოლაციის, შიშის, უსუსურობის განცდის ტყვეობაში დიდხანს ყოფნის მავნე შედეგების შესამცირებლად – თუ გვინდა, ჯანსაღი ფსიქიკით დავაღწიოთ თავი ამ პერიოდს, კონკრეტული მოცემულობიდან ყველაზე უმტკივნეულო გამოსავლის პოვნა უნდა შევძლოთ.

სკოლები ალბათ საუკეთესო ილუსტრაციაა იმისა, რა დიდი მნიშვნელობა აქვს თითოეულ ადამიანს და რა საზიანოა ცენტრალიზებულად მოქმედი სისტემა. დღეს, თუკი განათლების სისტემას რამე აცოცხლებს, ცალკეული მასწავლებლების ცოდნა, ენთუზიაზმი და მონდომებაა, ნებისმიერ ვითარებაში იყვნენ ბავშვების გვერდით, გაამხნევონ, ასწავლონ და აუხსნან, მოუსმინონ და დააკვირდნენ. თუკი რამე გვაზიანებს, სისტემაა, რომელიც ერთნაირად ელაპარაკება, მაგალითად, ყველა დიდ ქალაქში მდებარე ყველა სკოლას, ყველა კლასის ყველა მოსწავლეს, ყველა მასწავლებელს ასაკის, გამოცდილებისა და უნარების მიუხედავად, მათ მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს ისე, რომ არ უსმენს, არ ეკითხება, არ სწავლობს მათ საჭიროებებს და არ ცდილობს დაეხმაროს, გააძლიეროს, ანუგეშოს.

გაზაფხულზევე ჩანდა, რომ შემოდგომა და ზამთარი მძიმე იქნებოდა. სასწავლო წლის პირველმა დღეებმა ამაში უფრო მეტად დაგვარწმუნა. ერთი მხრივ, გვესმის საუბარი ამ ხნის განმავლობაში მიღებულ გამოცდილებაზე, მეორე მხრივ, ამავე პერიოდში მიღებული საკუთარი გამოცდილება გვეუბნება, რომ იზოლაცია საშიშია, ბავშვებს კომუნიკაცია სჭირდებათ, თანამედროვე სამყაროში განათლების მრავალი გზა არსებობს და სკოლის კლასიკური მოდელი შესაძლოა არც კი იყოს მათ შორის საუკეთესო, მაგრამ სოციალური უნარების განვითარებისთვის

მნიშვნელოვანია სხვებთან ურთიერთობა, შენნაირებსა და შენგან განსხვავებულებთან თანაცხოვრების სწავლა და თუ ეს ადრეულ ასაკში არ მოახერხე, მერე უფრო და უფრო რთულდება. ამავე გამოცდილების მიხედვით, სასწავლო პროცესში მშობლების ჩართულობა პრინციპულად მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა ოჯახებსა და სკოლებს შორის – აუცილებელი და ჩვენი სასწავლო პროგრამები ტექნოლოგიებთან ერთად გაზრდილი ბავშვებისთვის ხშირად მოძველებული და სრულიად უინტერესოა. მეტი ავტონომია განსაკუთრებულ ვითარებაში ყველას სჭირდება – სკოლებსაც და ოჯახებსაც. შეუძლებელია, ერთ თარგზე მოჭრილი სწავლება ყველასთვის ეფექტური იყოს.

ამ მძიმე შემოდგომას და ზამთარს თუკი რამე შეგვიმსუბუქებს, ალბათ ცალკეული ადამიანების ინიციატივები იქნება, იმის შესახებ, როგორ გადავრჩეთ, ვისწავლოთ, ვასწავლოთ, დავეხმაროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. მე და ჩემი შვილების მეგობრების მშობლები კვირაში ერთ დღეს ერთმანეთის ბავშვებს ვიტოვებთ ხოლმე, ერთმანეთს საქმე რომ შევუმსუბუქოთ. ხანაც რომელიმე ჩვენგანის სახლში ვიკრიბებით, დიდები ვმუშაობთ, პატარები კი თამაშობენ. ერთი შეხედვით, დიდი არაფერი, მაგრამ მაინც შვებაა. სხვები ჯგუფებს ქმნიან, სადაც ონლაინსწავლების მეთოდებს და გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს. ვიღაც სასწავლო რესურსებს აქართულებს და თავისუფლად ავრცელებს, სხვა ქმნის და ასე. ზოგჯერ ისიც საქმეა, რომ ვიღაც გისმენს, ვიღაც გხედავს, ვიღაც გეუბნება, რომ იცის, რასაც გრძნობ. სანამ შევძლებთ, სისტემამ ცალ-ცალკე აღგვიქვას, სანამ ერთი ხელის მოსმით იხსნება და იხურება ყველა სკოლა, სანამ სისტემის მიღმა ცხოვრება არ შეგვიძლია, ისღა დაგვრჩენია, საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე ვიფიქროთ და ვიმუშაოთ. იქნებ უკეთესი მიკროსისტემებიც კი შევქმნათ. შესაძლოა, ესეც არ იყოს ცუდი გაკვეთილი.

„კაცია და გუნება…“

0

ამქვეყნად სამი ტიპის ადამიანები არსებობენ. ზოგიერთები გარეგნობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ და სალონიდან სალონში ისტერიულად დარბიან. იგრძელებენ თმებს, იკეთებენ ხელოვნურ წამწამებს, სახეში ნემსებს იკეთებენ და სხვადასხვა ადგილს ისე იდიდებენ, რომ ზოგჯერ ნამეტანი მოსდით.

სხვები, ასევე აქცევენ გარეგნობას ყურადღებას, მაგრამ უფრო ზომიერად, როგორც კახეთში იტყვიან „მძიმე-მძიმედ“. ზოგი კი საერთოდ არაფერზე დარდობს და შეუძლია გარეთ სულაც თმადაუვარცხნელი გამოვიდეს.

ეს თავის დროზე ეტყობა კოკო შანელმაც შეამჩნია და დაასკვნა – 20 წლის ქალს ღმერთისგან ბოძებული სახე აქვს, 40 წლისას კი აქვს ის, რაც დაიმსახურაო.

სამივე ტიპის ადამიანი თავისებურად მართალია და სწორედ ისე ცხოვრობს, როგორც ეგუნებება.

ვაჰ, ძალაა?… კაცია და გუნება…

თუმცა, სიბერისგან გაქცევის მცდელობა არც კოკო შანელის დროიდან მოდის და არც მხოლოდ ჩვენი დროის საზრუნავია.

სილამაზეზე ფიქრი ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტეში ქემეიას მიმდევარი ქურუმების დროს იწყება. სწორედ ისინი ამზადებდნენ ამ მხარეში ერთ-ერთ პირველ ნელსაცხებლებს, რათა იქაურ ლამაზმანებს სახეზე წაეცხოთ.

იმავე დროს, ძველ ეგვიპტეში თეთრი ქათქათა კბილები ასევე სილამაზის ეტალონად ითვლებოდა. ეს პრობლემა დღესაც მკვეთრად დგას და გამოსავალი სტომატოლოგების მიერ შეთავაზებული ვინილები, ცირკონები და ათასი სხვა თანამედროვე მასალაა, რომელიც არნახული წამებით მაგრდება პირის ღრუში. თუმცა, თანამედროვე გაუტკივარების ტექნოლოგია ამ წამებას ფაქტობრივად შეუმჩნეველს ხდის და თუ ექიმს თან ხუმარა და მოხითხითე დამხმარეც ჰყავს, სულ სიცილ-კისკისით მოირგებთ ახალ კბილებს. თუმცა, ეს ყველაფერი უძვირესი პროცედურებია და სჯობს, კბილებს ბავშვობიდან გავუფრთხილდეთ.

აი, ძველ ეგვიპტეში კი საქმე უფრო მარტივად იყო და ჯანსაღი, თეთრი კბილებისთვის დაფქულ თაგუნებს იყენებდნენ. დიახ, თაგვებს კლავდნენ, ახმობდნენ და ფქვავდნენ. მერე რა, რომ ასეთი ადამიანი სულ მალე სეფსისით ან სხვა ინფექციით იღუპებოდა, სამაგიეროდ, თეთრი კბილები ჰქონდა. ექიმები, კი გავრცელებულ დაავადებებს თაგვებს კი არა, ადამიანების სუსტ ჯანმრთელობას აბრალებდნენ.

ძველი რომაელები ამავე მიზნებისთვის საკუთარი შარდის გამოვლებასაც არ ერიდებოდნენ. შარდს ჯერ დააძველებდნენ, შემდეგ პირში ივლებდნენ. ასეთ შარდში ამიაკი გამოიყოფოდა, რომელიც მართლაც ათეთრებდა კბილებს.

მეშვიდე საუკუნიდან მოყოლებული, წლების განმავლობაში სახის კრემის ნაცვლად ტყვიის აცეტატს იყენებდნენ. მისგან ჯაბირ იბნ ჰაიამი მათეთრებელს ამზადებდა და ეს რეცეპტი ჯვაროსნული ომების შედეგად ევროპაშიც გავრცელდა. როცა ტყვია მოდიდან გადავიდა, მეცხრამეტე საუკუნეში კანის მოვლის ახალი საშუალება გამოჩნდა – დარიშხანი. კანს მოცისფრო ელფერს აძლევდა და აქედან წამოვიდა გამოთქმა – „ცისფერსისხლიანი“. თუმცა, დარიშხანი კლავდა. ვინმე ექიმ მაკენზის, დარიშხანით სახის ლოსიონი და კრემიც კი დაუმზადებია. ამ ნელსაცხებელსაც ისვამდნენ და სუფთა სახითაც სვამდნენ სისხლის გასაუმჯობესებლად… მცირე დოზებით იწყებდნენ და რაოდენობას ზრდიდნენ. შხამი ორგანიზმში გროვდებოდა და ერთ დღესაც თავის სიტყვას ამბობდა.

შემდეგ, დაბერების საწინააღმდეგოდ ნელსაცხებლებთან ერთად სახესა და მკერდში ინექციების კეთება დაიწყეს. თავიდან ამისთვის პაციენტებისვე ცხიმს იყენებდნენ. სამწუხაროდ, ის მალევე გაიწოვებოდა და ამიტომ პარაფინის გამოყენებას მიჰყვეს ხელი.

გამლღვალ პარაფინს ქალბატონებს სახეში ნაოჭების ადგილას უკეთებდნენ ნემსის სახით. ასევე სხვადასხვა ადგილების გასადიდებლადაც იყენებდნენ. პარაფინი კანქვეშ მძიმე მასად მყარდებოდა და გუსაძლის ტკივილს იწვევდა. ზოგჯერ სიბრმავესაც… მოგვიანებით, ვაზელინის ზეთის გამოყენება დაიწყეს. თუმცა, ცოტა ხანში ინექციის ადგილას შეუხორცებელი ჭრილობები ჩნდებოდა.

ჰკითხეთ მოსწავლეებს, რას ამზადებენ პარაფინისგან? დიახ, სანთლებს. პარაფინი მყარი ალკანების ნარევია (C13-C35). ხშირად, ნაჯერ ნახშირწყალბადებს, ანუ ალკანებს პარაფინებსაც უწოდებენ.

მაშ ასე, პარაფინები ნახშირწყალბადებია (ალკანები). მათ ჰომოლოგიურ რიგში ნახშირბადატომთა რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება დნობის, დუღილის ტემპერატურა და სიმკვრივე. ჩვეულებრივ პირობებში ამ რიგის პირველი ოთხი წევრი აირია – სითხეები C15H32–ის ჩათვლით, უმაღლესი წევრები კი მყარი ნივთიერებებია. სხვათა შორის, თუ ცხიმოვან მჟავას კარბოქსილის ჯგუფს ჩამოვაცილებთ, ერთ-ერთი პარაფინი შეგვრჩება ხელში.

როგორ დავრწმუნდეთ, რომ პარაფინი ნახშირბადისა და წყალბადის ატომებისგან შედგება.

ჩავატაროთ ცდა:

სინჯარაში მოვათავსოთ პარაფინის ნაჭერი, ბამბა და უწყლო თეთრი ფერის შაბიამანი. ჭიქაში კირიანი წყალი ჩავასხათ. სინჯარა გავახუროთ. რეაქციის შედეგად CuSO4 წყლის მოლეკულებს დაუკავშირდება და ცისფერი კრისტალჰიდრატი მიიღება. კირიანი წყალი კი ნახშირორჟანგის გამოყოფის გამო შეიმღვრევა. წარმოიქმნება ნალექი – კალციუმის კარბონატი.

CO2-ის გამოყოფა ამტკიცებს ნაერთში ნახშირბადის ატომების არსებობას. H2O-კი წყალბადის ატომების არსებობას.

რაც შეეხება ვაზელინს, ნავთობის გამოხდის პროცესში სარექტიფიკაციო სვეტში სამას გრადუსზე მაღალ ტემპერატურაზე გამოხდით ნავთობის პროდუქტები იშლება, ამიტომ ამ პროცესს შემცირებული წნევის პირობებში (ვაკუუმში) აწარმოებენ. ამგვარი გამოხდით მაზუთიდან სხვა პროდუქტებთან ერთად ვაზელინი მიიღება, რომელიც მყარი და თხევადი ნახშირწყალბადების ნარევია.

ნემსების კეთება მეოცე საუკუნეშიც გაგრძელდა… ბოტოქსით.

ბოტოქსი ცილების კომპლექსია, რომლის შემადგენლობაშიც შედის ნეიროტოქსინი A. ფიზიოლოგიურ პირობებში იგი იშლება და ბოტულინის ტოქსინს გამოათავისუფლებს. მოქმედების პირველ ეტაპზე ტოქსინი პრესინაფსური მემბრანის მოლეკულებს უკავშირდება (ამას 30 წუთი სჭირდება), მეორე ეტაპზე ციტოზოლში გადადის, მესამე ეტაპზე გამოყოფილი აცეტილქოლინის ბლოკირებას ახდენს. პროცესის შედეგი კი მიმიკური კუნთების გათიშვაა. არ არის მიმიკა – არ არის ნაოჭი; არ არის ნაოჭი – არ არის სიბერე! აი ასე, მარტივად და სწრაფად. თუმცა, მოდი, გვერდითი მოვლენების შესახებაც ვიკითხოთ: მიკროჰემატომები, ტკივილის შეგრძნება ინექციის ადგილებში, საერთო სისუსტე, იშვიათად, თვალის ირგვლივი ნაოჭების საწინააღმდეგო ინექციების დროს – ცრემლდენა, გართულებები თვალის მიდამოში. ყოველ შემთხვევაში, ამერიკის დერმატოლოგთა აკადემიის მონაცემებით ასეა.

დღეს ნემსებს ისევ იკეთებენ, ოღონდ სხვადასხვა ფილერებს, ანუ შემავსებლებს ხმარობენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ინექცია ჰიალურონის მჟავით არის, რომელიც სინამდვილეში გლიკოზამინოგლიკანია (ჰეტეროპოლისაქარიდი) და მჟავას იმიტომ უწოდებენ, რომ D-გლუკორონმჟავას და N-აცეტილგლუკოზამინს შეიცავს. შემაერთებელ ქსოვილში ჰიალურონმჟავა უჯრედშორისი ნივთიერების ძირითადი კომპონენტია. დიდი რაოდენობით წყლის შეკავშირება შეუძლია, რის შედეგადაც უჯრედშორისი ნივთიერების სიბლანტე მატულობს და ჟელესმაგვარი მატრიქსის სახეს იღებს.

1930 წელს ამერიკის პრესაში რეკლამა გამოჩნდა.

  • ლამაზი ხარ? არა? მაშინ ჩვენ ერთ საოცარ ამბავს შეგთავაზებთო…

ეს საოცრება კი რადიოაქტიური კოსმეტიკა გახლდათ. თორიუმის და რადიუმის ქლორიდებისგან დამზადებული ნელსაცხებლები უნივერსალურ საშუალებად ითვლებოდა ნაოჭების საწინააღმდეგოდ. ნახშიროორჟანგის აიროვან აბაზანებს კი ჭორფლის მოსაცილებლად იყენებდნენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

21-ე საუკუნეში ყველა მეთოდი უფრო და უფრო უსაფრთხო და დახვეწილია და თუ ადამიანს საშუალებაც აქვს, თავს უეჭველად უნდა მოუაროს. თუმცა… სარკეში ჩახედვისას სახეზე თუ მაინც ნაოჭებს დავითვლით, ესეც უნდა მივიღოთ, რადგან…

„…ჩემო თავო, რაც ხარ ეს ხარ…

ვერ გადახვალ ბუნებას,

ზოგი გმტრობს და ზოგს უყვარხარ,

კაცია და გ.უნებ“. (შოთა ნიშნიანიძე)

 

 

 

 შეკითხვების დასმა და  ტექსტის გააზრება

0

„ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე, ოდეს გაიპარა“

კითხვა – რატომ? – როგორც უსასრულო ფიქრის დასაწყისი

მაღალი კლასის მოსწავლეთათვის „ვეფხისტყაოსნის“ რამდენიმე თავი უკვე ნაცნობია, გნებავთ ნასწავლი, თუმცა მაინც უძნელდებათ ტექსტის იდეური გზავნილის – „ავთანდილის ანდერძის“ – გააზრება. მიუხედავად იმისა, რომ წინარე ცოდნა მეტ-ნაკლებად აქვთ, თან არსებობს ტექსტის სხვადასხვა გამოცემები, რომლებიც მოსწავლეებს შინაარსის უკეთ გაგებაში ეხმარება, ნაწარმოების ინდივიდუალური გააზრება  მთელ რიგ სირთულეებთან არის დაკავშირებული. რა დასამალია, რომ მასწავლებლებიც ძნელად შეელევიან კორიფეთა ნააზრევს. არაა ადვილი, შენეული ხედვით „გასინჯო“ ის, რასაც რუსთველოლოგია, როგორც მეცნიერება, დღემდე შეისწავლის. ვინაიდან  სწავლების თანამედროვე მიდგომები და მაღალი სააზროვნო უნარები შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული, პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა იყოს ამგვარი აზროვნების მაგალითი. სხვაგვარად ვერც დააინტერესებს და ვერც დაარწმუნებს მოსწავლეებს, რომ მათაც შეუძლიათ საკუთარი აზრის თამამად გამოთქმა. ამ ურთულეს საქმეს გონებით, სიახლეების ძიებით უნდა მივუდგეთ და არა მხოლოდ აღიარებული ინტერპრეტაციებით.

   ტექსტის აღქმისა და გააზრების პროცესი წარმოუდგენელია შეკითხვების გარეშე. ამისათვის კი შეკითხვებს – რას და ვისთვის აკეთებს ავთანდილი? რას ამბობს? რას ელოდება? – უნდა შევუნაცვლოთ: რატომ ამბობს? რატომ მიდის? რატომ  არ ეშინია სიკვდილის და ა. შ.

  • რატომ ითხოვს ავთანდილი მეფისაგან შენდობას?
  • რატომ არის დარწმუნებული, რომ ამგვარი წერილით შეიძლება როსტევანის მოსალოდნელი „ქმედებების“ თავიდან არიდება?

ზეციური და მიწიერი მეუფების წინაშე („ორთა მათ ჩვენთა უფალთა“) ავთანდილი იაზრებს მიწიერი მეუფის, როგორც ზეციურისგან ხელდასხმულის როლს და ამით როსტევანის არა მარტო მიწიერ ძალაუფლებას, არამედ ზეციურთან წილნაყარობას ადასტურებს. სავარაუდოდ, სამყაროს ჰარმონიულ განვითარებაში პიროვნების როლის განუზომლობის მიუხედავად, ავთანდილს მეფისადმი, მისი კანონებისადმი მორჩილება არანაკლებ საგულისხმო-პატივსაცემად მიაჩნია. „ძებნად ჩემგან საძებრისად“ – ამით ავთანდილი ერთი კონკრეტული ადამიანის ნება-მოვალეობას წამოსწევს წინა პლანზე და, ფაქტობრივად, შეახსენებს მეფეს, რომ ზეციური მეუფისათვის ადამიანი უფლის ხატია. მას აქვს მიწაზე ღვთაებრივი როლის შესრულების უფლება, რამეთუ, სამყაროში ღმერთსა (ასევე მიწიერ მეფეს) და ადამიანს თავ-თავისი მისია აკისრიათ. კაცობრიობის გონებრივი  და ესთეტური განვითარება მხოლოდ მეფეებზე არ ყოფილა დამოკიდებული. მეტიც, მეფეს მამობრივი როლი უნდა შეესრულებინა ერთან დამოკიდებულებაში და ეს სულიერებაზე ზრუნვასაც მოიაზრებდა. საინტერესოა, რომ ავთანდილის ღვთაებრივი ნების „ობიექტი“, ანუ ტარიელი შეფარულადაა მის მიერვე გაცხადებული. რატომ? ძნელია, რუსთაველის დიდოსტატობას ახსნა გავუბედოთ და ჩვენი ვერსიის ნამდვილობა დაბეჯითებით ვამტკიცოთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ესეც მიზანმიმართული მხატვრულობაა – კონკრეტულ სახელებს არა აქვს მნიშვნელობა, თუ ადამიანის (სრულქმნილ ადამიანს ვგულისხმობ) დახმარებაა აუცილებელი, ე. ი., ასეც უნდა მოხდეს.  ვერ უარვყოფთ იმასაც, რომ ტარიელი არაა რიგითი პიროვნება, ის ინდოეთის მეფეა და ავთანდილს სურს, დაუბრუნოს ის ობიექტურ სინამდვილეს. სამომავლოდ კი ინდოეთში ისტორიული სამართლიანობაც აღდგეს. ფაქტობრივად, ავთანდილი არა მარტო მიჯნურ ტარიელს, არამედ ინდოეთის მეფეს ეხმარება. და თუ ყოველი მეფე უფლისაგან ხელდასხმულია, მაშინ ღვთიური სამართლის აღდგენასაც მოიაზრებს „ძებნად ჩემგან საძებრისად“, „ჩემდა ცეცხლთა მომდებრისად“ წასვლა.

  • რატომ აირჩია ავთანდილმა „კაცი ბრძენი“ საკუთარ ეპითეტად?
  • რატომ უნდა ესმოდეს „მოყვრის“ გაწირვა-არგაწირვის საკითხი სიღრმისეულად მას და არა სხვას?

ავთანდილი ადამიანის გონების მწვრთნელად, უპირველეს ყოვლისა, ცოდნას მოიაზრებს. როსტევანს იგი მოკრძალებით მიმართავს – „მე სიტყვასა ერთსა გკადრებ“… პლატონის ფილოსოფიური ნააზრევის მოხმობით ის მაღლდება მკითხველის თვალში, რამეთუ ისეთი არგუმენტი მოჰყავს, შეკამათება ძნელია. სიმართლეს არ შეიძლება დაუპირისპირდეს სიცრუე, რადგან, როგორც აღვნიშნე, ღვთიური წესრიგი მხოლოდ სიმართლეს ეყრდნობა. ის ერთხელ და სამუდამოდ აღიარებული წესრიგია, შეცვლას არ ექვემდებარება. სამაგიეროდ, ადამიანს ჰმართებს გაილაშქროს სიცრუისა და ორპირობის წინააღმდეგ, რათა ამით აქაც და იქაც არ დააკნინოს მისი როლი. თუ ადამიანი სულის კანონებს არ გაიხდის აუცილებელ შესასრულებლად, მხოლოდ მეფეთა კანონები ვერ აზიარებს მას ადამიანის უმთავრესი დანიშნულების არსს.

მეორე არგუმენტიც – „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“ – უკონტრარგუმენტოა, რადგან ფილოსოფიური შეხედულებები თუ ცხოვრებისეულ გამოცდილებად არ ვაქციეთ, მაშინ ისინი გინდ ყოფილა და გინდ არა! „განა ყოველი“ არ იცის მეფემ, მაგრამ ამ შემთხვევაში, როცა ყმა ბედავს „ურჩობას“, არგუმენტები „მეფის მცნებებზე“ მაღლა უნდა დადგეს. მეფის კანონები სახელმწიფო უსაფრთხოებასა და ძლიერებას განაპირობებენ, უპირველესად, ფილოსოფია კი აზროვნების შეცვლისა და განვითარების წინაპირობაა, ამდენად: „მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა“, ანუ ჩვენი ქცევით სამყაროს უზენაეს წესრიგს, ზეციურ ჰარმონიას უნდა შევუერთდეთ (უფალს მივუახლოვდეთ). ზეციური ჰარმონია კი თავად ადამიანის მოსაპოვებელია, ის მეფეთა წყალობის საგანი არ არის, ამიტომაც ასე ზედმიწევნით ხსნის ავთანდილი ანდერძში წასვლის აუცილებლობას.

  • ხომ არ იყო ეს წერილი, ამავდროულად, შოთას ანდერძი თამარ მეფისადმი?

თუ მივემხრობით იმ კრიტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ პოემა ეძღვნება არა თამარ მეფეს, არამედ დავით აღმაშენებელს, მაშინ იმის დაშვებაც შესაძლებელია, რომ ავტორი დავითის იდეურ კონცეფციას უტოვებს თამარ მეფეს ანდერძად, ანუ შოთა რუსთაველი დავითის იდეურ-პოლიტიკური შეხედულებების ერთგულია, მისი ხაზის გამგრძელებელი, რაც ძალიან მოკლედ ასეა ფორმულირებული – „ვეფხისტყაოსანი“ ჰიმნია პიროვნების ღირსებისადმი მიძღვნილი. თუ ეს ვერსია დასაშვებია, მაშინ, „ჩემი აწ ცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია… მისი სახელი შეფარვით ქვემორე მითქვამს, მიქია“,  ხომ არ გვეუბნება იდეურ „შეფარვაზე“?!  და იქნება ამიტომაც დევნიდნენ პოემასა და მის ავტორს, რომ თამარს  გაუბედა და „მიუთითა“?! იქნებ ავთანდილი თავად ავტორია, რომელიც ტარიელს, ანუ იდეას თუ არ დაეხმარება, არ გადაარჩენს, მაშინ ისტორიული სამართლიანობის – პიროვნების ღირსების დაცვის გზა – დავით აღმაშენებლის იდეური გზა „დაჭკნება“?!

ავთანდილს არ შეუძლია წაუსვლელობით როსტევანს ასიამოვნოს. ჰერმან ჰესეს „პოეტი“ გაგვახსენდება – არ უნდა ჰან ფოკს მამის წყენინება, მაგრამ ჭეშმარიტი ხელოვნება მოითხოვს მსხვერპლს – ყველასა და ყველაფერზე უარის თქმასა და აბსოლუტურ განმარტოებას. ავთანდილის სამწლიანი მოგზაურობა ასეთივე ძიების გზაა. მანაც უნდა იპოვოს ტარიელი, რომ „უცხო მოყმის“ ფენომენის ახსნით ახალ აზროვნებას ჩაეყაროს საფუძველი, მან უნდა აირჩიოს თავისუფლება, კიდევ გავიმეორებ, პიროვნული თავისუფლება – „ჩემთა სახმილთა გზნებისა“, ანუ საკუთარი ნებისამებრ უნდა იმოქმედოს. აღარ დაეძებს რა მოუვა, მთავარია, ტარიელს დაეხმაროს. სწორედ ამიტომ მიდის მარტო, თორემ არ გაუჭირდებოდა საუკეთესო მეომრების შერჩევა. ტარიელი როგორ მოიქცა, როცა ნესტანი იყო მოსაძებნი?! დიახ, ავთანდილი სულიერ სრულყოფილებას მიელტვის, ეს გზა კი ტარიელის გზისაგან განსხვავდება, ეს გზა მარტოა გასავლელი. ავთანდილს ვერავინ დაეხმარება. ჰან ფოკიც ასე მოიქცა და განსაცდელის მიუხედავად, შეძლო სამყაროს უზადო ხატება უფრო უზადო გაეხადა თავის შემოქმედებაში. გავიმეორებ, სამყაროს სრულქმნილი ქმნილებაა ტარიელი და არ შეიძლება მისი უარყოფა, ეს ხომ ღვთის უარყოფის ტოლფასი იქნება.

როგორ გავიაზროთ ავთანდილის სიტყვები:„თქვენვე გნახნე მხიარულნი დიდებით და დავლა-მრავლად: მას რა ვარგო, დიდებად და კმარის ესე ჩემად დავლად“?

ტექსტის თითოეული სტროფი ახალ რეალობას, ახალ თვალთახედვას ავითარებს. ავთანდილი არც მეტი, არც ნაკლები, ეუბნება მეფეს, რომ მათი არჩევანი განსხვავებულია – მეფეს მხიარულება, დიდება და სიმდიდრე უსურვა, როგორც ამქვეყნიური ძლიერების „სიამენი“, საკუთარი თავისთვის კი სახელი და დიდება აირჩია, რომელსაც ტარიელის გვერდით ყოფნით მიაღწევს. ერთ მხარესაა ამქვეყნიური ნეტარება, ხოლო მეორე მხარეს – ზეციური ნეტარებისაკენ სწრაფვა, მოყვასის სიყვარულით ნასაზრდოები. მეფესა და ავთანდილს შორის კონფლიქტია, ღირებულებათა კონფლიქტი და სპასპეტი საკუთარი გზის ჭეშმარიტებაზე იმიტომ უყვება მეფეს, რომ ამ გზის გარდაუვალობა დაანახვოს, მეტიც უანდერძოს.

ამ გადაწყვეტილების სისწორეში ავთანდილი იმდენად დარწმუნებულია, რომ მზის დარი ხელმწიფის სამსახურში არ ერიდება ხიფათს. საინტერესოა ისიც, რომ დროს, როგორც ფილოსოფიურ კატეგორიას ისე უყურებს – ტარიელის დახმარება ახლა და ამ წუთასაა აზრის მატარებელი, თორემ მერე, უკან მიდევნებული ლამპარი გზას ვერ გაუნათებს ვეფხისტყავიან მოყმეს – „რა უარეა მამაცსა სულ-დიდსა, წასვლა-გვიანსა!“. ასეთ საქმეში ფეხის თრევა კაცისთვის ლაჩრობაა და სხვა არაფერი.

  • რატომ ვერ დაუწუნებს როსტევანი ავთანდილს ანდერძს, იგივე თათბირს?!
  • განა მეფეა და არა აქვს მომადლებული „ერთი კაცის უფლება?!
  • ვერ დაადევნებს ავთანდილს მდევარს და ვერ მოაბრუნებს სამეფოში?
  • ვერ დაადანაშაულებს მეფის დაუკითხავად სამხედრო საქმის შერმადინისთვის გადაბარების გამო?!

ეტყობა რუსთაველის ლიტერატურული ესთეტიკა მხოლოდ გამოგონილის ესთეტიკა არაა – არაბეთს სურს რაღაც ახალი, რამეთუ თუ წინ არ მიდიხარ, უკან მიიწევ (მდგომარე მდგომარეობა არ არსებობს). უცხოს მიერ დანახვებული სამყარო სხვაგვარია – დაუნდობელი, მუხანათი, ცრემლიანი, ტკივილიანი, უსამართლო, მკვლელი… თუ ეს სამყარო იმძლავრებს, მაშინ არაბეთის კეთილდღეობა იქნება ვიწრო მსოფლხედვაზე, ეგოიზმზე დაფუძნებული. ავთანდილი არაბეთს უღებს სულიერ კარებს, რადგან  მაგალითი მისცეს დანარჩენ სამყაროს. როგორ ჰგავს ბარათაშვილის „მერანის“  კონცეფციას: „მოძმესა ჩემსა სირთულე გზისა გაუადვილდეს“. გამოცდილების დასაგროვებლად ბევრი რამაა საჭირო, სულიერი გამოცდილების შესაძენად –  მით უფრო; განა ნაკლებღირებულია მეგობრისთვის სიკვდილი, ვიდრე დიდძალი სიმდიდრის ფლობა. ისინი ერთმანეთს არ ეცილებიან, მაგრამ პირველი მეორის გარეშე მომაკვდინებელი ძალისაა.

  • ეს ის ავთანდილი არაა, რომელიც ჭაშნაგირს უცერემონიოდ, ცივსისხლიანივით კლავს?
  • განა ასე უგულოდ გამეტება კაცის – „შეურივა ტვინი თმასა“- იმ მაღალ ზნეობრიობაზე მიგვანიშნებს, რომელზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ?

არა! მაშინ ახსნაც უნდა ვუპოვოთ. ტარიელი პირადი ღირსებით გამორჩეულია, მზესავით (ღმერთივით) ბრწყინვალეა. სამართლიანადაც მას ეკუთვნის ინდოეთის მეფობა. ავთანდილი ტარიელში უფლისმიერი სამართლიანობისა და წესრიგის დამრღვევთა მსხვერპლს ხედავს. ასე რომ ჭაშნაგირი არაა მაღალზნეობრივი ადამიანების კატეგორიიდან, არ ეკუთვნის მათ, ვინც ღვთიურობას ასხივებენ. ბუნებრივია, ეს არ ამართლებს მის მკვლელობას, მაგრამ ავთანდილის მსხვერპლი  ისეთი „მტკივნეული“ არაა მკითხველისათვის, რომ ნაწარმოების ემოციური ფონი შეცვალოს. ტარიელს შეუძლია „ქმნა მართლისა სიმართლისა“, ის სამყაროს სიმართლეა, რომელმაც ახალ სამყაროს უნდა გაუხსნას გზა. მას რომ არ გასჭირვებოდა, ეს გზა არასდროს გამოჩნდებოდა და ვერც ავთანდილი იტყოდა -„მე სიკვდილსა მოველოდი, შენ სიცოცხლე გამიწამე“. ტარიელი სპასპეტის ფიქრში დასახლდა და ის ვერ გადაასახლებდა მას, რადგან „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი“.

  • სადა გაქრა ამ დროს გამიჯნურებული ავთანდილი, რატომ გადაინაცვლა თინათინმა მეორე ადგილას?!

იქნებ აქ ადგილების მიკუთვნება ხელოვნურია და ავთანდილი თინათინის მეფობის დაკავშირებას „სხვა“ არაბეთთან ფიქრობს, რომელიც ახალი აზროვნებით, მოყვრობის, მეგობრობის ფილოსოფიური ხედვით გაჯერებულ-გასხივოსნებული იქნება. რა მოხდება, თუ ავთანდილს მუხთალი ბედი არ დაინდობს და მოკვდება?! ალბათ, ამიტომაცაა საჭირო ანდერძი, რომ მისი იდეური გზა გააგრძელოს სხვამ და ის სხვა, შესაძლოა, მეფეა ან თუნდაც შერმადინია. როგორც ალუდასი მინდია, ასეა „ვეფხისტყაოსანშიც“, ავთანდილის „გამგრძელებელია“ შერმადინი… განა შემთხვევითია, რომ ავთანდილი ეუბნება ყმას: „იყავ ვითამც ავთანდილი“. ყოველწამიერი სიკვდილის მოლოდინისთვის ავთანდილი მზადაა – „სცთების და სცთების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად“.

საწუთროს უპირისპირდება ავთანდილი, მაგრამ ისიც კარგად ესმის, რომ შეიძლება ამ დაპირისპირებაში საწუთრომ „გაიმარჯვოს“ და  დარჩეს უცხო მხარეში, აღზრდილთა და ახლობელთაგან დაუტირებელი. აი, მაშინ ითხოვს კვლავ შებრალებას მეფისაგან, ლმობიერი და მოწყალე გულის პატრონისაგან.

  • რატომ ქველმოქმედება სიკვდილის შემდეგ და არა მანამდე?
  • წასვლამდე რატომ არ გაანაწილა ავთანდილმა თავისი აუწონელი ქონება?!

სულზე ზრუნვა ამქვეყნად არყოფნის შემდეგაც გრძელდება. აქ გაცხადებულია, რომ სული მუდმივად ითხოვს მიწიერ შესაწირს. თუ როსტევანი გაამდიდრებს უპოვართ, გაათავისუფლებს მონებს ავთანდილის სახელით, მათი ლოცვა მის სულს მიეწევა. უპოვართა გულმხურვალე ლოცვამ სიკვდილის შემდეგაც უნდა შეუნარჩუნოს ავთანდილს სულიერი განუმეორებლობა. მიწიერი ცოდვებისაგან გათავისუფლებისთვის არაბეთის სპასპეტი გაიღებს ყველაფერს, ურიცხვსა და ვერ ანაწონებს. ე. ი. ავთანდილი მიდის „საომრად“, მაგრამ არა მტრების, არამედ მოყვასთა „დასალაშქრად“.

სასკოლო ცხოვრება მოსწავლეებისათვის უფრო მეტად საინტერესო რომ გახდეს, პირველ რიგში, მასწავლებლები უნდა გახდნენ მაძიებლები, შემოქმედნი. მოზარდისათვის მასწავლებლის აზრია ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომაც პატივი ვცეთ საკუთარ აზრებს, ბუნებრივია, ამ დროს მთავარი, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ტექსტი და ტექსტის გააზრების თანამედროვე მეთოდების, სტრატეგიების ცოდნა და ფლობა.

 

 

ხმა

0

დალოცვილი რამაა ეს არაგვი. მოჰქუხს, მოჰყეფს, მთელი ძალით ეხეთქება ნაპირებს და თითქოს მაღლა, ჭალაზე ამობობღებას ლამობს. თავის მიხვეულ-მოხვეულ კალაპოტში ზოგან კლდეს ეხეთქება, ზოგან მურყნის შიშველ ფესვებს ეთამაშება, ლოდებს თავზე ევლება და მთელი ძალით ენარცხება ძირს. თუ მიუახლოვდები და ჩაიმუხლებ, შენც გაგეთამაშება, ტალღას მოიქნევს და ყინულივით ცივ წყალს შემოგაშხეფებს, თითქოს შენი გამოფხიზლება უნდაო, თან გაფრთხილებს, განიშნებს, რომ ცოტა უკარებაა.

თუ სტუმარი ხარ და ყური მიუჩვეველი გაქვს, დილაბნელზე, ახალგამოღვიძებულს, გაფიქრებინებს, რომ გარეთ თავსხმაა და იმ დღეს შინიდან ცხვირის გაყოფა არ გიწერია. ცოტა რომ მოთენდება და თვალი შორეული ხეების სილუეტებს დალანდავს, მიხვდები, რომ დარიანი დილა თენდება და ბუნებას აზრადაც არ მოსვლია გაწვიმება. უფრო მეტად გიყვარდება ეს მადლიანი მდინარე და ერთი სული გაქვს, ჩაირბინო, არაგვის ნაპირზე მოხასხასე ყვავილებთან ერთად გაიგრილო სახე, საბოლოოდ დააღწიო თავი ღამის მოთენთილობას.

არაგვის  ხმა მარტო ჭალაში როდი ისმის: მთას თუ შეუყვები, მწვერვალამდე მიგაცილებს, თუ დაღმა ეშვები – ტყიანში, ბილიკის მეტი რომ არაფერი ჩანს, დარჩენილ მანძილს მიგახვედრებს.

კიდევ ერთი უცნაური ჩვევა აქვს არაგვს: თუ გინდა, გაღმა მყოფს შეეხმიანო, მდინარესთან მისვლას აზრი არ აქვს. ნაპირთან რაც უფრო ახლოს დადგები, მით უფრო მეტი ძალისხმევა დაგჭირდება მისი ქუხილის დასაჯაბნად. არადა, საკმარისია, შენც და შენმა თანამოსაუბრემაც უკან გადადგათ რამდენიმე ნაბიჯი და ხმასაც ადვილად მიაწვდენთ ერთმანეთს.

რა არის მაინც ეს ხმა? როგორ მოგზაურობს მოსაუბრეებს შორის? ბუნებისმეტყველების კანონების თანახმად, ხმას რხევა წარმოშობს, რომელიც ტალღის სახით ვრცელდება. ასევე ვრცელდება სინათლეც და რადიო- თუ სატელეფონო სიგნალიც, მაგრამ მათ შორის დიდი განსხვავებაა. სინათლეს და რადიო- თუ სატელეფონო სიგნალს გავრცელება ყველგან შეუძლია – ჰაერში, ელექტრო- თუ ოპტიკურ სადენში, კოსმოსშიც კი, სადაც “სრული სიცარიელეა”, ხმის გავრცელებას კი მედიატორი სჭირდება – რაიმე მასალა: ჰაერი, სითხე, თუნდაც მიწა ან ლითონი. დიახ, სათქმელს სხვასთან მოლეკულებს ვატანთ. ჩვენს გულისნადებს ჩვენთან ყველაზე ახლოს მყოფ მოლეკულას ვუმხელთ, რომელიც გვერდით მდგომს გადასცემს ჩვენს დანაბარებს, ის – თავის გვერდით მდგომს და ა.შ. ასე, ესტაფეტასავით მიდის ინფორმაცია ადრესატთან. შიკრიკი მოლეკულების სტუმრობას ჩვენი ყური ჩაქუჩის უზანგზე დაკვრით აღნიშნავს, მერე კი ხმა შიგნითა ყურის ტალანებში მიიკვლევს გზას და უკვე არა ფიზიკოსების, არამედ ფსიქოლოგებისა და ფიზიოლოგების საზრუნავი ხდება…

თუმცა ხმასა და მის ფენომენს ამ განსწავლულ ხალხთან ერთად თითოეული ჩვენგანი დაბადებიდანვე აკვირდება და სწავლობს. ყველას საკუთარი ხმების კლასიფიკაცია აქვს, თუმცა არსებობს ხმები, რომლებსაც ყველა ჩამონათვალში შეხვდებით.

პირველი წამოტირება – ხმა, რომლითაც სამყაროს ვამცნობთ ჩვენს შემობრძანებას. ეს ჩვენი პირველი ბოდიშიცაა იმ ტკივილისთვის, ჩვენი დაბადებით მშობელს რომ მივაყენეთ.

დედის იავნანა – დედის ხმა ის ხმაა, რომელიც პირველ ჩასუნთქვამდე ჩაგვესმოდა და გარე სამყაროსთან კომუნიკაციის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა. მერეც, დიდობაში, უკვე ათასგვარ ხმოვანებას შეჩვეული ჩვენი ყურისთვის ის ისეთივე საამური და ნეტარების მომგვრელია, როგორიც ბავშვობაში იყო.

ნაბიჯების ხმა – თუ ვინმეს მოსვლა გიხარია, სანამ მის სილუეტს დალანდავ, ჯერ მისი ნაბიჯების ხმა გესმის.

სუნთქვის ხმა – ჰაერის ფილტვებში დინჯი ჩასვლა-ამოსვლის თანმხლები ხმოვანება, რომელსაც ყოველთვის დიდი სიფრთხილით აყურადებ და გახარებს – ეს ხომ სიცოცხლის ხმაცაა.

ცხადია, სია ვრცელია, მაგრამ ყველა ხმას ერთი რამ აქვს საერთო: ყველა მათგანი ისმის, ყველა აკუსტიკური რხევების საშუალებით გადაეცემა, მოლეკულებს მიაქვს ერთი პუნქტიდან მეორემდე.

მაგრამ არსებობს ორი უხმო ხმაც.

ერთი შინაგანი ხმაა. ხმა, რომელიც მხოლოდ შენ გესმის, მხოლოდ შენთვის არის განკუთვნილი. ხეირიანად ვერც კი ხვდები, ვინ გელაპარაკება, მაგრამ იცი, რომ შენს გასაგონად ლაპარაკობს.

მეორე – საარჩევნო ხმაა, შენი სოციალური ვალდებულება. და სანამ ამ ხმას გაიღებდე, უამრავი სხვა ხმა გაქვს მოსმენილი, მაგრამ ფურცელზე კალმის წვერის შეხებისას მაინც იმ პირველ უხმო ხმას უჯერებ და იმაზე მეტს ამბობ, ვიდრე ოდესმე გითქვამს თუ დარჩენილი სიცოცხლის განმავლობაში იტყვი.

კოვიდითა და სიყვარულით მასწავლებლის ინფიცირება

0

(ჩანაწერები ინფიცირებულთა პალატიდან)

მცხეთა. სამხედროების ქუჩა. მცხეთის სამედიცინო ცენტრი. პალატა 307.  ნარეკვავის ტყე, რომელზეც ადრე მხოლოდ „დიდოსტატის მარჯვენიდან“ მსმენოდა, ახლა თავზე დამყურებს და მაცოცხლებელი ჟანგბადით მამარაგებს. მცხეთობას, 14 ოქტომბერს, PCR ტესტირებით კოვიდინფექცია დამიდასტურდა. ინფიცირების წყარო იყო მოსწავლე, რომელიც კერძო გაკვეთილზე მყავდა. მისი ოჯახის ყველა წევრიც ინფიცირებული აღმოჩნდა დაუდგენელი წყაროდან. ბავშვი სასტიკად განიცდიდა, რომ უნებლიედ იქცა ინფექციის გადამტანად, მაგრამ ამას ჩვენ ვინ გვეკითხება? მან არაფერი იცოდა საკუთარ დაავადებაზე. ჩემთან ერთად კიდევ ერთი მოსწავლეც დაინფიცირდა. სამნი გადაურჩნენ ვირუსს. ეს იყო ხუთშაბათს. პარასკევს ჩვეულებრივ გამოვცხადდი სკოლაში, კოლეგებსაც შევხვდი და მეხუთე კლასში გაკვეთილიც ჩავატარე, რაც სკოლის დახურვის საბაბად იქცა. მადლობა უფალს, რომ სიმპტომების გამოვლენამდე გადამტანი არ ვყოფილვარ და იმდღევანდელი ჩემთან კონტაქტებით არავინ დაინფიცირებულა.  მდგომარეობა ნელ-ნელა მიმძიმდებოდა. სიცხე, წნევა, სახსრების აუტანელი ტკივილი, სუნთქვის უკმარისობა, ყელ-ყურისა და თავის ტკივილი, მოკლედ, ასეთ წამებას მტერსაც არ ვუსურვებ. სახლში მარტო დავრჩი. მეუღლე სხვაგან გადავიდა, რომ ისიც არ დაინფიცირებულიყო. ფსიქოლოგიურად მანგრევს მარტოობის შიში. სასწრაფო რომ გამოვიძახე, წნევაც კი არ გამიზომა, თუ თქვენი აპარატი არ გაქვთ, ჩვენსას ვერ გამოვიყენებთო. ამან სულ დამზაფრა. როგორც კი ამაზე დავწერე ფეისბუქზე, უცებ მეზობელმაც მომიტანა ჭიშკართან წნევის აპარატი და მეუღლემაც ნახევარ საათში მომირბენინა. ხალხის თანადგომა არის უპრეცედენტო და ეს მაძლიერებს. ვინ არ მირეკავს? ვინ არ მწერს? ვერ ავუდივარ პასუხების გაცემას. ვინ რას მთავაზობს, ვერც კი ვიაზრებ.

თბილისის კლინიკები გადაჭედილია და ბევრი ახლობელი მპირდება, რომ დამეხმარება ადგილის მოძებნაში, მაგრამ ამაოდ.  მოსწავლის დედა მირეკავს და მეუბნება, რომ ადგილები თავისუფლდება მცხეთის სამედიცინო ცენტრში და თუ არ ვარ წინააღმდეგი, იქ გადაყვანა შეიძლება, მისი ოჯახის წევრები იქ მუშაობენ და მელოდებიან. სიხარულით დავთანხმდი და სასწრაფო გამოვიძახე. 15 ოქტომბრიდან აქ ვარ, მზრუნველი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. მკურნალობენ ფილტვის 7-ქულიან დაზიანებაზე, სისხლძარღვების პრობლემაზე. 19 ოქტომბრის საღამოს კრიზისის კულმინაცია მქონდა. ძლივს გადამარჩინეს და ამის შემდეგ ყველაფერი დალაგდა. მესამე დღეა კარგად ვარ. ყველა სიმპტომი მომეხსნა. გავდივარ ანტიბიოტიკოთერაპიას ფილტვის პრობლემის აღმოსაფხვრელად. 25-ში კიდევ ერთხელ გამოიკვლევენ სისხლს, ჩამიტარებენ ფილტვების განმეორებით კომპიუტერულ ტომოგრაფიას, PCR ტესტირებაც ჩამიტარდება და… ჩიტივით თავისუფალი ვიქნები. ამ ავადმყოფობამ ბევრი მასწავლა, სულ სხვაგვარად ამიხილა თვალი. ახლა ვიდეოკონსულტაციებს ვუწევ ახლად ინფიცირებულ საყვარელ მეგობრებსა და ნაცნობებს, ვუზიარებ გამოცდილებას და ფსიქოლოგიურად ვეხმარები პრობლემის გადალახვაში. უმრავლესობა ვერ ახერხებს სტაციონარში ყოფნას და ბინაზე მკურნალობა თავისთავად სტრესულია.

წევხარ ტკივილით გათანგული და რამდენ რამეზე ფიქრობ?! უცებ გამახსენდა 2011 წელს რეჟისორ სტივენ სოდერბერგის მიერ გადაღებული პოპულარული ფილმი „ინფიცირება“. ადრე სულ სხვა თვალით ვუყურე და ახლა… რამდენი ცოდნა შეიძინა კაცობრიობამ, მაგრამ სამყაროს წარმოშობის საიდუმლო საიდუმლოდ დარჩა, მისი მომავალიც, მისი საზღვრებიც მარად ამოუცნობი საიდუმლოა, რომელიც თქვენი არ ვიცი და მე ყოველთვის საშინლად მაწამებს. თუ ვინმეს შეუძლია ამ კოსმიური საიდუმლოებების ლაბირინთში რამის შეცნობა, ეს ალბათ არა მეცნიერები, არამედ ისევ და ისევ ხელოვანები არიან, რომელთა ინტუიტური ჭვრეტა, ფანტაზია და შემოქმედებითი წვა უფრო მეტს წვდება, ვიდრე მეცნიერული გონება. ასე რომ არ იყოს, აბა საიდან მოიფიქრეს 2011 წელს რეჟისორმა სტივენ სოდერბერგმა და სცენარისტმა, მწერალმა ენტონი სკოტ ბერნსმა სურათი, რომელიც გასაოცარი სიზუსტით გათამაშდა 2020 წელს დედამიწაზე?! საიდან მოიფიქრეს, რომ ინფიცირების წყარო იქნებოდა ღამურა? საიდან დაამთხვიეს, 9 წლის შემდეგ მოსახდენ მოვლენებს საზოგადოების დამოკიდებულება პანდემიისადმი? ეკონომიკური კრიზისის ანატომია, თაღლითების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრების რეალობა, სამთავრობო სამსახურების ყოფა. თითქოს ვიღაცამ 2020 წლის ამ ამბების აქტორებს წინასწარ დაუწერა, აჩვენა, რა როგორ უნდა წარმართულიყო. ამ ფილმმა მძიმედ იმოქმედა ჩემზე. არასდროს მსურს შეთქმულების თეორიების დაჯერება, ფიქრი იმაზე, რომ ვირუსული ინფექციები სადღაც ლაბორატორიებში სპეციალურად მზადდება, რომ დედამიწაზე პოპულაცია შეამცირონ, რომ სახელისუფლებო და საფინანსო ელიტების ინტერესებისთვის ხდება ეს ყველაფერი. თუმცა ამ ფილმმა ამგვარი ეჭვები გამიმძაფრა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ არსებობს იატაკქვეშა კონსპირაციული ყოვლისშემძლე ჯგუფები, რომელთაც კაცობრიობის ბედით თამაში შეუძლიათ. გამახსენდა, როგორ ფიქრობდა ბარათაშვილის პოემაში ბრძენი მსაჯული სოლომონ ლეონიძე ერეკლე მეფეზე: „მადლობა, ღმერთო, შენსა განგებას, ერთ კაცს მომადლებ ყოვლთა უფლებას, და მის ერთს სიტყვას მონებენ ერნი, განურჩეველად სულელნი, ბრძენნი, და იგი მათს ბედს ისე განაგებს, ვითა ამღერდეს იგი კამათლებს!“

არ ვიცი, ათამაშებს თუ არა ვინმე ბოროტი გენია ჩვენს ბედს, როგორც კამათლებს, მაგრამ ამ ფილმის წინასწარმეტყველურმა პათოსმა სრულიად გამანადგურებელი ემოციური ზემოქმედება მოახდინა ჩემზე.

ზოგი დაავადებას მალავს, ინფორმაციის გავრცელებას ერიდება, ავადმყოფობის დროს იკეტება. ჩემში მასწავლებლური ვნებები ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა. მიუხედავად მწვავე ტკივილებისა და საშინელი განწყობისა, სულ წერა და ყველაფრის გასაჯაროება მინდოდა. ვწერდი პოსტებს, რომლებიც პოპულარული გახდა და ორ ტელეშოუშიც კი მიმიწვიეს. ვავრცელებდი ჩემი მოსწავლეების მიერ გადმოგზავნილ ვიდეოებს, მათი ნებართვით, რასაკვირველია. ეს პროცესი სამ რამეში მეხმარებოდა: 1. ჩემს შესახებ ინფორმაციას მარტივად ვაწვდიდი ყველას, ვის წინაშეც საქმიანი ვალდებულებები მქონდა; 2. საკუთარი გამოცდილების გაზიარებით ვეხმარებოდი სხვებს, ვხედავდი, რომ ინტერესი დიდი იყო და უამრავ შეკითხვას მაყრიდა ხალხი საჯაროდ თუ პირად მიმოწერაში, ბევრმა მითხრა, რომ ამშვიდებდა ასე დაწვრილებით კლინიკური სურათის აღწერა და ფსიქოლოგიურ მდგრადობას იძენდა; 3. ჩემი პოსტების კომენტარებსა და გამოხმაურებებში ხალხის მიერ გამოჩენილი სრულიად გაუგონარი თანადგომა, სიყვარულის დაულეველი ფლუიდები, საუკეთესო სურვილები პირდაპირი მნიშვნელობით მაცოცხლებელი იყო და არის ჩემთვის.

მართალია, ავადმყოფობამ სასიცოცხლო ძალები წაიღო ჩემგან, მაგრამ უზარმაზარი ენერგიით ამავსო ხალხის სიყვარულმა. ჩემი ერთადერთი საზრუნავი შეწყვეტილი სასწავლო პროცესია. უძილობა მაწუხებს, მაგრამ როგორც კი თვალს მივლულავ, ეგრევე გაკვეთილები, ჩემი მოსწავლეები, საკლასო ოთახები, კოლეგები, სამასწავლებლო, სწავლასთან დაკავშირებული აქტივობები მესიზმრება, თითქოს სიზმარი არც კი არის, რეალური ამბებია, ჩემი ცხოვრება, ყოველდღიურობა სწორედ ისეთი, როგორიც ჩვეულებრივ სამუშაო რუტინულ დღეებში მაქვს. მოსწავლეები დაუსრულებლად მწერენ და მწერენ, მეკითხებიან ყველაფერს, მიზიარებენ საკუთარ ამბებს, მიგზავნიან სიახლეებს, მართობენ, მახალისებენ და მეც სიტყვები არ მყოფნის მათ მოსაფერებლად.

სიყვარული რომ მასწავლებლის მოურჩენელი „ინფექციური დაავადებაა“, ისედაც ვიცოდი, მაგრამ კოვიდინფიცირებულობასთან ერთად გაასმაგებული ძალით ვიგრძენი სიყვარულით ინფიცირების ტკბილი ნექტარი. სწორედ ეს არის ის უძლეველი ძალა, რომელიც გვაცოცხლებს, სოციალურ ფუნქციას გვანიჭებს, მისიას გვასრულებინებს, სასურველს გვხდის.

ფაქტია: დედამიწა ჩვენ თვალწინ იცვლება. სამყაროში გრანდიოზული ცვლილებები მიმდინარეობს. ეს ყველაფერი ახლა ძნელი ასახსნელია, როგორც ის კოსმიური საიდუმლოებანი, აქამდე რომ ვერ ამოგვიცნია, მაგრამ მე მჯერა, რომ ამ გლობალურ კრიზისს დიდი აღდგომა და განახლება მოჰყვება, რაღაც უნდა გადაეწყოს, „დარეფრეშდეს“, ახალი მსოფლიო წესრიგი დამყარდეს. დედამიწას აქვს საკუთარი იმანენტური კანონები, თავისი ღრმა წიაღიდან გამომუშავებული, რომელთა რეალიზაცია ახლა ალბათ აუცილებელია მისი პროგრესისთვის, თვითრეანიმირებისთვის.

კოვიდით ინფიცირებაც და სხვა ყველა სატკივარიც ახლა სიყვარულით განიკურნება უპირველესად. ეს კრიმინალის მოჭარბება, საზოგადოებაში გამეფებული აგრესია, ცინიზმი, ანტაგონიზმი სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის მხოლოდ სიყვარულის ფლუიდებით დაიძლევა. აქ ყოველ ჩვენგანის როლი გადამწყვეტია. სამყაროს გადარჩენაში საკუთარი მოკრძალებული მისიის შესრულება ყველას შეგვიძლია, ყველას, დიდსა თუ პატარას. ამის იმედსა და რწმენას მაძლევს თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩემმა პატარა მოსწავლეებმაც კი გააცნობიერეს საკუთარი როლი სხვათა თანადგომის საქმეში. მათაც ისევე წარმატებით მიმკურნალეს სიყვარულის თერაპიით, როგორც მცხეთის სამედიცინო ცენტრის ახალგაზრდა ექიმებმა და მედდებმა, არაჩვეულებრივმა, თავდადებულმა, პასუხისმგებლობითა და ჰუმანიზმით სავსე ადამიანებმა. მადლიერი ვარ ბედის, რომ ეს ყველაფერი გამომაცდევინა და ასე შემივსო ყოველდღიური ერთფეროვნებით გადაღლილი სული. რაც ხდება, ღვთის ნებით ხდება და მხოლოდ უკეთესობისთვის. ჯანმრთელობას გისურვებთ, ჩემო საყვარელო ადამიანებო! კოვიდით არა, სიყვარულით ინფიცირებას, რაც საბოლოოდ ამ ვირუსსაც განდევნის და ამოისუნთქავს ჩვენი მწვანე პლანეტა, ახალი ფერებით ახასხასდება. კოვიდინფიცირებულთა შორისაა ასევე ჩვენი ჟურნალის ავტორი თეონა ბექიშვილი, რომელიც მიუხედავად ავადმყოფობისა, მაინც მუშაობს დისტანციურად. რედაქციის თანამშრომლები, ავტორები, რედაქტორი, როგორც ყოველთვის, უზომოდ ყურადღებიანი და პოზიტივებით გამამხნევებლები არიან. მადლობა ყველას, ყველას… ღირდა ეს წამება ამ სიყვარულის გამოსაცდელად…

სიყვარულის ახსნა

0

ანა კორძაია-სამადაშვილის ახალი რომანი „ზინკა ადამიანი“

„ადამიანი იმდენივე ღირს, რამდენიც კაცობრიობა“, – წერს ნიკო ლორთქიფანიძე თავის ცნობილ ნოველაში „დადიანის ასული და მათხოვარი“. ამ უნივერსალურ სათქმელს ეხმიანება ანა კორძაია-სამადაშვილი თავისი რომანით „ზინკა ადამიანი“ (2019 წ.). თანამედროვე პოსტმოდერნისტულ ეპოქაში, როდესაც ასე გაუფასურებულია ფუნდამენტური ღირებულებები, ნიჰილიზმისა და ეგზისტენციალური კრიზისის პირობებში, პოლიტიკურ-სოციალური თუ ეკონომიკური ტრავმების ფონზე, ადამიანს უჩნდება სურვილი გამოსავლის ძიებისა, თავდაღწევისა და მხატვრული ლიტერატურა ისევ ერთგულ თავშესაფრად წარმოჩნდება, თავისებურ ოაზისად, რომელიც იდენტობის გარკვევაში ეხმარება მკითხველს. ზოგადად, ანა კორძაია-სამადაშვილი თავისი რომანებით არ სთავაზობს მკითხველს იმგვარ სავანეს, სადაც შეიძლება ყველაფრისგან, უპირველეს ყოვლისა კი, ფიქრისგან გათავისუფლდე, პირიქით, მტანჯველი და ტკივილიანი ფიქრის გზით ცდილობს იგი უხილავად იმოქმედოს მკითხველზე, მისი კათარზისის მაპროვოცირებელი გახდეს და ათქმევინოს: „მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ,/როცა ვარ შეწუხებული“ (ვაჟა-ფშაველა).

მის ახალ რომანს, „ზინკა ადამიანს“, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გამოარჩევს ერთგვარი იმპროვიზაციული, ჯაზური სტილი, თემის ვარიაციული დამუშავება, ფრაზების სიცხადე და სიზუსტე, პოსტმოდერნიზმისთვის დამხასიათებელი თხრობის თავისუფლება, როდესაც ავტორი მხატვრულ ტექსტში ხან ჩნდება და ხან ქრება, როგორც რომელიმე ინსტრუმენტზე შესრულებული მელოდია. თანაც ისე, რომ სრულ თანხმიერებაშია რომანისეულ პერსონაჟებთან, რომლებიც თავიანთი ფიქრით, განსჯითა თუ მოქმედებით წარმოსახულ სამყაროს ქმნიან, სიცოცხლის ხმაურითა და ფერადოვნებით სავსეს. ტექსტის ერთიან კომპოზიციურ მთლიანობაში სერიოზული, ხალისიანი თუ სასაცილო ეპიზოდები გადაწნულია ყოფის ტრაგიკულ ამბებთან და იქმნება ტრაგიკომიკურობის განცდა.

რომანის კითხვისას მკითხველი რწმუნდება, რომ მწერალს უყვარს ადამიანები, რომელთა უმრავლესობა არც კარგია და არც ცუდი, არამედ „ცუდ-კარგია“. ამ თვალსაზრისით, ეხმიანება გურამ დოჩანაშვილის გრიშა კეჟერაძეს, რომელიც იმასაც ამბობს, რომ „სადაც სიყვარული ურევია, ყველაფერი ლამაზდება“ („იგი სიყვარულისთვის იყო გაჩენილი, ანუ გრიშა და მთავარი“). ამ რომანში კი, „ზინკა ადამიანი“, სიყვარულია ყველგან „გარეული“, თანაც, ისეთი დიდი დოზით, რომ პატარა, უმნიშვნელო ადამიანები, არანაირ კვალს რომ არ დატოვებენ რეალურ ცხოვრებაში, „ლამაზები“ არიან. ამიტომაც რჩებიან მკითხველის წარმოსახვაში.

ანა კორძაია-სამადაშვილი ამ რომანშიც წარმოჩნდება თავისი ცოცხალი და ექსპრესიული თხრობის მანერით, მოქნილი სტილით, პერსონაჟთა ხატვის თავისებურებით, ამბის გადმოცემის ნაირგვარ რაკურსთა ოსტატური მონაცვლეობით. მისი რომანები და მოთხრობები ცნობილია ქართველი მკითხველისთვის („შუშანიკის შვილები“, „ვინ მოკლა ჩაიკა“, „მარგარიტა“ და სხვ.). მისი მხატვრული ნაწარმოებები, რა თქმა უნდა, განსხვავდება ერთმანეთისგან დრო-სივრცული თუ თემატური თვალსაზრისით, მაგრამ ერთი რამ აქვთ საერთო: მწერლის მთავარი საფიქრალი ადამიანია, თავისი სიკეთითა და ბოროტებით, სიყვარულითა და სიძულვილით, ერთგულებითა და ღალატით და ყველა იმ თვისებით, რომლებიც შეიძლება მოკვდავმა ამ ხანმოკლე და „წყევლაკრულვიან“ წუთისოფელში გამოავლინოს.

მის მხატვრულ სამყაროში, ერთი შეხედვით, მხოლოდ რაციონალური, მატერიალური სამყაროა აქცენტირებული თავისი სიჭრელითა და მრავალხმიანობით, თუმცა ირაციონალური, მეტაფიზიკური, მაგიური და მისტიკურიც ისე ჩუმად იჭრება, როგორც ჩრდილი, რომელიც ცოცხალი სამყაროს მარადიული თანამდევია. მაგალითად, მის რომანში „შუშანიკის შვილები“ ირაციონალურია სათაურში გამოტანილი და აქცენტირებული „შვილები“, ქართველ მკითხველს ალუზიებითა და ინტერტექსტუალური გადაძახილების ცდუნებით რომ აბნევს. რომანის წაკითხვის შემდეგ ცხადი ხდება, რომ „შვილები“ ის  უჩინარი სულიერი არსებები არიან, რომლებითაც სავსეა ქალაქი, რომელთაც შევიგრძნობთ, მაგრამ ვერ ვხედავთ, თვალის ასახელად კი კვლავ ის გამოცდილი ხერხია საჭირო, რომელსაც „გაღვიძება“ ჰქვია ყოფითი საზრუნავებით სავსე „ძილისგან“, ხშირად გონებისა და სულის თვალს რომ უხშობს და უბრმავებს ადამიანს.

წიგნის („ზინკა ადამიანი“) ყდაზე მწერლის ბავშვობის ფოტოა გამოსახული. პატარა ლამაზი გოგონა, რაღაცას თუ ვიღაცას რომ ემალება, ოდნავ შეშინებული, დიდი, ბრიალა ცნობისმოყვარე და უცოდველი თვალებით გვიყურებს, თითქოს გვათვალიერებს და გვზვერავს, ეჭვობს, დაგვენახვოს თუ არა, თან იდუმალებით სავსე მარადიული ბავშვობის გულწრფელ, უტკივილო და უზრუნველ სამოთხისეულ სამყაროში გვეპატიჟება. თუმცა შევაღებთ წიგნის კარს და ცხოვრების ბაბილონური სიჭრელის შუაგულში აღმოვჩნდებით. ეს სამყარო სავსეა ფერითა და მუსიკით, სიყვარულისა და სიძულვილის გრადაციებით, ტკივილისა და სიხარულის მრავალფეროვანი ნიუანსებით.

მწერალი თავიდანვე გვთავაზობს ერთგვარ სატყუარას, როცა ამბის თხრობას ზღაპრისეული ფრაზით იწყებს: „იყო და არა იყო რა“. ეს მოთხრობილი ამბების უნივერსალურობაზე მიგვანიშნებს. თავიდანვე ვიცით, რომ რასაც წავიკითხავთ, არ იქნება მხოლოდ წარსული, ჩავლილი და გაფერმკრთალებული, არამედ მარადიული აწმყო, რომელშიც, ეკლესიასტეს კანონზომიერებით, თაობები ერთმანეთს ენაცვლებიან, ხოლო „ქვეყანა ჰგიეს უკუნისამდე“.

„იყო ერთი ქალაქი“ – ვიწყებთ კითხვას და შევდივარ ამ ნაცნობ-უცნობ ქალაქში, თბილისში, რომელიც გვიზიდავს თავისი მრავალხმიანობით, სასწაულებით, მითებითა და ლეგენდებით. თბილისი არაერთი თანამედროვე ქართველი მწერლის პროზაში წარმოჩნდება, მაგრამ აქ მაინც განსხვავებულ სურნელსა და ფერებს შეიგრძნობს მკითხველი. ყველა კარგი მწერალი ხომ თავის განსაკუთრებულ მხატვრულ რეალობას ქმნის. გმირების საასპარეზო სივრცე ურბანულია, მაგრამ პერსონაჟები მხოლოდ ქალაქელები არ არიან, არამედ, უბრალოდ და უპირველესად, ადამიანები და მნიშვნელობა არა აქვს, სად იცხოვრებენ. სოფელი კი ის სივრცეა, რომელიც დროდადრო მოგონებებში შემოიჭრება, როგორც სიმშვიდის სიმბოლო.

რომანის მთხრობელი თავიდანვე გვიქმნის ერთგვარი ფეერიულობის განცდას, როდესაც გვაცნობს უცნაურ კაცს, რომელიც „არავის უნდა ეგონოს უბრალო“, რადგან თუმცა ცისფერი, მაინც სხვადასხვა ფერის თვალები აქვს და პოეტია: „ის კაცი სულ ამბებს ჰყვებოდა, ქალაქისას, სირინოზების ნაამბობს და გაჭრილი ბაღის ყვავების მოტანილს. მეც ვისმენდი და მერე ვყვებოდი. ახლაც ამას ვაპირებ“. მწერალი სწორედ ამგვარად ინიღბავს თავს და გვაჯერებს, რომ ამ უცნაური კაცის მოყოლილ ამბებს იხსენებს. ამგვარ ხერხს ხშირად შეხვდებით ქართულსა თუ მსოფლიო ლიტერატურაში.

ზოგადად, „ზინკა ადამიანი“ ამბებიანი რომანია, რომლებიც ერთგვარ რიტმს ქმნიან. ეს ამბები კი, რეალური თუ ზღაპრული, ისეა ერთმანეთში ჩახლართული, არც პერსონაჟები განარჩევენ და მკითხველიც ასე შედის ამ უცნაურ, სიტყვებით შექმნილ მხატვრულ განზომილებაში. როგორც იტალო კალვინო შენიშნავს: „ლექსებსა და სიმღერებში რიტმს რითმა განსაზღვრავს, პროზაში კი მოვლენები ერითმება ერთმანეთს. მოვლენები ისე ეწყობა ერთმანეთს, როგორც რითმა – ლექსში“ (იტალო კალვინო, „სისწრაფე“). რომანის ამბები ერთგვარი კარნავალურობის შეგრძნებასაც იწვევენ. მრავალფეროვნებას ქმნის ადამიანთა ნიღბიანი თუ უნიღბო სახეები.

რომანის მცირე ავტორისეული შესავალი ერთგვარი უვერტიურაა. შემდეგ მუსიკა სხვადასხვა ფორმით მთელ რომანს არა მხოლოდ მუსიკალურ ფონად გაჰყვება, არამედ ერთგვარ მონაწილედაც იქცევა. ის განსაზღვრავს მოვლენების, ამბების რიტმსაც, არა მხოლოდ პერსონაჟთა, არამედ მკითხველის ხალისიანი თუ სევდიანი განწყობილებების მაპროვოცირებელ იმპულსადაც იქცევა.

რომანის ხერხემალი პაპისა და შვილიშვილის უხინჯო და უნაკლო სიყვარულია, რომელიც სხვადასხვა გზად და ბილიკად განიტოტება. მწერალს ისე ძალიან, გადამდებად უყვარს თავისი პერსონაჟები, რომ არც მალავს: „თუ ზინკა მზე იყო, ალექსი იყო მზეთამზე, პაპების პაპა. ყველაზე ჭკვიანი, მაღალი, კეთილი და გადასარევი. და ლამაზები იყვნენ, ყველაზე ლამაზები. საერთოდ, დედამიწა იმიტომ ტრიალებდა, რომ ყველანი ასეთი ლამაზები და გადასარევები იყვნენ“. ზოგადად, ამ რომანშიც „სიყვარული ატრიალებს მზეს და ვარსკვლავებს“ (დანტე). ამ რომანშიც ცხოვრება აუხსნელი და ქაოსურია, თავისი  ჯოჯოხეთით, განსაწმენდელითა და სამოთხით, თავისი იდუმალი წრეებითა თუ შრეებით, რომლებშიც პერსონაჟები რეალურად თუ ფიქრებით, ნებით თუ უნებურად, „მოგზაურობენ“. ამ გზაზე საკუთარ თავს ხან გაურბიან, ხან პოულობენ, ხან ხვდებიან და ხან შორდებიან.

მწერალი გვარწმუნებს, რომ ისინი ლამაზი არიან: ალექსი, ზინკა, დათა, კოტიკო, თამრო და სხვანი – რომანის მთავარი თუ ეპიზოდური გმირები. მათი სილამაზე უცნაურია, რადგან თვალით დასანახი არ არის. ისინი არც განსაკუთრებული სულიერებით გამოირჩევიან. მათი სილამაზე მათსავე უბრალოებასა და გულწრფელობაშია. ეს კი მხოლოდ იმას გულისხმობს, რომ უნიღბოდ ცხოვრებას ახერხებენ, არავის არ აჩვენებენ თავს. ისინი გამოუთქმელად დაატარებენ გულში მზეს, ღმერთს, რომელსაც არც ტაძარი აქვს სადმე და არც თაყვანისმცემელ-მლოცველ-მორწმუნენი ჰყავს.

რომანისეულ გზებსა და ბილიკზე ჩნდებიან და ქრებიან ლამაზი ადამიანები, თავიანთი ცდუნებებით, ვნებებითა და ილუზიებით, ყოფით წვრილმანებში გახლართულნი და მეოცნებენი. ისინი იჭრებიან მთავარ გმირთა ცხოვრებაში თავიანთი ნაირგვარი ფიქრით, განსჯითა და მოქმედებით. ისინი ქმნიან პაპისა და შვილიშვილის ნაცნობსა თუ უჩვეულო ურთიერთობის ფონს. ამგვარად, მწერალი ქმნის წარმოსახულ მჩქეფარე მიკროსამყაროს, რომელიც იტევს ადამიანური ყოფის პალიტრის ყველა ძირითად ფერს, მათ გრადაციასა და ნიუანსს.

რომანის თხრობა, როგორც აღვნიშნეთ, ჯაზურ კომპოზიციას ჰგავს, იმპროვიზაციებითაა სავსე. ყველა პერსონაჟი თითქოს ერთგვარი ინსტრუმენტია, თავისი ხმა და მელოდია აქვს რომანის ერთიან სიუჟეტურ ქარგაში. მთავარი პერსონაჟის, ალექსი ადამიანის, გარმონიც ერთგვარად პერსონიფიცირებულია, რომელსაც თავისი რიტმი და ფუნქცია აქვს. გარმონის სახელი „რავიატაც“ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. მწერალმა ინსტრუმენტი პერსონაჟის ნაწილად აქცია. ისინი ერთმანეთს ჰგვანან, რადგან ორივე ნაკლული და ხარვეზიანია, ალექსი ადამიანი კოჭლია, ხოლო გარმონს – სახელის ასო დაკარგვია, თუმცა ეს ხარვეზი არცერთს ხელს არ უშლის, რომ ლაღად იაროს და იარსებოს რომანის მხატვრულ განზომილებასა თუ მკითხველთა გულებში. გარმონს „ტრავიატა“ ერქვა. იქნებ არც ის არის შემთხვევითი, რომ მას საწყისი ასო ტ დაეკარგა და დარჩა „რავიატა“. ვერდის ცნობილი ოპერის სახელი ალბათ ტრაგიკული სიყვარულის გახსენებას გამოიწვევდა, ალექსის კი თავისი გარმონით მხოლოდ სიხარული მოაქვს, ხალხს ართობს და სიცოცხლის ხალისს მატებს. ეს გარმონი პაპისა და შვილიშვილის, ალექსისა და ზინკას, სულიერი კავშირის სიმბოლოცაა. ისინი თითქოს ამ გარმონის საშუალებით ერთ განუყოფელ მთლიანობას ქმნიან. მუსიკის სულითაა რომანი გაჟღენთილი. შთამბეჭდავია დეტალი, რომელიც მკითხველის წარმოსახვაში რჩება: მატარებლის ქვეშ პატარა დაუღალავი კაცუნები სხედან და მატარებლის დაძვრისთანავე დოლებს უბრახუნებენ, სწორედ ამიტომაც გაისმის ასეთი რიტმული და მწყობრი ბაგაბუგი, როდესაც სადმე მიემგზავრები.

რომანში მკითხველის წინაშე გადაიშლება პატარა ადამიანების დიდი ცხოვრება. რეალურ ყოფაში მათი სავარაუდო პროტოტიპები არ ტოვებენ კვალს, ისტორიას არ ამახსოვრდება მათი სახელები, არც თაობები გაიხსენებენ, მაგრამ ისინი ქალაქის ლეგენდებსა თუ ანეკდოტურ მცირე ამბებში იპოვიან ადგილს, მწერალი კი დავიწყების უმოწყალო და უჩინარ ხელს გამოსტაცებს და შეგვახვედრებს, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ყოველი ადამიანი მნიშვნელოვანია, „ღვთის ხატება და მსგავსებაა“, ჭუჭყიანი ტალახისაგან ღვთაებრივი თითებით გამოძერწილი და უკვდავ სულჩადგმული, ამიტომ თავისუფალია იმისთვის, რომ სიცოცხლით, როგორც საჩუქრით, გაიხაროს, დატკბეს და თავისი ხანმოკლე არსებობა იზეიმოს. ამიტომაც მწერალმა არ გამოუგონა რაიმე გვარი მთავარ პერსონაჟებს, ისინი ადამიანები არიან: ალექსი ადამიანი და ზინკა ადამიანი. ისევე, როგორც ავთანდილმა უთხრა შეშინებულ ასმათს: „კაცი ვარ, ადამიანიო“, თითქოს ეს საკმარისი უნდა ყოფილიყო იმისთვის, რომ ქალს მის მიმართ ნდობა გასჩენოდა.

მცირე დეტალებით გამდიდრებული თხრობა კინოსთვის დამახასიათებელი ახლო ხედების ეფექტით გამოირჩევა. მკითხველი გარკვევით ხედავს ყველა პერსონაჟს, მათს სახეზე აღბეჭდილ მიმიკებს, უსიტყვოდ რომ გამოხატავენ ფიქრს, გრძნობასა და ემოციურ განწყობას. მწერალი ზედმიწევნით ხატავს იმ გარემოს, რომელშიც ეს პერსონაჟები ფიქრობენ, მოძრაობენ, სუნთქავენ და ოცნებობენ.

რომანის ძირითადი ტოპონიმი თბილისია, რომელსაც კარგად იცნობს ავტორი, რადგან აქ დაიბადა და გაიზარდა. მწერალი ერთ ინტერვიუში აღნიშნავს: „ეს არის კალინინის მოედანი, ნომერი პირველი. მე იქ დავიბადე, იქ გავიზარდე და იქ ვიყავი ყველაზე ბედნიერი. ამ ადგილს ჰქონდა ერთი არაჩვეულებრივი თვისება, იქ არ ჰქონდა მნიშვნელობა, ვინ რა ხნისა იყო, ვის რა შეძლება ჰქონდა, ვინ რა სქესისა იყო და ვის როგორი გოგოები ან ბიჭები მოსწონდა. რევოლუციონერის მოედანი ნომერი პირველი იყო ადგილი, სადაც ყველა იყო თანატოლი და ჰქონდა ერთი საარსებო გარემო, ერთი ეზო და იმის გათვალისწინებით, რომ ერთხელ დავთვალე და აღმოჩნდა, რომ შვიდი ეროვნების ადამიანი ვცხოვრობდით ერთად, სულ იყო ზეიმი, ვიღაცის დღესასწაული. შეიძლება იმიტომ ვფიქრობ ასე, რომ იქ ვიყავი პატარა, მაგრამ სწორედ ამით იწყება ჩემი გმირის ამბავი, ის ერთხელ იყო პატარა და იყო ძალიან ბედნიერი რევოლუციონერის მოედნის პირველ ნომერში“. სწორედ ეს ეზოა რომანის ცენტრალური ადგილი, პერსონაჟთა ენერგეტიკული ველების გადაკვეთის სივრცე, ერთგვარი გზაჯვარედინი, სადაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან იმისთვის, რომ უყვარდეთ, სძულდეთ, შურდეთ, განიცადონ, დაახლოვდნენ, შემდეგ ისევ დაშორდნენ სიკვდილითა თუ სხვა რამ მიზეზით. თუმცა, რომანის გეოგრაფიული სივრცე მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება და საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც „მოხვდება“ მკითხველი.

მთავარი პერსონაჟები საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის ტრავმირებული ადამიანები არიან. უამრავ ამბავში გამოიკვეთება ალექსისა და მისი დის, ზინკას ტრაგიკული ისტორიაც. უკიდეგანო და ცივი რუსეთის ერთ პროვინციაში ერთმა სასოწარკვეთილმა პაპამ შეშინებული და შიმშილისაგან გასავათებული შვილიშვილები – და-ძმა ჩასხა მატარებელში და საქართველოსკენ გადასარჩენად გამოუშვა. საქართველო, „ზღაპრული ქვეყანა“ (კნუტ ჰამსუნი), „მიწიერი სამოთხე“ (ჯონ სტაინბეკი) ერთადერთ იმედად და გადარჩენის კუნძულად აღიქმება. პატარა ბიჭი თავის მცირეწლოვან დას, ზინკას, პატრონობს. მკითხველის მეხსიერებაში რჩება კადრი: „მატარებლის ქვეშ ზის ზინკა, ზედ ბორბალთან, და უკვე რამდენიმე დღეა, მატარებელი მიდის, მიგრუხუნებს, ხედი არ იცვლება და პატარა ბიჭი და პატარა ზინკა მხოლოდ რელსებს ხედავენ“. მწერალი კლასიკურ ინტრიგას იყენებს. მატარებელში რაღაც უნდა მოხდეს, ასეთია ცხოვრების დაუწერელი კანონი. ერთ სადგურზე საჭმლის საძებნელად ჩამოსული ბიჭი დაიჭირეს, მატარებელი კი წავიდა პატარა და მშიერ ზინკასთან ერთად. ალექსი დარწმუნებულია, რომ ზინკა ვერ გადარჩებოდა და ამ ტკივილით იზრდება.

მკითხველის წარმოსახვაში სამუდამოდ რჩება შეშინებული ზინკა, სამყაროს სისასტიკით გაოცებული ანგელოზური მზერით. თუმცა რომანში შემდეგ მისი შვილი ამოყვინთავს იმისთვის, რომ ცხოვრების მშფოთვარე ტალღებიდან ზედაპირზე, გადასარჩენად ისევ „ამოაგდოს“ ახალი პატარა ზინკა გადასარჩენად. სწორედ ეს პატარა ზინკა, შემდეგ დაქალებული და ცხოვრების ორომტრიალში ჩართული, ბავშვობის სამოთხიდან გამოძევებული ცხოვრების ჯოჯოხეთში, არის რომანის მთავარი გმირი პაპა ალექსი ადამიანთან ერთად.

მწერალი კლასიკური თხრობის ნაცნობ სტრატეგიას იყენებს და რომანს 21 ამბის აკიდოდ აქცევს. თითოეული ამბავი რომანის ერთიანი ფერადოვანი მოზაიკის ნაწილიცაა და ცალკე ნოველასავითაა, თავისი სათაურითა და ეპიგრაფებით. ეს ძალიან საინტერესო და საგულისხმო ეპიგრაფებიც დამახასიათებელი დეტალია ამ რომანისა, რომლებიც თავიანთ აზრობრივ-ემოციურ რიტმსა და ტონალობას განაპირობებენ, თავიანთ ამბებს ჰყვებიან და რომანისეულ დროსივრცულსა თუ აზრობრივ არეალს აფართოებენ, წარსულის, აწმყოსა და მომავლის გამაერთიანებელ რგოლებად იქცევიან. რომანის ამბები, როგორც აღვნიშნეთ, საბჭოთა ეპოქაში მიმდინარეობს, ამიტომ პოლიტიკური კონტექსტი ხან ცხადად და ხან ქვეტექსტებში კარგად წარმოჩნდება. მკითხველი საბჭოთა იმპერიის ვრცელ სანახებში მოგზაურობას მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან იწყებს, ძირითადი ამბები კი მეოცე საუკუნის 80-90-ან წლებში ხდება. ეპოქა უბრალო ადამიანების ყოველდღიური ყოფის დეტალებში სახიერად წარმოჩნდება. ამიტომ მკითხველი საქართველოს უახლესი წარსულის, პოლიტიკურ-სოციალური ცვლილებებით გამოწვეული სულიერ-მატერიალური „ქაოსის“ მოწმე ხდება.

„ალექსი ადამიანი ისტორიაში შევიდა“ – ასეთი ხმამაღალი სათაური აქვს პირველ თავს, რომელშიც მთავარი პერსონაჟის მძიმე ბავშვობისა და დავაჟკაცების შესახებ გვიყვება მწერალი. მკითხველის თვალწინ მეოცე საუკუნის მძიმე, 30-იანი წლების რუსეთი იხატება. ბავშვთა სახლმა ის სისატიკესა და დაუნდობლობას მიაჩვია. გვახსენდება რუბენ გალიეგოს რომანი „თეთრით შავზე“, რომელიც ამ ყოფას კარგად წარმოაჩენს. ყმაწვილი ალექსი სწორედ ერთ მხეცურსა და დაუნდობელ ჩხუბში დაკოჭლდა. კეთილი მეეზოვის გადარჩენილმა ბიჭმა გარმონზე დაკვრა ისწავლა და დამოუკიდებელ ცხოვრებას შეუდგა, სიმღერით შოულობდა დაუმადლებელ ლუკმაპურს, მღეროდა ხალხის შიმშილსა და გაჭირვებაზე: „კალინინის ოლქის ბორკოვოს ბავშვთა სახლის აღსაზრდელი ალექსი ადამიანი, რომელსაც სინამდვილეში არც ალექსი ერქვა და არც ადამიანი იყო გვარად, მაგრამ ამას როგორ იტყოდა! – ეს ალექსი ადამიანი უკრავდა და მღეროდა“, „ვოლგისპირეთის მოშიმშილე ოლქიდან გამოქცეული და ბავშვთა სახლში გაზრდილი, უსახლკარო და უსახელო კაცი“. მისი მსმენელები პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნებული სულიერად და ფიზიკურად დაჭრილ-დასახიჩრებული ადამიანები იყვნენ. თბილისი ალექსი ადამიანის მატერიალურ-სულიერ თავშესაფრად იქცა.

მწერალი გვიხატავს, როგორ ვერ გააუხეშა ცხოვრების სისასტიკემ ალექსის გული. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი სავსე იყო საყოველთაო ბედნიერების ყალბი პლაკატური სულისკვეთებით, ალექსი გულწრფელად იყო ბედნიერი, რადგან ჰქონდა „დედამიწაზე საუკეთესო აკორდეონი“. თავს კი ერთ კინოჟურნალში ნანახ აკორდეონისტთან აიგივებდა, დედამიწაზე სიმღერით რომ დააბიჯებდა და დაუსრულებლად მიჰყვებოდა გზებსა და ლიანდაგებს: „დედამიწა ტრიალებდა, ალექსი მღეროდა და გოგოები ცეკვავდნენ“. ალექსი თავის მცირე სივრცეში სიყვარულს უხვად გასცემდა და იღებდა. დრო კი ცხოვრებასა და რომანშიც ულმობლად გადის, ამასობაში ხრუშჩოვის ეპოქაც დგება, ადამიანები იზრდებიან ქვეყანაში  პათეტიკური ლოზუნგებისა, რომელთაგან ერთი ასეთია: „კომუნიზმი ადამიანებს ყოველმხრივ სულიერი და ფიზიკურ განვითარებას ხელს უწყობს“.

მწერალს თხრობაში შემოჰყავს ახალი პერსონაჟები და რომანისეული მელოდია განსხვავებული ნიუანსებით მდიდრდება. „შავი ზღვის პირას“, სოჭში, ალექსის ახალი მეგობრები უჩნდებიან, ომგამოვლილი ქართველები, დათა და კოტიკო. დათას ცალი ფეხი არა აქვს, კოტიკოს კი ხელზე თითები აკლია. ეს მხიარული ქართველები თავბრუდამხვევი ამბების მოყოლით გამოირჩევიან. ბარონ მიუნჰაუზენის სულიერი მემკვიდრენი ალექსის ფინეთისა თუ ქერჩის ამბებით ახალისებენ. უყვებიან, მაგალითად იმას, რომ ტყვედ ჩავარდნილმა დათამ ნატანებიდან წაღებული მანდარინი ფინელებს აჭამა და „გადარია ხალხი“. მერე თურმე დათვის მახეში გაება და ფეხი მოიჭრა თავდასაღწევად. მწერალი თხრობაში პოლიტიკურად ნაღვლიან ფრაზას შემოაპარებს: დათა და კოტიკო ალექსის ისე ელაპარაკებოდნენ, „თითქოს სოჭი მართლა საქართველო ყოფილიყო“. კოტიკოც მუსიკოსი იყო და ვიოლინოზე უკრავდა, სანამ თითებს დაკარგავდა. დათა და კოტიკო ლაღობენ, ხალისობენ, როცა საკუთარ ოჯახსა და ცოლ-შვილზე ჰყვებიან, გამოგონილსა და რეალურს, ტყუილ-მართალს ერთმანეთში ურევენ და მსმენელის აოგნებენ უცნაური ამბებით.

„ქალბატონებო და ბატონებო, გოგოებო და ბიჭებო. მე ვარ ალექსი ადამიანი. ამ აკორდეონს ჰქვია რავიატა“ – ყოველ საღამოს ამგვარი თვითწარდგენით იწყებს ალექსი და მკითხველიც მინი-კონცერტების მონაწილე ხდება. ერთი შეხედვით, უბადრუკ ყოფას ადამიანები საკურორტო ხანმოკლე რომანებით ამდიდრებენ. მწერალი კი რომანტიკულობის გასამძაფრებლად იმეორებს ფრაზას: „შავი ზღვის პირას“. მთავარი კი ისაა, რომ ალექსი, კოტიკო და დათა, ლამაზი ადამიანები, „ერთად გამოიგონებენ რამე ამბავს, სულელურს და სასაცილოს“.

რომანში ხშირად გვხვდება მწერლის უსაყვარლესი სიტყვაა „ლამაზი“, რომელსაც თავისი ნაირგვარი მელოდია დაჰყვება. ეს სიტყვა მკითხველს უხეში, მახინჯი რეალობის მიღმა გადახედვაში ეხმარება. ასევე, მისი საყვარელი სიტყვაა „გადასარევი“, რომელიც ყურადღებას იქცევს სხვადასხვა სინტაგმაში გამოყენებით. მაგალითად: „გადასარევ ქალაქ სოჭში“. „გადასარევად ვიცნობდი“; „გადასარევად გამოიყურები“, „გადასარევად მღერი“ და სხვ. სწორედ სოჭში გაიცნობს ალექსი თეთრკაბიან გოგონას, ნინიკოს, როგორც კოტიკომ შეაფასა, „თხელს, როგორც მეშვიდე სიმს“. მწერალი კონტრასტისთვის ხატავს დიდმკერდიან მთასავით ქალს, პროკოფიევნას, ნინიკოს დედას, ცხოვრებისა და ავადმყოფობისაგან გაწამებულს, საძაგელ ხასიათიანს. მწერალი კარგად შენიშნავს, რომ ნინიკოსნაირი გოგოები მხოლოდ წიგნის სამყაროში ჩნდებიან და ქრებიან, რეალურად კი იმათთვის არსებობენ, ვისაც დიდი სიყვარულისა სჯერა.

ეპოქას კარგად წარმოაჩენს ერთი თავის („პატარა ყველა საყვარელია“) ეპიგრაფად გამოტანილი ლექსი: „საახალწლო ნაძვისხეზე არ მოუშვათ ელისო,/ იმიტომ, რომ იგი არის შვილი მავნებელისო“. პროკოფიევნას ყოფა ირეკლავს საბჭოთა ეპოქაში ბევრი რეპრესირებულის ბედს. მამამისს, მდიდარ ქველმოქმედ ვაჭარს, ქონებაჩამორთმეულს, შეშინებულს, დამცირებულსა და შეურაცხყოფილს, ახალმა გვარმაც – მარლენიძე (მარქსისა და ლენინის შეერთებით) – ვერ უშველა, ძაღლივთ დახვრიტეს. რომანის თავისებურებად ისიც შეიძლება მივიჩნიოთ, რომ მწერალი არა მხოლოდ უშუალოდ ტექსტში, არამედ ცალკეულ თავის ეპიგრაფში წარმოაჩენს დროს. მაგალითად, თავს, რომელსაც „დაიკოები და ძამიკოები ჰქვია“, ეპიგრაფად უძღვის ფრაზები, საბჭოთა ეპოქას რომ აღწერენ. ასევე, თავს „განათლება ნათელია“ და სხვ. თამრიკოს ფაბრიკული ცხოვრების ეპიზოდიც კარად წარმოაჩენს საბჭოთა ქალების კოლექტიური შრომის ტანჯვა-წვალებას. ზინკას პიონერთა რიგში მიღება და ფიცის რიტუალი საბჭოეთის ბავშვების ყოფას აცოცხლებს.: „მე, ზინკა ადამიანი, შევდივარ რა საბჭოთა კავშირის პიონერული ორგანიზაციის რიგებში, ვიძლევი საზეიმო დაპირებას…“.

მწერალი მსუბუქად, სასაცილოდ გვიყვება, როგორ ჩამოდის ალექსი ადამიანი თბილისში, ძმაკაცებთან ერთად როგორ შეაბიჯებს იტალიურ ეზოში და ნინიკოს ხელს ითხოვს. სწორედ დათას ცოლმა, კუკიამ, სამივეს „ლამაზები“ შეარქვა. კოლორიტულად გამოიკვეთება ყველა პერსონაჟი და მათ შორის ქალი – კუკიაც. რომელმაც ალექსის ქართულის „კუკიური დიალექტი, მდიდარი და ხატოვანი“, შეასწავლა. „ჟოფრეი დე პეირაკივით“ კოჭლმა და სიმპათიურმა, მაღალმა ალექსიმ, ქართულად დაწერილი სიმღერით ყველა მოხიბლა. როგორც იტყვიან, კალმის ერთი მოსმით იხატება იტალიური ეზო, თავისი „მარადიული“ კატით, სახელად მალულათი, შუა ეზოში გოგო თამრიკო ხალიჩას რეცხავს. ის ალექსის „თურ ჰეირდალსა და ჟერარ ფილიპს“ თუ სიზმრად ნანახ „ვესტერნის გმირს“ მიამსგავსებს და სამუდამოდ უიმედოდ შეუყვარდება. უცხოური ფილმები, წიგნები და მუსიკა საბჭოთა ყოფაში ქმნიან თავისუფლად სასუნთქ სივრცეებს. ალექსიზე უნუგეშოდ შეყვარებულ თამროსაც თავისი მელოდია აქვს, რომელიც  მას დასამახსოვრებელ პერსონაჟად აქცევს. მას სჯერა, რომ „ის, ვინც შეყვარებულია, ბედნიერია“, ამიტომ თამრიკო ძალიან ცდილობდა ალექსი ადამიანი თავის ბედნიერებად ჩაეთვალა. უბრალოდ, ზოგჯერ შეხსენება სჭირდებოდა ხოლმე: „თამრო, შენ ბედნიერი და შეყვარებული ხარ და არა მარტოხელა, ბებერი და უბედური“. მკითხველის თვალწინ იბადება დიდი სიყვარული, უბადრუკი ყოფის გამლამაზებელი. დედის უარის მიუხედავად, ნინიკო ალექსის ხვდება, ხელსაც მოაწერენ, მაგრამ ბრმა შემთხვევა, შხამიანი სოკოს კერძი იმსხვერპლებს დედა-შვილს. დაქვრივებული ალექსი ნინიკოს ბინაში იწყებს ცხოვრებას. პერსონაჟთა პალიტრას ამდიდრებს ამ ეზოში მცხოვრები ლეკვიშვილის ჯადოსნურთვალებიანი მოხდენილი „მოსისინე“ ქალი, თავის ღალატით, საყვარლითა და გაგიჟებული ქმრით. რომანისეულ იტალიურ ეზოს ალამაზებს ზინგერების მრავალშვილიანი ოჯახი. ერთგვარ ნაჩვევ იდილიას არღვევს ახალი მეზობელი, თამრიკოს აზრით, მდიდარი და გოიმი, ახალი გამდიდრებული, ნუვორიშის ცოლი, რომელიც სხვათა ბინების ყიდვასა და გაფართოებას აპირებს.

ბითლზის სიმღერის „ვერაფერი შეცვლის ჩემს სამყაროს“ ეპიგრაფის ფონზე იხატება ალექსი ადამიანის თბილისური  ცხოვრების ახალი ამბები. მისი მშვენიერი  თვალებჟუჟუნა, მოკისკისე სატრფო, მედდა ანასტასია და მოულოდნელად გამოჩენილი შვილიშვილი, რომელსაც პასპორტში ეწერა, რომ ის იყო „ზინაიდა ალექსის ასული ადამიანი“. ამიერიდან პატარა ზინკა პაპის, ალექსის შვილი გახდა: „წვრილი ხელ-ფეხი, გადატყავებული მუხლი, ორი გაფშეკილი ნაწნავი ზედ თეთრი ნეილონის, კიდეებმომწვარი ბაფთებით. ძალიან პატარა, გაკნაჭული, უშნო გოგო – ზინკა“. ასე გაჩნდა ალექსის ცხოვრებაში ზეციდან ჩამოვარდნილი საჩუქარივით ორწლინახევრის ზინკა, პაპას რომ ეძახდა და ეხუტებოდა. რა თქმა უნდა, მკითხველი ძაფს აბამს და პერსონაჟთან ერთად სჯერა, ეს ბედისწერაა, იცის, რომ ამგვარად „გამოეცხადა“ წლების წინ დაკარგული და, უმწეო ზინკა.

პატარა ზინკა, თითქოს „არსაიდან მოსული“ პაპისა და მისი მეგობრების დიდი სიყვარულით სავსე გარემოცვაში იზრდება. კოტიკოს მოყოლილი თავბრუდამხვევი ზღაპრებით ყალიბდება, როგორც პიროვნება. ზინკა ჩვეულებრივი გოგოა, დიდი კბილებით, დიდი ზომის ფეხსაცმლით, ზორბა აღანაგობითა და უნაზესი სულით, მამაცი და გამბედავი.  იტალიურმა ეზომ, პაპამ და მისმა მეგობრებმა ზინკას უპირობო ბედნიერება, სიცოცხლით ტკობა ასწავლეს, ამიტომაც, როცა გაიზარდა და ლამაზების მფარველობის გარეშე დარჩა, მაინც არ იყო მარტო, რადგან საკუთარი თავი ჰყავდა. ნინა სიმონეს ცნობილი სიმღერით შთაგონებულმა თვითონაც მოიგონა სიმღერა, თითქოს ინგლისურ ენაზე დაწერილმა, უცხოსიტყვებიანი ტექსტის რიტმმა უკარნახა ტკივილიანი სათქმელი:

„წასასვლელი აღარსად მაქვს

და მეტირება.

მე არ მაქვს ფული,

მე არ მაქვს საქმე,

მე არ მყავს პაპა… “

სიმღერას კი ძალა აქვს ტკივილის შემსუბუქებისა და გაქრობისა, მართალია, ის ისევ ბრუნდება, მაგრამ კვლავაც სიმღერით შეიძლება მოგერიება.

რომანს ერთგვარ მაგიურ შეფერილობას სძენს პერსონაჟთა მოყოლილი შთამბეჭდავი ზღაპრები, მაგალითად, კატების, ტომისა და ტიმის შესახებ და სხვ. მწერალი გვიხატავს, ზინკა როგორ იზრდება პაპის ძმაკაცთა, მეზობელ-მოკეთეთა გარემოცვაში, როგორ მოგზაურობს, დაეხეტება და მღერის პაპასთან ერთად. კარგად წარმოჩნდება თანატოლ ნიგოსთან ერთად გატარებული სასკოლო ცხოვრება. ნიგო აწოწილი და ხელბურთით გატაცებული ზინკასგან განსხვებით, „ნატო ვაჩნაძესავით“ ლამაზია და წიგნების კითხვა უყვარს. ნიგო ნინიკოს ჰგავს. ალექსი მას „ლილიან გიშს“ ამსგავსებს. მასაც ნინიკოსავით განწირულების ბედი დაჰყვება.

კოტიკოს ნათქვამი ცხოვრებისეული სიბრძნე მსჭვალავს რომანს: „კიდევ კარგი, არავინ იცის, რა ელის. კაცმა რომ იცოდეს, რა დღეში ჩააგდებს ეს ცხოვრება, იმავე დღეს მტკვარში დაიხრჩობდა თავს“. მწერალი კარგად ხატავს, როგორ შემოდის პატარა ზინკას ცნობიერებაში სიკვდილი. „პომპეის ნახატი“ სწორედ სიკვდილის შიშით ზაფრავს. ჩნდება სურვილი, რომ ყველა ერთად დაიხოცოს, რომ ერთმანეთის სიკვდილმა გული არ ატკინოთ: „ვაიმე, პაპლო, შენ არ მომიკვდე“. რომანს ხშირად მსჭვალავს სასოწარმკვეთი ფიქრიც: „საშველი არაა და არც სამართალი“. ზინკას სიკვდილმა თავი გააცნო: მან ჯერ თემიკო და ზურიკო წაიყვანა, ისინი აფხაზეთის ომს ემსხვერპლნენ. მამამ, დათამ, ტკივილს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა. მეოცნებე კოტიკო წარმოსახულ სამყაროში, „სორია-მორიას სასახლეში“, მეჯლისზე, პირველ ვიოლინოზე ჰენდელს რომ უკრავდა, წყალში დაიხრჩო. პაპის ჯერიც დადგა. მწერალმა ალექსი ადამიანის სიკვდილი მისტიკურ საბურველში გახვია. პაპის დაკარგვა ზინკასთვის დიდი ტკივილია, მაგრამ „როცა თუნუქის სახურავების თავზე გადაფრენილი ფარშევანგი დაინახა, იფიქრა, ნიგოს დახედა ანგელოზმა, აუ, ზოგს რა ბედი აქვსო, რა იცოდა, რომ მალაქ თავუსმა პაპას მოაკითხა და წაიყვანა მაღლა, მაღლა, ყველაზე შესანიშნავი ქალაქის თავზე მოკაშკაშე მაისის მზისკენ“. „მალაქ თავუსი“ იეზიდური რელიგიის მთავარანგელოზია. თბილისს, მულტიკულტურულ ქალაქს, მრავალფეროვანი რელიგიის ანგელოზები მფარველობენ. ეს ქმნის მის სულიერ გამორჩეულობას. ყოველ შემთხვევაში, ეს რომანი ამის განცდასაც უჩენს მკითხველს. ასე რომ, მწერლისთვის ლამაზი ადამიანები, განურჩევლად ეთნოსისა, „მზის წილნი არიან“. ალუზია ჩნდება „ვეფხისტყაოსნისა“: „მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი“. სიცოცხლე გასაძლებია მხოლოდ მაშინ, როცა მზის ამგვარი რწმენა გაქვს.

რომანის თხრობის რაკურსი ხშირად იცვლება, რაც განაპირობებს მის დინამიკურობას. ზინკას ნაამბობში ირეკლება მეოცე საუკუნის 90-იანი წლების საქართველოს ამბები: „კრასინკის, უშუქობისა და შეშის „ფეჩის თანხლებით“. ვხედავთ, რომ ისიც ამბების მოყვარულ გოგო გაზრდილა, ტყუილ-მართლისა რომ სჯერა.

ასე მიედინება ჩვენი უახლესი ისტორია რომანის ფურცლებზე. ზინკას წინაშე ახალ-ახალ დაბრკოლებები ჩნდება. მაგრამ ცხოვრება გრძელდება და მკითხველიც ზინკას ფიქრების ნაკადებს მიუყვება, მისი განსჯისა და მოქმედების მოწმე ხდება. ზინკამ მემკვიდრეობით მიღებულ რავიატას არ უღალატა, ახლა ის უკრავს და მღერის ხან ნინა სიმონესა და ხან ბილი ჰოლიდეის სიმღერებს: „იმიტომ, რომ ლამაზი ხარ… იმიტომ რომ ლამაზი ხარ“. მნიშვნელოვანია მისი შეხვედრა აბოსთან (იმავე, აბესალომთან), გულწრფელი გატაცება და სიყვარული. „ზინკა ფიქრობდა, რომ აბო ლამაზებმა გამოუგზავნეს“. ამიტომ აბო „ლამაზი“ იყო იმ მნიშვნელობით, როგორითაც მას და პაპას და მის მეგობრებს ესმოდათ. მწერალს მოსწონს მკითხველთან ამგვარი თამაში, როდესაც პერსონაჟს აბო თბილელად მოიხსენიებს. ამიტომ მკითხველს უჩნდება განცდა, რომ ის ზინკას მხსნელად შეიძლება მოევლინოს. მოულოდნელად შემოჭრილი სიყვარულის ახალი მელოდია ზინკას ცხოვრებას ამდიდრებს: „მიყვარხარ! მიწა რომ აშრება, ვიაროთ ხომ, ზინკა? აბა, რა აბო!…. ვიაროთ და ვიაროთ. ისეთ ადგილებში, სადაც არც შენ ყოფილხარ და არც მე, და დანარჩენები, სადაც ვყოფილვართ, ერთმანეთს ზამთარში ვუამბოთ, ღუმელთან ჩამოვსხდეთ და მოვყვეთ“. ზინკა ნინა სიმონეს სიმღერას მღეროდა იმის შესახებ, რომ მარტოსულს, ცხოვრების აზრდაკარგულს ჰქონდა თავისუფლება, რომელსაც ვერავინ წაართმევდა. თავისუფლება, ჰყვარებოდა სიცოცხლე და ადამიანები. და ეს იყო მთავარი. აქ კვლავ თხრობის ჯაზური იმპროვიზაცია იჭრება. ფრაზები, გამეორებული სიტყვებით, მუსიკალურია, მოკლე, სხარტი, უბრალო და ნათელი. ასე გამოიკვეთება აბოს „ჰანგი“, მისი სულის ინსტრუმენტზე უჩინარი უკრავს ნაღვლიან „ამბავს“ ჯაგლაგა ცხენისას, რომელიც სოფელში ბებოსთან სტუმრობისას შეუყვარდა, მაგრამ რომელიც ერთ ზამთარს მგლებს შეაჭამეს, რადგან ოჯახს მისი გამოსაკვები თივა არ ჰქონდა. შემდეგ ზინკას სევდიანი მოგონება ამოტივტივდება, ბავშვობაში ანაპაში, ზღვაში როგორ ნახა სირინოზი, რეალურად კი, მოკლული ქალის გალურჯებული ცხედარი. ავტორი ასეთ დროს სადღაც ქრება, საერთოდაც, ხშირად ქრება და პერსონაჟები სიტყვებად აქცევენ თავიანთ ფიქრსა და გულისთქმას. აბო, უნებური ალუზიით ჰაგიოგრაფიის ცნობილ პერსონაჟთან, მკითხველში იწვევს განცდას, რომ მან შეიძლება თავისი სიყვარულით გააბედნიეროს ზინკა ადამიანი. ეს ილუზია ზინკასაც უჩნდება და დგება ჟამი სიყვარულისა: „მერე იყო ზაფხული, მერე დადგა შემოდგომა. მერე დაიწყო ნოემბერი, და ეს ძალიან გრძელი, ძალიან ბედნიერი დღეები იყო“ – ეს ფრაზა რომანში მუსიკალური ფრაზასავით მეორდება. აბო როგორც მოულოდნელად შემოიჭრა, ასევე მოულოდნელად გაქრა. აბოსთან რომანმა ზინკას მოუტანა სიხარული, რომელიც ხანმოკლე აღმოჩნდა და სასოწარკვეთის მწარე გემო დაუტოვა. ზინკა არ უნდა დაკარგულიყო, რადგან ძლიერი ჩანდა, „მონღოლური ღაწვებითა და ღონიერი ხელებით“, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი გასაძლებად.

რომანის პერსონაჟთა ხასიათებს კარგად გამოკვეთს დიალოგები. მათი მეტყველება ცოცხალი და ექსპრესიულია. მათი ლექსიკა სავსეა ბარბარიზმებით, ჟარგონით, ბილწსიტყვაობითაც. მწერალი, ე.წ. უცენზურო, ვულგარულ ლექსიკას ფუნქციურად იყენებს, ამგვარად, უფრო უშუალოდ და დამაჯერებლად წარმოაჩენს მათ შეუნიღბავ სახეებს.

რომანს ერთგვარი მისტიკურ-მაგიური ფინალი აქვს, რომელიც თავისუფალი ინტერპრეტაციების საშუალებას იძლევა. სიყვარულში იმედგაცრუებულ ზინკას, რომელიც აბოსთან განშორების შემდეგ მარტო ბრუნდება შუაღამისას, გზაში, სახლამდე, ხიდთან ქოფაკები დახვდებიან, „ზინკა აღტაცებით მიხვდა, რომ დაიღუპა“. აქ სიტყვა „აღტაცებით“, ერთი შეხედვით, უადგილოა, ამიტომ დაგვაფიქრებს მის ქვეტექსტურობაზე. ზინკა მიხვდა, რომ სხვა, უცნობ, სიკვდილის სამყაროს უნდა შეხვედროდა, სადაც ლამაზები დახვდებოდნენ, თავიანთი დიდი სინათლითა და სიყვარულით. ის იქცა აბოს მოყოლილ ამბებიდან იმ ჯაგლაგად, მგლებმა რომ შეჭამეს: „ყვიროდა, მაგრამ ღმერთს არ ესმოდა“. ეს ეგზისტენციალური სიცარიელე ღვთისა და ადამიანის კავშირს რომ აუქმებს, გამოუთქმელი და უსაშველო იმედგაცრუებითა და განწირულების შეგრძნებით ავსებს მკითხველს. ჯვარზეგაკრული იესო ქრისტეს სიტყვებიც ამოტივტდება გონებაში: „მეცხრე საათს ხმამაღლა შეღაღადა იესომ: ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი? რაც თარგმანით ნიშნავს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე?“ (მარკოზი, 15, 34).

მწერალი ზღაპრისეული ელემენტებით აძლიერებს და უფრო დრამატულ-ფეერიულს ხდის საფინალო ეპიზოდს. კოტიკო და დათა გაჩნდნენ დასახმარებლად. გაავებული, მშიერი ძაღლების დაგლეჯილი ზინკა მტკვარში ვარდება, იქ კი ის აფრაგაშლილი გემი მოცურავს, რომელზედაც ხშირად მღეროდა. კიჩოზე პაპა ალექსია, საყვარელი „პაპლო“ და  რავიატას ძველებურად წელავს. ზინკა კოტიკოსთან ერთად გემბანზე ხტება. ამ დროს წყლიდან სირინოზებიც ამოყოფენ თავს: „ხა-ხა-ხა! – იცინოდა დათა, და კოტიკოც იცინოდა, და პაპაც და ზინკაც, და მერე, როგორც ჰყვებიან, იმ ალიონზე, მაგრად რომ ციოდა და ხიდზე კაცის ჭაჭანება არ იყო“, მტკვარზე ის სიმღერა გაისმა, რომელსაც ზინკა ხშირად მღეროდა. გემმა, რომელსაც სიმღერაში ელოდა ზინკა, მარადიული მუსიკის სამყაროში წაიყვანა:

„ლამაზი გემი, იალქანი,

ღუზა, ზღვა.

არავინ მინდა სხვა,                                                                                                                .

მხოლოდ შენ გელი“.

წყალი ხომ მითოლოგიურად განახლებისა და აღორძინების სიმბოლოა. ქართულ ლიტერატურაში არაერთი პერსონაჟი ინთქმება წყალში (დათა თუთაშხია, თარაშ ემხვარი და სხვ.). გემის სიმბოლიკაც გამჭვირვალედ ამხელს, რომ სინათლე და სიყვარული მხოლოდ დროებით მიინავლება ხოლმე. მკითხველს მაინც სასოწარკვეთილებისა და გაურკვევლობის განცდა ეუფლება. რატომ? ეს კითხვა უადგილოა, როგორც ბოჰუმილ ჰრაბალი წერს: „წიგნებითა და წიგნებიდან ვისწავლე, რომ ზეცა არ არის ჰუმანური და ადამიანი, რომელიც ასე ფიქრობს, არც თვითონ არის ჰუმანური“ („მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა“). მიუხედავად ცხოვრებისეული უსამართლობისა, მკითხველს სჯერა, რომ იმ იდუმალ დროს, როდესაც ღამით წყალიც კი ჩერდება და იძინებს, ნაღვლისფერ სიჩუმეში ტალღა გადგაფუნდება და ზინკა სირინოზივით ამოყვინთავს ხელში რავიატათი და თავდავიწყებით იმღერებს. იმიტომ, რომ ზღაპარს ასე უხდება. იმიტომ, რომ წიგნის გმირები მარადიული სიცოცხლისთვის არიან შექმნილნი. ასე გვიმდიდრებს ანა კორძაია-სამადაშვილი ამ რომანით იმ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ. ლიტერატურის დანიშნულებაც ხომ ესაა, როგორც ამას ამბობს მარიო ვარგას ლიოსა, არასრულყოფილ სამყაროს რაღაც შემატოს.

„ლამაზი“ რომანი ლამაზი სიტყვებით სრულდება: „ამ ამბავს ვუძღვნი დედაჩემის მეგობრებს… ლამაზ გოგოებს, რომლებიც მეოცე საუკუნეში დარჩნენ“. ამ რომანით, როგორც მწერალმა აღნიშნა ერთ ინტერვიუში, მან, მართლაც, „სიყვარული აუხსნა“ ნაცნობსა და უცნობ ადამიანებს, თბილისსა და უცხო ქალაქებს, მთელ სამყაროს.

 

რატომ შეიცვალა ცალკეული მოსწავლეების ქცევა დისტანციური სწავლებისას

0

დისტანციური სწავლების დაწყებიდან ძალიან მალე როგორც პედაგოგებისთვის, ისე მშობლებისთვისაც აშკარა გახდა, რომ ცალკეული მოსწავლეები, რომლებიც რეალურ სასკოლო გარემოში საკმაოდ პასიურობდნენ და გარშემო მყოფებისთვის შეუმჩნევლები რჩებოდნენ, უჩვეულოდ გააქტიურდნენ. რა თქმა უნდა, ყველა პასიურ მოსწავლეზე ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ ცალკეული მოსწავლეების ქცევაში ასეთი ცვლილება იმდენად თვალში საცემია, რომ ამაზე საუბარი ნამდვილად ღირს.

ამ ცვლილების ასახსნელად უნდა ვიცოდეთ, რა განაპირობებს მოსწავლეთა პასიურობას რეალურ სასკოლო გარემოში:

* ყველაზე ხშირად ამის მიზეზი სოციალური და ემოციური დაუცველობის შეგრძნებაა. როცა ბავშვი სოციალურად და ემოციურად უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს, იმის შიშით, რომ ვიღაცამ მის ნათქვამზე არ გაიცინოს, ირონიული გამომეტყველებით არ შეხედოს, მისი პასუხი სისულელედ არ მიიჩნიოს, ის ამჯობინებს, შეუმჩნეველი დარჩეს. ხშირად ეს მდგომარეობა ჯგუფში მის სოციალურ სტატუსზეც აისახება და გაკვეთილზე ასეთი ბავშვის ყოფნას უმეტესად არა მხოლოდ პედაგოგები, არამედ თანაკლასელებიც კი ვერ ამჩნევენ. დისტანციური სწავლება ასეთ ბავშვებს, რასაკვირველია, სრული უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს, მაგრამ განსხვავებული სასწავლო გარემო, ონლაინჩართვები სახლიდან, სადაც ისინი ოჯახის წევრების ყურადღებით, სითბოთი და სიყვარულით არიან გარემოცულნი, მათ სოციალური და ემოციური დაცულობის უფრო ძლიერ განცდას უქმნის, გამბედაობას მატებს და ისინიც აქტიურად ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში. თუმცა, ვინაიდან ბოლომდე უსაფრთხოდ მაინც ვერ გრძნობენ თავს, როგორც წესი, ვიდეოკამერები გამორთული აქვთ.

* შესაძლოა, რეალურ სასკოლო გარემოში ჩატარებულ გაკვეთილზე ბავშვი იმის გამო პასიურობდეს, რომ კარგად არ აქვს მომზადებული გაკვეთილი და დარწმუნებული არ არის საკუთარ ცოდნასა და შესაძლებლობებში. ონლაინსწავლებისას მას თამამად შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვოს შორიახლოს მდგომ მშობელს ან გვერდით დადებულ სახელმძღვანელოში ამოიკითხოს საჭირო პასუხი. ამის გაკეთება მას არ გაუჭირდება, თუ ვიდეოკამერა, ტექნიკური გაუმართაობის მომიზეზებით, გათიშული ექნება. სამაგიეროდ, თანაკლასელებს შორის ის მცოდნე მოსწავლის სახელს დაიმკვიდრებს და თავს მოიწონებს საკუთარი ცოდნით.

* რეალურ საგაკვეთილო პროცესში ბავშვი ხშირად იმიტომაც პასიურობს, რომ, თავისი ტიპოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, აქვს მოქმედებისა და მეტყველების შენელებული ტემპი და ვერ ასწრებს თანაკლასელებს მასწავლებლის მიერ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას. ონლაინსწავლება, როცა მასწავლებელს სწორად აქვს დაგეგმილი და ორგანიზებული სასწავლო პროცესი, იძლევა საშუალებას, მხოლოდ იმ მოსწავლემ ილაპარაკოს, ვისაც პედაგოგი მიმართავს. დანარჩენებს ის უბრალოდ გაუთიშავს მიკროფონებს, რაც კონკრეტულ ბავშვს პასუხისთვის ბევრად უფრო კომფორტულ და დაცულ გარემოს შეუქმნის.

* ონლაინსწავლებისას ბავშვის გააქტიურება შესაძლოა მშობლებისთვის თავის მოწონების მოტივითაც იყოს ნაკარნახევი. ხშირად მშობლები თვალს ადევნებენ ონლაინგაკვეთილს და საგაკვეთილო პროცესში შვილის ჩართულობას, მის ქცევას. ასეთ სიტუაციაში ბავშვმა მშობლების კეთილგანწყობა რომ მოიპოვოს და დაარწმუნოს ისინი, რომ არცთუ ისე ცუდი მოსწავლეა, შესაძლოა, უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, ვიდრე რეალურ საკლასო გარემოში ჩატარებულ გაკვეთილზე.

თუმცა დისტანციურ სწავლებას მხოლოდ აღნიშნული კატეგორიის მოსწავლეთა ქცევა არ შეუცვლია – არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც რეალურ საგაკვეთილო პროცესში საკმაოდ აქტიური ბავშვი ონლაინგაკვეთილებზე უჩვეულოდ პასიურობს. მსგავსი შემთხვევების ასახსნელად უნდა ვიცოდეთ, რატომ აქტიურობენ რეალურ გაკვეთილზე ასეთი ბავშვები:

* თუ რეალურ სასკოლო გარემოში ბავშვის აქტიურობა თანაკლასელებისთვის თავის მოწონებით, ჯგუფში სასურველი ადგილის დამკვიდრებით იყო მოტივირებული, შესაძლოა, ონლაინგაკვეთილებზე ის პასიური გახდეს და ინტერესიც კი დაკარგოს საგაკვეთილო პროცესის მიმართ, რადგან ონლაინ სასწავლო გარემო გარშემო მყოფებზე ეფექტის მოხდენის ნაკლებ შესაძლებლობებს აძლევს.

* შესაძლოა, რეალურ საკლასო ოთახში აქტიური ბავშვი ონლაინგაკვეთილებზე იმის გამო პასიურობდეს, რომ, ვირტუალური სასწავლო გარემოს თავისებურებებიდან გამომდინარე, სასურველ დროს ვერ ახერხებს თანაკლასელებისა და პედაგოგის ყურადღების მიპყრობას და დუმილს ამჯობინებს.

* ზოგიერთ ბავშვს ონლაინგაკვეთილებზე აქტიურობაში ხელს უშლის ის გარემოება, რომ თანაკლასელებსა და პედაგოგებთან მისი ურთიერთობა კომპიუტერული პროგრამით და ტექნიკური საშუალებებით არის გაშუალებული.

ამრიგად, სასწავლო გარემო და სწავლების ფორმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ქცევაზე, სასწავლო პროცესში მის ჩართულობასა და სასწავლო მოტივაციაზე. განსხვავებულ სასწავლო გარემოში მოსწავლის ქცევის შესწავლა, მისი გაანალიზება დიდ დახმარებას გაგვიწევს ცალკეულ მოსწავლეებთან მუშაობის ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებაში და მათთან ურთიერთობისას მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებაში.

პერსონაჟი, რომელიც მე ვარ

0

საბავშვო ლიტერატურული კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ პარალელურად ესეების ქვეკონკურსი გრძელდება, სადაც მონაწილეობას უფროსკლასელები იღებენ. ყოველ კვირას ცხადდება ესეს ახალი თემატიკა და მოსწავლეები თავიანთ აზრებს გვიზიარებენ წიგნისა და ლიტერატურის შესახებ.

კონკურსის მეორე კვირის თემა „პერსონაჟი, რომელიც მე ვარ“ იყო. მრავალ საინტერესო ესეს შორის ჟიურიმ ანი ბექაურის ტექსტი გამოარჩია, რომელიც კონკურსის მეორე  კვირის გამარჯვებული გახდა.

გთავაზობთ გამარჯვებულ ნაშრომს.

 

ავტორი ანი ბექაური

თბილისის 64-ე საჯარო სკოლა, X კლასი.

 

პერსონაჟი, რომელიც მე ვარ

პერსონაჟი, ლიტერატურული სამყაროს გმირი თავისი არსებობით, მკითხველისთვის შეუცნობელი გრძნობებით, მდიდარ სამყაროს ქმნის. რეალურ ცხოვრებაში კი პერსონაჟები, ანუ ჩვენ, ადამიანები, ვქმნით სიუჟეტს და ამის ფონზე – საკუთარი ცხოვრების გზას, შეხედულებებს, წარმოდგენებს, რეალობას. ჩვენი პერსონაჟის რეალიზება, გარესამყაროსთან შეთანხმება, მარტივი არ არის. შესაბამისად, საკუთარი თავის ძიებას ვიწყებთ იმ ლიტერატურულ პერსონაჟებში, რომლებიც ჩვენს პიროვნულ მახასიათებლებს გამოხატავენ.

მე, როგორც ამ სამყაროს ნაწილი, საკუთარ პიროვნებას ჩემივე ხელით ვიქსოვ და რთული გზის შესამსუბუქებლად ვეძებ იმ პერსონაჟს, თუნდაც არარეალურს, რომელიც ჩემს სულიერ სამყაროს ერგება. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ჩემ მიერ წარმოდგენილ მსჯელობას თემაზე, „პერსონაჟი, რომელიც მე ვარ.“

ხსნა იმ სირთულეებისგან, რომლებიც რეალურ ცხოვრებას ახლავს თან, ჩემთვის ლიტერატურაში მოიძებნება. ზოგჯერ რეალური სამყაროს პერსონაჟები ვერ გვთავაზობენ იმას, რაც ნამდვილად გვჭირდება, რაც გვიჯანსაღებს პიროვნებას და გვიმდიდრებს სულიერ სამყაროს. ამიტომ გამოვყოფ პერსონაჟს, რომელმაც თავისი ცხოვრებით, ქმედებებით და შინაგანი სამყაროს აღწერილობით ყველაზე მეტად დაიკავშირა ჩემი შინაგანი „მე“.

რეზო ჭეიშვილის ნოველის, „ლურჯი ფრინველის“ მთავარი პერსონაჟი ჩემს სულიერ სამყაროს და განცდებს ეხმიანება. ნაწარმოებში მოქმედება ერთ პატარა სოფელში ვითარდება. მთავარი გმირი, სავარაუდოდ, პატარა ბიჭი, გადაწყვეტს წავიდეს იქ, სადაც სოფლის მაცხოვრებლებს ფეხი არ დაუდგამთ. სიუჟეტი მისტიკურია, ნაწარმოები სახე-სიმბოლოებითაა დახატული და მთავარი პერსონაჟის სიცოცხლის წყურვილს წარმოაჩენს.

ბრძოლისუნარიანობა, ინტერესი, სიცოცხლისადმი ტრფობა, როგორც ამ პერსონაჟის, ასევე ჩემი ცხოვრების მთავარ მოტივს, ტკბილ სატანჯველს წარმოადგენს. ამ პერსონაჟის ქმედებების გააზრებამ მომცა იმის ძალა, დავრჩე მოქმედად, იმის მიუხედავად, თუ როგორი იქნება კლდის ბოლო. „ლურჯი ფრინველის“ მთავარი გმირი ცხოვრების გზაზე მარტოდმარტო, ინტერესით გაღვივებული გულით მიიწევს. მისთვის მთავარია წინ წავიდეს, არ გაჩერდეს იმის მიუხედავად, თუ რას უქადის წუთისოფელი – „ვატყობდი და ვგრძნობდი, სასიკეთოდ არ უნდა დამთავრებულიყო ჩემი მეკლდეურობა“. იბრძოლო ცხოვრებისთვის, ინტერესისთვის, რადიკალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან, ჩემი აზრით, სიცოცხლე ბრძოლად ღირს.

ნოველის მთავარი პერსონაჟი ჩემ სულს ფაქიზად ეხება და მებრძოლ, დაუდგრომელ „მეს“ მიღვიძებს. ბიჭის ქმედება, მისი სიცოცხლისუნარიანობა თვით სიკვდილის შიშსაც უკუაგდებს და ეს მძაფრი ემოციით შეზავებული სიმშვიდის, და ამავე დროს, ამაო რეალობის განცდას მანიჭებს – „გორა ყორღანს მაგონებდა და მივჩერებოდი მზის ჩასვლას და ამოსვლას.“ იმოძრაო და მიაღწიო დათქმულ მიზნამდე, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდე, იქ რა დაგხვდება, ლურჯი ფრინველი თუ ყორღანი, გამოერკვე იმ წარმოდგენებიდან, რომ არსებობს მხოლოდ ერთი გზა, ბრბოსაგან გათელილი, ძალზე დიდ გამბედაობას მოითხოვს. ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი საკუთარ სულიერ სამყაროში მოგზაურობს, საკუთარ პიროვნებას და არჩევანზე დაფუძნებულ ცხოვრებას თვითონვე შემოიქსოვს და პრობლემებს გამოწვევებად აქცევს.

საბოლოოდ, ნოველის მთავარი პერსონაჟი თავისი ქმედებით თუ ფიქრით, ჩემი სულიერი მდგომარეობის, მისწრაფებების ნაწილი გახდა. პერსონაჟი, რომელიც მე ვარ, არის ადამიანი, რომელიც იბრძვის. იბრძვის იმისთვის, რომ მკაფიო ზღვარი გაავლოს არსებობას და ცხოვრებას შორის და აღმოაჩინოს საკუთარ სულში მიმალული საიდუმლოებები. ამ პერსონაჟთან საერთო თვისებების, თუ გრძნობა-განცდების აღმოჩენა მიმსუბუქებს იმ რთულ და ამავდროულად, სასიამოვნო მოგზაურობას, რომელიც სამყაროს შეცნობას ემსახურება. რადგან თითოეული ჩვენგანის ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი თავის ძიება და რეალური, ყველაზე წმინდა „მეს“ პოვნა.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი გრძელდება, მომავალ კვირაში იხილავთ ახალ გამარჯვებულ ესეს თემაზე “ამბავი, რომლის წაკითხვა ბავშვობაში ძალიან მინდოდა (და რომელიც დღემდე არ დაწერილა)”, სწორედ ეს არის ამ კვირის საკონკურსო სათაური.

დაინტერესებულ მოსწავლეებს საკონკურსო ნამუშევრის გამოგზავნა 25 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ ელექტრონულ მისამართზე essays@karchkhadze.ge.

გერმანული სკოლა თბილისში

0

ერთ-ერთი კომერციული კერძო სკოლათაგანი,  თუ მაინც სხვა რამ?

ათი წელია, რაც საქართველოში არსებობს გერმანული საერთაშორისო სკოლა – სკოლა, რომელიც შესაძლებელს ხდის საქართველოში სასკოლო განათლების გერმანულ ენაზე, გერმანული სასწავლო პროგრამითა და გერმანული, მსოფლიოში აღიარებული ატესტატით მიღებას.

სამხრეთ კავკასიაში ეს სკოლა უნიკალურია. თავის არსებობას სკოლა ორივე ქვეყნის მოქალაქეების აქტიურ მხარდაჭერას უნდა უმადლოდეს.

საქართველოში არსებული სხვა კერძო სკოლების ფონზე ამ სკოლას განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, ვინაიდან გერმანული საერთაშორისო სკოლა არ არის მოგებაზე ორიენტირებული, მშობლების გადასახადები უშუალოდ სკოლის საჭიროებას ხმარდება. იმ გარემოში,  სადაც უამრავი კომერციული სკოლაა, ეს განსაკუთრებულ განმარტებას მოითხოვს.

რით გამოირჩევა ეს სკოლა და რატომ არის ის უპირატესი საქართველოში არსებული სხვა სკოლების ფონზე?

რატომ არსებობს საქართველოში გერმანული საერთაშორისო სკოლა? როგორია მისი სტრუქტურა?

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2009 წელს მშობლების ინიციატივით დაარსდა. იმ გერმანელებმა და ქართველებმა, რომლებიც სამსახურეობრივად საქართველოსთან ან გერმანიასთან იყვნენ დაკავშირებული, დააარსეს არაკომერციული საზოგადოება, რომლის მიზანიც თბილისში გერმანული საერთაშორისო სკოლის დაფუძნება იყო. მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 140 ასეთი სკოლა არსებობს. მათი ნაწილი დიდი ხნის წინ დაარსდა. ეს სკოლები დახმარებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისაგან იღებენ და გერმანული საგარეო კულტურისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, ისევე როგორც გოეთეს ინსტიტუტი და გერმანიის  აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). ბევრს არ სჯეროდა, რომ გამოჩნდებოდა ბევრი მშობელი, რომლებიც ინტერესს გამოიჩენდა გერმანულენოვანი სკოლის მიმართ; რომ გერმანია დასთანხმდებოდა საქართველოში სკოლის დაარსებას. არის თუ არა გერმანია მზად სამხრეთ კავკასიაში ახალი, დიდი მასშტაბის გრძელვადიანი ვალდებულების ასაღებად. მშობელთა საინიციატივო ჯგუფმა თბილისის გერმანიის საელჩოს მხრიდან აქტიური მხარდაჭერა მიიღო  და 2010 წელს რვა პირველკლასელითა და საბავშვო ბაღის პატარა ჯგუფით თბილისში დაქირავებულ კერძო სახლში სკოლა გახსნა. ქართული მხარე მიესალმა და მხარი დაუჭირა სკოლის დაფუძნებას. 2021/2022 წელს სკოლას ეყოლება პირველი დამამთავრებელი კლასები, რომლებიც მსოფლიოში აღიარებული გერმანული ატესტატით დატოვებენ სკოლას. მათ მოჰყვებიან მუდმივად მზარდი კლასები.  სკოლა ყოველწლიურად ოცდახუთამდე პირველკლასელს იღებს.

ისევე, როგორც ყველა საერთაშორისო გერმანულ სკოლაში, აქაც მთელი პასუხისმგებლობა ახალგაზრდა „საჯარო-კერძო პარტნიორობაზე“ აღებული აქვს სკოლის კავშირის მიერ არჩეულ საპატიო გამგეობას. ეს კონსტრუქცია საქართველოში იწვევს წარმოუდგენელ გაკვირვებას და უნდობლობასაც კი:  როგორ არის შესაძლებელი ამდენი წლის განმავლობაში პროფესიულად საკმაოდ დატვირთული პირების მიერ მენეჯმენტის დავალებებისა და მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობის უანგაროდ აღება. გერმანიაში საპატიო საქმიანობას დიდი ხნის ტრადიცია აქვს – მაგალითად, სპორტში, ახალგაზრდულ აქტივობებსა და კულტურის სფეროში. ის ყოვედღიურობის მყარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. გერმანიაში ბევრი რამ არ გამოვიდოდა საპატიო საქმიანობის გარეშე. სკოლის გამგეობის არცერთ წევრს არ აქვს ანაზღაურება ან რაიმე დაინტერესება. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამგეობის წევრის შვილი დადის გერმანულ სკოლაში, ისინი ისეთივე გადასახადს იხდიან, როგორსაც სხვა მშობლები. ასეთი მოტივაციით პირადი ცოდნისა და გამოცდილების ინვესტირებას ახდენენ, რომ ემსახურებიან კეთილ და რაციონალურ საქმეს. შეიძლება გასაკვირია, თუმცა ეს სიმართლეა: ამის გადამოწმება შესაძლებელია სკოლის ყოველწლიურ ფინანსურ მოხსენებაში, სკოლის კავშირის საწევრო კრებებზე და გერმანიის მხარდამჭერ სამსახურებში.

პედაგოგიური მმართველობა ევალება გერმანიიდან მოვლინებულ პედაგოგოგს, რომელსაც სკოლის მართვის გამოცდილება აქვს.

სკოლა ექვემდებარება გერმანულ სასკოლო კომისიას. იმისათვის, რომ სკოლამ შეძლოს გერმანული ატესტატის გაცემა, მან უნდა შეასრულოს დადგენილი კრიტერიუმები. სპეციალურად გერმანული საერთაშორისო სკოლებისათვის განვითარებული ხარისხის მენეჯმენტი ითვალისწინებს რეგულარულ სასკოლო ინსპექციას. 2019 წლის ბოლოს სკოლაში ჩატარდა გერმანიიდან წარგზავნილი სკოლის ინსპექცია გამოცდილი ინსპექტორების მიერ, რაც სკოლამ ბრწყინვალედ გაიარა. ამ შემოწმების შედეგად მან მიიღო სერტიფიკატი ხარისხის ბეჭდით „წარჩინებული გერმანული საერთაშორისო სკოლა“ (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ხელმოწერით). ამ სახის ჯილდო ახალდაარსებული და განვითარების პროცესში მყოფი სკოლისთვის საკმაოდ სოლიდურია.

ამავდროულად სკოლა ექვემდებარება ქართულ სასკოლო კომისიას, რომელიც ადგენს  მუდმივად განახლებად სახელმწიფო ავტორიზაციას. მან უნდა შეასრულოს ის ვალდებულებებიც, რომლებსაც ქართული სახელმწიფო თავის სკოლებს უდგენს. ეს განსაკუთრებული გამოწვევაა, ვინაიდან ეს მოთხოვნები რამდენიმე (მცირეოდენ) პუნქტში განსხვავდება გერმანული ნორმებისგან. სკოლის დამფუძნებლებისა და სასკოლო კავშირისთვის ქართული სახელმწიფო ავტორიზაცია თავიდანვე დიდი ამოცანა იყო.  სასკოლო კომისიაზე პასუხისმგებელი ქართული სახელმწიფო სტრუქტურები სკოლას ყოველთვის ყურადღებით და კონსტრუქტიულად ეკიდებოდნენ.

 

როგორ ფინანსდება სკოლა?

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა კერძო სკოლაა, რომელიც არ არის  ორიენტირებული მოგებაზე. მისი დაფინანსება დიდწილად (85 პროცენტზე მეტი) მშობლების მიერ ხდება. ამასთან ერთად სკოლისათვის ფინანსური და საკადრო მხარდაჭერა ხორციელდება გერმანიიდან. სკოლაზე მორგებული დაფინანსების თანხასთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იღებს კადრების ხარჯებს რიგი გერმანელი მასწავლებლისთვის, რომლებიც სკოლაში ასწავლიან და სკოლის განვითარებას უწყობენ ხელს. გერმანიიდან გამოგზავნილი მასწავლებლების რაოდენობა ვერ ფარავს სკოლის მთლიან პედაგოგიურ საკადრო მოთხოვნას. სკოლას მასწავლებლების დიდი ნაწილის თვითდაფინანსება უხდება.

სკოლას დაარსების დღიდან ბეწვის ხიდზე სიარული უწევს: რამდენი უნდა იყოს სასკოლო გადასახადი, იმისათვის, რომ მან შეძლოს იმ მაღალი ხარისხის მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომელსაც გერმანულ საერთაშორისო სკოლებს უყენებენ.

რამდენად მაღალი შეიძლება იყოს გადასახადი, იმისათვის, რომ სკოლა მისაწვდომი დარჩეს ბავშვებისთვის გერმანულენოვანი განათლების მსურველი ქართული ოჯახებისათვის. მოსწავლეების დაახლოებით ორი მესამედი საქართველოს მოქალაქეა.

სკოლის დაარსების დღიდან სამეურნეო საქმიანობის საკმაოდ კონსერვატორულ წარმართვას დიდი წვლილი აქვს, რომ სკოლამ არ იმუშაოს წაგებაზე. მას გერმანული მხარის მიერ განსაზღვრული მინიმალური დანაზოგიც აქვს. სასკოლო გადასახადი იხარჯება სასწავლო საქმიანობისა და სკოლის შენახვისთვის (კადრები, შენობის გადასახადები, ინვენტარი, კვება).

ბაგებში მდებარე სკოლის ლამაზი შენობა საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს სკოლის კავშირისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე დგას.

ქართული მხარე უფრო ნათლად ვერ შეძლებდა თავისი პოზიციის გამოხატვას: „ეს სკოლა არის საქართველოსთვის სასურველი და იმსახურებს მხარდაჭერას!“.

ამის შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა უწყებამ გულუხვად დააფინანსა სკოლის მშენებლობა. სკოლის კავშირმა დამატებით სამშენებლო კრედიტი აიღო. ასე შეძლო სკოლამ 2017 წელს, წლების მანძილზე დაქირავებული შენობების გამოცვლის შემდეგ, საბოლოოდ საკუთარ შენობაში გადასვლა და განვითარების გაგრძელება. საპატიოდ მომუშავე სასკოლო კავშირს ამისათვის მრავალწლიანი ვალის აღება მოუწია, რამაც მათი პასუხისმგებლობა საგრძნობლად გაზარდა.

სკოლის გამგეობა ყოველწლიურად წარადგენს სასკოლო კავშირის წევრების კრებაზე დაწვრილებით ანგარიშს თავისი საქმიანობისა და სკოლის ფინანსების შესახებ.  ეს მითითებულია სკოლის კავშირის წესდებაში. გერმანიის მხარდამჭერი სამსახურები ამოწმებენ  სკოლის ფინანსებს. ასევე მშობლების სასკოლო გადასახადებთან ერთად ხდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო თანხების ჩადება.

ვისთვის არის ეს სკოლა? როგორ ფუნქციონირებს სკოლასა და მშობლებს შორის თანამშრომლობა?

ერთი მხრივ, სკოლა ემსახურება ოჯახებს გერმანულენოვანი ქვეყნებიდან, რომლებსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების გამო სჭირდებათ, საქართველოში თავიანთ შვილებს მისცენ გერმანულენოვანი სასკოლო განათლება, გერმანული ატესტატი ან მათმა შვილებმა შეძლონ სამშობლოში დაუბრკოლებელად სწავლის გაგრძელება. სკოლის არსებობა მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, ვინაიდან ის შესაძლებლობას აძლევს გერმანულენოვან სპეციალისტებსა და მათ ოჯახებს მრავალწლიანი სამსახურეობრივი ვიზიტით დარჩნენ საქართველოში.

გარდა ამისა, ეს სკოლა საშუალებას აძლევს ქართულ ოჯახებს, რომლებსაც აქვთ ფინანსური საშუალება და სურვილი, შვილებს გერმანულენოვანი სასკოლო განათლება მისცეს. ზოგჯერ მშობლებს თვითონ გერმანიაში აქვთ მიღებული უმაღლესი განათლება ან უმუშავიათ იქ. რიგ შემთხვევაში მათ აქვთ ნდობა, რომ მათი შვილები გერმანულ სკოლაში სოლიდურ სასკოლო განათლებას და საერთაშორისოდ აღიარებულ ატესტატს მიიღებენ. ეს  სამომავლოდ გერმანიაში უფასო უმაღლეს განათლებაზე წვდომას უზრუნველყოფს.

ქართული ოჯახებისათვის გერმანული სკოლა ამ დროისათვის არაა მთლად შესაფერისი. ზოგიერთი არ საუბრობს გერმანულად. სწავლების პირველ წლებში უნდა ჩამოყალიბდეს სკოლასა და მშობლებს შორის ნდობით აღსავსე თანამშრომლობა, ნამდვილი აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პარტნიორობა. სხვანაირად როგორ შეიძლება, შვილი მშვიდად ანდო უცხო სასკოლო სისტემას.

სკოლის დამფუძნებლებისათვის თავიდანვე ნათელი იყო, რომ სკოლის არსებობა დამოკიდებულია ცალკეულ ოჯახთან წარმატებულ აღმზრდელობით და საგანმანათლებლო პარტნიორობაზე. სკოლა არსებობას მხოლოდ მაშინ შეძლებს, როცა მშობლების ნდობას მოიპოვებს.

სკოლაში არსებობს ორგანოები, სადაც მშობლები გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობენ. ამ ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ კონსტრუქტიული და მიზანმიმართული კომუნიკაცია სკოლასა და მშობლებს შორის. ასე ირჩევს თითოეული კლასი საკუთარ წარმომადგენელს მშობლებს შორის. არსებობს რეგულარული კრებები მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლების აქტიური ურთიერთობა სკოლის დირექციასთან. მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლები მუშაობენ სკოლის განვითარებაზე და ასევე თავიანთი წვლილი შეაქვთ სკოლის სიცოცხლით სავსე ცხოვრებაში.

სკოლა წარმატებით მხოლოდ მაშინ ფუნქციონირებს, როდესაც ორივე მხარე მზად არის ურთიერთთანამშრომლობისათვის. ის სერიოზულად უნდა აღიქვამდეს მშობლებსა და მათ მოთხოვნებს. სკოლა ამით უკეთესი გახდება. მშობლები კი მზად უნდა იყვნენ სკოლის პოზიციის მოსასმენად და სამართლიანი დისკუსიის გასამართავად.  იდეალურ შემთხვევაში მიიღწევა კომპრომისები და მეტი ურთიერთგაგება.

არსებობს უამრავი წარმატებული აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ურთიერთობა. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლა ვერ იარსებებდა. ეს ურთიერთობები სასიამოვნო გამოცდილებაა მათთვის, ვინც სასკოლო ცხოვრების თანამონაწილეა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს სასკოლო ცხოვრებაში კრიზისებს და ასევე კრიტიკულ დისკუსიებს. ეს სკოლის ცხოვრების ნაწილია.

ისევე როგორც ყველა სკოლაში, აქაც არსებობს წარუმატებელი აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო ურთიერთობები. ეს ყოველთვის მტკივნეულია, თუმცა, საბედნიეროდ, იშვიათობაა. როდესაც სკოლასა და მშობლებს შორის  თანამშრომლობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიშვებულია, ამას წარუმატებლობა მოაქვს. ამას შეიძლება ბევრი სხვადასხვა და ინდივიდუალური მიზეზი ჰქონდეს. როდესაც სკოლა და მშობელი მუდმივ ოპოზიციაშია ერთმანეთთან და არ შეუძლიათ საერთო გამოსავლის ძებნა, მაშინ ცალკეულ შემთხვევაში კონკრეტულ სკოლაზე უარის თქმა აჯობებდა.

სასკოლო განათლება უცხო ენაზე არაორდინალური გამოწვევაა, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვის. საფუძვლიანი საინფორმაციო გასაუბრებები თითოეულ ოჯახთან, ბავშვის სკოლაში მიღების წინ, ითვალისწინებს ცალკეული დეტალის ახსნა-განმარტებას. უცხო ენის მაღალ დონეზე შესწავლა წლიდან წლამდე სასწავლო პროგრამის მზარდი მოთხოვნების შესაბამისად მიმდინარეობს. საჭიროა ენობრივი ნიჭი, სიბეჯითე და მზაობა მიზნების მისაღწევად, იმისათვის, რომ შესაძლო გახდეს საზღვარგარეთ Abitur-ის (ყველაზე მაღალი გერმანული სასკოლო ატესტატი) მოპოვება.

რას სწავლობენ მოსწავლეები თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლაში?

პირველ რიგში ისინი სწავლობენ იმას, რაც მოსწავლეებს სჭირდებათ ყველაზე მაღალი გერმანული სასკოლო ატესტატის მისაღებად – გერმანული სახელმწიფო მოთხოვნების დაცვით.

ქართველ მოსწავლეებს დამატებით უტარდებათ მშობლიური ენის, ქართულის გაკვეთილი. მათ უცხოელ კლასელებს კი შეუძლიათ ქართულის, როგორც უცხო ენის შესწავლა.

გერმანული სკოლის სწავლების მიზნები უფრო შორს მიდის: მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, როგორ გახდნენ სკოლის ცხოვრების აქტიური მონაწილეები. დაწყებითი კლასებიდანვე ხდება კლასის წარმომადგენლის არჩევა. კლასის წარმომადგენლები კი ირჩევენ სკოლის წარმომადგენლებს. მაღალი კლასების სკოლის წარმომადგენლები სკოლის მნიშვნელოვან კომიტეტებში არიან გაწევრებული, მაგალითად, პედაგოგიური ხარისხის მენეჯმენტში. ამ სახით ხდება მზარდი პასუხისმგებლობის გადაბარება ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასწავლო გარემოში. მოსწავლეები თავიანთ მასწავლებლებთან ერთად თანაბარ პირობებში იღებენ გადაწყვეტილებებს სკოლის განვითარების საკითხებზე. ისინი მონაწილეობენ სასკოლო დისკუსიის პროცესებში, სწავლობენ მოსმენას, თავიანთი აზრისა და შეხედულებების გადმოცემას და კონფლიქტების კონსტრუქციულად განხილვას. მათ აღიქვამენ სერიოზულად და მხარს უჭერენ. მოსწავლეები სწავლობენ, როგორ მოახდინონ გავლენა სკოლის ყოველდღიურობასა და სწავლის პროცესზე. მათთვის გასაგები ხდება, რამდენად რთულია კონსენსუსის მიღწევა: რას მივირთმევთ სკოლაში? რატომ არ არის გამართლებული სკოლაში მობილური ტელეფონის გამოყენება? არის თუ არა საშინაო დავალებები მიზანშეწონილი? როგორ განვკარგავთ სასკოლო საშობაო ბაზარზე შემოსულ თანხას?

დემოკრატიული აღზრდა სკოლის თანამედროვე ცნებაა. სკოლა ამ პრინციპს უნდა ატარებდეს ყველა დონეზე.

2021 წელს პირველი აბიტურიენტები დატოვებენ თბილისის გერმანულ საერთაშორისო სკოლას. მათ ყოველწლიურად მოჰყვება ახალი დამამთავრებელი კლასი იმ ახალგაზრდებით, რომელთათვისაც ორივე ენა და კულტურა მშობლიურია. ამგვარად ეს უნიკალური სკოლა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს გერმანია-საქართველოს სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებისთვის.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...