ხუთშაბათი, ივნისი 26, 2025
26 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

რატომ სწადიათ ადამიანებს ხეებად და თევზებად ქცევა?

0

 წერილი ქართულის მასწავლებლებს

წერილებს იმაზე მეტად დიდი დატვირთვა აქვთ, ვიდრე წარმოგვიდგენია, იმიტომ, რომ წერილები სიტყვებისგან შედგება, სიტყვებმა კი გაცოცხლება იციან. ოღონდ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას წაიკითხავენ. სიტყვებს იდუმალი მაგიაც აქვთ,  ისინი აზრების სხეულებად იქცევიან და მარადიულად ცხოვრობენ, მანამდე, სანამ ერთი ადამიანი მაინც იარსებებს ამ სამყაროში, ვისაც კითხვა შეეძლება.

წლების წინ, როდესაც სიტყვები ფურცელზე, მელნით ან გრაფიტით ცოცხლდებოდნენ და არა ვირტუალურად, მე და ჩემი მეზობელი გოგონა ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. იმდენად ახლო, რომ ის არ გვყოფნიდა ერთად რომ ვიზრდებოდით, ქუჩაში ერთად რომ ვთამაშობდით, მთელი დღე ბურთს რომ დავდევდით და თოჯინებს გრძელ ფერადი ძაფებისგან თმებს ვუკეთებდით, გადავწყვიტეთ სკოლაშიც ერთად გვესწავლა, ერთი მერხი გაგვენაწილებინა, დასვენებებზე ერთად გვექროლა გრძელ დერეფნებში, ერთი ბიჭი მოგვწონებოდა, ერთნაირი მუსიკისთვის გვესმინა და თუფაქის თუ ემინემის რეპზე გადავრეულიყავით.

ჰოდა, რომ საღამოვდებოდა და დედები გვეძახდნენ: „ინააააა, ინაააა“, „თამუნაააა, თამუნააააა“, სხვა გზა არ იყო – სახლის დრო, ძილის დრო მოდიოდა. ჩვენ კიდევ ერთმანეთი არ გვეთმობოდა და გვქონდა განშორების სევდები.

ჰოდა, ერთხელაც აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი ოთახების ფანჯრები ერთმანეთს უყურებდა და გადავწყვიტეთ ეს ამბავი ჩვენს სასიკეთოდ გამოგვეყენებინა. გავჭიმეთ გრძელი თოკი ფანჯრიდან – ფანჯრამდე, ზედ პატარა, სათამაშო სათლი დავკიდეთ, რომელსაც სახელურზე ასევე თოკები მოვაბით. ერთი თოკი ჩემს ფანჯარასთან დავამაგრე, მეორე თამუნამ თავისთან, სათლს ფოსტის ყუთის როლი უნდა ეკისრა,  და ასე წერილებით დავიწყეთ უკვე ღამღამობით საუბარი და ურთიერთობა. როდესაც სასაუბრო თემა გამოგველეოდა, ლექსებს ვუგზავნიდით ერთმანეთს – გალაკტიონიდან – ჩვენს მოგონილ ლექსებამდე. ხანდახან კიტრის მწნილი ან ახლად გამომცხვარი ორცხობილებიც გაგვიგზავნია ერთმანეთისთვის. ახლა რომ ვიხსენებ ამ ყველაფერს, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში: ბავშვური, სახალისო, თბილი, მეგობრობის შუქით გაბრწყინებული.

რა თქმა უნდა, გავიზარდეთ და ჩვენი გზები, როგორც ხდება ხოლმე, გაიყო. მაგრამ ახლაც რომ ჩავდივარ ჩემს ბავშვობის სახლში და გავყურებ თამუნას ფანჯრებს, იმ ღამეების ყველა დეტალი თვალწინ მიდგება; იმ წერილების ყოველი სიტყვა ცოცხლდება, როგორ გვესმოდა ცხოვრება, რას ნიშნავდა ჩვენთვის ადამიანი და როგორ გვესახებოდა მომავალი. ახლა აი, ამ წერილს რომ ვწერ, თან გოდერძი ჩოხელის გამიხარდიას ხმა ჩამესმის და ვერ მომიყრუებია: „სულს არც დასაწყისი აქვს და არც დასასრული“. და მართალი გითხრათ ჩემი ბავშვობის გულწრფელი სიტყვები გამიხარდიას წერილებმა მომაგონა. იმიტომ, რომ ადამიანის სულზე ჩვენც ბევრჯერ გვილაპარაკია. არცერთი არ ვყოფილვართ ცივ არაგვში მწოლიარენი, ამ წუთისოფელზე გულაცრუებულები, სულ პირიქითაც,  ჩვენ-ჩვენს ოთახებში თბილად მოკალათებულები, სანთლის შუქზე, გაყინული თითებით, მაგრამ მაინც მშვიდად ვმსჯელობდით და ვწერდით ამქვეყნიურ თუ იმქვეყნიურ რამეებზე.  და მართალი გითხრათ, ასეთი გულწრფელი არასდროს ვყოფილვარ. ნეტა, სულ ცოტათი მაინც შემრჩენოდა ის ბავშვური ხედვა, რომლითაც მაშინ შევყურებდი სამყაროს. გამიხარდიასი არ იყოს, ხშირად მინატრია ჩიტად ყოფნაც, როცა ჩემს ეზოში წამოგორებული შევყურებდი ლურჯ, მოკამკამე ცაზე ჩიტების თავისუფალ ფრენას.

მგონია, რომ, რაც არ უნდა დრო გავიდეს, რაც არ უნდა შეიცვალოს ეპოქა, ბავშვური მისწრაფებები და ოცნებები მაინც წააგავს ერთმანეთს. მასწავლებლის, განსაკუთრებით კი ქართულის მასწავლებლის, გინდ მოვალეობად, გინდ მისიად მიმაჩნია, რომ ბავშვებს ოცნება ასწავლოს და ისეთ რამეებზეც დააფიქროს, რაც გაცდენილია ამ მატერიალური სამყაროს წესებსა და კანონებს. მით უმეტეს, როდესაც ჩოხელის გამიხარდიას თევზად გადაქცევა სწადია და წერილებსაც აგზავნის, სიტყვებს აცოცხლებს, თან როგორ სიტყვებს, გულს რომ მოგიკლავს, აგიფორიაქებს და იმ ირეალურს გაგრძნობინეს, თან ჩვენს გვერდით რომაა და თან კიდევ გვიჭირს მისი დანახვა: „სულს უფლება აქვს აირჩიოს ის, რაც მას სურს. ამაზე ხომ უარს ვერ მეტყვით. ჩემს სულს არ უნდა ადამიანებთან ყოფნა და სრული უფლება მაქვს, ვიყო თევზი. სულს დავიწყება შეუძლია ხომ?! მეც დავივიწყებ ადამიანებს. მორჩა და გათავდა“. ან ეს წერილი: „მე აღარაფრად მიმაჩნია, ადამიანური სიხარულით სავსე წუთები, არც მწუხარება. მარტოობა თევზებსაც შეგვიძლია. ღმერთი ისევე დგას ჩვენში, როგორც ადამიანებში. თევზებსაც გვიყვარს ერთიმეორე. წყალი უფრო მეტად, ვიდრე თქვენ მიწა, რომლის გულისთვისაც ერთიმეორეს ჭამთ“. რა საინტერესოა  როგორ წერილებს მისწერდნენ თანამედროვე ბავშვები გამიხარდიას, როგორ დაუმტკიცებდნენ, რომ ამ ქვეყნადაც ღირს ცხოვრება და რა არგუმენტებს შესთავაზებდნენ აქ დასარჩენად. საინტერსო იქნებოდა წერილების ფორმაც, იქნებ მეილით გაეგზავნათ? იქნებ ბლოგზე გამოექვეყნებინათ? იქნებ ძველი დროის მიბაძვით, ფურცელზე დაეწერათ, ეს ფურცლები გაესანთლათ, ბოთლებში ჩაედოთ, ბოთლებისთვის თავსახური დაეფარებინათ და სოფლებში სოფლის მდინარეებისთვის, თბილისში – მტკვრისთვის გაეტანებინათ, ერთგვარ რიტუალად ექციათ ადამიანობაზე უარის მთქმელის შემორიგება. გულის კუნჭულში, რომ გასჩენოდათ იმისი რწმენა, რომ თევზად ქცეული გამეხარდია აუცილებლად წაიკითხავდა მათ წერილებს, რომ დროება შეიცვალა და ადამიანი ახლა უფრო ფასდება, იქნებ გადაეფიქრებინა თევზობა და ისევ ადამიანად ყოფნა მონდომებოდა.  ან იქნებ სულ ხელი ჩაექნია და კიდევ უფრო ღრმად შეეცურა მღვრიე ტალღებში. საინტერსო იქნებოდა ბავშვების მოსაზრებებიც, რას იზამდა თევზად ქცეული ადამიანი? და საერთოდაც აქვთ თუ არა სული თევზებს?  წარმოთქმული სიტყვები – გაფრენილნი და დაკარგულნი არიან;  წერილებში ხორცშესხმულები – ნამდვილად არსებულნი.  ისევ ჩოხელი, „წერილი ნაძვებს“, ჯღუნაის მხარზე ამოსული ნაძვის ფიქრები ხომ ჰაერში გაიფანტებოდა, წერილებად რომ არ ექცია ჯღუნაის, იქნებ ამიტომაც აირჩია ნაძვმაც ადამიანზე ამოსვლა, რომ როგორმე მისი სათქმელი გაცხადებულიყო კაცის პირით, წერილებად ქცეულიყო ნაძვის ფიქრები: „შუაგულ ტყეში ერთი პატარა ვერხვი შემიყვარდა, ყოველდღე რომ არ ვნახო, არ შემიძლია, უიმისოდ ვერ ვძლებ. ისე თრთის ხოლმე ჩემს დანახვაზე. ალბათ მასაც ვუყვარვარ. ამ ბოლო მასთან სიახლოვეს ვერიდები“. რატომ სწირავს ადამიანის სიცოცხლეს იმისთვის, რომ ხემ იცოცხლოს? რატომ სურს გარდასახვა? რა არის ისეთი რაც აკლია და რაც მას სჭირდება? ეს ის კითხვებია, რომ ბავშვებს ძალიან ბევრ რამეზე სიღრმისეულად დააფიქრებთ. იქნებ, მცირე თხზულებებიც კი შეთხზან, რად ენდომებოდათ ქცევა და რატომ. იქნებ, ამ თხზულებებში გამოხატონ ის სათქმელი, რაც დაგროვებიათ და სხვანაირად უჭირთ გამოთქმა. იქნებ, საკუთარ პრობლემებზეც ალაპარაკდნენ.

წლების წინ, მაშინ ჯერ კიდევ არ ვიყავი მასწავლებელი, მაძიებლობის პროგრამაში ვიყავი ჩართული, ქალაქის ერთ სკოლაში პრაქტიკას გავდიოდი, ერთი მეათე კლასელი გოგონა გავიცანი, მუდმივად სევდიანი, მორიდებული, უთქმელი. ჰოდა, ერთხელ დავალებად, რომ ჰქონდათ წერილების მიწერა რომელიღაც პერსონაჟთან, ამ გოგოს წერილმა თავზარი დამცა. თავისით გადმოიფრქვა ის, რაც ძალიან აწუხებდა, რვეულის სამი ფურცელი ჰქონდა შევსებული და კიდევ ფიქრობდა გაგრძელებას. როდესაც ადამიანი საკუთარ წუხილს სიტყვებად აქცევს, რაღაცნაირად სხვასაც უწილადებს და დარდები უმსუბუქდება. ჩემზე კარგად ალბათ არავის მოეხსენება ეს ამბავი, რადგან როდესაც ტკივილი სიტყვებად ვაქციე, მხოლოდ მაშინღა შევძელი ამოსუნთქვა. დიდი, ძალიან დიდი როლი გვაკისრია მასწავლებლებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას. ქართულის მასწავლებლებს კიდევ უფრო დიდი – როგორ შევასხათ ხორცი სათქმელს, როგორ მოვიგონოთ სიტყვები, სიტყვებით წინადადებები და სულ ცოტა მაინც შევიმსუბუქოთ ადმიანად ყოფნის სევდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კორონას დღიურები (ბოლო ფურცელი)

0

ადამიანი, ეს უცნაური და ამოუცნობი არსება, ძალიან, ძალიან გამძლეა. ამ პატარა პლანეტაზე ის გამარჯვებისთვის დაიბადა, ოღონდ დაიბადა ასეთი – შურით, სიყვარულით, ბოროტებით, სიკეთით. ამას რა შეცვლის? ერთწლიანი ჩაკეტილობა? სასაცილოა. ადამიანები იცვლებიან, ოღონდ ფერისცვალების ძალა ცოტას აქვს და ეს ძალაც არ გულისხმობს ადამიანობიდან ბოლომდე ამოვარდნას. მარტის თვე იყო მგონი, მეც ვთქვი – სამყარო ვერასდროს იქნება იმგვარი, როგორიც აქამდე მეთქი და უფრო ემოციური სიტყვა გამოდგა ეს, ვიდრე ნაფიქრი. დიახ, რაღაც წესები შეიცვლება, მაგრამ ეს სულ იცვლებოდა – შურის, სიყვარულის, ბოროტების, სიკეთის საზღვრებში.

ვაკვირდები და ვხედავ, რაც აქამდე წიგნებიდან ვიცოდი – ის რაც ხანგრძლივია, რაც უნდა საშინელი და მომაკვდინებელი იყოს, ჩვეულებრივდება. ის, რაც ჩვეულებრივდება, ადამიანისთვის იოლი ლუკმაა. ადამიანს სძულს სიკვდილი, მაგრამ ვერ აშინებს. იმ შიშზე ვამბობ, სიცოცხლეს რომ არ შეგამჩნევინებს. სიცოცხლე თავს გაძალებს. ასეა ახლა აქაც, იტალიაშიც და ამერიკაშიც.
ჩვენ ადამიანები ვართ – ყველაზე გულმოწყალე და სასტიკი არსებები შემჩნეულ სამყაროში.
და ჩვენ გავიმარჯვებთ!

***

 

ერთმა მოსწავლემ, მეექვსეკლასელმა, ონლაინ-გაკვეთილისას მითხრა: მასწ, მე დილით ისევ ჩვეულებრივ ადრე ვდგები, საგარეო ტანსაცმელს ვიცმევ, ჩანთაში წიგნებს ვალაგებ, სადარბაზომდე ჩავდივარ და მერე ისევ უკან ვბრუნდები, სკოლა ისე მომენატრაო.
ხომ მაგარია? კინოკადრი.

 

***

შაბათ-კვირის მოხალისეობის აღსრულებისას, მორიგი მისამართის გზა მზეთუნახავის თმასავით დაგრძელდა, დაგრძელდა და უკვე რომ ლამის მართლა ზღაპარის ლაბირინთში გვეგონა თავი – რაღაც ვიცანი. ვერაფრით გავიხსენე საიდან ან რატომ – მაგრამ ძალიან ცხადად და მძაფრად ვიცანი. და დაღლისგან გამოვფხიზლდი. ვხედავდი, რომ ეს ,,შუკები” , არამხოლოდ იმ ოჯახისკენ მიმიძღოდნენ, არამედ სადღაც უკან, ოდნავ ბუნდოვანი წარსულისკენ მიდიოდნენ გზები. ერთი შესახვევი, მეორეც და მეხუთე ზარი: ” აგერ, ა, მკტარი ტრაკტორი გდია და მაქანით შემუუხოვ მარცხნივ და მერე მარჯვენა კედაროზე თხაი დგანა ამ დროიზა ძეგლივით და მაქანაც შემუუხოვ უკვე მარცხნივ და მე დაგხთებით ჭიშკართან” მივედით და ბახ! იქ, ორმეთის გადასახვევზე, ჭიშკართან ჩემი თავი დამხვდა. ოღონდ 2004 წელი იდგა და კეპი არ მეხურა. მე და ჩემი სამი მეგობარი ვიყავით. გადავწყვიტეთ მანდარინი გვეყიდა გურია-აჭარაში და აზერბაიჯანში გაგვეყიდა. მე გაზეთის გამოცემა მინდოდა, ლიტერატურულის – მათ საკუთარი გეგმები ჰქონდათ. ფული ძლივს ვისესხეთ და ვიყიდეთ. ნაწილი მატარებელში მოგვპარეს, ნაწილი საზღვარზე დაგვილპა – დიდხანს გაგვაჩერეს და რაღაც თავგადასავლები – ადრეც მომიყოლია. ჰოდა, იმ დროის გაკვეთილები იქით იყოს და დღეს, სრულიად მოულოდნელად იმ სახლის ჭიშკარს მივადექი, სადაც დიდიიიიი, დიდი ხნის წინ ერთი ავანტიურისტი ბიჭი, ყუთებში ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – ,,იაშიკებში” მანდარინს გაყინული ხელებით მედგრად ვალაგებდი. ძალიან, ძალიან დავიბენი, პროდუქტები მეგობარმა მიაწოდა, თორემ დამავიწყდებოდა. ბოლოს იმ შესანიშნავ ქალსაც ვუთხარი, ვინც შვილებითურთ დაგვხდა და ოდნავ, სულ ოდნავ მოაგონდა ჩემი მაშინდელი სტუმრობა.
დიდი ამბავი იყო. დიდი ნადავლით. ზურგზე ლამის მივიწყებული ბავშვობა მოვიკიდე და მსუბუქად წამოვედი.

 

***

დღეს ერთმა ჟურნალისტმა მომწერა, თქვენი ყველაზე სასიამოვნო მოგონება მოგვიყევით ბავშვობიდანო. ცოტა დავიბენი და მერე გამახსენდა გზა მამაჩემის სამსახურიდან სახლამდე. ბაღიდან სამსახურში რომ მივყავდი და მერე სახლისკენ – კისერზე შემომჯდარი. გზაზე საღამოვდებოდა და ზოგჯერ მთვარე ამოდიოდა. მამაჩემი დაჟინებით მეუბნებოდა: ბიჯო, გახედე, გახედე, მთვარეც ჩვენთან ერთად მოდის! მე მარცხნივ ვატრიალებდი თავს და თვალი მიშტერდებოდა. მთვარე ოდნავი ბარბაცით მოდიოდა, ოზურგეთში, კალანდარიშვილის ქუჩაზე, # 12 – ისკენ. მე და მთვარე ერთმანეთს ვუყურებდით. იმ გზაზე ხშირად ვბრუნდები ხოლმე. იმ გზაზე, სადაც მე, მამა და მთვარე მოვდივართ. იქ, სადაც ხელებს ცამდე ვაწვდენდი. ადრე – მამაჩემის კისერზე შემომჯდარი. მერე, გავიზარდე და ხელები დამიმოკლდა და ცაც ამაღლდა.

საუკეთესო აქტივობები, რათა ონლაინ საინტერესო და ეფექტური ვიყოთ

0

მეორე ნაწილი 

სტრატეგია ონლაინსწავლების გასაუმჯობესებლად:

გაკვეთილი #10: იყავით მუდმივად მოქნილი და მკაფიო შეფასებისას (მაგ. ავტორი შეფასებას იყენებს კარანტინამდე მიღებული ნიშნების გამოსწორებისთვის). პირდაპირ აცნობეთ მოსწავლეებს, რომ ამ პერიოდში დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდება.

 

გაკვეთილი #11: იყავით მუდმივად მოქნილი „ცოცხალ” და ჩაწერილ გაკვეთილებთან მიმართებაში. მაქსიმალურად ეცადეთ გაკვეთილები „ცოცხლად” ჩაატაროთ, მაშინაც კი, თუ მხოლოდ ორი მოსწავლე გესწრებათ. ცოცხალი ურთიერთობა მეტად ფასობს, ამიტომაც იხდიან, მაგ. ცოცხალ კონცერტში უფრო ძვირს, ვიდრე ჩანაწერში. ეცადეთ, მოსწავლეებმა აირჩიონ ცოცხალი ურთიერთობა, მაგრამ ნუ განსჯით, თუ ვინმე ვერ გესწრებათ და ამის საჩვენებლად გაკვეთილის დასრულებისთანავე გადაუგზავნეთ მათ ჩანაწერი.

 

გაკვეთილი #12: უარი თქვით მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სტიგმებზე. ამ სიტუაციაზე ნორმალური პასუხი არ არსებობს. პატივი ეცით ინდივიდუალურ განსხვავებებს. ეს კარგი დროა პერსონალური თვითგამჟღავნებისათვის, მაგრამ დაიცავით ზომიერება. მიეცით პერსონალური თვითგამჟღავნების კონკრეტული, სახალისო მაგალითი და მზად იყავით კითხვებისთვის. ასეთ დროს თქვენ მასწავლებელზე მეტი ხართ. თქვენ მოსწავლეები მოგმართავენ ხოლმე სიმშვიდის მოსაპოვებლად. თქვენ უნდა ფლობდეთ კიდეც შესაბამის ინფორმაციას, თუკი მოსწავლის მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან „გადამისამართება” იქნება საჭირო.

 

გაკვეთილი #13: კონკრეტულად განსაზღვრეთ, როგორ შეგიძლიათ და აპირებთ, დაეხმაროთ თქვენს მოსწავლეებს. ახლა კარგი დროა იმისათვის, რომ აკეთოთ სიკეთე და გამოისყიდოთ მთელი ცხოვრების შეცოდებები. მეცნიერული კვლევებითაც არაერთხელ დადასტურებულა, რომ დეპრესიის ერთ-ერთი საუკეთესო ანტიდოტი სხვების დახმარებაა. დაივიწყეთ ალტრუიზმი. უბრალოდ, იყავით გულუხვი თქვენი დროისა და ენერგიის ფარგლებში.

 

გაკვეთილი #14: შეახსენეთ საკუთარ თავს და ასწავლეთ მოსწავლეებს რუტინების შესაქმნელად საჭირო ნაბიჯების შესახებ. მცირე ქცევებით შესაძლებელია ახალი რუტინების ინიცირება (თუ არასოდეს გივარჯიშიათ – დაიწყეთ თუნდაც ორი აზიდვით; თუ ჯანსაღად არ იკვებებით, მიირთვით თუნდაც ერთი ლუკმა ბანანი სახლიდან გასვლამდე).

 

გაკვეთილი #15: საკუთარ თავზე ზრუნვა მნიშვნელოვანია. სანამ დრო გაქვთ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და ეს უმალ დაბალანსდება, როდესაც არ გექნებათ საკმარისი დრო და ენერგია.

 

გაკვეთილი #16: შეწყვიტეთ „ლექციების კითხვა”. ნუ იქნებით მასწავლებელი, ვინც გაკვეთილის განმავლობაში მხოლოდ თვითონ საუბრობს და იშვიათად თუ სვამს შეკითხვებს მონოტონურობის დასარღვევად. რეკომენდაციები ამის მისაღწევად (ტექნოლოგიების გამოყენებით) წაიკითხეთ ქვევით:

 

  • ჯგუფური სამუშაო – მოსწავლეთა მცირე ჯგუფებს შეუძლიათ, განიხილონ რამე ან შეასრულონ დავალება და შემდეგ გაერთიანდნენ.
  • წინასწარ გადაუგზავნეთ მოსწავლეებს მასალა ჯგუფური აქტივობებისათვის – მაგ.კითხვები, ინსტრუქცია. შეგიძლიათ ეს ყველაფერი წინასწარ განიხილოთ კიდეც, რომ არ დარჩესპასუხგაუცემელი შეკითხვები. ჯგუფში მუშაობისას ისინი თქვენგან დამოუკიდებელი არიან.
  • ისინი ეჩვევიან შინაარსთან მუშაობას, სოციალიზდებიან თანატოლებთან.
  • დააკომპლექტეთჯგუფები შემთხვევითი წესით.
  • თქვენ შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ თითოეული ჯგუფის მუშაობას, ყველა ჯგუფისათვის გამოაქვეყნოთ რაიმე შეტყობინება. თქვენ შეგიძლიათ დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ჯგუფებში მუშაობა, ან ამისთვის წინასწარ განსაზღვროთ დრო. ამის შემდეგ ისინი საერთო კლასს შეუერთდებიან.
  • ჯგუფებს აქვთ ვირტუალური დაფა, რომლის გაზიარებაც მოგვიანებით საერთო კლასისათვისაც შეიძლება.
  • თქვენს მოსწავლეებს მოეწონებათ ეს და სხვა მასწავლებლებსაც მოსთხოვენ მსგავსი აქტივობის შესრულებას.

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/curious/202004/7-more-strategies-optimize-online-classrooms

 

დატოვებული კითხვა

0

რამდენიმე თვის  წინ ქუთაისში ვესწრებოდი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს. გონიერი მოსწავლეებით ისე მოვიხიბლე, ვიფიქრე, წასვლამდე ერთ კითხვას დავუტოვებ-მეთქი. მაგრამ კითხვა რომ სწორად გაეგოთ, ცოტა შორიდან დავუწყე ახსნა: შაბათ-კვირას კუს ტბაზე დავდივარ სასეირნოდ. რამეს გეუბნებათ ეს სახელი, კუს ტბა-მეთქი? ალბათ კუები არიან ტბაში ან ტბის მიმდებარედო. მეც ამ პასუხის გაგონება მინდოდა და გადავედი მეორე კითხვაზე: ახლა ხომ ვერ მეტყვით, რატომ გადაწყვიტა ჭაბუა ამირეჯიბმა, არქიფო სეთურის ამბისთვის საირმის ტყე აერჩია და არა, მაგალითად, საღორიას (მუხნარი) ან აჯამეთის ან სათაფლიას ტყეები, მით უმეტეს, რომ მამა და მარჩენალი ქუთაისიდან იყო და ბევრად უფრო გასაგები იქნებოდა, მოქმედება სწორედ ქუთაისის განაპირა უბნებთან მდებარე ტყეებში რომ  განვითარებულიყო. მოსწავლეებმა, იმიტომ რომ მანამდე კუს ტბა ვახსენე, მომენტალურად დაუკავშირეს საირმე ირმებს. ამის შემდეგ მათ ვთხოვე, გაეხსენებინათ ირმის სახე ქართულ პოეზიაში, რათა ადვილად გამოეცნოთ, რისკენ მიმყავდა საუბარი. მათ ხალხურ ლექსთან ერთად ვაჟას ლექსი და გალაკტიონის უკვდავი სტრიქონები გაიხსენეს. ჩემი მიზანიც ეს იყო. მინდოდა, მათ წარმოსახვაში გაცოცხლებულიყო ირემი, ხან მყვირალი, ხან რქამომტვრეული, ხანაც დაჭრილი და მწყურვალი. ამის შემდეგ კლასს კითხვა დავუტოვე დასაფიქრებლად: რატომ აირჩია ჭაბუა ამირეჯიბმა მოსე ზამთარაძის ნაამბობისთვის მოქმედების განვითარების ადგილად საირმის ტყე, ხოლო მთხრობელი რატომ არის მაინცდამაინც მოსე ზამთარაძე?

არ ვიცი, რა პასუხს მოიფიქრებენ, როგორ წარიმართება გაკვეთილი იმ კლასში, რომლის მოსწავლეებსაც კითხვა დავუტოვე. დიდი იმედი მაქვს, რომ მოსწავლეები ძალიან საინტერესო პასუხებამდე მივლენ. გთავაზობთ, თქვენც დასვათ გაკვეთილზე ეს კითხვა, რადგან, თუკი მოსწავლეებს ვთხოვთ, გაარჩიონ ეპიზოდი, დაუკავშირონ ტოტალიტარიზმს, ახსნან, რას ნიშნავს სახელი არქიფო, არ უნდა დაგვავიწყდეს არც ბიბლიური ალუზიები და არც რომანის და ამ კონკრეტული ეპიზოდის ბიბლიური ინტერპრეტაციაც.

ჭაბუა ამირეჯიბის რომანში „დათა თუთაშხია“ რამდენიმე მეტყველი სახელია, მათ შორისაა არქიფო სეთურიც და მოსე ზამთარაძეც. არქიფო, როგორც პერსონაჟი განმარტავს – ცხენების თავლის უფროსი, ცხენთა უფროსია. არქიფოსთვის მის დაქვემდებარებაში მყოფი ხალხი ცხენები და სახედრები არიან. ამ სახელს გაკვეთილზე ყველა მასწავლებელი აქცევს ყურადღებას, მაგრამ ზოგჯერ რატომღაც მხედველობიდან გამორჩებათ ხოლმე მოსე ზამთარაძის სახელის ფუნქცია ტექსტში. მოსე, რომელიც აბრაგია, დათა თუთაშხიასთან ერთად, გამოსაზამთრებლად სეთურს მიადგა. ზამთარი და ზამთარაძე რომ უიმედო მდგომარეობის მიმანიშნებელია, ეს ადვილად ამოსაცნობია, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია სასულიერო მწერლობაში ზამთრის სიმბოლური გააზრება, რომელიც გვხვდება როგორც ძველ (მაგ. ქება ქებათა, 2:11), ისე ახალ აღთქმაში (მათე, 24:20). ორივეგან ზამთარი გამოყენებულია, როგორც ცოდვის, სიკეთისათვის უნაყოფო ჟამის სიმბოლო. ზამთრის სწორედ ამგვარი სიმბოლური გააზრება გადავიდა ბიბლიიდან სასულიერო მწერლობაში – ჰიმნოგრაფიაში, ჰომილეტიკასა თუ ეგზეგეტიკაში. იპოლიტე რომაელი ზამთარს მადლისა და სინანულისგან განძარცვულ პერიოდს უწოდებს; ორიგენე – სულის ქარტეხილების ჟამს; გრიგოლ ნოსელისთვის კი ზამთარი ის ურჩი ძალაა, რომელმაც დააჭკნო ადამიანის ფესვები და დააკარგვინა ზაფხულის მარადიული უკვდავება. ზამთარს ცოდვის მეტაფორად იყენებს გიორგი მთაწმინდელიც თავის პარაკლიტონში: „თოვლი ბრალთაი განადვნე, დედოფალო, და ზამთარი მძიმე უღმრთოებისაი დაჰხსენ, ჰშევ-რაი-ზაფხული…“; „…ცოდვისა იგი მჭმუნვარე ზამთარი დაჰხსნა, იშვა რაი ქალწულისაგან მაღალი აღსასრულსა ჟამთასა წყალობით“.

რას უნდა ნიშნავდეს მოსე ზამთარაძის სახელი? როგორც ტექსტის ანალიზი აჩვენებს, არც მოსე ჰგავს ბიბლიურ მოსეს და არც ცხენების უფროსის მიერ დამონებული არქიფოს მიერ ბრბოდ გადაქცეული ხალხია თავისუფლებამოწყურებული ირმების გუნდი. არც დაჭრილ ირმების ჯოგს გვანან ეს უსახური ადამიანები. მაგრამ, თუკი კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ეს ეპიზოდი გროტესკია ბიბლიურ თემაზე. ამიტომაც მისი ახსნის გასაღები ბიბლიაშია.

დავიწყოთ სახელი მოსეს ახსნით: სახელი მოსე სხვადასხვანაირად იშიფრება. ხალხური ვერსიით, ის წყლიდან გამოყვანილს უნდა აღნიშნავდეს, რადგან ფარაონის ქალიშვილი, რომელმაც პატარა მოსე კალათში იპოვა, ამბობს, რომ მან ის წყლიდან გამოიყვანა, ხოლო ზმნა, რომელიც ტექსტშია ამ დროს გამოყენებული, გამომყვანს აღნიშნავს, ანუ მიუთითებს მოსეს მომავალ ფუნქციაზე, რომ ის გამოიყვანს ებრაელ ხალხს ეგვიპტიდან. მეორე ვერსიით, რომელიც ფილონ ალექსანდრიელს ეკუთვნის, სახელის პირველი ნაწილი  კოპტურ სიტყვა წყალს უკავშირდება, ხოლო სახელის მეორე ნაწილი, იოსებ ფლავიუსის ახსნით, მიუთითებს მათზე, ვინც გადარჩა, ვინც იხსნეს. საინტერესოა, რომ მაშინ, როდესაც მოსე ეგვიპტეში ცხოვრობდა, მისი გამოსაყვანი ხალხი იყო დაქირავებულ მუშათა ჯგუფი, რომელიც ეგვიპტელი ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობდა.

ასევე „მოსე“ და „ზამთარაძე“, ბიბლიური ინტერპრეტაციის მიხედვით, ოპოზიციური წყვილია და ეს მიანიშნებს გროტესკულობასაც და იმისაც, რომ პერსონაჟი ვერ შეასრულებს მოსეობას. ამიტომ მიიბეგვა ის თაბაგარისგან. საერთოდ, ისიც საინტერესოა, რომ ჭაბუა ამირეჯიბს შეეძლო აერჩია ერთ-ერთი სახელი, მაგრამ მან გადაწყვიტა, გმირისთვის ორი ურთიერთგამომრიცხავი სახელი მიენიჭებინა, ანუ მკითხველი უნდა დაფიქრდეს, რომელი იყო ამ პერსონაჟის ნამდვილი სახე: მოსე თუ ზამთარაძე. როგორც ტექსტში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, მოსე ზამთარაძემ მოსეობა ვერ გასწია. ალბათ ცალკე კითხვაა, რა დააკლდა მას მოსეობისთვის?

41-ე ფსალმუნი გვიხატავს წყაროს წყლის მოსურნე მწყურვალ ირემს: „როგორც ირემი მიილტვის წყლის ნაკადულებისაკენ, ისე მოილტვის ჩემი სული შენსკენ, ღმერთო! ძლიერი და უკვდავი ღმერთის წყურვილი აქვს ჩემს სულს: როდის მოვალ და ვიხილავ სახეს ღმერთისას („ვითარცა სახედ სურინ ირემსა წყაროთა მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი, ღმერთო! სწყურის სულსა ჩემსა ღმრთისა მიმართ ძლიერისა და ცხოველისა: ოდესმე მივიდე და ვეჩუენო პირსა ღმრთისას?“)“. როგორც ხალხური ტრადიცია განმარტავს, წყაროსკენ მიილტვის მწყურვალი ირემი არა მხოლოდ სიცხეში, არამედ მაშინაც, როცა ის დაჭრილია. ირემი არა მარტო გასაგრილებლად მიეშურება წყლისკენ, რათა წყლის გრილმა ნაკადმა სიცხისგან დაიცვას, არამედ წყლის ნაკადს ესწრაფვის დაჭრილი ირემიც, რათა წყლის ჭავლმა დაუამოს მას ჭრილობა, სწრაფად შეუდედოს სისხლი, რომელიც ჭრილობიდან მოედინება; ასევე ვინაიდან ცივ წყალში იკუმშება და ვიწროვდება სისხლძარღვები, ირემი (და არა მარტო ირემი, არამედ სხვა დაჭრილი ცხოველიც) მიილტვის წყლისაკენ. წყალი სისხლისგან დაცლილ ირემს სითხის უკმარისობასაც უვსებს. ფსალმუნის სიტყვებით, დაღალული სული უფალს მიმართავს და თავს მწყურვალ წყაროს მოსურნე ირემს ადარებს. ეს მხატვრული სახე გამოიყენა გალაკტიონმა ლექსში, რომელშიც თავისუფლებას მოწყურებული სული დაჭრილი ირმების გუნდს შეადარა.

ახლა გადავიდეთ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ ეპიზოდზე, რომელსაც მოსე ზამთარაძის ნაამბობიდან შეიტყობს მკითხველი. როგორ შეიძლება და შეიძლება თუ არა ამ ეპიზოდის დაკავშირება ზემოთქმულ ბიბლიურ სახეებთან.

დათა თუთაშხიას საირმის ტყეში თავისუფლების მოყვარული ირმების გუნდის ნაცვლად არქიფო სეთურისგან „დაჭრილი“ და გაუბედურებული, დაბეჩავებული და დაჩაჩანაკებული ხალხი დახვდა. ამ ხალხს არქიფო მართავს, რომელსაც არ მოსწონს ბიბლიური სახელი აბელი. ეს სახელი მისთვის დამაკნინებელია, მას არ უნდა, უფლის საყვარელი პერსონაჟის სახელს ატარებდეს, არ უნდა მსხვერპლის როლში ყოფნა და ირჩევს სხვა სახელს. არქიფო ფარაონივითაა, რომელიც ვერ და არ ცნობს უფალს. არქიფო ქირაობს მუშებს. სავარაუდოდ, ეს მუშები, რომლებიც საირმის ტყეში ირმებივით თავისუფალნი უნდა იყვნენ, არქიფოსთვის ცხენები არიან. ცხენებად ქცეული ირმები არიან გამოსაყვანნი ტყიდან ან ტყემ უნდა დაიბრუნოს პირვანდელი ფუნქცია. სახეშეცვლილი, და სახელშეცვლილიც, საირმის ტყე ტექსტში ეგვიპტეს ენაცვლება, რომელმაც პირვანდელი სახე უნდა დაიბრუნოს. ამ საქმეს კი მოსე ესაჭიროება. მოსე ზამთარაძე ბიბლიური მოსეს გროტესკული სახეა. იმის ნაცვლად, რომ მან ზედამხედველის, ამ შემთხვევაში, კაკოია თაბაგარის კლანჭებისგან იხსნას ხალხი, თავად გაილახება და დაიბეგვება, ფეხსაც კი მოიტეხს, დიადი მისიის შესრულების მაგიერ. როგორც ჩანს, გვარი თაბაგარიც შემთხვევით არ შეურჩია ავტორმა პერსონაჟს. ძველად თაბაგარი მომკელს აღნიშნავდა, ანუ მას, ვინც კალოობისას ლეწავდა პურს. იარაღი, რომელიც მომკელს ხელში ეჭირა, კევრი იყო, ხან ცელი, იმის მიხედვით, რომელი სამუშაო პროცესი უნდა განეხორციელებინა მომკალავს. მომკალავის სახე მხატვრულად სხვადასხვანაირად აისახებოდა ხელოვნებაში და მას ზოგჯერ სიკვდილთანაც აიგივებდნენ.

ამგვარად, ტექსტის ანალიზისას, თუკი ყურადღებას საკუთარ სახელებზე გადავიტანთ, სრულიად ახალი მხატვრული სახეების გამოვლენაში გვეხმარება, რაც ნამდვილად კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს, რომ ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ წაკითხვა ბიბლიური კონტექსტის გათვალისწინების გარეშე წარმოუდგენელია.

P.S. სანამ ამ წერილს დასაბეჭდად შევთავაზებდი ინტერნეტგაზეთის რედაქციას, ის ჩემს მეგობარს, კოლეგას და პირველ კრიტიკოსს, ია ღადუას გავუგზავნე. სწორედ მან მირჩია, ყურადღება მიმექცია ზამთრის ბიბლიური ალუზიისთვის და გიორგი მთაწმინდელის ციტატაც მან შემახსენა. მთაწმინდელის სიტყვებმა არ შეიძლება, სხვა ცნობილი სტრიქონები არ გაგახსენოთ. მაგალითად, შექსპირი და სტაინბეკი. იცნობთ ჯონ სტაინბეკის რომანს „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“? გახსოვთ, რომ ავტორმა რომანს სათაურად უილიამ შექსპირის ერთ-ერთი ტრაგედიის (რიჩარდ მესამე) დასაწყისი სტრიქონის სიტყვები („აგერ შეცვალა იორკის მზემ მბრწყინავ ზაფხულად, ზამთარი ჩვენი უთანხმოება-მღელვარებისა“) შეურჩია? გახსოვთ, შექსპირის ტრაგედიაში რას ნიშნავს ეს სტრიქონი? როგორ შეიცვალა ჩვენი მღელვარების ზამთარი მხიარულების ჟამად, როგორც კი მმართველი შეიცვალა ქვეყანაში? ჰოდა, ჩემი კითხვა, რომელსაც ახლა უკვე თქვენ, ჩემს მკითხველს გიტოვებთ, ასე დაისმის: როგორ წავიკითხოთ ბიბლიურ, გიორგი მთაწმინდელის და შექსპირის ციტატების კონტექსტში მოსე ზამთარაძის ეპიზოდი?

დისტანციური სწავლების გამოწვევები გაკვეთილზე და როგორ გავართვათ მათ თავი

0

უკვე ორი თვეა, რაც საგანმანათლებლო პროცესებმა სახლის კედლებში გადაინაცვლა. ქართულ სკოლას დისტანციურ ფორმატში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონია. აქედან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვა სასკოლო საზოგადოებისთვის საუკუნის გამოწვევად იქცა.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციის მიხედვით, სკოლის ყველაზე პრიორიტეტულ ამოცანად მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პროფესიული ურთიერთობის შენარჩუნება,  ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და  საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება რჩება. ასევე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოსწავლეებისთვის საჭირო სასწავლო მომსახურების მიწოდების უსაფრთხო გზების გამონახვა.

ბუნებრივია, დისტანციური ფორმატი ვერ ჩაანაცვლებს სასკოლო დღის ჩვეულ რეჟიმს, რადგან მოსწავლეებს და მასწავლებლებს შორის კომუნიკაცია სტანდარტული საგაკვეთილო სტრუქტურით ვერ წარიმართება. აქედან გამომდინარე, შეიზღუდა საგაკვეთილო დრო და წარმოიქმნა დილემათა მთელი ჯაჭვი, რომელთა გადაჭრასაც გარკვეული გამოცდილება, დრო და ძალისხმევა სჭირდება.

სასწავლო მოტივაციის შექმნა ურთულესი ამოცანაა შინ სწავლის პირობებში. გარეგანი მოტივაციისა (განმსაზღვრელი შეფასება) თუ სხვა წამახალისებელი აქტივობების გარეშე დარჩენილი მოსწავლის სახეცვლილ სასწავლო პროცესში ჩართვა არც თუ ისე ადვილია. მშობელს არ აქვს მასწავლებლის ფუნქციის შეთავსების ვალდებულება, ბავშვს კი ოჯახში ყურადღების მობილიზება ორმაგად უძნელდება და ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს მეცადინეობის თავიდან ასარიდებლად.

რატომ უნდა დაინტერესდეს   ონლაინ გაკვეთილზე  მოსწავლე ჩემი დავალებით? აი, რა კითხვა უნდა დავუსვათ საკუთარ თავს  დისტანციური დავალების დაგეგმვის პროცესში. დაგვჭირდება ერთგვარი დავალება-კაუჭები, რომლის დახმარებითაც მოსწავლის სასწავლო პროცესში  ინტერესით ჩართვას შევძლებთ. ამას გარდა, ბავშვები შეძლებისდაგვარად უნდა დავაკავოთ ისეთი საქმიანობით, რომელიც აკადემიური მიზნების მიღწევას სახლის პირობებშიც ხელმისაწვდომს გახდის. დავალებები მაქსიმალურად უნდა მოვარგოთ ოთხ კედელში გამოკეტილი მოსწავლის ინტერესებსა და შესაძლებლობებს (რა შეუძლიათ დამოუკიდებლად, რა ტექნიკური საშუალებით, რესურსით არიან აღჭურვილნი და ა.შ.). ამას გარდა, დისტანციურ შეხვედრებზე  მოსწავლეებს ახალი გამოცდილების გაზიარების საშუალება თუ მიეცემათ, ეს მათი ჩართულობის ხარისხს გაზრდის და სასწავლო პროცესსაც გამოაცოცხლებს.

თავიდან მოსწავლეთა დაინტერესება ძალიან გამიჭირდა. პოზიტიური ვიდეო ინსტრუქციების, სამოტივაციო თვალსაჩინოების თუ დეტალურად გაწერილი სამოქმედო გეგმის მიუხედავად, მოსწავლეთა დისტანციურ დავალებებში ჩართულობის ხარისხი ძალიან დაბალი იყო.

როგორ გადავჭერით ეს პრობლემა? ერთ-ერთი ძალიან საჭირო ადამიანური თვისების – ცნობისმოყვარეობის დახმარებით. კეთებით სწავლების, კვლევისა თუ პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდებზე დაყრდნობით, მოსწავლეთა საცხოვრებელი გარემო საკვლევ საგნად და სასწავლო რესურსად ვაქციეთ. ამას გარდა, შევეცადეთ, რომ სასწავლო აქტივობების უმეტესობა რეალური (ბუნებრივად არსებული თუ ხელოვნურად შექმნილი) საჭიროებებისთვის დაგვეკავშირებინა.

რაც შეეხება უშუალოდ მასწავლებლის „სამზარეულოს“, პირველ გამოწვევად დისტანციური დავალების დაგეგმვას დავასახელებდი.

ადრე როგორ ვგეგმავდით გაკვეთილს? – ვარჩევდით სასწავლო თემას, ვისახავდით მიზნებს, ვინიშნავდით გაკვეთილის ფაზების შესაბამის აქტივობებსა თუ რესურსს, საჭიროებისამებრ, ვქმნიდით ან ვიმარაგებდით საგაკვეთილო მასალებს და ფიზიკურ გარემოსაც საგაკვეთილო მიზნის შესაბამისად ვაწყობდით… რაც შეეხება დავალებას, იგი უმეტესად გაკვეთილზე შესრულებული სამუშაოს, ანუ ახალი ცოდნისა თუ უნარის ინდივიდუალურად განმტკიცებას ემსახურებოდა.

და რა ხდება ახლა? – ვცდილობთ გაკვეთილის საშინაო დავალებაში ჩაშენებას. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის, როგორც ფასილიტატორის როლი ახლა გაცილებით მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეს აღარ აქვს იმ დოზის აკადემიური მხარდაჭერა, რასაც სკოლაში მისგან იღებდა. ამიტომაც, თითოეულ დავალებას თან უნდა გაყვე ვიდეო ან აუდიო ინსტრუქციის სახით, სადაც თანმიმდევრულ ნაბიჯებად ჩაშლი შესასრულებელი სამუშაოს ყველა დეტალს, გზავნილს გაამდიდრებ თვალსაჩინოებით, მისაღები დავალების ნიმუშებით და ა.შ.

შემდეგი გამოწვევა თავად საგაკვეთილო პროცესი გახლავთ. საკლასო ოთახებში მასწავლებლის მდებარეობა, მისი მოძრაობის სიხშირე და ტრაექტორია, მერხების განლაგება, გამოყენებული რესურსები და ა.შ. მოსწავლეთა საჭიროებასა და გაკვეთილის მიზანს მაქსიმალურად იყო მორგებული და გაკვეთილის მიმდინარეობაც გაცილებით დინამიკური და მრავალფეროვანი (საკლასო, ჯგუფური, წყვილები, ინდივიდუალური) გახლდათ.

რა ხდება ახლა? – დისტანციური გაკვეთილი მაგონებს ყოველ წუთს სხვადასხვა ოთახში თვალდახუჭულ სირბილს, რადგან მათ რომც უყურებდე, მაინც ვერ ხედავ. არ იცი, რა ხდება მათ საშინაო-საკლასო ოთახებში, როცა შენ ახალ საკითხს განმარტავ, კითხვებს სვამ ან ვარაუდის გამოთქმას ითხოვ. მთავარი დილემაც ესაა – კლასი აღარაა ერთიანი სივრცე, გუნდი… თითქოს ბავშვები წინ გისხედან, ხედავ და გესმის მათი, მაგრამ ამ ვირტულური ფანჯრების მიღმა იმდენივე ოჯახი ფეთქავს, რამდენი მოსწავლეც ესწრება გაკვეთილს. ამას გარდა, მრავალშვილიან თუ პატარა სახლის მქონე ოჯახებს ბავშვებისთვის იზოლირებული სამეცადინო სივრცის გამოყოფა უჭირთ და რა გასაკვირია, თუ მათ აბსტრაქტულ საგანმანათლებლო სივრცეში შემოტყუებას ვერ ვახერხებთ?!

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მასწავლებელი არა მარტო აკადემიური,  ეთიკური   გამოწვევის  წინაშეც დგება.

განსხვავებულ ფორმატში უწევდა თანამშრომლობა „მოსწავლე-მშობელი-მასწავლებელი“ ჯაჭვის თითოეულ წევრს. დღეს კი სამივე რგოლი ერთ სივრცეში მოხვდა. ამას გარდა, დაწყებით საფეხურზე მშობელთა ნაწილს სხვადასხვა მიზეზით მასწავლებლის ფუნქციის შეთავსებაც უწევს, რასაც დადებით მხარესთან ერთად უარყოფითი შედეგებიც ახლავს.

განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, მშობლებს არ უნდა შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ  და ავუხსნათ, რომ  ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარე დისტანციური სწავლება არსებითად მხარდაჭერაზეა ორიენტირებული… ყურადღება უნდა მივაქციოთ მათ მიერ დასმულ კითხვებს, დროულად მივაწოდოთ უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, როგორი ფორმით ვმუშაობთ მათ შვილებთან.

როგორც ხედავთ, ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუმცა სასკოლო საზოგადოების მხრიდან –  დიდი ძალისხმევა, მშობლებისგან კი თანამშრომლობის სურვილია საჭირო. ძალიან დაგეხმარებათ მათთან ინდივიდუალურად დაკავშირება, რეალური საჭიროების რაც შეიძლება ეფექტურად, დელიკატურად წარმოჩენა, მშობლის როლის მკაფიოდ განსაზღვრა, მათი ჩართულობის მნიშვნელობის ხაზგასმა და ა.შ. თუმცა ზემოაღნიშნულ პროცესებში უმჯობესია, მასწავლებელი სასკოლო გუნდთან (ფსიქოლოგი, დამრიგებელი, ადმინისტრაციის წევრი და სხვ.) თანამშრომლობის შედეგად დასახული სტრატეგიული გეგმით მოქმედებდეს.

ონლაინ ჩართვების დროს, მასწავლებელი კიდევ ერთი ურთულესი გამოწვევის წინაშე დადგა. როგორ უნდა შეძლო ახალი ცოდნის გადაცემა შემცირებული და სახეცვლილი გაკვეთილების ფონზე?!

ეს ყველაფერი თავიდან შეუძლებლად მეჩვენებოდა. თუმცა მე და ჩემს კოლეგებს მიზნის მიღწევაში საკმაოდ მრავალფეროვანი და ახალ გამოწვევებს მაქსიმალურად მორგებული ერთ-ერთი აკადემიური პლატფორმა დაგვეხმარა. მასში ფაქტობრივად, მთელი სკოლა გადავაწყვეთ, ანუ გავაციფრულეთ: შევქმენით კლასები და შევარჩიეთ დისტანციური დავალებების ფორმატი, რომელიც მოსწავლისთვის ნაცნობი ყველა შესაძლო ფორმით (პრეზენტაცია, ფურცელი ჩანაწერებისთვის, ფოტოს, ხმოვანი და ვიდეო გზავნილის ატვირთვის ფუნქციები და სხვ.) დავალებების აწყობას, გაგზავნას, შესრულებული სამუშაოს მიღებას და მასზე უკუკავშირის მიწოდებას უზრუნველყოფდა. მსგავსი „გაჯეტები“ მრავლად მოიძებნება ციფრულ სამყაროში, მთავარია, სწორად შეარჩიო შენი სკოლის მიზნისა და ინტერესების შესაბამისი „იარაღი“ და მისი ეფექტურად მართვა ისწავლო. ამას გარდა, ონლაინ ჩართვებს მოსწავლეთა მცირე ჯგუფებთან წარვმართავთ, რაც თითოეული მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობას, ახალი ცოდნის ეფექტურად გადაცემა-განმტკიცებას და ქცევის მართვას მნიშვნელოვნად აადვილებს.

კიდევ ერთ  გამოწვევად მოვიაზრებ ემოციურ ფაქტორს, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობას ან პირიქით – უკონტროლოს ხდის. ამის მიზეზი შეიძლება ბავშვის შინაგანი განწყობა ან ინდივიდუალური ბუნება იყოს. განვიხილოთ მოსწავლის მაგალითი, რომელიც ჩუმად იჯდა გაკვეთილზე ან სხვადასხვა მიზეზით უჭირდა საგაკვეთილო პროცესში მიზნობრივად ჩართვა. იგი მაქსიმალურად ეცდება, გაექცეს სასწავლო გარემოს, რომელიც მისთვის ორმაგად არასასურველი გახდა. რაც შეეხება გადაჭარბებულ ჩართულობას, მოცემულ შემთხვევაში მას უმეტესად კომუნიკაციის სიმწირე განაპირობებს. მსგავს შემთხვევაში სასურველია, მოსწავლეს სხვადასხვა გზით დავუკმაყოფილოთ „სოციალური შიმშილი“. ინერტულ მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან კომუნიკაციისას კი კომპლექსური მიდგომაა (ინდივიდუალური კონტაქტი, მშობლის „გადმობირება“, მეტი მხარდაჭერა დავალების შესრულებისას, შესასრულებელი სამუშაოს პრობლემის შესაბამისად გამარტივება და სხვ.) საჭირო.

დისტანციური სწავლებისას ერთ-ერთ  გამოწვევას  მიღწეული შედეგების გაზომვა წარმოადგენს.  კლასის, საგნის და მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით, მასწავლებელს შეუძლია განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება.

ურთიერთგაზიარებისა და ჯგუფური მუშაობის დეფიციტის  გარკვეულწილად მოგვარება შესაძლებელია, თუმცა დამატებით ადამიანურ და ტექნიკურ რესურსს საჭიროებს. დისტანციური შეხვედრების ნაწილი შეგვიძლია, დავუთმოთ მოსწავლეთა მიერ მართულ მინი-პრეზენტაციებს. ამას გარდა, თუ სკოლას შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა აქვს, შეუძლია, შექმნას ერთგვარი ონლაინ სივრცე (საიტი, ბლოგი), რომელზე წვდომაც მხოლოდ სასკოლო საზოგადოებას ექნება და მოსწავლეები ერთმანეთს ახალ ნამუშევრებსა თუ გამოცდილებას გაუზიარებენ. რაც შეეხება ჯგუფურ სამუშაოს, მოსწავლეთა მცირე ჯგუფების დაკავშირებისთვის შეგვიძლია, გამოვიყენოთ საგნობრივი შეხვედრებისთვის შერჩეული უსაფრთხო „საკლასო ოთახი“. შეხვედრების დრო და ხანგრძლივობა შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა განისაზღვროს. ჩემი აზრით, მსგავსი ინიციატივები პოზიტიურად იმოქმედებს მოსწავლეთა ჩართულობაზე და ურთიერთსწავლების, თვითგამოხატვისა და გაზიარების პრობლემას ნაწილობრივ მაინც მოაგვარებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე მზად არ აღმოჩნდა დისტანციური სწავლა-სწავლების თანმხლებ გამოწვევებთან გასამკლავებლად, საშინაო სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მნიშვნელოვან პლატფორმად იქცა. რაც მთავარია, ჯანმრთელობისთვის სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიოსთვის ისევ პრიორიტეტულ საკითხად რჩება განათლება, რომლის დახმარებითაც ადამიანი ამ ახალ გამოცდილებასაც განვითარების შემდგომ საფეხურად აქცევს.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

Microsoft Teams სასწავლო პროცესში

0

კომპანია Microsoft შეიქმნა 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ. მის პროდუქციაში შედის ყველასათვის ცნობილი პროდუქტები, Windows, Skype, Microsoft Office, OneDrive და ა.შ. თუმცა, მე დღეს Office 365-ის პროგრამაზე  მინდა გესაუბროთ. ეს გახლავთ Microsoft Teams, რომელიც გვეხმარება დისტანციური სწავლების წარმართვაში.

ჩემთვის სიახლე იყო ამ პლატფორმაზე მუშაობა, თუმცა მალევე ავუღე ალღო და დღითიდღე უფრო მომწონს. მას აქვს უამრავი საჭირო  ფუნქცია, წარმართო და დაგეგმო შეხვედრები ონლაინ, გქონდეს მიმოწერა, წამოიწყო ზარი ვიდეოკამერით, გააგზავნო შეტყობინებების სახით ფოტო-ვიდეო მასალა, სხვადასხვა დოკუმენტი, შექმნა გუნდები და შენი არხები.

ყველა სკოლას არ აქვს ტექნიკურად უზრუნველყოფილი კლასები. ალბათ ხშირად გაგვჩენია სურვილი, რომ ჩვენი მოსწავლეებისათვის გაგვეზიარებინა პრეზენტაცია, გვეჩვენებინა ფილმი და ა.შ. მაგრამ ყოველთვის ვერ მოგვიხერხებია სხვადასხვა ტექნიკური პრობლემის გამო. ახლა კი, რაც დისტანციურ სწავლებაზე გადავედით ეს პრობლემა მოხსნილია. ჩვენ, მასწავლებლებს თავისუფლად შეგვიძლია მთლიანი გაკვეთილი ციფრულად წარვმართოთ რესურსებით დახუნძლულებმა. ეს კი ძალიან დიდი ფუფუნებაა და ვფიქრობ, დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი მხარეც.

შევეცდები ნაბიჯ-ნაბიჯ გაგაცნოთ Microsoft Teams-ის საჭირო ფუნქციები, რომლებსაც თან დავურთავ ჩემ მიერ შექმნილ ვიდეო ინსტრუქციებს.

  1. Teams-ში ავტორიზაცია

იმისთვის, რომ ვისარგებლოთ Microsoft Teams-ით, საჭიროა  ავტორიზაცია. ამისათვის კი დაგჭირდებათ ის ფოსტა და ერთჯერადი პაროლი, რაც სკოლამ გადმოგცათ. მოსწავლის და მასწავლებლის ავტორიზაცია – შეგიძლიათ ისარგებლოთ როგორც ვებგვერდიდან, ასევე ჩამოტვირთული აპლიკაციით. ხშირად ხდება, რომ მოსწავლეს ავიწყდება პაროლი, თუმცა ამის მარტივი მოგვარების გზა არსებობს. მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეს პირადი ნომრით ახალი პაროლი დაუყენოს.

  1. გუნდების, კლასების შექმნა:

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ იმდენი კლასი, რამდენსაც ასწავლით. მოიწვიოთ მოსწავლეები და საგნის მასწავლებლები. გქონდეთ კლასთან მიმოწერის, ზარის წამოწყების საშუალება. გაუგზავნოთ მოსწავლეებს ხმოვანი თუ წერილობითი შეტყობინებები. ამ ყველაფრის გაკეთებას კი შემდეგნაირად შეძლებთ: კლასის შექმნა და მოსწავლეების მოწვევა შეგიძლიათ იხილოთ თქვენს კლასში გაწევრებული პირები. წაშალოთ ან დაამატოთ ახლები.  შეგიძლიათ შეუცვალოთ თქვენ კლასს სახელი და ფოტო, ასევე შეცვალოთ თქვენი გვერდის ფონი და განლაგება.

  1. კალენდარში გაკვეთილების ჩანიშვნა:

სკოლაში არსებულმა ცხრილმაც მიიღო ელექტრონული სახე და ის ახლა კალენდარში შეგვიძლია ვიხილოთ. მასწავლებელს აქვს საშუალება, კალენდარში ჩანიშნოს გაკვეთილები,  აირჩიოს კლასი, საგანი, გაკვეთილის დაწყებისა და დასრულების დრო. ეს საშუალებას იძლევა ორგანიზებულად წარიმართოს გაკვეთილები. ასევე კარგი საშუალებაა თათბირების, კათედრის სხდომების დასანიშნადაც. მოსწავლეს შეუძლია ჩანიშნული გაკვეთილების ნახვა.

  1. გაკვეთილის წარმართვა:

მას შემდეგ, რაც მასწავლებელი გაკვეთილს  ჩანიშნავს, მან უნდა წარმართოს ის. ამისათვის პირველ რიგში საჭიროა მოსწავლეებთან ზარის განხორციელება.  დარეკვა შეგიძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე მთლიან ჯგუფთან. თუ მოხდა ისე, რომ რომელიმე მოსწავლემ გაკვეთილზე დაიგვიანა, მას თავისუფლად შეუძლია დაწყებულ გაკვეთილზე ჩართვა.

წამოწყებულ ზარს აქვს ფუნქცია, რომ თქვენი შეხვედრა ჩაიწეროს. რაც ძალიან კარგი საშუალებაა ჩატარებული ვებინარებისათვის. მომხმარებელი, რომელიც ვერ მოახერხებს შეხვედრაზე დასწრებას, შესაძლებლობა ექნება, რომ მოგვიანებით იხილოს ის.

რაც შეეხება გაკვეთილის მსვლელობისას, მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა მოსწავლეებს გაუზიაროს საკუთარი ეკრანი, პრეზენტაცია, დაფა აყურებინოს ანიმაციას, ფილმს. ასევე ჰქონდეს გაკვეთილის მსვლელობისას მიმოწერაც კი მათთან. მაგალითად, თუ საჭიროა გახდა გაკვეთილის დროს მნიშვნელოვანი ბმულის გაზიარება, ან უბრალოდ არ გსურთ საუბარი შეაწყვეტინოთ პრეზენტატორს, თქვენ შეგიძლიათ სასაუბრო სივრცეში გაგზავნოთ შეტყობინება, რომელსაც წაიკითხავს შეხვედრის დროს ჩართული ნებისმიერი პირი. წამოწყებულ ზარს აქვს რამდენიმე  ინსტრუმენტი. შეგიძლიათ შეხვედრის დროს გამორთოთ ან ჩართოთ თქვენი მიკროფონი და კამერა; თუ არ მოგწონთ თქვენი ფონი, შეცვალოთ. შესაძლოა ტექნიკური პრობლემის გამო ზოგიერთ მომხმარებელთან არ შეიცვალოს.

გაკვეთილის დროს შესაძლოა, რომელიმე მოსწავლემ თვითნებურად ან უნებლიეთ შეგიწყვიტოთ თქვენი პრეზენტაცია, ან გაგითიშოთ ხმა. ამის თავიდან ასარიდებლად შეგიძლიათ შეუზღუდოთ ფუნქციები.

  1. საშინაო დავალება:

მასწავლებელს აქვს საშუალება მოსწავლეებს შეუდგინოს შემაჯამებელი კითხვარი. Teams იძლევა ამის ძალიან კარგ საშუალებას Quiz-ის სახით. მე პირადად ეს გამოვიყენე წაკითხული წიგნის შესაფასებლად, ასევე ძველი მასალის გასახსენებლად. როგორ შევადგინოთ New Quiz-ი? როგორ ვნახოთ გამოკითხვის შედეგები? თუ თქვენ ვიდეოინსტრუქციას ჩართავთ, ნახავთ, რომ შედეგები პროცენტულად არის დათვლილი – თითოეული შეკითხვის, თითოეული მოსწავლის, რაც დიდი ფუფუნებაა. თქვენ არ გიწევთ მოსწავლის შედეგების გამოთვლა. არც იმის გახსენება, რომელი შეკითხვა გაუჭირდა თქვენს მოსწავლეებს ყველაზე ძალიან. ამას გამზადებულად გთავაზობთ Quiz-ის შედეგები. შეგიძლიათ, მოსწავლეს დაუტოვოთ განმავითარებელი კომენტარები. როგორ ხედავს მოსწავლე Quiz-ის შეფასებას

Teams ერთგვარი ელექტრონული ჟურნალის საშუალებასაც იძლევა, სადაც მასწავლებელს აქვს საშუალება განათავსოს საშინაო დავალებები, მიუთითოს ვადები, შეამოწმოს, დაუბრუნოს მოსწავლეს უკუკავშირი ან შეაფასოს ქულით. საშინაო დავალება მასწავლებელს შეუძლია მისცეს წერილობით, ასევე თან დაურთოს სხვადასხვა საჭირო რესურსი. მას შემდეგ, რაც  მოსწავლე ნახავს მიცემულ დავალებას, მასაც აქვს იმის საშუალება, რომ დავალება ატვირთოს ფოტოს, ვიდეოს სახით, ან თუნდაც იმუშაოს მასწავლებლის მიერ გადმოგზავნილ ვორდის დოკუმენტში. იმუშაოს მასწავლებლის მიერ გადმოგზავნილ Word-ის დოკუმენტში.

Teams-ს აქვს  დავალებების ისტორია. მასწავლებელი ხედავს  მოსწავლეების აქტიურობას. როდის ნახა მან დავალება, როდის ატვირთა და ა.შ. მას შემდეგ, რაც მოსწავლე საშინაო დავალებას ატვირთავს მასწავლებლის მიერ მითითებულ ვადაში, მასწავლებელი მას ამოწმებს. მას რამდენიმე ხერხით შეუძლია საშინაო დავალების შესწორება. აგრეთვე უკუკავშირის გაკეთება და თუ საჭიროა ქულის მინიჭებაც. მასწავლებლის შეფასების ნახვა მოსწავლეებს შეუძლიათ დავალების ველში. მასწავლებელს წახალისებისთვის შეუძლია მოსწავლეებს მიანიჭოს სამკერდე ნიშნები, რაც მათ მოტივაციას აუმაღლებს.

დღეისთვის ჩემთვის განუყოფელ ნაწილად იქცა Microsoft Teams-ში მუშაობა. მომწონს და რაც დრო გადის. უფრო მიყვარდება. ვფიქრობ, სამომავლოდ, როცა სკოლებს დავუბრუნდებით გარკვეული სახით კვლავ გავაგრძელებ მასში მუშაობას.

კომპლექსური დავალების როლი დისტანციური სწავლებისას

0

„ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლი“ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში და­გეგ­მი­ლი რე­ფორ­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ნაწი­ლია. მი­სი მი­ზა­ნია პი­როვ­ნე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო გა­რე­მოს შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც მოს­წავ­ლეს 21-ე სა­უ­კუ­ნის რე­ა­ლო­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს მისცემს.

ამ რეფორმამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა განათლების სისტემაში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ მოდელის მიხედვით დაგეგმილი კომპლექსური დავალებების ფორმატი ძალზედ მოხერხებულად მოერგო დისტანციურ სწავლებას.

სტატიის დაწერის მიზანია, კოლეგებს გავუზიარო ერთ-ერთი კომპლექსური დავალება, რომელიც დისტანციური სწავლებისას შესრულდა.

მოგაწვდით მოკლე განმარტებას კომპლექსურ დავალებაში გამოყენებულ ტერმინთა შესახებ:

სამიზნე ცნება გრძელვადიანი მიზანია. ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება მოსწავლეს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების (შედეგები, მიზნები) დაძლევამდე მიიყვანს.

ის წარმოადგენს პასუხს შეკითხვაზე: რა მიზნით ვასწავლი მოსწავლეს ამა თუ იმ საგანს?

ცნებას ახლავს მკვიდრი წარმოდგენები – განზოგადებული დებულებები. ის ავსებს და აზუსტებს სამიზნე ცნებას. ამ დებულებათა გაცნობიერება კონკრეტული მაგალითების,  სხვადასხვა საკითხის განხილვის საფუძველზე მოსწავლეს სამიზნე ცნებებით ოპერირების საშუალებას მისცემს.

კომპლექსურ დავალება არის შემოქმედებითი პროდუქტი, რომლის შექმნა-პრეზენტაციითაც მოსწავლე საკუთარ ცოდნას ადასტურებს იმ საგნობრივ საკითხებთან და სამიზნე ცნებებთან მიმართებით, რომლებსაც საგნობრივი საკითხი უკავშირდება.

გამართული კომპლექსური დავალების პირობა სამ მახასიათებელს უნდა აკმაყოფილებდეს:

  1. დავალების პირობაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს კონკრეტული საგნობრივი საკითხი/საკითხები, რომლის შესწავლასაც კომპლექსური დავალება ეძღვნება;
  2. დავალების პირობაში მკაფიოდ უნდა ჩანდეს შემოქმედებითი პროდუქტი, რომელიც მოსწავლემ უნდა შექმნას დასტურად იმისა, რომ საგნობრივი საკითხი გაიაზრა;
  3. კომპლექსური დავალების პირობაშივე უნდა იკითხებოდეს შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც განსაზღვრავს, რა უნდა განაზოგადოს მოსწავლემ საგნობრივ საკითხთან მიმართებით საიმისოდ, რომ სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენების გააზრებამდე მივიდეს.

გამოცდილების კოლეგებისთვის გაზიარების მიზნით შევქმენი ვიდეო, რომელიც აღწერს ჩემ მიერ შესრულებულ კომპლექსურ დავალებამდე მისასვლელ გზას. ვიდეოს სიმბოლურად დავარქვი ,,გზა კომპლექსურ დავალებამდე“.

კომპლექსურ დავალება

საგანი:                  მათემატიკა

მიმართულება:        გეომეტრია

თემატური კონტექსტი კომპლექსური დავალების პირობის ჩამოსაყალიბებლად – სახლსა და სკოლაში; როგორები ვართ ჩვენ; ქალაქი და სოფელი; ცხოველთა სამყარო; დედამიწა / წყალი და ხმელეთი;  ადამიანის ზეგავლენა გარემოზე.

კლასი: II

სკოლა: სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო

ედაგოგი: ბაია მაჩიტიძე

სამიზნე ცნება და ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები

გეომეტრიული ობიექტები

·         ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს;

·         გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან განირჩევიან თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნებით – ფორმით, ზომით.

 

საკითხი: 

ბრტყელი ფიგურები: წერტილი, მონაკვეთი, ტეხილი, მრუდი წირი.

საკვანძო შეკითხვა:

რომელი გეომეტრიული ფიგურებით შეიძლება გამოვსახოთ ჩვენ ირგვლივ მყოფი საგნები?

 

შეფასების  კრიტერიუმები: 

მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ბრტყელი ფიგურების გრაფიკული გამოსახულებებისა და მოდელების შექმნა.

კომპლექსური დავალების პირობა

გამოიყენე ციფრული რესურსი ,,ვსწავლობ თამაშით“ და  გეომეტრიული ფიგურების მეშვეობით დახატეთ სახლი, ხეები, ბუჩქები, მზე, მანქანა. გააფერადე და დაასახელე, რომელი გეომეტრიული ფიგურა გამოიყენე. ნამუშევარი წარუდგინე კლასს ისაუბრე გამოყენებული ფიგურების შესახებ.

 

დამატებითი  მასალა (გამოყენებული რესურსი ან უკვე შექმნილი კომპლექსური დავალებების  ნიმუშები და სხვა…): 

პრეზენტაცია ,,გეომეტრიული ფიგურები”

მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები

 

საინტერესოა, რა როლი ეკისრება კომპლექსურ დავალებებს დისტანციური სწავლებისას?

მოგეხსენებათ, რომ დისტანციური სწავლების რეჟიმმა უფრო მეტად მოითხოვა მოსწავლეებისგან დამოუკიდებლად მუშაობის უნარისა და პრეზენტაციის უნარების გამოვლენა. კომპლექსური დავალება სწორედ ამ უნარზე არის ორიენტირებული. მოსწავლეს გარკვეული დროის მანძილზე უწევს დამოუკიდებლად მუშაობა ამა თუ იმ საკითხზე, შემდეგ კი ქმნის მიღებული ცოდნის პროდუქტს, რომელსაც წარუდგენს კლასს. მასწავლებელი ფასილიტატორის როლს ასრულებს და ეხმარება მოსწავლეს, სწორად გაიაზროს ცნებები და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები. მკაფიოდ ჩამოყალიბებული პირობისა და ინსტრუქციის წყალობით მოსწავლე დამოუკიდებლად ასრულებს დავალებას. კომპლექსური დავალება პროდუქტის შექმნაზე, ცოდნის გამოყენებაზეა ორიენტირებული. დისტანციური სწავლების მთავარი დატვირთვა ისაა, რომ მოსწავლეებმა შეინარჩუნონ აქტიურობისა და პროდუქტულობის უნარი. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო გაიზარდა კომპლექსური დავალებების როლი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ახალი განათლება, ლალი თვალაბეიშვილი ,,ახალი სკოლის მოდელი. რა იცვლება სკოლისთვის, მასწავლებლისთვის, მოსწავლისთვის“.
  2. სკოლის კურიკულუმი, 2019-20.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მოსწავლეები დისტანციური სწავლების  გამოწვევების პირისპირ. რას ფიქრობენ ისინი.

0

ახლახან, ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის საერთაშორისო ორგანიზაციამ COVID-19-ის 2020 წლის პანდემიით განათლების სფეროში შექმნილი გამოწვევების დასაძლევ ანგარიშში, სადაც 98 ქვეყნის მაგალითი განიხილებოდა, საქართველოს მთავრობის მიერ განათლების მიღების უწყვეტი პროცესის უზრუნველსაყოფად გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა. საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, ბევრმა სკოლამ დისტანციურ სწავლა-სწავლებაზე გადასვლას კარგად გაართვა  თავი და მოახერხა ონლაინ კომუნიკაციის არხების ათვისება და სასწავლო პროცესის მასზე მორგება.

სასკოლო განათლების შესაძლებლობების გასაზრდელად სასწავლო პროგრამამ  ტელეტრანსლაციის სივრცეშიც გადაინაცვლა. თავის მხრივ, მას­წავ­ლებ­ლე­ბს  და მოსწავლეებს მოუწიათ,  დაჩქარებულად აეთვისებინათ მათთვის აქამდე ნაკლებად პოპულარული ონ­ლა­ინ ინ­ს­ტ­რუ­მენ­ტები, ვირტუალური საკლასო ოთახების მართვის ინსტრუქციები. თუმცა, დიდ გამოწვევად დარჩა ინტერნეტზე წვდომა, განსაკუთრებით რეგიონებში და ასევე, შესაბამისი ინსტრუმენტების ქონა.

ჯერჯერობით რთულია ონლაინ სასწავლო პროცესის ხარისხის ზოგადი შეფასება, მაგრამ ონლაინ სწავლის  გამოწვევებთან დაკავშირებული შთაბეჭდილებები მოსწავლეებს უკვე შეექმნათ. რას ამბობენ ისინი:

ნიკოლოზი , VIII კლასი (თბილისი):

არდადეგები რომ გაგვიგრძელდა, ცოტა გამიხარდა, თუმცა მერე, ონლაინ სწავლაზე რომ გადავედით, ჩემთვის ეს მოულოდნელობა იყო. მაგრამ გაოცებული დავრჩი, თუ როგორ სწრაფად მოახერხა სკოლამ ამის ორგანიზება.

ხმაური რომ არ ყოფილიყო, პირველივე დღეს კლასი ორ ჯგუფად გაიყო. პირველ გაკვეთილად მათემატიკა ჩაგვიტარდა და  თავს ნაკლებად კომფორტულად ვგრძნობდი, მაგრამ მასწავლებელი იმდენად მომზადებული იყო, რომ ეს განცდა მალევე გამიქრა.

კარგი რამ, რაც ასეთ სწავლებაში მაშინვე გამოჩნდა, ის იყო, რომ მასწავლებლები მოსწავლეებს მეტ ყურადღებას გვაქცევდნენ. თვითონაც გაკვეთილებისთვის უფრო კარგად ემზადებოდნენ.

პირველი წესი, სასწავლო დღის დაწყებამდე ჩართული კამერის და მიკროფონის შემოწმებაა. შემდეგ გაკვეთილიც იწყება. მაგალითად, გუშინდელი დღე დილის ათ საათზე დამეწყო. არავის დაუგვიანია. ბავშვები ერთმანეთს ორი წუთი თუ ველით. უკვე შევეჩვიეთ და დაგვიანების პრობლემა არ გვაქვს.

ჩემს კლასში ერთი გაკვეთილი ნახევარსაათიანია, თუმცა, ზოგი მასწავლებელი, ჩვენთვის მნიშვნელოვან საგნებში, ამ დროს ხუთ-ათ წუთს ამატებს. დღეში ოთხი გაკვეთილი მიტარდება. გაკვეთილებს შორის დიდი დროა, ხან ნახევარსაათიანი შუალედით, ხან – საათიანი. შუალედებში მომდევნო საგნის გამეორებას ვასწრებ, ცოტას ვისვენებ კიდეც, რაც ძალიან მომწონს, უფრო კომფორტულია, ვიდრე სკოლის შესვენება.

ასევე, მომწონს, რომ დილით გადარბენა არ მიწევს. ჩემი სკოლა სახლთან არც ისე ახლოსაა. დიდი დრო მჭირდება მოსაწესრიგებლად, ჭამაზე, გზაში. ახლა აღარ ვჩქარობ. სახლში როგორც მაცვია, გაკვეთილზე ისე შევდივარ. თუმცა, ამან შესაძლოა, ცოტა გამაზარმაცოს კიდეც. თავდაპირველად, ერთი-ორჯერ, გაკვეთილზე ნახევრად მძინარე ჩავერთე.

ონლაინ სწავლებაში დისკომფორტს ის მიქმნის, რომ სახლში ყოველთვის არ არის სიმშვიდე. სახლის ხმაური მასწავლებლებსაც ესმით, მაგრამ უმეტესობა ითვალისწინებს შენს მდგომარეობას. მე ორი უფროსი და მყავს, სტუდენტები არიან და მათაც აქვთ ჩართვები. ჩემს სახლში კი ყველა ოჯახის წევრის განცალკევება შეუძლებელია.

სამაგიეროდ, დისტანციური სწავლების დროს შესრულებული დავალების ჩვენებაზე იმდენად აღარ ვნერვიულობ, არც ტექსტის მოყოლისას ვარ ისეთი დაძაბული, როგორც სკოლაში.

ონლაინ სწავლებას სწრაფად შევეჩვიე. დიდად არც მასწავლებელთან პირადი ურთიერთობის ნაკლებობას განვიცდი. გაკვეთილები ოთხ-ხუთ საათზე მიმთავრდება. გაკვეთილების მერე, ეკრანთან დიდხანს ჯდომის გამო, ზოგჯერ თავი ან თვალები შეიძლება მეტკინოს.

ხანდახან მასწავლებელს ინტერნეტი „უჭედავს“ და ამ დროს გეშინია, რამე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეს. მერიდება ხოლმე, მასწავლებელს გამეორება ვთხოვო. სკოლაში, კლასში, კითხვების დასმა უფრო მიადვილდებოდა.

ჩემი აზრით, ონლაინ სწავლების ხარისხი უფრო მასწავლებელზეა დამოკიდებული. მომთხოვნი მასწავლებელი ვინც გვყავდა, მაგალითად, ქართულში, ისეთივე დარჩა, უფრო გამკაცრდა კიდეც, ჩვენც უფრო მობილიზებულები გავხდით. აქამდე არც ერთი საგანი არ ჩაგვშლია.

ჩემს სკოლაში მასწავლებლები მშობლებს წერილებით ეკონტაქტებიან.  ანგარიშს აბარებენ,  როგორ ვსწავლობთ, როგორ მიდის ჩვენი საქმე. რასაც გავძლევენ მასწავლებლები დავალებად, მშობლებსაც ეგზავნებათ ჩვენი დავალებები. ამიტომ, მათაც ვერაფერს გამოაპარებ.

მაგრამ, მე თუ მკითხავთ, პირისპირ სწავლა მირჩევნია. კლასელებთან ერთად სწავლა უფრო მეხალისება. ახლა თითქოს ერთმანეთს დავშორდით. მხოლოდ გაკვეთილებზე ვხვდებით.

თუმცა, ამ რეალობაში, სწავლის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა გამიჩნდა.

 

კესო , IV კლასი (ჭიათურა)

ყველაზე ცუდი დისტანციურ სწავლაში ის არის, რომ ჩემს მეგობრებს, რომლებიც ძალიან-ძალიან მიყვარს, ვერ ვხედავ.  სოფელში ხშირად გაუმართავია ინტერნეტი და ერთმანეთს ვერც კი ვესაუბრებით.

მაგრამ მომწონს ის, რომ დილით ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა არ მჭირდება. ჭამასაც ვასწრებ და მასწავლებელს ტელეფონითაც მშვიდად ველაპარაკები. მომწონს, რომ უფრო მეტი თავისუფალი დრო მაქვს და ჩემს და-ძმასთან გართობას ვასწრებ.

მაგალითად, დღეს დილით თავისუფალი ვიყავი, რადგან ინგლისური სამ საათზე მქონდა. მანამდე შემეძლო მესწავლა. ისე, ტელეფონით გაკვეთილის ჩაბარება ძნელია – შეიძლება ინტერნეტი უცებ გაწყდეს და ყველა ერთბაშად გამოვეთიშოთ გაკვეთილს, როგორც გუშინ მოხდა. თან, ტელეფონით ვერავის სახეს ვერ ვხედავ და ეგეც ცუდია.

ზოგ ბავშვს ინტერნეტი არც აქვს და მასწავლებელი ისე ურეკავს, ტელეფონით უხსნის გაკვეთილს. ბავშვები ვერ გვერთვებიან. კლასში სულ ექვსნი ვართ, ონლაინ გაკვეთილი კი 3-4 ბავშვს გვიტარდება. მე, მაგალითად, კომპიუტერიც მაქვს, მაგრამ ვერ ვიყენებ. კამერას როგორც კი ჩავრთავ, ინტერნეტი „ჭედავს“.

ხშირად მასწავლებლებს ძალიან ხმამაღლა უწევთ ლაპარაკი, რადგან ხმა კარგად არ გვესმის.  დედაჩემიც მასწავლებელია და ამბობს, რომ ახლა ბევრად მეტი ენერგია მეხარჯებაო…

ჩვენ ცხრილი არ გვაქვს შედგენილი. მასწავლებელი გვირეკავს, წინასწარ გვითანხმდება, გვწერს, გვეკითხება, რომელ საათზე გვცალია და მერე გვიტარებს გაკვეთილს. მარტო ინგლისურის დღე გვაქვს დადგენილი – პარასკევი, სამი საათი.

ყველაზე მეტად  მათემატიკა მიყვარს, მაგრამ რომ გავიზრდები, მოცეკვავე მინდა გამოვიდე. ზუსტად დღეს დაგვირიგეს მათემატიკის მეოთხე ნაწილი. მასწავლებელი გვერდს მოგვწერს, დავალებას მოგვინიშნავს და თუ ასახსნელია რამე, ახსნის. შესრულებულ დავალებას ფოტოს გადავუღებ და გავუგზავნი. არ არის რთული.

მენანება სპორტის გაკვეთილები, ვვარჯიშობდით ხოლმე ერთად, კალათბურთს, წრეში ბურთს ვთამაშობდით. ახლა მოსაწყენია. მარტომ უნდა აკეთო ყველაფერი. მარტო კეთება უხალისოა. ახლა სპორტის მასწავლებელი სხვადასხვა ვიდეოებს გვიგზავნის და სახლში ვვარჯიშობ… მუსიკის გაკვეთილიც მოსაწყენია. სკოლაში ერთმანეთს აზრებს ვუზიარებდით და ეს ძალიან მახარებდა.

სკოლაში სულ 60 მოსწავლე ვართ. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე სკოლაში წავალ.

სკოლა ჩემს სახლთან ახლოს არის, ჭიშკრიდანვე მოჩანს. გზაზე დიდი ტყემლის ხეა და ამ დროს ნაყოფი სულ დაცლილი ჰქონდა. ახლა კი,  ვინც ამ ხის სიახლოვეს ვცხოვრობთ, მარტო ისინი ვკრეფთ და გული მწყდება…

 

საბა, X კლასი (თბილისი)

ონლაინ სწავლით რომ ბედნიერი ვარ, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ეს წელი არ დაგვეკარგა და სასწავლო პროცესი გაგრძელდა, რაც ძალიან მახარებს.

ახლა უკვე ნაკლები ხარვეზებით ვსწავლობთ. პირადად მე, გადაწყობა არ გამჭირვებია. ადრე საკმაოდ აქტიურად ვიყენებდი ონლაინ ჩართვებს მეგობრებთან, დეიდაჩემთან ურთიერთობის დროს – ის საზღვარგარეთ ცხოვრობს. უბრალოდ, ამ ყველაფერს სწავლაც დაემატა, ანუ ტექნოლოგიების ათვისების მიმართულებით ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. შესაჩვევადაც რთული არ ყოფილა.

თუმცა, გულდაწყვეტილი დავრჩები, ეს ყველაფერი მომავალ წელსაც თუ გაგრძელდა. ისედაც უკვე ცოტა გულდაწყვეტილი ვარ – სკოლა მენატრება. მეორე მხრივ, სხვა გზა თუ არ გვექნა, მეც, როგორც ყველას, შეგუება მომიწევს. ვეცდები, მაქსიმალურად მოვერგო ონლაინ ცხოვრებას და მისი სიკეთეები გამოვიყენო.

თავიდან დაბნეულები ვიყავით, მათ შორის მასწავლებლებიც, მაგრამ ალღო ავუღეთ. ის მასწავლებელი, რომელიც ადრე კრეატიული მიდგომებით გამოირჩეოდა, ჩემი დაკვირვებით, ახლა, ონლაინ სივრცეში ოდნავ მოიკოჭლებს. ის, ვინც ნაკლებად შემოქმედებითი იყო, მეტად მოინდომა, რომ გაკვეთილი უფრო საინტერესო გაეხადა.

ზოგჯერ მასწავლებლებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, განსაკუთრებით მათ, ვინც ინტერნეტ სივრცეში ნაკლებად ერკვეოდა.  ამ მასწავლებლებისთვის ძნელია კრეატიულ მიდგომებზე ფიქრი, ჯერ ტექნოლოგიები უნდა აითვისონ.

ადრე სკოლაში დავდიოდი, სკოლის შემდეგ – სპორტზე, სახლში გვიან ვბრუნდებოდი და ღრმად მეძინებოდა. ახლა, როდესაც ეკრანთან, ერთ ადგილზე ვზივარ და ფიზიკურ აქტივობებში აღარ ვარ ჩართული, საკმარისად ვერ ვიღლები და ძილის პრობლემები მაქვს. გვიან ვიძინებ, ადგომა ადრე მიწევს, ჩვეული რეჟიმიდან ამოვვარდი.

რაც შეეხება სწავლას, ამასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემა მაქვს. უფრო პირდაპირი კონტაქტის დეფიციტს განვიცდი, ადამიანებთან ურთიერთობის დანაკლისს.

მასწავლებელთან დალაპარაკებამდე ახლა მეტი საფეხურის გავლა გიწევს –  თუ რამე ვერ გაიგე, ჯერ უნდა მისწერო მასწავლებელს, სცალია თუ არა და მერე ჰკითხო. სკოლაში, უბრალოდ, მიხვიდოდი მასწავლებელთან და ჰკითხავდი.

სულ სხვაა, როცა მასწავლებელი  რეალობაში  ხსნის გაკვეთილს. ეკრანით კავშირის დროს, კამერა თუ გამორთე, მასწავლებელი შეიძლება ვერ მიხვდეს, გაიგე თუ ვერ გაიგე ახსნილი.  ეკრანზე ბევრი ნიუანსი არ ჩანს – ემოციები, მიმიკა, რომელსაც ცოცხალ გაკვეთილზე კარგი მასწავლებელი უცბად „იჭერს“.

კლასში რომ ხარ და მასწავლებელს პირდაპირ უყურებ, ბევრად სასიამოვნოა სწავლა. ასე კი, ვირტუალურად, მიჩვევის მიუხედავად, მაინც სტრესულია.

სანდრო, X კლასი (თბილისი)

დისტანციური სწავლება დიდი ხანია არსებობს, უბრალოდ, ამ პირობებში მისი მეტი საჭიროება გაჩნდა. მე ორივე სწავლებას ვაღიარებ – პირდაპირ  და ონლაინსაც, ორივეს შეუძლია იარსებოს, ორივე განათლებას ემსახურება, მაგრამ უფრო პირისპირ სწავლისკენ და ცოცხალი უკუკავშირისკენ ვიხრები.

რაც ონლაინ სწავლაზე გადავედით, ჩვენი სკოლა სასწავლო პროგრამას არ ჩამორჩენია. ყველაფერი მარტივად არის მოწყობილი – ზუმში შევდივართ და გაკვეთილი იწყება. არც მოსამზადებლად გვჭირდება ბევრი დრო.

კარგია, რომ დღეში მაქსიმუმ  სამი გაკვეთილი გვაქვს. თითოეულისთვის დაახლოებით ერთ საათამდეა გამოყოფილი. ერთი გაკვეთილიდან მეორემდე იმდენი დროა, რომ მოცემულ დავალებებს ვასრულებთ.

შესაძლოა, ისეთი რაღაცები ვერ გავაკეთოთ, რასაც სკოლაში ვაკეთებდით, მაგრამ მასწავლებლები ახლა უფრო მრავალფეროვან დავალებებს გვაძლევენ.  ჩვენი აქტივობებიდან გამოდინარე, ისინიც მოტივირებულები არიან.

სკოლა, მასწავლებლები რაღაც სისტემაში მოექცნენ. იციან, როდის უნდა მოგვცენ დავალება, როდის უნდა ჩაიბარონ. სასწავლო გრაფიკი შედგენილია და მიჰყვებიან. ახალი იდეებიც მოსდით, თუ როგორ არ უნდა გახდეს გაკვეთილი მოსაწყენი.

თუმცა, ისეთ საგანში, როგორიც ბიოლოგიაა – ის ძალიან მომწონს – ცვლილებებიც ვიგრძენი. სკოლაში სწავლის დროს, ბიოლოგიაში ბევრ სხვადასხვა შესაძლებლობას ვიყენებდით, გვქონდა სამეცნიერო პრაქტიკის დღეები, ვატარებდით ცდებს. ახლა ეს საგანი უფრო ინფორმაციული გახდა. მართალია, საინტერესო დავალებებს გვაძლევენ, მაგრამ საგნებს შორის ყველაზე დიდი ცვლილებები მაინც ბიოლოგიას შევამჩნიე.

ონლაინ სწავლებას თავისი მინუსები აქვს:

პირველი –  გრაფიკის პრობლემა, რომელიც ჩემი ცხოვრების  წესის მიხედვით მქონდა აწყობილი. სახლში ხუთ საათზე ვბრუნდებოდი, შემდეგ ვმეცადინეობდი. ახლა ეს გრაფიკი გვერდზე გადავდე და ახლის შექმნა მიწევს, ჯერ კარგად ვერ ჩამოვყალიბდი, „ექსპერიმენტირების“ პროცესში ვარ.

მეორე –  სახლში ვერ შევქმენი სასკოლო სივრცე და ეს პრობლემაა.  ჩემთვის სახლი არ არის კომფორტული გარემო გაკვეთილებზე დასასწრებად. სახლი ვერ ქმნის სამუშაო, სასკოლო განწყობას.

ჩემი აზრით, ონლაინ სწავლას ბევრი დადებითი ასპექტი აქვს. შეიძლება დროთა განმავლობაში მეტად დაიხვეწოს, კიდევ უფრო მეტი პლუსი ჰქონდეს, მაგრამ სკოლას მაინც ვერ შეედრება. სკოლაში  კომუნიკაციას, ხალხთან ურთიერთობას ვსწავლობთ. მით უმეტეს, ჩვენს სკოლაში ისეთი აქტივობები გვაქვს, რომელიც გვეხმარება არა მხოლოდ მეგობრებთან, არამედ მასწავლებლებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში, რაც ონლაინ სწავლის დროს თითქმის შეუძლებელია.

თორნიკე , 13 წლის ( ხარაგაული)

მინდა მალე დავუბრუნდე ჩემს სკოლას. მარტის მერე გამიჭირდა ასეთ პირობებში მეცადინეობა. ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც კარგად ვერ ვისწავლე, რაღაც ისე ვერ ვიმეცადინე, როგორც სხვებმა. ვერ ვახერხებ სრულყოფილად ონლაინ სწავლებაში ჩართვას – სახლში არ გვაქვს ინტერნეტი, არც ლეპტოპი მაქვს და არც ისეთი ტელეფონი, რომ ჩავერთო. ჩემს დას აქვს ბუკი, მაგრამ ახლახან ისიც გაფუჭდა. კლასში 16 ვართ და მგონი, მარტო მე აღმოვჩნდი ასეთ მდგომარეობაში…

ძირითადად, ტელესკოლას ვადევნებ თვალს და ეგ არის ჩემთვის სწავლაც და იმედიც. ძალიან მომწონს ტელეგაკვეთილები და მათ ცხრილს მივყვები. წინასწარ ვემზადები ხოლმე ამ გაკვეთილებისთვის. ზოგი მასწავლებელი მართლაც საინტერესოდ ხსნის. ვცდილობ,  გაკვეთილი არ გამოვტოვო, რადგან ის წინას გაგრძელება შეიძლება იყოს. გუშინ გეოგრაფიას, ბიოლოგიას, ისტორიას „ვუყურე“ და ვცდილობდი, არაფერი გამომრჩენოდა. დავალებებსაც კეთილსინდისიერად ვაკეთებ და თუ რამე ვერ გავიგე, ოჯახის წევრებს ვეკითხები.

ინტერნეტთან დაკავშირებული ჩემი პრობლემა კლასის დამრიგებელმა იცის, სხვა მასწავლებლებმაც და თავიდანვე ყველა ცდილობდა დამხმარებოდა. დამრიგებელი მირეკავდა ხოლმე, ვინიშნავდი  გაკვეთილებს. მაგრამ დავალებებს რომ ვასრულებდი, ვერ მიმოწმებდნენ. ასეთ სიტუაციაში მასწავლებელი იძულებულია მენდოს, თუ როგორ და რას გავაკეთებ, როგორ ვიმეცადინებ.

რა თქმა უნდა, განვიცდი. მაინც უსიამოვნო განცდაა, როდესაც სხვა ბავშვები სწავლობენ, შენ კიდევ ვერ…

სკოლაში რაც არ დავდივარ, მეტი თავისუფალი დრო მაქვს – ძირითადად წიგნებს ვკითხულობ. ჩემი კლასელები მენატრებიან. იშვიათად, ჰაერზეც გავდივარ.

დროდადრო მასწავლებლები ტელეფონით მიკავშირდებიან, მაგრამ ეს მაინც ვერ შეედრება სკოლის გაკვეთილებს და მასწავლებლებთან  პირისპირ ურთიერთობას. მაგალითად, მათემატიკას ეგრე იოლად ვერ ისწავლი. ათასი რამეა, რასაც მასწავლებლის ახსნა სჭირდება. მასწავლებლის გარეშე ძნელია. დედა ამბობს, რომ ზაფხული წინაა და თუ ჩამოვრჩები რომელიმე საგანში, აუცილებლად მომეხმარება.

ვიმედოვნებ, რომ მალე სახლში ინტერნეტი მექნება, რაც ბევრ პრობლემას მომიგვარებს. თუმცა ინტერნეტის გარდა, ასეთი სწავლებისთვის ეკრანიანი მოწყობილობა დამჭირდება…

 

საბა, IV კლასი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)

ადრე თაგვეთში იყო სკოლა, მაგრამ ახლა აღარაა და ამიტომ ცხრამუხაში დავდივარ, მაგრამ ვირუსის გამო ისიც დაიხურა და სახლში სწავლა მიწევს, ყველაფერი შეიცვალა, სხვანაირად დავიწყე ცხოვრება და არ მომწონს.

ჩემს ოჯახში ტელეფონი მხოლოდ მამას აქვს, პატარა ნოკია. არც ინტერნეტი გვაქვს სახლში. კომპიუტერიც არ გვაქვს. ჩემს სოფელში თუ ვინმეს ინტერნეტი აქვს, ტელეფონით აქვთ ნაყიდი… ჩემს სოფელში ამას ბევრი ვერც ახერხებს.  აქ ბევრი ადამიანი ისედაც არ ცხოვრობს.

თავიდან სასკოლო დავალებები კლასის დამრიგებლის ქმარს მოჰქონდა ხოლმე ჩემამდე. ახლა რომ დავწერ, თვითონ მიმაქვს, მერე ის ახალს მატანს, მერე ისევ მიმაქვს და ასე…

ცხრამუხამდე ჩემი სახლიდან ერთი საათის გზაა, კაი შორია. დავალებებსაც ახლა ცოტა-ცოტას გვაძლევენ და ეგ თან მიხარია, თან – არა, ნახევარ საათში უკვე ყველა დავალება გაკეთებული მაქვს.

მე სკოლაში კარგად ვსწავლობდი. მაღალ ნიშნებს მიწერდნენ. ახლა კი სულაც არ მომწონს ამდენი თავისუფალი დრო. სახლშიც ბევრი საქმეა, მაგრამ მე სწავლა მინდა, ჩემს კლასელებთან ერთად ყოფნა. მომენატრა ხელოვნებისა და ბუნების გაკვეთილები, ისინი ჩემი საყვარელი გაკვეთილებია.

სახლში მეცადინეობა, ძირითადად, მარტო მიწევს. მალე კი ვსწავლობ, მაგრამ კვირაში ერთხელ მასწავლებელთან ურთიერთობა ცოტაა.

ჩემი უფროსი ძმა 12 წლისაა. მას მასწავლებლები უფრო  ხშირად ურეკავენ, ეუბნებიან, ესა და ეს წაიკითხეო და დავალებასაც აძლევენ. არ ვიცი, ის  როგორ სწავლობს, მაგრამ მე მინდა, რომ ჩემს საკლასო ოთახში მალე დავბრუნდე.

 

სტატია მომზადებულია ახალი საგანმანათლებლო პროექტის “iსკოლა”-ს  ფარგლებში.

 

მეცნიერება სახლში

0

მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გამო სწავლა-სწავლების პროცესი გარკვეული გამოწვევების წინაშე დადგა, რომელთა მიზეზებიც შეიძლება იყოს უწყვეტი ინტერნეტის არქონა, საკომუნიკაციო ტექნიკის არქონა ან გაუმართაობა, მრავალრიცხოვნება ერთ ოჯახში და სხვა. ხშირად, კადრს მიღმა, დისტანციურ გაკვეთილს, მოსწავლის გარდა, მისი დედმამიშვილები, მშობლები და ბებია-პაპებიც კი ესწრებიან. გამორიცხული არ არის, რომ გაკვეთილზე განხილული თემა ოჯახის წევრთათვის საინტერესო აღმოჩნდეს, უფროსები ბავშვობაში დააბრუნოს და საკითხი ოჯახურ დისკუსიაში გადაიზარდოს. მით უმეტეს, რომ ჩვენ, მასწავლებლები ყოველთვის ვცდილობთ, ყოფით ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების საშუალებით წარვმართოთ სასწავლო პროცესი. არც კვლევა-ძიებით სწავლების მნიშვნელობა გვავიწყდება და მუდმივად ვცდილობთ, დავარწმუნოთ მოსწავლე, რომ მეცნიერება მიუწვდომელი რამ არ არის, არამედ მეცნიერება მის ირგვლივ, მის ცხოვრებაში, მის ხელშია. ვცდილობთ,  გავუჩინოთ ინტერესი მის გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების მიმართ, ვასწავლოთ შეკითხვების დასმა, ფიქრი მათ შესახებ და პასუხების ძიება. მოსწავლე შინ ყოფნის პერიოდში აქტიურად არის ჩართული საყოფაცხოვრებო საკითხებშიც. არაერთი ფოტო და ვიდეო გავრცელდა სოციალურ ქსელში – კულინარიით დაინტერესების, მცენარეების მოვლისა და სხვა შინაარსის. ბუნებრივია, მოსწავლეს უჩნდეს შეკითხვები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით.

თუ ზემოთ ხსენებულ ასპექტებს ერთმანეთს დავუკავშირებთ, იქმნება მოცემულობა – ყოფით ცხოვრებასთან დაახლოებული მოსწავლე, სასწავლო პროცესში ჩართული ოჯახი და მოსწავლეზე ორიენტირებული მასწავლებელი.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება საოჯახო კვლევითი პროექტების განხორციელება, ოჯახის წევრთათვის პასუხისმგებლობებისა და როლების განაწილება, ხელმძღვანელად და დირიჟორად კი ბავშვის აღიარება. კვლევითი და ორგანიზაციული უნარ-ჩვევებით კარგად აღჭურვილ მოსწავლესაც კი გაუჭირდება დამოუკიდებლად დირიჟორის როლის მორგება. ამიტომ, მასწავლებლის პასუხისმგებლობა დიდია – საოჯახო კვლევების განხორციელების დროს მან უნდა გაუწიოს მოსწავლეს ფასილიტაცია სხვადასხვა ინსტრუქციის გამოყენებით. ამგვარი მიდგომით კომპლექსურად რამდენიმე მიზანს ვაღწევთ:

  1. ხდება მოსწავლის კვლევითი უნარების განვითარების ხელშეწყობა
  2. მოსწავლე აღიარებულია მასწავლებლისგან და ის პასუხისმგებლობას იღებს ოჯახის წევრების წინაშე;
  3. ხელი ეწყობა ლიდერობისა და ორგანიზების უნარების განვითარებას;
  4. იზრდება მშობელთა ჩართულობა სასწავლო პროცესში;
  5. კვლევის შედეგად მიღებული პროდუქტი – დასკვნა მნიშვნელოვანი და საინტერესოა ოჯახისათვის.

 

გთავაზობთ ერთ-ერთი კვლევითი პროექტის განხორციელების მაგალითს.

 

I შეხვედრა MS Teams-ში

 

მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა დაგეგმოს შეხვედრა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ერთად და გააცნოს მათ საოჯახო კვლევითი პროექტის განხორციელების იდეა; აღუთქვას მხარდაჭერა და აგრძნობინოს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, კვლევით პროექტში მონაწილეობით თითოეულმა წევრმა მიიღოს კმაყოფილება.

ყველასთვის საინტერესოა, რომელი საშუალება უფრო ეფექტურია ხილის, ბოსტნეულისა და სხვა მცენარეული საკვები პროდუქტებით დალაქავებულის გასაუფერულებლად. ამიტომ, მასწავლებელი სთავაზობს საკვლევ თემას ლაქების ამომყვან საშუალების ეფექტურობის დასადგენად და იძლევა ინსტრუქციას, რომელსაც, ასევე ტვირთავს Teams-ში, საშინაო დავალების ველში და სთხოვს, რომ ინსტრუქციის მიხედვით შესრულებული სამუშაო მოსწავლეებმა word-ის დოკუმენტის სახით ატვირთონ ამავე ველში. კვლევითი პროექტის სათაურია „ჩემი არჩევანი“.

 

შესასრულებელი სამუშაოს ინსტრუქცია

 

 

I    შეიძინეთ სხვადასხვა ფირმისა და წარმოების ლაქების გამაუფერულებელი საშუალება

  • წაიკითხეთ ეტიკეტები – QR კოდის შემთხვევაში ისარგებლეთ QR წამკითხველით, გააკეთეთ ჩანაწერები თითოეული სახეობის შესახებ და შეავსეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი:

 

ქიმიური შემადგენლობა, pH გამოყენების ინსტრუქცია
N1    
N2    
N3    

 

  • დაამუშავეთ და გააანალიზეთ ცხრილი: ხომ არ შეიცავს საერთო ნივთიერებებს? თუ შეიცავს, როგორია მათი პროცენტული მაჩვენებლები? და სხვა;
  • გამოთქვი მოსაზრება, რომელია ძირითადი მათეთრებელი ნივთიერება;
  • გამოთქვით ვარაუდი, რომელი სახეობის მათეთრებელი უკეთ ამოიყვანს ლაქებს. სთხოვე ოჯახის წევრებს, მათაც გამოთქვან ჰიპოთეზა – შენ კი დააფიქსირე წერილობით;
  • ცხრილში შეტანილ მონაცემთა ანალიზი და გამოთქმული ვარაუდები ჩამოაყალიბე და წარმოადგინე წერილობითი სახით.

 

II გამოკითხეთ უფროსები და შეაგროვეთ ინფორმაცია ლაქების ამოყვანის ტრადიციულ, ხალხურ მეთოდებზე.

 

III იფიქრეთ, რა ნივთიერებები აძლევს შეფერილობას მცენარეულ საკვებ პროდუქტებს და როგორია მათი ბუნება?

 

ინფორმაცია წარმოადგინე ნარატიული ფორმით (მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მიუთითოს გონივრული ვადა).

 

II შეხვედრა MS Teams-ში

მეორე შეხვედრაზე მასწავლებელი სტუმრად იწვევს ქიმიის მასწავლებელს (ან სხვა კომპეტენტურ სტუმარს), რომელიც წინასწარ გაეცნო მოსწავლეთა ნამუშევრებს. მასწავლებლები და მოსწავლეები მსჯელობენ შესრულებული სამუშაოს შესახებ, განიხილავენ პიგმენტებს, ლაქების გამაუფერულებელ ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებებსა და მათ თვისებებს.

ამავე შეხვედრაზე მოსწავლეები ასახელებენ ლაქების გაუფერულების ტრადიციულ, ხალხურ მეთოდებს და padlet.com დაფის გამოყენებით ერთობლივად აკეთებენ ჩანაწერებს.

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს, უფროსებთან ერთად ჩაატარონ კვლევა და შეამოწმონ საკუთარი ჰიპოთეზები ლაქების გამაუფერულებელი საშუალებების შესახებ. როგორც თავში აღვნიშნე, მშობელი ჩართული უნდა იყოს პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე. კვლევის შედეგებიც ერთად უნდა გაიაზრონ, შეადარონ გამოთქმულ მოსაზრებებს, გააკეთონ ჩანაწერები, გასცენ საკვლევ კითხვას პასუხი და გამოიტანონ დასკვნა. ლაქების გამაუფერულებელი საშუალებების შეძენის დროს მოსწავლეები დაეყრდნობიან საკუთარი კვლევით მიღებულ გამოცდილებას და გააკეთებენ არჩევანს.

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს კვლევის ინსტრუქციას როგორც სიტყვიერად, ასევე, ტვირთავს Teams-ის დავალებების ველში და მოსწავლეებს სთხოვს, რომ კვლევის პროცესი წარმოადგინონ word-ის ფაილით და ატვირთონ Teams-ის ამავე ველში.

 

კვლევის ინსტრუქცია

 

  • გადახედეთ თქვენს ჩანაწერებს, გაიხსენეთ თქვენ მიერ გამოთქმული ჰიპოთეზები ლაქების ამომყვანი საშუალებების ეფექტურობის შესახებ და ჩამოწერეთ თითოეული მათგანი.

 

საკვლევი შეკითხვა:

ჩემ მიერ შერჩეული საშუალებებიდან, რომელი უფრო ეფექტურია ლაქების გასაუფერულებლად?

 

საჭირო რესურსები:

ლაქების ამომყვანი საშუალებები (3-4); ხელსახოცის ზომაზე დაჭრილი თეთრი ფერის ქსოვილი; ფერადი პიგმენტების შემცველი ექსტრაქტი, რომელიც თვითონ უნდა დაამზადოთ, მაგალითად, მწვანილეულის ექსტრაქტი ან სხვა; ემალირებული მცირე მოცულობის თასი (3-4); პიპეტი; მარკერი; ხელთათმანი; როდინი; დოლბანდი.

 

რომ გავიგოთ, თუ რომელი საშუალება უფრო ეფექტურია, ამისათვის ქსოვილი ერთი და იმავე რამით უნდა იყოს დალაქავებული.

 

  • მარკეთით დანომრეთ ქსოვილები და საკვლევი ობიექგამოიჩნეტები. ნუმერაცია ჩაინიშნეთ სამუშაო ფურცლებზე;
  • მოამზადეთ სხვადასხვა საკვები მცენარის ექსტრაქტი;
  • ქსოვილებზე პიპეტით თანაბარი რაოდენობით დააწვეთეთ თქვენ მიერ მომზადებული ექსტრაქტი;

დაელოდეთ გაშრობას.

ეს პროცედურა გაიმეორეთ 2 – ჯერ.

  • ქსოვილები გარეცხეთ ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებით; დააკვირდით.
  • თითოეული ქსოვილზე იმოქმედეთ გამაუფერულებელი საშუალებით ეტიკეტებზე მოცემული ინსტრუქციების მიხედვით. ისარგებლეთ სხვადასხვა თასით. (არ დაივიწყოთ თასების დანომვრა).

 

გახსოვდეთ! საქმე გვაქვს ქიმიურ ნივთიერებებთან! დაიცავით უსაფრთხოების წესები! სიფრთხილე გამოიჩინეთ ცხელ წყალთან ურთიერთობის დროსაც!

 

  • დააკვირდით პროცესს, აღწერეთ. შეგიძლიათ, გადაიღოთ ფოტო საწყის და საბოლოო ეტაპზე ან გააკეთოთ ჩანახატი და დაკვირვების შედეგი და ფოტოები შეიტანოთ ცხრილში.
  აღწერე, რა მოხდა შედეგი
N1    
N2    
N3    

 

  • მოახდინე დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადების იდენტიფიცირება.

 

  • გააანალიზეთ მიღებული შედეგი და შეადარეთ თქვენ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს; დაუკავშირე გამაუფერულებელი საშუალებების ქიმიურ შემადგენლობას.

 

  • გამოიტანეთ დასკვნა.

 

  • კვლევის ეტაპები ასახე სამუშაო ფურცელზე, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი: ჰიპოთეზები, საკვლევი კითხვა, რესურსები, ექსპერიმენტის მსვლელობა, შევსებული ცხრილები, ანალიზი და დასკვნა.

 

შემდეგ შეხვედრაზე თქვენთვის სასურველი ფორმით გააკეთეთ პრეზენტაცია, სადაც უნდა ჩანდეს თქვენ მიერ განხორციელებული სამუშაო, ჩატარებული კვლევა, მშობელთა როლი და თქვენი ემოცია ამ პროექტის განხორციელების პროცესში!

დრო პრეზენტაციისთვის 5 წუთი.

 

III შეხვედრა MS Teams-ში

 

მესამე შეხვედრა პრეზენტაციას მოიცავს – მოსწავლეები მოახდენენ კვლევითი პროექტის ვიზუალიზაციას სასურველი ფორმით. დისკუსიის რეჟიმში განიხილავენ შედეგებს. მსჯელობენ კვლევის პროცესში წამოჭრილი შეკითხვების შესახებ.

კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ხიბლიც სწორედ ის გახლავთ, რომ ერთ საკვლევ შეკითხვას მეორე მოსდევს. ლოგიკურია, რომ მოცემული კვლევის განხორციელების პროცესში მოსწავლეებს დაებადებათ უამრავი შეკითხვა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც კვლევითი აქტივობების საინტერესო გაგრძელებად შეიძლება მივიჩნიოთ, არის – რომელი მცენარის ექსტრაქტით გამოწვეული ლაქა უფრო ადვილად უფერულდება? მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს საკვლევ შეკითხვას და სთხოვს, მასწავლებლის ინსტრუქციის გარეშე დამოუკიდებლად დაგეგმონ კვლევა და გასცენ საკვლევ შეკითხვას პასუხი, ხოლო შემდეგ (IV) შეხვედრაზე განიხილონ ჩატარებული კვლევის შედეგები.

შემოთავაზებული კვლევითი პროექტი მარტივია, სახალისო და შემეცნებითი. შეესაბამება საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს. შესაძლებელია მისი მოდიფიცირება კონკრეტული კლასის მოსწავლეთა საჭიროებებისა და შესაძლებლობების მიხედვით.

 

 

 

განმავითარებელი შეფასება როგორც მოტივაციის ინსტრუმენტი

0

განმავითარებელი შეფასება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დამკვიდრდა სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროში. მისი მთავარი ფუნქცია სწავლის გაუმჯობესებაა. მნიშვნელოვანი ხდება სწავლა-სწავლების პროცესში არსებული სირთულეების იდენტიფიცირება; შემდეგ მოსწავლეთა დახმარების სტრატეგიის შემუშავება; სასწავლო სიტუაციის ან სასწავლო რიტმის მოდიფიცირება; მიღწეული პროგრესის მონიტორინგი და აღიარება.

განმავითარებელი შეფასება  მასწავლებლის მხრიდან მოითხოვს განსხვავებულ (ჩვეული განმსაზღვრელისგან) დამოკიდებულებას შეფასებისადმი. კერძოდ, შეცდომის სტატუსის შეცვლას და მოსწავლის როლის გადაფასებას.

 

  განმავითარებელი შეფასება სწავლა/სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომის ნაწილია. ის თავის თავში მოიაზრებს განმავითარებელ თვითშეფასებას, მოსწავლეების მიერ კრიტერიუმების შემუშავებაში მონაწილეობას და მათ მიერ პასუხისმგებლობის აღებას შეცდომების მართვის პროცესზე. ძალიან მნიშვნელოვანია, მოსწავლის მონაწილეობა შეფასებების განხორციელებაში. გარდა იმისა, რომ მოსწავლისათვის ნათელი ხდება, თუ რომელია მისი სუსტი და ძლიერი მხარე, რეალიზდება მისი მონაწილეობის უფლება იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც მას ეხება. ეს კი ბავშვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლება-პრინციპია (ბავშვის უფლებათა კონვენცია). თავის მხრივ, მოსწავლე-მასწავლებლის ამ ტიპის ურთიერთობები ხელს უწყობს დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას.

  განმავითარებელი შეფასება მოსწავლისთვის უნდა გამორიცხავდეს ყოველგვარ საფრთხეს. ამიტომ ცხადია, რომ მაღალი ხარისხის განმავითარებელი შეფასება მიიღწევა კლასში, სადაც ჯანსაღი, ტოლერანტული გარემოა.

 

სწავლის მოტივაცია დიდწილად განაპირობებს სწავლა/სწავლების შედეგებს. დღეს მეცნიერები აღარ დავობენ იმაზე, თუ რომელი ფაქტორები (გარეგანი თუ შინაგანი) განაპირობებს სწავლის მოტივაციას. არც ისე ადვილია მათ შორის მკაფიო ზღვრის გავლება. ისინი ცდილობენ, გასცდნენ მოტივაციის ინდივიდუალურ და სტატისტიკურ ანალიზს, იხილავენ მას ფართო კონტექსტში და მის დინამიკას დროში. მოსწავლეთა მოტივაციაზე გავლენას ახდენს მათი ასაკი, ოჯახური თუ სასკოლო გარემო, ურთიერთობა თანაკლასელებთან, ინდივიდუალური შესაძლებლობები, ზოგ შემთხვევაში, დაბალი თვითშეფასება და საკუთარი არაკომპეტენტურობის ილუზია, რაც არ შეესაბამება რეალობას, წარმატება/წარუმატებლობა სკოლაში, სწავლების მიდგომები და ა. შ.

მოსწავლის მოტივაციაზე პოზიტიურად მოქმედებს სწავლების სტრატეგიების ვარირება, საკუთარი პროგრესის დანახვა (და არავითარ შემთხვევაში შედარება სხვა მოსწავლეებთან).

დღეს წარმოგიდგენთ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის მიერ, დისტანციური სწავლების პირობებში, მოსწავლეთა მოტივაციის უზრუნველყოფისთვის განმავითარებელი შეფასების გამოყენების მაგალითს.

 

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ პედაგოგები ბევრი ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. გარდა ამისა, ზოგიერთმა ძველმა პრობლემამაც მეტი სიმძაფრე შეიძინა. ერთ-ერთია მოტივაციის პრობლემა. ასევე გამოიკვეთა კომპეტენციის „სწავლის სწავლა“-ს მნიშვნელობა, რომლის დროსაც მოსწავლეს შეუძლია, თავად დაგეგმოს სასწავლო პროცესი – დაინახოს საკუთარი საჭიროებები, დასახოს მიზნები და წარმართოს პროცესი.

ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე განსხვავება ონლაინ და პირისპირ სწავლებას შორის.

პირისპირ სწავლებისას ვიზუალური კონტაქტი მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ონლაინ სწავლებისას. პირისპირ გაკვეთილის ჩატარების დროს მასწავლებელს ბევრი საშუალება და ხერხი გააჩნია, დააკვირდეს, დაინახოს და აღმოაჩინოს მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ცვლილება და მოახდინოს მასზე ზეგავლენა. სულ სხვაა, როცა მოსწავლე მარტო გრძნობს თავს დისტანციური სწავლების დროს. მასწავლებელს შესაბამისი მრავალმხრივი მეთოდიკური არსენალი არ აქვს, ის უნდა შემოიფარგლოს გარკვეული აქტივობებით და ამით უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართვა გაკვეთილის პროცესში.

 

დისტანციური სწავლების დროს, ასევე, რთულია მოსწავლის ჩართულობის უწყვეტად თვალყურის დევნება. პირისპირ სწავლების დროს შეფასება უფრო ობიექტურია, ვიდრე დისტანციური სწავლებისას. მოსწავლის შეფასებისას პირისპირ ჩატარებულ გაკვეთილზე მასწავლებელი იყენებს ვიზუალურ კონტაქტს და აფასებს მოსწავლის მუშაობის დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც ვერ ხერხდება ონლაინ სივრცეში, ვინაიდან მოსწავლემ შეიძლება გამოიყენოს ლიტერატურა ან სხვისი დახმარება.

საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეებზე დაკვირვების შედეგად შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა ის ძირითადი დებულებები, რომლებიც ასახავს მოსწავლის მოტივაციის განვითარების გზას განმავითარებელი შეფასების გამოყენებისას.

პირველი – დამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის, მასწავლებლის როლი მოსწავლის მიერ საკუთარი მნიშვნელობისა და ადგილის გააზრებაში როგორც გაკვეთილზე, ისე ზოგადად სკოლაში. ეს დამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს პირისპირ სწავლების პროცესში უყალიბდებათ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ონლაინ სწავლებისას ის შეიცვალოს. შესაძლებელია, რომ მოსწავლემ უფრო თავისუფლად და ხშირად მიმართოს მასწავლებელს (რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისას ურთიერთობები აღარ არის მკაცრად განსაზღვრული დროში) და მათი ურთიერთობები გაუმჯობესდეს. არსებობს ურთიერთობების გაუარესების რისკიც, იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლემ თავი უყურადღებოდ იგრძნო, მასწავლებელმა მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს საკომუნიკაციო უნარები. საკუთარი მნიშვნელობისა და ადგილის განსაზღვრა მოსწავლეს თვითშეფასებაში ეხმარება.

მეორე – შეფასების მნიშვნელობის გააზრება საკუთარი მიზნებისთვის (განმავითარებელი შეფასება საშუალებას აძლევს მოსწავლეს, დაინახოს მიზნის მისაღწევად გასავლელი გზა).

მესამე – მიზნის ფორმულირება. მოსწავლემ საკუთარი შესაძლებლობებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე ჩამოაყალიბოს მიზანი.

მეოთხე – განმავითარებელი შეფასება იქცევა მოტივატორად (ცხადია, არა ერთადერთ) მას შემდეგ, რაც მოსწავლისთვის ნათელი ხდება საკუთარი შესაძლებლობები, მიზანი, მიზნის მიღწევის გზა და შეფასების კრიტერიუმები.

 

საილუსტრაციოდ გამოვიყენებთ ონლაინ გაკვეთილს თემაზე – „ტოლერანტული კულტურა საზოგადოებაში“ მე-7 კლასში.

 

მასწავლებელმა მოამზადა პრეზენტაცია, რომელზეც მითითებული ჰქონდა გაკვეთილის მიზანი:

  • სხვადასხვა ღირებულებებისა და რწმენის მქონე ადამიანების საზოგადოებაში თანაცხოვრების პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის გზების გააზრება;

მასწავლებელმა ჰკითხა მოსწავლეებს, თუ როგორ ესმოდათ მიზანი და როგორ უნდა გაეგოთ მიაღწიეს თუ არა მიზანს.

პასუხები მოსწავლეებმა მისწერეს მასწავლებელს ჩეთში და შეჯერებული ვარიანტი მასწავლებელმა აჩვენა სლაიდზე.

მიზნის მიღწევის ინდიკატორებად მოსწავლეებმა დაასახელეს:

  • მაქვს ინფორმაცია სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის შესახებ;
  • შემიძლია, მოვიძიო და დავახარისხო ინფორმაცია;
  • ვიცი მათი ტრადიციები;
  • შემიძლია, ვიმსჯელო ურთიერთობის პრობლემებსა და მიზეზებზე;
  • შემიძლია, დავაკავშირო ფაქტები და გამოვთქვა ჩემი მოსაზრებები;
  • შემიძლია, დავასაბუთო, თუ რატომ ვფიქრობ ასე;
  • შემიძლია, ვიმსჯელო გადაჭრის გზებზე.

ამის შედეგად გამოიკვეთა საკვანძო კითხვა:

  • როგორ შეიძლება განსხვავებული შეხედულებების ადამიანებმა იცხოვრონ ერთად?

 

იქიდან გამომდინარე, რომ ონლაინ გაკვეთილები 20-25 წუთს გრძელდება, კრიტერიუმების შემუშავება მოსწავლეებს მეორე გაკვეთილზე მოუხდათ და მსჯელობის შედეგად შეიმუშავეს შემდეგი:

  1. ფაქტებისა და სიტუაციების ანალიზი;
  2. ცოდნის გამოყენებით ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა;
  3. მოსაზრებების არგუმენტირება;
  4. ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება;
  5. პრეზენტაცია.

განმავითარებელი შეფასების კრიტერიუმების შემუშავების პროცესი შრომატევადია, მაგრამ მოსწავლეები ფიქრობენ, თუ რა, როგორ და რატომ უნდა ისწავლონ, რა მოეთხოვებათ და როგორ უნდა გაუზიარონ კლასს ნასწავლი. ცხადია, რომ შეფასების კრიტერიუმების მხოლოდ გაცნობით მოსწავლე სრულად ვერ იაზრებს სწავლის პროცესს.

 

რა თავისებურებები გამოიკვეთა დისტანციური სწავლებისას?

 

გამარტივდა ინფორმაციის მოპოვება და ორგანიზება, ვინაიდან მოსწავლეებს არ უწევდათ გადაადგილება.

მოსწავლემ, რომელიც პირისპირ სწავლებისას აქტიურობით არ გამოირჩეოდა, დავალების ინსტრუქციის მიღების შემდეგ, მიმართა მასწავლებელს პირადი გზავნილით და სთხოვა, დაეზუსტებინა მისთვის დავალების შინაარსი, თუმცა საერთო ჩეთში ეს არ გააკეთა. შედეგად კი მაღალი ხარისხის დავალება წარმოადგინა. მან მიზნად დაისახა დავალების შესრულება და ამ მიზნის მისაღწევად მოძებნა გზა. ონლაინ კომუნიკაციამ შეუქმნა კონფიდენციალობის განცდა და გაუჩინა ნდობა მასწავლებლისადმი.

 

მოსწავლეებმა პირველად მიაქციეს ყურადღება მათი თანაკლასელის მიერ აზრის ყოველთვის ნახატის საშუალებით გადმოცემის თავისებურებას და წამოწიეს ეს საკითხი კრიტერიუმების შემუშავებისას.

 

თემის დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლემ პირადად მიიღო ამომწურავი განმავითარებელი შეფასება, რასაც მასწავლებელი ყოველთვის ვერ ახერხებს სკოლაში გაკვეთილის ჩატარებისას.

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მასწავლებელი პირისპირ სწავლების დროს სხვადასხვა ინსტრუმენტს იყენებს მოტივაციისთვის. ვფიქრობთ, რომ განმავითარებელი შეფასება, სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად, მოტივაციის ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტია.

 

განმავითარებელი შეფასება უზრუნველყოფს მოსწავლის მიერ საკუთარი შესაძლებლობების კვლევასა და დადგენას, მოსწავლის თვითშეფასების ამაღლებას, მოსწავლის მიერ საკუთარი მიზნის განსაზღვრას და მისი მიღწევის გზების დანახვას. ეს ყველაფერი ერთად კი განაპირობებს მის მოტივაციას.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ბავშვის უფლებათა კონვენცია
  2. Benoît Galand, La motivation en situation d’apprentissage: Les Apports de la

Psichology de l’éducation, Revue française de pédagogie, Recherches en éducation, 2006

  1. Wiliam, Dylan, Embedded Formative Assessment (2nd ed.). Bloomington, 2017.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...