პარასკევი, მაისი 23, 2025
23 მაისი, პარასკევი, 2025

თემის ,,მე და ჩემი ქვეყანა“ სწავლებისთვის

0

„სამშობლოს სიყვარული რაც უფრო უმნიშვნელო რამეში ვლინდება, – სიტყვა იქნება ეს, მოძრაობა, თუ ქცევა, – მით უფრო ღირებულია იგი, რადგან ეს აღნიშნავს, რომ ადამიანი მუდამ თან ატარებს ამ განცდას“.

ერლომ ახვლედიანი

 

სახელმწიფო დღესასწაული -დამოუკიდებლობის დღე საგან „მე და საზოგადოებაში“ სტანდარტით გასავლელი თემის – „მე და ჩემი ქვეყანა“ – ფარგლებში,   სასწავლო რესურსად უნდა ვაქციოთ.

ამ თემის სწავლების დროს სამიზნე ცნებაა „ზრუნვა“ (შედეგი: 1,2,3,4,5,6,10,17):

  • ზრუნვა ნიშნავს თანაგრძნობას (ემპათიას), წუხილს, ფიქრს ვინმეზე ან რამეზე;
  • ზრუნვა ნიშნავს მოვლას (საკუთარი ქმედებით ვინმეს ან რამის მიმართ ყურადღების გამოხატვას პირადი სარგებლის მოლოდინის გარეშე);
  • ურთიერთმზრუნველობის გარეშე ადამიანები ვერ შეძლებენ საკუთარი მოთხოვნილებებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას.

სამუშაოდ მოსწავლეებს შეიძლება შევთავაზოთ ასეთი კომპლექსური დავალება:

მოამზადე პოსტერი, რომელიც 26 მაისს -საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ეძღვნება. პოსტერში გამოიყენე საქართველოს რეგიონული (ადმინისტრაციული) რუკის კონტური (შეგიძლია დახატო, შეგიძლია ელექტრონულად შექმნა). თითოეულ რეგიონში ასახე იქ მდებარე ისტორიულ- კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ნაშრომში მოიყვანე ინფორმაცია ძეგლზე (როდის აიგო, რომელ ისტორიულ პირს უკავშირდება, როგორ მდგომარეობაშია…).

დაურთე პოსტერს თანატოლებისთვის 2-3 რჩევა, რომლებიც ძეგლებზე მზრუნველობას გამოხატავს.

 

დავალების წარმოდგენისას ახსენი:

* რა და რატომ ასახე პოსტერში? რისი თქმა გსურდა?

* როგორ უკავშირდება ეს ძეგლები შენი ქვეყნის დღესასწაულს?

* რას ნიშნავს ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა?

* როგორ გიზრუნიათ/იზრუნებთ შენ და შენს თანატოლებს თქვენი ქვეყნის ძეგლებზე?

ამ დავალების გაცნობის შემდეგ მასწავლებელი კითხულობს, გასაგებია თუ არა დავალება.

კლასის შესაძლებლობისა და მასწავლებლის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება რეგიონები გადანაწილდეს და თითო მოსწავლემ თითო რეგიონზე იმუშაოს.

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს კონტურულ რუკას (იხილეთ). საუბრობენ იმაზე, როგორ შეიძლება რუკაზე ისტორიული ძეგლების ასახვა (ნახატით, ძველი ჟურნალებიდან ამოჭრილი ფოტოებით, ელექტრონული სიმბოლოებით და ასე შემდეგ).

საშინაო დავალებად მოსწავლეები სახელმძღვანელოში ეცნობიან 26 მაისის მნიშვნელობას და ისტორიას, ასახელებენ ამ დღის აღნიშვნის სხვადასხვა ფორმას, ასახელებენ საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკას.

მომდევნო დისტანციურ შეხვედრაზე, მოსწავლეები უპასუხებენ კითხვებს: რომელი ისტორიული ძეგლები უნახავთ? რომელი მდებარეობს მათ რეგიონში, მათი საცხოვრებელი ადგილის ახლოს? როგორ მდგომარეობაშია? რამე ფორმით ხომ არ უზრუნიათ მათ დაცვაზე, მოვლა-პატრონობაზე? როგორ ფიქრობენ, ამ ძეგლებზე ზრუნვა მხოლოდ სახელმწიფოს ევალება?

უკვე საშინაო დავალებად მათ უნდა მოიძიონ ინფორმაციია სხვადასხვა რეგიონში მდებარე თითო ისტორიულ ძეგლზე, გაიგონ, როგორია მათი მდგომარეობა. დააზუსტონ ინფორმაცია მათ შესახებ, შეკრიბონ ვიზუალური მასალა, შეხვედრაზე კი ერთმანეთს გაუზიარონ.

ერთი აქტივობა ისტორიულ ძეგლზე ზრუნვის წესებს ეხება. დისკუსიის ან სხვა მეთოდის საშუალებით პასუხი გაეცემა კითხვებს:

  • როგორ ვიქცევით, როცა ისტორიულ ძეგლს ვათვალიერებთ?
  • რა წესები უნდა დავიცვათ ძეგლის, მისი მიდებარე ტერიტორიის დასუფთავების შემთხვევაში?
  • რა წარწერები უნდა იყოს გაკეთებული ასეთ ძეგლთან?
  • როგორ შეიძლება დავეხმაროთ ძეგლს, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება რესტავრაცია, ან გამაგრება?
  • ვის აქვს ისტორიული ან კულტურული ძეგლის რესტავრაციის უფლება?
  • რა წვლილი შეიძლება შეიტანოს მასზე ზრუნვაში რიგითმა მოხალისემ, მოსწავლემ?

გარდა სახელმძღვანელოში მოცემული ინფორმაციისა, დამატებით არაერთი რესურსის მოძიება შეიძლება (იხილეთ).

დისტანციური სწავლების პირობებში მოსწავლეები მოამზადებენ თავიანთ ნამუშევრებს და მათ მიეცემათ საშუალება, ხელმისაწვდომობის მიხედვით, ერთმანეთს გაუზიარონ პოსტერები, თან მათ შესახებ ისაუბრონ. პრეზენტაციების ბოლო ეტაპზე, დავალებების შეჯამების მიზნით, შეიძლება გაიმართოს დისკუსია საკითხზე: როგორ გესმით სამშობლოზე ზრუნვა, სამშობლოს სიყვარული?

განსჯისთვის ერლომ ახვლედიანის ზემოთ მოყვანილი სიტყვებიც გამოგვადგება.

ამ თემასთან მიმართებით მოსწავლეებმა შეიძლება საზაფხულო დავალებაც ჩაინიშნონ:

მოინახულეთ ახლომდებარე ისტორიული/კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, გადაიღეთ ფოტო, გააკეთეთ ჩანახატი, დაწერეთ ესე, რომელშიც აღწერთ ამ ძეგლს, მის მახასიათებლებს, დღევანდელ მდგომარეობას. მოიძიეთ, რომელი ისტორიული პირის სახელს უკავშირდება ეს ძეგლი, რა ლეგენდას ჰყვება მასზე ადგილობრივი მოსახლეობა, ჰყავს თუ არა მნახველები, ხომ არ ირღვევა ძეგლთა დაცვის პრინციპები. მოძიებულ მასალას თავი მოუყარეთ და ახალ სასწავლო წელს თანატოლებს გააცანით. მით უმეტეს, რომ ახალ საგანში „ჩემი საქართველო“ ეს საკითხები სასწავლო მიზნებში შედის.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა

0

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები შევიდა.

სქემაში შესული ცვლილებების თანახმად:

 

  • 2020 წელს, პირველად სპეციალური მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ნაწილი გახდნენ და მათ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ;

 

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მასწავლებლის გამოცდაზე, გადაუვადდათ გამოცდა და საშუალება მიეცათ 2020 წლის შემოდგომაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი ან/და პროფესიული უნარები;

 

 

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებსაც დადასტურებული აქვთ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენცია და სტატუსის ასამაღლებლად დარჩენილი აქვთ 1-5 კრედიტ-ქულა, უფლება ექნებათ გაიარონ ტრენინგ-მოდული საგნობრივი ან/და პროფესიული უნარების მიმართულებით და დააგროვონ დარჩენილი 1-5 კრედიტ- ქულა 19 კრედიტ-ქულამდე შევსების მიზნით;

 

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებლებს, რომლებიც 2020 წლის შემოდგომაზე საგნის ან/და პროფესიული უნარების გამოცდაზე ვერ აიმაღლებენ სტატუსს, სკოლის ადმინისტრაცია 2020-2021 სასწავლო წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს შრომით ხელშეკრულებას.

 

  • მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთა ხელშეწყობის მიზნით, სამინისტრომ შესაძლებლობა მისცა 2020 წლის 30 აპრილის ჩათვლით დარეგისტრირებულ მაძიებელ მასწავლებლებსა და სისტემაში შემოსვლის მსურველებს ჩააბარონ გამოცდა 2020 წლის ზაფხულში, რომელიც 22 ივლისიდან – 30 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

 

  • გამომცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაცული იქნება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც  შეიმუშავა  ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ.  ტესტირება  ერთ სესიად  დღის  პირველ ნახევარში ჩატარდება.

 

  • საგამოცდო ცენტრები შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი. ყველა საგამოცდო ცენტრში იქნება გახსნილი სამედიცინო პუნქტი, რომელიც აღჭურვილია პირველადი დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტებით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანა, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. 2020 წელს საგამოცდო პროცესში 12 000-მდე მასწავლებლობის მსურველი ჩაერთვება.

 

 

სპეციალური განათლება და დისტანციური სწავლება  – წესებივით

0

 

ომს იგებენ დედები და მასწავლებლები

მანანა ჯინჭარაძის ბლოგიდან

მისი წიგნებივით შთამაგონებელ ერთ-ერთ გამოსვლაში დევიდ ბრუკსი  შოტლანდიელი ფილოსოფოსის, ალესტერ მაკენტაიერის სიტყვებს იმოწმებს – ჩვენ კარგად მოგვეხსენება წესები და მორალური ღირებულებები, მაგრამ არ გაგვაჩნია სისტემები, რომლებითაც მათ უნდა ვუკავშირდებოდეთო. თავად დევიდ ბრუკსის აზრით, „თითქმის უნიკალურ ცოდნას ვფლობთ უნარების, ჯანდაცვისა და ყველა დანარჩენის შესახებ, გარდა ხასიათებისა“. ის ამ ფონზე ნათლად გამოკვეთს შედეგებს, რომლებსაც ამერიკელი განათლების სერვისის მიმწოდებლები „იმკიან“ ახალგაზრდა თაობებისაგან. მას შემდეგ დევიდ ბრუკსმა ხასიათებს წიგნიც მიუძღვნა (The Road to Caracters). მთელი მისი ნააზრევიდან კი წესებივით მხოლოდ ორ სამოქმედო ცნებას მოვიტან:

  • შეისწავლე მოსწავლის/ადამიანის ხასიათები;
  • მოსწავლეები კარგად მხოლოდ მისთვის საყვარელი პიროვნებებისგან სწავლობენ.

ბევრი ჩვენგანისთვის ამაში, ალბათ, ახალი არც არაფერია, ბევრისთვის სიტყვა „წესების“ გაგონებას ახლავს არაერთგვაროვანი ემოციები: ზოგს მოსწონს, ზოგი ღიზიანდება, ზოგს ძალიან უყვარს, ზოგიც პირდაპირ ვერ იტანს. არადა, საკლასო ოთახი – რეალური თუ ვირტუალური – ის სივრცეა, რომელშიც აუცილებელია გარკვეული წესების შემუშავება და დაცვა, რათა სასწავლო პროცესის ქაოსურობა და სწავლაში დაბალი შედეგები ავიცილოთ თავიდან. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლის განათლებას ეხება საქმე და ეს იმ ფონზე, როცა ამ ბავშვების სწავლა-აღზრდის ყველა მოდუსმა სხვადასხვა ტიპის დაწესებულებიდან თუ დღის ცენტრებიდან მხოლოდ სკოლასა და მშობელზე გადაინაცვლა, სერვისმა კი, რომელიც სკოლამ და მასწავლებლებმა უნდა მიაწოდოს  ბავშვს, განსაკუთრებული ძალა შეიძინა.

კორონავისრუსმა გვასწავლა: პირველი, რაც პანდემიის პერიოდში უნდა გვახსოვდეს, არის მოსწავლისა და მშობლის მაქსიმალური ინფორმირებულობა და პასუხები შემდეგ შეკითხვებზე:

  • რატომ ვსწავლობთ შინ?
  • რა უნდა გავაკეთოთ, რათა შევძლოთ ჩვენი ძალების სასიკეთოდ წარმართვა და მაღალი აკადემიური შედეგების მიღწევა?

ვითვალისწინებთ რა მოსწავლის ხასიათებსა და მათ ცოდნას, პირველ შეკითხვას ვცემთ ამომწურავ პასუხს სათანადო ლიტერატურის, ვიდეოებისა[1] თუ ფლაერების მიწოდებით. გარდა დასახელებული წყაროებისა, მშობლებისათვის უამრავი სასარგებლო რჩევის პოვნა შეიძლება სხვადასხვა გვერდზე[2]. ბევრ მშობელს სხვების რჩევების გარეშეც მშვენივრად და წარმატებულადაც შეუძლია, თავი გაართვას საკუთარი შვილის სწავლა-აღზრდის საკითხებს. თუმცა არსებობენ ადამიანები, ვისაც მუდმივი შეხსენება სჭირდებათ იმისთვის, რომ ბავშვთან არსებითი წესები დაიცვან, რათა დიდი ხნის მუშაობით მიღწეული შედეგები წყალში არ ჩაიყაროს. ამდენად, ეს წერილიც სწორედ  სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლის სწავლების ჰიგიენას შეეხება და იმ ფაქიზ მიდგომასთან ერთიანდება, რომელსაც ეთიკური თუ მორალური კრიტერიუმები უნდა ედოს საფუძვლად.

სწავლების ხსენებული ჰიგიენის მიღწევა ბევრ კომპონენტზეა დამოკიდებული და ქმნის ურთიერთობათა ჯანმრთელ მატრიცას, რომელთაგან ერთ-ერთი წევრის დისფუნქცია/შემთხვევა, რომელშიც ერთ-ერთი კომპონენტი მაინც არ არის მუდმივ ზრუნვაზე ორიენტირებული, მოსწავლის შედეგების გაუარესების პირდაპირპროპორციულია.  ურთიერთობათა იდეალური მოდელი კი პირობითად შეიძლება ასე დავინახოთ:

ბავშვზე ზრუნვის მატრიცა
მოსწავლე & მშობელი/მეურვე     + მშობელი/მეურვე & მოსწავლე     +
მოსწავლე & ოჯახის წევრები     + მშობელი/მეურვე & ოჯახის წევრები     +
მოსწავლე & საგნის მასწავლებელი     + მშობელი/მეურვე  & მასწავლებელი     +
მოსწავლე &დამრიგებელი     + მშობელი/მეურვე & დამრიგებელი     +
მოსწავლე & სპეციალური მასწავლებელი     + მშობელი/მეურვე  & დირექცია     +
მოსწავლე & დირექცია     + მშობელი/მეურვე &  სპეციალური მასწავლებელი     +
მოსწავლე & მულტიდისციპლინური გუნდის წევრი     + მშობელი  & მულტიდისციპლინური გუნდის წევრი     +
მოსწავლე  & თანაკლასელები     + მშობელი & თანაკლასელები     +
მოსწავლე  & თანაკლასელების მშობლები     + მშობელი  & თანაკლასელების მშობლები     +
მოსწავლე & საზოგადოება/ თემი     + მშობელი & საზოგადოება/ თემი/ სამინისტრო /ორგანიზაციები…     +

 

ალბათ, უდავოა, ზრუნვის ამ პარადიგმაში ბევრგან ლომის წილი მშობელზე მოდის, მაგრამ ისიც გამოიკვეთა, ბევრ მათგანს დიდი მხარდაჭერა რომ სჭირდება და თუნდაც იმ ელემენტარულის შეთავაზება, რაც ბევრისთვის ისედაც ნათელი და გასაგებია.

დავიწყოთ იქიდან, რომ სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის გუნდის შეკრების[3] შემდეგ ბავშვი, ახალი სასწავლო გარემოს შესაბამისად, ხელახლა გადაფასდება და მისთვის დისტანციური სწავლებისთვის განკუთვნილი ინდივიდუალური სასწავლო მიზნები დაისახება. ვაწვდით ინფორმაციას ბავშვსა და მშობელს საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვასთან დაკავშირებით; ამასთან მათ მკაფიოდ განვუმარტავთ, რომ:

  • საჭიროა ონლაინ საკლასო გაკვეთილებში მათი ჩართულობა. თუკი არ იციან, როგორ გამოიყენონ Microsoft Teams-ის აპლიკაცია, დეტალურ ინსტრუქციებს ვაწვდით მესენჯერის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით;
  • მნიშვნელოვანია მასწავლებლებისა და სპეციალური მასწავლებლების ინსტრუქცია-რეკომენდაციების გათვალისწინება;
  • შესასრულებელ ამოცანებზე/დავალებებზე დროული უკუკავშირი;
  • სასარგებლო იქნება ტელესკოლის გაკვეთილებზეც თვალ-ყურის დევნება და ტელესკოლის მასწავლებლების რჩევების გათვალისწინება.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან ჩვენი სკოლების წარმატებული მუშაობის შემთხვევები მოიაზრებს:

  • მჭირდო და სანდო კომუნიკაციას სსსმ მოსწავლის მშობელთან;
  • გაკვეთილებსა და სადამრიგებლებლო საათებში მათ ჩართვას და მათი მიღწევების, რჩევებისა თუ თვალსაზრისების სხვებისთვის გაზიარებას;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმების ჯგუფების დისტანციურ შეკრებას;
  • ახალი სასწავლო გარემოს შესაბამისად, მოსწავლის საჭიროებებისა და რესურსების ხელახალ შეფასებას და მის კვალდაკვალ თითოეული საგნის მასწავლებლის მხრიდან ცალკეულ საგანში მოსწავლის აკადემიური უნარების შეფასებასა და ამავე საფუძველზე ახალი ინდგეგმების წარმოებას;
  • მათივე მხრიდან სასწავლო მასალების ადაპტირებას და მოსწავლისთვის შეთავაზებას;
  • სპეციალურ განმავითარებელ თუ სხვადასხვა ტიპის ფორმატულ შეფასებას;
  • სპეციალური მასწავლებლის მხრიდანაც კი წინდაწინ ცხრილის შეთავაზებას და გაკვეთილისთვის საჭირო რესურსების შესახებ ინფორმირებას, რაც მარტივად არის შესაძლებელი თუნდაც Microsoft Teams-ის კალენდრის მეშვეობით;
  • სპეციალური მასწავლებლის მხრიდან სხვადასხვა ფუნქციურ თუ კოგნიტურ უნარებზე მუშაობას;
  • დირექციების მხრიდან რესურსულ მხარდაჭერას;
  • მოსწავლისათვის წახალისების ონლაინფორმების შეთავაზება, რაც ასევე შესაძლებელია Microsoft Teams-ში Praise ფუნქციის გამოყენებით;
  • ერთი საერთო დახურული ჯგუფის შექმნა ინდგეგმის გუნდის წევრებისა[4], რომელთა შორის იქნებიან სსსმ მოსწავლის მშობელი, ყველა საგნის მასწავლებელი, დამრიგებელი, სკოლის დირექციის წარმომადგენელი, სპეციალური მასწავლებელი, არსებობის შემთხვევაში ფსიქოლოგი, ლოგოპედი და ა. შ. მათ შორის მუდმივი კომუნიკაცია და ბავშვის მიღწევებისა თუ შეფერხებების შესახებ ინფორმაციის გაცვლა სათანადო უკუკავშირებითა და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვით.

რას ვაკეთებთ იქ, სადაც ასე არ ხდება? სადაც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან მთელ გასაწევ სამუშაოს დამრიგებლები თუ საგნის მასწავლებლები სპეციალურ მასწავლებლებს გადააბარებენ ხოლმე, მათთვის საგნობრივი ადაპტირებული მასალის მომზადებაც აუცილებლობად აღარ მიაჩნიათ. მშობელსაც ჰგონია, რომ მხოლოდ სპეციალური მასწავლებელი უნდა მოემსახუროს მის შვილს და მისგან ითხოვს ყოველდღიურ ჩართვას, გაკვეთილების ჩატარებას, დავალების მითითება-შემოწმებას და ა. შ. ან მაშინ რას ვაკეთებთ, თუ მშობელს ფეისბუკის მესენჯერით ურჩევნია კონტაქტი Microsoft Teams-ში „ჭედვას“? თუ მრავლობითი დარღვევების მქონე შვილი ეკრანთან მარტო მასწავლებელს დაუტოვა და თავად კატლეტების გამოსაცხობად გაიქცა? ან თუ გითხრათ, რომ მისი შვილი ახლა მიირთმევს და უნდა დაველოდოთ ანდა ამა და ამ დროს თავიდან გადავურეკოთ?!

ალბათ, სჯობს, წესად დავდოთ, რომ ყველა მსგავს შემთხვევებში მოთმინება წამალივითაა. მერე კი  ისევ წესობანას  თამაში დავიწყოთ, მაგალითად, ამგვარი წესებით:

  •  აუცილებელია განათლების სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის წევრისა და დირექციის ჩართულობით ახალი ინდგეგმის ჯგუფის შეკრება და ისევ ახალი, ასახდენი ან აუხდენელი მიზნების დასახვა;
  •  ვთხოვოთ საგნის მასწავლებლებს, თავად დაწერონ ბავშვების საგნობრივი აკადემიური შეფასება და მის მიხედვით შეადგინონ დისტანციური მუშაობისთვის ისგ გეგმები;
  •  ვთხოვოთ მშობლებს:
  • აკონტროლონ საკლასო ონლაინკალენდარი;
  • ონლაინგაკვეთილის წინ მოიმზადონ საჭირო საწერი, სახატავი, საკითხავი, საძერწი თუ სხვ. საგანმანათლებლო საშუალებები;
  • გაკვეთილის მსვლელობისას არ დატოვონ ბავშვები მარტო ეკრანთან.
  • ვთხოვოთ დირექციას სსსმ მოსწავლეების რესურსული უზრუნველყოფა, რადგან ინკლუზიური განათლებისთვის თანხები სკოლებს ისევ ერიცხებათ.
  •  ვთხოვოთ საკუთარ თავს:
  • ვიყოთ მეტად მობილიზებული;
  • რამდენიმე დღით ადრე ჩავნიშნოთ გაკვეთილი კალენდარში, ისე, რომ სხვა გაკვეთილებს არ დავემთხვათ;
  • მოსწავლის გაკვეთილებს შორის შუალედი დავიცვათ.
  • წინასწარ მივაწოდოთ მასალა, რომლითაც გაკვეთილზე ვიმუშავებთ,
  • წინასწარ მოვამზადოთ კითხვარი, რომლითაც მოსწავლეს გაუიოლდება მიწოდებული მასალის ხელახალი აღქმა და დამახსოვრება. კითხვარისათვის რჩევები იხილეთ ნათია უჩავას მიერ მომზადებულ ვიდეოში[5]:
  • გაკვეთილზე მეტი თავდაჯერებულობისთვის აჯობებს პრეზენტაციისა და ეკრანის მართვის სადავეები ჩვენს ხელში დარჩეს[6].
  • მოვამზადოთ და გადავცეთ პრიზები ან სერტიფიკატები არა მხოლოდ სსსმ მოსწავლეს, არამედ მის კლასელ მოსწავლეებსაც გამბედაობის (caurage), მადლობის, გუნდურად მუშაობის, ოპტიმიზმის, მიღწევის, ლიდერობის, ჩართულობის, პრობლემის გადაჭრის, კრეატიულობისა თუ სხვა აქტივობებისთვის, თუმცა მათი არსი აუცილებლად უნდა ავუხსნათ ბავშვსა და მშობელს, რათა ჩვენმა შრომამ ტყუილად არ ჩაიაროს.
  • ავუხსნათ ბავშვს და მშობელს, რომ ეს გაკვეთილის ჰიგიენაა და მასში ეთიკურია, როცა წესებს ვიცავთ, ჩვენს კარგ ქცევებს კი ყოველთვის ჯილდო და სიხარული მოჰყვება.
  • ზოგისთვის იმის შეხსენებაც ღირს, რომ ბავშვის სასწავლო/ონლაინ ჩართვის სივრცე მოკლებული უნდა იყოს სმენით გამღიზიანებლებს, მაგალითად: გამორთულია ტელევიზორი და არც ოჯახის წევრები საუბრობენ ხმამაღლა სხვა თემებზე.
  • სათანადოდ განათებულია ოთახი და კედლიდანაც ჩამოხნილია საგნები, რომლებმაც შეიძლება სსსმ მოსწავლის ყურადღება მიიპყროს.
  • ბავშვისთვის დაძაბულობას არ უნდა ქმნიდეს ფანჯრიდან ან კარიდან შემომავალი ხედები და მოძრაობები.
  • წინდაწინ მივუთითოთ საჭირო ვებგვერდები, როგორიცაა:  el.ge – ავუხსნათ, რომ მასზე წვდომა Microsoft teams-იდანაცაა შესაძლებელი. მრავალმხრივი აკადემიური უნარების განსავითარებლად ასევე სასარგებლოა ხანის აკადემიის, kargiskola.ge-სა და სხვა საიტების გამოყენება.

 

  • უცხოელი კოლეგები იმასაც გვირჩევენ, რომ მშობელმა უნდა დაახარისხოს საქაღალდეები, რომლებშიც ბავშვის ნამუშევრებს განათავსებს.სურ. 2[7]სურ.3
  • თუ ბავშვს სამეცადინო კუთხე არ აქვს, მშობლისთვის რეკომენდებულია, დაეხმაროს მას თუნდაც მუყაოს სამეცადინო კაბინის დამზადებასა და რესურსების მობილიზებაში, რათა მისი ძალები ონლაინჩართვისთვის მხოლოდ სწავლაზე იყოს ორიენტირებული.

 

სურ. 4[8]სურ.5

  • რეკომენდებულია, მშობლებმა საგაკვეთილო ჩანიშვნებისთვის ბავშვებს მოუმზადონ/ამოუბეჭდონ გრაფიკული ორგანიზატორები, მაგალითად, ასეთი:

სურ.6

საგაკვთილოდ უზრულველყონ პლასტელინის ან სხვ. კუბების, ბურთულების, მაკარონის ან ლობიოს მარცვლები, ხის ჩხირები.

  • წინასწარი შეთანხმებით მშობელმა ასევე შესაძლოა თავად შესთავაზოს მასწავლებელს ისეთი დრო, როცა ბავშვის სასწავლო ძალები აქტიურია.
  • მშობელმა ასევე უნდა ისარგებლოს ონლაინსწავლებისთვის საგანგებოდ შემუშავებული ცხრილით; მისი მხრიდან ბავშვისთვის შესაძლებელია დროითი ინსტრუქციების ფოტოებით შეთავაზებაც, მაგალითად. ასეთის:

სურ.8

  • დროის სწორი მართვისთვის რეკომენდებულია Pomodoro Timer Technique[9] -ის გამოყენება, იგი ასწავლის ბავშვს, როგორ წარმართოს დრო და მუშაობის ნაკადი.
  • მშობლებისთვის ასევე რეკომენდებულია მის შვილს მისცეს საშუალება სეირნობის, თამაშის თუ სხვა ფიზიკური აქტივობებისათვის, რაც მნიშვნელოვანია გონების გააქტიურებისათვისაც;
  • ასევე რეკომენდებულია საყვარელი წიგნების ერთად კითხვა;
  • შვილს მისცეს მეგობრებთან სოციალიზაციის საშუალება ონლაინკავშირებით
  • და სხვა.

 

„თამაშისთვის“ წესების ეს ჩამონათვალი, იმედია, გვეყოფა. მხოლოდ დევიდ ბრუკსის სიტყვებსვე დავსძენ,  ბავშვები რაც უფრო უკეთ გრძნობენ თავს, მით უკეთ სწავლობენო. იქნებ ჩვენი შვილებისა თუ მოსწავლეებისადმი მუდმივი, უწყვეტი კეთილგანწყობა და ზრუნვა იყოს გზა იმ სისტემებისკენ, რომლებიც მორალურ ღირებულებებთან ასევე უწყვეტად დაგვაკავშირებს და ბავშვების ხასიათებსაც იოლად ამოგვაცნობინებს. თუ ესეც შევძელით, ისიც არ გაგვიჭირდება, საჭირო დროს საჭირო დახმარება გავწიოთ და, სირთულეების მიუხედავად, ჩვენი მოსაგები ეს ომი წარმატებით დავაგვირგვინოთ.

 

[1]https://www.youtube.com/watch?v=PkUlCIFE45M&fbclid=IwAR3cuKs1JbN5k21W455M1Z3iyWKs6qhqFZVlpktfCkydLAP0j61Rhx6bbzk

[2]https://www.facebook.com/notes/mac-georgia/mac_%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/3177161432334470/

ასევე: https://www.facebook.com/%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%90%E1%83%93-108402090845144/

 

[3] https://mastsavlebeli.ge/?p=25067

[4] https://www.facebook.com/MESGeorgia/videos/928603047600856/UzpfSTEwMDAwMDI2MTA2NDEzMTozMzYxMTIwMDczOTA2NjYy/

[5]https://www.youtube.com/watch?v=5B9PPUk24gQ&t=11s&fbclid=IwAR0iKiWyXgt-rvx1dUW9AhPactTVbnLl_tXnDjLytSdegW4ahFEV3ULGvQE

[6] https://www.youtube.com/watch?v=E61dFsH32dI

 

[7] ფოტოები Amazon.com და Parents.com-იდან

[8] https://www.pinterest.com/pin/54746951690608950/

[9] https://www.youtube.com/watch?v=mNBmG24djoY

ციფრული ტელეპათია, ანუ გაქრება თუ არა ენა?

0

„ენა წარმოიშვა არა როგორც მზა აზრების გამოხატვის იარაღი,

არამედ როგორც თვით აზროვნების საშუალება“.

თამაზ გამყრელიძე

ილონ მასკმა 2020 წლის 7 მაისის ინტერვიუში თავდაჯერებით განაცხადა, რომ არც მეტი და არც ნაკლები, 5-10 წლის შემდეგ ადამიანს კომუნიკაციისთვის ენა აღარ დასჭირდებაო!

„მისი განცხადებით, ის ტექნოლოგია, რომელზეც მისი გუნდი მუშაობს, დაახლოებით 5 წლის შემდეგ ადამიანების ენას გამოუსადეგარს გახდის, – ამის შესახებ Tesla-ს ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა, ჯო როგანთან გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა. მასკის ვარაუდით, შემდეგ წელს კომპანია შეძლებს, რომ ტექნოლოგია სახელად Neuralink ადამიანის ტვინთან დააკავშიროს. ბატარეით აღჭურვილი ჩიპი თავის ქალაში ჩამონტაჟდება, ხოლო ელექტრონებს კი ტვინთან ძალიან ფრთხილად დააკავშირებენ. „მას ტვინის ნებისმიერ წერტილთან ექნება წვდომა, აქედან გამომდინარე, მისი საშუალებით უსინათლობის განკურნებაც კი შეიძლება მოხდეს“, – აღნიშნა მასკმა.

ჯერ ხუმრობასავით მომეჩვენა და ისევ მივუბრუნდი დიალოგის ამ ნაწილს… აღმოჩნდა, რომ მასკი არ ხუმრობს! ან კი როდის უხუმრია? ამ ინტერვიუს შემდეგ სულ ვფიქრობ, წარმოვიდგინო სოციუმი, რომელსაც ენა და მეტყველება არ დასჭირდება და ადამიანები   უსიტყვოდ გაუგებენ  ერთმანეთს! მართლაც გასაოცარია… და ეს ამბავი ჭეშმარიტად გასაოცარი იქნებოდა, ეს რომ ტექნოლოგიის გარეშე ხდებოდეს. გესმით ხომ, რას ვგულისხმობ? ამბობენ, რომ დედამიწაზეც იყო ოდესღაც ასეთი კულტურა… როცა ადამიანები იმდენად განვითარებული იყვნენ, რომ შეეძლოთ, ერთმანეთის აზრის წაკითხვა, აზრის გადაცემა დისტანციაზე და ასე შემდეგ. ილონ მასკი ამ კულტურის შექმნას სულაც არ ისახავს მიზნად… ის ამბობს, რომ ადამიანი მომავალში გახდება კიბორგი და რომ ნაწილობრივ კიბორგი ახლაცაა, რადგანაც ის მიჯაჭვულია თავის სმარტფონზე. საუბარია იმაზე, რამდენად უფრო სწარაფად მიიღებს ადამიანი ინფორმაციას, ვიდრე ამას დღეს ახერხებსო. და ამ პრობლემას კი Neuralin მოაგვარებს! მოწყობილობა, რომელიც ტვინის სიხშირეების კოდირება-დეკოდირებას მოახდენს და არა მარტო…

კიბორგი – ეს არის ბიოლოგიისა და ტექნოლოგიის „შეჯვარება“, რომლის შედეგადაც სრულიად ახალი შესაძლებლობის „ადამიანი“ „იბადება“.

მასკის თქმით, როდესაც ადამიანს აქვს რაიმე იდეა, რომელიც უნდა გადასცეს მეორე ადამიანს, ამისთვის მას სჭირდება ტვინის დაძაბული მუშაობა, რომ მის აღსაწერად მოიძებნოს შესაბამისი ლექსიკა. მერე ეს ყველაფერი შეიფუთოს და გაფორმდეს წინადადებებით და, ამასობაში, ბევრი რამე იკარგება და სრულად გადაცემა არასდროს არ ხდებაო… ტექნოლოგია კი უზრუნველყოფს იდეის „უდანაკარგოდ“ გადაცემას მოსაუბრისათვისო.

ილონ მასკის ეს ტექსტი რომ გავიაზროთ, თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ და განვმარტოთ: რა არის ენა? რა არის მეტყველება? რა არის აზრი? რა არის აზროვნება? სად არის აზრი მეტყველებამდე? აზრი და მეტყველება ერთდროულია თუ რომელიმე უსწრებს და ასე შემდეგ… ამ საკითხებთან დაკავშირებით დღემდე ენის თეორიაში უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა თავი დავანებოთ თეორიულ განხილვას და პირად გამოცდილებას მივყვეთ…

როგორ ფიქრობთ, როდის და როგორ იბადება აზრი? და შეუძლია, თუ არა ადამიანს, აზრის გამოხატვამდე (წერით ან მეტყველებით) მოიხელთოს იდეა? იმას ვგულისხმობ, რომ არსებობს იდეა, რომელიც ვიცი (მაქვს გონებაში) და იდეა, რომელიც დაახლოებით ვიცი და მეტყველების დროს ფორმირდება. თუ იდეა მეტყველების დროს ფორმირდება, შესაბამისად, მე ის ზუსტად არ ვიცი მანამდე, ვიდრე არ გამოვთქვამ და სწორედ ეს „თარგმნის“ პროცესი (იდეისა – სიტყვებში) მაძლევს საშუალებას, რომ იდეა, აზრი,  ცხადი გახდეს. ვფიქრობ, ამის გამოცდილება ყველას ჰქონია. შესაბამისად, გამოთქმის გარეშე აზრის გადაცემა როგორია ადამიანისთვის, ჩემთვის გაუგებარია (შესაძლოა, არსებობს ანგელოზების ან სხვა უცხოპლანეტელი  არსებების განზომილებებში). თუ აზრის გადაცემა ვიზუალურია, არც ეს შემთხვევა ამარტივებს საქმეს… თუ ენის იმგვარ სტანდარტიზაციასთან გვაქვს საქმე, როცა ყველაფერი ზუსტია წინასწარ, მაშინ ეს მკვდარი ენაა, პროგრამაა, რადგან ცოცხალი ენის თვისება არ არის ზედმიწევნითი სიზუსტე, სიტყვები ყოველთვის ან კარგავენ, ან იძენენ, ან იფართოებენ მნიშვნელობებს. სოსიურის მეტაფორა გამოგვადგება ამ შემთხვევისთვის. ის ენას ადარებს ჭადრაკს, ხოლო მეტყველების პროცესს ახალ-ახალ პარტიას, როდესაც, იმის მიუხედავად, რომ არც ფიგურები და არც  თამაშის წესები არ იცვლება, ყველა პარტია უნიკალურია. ასე ხდება აზრის გამოხატვაც…

როგორც თამაზ გამყრელიძე აჯამებს „თეორიული ენათმეცნიერების კურსში“: „ენასა და აზროვნებას შორის სავარაუდო ონტოლოგიური მიმართებების კვლევის შედეგად (ინდივიდის განვითარების სიტორიასთან დაკავშირებული) შესაძლებელი გახდა შემდეგი დასკვნის გამოტანა: ენა წარმოიშვა არა როგორც მზა აზრების გამოხატვის იარაღი, არამედ როგორც თვით აზროვნების საშუალება. ამდენად, ადამიანის გონება განვითარდა მეტყველების უნართან ერთად.“ (გვ. 482).

აზრისა და მეტყველების მიმართებისთვის კი ვიგოტსკის მეტაფორა გამოგვადგება: აზრი ჰგავს ღრუბელს, ხოლო მეტყველების პროცესი – წვიმას… რაც ნიშნავს, რომ აზრი არ არის დანაწევრებული, ხოლო მეტყველება ხაზოვანია და მიმდინარეობს გარკვეულ დროსა და სივრცეში.

თუ ადამიანს განვიხილავთ, როგორც უბრალოდ, გარკვეული პროგრამების ერთობლიობას, რომელსაც მხოლოდ ტვინი არეგულირებს, მაშინ საკითახვია, რა/ვინ ამოქმედებს ამ ყველაფერს? ვინ იღებს გადაწყვეტილებებს? ვინ არის ბრძანების „გამცემი“? მაგალითად, მე ჩადგმული მაქვს ნეიროლინკი, რომლის მეშვეობით მინდა შევინარჩუნო გარკვეული განწყობა, მაგალითად, ეიფორიის? ამას „ვინ ფიქრობს“? ტვინი არის შემსრულებელი…. ის ემორჩილება ბრძანებას…  ჰოდა, ვინ დგას „ფარდის უკან“?

ენას, როგორც სისტემას, 3 ძირითადი ფუნქცია აქვს: აზრის გადაცემის (საკომუნიკაციო), ექსპრესიული (გამოხატვის) და დანაწევრების. რაც შეეხება მეტყველების ფუქნქციებს, გაცილებით მეტია.

რომან იაკობსონის მიხედვით ენობრივი ურთიერთობის ჩარჩო ასე გამოიყურება:

  • შეტყობინება;
  • „ადრესანტი უგზავნის შეტყობინებას ადრესატს”;
  • ადრესატმა უნდა მიიღოს შეტყობინება;
  • „იმისათვის, რომ იყოს მოქმედი შეტყობინება, საჭიროებს ადრესატისთვის გასაგებ კონტექსტს;
  • „შეტყობინება საჭიროებს ადრესანტისა და ადრესატისთვის საერთო ან ნაწილობრივ საერთო კოდს”;
  • შეტყობინება საჭიროებს ადრესანტსა და ადრესატს შორის კონტაქტს, ფიზიკურ არხს და ფსიქოლოგიურ კავშირს. აღნიშნული კონტაქტი მათ კომუნიკაციის დამყარებისა და შენარჩუნების საშუალებას აძლევს”.

 

თუნდაც იაკობსონის ჩარჩოს მიხედვით, რა თქმა უნდა, კომუნიკაციის პროცესი საკმაოდ რთულია, რადგან, საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივაღწიოთ გაგებას, სხვა შემთხვევაში, აზრი არა აქვს საერთოდ კომუნიკაციას.  ამ პროცესს ილონ მასკი გვიადვილებს და გვეუბნება:  რატომ წვალობთ? არსებობს ტექნოლოგია, რომელიც თქვენს გაფიქრებას უზუსტესად გადასცემს ადრესატსო… არც სიტყვები… არც წინადადებები, არც ხმაური… უბრალოდ, შეხედავ და იცი, რა სურს მოსაუბრეს!

ანუ ჩვენ, როცა ჩვენი აზრის გადმოცემა გვინდა, ამ აზრს ვთარგმნით და ვაქცევთ სიტყვებად, რომელსაც ვერბალურად გადმოვცემთ, ხოლო ადამიანი, რომელსაც ვესაუბრებით, ამ ინფორმაციას იღებს, აგზავნის ტვინის შესაბამის ნაწილში, როცა ხდება ინფორმაციის გაშიფრვა და აღქმა. ცხადია, ეს იმდენად სწრაფად ხდება, რომ ამ პროცესის მიმდინარეობას ვერც კი ვამჩნევთ, მაგრამ კომუნიკაციის პროცესი, რეალურად, ასე მიმდინარეობს“, –  სწორედ ამ პროცესის გამარტივება უნდა მასკს.

კარგი… ვთქვათ, გავყევი მასკს ამ ფენტეზში და ხელოვნურმა ინტელექტმა ენის საკომუნიკაციო ფუნქცია აღასრულა სიტყვებით გამოხატვის გარეშე! რას ვუშვრებით ენის ექსპრესიულ ფუნქციას…? ენა ხომ მხოლოდ ინფორმაციის გაცვლა არ არის…? ის არის განცდათა, გრძნობათა, ემოციათა გამოხატვის საშუალებაც…  უკვე ეჭვი მეპარება… იქნებ არც არის…? მასკის მიხედვით, ყველაფერი ტვინია და იქ წარმოქმნილი ელექტრო-მაგნიტური იმპულსები… ჩამოტვირთე პროგრამა, რომელიც კომუნიკაციის განსხვავებულ პარამეტრებს გულისხმობს და ეგ არის!

თქვენ იტყვით, რომ კომუნიკაციის შემოთავაზებული ფორმატი  ადამიანური არ არის… და ამაში ილონ მასკი არც შეგედავებათ… ეს ნამდვილად არ არის ადამიანური… ეს არის კიბორგული – შეგიძლიათ უწოდოთ ზეადამიანურიც, განუსაზღვრელი შესაძლებლობების არსება, სხვა რასა და ასე შემდეგ… მაგალითად, ვაშლატამა… ნაჯვარით მიღებული ახალი ჯიში, რომელიც ორივე გემოს ინარჩუნებს და რაღაც მესამეა…

სიტყვა – ეს არის ფიზიკური ადამიანის თვისება, ადამიანი არის ფიზიკური არსება… დიახ, მას ამოძრავებს ცნობიერება, მაგრამ თუ ამ მოძრაობას გამოვტოვებთ (ფიზიკურ სიტყვას), მაშინ მართლა ვინ დავრჩებით ან სხეული რაში გვჭირდება…?

თქვენ როგორ ფიქრობთ?

მოდერნისტული ლიტერატურული პარალელები – ნიკო ლორთქიფანიძის „შელოცვა რადიოთი“ და რიუნოსკე აკუტაგავას „ნანკინელი ქრისტე“

0

XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე მოდერნისტულმა ლიტერატურულმა მიმდინარეობებმა სამყაროს აჩუქეს უდიდესი მწერლობა. არ ვიცი, რამდენად სუბიექტური ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ მსოფლიო მწერლობის ძირითად ლიტერატურულ ტენდენციებს შორის მოდერნიზმი თავისი სამი განშტოებით (იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი, საიმბოლიზმი) ყველაზე ხელხვავიანი იყო. ის რამდენიმე ათეული წელი იყო გაბატონებული ლიტერატურული ესთეტიკა. რომ არა სტალინური აკრძალვები 30-იანი წლებიდან, ქართული მოდერნიზმი ალბათ კიდევ ბევრ შედევრს გვაჩუქებდა.

ჩემს მოსწავლეებს უჭირთ დაჯერება, რომ ოფიციოზის მიერ მოწვეულ მწერალთა ყრილობაზე (1932 წ.) თავისუფალი მიმდინარეობები ოფიციალურად აიკრძალა და ერთადერთ მეთოდად სოციალისტური რეალიზმი გამოცხადდა. თუმცა ვინც სტალინიზმის ბუნებას კარგად იცნობს, შორი წიაღსვლების გარეშე მიხვდება, რომ ამ პოლიტიკური რეჟიმისგან ეს სულაც არ იყო მოულოდნელი. ამ მოვლენამ და პოლიტიკურმა კონიუნქტურამ ალბათ მნიშვნელოვნად უცვალა სახე ქართულ მწერლობას, ქართველ მწერალთა ბედისწერაც ტრაგიკულისკენ შეცვალა, თუმცა ამაზე აქ ვერ შევჩერდებით.

ქართველმა მოდერნისტებმა თითქოს ჟანრულადაც გადაინაწილეს მწერლობა. სიმბოლისტებმა საყვარელ ჟანრად ლირიკა აირჩიეს, ექსპრესიონისტებმა – რომანი, ხოლო იმპრესიონისტებმა – ნოველა ან მოთხრობა.

ნიკო ლორთქიფანიძე ქართული იმპრესიონისტული ნოველის მამამთავარია უდავოდ. გარდა ევროპიდან ჩამოტანილი სტილური ნოვატორობისა, ეს მწერალი ჰუმანიზმისა და ხელოვნების ენაზე ადამიანური თანაგრძნობის საოცარ მაგალითად გვევლინება. მისი მოთხრობა „შელოცვა რადოთი“ მკითხველის დიდ ინტერესს აღძრავს არა მხოლოდ ორიგინალური სტილის, არამედ მასში გაცხადებული იდეურ-თემატური წიაღსვლების გამო.

მოდერნისტული მწერლობის ენა რეალისტური სამწერლო ტრადიციების შემდეგ ექსტრავაგანტური ინოვაციებით გამოირჩეოდა. რეალისტური თხრობა შეცვალა ავტორისეულმა მკვეთრად სუბიექტურმა ხედვამ, მწერლის თვალი და შეგრძნებები, მის მიერ მიგნებული ახალი ფორმები გახდა აქტუალური. იმპრესიონისტები სათქმელს ავტორის შთაბეჭდილებების სკივრიდან, მისი „ფოტოობიექტივიდან“ გადმოსცემდნენ მოკლე, ნაწყვეტ-ნაწყვეტი, მესიჯური, კოდირებული, ხშირად ურთიერთდაუკავშირებელი ფრაზებით, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. სინამდვილეში ამ სტილის მიღმა, „სტრიქონებს შორის“ მკითხველი ცხადად „ხედავდა“ ვრცელ პანორამას გმირთა თავგადასავლებისა. მთავარი ასახვის თემა გახდა მეოცე საუკუნის დასაწყისის ადამიანის რთული ფსიქოპორტრეტები, სოციალური კატასტროფების ფონზე დაუძლურებული, დაცემული, სკეპსისით დაავადებული, თავდაუჯერებელი, მაძიებელი, ღმერთს დაშორებული ადამიანების სულიერი მსხვრევის გამოხატვა ეფექტური შტრიხებით. ხმაურიანი ურბანული ცხოვრება, რომელსაც ადამიანის ფაქიზი სულისთვის მოაქვს გაუცხოება, მარტოსულობა, თვითმკვლელობისკენ მიდრეკილება  – მოდერნისტული პროზის სამყაროა. ე.წ. ზედმეტი ადამიანი მოდერნისტების საყვარელი პერსონაჟია.

ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის „შელოცვა რადიოთი“ მთავარი გმირის, ელი გორდელიანის გზა ისეთივე დაჩქარებული, მოულოდნელობებით სავსე და ხმაურიანი იყო, როგორც თავად ეს ეპოქა, სავსე გრიგალებით, მღელვარებებით, ომით, რევოლუციებით. ვლადიკავკასი-ვოლგის სანაპიროები-იასნაია პოლიანა-სკანდინავიის სალი კლდეები-ბერლინი-პარიზი-მიუნხენი – ელის გზა შთამბეჭდავი გეოგრაფიაა. ხოლო ეპოქა – მეოცე საუკუნის 20-იანი წლებია (მოთხრობა 1928 წელს დაიწერა).

1920 წელს დაიწერა რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობა „ნანკინელი ქრისტე“, სადაც აღიწერება ასევე ჩინური მეგაპოლისის – ნანკინის მაცხოვრებელი 15 წლის მეძავის, სუნ ძინხუას ცხოვრება. ელი და ძინხუა – ორი უაღრესად შთამბეჭდავი და ტრაგიკული სახე ცოცხლდება და ამ ორ გმირს ბევრი საერთო აქვს: სულიერი და ფიზიკური სილამაზე, მორალური კანონები, ადამიანთა სიყვარული, ბოროტებისა და ბოღმისგან თავისუფლება, მაძიებელი სული, ზრუნვა მოყვასზე.

ელის ავტორი გვიხატავს, როგორც ქართული სულისა და სილამაზის საოცარ სიმბოლოს: „დაიბადა ელი. სხვა არაფერი შემატებია იმ წელს ქართულ მშვენიერებას“…

ძინხუაზე კი ავტორი გვეუბნება: „ცინვეის მრავალრიცხოვან მეძავთა შორის მისნაირი გარეგნობის საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ საეჭვოა, მისგვარი სათუთი ხასიათისა სხვა ვინმე გენახათ. ძინხუა, სხვა მეძავებისაგან განსხვავებით, არ იყო მატყუარა და ხუშტურიანი. ის მხიარული ღიმილით ართობდა სტუმრებს, რომლებიც ყოველ საღამოს ეწვევოდნენ ხოლმე მის პირქუშ ოთახს და თუ ხანდახან დაკანონებულზე მეტს უხდიდნენ, უხაროდა, რომ ამ ფულით შეეძლო ერთი ზედმეტი ჭიქა საკეთი გამასპინძლებოდა მამას, ერთადერთ ახლობელ ადამიანს“…

სამწუხარო ის არის, რომ ამ მშვენიერ ადამიანებს ეპოქა ართმევს სასიცოცხლო ძალებს, უსპობს თვითრეალიზების ყველა გზას, აიძულებს აკეთოს ის, რაც მისთვის სრულიად მიუღებელია. ძინხუას უძველესი პროფესიით უწევს თავისა და მოხუცი მამის რჩენა, მაგრამ რაღა რჩენაა ის ბინძური ყოფა, სადაც ის ცხოვრობს? მტვრიანი და ჭუჭყიანი გარემო, სიცივე, სისველე, შიმშილი, საზამთროს მარცვლების კნატუნი შიმშილის აუტანელი გრძნობის მოსაკლავად. გემრიელი საკვები – მხოლოდ სიზმარში.

ელის პარალელურად ნიკო ლორთქიფანიძე ხატავს მეძავ თინოს, რომელიც ძინხუას მდგომარეობაშია, ის იძულებულია საკონდიტროში ნამცხვრის საჭმელად სხეულით ივაჭროს, ბებიის გამოსაკვებად მრავალრიცხოვან კავალრებს გაუმკლავდეს. „ხასობაც სანატრელი გახდა?“ – კითხულობს ლამაზი თინოს სასოწარკვეთილი ბებია, რომელიც მზადაა, თავად იშიმშლოს, ოღონდ თინო არ დაურჩეს მშიერი. ელის მთლად თინოს ხვედრი ჯერ არ რგებია, მაგრამ მისი ელიტარული ოჯახის აღსასრული საზარელ მაჯლაჯუნასავით მოიწევს. ელიმ და მამამისმა შალვამ გაყიდეს და დააგირავეს ყველაფერი, უსაჭიროესიც კი. თითქოს თინოს ხვედრამდე მთლად არ დაცემულა ელი, მაგრამ მისი ყოფა, რომ იძულებულია ინგლისელ ჯონ ჰექსლეის, კინემატოგრაფიაში ადგილის მაძიებელი პრაგმატული ევროპელის ანტურაჟად იქცეს, ამერიკელი ბრომლეის ხელის შემყურე იყოს, დიდად არ განსხვავდება თინოს ხვედრისაგნ. ის სათამაშო თოჯინასავით გამოიყენა პირველმა ქმარმა, რუსმა ოფიცერმა ვლადიმერ ბორენკოვმა, მისი სილამაზე, სიყვარული, განათლება, ადამიანობა და პიროვნული ღირსება არაფრად ჩააგდო მეორე ქმარმა, იერონიმე შვინდაძემ, რომელმაც ისიც კი უთხრა, რომ მისთვის ელი და სხვა ქალი სულერთი იყო. საერთოდ გაუგებარია მისი ურთიერთობა ჯონ ჰექსლეისთან. ჰექსლეის, საკუთარი კარიერის გარდა, არავინ და არაფერი ანაღვლებს, სიყვარულისგან სრულიად დაცლილია. ელის სილამაზე ხიბლავს, მაგრამ მისადმი სექსუალურ ლტოლვასაც კი არ განიცდის, ელი არც ცოლად უნდა და არც საყვარლად. მის მიმართ ორი ინტერესი აქვს – დამაბრმავებელი სილამაზის ქალის კამპანია მომგებიანია მისი იმიჯისთვის და მეორე: ელის მედალიონი, ძველი საქართველოს ძვირადღირებული სიმბოლო. ჰექსლეი კარგად ანგარიშობს: ყველაფრის ფასი ამ ქალს ყელზე ჰკიდია, გული მიგრძნობს, რომ ეს თამარის დროინდელი  მედალიონი უძვირესიაო. თუ ელისთვის მედალიონი ისაა, რასაც სიცოცხლის ფასადაც კი არ გაყიდის, ჰექსლეისთვის ეს ნივთი მორიგი შანსია. მისთვის ყველაფერი იყიდება. ელის შეუძლია ივაჭროს საკუთარი სილამაზით. ბრომლეი, ეს დაკომპლექსებული, გაუთლელი, შემთხვევით გამდიდრებული მილიონერი ლამის შეეხვეწოს, რომ ფული აიღოს მისგან, რამდენსაც მოისურვებს, მაგრამ ელის უნდა, რომ საკუთარი შრომით შეძლოს იძულებით მიტოვებული მამისა და შვილის რჩენა. არ უნდა ბრომლეის ნაჩუქარი ფული, უნდა, რომ გამოიმუშაოს, დაიმსახუროს. ამიტომაც მიდის ის ვა-ბანკზე – გველებთან ცეკვა კაფეში დიდი პროვოკაცია იყო. ელიმ თითქოს რუსული რულეტკა გაითამაშა, სიცოცხლე სასწორზე შეაგდო, ვერც გაფრთხილებამ დაახევინა უკან და გველებთან ცეკვის კულმინაციური სცენით, თავისი ჯადოქრული სილამაზითა და გრაციით გააოგნა ყველა. თითქოს იცოდა, რომ ეს ცეკვა მისი უკანასკნელი გაბრწყინება იყო, რადგან ცხოვრება მომაბეზრებელი გახდა. მოთხრობაში ხშირად ვხვდებით „ვეფხისტყაოსნის“ ალუზიებს. ელი თანამედროვე ნესტან-დარეჯანია. მაგრამ თუ რუსთველის პოემაში ნესტანის გამოსახსნელად იბრძვის ყველა, ელი არავის აინტერესებს, ის მოთმინებით იტანს მეოცე საუკუნის დასაწყისის მარტოსული ადამიანის სპლინს, ნევროტულ გარემოს, გაუსაძლის სულიერ ტკივილს სამყაროს თავზე ჩამომხობის გამო.

რა შერჩათ ელის და ძინხუას ამ კოშმარულ ყოფაში? ელის – მედალიონი, ძინხუას – ჯვარცმა! ჭუჭყსა და სიღატაკეში, ღირსების შემლახველ ყოფაში ქრისტეს ჯვარცმა იყო ერთადერთი ნუგეში. როცა მორიგმა კლიენტმა დასცინა, თუ ქრისტეს მორწმუნე ხარ, ამ ხელობით ზეცაში ვეღარ მოხვდებიო, ძინხუამ მიუგო: „ვფიქრობ, რომ უფალი ქრისტე იქ, ცაში, თვითონ ხვდება ჩემს გულისნადებს, ასე რომ არ იყოს, უფალ ქრისტესა და იაძაიკოს პოლიციელს შორის რაღა განსხვავება იქნება?“

ელისა და ძინხუას ნებისყოფა და ღირსება მკითხველის აღფრთოვანებას იწვევს: თუ ელი ბრომლეის  ფულებს არ დახარბდა, ძინხუამ გმირული მოთმინება გამოიჩინა, როცა სიფილისით დაავადებულმა გადაწყვიტა, სხვისთვის არ გადაედო ეს დაავადება, რაც მისი განკურნების ერთადერთი გზა იყო. მეგობრები, ინჩუნი და შანჩა, ძინხუას ურჩევენ, რომ სხვას გადასდოს დაავდება, შანჩას დაც მხოლოდ ასე განკურნებულა, მაგრამ მარტო დარჩენილი ძინხუას პასუხი ასეთია: „იესო მაცხოვარო, უზენაესო! მამა რომ ვარჩინო, ბინძურ ხელობას ვეწევი, მაგრამ ჩემი ხელობა გამანადგურებს მხოლოდ მე, სხვას კი არას ვავნებ“.

მეძავის ნაცვლად ამ გმირის სახით მკითხველის წინაშე წარმოდგება წმინდანი, უმაღლესი მორალურ-ზნეობრივი კატეგორიებით. ძინხუას „თავისი“ ქრისტე ჰყავს, რომელიც მუდამ ახლოს არის მასთან. ეს განასხვავებს მას ელისგან და სწორედ ამის წყალობით ძინხუა ახერხებს ფიზიკურად გადარჩენას. მან იაპონელ-ამერიკელ მეტისში ქრისტე დაინახა, ილუზია შეიქმნა, რომ მისი სახით ქრისტე მოვიდა. იმ ღამეს სიზმარში გამოცხადებულმა ნანკინელმა ქრისტემაც უგემრიელესი კერძები მიართვა ძინხუას, თავის თავზე კი უთხრა, რომ „იესო ქრისტეს არასოდეს უჭამია ჩინური კერძები“…

სინამდვილეში ეს კაცი მხოლოდ საზარელი თაღლითი იყო, ჯორჯ მერი ერქვა და ინგლისური გაზეთის კორესპონდენტად ასაღებდა თავს, ძინხუა მოატყუა, 10 დოლარს გადაგიხდიო და მერე გაეპარა, მაგრამ გოგონას მაინც არ გაუვლია ცუდი გულში. მან თავისი ქრისტე „გამოაქანდაკა“ სულში და ურყევად სწამდა მისი. თუმცა ეს თაღლითი უნებლიე მხსნელად მაინც ექცა ძინხუას. მან თან „წაიღო“ პატარა მეძავის სიფილისი და თავად შეეწირა ამ დაავადებას, ჭკუიდან შეიშალა… გოგონას კი მისი სტუმრობის შემდეგ არ უავადმყოფია. სწორედ ამ ნარატივშია მიმალული მოდერნისტული პროზის იდეა – მეოცე საუკუნის დასაწყისის პერსონაჟისთვის ღმერთი ან მკვდარია (ნიცშეანური ხედვა) ან დეფორმირებული, მახინჯი, ეფემერული.

35 წლის აკუტაგავამ 1927 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. უკურნებელი დეპრესია, ფსიქიკური პრობლემები, რაც სულით ავადმყოფი დედისგან ერგო მემკვიდრეობით, მან ვერ დაძლია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წარმატებული და აღიარებული მწერალი იყო, მტკიცე და კარგი ოჯახიც ჰქონდა და თითქოს სუიციდის მიზეზი არ ჰქონია. მისი მოთხრობების გმირები დეპრესიული, აწეწილი სულის, სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანები არიან. ნანკინელი მეძავი მათგან განსხვავებულია. თუმცა, გადარჩენის მიუხედავად, ძინხუას ყოფას ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ხსნას. ეს მაინც ცოცხლად სიკვდილია, ნელი სიკვდილი.  ელიმ კი ქართველი არისტოკრატის ამაყი პროფილით დაასრულა სიცოცხლე. ნიკო ლორთქიფანიძემ ეს უმშვენიერესი პერსონაჟი ბოლშევიზმის ეპოქაში თავადთა კლასის სიკვდილის სიმბოლოდ დაგვიხატა. მან თავისი უბრწყინვალესი მოთხრობით გადმოსცა მთელი ის კოშმარი, რაც ქართულ არისტოკრატიას ელოდა გავეშებული პროლეტარების ტალღაზე მოსული ბოლშევიკების ხელში.

 

კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა

0

საკლასო ოთახში, რომელშიც გაკვეთილს ვატარებთ, როგორც წესი, დგას მაგიდა და ამიტომ მოსწავლეებს – ადვილად რომ გაიგონ, რაზე ვესაუბრებით – ასეთი ანალოგია  მოვუყვანოთ: მაგიდას ყველა სხვადასხვანაირად აღწერს, გააჩნია, ვინ საიდან შეხედავს მას. რადგან ზევიდან დანახული მაგიდა სხვანაირია, ადამიანი, რომელიც ქვევიდან ან გვერდიდან უყურებს მას, სხვა დეტალებს აღმოაჩენს. ამიტომაცაა, რომ იმისათვის, რომ მაგიდა სრულყოფილად აღვიქვათ, შეძლებისდაგვარად უნდა შევიცვალოთ ხედვის კუთხე – ასე არცერთი დეტალი არ გამოგვრჩება და მაგიდის შესახებაც მეტი გვეცოდინება. ხედვის კუთხის შეცვლის დროს დამკვირვებელი ფორმალურად არ იცვლება, მაგრამ იცვლება მისი აღქმა, შესაბამისად, იცვლება ისიც. ასეა ლიტერატურული ნაწარმოებიც. მის გასაგებად აუცილებელია ხედვის კუთხის შეცვლა. ნაწარმოებს თუკი მხოლოდ ერთი კუთხით წავიკითხავთ, ანუ თუკი მას ისე გავაანალიზებთ, რომ ფოკუსში მხოლოდ ერთი პერსონაჟი მოვახვედროთ, გაგვიჭირდება სრულყოფილი აზრის ჩამოყალიბება. ნაწარმოების უკეთ გასაგებად ხედვა სხვადასხვა დეტალს უნდა მივაპყროთ, ვცვალოთ ხედვის რაკურსი და ფოკუსში ხან ერთი ასპექტი, ხანაც მეორე მოვათავსოთ. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის კითხვის დროს ფოკუსში მოვაქციოთ ჯერ თამაზი, შემდეგ ვასიკო კეჟერაძე და ბოლოს კიმი და ვნახოთ, როგორ შეიცვლება ამის შედეგად მოთხრობის აღქმა.

ფოკუსშია თამაზი

არ მეგულება არცერთი მკითხველი, რომელსაც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ბოლო სიტყვა დაავიწყდეს. უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ნაწარმოების გარჩევის დროს ხშირად გვავიწყდება, რომ მოთხრობის ბოლო სიტყვა მოთხრობის ბოლო ფრაზაცაა და რომ ის დასასრულია არა მარტო მოთხრობის, ასევე ამბის, რომელიც ასე იწყება: „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ხელმძღვანელმა დამიბარა…“ პირველი ფრაზაც და ბოლოც მიემართება პერსონაჟს – ჩვენ ვეცნობით პერსონაჟის ამბავს, რომელიც ამ ორ ფრაზას შორისაა რამდენიმე გვერდზე მოქცეული. არადა, ეს პერსონაჟი არის ამბის მთხრობელიც და ამბის მთავარი აქტორიც. მოთხრობა, მიუხედავად იმისა, რომ მას სათაურად მთხრობელის სახელი არ ჰქვია, ამ პერსონაჟზეა, მის თავგადასავალზე, რომელიც რამდენიმე საათში ჩაეტია, თუმცა ამ რამდენიმე საათმა შეცვალა მთელი მისი ცხოვრება, შეცვალა კი არა, ააყირავა – პერსონაჟი თავს გადამხდარი ერთი ამბის შემდეგ დაუბრუნდა იმ საწყის მდგომარეობას, რომლის შემდეგაც მან ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს. ამიტომაც რამდენიმე გვერდზე მოთხრობილ ამბავს უნდა მოსდევდეს მისი ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება, ეს ახალი ამბავი კი მკითხველის წარმოსახვაზეა დამოკიდებული – გაუბედურებულად წარმოიდგენს მთხრობელს თუ იღბლიანად, გაზრდილად თუ გაღარიბებულად. მოთხრობაში გადმოცემული ამბავი ამ ერთ პერსონაჟზეა და არა იმ პერსონაჟებზე, რომელთა წყალობით/დახმარებით/მიზეზით შეიცვალა გმირი, თუმცა ვერც მათ გარეშე შედგებოდა ამბავი და ვერც მათი ჩართვის გარეშე დაიწერებოდა მოთხრობა. რას გვეუბნება მოთხრობის დასასრული სიტყვა „ჩამოალაბორანტეს“? ერთი შეხედვით, ისე ჩანს, თითქოს პერსონაჟი წაგებულ მდგომარეობაშია, თუკი სიტყვის შინაარსს ვენდობით, მაგრამ თუკი სიტყვის ფორმას დავაკვირდებით, მაშინ მივხვდებით, რომ პერსონაჟი გაზრდილია და მან თავსგადამხდარი ამბიდან იმაზე მეტი გამოიტანა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ასევე თუკი მოთხრობის ბოლოს სიტყვას აღვიქვამთ, როგორც მოთხრობის დასაწყისი სიტყვების შედეგს, მივხვდებით, რომ სინამდვილეში პერსონაჟს შანსი მიეცა, აღმოაჩინოს ახალი „მე“ და დაიწყოს ახალი ცხოვრება. ამ ორი მინიშნებით (დასაწყისი და დასასრული ფრაზით) ირკვევა, რომ მოთხრობის ცენტრალური ამბის გმირი მთხრობელია და მისი ცხოვრების მთავარი ამბავი, რომელმაც მას მისცა შესაძლებლობა, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დაეწყო, ვასიკო კეჟერაძესთან შეხვედრაა. ამ შეხვედრის შემდეგ პერსონაჟი-მთხრობელი გარდაიქმნა და შეიცვალა. თუკი მოთხრობას თამაზის შეცვლის კუთხიდან განვიხილავთ, მაშინ ეს მოთხრობა იმ რიგის ლიტერატურულ ნაწარმოებთა შორის დაიკავებს ადგილს, რომელთაც ბილდუნგსრომანს ვუწოდებთ (მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობასთან გვაქვს საქმე და არა რომანთან).

როგორც მივხვდით, ჩამოლაბორანტება კარიერულ იერარქიაში დაქვეითებაა, მაგრამ მთხრობელისთვის ეს დაქვეითება დასაწყისია. მოთხრობის ერთ-ერთი საკვანძო ფრაზაა „კარგად დაიწყო“. როგორც წესი, ადამიანები კარგად იწყებენ, მაგრამ მთავარი ისაა, როგორ გააგრძელებენ. სამწუხაროდ, უმეტესობა ვერ ახერხებს, რომ კარგად გააგრძელოს და კარგად დაასრულოს დაწყებული, უმეტესობას არც მეორე შანსი ეძლევა. თამაზი კი იღბლიანი აღმოჩნდება. მას შანსი ეძლევა, „ცხოვრებაში ჩამოლაბორანტებულმა“ახლიდან დაიწყოს. თამაზს, თუკი მანამდე არასწორად ეგონა, რომ ცხოვრებაში მთავარი დაწინაურება და სამსახურებრივი წინსვლაა, თუკი მას არასწორი მოდელები ჰყავდა ცხოვრებაში, ახლა, ამ შეხვედრის მერე მაინც უნდა მიხვდეს, რომ ჩარჩოში არ უნდა მოექცეს და წარმოსახვის განვითარებით და ამოძრავებით მეტი შეიცნოს და ცხოვრებაში მანამდე მიუწვდომელი განსხვავებული სიამოვნებებიც დაინახოს.

როდესაც „კარგად დაიწყო“-ზე ვსაუბრობთ, ცუდი არ იქნება, თუკი სოლონის და კროისოსის ამბავსაც გავიხსენებთ. სოლონმა ვერ უწოდა უმდიდრეს და ძლევამოსილ მეფეს ბედნიერი, რადგან მხოლოდ ადამიანის ცხოვრების უკანასკნელ წამს შეგვიძლია შევაფასოთ ადამიანი, რამდენად ბედნიერი იყო ის. ამდენად, სოლონის სიტყვების – „დააკვირდი დასასრულს“ – მიხედვით, დასასრული იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე დასაწყისი. ეს არ ესმოდა არც თამაზს და არც მის ენერგიულ ხელმძღვანელს, სამაგიეროდ, ეს იცოდა ვასიკო კეჟერაძემ, რადგან ისაა კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარს და მისთვის ლიტერატურა წიგნში კი არ რჩება, ის რეალურ ცხოვრებაში ცოცხლდება.

ფოკუსშია ვასიკო კეჟერაძე

ამ წერილის დასაწყისში მსჯელობისას გამიზნულად გამოვიყენე სიტყვები ხედვის კუთხე, ფოკუსი. ორივე სიტყვას მკითხველისთვის უნდა გაეხსენებინა ფოტოგრაფია, ხელობა, რომელიც გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“ ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი პერსონაჟის შემოსავლის წყარო იყო. ამ პერსონაჟის გატაცების მიხედვით ჰქვია მოთხრობას სათაური. ყველაზე უკეთ სწორედ მისი ხასიათი, თვისებები, გემოვნება იკვეთება ნაწარმოებში. ის, და არა სხვა პერსონაჟი, ხიბლავს მკითხველს, ამიტომაც მას (sc. მკითხველს), შესაძლოა, დაავიწყდეს კიდეც ფოკუსის გადატანა მეორე პერსონაჟზე, პერსონაჟზე, რომელიც იმავდროულად ამბის მთხრობელიცაა. რადგან ამ წერილში არ დავივიწყეთ თამაზი, ახლა ჩვენი ხედვა ვასიკო კეჟერაძისკენ მივმართოთ.

ლიტერატურის გაკვეთილებზე მოსწავლეებს პერსონაჟის ცხრილის ან ასოციაციური რუკის შედგენას ვთხოვთ. ამ ცხრილში მთელი ინფორმაცია უნდა მოთავსდეს, რომელიც ნაწარმოებში გვხვდება გმირის შესახებ, იქნება ეს თვისებები, გარეგნული ნიშნები, მეტყველების მახასიათებლები, პროფესია თუ სხვა რამ. რაში გვჭირდება ამგვარი ცხრილების შედგენა? რა თქმა უნდა, არაფერში, თუკი ის არ ამოგვაცნობინებს მწერლის სათქმელს, მწერალი კი სათქმელის გადმოსაცემად მის ხელთ არსებულ ყველა ხერხს მიმართავს და მათ შორისაა გმირის დახასიათებაც, რომელიც ზოგჯერ თავმოყრილია და პირდაპირაა მოცემული ტექსტში, ზოგჯერ კი ის გაფანტულია და მასზე ირიბი მინიშნებები გვაქვს. ცხრილები და რუკები გვეხმარება გამოვკვეთოთ პერსონაჟი და არ გამოგვრჩეს არაფერი. ვასიკო კეჟერაძის, ამ მხატვრული პერსონაჟის პიროვნების ასახსნელად ალბათ მისი პროფესიის გათვალისწინებაცაა საჭირო. ამიტომ ცხრილზე/რუკაზე ხელობა არ უნდა გამოგვრჩეს.

ვასიკო ფოტოგრაფია. რა არის ფოტოგრაფია? ფოტოგრაფია სიზუსტესთან ასოცირდება. ხელოვნების სხვა დარგებისგან განსხვავებით, ფოტოგრაფიას პრეტენზია აქვს სიზუსტეზე.

მხატვარი, თუნდაც ის პორტრეტს, პეიზაჟს ან ნატურმორტს ხატავდეს, ვერაფრით ვერ მიაღწევს სიზუსტეს, რადგან მან ერთი წამით (პირობითად) მაინც უნდა მოწყვიტოს თვალი დასახატ ობიექტს და ის ამ ერთი წამის განმავლობაში კარგავს სიზუსტეს, რადგან მზერას კი არა, თავის მეხსიერებას უნდა დაეყრდნოს. აღარაფერს ვამბობ ფერებზე, ზომაზე და სხვა დეტალებზე, რომლებიც სიზუსტეს უკარგავს ხელოვნების ნიმუშს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ დაკარგული სიზუსტის მიუხედავადაც გვიყვარს ხელოვნება, რადგან ხელოვნების მიზანი სულაც არაა სიზუსტე.

ლიტერატურა სიტყვებით აღწევს შედეგს. სიტყვის თვისება კი ისაა, რომ ის ყველას სხვადასხვანაირად ესმის. დავუბრუნდეთ მაგიდას და წარმოვთქვათ ეს სიტყვა. წარმოთქმისას გონებაში ყველას სხვადასხვანაირი მაგიდა წარმოუდგება, განსხვავებული ფორმით, ზომით, დანიშნულებით, ფერით, მასალით და სხვ. ამიტომაც თითქმის წარმოუდგენელია სიტყვით სიზუსტის მიღწევა.

ფოტოგრაფია აფიქსირებს მომენტს, რომლის შეცვლა, ჩანაცვლება და სხვაგვარი აღქმა თითქმის გამორიცხულია (რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ ეს განაცხადი სადავოა და ამ წერილის ფარგლებში ამაზე ვერ ვისაუბრებ). თუმცა ფოტოზე, თუნდაც პასპორტისთვის განკუთვნილ ფოტოზე, აღბეჭდილია სახე, რომლის უკანაც დგას არაერთი ამბავი. ამ ამბების გამოცნობას წარმოსახვა სჭირდება. კარგი ფოტოგრაფის დამსახურებით, ფოტოზე აღბეჭდილ სახეში ამბავი უნდა დაინახოს მნახველმა ისევე, როგორც მკითხველი იგებს ამბავს ტექსტიდან.

ვასიკო კეჟერაძე, კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარს, კაცი, რომელსაც ესმის, რომ ლიტერატურა ფანტაზიაა, კაცი, რომელიც უნდა ხვდებოდეს, რომ ლიტერატურა წარმოსახვას უვითარებს მკითხველს და რომ ეს წარმოსახვა მკითხველიდან მკითხველში იდენტური ვერაფრით ვერ იქნება, არის ფოტოგრაფი – სიზუსტის მოყვარული. მაგრამ ის ამ სიზუსტეში ეძებს მეტს, რადგან ისიც იცის, რომ აბსოლუტური სიზუსტე არ არსებობს და ხელოვნებით მიღწეული სიზუსტის მიღმა დგას აღმქმელი და მასზეა დამოკიდებული აღსაქმელი ობიექტის შეცნობა. პასპორტის ფოტოც კი, რომელიც ყველაზე უფრო ზუსტი უნდა იყოს და რომელიც შემოქმედებითად ვერ გაზრდის ფოტოგრაფს, ვასიკო კეჟერაძისთვის წარმოსახვის განვითარების საშუალებაა – მას ლიტერატურა გადმოაქვს ხელოვნების ზუსტ დარგში.

ფოკუსშია კლიმი

ვასიკო კეჟერაძეს უნდა ესმოდეს, რომ ფოტოგრაფია სიზუსტეა და ლიტერატურას ვერ მოედავები, როცა მასში რამდენიმე სიმართლეს აღმოაჩენს განსხვავებულად მომზადებული მკითხველი (განსხვავებულად მომზადებაში იგულისხმება მკითხველის განათლება, შეხედულებები, ღირებულებები, კრიტიკული უნარი, სქესი, ეროვნება, აღმსარებლობა და სხვ. ფაქტორები, რომლებიც განაპირობებს მის თვალთახედვას და პოზიციას ლიტერატურული ტექსტის შეცნობის გზაზე). მაშინ უცნაურია, როგორ შეიძლება, ამ ცოდნით აღჭურვილ ადამიანს იმდენად მოსწონდეს კლიმი, რომ მას უნდოდეს, სამყაროში ბევრი კლიმი იყოს?

ვინ არის კლიმი? კლიმი ვასიკოს თანაშემწეა და მას უსიტყვოდ ესმის უფროსის, იმდენად, რომ მისი წარმოსახვაც კი ემთხვევა უფროსის წარმოსახვას. მას ზუსტად შეუძლია გამოიცნოს, ამა თუ იმ ადამიანში რომელი პერსონაჟი დაინახა ვასიკომ. კარგია ეს? შესაძლებელია ეს? ჩემი აზრით, ეს არც კარგია და შეუძლებელიცაა. წარმოუდგენელია, ორი ადამიანის – როგორი ერთნაირი გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეთ მათ – წარმოსახვა ერთმანეთისას დაემთხვეს. მაშ რასთან გვაქვს საქმე კლიმის შემთხვევაში? ხომ არ არის კლიმი ის ადამიანი, რომელმაც სახე დაკარგა უფროსის გვერდით, თუნდაც ისეთი უფროსის გვერდით, როგორიც ვასიკო კეჟერაძეა?

ნუ შეგვაშინებს ამ კუთხით ნაწარმოების წაკითხვა, ნუ შეგვაშინებს, რომ ის ჩვენს საყვარელ პერსონაჟებს მოულოდნელი კუთხით დაგვანახებს. მერე რა, რომ ვასიკო კეჟერაძე თითქმის ყველა მკითხველს მოგვწონს. როგორია ვასიკო კეჟერაძის საოცნებო სამყარო? უამრავი კარცერლუქსი, რომელთაც რომელიმე კლიმი განაგებს. დიახ, რომელიმე კლიმი – დაე, ყოჩაღი, დაე, ნაკითხი, მაგრამ მაინც კლიმი. გვინდა დანარჩენებსაც ასეთი კლიმებით გავსებული სამყარო, რომელშიც ადამიანები იმისთვის კი არ კითხულობენ, რომ საკუთარი აზრი შეექმნათ, არამედ სამყარო, რომელშიც ყველას აზრი და წარმოსახვა უფროსისას წააგავს. ვინაა ამ სამყაროში უფროსი? ვასიკო კეჟერაძე? კლიმისთვის ალბათ უფროსი ვასიკო კეჟერაძეა, მაგრამ ვასიკოს მრავალკლიმიან სამყაროში უფროსი უკვე მწერალია. მაგრამ ვის რად უნდა კლიმებადქცეული მკითხველები? კლიმებადქცეულ მკითხველებსა და პოლიტიკური სასტიკი რეჟიმის მიერ ერთმანეთს დამსგავსებულ ადამიანებს შორის არცთუ ისე დიდი განსხვავებაა – ისინიც და ესენიც ინდივიდუალობას კარგავენ და მათ თავიანთი აზრი არ გააჩნიათ.

ვასიკო კეჟერაძე სოკრატეს წააგავს, რომლის სახელმწიფოშიც რომელიღაც პაწია კლიმი მოდარაჯე ძაღლია, ამ სახელმწიფოს რომ უფრთხილდება. მისი პაწიობა უბრალო გარეგნული მახასიათებელი კი არაა, მისი პაწიობა მისი გაქანების აღმნიშვნელია. კლიმი კლიმად დარჩება, იმ კლიმად, რომელიც ვასიკოს განკარგულებებს შეასრულებს და ისე იქნება უფროსის გავლენის ქვეშ მოქცეული, რომ ვასიკოს წარმოსახვა საკუთარი წარმოსახვა ეგონება. მაგრამ სოკრატე, სანამ ის გუშაგებით დაცულ სახელმწიფოს იდეას შემოგვთავაზებს, გამოქვაბულს აღწერს, რომელშიც პატიმრები ცხოვრობენ. ამ გამოქვაბულში პატიმრებს სხვადასხვა საგნებს უჩვენებენ, პატიმრები კი ამ საგნების ანარეკლს უყურებენ კედელზე. ვასიკო კეჟერაძის სამყარო კარცერლუქსი გამოქვაბულია, რომელშიც მწერლები უჩვენებენ სასურველ სურათ-ხატებს პატიმრებს/მკითხველს. სამწუხაროდ, კლიმისნაირ მკითხველს მწერალი კი არა, ვასიკო უჩვენებს სურათ-ხატებს და ესაა მისი პრობლემა. ის ამ სურათ-ხატების შთაბეჭდილების ქვეშ იმდენადაა  მოქცეული, რომ გათავისუფლება უჭირს. შესაძლოა, ერთეულმა ვასიკოებმა/პატიმრებმა შეძლონ გათავისუფლება, მაგრამ გათავისუფლებული პატიმარი პაწია კლიმი კი არაა, გათავისუფლებული პატიმარი თამაზია, თამაზი, რომელიც ჩამოლაბორანტების შემდეგ ცხოვრების ახალ ფურცელს გადაშლის. გათავისუფლებული პატიმარი რომ კლიმი იყოს, მას ისეთივე ასოციაცია არ გაუჩნდებოდა ადამიანზე შეხედვისას, როგორც ეს მის უფროსს უჩნდება.

დასკვნა

შესაძლოა, არ დამეთანხმოთ გურამ დოჩანაშვილის მოთხრობის წაკითხვისას ფოკუსში მოქცეული პერსონაჟების ასე აღქმაში, მაგრამ მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან ჩემთვის ლიტერატურის აღქმა წინააღმდეგობრივია. ამიტომ კითხვას ასე დავსვამ: ვის გინდათ კლიმებით გადავსებულ სამყაროში ცხოვრება? ვის გინდათ, რომ თქვენ ან თქვენი შვილი, თქვენი ახლობელი რომელიმე კლიმი იყოს? ალბათ ამ წერილის წაკითხვის მერე აღარ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ მე პირადად არ მინდა და სრულიად არ აღმაფრთოვანებს ასეთ სამყაროში ცხოვრება. მირჩევნია, ადამიანებს არ უჭირდეთ ხელმძღვანელებთან კამათი, არ ეთანხმებოდნენ მათ ყველაფერში, მკითხველებსაც არ უჭირდეთ მწერლებთან დაპირისპირება და უხერხული არ იყოს იმის თქმა, რომ რომელიღაც ავტორიტეტული მწერლის აზრი შენთვის მიუღებელია (რა თქმა უნდა, არგუმენტები საჭიროა ამ „დაპირისპირების“ დროს). სხვა რა არის დიადი აზრების ისტორია? ერთი მოაზროვნე მეორეს უპირისპირდება არგუმენტირებულად და ასე ვითარდება აზრი. სამყარო რომ დაპირისპირებაზე არ იყოს აგებული, როგორ განვვითარდებით და როგორ წავიწევთ წინ? რა განსხვავება იქნება ასეთ სამყაროში ვასიკო კეჟერაძესა და ახალგაზრდა ენერგიულ ხელმძღვანელს შორის, რომელმაც კარგად დაიწყო, თუკი ერთს თანაშემწედ კლიმი ჰყავს, მეორეს კი ხელქვეითად თამაზი. რა განსხვავებაა ორ ხელმძღვანელს შორის, თუკი მათ თანაშემწეები და ხელქვეითები სანიმუშო მოდელებად აღიქვამენ? ძველი თამაზი იმიტომ კი არ უნდა იყოს ჩვენთვის მიუღებელი, რომ მას მარკესი არ წაუკითხავს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის  ხელმძღვანელია მოდელი, მის წარმოსახვით კარიერულ კიბეზე ხელმძღვანელობამდე ამაღლებაა ცხოვრების მიზანი. კლიმის მოდელიც მისი ხელმძღვანელია. მას ლამის უსიტყვოდ ესმის ვასიკო კეჟერაძის (ცხადია, ლიტერატურის კითხვა სიტყვით გაგებასთან ერთად უსიტყვოდ გაგების უნარსაც უნდა ავითარებდეს – უსიტყვოდ გაგებაში ქვეტექსტებს და სტრიქონებს შორის აზრის ამოკითხვას ვგულისხობ). მაგრამ კლიმის ნაკლი ისაა, რომ მისი წარმოსახვა ხელმძღვანელის წარმოსახვას იმდენად დამსგავსებია, რომ მას სახე დაუკარგავს. ის პაწია კლიმია, ალბათ დაპატარავებული ვასიკო, უფრო სწორად რომ ვთქვათ, ვასიკოს დაპატარავებით კლიმი მიიღება. ასე რომ, ვასიკო კეჟერაძისგან გამოსული თამაზი, როცა ის წიგნების კითხვას დაიწყებს, თუ მისგან კლიმს მივიღებთ, რამდენად გაამდიდრებს სამყაროს? უკეთესი გახდება სამყარო მორიგი პაწია კლიმის შემატებით? თამაზი მთხრობელია. ის ხვდება, რომ შანსი ეძლევა, იპოვოს ახალი მე და სახე, ერთადერთი და განსაკუთრებული. აი, მე როგორი სამყარო მინდა – წიგნის კითხვამ მე რომ არ დაგვაკარგინოს და მე გვაპოვნინოს. თქვენ? თქვენ როგორი სამყარო გინდათ?

 

ტერმინები, რომელთა მნიშვნელობაც ამ მოთხრობის გარჩევის დროს უნდა მოიძიონ მოსწავლეებმა:

მთხრობელი (ნარატორი) – ზოგჯერ მთხრობელი უდრის ავტორს, ზოგჯერ მთხრობელი უდრის პერსონაჟს, ზოგჯერ სამივე ერთში ერთიანდება, ამიტომ ნაწარმოების გარჩევისას აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ, რომელ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: მთხრობელი=ავტორი; მთხრობელი=პერსონაჟი; მთხრობელი=ავტორი=პერსონაჟი. რატომ არ უნდა გამოგვრჩეს ეს მომენტი ანალიზის დროს? სამწუხაროდ, როცა მთხრობელი პერსონაჟია და ის პირველ პირში ყვება ამბავს, მკითხველს ავიწყდება, რომ საქმე ლიტერატურულ ნაწარმოებთან აქვს და ავტომატურად სვამს ტოლობის ნიშას მთხრობელსა და ავტორს შორის, ეს დაუშვებელია. ასევე მკითხველი, რომელიც იაზრებს, რომ მთხრობელი პერსონაჟია, ერთმანეთისგან გამიჯნავს მთხრობელის პრიზმაში გატარებულ სიმართლეს ფაქტისგან და შეძლებს „მთხრობელის გავლენისგან თავის დაღწევას“ და „ობიექტური ჭეშმარიტების“ დადგენას.

კომპოზიცია  და სტრუქტურა – მოკვლევის შემდეგ მოსწავლემ უნდა იმსჯელოს ლიტერატურული ნაწარმოების აგებულებაზე, მისი შემადგენელი ნაწილების განლაგებასა და ურთიერთშეფარდებაზე. მოსწავლემ უნდა შეძლოს დანახვა, რა კავშირშია ერთმანეთთან ნაწარმოების დასაწყისი და დასასრული, როგორ რეალიზდება მათი დახმარებით ერთ-ერთი ცენტრალური იდეის ხორცშესხმა.

ბილდუნგსრომანი – მიუხედავად იმისა, რომ შესასწავლი ნაწარმოები არაა რომანი და ის მოთხრობაა, ის ბილდუნგრომანის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს და მასში აღწერილია პერსონაჟის ფორმირება, მის მიერ „მე“-ს, საკუთარი თავის პოვნა. ბილდუნგსრომანი ისეთი ნაწარმოებია, რომელიც პერსონაჟის ფორმირებაზეა. ეს პროცესი სხვადასხვა გზითაა შესაძლებელი. ბილდუნგსრომანების შესწავლისას ნიმუშად მოჰყავთ დიკენსის რომანები, სელინჯერის პოპულარული მოთხრობა და სხვ. ბილდუნგსრომანის ქვესახეობებია სათავგადასავლო, აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო, კარიერული ნაწარმოებები – ყველა ის ნაწარმოები, რომელიც იმ ამბავს აღწერს, რამაც ასწავლა ჭკუა, გაზარდა, გარდაქმნა მთავარი გმირი. ჩემი აზრით, კარგი იქნება, თუკი მოსწავლეები ბილდუნგსრომანის შესახებაც მოიძიებენ ინფორმაციას.

კომპლექსური დავალების გააზრებისთვის

0

იმისთვის, რომ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის გააზრება გაგვიადვილდეს, საჭიროა განსხვავებათა აღმოჩენა – რას ვაკეთებდით და როგორ ვაკეთებდით, რა უნდა შევცვალოთ და რა დავტოვოთ ძველიდან. ჩემი დაკვირვება და დასკვნები შესაძლოა საკამათო იყოს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის კრიტიკა, ეს მხოლოდ კრიტიკული აზროვნების შედეგია. ამას ხომ ჩვენს მოაწავლეებსაც ვასწავლით. მასწავლებლისადმი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხომ რეფლექსიურობაა. მეც მუდამ ვაანალიზებ ჩემს მუშაობას: რა გამოგვივიდა კარგად და რა შეიძლება ძველი გამოცდილებიდან გამოვიყენო. მოკლედ, გთავაზობთ ჩემს მოსაზრებას და რამდენიმე დასკვნას.

პირველი ის არის, რომ თუ მასწავლებელი სწავლებისადმი ინტერაქციულ მიდგომას იყენებს, მისთვის უცხო არ უნდა იყოს კონსტრუქტივიზმის პრინციპები, ის ხუთი ძირითადი პარადიგმა, რომლებიც ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაშია მოცემული:

  1. სწავლის სწავლება – ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას (ფუნქციური აქტივობები; მოსწავლისთვის შინაარსიანი კონტექსტების შეთავაზება);
  2. ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება წინარე ცოდნაზე დაფუძნებით;
  3. ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება;
  4. სწავლის სტრატეგიების დაუფლება, ანუ სწავლის სწავლება;
  5. ცოდნის სამივე კატეგორიაზე მუშაობა, ანუ მიღებული ცოდნით სიტუაციური პრობლემების გადაჭრა, რაც მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარაციულს, პროცედურულს და პირობისეულს.

კონსტრუქტივისტული მიდგომები (სწავლის თეორიები, 2008 წ.) ახალი რომ არ არის, ყველა გამოცდაჩაბარებული მასწავლებელი დამეთანხმება. აქ მხოლოდ იმაზე შეიძლება ვისაუბროთ, რამდენად ვიყენებდით საკლასო ოთახში ჩვენს თეორიულ ცოდნას. აუცილებელია ერთი ფაქტორის წინ წამოწევაც. ფაქტორისა, რომელიც ფაქტობრივად „დამკვეთიც“ არის. ეს საზოგადოებაა, სადაც დღემდეა დამკვიდრებული კარგი მასწავლებლის სტერეოტიპი: მკაცრი, მომთხოვნი, შეუვალი გამომეტყველებით, რომელიც კარგად „ასწავლის“ და „სთხოვს“ საგანს.

რაც შეეხება მიზანს და აქტივობებს, ჩემი აზრით, იგივე რჩება, რადგან თუნდაც სხვა სიტყვებით (ნაბიჯი) გამოვხატოთ, მოსწავლის მოქმედება მაინც არ იცვლება. სულაც ნუ გამოვიყენებთ სიტყვებს „გაკვეთილის მიზანი“ – ის ნაბიჯები, რასაც მოსწავლე დგამს, ხომ არის კომპლექსური დავალების შესასრულებლად შესაბამისი მიზანი, თუმცა მოკლევადიანი. აქაც შეიძლება ახალ სტანდარტზე მარტივად გადასვლა. მთავარია, გავითვალისწინოთ კონსტრუქტივისტული სწავლის პრინციპები, როცა მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა.

რას შეეხება ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებს, არც ეს უნდა იყოს ახალი. ისევ სწავლების თეორიებს მოვიშველიებ: ცნებები თავდაპირველად მარტივი ფორმით უნდა ვასწავლოთ ბავშვებს (ისე, რომ მოსწავლეებმა შეძლონ მათი გაგება), ხოლო როცა გაიზრდებიან, იგივე მასალა უფრო რთული ფორმით მივაწოდოთ… აღმოჩენა ინდუქციური აზროვნების ფორმაა: მოსწავლეები კონკრეტული მაგალითების შესწავლის შედეგად ზოგად ცნებებს და პრინციპებს აყალიბებენ (გვ.113). ცნებები – ცნება არის მსგავსი საგნებისა და მოვლენების დაჯგუფება ან ზოგადი ნიშნების ასახვა. ცნებები ლოგიკური აზროვნების ბირთვს წარმოადგენს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აზროვნებას (გვ.114).

რა წერია ახალ ეროვნულ სასწავლო გეგმაში ამ ორ სიახლეზე: ცნებების სახით განსაზღვრულია ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლე საგნის ფარგლებში უნდა დაეუფლოს. ცნებები შედეგებთან ერთად უნდა დამუშავდეს მოსწავლისთვის ნაცნობ კონტექსტებში. ეს კონტექსტები სავალდებულო თემების სახითაა წარმოდგენილი.

მკვიდრი წარმოდგენები – თითოეულ ცნებას ახლავს მკვიდრი წარმოდგენები, რომლებიც შემოსაზღვრავს ცნების მოცულობას და აზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს.

ახლა მოდი, დავფიქრდეთ: რა არის აქ ახალი? ყველა საგანში არსებობს გარკვეული ცნებები, რომელთა სწავლება იყო და არის ჩვენი მიზანი, რაც ცალკეა გამოტანილი და დაკონკრეტებული მკვიდრი წარმოდგენების საშუალებით, რომლებიც შემოსაზღვრავს ცნების მოცულობას და აზუსტებს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს ამ ცნებასთან მიმართებით საფეხურის ბოლოს.

ახალა ყველაზე ახალ ცნებაზე – კომპლექსურ დავალებებზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ეს ცნება მოიაზრება როგორც კომპლექსური/პროექტული დავალებები და გულისხმობს იმგვარ აქტივობებს, რომელთა შესრულება მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულ გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში. კომპლექსური დავალება (მასთან მჭიდროდ დაკავშირებულ სტრუქტურულ ერთეულებთან – საკითხი, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი – ერთად) თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს (ესგ).

ჩემი აზრით, თუ მასწავლებელი მუშაობაში კონსტრუქტივისტულ მიდგომებს იყენებს, თუ აქტივობები აგებულია მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე, რათა შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია, მაშინ თავად პროცესს მივყავართ კომპლექსური დავალებებისკენ. ვეცდები ავხსნა. კონსტრუქტივისტული მიდგომის ყველა პარადიგმის გათვალისწინებით დაგეგმილი აქტივობების გავლის შემდეგ მოსწავლეც და მასწავლებელიც მზად არიან ახალი პროდუქტის შესაქმნელად. დაგროვებული ცოდნა (სამი კატეგორია) მოითხოვს პრაქტიკაში გამოყენებას, რეალობაში გადმოტანას და გაცოცხლებას. „ხარაჩოს“ მეთოდსაც ხომ მივყავართ საბოლოო პროდუქტის შექმნამდე: მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა დაუხმარებლად შესრულებაც გაუჭირდებათ. მასწავლებელი სხვადასხვა ხერხით ეხმარება მათ, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ მოსწავლეები თავად ახერხებენ საქმისთვის თავის გართმევას.

მერწმუნეთ, ამას მოსწავლეც ხვდება. ამის დასტურია ის დავალებები, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში შეუსრულებიათ ჩემს მოსწავლეებს. თუნდაც ევროკავშირის გერბისა და პოსტერის დამზადება (https://mastsavlebeli.ge/?p=17078); გაკვეთილი თემაზე „ქრისტეფორე კოლუმბისა და მისი აღმოჩენების დაკავშირება ევროპულ ღირებულებებთან“ (https://mastsavlebeli.ge/?p=21505), სადაც მოსწავლეებმა ფაქტობრივად რეკლამა შექმნეს ევროპელების დასაინტერესებლად; ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში (შეიმუშავეს განვითარების გეგმა) (https://mastsavlebeli.ge/?p=15209); როლური თამაში გეოგრაფიის გაკვეთილზე – მოცემულია ორი მაგალითი თავისი რესურსებითა და აქტივობებით (ევროკავშირის ბიუჯეტის განხილვა) https://mastsavlebeli.ge/?p=10504. ყველა ამ გაკვეთილზე საჭირო გახდა რესურსების მოძიება და გამოყენება. შესრულებული აქტივობები კი, როგორც ეროვნულ სასწავლო გეგმაში წერია, მოითხოვს სხვადასხვა ცოდნის ინტეგრირებულ გამოყენებას ფუნქციურ კონტექსტებში.

შეიძლება სხვა მაგალითების მოყვანაც, თუმცა მგონი საკმარისია. ამ გაკვეთილებამდე იყო სხვა აქტივობები, რომლებმაც საბოლოო პროდუქტის შექმნის საჭიროებამდე მიგვიყვანა. ამიტომ მიმაჩნია, რომ კომპლექსური დავალებების შესრულება ახალი არ არის. წლების წინ დეფინიცია არ არსებობდა მხოლოდ. ამაში ის მასწავლებლებიც დამეთანხმებიან, რომლებიც სწავლა-სწავლების პრინციპებს ითვალისწინებენ და ინტერაქციულ სწავლებას ანიჭებენ უპირატესობას. ასეთი აქტივობები საინტერესოს ხდიდა გაკვეთილებს, უამრავი საინტერესო რესურსი შეუქმნიათ მოსწავლეებს. თავადაც ყოფილან პროდუქტის შექმნის იდეის ავტორები.

მეტაკოგნიტიური უნარის განვითარება, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო, საშუალებას გვაძლევდა, თავად მოსწავლეებს შეერჩიათ დავალებებისა და პრეზენტაციის (საბოლოო პროდუქტის) ტიპები და ფორმები. ეს დამოკიდებული იყო მათ შემოქმედებითობასა და კრეატიულობაზე.

რაც შეეხება შეფასებას, მოსწავლეებმა იცოდნენ, რომ ტექსტის დამუშავება-გაგებას, რუკაზე მუშაობას მხოლოდ 6-7-8 შეესაბამება, ჩვენ კი უფრო მეტის პრეტენზია გვაქვს. მუშაობის პროცესში არ მიყვარს შეფასებების გაკეთება, საერთოდ არ მიყვარს განმსაზღვრელი შეფასება. ვიცი, ეს საკითხიც საკამათოა და ამის თაობაზე სხვასხვა მოსაზრება არსებობს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ დღევანდელი შეფასება დასჯაზეა ორიენტირებული. „დღევანდელში“ დისტანციურ სწავლებას არ ვგულისხმობ. ახლა ყველაზე მეტად თავისუფალი ვარ, ვიცი, დროებით, მგარამ მე მაინც მომწონს ეს თავისუფლება.

შეფასებამდეც მივედით. თუ წინა თაობის ესგ-ში მასწავლებლებს გვთავაზობდნენ სიტყვიერ ახსნას, რომ ის გაკვეთილის მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს, ახალ ესგ-ში უკვე გაშინაარსებული და და დაკონკრეტებულია. თითოეულ ცნებას და თემას ახლავს შეფასების კრიტერიუმები.

აქ ერთი მოსაზრება-ვარაუდი მინდა გამოვთქვა: შეფასების ინდიკატორები, შინაარსიდან გამომდინარე, მიმდინარე შეფასებებს თითქმის გამორიცხავს. ჩემი აზრით, შეფასებამ, მინიმუმ, კომპლექსურ დავალებებამდე გადაიწია, რადგან იგი (მასთან მჭიდროდ დაკავშირებული სტრუქტურული ერთეულებითურთ – საკითხი, საკვანძო შეკითხვა, შეფასების კრიტერიუმი) თემის ფარგლებში შუალედური მიზნის როლს ასრულებს (ესგ). მთავარი აქცენტი განმავითარბელ შეფასებაზე დაისმის. კომპლექსური დავალება და შემაჯამებელი დავალება საბაზისო საფეხურზე შეგვიძლია ერთმანეთის სინონიმებად ჩავთვალოთ. თემის ფარგლებში მოსწავლე რამდენიმე კომპლექსურ დავალებაზე მუშაობს. მათგან ერთ-ერთს შემაჯამებლის სტატუსი უნდა მიენიჭოს.

ეს – რაც შეეხება წარსულის მაგალითებს. ახალ სასწავლო წელს ახალი ეროვნული სასწავლო გემით დავიწყეთ მხოლოდ მე-7 კლასში. ახლა კი გააზრებულად გამოვიყენე კომპლექსური დავალებები. პირველ სემესტრში პირველი თემა გეოგრაფიაში, მოგეხსენებათ, დედამიწაა. დავიწყეთ თამაში, ხატვა, სხვდასხვა აქტივობები, რომლებიც სახელმძღვანელოშია მოცემული. მზიან ამინდში ეზოში ვატარებდით გაკვეთილებს. ბოლოს კი კომპლექსური დავალება შევასრულეთ. მატრიცის ფორმას ამჟამად არ ვიყენებ, ეს მომავლისთვის გადავდოთ.

მოსწავლეებს უნდა შეექმნათ სკოლის ტერიტორიის ადგილის გეგმა, რომელსაც წერილთან ერთად გაუგზავნიდნენ სხვა ქვეყანაში მცხოვრებ თანატოლს. წერილის შინაარსის მთავარი დებულებები ერთად განვსაზღვრეთ.

დებულებები დაკავშირებული იყო თემატურ მკვიდრ წარმოდგენებთან და მოიცავდა საგნობრივ საკითხებსა და სამიზნე ცნებებს:

  • რუკა დედამიწის ან მისი რომელიმე ნაწილის შემცირებული და განზოგადებული გამოსახულებაა. რუკაზე პირობითი აღნიშვნებით სხვადასხვა ინფორმაცია გამოისახება.
  • პარალელები და მერიდიანები წარმოსახვითი ხაზებია, რომლებიც დედამიწის ამა თუ იმ წერტილის განსაზღვრაში გვეხმარება. ეკვატორი ყველაზე გრძელი პარალელია. ყველა მერიდიანი თანაბარი სიგრძისაა.
  • დღე-ღამისა და სეზონების ცვალებადობას დედამიწის ფორმა, წარმოსახვითი ღერძისა და მზის გარშემო მოძრაობა განაპირობებს.

ადგილის გეგმა ერთობლივად შევადგინეთ. პირველი, რაც გავაკეთეთ, ის იყო, რომ ეზოში აზომვები ჩავატარეთ. მოსწავლეებმა ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის აზიმუტი განსაზღვრეს. ყველა ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობდა. წარმოიდგინეთ, ამ სასწავლო წელს ექვსი მე-7 კლასი მყავდა (რამდენიმე სკოლაში ვმუშაობდი). მთელ დღეს ფაქტობრივად ეზოში ვატარებდი.

ამ პატარა გოგონამ გაცნობისას სასხვათაშორისოდ მითხრა: ბაბუაჩემიც გეოგრაფი იყოო. სიიდან უკვე ვიცოდი, რომ კლასში, არც მეტი, არც ნაკლები, ასლანიკაშვილი მეყოლებოდა… არ ვიცი, პატარა ოჯახურ ტრადიციას გააგრძელებს თუ არა.

 

კლასში დაბრუნებულმა ჯგუფებმა ერთმანეთს აზომვის შედეგები გაუზიარეს. ცდომილება რომ შეგვემცირებინა, აზომვის შედეგების საშუალო არითმეტიკული გამოვთვალეთ. მიღებული მონაცემებითა და ჩანახატებით შეადგინეს ადგილის გეგმა. მერე კი წერილები დაწერეს. ქვეყნები მე გავუნაწილე ისე, რომ ყველა სხვადასხვა სასაათო სარტყელში ყოფილიყო. წერილში დროც უნდა მიეთითებინათ. გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:

„ახლა ჩემს ქვეყანაში 4 საათია და მე გეოგრაფიის გაკვეთილი მაქვს. შენ ალბათ გძინავს, რომ გაიღვიძებ, ჩემი წერილი დაგხვდება“.

„მე შენთვის ადგილის გეგმა გავაკეთე. აი, რა კარგი სკოლა მაქვს. ჩვენთან მალე ზამთარი დაიწყება, შენ, ვიცი, ზაფხულს ელოდები. მეც მიყვარს ზაფხული“.

ერთმა კი მე მომწერა: „მას, რა კარგი შემაჯამებელი იყო, თუ რამე მქონდა გამოტოვებული და გაუგებარი, ყველაფერი გავიგე“.

გამიხარდა. ეს დავალება კარგი კომპლექსურია თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მიზანს რომ მივაღწიე, ყველა საკითხი გავააქტიურეთ და ეს გაკვეთილები არ დაავიწყდებათ, ამაში ეჭვი არ მეპარება.

წარმატებას გისურვებთ, ჩვენ შეგვიძლია, უფრო საინტერესო და სახალისო გავხადოთ სწავლის პროცესი!

დაკარგული ბიჭები  

0

წიგნის კითხვა ტრავმულ გამოცდილებად მექცა. ამ წიგნის – თომას ვულფის მოთხრობების კრებულის. წლების წინანდელი ამბავია. პირველივე მოთხრობამ, „დაკარგულმა ბიჭმა“ ყველა საფიქრალი დამავიწყა, სამყაროს საზღვრები წუთებში წაშალა, გამომაცარიელა და ყოველგვარი მიმზიდველობა დაუკარგა სიცოცხლეს, რომელსაც თორმეტი წლის ჭკვიან ბიჭს ვერ გავუყოფდი.

რა წიგნზე აღარ მიტირია, მაგრამ ასეთი განადგურებული, დიდ სიბნელეს ამდენ ხანს მიჩერებული არასდროს ვყოფილვარ. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ  ავტობიოგრაფიულ ტექსტს ვკითხულობდი და თომას ვულფი თავის ძმაზე წერდა, თანატოლებისგან გამორჩეულზე, უცნაურად დაბრძენებულზე. აი, ხომ არის ხოლმე – თან ბიჭია, მოჭუტული თვალებით შეჰყურებს ვიტრინაში გამოფენილ ნამცხვრებს, ტკბილეულს და თან ისეთს გეტყვის, გულს გაგიჩერებს, პასუხის ძებნაში საათებს გაგატარებინებს.

გროვერი – ასე ჰქვია მთავარ გმირს – მოთხრობის დასაწყისში მხოლოდ თერთმეტ-ნახევარი წლისაა. „პატარა ბიჭი იყო, შავთვალება, დინჯი. ყელზე ხალი მოუჩანდა – რბილი, ყავისფერი. ასაკთან შედარებით მშვიდი სახე ჰქონდა, თვინიერი. შემოცვეთილი ბიჭური ფეხსაცმელები, მუხლებზე რეზინებშემოჭერილი სქელი წინდები, მოკლე სადა შარვალი, რომელსაც ცალ მხარეს არაფრის მაქნისი სამი პატარა ღილი ეკერა, მეზღვაურის ხალათი, შავ თმებზე ძველი დაჭმუჭნილი ქუდი და მხარზე გადაგდებული გაცრეცილი, ჭუჭყიანი ტილოს ჩანთა – აი, ასეთი გახლდათ გროვერი“ (ქართული თარგმანიდან ამოვწერე, რომელიც – დასანანია – ვერაფრით უახლოვდება ორიგინალის სიმაღლეს).

1904 წელია. ბიჭი მოედანზე გამოდის, მიიხედ-მოიხედავს, მიმართულებას ირჩევს და მისი თვალი აწმყოსა და მარადისობას ერთდროულად სწვდება. ასეთი ადამიანია – თითქოს ერთი ცხოვრება უკვე იცხოვრა და ამიტომ პოულობს სხვებზე მარტივად გამოსავალს, ამიტომ არ ღალატობს ინტუიცია, როცა შესაძლო ქმედებებს შორის ყველაზე სწორის ამორჩევას ცდილობს. შეუძლია ყველა სურვილი დაივიწყოს და სხვის სახეზე კმაყოფილების ღიმილის დასანახად მთელი დღე იშრომოს. არის საქმეები, უფროსებზე უკეთესად რომ გამოსდის და მათ შესრულებაზე უარს არასდროს ამბობს. თითქოს გული უგრძნობს, რომ ბოროტება ახლოსაა, რომ საყვარელი ადამიანების გახარების შესაძლებლობა დიდხანს არ ექნება.

გასაოგნებელი ენით, ბრწყინვალე სტილით დაწერილ ამ მოთხრობას სხვადასხვა მთხრობელი ჰყავს. ოცდაათი წლის შემდეგ დედა, და და ძმა იხსენებენ გროვერს, რომელიც ტიფმა მოულოდნელად იმსხვერპლა. ტკივილი გაუნელებელია, სიკვდილის აბსურდულობა კი ისეთ რამედ რჩება, რასთან შეგუებაც, რისი ბოლომდე მიღებაც მათ არ შეუძლიათ. მარადიულად ის დღე დგას, როცა ერთიანად გადაფითრებული ბიჭი ხელიდან გამოეცალათ. წლები გადის და მისი გადარჩენის გზებს მაინც ეძებენ – თითქოს თავიდან მოყოლილ ამბავში რამე შეიცვლებოდეს, თითქოს ენას სადღაც სხვაგან დაშვებული შეცდომის გამოსწორება შეეძლოს.

დედა: „ბევრნი დაგზარდეთ. იქნებ ჩემთვის უხერხულია ამის თქმა, თქვენგან არც ერთი არ გამოსულა ურიგო. მაგრამ გროვერი სულ სხვა იყო! […] იმედი მაქვს, როგორც იტყვიან ხოლმე, უკვე ღირსეული, ჩამოყალიბებული პიროვნებები ხართ. ეჭვი არ მეპარება, შესაფერისი ჭკუაცა გაქვთ და განსჯის უნარიც… მაგრამ გროვერი! იმას ეგ ყველაფერი იმთავითვე ჰქონდა!“

და: „წარსულში რომ ვიხედები, ზოგჯერ კიდეც მეჩვენება, ჩვენ ყველანი გროვერმა დაგვზარდა. სულ ჩვენს მოვლა-პატრონობაში იყო, სულ გვარიგებდა, როგორ მოვქცეულიყავით. ხან ნაყინს მოგვიტანდა, ხან – კანფეტებს. სამუშაოზე რას იღებდა? მცირე გროშებს და იმასაც ჩვენ გვახარჯავდა“.

თომას ვულფის ამ მოთხრობას თორმეტი-ცამეტი წლის მოსწავლეებს წავაკითხებდი და ვეტყოდი, რომ ასეთია ბრწყინვალედ დაწერილი ავტობიოგრაფიული ტექსტი, რომ დიდი ტკივილი შეიძლება მომნუსხველი ფერისა და ფორმის ყვავილებად გაიშალოს, რომ თავს გადამხდარზე, დიახ, უნდა ვწეროთ, მაგრამ ამოცანის ბოლომდე გაცნობიერებით, ენის შესაძლებლობების ცოდნით, გამოყენებით.

ორი დღის წინ კი, როცა ამ წერილის დასაწერად თომას ვულფის მოთხრობების გადაკითხვა გადავწყვიტე, მივხვდი, რომ შიშის რომელიღაც ნაირსახეობა უნდა გადამელახა – მარტივი არ იქნებოდა თვალის გასწორება „დაკარგული ბიჭის“ დასაწყისისთვის, მერე საუკუნისწინანდელ ამერიკაში იმ გზის ხელახლა გავლა, რომლის ბოლომდე ტირილით მისულმაც ძლივს მოვახერხე ჩემს დროში, ჩემს თავთან დაბრუნება. მთელი წიგნი ახლა უფრო სწრაფად წავიკითხე და ალბათ უფრო დაკვირვებითაც, რადგან დაკარგულ ბიჭს სხვა მოთხრობებშიც მივაგენი. ისე ჰგავდა, სხვა ვერაფრით იქნებოდა. მუქი თმა, მუქი თვალები ჰქონდა და ისე გიყურებდა, მისი ასაკის არც ერთი სხვა ბიჭი რომ არ შემოგხედავდა.

ცოტა ხანს ვიფიქრე და მწერლის ფოტოები მოვძებნე. კიდევ ერთი დაკარგულის.

საზაფხულო არდადეგები დისტანციური სწავლების შემდეგ

0

დადგა ყველა ბავშვისთვის საოცნებო და სანატრელი პერიოდი, დაიწყო საზაფხულო არდადეგები. ნებისმიერი მოსწავლე საზაფხულო არდადეგებს ადრეც მოუთმენლად ელოდა, მაგრამ მიმდინარე წელს, განსაკუთრებით ბოლო სამი თვის განმავლობაში სასწავლო პროცესის მეტად უჩვეულო და აქამდე ბევრისთვის  უცხო ფორმით  მიმდინარეობის  გამო,  საზაფხულო არდადეგები კიდევ უფრო სასურველი და სანატრელი გახდა ონლაინსწავლებით გადაღლილი ბავშვებისთვის. ნებისმიერი ასაკის ადამიანს და მითუმეტეს სკოლის მოსწავლეს, ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში დატვირთული და დამღლელი საქმიანობის შემდეგ, აუცილებლად ესაჭიროება დასვენება. სწორედ ამისთვის არსებობს სასკოლო არდადეგები წელიწადის სხვადასხვა დროს – შემოდგომით, ზამთარში, გაზაფხულზე და ზაფხულში. უნდა ითქვას, რომ მართალია, დასვენების დღეები ბავშვს ყოველთვის, წელიწადის ნებისმიერ დროს ახარებს, მაგრამ საზაფხულო არდადეგები მისთვის მაინც განსაკუთრებით გამორჩეული და სასურველია. უპირველეს ყოვლისა, ალბათ იმიტომ, რომ ის ყველაზე ხანგრძლივია; გარდა ამისა, აღნიშნული პერიოდის თავისებურებებიდან გამომდინარე, შესანიშნავი ამინდების წყალობით ბუნებაში ყოფნის, საინტერესო ლაშქრობების მოწყობის, ღია ცის ქვეშ თამაშის და გართობის მეტი შესაძლებლობა ეძლევა.  ამასთან,   ამ პერიოდში  მას მეტი  საშუალება აქვს შეხვდეს ძველ ნაცნობ-მეგობრებს, შეიძინოს ახალი მეგობრები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საზაფხულო არდადეგების დროს გვაქვს ძალინ კარგი შესაძლებლობა ბავშვის ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშესაწყობად, რისი დეფიციტიც აშკარად შეიქმნა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ბავშვის სახლში გამოკეტვის და დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადასვლის გამო.  თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნული მხოლოდ შესაძლებლობებია და იქცევა თუ არა ის რეალობად, ეს ბევრად იქნება დამოკიდებული ოჯახსა და მშობლებზე, იმ ადამიანებზე, რომელთა გვერდითაც მოუწევს ბავშვს საზაფხულო არდადეგების გატარება. მაინც, რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა იმისათვის, რომ ბავშვმა ნაყოფიერად, ეფექტიანად გაატაროს საზაფხულო არდადეგები და მაღალი მოტივაციით და ენერგიით სავსე დაუბრუნდეს სასწავლო პროცესს:

  • უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი საქმიანობა, რომლითაც დაკავებულია ბავშვი, განურჩევლად იმისა სასწავლო პროცესშია ის ამ დროს ჩართული, თუ საზაფხულო არდადეგებით ტკბება, მისი განვითარებისკენ უნდა იყოს მიმართული. ამ შემთხვევაში  საუბარია ბავშვის არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებაზეც. აღნიშნული მიმართულებებით ბავშვის განვითარებაზე ზრუნვა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ განვითარება, ნებისმიერი მიმართულებით უწყვეტად უნდა მიმდინარეობდეს. განვითარებაში არდადეგები და დასვენების დღეები არ არსებობს. ონლაინსწავლების ყველაზე დიდი დამსახურება სწორედ უწყვეტობის შენარჩუნებაა ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაში. სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყვით სხვა მიმართულებებით ბავშვის განვითარებაზე. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, აუცილებლობიდან გამომდინარე, თითქმის მთელი დღე კომპიუტერის წინ ჯდომამ და ფაქტიურად უმოძრაო ცხოვრებამ სერიოზულად დააზარალა ბავშვის ფიზიკური განვითარება. სახლში გამოკეტვამ, ურთიერთობის დეფიციტმა და, უპირველეს ყოვლისა, თანატოლებთან ცოცხალი ურთიერთობის მოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობამ უარყოფითად იმოქმედა ბავშვის, როგორც სოციალურ, ასევე ემოციურ განვითარებაზე. შეგვიძლია საზაფხულო არდადეგები ძალიან კარგად გამოვიყენოთ აღნიშნული მიმართულებებით ბავშვის განვითარებაში დაფიქსირებული სირთულეების  დასაძლევად. ამის გაკეთება ადვილად შეიძლება სხვადასხვა სახის სპორტული და გასართობი თამაშების ორგანიზებით, ლაშქრობების, ექსკურსიების მოწყობით, თანატოლებთან შეხვედრების და მათთან ურთიერთობის ხელშეწყობით;
  • გამოვიყენოთ საზაფხულო არდადეგები კომპიუტერულ ტექნიკაზე მიჯაჭვულობისაგან ბავშვის გასანთავისუფლებლად, თუნდაც სასწავლო პროცესის განახლებამდე მაინც. ონლაინსწავლებამ კიდევ უფრო გააძლიერა დისტანციურ სწავლებამდეც დაფიქსირებული მოზარდთა უზომო დამოკიდებულება კომპიუტერზე. სამწუხაროდ,  სწავლების ახალ ფორმაზე გადასვლის შემდეგაც მოზარდებმა უარი ვერ თქვეს მათთვის  ესოდენ საყვარელ კომპიუტერულ თამაშებზე. ამასთან ერთად, მონატრებულ თანაკლასელებთან ურთიერთობას გაკვეთილების შემდეგ, ონლაინ რეჟიმში, ისინი ასევე კომპიუტერის დახმარებით ცდილობდნენ. ყოველივე აღნიშნულმა საბოლოო ჯამში ისე გაზარდა მოზარდის კომპიუტერულ ტექნიკასთან გატარებული დროის ხანგრძლივობა, რომ ის მეცნიერულად დადგენილ ყველანაირ ნორმებს ცილდება, რაც ბუნებრივია უარყოფით ასახვას ჰპოვებს მის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებაში. მოსალოდნელი სირთულეების თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია საზაფხულო არდადეგების აქტიურად გამოყენება. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი ბავშვისთვის ყველაზე მიმზიდველი და სასურველი მშობლებთან და ოჯახის წევრებთან დროის გატარებაა. ამდენად, თუ ჩვენ გამოვნახავთ დროს, სწორად დავგეგმავთ და კარგ ორგანიზებას გავუკეთებთ ბავშთან ერთად განსახორციელებელ ამა თუ იმ აქტივობას (სხვადასხვა სახის თამაშები, საუბრები, წიგნის ერთად კითხვა და ა.შ.), მას კომპიუტერი შეიძლება აღარც კი გაახსენდეს. მაგრამ, თუ შვილი მშობელს მუდმივად კომპიუტერის წინ ან სმარტფონით ხელში ხედავს, ადვილი და ამასთან სამართლიანი არ იქნება მშობლის მხრიდან ბავშვისთვისთვის მოთხოვნის წაყენება უარი თქვას კომპიუტერზე და სხვა საქმით დაკავდეს;
  • ნუ ვაქცევთ საზაფხულო არდადეგეგბს ბავშვისთვის სასწავლო პროცესის ერთგვარ გაგრძელებად. ბევრი პედაგოგი წლის ბოლოს თადარიგს იჭერს და იმ მოტივით, რომ მისი ნასწავლი არ დაივიწყონ მოსწავლეებმა, ზაფხულის პერიოდში საკმაოდ დიდი მოცულობის დავალებებით ტვირთავს მათ, მითუმეტეს, თუ მშობლებიც აქტიურობენ ამ მხრივ და თავადვე მოითხოვენ მასწავლებლისგან, რომ დავალებების გარეშე არ გაუშვას ბავშვი არდადეგებზე. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გონება ყველა იმ ინფორმაციას, რასაც ჩვენ გადავცემთ, ვერ დაიტევს და ყველაფრის დამახსოვრება არც არის საჭირო. სკოლაში სწავლების მთავარი მიზანი სწავლის სწავლა და ბავშვის განვითარების ხელშეწყობა უნდა იყოს და არა უსაზღვრო მოცულობის ინფორმაციით მისი გონების ამოვსება. ასე, რომ უმჯობესია ბავშვმა იცოდეს ნაკლები, მაგრამ შეეძლოს ამ ცოდნის გამოყენება, ჰქონდეს დამოუკიდებლად სწავლის უნარი, რომ საჭირო შემთხვევაში შეძლოს ამა თუ იმ სახის ინფორმაციის მოძიება, გამოყენება და პრობლემისთვის თავის გართმევა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, ნაცვლად იმისა, რომ ბავშვს მაგ. უცხო ენაში წლის განმავლობაში ნასწავლი სიტყვებით სავსე რვეული მივცეთ და მოვთხოვოთ ყველაფერი გაიმეოროს და შემდეგ ჩაგვაბაროს, ვეთამაშოთ მას ისეთი თამაში, სადაც ის ადგილობრივი მკვიდრი იქნება, ჩვენ ტურისტი, გავმართოთ ისეთი დიალოგი ჩვენ შორის, რომ მას დასჭირდეს ნასწავლი უცხო სიტყვების და ფრაზების გამოყენება. ამ გზით ის მიღებული ცოდნის გახსენებას, გამოყენებას და დამახსოვრებას ბევრად უფრო ადვილად და ხალისით შეძლებს. ბავშვთან ურთიერთობის აღნიშნული ფორმა შეიძლება ნებისმიერ საგანში  ნასწავლი მასალის გასახსენებლად და განსამტკიცებლად გამოვიყენოთ. მაგ. არ იქნება გამართლებული მოვითხოვოთ ბავშვისგან აიღოს ისტორიის ან გეოგრაფიის სახელმძღვანელო და გაიმეოროს ყველაფერი, რაც წლის განმავლობაში ისწავლა, იმ დროს, როცა ის საქართველოს რომელიმე ლამაზ კუთხეში ისვენებს და შეუძლია ადგილობრივ მაცხოვრებლებთან საუბრით ბევრი რამ გაიგოს ამ კუთხის ისტორიის და მისი გეოგრაფიული მდებარეობის შესახებ. ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსწავლეები წლევანდელი საზაფხულო არდადეგების გატარებას, ცნობილი მიზეზების გამო, მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე, მის სხვადასხვა კუთხეში შეძლებენ. ეს მათ ძალიან კარგ შესაძლებლობას აძლევს, რომ უკეთესად გაიცნონ საკუთარი ქვეყნის ცალკეული კუთხეები, მისი ისტორია, გეოგრაფია, ადგილობრივი მოსახლეობა, მათი ტრადიციები. სკოლაში დაბრუნებულები კი თანატოლებს გაუზიარებენ მიღებულ ცოდნას და შთაბეჭდილებებს, რაც მოზარდი თაობისთვის საქართველოს, საკუთარი ქვეყნის უკეთესად გაცნობის კარგი საშუალება იქნება. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მყოფი ბავშვის საუბრები ადგილობრივ მოსახლეობასთან, ამ კუთხის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად, ხელს შეუწყობს მოზარდში საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების, საუბრის ეფექტიანად წარმართვის, შეკითხვების სწორად შერჩევის, ფორმულირების, გამოყენების უნარის განვითარებას. აღნიშნული უნარები მას მომავალში სასწავლო პროცესში საკმაოდ გამოადგება და მისთვის შეიძლება ის სასწავლო წარმატებების წინაპირობაც გახდეს;
  • საზაფხულო არდადეგები ძალიან კარგი პერიოდია მხატვრული ლიტერატურის საკითხავად. არსებობს მცდარი აზრი, რომ მშობელმა ბავშვს მანამდე უნდა უკითხოს წიგნები, სანამ ის კითხვას ისწავლის; მას შემდეგ კი, რაც კითხვას დაეუფლება, უკვე თავად, დამოუკიდებლად უნდა იკითხოს. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის მშობელთან ერთად კითხვა უდიდესი სიამოვნების მიმნიჭებელია და ნუ მოვაკლებთ მას ამ სიამოვნებას. მშობლების გვერდით ყოფნა კითხვის პროცესში განსაკუთრებით ისეთ ბავშვებს სჭირდებათ, რომელთაც კითხვის უნარ-ჩვევები ჯერ კარგად არა აქვთ განვითარებული და უჭირთ როგორც კითხვა, ასევე წაკითხულის გააზრება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ბავშვებს არ უყვართ იმ საქმის კეთება, რაც კარგად არ გამოსდით და პრობლემების შემქმნელი ხდება მათთვის. სწორედ ამ დროს არის საჭირო უფროსის ჩართვა და ბავშვის დახმარება. თუ ვიცით, რომ ბავშვი, მისი ასაკიდან გამომდინარე, უკვე კარგად უნდა კითხულობდეს, მაგრამ კითხვის ტექნიკა სათანადოდ არა აქვს განვითარებული და უჭირს კითხვა, ნაცვლად იმისა, რომ სკოლის სახელმძღვანელო დავუდოთ წინ და ვაკითხოთ ის ტექსტები, რომლებიც მრავალჯერ აქვს მოსმენილი და მისთვის საინტერესო ნამდვლად აღარ არის, შევარჩიოთ ბავშვის ასაკის შესაფერისი წიგნი ფერადი ნახატებით, სადაც თითოეულ გვერდზე ნახატთან ერთად მცირე მოცულობის ტექსტი იქნება წარმოდგენილი, მივუჯდეთ ბავშვს გვერდით, დავიწყოთ კითხვა, მოგვიანებით რომელომე საინტერესო ადგილას გავჩერდეთ და ვთხოვოთ, რომ მან გააგრძელოს კითხვა; შემდეგ კი ვისაუბროთ წაკითხულის შესახებ, ან მოვახდინოთ წაკითხულის ინსცენირება. გავითვალისწინოთ, რომ საოჯახო თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობა ბავშვისთვის ყველაზე საყვარელ საქმიანობას წარმოადგენს. ამგვარად გატარებული დრო საზაფხულო არდადეგებს უფრო მეტ მომხიბვლელობას და მიმზიდველობას ანიჭებს.

რასაკვირველია, თითოეული ზემოაღწერილი აქტივობის განხორციელება მშობლის მხრიდან საჭიროებს დროს, სურვილს, მისი საჭიროების, აუცილებლობის დანახვის, გააზრების და გაცნობიერების უნარს. გავითვალისწინოთ, რომ საზაფხულო არდადეგების პერიოდში ბავშვთან აღნიშნული სახის ურთიერთობებით და საქმიანობით ჩვენ მისი შემდგომი, როგორც ინტელექტუალური, ისე ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარების ხელშემწყობი ვხდებით, ვუმუშავებთ ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მას სასკოლო სწავლების პროცესში გამოადგება და მისი სასწავლო წარმატებების წინაპირობა გახდება.

 

 

 

თამაშას ლაგუჯი

0

ხო, ის არის, ღუმელთან ჩამომჯდარი. იღიმის კიდეც, ჩვენკენაც გამოიხედება. ნეტა რატომ მოვიდა? რაღაც ხრინწი გაერევა ხმაში. ალბათ ამათ დაიბარეს, გვპირდებოდნენ და შეუსრულებიათ. ასეთი მაინც რა დავაშავეთ? თუ ჭკვიანად არ იქნებით, დროზე თუ არ დაიძინებთ, თამაშა მოვა და თავის ლაგუჯსაც მოიტანსო. ღმეეერთო, რა იყო, წუთში გვეხუჭებოდა თვალები! კაი ახლა, თამაშამ რა უნდა გვიყოს, თავისთვის დაფრატუნობს ქუჩაში, ჩემი თვალით ვნახე, ბაბუას რომ ყანისკენ გავყვევიო, – ჩემი ძმა ამბობდა, მაგრამ მერე მასაც უჭირდა შიშის დამალვა. და ლაგუჯი? აი, მაგ ტომარაა თუ ხურჯინია თუ ლაგუჯი, მაგაში ისვამს თურმე ბავშვებს, ურჩ ბავშვებს, მიჰყავს ძველი ჯუმისკენ, იქ ჩამოსვამს ნაპირზე და მიაგდებს უპატრონოდო. გინდ დაიჯერე და გინდ არა! ჯერ სული შეგეხუთება, სიბნელეა იმ ლაგუჯში, თვალებს აცეცებ, დაყვირებას ცდილობ, მაგრამ თამაშა დაგიცაცხანებს, – ჩაიგდე ხმა და კრინტი არ დაძრა, სი ჩიჩიე ბაღანა, თორემ ქვიან დაღმართზე დაგაგორებო. დამზაფრავი ხმა აქვს, ტანში გაგცრის, გულზე გეჭიდება. რა დავაშავეთ, იმასაც რომ ვერ ვიხსენებ? ეზოში რომ გვიანობამდე ბურთს ვაგორებდით და ციალას ბოსტანშიც ერთი-ორჯერ გადაგვივარდა, ეგ ამათ არ უნახავთ და ალბათ არც ციალა იტყოდა რამეს. წისქვილში რომ გვთხოვეს სიმინდის წაღება, ურიკაზე შემოვაგდეთ ტომარა და შუკასაც სვენებ-სვენებით ჩავუყევით. არც ზედმეტი გვირბენია და არც რამე. აწი გვიანია, აგერაა თამაშა და ეს რომ გვცოდნოდა, მაგის მოსვლამდე მივიყურშებოდით სადმე, მაგრამ გულთმისანია, სკვაზნოი ხედავსო, ვიღაც ამბობდა, ვერ დაემალები მაგის თვალსო. ღორონთუმე, რა გახდა მართლა და მართლა, მკვდარ-ცოცხალს იგინებიან ეს სოფლის ბიჭები, ისე, ვითომც არაფერი და აქ კიდე, ზედმეტად თუ გაოფლიანდი, ხუთი-ექვსი წლის ბავშვს თამაშას ლაგუჯში გიკრავენ თავს. ბებია-ბაბუაც ასეთი უნდა, მაგრამ სულ დედაჩემის მოფიქრებულია ეს ამბავი, და ისიც ვიცი, როდიდან და რის გამო. არც ჩვენ ვართ რძეში დაბანილები და მამა აბრამის ბატკნები, მაგრამ ამ თამაშასთვის მისაჩუქებლები თუ გავხდებოდით, არ მეგონა. ილაპარაკე და იყავი! აგერ, ისე იყურება, თითქოს ჯიბეში ვუზივართ ორივე. ჩემს ძმას გავხედავ, თვალებდაყვლეფილია, წკაპ და ატირდება. ნეტა ამდენ ხანს რაზე ლაპარაკობენ? რით ვერ მოილიეს სოფლის მიდი-მოდი და ზაფხული, ტრაქტორი, ბარგუა, მაჟირუა, სასუქი, წისქვილი, კანტორა, ყანა, უჩასკა, ფერმა, ონგარუ, მკლავის გახსნა, გათხოვება, ცოლის მოყვანა, პერტობა და მარაშნა… იმის კამეჩი, ამის ქაბლა, იმის ქათამი და კოკუჩი, კვერცხი, ხორცი, სულგუნი და კაზლა ყველი, სიმინდის ფქვილი და წაქა… ეს გამოხეული ნასკები როდის ჩავიცვი! სადღაც ხრამში გადასაგდებად მივყავარ თამაშას და ნასკი მაინც ჩამეცვა წესიერი! რა სირცხვილია, იქ რომ გიპოვიან ღორებისა და ფრინველებისგან დაჯიჯგნილს… არა, მე კი ამ ყველაფერს ზემოდან გადმოვხედავ, ცაში ვიქნები თბილად, ჩემთვის, მაგრამ ამ თამაშას რა სინდისი მოასვენებს, ესენი როგორ აპატიებენ საკუთარ თავს და ახიც იქნება, რომ ბევრი ტირილი მოუწიოთ ამის გამო. ყველა გაამტყუნებს. იქნება მისამძიმრება, თმების გაშლა, მღვდლების და ექიმების მოყვანა წამდაუწუმ, სასწრაფოს გამოძახება… ვაი, წამოდგა, კაბა გაისწორა, იმათ ელაპარაკება, ჩვენკენაც გამოაპარებს თვალს, ხელში ტომსიკა ჩაუბღუჯავს, ამაში როგორ უნდა ჩავეტიოთ – ალბათ ცალ-ცალკე: ჯერ მე წამიყვანს, მერე ჩემს ძმას, მე ხომ უფროსი ვარ. მე რომ დამტოვებს, მობრუნდება და ჩემს ძმასაც წაიყვანს. რა პაწაწუნა ჩანს ტომსიკა, ალბათ ღრმა ძირი ექნება, შავი კია! ჩვენკენ მოდის, არა, უფრო ჩემკენ, ხო, ალბათ ჯერ მე ამომარჩია, მიახლოვდება, მისი სუნთქვა მესმის, ჯანდაბა, არ უნდა შევიმჩნიო, თავზე ხელს მისვამს, მეფერება, ჩემს მარჯვენა ხელს იღებს და მუჭაში კანფეტებს მიყრის…

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...