პარასკევი, მაისი 23, 2025
23 მაისი, პარასკევი, 2025

[ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი – იარლიყს მიღმა

0

ზარმაცი ვარ. ზოგჯერ ეს წინადადება არა მხოლოდ მოსწავლის დახასიათება, არამედ – ირგვლივმყოფებსა და მოსწავლეს შორის არსებული შეთანხმებაა, რომელიც დამატებით ნაგულისხმევ მნიშვნელობებს მოიცავს. მაგალითად:

  • [ზარმაცი ვარ], შესაბამისად, სწავლის სურვილი არ მაქვს.
  • [ზარმაცი ვარ], შესაბამისად, წარუმატებელი ვარ.
  • [ზარმაცი ვარ], შესაბამისად, ნურაფერს ელით ჩემგან: ნურც მიღწევებს, ნურც მიღწეულის გაუმჯობესებას.

* * *

ხშირად, სიზარმაცეს იმ მოსწავლეებს მიაწერენ, რომელთა ქცევებიც სწავლის სურვილის ნაკლებობად ფასდება. რატომ არ შეასრულა დავალება ამჯერად მაინც? სავარაუდოდ, იმიტომ, რომ სწავლის სურვილი არ აქვს. ანუ, ზარმაცია.

დროთა მანძილზე, მოსწავლე იწყებს ამ შეფასებით სარგებლობას.

როგორ შეუძლია, მოსწავლეს გამოიყენოს ეს შეფასება თავის სასარგებლოდ?

როდესაც ამ საკითხებში გათვითცნობიერებისთვის მცირე დრო მაქვს ან, უბრალოდ, არ ვიცი, როგორ გადავჭრა ის ამოცანები, რომლებიც ჩემ წინაშეა, გაუცნობიერებლად ზარმაცის იარლიყს მივმართავ დასახმარებლად. რატომ?

დადგენილია, რომ ადამიანები უჩვეულოდ იქცევიან მნიშვნელოვან გასაუბრებამდე ან გამოცდამდე ერთი დღით ადრე. შესაძლოა, მათ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლური სასმელი მიიღონ ან გვიანობამდე შემორჩნენ მეგობრებთან ერთად რომელიმე ბარში, სადაც გამოფიტვამდე ცეკვავენ. კითხვაზე, თუ რატომ შეიძლება ასე მოიქცე მნიშვნელოვან მოვლენამდე ერთი დღით ადრე, ერთ – ერთი მამოძრავებელი ასე ჟღერს: თუ მე წარუმატებლად ჩავაბარებ გამოცდას ან გასაუბრებაზე ჩემს მონაცემებს დაიწუნებენ, მე შევძლებ, ეს არა ჩემი უუნარობით, არამედ ჩემი მდგომარეობით ავხსნა. ამიტომ, გაუცნობიერებლად, წინასწარ ვქმნი ჩემი ქცევის ისეთ ახსნას, რომელიც უუნარობის განცდას განმარიდებს: დამიცავს ამ განცდისგან. ნაბახუსევი ვიყავი, ამიტომ, ვერ ვაზროვნებდი, უუნარო კი არ ვარ. ცეკვამ გამომფიტა, ალბათ, ისე შთამბეჭდავად ვერ ვმეტყველებდი, უუნარო კი არ ვარ.

ასევე მოქმედებს ადამიანებზე იარლიყი – [ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი.

ხშირად, ფორმულირება − [ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი − ადამიანებს აფიქრებს იმაზე, რომ მათ უნარიანობაში ეჭვი არავის ეპარება. ეჭვი ეპარებათ იმაში, უნდა თუ არა ადამიანს სწავლა. შესაბამისად, უუნარობის განცდისგან უცნაურად, მაგრამ, ამჯერადაც, დაცული ვართ.

თუმცა, ეს მანამ, სანამ იარლიყი – [ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი – არ გამოიწვევს ჩემი უნარიანობის განცდის სრულ ამოწურვას, რადგან უნარიანობის განცდას ისევე სჭირდება ზრუნვა, როგორც პასუხისმგებლობის უნარის განვითარებას.

დროთა მანძილზე, ჩემი მიღწევები მეხსიერების მიუვალ კუნჭულებში გადაინაცვლებს, სიცინცხლეს დაკარგავს, უფრო და უფრო გამიჭირდება საკუთარი თავის, როგორც უნარიანი ადამიანის შეფასება და წინ უნარიანობის განცდის ნაკლებობა წამოიწევს.

ამდენად, მნიშვნელოვანია, საკუთარ თავთან თუ სხვებთან დაკავშირებით ასეთი კითხვა დავსვა:

  • ჩემი [ან ჩემი მოსწავლის] ქცევებს ნამდვილად შესატყვისად ახასიათებს იარლიყი – [ნიჭიერია, მაგრამ] ზარმაცი?
  • ჩემი მოსწავლის ქცევები ნამდვილად სწავლის სურვილის ნაკლებობაზე მიანიშნებს, თუ არსებობს ამ ქცევის სხვა მამოძრავებელი?

ქმედების დაწყების გადავადებას, რომელსაც პროკრასტინაციასაც უწოდებენ, სხეულებრივი საფუძვლების გარდა, ფსიქიკური მამოძრავებლები და კონკრეტული მიზნები აქვს. ხშირად, ქმედების დაწყების გადავადებისკენ მიდრეკილ ადამიანებს არათუ სწავლა არ უნდათ, არამედ – განსაზღვრული ემოციების და საკუთარ თავთან დაკავშირებული დადებითი წარმოდგენების დაკარგვა არ სურთ.

ქმედების დაწყების გადავადებას რამდენიმე მიზეზი აქვს.

#1 – სრულყოფილებისკენ დაუოკებელი სწრაფვა[1]

ეს პიროვნული თავისებურება შესაძლოა იქცეს როგორც საშუალებად, ასევე – თვითმიზნად. ადამიანების ნაწილი, რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის, აცნობიერებს, რომ სრულყოფილება რომც არსებობდეს, მისი მიღწევა თითქმის შეუძლებელია, თუმცა, ცდილობენ, სრულყონ ცოდნა, განივითარონ უნარები და შეუძლიათ პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ. ასეთი ადამიანები აცნობიერებენ, რომ ცოდნის გამდიდრება არ ნიშნავს იმას, რომ არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები ან გასაუმჯობესებელი უნარი. თუმცა, მათთვის ეს თვისება შემეცნების იარაღია. ხოლო ადამიანები, რომელთათვისაც სრულყოფილება თვითმიზანია, ხშირად, თავს იცავენ სხვა, მათთვის მეტად არასასურველი მოლოდინების ახდენისგან. შესაძლოა, ამ თავისებურების მქონე ადამიანებისგან ხშირად მოისმინოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა:

  • თუ ბოლომდე ვერ გაიგებ რამეს, რა აზრი აქვს რაიმეს სწავლის დაწყებას?
  • თუ ყველა საგანში ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად არ მეცოდინება, რა აზრი აქვს სწავლას?

#2 – სტრესორებზე რეაგირების თავისებურება

შესაძლოა, თქვენმა მოსწავლემ ჩათვალა, რომ ტექსტში მეტისმეტად ბევრი უცნობი სიტყვა, ცნება ან ფორმულაა. შფოთვასთან გამკლავებისთვის, ზოგიერთი მოსწავლის გონება ოცნებით, დავალებასთან დაუკავშირებელი აზრებით, ემოციებითა და ქცევებითაა გატაცებული.

აღიარეთ, ვის არ დაგვილაგებია სახლი ან ვის არ გვითვალიერებია ნაცნობ – მეგობრების ფოტოები მთელი დღის მანძილზე, ოღონდ, იმ ტექსტის კითხვა არ დაგვეწყო, რომელშიც უამრავი უცნობი სიტყვა, ცნება თუ ფორმულაა? ან, ვის არ გაგვიტარებია მთელი დღე საუბარში, ოღონდ, იმ ტექსტის წერა არ დაგვეწყო, რომელიც ჩვენგან დიდი ძალისხმევის გაღებას მოითხოვდა?

ზოგჯერ გარემოს მოთხოვნები მეტისმეტია ჩვენი მოსწავლეებისთვის: ახალი ცნებები, ტერმინები, ფორმულები, მათი ისტორია, ფორმულების გამოყენება და ა. შ.

#3 – ძირითადის მეორეხარისხოვნისგან განსხვავების სირთულე

რომელი ფერის კალმით დავწერო ეს ესე? მობილურში დავიწყო წერა, თუ კომპიუტერში? იქნებ, სჯობს, ელ – ფოსტაში ავკრიფო, შეინახებოდა. სამუშაო ფურცელი ყვითელი იყოს თუ თეთრი? წერის დაწყება დილით საუზმემდე სჯობს, თუ გვიან ღამით?

თითოეული ამოცანა მოიცავს ძირითადს და მეორეხარისხოვანს. ზოგჯერ მოსწავლეს უჭირს, განსაზღვროს, რამდენად აისახება ან აისახება თუ არა რომელიმე დეტალის გაუთვალისწინებლობა დავალების შესრულების ხარისხზე.

მოსწავლეებს უჭირთ, ერთმანეთისაგან პირველხარისხოვანი მეორეხარისხოვნისგან განასხვაონ.

ამდენად, სასურველია, ინსტრუქციები მათდამი მოლოდინებსაც ზუსტად ასახავდეს.

მაგალითად, რატომ არის მნიშვნელოვანი თემის სიტყვების რაოდენობის განსაზღვრა? დიდი ალბათობით, იმიტომ, რომ მოსწავლეები დროს და ძალისხმევას არ ხარჯავენ ისეთ საკითხზე ფიქრში, რომელსაც, თურმე, პასუხი, საერთოდაც, არ აქვს და გამოცნობანას[2] თამაშობენ: არავინ იცის, რამდენი სიტყვისგან შედგენილ თემას ელიან მისგან. თუმცა, ზოგიერთ მოსწავლეს მასწავლებლის მოლოდინებთან თემის სიტყვების რაოდენობის შესაბამების ძლიერი სურვილი ეუფლება, რაც თავად წერის დაწყებას ართულებს.

#4 – შედეგების განუსაზღვრელობა და განუსაზღვრელობის აუტანლობა

ზოგიერთი მოსწავლე დიდი ხნის მანძილზე ფიქრობს ქმედების შედეგებზე. მაგალითად, რა შედეგი მოჰყვება იმას, თუ ისეთ თემას დაწერს, რომელიც მასწავლებელს ან მის ძვირფას ადამიანებს მოლოდინს გაუცრუებს? როგორ მოიქცევა ასეთ შემთხვევაში? შეძლებს, მომდევნო თემა წარმატებით დაწეროს?

მოსწავლეებს წარმოსახული შედეგები აშფოთებთ. იმ შემთხვევაში, თუ მე დროებით გადავავადებ თემის დაწერას, შევძლებ, განვერიდო იმ შედეგებზე ფიქრსაც, რომელიც ჩემთვის ავისმომასწავებელია. ჯერ ვითამაშებ, შემდეგ – მეგობრებს დაველაპარაკები, შემდეგ ცოტა დროს ოცნებასაც დავუთმობ და ასე გადავავადებ უსიამოვნო შედეგებზე დამაფიქრებელი დავალების შესრულების დაწყებას.

ამ შემთხვევაში, მე გაუცნობიერებლად ვირჩევ, განვერიდო შფოთვის განცდას და ისეთი აქტივობები განვახორციელო, რომლებიც თავს უნარიან ან სასურველ ადამიანად მაგრძნობინებენ.

#5 – ვერ ვიგებ, რისთვის ვაკეთებ ამას

ზოგიერთ მოსწავლეს უჭირს დავალების მიზნის წვდომა. ხშირად, მათ სჭირდებათ ზუსტი პასუხი იმაზე, თუ რ ი ს თ ვ ი ს ასრულებენ განსაზღვრულ დავალებას. ზოგიერთი მათგანი უხალისოდ დაჰყურებს დავალებას და განმეორებით უსვამს საკუთარ თავს კითხვას: „ბოლოს და ბოლოს, რატომაა ამ დავალების შესრულება ჩემთვის მნიშვნელოვანი? რას ვისწავლი ახალს?“

შესაძლოა, დავალების მიზნის მკაფიოდ ჩამოყალიბება მოსწავლის ქცევის მამოძრავებელი და გზამკვლევი გახდეს.

„რას ისწავლით ამ დავალების შესრულების შემდეგ? ეს დავალება მიზნად ისახავს,…“

#6 – არ ვიცი, როგორი ვიქნები მომავალში, თუმცა, ვიცი, როგორი ვარ ახლა

რა მოჰყვება შეცდომის დაშვებას? აღფრთოვანდებიან თუ არა ჩემი მოხსენებით? იქნებ, მოხსენების დროს, ნასწავლი დამავიწყდეს და შევრცხვე? შევძლებ, ამდენი სიახლე გავითავისო? ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს ის, რომ ამდენი რამ არ მცოდნია? რას ვიფიქრებ ჩემზე, თუ სიახლის ან სირთულის პირისპირ აღმოვჩნდები? უუნარო ვარ, ზარმაცი, თუ…?

#7 – არ ვიცი, რომელი ნაბიჯი რომლის შემდეგ გადავდგა

ზოგჯერ მოსწავლეებს უჭირთ დავალების შესრულებისთვის შესატყვისი ნაბიჯების თანმიმდევრობის განსაზღვრა. როგორც წესი, ეს უნარი დაგეგმვის უნარის განვითარების ერთ – ერთი მაჩვენებელია. დაგეგმვის უნარი კი მცირეწლოვან მოსწავლეებს, როგორც წესი, ჯერ კიდევ დაუხვეწავი აქვთ, ხოლო მოზარდ მოსწავლეებს, თავის ტვინის განვითარების თავისებურებებისგან გამომდინარე, უჭირთ ქცევის შედეგების გაცნობიერება. შედეგების გაუთვალისწინებლად განხორციელებული ქცევაც და ქცევის განხორციელებისგან თავშეკავებაც, ხშირად, ქმედების თუ უმოქმედობის შედეგების სრულფასოვნად გათვალისწინების განსავითარებელი უნარის შედეგია.

შესაბამისად, შეგვიძლია, დავალების შესრულების ინსტრუქცია იმასაც მოიცავდეს, რომელი ნაბიჯი რომლის შემდეგ უნდა გადავდგათ იმისათვის, რომ შევამციროთ ნაბიჯების თანმიმდევრობის განსაზღვრის თანმხლები შფოთვა ან ვცადოთ, გაკვეთილის ნაწილი მაინც დავუთმოთ დავალების შესრულებისთვის საჭირო ნაბიჯების თანმიმდევრობის განსაზღვრას.

ამ შემთხვევაში, სასურველია, მოსწავლე ორ კითხვაზე დაფიქრდეს:

ა) რომელ ნაბიჯებს გადადგამთ იმისათვის, რომ დავალების შესრულება შეძლოთ?

ბ) რომელ ნაბიჯს რომელი ნაბიჯის შემდეგ გადადგამთ იმისათვის, რომ დავალების შესრულება შეძლოთ?

* * *

რომ შევაჯამოთ, ქმედების დაწყების გადავადება საკუთარ თავზე გაბატონებული დადებითი წარმოდგენების შენარჩუნებას ემსახურება, რომელთა დაკარგვაც არ მსურს.

და მერე, როდესაც მასწავლებლები და მშობლები მოტივირების მათთვის ნაცნობი გზების წარუმატებლობის და მარცხის განცდისგან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მომაკუთვნებენ ზარმაცი ადამიანის იარლიყს… ნუთუ არ განვიცდი?

განვიცდი… თუმცა, მთავარია, აქ და ახლა, როდესაც აქამდე უცნობის წინაშე აღმოვჩნდი, თავი ხელებში ჩავრგე და არ ვიცი, რა ვქნა, უუნარობის განცდას დავეხსნა: წიგნი დავხურო და რამდენიმე საათით კიდევ გადავავადო ამ განცდის წინაშე ყოფნის აუცილებლობა.

[1] Perfectionism

[2] Mindreading

პირველი წლის „შემაჯამებელი“ (ნაწილი 1)

0

„თუ დრო არ გაქვს, ნუ დაიწყებ კითხვას.“ ასე იწყებს გოდერძი ჩოხელი თავის რომანს, „ადამიანთა სევდა.“ ხოდა, აქაც, რაღაც ეგეთი ამბავია… ამიტომაც, მეც მას მივბაძავ და ეგრე დავიწყებ.

ეს სტატია არც შემაჯამებელ დავალებას ეხება და არც რაიმე მსგავსს. ეს არის ჩემი მასწავლებლობის პირველი წლის გამოცდილების შეჯამება. უფრო – გახსენება და ზოგადი შეფასება. რა გავაკეთე, რა ვერ გავაკეთე, რა მეგონა და რა – არ მეგონა. მოკლედ, დავიწყებ და ვნახოთ, რა გამოვა.

მოკლე შესავალი

ე. ი. დასაწყისში უნდა ვთქვა, რომ ჩემი საქმიანობა განათლების კოალიციაში, ასევე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს პროექტი და სხვა კავშირები, ბუნებრივია, დამეხმარა იმაში, რომ მასწავლებელი გავხდი. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მასწავლებლობა პირველად 2015 წელს ვცადე, თუმცა, გასაუბრების შემდგომ ჩემი კანდიდატურა არ შეირჩა.

მიზეზებზე, თუ რატომ მომინდა მასწავლებლობა, ბევრს არ დავწერ. ორი მიზეზი აქვს –  პრაგმატული და მეორე:

  • პრაგმატული – ძალიან ახლოს არის ჩემს საქმიანობასთან და მინდოდა, ეს გამოცდილება მქონოდა;
  • მეორე – ბავშვობიდან ყოველთვის მიყვარდა სირთულეების გადალახვა და გამოწვევები; მაგალითად, ფეხბურთის თამაშის დროს, ვცდილობდი ყოველთვის ყველაზე რთული მეტოქე „ამეყვანა.“ სხვა სპორტშიც ყველაზე კონკურენტული ადამიანები მიყვარს – მაგალითად, კობი ბრაიანტი; განათლების კოალიციაშიც ვცდილობთ, სულ ასეთ საქმეებს შევეჭიდოთ. მაგალითად, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო. მოკლედ, მასწავლებლობა უფრო საკუთარი თავის ტესტი იყო. მეორე მხრივ, ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება. აქვე ვიტყვი, რომ დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული მასწავლებლობისათვის. თუმცა, მაინც გავრისკე. ბუნებრივია, ვაანალიზებდი ყველა იმ რისკს, რაც ამ გადაწყვეტილებას ახლდა (ასეთი კი ბევრი იყო).

რაც შეეხება სკოლებს, პირველი არჩევანი იყო შედარებით პერიფერიული სკოლა, სადაც ბევრი გამოწვევა მექნებოდა. არც თუ ისე ხანგრძლივი ძიებისა და სკოლის ადმინისტრაციასთან ინტერესების თანხვედრის შემდგომ, გავიარე გასაუბრება და ყველა ის პროცედურა, რაც მომეთხოვებოდა. საბოლოოდ, დავიწყე მუშაობა თბილისის 71-ე საჯარო სკოლაში. კონკრეტულად, ორი კლასი მყავდა. ორივე მეშვიდე.

ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე ხანში, ჩემმა მეგობარმა, ამ ჟურნალის მკითხველთათვის ( არა მხოლოდ მათთვის) კარგად ნაცნობმა ნათია ფურცელაძემ დამირეკა და შემომთავაზა, სკოლა ქორალში დამეწყო სწავლება. მოკლედ, იმდენად დამაინტრიგა, რომ სხვა გზა არ მქონდა. შესაბამისად, 2019 წლის სექტემბრიდან არა ერთ, არამედ ორ სკოლაში და 8 კლასში დავიწყე სწავლება.

რა გავაკეთე და როგორ – კორონამდე და კორონას შემდეგ

პირველი ნაწილი – კორონამდე

პირველი დღე და პირველი კვირა, ალბათ, ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პირველივე გაკვეთილზე ჩავაგდე ინტრიგა და დავიწყე სკოლის კრიტიკა (არ გამიჭირდებოდა). თავიდან, მიყურეს, ეს მოგზავნილიაო, მაგრამ შემდეგ, სულ ცოტა ხანში, ძალიან კარგი დისკუსია გავმართეთ. ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და, წლის ბოლოს, მე მგონი, ყველანი კმაყოფილები ვართ. მეორე გაკვეთილზე გადამღები ჯგუფი მოვიდა სიუჟეტის ჩასაწერად და ამითაც ძალიან ბედნიერები იყვნენ. მახსოვს, ყველას მაშინ უნდოდა აქტიურობა.

დისკუსიების გარდა, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ბავშვები სკოლის გარეთ გამეყვანა, ხანდახან, თუნდაც, სხვა გაკვეთილების გაცდენის ხარჯზე. ბუნებრივია, „გარე გაკვეთილები“ თვითმიზანი არ იყო და გარკვეული გასართობი, განმავითარებელი, დასამახსოვრებელი და დასაფიქრებელი აქტივობები უნდა მომეფიქრებინა. საბოლოოდ, მოვახერხეთ და წავედით უამრავ ადგილას – ექსპერიმენტორიუმი, ილუზიების მუზეუმი, თავისუფალი თეატრი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი და ა. შ.

გარე აქტივობებთან ერთად,  მოწვეული სტუმრების მეშვეობით, შევეცადე მათი სააზროვნო არეალის გაფართოებას, ანუ მათ ისეთ თემებზე დაფიქრებას, რაზეც იქამდე არ უფიქრიათ. მსურს, ყველა  ამ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ასეთები კი, საბედნიეროდ ბევრნი არიან: დაჩი ნანობაშვილი, თემო სუყაშვილი, ნინო ზაუტაშვილი, ირინა ჭოჭუა, ნათია გოცაძე, პავლე თვალიაშვილი.

ასევე, პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გაკვეთილებზე ვიდეო რგოლების გამოყენება. ხშირად ვიყენებდი „რადიო თავისუფლების“ ან ონლაინ გამოცემა „პუბლიკას“ ვიდეოებს. მაგ. ვიდეოში – „ვერის აღმართი შესვენებით“ – მთელი ცხოვრებაა  გადმოცემული. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბავშვებს სიკეთისაკენ უბიძგებს და სწორი ღირებულებებისაკენ განაწყობს. ვიდეოში – „გარდაცვლილებსაც სჭირდებათ სამართალი“ – უამრავი ისეთი საკითხია, რასაც სამოქალაქო განათლება ასწავლის. როდესაც მოსწავლეებს ვთხოვე, ჩამოეთვალათ ეს საკითხები და დაესაბუთებინათ რატომ, გაკვირვებულიც კი დავრჩი, იმდენი რამე ჩამოთვალეს: უთანასწორობა, სიღარიბე, შრომითი უფლებების არარსებობა, ბავშვთა შრომა, ემიგრაცია და, ამ მხრივ, არსებული პრობლემები, საბინაო პოლიტიკა, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის უპასუხისმგებლობა, „გამოძიება,“ საზოგადოების როლი და დამოკიდებულება ასეთი საკითხებისადმი და ა. შ.

დაბოლოს, ძალიან მეხმარებოდა დოკუმენტური ფილმები და დოკუმენტური მასალები. მაგალითად, „მანქანა, რომელიც ყველაფერს გააქრობს,“ ფანტასტიკური ფილმი, რომელიც ბევრი მიმართულებით დააფიქრებს ადამიანს. ამ მხრივ, სკოლა „ქორალში“ დავიწყეთ დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ორგანიზება და დიდი გეგმები გვქონდა, სადაც ბავშვებს თავად უნდა გადაეღოთ ფილმები.  თუმცა, პანდემიამ გაგვაჩერა. მიუხედავად ამისა, „ქორალის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის“ ფარგლებში შემდეგი აქტივობები მოვასწარით:

  • ვიზიტი მარნეულის N2 საჯარო სკოლაში და დისკუსია თანატოლებთან;
  • შეხვედრა ნინიშა ჩლაიძესთან (აქტივისტი) ცხოველთა უფლებების შესახებ;
  • შეხვედრა მედეა ხმელიძესთან (ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის წარმომადგენელი) ქალთა უფლებებისა და აბორტთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად;
  • შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან მათი საქმიანობის გაცნობის მიზნით;
  • შეხვედრა „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამისა და ჟურნალ „მასწავლებლის“ წარმომადგენლებთან;
  • ვიზიტები ქვეშის საჯარო სკოლაში და წეროვანში ოკუპაციის საკითხების განსახილველად;

შედეგად, პირველ რიგში, მივიღე ის, რომ მაქვს კარგი ურთიერთობა ბავშვებთან. მეორე მხრივ, გაიზარდა მათი თვალსაწიერი, ისეთ რაღაცებზე დაიწყეს ფიქრი, რაზეც აქამდე არ უფიქრიათ. გარდა ამისა, სულ სხვა პერსპექტივიდან დაინახეს ის საკითხები ,რასაც მხოლოდ ერთ ჭრილში განიხილავდნენ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მესამე – შეეცვალათ დამოკიდებულება თავად საგნის მიმართ და დაინახეს მისი მნიშვნელობა.

ამ ყველაფრით იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ პირველ წელს დიდი მიღწევები მაქვს. თუმცა, ვფიქრობ, გარკვეული დადებითი ეფექტი მოვახდინე როგორც ბავშვებზე, ასევე სკოლაზე. არა ისეთი, როგორიც მინდოდა, თუმცა – მაინც დადებითი. ბუნებრივია, იმასაც ვაანალიზებ, რომ ჩემი პოზიცია (და კიდევ ბევრი სხვა რამ) დამეხმარა, სხვებისთვის რთულად მისაწვდომი რაღაცები გამეკეთებინა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყველას რაღაც შეგვიძლია და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმის მისაღებად.

რამდენად გამომივიდა, ნამდვილად ვერ გეტყვით. თუმცა, ცდა ნამდვილად არ დამიკლია.

 

CK-12  პლატფორმა  – დისტანციური სწავლების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

0

დისტანციური სწავლების ეს ეტაპი თითქმის დასასრულს უახლოვდება. ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა ნებისმიერი მასწავლებლისთვის. ჩვენ  საშუალება გვქონდა  Microsoft teams-ის საშუალებით ჩაგვეწერა გაკვეთილები და შემდეგ გაგვეანალიზებინა. მოგიყვებით ჩემს ისტორიას. ყველა გაკვეთილს ვიწერდი და შემდეგ ჩემს შვილებთან ერთად ვუყურებდი ჩანაწერს. უამრავ შენიშვნას მაძლევდნენ: ხან საუბრის დროს ხმის ტემბრი არ მოსწონდათ, ხან – ოფიციალური ტონი, ხან – მოსწავლეებისთვის სამუშაოდ მიცემული ცოტა დრო, ასევე აღნიშნავდნენ, რომ მოსწავლეებს ზოგჯერ გამხიარულება სჭირდებათ. თუმცა ერთხელ უფროსმა ბიჭმა მკითხა: ,,როგორ ახერხებ, რომ მოსწავლეები შენს გაკვეთილზე არ იღლებიან?“ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად დავიწყე ფიქრი. სულაც არ ვფიქრობ, რომ ჩემი მოსწავლეები არ იღლებიან, როგორც ჩემს შვილს ჰგონია.  ჩემი მუშაობის შესაფასებლად შევადგინე კითხვარი და გავუგზავნე  მოსწავლეებს შესავსებად. გამოკითხვა მხოლოდ ჩემს გაკვეთილებს ეხებოდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო ორი საჯარო სკოლის 150-მა მოსწავლემ (კვლევა ეხებოდა ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის გაკვეთილებს). შეკითხვაზე: „ახერხებდა თუ არა მასწავლებელი თქვენს დაინტერესებას?“, მოსწავლეების დიდმა ნაწილმა აღნიშნა, რომ ახერხებდა, მხოლოდ იმიტომ, რომ საინტერესო სიმულაციებსა და ვირტუალურ საშუალებებს იყენებდა. აღმოჩნდნენ ისეთებიც (6 %), რომლებიც ვერ დავაინტერესე. ეს სამომავლო კვლევის საგანია.

ახლა მინდა, წარმოგიდგინოთ ის პლატფორმები, რომლებიც ძალიან დიდ ინტერესს იწვევდა მოსწავლეებში. უმეტესად ვსარგებლობდი კოლორადოს უნივერსიტეტის სიმულაციებითა და  საერთაშორისო პლატფორმა CK-12-ზე არსებული რესურსებით. სასიხარულოა ის, რომ კოალიცია ,,განათლება ყველასათვის საქართველო“ მისი მსგავსი პლატფორმის შექმნას იწყებს. ამ პროექტის მიზანი ხარისხიანი საგანმანათლებლო რესურსების შექმნაა. პროექტის ფარგლებში ითარგმნება რესურსები. ამ პლატფორმაზე შეიქმნება ქართველი მომხმარებლებისთვის სპეციალური გვერდი.  ქართველ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს მიეცემათ შესაძლებლობა, ყველა საგანში მოცემული დავალება გამოიყენონ სასწავლო პროცესში.  ასევე მასწავლებლები შექმნიან რესურსებს და განათავსებენ პლატფორმაზე. ამ პლატფორმაზე მუდმივად მიმდინარეობს ახალი რესურსების დამატება. მოცემულია კომპლექსური დავალებები. მოსწავლეების ინტერესს ძირითადად იწვევდა ის, რომ ყველა დავალება კავშირში იყო ყოფა-ცხოვრებასთან, შეკითხვა დასმული იყო მოსწავლის მოტივაციის გასაზრდელად.

https://interactives.ck12.org/simulations/chemistry.html

შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო სამუშაოს დეტალურ აღწერას

მოსწავლეების ყურადღებას იპყრობს სურათი, რომელიც აღუძრავს ინტერესს და ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. ყველა რესურსის ,,თავფურცელი“ უკავშირდება ყოველდღიურ ცხოვრებას.

კომპლექსური  დავალება  N1:

სამიზნე ცნება: ნივთიერება  და თვისებები

,,მთამსვლელების ჩანაწერებში  და სათავგადასავლო ნაწარმოებებში ალბათ წაგიკითხავს, რომ მთაში უმჯობესია წაიღო ალუმინის ჭურჭელი და მოხარშული ხორცი. გაეცანი სიმულაციას და იმსჯელე, რატომ მიაქვთ ალუმინის ჭურჭელი?  რატომ ვერ მოხერხდება ხორცის მოხარშვა დანთებულ კოცონზე?“.

პროდუქტის სახით მოსწავლეებმა შესაძლებელია, წარმოადგინონ კვლევის ანგარიში, რომელიც შეიცავს ჰიპოთეზას, მსვლელობასა და მიღებულ დასკვნებს.

ამ სიმულაციის გამოყენებით მოსწავლემ შესაძლოა, დაადგინოს ატმოსფერული წნევის დამოკიდებულება სიმაღლეზე.

 

 

I  – ამ მწვანე წერტილზე მაუსის დაწკაპებითა და მარცხნივ მოძრაობით შესაძლებელია სიმაღლის არჩევა (სიმულაციაში წარმოდგენილია მსოფლიოს სხვადასხვა ადგილი);

II – ყვითელ ღილაკზე დაწკაპებით ირთვება სიმულაცია და მოლეკულები იწყებენ მოძრაობას;

III – აქ მითითებულია ტემპერატურა;

IV – დიაგრამაზე ჩანს წყლის დუღილის ტემპერატურის დამოკიდებულება ორთქლის წნევაზე;

V – თეთრ და მწვანე მართკუთხედებში ჩანს ორთქლის წნევისა და ატმოსფერული წნევის ცვლილება.

(მოსწავლე უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ორთქლის წნევა და ატმოსფერული წნევა ერთმანეთს გაუტოლდება და ამ დროს დუღს წყალი).

კომპლექსური დავალება N2   ფიზიკა

,,ადამიანს სურვილი აქვს სარკეში დაინახოს საკუთარი სხეული თავიდან ფეხებამდე.  როგორ ფიქრობ, აუცილებელია ადამიანის სიმაღლის სარკე? პასუხი დაასაბუთე არეკვლის კანონის გამოყენებით“ . მოამზადე პრეზენტაცია.

https://interactives.ck12.org/simulations/physics/promnight/app/index.html?screen=sandbox&embeded=true&interactive=prom-night&subject=physics&artifactID=1732556&lang=en&assignment=true

  1. თეთრი ბურთულის გადაადგილებით შეიცვლება ადამიანსა და სარკეს შორის მანძილი;
  2. სარკის სიმაღლე;
  3. სინათლის სხივის გამოსვლის ადგილი (ხელი, ფეხსაცმელი, თავი);
  4. ყვითელ ბურთულაზე დაწკაპებით დაიწყება სხივების მოძრაობა.

მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს ცხრილები მონაცემების შესაგროვებლად (კლასის საჭიროების მიხედვით);

თითოეული საკითხი მოიცავს საჭირო ვიდეომასალას, თუმცა ინგლისურ ენაზე, ასევე საკითხავ მასალაც. ჩემი აზრით, მხოლოდ სიმულაციის გამოყენებაც მოსწავლეებს მუშაობასა და საკითხის შესწავლაში დაეხმარება. რაც მთავარია, მოსწავლე დაინახავს საბუნებისმეტყველო და სხვა საგნების  საჭიროებას  ყოველდღიურობაში.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://interactives.ck12.org/simulations/physics.html

https://interactives.ck12.org/simulations/chemistry.html

 

აქცენტი თანაგრძნობაზე: დისტანციური სწავლება და მასწავლებელი

0

შექმნილი ვითარების გამო და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შედეგად, ონლაინგაკვეთილები, ბევრი მოსწავლისთვის რთული აღმოჩნდა. მაგრამ მასწავლებელს შეუძლია შექმნას სივრცე, რომელშიც იგი ყურადღებით მოუსმენს ახალგაზრდებს და სწორად უხელმძღვანელებს სწავლების პროცესს.

ავტორი: რეიჩელ იორგენსენი

როგორც განათლების სფეროში მომუშავე სპეციალისტს, დისტანციური სწავლების პირველივე დღეებიდან გამიჩნდა შეგრძნება, რომ ონლაინსწავლების პროცესი სავსეა გაურკვევლობით, უხერხულობებითა და ეჭვებით. როგორც მოგეხსენებათ, ჯერ არ არსებობს სახელმძღვანელო ან ინსტრუქცია, რომელიც ნათლად შემოგვთავაზებდა სწავლების პროცესის სრულად გადაყვანას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის. შესაბამისად, თითოეულ მასწავლებელს თვითონვე უწევს იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც თან ახლავს დისტანციურ სწავლებას. მე მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია იმისა, რამდენ არასტანდარტულ შემთხვევას აწყდებიან მოსწავლეები ონლაინკურსის დროს.

მოსწავლეს შუბლზე არ აწერია, რა სახის სიძნელეებს განიცდის ის ონლაინგაკვეთილის მიმდინარეობისას. მასწავლებლისთვის ასევე რთულია იმის გამოცნობა, რას დარდობს თუ რას განიცდის მოსწავლე გაკვეთილის მიმდინარეობისას, როგორ მართავს დროს ან რა სახის სირთულეებს აწყდება ოჯახში არსებული სიტუაციის გამო. დღეს, ალბათ ყველაზე მეტად, ვიდრე ადრე, გვჭირდება მოსწავლეებთან ურთიერთობების შენება, რადგან მათი მდგომარეობა, ემოციური მზაობა თუ უბრალოდ გაკვეთილებისადმი დამოკიდებულება განაპირობებს მათ მიერ მასალის ათვისებასა და შეფასებას ამ უპრეცენდენტო გარემოებების პირობებში.

ბევრი მასწავლებელი უკვე გადაერთო სწავლების დროს თანაგრძნობასა და ემპათიაზე დისტანციური ურთიერთობების დროს. ამის მიღწევა შესაძლებელია მოსწავლეების ყურადღებით მოსმენით, რადგან ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა კლასში, ცოცხალი ურთიერთობების დროს. ონლაინსწავლებისას მასწავლებელმა უნდა შექმნას ის პირობები, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, გაიზიაროს და მოუსმინოს მოსწავლეთა მოსაზრებებს, მათ განწყობებსა და ემოციურ მდგომარეობას. ჩვენ უნდა გავხდეთ თანამგრძნობნი  და შევეცადოთ, გავიგოთ მოსწავლეების ინდივიდუალური გარემოებები.

ონლაინგაკვეთილის მიმდინარეობისას, ემპათიური პრაქტიკა შესაძლებელია, თუ ყურადღებას მივაქცევთ რამდენიმე მოსაზრებას.

მოთხოვნა წაკითხულისადმი

მასწავლებლისათვის ჩვეულებრივი ამბავია კომუნიკაცია წერილობითი ფორმით. ყოველდღიურად ჩვენ ვიღებთ უამრავ წერილს, უამრავი ხალხისგან (ადმინისტრაციისგან კოლეგებისგან და მშობლებისგან).

ჩვენთვის ბუნებრივია ელფოსტით მიღებული წერილების სწრაფად კითხვა და მათზე სწრაფივე პასუხი. ჩვენ მიჩვეულნი ვართ ასეთი ტიპის ჩქარ კომუნიკაციასა და წერილობითი ინფორმაციის სწრაფ გადამუშავებას. ჩვენ ფაქტობრივად, ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გაჯერებულია საკითხავითა და ნაწერით და ჩვენი უმეტესობა, ამას ჩვეულებრივ ამბად მიიჩნევს.

დისტანციური სწავლებისას, არსებობს საფრთხე, რომ მასწავლებელმა, მოსწავლეების წერისა და კითხვის, ტექსტის აღქმისა და გაგების უნარები, ასევე ჩვეულებრივ ამბად მიიჩნიოს. მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს, ძალიან ხშირად ასე არ არის. დისტანციური სწავლება ბევრ სტუდენტს უქმნის სირთულეს ტექსტის კითხვისა და აღქმის დროს. შესაძლოა მოსწავლეების ნაწილს სათანადოდ არ ჰქონდეს განვითრებული ეს უნარები, რაც მათ შეუქმნის ტექსტის შინაარსის გაგების სიძნელეებს. ამის გამო, მოსწავლე შეიძლება დაძაბულობისა და ფრუსტრაციის მსხვერპლი გახდეს.

რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? მთავარი პასუხია – სიმარტივე! გაიხსენეთ, რომ არსებობენ მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ თქვენგან მიღებული გრძელი წერილებისა და დავალებების კითხვა-აღქმა? გარდა ამისა, ბევრ მოსწავლეს აშინებს გრძელი ტექსტი, რთული წინადადებებით. გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას, რომლებიც დაეხმარებათ მოსწავლეებს ტექსტის აღქმაში, მიუხედავად მათი კითხვითი უნარებისა:

  • ეცადეთ, წერილობითი კომუნიკაცია იყოს ნათელი და ლაკონიური;
  • თუ ეს შესაძლებელია, ტექსტს დაურთეთ ვიდეო-ინსტრუქცია;
  • შესთავაზეთ მოსწავლეებს პირადი ვიდეო-შეხვედრა (Google Meet ან Zoom-ით), ვერბალური განმარტებებისათვის და მოსწავლის მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად;
  • შეზღუდეთ იმეილკომუკაცია მოსწავლეებთან. განსაკუთრებით მათთან, ვისაც უჭირთ კითხვა. ვერბალური კომუნიკაცია ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია.
  • შეზღუდეთ რაოდენობა და გაზარდეთ ხარისხი. შეარჩიეთ მასალა, რომელსაც აწვდით მოსწავლეებს და გამოაკელით მას ზედმეტი ინფორმაცია.
  • თავიდან გადაიკითხეთ წერილობითი ინფორმაცია და მოაცილეთ მას „სამასწავლებლო ჟარგონი“, გახადეთ იგი ადვილად გასაგები მოსწავლეებისათვის. გახსოვდეთ! ჩვენი ლექსიკონი, ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე სკოლის მოსწავლეებისა.

დაეხმარეთ მოსწავლეებს

მოსწავლეთა ოჯახების დამოკიდებულება და ხედვა განათლების მიმართ დიდ გავლენას ახდენენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაზე. ჩვენ, მასწავლებლები, შეიძლება მივიჩნევდეთ, რომ მშობლები აფასებენ სკოლასა და განათლებას და მათი დამოკიდებულება (ვთქვათ, ონლაინ სწავლებისადმი) პოზიტიურია. სამწუხაროდ, ხშირად ეს ასე არ არის.

არასდროს არ უნდა გავკიცხოთ ოჯახები, რომლებიც დიდად არ აფასებენ ონლაინსწავლებას! გლობალურმა კრიზისმა ბევრი მშობელი მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. გაუჩინა პრობლემები – სამსახურის დაკარგვა, ფინანსური არასტაბილურობა, მომავლის გაურკვევლობა, მოულოდნელი სამედიცინო პრობლემები და სხვა. სწორედ ამ დროს თანაგრძნობა ის გასაღებია, რომელიც არა მხოლოდ მოსწავლეებისადმი, არამედ მათი ოჯახების მიმართაც უნდა გამოვიჩინოთ.

ის ლოგისტიკური საკითხები, რომლებიც ონლაინ სწავლების დროს დგება – ინტერნეტისადმი წვდომა, შესაბამისი კომპიუტერის/ტაბლეტის ქონა, შესაბამისი სივრცე სწავლისა და გაკვეთილისათვის, ყველა შემთხვევაში ძალიან განსხვავებულია.

მასალის ათვისება და მოსწრება პანდემიის პირობებში

ერთ-ერთი ყველაზე რთული თემა, რომელიც პანდემიის ფონზე ონლაინსწავლების დროს გაჩნდა, მასალის ათვისებასა და მოსწრებას ეხება: ჩვენს მოსწავლეებს ნამდვილად არ აურჩევიათ სწავლების ეს მეთოდი – დისტანციური გაკვეთილები. ამიტომაც, არცერთი მათგანი არ შეიძლება დაისაჯოს ამ შეცვლილი გარემოების გამო.

ამ თემის ირგვლივ დიდი კამათი მიმდინარეობს მასწავლებლებს შორის, რომლებიც ცდილობენ, დაადგინონ წონასწორობა სწავლების მაღალ სტანდარტებსა და გულუხვობას შორის.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული სიტუაცია განსხვავებული და უნიკალურია. მოთხოვნა მასალის ათვისებაზე დიამეტრალურად განსხვავებული იქნება ონლაინსამხატვრო და ონლაინალგებრის კლასებს შორის. დღეს, შეფასების დროს, ამ ახალ პირობებში წონასწორობა უნდა დავიცვათ თანაგრძნობას, მოქნილობასა და ნიშნის დაწერის/შეფასებას შორის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს ჩვენ ფსევდოსკოლის პირობებში ვასწავლით და ადრე ასეთ პირობებში არასდროს გვისწავლებია. ჩვენ ყველანი, მოსწავლეებთან, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად უცნობ წყლებში ვართ.

დღეს უბრალოდ არ არის იმის დრო, როდესაც უნდა გავამკაცროთ მოთხოვნები, გავბრაზდეთ მოსწავლეთა დასწრებაზე ან მშობლების მოთხოვნებზე, ან ვაკრიტიკოთ ჩვენი კოლეგები. დღეს დროა, წონასწორობა დავიცვათ მოთხოვნასა და ურთიერთობებს შორის, ვიყოთ თანამგრძნობნი, შევცვალოთ დავალებების ფორმა თუ ფორმატი, ან შევთავაზოთ მოსწავლეებს ალტერნატიული დავალებები, რომლებიც უფრო შეესაბამებიან არსებულ მდგომარეობას.

 

არ დაგვავიწდყეს, რომ დღეს ყველაზე კარგი დროა, ერთად გავიაროთ ეს უცნაური დრო, უცნობი გარემოებები და შევინარჩუნოთ მოსწავლეებთან თანაგრძნობითა და სოლიდარობით სავსე კავშირი!

 

სტატია მოამზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ

მოსწავლეთა მშობლების დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ. კვლევის შედეგები

0

 

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი სამცხე-ჯავახეთიდან: „მე ვთვლი, რომ ბავშვისთვის აუცილებლია საშინაო დავალების მიცემა ყოველდღიურად, იმიტომ რომ,  რაც მან კლასში მოისმინა და გაიგო, ის განიმტკიცოს. მიეჩვიოს გულისყურით მომზადებას და დამოუკიდებელ მუშაობას.“

საბაზო საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან: „არ აქვს აზრი უამრავი სავარჯიშოს კეთებას სახლში, რომელსაც სკოლაში არავინ ამოწმებს და გაუგებარია რას ემსახურება. თუ მასწავლებელი არ შეამოწმებს საშინაო დავალებას, როგორ უნდა მიხვდეს, რა გაიგეს ბავშვებმა და რა არა. მეორე მხრივ, თუ ბავშვს მშობელი ან რეპეტიტორი ეხმარება დავალების დაწერაში, კვლავ გაუგებარია, რა ასწავლა მასწავლებელმა და რას ისახავს მიზნად მის მიერ მოცემული საშინაო დავალება. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დავალებას მშობლებს აძლევენ, რომ მშობლებმა ასწავლონ ბავშვებს.“

 

საშუალო საფეხურის მოსწავლის მშობელი ქვემო ქართლიდან:
„საშინაო დავალების მიცემის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული მოსწავლის უნარები და ინტერესები. დავალებას მოსწავლე ხალისით უნდა ასრულებდეს და არა ტანჯვით. რაოდენობაც არ უნდა იყოს დიდი. ყველა დავალება, რაც მიეცემა მოსწავლეს, უნდა მოწმდებოდეს, ეძლეოდეს უკუკავშირი“

 

ეს ფრაზები საშინაო დავალების შესახებ კვლევის ნაწილია. კვლევის წარმოება ჯერ კიდევ იმ დროს დავგეგმეთ, სანამ დედამიწას კორონავირუსი მოედებოდა. მშობელთა ასოციაციის კითხვარებით „შეარაღებული“ ჩვენი მუნიციპალური კოორდინატორები დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მშობლებს თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, იმერეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოში და ზემო სვანეთში შეხვდნენ. შესაბამისად, კვლევის შედეგები სწავლების კლასიკური მეთოდის ანუ ბავშვების სკოლაში სიარულის პერიოდს ასახავს და არა სახლიდან სწავლის ხანას.

მშობელთა ინტერესი საშინაო დავალების მიმართ მაღალია, რადგან სახლში მეცადინეობის პროცესში მშობლების თანამონაწილეობას უდიდესი გავლენა აქვს ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე.

რადგან საშინაო დავალების შინაარსის, ფორმის და მოცულობის ზოგადი სტანდარტი არ არსებობს, პედაგოგები ჩამოთვლილ პარამეტრებს თავად განსაზღვრავენ; და/ან ეყრდნობიან განათლების ექსპერტების რეკომენდაციებს.

საშინაო დავალების მიმართ არაერთგვაროვანია მშობლების დამოკიდებულებაც. მშობლების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბევრი საშინაო დავალება აუცილებელია, რადგან ეს დაიცავს ბავშვს ზიანისგან, რაც ზედმეტი „თავისუფალი დროის“ შემთხვევაში შეიძლება მიადგეს. მეორენი კი ფიქრობენ, რომ დიდი მოცულობის, ერთფეროვანი საშინაო დავალება ნეგატიურად მოქმედებს ბავშვის სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და იწვევს მოსწავლეთა დემოტივაციას. ისინი მიიჩნევენ, რომ საშინაო დავალების მოცულობა უნდა იყოს გონივრული და ბავშვის შესაძლებლობებს მორგებული.

იმის დასადგენად, თუ რა ვითარებაა სკოლებში, რამდენ საგანში აქვთ ბავშვებს ყოველდღიურად საშინაო დავალება შესასრულებელი, რამდენ დროს ხარჯავენ სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეები სახლში მიცემული დავალების შესრულებაზე, ვინ ეხმარება მათ დავალების შესრულებაში, როგორ პირობებში უწევთ მეცადინეობა, როგორი განწყობით ასრულებენ დაკისრებულ მოვალეობას და რჩებათ თუ არა თავისუფალი დრო, მშობელთა ასოციაციამ  საკითხი ჩაღრმავებულად შევისწავლეთ.

გამოკითხული მშობლების 92% აღნიშნავს, რომ მათ შვილებს ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი საშინაო დავალება. მშობლების 60% აღნიშნავს, რომ მათ შვილებს დღეში საშუალოდ 3-4 საგანში ეძლევათ საშინაო დავალება. 25% კი აცხადებს, რომ მისი შვილი ყოველდღიურად 5 და მეტ საგანში მეცადინეობს.

რაც შეეხება დავალების შესრულების დროს, მშობლების თქმით, მოსწავლეების ძირითადი ნაწილი საშინაო დავალების შესრულებას ორ (30.6%) ან სამ (29.1%) საათს ანდომებს. 13% კი ოთხს საათს და უფრო მეტს.

კვლევის შედეგად ის საგნები გამოიკვეთა, რომლის საშინაო დავალების მომზადებას მოსწავლეები ყველაზე მეტ დროს ანდომებენ.

მშობლებს ვთხოვეთ გამოეთქვათ მოსაზრებები თუ რატომ ანდომებს მათი შვილი ამა თუ იმ საგნის მომზადებას დიდ დროს. რესპონდენტები ძირითადად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს დიდი მოცულობით საშინაო დავალება აქვთ ამა თუ იმ საგანში. უფრო კონკრეტულად, დიდია სავარჯიშოების რაოდენობა ან დასამუშავებელი ტექსტის მოცულობა. ზოგიერთ შემთხვევაში, მოსწავლეები კარგად ვერ ხვდებიან დავალების აზრს ან ვერ გაიგეს ესა თუ ის საკითხი, რომელიც მასწავლებელმა აუხსნა. შესაბამისად, უჭირთ დავალების შესრულება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან: „ჩემი აზრით, მოსწავლისათვის საშინაო დავალების მიცემა აუცილებელია, თუმცა მისი მოცულობა უნდა იყოს გონივრული. ამასთან, რა თქმა უნდა, თემა წინასწარ უნდა იყოს ახსნილი და დამუშავებული. სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როცა მასწავლებელი კლასს დავალებას აუხსნელად აძლევს. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა საშინაო დავალება შეამოწმოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვს იმედგაცრუება ეპარება და მოტივაცია ეკარგება.“

 

მშობლების კომენტარებიდან ისიც გაირკვა, რომ არაერთი მათგანი სწორედ საშინაო დავალების შესრულებაში დახმარებისთვის ქირაობს რეპეტიტორს.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი ქვემო ქართლიდან: „მე სხვა მეთოდებით მასწავლიდნენ ამა თუ იმ საგანს, ამათ სულ სხვა მეთოდები აქვთ, რასაც ვერ ვუმკლავდები. იძულებული ვარ რეპეტიტორი სახლში მოვიდეს და ამეცადინოს ბავშვები“

 

მშობლები ამბობენ, რომ საშინაო დავალების მომზადების გამო ზოგიერთ ბავშვს ძილის შეფერხება აქვს (15%). მოსწავლეთა მესამედს საშინაო დავალება მოსაწყენად და ერთნაირად ეჩვენება, 37% კი საშინაო დავალებებს იძულებით ასრულებს. კვლევამ ასევე, დაგვანახა, რომ მოსწავლეები უმეტესად იმ საგნებში ემზადებიან, რომლის საშინაო დავალების შესრულებაც ყველაზე მეტად უჭირთ. მათ შორის, უცხო ენა, მათემატიკა და ქართული ლიდერობს.

მოსწავლეები პოზიტიური დამოკიდებულება საშინაო დავალების მიმართ კლასიდან-კლასში გადასვლისას სულ უფრო მცირდება. საინტერესოა, როგორ უკუკავშირს აძლევენ მშობლები მასწავლებლებს ამ საკითხთან დაკავშირებით. მშობლების 37%-ს ერთხელ მაინც ჰქონია პროტესტი ჭარბი საშინაო დავალების მიმართ, მაგრამ მათ 20 %-ს უკმაყოფილება არ გამოუთქვამს. 7%-მა ბევრი სამეცადინო სხვა მშობლებთან გააპროტესტა. მასწავლებელს კი პრობლემის მოგვარების მიზნით მხოლოდ 9%-მა მიმართა.

შედარებით დაბალია იმ მშობლების წილი, ვისაც მცირე რაოდენობით საშინაო დავალების გამო აქვს პროტესტი. მათი რაოდენობა 13%-ს არ აღემატება. თუმცა მათი მხოლოდ 3% აფიქსირებს საკუთარ აზრს პედაგოგთან.

კვლევის პროცესში მშობლებს ვთხოვეთ, გამოეთქვათ თავიანთი აზრი, თუ როგორი ფორმის და რა მოცულობის საშინაო დავალება იქნებოდა გონივრული მათი შვილებისთვის.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან: „საშინაო დავალებას უარყოფითი მხარეც აქვს. მაგალითად, დაღლილობის გამო მოსწავლის მოტივაცია იკლებს; ხშირად დაძაბულობის და უსიამოვნების მიზეზი ხდება მოსწავლესა და მშობელს შორის; ამ რისკების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ არ არის აუცილებელი ბავშვებს ყველა საგანში ყოველდღიურად ჰქონდეთ საშინაო დავალება. ან თუ ეს მნიშვნელოვანია, დაავალონ ბავშვებს ღირებულებითი განათლების პროექტების შესრულება, მაგალითად, სიკეთის გაკეთება და შემდეგ ამის აღწერა. ან პრაქტიკული პროექტები: ეზოში სპორტული მოედნის აზომვა, მისი პერიმეტრის გამოთვლა და ა.შ. ესეც საშინაო დავალებაა, მაგრამ ხალისით შეასრულებდა ბავშვი.“

საბაზო საფეხურის მოსწავლის მშობელი მაღალმთიანი სოფლიდან: „აუცილებელია, სკოლამ შეიმუშაოს მიდგომა, რომ მასწავლებლები კოორდინირებულად მუშაობდნენ და აძლევდნენ იმ რაოდენობის დავალებებს სხვადასხვა საგნებში, რომ ბავშვს თავისუფალი დროც რჩებოდეს თამაშისა და გართობისთვის“.

საბაზო საფეხურის მოსწავლის მშობელი თბილისიდან: „სურვილი მაქვს მასწავლებელმა აუხსნას მოსწავლეს საშინაო დავალებაში შესასრულებელი საკითხები. მაგალითად, მიუთითოს როგორ შეასრულოს დავალებები და გაითვალისწინოს ის, რომ ეს არის მოსწავლის შესასრულებელი და არა მისი მშობლის.“

კვლევის შედეგად, მშობელთა ასოციაციამ რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც მშობლებისთვის და პედაგოგებისთვის არის გამიზნული. კერძოდ, რა უნდა გაითვალისწინონ მათ საშინაო დავალების შედგენისას, მიცემისას, შესრულების მეთვალყურეობისა და უკუკავშირის გაცემისას. ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ერთნაირად ეხება ორივე რგოლს შემდეგია:

მასწავლებელიც და მშობელიც უნდა შეთანხმდნენ, რომ ცოდნისა და უნარების შეფასება მასწავლებლის პრეროგატივაა, ხოლო თანამშრომლობა და ინფორმაციის შევსება – მშობლის.  სასურველია, დავალების შესრულებისას, – მანამდე და შემდეგაც მათ ითანამშრომლონ ერთმანეთთან, გაარკვიონ ერთმანეთი მათთვის ნაცნობ საკითხებში და გაუზიარონ რჩევები და რეკომენდაციები.

 

კვლევის სრული ვერსიის სანახავად ეწვიეთ ბმულს

https://bit.ly/3eH1Oco

 

ბოდიში – წამალი თუ შხამი?

0

ცუდი ამბავი მოხდა ამერიკაში. ერთ-ერთი რიგითი შემთხვევისას პოლიციელმა არ შეისმინა დაკავებული ეჭვმიტანილის, ჯორჯ ფლოიდის მუდარა, რომელიც სუნთქვის უკმარისობას ჩიოდა და არ მოაცილა ფეხი მის კისერს, შედეგად კი რამდენიმე წუთში ფლოიდი დაიხრჩო. საქმე ისაა, რომ ჯორჯ ფლოიდი შავკანიანი იყო, პოლიციელი კი თეთრკანიანი, რამაც მისი საქციელის სარჩულის მიმართ სამართლიანი ეჭვები გააჩინა, ბევრმა მიიჩნია, რომ პოლიციელის ქმედება არ იყო აუცილებელი სიფრთხილე, არამედ რასისტული უგულობა თუ დაუდევრობა, ანდა ყველაზე რადიკალურად განწყობილთა აზრით, სულაც დაკავებულის განზრახ წამება. ამ მძიმე ტრაგედიამ რასიზმის წინააღმდეგ ახალი ამბოხების ტალღა გამოიწვია ამერიკის შეერთებულ შტატებში და აღშფოთებული საზოგადოება ქუჩებს მოედო, მათ შორის როგორც შავკანიანები ისე სხვა რასის ხალხებიც.

ეს ვრცელი თემაა, რომელიც სათავეს საუკუნეების სიღრმეში იღებს და მისი კონტექსტის სრულად აღსაქმელად, ისტორიის კარგად ცოდნაც კი არ კმარა, არამედ თანამედროვე კონტექსტების გააზრება, ამერიკული რეალობის დეტალური ცოდნა და იმ ადამიანების ამბების სწორი ანალიზი, ვინც თავს დაჩაგრულად მიიჩნევს. რასიზმი ზღაპარი არაა, ის რეალობაა და როგორც არ უნდა დავიმშვიდოთ თავი, რომ მონობა ამერიკაში ოფიციალურად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გადავარდა, დანარჩენ მსოფლიოშიც სამარცხვინო საქციელად მიიჩნევა, საუკუნის შემდეგ შავკანიანებმა თანასწორ უფლებებს მიაღწიეს და 21-ე საუკუნეში ქვეყანას შავკანიანი პრეზიდენტიც კი ჰყავდა, მაინც ვერ გავექცევით იმ ფაქტს, რომ რასიზმი დღესაც არსებობს. არსებობს ყველგან, სადაც განსხვავებული რასები სახლობენ. არსებობს სხვადასხვა პროპაგანდისტული მანქანებითა თუ ყალბი წარმოდგენებით გაღვივებული რასისტული შეხედულებები და შესაბამისად არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ პრობლემის მიზეზად კანის ფერს მიიჩნევენ. ჩაგრულთა მხარეს მყოფნი კი არაერთ ისტორიას ჰყვებიან იმ შემთხვევათა შესახებ, როდესაც მათი უფლებები სწორედ კანის ფერის გამო დაირღვა, იქნება ეს არათანაბარი ანაზღაურება მიუხედავად იდენტური კომპეტენციისა, თუ პირდაპირი ბულინგი ჰეგემონური პოზიციების მქონეთა მხრიდან.

და მაინც, ამ წერილში მინდა ყურადღება ერთ კონკრეტულ ქცევაზე გავამახვილო. ესაა თანამედროვე თეთრკანიანთა ბოდიში თანამედროვე შავკანიანთა მიმართ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელები, თუ მათი წინაპრები ჩაგვრას განიცდიან სხვა თეთრკანიანებისა, თუ მათი წინაპრების მხრიდან. აქ რაღაც ისე ვერაა, მეგობრებო. მოდით ცოტა შორიდან დავიწყოთ.

ადამიანებს მუდმივად აქვთ ვნება არ იყვნენ მარტონი და თვითიდენტიფიკაცია მოახდინონ ამა თუ იმ ჯგუფთან. შესაძლოა, ეს ცივილიზაციური ვნებაა, რომელმაც თავის დროზე განაპირობა ინდივიდების ჯგუფებად, კლანებად და თემებად გაერთიანება. შესაძლოა, ამ ყველაფერს მხოლოდ ფიზიკური საჭიროებები (გადარჩენა, კეთილდღეობა) არ ედო მიზეზად, რადგან დღესაც ასეა, ადამიანებს სურთ იყვნენ ამა თუ იმ საზოგადოების ნაწილი. აი ჩვენ სასწორები ვართ. ჩვენ მიუნხენის ბაიერნის გულშემატკივრები. ჩვენ წითურები. ჩვენ კაცები. ჩვენ იმერლები. და ა.შ. ბევრი მიზეზის გამოძებნა შეგვიძლია საერთო თვისებების, შეხედულებების თუ გემოვნების შტრიხებისა აღმოსაჩენად, მერე კი ვჯგუფდებით და თითქოს ამით კიდევ უფრო მეტად ვძლიერდებით. ეს თვითიდენტიფიკაცია რიგ შემთხვევებში პრობლემებსაც იწვევს, მაგალითად მაშინ, როცა საქმე რასებთან მიდის. ჩვენ – თეთრები. სინამდვილეში თეთრები არ შეიძლება იყოს ამა თუ იმ ფრონტზე თანამებრძოლობის განმსაზღვრელი საბაბი, არაფერი გვაქვს საერთო ჩვენ – თეთრებს – ისეთი, რის გამოც ადამიანები ერთად დგებიან ხოლმე. არ გვიყვარს ერთი და იგივე რამ, არ გვაწუხებს ერთი და იგივე პრობლემები, არ გვაქვს მსგავსი მსოფლმხედველობა და გემოვნება. კანის ფერი ისეთი საწყისი მოცემულობაა, რომელიც ჩვენ არ შეგვიძენია, არამედ დაბადებიდან დაგვყვა და შესაბამისად ვერაფრით განსაზღვრავს ჩვენს პიროვნებას. სწორედ ამიტომ, მე, თეთრკანიანს, არაფერი მაქვს საერთო სხვა თეთრკანიანებთან მხოლოდ ამ ნიშნით. არც შავკანიანებთან და არც სხვებთან. კანის ფერი არაა ნიშანი, რომლის გარშემოც შეიძლება გავერთიანდეთ. სწორედ ესაა ჩემთვის მთავარი ანტირასისტული თეზისი, მთავარი პარადიგმა, რომლის გამოც რასისტები ბრტყელი დედამიწის მომხრეთა თანასწორად მიმაჩნია, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ეს უკანასკნელნი, ამ ეტაპზე, კაცობრიობას ვერაფერს უშავებენ. ყოველივე ზემოთ განხილულის გათვალისწინებით, როდესაც ჩვენ, “თეთრები”, რომელთაც არ გაგვაჩნია რასისტული შეხედულებები (ასე რომ არ იყოს, არც ბოდიშის მოხდას დავაპირებდით) ვუხდით ბოდიშს “შავებს” იმ თეთრკანიანთა გამო, რომლებმაც წარსულში ან აწმყოში ჩაიდინეს რასისტული დანაშაული მათ მიმართ, ჩვენც გამოვდივართ რასისტული მიდგომებიდან, რადგან თვითიდენტიფიკაციას ვახდენთ სხვა თეთრკანიანებთან, მხოლოდ და მხოლოდ კანის ფერით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მსოფლმხედველობა თუ შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. რამდენად სწორია ეს? რამდენად სწორია რასობრივი დაყოფის ხელშეწყობა, განსხვავებული ფერის ადამიანების სხვადასხვა ბანაკებად დაშლა და შემდგომ, ერთი ბანაკის მხრიდან თუნდაც სულგრძელი საქციელი, რაც აღნიშნულ ბოდიშში გამოიხატება? უწამლებს კი ეს ბოდიში რასისტულ მიდგომებსა და განსხვავებულთა ჩაგვრას, თუ პირიქით, შხამად მოგვევლინება და სეგრეგაციას შეუწყობს ხელს, რადგან ბოდიშის შემდეგ, ჩვენ მაინც თეთრებად დავრჩებით და არც ბოდიშის ადრესატების ბანაკის ადგილმდებარეობა შეიცვლება.

 

დისტანციური სწავლების გამოწვევები ინკლუზიურ განათლებაში

0

ონლაინსწავლებაზე გადასვლამ ახალი გამოწვევები მოიტანა ყველასთვის – მასწავლებლების, მოსწავლეებისა თუ მშობლებისთვის. ყველას ერთად მოგვიწია გავმკლავებოდით მის გამოწვევებს. დისტანციურმა სწავლებამ უფრო მეტად გაურთულა განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს. როგორც მასწავლებლები და მშობლები ჰყვებიან, დისტანციურ სწავლებაში მათი ჩართვა სხვადასხვა პრობლემას უკავშირდებოდა და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები არ იყვნენ სრულფასოვნად ჩართულნი ონლაინსწავლების პროცესში.

 

საინტერესოა, რამდენად აქტიურად ხდებოდა სსსმ მოსწავლის გათვალისწინება და მისი საჭიროებების დანახვა დისტანციური სწავლების პროცესში, რა ხელისშემშლელი ფაქტორები გამოიკვეთა და როგორ უპირისპირდებოდნენ, როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები ონლაინსწავლების გამოწვევებს ვირტუალურ სივრცეში, ამის გარკვევას მათთან შევეცადეთ.

 

ნინო ომანაძე 10 წლის დაუნის სინდრომის მქონე გოგონას დედაა. გოგონასთვის სკოლაში ადაპტირება რთული არ ყოფილა, ის ეროვნულ სასწავლო გეგმას მიჰყვება. დისტანციური სწავლების დროს გამოწვევა მისთვის ის ზოგადი, ხელისშემშლელი ხარვეზი იყო, რომელიც ზოგადად ყველა ბავშვს უქმნიდა პრობლემას ონლაინსწავლებისას. „ზოგჯერ ღიზიანდება, რადგან, როდესაც ბევრი ბავშვი ხმაურობს, ვერ ახერხებს თავისი ხმა მიაწვდინოს მასწავლებელს, რაც ზოგადად, ონლაინსწავლებისთვის დამახასიათებელი ხარვეზია”, – ამბობს ნინო.

ნინო აქტიური მშობელი და არასამთავრობო ორგანიზაციის „მეც – Me Too”-ის დამფუძნებელია. ხშირად საუბრობს შშმ ბავშვების უფლებებზე და პრობლემებზე. არც პანდემიის პერიოდი ყოფილა გამონაკლისი. პანდემიის პერიოდში მან მცირე კვლევაც ჩაატარა შშმ ბავშვების მშობლებთან და გამოიკვლია, როგორ იყვნენ ჩართულნი სსსმ ბავშვები დისტანციურ სწავლებაში. ნინოს სიტყვებით – „ხაზგასმით გამოიკვეთა, რომ სსსმ ბავშვებისთვის მხოლოდ სპეციალური მასწავლებელი მუშაობს და მუშაობს ძალიან აქტიურად. საგნის მასწავლებლები ფაქტობრივად იგნორს უკეთებენ ბავშვებს და ეს დისტანციურ სწავლებამდეც ასე იყო. საგნის მასწავლებლები არ ურეკავენ სსსმ ბავშვებს, არ უთანხმებენ გაკვეთილს, რადგან არ სურთ ხელი შეეშალოთ გაკვეთილის პროცესში. რადგან გაკვეთილიც ხანმოკლეა და მათ სხვა აქტიური ბავშვები ჰყავთ გამოსაკითხი. ამიტომ საგნის მასწავლებლები თავს არიდებენ სსსმ მოსწავლის გაკვეთილზე ჩართვას. ასე რჩებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ონლაინსწავლების მიღმა“.

ამავე პრობლემაზე საუბრობს სპეციალური მასწავლებელი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა. ის ამბობს: „საგნის მასწავლებლები არც პანდემიამდე ცდილობდნენ სსსმ მოსწავლის სრულყოფილ ჩართვას სწავლის პროცესში და დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის პერიოდშიც ეს ძველებურად გაგრძელდა. ჩემს შემთხვევაში დისტანციური სწავლების დროს მხოლოდ საგნის ორმა მასწავლებელმა იმუშავა და მხოლოდ ამ მასწავლებლებმა დაწერეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა. რვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე გვყავს და არცერთი მათგანი არ იყენებს TEAMS-ს და არ ესწრება კლასთან ერთად ონლაინგაკვეთილებს, მხოლოდ ჩემს იმედად არიან. დადებითი რაც გამოიკვეთა, ის არის, რომ ახლა როდესაც მშობლები გვერდით ჰყავთ, უფრო მობილიზებულნი არიან, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში”.

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა იმ რგოლების მოქნილობა, რომლებიც განსაზღვრავს ინკლუზიური განათლების წარმატებას და ყველა დეტალის მორგებას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე. თბილისის 31-ე და 116-ე საჯარო სკოლების სპეციალური მასწავლებელი, ქეთი გოგოლაძე ამბობს, რომ დისტანციურმა სწავლებამ ბევრი პრობლემა დააყენა დღის წესრიგში.

„ყველაზე გამოკვეთილი და მკაფიო პრობლემა იყო, სსსმ მოსწავლეებისთვის უშუალოდ მონიტორიდან სწავლება, რადგან ხშირად მათ არ შეუძლიათ მონიტორთან ჯდომა და იმ ინსტრუქციების შესრულება, რომლებსაც მასწავლებლები ვავალებთ. სკოლაში პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს ბავშვებთან, სხვადასხვა არხს ვიყენებთ ბავშვისთვის სწავლების პროცესში. ეს არის ტაქტილური, ვიზუალური და სხვადასხვა მოდალობა, რომ თითოეული უნარის განვითარებისთვის სხვადასხვა აქტივობა შევთავაზოთ. მონიტორთან, დისტანციური სწავლების დროს ამის განხორციელება ძალიან ჭირდა. დისტანციურ სწავლებას სირთულეებთან ერთად, თავისი დადებითი მხარეებიც ჰქონდა. მშობლები, რომლებიც აქამდე ძალიან დაკავებული იყვნენ და მხოლოდ რამდენიმე საათით ახერხებდნენ ბავშვთან კომუნიკაციას, ახლა აქტიურად ჩაერთნენ სწავლების პროცესში. მათ ვაწოდებდით დავალებებს დეტალური ინსტრუქციებით და მათაც ისწავლეს შვილებთან მუშაობა. აქამდე დროის უქონლობის გამო ვერ მოგვყვებოდნენ, ეს კი დისტანციური სწავლების ნამდვილად ერთ-ერთი კარგი მხარე იყო”.

ერთ-ერთი პრობლემა, რომელზეც მასწავლებელი საუბრობს, არის ის, რომ ძალიან ბევრი სსსმ მოსწავლე დარჩა დისტანციური გაკვეთილების მიღმა, დისტანციურად თითქმის ვერაფერში ჩაერთო. იმდენად მიჩვეული იყო პირდაპირ, სპეციალურ მასწავლებელთან მუშაობას, მშობლისთვის მიცემული ინსტრუქცია არ აღმოჩნდა საკმარისი მისთვის დავალების შესასრულებლად.

„სკოლაში მასწავლებლის მიცემულ დავალებას კლასი ინდივიდუალურად ასრულებს. ის მიდის სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლესთან, უხსნის მას და უფრო დეტალურ ინსტრუქციას აძლევს, რა დავალება როგორ უნდა შეასრულოს. ამის საშუალებას არ გვაძლევდა დისტანციური სწავლება. როდესაც მასწავლებელს რაღაც გეგმა ჰქონდა, ამის მორგება ძალიან უჭირდათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეზე. მასწავლებლებს ინდივიდუალურად უწევდათ ბავშვთან მუშაობა ან მშობლებს უგზავნიდნენ დავალებებს და მათ აძლევდნენ ინსტრუქციებს. კლასთან ერთად, დისტანციური გაკვეთილის ჩატარების პერიოდში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სრულყოფილი ჩართვა ვერ ხდებოდა. ყველაზე მეტად გაუჭირდათ მასწავლებლებს. ეს, რა თქმა უნდა, აისახება მოსწავლეებზე, მათ უნარებზე და ამას ძალიან განიცდიან მშობლებიც და მასწავლებლებიც”, – ამბობს ქეთი გოგოლაძე.

ელენე ირემაშვილი კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ სასირეთში საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელია. ონლაინსწავლების დაწყებისთანავე ელენემ სკოლის პედაგოგებს მიმართა, რომ ონლაინსწავლებისას არ მომხდარიყო სსსმ მოსწავლის დისკრიმინაცია და მასწავლებლებლებს ისინი უზრუნველეყოთ მათ საჭიროებაზე მორგებული დავალებებით.

 

სკოლაში, სადაც ელენე მუშაობს, 12 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეა და ელენეს გარდა, კიდევ ერთი სპეციალური მასწავლებელი ასწავლის. დისტანციური სწავლების პროცესში 12 მოსწავლიდან მხოლოდ 6 მოსწავლე იყო ჩართული ონლაინსწავლებაში, დანარჩენ მოსწავლეებს მასწავლებლები ტელეფონით ინდივიდუალურად უკავშირდებოდნენ და დაწვრილებით უხსნიდნენ, როგორ შეესრულებინათ დავალებები.

 

ელენე აღნიშნავს, რომ უკუკავშირის სახით შესრულებულ დავალებებს ვერ იღებდნენ, რაც სხვადასხვა ფაქტორით იყო გამოწვეული. მისი თქმით, სწავლებაში აქტიურად იყვნენ ჩართული მშობლები და შვილების ასისტენტირებას ახერხებდნენ. თუმცა ერთ-ერთი მთავარი პრობლემა – ტექნიკური ხელმისაწვდომობა და ინტერნეტიზაცია იყო.

 

ჩვენს რეალობაში არსებობს ოჯახები, რომელთაც არ აქვთ ინტერნეტის შეძენის საშუალება და არ აღმოაჩნდათ ისეთი ციფრული მოწყობილობები, ომლებითაც მასწავლებელი და მოსწავლე კომუნიკაციის დამყარებას შეძლებდნენ, რომ ამ კომუნიკაციას მოეცა საშუალება, მასწავლებელს ისინი შეეფასებინა და მათთვის უკუკავშირი მიეცა”, ამბობს სპეციალური მასწავლებელი.

ჯერჯერობით, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო კვლავ უცნობია, როგორი იქნება სასწავლო პროცესი სექტემბერში, მოსწავლეები სკოლაში ივლიან თუ ისევ გაგრძელდება დისტანციური სწავლება. თუმცა, პრობლემები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის არსებობს, კვლავ პრობლემად დარჩება, თუ ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული ყველა რგოლი, არ გაიაზრებს სსსმ მოსწავლის უფლებას – რომ ყველა ბავშვს აქვს ხარისხიანი განათლების უფლება, მიუხედავად იმისა, რა ბარიერებს აწყდება სწავლისა და განვითარების პროცესში.

შორენა ტყეშელაშვილი

 

 

 

 

 

 

სირთულეები პირველკლასელთა დისტანციურ სწავლებაში და მათი დაძლევის გზები

0

დისტანციურ სწავლებაზე მოულოდნელმა და ამასთან, ექსტრემალურ სიტუაციაში გადასვლამ სერიოზული სირთულეების წინაშე დააყენა, ერთი მხრივ, სკოლა და მასწავლებელი, მეორე მხრივ,  კი მშობელი და მოსწავლე. სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე, როგორც დაწყებითი კლასების და მეორე სასკოლო ასაკის, ასევე უფროსი კლასების მოსწავლეებთან ონლაინ სწავლების დროს. ვფიქრობ, არ იქნება გამართლებული იმაზე მსჯელობა, თუ რომელი ასაკის ბავშვებთან მომუშავე პედაგოგს უწევს უფრო მეტ სირთულეებთან გამკლავება. გამომდინარე მოსწავლეთა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მომუშავე სკოლის პედაგოგი შეიძლება სრულიად განსხვავებულ, მხოლოდ ამ კონკრეტული ასაკისათვის დამახასიათებელ  სირთულეებს ხვდებოდეს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სასკოლო სწავლების პირველი წელი, არათუ სხვა ასაკობრივი პერიოდებისაგან განსხვავდება, არამედ დაწყებით კლასებშიც კი შეიძლება ცალკე იქნეს გამოყოფილი თავისი სპეციფიურობიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება იდგნენ ის მასწავლებლები, რომლებიც პირველ კლასებში ყოველდღიურად ონლაინ გაკვეთილებს ატარებენ. ერთგვარი შვების მომგვრელი მათთვის მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რომ ონლაინ სწავლებაზე გადასვლა მოუწიათ არა სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბრის ან ოქტომბრის თვეში, როდესაც სკოლასთან ადაპტაციის და ბავშვის მოსწავლედ ჩამოყალიბების პერიოდი მთელი სიმწვავით მიმდინარეობდა, არამედ სასწავლო წლის მეორე ნახევარში, როცა თითქმის ყველა პირველკლასელი მეტ-ნაკლებად შეეგუა სკოლას, მასწავლებელს და მოსწავლის როლს.

დარწმუნებული ვარ პირველკლასელთა არცერთი მასწავლებელი არ ისურვებდა თავის მოსწავლეებთან პირველ შეხვედრას და მათ გაცნობას ონლაინ გაკვეთილზე. ერთი წუთით თუ წარმოვიდგენთ იმ ბავშვის მდგომარეობას, რომელიც მოუთმენლად ელის სკოლაში წასვლას და თავის პირველ მასწავლებელთან შეხვედრას, დედას კი ვირტუალურ საკლასო ოთახში „შეყავს“, კომპიუტერის მონიტორზე გამოჩენილ მომღიმარ ქალბატონზე მიუთითებს და ეუბნება, რომ ის მისი მასწავლებელია, ადვილი მისახვედრი იქნება, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს მისი სასკოლო სწავლება იმ შემთხვევაშიც კი, თუ 1-2 თვის შემდეგ ის სკოლის შენობაში, რეალურ საკლასო ოთახში გადაინაცვლებს და იქ გააგრძელებს სწავლას. თუმცა, ვფიქრობ არც იმის თქმა შეიძლება, რომ დღეს, როცა პირველკლასელი, ასე თუ ისე შეგუებულია სასკოლო სწავლებას და მოსწავლის როლს, ონლაინ გაკვეთილებზე მასთან ურთიერთობისას მასწავლებელს ნაკლები სირთულეები ხვდება.

     ძირითადი სირთულეები პირველკლასელთა დისტანციურ სწავლებაში:

  • იმის გამო, რომ ონლაინ სწავლებისას პირველკლასელის მიერ კომპიუტერთან გატარებული დრო, მაშინაც კი, თუ თითოეული გაკვეთილი მხოლოდ 15-20 წუთი გრძელდება, სრულ შეუსაბამობაშია მეცნიერულად დადგენილ ნორმებთან, ადვილი შესაძლებელია ბავშვი გადაიღალოს და უარი განაცხადოს საგაკვეთილო პროცესში ჩართვაზე, ან საერთოდ დაკარგოს სწავლის მიმართ ინტერესი;
  • რადგანაც პირველკლასელი ჯერ კიდევ ისე არ არის დაუფლებული კომპიუტერული ტექნიკის მოხმარებას, რომ დამოუკიდებლად შეძლოს ონლაინ სწავლების პროცესში მთელი რიგი ოპერაციების განხორციელება – ჯგუფში ჩართვა, ჯგუფიდან გამოსვლა, მასწავლებლის მიერ გამოგზავნილი დავალების მიღება, შესრულებული დავალების პედაგოგისათვის გაგზავნა, ამასთან, შეცვლილ სასწალო გარემოში შეიძლება პატარა მთლად კომფორტულად ვერ გრძნობდეს თავს, მშობელი იძულებული ხდება გვერდით მოუჯდეს და ყოველ საჭირო შემთხვევაში აღმოუჩინოს დახმარება. თუ ასეთი ერთობლივი მონაწილეობა საგაკვეთილო პროცესში დიდხანს გაგრძელდება, ადვილი შესაძლებელია რეალურ საკლასო ოთახში დაბრუნებულ ბავშვს გაუჭირდეს სასწავლო პროცესში მშობლის გარეშე ჩართვა;
  • პირველკლასელის დიდი სურვილია, რომ მასწავლებელი მხოლოდ მას „ეკუთვნოდეს“, მისით იყოს დაკავებული, მას ესაუბრებოდეს. როგორც კი ის სხვა ბავშვისკენ გადართავს ყურადღებას, პატარა ცდილობს შეკითხვების დასმით ისევ თავისკენ „შემოაბრუნოს“ პედაგოგი. თავისთავად ცხადია, რომ ონლაინ გაკვეთილზე ვერცერთი პედაგოგი ვერ შეძლებს თითოეული ბავშვისთვის იმდენი ყურადღების დათმობას, რამდენსაც ის მოითხოვს მისგან, მითუმეტეს, რომ ამ სასწავლო გარემოში ის არავერბალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებაშიც საკმაოდ შეზღუდულია. მასწავლებლის ერთგვარი „უყურადღებობით“ განაწყენებულმა ბავშვმა კი შეიძლება უკმაყოფილება იმით გამოხატოს, რომ საერთოდ გამოეთიშოს საგაკვეთილო პროცესს;
  • გამომდინარე იქიდან, რომ პირველკლასელის აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია, სწავლების პროცესში პედაგოგს, როგორც წესი, უწევს მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალის გამოყენება. თუმცა, ონლაინ გაკვეთილებზე თვალსაჩინოებების გამოყენებაში ის საკმაოდ შეზღუდულია. ბევრი პედაგოგისთვის ამ დროს საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს Power point-ში მომზადებული საპრეზენტაციო მასალის ან ვიდეოფილმების ჩვენება, მაგრამ, იმის გამო, რომ საპრეზენტაციო მასალის ეკრანზე გამოჩენას თან სდევს ბავშვის მხედველობის არედან მასწავლებლის გამოსახულების გაქრობა, რადგანაც პედაგოგის მითითებით მთელი ყურადღება მან ამ დროს სწორედ საპრეზენტაციო მასალაზე უნდა გადაიტანოს, ბავშვისთვის ამგვარად წარმართული გაკვეთილი, მითუმეტეს, თუ პრეზენტაცია დიდხანს გაგრძელდება, შეიძლება მთლად საინტერესო არ აღმოჩნდეს და ვირტუალური საკლასო ოთახიდან გასვლაც კი მოისურვოს.

რეკომენდაციები პირველკლასელთა ონლაინ სწავლებაში არსებული სირთულეების დასაძლევად:

  • კომპიუტერული ტექნიკის გამოყენების უარყოფითი გავლენისაგან ბავშვის დასაცავად კარგი იქნება, თუ მას ელექტრონულად შესასრულებელ საშინაო დავალებას არ მივცემთ და არ ვაიძულებთ, რომ გაკვეთილების შემდეგაც კომპიუტერთან იჯდეს. აუცილებელია მშობელმა იზრუნოს, რომ ონლაინ გაკვეთილების დასრულების შემდეგ ბავშვი დაკავდეს მისთვის საინტერესო საქმიანობით – ხატვით, ძერწვით, ვარჯიშით, მშობლებთან ურთიერთობით, მასთან საუბრით, თამაშით, სეირნობით;
  • მოვერიდოთ მთელი გაკვეთილის განმავლობაში ბავშვის გვერდით ჯდომას; ვიზრუნოთ მასში დამოუკიდებლად სწავლის, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. ვასწავლოთ უმარტივესი ოპერაციების (ჯგუფში ჩართვა, ჯგუფიდან გამოსვლა, მიკროფონის, ვიდეო-კამერის ჩართვა-გამორთვა) შესრულება და მივცეთ საშუალება ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი დახმარების გარეშე გააკეთოს ეს ყველაფერი. წარმატების შემთხვევაში კი არ დაგვავიწყდეს შექება და დადებითი კომენტარების გამოყენება ბავშვის მიღწევების დასაფიქსირებლად და აღსანიშნად;
  • არ არის სასურველი, რომ ონლაინ გაკვეთილი ბავშვთან პირდაპირ სასწავლო მასალის გადაცემით დავიწყოთ. გავითვალისწინოთ, რომ პატარა მონატრებულია მასწავლებელთან ურთიერთობას. კარგი იქნება, თუ გაკვეთილის დასაწყისში რამდენიმე წუთს დავუთმობთ ბავშვს, რომ მან თავისი წინა დღის შთაბეჭდილებები გაგვიზიაროს. მართალია, ასეთ საუბარზე დროის დაკარგვამ შეიძლება მასწავლებელს სასწავლო მასალის სრულყოფილად გადაცემაში ხელი შეუშალოს, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ ამის აღდგენა მომავალში რეალურ სასკოლო გარემოში ჩატარებულ გაკვეთილზეც შეიძლება. პედაგოგთან და თანატოლებთან ურთიერთობის დეფიციტის პირობებში სოციალურ და ემოციურ განვითარებაში დაფიქსირებული გართულებების დაძლევა კი მომავალში მერწმუნეთ ბევრად უფრო რთული იქნება. ამასთან, ისიც გავითვალისწინოთ, რომ სკოლის უმთავრესი მიზანი სწავლის სწავლებაა და არა უზომო ინფორმაციით ბავშვის გონების ამოვსება, მითუმეტეს, რომ ბავშვის მეხსიერება ყველაფერს მაინც ვერ დაიტევს, გამომდინარე იქიდან, რომ მისი მოცულობა ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე მოზრდილი ადამიანის მეხსიერების მოცულობა. ამდენად, კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლებისას ბავშვთან ემოციურ ურთიერთობებსაც გარკვეულ დროს დავუთმობთ. იქნებ ეს უფრო მეტის მიმცემი იყოს მისთვის, ვიდრე კიდევ ერთი ახალი ტექსტის წაკითხვა. ვფიქრობ, მასწავლებელიც დაცული უნდა იყოს იმისაგან, რომ დროში ისედაც შემცირებულ გაკვეთილზე ასეთი გადახვევების გამო მშობლების და ხელმძღვანელობის რისხვას და საყვედურებს არ დაიმსახურებს. თუმცა, როცა დისტანციურ სწავლებაზე გადავდიოდით, ალბათ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ მთელი რიგი მიზეზები გამო, ონლაინ გაკვეთილები ეროვნული სასწავლო გეგმით გაწერილი პროგრამის სრულყოფილად გავლის საშუალებას არ მოგვცემდა და ის გარკვეულ ადაპტირებას საჭიროებდა.

დაბოლოს, ვფიქრობ, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება და გამოყენება ოდნავ მაინც შეამცირებს იმ სირთულეებს, რომლებიც პირველკლასელთა მასწავლებლებს ყოველდღიურად ხვდებათ ონლაინ რეჟიმში სწავლების პროცესში.

 

 

თვითიზოლირებული მასწავლებლის დღიურები -მოგზაურობა ხუან რამონ ხიმენესის სამყაროში, პლატეროსთან

0

1979 წელს შევედი სკოლაში. 17 წლის არ ვიყავი, სკოლა რომ დავამთავრე და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. 21 წლისამ დავამთავრე თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი და მაშინათვე თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ქართულის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. პირველად მეხუთე კლასებში რომ შემიშვეს და ბავშვებს დავუმეგობრდი, მავიწყდებოდა, რომ მათზე უფროსი ვიყავი… ახლა 47 წლის ვარ და ისევ სკოლაში ვასწავლი. გგონიათ, რამე შეიცვალა? ასაკმა დამაშორა ბავშვობას? არა, ახლაც ჩემი მოსწავლეების სამყაროში მე მათი ტოლი ვარ, ისე ცხადად საგრძნობია მათი ვნებები, ისე ნათლად აღსაქმელი – მათი სიხარული და დარდი… შეიძლება ვინმემ  ჩემზე იფიქროს… არ ვიცი, ვინც რა უნდა, ის იფიქროს, მაგრამ მე მუდამ სკოლასთან, ბავშვებთან, სწავლა-სწავლების ამბებთან ვარ მიჯაჭვული და ეს საკუთარი ნებით ნატვირთი ყველაზე ტკბილი ჯვარია. ჰოდა, ამდენი წლის მანძილზე ჯერ არასდროს ვყოფილვარ ესოდენ ხანგრძლივ იძულებით „შვებულებაში“… სკოლა ისე მღლიდა, ხშირად ვნატრობდი, რა იქნება, რამდენიმე დღე გადაბმულად დასვენების და თვითჩაღრმავების, საკუთარი სურვილების რეალიზების დრო მქონდეს-მეთქი და აი, ასეთი ჟამიც დადგა. მართალია, ისეთი, როგორიც მხოლოდ კოშმარულ სიზმრებში თუ წარმომიდგებოდა, მაგრამ რამდენიმე დღეა, სახლიდან ცხვირი არ გამიყვია, მთელი დღე ჩემს ლეპტოპს ვუზივარ და ან ვიდეოგაკვეთილს ვატარებ, ან მწერენ და ვკითხულობ, ან მე ვწერ სხვებს დაუსრულებლად… არა, ასეთ დასვენებაზე არასდროს ვიოცნებებდი, მაგრამ ეს რეალობა თავად მოვიდა, ჩემი არჩევანის გარეშე და მან ისე შეცვალა ჩემი ცხოვრების წესი, ჩემთვის არაფერი უკითხავს… გლობალური პანდემია…  ჯერ ეპიდემია იყო… როგორც კი ჯანმომ პანდემიად გამოაცხადა, იმ დღესვე ჩემი საყვარელი ფილმი „ილაის წიგნი“ თავიდან ვნახე. ვუყურებდი საყვარელი მსახიობის, დენზელ ვაშინგტონის გენიალურ გმირს და ვფიქრობდი: აი, როგორც ბრძენ ილაის (იგივე ელიას, წინასწარმეტყველს), ჩვენც, ყველას, გვაქვს ჩვენი მისია… ზოგს ალბათ ამ მისიის ამოცნობაც გაუჭირდება, მაგრამ ახლა დრო ფიქრისთვის ბევრი გვაქვს. ბავშვები იძულებით მოსწყდნენ სკოლას. ახლა მათ აღარ უხარიათ გაკვეთილების გაცდენა და შუადღემდე გამოძინება. სასწაული ენთუზიაზმით ეშურებიან ნაირნაირ ინტერნეტპლატფორმებს და კითხვებს ბომბდამშენებივით გვაყრიან მასწავლებლებს… უძველესი სიბრძნეა, რომ ყველა უბედურებასაც აქვს თავისი ნათელი მხარეები, რომ ზოგი ჭირი მარგებელია… ბევრჯერ ნაოცნებარი თვითჩაღრმავების, კითხვის, ფილმების ნახვის, ძიების, ჩხრეკის, წერის დრო დამიდგა. 13 მარტს, როცა ჯერ კიდევ გარეთ გავდიოდი და კორონავირუსი ესოდენ მძვინავარე არ იყო, ფეისბუქზე ეს ჩანაწერი გამოვაქვეყნე:

„რის თქმა მინდა და იმისა, რომ ყველაფერი შეიცვალა სამყაროში. ალბათ ეს ვირუსი გვჭირდებოდა, რომ ბევრ რამეს მივმხვდარიყავით, თვალი აგვხელოდა, ერთმანეთი დაგვენახა, შეგვეფასებინა სიცოცხლისა და სიყვარულის ღირებულება, თანადგომა, ერთმანეთის გაფრთხილება და ზრუნვა გვესწავლა… ანატორის აკლდამების ამბავი სულ არ მქონდა გაგებული და 2 დღეა პირდაბჩენილი ვფიქრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც სხვების ცხედრებს შორის შეწვებოდნენ აკლდამაში საკუთარი ნებით, სიკვდილის მოლოდინში, მშიერ-მწყურვალნი, რომ სოფლის გაღმა, მდინარის იქით, სხვა სოფელში, სხვათა სახლებში სახადი და სიკვდილი არ გავრცელებულიყო… და არც ვიცი, მერამდენედ “ვწვები” იმ სასიკვდილო აკლდამაში… თუ მე-18 საუკუნეში მთის ხალხში ამდენი თვითშეგნება გვქონდა, ახლა რამ ვერ უნდა აგვიხილოს თვალი საკუთარ პასუხისმგებლობებზე? მჯერა, რომ დაძლევს სამყარო ამ უბედურებას, მჯერა, რომ ცოტა სიცოცხლეს წაიყოლებს თან და გადარჩება კაცობრიობა… მძაგს ის თეორიები, დედამიწაზე პოპულაციის ვერდატევის თემას რომ ეხება… ადამიანის სიცოცხლე იმდენად მშვენიერია, რომ შეუძლებელია დედამიწის ტვირთად და ბარგად ჩნდებოდეს ვინმე, მოსასპოპად და გასანადგულებლად იყოს საქმე… ან მიწაზე ან ზეცაში არსებობდნენ ძალები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. თუმცა უკვე გაჩნდა შეთქმულების თეორიები, რომ ეს პროცესი მართულია სადღაციდან, ისევ და ისევ რაღაც გაურკვეველი იატაკქვეშეთიდან თუ ზეციური თაღებდან, რომ ეს კეთდება საიმისოდ, სამყარო შეიცვალოს, ადამიანი გადაგვარდეს. ჩვენ ხომ აქამდე ისედაც აზრზე არა ვართ, რამ შექმნა სიცოცხლე, სად იწყება და სად მთავრდება სამყარო? ან რა ექსპერიმენტში ვმონაწილეობთ ადმიანები? ბევრისგან მესმის უკვე, რომ ეს რეალობა შეცვლის ურთიერთობებს, ადამიანები აღარ შეეხებიან ერთმანეთს ფიზიკურად და სულთა შეხებაც შესაბამისად გაქრება, რომ გაქრება რეალური ყველაფერი და ვირტუალის საზარელ ლაბირინთებში გადაინაცვლებს სამუშაო, საზრდოს მოპოვება, სწავლა, შემოქმედება… არ ვიცი, ამის თქმა ახლა ვის შეუძლია? მწამს ურყევად: ხელის ჩამორთმევას და ძვირფასი ადამიანის ჩახუტებას არაფერი სჯობს, ვერაფერი ჩაანაცვლებს და ამის გარეშე ადამიანი დაკარგავს თავს, სულს, იდენტობას. სკოლაში სიარული გვეზარებოდა მასწავლებლებსაც და ბავშვებსაც და ახლა ყველა კოლეგისგან და მოსწავლისგან ეს მესმის, რომ სკოლა მოენატრათ, ერთმანეთი მოგვენატრა, სწავლა-სწავლებაში დახარჯულ შრომას, დაღლას და დისკომფორტს თურმე ბევრად ჯობია ის უხილავი ფლუიდები, რომლებიც ამ ურთიერთობებს მოაქვს, თურმე ეს გვაქცევს ადამიანებად… ასე თვითიზოლირებულნი ჩვენ ჩვენ არა ვართ, ვიღაც სხვა იბუდებს სულში… მიხარია, რომ ღამე გვიანობამდე ფილმებს ვუყურებ, სქელტანიან წიგნებს ვკითხულობ, ვფიქრობ და ვუღრმავდები რაღაცას, მაგრამ ბავშვების ჟრიამულის გარეშე, ჩემი კოლეგების გვერდით განცდილის, ნაქაქანების, ზოგჯერ სიყვარულით სავსე, ზოგჯერ კი აგრესიული გამოხდომების გარეშე ვიღაც უფერო, უსახო ლანდი ვარ და არა ადამიანი… დაუსრულებელი ფილოსოფიური ჩხრეკის ხასიათზე დამაყენა ამ ამბებმა… ალბათ არც წაიკითხავს ამსიგრძე პოსტს არავინ, მაგრამ რეზიუმე ამ ჩემი ნაბოდვარის ის არის მხოლოდ, რომ ჩვენ ეს გაკვეთილები გვასწავლის იმას, რასაც ვერ ვხვდებოდით, რაც დავკარგეთ ამდენ ალიაქოთში, ხოლო ის, რაც ძვირფასი და მარადიულია, გადარჩება, ისევ თამამად ჩამოვართმევთ ხელებს ერთმანეთს, ისევ ჩავეხუტებით და ისევ პირისპირ შენათებული ღიმილი იქნება ჩვენთვის მაცოცხლებელი მონიტორის ეკრანიდან დანახულთან შედარებით… ახლა ბევრად უფრო გულჩვლი, სევდიან-იმედიანი და ჩაფიქრებული ვარ, ვიდრე ვიყავი… და მენატრებით, ადამიანებო, მაკლიხართ, მაკლიხართ და მენატრებით იმიტომ, რომ მიყვარხართ“…

ახლა გადავხედე ამ ჩემს პოსტს, რომელსაც 248 მოწონება, ასამდე კომენტარი და ოცზე მეტი გაზიარება აქვს. ახლა სოციალური ქსელითაც ცხადად საგრძნობია, რამდენად შეიცვალნენ ადამიანები, რამდენად საზარელი ჭანგები აქვს შიშს, საყვარელი ადამიანების დაკარგვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაკარგვის საზარელ შიშს… და რით ვაპირებ ამ შიშთან გამკლავებას? მე ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და ტექსტებთან ვცხოვრობ. ისინი მზრდიან, მწამლობენ, მარჩენენ, მამშვიდებენ, მანებივრებენ, მაფიქრებენ და მაადამიანებენ… ეს დღეები სულ ტექსტებს ვეძებდი, ახალ ტექსტებს, ან ძველებს, რომლებიც თავიდან იმ მაგნიტით მიმიზიდავენ, ადრე რომ განმიცდია მათთან ზიარებისას… ვეძებდი ასევე ტექსტებს, რომლებსაც ჩემს მოსწავლეებს ვუწილადებდი ამ იძულებითი არდადეგების დროს, რათა მათაც შეევსოთ სულის მარაგები… ბევრი ტექსტი „თავიდან აღმოვაჩინე“, ზოგიც პირველად მოვიდა და… ბოლო დროს ინტუიციის წიაღში რომ ჩავძვრები, იქიდან რაღაც გამომაქვს და უცნაურ დამთხვევებს ვაწყდები… დღეს დილას ტკბილად გამახსენდა ესპანელი გენიოსი ხუან რამოს ხიმენესი და ვიფიქრე, რომ ჩემს მოსწავლეებს მივცემდი დაუვიწყარ ტექსტს „პლატერო და მე“, ლირიკული პროზის მსოფლიო შედევრს, ადამიანური ემოციების საუნჯეს, მოდერნისტული მწერლობის მშვენებას… და ჰოი, საოცრებავ, ფეისბუქზე მხვდება ჩვენი საოცარი პოეტის, გიორგი ლობჟანიძის პოეტური იომორესკა „ვირი“, რომელიც ადრეც მქონდა წაკითხული და სადაც ავტორი ახსენებს ხიმენესის პლატეროს. ვიფიქრე, რომ ეს სწორედ მინიშნება იყო… და დღეს ონლაინ გაკვეთილზე პლატეროს და ხუან რამონის ამაღელვებელი ლირიკული ამბები წავიკითხეთ… ეს პოეტი სიკვიდილამდე 2 წლით ადრე, 1956 წელს, ნობელის პრემიით დააჯილდოვეს „მისი ლირიკული პოეზიისათვის, რომელიც ესპანური ენის მაღალი სულიერებისა და მხატვრული სიწმინდის მაგალითს წარმოადგენს“, – ასე ეწერა ნობელის პრემიის განმარტებაში. საზეიმო ცერემონიალზე, სადაც დაჯილდოებული ავტორები ტრადიციისამებრ ლექციებს კითხულობენ ან საგანგებო სიტყვას წარმოთქვამენ, ხიმენესი ვერ წარდგა, რადგან მისი საყვარელი მეუღლე ზენობია ქამფრუბი ამ დროს ავთვისებიანი სიმსივნით იტანჯებოდა და პრემიის გადაცემის დღიდან 2 დღეში გარდაიცვალა, ხოლო მწერლისთვის საიმედო მეგობრის დაკარგვა საბედისწერო დარტყმა იყო. მეუღლის სიკვდილის შემდეგ ის უწყვეტად ავადმყოფობდა და  2 წელიწადში იმავე კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც – ზენობია. ნობელის პრემიის მისაღებად შვედეთის აკადემიის წინაშე ხუან რამონ ხიმენესის უფლებამოსილებით  წარდგა ჰაიმე ბენიტესი, რექტორი პუერტო-რიკოს უნივერსიტეტისა, სადაც პოეტი მოღვაწეობდა. ის ასევე მუშაობდა ფლორიდაში, მაიამის უნივერსიტეტში და მერილენდის უნივერსიტეტშიც გახლდათ ესპანურ-პორტუგალიური განყოფილების პროფესორი. ჰაიმე ბენიტესმა შვედეთის აკადემიას გადასცა პოეტის სიტყვები, რომ სინამდვილეში პრემია ეკუთვნოდა მის მეუღლეს, ზენობიას „მეგობრული მხარდაჭერისა და შემოქმედებითი მონაწილეობისთვის“, ხოლო რექტორმა ბენიტესმა ცერემონიაზე განაცხადა, რომ „ხუან რამონი ისეთი პოეტია, რომლის ყოველ სიტყვაში განსაკუთრებული სულიერი სამეფო ირეკლება“. „პლატერო და მე“, რომელსაც ანდალუსიური ელეგიის სახელით იცნობენ, ხუან რამონის ერთადერთი პროზაული ნაწარმოებია და ამით ის გვაგონებს ჩვენს გიორგი ლეონიძეს, ხიმენესის ეპოქის შემოქმედს, რომლის ერთადერთი პროზაული კრებული „ნატვრის ხე“ პოეტისთვის ნაჩვევი ლირიზმით ატყვევებს მკითხველს, „სხვა“ გოგლად გვაცნობს მას.

აი, რას წერს ამ ნაწარმოებზე მისი მთარგმნელი მანანა გიგინეიშვილი: “პლატერო და მე” ესპანურენოვან ქვეყნებში “დონ-კიხოტის” მერე ყველაზე პოპულარული ლიტერატურული ქმნილებაა. იგი საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიო ლიტერატურის შედევრად. მას ასწავლიან სკოლებში, უნივერსიტეტებში. პლატერო ვერცხლისფერი ჩოჩორია. აქედან მომდინარეობს მისი სახელი (პლატერო – ვერცხლისფერს ნიშნავს ესპანურად). კაცი და ვირი დაეხეტებიან ამ აწეწილ წუთისოფელში. გზა აქვთ გასავლელი. ეს გზა ადამიანის ამაღლების, ზნესრულობის, კაცობრიობის წინსვლის გზაა“.

„პლატერო და მე“ რიტმული პროზის საკვირველი ოსტატობით აგებულ 138 ნიმუშს მოიცავს. ყოველი ჩანაწერი მოკლე, კომპაქტური და ფაქიზი, დახვეწილი ლირიზმით აღბეჭდილია. ის 1916 წელს დაიწერა და მოდერნიზმის ეპოქის ადამიანის ვნებებსა და სულიერ ტიკივილებს საოცარი ექსპრესიულობით გადმოსცემს. აქ ცოცხლდება მთელი უკიდეგანო კოსმოსი თავისი შუქჩრდილებით. ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის ყველაზე ამაღელვებელი იყო ლირიკული ჩანახატი, რომელსაც „სკოლა“ ეწოდება. ავტორი პლატეროს ასე მიმართავს: „შენ რომ სხვა ბავშვებივით გევლო სკოლაში, ჩემო პლატერო, ანბანს ისწავლიდი და ბატიფეხურად, აჩხაბაჩხად გამოიყვანდი ხაზებს. იმდენი მაინც გეცოდინებოდა, ჩვრის ყვავილწნულებით მორთულმა ცვილის ვირუკამ რომ იცის…  შე კაცო, ჩვენს ექიმზე ან პალოსელ მღვდელზე მეტი ხომ მაინც გეცოდინებოდა?!“

მაგრამ, სამწუხაროდ, სკოლა მასწავლებელ დონა დომიტილასთან ერთად პლატეროსა და მისი გულმხურვალე მეგობრისთვის აი, რასთან ასოცირდება: „არა, არა, დონა დომიტილა, რომელსაც უფალი იესო ნაზარეველის ქლამინდის მსგავსი რაღაც აცვია და იისფერ სამოსზე ჩალისფერი თოკი აქვს შემორტყმული მეფესავით ან თევზის ვაჭარივით, სხვა თუ არაფერი, ორი საათით მაინც დაგაჩოქებდა ჭადრებიანი შიდაეზოს ყურეში და გამხმარი ლერწმის შოლტსაც გადაგიჭერდა ფეხებზე; ანდა სულაც კომშის მურაბას ამოგიჭამდა სკოლაში გატანებული საუზმიდან, ან კიდევ კუდქვეშ შეგიკვეხებდა ალმოდებულ ქაღალდს, რომ მედროგის ბიჭივით აგწითლებოდა ყურები“.

ასეთ სამყაროში კი სილაღისა და შემეცნების მოყვარულ გმირებს აბა რა უნდათ? რა გზას ირჩევენ ისინი? მწერალი აგრძელებს: „არა, პლატერო, არა. წამო ჩემთან. მე გაგაცნობ ყვავილებსა და ვარსკვლავებს. აბუჩად ვერავინ აგიგდებს, როგორც ყეყეჩ ბავშვს, ვერავინ ჩაგთვლის მართლა ვირად, სამასხროდ თავზე ვერავინ ჩამოგაცმევს ნიღაბს, რომელსაც ხომალდის სარკმელივით დიდი მოლურჯო-მოჟანგისფრო თვალები და ორი შენხელა ყურები ექნება“…

და მიაჭენებს პლატეროს თავისი მხედარი, გარბიან ისინი ამ არასასურველი რეალობიდან სამოგზაუროდ, თვალის ასახელად, სამყაროს შესაცნობად, საკუთარი თავის შესაცნობად. მთხრობელმა იცის, რომ „თალხით მოსილი, ნაზარეველის წვერითა და მომცრო შავი სომბრეროთი მოთეთრო-მონაცრისფრო პლატეროზე შემოსკუპული“ უცნაური სანახავია და ტურტლიანი ბოშა ბავშვები ყვირილით მისდევენ: „გი-ჟი! გი-ჟი!“

ვის გაუკვირდება ეს ღვთაებრივი სიგიჟე ლამანჩელი იდალგო დონ კიხოტის ქვეყანაში და პლატეროსაც ხომ ამაოდ არ ადარებდნენ სანჩო პანსას? მე და ჩემი მოსწავლეებიც ავყევით ამ სიგიჟეს და ახლა გვესმის, რომ თითქოს „დიადი საკურთხევლის კრეტსაბმელი გაიპო“… ეს ბიბლიური ალუზია მიგვანიშნებს, რომ პლატეროსა და მისი მხედრის სახით მეოცე საუკუნის დასაწყისის იესო აღდგა, რათა ამ გაგიჟებულ სამყაროს თვალი მოავლოს. პლატერო შეშინებულია, მხედარმა კი იცის, რომ თანამედროვე იუდების დახოცვის რიტუალს ატარებს აქ ხალხი და ისვრიან…

ჩემი მოსწავლე მეუბნება: მასწავლებელო, ამ ჩაკეტილობისჟამს, ო, რა შური ვიგრძენი პლატეროსადმი, მეც რა სიამოვნებით შევუერთდებოდი ამ გიჟურ ქროლვას…

  • შენ ამბობ, რაც გსურს, მე კი იმას გეტყვი, რა არ მინდა ყველაზე მეტად ახლა, – ვპასუხობ ჩემს მოსწავლეს და მომყავს ციტატი ხიმენესის ჯადოქრული ტექსტიდან: „…ოღონდ იუდა დღეს არის დეპუტატი, მასწავლებელი, მოსამართლე, მეზვერე, ქალაქისთავი ან სულაც ბებიაქალი. ჰოდა, მოწიფული კაცები ვნების კვირის ამ შაბათ დილით თითქოს გაბავშვებულან და გაზაფხულის რაღაც გაუაზრებელი და გიჟური ჟინით ატანილები ლაჩრულად კლავენ მას, ვინც სძულთ“… მე ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ დონა დომიტელა ვიყო და ჩემი მოსწავლეების მეხსიერებაში იუდად ვცოცხლობდე… რომ ჩემი ფიტულის ლაჩრულად დაწვის ან დაცხრილვის სურვილი უჩნდებოდეთ…
  • დიახ, ეს გავიგე, რაც არ გსურთ, მასწავლებელო, მაგრამ მე ის უფრო მაინტერესებს, აბა, რას ისურვებდით? – კითხვას კითხვითვე მიბრუნებს ელენე.
  • რა მსურს? მინდა, რომ ხიმენესივით და პლატეროსავით ლიტერატურის სამყაროში მოგზაურობის წამომწყები ვიყო ჩემი მოწაფეებისთვის და რომ ეს გრძელი ოდისეა ცხოვრების გზაზე ჩემს ბავშვებს ახსოვდეთ არა, როგორც ტანჯვა, არამედ – სულის ნეტარება, გონების სინათლე, გულის მღელვარება… ბევრს ხომ არ ვითხოვ?..
  • ნუუ… თუ მოინდომებთ, გამოგივათ… – ღიმილით მანუგეშებს ელენე კომპიუტერის მონიტორიდან…

ლირიკული პროზის მასტერკლასი ხიმენესის ტექსტის უმთავრესი ღირსებაა. მე და ბავშვები ვტკბებით ამ ლირიზმით. ბავშვები ტექსტში მარკირებებს აკეთებენ. აბა, ვის შეუძლია ასეთი ჯადოქრული ტროპული სახეებით გარემოს აღწერა: „ ღამეს სძინავს ასწლოვანი ვარჯის გრილ ჩეროში. ლეღვების ნაცრისფერი ტანები ერთმანეთს ისე გადაჭდობია, როგორც სავსე ბარძაყები – ქალის კალთის ქვეშ. ლეღვის ფართო ფოთლები, – სწორედ ის ფოთლები, ადამმა და ევამ რომ სარცხვინელზე მიიფარეს, – ცვრით მომარგალიტებულ-მოთვალულ ქსელს ქსელავენ, ისედაც მქრქალ, ნაზ სიმწვანეს იფერმკრთალებენ და შნოს იმატებენ. აქედან ჩანს ქვემოთ, ზურმუხტოვან სივრცეში, ძალას როგორ იკრებს ალიონი და აღმოსავლეთის ცაზე ცეცხლს უკიდებს ფერგაცრეცილ რიდეებს“…

სხვას ვის შეუძლია სრულიად არაპოეტური ცხოველი, ვირი, ამგვარი პოეტური შტრიხებით დახატოს? – „შენი თვალები, რომელთაც შენ თვითონ ვერ ხედავ, ჩემო პლატერო, ზეცას მშვიდად მიჩერებული შენი ორი თვალი, ორი მშვენიერი ვარდია“.

ეს არ არის დამაინტრიგებელი ვრცელი ამბებისა და კოლიზიების სამყარო, ეს ლირიკული ჭვრეტებია, ნამდვილი ვიზიონერობა, ნაკუწ-ნაკუწ, ნაფლეთ-ნაფლეთ დანახული სამყარო, უკიდეგანო კოსმოსი, რომელსაც ყოველ არსში, ყოველ უჯრედში, ყოველ სახეში დაუვანებია… მწერალი ქმნის ლირიკულ მოზაიკას, პოეტურ არაბესკებს, რომელთა გამთლიანებით ეს ფერადი კოსმოსი წარმოდგება საკვირველი სისავსითა და ცხოველმყოფელობით. თუ II საუკუნის ლათინურენოვანი მწერლის, აპულეუსის რომან „ოქროს ვირში“ ვირად ქცეული გმირის მიერ მოთხრობილი მეტამორფოზებია გადმოცემული, ხიმენესის „პლატერო და მე“ მოგვითხრობს სრულიად  უწყინარ მხატვრულ სახეებზე, რომლებიც ყველგან გვხვდებიან, მაგრამ ასე მათი დანახვა მხოლოდ გენიოსს შეუძლია. დააკვირდით ლირიკული ჩანახატების სათაურებს (იგივე მხატვრულ სახე-სიმბოლოებს): თეთრი პეპლები, მზის დაბნელება, სკოლა, გიჟი, იუდები,ლეღვები, სევდა, ხიჭვი, მერცხლები, გომური, დაკოდილი ულაყი, მოპირდაპირე სახლი, აბდალი, მოჩვენება, მეწამული ხიდი, თუთიყუში, დაკეტილი ჭიშკარი, მღვდელი, წყალსატევი, ქეციანი ძაღლი, ტბორი, აპრილის იდილია, დემონი, თავისუფლება, მოხეტიალეთა მოდგმა, წურბელა, ფორანი, პური, ჭლექიანი, ყვავილები გზის პირას, ლორდი, ჭა, გარგარი, მამლები, ბეჭედი, ბეღურები, ნაკადული, ჭრიჭინობელას ჰანგი, კორიდა, მენახირე, იადონის სიკვდილი, დაბმული ქოფაკი, ბერძნული კუ, თევზის ქერეჭი, კედრის თესლი … უმრავლესობა ამ სათაურებიდან  ერთ- ან ორსიტყვიანია, ისინი ადამიანური ყოფის რეალიებს ისე სადად, მარტივად, უცერემონიოდ, მაგრამ უღრმესი ლირიზმით აცოცხლებენ, რომ მკითხველი აღტაცებაში მოჰყავთ.

ეს ლირიკული ჩანაწერები ბავშვების ფანტაზიას ახელებს და ინსპირაციას ბადებს. მკითხველი ხვდება, რომ სამყაროს ყოველ დეტალში, სულიერსა თუ უსულოში, დიდი ლირიზმი ჩაბუდებულა, ყოველი მათგანი მაკროკოსმოსის მიკრომოდელია, მისი ამეტყველება თუ ყველას არა, ბევრს შეუძლია.

მხოლოდ ხუან რამონივით თხემით ტერფამდე პოეტს შეუძლია წარმოიდგინოს საკუთარი თავი ასე: „ზარები სულ ზევით, მაღლა, ვარსკვლავებს შორის რეკავენ…  ცა თითქოს უფრო ახლოსაა, ვიდრე გომური… და მე ვტირი – გაფაქიზებული, გრძნობამორეული, ფაუსტივით მარტოსული“… ხოლო თავისი მეგობარი ვირი ამ სახით გააცოცხლოს: „ჩემო საყვარელო, ჩემო ჩინდრიკა პლატერო, ჩემო ჩოკინა, ჩემო პატარა ჩოჩორო! რამდენჯერ აგიმაღლებია ჩემი სული და გაგიყვანია ეკალბარდით, ბალბით, ჯიქათი დაფარულ ამ ოღროჩოღრო გზებზე. შენ გეძღვნება ეს წიგნი. მასში შენზეა საუბარი. შენ ახლა უკვე შეგიძლია მისი გაგება“, – გაპიროვნებაც ასეთი უნდა!

პლატერო და ხუან რამონი ჩვენც მიგვიძღვიან ანდალუსიის გზებზე და თვითიზოლაციით თუ  პანდემიის ზაფრით დამძიმებულ ჩვენს სულებს ზეცისკენ მიაქროლებენ… ბავშვები ამბობენ, რომ ხუან რამონი წერის ვნებას აღვიძებს ადამიანში, გიბიძგებს, რომ შენც დაინახო ამ ფერად სამყაროში სახეები, ამბები, გრძნობები და მოყვე ამაზე, მოყვე სადად, გულწრფელად, გაუპრანჭავად, ყალბი პათოსის გარეშ, დაწერო და გააუკვდავო დრო-სივრცე, დაიჭირო წამი, როგორც პროფესორი ქითინგი ასწავლის თავის მოწაფეებს „მკვდარი პოეტების საზოგადოებაში“.

კოლეგებო, წაუკითხეთ ბავშვებს ხუან რამონ ხიმენესის „პლატერო და მე“… მანანა გიგინეიშვილის უმაღლესი ოსტატობით შესრულებული თარგმანი ნამდვილად გაგრძნობინებთ ხუან რამონ ხიმენესის ოსტატობის დაუვიწყარ გემოს…

„მომკლავს მე უშენობა“

0

ასე ჯერ გალაკტიონმა იხუმრა…

„…ამნაირი დარებით კიდით კიდე დარებით, ფერის ფერთა დარებით,

დღემ კოშკების ამალა ხან ეთერში ამალა

და ქარივით ამალა.

მარმარილომ და თასმა, შადრევანმა ათასმა,

ლაჟვარდები ათასმა.

აჩონჩხილო შენობა, მშვენიერო შენობა,

მომკლავს მე უშენობა!“

 

მერე მეც მივბაძე და დავწერე-„მომკლავს მე უშენობა“-თქო შუმერების “მთვარის ქვა” ანუ რკინა მაშინ საქმე რკინას ეხებოდა, რადგან რკინის  დეფიციტი სისხლში მართლაც, რომ ნელ-ნელა დაგვასნებოვნებს და მოგვკლავს.

რას ვიფიქრებდი, რომ იგივეს თქმა მომიწევდა, ოღონდ ახლა სხვა ელემენტის მიმართ.

ოღონდ, მაშინ რკინაზე მთელი სერიოზულობით განვაცხადე. ახლა კი, არა მხოლოდ გალას სახუმარო ლექსს ვიშველიებ, დასაწერ ელემენტზეც ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სერიოზულად ვაცხადებ, რომ დიახ, უმისობა მოგვკლავს, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში და მით უმეტეს  დისტანციური სწავლებისას.

ყველაფერი თანდათანობით მოვყვეთ. კარანტინის შემდეგ, ზაფხულის ხვადში უმეტესობა რაზე ოცნებობთ? მეც მანდ ვარ, ზღვაზე გსურთ წასვლა, რადგან იქ  მზე, ზღვა და ქვიშაა. ისე, ზღვასთან და რუჯთან ოდნავ ფრთხილად იყავით, რადგან… თუმცა, აქ დაწერას უმჯობესია „ზღვის სტატიები“ წაიკითხოთ:

ზღვა ფიქრობს… ფიქრობს…

რუჯი და ქიმია

ქვიშის შემადგენლობაში სილიციუმის ოქსიდია. სილიციუმი პირველად 1811 წელს მიიღეს. ის ჯერ  ჯოზეფ გე-ლუსაკმა მიიღო, შემდეგ კი ლუი-ჟაკ ტენარმა. იაკობ ბერცელიუსმა მას სილიციუმი უწოდა. ბერცელიუსმა სუფთა სილიციუმი მეტალური კალიუმის და სილიციუმის ტეტრაფტორიდის ურთიერთქმედებით მიიღო:

4K+SiF4=Si+4KF

ჩვეულებრივ პირობებში სილიციუმის  ტეტრაფტორიდი უფერო გაზია.  ტიტანის ტეტრაქლორიდის მსგავსად, კარგად ურთიერთქმედებს წყალთან. სილიციუმის  ტეტრაფტორიდი მრავალი გზით მიიღება:

Si+2F2=SiF4

SiO2+2F2= SiF4+O2

Si+4HF=SiF4+2H2

SiO2+4HF=SiF4+2H2O

SiO2+4HF=SiF4+2H2O

ქვიშა, რომ ფაქტიურად სილიციუმია, უკვე ვთქვით. მისი  სხვა  მნიშვნელოვანი მინერალებია კვარცი, კვარციტები, მინდვრის შპატები, სილიკატები და ალუმინოსილიკატები. მასის მიხედვით  დედამიწის ქერქში სილიციუმის დაახლოებით 30%-ია. ამგვარად, სილიციუმი გავრცელების მიხედვით მეორე ელემენტია.

ქვიშიდან თავისუფალ სილიციუმს  ყველაზე მარტივად მივიღებთ. ფაიფურის როდინში მდინარის ქვიშა და მაგნიუმის ფხვნილი  კარგად დავსრისოთ.  შემდეგ კი  სინჯარაში გავახუროთ. სინჯარა გაცხელდება, შემდეგ კი გახურება შუა ნაწილიდან გავაგრძელოთ. როგორც კი ტემპერატურა საკმარისს მიაღწევს, რეაქცია მთელ სინჯარაში გავრცელდება და საკმაოდ დიდი ენერგიის გამოყოფით მიედინება.

თუ დავაკონკრეტებთ, ორი რეაქცია მიმდინარეობს:

SiO2+4Mg=2MgO+Mg2Si

SiO2+2Mg=2MgO+Si

რომელი რეაქციები მიმდინარეობს?

მაგნიუმი არა მხოლოდ ქვიშასთან, არამედ სინჯარის მინასთანაც ურთიერთქმედებს, რადგან სილიციუმი მინის შემადგენლობაშიც არის.

თუ ამ რეაქციას გაკვეთილზე  ჩაატარებთ, ძალიან ფრთხილად გააკეთეთ. მიღებული შავი  ფხვნილი ამორფული სილიციუმია. ამორფულისგან განსხვავებით, მისი ალოტროპიული სახესხვაობა კრისტალური სილიციუმი, გარეგნულად ოდნავ მეტალს გვაგონებს, რუხია და ბზინვარება აქვს. თუმცა, მეტალი არ არის.

კრისტალური სილიციუმის მისაღებად მოვამზადოთ ნარევი: ქვიშა, ალუმინის  და გოგირდის ფხვნილი. ნარევი კარგად ავურიოთ და გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ტიგელში. ეს უკანასკნელი ცეცხლგამძლე ზედაპირზე დავდგათ და ცეცხლი მოვუკიდოთ. ცეცხლის გასაჩაღებლად შიგნით მაგნიუმის ლენტი მოვათავსოთ. მაგნიუმის ლენტი კაშკაშა ალით იწვის, ამიტომ  თვალებს გაუფრთხილდით.

მიმდინარეობს რეაქცია:

4Al+3SiO2=3Si+2Al2O3

ალუმინის ნაწილი ურთიერთქმედებს გოგირდთან, რომელსაც რეაქციის ენერგიულად მიმდინარეობისთვის უმატებენ.

რეაქციის დასრულებისას,  კრისტალური სილიციუმის შემცველი ტიგელი (შეიძლება რეაქციის დროს  გაიბზაროს, გატყდეს) მოვათავსოთ დიდ ჭიქაში, დავასხათ კონცენტრირებული მარილმჟავა, რომელთანაც რეაქციაში შევა რეაქციის გარეშე დარჩენილი ალუმინი და შავი ოქტაედრების სახით გამოილექება სილიციუმი მეტალური ბზინვარებით. კრისტალური სილიციუმი ნახევრადგამტარია. მის ამ თვისებას ელექტრონული აპარატურის მუშაობისთვის იყენებენ. სილიციუმის მონოკრისტალები  მზის ელემენტებსა და მიკროელექტრონიკაში გვხვდება. ანუ, კომპიუტერის პროცესორი, სმარტფონსა და პლანშეტში სილიციუმი შედის.

მიხვდით ახლა? რატომ „მოგვკვლავს“ სილიციუმის გარეშე ყოფნა?  განსაკუთრებით 21-ე საუკენეში და დისტანციური სწავლების დროს? თორემ, შუა საუკუნეებში არც სმარტფონი ჭირდებოდათ რამეში და არც კომპიუტერი.

სილიციუმის დიოქსიდი ასევე  შედის მინის, ცემენტის, კერამიკის შედგენილობაში. E551 სილიციუმის ამორფული დიოქსიდია, რომელიც კბილის პასტები შედგენილობაში გვხვდება.

სანამ სილიციუმს ელექტრონიკაში გამოიყენებენ, მინარევებისგან უნდა გაწმინდონ. ამას ქლორის დახმარებით აკეთებენ.

ჩვენ კი, მოვამზადოთ მარილმჟავას ხსნარი HCl:H2O=1:3 და მასში წეღან გაკეთებული რეაქციის შედეგად მიღებული ამორფული სილიციუმი ჩავაგდოთ. ზედაპირზე ცეცხლი წარმოიქმნება.

წინა ცდაში მაგნიუმის სილიციდი წარმოიქმნა, ის ურთიერთქმედებს მჟავასთან და სილანს წარმოქმნის. ეს უკანასკნელი მომენტალურად შედის რეაქციაში ჰაერის ჟანგბადთან და წარმოიქმნება ცეცხლის ალი.

Mg2Si+4HCl=2MgCl2+SiH4

სილანი ფორმულით ძალიან გავს მეთანს. თუმცა, სილიციუმის ატომი თვისებებს ცვლის და გაზის ანთება საჭირო აღარაა, ის  თვითაალდება.

ახლა წარმოვიდგინოთ, რომ სამზარეულოში მეთანი სილანით ჩავანაცვლოთ…  უფრო მოხერხებული არ იქნება?

კითხეთ აბა თქვენს მოსწავლეებს.

გაზის ქურას გავხსნით და ასანთი ან სანთებელა აღარ დაგვჭირდება, ცეცხლი თავისით აინთება.

არ იქნება მოსახერხებელი, რადგან… მეთანის წვის შედეგად ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, რომელიც ჰაერში განიბნევა. სილანის შემთხვევაში კი სილიციუმის ოქსიდი, რომელიც ფაქტიურად ქვიშის მსგავსია და მერე ნახეთ თქვენ გაზქურის წმენდა… თუმცა, საწმენდი სითხეების მწარმოებლებს იდეა შესაძლოა მოეწონოთ.

ახლა სილიკოგელი მივიღოთ. ჭიქაში ჩავასხათ ნატრიუმის პოლისილიკატი, დავამატოთ განზავებული მარილმჟავა. დროის გასვლის შემდეგ ჭიქაში არსებული ნარევი გამყარდება, წარმოიქმნა სილიციუმის ორთომჟავა. ასეთი კონსისტენციის მასას გელი ეწოდება. თუ ნატრიუმის პოლისილიკატს გოგირდმჟავას შევურევთ, მაშინ გელი არ წარმოიქმნება, წარმოიქმნება ზოლი, ანუ კოლოიდური ხსნარი გაზის პატარა ბუშტუკებით. თუ მიღებულ ზოლს შევათბობთ, ის ნელ- ნელა გელად გარდაიქმნება და სინჯარის შიგთავსი გამყარდება.

სემირამიდას დაკიდულ ბაღებზე გსმენიათ? ჩვენ  სილიციუმის ბაღი შეგვიძლია გავზარდოთ. ავიღოთ ნატრიუმის სილიკატის ხსნარი, რომელშიც რკინის ქლორიდის კრისტალებს ჩავაგდებთ. ჭურჭელში ნელ ნელა წითელი ტოტები გაიზრდება. თუ მეცნიერული ენით ვიტყვით, ოსმოსის პროცესი წარიმართება. ოსმოსი, ანუ ცალმხრივი დიფუზიის პროცესი გამხსნელის მოლეკულების  ნახევრად გამტარ მემბრანაში. ეს ნიშნავს, რომ  წყალი ასეთ მემბრანაში შედის და უკან ვეღარ გამოდის. წყლის ასეთი გადასვლისას მემბრანა შეიძლება გასკდეს და სწორედ ამ დროს დავინახავთ, როგორ იზრდება შემდეგი მილაკი.

ბაღის გასაზრდელად, რკინის ქლორიდის გარდა გამოიყენეთ:

კალციუმის, მაგნიუმის, ნიკელ (II)-ის , სპილენძის (II)-ის, კობალტ (II)-ის, რკინა (II)-ის, რკინა (III)-ის, ბარიუმის, თუთიის, ქრომ (III)-ის და მანგანუმ (II)-ის მარილები.

2FeCl3+3Na2SiO3+6 H2O=2 Fe(OH)3+3H2SiO3+6NaCl

 

ერთხელ, ბავშვობაში „კაუჭა ჯეიმსი“ დამესიზმრა. ხომ გახსოვთ, მეკობრეა. მეკობრეც, ხომ გახსოვთ ვინ არის? ახოვანი კაცია, ერთ ხელში ბოთლი უჭირავს (რაიმე სასმელით), მეორეში დურბინდი. ერთი თვალით ბრმაა, ან სულაც ისე, მოდისთვის აქვს ახვეული. ცალ ყურში კონწიალა რგოლი აქვს გაყრილი. მოსვირინგებული  სხეული  მყვირალა ფერების უგემოვნოდ შეხამებული ტანსაცმლით აქვს შემოსილი. თუმცა, ეს „კაუჭა ჯეიმსს” არ ეხება, ის ყოველთვის ჯენტლმენივით იცვამდა. დამესიზმრა და მთხოვა,  გემი დამამალინეო. აი, შუა ზღვაში, რომ ვიდგე და ვერავინ მხედავდესო. მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და „კაუჭა ჯეიმზს” ვერაფერი ვურჩიე. ახლა კი ვეტყვი:

-ჯეიმს, მომისმინე, ძვირფასო. ზემოთ დავწერე, რომ სილიციუმს, სანამ ტექნიკაში გამოიყენებენ, გაწმენდა სჭირდება და ამას ქლორის მეშვეობით აკეთებენ-თქო. სილიციუმს მრგვალძირა კოლბაში აცხელებენ და მასში ქლორს გაატარებენ. შედეგად სილიციუმის ტეტრაქლორიდის ორთქლი  გამოიყოფა. ის  სისტემის მაცივარს გაივლის და მიმღებ ჭურჭელში უფერო სითხედ კონდენსირდება. Si+Cl2=SiCl4. თხევადი სილიციუმის ტეტრაქლორიდი ჰაერზე ბოლავს და ნისლს წარმოქმნის. ეს იმიტომ, რომ  წყალთან შეხებისას (ჰაერის შემადგენლობაში კი წყლის ორთქლია) მიმდინარეობს ჰიდროლიზი და წარმოიქმნება სუსტი მეტა სილიციუმის მჟავა, რომელიც მაშინვე გარდაიქმნება სილიციუმის ოქსიდის ჰიდრატად. ასე, რომ ეკიპაჟის ბიჭებს ქვიშა მოატანინე, სტატიაში დაწერილი მეთოდებით სილიციუმის ტეტრაქლორიდი მიიღე, მერე ჭურჭელს  თავი მოხსენი და  ისეთ ნისლს დაატრიალებ, შენი გემიან განძეულიანად ვერავინ დაგინახავს.

-გაიგე, ჯეიმს??

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...