სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

სასწავლო ერთეულის (მატრიცის) შექმნის გზამკვლევი

0

რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ დაწყებით საფეხურზე ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის შერჩეული ტექსტის მიხედვით თემატური (სასწავლო) ერთეულის დაგეგმვისას? სხვაგვარადაც შეგვიძლია ვიკითხოთ: როგორ შევქმნათ სასწავლო ერთეული ქართულში?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში წინამდებარე ტექსტი დაგვეხმარება. ამ ტექსტის უკეთ გასააზრებლად, კარგი იქნება, თუ შეასრულებთ ქვემოთ მოცემულ დავალებას:

ყურადღებით წაიკითხე წინამდებარე ტექსტი „სასწავლო ერთეულის შექმნის გზამკვლევი“ და მასზე დაყრდნობით დაამზადე პოსტერი „ოთხი ნაბიჯი სასწავლო ერთეულის შესაქმნელად“.

პოსტერის დამზადებისას:

  • გამოიყენე A4 ფორმატის ცარიელი ფურცელი და სხვადასხვა სახის საწერი თუ სახატავი მასალა (ან რომელიმე ციფრული პლატფორმა).
  • ნამუშევარში გადმოეცი ტექსტში მოცემული საკვანძო, ძირითადი ინფორმაცია.
  • გააფორმე ილუსტრაციებით და/ან სიმბოლოებით.

ნამუშევრის პრეზენტაციისას ხაზი გაუსვი:

  • როგორ გაქვს პოსტერზე გადმოცემული საკვანძო ინფორმაცია სასწავლო ერთეულის შევსების შესახებ.
  • რამდენად ეფექტურად გაქვს გამოყენებული ესა თუ ის ილუსტრაცია თუ სიმბოლო.

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

  • როგორ დაიწყე დავალებაზე მუშაობა, რას მიაქციე ყურადღება პირველ რიგში?
  • რა იყო შედარებით ძნელად შესასრულებელი?
  • რას გააკეთებდი სხვაგვარად, ხელახლა რომ ასრულებდე დავალებას?

 

ტექსტების შერჩევა

დასაწყისშივე განვმარტოთ, რომ სასწავლო (თემატურ) ერთეულში ვგულისხმობთ გარკვეული ლოგიკით წარმოდგენილი სასწავლო პროცესის ერთგვარ გზამკვლევს. თემატური ერთეულის აგების ლოგიკა და მისი ფორმა შემოთავაზებულია ახალი სკოლის მოდელის ექსპერტებისა და სპეციალისტების მიერ და ინტენსიურად ინერგება ჩვენს სკოლებში.

მშობლიური ენისა და ლიტერატურის სასწავლო ერთეულის (მატრიცის) ლოგიკურ აგებას დიდწილად განსაზღვრავს ტექსტი. მნიშვნელოვანია, რის დამუშავება გვინდა გაკვეთილებზე. ტექსტები ერთმანეთისგან განსხვავდება თემატიკით, მოცულობით, კითხვადობის სირთულით, ლექსიკური თუ ჟანრობრივი მახასიათებლებით, შექმნის მიზნით, სტილითა და სხვა ნიშნებით. შესაბამისად, თითოეული ტექსტის სასწავლო პროცესში დამუშავებას თავისებური, განსხვავებული, ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

ჩვენი ამოცანაა, თითოეულ ტექსტს შევურჩიოთ ადეკვატური, მოსწავლეთათვის საინტერესო და სასარგებლო აქტივობები, რომელთა საშუალებითაც სამიზნე ცნებების დამუშავებას მოვახერხებთ.

სანამ საუბარს გავაგრძელებთ, ყურადღება გავამახვილოთ ტექსტის შერჩევის ორ განმაპირობებელზე:

  1. თემა – რა თემაზეა ტექსტი. გასაგები რომ გახდეს, რას ვგულისხმობთ, მაგალითი განვიხილოთ, რადგან სხვადასხვა სპეციალისტი „თემაში“ სხვადასხვა შინაარსს დებს. თემატური ერთეულების ფორმაში მეტი სიზუსტისა და სიცხადისთვის „დამატებითი თემატიკის“ ცნებაცაა შემოთავაზებული. თუ ტექსტი ცხოველების მეგობრობას ასახავს, რა თემაზე იქნება იგი? ალბათ, მეგობრობაზე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ინფორმაცია მასწავლებლისთვის, რომელიც, დავუშვათ, დაინტერესებულია ამ მასალით. ამიტომ საჭიროა დაზუსტება, რომ ეს ტექსტი ცხოველების შესახებაცაა.

თემაზე აქცენტის დასმა არ არის შემთხვევითი. ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები ასაკობრივი შესაბამისობის შემდეგ სამართლიანად ანიჭებენ უმთავრეს მნიშვნელობას თემატური ერთეულის (სასწავლო ერთეულის, ე. წ. მატრიცის) ცნებას. ერთ თემაში ადვილად ლაგდება სწავლება.

  1. ჟანრი – რა ჟანრის ტექსტია. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს შერჩეული ტექსტის ჟანრობრივ მახასიათებლებს. ერთ-ერთი მიზანი სწორედ ჟანრობრივი მრავალფეროვნება უნდა იყოს და არა მხოლოდ რომელიმე ერთი ჟანრის ტექსტების, დავუშვათ, იგავ-არაკების, შეთავაზება და სწავლება.

გარდა ამისა, ტექსტის შერჩევისას ვითვალისწინებთ, რა იდეის მატარებელია, როგორია მისი კითხვადობის დონე და შეესაბამება თუ არა ამ მახასიათებლით ჩვენი მოსწავლეების მზაობას, ვინ არის მისი ავტორი, რადგან სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებების შეთავაზება სტილურ მრავალფეროვნებასაც გამოიწვევს. როდესაც ასაკობრივი თავისებურების გათვალისწინებაზე ვსაუბრობთ, თემისა და ტექსტის კითხვადობის დონესთან ერთად ყურადღება უნდა მივაქციოთ მოცულობასაც, განსაკუთრებით – დაწყებით საფეხურზე.

დაბოლოს, მასწავლებლები უნდა დავფიქრდეთ, როგორ დამუშავდება ეს ტექსტი, რომელი სასწავლო საკითხის გასააქტიურებლად იქნება გამოსადეგი და რომელი კომპლექსური დავალების შეწყობა იქნება მისთვის მოხერხებული. შესაძლოა, უკანასკნელი ორი პარამეტრიდან თითოეულმა რომელიმე კონკრეტული ტექსტის სასარგებლოდ მიგვაღებინოს გადაწყვეტილება.

რას გულისხმობს სასწავლო საკითხის შერჩევა?

ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა საკითხი სამიზნედ გამოვაცხადოთ იმისდა მიხედვით, შევეხებით თუ არა მას სასწავლო პროცესში. მაგალითად, ტექსტზე მუშაობისას ყურადღებას მივაქცევთ ისეთ არავერბალურ ელემენტს, როგორიცაა ილუსტრაცია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ საკითხზე საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ, თუკი რაიმე საჭიროება არ დგას. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, საკითხთა ჩამონათვალში თანდათან დავფაროთ ისინი მთელი წლის, მეტიც, საფეხურის განმავლობაში.

როდესაც ტექსტს გავეცნობით, ის პირდაპირ გვკარნახობს, რა სასწავლო საკითხი გავააქტიუროთ მისი დამუშავების დროს. ამის პარალელურად ვფიქრობთ, როგორი კომპლექსური დავალება შევთავაზოთ მოსწავლეებს თითოეული ცნების ჭრილში.

საკითხები
შინაარსობრივი მხარე

·    მთავარი იდეა/დედააზრი, მინიშნება; მთავარი და არამთავარი ინფორმაცია;

·    სიუჟეტის განვითარების საფეხურები (დასაწყისი, შუა ნაწილი, დასასრული); თანამიმდევრულობა; ეპიზოდი; დიალოგი.

·    მოქმედების დრო და ადგილი;

·    პერსონაჟი – ქცევა, მოტივაცია, შინაგანი სამყარო – ფასეულობები, დამოკიდებულებები; პიროვნული მახასიათებლები, ემოციები, ურთიერთობა სხვა პერსონაჟებთან;

·    ავტორი, მთხრობელი, ხედვის კუთხე

ენობრივი მხარე

·    ლექსიკა – უცნობი სიტყვები; შესიტყვებები; იშვიათად გამოყენებული სიტყვები; ფრთიანი გამონათქვამები; სიტყვათა სემანტიკური კავშირები (სინონიმები, ანტონიმები, ლექსიკური ბუდეები); ენობრივ-გამომსახველობითი საშუალებები (მაგ., მხატვრული ხერხები, ფრაზეოლოგიზმები);

·    გრამატიკული საშუალებებები (სიტყვათწარმოება, რიცხვის წარმოება, ბრუნება, უღლება, რთული სიტყვები; ხარისხის ფორმები, სასვენი ნიშნები); ქრონოლოგიური და ლოგიკური კავშირების (მაგ., მიზეზშედეგობრიობის) გამომხატველი ენობრივი საშუალებები

სტრუქტურული მხარე

·  მაორგანიზებელი ვერბალური და არავერბალური ელემენტები და მათი განლაგება (მაგ., სათაური, ილუსტრაცია)

 

 

ჟანრობრივი მახასიათებლები

·  კონკრეტული საბავშვო თხრობითი მხატვრული ტექსტების

·  კონკრეტული არამხატვრული ჟანრის ტექსტების (მაგ., საინფორმაციო-დარგობრივი ტექსტები, შემეცნებითი სტატია)

·  ლექსების

 

რა არის კომპლექსური დავალება?

მცირე ხნით შევჩერდეთ კომპლექსური დავალების პირობის ჩამოყალიბებაზე, რადგან იგი იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ შეფასების კრიტერიუმებსაც მოიცავს.

კომპლექსური დავალება, როგორც ვიცით, შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას გულისხმობს. აქ სიტყვა „შემოქმედებითი“ არ გულისხმობს მხატვრულ ნაწარმოებს – ნებისმიერი ნამუშევარი ასეთად შეგვიძლია მივიჩნიოთ. მოსწავლეს მკაფიოდ, თვალსაჩინოდ უნდა ავუხსნათ, რაზე მუშაობას მოვითხოვთ მისგან. უნდა ვაჩვენოთ, გავახსენოთ მსგავსი დავალება და ნამუშევარი. შესაძლოა, ასეთი ნამუშევრის შექმნის მოდელირებაც კი დაგვჭირდეს.

კომპლექსური დავალების პირობაში მითითებული უნდა იყოს, რა უნდა წარმოაჩინოს მოსწავლემ, რაზე ისაუბროს პრეზენტაციისას და პრეზენტაციის შემდეგ. ეს მხარე თუ არ იქნა გათვალისწინებული კომპლექსურ დავალებებზე მუშაობისა და პრეზენტაციის დროს, პროცესი სასარგებლო, მაგრამ რიგით აქტივობას დაემსგავსება.

განვიხილოთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული დავალება პოსტერის დამზადების შესახებ, რაზეც ახლა ვმუშაობთ, რა მიზნითაც ამ ტექსტს ვკითხულობთ:

ყურადღებით წაიკითხე წინამდებარე ტექსტი „სასწავლო ერთეულის შექმნის გზამკვლევი“ და მასზე დაყრდნობით დაამზადე პოსტერი „ოთხი ნაბიჯი სასწავლო ერთეულის შესაქმნელად“.

პოსტერის დამზადებისას:

  • გამოიყენე A4 ფორმატის ცარიელი ფურცელი და სხვადასხვა სახის საწერი თუ სახატავი მასალა (ან რომელიმე ციფრული პლატფორმა).
  • ნამუშევარში გადმოეცი ტექსტში მოცემული საკვანძო, ძირითადი ინფორმაცია.
  • გააფორმე ილუსტრაციებით და/ან სიმბოლოებით.

ნამუშევრის პრეზენტაციისას ხაზი გაუსვი:

  • როგორ გაქვს პოსტერზე გადმოცემული საკვანძო ინფორმაცია სასწავლო ერთეულის შევსების შესახებ.
  • რამდენად ეფექტურად გაქვს გამოყენებული ესა თუ ის ილუსტრაცია თუ სიმბოლო.

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

  • როგორ დაიწყე დავალებაზე მუშაობა, რას მიაქციე ყურადღება პირველ რიგში?
  • რა იყო შედარებით ძნელად შესასრულებელი?
  • რას გააკეთებდი სხვაგვარად, ხელახლა რომ ასრულებდე დავალებას?

 

კომპლექსური დავალების კიდევ ერთხელ გადათვალიერების შემდეგ კიდევ ერთი კითხვა დავსვათ: რა საკითხს შეიძლება შეესაბამებოდეს ეს კონკრეტული კომპლექსური დავალება? ვფიქრობ, პასუხი ცხადია: ჩვენ ვმუშაობთ ტექსტის შინაარსობრივ მხარეზე, მთავარი და არამთავარი ინფორმაციის გამოკვეთაზე და სწორედ ამ სტრატეგიის გამოყენება გვეხმარება კომპლექსური დავალების შესრულებაში.

კარგი იქნება, თუ კომპლექსური დავალების პირობის ჩამოყალიბებისას გავითვალისწინებთ შესაბამისი ცნების მკვიდრ წარმოდგენებს. მათი გადაკეთება, ერთი მხრივ, ადეკვატური მითითებების შედგენაში დაგვეხმარება, მეორე მხრივ, შეასრულებს შეფასებისთვის საჭირო საყრდენების როლს.

კონკრეტული მაგალითისთვის ვნახოთ ტექსტის ცნების მკვიდრი წარმოდგენა: ყველა ტექსტს აქვს შინაარსი, ენა და სტრუქტურა. ამის ასახვა შემდეგნაირადაა შესაძლებელი კომპლექსური დავალების პირობაში (დავუშვათ, კომიქსში, რომელიც უნდა შექმნან ტექსტის „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან“ მიხედვით): კომიქსში წარმოაჩინე ტექსტის შინაარსი და გამოიყენე ტექსტის ენა…

კიდევ ერთ მკვიდრ წარმოდგენას დავუკვირდეთ: ტექსტში ზოგიერთი ინფორმაცია პირდაპირი მინიშნების სახითაა მოცემული, ზოგიერთი – არაპირდაპირი მინიშნების სახით. ეს მკვიდრი წარმოდგენა შემდეგნაირად შეიძლება აისახოს პირობაში: ნამუშევრის პრეზენტაციისას აღნიშნე, კომიქსში შენ მიერ წარმოდგენილი ჭიანჭველას თვისება პირდაპირ არის ტექსტში მოცემული თუ არაპირდაპირ…

 

საკვანძო კითხვები

მას შემდეგ, რაც კონკრეტულ ცნებასა და მის მკვიდრ წარმოდგენებზე დამიზნებულ კომპლექსურ დავალებას შევარჩევთ თუ შევქმნით, უნდა მოვიფიქროთ საკვანძო კითხვა. რა არის საკვანძო კითხვის მიზანი? როგორც ვიცით, ის მასწავლებლებს გვეხმარება, სასწავლო პროცესი მიზანმიმართულად, ზედმეტი გადახვევების გარეშე წარვმართოთ, ხოლო მოსწავლეებს კარგი სასწავლო კითხვა აღუძრავს მოტივაციას, წინარე ცოდნაზე დააფიქრებს და კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ მობილიზებაში ეხმარება.

კიდევ ერთხელ მივუბრუნდეთ ჩვენს დავალებას (პოსტერს „ოთხი ნაბიჯი სასწავლო ერთეულის შესაქმნელად“) და დავფიქრდეთ, რა იქნებოდა საკვანძო შეკითხვა ამ დავალებისთვის? ეს შეკითხვა დაისვა კიდეც, სანამ ამ ტექსტის კითხვას დავიწყებდით: რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებისას შერჩეული ტექსტის მიხედვით სასწავლო ერთეულის დაგეგმვისას? სხვაგვარადაც შეგვიძლია ვიკითხოთ: როგორ შევქმნათ თემატური ერთეული?

საკვანძო კითხვები უნდა დავსვათ როგორც ცალკეული კომპლექსური დავალების პირობის წარდგენამდე, ისე წარდგენის შემდეგაც, თითოეულ ეტაპსა და ქვეეტაპზე მუშაობის დაწყებისას. მაგალითად, პირველი ეტაპის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობისთვის საკვანძო შეკითხვა იქნება: რას მოითხოვს ჩემგან ეს კომპლექსური დავალება? რა შემიძლია გავაკეთო დამოუკიდებლად?

ეტაპებისა და ქვეეტაპებისთვის განკუთვნილი საკვანძო შეკითხვები შემოთავაზებულია ცარიელ ფორმებში. რასაკვირველია, მასწავლებელს შეუძლია, უფრო მეტად დააკონკრეტოს ისინი და მოარგოს კონკრეტულ ტექსტსა თუ კლასს. თუ შევაჯამებთ, შეიძლება გამოვკვეთოთ შემდეგი რანგის საკვანძო კითხვები: თემაზე, ცნებაზე, სასწავლო საკითხზე, კომპლექსურ დავალებაზე, ეტაპზე, ქვეეტაპსა და აქტივობაზე ორიენტირებული სასწავლო კითხვები.

ეს ზოგადი ნათქვამი კონკრეტული ტექსტის „სპილოს ინტერვიუ ჭიანჭველასთან“ მიხედვით შემდეგნაირად ჩაიშლება:

თემატური საკვანძო შეკითხვა: რა საინტერესო თვისებები აქვთ ცხოველებს?

ტექსტის ცნებაზე ორიენტირებული საკვანძო შეკითხვები: როგორაა გადმოცემული მთავარი სათქმელი? როგორ შეიძლება ამოვიცნო ტექსტში დაფარული ინფორმაცია?

სასწავლო საკითხზე, პერსონაჟზე ორიენტირებული საკვანძო შეკითხვა: რა თვისებებით გამოირჩევა ჭიანჭველა?

კომპლექსურ დავალებაზე ორიენტირებული სასწავლო შეკითხვა: როგორ წარმოაჩენს ჭიანჭველა საკუთარ თავს?

ეტაპზე ორიენტირებული საკვანძო შეკითხვა: როგორ წარმოვაჩინო ჭიანჭველას საინტერესო თვისებები კომპლექსურ დავალებაში?

ქვეეტაპზე ორიენტირებული სასწავლო შეკითხვები: რა ვიცი ჭიანჭველების შესახებ (თუ ტექსტის წაკითხვამდე ქვეეტაპია)? როგორ მოვახდინო ტექსტის წაკითხვით მსმენელებზე შთაბეჭდილება (თუ გაწაფული კითხვის ქვეეტაპია)?

 

აქტივობები

კარგად მოფიქრებული საკვანძო კითხვები ერთგვარი გზამკვლევია მასწავლებლებისთვის საიმისოდ, რომელ აქტივობაზე ამუშაონ მოსწავლეები კომპლექსური დავალების შესრულების მიზნით. შესაბამისად, აქტივობების გაწერა ერთგვარ ბოლო საფეხურადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამ პროცედურის შესახებ რამდენიმე საკვანძო მომენტს უნდა გავუსვათ ხაზი:

  • თითოეული აქტივობის დაგეგმვისას უნდა გავითვალისწინოთ, რამდენად ემსახურება მასზე მუშაობა კონკრეტულ კომპლექსურ დავალებაზე კონცენტრირებას. ბევრი სასარგებლო აქტივობის მოფიქრება შეიძლება რომელიმე კონკრეტულ ტექსტზე სამუშაოდ, მაგრამ იქნება კი ყველა მათგანი ჩვენ მიერ შერჩეულ კომპლექსურ დავალებაზე დამიზნებული? რასაკვირველია, არა.
  • გაწერილი აქტივობები ერთგვარი მონახაზია, რომელიც დაზუსტდება და შეივსება უშუალოდ ამ აქტივობების ჩატარების შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი სასწავლო ერთეული საბოლოო სახეს ამ აქტივობების მოსწავლეებთან მოსინჯვის შემდეგ მიიღებს.
  • წინა პუნქტის გათვალისწინებით, მხოლოდ ამის შემდეგ გახდება თვალსაჩინო, რამდენი დრო დასჭირდა ამ კონკრეტული სასწავლო ერთეულის მოსწავლეებთან გაცოცხლებას და ამის შემდეგ შეივსება მატრიცის ის ადგილი სატიტულო გრაფაში, სადაც საათების რაოდენობაა მითითებული.
  • საბოლოო სახით ჩამოყალიბებული სასწავლო ერთეული, რასაკვირველია, შეგვიძლია გამოვიყენოთ მომდევნო წელსაც, სხვა კლასთანაც, გავუზიაროთ სხვა მასწავლებელსაც და ამ ხელახალი გამოყენებისას ის კვლავ შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს, იმისდა მიხედვით, რა მზაობა და საჭიროებები აქვთ სხვა კლასის მოსწავლეებს.

ბოლოს გავიხსენოთ, როგორაა შემოთავაზებული ტექსტის გაგება-ინტერპრეტირების ცნებაზე მუშაობისას აქტივობები ეტაპებისა და ქვეეტაპების მიხედვით:

1-ლი ეტაპია კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, როდესაც მოსწავლეები უპასუხებენ საკვანძო შეკითხვებს: რას მოითხოვს ჩემგან ეს კომპლექსური დავალება? რას შევძლებ დამოუკიდებლად? რაში დამჭირდება დახმარება?

ამ ეტაპზე მასწავლებელი აცნობს ბავშვებს კომპლექსურ დავალებას, რათა ყველამ გაიგოს, რა უნდა გააკეთონ, რაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება, რაზე უნდა ისაუბრონ ნამუშევრის პრეზენტაციისას და პრეზენტაციის შემდეგ. ამისთვის მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა აჩვენოს ადრე შექმნილი ის პროდუქტი, რომლის მსგავსის შექმნაც ამ კომპლექსურ დავალებაში მოეთხოვებათ. თუ ასეთი დავალება პირველად სრულდება, მასწავლებელმა უნდა მიმართოს მოდელირებას: გაახსენოს უკვე შესწავლილი, ნაცნობი ნაწარმოები (მაგალითად, „წითელქუდა“, „მიამიტი ღამურა“) და ამ ნაწარმოების მიხედვით აუხსნას, რა უნდა გააკეთონ (კომიქსი, პოსტერი, პერსონაჟი სქემა…) და როგორ.

მეორე ეტაპზე მოსწავლეები ემზადებიან კომპლექსური დავალების შესასრულებლად და ეს ეტაპი განსხვავდება სხვა ცნებებზე მუშაობის ეტაპებისგან, რადგან მოსწავლეები პირველად ეცნობიან ტექსტს. მაგალითად, წერის ცნებაზე მუშაობისას პირველი ეტაპის ანუ კომპლექსური დავალების პირობის გაცნობის შემდეგ ისინი პირდაპირ იწყებენ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობას.

მეორე ეტაპის საკვანძო კითხვაა: რა უნდა ვისწავლო/გავაცნობიერო იმისთვის, რომ მოცემული კომპლექსური დავალების შესრულება შევძლო?

სწორედ ეს ეტაპია დაყოფილი რამდენიმე ქვეეტაპად:

პირველია ტექსტის წაკითხვამდე ქვეეტაპი, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს საკვანძო კითხვებს: რას მეუბნება პირველადი მინიშნებები (მაგალითად, სათაური, ილუსტრაცია) ტექსტის შესახებ? რით უკავშირდება ისინი ჩემს ცოდნას?

ამ ქვეეტაპზე ჩატარებული აქტივობების შედეგად აღიძვრება მოტივაცია საკვანძო შეკითხვის/შეკითხვების დასმით, წინარე ცოდნის გააქტიურება სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით, ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციებზე დაყრდნობით…

შემდეგი ქვეეტაპია ტექსტის წაკითხვა – შინაარსის აღმოჩენა საკვანძო შეკითხვით: რას მეუბნება ტექსტი?

ამ ქვეეტაპზე ხდება ტექსტის წაკითხვა, რაც სხვადასხვა ფორმითა და მეთოდით შეიძლება წარიმართოს: მასწავლებლის მიერ ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა პაუზებით, მონაკვეთებად წაკითხვისას ვარაუდების გამოთქმა და გადამოწმება, კითხვის დროს ან კითხვის დასასრულს კითხვების დასმა და პასუხების გაცემა, მოსწავლეების მიერ ინდივიდუალურად (ან წყვილებში, ან მცირე ჯგუფებში) წაკითხვა და რომელიმე კოგნიტიური სქემის (მაგალითად, პერსონაჟზე, შინაარსზე, მოვლენათა განვითარებაზე, მიზეზებსა და შედეგებზე) შევსება.

სასურველია, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მუდმივად ხდებოდეს ლექსიკური მარაგის გამდიდრებაზე ზრუნვა. სწორედ ამისთვისაა შემოთავაზებული ერთ-ერთი ქვეეტაპი ტექსტის ენა – სიტყვებისა და შესიტყვებების უცნობ სამყაროში შესვლა, საკვანძო შეკითხვით: როგორ აღმოვაჩინო სიტყვის სამყარო?

ამ ქვეეტაპზე ხდება სიტყვებისა და გამოთქმების განმარტება, სხვადასხვა სქემის (სიტყვის პირამიდა, ვერბალური და ვიზუალური ასოციაციების სქემა, ფრეიერის სქემა, სიტყვის სხვადასხვა სახის რუკა…) შევსება შერჩეულ (ახალ, უცნობ, საკვანძო, მნიშვნელოვან…) სიტყვებზე, ტექსტის სიტყვებით თავსატეხების შედგენა და ამოხსნა, სხვადასხვა სტრატეგიით (სიტყვების გამომძიებელი, დაკარგული სიტყვები…) მუშაობა (ლექსიკური მარაგის გამდიდრების შესახებ იხ. ამავე ავტორის სტატიები ამავე პლატფორმაზე. რაც მთავარია, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის სარესურსო კრებულები პორტალზე „კარგი სკოლა“).

ერთ-ერთი ქვეეტაპია ტექსტთან შეჭიდება, რომელიც ტექსტის სიღრმისეულ გააზრებას უნდა ემსახურებოდეს. მისი საკვანძო კითხვა იქნება: რა არის ავტორის/ტექსტის მთავარი/დაფარული სათქმელი?

ამ ქვეეტაპის ტიპური აქტივობებია:

  • ტექსტის მიხედვით სხვადასხვა სააზროვნო, სადისკუსიო შეკითხვაზე მსჯელობა;
  • ტექსტის დამუშავება სხვადასხვა სააზროვნო სქემის (მოვლენათა ჯაჭვი, მიზეზშედეგობრივი კავშირების სქემა, მოთხრობის რუკა, პერსონაჟის რუკა, ტექსტი ამბობს – მე ვფიქრობ – ამიტომაც, კითხვებისა და პასუხების ურთიერთმიმართება – QAR…) გამოყენებით;
  • ტექსტის მიხედვით წამოჭრილი დილემური საკითხების განხილვა, დისკუსიის გამართვა (ოთხი კუთხე, სოკრატული დიალოგი…).

დაწყებით საფეხურზე მნიშვნელოვანია კითხვაში გაწაფულობაზე ყურადღების გამახვილება, ამიტომ ახალი სკოლის მოდელის საავტორო ჯგუფსაც აქვს შემოთავაზებული ქვეეტაპი კითხვაში გაწაფვა, გამოთქმით კითხვა. ამ ქვეეტაპის საკვანძო კითხვებია: როგორ გამოვხატო ავტორის, პერსონაჟის გრძნობები, აზრები, ემოციები? როგორ მოვახდინო მსმენელზე შთაბეჭდილება?

აქტივობათა ვერსიები:

  • წყვილებში ხმამაღალი კითხვა;
  • განმეორებითი კითხვა;
  • კითხვა აუდიოჩანაწერის დახმარებით;
  • კითხვის მატარებელი.

გარდა ამ ქვეეტაპებისა, შეიძლება ვიმუშაოთ ტექსტის ან ეპიზოდის მოკლე ან ვრცელი შინაარსის გადმოცემაზე, ტექსტის სტრუქტურის აღქმაზე, იმისდა მიხედვით, როგორია ტექსტი და რა საჭიროებები დგას კლასში.

მესამე ეტაპზე ხდება უშუალოდ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა, ხოლო მეოთხე ეტაპზე კომპლექსურ დავალებებს წარმოადგენენ მოსწავლეები.

ასე იქნება გადანაწილებული ჩვენ მიერ შერჩეული აქტივობები სასწავლო ერთეულში.

————————-

დასასრულ, მინდა, გავიხსენოთ კომპლექსური დავალება, რომელიც ტექსტის დასაწყისში იყო მოცემული და შემოგთავაზოთ ჩემ მიერ შესრულებული:

 

 

რა არის სახელმწიფოებრივი აზროვნება?

0

სახელმწიფოებრივი აზროვნების მნიშვნელობის შესახებ საყოველთაო შეთანხმება არ არსებობს. ცნება მრავლისმომცველია, ყველა სხვადასხვაგვარად აფასებს აღნიშნულ საკითხს. ერთხელ სახელმწიფოებრივი აზროვნების თაობაზე ჩემს სტუდენტებს ვკითხე, მაინტერესებდა, რა თემებზე დასვამდნენ აქცენტს. შეუძლებელია, რომ მათგან საინტერესო, საგულისხმო პასუხები არ მოისმინო.

უპირველეს ყოვლისა, უმრავლესობამ პროფესიონალიზმზე დაიწყო საუბარი. მათი აზრით, შეუძლებელია სახელმწიფოებრივად იაზროვნო და იმოქმედო რომელიმე დარგის ფუნდამენტური ცოდნის გარეშე. მაღალი კვალიფიკაციის უპირობო უპირატესობებზე მსჯელობის შემდეგ მსმენელებმა ყურადღება წესრიგისა და პასუხისმგებლობის კრიტერიუმებს მიაპყრეს. შეთანხმდნენ, რომ მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი ქვეყნის სამსახურისათვის, დასახული მიზნის მისაღწევად ადამიანს თანმიმდევრული, დაუზარელი და დისციპლინირებული შრომაც უნდა შეეძლოს. ზოგიერთებმა მალევე მოინდომეს წერტილის დასმა და გადაწყვიტეს, რომ ყველა აუცილებელი ნიშან-თვისება, გარემოება უკვე შეკრებილი ჰქონდათ. თუმცა, ჩემ მიერ კითხვის დასმაც აღარ გახდა საჭირო, თვითონვე გაიხსენეს უამრავი მუყაითად მომუშავე სპეციალისტი, რომლებსაც საკუთარი თავის მიღმა, სხვებისთვის უმცირესი სიკეთეც კი არ გაუკეთებიათ. ამგვარად დაიბადა სახელმწიფოებრივი აზროვნების მორიგი საზომი. აუდიტორიის წევრებმა დაასკვნეს, რომ შეუძლებელია ღირსეული მოქალაქე გეწოდოს, თუ შენი გადაწყვეტილებებით მხოლოდ საკუთარი ახლობლებისა და ნათესავების კეთილდღეობას უწყობ ხელს. მნიშვნელოვანია საზოგადო სიკეთის შექმნა, მრავალთათვის სასარგებლო ამბების დატრიალება.

ცხადია, ჩემს უმცროს კოლეგებს მოვუწონე რამდენიმე წუთიანი გარჯა და უნივერსალური პრინციპების ჩამოყალიბება. უბრალოდ, შესვენების დასრულებამდე მეც მოვინდომე მათთვის ერთი-ორი სიტყვის გაზიარება.

ბევრი ადამიანი შემხვედრია, რომლებიც უცნობთა თვალში შესანიშნავ მოქალაქეებად და მოღვაწეებად წარმოჩნდებიან. ისინი წყნარად, ჩუმად, ბევრი კონფლიქტისა და დავიდარაბის გარეშე აკეთებენ თავიანთ პატარა საქმეებს და, ახლობლების გარდა, სხვებსაც უმსუბუქებენ ცხოვრებას. ასეთები თავს ბედნიერად გრძნობენ, ამაყობენ საკუთარი შემოქმედებითა და ყოველდღიურობით. ზოგიერთ მათგანს ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ, შესაბამისად, გადასარევად ვხვდები მათი ქცევის ლოგიკას, გარედან თვალსაჩინო იდილიისა და იდეალის საიდუმლოს. ისინი სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და მოქმედებენ, რადგან არასდროს დამდგარან არჩევნის წინაშე, არასდროს დასჭირვებიათ თავიანთი საქმის გასაგრძელებლად უმცირეს კონფლიქტში შესვლაც კი. მათ გაუმართლათ, იღბალი რომ არ ყოფილიყო ასეთების მხარეს, პირველივე მოსახვევში, პირველსავე ბარიკადთან უარს იტყოდნენ თავიანთი საზოგადო საქმის აღსრულებაზე. განა ბოროტები არიან? განა სიყვარულს არ იმსახურებენ? განა განვიკითხავ? უბრალოდ, მათ ბრძოლა, არჩევნის გაკეთება და დაცვა არ შეუძლიათ, სათანადო ენერგია არ აქვთ. საშუალო რანგის მოქალაქეებს სახელმწიფოებრივად აზროვნება და მოქმედება მხოლოდ მაშინ შეუძლიათ, თუ ზედმეტი თავის ტკივილი არ არის საჭირო.

შესაბამისად, ლექციამდე დარჩენილ დროში ჩემებს ერთადერთი თეზისი შევთავაზე. მხოლოდ მოცემულ მომენტში მოვლენებსა და ადამიანებზე დაკვირვება არ კმარა, ყველაფერს დროსა და ქარიშხალში გამოცდა სჭირდება. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მხოლოდ იმ მოქალაქეს შეიძლება ეწოდოს, რომელიც პირად კომფორტს გვერდით გადადებს საზოგადოებრივი სიკეთის სასარგებლოდ; რომელიც საკუთარ გუნდს დააზარალებს საყოველთაო სიმშვიდის შესანარჩუნებლად; რომელიც თავისი ფუნდამენტური ღირებულებების ერთგულია, სტატუსის მიუხედავად, მეფის ტახტზეც და ეშაფოტზეც.

 

ქიმიის კორიფეები

0

საფიქრალ-სადარდებელს კაცს რა დაულევს, მით უფრო – დღეს, როცა მომავალი გაურკვევლობის სქელ ბურუსშია გახვეული. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ადამის მოდგმის სვე-ბედზე. დღეს უკვე მარტო ოჯახის წევრების, მშობლების, ახლობელ-მეგობრების ყოფა არ გვეფიქრება – კოვიდის მიერ, თუნდაც ქვეყნის დასალიერში, ჩვენი ხელიდან გამოგლეჯილი ყოველი სიცოცხლე უფრო მეტად მიგვაქვს გულთან, ვიდრე წინათ. პირველ ხანებში ყოველი ადამიანის გარდაცვალებას თითქმის პირად ტრაგედიად აღვიქვამდით. სანამ სათვალავი აგვერეოდა…

მეც თქვენიანი ვარ და ეს ყოველივე მეც თქვენსავით მაფიქრებს და მანაღვლიანებს. მაგრამ არის კიდევ ერთი რამ, რაზეც მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვდარდობ.

შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ქიმიის სვე-ბედი თითქმის ისევე მედარდება, როგორც ოჯახის წევრის. მშობელივითაა. მან ძალიან ბევრი რამ გააკეთა ჩემთვის, სამყაროს სილამაზე დამანახა, მისი კანონები და ენა მასწავლა… ეს კარგი, მაგრამ სადარდებელი რა გაქვსო? – იკითხავთ. გგონიათ, ადვილი მოსასმენია მშობელზე აუგი? კაცობრიობის უმეტესი ნაწილისთვის ხომ ქიმია ჯოჯოხეთის მსახური უფროა, ვიდრე ადამიანისა; ბუნებრივი უვნებლის სინონიმია, ხოლო ქიმიური – მავნებლისა.

რა მაძლევს ამის თქმის საფუძველს? უამრავი მარტივი ტესტის ჩატარება შეიძლება. აბა, სცადეთ ყველა დროის ათი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელის, მსახიობისა და ქიმიკოსის ჩამოთვლა. პირველი ორი კატეგორიისთვის ათი მეტისმეტად ცოტაა, ხომ? მაგრამ ქიმიკოსთა გილდიიდან მენდელეევის გარდა ვინმე გაიხსენეთ? ხუთამდე მაინც ახვედით?

სამწუხაროდ, ქიმია გამონაკლისი არ არის – ათი ფიზიკოსის, ბიოლოგის, თუნდაც არქიტექტორის ჩამოთვლას ბევრი ვერ შეძლებს… ცხადია, ყველა ამ დარგს ჰყავს თავისი კორიფეები. მე მინდა, ქიმიკოსებზე გესაუბროთ.

მენდელეევის შემდეგ ყველაზე მეტს ალბათ ანტუან ლავუაზიე გაახსენდება, მაგრამ არა მისი მეცნიერული ღვაწლის, არამედ ერთი ქვევრში გაჩხერილი კინოპერსონაჟის გამო. არადა, ლავუაზიემ აღმოაჩინა სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური კანონი მოქმედ მასათა შესახებ, რომლის წყალობითაც დღეს ვიცით, რომ რაც უნდა ვჩიჩქნოთ დედამიწის გული, რაც უნდა რკინა-ბეტონის სახლები ვაშენოთ, ამით პლანეტას ვერ დავამძიმებთ და მზის სისტემის ორბიტაზე მის მოძრაობას ხელს ვერ შევუშლით.

კიდევ ბევრს გააკეთებდა ლავუაზიე ქიმიისა და, საზოგადოდ, კაცობრიობისთვის, მაგრამ არ დასცალდა – საფრანგეთის რევოლუციურმა მთავრობამ როგორც ხალხის მტერი, ეშაფოტზე განაწესა. „რევოლუციას არ სჭირდება მეცნიერები“, – ასეთი იყო რევოლუციური ტრიბუნალის ვერდიქტი.

მეორე დიდ ქიმიკოსად ალბათ ჯონ დალტონი უნდა ვახსენოთ, რომელიც ლავუაზიეს გაკვალულ ბილიკს გაჰყვა და ატომური თეორია გვისახსოვრა. სწორედ მისი დამსახურებაა, დღემდე რომ გვჯერა, რომ ყოველი მატერია ატომებისგან შედგება და ყოველ ელემენტში ატომები იდენტურია.

დიდი ქიმიკოსი იყო იტალიელი ამედეო ავოგადროც, ფრიად კირკიტა კაცი, რომელმაც არ დაიზარა და ერთი და იმავე ტემპერატურისა და მოცულობის სხვადასხვა აირში მოლეკულები დაითვალა. ალბათ თავადაც გაოცდა, როცა აღმოაჩინა, რომ ყველა ნიმუში ერთი და იმავე რაოდენობის მოლეკულას შეიცავდა. ამ რაოდენობას დღეს ავოგადროს რიცხვს ვუწოდებთ და 6,022×1023-ს შეადგენს.

ქიმიკოსთა ამ სამეულს დამსახურებულად დაუმშვენებს გვერდს ბერცელიუსი. ბატონმა ჯონ იაკობმა ახალი სული შთაბერა მეცნიერებას – ქიმიის ენა შექმნა. კატალიზატორი, პოლიმერი, იონური ბმა და მრავალი სხვა ტერმინი სწორედ მან შემოიღო მეცხრამეტე საუკუნის გარიჟრაჟზე.

დიდ ქიმიკოსთა ხუთეულში, ცხადია, უნდა შევიყვანოთ დიმიტრი მენდელეევიც, რომელიც ქიმიის ყველა სასკოლო კაბინეტის კედლებიდან გვიმზერს. მან ერთ-ერთმა პირველმა ააშენა ელემენტთა შვიდსართულიანი სამკვიდრო და თითოეულ ელემენტს თავისი ადგილი მიუჩინა, შიგადაშიგ ცარიელი „ოთახებიც“ დაგვიტოვა და დაგვიბარა, როგორი ელემენტი უნდა შეგვესახლებინა იქ მომავალში.

კიდევ ერთი ყველაზე ცნობილი სახელი ალფრედ ნობელია. ბევრმა შესაძლოა არც იცოდეს, რომ პრესტიჟული პრემიის დამაარსებელი ქიმიკოსი იყო. ნობელამდეც და მის შემდეგაც ყოფილან მასზე გაცილებით მნიშვნელოვანი მიღწევების მქონე მეცნიერები, მაგრამ ნობელი, თავისი ანდერძითა და დანატოვარი ფონდით, ვფიქრობ, იმსახურებს ყველაზე ღვაწლმოსილ ქიმიკოსთა ათეულში მოხვედრას.

ახლო წარსულსაც გადავავლოთ თვალი. მეოცე საუკუნის ქიმიკოსთაგან ერთ-ერთი უპირველესი ლაინუს პოლინგია,  დიდი მეცნიერი და მშვიდობისთვის დამაშვრალი კაცი, ცალკე – ქიმიაში შეტანილი წვლილისთვის, ცალკე – მშვიდობის განსამტკიცებლად გაწეული ღვაწლისთვის ორი ნობელის პრემიის მფლობელი. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი კვანტური ქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის ქვედარგებს. ჩემი აზრით, ასეთი დიდი გაქანების მეცნიერი ქიმიას არ ჰყოლია. მისი აზროვნების დიაპაზონი ისეთივე ფართოა, რამხელა სხვაობაც არის კვანტსა და ბიომოლეკულას შორის. მისი ნაშრომების საფუძველზე გახდა შესაძლებელი დნმ-ს მოლეკულის აღმოჩენა.

ინსულინი, პენიცილინი, ვიტამინ B12 თითქმის ყველას გაუგონია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, ვინ აჩუქა ისინი კაცობრიობას. ეს გახლდათ ბრიტანელი მეცნიერი, წარმოშობით ეგვიპტელი დოროთი ჰოჯკინი. მისი კვლევის სფერო კიდეც უფრო ფართო იყო, მაგრამ მარტო ინსულინისა და პენიცილინის წყალობით გადარჩენილთა რაოდენობაც საკმარისია მისი სახელის უკვდავსაყოფად.

ამ სიას კიდევ ერთი ქალბატონი დაამშვენებდა. ეს მარია კიურია, ნობელის პრემიის ორზგის ლაურეატი. მისი დამსახურებაა, მაღალი ენერგიის საშიშ X-სხივებს წარმატებით რომ ვიყენებთ სიცოცხლის გადასარჩენად. ეს დღესაც ერთ-ერთი უსწრაფესი და უმარტივესი მეთოდია ფილტვის დაავადებების დიაგნოსტირებისთვის.

კიდევ ერთი დიდებული ქალბატონი უნდა ვახსენოთ – ელის ბოლი. ის 24 წლისა გამოესალმა საწუთროს, მაგრამ მოასწრო და კეთრის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება დაუტოვა მედიკოსებს.

დღევანდელი პანდემიის ფონზე არ შეიძლება არ ვახსენოთ ლუი პასტერი, რომლის დამსახურებითაც ვისწავლეთ ვაქცინაცია და ეპიდემია-პანდემიებთან გამკლავება.

ცხადია, დიდი ქიმიკოსების ნუსხა ამ გვარ-სახელებით არ ამოიწურება. საერთოდაც, შეუძლებლად მიმაჩნია „საუკეთესოთა“ სიის შედგენა, მით უფრო – ათეულისა.

ერთი წელია, პანდემია მძვინვარებს. ერთი წელია, ყოველ დილით ერთი იმედით ვიღვიძებთ: რომ გამოჩნდება ჩვენი დროის ლუი პასტერი, ვაქცინის პოვნას გვამცნობს და მალე მშვიდად გადავეხვევით მონატრებულ ადამიანებს. მთელი წელია, ველოდებით… და აი, ვაქცინაც გამოჩნდა. მაგრამ რამდენმა იცის მისი შემქმნელების გვარ-სახელი?

„ნათლია“ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმია და არა კომპანია „პარამაუნტის“. მაშ, ამ ნანინანატრ ვაქცინას „პფაიზერის ვაქცინას“ რატომ ვეძახით?

ლოგიკური და სახეობრივი კომუნიკაცია 

0

შეიცვალა სოციალურ-პოლიტიკური პარადიგმა: დაინგრა საბჭოთა კავშირი და მასთან ერთად შეფასების კრიტერიუმები, მოხდა ღირებულე­ბათა პრინციპული გადაფასება, სრულიად ახლებურად გაიაზრეს მწერლისა თუ პიროვნების უფლებები. შეიცვალა პიროვნებისა და საზოგადოების ურთი­ერთობის კომუნიკაციური ველი, ინფორმირების არხები. ლიტერა­ტურა, როგორც მასკომუნიკაცია და როგორც საზოგადოებრივი ცნობიერე­ბის ჩამოყალიბების ინსტიტუტი, ჩაანაცვლა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა, რის გამოც შეიცვალა ესთეტიკური კრიტერიუმები. ინფორ­მაციის ადრესატად ფართო საზოგადოების აღიარებამ გამოიწვია კომუნიკაციის სტილისტური რეგისტრის შეცვლა, რაც დაბალი გემოვნების ადრე­სატ­ზე ორიენტირდა. მასის მდარე მოთხოვნამ შეცვალა, გაამარტივა გამოხატვის ფორმები. კომუნიკაციური სივრცის შეცვლამ შეცვალა დამოკიდებულება ავტორსა და მკითხველს შორის, შესაბამისად, შეიცვალა კოდი – ტექსტი (ლი­ტერატორისთვის ესთეტიკური კოდია პრიორიტეტული, ჟურნალის­ტის­თვის – ინფორმაციული. პუბლიცისტიკისთვის დამახასიათებელი სპონტანურობა ქმნის კლიშეებს. რაც შეეხება მწერლის სიტყვას, მას აქვს ესთე­ტიკური ფუნქცია, ის არასდროსაა შემთხვევითი).

ახალი ესთეტიკური პარადიგმისთვის უნდა მომხდარიყო ახალი ენობ­რივი გემოვნების ჩამოყალიბება. ამ ვითარებაში აუცილებელი გახდა ისეთი მაგა­ლითების მოძიება, რომლებშიც ავტორი კი არ დადის მასობრივი ადრე­სატის გემოვნებამდე, არამედ მასობრივი მკითხველი აჰყავს მაღალ დონეზე. მე-19 საუკუნის შემოქმედთა პუბლიცისტიკა ნათე­ლი მაგალითია იმისა, რომ მწერალმა კი არ უნდა გაამარტივოს ენა, არა­მედ პუბლიცისტურ-ლიტერატურული ენის ფორმირებას შეუწყოს ხელი. ვაჟასდროინდელი კომუნიკაციური სივრცე ჩვენს თანამდროვე სივრცეზე ზეგავლენას ახდენს, ეს ერთიანი პროცესია. გენიალური ადამიანის შემოქმე­დე­ბის შესწავლა ამ კუთხით საშუალებას მოგვცემს შევითვისოთ ესთეტი­კუ­რი და ინფორმაციული ასპექტები და თანამედროვე მედია გადავარჩინოთ სტერეოტიპიზაციისაგან. პუბლიცისტიკის ტრადიციების გაანალიზება პრიმიტივიზაციისგან, ესთეტიკური ანარქიისგან გაარჩენს ქართულ პრესას. როცა მწერალი თავის თავში აერთიანებს მაღალი გემოვნების პუბლიცისტსა და ლიტერატორს, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა. ამიტომ მისი ზემოქმედების მექანიზმების შესწავლა მნიშვნელოვანია.

საინტერესოა, როგორია ამა თუ იმ მოვლენის ჟურნალისტური თუ მწერლური შეფასება. უნდა შევადაროთ ორი განსხვავებული მსოფლაღქმა, ორი ტიპის აზროვნება (პუბლიცისტიკაში ნაკლებად მუშაობს გამოხატვის ის ხერხები, რომლებიც მხატვრულ შემოქმედებაში გამოიყენება, თუმცა ამ ორი, ლოგიკური თუ სახეობრივი აზროვნებიდან ერთი ხშირად დომინანტია).

კომუნიკაციის ფორმებია ლიტერატურაცა და პუბლიცისტიკაც, თუმცა სხვაობა მათ შორის საგრძნობია გარკვეული ასპექტების მიხედვით, იქნება ეს სპონტანურობა და დროში შეზღუდულობა (სინქრონულობა, მინიმალურ დროში ინფორმაციის მაქსიმუმის გადმოცემა), რაც დამახასიათე­ბე­ლია კლასიკური მასმედიისათვის, ორიენტირებულობა გარკვეულ სტან­დარ­ტებზე თუ სიტყვის კულტურასთან დამოკიდებულება. ლიტერატურაც, როგორც მასკომუნიკაცია, გათვლილია მასობრივ ადრესატზე, მკითხველის დიდ რაოდენობაზე და მისი პროდუქტიც, კოდი ტირაჟირებულია (ტექსტი). თუმცა ეს უკანასკნელი, საგაზეთოსგან განსხვავებით, ინდივიდუალური, დამუშავებული და ავტორიზირებულია. ლიტერატურასაც, როგორც მასობ­რივი კომუნიკაციის ნაირსახეობას (პერსონაჟების ქცევა, ურთიერთობები), აქვს თავისი განსაკუთრებული ფუნქცია. ის ასახავს რა ეროვნულ მენტა­ლობას, ამკვიდრებს ზოგადადამიანურ ღირებულებებს ჩვენს ცხოვრებაში. ეს მასობრივი ზეგავლენაა, ტექსტი აკავშირებს მწერალს (ადრესანტსა) და საზოგადოებას.

რაც შეეხება ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის ურთიერთმიმარ­თებას. ჟურნალისტიკა აფართოებს მწერლის თვალსაწიერს, არკვევს მიმდი­ნარე პროცესებში. ცნობილია, რომ ემილ ზოლა დამწყებ მწერლებს პრესაში აქტიურობას ურჩევდა, რადგან ჟურნალისტიკა, როგორც თვით ცხოვრება, გვთავაზობს თემებს, გვიხვეწს სტილს და კარგად გვარკვევს მოვლენათა არსში. ასე რომ, ჟურნალისტიკა ხშირად შემოქმედებითი იმპულსების შემთავაზებელიცაა. თავის მხრივ, ჟურნალისტიკაც, როგორც აღვნიშნეთ, დავალებულია სიტყვაკაზმული მწერლობისაგან, რადგან ეს უკანასკნელი ამდიდრებს და მრავალმხრივს ხდის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პერიო­დულ გამოცემებს. როცა პუბლიცისტიკას უნდა ცენზურის გამო თავისი გამოხატვის ფორმისთვის გამოუთქმელის გამოთქმა, ის მხატვრულ ლიტე­რა­ტურას, სახეობრივ აზროვნებას იშველიებს. მხატვრული სახე ქმნის საბ­რძო­ლო განწყობას და ხელისუფლების რეპრესიების ალბათობასაც ამცი­რებს. ცნობილი ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მწერლები საუკე­თესო ჟურნალისტებიც იყვნენ და სწორედ მათ განავითარეს ქართული პრესა. მათ პრესის მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიასთან მიჰქონდათ თავიანთი შეხედულებები, ამან კი ის განაპირობა, რომ ქარ­თუ­ლი პრესა ძალიან თავისებურია, ის გამხატვრულებულია. ეს იმითაც იყო განპირობებული, რომ ცარიზმი ყველანაირად აფერხებდა ცალმხრივად პოლიტიკური პერიოდული ორგანოების ეროვნულ ენაზე გამოცემას. ამგვარად ქართველმა მწერლებმა პრესა გამოიყენეს ესთეტიკურ-პოლიტი­კუ­რი თუ იდეური სრულყოფისათვის და იყვნენ არაჩვეულებრივი ჟურნალისტებიც, ეხმაურებოდნენ რა თავისი დროის ყველა პრობლემურ საკითხს და მიზანმიმართულად, ჭკვიანურად წარმართავდნენ კიდეც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას. მოკლედ, ქართული ჟურნალისტიკა დიდადაა დავალებული ლიტერატურისგან და პირიქითაც, რითიც ისინი კარგად აღწევდნენ საერთო მიზნებს.

მე-19 საუკუნის მწერალთა აქტიური მუშაობა ჟურნალისტიკაში (პუბლისცისტური წერი­ლები, კორესპონდენციები, ფელეტონები) სწორედ ეპოქის სირთულემ და ორიგინალურობამ განაპირობა. სწორედ იმდროინდელმა ცხოვრებამ წამო­აყენა წინა პლანზე პუბლიცისტურობა, რომელიც ფაქტის პირდაპირ შეფასე­ბას გულისხმობს, მოვლენაზე სწრაფ რეაგირებას. პოეზია ამ შემთხვევაში ნაკლებ გამოდგებოდა და საჭირო იყო ფაქტისა და მოვლენის პუბლიცის­ტური კვალიფიკაცია. საინტერესოა ვაჟას-ფშაველას შეხედულება ამის შესახებ: „სიმართლე მწერლობაში ორნაირად ითქმის, ამ თქმას ორგვარი ფორმა აქვს: ერთი პოეტური-ბელეტრისტული; და მეორე – პუბლიცისტური. საგანი ამათი ერთი და იგივეა – ცხოვრება… ორივენი, ვსთქვათ, ერთსა და იმავე ჭეშმარიტებას ამბობენ, ერთსა და იმავე გზას ადგანან, მაგრამ ერთის თქმა ძლიერ ღონიერია, ხოლო მეორესი, თუმცა სიმართლეა, მაინც ვერ აღელვებს კაცის გულს და გრძნობას პირველივით. ეს ასეა იმიტომ, რომ პოეტი აზრს ტანსაცმელს ურჩევს, აკოხტავებს, ალამაზებს და ყველასთვის თვალგულ­მი­სასვლელს და მოსაწონარსა ჰხდის, ხოლო პუბლიცისტი ამას არ დასდევს. პოეტი სურათებით გვესაუბრება, ტიპებსა ჰქმნის, ხშირად იდეალურს, მისაბაძავს, ისეთ ტიპებს, რომლის მსგავსნიც უნდა, რომ იყვნენ პოეტს ცხოვრებაში, რათა შეავსონ მისგან თვალში ამოღებული ნაკლი. პუბლიცის­ტი კი ცხოვრების მოვლენით არკვევს და მის მიზეზებს უჩვენებს…”[რამე-რუმე, ტ. IX, გვ. 400]. ილიას, აკაკის და ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობის გვერდით ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკას გამორჩეული ნიშა უჭირავს და საყურადღებო მოვლენაა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, საზოგა­დოებრივი აზრის შესწავლისა და განვითარების თვალსაზრისით. ,,თერგდალეულების” მწერლური თუ პუბლიცისტური პრობლემატიკა, სტილი, ენა და პათოსი თანადროულად აღიქმება დროის სხვა ეპოქალურ ლოკაციებშიც, როგორც ქართული, კლასიკური მემკვიდრეობა.

 

 

 

 

 

 

რა არის საჭირო გაკვეთილის ეფექტიანად ჩასატარებლად

0

უკანასკნელ ხანს მასწავლებლებისა თუ მშობლებისგან ხშირად მესმის ბავშვების მიმართ გამოთქმული საყვედურები: „ახლანდელ მოზარდებს არაფერი აინტერესებთ, სწავლა ეზარებათ, ყველაფრის იოლად მიღება უნდათ…“ სასწავლო პროცესის მიმართ გულგრილი ბავშვები, რასაკვირველია, არსებობენ, მაგრამ ისინი ყოველთვის იყვნენ. ჩვენი ბავშვობა გავიხსენოთ: რამდენი ჩვენი თანატოლი ცდილობდა, სწავლისთვის თავი აერიდებინა და ხშირად სკოლიდანაც იპარებოდა. საერთოდაც, ვფიქრობ, ადამიანი, რა კარგი მოსწავლეც არ უნდა იყოს, ყოველთვის ერთნაირი ინტერესით და მონდომებით არ არის ჩართული სასწავლო პროცესში და თუ საშუალება მიეცა, შესაძლოა იოლი გზებიც კი გამოიყენოს წარმატების მისაღწევად. ისიც უნდა ითქვას, რომ მოსწავლეები, რომლებიც ზოგიერთი პედაგოგის გაკვეთილებზე გულგრილად სხედან, სხვებს შესაძლოა დიდი ინტერესით უსმენდნენ და სიამოვნებით სწავლობდნენ მათ საგნებს.

ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმ ფაქტორების მიმოხილვა, რომლებიც სწავლისადმი მოსწავლეთა ინტერესს ზრდის და პედაგოგებს გაკვეთილის ეფექტიანად ჩატარებაში უწყობს ხელს:

* სასურველია, გაკვეთილის დასაწყისშივე გავაცნოთ ბავშვებს ჩვენი მიზანი და აქტივობები, რომელთა ჩატარებასაც ვაპირებთ საგაკვეთილო პროცესში. კარგი იქნება, თუ ამ ყველაფერს ბავშვებს მარტივად, გასაგები ენით მივაწვდით. შეიძლება, დაფაზე წინასწარ ჩამოვწეროთ აქტივობათა ჩამონათვალი. გაკვეთილის მიზნისა და ჩასატარებელი აქტივობების წინასწარ გაცნობის შემთხვევაში მოსწავლეები ადვილად მოახერხებენ ყურადღებისა და აზროვნების მობილიზებას, თავიანთი საქმიანობის სწორად ორგანიზებას გაკვეთილზე. გაკვეთილის მიზნის ასეთნაირად მიწოდება სწავლის სწავლებასაც შეუწყობს ხელს.

. კარგი იქნება, თუ გაკვეთილზე გამოვიყენებთ სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. ერთი და იმავე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, რა საინტერესოც არ უნდა იყოს ის, მოსაწყენია.

. გაკვეთილზე დასმული კითხვები ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ პასუხი ზედაპირზე არ იდოს და მის მოსაფიქრებლად ბავშვს წაკითხულის გააზრება სჭირდებოდეს. ხშირად ბავშვები ჩქარობენ და პასუხის ტექსტში მოძიების ნაცვლად ზეპირად პასუხობენ. გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისთვის სასურველია, ამას ყურადღება მივაქციოთ და ბავშვის ყურადღების ტექსტზე კონცენტრირებას ვეცადოთ. როცა მასწავლებელი მოსწავლეთა ზეპირი პასუხით კმაყოფილდება, ის მეხსიერებაზეა ორიენტირებული, ტექსტის გასააზრებლად კი აუცილებელია ორიენტირება მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციებზე.

. ვინაიდან მასწავლებელს სხვადასხვა შესაძლებლობების ბავშვებთან უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომა აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობათა მაქსიმალური რეალიზებისთვის.

ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთი ფორმაა დავალებების დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მათი მორგება. ამ შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეს მიეცემა წარმატების განცდის შანსი. ეს, თავის მხრივ, შემატებს მათ საკუთარი თავის რწმენას და დადებით განწყობას გაუღვივებს ყველაფრის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი.

. სერიოზულ ყურადღებას მოითხოვს გაკვეთილზე ჯგუფური მუშაობის სწორად წარმართვა. ცხადია, ჯგუფური მუშაობა ძალიან კარგი საშუალებაა სოციალური უნარების, კერძოდ, თანამშრომლობის უნარის განვითარებისთვის, მაგრამ სასურველია, მისი გამოყენება თვითმიზნად არ იქცეს. ჯგუფური მუშაობა მაშინ არის გამართლებული, როდესაც კონკრეტული დავალების ინდივიდუალურად შესრულება არ არის ეფექტიანი.

. აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ უმცროსკლასელები, რომელთათვისაც მასწავლებელი ავტორიტეტია, იშვიათად გამოთქვამენ მის საპირისპირო მოსაზრებებს. კარგი იქნება, თუ ბავშვებს დამოუკიდებელი აზროვნებისთვის კომფორტულ გარემოს შევუქმნით, ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს და ყოველივე ამას ადეკვატურად გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში.

. ყურადღებას მითხოვს განმავითარებელი შეფასების გამოყენება ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში, ვინაიდან ამ პერიოდში ის შეფასების ერთადერთი ფორმაა. იმ უნარებს შორის, რომლებიც ბავშვებს უნდა გამოვუმუშაოთ, შეფასების უნარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუნდაც იმიტომ, რომ ის თვითშეფასების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ქულებით შეფასების გაუქმების შემდეგ დაწყებითი კლასების მასწავლებლები პრობლემებს შეეჯახნენ. სიმბოლოების გამოყენებას ისინი ისევ განმსაზღვრელ შეფასებამდე მიჰყავს. განმავითარებელი შეფასებისთვის კი მხოლოდ „ყოჩაღ“ და „კარგია“ არ არის საკმარისი. თუ გვინდა, კომენტარის გაკეთება გაგვიადვილდეს, კარგად უნდა გამოვკვეთოთ შეფასების კრიტერიუმები და ბავშვებსაც გავაცნოთ ისინი. შეფასების უნარის განვითარების დაბალი დონე მოგვიანებით პედაგოგებს და მშობლებს სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს.

. სასურველია, საგაკვეთილო პროცესში განსახილველი საკითხები დავუკავშიროთ რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს. ბავშვებს აინტერესებთ, ცხოვრებაში როგორ გამოიყენებენ სკოლაში მიღებულ ცოდნას. „ამის ცოდნა რაში გამომადგება?“; „რა დამაკლდება ეს თუ არ მეცოდინება?“ – ეს კითხვები აღიზიანებთ უფროსებს. „დღევანდელი ბავშვები ძალიან პრაგმატულები არიან, ჩვენ მათ ასაკში ასეთები არ ვიყავით“, – ამბობენ ისინი. ყველამ ვიცით, რომ დღეს სწავლებისგან სამ რამეს ელიან: ცოდნას, უნარებს და განწყობა-დამოკიდებულებებს. ამდენად, სწავლების პროცესში არა მხოლოდ სასურველი, აუცილებელიც კია, ბავშვებს ცოდნასთან ერთად იმის შესახებაც გადავცეთ ინფორმაცია, მომავალში როგორ შეიძლება გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ასეთი მიდგომით სწავლა-სწავლებისადმი მათ დამოკიდებულებასაც დადებითად შევცვლით. აღმზრდელობითი მიზნით განსაკუთრებით კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ლიტერატურა. ლიტერატურის გაკვეთილები ბავშვის ქცევაში გარკვეული კორექტივების შეტანის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა.

 

რასაკვირველია, გაკვეთილის ეფექტიანობას უამრავი სხვა ფაქტორიც განაპირობებს, მაგრამ განხილული ფაქტორების გათვალისწინება, ერთი მხრივ, სასწავლო პროცესისადმი ბავშვების ინტერესს გაზრდის, მეორე მხრივ კი პედაგოგს თავისი საქმიანობით კმაყოფილებას და ბედნიერებას განაცდევინებს.

როგორ დავეუფლოთ სამყაროს საიდუმლო ენას? გაკვეთილი I

0

„საერთო ველი აერთიანებს ატომებსა და გრძნობებს, ადამიანებსა და საგნებს, ჩვენი შინაგანი გრძნობები ცვლიან აღქმასა და, შესაბამისად, მატერიის გარეგნულ მდგომარეობას სუბატომურ დონეზე“.

რეგ ბრეიდენი

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ, თქვენ ორივე შემთხვევაში მართალი ხართ!

 ჰენრი ფორდი

მაღვიძარა

ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, დაწოლის წინ მაღვიძარას რომ მომართავთ და თან რომ ფიქრობთ: კარგი იქნება, მანამდე გაგეღვიძოთ, ვიდრე მაღვიძარა „ამღერდება“.  ერთხელაც მოვმართე მაღვიძარა ამავე ფიქრით და  მეორე დილით მანამდე გამეღვიძა, ვიდრე ის დარეკავდა (სულ რაღაც 2-3 წუთით ადრე); კმაყოფილმა  გავთიშე მაღვიძარა და ბედნიერი ავდექი, რომ მისმა ხმამ „არ დამიფრთხო ანგელოზები“.  ამ შემთხვევის შემდეგ კი სულ ასე ხდება: საკმარისია, მოვმართო მაღვიძარა და მორჩა! საჭირო დროს აუცილებლად გამეღვიძება 2-3 წუთით ადრე, რომ მისი ხმა არ ჩამესმას უსიამოვნოდ. მაგრამ ერთი შემთხვევაც რომ დავუშვა, რომ უბრალოდ გავიფიქრო, 8 საათზე ავდგე და მაღვიძარა არ მოვმართო, უკვე წესი „აღარ მუშაობს“.

ამ ამბავმა თავის დროზე ბევრ რამეზე დამაფიქრა. ეს ყველაზე მარტივი შემთხვევაა, ცხოვრებაში სხვა მრავალიც ყოფილა და ალბათ თქვენც შეგმთხვევიათ და დაუფიქრებიხართ: მაგალითად, მეგობარი გაგახსენდათ მოულოდნელად, რომელმაც ცოტა ხანში დაგირეკათ, ტრანსპორტში გვერდით მჯდომისგან უსიამოვნო განწყობა დაგეუფლათ, იმის მიუხედავად, რომ ხმა არ ამოუღია…

  • რა ხდება იმ დროს, როდესაც სურვილებს ვიფიქრებთ და სწრაფად გვისრულდება? თითქოს ამაში ვიღაცის ხელი ურევია?
  • როგორ შთავაგონეთ, ჩვენდა უნებურად, ჩვენი არაცნობიერი ისე, რომ ის გააკეთა, რაც და როგორც გვსურდა? და იქნებ მხოლოდ ამ მარტივი დავალებების გადაწყვეტა არ შეუძლია და იქნებ სხვაც გვეცადა?
  • ან რა საფუძველი აქვს პლაცებოს არსებობას? და საერთოდ, რას ნიშნავს „განკურნება“? მე შელოცვებით განკურნებული ადამიანებიც მინახავს, სოფლებში დღესაც არიან ასეთები…
  • ჰოდა, რა ხდება? რა არის ინტუიცია? რა ვიცით მის შესახებ?

ამ შემთხვევებიდან შეგვიძლია უფრო შორსაც წავიდეთ… მაგალითად, არაერთხელ გარკვეულ საკითხებზე წიგნს ვეძებ და მოულოდნელად და სრულიად შემთხვევით ვიღაც მთავაზობს, ან ნეტში გადავაწყდები, ან წიგნის მაღაზიაში ზუსტად იმ საკითხებზე, რომლებზეც ვფიქრობდი, არადა, თითქოს, „არსად იშოვებოდა“.

ამ დროს მიფიქრია, რომ რაც უფრო ღრმა და ინტენსიურია ჩვენი ინტერესი, რაც უფრო მეტი ემოციაა დაკავშირებული მასთან, მით მეტად იქმნება მიზიდულობა, მაგნეტიზმი, რაც სასურველს იზიდავს. ამას ყალბად ვერ გააკეთებთ და ძალიანაც რომ ეცადოთ, მაინც არაფერი გამოვა. ეს სულ სხვა რიტმი და ვიბრაციაა, ჩვენი ცნობიერების სხვა სიღრმე.

ერთ რამეს მივხვდი: ჩვენ გვყავს ვიღაც „ძალიან ახლობელი“ პარტნიორი, რომელიც სულ მზად არის დაგვეხმაროს. მთავარია, მისი ენა ვისწავლოთ. და მე დავიწყე ამ საიდუმლო ენის ძიება, რათა დიალოგი არაცნობიერთან უფრო შთამბეჭდავი და რეალობის შემცვლელი ყოფილიყო.

ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოებს თუ გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ ამ არაცნობიერს ხშირად „ჯინადაც“ მოიხსენიებენ… ზღაპრებშიც ბევრ მინიშნებას შეხვდებით: „ბუმბული დაწვი და შენთან გავჩნდები“ და მრავალი სხვა.

ბავშვობაში ეს შესაძლოა ფანტაზიად გვეჩვენებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც რეალობის სხვა მხარეს გავიხედავთ, დავინახავთ, რომ უფრო მეტი რეალობა ფიზიკური რეალობის მიღმაა. ჩვენ კი ჯადოსნური ჯოხის მფლობელი ვართ, როცა შეგვიძლია, უბრალოდ ვთქვათ: დაე, ასე იყოს! – და მოულოდნელად რეალობა შეიცვლება!

ის, რაც ზღაპრებით, მითებით, თქმულებებით მარტივად გადმოიცემა, მეცნიერულად უფრო რთულად იხსნება, თუმცა შეგვიძლია, ამოვირჩიოთ, საიდან მივიღოთ „მაგიის გაკვეთილები“ და, რაც მთავარია, გავაცნობიეროთ, რაში გვჭირდება? როგორ და რატომ გვინდა, რომ შევცვალოთ ჩვენი რეალობა?

მაშ ასე, საიდუმლო ენის გაკვეთილები, ანუ როგორ დავამყაროთ კონტაქტი არაცნობიერთან?

  • გამარჯობა, მე ცნობიერი ვარ, შეიძლება დავილაპარაკოთ?
  • არ მესმის…
  • ცნობიერი ვარ მეთქი, კარი გამიღე!
  • ვერ გხედავ!
  • იცი, რამდენი ხანია, გეძახი? რას ჰქვია, არ გესმის და ვერ მხედავ?
  • ვერაფერს ვგრძნობ… ვინა ხარ, რატომ ხმაურობ?

კავშირის დასასრული

ცნობიერი ზის და ფიქრობს: რა სიტყვა უნდა უთხრას ისეთი? ან იქნებ სულაც რაღაც კოდი არსებობს? აი, პაროლივით რომ აკრეფ და უცებ კავშირზე გახვალ? ფაქტია, რომ უბრალოდ სიტყვების არაფერი ესმის… რაღაც გზა ხომ უნდა არსებობდეს?

და უცებ მახსენდება: გაიხსენეთ, აბა, როგორ მუშაობს Google-ის ალგორითმი? მაგალითად, იმ დღესაც ვეძებდი Canon-ის კამერას და უცებ სოციალურ ქსელებში ყველგან Canon-ის რეკლამა ამომიყარა… იმდენი ვძებნე, რომ საძიებოში პირველივე ბგერაზე C – უკვე Canon-ს მიგდებდა… და უცებ მივხვდი, რომ სიხშირე და ინტენსივობა ჩემი სურვილების იდენტიფიკაციასა და ფიქსაციას ახდენდა და ვიფიქრე: იქნებ ეს წესი არაცნობიერთანაც ჭრის მეთქი!

ფსიქოლოგები ხშირად ჩვენს არაცნობიერ გონებას მართლაც Google-ს ადარებენ. სადაც უამრავი ინფორმაციაა ჩატვირთული და რომელიც წამებში ამუშავებს მონაცემებს. ეს ჩვენი მყარი დისკია, რომელიც თავისით არასდროს იშლება. მთავარია,  კითხვის სწორად ფორმულირება.

„მთელი სამყარო გისმენთ თქვენ და რეაგირებს თქვენს ენერგეტიკულ ხელწერაზე, საჭიროა დაეუფლოთ სამყაროს საიდუმლო ენას. ეს ენა არის ვიბრაცია. სამყაროში ყველაფერი ვიბრაცია და ენერგიაა. არსებობს წარმატების ენა/ვიბრაცია, ბედნიერების ენა/ვიბრაცია, სიყვარულის ენა/ვიბრაცია…. „ – ამას ჯონ კეხო ამბობს და გვასწავლის კიდეც მეთოდს, როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველის მატერიალიზაციას და ამაში არაცნობიერი როგორ დავიხმაროთ.

ყველაფერი ენერგია და ვიბრაციაა… და კიდევ ინტენსივობა… ინტენსივობით „მკვრივდება“ ჩვენი სურვილების ჰოლოგრამა და სულ უფრო მეტად აქვს მატერიალიზაციის შესაძლებლობა….

მოდი, არაცნობიერთან ურთიერთობას მარტივი და ნაცადი გაკვეთილით დავიწყებ. მაშ, ასე:

წესი 1 – ჩვენს არაცნობიერს არ ესმის ნაწილაკი „არ“

ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ფიქრების ფორმულირება უნდა მოხდეს ამ ნაწილაკის გარეშე, რათა არაცნობიერმა ხატებით აღიქვას და არ შეფერხდეს. აი, ერთი მარტივი მაგალითი:

ძაღლი ზის – ამ სურათის წარმოდგენა სწრაფად ხდება, შესაბამისად, ის ერთნაირად კარგად ესმის ცნობიერს და არაცნობიერს; ასევე სწარფად აღიქვამს წინადადებას: ძაღლი გარბის! მაგრამ რაც შეეხება „არ“ ნაწილაკის გამოყენებას: ძაღლი არ გარბის. ამ სურათის წარმოდგენა რთულდება: თუ ძაღლი არ გარბის, ის შეიძლება ან ზის… ან ჭამს, ან ძინავს…ან…ან… ფორმულირება არ არის ზუსტი და კონკრეტული.

ეს მარტივი ნიმუში შეგვიძლია გადავიტანოთ ჩვენს რთულ სურვილებზე და მიხვდებით, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ნაწილაკი „არ“ ფიქრების ფორმულირებისას.

კავშირის დასაწყისი

გაგრძელება იქნება…

 

შენ რომ მაშინ მითხარი

0

ექვსი წლის ანდრიას ოთხი წლით უფროსმა ძმამ, ვაჟიკომ უთხრა, რომ როდესაც ტუალეტში შევდივართ, უნიტაზიდან მონსტრები ამოყოფენ ხოლმე თავს და პატარა ბიჭებს იტაცებენ.

და ყოველთვის, როცა ანდრია საპირფარეშოში მიდიოდა, ძმას სთხოვდა გაყოლას, რომ ბოროტ ძალას არ მოეტაცებინა მისი პატარა სხეული.

ძმამ, ეს უწყინარი ტყუილი მხოლოდ იმიტომ მოიგონა, რომ უმცროსი ძმისთვის მისი კუთვნილი კანფეტები დაეცანცლა ხოლმე და მართლაც, საპირფარეშოში ღამით წასვლის წინ, ანდრია ძმას შეშინებული აღვიძებდა – გამყვები?

 

ერთხელაც, როდესაც ანდრია მშობლებთან ერთად სტუმრად იყო და ბავშვები ადრე დააძინეს, პატარა ბიჭუნა ბუნებრივმა მოთხოვნილებამ გააღვიძა. ვაჟიკო იქ არ იყო, ტუალეტი კი ასე შორს და საშიში სჩანდა. არჩევანი იყო რთული – ან საწოლში უნდა ჩაეფსა, როგორც ამას სახლში აკეთებდა, ან წასულიყო უხილავი მონსტრთან შესარკინებლად.

უცხო სახლში შერცხვენის სირცხვილმა შიშს აჯობა და ანდრიამ ფრთხილად და კანკალით გაიარა ის რამდენიმე მეტრი, რაც ოთახსა და საპირფარეშოს შორის იყო. აანთო შუქი, მიუახლოვდა საშიშ, საშიშ ნივთს, ახადა თავსახურავი, თვალი დახუჭა და…

 

ეს იყო პირველი ეგზისტენციალური გმირობა, რომელიც ანდრიამ ჩაიდინა. და ეს ამბავი, სცენარის შექმნის სახელმძღვანელოში, გმირის განვითარების ნიმუშადაა მოთხრობილი.

 

მკითხველი დასვამს კითხვას „და რა?“ ექვსი წლის ბავშვმა მოშარდა. სად არის აქ კონფლიქტი და ამბავიო, არადა ლიტერატურა სწორედ ამ მარტივი ისტორიის მიღმა დამალულ თავგადასავალშია, რომელიც ძალიან, ძალიან, ძალიან ჰგავს ნამდვილ ცხოვრებას.

 

ბავშვები ადვილად იჯერებენ ხუმრობით ნათქვამს, მათთვის, როგორც უფროსისთვის წარმოუდგენელი არაა როგორ შეიძლება დაფრინავდეს ხალიჩა, რანაირად უმრთელდებოდეს ქვესკნელიდან ამოსულ რაინდს ფარშავანგისთვის საგზლად მიცემული საკუთარი ხორცის ნაწილი და სხვა.

ბავშვები სწორედ ასე, ცხადად იჯერებენ მათთვის ნათქვამ, განსაკუთრებით კი, ავტორიტეტული ადამიანის ბაგეთაგან ნათქვამ ამბებს.

თუ მკითხველი საკუთარ ბავშვობას გაიხსენებს, მოაგონდება, რომ ძილის წინ მოყოლილი საშიში ისტორიები შეიძლება მთელი ზაფხულის კოშმარი ყოფილიყო, უფროსი ბიჭებისგან მიცემული სულელური რჩევა კი იმდენად დამაჯერებელი, რომ გადამოწმებასაც არ ექვემდებარებოდა. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ სანდო და ზემოქმედების მომხდენი არის, როდესაც დედა, მამა, მეგობარი ან მასწავლებელი, ისე, რომ არც კი დაუკვირდება, ბავშვის გულისმომკვლელ შეფასებას მოახდენს.

მე მყავდა მოსწავლე, ვინც არასოდეს წერდა წიგნის განხილვებს, რომელსაც ჯგუფს დავალებად ვაძლევდი. მიზეზი დავიწყება, დაზარება, გაჩუმებაც კი იყო. მთელი სამი თვე დამჭირდა ნამდვილი მიზეზის გასარკვევად, რადგან ბიჭუნა არაჩვეულებრივად ნიჭიერი იყო.

ყველაფერი სრულიად შემთხვევით გაირკვა – ბავშვებს ჩემი სკოლის პერიოდიდან რაღაც ისტორია მოვუყევი. ვიყავი გულწრფელი და არ მომრიდებია საკუთარი შიშებისა და ცრურწმენების გადალახვის მთელი თავგადასავალი მომეყოლა და აი, ბიჭი გამომიტყდა, რომ ქართულის მასწავლებელმა, ვინც განსაკუთრებულად უყვარდა და ვისაც ენდობოდა, კლასის წინაშე საჯაროდ შეარცხვინა და უთხრა, რომ ბიჭი ცნობილი ფანტაზიორი და მიუნჰაუზენი იყო, რომელიც რეალობას გამრუდებულ სარკეში ხედავდა.

ბიჭი ჩაიკეტა. მისთვის წერა საშინელ, საზიზღარ და ტკივილის მიმყენებელ საქმიანობად იქცა. ერთის მხრივ, უყვარდა პედაგოგი, რომელმაც ალბათ დაუდევრად, მაგრამ არა ბოროტი განზრახვით შეურაცხყო მოსწავლის გრძნობები და მეორეს მხრივ, ქართულის გაკვეთილზე პრობლემები დაეწყო – ბიჭი დავალებებს აღარ წერდა.

კიდევ სამი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ ბიჭს საკუთარი თავისთვის ეჯობნა. ვთხოვდი დამხმარებოდა სხვისი ნაწერების ანალიზში, ვაკითხებდი ჩემ დაწერილ წიგნის განხილვებს, ვთხოვდი 1-2 წინადადებით, მხოლოდ წერილობით მოეცა რჩევა და ერთ დღესაც, როდესაც ლიტერატურამ მისი სული იმდენად შეძრა, რომ დატევა ვეღარ მოახერხა, E-mail მომივიდა. ეს იყო წერილი ჯონ სტეინბეკის „თაგვებსა და ადამიანებზე“.

„ლენი სმოლ, ლენი სმოლ, მითხარი, რატომ კვდება ადამიანის ოცნებები?“ – იწყებოდა წერილი.

დღეს ეს ბიჭი, კლასში გამორჩეულად საინტერესოდ წერს.

წერედიანი live

0

*

„ზვიად ძვირფასო,

გიდასტურებ, მაგრამ რა არის ასეთი აჩქარება, ერთხელ კორექტორის თვალით წამეკითხა…

კარგი, ბატონო, იყოს რაც არის.

ვადასტურებ.

დავით წერედიანი“.

2019 წლის 11 დეკემბერს მივიღე თანხმობა ლორკას შედევრების მთარგმნელისგან და ეს დავით წერედიანის უკანასკნელი წერილი აღმოჩნდა. უკანასკნელი გზავნილი მისგან. წიგნი სტამბაში გავგზავნეთ, დეკემბრის ფესტივალისთვის უნდა მოგვესწრო – სული მელეოდა, სანამ 80-ს გადაცილებული წერედიანის კიდევ ერთ გენიალურ ქმნილებას წარვუდგენდით მკითხველს. ნიჭის, ოსტატობისა და დაუშრეტელი პოეტური სამყაროს კიდევ ერთ გამოვლინებას.

 

*

მაგრამ ჩემი, როგორც გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენლის სტუმრობა წერედიანების ოჯახში ახალი თარგმანის ძიებას არ მოჰყოლია. არ ვიცი, წინასწარ შექმნილი განწყობა იყო ეს, გაცნობიერებული რეალობა თუ უბრალოდ გამომცემლის ახირება – მეც ბევრ სხვასავით მიმაჩნდა, რომ დავით წერედიანს, როგორც დიდ პოეტს, შესაფერისად არ იცნობდა ფართო მკითხველი. იცნობდნენ და აღიარებდნენ მის ვიიონს, „ფაუსტს“, ძმები გრიმების ზღაპრებს, თაობებს გადაეცემოდა სვანური სიმღერების მისეული უნიკალური ლიტერატურული ვერსია, მაგრამ ორიგინალური და თვითმყოფადი პოეზია სადღაც მათ უკან მოიაზრებოდა.

ეს დავით წერედიანმაც იცოდა. ოღონდ ამის გამო მისგან რაიმე სახის მიკერძოება თავისი პოეზიის სასარგებლოდ გამორიცხული იყო. უფრო პირიქით: ბოლო წლებში სულ უფრო იშვიათად ბეჭდავდა ახალ ლექსებს. 2010 წელს როსტომ ჩხეიძის რედაქციითა და წინასიტყვაობით გამოცემული „ორიონი“ მკითხველს უკვე დაეტაცებინა, მაღაზიებში არ იშოვებოდა, არადა ორ-სამჯერ მე თვითონაც დამჭირდა საჩუქრად და სხვებისგანაც მომდიოდა ხმები, – წერედიანის ლექსები გვინდა და წიგნს ვეღარ მივაგენითო.

მანანა ღარიბაშვილის – პოეტის მეუღლისა და რომაული ლირიკის აღიარებული მთარგმნელის მხარდაჭერას პირველივე დღიდანვე ვგრძნობდი. იოლი არ იყო ასკეტობით გამორჩეული და ლიტერატურულ ორომტრიალს გარიდებული ავტორის დათანხმება. მახსოვდა და ერთ-ერთი სტუმრობისას მასაც გავუბედე იმის შეხსენება, თუ როგორ დაწერა წლების წინ ვახტანგ ჯავახაძემ:

„კრიმინალური ქრონიკა

პოეტი დავით წერედიანი ეჭვმიტანილია საკუთარი ლექსების დამალვაში“.

 

*

„რა ჩემი საქებარია

რასაც აქებენ სხვანი…

შემოვლე მთელი ქვეყანა,

მთელი სიგრძე და განი…“

რუსეთის იმპერიისგან მიწასთან გასწორებული სვანური სოფლის – ხალდეს და გასული საუკუნის 30-იან წლებში რეპრესირებული მამის ხსოვნამ დიდწილად განსაზღვრა დავით წერედიანის სამოქალაქო პოზიცია და არჩევანი: ძალადობრივ სისტემას და სოცრეალისტურ ცნობიერებას შინაგანი თავისუფლებითა და ხარისხის ნიშნით დაპირისპირებოდა.

და მიუხედავად იმისა, რომ სისტემის მსახურებმა გააქრეს მისი ლექსის პერსონაჟი დედა ევდოტი, იმისი თხაც ტყვიებით დაცხრილეს და მონაზვნის ხუხულაც დაწვეს, ან იქნებ სწორედ იმათ გამო, ვისაც „საფლავები არ დარჩენიათ, ვინც საიდუმლო გვირაბებში თიხად ჩაგლისეს ან ვისმა ძვლებმაც ყინულეთის მიწა მოფინა…“ –

დავით წერედიანს ერთხელაც იმ აკრძალულ, შეუმღვრეველ ქართულ ხმებთან პირისპირ დარჩენის დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა და ქართულ პოეზიაში გამოჩნდნენ:

შავშამშე, მეფის მასხარა, რომელიც ამბობს, რაც კი ამ ქვეყნად ცრემლია, ობოლ ღიმილად არ ღირსო; ლაზარე, ვის სხეულსაც, ქართლის ველებზე მზებუდობებად დაღვრილს, ვერც ხანძრით ამოშაშრავენ და ვერც ლახვრით განგმირავენ; და რა თქმა უნდა ის, მტრედისფერი საგალობლების ბინადარი – „ყველა სენს კურნავს კვირიკე, / ყველა სატკივარს არჩენს, / ვერ კურნავს გულის სიბრმავეს, ღვთისგან დადებულ სასჯელს…“

 

*

ამბობდნენ, იუმორი, თამაში, (თვით)ირონია და ვიიონ-„ფაუსტში“ დატრიალებული მთელი ეს ფოიერვერკი მისი პიროვნული ხასიათისთვის უცხოა, განსმდგომი და ჩაკეტილი ტიპიაო. მეც ასე მეგონა. ჩემი აზრი გაამყარა 2009 წელს, საგურამოს პრემიის დაჯილდოების შემდეგ გამართული პურობის ეპიზოდმა. მაშინ გამოუცდელი ვიყავი და ჩემ წინ მჯდომ დავით წერედიანს მისი „ძველი სიმღერის“ ხმამაღლა, თავიდან ბოლომდე წაკითხვა შევბედე. ლექსმა კი იმოქმედა ყველაზე, მათ შორის თამაზ ჩხენკელზე, რომლის გვერდითაც ვიჯექი და მისი მღელვარე შეძახილები – „დათო, ბიჭო, რა საოცარია! დათო, ბიჭო, ხედავ?!“ – ერთიორად მაგულიანებდა, მაგრამ ჩემი დეკლამაციის ადრესატს დიდად არაფერი შეტყობია. ალბათ სულ ოდნავ, თვალებზე თუ გამოეხატა რაღაც იმის მსგავსი, – ჰო, კიბატონო, ჯანდაბას შენი თავიო.

მასთან ბოლო წლების ურთიერთობამ ეს მითი და განწყობები დაანგრია ჩემში. უკვალოდ წაშალა. ის იუმორი, (თვით)ირონია და ცოტათი სარკაზმიც ბუნებრივად და ზოგჯერ უფრო შთამბეჭდავადაც გამოჩნდა.

ყველაფერს ვერ მოვყვები – ზოგი მერმის იყოს – მაგრამ ის დაუვიწყარი წუთები მინდა გავიხსენო, კიდევ ერთი სტუმრობისას, ლეპტოპი რომ გახსნა, „ვორდის“ ფაილზე მიმითითა და მითხრა, – მოვრჩი ლორკას, ბარემ ჩაწერე შენი ელფოსტა და გაიგზავნეო.

– ვაახ, – ხმამაღლა ამოვთქვი, ლეპტოპი პატარა მაგიდაზე (სადაც ჟურნალ-გაზეთები და წიგნები ელაგა) დავდე და – „ფედერიკო გარსია“ – წავიკითხე გამოთქმით ფაილში შემხვედრი პირველივე სიტყვები.

– ფედერიკო გარსია – ნოდარიკო ნარსია… – ხმადაბლა თქვა ბატონმა დათომ და ორივეს ხმამაღლა გაგვეცინა.

ოღონდ ჩემი არაა, – იქვე დააზუსტა, – ნოდარ დუმბაძისაა ეგო.

 

*

საკუთარი თავის ფასი კარგად იცოდა. ის რანგიც და მნიშვნელობაც, რაც მის სიტყვას და საქმეს ენიჭებოდა ლიტერატურულ ცხოვრებაში, მაგრამ ამის დახურდავება იაფ პოპულარობაზე არასდროს უცდია. შეეძლო, მაგრამ არ უცდია. მისი ოსტატობის, გავლენისა და გამოცდილების შემოქმედს, თავისუფლად შეეძლო ხუთჯერ მეტად პროდუქტიული ყოფილიყო. ძნელია, ამ ჟინს და თანამედროვე აჩქარებული რიტმის ცდუნებას გაუმკლავდე და შენს შემოქმედებით პულსაციას, რიტმს, დღის წესრიგს დაუმორჩილო დრო და ყოფის მოთხოვნები, შენ კი იგივე დარჩე, უცვალებელი და მართალი საკუთარ თავთან.

 

*

როცა რაღაცაზე გელაპარაკებოდა, არ უყვარდა გადაჭრითა და კატეგორიულად რამის თქმა. იმიტომ კი არა, რომ ერიდებდა ან შენს განსხვავებულ აზრს უწევდა ანგარიშს. ცხოვრებაშიც და ლიტერატურაშიც ძალიან გამოცდილი კაცი იყო და იცოდა, რომ შავად და თეთრად არ იყოფა სამყარო, პროცესზე ბევრი წვრილმანი ახდენს გავლენას (როგორც სასიკეთოს, ისე ნეგატიურს), ამიტომ ჯერ მათი შესწავლაა საჭირო, რომ მოვლენის არსს ან ადამიანის ქცევის ლოგიკას მიახლოებით მაინც მიხვდე.

ამიტომაც დავით წერედიანის წერილები ვეფხისტყაოსანზე, გურამიშვილზე, აკაკიზე, მით უფრო გალაკტიონზე, სხვადასხვა თემის გარშემო გაშლილი დისკუსიები „თემა და ვარიაციებში“, ღრმა აზროვნებისა და ურთულესი პრობლემების სადად, გემოვნებით გადმოცემის საუკეთესო ნიმუშებია.

 

*

უცებ რა გახსენდებაო, რომ მკითხოს კაცმა – რითაც დავით წერედიანი ჩემთვის, ერთი რიგითი მკითხველის თვალში უკვდავი და მარადიულია ქართული კულტურისთვის:

პოეზიიდან – „გამოთხოვება“, „გაზაფხული“ („სამი ასული მცილობდა…“), „ფოთოლცვენა“, „ძველი წარწერები“, „უძილობა. დაფნისი“.

თარგმანებიდან – ვიიონის „მცირე ანდერძი“, გოეთეს „თხმელნართა მეფე“, არტურ რემბოს „ოფელია“, ლორკას „სომნამბულური რომანსი“, სვანური სიმღერები (ყველა).

წერილებიდან და ესეებიდან – „ესე ამბავი სპარსული“, „ცოტა რამ აკაკის ლირიკაზე“, „გალაკტიონი pro et contra“, „თავისუფლების მოედანი“ „თემა და ვარიაციების“ ციკლიდან.

საგანგებოდ არ ჩამიფიქრებია, მაგრამ ამ ჩამონათვალის თითოეულ მწკრივში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულმა თემებმა, ენებმა, ეპოქებმა და პერსონაჟებმა მოიყარეს თავი. და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს დავით წერედიანის მრავალმხრივ ტალანტსა და უნიკალურ ლიტერატურულ შესაძლებლობებზე.

 

*

სრული პოეტური კრებული „პარაპეტი“ ავტორის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე თვეში მოვამზადეთ და გამოვეცით. წიგნის სტამბაში გაშვებამდე ის ლექსი ამეკვიატა – „პაპიდაჩემმა“, 2019 წლის შობადღეს, გამოქვეყნებამდე მოსმენილი დავით წერედიანისგან:

„მივფრინავთ, სადაც სინათლეა, სიმსუბუქე,

ღრუბლები დიან,

სადაც სიყრმე და სიყვარული არასოდეს არავისთვის

არ არის გვიან…“

 სასწავლო კვლევითი პროექტებით მუშაობა დისტანციური სწავლებისას

0

ჩვენი სკოლების უმრავლესობას არანაირი რესურსი არ აქვს სასწავლო ექსპერიმენტების ჩასატარებლად. ამიტომ, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი სასწავლო კვლევითი პროექტების განხორციელება, რომლებზე მუშაობაც მარტივი საგნებისა თუ ხელსაწყოების მოძიებას მოითხოვს.

მოცემული რეალობის გათვალისწინებით, როდესაც სასწავლებლების უმრავლესობა ონალინსწავლებაზეა გადასული და არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გასტანს პანდემია, აუცილებელია თანამშრომლობითი სწავლების გააქტიურება. დისტანციური სწავლების საინტერესო და ნაყოფიერი ფორმატია სასწავლო კვლევითი პროექტების განხორციელება. სასურველია, პროექტებზე მუშაობა დაიგეგმოს სხვადასხვა სკოლის მოსწავლეთა ჩართულობით. პროექტებით მუშაობისთვის საუკეთესო საშუალებაა etwinning პროგრამით მუშაობა. ეს ხელს შეუწყობს ახალ კონტაქტებს, რაც მნიშვნელოვანია, როგორც სასწავლო მიზნებით თანამშრომლობისთვის, ზოგადად მოზარდების დამეგობრებისთვისაც.

მე, როგორც ფიზიკის მასწავლებელი, ვისაუბრებ, როგორ გავხადოთ უფრო სახალისო და მიმზიდველი ჩვენი საგანი. დისტანციური სწავლების პირობებში ბევრ პედაგოგს ებადება კითხვა: რა მეთოდებისა და სტრატეგიების გამოყენება იქნება მიზანშეწონილი? ონლაინსწავლებისას, სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა – პრეზენტაციებით მუშაობა. პრეზენტაცია უნდა იყოს რაც შეიძლება ფერადი და სხვადასხვა რესურსით გამდიდრებული.

დისტანციური სწავლების დროს განსაკუთრებით რთულია ფიზიკის საკითხების სიღრმისეული შესწავლა მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. პირველ ყოვლისა, მოსწავლეთა ინტერესის გაღვივების მიზნით, მნიშვნელოვანია მოსწავლის დაინტერესება ვიზუალიზაციით, ექსპერიმენტებით, ვირტუალური ლაბორატორიით. ფიზიკური მოვლენების ახსნისას მნიშვნელოვანია გიფების გამოყენება და ვირტუალური ექსპერიმენტების ჩატარება.

მოსწავლემ თეორიულ განმარტებებთან ერთად იგივე საკითხი უნდა დაინახოს სხვა შესაძლებლობებით, კერძოდ, პრაქტიკული ამოცანების ამოხსნით, ცდებით, ანიმაციებით, სამეცნიერო ფილმებით, გრაფიკული ორგანიზატორებით, ცხრილებით, დიაგრამებით, სხვადასხვა საგნის ინტეგრაციით, წარმოსახვით, პრეზენტაციების მომზადებით, პროექტებზე მუშაობით.

ფიზიკის შესწავლისას ყოველი ახალი მოვლენის ახსნა გულისხმობს ამ მოვლენის აღწერას. რაიმე ახალი სიდიდისა და შესამაბისი ერთეულების შემოტანას, ამ სიდიდის სხვა სიდიდეებთან ფორმულებით დაკავშირებას. ყველაზე სასურველია აღწერილ მოვლენაზე ექსპერიმენტის საშუალებით დაკვირვება და შესამაბისი ანათვალის აღება. ასეთი მუშაობა თვალსაჩინოა საკითხის ძირფესვიანად შესასწავლად.

მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ვირტუალური ლაბორატორია და ასევე, როდესაც შესასწავლი საკითხი გვაძლევს საშუალებას, დავგეგმოთ მარტივი ექსპერიმენტები.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ბმულს. ამ ბმულებით სასურველია იმუშაონ მოსწავლეებმაც:

https://phet.colorado.edu/en/simulations/filter?sort=alpha&view=grid

https://gifer.com/en/gifs/physics

https://www.vascak.cz/physicsanimations.php?l=en

https://nationalmaglab.org/

https://javalab.org/en/

https://www.radian.com.hk/simulations/index.html?fbclid=IwAR38i9xwYOWKldfkaVO3ahtFqVba_zo88DUt1nnR8C0jVbqRQ0h2odnHOY0#/list

ვირტუალური ექსპერიმენტების გამოყენებისას, სასურველია, მასწავლებელმა შექმნას გამოთვლების ცხრილი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეს, გაზომოს საძიებელი სიდიდე.

წარმოგიდგეთ ვირტუალური ექსპერიმენტის ერთ მაგალითს.

საკითხი: ტრანსფორმატორი

მოცემულ ბმულზე შესაძლებელია ავითვალოთ, როგორ ცვლის ხვიების რიცხვი ძაბვას.

https://micro.magnet.fsu.edu/electromag/java/transformer/?fbclid=IwAR1vd8vZI2GUFeoMoVToBxhEQY4OEzGpeBw04gdd_oYWPMnm0guk9g1x__U

კარგი იქნება მოსწავლეს შევთავაზოთ შესავსებად ცხრილი, რომლის საშუალებითაც თვითონ დაადგენს კანონზომიერებას.

ცხრილი ვირტუალური ცდის ჩასატარებლად:

1 2 3 4 5
შემავალი ძაბვა V1
გამომავალი ძაბვაV2
ხვიების რიცხვი პირველად გრაგნილში N1
ხვიების რიცხვი მეორეულ გრაგნილში N2
V1/V2
N1/N2

 

ცხრილის შევსების შემდეგ მოსწავლე ხედავს, რომ ძაბვის შეფარდება ხვიათა რიცხვის შეფარდების ტოლია. ეს დაეხმარება მოზარდს, სიღრმისეულად გაიგოს ტრანსფორმაციის კოეფიციენტის ფიზიკური შინაარსი.

პროექტებით სწავლების მნიშვნელობა:

დისტანციური სწავლების პირობებში მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა დაინტერესება სასწავლო პროექტებით, განსაკუთრებით ისეთი სამუშაო უნდა შევარჩიოთ, როდესაც მოზარდი თვითონ მოახდენს დაკვირვებას რაიმე მოვლენაზე და შეასრულებს შესაბამის გამოთვლებს. ხშირად საუბრობენ ფიზიკის სწავლებისას სადემონსტრაციო ექსპერიმენტების მნიშვნელობაზე, რაიმე მოვლენის დაკვირვების მიზნით. სასურველია, თუ თემატიკა ხელს გვიწყობს, მოსწავლეს შევთავაზოთ ვიზუალურად აღქმულის გაზომვის შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, პროექტი შეიცავდეს კვლევის ელემენტებს.

როგორ უნდა დავგეგმოთ სასწავლო კვლევითი პროექტი – პროექტის ეტაპები

იდეის ჩამოყალიბების შემდეგ მნიშვნელოვანია, პროექტში მონაწილეთა ასაკობრივი ჯგუფის გათვალისწინება. საწყისი ეტაპის პირველი საკითხია – პრობლემის ფორმულირება, რატომ დაიგეგმა მოცემული პროექტი?! რაც შეეხება მიზანს, მიზანი უნდა იყოს რეალისტური და გაზომვადი; ხოლო დასახული ამოცანები – მკაფიო და თანმიმდევრული. სასწავლო პროექტი უნდა შეესაბამებოდეს საგნობრივ სტანდარტს. მასწავლებელმა მოსწავლეებთან ერთად უნდა დაგეგმოს პროექტის ამოცანები და სამუშაოების მიმდინარეობა.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ დისტანციური სწავლების პირობებში განხორციელებული პროექტის მაგალითს. დისტანციური სწავლების პირობებში მოსწავლეები ონლაინპლატფორმების საშუალებით მუშაობენ ჯგუფებში. ასეთი მიდგომა ხელს შეუწყობს მოზარდებში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.

 

პროექტის სახელწოდება

 

ხის სიმაღლის განსაზღვრა სარკის საშუალებით

პროექტში

მონაწილეები

 

მე-9 კლასის მოსწავლეები

 

პრობლემის ანალიზი

 

–         მოსწავლეებს უჭირთ  თეორიულად ნასწავლი საკითხის პრაქტიკასთან დაკავშირება, საჭირო ექსპერიმენტების დაგეგმვა და საკითხის ღრმა ფიზიკური შინაარსის გარკვევა.

–          უჭირთ საკუთარი აზრის გამოთქმა, თანაშრომლობა, წარმოსახვა, პრეზენტაცია, შემოქმედებითად აზროვნება, ცოდნის ტრანსფერი.

 

პროექტის მიზანი

 

გრძელვადიანი მიზანი:

 

–         საჭირო თეორიული მასალისა და ექსპერიმენტის საშუალებით სინათლის გავრცელებაზე და ბრტყელ სარკეში გამოსახულების მიღებაზე დაკვირვება.

–         ხის სიმაღლის განსაზღვრა სარკის საშუალებით.

–         დაკვირვების, აღწერის, მონაცემების ინტერპრეტაციის, ანალიზის, პრობლემის დასმისა და მისი გადაჭრის უნარების, შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა. ინფორმაციის მოძიება, საკუთარი აზრის ჩამოყალიბება და გადაცემა. წარმოსახვითი აზროვნების, ვარაუდის ფორმულირების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღების და პრეზენტაციის უნარ-ჩვევების განვითარება.

 

პროექტის ამოცანები

 

–         მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ერთგვაროვან გარემოში სინათლის გავრცელებისა და  ჩრდილის წარმოქმნის შესახებ;

–         შეისწავლიან მზისა და მთვარის დაბნელების პირობებს;

–         დაგეგმავენ ექსპერიმენტს, მასწავლებლის დახმარებით მოიძიებენ საჭირო ხელსაწყო-დანადგარებს და განახორციელებენ საჭირო გაზომვებს.

–          განუვითარდებათ მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმე და მრავალმხრივობა.

 

მოსალოდნელი შედეგები

 

სტანდარტთან კავშირი

–         მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ფიზიკაში და განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო და ცოდნის ტრანსფერული უნარები.

–         გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, ექპერიმენტის დაგეგმვა, პრეზენტაციის მოწყობა).

ფიზ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

–         ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად, იყენებს სხივის გეომეტრიულ მოდელს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;

–         აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნა, არეკვლა, სრული არეკვლა, შთანთქმა, გარდატეხა), აანალიზებს ამ მოვლენებს სათანადო ფორმულების გამოყენებით.

მიზნობრივი ჯგუფი

 

მე-9 კლასის მოსწავლეები

ასაკობრივი ჯგუფი: 14-15 წელი.

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

და ვადები

 

 

ქტივობა 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის პროექტის იდეის გაცნობა

აქტივობა 2. მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა და დავალებების განაწილება

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გადანაწილდნენ ჯგუფებში და აძლევს დავალებებს:

 I ჯგუფი – სინათლის გავრცელება. სინათლის ბუნებრივი და ხელოვნური წყაროები (პრეზენტაცია)

 I I ჯგუფი- ჩრდილის წარმოქმნა (პრეზენტაცია)

 I I I ჯგუფი – რატომ ხდება მზის და მთვარის დაბნელება (პრეზენტაცია)

 IV ჯგუფი – სინათლის არეკვლა. გამოსახულების მიღება ბრტყელ სარკეში (პრეზენტაცია)

 V  ჯგუფი – ექსპერიმენტის ჩატარება.

აქტივობა 3. დავალებების მიხედვით სამუშაო შეხვედრების ჩატარება და მონიტორინგი.

აქტივობა 4. პროექტის პრეზენტაცია

აქტივობა 5. პროექტის შეფასება შეფასების რუბრიკის საშუალებით

მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით აკეთებს შედეგების შეჯამებას და გაწეულ მუშაობას აკავშირებს პროექტის მიზანთან, რამდენად იქნა მიღწეული დასახული მიზანი.

 

ექსპერიმენტის აღწერა: ხის სიმაღლის განსაზღვრა სარკის საშუალებით

ცდისთვის საჭირო ხელსაწყოები:

სარკე, სახაზავი (მეტრიანი), ცარცი ან რამე წვეტიანი საგანი, მაგ. ლურსმანი.

 

ცდის მსვლელობა:

  1. ეზოში შევარჩიოთ საშუალო სიმაღლის ხე, რომლის წინ იქნება გაშლილი ადგილი.
  2. ვისარგებლოთ ცდაში წარმოდგენილი ნახაზით.
  3. სარკე დავდოთ მიწაზე, დავდგეთ E წერტილში ისე, რომ მასში ჩანდეს ხის წვერი;
  4. გავზომოთ C B (a) (სარკიდან ხის ძირამდე) და C E (b) ( სარკიდან დამკვირვებლამდე) მანძილი. ასევე სიმაღლე E D (h) (დამკვირვებლის სიმაღლე ფეხებიდან ზუსტად თვალებამდე);
  5. გამოვთვალოთ B A (H) , სამკუთხედების მსგავსების საშუალებით.
  6. სარკეს შევუცვლოთ ადგილი და გავიმეოროთ ცდა.

 

სამკუთხედები DEC  და ABC  მსგავსებია.

AB / DE = BC / CE

AB = DE.BC / CE

H = a.h /b

 

  ED (h) BC (a)  CE ( b) AB (H)

( საძიებელი სიდიდე)

1.        
2.        
3.        
საშუალო მნიშვნელობა        

 

 

                              პროექტის შეფასების რუბრიკა

კრიტერიუმები           დაბალი            საშუალო           მაღალი
პრეზენტაციის უნარი უჭირს პრეზენტაციის გაკეთება, მსჯელობს ძალიან ზერელედ.  პრეზენტაციის დროს აკლია დამაჯერებლობა, საკითხის ირგვლივ მსჯელობს ზერელედ. აქვს პრეზენტაციის კარგი უნარი. მსჯელობს დამაჯერებლად,საკითხის ირგვლივ აქვს სრულყოფილი ცოდნა.
შემოქმედითობის უნარი მოსწავლეს ძალიან უჭირს საინტერესო მოსაზრებების ჩამოყალიბება და ორიგინალური არგუმენტირებული მსჯელობა. მოსწავლეს სხვათა უმნიშვნელო დახმარებით შეუძლია საინტერესო მოსაზრებების ჩამოყალიბება და ორიგინალური არგუმენტირებული მსჯელობა. მოსწავლეს დამოუკიდებლად შეუძლია საინტერესო მოსაზრებების ჩამოყალიბება და ორიგინალური არგუმენტირებული მსჯელობა.
კომუნიკაციის უნარი მოსწავლე იშვიათად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, საკუთარი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. მოსწავლე კარგად ახერხებს ფაქტების, კონტექსტის, საკუთარი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას. მოსწავლე ძალიან კარგად ახერხებს ფაქტების,კონტექსტის, საკუთარი ემოციური მდგომარეობის ადეკვატურად გადმოცემას.
დამოუკიდებლად ექსპერიმენტის ჩატარების უნარი ვერ გეგმავს და ვერ ატარებს ექსპერიმენტს.

ვერ აღრიცხავს და აანალიზებს შედეგებს.

უჭირს ექსპერიმენტის ჩატარება.

უჭირს შედეგების აღრიცხვა და ანალიზი.

ყოველთვის ატარებს ექსპერიმენტს;

ყოველთვის აღრიცხავს და აანალიზებს შედეგებს.

თანამშრომლობის უნარი

 

 

ვერ ამყარებს კომუნიკაციას კლასელებთან და უჭირს თანამშრომლობითი მუშაობა. იშვიათად ამყარებს კომუნიკაციას კლასელებთან და ახერხებს თანამშრომლობითი მუშაობას. ყოველთვის ამყარებს კომუნიკაციას კლასელებთან და კარგად გამოსდის თანამშრომლობითი მუშაობა.

 

მსგავსი კვლევითი პროექტის დაგეგმვა შეიძლება ბევრი საგაკვეთილო მასალის ირგვლივ. მოსწავლის ინტერესს აღვივებს ფერადი პრეზენტაციები, ექსპერიმენტები. უკეთესი შედეგის მომცემია, თუ ექსპერიმენტს კვლევითსა და გაზომვადს გავხდით.

 

პროექტის მასალები:

https://drive.google.com/file/d/10XlEgH6iJwLEyyov15xgbCwjfPl4QU5a/view

https://drive.google.com/file/d/11fQeqVHdLFrdH1AT50wHQOv5ICNfqG4L/view

https://drive.google.com/file/d/1omxhhPC2Ac1zVSqzh7bOeQrZ931W029e/view

https://drive.google.com/file/d/1GbheXZtXez2OnlfBf2YJQZqEi8Dxsyy6/view

https://drive.google.com/file/d/1VnfqCkXhmwKRUXGzGKymDt08Am5DepRc/view

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...