შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

როგორ ვისწავლოთ ღირსებისა და უფლებების დაფასება

0

დემოკრატიის კულტურაში ეფექტური მონაწილეობისა და კულტურულად მრავალფეროვან დემოკრატიულ საზოგადოებებში მშვიდობიანი თანაარსებობისათვის შექმნილ „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოში” საკვანძო ოც კომპეტენციათაგან პირველი ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასებაა[1]. ზოგადი რწმენა იმის თაობაზე, რომ თითოეულ ადამიანს თანაბარი ღირებულება და ღირსება აქვს, თანასწორ პატივისცემას იმსახურებს და მისდამი მოპყრობაც ამ პრინციპებს უნდა ეფუძნებოდეს.

ამგვარი მიდგომების კვალში დგომა კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალაუფლების ან ფიზიკური ძალის გამოყენებას სხვა ადამიანის, საზოგადოების თუ საკუთარი თავის წინააღმდეგ, რამდენადაც შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოლოგიური ტრავმა, განვითარების შეფერხება, სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება ან სხვადასხვა სახის ზარალი.

ძალადობას აქვს სამი შემადგენელი: მსხვერპლი, ამნაშავე და ქმედება და მოიაზრება, როგორც კრიმინალი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის თანახმად, გამოიყოფა ძალადობის შემდეგი სახეები:

  • ფიზიკური ძალადობა;
  • ფსიქოლოგიური ძალადობა;
  • სექსუალური ძალადობა;
  • უგულებელყოფა.

წერილის მომდევნო ნაწილში სწორედ ამ უკანასკნელზე გავამახვილებთ ყურადღებას.

სპეციალურ ლიტერატურაში უგულებელყოფა განმარტებულია, როგორც „მშობლის თუ მეურვის მხრიდან ბავშვის ზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი საჭიროებების  (საკვები, საცხოვრებელი ადგილი, სამედიცინო მეთვალყურეობა, ტანსაცმელი, ყურადღება, ემოციური მხარდაჭერა და სხვ.) დაუკმაყოფილებლობა. უგულებელყოფის მძიმე ფორმას წარმოადგენს ბავშვის შრომითი ექსპლუატაცია ან კანონით აკრძალული საქმიანობის იძულება, მათ შორის, სექსუალური ექსპლუატაცია.

გამოიყოფა ბავშვთა უგულებელყოფის შემდეგი ნიშნები:

  • ჰიგიენური ნორმების დაუცველობა – უსუფთაო სახე და სხეული;
  • ასაკისა და სეზონისათვის შეუფერებელი ტანსაცმელი;
  • ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში შეფერხება;
  • ხშირი ავადმყოფობა;
  • ხარბი ჭამა;
  • თამაშების არცოდნა;
  • თვითდამაზიანებელი ქცევები;
  • უკიდურესი პასიურობა ან აგრესია;
  • ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;
  • დაბალი თვითშეფასება;
  • სუსტი განვითარება;
  • აუცილებელი მოხმარების საგნების არქონა;
  • ხშირია კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები;
  • დაღლილობა და აპათიურობა,;
  • ყურადღების კონცენტრირების სირთულე;
  • ძილის სურვილი.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ უგულებელყოფილი ბავშვი მუდმივად მშიერია, არარეგულარულად დადის ბაღში ან სკოლაში, შესაძლოა შეიმჩნეოდეს წვრილმან ქურდობაში, არ აქვს ჰიგიენის ელემენტარული ჩვევები“.

უნდა აღინიშნოს, რომ ძალადობის ისეთ ფორმას, როგორიც უგულებელყოფაა, თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს და ჩვენში არც ისე მცირეა. ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტში ბავშვთა უგულებელყოფის 31 შემთხვევა დაფიქსირდა. იუნისეფის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 76% მიიჩნევს, რომ ბავშვთა ინტერესების უგულებელყოფა საქართველოში პრობლემას წარმოადგენს.

უგულებელყოფას შეიძლება ჰქონდეს ობიექტური მიზეზები: სიღარიბე, მშობელთა ფსიქიკური დაავადებები, მშობლების გამოუცდელობა, თუმცა ამ მიზეზების მიღმაც არსებობს უგულებელყოფის ფაქტები.  ბავშვის სენსორული შიმშილით, ფიზიკური და ფსიქიკური საჭიროებების ხანგრძლივ დაუკმაყოფილებლობით საფრთხე ექმნება ბავშვის სრულფასოვან განვითარებასა და ფუნქციონირებას.

„არავის ვუყვარვარ“, ყველასთვის ზედმეტი ვარ, ვერავის ენდობი“, – ეს ის მტკივნეული გზავნილებია, რომლებსაც უგულებელყოფილი ბავშვები სამყაროსგან საკუთარი თავის შესახებ იღებენ, და რომლებიც აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე და გარე სამყაროსადმი მტრული დამოკიდებულების ან მუდმივად ბრალეულობის განცდის მიზეზად გადაიქცევა ხოლმე.  გარდა ამისა, ხშირია სტრესული რეაქციები: ძილის დარღვევა, დეპრესია, თავის ტკივილი, შიში, შფოთვა, უიმედობა, ჩაკეტილობა. ყოველივე ეს ვლინდება სხვადასხვა სახის ქცევით ან ემოციურ პრობლემებში“, – ამბობს ფსიქოლოგი მაია ცირამუა. მისი თქმით, გამონაკლისს არც, ე.წ. რესპექტაბელური ოჯახები წარმოადგენენ. „როდესაც ჩვენ ნაკლებად ვკონტაქტობთ ბავშვებთან, მათ დასმულ შეკითხვებს უყურადღებოდ ვტოვებთ, არ ვინტერესდებით მათი მოსაზრებებით, თავგადასავლებით, არ ვითვალისწინებთ მათ აზრს, მუდმივად თავიდან ვიშორებთ – ესეც უგულებელყოფაა“.   უგულებელყოფილი ბავშვისთვის  ეს მტკივნეული გამოცდილება გავლენას ახდენს მის მომავალ ცხოვრებაზეც და „მოზრდილობაში მისი ფსიქიკა კვლავაც „მზად არის“ ტრავმული რეაქციებისათვის“. რადგან სამყარო უგულებელყოფილი ბავშვისთვის არასაიმედო და საფრთხის შემცველია, ამიტომ იბრძვის, რაც სხვა ადამიანებთან მუდმივ კონფლიქტში ვლინდება, ან გარბის – საკუთარ თავში იკეტება, ან შეშდება, რაც მორჩილებითა და უმოქმედობით გამოიხატება. „ფაქტობრივად, ისევე როგორც ძალადობის სხვა ფორმები, უგულებელყოფაც დაღია მთელი ცხოვრების მანძილზე“ – განმარტავს იგი.

 

ინკლუზიური განათლება და უგულებელყოფა

როგორც წესი, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ინკლუზიური განათლების პრინციპების დაცვით უნდა მიმდინარეობდეს. თუმცა ჩვენში არცთუ ხშირია შემთხვევა, როდესაც ბავშვს აქვს დასწავლის უნარის ესა თუ ის დარღვევა, ემოციური ინტელექტის დაბალი დონე, არის სოციალურად დაუცველი ოჯახიდან ან რაიმე ტიპის  ფიზიკური ტრავმის გამო სასწავლო პროცესიდან ამოვარდა და ეს ტრავმულია მისთვის… – ამგვარ შემთხვევებში ბავშვებს აქვთ სწავლაში ჩამორჩენა.  სკოლა კი მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს პასუხისმგებლობას, სპეცმასწავლებლის ჩარევითა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმებით განაგრძონ ბავშვებთან მუშაობა, როცა მშობელი განცხადებით მიმართავს. ხშირია შემთხვევა, როდესაც მშობლებს აშინებთ მათდამი შეთავაზებული განცხადების ოფიციალური ფორმა, რომელშიც საკმაოდ მძიმე დარღვევებია მითითებული. აცხადებენ, რომ მათი შვილი ასეთი არ არის და არ სჭირდება ინკლუზია. ამდენად, ისინი თავად აცხადებენ უარს, სკოლისგან მიიღონ ბავშვისთვის საჭირო სერვისი და არც თავად მიუწვდებათ ხელი ბავშვისთვის სათანადო ხელშეწყობაზე. ამდენად იჩაგრება ბავშვი. მისი საჭიროებები უგულებელყოფილია.

აღნიშნული საკითხი საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის წინაშე ჯერ კიდევ 2017 წელს დავსვით, რასაც შედეგად  მოჰყვა განათლების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის ბრძანება N 16/ნ, რომლის თანახმადაც, ამგვარ შემთხვევებში „სკოლის გუნდი მიმართავს მშობელს, რომელსაც აძლევს დროს, აიღოს პასუხისმგებლობა მოსწავლის სწავლის შედეგებზე. ხოლო თუ კვლავ გამოვლინდება სწავლასთან დაკავშირებული სიძნელე, სკოლა გონივრულ ვადებში განმეორებით იღებს ზომებს მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებაზე მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის მისაღებად. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის კანონიერი წარმომადგენელი წინააღმდეგია მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასების, ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ განაცხადოს წერილობით”[2].

ეს არის და ეს. თუკი მშობელი წინააღმდეგია, ბავშვმა ისარგებლოს სპეციალური განათლების სერვისით და ამის შესახებ სკოლას განუცხადებს, ბავშვის საჭიროება კვლავ უგულებელყოფილი რჩება და მას ვერაფრით ვშველით. არადა, ჩვენ ამას არ ვითხოვდით!

იუნისეფის კვლევებით გამოვლინდა, რომ ბავშვის უგულებელყოფის შემთხვევაში მოსახლეობის თითქმის 40% ფიქრობს, რომ სოციალურმა სამსახურებმა  რეაგირება არ უნდა მოახდინონ. მოსახლეობის 70% დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში პოლიციის ჩარევა საჭირო არ არის, ხოლო, 50%  სკოლის ჩარევას მიიჩნევს ზედმეტად. ბავშვის ინტერესების უგულებელყოფის შემთხვევაში საზოგადოება ყველაზე  საჭიროდ სოციალური სამსახურების ჩარევას (60%) მიიჩნევს და ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს სხვა სამსახურებს.

 

რა ვიღონოთ უგფულებელყოფის აღმოსაფხვრელად?

ქართველ ფსიქოლოგთა ერთი ნაწილის აზრით, პირველ რიგში საზოგადოება უნდა იყოს მზად, ძალადობის ამ ფორმის აღმოჩენისთანავე მიმართოს შესაბამის უწყებებს – დარეკოს ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505), მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ან პოლიციას, იმისათვის, რომ ბავშვი აღმოჩნდეს ისეთ გარემოში, სადაც მისი განვითარებისათვის ყველა საჭიროება დაკმაყოფილებული იქნება. „მნიშვნელოვანია, გაიზარდოს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გავაცნობიეროთ, რომ როცა მშობელი ბავშვს უგულებელყოფს, ის საფრთხეს უქმნის მის მომავალს, ხოლო, როცა ჩვენ ამაზე ვდუმვართ, საფრთხეს ვაღრმავებთ და ძალადობის თანამონაწილეები ვხდებით“.

 

ასევე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლიც, მას უნდა შეეძლოს პრობლემის მოგვარებისას იყოს ეფექტური. ხოლო თითოეული პროფესიონალი, რომელსაც გულისხმიერი მოქალაქე მიმართავს, უნდა იყოს სენსიტიური. „როდესაც პოლიციელი გეუბნება, რომ მშობლის მიერ ქუჩაში მოწყალებისთვის გამწესებულ ბავშვზე არ ხორციელდება ძალადობა, იმიტომ, რომ მას მოცემულ მომენტში ფიზიკურად არავინ უსწორდება – ეს საგანგაშო სიგნალია. ეს იმას ნიშნავს, რომ მას წარმოდგენაც არა აქვს, რომ ამ დროს ბავშვის ექსპლუატაცია ხდება. განსაკუთრებით მტკივნეულია, როცა ასეთ შეკითხვას მოჰყვება კითხვა – „სად წავიყვანოთ ბავშვი?“ პრობლემაა ის, რომ სახელმწიფოს არ აქვს შესაბამისი და საკმარისი სერვისები – თავშესაფრები, დღის ცენტრები, სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო და აღმზრდელობითი პროგრამები“, – ამბობს  მაია ცირამუა. გარდა ამისა, მისი თქმით,  უმნიშვნელოვანესია მშობლების განათლება, მათი მომზადება ბავშვებთან ურთიერთობისათვის. აუცილებელია,  ქვეყანაში დაინერგოს პოზიტიური მშობლების ინსტიტუტი.

უგულებელყოფასთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის შემუშავებულია  ძირითადი რეკომენდაციები:

  1. უნდა შემუშავდეს და დაინერგოს დეტალური სახელმძღვანელო მითითებები (გაიდლაინები) და შიდასისტემური სავალდებულო ტრენინგები ძალადობის იდენტიფიკაციის და რეფერალის საკითხებზე, რეფერირების პროცედურების შესაბამისად;
  2. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს მასწავლებლებისა და მანდატურების როლი ბავშვზე უგულებელყოფის შემთხვევების გამოვლენა-რეფერირების პროცესში. იმისათვის, რომ გაიზარდოს სკოლიდან სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირების ეფექტიანობა, სასურველია სკოლაში გამოიყოს ერთი თანამშრომელი, რომლის ძირითადი ვალდებულება იქნება უგულებელყოფის, როგორც ძალადობის იდენტიფიცირება სკოლაში, ოჯახებთან დაკავშირებისას დახმარება, ოჯახური ვითარების შეფასება და გარე უწყებებთან ურთიერთობების ხელშეწყობა;
  3. მასწავლებლების და მანდატურების სამუშაოს აღწერილობაში მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, თუ როგორი უნდა იყოს ბავშთა უგულებელყოფის შემთხვევებზე მათი რეაგირება. გარდა ამისა, სასურველია, რომ ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხები ჩართული იყოს მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებსა და მანდატურების სავალდებულო ტრენინგების კურიკულუმებში. პროფესიონალების პასუხისმგებლობები მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული განათლების სამინისტროსა და/ან სკოლის შესაბამის დოკუმენტებში;
  4. საჭიროა გადაიხედოს უსაფრთხო სკოლის კონცეფცია, რათა ოჯახში ბავშვთა მიმართ ძალადობაზე რეაგირების პროცესში სკოლაც ჩაერთოს. სკოლის თანამშრომლებისათვის უნდა შემუშავდეს ახალი მექანიზმები, რაც გააუმჯობესებს ბავშვთა მიმართ უგულებელყოფის შემთხვევებზე მათ რეაგირებასა და შესაბამის მიმართვიანობას.

Z 62.4 – ეს ბავშვის მიმართ ბავშვის ემოციური უგულებელყოფის საერთაშორისო კლასიფიკატორების კოდია, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერაა წარმოდგენილი და მისი საერთაშორისო კლასიფიკაციების ქსელის მიერ შექმნილი კლასიფიკაციათა ოჯახი სამეცნიერო და საკლასიფიკაციო პრინციპებს ეფუძნება, საერთაშორისოდ გამოიყენება და  ფოკუსირდება ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის მრავალგანზომილებიან ასპექტებზე.
ცხრილი 1. ICD-ის კოდები ბავშვის მიმართ არაღირსეულად მოპყრობის შემთხვევების იდენტიფიცირებისათვის

კოდის ტიპი ICD -10 კოდი ICD 10 – კოდის აღწერა
დიაგნოზის კოდები T74.0 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: უგულებელყოფა და მიტოვება
  T74.3 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფსიქოლოგიური ძალადობა
  T74.8 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სხვა არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები
  T74.9 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: დაუზუსტებელი არაღირსეულად მოპყრობის სინდრომი
  Z62.0 მშობლის მიერ ბავშვზე არასათანადო მეთვალყურეობა და კონტროლი
  Z62.3 ბავშვის მიმართ მტრული დამოკიდებულება და მისი განტევების ვაცად ქცევა (scapegoating)
  Z62.4 ბავშვის ემოციური უგულებელყოფა
  Z62.5 ბავშვის უგულებელყოფით აღზრდასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები
  Z62.6 მშობლის მიერ ბავშვზე შეუსაბამო წნეხი და აღზრდის პროცესში გამოვლენილი სხვა პათოლოგიური/არანორმალური თვისებები
 გამომწვევი გარე ფაქტორების კოდები X85-Y09 თავდასხმის კოდები – მოიცავს მოძალადის 5 კოდს, ესენია:
  1 მშობელი
  2 ოჯახის სხვა წევრი
  3 მზრუნველი პირი
  8 სხვა განსაზღვრული პირი*
  9 სხვა განუსაზღვრელი პირი*
 პროცედურების კოდები 5830600 მთლიანი ჩონჩხის რადიოგრაფია

*არაღირსეულად მოპყრობის ჯგუფში სხვა განუსაზღვრელი ან განსაზღვრული პირი შედის მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა ბავშვი 14 წლის ან უფრო პატარაა (იხილეთ მეთოდოლოგიის ნაწილი უფრო დაწვრილებით განმარტებისათვის).

ემოციური ან ფსიქოლოგიური ძალადობა  T74.3 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: ფსიქოლოგიური ძალადობა
   Z62.3 ბავშვის მიმართ მტრული დამოკიდებულება და მისი განტევების ვაცად ქცევა (scapegoating)
   Z62.6 მშობლის მიერ ბავშვზე შეუსაბამო წნეხი და აღზრდის პროცესში გამოვლენილი სხვა პათოლოგიური/არანორმალური თვისებები
სხვა ან განუსაზღვრელი/

არასპეციფიკური/

დაუზუსტებელი/

 

 T74.8 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: სხვა არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები
   T74.9 არაღირსეულად მოპყრობის სინდრომები: დაუზუსტებელი არაღირსეულად მოპყრობის სინდრომი
   Y07 სხვა არაღირსეული მოქცევის სინდრომები

 

 

წერილის დასაწყისში საუბარი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოზე საუბრით დავიწყეთ. „ამ ჩარჩოს საშუალებით, მასწავლებლები შეძლებენ, შთაუნერგონ თავიანთ მოსწავლეებს ისეთი ღირებულებები, როგორიცაა შემწყნარებლობა და სხვების პატივისცემა, რათა მათ ჩამოუყალიბდეთ როგორც საკუთარი უფლებების, ასევე, სხვათა მიმართ პასუხისმგებლობების აღქმა, – ვკითხულობთ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ტურბიორნ იაგლანდის წინასიტყვაობაში.  და უპირველესი, რაც შეიძლება გაკეთდეს, უნდა დავიწყოთ ბევრი ფიქრი იმისთვის, როგორ ვაქციოთ აღნიშნული ღირებულებები უმოკლეს დროში ჩვენი და ჩვენი გარშემომყოფების ღირსეული არსებობის გარანტად.

 

სხვა რესურსები:

https://www.unicef.org/georgia/media/2066/file/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%20%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A8%E1%83%98.pdf

 

[1] https://rm.coe.int/georgie-competences-for-democratic-culture-geo/16808b391a

[2] https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/4007539?publication=0

https://www.mes.gov.ge/old/upload/editor/file/Brdzanebebi/2016/ianvari/01.pdf

არტეფაქტების გამოყენება, მოსწავლეებში ანალიტიკური უნარების განვითარებისთვის

0

ბენჯამინ ბარბური, უფროსი კლასების მასწავლებელი პენსილვანიიდან, გვთავაზობს ბავშვებში ანალიტიკური უნარების განვითარების ძალიან საინტერესო და პრაქტიკულ გზას: თქვენ უნდა წარმოიდგინოთ თავი მომავალში მცხოვრებ ისტორიკოსად, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში მის გარშემო არსებულ ნივთებს სწავლობს.

სოციალურ მეცნიერებებში წარსული რეგულარულად განიხილება წერილობითი და მატერიალური კულტურის პრიზმიდან: ეს შეიძლება იყოს კოლონიური ამერიკის ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩაძიება ან რომის იმპერიის გავრცელების უკეთ გასააზრებლად ანტიკური მონეტების შესწავლის პროცესი.

მოსწავლეებმა უფრო ბევრ რამეს გაიგებენ ისტორიკოსთა მუშაობის შესახებ, თუ ამ მიდგომას თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებენ. მაგალითად, სთხოვეთ კლასში მყოფ მოსწავლეებს წარმოიდგინონ, რის გაგებას მოახერხებდა 100 ან 200 წლის შემდეგ მცხოვრები მათივე თანატოლი ჩვენი ცხოვრების შესახებ თანამედროვე არტეფაქტის ნახვისას.

ეს არის ისტორიის გაკვეთილისადმი საკმაოდ არატრივიალური მიდგომა. თუმცა, ისტორიული თვალსაზრისით, ნაცნობი ნივთების რეგულარული გაანალიზებით თქვენ აიძულებთ მოსწავლეებს ახლებურად იფიქრონ თამამად და არასწორხაზოვნად. ასეთი დავალებები კარგად „ჯდება“ სასკოლო პროგრამაში, რადგან მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ივარჯიშონ არტეფაქტების შეფასებაში, ჩამოაყალიბონ ჰიპოთეზები საზოგადოების სტრუქტურის, მისი მატერიალური კულტურის შესახებ და გაიაზრონ, რამდენად შესაძლებელია სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ინტერპრეტაციით წარსულის ფორმირება.

ნაბიჯი 1. ახსენით, რა არის არტეფაქტები

ჟურნალ National Geographic-ის განსაზღვრებით, არტეფაქტი არის ადამიანის მიერ ხელოვნურად შექმნილი ნებისმიერი ობიექტი. არტეფაქტებში შედის ხელოვნების საგნები, დღიურები, ხელსაწყოები და ტანსაცმელი, რომელიც ადამიანების მიერ დამზადდა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა დროს.

ვიდრე თანამედროვე სამყაროს შესწავლას მომავალი ისტორიკოსის გადმოსახედიდან შეუდგებით, განუმარტეთ კლასს, ამდენად ფართოა სიტყვა „არტეფაქტის“ ინტერპრეტაცია. ის მოიცავს მუსიკალურ ინსტრუმენტებს, საწერ მასალებს, სამზარეულოს ჭურჭელს, სასკოლო ნივთებს, სამკაულებს და სპორტულ სამოსს.

ბავშვებისთვის სასარგებლო იქნება ნახონ მაგალითები, როგორ შეუძლიათ ისტორიკოსებს მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანა მატერიალური კულტურის თითქმის ნებისმიერი საგნიდან. მოუყევით მათ მუზეუმებში არსებული არტეფაქტების შესახებ. ძველი ბერძნული პოეზია და ეგვიპტური სარკოფაგებიც ისეთივე არტეფაქტებია, როგორც ეროვნული ვიდეო თამაშების მუზეუმის, ლას-ვეგასის ნეონის მუზეუმისა და ბანანების ეროვნული მუზეუმის საგნები, სადაც „25 000 ბანანთან დაკავშირებული საგნისა და ნახატის“  ნახვა შეუძლიათ.

ნაბიჯი 2. გააზიარეთ, როგორ უნდა გაანალიზოთ არტეფაქტები

მას შემდეგ, რაც ყველამ გაიგო, რა არის არტეფაქტი, მოუყევით, როგორ იკვლევენ ისტორიკოსები და არქეოლოგები მონაპოვარს. პირველ რიგში, მაგალითად, უნდა განსაზღვრონ, რისგან არის დამზადებული არტეფაქტი, შემდეგ კი უპასუხონ კითხვებს:

ვინ გამოიყენა ეს ნივთი? დაწერეთ, რატომ ფიქრობთ ასე.

რისთვის გამოიყენებოდა ის? დაწერეთ, რატომ ფიქრობთ ასე.

რას ამბობს ეს იმ ადამიანებზე, ვინც ნივთი დაამზადა და გამოიყენა?

რას ამბობს ეს იმ ტექნოლოგიებზე, რომლითაც ნივთი იქმნებოდა?

ნაბიჯი 3: მიეცით ბავშვებს არტეფაქტების არჩევის და შესწავლის საშუალება

სთხოვეთ ბავშვებს, აირჩიონ არტეფაქტი იმ საგნებისგან, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ. მათ შეუძლიათ ის სკოლაში მიიტანონ ან აჩვენონ მისი გამოსახულება/სურათი, თუკი დისტანციურად სწავლობენ.

შემდეგი ნაბიჯი უფრო რთულია, აუცილებელია წარმოსახვის უნარის ჩართვა. სთხოვეთ მოსწავლეებს, თავი მკვლევრებად წარმოიდგინონ, არქეოლოგებად ან სტუდენტებად მომავლიდან, რომლებიც არტეფაქტებს დეტალურად აანალიზებენ. შემდეგ სთხოვეთ გიპასუხონ შეკითხვებზე არტეფაქტების შესახებ:

რა ისტორიული მნიშვნელობა აქვს ამ არტეფაქტს?

რა შეიძლება გვითხრას 2021 წლის კულტურაზე?

რას ამბობს ის XXI საუკუნის დასაწყისის საზოგადოებაზე?

რას გვამცნობს 2021 წლის ტექნოლოგიებზე?

ამ სავარჯიშოს დროს, კლასმა უნდა გააკეთოს რამდენიმე შემეცნებითი ნახტომი. პირველი – წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ცხოვრება მრავალი წლის შემდეგ; მეორე – გააანალიზონ თავიანთი არტეფაქტი მომავალში მცხოვრები ადამიანის გადასახედიდან. რას იფიქრებს ეს ადამიანი იმ სამყაროზე, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ? რა დასკვნებს გამოიტანს?

ამ სასწავლო პროგრამის შედგენა შეიძლება შემდეგნაირად:

სთხოვეთ ბავშვებს, შეასრულონ წერითი დავალება, რომელშიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული დასკვნები უნდა გამოიტანონ.

დაჰყავით ისინი მცირე ჯგუფებად და სთხოვეთ, ერთობლივად დაარედაქტირონ თანაკლასელთა დასკვნები, მეტი ყურადღება მიაქციონ ფაქტების დადასტურების გზებს.

შეაფასეთ, როგორი გავლენა შეიძლება იქონიოს ისტორიაზე არტეფაქტის სხვადასხვა ინტერპრეტაციამ.

იფიქრეთ იმაზე, რა უნდა გვიამბონ არტეფაქტებმა შეხედულებებისა და რწმენის სისტემებზე, ეკონომიკაზე, ტექნოლოგიასა და სოციალურ ორგანიზაციაზე.

 

ნაბიჯი 4: კლასში ერთად გაანალიზეთ არტეფაქტები

როგორც კი მოსწავლეებმა შეაგროვეს და გააანალიზეს თავიანთი არტეფაქტები, ვთხოვ, რომ კლასსაც გააცნონ (თუ სკოლაში ვსწავლობთ – ფიზიკურად, თუ სწავლება დისტანციურია – გამოსახულების საშუალებით). მოგვიანებით ეძელვათ დავალება, გააანალიზონ სხვა მოსწავლეთა არტეფაქტები ზუსტად ისევე, როგორც მათ საკუთარი გააანალიზეს.

როდესაც გამოსახულებასა და კომენტარებს ვათვალიერებ, ვთხოვ ჩემს მოსწავლეებს, ახსნან, რას ამბობს მათი არტეფაქტი საზოგადოებაზე, ან ისაუბრონ სხვა ბავშვის არტეფაქტის ანალიზზე. თუ სწავლება არადისტანციურია, კლასთან ერთად ვსეირნობ და ვთხოვ, გააანალიზონ ყოველდღიური საგნები, როგორიცაა პოსტერები  სკოლის დერეფნებში, განცხადებები მომავალი სასკოლო ღონისძიებების შესახებ, გამარჯვების თასები და კლასში არსებული სხვადასხვა საგანი. წარმოიდგინონ, რომ ისინი არიან არქეოლოგები, რომლებიც ამ საგნებს პირველად ხედავენ.

ჩემი მოსწავლეების მიერ გაანალიზებული საგნები გახლდათ: სკოლის ალბომი, პლანშეტი და საახალწლო ნაძვის ხე. ამან მოსწავლეებს არა მხოლოდ ამ ნივთების მფლობელის შესახებ მისცა წარმოდგენა, არამედ იმ საზოგადოებისა და კულტურულ გარემოზე, სადაც ეს ნივთები „არსებობდა“. ასეთი დისკუსიებისას მოსწავლეები საუბრობენ სკოლის ტექნიკურ და მატერიალურ აღჭურვილობაზე და ასევე იმაზე, თუ რა შეუძლია გვიამბოს  ნაძვის ხემ თანამედროვე საზოგადოებაში მიღებული რელიგიური და საერო ტრადიციების შესახებ.

დისტანციური სწავლებისას არტეფაქტის ანალიზი შეიძლება მოხდეს გაკვეთილის დასაწყისისას ან ბოლოს (შეგიძლიათ გამოიყენოთ ის გამხსნელ ან დამამთავრებელ დავალებად). სავარჯიშო დროის შესამცირებლად სთხოვეთ მოსწავლეებს, უპასუხონ ერთ ან ორ შეკითხვას თანამედროვე არტეფაქტის შესახებ და გამოიტანონ დასკვნა ამჟამინდელი კულტურის შესახებ სხვა რაკურსით.

ამგვარი დავალებების მიცემა შეგიძლიათ, მიაბათ გარკვეულ მოვლენებსა და ღონისძიებებს. მაგალითად, ახლა ბევრ სკოლას აქვს გამოკრული განცხადება: „გაიკეთე ნიღაბი“. ჰკითხეთ ბავშვებს: რას იფიქრებდა მკვლევარი ჩვენს დროზე, ასეთი განცხადება რომ აღმოეჩინა?

იმისათვის, რომ ეს დავალებები უფრო ეფექტიანი იყოს, მოსწავლეებს უფრო მკაფიო მიზნები დაუსახეთ. მაგალითად, თქვენ შეიძლება, სთხოვოთ ბავშვებს, გააკეთონ ანალიზი, რომელიც მოიცავს დეტალურ დასკვნებს ტექნოლოგიების  შესახებ.

ჯერ თქვენ გააანალიზეთ რომელიმე არტეფაქტი და აჩვენეთ კლასს ამის მაგალითი. მიეცით მოსწავლეებს კონკრეტული კითხვების ჩამონათვალი ან მისაღწევი მიზნების სია.

 

ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge” 9 წლისაა!

0

საინტერესო, რთული, დინამიური 9 წელია უკან.   ინტერნეტგაზეთზე 9 წლის მანძილზე გამოქვეყნებულია  7771 საგანმანათლებლო რესურსი/სტატია/ბლოგი.

ცხრა წლის ინტერნეტგაზეთი, თავისი  შინაარსით  მასწავლებლებისთვის, განათლების სპეციალისტებისთვის, მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციის  წარმომადგენლებისთვის და განათლების სფეროთი დაინტერესებული მკითხველისთვის მნიშვნელოვანი რესურსი გახდა. ეს გაზეთის  ავტორების, რედაქტორების და მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერის შედეგია. დიდი მადლობა მკითხველებს, რომელთა მადლიერების წერილები და გამოხმაურებები მეტ პასუხიმგებლობას გვძენს და ჩვენც ვეცდებით, იმედები გაგიმართლოთ.

ინტერნეტგაზეთს შექმნის დღიდან – დღემდე analytics.google-ის მონაცემებით,  ჰყავს  5,228,508  უნიკალური  მომხმარებელი, ვებგვერდიდან ნანახი და ჩამოწერილი სტატიების რაოდენობა შეადგენს   44,462,207 .

Tango Echo Alpha

0

ამ სამყაროში ორი ყაიდის ხალხია – ჩაით სავსე და ჩაისგან დაცლილი. მართალია, იაპონელებისთვის ეს ამბავი ჩაის სიყვარულზე მეტად ყოფიერების თავისებურებებზე უფრო მიანიშნებს, მაგრამ კაკუძო ოკაკურა „ჩაის წიგნში“ ამაზე ენას ტყუილად არ დაასველებდა. წაკითხვისთანავე მენიშნა, რომ ჩაის დიდ მოყვარულს არც ჩაი მაკლია. მართალია, მთლად ნართაული აღარ გამომივიდა, მაგრამ ჩემი საყვარელი წიგნის ხსენება საშესავლოდ მაინც გამომადგა.

ხანდახან მგონია, მას შემდეგ, რაც ჩემმა დიდმა ბებიამ ქეთლი შემოდგა ცეცხლზე, ჩაიდანი ჩვენს ოჯახში აღარ გაგრილებულა. ხშირად გვითქვამს, რომ ჩაის სიყვარული სწორედ მისგან გამოგვყვა და რადგან ერთმანეთისთვის გულიც სწორედ ჩაის სმისას გადაგვიშლია, ჩვევად შემომრჩა, სულ რომ მდუმარედ დავეწვიო დედას ჩაიზე, ბოლოს მაინც ვეტყვი – აი, ასეთი ამბები.

ძველებს ემახსოვრებათ, 1967 წელს, ერთ ნისლიან დღეს ინდირა განდი თბილისს მეორედ ეწვია. ის კი ცოტას თუ ეცოდინება, რომ აეროპორტში დაშვებამდე, ქალაქის თავზე შემოფრენისას, თვითმფრინავი კინაღამ სატელევიზიო ანძას დაეჯახა. მართალია, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და დამნაშავე მხოლოდ ამინდი აღმოჩნდა, მაგრამ  საპასუხისმგებლო რეისის მიღების შემდეგ დისპეტჩერის თარჯიმანმა სამსახური დატოვა. იმ დროს დედაჩემს ახალი დამთავრებული ჰქონდა „ინიაზი“, უცხო ენათა ინსტიტუტი. ჩემი დიდი პაპა კი აეროპორტში ტექნიკოსად მუშაობდა და შვილიშვილისთვის უთქვამს, თარჯიმნის ადგილი გათავისუფლდა და იქნებ შენც გეცადაო. დედამაც სცადა და არაერთი გამოცდის ჩაბარების შემდეგ 12-წლიანი თავგადასავალიც დაიწყო – ცას და მიწას შორის შუამავლობა. მაშინდელი საავიაციო ლექსიკონი ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში ახლაც ინახება. წიგნს რადიოსატელეფონო ანბანიც ერთვის, სადაც ყველა ასოს კოდური სიტყვა აქვს მინიჭებული. რადგან ავიაციაში შეტყობინება ადრესატამდე შეუცდომლად უნდა მივიდეს, პილოტი და დისპეტჩერი ერთმანეთს, პირობითად, Gandhi-ის ნაცვლად ეტყვიან – Golf Alfa November Delta Hotel India.

გავიდა წლები, დედა უკვე გამოცდილი თარჯიმანი იყო, როდესაც ერთ-ერთი მორიგეობის დროს ინდოეთის ავიახაზების თვითმფრინავი მოფრინდა. ეთერის შემდეგ, საბაჟო პროცედურების გავლისას, ეკიპაჟის წევრები პირადად გაიცნო, დამშვიდობებისას კი ხომალდის მეთაურმა, გვარად სინგჰიმ, ჩაი აჩუქა ყუთზე წარწერით – Golden Tea. როგორც მაშინდელი წესი მოითხოვდა, დედამ ძღვენის შესახებ აეროპორტის განსაკუთრებულ საქმეთა განყოფილებას აცნობა, რადგან ანგარიშის ჩაბარების გარეშე აეროპორტის ტერიტორიას ვერ დატოვებდა. КГБ-ს თანამშრომლებმა ჩაის ყუთი გახსნეს, საგანგებოდ დაათვალიერეს და რახან ბომბი ვერ აღმოაჩინეს, სახლში წაღების ნებაც დართეს. ეს ამბავი მოგვიანებით შევიტყვე. იმ გამორჩეული დღიდან მხოლოდ სამზარეულოში გაშლილი არომატული ჩაი მახსოვს, და კიდევ ჩემი ახალგაზრდა მშობლების აღტაცებული შეძახილები  – აი, ჩაი! აი, ნამდვილი ჩაი! მაშინ უკვე მაგიდაზე ერთი თავით მაღალი ვიყავი და მომეტებული სიხარულის დაფარვაც ვიცოდი, მაგრამ იმ დღის მერე ჩაის ფოთოლი და აღმაფრენა ჩემთვის ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირდა. შუქიც კი, რომელიც ჩაის ეფინებოდა, სამზარეულოს სანათიდან კი არა, ციდან გადმოსული მეგონა. იქნებ იმიტომაც, რომ ოქროს ჩაიმ ჩვენამდე მოსაღწევად გრძელი, საჰაერო გზა გამოიარა.

ნამდვილ ჩაისთან ზიარების შემდეგ, ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ზაფხულის ქვემოიმერული არდადეგები, მაყვლის მურაბის მოდუღებასთან ერთად, ჩაის კრეფასაც გულისხმობდა. პლანტაციაში, როგორც წესი, საღამოს მივდიოდით. მართალია, მზე უკვე გადაწვერილი იყო, მაგრამ ჩალის ქუდებს თავმოსაწონად მაინც დავიხურავდით და რეზინის ჩექმებსაც ამოვიცვამდით. საქმე არჩევაზე იყო: ან საგანგებოდ შეკერილი დიდჯიბეებიანი წინსაფარი უნდა მოგერგო, ან წელზე გრძელი თავშალი შემოგეკრა, ბოლოები სათავეში ჩაგემაგრებინა და კალთის ტომსიკად გექცია. ჩაის პლანტაციებთან მიახლოებისთანავე, უფროსები გადაკრეფილ ბუჩქებს უმალ ამოიცნობდნენ და იმ მწკრივებზე მიგვანიშნებდნენ, სადაც ჯერ კიდევ შერჩენილი იყო ნორჩი ფოთლები. თუ უფროსებისგან განცალკევებით გსურდა ჩაის კრეფა, უხსენებლის დასაფრთხობად სტვენა აუცილებლად უნდა გცოდნოდა. იყვნენ ისეთი გაწაფულებიც, ვისაც სტვენასთან ერთად, სხვა მწკრივში გადასასვლელად ბუჩქზე გადაგორება რომ შეეძლო.

მთავარი პირობა იყო, მხოლოდ ოქროსფერი დუყები – ჩაის ბუჩქის უნაზესი წვეროები –დაგეკრიფა და დაძახებისთანავე ვერცხლისფერ ევკალიპტებთან გაჩენილიყავი. ბოლოს ყველას ნაშრომ-ნაჯაფარი ერთ გოდორში იყრიდა თავს და იმავე გზას ვადგებოდით, რომელსაც პლანტაციამდე მივყავდით. თუკი ქალები ლაპარაკის დროს შეყოვნდებოდნენ, ერთი მათგანი იმარჯვებდა, გოდორში ხელს ჩაყოფდა და ჩახურებულ ჩაის ამოაბრუნებდა. სახლში მისვლისთანავე ძველ გაზეთებს დიდ მაგიდაზე დავფენდით, დაკრეფილ ჩაის გავშლიდით და მთელი სახლი ნესტიანი ფოთლების სურნელით ივსებოდა. რამდენიმე დღეში უსიცოცხლო ფოთლების ახალი ცხოვრება იწყებოდა. მაგიდის ზედაპირზე ხელის გულებით ვსრესდით, ხის დაფებზე წვრილად ვჭრიდით და დაქუცმაცებულ ჩაის ისევ გაზეთებზე ვშლიდით. მართალია, გამოშრობამდე ხელის ხლება აღარ ეკუთვნოდა, მაგრამ ბევრჯერ დამიმარტოხელებია თავი, შავი ნამცეცები მუჭში მომიქცევია, თვალდახუჭულს დამიყნოსავს და კვალის დასაფარად ქაღალდზე ისევ თანაბრად გადამინაწილებია. აგვისტოს ბოლოს ოქროს ფოთლებით სავსე გოდორი ერთ მომცრო ყუთში ჩაეტეოდა და თბილისში დიდი პატივით  წამოვიღებდით.

როდესაც იმერეთში ჩაის პლანტაციები ამოთხარეს, ცხოვრება ქალაქშიც შეიცვალა. ჩემი სახლის წინ ერთი ძველი საჩაიე იყო, სახელად „ლილი“. ვეღარ ვიხსენებ, ღამით ანათებდა თუ არა ტრაფარეტზე გამოსახული ასოები, მაგრამ ჩემს მეხსიერებაში წარწერას ლურჯი შუქი დაჰკრავს. საუკუნის დასაწყისში იქ უკვე აღარავინ შედიოდა. ცხადი იყო, რომ  სულ მალე ძველმოდურ სივრცეს რომელიმე ბანკი, აფთიაქი ან პარფიუმერული მაღაზია დაეპატრონებოდა. მხოლოდ ერთხელ ვნახე – ვიტრინის მხარეს, მრგვალ მაგიდასთან ქალი დამჯდარიყო, ფეხები სკამის ქვეშ ჯვარედინად შეეკეცა, შუშის ჭიქით ჩაის სვამდა და ქუჩას გაჰყურებდა. ქალს თეთრი, არშიებიანი წინსაფარი ეკეთა და ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი ეცვა. არ ვიცი, რა წარმოისახა საჩაიეს ოფიციანტმა სანატრელ სტუმრად გარდასახვისას, მაგრამ ჩაი კი ნამდვილად დალია. რა თქმა უნდა, შემეძლო, მემარჩიელა და ისიც მომეთხრო, თუ რას  ფიქრობდა ის ქალი მაშინ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ ჩაიში ლიტერატურა არ ერია. ეს იყო კინო,  დაუვიწყარი კინოკადრი, რადგან, ფრანსუა ტრიუფოსი არ იყოს, „ვერავის დაარწმუნებთ, რომ ქალი, რომელმაც ჩვენ თვალწინ დალია ჩაი, მხოლოდ წარმოიდგენს, რომ ჩაი დალია. ქალმა დალია ჩაი, მორჩა და დამთავრდა.“

რუსუდან რუხაძე

P.S. თუ თქვენ მაინც წარმოსახვებში მოგზაურობა და ღრუბლებში ფრენა გირჩევნიათ, სავარძელში მოკალათდით, უსაფრთხოების ღვედი შეიკარით და ბორტგამცილებელს სამი სიტყვა უთხარით: Tango Echo Alpha.

 

რამდენიმე რჩევა მასწავლებლებს COVID-19-ისგან თავდასაცავად

0

ახალი კვლევის მიხედვით, პირბადის ტარებამ, ხელების დაბანამ, სოციალურმა დისტანცირებამ და სხვა ზომებმა, სკოლებში COVID-19-ის  გავრცელება შესაძლოა უფრო მეტად შეამციროს, ვიდრე უფრო დიდ თემებში.

ქვემოთ მოცემული რჩევები შეიძლება დაეხმაროს მასწავლებლებს უსაფრთხოების შენარჩუნებაში.

პირადი დაცვა

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი სკოლის პოლიტიკა, თქვენ შეგიძლიათ დამატებით არაერთი საშუალების გამოყენება თავის დასაცავად:

ლორენს კლაინმანი, მედიცინის დოქტორი, გვირჩევს, გავითვალისწინოთ  სამი  “W”, როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეებისათვის:

დაიბანეთ (Wash) ხელები დღის განმავლობაში რეგულარულად, იბანეთ 20 წამის განმავლობაში თბილი წყლით. განსაკუთრებით მაშინ, როცა საერთო გამოყენების ნივთებს შეეხებით, მაგ. კარის სახელურს. თუკი თქვენს საკლასო ოთახში არ არის პირსაბანი, დააყენეთ სანიტაიზერები რამდენიმე ადგილას. ხელების სადეზინფექციო სითხე უნდა შეიცავდეს არანაკლებ 60% ალკოჰოლს.

ატარეთ (Wear) პირბადე. „ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ორი პირბადე სჯობს ერთს, – ამბობს კლაინმანი, – ატარეთ ქირურგიული პირბადე სახესთან ახლოს, ხოლო მეორე – გარედან”. მეორე პირბადე ეხმარება ნებისმიერი ღიობის დაფარვას, რომელსაც პირველი ვერ ფარავს.

აკონტროლეთ (Watch) დისტანცია ადამიანებს შორის. „დაახლოებით 2 მეტრი უნდა განვიხილოთ როგორც მინიმუმი და არა უსაფრთხო ბარიერი, – ამბობს კლაინმანი. თუ ბავშვები მღერიან ან ჭამენ, დისტანცია მეტი უნდა იყოს”.

იზრუნეთ პირბადეებზე. გარეცხეთ ნაჭრის პირბადე რეგულარულად ცხელი წყლით და გამოცვალეთ პირბადე ყოველდღე. „მთავარი წესი ასეთია, თუ პირბადე დაზიანდა ან დაისვარა, ის უნდა გადააგდოთ. ასე რომ, ატარეთ სათადარიგო პირბადეც”, – ამბობს ჯონსონი. თუკი უფრო უსაფრთხო KN95 პირბადეს იყენებთ, შესაძლებელია მათი განმეორებით გამოყენება. ჯონსონის რჩევაა ქაღალდის ან ნაჭრის (სადაც ჰაერი მოძრაობს) ხუთ ჩანთას დააწეროთ კვირის დღეები. როდესაც სახლში დაბრუნდებით, შეინახეთ იმ დღის პირბადე შესაბამის ჩანთაში. ეს დღე ისევ რომ მოვა, პირბადე საკმაოდ გამომშრალი იქნება, რომ უსაფრთხოდ გამოვიყენოთ. როგორც კი KN95 პირბადეს შეეტყობა ცვეთა, გადააგდეთ.

იქონიეთ კომუნიკაცია მშობლებთან. ურჩიეთ, სახლში დატოვონ ბავშვები, თუკი კარგად ვერ გრძნობენ თავს.

მასწავლებლებს, რომლებსაც მოსწავლეებთან უფრო ახლოს მუშაობა უწევთ, მაგ. სპეციალური მასწავლებლები ან პარაპროფესიონალები, შესაძლოა პირბადის გარდა, დამატებითი დაცვა დასჭირდეთ, მაგ. ფარი. „თუკი პირისპირ მუშაობთ განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეებთან, დაგჭირდებათ პირადი დაცვის დამატებითი საშუალებები, რადგანაც მათ უჭირთ თავიანთი სეკრეტების მართვა, – ამბობს ჯონსონი, – თუკი თქვენ საუბრის თერაპიას ატარებთ ან ინგლისური ენის შემსწავლელებს ეხმარებით, ინსტრუქციებს იძლევით მეტყველების საშუალებით. ამიტომ ფარით დაცვა ამ დროს მნიშვნელოვანი იქნება”.

„ახლა ვიცით, რომ ტანსაცმლიდან ან მსგავსი ზედაპირებიდან ვირუსი ნაკლებად გადადის“. კლაიმანი გვირჩევს, რომ თუკი კონკრეტულ დღეს ვირუსიანთან გვქონდა კონტაქტი, სახლში მისვლისთანავე მივიღოთ შხაპი.

არ დაგავიწყდეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაც. „ძირითადად, ყველა მასწავლებელს აქვს განვითარებული განსაკუთრებულ საჭიროებებთან გამკლავების უნარი, მაგრამ ეს სხვა დონეა, – ამბობს ჯონსონი, – იყავით პროაქტიული მოსწავლეებთან და მათ ოჯახებთან – თქვენ უნდა გრძნობდეთ მაქსიმალურ შესაძლო კონტროლს. მიმართეთ კოლეგებს სოლიდარობისათვის, როცა სოციალურ დისტანციას ინარჩუნებთ. ეს არაფორმალური მხარდაჭერა ნამდვილად მნიშვნელოვანია”.

 

უსაფრთხოება საკლასო ოთახში

შემდეგი ნაბიჯების გადადგმა დაგჭირდებათ საკლასო ოთახების სათანადოდ მოსაწყობად თქვენი და თქვენი მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად:

დააშორიშორეთ მერხები, არანაკლებ 2 მეტრით, თუ ეს შესაძლებელია და განსაზღვრეთ ადგილები. ეცადეთ, ყველა მერხი ერთი მიმართულებით იყურებოდეს. თუ ეს შეუძლებელია, დასვით მოსწავლეები მაგიდის მხოლოდ ერთ მხარეს, ერთმანეთისაგან დაშორებით. გამოუყენებელი სივრცეები მონიშნეთ ფერადი “X”-ით, როგორც თვალსაჩინო შეხსენება. ამ ყველაფრის  არსი ის არის, რომ მოსწავლეები არასოდეს ისხდნენ ერთმანეთის პირისპირ. თუკი ოთახი ამის საშუალებას არ გაძლევთ, მოაწყვეთ მცირე კლასტერები, მოსწავლეებს შორის ფიზიკური ბარიერებით. „იმის გათვალისწინებით, რომ რესურსები იშვიათია, მე ამ ბარიერებზე მეტად პირბადეების გამოყენების პოლიტიკას ვარჩევდი”, – ამბობს ჯონსონი.

გამოიყენეთ ფერადი წებოვანი ლენტი ოთახში ცალმხრივ სამოძრაო ბილიკების მოსანიშნად. დარწმუნდით, რომ ეს გზები ევაკუაციის გეგმას შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვისაც არის ხელმისაწვდომი.

მოაწყვეთ „მასწავლებლის ზონა”, რათა უზრუნველყოთ 2-მეტრიანი დისტანცია თქვენსა და მოსწავლეებს შორის. თუკი საკმარისი სივრცე არ არის, გაარკვიეთ, შეძლებს თუ არა სკოლა გამჭვირვალე ბარიერის დაყენებას.

ვენტილაცია მნიშვნელოვანია, რათა ვირუსის წვეთები ჰაერში არ დარჩეს. თუკი თქვენს სკოლაში არ არსებობს სავენტილაციო სისტემა, გააღეთ ფანჯრები რამდენადაც შესაძლებელია – შესაძლოა, შესთავაზოთ მშობლებს, გამოატანოს ბავშვებს დამატებითი ტანსაცმელი.

რეგულარულად გაწმინდეთ ზედაპირები.

თუ შესაძლებელია, თავი აარიდეთ სახელმძღვანელოებისა და სხვა ნივთების გაზიარებას. „არაფერი გააზიაროთ, – ამბობს კლაინმანი, – და გაწმინდეთ ისინი გამოყენების შემდეგ”.

მოსწავლეების მიერ საკვების მიღება ვირუსის გავრცელების რისკს შეიცავს, მაგრამ ჯონსონი გვასწავლის, როგორ გავაკეთოთ ეს:

გააღეთ ფანჯრები, როცა მოსწავლეები ჭამენ.

ურჩიეთ მშობლებს, მოსწავლეებს სახლიდან გამოატანონ საჭმელი, რომელსაც თვითონ გახსნიან და სხვებთან ნაკლები კონტაქტი დასჭირდებათ.

ასევე ურჩიეთ მშობლებს, გამოატანონ ქაღალდის პარკი ან კონტეინერი, სადაც ბავშვებს ჭამის დროს პირბადეების შენახვა, შემდეგ კი ისევ გაკეთება შეეძლებათ.

მოსწავლეთა ასაკის მიხედვით, აუხსენით მათ, რომ ჭამისას ილაპარაკონ ხმადაბლა ან საერთოდ არ ილაპარაკონ, რადგანაც საუბრისა და ყვირილისას ჰაერში მეტი ნაწილაკი ვრცელდება. „მიაჩვიეთ ბავშვები, რომ ჭამისათვის გამოყოფილი დრო იქნება მოკლე და მშვიდი, – ამბობს ჯონსონი. – დაუკარით დამამშვიდებელი მუსიკა”.

თუკი ამინდი საშუალებას იძლევა, საუკეთესო იქნება გარეთ ჭამა.

ნუ შეჭამთ „სამასწავლებლოში“, რომელიც, როგორც წესი, ძალიან პატარაა სოციალური დისტანციისათვის. „შესვენებისას მასწავლებლებს მოსწონთ ერთმანეთთან საუბარი, ჩვენ კი ვიცით, რომ ეს შეიძლება ვირუსის გადაცემის ძირითად წყაროდ იქცეს”, – ამბობს ჯონსონი.

წყარო: https://www.webmd.com/lung/news/20210212/expert-tips-for-teachers-when-schools-reopen

 

ოთარ ჭილაძის სიცოცხლის ფირფიტები

0

უკვდავების წყურვილი ასაზრდოებს ხელოვნებას. ოთარ ჭილაძის შემოქმედებაშიც ხშირად წარმოჩნდება სწრაფვა იმ ხსნის გზის პოვნისკენ, რომელიც მარადიული სიცოცხლისკენ მიემართება. ამ თვალსაზრისით, გამორჩეულია მისი „თიხის სამი ფირფიტა“, რომელშიც შუამდინარული ეპოსის, „გილგამეშიანის“, პერსონაჟები ცოცხლდებიან, რათა კიდევ ერთხელ იგემონ სიცოცხლის სიტკბოცა და სიმწარეც. პოეზიის გზით ლიტერატურულ სამოთხეში მოხვედრილთა შორის გილგამეშიცაა, რომლის ფათერაკებიანი ცხოვრების  შესახებ თიხის ფირფიტები მოგვითხრობენ. ოთარ ჭილაძემ ალუზიებით, ინტერტექსტუალური გადაძახილებით შექმნა ახალი ფერადოვანი პოეტური სივრცე, რომელშიც  მარადიული უპასუხო კითხვები კვლავაც მისთვის დამახასიათებელი ექსპრესიით წარმოჩნდა.

რას შეიძლება ჩაეჭიდოს კაცი ცხოვრების მღელვარე ტალღებზე აქანავებული, ნავდამსხვრეული და დასაღუპავად განწირული. მაგალითები ხომ უამრავია ისტორიასა  თუ ლიტერატურაში. ვისი ცხოვრება შეიძლება იქცეს ნუგეშად და ერთგვარ მეგზურად არარაობის წყვდიადიდან თავდასაღწევად? ოთარ ჭილაძისთვის, ამ შემთხვევაში, მხსნელად გილგამეში იქცა, რომელიც თავისი ცხოვრების კიდევ ერთხელ გახსენებით „პოეტად“ აქცია, თავის ალტერ ეგოდ და მისი სახელით კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მრავალგზის გამეორებული, მაგრამ მაინც გაუცვეთელი ჭეშმარიტებანი, რადგან, როგორც იესო ქრისტე ამბობს: ჭეშმარიტება გზაა. სიცოცხლეც გზაა, თან ციკლური, თან სპირალური და თან დაუსრულებელი, მატერიალურსა თუ მეტაფიზიკურ სივრცეებში მიმავალი.

„თიხის სამი ფირფიტა“ მცირე ლირიკული პოემაა, რომელიც სიტყვის, ლოგოსის ძალას კიდევ ერთხელ წარმოაჩენს. გილგამეში ვერ ძლებს დავიწყების ბნელ წიაღში, ამიტომაც „მოარღვევს“ მიწას გიორგი ლეონიძის ყივჩაღივით, დროდადრო რომ აფრთხობს სივრცეს შეძახილით: „ისევ აღვსდექი! მუხრანის ბოლოს ჩასაფრებული ვსინჯავ იარაღს“. თიხა არა მხოლოდ საწერი საგანია, არამედ ალუზიაა ბიბლიური შესაქმისა. ღმერთმა თიხისგან გამოძერწა კაცი, პოეტიც, მაგრამ ეს თიხის კაცი, შემოქმედების ცეცხლით გარდაქმნილი, სიტყვით, ფიქრით, წარმოსახვით ქმნის სხვა ადამიანებს, რომელთაც არა ხანმოკლე, არამედ მარადიულ სიცოცხლეს ჩუქნის.

ოთარ ჭილაძის გილგამეში კიდევ ერთხელ გვიყვება თავის ამბავს, ფათერაკით, ბრძოლით, გამარჯვებით, სიყვარულით, იმედგაცრუებით, ტკივილითა და სიხარულით აღსავსეს:

„მე კაცი ვიყავ, მაგრამ ყოველთვის მშურდა ღმერთების, ან უფრო სწორად, სიცოცხლე მსურდა დაუსრულებლად. მე მსურდა, მაგრამ არ სურდათ ღმერთებს და ჩემი მძლავრი სუნთქვის ნასახი ამ ხმელ ფირფიტას შემორჩა მხოლოდ. ამ ხმელ ფირფიტას, რომელიც ახლა ჩემი ხელივით გიჭირავს ხელში“.

„დაუსრულებელი სიცოცხლის წყურვილი“ აქმნევინებს ადამიანს ხელოვნების ნიმუშებს, არქიტექტურულ შედევრებს, მუსიკას, პოეზიას, ფერწერას, რათა თავისი „ყოფნა“ რაიმე სახით აღბეჭდოს. „ღმერთებთან ჭიდილს“ აგრძელებენ ადამიანები, მიუხედავად იმისა, ცაში ეგულებათ თუ არა ისინი.  პოეტი კი „ხმელ ფირფიტას“ მთრთოლვარე ხელად აქცევს, რომელიც სიცოცხლეს მკითხველის სახით კიდევ ერთხელ ეწაფება. ეს არაჩვეულებრივი შედარება უიტმენის  სტრიქონებს ეხმიანება:

„მეგობარო, ეს არ არის წიგნი,

ხელი ახლე და კაცს შეეხები,

(ნუთუ ღამეა და მე და შენ მარტოკა დავრჩით)

ეს მე ვარ – შენ რომ გიჭირავს ხელში

და ვისაც შენ ხელით უპყრიხარ,

გადმოვალაჯე ამ წიგნიდან,

მოვედი შენთან

და სიკვდილმა ვერ დამაკავა.

ო, როგორ მარწევს და ძილსა მგვრის შენი თითები,

გულზე მეცემა შენი სუნთქვა ციურ ნამივით

და შენი მშვიდი გულისცემა მესალბუნება,

მე ვგრძნობ ვინთქმები,

ვიძირები თხემით ტერფამდე“ („მეგობარო, ეს არ არის წიგნი“, თამაზ ჩხენკელის თარგმანი).

ასე გადმოდის  გმირი უძველესი თიხის  ფირფიტებზე ამოტვიფრული აქადელი პოეტის ტექსტიდან (რომლის მხოლოდ ორი მესამედია ჩვენამდე მოღწეული,). „გილგამეშიანი“  კაცობრიობამ საკმაოდ გვიან გაიცნო (ძვ. წ. XVIII-XVII საუკუნეებში შექმნილი წარწერიანი თიხის ფირფიტები 1872 წ. აღმოაჩინეს ბრიტანეთის მუზეუმში, შემდეგ სხვაგანაც მოიძიეს ფრაგმენტები. 1900 წელს გამოიცა პირველად და დღემდე გრძელდება მისი კვლევა. სხვადასხვა გამოცემაში განსხვავებული რაოდენობის  ტექსტი, „დაფა“ თუ „კარია“). ქართულად პირველად მიხაკო წერეთელმა თარგმნა და გამოსცა 1924 წელს და გამოკვლევაც დაურთო: „რომელშიც გამოვლენილია პარალელები ჰომეროსის პოემებთან, დანტეს „ჯოჯოხეთთან“, მსოფლიო ფოლკლორულ ნიმუშებთან და, რაც მთავარია, „ვეფხისტყაოსანთან“ (ზურაბ კიკნაძე). შემდეგ ზურაბ კიკნაძემ თარგმნა, გამოიკვლია და გამოსცა 1963, 1984 და 2009 წლებში. ეს არის უმაღლესი რანგის პოეტური თარგმანი. რა თქმა უნდა, ოთარ ჭილაძის „სამი ფირფიტის“ სრულყოფილად გასააზრებელ კონტექსტად  ზურაბ კიკნაძის სწორედ ეს  არაჩვეულებრივად ნათარგმნი და კომენტირებული „გილგამეშიანი“ უნდა იქცეს, რომელშიც ამ მრავალშრიანი, მითოლოგიური, პალიმფსესტური პოეტური ტექსტის საიდუმლოებებია გაჩრეკილი და გამომზეურებული. მისი კითხვისას შეიგრძნობ, მაგრამ ვერ ხვდები, რა მაგიით გარდაიქმნებიან ჩვეულებრივი სიტყვები თუ ფრაზები მაღალ პოეზიად. ზურაბ კიკნაძე ამ ეპოსს „ფაუსტური ყაიდის“, „ინიციაციურ თხზულებად“ მიიჩნევს, რადგან „საგმირო ეპიზოდები არ არის თვითმიზანი, არამედ თითოეული მათგანი ემსახურება გმირის პიროვნების სრულყოფას“, „მასში ზნეობრივი კაცის დაბადებით იწყება ახალი ცხოვრება. იგი პირისპირ დგება სიკვდილის წინაშე, რომელიც შეძრავს მის არსებას და გააღვიძებს მასში მოაზროვნე ადამიანს“. ეპოსის პირველივე სტრიქონებში გაცხადებულია გზა  „ჭეშმარიტებას“ ზიარებული გილგამეშისა, რომელსაც ტანში ღმერთების ხორცი ჩადგმია, /ორი მესამედი ღმერთია, ერთი მესამედი კაცი“:

„რომელმან სიღრმე იხილა, ქვეყნის საფუძველი,

ყოველი შეიცნო, შთაიბეჭდა,

იდუმალებანი ვინც სრულად განჭვრიტა, –

სიბრძნის მფლობელმა, ყოვლის მეცნაურმა,

საუნჯეს მიაგნო, გახსნა დაფარული,

მცნება მოგვიტანა წარღვნამდელ დღეთა“.

ოთარ ჭილაძისთვის ეგზისტენციის ძიების გზაზე შთამაგონებლად იქცა ეს ეპოსი. ის თავის ლირიკულ გმირს, ხან გილგამეშისა და ხან თანამედროვე ავტორის ნიღბით, ზედმიწევნით, სახელთა და ტოპონიმთა ოდნავი სახეცვლილებით, თავს გადამხდადრ ზოგიერთ ამბავთა ზედმიწევნით ზუსტად „გახსენებით“ კვლავ აამბობინებს საკუთარ თავგადასავალს. მაგრამ მკითხველმა ხომ იცის, მთავარი ამბავი არ არის, არამედ ის ემოციურ-ინტელექტუალური შეგრძნებებია, რომლებითაც პოეტი ადამიანური არსებობის გამართლებას დაეძებს, სიცოცხლის ეფემერულობასა და მტკივნეულ წარმავლობაში საყრდენებს ქმნის,  სიცარიელისა და გაუცხოების კრიზისის დაძლევასა და გადალახვას ცდილობს.

ოთარ ჭილაძის კომპოზიციურად სამ ნაწილად, „ფირფიტად“ გაყოფილ პოემის პოეტურ სივრცეს სამი ქრონოტოპი გამსჭვალავს: წარსული, აწმყო და მომავალი. სამივე დროს თვითონ პოეტი აერთიანებს. თბილისი,  ურუქი და ზეციური უცნობი ქალაქი  ის ტოპოსებია, რომლებშიც ფიქრის მდინარე მიედინება და ასოციაციური შენაკადებით უსაზღვროდ განიტოტება. ამ ფიქრის ძაფებით იქსელება უსაზღვროდ გაფართოებული სააზროვნო სივრცე. პირველ ნაწილში ყოფნა-არყოფნის ჰამლეტისეული კითხვა მთავარ საფიქრალად გამოიკვეთება ეკლესიასტეს  კონტექსტში: „თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე“, „რაც ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი“:

„რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,

ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ“.

ოთარ ჭილაძე პოემაში დიდი ხნის წინათ მომხდარ ამბავთაგან ყველაზე უძველესს ირჩევს. კვლავ აღდგება გილგამეში: „ნინსუნის შვილი, ურუქის მეფე და გმირთაგმირი“, ახლადგაღვიძებული ძველებურად ტკბება ევფრატის წყლით, რომელიც „ქალურად უხვი და იდუმალია“.  მკითხველი კიდევ ერთხელ შეიგრძნობს ენქიდუსთან დამეგობრების შთამბეჭდავ ამბავს, წმინდა ხარის მოკვლას, მეგობართა მიერ ხუმბამბას დამარცხებას. მათი ძმობა „ვეფხისტყაოსნის“ გმირთა ამბებსაც გაგვახსენებს. გილგამეში კაცთაგან აღმატებულ საქმეებს აკეთებს, მით უფრო ძლევამოსილი ხდება, როცა ენქიდუც გვერდში ამოუდგება, მაგრამ „ამაო იყო ყოველი“: „მაგრამ ვერცერთი ვერ გავცდით მაინც ადამიანის უბრალო სახელს, ვერ ვძლიეთ სიკვდილს“. დავიწყებული სიკვდილის არსებობა გილგამეშს მეგობრის „მიწად“ ქცევამ კვლავ გაახსენა და უსაშველოდ დაამწუხრა. თავის დროზე ღმერთების მიერ მის მეტოქედ გაჩენილი მხეცის მსგავსი ველური ენქიდუ ქალმა, შამხათმა, მოათვინიერა და კაცად აქცია: „და რადგან იგრძნო პურიც და ქალიც, ენკიდუ იქცა ადამიანად და მოკვდა, როგორც ადამიანი“.

რაც ურუქში ხდებოდა, იგივე მეორდება თანამედროვე ქალაქშიც. აქაც ყოველდღიურ საზრუნავებს, ამაღლებულსა თუ მდაბალს, ჩაუნთქავს ადამიანი. აქაც დროდადრო მდორე რიტმს არღვევენ  და თვალს იტაცებენ  შამხათის მსგავსი ცეცხლოვანი ქალები:

„დღემდე გრძელდება, ფეთქავს და ბრუნავს.

შამხატის ცხელი და ლაღი სისხლი.

და ჩვენც გვიმძაფრებს სიცოცხლის უნარს,

სიცოცხლის მარტივ კანონებს გვიხსნის“.

თბილისიც ურუქივით იღვიძებს, იძინებს და,  მიუხედავად მომქანცველი რუტინისა, ყველა თავის გზას  მიუყვება:

„რა უბრალოა ადამიანი!

რა ცოტა ყოფნის, რომ იქცეს მიწად.

და რა უმწეო ხმებით შრიალებს,

რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,

ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს.

და, თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,

ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს“.

ქალაქის მღელვარე დღიურ ხმაურსა თუ სიზმრებით დამძიმებულ პირქუშ ღამეულ საყოველთაო სიჩუმეში არ სძინავს პოეტს და წარმოსახვაში შემოჭრილ გილგამეშის აჩრდილს ესაუბრება. მასაც სტანჯავს შუამდინარელი მონათესავე სულის უპასუხო კითხვები, მასაც სურს სიკვდილის მიღმა გახედვა.

პოემის მეორე ფირფიტაში ავტორი „გილგამეშიანის“ კიდევ ერთ პერსონაჟს, უთანაფიშთს აცოცხლებს, რომელიც „ნაზი ეას“ დახმარებით გადაურჩა ღმერთების მიერ ცოდვებისთვის კაცთა დასასჯელად მოვლენილ რისხვას, დაღუპვას  ბიბლიურ  ნოესავით კიდობნით გადაურჩა და იმავე ღმერთების დალოცვით უკვდავებით დაჯილდოვდა. ეს იცის გილგამეშმა და უძველეს ეპოსში ნაამბობია, როგორ მოძებნის მას, შემდეგ როგორ იპოვის მისი რჩევით უკვდავების ბალახს, თუმცა ჩაძინებულს გველი მოჰპარავს (ისევ ბიბლიური ალუზია ჩნდება).

ოთარ ჭილაძის პოემაში გილგამეშისა და ავტორის ნიღბები ერთმანეთს ერწყმის და გაისმის  უარი უკვდავებისთვის, თუკი ის ყოველივე, რასაც ქმნიდა, უნდა აღიგავოს პირისაგან მიწისა: „თუკი ურუქი უნდა დაინგრეს, მეც დავინგრევი ურუქთან ერთად. მე მირჩევნია, გულზე მეყაროს და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები. მე ახლა მზეზე ვზივარ და ვუცქერ მზეზე გაფენილ თიხის ფირფიტებს. მე მათ გავანდე და ჩავაბარე ჩემი ფიქრები და ოცნებები. ადამიანზე გამძლეა თიხა და იქნებ ვინმემ იპოვოს იგი, როცა ამქვეყნად აღარ ვიქნები, იქნება ვინმემ იპოვოს იგი და წაიკითხოს ჩემი ცხოვრება, შეძრწუნებული სიკვდილის შიშით“.

თიხა, სიმბოლურად, ნაწერი, შემოქმედება ადამიანზე გამძლეა („ხელნაწერები არ იწვიან“, – იტყვის ვოლანდი და ცეცხლს გამოსტაცებს ოსტატის რომანს. ეშმაკიც კი მხატვრული ტექსტის გადარჩენის სამსახურში დგება, რადგან მხატვრული სიტყვა ყველას მიმართ გულმოწყალეა, ერთნაირი წყურვილით აცოცხლებს სიკეთესაც და ბოროტებასაც (მიხაილ ბულგაკოვი, „ოსტატი და მარგარიტა“).

„ადამიანზე გამძლეა თიხა,

მაგრამ თიხაზეც გამძლეა სიტყვა,

ის, შეიძლება, უბრალოც იყოს.

და აუტანელ ტკივილით ითქვას“.

რამ შეიძლება სიკვდილის შიშით გამოწვეული შიში შეამსუბუქოს? ისევ შამხათმა,  ყოვლისდამვიწყებელმა და გარდამქმნელმა სიყვარულის სიმბოლომ:

„შენ კი მზადა ხარ, რომ უფრო დიდხანს.

უცადო შენთვის გაჩენილ შამხატს.

ყველაფერს ფერი ეცვლება თითქოს,

როცა შამხატის თვალებში ჩანხარ“.

პლატონისეული ანდროგინოსივით დაეძებს ლირიკული გმირი თავის დაკარგულ მეორე  ნახევარს გამრთელებისა და სისრულისათვის.

ამიტომაცაა, რომ მუზეუმში, როგორც კონსტანტინე გამსახურდია ამბობს, „უშველებელ სასაფლაოზე, სადაც ყოველი ერი, ყოველი რასსა თავის გრძნობებს მარხავს“ („პორცელანი“)  ოთარ ჭილაძის ლირიკული გმირი ამჩნევს:

„საყურეც ისევ ცახცახებს ვნებით.

და ისევ ასდის ნაზი სურნელი,

თითქოს არაფერს არ ნიშნავს წლები.

თითქოს არაფერს არ ცვლის…

სრულებით“.

რა თქმა უნდა, ეს ბარათაშვილის პეპელასავით მოცახცახე, „გრძნობის ამრევი“ , „სპეტაკ შროშანასავით“ საყურის ალუზიაცაა, ეკატერინე ჭავჭავაძის ნაზი ყურის ჩრდილში რომ იწვევდა პოეტს „სასუფევლისეული ნეტარების“ შესაგრძნობად და „უკვდავების შარბათის“  შესასმელად.

მესამე ფირფიტა ისევ გილგამეშის აღსარება-მონოლოგია, რომელსაც მსჭვალავს დამთრგუნველი მარტოობის შეგრძნება, თანმდევი ყოველი მშვენიერი პოეტური მაძიებელი სულისა. იგი თავის გამოცდილებას უზიარებს მკითხველს:

„არც მოწყალება და არც საშველი /არ ღირსებია ციდან არავის“, ამიტომ  კიდევ ერთხელ აღდგება იმისთვის, სიტყვაში კვლავ განიცადოს სიცოცხლე, ფაუსტივით მშვენიერი წამის შეჩერებაზე იოცნებოს და მკითხველს უანდერძოს:

„სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის.

და შენც გახსენი შენი ფიქრები,

რომ პატიოსნად, დიდხანს და მყუდროდ.

იცხოვრო, როცა აღარ იქნები“.

„ფიქრების გახსნა“ სამყაროს მრავალფეროვნების აღქმას, აღიარებასა და მიღებას გულისხმობს, იმგვარ არსებობას, რომელიც ადამიანს ხილულ თუ უხილავ მატერიალურ-სულიერ სივრცეთა ნაწილად შეაგრძნობინებს თავს და მტვრის ნაწილაკივით გაქრობის შიშისაგან იხსნის.

ასე ეუბნება უკვდავი უთანაფიშთი გილგამეშს:

„აუცდენელია უწყალო სიკვდილი:

ვინ არის, ვისაც არ უხილავს სიკვდილი?

ვინ არის, ვისაც სახე სიკვდილისა არ უხილავს?

ვინ არის, ვისაც ხმა სიკვდილისა არ სმენია?

განა სამუდამოდ ვაშენებთ სახლებს?

განა სამუდამოდ ირტყმის ბეჭედი?

განა სამუდამოდ იყრებიან ძმები?

განა სამუდამოდ მძულვარებენ მტრები?

განა სამუდამოდ დიდდება წყალი,

წყალი ყანებზე ნიაღვრის მიმღვრელი?

განა სამუდამოდ პარკშია ჭუპრი?

მზის თვალის მარად მჭვრეტელი თვალი

განა არსებულა დასაბამიდან?

ერთნი არიან მძინარე და მკვდარი,

განა არ ხატავენ სახეს სიკვდილისას?

განა თავს ეყუდნის მოკვდავი კაცი,

ოდეს ბედისწერის ჟამი მოაწევს?“ (ზურაბ კიკნაძის თარგმანი).

„გილგამეშიანისა“ და ოთარ ჭილაძის „თიხის სამი ფირფიტის“ მრავალფეროვანი სამყაროები დიალოგისთვის კვლაც იწვევენ მკითხველს, რათა გაუკვალონ გზა საკუთარი თავისა და სამყაროს შემეცნების ლაბირინთებში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

შეკითხვები – სწავლების და საუბრის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი

0

შეკითხვები, მათი სწორად ფორმულირება, შერჩევა და გამოყენება სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარმართვის მნიშვნელოვანი წინაპირობა იყო ყოველთვის. თუმცა, შეკითხვების როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით გაზრდილია დღეს, როდესაც პედაგოგებს ხშირად ვესაუბრებით მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებაზე, სწავლებაში კონსტრუქტივისტულ მიდგომებზე, ინტერაქტიური სწავლების უპირატესობაზე, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ჩამოყალიბების აუცილებლობაზე. გარდა ამისა, პედაგოგს ხშირად უწევს საუბარი მოზარდთან, მშობელთან, კოლეგასთან ბავშვთან დაკავშირებული ამა თუ იმ პრობლემის მოსაგვარებლად. გამომდინარე იქიდან, რომ შეკითხვა წარმოადგენს საუბრის ძირითად ელემენტს და თანამოსაუბრისაგან ინფორმაციის მიღების მთავარ საშუალებას, საუბრის ეფექტიანობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმაზე, საუბრის პროცესში რამდენად სწორად იქნება შერჩეული, ფორმულირებული და გამოყენებული შეკითხვები.

როგორც წესი, შეკითხვები გვეხმარება ახალი ინფორმაციის მიღებაში ან ჩვენს ხელთ უკვე არსებული ინფორმაციის დაზუსტებაში, ასევე საკუთარი აზრის, შეფასების, პოზიციის დემონსტრირებაში; თანამოსაუბრის ცნობიერებისა და ემოციების მომართვაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, უფროსების – პედაგოგებისა და მშობლების მხრიდან შეკითხვების სწორად დასმა მოზარდებში შეკითხვების დასმის უნარის განვითარების კარგ საშუალებას წარმოადგენს. შეკითხვების დასმის უნარი კი, თავის მხრივ, ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი უნარია. გამომდინარე იქიდან, რომ შეკითხვა შემეცნების ინსტრუმენტს წარმოადგენს, ბევრი პედაგოგი  მოსწავლეთა შემეცნებითი აქტივობის დონეს განსაზღვრავს იმის მიხედვით, თუ როგორ და რა შეკითხვებს სვამენ ისინი. დღეს ხშირად შეიძლება მოვისმინოთ საყვედურები მოზარდების მისამართით იმის გამო, რომ მათ უჭირთ შეკითხვების დასმა. მათ მიერ დასმული შეკითხვები, როგორც წესი, ძალიან მარტივია, პრიმიტიულია, ეფუძნება მხოლოდ ფაქტებს, იშვიათად სვამენ კარგად გააზრებულ და ფორმულირებულ შეკითხვებს. ამდენად, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული უნარის განვითარებას სერიოზული ყურადღება დაეთმოს სწავლების პროცესში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ადამიანი, რომელსაც აქვს შეკითხვების  დასმის უნარი, უკეთესად ორიენტირებს  გარემომცველ სამყაროში, ვიდრე ის, ვისაც ეს უნარი არ გააჩნია. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბავშვები ადვილად სწავლობენ დაკვირვებით და უფროსების ქცევის მოდელირებას უპრობლემოდ ახდენენ, პედაგოგებისა და მშობლების მიერ შეკითხვების სწორად გამოყენება ბავშვთან ურთიერთობის პროცესში მათში შეკითხვების დასმის უნარის განვითარების ეფექტიან საშუალებად შეიძლება იქცეს.

როგორ დავსვათ შეკითხვები, რომ ხელი შევუწყოთ, ერთი მხრივ, შემეცნებითი უნარების  და, მეორე მხრივ, შეკითხვების დასმის უნარის განვითარებას ბავშვებში:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვისთვის დასმული შეკითხვა უნდა იყოს მოკლე, ნათელი, ცხადი; როდესაც შეკითხვა ერთ წინადადებაშია ჩატეული, მოზარდს ზედმეტ მინიშნებებს არ ვაძლევთ. ამასთან ერთად, მოკლე შეკითხვები ჩვეულებრივ უფრო გასაგებია და პრობლემის არსს უფრო ნათელს ხდის. შეკითხვის ფორმულირებისას შევეცადოთ აზრის კონცენტრირება მოვახდინოთ მოკლე ფრაზაში და დავიწყოთ კითხვითი სიტყვით;
  • შეკითხვების ფორმულირებისა და გამოყენების დროს ვიყოთ თანმიმდევრული. თუ შეკითხვებს ისე ავაგებთ, რომ თანმიმდევრულობა იქნება დაცული, განსახილველი საკითხის არსში გარკვევის კარგ პირობებს შევუქმნით მოზარდებს, რომლებსაც აღნიშნული შეკითხვებით მივმართავთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსიის წარმართვის დროს. საწყისმა შეკითხვებმა დისკუსიის მონაწილეებში საკითხის განხილვის სურვილი უნდა აღძრას. შემდეგ ამას უნდა მოჰყვეს ისეთი შეკითხვები, რომლებიც გააღრმავებენ და შეავსებენ ძირითად შეკითხვას. დასკვნითმა შეკითხვებმა კი დისკუსიის შეჯამებაში უნდა გაგვიწიოს დახმარება. იმისათვის, რომ შევძლოთ სადისკუსიო საკითხის ეფექტიანად განხილვა, აუცილებელია წინასწარ მოვამზადოთ ძირითადი კითხვები, ყურადღებით მოვისმინოთ პასუხები და პერიოდულად განვაზოგადოთ გამოთქმული მოსაზრებები;  ყოველივე აღნიშნული საუბრის მონაწილეებს საშუალებას მისცემს, დამოუკიდებლად შეიძინონ ახალი ცოდნა;
  • შევეცადოთ მოვუსმინოთ და გავუგოთ მოზარდებს, როცა მათ შეკითხვებით მივმართავთ. შეკითხვის სწორად ფორმულირების გარდა, მოსმენას დიდი როლი ენიჭება საუბრის ეფექტიანად წარმართვაში. ცნობილია, რომ ადამიანები და განსაკუთრებით მოზარდები ძალიან არიან დამოკიდებული ჯგუფის აზრზე და იშვიათად ეწინააღმდეგებიან მას მაშინაც კი, თუ ის მათ წარმოდგენაში შეუსაბამობაშია საღ აზრთან და მათ პრინციპებთან. ამიტომ, თუ ჩვენ აუდიტორიას მივმართავთ შეკითხვით, გავითვალისწინოთ, რომ მაშინაც კი, თუ უმრავლესობა ერთ აზრს იზიარებს, ეს პასუხი არ უნდა მივიღოთ როგორც ყველაზე სწორი, მზად ვიყოთ ისეთი პასუხის, ისეთი თვალსაზრისის მოსასმენადაც, რომელიც ჯგუფის საერთო აზრისგან სრულიად განსხვავებული იქნება;
  • შეკითხვები ისე ჩამოვაყალიბოთ, რომ არ იყოს შთამაგონებელი, არ მოიცავდეს მზა პასუხს და თავს არ ვახვევდეთ ბავშვს ჩვენს აზრს. ასე მაგ. – „შენ ეს პერსონაჟი არ მოგწონს, შენ ასე არ მოიქცეოდი, ასე არ არის?“ – ამგვარად დასმული შეკითხვა ნამდვილად არ შეუწყობს ხელს ბავშვში დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარებას და არ იქნება მისთვის კარგი მაგალითი, თუ როგორ უნდა დაისვას შეკითხვა;
  • გამოვიყენოთ უფრო მეტად ღია, შემოქმედებითი შეკითხვები, რომლებზეც შეიძლება ბავშვმა პასუხების სხვადასხვა ვარიანტი მოიფიქროს და რომლებიც დიალოგის გაგრძელების სურვილს აღძრავს მასში.

დაბოლოს, შეკითხვების დასმისას არ დავივიწყოთ კეთილგანწყობილი ტონი, ვიყოთ შემწყნარებელი, თუ ბავშვს უჭირს შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ან არასწორ პასუხს იძლევა. ნუ ვაქცევთ ამას ტრაგედიად, ბავშვს აქვს შეცდომის დაშვების უფლება, ის ხომ მოსწავლეა, სწავლობს. მან უნდა იცოდეს, რომ სწავლების პროცესში ის ბევრ სირთულეს შეხვდება და სწორედ იმიტომ სწავლობს, რომ ეს სირთულეები გადალახოს.

 

 

 

მოსწავლის შეფასება სოლო ტაქსონომიის რუბრიკით – ერთი პრაქტიკული მაგალითი

0

სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანია ეფექტური უკუკავშირის როლი, რადგან ხელს უწყობს მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარ-ჩვევების განვითარებას, საკუთარი თავის შეფასებასა და სასწავლო მიზნის მიღწევას. თითოეული მასწავლებელი უნდა ეხმარებოდეს მოსწავლეს იმის გაცნობიერებაში, რა სირთულეებს შეხვდება იგი სასწავლო პროცესში და ხელს უნდა უწყობდეს სირთულეების დაძლევაში.

სოლო ტაქსონომიის რუბრიკა ეფექტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს სამიზნე ცნებასთან მიმართებით მოსწავლის მიღწევების აღსაწერად და ეფექტური უკუკავშირის – განმავითარებელი შეფასების მისაცემად.

სოლო ტაქსონომიის რუბრიკით მოსწავლის შეფასება კომპლექსური დავალებების განხორციელების განუყოფელი ნაწილია. ვინაიდან, კომპლექსური დავალება აუცილებლად მიემართება რომელიმე სამიზნე ცნებას, მოსწავლის შეფასებაც დაკავშირებულია ამ სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებთან, რომლებიც კრიტერიუმების სახით კომპლექსური დავალების პირობაშია ჩაშენებული.

ქვემოთ წარმოდგენილია კომპლექსური დავალება მათემატიკაში, რომელიც მიმართულია ცნების – „მოქმედებები რიცხვებზე“ – გააზრებისკენ, მოსწავლის შეფასების კრიტერიუმებიც აღნიშნული ცნების მკვიდრი წარმოდგენებიდან გამომდინარეობს. ცნების „მოქმედებები რიცხვებზე“ მკვიდრი წარმოდგენებია:

  • ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო, ზოგიერთში კი მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია;
  • არითმეტიკული მოქმედებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია;
  • რიცხვების შეკრება/გამოკლების რამდენიმე სტრატეგია არსებობს. შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

 

გთავაზობთ კომპლექსური დავალების პირობას, რომელიც გამოვიყენე სოლო ტაქსონომიით განსაზღვრულ ხუთ დონესთან მიმართებით (პრესტრუქტურული დონე, უნისტრუქტურული დონე, მულტისტრუქტურული დონე, მიმართებითი დონე, აბსტრაქტული დონე) განმავითარებელი შეფასებების ნიმუშების შესაქმნელად.

 

მიმართულება რიცხვები
კლასი VI
სამიზნე ცნება მოქმედებები რიცხვებზე
საკითხი მოქმედებები არაუარყოფით ათწილადებზე

 

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინე, რომ ხარ კვების ობიექტის მენეჯერი და ერთ-ერთი ოფისის თანამშრომლებს ლანჩზე სალათა უნდა შესთავაზო. ცხრილში მოცემული გაქვს პროდუქტების ჩამონათვალი და მათი ღირებულება 100 გრამ ერთეულზე. ასევე, შემოთავაზებულია სალათი „ცეზარის“ რეცეპტიც.

პროდუქტის დასახელება ფასი (100 გრამი)
სტაფილო 0,15 ლარი
სალათის ფურცლები  1 ლარი
ყვავილოვანი კომბოსტო 0,25 ლ.
კომბოსტო 0,1 ლ.
კიტრი 0,2 ლ.
პომიდორი 0,4 ლ.
ყველი იმერული 0,95 ლ.
ყველი ,,სულგუნი“ 1,95 ლ.
მწვანილი 0,7 ლ.
მწვანე ხახვი 1 ლ.
ძროხის ხორცი 1,9 ლ.
ქათმის ფილე 1 ლ.
ბულგარული წიწაკა 2,8 ლ.
მაიონეზი 100 მლ. 1,4 ლ.
ზეითუნის ზეთი 0,250 მლ. 6 ლ.
სიმინდის ქილა 1 ც. 2,8 ლ.
პილპილი 1 პაკეტი 1,65 ლ.
პური 1 ცალი (500 გრამი) 0,9 ლ.

სალათი ,,ცეზარი“ (ინგრედიენტები: ქათმის ფილე – 200 გრ; სალათის ფურცლები – 100 გრ; პომიდორი – 100 გრ; თეთრი პური – 200 გრ; ყველი – 50 გრ; მცენარეული ზეთი – 4 ს.კ. მაიონეზი 200 გრამი; მარილი გემოვნებით).


შენ შეგიძლია შეცვალო ან დაამატო რომელიმე ინგრედიენტი „ცეზარის“ სალათს, ან მოიფიქრო შენი საფირმო სალათის რეცეპტი, ისე, რომ 40 ლარში ჩაეტიო.

  • გამოთვალე მიღებული სალათის თვითღირებულება.
  • საბოლოოდ მიღებული სალათა დაყავი 10 პორციად, რომელიც უნდა გადაანაწილო კონტეინერებში.
  • გამოთვალე ერთი პორციის თვითღირებულება.
  • თითოეული პორცია შესთავაზე ოფისის თანამშრომლებს გაორმაგებულ ფასში.

შენ მიერ შექმნილ ,,პრეზენტაციაში“ ხაზგასმით წარმოაჩინე (შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც გამომდინარეობს ზემოთ წარმოდგენილი მკვიდრი წარმოდგენებიდან).

  • რა ოპერაციების განხორციელება დაგჭირდა 1 პორცია სალათის ფასის დასადგენად? ზუსტი გამოთვლა დაგჭირდა თუ მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია?
  • რომელი არითმეტიკული მოქმედებები გამოიყენე საბოლოო პასუხის მისაღებად? რა ხერხი (სტრატეგია) გამოიყენე თითოეული მოქმედებისას?
  • რა თანმიმდევრობით აწარმოე მოქმედებები? რომ არ დაგეცვა გამოთვლების თანმიმდევრობა, რამდენად სწორი იქნებოდა მიღებული შედეგი?

პრეზენტაციისას ისაუბრე:

  • რა გაითვალისწინე სალათის რეცეპტის შედგენისას;
  • მაქსიმალურად დახარჯე თუ არა 40 ლარი;
  • როგორ გამოიანგარიშე დარჩენილი ნაშთი;
  • რა მოგება დაგრჩა სალათის სრულად გაყიდვის შემდეგ?

 

კითხვები თვითრეფლექსიისთვის:

  • რას შეცვლიდი, თავიდან რომ იწყებდე დავალებას?
  • რა იყო მარტივი დავალების შესრულების პროცესში? რა იყო რთული?
  • შენი აზრით, რამ გამოიწვია ეს სირთულე?
  • რას მოიმოქმედებდი სირთულის გადასაჭრელად?

 

რა თქმა უნდა, მოსწავლეები აღნიშნულ დავალებას სხვადასხვა ხარისხით შეასრულებენ, ზოგი უკეთ გაართმევს თავს, ზოგი ნაკლებად, ზოგიერთი საერთოდ ვერ შეძლებს მის განხორციელებას. ამიტომ, თითოეულ მოსწავლეს მისი საჭიროებების შესაბამისი განმავითარებელი შეფასება უნდა მიეცეს. მასწავლებელი მოსწავლის ნამუშევრის წარმოდგენის შემდგომ სოლო ტაქსონომიაზე დაფუძნებული ჰოლისტური შეფასების რუბრიკას იყენებს და ნამუშევარს ხუთი დონიდან ერთ-ერთს შესრულების ხარისხის მიხედვით უსაბამებს. რუბრიკა შედგება ორი ძირითადი კომპონენტისაგან: მოსწავლის ნამუშევრის აღწერილობა (რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე) და განმავითარებელი შეფასება (რა რჩევა მივეცი მოსწავლეს).

ცხრილში წარმოდგენილი აღწერილობებისა და კომენტარების ნიმუშები მთლიანად გამომდინარეობს წინამდებარე კომპლექსური დავალების პირობიდან და დაფუძნებულია მისი შეფასების კრიტერიუმებზე.

 

სამიზნე ცნება

 

მოქმედებები რიცხვებზე
კრიტერიუმი აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე.

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება).

პრესტრუქტურული დონე

მოსწავლეს საკითხთან დაკავშირებით არ აქვს რელევანტური ინფორმაცია.

 

მოსწავლემ ვერ შეასრულა დავალება, ვერ მიხვდა დავალების პირობას სალათის რეცეპტის შედგენასა და მისი ღირებულების დადგენასთან დაკავშირებით. გაიხსენე, რა სალათებს მიირთმევ სახლში, შეეკითხე უფროსებს სალათის რეცეპტის შესახებ და ჩამოწერე მისი ინგრენდიენტები, ისე, რომ შენი სალათით 10 მეგობარს გაუმასპინძლდე.

გაითვალისწინე, როდესაც გაქვს შეზღუდული რაოდენობის თანხა, ნებისმიერი რაოდენობის საკვების ყიდვას ვერ შეძლებ. თითოეული ინგრედიენტის ღირებულება ზუსტად უნდა იცოდე, რომ სასურველ თანხაში ჩაეტიო.

ამიტომ დაფიქრდი და ეცადე დავალება ამ ორი რჩევის გათვალისწინებით შეასრულო.

 

 

სამიზნე ცნება

 

მოქმედებები რიცხვებზე
კრიტერიუმი აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე.

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება).

უნისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს მხოლოდ ერთი არასტრუქტურირებული ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მოსწავლემ გაიგო დავალების არსი, შექმნა მისთვის სასურველი სალათის რეცეპტი და შეეცადა გამოეთვალა სალათის ღირებულება, თუმცა შემდგომი მოქმედებები ვერ განახორციელა.

ჩანს, რომ მოსწავლე არ ფლობს ფაქტობრივ და პროცედურულ ცოდნას ათწილადებთან დაკავშირებით.

შენ ძალიან სწორად გაიგე დავალების პირობა, მაგრამ ჩანს, რომ ამ ხნის განმავლობაში, როდესაც კლასში ათწილადებზე მოქმედებებს ვახორციელებდით, ყურადღებით არ გვისმენდი.

გთხოვ, გადახედო განვლილ მასალას და ივარჯიშო ისეთ მოქმედებებზე, როგორიცაა ათწილადების შეკრება/გამოკლება, გამრავლება/გაყოფა.

მხოლოდ ამის შემდეგ შეეცადე, შეასრულო დავალება სრულად.

 

 

სამიზნე ცნება

 

მოქმედებები რიცხვებზე
კრიტერიუმი

 

აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე.

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს

(განმავითარებელი შეფასება).

მულტისტრუქტურული დონე

მოსწავლეს აქვს მხოლოდ რამდენიმე, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უსისტემო ასოციაცია/წარმოდგენა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მოსწავლემ ზუსტად გაიგო დავალების არსი; შეადგინა სასურველი სალათის რეცეპტი, გამოითვალა მისი ღირებულება. დაადგინა 1 პორციის გასაყიდი ფასიც, თუმცა, როგორც ჩანს, მან აღნიშნული მოქმედებები მექანიკურად შეასრულა. მოსწავლე ვერ ხსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს მოქმედებების თანმიმდევრობას შორის.

დავალების ფორმაც დასახვეწია, კერძოდ, მოსწავლე გადმოგვცემს ცალკეულ მოქმედებებს, თითოეულ მოქმედებაზე მსჯელობს განყენებულად.

შენ სწორად გაიგე დავალების პირობა. შენს ნამუშევრაში ჩანს, რომ განვლილი მასალა (ათწილადებზე მოქმედებები) დაუკავშირე დავალებას.

თუმცა, გთხოვ, დავალებაში ხაზგასმით დაასაბუთო, რა არითმეტიკული მოქმედებები დაგჭირდა იმისთვის, რომ გაგეგო 1 პორციის გასაყიდი ფასი?

გეხმარება თუ არა სალათის მთლიანი ღირებულების დადგენა 1 პორციის თვითღირებულების დადგენაში?

რატომ დაწერე მოქმედებები ამგვარი თანმიმდევრობით და არა სხვაგვარად?

გაითვალისწინე, რომ არითმეტიკული მოქმედებები თანმიმდევრულად უნდა დაალაგო, ყველა მოქმედება ერთმანეთთან კავშირშია, ამიტომ ყურადღებით დააკვირდი, რა კავშირია შენს პირველ და ბოლო მოქმედებას შორის.

 

სამიზნე ცნება

 

მოქმედებები რიცხვებზე
კრიტერიუმი აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე.

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება).

მიმართებითი დონე

მოსწავლეს ესმის განსახილველი საკითხის არსი; ხედავს ურთიერთმიმართებებს საკითხთან დაკავშირებულ არსებით სტრუქტურულ ერთეულებს შორის.

მოსწავლე საინტერესოდ და კრიტიკულად გადმოსცემს დავალების შესრულების თითოეულ ეტაპს: ადგენს საკუთარი სალათის რეცეპტს, ანგარიშობს სალათის თვითღირებულებას, შემდეგ 1 პორციის თვითღირებულებას, შემდეგ კი გასაყიდ ფასს.

ანგარიშობს მოგებას და ნაშთს.

მოქმედებები დალაგებული აქვს თანმიმდევრულად, თუმცა დაშვებული აქვს 1 ფაქტობრივი შეცდომა.

ასევე, უჭირს პასუხის გაცემა ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა:

რომელი არითმეტიკული მოქმედებები გამოიყენე საბოლოო პასუხის მისაღებად? რა ხერხი (სტრატეგია) გამოიყენე თითოეული მოქმედებისას? (ათწილადების მიმატება, 10ზე გაყოფა, ორზე გამრავლება).

შენ არაჩვეულებრივად გაართვი თავი დავალებას. შენს დავალებაში ნათლად ჩანს პასუხები შემდეგ კითხვებზე:

·         რა ოპერაციების განხორციელება დაგჭირდა 1 პორცია სალათის ფასის დასადგენად? ზუსტი გამოთვლები დაგჭირდა თუ მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია?

·         რა თანმიმდებრობით აწარმოე მოქმედებები? რომ არ დაგეცვა გამოთვლების თანმიმდევრობა, რამდენად სწორი იქნებოდა მიღებული შედეგი?

თუმცა, დამაჯერებელი პასუხი ვერ გაეცი შეკითხვებს:

რომელი არითმეტიკული მოქმედებები გამოიყენე საბოლოო პასუხის მისაღებად? რა ხერხი (სტრატეგია) გამოიყენე თითოეული მოქმედებისას? (ათწილადების მიმატება, 10ზე გაყოფა, ორზე გამრავლება).

ყურადღება მიაქციე ფაქტობრივ შეცდომას, რომელიც ათწილადების მიმატების დროს დაუშვი, კიდევ ერთხელ გადაიმეორე ეს საკითხი.

ასევე, 10-ზე გაყოფა გააკეთე ორი სხვადასხვა გზით და დააკვირდი მიიღებ თუ არა ერთსა და იმავე პასუხს.

 

 

 

სამიზნე ცნება

 

მოქმედებები რიცხვებზე
კრიტერიუმი აღწერილობა

რა გააკეთა მოსწავლემ და რა დასკვნა გავაკეთე ამის საფუძველზე.

კომენტარი

რა რჩევა მივეცი მოსწავლეს (განმავითარებელი შეფასება).

აბსტრაქტული დონე

მოსწავლეს სიღრმისეულად აქვს გააზრებული საკითხის არსი/არსობრივი მახასიათებლები, რაც მას ამ ცოდნის განზოგადებისა და მისი დეკონტექსტუალიზების/სხვა მსგავს მაგალითებთან შედარების საშუალებას აძლევს. უკავშირებს განსახილველ საკითხს საკუთარ პირად გამოცდილებას.

მოსწავლემ ნათლად გაიგო დავალების არსი, სრულყოფილად ფაქტობრივი შეცდომების გარეშე შეასრულა დავალების თითოეული ეტაპი.

 

მოსწავლის დავალება სრულად აკმაყოფილებს სამივე კრიტერიუმს.

ასაბუთებს, რა მოქმედებები განახორციელა და რატომ.

 

აჩვენებს, რომელიმე მოქმდების გამოკლებით რა შედეგამდე მიდის.

მოსწავლე წარმოადგენს მოქმედებათა განსხვავებულ თანმიმდევრობას და იღებს არასწორ პასუხს, რითაც ამტკიცებს, რომ მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა მნიშვნელოვანია.

 

მოსწავლე არითმეტიკულ მოქმედებებს წარმოადგენს სხვადასხვა ხერხის გამოყენებით და აჩვენებს, რომ პასუხი არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხერხს აირჩევს დავალების შესასრულებლად.

შენ მშვენივრად გაართვი დავალებას. შენი დავალებიდან ჩანს, რომ სიღრმისეულად გაიაზრე შემდეგი საკითხები:

• ზუსტი გამოთვლები მნიშვნელოვანია ყოველდღიურ ცხოვრებაში.

• მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვა მნიშვნელოვანია ზუსტი გამოთვლების ჩასატარებლად.

• გამოყენებული სხვადასხვა სტრატეგიის მიუხედავად, პასუხი მაინც ერთი და იგივეა.

გთხოვ, გაიხსენო, შენი პირადი ცხოვრებიდან მაგალითები, როდესაც დაგჭირდა ათწილადებისა და მათზე მოქმედებების გამოყენება და უპასუხე შეკითხვებს:

• რატომ ვსწავლობთ ათწილადებს და მათზე მოქმედებებს?

• როგორ გვეხმარება მათი ცოდნა ყოფითი პრობლემის გადაჭრაში?

 

გამოყენებული ლიტერატურა:
• ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024);
• მათემატიკის გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით;

სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“ – ქალებისთვის ნაჩუქარი სარკე

0

სალომე ბენიძის „ქალაქი წყალზე“ – ქალებისთვის ნაჩუქარი სარკე ქალებს ხშირად სჩუქნიან საჩუქრებს – უმეტესად იმიტომ, რომ ჰგონიათ, ასე მათი ჯერ კეთილგანწყობის, შემდეგ კი სიყვარულის ყიდვა შეიძლება. არჩევანს უმეტესად საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების მიხედვით, ბევრი ფიქრის გარეშე აკეთებენ და სჩუქნიან ყვავილებს, სუნამოებს, სამკაულებს, ფერად კაბებს. . . თუმცა, არსებობს ისეთი საჩუქრებიც, ყველასგან და ყველაფრისგან დაღლილ, ცხოვრების უმოწყალო ზღვაში შეგდებულ ადამიანებს ცურვის სწავლის სურვილს რომ აღუძრავს და გზის გაგრძელებას შთააგონებს. სალომე ბენიძის პატარა რომანი „ქალაქი წყალზე“ ყველა გოგოსთვის ნაჩუქარი სარკეა, რომელშიც მარტო იმიტომ უნდა ჩაიხედო, რომ არასდროს დაგავიწყდეს, როგორი ლამაზი ხარ, საკუთარ სხეულში კომფორტულად იგრძნო თავი და გაცურო, მაშინაც კი უნდა გაცურო, როცა ერთადერთი მიზანი გადარჩენაა და არა ბედნიერების პოვნის სურვილი.

 

„ეს წიგნი დავწერე ყველა გოგოსთვის, ვინც იბრძვის, ცხოვრობს და წინ მიიწევს, ყველა გოგოსთვის, ვისაც ხშირად უფიქრია, რომ მეტი აღარ შეუძლია და მიუხედავად ამისა, მხრებში გამართულს გაუგრძელებია გზა, ვისაც ბევრჯერ დაუძლევია შიში და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ თავზე“ – წერს ავტორი რომანის შესავალში, ფინალში კი ასეთ რამეს ამბობს: „ყველა გოგოს შეუძლია, იყოს ქალღმერთი, თუკი მოინდომებს“. რომანში განვითარებული მოვლენები სწორედ ამ იდეის ხორცშესხმაა, თუმცა, წერილში ვეცდები, ტექსტის იდეასა და ფემინისტურ ხაზზე ნაკლებად გავამახვილო ყურადღება, იმიტომ, რომ მასზე ასეთი აქცენტით რეცენზიები უკვე დაიწერა (იხ. ლელა სამნიაშვილის წერილი საიტ „maswavlbeli.ge“-ზე), თან მიმაჩნია, რომ რომანის მხატვრული მხარე არანაკლებ საგულისხმო და საინტერესოა, ვიდრე იდეა, სწორედ ამიტომ შევეცდები, ყურადღება არქეტიპებისა და სახე–სიმბოლოების ავტორისეულ ინტერპრეტაციებსა და იმ სიურრეალისტურ ხილვებზე გადავიტანო, რომლითაც ასე მდიდარია ტექსტი. აქ არც ერთი სახე–სიმბოლო, არც ერთი მეტაფორა არ არის ხელოვნებაში საყოველთაოდ დამკვიდრებული მნიშვნელობის მქონე, ისინი ფორმასა და ფერს მუდმივად იცვლიან, საკუთარ თავში ახალ მნიშვნელობებსა და შინაარსებს აერთიანებენ, ცნობიერებაში უკვე ფესვგადგმულ ზღაპრულ–მითოსურ სახეებს ავტორის მიერ შექმნილი ახალი სამყარო, მის მიერ შექმნილი ახალი ზღაპრულ–მითოსური რეალობა ენაცვლება, მწერალი თავად ქმნის საკუთარ მითოსს, წერს ახალ ზღაპარს – თითქოს ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად უცნობი პერსონაჟებით. ისეთი არქეტიპები, როგორიცაა წყალი, ტბა, თევზი, მზე, სარკე, ხე. . . საყოველთაოდ მიღებულთან ერთად განსხვავებულ მნიშვნელობებსაც იძენენ – მხოლოდ რომანში აღწერილი სამყაროსთვის სახასიათოსა და ნიშანდობლივს; თითქოს, ერთდროულად ორ რეალობას ვადევნებთ თვალს და ერთისგან – სიურრეალისტურისგან, მეორის – ყოფითი რეალობის გამოწურვას ვცდილობთ.

 

ერთი მხრივ, ეს არის სამყარო, სადაც ქალებს არასდროს აუშენებიათ სქელკედლებიანი, მაღალსართულიანი სახლები, მითუმეტეს – უბნები, სადაც ქალის დამოუკიდებლობას კაცი ჭკუიდან გადაჰყავს, სადაც ქალის მარტოობა სასჯელია, რომელიც გაყინული ფეხებით უნდა მოიხადოს, სადაც კაცები ოთხშაბათს და პარასკევს მიდიან მარტოსულ გოგონებთან, მათთვის საჩუქრად ცოლების გემო მიაქვთ, ცოლებთან კი სხვა ქალის სურნელითა და გემოთი სავსეები ბრუნდებიან, სადაც კაცებს ჯიუტად სჯერათ, რომ ქალებს ისინი მხოლოდ გამარჯვებულები მოეწონებათ, სადაც კაცები მიდიან, ქალები კი ცხოვრებას როგორღაც აგრძელებენ, სადაც შვილებს მამების ცოდვები მძიმე ტვირთად აწვებათ მხრებზე, სადაც შვილები ვალდებულები არიან, მამების ცოდვები საკუთარი სიცოცხლით გამოისყიდონ. . . თუმცა, წიგნში მეორე სამყაროცაა, რომელიც იმაში გვარწმუნებს, რომ შეიძლება, ჩვენი საყვარელი სიზმრები ტბის პირას დავთესოთ, რომ ცხოვრება გაცილებით მეტია, ვიდრე ყოველდღიურობა, რომ ერთხელაც ქალი შეიძლება, გახევდეს, გვალვისგან გამოფიტული მიწა გაანაყოფიეროს და ქალაქი დაღუპვისგან იხსნას, მეორე ქალმა ობობები გააჩინოს, მესამეს სხეულიდან სისხლის ნაცვლად დარდმა გამოჟონოს და რაც ყველაზე მთავარია, ყველა გოგომ დაიჯეროს, რომ ქალღმერთია და ამისთვის იდეალური სხეულის ქონა სულაც არაა აუცილებელი, რომ ქალი მაშინაც როცა მკერდი მოჭრილი აქვს, ამქვეყნად ყველაზე ლამაზია.

 

ჩემთვის, როგორც მკითხველისთვის, სალომე ბენიძე პირველ რიგში პოეტია, პროზაული ტექსტის საშუალებით საინტერესო და მრავალმხრივ პოეტურ სამყაროს რომ ქმნის, სამყაროს განსაზღვრული გეოგრაფიული მდებარეობით – ერთდროულად რეალურსა და ფეერიულს, სიზმრებივით ეფემერულს, ცვალებადს, გარდამავალსა და წარმოსახვითს, ამავდროულად კი ძალიან ცხადსა და ნამდვილს, სწორედ ამიტომ რომანის კითხვისას არ გვტოვებს განცდა, რომ ბევრად ფხიზლები ვართ, ვიდრე ცხადში, რომ სიზმრებს დახუჭული კი არა, ფართოდ გახელილი თვალებით ვხედავთ.

 

მინდა, ტექსტში გაცოცხლებულ რამდენიმე ისეთ სიმბოლოს შევეხო, რომელიც განსხვავებულ მნიშვნელობას იძენს, ბევრად ტევადი და მრავლისმეტყველი ხდება, ვიდრე მისი პირველადი, არქეტიპული მნიშვნელობაა. ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო სიმბოლოა ტბა, რომელიც აქ მისტიკურ სიღრმეში შეღწევას განასახიერებს. რთულია, ზუსტად განსაზღვრო, რისი გამომხატველია ის რომანში, შესაძლოა, ცხოვრებაა, რომლის ფსკერზე წარსული, აწმყო და მომავალი ერთადაა ჩაძირული, ამიტომ მასში ღრმად ჩასვლა, მასში ჩაყვინთვა უნდა ისწავლო, რომ გაუგო – ჯერ საკუთარ თავს, შემდეგ მას და გადარჩე. გადმოცემის თანახმად, ტბებში „ტბის სულები“ სახლობენ, ტექსტის მიხედვით კი ქალღმერთი ცხოვრობს, რომელსაც ერთდროულად ყველა ქალის სახე აქვს და რომლისთვისაც თვალის გასწორება სიცოცხლის თავიდან დაწყებას, ანუ მიწასთან გასწორებული პირადი ცხოვრების მიუხედავად სიცოცხლის შეყვარებას ნიშნავს. წყალი საყოველთაოდ აღიარებული მნიშვნელობის მიხედვით, ქალური საწყისის განსახიერებაა და ერთდროულად ორი პოლუსის – სიცოცხლისა და სიკვდილის გამომხატველია, რომანში კი განწმენდასა და განახლებასაც განასახიერებს. განწმენდას, განახლებას, ცხოვრების თავიდან დაწყებას გამოხატავს სიშიშვლეც. საყოველთაოდ აღიარებული მნიშვნელობით თუ ეს მოვლენა ან დაუცველობასა და სიწმინდეს, ან პირიქით – ხორციელ ვნებას გამოხატავს, კონკრეტულ შემთხვევაში ძველისგან გათავისუფლებას, ასევე ზოგადად თავისუფლებას ნიშნავს. საინტერესო მეტაფორაა სარკე, თუ ძირითადად იგი აღიქმება, როგორც სულის სიმბოლო და ბევრ ენაში ფრაზეოლოგიური გამონათქვამი „სულის სარკეც“ კი გვხვდება, რომანში თვითჩაღრმავებასაც ნიშნავს, მასში ჩახედვა საკუთარ თავში ჩახედვა და იმის დაჯერებაა, რომ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ხარ. ხატოვანი და დასამახსოვრებელი მეტაფორაა ობობა, იგი ერთდროულად ნაყოფიერების სიმბოლოცაა და დედამიწის ცენტრსაც განასახიერებს, რომლიდანაც ოთხი მიმართულება – დასავლეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი გამომდინარეობს, ობობა სიმბოლურად უმეტესწილად პოზიტიური კონოტაციის მატარებელია, თუმცა ტექსტში ეფის გაჩენილი ობობები თითქოს, იმედგაცრუებას, ტკივილსა და უბედურებას გამოხატავს, სიყვარულს, რომელმაც ცოლიან კაცზე შეყვარებული გოგო საბედისწერო ქსელში გახლართა. შესაძლოა, ეს ერთგვარი ალუზიაც იყოს ბერძნულ მითთან არაქნეზე, რომელიც ლიტერატურულ ტექსტში ძალიან საინტერესოდაა გაცოცხლებული და ინტერპრეტირებული. (ეფიც არაქნეს მსგავსად დაისაჯა ქალღმერთთან (ამ შემთხვევაში კატარინასთან, რომელიც ტექსტში ყველაზე ძლიერი და ჯადოსნური თვისებების მქონე ქალია შეჯიბრის გამო და ობობების დედობა მიესაჯა). პოეტური და საინტერესო მეტაფორაა ფორთოხალი – ერთდროულად მზისა და ახალი სიცოცხლის სიმბოლო, რომელიც ტექსტში მთავარ პერსონაჟ ქალად გარდაისახება და მისი ჩაკბეჩის სურვილით შეპყრობილ ბიჭს შხამად ეღვრება ტუჩებზე, რომ დაწვას თავისი წილი მოპარული ბედნიერების გამო. ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი სიმბოლოა ხე, რომელიც უმთავრესად მასკულინურ საწყისს გამოხატავს, საინტერესოა, რომ მამის მიერ მოჭრილი ხეების ადგილას მისი ქალიშვილი ამოვიდა ხედ, რომელმაც სიცოცხლე მსხვერპლად გაიღო და ქალაქი მარადიული გვალვისგან გადაარჩინა (ამ შემთხვევაში ელენა შეიძლება აღვიქვათ, როგორც სამყაროს ფემინური საწყისიც და როგორც მამის ცოდვებს მსხვერპლად შეწირული შვილიც, რომლის სქესიც თითქოს, შეგნებულადაა ხაზგასმული და ნაჩვენები, რომ სქესს ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარი მსხვერპლთშეწირვაა, რომლის გარეშეც ცოდვების გამოსყიდვა შეუძლებელია). ისეთი საყოველთაოდ აღიარებული სიმბოლოებიც კი, როგორიცაა მზე და თევზი, სულ სხვა ძალის, ენერგიისა და განწყობის მატარებელია და ცოტა რთულია, განსაზღვრო, რისი გამომხატველია, სხვადასხვა ეპიზოდებში ქამელეონივით იცვლიან ფერებსა და მნიშვნელობებს (მზე – სიცოცხლე, სიყვარული, ბედნიერება, სინათლე. . . თევზი – თავისუფლება, მარტოობა, ტკივილი, დარდი, მდუმარება . . . თევზის უძველესი ქრისტიანული მნიშვნელობა ტექსტში არსად ჩანს). ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული სიმბოლოს, მეტაფორის, სახე–ხატის ბოლომდე დეკოდირება შეუძლებელია, რადგან არ ექვემდებარებიან საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, იმდენად მისტიკურები, მრავალპლასტურები არიან, მათი ბოლომდე რაციონალურობა ყოვლად წარმოუდგენელია, ეს შესაძლებელიც რომ იყოს, ზიანს მიაყენებდა ტექსტის მხატვრულ მხარეს, რადგან ლიტერატურა აზრებთან ერთად შეგრძნებებიცაა. ეს არ არის მარკესისეული მაგიური რეალიზმი, თუმცა არამარკესისეული გაგებით, ალბათ, მაგიური ან მისტიკური რეალიზმი ტექსტს ყველაზე ზუსტად შეესატყვისება.

 

წინადადების სინტაქსურ წყობაში, ტროპის თითოეულ სახეში ლექსისთვის დამახასიათებელი შინაგანი რიტმი და მუსიკა იგრძნობა, ავტორის ინდივიდუალური, თვითმყოფადი ხმა, რომლის ამოცნობა, გამოცნობა და ამოკითხვა პროზაშიც ძალიან ადვილია. მინდა, ტექსტიდან ერთი ციტატა მოვიყვანო, რომლის სინტაქსურ წყობაში კარგად ჩანს შინაგანი რიტმი და პოეტისა და პოეზიის ხმა ისმის: „მაღლდებოდა სიკვდილი ნელ–ნელა და ივსებოდა სახლი მისი სურნელით და მასზე ფიქრით და ჩემი შიშით და დანიელის მდუმარებით და როცა სიკვდილმა აღმოცენება დაასრულა, აბაზანაში დადგა და შემომხედა, მე მივხვდი – მარტო ჩემი სიკვდილი იყო ის და სხვა არავისი“. წინადადებაში „და“ კავშირის რამდენჯერმე გამეორება აზრს გამომსახველობასა და ემოციასთან ერთად პოეზიისთვის დამახასიათებელ ჰარმონიულობას, მუსიკალურობას სძენს, რომელიც ყურისთვისაც ისეთივე სასიამოვნო შესაგრძნობია, როგორც გონებისთვის. რომანის კითხვის დროს მკითხველს არაერთი ალუზია უჩნდება ლიტერატურულ ტექსტებთან თუ კინოფილმებთან. თითოეულ მათგანში კარგად ჩანს ზომიერება, გემოვნება და სტილის შეგრძნების უნარი, ისინი არასდროს ტოვებენ პირდაპირი, უხეში, ხელოვნური, მშრალი მინიშნებების შთაბეჭდილებას. როცა წიგნს ვკითხულობდი, წითელი კალმით ვხაზავდი ადგილებს და გვერდზე ვაწერდი ასოციაციას, რომელსაც იგი ჩემში თავისი განწყობით თუ ესთეტიკით იწვევდა, მაგალითად, როცა ავტორი მეგობრების დედებზე წერს, რომლებიც „ფილაქანზე ქუსლების კაკუნით მოდიოდნენ“ – პედრო ალმოდოვარის „მაღალი ქუსლები“ გამახსენდა, რომელმაც დედასთან ურთიერთობისას დაბადებული ორი ამბივალენტური გრძნობის – ბედნიერებისა და ტრაგიზმის გემო მოიტანა, იმან, რომ „ლიდია თევზებს საკუთარი ძარღვებით ატარებდა“, ხულიო კორტასარის ერთ–ერთი მოთხრობა, „პატარა სამოთხე“ მომაგონა, ფრაზამ: „ზღვა ცოტა ხანს იდგა, მერე კი უკან დაიხია“ – ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდას“ დასაწყისი, წყლად ქცეულმა ქალმა, რომელიც „მიწის ქვეშ მიედინებოდა და არ ცდილობდა ზედაპირზე ამოსვლას“ – პიერ პაოლო პაზოლინის ფილმი „მარტორქა“, სილვია პლათის „ზარხუფის“ ქართულ ენაზე მთარგმნელი, ლელა სამნიაშვილი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სალომე ბენიძის რომანში რამდენიმე ალუზიაა “ზარხუფთან”. . . ოსტატურად და გემოვნებითაა გამოყენებული სიუჟეტურ ხაზში ყინულის დედოფლისა და კონკიას არქეტიპული სახეები (მარია და კატარინა). . . პირადად ჩემთვის კი ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ ეს არის ერთ–ერთი ყველაზე ოპტიმისტური წიგნი ტრაგიკულ ამბებზე, ამბებზე, რომლებიც შეიძლება, სულაც არ დასრულდეს კარგად, მაგრამ მაინც შთაგაგონებს, რომ სიცოცხლე ყველა სირთულის მიუხედავად ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, ამიტომ ნამდვილად ღირს იცხოვრო, იბრძოლო, იოცნებო და გჯეროდეს, რომ ყველაზე ლამაზი ხარ.

 

გამოყენებული ლიტერატურა: 1. აბზიანიძე . ელაშვილი ქ. „სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია“ – . 1, . 2. თბილისი, „ბაკმი“, 2007. 2. სამნიაშვილი . „ქალაქი წყალზე და სარკე წყლის ფსკერზე“ – ინტერნეტგაზეთი „Mastavlebeli.ge” – 22 აგვისტო, 2016 წელი.

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

განათლებაში არსებულ გამოწვევებზე საუბრისას ხშირად ვიყენებთ სიტყვას “თანამედროვე”. თან იმაზეც გვეფიქრება, როგორ გაუძლებს დროს ეს თანამედროვე განათლება და გამოსადეგი იქნება თუ არა დღეს შეძენილი ცოდნა და უნარები თუნდაც ხუთი წლის შემდეგ.

ამერიკელი განათლების ფილოსოფოსი ჯონ დიუი ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ამბობდა, რომ განათლება თავად ცხოვრებაა და არა მომავალი ცხოვრებისთვის მზადება. არადა, განათლებას მომავალი ცხოვრებისთვის ვიძენთ. სულ იმის მოლოდინში ვართ, როდის დავასრულებთ სწავლას და დავიწყებთ ცხოვრებას.

დიუის ეს მოსაზრება დღესაც აქტუალურია.

იუვალ ნოა ჰარარი, სამეცნიერო- პოპულარული ბესტსელერების ავტორი და განათლების ისტორიის მკვლევარი, მიიჩნევს, რომ გაურკვევლობაში გარკვევის უნარი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც მოზარდებმა სკოლაში უნდა შეიძინონ. ჰარარის თქმით, ჩვენ გაურკვეველ სამყაროში ვცხოვრობთ. ის იმდენად ბუნდოვანია, რომ გაუგებარია, რისთვის უნდა ვიყოთ მზად და, რაც მთავარია, როგორ მოვამზადოთ ამისთვის ჩვენი შვილები, ბოლოს და ბოლოს, რა ვასწავლოთ მათ. „ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს, რა უნდა ვისწავლოთ ოცი წლის შემდეგ. ერთადერთი, რაც დანამდვილებით ვიცით, ისაა, რომ რაღაც ახლის შესწავლა მოგვიწევს“, – ამბობს მეცნიერი, რომელსაც საუკეთესო გამოსავლად მიაჩნია ბავშვების მომზადება ცოდნისა და უნარების მუდმივი განახლებისთვის.

მეორე აუცილებელი უნარი, მისი აზრით, მარცხის აღიარება და მასთან გამკლავებაა: „თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა უდიდეს ყურადღებას უთმობს წარმატებას, მაგრამ საერთოდ არ ასწავლის დარტყმის ატანას, ეს კი მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც ვთქვი, მომხდარი ცვლილებების გათვალისწინებით, ბევრს ხელახლა სწავლა მოუწევს“.

ჰარარი წერს იმაზეც, რომ ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება კაცობრიობას მეთვალყურეობის საფრთხის ქვეშ აყენებს. მისი თქმით, ჩვენმა შვილებმა უნდა იცოდნენ, რომ მრავალი სირთულე შეხვდებათ წინ. „როგორ მოვიქცეთ, როცა უჩვეულო სიტუაციაში აღმოვჩნდებით? როგორ მოვიქცეთ, თუ უზარმაზარმა ინფორმაციამ დაგვტბორა და მისი გააზრებისა და ანალიზის საშუალება არ გაგვაჩნია? როგორ ვიცხოვროთ სამყაროში, სადაც გაურკვევლობა შეცდომა კი არა, არამედ მახასიათებელია?“ – კითხულობს ის.

ჰარარის აზრით, ასეთ პირობებში კიდევ ორი რამ დაგვჭირდება: მოქნილი გონება და განვითარებული ემოციური ინტელექტი. „თქვენ გამუდმებით მოგიწევთ საკუთარი თავის აღმოჩენა, მორგება შრომის ბაზრის საჭიროებებზე, რომლებიც სულ უფრო და უფრო ცვალებადი გახდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია გონების მოქნილობისა და ემოციური ინტელექტის განვითარება“, – ამბობს მეცნიერი.

მაშ, რა ვასწავლოთ და როგორ ვასწავლოთ, თანაც – იმ რთულ გარემოში, რომელშიც აღმოვჩნდით? – ეს ჩვენი განათლების მკვლევრებისა და მასწავლებლების მთავარი საფიქრალია. კარგი იქნება, თუ ამაზე ხშირად ვისაუბრებთ, ვიკამათებთ და ვაღიარებთ, რომ ბევრი რამ ჩვენც ხელახლა გვაქვს სასწავლი, ცნება „თანამედროვეს“ შინაარსს რომ არ ჩამოვრჩეთ.

 

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები: 

ლელა კოტორაშვილი, მაია ფირჩხაძე, ქეთევან ოსიაშვილი, მაია ჯალიაშვილი, თამთა დოლიძე, ნათია უჩავა, ირმა კახურაშვილი,   ნასტასია არაბული, გურამ მეგრელიშვილი, შორენა ტყეშელაშვილი,  თემურ სუყაშვილი, გიტა თვალაბეიშვილი, ლელა მანგოშვილი,  თეონა ბექიშვილი, მანანა ბოჭორიშვილი, ნინო ჭიაბრიშვილი, ნინო ლომიძე, მაკა სახურია, რუსუდან რუხაძე.

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან

ჟურნალი მასწავლებელი#1 2021

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...