პარასკევი, ივნისი 27, 2025
27 ივნისი, პარასკევი, 2025

 თოვლის კაცი ანუ სიმართლის მარტივად დანახვის შესაძლებლობა

0

თოვლის ბაბუსადმი რწმენა პირველად მაშინ შემერყა, როცა უფროსმა ბიჭებმა ყოველგვარი შეფარვის გარეშე მაჯახეს: „მაგი მარტო კინოში არსებობს და ისიც მაშინ, თუ შუქი მოვიდა“.

ეს ბზარები იქამდეც არსებობდა. ვამჩნევდი, რომ თოვლის ბაბუა ჩემთან კომუნიკაციის სერიოზულ პრობლემებს უჩიოდა, თუმცა მაინც ჯიუტად ვებღაუჭებოდი იმედის ნაფლეთებს. სიმართლის გარკვევაში ყველაზე მეტად ხელს ის მიშლიდა, რომ მის ინტერესებს ოჯახის ლამის ყველა წევრი პერფექციონისტი ადვოკატივით იცავდა და ცდილობდა მისი არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვებას. ასე მაგალითად – 1994 წლის 1 იანვრის ღამეს ეს ჩემი ბალიშის ქვევიდან ამოღებული მანდარინი და ჩურჩხელა აღმოჩნდა, ზუსტად ერთი წლის შემდეგ კი ბანანი და შოკოლადი. თოვლის ბაბუა ძალიან მოუცლელი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელიც ზუსტად მაშინ შემოირბენდა, როცა მე ღრმად მეძინა ხოლმე, ბალიშის ქვეშ საჩუქარს ამომიდებდა და სასწრაფოდ ტოვებდა სახლს.

„აბა რაფერ გინდათ, თქვენ ხომ არ ხართ ამ ქვეყანაზე მარტო?“ – მის გრაფიკს ჯიუტად ამართლებდა ერთი ჩემი მეგობრის მშობელი, ხოლო როცა ერთ ახალ წელს მის შვილს ბალიშს ქვეშ არაფერი დახვდა, თავის სამართლებლად მიზეზსაც იოლად მიაგნო:

„დაუდარაჯდნენ თურმე სხვა ბავშვები და იმდენი იქაქანეს, რომ დარჩი შენ უსაჩუქროთ“.

მშობლების მხრიდან დაგეგმილი ამ  შეთქმულების მსხვერპლნი მანამ ვიყავით, სანამ ერთი გულწრფელი კაცის წყალობით ციხესიმაგრე შიგნიდან არ გატყდა. ეს კაცი ბაბუაჩემი იყო.

„სულ რომ არსებობდეს საბაჟოსთან დააყაჩაღებდნენ. რა უნდა ბაბუ ამ დაქცეულ ქვეყანაში თოვლის ბაბუას?“ – თქვა და არც კი გამოუხედავს ჩემკენ, ისე განაგრძო ლურსმნის ფიცარზე მიჭედება.

„არ არსებობს? აქამდე რატომ არ მითხარი?“ – განაწყენებულმა ვუთხარი. „არ გიკითხავს და…“

ძალიან უცნაური და მოულოდნელი განცხადება იყო კაცისგან, რომელიც მთელი ჩემი ბავშვობა მიმტკიცებდა: ეზოს უკან მდებარე დაჭაობებულ აუზში უზარმაზარი ნიანგი წევს, რომელსაც ორ ფეხზე სიარული, ლექსების გამოთქმით წაკითხვა და ბურთის ასამდე აკენწლა შეუძლიაო. მეტად აღარ ჩავძიებივარ. მივხვდი – ბედს უნდა შევგუებოდი და დაკვირვება იმ დესტრუქციულ პროცესზე მეწარმოებინა, რომელიც ჩემი წარმოსახვითი პალიტრიდან დღითიდღე შლიდა ფერად პერსონაჟებს. ისე მოხდა, რომ ამ პროცესს თოვლის ბაბუაზე, ჯინზე, ფერიებზე და სირინოზებზე დიდხანს გაუძლო, თუმცა საბოლოოდ მაინც შეეწირა ბაბუაჩემის მეგობარი ფეხბურთელი ნიანგიც.

ამ ამბებიდან ბევრი წელი იყო გასული, როცა ჩემს პირველ კლასელ მოსწავლეებთან ერთად, ჯავახურ სუსხსა და ბუქში, თოვლის კაცის აგების პომპეზურ ფესტივალში მივიღე მონაწილეობა. ეს ზღვისპირეთის თოვლჭყაპში გართობის სულსწრაფ მცდელობას ნამდვილად არ ჰგავდა. მთის შვილი პირველკლასელები უცნაური სიდინჯით ასრულებდნენ თავიანთ სამუშაოს და თითოეულ მათ ნაბიჯში გამოცდილება, წვრილმანებზე ორიენტირებულობა და საქმისადმი უჩვეულოდ სერიოზული დამოკიდებულება შეინიშნებოდა: ერთმა ცოცხი მოიტანა, მეორემ სტაფილო, მესამემ ნახშირი, მეოთხემ ქუდი, მეხუთემ კაშნე და ის მზრუნველად შემოახვია ხურჯინიან თოვლის კაცს. ექვსი პატარა აბორიგენით გარემოცული ვიდექი, ისეთი წარმოდგენა მრჩებოდა, თითქოს ისინი თავიანთი საკრალური რიტუალის საიდუმლოს მიზიარებდნენ და ალბათ ასე პირდაღებულს კიდევ დიდხანს მომიწევდა დგომა, ისევ მათ ხმამაღალ მოწოდებებს რომ არ მოვეყვანე აზრზე.

ეს სიდინჯე უპირველესად გარემოს საიმედოობით იყო გამოწვეული. ასეთ გარანტიებს ბარის თოვლჭყაპი არასდროს იძლევა, იქ ყინულის შედევრის წამოსაჭიმად არც დრო გყოფნის და არც ნერვები, რადგან შენს წარმოსახვას მტერი ერჩის, რომელიც მთელ შემოქმედებას გათენებისთანავე თავისი სხივებიანი საშლელით მიადგება. ბარისგან განსხვავებით კი ჯავახეთის ეზოებში წამოჭიმული თოვლის კაცები ხანდაზმულ ასაკამდე ცოცხლობენ. ფარავანის, ხანჩალის, მადატაფას, ბუღდაშენის, ტაბაწყურის, კარწახის ტბების პირას ამოზრდილი ეს მოღიმარი ზამთრის დარაჯები შენს ბავშვობაში იჭვრიტებიან, ამიტომ ბუნებრივია მუხრუჭისკენ გაგექცეს ფეხი, მანქანა გააჩერო და საკუთარი თავის გასახსენებლად გვერდით მიუჯდე.

თოვლის კაცის ძალიან პრიმიტიული რაკურსი სიმართლის მარტივად დანახვის შესაძლებლობას იძლევა: ჩვენს წარმოდგენებს საკუთარ თავებს სიცრუედ მხოლოდ იმ მიზეზით ვასაღებთ, რომ წლები გვემატება და გვგონია ვიცით სადაც გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის. არადა ყველაფერს, რასთანაც კი ოდესმე გვქონია შეხება სიმართლის, ტყუილის, სიზმრის, ცხადის, კარგად დამახსოვრებულის, დავიწყებულის ან აწი დასავიწყებლის ჩათვლით, იმდენად აქვს ნამდვილობის დამადასტურებელი მოწმობის მოთხოვნის უფლება, რამდენადაც ჩვენს საკმაოდ ჩვეულებრივ, დროებით არსებობას. თუ სინამდვილე საგარანტიოდ მაინცდამაინც ფიზიკური არსებობის დამადასტურებელ დოკუმენტს იყენებს, ხოლო ტყუილს ამხელს იმ მიზეზით – შენ მსგავსი არაფერი მოგეპოვებაო – მაშინ აუცილებლად უნდა ითქვას ისიც, რომ ჩვენ, ადამიანები, განწირულები ვართ ადრე თუ გვიან გავიზიაროთ სიცრუის ბედი. დრო მოვა და სამყარო ჩვენს წინააღმდეგ იმ მრავალჯერ აპრობირებულ მეთოდს გამოიყენებს, რითაც თავის დროზე ჩვენ თოვლის ბაბუას გავუსწორდით – ადგება და თავისი მდიდარი წარმოსახვიდან ფიზიკურად წაგვშლის.

და ვერცერთი ფოტოსურათი, ვიდეოკადრი თუ აუდიოჩანაწერი ვერ იქნება იმაზე მყარი მტკიცებულება, რომ ოდესღაც მართლა ვარსებობდით, ვიდრე ის ადამიანები, რომლებსაც ვიცნობდით, ან გვიცნობდნენ, რომლებშიც გამოვიწვიეთ სულ უმნიშვნელო ემოციური ცვლილება, რომლებსაც შევუყვარდით, ან გვძულდნენ, სითბოდ, ან სიცივედ ვექეცით ერთმანეთს ცხოვრებაში. ამ პროცესში ჯინს, სალამურას, ოჩოკოჩს და სანტა-კლაუსსაც თავისი წვლილის შეხსენების ლეგიტიმური უფლება აქვთ, იმიტომ, რომ ეს სამყარო მხოლოდ ყველა იმ ტყუილთან ერთადაა ნამდვილი, რასაც კი ოდესმე ჩვენს გონებაში ადგილი ჰქონდა და რამაც იმად გვაქცია, რაც ვართ.

15, 20 წლის შემდეგ, როცა ჯავახეთში დავიწყე ცხოვრება, ძველი შეგრძნებები გამიმძაფრდა. ახლა იმ ბავშვებივით, რომლებსაც ვასწავლი, სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ თოვლის ბაბუა ნამდვილად არსებობს, ოღონდ ახალი საუკუნის უკიდეგანო ციფრულმა რესურსმა ჩვენს ფანტაზიაში ის ჰოლივუდური ბრწყინვალებით, ლაპლანდიური ზღაპრების გავლენითა და სანტა-კლაუსის შარმით შემოსა. ეს იმდენად დამაჯერებელი ამბავია, რომ ჯავახეთის თოვლით დაფარულ მთებში ზოგჯერ საიდუმლო პორტალს დავეძებ, რომელიც თეთრი წვერით დაფარულ, გაბურძგნული ბერიკაცის ჯადოსნურ სახლში გადამიყვანს. ძალიან მინდა ჯერ მის ბუხართან გავთბე და მერე ვკითხო, თუ რატომ იყო ჩემს ბავშვობაში გაცილებით ჯიბეგაღლეტილი!

მანამდე კი ისევ აქაურობისთვის ლამის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ქცეული ყინულისა და თოვლის ქანდაკებების აგებით დავკმაყოფილდები. პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს თავის დროზე მარტოობის დასავიწყებელი კარგი თერაპიაც იყო. იმ სახლის ფანჯრიდან, სადაც ცხოვრების სამი წელი მარტომ გავატარე, ქარბუქიან ეზოში მდგარი უზარმაზარი, ჩემ მიერ აგებული სტაფილოსცხვირა თოვლის კაცი ცნობისმოყვარედ იჭყიტებოდა და ასზე მეტი ღამე დარაჯობდა ჩემს ზამთრის სიზმრებს. სანამ დადნებოდა ალბათ ნახა, თუ როგორ დამესიზმრა ერთხელ ზაფხული; აუზთან ჩამუხლული ვიდექი და წყლისგან ვცდილობდი მის დაცლას. ვხედავდი, როგორ ნელა იწეოდა ფსკერი ზემოთ. ცაზე გულების ქუხილი ისმოდა, სანამ აუზიდან თავი მწვანე ნიანგმა არ ამოყო, მერე სველი შუბლი ხელით მოიწმინდა, ორ ფეხზე დადგა და ამაყად მკითხა: „შენ ბურთის ასამდე აკენწლვას შეძლებ?“

eTwinning -ის ,,გემრიელი რეცეპტები’’

0

eTwinning პროგრამა წარმოადგენს ევროკომისიის ინიციატივას, რომელიც ხელს უწყობს ევროპის სკოლებს თანამშრომლობითი პარტნიორობის ჩამოყალიბებას. მისი მთავარი მიზანია ევროპის მასშტაბით სკოლების არაფორმალური დაძმობილება.  აქვს ხარისხისა და მხარდაჭერის უნიკალური სტრუქტურა, რომელსაც სთავაზობს ყველა საფეხურის მასწავლებელს.

პორტალ www. etwinning.net-ზე დარეგისტრირების შემდეგ მასწავლებლები მოიძიებენ პარტნიორს და მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვებიან პროექტში. შესაძლებელია, როგორც  მზა პროექტის გამოყენება, ასევე – საკუთარი იდეის შემუშავებაც.

პლატფორმა, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უსაფრთხო გარემოში,  მასწავლებლებს თავიანთ პროექტზე მუშაობის გამარტივებისთვის მთელ რიგ საშუალებებს სთავაზობს, მათ შორის – პარტნიორის მოძიების ფუნქციას.

პარტნიორთან მუშაობის დროს უნდა განისაზღვროს, რომელი მხარე რა საკითხზე იქნება პასუხისმგებელი. ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი. ისინი სამუშაოს თანაბრად ინაწილებენ. უპირველეს ყოვლისა, გაწერენ გეგმას და განსაზღვრავენ, როგორ და როდის დაიწყება და დასრულდება პროექტი, რამდენი საგანი და რამდენი მასწავლებელი ჩაერთვება მასში.

მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისოა პორტალზე განთავსებული პროექტების თემატიკა. მინდა, გაგიზიაროთ  რამდენიმე ,,გემრიელი რეცეპტი’’

თაფლაკვერის სახლი

ამ პროექტის მთავარი თემაა ზღაპარი. ბავშვების დავალებაა, გადააქციონ თავიანთი სასკოლო ცხოვრება ზღაპრულ ცხოვრებად. ისინი გამოსახავენ ზღაპრულ სამყაროს ნახატების მეშვეობით, რომელიც საბოლოოდ ციფრულ სახეს იღებს. ხატავენ თაფლაკვერის სახლს, რომელსაც სურათებიანი წიგნის ფუნქცია აქვს და გადააქვთ ციფრულ ფორმატში. ეს ნახატი განთავსდება მათ საერთო ვებგვერდზე. ამის შემდეგ, ბავშვებს, სხვადასხვა ზღაპრის გმირის სახით, სურათებიან წიგნში შეაქვთ  ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.

 

ცისარტყელა სოფელი

რას იტყვით ცისარტყელა სოფელში შემოერთებაზე, სადაც მოსწავლეები საფრანგეთიდან, საბერძნეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რუმინეთიდან, თურქეთიდან, სლოვაკეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ისწავლიან ერთად ცხოვრებას და გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას?

eTwinning-ის პლატფორმის საშუალებით, მოსწავლეები ჯერ გაიცნობენ ერთმანეთს, განიხილავენ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ თემებს და შეადარებენ თავიანთ ქცევის ნორმებს მათი ევროპელი პარტნიორებისას. ეს მონაცემები შემდეგ გამოყენებული იქნება ვირტუალური სოფლის შესაქმნელად, რომელიც არის კულტურების ნარევი, სადაც მოსწავლეები 1) იღებენ ახალ იდენტობას (ფიზიკური აღწერილობა, ხასიათი, რა მოსწონთ და რა არ მოსწონთ…) 2) წერენ მათთვის იდეალური სოფლის ფიზიკურ აღწერილობას 3) მოიფიქრებენ ემბლემას, ეროვნულ ჰიმნს და საერთო კანონს. ამბები განთავსდება პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ბლოგზე. მოსწავლეებს შეუძლიათ ელ.ფოსტის ან ვიდეო კონფერენციების საშუალებით კომუნიკაცია.

პროექტის ბმული: www.etwinning.net/profile/rainbow_villa

რეპორტაჟი საზღვრების გარეშე

მოსწავლეები თანამშრომლობენ და ქმნიან ელექტრონულ ჟურნალს.  ირჩევენ მათთვის სასურველ გამოსაკვლევ თემებს, იღებენ ინტერვიუებს  ევროპელი პარტნიორებისგან ამ საკითხებზე მათი მოსაზრების გასაგებად, შემდეგ ორგანიზებას უკეთებენ შეგროვილ ინფორმაციას და წერენ სტატიებს.

პროექტის ბმული: www.etwinning.net/profile/reporting_without_borders

ვქმნით ჩვენს საკუთარ მიკროქვეყანას

პარტნიორები იკვლევენ იმ ძირითად მახასიათებლებს, რომლებიც მათ ქვეყნებს საერთო აქვს. სუვერენიტეტი: სუვერენული სახელმწიფოს სტატუსი, ელჩების გაცვლა, პასპორტების მიღება, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა.  დროშა და ეროვნული ჰიმნი, რომლებიც სახელმწიფოს სიმბოლოს წარმოადგენს. კონსტიტუცია ან ძირითად კანონთა კრებული, რომლითაც ხელმძღვანელობს ქვეყნის სამართლებრივი სისტემა. მთავრობა: არჩეული და დაკომპლექტებული, კონსტიტუციის შესაბამისად.

პროექტის დასაწყისში მასწავლებლები და მოსწავლეები განიხილავენ და თანხმდებიან იმაზე, თუ რა მნიშვნელოვანი ღირებულებები უნდა იყოს დამკვიდრებული მათ მიერ შექმნილ წარმოსახვით სახელმწიფოში. მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან საკუთარი კონსტიტუცია და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფოს მეთაურების არჩევნებში. პროექტის ბოლოს, შესაძლებელია, გაიმართოს მსჯელობა, რომლის დროსაც განხილული იქნება, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი რეალური საზოგადოება დაემსგავსოს მოსწავლეების მიერ შექმნილ იმ იდეალურ საზოგადოებასა

და სახელმწიფოს, რომელიც მოსწავლეებმა საკუთარი წარმოსახვით შექმნეს პროექტის ფარგლებში.

მე მიყვარს მწვანე პლანეტა – დედამიწა

მიზანი – სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. მოსწავლეები თანხმდებიან, რომ სიყვარული მხოლოდ სიტყვებით კი არ გამოიხატება, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოქმედებებით ვლინდება და ეკოლოგიურად ჯანსაღი პლანეტის – დედამიწის სიყვარული ნიშნავს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას. ისინი იწყებენ მოხალისეობრივ საქმიანობას, როგორიცაა სკოლის ბაღის დასუფთავება, ხეების დარგვა, ხეებისადმი მიძღვნილი დღის აღნიშვნა. გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში  თითოეული გუნდი გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ კონკრეტულ ასპექტზე მუშაობს, იკვლევს  გამომწვევ მიზეზებს და ეძებს პრობლემის გადაჭრის გზებს. მოსწავლეები გასართობი ღონისძიებებით, ხეების დარგვით და მოსაზრებათა ერთმანეთისთვის გაზიარებით  თანატოლებს და სრულიად საზოგადოებას აწვდიან იდეებს და შთააგონებენ, რომ ყველამ იზრუნოს გარემოსა და პლანეტის გაჯანსაღებაზე.

eTwinning -ის პროექტები აფართოებს მოსწავლეთა და მასწავლებელთა თვალსაწიერს. იზრდება  მოტივაცია. ამას ყოველთვის მოაქვს დადებითი შედეგი, რაც მთელ სკოლაზე აისახება.

სკოლების მიერ ნამუშევრების ეროვნულ და ევროპულ პორტალებზე განთავსება თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მათ საქმიანობას, ხოლო ხარისხის ნიშნის მინიჭება პროექტებისთვის, როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ დონეზე, საამაყოა თითოეული სკოლის მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლისთვის.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ძალისხმევით, ითვინინგის პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, რომელთა შესახებ შემდეგ სტატიაში ვისაუბრებთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სწავლა ითვინინგის პროგრამით – სახელმძღვანელო მასწავლებელთათვის –

ევროპული სკოლის ქსელი

  1. ისწავლეთ დემოკრატია და იცხოვრეთ დემოკრატიულად „eTwinning“-ის საშუალებით – ევროკავშირის გამომცემლობა

თვითშეფასების გზამკვლევიდან – პიროვნული სიძლიერის ძალა

0

„სხვა ადამიანები ვერ გაიძულებენ, დაამტვრიო საკუთარი საყვარელი სათამაშო ან ვინმეს ნივთი დაამსხვრიო; მათ არ შეუძლიათ შენს ნაცვლად გადაწყვიტონ, რომ არ დაუჯერო მშობლებს. ზუსტად ასევე, ვერავინ დაგაძალებს იმხიარულო ან მოიწყინო, გაბრაზდე ან გახალისდე, გამოამჟღავნო ცნობისმოყვარეობა ან ინდიფერენტულობა. ანუ მხოლოდ შენ აგებ პასუხს საკუთრ გრძნობებზე“.

ძვირფასო მკითხველებო, მინდა, მოვიყვანო ამონარიდები გერშენ კაუფმანის (გერშენ კაუფმანი – ამერიკელი ფსიქოლოგი. მან განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში. დოქტორის ხარისხი კლინიკურ ფსიქოლოგიაში როჩესტერის უნივერსიტეტში დაიცვა. პროფესორის რანგში ლექციებს კითხულობდა მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, ასევე  მუშაობდა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრში. დოქტორი კაუფმანი არის მრავალი წიგნის ავტორი, რომელთაგან ყველაზე მეტად პოპულარული გახდა – „მორცხვობის ფსიქოლოგია“), ლევ რაფაელისა (მან განათლება მიიღო ნიუ-იორკის ფორდემის უნივერსიტეტში. ლ. რაფაელს მაგისტრის ხარისხი აქვს მინიჭებული სახვით ხელოვნებაში, სამწერლო ხელოვნების განხრით არმხერსტის მასაჩუსეტის უნივერსიტეტში. პარალელურად, მას აქვს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხიც) და პამელა ესპელანდის (პამელა ესპელანდმა განათლება მიიღო მინესოტას შტატის კარლტონ-კოლეჯში, რომელიც ქალაქ ნორტფილდში მდებარეობს. ის არის 200-ზე მეტი წიგნის რედაქტორი და თანაავტორი. ამჟამად, პამელა ესპელანდი ოჯახთან ერთად მინეაპოლსში ცხოვრობს) წიგნიდან: „შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ ვიდრე, თავად ფიქრობ. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“.

ხანდახან სხვა ადამიანების სიტყვები და ქმედებები ხდება ერთგვარი საბაბის/ბიძგის, მიმცემი (ტრიგერი – trigger- ერთგვარი გამშვები მექანიზმი)  ჩვენი გრძნობების გამოსახატად.

  • შენი ქურთუკი ისევ არ დაკიდე კარადაში? უკვე რამდენი ხანია, რაც სკოლიდან დაბრუნდი? – ეკითხება მამა გიორგის;
  • ჯერ არა – პასუხობს გიორგი, რომელიც საკუთარი საქმით არის გართული. მას ძალიან უყვარს ხატვა და ოცნებობს, მხატვარი გახდეს;
  • შენ ყოველთვის ეგრე იქცევი, არასდროს ალაგებ ნივთებს კარადაში! ახლავე შეწყვიტე, რასაც არ უნდა აკეთებდე, ადექი და ყველაფერს ადგილი მიუჩინე!

გიორგი გრძნობს, რომ ძალიან გაბრაზებული და ნაწყენია მამაზე, რომელიც მუდამ უყვირის მას. მამა სულ ჩხუბობს, რომ შვილი არ ალაგებს საკუთარ ნივთებს და საერთოდაც არასდროს ასრულებს მასზე მინდობილ სახლის საქმეებს.

მამის სიტყვები და ყვირილი გიორგის ანაწყენებს და აბრაზებს. მაგრამ იქნებ მამას მართლაც ძალიან ხშირად უწევს გიორგისთვის მისი მოვალეობების შესრულების შეხსენება? სავარაუდოდ, გიორგის ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს მამის შენიშვნებზე და მუდამ ცდილობს მომავლისთვის გადადოს საქმეების გაკეთება, მას ურჩევნია ჯერ საკუთარი საქმეებით დაკავდეს. სწორედ ამიტომ მორიგ ჯერზე მის მიერ წარმოთქმული „ჯერ არა“ მამისთვის სიბრაზის და გულის წყვეტის მიზეზია.

ყურადღებიანი მკითხველი უკვე მიხვდა, რომ ავტორებს სურთ, დაანახონ, ერთი მხრივ, მშობლებს და, მეორეს მხრივ, ბავშვებს, რომ მათი ქცევები ერთმანეთის გრძნობების ტრიგერი ხდება.  აქვე, ავტორები უხსნიან ორივე მხარეს, რომ მათ შეუძლიათ, ისწავლონ ტრიგერების იგნორირება და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რომელ გრძნობებს მისცენ გამოხატვის საშუალება. ბავშვებსა და უფროსებს შეუძლიათ, არჩევანი გააკეთონ მაშინაც კი, როცა ძალიან დიდია ცდუნება იყვირო, იჩხუბო, ნივთები აქეთ-იქით მოისროლო … ადამიანების ქცევები ხშირად მათ გრძნობებზეა მიბმული. ჩვენ დავარტყით ვიღაცას იმის გამო, რომ გავბრაზდით მასზე; ჩვენ ვუყვირით ვიღაცას, რადგან ძალიან განერვიულებული ვართ; ჩვენ ვტირით იმიტომ, რომ სევდა შემოგვაწვა. ავტორების მოწოდება დიდებსა და პატარებს: ყოველთვის არის შესაძლებელი ბრაზის, სევდისა და მრისხანების ნაცვლად აირჩიო პოზიტიური და სასარგებლო განცდები.

აი მაგალითად: მათემატიკის საკონტროლოს დასაწერად ნინო გულდასმით ემზადებოდა და დარწმუნებული იყო მაღალ ქულას დაიმსახურებდა, მაგრამ როდესაც საკონტროლო რვეულში ჩაიხედა, აღმოაჩინა, რომ ამოცანების ნახევარი შეცდომით ამოეხსნა. მასწავლებელს კი იქვე მინაწერი ჰქონდა დატოვებული: „შენ შეგეძლო უკეთ დაგეწერა“. ნინოს შეუძლია გაბრაზდეს მასწავლებელზე და იფიქროს, რომ ის ვერ მიხვდა მის ძალისხმევას. შესაძლებელია გოგონა საკუთარ თავზე განაწყენდეს და გაიფიქროს, რომ ძალიან სულელია, რადგან ამდენი შეცდომა დაუშვა. სინამდვილეში, ნინოს კიდევ ერთი არჩევანი აქვს. მას შეუძლია იფიქროს, რომ ამ ეტაპზე მან ყველაფერი გააკეთა და მიუხედავად შეცდომებისა, მაინც ყოჩაღია და რომ მომავალ საკონტროლოს აუცილებლად უკეთესად დაწერს, რადგან მამას ან სხვა უფროსს სთხოვს, კარგად აუხსნას ის საკითხები, რომლებიც მისთვის შედარებით რთულია.

ლევანიკოს ძალიან უყვარს თავისი ფისო, რომელიც სულ პატარაობიდან გაზარდა. ერთ დღეს აღმოჩნდა, რომ ფისო ძალიან ავად გახდა. ვეტერინარმა ლევანიკოს და მის მშობლებს უთხრა, რომ ფისო დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. მსგავს მომენტებში სრულიად ნორმალური და ბუნებრივია იდარდო. მაგრამ მიუხედავად ამისა, ლევანიკოს მაინც აქვს არჩევანი. მას შეუძლია თავისი დარდი და შფოთვა მარტომ განიცადოს ან მშობლებს გაუზიაროს საკუთარი განცდები. მათ შეუძლიათ ლევანიკოს დარდი გაიზიარონ, ისაუბრონ ფისოზე, იმაზე, თუ რამდენს ნიშნავს მისთვის ფისო. არავინ ფიქრობს, რომ ამის შემდეგ ლევანიკო თავს ბედნიერად იგრძნობს, მაგრამ  ტკივილის წინაშე მარტო მაინც არ დარჩება. მძიმე მომენტებში მნიშვნელოვანია, ადამიანებმა მოუსმინონ ერთმანეთს, რათა შეიმსუბუქონ დარდი და ვარამი.

ჩვენ პასუხს ვაგებთ საკუთრ ქცევებსა და გრძნობებზე და სწორედ ამიტომ ვირჩევთ იმას, თუ როგორ მოვიქცეთ, განვიცადოთ და შევიგრძნოთ. ასაკის მატებასთან ერთად ადამიანების მიერ გასაკეთებელი არჩევანი სულ უფრო რთულდება. შეცდომებისგან თავის დასაზღვევად უნდა ვიცოდეთ, რა არის რაციონალური, გონიერი არჩევანი. მართებული არჩევანი ნიშნავს, რომ ჩვენ ვცდილობთ ნაკლებად იმპულსური საქციელი ჩავიდინოთ, ამისათვის წინასწარ წარმოვიდგენთ იმას, რის მიღებაც გვსურს საბოლოოდ და ვაფასებთ, რეალისტურია თუ არა ჩვენი მოლოდინი. სხვა სიტყვებით: რა გსურს და როგორ წარმოგიდგენია ამ არჩევნით გამოწვეული შედეგები? რამდენად დიდია იმის შანსი, რომ ეს მართლაც მოხდება? თუ შანსი დიდია, მაშინ არჩევანი რეალისტურია და თუ მცირეა, მაშინ, სავარაუდოდ, ის არ არის რეალისტური.

სანდრომ გადაწყვიტა, რომ სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ ყოველდღე ივლის ფეხბურთის სექციაში, ივარჯიშებს, არ გააცდენს არცერთ საწვრთნელ შეხვედრას. ბიჭი ფიქრობს, რომ წლის ბოლოს ის სკოლისა და ლიგის ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. ძალიან კარგია, რომ სანდროს ფეხბურთის თამაში სურს და თანაც აპირებს გულმოდგინედ ივარჯიშოს და ყველა შეჯიბრში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ რეალისტურია მისი წარმოდგენა იმის თაობაზე, რომ აპირებს ყველაზე საუკეთესო გახდეს? შესაძლოა სანდრო წარმატებული ფეხბურთელი გახდეს, რაც დამოკიდებულია მის გულმოდგინებაზე, მის ბუნებრივ ნიჭსა და უნარზე, მაგრამ გახდე საუკეთესო საუკეთესოთა შორის, ძალიან რთულია, რადგან ამ მიზნის მიღწევის მსურველი ბევრია.

თანამედროვე სამყაროში წარმატების მიღწევა ბევრ რამეზე მეტად ფასობს. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, იყვნენ ყველაზე ძლიერები, ყველაზე სწრაფები, ყველაზე მდიდრები, ყველაზე ჭკვიანები, ყველაზე ლამაზები. მაგრამ ამ ყველაფერს არაფერი აქვს საერთო პიროვნულ სიძლიერესთან. პიროვნული სიძლიერე ვლინდება მაშინ, როდესაც ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერ იმას, რისი უნარიც შეგვწევს იმ საქმეში, რომელსაც თავად ვთვლით მნიშვნელოვნად. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ საკუთრი თავით კმაყოფილი ვართ მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პირადი საუკეთესო შედეგი – სულაც არ არის საუკეთესო. სანდროს რეალისტური მოლოდინი, სავარაუდოდ, ასე უნდა გამოიყურებოდეს: მას შეუძლია ბევრი რამ ისწავლოს ფეხბურთის თამაშისას, გახდეს სპორტული, გაკაჟებული. მას შეუძლია ისწავლოს გუნდური თამაშის კანონები, შეიძინოს მეგობრები, გაერთოს და, ბოლოს და ბოლოს, ცხოვრების ჯანსაღი წესი გაიხადოს თვითმიზნად. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ სანდროს შეუძლია თავს უფლება მისცეს, დაუშვას შეცდომები და არ ჩათვალოს, რომ ის აუცილებლად სრულყოფილი და უშეცდომო ადამიანია. აი ზუსტად ასე გამოიყურება რეალისტური მიზნები, რომლებიც პიროვნული სიძლიერის მანიშნებელია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი იარაღია ჩაგვრისა და დევნის წინააღმდეგ.

 

ნაწყვეტი წიგნიდან: „შენ იმაზე უფრო ძლიერი ხარ, ვიდრე თავად ფიქრობ. შენი თვითშეფასების გზამკვლევი“ – თარგმნა ქეთევან კობალაძემ.

 

  მოგზაურობა გალაკტიონის სამყაროში

0

„ბრმა ვიყავი და ახლა კი ვხედავ“ (იოანე, 9, 25). გალაკტიონის „არტისტული ყვავილების“ კითხვისას, მართლაც, ეხილება თვალი ადამიანს და ერთგვარად „გასხივოსნებული“ სხვა სამყაროს ხედავს. მართალია, ილუზორულსა და ირაციონალურს, მაგრამ ისეთს, რომელსაც სულის სამშობლო შეიძლება უწოდოს. გალაკტიონის „არტისტული ყვავილები“ ბორხესის „ქვიშის წიგნს“ ჰგავს, უსასრულო სივრცეებით სავსეს. ამ სივრცეებს კი ის მნიშვნელობები და ინტერპრეტაციები ქმნიან, რომლებიც მკითხველს გამუდმებით უსხლტებიან ხელიდან, რადგან ამ ლექსთა კითხვისას, ყოველ ჯერზე, სრულიად განსხვავებული სურათ-ხატი წარმოიქმნება, უცნობი შეგრძნებები ჩნდება, რომელთაც სიტყვიერ სამოსელში ვერ მოიხელთებ და ვერც მეხსიერებაში ჩაწერ გასაგნებულ თუ აბსტრაქტულ სახე-სიმბოლოებად. ამიტომაც ვერასოდეს გადაშლი ერთსა და იმავე გვერდზე, ვერასოდეს დაინახავ ერთსა და იმავე წარმოსახულ ნახატს, ვერ გაიგონებ იმავე მუსიკას და ვერ შეიგრძნობ ნაცნობ სურნელს, რადგან არა მხოლოდ შენ იცვლები, მკითხველი, არამედ წიგნიც, რომელიც თავისი ყველა სტრიქონით უცნაურად ტრანსფორმირებული გეგებება, რათა კიდევ ერთხელ შეხვდე მშვენიერებას.

„ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს“ (იოანე ზოსიმე) ქართული ენა რომ დიდ საიდუმლოს ინახავს, ეს ყველაზე უკეთესად გალაკტიონის პოეზიის კითხვისას წარმოჩნდება. მისი „არტისტული ყვავილების“ (1919 წ.) ლექსები მკითხველს თითქოს აღვიძებს საგნებისა და მოვლენების განსხვავებული კუთხით დასანახავად, აქამდე დაუნახავის შესამჩნევად; სმენას უმახვილებს, რომ გაიგოს ათასი ხმა, რომლებითაც ავსებულია სამყარო, ყური დაუგდოს კოსმიურ მუსიკას, ისევე მიუახლოვდეს ღვთაებრივს, როგორც ოდესღაც სამოთხეში იყო, როცა უშუალოდ ჭვრეტდა ლოგოსს და შეიმეცნებდა სიყვარულს. გალაკტიონის პოეზია შინაგანად ზრდის და ათავისუფლებს ადამიანს; შეაგრძნობინებს, რომ ნამდვილი სამოთხე სიტყვაშია, მის მეტაფიზიკურ განზომილებაში. მისი სიტყვის მაგია და ენერგია მკითხველზე ზემოქმედებს, როგორც შელოცვა. პოეზიით მოგვრილი თავისუფლება არის ხსნა მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭვულობისაგან. გალაკტიონი შთააგონებს მკითხველს, რომ ლაღად შეხედოს ირგვლივ ყოველივეს, ხილულ საგანთა და მოვლენათა მიღმა დაინახოს უხილავი და ამ მზერით უფრო მშვენიერი გახადოს სიცოცხლე. სამყაროს ამგვარი უცნაური ხატოვანი აღქმისგან მოგვრილი შეგრძნებები საოცარ სიხარულს ჰგვრის ადამიანს. მკითხველს თვალსაწიერი უფართოვდება, თითქოს სამყაროს ჩაკეტილი კარი იხსნება და მკითხველი მისწვდება დაფარულს. უპირველესი საუნჯე კი ქართული ენაა, სიტყვები, რომლებიც ხშირად ფარავენ საიდუმლოს და გალაკტიონი ჯადოქარივით ათავისუფლებს სიტყვებში დაფარულ შინაარსებს და მხატვრულ სახეებად გარდაქმნის.

პოეტს ნანახის გამოთქმა შეუძლია, მკითხველს კი – არა. მართალია, ორივეს ხელთ უპყრია გამოთქმის მთავარი ინსტრუმენტი – სიტყვა, მაგრამ პოეტისთვის ის კარად იქცევა სხვა სამყაროებში გასასვლელად, მკითხველისთვის კი მხოლოდ ერთი ან მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა, რომელსაც ღვთაებრივთან კავშირის მხოლოდ ფერმკრთალი ანარეკლი დაჰყვება. გალაკტიონის ხელში კი სიტყვა კვლავ მიიქცევა ღმერთად, ლოგოსად, რომელიც საიდუმლოს შარავანდედით იმოსება, რომელიც სიტყვის უბრალო მნიშვნელობას მისტიკით ტვირთავს. მისი რითმა, როგორც ოსკარ უაილდი იტყოდა, რომელმაც „კაცის ნათქვამი ღმერთების სიტყვად შეიძლება აქციოს“), უცხო ელფერს მატებს ნაცნობ სიტყვებსა და მნიშვნელობებს ამგვარად, ის „ფორმითა და ფერით ხელახლა ქმნის ქვეყანას“ (ოსკარ უაილდი, „კრიტიკოსი, როგორც ხელოვანი“).

გალაკტიონი ხედავს, მაგრამ არა მსხვერპლის გარეშე. ეს მსხვერპლია სულიერი ობლობა, მარტოობა და სპლინი: „შენ იცი, შენ იცი – მე როგორ ვეწამე?“ („სიზმრები“); „ჯვარზე გაკრული ელვა – ეს ჩემი დაა ლურჯი“ („საღამო“). შარლ ბოდლერის ერთ პროზაულ ლექსში „მხატვრის აღსარება“ შესანიშნავად წარმოჩნდება ხელოვანის ტანჯვა მშვენიერების წვდომის გზაზე: „და აჰა, მზარავს ლაჟვარდთა სიღრმე, გულს მიღონებს ზეცის სიწმინდე, ზღვის უშფოთველობა, გარემოს უძრაობა, აღაშფოთებენ ჩემს სულს… ნუთუ მარად უნდა ვიტანჯო, ან იქნებ სამუდამოდ უნდა გავექცე მშვენებას? ჰოი ბუნებავ, უწყალო ჯადოქარო! იკმარე თრგუნვა ჩემი ნატვრის და სიამაყის! მშვენიერების წვდომა უთანასწორო დუელია, სადაც მხატვარი ბედითად მოსთქვამს, საბოლოო დამარცხებამდე“ (ზვიად გამსახურდიას თარგმანი).

„ღმერთი გამოითარგმანების ხედვად და წვად“ – ვკითხულობთ სიტყვის კიდევ ერთი მესაიდუმლის, სულხან-საბას „სიტყვის კონაში“. პოეტი იწვოდა, შემოქმედებითად იტანჯებოდა, რათა გამოთქმის სრულყოფილებისთვის მიეღწია. ამიტომ „იწვის და დნება შუაღამე“, ამიტომ „არ იციან მეგობრებმა, თუ რა ნაღველს იტევს გული“ („მე და ღამე“).

„არტისტულ ყვავილებს“ სათაურიდანვე შევყავართ უცხო მხარეში, საითკენაც ფრანგულ ენაზე მოყვანილი ეპიგრაფები მიგვიძღვებიან. ისინი, როგორც მაგიურად დაქარაგმებული მნიშვნელობები, როგორც უძველეს დროში ქურუმის მიერ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის წარმოთქმული „გაუგებარი სიტყვები“ უცნაურად ბანგავენ გონებას და ექსტაზისთვის განაწყობენ: Le charme inattendu d’un bijou rose et noir, – მოულოდნელი მომხიბლაობა სამკაულისა – ვარდისფერისა და შავის (შარლ ბოდლერი) – La demoiselle bleue aux bords frais de la source – ცისფერი ქალწული ნაკადულის გრილ ნაპირზე (თეოფილ გოტიე), La melancolie des soleils couchants – ჩამავალ მზეთა მელანქოლია (პოლ ვერლენი), „… et les roses trop hautes“ – … და ვარდები მეტად ტანმაღალი (ანრი რენიე). ეს ეპიგრაფები, უთარგმნელად წაკითხული, მუსიკალურ პრელუდიასავითაა, თარგმნილს კი მუსიკასთან ერთად ემატება ფერი, სურნელი და რაღაც შორეულთან მიახლების განცდა. ეს სახელები ქმნიან სიმბოლისტური ესთეტიკის კონტექსტს, რომელშიც მკითხველს უნდა გაეაზრებინა ლექსთა დაშიფრული სახეები. ამავე დროს, თან გაეცნობიერებინა „ევროპული და ეროვნული მთლიანი კულტურული სივრცე“ (თეიმურაზ დოიაშვილი, „არტისტული ყვავილების“ პროლოგი).

რატომ მაინცდამაინც ოთხი ეპიგრაფი?

წარმოსახვის თავისუფლება, ამ შემთხვევაშიც, გვიკარნახებს, რომ რაც გვინდა, ის ვიფიქროთ. გალაკტიონის პოეზია ხომ, უპირველესად, ამგვარ თავისუფლებას გვაჩვევს, ყოველგვარ კანონსა თუ კანონზომიერებაზე მაღლა მდგომს, მთავარია, რაიმე ტიპის ლოგიკური თუ ასოციაციური ჯაჭვი გაჩნდეს, რომელიც პოეტური აზროვნების სრულიად უცხო მდინარებაში ჩაგვრთავს.

ეს ოთხი სახელი, სიმბოლურად, როგორც სახარებათა ოთხი მახარებელი, ისე მიგვიძღვება გალაკტიონისეული პოეტური სამყაროს ლაბირინთებში. ქართულ სინამდვილეში, მართლაც, ეს კრებული იქცა ახალ პოეტურ აღთქმად, რომელმაც წარმოაჩინა „ახალი ღმერთი“ – გალაკტიონ ტაბიძე, „არტისტული ყვავილების“ გასააზრებლად მკითხველმა უნდა მიმართოს ამ „მახარებლებს“, მათს შემოქმედებას, რათა ჩასწვდეს სიმბოლისტური პოეტური ტექნიკით კოდირებულ სათქმელს. ბოდლერის „ბოროტების ყვავილები“, გოტიეს „კამეები და მინანქრები“, ვერლენის, როგორც გალაკტიონის „დაღუპული მამის“ მთელი შემოქმედება თუ ანრი რენიეს პოეზია ამ კრებულის შთამაგონებელი, მაცოცხლებელი იმპულსების წყაროა.

საით მივყავართ გალაკტიონს ამ ეპიგრაფთა მინიშნებებით? რა თქმა უნდა, პოეზიის მხარეში, მაგრამ როგორც მეზეგლიზის, იგივე, სვანის მხარეს პრუსტის ამავე სახელწოდების ცნობილ რომანში (გერმანტების მხარისგან განსხვავებით) აქვს სრულიად განსხვავებული პეიზაჟები, გარემო, ჰაერი, ხეები, ყვავილები, ხედები და, საერთოდ, თითქოს სხვა განზომილებაა, რომელშიც საგნები, მოვლენები, ურთიერთობები ახალი შინაარსებით იტვირთებიან, სადაც ადამიანი სხვანაირად იწყებს დანახვას: „კუნელი ისეთივე მირონისებურ, ფორმით განსაზღვრულ სურნელებას აფრქვევდა, რომ თავი ღვთისმშობლის საკურთხევლის წინ მეგონა“ (პრუსტი, „სვანის მხარეს“). ასეთივეა გალაკტიონის ამ კრებულით შექმნილი მხარეც, საითკენაც წასვლა გულისხმობს პოეტურ სახეთა აღმოჩენების სიხარულს, უცხო განცდებთან ზიარებას. ეს ლექსები ასჯერ რომ წაიკითხო, არამცთუ ვერ ჩასწვდები, არამედ ვერც მიუახლოვდები საიდუმლოს, თუმცა ეს დაუსრულებელი სწრაფვა საიდუმლოსკენ არის კიდევაც მათი მოუწყინებელი კითხვის აზრი.

გალაკტიონიც თავის „უცხო სამოთხეებს“ ლექსებით ქმნიდა, ამგვარად თვრებოდა და მკითხველსაც ათრობდა იმისთვის, რომ დაეჯერებინა, თავის ქალა (სიკვდილი) არტისტული ყვავილებით (ხელოვნებით) დაჩრდილული და გამშვენიერებული, სიცოცხლეს, ყოფიერების ამაოებას სრულიად ახალ აზრსა და მნიშვნელობას შესძენდა. შარლ ბოდლერი ცნობილ ლექსში „ჰიმნი მშვენიერებას“ ცდილობს, ჩასწვდეს ამ იდუმალი ფენომენის არსს. იგი მშვენიერებას აქებს, ადიდებს და თან ცდილობს მისი წარმომავლობის გაცნობიერებას:

„ნეტავ საიდან იბადები, მშვენიერებავ?

ლურჯი ზეცა გაქვს სადავედ თუ შავი ქვესკნელი?

შენი მზერიდან თითქოს გულში ღვინო გვეღვრება,

ღვინო, სიკეთის და სიავის ერთად მთესველი“.

მისი ცნობისმოყვარეობა მჭევრმეტყველების ჩანჩქერში უპასუხოდ, ამაოდ ინთქმება,  ამიტომ დაასკვნის:

„ან რა აზრი აქვს – ცით მოდიხარ თუ ჯოჯოხეთით,

მშვენიერებავ, საზარელო, ჩვილო, ურჩხულო!

თუკი მაგ ტანის, მაგ ღიმილის, მაგ ტერფთა ხედვით –

ვხედავ უსაზღვროს, რას ვერ ვხსნი და რითაც ვსულდგმულობ“. (დავით აკრიანის თარგმანი).

სწორედ უსაზღვროს ჭვრეტის შედეგად შექმნილი ხატების სიტყვიერ ქსოვილში მოქცევის მცდელობებია ეს ლექსები. თვალის „უეცარი გახელით“, ამ ერთგვარი ნათელხილვით მონაქროლი სახეებით ჩვენამდე მოაქვს გალაკტიონს ის, რაც „უცხო მხარეში“ იხილა და განიცადა.

პავლე მოციქული წერს: „ვიცი ერთი კაცი ქრისტეში, რომელიც ამ თოთხმეტი წლის წინათ (არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის) ატაცებულ იქნა მესამე ცამდე; და ვიცი ამ კაცისა (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის), რომ ატაცებულ იქნა სამოთხეში, სადაც ისმინა ენით უთქმელი სიტყვები, რომელთა წარმოთქმის ნებაც არა აქვს კაცს“ (II კორ. 12. 3-4). თითქოს გალაკტიონიც „ის ერთი კაცია“, გამორჩეული და განაპირებული, რომელიც (მხოლოდ არ ვიცი, სხეულით თუ უსხეულოდ; ღმერთმა იცის), ამგვარად იქნა ატაცებულ სამოთხეში, სადაც ისმინა ენით უთქმელი სიტყვები და მერე მკითხველებსაც გაუზიარა არა პირდაპირ, არამედ შეფარულად, მხატვრულ სახეებში დაქარაგმებულად.

„ჩემი თვალები გააზამბახებს“ – წერს გალაკტიონი და მკითხველი ხვდება პოეტის თვალთა ჯადოსა და მაგიის ძალას, რომელიც მის გამორჩეულ კრებულში „არტისტული ყვავილები“ განსაკუთრებული სიმძაფრით წარმოჩნდება. პოეტის უჩვეულო მზერაში გარდატყდება ხილული და უხილავი სამყაროები და შემდეგ ლექსის სტრიქონებში უცნაურ ხატებად ლაგდება. მისი განსხვავებული მზერა თავიდანვე შესაგრძნობი იყო, როდესაც 1914 წელს პირველი კრებული გამოსცა. ტიციან ტაბიძემ შეამჩნია და გამოარჩია მისი ორიგინალური სტილი და ესთეტიკა: „მას აქვს რაღაც ჯადო, რომლითაც სულ უბრალო ფერადები წარმტაცად ბრწყინავენ, უბრალო სიტყვები რიტმულად ჟღერენ, თითქოს „ფერხულს უვლიან ნიავის ველურ სიხალისეში“. ყრუდ დაბადებული იქნება, ვინც იმაში მუსიკას ვერ მოისმენს“ (ტიციან ტაბიძე. „მარტოობის ორდენის კავალერი“). გალაკტიონი თითქოს აღარ ენდობოდა მატერიალურ სამყაროს და მის მიღმა გახედვას ცდილობდა. „დიდი პოეტი ყოველთვის მჭვრეტელია და სულის თვალებით უფრო ხედავს, ვიდრე სხეულის თვალებით“ (უაილდი, „კრიტიკოსი, როგორც ხელოვანი“). თავისი უპირველესი მასწავლებლის, შარლ ბოდლერის კვალდაკვალ, „ბოროტების ყვავილების“ ესთეტიკურ-ფილოსოფიური მრწამსის შესაბამისად, იმ უჩვეულო „კავშირებს“ დაეძებდა, რომლებიც პოეტური სამყაროს მთლიანობას განაპირობებდა:

„ბუნება – დიდი ტაძრის დარი – ბუნდოვან სიტყვებს

ამბობს დროდადრო სულჩადგმული თვისი სვეტებით,

მისთა სიმბოლოთ ტევრში კაცნი მივეხეტებით,

რომლებიც მგზავრებს მეგობრული თვალებით გვიჭვრეტს“. („კავშირები“, დავით აკრიანის თარგმანი).

გალაკტიონი ამ სიმბოლოთა ბაღში „მოხეტიალე“ მარადიულ მგზავრად იქცა, რომელიც ცდილობდა მათ გამოცნობა-გამოთარგმანებას და გამოთქმას. ის ბოდლერივით ხედავდა, როგორ „ერწყმოდა ერთურთს ბგერა, სურნელი, ფერი“. ასე იქცა იმ საიდუმლო განდობილთა დასის წევრად, რომელიც სიმბოლოს უხილავი, მიღმა განზომილებების გასაღებად მიიჩნევდა. პოეზიამ მას თითქოს  თვალი აუხილა. ერთ ლექსში წერს:

„ბევრს ეშინოდეს

ჩემი სასტიკი, ულმობელი გამოღვიძების,

ვით გათენებას,

მე ვხედავ სიზმრებს არა თქვენებურს“. („მე მძინარე ვარ“).

ამ გამოღვიძებად იქცევა მისი პოეზია, რომელიც მას ეხმარება, თანაბარი ინტენსივობით შეიგრძნოს და დაინახოს თავისი შინაგანი სამყარო თუ კოსმოსი. „ხედავს იმას, რასაც მოკვდავის თვალი ჯერ ვერ ხედავს“ (დავით წერედიანი, „ედგარი მესამედ“,). გოტიესავით ხედავს „გრილ ოაზისს, სადაც ხელოვნება სუნთქავს“ (თეიმურაზ დოიაშვილი, „არტისტული ყვავილების“ პროლოგი).

ფრესკის ავტორებისთვის, რომლებიც ღვთისთვის წამებულთა ხატებს ქმნიან, უმნიშვნელოვანესია თვალებისა და ხელების გამოხატვა, რომელთა საშუალებითაც მჟღავნდება სულიერება და თავგანწირულობა. გალაკტიონის პოეზიაშიც განსაკუთრებული ღირებულება ენიჭება თვალებსა და ხელებს. უმთავრესი სწორედ ეს მზერაა, რომელიც ხილულ, მატერიალურ სამყაროს გარდაქმნის.

„ყოველთვის მგონია: გადიფრენს ყორანი

და სანთლებს ჩააქრობს თვალების ალვაში,

თვალები, ეს ლოცვით დამწვარი ქალ-ვაჟი,

წვალებით მოკვდება (ოხვრა, პასტორალი)“ (“ყორანი“). ეს ედგარ პოს მარადიულად ქცეული ყორანია, რომელიც პოეზიის საუფლოს შავ მაცნედ იქცა, საბედისწერო მოციქულად, სააქაოსა თუ საიქიოს რწმენის თანაბარ უარმყოფელად. ამიტომაც აქრობს იგი სანთლებს თვალებში „ლოცვით დამწვარ ქალ-ვაჟში“. ამ საოცარ მეტაფორაში პოეტმა სიყვარულისა და სიკვდილის მტანჯველი ისტორია დააქარაგმა. ყორანი ყოველთვის გადაიფრენს იქ, სადაც სიყვარულისა და წარუვალის წყურვილია. ამავე ლექსში ჩნდება ხელების ხატებაც:

„ყოველთვის მგონია: ჩემს სახელს ნაცნობი

აჩრდილი თან დასდევს სისხლიან ხელებით“. ეს ისევ ყორნის წყვდიადისფერი აჩრდილია. თვალებისა და ხელების დეტალებით გამოიკვეთება სიყვარულის ვერპოვნის ტკივილი ლექსში „გული“, რომელშიც ვკითხულობთ:

„ფარულ ჯადოთი გზას რკალავენ, როგორც ეკვდერი

დალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.

მათი ხელებით დასრესილი ოცნებას სცვივა

გაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი…

დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი…“.

ამ საოცარ მეტაფორულ ხატს, რომელსაც დასრესილი ოცნება ქმნის, რომელსაც სცვივა „გაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი“ უცნაური შეგრძნებები ახლავს. „მკრთალი ვარდები დასცვივა ხელებს“ („ალვები თოვლში“), ფერწერა და მუსიკა კვლავ ქმნიან წარმოსახვის იმგვარ გზაჯვარედინს, რომელიც მკითხველს ისევ და ისევ გაურკვევლობის არჩევნის წინაშე აყენებს: რომელი ინტერპრეტაცია, ახსნა-განმარტება მიუსადაგოს? ესე იგი, გაჰყვეს ლექსის ახსნისა და გაგების რომელიმე გზას, თუ დარჩეს ამ სასიამოვნო, თითქმის სანეტარო გაურკვევლობის ბურუსში. პოეტი 20-იან წლებში დღიურში ჩაწერს: „ახირებული სულიერი განწყობილება. თითქო ყოველმხრივ იღრღნება იგი. თითქო ვიღაცა ბურღავს ტვინს საფეთქელიდან. თითქო ისრებით ილეწება მისი ფერდები. და ვფიქრობ: შესაძლებელი რომ იყოს გულის საგულედან ამოღება, გაწმენდა, გასუფთავება, გაკრიალება, მოშორება რაღაც ობობას მსგავს ქსელების, მოშორება უცნაური ტკივილების, რომლებიც წლობით ედებოდენ მას. ეხლა არ არის საშუალება – განვათავისუფლო იგი და ასე გაკრიალებული ისევ ჩავსვა თავისსავე ძველს ადგილას და აძგერდებოდა იგი მაშინ ძველებურად, ახალგაზრდულად, წმინდად და სპეტაკად“ (https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=8&t=48469).

ხელების ასეთი სიმძაფრით მეორე მხატვრად ოთარ ჭილაძე გვეგულება რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“. მედეას ხელები პოემასავით იშლება და მათში მომავალი ტრაგედია იკითხება. ამიტომაცაა, რომ იაზონი ვერ სწყვეტს ამ ხელებს თვალს და მისტიკური განცდებით იზაფრება: „მედეას ხელები, არაბუნებრივად მშვიდი და სრულყოფილი, ერთდროულად მშვენიერიცა და საშიშიც. გაახსენდა, როგორ გაუწყვიტა სიტყვა აიეტის დარბაზში ამ ხელების ხილვამ… უცნაურად შეძრა და ააფორიაქა ამ ხელების ხილვამ, სიტყვა გაუწყდა და ფეხი ისე აუკანკალდა, თითქოს დასაკლავ პირუტყვზე ედგა“.

გალაკტიონმა „გულის გაწმენდის“ ალქიმიას მიაგნო და ეს იყო მისი პოეზია. მისი მზერისა თუ საგანთა აღქმის „მასწავლებლებად“ მას ცნობილი მხატვრები, მუსიკოსები, ხელოვანნი ეგულებოდნენ, ამიტომაც:

„და ვან-დეიკის ლანდებივით მწვანდება ღამე…“

„აჰყვე ოცნებით მარმარილოს თლილ საფეხურებს,

სადაც ყოველ მხრით პრაქსიტელის თვალი გიყურებს“(„მარმარილო“).

ის ხომ მოწმე იყო ღვთის უშურველი შემოქმედებისა. ფსალმუნში რომ წერს დავითი: „როცა შევხედავ შენს ცას – შენი თითების ნამოქმედარს, მთვარესა და ვარსკვლავებს, რომლებიც დააფუძნე: რა არის კაცი, რომ იხსენიებ? ან ძე ადამიანისა, რომ ყურადღებას აქცევ? ბევრად არ დაგიმცირებია იგი ანგელოზებზე; დიდება და ღირსება დაადგი გვირგვინად. გააბატონე იგი შენი ხელის ნამოქმედარზე“. (ფსალმუნი 8, 3-6).

გალაკტიონი ხედავს არა მხოლოდ თვალებით, არამედ მთელი არსებით, ამიტომაც შეუძლია შეიგრძნოს დახუჭული თვალების სიღრმე და ელვარება:

„შეღამდა. მე წაველ იქ, სადაც სიზმრები

წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით“ („სიზმრები“).

სტენლი კუბრიკის ფილმის ოქსიმორონი სათაური გვახსენდება „ფართოდ დახუჭული თვალები“, რომელშიც რეჟისორი ცდილობს, ადამიანები გაიყვანოს ეგოისტური ჩარჩოების ვიწრო სივრციდან სწორედაც მისტიკურისა და იდუმალის შემოტანით რეალობაში, მატერიალური სინათლისთვის თვალის დახუჭვამ არამატერიალური, ირაციონალური კარები უნდა გახსნას:

„ის ხედავს: „ლანდი ქუჩაზე აჩქარებით თავს უკრავს სხვა ლანდს.

ეს ცოცხლებია? არა! გზებზე მიდიან მკვდრები

და სიბნელიდან უბინაო მათი ცხედრები

სამარისებურ უდაბნოში სტოვებენ ქალაქს“. („მიცვალებულის ხსოვნა“).

როგორც დავით წერედიანი აღნიშნავს, გალაკტიონი „საკუთარი ფანტაზმებით შთაგონებული პოეტია, ვიდრე გარემომცველი სინამდვილით. რეალური, უმეტეს შემთხვევაში, შეგრძნებათა გამაა, უფრო იშვიათად – ანტურაჟი. ოდნავი გადაჭარბებით იმის თქმაც კი შეიძლება, რომ აზრიცა და შეგრძნებაც მხოლოდ იმპულსი და საბაბია, მიზანი კი არსებითად სულის წამიერი შეთრთოლებაა, მუსიკალური აკორდი“.

ჩვენი გონებაც ასევე ვერ ხვდება, „რა უნდა იღონოს“, როცა „ეს შეგრძნებათა გამები“ მსუბუქ ნიავის მათრობელა ტალღებივით გველამუნებიან, როცა, როგორც, მაგალითად, პრუსტს კუნელი, ჩვენც გალაკტიონის ზამბახი ამგვარადვე გვბინდავს და შეგრძნების გამოთქმის ყოველგვარ მცდელობას გააცამტვერებს:

„იქ, სადაც არაგვს უერთდება მდინარე მტკვარი

სადაც ცვარი სვამს ზამბახების სავსე ფიალას“. („წმ. გიორგი“).

ამ სტრიქონებზე ზურაბ კიკნაძე წერს: „ეს ხილვაა თავად პოეტის, რომელსაც სურს, ამგვარად ჭვრეტდეს სამყაროს და, შესაძლოა საკუთარ თავს ამ სამყაროში. ზამბახი მის მიერვე შექმნილ სინამდვილეში მისი მყოფობის ნიშანია… შეაქვს მასში სიმბოლურ-ირაციონალური მომენტი“. („წმინდა გიორგი და ძველი წისქვილი“).

გალაკტიონის ამ ლექსებს გაჰყავს მკითხველი ჩარჩოებიდან, ეგოისტური „მეს“ შემოსაზღვრული სივრციდან, ღია, კანონების გარეშე, წარმოსახვის თავისუფალ სამყაროში ბედნიერების განსაცდელად. მთელი სამყაროს გულში ჩასახუტებლად იმის განცდით, რომ თვითონაც სამყაროს ნაწილი ხარ, ამიტომაც მასთან ერთად ჩართული სიკვდილ-სიცოცხლის ერთიან წრებრუნვაში, სიტყვაში, შინ, ღმერთთან დასაბრუნებლად. ამიტომაც უწოდა თავს მეფე, თუმცა მეგობრებს გაუჭირდათ ამის აღიარება. ახალგაზრდათა ერთმა ჯგუფმა კი 1921 წლის 25 იანვარს „პოეზიის მეფის“ ტიტული მიანიჭა თანამედროვე ქართულ პოეზიაზე უდიდესი გავლენის აღსანიშნავად. აქაც არ დაეთანხმა ავტორიტეტული სამწერლობო ელიტა. ეს, რა თქმა უნდა, გულს წყვეტდა. ცოტა ადრე დღიურში ქიმერასთან დიალოგი ჩაუწერია:

„მეფე პოეტების

გალაკტიონ ტაბიძე: ქიმერა, რასა მალავ?

ქიმერა: არაფერს, ხელმწიფეო.

გალაკტიონი: რასა მალავ-მეთქი!

ქიმერა: (შიშით ამოიღებს უამრავ გაზეთებს და პოეტს გადასცემს) თქვენი მტრები… ძალიან ბევრი მტერი გყავთ.

გალაკტიონი: (ისვრის ფანჯარაში გაზეთებს) ქიმერა, ერთხელ და უკანასკნელად გეუბნები: მე გაზეთებს რომ ავყოლოდი, დღემდე ათასჯერ უნდა მომეკლა თავი.

ქიმერა: ნუ ბრძანებთ, ხელმწიფეო, ღმერთმა დაგიფაროთ.

გალაკტიონი: ქიმერა, შენ კიდევ რაღაცას მალავ…

ქიმერა: (შიშით ამოიღებს კიდევ უამრავ გაზეთს) ნუ მიწყენთ, ხელმწიფეო, ეს გაზეთებია 1908 წლიდან. დიდძალი წერილებია თქვენზე. თქვენ იმ წერილებში მეფეს კი არა, ღმერთს გიწოდებენ. თქვენ ძალიან უყვარდით.

გალაკტიონი: [მართალი ხარ] ქიმერა, ეს სიყვარული უბრალოდ არ დამიმსახურებია. ვინ დასწერა „მე და ღამე”? ვინ დასწერა „მერი“, [„მესაფლავე“, „ლურჯა ცხენები“] „ატმის ყვავილები“ … ვისია „ლურჯა ცხენები“ (https://galaktion.ge/?page=Diaries&year=1920&p=1&id=6487)

„სულის ის განწმენდა და შთაგონება, რომელსაც არისტოტელე კათარზისს უწოდებს, გოეთეს აზრით, თავისი არსით, ესთეტიკურია და არა ზნეობრივი… ხანდახან მეჩვენება, რომ სიტყვა კათარზისი განსაზღვრულად მიგვანიშნებს საიდუმლოსთან ზიარების რიტუალზე. ხშირად იმასაც წარმოვიდგენ, რომ სწორედ ესაა ამ სიტყვის ერთადერთი და ნამდვილი მნიშვნელობა“, – წერს ოსკარ უაილდი („კრიტიკოსი, როგორც ხელოვანი“).

ყოველ ჯერზე გალაკტიონის ამ ლექსთა კითხვისას მკითხველი თითქოს შედის ტაძარში, რომელიც ისევე აღიმართება ყოფიერების უდაბნოში, როგორც ბარათაშვილისთვის, რათა კათარზისის გზით თვალახელილმა მონაწილეობა მიიღოს მშვენიერებასთან ზიარების საიდუმლო რიტუალში.

 ფოტო- წყარო: https://www.radiotavisupleba.ge/a/30407178.html

 

რამდენიმე ფრაგმენტი დედის პორტრეტების გალერეიდან

0

ბავშვებს უყვართ ნამდვილი ამბების მოსმენა მხატვრების ცხოვრებიდან. როგორც კი ხელოვნების გაკვეთილზე რაიმე ბიოგრაფიულ პასაჟს ვეხებით, იმ წამს უმახვილდებათ ყურადღება. და თუ საუბარი მათთვის ნაცნობ ხელოვანს ან ხელოვნების ნაწარმოებს ეხება, უფრო აქტიურად ერთვებიან დისკუსიაში, ერთმანეთს უზიარებენ ფაქტებს წაკითხული წიგნებიდან თუ სტატიებიდან და საკუთარ შეფასებებს აკეთებენ.

რამდენიმე დღის წინ, ხელოვნების გაკვეთილზე მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად, დედის დღის მოახლოებასთან დაკავშირებით განვიხილეთ – „დედის პორტრეტები ცნობილ მხატვრებთან“. სანამ ბავშვები დედებისთვის საკუთარ ისტორიებს ნახატებად აქცევდნენ, ჯერ ნაცნობი მხატვრების მიერ შესრულებული ნამუშევრები გავიხსენეთ, მერე კი ახლებსაც გავეცანით. ერთად შევუდექით ცნობილი მხატვრების მიერ შექმნილი დედის პორტრეტების თვალიერებას, დაკვირვებას, მათში ასახული უფაქიზესი მომენტების აღმოჩენას.

ჭკვიანი, განათლებული და მზრუნველი დედები ხელოვანებს ხშირად გვერდში ედგნენ, ამხნევებდნენ. ფერწერაში, გრაფიკაში, ქანდაკებასა თუ სხვა მედიაში ასახული ეს სახეები, ჩვენი ფიქრისა და შთაგონების წყაროც გახდა. გამიხარდა, რომ ახსოვდათ დავით კაკაბაძის „იმერეთი, დედაჩემი“ (თუმცა, სევდიანად აღნიშნეს, პანდემიის გამო რომ გადაგვედო მუზეუმში ვიზიტი), რენესანსის მადონები, ჯეიმს უისტლერის „მხატვრის დედა“, ალბრეხტ დიურერის დედის გრაფიკული ნახატიც და ა.შ.

***

რემბრანდტი, „მხატვრის დედა“ (1629) (სურ. 1)

ჰოლანდიელმა მხატვარმა, რემბრანდტ ვან რეინმა დედის ეს პორტრეტი სულ ახალგაზრდამ დახატა, ლეიდენში ყოფნის ბოლო პერიოდში, 1629 წელს. აქაც უკვე ავლენს ასაკის ფიზიკური მახასიათებლების, დანაოჭებული თვალების, მოშვებული კანის ხატვისას დიდ ოსტატობას. მოხუც დედას ეგზოტიკური მოსასხამი მოსავს, კაბაზე მოდებული აქვს ბეწვი, კაბას თეთრი ნაქარგებით შემკული საყელო აგვირგვინებს. ნახატის ტონალობა მუქია, მაგრამ მას ფერმკრთალი სახე, თეთრი საყელო და მოსასხამის ყვითელი ნაქარგობა უპირისპირდება. შუქი, რომელიც მოხუცის სახეს კომპოზიციის მარჯვენა მხრიდან ეცემა, მაყურებლის ყურადღებას სწორედ მისკენ მიმართავს და დრამატიზმით ავსებს სურათს.

ვინსენტ ვან გოგი, მხატვრის დედის პორტრეტი (1888) (სურ. 2)

ვინსენტ ვან გოგს ხომ დედამ, ანა კორნელია კარბენტეს ვან გოგმა, გააცნო და შეაყვარა ხელოვნება, რომელიც თავადაც კარგი მხატვარი იყო და ექვსი შვილი სახლში შემოქმედებით გარემოში გაზარდა.

ეს პორტრეტი 1888 წელს შავ-თეთრი ფოტოდან დაუხატავს მხატვარს და დედის სახე ფერის ცოცხალი გრძნობით განუმსჭვალავს. ანნას კეთილგანწყობილი, მზრუნველი და ფხიზელი სახე გვნუსხავს. ის ვინსენტს წერილებს ხშირად სწერდა, ცხადია ღელავდა მასზე.

ვინსენტ ვან გოგი, ეტენის ბაღის მოგონებები 1888 (სურ. 3)

ანნას ძალიან უყვარდა მცენარეები, სახლში პატარა ბაღიც ჰქონიათ და შვილებიც პატარაობიდანვე ეხმარებოდნენ მის მოვლაში. ბუნებისადმი მისი დიდი სიყვარული ვინსენტს ადრეული ასაკიდან გადაეცა. 1888 წელს შესრულებულ ტილოში „მოგონებები ეტენის ბაღიდან“, ვან გოგი დედისა და ორი დის პორტრეტს ამ იდილიურ ადგილას ხატავს.

 „კომპოზიცია ნაცრისფერსა და შავში #1“ – „მხატვრის დედა“, ჯეიმს უისტლერი, 1871 (სურ. 4)

ჯეიმს უისტლერის დედის, ანნა მკნეილის პორტრეტს ვიქტორიანულ „მონა ლიზად“ მოიხსენიებენ. პორტრეტი ლონდონში შეიქმნა. ამბობენ, რომ ანნამ სხვა მოდელი შეცვალა, რომელიც აღარ მისულა სახელოსნოში დანიშნულ დროს. თავიდან უისტლერს ფეხზე მდგომი სურდა დაეხატა ნატურა, მაგრამ ასაკოვანი დედა დიდხანს ვერ შეძლებდა ფეხზე დგომას და ამიტომ მხატვარმა კომპოზიცია შეცვალა. იგი პროფილში, მჯომარე პოზაში დახატა. საინტერესოა, რომ უისტლერის თავდაპირველი ჩანაფიქრი ფერისა და კომპოზიციის შესწავლას ისახავდა მიზნად. ამჟამად ნახატი ორსეს მუზეუმში ინახება და დედის სახის ბრწყინვალე ხატია.

პაბლო პიკასო, მხატვრის დედის პორტრეტი (1896) (სურ.5 )

პატარა ბიჭი იყო პიკასო, როცა დედის ეს პორტრეტი დახატა. მარია პიკასოს პასტელში შესრულებული ფაქიზი და პოეტური სახე, მხატვრის შემოქმედების ადრეული წლებიდან ერთ-ერთი საუკეთესოა. გვიანი პერიოდის პიკასოს კუბისტური ნამუშევრებისგან განსხვავებით, ეს საპირისპირო, რეალისტური, ტრადიციული ნახატია.

პროფილში მჯდომარე ფიგურა, თავისუფლად შეკრული თმა, თეთრი ბლუზი, მარგალიტის საყურე, დახრილი მზერა, ჩუმი გამომეტყველება – უნაზეს შტრიხებს სძენს მის პორტრეტს.

როცა 1881 წელს პირველი შვილი, პაბლო დაიბადა, მარია 26 წლის იყო. შემდეგ, ლოლა და კონჩიტა გაჩდნენ. დედის გადმოცემით, პაბლოს პირველი სიტყვები “piz, piz”- ყოფილა, ესპანურად lapiz ფანქარს ნიშნავს და “piz, piz”კი მისი შემოკლებული ვერსიაა.

მოგვიანებით პიკასო განაცხადებს – 12 წლისა უკვე რაფაელივით ვხატავდიო. ასეც იყო. ის 14 წლისა ბარსელონას ხელოვნების აკადემიაში მიიღეს. ახალგაზრდა პიკასო ხატავდა მამას, დეიდას, დას ლოლას, ბებიას და დედას. პასტელში შესრულებული ეს პორტრეტი 1896 წლით თარიღდება, როცა პაბლო 15-ის, დედა კი 41 წლის იყო. ნახატის კვლევისას, რამდენიმე წლის წინ, აღმოაჩინეს, რომ პორტრეტის უკანა მხარეს პიკასოს ჩიბუხიანი კაცი დაუხატავს.

ჯორჯო დე კირიკო, დედის პორტრეტი, 1911 (სურ 6)

იტალიელი მხატვარი ჯორჯო დე კირიკო თურმე მოგზაურობების დროს ძვირფას დედას ხშირად შეუვლიდა და მის პორტრეტებს ხატავდა. მხატვრის დედა, ჯემა ჩერვეტო, გენუელი ბარონესა გახლდათ, რომელიც წარჩინებულ სიცილიელს გაჰყვა ცოლად. ამ ნახატში, კირიკო დედას სადღაც სიშორეში მიმართული მზერით ხატავს, ცარიელი ცა და რამდენიმე დეტალია მონიშნული ფონზე.

მიგრანტი დედა, დოროთეა ლანგი, 1936

ეს ფოტო, „მიგრანტი დედა“, რომელზეც 32 წლის ფლორენს ტომპსონია აღბეჭდილი, შვილებთან ერთად,  შეუპოვარი მზერით, ლანგის საკულტო სურათია. ხელოვნებაში ეს ფოტო დედის სახეების ერთ-ერთი ძლიერი სიმბოლო გახდა და ამავე დროს, ამერიკის ისტორიაში „დიდი დეპრესიის“ წლებში, ამერიკელი ხალხის ბრძოლისა და სიმტკიცის გამომხატველია. როცა ხელოვანმა ეს ფოტო გადაიღო, გაყინულ ფერმაში აღარ იყო სამუშაო უსახლკარო მკრეფავებისთვის. ფლორენს ტომპსონს შვილებისთვის საკვების მოსაპოვებლად, რაც ებადა უკანასკნელის, მანქანის საბურავების გაყიდვა მოუხდა.

ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ხელისუფლება გამოფხიზლდა და ლტოლვილთა ბანაკს დახმარება გაუგზავნა. ესეც თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა ძალა აქვს ხელოვნებას, რომ ხელოვნებას შეუძლია სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს.

***

ამ ნამუშევრების მიმოხილვის შემდეგ ბავშვებმა დახატეს დედის პორტრეტები, ის, რაც დედას ყველაზე მეტად უყვარს და ახარებს, კონკრეტული სიტუაციები – დედასთან ერთად სეირნობა, დედის სამუშაო თუ სახლის გარემო, ულამაზესი თაიგულები, ყვავილებითა და მზით ავსებული მდელოები, გულებით აციმციმებული კომპოზიციები. ნახატებში სიტყვებიც გამოჩდნენ, თბილი, სიყვარულით სავსე გულწრფელი სტრიქონები. ბოლოს ნამუშევრების ამ მშვენიერ ციკლს სახელი ერთხმად შეურჩიეს – „დედა, მიყვარხარ!“

ბავშვების ნახატები (სურ. 8,9)

 

გამრავლების ტაბულის სახალისოდ დასწავლისთვის

0

„- კი მაგრამ სკოლაში ხომ უნდა იარო, გოგონა? – ეკითხება პეპის ბავშვთა სახლში წასაყვანად მისული პოლიციელი.

  • მაინც რატომ უნდა ვიარო სკოლაში?
  • იმიტომ რომ ათასი რამე ისწავლო. აი, მაგალითად გამრავლების ტაბულა, – პეპის დაყოლიებას ცდილობს პოლიციელი.
  • ეს ცხრა წელიწადი მშვენივრად გავატარე, ისე, რომ გავალების ტაბულა არ დამჭირვებია. ჰოდა მომავალშიც იოლად გავალ – აცხადებს პეპი“.

ასტრიდ ლინდგრენი, „პეპი გრძელიწინდა“

პეპი ბავშვების უსაყვარლესი პერსონაჟია, თუმცა მისგან განსხვავებით ცხრა წლის ყველა ბავშვმა იცის, რომ სკოლაში უნდა იაროს და განათლება აუცილებლად მიიღოს.

წესისამებრ ცხრა წლის ბავშვი მესამე კლასშია და გამრავლების ტაბულის სწავლას იწყებს. მაგრამ მას რიგი სირთულეები ახლავს თან. არადა, თითქოს ყველაფერი კარგადაა, რადგან შეკრება-გამოკლება შესანიშნავად იცის, თუმცა გამრავლების ტაბულის დასწავლა მაინც დაუძლეველ პრობლემად ეჩვენება.

საინტერესოა, რაში მდგომარეობს მათთვის მთავარი სიძნელე? ამაზე თავად საუბრობენ. აღმოჩნდა რომ მოსწავლეებს ხშირად ერთმანეთში ერევათ ისეთი ციფრების ნამრავლი, როგორიცაა 3X9=27 და 4X7=28 , 6X8=48 და 7X7=49 , 6X9=54 და 7X8=56, რაც, ვფიქრობ, გამოწვეულია ნამრავლის სიახლოვით 27-28, 54-56, 48-49 და ა.შ. ასევე უჭირთ 5-ზე მაღალი რიცხვების ერთმანეთზე გამრავლება, რადგან შესაკრებთა სიმრავლის გამო ვერ ახერხებენ გონებაში ზუსტი ჯამის დადგენას. გარდა ამისა, ამ ოპერაციებზე დიდი დრო ეხარჯებათ, რაც გარკვეულწილად მოსწავლეთა მოტივაციაზე უკუპროპორციულად აისახება, რაც, დამიჯერეთ, არცერთ მასწავლებელს არ სურს. ამიტომ ის ცდილობს, სასწავლო პროცესი მეტად პოზიტიური, მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით დატვირთოს, რათა ხელი შეუწყოს საკითხისადმი დაინტერესებას.

დასაწყისისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა, მოსწავლე ჩაწვდეს გამრავლება-გაყოფის არსს და გაიაზროს, რომ იგი რიცხვთა მრავალჯერადი შეკრება-გამოკლების შედეგია, მერე კი აუცილებელია პროცესი გახდეს ავტომატიზებული და ჩვევაში გადაიზარდოს.

მათემატიკის მესამე კლასის სტანდარტში თუ ჩავიხედავთ, დავინახავთ, რომ რიცხვთა ამ მოქმედებებზე მისაღწევი შედეგები შემდეგნაირადაა ფორმულირებული:

„მათ. III.3. მოსწავლეს შეუძლია გამრავლება-გაყოფის მოქმედებების შესრულება, მათი შეკრება-გამოკლების მოქმედებებთან და ერთმანეთთან დაკავშირება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

          ახდენს გამრავლების მოქმედების მრავალჯერადი შეკრებით, ხოლო გაყოფის მოქმედების – გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად დაყოფით – დემონსტრირებას;

          ზეპირად ასრულებს გამრავლება-გაყოფას მარტივ შემთხვევებში;

          მოცემული ნამრავლითა და თანამამრავლით განსაზღვრავს მეორე თანამამრავლს; განმარტავს გამოყენებულ ხერხს“.

რიცხვთა გამრავლების საწყისი ელემენტები I-II კლასებში გვხვდება გროვებისა და რიცხვითი ღერძის სახით, თუმცა ტერმინი „გამრავლება-გაყოფა“ მხოლოდ მესამე კლასში შემოდის.

დასაწყისისთვის, საილუსტრაციოდ, რა თქმა უნდა, მოსწავლეს ვთავაზობთ რიცხვთა მრავალჯერად შეკრებასა და გამოკლებას თვლად ნივთებსა და გროვებზე.

მართალია, გამრავლებას აქვს გადანაცვლებადობის თვისება. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგჯერ შეხვდებით გამრავლების ტაბულის არასწორ ჩანაწერს. ამიტომ მის ახსნას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. მოსწავლეთათვის ხშირ განმარტებას საჭიროებს, რომ აქ წარმოდგენილი გროვა 4-ჯერ 5-ია (4 ცალი ხუთიანი, 4 ხუთეული) და არა პირიქით 5-ჯერ 4, როგორც ეს ქვემოთ მოცემულ ტაბულაზეა ნაჩვენები. ამიტომ მნიშვნელოვანია, მოსწავლეებთან ამ საკითხს თავიდანვე გაესვას ხაზი და ისინი სწორად ფორმულირებას მივაჩვიოთ.

ამ დეტალზე არგუმენტირებულ განმარტებას ნახავთ „კარგი სკოლის“ მათემატიკის სასწავლო-მეთოდოლოგიურ რესურსთა წიგნშიც:

მრავალჯერად შეკრებას და გააზრებას ასევე მნიშვნელოვნად აადვილებს რიცხვით ღერძზე ორიენტირება, რაც მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოს ხდის გამრავლების პროცესს. აქტივობა რომ სახალისო გახდეს, მასწავლებელს შეუძლია თავად მოიგონოს პერსონაჟი (მაგ. ხტუნია, ყურცქვიტა, კალია, კენგა, ცელქი ობობა და ა.შ), რომელიც თანაბარ ნახტომებს აკეთებს და ღერძზე ისე გადაადგილდება; ასევე მან ხშირად უნდა გადაამოწმოს, რამდენად სწორად იაზრებს მოსწავლე საკითხს.

გამრავლების პროცესს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის მასივებზე მუშაობა, რაც სტრიქონებისა და სვეტების დათვლა/გამრავლებას გულისხმობს.

მოქმედებათა უკეთ შესწავლისა და პოზიტიური გარემოს შესაქმნელად სასწავლო პროცესში აუცილებელია თამაშის ელემენტების გამოყენება, რომელიც მასწავლებელმა მრავალი სახით შეიძლება მოიფიქროს, როგორც საკლასო ოთახისთვის, ასევე ელექტრონულად სამუშაოდ.

გთავაზობთ ერთ-ერთ თამაშს, რომელშიც მოსწავლეები ყოველთვის ხალისით ერთვებიან. ამისთვის შესაძლებელია „ჯადოსნურ მათემატიკურ ყუთში“ ან ბუშტში მოათავსოთ ფაზლად დაშლილი მოქმედებები და მოფანტოთ საკლასო ოთახში. მერე კი სთხოვოთ მოსწავლეებს, აიღონ თითო ფურცელი და მოძებნონ შესაბამისი ჯგუფის წევრი. შექმნან წყვილები, სამეულები (რაოდენობა, თანამამრავლები და ნამრავლი) ან ოთხეულები (მასივი, თანამამრავლები, ნამრავლი, ტოლი შესაკრებები). ყველა მოსწავლე მოძებნის თავის მეწყვილეს და დგება მასთან ერთად. მასწავლებელი ამოწმებს, რამდენად სწორად განლაგდნენ ისინი ჯგუფებში.

ელექტრონული თამაშისთვის კი შეგიძლიათ ეწვიოთ cram.com ვებგვერდს, გაიაროთ რეგისტრაციის მარტივი პროცედურა და თავად შექმნათ სახალისო თამაშები.

 

როგორც უკვე აღვნიშნე გამრავლების სწავლების საწყის ეტაპზე მოსწავლეებს მეტწილად უჭირს ისეთი რიცხვების ერთმანეთზე გამრავლება, როგორიცაა 6, 7, 8, 9. ამისთვის გთავაზობთ მარტივ გამოსავალს – თითებზე დათვლის მეთოდს:

 

 

უკეთ წარმოსადგენად შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო.

იმისთვის, რომ მოსწავლეებმა უკეთ აითვისონ გამრავლება, როგორც მათემატიკური მოქმედება, შეგიძლიათ ეწვიოთ www.pinterest.com ვებგვერდს, სადაც უამრავი მზა მასალა დაგხვდებათ; ან მათ მსგავსად თავად შექმნათ თქვენს მოსწავლეებზე მორგებული აქტივობის ბარათები. რამდენიმეს ნახვას კი აქაც შეძლებთ.

აუცილებელია, მოსწავლეებს ჩვევად ვუქციოთ სწრაფად გამრავლების შესრულება. ამაში დაგეხმარებათ ესტონური მათემატიკური პროექტი „მიკსიკე“, სადაც მარტივი რეგისტრაციის საფუძველზე შეგიძლიათ, თავად შექმნათ თქვენი კლასის გუნდი და მოსწავლეები სწრაფად ანგარიშში ავარჯიშოთ. პროექტი ასევე იძლევა საშუალებას, კარგად გაწაფული მოსწავლეები „მიკსიკეს“ ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსშიც ჩაერთონ და წარმატებას მიაღწიონ.

ასევე პირად პრაქტიკაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებს მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საკლასო ოთახში შექმნილი სამუშაო კედელი, რომელზეც ისინი ხალისით და შედეგიანად იმუშავებენ.

მუშაობის წესები ასეთია:

  • მასწავლებელს ხელში უჭირავს ჩხირები, რომელზეც 2-დან 9-მდე ციფრებია დაწერილი;
  • გამოდის სამი მოსწავლე და ამ ჩხირებიდან იღებს თითოს (შემთხვევითობის პრინციპით);
  • მოსწავლე ვალდებულია იმ ციფრზე, რომელიც შეხვდა, კედელზე გაკრულ ტაბულაზე ააწყოს სწორი პასუხები, მაგრამ ისე, რომ ჭიქაში არ ჩაიხედოს, რაც შეხვდება, იმას ამოიღებს და მოათავსებს შესაბამის ჭიკარტზე;
  • თუ მოსწავლე მიხვდება, რომ პასუხის ჩხირი არასწორად მოათავსა, არ იღებს ჩხირს, შეცდომებს კი ასწორებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მასწავლებელს ანიშნებს, რომ თამაში დაასრულა;
  • თამაშის დასრულების შემდეგ შეუძლია, თავად გაასწოროს შეცდომა, ან მეგობარს სთხოვოს დახმარება (თუმცა ამის საჭიროება იშვიათადაა, რადგან მოსწავლე ხვდება, რომ პასუხები მზარდი თანმიმდევრობით ლაგდება და გასწორებისას ხშირად ამ პრინციპით ხელმძღვანელობს);
  • ბოლოს ყველა მოსწავლე აკეთებს თვითშეფასებას, რა იცოდა კარგად, რა გაუჭირდა და რომელ რიცხვთა ნამრავლზე აქვს სამუშაო.

 

რესურსისთვის საჭირო მასალა:

A4 ზომის ფერადი ფურცლები, A3 ზომის ფურცლები, ფერადი ჭიკარტები, სამედიცინო ხის ჩხირები, ერთჯერადი გამოყენების მუყაოს ჭიქები.

რესურსის გამოყენების დადებითი მხარე:

  1. რესურსის გამოყენება შეუძლია მესამე და მეოთხე კლასის მათემატიკის პედაგოგებს;
  2. რესურსის შექმნა არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, დროსა და ფინანსებს;
  3. ის ინტერაქტიული და თან მრავალჯერადი გამოყენებისაა;
  4. მიზნად ისახავს თამაშით სწავლებასა და მოსწავლეთა პოზიტიური განწყობის შექმნას;
  5. რესურსზე მუშაობა შეუძლია ერთდროულად სამ მოსწავლეს;
  6. რესურსის დახმარებით მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ შეცდომებს და ასწორებენ მას;
  7. მისი ინტენსიური გამოყენებით მოსწავლეს „შემოეზეპირება“ გამრავლების ტაბულა;
  8. ანალოგიური რესურსის შექმნა შესაძლებელია გაყოფაზეც;
  9. რესურსი პედაგოგს მნიშვნელოვნად უზოგავს საგაკვეთილო დროს, მოსწავლეს კი უქმნის მაღალ მოტივაციას.

ეს გახლავთ ის მცირე დეტალები, რომლებიც მესამეკლასელებისთვის გამრავლების ტაბულის დასწავლას ბევრად აადვილებს. ამის შემდეგ კი თამამად შეიძლება პეპის მოვუფიქროთ ისეთი კომპლექსური დავალება, რომ კარგად დავანახოთ მას „გავალების ტაბულის“ ცოდნა-გამოყენების საჭიროება. თუმცა ამაზე ოდნავ მოგვიანებით – სხვა დროს, სხვა სტატიაში.

 „ესენციალიზმი – გზა უბრალოებისკენ“

0

ფილიპე მაკედონელმა, როგორც ისტორია გვიამბობს, როცა ერთდროულად, სიხარულითა და პატივით აღსავსე სამი ამბავი მიუტანეს, თავისი უძვირფასესი ბეჭედი მოიხსნა და ზღვაში გადააგდო, რათა მოჭარბებული სიხარული ბეჭდის დაკარგვით გაენელებინა.

Meden Agen – არაფერი გადაჭარბებითწარწერა აპოლონის ტაძარზე დელფოში

Weniger, aber besser – ცოტა, მაგრამ საუკეთესოგერმანული ანდაზა

 

Greg McKeown წიგნში –ესენციალიზმი – გზა უბრალოებისკენ“ – დაწვრილებით აღწერს რა არის ესენციალიზმი და როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა „ხარისხიან“ ცხოვრებას. ესენციალიზმი ისევე, როგორც მინიმალიზმი, ზედმეტისგან განტვირთვისა და გადატვირთვის გზაა. ესენციალიზმის გზაც არჩევანზე გადის.

ესენციალიზმი ლათინური სიტყვაა  essential და ნიშნავს არსს. ამავე ფუძისაა სიტყვა „ესენცია“ – რომელიც კონცენტრირებული ნაყენი ან ეთერზეთია. მეტაფორულად თუ გავიზარებთ, ესენციალიზმი არის ცხოვრების ისეთი გზა, რომელიც მცირეში იტევს ბევრს, როგორც ესენცია.  ესენციალიზმი ცხოვრების საუკეთესო გემო და ხარისხია.

თანამედროვე სამყარო სავსეა ხმაურითა და ინფორმაციით, რაც გვაშორებს რეალური შინაგანი ცხოვრებისგან. ადამიანი გახდა უბრალოდ, „დამწკაპუნებელი“, ბიოლოგიური რობოტი, რომელიც კი არ ცხოვრობს, არამედ დაკავებულია თავისი ციფრული ორეულის შექმნით, რომელიც აქეთ „მოიხმარს“ მას.  სწორედ ამის გამო გახდა მინიმალიზმი, ესენციალიზმი და ლაგომი – თანამედროვეობის მნიშვნელოვანი მიმდინარეობები. აზროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლა აუცილებელი გახდა ადამიანის გადასარჩენად.

აი, რას წერს ნორბერტ ბოლცი: „რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, მით უფრო მწირია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, და მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციები ინფორმაციების შესახებ. ამას გვთავაზობენ საძიებო სისტემები. ანგლო-საქსონურად ერთი მშვენიერი ტერმინი არსებობს სადაზვერვოების სამუშაოსთვის: intelligence service. დღესდღეობით გუგლი, როგორც ყოველდღიურობის ერთგვარი საიდუმლო სამსახური, სწორედ ინტელექტის ამ მომსახურებას გვთავაზობს. ეს მაშინვე გასაგები გახდება, თუკი გავიაზრებთ, რომ ინტელექტი საძიებო სისტემის უმაღლესი გამოხატულებაა. და როცა საძიებო სივრცე საკმაოდ დიდია, ადამიანი ძიებასა და შემოქმედებითობას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს“.[1]

მთავარი პრობლემა სწორედ ამ ფრაზაში იკითხება: „ადამიანი ძიებასა და შემოქმედებითობას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს“. გუგლში მაძიებელი უბრალოდ „დამწკაპუნებელია“ და დაკარგულია ადამიანი-მაძიებელი. გუგლში ის ეძებს, კი არ ეძიებს.

ამიტომ Greg McKeown-ის წიგნი – „ესენციალიზმი – გზა უბრალოებისკენ“ – ეს არის დაბრუნება საკუთარ თავთან. ესენციალისტის გზა გასწავლით, დაინახოთ, რა არის ნამდვილად მთავარი, განიხილოთ ყველა არსებული ვარიანტი და ამოირჩიოთ მათ შორის ყველაზე ღირებული. Greg McKeown-ის განმარტებით, „ესენციალიზმი – ეს არის უნარი, ნაყოფიერად გამოიყენოთ თქვენი დრო და ენერგია ყველაზე მეტად სასურველი საქმეებისთვის, რათა მიაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტურობას!“[2]

მოდელი, რომელსაც გრეგ მაკკეონი გვთავაზობს:

 

რას ფიქრობს არაესენციალისტი და ესენციალისტი:

რას აკეთებს არაესენციალისტი

ბევრის გაკეთების სურვილი;

რეაგირებს ყველაფერზე;

თანხმდება ყველაფერზე გაუაზრებლად;

ყველას უნდა ასიამოვნოს.

 

რას აკეთებს ესენციალისტი

ცოტას გაკეთების სურვილი;

ფიქრობს, რა არის უფრო მნიშვნელოვანი;

უარს ამბობს ყველაფერზე, გარდა მნიშვნელოვანისა;

ხსნის ბარიერებს თავის გზაზე.

 

რას იღებს არაესენციალისტი

არ არის კმაყოფილი თავისი ცხოვრების დონით;

თავის თავზე იღებს ძალიან ბევრს და ამის გამო ზარალდება;

გრძნობს, რომ  კონტროლს კარგავს;

დარწმუნებული არ არის, რომ მოასწრებს ყველაფერს, რაც საჭიროა;

დაღლილი და დაძაბულია სამუშაოსგან.

 

რას იღებს ესენციალისტი

 

გრძნობს, რომ მისი ცხოვრემა მნიშვნელოვანია;

ყურადღებით არჩევს საქმეს, რომ შეასრულოს;

აკონტროლებს სიტუაციას;

აკეთებს, რაც აუცილებელია;

სიამოვნებას იღებს საქმის კეთებით.

 

ესენციალისტის 3 წესი კი ასე გამოიყურება:

  1. შეაფასე და გამოიკვლიე;
  2. უარი თქვი იმაზე, რაც არ გჭირდება;
  3. იმოქმედე.

 

მე მესამე წესიდან დავიწყებ: ი მ ო ქ მ ე დ ე და თქვენც ამას გირჩევთ!

[1] ნორბერტ ბოლცი, „წკაპუნით მომუშავეთა სამყარო“ – https://demo.ge/index.php?do=full&id=1836

 

[2] Greg McKeown, “ესენციალიზმი – გზა უბრალოებისკენ“ – https://www.litres.ru/greg-makkeon/essencializm/chitat-onlayn/

 

ნამდვილად კარგია სკოლა, რომელიც სახლთან ახლოს არის?

0

მივეჩვიე, რომ გაზაფხული ჩემთვის იწყება შეკითხვით: „შეგიძლია, მირჩიო, რომელია კარგი სკოლა?“. შეკითხვის ავტორი, როგორც წესი, ახალბედა მშობელია, რომელიც პირველად დადგა არჩევნის წინაშე. იშვიათად, მაგრამ ეს შეკითხვა გამოცდილ მშობლებსაც აქვთ, რომელთაც სკოლებთან თანამშრომლობის ნეგატიური პრაქტიკა დაუგროვდათ და გადაწყვეტილების მისაღებად სხვისი აზრის გაზიარება სჭირდებათ.

ვერ ვბედავ, რომ ვუპასუხო ის ფრაზა, რომელსაც სოციალურ ქსელში გაჩაღებულ დისკუსიებში წერენ ხოლმე: „კარგია ის სკოლა, რომელიც სახლთან ახლოს არის“. ალბათ იმიტომ ვერ ვბედავ, რომ ჩემი, როგორც მშობლის გადაწყვეტილება არ ყოფილა ასეთ მარტივ ჭეშმარიტებაზე დაფუძნებული. კარგი სკოლის შესახებ მე ჩემი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემი სუბიექტური აზრი სხვა მშობლის პერპექტივიდანაც მოსაწონი და გამართლებული იქნება.

იმისთვის, რომ სხვას კონკრეტული სკოლა ვურჩიო, საჭიროა შეფასების მეტ-ნაკლებად ობიექტური კრიტერიუმები არსებობდეს, ვიდრე ის, თუ რა ისტორიები მსმენია მე ამა თუ იმ სკოლის ცხოვრებიდან.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში სკოლების შეფასების არც სუბიექტური და არც ობიექტური სისტემა არ არსებობს. ამ ფონზე, ცხადია, მშობლებს უჭირთ გააზრებული, ინფორმირებული არჩევნის გაკეთება და უმეტესად ნაცნობ-მეგობრების გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებას. რაც ზოგჯერ და არცთუ იშვიათად იმის რისკს ქმნის, რომ მშობლების მოლოდინი და სასკოლო რეალობა სრულიად აცდენილია ერთმანეთს.

როგორ შეიძლება ამ ვითარებაში მშობლებმა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობები, ბავშვისთვის სკოლ(ებ)ის შეცვლის მოსალოდნელი პრაქტიკა და უსიამოვნებები?! როგორ მივიღოთ პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი შვილისთვის მომდევნო 12 წელს  სასარგებლოს, სასიამოვნოსა და საინტერესოს გახდის?

სკოლის შერჩევა ჩვენი შვილის გაცნობით დავიწყოთ.

როგორია ჩვენი შვილი, რა საჭიროებები აქვს მას, როგორი გარემო სჭირდება, რომ შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინოს, თავი კარგად იგრძნოს და განვითარდეს.

ამის შემდეგ განვსაზღვროთ, როგორია ჩვენი ოჯახის მოლოდინი სკოლის მიმართ?

კარგი იქნება, ოჯახის წევრებმა პერიოდულად ვიმსჯელოთ, რა მიგვაჩნია ბავშვისთვის საუკეთესოდ? რას მოველით სკოლისგან: მაღალკონკურენტული განათლება? ფიზიკური უსაფრთხოება? ჯანსაღი ფსიქოლოგიური გარემოს შექმნა? მზრუნველობა? მდიდარი სოციალური  კაპიტალის დაგროვება? ჯანსაღი კვება? თანასწორი გარემო? მრავალფეროვანი შესაძლებლობები? ბედნიერი ბავშვობა? ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად აღზრდა? ბუნებასთან ახლოს ყოფნა? ტექნოლოგიებზე წვდომა? …

ჩვენი პრიორიტეტების დალაგება დაგვეხმარება, განვსაზღვროთ ჩვენი ღირებულებები და ამის მიხედვით ვეძებოთ სასურველი სკოლა.

როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია სკოლის შესახებ?

გამოვკითხოთ ჩვენი სამიზნე სკოლის მოსწავლეები, მათი მშობლები და კურსდამთავრებულები. არა ერთი, არამედ შეძლებისდაგვარად ბევრი ადამიანის სიღრმისეული გამოკითხვა პირველად შთაბეჭდილებას შეგვიქმნის. სასურველია, ვკითხოთ არა ის, რამდენად კმაყოფილია ესა თუ ის ადამიანი სკოლით, არამედ რა მოლოდინი ჰქონდა და რამდენად გაუმართლა ეს მოლოდინი სკოლამ? ასევე, გამოვკითხოთ – რა მოსწონთ და რას შეცვლიდნენ ამ სკოლაში? რა არის ამ სკოლის ძლიერი და სუსტი მხარე? როგორ თანამშრომლობს სკოლა მშობლებთან და როგორ რეაგირებს შენიშვნებსა თუ რეკომენდაციებზე?

გარდა ამისა, კარგი იქნება „დავგუგლოთ“, რა ინფორმაცია იძებნება ამ სკოლის შესახებ ინტერნეტში – მოხვედრილა თუ არა და რა ნიშნით მოხვედრილა ჟურნალისტების ობიექტივში. ზოგჯერ სკოლები თავად ავრცელებენ ინფორმაციას. იმის გადახედვა, თუ როგორ და რითი პოზიციონირებს სკოლა მედიაში, გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით მათ შეხედეულებებსა და შესაძლებლობების დიაპაზონზე.

ვიზიტი სასურველ სკოლაში

რა არის ჩვენთვის სკოლაში ვიზიტის მიზანი? ჩვენი მიზანია დავათვალიეროთ სკოლის ინფრასტრუქტურა და პირველწყაროსთან გადავამოწმოთ უკვე მოძიებული ინფორმაცია.

პირველი ვიზიტის დროს, სჯობს სკოლას ბავშვის გარეშე ვეწვიოთ. მისვლამდე საკონტაქტო პირს დავურეკოთ ან ინტერნეტში მითითებულ ნომერზე დავუკავშირდეთ და სტუმრობის დრო დავნიშნოთ. ასეთი ფორმით დაწყებული კომუნიკაცია სულ მცირე იმის გარანტიას მოგვცემს, რომ მასპინძელი მომზადებული შეგვხვდება, დაგეგმილად გამოყოფს დროს, დაგვათვალიერებინოს სკოლა და უპასუხოს ჩვენს შეკითხვებს. თუ სკოლასთან წინასწარ დაკავშირება ვერ ხერხდება, ცხადია, პირდაპირ მისვლაც შეიძლება. თუ ჩვენი მცდელობის მიუხედავად, სკოლის თანამშრომლები დიდი ენთუზიაზმით არ მოეკიდებიან ჩვენი ინტერესის დაკმაყოფილებას, ესეც მნიშვნელოვანი ინფორმაცია იქნება მშობლისთვის.

გარდა ამისა, სკოლაში ვიზიტი დაგვეხმარება, დავათვალიეროთ ინფრასტრუქტურა. ერთი შეხედვით შევაფასოთ, რამდენად უსაფრთხოა ფიზიკური გარემო, როგორია საკლასო ოთახები, საერთო სარგებლობის ფართები. რამდენად იძლევა ჰიგიენის დაცვის შესაძლებლობას საპირფარეშოების მდგომარეობა, არის თუ არა ცივი/ცხელი წყალი, არის თუ არა მწვანე ეზო, სპორტული დარბაზები, სარეკრეაციო სივრცე, კვების სივრცე, ბიბლიოთეკა და ა.შ. ფიზიკური გარემო იმაზე მეტ ინფორმაციას გვაწვდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, თუ სკოლის შესასვლელში რკინის დეტექტორები დგას და ყოველი კუთხე-კუნჭული ვიდეო სათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ სკოლაში კონტროლზე დაფუძნებული დისციპლინაა დამყარებული.

 

რა შეკითხვები დავსვათ სკოლაში ვიზიტის დროს?

როგორ ხედავს სკოლა თავის დანიშნულებას? როგორი მიდგომები აქვთ სკოლაში სწავლა-აღზრდის პროცესთან დაკავშირებით? რა მიღწევები აქვს სკოლას? რამდენად ტიპური ან ალტერნატიულია სკოლა? მიჰყვებიან განათლების სამინისიტროს დადგენილ ეროვნულ სასწავლო გეგმას, თუ აქვთ სწავლების განსაკუთრებული სტანდარტი? როგორი ტრადიციები აქვს სკოლას? რა არის სკოლის მთავარი ღირებულებები? რა კომპეტენციის ადამიანები არიან დასაქმებული პედაგოგებად? მასწავლებლების გარდა, კიდევ რა ტიპის პერსონალია სკოლაში და რა ფუნქციები აქვთ? მოსწავლის წახალისების და გაკიცხვის როგორი სქემები არსებობს? როგორ ზრუნავს სკოლა ბავშვებზე? როგორი სქემით ურთიერთობს სკოლა მოსწავლეთა მშობლებთან? როგორია მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობის თანაფარდობა? და სხვ.

მიღებული ინფორმაცია ერთი მხრივ, მშობელს წარმოდგენას შეუქმნის, რამდენად მოხერხებული იქნება მისი შვილისთვის ასეთ სკოლაში სწავლა; მეორე მხრივ კი, სკოლა უკეთ გაიცნობს მშობელს, როგორც მომავალ პარტნიორს.

 

მას შემდეგ, რაც ჩვენი არჩევანი რამდენიმე სკოლამდე დავიწროვდება, შეგვიძლია განმეორებითი ვიზიტი ბავშვთან ერთად დავგეგმოთ. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში კი ბავშვის აზრი გავითვალისწინოთ.

 

ზოგჯერ მშობლებს გვგონია, რომ სკოლის შესარჩევად სრულიად საკმარისი პირობაა ის, რომ დაწყებით კლასში საუკეთესო მასწავლებელი ასწავლის. I-IV კლასში კარგ მასწავლებელს მართლაც ბევრი სიკეთის მოტანა შეუძლია, მაგრამ თუ მშობელს არჩევანი აქვს, უმჯობესია გადაწყვეტილება ფართო ხედვასა და გრძელვადიან პროგნოზს მოარგოს. დამრიგებლის გარდა, ბავშვს სკოლაში სხვა ადამიანებთანაც უწევს თანაცხოვრება, იქნებიან ისინი თანაკლასელები, სხვადასხვა საგნის პედაგოგები, მანდატურები თუ ადმინისტრაციის თანამშრომლები. დირექციის მიერ სკოლის მართვის სტილი თითოეული მოსწავლის ცხოვრების ხარისხზე აისახება. როგორ ჭრიან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში წამოჭრილ პრობლემებს, როგორ რეაგირებენ გამოწვევებზე, რომლებიც მრავლად არის ბავშვობიდან მოზარდობამდე გასასვლელ 12-წლიან გზაზე.

სასურველია, მშობლები სკოლის შერჩევის ეტაპზევე ვაცნობიერებდეთ, რომ სკოლა მთლიანი ორგანიზმია, რომელიც გარკვეულ წესებს ექვემდებარება. ვიკითხოთ – ვინ ადგენს, რა პერიოდულობით და როგორია ეს წესები იმ სკოლაში, სადაც ჩვენი შვილის მიყვანა გვინდა? ვიკითხოთ, რადგან ჩვენ, მშობლები პასუხისმგებელნი ვართ ჩვენი შვილის წინაშე – სკოლა, რომელშიც ყოველ დილით ვუშვებთ, თითოეულ მოსწავლეს სავალდებულოსთან ერთად სასიამოვნო, ღირსეულ, განვითარებისთვის ხელსაყრელ გარემო პირობებს უნდა უქმნიდეს.

 

,,Jon Darkow.com –  ვირტუალური კვლევები ბიოლოგიაში“

0

საბუნებისმეტყველო საგნებში მოსწავლეების მოტივაციისა და ჩართულობის გაზრდის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს სასწავლო პროცესში ექსპერიმენტებისა და კვლევითი პროცედურების ჩართვა. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თეორიულ მასალასთან მიმართებაში შეარჩიოს კვლევა; გაითვალისწინოს მოსწავლის ინტერესები; დეტალურად გააცნოს კვლევის ჩატარების ინსტრუქცია, რათა თავიდან აიცილოს მოსწავლეების მხრიდან განსხვავებული ინტერპრეტირება.  პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციებიდან გამომდინარე მოსწავლეების მიერ ცდის ჩატარება გართულდა. ჩემი აზრით, უფრო ეფექტურია ვირტუალური ლაბორატორიებისა და სიმულაციების გამოყენება.  რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე შექმნილი სიმულაციის ან ლაბორატორიის გამოყენება მასწავლებლისთვისაც და მოსწავლეებიისთვისაც უფრო მოსახერხებელია, მაგრამ რესურსების ნაკლებობის გამო მინდა, გაგაცნოთ ერთი, ჩემი აზრით, საინტერესო საიტი: Jon Darkow.com

https://sites.google.com/site/biologydarkow/home

საწყისი გვერდი ასე გამოიყურება:

საიტზე მოცემული მასალა ძირითადად შეესაბამება მეათე და მეთერთმეტე კლასების პროგრამას. თუ მასწავლებელი მოდიფიცირებას გააკეთებს, მისი გამოყენება საბაზო საფეხურზეც შეიძლება.  ყველა თემიდან წარმოდგენილია რამდენიმე საკითხი, რომელიც შესაძლებელია აირჩეს შესაბამისი თემის პიქტოგრამის ჩამოშლის შემდეგ. გთავაზობთ Enzymes-ფერმენტების ჩამონათვალიდან ლაქტაზას მოქმედების შესაბამისი კვლევის ინსტრუქციას.

პირველ საკითხზე  Lactase Enzyme Simulation დაწკაპებით გაიხსნება ფანჯარა, სადაც გამოსახულია კვლევის ინსტრუმენტები:

 

 

სათაურის ქვემოთ Home-ზე დაწკაპებით ინგლისურ ენაზე გამოჩნდება მიმოხილვა:

„ლაქტოზა რძის შაქარია, რომელიც წვრილი ნაწლავების ხაოების მიერ ვერ შეიწოვება.

ფერმენტები (ენზიმები) ორგანიზმის ცილების უდიდესი და ყველაზე მრავალფეროვანი ჯგუფია. ისინი აჩქარებენ ქიმიურ რეაქციებს. სიმულაციის მიზანია ლაქტოზის დამშლელ ფერმენტ ლაქტაზას მოქმედებაზე სამი ფაქტორის გავლენის შესწავლა. ეს ფაქტორებია:  გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია, ტემპერატურა და გარემოს pH.“

სავარაუდო საკვლევი შეკითხვები:

  • რა გავლენას ახდენს ლაქტოზის გლუკოზად და გალაქტოზად დაშლის რეაქციის სიჩქარეზე ტემპერატურა, pH და გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია?
  • pH-ის რა მნიშვნელობაა ოპტიმალური ლაქტაზას აქტივობისთვის?
  • ტემპერატურის რა მნიშვნელობაა  ოპტიმალური ლაქტაზას აქტივობისთვის?

 

Background-ზე დაწკაპებით გამოჩნდება ფანჯარა, სადაც საუბარია ზოგადად ფერმენტის მოქმედებაზე.

,,ფერმენტ ლაქტაზას შესაბამისია Lac  გენი. ლაქტაზა რძის შაქარ ლაქტოზას შლის გლუკოზად და გალაქტოზად. სურათზე ლურჯი ექვსკუთხედი შეესაბამება გლუკოზას, ყვითელი ოვალი – გალაქტოზას. იისფრად კი ლაქტაზაა გამოსახული. ლაქტოზა არ გამოიყენება უჯრედების მიერ ატფ-ის მისაღებად. მისი დაშლით მიღებული გლუკოზა და გალაქტოზა წარმოქმნიან ატფ-ს. ფერმენტ ლაქტაზას გარეშე ლაქტოზას ორგანიზმი ვერ გამოიყენებდა როგორც ენერგიის წყაროს (არაპირდაპირ). უჯრედში უკვე არსებული გლუკოზის კონცენტრაცია გავლენას ახდენს ლაქტაზას აქტივობაზე და ლაქტოზას დაშლის რეაქციის სიჩქარეზე. ორგანიზმის სხვადასხვა უჯრედი და ქსოვილი განსხვავებული რაოდენობით გამოიმუშავებს ფერმენტ ლაქტაზას. სიმულაციაში ლაქტაზა გაჯერებულია ლაქტოზით. ლაქტოზის გარკვეული კონცენტრაციის დროს მინიშნებულია ,,გაჯერების წერტილი“, როცა რეაქციის სიჩქარე გადის პლატოზე.

Simulation-ზე დაწკაპებით გაიხსნება ფანჯარა, სადაც უკვე შეგვიძლია კვლევის განხორციელება:

 

სიმულაციის გამოყენებით შესაძლებელია შეიცვალოს: ლაქტოზის საწყისი კონცენტრაცია  ზედა ლურჯი ჰორიზონტალური ხაზის მარცხნივ ან მარჯვნივ გადაადგილებით. მიღებული შედეგები ჩაიწერება ცხრილის გამწვანებულ სვეტში.

ლაქტოზას კონცენტრაცია (მგ/დცლ) t0C pH გლუკოზის  კონცენტრაცია (მგ/დცლ)
0 25 7  
500 25 7  
1000 25 7  

 

როგორც ცხრილშია მოცემული, ლაქტოზის კონცენტრაცია დამოუკიდებელი ცვლადია, გლუკოზას კონცენტრაცია კი – დამოკიდებული ცვლადი. ტემპერატურა და გარემოს pH საკონტროლო ცვლადებს წარმოადგენს.  უკვე შევსებული ცხრილი ასე გამოიყურება:

ლაქტოზას კონცენტრაცია (მგ/დცლ) t0C pH გლუკოზის  კონცენტრაცია (მგ/დცლ)
0 25 7 0
500 25 7 500
1000 25 7 945

დასკვნა: სუბსტრატის კონცენტრაციის ზრდა იწვევს პროდუქტის კონცენტრაციის გაზრდას.

ამ დროს გრაფიკები ასე გამოიყურება:

ტემპერატურის გამომსახველი ჰორიზონტალური ლურჯი ხაზი მარჯვნივაა, ხოლო მარცხნივ გადაადგილებით იცვლება ტემპერატურა. მიღებული შედეგები ჩაიწერება ცხრილის გამწვანებულ სვეტში.

ლაქტოზას კონცენტრაცია (მგ/დცლ) t0C pH გლუკოზის  კონცენტრაცია (მგ/დცლ)
500 0 7  
500 25 7  
500 50 7  
500 75 7  
500 100 7  

როგორც ცხრილშია მოცემული, ტემპერატურა დამოუკიდებელი ცვლადია, გლუკოზას კონცენტრაცია კი – დამოკიდებული ცვლადი. ლაქტოზის კონცენტრაცია და გარემოს pH საკონტროლო ცვლადებს წარმოადგენს.  უკვე შევსებული ცხრილი ასე გამოიყურება:

ლაქტოზას კონცენტრაცია (მგ/დცლ) t0C pH გლუკოზის  კონცენტრაცია (მგ/დცლ)
500 0 7 0
500 25 7 500
500 50 7 444
500 75 7 0
500 100 7 0

 

დასკვნა:  ფერმენტის მოქმედებისთვის ოპტიმალური ტემპერატურაა 25-დან 37 0C.

ამ დროს გრაფიკები ასე გამოიყურება:

pH-ის გამომსახველი ჰორიზონტალური ლურჯი ხაზი მარჯვნივაა, ხოლო მარცხნივ გადაადგილებით იცვლება pH. მიღებული შედეგები ჩაიწერება ცხრილის გამწვანებულ სვეტში.

ლაქტოზას კონცენტრაცია (მგ/დცლ) t0C pH გლუკოზის  კონცენტრაცია (მგ/დცლ)
500 25 1  
500 25 5  
500 25 7  
500 25 9.2  
500 25 14  

 

როგორც ცხრილშია მოცემული, pH დამოუკიდებელი ცვლადია, გლუკოზას კონცენტრაცია კი – დამოკიდებული ცვლადი. ლაქტოზის კონცენტრაცია და ტემპერატურა  საკონტროლო ცვლადებს წარმოადგენს.  უკვე შევსებული ცხრილი ასე გამოიყურება:

 

ლაქტოზას კონცენტრაცია (მგ/დცლ) t0C pH გლუკოზის  კონცენტრაცია (მგ/დცლ)
500 25 1 0
500 25 5 420
500 25 7 450
500 25 9.2 220
500 25 14 0

 

დასკვნა:  ფერმენტის მოქმედებისთვის ოპტიმალურია ნეიტრალური არე.

ამ დროს გრაფიკები ასე გამოიყურება:

Vmax-ზე დაწკაპებით შეგვიძლია დავაკვირდეთ თითოეული რეაქციისთვის მაქსიმალურ სიჩქარეს.

სტატიაში წარმოდგენილი მონაცემები მხოლოდ სავარაუდოა და მასწავლებელს თავად შეუძლია შეარჩის როგორც საკვლევი შეკითხვა, ასევე ცვლადები. მომდევნო სტატიაში შემოგთავაზებთ სიმულაციას ეკოლოგიიდან.

 

ბიოგრაფია, ილუსტრაცია, დევიზი – იდეა ერთი გაკვეთილისთვის

0

დაფიქრებულხართ, როდის არის მასწავლებლის დღე სავსე და ბედნიერი? ჩემთვის – მაშინ, როცა საკლასო სამუშაოს თუ საშინაო დავალებას ყველა მოსწავლე გაართმევს თავს. ერთ ასეთ გაკვეთილზე უნდა გიამბოთ – შესაძლოა, ჩემი გამოცდილება თქვენთვის შთაგონების წყაროდ იქცეს.

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ ჩემმა მეორეკლასელმა მოსწავლემ აღმომაჩენინა. თანაკლასელისთვის დაბადების დღის საჩუქრად უყიდია და შესვენებებზე გულმოდგინედ ათვალიერებდა. ჩემი წიგნების თაროს მალევე შეემატა ჯერ პირველი, მერე კი მეორე ნაწილიც.

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ სულაკაურის გამომცემლობას ეკუთვნის. როგორც სათაურითაც მიხვდებოდით, წიგნი საინტერესო, მეამბოხე, ცვლილებებისთვის მებრძოლი ქალების შესახებაა. ვის არ შეხვდებით აქ – მათემატიკოსებს, მეცნიერებს, პალეონტოლოგებს, დედოფლებს, მეკობრეებს, სამოქალაქო აქტივისტებს, მოცეკვავეებს, მწერლებს, ველომრბოლელებსა თუ მოცურავეებს. ბიოგრაფიები წარსულ დროშია მოთხრობილი და ზღაპრული დეტალებით არის გაჯერებული. თითოეულ ტექსტს ერთვის ილუსტრაცია და დევიზი. ილუსტრაციებიც, ამბებისა და მათი ავტორების მსგავსად, განსაკუთრებულია. თითოეული ამბის გმირს პირადი ილუსტრატორი ჰყავს. რამდენიმე მათგანის შესახებ დამატებითაც მოვიძიე ინფორმაცია. ცალკე თავგადასავალია მათი ილუსტრაციებისა და ისტორიების გაცნობა.

„ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“ დამატებით რესურსად იქცა ჩემთვის. მოსწავლეების ასაკის შესაბამისად ვეძებ თემატურ ბიოგრაფიებს და შემდეგ გაკვეთილს ვგეგმავ. ამასობაში საინტერესო გამოცდილებაც დამიგროვდა.

გაკვეთილი, რომლის შესახებაც უნდა გიამბოთ, ოქტომბრის ერთ მზიან დღეს მეექვსე კლასისთვის დავგეგმე.

„ბიოგრაფია, ილუსტრაცია, დევიზი“ – ასეთი სათაური მოვიფიქრე და გადავწყვიტე, ერთი გოგონას ცხოვრების გაცნობით ბავშვების ცნობისმოყვარეობა გამეღვივებინა, გაკვეთილის ბოლოს კი მეთხოვა, თავადაც შეექმნათ მსგავსი ტექსტი, ილუსტრაცია და დევიზი.

 

სკაი ბრაუნი

  1. ბიოგრაფია

პირველი ნაბიჯი სკეიტბორდის შესახებ ასოციაციური რუკის შექმნა იყო, მერე კი სკაის ბიოგრაფია წავუკითხე. მოკლე ტექსტები მოსასმენადაც მარტივია. ვთხოვე, მოსმენისას სწრაფი მორბენალი ჩანაწერები გაეკეთებინათ, რაც აქტიური მოსმენის გამომუშავებასა და ხმაურის თავიდან აცილებაში მეხმარება.

სკაი ბრაუნი 2008 წელს იაპონიაში დაიბადა. ის ჩემი მეექვსეკლასელების თანატოლი აღმოჩნდა და ამან კიდევ უფრო გაზარდა მისდამი ინტერესი. სკაის მამა სკეიტბორდისტი ჰყოლია და მისი გავლენით სკეიტბორდინგით დაინტერესებულა. გადატყავებული მუხლების ტკივილს, მცირე ასაკს, გოგოობას ხელი არ შეუშლია სკაისთვის, პროფესიონალ სკეიტბორდისტთა ტურნირის – Vans Park Series – ყველაზე პატარა მონაწილე გამხდარიყო („ძილისპირული ამბები მეამბოხე გოგონებისთვის“, მეორე ნაწილი, გვ. 154).

მეტი სიცხადისთვის მოვძებნე სკეიტბორდისტთა ტურნირის – Vans Park Series – ჩანაწერები და სკაის მიერ შესრულებული ურთულესი ილეთებით დავტკბით.

 

  1. ილუსტრაცია

შეუძლებელია, სკაი ბრაუნის პორტრეტით არ მოიხიბლო. მისი მებრძოლი და მხიარული ხასიათის შესახებ მყისვე შეგექმნებათ წარმოდგენა. ილუტრაციის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილების შემდეგ ილუსტრატორ კეიტ პრიორის ვებგვერდს ვესტუმრეთ და მისი ნამუშევრები დავათვალიერეთ. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ ილუსტრაციის დახატვა ყველას შეგვიძლია, მთავარია, საკუთარი თავისა ვირწმუნოთ და ვცადოთ.

 

  1. დევიზი

სკაი ბრაუნის ბიოგრაფიას შემდეგი დევიზი ერთვის: „ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა მეშინია… ამ დროს განსაკუთრებით სასაცილო სანახავია, როგორ მიყურებენ ბიჭები“.

დევიზის წაკითხვის შემდეგ განვმარტეთ სიტყვის მნიშვნელობა; ვთქვით, რომ ის მოწოდებაა, რომელიც გარკვეულ იდეას გულისხმობს.

 

  1. საკუთარი ბიოგრაფია, ილუსტრაცია და დევიზი

გაკვეთილის ეს ნაწილი ხმაურითა და უკმაყოფილო შეძახილებით იყო სავსე. საქმე ის არის, რომ ბავშვებს საკუთარი ბიოგრაფიის დაწერა, ილუსტრაციის დახატვა და დევიზის მოფიქრება შევთავაზე.

ერთად შევიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმები და დაფაზე ჩამოვწერეთ.

დავალების ინსტრუქცია ასეთი იყო:

  • წარმოიდგინე, რომ გაიზარდე და ის, რაზეც ახლა მთელი გულით ოცნებობ, აგიხდა.
  • დაწერე საკუთარი ბიოგრაფია.
  • აღწერე მიღწევები, რომლებმაც შენი ბიოგრაფია განსაკუთრებული გახადა.
  • დახატე ილუსტრაცია.
  • მოიფიქრე დევიზი.

თაბახის ფურცელი შუაზე გადაკეცეს. ერთ გვერდზე ტექსტი დაწერეს, მეორეზე კი ილუსტრაცია დახატეს და დევიზიც მიუწერეს.

 

ეროვნული სასწავლო გეგმის V-VI კლასებისთვის განკუთვნილ სტანდარტში მითითებულია, რომ მოსწავლემ უნდა შეძლოს:

ქართ. დაწყ. (II). 10 ნაცნობ თემატიკაზე სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის მცირე ზომის ტექსტების შექმნა

საკითხავი ტექსტების ტიპებში კი ბიოგრაფიას ვხვდებით, შესაბამისად, ამ გაკვეთილზე მოსწავლეებმა მოისმინეს, გაიაზრეს და შექმნეს მცირე ზომის ბიოგრაფიული ტექსტი.

 

როგორც უკვე აღვნიშნე, საკლასო სამუშაოს ყველა ვერ შეხვდა დიდი გაბედულებით. პირიქით, ინსტრუქციის გაგება ბევრს გაუჭირდა და რამდენჯერმე მომიწია განმარტება.

ხშირად ვფიქრობ, რისი დამსახურებაა, რომ ყველა მოსწავლემ გაართვა თავი დავალებას, თანაც ისე კარგად, რომ დღემდე სათუთად ვინახავ მათ ნამუშევრებს.

ვფიქრობ, სკაი ბრაუნის ასაკმა, სკეიტბორდისადმი დიდმა ინტერესმა, სახალისო ილუსტრაციამ, გოგონას შემართებამ და მხიარულმა დევიზმა, ვიდეოსიუჟეტმა, ოცნებების ახდენის იმედმა და წახალისებამ – ყველაფერმა ერთად მაჩუქა 21 ბავშვის უსაყვარლესი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევრები.

ამ აქტივობამ კიდევ უფრო ახლოს გამაცნო ჩემი მოსწავლეები და მეც მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს მათი გულწრფელი ოცნებები ხორცს შეისხამს: ზოგი მასწავლებელი გახდება, ზოგი – ფეხბურთელი, ზოგი – მხატვარი, ზოგი კი – პედიატრი.

მათი დევიზები იმედს გაგიღვივებთ:

 

„ექიმები ძალიან კეთილები არიან, მე კი გადამრჩენელი ვარ“. – მეგი

„მთავარია, ვარჯიში არ შეწყვიტო“. – აკაკი

„იმ დროს ვარ ბედნიერი, როცა ცურვაზე მივდივარ“. – მიხეილი

„ახლა ყველა ძირითადად ყველაფრის გამო გაღიზიანებულია. ამიტომ ყველას ნევროზი ექნება“. – მარიამი

„არ შეუშინდეთ არაფერს. გაუძელით იმ ტკივილს, რასაც გრძნობთ და ყველაფერი გამოგივათ“. – თინათინი

„მე ვიბრძვი იმისთვის, რომ საქართველოში მხატვრობა დაფასდეს და თქვენც ასე გირჩევთ“. – ანა

„თუ ფეხბურთელობა გინდა, სულ უნდა ივარჯიშო და არ უნდა გაჩერდე. სულ ივარჯიშე და მიზანს მიაღწევ. შენი თავის მუდამ უნდა გჯეროდეს და ერთ ჩემპიონთა ლიგის თასს კი არ მოიგებ, შეიძლება, ოცი და ოცდაათი მოიგო“. – ნიკა

„ყველაზე ბედნიერი მაშინ ვარ, როცა მეგობრები გვერდით მყავს“. – მარიამი

„არასოდეს დანებდე. ყველაფერი გამოგივა“. – დიანა

„ისევერ გამოხვალ კარგი სკეიტერი, ხელ-ფეხი თუ არ იტკინე“. – გიგა

„ნინი მაშინაა ბედნიერი, როცა მასწავლებლის მოვალეობას ასრულებს“.- ნინი

„მთავარია, აკეთო ის, რაც გინდა, ყველანაირი დაბრკოლების მიუხედავად“. – თეკლა

„არასდროს დანებდეთ.  შრომით ყოველთვის მიაღწევთ მიზანს“. – სალომე

„მე იმ დროს ვარ ბედნიერი, როცა კალათბურთზე ვარ და ჩემს მეგობრებს ვხედავ“. – ნიკა

„არასოდეს გეგონოს, რომ ვერ ცეკვავ“. – მარიამი

„ყველას ვურჩევ, არ იფიქრონ, ეს არ გამომდისო. არ დანებდნენ და მიზანს აუცილებლად მიაღწევენ“. – ნია

„მე ძალიან მომწონს, რომ სხვა ბავშვებს ვასწავლი“. – ნინი

„არასოდეს დანებდე, იმის მიუხედავად, რომ სხვებს არ მოსწონხარ. იყავი ისეთი, როგორიც ხარ და არა ისეთი, როგორიც სხვებს უნდათ, რომ იყო“. – მარიამი

 

გაკვეთილის მეხუთე ნაბიჯად ასეთი რამ მოვიფიქრე: სათითაოდ გადავუღე ფოტო ილუსტრაციებს, სლაიდშოუდ ავკინძე და მომდევნო გაკვეთილი, მათივე ნებართვით, ერთმანეთის ნამუშევრების გაცნობით დავიწყე. მსურდა, ამ აქტივობით ინდივიდუალიზმის მნიშვნელობაზე დამეფიქრებინა, ერთმანეთის დანახვა მესწავლებინა და მეჩვენებინა, რომ ფურცელზე გადატანილი მათი ფიქრები ჩემთვის ძალიან ძვირფასია.

სტატიის ბოლოს ნიმუშად ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარს გიტოვებთ:

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...