ორშაბათი, ივნისი 30, 2025
30 ივნისი, ორშაბათი, 2025

ვაჟა-ფშაველას „კაი ყმიდან“ ბესიკ ხარანაულის “ხეიბარ თოჯინამდე“

0

ბესიკ ხარანაულის მეტაჟანრული მხატვრული ნაწარმოებები მკითხველს გამოღვიძებისა და თვალის ახელისკენ უბიძგებს. ის ეგზისტენციალური თემები (ადამიანის სიცოცხლის აზრი და დანიშნულება, სიკვდილის რაობა, წუთისოფლის წარმავლობა და სხვ.), რომლებსაც ავტორი მხატვრულად ამუშავებს, გონებას „საზრდოს“ უჩენს, ფიქრს „მიდგამ-მოდგამს“, როგორც ილია იტყოდა. ამგვარ საფიქრალ ნაირგვარ კონტექსტს ქმნის ბესიკ ხარანაული თავისი ლირიკული პოემით „ხეიბარი თოჯინა“, რომელიც სარტრისა და კამიუს ფილოსოფიურ-ლიტერატურულ ტექსტებს ეხმიანება სათქმელითა და მიზანდასახულობით.

რა ადგილი უკავია თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში მაღალ იდეალებს, ადამიანური ყოფის იმ პარადიგმებს, რომლებიც კლასიკურ ქართულ თუ მსოფლიო პოეზიაში დაამკვიდრეს ცნობილმა და აღიარებულმა მწერლებმა, მათ შორის, უპირველესად, რუსთაველმა და მის მემკვიდრეთაგან გამორჩეულმა ვაჟა-ფშაველამ?

ავტორი სათაურიდანვე ქმნის დაძაბულობის ველს, რომელიც პოემის ფინალამდე არ ქრება, პირიქით, თანდათან იმატებს. მკითხველს კი, სანამ სათაურის ესთეტიკას გაიაზრებდეს, ერთგვარ გზამკვლევად ევლინება ეპიგრაფი – ფრაგმენტი ვაჟა-ფშაველას ლექსიდან „კაი ყმა“:

„უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,

უქმად საფლავში წვებითა“.

ამ ლექსში ვაჟა-ფშაველა რაინდული სულისკვეთების ვაჟკაცს, ავთანდილის, ტარიელისა თუ ფრიდონის დარ კაი ყმის იდეალს ქმნის, რომელიც თავის სულიერ-ზნეობრივ სიმდიდრეს მზესავით უხვად ასხივებს, სიცოცხლესაც და სიკვდილსაც თანაბრად ალამაზებს. კაი ყმები, ალუდა ქეთელაური, ჯოყოლა ალხასტაიძე, ზვიადაური და სხვანი, „შინიდან“ იმისთვის გამოდიან, რომ საკუთარი თავი და სამყარო შეცვალონ და მზად არიან, ამისთვის სიცოცხლეც კი გაიღონ მსხვერპლად. ისინი სინათლის, სიკეთის, სამართლიანობის, სიყვარულის გადარჩენას ეწირებიან. „კაი ყმაში“ პოეტი არა მხოლოდ რაინდობის ერთგვარ „კოდექსს“ ქმნის, არამედ კონტრასტულად წარმოაჩენს თანამედროვეებს, რომლებიც სრულიად განსხვავდებიან კაი ყმის იდეალისგან. ისინი არ ფიქრობენ, „რისთვის დაჩნდნენ“ ან „რისთვის კვდებიან“, თავიანთ „ჯამს ჩასცქერენ“ და „საქვეყნოდ“ არ გამოდგებიან. სწორედ მათი უქმობის ამსახველი სტრიქონები წაუმძღვარა ბესიკ ხარანაულმა თავის პოემას, რომლის ლირიკული გმირი ალექსანდრეც სწორედ ამ უქმობით გატანჯული კაცია. ვაჟა-ფშაველას თანამედროვეთაგან კი იმით განსხვავდება, რომ ფიქრის უნარი, „კაცობის გვირგვინი“ არ დაუკარგავს, თუმცა ვერც მის ღირსეულად მოხმარებას ახერხებს.

ამაღლებულისა და მშვენიერისგან სრულიად დაცლილ ყოფას წარმოაჩენს ბესიკ ხარანაული პოემაში „ხეიბარი თოჯინა“, რომელიც სათაურიდანვე გვიჩენს უსუსურობის, უმწეობის, ხელოვნურობის შეგრძნებას. ეს პოემა მრავალმნიშვნელოვანი მხატვრული კოდებითაა სავსე, რომლებიც მკითხველს გაშიფვრისა და ინტერპრეტაციისკენ უბიძგებს. ის იმგვარი პალიმფსესტური ნაწარმოებია, რომელიც ნებისმიერი მხატვრული გამოცდილების მკითხველს შეუძღვება სამყაროში, სიტყვებით შექმნილ უჩვეულო განზომილებაში, დააფიქრებს წუთისოფლის წარმავლობასა და მარადიულ ღირებულებებზე.

ალექსანდრე ეგზისტენციალური კრიზისით შეპყრობილი ადამიანია, რომელიც განიცდის პიროვნულ რღვევას, რადგან საყრდენები გამოსცლია. პოემა დილის ულამაზესი მეტაფორული სურათით, ადამიანის გამოღვიძებით იწყება. რა თქმა უნდა, კაცმა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, უპირველესად, სულიერად უნდა გამოიღვიძოს, გამოვიდეს პლატონისეული გამოქვაბულის სიბნელიდან, შეიმეცნოს საკუთარი თავი და სამყარო:

„დილავ, მთელი ღამის გემო შენშია,

შენს ენაზეა გამოფენილი.

კვლავ გაიღვიძა ალემ, ალექსანდრემ,

კვლავ გაიღვიძა.

ეს მერამდენედ?

ნეტავი ვის რად აინტერესებს“.

გვახსენდება სარტრის „გულისრევა“, რადგან ამ რომანის მთავარი გმირის ანტუან როკანტენის დღეებიც ისე დამსგავსებია ერთმანეთს, რომ ანტუანი დღიურში ჩაწერს: „სამშაბათი, ვიარსებე“. ამგვარი არსებობა მხოლოდ ფიზიკური, საზრისისაგან დაცლილი ყოფაა, რომელიც ადამიანს არ „შეეფერება“. ბესიკ ხარანაულის გმირიც სიცარიელით იტანჯება, ის კამიუსეული აბსურდის ადამიანია, რომელიც ყოველდღიურ რუტინაში ჩართულა, სიზიფესავით მიათრევს ცხოვრების ლოდს მწვერვალისკენ, რომელიც არა და არ ჩანს. თუ კამიუს სიზიფე მწვერვალზე დგომის წამიერ ბედნიერებას განიცდის, ყოფის აბსურდულობას აცნობიერებს და ამიტომ საკუთარ უბედურებაზე მაღლა დგება, ხარანაულის გმირისთვის ეს წამებიც მიუწვდომლად ქცეულა. ამიტომ მისთვის არდაბადება მოჩანს როგორც საუკეთესო გამოსავალი:

„ის არ მერჩივნა,

დედის საშვილოში რომ ვიჯექი,

როგორც ძველი მინიატურა

ოქროს ჩარჩოში?!“

პოემის ეს ნაწილი, რა თქმა უნდა, ეხმიანება ეკლესიასტეს ცნობილ სტრიქონებს: „უფრო ბედნიერად შევრაცხე დიდი ხნის მკვდარნი მათზე, ვინც ჯერაც ცოცხლობენ კიდევ. და ორივეზე ბედნიერი მაინც ის არის, ვინც ჯერაც არ დაბადებულა და არ უხილავს ბოროტება, რაც მზის ქვეშ ხდება“ (ეკლესიასტე 4:2-3).

დღისეული ფიქრებით შეწუხებულ, „გამოღვიძებულ“ ალექსანდრეს ისევ ძილი ურჩევნია, სიზმრების სამყაროში დარჩენა, სადაც არ არის აუცილებელი რამის კეთება, ვისიმე დაინტერესება, მოხიბვლა, სიცრუე, მლიქვნელობა, პირფერობა, თავის მოჩვენება, ვითომ რაღაცას წარმოადგენ, ვითომ ცოცხლობ, ვითომ ადამიანი ხარ, ადამიანობის უმაღლესი გაგების თვალსაზრისით, რაც უწყვეტ მოძრაობას, განვითარებას გულისხმობს. ადამიანში დაკარგულა ღვთის „ხატება და მსგავსება“, უზენაესის უმთავრესი საჩუქრები, სულის უკვდავების რწმენა და თავისუფალი არჩევანი, გაუფასურებულა, ამიტომაც ხედავს:

„არის ქვეყნად სახეები, რომლებისთვისაც

ერთადერთი ჭეშმარიტი და ბუნებრივი –

სულელური გამოხედვაა.

მრავალი სახე –

არცერთი ხატი“.

ადამიანს აქვს განცდა, რომ ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება. ლანდივით ჩნდება ილუზია იმედისა, რომ დღეები ხასხასა ფერებითა და სურნელით გალამაზდება, რაღაც შეიცვლება, არადა, ყველაფერი მოსასწრებია, რადგან კაცი უმწეო ფოთოლივითაა, რომელიც ჯერ კიდევ ჰკიდია ყუნწს, მაგრამ „ქარი უკვე გზაშია“ („კარტოფილის ამოღება“). სიკვდილის ეს ულამაზესი მეტაფორა ამძაფრებს განცდას, რომ საშველი არ არის, „თუ გინდა, ჯვარს ეცვი“, როგორც გალაკტიონი წერს.

ასეთი უჩვეულო, მოულოდნელი მხატვრული სახეებით გასაოცრად მდიდარია ეს პოემა. სახეებით, რომლებიც აზრობრივი სიღრმეებისკენ მიუძღვებიან მკითხველს და თან გამოთქმის მშვენიერებას აზიარებენ. ლექსის მხატვრულ სივრცეში თითქოს არაფერი ამღვრევს გუშინდელ პეიზაჟს, თითქოს გაყინულა ყველაფერი, მაგრამ უხილავი ძალა „უბრძანებს“ ცხოვრებას. ეს თვითონ სიცოცხლის კანონზომიერებაა:

„ის მარტო არის,

მარტოდმარტო ოკეანის წინ

და სურს თუ არა – უნდა შეტოპოს“.

„უნდა შეტოპოს“, უნდა სცადოს და გაიმარჯვებს თუ დამარცხდება, ამაზე არ იფიქროს, ღმერთს მიანდოს. როგორც რუსთველი წერს: „ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა უნდეს, მოცაგხვდების“. სამყარო ელოდება ადამიანის გაღვიძებას, შეხებას, თვალის შევლებას, გარდაქმნას, გამოძერწვას, ახალი ფორმის მიცემას, ერთი სიტყვით, უკვე შექმნილის შემოქმედებით გადააზრებას. ხომ სწორედ ეს ნიჭი დაამადლა უფალმა თიხისგან შექმნილ ადამიანს, „შემოქმედების გვირგვინს“, ამიტომაც ჩიტების ჟღურტულში გაისმის კითხვა:

„ვინ გაიღვიძა, ნეტარებო?“

როგორც უწყინარ ტყუილისათვის

ჰკითხეს ჩიტებს იქ, სადაც უცხო სტუმრის მოსვლას

ჰაერის ფერის შეცვლაზე გრძნობენ“.

ალექსანდრემ კი გაახილა თვალი, მაგრამ რეალურად „დახუჭული“ აქვს, მისი გაღვიძება ფერს არ ატყობს გარემოს, არ ცვლის. ის დასნეულებულა უსაზრისობით, უმოქმედობით, უმოძრაობით. ადამიანის „დაკნინება“ სახელების შემოკლება-გადაკეთებაშიც გამოიხატება. სახელი ხომ ის მნიშვნელოვანი რამ არის, რაც საგნისა თუ მოვლენის სულიერსა თუ მატერიალურ მყოფობას ადასტურებს. ჩვენ მხოლოდ იმას აღვიქვამთ, რასაც სახელი აქვს, ამიტომაც დაევალა ადამს სამოთხეში „სახელთა დარქმევა“ და ამის უნარიც მიენიჭა. დღეს კი ზრდასრულ ადამიანებს ერთგვარი მავნე ჩვევით კნინობითი სახელებით მოიხსენიებენ, ამგვარად, ადამიანს „მარადიული ინფანტილურობის“ დაღით აღბეჭდავენ და უნებურად აფერხებენ მის ზრდასა და განვითარებას.

„გიორგის ნაცვლად – გოგი ან გია,

დავითის ნაცვლად – დათო ან დათა,

კონსტანტინე ხომ კოწია ან კოტე იქნება.

გონივრული კომპრომისია,

რადგან, მითხარით,

სად გასწვდება კონსტანტინეს არშინებს კოტე!“

ასე რომ, სახელებშიც ცხადდება ის დამდაბლება, რაც თანამედროვეებმა განიცადეს, რადგან დასცილდნენ კაიყმისეულ „პირველხატებს“.

პოეტის აზრით, გამოღვიძება მეტაფიზიკურ რიტუალად უნდა იქცეს, მაგრამ მატერიალურ სამყარო აბუჩად იგდებს მისტიკურს, მეტაფიზიკურს, ირაციონალურს და რეალურ განზომილებაში არ უშვებს, ამიტომაც მუსიკალურ უაზრო აკორდად აქცევს გამეორებულ სიტყვებსაც:

„კვლავ გაიღვიძა,

კვლავ გაიღვიძა,

არც უფრო ადრე,

არც უფრო გვიან

და მეიმდენედ, რომ კიდევაც დაოსტატდა გაღვიძებაში“.

ეს ირონიული „დაოსტატება“ გამოღვიძებაში კარგად ამხელს იმას, რომ ამ ადამიანს აღარ შეუძლია ნამდვილი გამოღვიძებული სიცოცხლე. მისთვის „დღე დილიდანვე დაღამებულია“, თანაც: „ყველაფერს, რასაც დაინახავ, ან გაიფიქრებ, ამაოება ზედ აკერია“.

ერთ ეპიზოდში ბავშვები თოჯინებით თამაშობენ და მათ სახელებს არქმევენ. ფეხმოტეხილ, გაუბედურებულ თოჯინას ალექსანდრეს უწოდებენ და, ამგვარად, უნებურად, ბავშვური გულუბრყვილობით ზუსტად მოძებნიან კაცის არსის გამომხატველ სიმბოლოს. ალექსანდრე ხვდება, რომ მართლაც „ხეიბარი“ თოჯინაა, უმაქნისი და უაზრო ყოველდღიურიობის ტყვე, რომელსაც იმის ძალაც არ შესწევს, რომ გაიქცეს და გათავისუფლდეს. ის მიჯაჭვულია ყოფის საზრუნავებს, შეჩვეულია რუტინას, ერთფეროვნებას, მტანჯველ გარკვეეულობასა და სიცხადეს და დარწმუნებულია ადამიანურ ბანალურ „სისასტიკეში“:

„რომ, როგორც გინდა ძვირფასი ვიყო,

სულ ერთი არის, ნაგავი ვარ

და ადრე თუ გვიან უნდა გამიტანონ“.

პოემის ქვეტექსტურ სივრცეში ამგვარი „დაკნინების“ ერთ-ერთი მიზეზი სოფელს, ძირებს, მაცოცხლებელ ჯანმრთელ სივრცეს მოწყვეტაცაა. იქ იოლი იყო, ასე ლამაზად გეფიქრა: „მე და ცას ეს ჩიტი გვაერთებს“:

„თითქოს რაღაც მდინარეს ვეძებ ჩემს მახსოვრობაში,

რომლის ნაპირებზეც ბედნიერი ვიყავ,

სადაც პალოებს კი არ ვაძრობდი, თეთრ ვარდებს ვკრეფდი“.

ტრავმირებულია ადამიანი – ჯერ იმით, რომ „სამოთხე“ დაკარგა, მერე ამას ემატება „ბავშვობიდან“ გამოდევნა, რაც ამგვარ გაოცებასაც წარმოშობს: „ბავშვი! როგორ გამოდის ადამიანის ხელიდან მშვენიერების ასეთი კუნწულა?“ ავტორი აპირისპირებს სოფლურსა და ქალაქურ, ურბანულ ყოფასაც, სოფლად თითქოს მეტი აზრი აქვს გაღვიძებას, რადგან შრომობს ადამიანი, მიწას ნაყოფს გამოაცემინებს. არაფრობის განცდას ისიც ამძაფრებს, რომ უჩნდება ცოდვის, დანაშაულის შეგრძნება:

„მე რომ არ ვიყო ამ ქვეყანაზე,

ყველაფერი კარგად, კეთილად იქნებოდა.

მე ვარ მიზეზი ამ სამყაროს მოუწყობლობის

და ამდენ ხალხში არ აღმოჩნდა ერთი მკითხავიც,

რომ მოიშვიროს ჩემკენ ხელი და დაიძახოს:

ეგ არისო, დაიჭირეთ და ჩაქოლეთო!“

ხელმოცარულ ალექსანდრეს ვერაფერი მოუხელთებია ხელჩასაჭიდი. ყოველ დილას ადგება საწოლიდან და მერე რა? არაფერი. ნაცნობი სახლი, მობეზრებული მოძრაობები, დამღლელი ჩვევები, მოსაწყენი სუნები თუ ხმები შემოიჭრებიან და არსად იქნება ბედნიერების განცდა. ამიტომ გაიფიქრებს:

„რა გვეკუთვნის ჩვენ?

იქნებ ეს წამი,

ეს წამი ძილსა და ღვიძილს შუა,

როგორც ორ მტრულ სახელმწიფოს შორის –

ედემი. მერე კი დილაა –

ვარდი ზღვის ტალღაზე!“

ალექსანდრე ავტორის უამრავ „მეთაგან“ ერთ-ერთია, მისი ნიღაბია, ალტერ ეგოა, ამიტომაც მასთან ერთად ცდილობს დაძლიოს ეს მომაკვდინებელი გაუცხოება და ნიჰილიზმი. ამიტომაც შეუძახებს თავის გმირს, ამხნევებს, უბიძგებს. აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ, ჟანრის შესაფერისად, რთული კომპოზიცია აქვს პოემას, ლირიკული ნაკადები ერთმანეთს ერწყმის და შორდება, ხან ავტორის ხმა ისმის, ხან ლირიკული გმირისა. რეალობის სუბიექტური და ობიექტური აღქმა ერთმანეთს ენაცვლება და სიზმარ-ცხადის განცდას ბადებს.

ამაო გულის „მაღვიძარას“ რეკა:

„გახსოვდეს, ძილიც სიკვდილისაა,

მისი წვეთია, მისი თმის ღერი…

ადექი, გადი, დაანახე სამყაროს თავი!“

პოემაში შემოიჭრება ღვთის ხმაც. ბიბლიის მიხედვით, უფალი აღტაცებული იყო თავისი შექმნილით: „და თქვა ღმერთმა: იქმნას ნათელი. და იქმნა ნათელი. და იხილა ღმერთმა ნათელი, რომ კარგია. და გაყო ღმერთმა ერთმანეთისაგან ნათელი და ბნელი“ (დაბადება 1:3-4). პოემისეულ სივრცეში კი მის ხმაში სასოწარმკვეთი სევდა ჩაღვრილა, მამა წუხს, რომ უძღებმა შვილმა არ გაუმართლა იმედები:

„ადამიანები იმდაგვარად ცხოვრობდნენ მუდამ,

თითქოს ისინი მე შემექმნას არა თიხისგან,

არამედ ქვისგან და რკინისგან,

ანდა – ქარისგან“.

„ისე მიკვირს და ვერ მივმხვდარვარ,

საიდან არის თქვენში სული

თავის თავზე აღმატებისა,

რა თესლი ანდა რა მარცვალი შემყვა, ნეტავ,

მე იმ თიხაში, რომ თქვენს თავს ვეღარ ყაბულდებით!

მათ მაღლა უნდათ, ჩემთან უნდათ,

მე კი თვით მინდა, რომ იმათი მეხარბებოდეს!“

ალექსანდრე ბუნებით მაძიებელია, მოაზროვნე. ამას მოწმობს მის გონებაში შემოჭრილი ფიქრის ნაკადები, რომლებიც თავგზას ურევენ და უძნელებენ სხვებივით არაფრობით ტკბობას. ის იდენტობის განმსაზღვრელ საყრდენებს გარეთ ეძიებს, აქეთ-იქით ეხლება:

„საიქიოში აღარ მინდა მე ქართველობა,

რომელიმე დიდი ერის შვილი მსურს ვიყო,

რომ ერთი სიტყვით გავაგებინო ყველას, ვინცა ვარ“.

ხანდახან ამგვარი ეგოისტური ფიქრიც ეჩვენება მხსნელად:

„და… თუ იმღერებ, ისევ შენს თავზე იმღერე

და გწამდეს, წმინდა არის თავის თავის სიყვარული“.

ალექსანდრე ორმოცი წლის კაცია. ეს ის ასაკია, როცა საკუთარი თავი უკვე ნაპოვნი უნდა გყავდეს. გვახსენდება თეიმურაზ ხევისთავიც, რომელიც 40 წლის ასაკში 80 წლის მოხუცს დაემსგავსა, რადგან საკუთარი თავი დაკარგა. მართალია, მათი მხატვრული „საცხოვრებელი“ სივრცეების პოლიტიკურ-კულტურული კონტექსტები სხვადასხვაა, მაგრამ ამ ორ პერსონაჟს ის აქვს საერთო, რომ დაგროვილ თეორიულ „სიბრძნეს“ პრაქტიკულ საქმიანობასთან ვერ არიგებენ. „რა არის ჭეშმარიტება?“ – დასდევენ ქარივით მქროლავ ამ კითხვას. სახარებაში არც ქრისტემ უპასუხა პილატეს ამ კითხვაზე, რადგან ჭეშმარიტება გზაა, სულიერი სრულყოფილებისაკენ მიმავალი, რომელიც დაღლას, ჩამოყრდნობას, შესვენებასა თუ გადახვევას არ ცნობს.

„რა არის ორმოცი წლის

კაცის ცხოვრება?

ახალგაზრდობის

უკანასკნელ წრეს უვლის იგი,

და ფინიშთან კი

ყვავილებით არავინ ელის“.

„დიახ, ეს არის ახალგაზრდობის

უკანასკნელი წრე

და ჯოჯოხეთის პირველი გარსი“.

ალექსანდრეს ერთადერთი მხსნელი, რომელიც მის ყოფას ღირებულებას ანიჭებს, სიყვარულია, ისიც – სიყმაწვილის დროინდელი და ნატრობს: „იყო სულელი, მაგრამ იყო თექვსმეტი წლის, როცა გიყვარდა“. ერთ ეპიზოდში იმდენად გაბეზრებული ჩანს არაფრისმომცემი თავისუფლებით, რომ მონობას, უნებობას ნატრობს: „უფრო მკაცრ ეპოქაში მონა ვიქნებოდი, /კარგიც იქნებოდა./მე არ დამჭირდებოდა ტვინის ჭყლეტა, გონებისთვის ძალდატანება,/მივყვებოდი წესრიგს /და მეცოდინებოდა, /რომ მივყვები უმაღლეს ნებას“.

ადამიანის არსებობა, მისი ნებისბისმიერი მოქმედების უაზრობა წარმოჩნდება ამგვარ ირონიაში:

„რა სიმართლე გსურდათ, ნეტა, რომ დაგედგინათ,

რას ელოდით, ან რამდენ ხანს გეგონათ ყოფნა?

დაეტყო ჰაერს თქვენი მათრახი?!“

ამიტომაც არ უჭირს „წასვლა“, არც ხალხის „ყბედობა“ აღელვებს. მთავარი ისაა, რომ: „შუაღამის ბაღმა კი თქვა: „ამაო იყო ყველაფერი,/ რაც აქ ხდებოდა დღის სინათლეზე“. ისევ ეკლესიასტე შემოიჭრება, რადგან ყველაფერი უკვე „ნათქვამია“. რაღა დარჩენია კაცს, გარდა „გამეორებისა“, მაგრამ უსაზღვროა შესაძლებლობა მხატვრული სიტყვისა, რომელიც გაცვეთილ აზრებს, იდეებს ახალ ფორმაში მოაქცევს და თავიდან ბადებს საკუთარი წარმოსახვის განზომილებაში. ამიტომაც ერთადერთი ხსნა მხატვრული სიტყვაა, სანდო თავშესაფარი და არსებობის ერთადერთი გამართლება. ფიქრები კი ფილოსოფიურ-რელიგიურ ნაკადებში მიიკვლევენ გზას და მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენებენ:

„ყველაფერი არარსისკენ წასწრაფსწრაფდება,

დარჩება მხოლოდ… ვთქვათ წიგნები, რომლებსაც ექნებათ

დაფა წარწერით: მწერლის გვარით, მწერლის სახელით,

მაგრამ ეს ხომ სიმბოლოა მხოლოდ და მხოლოდ

და არაფერი აქვს საერთო იმ ცოცხალ კაცთან,

მშვენიერ წიგნებს რომ გვიწერდა,

რათა დაეფრთხო არარსის ლანდი.

ასეთ დროს რაღა მნიშვნელობა აქვს, რამდენს იცოცხლებ,

თუ არ არსებობს იმ წამის ძალით

დღე და საათი, სიხარული და სიყვარული

და ნეტა იმ ბრძენს, რომელსაც ტუჩები შეაცივდა, როცა კოცნიდა,

რადგან მიხვდა, რომ კოცნიდა არარსებულს“.

ალექსანდრეს ამგვარი ფიქრი მკითხველს უჩენს პესიმისტურ განცდას, რომ კაი ყმები აღარ არიან, დარჩნენ მხოლოდ ალექსანდრეს მსგავსი ხეიბარი თოჯინები. მაგრამ სტრიქონებს შორის მაინც მოჟონავს იმედი, რომ მათგან ზოგიერთი, მაგალითად, ბესიკ ხარანაული, შემოქმედი, თავისი „ნაწერებით“ ძნელად, მაგრამ მაინც აფრთხობს „არარსის ლანდებს“; მას და მისნაირებს არ დაუკარგავთ სულიერი კავშირი „წინაპრებთან“ და ტანჯვით, მაგრამ მაინც ჯიუტად მიიკვლევენ გზას უსაზრისობის ლაბირინთებში სინათლის მოსახელთებლად.

წერითი მეტყველების გაუმჯობესებისთვის

0

წერითი მეტყველების განსავითარებლად საუკეთესო გზაა  წერა.

ყოველდღიური წერითი სავარჯიშოები საგრძნობლად აუმჯობესებს აზრების წერილობით მოწესრიგების უნარს. ზოგჯერ მოსწავლეები ირწმუნებიან:

„არ მაქვს წერის ნიჭი“;

„წერა არ შემიძლია“;

„მუზა თუ არ მეწვია, ვერ ვწერ“

 „განწყობა მჭირდება საწერად“.

მე კი ვცდილობ დავაჯერო, რომ წერილობით მოსაზრებების გადმოცემა, საინტერესო თემის დაწერა, მოსაზრებების ფურცელზე გადმოტანა, ფიქრების მოწესრიგება წერილობით ნებისმიერს შეუძლია.  „თუ ყოველდღიურად იმუშავებ წერითი უნარის გაუმჯობესებაზე, საბოლოოდ მიზანს აუცილებლად მიაღწევ. თუ გინდა გააუმჯობესო წერითი მეტყველება, უნდა წერო – ეს ერთადერთი ქმედითი რეცეპტია“.

ჩემი დაკვირვებით, წერა არის ისეთი რამ, რაშიც დახელოვნება შეუძლია ყველას.  „წერის ნიჭი“, „წერის ტალანტი“ და „მწერლად დაბადებული“  – კლიშეებია. რასაკვირველია, ზოგიერთ ადამიანს უკეთ, მარტივად, ძალისხმევის გარეშეც გამოსდის აზრების წერილობით მოწესრიგება, მაგრამ ეს არ არის სპეციფიკური ნიჭი, რომლითაც მხოლოდ რჩეულები არიან დაჯილდოებულები. ნებისმიერს შეუძლია ისწავლოს ფიქრების მოწესრიგება წერილობით, წერითი მეტყველების გაუმჯობესება შესაძლებელია ვარჯიშით, მონდომებით, სისტემატური მიდგომით.

მოსწავლეებს ეხმარებათ ასეთი შედარებაც – წერაში დახელოვნება ჰგავს მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას ან სპორტული სახეობის ათვისებას.

ვეკითხები: როგორ მოიქცეოდი, ვიოლინოზე დაკვრა რომ გინდოდეს? აიღებ  ვიოლინოს და შეუდგები მეცადინეობას. რამდენიმე ათეული  გაკვეთილის შემდეგ შეძლებ მარტივი მელოდიის დაკვრას.

ცურვა თუ გინდა ისწავლო? წყალში უნდა ჩახტე, ტექნიკას დაეუფლო და ივარჯიშო.

თუ გინდა წერო – უნდა დაჯდე და წერო. ოღონდ – ყოველდღე.

წესები:

დაივიწყე – „მე არ გამომივა“; „ბევრჯერ ვცადე და მაინც ვერ ვწერ“;  „მიცდია დღიურების წერა და არ გამომდის“.

დაიმახსოვრე:

ათასი ლიეს გზა იწყება ერთი ნაბიჯით.

ამ წერილში გთავაზობთ საინტერესო, სახალისო წერითი სავარჯიშოების იდეებს. დღეში 10 წუთის გამოყოფა საწერად, მოცემული თემის მიხედვით მოსაზრებების მოწესრიგება ფასდაუდებელი გამოცდილებაა, რომელიც შედეგს აუცილებლად გამოიღებს (დამტკიცებულია პირადი გამოცდილებით!)

წერაში გასავარჯიშებლად ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მასწავლებლები უამრავ მეთოდს მიმართავენ. ყოველდღიური ათწუთიანი საწერი სავარჯიშოები უნდა იყოს ხალისიანი და საინტერესო. ეს დავალებები წერითი მეტყველების გაუმჯობესების მსურველმა დამოუკიდებლად უნდა შეასრულოს. არა „მასწავლებლისთვის“, არა იმიტომ, რომ დავალებული აქვს, არა იმისთვის, რომ ამისთვის ქულას ან კარგ შეფასებას დაიმსახურებს. ასეთი დავალებები სახალისო შესასრულებელი უნდა იყოს.

აი, რამდენიმე იდეა:

1.დაწერე საკუთარი სახელის შესახებ – რას ნიშნავს? მოგწონს? როგორ დაგარქვეს? არის რაიმე ისტორია ამის შესახებ?რომელი სახელები მოგწონს? რას დაირქმევდი, თავად რომ შეგეძლოს სახელის შერჩევა?

2.მოიფიქრე რაიმე დღესასწაული. ამასთან – დღესასწაულთან დაკავშირებული ტრადიცია, რიტუალი, საკვები, რაიმე აქტივობები;

3.დაწერე ექვსი წინადადება, რომლებსაც დაიწყებ სიტყვებით: „არასდროს დამავიწყდება…“

4.აღწერე ადგილი, სადაც დაუყოვნებლივ, ახლა გადაბარგდებოდი, ამის საშუალება რომ გქონდეს. ამ ადგილას ნამყოფი უნდა იყო. მკითხველს მიეცი შესაძლებლობა, შეიგრძნოს, დაინახოს, გაიგონოს ის, რასაც თავად იგრძნობდი, დაინახავდი და გაიგონებდი!

5.დაწნული კალათა, წითელი ბუშტი, ლურსმანი – დაწერე ამბავი, რომელშიც მოიხსენიებ ამ ნივთებს;

6.წარმოიდგინე, რომ შენთვის ნაცნობ რომელიმე ცხოველს საუბარი შეუძლია. რას იტყოდა ის? დაწერე პირველ პირში.

7.როდესაც ვერ იძინებ, რაზე ფიქრობ? ან როგორია შენი ძილის რუტინა?

8.დააკვირდი, რას გრძნობ ახლა. რა ემოცია მძლავრობს შენში? მოძებნე 5 აფორიზმი, რომელიც ამ განცდასთანაა დაკავშირებული. დაწერე და დაურთე კომენტარები.

9.ავტოპორტრეტი

10.გაიხსენე ერთი ადამიანი, ვისი მადლიერიც ხარ. დაწერე ამბავი – მკითხველს წარმოდგენა უნდა შეექმნას, ვინ არის ეს ადამიანი და რატომ ემადლიერები;

11.სიტყვა „მსუქანი“, როგორც წესი, უარყოფითი, უსიამოვნო შეფერილობის სიტყვაა. დაწერე ამბავი, რომელშიც ამ სიტყვას გამოიყენებ და რომელიც მკითხველს სხვა განცდას გაუჩენს;

12.რომელ ცხოველს შეადარებდი საკუთარ თავს? აღწერე, რატომ!

13.რჩევა – დაწერე, ვისგან მიგიღია რაიმე მნიშვნელოვანი რჩევა? რა მოჰყოლია ამ რჩევის გათვალისწინებას ან გაუთვალისწინებლობას?

14.გაიხსენე შენი ბავშვობის საყვარელი წიგნიდან რაიმე ამბავი. უამბე მკითხველს ეს ამბავი.

15.“ისე შემრცხვა, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. სახეზე ალმური მომეკიდა…“გაიხსენე ან მოიფიქრე ამბავი, რომელსაც ამ სიტყვებით დაიწყებ;

16.გაიხსენე ორი პერსონაჟი სხვადასხვა წიგნიდან. „შეახვედრე“ ეს პერსონაჟები ერთმანეთს. მოიფიქრე ადგილი, დიალოგი, საინტერესო სიუჟეტი;

17.საკუთარი სახლის სამუდამოდ დატოვება გიწევს. მხოლოდ აუცილებელი ნივთების წაღება შეგიძლია. იმის, რასაც ზურგჩანთაში ჩაატევ ან ხელით ატარებ. რას და რატომ წაიღებ?

18.მხოლოდ 20 სიტყვის ამოკრება შეგიძლია. ამ 20 სიტყვის გარდა სხვა სიტყვებს ვეღარასდროს გამოიყენებ. რომელია ეს 20 სიტყვა?

19.შენი სამოსი – რა გაცვია? ვინ გირჩევს სამოსს? რას ამბობს შენი სამოსი შენზე?

20.მოიფიქრე დიალოგი, პერსონაჟები და სიტუაცია. დაიწყე ასე:

– რა გაქვს ხელში? ეს რა არის?

– ჩემია! მე ვიპოვე!

21.ჩამოთვალე 5 რამ, რაც შენთვის მნიშვნელოვანია სხვა ადამიანთან ურთიერთობაში!

22.შენი ყველაზე ადრეული მოგონება ღრმა ბავშვობიდან;

23.შეარჩიე ერთი საინტერესო აფორიზმი. დაწერე 150 სიტყვიანი კომენტარი;

24.რა ისწავლე მშობლებისგან?

25.აღწერე შენი მშობლიური ქალაქის ყველაზე საინტერესო ადგილი, ღირსშესანიშნაობა.

26.შენი ცხოვრების „საუნდტრეკები“. სიმღერები, რომელსაც ყველაზე ხშირად უსმენ. მხოლოდ ჩამონათვალი დაუშვებელია;

  1. დაასახელე წიგნი, რომელიც, სასურველია, ყველას ჰქონდეს წაკითხული; რატომ?

28.შენი სახელის თითოეული ასოსგან შეადგინე სიტყვა. ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინე წინადადებები. წინადადებები შეკარი ამბად;

29.სიტყვების კოლაჟი – „მე“. ფურცელზე ჩამოწერე ის სიტყვები, რომლებიც შენ გიკავშირდება. მხოლოდ სიტყვები. ფურცელი გააფორმე სურვილისამებრ. შეგიძლია დააკრა და დააწებო ფურცელზე ის, რაც გსურს.

30.მომდევნო 3 საათის განმავლობაში შენ ხარ უჩინმაჩინი. რას გააკეთებდი?

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ეკოსკოლების პროგრამა საქართველოში

0

 

ეკოსკოლები პირველად 1994 წელს დანიაში, გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (Foundation for Environmental Education, FEE) მიერ შეიქმნა. UNESCO-სა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მხარდაჭერით ეკოსკოლის პროგრამა წარმოადგენს წამახალისებელ მექანიზმს, რომელიც დაკავშირებულია 2015-2030 წლების მდგრადი განვითარების მიზნებთან და აღიარებულია მთელ მსოფლიოში. პროგრამა მონაწილე სკოლებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავიანთი წვლილი შეიტანონ გარემოს გაჯანსაღების საქმეში და აღზარდონ თაობები გარემოსდაცვითი მოქალაქეობრივი სულისკვეთებით, ჩაერთონ გაცვლით პროცესებში და ეკოსკოლების ეროვნული და საერთაშორისო ქსელის საშუალებით გააზიარონ თავიანთი გამოცდილება.

ეკოსკოლა, როგორც საგანმანათლებლო პროგრამა, ხელს უწყობს განათლებას მდგრადი განვითარებისათვის პროექტული სწავლების დანერგვის გზითა და სისტემური, ინტესდისციპლინური მიდგომით. მისი პროგრამა აკავშირებს მდგრადი განვითარების საკითხებს საგნობრივი მიმართულებების შესაბამის სასწავლო პროგრამებთან და იძლევა გარემოსდაცვითი თემების შესწავლის შესაძლებლობას სასწავლო გარემოსა თუ მის გარეთ აქტიური ქმედებების, დაკვირვებისა და კვლევის გზით.

ეკოსკოლის პროგრამის მიზნები:

  • ჩართული სკოლების მდგრადობა;
  • მოსწავლეების, სასკოლო საზოგადოებისა და თემის კონკრეტული ქმედებების განხორციელება მდგრადობის კუთხით;
  • ახალგაზრდების გაძლიერება, რათა მათ თავიანთი წვლილი შეიტანონ დედამიწის მდგრად განვითარებაში პრაქტიკული ქმედებებით და ინიციატივებით, სასწავლო და კვლევითი აქტივობებითა და ურთიერთთანამშრომლობით;
  • მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება გლობალურ საკითხებში.

 

პროგრამა საუკეთესო საშუალებაა სკოლისათვის, იმუშაოს საკუთარი გარემოს გასაუმჯობესებლად და გახდეს უფრო „მწვანე“, ნაკლებად ხარჯიანი და მეტად პასუხისმგებლიანი გარემოსთან მიმართებით.

ეკოსკოლების პროგრამა შესასრულებელი პროექტის გარშემო აერთიანებს მთელ სასკოლო საზოგადოებას, ხელს უწყობს სასკოლო პერსონალის სხვადასხვა ჯგუფსა და მოსწავლეს, ასევე მათ მშობლებს შორის თანამშრომლობას. ეკოსკოლა ახალისებს ახალგაზრდების ინიციატივებსა და პრაქტიკულ ქმედებებს, უბიძგებს მათ, ჩაერთონ და ეფექტურად დაიცვან გარემო.

პროგრამა უვითარებს მოსწავლეებს გუნდური მუშაობის უნარებს. მისი მეშვეობით ახალგაზრდებს უჩნდებათ რწმენა, რომ თავიანთ გარშემო მათ შეუძლიათ შეცვალონ გარემოსდაცვითი პოლიტიკა. პრობლემების მოგვარებაში მათი მონაწილეობა შესაძლებელს ხდის, თვალნათლივ დაინახონ შედეგები და დარწმუნდნენ საკუთარ შესაძლებლობებში. ის ეხმარება პროექტში ჩართულ მოსწავლეებს, შეიძინონ ცოდნა, უნარები და სწორი ღირებულებები. ზრდის მოტივაციას გარშემო არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ.

ეკოსკოლების პროგრამა ეფუძნება შვიდსაფეხურიან მეთოდოლოგიას, რომელიც საშუალებას იძლევა, პროგრამა განხორციელდეს სასურველი ტემპით. ქმნის ერთგვარ ჩარჩოს, რომლის გარშემო ერთიანდება სრულიად სასკოლო საზოგადოება, ხოლო მოსწავლეებს ენიჭებათ წამყვანი როლი პროგრამის განხორციელებასა და მის წარმატებაში.

პროგრამა იყენებს სკოლის შენობას და მასთან ასოცირებულ ტერიტორიებს (როგორიცაა საგანმანათლებლო ლაბორატორიები, ეზო, ბაღი და ა.შ). მასში ჩართული თითოეული სკოლა ირჩევს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებულ რომელიმე თემას ერთ- ან ორწლიანი პროექტისთვის და ახორციელებს იმ ინიციატივებს, რომლებიც მიზნად ისახავს მისი საქმიანობის პრაქტიკულ გაუმჯობესებას ამ მიზანთან მიმართებით. განხორციელებული ინიციატივების პარალელურად ხორციელდება მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებიც ტარდება საკლასო ოთახში ან სკოლის გარეთ.

საგანმანათლებლო პროცესის ეფექტიანი განვითარებისა და სასკოლო ცხოვრების უწყვეტი გაუმჯობესების უზრუნველყოფის მიზნით სკოლას ყოველ წელს შეუძლია ახალი თემის დამატება.

როდესაც სკოლა არჩეული თემის მიმართულებით დაასრულებს შვიდივე საფეხურს, შეუძლია, განაცხადი გააკეთოს „მწვანე დროშის“ მისაღებად, რათა აღნიშნოს და საზოგადოებას აცნობოს მის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ. ჯილდოს გადასცემს ექსპერტთა დამოუკიდებელი კომისია. ის ამით აღნიშნავს სკოლის წარმატებას. ჯილდო მოქმედებს ორი წლის განმავლობაში. მისი განახლება შესაძლებელია ახალ თემაზე მუშაობით ან არსებულ თემაზე მუშაობის გავრცობით.

ეკოსკოლების პროგრამის განხორციელების შედეგად სკოლა:

  • მოსწავლეებს აცნობს გარემოს;
  • უვითარებს მათ გარემოსდაცვით პასუხისმგებლობასა და მზრუნველობას;
  • განამტკიცებს მოსწავლეების ცოდნას გარემოსდაცვითი თემების და მეთოდების მიმართულებით;
  • უზრუნველყოფს სკოლის მდგრადობას;
  • ამცირებს ხარჯებს და ზოგავს რესურსებს სკოლაში, ოჯახებსა და თემში;
  • ახდენს გავლენას თემზე სკოლის გარშემო;
  • აერთიანებს ცოდნასა და გამოცდილებას.

ეკოსკოლების პროგრამის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს შემდეგ საკითხებს:

კლიმატის ცვლილება – განიხილავს ჩვენი ცხოვრების წესის ზეგავლენას კლიმატზე და ასევე იმას, თუ როგორ შეუძლიათ პროგრამის მონაწილეებს დადებითი გავლენა მოახდინონ კლიმატის ცვლილების პროცესზე.

ჯანმრთელობა და კეთილდღეობა – ეხმარება სკოლებს, დანერგონ ჯანსაღი ცხოვრების წესი მოსწავლეებსა და მთლიანად თემში; გარემოს დაცვა დაუკავშირონ ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.

გლობალური მოქალაქეობა და კულტურა – ადგენს ჩვენს უფლებებსა და პასუხისმგებლობებს ეროვნულ, ევროპულ და გლობალურ დონეზე; ეხმარება პროგრამის მონაწილეებს – სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, მათ მშობლებს – გაეცნონ და დააკვირდნენ რესურსების მოხმარების ჩვევებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

თანასწორობა და თანაბრობა – უკავშირდება მდგრადი განვითარების მიზნებს თანასწორობისა და თანაბრობის მიღწევის მიმართულებით სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, ასაკის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიის ან სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად. ამაღლებს ცნობიერებას ყველას მიმართ თანასწორი დამოკიდებულების საჭიროების შესახებ და ხელს უწყობს სამართლიანობის დამკვიდრებას.

ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემები – სწავლობს სკოლის გარემოში არსებულ ფლორასა და ფაუნას და მონაწილეებს სთავაზობს გზებსა და ხერხებს ბიომრავალფეროვნების გაზრდისთვის; ამაღლებს საზოგადოების ცნობიერებას ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებით.

ენერგია – პროგრამაში ჩართულ სკოლებს სთავაზობს გზებს, რომ შეძლონ სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგიის, აგრეთვე ენერგოდაზოგვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისა და სკოლის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისთვის ერთობლივად მუშაობა.

სურსათი – ეხმარება მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და მთელ თემს, გააკეთონ პასუხისმგებლიანი არჩევანი სურსათთან დაკავშირებით, და ყოველდღიურად იმოქმედონ გარემოს დაცვის, ადამიანის უფლებების მხარდაჭერისა და საზოგადოების კეთილდღეობის გაუსაუმჯობესებლად.

ზღვა და სანაპირო – აცნობს მოსწავლეებს ზღვის და სანაპირო ჰაბიტატებს, ადამიანების გავლენას მათზე და მათი დაცვის შესაძლებლობებს.

სკოლის ტერიტორია – ეხმარება სკოლებს, რეალურად გააცნოს ბავშვებს ბუნებრივი გარემო და ბიომრავალფეროვნება შენობის გარეთ უსაფრთხო სწავლების გზით.

ტრანსპორტი – სთავაზობს მოსწავლეებს, თანამშრომლებს და ადგილობრივ მთავრობას ტრანსპორტის საკითხებზე ერთობლივად მუშაობას ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, რასაც მოსწავლეთა ყოველდღიურობის შეცვლა შეუძლია.

დანაგვიანება და ნარჩენები – ადგენს გარემოზე ნარჩენების გავლენას და სთავაზობს ჩვენ მიერ ყოველდღიურად წარმოებული ნარჩენების მინიმუმამდე შემცირების გზებს.

წყალი – განიხილავს წყლის მნიშვნელობას ადგილობრივ და გლობალურ დონეზე, ამაღლებს ცნობიერებას იმ მარტივი ქმედებების შესახებ, რომლებსაც წყლის მოხმარების მნიშვნელოვნად შემცირება შეუძლია.

ეკოსკოლების პროგრამა 25 წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში და 19 მილიონ მოსწავლესა და მილიონზე მეტ მასწავლებელს აერთიანებს.

საქართველოში ეკოსკოლების პროგრამას ახორციელებს ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, რომელიც 2015 წელს სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა, ექსპერტთა, გარემოს დაცვის აქტივისტთა და მოხალისეთა გაერთიანების ბაზაზე შეიქმნა. მას შემდეგ აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიანობაში. ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის სამინისტროებთან.

2019 წელს ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ჩაერთო შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტში „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“, რომლის მიზანიც სათბური აირების ემისიებისა და გარემოს დაბინძურების შემცირებაა, საქართველოში გარემოსდაცვითი მდგრადი განათლებისა და ცირკულარული ეკონომიკის (ნარჩენების გარეშე ეკონომიკა) ხელშეწყობის გზით.

2020 წელს აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასოციაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” გახდა გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ასოცირებული წევრი და ეკოსკოლების პროგრამის წარმომადგენელი ეროვნულ დონეზე.

ასოციაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავისა” და ეკოსკოლების პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ, ნახოთ ბმულებზე:

https://www.kgt.ge/ka/chven-shesakheb

https://www.facebook.com/KeepGeorgiaTidykgt/.

ტრაგიზმი და სიტკბო არსობისა

0

(ინგა მილორავას ლიტერატურული ზღაპრების სამყარო) 

სულ მალე წიგნის მაღაზიებში გამოვა უდროოდ გარდაცვლილი ინგა მილორავას, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის, ლიტერატურათმცოდნის, მწერლის, გამორჩეული სულიერების ანარეკლი – მისი საოცარი ლიტერატურული ზღაპრები, ავტორის ნახატებითვე დასურათებულ-დამშვენებული. თუ რამეს შეეხებოდა მისი კალამი, რომანი იქნებოდა ეს, ესეი, პიესა, ლექსი თუ ზღაპარი, უკვე იქსოვებოდა განუმეორებელი ინდივიადუალობის სამყარო, რომელშიც საოცარი სულიერი სიფაქიზეა (რომლითაც ავტორი სიცოცხლეში დაჯილდოებული იყო), გრძნობების უანგარო, განსაკუთრებული ბავშვური სიწრფელე და სინაღდე (ასეთი იყო ინგას სიღრმისეული დამოკიდებულება სამშობლოსთანაც, საკუთარ პროფესიასა და საქმესთანაც, თავისი სტუდენტებისა თუ, ზოგადად, ადამიანებისადმი), აზრის ფილოსოფიური სიღრმეები. აქ თვალწინ გვეშლება ფერადი, თვალმიუწვდენელი ჰორიზონტები, სანახები, მიღმიერის გამონაშუქ სიმშვიდესა და სიხარულს რომ გვჩუქნიან.

 

იშვიათია ლიტერატურული ზღაპრის სამყარო. ეს არაა მითოსი, ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ზოგადობითა და არქაული, საკაცობრიო, წარმართობის დროინდელი ხილვებით, ყოფიერების ძირძველი მოდელით, რომლებშიც წინასწარგანზრახულია სიკეთე-ბოროტების მკაცრ ქარგას მორგებული ბალანსი. ხალხურ ზღაპარში თითქოს ყველაფერი ისე ძველია და ათასჯერ განცდილი, რომ ადვილად გამოიცნობ პერსონაჟთა ხასიათებსა და ქცევას და სხვა ბევრთან ერთად, შენც თანაავტორი ხდები სიუჟეტურად სიკეთით ბოროტების გარდაუვალი კათარზისისა. იტყვი – ჭირი იქა, ლხინი აქაო და თითქოს, „საწუთროს ვალიც” მოგიხდია. ლიტერატურული ზღაპარი უფრო არაპროგნოზირებადია. მისი პერსონაჟებიც სწორედ ლიტერატურულთან თანაზიარი, მწერლის, ინდივიდის ორიგინალური და სხვებისგან განსხვავებული ფანტაზიის პირმშონი არიან. იქნებ ამიტომაც უფრო მკაცრად შესაფასებელნი და მერე ისე შესატკბობნი, შესაყვარებელნი, როგორც ჩვენიანები, ახლობლები, ცოცხალი ადამიანები. ლიტერატურულ ზღაპარში თვითონ მწერლის, ერთი ადამიანის განუმეორებელი ხედვა ჩანს სამყაროსეული მოვლენებისა, მისი ცხოვრებისეული გამოცდილებით ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობა, ყოფიერების სიღრმეებში წვდომის ფილოსოფიური უნარი. ეს უკვე ის მხატვრული შემოქმედებაა, რომლისთვისაც არაა გათვალისწინებული მკაცრი ასაკობრივი ცენზი და მას პატარა მკითხველთან ერთად, უფროსებიც სიამოვნებით ეცნობიან. მითოლოგიით რაღაცა დიდი, სამყაროსეული, საყოველთაო სიბრძნის თანაზიარი ხდები, ხოლო ლიტერატურულ ზღაპარში მწერლური ქვეტექსტის ამოკითხვა უნდა შეძლო ან, უბრალოდ, შეიგრძნო ის პატარა გულითა და გონებით.

 

ლიტერატურის ამ ჟანრის საუკეთესო მაგალითებია ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის „პატარა უფლისწული” და ოსკარ უაილდის ზღაპარი-შედევრები. ამ დიდ სახელებთან ერთად სრულიად არ მეუხერხულება ინგა მილორავას მოხსენიებაც, რადგან მისი ზღაპრები ამ ჟანრის (არც ვართ ქართველები ამ მხრივ განებივრებულნი) საუკეთესო ნიმუშებია. ეს წიგნი წარგიძღვებათ თავისი პერსონაჟების: ქართან დამეგობრებული სვიმონიკოს, უძლიერეს ჯადოსან დობე კვინტესა და საკუთარი თავის საძებნელად გამგზავრებული ფიფეს, პატარა გოგონების, ნიულასა და ზეიას, ვითომ უნიჭო და ულამაზო, სევდიანი ფერიის, დიდი მადლიანი გულით, საყვარელი, ნამდვილი მეგობრობის მაძებარი დრაკონი მურმურიკოს, ჭაობის ჯოჯოს მიერ შეფარებული სიტყვის, კეთილი და მხიარული ხვლიკი ნუციკოს, დიდობაში მასწავლებელი რომ გახდა, მაჩვი თეკლას, მოსასპობი მცენარისა თუ ოქროსფერი ჩიტის საინტერესო თავგადასავლების შესაცნობად.

 

აი, ყველაზე პატარა ზღაპარი ამ წიგნიდან:

 

„იყო ერთი სახლი და ერთი ხე. ხეს უყვარდა სახლი, სახლს უყვარდა ხე. მაგრამ ერთმანეთთან ვერ მიდიოდნენ. გაზაფხულზე ყვაოდა ხე და იდგა სახლი, ზაფხულში ივსებოდა ხე და იდგა სახლი, შემოდგომაზე მეწამულად ღვიოდა ხე და იდგა სახლი, ზამთარში იდგა სახლი ფოთოლგანძარცვული ხის პირისპირ, მაგრამ ერთმანეთთან ვერ მიდოდნენ. როცა აცივდა, მოვიდა კაცი, მოჭრა ხე, დახერხა, სახლში შეიტანა და ბუხარი გააჩაღა.
ხე დაიწვა.
ერთი წუთითაც არ უნანია…”.

 

და თუ აქ მეტი სევდა და მელანქოლია შემოგხვდებათ, ვიდრე ჩვეულებრივ ზღაპრებში, ეს იმისთვისაა, რომ მათმა ავტორმა ძალიან შეიყვარა სიცოცხლე და მიუხედავად ბევრი გულისტკენისა, როგორც ხდება ხოლმე, უნდოდა, რომ მისი მშვენიერება, შინაარსის საკუთარი ახსნა, წვდომა თქვენთვისაც ეგრძნობინებინა, გაეზიარებინა. ჩვენ, ადამიანები, ხომ ცალ-ცალკე, თანდაყოლილი მარტოობებით ვიბადებით და მერე ვცდილობთ, ცხოვრების განმავლობაში, ერთმანეთს შევუვსოთ ისინი. ეს წიგნიც იყოს სურვილი და ცდა ამ მარტოობების შევსებისა, წუთისოფლის სევდის ტკბილად განქარვებისა…

აქვე დავურთავ ინგას ნახატ ზღაპრის ილუსტრაციებს. აირჩიეთ, რომელიც მოგეწონებათ…

 

პირველი წერილი

0

ერთხელ ქ. ფოთის, ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის 11ა კლასის პედაგოგმა, ქალბატონმა მაიკო გვიჩიამ მომმართა შემოთავაზებით –  მისი მოწაფეებისთვის, რომლებიც ვაჟას „სტუმარ-მასპინძელს“  განიხილავდნენ, ამეხსნა, ქადაგებდა თუ არა ისლამი „კაცის კვლას“. დეპეშური პასუხი ბუნდოვანი იქნებოდა, მხოლოდ ამ საკითხზე საუბარი კი მუსლიმური თეოლოგიის ცოდნას მოითხოვს, რომელიც მე არ გამაჩნია, ამიტომ გადავწყვიტე მათთვის ზოგადად ისლამის შესახებ მიმეწერა და რა თქმა უნდა, არც მათთვის საინტერესო საკითხი დამვიწყებია. ის კი არა, ვინაიდან საკითხი ვაჟას შემოქმედებას ეხებოდა, ზემოხსენებულ საკითხს   მეორე წერილშიც შევეხეთ. ვფიქრობ, სკოლის მოწაფეებთან ამგვარ ურთიერთობას ბევრის შეძენა შეუძლია მათი უფროსი მეგობრებისთვის და ამ ურთიერთობაში კი პედაგოგს მეტად მნიშვნელოვანი მედიატორის როლი ენიჭება. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის უკუკავშირი, რაც ამ კლასის მოწაფეებისგან მივიღე. ჩემდა სასიხარულოდ, თავიანთ წერილებში რამდენიმე საკითხზე განსხვავებული მოსაზრებებიც ჰქონდათ.   ფოთის მე-5 საჯარო სკოლის 11 ა კლასის მოწაფეებთან ჩემი მედიატორი ქალბატონი მაიკო გვიჩია გახლავთ, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებ.

 

ფოთის ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-5 საჯარო სკოლის 11ა კლასის მოსწავლეებს

 

  ძვირფასო მეგობრებო,

მე ოქტაი ქაზუმოვი ვარ და გწერთ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან. დიახ, საქართველოში რამდენიმე ციხისძირია და ერთ-ერთი, სწორედ, მცხეთაში გახლავთ. აჭარის ციხისძირის მსგავსად აქაც მუსლიმები ცხოვრობენ, ხოლო მისგან განსხვავებით მცხეთის ციხისძირის მკვიდრები ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. სკოლა ქართულენოვანი გვაქვს და ქართულს იქვე ვეუფლებით, შესაბამისად, აზერბაიჯანულად მეტყველებისას ქართულ სიტყვებს ისევე ვურევთ, როგორც თქვენ, ალბათ, რუსულს ან ინგლისურს. ჩემი სოფელი, ერთი მხრივ,  მუხრანს, ქანდას (სადაც ასურელები ცხოვრობენ) და მთიულების პატარა თემს  ემეზობლება, ხოლო, მეორე მხრივ იგი მცხეთის ბოლო სოფელია, რომლის იქითაც კასპის მუნიციპალიტეტი იწყება, სადაც ასევე რამდენიმე აზერბაიჯანული და ქართული (ცალკე თუ შერეული) სოფელი მდებარეობს. კასპის მუნიციპალიტეტისგან ჩვენი გამომყოფი მდინარე ქსანია –  „შუა რომ ჩამოგვდის“ და მტკვარს რომ უერთდება. ჩემი სოფელი მდებარეობს თხოთის მთის მიდამოებში და მას ზემოდან მეთექვსმეტე საუკუნეში, ბაგრატ მუხრანბატონის მიერ, აგებული ციხე და  მასზე კიდევ უფრო ძველი, შუასაუკუნეების  წმ. გიორგის სახელობის ბაზილიკური ეკლესია გადმოჰყურებს.

ეს ისე… შესავლისთვის…

ახლა კი მთავარზე.  წინდაწინ უნდა ვაღიარო, რომ თქვენს კითხვაზე მოკლე პასუხი ვერ მექნება, რადგან მას ორი ასპექტი გააჩნია – 1) ქადაგებს თუ არა ისლამი კაცის კვლას და  2) როგორაა ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში კაცის კვლის „წყევლა-კრულვიანი“ საკითხი განხილული.  კითხვის  ამ ასპექტთაგან თითოეულს თავისი „ქვეკითხვები“ და შესაბამისად,  „ქვეპასუხები“ მოჰყვება. ამ „ქვეპასუხებიდან“ ზოგი მე არ ვიცი, ზოგი ამომწურავად არ ვიცი, ზოგმაც შესაძლებელია თქვენი ცნობისმოყვარეობა ვერ დააკმაყოფილოს, მაგრამ ცდად მაინც ღირს, დამეთანხმებით.

ახლა რასაც მოგითხრობთ, ის მრავალ წიგნში წერია, მაგრამ რადგან ვიცი, რომ სკოლის პროგრამის მოსწრებას დიდი  დრო მიაქვს, შევეცდები, მე დაგილაგოთ შეძლებისდაგვარად.

დავიწყოთ ზოგადად ისლამით.  მოგეხსენებათ, იგი მეშვიდე საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე იქადაგეს. ისლამი მონოთეისტური ანუ ერთღმერთიანობის მაღიარებელი რელიგიაა, რომელიც აგრძელებს იუდაიზმისა და ქრისტიანობის ხაზს. ისლამის მოვლინებამდე არაბების უმრავლესობა კერპთაყვანისმცემელი იყო. მათ შორის არსებობდნენ აგრეთვე „ჰანიფები“, რომლებიც არც კერპთაყვანისმცემლები იყვნენ და არც რომელიმე სხვა რელიგიის მიმდევარნი. მათ  მხოლოდ ერთი ღმერთის არსებობისა სწამდათ. ისლამამდელ არაბულ ეპოქებს „ჯაჰილიის“, ანუ უმეცრების ხანას უწოდებენ და მასში უთუოდ კერპებისადმი თაყვანისცემა იგულისხმება და არა ზოგადად უვიცობა, რადგან იმ პერიოდის არაბული ლიტერატურა და ესთეტიკური აზროვნება საკმაოდ მაღალ დონეზე იდგა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ იგი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, „საკუთარ წვენში იხარშებოდა“ და,  მსოფლიო აღიარება ჯერ არ მოეპოვებინა. იმ პერიოდის არაბული საზოგადოება სამ ფენად იყოფოდა –  ოაზისებში ტომებად მოსახლენი, ასევე ბედუინები, რომლებიც მომთაბარეობდნენ და ქალაქად მცხოვრებნი. იმ დროს ამ ქალაქებიდან ყველაზე ცნობილი  იყო ორი – მექა და იასრიბი (დღევანდელი  „მადინათ ან ნაბი“  ანუ „წინასწარმეტყველის ქალაქი“. შემოკლებით „მედინა“), სადაც მოსახლეები უბნებში გვარების მიხედვით ცხოვრობდნენ. მექა მეტად მნიშვნელოვანი ქალაქი იყო, რადგან აქ მდებარეობდა და დღესაც დგას ტაძარი ქააბა, სადაც კერპებთან წელიწადში ერთხელ მოსალოცად ჩამოდიოდნენ, რაც მექას ეკონომიკურად აძლიერებდა, რადგან იმართებოდა გამალებული აღებ-მიცემობა ანუ ვაჭრობა. არაბებს ქარავნები ეგვიპტეში, სირიაში, ბიზანტიაში, სპარსეთში და ა.შ. დაუდიოდათ და შესაბამისად, ისინი მაშინდელი მსოფლიოს მოწინავე ცივილიზაციებს კარგად იცნობდნენ.

ასეთ საზოგადოებაში, კერძოდ კი, ქააბის ტაძრის გასაღების მფლობელის – აბდულმუთალიბის  შვილის – აბდულაჰის ოჯახში დაიბადა  ისლამის მოციქული მუჰამადი. თავად აბდულაჰი ამ დროს ქარავანს ახლდა და გზაში 25 წლისა ისე გარდაიცვალა, რომ ერთადერთი შვილის ხილვას ვერ მოესწრო. დედამისს ამინა ერქვა, რომელიც, მომავალი მოციქული 6 წლის რომ იყო, მიიცვალა და ბავშვის აღზრდა პაპამ – აბდულმუთალიბმა ითავა, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ, მოციქული ბიძის -აბუ თალიბის მეურვეობაში გადავიდა. 12 წლისა ბიძამისს დღევანდელ სირიაში გაჰყვა, სადაც ქრისტიანმა სასულიერო პირმა მასში მომავალი წინასწარმეტყველი ამოიცნო. იქიდან მობრუნებულმა მწყემსობას მიჰყო ხელი (შდრ. წინასწარმეტყველი მოსე, რომელიც ეგვიპტიდან გამოქცევის შემდეგ მწყემსობდა, აგრეთვე ქრისტე, რომელიც ხელობით დურგალი გახლდათ). როცა წამოიზარდა  თავისი პატიოსნებითა და გონიერებით თანამემამულეების პატივისცემა იმდენად მოიხვეჭა, რომ მეტსახელად „ამინი“ ანუ სანდო შეარქვეს.  როცა  ვინმეს ქალაქიდან გასვლა უწევდა, თავის ნივთებს მას აბარებდა ან ორ მოდავეს სამართლიანი გადაწყვეტილების შეთავაზებით  არიგებდა ერთმანეთში. ამგვარად მიაღწია ორმოც წლამდე. გადმოცემებით  ძირითადად სევდიანი, მაგრამ მოღიმარი იყო. იშვიათად იცინოდა და არასოდეს – ხმამაღლა. უყვარდა განმარტოება, განსაკუთრებით კი მექის მახლობლად მთა ჰირას გამოქვაბულში, სადაც ერთხელაც ზებუნებრივი არსება იგივე ანგელოზი „ჯიბრაილი“ (იგივე გაბრიელი) გამოეცხადა და არაბულად უბრძანა – „იკრა ბისმი რაბბიქა!“ („წაიკითხე“  ან „იქადაგე შენი უფლის სახელით“), რაზეც გაოგნებულმა მუჰამადმა – „ ანა ლასთუ კარიან“, ანუ მე არ შემიძლია კითხვა/ქადაგება-ო უპასუხა.  მაგრამ ჯიბრაილმა სამჯერ უბრძანა და შემდეგ პირველი აიები წაუკითხა.  ყურანის სახელწოდებაც აქედან წარმოდგება ყურან/კურან ანუ „საკითხავი“.

  ახლა მივადექით მეორე საკითხს: რას ქადაგებს ყურანი?

ყურანი 114 სურასგან ანუ თავისგან შედგება. აქედან 113 იწყება შესავლით „სახელითა ალაჰისა მოწყალისა, მწყალობელისა“. ყურანი შედგება მუხლებისაგან ან წინადადებებისაგან, რომელსაც „აია“ ეწოდებათ. ეს უკანასკნელი ნიშანსაც ნიშნავს (ოღონდ არა დამწერლურს, ალბათ)  და სასწაულსაც. ყურანში სურები ორ ნაწილად იყოფა – მექურად და მედინურად. ეს იმის მიმანიშნებელია,  კონკრეტული სურის თუ აიის მოვლინების დროს მოციქული სად იმყოფებოდა. ყურანში თითოეულ სურას თავისი სახელი აქვს და არაიშვიათად ბიბლიურ ხდომილებებზე მინიშნებითაა დასათაურებული. მაგალითად, ყველაზე დიდი სურაა მეორე – „ძროხა“, რომელიც ძირითადად იუდეველებზე საუბარს ეთმობა და გვიყვება იმაზე, როგორ დაატყდათ ღვთის რისხვა, როცა მოსე წინასწარმეტყველი შორს იგულეს და თაყვანი სცეს ხბოს თუ ძროხას. ასევე მეცხრამეტე სურას „მარიამი“ ეწოდება და იგი ერთადერთია, რომელიც ქალის სახელითაა დასათაურებული. „მარიამში“ კი,  რა თქმა უნდა, წმინდა მარიამი იგულისხმება. ზოგადად, ყურანში ნათქვამია, რომ ღმერთი წინასწარმეტყველებს აღარ მოავლენს,  ამიტომაც ეს – ყურანი – უკანასკნელი გაფრთხილებაა. აქედან გამომდინარე, ყურანს გასდევს ერთგვარი მკაცრი ტონი, რომელიც აუცილებლად ბოლოვდება ლმობიერებით. მაგალითად, ღმერთი (აქვე ვთქვათ, რომ ისლამისათვის ქრისტიანთა  ან იუდეველთა  ან მუსლიმთა ღმერთი არ არსებობს – ღმერთი ერთადერთი და მხოლოა ყველასთვის, სახელს მნიშვნელობა არ აქვს) როცა უკეთურების მომმრავლელთ სასჯელით ემუქრება, მერე იმასაც ამატებს,  თუ მოინანიებენ ეპატიებათო, რადგან იგი მოწყალე და მიმტევებელია.  თქვენ ალბათ გსმენიათ ასეთი გამოთქმა „თვალი თვალის წილ,  კბილი კბილის წილ“. ეს გამოთქმა ძველ აღთქმას ეკუთვნის და გულისხმობს სამაგიეროს ცუდი საქციელისთვის, ვინმეს თვალს თუ ამოუგდებ, სამართლის აღსასრულებლად თვალს ამოგიგდებენ და ასე მოგეზღვება. ხოლო ქრისტე სახარებაში ამბობს: „თუ ვინმე მარჯვენა ლოყაში გაგაწნავს სილას, მეორე ლოყაც მიუშვირე“.  აი, ყურანი ამ ორივეს ერთგვარ სინთეზს ახდენს – იგი ამბობს, შენ გაქვს შურისძიების უფლება (თუმცა აქაც თვითნებურად არავის შეუძლია, სასამართლოს უნდა მიმართოს საამისოდ) და აქვე ერთი დათქმაც აქვს – არ გადაამეტოო და მეორე,  შენ გაქვს პატიების, მიტევების არჩევანიც და თუ მიუტევებ, გაცილებით მეტი საზღაური გელოდება ცაში, ვიდრე შურისძიებაა.  უფრო გასაგებად რომ აგიხსნათ, ერთ გადმოცემას მოგიყვებით, რომელიც ყურანშიცაა ასახული და რომელსაც „ღამეული გადაყვანა“ ჰქვია. საქმე ის გახლავთ, რომ ღმერთმა ისლამის მოციქული ზეცაში ამოგზაურა, რა დროსაც მან სამოთხე და ჯოჯოხეთი იხილა. სამოთხეში მას 3 რამ შესთავაზეს – თაფლი, რძე და ღვინო. მან რძე აირჩია, როგორც თაფლივით ტკბილი და ღვინოსავით თხევადი სასმელი. აქ რუსი ფილოსოფოსი ვლადიმირ სოლოვიოვი წერს, რომ სიმბოლურად თაფლი -იუდაიზმს განასახიერებს, ხოლო ღვინო ქრისტიანობას. მოციქულისაგან რძის არჩევა კი ორივეს მსგავსი, მაგრამ მაინც დამოუკიდებელი გზის არჩევააო. შესაბამისად, ისლამი ზომიერების რელიგიაა – იგი გმობს როგორც სიძულვილს, ბოღმასა და ზიზღს, ასევე განაქიქებს ზღვარს გადაცდენილ სიყვარულსაც, რა დროსაც ადამიანი ღვთისმგმობელობაში გადადის ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებს ამას.

ყურანი თუ შეუვალია ვინმეს მიმართ , ესენი „ქაფირუნ“, ანუ წარმართები არიან, რომლებიც კერპებს ეთაყვანებიან. წარმართებში არ იგულისხმებიან არც იუდეველები და არც ქრისტიანები, რომელთაც ყურანი „აჰლ ალ-ქითაბ“ ანუ „წიგნის მქონე ხალხებად“ მოიხსენიებს, ხოლო „წიგნში“ ახალი და ძველი აღთქმები იგულისხმებიან. მართალია, ყურანი კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენს იმ იუდეველებისა და ქრისტიანების მიმართ, რომელთაც შერყვნეს მოსესა თუ ქრისტეს დაწესებული კანონები, მაგრამ მათდამი ლმობიერებაც არ არის უცხო. თუმცა დამოკიდებულება აქაც ერთგვაროვანი არ არის, რადგან, ერთგან ამბობს – ნაზარეველები (ქრისტიანები)  კარგი მეგობრები არიან, ხოლო მეორეგან – არ  ემეგობრო მათო. ბუნებრივია, ადამიანში ეს დაბნეულობას გამოიწვევს და ამიტომაც, საშველად მოდის ეგზეგეტიკა ანუ განმარტების ხელოვნება.

რა არის ეგზეგეტიკა?

ეგზეგეტიკა, როგორც ზემოთ ვთქვით, არის განმარტების ხელოვნება, რომელიც საღვთო ტექსტებს უხსნის ადამიანებს. განმარტების საჭიროება კი იმიტომ დგება, რომ საღვთო ტექსტები, უმრავლეს შემთხვევაში, სიმბოლოებითა და მინიშნებებით არიან აღსავსენი და  სიტყვა-სიტყვით არ უნდა გავიგოთ, რადგან თუ ასე მივუდგებით, მაშინ რაღაც შეცდომებს დავუშვებთ. მაგალითად, ყურანში წარმართებზე როცა ნათქვამია, „მოკალითო“, ეს არ ნიშნავს ყველამ იარაღი მოიმარჯვოს და ვისაც წარმართად მიიჩნევს, მოკლას – ასე ხომ ქაოსი გამეფდება?  ან ვინც იქურდებს,  ხელი მოაჭერით – ეს ყველა მოკვდავს ძალუძსო, არ გულისხმობს. არა, ამისათვის სასამართლო სისტემა არსებობს. ერთი, არც თუ ისე სახალისო, ამბავია ამასთან დაკავშირებით, ოღონდ არ ვიცი რამდენადაა რეალური – კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ, სულთან მეჰმედ მეორემ მეჩეთების აშენების ბრძანება გასცა. ერთ-ერთი არქიტექტორი ბერძენი იყო და სულთანმა საკუთარი ხმლით ხელი მოაჭრა (არსაკიძის ლეგენდას ჰგავს, არა? მაგრამ ცოტაც მოიცადეთ). არქიტექტორმა სულთანს ყადისთან (მოსამართლესთან) უჩივლა. ყადიმ სულთანი დაიბარა და ჰკითხა, თუ რატომ მოაჭრა ბერძენს ხელი? – მან მარმარილოს ორი სვეტი მიითვისა და გაყიდა, მეც, როგორც ქურდს, ხელი მოვაჭერიო-უპასუხა სულთანმა.  – საქმის გამოძიების, ბრალის წარდგენისა და განაჩენის გამოტანის უფლება მხოლოდ ყადს აქვსო – უთხრა ყადმა – ასე რომ საპასუხოდ, თქვენ ხელი უნდა მოგეჭრათო.  ბერძენმა არქიტექტორმა საქმის ვითარება რომ იხილა, სულთანს  აპატია და წავიდა. სულთანს ყადის სამართლიანობა მოეწონა და უთხრა, ასეთი ჭეშმარიტი მსჯავრი რომ არ გამოგეტანა, ჩემი ხმლით მოგაჭრიდი თავსო. ამის გამგონე ყადმა კი თავისი ტახტის ქვემოდან გურზი (ბურთივით თავმრგვალი საბრძოლო იარაღია) ამოაძვრინა და ჩემს განაჩენს რომ არ დამორჩილებოდი, თავს ამით გაგიჭეჭყავდიო, მიუგო.    ეს გადმოცემა კარგად ასახავს ყურანისეულ სულისკვეთებას სამართლის აღსრულებაში წესების ქონასთან დაკავშირებით (სულთანს ამ კაცისთვის სასამართლოში უნდა ეჩივლა, მერე სასამართლო ამბის სისწორეს დაადგენდა, გამოიძიებდა, პირველად მოხდა ეს თუ არა, მერე შესაძლოა, ფულადი ჯარიმა დაეწესებინა ან გაფრთხილება მიეცა, ან სულაც რაღაცის გამო ეპატიებინა – ეგება შვილები უკვდებოდა შიმშილით?).  ასე, რომ იქ სადაც ორაზროვნება და ბუნდოვანებაა, სწორედ ეგზეგეტიკას შეაქვს სინათლე და გვეუბნება, რომ ნათქვამი პირდაპირ კი არ უნდა გავიგოთ, არამედ ამაზე და ამაზე დაყრდნობით – იმგვარადო. ახლა ეს გადმოვიტანოთ სახარებაზე. მათეს სახარებაში ქრისტე ამბობს:

  1. „უკუეთუ თუალი შენი მარჯუენე გაცთუნებდეს შენ, აღმოიღე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, ვიდრე ყოველი გუამი შენი შთავრდომად გეჰენიასა.
  2. და უკუეთუ მარჯუენე ხელი შენი გაცთუნებდეს შენ, მოიკუეთე იგი და განაგდე შენგან, რამეთუ უმჯობეს არს შენდა, რაჲთა წარწყმდეს ერთი ასოთა შენთაგანი, და არა ყოველი გუამი შენი შთავარდეს გეჰენიასა.

ახლა ეს რომ პირდაპირ გავიგოთ, როგორც ნოდარ დუმბაძის „კუკარაჩაში“ ხსენებულ მონაკვეთზე საუბრისას ქალბატონი ანიკო ამბობს – ნახევარი მსოფლიო ცალთვალა და ცალხელა ივლიდა.

(სხვათა შორის, ქრისტიანობის გავრცელებიდან დიდი ხნის მანძილზე სხეულს, როგორც ვნებათა წყაროს, განზრახ იმახინჯებდნენ და იზიანებდნენ. მხოლოდ გვიან შუასაუკუნეებში სხეულის ღვთისგან წარმომავლობა აღიარეს და ძალების ინსტინქტებთან საბრძოლველად მიმართვა დაისახეს უმთავრესად და არა უშუალოდ საკუთარი სხეულის წამება).

როცა ყურანში შესაბამის ადგილებზე მიუთითებენ, უფრო სწორად წამოაძახებენ, ის ხშირად კონტექსტიდან ამოგლეჯილია ხოლმე, რითაც ვიღებთ საშინელ მოწოდებებს. გარდა ამისა, ეგზეკეტიკა არც ქრისტიანობაში და არც ისლამში მხოლოდ წმინდა ტექსტებიდან არ ამოდის, არამედ მის განსამარტავად  მიმართავს ისტორიას, გადმოცემებს, წმინდანების კომენტარებს, ეგზეკეტიკოსის თანადროული პერიოდის აღქმა-გაგებას და მხოლოდ ამ ყველაფრის გათვალისწინებით განმარტავს. შესაბამისად, როდესაც რაღაცას ვერ ვიგებთ ან ვგრძნობთ, რომ რაღაც ვერ არის რიგზე, აუცილებლად კომენტატორებს, ანუ განმმარტებლებს უნდა მივმართოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ დასკვნებს გამოვიტანთ, რომელიც საფუძველშივე იქნება მცდარი და წინააღმდეგობრივი იმავე წმინდა ტექსტთან.

საიდან წარმოიშვა რადიკალიზმი?

რადიკალიზმი ადამიანის ცხოვრების თანმდევი ფენომენია. ადამიანი შეიძლება რადიკალური იყოს არა მხოლოდ რელიგიურ ამბებში, არამედ თუნდაც თავისივე თავის მიმართაც. შესაბამისად, რადიკალი შეიძლება იყოს ულტრამემარჯვენეცა და მემარცხენეც, დემოკრატიცა და კონსერვატორიც, პატრიოტიცა და კოსმოპოლიტიც. რადიკალიზმია, როცა რაღაც უკიდურესობას მიმართავ და იქვე ალტერნატივას არ უშვებ. შეიძლება რადიკალიზმის წინააღმდეგ ისეთი რადიკალური მეთოდებით გაიბრძოლო, რომ თავად აღმოჩნდე რადიკალობაში.

რადიკალიზმი ყველა რელიგიის მიმდევარს ახასიათებს და ის მაშინ იჩენს თავს, როცა მორწმუნე ადამიანი თავად კი არ იძიებს, არამედ სხვათა ნათქვამს მზა-მზარეულად იღებს და განსჯის გარეშე მიჰყვება. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი რელიგიის სასულიერო პირთა უმეტესობა რწმენას ცოდნას უპირისპირებს ხოლმე. მათი ქადაგებით რწმენაა მთავარი, ხოლო  ცოდნა/განსჯა სულაც მის შემაფერხებლად შეიძლება გვევლინებოდეს და ამიტომ სახიფათოა. არადა, რწმენა გაცნობიერებული აქტი უნდა იყოს, ხოლო გაცნობიერებას ფიქრი და განსჯა სჭირდება, რომელიც ცოდნით მოდის. თვით ღვთივგანბრძნობილი ადამიანებიც ამ საფეხურამდე ფიქრითა და განსჯით, მედიტაციითა და ლოცვით (ოღონდ მის შინაარსში ჩაწვდომით და არა უაზრო ბუტბუტით) მიდიოდნენ. სწორედ ასეთი განუსჯელობა ქმნის ფანატიზმსა და რადიკალიზმს, როდესაც მორწმუნეობა ოდენ ემოციებს უკავშირდება. გვახსოვდეს, რომ ასეთი მორწმუნის მართვა ძალიან ადვილია, რადგან ის გაუცნობიერებლად და ადვილადვე დაუპირისპირდება მას, რასაც ერთი შეხედვით თავად იცავს.

ახლა იმაზე, თუ რატომ ასოცირდა ისლამი მხოლოდ რადიკალიზმთან?

მეთვრამეტე საუკუნეში არაბეთის ნახევარკუნძულზე გამოჩნდა კაცი, სახელად მუჰამად იბნ ალ ვაჰაბი, რომელმაც მუსლიმები ისლამის ჭეშმარიტებებისაგან გადახვევაში დაადანაშაულა. მისი აზრით, წმინდანთა საფლავების მოლოცვა, მეჩეთების ოქრო-ვერცხლით მოჭედვა, წმინდანთაგან შეწევნის გამოთხოვა მკრეხელობა იყო. იბნ ალ ვაჰაბი თავის შეხედულებებს მეცამეტე საუკუნის დევნილ და დასჯილ სჯულის მეცნიერს – იბნ თეიმიას მოსაზრებებზე აფუძნებდა. მართალია, თავად არც სჯულის მეცნიერი, ანუ თეოლოგი იყო და არც სასულიერო პირი, მაგრამ მისი გარკვეული მოსაზრებები მართლაც რომ შეესაბამებოდა სიმართლეს. მან ისეთივე როლის შესრულება მოინდომა ისლამში,  როგორც დასავლურ ქრისტიანობაში მარტინ ლუთერმა ითამაშა, თუმცა ეს მთლად არ გამოუვიდა და რაც გამოუვიდა, მეტად საშინელი რამ გამოდგა. მუჰამად იბნ ალ -ვაჰაბმა ყურანის განმარტება, ანუ ეგზეგეტიკა აკრძალა, შესაბამისად, მისი ბუკვალური გაგება იქნა მოთხოვნილი. კაცმა რომ თქვას, ესეც ერთგვარი განმარტებაა, მაგრამ მეტად არასწორი, რადგან მხოლოდ ერთ ვერსიას უშვებს. ღმერთი თუ ამბობს, ხელი მოაჭერით ე. ი. უნდა მოეჭრას და ა.შ. მუჰამად იბნ ალ ვაჰაბის მოსაზრებები ძალიან მოეწონა მუჰამად იბნ საუდს, რომელმაც არაბეთის გასაერთიანებლად სწორედაც რომ ვაჰაბიზმის დროშა აღმართა.

ისლამს ორი დიდი განშტოება აქვს – სუნიტობა და შიიტობა. თავის მხრივ, ისინიც ქვე განშტოებებად იყოფიან: სუნიზმი – მალიქიტებად, ჰანიფიტებად, შაფიიტებად და ჰანბალიტებად.  ალ ვაჰაბი ჰანბალიტურ სუნიზმს მიეკუთვნება. შიიტობა – 12 იმამიან (აგრეთვე მოიხსენიებიან როგორც ჯაფარიტები), 6 იმამიან (ამ უკანასკნელებს ჰუსიტებსაც უწოდებენ) და ა.შ. შიიტობად.

ვაჰაბიზმის მიხედვით, ვინც ერთი მათგანი არ არის ისლამის მტერია და შესაბამისად, ყველაზე მტრულად არიან სწორედ დანარჩენი სუნიტებისა და განსაკუთრებით შიიტების მიმართ. მათი მტრების სიაში ქრისტიანები, იუდეველები, იეზიდები და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ იკავებენ ადგილს. უფრო კანთიელად რომ წარმოგადგენინოთ მივმართოთ ასეთ მაგალითს: როგორც ყველა რელიგიაში ისლამშიც არსებობს თავისუფალი ნების პრინციპი. ადამიანი პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე და ამის მიხედვით მიეზღვება იმქვეყნადაც. ისლამის მიხედვითაც ადამიანს მრავალი ცოდვის მიუხედავად მონანიების უფლება გააჩნია. მაგალითად, მუსლიმმა შეიძლება არ იმარხულოს, არ ილოცოს ან სხვა სავალდებულო თუ არასავალდებულო ქმედებები არ აღასრულოს და მაინც იწოდებოდეს მუსლიმად, რადგან თავს ამ რელიგიის მიმდევრად სახავდეს. ხოლო ვაჰაბიზმის მიხედვით, თუ სავალდებულო რიტუალებს არ აღასრულებ ე.ი. ისლამისგან განდგომილი ხარ და როგორც განდგომილი სიკვდილს იმსახურებ. არ ითვალისწინებენ იმ მომენტს, რომ შეიძლება ადამიანს ცხოვრების რაღაც ეტაპზე გაუჩნდეს სურვილი მონანიებისა და გარდა ამისა, ღმერთსა და ადამიანს შორის დგებიან ღმერთისვე სახელით. ამ რადიკალიზმის გამო, რომელიც მონურ მორჩილებას ითხოვს, ვაჰაბიზმი ტერორისტული ორგანიზაციების მთავარ იდეოლოგიად, ხოლო საუდის არაბეთი მთავარ დამფინანსებლად იქცა. თანამედროვე სამყარო ვაჰაბიზმს კი „ებრძვის“, მაგრამ რატომღაც აქტიურად თანამშრომლობს მის მთავარ წყაროსთან – საუდის არაბეთთან. გარდა ამისა, რატომღაც ისლამი მხოლოდ ვაჰაბიტებს დაუკავშირდათ ანუ ვაჰაბიტები იქცნენ ამ რელიგიის სახედ, იგულმავიწყეს რა, რომ ისლამის სახელით სხვა დენომინაციებსაც აქვთ ლაპარაკის უფლება.

პირველი ნაწილი ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ ამ ზოგადი ინფორმაციის ცოდნის გარეშე ვაჟას პოემების გმირების ქმედებებს ვერ ავხსნით.

გისურვებთ წარმატებებს და  მე მეორე წერილამდე დროებით გემშვიდობებით.

პატივისცემით,

ოქტაი

 

 

 

 

 

წიგნები სიცოცხლის საზღვართან

0

წიგნების მაცოცხლებელ ძალაზე ბევრი თქმულა და დაწერილა. ერთია, თეორიულად რომ იტყვი, კაცობრიობის ინტელექტუალური და სულიერი გამოცდილების ანალიზით და მეტ-ნაკლებად სარწმუნო აქცენტებით გააჯერებ სათქმელს და, მეორე კი ის არის, პირადად რომ იგრძნობ და გადაიტან, თავად რომ იცხოვრებ იმ სინამდვილით, რომელშიც ყველაზე დიდი ძალა სწორედ წიგნებს აღმოაჩნდება, წიგნებს, რომლებიც სანატრელი ხომალდივით დაგიმგზავრებენ და შავ-ბნელი წყლებიდან მოკამკამე დინებებში გადაგიყვანენ.

ეს პირადი გამოცდილება ყველაზე უტყუარი და ძვირფასია, ისეთი საუნჯეა, რომლითაც ყველა ჯოჯოხეთიდან თავს გამოისყიდი; მოკლედ, საკუთარი მოსაყოლი ამბავი გაქვს, თანაც მეტა-ამბავი – წიგნისა და შენი გადარჩენისა. რა უნდა იყოს ამ ამბავზე უფრო ნამდვილი?

თავიდან კითხვა მიჭირდა, ხელით ვეხებოდი მის ფერად გარეკანს და ვნატრობდი არაადამიანურ უნარს – ხელისგულებსაც შესძლებოდათ კითხვა. მერე შევაცურებდი თითებს ფურცლებს შორის, რომელიმე მოუნიშნავ ადგილზე, გადავშლიდი და გადმოიბნეოდა იქიდან ასოები, სიტყვები, ფრაზები, ლოგინზე იფანტებოდა, სათითაოდ ვკრეფდი და ფურცლებში ვაბრუნებდი. ერთხელ ასეთი წინადადებაც გადმომივარდა: „შენი მეზობლების დაკეტილი კარები დამხვდებიან ბავშვების ხმებით და მუსიკით“… სივრცეში რაღაცამ გაიწკრიალა და ზეწარზე დავარდნილი წინადადება აისრუტა.

თავიდან ასე გავერთე.

მერე თვალებმა ნელ-ნელა ღონე მოიკრიბეს და ფურცლის ხნულებზე ამოსული ასო-სიტყვები ფურცელზევე შეიმაგრეს, ის კი არა, თვითონაც კვალში ჩაუდგნენ და პირველი ხნულები სულმოუთქმელად გადაიარეს. სიტყვები დაბადების დღის მაშხალებივით სკდებოდა ტვინში და ენის წვერზეც ბედნიერების გემოს ტოვებდა. აღარც თავთან ჩართული აპარატის გაუთავებელი ზუზუნი მესმოდა, აღარც სხვა ავადმყოფების შეწუხებული შეძახილები, მხოლოდ წიგნის ხმები აღწევდა ჩემამდე – ჯერ ექოებით, მერე კი სუფთა, ომახიანი აკორდებითა და გამებით; გულის მეხსიერებით ვგრძნობდი, რომ რაღაც ძალიან ძველი და ბავშვური იღვიძებდა ჩემში, ათასჯერ კანგამოცვლილი, მაგრამ მაინც ტკბილად საბედისწერო და მშობლიური… ის ძველი ბავშვიც, ოდესღაც, სიცხით იყო გათანგული და ტკივილებსაც თავს დამცხრალი ურჩხულებივით აღიქვამდა, ერთი სული ჰქონდა, როდის დაამარცხებდა, რომ წამომხტარიყო და გარეთ, მზის შუქში დასველებულ აკაციებს შერეოდა!.. წიგნმა, რომელიც მუხლებზე მედო, ყველა სხვა ძნელი ფერი გადაშალა და მზის უსაშველოდ დიდი ჭავლი შემომასხურა.

სხვანაირად არც იქნებოდა – რეზო ინანიშვილის მოთხრობებს ვკითხულობდი. ერთმა ძალიან კარგმა პოეტმა და მეგობარმა შემომიგზავნა პალატაში, წარწერით: „იმედია, რთულ დღეებს გაგიადვილებს“.

„მძიმე ფეხსაცმელები“, „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, „კოშკი, კარი რომ აღარ აბია არსაით“, „ხელისგულებით ნალესი ქოხი“ და კიდევ ბევრი, ბევრი მოთხრობა თუ ნოველა. ჯერ მარტო სათაურებია ცალკე პოეზია და ცალკე ამბავი! მათგან ბევრი წაკითხული მქონდა, მაგრამ ალბათ ჯადოსნური ტექსტების უნარია, ყოველ ჯერზე ხელახალი განცდით წაგაკითხონ თავი, საუცხოო გემოთი შეგაგრძნობინონ, აღმოჩენის ელდით განგმსჭვალონ. რეზო ინანიშვილი ასეთ მწერალთა შორისაა, მისი შემოქმედება ბუნების კანონივით მტკიცე ბეჭდითაა დაბეჭდული – ბუნებაშიც ხომ ყველაფერი მეორდება, თუმცა გგონია, რომ ეს გაზაფხული, ეს ზამთარი და შემოდგომა თავს პირველად გადაგხდა!..

კრებულში იმ მოთხრობებისთვის და ნოველებისთვის მოუყრიათ თავი, სიყვარულზე რომლებიცაა. თუმცა, აბა, დამისახელეთ ინანიშვილის რომელიმე ტექსტი, სადაც სიყვარული არაა. სიყვარული ჟონავს ყოველი სიტყვიდან, სიტყვებს შორის მანძილიდან, წაკითხვის შემდეგ ჩამომდგარი დუმილიდანაც. ყველაზე სევდიანი მოთხრობაც კი დიდი სიყვარულისთვის განგაწყობს, თუნდაც იმ ტკივილებისთვის წამოგანთებს, რომლებიც ამ ტექსტებში აღწერილ განცდებს თან ახლავს!.. თითქოს ყველაფერი ნათელია ამ დიდ მხატვრულ სამყაროში, სიცხადემდე გამჭვირვალე, მაგრამ ყველაზე მეტა-ადამიანური გუმანით გრძნობ, რომ ამ სიცხადის მიღმა კიდევ რაღაც იმალება, რაღაც იმაზე ბევრი, ვიდრე ჩანს, ვიდრე საერთოდ რაიმე ჩანს ამ სამყაროში.

ვფურცლავდი დიდ და პატარა ისტორიებს, შემთხვევით შეხვედრებს, დაგეგმილ პაემნებს, ქუჩის საბედისწერო გადაჭრას და მარტოობით გაყრუებულ ოთახში ბოლთისცემას; ხან კრძალვისგან დადუმებულ წყვილს ვახლდი დაძაბულ სიჩუმედ, ხან თავზეხელაღებულ გოგო-ბიჭებს ავეკიდე ტყე-ღრეების თავგადასავლებისთვის; ხან უცნაურ დიალოგებს ვშიფრავდი, როგორც საიდუმლო კოდს, ხან შუაში ვწყვეტდი ტექსტს და დანარჩენ ამბავს უსიტყვოდ წარმოვიდგენდი – მხოლოდ სილუეტებითა და შუქ-ჩრდილებით, როგორც თავად მწერალი ქმნიდა მომნუსხველ სამყაროს, უკიდურეს შეგრძნებებამდე ფაქიზსა და ნატიფს. ამ ფურცვლა-ფურცვლაში დღეები გადამიშლია, ჩემმა წიგნით ნაკვებმა ნაწილმა კი ისე აიდგა ფეხი, ისე გამოეყო დანარჩენ არსებას, ისე შორს წავიდა და თანაც ისე გამომწვევად, რომ იმ დარჩენილს, საწოლზე გაშოტილს, სხვა გზა აღარ ჰქონდა – დანებდა სიჯანსაღეს.

ყველაზე მეტად კი, წიგნში დაუნჯებულმა საიდუმლომ მიწამლა. ამ საიდუმლოთია გაჟღენთილი მთლიანად რეზო ინანიშვილის შემოქმედება. სიცოცხლის უსარკეო სინამდვილეზე ცხვირმიჭყლეტილს თურმე სწორედ ეს საიდუმლო მენატრებოდა, ეს დიდი უთქმელი – შესაძლო თუ შეუძლებელი სიყვარულის მარილი. მხოლოდ ასეთი საიდუმლოს განცდით შეგიძლია მისდიო ცხოვრების პრაქტიკას: „პირს რომ იბან, ზემოდან ქვემოთ კი არ უნდა ჩამოისვა, ქვემოდან ზემოთ უნდა აისვა ხელები!“, ეს საიდუმლოა პასუხიც ნაგულისხმევ დიალოგებში, მაგალითად, ასეთში:

„- საიდან იცი ასეთი რაღაცები.

– როგორი?

– ლოცვა, პურის კოცნა, ადამი, ევა.

– მე ხომ ბებიას გაზრდილი ვარ!“

ეს საიდუმლო მიბიძგებდა, სიცოცხლის მკლავებს ჩავფრენოდი და ხელახალი დაბადება არ დამზარებოდა, ყველა გზა თავიდან გამევლო, უფრო სწორად – საუცხოო სიახლის განცდით, სამყაროში მილიარდჯერ განმეორებული, თუმცა მაინც თავდაპირველი და ერთადერთი გაზაფხულის, ზაფხულის, ზამთრისა და შემოდგომის სასწაულით!..

ალბათ ყველა წიგნს აქვს რაღაც, თუნდაც მისხალი საიდუმლო, რის გამოც მისი არსებობაც ისევე გამართლებულია, როგორც ნებისმიერი ადამიანის. და მერე ალბათ ეს წიგნები და ადამიანები ყველაზე საჭირო წამს ერთმანეთს პოულობენ.

რეზო ინანიშვილის შემოქმედება აცოცხლებს და კურნავს – ეს ჩემი საბოლოო დასკვნაა, ტკივილის და სიყვარულის ანამნეზის შედეგი.

 

მეტაფორა, როგორც მინიმალიზმის ენა

0

„თუ პროზაიკოსს აქვს საკმარისი ცოდნა იმის შესახებ, რასაც წერს, მას შეუძლია ისეთი რაღაცები გამოტოვოს, რაც იცის და თუ ის, რასაც მწერალი წერს ნამდვილად საკმარისია, მკითხველი ამ ყველაფერს ისე ნათლად აღიქვამს, თითქოს მაინც დაეწეროს. აისბერგის მხოლოდ ერთი მერვედია წყლის ზემოთ.

მაგრამ მწერალი, რომელიც საკუთარ ნაწარმოებში ისეთ რაღაცებს გამოტოვებს, რაც არ იცის, ის მხოლოდ ცარიელ ადგილებს ქმნის.“

ჰემინგუეი

 

მეტაფორა, როგორც სცენარი

მეტაფორა – ყველაზე მინიმალისტური და ტევადია გარსია; ეს არის დამოუკიდებელი  „უცხო ენა“, თუ მისი ანბანი არ გისწავლია, ვერასდროს გაიგებ, არა მხოლოდ მეტაფორებით გამოხატულ აზრს, არამედ იმას, როგორ ურთიერთქმედებს ის შენს ცნობიერთან და არაცნობიერთან.

მეტაფორას NLP -ს ენასაც უწოდებენ არა მხოლოდ ემოციური გავლენის გამო, არამედ იმის გამო, რომ თითოეული მეტაფორა ეს არის სცენარი, თავისი პერსპექტივით, რომელიც გადადის არაცნობიერში და იწყებს ჩვენი მსოფლმხედველობის მოდელირებას.

ამიტომ ღირს, ვისაუბროთ მეტაფორაზე, როგორც მინიმალისტურად მაქსიმალური ტევადობის სიტყვიერ გარსზე და ამავე დროს, ისეთ გარსზე, რომელსაც საზღვრები არა აქვს და რომელიც განუწყვეტელ ურთიერთქმედებაშია „მიმღებთან“.

მინიმალიზმი ლიტერატურაში, ხელოვნებაში, ცხოვრებაში ძირითადად მეტაფორულად გამოიხატება.

თუ თქვენ მეტყვით, რა არის თქვენი ცხოვრების მეტაფორა, მე გეტყვით, როგორი სცენრით ვითარდებოდა და განვითარდება თქვენი ცხოვრება.

ცხოვრება – მოსაცდელი დარბაზია

ცხოვრება – თამაშია

ცხოვრება – გაკვეთილია

ცხოვრება – წიგნია

ცხოვრება – მოგზაურობაა

ცხოვრება – მატარებელია

ცხოვრება – …….. გააგრძელეთ!

რომელია თქვენი სცენარი?

აქვე აღვნიშნავ, რომ მეტაფორების გაგება მხოლოდ ლოგიკურ-ანალიტიკურად შეუძლებელია; თუ თქვენ არ გაქვთ გახსნილი ყველა არხი, თქვენ არა მარტო სრულყოფილი ემოციური ცხოვრება არ გაქვთ, არამედ არ გესმით/ვერ შეიგრძნობთ მეტაფორას; შეიძლება გაიგოთ სიტყვების მნიშვნელობები და დააკავშიროთ ცნებები ერთმანეთთან, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება.

ასე რომ, მინიმალიზმი – ეს არის სიღრმე და კონცენტრირებული აზრი-გრძნობა-განცდა-ემოცია, რომელიც რომ შეიგრძნოთ,  უნდა გაშალოთ თქვენს აღქმაში,  როგორც ემოციათა ფოიერვერკი.

ამიტომ არის მეტაფორა არა მხოლოდ ნეირო-ლინგვისტური პროგრამირების ენა, არამედ მინამალიზმის ენაც;

ლიტერატურული მინიმალიზმი და მეტაფორა

როგორ შეიძლება ერთი ლექსით,

ისევე როგორც ერთი პურით და ერთი თევზით

ათასობით კაცი გააძღო?“

ლია სტურუა

ლიტერატურის მინიმალიზმი ჰაიკუა და ჰაიკუს უმთავრესი ელემენტი – მეტაფორა. მაშინაც კი, როცა მეტაფორა ცხადად არ ჩანს, ტექსტი მეტაფორულია.

კობაიაში ისა
ჩემს ძველ სახლში
რომელიც დავტოვე,
ალუბალი ყვავის. . .

იკითხავთ, სად არის აქ მეტაფორა?

აქ მთელი ტექსტი არის შინაგანი განცდის მეტაფორა; რომელია ეს განცდა, თავად უნდა გამოიცნოთ. ის შეიძლება იყოს ნოსტალგიის, მონატრების ან იმედის მეტაფორა;

ტერენტი გრანელი აღწერს პარალელურად შინაგან მდგომარეობებს და იმას, რაც „გარეთ ხდება“. ასეთ შემთხვევაში გარე ხატები არის შინაგან განცდათა მეტაფორული სახეები.

„გული მიწუხს და სულია ვრცელი, / პოეტის შინაგანი მდგომარეობა/

ქარისაგან იღუპება ტოტი”. / შინაგან განცდათა ნიშანი /

ანდრეი ბელი წერს ამაზე საინტერესოდ: „სიტყვა, ყოფიერების შემოქმედება, ჩვენში განაგრძობს ცხოვრებას, როგორც მეტაფორა”.

ამ გაგებით, შეიძლება აღმოვაჩინოთ, რომ ფიზიკური სამყარო სამყაროს შინაგანი მდგომარეობის მეტაფორული სახეა; როგორც პოეტის შინაგანი სამყაროს ნიშანია სიტყვებში გადასული შეგრძნებები.

კერუაკი

იქ, სადაც ტალღა ოკეანისა კოცნის ქვიშას,

სანაპიროზე

მარტოდმარტო ცხოვრობს პატარა,

ცისფერი საჰაერო ბუშტი.

 

რამდენი ამბავია ჩატეული ამ რამდენიმე მეტაფორულ სტრიქონში და აღარ გაკვირვებს ლია სტურუას ლექსი, რომლითაც ის გალაკტიონს მიმართავს… დიახ, ერთი ლექსი ანაყრებს ათასებს, რადგან მასში მეტაფორების კალორიული საკვებია, რომელიც არასდროს ილევა, რადგან მეტაფორებს არა აქვთ საზღვრები.

და ეს მინიმალისტურად მაქსიმალისტურია!

ვირტუალური აუტიზმი ბავშვებში

0

უკანასკნელ პერიოდში მშობლების ჩივილი ყველაზე მეტად იმ პრობლემებს ეხება, რომლებიც ციფრულ ტექნოლოგიებზე ბავშვის მიჯაჭვულობას და სოციალურ განვითარებაში მასში მომხდარ სერიოზულ ცვლილებებს უკავშირდება. აღნიშნულ პრობლემებზე მათთან საუბრისას, როგორც წესი, შემდეგი ფრაზების მოსმენა გვიწევს: „ვერაფრით მოვწყვიტე კომპიუტერს. დავუმალავდი, მაგრამ სასწავლო პროცესში ხომ ამით ერთვება“; „ჩემს შვილს მხოლოდ კომპიუტერი უკვე აღარ აკმაყოფილებს, ონლაინ გაკვეთილზე მონიტორის წინ რომ ზის და ერთი ხელით მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებას ასრულებს, მეორე ხელში სმარტფონი უჭირავს და კომპიუტერულ თამაშებშია ჩაფლული“; „პლანშეტის ეკრანს მიწებებული ჩემი ბიჭი ხშირად დაძახებაზე და საკუთარ სახლზეც კი არ რეაგირებს“; „როდესაც დროს ვპოულობ და შვილთან საუბარს ვცდილობ, ის მე კი არ მიყურებს, მზერა სადღაც შორს, სულ სხვა მიმართულებით გადააქვს. მექმნება შთაბეჭდილება, რომ ამ დროს სულ სხვა სამყაროში იმყოფება და ჩემი სიტყვები არც კი ესმის“; „რამდენჯერ შევთავაზე სადმე სასეირნოდ ბუნებაში გავსულიყავით, მაგრამ ყოველ ჯერზე უარს მეუბნება, მიმტკიცებს, რომ სახლში მარტო ყოფნა ურჩევნია“; „თანატოლებთან შეხვედრის და მათთან კომუნიკაციის არანაირ სურვილს არ გამოხატავს. თანაკლასელებთან მხოლოდ სოციალური ქსელებით ურთიერთობს, ისიც მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში და მათი მიწერ-მოწერა ძალიან მოკლე ფრაზებით შემოიფარგლება“; „ერთხელ, როდესაც შვილს ვესაუბრებოდი, ის კი სმარტფონში თავჩარგული პასუხსაც კი არ მცემდა, ისე გავბრაზდი, რომ გადავწყვიტე ჩამომერთმია სმარტფონი, მაგრამ მან ისეთი ისტერიკა მომიწყო, რომ დაუყოვნებლივ დავუბრუნე“.

 

ვფიქრობ, ზემოაღნიშნული ფრაზებით გამოხატული აზრები ბევრი მშობლისთვის ძალიან ნაცნობია. პანდემიით გამოწვეულმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გააძლიერა ბავშვის მიჯაჭვულობა ციფრულ ტექნოლოგიებზე. მშობელმა კი, რომელსაც დისტანციური სწავლების წყალობით სასწავლო პროცესში ბავშვის ქცევაზე დაკვირვების და მასთან ურთიერთობის მეტი შესაძლებლობა მიეცა, უკეთესად დაინახა ის საფრთხეები, რომელსაც ციფრული ტექნოლოგიების შეუზღუდავად და განუსაზღვრელი დროით მოხმარება უქმნის მის შვილს. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რომელიც ამ დროს ბავშვს ემუქრება, ვირტუალური, იგივე ციფრული აუტიზმია.

 

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე ჩვენი საზოგადოებისთვის აუტიზმზე საუბარი უცხო არ არის. ის 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ითვლება. კლასიკური განმარტებით აუტიზმი განვითარების დარღვევაა, თავისი ბუნებით ნევროლოგიურია, ზეგავლენას ახდენს აზროვნებაზე, აღქმაზე, ყურადღებაზე, სოციალურ ჩვევებსა და ქცევაზე. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბევრ ბავშვს, რომელიც ზედმეტად დიდ დროს ატარებს ტელევიზორის, კომპიუტერის, პლანშეტის, სმარტფონის ეკრანის წინ, აქვს სიმპტომები, რომლებიც სპეციფიკურია აუტიზმისთვის. სწორედ ეს მოვლენა იწოდება ვირტუალურ აუტიზმად, ანუ ელექტრონული ეკრანებით გამოწვეულ აუტიზმად.

 

ვირტუალური აუტიზმი უკვე რეალობაა, დღეს აღარავისთვისაა უცხო ციფრული ტექნოლოგიების ნეგატიური გავლენა ბავშვის განვითარებაზე, მის ფსიქიკაზე. ეკრანი იმდენად იპყრობს ბავშვის ყურადღებას და ისე ზემოქმედებს მის გრძნობებზე, რომ მას უკვე აღარ შეუძლია, იყოს ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება. დროთა განმავლობაში კი შეიძლება ისეთი ეკრანდამოკიდებულება ჩამოუყალიბდეს, რომ მან საერთოდ უარი თქვას ადამიანებთან ცოცხალ ურთიერთობაზე, რაც ბუნებრივია, უარყოფითად აისახება როგორც ურთიერთობის ჩვევის, ასევე მეტყველების განვითარებაზე. გარდა ამისა, ეკრანიდან წამოსულმა ხმაურმა, კაშკაშა სინათლემ, კადრების ცვლილების სისწრაფემ შეიძლება ბავშვში გამოიწვიოს ნეგატიური და საკმაოდ მტკივნეული ემოციები, რომლებიც ხშირად სასტიკ, აგრესიულ ქცევასა და უკონტროლო ბრაზში გადაიზარდება.

 

საინტერესოა ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია განვასხვავოთ ერთმანეთისაგან „ვირტუალური აუტიზმი“, რომელიც ბავშვის ფსიქიკაზე ციფრული ტექნოლოგიების უკონტროლო ზემოქმედებით ვითარდება და ბიოლოგიური, ნევროლოგიური ფაქტორებით განპირობებული კლასიკური აუტიზმი. ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ ორივე შემთხვევაში სიმპტომები სრულიად ერთნაირია:

  • სოციალიზაციის გართულება საკომუნიკაციო უნარების არასათანადო განვითარების გამო. მასთან ურთიერთობის სირთულეები შეიძლება იმაში გამოვლინდეს, რომ კარგად ვერ გაიგოს, რას ვეუბნებით, ვერ შეიცნოს სოციალური სიგნალები (ექსპრესიული ჟესტები, ირონია, სარკაზმი). ხშირად არ რეაგირებს მიმართვაზე, საკუთარ სახელზე. გაურბის უცხო და უცნობ ადამიანებს, არ სიამოვნებს მათი ყოფნა მის სიახლოვეს. არ უყვარს ცვლილებები გარემოში, რომელშიც იმყოფება, უჭირს ამ ცვლილებებთან შეგუება;
  • სტერეოტიპული, განმეორებადი მოქმედებებისკენ სწრაფვა, ასევე განმეორებადი სიტყვების, ფრაზების გამოყენება. უარის თქმა ისეთ საქმიანობაზე, რომელიც ფანტაზიას საჭიროებს;
  • შეფერხება მეტყველების განვითარებაში. პრობლემები მეტყველებით ურთიერთობაში;
  • გარშემომყოფებთან ემოციური კონტაქტის დამყარების სურვილის არქონა. სხვა ადამიანების ემოციებზე არაადეკვატური რეაქციები (სიტუაციის შეუსაბამო სიცილი ან ცრემლები);
  • შეფერხება მოტორულ განვითარებაში;
  • კონცენტრირება კონკრეტულ დეტალებზე მთლიანი სიტუაციის აღქმის გარეშე;
  • ჯგუფურ თამაშებში მონაწილეობაზე, ჯგუფური დავალებების შესრულებაზე უარის თქმა;
  • მხედველობითი კონტაქტის უუნარობა. თანამოსაუბრისთვის თვალის ვერგასწორება, რის გამოც შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მისთვის საინტერესო არ არის ჩვენთან ურთიერთობა, ჩვენი საუბარი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუბრისას შემოგვხედა, ეს დიდხანს არ გაგრძელდება და შეეცდება მზერა სხვა მიმართულებით გადაიტანოს;
  • განმარტოებისკენ სწრაფვა. უპირატესობას ანიჭებს მარტო ყოფნას, იკეტება საკუთარ თავში, გაურბის გარე სამყაროსთან ურთიერთობას;
  • ქცევითი პრობლემები, აგრესიული აფეთქებები, სხვადასხვა სახის შიშები;
  • სტერეოტიპული, შაბლონური აზროვნება. მას შეიძლება დასჭირდეს უფრო მეტი დრო ჩვენგან მიღებული ინფორმაციის გადასამუშავებლად. მისთვის სერიოზულ დაბრკოლებად შეიძლება იქცეს თანამოსაუბრის მეტყველების სისწრაფე, მაღალი ხმა, რთული წინადადებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ კლასიკური აუტიზმი, რომელიც ვლინდება ბავშვში, როგორც გენეტიკური გადახრა სიმპტომებით არაფრით განსხვავედება შეძენილი, ვირტუალური აუტიზმისგან. მიუხედავად ამისა, მათ შორის მაინც არსებობს განსხვავება. ძალიან მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ფაქტორებით გამოწვეული კლასიკური აუტიზმისა და ციფრული ტექნოლოგიების უკონტროლო გამოყენებით ჩამოყალიბებული ვირტუალური აუტიზმის ერთმანეთისაგან გამიჯვნა. მართალია, ვირტუალურ აუტიზმს კლასიკური აუტიზმის მსგავსი სიმპტომები აქვს, მაგრამ მისი დაძლევა შესაძლებელია და შედეგიც სულ რამდენიმე თვეში მიიღწევა, თუ ბავშვს ციფრული ტექნოლოგიების გონივრულ და სწორ გამოყენებას ვასწავლით.

 

გავითვალისწინოთ, რომ პრობლემა აღმოცენდება იმის გამო, რომ ვირტუალური სამყარო ცვლის ბავშვისთვის ცოცხალ კომუნიკაციას და ეს მაშინ, როცა ბავშვი სწორედ ცოცხალი კომუნიკაციის მეშვეობით ვითარდება. მას არ შეუძლია გაიგოს სიტყვების მნიშვნელობა და საგნების თვისებები, თუ მას რეალურ სამყაროში შეხება არ ექნება მათთან. ვერანაირი განმავითარებელი თამაში ან მულტფილმი ვერ მისცემს პატარას იმ ცოდნას, რასაც ის რეალურ სამყაროსთან ურთიერთობით იძენს.

 

ნიშნავს თუ არა ყოველივე აღნიშნული იმას, რომ ყველაფერი, რაც მოგვიტანა პროგრესმა 21-ე საუკუნეში, უბრალოდ ნაგავსაყრელზე უნდა გადავაგდოთ. არამც და არამც! ეს დიდი სიბრიყვე იქნებოდა ჩვენი მხრიდან. შეუძლებელი და გაუმართლებელი იქნება, რომ თანამედროვე ბავშვს ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა ავუკრძალოთ. დღეს მშობლებს სხვა არაფერი რჩებათ, გარდა იმ ფაქტთან შეგუებისა, რომ დღევანდელი ბავშვები ფაქტობრივად „ინტერნეტში ცხოვრობენ“. როგორც არ უნდა მოვინდომოთ უფროსებმა და აკრძალვები დავუწესოთ ბავშვს, ეს აკრძალვები სარგებელს ვერ მოგვიტანს. ის მხოლოდ მოტივაციას გაუჩენს მოზარდს, ეძებოს ამ აკრძალვების თავიდან აცილების შესაძლებლობა. კომპიუტერიზაცია და ინტერნეტი ობიექტური რეალობაა, მასთან ბრძოლა უაზრობაა. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, მოვიფიქროთ საინფორმაციო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების ხერხები არა მხოლოდ გასართობად, არამედ საქმის საკეთებლად, სასწავლო მიზნების მისაღწევად. ამასთან ერთად, პრობლემების თავიდან აცილების, ან ამ პრობლემებით გამოწვეული შედეგების შემცირების მიზნით, უფრო ხშირად ვესაუბროთ ბავშვს, განვიხილოთ მასთან ერთად ინტერნეტიდან მიღებული ინფორმაცია.

 

ბავშვისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მშობელთან ცოცხალი ურთიერთობაა. ეს განსაკუთრებული სიმწვავით ადრეულ ასაკში იგრძნობა, როცა ემოციური კავშირი ბავშვისა დედასთან შეუძლებელია კომპიუტერული ტექნოლოგიებით შეიცვალოს. ვერანაირი ტექნიკური მოწყობილობა ვერ ჩაანაცვლებს ბავშვისთვის მშობლის ყურადღებას, მაგრამ როცა ბავშვი ვერ იღებს ამ ყურადღებას, უფრო მეტიც, ხელში სმარტფონს აჩეჩებენ, რომ ითამაშოს და შემაწუხებელი არ გახდეს თავისი საქმით დაკავებული უფროსებისათვის, ის იძირება ვირტუალურ სამყაროში, ტექნიკური მოწყობილობა მისი უახლოესი მეგობარი ხდება და კარგავს კავშირს რეალურ სამყაროსთან. ადრეული ასაკის ბავშვის გატაცება კომპიუტერული თამაშებით და ციფრული ტექნოლოგიების უკონტროლო მოხმარება საკმაოდ სერიოზული პრობლემის – ვირტუალური აუტიზმის ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება გახდეს. ცოტა ხანში, როცა მშობელს შეაწუხებს შვილის ქცევაში შემჩნეული უცნაურობები და შეეცდება სმარტფონის ჩამორთმევას, შეიძლება მან ვერც მოახერხოს ეს, რადგან პატარა პროტესტის ნიშნად სერიოზულ სცენებს მოუწყობს მას.
ამდენად, კარგი იქნება, თუ ჩვენთვის მშვიდი გარემოს შესაქმნელად ადრეულ ასაკში მყოფ ბავშვს არ მივაჩვევთ იმ ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლის არანაირ საჭიროებას თავისი ასაკის გათვალისწინებით ის არ განიცდის, და რომელიც ცოტა მოგვიანებით სერიოზული პრობლემების აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს, როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლისთვისაც, რადგანაც აღნიშნული პრობლემების დაძლევა სერიოზულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. ამასთან, გავითვალისწინოთ ისიც, რომ პატარა ნამდვილად ვერ იპოვის ინტერნეტში იმას, რაც ყველაზე მეტად ფასობს ადამიანთა ურთიერთობაში – სიყვარულს, პატივისცემას, ყურადღებას, სიკეთეს, თანაგრძნობას. ამდენად, კარგი იქნება, თუ ადრეულ ასაკში მაინც არ ჩავანაცვლებთ ბავშვთან ჩვენს ურთიერთობას ციფრული ტექნოლოგიებით.

საგანმანათლებლო ვიდეოები უკეთესი სწავლებისთვის

0

რას უყურებენ ჩვენი შვილები/მოსწავლეები ინტერნეტში? მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვცდილობთ, მათ სასარგებლო და საგანმანათლებლო მასალები შევთავაზოთ; გავაკონტროლოთ, რას უყურებენ, მაინც ძალიან რთულია ამ ყველაფრის გაკეთება. ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს ინტერნეტსივრცეში მშობლიურ ენაზე რთულია ისეთი ვიზუალური რესურსების მოძიება, რომელთაც მოსწავლეებს თამამად შევთავაზებთ და ისინიც სიამოვნებით ჩაერთვებიან მათ განხილვაში.

 

ბავშვების დაინტერესება ელექტრომოწყობილობებით ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, ინტერესის ზრდასთან ერთად, ვიფიქროთ არა იმაზე, როგორ ავუკრძალოთ ბავშვს ინტერნეტის გამოყენება, არამედ როგორ გავხადოთ ინტერნეტი და სოციალური ქსელები საინტერესო რესურსების საკვლევ ადგილად.

 

ვაკვირდები, რას უყურებენ ბავშვები ინტერნეტში, და შეიძლება ითქვას, მეტწილად, ეს მდარე ხარისხის, კომედიური შინაარსის ვიდეოებია. მსგავსი პროდუქტის ნახვა, რა თქმა უნდა, მათ გემოვნებაზეც ტოვებს კვალს.

 

ინტერნეტსივრცე უზარმაზარი ინფორმაციის ზღვას გვთავაზობს. ზრდასრული ადამიანი, რომელიც მეტ-ნაკლებად კრიტიკული თვალით უყურებს მოვლენებს, არ უჭირს მისთვის სასარგებლო და საჭირო ამბავი გამოარჩიოს და მიიღოს, ამას როგორღაც უმკლავდება. ბავშვების შემთხვევაში ასე არ არის, ისინი ინტერნეტის მიერ შემოთავაზებულ პროდუქტს ზედმეტი შეკითხვების გარეშე ისრუტავენ და რაც ყველაზე სამწუხაროა, ეს მდარე პროდუქტები მათ დროს იწირავს. უფრო ცოტა დრო რჩებათ უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის: ფიზიკური აქტივობისთვის, თამაშისთვის, წიგნის კითხვისთვის და ა.შ. ასეთ დროს სასურველია, ბავშვთან ერთად მშობელიც ჩაერთოს ინტერნეტსივრცეში მოგზაურობაში და  მასთან ერთად იკვლიოს ეს სივრცე, მასთან ერთად უყუროს, ესაუბროს და მასთან ერთად მოიძიოს ახალი რესურსები ცოდნის მისაღებად და ცნობიერების ასამაღლებლად.

 

ცოტა ხნის წინ, ჩემს შვილებთან ერთად, ისეთ ვიდეოებს ვეძებდი, რომლებიც საინტერესოც იქნებოდა, სახალისოც და ინფორმაციულიც. ასე გადავაწყდით ფეისბუქზე Movement EDU-ის ვიდეოების სერიას და ბევრი ახალი რამ გავიგეთ. ვიდეოების ხანგრძლივობა ოთხ წუთამდეა, რაც მოწყენის საშუალებას არ გაძლევს და მოთმინებასაც არ გაკარგვინებს. ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, Movement EDU-ის ავტორებმა თანამედროვე მაყურებელი და მისი სურვილები გაითვალისწინეს. დინამიკური, ინფორმაციული და სახალისო ვიდეოები არ არის გადატვირთული ზედმეტი ილუსტრაციებით, უცხო სიტყვებითა და ისეთი ტერმინებით, რომლებიც მაყურებლისთვის გაუგებარია. ამიტომ თითქმის ყველა ვიდეო „შემოგვეყურა” და შემდეგ საინტერესო საუბრების წინაპირობაც გახდა.

 

„მსოფლიო პანდემიის ისტორია“ უძველესი პანდემიების შესახებ გვიყვება. რა პანდემიები არსებობდა უძველეს დროში, რამდენი ადამიანი შეიწირა და როგორ უპირისპირდებოდა ადამიანი მას. ახლა, როცა კოვიდ-19-ის პანდემიას ვებრძვით, საინტერესოა, რისი გადატანა უწევდათ ადამიანებს წინა პანდემიებისას.

 

 

იცით, რა არის სწრაფი მოდა და რატომ განაპირობებს ის კლიმატურ ცვლილებებსაც კი?! რატომ ვყიდულობთ ადამიანები იმაზე ორჯერ მეტ ტანსაცმელს, ვიდრე გვჭირდება და რა ალტერნატივები არსებობს სწრაფი მოდის ჩასანაცვლებლად. ვფიქრობ, საინტერესო და განსახილველი თემაა მოზარდებთანაც, მით უმეტეს, მოზარდების უმეტესობას ადარდებს პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობა, თუმცა არ გაუგია, რა სავალალოდ მოქმედებს სწრაფი მოდა ჩვენს პლანეტაზე და რა შეგვიძლია ჩვენ უბრალო ადამიანებს ამ ინდუსტრიის საპირწონედ.

 

 

ჩემს შვილებს ძალიან მოეწონათ ვიდეო „ბატონი ზომერის ამბავი”. ამავე სათაურის წიგნის ავტორი პატრიკ ზიუსკინდია. ვიდეო გვიყვება ზიუსკინდის პერსონაჟის ბატონი ზომერის ამბავს, რომელიც დანახულია სოფლის ბიჭუნას თვალით, სადაც მოხუცი ბატონი ზომერი სკოლისკენ მიმავალ ბავშვებს სათამაშოდ ხვდება.

 

 

ახლა, როცა ჩვენი ტელეფონები, არა მხოლოდ საკომუნიკაციო, არამედ ინფორმაციის მიღებისა და უზარმაზარ რესურსებზე წვდომის ინსტრუმენტია, მნიშვნელოვანია ბავშვებს ვასწავლოთ, როგორ მოიძიონ ისეთი მედიაპროდუქტი, რომელიც ხარისხიანი და მათთვის სასარგებლო იქნება. საგანმანათლებლო ვიდეორესურსები მოსწავლეებს ეხმარება, სოციალური მედიის მეშვეობით გაეცნონ ინფორმაციას, აიმაღლონ ინტელექტი, შეიმეცნონ სიახლეები და გაიფართოვონ სააზროვნო ჰორიზონტი. ასე რომ, შეგვიძლია საგანმანათლებლო ვიდეოები მძლავრ საგანმანათლებლო ინსტრუმენტადაც ვაქციოთ, მოვიძიოთ და ხშირად შევთავაზოთ ის ჩვენს შვილებსა თუ მოსწავლეებს.

 

ვიდეოების სანახავად მიჰყევით ბმულს:https://www.facebook.com/MovementEDU.edutainment

 

 

 

„ზღვა ფიქრობს, ფიქრობს…“

0

(ზღვის წყლის ქიმიური ანალიზის გაგრძელება)

რთული ზამთარ-გაზაფხულის, მიკეტვ-მოკეტვების, სახლში ჯდომის თუ უტრანსპორტოდ სიარულის შემდეგ კვლავ ზაფხული და ზღვის სეზონი გვიახლოვდება.

ზღვა მიყვარს… ოღონდ ჩემებურად… არ ვცურავ და არ ვირუჯები… აბა, რა გიყვარსო, გაიფიქრებთ და მართალიც იქნებით. ზღვის ნაპირზე ჯდომა და ზღვისიქითა სივრცეში ყურება. ტალღების ხმაურის მოსმენა და არაფერზე ფიქრი… ან შეიძლება ვიფიქრო კიდეც, ვინ დამიშლის. ზღვის იოდიანი ჰაერის სუნთქვა და ტალღების ხმაურის მოსმენაც მიყვარს. ზღვაზე დიდი გემით მოგზაურობაზე არც ადრე მითქვამს უარი და არც ამის შემდეგში ვიტყვი. ზღვის პროდუქტებსაც სიამოვნებით გეახლებით. აი, სულ ეს არის… ამით შემოიფარგლება ჩემი და ზღვის ურთიერთობა.

მას შემდეგ, რაც გარემოს ქიმიის კვლევებით დავინტერესდი, მე და ზღვას კიდევ ერთი შეხების წერტილი გაგვიჩნდა და ეს მისი ქიმიური შემადგენლობაა.

ზღვის ქიმია მრავალფეროვანია. მეთვრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან, როცა მრეწველობა განვითარდა, ამ მრავალფეროვნებამაც იმატა. მიხვდით ალბათ – სინამდვილეში ანთროპოგენური ფაქტორით დაბინძურება გაიზარდა. თუმცა, ძირითადი მაინც ბიოგენური ელემენტები ჭარბობს. ბიოგენური ყველა ის ქიმიური ელემენტია, რომელიც  ცოცხალ ორგანიზმში ორგანული ნაერთების სახით შედის და აუცილებელია მეტაბოლიზმისთვის – H, O, C, N, P, Si, S, Mg, Ca, K, Fe, Al, Mn…

აქედან, აზოტის, ფოსფორისა და სილიციუმის ნაერთები განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ, რადგან ისინი ფიტოპლანქტონის განვითარების სტიმულირებას ახდენენ. ფიტო- და ზოოპლანქტონში გამოანგარიშებულია ამ ელემენტების გარკვეული თანაფარდობა. საშუალოდ ფიტოპლანქტონისთვის C:Si:N:P=42:28:7:1 (მასის ერთეული) და 108,5:31:15,5:1 (მოლური ფორმით). ზოოპლანქტონისთვის C:N:P=40:7,4:1 (მასის მიხედვით) ან 106:16:1 მკ/მოლი.

აღნიშნული თანაფარდობის მიხედვით რიჩარდსმა 1965 წელს ზღვის ორგანული ნივთიერების სტექიომეტრული მოდელი შეიმუშავა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები ნახშირწყლების, ამიაკისა და ფოსფატის სახით არიან წარმოდგენილნი.

(CH2O)106(NH3)6H3PO4

ამ მოდელში წარმოდგენილი თანაფარდობა ძალიან ახლოს დგას ოკეანის ბუნებრივი ორგანული ნაერთების თანაფარდობასთან.

აზოტის არაორგანული ნაერთები ზღვაში ძირითადად ამონიუმის, ნიტრატ- და ნიტრიტიონების სახით არის წარმოდგენილი. ინტენსიური ფოტოსინთეზის პირობებში შეიძლება არაორგანული აზოტის მთლიანი ასიმილირება მოხდეს და ფოტოსინთეზი შეჩერდეს. რთული ორგანული ნაერთებიდან აზოტის მინერალურ ფორმაში გადასვლა პირდაპირი და არაპირდაპირი რეგენერაციის პროცესში ხდება. პირდაპირი რეგენერაცია ფოტოსინთეზის ზონაში მიმდინარეობს, როდესაც ცხოველების საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მიერ გამოყოფილი ფერმენტებისა და ბაქტერიების მეშვეობით მათივე ცხოველქმედების პროდუქტები სწრაფად მინერალიზდებიან და ორგანული აზოტის ნაწილი კვლავ მინერალურ ფორმაში გადადის. აზოტის არაპირდაპირი რეგენერაცია განპირობებულია ზღვის სიღრმეებში ორგანული დეტრიტის (დეტრიტი წარმოადგენს წყლის სიღრმეებში შეწონილ მდგომარეობაში მყოფ ორგანულ-მინერალურ ნაწილაკებს) დაშლით.

ფოსფორი, აზოტის მსგავსად, ჩართულია ციკლში, სადაც ორგანულიდან არაორგანულ ნაერთებში გადადის. საშუალოდ, წლიურად ოკეანეში 25 ტონამდე შეწონილი არაორგანული ფოსფორი შედის. მისგან დაახლოებით 0,5 ტონა იხსნება, დანარჩენი ფსკერზე ილექება.

წინა სტატიაში ზღვის წყლის ანალიზზე, ერთ საინტერესო ცდაზე წერა დავიწყე და მოსამზადებელი სამუშაოების აღწერაც მოვასწარი „შემდეგი პანდემია გარდაუვალია?…“.

ამ სტატიაში უშუალოდ ცდის მსვლელობის აღწერას გავაგრძელებთ და ძირითად საქმეზე გადავალთ. დავიწყოთ ქლორიდ იონების განსაზღვრით.

 

ქლორიდ იონების რაოდენობრივი განსაზღვრა

5მლ. ზღვის წყალი პიპეტით გადაიტანეთ 125მლ.-იან ერლენმეიერის კოლბაში. კოლბაზე მონიშნეთ ნიმუშის რაოდენობა. დაამატეთ 45 მლ. გამოხდილი წყალი და კარგად მოურიეთ. ხსნარს დაამატეთ 0.1M კალიუმის ქრომატის ხსნარი. სითხე კაშკაშა მოყვითალო ფერს მიიღებს. კალიუმის ქრომატი გატიტვრისას ინდიკატორის მოვალეობას ასრულებს. 50 მლ.-იან ბიურეტს გამოავლეთ 0.1M ვერცხლის ნიტრატის ხსნარის რამდენიმე მლ. და ჩაღვარეთ უტილიზაციისთვის განკუთვნილ კონტეინერში. ბიურეტში ჩაასხით დაახლოებით 40 მლ. 0.1M ვერცხლის ნიტრატის ხსნარი, დააყენეთ ნიშნულამდე. სამუშაოსთვის დაახლოებით 28 მლ. ტიტრანტი უნდა დაიხარჯოს. დაიწყეთ გატიტვრა მუდმივი მორევის პირობებში. ვერცხლის ნიტრატი იწყებს მოქმედებას ზღვის წყალში არსებული ქლორის იონებთან და წარმოიქმნება ვერცხლის ქლორიდის ხაჭოსენრი ნალექი. ეს უკანასკნელი კი მოყვითალო შეფერილობას მიიღებს არსებული ქრომის იონების ზეგავლენით. როდესაც გატიტვრა თავის ზღვარს მიაღწევს, ხსნარი ნარინჯისფერ შეფერილობას მიიღებს. როგორც კი მდგრადი ნარინჯისფერი გამოჩნდება შეწყვიტეთ გატიტვრა. ცხრილში ჩაინიშნეთ დახარჯული ვერცხლის ქლორიდის რაოდენობა.

ერთი მოლი ვერცხლის იონი რეაგირებს ერთ მოლ ქლორიდიონთან, შესაბამისად, ქლორიდიონების რაოდენობა 5მლ. ნიმუშში ვერცხლის იონის მოლების შესაბამისია ტიტრანტის იმ რაოდენობაში, რომელიც გასატიტრად დაიხარჯება. ამის გათვალისწინებით, გამოიანგარიშეთ ქლორიდიონების რაოდენობა აღებულ ნიმუშში და შეიტანეთ ცხრილში.

იანგარიშეთ ქლორიდიონების რაოდენობა ზღვის წყლის ერთი ლიტრისთვის და ასევე ცხრილში შეიტანეთ.

 

სულფატიონების რაოდენობრივი განსაზღვრა

ზღვის წყლის ნიმუშის 100მლ. 100მლ.-იანი კოლბიდან გადაიტანეთ 250მლ.-იან ჭიქაში. ნიმუშის მოცულობა ჩაწერეთ ცხრილის P სექციაში. აიღეთ 40მლ. 0.1M ბარიუმის ნიტრატი 100მლ. გრადუირებულ ცილინდრში და ნელა ურიეთ, თან ჩაამატეთ 250მლ. ჭიქაში, სადაც უკვე არის ზღვის წყლის ნიმუში. სითხე მაშინვე თეთრად შეიფერება და წარმოიქმნება უხსნადი თეთრი ფერის ბარიუმის სულფატის ნალექი. ეს უკანასკნელი წარმოიქმნება ბარიუმის ნიტრატისა და ზღვის წყალში არსებული სულფატიონების ურთიერთქმედების შედეგად. აიღეთ ფილტრის ქაღალდის ნაჭერი. აწონეთ და მასა ჩაინიშნეთ ცხრილში. ამის შემდეგ ქაღალდი გადაკეცეთ, მოათავსეთ ძაბრში და გაფილტრეთ თქვენი ნიმუში, სადაც თეთრი ნალექია წარმოქმნილი. გაფილტვრის შემდეგ ფილტრის ქაღალდი და მასზე მოთავსებული მასა გააშრეთ, აწონეთ და მონაცემი შეიტანეთ ცხრილის R ნაწილში. გამოიანგარიშეთ ბარიუმის სულფატის მასა (ცხრილში მითითებული გაანგარიშებით) და შეიტანეთ ცხრილის S ნაწილში.

გამოიანგარიშეთ სულფატიონების რაოდენობა აღებულ ნიმუშში და შეიტანეთ ცხრილში.

იანგარიშეთ სულფატიონების რაოდენობა ზღვის წყლის ერთი ლიტრისთვის და ისიც ცხრილში შეიტანეთ.

 

ცხრილი #1

A.     ცარიელი 100მლ.-იანი კოლბის მასა ——გრ.
B.     ზღვის წყლიანი 100მლ.-იანი კოლბის მასა ——გრ.
C.     ნიმუშის მასა (B-A) ——გრ.
D.    ზღვის წყლის სიმკვრივე (C/100) ——გ./მლ.
E.      150მლ.-იანი ქიმ. ჭიქის მასა ——გრ.
F.      150მლ.-იანი ქიმ. ჭიქის მასა+აორთქლების შემდეგ დარჩენილი ნაშთი ——გრ.
G.     მთლიანი გახსნილი მყარი ნივთ. მასა ——გრ.
H.    მთლიანი გახსნილი მყარი ნივთ. % ([G/C]X100) ——-%
I.       ზღვის ნიმუშის მოცულობა ქლორიდ იონებისთვის ——-მლ.
J.        ვერცხლის ნიტრატის ტიტრანტის საწყისი მოცულობა ——-მლ.
K.     ვერცხლის ნიტრატის ტიტრანტის საბოლოო მოცულობა ——-მლ.
L.      ვერცხლის ნიტრატის ტიტრანტის გამოყენებული რაოდენობა ——მლ.
M.   გატიტვრისთვის საჭირო ვერცხლის იონების რაოდენობა ——მოლი
N.    ქლორიდ იონების მასა 5მლ. ნიმუშში ——გრ.
O.    ქლორიდ იონების მასა ერთ ლიტრ ზღვის წყალში ——გრ./ლ.
P.      ზღვის ნიმუშის მოცულობა სულფატიონებისთვის ——-მლ.
Q.    ფილტრის ქაღალდის მასა ——გრ.
R.     მშრალი ფილტრის ქაღალდის და ფილტრატის მასა ——გრ.
S.      ბარიუმის სულფატის მასა (R-Q) ——გრ.
T.     ნიმუშში არსებული სულფატ იონების მასა ——გრ.
U.     სულფატ იონების მასა ერთ ლიტრ ზღვის წყალში ——გრ./ლ.

 

ასეთი სამუშაოს ჩატარება გაკვეთილს ან კლუბურ მეცადინეობას მართლაც საინტერესოს გახდის და ზღვასთან თქვენი პატარა საიდუმლო ურთიერთობა გექნებათ, რომელიც შეგიძლიათ ან ამ დონეზევე დატოვოთ, ან უფრო გააღრმავოთ ცურვითა და რუჯის მიღებით.

 

ამ დროს კი ზღვა…

 

„… არ ბობოქრობს,

ზღვა აღარ დრტვინავს უწინდებურად,

ის ფიქრობს, ფიქრობს…”.

(გალაკტიონი)

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...