პარასკევი, მაისი 30, 2025
30 მაისი, პარასკევი, 2025

დაუვიწყარი ზაფხული – აქტივობა წერის უნარის განსავითარებლად

0

 

ის, რაც არასოდეს მავიწყდება, ჩემი ბავშვობის ზაფხულებია.

წლები რომ მემატება, უფრო და უფრო ვრწმუნდები, ბავშვობის ემოციების კვლავ განცდა თუ იმ შეგრძნებების დაბრუნება უჩვეულო სიხარულს მგვრის. და რაღაცნაირად მჭირდება, მოთხოვნილებად მექცა, ის განცდილი დროდადრო დავიბრუნო.

ივლისში ,,ნედლი“ თხილის ჩაკნატუნების სურვილი როცა წამომახტუნებს, თავსხმა წვიმაში გამაქცევს და ფოთლებზე შერჩენილი წვეთებიც გამლუმპავს, ჩემში იღვიძებს ბავშვური ცელქობის სურვილი. მერე კი სახურავზე ამ წვიმის წკაპაწკუპის ხმა თითქოს მაიძულებს, რომ წიგნს ხელი მოვკიდო, ჰამაკში მოვკალათდე  და მოყვითალო ფურცლებში ჩავიკარგო, ისე, როგორც ადრე. ასე კითხვას სხვა ხიბლი აქვს, ათასი ფიქრი ამეშლება ხოლმე ამ დროს. დავხეტიალობ ფეხადგმულ მოგონებებში და საბოლოოდ ყველა გზა მაინც  ბავშვობასთან მიდის.

ამასობაში ერთ ზაფხულს მეორე მოსდევს, მეორეს – ოცდამეცამეტე, ხან რას ვკითხულობ, ხან რას ვუყურებ (ზაფხულში თითქოს მთელი წლის სამყოფს ვიმარაგებ), მაგრამ იმ წიგნს (,,ჩვენც სალტკროკელები ვართ)“, რომელმაც ჭეშმარიტი ზაფხული შემაგრძნობინა, მაინც ვერაფერი ცვლის. და აქამდე ჯერ არ ყოფილა, რომ საზაფხულო არდადეგებზე ჩემებური რიტუალი არ აღვასრულო, არ გავიხსენო ერთი თავის სათაური – ,,დღე, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის“, ყოველ ჯერზე არ დავეთანხმო მწერალს, რომ მართლაც არსებობს დღეები, წუთებიც კი, ცხოვრებას რომ უტოლდება და შემდეგ არ ჩავიბუტბუტო ასტრიდ ლინდგრენის დაწერილი რამდენიმე წინადადება: ,,ზაფხული ჩვეულებრივ მიდიოდა: მზე ანათებდა, მრავალფეროვნებისათვის ზოგჯერ წამოწვიმდა ხოლმე, ხანდახან ქარიშხალიც ამოვარდებოდა: ზღვა აიტალღებოდა და ფიორდი თეთრი ქაფით იფარებოდა, სახლების ფანჯრები ჭრიალებდა“. აქ დურგლისეული კარმიდამოს ბინადრების შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებ, ისიც კმარა, რომ ამ პერსონაჟებმა ძალიან მხიარული ზაფხული მაჩუქეს ოდესღაც, იმას კი ვიტყვი, რომ ბავშვობაში წაკითხული თუ ნაფიქრი ხშირად გვახსენებს თავს, თუ რატომ, ამას ჩემზე უკეთ ფსიქოლოგები ხსნიან.

სიმართლე გითხრათ, სულაც არ დამიგეგმავს სტატიის ასე დაწყება, თავისთავად მოხდა. ასეთ დროს მგონია, რომ სათქმელი თითებშია ჩამალული, ბეჭდავ, ეკრანზე ასო ასოს ეხლართება, სიტყვად იქცევა, სიტყვები – წინადადებებად და ეს პროცესი გათავისუფლებს სათქმელისგან. სტატიის დასაწყისში იმის თქმა მინდოდა მხოლოდ, რომ ბავშვობის შთაბეჭდილებებით, ფიქრებით, ამბებით იქსოვება ჩვენი ცხოვრება, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ამ ამბებზე დაკვირვება ბავშვისთვის, მათი შენახვა, მეორე მხრივ კი ის, რომ თავად ქსოვილი იყოს მრავალფეროვანი (ამაში კი უფროსების როლი და პასუხისმგებლობა განუზომელია). სწორედ ამ ყველაფერზე ფიქრმა მომაგონებინა ერთი აქტივობა ჩემი შვილისთვის და ახლავე გაგაცნობთ (კალამმა არა და კომპიუტერის კლავიატურამ ისევ რომ არ გამიტაცოს მორიგ მოგონებაში).

ცნობილი ამბავია, რომ ზაფხულში ბავშვებს სულაც არ უყვართ დავალებების შესრულება. არც უნდა უყვარდეთ, ზაფხული არ არის მეცადინეობის დრო, გართობის, თამაშის, სილაღის, წიგნების კითხვისა და ცხელ-ცხელი თავგადასავლების დროა. ვინაიდან, ჩემს პირველკლასელ შვილს მთელი მსოფლიოს ბავშვებთან ერთად პანდემიამ სრულიად შეუცვალა დღის წესრიგი, გადავწყვიტე, წერის ისეთი აქტივობა მომეფიქრებინა, რომელიც:

 

  • საზაფხულო დღიურად ექცეოდა…
  • მეორე კლასის რვეულს გააცნობდა…
  • დღეში ერთ-ორ სიტყვასაც ხალისით დააწერინებდა…
  • სათქმელს ნახატითაც გადმოაცემინებდა…
  • და, რაც მთავარია, დააკვირვებდა თავის საზაფხულო ცხოვრებას.

ყოველდღე ბავშვს რვეულში ვუწერდი ერთ ფრაზას, რომელიც უნდა დაემთავრებინა. ამ დასასრულებელი წინადადების მოფიქრებას ყურადღებით და პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ, რადგან მან  პატარა უნდა დააფიქროს და განვლილი დღე გააანალიზებინოს.

თითქოს განსაკუთრებული არაფერი, მაგრამ ეს მცირე აქტივობა ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა:

  • შესასრულებლად რამდენიმე წუთია საჭირო და ბავშვს არ ეზარება დაწერა, მიუხედავად მისთვის დათმობილი მცირე დროისა, მაინც ვარჯიშობს წერაში;
  • უვითარდება თვითშეფასების, წარმოსახვის, შემოქმედებითობის, ანალიზის უნარები;
  • ქმნის ილუსტრაციას და ადეკვატურად აკავშირებს ნაწერსა და ნახატს;
  • და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – ფიქრობს თავის ყოველდღიურობაზე, ეძებს პასუხებს შეკითხვებზე, ინახავს ზაფხულის შთაბეჭდილებებს, ემოციებს, ფიქრებს, რომლებიც ,,მთელ სიცოცხლეს უდრის“.

P.S. ეს გასული ზაფხულის ჩანაწერებია.  წელს რომ გადაფურცლა უკვე 8 წლის ბავშვმა, ძალიან გაიხარა, ამბებიც გაიხსენა, რაღაცები გაუკვირდა, ბევრიც იცინა. კიდევ მოუნდა წერა. რატომაც არა! წარმომიდგენია, რამდენად ძვირფასი იქნება  მისთვის ეს რვეული წლების მერე.

თუ თქვენც გიყვართ ძველი ჩანაწერების ქექვა, თავგადასავლების გახსენება, წარსულსა და დღევანდელობას შორის კავშირების ძიება და პოვნა, სცადეთ და აგვისტოსა და სექტემბრის შეხვედრისას დაასრულეთ ფრაზა:

ზაფხულის ბოლო დღეს…

ფერებით მოთხრობილი ამბავი

0

 

21-ე საუკუნეში მსოფლიო მრავალი ტექნოლოგიური გამოწვევის წინაშე დგას. ამ ტექნოლოგიების ცოდნისა და გამოყენების საჭიროება ყოველდღიურად იზრდება.

მინდა, გაგაცნოთ ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ვებგვერდი: „გააციფრულე სწავლის პროცესი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით“ – https://school.emis.ge/, რომელიც მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში, I-VI კლასების სასკოლო პროგრამის შესაბამისად შეიქმნა. მისი მიზანია სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდა.

პანდემიის პირობებში ვებგვერდმა დისტანციური სწავლების პროცესი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობებით გაამდიდრა.

იდეის ავტორი გახლავთ სანდრო ასათიანი, რედაქტორი – გიორგი ლომსაძე.

საგნობრივი მიმართულების ექსპერტების, პროფესიონალი დიზაინერების, პროგრამისტების, ნარატივდიზაინერებისა და ილუსტრატორების ჯგუფების მიერ შექმნილი რესურსები არა მხოლოდ ბავშვებს, არამედ მასწავლებლებსაც ძალიან მოსწონთ.

ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსებით სარგებლობისთვის საჭიროა, ავირჩიოთ შესაბამისი საგანი და თემა. ამ ეტაპზე დავალებები შექმნილია ოთხი საგნისთვის: მუსიკა, ხელოვნება, ბუნებისმეტყველება, კომპიუტერული ტექნოლოგიები. ყოველი თემა მოიცავს რამდენიმე ნაბიჯს და კომპლექსურ დავალებას. მოსწავლის მიზანია, ნაბიჯების გავლისას მოაგროვოს საკმარისი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებს საბოლოო, რამდენიმეკომპონენტიანი კომპლექსური დავალების შესასრულებლად.

რესურსები მოიცავს სხვადასხვა თამაშსა და სახალისო აქტივობას. ვებგვერდზე ჩაშენებულია ჩეთბოტის ფანჯარა. მისი დახმარებით მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საშუალება აქვთ, გაესაუბრონ ხელოვნურ ინტელექტს, დასვან კითხვები რესურსების თემატიკაზე და მიიღონ პასუხები.

 

ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ძირითადი კომპონენტები

ნაბიჯი – შეადგენს ელექტრონული რესურსის ძირითად ნაწილს. ის მოიცავს მასალას, რომელიც კლასში მუშავდება და შედგება კონკრეტულ საგნობრივ საკითხებთან დაკავშირებული შინაარსობრივი ბლოკებისგან. ერთი ნაბიჯი შეიძლება განხორციელდეს ერთი ან რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში. ნაბიჯიდან შეგვიძლია, გადავიდეთ სავარჯიშოზე, მინიშნებაზე ან შუალედურ დავალებაზე.

სავარჯიშო – პატარა კომპიუტერული თამაში, რომელიც ერთი კონკრეტული ამოცანის ამოხსნაზე ან საკითხის შესწავლაზეა ორიენტირებული. მაგალითად, შედგენილი ფერების შექმნა ძირითადი ფერებისგან. სავარჯიშო არის ელექტრონულად შესასრულებელი სამუშაო, სურვილისამებრ, შესაძლებელია საღებავებით შესრულდეს ფურცელზე.

შუალედური დავალება – მოჰყვება ნაბიჯს ან სავარჯიშოს. ის განსხვავდება ელექტრონულად შესასრულებელი სავარჯიშოსგან. გულისხმობს ღია ტიპის შეკითხვებს ან ისეთ აქტივობებს, რომლებიც არაელექტრონულ ფორმატში სრულდება

მინიშნება – ასრულებს ერთგვარი ინტერაქციული ლექსიკონის ფუნქციას, რომელშიც ესა თუ ის საკითხია განმარტებული. ის ჰიპერბმულშია ჩაშენებული. მაგალითად, რომელია ძირითადი ფერები, ცივი და თბილი ფერები, ფორმა, ხაზი და ა.შ. სავარჯიშოსგან განსხვავებით, აქ ბავშვი მხოლოდ ინფორმაციას მიიღებს.

კომპლექსური დავალება – მოსდევს სხვა აქტივობებს და განთავსებულია ბოლოში. კომპლექსური დავალება არის რესურსის ძირითადი კომპონენტი, რომლის შესრულების დროსაც მოსწავლეებმა აქტივობების მეშვეობით მიღებული ცოდნა უნდა გააერთიანონ.

შენიშვნა: რესურსის სრულფასოვნად გამოყენებისთვის რეკომენდებულია Google Chrome ან Microsoft Edge ბრაუზერებით სარგებლობა.

გაგაცნობთ ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსების ვებგვერდზე არსებულ თამაშს, რომელიც ძალიან სახალისო და საინტერესო დავალებებს სთავაზობს მოსწავლეებს.

საგანი: ხელოვნება, ქართული ენა

თემა: ფერებით მოთხრობილი ამბავი

მიმოიხედე შენ გარშემო. რამდენი ფერი შეგიძლია აღმოაჩინო?

დაფიქრებულხარ, რისი გადმოცემა შეიძლება ფერებით?

როგორ ფიქრობ, შეძლებ თუ არა, ფერებით შენი განწყობა გადმოსცე?

დავალება:

დახატე რაიმე ეპიზოდი შენი ცხოვრებიდან: გარემო, ამბავი ან საინტერესო მოვლენა. გადმოეცი შენი დამოკიდებულება, განწყობა (მხიარული, სევდიანი და სხვ.) ფერების საშუალებით.

დავალების შესასრულებლად თანმიმდევრულად მიჰყევი შემოთავაზებულ ნაბიჯებს:

  • მოგეწონებოდა სამყარო ფერების გარეშე?
  • დაასახელე ფერები, რომლებსაც შენ გარშემო ხედავ.
  • იცი თუ არა, რა ჰქვია ფერებით ხატვას?
  • დაათვალიერე ცნობილი მხატვრების ნამუშევრები. დააკვირდი, რამდენი ფერი აქვთ გამოყენებული და ისაუბრე იმ განწყობაზე, რომელიც თვალიერებისას შეგექმნა.
  • შენი აზრით, რომელია „მხიარული“ ფერები და რომელი – „მოწყენილი“?
  • შექმენი ორი ნახატი, ერთში „მხიარული” ფერები გამოიყენე, მეორეში კი – „მოწყენილი“. აჩვენე შენს თანატოლებს, შეამოწმე, ამოიცნობენ თუ არა ნახატებს „მხიარული“ და „მოწყენილი“ ფერების მიხედვით.

იცი თუ არა, რომ ყველა ფერი, რაც კი არსებობს, სულ რამდენიმე ფერისგან მიიღება?

 

ძირითადი და შედგენილი ფერები

როგორ გგონია, რა მოხდება, თუ რომელიმე ორ ძირითად ფერს ერთმანეთს შეურევ?

ჩაატარე ექსპერიმენტი თამაშის საშუალებით.

ფერებს, რომლებიც ძირითადი ფერების შერევით მიიღე, შედგენილ ფერებს უწოდებენ.

 

ექსპერიმენტი ფერებით

შეგიძლია, ეს ექსპერიმენტი გუაშის ან აკვარელის საღებავებითაც ჩაატარო. პალიტრაზე ერთმანეთს შეურიე ძირითადი ფერები და ახლა უკვე ფურცელზე დააკვირდი, როგორ ფერებს მიიღებ:

  1. შეურიე წითელი და ყვითელი
  2. შეურიე წითელი და ლურჯი
  3. შეურიე ყვითელი და ლურჯი

 

  • რა აღმოაჩინე?
  • რა ფერები მიიღე?
  • რა უფრო სახალისო იყო -ფერების შერევა ელექტრონულად თუ ნამდვილი საღებავებით?

 

ცისარტყელას ფერები

შენ უკვე იცი, რომ არსებობს ძირითადი და შედგენილი ფერები. ისინი ბუნებაში ამ თანმიმდევრობით შეიძლება შეგვხვდეს: წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი.

 

  • მოდი, ვნახოთ, გახსოვს თუ არა ცისარტყელას ფერების თანმიმდევრობა.
  • მოცემულ შაბლონში შესაბამისი თანმიმდევრობით ჩაასხი ცისარტყელას ფერები.

 

იცი თუ არა, რომ ფერები სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს ადამიანზე?

ამის მიხედვით განასხვავებენ ცივ და თბილ ფერებს.

 

გაიხსენე, რომელი ფერების შეზავებით მიიღება მწვანე? როგორ უნდა მივიღოთ იისფერი?

  • როგორ ფიქრობ, მწვანე თბილი ფერია თუ ცივი? იისფერი?
  • მოდი, ჩაატარე ექსპერიმენტი ელექტრონულად ან საღებავებით:

როგორც ხედავ, შედგენილ ფერში თუ ცივი ფერი ჭარბობს, ის უფრო ცივისკენ იხრება, თუ თბილი – თბილისკენ.

  • ელექტრონულად ან საღებავებით შექმენი ნამუშევარი, რომელშიც ძირითადად ცივი ფერები იქნება გამოყენებული.
  • ელექტრონულად ან საღებავებით შექმენი ნამუშევარი, რომელშიც ძირითადად თბილი ფერები იქნება გამოყენებული.

 

ფერებით მოთხრობილი ამბავი

შენ უკვე ბევრი რამ იცი ფერების შესახებ.

იცი, რომ არსებობს ცივი და თბილი ფერები, გარდა ამისა, გაეცანი ძირითადი ფერებისგან შედგენილი ფერების მიღების ხერხებს.

მოდი, ახლა ფერწერული ნამუშევარი შექმენი.
დახატე რაიმე ეპიზოდი შენი ცხოვრებიდან: გარემო, ამბავი ან საინტერესო მოვლენა. გადმოეცი შენი დამოკიდებულება, განწყობა (მხიარული, სევდიანი და სხვ.) ფერების საშუალებით.

დავალების შესრულებისას გაითვალისწინე ჩვენი რჩევები და ინსტრუქციები.

  • რა გაიგე ახალი ფერების შესახებ?
  • დაგეხმარება თუ არა ეს სიახლე ნამუშევარში შენი დამოკიდებულების, განწყობის გადმოცემაში?
  • შეძელი თუ არა ნამუშევრის შექმნა ძირითადი და შედგენილი, ცივი და თბილი ფერების გამოყენებით?
  • რა გაგიადვილდა და რა გაგიჭირდა?
  • დაგეხმარა სავარჯიშოები და ჩვენი რჩევები?

საგანმანათლებლო თამაში „ფერებით მოთხრობილი ამბავი“ სახალისო და საინტერესოა, როცა ელექტრონულ ფორმატში ასრულებენ მოსწავლეები, თუმცა ბევრი აქტივობა საღებავებითაც სრულდება ფურცელზე.

ვებგვერდზე სამუშაოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეოინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=7P4U16oh07Y

 

გამოყენებული რესურსები:

https://school.emis.ge/

https://www.youtube.com/watch?v=7P4U16oh07Y

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

აბოს „ღალატი“

0

 

„შენს წმინდანში მოღალატე აბოს ვხედავ”

თემურ ელიავა

ზოგადად ქართული ჰაგიოგრაფიისადმი დამოკიდებულება ყოველთვის სხვადასხვაგვარი იყო და არის.  იგი ხან მწერლობის, ხან ისტორიული წყაროს, ხან ეროვნული სულისკვეთების გამომხატველის, ხანაც წმინდა წყლის რელიგიური ტექსტის თვალსაზრისით მნიშვნელობს. მაგრამ არსებითი ეს არ არის, არსებითი ისაა, რომ შუასაუკუნეების ეს ჟანრი მწერლობისა კვლავაც იპყრობს ჩვენს ყურადღებას და მუდამ მსჯელობის საგანია. ეს კი იმაზე მიანიშნებს, რომ ჰაგიოგრაფია დღესაც და მომავალშიც დარჩება ჩვენი ინტერესებისა და ინტერპრეტაციის საგნად, არასოდეს იქნება „სამუზეუმო ექსპონატი” და მხოლოდ მეცნიერთა გასარჩევი.  ძირითადად ჩვენი ცოდნა, უფრო სწორად, წარმოდგენა ჰაგიოგრაფიაზე „შუშანიკის წამებით”, „აბოს წამებით”, და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებით” შემოიფარგლება. იშვიათად, რომ რიგით მკითხველს სკოლის შემდეგ სხვა ძეგლების კითხვაც განეგრძოს, მაგალითად, თუნდაც „იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება” ან „სიბრძნე ბალავარისა”. თუმცა ზემოთ ნახსენები სამი თხზულებაც თავისთავად ამოუწურავია სამსჯელოდ, ამ ჟანრის სულიკვეთების გასაგებად. ყველანი ერთხმად ვაღიარებთ, რომ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები რთული ორგანიზმია გამომდინარე მისივე „ჯვარსახოვნებიდან” (რევაზ სირაძე), რაც მიწიერისა და ზეციურის მძლავრ შეკავშირებას გულისხმობს. ამიტომაცაა, რომ დღეს გვეუხერხულება ამ ნაწარმოებების, როგორც გმირთა მხოლოდ წმინდანობის შეფასება და ასევე, მათი მხოლოდ ჩვეულებრივი საერო თხზულების პერსონაჟთა დარად განსჯა.

როგორც ზემოთ მივუთითე, ამ ჟანრის მიმართ რამდენიმე მიდგომა არსებობს და ჩვენი თანამედროვეობისათვის ამ ნიშნით წმინდანებში უფრო პიროვნების გამოკვეთაა ნიშნეული. პიროვნება კი თავისი არსით წინააღმდეგობრივი ფენომენია და აქედან გამომდინარე, თუკი შუასაუკუნეობრივი „ლიტურგიული ცნობიერება” (რევაზ სირაძე) წმინდანში მხოლოდ დადებითს ხედავდა, მეოცე საუკუნეში უფრო „ადამიანურ სისუსტეებს” – სიფიცხეს, შიშს და ყოყმანს ეძებდნენ, რასაც, ე.წ., „შაბლონურობიდან” გაქცევად სახავდნენ და დიდ გამბედაობად უთვლიდნენ ავტორს. დღეისთვის კი სამართლიანად დაიწყო წმინდანის პიროვნულობაზე ფიქრი და განსჯა. ესეც  ერთგვარი ახლებური მიდგომაა, რომელიც შედეგით კი არ დაკმაყოფილდა (იმით რომ შუშანიკი მხოლოდ გაწმინდანდა), არამედ მოტივაციებს დაუწყო კირკიტი, ჩაძიება და შიგადაშიგ  ეჭვის თვალითაც შეგვახედა წმინდანის ამა თუ იმ ქმედების სიწრფელეზე.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჰაგიოგრაფიული ნაწარმოების გმირი იდეალური და ამდენად, მისაბაძია (სწორედ ამ მოტივით აღიწერებოდა მათი წამება და ცხოვრებაც). თუმცა ამან, მათმა იდეალურობამ, თავის მხრივ, დაბადა შეკითხვა – „რამდენად იდეალურნი არიან?” და ამ კითხვაზე პასუხის მოძიების მოთხოვნილება წამოაყენა. თანამედროვე მკითხველს რიგ შემთხვევებში გაუჩნდა განცდა იმისა, რომ თუკი წმინდანობა საყოველთაო იდეალურობაა, მაშინ არ უნდა არსებობდეს „ჩემთვის წმინდანისა” და სხვისთვის „მოღალატის” უხერხულობა. თუკი მე ჩემი აღმსარებლობა მგონია ჭეშმარიტი (და უნდა მეგონოს კიდევაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ვიწოდები მის მიმდევრად), სხვაც ხომ ამგვარად ფიქრობს თავისაზე? და აქ ვაჟასეული „ჩვენ ვიტყვით კაცნი ჩვენა ვართ”-ის დაეჭვებულობა იჩენს თავს, რაც განსჯისთვის მეტად ნაყოფიერ ფონს ქმნის.

მე, როგორც ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი, მივესალმები ამგვარ ეჭვებს არა იმიტომ, რომ ამით რომელიმე წმინდანის დაკნინება მსურს – არა! წმინდანი ყოველთვის დარჩება წმინდანად, არამედ იმის გამო, რომ თანამედროვე მკითხველი ჩვენს დღევანდელობაშიც არსებული პიროვნების კრიზისის დასაძლევ მექანიზმს სწორედ ჰაგიოგრაფიაში ეძიებს, რაც ამ ჟანრის ნაწარმოებებს აქტუალურობას უნარჩუნებს და, კიდევ ერთხელ დავძენ, „სამუზეუმო ექსპონატად” ქცევისაგან ათავისუფლებს.  აბოს არაბების მოღალატეობაზე პირველად სწორედ უნივერსიტეტში გავიგე და ამან, სიმართლე ითქვას, ცოტათი შემაცბუნა კიდევაც, რადგან სიტყვა „ღალატის” წმინდანისთვის მისადაგება მეხამუშა.

მართალია, როგორც მუსლიმი სულაც არ მივესალმებოდი აბოს (მკვლევარი ბატონი გოჩა კუჭუხიძის მიხედვით „(ჰ)აბო” არაბულ საკუთარ სახელ „ჰაბიბის” შეკვეცილ, გაქართულებულ ვარიანტს წარმოადგენს) გაქრისტიანების აქტს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, თუ რა საფრთხის წინაშე იდგნენ მაშინდელი ქართველები, ნაწარმოებში ისლამის მიმართ გამოთქმულ დამაკნინებელ გამოთქმებსაც სრულიად ბუნებრივად ვიღებდი. ასე რომ, აბოს მიმართ ჩემს სიმპათიას მის გულწრფელობასთან ერთად, ჩაგრული ერისადმი თანადგომობაც განმიპირობებდა. აბოს არჩევანში, საერთოდ მის ქმედებებში გასარკვევად კარგად უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ღალატი, რას გულისხმობს იგი? სად გადის მისი (ღალატის) ზღვარი? ე.ი. კარგად უნდა გვესმოდეს ღალატის ფიზიონომია.

ღალატის დახასიათება ძალიან ზედაპირულად ასეა შესაძლებელი (ზედაპირულადო იმიტომ ვამბობ, რომ მას თავისი ღრმა ფსიქოლოგიური საფუძველი აქვს, რომელშიც, სიმართლე გითხრათ, ჩახედული არა ვარ) – იგი სანდო ადამიანისაგან მოულოდნელი ნეგატიური ქცევაა, რა დროსაც ეს უკანასკნელი გამოუვალ მდგომარეობაში ვარდება. ღალატი იერარქიული ფენომენია და, გარდა პიროვნულისა, შეიძლება თავისი მასშტაბურობიდან გამომდინარე სამშობლოს, ერის, სახელმწიფოს და ღვთის ღალატადაც მოგვევლინოს.

თუმცა როგორც ყველაფერი, ვინმესთვის მოღალატის იარლიყის მიკერებაც, უმთავრეს შემთხვევებში, სუბიექტურია და დრო საწინააღმდეგოს ადასტურებს.

აბოს შემთხვევაში საქმე უფრო დელიკატურ საკითხთან გვაქვს, უფრო სწორად,  საკითხი მართებულად არ არის დაყენებული, მიუხედავად იმისა, რომ ეს დაეჭვებულობა ცნობიერია და მიზნად იმ გულწრფელი მოტივაციების ამოცნობა დაუსახავს, რომლებიც აბოს ჰქონდა.

გადაცემა „ინტერპრეტაციაში” პოეტ ბელა ჩეკურიშვილთან ერთად სტუმრად მიწვეულს, წამყვანმა გიორგი კეკელიძემ მკითხა    – „არის თუ არა აბო მოღალატე?”. მე ვუპასუხე „არაბებისთვის – კი!”.  აბა, ჩვენთვის ვერ იქნებოდაო. და  მართალიც არის. ამიტომ შემდგომ პასუხში შევეცადე საერთოდ ეს განსაზღვრება ჩამომეცილებინა აბოსთვის. ოღონდ, სანამ დავწერდე, რა არგუმენტ(ებ)ის მოშველიებით ვასაბუთებდი ამ აზრს, მსურს ჩემი თვისტომების ერთ-ერთ მეჯლისზე ყოფნისას მოსმენილი ამგვარი საინტერესო საუბარი გავიხსენო. მსჯელობა აზერბაიჯანის ეროვნული გმირის – ბაბექ ალბანელისა და ისლამის მიმართებას ეხებოდა. მოგეხსენებათ, ალბანეთის მეფე ბაბექი არაბების წინააღმდეგ სამშობლოს დასაცავად იბრძოდა, მანამ, სანამ ეს უკანასკნელი თბილისის ამირა საჰაკთან ერთად (რომელსაც ხალიფატისაგან გამოყოფა სურდა) ბუღა თურქის სარდლობით შემოსულმა ხალიფატის სადამსჯელო ლაშქრობამ არ შეაჩერა.

ამირა საჰაკი თბილისშივე, ხოლო ბაბექი ბაღდადში დასაჯეს სიკვდილით. მისდამი როგორც გმირისადმი სიმპათია, რა თქმა უნდა, თავისთავად გასაგებია, მაგრამ მეორე მხრივ, მიწიერი სამშობლოს დასაცავად ისლამის ჭეშმარიტებების (თავად ბაბექი მაზდეანური რელიგიის ხურამიტული მიმართულების აღმსარებელი იყო), შესაბამისად, წარმართისაგან ღვთის ნების წინააღმდეგ გალაშქრებაც ჩვენს მორწმუნე მეგობრებში უხერხულობისა და მისი პიროვნების მიუღებლობის განცდას ბადებდა. ერთნი გმირობისა და პატრიოტობის ნებისმიერ რელიგიასთან მიმართებაში აღმატებულობას, ხოლო მეორენი ჭეშმარიტების სამშობლოზე მაღლა დგომობას უსვამდნენ ხაზს.

სანამ მე გამოსავალს ვეძებდი, ჩვენ შორის ასაკით უფროსმა ასეთი რამ თქვა – ბაბექი არაბთა უსამართლობებს ებრძოდა და არა ისლამსო. არგუმენტმა, რაც არ უნდა საორჭოფო იყოს, ორივე მხარე დააკმაყოფილა. ამ ფრაზამ ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი” მომაგონა და გადაცემაში ჩემი მსჯელობაც ამაზე ავაგე. საქმე ის გახლავთ, რომ თავდაპირველად, როცა არაბები მსოფლიო არენაზე გამოჩნდნენ ბიზანტიისა და სპარსეთის ქიშპობით გულგაწყალებულმა ერებმა ისინი განმათავისუფლებლებადაც კი მიიჩნიეს. მართლაც, ერთი შეხედვით, ჰაბიბ იბნ მასლამას „დაცვის სიგელი” თავისთავად,  საიმდროოდ ძალიანაც ჰუმანურ ხელშეკრულებად შეიძლება იქნეს მიჩნეული. მისი პუნქტები: არაბებს არა აქვთ უფლება, ძალით გაამუსლიმონ ქრისტიანი; არა აქვთ უფლება, გადასახადის გაზრდის მიზნით კომლები დაყონ და ა.შ. – ამის თქმის საშუალებას გვაძლევს. თუმცა იოვანე საბანისძის ენით რომ ვთქვათ –  „მიერითგან და ვიდრე აქამომდე ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგულარძნნეს: რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკუვარებით”,  მათ ფარულ გეგმებს აშკარას ხდის, რასაც თავის მხრივ პოლიტიკურ-ეკონომიკური უსამართლობებიც ემატება.

თუკი გადავხედავთ მსოფლიო ისტორიას, არცთუ ცოტანი არიან ისეთი პიროვნებები, რომლებიც არა თუ არ ამართლებდნენ თავიანთი ქვეყნის მთავრობის თუ ერის ქმედებებს სხვა ხალხების მიმართ, არამედ მთელი შეგნებით ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც მას. საერთო ფერხულიდან მათი გამოთიშვა და დაპირისპირება ხშირ შემთხვევაში ღალატად აღიქმებოდა. მაინ რიდი თავის ნაწარმოებებში ამერიკაში ემიგრანტების, შავკანიანებისა და აბორიგენი მოსახლეობის წინააღმდეგ გატარებულ პოლიტიკას და დისკრიმინაციულ-ქსენოფობიურ დამოკიდებულებას აპროტესტებდა. კასიუს კლეის ისლამზე მოქცევა და მუჰამად ალიდ წოდება ამ რელიგიაში საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლებასთან ერთად პროტესტიც იყო რასისტული ჩაგვრისადმი.

ახლა  უშუალოდ ნაწარმოებზე და აბოზე. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ აბო გულწრფელი მორწმუნეა (ამაზე ქვემოთ გვექნება ლაპარაკი), იგი არის პიროვნება, რომელიც არ იზიარებს თავისი ხალხის პოლიტიკას დაპყრობილი ერის მიმართ. ბაღდადში ნერსე ერისთავთან ერთად ყოფნისას აბო ოდენ ინტერესდება ქართველი ხალხით, მისი სულიერებითა და კულტურით. ამიტომაც ჩამოდის საქართველოში და ადგილზე სწავლობს ვითარებას. რა თქმა უნდა, ნაწარმოებში გამომდინარე ეპოქიდან და ჰაგიოგრაფიული ჟანრის მოთხოვნილებიდან, ეს მომენტი ძალზე მკრთალადაა, ფონადაა მოცემული, მაგრამ მაინც საგრძნობია. პირად საუბრებში, ეკლესიებში ის უფრო და უფრო უახლოვდება ქართულ სულს და ქრისტიანული აღმსარებლობის არსს სწვდება: „და მოვიდის იგი წმიდად ეკლესიად და მარადის ისმენნ წმიდათა სახარებათაგან და საკითხავთა მათ საწინაჲსწარმეტყუელოთა და მოციქულთა და მრავალთაგან შჯულის-მეცნიერთა იკითხავნ და ისწავებნ”.

თავიდან აბო შიშობს გაცხადებულად წარმოაჩინოს თავისი სიმპათიები ამ რჯულის მიმართ, რადგან იგი ჯერ უნდა განმტკიცდეს, მონოლითურ, ბზარდაუმჩნეველ მრწამსად ჩამოქნას თავისი რწმენა და ჩამოქნის კიდევაც. რის შემდგომაც მას ვერაფერი აკავებს: „და გამოვიდა იგი ნერსჱს თანა ქუეყანად ქართლად და შემოვიდა ქალაქსა ტფილისს, და იქცეოდა იგი განცხადებულად ქრისტიანედ”. ხსენებული მომენტი არაბების მიერ აბოს ღალატის ცალსახა მტკიცებაა, რომელიც ღვთისა და ერის წინაშე სასჯელს იმსახურებს. მათი მხრიდან ეს სავსებით გასაგებიცაა, მაგრამ აქ არ ჩანს მესამე და უმთავრესი – პიროვნება. აბოს პიროვნებისადმი ინტერესს ცოტაოდ მსაჯული იჩენს, რომელიც ცდილობს, გაერკვეს, რა მიზანი ამოძრავებს მას. ამიტომაც პირველ შეხვედრაზე იგი აბოს საქციელს ერთგვარ პროტესტად სახავს, რომელიც მატერიალური სიდუხჭირისა და კარიერული მისწრაფების დაკმაყოფილებით უნდა აღმოიფხვრას. „ჰრქუა მას მსაჯულმან მან: დაუტევე სიცოფისა ეგე განზრახვა და უ კ უ ე თ უ   ნ ა კ ლ უ ლ ო ვ ა ნ ე ბ ი ს ა  შ ე ნ ი ს ა თჳს შედგომილ ხარ ქრისტიანეთა, მე უფროჲსღა  ნ ი ჭ ი  და  პ ა ტ ი ვ ი  მიგცე შენ” (კურსივი ჩვენია –ო.ქ).

საერთოდ, თუ კამათის არსი ჭეშმარიტების მიგნებაში მდგომარეობს, რომელიც ორივე მხარის მიზანს წარმოადგენს და რომლითაც საბოლოოდ ორივე იგებს, რელიგიური  პოლემიკის აზრი ერთის მეორეზე უპირატესობის მტკიცებაა, რადგან მოპაექრენი ოპერირებენ ისეთი საგნებით, რომლებიც მხოლოდ რწმენითია და არა ხელშესახებად განსჯადი. ამდენად,  რელიგიურ ნიადაგზე წარმოშობილი პოლემიკა ერთმანეთისთვის მიუღებელი აზრის თავს მოხვევაში მდგომარეობს, ჭეშმარიტების სახელით და ხშირად კინკლაობის მეტი არაფერია. ამირას თავდაპირველი პოზიცია აბოს გაქრისტიანებისადმი მის მორწმუნეობაში ეჭვის შეტანაა. ამიტომაც ცდილობს ამქვეყნიური პატივ-დიდების აღთქმით გადმოიბიროს. მაგრამ, როცა ყველა საშუალება ამოეწურება, იკითხავს: „რაჲ ეგოდენი სიტკბოებაჲ გაქუს ქრისტჱს შენისგან? რომლითა სიკუდიდცა არა გეწყალების თავი შენი?”. ხოლო აბო პასუხობს: „უკუეთუ გნებავს ცნობად სიტკბოებაჲ მისი, შენცა გრწმენინ ქრისტე და ნათელ იღე მისა მიმართ და მაშინღა ღირს იქმნე ცნობად სიტკბოებისა მისისა!”.

აბოს პასუხი რამდენიმე პლასტს მოიცავს. ჯერ ერთი ის, რომ: 1) მე ასე მწამს; 2) ეს ყველაფერი რწმენითია და სიტყვებით ვერ გადმოიცემა; 3) ჩემს პიროვნებას ქრისტიანობა უფრო ესადაგება; 4) ამის გასაგებად შენც უნდა გაქრისტიანდე. აქედან დასკვნის სახით შემდეგი შეიძლება გამოვიტანოთ – ყველაფერი პიროვნებამდე დაიყვანება. და აბოს გულწრფელობასაც ეს ქმნის. იგი, როგორც ჩამოყალიბებული პიროვნება, თავად ახდენს არჩევანს და როგორც იოვანე საბანისძე გამორჩევით დასძენს –  შეურაცხადი არ არის.

             რაკი პიროვნებაზე მიდგა საქმე, მაშინ გვმართებს ისიც აღვნიშნოთ, რომ პატივისცემით მოსაპყრობია არა მხოლოდ ის, ვინც ჩვენს რწმენაზე ასეთი თავგამოდებით მოიქცევა, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც თავისი სინდისის შესაბამისად, სხვა რომელიმე აღმსარებლობას აირჩევს. მაგრამ აქ პრობლემები იჩენს თავს, კერძოდ, ის, რომ ყველა რელიგია ჭეშმარიტების ქონას იჩემებს, პიროვნების ერთი აღმსარებლობიდან მეორეზე გადასვლა ღალატად აღიქმება და უფრო მეტიც, ასეთი ქმედების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაც აქტიურად მუშაობს და ეს მაშინ, როცა უცხოთა იუდაიზმზე მოქცევა იუდეველთა მხრიდან, ქრისტიანობაზე მოქცევა ქრისტიანების მხრიდან, ისლამზე მოქცევა მუსლიმთა მხრიდან და ა.შ. მისასალმებელ აქტს წარმოადგენს. აქ მოაზროვნე ადამიანში შეუძლებელია არ დაიბადოს კითხვა – რატომ? ალბათ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, სხვათა შენს რჯულზე მოქცევა, პირველ ყოვლისა, შენში ამყარებს რწმენას შენივე რელიგიის მიმართ (რაც „აბოს წამების” მთავარ მაგისტრალს წარმოადგენს), და მეორეც, იძენ თანამოაზრეს, სულიერ ძმას. სანამ უშუალოდ აბოს „ღალატზე” ვიტყოდეთ, მანამდე გავიხსენოთ, რომ ეგვიპტელი ფარაონისთვის მოსე იყო მოღალატე, ებრაელთათვის იესო და წარმართი არაბებისთვის მუჰამადი, მაგრამ მათ, თვით მუჰამადის სიტყვებით რომ ვთქვათ – „ალაჰსა ვფიცავ, მარჯვენაში მზე რომ მომცენ, მარცხენაში – მთვარე და სამაგიეროდ მითხრან, უარი ვთქვა ამ დიდებულ საქმეზე, ვიდრე უფალი მას გამარჯვებით დააგვირგვინებდეს, ხოლო თუ მათ თხოვნას არ დავემორჩილები, დაღუპვით დამემუქრონ, მე მაინც ჩემს საქმეზე ხელს არ ავიღებდი” (გიორგი ლობჟანიძე „მუჰამდის ცხოვრება” გვ. 71, „კავკასიური სახლი” 2008 წ.) – ზურგიც არ შეუბრუნებიათ საკუთარი სინდისის კარნახისა და იმ ძალის ნებისათვის, რომელიც უნივერსალურად გვევლინება. რატომ? იმიტომ, რომ იგი მათი მოწოდებაა. აბოს საქციელიც, გარდა იმისა, რომ იოვანე საბანისძის მიხედვით ქრისტეს მიერაა წარმართული, პირველ ყოვლისა, შინაგანი მოწოდებაა და მას ანგარების გამო არ გადაუდგამს ეს ნაბიჯი, რაც, ასეთის შემთხვევაში, მართლაც რომ ნამდვილ ღალატში (უპირველესად კი თავისი სინდისის წინაშე ღალატში) ჩამოერთმეოდა.

ეს წერილი ჰაგიოგრაფიის მრავალმხრივობაზე მინიშნებით წამოვიწყე და ბოლოსკენ დავძენ, რომ „აბოს წამება”, აგრეთვე შესანიშნავ თხზულებად წარმოგვიდგება ქსენოფობიის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამის საფუძველზე ჯანსაღი საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად.

 

წიგნიდან „129 გვერდი ლიტერატურაზე“

 

                                                                                                                             

 

 

საოცარი ვიტამინი – ჰორმონი

0

ბოლო ათწლეულის განმავლობაში ჩვენი ორგანიზმისთვის D ვიტამინის მნიშვნელობაზე   წარმოდგენა მთლიანად შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ ეს ვიტამინი  ჯანმრთელობის ფუნდამენტია. იმუნურ უჯრედებში დაახლოებით 4500 გენის მარეგულირებელია, მისმა ხანგრძლივმა დეფიციტმა კი ორგანიზმს შეიძლება უდიდესი ზიანი მიაყენოს. დეფიციტი არტერიული ჰიპერტონიის, წონის მატების, ათეროსკლეროზის, უშვილობის, ონკოდაავადებათა რისკის და ა.შ. სიგნალად შეიძლება ჩაითვალოს. ეს ყველაფერი არაა, ამიტომ თანამედროვე მედიცინა გვირჩევს, რომ მუდმივად მივიღოთ იგი და თანაც იმ რაოდენობით, რომელზეც  ჩემი ბავშვობის დროინდელი ექიმები იტყოდნენ – ოჰ, ეს ხომ  ტოქსიკური დოზებიაო.

1928 წელს გერმანელმა ბიოქიმიკოსმა, ადოლფ ვინტაუსმა ნობელის პრემია ვიტამინ D-ის აღმოჩენისთვის მიიღო. ეს ვიტამინი რიგით მეოთხე გახლდათ და აღნიშვნაც შესაბამისად, ლათინური ანბანის მეოთხე ასო-ბგერის აქვს. ვიტამინის შესწავლისას მეცნიერი საკმაოდ გაწვალებულა და დაუწერია: არცერთი სხვა ვიტამინის კვლევა არ მიმდინარეობდა ისეთი საწვალებელი და უცნაური გზებით, როგორც ეს ვიტამინ D-ის შემთხვევაში მოხდაო. კვლევისა და შესწავლის პროცესი მთელი ხუთი წელი გრძელდებოდა. მას შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარა, ვიტამინის შესწავლა კი კვლავ გრძელდება. მის შესახებ 70 000 ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია დაიწერა და 100-ზე მეტი უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა. თუმცა, დღემდე ბოლომდე გაშიფრული არ აქვთ.

თავად D ვიტამინის სახელის უკან ვიტამერების მთელი ჯგუფი დგას. ასე რომ, ეს მხოლოდ ერთი ნივთიერება არ გეგონოთ. თუმცა, ამ მრავალფეროვნებიდან, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი D2 ერგოკალციფეროლი და D3 ქოლეკალციფეროლი გახლავთ. პირველს მხოლოდ საკვებიდან ვიღებთ, მეორის მიღება კი საკვებიდანაც შეგვიძლია და თავადაც ვასინთეზირებთ. D2 ერგოკალციფეროლის პროვიტამინია ერგოსტეროლი, რომელიც მხოლოდ მცენარეებში გვხვდება, ხოლო D3 ქოლეკალციფეროლის პროვიტამინი 7-დეჰიფროქოლესტეროლია და იგი ცხოველურ ორგანიზმშია.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი ქიმიურად აქტიური არ არის.  გასააქტიურებლად მთელი გარდაქმნებია საჭირო: ქოლეკალციფეროლი (D3) გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად, მისგან კი წარმოიქმნება 24,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი და 1,25-დიჰიდროქსიქოლეკალციფეროლი, ანუ კალციტრიოლი, რომელიც აქტიური ფორმაა და ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესებში მონაწილეობს. ერთ-ერთი თავიდანვე ცნობილი ფაქტია, რომ კალციტრიოლი   კალციუმის და ფოსფატების  წვრილ ნაწლავში შეწოვას არეგულირებს.

კალციტრიოლს აქვს მაღალი ჰორმონალური აქტივობა, რაც სხვა ვიტამინებს არ ახასიათებთ. ამიტომ, დღეს მკვლევარ ექიმთა ნაწილი გამოდის ინიციატივით, რომ მას ეწოდოს ვიტამინი ჰორმონ D.  აქვს სტეროიდული ჰორმონებისთვის დამახასიათებელი ყველა ეფექტი. სინთეზირდება მაღალი სიმკვრივის ქოლესტეროლისგან, ისევე, როგორც ყველა სტეროიდული ჰორმონი და არ წარმოადგენს არცერთი ფერმენტის კოფაქტორს.

ჰორმონი ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს არეგულირებს. ვიტამინი კი განსხვავებულია, მათი უმრავლესობა რთულ ფერმენტებს უკავშირდება და ააქტიურებს. თუმცა, D ვიტამინი არცერთ ფერმენტს არ უკავშირდება.

D ვიტამინი შეიძლება ჩავთვალოთ პრეჰორმონად (მაგ. ქოლეკალციფეროლი), კალციტრიოლი კი  ჰორმონია.

რის ხარჯზე არეგულირებს ამდენ გენს ეს ჰორმონ-ვიტამინი?  კონტროლი სპეციფიკური რეცეპტორების მეშვეობით ხორციელდება, ისინი უჯრედების უმრავლესობის მემბრანებსა და უჯრედის ბირთვში იქნა აღმოჩენილი და მათ VDR რეცეპტორები უწოდეს (Vitamin D Receptor).  როგორც კი ბიოაქტიური კალციტრიოლი მათთან კონტაქტში შევა, აქტიურდებიან გენები და მაკოდირებელი ცილების სინთეზს ჩართავენ. VDR რეცეპტორები ფაქტობრივად ანტენებივითაა და გასცემენ ინფორმაციას, რომელი ორგანოები საჭიროებენ ვიტამინ ჰორმონ D-ს. დეფიციტის სიმპტომები სხვადასხვაა, თუმცა შეიძლება ერთი ზოგადი ფონი დავასახელოთ და ეს იქნება – სასიცოცხლო ძალების არქონა და  მუდმივი გადაღლილობა.

მზეზე ყოფნამ თითქოს  ბიძგი უნდა მისცეს D ვიტამინის სინთეზს, თუმცა ადამიანების უმრავლესობას ზაფხულის პერიოდში შარვლები აცვიათ ან გრძელი კაბები, ზოგს გრძელი სახელოებითაც. არიან ისეთებიც, ვინც თაკარა მზეში ჩექმებით სეირნობენ  და საზაფხულო მოდელიაო, გაიძახიან. კვლევებმა აჩვენა, რომ ვიტამინის სინთეზი იმაზეც არის დამოკიდებული, რა კუთხით ეცემა კანს მზის სხივი. აღმოჩნდა, რომ დაწოლილ მდგომარეობაში დაცემული სხივი, მეტად უწყობს ხელს სინთეზის პროცესს. ზღვა, სანაპირო და მაგის ჯანიო, იტყვით ახლა. არც ეგრე მარტივად ყოფილა საქმე, მზის „უი“ გამოსხივებისგან დამცავი ზეთები და ნელსაცხებლები, რომელსაც ახლა უკვე ყველა იტანებს კანზე (სწორადაც იქცევიან, რადგან დღევანდელ ეკოლოგიურ პირობებში მზის „უი“ სახიფათოა), ვიტამინის სინთეზს თურმე ხელს უშლის. თუმცა, აქ კიდევ ერთ კვლევაზე უნდა ვთქვათ, რასაც მთელი ეს ინფორმაცია მაგიურ წრემდე მიჰყავს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ირუჯება კანი, ვიტამინის სინთეზის უნარი კლებულობს. ასე რომ, წაისვით კვლავ ყველა დამცავი ზეთი, აზრი არა აქვს რისკის გაწევას… და კიდევ, შავგვრემანი ადამიანები D ვიტამინის დეფიციტისკენ უფრო მიდრეკილები ყოფილან.  მოკლედ, გამოდის, რომ მზის იმედი ნაკლებად უნდა გვქონდეს.

ცოტა რუჯზეც რომ გავიხსენოთ, ცუდი არ იქნება. თან გაგანია სეზონია და შეიძლება მკითხველისთვის საინტერესო იყოს.

ბუნებაში  ყავისფერი და შავი შეფერილობა პიგმენტ მელანინს უკავშირდება. თიროზინი 20 პროტეინგენური ამინმჟავადან ერთ-ერთია. პროტეინგენური იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ ამინმჟავების სხვადასხვა კომბინაციით წარმოიქმნება ადამიანის ორგანიზმისთვის დამახასიათებელი ცილები. ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ოცეული შეუცვლელ და ცვლად ამინმჟავებად იყოფა. თიროზინიც თავის მხრივ, მრავალი ცილის შემადგენლობაში გვხვდება. ის საწყის ნივთიერებას წარმოადგენს ორგანიზმში ისეთი ნაერთების სინთეზისთვის, რომლებიც ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალის გადაცემაში მონაწილეობენ. თიროზინი მელანინის წინამორბედია. თიროზინის დაჟანგვით თავდაპირველად „დოფა” წარმოიქმნება (რომელიც სხვათა შორის, ადრენალინის წინამორბედიცაა). მელანოციტებში კი დოფა იჟანგება და პოლიმერიზაციით ფერმენტების თანაობისას მელანინის მოლეკულას წარმოქმნის. ეს პროცესი კანის სპეციალურ უჯრედებში მელანოციტებში მიმდინარეობს და ამ რეაქციას ფერმენტი თიროზინაზა აჩქარებს.

მელანინის სტრუქტურაში არსებულ ერთმაგ და ორმაგ ბმებში ელექტრონები საკმაოდ ძვრადია და ნებისმიერი სიგრძის სინათლის სხივის გავლენით აღიგზნებიან. მელანინი სინათლის სხივს შთანთქავს და მისი შემცველი სხეული მუქდება. მელანინი ცილის მოლეკულებს უკავშირდება და გრანულების სახით კონცენტრირდება. მათი ფერი კი იცვლება ყვითლიდან ყავისფერისკენ და ზოგჯერ შეიძლება შავშიც გადავიდეს. მელანინში გაუწყვილებელი ელექტრონების არსებობა ამ ნივთიერებას სტაბილური თავისუფალი რადიკალების თვისებებს ანიჭებს. გაუწყვილებელი ელექტრონები მზის სინათლეს გაცილებით ეფექტურად  შთანთქვენ.

სხვათა შორის მელანინს ქამელეონი კანის ფერის ცვლილებისთვის იყენებს. რვაფეხას კი მოულოდნელად  კანის გამუქება შეუძლია. ასეთი გამუქების მექანიზმი მელანინის გრანულების დისპერგირებით აიხსნება.

კანის გაწითლების გარდა, მზის სხივი ორი ტიპის რუჯს იწვევს. პირველი ტიპის რუჯი მაშინვე შეიმჩნევა, მაგრამ რამდენიმე საათში შეიძლება გაქრეს კიდეც. უფრო მდგრადი რუჯი ბიოქიმიურ პროცესებთან არის დაკავშირებული. რუჯი განპირობებულია კანის საფარის ღრმა შრეში არსებული მელანინის გააქტიურებით. დაწყებული რეაქციების პროდუქტი ხილული დაახლოებით 24 საათში ხდება. სწორედ ამდენი დროა საჭირო იმისთვის, რომ პროდუქტმა ეპიდერმისის ზედა ფენებს მიაღწიოს.

კანში არსებული მელანინი შესანიშნავი ფილტრია. ის ულტრაიისფერი გამოსხივების დაახლოებით 90%-ს აკავებს. თუმცა, რა თქმა უნდა, მხოლოდ მის იმედად ვერ ვიქნებით და უნდა ვიცოდეთ, რომ  მზეზე ჭარბი დოზით ყოფნისას  მაღალი ალბათობით კანის მზით დამწვრობაა მოსალოდნელი.

ახლა, D ვიტამინის მეორე წყარო, საკვები განვიხილოთ. მისით მდიდარია თევზი. D2 არის სოკოში. ასევე, რძე და რძის პროდუქტებში, კვერცხის ცილაში, საქონლის და თევზის ღვიძლში. აქ აუცილებლად უნდა ვთქვა ერთ კვლევაზე, რომელიც ენდოკრინოლოგმა მომითხრო, მას კი რომელიღაც კონფერენციაზე მოუსმენია. იაპონელები ხომ გვისწრებენ ყველაფერში, ჰოდა, ერთ მეცნიერს მოხსენებაში უთქვამს, დავადგინეთო, რომ ქათამი კვერცხის დადებისას ბედნიერი უნდა იყოსო, სხვა შემთხვევაში, მისი კვერცხის გულში ვიტამინი ვერ იქნებაო. ბედნიერი ქათამი კი თავისუფალი ქათამია, ეზოში, სიმწვანეში რომ თავისუფლად დააბოტებს. მოკლედ, ბებოს ქათმები იყვნენ ბედნიერი. სიმწვანეც ჰქონდათ, თავისუფლებაც და ხილიც. თან მაინც ჯოგად მე დამდევდნენ, რადგან ატმის ნაჭრებით ვუმასპინძლდებოდი. უბედური ქათამი კი ინკუბატორისაა, ამის თქმა სურდა, ეტყობა, იმ იაპონელს. თანაც, ყველა ჩამოთვლილი პროდუქტი, განა რა რაოდენობით უნდა მივირთვათ, რომ დეფიციტს ვინ ჩივის, დღიური დოზა მივიღოთ. პასუხი მარტივია – უამრავი რაოდენობით, რაც არარეალურია.

ნორმის დასაწყისია 30 ნანოგრ/მლ, ეს უკვე ნიშნავს, რომ რაქიტის საშიშროება არ არის. დაცული ხართ ოსტეოპოროზისგანაც. თუ ზღვარი 50 ნანოგრ/მლ არის მიღწეული, მაშინ პირველი ტიპის დიაბეტის განვითარება შემცირებულია 80%-ით, გაფანტული სკლეროზის – 50%-ით, სიმსივნის განვითარება – 75%-ით, ძუძუს კიბოს განვითარება – 50%-ით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარება კი – 60%-ით. აი, დაბერება თუ არ გსურთ, მაშინ 100-120 ნანოგრამია მლ-ზე აუცილებელი. ადრე, ეს ბოლო ციფრები ტოქსიკურად ითვლებოდა, ახლა დრო შეიცვალა და დასაშვები ნორმაა. ახლანდელი გაიდლაინებით ტოქსიკური რაოდენობა 150-დან ითვლება.

თუმცა, არ გავიმეოროთ ლაინუს პოლინგის შეცდომა https://mastsavlebeli.ge/?p=30074 და დოზებზე გადაწყვეტილება ანალიზის საფუძველზე მივიღოთ.

რადგან…

D ვიტამინის დიდი რაოდენობით დანიშვნამ შეიძლება გამოიწვიოს D ჰიპერვიტამინოზი, რომლის დამახასიათებელია ძვლის დემინერალიზაცია, ჰიპერკალციემია, შინაგანი ორგანოების კალციფიკაცია, რაც იწვევს მათი ფუნქციის მოშლას, მძიმე შემთხვევაში კი –  სიკვდილსაც.

ლაბორატორიაში კი ჩვეულებრივი ქიმიური ცდა სახალისოდ გადააქციეთ. აიღეთ ორი კვერცხი და აქედან ერთი ბედნიერი ქათმის იყოს. ორივეში აღმოაჩინეთ  D ვიტამინი და ფერის ინტენსივობის მიხედვით ერთმანეთს შეადარეთ. მართლა უფრო მეტი ვიტამინი აქვთ თუ არა ბედნიერ ქათმებს.

რეაქცია ანილინთან

 მშრალ სინჯარაში ათავსებენ 1 მლ. მასალას (თევზის ქონს, კვერცხის გულს) და 1მლ. ანილინისა და კონც. მარილმჟავას ნარევს (15:1). ფრთხილი განუწყვეტელი მორევით ადუღებენ 0,5 წთ-ის განმავლობაში. ვიტამინი D-ის არსებობის შემთხვევაში ხსნარი ჯერ მწვანე ფერს მიიღებს, შემდეგ კი წითელს. 1-2 წუთის შემდეგ ორ ფენად გაიყოფა, რომლის ქვედა ფენა ინტენსიური წითელი ფერისაა.

ბრომქლოროფორმის სინჯი

მშრალ სინჯარაშია ათავსებენ 1მლ.  მასალას (თევზის ქონს, კვერცხის გულს) და ამატებენ 1მლ. ქრომის და ქლოროფორმის ნარევს (1:60). ვიტამინი D-ის არსებობის შემთხვევაში წარმოიქმნება მომწვანო-მოცისფრო შეფერილობა.

ამ წერილს სოფელში ვწერ. ბებო უკვე ცოცხალი აღარ არის, აღარც ბედნიერი ქათმები დარბიან ჩვენს ეზოში. სამაგიეროდ, მეზობლებისგან ისმის, ბედნიერი და თავისუფალი ქათმების ყიჟინა.

სწავლობენ ჩემპიონები ფიზიკას?

0
Illustration Of Male Athlete Competing In High Jump Event

ცოტა რამ იმის თაობაზე, თუ რა დიდი როლი აქვს ფიზიკას წარმატებული ნახტომის შესრულებაში.

გინახავთ ოლიმპიურ თამაშებზე ჭოკით ხტომა? ჭოკით ხტომა მძლეოსნობის სახეობაა, რომელშიც ადამიანი გრძელ მოქნილ ჭოკს იყენებს, როგორც საშუალებას ბარიერის გადასალახად. ჭოკით ხტომა ოლიმპიურ თამაშებში  1896 წლიდან ჩაერთო.

ჭოკით ხტომის ფიზიკა მარტივია

ჭოკით მხტომელი უნდა გაიქცეს რაც შეიძლება სწრაფად და შემდეგ სირბილის კინეტიკური ენერგია ახტომის მაქსიმალურ სიმაღლედ აქციოს ჭოკის გამოყენების სათანადო ტექნიკის საშუალებით. რაც უფრო სწრაფად გარბის მხტომელი, მით უფრო მეტია მისი კინეტიკური ენერგია და მით უფრო მაღლა ახერხებს ის გადახტომას.

ფიზიკური სიდიდეების მათემატიკური ჩაწერა:

ენერგიის ერთი სახე შეიძლება სხვა სახედ გარდაიქმნას – ენერგიის მუდმივობის კანონის ცოდნის მომგებიანი გამოყენება ჰორიზონტალური მოძრაობის ვერტიკალური აფრენით შესაცვლელად

გაითვალისწინეთ: მაქსიმალური სიმაღლის წერტილში შეგვიძლია დავუშვათ, რომ კინეტიკური ენერგია ნულია. ასევე ვუშვებთ, რომ ათლეტის მთელი კინეტიკური ენერგია გარდაიქმნება გრავიტაციულ პოტენციურ ენერგიად. ეს არის იდეალური სიტუაცია:

ისე, რომ მასათა ცენტრის სიმაღლის ცვლილება მხოლოდ ათლეტის სასტარტო სიჩქარეზეა დამოკიდებული.

სინამდვილეში,  კინეტიკური ენერგია მთლიანად არ გარდაიქმნება გრავიტაციულ პოტენციურ ენერგიად. გარდაუვალია ენერგიის დანაკარგები, ისევე, როგორც ყველა რეალურ სიტუაციაში. ჰაერის წინააღმდეგობა, ჭოკის კონსტრუქცია, რომლის დახვეწაზე ლამის სამეცნიერო ნაშრომები შეიქმნა და მისი პარამეტრების რთული  გაანგარიშებით (ისევ ფიზიკა!) მკითხველს თავს არ შევაწყენთ.

სიმძიმის ცენტრის შესახებ ცოდნის მომგებიანი გამოყენება რეკორდის დამყარების მიზნით

რით არის მომგებიანი სიმძიმის ცენტრის ცნება? თუ ჩვენ არ გვაინტერესებს სპორტსმენის თითოეული თითის ფალანგისა და ფეხის სახსრის ცალკეული მოძრაობა, არამედ მხოლოდ მისი სხეულის, როგორც ერთი მთლიანის, რაც შეიძლება მაღლა აფრენა, მაშინ შეგვიძლია საქმე გავიმარტივოთ მათემატიკური თვალსაზრისით და ისე წარმოვიდგინოთ, თითქოს სპორტსმენი წერტილია და მთელი მისი მასა ამ წერტილშია თავმოყრილი. მაშინ მისი კიდურების უსწრაფესი მოძრაობა აღარ დაგვახვევს თავბრუს და არც ცალ-ცალკე გვექნება თითოეული მათგანის მოძრაობა აღსაწერი.

ადამიანის სიმძიმის ცენტრის პოვნა სრულიად მარტივი ამოცანაა და ამას ნებისმიერი მერვეკლასელი შეძლებს პრიმიტიული აიწონა-დაიწონას დახმარებით. საშუალო სიმაღლის ზრდასრული სპორტსმენისთვის სიმძიმის ცენტრი  ვერტიკალურად დგომისას დედამიწიდან დაახლოებით 90-100 სმ-ზეა.

აი, აქაა სწორედ მომგებიანი ფიზიკა:  ადამიანის სიმძიმის ცენტრი დედამიწიდან უფრო მაღლაა, რეკორდი კი დედამიწის ზედაპირიდან ითვლება, ჭოკზე გადახტომის მომენტში კი სიმძიმის ცენტრის ცნების სარგებლიანობას თვით სპორტსმენი მიხვდა. ამაზე ქვემოთ.

ვთქვათ,  ათლეტი მამაკაცის სიმძიმის ცენტრი მდებარეობს მიწიდან 1 მეტრზე და ის გარბის  10 მ / წმ-ით. სწორედ ამ სიჩქარის გაზრდას ცდილობენ სპორტსმენები.

 

მაგრამ რეკორდი დედამიწის ზედაპირიდან ითვლება და არა მასათა ცენტრიდან,  გამოდის, რომ მასათა ცენტრის აწევის სიმაღლეს კიდევ ერთი მეტრი უნდა დავუმატოთ. მივიღებთ 6,10 – კარგი მიახლოებაა დუპლანტისის რეკორდთან.

ფიზიკა მუშაობს!

ისე რომ, ზემოთ მოყვანილი განტოლება ძალიან კარგად ეთანხმება რეალურ ცხოვრებას. ამ განტოლებით ჭოკის გამოყენებამდე  სირბილის  სიჩქარეზე დაყრდნობით გამოანგარიშებული თეორიული სიმაღლე კარგად ემთხვევა სპორტსმენთა მიერ მიღწეულ რეალურ სიმაღლეს,

მაღალი დონის ჭოკით მხტომლებს შეუძლიათ რეალურად 10 მ / წმ სიჩქარით სირბილი, რაც შესანიშნავი სიჩქარეა იმის გათვალისწინებით, რომ მათ ამ დროს ჭოკიც უჭირავთ.

ბევრის აზრით, მხტომლები არ იყენებენ ძალას ბარიერზე გადასახტომად. ამის ნაცვლად, ისინი, პირველ რიგში, იყენებენ ჭოკს, როგორც შუალედურ საშუალებას, რომელიც ეხმარება მათ, კინეტიკური ენერგია გრავიტაციულ პოტენციურ ენერგიად (სიმაღლე) გადააქციონ. კარგი სიჩქარის შერწყმა და კარგი ტანვარჯიშის უნარი არის ის, რაც საჭიროა ჭოკის ეფექტურად გამოყენებისთვის.

ფიზიკა მონაწილეობს ჭოკის და სხვა ინვენტარის დაპროექტებაში!

ბუნებრივია, ჭოკი უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი, რადგან ეს საშუალებას აძლევს მხტომელს, მაქსიმალურად სწრაფად გაიქცეს აფრენის წინ.

ჭოკი ასევე უნდა იყოს ძალიან ელასტიკური მოხრისას, რადგან ეს საშუალებას მისცემს მხტომელს, ეფექტურად გადასცეს თავისი კინეტიკური ენერგია ჭოკს  დრეკადობის პოტენციური ენერგიის სახით, ხოლო ჭოკის  ეს  ენერგია გარდაიქმნება გრავიტაციულ პოტენციურ ენერგიად, რადგან ჭოკი გასწორდება და მხტომელი ჭოკის  მწვერვალს აღწევს.

ჭოკის დარჭობის დროს, გარკვეულწილად, ენერგია იკარგება, რადგან ჭოკის ბოლო ეჯახება ასაფრენ ყუთს. მაგრამ ენერგიის ეს დანაკარგი მინიმუმამდეა დაყვანილი, ასაფრენ ყუთზე სათანადო ტექნიკის გამოყენებით.

ისევ მასათა ცენტრის გამოყენებით მცირე „სპორტულ აფერისტობაზე“

 

ახტომის სიმაღლის მაქსიმალურად გასაზრდელად სპორტსმენები სხეულს გადარკალავენ ბარიერის ირგვლივ (როგორც ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ ფოტოზე). ამით მათი სიმძიმის ცენტრმა (წითელი წერტილი) შეიძლება რეალურად გაიაროს ბარიერის ქვეშ, ხოლო მათი სხეული გადალახავს ბარიერს. ეს ნიშნავს, რომ ბარიერი რეალურად შეიძლება განთავსდეს უფრო მაღლა, ვიდრე  წერტილი,  რომელსაც აღწევს სპორტსმენის სიმძიმის ცენტრი. ეს კი ნიშნავს, რომ სპორტსმენის სხეული ბარიერს ზემოთაა მაშინ, როცა მისი სიმძიმის ცენტრი ბარიერზე დაბლაა.

 

 

დაშვებები, უგულებელყოფა – დავიწყებას არ ნიშნავს

ამასთან, მაქსიმალურ სიმაღლეზე, ჭოკის წვერზე სხეულს სინამდვილეში უნდა დარჩეს გარკვეული კინეტიკური ენერგია, რომ მხტომელი არ ჩამოვარდეს და  ბარიერზე არ დაეცეს.  ეს ნიშნავს, რომ მხტომელი უნდა ფლობდეს გარკვეულ ჰორიზონტალურ სიჩქარეს, რათა გადაკვეთოს ბარიერი.

მაშინაც კი, თუ ჰორიზონტალური სიჩქარეა 1.0 მ / წმ, ეს მხოლოდ შეამცირებს ზემოთ მოცემული განტოლებით პროგნოზირებულ სიმაღლეს დაახლოებით 5.0 სმ-ით, რაც ძალიან მცირე სხვაობაა.

მთაში უკეთ ხტებიან? ფიზიკამ იცის…

ჰაერის წინააღმდეგობაც განაპირობებს  ახტომის სიმაღლეს.  უფრო მეტ სიმაღლეზე ჰაერი ნაკლებად მკვრივია, რაც ამცირებს ჰაერის წინააღმდეგობას სირბილის დროს. ეს თავის მხრივ, ნიშნავს, რომ მხტომელს შეუძლია ახტომამდე უფრო მაღალი სიჩქარე განავითაროს, რაც უფრო მაღალ ნახტომს განაპირობებს. მაგალითად,  თუკი ზღვის დონიდან 10 მ / წმ სიჩქარით მოძრავ მხტომელს შეუძლია 2% -ით უფრო სწრაფად იმოძრაოს ზღვის დონიდან მეტ სიმაღლეზე, მაშინ ის შეძლებს, იქ დაახლოებით 21 სმ-ით მეტი ნახტომი განახორციელოს.

იხილეთ მსოფლიო რეკორდი ჭოკით ხტომაში 6,14 მ, რომელიც დაამყარა სერგეი ბუბკამ, უკრაინელმა, 1994 წელს.

 

21 წლის ფოსბერი ოქროს მედალს მოიპოვებს – უპირატესობა ფიზიკის თვალსაზრისით

 

1968 წლის 20 ოქტომბერს, მეხიკოში 21 წლის ორეგონელმა დიკ ფოსბერიმ მოიგო ოქრო და დაამყარა ოლიმპიური რეკორდი. 1956 წლის შემდეგ ეს იყო ამერიკელების პირველი გამარჯვება და ფოსბერის დებიუტი. მისი უნიკალური ნახტომი “Fosbury Flop”-ის სახელით შევიდა სპორტის ისტორიაში.

ფოსბერიმ თავისი ნახტომი საშუალო სკოლაში გამოიგონა, როდესაც მან აღმოაჩინა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ის არ ვარგოდა სხვა სტილით გახტომის დროს, თუ ზურგზე გადაწვებოდა და თავით დაეშვებოდა, მას შეეძლო ყველაზე მაღლა გადახტომა მისი საშუალო სკოლის გუნდში. “უპირატესობა, – თქვა მან, – ფიზიკის თვალსაზრისით, ის არის, რომ ის საშუალებას აძლევს მხტომელს, უფრო მეტი სიჩქარით მიფრინდეს ბარიერთან და ზურგს უკან თაღით შეძლებს მის გადალახვას როცა შეინარჩუნებს სიმძიმის ცენტრს ბარიერს ქვემოთ, ასე რომ, ეს ბევრად უფრო ეფექტური იყო”.

სწავლობენ ჩემპიონები ფიზიკას?

გამოყენებული ინფორმაცია:

Dick Fosbury flops to an Olympic high jump record – HISTORY

შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გლობალურ პრობლემათაგან ყველაზე მნიშვნელოვანი მშვიდობა და განიარაღებაა, თუმცა არანაკლებ საფრთხეს წარმოადგენს საერთაშორისო ტერორიზმი. გლობალური გეოგრაფიის გაკვეთილისთვის გთავაზობთ მასალას და სადისკუსიო კითხვებს, რომლებიც შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.

კითხვები გაკვეთილის დასაწყისისთვის:

  • როგორ ფიქრობთ, რა არის ტერორიზმი? რამ წარმოშვა ის?
  • რა აიძულებს ადამიანს, თავი გაწიროს ტერაქტის მოსაწყობად?
  • ვინ უფრო გეცოდებათ – ტერორისტი თუ მისი მსხვერპლი?
  • როგორ უნდა ვებრძოლოთ ამ პრობლემას?
  • სწორად ებრძვიან თუ არა დღეს ტერორიზმს ზესახელმწიფოები?
  • ერთი და იგივეა თუ არა ტერორიზმთან ბრძოლა და ტერორისტებთან ბრძოლა?

2011 წლის 11 სექტემბრის მოვლენებამდე ტერორიზმის საყოველთაოდ აღიარებული დეფინიცია არ არსებობდა. პრაქტიკულად, არც ახლა არსებობს, მაგრამ ამ მოვლენის განსაზღვრის კუთხით მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ გაეროს ყოფილი გენერალური მდივნის, კოფი ანანის, 2002 წლის ოქტომბრის განცხადება, სადაც ის ტერორიზმის განმარტებას ცდილობს: „ტერორიზმი არის გლობალური საფრთხე გლობალური ეფექტებით… თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ეს არის თავდასხმა სამართლის, წესრიგისა და ადამიანის უფლებათა ფუნდამენტურ პრინციპებზე“.

ევროკავშირი ტერორიზმს ასეთ შეფასებას აძლევს: „ტერორიზმი არის ქმედება, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საზოგადოების დაშინება, მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებზე უკანონო გზით გავლენის მოხდენა, ქვეყნებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განადგურება“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის აზრით, ტერორიზმი არის ქვეეროვნული და ფარული ელემენტების მიერ საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის მიზნით დაგეგმილი ძალადობა, რომელიც მიმართულია არასაომარი სამოქალაქო სამიზნეების წინააღმდეგ. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო განსაზღვრავს ტერორიზმის ოთხ ძირითად ნიშანს:

◦ ძალადობის წინასწარ დაგეგმილი და არაიმპულსური აქტი;

◦ ქმედება, რომელიც გამიზნულია პოლიტიკური წესრიგის შესაცვლელად;

◦ ქმედება, რომელიც მიმართულია სამოქალაქო პირების წინააღმდეგ;

◦ დაბოლოს, იგი ხორციელდება ქვეეროვნული დაჯგუფების მიერ (იხ. სოციალური და რელიგიური ტერორიზმი).

ფართოდ არის გავრცელებული წარმოდგენა, თითქოს ტერორიზმი იყოს ტრადიციული საშუალება, რომელსაც იყენებენ სუსტები, დამცირებულები და გარიყულები (ან ისინი, ვინც თავს ასეთად მიიჩნევს) თავისი დამცირებისთვის საჯარო ყურადღების მისაპყრობად. მათთვის, ვინც ებრძვის შეუდარებლად ძლიერ მოწინააღმდეგეს, ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის იარაღს, რომელსაც შეუძლია, მეტ-ნაკლებად გააწონასწოროს მხარეთა საბრძოლო საშუალებები. ტერორიზმის მიღმა უფრო ფართო და რთული სოციალური, ეკონომიკური, იდეოლოგიური თუ პოლიტიკური პრობლემების ნაკრები იმალება. შეიძლება ითქვას, საქმე გვაქვს ამ პრობლემების გადაჭრის ექსტრემალურ საშუალებასთან.

ტერორისტები თვითონ საკმაოდ იშვიათად მოდიან ხელისუფლებაში, მაგრამ ხშირად ხელს უწყობენ ხელისუფლებაში ისეთი პირებისა თუ ორგანიზაციების მოსვლას, რომლებიც საბოლოოდ მათზე მეტ ექსტრემისტებად გვევლინებიან. მაგალითად, ტერორისტულმა ორგანიზაციამ, რომელიც სოციალისტ-რევოლუციონერების (ესერების) სახელით იყო ცნობილი, ხელი შეუწყო 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში ბოლშევიკური ხელისუფლების დამყარებას.

თანამედროვე ტერორიზმი შეიძლება დაიყოს ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ორ მიმართულებად. პირველი, ლოკალური ტერორიზმი, ხშირად სათავეს იღებს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისგან და წარმოადგენს ამ მოძრაობის არალეგალურ (და ამორალურ) ნაწილს. საყურადღებოა, რომ ასეთი მოძრაობები ხშირად შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტებით არის ლეგალიზებული. ტერორიზმის მეორე სახესხვაობას დღეს საერთაშორისო (ზოგჯერ – გლობალურ) ტერორიზმად მოიხსენიებენ და, საზოგადოდ, გლობალური საფრთხის შემცველ ქმედებად მიიჩნევენ. ადგილობრივი ტერორიზმი ამა თუ იმ სახით გვხვდება პრაქტიკულად ყველგან, მთელ მსოფლიოში. 1960-1970-იან წლებში ის ფართოდ იყო გავრცელებული დასავლეთ ევროპაში (იტალიაში, გერმანიასა და საბერძნეთში) უმთავრესად მარქსისტული ექსტრემიზმის სახით და ლატენტურად დღესაც არსებობს ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში (ჩრდილოეთ ირლანდიაში), სადაც ეროვნულ უმცირესობათა (ბასკებისა და ირლანდიელების) ექსტრემისტი წარმომადგენლები ტერორიზმის გზით იბრძვიან მათთვის მისაღები თვითგამორკვევის მოდელის განსახორციელებლად.

ხშირად ტერორისტებს უწოდებენ მათ, ვის იდეებსა და მოქმედების მეთოდებსაც არ იზიარებენ. ბრაიან ჯენკინსი (Brian Jenkins) ამბობს: „ის, თუ რა შეფასდება ტერორიზმად, დამოკიდებულია შემფასებლის მსოფლმხედველობაზე. ამ ტერმინის გამოყენება გულისხმობს მორალურ განსჯას. თუ ვინმემ მოახერხა და ოპონენტს ტერორისტის იარლიყი მიაკერა, ეს მის იდეურ გამარჯვებას ნიშნავს და იმის მაუწყებელია, რომ მან მოახერხა სხვების დარწმუნება საკუთარი პოზიციის მართებულობაში“. შესაბამისად, ტერორისტად „მონათვლა“ სუბიექტური საკითხია. თუ ვინმე თავს მსხვერპლად მიიჩნევს, ძალადობის აქტი ტერორიზმად ფასდება, თუ დამნაშავედ – ძალადობის აქტი შესაძლოა უფრო რბილად, პოზიტიურადაც კი შეფასდეს (უარეს შემთხვევაში – პროვოკაციულად). მიდგომას, რომლის მიხედვითაც ძალადობის ტერაქტად შეფასებას მსხვერპლად იდენტიფიცირება განსაზღვრავს, შეიძლება მივაკვლიოთ NATO-ს (რომელიც ამ შემთხვევაში წარმოადგენს დასავლური სახელმწიფოების მიერ ჩამოყალიბებულ ერთგვარ სტატუს-კვოს) კომისიების დასკვნებში. 1989 წლის ჩრდილოატლანტიკური ასამბლეის სუბკომიტეტის საბოლოო დასკვნაში ვკითხულობთ: „მკვლელობა, გატაცება, ცეცხლის გახსნა და სხვა არაკანონიერი ქმედებები წარმოადგენს კრიმინალურ აქტებს, მაგრამ ბევრი არადასავლური სახელმწიფო ტერაქტებს სინამდვილეში თავისუფლებისთვის ბრძოლის საშუალებად მიიჩნევს“. ამ შემთხვევაში ტერორიზმის მთავარი შემფასებელი ძალადობაა და არა მოტიცავია ან მიზნები.

NATO–ს კომიტეტის განმარტება არ გამოგვადგება, რადგან ის სახელმწიფოსა და ცალკეული ჯგუფების მიერ ჩადენილ ძალადობას ერთსა და იმავე კონტექსტში განიხილავს – ცხადია, უდიდესი განსხვავებაა პლასტიკატის ყუთში მოთავსებულ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მიუგნებელ ადგილას დამალულ კუსტარულ ბომბსა და და ბოლო თაობის ასაფეთქებელ საშუალებებს შორის, რომელსაც სუპერთანამედროვე თვითმფრინავი 7 000 მეტრი სიმაღლიდან აგდებს. მაგალითად გამოდგება Luftwaffe-ს (გერმანიის საჰაერო ძალების სახელწოდება მეორე მსოფლიო ომის დროს; ითარგმნება როგორც „საჰაერო ძალები“) რეიდები ვარშავასა და კოვენტრიში, აშშ-ის მიერ ჩამოყრილი ბომბები ხიროსიმასა და ნაგასაკიში, აგრეთვე ცივი ომის დროინდელი დაპირისპირება სუპერსახელმწიფოებს შორის, რომელიც პირდაპირ ემუქრებოდა ბირთვული ომით ორივე ქვეყნის მშვიდობიან მოსახლეობას და არამარტო მას. შეიძლება, ისინი ტერაქტებად მივიჩნიოთ? ტერორისტული ორგანიზაციებია: ალ-ქაიდა, ეტა, „თამილის ვეფხვები“, „პირდაპირი მოქმედება“, რევოლუციური ორგანიზაცია „17 ნოემბერი“, წითელი არმიის ფრაქცია.

 

გლობალური ტერორიზმის ინდექსი

XXI საუკუნის ყველაზე მასშტაბური ტერაქტები

ჯგუფებმა უნდა გამოყონ ტერორიზმის ინდექსის მაღალი მაჩვენებლების არეალები და შეადარონ ყველაზე მასშტაბური ტერაქტების რუკას; დაადგინონ, ემთხვევა თუ არა მაღალი მაჩვენებლების არეალები და მასშტაბური ტერაქტების გავრცლება.

 

კითხვები დისკუსიისთვის:

  1. ნიშნავს თუ არა ომის არარსებობა სხვებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას?
  2. არის თუ არა მშვიდობა თანაბრად მნიშვნელოვანი ყველა კულტურისთვის?
  3. არსებობს თუ არა საფუძველი, იმედი გვქონდეს, რომ მომავალში მსოფლიო მშვიდობიანი გახდება?
  4. რატომ არსებობს სხვადასხვა აზრი მშვიდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
  5. ადამიანის შინაგან მშვიდობას ხალხი ხშირად უკავშირებს რელიგიას. რატომ ხდება ასე?
  6. აუცილებელია, ადამიანი რელიგიური იყოს, რათა შინაგანი მშვიდობისთვის საჭირო ფასეულობები ჰქონდეს?
  7. მომავალში რამდენად მეტი ომი გაიმართება ძირითადი ბუნებრივი რესურსებისთვის (მაგალითად, წყლისთვის) სხვა მიზეზით წარმოებულ ომებთან (მაგალითად, ეთნიკურ, კულტურულ ან რელიგიურ დაპირისპირებასთან) შედარებით?
  8. როგორ ფიქრობთ, ბუნებასთან მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელოვნება აქტუალურია თუ არა საყოველთაო მშვიდობის დასამყარებლად?

 

მოსწავლეები კონსენსუსამდე უნდა მივიდნენ და მოემზადონ დისკუსიის შედეგების მოსახსენებლად.

აქტივობის ბოლოს იკრიბებიან პლენარულ სხდომაზე და ყველა ჯგუფი აკეთებს მოხსენებას.

 

გამოყენებული ინტერნეტსაიტები და ლიტერატურა:

  1. https://www.ipress.ge/new/18152-XXI-saukunis-10-yvelaze-masshtaburi-teraqti

2. ვ. მელიქიძე, მსოფლიო პოლიტიკის გლობალიზაცია. სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის, თბილისი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

დროის, მდინარისა და თავისუფლების შესახებ

0

*

2010 წელს ასეთი გულუბრყვილო რაღაც ჩამიწერია:

`რამდენს ინატრებდიო, რომ მკითხონ, სისხლსავსედ ცხოვრების ხუთ წელს ვიკმარებდი ალბათ, ოღონდ თუ ამაში ძილი და დასვენების საათები არ ჩაითვლება. რომ შემეძლოს, ძილს ამოვშლიდი ჩემი ცხოვრებიდან~.

ახლა ისე ხდება, რომ ყველაზე მეტად დილის ძილს ვერ ველევი, ბავშვებს ოთახიდან დავიფრენ და ჯერაც თბილი, შერჩენილი სიზმრის ფრაგმენტებს მივუბრუნდები ხოლმე.

ამიტომ გურამ რჩეულიშვილზე გაგონილი ლეგენდებიდან გულწრფელად მხიბლავს და მაოცებს ის ერთი, რომელიც ლეგენდარული რეალობა უფროა, და კარგად გვიჩვენებს ახალგაზრდა კაცის ნიჭიერებას, რჩეულობას:

საოცარი ნაყოფიერება!

უნაყოფო მწერლები ღმერთმა გვაშოროს, მაგრამ როდესაც ოცდაექვსი წელი ამოდენა შემოქმედებით მემკვიდრეობას (მოთხრობები, ნოველები, დღიურები, პიესები, პირადი მიმოწერა) ტოვებს, ყველა შეგნებულ ადამიანს/მწერალს უჩნდება სურვილი, თავაუღებლად იშრომოს და სიტყვად აქციოს ყველაფერი, რაც ხელში მოხვდება. არაფერი გამორჩეს, გაუფრთხილდეს და შეინახოს წვრილმანიც კი.

ალბათ ესაა გურამ რჩეულიშვილის – უწყვეტი ფიქრისა და შრომის – საიდუმლო.

 

*

ადრე, დიდი ხნის წინ, როცა ფეხბურთს ვთამაშობდი და `პერსპექტიული~ მეთქმოდა, ერთ-ერთი სოფლის გუნდთან დაძაბული მატჩის შემდეგ, მასპინძლებმა ენგურზე `დაგვპატიჟეს~ – მთელი გუნდი ავიყარეთ, მწრთვნელებიან-მშობლებიანად გავავსეთ ავტობუსი და დამტვრეულ გზას გავუყევით მდინარისკენ.

წინა დღის ნაწვიმარია, ბანაობას არ გირჩევთო, – გვაფრთხილებდა ერთი იმათგანი, ეტყობა უფრო გამოცდილი, მაგრამ არ დავიშალეთ ცურვის იშტაზე მოსულებმა და მღვრიე წყალში შევცვივდით ყველანი.

პირველივე გაბრძოლებაზე დავყარე ფარ-ხმალი. ჩქარმა და მრისხანე ნაკადმა გულაღმა დამაგდო, გამკლავება ვცადე, ხელიც გავიქნიე, მაგრამ მეორე შემოქნევაც წამომეწია და ძლივ-ძლივას, ფორთხვა-ფორთხვით გავაღწიე ნაპირამდე.

ნაპირზე ჩემსავით დალეწილი, სიცივისგან მობუზული ბიჭები ეყარნენ. ტუჩები დალურჯებოდათ და ტანზე ხორკლი ეყარათ. მაშინ ვიფიქრე, თუ ოდესმე ფეხბურთში რამის მიღწევა გვინდა, ენგურივით ულმობელი თავდასხმა უნდა გვყავდეს და დაცვა, რომელიც ასეთ თავდასხმას შეაკავებს-მეთქი.

უფრო გვიან, როცა თამაშს თავი გავანებე და სწავლისთვის მოვიცალე, რამდენიმე ისეთი წიგნი შემომხვდა, სადაც ენგური გაელვებად კი არა, ან `ბუნების აღწერის~ შემადგენელ ნაწილად, არამედ, შეიძლება ითქვას, ბედისწერადაც კი მოჩანდა.

კონსტანტინე გამსახურდიას თავისი წიგნის პერსონაჟად ექცია ენგური – აბორგებული, სვანეთის ლანქერებიდან გახელებული, დაუდეგარი შხუილით რომ მოჰქრის და ტალღები ცეკვით მისრიალებენ უსრულო სარკისებრ გალაქულ სივრცეში.

გრიგოლ რობაქიძეს კი სულაც თავისი პერსონაჟისთვის შეერქმია – ეს ის თამაზ ენგურია, რომელიც ძნელ დროში ყოფნისა და სულიერი მერყეობის მიუხედავად, `მეტყველ სახეს~ მაინც ინარჩუნებს და კათარსისსაც აღწევს.

– გივერგილ, იმე ხარი? – ახლაც მზარავს ლეო ქიაჩელის მოთხრობიდან ალმასგირ კიბულანის ხმა, რომელიც ჯებირის ნგრევას მოჰყვა ნაპირზე. მამა ენგურის ზვირთებში დაკარგულ შვილს უხმობს. მხარბეჭგაშლილს მარჯვენა ხელში თოკის ერთი თავი უჭირავს, მარცხენაში – მეორე თავი. ხან ერთს დახედავს, ხან მეორეს და ცოფმორეული მხეცივით ღმუის: `გივერგილ, იმე ხარი?~. ღმუის და დაეძებს, ქალღმერთ დალის ავედრებს და მართლაც – იქ, სადაც ენგური ზღვას უერთდება, აციალებული ზღვის სიღრმეში დაინახავს მთვარის შუქმფენ სახეს. ეს გივერგილას მფარველი დალია, რომელიც ზეციდან ძირს დაეშვა, სადღაც ახლოს. დალის ოქროს თმებში თვალგახილული, მოღიმარი გივერგილა გაუხვევია და ალერსით გულში ჩახუტებული უფსკრულიდან ამოჰყავს. `გივერგილ!~ – არაადამიანურად გახარებულია ალმასგირი, მძიმე ტანს აიმჩატებს, ჰაერში შემართული ხელების დიდრონ, კაუჭა თითებს მოლანდებული შვილისკენ გააშვერს, წყალს შეაპობს და ზღვაში შეიჭრება…

2012-ის ზაფხულში, აგვისტოს მოღრუბლულ დღეს, ლატალში ყოფნისას, ლახუშდის ეკლესიასთან მისულმა, ჩავხედე მღვრიე ენგურს. ვერ ვიცანი. ადრე ნანახს და წიგნში წაკითხულს არ ჰგავდა. თითქოს ნაწყენი და გაბრაზებული იყო იმ კაცივით, ჩხუბის დროს რომ გააშველებენ და მეტოქე გაულახავი დარჩება.

 

 

*

მდინარე. დინება. დინების საწინააღმდეგო სვლა. „დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან“.

უცნაურია, რომ 30-იან წლებში დახვრეტილთა და რეპრესირებულთა შთამომავლების მნიშვნელოვანი ნაწილი ასე დაუფარავად დაუპირისპირდა ეროვნულ მოძრაობას, კონკრეტულად – მოძრაობის ლიდერს ზვიად გამსახურდიას. რასაც შენი მამა-პაპანი ეწირებიან, რისთვისაც მათი ხსოვნა გეძვირფასება, – ქვეყნის თავისუფლება, – რატომ ხდება მერე ასე მიუღებელი, აბუჩად ასაგდები, ჩასაქოლავი, გასამეტებელი? თუ ერთი პიროვნებისადმი სიძულვილი განაპირობებს მის მიერ გამოცხადებულ დამოუკიდებლობაზე უარის თქმას (როგორც ეს 90-იან წლებში გამოჩნდა), მაშინ კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია მთელი ქვეყანა. ისე კი, არც მაშინ და არც დღეს არ გვიფიქრია, რომ ერთმანეთისთვის შემართულ იარაღს სხვა ვინმეც შეიძლება გამორჩეს რამეს.

მოჩვენებითი ტოლერანტობის სიავე

0

ჩემი პედაგოგიური კარიერის ბოლო ექვსი წელი ბედმა თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში მუშაობა მარგუნა. ვისაც ამ სკოლის შესახებ რამე სმენია, ალბათ არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ეს პატივია ჩემთვის. ეს სკოლა ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის სამსაუკუნოვანი ისტორიის ბურჯი და ფლაგმანია და იმედი მაქვს, არასდროს დაკარგავს ამ სახელს. ვისაც ამ კედლებში უსწავლია ან უსწავლებია, გიმნაზიელობა მათთვის სიამაყის საგანია.

ყველა სხვა ღირსებასთან ერთად, გიმნაზიას ერთი სპეციფიკური რამ განასხვავებს სხვა სკოლებისგან: ის რუსთაველის გამზირზეა და მის შემოგარენში მიმდინარეობს ქართული პოლიტიკური თეატრის ყველა წარმოდგენა. მთელი საქართველო შეჰყურებს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, თუმცა სხვადასხვა მედიაფანჯრის – რადიოს, ტელევიზიის, ინტერნეტის საშუალებით, ამ სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს კი ფიზიკურად გვწვდება და გვეხება ყველაფერი, რაც მის ფანჯრებთან ტრიალებს.

სკოლის თანამშრომლებისგან მოისმენთ დაუჯერებელ ისტორიებს იმის შესახებ, რა გავლენას ახდენდა სასწავლო პროცესზე კარს მიღმა განვითარებული მოვლენები. ვინ მოთვლის, რამდენჯერ ჩაშლილა გაკვეთილები იმის გამო, რომ საპროტესტო აქციის დროს გამზირი გადაუკეტავთ, ვინ მოთვლის, რამდენი გაკვეთილი ჩაგვიტარებია სტვენისა და გამაყრუებელი ხმაურის ფონზე, როცა აქციის მონაწილეები პირდაპირ ჩვენს ფანჯრებთან აღმუვლებდნენ მიკროფონებსა თუ მეგაფონებს… საკმარისია, ბავშვებმა გაიგონ, რომ გარეთ რაღაც ხდება, მიაწყდებიან ფანჯრებს და ვიღას ახსოვს შენი გაკვეთილი?! ხშირად მიფიქრია: ნეტავ ამ აქციების აქტივისტებს თუ წარმოუდგენიათ, რა ხდება ამ დალოცვილი კედლების მიღმა, როცა ისინი ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ, როცა პოლიცია წესრიგის დასამყარებლად ამაოდ იბრძვის ან როცა თავზე ხელაღებული მეამბოხე ათასნაირ ეპატაჟს მიმართავს მედიისა და ოფიციოზის ყურადღების მისაპყრობად?

5 ივლისს სასწავლო პროცესი დასრულებული იყო და ბავშვები სკოლაში არ ყოფილან, მაგრამ მასწავლებლებს სასწავლო წლის დასასრულის საქმეები გვქონდა მოსაგვარებელი და მშვიდად მუშაობას ვაპირებდით. დილას სკოლის ეზოში სამნი შევიკრიბეთ. წამებში ჩვენ თვალწინ იმ ავად სახსენებელი აქციის სახასიათო სიმულაკრებივით ისეთი მიკროსცენები გათამაშდა, საპროტესტო აქციებში გამობრძმედილმა უცებ გავაცნობიერე, რომ სწორედ აქ, სწორედ დღეს ასე მარტივად არ ჩაივლიდა ეს ამბები, რომ ჰაერი იყო ტყვიასავით მძიმე და სულის შემხუთველი, რომ აქ ტრიალებდა – უკაცრავად, მაგრამ სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ – ტვინგაცხელებული ადამიანების დიდი მასა, რომლისთვისაც უცხო იყო სიტყვა „ტოლერანტობა“ და ეს მასა მზად იყო, მიწასთან გაესწორებინა ყველა და ყველაფერი, რაც მის ნებას ეწინააღმდეგებოდა.

სკოლიდან დაახლოებით 5 საათზე გამოვედი. ამ დროს აქცია დუღდა და გადმოდუღდა. ტრანსპორტი არ მოძრაობდა. თავისუფლების მოედნისკენ გზა გადახერგილი იყო და გადავწყვიტე, მშრალი ხიდისკენ ჩავსულიყავი, რომ როგორმე ტაქსი გამეჩერებინა. ჩავიარე 9 აპრილის ბაღი, ლეონიძის სკვერი და რაც მე იქ ვნახე, მსგავსი არსად არაფერი მინახავს. გადაჭედილი იყო ხალხის მასებით უზარმაზარი სივრცეები, ნემსი არსად ჩავარდებოდა. აგრესია ცამდე აღწევდა. ისეთი დიალოგები და სატელეფონო საუბრები მესმოდა, გული მეგლიჯებოდა. ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა. თავზარდამცემი იყო აგრესიის ის დონე, რაც მე იქ ვიხილე და მოვისმინე. ვერ დავუშვი, რომ უმცირესობათა თვითგამოხატვის წინააღმდეგ აღდგა და გამოვიდა ამდენი ათასი ადამიანი და რომ ეს თემა ყოფილა ესოდენ პრიორიტეტული ჩვენი მშენებარე სახელმწიფოსთვის, რომელსაც პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური მიმართულებით ამდენი გამოწვევა და საზრუნავი აქვს.

გულის გამგმირავი იყო ძალადობა ჟურნალისტებზე. სასულიერო პირების ესოდენ აქტიური მონაწილეობა ამ ვულკანის ლავაში ვერანაირად დავაკავშირე ქრისტიანულ ზნეობასთან. ლექსო ლაშქარავას ამბავი იყო გამანადგურებელი. ეს დღეები სულ მინდოდა, რამე დამეწერა ამ თემებზე საჯაროდ, სოციალურ ქსელში მეკამათა მეგობრებთან. ყურადღებით ვკითხულობდი ყველას თვალსაზრისს, მაგრამ არაფრის წერისა და გამოხატვის თავი არ მქონდა მომხდარით ფსიქოლოგიური მსხვრევისა და იმედგაცრუების გამო. ახლა, როცა ცოტათი განელდა ეს ცეცხლი, გადავწყვიტე, ჩემს საყვარელ ჟურნალში დამეწერა ყველაფერი ის, რასაც ჩემს მოსწავლეებს ვეტყოდი, რადგან ვიცი, რომ მილიონ კითხვას დამაყრიდნენ მიმდინარე მოვლენებზე.

რასაც ახლა ვიტყვი, ძალიან სარისკოა ჩემი მოქალაქეობრივი და პედაგოგიური იმიჯისთვის, მაგრამ სხვაგვარად არ ძალმიძს. რომ არ ვთქვა, უბრალოდ არ შემიძლია. ვიცი, რომ მეყოლება არა მხოლოდ ოპონენტები, არამედ ჩაქოლვის მსურველებიც. მორალისტების მრავალათასიანი არმია გაილაშქრებს გავეშებით იმის გამო, რომ მასწავლებელი ვარ და უამრავ მოზარდთან მიწევს თანამშრომლობა. მადლობა უფალს, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემს მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი თანამოაზრე იქნება, რადგან გვისაუბრია უმცირესობათა უფლებებსა და მათდამი დამოკიდებულებაზე; ვიცი, რომ ახალი თაობის შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება იმ სულისკვეთებისგან, რომელიც 5 ივლისის აქციაზე ვნახე და რომელმაც თავზარი დამცა. ყველა მორალისტს მოვუწოდებ, სანამ ქვას აიღებდეს, დაფიქრდეს, იაზროვნოს, იკამათოს, ისწავლოს სხვისი ინტერესების გათვალისწინება, სხვისი თვალებით სამყაროს ხედვა…

ამჯერად, მოდი, ვისაუბროთ სექსუალურ უმცირესობებსა და მათდამი ჩვენს დამოკიდებულებაზე. ჩემი ოცდახუთწლიანი პედაგოგიური კარიერის განმავლობაში ორი მოსწავლე შემხვდა არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისა. ერთი მალავდა თავის იდენტობას, ხოლო მეორე – არა და ამის გამო მუდამ ანათემაზე ჰყავდათ გადაცემული. ორივე საუკეთესო ადამიანი და ჩემი უსაყვარლესი პატარა მეგობარია. ორივე უნიჭიერესი და უმაღლესი ზნეობის პიროვნებაა. ორივეს სწყურია უსაფრთხო გარემოში, აგრესიისა და ბულინგის გარეშე ცხოვრება, რადგან ორივე საოცრად ჰარმონიული ნატურაა. მე ყოველთვის ვიყავი მათი ინტერესების დამცველი და ვიქნები კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ აღარ ვარ მათი მასწავლებელი. მათზე ფიქრმა შთამაგონა, სექსუალურ უმცირესობათა პრობლემებში გავრკვეულიყავი და რაც ამ წლების განმავლობაში გავიაზრე, მინდა, რაღაც პრინციპით დალაგებულად გადმოვცე:

  1. არატრადიციული სექსუალური ორინეტაცია არ არის დაავადება;
  2. არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არ არის ამორალური;
  3. არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია არ ვრცელდება აგიტაცია-პროპაგანდით;
  4. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს უმძიმესი საზოგადოებრივი წნეხის ქვეშ უწევთ ცხოვრება;
  5. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს აქვთ უფლებები, რომელთა შეზღუდვა არავის ეპატიება;
  6. არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი ბრძოლა საკუთარი უფლებებისთვის, რადგან 21-ე საუკუნე პიროვნების თავისუფალი განვითარების ერაა და ეს ხალხი არ და ვერ შეეგუება მათდამი დამოკიდებულების იმგვარ სტანდარტებს, როგორსაც ვხვდებით ჩვენს საზოგადოებაში.

ასე რომ, ეს ბრძოლა არ დაწყებულა 5 ივლისს და ვერ დასრულდება უახლოეს მომავალში. მათ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლისკენ უბიძგებთ არა საკუთარი ნება, არამედ ჩვენი დამოკიდებულება, რადგან ისინი არიან მორალური და ფსიქოლოგიური ტერორის ყოველდღიური მსხვერპლნი. ჩვენ სისტემატურად ვიქნებით ამგვარი მდუღარე პროცესების წინაშე, სანამ მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურა არ გამოგვიმუშავდება.

ოპონენტები მეტყვიან: სექსუალური უმცირესობები იყვნენ ყოველთვის, მათ არავინ დევნიდა და არც ახლა დევნიან, ნუ გამოვლენ საჯაროდ და ფარულად რაც უნდათ, ის უქნიათო. ჩვენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, ჩვენს ორიენტაციაზე ხმამაღლა ხომ არ ვსაუბრობთო? აი, ეს რიტორიკაა ყველაზე დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი. თითქოს ჰომოსექსუალებმა მადლობა უნდა უთხრან ამ ადამიანებს, რომ სახლებში არ უვარდებიან და არ ხოცავენ. და ჰეტეროსექსუალები რატომ არ საუბრობენ ხმამაღლა? არა იმიტომ, რომ ადამიანის სექსუალურ იდენტობაზე საუბარი სირცხვილია, არამედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ უმრავლესობაში არიან და მათ არავინ ეხება, არავინ ამცირებს, არავინ დევნის, არავინ დასცინის.

რამდენიმე დღის წინ ტოლერანტობაზე ორიოდე სიტყვა ვთქვი სოციალურ ქსელში და ერთი ძალიან პატივსაცემი ადამიანი გამომეხმაურა, ტოლერანტობა ქართველებს ვინ უნდა გვასწავლოსო? თუ არ გვაქვს სასწავლი ტოლერანტობა ჩვენი ქრისტიანული კულტურის, „ვეფხისტყაოსნის“, ვაჟას ეპოსების, ისტორიული წარსულის მაგალითების მიხედვით, მაშინ რა იყო 5 ივლისის აქცია? ამდენი მოძალადე ერთად თავმოყრილი მე არასდროს მინახავს. რაც წარსულში იყო, იმას ხშირად დევალვაციას უქადის ჩვენი ფსევდოთანამედროვე აზროვნება. მეც მიმაჩნია, რომ ხშირად ჟურნალისტები გადადიან ყოველგვარ მორალურ ზღვარს და ჟურნალისტურ სტანდარტს, მაგრამ მათზე ძალადობა ნორმალურია? ნუთუ ვერ ვისწავლეთ, რომ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანზე ძალადობა თანაცხოვრების პრობლემას დაუძლეველს ხდის და გარშემო ყველაფერს ანგრევს? ნუთუ შეიძლება ლექსო ლაშქარავასადმი ჩადენილი დანაშაულის რამით გამართლება და კომპენსირება? დიახ, ჩვენ იმ ქალაქში ვცხოვრობთ, ევროპა-აზიის დერეფანში, სადაც აღმოსავლური სამყაროს საინტერესო სახე, კინტო, რომელიც, როგორც ავტორიტეტული მკვლევრები ამბობენ, გეი-კულტურიდან იყო აღმოცენებული, ქალაქმა მიიღო, თბილისის კოლორიტად და ლამის სიმბოლოდ იქცა ეს პერსონაჟი. მაგრამ რა ხდება ახლა? ადამიანები, რომელთაც პოლიტიკოსის უმაღლესი ამბიცია აქვთ, აცხადებენ, რომ მათი გადასაწყვეტია, შეძლებს თუ არა ვინმე თვითგამოხატვის კონსტიტუციურად გარანტირებული უფლების გამოყენებას. არ ვიცი, ვინ მიანიჭა ამ ადამიანებს მორალის მწყემსის სტატუსი…

სექსუალური უმცირესობები ცხოვრობენ უამრავი იმ უფლების გარეშე, რომლებიც არ ეზღუდებათ უმრავლესობის წარმომადგენლებს და ნაცვლად იმისა, რომ იყოს ჯანსაღი საზოგადოებრივი დისკუსია ამ უფლებების იმპლემენტაციაზე, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი ცეცხლითა და მახვილით დასდევს მათ და ცხოვრების მთავარ საზრისად მიუჩნევია ამ ადამიანებისთვის თავისუფალი თვითგამოხატვის აკრძალვა. სულ ტყუილია ვაჟა-ფშაველას მიერ ჩატარებული ტოლერანტობის გენიალური გაკვეთილები, რომელთაც ჩვენ ალბათ ცალყბად ვკითხულობთ და ვერც ვიაზრებთ, ვერც ვუღრმავდებით.

არ ვიცი, ასატანია თუ არა ეს მუდმივი ცეცხლის ქარბორბალა, ეს დაუოკებელი სტიქიური უბედურება. გამაოგნებელი იყო 5 ივლისის მოძალადეთა ჩვენებები, როცა საქმე მათ პასუხისგებაზე მიდგა. რატომ წაიღეს ამ ადამიანებმა უკან იმ ავბედით დღეს გადმონთხეული აგრესიის ნიაღვრები?

მასწავლებელთა კოლექტივებში მუდამ გვჩვევია გულახდილი დებატები საჭირბოროტო საქვეყნო თემებზე. ვიცი, უამრავი ოპონენტი მეყოლება კოლეგებს შორის, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მორალური ცენზორის მენტალობა თანამედროვე აზროვნებასთან შეუთავსებელია. განსხვავებულის მიღება, აღიარება, თანამშრომლობა, პატივისცემა, თანასწორ გარემოში ცხოვრების უფლება უალტერნატივო ღირებულებებია. ქართული ლიტერატურის მასწავლებელი ვარ და როცა მოსწავლეებს ვაჟას გმირების ტოლერანტობაზე ვესაუბრები, უნდა ავუხსნა, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ალუდასა და ჯოყოლას თემებისგან განსხვავებულ მოცემულობაში, მაგრამ პრობლემა ისევ ისაა, რომ სხვისი არ გვესმის, სხვისი უფლებების აღიარება არ გვინდა, სხვისი სასიცოცხლო ინტერესები უცხოა ჩვენთვის.

ტოლერანტობაც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ისწავლება უპირველესად ოჯახსა და სკოლაში, უპირველესად ლიტერატურული ტექსტების დახმარებით, მოსწავლე-მასწავლებლის გულწრფელი და გულახდილი დიალოგების, საკლასო დისკუსიების ფონზე. წყალს წაუღია მოჩვენებითი ტოლერანტობა! სიყალბე ყოველთვის მრუდე გზებით დადის. მოდით, ყოველგვარი აგრესიისა და ძალადობის გარეშე ვისაუბროთ უმცირესობების უფლებებსა და პრობლემებზე. მათ მხოლოდ ასე თუ გადავწყვეტთ, ან ვიქნებით მუდამ ისეთსავე ჯოჯოხეთში, როგორიც 5 ივლისის ორგანიზატორებმა დაატრიალეს დედაქალაქის მთავარ გამზირზე. არასდროს, არასდროს თბილისი ისეთი არატოლერანტული არ ყოფილა, როგორიც იყო 2021 წლის 5 ივლისს. ვისურვებდი, რომ ასეთი შემზარავი სცენები არარასოდეს მენახოს!

კუნძულები  ადამიანის ორგანიზმში   

0

შეიძლება ითქვას, რომ დღეს მსოფლიო თვალით უხილავ ვირუსთან ბიოლოგიურ ომშია ჩაბმული. ყველამ დაინახა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, განსაკუთრებით ბიოქიმიის მნიშვნელობა. სამომავლოდ მსგავს ბრძოლაში გამარჯვებისთვის უმნიშვნელოვანესია მოსწავლეების ამ საგნით დაინტერესება. ვაქცინაციასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა, რომლებსაც განათლების პრობლემასთან მივყავართ, ნათელი გახადა ბიოლოგიის, როგორც საგნის სწავლების პრობლემა. ერთია ის, რასაც თეორიულად ვასწავლი მოსწავლეს, ბევრს ვსაუბრობ ბუნებრივ და ხელოვნურ იმუნიტეტზე, თუმცა მოსწავლეები (აქ უკვე სრულწლოვან ყოფილ მოსწავლეებს ვგულისხმობ) ამას პრაქტიკაში ვერ იყენებენ.  შესაძლებელია დიაბეტით ბევრი ადამიანი ერთბაშად არ იღუპება, თუმცა მასთან ბრძოლა ბევრ ახალგაზრდას თუ ხანდაზმულს უწევს. ამ პერიოდში მიმდინარეობს დიაბეტის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდის კვლევის მესამე ეტაპი. მიუხედავად დაავადების სირთულისა, სავარაუდოდ, ადამიანები ამ აცრისგან თავს შეიკავებენ. მასწავლებელმა მოსწავლე რომ დაარწმუნოს საკითხის სისწორეში, თავად დარწმუნებული უნდა იყოს მასში. საგაკვეთილო დროის სიმცირე, პანდემიის გამო კიდევ უფრო შეკვეცილი, არ იძლევა მოსწავლეებთან დამატებითი მუშაობის საშუალებას. კლუბური მუშაობის ჩატარებისთვის საუკეთესო საშუალება გახდა ონლაინშეხვედრები. მინდა, გაგიზიაროთ საკვლევ შეკითხვაზე დაფუძნებული სწავლების ერთი ნიმუში, რომელიც ბიოლოგიით დაინტერესებულ მოსწავლეებთან გამოვიყენე.  თანამედროვე მოსწავლის დაინტერესება მისი უშუალო ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია.    სწავლების ეს მიდგომა აყალიბებს ისეთ მოსწავლეს, რომელიც კონკურენტუნარიანია თანამედროვე სამყაროში.

        თემა: „კუნძულები ადამიანის ორგანიზმში“

ნაბიჯი 1: მოკლე მიმოხილვა და ინფორმაციის დამუშავება;

ნაბიჯი 2. კვლევის განხორციელება სიმულაციის jon darkow.com-ის საშუალებით ინსტრუქციის მიხედვით. (აქ მოცემულია შევსებული ცხრილები, რომლებიც თქვენთვის სიმულაციაში მუშაობის გზამკვლევის როლს შეასრულებს).

GLUT2 სატრანსპორტო ცილის ბეტა უჯრედებშია და უზრუნველყოფს გლუკოზის ტრანსპორტს. ის იხსნება უჯრედგარე სივრცეში გლუკოზის მაღალი კონცენტრაციის დროს. GLUT3 და GLUT4 ასევე სატრანსპორტო ცილებია. ისინი ადამიანის მთელ ორგანიზმშია გაფანტული. GLUT2-/- ცილას არ გადააქვს გლუკოზა ბეტა უჯრედებში. სიმულაციაში გლუკოზის შთანთქმა ბეტა უჯრედებში ხდება GLUT2 ცილით,  GLUT3 და GLUT4 კი სხეულის სხვა უჯრედებში გლუკოზის შთანთქმას გამოსახავენ.

თუ სისხლში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია ნაკლებია სამზე, მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიშია.  სისხლში გლუკოზის რაოდენობის შემცირება ხდება ბეტა უჯრედების მიერ (GLUT2) მისი შთანთქმით და ასევე სხვა უჯრედების მიერ გლუკოზის შთანთქმით ( GLUT3 და GLUT4).  (სამუშაო ფურცელი N1)

ცხრილში მოცემულია გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება GLUT2 ტრანსპორტერით:

სისხლში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია (mM) სისხლში გლუკოზის საბოლოო  კონცენტრაცია(mM) β   უჯრედებში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია(mM) β   უჯრედებში გლუკოზის საბოლოო კონცენტრაცია(mM)
0 0 2 0
5 4.6 2 0
10 9.35 2 0.009
15 10.6 2 0.041(ავიდა შვიდამდე და შემცირდა)
20 11 2 0.066 (ავიდა 19.5-მდე და შემცირდა)

ცხრილში მოცემულია გლუკოზის კონცენტრაციის ცვლილება GLUT2 ტრანსპორტერით:

სისხლში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია(mM) სისხლში გლუკოზის საბოლოო  კონცენტრაცია(mM) β   უჯრედებში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია(mM) β   უჯრედებში გლუკოზის საბოლოო კონცენტრაცია(mM)
0 0 2 0
5 4.7 2 0
10 9.7 2 0
15 14.7 2 0
20 19.7 2 0

 

ნაბიჯი 3: 2,4 – დინიტროფენოლი  მიტოქონდრიაში აფერხებს ჟანგვით ფოსფოლირილებას. ის უკავშირდება მიტოქონდრიის შიდა მემბრანას და წყალბადის კატიონებს საშუალებას აძლევს, თავისუფლად გადაადგილდნენ მემბრანის გავლით, რის შედეგადაც მემბრანათშორის სივრცეში მნიშვნელოვნად იზრდება მათი კონცენტრაცია. ამის გამო ვეღარ სინთეზდება ატფ.  (სამუშაო ფურცელი N2)

სისხლში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია(mM) β   უჯრედებში გლუკოზის საბოლოო კონცენტრაცია(mM) DNP (mM) ატფ-ის კონცენტრაცია უჯრედგარე სივრცეში (mM) ატფ-ის კონცენტრაცია ციტოზოლში (mM) მემბრანული პოტენციალი
15 0.1-0.35-0.05 0 15 0 – 1.8 – 0.3 -70
15 0.1-0.35-0.05 0.25 15 0 -2-0.2 -70
15 0.1-0.35-0.05 0.5 15 0 -0.1 -0 -70
15 0.1-0.35-0.05 0.75 15 0 -70
15 0.1-0.35-0.05 1 15 0 -70

 

ნაბიჯი 4: ინსულინის მუშაობაზე გავლენას ახდენს კალციუმის კატიონების კონცენტრაცია. (სამუშაო ფურცელი N3)

სისხლში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია  (mM) DNP

კონცენტრაცია

(mM)

Ca2+კატიონის კონცენტრაცია ციტოზოლში (ელექტროდით) Ca2+კატიონის კონცენტრაცია ციტოზოლში (ელექტროდის გარეშე) მემბრანული პოტენციალი mV (ელექტროდით) მემბრანული პოტენციალი mV (ელექტროდის გარეშე)
5 0 1.43 0.987 -49.9 -70.66
5 0.25 1.41 0.974 -49.2 -68.2
5 0.5 1.35 0.908 -50.7 -70.1
5 0.75 1.28 1.041 -50.6 -71.6
5 1 1.37 0.931 -49.1 -71.8

 

სისხლში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია  (mM) DNP

კონცენტრაცია

(mM)

Ca2+კატიონის კონცენტრაცია ციტოზოლში (ელექტროდით) Ca2+კატიონის კონცენტრაცია ციტოზოლში (ელექტროდის გარეშე) მემბრანული პოტენციალი mV (ელექტროდით) მემბრანული პოტენციალი mV (ელექტროდის გარეშე)
10 0 1.31 0.93 -49.8 -69.3
10 0.25 1.31 0.981 -48.6 -68.5
10 0.5 1.31 0.977 -50.5 -71.8
10 0.75 1.43 0.953 -50.8 -68.8
10 1 1.29 1.01 -50.8 -69.2

 

ნაბიჯი 5: კოლხიცინი გამომუშავდება მცენარის მიერ. ის უკავშირდება ცილა ტუბულინს და აფერხებს მიტოზის პროცესში გამყოფი თითისტარას ძაფების ჩამოყალიბებას. ამავე დროს ლანგერჰანსის ბეტა უჯრედებში ხელს უშლის ინსულინის შემცველი ვეზიკულების გადატანას მემბრანაში. (სამუშაო ფურცელი N4)

სისხლში გლუკოზის საწყისი კონცენტრაცია  (mM) კოლხიცინის

კონცენტრაცია

(mM)

უჯრედგარე სივრცეში ინსულინის კონცენტრაცია (ელექტროდით) ნგ/მლ უჯრედგარე სივრცეში ინსულინის კონცენტრაცია (ელექტროდის გარეშე)ნგ/მლ ინსულინის კონცენტრაცია ციტოზოლში (ელექტროდით)ნგ/მლ ინსულინის კონცენტრაცია ციტოზოლში (ელექტროდის გარეშე) ნგ/მლ Ca2+კატიონის კონცენტრაცია ციტოზოლში (ელექტროდით) Ca2+კატიონის კონცენტრაცია ციტოზოლში (ელექტროდის გარეშე) მემბრანული პოტენციალი mV (ელექტროდით) მემბრანული პოტენციალი mV (ელექტროდის გარეშე)
3 0 0.2-1.4 0.2 2-0.8 2 1.4 1 -50 -70
3 1 0.2-1.18 0.2 2-1.18 2 1.4 1 -50 -70
3 2 0.2-0.7 0.2 2-1.5 2 1.4 1 -50 -70
3 3 0.2-0.4 0.2 2-1.8 2 1.4 1 -50 -70
3 4 0.2 0.2 2 2 1.4 1 -50 -70
3 5 0.2 0.2 2 2 1.4 1 -50 -70

 

როგორც ცხრილიდან ჩანს, კოლხიცინის კონცენტრაცია გავლენას ახდენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გამოყენებულია ელექტროდი.

სიმულაციის სხვა ნაწილების გამოყენება მოსწავლეების შესაძლებლობასა და ინტერესზეა დამოკიდებული დამოკიდებული. სამუშაო დახმარებას გაუწევს არა მხოლოდ ბიოლოგიის ათვისებასა და კვლევის განხორციელებას, ის მნიშვნელოვანია გამჭოლი კომპეტენციის განვითარების ხელშეწყობისთვის.

 

გამოყენებული რესურსი:  Jon darkow.com

თავისუფლების ნიუანსები

0

მაია ცირამუას რომანი „მშვიდობით, ძია გერშვინ!“

სად მიდის წარსული? იკარგება თუ უბრალოდ იმალება, მერე დაუსრულებლად გველოდება, როდის მივაგნებთ რაიმე ნივთის, ფოტოს, სუნისა თუ მელოდიის წყალობით. მარსელ პრუსტისთვის წარსული ჩაიში ჩამლბალი ნამცხვრიდან „გადმოიღვარა“ („სვანის მხარეს“), ხულიო კორტასარის გმირი კი მას საქსოფონის ბგერებით აგნებდა („მდევარი“). ამ ფიქრს აღძრავს მაია ცირამუას რომანი „მშვიდობით, ძია გერშვინ!“, რომლის ავტორისეული წინათქმა ერთგვარი უვერტიურაა. მწერალი გვამზადებს იმ ეგზისტენციალური თემებისთვის, რომლებიც მუსიკალური აკორდებივით გაიშლება და მკითხველის სულში გრძნობათა ფერწერულ და სურნელოვან გამებს წარმოქმნის. წინათქმაში ავტორი წერს, როგორ მიაგნო სკივრში გადანახულ ძველ ნივთებს შორის საკუთარი რომანის ლურჯყდიან მანუსკრიპტს (2000 წლის ხელნაწერს), როგორ დაიწყო კითხვა და თამაში, რომელიც ფსიქოთერაპიაში ცნობილია როგორც „მემორაბილია“: „შეეხები შენს სკივრში შენახულ ნივთს და დაიწყება მოგონებების ქარიშხალი, იმ დროის სურნელსა და გემოს იგრძნობ, ხედავ საკუთარ თავს, ადამიანებს, ფერებს და გესმის ხმები გაცოცხლებული წარსულიდან. მიყვარს ეს სავარჯიშო, გეგონება საკუთარ კინოს უყურებდე“. სწორედ ამ ფილმის მაყურებლად აქცევს ავტორი მკითხველს. მთხრობლის მძაფრი შეგრძნებები გადაედება მკითხველსაც: „როცა სადმე გავალ, უკან მობრუნებული კართან ვდგები და ვაყურადებ იქიდან გამოსულ ხმებს. ესაა ჩემი სახლის მუსიკა, ჩემი სახლისა, რომელიც ნამდვილია, მაგრამ რომელსაც აქვს საიდუმლო კარი, საიდანაც შემიძლია ამ სინამდვილეს გავექცე და გავუჩინარდე“. ასე გაიქცა ავტორი თავის დროზე ხელით დაწერილ „რომანში“, რომელშიც გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად ცხოვრობდა და ივიწყებდა 90-იანების უღიმღამო ყოფას, დროდადრო ბავშვობის მოგონებებით, ოცნებებით, ათასგვარი ცუღლუტობით განათებულს. კითხვაც, რომელიც შვილმა დაუსვა: სად არის ადამიანი, სანამ გაჩნდება? – ერთგვარ შემოქმედებით იმპულსად ექცა. ხელნაწერის კითხვისას დაუბადებელი პერსონაჟებისგან, სავარაუდოდ, ეს მუდარა იგრძნო, „დაბადების“ წყურვილი. მთავარი პერსონაჟი მისი წარმოსახვის ბადეს თევზივით ამოჰყვა და ასეთი პარადოქსიც ამოიყოლა: „განა ყველა თევზს არ უყვარს თავისი მებადური?!“ ამიტომაც ხელნაწერი სკივრის მყუდრო, ხავერდოვან სიჩუმეში აღარ ჩატოვა და ხმაურიან სიცოცხლეში გამოამზეურა.

რომანის კომპოზიციაც მოგონებებს ეყრდნობა. თხრობას წრიული სტრუქტურა აქვს, დასაწყისი და ფინალი ერთმანეთს ეხმიანება. მთხრობელი 50 წლის უსახელო ინტელიგენტია, თარჯიმნად მუშაობს, „კომპიუტერი და ინგლისური“ იცის და „ბედს არ უჩივის“, მაგრამ შინაგანად ე.წ. შუახნის ფსიქოლოგიური კრიზისი აქვს, მელანქოლია მოსძალებია, ყოველდღიური რუტინითა თუ პროვინციულ ქალაქის ადგილობრივი ჭორ-მართლის ინფორმაციული ნაკადებით დაღლილა. სწორედ მას შევყავართ მოგონებებით საკუთარი ცხოვრების მდინარებაში. თხრობას თავიდანვე პატარა საიდუმლოც ახლავს. მკითხველის მოლოდინის ველში შემოიჭრება კითხვა, ვინ არის ის პაწაწინა, რომელსაც საკუთარ მარტოობაში ნეტარებით ჩაძირული კაცის დაულაგებელ ბინაში ტკბილად სძინავს.

მეოცე და ოცდამეერთე საუკუნეებისთვის 50 წელი ის ასაკია, როდესაც შეგიძლია იფიქრო, რომ „ცხოვრების ნახევარგზაზე შემოგაღამდა“. თანამედროვე მედიცინის განვითარების წყალობით 100 წლის სიცოცხლის პერსპექტივა ილუზიად აღარ ჩანს, ამიტომ ჯერ კიდევ შესაძლებელია, ცხოვრების გზას სხვა მდინარება მისცე. ეს პერსონაჟიც გრძნობს რაღაცის შეცვლის აუცილებლობას, ამიტომ იწყებს „დაკარგული“ საკუთარი თავის ძიებას. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, ეგზისტენციალური კითხვები ეღობება, რომლებიც სამყაროსგან გაუცხოების განცდას უმძაფრებს. რომანის კითხვისას ბუნებრივად გაჩენილ ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგლის“ ასოციაციას ამძაფრებს ახალგაზრდა გოგონას გამოჩენა, რომელსაც უცნაური სახელი – ერმინა ჰქვია. „ტრამალის მგელში“ ჰარი ჰალერი ხვდება ჰერმინეს, მხიარულ ქალიშვილს, რომელიც ნამდვილ ცხოვრებას აზიარებს და ხელს უწყობს, რომ ჰალერი საკუთარ თავში შეურიგდეს მგელს – ბიოლოგიურ საწყისს, ხორციელ ლტოლვას და ამგვარად შინაგანი სიმშვიდის, ჰარმონიის შეგრძნება მოიპოვოს. ხორციელ თუ მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებული სურვილების უარყოფამ ის ბედნიერებამდე ვერ მიიყვანა, პირიქით, კულტურული ადამიანის გამუდმებულმა სინდისის ქენჯნამ, ბრძოლამ საკუთარ სხეულთან ისე გაანადგურა, რომ თვითმკვლელობის გადაწყვეტილებამდე მიიყვანა. თუმცა ჰერმინას გამოჩენამ ყველაფერი შეცვალა. რომანის ბოლოთქმაში ჰესე წერს: „ტრამალის მგელზე დაწერილი ეს წიგნი მის სულიერ სენსა და შინაგან ხელმოცარულობას აღწერს, მაგრამ ეს ის სატკივარია, რომელიც სიკვდილს კი არა, განკურნებას ელტვის“.

რომანის პერსონაჟი სწორედ ჰარი ჰალერის შთაგონებით რომ შეიქმნა, ავტორს არ დაუმალავს. ერთ ეპიზოდში მთხრობელი ამბობს: „მთელი დღე სამსახურში ვარ, ჩემი დეპრესიის ამბავი მშვენივრად მოვაგვარე. ფიქრის დროც კი არ მრჩება. მხოლოდ ლანჩის დროს, სიგარეტს რომ ვაბოლებ, ჩემი და ერინას ურთიერთობის დეტალებს ვიხსენებ. საშინლად დავბერდი. ჩემი სული უკიდეგანო ტრამალად გადაიქცა, სადაც მე მშიერი მგელივით აქეთ-იქით ვაწყდები. შესანიშნავი მწერალია ჰესე, საღამოობით მხოლოდ ჰესეს ვკითხულობ, მერე საძილე აბებს ვიღებ და მძინავს, ვიდრე მაღვიძარა დარეკავს“.

მაია ცირამუას რომანში ჰესესეული ფილოსოფიური წიაღსვლები თუ ღრმა ქვეტექსტურობა არ არის. ის უფრო მელოდრამატულია, რაც ტექსტს მსუბუქად წასაკითხს ხდის, თუმცა არის ფსიქოლოგიზმი, რომელიც მკითხველს პერსონაჟთა სულიერი უფსკრულებისკენ უკვალავს გზას. რომანის კითხვისას სემ მენდესის ფილმი „ამერიკული სილამაზეც“ გაგვახსენდა. აქაც იმავე პრობლემას ვხვდებით – საშუალო ასაკის მამაკაცი ხსნას შვილის მეგობრის სიყვარულში პოულობს. ეს გატაცება საკუთარ თავს, ცხოვრებასა და სამყაროსაც განსხვავებულად, ფერადოვნად დაანახვებს და მის ერთგვარ კათარზისს იწვევს.

მაია ცირამუას რომანის მთავარი პერსონაჟის ძიების გზაზე მნიშვნელოვანია მუსიკაც, ისევე როგორც ჰარი ჰალერისთვის. ჰარისაც მხოლოდ კლასიკა უყვარდა და ჯაზი ეუცხოებოდა, თუმცა მერე ჩასწვდა ამ ახალი ჟანრის რიტმულ მრავალფეროვნებას, მიმზიდველობის საიდუმლოსა და ენერგეტიკას. სათაურში ნახსენები ძია გერშვინიც არ არის მხოლოდ მთავარი გმირის ერთგვარი მეტსახელი. ჯორჯ გერშვინის „პორგი და ბესის“ ცნობილი მელოდიები რომანის ეპიზოდების მუსიკალური ფონივითაა. მთხრობელს ერინა შეარქმევს ძია გერშვინს, რადგან მასაც უყვარს გერშვინის დაუვიწყარი მელოდიები. ეს მუსიკა მათი ფარული დამაკავშირებელი ხდება. ერინასთან ერთად გადასხვაფერდება დღეები. ერთ ეპიზოდში, როდესაც ერინა მღერის, მთავარ გმირს ასეთი განცდები ეუფლება: „ერინას უნაზესი, უდახვეწილესი, თითქოს მქრქალი მელოდია ისე ავსებს ჩემს სხეულს, გეგონება, სადაცაა ჰელიუმით დატენილ საჰაერო ბუშტად უნდა გადავიქცეო. თან გული რომ გისკდება, უცებ არ შეწყდეს ეს კეთილშობილი აირი და შენც არ დაიჩუტო, მიწაზე არ მოადინო საცოდავად ზღართანი. ეს ოხერი ტექსტი რამდენიმე უაზრო ბგერაა სულ, მაგრამ იმხელა ვნებას იტევს, თანაც შიშთან შერეულს. რიტმია რაღაც სიგიჟე, არსად და არაფერში არაა ასეთი რიტმი, ალბათ, მარტო იქ, სადაც დღე ღამეში გადადის ან ღამე დღეში“.

ერინა შინაგანად შემოქმედია, ჯაზური სტილის კომპოზიციასაც წერს და, რაც მთავარია, ამ კაცისგან ახალ ადამიანს გამოძერწავს, ოღონდ ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. მისი ჩანაწერების კითხვისას პერსონაჟიცა და მკითხველიც შეიგრძნობენ, რა უსამართლოდ მოექცნენ ცხოვრება და ადამიანები გოგონას, მაგრამ მასში პოეტური სული მაინც ვერ ჩაკლეს.

რომანი წვიმიანი დღის სურათით იწყება. ნაცრისფერი ცა თითქოს მთხრობელს გარედან შიგნით, საკუთარ თავში შეიტყუებს და წარსულის მოგონებებში გაახვევს. პერსონაჟისთვისაც და მკითხველისთვისაც ეს ბავშვობის მოგონებები უნდა იქცეს იმის გასაღებად, რას წარმოადგენს როგორც პიროვნება, რა ღირებულებები აქვს, რამდენად თავისუფალი და ბედნიერია. თავიდან გარკვევით არც კი ჩანს, მთხრობელი კაცია თუ ქალი, უფრო ქალიც კი შეიძლება ეგონოს მკითხველს, რადგან ძალიან პოეტური და რომანტიკულია როგორც გარემოს მისეული აღქმა, ასევე გამოთქმის ტექნიკა, პლასტიკითა და სინაზით აღბეჭდილი: „ჩაბნელებული კიბით სახლის მეორე სართულზე ავდიოდით დასაძინებლად. ჩაბნელებული საფეხურების ავლას თან კიბის ქვეშ შეყუჟული წითელთვალება კაციჭამიების, მწვანე წინსაფრიანი და ცალკბილა დედაბრების, ფეხებით დაკიდებული ღამურების შიში და იდუმალება ახლდა. სულ სხვა იყო მეორე სართული. ხის პრიალა იატაკი. წიგნებით სავსე თაროები. მამიდაჩემის ხელით მოქარგული გადასაფარებლები – ვარდისფერი წეროებით, იასამნისფერი ფარდები და აქაც სუნი. რაღაცნაირი არასოფლური, შეიძლება არაამქვეყნიურიც“.

ეს ფერი და სურნელი, ნაირგვარი გრადაციით, მთელ რომანს შლეიფივით დაჰყვება და რომანტიკულობის განცდას ამძაფრებს. ყოველივეს რაღაცნაირი საიდუმლოს ნიშნით აღბეჭდავს, მკითხველს აჯერებს, რომ საგნები და მოვლენები, რომლებსაც ადამიანი აღიქვამს, ვერ ასახავენ და მოიცავენ სამყაროს, რომ საჭიროა სულის თვალის ახელა – მხოლოდ მაშინ შეიგრძნობ უამრავ სხვა განზომილებასაც, რომელთა საშუალებითაც მატერიალურ ყოფაში მძლავრად შემოიჭრება მისტიკური, ირაციონალური, მეტაფიზიკური.

მთხრობელი, როგორც აღვნიშნეთ, კაცია, რომელიც ცოლს გაშორდა და ახლა საკუთარ თავთან განმარტოებული პასუხებს დაეძებს როგორც მარტივ, ცხოვრებისეულ, ისე რთულ, ყოფიერების განმსაზღვრელ კითხვებზე. მისი ერთადერთი ქალიშვილი სტუდენტია და თბილისში ცხოვრობს, ასე რომ, ხელს არავინ უშლის, რათა საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგი გამართოს. ასეც იქცევა. დრო დამდგარა, რომ „რაღაც ლოგიკა და წესრიგი“ იპოვოს ცხოვრებაში. არადა, თითქოს სწორედ წესრიგი იყო ის, რამაც ცოლი შეაძულა. ქალს მანიაკური მიდრეკილება აღმოაჩნდა წესრიგისაკენ. ყოველ ნივთს ადგილს, ფერს უხამებდა: „მისი რიტმი მელოდიური და თან მონოტონური იყო. არცერთი ამოვარდნა ტაქტიდან!.. ჩემს პიანინოზე შემოდებულ მეტრონომს მაგონებდა“. მისმა ხელოვნურობამ, მოჩვენებითობამ, სიყალბემ გულისრევის გრძნობა გაუჩინა.

მთხრობელი ხვდება, რომ ოჯახურმა რუტინამ მასში თავისუფლება ჩაახშო, რასაც ახლა ცერემონიულ უწესრიგობაში ავლენდა, თუმცა ეს არ იყო საკმარისი; რაღაც სჭირდებოდა იმისთვის, რომ დაჭაობებული ცხოვრება ამოძრავებულიყო. რა შეიძლება ქცეულიყო კაცისთვის ამგვარ ბიძგად? ლიტერატურაში ეს ხშირად არის სიყვარული. ამ შემთხვევაშიც ასეა. კაცს თავისი ქალიშვილის მეგობარი, 20 წლის სტუდენტი შეუყვარდება. რომანში დიდი ადგილი ეთმობა ამ ურთიერთობის პერიპეტიებს. ალაგ-ალაგ, რა თქმა უნდა, ნაბოკოვის „ლოლიტაც“ გაგახსენდებათ, თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ერინა უფრო ჰესესეულ ჰერმინეს მოგაგონებთ. რომანის სწორხაზობრივ, ჰორიზონტალურ თხრობას აქვს ვერტიკალური ჩაღრმავებები, საიდანაც წარსულის ფერადოვანი სურათები შემოიჭრება. ისინი აღწერენ კაცის ბავშვობას, მამიდაშვილ ანასტასიასთან ურთიერთობას, მამიდისა და ბიძის ოჯახს. ეს ვიზუალური ხატები ავლენენ მწერლის სტილურ თავისებურებას, სიტყვებით გამოხატული ფერით, მუსიკითა და სურნელით დასამახსოვრებელი გახადოს რეალური თუ სულიერი პეიზაჟები.

რომანის საინტერესო დრამატურგია ხელს უწყობს მკითხველის ცნობისმოყვარეობის დაძაბვას, ე.წ. მოლოდინის ჰორიზონტების გაჩენას. ამიტომაც არ არის მოწყენილობის პაუზები. თხრობის თანმხლები ფარული რიტმისა და ენერგეტიკის წყალობით რომანი თავს გაკითხებს. მწერალი ერმინასა და კაცს სრულიად შემთხვევით ახვედრებს კაფეში, სადაც მთხრობლის ქალიშვილი მეგობრებთან ერთად იხდის დაბადების დღეს. კაცი ამ უჩვეულო სიტუაციაში თავიდან უცხოდ, მარტოსულად გრძნობს თავს. მწერალი აღწერს მის კონსერვატორულ შეგრძნებებს, როგორ არ მოსწონს არც რეპი, არც ახალგაზრდების ცეკვა, არც სიმღერის სიტყვები, თუმცა სასმელს თავისი გააქვს და წარსულის სასიამოვნო მოგონებების თანხლებით ისიც იძირება თრობის ბურუსში. სწორედ ამ დროს უცხო გოგონა აღვიძებს: „ძია, დაგეძინა?“

რომანის საერთო კონტექსტში ეს ძილი, მერე კი თვალის ახელა და გამოღვიძება სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. კაცი თანდათან გააცნობიერებს, რომ მისი ცხოვრება აქამდე ძილს ჰგავდა, დროდადრო ლამაზსიზმრებიანს. ახლა კი ერმინამ გამოაღვიძა და ნამდვილი სიცოცხლისკენ გაუძღვა. ამ ხუჭუჭთმიანმა, სიფრიფანა, ბოშური წარმოშობის, ტრაგიკული ბავშვობის ტრავმებით სავსე ობოლმა გოგომ ნამდვილი თავისუფლებისა და ბედნიერების გემო აგრძნობინა, რეპიც შეაყვარა და სიცოცხლის უამრავ უცნობ მხარეში ამოგზაურა: „რეპი მაკრატელია, რომლითაც ვახერხებ საკუთარი თავის ამოჭრას ამ მოსაწყენი ცხოვრების ფონიდან“.

ერთ ეპიზოდში ერინა, რომელიც ფოტოგრაფიითაა გატაცებული, შიშვლად გადაღებას სთხოვს. ეს მოულოდნელი შეთავაზება მისთვის შოკის მომგვრელია, თავდაპირველად სირცხვილის გრძნობა აფერხებს, მაგრამ მერე ხვდება, საკუთარ თავს რომ შეხვდეს, სრული გულწრფელობა, ბავშვური მიამიტობა და სისუფთავე რომ დაიბრუნოს ამ „ჭუჭყიან“ წუთისოფელში, სწორედ ეს სჭირდება. ეს სიშიშვლე საკუთარი სხეულის ზიზღს, სიძულვილს, სირცხვილს დააძლევინებს. ისევ ჰარი ჰალერი გვახსენდება, რომლისთვისაც „მაგიური თეატრი“ სწორედ ამგვარი გაშიშვლების ადგილად იქცა, სადაც თავის ნიღბიან ვნებებს შეხვდა და სიცოცხლის აზრს ჩასწვდა. ეს სიყვარული გადაარჩენს მას როგორც ადამიანს. მართალია, ერინა, როგორც სიყვარულშიც თავისუფალი, სხვას ირჩევს, თავისსავე თანატოლს, მაგრამ მათი გზები სამარადისოდ გადაეჯაჭვება ერთმანეთს. რომანის პერიპეტიების მიხედვით, ერინას შეყვარებული ამერიკაში მიდის, ხოლო ფეხმძიმე ქალიშვილს ბიჭის მშობლები შეურაცხყოფას მიაყენებენ და კულტურულად გააგდებენ სახლიდან, როგორც მათხოვარს. ერინამ შეასრულა თავისი „როლი“, ამიტომაც გადაჰყვება მშობიარობას, მაგრამ მისი გოგონა გადარჩება, რომელიც კაცს მიჰყავს გასაზრდელად.

რომანში კარგად წარმოჩნდება მოზარდების ფსიქოლოგია, ე.წ. გარდატეხის ასაკის, ფიზიოლოგიური მომწიფების, საკუთარ სხეულთან ჭიდილის მტკივნეული პროცესი. აქ მკითხველს ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ შეიძლება გაახსენდეს, რადგან აქაც ფსიქოლოგიური ნიუანსებია მოხელთებული.

თხრობა მსუბუქია, ექსპრესიული, გვხვდება ირონია, ანეკდოტური ამბები, მაგალითად, სამტრედიული კილოთი მოლაპარაკე შავკანიანი ამერიკელი, განსხვავებული რაკურსით დანახული მოვლენები, მაგალითად, მთავარ გმირს არ მოსწონს იტალიური ოჯახის „კოლექტივიზმი“, თითქოს პიროვნულობის საარსებო სივრცე ვიწროვდება და ილახება: „საერთო აივნები, სამზარეულოები და ტუალეტები… ასეთი ცხოვრება იმდენად აუკუღმართებს ადამიანების ბუნებას, რომ ხშირად საზღვარსაც ვერ პოულობენ, სად არის მათი სახლის ზღურბლი და სად – სხვისი ცხოვრება; ან აქვთ კი პრეტენზია, საკუთარი ცხოვრება ჰქონდეთ?! ცის, მთვარისა და ვარსკვლავების გარდა ადამიანებს საერთო არც არაფერი უნდა ჰქონდეთ“.

რომანში ჩანს, რა საშიშროებას უქადის ადამიანს სტანდარტული, სტერეოტიპული აზროვნება, რომელსაც განსაკუთრებით მასმედია ამკვიდრებს, „ტვინს ურეცხავს“ უკონტროლო ინფორმაციის ნაკადების შემქმნელ-მიმწოდებლებსა თუ მომხმარებლებს: „გულწრფელად მეცოდებიან ადამიანები, რომელთა ტვინებს ისე საგულდაგულოდ ამუშავებენ, რომ ხშირად საკუთარი და სხვისი აზრების გარჩევასაც ვერ ახერხებენ. ავტომატებივით არიან. გადატენიან – გაისვრიან. გადატენიან – გაისვრიან. ტრანზიტი! დიახ! რაღაც მეტაფიზიკური მილებით მათ ტვინებში შეედინება და გამოედინება ინფორმაცია და ისინიც სრულიად გაუცნობიერებლად ქმნიან ახალ ხატს, იმიჯს, გმირებს, ზუსტად ისე, როგორც მოისურვა „მაგიურმა პერსონამ“. შენ ზიხარ და ისმენ, ეს გადარეულები კი ტვინს გირეცხავენ. მეორე დღეს სრულიად ძალდაუტანებლად შენც მოგწონს ეს ყველაფერი. ფიქრობ, უფრო სწორად, გგონია, რომ ფიქრობ! შეიძლება პირიქით, სულ პირიქით მოხდეს – გაავდე და დაიბოღმო. მოკლედ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორია ეს „მეტაფიზიკური“ პროგრამა“. ამიტომ თავისუფალი უნდა იყოს ადამიანი, რათა შეძლოს ამ არეულ-დარეულ, გიჟურ სამყაროში „ფიქრთ გასართველი“ ადგილი იპოვოს გარეთ თუ საკუთარ სულში, გულში ან გონებაში.

ჯორჯ გერშვინის პოპულარული იავნანის – „Sommertime“-ის მელოდია და სიტყვები: „Summertime, and the livin’ is easy“ – განსაკუთრებით რომანის ფინალურ ეპიზოდს შეეფერება. აქ გმირს გარდაცვლილი ერინას გოგონა მოჰყავს მოწნული კალათით, მასაც ერინა დაარქვა და იშვილა. ახლა ყველაზე უკეთესად შეიგრძნო: „სიზმარიც და სიყვარულიც ყველაზე ლამაზი აბსურდია ქვეყნად“. რომანის ბოლო აკორდები რწმენასა და სიყვარულს ასხივებს. კაცი ბავშვის მშვიდი სუნთქვის ფონზე ღიღინებს მამიდის სკივრში ნაპოვნი შელოცვის უთბილეს და უტკბილეს სიტყვებს:

„ალია – ბოლია, ჩემო ცომის გუნდავ!

გეხები ხელებით, ჩემი თბილი ხელებით.

შეგაზელ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს.

ალია-ბოლია, ჩემო ცომის გუნდავ,

გეხები ხელებით, სუფთა ხელებით,

შეგაზელ რძეს, თბილ-თბილ რძეს,

ჩემით მოწველილს, მწვანე ბალახის სურნელით…

ალია-ბოლია, როცა აღარ ვიქნები, მიეცი ჩემს შვილს:

ყოველი დღე, ყოველი სუნთქვა,

ყოველი სიცილი, მზის ყოველი ამოსვლა-ჩასვლა,

ყოველი მარტის გაწვიმება, ყოველი თოვლის ხეებზე გადაფენა,

ყოველი მერცხლების გადაფრენა, ყოველი სიკეთე და

ყოველი სიყვარული:

რაც მე დამაკლდა

რაც მე დამაკლდა

რაც მე დამაკლდა!“

ეს რომანის ბოლო აკორდებია და მკითხველს იდუმალ მოგონებად გაჰყვება სევდის, რწმენის, სიყვარულისა და იმედის მსუბუქი, გრილი სურნელი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...