ხუთშაბათი, მაისი 29, 2025
29 მაისი, ხუთშაბათი, 2025

ბავშვი და ოჯახური კონფლიქტები

0

 

ვფიქრობ, ვერავინ უარყოფს იმ ფაქტს, რომ კონფლიქტებს ნებისმიერ ოჯახში აქვს ადგილი და ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა. აზრი იმის შესახებ, რომ ბედნიერ ოჯახში უთანხმოებას და აზრთა სხვადასხვაობას ადგილი არა აქვს – მცდარია. გამომდინარე იქიდან, რომ ოჯახის წევრები შეიძლება განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან თავისი ინტერესებით, შეხედულებებით, ინდივიდუალური თავისებურებებით, მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა, კამათი, შეხლა-შემოხლა, დაპირისპირება, შეიძლება ითქვას – გარდაუვალია. უფრო მეტიც, კამათის სწორად წარმართვის საშუალებით ადამიანები ხშირად არკვევენ გაუგებრობებს ურთიერთობებში და ოჯახურ პრობლემებსაც კი წყვეტენ. თუ ურთიერთობების გარკვევა არ მოიცავს ერთმანეთზე „თავდასხმებს“, შეურაცხყოფას, ადამიანის ღირსების შემლახავი სიტყვების და ფრაზების გამოყენებას საუბრის დროს და ორი მოკონფლიქტე მხარიდან ერთი მაინც მოახერხებს კონფლიქტური სიტუაციის ეფექტიან მართვას, სრულიად შესაძლებელი იქნება პრობლემის კონსტრუქციული გადაჭრა, ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნა, ერთმანეთის მხარდაჭერა და ასევე შიდაოჯახური დამოკიდებულებების სტაბილიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში დაპირისპირებამ შეიძლება საშიში სახე მიიღოს და  ახალი პრობლემების აღმოცენების მიზეზიც კი გახდეს.

სამწუხაროდ, ოჯახის შიგნით გართულებულ და უმართავ კონფლიქტურ სიტუაციებში ყველაზე მეტად ბავშვები ზარალდებიან. მშვიდობიანი გარემო სახლში, ოჯახში ბავშვებისთვის ბედნიერების სინონიმია. ამის საპირისპიროდ, ოჯახური ჩხუბი მათთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მოვლენაა. სულ პატარა ბავშვებიც კი  გრძნობენ, ხვდებიან „საფრთხის მოახლოებას“, როცა ოჯახში ვითარება იძაბება და მტკივნეულად რეაგირებენ ასეთ ცვლილებებზე. ბავშვის ქცევა ოჯახში მიმდინარე კონფლიქტების დროს ბევრად არის დამოკიდებული მის ასაკზე, ტემპერამენტზე, თვითშეფასებაზე, სტრესგამძლეობაზე, აქტიურობასა და კომუნიკაბელურობაზე.

ოჯახურ კონფლიქტებში ბავშვთა ქცევის ძირითადი მოდელები:

  • სკოლამდელი პერიოდის ბავშვები, მშობლებს შორის კონფლიქტის შემთხვევაში ცდილობენ „დაიმალონ“, რომ არ გაიგონ ყვირილის ხმა – გარბიან სხვა ოთახში, კეტავენ კარს, ხუჭავენ თვალებს, ყურებზე ხელებს იფარებენ, ცდილობენ გაექცნენ არასასიამოვნო სცენებს მათთვის უმარტივესი გზით – „ვერაფერს ვხედავ, არაფერი მესმის“;
  • ასაკის მატებასთან ერთად ბავშვები არ წყვეტენ მგრძნობიარე რეაგირებას მშობლების ურთიერთობების ცვლილებებზე, მაგრამ ამჯერად ისინი კი არ გარბიან, არამედ იწყებენ „ჩარევას“ კონფლიქტში და ხშირად მღელვარებით, აკანკალებული ხმით ეკითხებიან უფროსებს: „ჩემ გამო ჩხუბობთ“? იმის გამო, რომ ვერ იგებენ რატომ არ შეუძლიათ უფროსებს მშვიდობიანი თანაცხოვრება, ბავშვები ავტომატურად საკუთარ თავს ადანაშაულებენ ოჯახურ უსიამოვნებებში;
  • ბავშვების გარკვეული ნაწილი გაუცნობიერებლად ან საკმაოდ გააზრებულად ცდილობს მშობლების „შერიგებას“ და მათ შორის კონფლიქტის მოგვარებას. ყველა ის გრძნობა და ემოცია, რომელსაც ეს ბავშვები განიცდიან, ადრე თუ გვიან, მათ ავადმყოფობაში პოვებს ასახვას. თავისთავად ეს ავადმყოფობა პირობითად „სასურველიც“ კი ხდება, რადგან ის კონფლიქტში მყოფი უფროსების ყურადღებას სხვა მიმართულებით გადართავს და ავიწყებს მათ შორის არსებულ დაძაბულობას. ძალიან ხშირად ასეთ ბავშვებს უვითარდებათ სერიოზული დაავადებები – ბრონქიალური ასთმა, ეგზემა; ასევე ხშირია ნევროლოგიური სახის დარღვევები: მოუსვენარი ძილი და სირთულეები ჩაძინებისას, ღამის კოშმარები, ენურეზი, ენაბლუობა, ნერვული ტიკები. თუ ბავშვი ხშირად ავადმყოფობს, ან ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დარღვევები უფიქსირდება, გავაანალიზოთ ოჯახში არსებული სიტუაცია. შესაძლოა ბავშვის ჯანმრთელობასთან და ავადმყოფობასთან დაკავშირებული მიზეზები ოჯახურ კონფლიქტებში და ხშირ ჩხუბში ვიპოვოთ. ასეთ შემთხვევაში საჭირო იქნება ბავშვის გარშემო მშვიდი გარემოს შექმნა მისი ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად;
  • ზოგიერთი ბავშვი მშობლებს შორის ჩხუბის დროს უფრო „სუსტი“ და „დაჩაგრული“ მშობლის მხარეს იკავებს. ასეთი ბავშვი ცდილობს დაიცვას „დაჩაგრული“ მშობელი ოჯახურ კონფლიქტებში და ამას მის მხარეზე გადასვლით და მეორე მშობლის სრული ბლოკირებით ცდილობს. თუ ოჯახი ხშირად იმყოფება კონფლიქტურ მდგომარეობაში და ასეთი ქცევა ტიპურია ამ ოჯახში მყოფი ბავშვისთვის, მომავალში ეს გახდება მისთვის მუდმივი წარუმატებლობის მიზეზი პირად ცხოვრებაში;
  • მშობლებს შორის ურთიერთობის გამწვავების დროს ზოგიერთი ბავშვი იკეტება საკუთარ თავში, იკავებს ნეიტრალურ პოზიციას, ცდილობს არ მიიღოს მონაწილეობა ოჯახურ კონფლიქტებში. ის შეიძლება შინაგანად ძალიან განიცდიდეს საკუთარ უუნარობას „კონფლიქტების მოგვარებაში“, მაგრამ გარეგნულად არ გამოამჟღავნოს ემოციები, დაშორდეს ახლობელ ადამიანებს, დისტანცია დაიკავოს ოჯახთან, ჩაიკეტოს საკუთარ თავში, განმარტოვდეს და არავინ ჩაახედოს საკუთარ შინაგან სამყაროში. ასეთ მოზარდს ძალიან გაუჭირდება ადაპტირება თანატოლთა ნებისმიერ ჯგუფთან, შემდეგ კი უფრო ფართო საზოგადოებაში ექნება ანალოგიური პრობლემა. მომავალში მისი მუდმივი თანამგზავრი იქნება დეპრესია, ემოციური არამდგრადობა, შფოთიანობა, შიდაპიროვნული კონფლიქტები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა, შიშები, დაქვეითებული თვითშეფასება. გარდატეხის ასაკში ასეთი ბავშვები ხდებიან უემოციო და ჩაკეტილები. ისინი ხშირად სიმშვიდეს პოულობენ იმაში, რაც აკრძალულია – სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლური სასმლის მიღება, ნარკოტიკების გაკეთება, სახლიდან წასვლა და ა.შ.

ბევრი ფიქრობს, რომ ბავშვზე ნეგატიურ გავლენას მხოლოდ ღია კონფლიქტები ახდებს, ის კონფლიქტები, რომლებიც ოჯახში მისი თანდასწრებით მიმდინარეობს, რომელთა მოწმეც თავად ხდება. მაგრამ, ფარული, გადაუწყვეტელი კონფლიქტების არსებობა ასევე აყენებს ზიანს ბავშვის ფსიქიკას. ფარული დაძაბულობა, რომელსაც გარეგნული კამათის და ჩხუბის სახე არა აქვს, მოჩვენებითი თავაზიანობა, როდესაც მშობლები ღიად ბრალს არ სდებენ, არ ადანაშაულებენ ერთმანეთს, მაგრამ ოჯახში მეფობს გაუცხოება, მტრობა და სიცივე ურთიერთობებში, ბევრად უფრო გამანადგურებელია ბავშვის ფსიქიკისთვის, ვიდრე ღია სკანდალები. ასეთ „ცივ ომს“ შეუძლია თანდათან გაანადგუროს ბავშვის ფსიქიკა, წარმოშვას ახალ-ახალი პრობლემები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ბუნებრივად ჩნდება კითხვა – შესაძლებელია თუ არა ოჯახური კონფლიქტების მოგვარება მათ ქრონიკულ მდგომარეობამდე მიყვანის გარეშე და, თუ კონფლიქტი წარმოიშვა, რა ზომები უნდა იქნეს მიღებული ოჯახის წევრებზე და განსაკუთრებით ბავშვებზე მისი ფსიქომატრავმირებელი ზემოქმედების გასანეიტრალებლად.

     რეკომენდაციები ბავშვებზე ოჯახური კონფლიქტების ნეგატიური ზეგავლენის შესასუსტებლად:

  • გავითვალისწინოთ, რომ მხოლოდ გრძნობებით ოჯახის შენარჩუნება ადვილი არ არის. აუცილებელია მეუღლეებს შორის კონსტრუქციული დიალოგი და კომპრომისზე დროულად წასვლა;
  • მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობების გამიჯვნა და ოჯახის წევრების შეთანხმება თავისი წილი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე ასაღებად;
  • მოვერიდოთ პირველობისთვის ბრძოლას. იქ, სადაც ლიდერობისთვის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს, სკანდალები გარდაუვალია. სხვადასხვა საკითხის, პრობლემის ერთობლივად გადაწყვეტა ურთიერთობებში გართულებების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობა იქნება;
  • პატივი ვცეთ ერთმანეთის ღირებულებებს, ფასეულობებს, პოზიციებს, ნუ შეგვაშინებს მეორე ადამიანის, თუნდაც ჩვენი აზრისგან სრულიად განსხვავებული აზრის აღიარება. გავითვალისწინოთ, რომ აღიარება არ ნიშნავს დათანხმებას;
  • ჩხუბი, კამათი, რომელიც იწყება ბავშვების თანდასწრებით, უნდა დასრულდეს დადებითად, რათა პატარებმა დაინახონ, რომ მშობლები შერიგდნენ და მათ საფრთხე აღარ ემუქრებათ. ბავშვს მუდმივად უნდა შევუნარჩუნოთ დაცულობის შეგრძნება;
  • აუცილებელია, რომ უფროსებს შორის ურთიერთობების გარკვევა ბავშვის თანდასწრებით არ მიმდინარეობდეს, მაგრამ, თუ ბავშვი მშობლებს შორის ჩხუბის და უსიამოვნო საუბრების უნებლიე მოწმე გახდება, შევეცადოთ მეტად გავაკონტროლოთ ჩვენი ემოციები, ქცევა,  ჩვენ მიერ წარმოთქმული თითოეული ფრაზა. რა თქმა უნდა ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ბავშვები ყველაფერს პირდაპირ და სიტყვასიტყვით აღიქვამენ. ისინი იმახსოვრებენ, რომ დედამ მამას უწოდა „უგრძნობი“, „უხეში“. ამან კი შეიძლება გავლენა მოახდინოს მშობლისა და ბავშვის დამოკიდებულებაზე, გააღვიძოს მასში „დაჩაგრულის დაცვის“ და „დამნაშავის წინააღმდეგ აჯანყების“ სურვილი მაშინაც კი, თუ ეს „დამნაშავე“ მისთვის საყვარელი ადამიანია.

     მართალია ბედნიერ ოჯახებშიც კი დგება რთული მომენტები, როდესაც დაგროვილი ემოციები ჩხუბში პოვებს გამოსავალს, მაგრამ იმისათვის, რომ კონფლიქტები არ გახდეს მტანჯველი განცდების და ფსიქოლოგიური ტრავმების მიზეზი ბავშვებში, უფროსებმა მეტი ყურადღება უნდა გამოვავლინოთ იმის მიმართ, თუ რას გრძნობენ ბავშვები, როცა მათი მშობლები უყვირიან ერთმანეთს.

გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის მშობელი არც მხოლოდ დედაა და არც მხოლოდ მამა. მისთვის ორივე ძვირფასი და საყვარელია. მშობელი ბავშვისთვის ორი ადამიანის ერთიანობაა  და, როდესაც ერთიანობა ირღვევა ერთმანეთთან ჩხუბით და ერთმანეთის მიმართ უპატივცემულობით, ბავშვისთვის ეს გამანადგურებელია. მშობლებს შორის კონფლიქტებს ის სამყაროს ნამდვილ განადგურებად და აღსასრულად აღიქვამს.

ბავშვებისთვის მოჩხუბარი მშობლების ურთიერთობა ხშირად გაუგებარია – ხმამაღალი ტონით საუბარი, ერთმანეთზე თავდასხმები ბრალდებებით, ერთმანეთის უპატივცემულობა, გამოხატვის ფორმებზე დაუფიქრებლობა. ხშირად ბავშვებს არ ესმით რა ხდება და თუ არავინ აუხსნის მათ სიტუაციას, უთქმელობა და გაურკვევლობა გადაიზრდება შინაგან შიშში. ბავშვები დაიწყებენ ფიქრს ყველაზე უარეს სცენარზე – მშობლები გაშორდებიან, დედა ან მამა დატოვებს ოჯახს, წავა სახლიდან, მათ კი მოუწევთ არჩევა ვისთან იცხოვრონ. ასეთ სიტუაციაში ბავშვები ოჯახში უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ თავს. ამიტომ, მნიშვნელოვანია დავამშვიდოთ ისინი, გასაგები ენით და მარტივი სიტყვებით ავუხსნათ, თუ რა მოხდა ჩვენ შორის, რატომ ვიჩხუბეთ. ამასთან, გამოვხატოთ ჩვენი წუხილი იმის გამო, რომ ისინი ამის მოწმე გახდნენ. ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში და პატიება ვთხოვოთ ბავშვს მომხდარის გამო, განსაკუთრებით საჭიროა ეს იმ შემთხვევაში, თუ ის ყვირილის და ჩხუბის მოწმე გახდა.

გვახსოვდეს, რომ ბავშვთან დაკავშირებული ძალიან ბევრი, როგორც ქცევითი, ისე სასწავლო პრობლემა ოჯახში მშობლებს შორის მოუგვარებელ და დაძაბულ ურთიერთობებს უკავშირდება. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ არ არსებობს გადაუწყვეტელი პრობლემა, ნებისმიერი კონფლიქტის მოგვარება შეიძლება სურვილის შემთხვევაში. და, თუ ბავშვი დაინახავს, რომ მშობლები ამას ახერხებენ, თავადაც გაუადვილდება მომავალში პრობლემებისათვის თავის გართმევა, რაც, თავის მხრივ, ბავშვთან დაკავშირებულ ძალიან ბევრ სირთულეს აგვაცილებს.

რას ჰყვებიან საბავშვო წიგნები ცუდი მმართველების შესახებ

0

 

“ჩემო ძვირფასებო! ჩემო უთავბოლო, ხმაურიანო, უგუნურო ქვეშევრდომებო! ყველამ  ის მიიღეთ, რაც თქვენი შესაფერისია, მეტს თქვენ არ იმსახურებთ!” – ასე  მიმართავს ტუვე იანსონის წიგნის, “მამა მუმინის მემუარების” გმირი, თვითმპყრობელი თავის ხალხს, რომელზეც დიდი წარმოდგენის მქონე არ არის.  თვითმპყრობელი სახალხო ზეიმებს თავის დაბადების დღეებზე აწყობს ხოლმე და თუკი მის ტერიტორიაზე ვინმე გამომგონებელი გამოჩნდება, ცდილობს თავის სამსახურში ჩააყენოს – რამე ისეთი გააკეთებინოს, რაც მის ხალხს არ უნახავს, რამაც შეიძლება ეს უგუნური და უიღბლო ხალხი, როგორც თვითონ ეძახის, აღაფრთოვანოს. ასე აღმოჩნდება მამა მუმინის მეგობარი ფრედრიქსონი თვითმპყრობლის სამსახურში – მან უნდა გააკეთოს გემი, რომელიც წყალზეც ივლის, მიწაზეც და ჰაერში ფრენაც შეეძლება. მამა მუმინი კი, რომელიც თავს თავგადასავლების მაძიებლად მიიჩნევს, ხვდება, რომ მეგობარი ხელიდან გამოეცალა. მეფის სამსახურში ჩამდგარ ფრედრიქსონს თავგადასავლებისთვის აღარ ცალია.

“დაფიქრდით! სხედხართ თქვენ-თქვენს სოროებში, ყნოსავთ თუთუნს, რაღაცას ხრავთ, რაღაცაში იქექებით, უსაქმოდ ფაციფუცობთ და სისულელეებს ჩმახავთ. ჩვენ კიდევ თქვენგან მაინც დიდი საქმეების კეთებას ველით. ჩვენო ბედკრულო, უიღბლო, საყვარელო ქვეშევრდომნო! ეცადეთ, ჩვენს ბორცვებს ცოტა სხივი და დიდება შემატოთ, მაგრამ თუ ეს არ შეგიძლიათ, ბოლოს და ბოლოს, ამ დღის გმირს “ვაშა!” მაინც შესძახეთ” – ესეც თვითმპყრობლის მიმართვაა მისი ხალხის მიმართ, როცა ფრედრიქსონი ისეთ გემს ააგებს, რომელიც მიწაზეც დადის, წყალშიც და ცაშიც დაფრინავს. თვითმპყრობელი ამ გემის აფრენისთვის რიგგარეშე სახალხო დღესასწაულს აწყობს.

 თვითმპყრობელი მუმინების ამბავში მნიშვნელოვანი პერსონაჟი არ არის, სულ რამდენიმე ეპიზოდში ჩანს.  ამ ეპიზოდებში ჩანს ისიც, როგორ განიცდის მთავარი გმირი, მამა მუმინი იმედგაცრუებას მისი ნახვისას – მას სურდა მეფე დიდებული, სხვებზე ჭკვიანი და ხალხზე მზრუნველი ყოფილიყო, მაგრამ მეფე, რომელიც მან გაიცნო, ასეთი არ აღმოჩნდა.

 

  • როგორები არიან მეფეები და მმართველები, რომელსაც ზღაპრებში, საბავშვო ამბებში ვხვდებით?
  • რა აქვთ მათ საერთო და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
  • რაზე დგას მეფეების ძალაუფლება – ტახტზე, რომელზეც სხედან თუ მორჩილი ხალხის სიმრავლეზე?
  • როდის ხვდება ხალხი, რომ აღარ მოსწონთ, როგორც მართავენ?
  • ვინ ახერხებს დაანახოს ცუდ მმართველს, რომ სწორ გზას არ ადგას?
  • ვის შეუძლია დაამარცხოს მეფე, რომელიც ხალხისთვის უბედურების მომტანია?

 

ეგეთ კითხვებზე პასუხების მოძებნით ვირთობთ ხოლმე თავს მე და ჩემი შვილები, როცა თვითმპყრობლის მსგავსი პერსონაჟები გვხვდება წიგნების კითხვისას. ეს თამაში და ცუდი მმართველების სიის შედგენა მაშინ დაივიწყეთ, როცა ჯელსომინო გავიცანით, ცრუთა ქვეყნიდან. ამ ქვეყნის კანონებით, ყველა ვალდებულია იცრუოს და ვაი მას, ვისაც სიმართლის თქმაზე წაასწრებენ, ტყავს გააძრობენ ჯარიმებით.

ჯელსომინო ჯანი როდარის პერსონაჟია. ცრუთა ქვეყნის ამბავი კი ასე იყო: ერთმა მეკობრემ, სასტიკმა და გაიძვერა ჯაკომონმა, სიბერის მოახლოება რომ იგრძნო, გადაწყვიტა მეკობრეობისთვის თავი დაენებებინა და რაიმე წყნარი საქმიანობისთვის მოეკიდა ხელი, მაგალითად რომელიმე კუნძული დაეპყრო და იქ სხვა მეკობრეებთან ერთად არხეინად ეცხოვრა. კუნძულები, რომელსაც დასაპყრობად არჩევდა, ეპატარავებოდა და ბოლოს ჯაკომონი ერთ სახელმწიფოს დაიპყრობს, სადაც იმდენი ბანკი, კინო და თეატრი იყო, რამდენსაც მოისურვებდი. ქვეყნის დაპყრობის შემდეგ ჯაკომონმა მეფე ჯაკომონ პირველი დაირქვა და ბრძანა, ლექსიკონის რეფორმა გაეტარებინათ მის საბრძანებელში იმისთვის, რომ ვეღარავის ვეღარასოდეს ვერ ეთქვა სიმართლე ყაჩაღსა და მეკობრეზე.

 

” – საჭიროა ყველა სიტყვის შეცვლა, – გასცა ბრძანება ჯაკომონმა. – მაგალითად, სიტყვა “მეკობრე” უნდა ნიშნავდეს პატიოსან კაცს. ჰოდა, როცა ვინმე იტყვის ჯაკომონი მეკობრეაო, ახალ ენაზე ამას ისე გაიგებენ, რომ მე პატიოსანი კაცი ვარ.

 – ვფიცავთ ყველა ვეშაპს, რაც კი გვინახავს, როცა ზღვაზე დავნავარდობდით, ბრწყინვალე აზრია! – ერთხმად დაეთანხმნენ მინისტრები. – თქვენი სიტყვები ოქროს ასოებით უნდა ჩაიწეროს”.

მეფე ჯელსომინომ ლექსიკონის რეფორმის გატარების შემდეგ გამოსცა კანონი, რომლითაც სიცრუე სავალდებულო გახდა და როგორც ავტორი ამბობს, ამის შემდეგ ყველაფერი აირია. მხოლოდ ფრინველები და თევზები დარჩნენ ბედნიერები ამ ქვეყანაში – ჩიტებს ჭიკჭიკისთვის ვერავინ იჭერდა, თევზებს პირში წყალი ჰქონდათ დაგუბებული. ამ ქვეყანაში ძაღლები კნაოდნენ და კატები ყეფდნენ, ნამდვილ ფულზე არავინ არ ვაჭრობდა და არც არაფერს არ ეძახდნენ ნამდვილ სახელს – თუკი ვინმე წესს არღვევდა, დილეგში აგდებდნენ. ამ ქვეყანაში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს, ვისაც აგიჟებს ძაღლების კნავილი, კატების ყეფა და ტყუილი ყოველი ფეხის ნაბიჯზე. ეს ხალხი ბოლოს ტყუილზე იმარჯვებს, ქვეყანას იბრუნებს, თუმცა ეს მარტივი ამბავი არ არის.

ლექსიკონის რეფორმა, როგორც მოვლენა, თავისთავადაც საინტერესოა და ენობრივ სავარჯიშოდ ან თამაშადაც გამოდგება. თუ ბავშვებს ამ [და სხვა] კითხვებს დაუსვამთ, საინტერესო მსჯელობა გამოგივათ.

 

  • რა ხდება მაშინ, როცა მოვლენებს იმ სახელს არ ვარქმევთ, რაც ეკუთვნის?
  • რატომ ვალამაზებთ ხოლმე რეალობას, როცა ის ლამაზი არ არის?
  • არსებობს ტყუილი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს გამართლება?
  • რისი გაყალბება შეიძლება მცდარი სახელდებებით: წარსულის, რეალობის, ჩვენი მოლოდინების, იმედების, სიყვარულების?
  • როგორია მმართველების ენა, რომლებსაც ჩვენ ვიცნობთ – როგორ მეტაფორებს იყენებენ, როგორ წინადადებებს აგებენ, როგორია მათი ტონი ხალხთან ლაპარაკისას?
  • არის ენა ბრძოლის იარაღი? შესაძლებელია “ლექსიკონის რეგორმით” რეალობის მოდელირება?
  • რა მეთოდებს იყენებენ მმართველები თავიანთი ავი საქმეების მისაჩქმალად?

ჯელსომინოს თავგადასავალი მუდმივმოქმედ დავალებადაც გამოდგება – იპოვო ახალ ამბებში ამბავი, სადაც სიმართლეზე მეტი სიცრუეა, სადაც აღსანიშნი აღმნიშნველს არ მიემართება. დააკვირდე გარშემომყოფების მეტყველებას, რამდენად ახერხებენ ისინი სიზუსტით აღწერონ მოვლენები, არ დაარღვიონ კავშირი აღსანიშნსა და აღმნიშვნელს შორის, არ შეცდნენ სახელდებებისას.

 

“ამქვეყნად, ისეთი რამეც არსებობს, რაც ადამიანმა მაინც უნდა გააკეთო, მიუხედავად იმისა, საშიშია თუ არა, თორემ ის ადამიანი კი არა, არარაობა იქნება” – ასე ამხნევებს ძმები ლომგულებიდან ერთ-ერთი მეორეს. ეს ასტრიდ ლინდგრენის ალბათ ყველაზე მეტად “პოლიტიკური” და თან “ქრისტიანული” წიგნია, სადაც ყველაზე სასტიკი და საძაგელი მმართველი, თენგილი შეგხვდებათ და პატარა ბიჭები, რომლებიც მოყვასისთვის თავს სწირავენ ყველგან, სადაც მოხვდებიან. იქ, სადაც თენგილია მთავარი, შიმშილი და შიში ბატონობს. თენგილი საშინელი ურჩხულის, კატლას ხელით და შიშით მართავს ხალხს, რომელთა ნაწილიც უკვე მიეჩვია მუდმივ თვალთვალში, შიშსა და უსამართლობაში ცხოვრებას.

როგორც ყველა კარგ საბავშვო წიგნში, ბოლოს ბოროტი, ანუ  თენგილი აქაც მარცხდება. მას თავისუფლებისმოყვარე, შეუდრეკელი ხალხი ამარცხებს, თუმცა ყველა ბრძოლას თან ახლავს დანაკარგები და ეს წიგნი იმაზე საუბარსაც ამარტივებს ბავშვებთან, როგორი რთულია თანამებრძოლების სიკვდილი, როგორი სასტიკია ომის კანონები და როგორი ბოროტი შეიძლება იყოს ადამიანი, თუკი თავის სიბოროტეს აყვება, თუკი ბოროტების იმპერიის მშენებლობისას სათანადო წინააღმდეგობას არ გაუწევენ, თუკი თავს გაუვა.

ლინდგრენის “ომის დღიურების” წინასიტყვაობაში წერია, ძმებ ლომგულებში აღწერილი ურჩხულები ასტრიდისთვის ფაშიზმისა და ბოლშევიზმის სიმბოლოებიაო და ალბათ ასეცაა. ამ ცოდნის გარეშეც, თენგილი და კატლა ისე კარგად დახატული ავი პერსონაჟებია, მათი დახმარებით ნებისმიერი ავტორიტეტული მმართველის შესახებ შეგვიძლია ბავშვებს მათთვის გასაგებად ავუხსნათ რა ხდება იქ, სადაც ძალაუფლებას ერთი ვინმე იგდებს ხელში, ხალხის თავის თავს ვეღარ ეკუთვნის. სადაც ოცნებებს და სიხარულს შიში და სასოწარკვეთა ანაცვლებს.

 

ემოცია და გრძნობა

0

 

(ვიკვლევთ გმირის „სულიერ-ემოციურ“ მდგომარეობას)

ერთი და იგივეა?

რას ნიშნავს ემოცია?

რას ნიშნავს გრძნობა?

როგორ ამოვიცნო ემოცია?

ჩვენ ხშირად ვმსჯელობთ გმირების სულიერ-ემოციურ მდგომარეობაზე, განწყობაზე, გრძნობებზე, მორალურ-ეთიკურ მხარეებზე, ღირებულებებზე. ახლა შევეცადოთ ჩავუღრმავდეთ ემოციისა და გრძნობების საკითხს. დავაკვირდეთ, რა ვიცით ემოციებსა და გრძნობებზე.

*ევოლუციურად ემოციას მიიჩნევენ გრძნობაზე ადრინდელ წარმონაქმნად. ადამიანების გარდა ემოციებს ავლენენ ცხოველებიც. გრძნობა აზროვნებასთან ერთად წარმოიქმნა და განვითარდა. ემოციები – მანამდელია.

*ემოცია წამიერად შეიძლება წარმოიშვას, მოიცვას ადამიანი, სწრაფადვე შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა, საპირისპირო ემოციით. გრძნობა მეტად ხანგრძლივადაა ფესვგადგმული, მეტად „მდგრადია“.

*ემოცია კონკრეტულ სიტუაციასაა მიბმული. ერთგვარი რეაქციაა გარე გამაღიზიანებელზე. ემოცია ზემოქმედებს, ცვლის ჰორმონალურ ფონს. ემოცია არის ენერგია. ფსიქიკური ენერგია. ფიზიკის კურსიდან გვახსოვს, რომ ენერგია არ შეიძლება არსაიდან შეიქმნას და არსად გაქრეს. მას შეუძლია იცვალოს ფორმები, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადინდეს. ემოცია, ეს ფსიქიკური ენერგია, გამოვლენისთანავე იძენს გარკვეულ ძალას და მიემართება რაიმესკენ.

*ემოცია ვლინდება გარეგნულად – მიმიკა, პოზა, ჟესტი, ინტონაცია. მხატვრულ ტექსტებში ავტორები სწორედ ამ მეთოდებს იყენებენ გმირის შინაგანი მდგომარეობის გამოსახატავად. ემოცია ხან ადვილად ამოსაცნობია, ხან – არა. ზოგჯერ მწერლები მკითხველის გამჭრიახობასა და გამოცდილებას მიანდობენ ხოლმე გმირის ემოციური მდგომარებოს ამოცნობას. ეს ყოველთვის საინტერსოა.

*გრძნობა რთული და კომპლექსური განცდაა. გრძნობისთვის დამახასიათებელია სუბიექტურობა, ინტენსივობა, სიმტკიცე/მდგრდადობა. მაგალითად, ადამიანის მიმართ შეიძლება გვქონდეს გრძნობა – გვიყვარდეს ის. სიყვარული სუბიექტური, მტკიცე, ინტენსიური განცდაა. ხანგრძლივი. ამავე ადამიანის მიმართ შეიძლება გაგვიჩნდეს წარმავალი ნეგატიური ემოციური განცდა – მისი რომელიმე ქცევის მიმართ გამოვხატოთ რისხვა, ზიზღი…

* „გრძნობის ერთ-ერთ თავისებურებას მისი დროში განფენილობა ანუ ხანიერობა წარმოადგენს“ – დიმიტრი უზნაძე, „ზოგადი ფსიქოლოგია“.

ფილოსოფიური ლექსიკონის თანახმად (1987წ.), „ემოცია ეწოდება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას, რომელიც გამოხატავს მის დამოკიდებულებას საკუთარ თავთან, სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროს მოვლენებთან“.

ენციკლოპედია ,,ბრიტანიკა”  ემოციას განიხილავს, როგორც ფსიქიკური და სხეულებრივი შეგრძნებების კომპლექსურ გამოცდილებას, რეაქციას, რომელიც აისახება პიროვნების ქცევაში.

მხატვრული ილუსტრაცია:

გურამ დოჩანაშვილი რომანში „სამოსელი პირველი“ ასე აღწერს ერთ-ერთი გმირის ემოციურ მდგომარეობას:

„სახეზე აიფარა ხელები. დაფიქრებულმა, თვალები მოიფშვნიტა, თავი ჩარგო, მიწას დააცქერდა, ფეხზე წამოდგა, გაიარ-გამოირა, ხიდან ფოთოლი მოწყვიტა და ზედ არც დაუხედავს, ისე გაწიწკნა…“

გასაგებია, რომ პერსონაჟი აღელვებულია, აფორიაქებული. მწერალი მოგვიანებით ხსნის მისი ამგვარი ემოციური მდგომარეობის მიზეზს, ამ კონკრეტულ ამონარიდში კი მას საოცრად დინამიკურად, თვალნათლივ, ხატოვნად აქვს აღწერილი გმირის ემოციური მდგომარეობა.

სიმონ დე ბოვუარის „სასოწარკვეთილ ქალში“ მკითხველი ხანშიშესული წყვილის ცხოვრებაში „იჭრება“. თხრობა პირველ პირშია. ცოლ-ქმარს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვარს. ქალი ფანჯრიდან იცქირება და სამსახურში მიმავალ ქმარს მზერით აცილებს: „ანდრეს თვალი გავაყოლე…როცა ვხედავ, როგორ მშორდება, საოცრად მძაფრად ვგრძნობ, რომ ჩემ გვერდითაა…მისი მაღალი სილუეტი თანდათან პატარავდებოდა, თითქოს, ნაბიჯებით ხატავდა გზას, რომლითაც ისევ შინ უნდა დაბრუნებულიყო…თვალს მიეფარა. მომეჩვენა, რომ ქუჩა უკაცრიელი გახდა“…

ქალის გრძნობა ქმრისადმი ძლიერი, მტკიცე, ღრმაა. მკითხველს მისი გრძნობის „ხანიერობასა“ და ინტენსივობაში ეჭვი არ ეპარება. ბოვუარი კარგად ახერხებს ამ ძლიერი გრძნობის ამბივალენტურობის გადმოცემას. იმავე წიგნში, რამდენიმე გვერდის შემდეგ, ვკითხულობთ:

„ანდრე საწოლში მოკუნტულიყო. ეძინა. ძველებური აღმაფრენა არ დამეუფლა. ჩემი გული ყინულივით ცივი იყო, მასში წყვდიადს დაესადგურებინა, ისე, როგორც ძველ, მიტოვებულ ქოხში, რომლიდანაც სინათლის სუსტი სხივიც კი არ გამოსჭვიოდა…როცა საყვარელ ადამიანს უბრაზდები, ურთიერთსაწინააღდეგო გრძნობები გტანჯავს. სიყვარულისგან შობილი ეს მრისხანება სიყვარულსვე კლავს…“

პროტაგონისტი ამ კონკრეტულ ეპიზოდში ქმარზე გაბრაზებულია. თვალსაჩინოა მისი ამბივალენტური განცდები – ერთ მხრივ, სიყვარული, მეორე მხრივ – ბრაზი, მრისხანება.

 

ემოციების პალიტრა

ემოციები, მათი გამოვლინება, განცდა, გასიგრძეგანება, გაცნობიერება, მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, მათი გამოხატვის ხერხები და საშუალებები ავლენს ჩვენსავე მიმართებებს სამყაროსადმი, სხვა ადამიანებისადმი, ავლენს ჩვენს ხასიათს.

„ისეთი აღტყინებული ვიყავი, ლამის გული გამხეთქვოდა, გრძნობები შემომაწვა, დავსნეულდი და სისხლი უცნაურად ამიჩქროლდა – თან ამემღვრა და თან აღტაცებაში მომიყვანა. სისხლი მომაწვა სახეზე, განსაკუთრებით ცხვირის არეში, სადაცაა, უნდა ამოეხეთქა. და ისე ვიტანჯებოდი, თითქოს ალმოდებული ღუმელი მედგა თავის მაგივრად“ – სოლ ბელოუს დაუვიწყარი პერსონაჟი, ჯინ ჰენდერსონი,  ემოციური, მოუსვენარი, სულსწრაფი გმირი, არაჩვეულებრივად აღწერს საკუთარ ემოციურ მდგმომარეობას ამ ამონარიდში (წიგნიდან „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“).

ვიცით ხოლმე თქმა – ემოციური ადამიანია – და ვგულისხმობთ, რომ ვიღაც დაუფარავად, შენიღბვის გარეშე, ღიად ავლენს ემოციებს. ან – უემოციოა – და ვგულისხმობთ, ძნელად თუ მიხვდები, რას გრძნობს, რას განიცდისო.

რამდენად ზუსტად შეგვიძლია პერსონაჟების ემოციური მდგომარეობის ამოცნობა აღწერილის მიხედვით?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე საინტერესო სავარჯიშო მინდა შემოგთავაზოთ და კითხვასაც ასე შემოვატრიალებ – რამდენად ზუსტად შეგვიძლია  ს ა კ უ თ ა რ ი  ემოციური მდგომარეობის ამოცნობა? ( რადგან თუ საკუთარი გუნება-განწყობის, „სულიერ-ემოციური“ მდგომარეობის ამოცნობას ვერ შევძლებ, როგორ შევძლებ პერსონაჟის ან ნებისმიერი სხვა ადამიანის გრძნობა-ემოციებში გარკვევას?)

ეს სავარჯიშო მეტად სასარგებლო სავარჯიშოა. საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რამდენად ამსუბუქებს მდგომარეობას ზუსტი შესატყვისის მოძიება, საკუთარი განცდის „სიტყვიერად მოხელთება“. თუ შევძელი და ფორიაქის, შფოთვის, შიშისა ან რაიმე მსგავსი ძლიერი ემოციის დროს ზუსტად მივაგენი აღმნიშვნელს, პროცესი მეტად ცნობიერად, ნაკლებად დამაზიანებლად მიმდინარეობს, რთული ემოციური შემოტევების სიმძლავრე იკლებს, გონება სხეულზე კონტროლს „იბრუნებს“.

სავარჯიშო კი ასეთია:

1.ფურცელზე ჩამოწერეთ ემოციების სახელდებები. ყველა, რაც გაგახსენდებათ.

2.შეავლეთ თვალი ჩამონათვალს, რომელსაც ქვევით გთავაზობთ, შეავსეთ თქვენი „პალიტრა“.

3.ყველა ის ემოცია, რაც ადრე (ცოტა ხნის წინ, რამდენიმე წლის წინ, უახლოეს წარსულში..) განგიცდიათ, აღნიშნეთ „წ“ ასოთი, ის ემოციები, რასაც ახლა განიცდით, აღნიშნეთ „ა“ ასოთი, ხოლო ის ემოციები, რასაც საკუთარ თავს მომავალში უსურვებდით, აღნიშნეთ „მ“-თი.

აი, ემოციების ჩამონათვალი. თანმიმდევრობა შემთხვევითია. გრადაციას ან სხვა რაიმე კანონზომიერებას არ გულისხმობს.

სიხარული

მწუხარება

ბრაზი

შიში

ბრალეულობა

წყენა

გულგრილობა

ზიზღი

ინტერესი

გაკვირვება

სასოწარკვეთა

გაოცება

მოწყენილობა

შური

ეჭვიანობა

სიძულვილი

სიყვარული

გლოვა

გამძვინვარება

სევდა

ზაფრა

აღფრთოვანება

კმაყოფილება

უიმედობა

 

აღელვება

უხერხულობის განცდა

შეცბუნება

გულგატეხილობა

პატიება

ექსტაზი

აღტაცება

აღტკინება

აღშფოთება

გაღიზიანება

ბრაზი

იმედიანი განწყობა

 

დააკვირდით თქვენს პალიტრას. საინტერესო სურათია.

რა სჭარბობს აწმყოში? რატომაა ასე?

რა კონკრეტული მოცემულობა განაპირობებდა იმ ყველაფერს, რაც „წ“-თია აღნიშნული?

რას ისურვებდით სამომავლოდ?

და მთავარი კითხვა – რას ვაკეთებ აქ და ახლა იმისთვის, რომ „მ“-თი აღნიშნული რეალობად იქცეს?

ერთი სიტყვით, საინტერესო თამაში-ჩაღრმავებაა საკუთარ თავში. ამგვარი აზრობრივი ვარჯიშს, ფიქრს, გაცნობიერებას საჭირო გადაწყვეტილებებამდე და ქმედებებამდე მივყავართ ხოლმე.

კითხვები და რჩევები

სტატიის ბოლო, პრაქტიკული და სასარგებლო ნაწილი.

როგორ ამოვიცნო, რას გრძნობს პერსონაჟი? რას მივაქციო ყურადღება, როცა მეუბნებიან – იმსჯელე გმირის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე?

მწერლები პერსონაჟების განწყობას, გრძნობებს, მდგომარეობას სხვადასხვაგვარად გამოხატავენ ხოლმე. გააზრებული კითხვისას ყურადღება მიაქციეთ დეტალებს:

როგორ გამოიყურება პერსონაჟი? გარეგნობა ბევრის მთქმელი შეიძლება იყოს.

რას ამბობს მასზე ავტორი?

რას ამბობენ/ფიქრობენ მასზე სხვა პერსონაჟები? როგორ გრძნობენ სხვა პერსონაჟები თავს მის გვერდით?

როგორ იქცევა გმირი? ქმედებებს, მოძრაობას, საქციელს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ხოლმე. დააკვირდით ჟესტიკულაციას, სხეულის ენას, მიმიკებს.

რა ვითარებაშია აღწერილი პერსონაჟი? ( ბუნების სურათი, არეული ოთახი, ზედმიწევნით მოწესრიგებული სივრცე…)

იპოვე ერთი კონკრეტული დეტალი, რომელიც მკაფიო, ნათელ, არაორაზროვან შთაბეჭდილებას ტოვებს გმირზე. მიმოიხილე. გამოთქვი მოსაზრება.

ყურადღებით შეარჩიე ზედსართავები, დააკვირდი, რა ინტენსივობის ემოციას ან გრძნობას გამოხატავს ესა თუ ის სიტყვა. პერსონაჟი გაბრაზებულია? ნაწყენი? განრისხებული? სასოწარკვეთილი? უიმედო? სასომიხდილი? გულდაწყვეტილი? გახსოვდეს, თითოეულ აღმნიშვნელს კონკრეტული „აღსანიშნი“ შეესატყვისება.

„ისაუბრე და დაგინახავ“ – ამბობდა სოკრატე. ყურადღება მიაქციე, როგორ მეტყველებს გმირი. ასევე – რა სასვენ ნიშნებს იყენებს მწერალი? ( ბევრი სამწერტილია? ბევრი ძახილის ნიშანი? თითოეულს თავისი დანიშულება აქვს…)

ნათლად და მკაფიოდ, გასაგებად გამოხატეთ თვალსაზრისი. „თავს ცუდად გრძნობს“ – აბსტრაქტულია. ზოგადი. არაფრისმთქმელი. შეეცადე, ჩაუღრმავდე, ჩასწვდე, რას გულისხმობს ეს „ცუდად ყოფნა“.

მუდმივად იზრუნეთ ლექსიკის გამდიდრებაზე. ხშირად გამოიყენეთ ნეიმანის „სინონიმთა ლექსიკონი“

 

 

წიგნის თარო: საზაფხულო ბიბლიოთეკა

0

 

ზაფხულის მოახლოება სანატრელ დასვენებასთან ერთად ნიშნავს ბევრ თავისუფალ დროს, რომლის ეფექტურად გამოყენება, მოზარდებს კი არა, უფროსებსაც გვიჭირს. საზაფხულო დავალებების მიმართ მოსწავლეთა უარყოფითი დამოკიდებულება სულაც არაა გასაკვირი, რადგან სტანდარტული, ცოდნის განმტკიცებაზე ორიენტირებული სავარჯიშოები რუტინული და მომაბეზრებელია. კითხვის პროცესის სავალდებულო აქტივობად ქცევაც ვერ გამოიღებს სასურველ შედეგს.

ჩემი აზრით, საზაფხულო საკითხავის შედგენის პროცესში მოსწავლეებიც უნდა ჩავრთოთ, შეთავაზებული წიგნების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება გავუზიაროთ, საჭირო ინფორმაცია მივაწოდოთ… სხვა შემთხვევაში, აუცილებლად გაჩნდება კითხვა: „რატომ უნდა წავიკითხო?!“ აქედან გამომდინარე, საკითხავ მასალას კონკრეტული კლასის, პოტენციური მკითხველების ინტერესების მიხედვით ვადგენ. ამას გარდა, მივმართავ წიგნის თაროების გაცვლის ხერხსაც (მოსწავლეები წყვილდებიან და ერთმანეთის ბიბლიოთეკიდან ირჩევენ საზაფხულო საკითხავს). თუმცა მხოლოდ წაკითხვა ხომ არ კმარა?! ტექსტის იდეურ თუ შინაარსობრივ დონეზე სათანადოდ გასააზრებლად ერთგვარი გზამკვლევია საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, რომ მხოლოდ წიგნის სათაურების ჩამონათვალი საზაფხულო დავალებად არაფრის მომცემია.

თუ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს კითხვასთან მიმართებაში ერთგვარი ინდიკატორების სახით ჩამოვაყალიბებთ, წიგნების შერჩევა უფრო გაგვიადვილდება. აი, მაგალითად:

სასურველია, საზაფხულო წიგნის თარო შევავსოთ:

  • ქართული და უცხოენოვანი (თარგმნილი) წიგნებით;
  • ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვანი თხზულებებით, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა;
  • შეძლებისდაგვარად, სეზონური განწყობის მატარებელი (ვაჟა-ფშაველას „სათაგურს“ მაინცდამაინც ზაფხულში ნუ წავაკითხებთ) ტექსტებით;
  • საკითხავით, რომელიც იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას (ტექსტის მორგება-გარდაქმნა შემოქმედებითი თვალსაზრისით);
  • წიგნებით, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები შეძლებენ ამა თუ იმ  უნარ-ჩვევის განვითარებას (ლექსიკის გამდიდრებას, წარმოსახვითი აზროვნების გავარჯიშებას, სწრაფი კითხვის ტექნიკის განვითარებას და ა.შ.).

პირველ რიგში, მოსწავლეებს არჩევანის საშუალება უნდა მივცეთ, ანუ ჩვენი სია თემატურად, ჟანრობრივად და ავტორების თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი უნდა იყოს. სასურველია, თითოეულ წიგნს დავურთოთ მოკლე აღწერა, რათა მოსწავლეებს არჩევანის გაკეთება გაუადვილდეთ ან, მინიმუმ, მოცემული თხზულებების შესახებ მეტის გაგების სურვილი გაუჩნდეთ. აღწერაში ასევე შეგვიძლია ჩავრთოთ ამონარიდები წიგნებიდან (აფორიზმები/გამონათქვამები), ილუსტრაციები, წიგნის გარეკანის ფოტო და ა.შ.

მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ამონარიდს ჩემ მიერ შედგენილი ერთ-ერთი საზაფხულო საკითხავის ინსტრუქციიდან.

ზაფხულის მხიარულად გასატარებლად საინტერესო წიგნები შეგირჩიე. თითოეულ წიგნთან მოკლე აღწერა დაგიტოვე, რათა არჩევანის გაკეთება გაგიადვილდეს. თუ რომელიმე წიგნის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება მოგინდება, გადახედე მის ანოტაციას (წიგნის მოკლე მიმოხილვა), რომელიც, როგორც წესი, გამოცემის უკანა ყდაზე იბეჭდება ან ინტერნეტის დახმარებით შეგიძლია მოიძიო (გამოიყენე Google-ის საძიებო სისტემა). იმედი მაქვს, ქვემოთ მოცემული ჩამონათვალიდან რამდენიმე წიგნი აუცილებლად დაგაინტერესებს და შენი ზაფხულის თარო ახალი შთაბეჭდილებებით შეივსება:

  1. რევაზ ინანიშვილის „კეთილი ბებერი ბუები და სხვა მოთხრობები“ – შენ უკვე კარგად იცნობ ამ ავტორს. თუ „ღუდღუდა“ ქართული სიტყვების შეგროვება და საინტერესო პერსონაჟების გაცნობა მოგინდება, მაშინ აუცილებლად მოიძიე ამ შესანიშნავი მწერლის მოთხრობები. 
  2. დავით ჯავახიშვილის „ბიძია სევას ამბები“ – თუ სასაცილო ისტორიები გიყვარს, ეს წიგნი იმედს არ გაგიცრუებს. თანაც მისი მთავარი პერსონაჟი რეალური პიროვნებაა. თურმე ბიძია სევა თბილისის ერთ-ერთ უბანში ცხოვრობდა და თავისი ბავშვური, გულუბრყვილო იუმორით ულამაზებდა ცხოვრებას უფროს თუ უმცროს მეგობრებს.
  3. ნოდარ დუმბაძის „ხაზარულა და სხვა მოთხრობები“ – ნოდარ დუმბაძე ძალიან საინტერესო მთხრობელია. ის ხშირად გვიყვება რეალურ, ავტობიოგრაფიულ ისტორიებს და მისთვის მნიშვნელოვან ადამიან-პერსონაჟებს გვაცნობს. ამ კრებულში თავმოყრილი მოთხრობები ხან მნიშვნელოვან საკითხზე დაგაფიქრებს, ხან კი სასაცილო თავგადასავლებით გაგახალისებს.
  4. ზაზა თვარაძის „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ – თუ ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა გიყვარს, მაშინ ეს წიგნი აუცილებლად მოგეწონება. აქ გზის გასაგნებად სპეციალური რუკა ან კომპასი არ დაგჭირდება, რადგან გარემოც და ამბავიც შენი ქალაქივით მშობლიურია, იმ განსხვავებით, რომ აწმყოს წარსულის სარკეში დაინახავ.
  5. თეა თოფურიას „პარადიის არდადეგები“ – მშობლებთან ერთად სანატრელ მოგზაურობაში წასული ეკი უჩვეულო სახელწოდების სასტუმროში დაბინავდება და დაუჯერებელი ამბებიც გადახდება თავს. თუ გინდა გაიგო, რა შეემთხვა ეკის, „ჩექმებიან კატას“ (სასტუმრო) უნდა ესტუმრო.
  6. ნატო დავითაშვილის  „ამბავი ლილე იროელისა“ – თუ მითოლოგიური ისტორიები გიზიდავს და ქართული მითების პერსონაჟების გაცნობა გინდა, მაშინ ეს წიგნი შენთვისაა. ქართული ფენტეზის სამყაროში ღვთიშვილებს, დევებს, ქაჯებს და ვის აღარ შეხვდები…

ზემოაღნიშნული ჩამონათვალი თხუთმეტამდე კრებულს და მოკლე მინაწერებს მოიცავს. თითოეულ მათგანს დავურთე ე.წ.ლინკები, რომელთა დახმარებითაც წიგნების შესახებ დამატებითი ინფორმაციის (გამომცემლობა, ფასი, ანოტაცია/წიგნის მიმოხილვა და ა.შ.) მიღება შეიძლება.

საზაფხულო გამოწვევა

კითხვის პროცესი რომ უფრო საინტერესო და აზარტული გავხადოთ, სასურველია, მოსწავლეები ერთგვარ გამოწვევაში ჩავაბათ. შეიძლება გამოწვევას ინტელექტუალური თამაშის სახე მივცეთ – მოსწავლეებს წაკითხულ წიგნებსა და მათ ავტორებზე სააზროვნო კითხვების მოფიქრება ვთხოვოთ, არდადეგების შემდეგ კი საკლასო „რა, სად, როდის“ ჩავატაროთ. სჯობს, აღნიშნული გამოწვევის საპასუხოდ მოსწავლეები წინასწარ მოვამზადოთ, დავყოთ გუნდებად და საკითხავი მასალის გადანაწილებისა თუ თამაშის სტრატეგიის დასახვისთვის გარკვეული დრო გამოვუყოთ. ასევე სასურველია, თამაშამდე მოსწავლეების მიერ მოწოდებული შეკითხვების რედაქტირება, რათა თავიდან ავირიდოთ სტილისტურად გაუმართავი ან აზრობრივად ბუნდოვანი ტექსტით გამოწვეული გაუგებრობა.

გამოწვევების თვალსაზრისითაც არჩევანის შესაძლებლობას მივემხრობი. თუ ზოგიერთ მოსწავლეს, ვთქვათ, წიგნის რეკლამირებასთან დაკავშირებული პროექტი დააინტერესებს, სჯობს, ამ მიმართულებით იმუშაოს. თან,  ზემოაღნიშნული აქტივობის დახმარებით, პროდუქტის რეკლამირებისთვის საჭირო ორატორულ უნარ-ჩვევებს განივითარებს, ისწავლის დროის მართვას და სხვ. სასწავლო საფეხურის გათვალისწინებით, წიგნის ე.წ. მენეჯერები მკაფიო ინსტრუქციებით უნდა აღვჭურვოთ, რათა არც მათ გაუჭირდეთ აღნიშნული სამუშაოს შესრულება და არც ჩვენ – მათი ნამუშევრების შეფასება.

წიგნის თაროს პროექტებად ასევე შეიძლება გამოგვადგეს „მკითხველთა დუელი“ (ბლიც გამოკითხვა, სადაც წუთში ყველაზე მეტი სწორი პასუხის მფლობელი გაიმარჯვებს), „ციფრული წიგნების თარო“ (ელექტრონული ბიბლიოთეკის შექმნა, ანუ ბეჭდური გამოცემების ციფრულ ფორმატში გადაყვანა, ილუსტრირება, გახმოვანება), მხატვრული კითხვა (მკითხველთა თეატრი) და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სჯობს, მოსწავლეების საზაფხულო საკითხავი მათივე ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული წიგნებითა და სახალისო და თან შემეცნებითი დავალებებით შევავსოთ. ამას გარდა, ძალიან მნიშვნელოვანია საკითხავი მასალისადმი გარკვეული დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, რასაც ხელს უწყობს ავტორიტეტული ადამიანების (მასწავლებელი, მშობელი, მეგობარი…) მოსაზრებების/ შთაბეჭდილებების მოსმენა, ერთგვარი სატყუარას გადაგდება ანუ წიგნის ყველაზე საინტერესო ეპიზოდის ხმამაღლა წაკითხვა და, რაც მთავარია, არჩევანის შესაძლებლობა, რაც საზაფხულო დავალებას თავად სიტყვა „დავალებისგან“ გაათავისუფლებს.

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი გამოიცა!

0

ძნელია, ადამიანს რამე დააძალო. მით უფრო – ის, რაც აშინებს. რაც არ ესმის, რის შესახებაც საკმარისი ცოდნა არ აქვს. კიდევ უფრო ძნელი ასახსნელია შიშის მიზეზი, თუმცა გაურკვევლობაც, არცოდნაც მის მიზეზებს შორისაა.

მე სიმაღლის მეშინია. არ მახსოვს, როდის და როგორ გაჩნდა ეს შიში. არადა, არ მეშინოდა. მთის წვერზეც შემიდგამს ფეხი და არცთუ ცოტა მიფრენია ქვეყნიდან ქვეყანაში.

მეშინია, მაგრამ ხანდახან მაინც შევუდგები ხოლმე მთებისკენ მიმავალ გზას. არც ფრენაზე მითქვამს უარი. ხდება ასეც – შიშს ჯიბრში უდგები, ან ის უფრო მეტად გიყვარს, რაც ამ შიშის დაძლევას მოჰყვება.

პანდემია მხოლოდ კინოსა და ლიტერატურის ნაწილი მეგონა, გაზვიადებული წარმოდგენით მის შესაძლებლობაზე.

ახლა ვირუსი ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური ნაწილია.

ყოველი დღე სავსეა შიშით და მოლოდინით, კიდევ რამდენი ადამიანი დავკარგეთ.

გარდაცვლილების თვლაც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა და ვგრძნობ, ნელ-ნელა ვეჩვევით.

ვეჩვევით ახლობელი ადამიანების გარდაცვალებას და შორიდან ნათქვამ სამძიმარს.

ვეჩვევით ონლაინ სამყაროში ცხოვრებას, დისტანცირებული სამყაროს მოქალაქეებად ყოფნას.

მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც „ნეტავი კიდევ რამდენის“ ყოველდღიური გადამოწმებაა.

რაოდენობა უკვე 60-ს უახლოვდება. საათში ორზე მეტი ადამიანი გვეცლება ხელიდან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან ყოველდღე ტერაქტია. ერთი განსხვავებით: აფეთქების ხმა არ ისმის. ჩუმად ვიხოცებით. საყვარელი ადამიანებისგან შორს.

ამ მძიმე დღეებზე, ამ დღეების გამოწვევებსა და ტკივილებზე ბევრი გვაქვს სასაუბრო, მაგრამ ჩემს მთავარ სათქმელს, ხმაურში რომ არ ჩაიკარგოს, აქვე გეტყვით:

შიშზე საუბრით დავიწყე. მაგრამ სიმაღლის შიში არაფერია იმ შიშთან შედარებით, ვინმეს ავად გახდომის მიზეზად არ ვიქცე, უნებურად არ მივუტანო სიკვდილი მას, ვისაც ვირუსთან ბრძოლის ძალა არ აღმოაჩნდება და ამიტომ ავიცერი. ავიცერი თითოეული ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება შევეხო, უწინარესად კი მათთვის, ვინც მიყვარს და ვისაც ვუყვარვარ.

თქვენც იმავეს გთხოვთ. დავძლიოთ ეს შიში და დავიჯეროთ, რომ სიცოცხლის გადარჩენა შეგვიძლია. მათი სიცოცხლისა, ვისაც უნდა ვასწავლოთ და ვისგანაც უნდა ვისწავლოთ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ყდის ილუსტრაცია – მარიამ ელიზბარაშვილი

ნომრის ავტორები:  მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, თამთა დოლიძე, გიტა თვალაბეიშვილი, თემურ სუყაშვილი, ცირა ბარბაქაძე, ზვიად კვარაცხელია, ალექსანდრე ლორთიფანიძე, ინა იმედაშვილი, ოქტაი ქაზუოვი,  თამარ მურუსიძე,  ქეთევან ოსიაშვილი, ქეთევან კობალაძე, რუსუდან რუხაძე,   ნინო ლომიძე,  ლელა კოტორაშვილი.

ნომრის ჩამოწერა შესაძლებელია ბმულიდან

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხები

0
notepad with compass on wood board and blurry background. Using wallpaper or background travel or navigator image.

 

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი სიახლეა კომპლექსური ხასიათის    დავალებებზე მუშაობა. ერთი შეხედვით ეს თითქოს განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული დავალება სინამდვილეში სრულიადაც არაა დამღლელი და რთული.  მასწავლებელს შეუძლია  კომპლექსური დავალების შექმნის სხვადასხვა ხერხები აქტიურად გამოიყენოს და მარტივად მოახერხოს  „ჩვეულებრივი“ დავალებების  ადაპტირება კომპლექსური ტიპის დავალებებად. 

N1 ხერხი – ზოგადად, უმჯობესია, კომპლექსური დავალება ღია ტიპისა იყოს. ამიტომ I ეტაპზე იქმნება ღია ტიპის დავალება, II ეტაპზე კი უზრუნველვყოფთ მის კომპლექსურობას (დავალება აიგება ისე, რომ მოსწავლეს მიეცემა  ამოხსნისთვის მრავალი სხვადასხვა ცოდნისა და უნარ-ჩვევის ერთობლივად და ურთიერთკავშირში გამოყენების საშუალება), ბოლო ეტაპზე  კი ამოცანა ჩაისმება საყოფაცხოვრებო/პრაქტიკულ კონტექსტში, რათა მოსწავლეს დასჭირდეს ცოდნის ტრანსფერი.

 

ამისათვის  დახურული ტიპის ამოცანის მიხედვით/საშუალებით ვქმნით შესაბამის ღია ტიპის ამოცანას, რისთვისაც განვიხილავთ მოცემულის შებრუნებულ ამოცანას. განვიხილოთ მაგალითების ნიმუშები ისტორიის სწავლების საბაზო საფეხურის სტანდარტის შედეგების გათვალისწინებით (ისტ. საბ. 1; 2; 3; 7; 9).

მაგალითად,  დახურული ტიპის ამოცანებია:

  1. შემოხაზე, რომელია  ძველი მსოფლიოს ცნობილი ბრძოლები? 

ა)  საგუნტუმის,  ქარხემიშის, გავგამელას,  იერუსალიმის;

ბ)  ფარსალოსის, კანეს, ქადეშის, ალეზიის;

გ) მაგნეზიის, ტრასიმენის, ზამას, აიუნ ჯალუთის;

დ) ელ-ალამეინის, ნინევიის, მემფისის, პერსეპოლისის.

  1. ძველი მსოფლიოს  ბრძოლების სქემას  რომელს დაამატებდი?

 

  1. რომელი ეპოქის მეომრებს ხედავთ ნახატებზე?

 

 

  1. რუკაზე დაიტანე მარშრუტი, რითაც  შეიძლებოდა ათენიდან პირდაპირ მოხვედრილიყავი შუშანში?

 

  1. დაწერე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების რიგით მომდევნო წევრი:

ძველი ეგვიპტე; ასურეთი; ბაბილონი; ხეთები; ურარტუ; მიდია;  სპარსეთი; ……..

  1. ზემოთ მოყვანილი რუკის მიხედვით ჩამოწერე ძველი მსოფლიოს ისტორიული რეგიონები.

შესაბამისად, I ეტაპის   ღია ტიპის ამოცანები იქნება ასეთი:

  1. დაშალე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით;
  2. გაგვაცანი ძველი მსოფლიოს ომები სქემის სახით;
  3. დახატე სამი სხვადასხვა ეპოქის მეომარი და აღწერე, რა აქვთ მათ განსხვავებული;
  4. დახატე ძველი მსოფლიოს რუკა და დაიტანე მასზე ათენიდან შუშანამდე მისასვლელი შესაძლო მარშრუტები;
  5. დაწერე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოთა ისეთი მიმდევრობა, რომელიც იგივე კანონზომიერებითაა შედგენილი როგორც მიმდევრობა: „ასურეთი; ურარტუ; მიდია; სპარსეთი; საბერძნეთ-მაკედონია; …. “
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით შეადგინე ძველი მსოფლიოს ორი რეგიონის სქემატური რუკა.

II  ეტაპი – მიღებული ღია ტიპის დავალებები გადავაქციოთ კომპლექსურ დავალებებად. მოცემული მაგალითების  შესაბამისი კომპლექსური დავალებებია:

 

  1. დაშალე/განიხილე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით; განიხილე არანაკლებ სამი განსხვავებული შემთხვევა. შედეგი წარმოადგინე ცხრილის ან სქემის სახით;
  2. გაგვაცანი ძველი მსოფლიოს ომების სქემა. გამოიყენე შესაბამისი პერიოდის სამხედრო აღჭურვილობის  მოდელები/ფიგურები;
  3. დახატე სამი სხვადასხვა ეპოქის მეომარი. აღწერე, რა აქვთ მათ განსხვავებული; დაარქვით მათ სახელები განსაკუთრებული თვისებების მიხედვით;
  4. დახატე ძველი მსოფლიოს რუკა და დაიტანე მასზე ათენიდან შუშანამდე მისასვლელი რამდენიმე  მარშრუტი; აღწერე, რაც აქვთ ამ მარშრუმეტბს საერთო?
  5. ჩამოწერე თანმიმდევრობით ძველი ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოები, რომელიც იგივე კანონზომიერებითაა შედგენილი როგორც მიმდევრობა: „ასურეთი; ურარტუ; მიდია; სპარსეთი;  საბერძნეთ-მაკედონია; …. “
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით დახაზე ძველი მსოფლიოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სქემატური რუკა ისე, რომ თითოზე სულ ცოტა 2 რეგიონი მაინც იყოს დატანილი.

III ეტაპი მიღებული ამოცანა ჩავსვათ საყოფაცხოვრებო/პრაქტიკულ კონტექსტში, რათა მოსწავლეს დასჭირდეს ცოდნის ტრანსფერი.

შესაბამისი საყოფაცხოვრებო/პრაქტიკული კონტექსტის მქონე დავალებებია:

  1. დაშალე/განიხილე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით ისე, რომ წარმოადგინო – რომელი ბრძოლა მოახდენდა განსაკუთრებით დიდ გავლენას კაცობრიობის  ბედზე, სხვა შედეგით რომ დასრულებულიყო. განიხილე არანაკლებ სამი განსხვავებული შემთხვევა.  შედეგი წარმოადგინე ცხრილის ან სქემის სახით;
  2. წარმოადგინე ძველი მსოფლიოს ისტორია შესაბამისი პერიოდის სამხედრო აღჭურვილობის მოდელების/ფიგურების გამოყენებით; რომელმა საომარმა იარაღმა  მოახდინა განსაკუთრებული გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე?
  3. დახატე სამი სხვადასხვა პერიოდის მეომარი. ახსენი, რითაა განპირობებული მათი განსხვავებულობა?
  4. დახაზე ძველი აღმოსავლეთის, ძველი ბერძნული სამყაროს და ძველი ხმელთაშუაზღვისპირეთის სქემატური რუკა, შემდეგ კი შეეცადე, გამოჭრა ისინი. მიღებული „ნაჭრები“ მაგიდაზე განალაგე ისე, რომ ძველი მსოფლიოს რუკა მიიღო. ახსენი, რატომ განალაგე ისინი  ასეთი თანმიმდევრობით?
  5. მეშვიდეკლასელ გურამს ლოტოში მიმდევრობით მოუვიდა ზემოთ მოცემულ  რუკაზე არსებული ქალაქების სახელები: ათენი, ფილიპე, ეფესო, ტარსოსი, ანტიოქია, ბაბილონი, შუშანი.  დაწერე, რა  სახელები უნდა მოუვიდეთ თანმიმდევრობით  მის თანაკლასელებს, რომ მათი ქალაქების სახელების მიმდევრობაც იგივე კანონზომიერებით იყოს შედგენილი, როგორიც გურამის მიმდევრობა?
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით დახატე/დახაზე ძველი მსოფლიოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რეგიონი ისე, რომ  თითოს  ესაზღვრებოდეს როგორც ზღვა, ასევე მაღალი მთებიც.

N 2  ხერხი – დახურული ტიპის ტექსტური ამოცანის მიხედვით/საშუალებით ვქმნით შესაბამის ღია ტიპის ამოცანას, რისთვისაც განვიხილავთ მოცემულის ამოცანის მოდიფიკაციას არასრული მონაცემებით. მაგალითად, განვიხილოთ დახურული ტიპის ამოცანა:

  • „მუზეუმში ისტორიკოსმა უამრავი სხვადასხვა სახის საომარი იარაღი დაათვალიერა. რამდენი ეპოქის საომარ იარაღს უნდა გაეცნოს ისტორიკოსი, რომ ძველი მსოფლიოს სამხედრო ხელოვნების შესახებ   სრული წარმოდგენა შეექმნას?“

შესაბამისი ღია ტიპის ამოცანაა:

  • „მუზეუმში განთავსებულია პრეისტორიული, ბრინჯაოს, ანტიკური და გვაინანტიკური პერიოდის საომარი იარაღები. რომელი პერიოდის საომარი იარაღი უნდა შეისწავლოს ისტორიკოსმა, რომ წარმოიდგინოს, რა სახის იარაღებით იბრძოდნენ ალექსანდრე მაკედონელის მეომრები გავგამელას ბრძოლაში. მოიყვანე არგუმენტი, დაასაბუთე, რატომ ფიქრობ  ასე?

N 3 ხერხი – შესაძლებელია თავიდანვე მივაღწიოთ დავალების კომპლექსურობას იმის საშუალებით, რომ ერთ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დავალება მივცეთ ისე, რომ ეს ერთი საკითხი მრავალი სხვადასხვა მხრიდან/კუთხიდან განიხილოს და გამოიკვლიოს, მათ შორის საყოფაცხოვრებო/გამოყენებითი თვალსაზრისითაც.

მაგალითად, შევთავაზოთ,  შეავსოს ორი ან მეტი უჯრა/მეოთხედი  ე.წ. ფრეიერის სქემაზე:

სქემის შევსების ინსტრუქცია:

  • ზედა მარცხენა კუთხეში მოსწავლეები წერენ ცნების განმარტებას თავიანთი სიტყვებით ან ლექსიკონის დახმარებით (მოცემულ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მაგალითად,  ცნება/სიტყვა „ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი“, ან „სამხედრო აღჭურვილობა“ და სხვ.);
  • ზედა მარჯვენა კუთხეში წერენ მახასიათებლებს ახალ ცნებასთან დაკავშირებით (სურვილისამებრ, შეუძლიათ დაურთონ ილუსტრაცია) (მაგალითად, ზღვისპირა… მთიანი..წამახვილებული..ლითონის..);
  • ქვედა მარცხენა კუთხეში წერენ ზუსტ მაგალითებს (მაგალითად, ეგვიპტე…მიდია..შუბი.. ფარი..მუზარადი..).
  • ქვედა მარჯვენა კუთხეში წერენ არაზუსტ მაგალითებს (მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღი…ტანკი...).

 

შესაძლებელია, აგრეთვე შევთავაზოთ, შეავსოს ორი ან მეტი უჯრა/მეოთხედი მოდიფიცირებულ სქემაზე:

ფრეიერის სქემის მოდიფიკაცია

 

საკითხი

ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი

მაგალითი თანამედროვეობიდან

მცირე აზია..

გამოსახულება (დიაგრამა, სქემა, სურათი)

…….

ჩემი ახსნა-განმარტება

…….

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევებშიც, ისევე როგორც ზოგადად, ესგ შედეგების ინდიკატორების საფუძველზე შეიქმნება ის კრიტერიუმებიც, რომელიც აზუსტებს მოთხოვნებს მოსწავლის ნამუშევრის მიმართ. ეს კრიტერიუმები პირობასთან ერთად შექმნის კომპლექსური დავალების ერთიან ჩარჩოს. შესრულებული კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას მოსწავლეებს მოეთხოვებათ, აგრეთვე, სიტყვიერად აღწერონ/დაასაბუთონ ნამუშევარი, რაც დამატებითი კრიტერიუმის საშუალებით ფიქსირდება კომპლექსური დავალების ერთიან ჩარჩოში.

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხების გამოყენება ხელს უწყობს მასწავლებელს დავალებების შექმნისთვის განკუთვნილი დროის ეკონომიურად და  ეფექტურად  გამოყენებაში,  რაც საგაკვეთულო საქმიანობის წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა.

 

 

 

რას ვფიქრობ „ვეფხისტყაოსანზე“ მე და რას ფიქრობენ ისინი

0

 

ხშირად, როცა „ვეფხისტყაოსანის“ სწავლებას ვიწყებ, ვხედავ, როგორ უქრებათ ჩემს თოთხმეტ-თხუთმეტი წლის „სამიზნეებს“თვალებში სხივი, ექუფრებათ სახე, ხელებს უღონოდ ჩამოყრიან, მძიმედ სუნთქავენ და უხერხულად იშმუშნებიან. ამ დროს, თითქოს, მათ თავში ვზივარ და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, მაინც ვიცი, რას ფიქრობენ:

სანდრო: მთელ სამყაროში ყველაზე დიდი ნაწარმოებია, არა, ყველაზე დიდი ლექსი და უკვირთ, რატომ არ მიხარია მისი სწავლა.

თიკო: სულ ძველი და გაუგებარი სიტყვები, სულ გამოცანები…

ნიკა: უნდა თარგმნო, რა! მთარგმნელი კი არ ვარ, ჩვეულებრივი ბიჭი ვარ! რამე ქართულად დაწერილი მასწავლეთ!

თემო: ნახევარს კი არა, ნახევარზე მეტს ვერ ვიგებ! თავს ზრდილობისთვის ვიქნევ!

ანდრია: ისევ იგივე, მთელი წელი ერთი და იგივე!

ანა: ვიცით, რომ რაღაც დიდებულია, გავიგეთ!

მაგრამ სინამდვილეში სულაც არაფერი იციან! მაგალითად, არ იციან, ვინ იყო ეს საოცარი კაცი, რომელმაც ისე დაწერა ამხელა ნაწარმოები, ერთხელაც არ გადაუხვევია არჩეული გზიდან, საკუთარ თავში ერთხელაც არ შეჰპარვია ეჭვი! სად მიიღო ასეთი მრავალმხრივი განათლება, ვინ იყვნენ მისი მასწავლებლები? როგორ შეძლო, ერთ ტექსტში მოეყარა თავი შუასაუკუნეობრივი, რენესანსული, აღმოსავლური, დასავლური თუ ყველა ტიპის აზროვნებისთვის? როგორ დაიცვა ბალანსი პირად, სახელმწიფოებრივ და ლიტერატურულ-კულტურულ ინტერესებს შორის? როგორ დაწერა წიგნი ერთდროულად სიყვარულზე, სიძულვილზე, ადამიანობაზე, არაადამიანობაზე, ვნებებზე, განსჯებზე, გადარჩენაზე, მკვლელობებზე, ჰარმონიასა და რღვევაზე? რამდენი ხანი წერდა, ერთი წელი თუ ათი?

მათ არც ის იციან, რომ ავთანდილი ყველაზე დიდი მოგზაურია მათ შორის, ვის შესახებაც ოდესმე სმენიათ, მარკო პოლოსა და  ამერიგო ვესპუჩიზე უფრო დიდიც კი. ხოლო მისი თავგადასავალი ყველაზე  უცნაური თავგადასავალია, რაც კი შეიძლება ერთ ადამიანს თავს გადახდეს, უფრო უცნაური, ვიდრე ოკეანეში დაკარგვა, უკაცრიელ კუნძულზე გარიყვა და წყალქვეშა გემის აღმოჩენა.

არ იციან, რომ ქალს, რომელიც ქვეყნის მმართველადაა აღზრდილი, შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს თავისი ქვეყნისთვის, მართოს, ააშენოს, გასცეს, შეიწყალოს, განურისხდეს, საბრძოლველად აამხედროს ან მოსაკლავად გაიმეტოს, მაგრამ იგივე ქალი თავს დახრის და ერთ სიტყვასაც ვერ იტყვის საყვარელი მამაკაცის წინაშე, ან უსიტყვოდ აიტანს ლოდინს და მარგალიტის მძივს გაატანს მთელს გულისნადებს.

მაგრამ როცა „ვეფხისტყაოსნის“ სწავლებას ვასრულებ, უკვე აღარ ვიცი, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე, ამიტომ მათ მოსაზრებებს ვისმენ, ვიწერ და ყოველთვის გაოცებული ვრჩები.

გვანცა: ბევრი რამ შეიძლება ვთქვათ იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ამხელა ტექსტის მთლიანად შესწავლა. მე პირადად ძალიან მიყვარს ძველი ნაწარმოებები, რადგან ასე ვხსნით იმდროინდელ ეპოქას, იდეოლოგიას, პოლიტიკასა თუ სახელმწიფოებრივ მდგომარეობას, რაც შემდეგ მეხმარება, მეტი გავიგო წარსულზე. „ვეფხისტყაოსანშიც“ ასე იყო, ვცდილობდი, არცერთი დეტალი არ გამომეტოვებინა და ტვინში ყველაფრისთვის ჩემებური ახსნა მომეძებნა, რაც სწავლას მიმარტივებდა. მიუხედავად ამისა, ბევრი რაღაცის გაგება გამიჭირდა, მაგალითად, ტარიელისა და ნესტანის სიყვარულის. მასწავლებელთან ხშირად ვკამათობდი ამ თემაზე, რატომ იყო მათი სიყვარული ასე ამაღლებული და რატომ ჰქონდათ ყველაფრის უფლება? მერე მასწავლებელს თავს ვაჩვენებდი, თითქოს, დამარწმუნა, მაგრამ მათი გრძნობები ჩემთვის მაინც ამოუხსნელი დარჩა. შეიძლება, გავიზარდო და უკეთ გავიგო? არა მგონია!

ყველაზე მეტად ავთანდილის პერსონაჟმა დამაინტერესა, მისმა გონებამ და მისმა შესაძლებლობებმა გამაოცა. ათი ნაბიჯით მაინც უსწრებდა ყველას, თითქოს, წინასწარ გრძნობდა, რა მოხდებოდა, ყველას შიგნიდან იცნობდა, ხან ფრთხილობდა და ხანაც ეშმაკობდა. რაღაც მომენტში ამან ჩემში აღტაცება გამოიწვია. მაგრამ ასე მგონია, ბოლომდე მაინც არ ვიცნობ ამ პერსონაჟს. ადვილი არ იყო, მაგრამ არ ვნანობ, რომ ეს წიგნი წავიკითხე.

ელენე: პირდაპირ ვიტყვი (რადგანაც მასწავლებელი ამას ითხოვს ჩემგან), რომ არ არის საჭირო, სკოლაში „ვეფხისტყაოსნი“ ისწავლებოდეს სრულად. ჩემთვის ტექსტი არ იყო იმდენად რთული, რამდენადაც განწყობა და მოლოდინი, რომ ისევ „ვეფხისტყაოსანს“ ვხსნით. მაგრამ უნდა ვაღიარო, სულ მაინტერესებდა, ყოველ გაკვეთილზე ხდებოდა რაღაც ისეთი, რაც ჩემს ყურადღებას იქცევდა. მაგალითად, ჩემთვის აღმოჩენა იყო, რომ ტარიელი, ასეთი ძლიერი მებრძოლი და მომავალი მეფე, ასეთი, თითქოსდა ყოვლისშემძლე კაცი, იჯდა და ტიროდა მიჯნური გამო (თუნდაც ეს ტირილი სიმბოლურად კიდევ სხვა რამეს ნიშნავდეს). ამ ტექსტმა დამარწმუნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა კაცის მდგომარეობას, თანამდებობას ან წოდებას, მას შეუძლია საყვარელი ქალის გამო იტიროს. და ეს არის GIRLS POWER!

არის თუ არა „ვეფხისტყაოსანი“ მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, უბრალოდ ძალიან დიდია და კითხვისას ხანდახან ვიღლებოდი ან ვიწყენდი. მაგრამ მერე ისევ ვიპოვიდი რაიმე საინტერესოს, ახალ ინტრიგას, ახალ საიდუმლოს და ისევ მინდოდა გაგრძელება.

ლუკა: ვერ ვიტყვი, „ვეფხისტყაოსანი“ თავიდან ბოლომდე წავიკითხე-მეთქი, უფრო ვისმენდი და მხოლოდ გარკვეულ მონაკვეთებს ვკითხულობდი. რთულია, როცა, შინაარსის გასაგებად წინ ორი წიგნი უნდა გედოს, თან განმარტებებში იყურო, თან წერო. მგონია, რომ მთავარი პრობლემაც ესაა, ეს წიგნი ძალიან ბევრ დროს ითხოვს. სამაგიეროდ საინტერესო იყო პერსონაჟებზე მსჯელობა და მათი საიდუმლოებების ამოხსნა. მაგალითად, ერთხელ გავითამაშე ფარსადან მეფის როლი და იმდენ შეკითხვას ვუპასუხე, ბოლოს ლამის მართლა მჯეროდა, რომ ფარსადანი ვიყავი და გაბრაზებული ვიცავდი ჩემს პოზიციებს. ფარსადანზე უმეტესობას ცუდი წარმოდგენა აქვს, ამიტომ ყველა თავს მესხმოდა, მაგრამ სინამდვილეში არც ისე ცუდი პერსონაჟია. ასეთმა ამბებმა „გადაარჩინა“ ჩემთვის „ვეფხისტყაოსანი“, თორემ ისე ვერ გავუძლებდი, მართლა ძალიან დიდია.

ნინი: შორიდან ყოველთვის მაშინებდა ეს წიგნი, ვიცოდით, რომ ერთხელაც ათასსტროფიანი ლექსი უნდა გვესწავლა, მაგრამ ახლოდან ისეთი საშიშიც არ აღმოჩნდა. ყველაზე მეტად იმან დამაინტერესა, რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი ამ ტექსტში – პერსონაჟების გრძნობები და ემოციები სულ იცვლება, ხან ბედნიერები არიან, ხან იტანჯებიან, ნადიმობენ ან ტირიან, ზოგი უყვართ და ზოგი სძულთ. მომეწონა, რომ ასეთი აქტიურები იყვნენ, ნამდვილ ადამიანებს ჰგავდნენ. სულ ვფიქრობდი, მერე რა იქნება? რატომ მოეწონათ ასე უცხო ადამიანი? რას გლოვობს როსტევანი? რატომ გაუშვა თინათინმა ავთანდილი? პასუხებიც ჩემებური მქონდა – იმიტომ, გაუშვა, რომ აინტერესებდა, რისი გამკეთებელი იყო, გამოსცადა, იმიტომ წავიდა, რომ დაემტკიცებინა, ყველაფერი შემიძლიაო, ერთგვარი ადრენალინიც იყო ორივესთვის.

ხანდახან უბრალოდ სასიამოვნოა, რომ ერთ საკითხზე განსხვავებული აზრი გვაქვს!

როგორ მუშაობს ტუმბო – გული?

0
Human heart shape single line pulse trace heart health shape line design background.

 

წინა სტატიაში ინტეგრირებული გაკვეთილი ბიოლოგიასა და ფიზიკაში გულის ციკლი შედარებული იყო შიგა წვის ძრავას ოთხტაქტიან ციკლთან. ახლა გთავაზობთ რამდენიმე ელექტრონულ რესურსსა და მათი გამოყენების შესაბამის აქტივობას გულის, როგორც ტუმბოს და მის მუშაობაზე მოქმედი ფაქტორების განსახილველად. (აქტივობების ნუმერაცია არ შეესაბამება მათ თანმიმდევრობას).

აქტივობა 1 გულის აგებულების გაცნობა – სამგანზომილებიანი გამოსახულებების ჩვენება:

https://bit.ly/2Vdw8qJ   გულის აგებულება. ბმულის გახსნისას გამოჩნდება გულმკერდის ჩონჩხი და ყოველ მომდევნო წერტილზე დაწკაპებით ჩნდება: ფილტვები, არტერიები, ვენები, ნერვები. ისინი ბრუნავს და მოსწავლეს საშუალება აქვს, დაათვალიეროს თითოეული სტრუქტურა სამ განზომილებაში.

ამავე ბმულზე განხილულია სარქვლების მუშაობის პროცესი.

აქტივობა 2: გულის ციკლის განხილვა

https://bit.ly/3ltkRNz ბმულის გახსნით მოსწავლე შეძლებს, დააკვირდეს გულის ციკლს როგორც ნორმალური მუშაობის დროს (პულსი დაახლოებით 70), ასევე მისი შენელებული მუშაობის დროს.

აქტივობა 3: გულის მუშაობის სიმულაცია –  https://sites.google.com/site/biologydarkow/cardiovascular-model

სიმულაცია 1 – ზომავს თითოეულ საკანში სისხლის მოცულობას (მლ); პირველი გრაფიკი გამოსახავს არტერიული სისხლის რაოდენობის დამოკიდებულებას წნევაზე. მასში გამოსახულია, როგორ გადადის სისხლი წინაგულიდან პარკუჭში, პარკუჭებიდან სისხლძარღვებში. მოსწავლე გაიგებს, რა განსხვავებაა ელექტროკარდიოგრამის კომპონენტებს შორის. (გრაფიკი 1, გრაფიკი 2, გრაფიკი 3, გრაფიკი 4).

სიმულაცია 2 – ზომავს სისხლის რაოდენობას პარკუჭებში და გულიდან გამომავალი სისხლის რაოდენობას (სისხლის გამავლობა). გულის სიხშირე იცვლება 0-დან 10-ის ჩათვლით. გულიდან გამომავალი სისხლის მოცულობა არ არის მისი სიჩქარის ავთენტური.

გულის გამავლობა = გულის სიხშირე X პარკუჭის მოცულობა;

გულის გამავლობა= 72 დარტყმა/წუთი X 70 მლ/დარტყმა= 5 040 მლ/წუთი;

ამ მოდელში გულის გამავლობა = 5 დარტყმა/ წუთიX  70 მლ/დარტყმა = 350 მლ/წუთი.

სიმულაცია 1-ის მიხედვით ცხრილის ცარიელ უჯრაში ჩაწერე სისხლის რაოდენობა პარკუჭებში. გრაფიკი 1, გრაფიკი 2, გრაფიკი 3.

მოსწავლე სხვა გრაფიკების აგების შემდეგაც შეაგროვებს მონაცემებს და შეავსებს ცხრილს.

ფიზიკური აქტიურობა გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  0 გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  1 გულის ჯანმრთელობის მდგომარეობა  2
ფიზიკური აქტიურობა – 0      
ფიზიკური აქტიურობა – 0.30      
ფიზიკური აქტიურობა- 0.63      

 

მსგავსი ცხრილების შევსება შესაძლებელია დაავადებების შემთხვევაში: ათეროსკლეროზის, ფიბრილაციის, დეფიბრილაციის და სხვა. მაგალითად:

  1. წინაგულების ფიბრილაციის გავლენა სისხლის გადინებასა და მის საერთო მოცულობაზე:
წინაგულების ფიბრილაცია (გულის სიხშირე პირობითად 0) სისხლის გამავლობა მლ/დარტყმა სისხლის მოცულობა მლ/წთ
0    
0.5    
1    

 

წინაგულების ფიბრილაცია (გულის სიხშირე პირობითად 0.5) სისხლის გამავლობა მლ/დარტყმა სისხლის მოცულობა მლ./წთ.
0    
0.5    
1    

 

წინაგულების ფიბრილაცია (გულის სიხშირე პირობითად 1) სისხლის გამავლობა მლ/დარტყმა სისხლის მოცულობა მლ./წთ.
0    
0.5    
1    

მსგავსი ცხრილების შედგენა შეიძლება სხვა დაავადებების დროსაც. მოსწავლე თავად გააკეთებს დასკვნას და გაიაზრებს გულის ჯანმრთელობის შენარჩუნების მნიშვნელობას.

 

როგორ ვასწავლით გუშინდელი ცოდნით მომავლის ადამიანებს

0

 

ფორმები და მეთოდები იცვლება. რჩება მხოლოდ შინაარსი, რომელიც ცოდნას უკეთ ცხოვრების ინსტრუმენტად განიხილავს.

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ რასაც საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სწავლობენ, ეს არის მათი იარაღი იმისთვის, რომ ზრდასრულობაში სხვადასხვა გამოწვევას სათანადოდ გაუმკლავდნენ, ფეხზე მყარად იდგნენ, არაფრის ეშინოდეთ, თავის და სხვების გადარჩენა შეეძლოთ, უკეთ გაერთონ და მეტი სიამოვნება მიიღონ ცხოვრებისგან.  სწავლა მოსაწყენი პროცესი არ უნდა იყოს თანმდევი კითხვით, რისთვის მჭირდება ეს. სწავლის პროცესი თავგადასავალი უნდა იყოს სხვა თავგადასავლებში გადასაშვებად მოსამზადებელი. რაც უფრო სწრაფად გადის დრო და იცვლება მოცემულობები, მით უფრო რთულია დაეწიო თანამედროვე ბავშვების მოთხოვნებს და ინტერესებს და შექმნა მათთვის საინტერესო სასწავლო რესურსები, პროგრამები და სისტემები.

იშვიათად არის ისეთი ცხადი, რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ მუდმივად ცვალებადი სამყარო, როგორც ახლა, პანდემიის პირობებში. მომავალი გაურკვეველია, თან გვდევს განცდა, რომ აღარაფერი იქნება ისე, როგორც  იყო და იმასაც ვერ ვიაზრებთ ბოლომდე, რაც დღეს ხდება. ვერაგ ვირუსთან თანაცხოვრების თითქმის ორი წლის შემდეგ მივხვდით მხოლოდ იმას, რომ ჩვენი ჩვევები და რეალობა ყოველდღიურად იცვლება. სად მიგვიყვანს ეს პროცესი, არავინ იცის. არც ის, როდის იქნება ბოლო.

ცვლილებები განათლებასაც შეეხო. უმეტესად მტკივნეულად. იზოლირებული, მარტო დარჩენილი ბავშვების გადარჩენას მშობლები ახლა უფრო მეტად ცდილობენ. ყველას ერთნაირი რესურსი არ აქვს იყოს მეგზური შვილის განათლების პროცესში. უთანასწორობა ღრმავდება, ეკრანების წილი იზრდება, რიგ შემთხვევებში საოჯახო საქმეებში ჩართულობა. ბავშვები სკოლის მიღმა ახალ უნარებს და ცოდნებს დამოუკიდებლად იღებენ – უფროსებზე დასაკვირვებლად მეტი დრო გაჩნდა. ინტერნეტში უკონტროლო სერფინგიც ახალი გამოცდილებაა – პერსონაჟების და თავგადასავლების უმეტესობა, რომლებსაც იქ ხვდებიან, მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის უცნობია. ჩვენ სხვა თამაშებით ვთამაშობდით, სხვა წიგნებს ვკითხულობდით, თავისუფალ დროს მოწყენილობაში უფრო უდრტვინველად ვატარებდით და არც ისე იშვიათად გვიჭირს დავეწიოთ იმას, რასაც ბავშვები უჩვენოდ სწავლობენ.

ამოსავალი წერტილი კვლავ შინაარსის უცვლელობაა და იმის გააზრება, რომ ჩაკეტილობა მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ზიანს გამოსწორება ჭირდება. განათლების სპეციალისტები არაერთ ადგილას თვეებია მსჯელობენ იმაზე, როგორ უნდა შეიცვალოს კურიკულუმები, როგორ გახდეს სასწავლო პროგრამები მეტად ინტეგრირებული, მეტად ინტერაქტიული, მეტად პრაქტიკული. როგორ ვაქციოთ სიკეთედ დისტანციური სწავლის გამოცდილება და გავაუმჯობესოთ ინტერნეტპლატფორმები, რომლებსაც ბავშვები იცნობენ.

პირველ რიგში, ალბათ გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ არც ისე ჭკვიანები ვართ, როგორც გვინდა ვიყოთ და ასევე გულწრფელად ავუხსნათ პატარებს, რომ მათთვის ნამდვილად საუკეთესო გვინდა. მზად ვართ მათ მოვუსმინოთ, მათთან ერთად ვიმსჯელოთ და მათი გამოცდილებები გავიზიაროთ, შენიშვნები მივიღოთ, დავინტერესდეთ იმით, რაც მათ მოსწონთ. გულწრფელობა საჭირო რამაა, თითქმის უგამონაკლისოდ გვეხმარება.

ძირითადი იდეები, რომელიც პოსტპანდემიური განათლების მომავალზე დაწერილ სტატიებსა და გამართულ მსჯელობებში გვხვდება, ასე გამოიყურება:

 

  • სასწავლო პროცესსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეტი ყურადღება მიექცეს მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობას – ტრავმები, შიში, იზოლაცია თავის კვალს ტოვებს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, როდის და როგორ ითხოვონ დახმარება, როგორ ამოიცნონ მეგობარი, რომელსაც ცუდი დრო უდგას და რა უთხრან გამხნევებისთვის მათ. პოსტ პანდემიურ ხანაში უფრო უსაფრთხო იქნება ბავშვებისთვის ის სკოლები, სადაც მოსწავლეების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პროფესიონალები ეფექტურად იზრუნებენ.
  • სასწავლო პროგრამები გახდეს მეტად ინტერდისციპლინარული და ინტერაქტიული – ჩვენ ბავშვებს არა კონკრეტული ინფორმაციები, სწავლა უნდა ვასწავლოთ, მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება, ფართო სურათის დანახვა, საჭირო კითხვებზე სწორი პასუხების სანდო წყაროებში ძებნის ტექნიკა. განყენებულად სხვადასხვა დისციპლინების სწავლებას სულ ახლავს კითხვა – რაში მჭირდება ეს ცოდნა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რისთვის ვასწავლით ბავშვებს იმას, რასაც ვასწავლით და ვასწავლოთ ისე, რომ თავადაც იცოდეს, რატომ ვასწავლით.
  • მეტი დრო და სივრცე არაფორმალური განათლებისა და სასწავლო რესურსებისთვის – თუკი ბავშვებს სწავლას ვასწავლით, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ სწავლა მუდმივი პროცესია და არც ერთი სასწავლო დაწესებულების კედლებით არ არის შემოზღუდული. ჭკვიანი ისაა, ვინც იცის, როგორ მიიღოს ყველა ადამიანისგან, ყველა ამბისგან ახალი ცოდნა და გაკვეთილი. სწრაფად ცვალებად სამყაროში სასწავლო რესურსებია ყველაფერი – ფილმი, სიმღერის ტექსტი, ქუჩაში გამოფენილი სარეკლამო პოსტერები, კომიქსები, ახალი ამბები, შემთხვევით გაჩენილი ნაცნობები. ჩვენ ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემო გვჭირდება და ბავშვების დარწმუნება იმაში, რომ სამყაროს კრიტიკული ცნობისმოყვარის თვალით უყუროს.
  • შევინარჩუნოთ მშობელთა გაზრდილი ჩართულობა და თანამონაწილეობა სასწავლო პროცესში – პანდემიამ მშობლები იძულებული გახადა, ახლოდან ენახათ მათი შვილების სასწავლო პროცესი. ეს ყველასთვის სხვადასხვანაირი გამოცდილება იყო – ზოგისთვის მტკივნეული, ზოგისთვის რთული, ზოგისთვის უსიამოვნო. ეს აუცილებელი გამოცდილება იყო – ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა რთულ გზას გადიან ჩვენი შვილები და მათი მასწავლებლები და ასევე უნდა ვხედავდეთ ჩვენს თავებს მათ მოკავშირედ, მხარდამჭერად, თუ საჭიროა ოპონენტად. ყველა ველით დროს, როცა სასწავლო პროცესი კვლავ სრულად სასწავლო დაწესებულებებში გადაინაცვლებს, მაგრამ ნაყოფიერი თანამშრომლობა მშობლებსა და მასწავლებლებს შორის კვლავ ღირებული იქნება. მშობლებსაც ჭირდებათ იმის გახსენება, რომ სწავლა მუდმივი პროცესია და მათი შვილების გასაგებად ახალი ცოდნებია საჭიროა.
  • დავხვეწოთ და განვავითაროთ ციფრულ სასწავლო პლატფორმები – ეს პუნქტი განსაკუთრებით მტკივნეული ჩვენნაირი ხალხისთვის არის, ვის მშობლიურ ენაზეც ბევრი ბავშვი არ მოიხმარს ციფრულ პლატფორმებს. ამ სფეროში ბიზნესისთვის ფულის ჩადება მოგებას არ ნიშნავს, სახელმწიფო ყველაფერს ზანტად და დაბალი ეფექტურობით აკეთებს. ქართველ ბავშვებს გაჯეტებით ხელში თითზე ჩამოსათვლელი ქართულენოვანი თამაშები, საკითხავები, საყურებელი ან მოსასმენი ხვდებათ ინტერნეტში და ბუნებრივად იწყებენ სხვა ენებზე შექმნილი პლატფორმების მოხმარებას. ენის სიცოცხლისუნარიანობისთვის და ბავშვების სწორი განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია შევძლოთ ბავშვებს ჰქონდეთ მდიდარი არჩევანი ინტერნეტში ქართულ ენაზე ხარისხიანი კონტენტის მოპოვების, უცხო ენოვანი გასართობები კი სასწავლო რესურსად, ამ შემთხვევაში ენის სავარჯიშოებადაც შეგვიძლია განვიხილოთ.
  • მეტი აქცენტი ინდივიდუალურ მიდგომაზე – სასწავლო გეგმები აღიარებენ ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებს და ამბობენ, რომ ისინი სასწავლო პროცესში უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა პრაქტიკა ხშირად სხვანაირია ხოლმე. პანდემიამ უთანასწორობა გააღრმავა, მეორე მხრივ მარტო დარჩენილ ბავშვებს ახალი გზები აჩვენა, ახალი გატაცებები აღმოაჩენინა – სასწავლო პროცესში არა მხოლოდ მასწავლებლები უნდა ითვალისწინებდნენ მოსწავლეების განსხვავებულ საჭიროებებს, თითოეული ბავშვის ცოდნის და გამოცდილების გაზიარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნასაც უნდა ახერხებდნენ. ბავშვები ხომ ერთმანეთის საუკეთესო მასწავლებლები არიან, პირადი მაგალითი კი საუკეთესო გაკვეთილია. ჩვენ უნდა შევძლოთ დავაკვირდეთ მათ, რა სახის ცოდნებს უზიარებენ ერთმანეთს, სად აქვთ დანაკლისი და რის მიმართ გამოხატავენ ინტერესს – ეს ღირებული ცოდნა იქნება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის.

მშობლის პირადი მაგალითი, როგორც აღზრდის საუკეთესო საშუალება

0

 

„საინტერესოა, ვინ ასწავლა ამ ბავშვს ასეთი ტყუილები!“ – აღშფოთებას ვერ მალავს 5 წლის გიოს დედა საკუთარი შვილის საქციელის გამო, თუმცა, არ სურს იმ დღის გახსენება, როცა კარზე კაკუნის ხმის გაგონებისას, პატარა გიოს თანდასწრებით, უფროს შვილს სთხოვა, მასთან მოსული მეზობელი ქალბატონისთვის ეთქვა, რომ სახლში არ იყო და ძალიან გვიან დაბრუნდებოდა. ბავშვებს გაოცება აღებეჭდათ სახეზე, განსაკუთრებით პატარა გიოს გაუჭირდა განცვიფრების დამალვა და გაკვირვებულმა ჰკითხა დედას: „კი, მაგრამ შენ ხომ სახლში ხარ?“ „სახლში ვარ, მაგრამ ახლა ასეა საჭირო!“ – უხეშად მიუგო ბავშვს დედამ და არც კი დაფიქრებულა იმაზე, რომ მისი ქცევა შეიძლებოდა მაგალითი გამხდარიყო პატარა გიოსთვის და მომავალში ისიც ადვილად იტყოდა ტყუილს, თუკი მას ეს დასჭირდებოდა.

ვფიქრობ, ანალოგიური სიტუაციების მოწმე და შესაძლოა მონაწილეც თითოეული ჩვენგანი ყოფილა. სამწუხაროდ, ასეთ დროს ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ შეიძლება სწორედ ჩვენი ესა თუ ის საქციელი გახდეს ბავშვში იმ თვისებების ჩამოყალიბების მიზეზი, რომლებიც ასე არ მოგვწონს მოზარდებში, მათ აღმოფხვრასაც კი ვცდილობთ, მაგრამ, როგორც წესი, ჩვენი ყველანაირი მცდელობა, ხშირ შემთხვევაში, უშედეგოდ მთავრდება. როგორც წესი, ბავშვებს ძალიან უყვართ უფროსების, განსაკუთრებით კი მშობლების მიბაძვა. ამაში არაფერია გასაკვირი, რამდენადაც ეს პატარების ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურებაა.

ყველას შეგვიმჩნევია, თუ როგორ ჰგვანან ბავშვები თავიანთ მშობლებს და ეს მსგავსება მხოლოდ გარეგნობას არ ეხება – ხასიათით, სიარულის, საუბრის მანერით, ხმის ტემბრით, პრობლემურ სიტუაციებზე რეაქციებით ისინი საკუთარი მშობლების ანარეკლს წარმოადგენენ.  მშობლები ბავშვისთვის არა მხოლოდ საყვარელი ადამიანები არიან, არამედ ეტალონიც, მისაბაძი მაგალითი, თუ როგორ დაამყარონ ურთიერთობა გარშემომყოფებთან, როგორ მართონ ემოციები, როგორ მართონ საკუთარი ქცევა. მშობლების პირადი მაგალითი ბავშვისთვის თვალსაჩინო მოდელია. ისინი ღრუბლის მსგავსად ისტრუტავენ მათ, როგორც დადებით, ასევე უარყოფით ქცევას, მათ ჩვევებს. ისინი სწავლობენ მშობლების მაგალითზე და ფაქტობრივად კოპირებას უკეთებენ მათ ქცევას, იმეორებენ კარგსაც და ცუდსაც. ბავშვები ძალიან დაკვირვებულები არიან და იმეორებენ ყველაფერს, რასაც მათი მშობლები აკეთებენ. მშობლების მაგალითი ხომ აღზრდის საფუძველია. თუ დედა ზედმეტად ემოციურია, უჭირს საკუთარი ემოციების მართვა და ყვირილით, ხმამაღალი ტონით ელაპარაკება ოჯახის წევრებს, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ბავშვი მშვიდად ილაპარაკებს.

მთავარ როლს ბავშვის ცხოვრებაში უპირობოდ ასრულებენ მშობლები. პატარას განსაკუთრებული მიჯაჭვულობა აქვს მათთან. ეს დამოკიდებულება განსხვავდება სხვა ემოციური კავშირებისგან. ამიტომ, ოჯახურ აღზრდაში დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების ავტორიტეტს და მათ პირად მაგალითს. მშობლების ინტერესები და ჩვევები, მათი ქცევა და ურთიერთობა უშუალო გავლენას ახდენს ბავშვზე. იმიტაციის საშუალებით ისინი სწავლობენ ახალ მოქმედებებს და ქცევებს სხვადასხვა სიტუაციაში. როგორც ამბობენ, ბავშვი ოჯახის სარკეა, რომელშიც აისახება ყველაფერი: მშობლების პიროვნული პრობლემები, მეუღლეებს შორის ურთიერთობები, მშობლისა და ბავშვის ურთიერთდამოკიდებულებები, წინააღმდეგობები და კონფლიქტები. და, თუ უფრო ზუსტი ვიქნებით, ბავშვები მშობლების პრობლემების სარკეა. სამწუხაროდ ხშირად ეს სარკე მრუდეა და სიმრუდე ვლინდება ბავშვის უკონტროლო, ნეგატიური ქცევის ფორმით. აღნიშნული გამოვლინებები შეიძლება შევარბილოთ, შევამციროთ, ან საერთოდ  აღმოვფხვრათ, რასაც ხელს შეუწყობს დადებითი ცვლილებები ოჯახურ ურთიერთობებში, მუშაობა მშობლების შიდაპიროვნული, ინტრაპერსონალური პრობლემების მოსაგვარებლად. ასეთი სახის სამუშაოები დადებით გავლენას მოახდენს ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე. უფროსების ქცევა ხომ ყოველთვის აისახება ბავშვებზე, რომლებიც მხოლოდ აკოპირებენ მათ ოჯახში მიღებული ურთიერთობისა და ქცევის მოდელს. როგორც წესი, ჩვენი ჭკუისდამრიგებლური და აღმზრდელობითი ხასიათის საუბრები ბავშვებთან კარგავს ყველანაირ ეფექტიანობას, თუ ჩვენი მოქმედება სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს სიტყვებს. მაგ. თუ ბავშვს სიკეთეზე, შემწყნარებლობაზე, ემპათიაზე ვესაუბრებით, მაგრამ ქუჩაში გასულები პირველივე ადამიანს, რომელიც მოწყალებას ითხოვს, განვიკითხავთ და საყვედურებით ვავსებთ, ძნელი წარმოსადგენია, რომ ზემოჩამოთვლილი თვისებები ჩამოუყალიბდეს ბავშვს, რომელიც ჩვენს სიტყვასა და ქმედებას შორის ასეთი განსხვავების მოწმე ხდება. კარგი თვისებები, რომელთა აღზრდასაც ვცდილობთ ბავშვებში, უფრო მტკიცე იქნება,  თუ ისინი ამ თვისებებს საკუთარ მშობლებში დაინახავენ.

მოსწონს ეს თუ არა მშობელს, შვილებისთვის ის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.  „აღზარდეთ ბავშვი საკუთარი მაგალითით“ – ალბათ ეს საუკეთესო, უმარტივესი და ყოვლისმომცველი რჩევაა მშობლებისთვის. თუმცა, ამ რეკომენდაციის განხორციელება ადვილი არ არის, რადგანაც თითოეულ  ჩვენგანს აქვს დღეები, როდესაც ოჯახის წევრებთან ვსაუბრობთ არასასურველი ტონით, მაღალი ხმით, ან შეიძლება ვთქვათ რაიმე ისეთი, რაზეც მოგვიანებით ვინანებთ. რეალობა ისეთია, რომ არცერთი ჩვენგანი არ არის იდეალური, სრულყოფილების განსახიერება და აქედან გამომდინარე ხანდახან შეიძლება გავაკეთოთ ის, ან ვთქვათ ის, რაც სასურველია, რომ ბავშვმა არ დაინახოს, ან არ გაიგოს, არ მოისმინოს ჩვენგან. ამასთან, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ პრობლემებს ქმნის არა შეცდომები, არამედ შეცდომების არაღიარება, დაუნახაობა და მათზე არასწორი რეაგირება. ამიტომ, საჭიროა მომხდარის კონსტრუქციული განხილვა, ბოდიშის მოხდა, შერიგება, ემპათიის, პატივისცემის გამოვლენა. საკუთარი მაგალითით ბავშვების აღზრდა არ ნიშნავს იმას, რომ მშობლები იდეალურები უნდა იყვნენ. უბრალოდ არასოდეს დავივიწყოთ, რომ ჩვენს სიტყვებსა და მოქმედებებს შთანთქავენ ბავშვები. თავის მხრივ, ეს კარგიცაა, რადგან მშობლებს ყოველდღიურად ეძლევათ შანსი, დაეხმარონ შვილებს, გახდნენ ისეთები, როგორების ხილვასაც თავად ისურვებდნენ. ამასთან, გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მშობლების პირადი მაგალითის ზემოქმედების ძალა დამოკიდებულია მათ ავტორიტეტზე. ბავშვებში ავტორიტეტის მოპოვება კი ადვილი არ არის. ამისათვის, უპირველეს ყოვლისა,  ბუნებრივობა, უშუალობა და გულწრფელობა გვჭირდება. ხელოვნურობას დედის ან მამის ქცევაში ბავშვი ადვილად ამჩნევს, გრძნობს. დადებით შედეგს იძლევა მხოლოდ ავტორიტეტი, რომელიც პატივისცემაზეა დაფუძნებული, ურთიერთობა პატარებთან მათი ადამიანური ღირსებების შელახვის გარეშე ზრდის უფროსის ავტორიტეტს.

სამწუხაროდ, მშობლების გარკვეულ, არცთუ მცირე ნაწილს არ სურს აღიაროს საკუთარი „წვლილი“ ბავშვთან დაკავშირებული პრობლემების არსებობაში. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხშირად, მათ არ სურთ იმუშაონ საკუთარ თავზე და საკუთარ ნაკლოვანებებზე. როგორც წესი, ასეთი მშობლები მხოლოდ სხვებისგან – პედაგოგებისა და ფსიქოლოგებისგან   მოითხოვენ იმუშაონ ბავშვთან მისი ქცევის შესაცვლელად; მაგრამ, რაც უფრო მეტს მუშაობენ ეს ადამიანები მოზარდთან, მით უფრო მეტად რწმუნდებიან, რომ ბავშვებს შორის „რთულები“ არ არსებობენ, უბრალოდ, ისინი საჭიროებენ ჯანსაღ გარემოს და მათი პრობლემებით დაინტერესებულ, გულშემატკივარ ადამიანებს გვერდით.

მართალია, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფება ბავშვთან, მისთვის მაგალითი ხდება, მაგრამ მშობლის როლი და მნიშვნელობა მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში განუზომელი და შეუფასებელია. მშობლების   მაგალითი და ბავშვთან მათი ურთიერთობის მანერა სამუდამოდ რჩება  მოზარდის ცნობიერებაში და განსაკუთრებით ძლიერად ვლინდება, როცა ის თავად ხდება მშობელი. ამდენად, მშობლის დადებითი პირადი მაგალითი არა მხოლოდ კარგი პიროვნების, არამედ კარგი მშობლის ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი წინაპირობაც შეიძლება გახდეს.

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...