შაბათი, აგვისტო 2, 2025
2 აგვისტო, შაბათი, 2025

კომპიუტერული თამაშები: ზიანი და სარგებელი

0

კომპიუტერულმა ტექნოლოგიებმა მტკიცედ მოიკიდა ფეხი ჩვენს ცხოვრებაში, მშობლები კი საგონებელში ჩაცვივდნენ. მათ აღელვებთ კომპიუტერის გავლენა ბავშვზე, აინტერესებთ, რამდენად უსაფრთხოა ის მოზარდი ორგანიზმისთვის. განუწყვეტლივ მიმდინარეობს დებატები კომპიუტერული თამაშების სარგებელსა და მავნებლობაზე, არ წყდება კამათი იმის შესახებ, აყენებს თუ არა ზიანს ეს თამაშები ბავშვს.

არსებობენ კომპიუტერული თამაშების მოწინააღმდეგეები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ასეთ თამაშებს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს, თუმცა გვხვდებიან ისეთებიც, რომლებსაც კომპიუტერული თამაშების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ.

ბავშვზე კომპიუტერული თამაშების გავლენა ერთმნიშვნელოვანი არ არის. დაბეჯითებით ვერ ვიტყვით, რომ ისინი კარგია და ბავშვმა შეიძლება ითამაშოს იმდენ ხანს, რამდენსაც მოისურვებს, თუმცა გაუმართლებელი იქნება იმის მტკიცებაც, რომ ცუდია და მათზე უარი უნდა ვთქვათ. კომპიუტერული თამაშები, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ ჩვენ გარშემო, სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც.

ვინაიდან კომპიუტერული თამაშები დღეს ფართოდაა გავრცელებული, მათი ზიანისა და სარგებლის საკითხი ეხება ადამიანთა ძალიან დიდ რიცხვს. მათი დადებითი და უარყოფითი ზემოქმედების გამოვლენა დაგვეხმარება, უფრო ეფექტიანად გამოვიყენოთ ამ თამაშების პლუსები და თავიდან ავიცილოთ მინუსები.

დღეს ფართოდ არის გავრცელებული კომპიუტერული ტექნოლოგიები, რომელთა წყალობითაც კომპიუტერული თამაშები იქმნება. მათ შორის ბევრია ისეთი, რომელიც შეიძლება ბავშვის განვითარებისთვის იქნეს გამოყენებული:

  • ინტელექტუალური თამაშები (თავსატეხები, რებუსები), რომლებიც ხელს უწყობს ინტელექტის, ლოგიკური აზროვნების, ყურადღების, მეხსიერების, ობიექტების ვიზუალური აღქმის და სხვა უნარ-ჩვევების განვითარებას;
  • განმავითარებელი კომპიუტერული თამაშები. ამ თამაშების საშუალებით ბავშვმა შეიძლება ისწავლოს ასოები და ციფრები, გაეცნოს მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. ასეთი თამაშები ხშირად დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ემოციური სფეროს, ხელის წვრილი მოტორიკის, მხედველობითი მეხსიერების, მუსიკალური სმენის განვითარებაზე;
  • საგანმანათლებლო, სასწავლო კომპიუტერული თამაშები, რომლებიც დაეხმარება ბავშვს, აიმაღლოს ცოდნა ამა თუ იმ სფეროში, ასწავლის მას სხვადასხვა სიტუაციაში მოქმედებას, ხელს უწყობს შეუპოვრობის, კონცენტრაციის, რეაქციის სისწრაფის განვითარებას.

თუმცა გვხვდება ისეთი თამაშებიც, რომლებმაც შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. ისინი, წესისამებრ, დინამიკურია, აგრესიისა და ძალადობის შემცველი. სწორედ დინამიკურობის გამო უჭირთ ბავშვებს ამ თამაშებისგან მოწყვეტა. რით გამოიხატება მათი უარყოფითი გავლენა?

  • ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც ცალკეული თამაშები უქმნის ბავშვს, არის მათზე დამოკიდებულების, მიჯაჭვულობის ჩამოყალიბება. მოზარდი, რომელიც კომპიუტერის ტყვეობაში ექცევა, მასზე დამოკიდებული ხდება, სწყდება რეალობას და ვირტუალურ სამყაროში იწყებს ცხოვრებას. კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებულება ყველაზე სახიფათო ხდება მაშინ, როდესაც თამაშით გატაცებულ მოზარდს ეკარგება მადა (ჭამისთვისაც კი არ სურს, მოსწყდეს თამაშს) და ერღვევა ძილი (ენანება დრო დასვენებისთვის და თამაშს სიზმარშიც კი აგრძელებს). თამაშდამოკიდებულებაში საგანგაშო ის არის, რომ შეუმჩნევლად იწყება და საფრთხის თაობაზე არავითარ ეჭვს არ ბადებს. ამიტომ არის რთული თამაშდამოკიდებულებასთან ბრძოლა.
  • თუ კომპიუტერული თამაშებით გატაცებული მოზარდი ვერ სწყდება მონიტორს და ბევრ დროს ატარებს კომპიუტერთან, დროთა განმავლობაში მას შეექმნება ხერხემალთან, მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები, გახდება აგრესიული, ნერვული, უყურადღებო, დაბნეული, გაუჭირდება სწავლა, სხვა ყოველდღიური მოვალეობების შესრულება.
  • მზარდ ორგანიზმს სისტემატური ფიზიკური აქტივობა, ვარჯიში სჭირდება. ხანგრძლივი უმოძრაობის გამო ბავშვის ფიზიკურ განვითარებას შეიძლება სერიოზული ზიანი მიადგეს. არსებობს ჰიპოდინამიის განვითარების საფრთხე.
  • როდესაც ბავშვი კომპიუტერულ თამაშებს ბევრ დროს უთმობს, ის ემოციურად საკმაოდ დაძაბულია (ემოციური დაძაბულობა კომპიუტერული თამაშების თანმხლებია) და ეს დაძაბულობა, თავისთავად ცხადია, უკვალოდ არ ქრება. მთელი დღე კომპიუტერთან ჯდომისა და თამაშის შედეგად საღამოსთვის ბავშვი უკვე აღგზნებული, გაღიზიანებული, აგრესიული და უმართავია, უჭირს მშვიდად დაძინება.
  • კომპიუტერთან ბავშვები, როგორც წესი, ურთიერთობენ პირისპირ, ერთი-ერთზე, რაც სერიოზულად აფერხებს სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
  • ძალადობისა და სისასტიკის ელემენტების შემცველი კომპიუტერული თამაშები ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მოზარდის ფსიქიკაზე. კომპიუტერულ თამაშებში ნაჩვენები ძალადობა პროვოცირებას უწევს აგრესიულ აზრებს, აგრესიულ ქცევას, სისასტიკეს აჩვევს მოზარდს. ასეთ ბავშვებში ხშირად შეუძლებელიც კი ხდება რეალური ადამიანების მიმართ თანაგანცდის, თანაგრძნობის გაღვივება.

კომპიუტერული თამაშების სარგებელსა და მავნებლობაზე მსჯელობა დიდხანს შეიძლება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს თამაშები თავისთავად არც საზიანოა და არც სასარგებლო, ისევე როგორც ნებისმიერი რამ ჩვენ გარშემო. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია დანით გავჭრათ ვაშლი და ამავე დანით შეიძლება თითიც გავიჭრათ, მაგრამ ამის გამო არავის მოსვლია აზრად დანების აკრძალვა და ხმარებიდან ამოღება. საქმე საგნებში კი არ არის, არამედ იმაში, თუ როგორ და რა მიზნით გამოვიყენებთ მათ. კომპიუტერული თამაშების ზიანი და სარგებელი ერთ-ერთი იმ საკითხთაგანია, რომლებზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა შეუძლებელია. ერთი რამ ცხადია: ზომიერად ყველაფერი კარგია და თითოეულმა მოზარდმა უნდა იცოდეს, რა არის მისთვის მავნე და რა – სასარგებლო. კომპიუტერული თამაშები ბავშვის განვითარების დამხმარე უნდა იყოს და არა მტერი. ამისთვის საჭიროა, კომპიუტერი არ დარჩეს მოზარდისთვის ინფორმაციის მიღებისა და განვითარების ერთადერთ წყაროს, კომპიუტერული თამაშები კი – ერთადერთ გასართობად. ბავშვი თავს უნდა იქცევდეს კითხვით, სამაგიდო თამაშებით, კონსტრუქტორებით, ისეთი საქმიანობით, რომელიც მოითხოვს რაღაცის საკუთარი ხელით კეთებას, შრომით ძალისხმევას, შემოქმედობითობას, გამომგონებლობას.

დაბოლოს, კარგი იქნება, თუ კომპიუტერულ თამაშებში ჩაძირულ ბავშვს ავუხსნით, რომ ყველაზე საინტერესო თამაში რეალური ცხოვრებაა და არ ღირს მისი შეცვლა ეკრანზე მოციმციმე, უსიცოცხლო სურათებით. ვურჩევთ, არჩევანი გააკეთოს რეალური ცხოვრებისა და საყვარელი ადამიანების სასარგებლოდ. ნუ გადაეშვება ოცნებებისა და ფანტაზიის სამყაროში, ეცადოს, რეალურ და არა ილუზორულ ცხოვრებაში გაიმარჯვოს.

 

 

 

 

შემოქმედებითობა როგორც ოპერაციული სისტემა

0

(კენ რობინსონის სამი მეტაფორა განათლებაზე)

 

კენ რობინსონს კარგად იცნობენ როგორც თანამედროვე განათლების ექსპერტს. მისი გამოსვლები მართლაც რევოლუციურია და შემოქმედებითი და კრეატიული განათლების აუცილებლობის წარმოჩენისკენაა მიმართული. ხადახან ვფიქრობ, რომ ასეთი განათლება შესაძლოა ყველასთვის არ იყოს, რადგან ყველა ვერ გრძნობს მის საჭიროებას, მაგრამ თუ ადამიანი ღვთის, შემოქმედის „სახე და ხატია“, მაშინ ყველაშია შემოქმედებითობის მარცვალი, რომელიც შესაძლოა არასდროს აღმოცენდეს, თუ შესაბამისი კლიმატური პირობები არ შეექმნა.

TED-ვიდეოებში კენ რობინსონი გვიყვება, როგორ დავაღწიოთ თავი განათლებაში „სიკვდილის ხეობას“ და როგორ ვიზრუნოთ მომავალ თაობებზე შესაძლებლობების კლიმატის შექმნით.

ჩემი ყურადღება პირველად სწორედ ამ მეტაფორებმა მიიქცია: განათლების „სიკვდილის ხეობა“ და „კლიმატკონტროლი“.

მხოლოდ ამ ორი მეტაფორის გააზრებაც საკმარისია, რომ დაინახო თანამედროვე განათლების მდგომარეობა და მომავლის საუკეთესო პერსპექტივაც. რეალობიდან აღებული ნიშნებით რობინსონი ისე შემოქმედებითად ოპერირებს ჩვენი ცნობიერითა თუ არაცნობიერით, გეჩვენება, რომ რეალობის მთელი მასალა (ფაქტები და მოვლენები) მხოლოდ ცნობიერების ტრანსლაციაა – ის გვიჩვენებს და აღწერს ადამიანის ცნობიერების მდგომარეობას და მისი შეცვლის გზებსაც გვთავაზობს. მთავარია, ზუსტად მიაგნო იმ მეტაფორას, რომელსაც მოვლენის აღწერისთვის ვიყენებთ.

ჰობსის გაგებით, თეორიულად ცნობიერება არის ოპერირება ნიშნით. მან ჩამოაყალიბა ნიშანთა ტიპოლოგია, გაყო ნიშანთა მნიშვნელობა და ნიშანთა მასალა. განსხვავება ისაა, რომ ერთს მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, მეორეს კი სხვისთვის.

 

ვფიქრობ, რომ რობინსონმა ზუსტი მეტაფორა შეარჩია. დიახ, მართლაც არსებობდა ასეთი ხეობა, რომელსაც „სიკვდილის ხეობას“ უწოდებდნენ, რადგან წვიმა იქ არასდროს მოდიოდა და ყველაფერი ჩამკვდარი იყო (ამის შესახებ სხვა სტატიებშიც დავწერე). მაგრამ ერთხელ ნალექის მოსვლამ სრულიად შეცვალა, ააყვავილა ეს ხეობა. ამ მოვლენას თუ გავიაზრებთ როგორც ცნობიერების მეტაფორას, ადვილად დავინახავთ, რა და რატომ სჭირდება თანამედროვე განათლებას.

რას გულისხმობს მეორე მეტაფორა –„კლიმატ-კონტროლი“? – ერთხელ შექმნილი კლიმატი არაფრის მაქნისია, თუ ის არ ვაკონტროლეთ და სათანადო ტემპერატურა არ შევინარჩუნეთ. განათლების სისტემასაც ასევე სჭირდება იმ მეთოდების შერჩევა, რომლებიც ბავშვების მრავალფეროვან შესაძლებლობათა განვითარებისკენ იქნება მიმართული და, რასაკვირველია, ეს ერთჯერადი პროცესი კი არ უნდა იყოს, არამედ განმეორებადი და თანამიმდევრული.

კიდევ ერთი მეტაფორით გამოხატული განათლების სისტემის „დიაგნოზი“: „ბუნებრივი რესურსების კრიზისი“.

რობინსონის მიხედვით, „კლიმატის კრიზისი კომპასივით განათლებაში მომუშავე ადამიანებისთვისაა და, რა თქმა უნდა, კავშირშია ბუნებრივი რესურსების კრიზისთან. ეს გახლავთ არა მარტო ბუნებრივი რესურსების, არამედ ადამიანური რესურსებისა და ტალანტების არასწორი გამოყენებაც. იმ რესურსებისა, რომლებთან ერთადაც ჩვენ, ადამიანები, გავჩნდით ამ ქვეყანაზე. ჩვენმა საზოგადოებამ გამოიწვია ის, რომ ბუნებრივი რესურსების არასწორი და აქცენტირებული გამოყენებით თაობების განმავლობაში არასწორად მოხდა ადამიანის ტალანტისა და ნიჭის გამოყენებაც.

შედეგი კი ის გახლავთ, რომ დღეს საქმე გვაქვს მასობრივ სოციალურ განხეთქილებასთან, მასობრივ სოციალურ უთანაბრობასთან და, შესაბამისად, სოციალურ თუ ინდივიდუალურ მღელვარებასთან“ (თარგმნა ლევან ალფაიძემ).

რა ზუსტი ანალოგიაა: ბუნებრივი რესურსების კრიზისი და ადამიანური რესურსების კრიზისი. თითქოს ის, რაც ბუნებაში ხდება, კარგავს ჩვენი ცნობიერებისგან გამყოფ ზღვარს ან, პირიქით, ჩვენი ცნობიერება პირდაპირ ვრცელდება ბუნებაში. ბუნებაც ხომ მეტაფორაა და ერთდროულად ნიშნავს შინაგანს და გარეგანს.

კენ რობინსონის მეტაფორებზე დაკვირვება დაგვანახებს, როგორ ჰგავს ზიარჭურჭელს ადამიანის შინაგანი და გარეგანი. ჩვენ შეგვიძლია შევცვალოთ გარეგანი მოვლენები ცნობიერების ტრანსფორმაციით ან პირიქით, გარეგან მოვლენებზე დაკვირვებამ შინაგანი ტრანსფორმაცია განგვაცდევინოს. მნიშვნელოვანი აქ ის კი არ არის, რომ უბრალოდ მივენდოთ რობინსონის სიტყვებს და მეტაფორებს, არამედ ის, რომ მისი მეშვეობით გავაცნობიეროთ შინაგანი და გარეგანი და მათი ერთიანობა და განუყოფლობა და, რაც მთავარია, ცვლილებების აუცილებლობა იმისთვის, რომ ადამიანი უფრო შემოქმედებითი, რეალიზებული და ბედნიერი გახდეს და ჰარმონიაში მოვიდეს გარე სამყაროსთან, რადგან სხვაგვარად არც ბედნიერება არსებობს!

როგორც ჩანს, გარე და შინა სამყაროების მოდელირება ერთნაირად მიმდინარეობს. ამის დამტკიცება შედარებით იოლად შემიძლია პოეზიის ენაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ეხება არა მხოლოდ პოეზიას, არამედ საზოგადოდ ენას და მეტყველებას. აი, რას წერს სამეცნიერო მეტყველებაში მეტაფორების გამოყენების შესახებ მეცნიერი სულხან ცაგარელი წიგნში „ცნობიერება“: „სამყაროში მიმდინარე პროცესების შესაცნობად მეცნიერება ემყარება მოდელირების სხვადასხვა ფორმებს. მოდელირება კი თხოულობს შედარებას, პერსონიფიკაციასა და ანალოგიას. მეცნიერულ ენაში მეტაფორის მომრავლებას ხელი შეუწყო ბუნებრივ და სოციალურ პროცესთა მათემატიკურმა მოდელირებამ. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავის ტვინში მიმდინარე ნეიროდინამიკური პროცესების ფიზიკურ და მათემატიკურ მოდელირებას“.

კენ რობინსონის მთავარი იდეაა, შემოქმედებითობა იქცეს ისეთ ოპერაციულ სისტემად, როგორიც წერა-კითხვის შესწავლაა. კრეატიულობა და შემოქმედებითობა უნდა დაუკავშირდეს სწავლებას, მისი ნაწილი გახდეს. მაგალითად, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვასწავლოთ წერა-კითხვა, მაგრამ საკითხი დგას ასე: როგორ ვასწავლოთ წერა-კითხვა შემოქმედებითად? სწავლების მეთოდი იმდენნაირი შეიძლება იყოს, რამდენი მასწავლებელიცაა ამქვეყნად, რადგან იდეები ხომ განუწყვეტლივ იბადება ჩვენს ცნობიერებაში, მთავარია, შევიძინოთ და ჩამოვტვირთოთ ცნობიერებაში ის ოპერაციული სისტემა, სოფტი, რომელიც კრეატიულობას სწავლებასთან დააკავშირებს და მერე უკვე ბუნებრივად განვითარდება ყველაფერი.

არსებობდა „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, ახლა კი დროა, „შემოქმედებითი აზროვნების გამავრცელებელი საზოგადოება“ შეიქმნას და მერე ორივე დაუკავშირდეს ერთმანეთს. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი ნამდვილი ცვლილება განათლებაში!

„ჩვენ შეგვეძლება კრეატიულობის ჩართვა და მისი დაკავშირება წერა-კითხვასთან, მათემატიკასთან, მეცნიერებებსა და სასწავლო პროგრამის სხვა ნაწილებთან. თუ ვაპირებთ, შემოქმედება, ინოვაცია და წარმოსახვა განათლების ცენტრალურ წერტილებად ვაქციოთ, არ შეიძლება, ისინი გაფანტულ ოცნებებად დავტოვოთ. ყველა ჩვენგანს დროდადრო მოსდის კარგი იდეა. საქმე ის არის, როგორ გავწაფოთ ადამიანები, რომ მათ ბევრი კარგი იდეა მოუვიდეთ, რა სახის უნარებია ამისთვის საჭირო. ვფიქრობ, პირველი ამოცანაა კრეატიულობისა და გონების კვლავ ერთმანეთთან დაკავშირება, რადგან ფაქტია, რომ ვერ იქნები შემოქმედებითი, თუ მაღალი ხარისხის გონებრივი უნარები არ გაქვს. ხოლო გონების უმაღლესი ფორმა სწორედ შემოქმედებაა“ (კენ რობინსონი, თარგმნა ლევან ალფაიძემ)

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.english-video.net/v/ka/1738

https://www.edutopia.org/sir-ken-robinson-creativity-part-one-video

სანელებლების ამბავი

0

ჩემს ქეთო ბებოს ძალიან გემრიელი ხელი ჰქონდა. მეც, მისი შემხედვარე, სამი-ოთხი წლისა, თურმე ჯიუტად ვაბაკუნებდი ფეხს და ვამტკიცებდი, დიდი რომ გავიზრდები, ქეთო ბებო გამოვალ-მეთქი.

უამრავი კერძის კეთება იცოდა და სანელებლებით ისე ოსტატურად აზავებდა, უბრალო სადილიც კი უგემრიელესი გამოსდიოდა. თან უამრავ ამბავს მოაყოლებდა.

მისგან გავიგე, რომ სანელებლების გამოყენება ჯერ კიდევ პირველყოფილ ადამიანებს დაუწყიათ. პალეოლითის ეპოქაში მონადირეები ხორცის გემოს გასაუმჯობესებლად მცენარის ფესვებს, ბოლქვებს და ფოთლებს იყენებდნენ.

მოგვიანებით კარაბადინებში უამრავი სანელებელი აღწერეს და ზოგიერთი მათგანი ოქროსავით ძვირფასი იყო.

რომაელი ისტორიკოსი პლინიუსი ჩიოდა, ეგზოტიკური სანელებლების შესაძენად ყოველწლიურად 50 მილიონამდე სესტერცია იხარჯებაო.

მაგალითად, წიწაკას „შავ“ ან „წითელ“ ოქროს უწოდებდნენ. ძველ რომში მისით იხდიდნენ გადასახადებს და მავანს ქრთამადაც კი აძლევდნენ. ლონდონში „მეწიწაკეების გილდიაც“ ყოფილა, რომლის მოვალეობაც წიწაკის ხარისხის კონტროლი იყო.

დღეს წიწაკით ვერაფრის საფასურსაც ვერ გადაიხდი, თუმცა, კვლევების თანახმად, წიწაკა ჩილი ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა და ვინც მას რეგულარულად მიირთმევს, 13%-ით ამცირებს ნაადრევი სიკვდილის რისკს.

ჩილის მთავარი კომპონენტი კაპსაიცინია, რომელიც სიმსივნური უჯრედების ზრდას აჩერებს. ეს უკვე ბებომ კი არა, Google Scholars-ის სტატიებმა თქვეს, რომლებიც კვლევებს ეფუძნება. როდესაც ლაბორატორიულ პირობებში სიმსივნურ უჯრედებს ამ ნივთიერებას ამატებდნენ, უჯრედები გამრავლებას წყვეტდა და აპოპტოზი ანუ უჯრედების დაშლა იწყებოდა.

გარდა ამისა, კაპსაიცინი ასტიმულირებს ნერწყვის გამოყოფას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აუმჯობესებს სწორი ნაწლავის პერისტალტიკას.

კაპსაიცინი ცეცხლოვანი წვის გემოს ალკალოიდია. სუფთა სახით ეს უფერო კრისტალური ნივთიერებაა. მისი ლღობის ტემპერატურა 65 გრადუსია, დუღილისა – 210-220. იოლად იხსნება ორგანულ გამხსნელებში, ეთილის სპირტსა და ცხიმებში.

წიწაკის შემდგომ წვას პირის ღრუში რძე ჩააცხრობს, წყალი კი – ნაკლებად. სალათას მოყრილ წიწაკას უფრო იოლად მიირთმევთ.

ცნობისათვის:

წიწაკის სპრეი – 2000-5,300 ერთეული კაპსაიცინი;

ყვითელი ჩილი – 5000-8000 ერთეული კაპსაიცინი;

ჩილაკა – 2500-4000 ერთეული კაპსაიცინი;

მწვანე ჩილი – 500-2000 ერთეული კაპსაიცინი;

წითელი ჩილი – 500-1500 ერთეული კაპსაიცინი;

ბულგარული წიწაკა – 0 ერთეული კაპსაიცინი.

გამოდის, რომ კაპსაიცინის მისაღებად ბულგარული წიწაკა არ გამოგვადგება.

ბებია კურკუმას არ იცნობდა. იმ დროს არც იყო დიდად გაყიდვაში. მე კი მიყვარს და ვიყენებ.

ინდოეთში ის თავდაპირველად, მხოლოდ საღებავი ეგონათ. არც გაემტყუნებათ – რასაც კურკუმას მოაყრით, მაშინვე დამახასიათებელ ყვითელ შეფერილობას იღებს. მერე ეტყობა გემოც მოეწონათ – ნებისმიერ კერძს მართლაც თავისებურ პიკანტურ გემოს აძლევს. სიმსივნური უჯრედების ზრდას ეს სანელებელიც ანელებს. მთავარი მოქმედი ნივთიერება კურკუმინია.

აქვე ერთი განმარტებაც უნდა გავაკეთო, თორემ უმისამართო კრიტიკოსების მეტი რა არის: ვერავითარი ბუნებრივი ალკალოიდი უკვე შორს წასულ დაავადებას ვერ განკურნავს, თუმცა მათმა მუდმივმა გამოყენებამ შესაძლოა დაავადების ჩამოყალიბება აგვაცილოს თავიდან ან ადრეულ სტადიაზე მყოფი გადაგვარებული უჯრედის ზრდა შეაჩეროს.

კურკუმინი იგივე დიფერულოილმეთანია. გვხვდება როგორც დანამატი E100. ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა, პოლიფენოლია და მინერალური მჟავების ხსნარში ფერს არ იცვლის, ტუტე გარემოში კი წითელი შეფერილობა აქვს.

დაფნის ფოთოლიც სანელებელია. ბებია არა მხოლოდ საკვებში იყენებდა, მის ნახარშსაც ივლებდა თმაზე. 92 წლისა გარდაიცვალა და ბოლომდე სქელი და ჯანსაღი თმა ჰქონდა.

თუ გახსოვთ, იმპერატორები დაფნის გვირგვინით იმკობდნენ თავს. ტიბერიუსი ამგვარად მეხსაც ემალებოდა. დაფნა სასარგებლოა. მის შემადგენლობაში შედის ეთერზეთები, რომლებსაც ბაქტერიების განადგურება შეუძლია. მაგალითად, ევგენოლი, რომელიც ძლიერი ანტისეპტიკური საშუალებაა და ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ ჭრილობების დასამუშავებლად.

ევგენოლი, იგივე 4-ალილ-2-მეტოქსიფენოლი, ფენოლების კლასს და სურნელოვან ნივთიერებებს განეკუთვნება.

ევგენოლი C10H12O2 დაფნის ეთერზეთის შემადგენლობაშია და ამ მცენარის ფოთლების ექსტრაქციით გამოყოფენ.

ჯანჯაფილი სამხრეთი აზიიდან ევროპაში შუა საუკუნეებიდან შემოიტანეს. მას შავი ჭირის საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებები აღმოაჩნდა. ახლა ვიცით, რომ ჯანჯაფილი პოლიფენოლებს შეიცავს – ჯინჯეროლს და მის წარმოებულებს. ებრძვის ანთებით პროცესებს და კიბოს. მასში ასევე შედის მანგანუმი – მიკროელემენტი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების საწარმოებლად, ძვლების სიმტკიცისთვის და გენეტიკური მასალის დასაცავად.

დარიჩინი – ყავისფერი ხე – სისხლში შაქრის დონეს ამცირებს, ცვლის ინსულინრეზიზსტენტობას და ეს მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის ძალიან აქტუალურია. აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას. ერთი სუფრის კოვზი დარიჩინი მანგანუმის დღიური ნორმის 70%-ს შეიცავს.

ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ადამიანებს გვაქვს, მეხსიერებაა, და ვინაიდან დრო ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს, ნათელი გონების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამაზე წერდა გალა:

„…სიბერის ხანა გულს ეპარება

და ნათელ დღეთა ჰქრება ფიცხობა,

მას ხან ეშმაკი გადეფარება,

ხან სასიკვდილო გულმავიწყობა…“

სასიკვდილო გულმავიწყობის წინააღმდეგ ავიცენა თავის სამედიცინო ტრაქტატში სამ კომპონენტს განიხილავს. პირველი მათგანი ოხრახუშია. მისი მთავარი მოქმედი ნივთიერება აპეგინინია, რომელიც ნერვულ უჯრედებს შორის კავშირების დამყარებას უწყობს ხელს და ჩვენს მეხსიერებას წრთობის უნარს უნარჩუნებს.

მომდევნოა გვირილა, რომლის ეთერზეთებიც უსაფუძვლო შფოთვას გვაცილებს ადამიანს.

ბოლო კი კურკუმაა, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და სიმსივნური უჯრედების გამრავლებასთან ერთად ალცჰაიმერის დაავადების შეფერხებაც შეუძლია.

თუმცა იგივე ავიცენა ყველაზე გავრცელებულ და სახიფათო სანელებლად ჩვეულებრივ სუფრის მარილს მიიჩნევს.

მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. მისი დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი ნატრიუმის იონები მონაწილეობს ნერვული უჯრედების ფუნქციობასა და იმპულსების გადაცემაში, უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირებაში, კუნთების შეკუმშვაში, თუმცა ნატრიუმთან მიმართებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ნატრიუმი ორგანიზმში წყალს აკავებს, რასაც შესაძლოა არცთუ სასურველი შედეგი მოჰყვეს. სისხლძარღვებში ზედმეტმა სითხემ შესაძლოა წნევის მომატება გამოიწვიოს. ამრიგად, ჭარბი ნატრიუმი წნევის მატებას უწევს პროვოცირებას, მომატებული წნევა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ინსულტის, ინფარქტის) და თირკმელების უკმარისობის რისკფაქტორია. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე უკვე გამოჩნდა ე.წ. მარილის შემცვლელი პრეპარატები, რომლებშიც ნატრიუმის იონები კალიუმის ან მაგნიუმის იონებითაა შეცვლილი. თუმცა მათი ავკარგიანობა საბოლოოდ ჯერ არ დაუდგენიათ. გარდა ამისა, ნატრიუმზე სულ მთლად უარის თქმაც არ ივარგებს. გამოდის, რომ საუკეთესო გამოსავალი მარილის ზომიერი მიღებაა.

ახლა სამზარეულოში უკვე მე დავფუსფუსებ. ჩემი ქეთო ბებოს ნეკადაც არ ვღირვარ, მაგრამ რაღაცას მაინც ვახერხებ და სულ ის დრო მენატრება, ხელებდაკაპიწებული ბებო სანელებლებზე რომ მიყვებოდა.

,,ქალაქობანა’’ – სასწავლო აქტივობა

0

მე XX საუკუნის 90-იანი წლების თაობის ადამიანებმა კარგად იციან, რომ მაშინ თამაშების მრავალფეროვნება არ იყო. იმ პერიოდის ბავშვებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ინტელექტუალური თამაში „ქალაქობანა“.

 

ფურცელზე ჰორიზონტალურად ჩამოვწერდით : ქალაქი, სოფელი, სახელი, გვარი, ცხოველი, ფრინველი, მცენარე, ჯამი. ერთ-ერთი მონაწილე ხაზების ჩამოსმას იწყებდა, თითოეული ხაზი ანბანის თითო ასოს აღნიშნავდა, მეორე ეტყოდა: „სტოპ!“… და რომელ ასოზეც გაჩერდებოდა, თამაშიც იმ ასოზე იწყებოდა და სიტყვების სწრაფად შევსებით სრულდებოდა.

თამაშს შესაბამისი წესები ჰქონდა:

5 ქულას იღებდა ყველა მონაწილე, თუკი ყველას ერთი და იგივე სახელი ეწერა;

10 ქულას იღებდა ყველა მონაწილე, თუკი ყველას განსხვავებული სახელები ეწერა;

15 ქულას იღებდა მოთამაშე იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ თვითონ მოასწრებდა კონკრეტული ველის შევსებას, სხვა მოთამაშეები კი ვერ მოასწრებდნენ.

ვინც პირველი მოასწრებდა შევსებას, წამოიძახებდა სიტყვას: „სტოპ!“… და შემდეგ უკვე იწყებოდა ჩანაწერების წაკითხვა, შედარება და ქულების განაწილება. ვინც მეტ ქულას დააგროვებდა, გამარჯვებულიც ის იყო და ასე თამაშ-თამაშით გეოგრაფია თუ ბიოლოგიაც შემოგვესწავლებოდა ხოლმე…

მას შემდეგ ეს თამაში ღრმად ჩამრჩა მეხსიერებაში და დიდობაშიც კი, როცა დრო გამომიჩნდებოდა, ბიძაშვილებთან ერთად სიამოვნებით ვთამაშობდი.

სატელევიზიო გადაცემებს ხშირად ვერ ვუყურებ… თუმცა, მაქვს რამდენიმე ამოჩემებული გადაცემა, რომელსაც ყოველთვის დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს და გარდა იმისა, რომ მათგან სიამოვნებას ვიღებ, ვცდილობ, ისეთი დეტალები დავიჭირო, რომლებიც შემდეგ სწავლების პროცესში გამომადგება. ბევრი თამაში მათგან პირდაპირ ამიღია და გამომიყენებია, ბევრიც შემიცვლია და ჩემი სასწავლო მიზნებისათვის მომირგია. ასე აღმოვაჩინე ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენი ბავშვობის დროინდელი თამაში „ქალაქობანა“ (თემასა თუ სტუმრებზე მორგებული) და მაშინვე ჩემი ბავშვები გამახსენდა…

იმ დროს დონალდ ბისეტის წიგნს „ყველაფერი ყირამალა“ ვკითხულობდით. პერიოდულად ერთმანეთს ემოციებს ვუზიარებდით, პერსონაჟებზე ვსაუბრობდით, თუმცა, წიგნის დასრულების შემდეგ მინდოდა, ყველა ამ ემოციისთვის თავი მოგვეყარა და გაგვეხსენებინა ისე, რომ ეს ბავშვებისათვის კიდევ დამატებითი საფიქრალი არ გამხდარიყო. აი, სწორედ აქ გამახსენდა ჩემი ბავშვობის საყვარელი თამაში – „ქალაქობანა“.

იმისათვის, რომ ბავშვებისთვის შეუძლებელი არ მომეთხოვა, მოთხრობებს კიდევ ერთხელ გადავხედე, მოვინიშნე ის დეტალები, რომლებზე ყურადღებასაც პერიოდულად ვამახვილებდით და ცხრილში გავანაწილე.

სათაური პერსონაჟი პერსონაჟის თვისება პერსონაჟის სურვილი ცხოველი/ფრინველი/მწერი ჯამი
           
           
           

 

მეორე დღეს, სკოლაში მისვლისთანავე, თამაში დავაანონსე და წესებიც იქვე გავაცანი. აღმოჩნდა, რომ ბევრმა თავიანთი მშობლისაგან იცოდა, რა იყო „ქალაქობანა“, თუმცა, მათ წაკითხულ წიგნთან დავალების პირობა მაშინვე ვერ დააკავშირეს, მაგრამ თითოეული სვეტისა და ტრადიციული წესების გაცნობის შემდეგ მათთვის ყველაფერი ნათელი გახდა და… ჩვენც დავიწყეთ…

ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანია, შენც მათნაირი გახდე და მათ თამაშში ჩაერთო. ხაზების ჩამოსმა… „სტოპ!“… ასოების ანბანთრიგზე ჩამოთვლა… ერთ-ერთ ასოზე შეჩერება და დაიწყო… სათაურები, პერსონაჟები, მათი თვისებები და სურვილები ერთნაირად ირეოდა ჩემსა და მათ გონებაში. თავიდან ცოტას წუწუნებდნენ, ვერ იხსენებდნენ, მეორე და მესამე ასოზე უკვე მიეჩვივნენ და შეწყვეტა აღარ უნდოდათ… მომდევნო დღეებში, როცა ჩემ გარეშე დასვენებებზე ჯგუფებად თამაშობდნენ, მივხვდი, რომ მიზანს მივაღწიე.

ფიქრის, აზროვნებისა და ცოდნის ორგანიზებასთან ერთად, თითოეული სტრიქონის შევსების შემდეგ, იწყებოდა მსჯელობა. აქ უკვე ერთად ვიხსენებდით პერსონაჟებს, რა სურდათ მათ, რას გრძნობდნენ, როცა პირველად გაიცნეს, რას ფიქრობდნენ მათ თვისებებსა და სურვილებზე, თუ იმეგობრებდნენ მათთან და ასე შემდეგ… ასოები მხიარულად ენაცვლებოდნენ ერთმანეთს.

როცა დაწყებით კლასებს ასწავლი, უკვე იცი, რომ, თუ გინდა მოსწავლეთა ინტერესი და მოტივაცია არ შენელდეს, სისტემატურად ახალ-ახალი სასწავლო თამაში უნდა მოიგონო. ეს განცდა განსაკუთრებით არდადეგების პერიოდში მიასმაგდება.

სკოლაში დაბრუნებისას ყველას სურს, თავისი ემოციები და თავგადასავლები გიამბოს. როგორც წესი, ერთმანეთს მოყოლას არ აცლიან. შენც გინდა, ყველას მოუსმინო, ყველას სიხარული გაიზიარო…

არსებობს კითხვა, რომელიც მთელი არდადეგების განმავლობაში არ მასვენებს:

  • როგორ გამოვიკითხო არდადეგების ამბები ისე, რომ ერთმანეთის მოსმენა და ემოციების გაზიარება შევძლოთ?

ეს კითხვა წელსაც გადმომყვა. შობის დღესასწაული ჩემს ბიძაშვილებთან გავატარე. მერე ჩვენი საყვარელი თამაშიც გავიხსენეთ. მეორე დღეს კი მე უკვე ვიცოდი ჩემს კითხვაზე პასუხი და მუშაობას შევუდექი.

თემა: „ახალი წელი“… ცხრილი უცებ დავხაზე. თითოეულ სვეტზე ბევრი ვიფიქრე, არც ძალიან მარტივი უნდა ყოფილიყო და არც ზედმეტად რთული. რამდენიმე მიზანი მქონდა:

  • გაეხსენებინათ ახალი წლის ამბები და ის ემოციები, რომლებიც მათში იყო;
  • გაეხსენებინათ ახალი წელთან დაკავშირებული ყველა სიტყვა და გაენაწილებინათ შესაბამის სვეტში.
ახალი წლის ემოცია ახალი წლის

სიტყვა

ახალი წლის

ტრადიცია

ახალი წლის

კერძი

ახალი წლის

საჩუქარი

ახალი წლის სურვილი ჯამი
             
             
             
             

 

სკოლაში მისვლისთანავე, როცა საახალწლო ამბების მოყოლა დაიწყეს, შევაჩერე და შევთავაზე, ჩვენთვის უკვე ნაცნობი „თამაშით“ გაგვეხსენებინა ახალი წელი და ამ დღესასწაულით გამოწვეული ემოციები. წესები მალევე აღიდგინეს. აქვე ერთ დამატებით წესზეც შევთანხმდით: უნდა დაეწერათ წინადადება, რომელიც ერთ კონკრეტულ ასოზე უნდა დაიწყებოდა.

მაგ: ახალი წლის ტრადიცია „ე“ ასოზე – ერთი საათით ადრე ქალაქის ნაძვის ხესთან გასვლა.

ახალი წლის სურვილი „ი“ ასოზე – იღბლიანი წელი.

ახალი წლის ემოცია „შ“ ასოზე – შიში ფეიერვერკების.

რა თქმა უნდა, სათამაშოდ მეც მიმიწვიეს. ყველაზე მეტად ფიქრი არ უყვართ, მალე უნდათ დასრულება და თუ ვერ მოიფიქრეს, მაშინვე ნებდებიან.

შიგადაშიგ ასეთი ფრაზებიც მესმოდა:

„ ი“ ასოზე არაფერი მახსენდება“, „ მხოლოდ ტრადიცია დამრჩა, დანარჩენი ყველა მიწერია“, „მას, ტკბილეულიც კერძში ჩავთვალოთ რა“, „შეიძლება ზებრა ვინმეს აჩუქო? „ზ“ ასოზე მჭირდება“, „ეგ როგორ ვერ მოვიფიქრე“…

დრო მალე გავიდა… გაკვეთილი დასრულდა… სულ რამდენიმე ასო მოვასწარით, დასვენებაზე ჯგუფებად გააგრძელეს თამაში და მთხოვეს, მეორე დღისთვის თითო ფურცელი კიდევ მომეტანა, რათა ოჯახის წევრებთან ერთად ეთამაშათ.

 

 

პერიოდულობის ცხრილი და რუსული ოკუპაცია

0

რუსეთი ოკუპანტია! – ბოლო რამდენიმე საუკუნეს ამაზე ყვირილით ვიწყებთ.

1800-იანებში ხმა ზუსტად იქამდე მივაწვდინეთ, სადამდეც ჩვენმა სახმო იოგებმა მოგვცა საშუალება. შესაბამისად, ქომაგიც არავინ გამოჩნდა.

1900-იანების დასაწყისში მთლად იოგების ანაბარა არ დავრჩენილვართ – უკვე ტელეგრაფი არსებობდა, მაგრამ ის ოხერი მავთული არ აღმოჩნდა საკმარისად გრძელი… ბევრი არავინ მოსულა ჩვენს ძახილზე; ვინც მოვიდა, იმათაც დაგვხედეს და უკანვე გაბრუნდნენ…

2000-იანი წლების დასაწყისში ინტერნეტმა და ციფრული კომუნიკაციის საშუალებებმა გვიშველა. ისეთი „ელექტრონული“ ბუკი და ნაღარა შემოვკარით, რომ უცებ მთელმა მსოფლიომ ჩვენკენ გამოიხედა. იყვნენ ისეთებიც, რუკაზე რომ პირველად აღმოგვაჩინეს… მაგრამ რად გინდა, ჩვენი ქომაგი მხოლოდ ის აღმოჩნდა, ვინც ჩვენსავით პატარა იყო და დროდადრო ჩვენსავით უწევდა „რუსეთი ოკუპანტიას“ ძახილი. უფრო დიდები და ძლიერები აღშფოთდნენ, ბევრი ივიშვიშეს, მომხდური დაამშვიდეს, ჩვენ კი გვითაქეს – ამხელა დათვს რომ აღვიძებდით, რა გეგონათო…

მონღოლეთი, ეს ყველა დროის ყველაზე დიდი იმპერიაც კი არ ყოფილა ისეთი სასტიკი და მაოხრებელი, როგორიც რუსეთია. დიახ, მონღოლები სასტიკად უსწორდებოდნენ ურჩებს, მაგრამ იმპერიის საზღვრებში მოქცევის შემდეგ გაცილებით ლმობიერად ექცეოდნენ დაპყრობილ ერებს, ვიდრე ჩვენი ერთმორწმუნენი. ცნობილია, რომ ჩინგიზ ყაენი ხელუხლებელს ტოვებდა დაპყრობილი ხალხისთვის ყველაზე წმინდას – რელიგიას. პირველი რუსული ოკუპაციის შემდეგ კი საქართველოში ყველა ეკლესია-მონასტერი გადაიღება, მეორე ოკუპაციის შემდეგ – გაპარტახდა და გაიძარცვა…

აი, ასეთია ამ დამპყრობელთა ხელწერა. მიტაცებულ მიწებს და ხარკს არასოდეს სჯერდებოდნენ – იპყრობდნენ ენას, ისტორიას, კულტურას… ვერც ეროვნული მეცნიერება და განათლება გადარჩა.

ამის ერთ-ერთი მაგალითი მენდელეევის პერიოდული სისტემაა. მინდა, ამთავითვე აღვნიშნო, რომ ელემენტთა პერიოდულობის კანონის მიგნებაში დიმიტრი მენდელეევის დამსახურება უდავოდ დიდია. ნებისმიერი ერის, მით უფრო – მრავალმილიონიანის, წიაღში ყოველთვის იბადებიან ცალკეული „საერთაშორისო“ დონის მეცნიერები. ერთი მათგანია მენდელეევი. დიახ, მან ერთ-ერთმა პირველმა ჩამოაყალიბა ელემენტების პერიოდულობის კანონი და მისი ჩაწერის ყველაზე მოხერხებული ფორმა.

მსოფლიო საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ ზარ-ზეიმით აღნიშნა ამ კანონის აღმოჩენაც და პერიოდულობის ცხრილის შექმნაც, რითაც კიდევ ერთხელ მივაგეთ პატივი დიმიტრი მენდელეევის ღვაწლს.

მაგრამ პერიოდულობის კანონის აღმოჩენიდან საუკუნე-ნახევარზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ჩვენს ცოდნაშიც, კანონის ფორმულირებაშიც და მისი ჩაწერის ფორმაშიც.

რა განსხვავდება მენდელეევისეულ და თანამედროვე პერიოდულობის ცხრილებს შორის?

მენდელეევის პერიოდულობის ცხრილი:

  • დაფუძნებულია ატომურ მასებზე;
  • მოიცავს (მოიცავდა) 66 ელემენტს;
  • არ ცნობს იზოტოპებს;
  • მასში განთავსებულ ელემენტებს შორის იყო „თავისუფალი უჯრები“ – შეუვსებელი ადგილები;
  • არ მოიცავდა კეთილშობილ აირებს (იმ დროისთვის ისინი არ იყო აღმოჩენილი);
  • გარდამავალი ელემენტები განთავსებული იყო სხვა ელემენტებთან ერთად.

 

თანამედროვე პერიოდულობის ცხრილი:

  • ეფუძნება ატომურ ნომერს;
  • ელემენტის ადგილს განაპირობებს ატომის ელექტრონული კონფიგურაცია;
  • ელემენტების თვისებების მსგავსება-განსხვავება აიხსნება ელექტრონული კონფიგურაციით და ნათლად აჩვენებს თვისებების ცვლილებას გრძელი პერიოდის გასწვრივ;
  • მოიცავს კეთილშობილ აირებს, რომლებსაც მთლიანად აქვს შევსებული ელექტრონული გარსი;
  • „აღიარებს“ იზოტოპების არსებობას;
  • ელემენტები თვალსაჩინოდ არის დაყოფილი s-, p-, d- და f- ბლოკებად;
  • მკაფიოდ არის გამოკვეთილი სხვადასხვა ჯგუფის (ტუტე მეტალები, ტუტემიწა მეტალები, გარდამავალი მეტალები, არამეტალები, მეტალოიდები, კეთილშობილი გაზები, ლანთანიდები და აქტინიდები) ელემენტები;
  • ადვილია ელემენტების მდებარეობის დამახსოვრება.

 

პერიოდულობის ცხრილთან დაკავშირებული კიდევ ერთი და, ჩემი აზრით, ძალიან საყურადღებო დეტალი. მას მთელ მსოფლიოში, გარდა რუსული სკოლისა და მისი მიმდევრებისა, „ცხრილს“ უწოდებენ და არა „სისტემას“. უფრო მეტი: ვერსად შეხვდებით ჩვენთვის ლამის მშობლიურად ქცეულ ე.წ. „მოკლეპერიოდიან“ პერიოდულობის ცხრილს. მენდელეევამდეც, მის დროსაც და მას შემდეგაც კიდევ არაერთმა მეცნიერმა სცადა ელემენტთა პერიოდულობის ცხრილის ალტერნატიული ვარიანტის შექმნა. მცდელობები დღესაც გრძელდება, რადგან არც თანამედროვე პერიოდულობის ცხრილია სრულყოფილი. ამ ვარიანტებს იოლად იპოვით ინტერნეტში. მაგრამ ვერსად ნახავთ „მოკლეპერიოდიანებს“, ცხადია, გარდა რუსული წყაროებისა.

გრძელპერიოდიანი პერიოდულობის ცხრილი ახალი არ არის. მისი უპირატესობა მე-19 საუკუნის დასაწყისშივე გამოიკვეთა. შესაბამისად, წითლად შეღებილი სახელმწიფოს საზღვრებს გარეთ მას უკვე დიდი ხანია იყენებდნენ. მოკლეპერიოდიანი ცხრილი მხოლოდ რუსული სკოლის მოდელში დარჩა. ამას მენდელეევისადმი პატივისცემით ნიღბავდნენ, სინამდვილეში პოლიტიკის ნაწილი უფრო იყო, რადგან მენდელეევის ორიგინალურ და გათანამედროვეებულ მოკლეპერიოდიან ცხრილებს შორისაც დიდი სხვაობაა.

დღეისთვის უკვე დრომოჭმულია არა მარტო მოკლეპერიოდიანი ცხრილები, არამედ ჯგუფების რომაული ციფრებით სახელდებაც. ეს უკანასკნელი შედარებით მეტხანს შემორჩა საერთაშორისო მასშტაბით. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ამერიკის კონტინენტზე გრძელპერიოდიანი ცხრილის ჯგუფების ნუმერაცია კარგა ხანს ისევ რომაული ციფრებით წარმოებდა. რატომ? ეს ალბათ მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ამ ტექნოლოგიებში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანა ტემპერატურას ისევ ფარენჰეიტებში ზომავს, ხოლო მოცულობას -გალონებში.

IUPAC-მა, რომელიც ქიმიკოსებისთვის უფრო გავლენიანი ორგანიზაციაა, ვიდრე გაერო -მსოფლიოს ქვეყნებისთვის, დაადგინა, რომ პერიოდულობის ცხრილი უნდა იყოს გრძელპერიოდიანი და ჯგუფები უნდა დაინომროს არაბული ციფრებით 1-დან 18-მდე.

რატომ არის ეს საკითხი ასეთი არსებითი? მრავალი მიზეზის გამო, პრაგმატულით დაწყებული, პოლიტიკურით დამთავრებული.

წარმოიდგინეთ, რომ ერთოთახიანი „ხრუშოვკიდან“, სადაც მრავალი წელი გაატარეთ, ევროსტანდარტის ოთახიან ბინაში გადახვედით საცხოვრებლად. პირველ დღეებში თავისუფლების განცდასთან ერთად გექნებათ დიდი უხერხულობა – ნივთების უმეტესობას ვერ მიაგნებთ. იგივე განცდა გვეუფლება მოკლეპერიოდიანი ცხრილიდან თანამედროვეზე გადასვლისას. და დროა უკვე, ეს „უხერხულობა“ დამთავრდეს. თაობას, რომელიც ახლა სწავლობს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ხვალ სწავლა თანამედროვე გარემოში გააგრძელოს.

მავანი იტყვის, გახუნებულ-გაყვითლებული, დაძენძილ-დამტვერილი მოკლეპერიოდიანი „პერიოდული სისტემებითაც“, რომლებითაც ჯერ კიდევ სავსეა ჩვენი აუდიტორიები და საკლასო ოთახები, ხომ შეიძლება ქიმიის სწავლაო. დიახ, შეიძლება. ისევე, როგორც ერთოთახიან „ხრუშოვკაში“ ცხოვრების გაგრძელება.

ჩემთვის ასეთი პერიოდულობის ცხრილი დიდად არ განსხვავდება იმ რუსული T-72-საგან, რომელიც იქოქება, დახრიგინებს, ისვრის კიდეც, მაგრამ მისი ნასროლი მიზანს ვერ აღწევს.

 

 

გაკვეთილის გეგმა – მონაცემთა საშუალო არითმეტიკული

0

საშუალო არითმეტიკული ყველაზე მარტივი და ყველაზე ფართოდ გამოყენებული საზომია საშუალოს გამოსათვლელად. იგი გამოიყენება სპორტში, მედიცინაში, ეკონომიკაში, ისტორიაში, ანთროპოლოგიაში, დედამიწის გლობალური დათბობის გასაზომად, კონკრეტული ტერიტორიის წლიური ნალექის გასაზომად, ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკის დასადგენად და ა.შ. საშუალო არითმეტიკული სკოლაში მე-6 კლასიდან ისწავლება. მოსწავლეები ძალიან მარტივად პოულობენ მონაცემთა საშუალო არითმეტიკულს, თუმცა ვერ სწვდებიან კონცეფციის არსს. არ შეუძლიათ იმსჯელონ, რა მნიშვნელობა აქვს მას; რატომ ეძებენ საშუალოს ადამიანები და როგორ იყენებენ ამ საზომს რეალური სურათის დასახასიათებლად, რა ახდენს საშუალოზე გავლენას? როგორ შეიძლება „საშუალოთი“ მანიპულირება რეალურ ცხოვრებაში. მოსწავლეებს უნდა დავანახოთ საშუალო არითმეტიკულის გამოყენების უპირატესობა და ნაკლი.

გაგიზიარებთ ჩემ მიერ დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილის გეგმას „მონაცემთა საშუალო არითმეტიკული“.

ვრცლად გაკვეთილის გეგმა

მონაცემთა საშუალო არითმეტიკული

 

წყალკურთხევა

0

ცხრამეტ იანვარს, როგორც სახარება გვიყვება, იოანე ნათლისმცემელმა მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. ამ დროს სულიწმინდა უმანკო მტრედის სახით ჩანდა, ხოლო ზეციდან ისმოდა მამა-ღმერთის ხმა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელ მე სათნო ვიყავ“.

იქ, იმ სოფელში ნათლისღება დილას, სანამ ხალხი გაიღვიძებდა, ყრუ-მუნჯი კაცი კანკელიდან ლითონის ჯვარს აიღებდა და დაბლა სოფლის შუაგულისკენ მიდიოდა.

ნათალი ქვისგან შეკრულ ქვის ნავში, სადაც საქონელს არწყულებდნენ, ნაჯახით ყინულს ამოამტვრევდა. ხალათს აიმკლავებდა და ჯვარს სამჯერ ამოავლებდა წყალში. ეს მისი, საყდრის ყარაულისა და მნათეს საქმე იყო. მასავით არავის გამოუვიდოდა, რადგან წყლის მაკურთხებელს, კურთხევისას ხმა არ უნდა ამოეღო, უმძრახად უნდა აღესრულებინა რიტუალი.

თურმე ადრე, მრავალი წლის წინათ, სოფლიდან ბოლო მღვდლის წასვლის შემდეგ, სოფლის მენახირეს ჩაუდგამს წყალში ჯვარი, უმძრახობის აღთქმა დავიწყებია და ნატვრა ამოუთქვამს, ამის გამო წყალი არ კურთხეულა.

ყრუ-მუნჯი ჯვარს ტაძარში შეაბრძანებდა ისევ, ზარს დამპალ თოკს გამოუცვლიდა და რეკვას იწყებდა. საყდარი ხრიოკ გორაზე იდგა და თონესავით ჩავარდნილ სოფელს დაჰყურებდა თავზე. ზარის ხმა შეტყობინება იყო, რომ წყალი დაწმინდავდა.

შემდეგ კი მოდიოდა ხალხი ჭურჭლით. ნაკურთხ წყალს უმძრახად იღებდნენ და სახლში მიჰქონდათ. შემდეგ ისევ ბრუნდებოდნენ, ხორაგი მოჰქონდათ. კარტოფილის ხინკალი და ხილის არაყი, კომბოსტოს მწნილი და სალა. სუფრა იქვე ქვის ნავთან იშლებოდა, მიწაზე გამვლელ-გამომვლელი სუფრას რაღაცას უმატებდა, ჯდებოდა და ზეიმობდა წყლის კურთხევას. ყრუ-მუნჯი ვერ შეძლებდა, თამადა ერთი კაცი იყო, რომელსაც თანაბრად ეხერხებოდა მკვდრის დაბანა და მისთვის ყბის აკვრა, ქელეხში კი გემრიელი შილაფლავის მომზადება. და მკვდრების ჩამცმევ-გამნბანელი იყო, მზარეულს შილაფლავის გაკეთებასავით ემარჯვებოდა ეს საქმე.

ჩხუბიც ატყდებოდა ხოლმე, ნაცემები ნავის წაბილწვას ერიდებოდნენ და იქვე პატარა ხევში იბანდნენ სახეს, შემდეგ კი ნაცემ-მცემლები ერთად აგრძელებდნენ ქეიფს.

საზეიმოდაც ჰქონდათ საქმე, ღმერთის წინაშე ვალი მოიხადეს. წყალიც წლითი-წლობით შეინახებოდა, არ აყროლდებოდა და არც ამყაყდებოდა. გასათხოვარი ქალები პირ-სახეს და თმას იბანდნენ ამ წყლით, ნატვრასაც ჩაუთქვამდნენ, ნაწილს მწნილის წვენში და ყველის დედაში ურევდნენ.

 

სპეციალური მასწავლებლისთვის საჭირო დოკუმენტაცია – პროფესიული საქმიანობის ანალიზი

0

სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს[1] ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია სპეცმასწავლებლის თვითშეფასების დოკუმენტი, რომელიც მოიაზრებს საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების, წარმატებული და წარუმატებელი საქმიანობების იდენტიფიცირებას და ორიენტირებულია სუსტი მხარეებისა და წარუმატებელი საქმიანობების გაუმჯობესებაზე, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ხარისხის განვითარებასა და მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებას. ზოგადად, მიჩნეულია, რომ თვითშეფასება სპეციალური მასწავლებლის პრაქტიკისა და საქმიანობის განუყოფელი ნაწილია და ეხმარება მას, დაინახოს საკუთარი ეფექტიანობა, შედეგები და, პირიქით, აღმოაჩინოს, რაში სჭირდება გაძლიერება და ცვლილება.

თვითშეფასება სპეციალური მასწავლებლისგან მოითხოვს რეფლექსიის უნარს. რეფლექსია კი თავის მხრივ დაკავშირებულია საკუთარი პრაქტიკის ობიექტურად აღქმასთან, გაანალიზებასა და კრიტიკულ ხედვასთან. ცვლილებების განხორციელების საფუძველი პირველ რიგში იმის აღმოჩენაა, რა არის შესაცვლელი.

სპეციალური მასწავლებლის საქმიანობა თავისი არსითა და შინაარსით ძალზედ მრავალფეროვანია. ამ მრავალფეროვნების კომპონენტებად მოიაზრებენ:

  • თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას,
  • თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის უნიკალურობის დანახვას,
  • მასზე მორგებული მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევას, რაც მოითხოვს რეფლექსიის კარგად განვითარებულ უნარს.

რეფლექსია სხვა არაფერია თუ არა მუდმივი ფიქრი და განსჯა იმის შესახებ – რა შეიძლებოდა უკეთესად დამეგეგმა? რატომ არ გაამართლა ჩემმა დაგეგმილმა აქტივობამ? რამ შემიშალა ხელი სასურველი შედეგის მიღებაში? რას შევცვლიდი კონკრეტულ სიტუაციასა და მომენტში, ხელახლა რომ მქონდეს მისი განხორციელების შესაძლებლობა?. მაშასადამე, რეფლექსია და თვითშეფასება წარმოადგენს უწყვეტ პროცესს გაუმჯობესებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ თვითშეფასების ინსტრუმენტი სწორად იქნას აღქმული და გაგებული.

თვითშეფასება სპეციალური მასწავლებლის პერსონალური დოკუმენტია და არა ანგარიშგების სახე. სპეციალური მასწავლებელი თვითშეფასებას მიმართავს საკუთარი პრაქტიკის გასაანალიზებლად და არა სხვა პირისთვის დემონსტრირების მიზნით[2].

სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი სწორედ თვითშეფასებაა, რომლის დოკუმენტირებას ის ახდენს სასწავლო წლის დასაწყისში და დასასრულს. თვითშეფასების კითხვარში სპეციალური მასწავლებელი ფიქრობს, აანალიზებს და აფასებს საკუთარ საქმიანობას შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

  • სასწავლო გარემო,
  • სასწავლო პროცესი,
  • სწავლება.
სასწავლო გარემო

 

სასწავლო პროცესი სწავლება
        პოზიტიური და თანამშრომლობითი ურთიერთობის დამყარება

თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა

ქცევის პოზიტიური მხარდაჭერა

თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოსა და რესურსების შექმნა

        სსსმ მოსწავლის სასწავლო საჭიროებების იდენტიფიცირება

ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შექმნაში მონაწილეობა

ქცევის პოზიტიური მხარდაჭერა

თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოსა და რესურსების შექმნა

        სსსმ მოსწავლის ჰოლისტურ განვითარებაზე ზრუნვა – აკადემიური, კოგნიტიური, მოტორული, სოციალური, ემოციური, კომუნიკაციური და ენა-მეტყველების უნარების განვითარების მხარდაჭერა.

 

კითხვარში თითოეული მიმართულებისა და კატეგორიის მიხედვით წარმოდგენილია დებულებები, რომლებიც დაკავშირებულია სპეციალური მასწავლებლის საქმიანობასთან, კომპეტენციებთან და უნარებთან. სპეციალური მასწავლებელი საკუთარი პრაქტიკის შეფასებას ახდებს 3-ქულიან სკალაზე, სადაც 0 ნიშნავს – „არ შეესაბამება ჩემს პრაქტიკას“, 1 = „ვცდილობ, მაგრამ უმეტესად არ გამომდის“, 2 = „ვცდილობ და უმეტესად გამომდის“, 3 = „ყოველთვის ვზრუნავ და ჩვეულებრივ კარგად გამომდის“. ქულებით შეფასების შემდეგ კი სპეციალური მასწავლებელი ახორციელებს თვითრეფლექსიას, სადაც აღწერს და განმარტავს კონკრეტული მაგალითების, არგუმენტების მოყვანით მინიჭებულ ქულას[3].

სამოქმედო გეგმა სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება, ესენია:

  • ძლიერი მხარეები,
  • გასაუმჯობესებელი მიმართულებები,
  • გაუმჯობესების სტრატეგია/აქტივობა.

ძლიერ მხარეებსა და გასაუმჯობესებელ მიმართულებებში გამოკვეთილ ასპექტებს სწორედ ამ სამი მიმართულების მიხედვით განიხილავს. ის აჯამებს თვითშეფასების დოკუმენტში ასახულ ინფორმაციას. გარდა თვითშეფასების დოკუმენტისა, სპეციალური მასწავლებლისათვის ძლიერი მხარეების იდენტიფიცირებისა და გასაუმჯობესებელი მიმართულებების აღმოჩენის საშუალება შესაძლოა იყოს კოლეგის, პროფესიული საზოგადოების და/ან ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული უკუკავშირი. ამ ყოველივეს აღნიშვნა კი ხდება ცხრილში ცალკე გამოყოფილ პუნქტში, თუ რაზე დაყრდნობით განსაზღვრა სპეციალურმა მასწავლებელმა ძლიერი მხარეები თუ გასაუმჯობესებელი მიმართულებები. ბუნებრივია, სამოქმედო გეგმა მხოლოდ არსებული რეალობის ასახვას არ გულისხმობს. გეგმაში ყველაზე მნიშვნელოვანია, ნათლად ჩანდეს, რა რეაგირება მოჰყვება გამოკვეთილ გასაუმჯობესებელ მიმართულებებს, როგორ დაგეგმავს სპეციალური მასწავლებელი პროფესიულ განვითარებას.

განვითარებასა და კომპეტენციის ამაღლებაში ბევრი რამ შეიძლება დაგვეხმაროს, მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ტრენინგი, სუპერვიზიის გავლა და/ან საჭირო ლიტერატურის შეძენა და მისი დამუშავება. მთავარია, სპეციალურმა მასწავლებელმა სწორად დაგეგმოს ის სტრატეგია და/ან აქტივობები, რომლებიც დაეხმარება მას წინსვლაში. გარდა ამისა, მასწავლებელი საზღვრავს იმ დაახლოებით პერიოდს, რომელიც დაგეგმილი აქტიოვბების განხორციელებისათვის დასჭირდება. დაახლოებითი დროის წინასწარ განსაზღვრა ეხმარება სპეციალურ მასწავლებელს დროის მენეჯმენტში და გასაუმჯებესებელ მიმართულებებზე რეაგირების მაქსიმალურად დროულად დაგეგმვაში.

გასაუმჯობესებელი მიმართულებების განვითარებაში სპეციალური მასწავლებლის მხარდამჭერი შესაძლოა იყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია, კოლეგები და სხვადასხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურა/დაწესებულება, რომელიც ტრენინგებს, სასწავლო კურსებს სთავაზობს პროფესიულ საზოგადოებას. სწორედ ადმინისტრაციაა ის მხარდამჭერი რგოლი, რომელსაც შეუძლია შესძინოს სპეციალურ მასწავლებელს შესაბამისი ლიტერატურა, დაარეგისტრიროს და/ან დაუფინანსოს სატრენინგო კურსები და სხვა. საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სპეციალური მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა ეხმარება საკუთარი საქმიანობის შეჯამებაში, ანალიზსა და სამომავლო აქტივობების ეფექტიანად დაგეგმვაში.

 

[1]file:///C:/Users/user/Desktop/%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D.pdf

[2] პედაგოგიური გზამკვლევი პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016, გვ. 110.

[3] ლიკა ქურციკიძე, ბაია კუბლაშვილი, სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს გზამკვლევი, თბილისი, 2022, გვ. 111. წერილში წარმოდგენილი მასალა ეფუძნება აღნიშნულ გზამკვლევს.

რამდენიმე ეპიზოდი სასკოლო ცხოვრებიდან. ჰერული ამბები

0

ადამიანი სკოლაში ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადის. სწორედ იქ ხდება პიროვნების ჩამოყალიბება. ხშირად უფროსებისთვის შეუმჩნეველი, უმნიშვნელო მოვლენები მოზარდის ცხოვრებაში გარდამტეხ როლს ასრულებს.

მინდა, სკოლის ამბებს მოგიყვეთ. ჩემთვის მოგონების მზით გამთბარს, დაუბრუნებელს და საოცრად ძვირფასს, თუმცა უბრალოს, ჩვეულებრივს.

ისტორიულ ჰერეთში გავიზარდე. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს შოთა რუსთაველის სახელობის სრულ საშუალო სკოლაში 1995 წელს ორი პირველი კლასი (12-12 მოსწავლით) მიიღეს. ორი წლის შემდეგ გაგვაერთიანეს. დაწყებითი საფეხურის დარჩენილი ორი წელიც მალე გაფრინდა. ბევრს ვერაფერს ვიხსენებ იმ დროიდან.

თეთრი პერანგები პირველ დღეს, გაცვლილი კალმები თუ საშლელები.

დაწყებით კლასში ყოფნა პატარა ბავშვობად მიგვაჩნია მეოთხეკლასელებს და თავი დიდი გვგონია მეხუთე კლასში.

ცვლილებების დროც დადგა.

 

დამრიგებელი

მეხუთე კლასში ჩვენი დამრიგებელი გახდა ინგლისურის ახალგაზრდა მასწავლებელი – მავლინა ბარიხაშვილი. მალე შეგვაყვარა თავი, უცებ მოიპოვა ჩვენი ნდობა და სიყვარული.

დამრიგებლის დამსახურება იყო ჩვენი კლასის ერთ მუშტად შეკვრა. ერთად დავდიოდით ექსკურსიებზე, დღესასწაულებზე. დაბადების დღეებს ერთად აღვნიშნავდით. მეექვსე-მეშვიდეკლასელი ბიჭები ნადში დავდიოდით. მაგალითად, ზამთარში შეშის დაპობაში ვეხმარებოდით ერთმანეთს.

ემოციურად მახსოვს ჩვენი ექსკურსიები ბაქოში, განჯასა და მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურში. ერთი ოცნება აუხდენელი დაგვრჩა – კლასი სრული შემადგენლობით ვერ ჩამოვიდა საქართველოში ექსკურსიაზე.

2006 წელს, სკოლის დამთავრებისას, ჩვენს კლასს უნდა გადაეწყვიტა მოახლოებული ბანკეტის ბედი. ვერა და ვერ შევთანხმდით, გადაგვეხადა თუ არა. ზოგს ის მოძველებულ ტრადიციად მიაჩნდა, ზოგს საკმარისი ფული არ ჰქონდა.

დამრიგებლის ინიციატივით, ჩავატარეთ კენჭისყრა, რომლის შედეგისთვისაც ყველას პატივი უნდა ეცა. უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ჩვენ ბანკეტს არ გადავიხდიდით. ეს იყო სოფელში პირველი შემთხვევა, როცა სკოლის დამამთავრებელმა კლასმა უარი თქვა ბანკეტზე.

დემოკრატიული არჩევანის პატივისცემა იმ დღიდან მომყვება.

სამაგიეროდ, ჩავატარეთ საოცარი ბოლო ზარი. სკეტჩები, პაროდიები, გადაკეთებული რეპი იმ დროს პოპულარულ სიმღერაზე.

პაროდისტები ასრულებდნენ პოლიტიკოსების როლებს.

ეს იყო განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული სასკოლო გამოშვება. ემოციური, თბილი და ნაკლებად პომპეზური.

 

სპორტი

კლასში სპორტს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ფეხბურთი, ფრენბურთი, კალათბურთი, რაგბი (დიახ, იმ წლებში, როცა რაგბის შესახებ მხოლოდ ერთეულებმა იცოდნენ, ვცდილობდით მარტივი წესებით თამაშს) და ჭადრაკი. ჩემი კლასი ჩვენი სკოლის სპორტულ ისტორიაში ორი რამით შევიდა:

ვიყავით პირველი კლასი, რომელსაც ჰყავდა მწვრთნელი!

კლასი 11 ბიჭისა და 13 გოგოსგან შედგებოდა. სკოლის მაშინდელი სტადიონი სტანდარტულ საფეხბურთო სტადიონზე პატარა, მაგრამ მინისტადიონზე დიდი იყო, ამიტომ 9X9-ზე სათამაშოდ იდეალურად მიგვაჩნდა. გვყავდა ცხრა მოთამაშე მოედანზე, ერთიც – სათადარიგო სკამზე. მე ვიყავი გუნდის „ტრენერი“. ეს პოსტი მერგო როგორც ტაქტიკურად განსწავლულსა და ფეხბურთის თეორიულად კარგად მცოდნეს. პრაქტიკულ ნაწილში მოვიკოჭლებდი, მაქსიმუმ კარში ჩავმდგარიყავი (ისიც მხოლოდ გამოუვალ ვითარებაში).

სკოლაში დამკვიდრებული იყო ასეთი ტრადიცია: სკოლის მამაკაცი მასწავლებლები ფეხბურთს ეთამაშებოდნენ დამამთავრებელი კლასის ბიჭებს. თამაში, როგორც წესი, მასწავლებლების გამარჯვებით სრულდებოდა. ჩვენი კლასი გამონაკლისი აღმოჩნდა – მასწავლებლებმა ჩვენთან თამაშზე უარი განაცხადეს!

ყოველი შეკრებისას ვიხსენებთ თანაკლასელები, როგორ შეუშინდნენ ჩვენთან წაგებას ზრდასრულები.

 

ფსიქოლოგის კაბინეტი

ჩემი კლასი „მომთაბარე ცხოვრებას“ ეწეოდა. საბაზო და საშუალო საფეხურზე სწავლის ექვსი წლის განმავლობაში ოთხი საკლასო ოთახი გამოვიცვალეთ.

X-XI კლასები ძველი ფლიგელის იმ ნაწილში გავატარეთ, სადაც იყო დირექტორის კაბინეტი, ბიბლიოთეკა, სამხედრო ოთახი, ჩვენი საკლასო ოთახი და მის მოპირდაპირედ – ფსიქოლოგის კაბინეტი, მუდამ დაკეტილი.

სასწავლო წლის დაწყებისთანავე დავიწყეთ ახალი სამყოფლის შესწავლა. სექტემბრის ბოლოს ჩემმა თანაკლასელებმა ფსიქოლოგის კაბინეტი გახსნეს (დღემდე არ ვიცი, როგორ). მყისიერად დავიწყეთ მისი ათვისება. ფსიქოლოგის კაბინეტი სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობდა. თუ უჩვენობას შეამჩნევდნენ ან რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, გაკვეთილზე მყოფი რომელიმე თანაკლასელი გამოვიდოდა გარეთ, კაკუნით მოგვცემდა ნიშანს, გაივლიდა ეზოში დროის გასაყვანად, გამოვლისას კი უკვე ერთად ვბრუნდებოდით საკლასო ოთახში. ფსიქოლოგის კაბინეტის ერთადერთი ფანჯარა სკოლის ეზოს გადაჰყურებდა. ხელისგულზე გვქონდა ყველაფერი. ფანჯრის რაფაზე კი წიგნები და სხვა ნივთები ეწყო, ამიტომ თავად ოთახი ეზოდან კარგად არ ჩანდა.

დღეს რომ ჩემი თანაკლასელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ ჭადრაკი იცის, სწორედ ფსიქოლოგის კაბინეტის დამსახურებაა. იქ იმართებოდა დიდი შეხვედრები. ბოლო პერიოდში ერთდროულად რამდენიმე საჭადრაკო პარტია თამაშდებოდა. თანაც ჭადრაკი ნაკლებხმაურიანია, ფსიქოლოგის კაბინეტში თავშეყრა კი სიჩუმეს მოითხოვდა, რადგან ძველი ხის კარიდან ოდნავ ხმამაღალი საუბარიც კი გამოდიოდა დერეფანში.

ფსიქოლოგის კაბინეტისა და ჩვენი კლასის ურთიერთობა ბოლომდე საიდუმლოდ დარჩებოდა, რომ არა ერთი საბედისწერო დღე და ეზოში მოსეირნე ტანმაღალი მასწავლებელი. სწორედ მან შეამჩნია ფსიქოლოგის დაკეტილ კაბინეტში ადამიანების თავები. ალბათ, ჩვენც დავუშვით შეცდომა, რადგან ყურადღება არ მივაქციეთ ფიზიოლოგიურ კანონზომიერებას – ზრდას.

სასჯელი არ აგვცდა, თუმცა უკვე გვიანი იყო, ერთ თვეში სკოლას ვამთავრებდით… ცხადია, ამ ამბავს სიამაყით აღარ ვიხსენებთ, თუმცა ყოველთვის გვგვრის ღიმილს, განსაკუთრებით – ჭადრაკის თამაშის დროს.

 

დღიურები

ჩვენს დროში ინტერნეტი და მობილური ტელეფონი უცხო და მიუწვდომელი რამ იყო. კლასში დღიურების წარმოება გახდა მოდური. ბიჭები საფეხბურთო და სპორტულ დღიურებს ვაწარმოებდით. რას არ ნახავდით ჩვენს დღიურებში – ცნობილი ფეხბურთელების, გუნდების, მოკრივეების სურათებს, სტატიებს ჟურნალ-გაზეთებიდან, კითხვარებს ცნობილ სპორტულ მოვლენებზე… ყველაფერს ვაგროვებდით, რაც სპორტს ეხებოდა. იყო ერთი გაცვლა-გამოცვლა.

არც გოგოები ჩამოგვრჩებოდნენ. ისინი მომღერლების, მოდელების, მსახიობების ფოტოებს აგროვებდნენ. მათი დღიურები თანაკლასელებს შორის (და არამხოლოდ) ტრიალებდა მთელი წლის განმავლობაში.

 

თავისუფალი საუბრები გაკვეთილზე

იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც მხოლოდ პროგრამულ საკითხებზე არ იყვნენ ორიენტირებულნი, ჩვენი კლასი ნამდვილი სამოთხე იყო. ვარჩევდით მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, სპორტულ თუ სახელოვნებო მოვლენებს. მახსოვს 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შესახებ გამართული დისკუსიები, 2004 წელს ნატოს ისტორიული გაფართოების თაობაზე გამოთქმული მოსაზრებები და ა.შ. აღარაფერს ვამბობ ფეხბურთში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებისა და ჩემპიონთა ლიგის გარჩევებზე… პირადად მე დამქონდა დიდი შავი რადიო, რომელიც ერთადერთ ქართულ ტალღას – „რადიო იმედს“ იჭერდა. სწორედ მისი წყალობით 2005 წლის თებერვლის დასაწყისში პირველებმა გავიგეთ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ამბავი და მთელ სკოლას ვაცნობეთ. თავდაპირველად არც კი დავიჯერეთ და ამბის დასაზუსტებლად ცხონებული „სერგოს მაღაზიაში“ გავიქეცით, სადაც ტელევიზორი ჰქონდათ…

ჩვენი კლასი მაშინ დროს უსწრებდა. ისტორიის, გეოგრაფიის, ქიმიისა და დამრიგებლის გაკვეთილებზე ხშირად ვუხვევდით პროგრამულ საკითხებს და დღევანდელი გაგებით არაფორმალურ განათლებაში ვეშვებოდით.

 

შეცდომები

ცხადია, ჩემი კლასი არ ყოფილა იდეალური. არ გვაკლდა სტერეოტიპები, ბულინგი (მასწავლებლების თუ თანაკლასელების), ტიპური კლანური დაჯგუფებები…

ახლა, როცა თავს ვუყრი ამ მოგონებებს, უფრო მკაფიოდ ვხედავ მაშინდელ შეცდომებს. მაშინ, ცხადია, ვერც კი ვამჩნევდით, ან ინფორმაცია არც გვქონდა.

ალბათ, სწორედ ინფორმაციისა და გამოცდილების უქონლობის გამო ვერ შევძელით თანაკლასელის დაცვა მასწავლებლის აგრესიისგან ან პირიქით, მასწავლებლის დაცვა თანაკლასელისგან.

მაშინ რომ „ჭკუა მქონოდა“, როგორც უფროსებს გვჩვევია თქმა, ნაკლებ გაკვეთილს გავაცდენდი და მეტს ვიმეცადინებდი. დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე მეცხრე კლასის შემდეგ გამოჩენილ გულგრილობას და უყურადღებობას.

არ ვიცი, რამდენად საინტერესოდ მოვახერხე, მომეთხრო თქვენთვის ჰერული ამბები სოფლის უბრალო სკოლიდან.

ყველა ჩვენგანის გულშია მოწაფეობის ფერგაუმკრთალი ეპიზოდები.

ინტეგრირებული გაკვეთილი – ბერკეტი ადამიანის ჩონჩხში

0

ინტეგრირებული გაკვეთილი: ბიოლოგია / ფიზიკა

კლასი: VIII

გაკვეთილის თემა: სახსრის აგებულება და  მუშაობა

გაკვეთილის მოკლევადიანი  მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს ადამიანის ჩონჩხის სხვადასხვა განყოფილებაში ბერკეტის გვარის ამოცნობა, მარტივი მექანიზმის როლის დადგენა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობაში.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი:  საგანთაშორისი ტრანსფერი; საკითხის განხილვა ბიოლოგიის და ფიზიკის მიმართულებით.

ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

  • ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობის დასაბუთება მოზარდის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისთვის (ბიოლ. საბ. 4,5,6,7,8);
  • სხეულთა წონასწორობის პირობების ცოდნისა და მარტივი მექანიზმების გამოყენების დაკავშირება სხვადასხვა პროფესიასთან/საქმიანობის სფეროსთან (ფიზ.საბ.10,11,12).

წინარე ცოდნა და უნარები: მოსწავლემ იცის ძვლისა და კუნთის აგებულება, შეუძლია მაკეტზე ან სურათზე კუნთისა და ძვლის ამოცნობა. იცის ბერკეტის წონასწორობის პირობა. შეუძლია ძალის მხრის ნახაზის სახით წარმოდგენა და გამოთვლა, მომენტის წესის გამოყენება.

შეფასება: განმავითარებელი – ამოცანის ამოხსნის, მოდელის დამზადების შეფასება.

რესურსები: ბერკეტი, საწონები, ელექტრონული რესურსი

https://phet.colorado.edu/ka/simulation/balancing-act,

სამუშაო ფურცლები, ადამიანის ჩონჩხის მაკეტი, პლასტილინი,  წებოვანი ლენტი, კომპიუტერი, პროექტორი.

მიმდინარეობა:

აქტივობა 1:  (2 წუთი)

აქტივობის მიზანი: პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გააცანით გაკვეთილის თემა, მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, შეფასების კრიტერიუმები და შეახსენეთ ქცევის წესები.

აქტივობა 2:  მოდელის დამზადება (10 წუთი), ჯგუფებში მუშაობა.

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ შეძლოს პლასტილინის და წებოვანი ლენტის გამოყენებით სახსრის მოდელის დამზადება.

აქტივობის აღწერა: სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან 4-5 მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები და ინსტრუქციის მიხედვით დაამზადონ მუხლის სახსრის, იდაყვის სახსრის, მხრის სახსრის  მოდელები (ერთი ჯგუფი ამზადებს მხოლოდ ერთ მოდელს). სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სთხოვეთ მოდელის წარდგენა და მის ნაკლოვანებებზე მსჯელობა.

შეფასება: მასწავლებლის კომენტარი.

აქტივობა 3:  საშინაო დავალების შემოწმება ( 7 წუთი)

აქტივობის მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს სახსრების შედარება და მათი მოძრაობის მიხედვით დახასიათება.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს გააცანით დავალება სამუშაო ფურცელი N 1.

შეფასება: განმავითარებელი – მასწავლებლის კომენტარი

აქტივობა 4:  ფიზიკაში ნასწავლი მასალის გახსენება, წყვილებში მუშაობა ( 7 წუთი)

აქტივობის მიზანი: მოსწავლემ  შეძლოს ბერკეტის წონასწორობის პირობის გამოყენებით სახსრის მუშაობაზე მსჯელობა.

აქტივობის აღწერა: სთხოვეთ მოსწავლეებს. იმუშაონ სამუშაო ფურცელ N2-ზე. ამოცანის ამოხსნის შემდეგ შესთავაზეთ სწორი პასუხი და სთხოვეთ შეადარონ საკუთარ პასუხებს.

შეფასება: მასწავლებლის კომენტარი ამოცანის ამოხსნის შეფასების რუბრიკის გამოყენებით.

აქტივობა 5:  რეფლექსია  (15 წუთი)

აქტივობის მიზანი: მოსწავლე შეძლოს სახსრის აგებულების მიხედვით ბერკეტის ტიპის დადგენა და ძალია მხარის პოვნა.

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს სთხოვეთ,  ამოხსნან ამოცანები სამუშაო ფურცელ N 3-ზე.

შეფასება: მასწავლებლის კომენტარი – შეფასების რუბრიკის მიხედვით.

აქტივობა 6. გაკვეთილის შეჯამება და საშინაო დავალების მიცემა (4 წთ)

აქტივობის მიზანი: გაკვეთილის შეჯამება

აქტივობის აღწერა: შესთავაზეთ მოსწავლეებს სიმულაცია https://phet.colorado.edu/ka/simulation/balancing-act, რომლის საშუალებითაც  განამტკიცებენ ნასწავლ მასალას.

 

მარტივი მექანიზმები ადამიანის ჩონჩხში    (რესურსი მასწავლებლისთვის)

ადამიანის ჩონჩხში ყველა ძვალი, რომელსაც აქვს შედარებით თავისუფალი მოძრაობის საშუალება, ბერკეტს წარმოადგენს. მაგალითად, ადამიანის ჩონჩხში – კიდურები, ქვედა ყბა, თავის ქალა, თითების ფალანგები. ჩონჩხში ბერკეტის ელემენტის მხრების სიგრძეთა შეფარდება დაკავშირებულია ორგანოს სასიცოცხლო ფუნქციასთან. განვიხილოთ ბერკეტის წონასწორობის პირობა ადამიანის თავის ქალას მაგალითზე (სურ. 1).

 

სურ.1.                         სურ.2.

ბერკეტის ბრუნვის ღერძი გადის პირველ მალასთან თავის ქალას შესახსრების არეში (წერტილი  O), R არის თავის ქალას სიმძიმის ძალა. მისი მხარი OB შედარებით მოკლეა. F არის კეფის ძვლის კუნთებისა და იოგების წევის ძალა, რომლის მხარი OA გაცილებით მეტია R ძალის მხარზე. F და R ძალების მომენტების ტოლობა:

F X OB =  R X OA

რაც  განაპირობებს თავის ქალას წონასწორულ მდგომარეობას. სურათზე წარმოდგენილია ბერკეტის წონასწორობის პირობა ადამიანის თავის ქალას მაგალითზე (სურ. 2).

სამუშაო ფურცელი N 1

გაეცანი ილუსტრაციაზე გამოსახულ სახსრებს, საკუთარ თავზე გამოცადე მათი მუშაობა. მოძებნე სასკოლო და საოჯახო ნივთებში მათი ანალოგები.

 

 

 

 

სამუშაო ფურცელი N 2

მოცემულ სურათზე ამოიცანით ბერკეტის ტიპი და დაასაბუთე პასუხი.

 

სამუშაო ფურცელი N 3.

სურათზე წარმოდგენილი ბერკეტი წონასწორობაშია. სახაზავის გამოყენებით დაადგინე თითოეული ძალის მხარი და გამოთვალე წინააღმდეგობის ძალა (თავის ქალას სწორად დაჭერისთვის საჭირო ძალა), თუ მარჯვენა ძალის მოდული 20 ნ-ია.

სურათზე მოცემულია ადამიანის კისრის კუნთები. მითითებულია ბერკეტის საყრდენი (axis).  დახაზე წინააღმდეგობის ( resistance) და მარჯვენა ძალის (force) მხრები.


სამუშაო ფურცელი N 3:

მოცემულია თავის ქალას სამი პოზიცია. იმსჯელე მისი ასეთი მდებარეობის გამომწვევ მიზეზებზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ზაალიშვილი, იოსებაშვილი – ბიოლოგია  IX კლასი. 2012 წელი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...