სამშაბათი, ივნისი 17, 2025
17 ივნისი, სამშაბათი, 2025

  ვედრება

0

პანდემიაზე და გრძელ  ზამთარზე დარდი რაღაც სხვამ ჩაანაცვლა, „სხვამ“ რასაც ომი ჰქვია. ისეთმა უსაშველოდ დიდმა დარდმა, ყველა რომ მოიცვა და სიმშვიდე დაურღვია. აი უცბად გულისძილში წასულს ღამეული გრიგალი კარსა და ფანჯარას რომ შემოგინგრევს.

ამ ომზე ბევრს დაწერენ, დაწერენ შვილმკვდარ დედებზე, და მშობელმოკლულ შვილებზე.  რამდენიმე დღის წინ ეს ლექსი აღმოვაჩინე, ავტორი პოეტი ნატო ინგოროყვაა.

ღმერთო, არ ჩაგეძინოს!

მინიმა ომზე,

სხვა ლექსისთვის წასამძღვარებლად

ღმერთო,

ჩემი უკრაინელი მეგობრის – მწერლის –

ნატალია ტროჰიმის შვილი ომში წავიდა.

მას იარაღი არასოდეს სჭერია ხელში –

ნუ აქცევ მკვლელად.

ჩემი უკრაინელი მეგობარი ოლესია ჯურაევა –

მხატვარი –

ახლა მხოლოდ მშვიდობაზე ფიქრობს და

ბომბდამშენებისთვის ჩაკეტილ უკრაინის ცას ხატავს.

ჩემი ნათლული, მზესუმზირა გოგო ირინა ბონდარი,

ახლაც კიევშია.

ბავშვობის შემდეგ არ მინახავს –

დაასრულე ეს საზარელი ომი, ნუ მაჭმევ სირცხვილს.

ჩემი მეგობარი ქართველი გოგო, ჩემი სეხნია,

ხელისმოკიდედ რომ ვყავდი ქორწილში,

როცა უკრაინელ ბიჭს გაჰყვა ცოლად, ჟაპოროჟიეშია,

უნდა ვინახულო და ცოცხალი დამახვედრე.

ჩემი უკრაინელი ნათლია, ეკატერინა, კიევში, სევასტოპოლის ქუჩაზე ცხოვრობს.

დღესაც ხარობს მისი ბაღიდან წამოღებული ძახველის ბუჩქი ჩემს ეზოში.

სამზარეულოს უჯრა ცირცელებით მოხატულ მის ნაჩუქარ ხის კოვზს ინახავს.

ჩემი კურსელი, იურა, ოდესღაც სიყვარულში რომ გამომიტყდა.

იქვე ცხოვრობს და ახლა სხვა გოგო უყვარს.

უნდა ვესტუმრო, ჩემი შეყვარებული გავაცნო,

უკრაინულ ენაზე თარგმნილი ჩემი წიგნები ვაჩუქო და…

ღმერთი არ გაგიწყრეს,

არ ჩაგეძინოს!

 

ავტორი როგორც ამბობს, ესაა მისი უბრალო ლექსი, როგორც ხმამაღლა სურვილი, ნამდვილ ადამიანებზე და ნამდვილ ამბებზე. მე კი ვფიქრობ, რომ ვედრებაა,  რომელსაც  ღამე საწოლში კედლისკენ მიბრუნებული ჩუმად ბუტბუტებ:

„არ ჩაგეძინოს ღმერთო, არ ჩაგეძინოს ღმერთო…“.

და წარმოვიდგენ, როგორ ბუტბუტებდა ავტორი

შემომხედე!

0

ვიოლეტა სიხარულიძე

კი, შემომხედე, მარა – მე არსათ გამოსაჩენი  არ ვარ, შვილო. ადრე კი ვიყაი კაი შეხედული, მარა ახლა… ნათქვამია – ვისაც ახალგაზდობაში არ ვუნახივარ, იმას ჩემს თავს სიბერეში ნუ ანახვებო. გაგკვირდება, მართლა, ჩემი სურათები რომ ნახო. ეხ, ტანჯია ცხოვრება, ტანჯი.

ჩემი ბაღნობა იყო კაი. ძაან კაი. დან-ძმანი შვიდნი ვიყაით. ბაღნობა წევიდა მერე და წევიდა შრომა. ანასეულში, ლაბორანტათ ვმუშაობდი ინსტიტუტში. ამასობაში ჩემი მომავალი ქმარი ჩამოვიდა ჯარიდან და მასეთ მოხთა, რომე ჩემმა დეიდაშვილმა გამაცნო. უცბათა შეგვიყვარდა ერთმანეთი. მასაც მევეწონე, მეც არ მითქვია თლა უარი და წევიდა ჩვენი ბაღნური ცხოვრება. რა ვიცი. ღარიბები ვიყაით და დღე-ღამეს ვასწორებდით. მივყეით, მივყეით ორივე ცოლ-ქმარმა, მეგობრულად ძალიან და აი სახლი ავაშენეთ. მერე წახთა დრო და.  ორი შვილი მყავდა. ერთი ქი მყავს ახლა. ერთი გარდიცვალა.

ჩემი შვილი ჯარში იყო. აფხაზეთის ომში. იქიდან კარგად ვერ ჩამევიდა. მაგის მერე სულ ავათ. ავათ. ავათ. და  ორიათასჩვიდმეტში გარდიცვალა.  მანამდეც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფელი არაა. არაფელი. ტანჯი. სიკვტილი ჯობია ჩემთვის. ნაღდად ჯობია. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვტილის მერე რა არის, არ ვიცი. არ ვიცი. შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს. დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფლით. და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება. არ ვიცი.

 

ფოტო: ნათელა გრიგალაშვილი

სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო

0

გზამკვლევის გზამკვლევი

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიჩნეულია, რომ სპეციალური მასწავლებლის სასწავლო პორტფოლიო[1] არის მასწავლებლის საუკეთესო ნაშრომის მტკიცებულების კოლექცია, რომელიც არჩევს, და აჯამებს საქმიანობას და ასახავს თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე[2]. პორტფოლიოს ელემენტები შეირჩევა მასწავლებლის მიღწევების დოკუმენტირების მიზნით. პორტფოლიო სწავლების ერთგვარი ფილოსოფიაა, შესაძლებლობების აღწერა და მონაცემების დასაბუთება სასწავლო გეგმებით, შეხვედრების ოქმებით, დინამიკური თუ ინტერაქციული რეზიუმეებითა და დირექციის წარმომადგენლებისა თუ კოლეგების გამოხმაურებებით. პორტფოლიოს წარმოება სწავლის თავისებურებების სისტემატური ანალიზია და როგორც საკუთარი, ასევე მოსწავლის სწავლების პროცესის პედაგოგიური წარმატებისა და პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი პირობა.

ერთი მხრივ, პორტფოლიო სპეციალური მასწავლებლის მიღწევების წარმოჩენის საუკეთესო გზაა, რომელიც წარმოადგენს სპეციალური მასწავლებლის შეფასებისა და თვითშეფასების საშუალებას, მისი პროფესიული განვითარების მაჩვენებელს; ის პედაგოგიური რეფლექსიის ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც სპეციალური მასწავლებელი პროფესიული ზრდის გზაზე საკუთარ მიღწევებს აანალიზებს; პორტფოლიო სპეციალური მასწავლებლის ერთგვარი „სავიზიტო ბარათია”, რომელიც კადრით დაინტერესებულ პირს ნათელი წარმოდგენას უქმნის მასწავლებლის საქმიანობის ხარისხისა და პროფესიული განვითარების შესახებ. როგორც წესი, პორტფოლიოს ითვალისწინებენ მასწავლებლის დასაქმების, წახალისებისა ან კატეგორიის მინიჭების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ კუთხით, პორტფოლიო პედაგოგის საქმიანობის ადეკვატური შეფასების საშუალებაა, რომელზე დაყრდნობითაც ხშირად ფასდება მასწავლებლის შესრულებული სამუშაოს ხარისხი და მისი პროფესიული კომპეტენცია.

გასახარია, რომ სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს მოთხოვნა და მისი გზამკვლევი დარგის თვალსაჩინო სპეციალისტების მიერ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიც გაჩნდა და შემუშავდა[3].

 

გზამკვლევში სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო განმარტებულია, როგორც „სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლის სწავლისა და სწავლების პროცესის თვალსაჩინოდ ამსახველი დოკუმენტური დოსიე“, რომელიც განკუთვნილია იმ მასწავლებლისთვის, რომლისთვისაც სწავლება და სწავლა ცხოვრების წესს, უსასრულო შემოქმედებით პროცესს, საკუთარი პედაგოგიური მოღვაწეობის სრულყოფასა და სხვისთვის გაზიარების სურვილს წარმოადგენს.

 

გზამკვლევი ერთგვარი მხარდამჭერია მასწავლებლებისა, რომლებმაც კარგად იციან, რომ სირთულეების მქონე მოსწავლეებთან სასწავლო შედეგების მისაღწევად დიდი ძალისხმევა და განსხვავებული მიდგომებია საჭირო. ყოველდღიური პრაქტიკა კი, რომელიც ახალი ცოდნის შეძენით, გამოცდილების დაგროვებითა და ინოვაციური სწავლების სტრატეგიების დაგეგმვით იქმნება და შედეგად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან წარმატება მოსდევს, სამწუხაროდ, შეუმჩნეველი რჩება და ხშირად იკარგება კიდეც. პორტფოლიოს გზით კი შესაძლებელია მასწავლებლის გამოცდილების, სწავლების გამოყენებული სტრატეგიებისა და მიგნებების დოკუმენტირება, რაც მომავალში პედაგოგის საქმიანობის შეფასების საფუძველი გახდება. ამავე დროს, შესაძლებელია ის სხვა მასწავლებლის სახელმძღვანელო მასალადაც იქცეს[4].

 

გზამკვლევში ხაზგასმულია პორტფოლიოს მნიშვნელობა სსსმ მოსწავლის აკადემიური თუ სოციალური მიღწევების შეფასებისთვისაც. იგი შეიძლება მივიჩნიოთ სპეციალური მასწავლებლის ერთგვარი სამოქმედო ინსტრუმენტად, რომელიც გვასწავლის, როგორ უნდა შეგროვდეს დოკუმენტური მასალა (ნამუშევრები, შემაჯამებელი წერის ნიმუშები, მოსწავლის ნაწერი, ფოტოები და სხვა); რამდენჯერ უნდა შეაფასოს სასწავლო სემესტრში სპეციალურმა მასწავლებელმა მოსწავლის ცოდნა, უნარები და მიღწევა; როგორ უნდა იქნას მის მიერ გათვალისწინებული საგნის მასწავლებლის შეფასების მონაცემები და სხვ.. ეს ყოველივე ბავშვის პროგრესის გარანტიაა, ვინაიდან ის იძლევა სსსმ მოსწავლის აკადემიური მიღწევების საგნის მთლიან კონტექსტში დანახვის საშუალებას; სპეციალური მასწავლებლის მიერ ყველა მოსწავლისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ხელმისაწვდომობასა და თანაბარ შესაძლებლობებს; განათლების სისტემის მიერ ინკლუზიური განათლების ეფექტიანობის შეფასების შესაძლებლობას, რამდენადაც ზომავს სსსმ მოსწავლეთა ეროვნული სასწავლო გეგმის საფეხურების გადალახვის ხარისხსა და დროს.

 

გზამკვლევში პორტფოლიოს ფუნქციებად განხილულია:

  1. სსსმ მოსწავლის მიღწევებისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდილების დოკუმენტირება;
  2. მიღებული ცოდნის გაანალიზება და სისტემაში მოყვანა;
  3. თეორიული ცოდნის პრაქტიკულთან დაკავშირება;
  4. თვითგანვითარება.

 

ამდენად, პორტფოლიო, როგორც მასწავლებლის პერსონალური დოკუმენტი ორ ძირითად მიმართულებად შეიძლება გაიყოს: საკუთარ პრაქტიკასთან დაკავშირებული და კონკრეტული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან დაკავშირებული დოკუმენტები. სპეციალური მასწავლებელი იმ სსსმ მოსწავლეებზე, რომლებთანაც მისი საქმიანობაა დაკავშირებული, ქმნის და პრაქტიკაში იყენებს შემდეგ ძირითად დოკუმენტებს:

  • მოსწავლის ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების აღწერას (მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფირება);
  • ინტერვენციის გეგმას;
  • სსსმ მოსწავლის ნამუშევრების კრებულს.

 

გზამკვლევში გამოკვეთილია, რომ მასწავლებლის თვითრეფლექსიის გზით პროფესიული უნარების, ცოდნისა და კომპეტენციების განვითარება მოითხოვს შემდეგ დოკუმენტებზე მუშაობას. ესენია:

  • თვითშეფასება;
  • სამოქმედო გეგმა ;
  • რუბრიკები;
  • სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის ამსახველი განრიგი.

გზამკვლევში განხილულია თითოეული ზემოთ მოცემული კომპონენტი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სწავლის პროცესი მოსწავლის საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირებას, ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების შეფასებას, რაც მოიცავს:

  • აკადემიური უნარების შეფასებას;
  • კოგნიტური უნარების შეფასებას;
  • კომუნიკაციის, ენამეტყველების შეფასებას;
  • ფიზიკური სფეროს შეფასებას;
  • სოციალურემოციური სფეროს შეფასებას;
  • ადაპტური სფეროს შეფასება;
  • სპეციალური მასწავლებლის ინტერვენციის გეგმას;
  • სასწავლო მიზნებ და აქტივობებს;
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესში სპეციალურ მასწავლებლი როლს.

გზამკვლევში ხაზგასმულია, როგორი უნდა იყოს სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის ანალიზი და მისი თვითშეფასება, სამოქმედო გეგმა, რუბრიკები, საქმიანობის განრიგი, სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიოს დამატებითი კომპონენტები და დამატებითი დოკუმენტაცია, როგორიცაა:

  • ქცევის მართვის გეგმა;
  • კომპლექსური დავალება;
  • ინდივიდუალური ტრანზიციის გეგმა.

გზამკვლევი თანამედროვე ქართული განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების კვალობაზე თვალშისაცემი მიღწევა თუ მონაპოვარია, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული პირებისთვის კი – ღირებული სამოქმედო დოკუმენტი.

[1] https://www.education.uw.edu/technologycenter/how-to-guides/eportfolio-guidelines/sped-eportfolio-resources/

[2] აღნიშნული თანამშრომლობა შეიძლება მოიცავდეს მოსწავლეებთან, მშობლებთან, კოლეგებთან, დირექციასთან, ბავშვის სწავლაში ჩართულ სხვა პირებთან საქმიანობას.

[3] გზამკვლევის ავტორები არიან: ლიკა ქურციკიძე და ბაია კუბლაშვილი.

[4] https://inclusion.ge/res/docs/2022013123164480403.pdf?fbclid=IwAR2P71Q–cfcrtaDxA1-S-QPwVz0DxCSQKDiP5NU5syWT0VwqLt5uWeFCpA გვ. 4.

სპორტი თუ ხელოვნება, გაკვეთილის გეგმა ვენის დიაგრამით

0

სიმრავლეებს შორის მიმართებების, სიმრავლეებზე ოპერაციების გამოსახვის ერთ-ერთი გზაა ვიზუალიზაცია, რომელიც ვენის დიაგრამების მეშვეობით ხდება, რის შედეგადაც მარტივდება ამოცანების აღქმა და ამოხსნა.

გიზიარებთ მე-7 კლასში დაგეგმილ გაკვეთილს სიმრავლეთა გაერთიანებისა და თანაკვეთის რეალურ გამოყენებაზე.

იხილეთ ვრცლად 

თამარ მურუსიძე – ვენის დიაგრამები

ჯარჯი

0

არიან დიდი პოეტები, რომლებიც დროთა ვითარების თუ პირადი პასიურობის გამო ჩრდილში დგანან. ზოგი, უბრალოდ, ასოციალურია, არ უყვარს ხალხში გამოჩენა. სამაგიეროდ, მისი შემოქმედება აღწევს ფართო მკითხველამდე. ზოგი კი ფიზიკურადაც და შემოქმედებითადაც ჩრდილში დგას, მას ცოტა იცნობს. ასეთი პოეტი იყო ჯარჯი ფხოველი. პოეზიის შემთხვევაში „ფართო მკითხველის“ ცნება პირობითზე პირობითია, პოეზიას ისედაც ცოტა კითხულობს. ასე რომ, პოეზიის „ბევრი მკითხველიც“ ძალიან ცოტაა და წარმოიდგინეთ, პოეზიის „ცოტა მკითხველი“ რამდენი შეიძლება, იყოს. ჯარჯი ფხოველმა ეს გზა თვითონ აირჩია. კომუნისტების დროს დაბეჭდვის და რედაქციებში მუშაობის პრობლემა არასოდეს ჰქონია, უბრალოდ, ერთხელაც მოჰბეზრდა ეს ურბანული იწილო-ბიწილო და მთაში წავიდა საცხოვრებლად.

მის პოეზიას რომ გავეცანი, წარმოდგენა არ მქონდა, ვიზუალურად როგორი იყო ავტორი. არც ის ვიცოდი, რომ „ჯარჯი ფხოველი“ ფსევდონიმი გახლდათ, მაგრამ ამ, ქართულ-მთიანეთურ-ჰეროიკული შეფერილობის, გვარ-სახელის მიღმა მდგარი კაცის ვიზუალი უკვე წარმოდგენილი მქონდა. არსებობენ სახელები, რომლებიც იმთავითვე გულისხმობენ ერთგვარ რეტინალურ განფენილობას, შლეიფს, და წარმოდგენას გიქმნიან მათ პატრონებზე. ეს ილუზორული თამაში ზოგჯერ მართლდება, ზოგჯერ კი – არა. ჯარჯი ფხოველის შემთხვევაში კი ზუსტად გამართლდა – ის ისეთი აღმოჩნდა, როგორიც წარმომედგინა. რაც არ უნდა პათეტიკურად ჟღერდეს, მის, მომხიბვლელად და კოლორიტულად ჭარმაგ მასკულინურობაში ნამდვილად იყო განსხეულებული მთელი ჩვენი უკუღმართი ისტორია და დღემდე სისხლის ფასად მოტანილი იდენტობა. ასე რომ, შეუძლებელი იყო, მას არ ეწერა პატრიოტული თემატიკის ლექსები და წერდა კიდეც, ოღონდ ამას აკეთებდა მაღალი გემოვნებით, ავანგარდული შტრიხებით, განსხვავებული რაკურსებით. მასთანაც გაიელვებს საომრად ამოწვდილი ხმალი, ბრძოლის ველს მასთანაც ეწვეთება სისხლი, მაგრამ ეს არასოდეს გადადის ღიმილისმომგვრელ ურაპატრიოტულ ყიჟინაში. ეს წარსულის ცივი რეფლექსია და ინტროვერსიული ანალიზი უფროა, ვიდრე გონგადასული ულტრანაციონალიზმი. ჩვენს დროში, თუ პოეტმა ორიგინალური რაკურსი არ მონახა, პატრიოტული ლირიკის ემოციური ზემოქმედების უნარი უკეთეს შემთხვევაში რედუცირებულია, უარეს შემთხვევაში კი კომიკურობის ელემენტებს ჭარბად მოიცავს თავის თავში. ჯარჯი ფხოველი ბეწვის ხიდზე სიარულის დიდოსტატი იყო და მისი პატრიოტული ლირიკაც ისეთივე ძვირფასია, როგორც სხვა თემატიკის ლექსები.

ის, სამოციან წლებში, ქართული ვერლიბრის საბოლოო ლიტერატურული ლეგიტიმაციის მოსურნე მცირერიცხოვან პოეტთაგან ერთ-ერთი გახლდათ. ცხადია, მანაც იწვნია ის სირთულეები, რაც კონფორმიზმის და კონიუნქტურის მყარ კედელთან შეჯახებას ახლავს თან. მისი პოეზია, ცხადია, დისიდენტური არ არის, მაგრამ ვერაფრით ვერ თავსდება მაშინდელ ლიტერატურულ თუ პოლიტიკურ კონიუნქტურაში და სწორედ ამითაა ფასეული.

ჯარჯი ფხოველი იმ იშვიათ პოეტთაგანი იყო, ვინც კონვენციურ და თავისუფალ ლექსს ერთნაირი დიდოსტატობით ფლობდა. საყოველთაოდაა ცნობილი, რომ მაშინდელ ქართველ ვერლიბრისტებს რიტმული გეზი თამაზ ჩხენკელის მიერ თარგმნილმა „გიტანჯალიმ“ მისცა. ჯარჯი ფხოველის ვერლიბრსაც ფესვები ჩხენკელის ამ უკვდავ თარგმანში აქვს გადგმული. ამდენად მისი თავისუფალი ლექსის რიტმულ-კონტრაპუნქტული სქემა ასეთია: მცირე და დიდი ბესიკური; ლოგაედური ათმარცვლიანი; „ხმით ნატირალების“ ცხამარცვლიანი; ლოგაედური და მეორე პეონური კომბინაციით მიღებული რამდენიმე მეტრული ერთეული. ამ სქემას, როგორც წესი, იგი მკაცრად იცავს, თუმცა აქვს რიტმული ვალდებულებებისგან სრულიად თავისუფალი ვერლიბრებიც და აქვს ტრანზიციული ვერლიბრებიც, სადაც რიტმის და ურიტმობის შემთხვევითი მოდულაციებით ხდება ტექსტის კონსტრუირება.

რაც შეეხება მის კონვენციურ ლექსებს, ძირითადად ლოგაედური ათმარცვლიანით არის დაწერილი, თუმცა ზოგჯერ სხვა საზომებსაც და პოლიმეტრიასაც მიმართავს. ყველა შემთხვევაში სახეზეა ტექნიკური დიდოსტატობა. „იტყვი: სიტყვების ძველი მახე ვარ, / ძველპოეტების ცრემლის მლოკავი!” – წერს ის ერთ ლექსში, რომელსაც „ავტოპორტრეტი“ ჰქვია. ეს არ არის მხოლოდ თავმდაბლური ინტერაქცია საკუთარ თავთან, პოეტი გვეუბნება, რომ მისი შემოქმედება წარსულ პოეტურ გამოცდილებაზე დგას. მცირე დოზით – საეჭვო ღირებულების პოეტური სამკაულების და დიდი დოზით – ორიგინალური პოეტური არსენალის კონტამინაციით ვიღებთ ნაერთს, რომელსაც ჯარჯი ფხოველის ბრწყინვალე პოეზია ჰქვია. ოსტატურად იყენებს ზუსტ, არაზუსტ (ასონანსებით, დისონანსებით და კონსონასებით), დაქტილურ, ჰიპერდაქტილურ და, ზოგან, ჰიპერ-ჰიპერდაქტილურ რითმებს. ყველა რითმა, ე. წ., „ჭკვიანი რითმაა“. ისინი, როგორც ოსტატს შეეფერება, ყველგან სათქმელს ემორჩილებიან და მტკიცე კონცეპტუალური დუღაბით არიან შეკრულნი… ამ ტექნიკური ვირტუოზობის მიღმა კი, კონვენციურ ლექსშიც და თავისუფალ ლექსშიც, ჩანს თავშეწირული განდეგილი, რომელსაც გაკეთებული აქვს ეგზისტენციალური არჩევანი – პოეზიის თეოზისი.

ბლოგს დავამთავრებ ჯარჯი ფხოველის, 1969 წელს დაწერილი, ბრწყინვალე უსათაურო ლექსით, რომელიც, უკრაინის ამბებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით აქტუალურად მომეჩვენა:

 

***

იახსრის გორზე შუადღისას დაკლული ხარის

თვალები დადის ჩემი ქოხის

ჩათვლემილ ჭერზე…

და ხსოვნას ისევ ათრთოლებულ ხელებით

მოაქვს

ლორთქო ბალახის მეწამული აქვითინება.

ხელგამოწვდილო ჯარისკაცო,

შენ გეუბნები: აივსო ძვლებით ეს ქვეყანა

და გარდასულთა ჩურჩული ისმის მარტოდმარტო

მარადიული.

ჩურჩული ისმის დანგრეული სამრეკლოების

ირგვლივ… ყველაფრის გარეშემო, ყველაფრის

იქით:

შორს, ვიეტნამის გორაკებიდან, სადაც

ასკილი დამწიფდა უკვე…

და დაღვრემილი ოსვენციმიდან…

ჩურჩული ისმის, ჯარისკაცო,

მხოლოდ ჩურჩული.

მე კი ხმა მინდა ამ ღამეში,

ხმა, თუნდაც ხარის,

იახსრის გორზე რომ აღმოხდა

უკანასკნელად.

ილუსტრაციის წყარო:

https://armuri.georgianforum.com/t458p25-topic

სიჯიუტე – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ძნელდ იპოვით ბავშვთან ურთიერთობაში მყოფ და მისი აღზრდით დაკავებულ ადამიანს, რომელიც აღსაზრდელის სიჯიუტის გამოვლინებათა უშუალო მოწმე არ გამხდარა. სიჯიუტე განსაკუთრებული სიმწვავით ვლინდება განვითარების კრიტიკულ პერიოდებში, 3-დან 5 და 10-11-დან 15-16 წლამდე. აღნიშნულ პერიოდებში სიჯიუტე „მე“-ს ცნობიერების აღმოცენებას და თვითდამტკიცების, თვითდამკვიდრების, თვითგამოხატვის მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას უკავშირდება. არასწორი მიდგომის შემთხვევაში ის შესაძლოა ხასიათის თვისებად ჩამოყალიბდეს და ადამიანის განვითარების ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე იჩინოს თავი.

ბავშვებში სიჯიუტის დასაძლევად, უპირველეს ყოვლისა, მის გამომწვევ მიზეზს უნდა მივაგნოთ.

 

სიჯიუტის მიზეზები

  • აღზრდის ავტორიტარული სტილი და ბავშვის მკაცრი კონტროლი უფროსების მხრიდან – თუ ჩვენ ვიქნებით კატეგორიულები, ზედმეტად მომთხოვნები, ყურადღებას არ მივაქცევთ ბავშვის ინტერესებს, მოთხოვნილებებს, შენიშვნებით, საყვედურებით ავავსებთ და უამრავ აკრძალვას დავუწესებთ მას, აგრესია და სიჯიუტე მისთვის საკუთარი „მე“-ს დაცვის და ემოციური დაძაბულობის მოხსნის ერთადერთი საშუალება გახდება. როდესაც ბავშვი იძულებულია, აკეთოს ის და ისე, როგორც ჩვენ მოვითხოვთ მისგან, მას რჩება ძალიან მცირე სივრცე ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისთვის, მოკლებულია არჩევანის თავისუფლებას, ხმის უფლებას. ვინაიდან არჩევანის თავისუფლებას დიდი მნიშვნელობა აქვს პიროვნების განვითარებისათვის, როდესაც ბავშვს ვზღუდავთ და არ ვაძლევთ საშუალებას, დამოუკიდებლად გააკეთოს არჩევანი, ის წინააღმდეგობას უწევს მის პიროვნებაზე „თავდასხმის“ მცდელობას და სიჯიუტით ცდილობს საკუთარი ნების გამოხატვის უფლების დაცვას.
  • ჰიპერმზრუნველობა, ზღვარგადასული მეურვეობა, აღზრდის ზედმეტად რბილი ტაქტიკა – თუ ბავშვს ყველა სურვილს ვუსრულებთ, ის იწყებს მანიპულირებას და ჯიუტობს, როცა რაღაც ისე არ მიდის, როგორც სურს.
  • უფროსების მიერ ბავშვის ნიჭისა და შესაძლებლობების ექსპლუატაცია – თუ ბავშვს კარგი მუსიკალური სმენა ან ხატვის ნიჭი აქვს და აქტიურად ვზრუნავთ მისი უნარების განვითარებაზე, ზედმეტად ვტვირთავთ პატარას და მოსაწყენ და მოსაბეზრებელ სამუშაოდ ვაქცევთ იმას, რასაც ადრე სიამოვნებით და გატაცებით აკეთებდა, პროტესტის ნიშნად ბავშვი შესაძლოა გაჯიუტდეს და უარი თქვას იმის კეთებაზე, რასაც მისგან მოვითხოვთ.
  • ხშირი კონფლიქტი ოჯახის წევრებს შორის და დაძაბული ატმოსფერო იმ გარემოში, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა – ასეთ დროს ბავშვის სიჯიუტე ბუნებრივი რეაქციაა მისთვის ძვირფას ადამიანებს შორის კონფლიქტებზე. ამ გზით ის მათი ყურადღების საკუთარ თავზე გადატანას და მათ შორის დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს.
  • ცვლილებები ბავშვის ცხოვრებაში (საცხოვრებელი ადგილის, საბავშვო ბაღის, სკოლის შეცვლა, მშობლების დაშორება) – თუ წინასწარ არ მოვამზადებთ ბავშვს მოსალოდნელი ცვლილებებისთვის, ის შესაძლოა დაითრგუნოს, ისე განიცადოს ცხოვრების ჩვეული წესის დარღვევა, რომ ნებისმიერი ცვლილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა დაიწყოს.
  • უფროსების მიმართ წყენის, ბრაზის გამოხატვის სურვილი – ხშირად სიჯიუტე საუკეთესო საშუალებაა უფროსების მიმართ უკმაყოფილების, ბრაზის, წყენის გამოსახატავად. ამ შემთხვევაში სიჯიუტე შურისძიების იარაღია. ასეთი ქცევა ძალიან კარგად ავლენს პრობლემებს უფროსებისა და ბავშვების ურთიერთობაში.

 

რეკომენდაციები სიჯიუტის დასაძლევად

  • უპირველეს ყოვლისა, ვერიდოთ დაპირისპირებას. არ შეიძლება მოვთხოვოთ პატივისცემა ბავშვს და პატივი არ ვცეთ მას. ვაღიაროთ, რომ ბავშვს აქვს შეცდომის უფლება. კარგი იქნება, თუ ის თავად იგრძნობს თავისი სიჯიუტის არასასიამოვნო შედეგებს. შეცდომების დაშვება და მათი გამოსწორება პიროვნული განვითარების გზაა. ვეცადოთ, დახმარება შევთავაზოთ და არა თავს მოვახვიოთ.
  • მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება, მივცეთ საშუალება, თავად, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ ბავშვი იგრძნობს, რომ შეუძლია, უჩვენოდ აკეთოს რამე, ის კმაყოფილებას იგრძნობს, თავდაჯერება, მიზანდასახულობა, მიზანსწრაფულობა მოემატება, რაც ცხოვრებისეული დაბრკოლებების გადალახვაში დაეხმარება.
  • ვიყოთ მომთმენი. ვერიდოთ ფიზიკური ძალის გამოყენებას, სიმკაცრეს, აკრძალვებს. ნუ დავამცირებთ პატარას და ნუ გავაუფასურებთ მის სურვილებს, მოთხოვნილებებს. ვეცადოთ, შევხედოთ სიტუაციას „ბავშვის თვალით“. ვესაუბროთ მის გრძნობებზე, დავანახოთ, რომ გვესმის მისი – „ვიცი, რომ ნაწყენი ხარ, მეც მემართება ხოლმე ასე, როცა რამე არ გამომდის“.
  • დავუსაბუთოთ ჩვენი პოზიცია; მშრალი აკრძალვები და მოთხოვნები ჯიუტ ბავშვებთან არ ჭრის.
  • მოვაწესრიგოთ ურთიერთობები ოჯახის წევრებთან, შევქმნათ მშვიდი გარემო. ბავშვის სიჯიუტე როგორც რეაქცია ოჯახურ პრობლემებზე იმის ინდიკატორია, რომ მათ სასწრაფოდ სჭირდება მოგვარება.
  • როგორი დაკავებულიც უნდა ვიყოთ, გამოვყოთ დრო ბავშვთან აქტიური ურთიერთობისთვის. ხშირად იმისთვის ჯიუტობენ, რომ მოუცლელი მშობლების ყურადღება მიიპყრონ. საკმარისია, ბავშვთან მეტი დრო გავატაროთ, რომ მისი ქცევა შესამჩნევად შეიცვლება, თავად ბავშვიც უფრო ღიმილიანი, დამჯერი და გულისხმიერი გახდება.
  • ვერიდოთ გაჯიუტებულ ბავშვთან კონფლიქტს. ამ დროს მასთან კამათი უსარგებლო და უკიდურესად დამქანცველია. ჩხუბით, დაპირისპირებით ბავშვის მორჩილებას ნამდვილად ვერ მივაღწევთ, ისედაც დაძაბულ ურთიერთობას კი გავაუარესებთ.
  • შევუქმნათ ბავშვს არჩევანის ილუზია. თუ ის უარს ამბობს თხოვნის შესრულებაზე, შევთავაზოთ ალტერნატივა. ამასთან, აუცილებელი არ არის, ეს ალტერნატივა რეალური იყოს. მაგალითად: „რა გავაკეთოთ პირველად, ვისადილოთ თუ სათამაშოები დავალაგოთ?“ ამ შემთხვევაში ბავშვი ჩვენს თხოვნას ბრძანებად არ აღიქვამს და მშვიდად შეასრულებს მას.

დაბოლოს, გვახსოვდეს, რომ ბავშვის ჯიუტობა სწორი მართვის პირობებში არც ისეთი საგანგაშოა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. უფრო მეტიც, სიჯიუტე სკოლამდელ პერიოდში ნორმა უფროა, ვიდრე გადახრა. ამდენად, თუ პატარას სიჯიუტე ზიანს არ აყენებს მის ჯანმრთელობას, შეიძლება, მას გარკვეულ საზღვრებში გასაქანიც კი მივცეთ – ამგვარად ის ძლიერი ნებისყოფის, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ამიტომ არ ღირს განგაშის ატეხვა; სწორი მიდგომით დროთა განმავლობაში პრობლემა მოგვარდება, ბავშვი თანდათან დაძლევს სიჯიუტეს და კვლავ გამგონი, დამჯერი გახდება.

ფაქტი და მისი აღქმა

0

ფაქტი და მისი ანალიზი, მოვლენა და მისი ინტერპრეტაცია, ტექსტი და მისი მრავალგანზომილებიანი გაგება მნიშვნელოვანი, აუცილებელი უნარებია, რომელიც ყველა საგანმა, მათ შორის, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილმა უნდა განავითაროს.

ამ სტატიაში ორ საინტერესო სავარჯიშოს შემოგთავაზებთ:

 

  1. შეაფასე ერთი ფაქტი სხვადასხვა თვითმხილველის თვალით:

„ერთხელ ასეთი რამ ჩაიდინა: შუა ზაფხულის ცხელ დღეს, დღისით-მზისით,

სახლიდან თოფი გამოიტანა, მივიდა თბილისის მთავარ მოედანზე (ახლანდელ

თავისუფლების მოედანზე) და ლენინის ძეგლს ესროლა“.  – ამონარიდი გურამ რჩეულიშვილის  ბიოგრაფიიდან.

ნაბიჯი 1- წავიკითხოთ და გავაანალიზოთ გურამ რჩეულიშვილის ბიოგრაფია, დროითი და პოლიტიკური კონტექსტი.

დავალება : – შეაფასე მოვლენა სხვადასხვა თვითმხილველის თვალით:

  • თვითმხილველი 1 – ახალგაზრდა სტუდენტი, კითხულობს აკრძალულ ლიტერატურას, ჩუმად უსმენს თანამედროვე მუსიკას, გულში

ოცნებობს დამოუკიდებელ საქართველოზე. – შეფასება

  • თვითმხილველი 2 – პოლიციელი, რომელიც იცავს წესრიგს. –  შეფასება
  • თვითმხილველი 3 – სტუდენტი გოგონა, რომელსაც უყვარს რომანტიკული ლიტერატურა  – შეფასება
  • თვითმხილველი 4 – ბავშვი, რომელიც დედასთან ერთად სეირნობს  –  შეფასება
  • თვითმხილველი 5 – მოქალაქე, რომელიც კომუნისტური პარტიის

მხარდამჭერი – შეფასება

  • თვითმხილველი 6

 – მოიფიქრე, კიდევ ვინ შეიძლება იქ ყოფილიყო?

  • თვითმხილველი 7
  • თვითმხილველი 8
  • თვითმხილველი 9

დავალება 2

  • ამოირჩიე ნებისმიერი თვითმხილველი
  • შეაფასე მოვლენა ამ თვითმხილველის ხედვის წერტილიდან;
  • ზეპირად გადმოეცი, როგორ გადმოსცემდა ესა თუ ის თვითმხილველი ამ ამბავს.
  • ამბავი გადმოეცი პირველ პირში.

 

დავალება 3

როგორ ფიქრობ, რას დაწერდა იმდროინდელი გაზეთი? მაგალითად, „ახალგაზრდა კომუნისტი“?

ფაქტი 2 – ამონარიდი დღიურიდან

გთავაზობთ ერთ ფრაზას ცნობილი ქართველი მწერლის, ოთარ ჭილაძის დღიურიდან, სადაც ასევე ადამიანის გადარჩენაზეა საუბარი.

„1982 წელი

დღეს ბავშვი გადავარჩინე ზღვაში დახრჩობას. ბედნიერი ვარ!

7 სექტემბერი, ბიჭვინთა“

(ოთარ ჭილაძე, ჩანაწერების წიგნიდან „ცა მიწიდან იწყება“_

დავალება

             როგორც ხედავ, ოთარ ჭილაძე თავის დღიურში სულ ერთი ფრაზით აღწერს

მომხდარ ამბავს, სცადე, აღადგინო იმ დღის ქრონიკა, მე დაგეხმარები:

1. სათაური შეგიძლია ტექსტს თავიდანვე მოუფიქრო ან ბოლოს დაარქვა, მთავარია, რომ იგი მიანიშნებდეს ამბავს, იყოს მოხერხებული და ლაკონიური.
2. აღწერე მოქმედების ადგილი – ზღვა, კურორტი, დამსვენებლები;
3. შეგიძლია მთხრობელი თავად მწერალი, ოთარ ჭილაძე იყოს ან ვინმე სხვა,
თვითმხილველი, რომელიც მოგვითხრობს ამბავს, როგორ გადაარჩინა მწერალმა ბავშვი;
4. შემოიყვანე მთავარი პერსონაჟები – მწერალი და ბავშვი, რა ხნისაა ბავშვი?
რატომ აღმოჩნდა საშიშ ადგილას უფროსების მეთვალყურეობის გარეშე?
იქნებ ცელქია ან მშობლებმა წუთით მოადუნეს ყურადღება? იქნებ მეზობელს
წამოჰყვა ზღვაზე ან უფროს ძმას? რა მოხდა? აღწერე დეტალები;
5. კულმინაციურ ეპიზოდში მოყევი, როგორ გადაეშვა მწერალი წყალში, როგორ
გადაარჩინა ბავშვი;
6. ფინალურ ნაწილში შეგიძლია თვითმხილველების ემოციაც გაგვიზიარო, ან
მშობლების, რომელთა შვილიც მწერალმა გადაარჩინა.

ხეტიალის მოკრძალებული ხიბლის შესახებ

0

რამდენიმე დღის წინ ქალაქგარეთ ყოფნისას, მანქანა გამიფუჭდა და მაღალმთიანი სოფლის შარაგზაზე შევხვდი დაღამებას. დახმარება კარგა ხანს არ მოვიდოდა, ამიტომ მძღოლის სავარძელი გადავწიე და თვლემა ვცადე, მაგრამ რას ჩაიძინებ სიჩუმეში, მოწმენდილი ცის ყურებისას, მარტო?

ბოლოს ვარსკვლავებიანი ცა როდის დავათვალიერე, არ მახსოვს. ბავშვობაში კი ბევრჯერ გამიყოლებია თითი რომელიმე თანავარსკვლავედისთვის და მიცდია ამომეცნო რას ფიქრობს ახლა ადამიანი, რომელიც იმავე ცას უყურებს.

ურბანულ გარემოში მცხოვრებმა ადამიანებმა თითქოს ესთეტიკის შეგრძნება სადღაც დავკარგეთ, უბრალო რაღაცებით აღარ ვოცდებით და ბუნებასთან კავშირი თითქოს სრულიად გაწყდა, არადა, სადღაც ვკითხულობდი კვლევას ჯანმრთელობას, ამაღლებულ გუნება განწყობილებასა და კვირაში სულ მცირე ორსაათიან სეირნობას შორის, სუფთა ჰაერზე, ბუნებაში. კვლევის ავტორი (ჟურნალი Scientific Reports, მაისი) ამტკიცებდა, რომ რამდენადაც კარგი ზეგავლენა აქვს ხეტიალს, მცენარეებთან კონტაქტს, თავგადასავლებს, ოფლის წვეთებს შუბლზე და სასიამოვნოდ დაღლილზე ჟანგბადით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვა ზრდასრულებისთვის, ათჯერ უკეთესად მოქმედებს ყველაფერი ეს ბავშვებსა და გარდამტეხი ასაკის მოზარდებზე.

როგორ მივაჩვიოთ ურბანულ გარემოში გაზრდილი შვილი ბუნებასთან სიახლოვეს? რა ვიღონოთ იმისთვის, რათა ჩვენს შორის კონტაქტი სოციალურმა ქსელებმა და ე.წ. „გაჯეტებმა“ არ ჩაანაცვლონ? ამაზე ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო სფეროს ექსპერტი, ფსიქოლოგი, ფიზიოთერაპევტი მუშაობს და თავს იმტვრევს.

გთავაზობთ მოკლე რეკომენდაციებს, რაც აპრობირებული და რეკომენდებულია დარგის ექსპერტების მიერ.

ურბანული გასეირნება

იმისთვის, რომ აქტიური ცხოვრების სტილს მივეჩვიოთ, დაიწყეთ შვილთან ერთად სიარული. არ ვგულისხმობ საქმის გამო ფეხით გადაადგილებას, არამედ ეს უფრო მეტად იყოს „ხეტიალი“. საამისოდ, კარგი იქნება თქვენს ქალაქში რომელიმე თქვენთვის ნაკლებად ცნობილ დასახლებას თუ დაათვალიერებთ ხელახლა. ჩვენს ირგვლივ იმდენი ნაცნობი, მაგრამ მაინც უცნობი ადგილებია, ვერც წარმოვიდგენთ. აქ ნობელს უცხოვრია ცოტა ხნით, იმ ბინაში ვაჟა ფშაველა ქეიფობდა ხოლმე, აგერ ამ ქუჩაზე უიმედოდ შეყვარებულმა ემერიკმა მუნკის მუზად ცნობილი დაგნი სიცოცხლეს გამოასალმა, მუნკი ვინ იყო? მაგას სიარულისას მოგიყვები…

მსგავსი „ხეტიალი“ სიარულის კულტურას აჩვევს ადამიანს და შემდგომ, უფრო გრძელ და რთულ დისტანციებზე სათავგადასავლოდ წასვლაც აღარ ეძნელება.

ბუნებაში გასეირნება

შემდეგი ეტაპი ბუნებაში გასეირნება იყოს. საამისოდ, აუცილებელი არაა ვერიდან უმალ ჭაუხების „თეთრ ტბამდე“ არბენინოთ შვილი. შეიძლება ჯერ ქალაქის მახლობლად, პატარა მინდორზე გასვლა, მსუბუქი სასუსნავების წაღება, ტელეფონების მანქანაში დატოვება სცადოთ. 1-2 საათი შედარებით წყნარ გარემოში გაატაროთ და თუ სადმე ძველი ანკესი გიგდიათ, თევზაობაც სცადოთ, ისე, გასართობად.

შემდეგი ნაბიჯი შეიძლება უფრო რთული მარშრუტი იყოს. ამჯერად, ყველანაირი გასართობი სახლში დატოვეთ (შეიძლება მხოლოდ ტელეფონი ჩააგდოთ ჩანთაში გამოუვალ მდგომარეობისას, თუ ასეთი შეიქმნა ხმა რომ მიაწვდინოთ ვინმეს) და გრძელი ხეტიალის დღე მოიწყვეთ. რაც უფრო მეტს ივლით, მოიმატებს წუწუნი ურბანულ გარემოში გაზრდილი ბავშვებისგან, მაგრამ ჩათვალეთ, რომ ეს ერთგვარი თამაშია, ან საწვრთნელი ტურის გავლა (შეიძლება მისიებიც კი დაარქვათ ერთი ლოკაციიდან მეორემდე მისვლას). გზაში არც კი ეცადოთ ტელეფონის ამოღებას, მიეცით პირადი მაგალითი შვილებს და ილაპარაკეთ.

ჩემ უფროს ბიჭს მოსწონს, როდესაც ჩემი ბავშვობიდან (განსაკუთრებით მის ასაკში რომ ვიყავი) რაღაც ისტორიებს ვუყვები ხოლმე. ეს ნამდვილი ამბებია, ზოგიერთი უინტერესო მეჩვენება, ზოგი – საინტერესო, მაგრამ შვილს ყველაფერი მოსწონს, აინტერესებს და იმახსოვრებს.

ბუნებაში ხეტიალი საუკეთესო საშუალებაა მშობლებსა და შვილებს შორის გაწყვეტილი საკომუნიკაციო ჯაჭვის აღსადგენად.

როდესაც ნახევარდღიან ან ერთდღიან „ხეტიალს“ მოიყირჭებთ, შეიძლება სცადოთ 2 დღიანი მარშრუტებიც. ეს გაცილებით რთულია და მცირეწლოვნებთან ერთად ყველა ვერ ახერხებს, თინეიჯერებს კი ძალიანაც მოსწონთ ხოლმე. მთავარი, რაც ამ დროს დაგჭირდებათ, სწორი ეკიპირების წაღებაა (ინსტრუქციას ბლომად ნახავთ Youtube-ზე ან google-ში).

და მაინც, ვინმე იკითხავს, რატომ ვიხეტიალო ბუნებაში, ხომ შეიძლება უბრალოდ წავიდე სუფთა ჰაერზე, გავჩერდე კარგ სასტუმროში და აივნიდან ვისუნთქო სუფთა ჰაერი?

ასეც შესაძლებელია, ცხადია, მაგრამ იმ აივანზე აუცილებლად ამოიღებთ ტელეფონებს, ტაბლეტებს „გაჯეტებს“ და თავს ჩარგავთ ყველა ერთად. ვიღაც facebook-ზე, სხვა ითამაშებს. ამასთანავე, ცნობილია, რომ ბუნებაში ხეტიალს, სხვა, აუცილებელი დამხმარე კომპონენტები შემოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.

მაგალითად:

ბუნებაში ხეტიალი ბავშვისთვის ერთგვარი „განურბანოების“ საშუალებაა. მასში იღვიძებს შეგრძნების, ხედვის, გრძნობის, ყნოსვის, გემოს ისეთი მიძინებული რეცეპტორები, რაც ქალაქში, გამონაბოლქვში, დინამიკურ გარემოში მასში დალექილი იყო.

ასეთი ხეტიალი მშობელი-შვილის ურთიერთობების დასტაბილურებასაც უწყობს ხელს. ისინი, თითქოს თავიდან იცნობენ ერთმანეთს (გაიხსენეთ საკუთარ მაგალითზე, როგორ ახლებურად დაგინახავთ ადამიანი ბუნებაში მოგზაურობის შემდეგ).

ცნობილი მკვლევარი რიჩარდ ლუვი, თავის ცნობილ წიგნში, რომელიც ყურადღების დეფიციტსა და ობესიტს მიუძღვნა, წერს, რომ ბუნებაში ხეტიალი ადამიანს, განსაკუთრებით კი მოზარდებს ეხმარება სწორედ ამ ყურადღების დეფიციტის დარღვევის დაძლევაში. ასევე, მსგავსი „გართობა“ შესანიშნავი საშუალება ყოფილა ჰიპერაქტიური ბავშვების შფოთვითი აშლილობების დასარეგულირებლად. ლუვი, თავის წიგნში ასეთ ტერმინს ხმარობს „ბუნების ნაკლებობით აშლილობა“, რაც, ცხადია სამედიცინო ტერმინი არაა, მაგრამ შესანიშნავი მეტაფორა და მინიშნებაა გარკვეული პრობლემის მოგვარების მსურველთათვის.

რა სარგებელი აქვს ბუნებაში ხეტიალს?
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მსგავს გასართობს კარგი შედეგი მოაქვს ბავშვის ფიზიკური, ფსიქიკური, კოგნიტიური, ემოციური ფონის მოსაწესრიგებლად. რომ ეს გაცილებით, გაცილებით მაგარი რამეა, ვიდრე საკუთარ ეზოში თამაში, ლაპარაკი აღარაა მანქანებით გაძეძგილ უბანზე ან უარესი – სათამაშო მოედნების არქონაზე, როცა ბავშვები დროის დიდ ნაწილს სახლებში გამოკეტილები ატარებენ.

ასეთ დროს, მოზარდი მუდმივ აქტივობაშია, მისი გონება აღარაა მოდუნებული და ერთ რამეს მიშტერებული (ეკრანს), რაც მის ფიზიკურ და ფსიქიკურ განვითარებას შესამჩნევად ეხმარება. ცხადია, არავინ უნდა იფიქროს, თითქოს ბუნებაში ხეტიალი ყველაფრის წამალია და გარკვეულ დაავადებებსაც კურნავს, მაგრამ ის შესანიშნავი „დამხმარე რესურსია“ გავიადვილოთ და გავუადვილოთ ცხოვრება შვილებს.

ციტატა
რიჩარდ ლუვი:
„რასაკვირველია, ბუნებაში სეირნობას მხოლოდ ფიზიკური კონდიციების მოწესრიგება არ მოსდევს. ასეთი ტიპის გასართობი ნაკლებად სტრუქტურირებულია, რაც მოზარდს მეტ თავისუფლებას აძლევს და აჩვევს კიდეც იყოს თავისუფალი თავის არჩევანსა და გადაწყვეტილებაში.
როცა საქმე ეხება სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას, ბუნება ეხმარება ბავშვს იყოს უფრო პოზიტიური, ბუნებასთან ახლოს მყოფი, ლაღი ადამიანი“

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა დამწყებ მოხეტიალეებსა და მათ მშობლებს:

1: დაე, დაისვარონ
ხეტიალს ერთი უსიამოვნო ამბავი ახლავს ხოლმე თან, განსაკუთრებით, თუ მცირეწლოვანი შვილები მიგვყავს – რა მანქანებით არ ვიცი, მაგრამ ეს პატარა ონავრები ახერხებ, რომ ავტომობილიდან მიწაზე ფეხის დადგმისთანავე ისე ამოიგანგლონ, მშობელი ვეღარ იცნობს.

ამ დროს დედები მაგრად წუწუნებენ, არც მამები ვაკლებთ და ხშირად, ბავშვს ყველანაირი სურვილი უქრება იყოს ლაღი და თავისუფალი. ჩემი შვილის, მართასნაირი ბრაზიანი ბუტია თუა, სულაც შეიკეტება უკან მანქანაში და განაცხადებს, რომ სახლში დაბრუნება სურს.

სინამდვილეში, არაფერი კატასტროფული არ ხდება თუ ბავშვი გოჭივით ჩატა პირველივე ტალახში. ჩავთვალოთ, რომ გასეირნების ხარკია ასეთი და წასვლამდე შევეგუოთ აზრს, რომ „ტყე-ღრეში“ სასიარულო სამოსი უნდა დაისვაროს ან გაფუჭდეს. ყველას მოგვეძებნება ერთი ხელი ისეთი ტანსაცმელი, რომელიც არ დაგვენანებოდა, ჰოდა Voila!

  1. ვინც უფროსია, მისი წესებია?

არ ვიტყოდი ასე. მოდი, წინასწარ შეუთანხმდით შვილებს. რაღაც თქვენი პასუხისმგებლობაა, რაღაც მათი თავისუფლება. თუ მთელი გზა ხის ტოტს დაათრევს რომელიმე ცელქი ბიჭი და ხმალიაო, ათრიოს, მაგრამ თუ სამშვილდეს უფსკრულიდან გადახედვა მოუნდა – ეს თქვენი პასუხისმგებლობა.

3: ვინ მიდის წინ?

თუ ამაზონის ჯუნგლებში მოგზაურობთ, ჯერ თქვენ წადით წინ (ნუ, ან მეუღლე გაუშვით, გააჩნია როგორ გიყვართ Joke), სადმე უსაფრთხო ბილიკზე თუ მისეირნებთ, მოდი წინ შვილმა იაროს, ის იყოს გზის გამკვლევი და მიაჩვიეთ ამგვარად ლიდერობას (ცხადია, თუ ასე სურს თავადაც).

4: მოიგონეთ ამბები

ხეტიალის დადებითი მხარე მხოლოდ ფიზიკურ დაღლაში კი არა, საინტერესო ამბების გამოგონებაშიცაა. ბორჯომის ტყე პარკში ბოდიალისას, ჩვენ წარმოვიდგენდით ხოლმე, რომ აქ ჯუჯების სამფლობელოა და აი, ახლა რომელიმე მათგანს წავაწყდებით. მე ვიგონებ ხოლმე ისტორიებს, როგორ დავიკარგე ამ ტყეში და რანაირად უნდა გააგნოს ადამიანმა გზას, თუ მიმართულება აერია და ასე შემდეგ. ეს ბავშვებსაც მოსწონთ და მშობელიც ერთობა, რაც დროის გაყვანაშიც გვეხმარება ხოლმე.

5: გზის გეგმა, განძის მომპოვებლები

ვიცი მშობლები, ვინც ხეტიალისთვის საინტერესო მეთოდი მოიგონეს. თავად არასოდეს მიცდია, მაგრამ იდეა მომწონს და ვფიქრობ, ურიგო არაა. წასვლამდე, ამობეჭდავთ მიდამოს რუკას და ბავშვს „მიანდობთ“ გზის გაკვლევას. თან, დათქვამთ, რომ განძი უნდა მოძებნოთ, ეს კი შესაძლოა რამდენიმე მარტივი რამ იყოს: ხავსიანი ქვა, „ს-„ს ფორმის ტოტი ან სულაც ჩიტის ბუდე. ამ დროს, ყურადღების კონცენტრაცია ათმაგდება და ამას უკეთესი შედეგიც აქვს.

6: გაანაწილეთ როლები

თუ რამდენიმე ბავშვი მიგყავთ, აუცილებელია მათთვის წინასწარგანსაზღვრული როლების მიცემა. მოდი, დღეს ერთს რუკა ებაროს, მეორე იყოს კაპიტანი, მესამე კი ექიმი, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა. არჩევანი შეგიძლიათ მისცეთ კენჭისყრის საფუძველზე.

7: მოგზაურობიდან მოგზაურობამდე

მიეცით დავალება ბავშვებს (შესაბამისი ასაკის გათვალისწინებით) გუგლის საშუალებით მოიძიოს ახალი სამოგზაურო ლოკაცია, შეისწავლოს მიდამოები, თავად დაგეგმოს მარშრუტი და ბიუჯეტი, რაც ამ გზის გავლას დასჭირდება. სულ მცირე, თქვენ მასში მენეჯერულ თვისებებს გამოწვრთნით.

8: გეგმა

და ბოლოს, წაკითხვა და თქმა, რომ ვაუ, ეს კარგი იდეა მოგვაწოდეს, ხვალიდან მთელი წელი ვიხეტიალებთ, უშედეგოა. ყველამ ვიცით, რომ აღფრთოვანება მალე გაივლის ხოლმე და ყოველდღიური რუტინა უფრო მალე გვითრევს, ვიდრე სურვილი რაღაც შევცვალოთ, ამიტომ მოდი ცოტა ვთქვათ და ნაღდი. აიღეთ კალამი, ფურცელი და მთელი წლის მანძილზე დაგეგმეთ სამი, დიახ, მხოლოდ სამი, მაგრამ უსიკვდილოდ ჩასატარებელი „ტური ხეტიალი“. გამოაკარით მაცივარზე და როცა საღამოობით მიეპარებით ხოლმე საჭმელს, შეუსრულებელი დავალება სულ მცირე მადას მაინც დაგიკარგავთ.

განმავითარებელი შეფასება როგორც კომპასი  

0

მასწავლებლები სასწავლო პროცესში ხშირად იყენებენ განმავითარებელ შეფასებას, თუმცა ზოგჯერ არ გამოყოფენ მას ცალკე, როგორც კომპონენტს. ალბათ ამის გამოცაა, რომ პირად საუბრებში, სემინარებზე, კონფერენციებზე, როდესაც მასწავლებლებს ვეკითხებით, იყენებენ თუ არა განმავითარებელ შეფასებას, ისინი გვპასუხობენ: ვიყენებთ, მაგრამ ბევრი დრო მიაქვს… ასეთი პასუხი ყოველთვის საუბრის გაგრძელების სურვილს ბადებს იმის დასადგენად, მართლა არ იყენებს მას მასწავლებელი თუ იყენებს და პრობლემა განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტის სახელდებაა… საუბრის გაგრძელება იმის გარკვევის საშუალებასაც იძლევა, რამდენად ინტენსიურად იყენებს მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტებს და ახდენს შეფასების შედეგებზე ადეკვატურ რეაგირებას.

2021 წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მასწავლებელთა საგნობრივ ჯგუფებში მცირე ონლაინგამოკითხვისას  გამოიკვეთა, რომ მასწავლებლები განმავითარებელ შეფასებას ძირითადად აღიქვამენ როგორც მოსწავლეთა დავალებებზე გაკეთებულ ზეპირ და წერილობით კომენტარს. სულ გამოიკითხა 620 მასწავლებელი. მათი 25,8% ამბობდა, რომ განმავითარებელ შეფასებას ინტენსიურად იყენებდა, 62,9% კი, მათივე თქმით – საშუალო ინტენსივობით.

გამოკითხული მასწავლებლების 71% აღნიშნავდა, რომ ძირითადად იყენებდა ზეპირ კომენტარებს, 12,9% – წერილობითს, ხოლო 12,9%-ისთვის სტიკერები, ჯილდოები და ამგვარები იყო პრიორიტეტული, მათ ესეც განმავითარებელ შეფასებად მიაჩნდათ.

რეალობა მოწმობს, რომ ნებისმიერი აქტივობა თუ სწავლების სტრატეგია შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად.

მაგალითად, თუ სწავლების ესა თუ ის სტრატეგია ეხმარება მოსწავლეებს:

  1. გაიაზრონ, რისი გაგება უჭირთ და რატომ;
  2. გააცნობიერონ საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეები;
  3. ნათელი წარმოდგენა შეექმნათ იმაზე, რა გზით უნდა წავიდნენ სასურველი შედეგის მისაღებად,

– ეს ყველაფერი შეიძლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად იქცეს.

ერთი და იგივე აქტივობა ან სტრატეგია ზოგჯერ შეიძლება ემსახურებოდეს განმავითარებელი შეფასების პროცესს, ზოგჯერ კი – არა.

მაგალითად, ზოგ შემთხვევაში კითხვების დასმა ქმნის განმავითარებელი შეფასების საფუძველს, ზოგ შემთხვევაში კი – არა. ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად გვაძლევს საშუალებას კითხვები, გავიგოთ მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე.

მაგალითად, კითხვა „რას ეწოდება ჰომეოსტაზი?“ არ ემსახურება განმავითარებელ შეფასებას, მაგრამ კითხვა: „იმსჯელეთ იმ ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებზე, რომლებიც იცვლება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს. რა ემართება ამ მაჩვენებლებს ფიზიკური დატვირთვის შეწყვეტიდან ერთი საათის შემდეგ?“ – შეიძლება გამოვიყენოთ განმავითარებელი შეფასების მიზნით. როცა მოსწავლეებმა ჰომეოსტაზის არსი იციან, ასეთი კითხვა დაგვანახებს, რამდენად ღრმად აქვთ გააზრებული საკითხი.

განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი შეიძლება იქცეს განმავითარებელი შეფასების პროცესის ნაწილად.

მაგალითად, სავსებით შესაძლებელია, ტესტზე მუშაობა ჩავრთოთ განმავითარებელი შეფასების პროცესში, თუ ტესტში ქულებს კი არ დავწერთ, არამედ მოსწავლეებს წყვილებად დავყოფთ და ვთხოვთ, პასუხები შეადარონ, აარჩიონ ის პასუხი, რომელიც, მათი აზრით, უფრო ადეკვატურია და ახსნან, რატომ ჩათვალეს ასე, – ეს უკვე შეიძლება განმავითარებელი შეფასების პროცესად ჩაითვალოს. ამ პროცესის საფუძვლადწორედ განმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტი იქცა.

 

მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მიზანმიმართულად მიაწოდოს მოსწავლეებს საიმედო უკუკავშირი.

მაგალითად, ერთ-ერთი კვლევის ფარგლებში (B. W. Tuckman, 1999) ერთნაირი მიდრეკილების მქონე მოსწავლეებმა ჩააბარეს საგამოცდო ტესტი ერთსა და იმავე მასალაზე. ტესტირებამდე ამ ჯგუფებში მასწავლებელი სხვადასხვა სტილით მუშაობდა. ერთ ჯგუფს წინასწარ დაანონსებულ ყოველკვირეულ მოკლე ტესტზე ამუშავებდა და ყოველი ასეთი ტესტირების შემდეგ მოსწავლეები მასწავლებლისგან იღებდნენ საიმედო უკუკავშირს. მეორე ჯგუფის წევრებს საშინაო დავალებებს ასრულებინებდა, ხოლო მესამე, საკონტროლო ჯგუფს არც ტესტი და არც დავალება არ შეუსრულებია. ყველა ჯგუფი გავიდა საბოლოო გამოცდაზე. იმ ჯგუფის შედეგები, რომელიც მოკლე ტესტებზე მუშაობდა, 16%-ით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე საშინაო დავალებაზე მომუშავე ჯგუფისა და 24%-ით უკეთესი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფისა. დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლეთა შორის განსხვავება კიდევ უფრო მკაფიო აღმოჩნდა ტესტებზე მომუშავე ჯგუფის სასარგებლოდ. გამოვიდა, რომ ყოველკვირეულ მოკლე ტესტებზე რეგულარულმა მუშაობამ და მასწავლებლის ასევე რეგულარულმა საიმედო უკუკავშირმა მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესება გამოიწვია (J. Ruscio, 2001; B. Thorne, 2000). აღსანიშნავია, რომ ამ ჯგუფის მოსწავლეებმა წინასწარ იცოდნენ ტესტირების განრიგი და თემატიკა. კვლევები მოწმობს, რომ როდესაც მასწავლებელი თუნდაც მცირე ტესტირებას გაუფრთხილებლად და შეუთანხმებლად ატარებს, იზრდება მოსწავლეთა ემოციური დაძაბულობა და ეს ნეგატიურად აისახება შედეგებზე.

 

რით ეხმარება განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს?

განმავითარებელი შეფასება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, შეამოწმოს მოსწავლეთა გაგების/გააზრების დონე და შესაბამისად დაგეგმოს სწავლების პროცესი. მასწავლებელს შეუძლია, დაფიქრდეს სასწავლო პრაქტიკაზე და თითოეული ბავშვის მიღწევებზე, იმაზე, თუ რა დაეხმარება მას თითოეული მოსწავლის საჭიროებების დაკმაყოფილებაში.

 

შეიძლება თუ არა, განმავითარებელი შეფასება გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში როგორც კომპასი?

ამ კითხვაზე საპასუხოდ განვიხილოთ კონკრეტული მაგალითები.

ამბავი პირველი (შემჩნევა): მესამე კლასის მასწავლებელმა სასკოლო სახელმძღვანელოში მოცემული ეზოპეს იგავის შესწავლის შემდეგ მოსწავლეებს მისცა წერითი დავალება – „წერილი ეზოპეს“. ნამუშევრების გადახედვისას მან შეამჩნია, რომ მოსწავლეთა ნაწილს არ ჰქონდა დაცული წერილის სტრუქტურა. სიტუაციის რაოდენობრივმა ანალიზმა აჩვენა, რომ ასეთი მოსწავლეების წილი კლასში 30% იყო.

ამბავი მეორე (დაგეგმვა): მესამე კლასის მასწავლებელმა გადაწყვიტა, შემდეგ გაკვეთილზე ერთობლივი წერის სტრატეგია გამოეყენებინა და მოსწავლეებისთვის კიდევ ერთი წერილის დაწერა შეეთავაზებინა („კიდევ ერთი წერილი ეზოპეს“).

ამბავი მესამე (განხორციელება): მასწავლებელი კლასს კიდევ ერთხელ შეახსენებს შესწავლილ იგავს, აცნობს დავალებას. ერთობლივი წერის ფორმატში, წერის საფეხურების დაცვით (იდეები, შავი ვარიანტი და ა.შ.) ბავშვები წერენ წერილს.

ამბავი მეოთხე (გადამოწმება): მასწავლებელმა მოსწავლეებს სთხოვა, ერთობლივი ნამუშევრის მიხედვით შინ შეედგინათ წერილის საკუთარი ვერსია (რათა მეორე დღეს, ნამუშევრების გადამოწმებისას, დარწმუნებულიყო, რომ ყველა მოსწავლემ გაითვალისწინა წერილის სტრუქტურა).

 

ამ პროცესებს თუ გავაანალიზებთ, დავინახავთ თანმიმდევრულ ქმედებას, რომელსაც მიზანმიმართულად ახორციელებს მასწავლებელი და რომლის გეზურობა განპირობებულია განმავითარებელი შეფასებით:

  1. პრობლემის შემჩნევა;
  2. პრობლემის აღმოსაფხვრელად აქტივობის დაგეგმვა;
  3. დაგეგმილი აქტივობის განხორციელება;
  4. შედეგების გადამოწმება.

იმისთვის, რომ მასწავლებელს არსებითად ჰქონდეს გააზრებული განმავითარებელი შეფასების დანიშნულება, აუცილებელია, მას ჰქონდეს პასუხი კითხვაზე:

– რამდენად აუცილებელია, განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი იძლეოდეს მოსწავლეთა გაგება-გააზრების შეფასების შესაძლებლობას?

 

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად განვიხილოთ კონკრეტული სიტუაცია: მასწავლებელი ყოველთვის ცდილობს, მოსწავლეებს მათთვის გასაგებ ენაზე მიაწოდოს სასწავლო მასალა. შესაბამისად, ბევრ დროს უთმობს გაკვეთილის დაგეგმვას.

ახალი მასალის ახსნისას ის დეტალურ განმარტებებს აკეთებს და მოჰყავს შესაბამისი მაგალითები. პერიოდულად ეკითხება მოსწავლეებს, რამდენად კარგად გაიგეს საკითხი. ისინი უმეტესად პასუხობენ, რომ ყველაფერი გასაგებია.

აღსანიშნავია, რომ შემაჯამებელ ტესტირებამდე რამდენიმე დღით ადრე მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად კიდევ ერთხელ განიხილავს ტესტირებაზე შეტანილი დავალებების მსგავს დავალებებს.

მიუხედავად ამისა, მოსწავლეთა დიდ ნაწილს შემაჯამებელ ტესტირებაში დაბალი შედეგები აქვს, რაც თავად მოსწავლეებისა და მათი მშობლების უკმაყოფილებას იწვევს. მოსწავლეები ხშირად ამბობენ, რომ მასწავლებელი მათ კარგად ვერ ასწავლის. მასწავლებელიც იმედგაცრუებულია, რადგან მიაჩნია, რომ მის მიერ გაწეული შრომა წყალში გადაიყარა და მოსწავლეებს უბრალოდ არ აინტერესებთ სწავლა.

 

სად არის პრობლემა?

 

აღწერილი მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ მასწავლებელი არ ახორციელებს განმავითარებელ შეფასებას. მის მიერ დასმული კითხვა („გაიგეთ, ბავშვებო?“) ვერ ჩაითვლება განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტად, რადგან არ იძლევა მოსწავლეთა გაგება-გააზრების შეფასების შესაძლებლობას. შესაბამისად, მასწავლებელს არ აქვს სრული ინფორმაცია მოსწავლეთა მიერ საკითხის ათვისების დონის შესახებ და არც მათ აძლევს საშუალებას, აქტიურად ჩაერთონ საკუთარი სწავლის შეფასების პროცესში. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სრულფასოვნად გამოიყენოს განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას მისცემს, განახორციელოს საჭირო ინტერვენცია რეალურ დროში.

 

შევაჯამოთ:

  • განმავითარებელი შეფასება ხდება უშუალოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს.
  • განმავითარებელი შეფასება არის ინტერვენცია რეალურ დროში.
  • განმავითარებელი შეფასება გვეხმარება, დროულად აღმოვაჩინოთ მოსწავლის სუსტი მხარეები და მიმართულება მივცეთ მას, სანამ ქულით შევაფასებთ (ამის საჭიროების შემთხვევაში).

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ 2018-2024
  2. https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf
  3. Trumbull, E., & Lash, A. (2013). Understanding formative assessment: Insights from learning theory and measurement theory. San Francisco: WestEd.
  4. https://www.edutopia.org/blog/tech-friendly-formative-assessment-tools-monica-burns
  5. Marzano, R. (2001).Classroom Assessment and Grading the Work.Alexandria, VA: ASCD.
  6. Ruscio, J. (2001). Administering quizzes at random to increase students’ reading. Teaching of Psychology, 28, 204-206.
  7. Thorne, B. (2000). Extra credit exercise: A painless pop quiz. Teaching of Psychology, 27, 204-205.
  8. Tuckman, B. W. (1999, August). A tripartite model of motivation for achievement: Attitude/drive/ strategy. Paper presented at the Annual Meeting of the American Psychological Association. Boston.

 

 

ვინ გინდა გამოხვიდე?

0
Someone wearing red sneakers

ბავშვებისთვის დასმულ სტერეოტიპულ, გაცვეთილ კითხვათა სიაში ეს, ერთი შეხედვით, უწყინარი შეკითხვაცაა: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ – რომელიც ხშირად ხუმრობის, სიცილისა თუ ირონიული დამოკიდებულების მიზეზი ხდება, რადგან პატარები სამომავლო პროფესიათა შორის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულებს ასახელებენ ხოლმე. მაგალითად, მათ უნდათ, ერთდროულად იყვნენ მეხანძრეებიცა და პროფესორებიც, დამლაგებლებიცა და მფრინავებიც, მოცეკვავეებიცა და ექიმებიც. ეს კი უფროსთა ქირქილსა და ხარხარს იწვევს, რაც სრულიად გაუგებარია ბავშვებისთვის. ისინი თავისუფალნი არიან საზოგადოებრივ შეხედულებათა წნეხისაგან და ამიტომ დარწმუნებულნი არიან, რომ ის უნდა გააკეთონ, რაც მოსწონთ და ახარებთ. რა თქმა უნდა, როცა იზრდებიან, მათი წარმოდგენებიც იცვლება. პროფესიებთან დაკავშირებულ არჩევანსაც ხშირად არა თავიანთი ნებით, არამედ სხვათა (დედ-მამის, ბებია-ბაბუის, და-ძმის, ახლობლისა და მეგობრის) კეთილი რჩევითა თუ გაუცნობიერებელი მიბაძვით აკეთებენ.

ყველა ადამიანის არჩევანი უნიკალური და, შესაბამისად, განსხვავებულია. ზოგს ბავშვობიდანვე იტაცებს რომელიმე პროფესია და მერე მართლაც იმას აკეთებს, რაც გულით უნდოდა. ზოგს კი არ უმართლებს. ცნობილი მსახიობი ჰყვება, რომ ბავშვობიდან ოცნებობდა თეატრის ან კინოს არტისტობაზე, ზოგი დანანებით ამბობს, რომ ექიმობა უნდოდა, მაგრამ მასწავლებელი გახდა და ცხოვრების თავიდან დაწყების საშუალება რომ ჰქონდეს, აუცილებლად აირჩევდა სხვა პროფესიას. თუმცა არიან ადამიანები, რომელთაც მრავალმხრივი ინტერესები აქვთ.

პატარებში რამდენიმე ურთიერთსაპირისპირო გატაცების გამოვლენა ხანდახან უფროსების არაერთგვარ რეაქციას იწვევს. ისინი ცდილობენ, ბავშვი „სწორ გზაზე“ დააყენონ, როგორც წესი, რომელიმე გატაცებას უფრო სერიოზულად მიიჩნევენ მისი სამომავლო კარიერისა თუ კეთილდღეობისთვის, ამიტომ აქტიურად და ხანდახან უხეშადაც ცდილობენ, ხელი ააღებინონ ამა თუ იმ მათთვის მიუღებელ სურვილზე. ეს შეიძლება დამაბნეველი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, რომელსაც ერთი პროფესია კი არ ხიბლავს, არამედ ერთდროულად რამდენიმე.

თუ საზოგადოება ბავშვისგან ასე თუ ისე იტანს მრავალ ინტერესს, დიდისგან ეს უკვე მიუღებლად მიაჩნია. ამან შეიძლება ზოგიერთს სამსახურის პოვნაშიც კი შეუშალოს ხელი, არადა, ადამიანი საყვარელ საქმეს თუ არ აკეთებს, იტანჯება, უბედურია, რაც შეიძლება დეპრესიისა თუ ნევროზის წყაროდ იქცეს. უფრო საფრთხილო და გასათვალისწინებელი ისაა, რომ გარედან უხეში ჩარევის შედეგად მულტიპოტენციურ ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ მომავლის შიში, დაკარგონ თავდაჯერება, ეჭვი შეეპაროთ საკუთარ მრავალმხრივ პროფესიულ და შემოქმედებით უნარებში.

სწორედ ამ თემას განიხილავს ემილი ვაპნიკი წერილში „რას ნიშნავს, როცა არ შეგიძლია უპასუხო კითხვას: ვინ გინდა გამოხვიდე, როცა გაიზრდები?“ მისი აზრით, ცნობისმოყვარეობით გამორჩეული მოსწავლეები ერთდროულად რამდენიმე საქმით ინტერესდებიან. ასეთებს ემილი ვაპნიკი „მულტიპოტენციურ“ ადამიანებს უწოდებს. ისინი ამგვარები იბადებიან და, როგორც იტყვიან, სხვაგვარად „არ ძალუძთ“. ემილი ვაპნიკმა თავი მოუყარა პრობლემებს, რომლებსაც მულტიპოტენციური ადამიანები ეჯახებიან, დაახარისხა ისინი და მათი გადაჭრის სტრატეგიებიც შეიმუშავა.

პრობლემა (გამოწვევა) 1 – დანაშაულისა და სირცხვილის შეგრძნება;

პრობლემა 2 – დამწყების როლში ხშირად ყოფნა;

პრობლემა 3 – შიში, რომ ვერ გახდები საუკეთესო;

პრობლემა 4 – თვითმარქვიას სინდრომი;

პრობლემა 5 – საზოგადოების კრიტიკა.

კრიტიკულად მაყურებელ თუ შემფასებელ საზოგადოებას შეიძლება წარმოადგენდეს თანაკლასელი, მშობელი, ნათესავი, მასწავლებელი. მათ არ ესმით, როგორ შეიძლება მიატოვო ის, რაც აქამდე გიყვარდა და დაიწყო რაღაც ახალი, შეიცვალო დასახული მიზანი, რომლისკენ სვლაშიც ამდენი ძალა და ენერგია დახარჯე. სინამდვილეში კი მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ რადიკალურად შეცვალე სამომავლო გეგმები – რეალურად არც არაფერი მიგიტოვებია, უბრალოდ, სხვა რამემ გაგიტაცა. ემილი ვაპნიკმა წიგნიც გამოსცა ასეთი უცნაური, მაგრამ მრავალმნიშვნელოვანი სახელწოდებით: „როგორ ავირჩიო ყველაფერი“ („გზამკვლევი მათთვის, ვინც არ იცის, ვინ უნდა გამოვიდეს“, 2017 წ.). ემილი არის მწერალი, სპიკერი, ბლოგერი, სამოქალაქო ლიდერი და ეხმარება მათ, ვისაც მრავალმხრივი ინტერესები აქვს.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ერთი პასაჟი ნაირა გელაშვილის რომანიდან „სარკის ნატეხები“. მთავარი გმირი მსუბუქი იუმორით ჰყვება სკოლაში გატარებული პირველი დღის შესახებ, დეტალურად აღწერს შთაბეჭდილებებს. ყურადღებას იქცევს ფსიქოლოგიური ნიუანსები, რომელთა საშუალებითაც გამოიკვეთება, რა ტრავმულ მოგონებად იქცა ბავშვისთვის დღე, როცა სკოლაში პირველად მივიდა: „დამრიგებელმა“ პასუხის გაცემა მოგვთხოვა კითხვაზე: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ და მთელი უბედურება ის იყო, რომ მე არავინ არ მინდოდა გავმხდარიყავი, ისედაც კარგად ვგრძნობდი თავს (ოღონდ სკოლის გარეთ) და აქამდე სულაც არ მქონდა განცდა, რომ ჯერ არავინ ვიყავი. და ამჯერადაც შინაგანად მომბუზა საკუთარი ნაკლულოვნების შეგრძნებამ, როცა დავინახე, როგორ დგებოდნენ სხვები და სხარტად პასუხობდნენ: „მასწავლებელი!“, „ექიმი!“, „მფრინავი!“ ალბათ, სინამდვილეში არც ამათ უნდოდათ ვინმედ გახდომა, რაკიღა ისედაც იყვნენ და მხოლოდ უფროსებისგან ჰქონდათ თავში ჩაჭედილი მომავალი პროფესიები, მაგრამ ამას რა შეღავათის მოტანა შეეძლო ჩემთვის, როცა უკვე მიახლოვდებოდა პასუხის გაცემის ჯერი“.

როგორც ცნობილია, ამ ასაკში ბავშვები უამრავ უცნაურ შეკითხვას სვამენ და პასუხებს დიდებისგან მოელიან, რომლებიც ხშირად დუმილს არჩევენ, რადგან ან არ იციან, რა უპასუხონ, ან წარმოსახვა ღალატობთ, ამიტომ ეს შეკითხვები აბსურდული ეჩვენებათ. ცხოვრებისეული გამოცდილება ადასტურებს, რომ ზრდასთან ერთად უცნაური შეკითხვებიც იკლებს. ბავშვები კი სხვადასხვა მოვლენას შორის ისეთ აუხსნელ კავშირებს ხედავენ, რომლებიც დიდებს არც დაესიზმრებათ. როგორც ჰამლეტი ეუბნება ჰორაციოს:

„ბევრი რამ ჰხდება, ჰორაციო, ზეცად და ქვეყნად,

რაც ფილოსოფთ სიზმრად არც კი მოლანდებიათ“.

ნაირა გელაშვილის გმირიც ასე წარმოიდგენდა მომავალს: „რაც ამ ასაკისთვის ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მქონდა გარკვეული, ეს იყო: დარწმუნებული ვიყავი, დიდი რომ გავხდებოდი, აუცილებლად ვიმოგზაურებდი (თანაც სისტემატურად) წყალქვეშა ნავით, რადგან ვგიჟდებოდი, ისე მაინტერესებდა ზღვის ფსკერი. წყალქვეშეთის გარეშე მიწის ზემოთ ცხოვრება აუტანელი და დაუშვებელი მეჩვენებოდა. და მეორე: აუცილებლად უნდა გამეგო, რა ხდებოდა ცაზე, კერძოდ, ვარსკვლავებზე და საერთოდ, ეს ვარსკვლავები რას წარმოადგენდნენ, რადგან მრავალი საღამოსა და ღამის მანძილზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის უასაკო, შეუიარაღებელი თვალით ჩხრეკამ ჩემი მუდმივი მონუსხულობა ვერანაირი ცოდნით ვერ გაამდიდრა. ასე რომ, ვარსკვლავებიანი ცის ცოდნის გარეშე მიწაზე ცხოვრება ისევე უაზროდ და შეუძლებლად მიმაჩნდა, როგორც უზღვისფსკეროდ“.

ასეთი მეოცნებე, მრავალმხრივი ინტერესების მქონე ბავშვისთვის, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იქნებოდა რაციონალური, ერთმნიშვნელოვანი შეკითხვა. ამიტომ დაიბნა: „რაღაც მანქანებით ყური მქონდა მოკრული, რომ იმ ადამიანებს, რომლებმაც ცის ამბები იციან, „ასტრონომები“ ჰქვიათ… და აი, შეკითხვა: „ვინ გინდა გახდე?“ – უკვე მე მეხებოდა. მეც ავდექი და, ჩემდა საუბედუროდ, ვუპასუხე: „ასტრონომი“. კლასში სიჩუმე ჩამოწვა და მერე მასწავლებელმა შემისწორა: „აა, აგრონომი, ხომ?“ ეს რაღას ნიშნავდა, არ ვიცოდი, მაგრამ ცასთან არანაირ კავშირში რომ არ იყო, ამაზე თუნდაც დამრიგებლის ფამილარული ინტონაცია მეტყველებდა, რომელიც რაღაც ძალიან გასაგებსა და ჩვეულებრივს გულისხმობდა. „არა, ასტრონომი“ – გავიმეორე მე… და პირველი ხითხითიც გაისმა. „გასტრონომი!“ „გასტრონომი!“ – დაიძახა ვიღაცამ და მერე ყველა აჰყვა, და მთელი კლასი დამრიგებლიანად სიცილსა და მხიარულებას მიეცა“. დამრიგებელს ცოტა მეტი გულისხმიერება და განათლება რომ ჰქონოდა, რა თქმა უნდა, კლასის ხარხარს სხვა მდინარებას მისცემდა და ბავშვის ფაქიზ სულს უხეშად არ შეურაცხყოფდა.

ამერიკელმა ფსიქოლოგმა ჰოვარდ გარდნერმა მრავალმხრივი ინტელექტის თეორია შექმნა და რვა ტიპის ინტელექტი გამოყო, ყოველ მათგანს კი სწავლის შესაბამისი სტილი მიუსადაგა. ადამიანები გარკვეული ნიჭით, მიდრეკილებით იბადებიან. მათ შეიძლება ჰქონდეთ ლინგვისტური, მათემატიკურ-ლოგიკური, ვიზუალურ-სივრცითი, სხეულებრივ-კინესთეტიკური, მუსიკალური, ინტერპერსონალური, ინტრაპერსონალური, ნატურალისტური ინტელექტი. სწორედ ამ ინტელექტის შესაბამისად შეიცნობენ საკუთარ თავსა და სამყაროს, პროფესიებსაც ამის შესაბამისად ირჩევენ. არიან ადამიანები, რომელთაც შეიძლება რამდენიმე ტიპის ინტელექტი ჰქონდეთ. უამრავი ისტორიაა, როდესაც ცნობილ ფიზიკოსს, მათემატიკოსს, მუსიკოსსა თუ მწერალს დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ ის პროფესია აერჩია, რომლისკენაც გული მიუწევდა. ამ გზაზე კი სხვადასხვა საქმეს მიმართა, სანამ მიხვდებოდა, რომ გარემოებათა მიზეზით არასწორ არჩევანს აკეთებდა. სასკოლო პერიოდი და სივრცე კი ძიების სულისკვეთებით უნდა იყოს სავსე და ამას, უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა უწყობდეს ხელს.

კარგი იქნება, თუ მასწავლებელი ამ საინტერესო და მნიშვნელოვან თემაზე საუბრისას ცნობილ ადამიანთა ცხოვრებისეულ მაგალითებს მოიხმობს. აინშტაინი ბავშვობაში ძნელად ითვისებდა სხვადასხვა საგანს, დედამისს კი სურდა, მუსიკოსი გამოსულიყო და ვიოლინოზე დაკვრას აიძულებდა. ჰაინრიხ შლიმანი ჯერ ვაჭრობით გამდიდრდა, მერე კი თავის საოცნებო საქმეს, არქეოლოგობას მიჰყო ხელი და ლეგენდარული ტროა აღმოაჩინა. მიხეილ ჯავახიშვილი თავის წერილში „როგორ ვმუშაობ“ საინტერესოდ აღწერს პროფესიათა ძიების პროცესს: „მამაჩემი სოფლის მეურნე იყო და მეც ამ ხელობისთვის მამზადებდა. აგრონომიამ რვა წელიწადი წამართვა. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, სკოლის დირექტორმა დამიბარა და მითხრა: „თქვენ აგრონომად არ გამოდგებით, ამიტომ გირჩევთ, სხვა ხელობა აირჩიოთ, მაგალითად, ტელეგრაფისტობა. როგორ მოგწონთ? მშვენიერი საქმეა“. მეც დავეთანხმე და აგრონომობას თავი დავანებე, მაგრამ არც „მშვენიერი საქმე“ მიკისრია. მე სხვა რამე მაწვალებდა. მინდოდა, მხატვარი გამოვსულიყავი, ნამდვილად კი წერას და ლიტერატურის შესწავლას შევუდექი და იმ დღიდან ჩემს მწვალებელ აზრებსა და სურათებს ქაღალდზე ვღვრიდი“. ასეთივე საინტერესო მაგალითია კონსტანტინე გამსახურდიას ზიგზაგებით სავსე არჩევანი: „ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი ჩემი სიჭაბუკის მანძილზე, ეს იყო სამხედრო. 1918- 19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია მინდოდა დამესრულებინა, მაგრამ – ეს მაგრამ ძალიან ძლიერი იყო – რომანოვების არმიაში ხომ არ შევიდოდი? ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მე უკვე საკმაოდ მოწიფული ვიყავი და შეგირდობას ვეღარ შევძლებდი. 1923 წ. ისევ მომიარა სიჭაბუკის ოცნებამ პარიზში, და ლამის იყო სანსირის სამხედრო აკადემიაში არ შევედი. მაგრამ ჩემი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა… სამხედრო კარიერისადმი სიყვარული არც ბარათაშვილს ჩაუნერგია ჩემთვის და არც ლორდ ბაირონს, ოდითგანვე ცხენის კულტი იყო ოდიშის მხარეში. ექვსი წლის ბავშვს განსვენებული მამაჩემი უბელო ცხენზე შემაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ცხენს“.

ამგვარი მაგალითებით მოსწავლე კარგად გაიაზრებს, რომ არ არის ტრაგედია, თუ ცხოვრების გზაზე რამდენჯერმე შეიცვლის არჩევანს, ან ექიმიც იქნება და მწერალიც ფრანსუა რაბლესა თუ მიხაილ ბულგაკოვივით. მასწავლებელს დაფიქრება და დიდი სიფრთხილე მართებს, როცა კითხვაზე: „ვინ გინდა გამოხვიდე?“ – მოულოდნელ, უცნაურ თუ აბსურდულ პასუხს მიიღებს. მან უნდა იცოდეს მრავალმხრივი ინტელექტის შესახებ და მულტიპოტენციურ მოსწავლეებს ხელი არ შეუშალოს, ენთუზიაზმი არ ჩაუხშოს, ტკივილი არ მიაყენოს. მოსწავლეს თავისი მრავალინტერესიანობა თუ გატაცება ტრავმულ მოგონებად არ უნდა ექცეს. მასწავლებელმა ის ნაკლად არ უნდა მიიჩნიოს, პირიქით, ბიძგი უნდა მისცეს მოსწავლეს, რომ მან ლაღად იმოგზაუროს წარმოსახულ მიზანთა მშვენიერ სამყაროში, დაეხმაროს და ხელი შეუწყოს შემოქმედებითად დამუხტული, თავისუფალი, უჩვეულო, არასტანდარტული სურვილებისა თუ ოცნებების დაბადებაში.

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...