კვირა, ივნისი 15, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

ჰიბრიდული სწავლება, ანუ საკლასო ოთახი დღეს

0

პანდემიის დაწყების დღიდან საგანმანათლებლო სივრცე არაერთი გამოწვევის წინაშე დადგა. 2020 წლის 9 სექტემბერს გამოიცა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანება „საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტში განხილული იყო დისტანციური სწავლების მოდელები, რომლებიც მოიცავდა სამინისტროს მიერ რეკომენდებული რომელიმე ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის დისტანციურ სასწავლო პროცესში სინქრონულად ჩართვის შესაძლებლობას. ასევე ითვალისწინებდა ასინქრონულ მოდელსაც (ტელე/ვიდეო გაკვეთილები, ელექტრონული პლატფორმები, ციფრული რესურსები და სხვ.). აქვე განიხილებოდა ჰიბრიდული მოდელით სწავლების შესაძლებლობა, რაც გულისხმობს „სრულად ელექტრონული სინქრონული ან/და ასინქრონული და დასწრებით სწავლების კომბინირებულად გამოყენებას, რაც შეიძლება იყოს დიფერენცირებული საგნების, კლასებისა და განაყოფების მიხედვით“.

ზემოაღნიშნულ დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი ისიც, რა შემთხვევაში შეიძლება დაიხუროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები. პანდემიის გამწვავების გარდა, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის წინაპირობად მიიჩნიეს ადამიანური რესურსის (მასწავლებლის) დეფიციტი, რთული მეტეოროლოგიური პირობებით თუ ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული შეზღუდვები, სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები და საგაკვეთილო პროცესის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სამუშაო პროცესები (ინოვაციური სასწავლო ტექნოლოგიების დანერგვა ან სხვა სასკოლო საჭიროება).

სკოლებს მიეცათ დისტანციური სწავლების სასურველი მოდელის არჩევის შესაძლებლობა, თუმცა მათ თავიანთი არჩევანი რესურსცენტრთან უნდა შეეთანხმებინათ. სრულად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის შესახებ კი საბოლოო გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს უნდა მიეღო. აღნიშნული დოკუმენტის დეტალურ განხილვას აღარ მოვყვები. მასში ასახულია სასწავლო პროცესის ტექნიკური მხარეები და მასთან დაკავშირებული ბიუროკრატიული საკითხები, რომლებიც უფლება-მოვალეობების გადანაწილებასა და მხარეებს შორის კომუნიკაციაზეა მიმართული.

სრულად დისტანციური სწავლების ფორმატმა ნათლად დაგვანახა, რომ ქართული ზოგადსაგანმანათლებლო სივრცე არ არის საკმარისად აღჭურვილი ელექტრონული და ტექნიკური რესურსით. ამავე მიზეზით, დისტანციური სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა მოსახლეობის გარკვეული ნაწილიც. ბუნებრივია, მასწავლებელიც არ იყო მზად იმ მასშტაბის სირთულეების გადასალახად, რომელიც უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის ხარისხიანად წარმართვას სჭირდებოდა (ელექტრონული საკლასო ოთახების შექმნა, საგნის საჭიროების შესაბამისი ციფრული რესურსების მომზადება, ტექნიკური პრობლემებით გამოწვეული სირთულეები და სხვ.). პედაგოგებს მაშველ რგოლებად ისევ კოლეგები მოევლინნენ. ისინი სხვადასხვა ინტერნეტპლატფორმის (საგანმანათლებლო ჟურნალები, ბლოგები, სოციალურ ქსელებში შექმნილი ჯგუფები და სხვ.) საშუალებით ერთმანეთს უზიარებდნენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას: საგნობრივ პრეზენტაციებს, ე.წ. სასწავლო ტუტორიალებს, რეფლექსიებს, საინტერესო მიგნებებსა და სიახლეებს, რისთვისაც უცნობ თუ ნაცნობ კოლეგებს მეც ძალიან ვემადლიერები.

ჩემთვის ყველაზე დიდ გამოწვევად დღემდე დისტანციური სასწავლო პროცესის მონიტორინგი, დავალების მიწოდება/მიღება და უკუკავშირის გაცემა რჩება. ალბათ დამეთანხმებით, უმეტესად გამორთული კამერებისა და ხმის, წყვეტილი კავშირის და სხვა მსგავსი სირთულის ფონზე, გაკვეთილის შედეგს ვერაფრით გაზომავ. ამას გარდა, მოსწავლეთა დიდმა ნაწილმა დაკარგა სწავლის მოტივაცია. პანდემიის პირველ წელს, დავალების მიწოდებას, მიღებასა და შეფასებას ერთ-ერთი ელექტრონული პლატფორმით უზრუნველვყოფდით. თუმცა სასწავლო მასალის ელექტრონულ რესურსად ქცევა, ატვირთვა, შემდეგ კი თითოეული დავალების ამავე სივრცეში გასწორება და უკუკავშირის გაცემა კოლოსალურ ადამიანურ რესურსს მოითხოვდა, რასაც პირადად მე მთელი ცხოვრების სამყოფი ენთუზიაზმი და დარჩენილი სემესტრის ყველა თავისუფალი საათი თუ დასვენების დღე შევწირე, რაც ყოვლად დაუშვებელ მოვლენად მიმაჩნია ხანგრძლივ პერსპექტივაში.

ის-ის იყო, ავად თუ კარგად, ალღო ავუღეთ ონლაინკლასებში სწავლების სპეციფიკას, რომ სრულად დისტანციური სასწავლო პროცესის შერეულ საგაკვეთილო ცხრილზე გადაწყობა მოგვიხდა. საკლასო ოთახებში დაბრუნების შემდეგ, მოსწავლეებს არჩევანის უფლება დაუტოვეს, რის შედეგადაც, მშობლების გარკვეულმა ნაწილმა სწავლების სრულად დისტანციური ფორმატი აირჩია. შედეგად მივიღეთ ჰიბრიდული ცხრილი, ანუ, ე.წ., ონლაინ და ოფლაინ ჩასატარებელი გაკვეთილების ყოველკვირეული განრიგი. თავისთავად, ეს მოდელი ითვალისწინებდა გაორმაგებული შრომასა და რესურსს, როგორც სკოლის (ტექნიკური თუ ფინანსური უზრუნველყოფის თვალსაზრისით), ისე მასწავლებლების მხრიდან. საათების რაოდენობის თუ სხვა განმასხვავებელი ფაქტორების არსებობის მიუხედავად, სასწავლო გეგმის გადაწყობა და დისტანციურ ფორმატზე მორგება უკვე ნაცადი ხერხი იყო. ახალ გამოწვევად დასწრებით და დისტანციურ ჯგუფებში გავლილი სასწავლო საკითხების თანხვედრა (სინქრონულობა) გახლდათ, რადგან ონლაინ ჯგუფში შემავალ ბავშვთა სია, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თითქმის ყოველ კვირას იცვლებოდა და საჭირო გახდა ერთიანი სასწავლო ხაზის შენარჩუნება, რამაც, განსხვავებული საათობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, საკლასო აქტივობების შემცირება და საშინაო დავალებების მოცულობის გაზრდა მოითხოვა. გარკვეული დროის შემდეგ, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც ჰიბრიდული სწავლების ამ კომბინაციასაც „შევეჩვიეთ“, მაგრამ თურმე მთავარი გამოწვევა ჯერ კიდევ წინ იყო.

ახლა გარეთ 2022 წელია და სკოლების უმეტესობა ისევ ჰიბრიდულ საკლასო ოთახში იმყოფება, თუმცა სწავლების სულ სხვაგვარი კომბინაციით. ამჯერად დისტანციურად მყოფი ბავშვები საკლასო ოთახებში მიმდინარე გაკვეთილებს ესწრებიან, რაც, ჩემი აზრით, კომბინირებული სწავლების ყველაზე რთული მოდელია სწავლა-სწავლების თვალსაზრისით. ეთიკურ პრობლემებთან ერთად (ღია ფანჯარა საკლასო ოთახში/მოსწავლეთა ოჯახებში), ვაწყდებით კლასის მართვის სერიოზულ სირთულეებს, რომელთა დაძლევაც ჯერჯერობით მოსწავლეთა კეთილსინდისიერებასა და მასწავლებლის ყურადღების ორ სივრცეზე ერთდროულად ორიენტირების უნარზეა დამოკიდებული. რაც არ უნდა ძლიერი პედაგოგი იყო, შეუძლებელია, საკლასო სივრცეში სრულყოფილად ჩართო დისტანციურად მყოფი მოსწავლე, რომელსაც ხელს უშლის, როგორც ტექნიკური (ხმის დაგვიანება, შეზღუდული ხედვა, წყვეტილი კავშირი, მასალის გაზიარების სირთულე და სხვ.), ასევე ემოციურ-სოციალური ფაქტორები. ამას გარდა, დასწრებით ჯგუფში სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვას იმხელა ადამიანური რესურსი სჭირდება, ელექტრონულ ფანჯრებთან დაყოვნებამ შესაძლოა კლასში ქცევითი სირთულეები გამოიწვიოს. ამას გარდა, შეზღუდული ხარ აქტივობათა მრავალფეროვნების თვალსაზრისითაც, რადგან გაკვეთილის დაგეგმვის დროს უნდა გაითვალისწინო ყოველი აქტივობის მსვლელობა, როგორც დისტანციურ, ასევე – საკლასო სივრცეში. ინტერაქციული სასწავლო პროცესი კი, როგორც ვიცით, მოსწავლე-მასწავლებლებს შორის უწყვეტ უკუკავშირს ემყარება. აქედან გამომდინარე, ჰიბრიდული გაკვეთილების უმეტესობა სალექციო ფორმატს და კითხვა-პასუხის რეჟიმს შესაძლოა ვერც გასცდეს.

ჩემი აზრით, პირისპირ და დისტანციურად სწავლების კომბინაცია ამ ფორმით, როგორიც ახლა არის, ეფექტური ვერასდროს გახდება. ამას სჯობს, დისტანციური ჯგუფებს ისევ ცალკე ჩაუტარდეთ გაკვეთილები, რადგან პირადი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, დამატებითი რესურსების შექმნას, სასწავლო გეგმის ფორმირებასა და გაზრდილი საგაკვეთილო საათების ჩატარებასაც კი არ წაურთმევია ჩემთვის იმხელა ენერგია, რასაც დასწრებით სასწავლო პროცესში ჩაშენებული დისტანციური მოდელით მუშაობა მოითხოვს, თან შედეგიც სათუოა.

აქვე უნდა ითქვას, რომ სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მეტად უნდა კონტროლდებოდეს საკლასო სივრცეში თუ განცალკევებულ გაკვეთილებზე დისტანციურად მოსწავლეების ჩართვის საკითხი, რადგან ბავშვების გარკვეული ნაწილი სარგებლობს ზემოაღნიშნული შესაძლებლობით და სიზარმაცის თუ პირადი კომფორტის მიზეზით სახლიდან ჩართვას ამჯობინებს, რაც ისედაც გართულებულ სასწავლო პროცესს კიდევ ერთ ხელის შემშლელ ფაქტორად (თან არ აქვთ სასწავლო ნივთები, არ ერთვებიან სრულყოფილად/დროულად და ა.შ.) ევლინება.

როგორც ხედავთ, ზემოაღნიშნული კომბინირებული სასწავლო მოდელი მასწავლებლებისგან დიდ ფსიქიკურ და ფიზიკურ ენერგიას მოითხოვს. სასწავლო პროცესიც უმეტესად ცოდნის გადაცემასა და საფეხურით გათვალისწინებული აუცილებელი უნარების გამომუშავებაზე იხარჯება, რაც, სამწუხაროდ, ინტერაქტიული სასწავლო პროცესის წარმართვის შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს გარემოში ხანგრძლივად მუშაობამ შესაძლოა მასწავლებლის პროფესიულად გადაწვა, სამუშაო მოტივაციის დაქვეითება და ბევრი სხვა სირთულე წარმოშვას, მოსწავლეებში კი – თვითეფექტურობასა და სწავლის დაბალ მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს.

 

 

ომის კანონი

0

ქართულ ფოლკლორში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პოეზიას, პოეზიაში კი – კაფიას. არ არის ადვილი, იყო კარგი მოკაფიავე. ერთდროულად ბევრი ნიჭი უნდა გქონდეს. პირველი: იუმორის გრძნობა. მეორე: უნდა იცოდე, სად გადის ზღვარი ხუმრობასა და შეურაცხყოფას შორის. მესამე: რითმა უნდა მოგყვებოდეს და რითმის ულევი მარაგი გქონდეს. თუ პაექრობა დიდხანს გაგრძელდა, ყუა არ უნდა შეცვალო – დამარცხების ტოლფასია. სხარტი და გამჭრიახი გონების გარეშე კარგი მელექსეც კი ვერ გახდება მოკაფიავე. კაფია პოეტური ორთაბრძოლაა და ახალი ტაეპის მოსაფიქრებლად დრო ცოტა გაქვს. დაბოლოს, სიტყვის ჩუბინი უნდა იყო, თუ მოგება გწადია.

ერთხელ უკვე მოფშავლებულ ორ ახალგაზრდას მდელოზე გაშლილ სუფრაზე ასევე შეზარხოშებული ჭარმაგი ესტუმრა, რომელსაც ცალი თვალი დაზიანებული ჰქონდა. სტუმარმა მისვლისთანავე შეუმღერნა: „ერთხელ მეც ვიყავ ჯეილი, მიაც ვიქნიე ხანჯალიო“. დამხდურმაც არ დააყოვნა და მიაგება: „იქნევდი წარამარადა, იმით დასდიხარ ცალთვალიო“.

არბიტრაჟის შეფასებით, ახალგაზრდამ მოიგო, რომელმაც. კაფიის წესების თანახმად, ოსტატურად გამოიყენა მოპაექრის ფიზიკური ნაკლი, თუმცა სინამდვილეში შუღლად ტრანსფორმირებული კეჭნაობა გაკენწლა.

კაფია იუმორისტულ ჟანრს განეკუთვნება და მეც მისი მოსმენისას ბევრჯერ გულიანად გამღიმებია.

მაგრამ, მოდი, დავფიქრდეთ: განა მართლა ასე წარაუგონთ იქნევდნენ ხევსურნი ხმალ-ხანჯალს? რა აიძულებდათ, ლხინის დროს უცბად ეშიშვლათ სატევარი და ერთმანეთს კვეთებოდნენ? ან ჰქონდა კი ამ ორთაბრძოლებს რაიმე წესი?

კეჭნაობა (და არა შუღლი!) ერთგვარი სპორტი იყო და, შესაბამისად, წესებიც ჰქონდა. იქნებ ყველაზე მკაცრიც. ხმალ-აბჯრის ხმარება ისე უნდა გცოდნოდა, რომ მოწინააღმდეგე დაგეჯაბნა, მაგრამ ფიზიკური ზიანი არ მიგეყენებინა. მცირე ნაკაწრისთვისაც კი დიდ საზღაურს (ფინანსურს) იხდიდი, თუ უფრო შორს მიგიწვდებოდა ხმალი – საშვილიშვილოდ მტრად მოიკიდებდი. ამიტომ კეჭნაობა წესების დაცვით სპორტულ ასპარეზობას არ სცდებოდა, რომლის დროსაც თვითგადარჩენისთვის, მტრის მოგერიებისთვის  საჭირო ილეთებს ეუფლებოდი. მაგრამ იყო კიდევ ერთი რამ…

დღესაც კი თუ რომელიმე წლებით დაბრძენებულ მოხუცს გადაეყრებით და ჰკითხავთ, ამას რად შვრებოდითო, ასეთ პასუხს მიიღებთ: „მაშ როგორ, კაცს სახელი სჭირდებოდაო“.

და ეს სახელი არ იყო მეზობელთა გასაგონი. ის ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ ერთი სოფლიდან მეორეს მისწვდომოდა, მთის აქედან მთის იქით გაეგონათ. რაც უფრო მეტი სახელიანი მეომარი ჰყავდა თემს, მით უფრო მშვიდად ცხოვრობდა, მით უფრო დაცული იყო შემოსევებისგან. უბრალოდ, ამისთვის დროდადრო ერთმანეთთან უნდა ეკვესებინათ ხმლები.

რა გასაკვირიც უნდა იყოს, ფიზიკაშიც ასეა. არ მეგულება სასკოლო სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილი არ იყოს ომის კანონი შეკრული წრედისთვის. ამ კანონის თანახმად, ერთი ციდა, თვალით უხილავი ელექტრონებიც კი იქით არჩევენ გავლას, სადაც ნაკლები წინაღობა შეხვდებათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სხვადასხვა წინაღობის ორი მავთული რომ მივუერთოთ დენის წყაროს, ერთ სადენში იმდენჯერ მეტი დენი გაივლის, რამდენჯერაც მისი წინაღობა ჩამოუვარდება მეორეს.

ისტორიის სახელმძღვანელოებიდან კი ირკვევა, რომ ომის კანონი წრედსაც და საზოგადოებებსაც ერთნაირი აქვთ. ისრაელი მასზე გაცილებით მრავალრიცხოვანი მტრულად განწყობილი ქვეყნებით არის გარშემორტყმული. პატარა ფინეთმა შეძლო, არ დამარცხებულიყო უზარმაზარ ბელტიყლაპია სსრკ-სთან, რადგან ომი, მით უფრო – მისი მოგება, მარტო ჯარისა და იარაღის რიცხოვნობაზე არ არის დამოკიდებული. ომში ფასიც მნიშვნელოვანია – თუ თავადაც ისე დაილეწე, რომ ერთი კბილიც არ შეგრჩა, რა ჯანდაბად გინდა ასეთი მოგება?! ამიტომაც არის, რომ ფინეთი უკვე დიდი ხანია მშვიდად ცხოვრობს, ისრაელთან ხელჩართულ ბრძოლას ყველა ერიდება, მხოლოდ შორიდან თუ გაუბედავენ რაკეტის სროლას, ისიც ხანდახან…

დღეს უკრაინა ცხარე ბრძოლაშია დიდ და ულმობელ რუსეთთან. შემართებით იბრძვის ყველა ფრონტზე – მიწაზე, ზღვაში, ჰაერში, მიწის ქვეშ. იბრძვის საინფორმაციო და დიპლომატიურ ველზეც – ცდილობს, შექმნას ახალი პოლიტიკური ალიანსი, რომლის წევრებიც დაძახებისთანავე გაეშურებიან საერთო მტერთან ბრძოლაში ერთმანეთის დასახმარებლად. უდავოდ, კარგი იქნება ასეთი ალიანსის შექმნა, მაგრამ… შეუძლებლად მიმაჩნია. უფრო დიდი ძნელბედობის ჟამს შექმნილმა NATO-მაც კი მე-5 მუხლში კოლექტიური თავდაცვის ვალდებულებას სიტყვა „კონსესუსი“ მიამატა. ამ „სამხედრო“ გაერთიანებაში გადაწყვეტილებას დიპლომატიური კორპუსი იღებს და არა გენერლები. დიპლომატებს კი ყოველთვის უხვად აქვთ ომის საწინააღმდეგო არგუმენტები…

მეზობელი და თანამდგომი საჭიროა, მაგრამ თუ მშვიდი ცხოვრება გინდა, ჯერ თავად უნდა იყო „სახელიანი“. ამიტომ მგონია, რომ უკრაინა როცა ჭრილობებს მოიშუშებს და ამაზე ფიქრისთვის მოიცლის, ისევ გახდება ბირთვული სახელმწიფო.

სამწუხარო პარადოქსია – ატომური იარაღი, რომელიც ყველას გვაშფოთებს, დღესდღეობით ყველაზე ეფექტური გარანტორია უშფოთველი ცხოვრებისა.

როგორ ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული

0

რატომ აღარ გვიყვარს სამშობლო და სად გაქრა ღირსება

ქართულის მასწავლებლის ხმამაღალი ფიქრი

 

თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით!“

მერაბ მამარდაშვილი

 

აი, გავხსენი ფაილი და უნდა დავწერო წერილი პირველკლასელებზე, რომლებიც ეს-ესაა იჭყიტებიან წერა-კითხვის საოცრებათა სამყაროში, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი, ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა უკრაინელი ხალხის თავგანწირვისა, მათი პატრიოტიზმის უმაღლესი გამოვლინებისა, მათი გმირობისა, დანაკარგებისა, ბრძოლებისა და ადამიანობისა. საიდან იბადება ან ყალიბდება სამშობლოს ამდაგვარი გაგება და სიყვარული? ჩვენ გვიყვარს სამშობლო? რის გაღება შეგვიძლია ქვეყნისთვის, თუ ამის საჭიროება დადგა? როგორი იქნება ჩვენი არჩევანი: პირადი კეთილდღეობა (შესაძლოა დროებითიც) თუ სამშობლოსთვის ამ კეთილდღეობაზე უარის თქმა? თავისა და მიზნების გაწირვა? რატომ გახდა და გაუფერულდა ჩვენს ეპოქაში ისეთი ცნებები, როგორიც თავგანწირვა და თავშეწირვაა? რამ ან როდის (თუ ამ ორ კითხვას პასუხი გაეცა, ცხადია, ისიც გვეცოდინება, რატომ) ჩაკლა ჩვენში ის პატრიოტული სული, რომელმაც ქართველი ერი გადაარჩინა და უამრავი ჯოჯოხეთური შემოსევისთვის გააძლებინა? და მოდი, ხმამაღლა ვიფიქრებ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ და საერთოდ თუა შესაძლებელი, ისევ გავაჩაღოთ პატრიოტიზმის მინავლული ნაღვერდალი, რა გვაკლია, რა გვჭირდება გასაერთიანებლად.

ფიქრს მერაბ მამარდაშვილის სიტყვებით დავიწყებ: „ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა – ეს არის ნება იყო ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის, რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა, მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც ქართველი!“ და კიდევ: „ქართულ ინტელიგენციას არ გამოუყენებია ბოლო ხუთი წელი იმისათვის, რომ საკუთარი ხალხისთვის სიმართლე ეთქვა. იმის მაგივრათ, რომ ებრძოლათ უკვე გათავისებულ ცუდ ჩვევებთან – პატრიოტიზმის მცდარ გაგებასთან, ჩამორჩენილობასთან, საკუთარ თავზე შეყვარებასთან, დარწმუნებასთან იმაში, რომ ჩვენ ყველაზე კარგნი ვართ, ყველაზე ჭკვიანნი, ყველაზე ლამაზნი და არავინ არ გვჭირდება – ისინი საკუთარ ამბიციებში ჩაფლულნი თამაშობდნენ ყველაფერ ამით“. და ერთიც: „სანამ გაგრძელდება პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნა: ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გააგრძელებენ, დაუსრულებლად იტრიალებენ წრეში, როგორც დანტეს გმირები – ჯოჯოხეთში“.

ჰო, ღირსება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ერის არა მხოლოდ ერად ჩამოყალიბებისთვის, არამედ მისი არსებობის გაგრძელებისთვისაც. ღირსება, შეიძლება ითქვას, პატრიოტიზმის და ქვეყნის სიყვარულის გაცნობიერების საყრდენია. აი, წლების წინ ზურაბ ჟვანიამ რომ თქვა და ისტორიაში ღირსების აქტად ჩაიწერა: „მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი!“ უჰ, ახლაც ჟრუანტელი მივლის! როგორი სიტყვები იყო, როგორი სწორი და დროული, ქართველებში ღირსების სიმები რომ აატოკა, როგორ გვჭირდება დღესაც ღირსების გარეშე დარჩენილ შეშინებულ ქართველობას ასეთი სიტყვები, ასეთი გამხნევება. რომ ჩვენ გვეკუთვნის მნიშვნელოვანი ადგილი მსოფლიოში, რომ ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს, რომ სწორ მხარეს ვდგავართ ისტორიის ამ მეტად სახიფათო და კრიტიკულ მონაკვეთში. მაგრამ მოჯადოებული წრე რის მოჯადოებული წრე იქნება, ყველა რომ არ ჩაგვითრიოს და რაღაც იზოლირებულ, სამყაროსგან მოწყვეტილ განზომილებაში საკუთარ წვენში არ ჩაგვხარშოს. ილუზიურ წარმოდგენებში, წარსულის გაიდეალებაში, მეფეთა წმინდანად შერაცხვაში, უბრალო ადამიანების დავიწყებაში გადის წლები, და ქართველობა ყოველ ჯერზე არასწორ მხარეს აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, მაგრამ, მიუხედავად ამისა… და მართლდება უპრინციპობა, კოლაბორაციონისტობა, უღირსებობა, სირაქლემობა.

მაინც სად გაქრა ჩვენი ღირსება? რამ გახადა პატრიოტიზმი ისეთი მყიფე, რომ სადაცაა ისე ჩამოიშლება, მისგან „იზმი“ თუღა დარჩება? რამ აქცია „პატრიოტიზმი“ ნამდვილი პატრიოტიზმის სიმულაკრად, აჩრდილად? რამ დააკარგვინა ნამდვილობა? ბოლოს და ბოლოს, რატომ აღარ გვიყვარს სამშობლო? რამ ჩაკლა ჩვენში ეს გრძნობა, რომელიც მეექვსე გრძნობად უნდა გვქონოდა, რომელსაც უნდა დავეცავით და გადავერჩინეთ? დიახ, უფსკრულის პირას ვდგავართ. ერთი სულის შებერვა, ერთი ხელი კვრა და – ჩავიკარგებით ისტორიის ქვესკნელში, საიდანაც თავის დახსნა შეუძლებელია. ამ ყველაფერს ქართულის მასწავლებლის პერსპექტივიდან შევხედავ და კიდევ ერთხელ დავიწყებ ხმამაღლა ფიქრს.

ჩვენი ამირანი მიჯაჭვულია – ათასწლეულებია, მისი გასაკეთებელი საქმე ჩვეულებრივმა მოკვდავებმა იტვირთეს, შიშველი ხელებით დაერივნენ დევებს და დაუწყეს ჟლეტა, თუმცა კარგად გეცოდინებათ, დევების ხოცვა რა ძნელია – ერთი თავს მოკვეთ და ათი ამოსდის, მათი სული კი ჩიტის გულშია და ეს ჩიტი ცხრა მთას იქით ცხოვრობს (შესაძლოა, ეს ცხრამთასიქითა სივრცე ჩვენი ჩრდილოელი მეზობელიც იყოს, აკი იქ იბადებიან დევები და ურჩხულები, ან ჩვენ ვბადებთ მოჩვენებით ფოლადებს, რომლებიც საბოლოოდ მონსტრებად გარდაისახებიან და სიკვდილის სუნი სდით). ვერ გავანადგურეთ დევები – უკვდავები და ძლიერები, ბოროტები და ხარბები, თვალთმაქცები და მყრალები; ხან მხსნელებად გვევლინებიან, ხან მტრებად, ხანაც უბრალო დამკვირვებლებად. ჰოდა, ჩვენი პატრიოტიზმის გასაღებიც აქ უნდა იყოს, წლების წინ მათთან ბრძოლით დაწყებული ურთიერთობა დღეს მეგობრობაში გადაიზარდა. დევებთან მეგობრობა სახიფათოა, ისინი დემენტორებივით არიან – გწოვენ ყველაზე ჯანსაღსა და სათუთს. აი, ამოგვაცარიელეს პატრიოტიზმისგან და მის ნაცვლად ფსევდოპატრიოტიზმი დაგვიტოვეს, პატრიოტიზმის აჩრდილი. გვატყუებენ, გვაჯერებენ რომ ჩვენთვისვე აჯობებს, გავჩუმდეთ, რომ დუმილი ოქროა, რომ წერტილი ვართ მსოფლიო რუკაზე და მალე ეს წერტილიც გადაიღებება ლურჯ-წითელ ფერებად, თუ არ გავჩერდებით, თუ ფრთხილად არ ვიქნებით. არადა, დღეს, როგორც არასდროს, მინდა ვიყვირო: დიახ, მე საქართველოს მოქალაქე ვარ – მრავალთაგან ერთი; მე ევროპელიც ვარ, უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის შემქმნელი; მე თავისუფლების მოტრფიალე ვარ და ამ თავისუფლებას ვიმსახურებ! ჩემი თავისუფლება მორწყულია გმირების სისხლით და რა დამათმობინებს! და ჩემი ქვეყანა ისეთი მრავალფეროვანია, იმდენი ხასიათი, ნიჭი და ტალანტია ჩვენთან, იმდენი კულტურა და ისტორია! და მაინც ვერ გამოგვიგნია იმ წითელი ბურუსიდან, 70 წელი ჩრდილოეთიდან რომ მოდიოდა, რომ დევებს და ურჩხულებს ისევ ვუდგამთ ძეგლებს, ვუხსნით მუზეუმებს და გვენატრება! ვეძებთ შემცვლელებს და რომ ვერ ვპოულობთ, სასოწარკვეთილები ისევ ჩრდილოეთისკენ ვაცეცებთ თვალებს, გვენატრება ის გამაბრუებელი და მომწამვლელი წითელი ბურუსიც. და აი, ეს გაჩუმება, ეს ბელადების სიყვარული, ჩრდილოეთისკენ გაწვდილი ხელიც იმით მართლდება რომ ომი არ გვინდა, რომ ამის თავი არ გვაქვს, ცოტანი ვართ ქართველები; ამიტომ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მაამებლები და ჩუმები – ემანდ რომელიმე დევი არ გავაღიზიანოთ. ისევ ეს ნაცნობი რიტორიკა, ისევ ეს ირაციონალური შიშები. ამის მეტი რა გამოგვივლია, ამის მეტი რა ვიცით, ისიც, რომ ოქროს გალიის ნებაყოფლობით დადგმასაც არ მოაქვს მშვიდობა, რომ ეს ოქროს გალიაც სისხლს ითხოვს, იმიტომ, რომ ურჩხულები სისხლით იკვებებიან, მათ სასიცოცხლოდ სისხლი სჭირდებათ და რაც უფრო უმანკო იქნება ეს სისხლი, მით უკეთესი. მითიური ვამპირებისა არ იყოს, ქალწულთა სისხლით რომ ძლიერდებიან. ჰოდა, მოვიდა დრო, უარი ვთქვათ ამ ჯოჯოხეთურ მოჯადოებულ წრეზე ტრიალზე, გადავუხვიოთ გატკეპნილ გზას და, უწინარეს ყოვლისა, საკუთარი ისტორია წავიკითხოთ, ოღონდ გამოვტოვოთ მითები და ლეგენდები, გამოვტოვოთ მეფეთა ქება-დიდება და კრიტიკულად შევხედოთ, გავიაზროთ. სად და როდის დავუშვით შეცდომა? ვინ არის მტერი და ვინ – მოყვარე? როდის ვიყავით ყველაზე უსაფრთხოდ? როდის იყო ქართველი ერი ბედნიერი? არა ტერიტორიები, არა სიმდიდრე, არა საჭმელ-სასმელი, არა წმინდანი მეფეები, არა მოგებული ბრძოლები, – მოიძებნება კი ჩვენს ისტორიაში ეპოქა, როდესაც ქართველი ბედნიერი იყო? ქართველი ლაღი იყო? არ ეშინოდა? არ დარდობდა? ამაზე უნდა ვისაუბროთ, ამაზე ბევრი უნდა ვიკითხოთ და ვწეროთ, იქნებ მივაგნოთ იმ რეცეპტს, იმ ძალიან საჭირო ინგრედიენტს, რომელიც დავკარგეთ და აღარ გვახსოვს. იქნებ მართლა ოქროს საწმისს გაჰყვა ჩვენი იღბალიც? ვიყავით კი მანამდე ნამდვილად ბედნიერები? პატრიოტიზმი, სამშობლოს სიყვარული, უპირველეს ყოვლისა, ქმედებაა და ეს ქმედება გარდაისახება გრძნობებად და ემოციებად. ცხადია, რაზეც ზრუნავ, რაშიც შენს ენერგიასა და შრომას დებ, ის ძალიან საყვარელი და ძვირფასი ხდება, ისე, როგორც შვილები. დიახ, სამშობლო შვილად უნდა გვექცეს და არა მამად, იმიტომ რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ნამდვილი, ჯანსაღი პატრიოტიზმის აღდგენა, პატრიოტიზმისა, რომელიც ბაღებიდან და სკოლებიდან დაწყებული ზრუნვაა იმ ადგილზე, სადაც ვცხოვრობთ, სადაც ვიზრდებით, იმ ადამიანების ისტორიების გაცნობა, რომლებმაც ქვეყანა შეგვიქმნეს, რომელთა ძვლებსა და სისხლზე დგას დღევანდელი ჩვენი თავისუფლება და იდენტობა. ასე უნდა დაიწყოს პატრიოტიზმის გაღვივება.

პატრიოტიზმის დღევანდელი გაგება მჭიდროდ უკავშირდება გლობალიზაციასაც, რადგან თუ შენი ქვეყანა გიყვარს, მას ვერ გამოაცალკევებ მსოფლიოსგან. მსოფლიოს ქვეყნებს შორის ჩვენი ადგილის დანახვა და განსაზღვრაც ზრუნვა და სიყვარულია. ისიც, რომ დედამიწა ყველას სახლია და ამ სახლზე შენი ქვეყანა ერთი პატარა ოთახია, რომ თუ დედამიწა დაზიანდა, თუ სახლს საფუძველი შეერყა, შენი ოთახიც ჩამოიფშვნება, რომ თუ მეზობელ ქვეყანაში, მეზობელ ოთახში ომია, შენ ვერ იქნები შენთვის, „ღობეს ჩხირი“ აღარ გამოვა სხვისი ჭირი, რომ ჩრდილოეთი კორეა იქცა კარიკატულ მაგალითად დედამიწის საერთო სახლის უარყოფისა. რომ თუ ბუნებრივ რესურსებს დაზოგავ, ელექტროენერგიას გათიშავ და ონკანს დაკეტავ, როცა არ გჭირდება – პატრიოტიზმის გზას ადგახარ. მასწავლებლებს რამხელა მისია გვაკისრია, მგონი, ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. ჩვენ შეგვიძლია პატრიოტიზმის აჩრდილი ნამდვილ პატრიოტიზმად ვაქციოთ, შეგვიძლია ქმედებით ჩავანაცვლოთ მჭახე, მკვდარი ლექსები, შეგვიძლია, ნაცვლად ძველი მეფეების დიდებისა, მათ შეცდომებზეც დავფიქრდეთ, შეგვიძლია, მოსწავლეებთან ერთად ერთი ხე მაინც დავრგოთ, რათა ხე იქცეს ახლად დამყნობილი პატრიოტიზმის სიმბოლოდ. ჩვენ შეგვიძლია, თავადვე დავძლიოთ და გავიმარჯვოთ შიშებსა და ფობიებზე, უარი ვთქვათ დევების მსახურებაზე და მათთან მეგობრობაზე, ვიქცეთ მაგალითებად. შენ ეს შეგიძლია მასწავლებელო, შენ შეგიძლია ნამდვილი პატრიოტიზმის აღმოცენება, სამშობლოს გადარჩენა, თავისუფლების განმტკიცება, ძლიერი სულის ადამიანების გამოზრდა. ჰოდა, რაღაც უყურებ, დაიწყე დღესვე!

ჟურნალ “მასწავლებლის” 2022 წლის მეორე ნომერი გამოიცა!

0

შეიძლებოდა, ეს წერილი განათლების რომელიმე მნიშვნელოვან საკითხზე დაწერილიყო, ან უბრალოდ ადამიანურ ღირებულებებზე – მშვიდობაზე, თავისუფლებაზე… ვერ შევძელი. როცა ომია და ბავშვები იხოცებიან, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ფიქრი იქით გამირბის, სადაც ეს შემზარავი ამბავი ხდება.

შეიძლებოდა, იმაზეც დამეწერა, როგორ უნდა მოვიქცეთ ომის დროს, როგორ დავეხმაროთ ომში მყოფ მასწავლებლებს თუ მოსწავლეებს, როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ომზე. ვერ შევძელი.

ყურებში გამუდმებით ჩამესმის მოხალისე გოგონას შეკითხვა და უკრაინელი ბავშვის პასუხი:

„- სად არიან შენი მშობლები? – დახოცეს“.

თვალწინ მიდგას:

13 წლის წლის ელისეს დაცხრილული წითელი ქუდი,

4 წლის საშა, რომელიც დედამ გარდაცვლილი იპოვა,

14 წლის გაუპატიურებული და  ორსული გოგო

და კიდევ რამდენი ასეთი დაუჯერებელი სისასტიკის ამსახველი  სურათი.

უკრაინელ ბავშვებს სკოლის ზარის ნაცვლად საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ესმით. მიმოფანტული თანაკლასელები, დახვრეტილი მასწავლებლები, დანგრეული სკოლები… რაზე ვწერო, აღარ ვიცი, ამიტომ უკრაინელი ბავშვების წერილებს გადმოვწერ.

„- დედა, არესტოვიჩს უსმენ ხოლმე?

– ხანდახან.

– ყოველთვის უსმინე, შეიძლება თქვას, დაბრუნება შეიძლებაო და გამოგვრჩეს“.

„დედა, სადაა ის ბიჭი, საზღვარი მარტომ რომ გადაკვეთა? მოდი, ჩვენთან წამოვიყვანოთ, მარტოს შეეშინდება“.

„დედა, კიდევ რამდენი ბომბი აქვს იმას?“

„დედა, ჩვენი სახლი თუ დაიბომბა, შეიძლება, იქიდან ჩემი ლეგო გამოვიტანო?“

„დედა, თუ ღმერთი არ კლავს პუტინს, გამოდის, რომ ღმერთი უკრაინელებს გაუბრაზდა?“

„დედა, კიდევ კარგი, ომი დილაადრიან დაიწყო, თორემ მერე ბავშვებს სკოლაში წასვლის დროს მოუსწრებდა“.

„დედა, უკვე აღარ მედარდება ეს ბომბები, მოდი, კიევში დავბრუნდეთ“.

„დედა, რუსი ბავშვები უყურებენ ომს? არ ვეცოდებით?“

„დედა, შენ ამბობდი, რომ ბავშვობის ოცნებები უნდა ასრულდეს. ჩემი აღარ სრულდება და უკვე დიდი ვარ?“

„თუ ომი დიდხანს გაგრძელდა, მამას ხომ არ დავავიწყდებით?“

ომი უნდა დამთავრდეს. სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.

მთავარი რედაქტორი – ნატო ინგოროყვა

რედაქტორები: მანანა ბოჭორიშვილი, ნანა მაჭავარიანი, ირმა ტაველიძე, ქეთევან  ნიკოლეშვილი

დიზაინერი– ბესიკ დანელია

მხატვარ-ილუსტრატორი – მამუკა ტყეშელაშვილი

ნომრის ავტორები:  მანანა ბოჭორიშვილი, მაია ფირჩხაძე, მაია ჯალიაშვილი, თეონა ბექიშვილი, თამარ მურუსიძე, მანანა სეხნიაშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი, ცირა ბარბაქაძე, თემურ სუყაშვილი, მეგი კავთუაშვილი, ქეთევან ოსიაშვილი, მაია მენაბდე, ნინო ლომიძე,  თამთა კობახიძე, ქეთევან კობალაძე, ლელა კოტორაშვილი, დიანა ანფიმიადი, ელიზბარ ელიზბარაშვილი, გიორგი ჭანტურია, ირმა ტაველიძე.

ნომრის წაკითხვა და ჩამოწერა, შესაძლებელია ბმულიდან :

ჟურნალი “მასწავლებელი” #2

რატომ აპროტესტებენ ბავშვები დასაძინებლად წასვლას

0

რატომ აპროტესტებენ ბავშვები დასაძინებლად წასვლას – ევოლუციური შეუსაბამობა

ურჩხულები ლოგინის ქვეშ მართლა არსებობენ!

ალბათ ყველას გვინახავს შვილების, უმცროსი და-ძმის თუ სხვისი პროტესტი დასაძინებლად წასვლის წინ… ნეტა რა ხდება ამ დროს?

ბავშვები ყველანაირად ცდილობენ, მოიგონონ უამრავი მიზეზი, რომ არ წავიდნენ დასაძინებლად: ამბობენ, რომ არ დაღლილან, თუმცა სახეზე ეტყობათ დაღლილობა; რომ შიათ ან სწყურიათ, თუმცა ახლახან ივახშმეს; უნდათ, რომ ზღაპარი მოვუყვეთ… მერე კიდევ ერთი ზღაპარი; რომ ეშინიათ სიბნელეში ძილის, ეშინიათ ურჩხულებისა, რომლებიც ოთახში, ლოგინის ქვეშ ან კარადაში იმალებიან; ხოლო ის ბავშვები, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ, ეს ყველაფერი გვითხრან – უბრალოდ ტირილს იწყებენ…

რა სახის პროტესტთან გვაქვს საქმე? რა არ სურთ ბავშვებს ამ დროს?

მრავალი წლის წინ, გასული საუკუნის 20-იან წლებში, ქცევითი ფსიქოლოგიის ცნობილი სპეციალისტი, ჯონ ბ. უოტსონი ამტკიცებდა, რომ ასეთი ქცევა პათოლოგიურია და ამის მიზეზი მშობლების გადაჭარბებული მზრუნველობა ან ბავშვის განებივრებაა. ეს შეხედულება ჯერ კიდევ არსებობს ბავშვების მოვლის შესახებ დაწერილ წიგნებში, სადაც მკითხველს ურჩევენ, რომ მშობლებმა ამ საკითხში სიმტკიცე უნდა გამოიჩინონ; და ეს აუცილებელია, რადგან ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ეს არის ბრძოლა ბავშვისა და მშობლის ნებას შორს და ეს ბრძოლა მშობლის მოსაგებია…

როგორც ჩანს, ექსპერტების ახსნასა და განმარტებებს რაღაც აკლია. რატომ ხდება, რომ მცირეწლოვანი ბავშვები სწორედ ამ საკითხში ეწინააღმდეგებიან მშობლებს? ისინი არ აპროტესტებენ სათამაშოებს, მზეზე სირბილს, მოფერებას. რატომ არ სურთ დასაძინებლად წასვლა, როდესაც იციან, რომ ეს საჭირო და აუცილებელია?

ამ შეკითხვებზე პასუხი მაშინვე ნათელი გახდება, თუ დასავლურ სამყაროს დავტოვებთ და ბავშვების ქცევას დედამიწის სხვა ნაწილებში დავაკვირდებით. როგორც ჩანს, ეს პრობლემა დამახასიათებელია მხოლოდ დასავლელებისთვის და დასავლეთის კულტურისათვის. სხვა კულტურებში, როგორც წესი, ბავშვები მშობლებთან ერთად, მათ ოთახებში და ხშირად, რომელიმე მშობლის გვერდითაც კი იძინებენ. ამ ვითარებაში დასაძინებლად წასვლის საწინააღმდეგო გამოსვლები არ გვხვდება…

სიტუაციაზე კარგად დაკვირვების შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი  მიხვდება, რომ ბავშვები, ზოგადად, დაძინებას კი არ აპროტესტებენ, არამედ ბნელ ოთახში, ღამით, მარტო დაძინებას.

როდესაც არადასავლური კულტურის ან ქვეყნის ადამიანს ბავშვის ასეთ ქცევაზე ვესაუბრებით და აღვუწერთ, რომ მშობლები პატარა ბავშვებს ცალკე ოთახში, მარტოებს აძინებენ (უფროსი და-ძმის გარეშე), მათი რეაქცია ერთნაირია: „საწყალი ბავშვები!“, შეცბუნებულნი აღნიშნავენ „არადასავლელები“, „როგორ შეიძლება მშობელი ბავშვისადმი ასეთი სასტიკი იყოს?“, უკვე გაბრაზებული სვამენ კითხვას.

ყველაზე აღშფოთებული კი ის მშობლები არიან, რომლებიც, ე.წ. „არაცივილიზებულ“ სამყაროში ცხოვრობენ (ამაზონიის, კონგოს ან ახალი გვინეის მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოებებში), რადგან მათ ზედმიწევნით კარგად იციან, რატომ აპროტესტებენ ბავშვები ღამით მარტო დარჩენას…

და მაინც, რა იციან მონადირე ტომების წევრთა მშობლებმა?

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 10,000 წლის წინ, ჩვენ, ადამიანები, ყველანი მონადირეები და შემგროვებლები ვიყავით! იმ დროს, ყველანი ისეთ სამყაროში ვცხოვრობდით, სადაც ბავშვის სიბნელეში მარტო დატოვება პირდაპირ ნიშნავდა, მისთვის საფრთხეს და ღამით მონადირე მტაცებლებისათვის მსხვერპლად ჩაბარებას…

ურჩხულები ლოგინის ქვეშ და კარადაში რეალური ამბავი იყო. ისინი სწორედ ღამით ნადირობდნენ ადამიანის ნაშიერზე ეკვატორულ ტყეებსა თუ ტროპიკულ სავანეებში, ადამიანთა მცირე დასახლებების გარშემო. ბალახით დახურული იმდროინდელი ქოხები მტაცებლებისთვის დიდ დაბრკოლებას არ წარმოადგენდა, თუმცა ნამდვილ მცველებად იქცეოდნენ მოზრდილი ადამიანები, უმეტესწილად მშობელი და ნათესავი, რომლებიც ადვილად უმკლავდებოდნენ ნებისმიერ თავდასხმას დღისით თუ ღამით.

ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებიც ღამით ყველანაირად ცდილობდნენ ტირილით თუ სხვა ხმაურით მიეპყროთ მოზრდილთა ყურადღება, გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდათ. სწორედ მათ გადასცეს თავიანთი გენები მომავალ თაობებს.

მონადირე-შემგროვებელთა დღეს დარჩენილ საზოგადოებებში მხოლოდ შეშლილი, ან უაღრესად უყურადღებო ადამიანი დატოვებს ბავშვს ღამით მარტოს. თუ ეს მაინც ასე მოხდა, ბავშვის ნებისმიერი პროტესტი, ტირილი და რეაქცია (განსაკუთრებით ღამის საათებში) აუცილებლად აიძულებს რომელიმე უფროსს, გაიქცეს მის დასახმარებლად.

გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენი შვილი ტირის და ღამით ლოგინში მარტო ჩაწოლას აპროტესტებს, ის თქვენი ნებისყოფის გამოსაცდელად არ აკეთებს ამას! ის ტირის, რადგან ცდილობს, თავი გადაირჩინოს! ჩვენი ბავშვები ხმამაღლა ტირიან იმიტომ, რომ ჩვენ გენეტიკურად მონადირე-შემგროვებლები ვართ და ჩვენი ბავშვების გენებში ჩადებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ღამით მარტო დაწოლა, თვითმკვლელობის ტოლფასია!

ევოლუციური შეუსაბამობა

რაც ზემოთ აღვწერეთ, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ევოლუციური შეუსაბამობა. შეუსაბამობა ჩვენი ევოლუციური წინაპრების გარემოსა და იმ გარემოს შორის, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ.

ჩვენი ევოლუციური წინაპრების საცხოვრებელ გარემოში, ღამით ბავშვის დატოვება სერიოზულ შეცდომას ნიშნავდა, რადგან მას აუცილებლად მოკლავდა ღამით საკვების მოსაპოვებლად გამოსული რომელიმე მტაცებელი. მარტივად რომ აღვწეროთ, ბავშვს – პატარა და დაუცველ ადამიანს, რომელსაც ღამით არავინ ჰყავდა გვერდით ტურა, მელა, მგელი თუ აფთარი აუცილებლად მოინადირებდა! იმ დროს არავინ დატოვებდა დაძინებულ ბავშვს მარტო, ხოლო თუ რაიმე მსგავსი მაინც მოხდებოდა, ბავშვის ტირილი იქნებოდა სიგნალი ზრდასრულებისთვის, რათა მის გადასარჩენად მოსულიყვნენ.

დღეს, რა თქმა უნდა, ღამით მარტო დატოვებული ბავშვი აღარ არის იმ საფრთხეში, რომელიც ზემოთ აღვწერეთ – მას არავინ შეჭამს. დღეს ბავშვების მარტო დაძინების საწინააღმდეგოდ მიმართული პროტესტი ირაციონალურად გამოიყურება. შესაბამისად, უფროსები ფიქრობენ, რომ ეს ბავშვმა უნდა გადალახოს. ან კიდევ უარესი, ზემოთ ნახსენები „ექსპერტების“ წაკითხვის შემდეგ, მშობლების ნაწილს ჰგონია, რომ ეს მათთვის გამოცდაა და ბავშვის თავნებობას უნდა აჯობონ! საბოლოოდ კი ისე გამოგვდის, რომ მშობლები „ებრძვიან“ საკუთარი შვილების „თავგასულობას“, ნაცვლად იმისა, რომ მოვუსმინოთ ბავშვებს და საკუთარ ინსტინქტებს, რომლებიც აშკარად გვეუბნებიან, რომ ნებისმიერი ატირებული ბავშვის დაწყნარება შეგვიძლია, თუ მათ ხელში ავიყვანთ, გულზე მივიკრავთ და მოვეფერებით… არცერთი შიდა გრძნობა თუ ინსტინქტი არ გვკარნახობს, რომ – თუ ბავშვი ტირის, ის მარტო უნდა დავტოვოთ და „ვაჯობოთ“ პატარა ადამიანის „თავგასულ“ ქცევას…

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

როგორ შეგვიძლია ჩვენ, მშობლებსა და ზრდასრულ ადამიანებს გამოვასწოროთ ეს ევოლუციური შეუსაბამობა? როგორც ჩანს, ქმედების ორი ალტერნატიული გზა გვაქვს: პირველი, დავემორჩილოთ „ექსპერტების“ რჩევებს და ჩავერთოთ ბავშვებთან „ნებისყოფის გამოცდის“ ხანგრძლივ თამაშებში (ადამიანი, როგორც ალბათ გახსოვთ, ზრდასრულობას 18 წლის ასაკში აღწევს!), ან ავირჩიოთ მეორე გზა, „მოვუსმინოთ“ საკუთარი გენების რჩევებს და გამოვნახოთ საშუალება, რომ ჩვენმა შვილებმა ჩვენს სიახლოვეს დაიძინონ.

დოქტორი პიტერ გრეის მოგონება: „სტუდენტობის შემდგომ პერიოდში, როდესაც ჩემი შვილი ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, ბავშვისათვის საძინებლის შერჩევის ამბავი ადვილად გადაწყდა – რადგან იმ დროს ჩვენს ოჯახს მხოლოდ ერთოთახიანი ბინა ჰქონდა. ამიტომ, მე და ჩემს მეუღლეს არ გვქონდა შესაძლებლობა, ბავშვი ცალკე ოთახში გაგვემწესებინა. ხანდახან, ცხოვრება ადვილია, როდესაც ღარიბი ხარ და არ შეგიძლია ფლობდე სახლს ან მრავალოთახიან ბინას“.

გარდა პიტერ გრეისა, დღეს უკვე ბევრი მეცნიერი-მედიკოსი, ფიზოლოგი თუ ანთროპოლოგი უკვე ხმამაღლა გამოდის პატარა ბავშვების ღამით მარტო დაძინების დასავლეთში გავრცელებული წესის წინააღმდეგ. 2005 წელს საერთაშორისო პედისტირულ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში ინდიანის შტატის, ნოტრ-დამის უნივერსიტეტს პროფესორები,  ჯ. მაკკენა ( James J. McKenna)  და თ. მაკდეიდი (Thomas McDade), პირდაპირ აცხადებენ, რომ ბავშვებთან ერთად მშობლების ძილი, მათთან ერთ ოთხში ღამით ყოფნა (განსაკუთრებით ბავშვის ძუძუთი კვების დროს) პირდაპირ კავშირშია ბავშვების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობასთან და დღეს გავრცელებული, არამეცნიერული, პრიმიტიული მიდგომა-„წესი“, რომ „არასდროს დაიძინოთ ბავშვთან ერთად“, უნდა აღიკვეთოს ყველგან და ყოველთვის (McKenna & McDade, 2005; Barry & McKenna, 2021; Anuntaseree et al., 2008).

მასალა მოამზადა ლევან ალფაიძემ

წყარო:  https://www.psychologytoday.com/us/blog/freedom-learn/201110/why-young-children-protest-bedtime-evolutionary-mismatch?fbclid=IwAR1R71wCsyXdTfdDcnjK4KoOew8N0_SkwCNfkoTqfVx-1oBXjRqDhhM1CeY

 

 

შარიანი ვლადიმირ ნაბოკოვი

0

როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტში მოღვაწე რუს ფილოლოგსა და ენათმეცნიერს რომან იაკობსონს სთხოვეს, ნაბოკოვი კათედრაზე მივიღოთო, და ამის მიზეზად მისი დიდი მწერლობა დაუსახელეს, პასუხი ასეთი გასცა, ეგრე სპილოც დიდი ცხოველია, მაგრამ ზოოლოგიაში ლექციებს არავინ აკითხებსო. ჯერ ბოლშევიკური რუსეთიდან და შემდეგ ფაშისტური გერმანიიდან აშშ-ში გაქცეული ვლადიმირ ნაბოკოვი (1899-1977), რომლის მწერლურ წარმომავლობასაც მინიმუმ ორი ქვეყანა, რუსეთი და აშშ, ედავება ერთმანეთს, რისკიანი და მსოფლიოში აღიარებული შარიანი მწერალია. ტექსტებშიც და ცხოვრებაშიც იგი თამაშისა და ცინიზმის ხელოვნებას მიმართავდა. ასეთი ავანტიურისტული მიდრეკილება ალბათ ჭადრაკის სიყვარულმა ჩამოუყალიბა, თვითონ პროფესიონალურად თამაშობდა ჭადრაკს. მოგვიანებით ამ საკითხს რომანი „ლუჟინის დაცვაც“ მიუძღვნა. ამას დავუმატოთ  კემბრიჯში შეთვისებული ენტომოლოგობა (ამხელა კაცი მთელი ცხოვრება პეპლებს დასდევდა), რომელიც მისი არსებობის მთავარ გატაცებად იქცა. არ მინდა, გაგახსენდეთ ბრიტანელი მწერლის ჯონ ფაულზის „კოლექციონერის“ პერსონაჟი კლერკი ფრედერიკ კლეგი… არა, ვლადიმირი ეგეთი არ ყოფილა! ნაბოკოვი სხვა მწერლების შეფასების დროს დიდ სიფრთხილეს არასდროს იჩენდა და თავის ექსცენტრიკულობას სრულ გასაქანს აძლევდა. მასზე კონიუნქტურა ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა, შეეძლო თამამად გამოეხატა საკუთარი აზრი და არ გაეთვალისწინებინა ის, რომ ასეთ სითამამეს შეიძლებოდა მისი კარიერისთვის (საზოგადოებრივი მდგომარეობისთვის) ზიანი მიეყენებინა. ის კი არა, მსოფლიოში აღიარებულ მწერლებზე თავდასხმით დიდ სიამოვნებას იღებდა. მოკლედ, ამ ახირებულ ადამიანს შეეძლო ფიოდორ დოსტოევსკიზე ეთქვა, რომ იგი უგემოვნო, საშუალო გაქანების მდარე მწერალია. ეს თქვა იმ დროს, როდესაც ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში რუსული ლიტერატურის შესახებ ლექციები წაიკითხა, მოგვიანებით ამ სახელწოდების წიგნიც გამოიცა. წიგნში განხილულია გოგოლის, ტურგენევის, დოსტოევსკის, ტოლსტოის, ჩეხოვისა და გორკის შემოქმედება. ჩამოთვლილი მწერლებიდან, დოსტოევსკის გარდა, თითქმის ყველაში პოულობს რაღაც დადებითს („ანა კარენინას“ ავტორი განსაკუთრებით მოსწონს). ფიოდორის შემოქმედებაში კი ვერაფერს კარგს ვერ ხედავს, თუ არ ჩავთვლით „იატაკქვეშეთის ჩანაწერების“ მეოთხე თავს, სადაც „დიდებულ იუმორისტულ აფეთქებას“ ვხვდებით.

საერთოდ, მას მიაჩნდა, რომ დოსტოევსკი რომანისტი არც ყოფილა, დრამატურგიაში რომ ეცადა ბედი, გაცილებით კარგ შედეგს მიაღწევდაო. იმდენად ეჯავრება დოსტოევსკი, რომ მკითხველის ლანძღვასაც არ ერიდება. დოსტოევსკის მომწონებელ ამერიკელ მკითხველს გაუნათლებლობასა და უგემოვნობას საყვედურობს.

რამ განაპირობა ასეთი ზიზღი? მე პირადად აწ გარდაცვლილი ამერიკელი ლიტერატურათმცოდნის ჰაროლდ ბლუმის (1930-2019) „გავლენის შიშის თეორია“ მაგონდება, სადაც იგი უფროს და უმცროს (მამათა და შვილთა) ძლიერ პოეტთა ურთიერთმიმართებას განიხილავს. ყოველი ძლიერი შემოქმედი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძვის წინამორბედს და თუ არ ებრძვის და მხოლოდ აიდეალებს, ეს იმის მაჩვენებელია, რომ სუსტ შემოქმედთან გვაქვს საქმე. ამ კრიტერიუმით თუ მივუდგებით, ნაბოკოვი სუპერძლიერი შემოქმედი გამოდის… ყველაზე მეტად სწორედ დოსტოევსკის მწერლობისგან არის დავალებული და, შესაბამისად, ყველაზე მეტად მას აკრიტიკებს. ვერ გავამტყუნებ, რა მისი ბრალია გავლენის თუ ეშინია? ჩვენს არაცნობიერს რომ ვერ ვაკონტროლებთ, ამის მიხვედრას არ სჭირდება ფროიდი.

მხოლოდ დოსტოევსკიზეა ასე ძალიან გაჯავრებული? არა. ახლა ისეთ სახელებს ჩამოვთვლი, თვალები შუბლზე აგივა. დავიწყოთ ბალზაკით. ბალზაკის ე.წ. „დიდი იდეების ლიტერატურა არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი აბდაუბდისგან, მაგრამ ამის მიუხედავად მას წარმოგვიდგენენ თაბაშირის უზარმაზარი კუბების სახით, რომლებიც უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით გადააქვთ საუკუნიდან საუკუნეში, სანამ არ გამოჩნდება ვინმე მამაცი, ჩაქუჩით ხელში და ერთს კარგად არ დასცხებს ბალზაკს…“. (თარგმნა თამარ ლომიძემ). ჰოდა, გამოჩნდა ვლადიმირი (ლენინს არ ვგულისხმობ) უროთი ხელში და დასცხო სტენდალს, ბალზაკს და კიდევ ბევრს. „ლოლიტას“ რუსული გამოცემის პოსტსკრიპტუმში დაწერა, რომ ჰემინგუეი მაინ-რიდის მოადგილეა, ფოლკნერი და სარტრი კი უბადრუკი მწერლები არიან. ჯოზეფ კონრადთან შედარებით მაინც ჰემინგუეის ანიჭებს უპირატესობას, წარმოიდგინეთ რა შეხედულება აქვს კონრადის შემოქმედებაზე. რბილად რომ ვთქვათ, არც ჰენრი ჯეიმზის პროზაზეა მაღალი აზრის. მხოლოდ ამას არ სჯერდება, ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მისთვის ბრეხტი, ფოლკნერი, კამიუ და პაუნდი ცარიელი საფლავები არიან, რომელთა სახელების უკანაც არაფერი დგას. მისი აზრით, ელიოტი მომაბეზრებელი ავტორია, რომლის წასაკითხადაც ზრდასრულმა ადამიანმა დრო არ უნდა დაკარგოს. პაუნდის პოეზია განხილვადაც არ ღირს. მოკლედ, მისთვის თომას მანი, ბორის პასტერნაკი, უილიამ ფოლკნერი, ოდენი, ლოუელი და კიდევ ბევრი სხვა, უკეთეს შემთხვევაში, ცუდი მწერლები არიან (ან საერთოდ არ არიან მწერლები). ამათგან გამორჩეულად უვარგისია თომას მანი.

წესით, ამ სიძულვილს მინიმუმ ორი მიზეზი უნდა ჰქონდეს. პირველი ის, რომ თომას მანს უყვარდა „დოსტოევსკი, ოღონდ ზომიერად“, და მეორე, მას ჯერ კიდევ 1912 წელს გამოქვეყნებული ჰქონდა „სიკვდილი ვენეციაში“, სადაც მოთხრობის პროტაგონისტს მწერალ გუსტავ აშენბახს თოთხმეტიოდე წლის (პირდაპირ „ნიმფეტობის“ ასაკია) პოლონელი ტაძიო შეუყვარდა. თითქმის იგივე დაემართა მონომანიით შეპყრობილ პერსონაჟს ჰუმბერტ ჰუმბერტს, მას ხომ  12 წლის „ნიმფეტი“ დოლორეს ჰეიზი, იგივე ლოლიტა, უყვარდება. მართალია, ლოლიტა გოგოა და ტაძიო ბიჭი, მაგრამ აშშ-ში ერთ-ერთმა გამომცემელმა სწორედ ამ მიზეზით არ გამოუცა ნაბოკოვს რომანი – ლოლიტა გოგო კი არა, ბიჭი უნდა იყოსო. ახლა გასაგებია ხომ, თომას მანის შემოქმედებაში ბატონ ვლადიმირს რატომ ეჯავრებოდა ეს ნაწარმოები („სიკვდილი ვენეციაში“) ყველაზე მეტად? აშშ-ში განცდილი მარცხის შემდეგ (მინიმუმ ოთხმა გამომცემელმა უთხრა უარი) საფრანგეთში გაიქცა და იქ ერთ-ერთმა უცნობმა პორნოგრაფიული ლიტერატურის გამომცემლობამ დაუბეჭდა „ლოლიტა“.

მოკლედ, ისევ დადგა ფროიდის ხსენების დრო… აღსანიშნავია, რომ ფროიდი ნაბოკოვს დაახლოებით დოსტოევსკივით ეზიზღებოდა. სხვათა შორის, ფროიდი დოსტოევსკის, როგორც მწერალს, შექსპირის გვერდზე აყენებდა, მაგრამ მისი სამოქალაქო პოზიციითა და რეაქციული მსოფლმხედველობით აღფრთოვანებული არ იყო. მოკლედ, არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე თანამედროვე ფსიქოანალიტიკოსმა მთელ ამ დაპირისპირებებსა და ჩახლართულ ამბებში რაღაც ლოგიკა დაინახოს და საეჭვო, მაგრამ გონივრული ახსნა მოუძებნოს. ერთი რამ ფაქტია, თვითონ ნაბოკოვი მის მიერ უარყოფილ მწერლებზე ნაკლები არაფრით არ არის, ზოგს აღემატება კიდეც, მაგრამ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება თანამედროვე ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი. რომანში „კუნძულის შესაძლებლობა“ იგი წერს: „ნაბოკოვი… მაინცდამაინც კარგი მწერალი ვერ უნდა იყოს. პირადად მე ვერასდროს ვიტანდი ამ საშუალო გაქანების მანერულ ფსევდოპოეტს. ასე უნიჭოდ და უფხოდ რომ ჰბაძავს ჯოისს; არ ჰყოფნის ნიჭი, იმ გადარეული ირლანდიელისთვის ღმერთს ასე ძალუმად რომ მოუმადლებია… გამოუმცხვარი ფენოვანი ცომი – აი, რას მაგონებდა ყოველთვის ნაბოკოვის სტილი“ (თარგმნა მერაბ ფიფიამ).

როგორც ხედავთ, ნაბოკოვსაც გამოუჩნდა თავისი ნაბოკოვი, მაგრამ მე პირადად არც ამ უკანასკნელ ნაბოკოვს, იგივე უელბეკს, ვეთანხმები. ნაბოკოვი კარგი მწერალია და თან არც მთლად ეგრე ტრაგიკულად არის საქმე, როგორც ზემოთ აღვწერე. მას ნამდვილად შეეძლო არაერთ მწერალზე კარგის თქმა, ამას ადასტურებს ვლადიმირ ნაბოკოვის წიგნი „ლექციები დასავლეთ ევროპის ლიტერატურის შესახებ“. ამ წიგნში, – რომელსაც ნაბოკოვზე არანაკლები მნიშვნელობის მწერლის ჯონ აპდაიკის შესანიშნავი წინასიტყვაობა აქვს დართული, – განხილულია ვლადიმირ ნაბოკოვის მიერ განსაკუთრებით მოწონებული დასავლელი მწერლები (რომლებსაც, თუ ნაბოკოვივით შარზე არ ვართ, ჩვენც ვერაფერს დავუწუნებთ): ჯეინ ოსტინი, ჩარლზ დიკენსი, გუსტავ ფლობერი, რობერტ ლუის სტივენსონი, მარსელ პრუსტი, ფრანც კაფკა და ჯეიმზ ჯოისი. ნაბოკოვი ამ მწერლების ნაწარმოებებს მაღალ შეფასებას აძლევს და მათი შემოქმედების გაანალიზების დროს, უნდა ითქვას, რომ მეტად ორიგინალურ და ღრმა მოსაზრებებსაც გამოთქვამს. მაგალითად, როდესაც ის განიხილავს კაფკას „მეტამორფოზას“ (ამ მოთხრობით აღფრთოვანებულია!), ყურადღებას ამახვილებს არაერთ, ერთი შეხედვით, შეუმჩნეველ დეტალზე. ხაზს უსვამს კაფკას სტილის თავისებურებას, დეტალურად აღწეროს ყველაფერი და უყურადღებოდ არაფერი დატოვოს. ეს აიძულებს კაფკას მკითხველს, რომ დეტალებს მიაქციოს ყურადღება. ასევე, მას მიაჩნია, რომ ვისაც მოთხრობაში ყველაზე ცუდი პერსონაჟი გრეგორ ზამზას დედა ან მამა ჰგონია, მწარედ ცდება. ამ შედევრ-მოთხრობაში ყველაზე დიდი ურჩხული არის გრეგორის და, რომელიც ერთი შეხედვით ძალიან მზრუნველი და გასაჭირში ჩავარდნილი ძმის მოყვარული ადამიანი ჩანს. კარგად დააკვირდით მოთხრობის დასასრულს…

მოკლედ, ამ წიგნზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, ახლახან შემატყობინეს, რომ ქართულად ითარგმნება და უახლოეს მომავალში გამოსცემს გამომცემლობა „პეგასი“. ასე რომ, დაელოდეთ, შეიძინეთ, წაიკითხეთ და მიიღეთ ინტელექტუალური სიამოვნება. დარწმუნდებით, რომ ვლადიმირ ნაბოკოვი არც ისეთი ბოღმიანი მიზანთროპია, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს და არც სხვა დიდ მწერლებს ჩამოუვარდება რამით.

 

 

 

ჟურნალ “სკოლის მართვის” ახალი ნომერი გამოიცა

0

ქართულ ენაში ძალიან მყარადაა კოდირებული საუკუნეების მანძილზე ჩვენი თანმდევი, მუდმივი ფონი – მსუბუქად რომ ვთქვათ – მშვიდობის დეფიციტი. სხვა ენებში აქცენტირე-ბული სხვადასხვა შინაარსის გვერდით, ჩვენი „დილა მშვიდობისა“ და „ღამე მშვიდობისა“ სწორედ მშვიდობის მარადიულ საჭიროებაზე მიუთითებს. დიახ, მშვიდობის მნიშვნე¬ლობა თითქოს უკვე ჩვენი ცნობიერების ნაწილია, მაგრამ დღეს ჩვენც, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, თავიდან ვსწავლობთ მშვიდობის, სიყვარულის, პატრიოტიზმის, ღირსებისა და გმირობის გაკვეთილებს. სკოლასაც ამ ახალ ვითარებაში ახალი ხედვე¬ბი, მშვიდობის განათლების ახალი გაკვეთილები სჭირდება თვითგამორკვევისთვის…

გვჯერა, რომ არც ჟურნალის ავტორებს და არც მკითხველებს დღეს არ აქვთ იმაზე დიდი, მნიშვნელოვანი და მტკივნეული საფიქრალი, ვიდრე საშინელი ომი უკრაინაში. შესაბა-მისად, სანამ ომი დასრულდება (და გვჯერა, რომ აუცილებლად სიკეთის გამარჯვებით დასრულდება!) და სანამ ჩვენი უკრაინელი კოლეგების გამოცდილებაზე, სანამ მათი თვალით დანახულ და ომგამოვლილ სკოლასა და გაკვეთილებზე დაგელაპარაკებით ჩვენი ჟურნალის გვერდებიდან, არ შეგვეძლო, ამ თემისთვის გვერდი აგვევლო და გადავწყვიტეთ, მშვიდობის განათლებაზე, მის პრინციპებზე, კონფლიქტსენსიტიური სწავლების მიდგომებზე დავფიქრებულიყავით ერთად.

გარდა მშვიდობის განათლებისა, ამ ნომერში გთავაზობთ ჩვენი დიდი საზოგადო მოღვაწის, ნიკო ნიკოლაძის საგანმანათლებლო პორტრეტს, მის ნააზრევს, როგორი უნდა იყოს სკოლა… ვუჯერებთ ნიკო ნიკოლაძეს, რომელიც თავის წერილში გერმანულ გამოცდილებას იმოწმებს და ჩვენც გთავაზობთ გერმანიის გამოცდილებას – როგორ ზრუნავენ გერმანიის სკოლებში განათლების ხარისხის უზრუნველყოფაზე.
გთავაზობთ მოსაზრებებს განათლების რეფორმის სწორად დაგეგმვის შესახებ, გიზი¬არებთ ინფორმაციას საინტერესო პროექტის შესახებ, რომელიც სკოლებში კათედრების თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად. ასევე, წაიკითხავთ ძალიან საინტე¬რესო და უკიდურესად მნიშვნელოვან სტატიას სკოლებში რელიგიის შესახებ.
თითოეული სტატია ცალკეც და ყველა ერთად, ერთ მიზანს ემსახურება – როგორ გაიზარ-დოს განათლების ხარისხი სკოლაში, რაც, თავის მხრივ, მშვიდობიანი, ჰარმონიული, ჰუმანური საზოგადოების შენებას ემსახურება.

ვუსურვოთ ერთმანეთს მშვიდობა და ის მხნეობა, თავდადება, სიყვარული და ერთ¬გულება, რაც უკეთესი მომავლის შექმნას სჭირდება და რასაც „ულმობელი საქმის ადამიანები“ ჩვენი ქვეყნის არც ისე შორი წარსულიდან გვასწავლიან

რედაქტორი : ნათია ნაცვლიშვილი

ამ ნომერში წაიკითხავთ :

ჟურნალის წაკითხვა და ჩამოტვირთვა შესაძლებელია ბმულიდან:

სკოლის მართვა #1 2022

წილადები რიცხვით წრფეზე – კომპლექსური გაკვეთილისთვის

0

წილადების სწავლება დიდ სირთულეებს უკავშირდება. მისი ცნება მოსწავლეებთან მთელის ან ერთობლიობის ნაწილის განხილვით შემოგვაქვს. მათი სწავლებისას შეიძლება გამოვიყენოთ პიცის ან ტორტის ნაჭრებიც. მისი სწავლება მე-4 კლასიდან იწყება. სტანდარტის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ წილადის, როგორც რიცხვის გაგება. მათ ასევე უნდა გაიგონ წილადი, როგორც რიცხვი რიცხვით წრფეზე და უნდა შეძლონ წილადების წარმოდგენა რიცხვითი წრფის დიაგრამაზე.

გიზიარებთ ჩემ მიერ დაგეგმილი და ჩატარებული გაკვეთილის გეგმას. ეს გაკვეთილი იყენებს მხოლოდ ნახევრის, მესამედის, მეოთხედის, მერვედის ცნებებს, როგორც ამოსავალ წერტილს ამ კონცეფციისთვის.

კლასი მე-4

სამიზნე ცნება: რიცხვები და მოქმედებები

საკითხი: მთელის ნახევარი, მესამედი, მეოთხედი

ქვესაკითხი: წილადი რიცხვების (ნახევარი, მესამედი, მეოთხედი…) გამოსახვა რიცხვით წრფეზე

ესგ-ის მიხედვით მისაღწევი შედეგები:

მათ. IV.4.

მოსწავლეს შეუძლია მთელის ნაწილების (ნახევარი, მესამედი, მეოთხედი…) ერთმანეთისაგან განსხვავება, დასახელება, შედარება. ის:

·         ამოიცნობს და ასახელებს მთელის ნახევარს/მეოთხედ/მერვედ ნაწილებს სხვადასხვა მოდელზე (მონაკვეთი, მართკუთხედის და წრის მოდელებზე; მაგალითად ნამცხვარი, საათი, შოკოლადის ფილა);

·         ახდენს ნაწილის, როგორც მთელის ტოლ ნაწილებად დაყოფის შედეგისა და საგანთა სტრუქტურის მქონე გროვის ტოლი რაოდენობის ჯგუფებად დაყოფის შედეგის დემონსტრირებას;

·         იყენებს გაორმაგებას და ერთმანეთთან აკავშირებს მთელის მეოცედსა და ნახევარს.

მიზანი: მოსწავლეები დაინახავენ წილადებს, როგორც რიცხვებს რიცხვით წრფეზე; წარმოადგენენ წილადებს რიცხვით წრფეზე; იყენებენ რიცხვით წრფეს წილადებთან დაკავშირებული ძირითადი ამოცანების ამოსახსნელად.

გაკვეთილის მსვლელობა:

წინარე ცოდნის გააქტიურება:

აქტივობა 1. წილადის ვიზუალური წარმოდგენა

მოსწავლეებს ვაჩვენე მართკუთხედის ფორმის ფერადი ფურცელი. მათ კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიხსენეს და წარმოადგინეს წილადი, როგორც მთელის ნაწილი.

„ – მე მიჭირავს ერთი მთლიანი ფურცელი. ეს ფურცელი რომ შუაზე გავჭრა, მთელის რა ნაწილი იქნება თითოეული ნაჭერი?“. თვალსაჩინოდ ვჭრი ფურცელს შუაზე. მოსწავლეები პასუხობენ, რომ თითოეული ნაწილი წარმოადგენს მთელის ნახევარს.

„ – რა მოხდება, რომ ყოველი ნახევარი ისევ შუაზე გავჭრა?“ (მოხალისე მოსწავლე თვალსაჩინოდ ჭრის შუაზე ყოველ ნახევარს).

„ – ახლა მთლიანის რა ნაწილს წარმოადგენს თითოეული ნაწილი?“. მოსწავლეები პასუხობენ, რომ თითოეული ნაწილი წარმოადგენს მთელის მეოთხედს.

ახალი ცოდნის შეძენა

აქტივობა 2. წილადის მოდელირება:

მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს წილადებსა და რიცხვით წრფეებს შორის კავშირის დამყარება. მან უნდა გაიაზროს, რომ მანძილი 0 და 1 რიცხვებს შორის უდრის ერთ მთლიანს და მთელის წილადის ფილები ქმნიან წილად ნაწილებს.

რესურსი: წილადი ფილები (რესურსი მასწავლებელმა შეიძლება ხელით დაამზადოს).

მოსწავლეთა წყვილებს დავურიგე წილადი ფილები.

იმისათვის, რომ დავხმარებოდი მოსწავლეებს წილადებსა და რიცხვით წრფეებს შორის კავშირის დამყარებაში, ვთხოვე, გაეხსენებინათ წილადის ფილები და შეესრულებინათ ბევრი სავარჯიშო. ბავშვებმა გადაალაგეს წილადი ფილები, რაც სახალისოც იყო. მთლიანის ნაწილების შეხება, დანახვა და გადაადგილება წილადის ცნებას ბევრად უფრო ადვილად გასაგებს ხდის.

მოსწავლეებს ვთხოვე, ეჩვენებინათ წილადები, მაგალითად, რამდენი მესამედი უდრის მთელს? შემდეგ ვთხოვე, დაეხაზათ რიცხვითი ხაზი მათი წილადი ფილების ქვეშ. ჩვენ განვიხილეთ, როგორ დგას 1/3 ან 1 მთლიანი. წილადი ხაზის დახაზვა წილადი ფილების ქვეშ დაეხმარა მოსწავლეებს რიცხვითი ხაზის დაყოფასა და მთლიანი ნაწილის გარკვეული რაოდენობის განსაზღვრაში.

 

ამის შემდეგ ვვარჯიშობთ წილადი ფილების დამატებაში, რიცხვით წრფეზე წილადი ფილების აღსანიშნავად. მაგალითად, თუ ჩვენი მთელი შედგება მესამედებისაგან, როგორ მოვნიშნოთ ისინი? 1/3; 2/3 და ა.შ. მოსწავლეები ითვლიან ხმამაღლა, 1/3; 2/3; 3/3… მოსმენის გამეორება განსაკუთრებით ეხმარება ისეთ მოსწავლეებს, რომლებსაც ცოტა მეტი დრო სჭირდებათ კავშირის დასამყარებლად.

შემდეგ შემოგვაქვს ცნება „წერტილები“. მოსწავლეებს ვთხოვ, რიცხვით ღერძზე თითოეულ წერტილს შეუსაბამონ განსხვავებული ლათინური ასო და მიუწერონ რიცხვითი მნიშვნელობა.

მოსწავლეებს შეუძლიათ რიცხვით ღერძზე წილადი რიცხვების გამოსახვა. უკეთ გააზრების მიზნით. მომდევნო აქტივობა ინდივიდუალურად შევთავაზე თითოეულ მოსწავლეს.

ინდივიდუალური დავალება

რესურსი: ასაწყობი კუბურები, რვეული, კალამი

მოსწავლეებს ვურიგებ კუბურებით აწყობილ „მთელს“ და ვთხოვ, გამოსახონ მოდელი რიცხვით წრფეზე. ვიდრე მოსწავლეები მუშაობენ, მივდივარ თითოეულ მოსწავლესთან და ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას. ეს აქტივობა ეხმარება მოსწავლეს, უკეთ გაიგოს წილადები წრფეზე.

ახლა უკვე ბავშვები მზად არიან რიცხვით ღერძზე მანიპულატივების გარეშე გამოსახონ წილადები.

აქტივობა 3: მათემატიკური ნადირობა

ოთახში სხვადასხვა ადგილას მიმობნეულია ბარათები, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.

მოსწავლეებს დავურიგე პასუხების ბარათები.

მათ უნდა იპოვონ ბარათი, რომელზეც შესაბამისი წილადი იქნება მონიშნული. მოსწავლეებს აქვთ კლასში თავისუფლად გადაადგილების საშუალება. დაკავშირებულ კითხვა პასუხს აკრავენ დაფაზე, მე გადავხედე მათ ნამუშევრებს, ეს შესანიშნავი საშუალებაა მოსწავლეებში მყისიერი უკუკავშირის მისაცემად.

აქტივობა 4: კავშირები ყოფა-ცხოვრებასთან

მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ ნებისმიერი მთლიანობის ნაწილებად დაყოფა და მათი დაკავშირება რიცხვით წრფესთან. შემდეგ განვიხილე ისეთი მთელის დაყოფა, რომელსაც ხელით ვერ შევეხებით, როგორიცაა ერთი საათის ნაწილებად დაყოფა. მოსწავლეებს ვთხოვე, მოიფიქრონ ერთი საათის წარმოდგენის გზები. მოვისმინე და მათი პასუხები დავწერე დაფაზე. ვუბიძგე მათ ჰორიზონტალური ხაზის გამოყენებისაკენ, შემდეგი კითხვით:

  • რაც შეეხება წრფეს, ერთი საათის წარმოსადგენად შეგვიძლია რიცხვითი წრფის გამოყენება?

დაფაზე გავავლე ჰორიზონტალური წრფე. მოვნიშნე მასზე ორი წერტილი. კითხვა:

– რა უნდა დავწერო ამ წერტილების გასწვრივ?

– დასაწყისში – 0, ბოლოში – 1. მონაკვეთი გამოსახავს 1 საათს.

ამოცანა: ნინო ინგლისურის მეცადინეობას ანდომებს საათის პირველ ნახევარს, საათის მეორე ნახევარში კი, თამაშობს. როგორ შეგვიძლია ნახაზზე ამის წარმოჩენა?

მოსწავლეები მივიდნენ დასკვნამდე, რომ შუაზე უნდა გაყონ მთელი მონაკვეთი, რომელიც ერთ საათს წარმოადგენს, ხოლო მთელის ყოველი ნახევარი – ნახევარ საათს.

ამის შემდეგ განვიხილეთ კიდევ ერთი მაგალითი. გამოვიყენეთ საათის მეოთხედი.

ამის შემდეგ ვეცადე მთლიანი მანძილი დამეყო ნაწილებად.

მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვა: დავუშვათ, გვინდა, დავყოთ ერთი კილომეტრი ნაწილებად, შეგვიძლია გამოვიყენოთ რიცხვითი წრფე ერთი კილომეტრის გამოსახვისათვის? მოსწავლეები შეკითხვას ადვილად პასუხობენ წინა მაგალითის ანალოგიით და მიდიან იმ აზრამდე რომ, ანალოგიურად რიცხვით წრფეზე უნდა მონიშნონ ორი წერტილი 0 და 1 ერთი კილომეტრის წარმოსადგენად.

ამოცანა. ანა სპორტსმენია და ყოველდღე ერთ კილომეტრს დარბის. ვთქვათ, ანამ ერთ დღეს გაირბინა ნახევარი კილომეტრი, როგორ ვაჩვენოთ ეს მანძილი რიცხვით წრფეზე? ან როგორ ვაჩვენებთ რიცხვით წრფეზე ანას მიერ გარბენილი გზას, თუ მან კილომეტრის მესამედი გაირბინა?

აქტივობა 5: სწრაფი წერა

მოსწავლეებს დავურიგე ბარათები და ვთხოვე დავალების ინდივიდუალურად შესრულება.

ბარათის ნიმუშები (დაბალი მზაობის და მაღალი მზაობის მოსწავლეებისათვის)

ეს აქტივობა დამეხმარა გაკვეთილის შეჯამება-შეფასებაში, მისი შედეგების გათვალისწინებით დავგეგმე მომდევნო გაკვეთილი.

გაკვეთილზე მოსწავლეთა მუშაობის ამსახველი ზოგიერთი ფოტო იხილეთ აქ

მოსწავლეებს მოეწონათ მანიპულატივებისა და მრავალფეროვანი დავალებების გამოყენება. მათ მთელი ყურადღებით იმუშავეს და საკითხიც კარგად გაიგეს.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლეი მე-4 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში

https://math.ge/meotkhe-klasi/;

  1. https://moretime2teach.com/activities-to-teach-fractions-on-a-number-line/;
  2. https://shelleygrayteaching-com.translate.goog/teach-fractions-number-line-free-lesson-plan/?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=op,sc;
  3. https://iheartteachingelementary.com/ideas-for-teaching-fractions-on-a-number-line/;
  4. https://moretime2teach.com/fractions-on-a-number-line/.

 

 

 

ომის თემა შერვუდ ანდერსონის მოთხრობის კვალდაკვალ

0

ალბათ არ დამდგარა კაცობრიობის ისტორიაში ეპოქა, ომი რომ აქტუალური თემა არ ყოფილიყოს. ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში, როცა კაცობრიობამ საერთაშორისო სამართლის, დიპლომატიის, სოლიდარობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის  მიმართულებით არნახულ პროგრესს მიაღწია, რუსეთ-უკრაინის ომის რეალიები დასაშვები იქნებოდა. ჩვენ თვალწინ ტრიალებს სრული ჯოჯოხეთი და ყველანი უძლურების კონვულსიებში ვართ. დანარჩენი მსოფლიოს მოთქმა-გოდება ვერაფერი ნუგეშია ომის მსხვერპლთათვის. სხვა თუ არაფერი, მსოფლიო ისტორიამ და ლიტერატურამ იმდენად ღრმად წარმოაჩინა ომის ბუნება, გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ წარსულის გაკვეთილები მომავალში ასეთი ტიპის ომებს გამორიცხავდა. უკიდურესად ამორალური რუსული იმპერიული მახინა უტევს ევროპის კონტინენტის უდიდეს სუვერენულ სახელმწიფოს, ომის საფრთხის წინაშე აყენებს სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოს და ამ მონსტრის შეჩერების კონტურები ჯერჯერობით არ იკვეთება. როგორც ჩანს, კიდევ ბევრი გვაქვს სასწავლი ომის ბუნებაზე, კიდევ მრავალი ტრაგიკული ისტორიაა მოსასმენი, ვერ გავაძღეთ დედამიწა ჩვენი სისხლით, „ბიჭი ზოლიანი პიჟამით“ ალბათ ისევ და ისევ უნდა იწვოდნენ ამ ტოტალური უღმერთობის კოცონში. რანაირად არ გამოხატა ლიტერატურამ, კინომ, თეატრმა, ომის საშინელებანი, მაგრამ სულ ამაოდ! ვერაფერი გვისწავლია!

სკოლაში გაკვეთილებზე, განსაკუთრებით უფროსკლასელებთან, კვლავ და კვლავ ამ თემებს ვუბრუნდებით, რადგან ომის ნიუსები მოსვენებას არ გვაძლევს. მართალია, ცხელ-ცხელი ინფორმაციები ვულკანის ლავასავით სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მაინც მგონია, რომ ადამიანური ტრაგედიები სადღაც მიღმაა, ისე ვერ შუქდება, როგორც უნდა შუქდებოდეს, ახლა საამისოდ ნაკლებად გვცხელა. ალბათ ომის შემდგომ ხელოვანები უფრო აქტიურად გააცოცხლებენ ამ ტრაგიკულ მოვლენებს. ქართველმა პოეტებმა უკრაინული ტრაგედიების ემოციები არაერთ ლექსში გააცოცხლეს. ჩვენს ინტერნეტგაზეთში 18 აპრილს გამოქვეყნდა მაია მენაბდის შესანიშნავი სტატია („ომის ლექსები“) ამ ნაწარმოებების მიმოხილვაზე. და მაინც, მაინც: ომის თემა სულ ახალ და ახალ სააზროვნო სივრცეებს იპყრობს. ის ყველა ჭუჭრუტანაში ძვრება და გულგრილს არავის ტოვებს.

 მეთერთმეტე კლასში ჩვენი გაკვეთილის თემაა შერვუდ ანდერსონის მოთხრობა „ომი“. ეს ავტორი დასავლური მოდერნიზმის ერთ-ერთი მამამთავარია. ის თანაბრად ეკუთვნის მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებს. მრავალშვილიანი ოჯახის შვილმა ცხოვრების რთული გზა განვლო. წერა მოგვიანებით, XX საუკუნის 10-იან წლებში დაიწყო. წერდა ფსიქიკური აშლილობის, მტანჯველი ძიებების, მკაცრი ცხოვრებისეული გამოცდების ფონზე. მის ცხოვრებაში იყო აღმავლობაც და მარცხიც, ოთხი ქორწინება, ღრმა სულიერი ტკივილი და დეპრესიულობა, სინამდვილისა და იმაგინატური სამყაროს ზღვარზე სიარული, ფიქრი იდუმალსა და შეუცნობელზე.  მისი პროზის თემაა ამ ეპოქის მოდერნისტული მწერლობისთვის დამახასიათებელი ადამიანის ფსიქოლოგიური პრობლემების გამოსახვა. რევოლუციების, კრიზისების, ომების ეპოქამ დაღი დაასვა ადამიანის სულს. შერვუდ ანდერსონს, თავადაც წამებულს, კარგად ესმოდა ეს ადამიანური ტკივილები. მის ტექსტებში არის ჯადოქრული ფსიქოლოგიზმი, ინტროსპექცია პერსონაჟის სულში, ტკივილის გარეთ გამოტანა, რადგან მწერალმა შესანიშნავად იცოდა, რა ძნელია სპლინით შეპყრობილი ადამიანისთვის გადასარჩენად ძაღლივით საკუთარი ჭრილობების ლოკვა.

საინტერესო ეპიზოდს გვიყვება მისი ცხოვრებიდან  მკვლევარი გია მურღულია:  „1912 წლის 28 ნოემბერს შერვუდ ანდერსონი საკუთარ ოფისში საკმაოდ დაბნეული მივიდა, მდივან ქალს წერილს ჰკარნახობდა, როდესაც მოულოდნელად გაჩერდა და უთხრა, რომ ფეხები სველი ჰქონდა და კიდევ უფრო მეტად უსველდებოდა, შემდეგ კი ოფისიდან გავიდა. ოთხი დღის შემდეგ ის ერთ-ერთ აფთიაქში შევიდა, ორიენტაციადაკარგული ანდერსონი შეშლილს ჰგავდა და, რაც მთავარია, საკუთარი ვინაობა არ ახსოვდა. ანდერსონი საავადმყოფოში მოათავსეს. მის შესახებ ადგილობრივი პრესა წერდა. სტატიებში აღნიშნული იყო, რომ ბიზნესმენი ბევრი მუშაობის შედეგად გადაიღალა, თუმცა მოგვიანებით, პრესის საშუალებით საზოგადოებამ შეიტყო, რომ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ შერვუდ ანდერსონი გამოსცემდა პირველ წიგნს, სადაც აღწერდა ოთხდღიანი ამნეზიისა და ნერვული აშლილობისას გადატანილ ამბავს“…

სიმბოლურია! მწერლის ბიოგრაფიის ამ ეპიზოდს უამრავჯერ მივუბრუნდი და ეს მისტიკურობამდე უცნაური ამბავი დიდი მწერლის „დაბადების“ ციებ-ცხელებად წარმოვიდგინე. თითქოს სწორედ ამ ენიგმატური აქტით „იშვა“ ხელოვანი. ასეთი მომენტები უხვად იყო ყველაზე უცნაური ბიოგრაფიის შემოქმედის – ედგარ ალან პოს ცხოვრებაში. პოსი არ იყოს, უცნაური იყო შერვუდ ანდერსონის სიკვდილიც. ის გარდაიცვალა 64 წლისა, როდესაც საკრუიზო ხომალდ “სანტა ლუსიათი“ სამხრეთ ამერიკაში მიემგზავრებოდა მეუღლესთან ერთად. რამდენიმედღიანი მუცლის ტკივილების შემდეგ, რომელიც შემდეგ პერიტონიტში გადაიზარდა, მწერალი პანამაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 1941 წლის 8 მარტს გარდაიცვალა. გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ პაციენტს შემთხვევით კბილსაჩიჩქნი ჰქონდა გადაყლაპული“. შერვუდ ანდერსონი ვერ მოესწრო უსასტიკეს მეორე მსოფლიო ომს, მის გარიჟრაჟზე აღესრულა. რომ არა  ნაადრევი სიკვდილი, ეს ომი უთუოდ იქნებოდა მისი ნაწარმოებების თემა.

ნოველა „ომის“ სიუჟეტი ასეთია: მთხრობელი დასავლეთ აიოვასა და ნებრასკისკენ მიმავალ მატარებელში გაიცნობს დამახასიათებელი გარეგნობის ქალბატონს, რომელიც საინტერესო თანამგზავრს ეძებს, რადგან თავი მოაბეზრა თანმხლებმა პარტნიორმა. ქალი სატრფოსთან ერთად გამოქცეულიყო მიწასთან გასწორებული, დამარცხებული პოლონეთიდან. ავტორი შენიშნავს: „სწორედ მან, მატარებელში გაცნობილმა იმ ქალმა,  განმაცდევინა ომი. მან გადმომცა ის ამბავი, რომლის თხრობაც ახლა მსურს თქვენთვის“… ამბავი კი ასეთი იყო: პოლონელ ლტოლვილთა გუნდს მიერეკებოდა 50 წლის წვეროსანი გერმანელი ოფიცერი, ნაკითხი, მაგრამ მთელი არსებით ჩაფლული ძალადობის გერმანულ ფილოსოფიაში. ლტოლვილთა შორის იყო მატარებელში გაცნობილი ქალიც, 65 წლის დედასა და სატრფოსთან ერთად. დედა-შვილი მიწათმფლობელები იყვნენ და ლტოლვილთა გუნდი მთლიანად მათი მსახური გლეხებისგან შედგებოდა. დედა თურმე პოლონურად დაჟინებით და ისტერიულად იმეორებდა: „თავი დამანებეთ, თქვენი არაფერი მინდა, ოღონდ თავი დამანებეთო!“ ქალი ლტოლვილთა ბანაკის ლიდერი იყო, დედა პოლონეთისა. დაქანცულმა, სველმა, ტალახიანმა  ლტოლვილებმა და გერმანელმა ოფიცერმა ერთგან შეისვენეს. გერმანელმა ცეცხლი დაანთო და დაღლილს ჩაეძინა. ლტოლვილები გაიპარნენ, მაგრამ გამოღვიძებული ოფიცერი მათ მალე დაეწია. ამ დროს ამ კაცს ეცა ეს მოხუცი ქალი და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გაიმართა. ვერავინ გაბედა ჩარევა, რადგან შეუძლებელი იყო გრიგალისებური ენერგიით შებმული ორი გამხეცებული ადამიანის გაშველება. აუხსნელი რაღაც ხდებოდა. თითქოს სულებმა დატოვეს სხეულები, რომლებიც სიძულვილის ქარიშხალს შეეპყრო. ცდილობდნენ კიდეც შეჩერებას ქალი და ოფიცერი, მაგრამ ვერ ახერხებდნენ, „თითქოს ორი ფაფუკი ღრუბელი საავდროდ გამაგრებულიყო და ამაოდ ცდილობდა მეორის ცის ტატნობიდან განდევნასო“. ხანგრძლივი ორთაბრძოლის შემდეგ არაქათგამოცლილი ქალი და ოფიცერი მიწაზე დაეყარნენ და სულებიც სხეულებს დაუბრუნდნენ, მაგრამ არა თავიანთსა, გერმანელი ოფიცრის სული ქალის სხეულში გადავიდა, ხოლო ქალისამ ოფიცრის სხეულში დაისადგურა. ბედის ირონია ამ ამბის გაგრძელება იყო. ამ ქალის შვილმა და მისმა სატრფომ როგორღაც მოახერხეს პოლონეთიდან გამოქცევა, ხოლო იმ შემთხვევის ადგილის მოგონება უმძიმესი იყო, წარმოდგენა იმისა, როგორ იჯდა გზაზე საცოდავად შუახნის გერმანელი ოფიცერი და ყვიროდა: „თავი დამანებეთ, თქვენი არაფერი მინდა, ოღონდ თავი დამანებეთო!“ ხოლო 65 წლის ქალი, დედა პოლონეთისა, არაქათგამოცლილ თანაგუნდელებს მრისხანედ აიძულებდა სამშობლოში გაბრუნებას.

ყველას ძალიან გვინდა, რომ ომმა თავი დაგვანებოს და ეს შემზარავი ისტორიები დასრულდეს, მაგრამ არა! ომი იპყრობს ყველას, სულით და სხეულით, ასახიჩრებს სულებს და სხეულებს ისე, როგორი სახიჩარიც იყო ის მოძალადე ოფიცერი, რომელმაც თავის მხრივ მოძალადედ აქცია უწყინარი პატრიოტი ქალი.

მართალია, იდუმალ მოვლენათა მოყვარულმა მოდერნისტმა მწერალმა ფანტასტიკას მოუხმო და დაუჯერებელი ამბავი მოგვითხრო, მაგრამ მწერლობა ხომ ყოველი მოვლენის არსს მეტაფორულად და სიმბოლურ-ალეგორიულად გამოსახავს! რეალური და წარმოსახვითი მხატვრულ ტექსტში „ნამდვილია!“ ნოველის მთავარი სათქმელიც სწორედ ეს არის, რომ ომი შობს აგრესიას, სიძულვილს, ძალადობას, არ და ვერ არჩევს მტყუანსა თუ მართალს, სუსტსა თუ ძლიერს, ანგრევს ადამიანთა ცხოვრებას, ასახიჩრებს სულებს, სისხლთან და ცხედრებთან ერთად მოაქვს გაუცხოება, დეპრესია, აუტანელი სულიერი ტკივილი.

ფსიქოლოგიური ნოველის დიდოსტატი, ე.წ. „დაკარგული თაობის“ (Lost generation) წარმომადგენელი შერვუდ ანდერსონი სადა სტილითა და დახვეწილი ოსტატობით გადმოსცემს მთავარ იდეებს, ამხელს ომის ბუნებას, ომის ფონზე ადამიანთა შთამბეჭდავ სახეებს გვიხატავს, რომ უფრო დამაჯერებლად განგვაცდევინოს ომის სუსხი. აუცილებლად წაუკითხეთ ეს ნოველა უფროსკლასელებს. 2013 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა ამერიკული ნოველების კრებული, რომელშიც ო’ჰენრის, ფრენსის სკოტ ფიცჯერალდისა და თომას ვულფის ნაწარმოებებთან ერთად წარმოდგენილია შერვუდ ანდერსონის ნოველებიც.

კომპლექსური დავალება „მიტოქონდრია – ორგანოიდი-საოცრება“

0
eco lab logo vector illustration. Science laboratory sign. Biology symbol nature logos graphic concept

მიტოქონდრია მართლა საოცარი ორგანოიდია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი წყალობით ვაზროვნებთ, ვმეტყველებთ, ვმუშაობთ – იმიტომაც, რომ ის საგნების ინტეგრირების უდიდეს საშუალებას იძლევა. ინტეგრირებული გაკვეთილი კი მნიშვნელოვნად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას (ინტერდისციპლინური სწავლების მნიშვნელობა – მ.სეხნიაშვილი).

გიზიარებთ კომპლექსურ დავალებას დამუშავების ეტაპებთან ერთად.

კომპლექსური დავალების პირობა: უჯრედული სუნთქვა ურთულესი პროცესია, რომელშიც უჯრედის ბევრი სტრუქტურაა ჩართული, მაგრამ ენერგიის დიდი ნაწილი მიტოქონდრიაში მიმდინარე პროცესების დროს გამომუშავდება. ანაერობული ორგანიზმები სპირტული დუღილით „ირჩენენ თავს“. წარმოიდგინე, რომ სკოლაში ხორციელდება პროექტი ,,მოსწავლე მასწავლებელი“, სადაც შენ გთხოვეს შეასრულო ბიოლოგიის მასწავლებლის როლი და რამდენიმე გაკვეთილის განმავლობაში იმუშაო მეათეკლასელებთან. მოამზადე მათთვის საპრეზენტაციო მასალა, რომელიც მოსწავლეებს საკითხის გაგებას და გააზრებას გაუადვილებს. ნამუშევარი წარადგინე კლასში. მისი პრეზენტაციის დროს ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • როგორ შეესაბამება მიტოქონდრიის აგებულება მასში მიმდინარე პროცესებს (მკ.წ. 3. სტრუქტურა და ფუნქცია);
  • როგორ აისახება მიტოქონდრიის გარეთა და შიგნითა მემბრანების სტრუქტურული სხვაობა მათ ფუნქციაზე (მკ.წ. 1 სასიცოცხლო თვისებები);
  • რა გავლენას მოახდენს მიტოქონდრიის დაზიანება ადამიანის ჯანმრთელობაზე (მკ.წ.1. ჯანმრთელობა და დაავადება);
  • რა მნიშვნელობა აქვს უჯრედული სუნთქვის თავისებურებებს სხვადასხვა სისტემატიკური კატეგორიის ორგანიზმებისთვის (მკ.წ. 2. ბიომრავალფეროვნება).

ნაბიჯი 1 – დავალების პირობის წარდგენა: მოსწავლეები გაეცნობიან დავალების პირობას. გამოთქვამენ აზრს, როგორ გაკვეთილზე უკეთ შეუძლიათ საკითხების ათვისება. დაასახელებენ რამდენიმე ფაქტორს, მასწავლებლისგან მიიღბენ რჩევებსაც და დაიწყებენ დავალებაზე მუშაობას.

ნაბიჯი 2 – დავალების დამუშავება

აქტივობა 1. მოსწავლეები გაეცნობიან მეტაბოლიზმის შინაარსს. აქტივობის ბოლოს მათ უნდა შეეძლოთ, უპასუხონ კითხვებს:

  • რა არის მეტაბოლიზმი?
  • რა მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკულ და პლასტიკურ ცვლას?
  • რატომ არ შეიძლება, ენერგეტიკული და პლასტიკური ცვლა ერთმანეთის გარეშე წარიმართოს?
  • რა განსხვავებაა კვების ავტოტროფულ და ჰეტეროტროფულ ტიპებს შორის?
  • რა არის ქემოსინთეზი?
  • რა პირობებია საჭირო საფუარი სოკოს ცხოველქმედებისთვის?
  • რა განსხვავებაა ობლიგატურ და ფაკულტატურ ანაერობებს შორის?
  • რა პირობებია საჭირო საფუარი სოკოს გამრავლებისა და ცხოველქმედებისთვის?

 

რესურსები:

. https://bit.ly/3uJRbjj რა არის ქემოსინთეზი

. https://bit.ly/3vfKpRp საფუარი სოკო და სპირტული დუღილი (სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია);

. https://bit.ly/3MHaml7 აერობული და ანაერობული სუნთქვა

აქტივობა 2. მოსწავლეები გაეცნობიან ატფ-ს აგებულებას და უჯრედული სუნთქვის შეჯამებულ ტოლობას. აქტივობის ბოლოს მათ უნდა შეეძლოთ, უპასუხონ კითხვებს:

  • დაასახელე უჯრედული სუნთქვის გამარტივებული ტოლობის რეაგენტები და პროდუქტები;
  • რეაქციის შედეგად რა ფორმით გამოთავისუფლდება ენერგია?
  • ქიმიური თვალსაზრისით რას წარმოადგენს ატფ?
  • როგორია ატფ-ს ქიმიური შედგენილობა?
  • როგორ გესმის ტერმინი „ქიმიური პოტენციური ენერგია“?
  • შეადგინე ატფ-ს ჰიდროლიზის (წყლით დაშლის) რეაქციის ტოლობა. როგორ ფიქრობ, ეს რეაქცია ეგზოთერმულია თუ ენდოთერმული?

აქტივობა 3. მოსწავლეები გაეცნობიან უჯრედული სუნთქვის ეტაპებს და დაახასიათებენ გლიკოლიზის პროცესს. აქტივობის ბოლოს მათ უნდა შეეძლოთ, უპასუხონ კითხვებს:

  • რომელი ეტაპებისგან შედგება უჯრედული სუნთქვა და სად მიმდინარეობს თითოეული მათგანი?
  • დაასახელე გლიკოლიზის რეაგენტები და პროდუქტები.
  • როგორია გლიკოლიზის ენერგეტიკული ღირებულება?
  • რა შემთხვევაში სრულდება უჯრედული სუნთქვა გლიკოლიზით?

რესურსი: მოსწავლის წიგნი

საკითხავი მასალა:

. https://bit.ly/3IcjQRz უჯრედული სუნთქვა

. https://bit.ly/3CE2xb8 უჯრედული სუნთქვის ეტაპები;

. https://bit.ly/3M2EYMs გლიკოლიზი

აქტივობა 4. მოსწავლეები დაახასიათებენ კრებსის ციკლს; აქტივობის ბოლოს მათ უნდა შეეძლოთ, უპასუხონ კითხვებს:

  • აღწერე კრებსის ციკლი. როგორია კრებსის ციკლის ენერგეტიკული ღირებულება?
  • რატომ ადარებენ კრებსის ციკლს ხელსაფქვავს?

რესურსი: მოსწავლის წიგნი

. https://bit.ly/3w2RDuf კრებსის ციკლი

. https://bit.ly/37kx2HT ლიმონმჟავა ციკლი

აქტივობა 5. მოსწავლეები გაეცნობიან უჯრედული სუნთქვის მესამე ეტაპს; აქტივობის ბოლოს მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ უპასუხონ კითხვებს:

  • მიტოქონდრიის რომელ კომპონენტში მიმდინარეობს ელექტრონების ტრანსპორტი?
  • შეადგინე ამ დროს მიმდინარე ჟანგვა-აღდგენითი ტოლობები;
  • როგორია ელექტრონების ტრანსპორტის ეტაპის ენერგეტიკული ღირებულება?
  • როგორ შეესაბამება მიტოქონდრიის აგებულება მასში მიმდინარე ელექტრონების ტრანსპორტს?
  • რა მნიშვნელობა აქვს კონცენტრაციული და ელექტრონული გრადიენტების შექმნას?
  • როგორ იქმნება ენერგეტიკული და კონცენტრაციული გრადიენტები?

რესურსი: მოსწავლის წიგნი

. ელექტრონების ტრანსპორტი – https://bit.ly/3KHNhgm

. https://bit.ly/3JN17gc ჟანგბადიანი ეტაპის ასახსნელად  სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქცია

. https://bit.ly/3uNpqGW ელექტრონების ტრანსპორტი (ვიდეო)

. https://bit.ly/38UH17g ატფ-ს სინთეზი (ვიდეო)

. https://bit.ly/3OfmaLR ატფ-ს . გამოყენება (ვიდეო);

ნაბიჯი 3. ინფორმაციის მოძიება და საპრეზენტაციო მასალის შექმნა

აქტივობა: ინფორმაციის მოძიება და დამუშავება

  • რა მნიშვნელობა აქვს მიტოქონდრიაში ორი მემბრანის არსებობას;
  • როგორ აისახება მიტოქონდრიის გარეთა და შიგნითა მემბრანების სტრუქტურული სხვაობა მათ ფუნქციაზე;
  • რა ნიშნით და რატომ განსხვავდება მიტოქონდრიის შიგნითა მემბრანა სხვა ორგანოიდების მემბრანისგან;
  • რატომ უწოდებენ მიტოქონდრიას „ჰიდროელექტროსადგურის ცოცხალ კაშხალს“.

რესურსი: https://bit.ly/3ikYEi9 ორგანოიდები

დავალების პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეების შეფასება მოხდება სოლო ტაქსონომიის მიხედვით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

. Ck12.edu.ge გვერდზე განთავსებული მასალები (ბმულები მითითებულია ყველა აქტივობასთან)

. https://mastsavlebeli.ge/?p=32972 ინტერდისციპლინური სწავლების მნიშვნელობა – მ. სეხნიაშვილი (15.04.22)

. https://bit.ly/3xvq2T3 ხანის აკადემიის რესურსი

. ბიოლოგია, მე-10 კლასი. ნ. ზაალიშვილი, ნ. იოსებაშვილი (ტრიასი), 2012 წ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...