კვირა, ივნისი 15, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

მახსოვს, ბავშვობაში

0

***

მახსოვს, ბავშვობაში იმერეთში მაყვლის კრეფისას კრაზანამ მიკბინა და თითი გამისივდა. ბიძაჩემმა, უკანა გზაზე ილოს ვკითხოთ, რა გიშველოთ, ფუტკრები ჰყავს და ეცოდინებაო. მივადექით ილოს ცხრა ადამიანი, ტუჩებგაშავებულები, მაყვლით სავსე კალათებით. მე წინ დამაყენეს. გამოვიდა ილო, შესჩივლა ბიძაჩემმა, ნახე, რა დღეში აქვს ბაღანას თითიო. მიშტერებულები ვართ ცხრა კაცი, რას იტყვის სოფლის მთავარი მეფუტკრე. დამხედა ილომ და ულვაშებში ჩაეღიმა: ეჰ, არ ეკბინა, ბიძია, კარგი იყოო. გავუყევით გზას – წინ თითი, უკან მე და ჩემი ამალა.

 

***

მახსოვს, ერთხელ სოფელში ტყემლების ყვავილობისას წავედით. კვირის თავზე მამამ ჩამოგვაკითხა წამოსაყვანად. სანამ ჩავბარგდებოდით, დედისთვის შროშანები დავკრიფეთ ტყეში. მატარებელმა რამდენიმე საათით დააგვიანა ჩამოსვლა, მეც და ჩემი დაც გზაშივე გავხდით ავად, თან ყვავილებზე ვდარდობდით. ერთმა ქალმა გვირჩია, სველ გაზეთში გაახვიეთო. ღამენათევმა დედამ კარი რომ გაგვიღო, შევრჩით სიცხიანები, გაზეთში გახვეული მოწყენილი შროშანებით.  მეორე დილით ლარნაკში გაცოცხლებული ყვავილები დაგვხვდა.

***

მახსოვს, სოფელში ჩვენს ქუჩაზე მხედრიონელებმა ჩამოიარეს და ავტომატის ჯერი მიუშვეს უმისამართოდ. შეშინებულები ყანისკენ გავცვივდით. მუხლებაკანკალებულები ეზოში რომ დავბრუნდით, დაგვისვა დედაჩემმა, გვეფერა, გვეალერსა, მაგრამ ვერ დაგვამშვიდა. ბოლოს გვითხრა, მაშინ შეშინებულისას შეგილოცავთო. ჩვენც დავსხედით წრეზე და გავინაბეთ. დედაჩემმა ბუტბუტით დაიწყო: „რამ შეგაშინათ, სიზმარმა შეგაშინათ, ცხადმა შეგაშინათ, კეთილმა ანგელოზმა შეგაშინათ, ბოროტმა ანგელოზმა შეგაშინათ, კალაშნიკოვის ავტომატმა შეგაშინათ…”. ეგ იყო და მოვედით ხასიათზე. ბოლოს ბალახზე ვიწექით და ისე ვიცინოდით. ტექსტის თვითნებურად შეცვლამ გვიწამლა.

***

ბავშვობაში შოვში ვისვენებდით, სანატორიუმში მომღერალი ცოლ-ქმარი დადიოდა დამსვენებელთა გასართობად. გარმონზე უკრავდნენ, მღეროდნენ და ჩვენც გვამღერებდნენ, თან რაღაც დიდ ჩამწერს დაატარებდნენ. ერთხელაც სიმღერა რომ დავასრულეთ, მომღერალმა ქალმა მიკროფონით ჩამოიარა და ყველას ათქმევინა სახელი და გვარი, მე გამოვრჩი. სიმართლე ითქვას, მოშორებით ვიდექი და ჩემთვის ვღიღინებდი. როდესაც მივხვდი, რომ ჩემკენ გამოვლას არ აპირებდა, მოვწყდი ადგილს, ამ ქალს მივვარდი და მიკროფონში ჩავძახე: „და მე, რუსიკო რუხაძე!”. წასვლის წინ ჩანაწერი მოგვასმენინეს, რომელიც ჩემი ყველაზე ხმამაღლა ნათქვამით სრულდებოდა. ახლაც მიკვირს, როგორ მოვიკრიბე გამბედაობა.

***

ერთხელ ბებიაჩემს კარადები დაელაგებინა და ბიძაჩემის ძველი ჯინსები ცალკე გადაედო, იქნებ ამისგან რუბიკამ ვიპკები შეგიკეროთო. ასე გაჩნდა ჩემს გარდერობში ჯინსის პირველი ქვედაბოლო – ავლაბრულად, ვიპკა.

***

ბავშვობაში პეტრეპავლობა ჩამესმოდა, როგორც ჯუნჯულაი (ივნის-ივლისი) და ავლაბრელების დღესასწაული მეგონა, რადგანაც პეტრე-პავლეს ეკლესია იქ დგას და მოსალოცადაც ბებია რეკავდა ავლაბრიდან.

 

***

ერთხელ სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილი პრაქტიკანტმა ჩაგვიტარა. იმ გოგოს მწვანე ჯემპრი ეცვა ღამურა-სახელოებით და დიდი, იასამნისფერი საყურეები ეკეთა. მთელი 45 წუთი ამ ორი ფერის შეხამებას ვაკვირდებოდი და სიგიჟემდე მომწონდა. ასეთი აკვიატებები დღემდე გამომყვა. შეიძლება გეგონოთ, რომ ყურადღებით გისმენთ, მაგრამ ფიქრი ფერების დაწყვილებისკენ გამექცეს.

 

****

***

მახსოვს, ერთხელ ჩემმა კლასელმა მითხრა, ეს სუნიანი საშლელი ბებიაჩემმა სირიიდან ჩამომიტანაო. ფორთოხლის არომატზე ეს ამბავი და სირია ხშირად გამხსენებია. ნეტა, იქაური ბავშვებისთვის რისი სუნი აქვს უცხო სამყაროს.

***

ერთხელ საპირფარეშოში დავიმალე სათამაშოდ, ვითომ მეტრო იყო, მეტროსადგური „რუსთაველი“ და კაფელის ფილებს შორის ხურდის ნაცვლად თმის სამაგრის ყვავილი ჩავაგდე. თამაშის დასრულების შემდეგ მგზავრობის საფასური უკან ვეღარ დავიბრუნე, თუმცა მდუმარე ბავშვს დედასთან არც ამაზე დამიჩივლია. მას შემდეგ ის „მონეტა“ სულ მახსოვდა, ტყვეობიდან კი 35 წლის შემდეგ დავიხსენი. ყვავილი, რომელიც ჩემს მოგონებებში მწვანედ ანათებდა, ვერცხლისფერი აღმოჩნდა.

***

ბავშვობაში ერთი უფროსი მეგობარი მყავდა. ის რომ სკოლიდან ბრუნდებოდა, მე ფანჯრის რაფაზე ვიჯექი ხოლმე, რიკულებში ფეხებგაყოფილი. ასეთი თამაში გვქონდა: ჩუსტს გამხდიდა, უნდა წაგართვაო და მიდიოდა. ზედა ქუჩაზე ასასვლელ კიბეს მიუახლოვდებოდა თუ არა, უცებ მობრუნდებოდა და ორივე გულიანად ვიცინოდით. იმ დღეს სკოლასთან მესმის მისი სახელი და გვარი, ბებიამ მოაკითხა პირველკლასელს. გავიცანი და მოვუყევი ბაბუს ამბები, რომელიც მის დაბადებას ვერ მოესწრო. ესეც კარგი მაკვარანცხი ჩანს.

***

მახსოვს, ბავშვობაში ხელნაკეთი თოჯინების – სურდოს კუკლების გაკეთება გვასწავლა დედაჩემმა. როგორც კი ავად გავხდებოდით, ფანქრებს გადავაჯვარედინებდით, პატარა ნაჭრებით შევმოსავდით და სათადარიგო ღილებით თავებს გამოვაბამდით. ერთხანს ვითამაშებდით და გარეთ გავსვამდით, ჩვენი სურდო რომ წაეღოთ. ფანქრები კი იყო კოჰინორისა, მამაჩემის უჯრიდან.

 

***

ბავშვობაში სისხლის ანალიზის აღების დროს გრძნობას ვკარგავდი და ნიშადურის სუნთან ერთად დედაჩემის ხმა მაფხიზლებდა – შენ შვილი როგორ უნდა გააჩინო?!

 

***

გუსეფცინი და ბისეფცინი – ეს ორი სიტყვა ხელით ალბათ ყველაზე მეტჯერ დამიწერია. ორი თავი წამალი, რომელიც მე და ჩემმა დამ ბავშვობაში გამოვიგონეთ, რეცეპტის გარეშე არ იყიდებოდა. ასე დავზარდეთ თოჯინები.

 

***

ერთხელ ბავშვობაში ნათესავი გვესტუმრა თეთრი ლაბადით, მე და ჩემს დას ექთანი გვეგონა და სახლში არ შემოვუშვით.

***

მახსოვს, საახალწლოდ მე და ჩემი და უნივერმაღში წავედით ნაძვის ხის სათამაშოების საყიდლად. რამდენიმე შევარჩიეთ და სალაროს მივუახლოვდით. ჩვენმა რიგმა რომ მოაწია, მოლარემ დაგვიანგარიშა და გვითხრა, რომ მაგიდაზე დაყრილი ხურდა საკმარისი არ იყო და ერთი სათამაშო უნდა გამოგვეკლო. არცერთი არ გვეთმობოდა. ისედაც ბევრი ვარჩიეთ და ვიანგარიშეთ, მაგრამ რაღაც ავურიეთ, როგორც ჩანს. ხან ერთს გავიმეტებდით და გავწევდით განზე და ხან მეორეს. ბოლოს რიგშიც ჩოჩქოლი ატყდა, დაუჩქარეთო. დაბნეულებმა რომელი სათამაშო გავწირეთ აღარ მახსოვს, მაგრამ სახლში წამოყვანილებიდან ერთი რომ სტაფილოსფერი მამალი იყო, ნამდვილად ვიცი. ახლაც ცოცხალია, მოგონებაც და სათამაშოც.

 

***

ბავშვობაში სოფელში ფირსაკრავი გვქონდა, ერთი ფირფიტა განსაკუთრებით გვიყვარდა, чарівні гітари ეწერა. ჩავრთავდით და უკრაინულად ვმღეროდით სიმღერას სიყვარულზე:

 

Ти для мене, я для тебе,

Наче сонце в синім небі.

 

 

ყველაზე კარგი ჩინური ჩაი (ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილებისთვის)

0

პირველი ნაწილი

ლეგენდის თანახმად, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2737 წელს ჩინეთის იმპერატორი შენ ნუნგი (ე.წ. მეორე მმართველი, ჩინეთის ლეგენდარული იმპერატორებიდან მეორე) ხის ჩრდილში ისვენებდა. ამასობაში მისი მსახური წყალს ადუღებდა. ამ დროს წყალში ხის რამდენიმე ფოთოლი ჩავარდა. შენ ნუნგმა, რომელიც ცნობილი იყო მცენარეებისადმი სიყვარულით (შენ ნუნგს შემდგომ ჩინური მცენარეული მედიცინის მამას დაარქმევენ), გადაწყვიტა გაესინჯა ნახარში, რომელიც მისმა მსახურმა შემთხვევით მოამზადა. ხე, რომლის ქვეშაც იმპერატორმა ფოთლების ნახარში დააგემოვნა, ჩინური კამელია (ლათ. Caméllia sinénsis), გახლდათ – ის მცენარე, რომელსაც დღეს ჩვენ ჩაის ვეძახით. სწორედ ლეგენდარული შენ ნუნგის დამსახურებაა უძველესი სამედიცინო წიგნის, „შენ ნუნგ ბენჩაუ-ჯინგის“ შექმნა, ჩაის ფოთლის, ლეგენდარული ჟენ-შენის ფესვისა და ოთხასამდე სხვა მცენარის სამკურნალო თვისებების პირველი აღწერა.

 

ჩაის მოყვარულებმა სარეკლამო განცხადებებისა და კლიპების გარეშეც კარგად იციან ნამდვილი ჩინური მწვანე ჩაის გემო და ფასი. მაგრამ, გულახდილად რომ გითხრათ, ყოველთვის მაწუხებდა ერთი კითხვა: „და მაინც, რომელია საუკეთესო ჩინური ჩაი?“ პასუხი ვერავინ გამცა. ინტერნეტში იმდენი ვერსია ამოხტა, რომ ვერაფერი გავიგე. თან როგორია ასობით ჩინური დასახელებიდან ერთ-ერთის ან წაკითხვა, ან არჩევა?

მოკლედ, ძველებურ, „გუგლამდე“ არსებულ გზას მივმართე: ჩემს ჩინელ ნაცნობებს გავუგზავნე კითხვა. პასუხებმაც არ დააყოვნა (ჩინელი ჩინურ ჩაიზე როგორ დაგამადლის ერთ-ორ სიტყვას?), მაგრამ ეს პასუხები ზუსტად ისეთი იყო, როგორსაც მოველოდი: ზრდილობიანი და ზოგადი. დაახლოებით ასეთი: „ასე ზუსტად ვერავინ იტყვის, ჩვენთან ათასობით სახეობა არსებობს“, „პროვინციების მიხედვით თუ ჩამოგითვლით…“, „როგორი ფერმენტაციის ჩაის გულისხმობ?“ მაგრამ დიდია ღმერთი, არ გამწირა ბოლომდე. დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ თითქმის ყველა წერილში ფიგურირებდა ერთი დასახელება: ლუნგ-ჯინ ჩა (Longjing Cha). ეს ლუნგ-ჯინი რა ჩაია-მეთქი? – ვიკითხე. კარგად მიკითხავს. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: ასეთია, ისეთია, დრაკონის ჭის ჩაია, იმპერატორების საყვარელი ჩაია, სამკურნალო თვისებებით და ნიგვზის მსგავსი უნიკალური გემოთიო. მოკლედ, საწადელს მივაღწიე, როგორც იქნა, ვათქმევინე ჩინელებს მათი საყვარელი, დაფასებული და აღიარებული ჩაის სახეობის სახელი. თქვენც დაიმახსოვრეთ: ლუნგ-ჯინ ჩა – დრაკონის (ჩინ. ლუნ) ჭის (ჯინ) ჩაი (ჩა), აღმოსავლეთ ჩინეთის, ქალაქ ჰანგჟოუს (ჟეი-ჯანის პროვინცია, შანხაის სამხრეთ-დასავლეთით) ახლომდებარე დასავლეთის ტბის მიდამოებიდან, ჩინური მწვანე ჩაის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული სახეობა, ნაზი, რბილი და ოდნავ მომწარო გემოთი, ჟეი-ჯიანის ტყეთა ფოთლებზე დაპკურებული დილის ნამისა და ნედლი კაკლის არომატით.

ალბათ ისიც საინტერესოა, რომ ჟეი-ჯანის პროვინცია, რომელიც შანხაის მუნიციპალიტეტის სამხრეთით მდებარეობს, ყველაზე ახლოს არის იაპონიის უკიდურეს სამხრეთთან, რიუ-კიუს კუნძულებთან – კარატეს სამშობლოსთან. რიუ-კიუ, კარატესა და ნუნ-ჩაკოს გარდა, ცნობილია უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაითაც, თუმცა ოკინავურ ჩაიზე სხვა დროს ვისაუბროთ.

ამრიგად, ჩინელი ნაცნობების გულწრფელი დახმარებით მივაკვლიე ერთ-ერთ საუკეთესო ჩინურ ჩაის – ლონგჯინ ჩას, რითაც ამოვხსენი ჩინეთის მთავარი გამოცანა: ყველა ჩინური პროდუქტი, რომელიც მოგვწონს ან არ მოგვწონს (მოწონება-პარმოწონება სხვა საკითხია და მას აქ არ შევეხები), საიდანღაც მოდის, სადღაც არის დამზადებული, მაგრამ არასოდეს ან თითქმის არასოდეს, არ ვიცით, საიდან.

ჩვენთვის, „მომხმარებლებისთვის“ (ახლა ხშირად ხმარობენ ინგლისურ ტერმინს „კონსუმერები“, რაც დაახლოებით იმავეს ნიშნავს), როგორც წესი, უცნობია, ჩინეთის რომელი პროვინციიდან, კულტურიდან, კლიმატიდან თუ ბუნებრივი ზონიდან მოდის ჩვენამდე ეს პროდუქტი. ამჯერად „ჩინური ჩაის“ (რაც თითქმის არაფერს ნიშნავს) წარმომავლობა დავადგინე.

ჩემთვის უცნობი ეს სახელი, ლუნჯინ ჩა, ჩინეთის აღმოსავლეთი პროვინციიდან, ჟეი-ჯიანიდან ყოფილა (მკითხველისთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს პროვინცია ახლოსაა შანხაისთან, რაც ამ შემთხვევაში ფასეული ინდიკატორია).

მაგრამ კვლავ გამოცანად რჩება დანარჩენი პოპულარული ჩინური პროდუქციის წარმომავლობა. ვიმეორებ: რეალური წარმომავლობა უზარმაზარი ჩინეთიდან. მაგალითად, თქვენთვის ალბათ გასაგებია ასეთი სიტყვათშეთანხმებები: „ჩეხური ლუდი“, „ქართული შოთის პური“, „რუსული ხიზილალა“, „ამერიკული ჯინსები“. „მაისენის ფაიფური“, „პარმული ყველი (პარმეჯანი/პარმეზანი)“, „თუშური ყველი“… მაგრამ რა ვუყოთ „იუნანურ ქათმის წვნიანს“, „ლანჟოუურ მაკარონს ძროხის ხორცით“, „ღორის ხორცს ხარბინულად“? როგორ მოვახდინოთ მათი იდენტიფიკაცია? სამწუხაროდ, ჩინურის თითქმის სრული არცოდნისა და ჩინეთის გეოგრაფიის საკმაოდ სუსტი ცოდნის გამო, ჩვენ (სინოლოგებისა და სხვა იშვიათი გამონაკლისების გარდა) გვიჭირს წარმოვიდგინოთ ამ გიგანტურ ქვეყანაში არსებული კულტურული თუ სხვა სახის განსხვავებები, არაფერი ვიცით იქ მცხოვრებ ასამდე ეთნიკური ჯგუფზე (არაჩინური წარმოშობის ხალხებზე), რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩინეთის სამყაროს მრავალფეროვნებაზე.

არა, ნუ იფიქრებთ,  რომ საქმე ასე ცუდად არის. ჩვენ შესაძლოა ყოველდღიურად არ გვახსოვდეს, მაგრამ ნამდვილად ვიცით, ან გაგვიგონია „სიჩუანის ცხელი ქვაბი“, „იხვი პეკინურად“, „ქათმის გუნ-ბაო“. მაგრამ ეს ხომ ჩინური სამზარეულოს მხოლოდ 0.00001 პროცენტია?

ვინაიდან ზემოთ დასმული კითხვები უპასუხოდ მრჩებოდა, ხოლო ეგზისტენციალური საკითხები – გადაუწყვეტელი, გადავწყვიტე „იდენტიფიცირებული“ და მართლაც ცნობილი ჩაი – „დრაკონის ჭის ჩაი“ გამესინჯა. ანუ აქ, საქართველოში მეპოვნა.

ჩინეთში ორჯერ სტუმრობისას ამ საკითხებს ასე არ ვუყურებდი (უფრო ახალგაზრდა ვიყავი და, შესაბამისად, ზედაპირულიც) და საშუალოსტატისტიკური უცხოელი ტურისტივით გავიძახოდი: „მომიტანეთ ჩინური ჩაი!“ ან „გავსინჯავდი ნამდვილ “ჩინური კერძს“, ან „მინდა, სახლში ჩინური სუნელები ჩავიტანო“… ახლა ვხვდები, რაოდენ ზერელე იყო ჩემი დამოკიდებულება ამ უზარმაზარი კულტურისადმი და როგორი ბუნდოვანი (ან დაბინდული) – ჩემი წარმოდგენა ამ მილიარდ-ნახევრიანი მოსახლეობის მქონე ქვეყანაზე… და ალბათ რა უცნაურად ჩაესმოდათ უცხოელის წარმოთქმული ვითომდა ჩინური დასახელებები დარბაისელ და მუდამ მოღიმარ ჩინელებს!

შესაძლოა, მხოლოდ მოგზაურობისას ვხვდებით, რამდენი რამ არ ვიცით, თუმცა სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ეს ყველაფერი – ახალი ცოდნა, ახალი შეგრძნებები, ახალი დასკვნები, მიდგომები, გადაფასებული თუ გადასაფასებელი ღირებულებები, რომლებიც უცხო მხარის ნახვამ, უცნობმა ადამიანებმა და მათთან ურთიერთობამ გაგვიჩინა – მეორე- ან მესამეხარისხოვანი ხდება და რუტინა, ჩვენი „შეუცვლელი“ ყოველდღიურობა, ძველი თუ ახალი პრობლემები, კვლავ გვაბრუნებენ იმ წარმოსახვით წონასწორობაში, რომელსაც ჩვენი შექმნილი და ჩვენითვე მართული ცხოვრება ჰქვია.

ლეგენდას ლონგ-ჯინის ჩაისა და ჩინეთის იმპერატორზე მაინც ვერ მოგიყევით… გპირდებით, ჩანაწერს გავაგრძელებ და პირდაპირ ამ ლეგენდით დავიწყებ.

 

(პირველი ნაწილის დასასრული)

მიმბაძველობა ბავშვებში

0

არავისთვის იქნება უცხო, რომ პატარები დიდი მონდომებით ბაძავენ უფროსებს, განსაკუთრებით – მშობლებს. ღიმილის მომგვრელია ქუჩაში მამის გვერდით მიმავალი პატარა ბიჭუნას ყურება – ის ცდილობს, მამასავით იაროს, ილაპარაკოს, იმეორებს მის მანერებს, მიმიკასა და ჟესტიკულაცია. ვინ არ გამხდარა იმის მოწმე, როგორი მონდომებით ცდილობს პატარა გოგონა, თავისი პატარა თითებით გააბრტყელოს ცომი და ისევე „გამოაცხოს“ ხაჭაპური, როგორც ამას დედა აკეთებს.

მიმბაძველობა დიდი სარგებლობის მომტანია ბავშვისთვის, მისი განვითარებისთვის:

* მიბაძვა, იმიტაცია მძლავრი ინსტრუმენტია, რომლის მეშვეობითაც ხდება ბავშვის სოციალური ადაპტაცია, მისი ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარება, სხვადასხვა უნარის დაუფლება და პიროვნების ფორმირება;

* მიბაძვა ბავშვისთვის მშობლების ცხოვრებისეული გამოცდილების ათვისების კარგი საშუალება და თვალსაჩინო შედეგიცაა;

* მიბაძვა როგორც სოციალური გამოცდილების ათვისების ერთ-ერთი გზა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების ადრეულ ეტაპებზე. ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვი მიბაძვით ითვისებს, სწავლობს საგნობრივ მოქმედებებს, ქცევის ნორმებს, გამოიმუშავებს თვითმომსახურების უნარ-ჩვევებს, ეუფლება მეტყველებას. მიბაძვა ფსიქიკური განვითარების ხელშემწყობია. მიბაძვის უნარი საფუძვლად უდევს ბავშვის ინტელექტუალურ და მოტორულ განვითარებას, რადგან მიბაძვა ახალის ათვისების ეფექტური ხერხია;

* იმიტაციას ბავშვი იყენებს როგორც კომუნიკაციის საშუალებას. მშობლის სახეზე დაკვირვებით და მისი მიმიკის, გამომეტყველების მიბაძვით ის სწავლობს ურთიერთობას. ჩვენი მოქმედების, ქცევის კოპირებით და მოგვიანებით ჩვენ მიერ გამოცემული ბგერების განმეორების მცდელობით ჩვილები ერთვებიან კომუნიკაციაში და ეუფლებიან მეტყველებას. მათი პირველი ბგერები უკვე უფროსების სიტყვების მიბაძვის მცდელობაა;

* როგორც კი პატარა მოახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას, აღწევს დამოუკიდებლობას მოძრაობაში, ის ცდილობს დაეუფლოს ყველაფერს, რასაც უფროსები ვიყენებთ. ბავშვის ცნობისმოყვარეობა უსაზღვროა და ამის წყალობით ის იზრდება. რა თქმა უნდა, პატარა ჩვენს ჟესტებს და მოძრაობებს თავდაპირველად მოუქნელად, მაგრამ აშკარა სიამოვნებით და უდიდესი ენთუზიაზმით იმეორებს; განსაკუთრებით მაშინ, თუ მისი „მიღწევები“ ჩვენში ღიმილს იწვევს, ის კვლავ და კვლავ შეეცდება მოგვბაძოს. ახლობელი ადამიანის ასეთი მოქმედება, როგორც წესი, განამტკიცებს ბავშვის ქცევას. უფროსების მიბაძვა ეხმარება ბავშვს გაიზარდოს, გახდეს დიდი. მიბაძვა მისთვის გარემომცველი სამყაროს შემეცნების კარგი საშუალებაა;

* უაღრესად დიდია მიბაძვის, იმიტაციის როლი ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში, განსაკუთრებით – ადრეულ პერიოდში. ბავშვის ფიზიკური განვითარება უმნიშვნელოვანესია, პირველხარისხოვანი, და, თავის მხრივ, გონებრივი განვითარების ხელშემწყობი ხდება. როცა ბავშვს ვასწავლით ფეხზე დგომას, ბურთის აღებას და გადაგდებას, სიარულს უფროსების მაგალითზე, ყველაფერი ეს უშუალო გავლენას ახდენს მისი გონებრივი უნარების შემდგომ განვითარებაზე;

* ზრდასრულთა ქცევის კოპირება ბავშვისთვის საკუთარი სქსობრივი იდენტობის გაცნობის, გაგების საშუალებაცაა. სქესობრივი მიკუთვნებულობის განცდა ბავშვს სამი წლიდან უჩნდება და შესაძლებლობას აძლევს, დაინახოს საკუთარი თავი მომავალში. ამ პერიოდიდან ბავშვი იწყებს არა უბრალოდ მოქმედებების, არამედ გარკვეული ადამიანების მიბაძვას. მას უკვე შეუძლია საკუთარი თავის სხვასთან გაიგივება სქესობრივი ნიშნით. მაგალითად, ბიჭუნები, ამჩნევენ რა თავიანთ მსგავსებას მამასა და სხვა მამაკაცებთან, იწყებენ საკუთარი თავის მიკუთვნებას იმავე კატეგორიისთვის. იმის გაცნობიერება, რომ ის მიეკუთვნება ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას, ბავშვს უჩენს მისწრაფებას, მიბაძოს ამა თუ იმ სქესის ადამიანს და დაიმკვიდროს თავი ადამიანთა კონკრეტული კატეგორიისადმი თავისი მიკუთვნებულობით. ამას ბავშვები აღწევენ გარშემო მყოფების მიბაძვის გზით: პატარა გოგონები უფროსების მიბაძვით ხშირად „იკეთებენ“ მაკიაჟს, „იცვამენ“ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს, „იკეთებენ“ დედის სამკაულებს; ბიჭები მამის ჰალსტუხს „ირგებენ“, „იღებენ“ მის ნოუთბუქს და „მიდიან“ სამსახურში. თუმცა დღევანდელ სამყაროში ყველაფერი ასეთი ერთმნიშვნელოვანი აღარ არის, იცვლება სტერეოტიპები – ბავშვები ხედავენ, როგორ ამზადებენ მათი მამები ვახშამს და უცვლიან პატარას პამპერსს, დედები კი მთელი საღამო კომპიუტერთან მუშაობენ.

მიბაძვას ბავშვი ჯერ კიდევ ჩვილი ასაკიდან იწყებს და საკმაოდ გრძელ გზას გადის. ამასთან, სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე მიბაძვას სხვადასხვა ფსიქოლოგიური მექანიზმები უდევს საფუძვლად. ჩვილობის პერიოდში უფროსის მოქმედებების და ბგერების, დედის სახის გამომეტყველების, მისი ღიმილის მიბაძვა პირველი „შინაარსიანი“ კონტაქტის დამყარების მცდელობაა. ზრდასრული ადამიანის ჟესტებისა და მოქმედებების განმეორება ჩვილების ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა – გავიხსენოთ, რა მხიარულად ღუღუნებს პატარა დედასთან „ურთიერთობისას“, თვალს ადევნებს თითოეულ მის მოძრაობას, იმეორებს ბგერებს და როგორც კი იგრძნობს, რომ ეს გამოსდის, ტაშს უკრავს ისე, როგორც ამას აკეთებენ უფროსები მის გასამხიარულებლად. სამეტყველო ბგერების წარმოთქმაში მიბაძვა პირველი ნაბიჯია მეტყველებით აქტივობაში. ბავშვი იზრდება, მისი ღუღუნი თანდათან გადაიზრდება მხიარულ ტიტინში, რომელშიც სულ უფრო ხშირად ვხვდებით უფროსების მხრიდან წარმოთქმული მარტივი სიტყვების ნაწყვეტებს. შემდგომში ცხოველების ხმების მიბაძვა, ლექსიკური მარაგის გამდიდრება ზღაპრებსა და ლექსებში გამოყენებული სიტყვათშეთანხმებებით, საბავშვო ბაღში – აღმზრდელების, ეზოში უფროსი მეგობრების მიერ გამოყენებული ფრაზებით საშუალებას აძლევს პატარას, უფრო წინ წავიდეს მეტყველების დაუფლების პროცესში.

ორი წლიდან იზრდება იმიტაციების მოცულობა. ბავშვი უკვე ახერხებს მოქმედებათა თანმიმდევრობის გამეორებას, ფიქრობს, რომ შეუძლია ყველაფრის ისე გაკეთება, როგორც ჩვენ, უფროსები ვაკეთებთ და უკეთესადაც კი. ცდილობს, გაიმეოროს ყოველი ჩვენი მოქმედება, თუნდაც მოუხერხებლად, შეასრულოს მარტივი დავალებები და ამით ამაყობს კიდეც.

სამი წლის ასაკში მიმბაძველობა კიდევ უფრო გამოხატული ხდება, მეტად მოგვაგონებს გარშემო მყოფი მოზრდილების ქცევას. ამ პერიოდში ბავშვი ხვდება, რომ ნამდვილი, რეალური ძალა უფროსების ხელშია. ის აცნობიერებს საკუთარ სისუსტეებს. აქედან გამოსავალი, ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ჰქონდეს თუნდაც მცირეოდენი ძალა, ბავშვისთვის არის როლური თამაში. როდესაც პატარები თამაშობენ მასწავლებლობანას, ისინი ლაპარაკობენ თავიანთი მასწავლებლის ფრაზებით, მაგრამ უფრო მკაცრად იქცევიან, ვიდრე მათი პედაგოგი. ასე ისინი ცდილობენ, მიიღონ აბსოლუტური ძალაუფლება, რომელიც, მათი აზრით, აქვთ უფროსებს. ანალოგიურად იქცევა პატარა, რომელსაც აიძულებენ, ჭამოს ის, რაც არ მოსწონს. თამაშის დროს ის ამას იმეორებს თოჯინასთან – „უბრძანებს“, რომ ჭამოს. ეს ძალიან კარგი ხერხია საკუთარი მშობლების „აღსაზრდელად“, რადგან უჩვენებს მათ, როგორ არ უნდა მოიქცნენ.

სკოლამდელებში იმიტაცია მოიცავს ცხოვრების სხვადასხვა მხარეს, ასპექტს და უფრო ღრმა ხდება. ბავშვი უკვე უფრო მეტად ბაძავს უფროსების ურთიერთობას, მათ ქცევებს.

რატომ ბაძავენ ბავშვები უფროსებს, თანატოლებს და სხვა ადამიანებს?

* უპირველეს ყოვლისა, ბავშვს სურს თავადაც ისწავლოს ყველაფერი ის, რასაც მის გარშემო მყოფი უფროსი ადამიანები აკეთებენ.

* უფროსების მიბაძვით პატარები ეუფლებიან, იძენენ ახალ უნარებს, გამოიმუშავებენ ჩვევებს.

* ბავშვი გრძნობს, რომ უფროსების მიბაძვით მას შეუძლია დაძლიოს საკუთარი სისუსტეები. პატარებს სურთ, გახდნენ ისეთივე ძლიერები, როგორებიც მათი მშობლები არიან; ისეთივე ფართო ნაბიჯებით იარონ, ისევე სწრაფად ირბინონ, როგორც მამა დარბის, ისევე მოხერხებულად ჩააცვან თავიანთ თოჯინას, ასეირნონ ეტლით, როგორც ამას აკეთებს დედა, როდესაც მის პატარა დაიკოს აცმევს და ეტლით ასეირნებს. ამრიგად, რამის სწავლის სურვილთან ერთად, ბავშვი ცდილობს გადალახოს შიში, სისუსტე, უსუსურობა და მოიქცეს ისე, როგორც გარშემო მყოფი უფროსები იქცევიან.

* მიბაძვა სიყვარულის გამოხატვაა – ბავშვები ყოველთვის ბაძავენ იმათ, ვინც უყვართ, ვისითაც აღფრთოვანებულები არიან და ვისაც უნდათ, რომ ჰგავდნენ. როდესაც პატარა ბაძავს დედას ან მამას, ის საკუთარ თავს ახლობელ, საყვარელ ადამიანებთან აიგივებს.

* ხშირად მიბაძვა გამოწვეულია მისწრაფებით, მიიღოს სოციალური მოწონება, სურვილით, ჰგავდეს საყვარელ ადამიანს ან მიაღწიოს გარკვეულ მიზნებს.

გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები მშობლებს უფრო ხშირად ბაძავენ, ვიდრე სხვა ზრდასრულებს, იმიტომ, რომ მშობლები მათთვის წარმოადგენენ ემოციების – როგორც დადებითის, ისე უარყოფითის – მუდმივ წყაროს. ის, ვინც ემოციებს იწვევს ბავშვში, იპყრობს მის ყურადღებას და შედეგად პატარა უკეთესად ითვისებს სწორედ ამ ადამიანების ქცევას, ამასთან, ითვისებს როგორც დადებითს, ისე უარყოფითს. და ვინაიდან იდეალური ადამიანი არ არსებობს, ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ აბსოლუტური ეტალონი ბავშვისთვის. გონივრული არ იქნება, ზედმეტი მოთხოვნები წავუყენოთ საკუთარ თავს და ბავშვს. როდესაც ის გაიზრდება, თავად მიხვდება, რომ უფროსებსაც აქვთ ნაკლოვანებები და ამის გაცნობიერება დაეხმარება, მიიღოს და აღიაროს საკუთარი სისუსტეები.

დაბოლოს, თვალყური ვადევნოთ ჩვენს ქმედებებს, სიტყვებს. გვახსოვდეს, რომ ბავშვები ყურადღებით გვაკვირდებიან და თუ მათ ქცევაში რამე არ მოგვწონს, იქნებ ეს ჩვენი მიბაძვის შედეგია, იქნებ უწინარესად ჩვენ გვჭირდება საკუთარ თავზე მეტი მუშაობა?

ელექტროფორეზი ვირტუალურ ლაბორატორიაში

0

საშუალო საფეხურზე მეთერთმეტეკლასელებს თითქმის უკვე არჩეული აქვთ პრიორიტეტული საგნები. სამწუხაროდ, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა მათი უმრავლესობისთვის მეორეხარისხოვანია.

საბუნებისმეტყველო დისციპლინების მასწავლებლებს განსაკუთრებული ძალისხმევა გვჭირდება, რომ მოსწავლეები დავაინტერესოთ და სასწავლო პროცესში ,,შემოვიტყუოთ“. ამისთვის ექსპერიმენტი საუკეთესო საშუალებაა, თუმცა არსებობს ისეთი საკითხებიც, რომელთა შესაბამისი რეალური ექსპერიმენტების ჩატარება რესურსების სირთულისა და ხანგრძლივობის გამო სკოლის პირობებში შეუძლებელია. ასეთია ელექტროფორეზი. გამოცდილების გაზიარების მიზნით გთავაზობთ რამდენიმე სიმულაციაში მუშაობის ინსტრუქციას:

გელ-ელექტროფორეზი გამოიყენება ბიომოლეკულების, მაგალითად, დნმ-ს ან რნმ-ს დაყოფისთვის. პროცესი მიმდინარეობს აგაროზას გელზე. გელი სხვადასხვა ზომის ფორებს შეიცავს, გელი ატარებს მუხტს. ელექტრული დენი იწვევს გელში მოლეკულების გადაადგილებას საპირისპირო ნიშნის მქონე ელექტროდის მიმართულებით. რადგან დნმ-ს ფრაგმენტს აქვს მცირე უარყოფითი მუხტი, ის ყოველთვის დადებითი ელექტრონისკენ გადაადგილდება. მცირე ზომის მოლეკულები ფორებში უფრო სწრაფად მოძრაობენ, ვიდრე დიდი ზომისა. გელ-ელექტროფორეზის დროს გამოიყენება საღებავი ნივთიერების ვიზუალიზაციისთვის.

საწყის ეტაპზე განვიხილოთ მარტივი ექსპერიმენტი.

https://javalab.org/en/dna-electrophoresis/

სიმულაციაში მოსწავლე დააკვირდება ელექტროფორეზის ძირითად ეტაპებს და მის მიმდინარეობას. პირველ სლაიდზე ჩანს ელექტროფორეზის აპარატი.

მას შემდეგ რაც ჩაირთვება აპარატი, მასალა დაიწყებს გადაადგილებას:

თითოეულ ხაზთან კურსორის მიტანისას გამოჩნდება აღმოჩენილი დნმ, რომელსაც მითითებული აქვს მასა. ულტრაიისფერი სხივების გამოყენებისას სურათი ასეთია:

უფრო რთული და დეტალიზებულია მეორე სიმულაცია. ჩემთვის აღმოჩენა იყო labxchange.org გვერდზე განთავსებული რესურსები. აქ გაერთიანებულია ტრანსკრიფციის, ტრანსლაციის, დნმ-ს რეპლიკაციისა და უამრავი სხვა პროცესი. საიტზე განთავსებულია როგორც სიმულაციები, ასევე ინტერაქტივები და ვიდეოებიც.

https://www.labxchange.org/library/items/lb:LabXchange:9548bee3:lx_simulation:1

სიმულაცია 1:

ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს მოსწავლე თავად ამზადებს გელს, პიპეტით იღებს ნივთიერებებს და ასრულებს ყველა ეტაპს.

დეტალური მიმდინარეობა წარმოდგენილია ვიდეოინსტრუქციაში.

აქვე გთავაზობთ ექსპერიმენტის ბოლოს მოცემული ქვიზის კითხვებისა და პასუხების ქართულ შესატყვისს:

  1. დააკვირდი შენ მიერ მიღებულ შედეგს და ამოირჩიე ერთი სწორი პასუხი:

ა) S1 დამოკიდებულია გადაადგილებაზე;

ბ) S2 დამოკიდებულია ნაწილაკების ზომაზე;

გ) S3 დამოკიდებულია რაოდენობაზე;

  1. როგორი მუხტები აქვთ ნაწილაკებს?

ა) ყველა ნაწილაკი დადებითია, რადგან მოძრაობს დადებითი ელექტროდისკენ;

ბ) ყველა უარყოფითია, რადგან მოძრაობს დადებითი ელექტროდისკენ;

გ) ყველა ნეიტრალურია, რადგან მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით.

  1. შენ მიერ დაყოფილი ნიმუშებიდან მიიღება სამი ფერის ზოლები: ნარინჯი (ყვითელი), ბრომფენოლის ლურჯი (იისფერი) და ქსილენის ციანოლი (ლურჯი). ეს ზოლები დნმ-ს ფრაგმენტები რომ იყოს, რომელი ფერი იქნებოდა ყველაზე მცირე ზომის ნაწილაკის შესაბამისი?

ა) ყვითელი, რადგან ის ყველაზე სწრაფად მოძრაობს;

ბ) ლურჯი, რადგან ის ყველაზე დიდ მანძილზე გადაადგილდა;

გ) იისფერი – მისი ზომის გამო;

  1. ორი მოლეკულის შედარებისას მათი ერთნაირი ფერის შემთხვევაში რა დასკვნის გაკეთებას შეძლებდი?

ა) მათ აქვთ ერთნაირი ფერი;

ბ) მათ აქვთ ერთნაირი ზომა;

გ) მათ აქვთ ერთნაირი ზომა და მუხტი;

  1. როგორ გადაადგილდება გელში დადებითად დამუხტული ნაწილაკი?

ა) დადებითი მუხტის გამო მოლეკულა მოძრაობს უარყოფითი ელექტროდისკენ;

ბ) დადებითი ნაწილაკები თავსდებიან დადებით და უარყოფით ველებს შორის;

გ) დადებითი მოლეკულები მოძრაობენ დადებითი ელექტროდისკენ.

„როცა დედოფალი ვიყავი“ -ესმა ონიანის პოეზია

0

„ადამიანო, შენ წინა ვარ, თუ რამეს ეძებ…“

 ღმერთთან ინიციაცია – ნიჭიერება – ხანდახან გასაოცარი მრავალმხრივობით მჟღავნდება ადამიანში, როგორც დასტური სრულყოფილის არსებობისა. ესმა ონიანის უნივერსალიზმი ისაა, რომ მისი მხატვრობა ლინგვისტურია – მოგვითხრობს, პოეზია კი ფერწერული – გვიხატავს. ხოლო, საზოგადოდ, მისი თვითგამოხატვის მანერა სინკრეტულია: თითქოს პირველქმნილი, უხინჯო, ინტუიციური წვდომაა სამყაროსი – მუსიკით, ფერითა და სიტყვით, რომელიც არცთუ ისე კონკრეტულია, რადგან მრავალ განცდას აერთიანებს, როგორც ი გ ი, „რომელმან შექმნა სამყარო“… ისიც ხომ სიტყვაა. მასთანაც, როგორც სხვა შემოქმედებთან, სამყაროს მოდელია მოცემული, სრულიად თვითმყოფადი და ორიგინალური. ეს არის განცდები, ასოციაციები, სააზროვნო კატეგორიები, პირობითობები თუ მათი რღვევის ნება, ფარულიცა და გაცხადებულიც. როგორიც იყო წუთისოფელი თუნდაც ფიროსმანის შემთხვევაში – შავი ნათებით, „ვერცხლისფერი კალმახების ცინცხალ ლაღობით“; ტერენტი გრანელთან – „დახარბებული მოფერებას“, ბავშვები „გიჟის“ ძახილით და ტაშით რომ მიაცილებდნენ, მისი სიცხიანი „დაო ზოზიათი“ და სიკვდილთან შეფიცულის მარადი შეცხადებით: „ყველაფერი მოგონილი, უსიცოცხლო დანაზოგია; ან ვაჟასეული თუ ესმას მეგობარ გურამ რჩეულიშვილისეული სულიერი სისპეტაკე, ყვავილის ან ბავშვის სიყვარულში გამონაშუქი: „მინდვრის პატარა ყვავილთან/ მოვახერხებდი ტრფიალსო“. გურამის მოთხრობა „ნათელა” მახსენდება, დიდი თუ პატარა ბავშვის გაუგებრობისთვის განწირული სიყვარულის სისუფთავე თუ სიალალე, უცნაური ბედნიერების შეგრძნება, აუხდენელი სიზმარივით. ესაა ჭეშმარიტებასთან სიახლოვის მძიმე სიმსუბუქე:

„რადგან ვინც იგრძნო გაელვებული,

აყვავებული სურნელი მიღმა,

უათკეცდება ცოდვის სიმძიმე,

მისთვის სიმძიმედ ბუმბულიც კმარა“ (155).

მოდი, მივყვეთ მხატვრული სახეების ზოგჯერ იდუმალ, მომნუსხველ გაურკვევლობას, როგორც „მზის კომშისფერ ბილიკს იატაკზე“ ბიოკლინისეული მისტიკური კაეშნით („ნაძვების სიკვდილიან სიმწვანით“), პეპლის მიმოზას მსგავსი ფერფლით, უცოდველი ამაოებით, „ღვინისფერი საღამოებით“, მშვენიერი ინფანტას „დატალღული ფურცლის სისველით“, გადამხდარისა თუ არგადამხდარის გახსენების სინანულის მუსიკით და ერთ მძივად ავკინძოთ ეს „მარცვლები“ ესმა ონიანის განუმეორებელი წუთისოფლისა.

თავისუფლება – და მე კი ყველას მონა ვარო, ვაჟა რომ წერდა ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულობის პრინციპზე, ახლა ესმა ონიანს მოვუსმინოთ:

„რიდით უცქერენ ჩემს დღესასწაულს და გაოცებით,

აღარც რა უნდათ წამიერი, ნაავხორცები.

გამოუვალი სიკეთისკენ მისდრეკთ გონება,

ენატრებათ უსასრულო ეს დამონება“ (6).

„გამოუვალი სიკეთე“ ღმერთია უთუოდ და მასთანმყოფობის თავისუფლება ანუ ზნეობრიობა. ესაა თავისუფლება „დანის პირზე ბასრად ანთებული სიტყვასავით“, ტყვიასავით მძიმე, სისხლის „მზეების გამოსასხმელად“ – მკაცრი საკანი მაღალი სულიერებისა. არის თავისუფლების სხვა დეფინიციებიც ესმა ონიანთან – ყოფა, თავისი ურბანული ჯუნგლებითა („დაგეშილი ჟიგულები“) თუ მშვიდი პასტორალურობით („ნასწავლ-ხსოვნაში გლეხი, ხარი და ურემია“), მისი ტყვეობა, ყველას თავს გადახდენილი და ჩვენი ღირსების „ლაკმუსის ქაღალდი“: „გინდა გასხლტე უნამდვილო სინამდვილისგან…/ ჩემმიერობა ყვითელ ჩალმასავით მეხვევა თავზე“ („ტყვე“, 112) და საკანშიაც თავისუფლება, რომელსაც გამუდმებით ეძებს და იშვიათად, დიდი სულიერი სიმტკიცის შემთხვევაში, მოიპოვებს ადამიანი: „გუმბათებიდან ჩიტების ჭყივილს, კუკიას, მტრედებს/ რას გამოველით, დაბზარულ ხმებით/ რომელი კარის გასასვლელს ვეძებთ?“

ღმერთი – უარყოფილი, ჯვარცმული სრულყოფილება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიელტვის ადამის მოდგმა, გულნატკენი მაცხოვარი: „ის გულის ტკენა (თუმცა ყველაფრის გაგება ძალგიძს),/ თანაგრძნობის ალერსიან მკლავისკენ ლტოლვა,/ ადამიანურ სიუხეშით უნებურად უპასუხოდ დარჩენილი, დღემდე გაღელვებს“ („გარდამოხსნა“, 46). მისი „არწივივით გაშლილი“ ჯვარცმის ქვეშ, სამყაროს რომ დაჰყურებს, დგას ადამიანი უხსოვარი დროიდან დღემდე და მარადი მონანიებით ცდილობს, შეიმსუბუქოს უცვლელად, კვლავ განმეორებით ცოდვილი ბუნების სიმძიმე:

„მონანიეს, დაბნეულს, –

რა ინანოს, რა – არა,

როდის არის მართალი, როდის ავი გამხდარა.

ჩემს სულს გზა გაუნათე,

შინისაკენ გაუძეხ,

შიში სიტკბოდ უქციე,

ტანჯვა – გამქრალ სიზმრებად,

აპატიე, რაც სცოდა,

სიყვარული აუწყე!“ (152).

სამშობლო – უხილავი „შინისკენ“ სწრაფვაზე ვწერდით და ხილული – საქართველოა („ვარ-დის სუნი, ოქროს-ფერი სა-ქარ-თვე-ლო…“), ტრაგიკულობით ასე გადაჯაჭვული ღმერთთან.

„ფრესკებს ვნახავდით ტაძრებში

მოქნილ ხაზიანს, მკრთალსაო,

ზედ სახეები მდუმარე

ჩვენ მოგვაბჯენდნენ თვალსაო.

გარეთ ვნახავდით ქალწულებს,

რომ მოარხევდნენ ტანსაო,

იმ ფრესკებს მივამსგავსებდით –

წინაპართ სისხლი ჩანსაო“ (157).

ქვეყანა, რომელშიც ძველებურად ტირიან „თავო ჩემოზე“, მისთვის ანთებული გულებით. რომელთანაც ჩვენი ბედი საუკუნოდ გადაჯაჭვულა. აქ ხანდახან არის „არაფრის ქარი – არა რა ფერი” (გვახსენდება: „არ არიან, ქარია“), დაკარგულა ქართული სიბრძნე. ღმერთო, შენ კი ამ დროს:

„სიოთ მოგვივლენ, ზესურნელით ჟღენთილ-ნართაულთ –

ვინც ვერ გიწამა, ვინც ვერ მოგყვება,

ზე-ბედკრული იგი ვიტიროთ…

ვისშიც არ ფეთქავს ხსოვნა ნეტარი,

ყოველივეში მშობლის თბილ სუნთქვას არ სცნობს მადლიერ,

ვის არ აეჭვებს თვისი ჭაობი,

სიმძიმე ჯაჭვავს უგნურ-კადნიერს“.

დღეს კი, ამასწინათ ნანახი პატარა ემიგრანტი ბიჭი კითხვაზე, რა არის მისთვის საქართველო, ცდილობს პასუხის გაცემას და უცბად ატირდება. რა არის ეს, თუ არა „სამშობლოს განცდა გასაკვირველი“? ის ხომ ჯერ არ ყოფილა სამშობლოში?! რა არის ეს, თუ არა გენეტიკის ყივილი, „ცოდნა“, რომ „სისხლის ბილიკით შემოსული სინათლის ფეთქვა… ჩემში ვატარებ, გამუდმებით აღმოჩენილსა და მოღალატეს“ (31)?

ქართულ უნიკუმში, სიმღერაში, ხომ ეს ყველაფერი გამოხატულია („და გაისმოდა დების სიმღერა“, გალაკტიონისეული):

„თვალდაორთქლილ ქალთა ხატებით…

შიგ ჩაფლეთილი ტკბილი ქართულით…

სიყვარულით, სიყვარულით დაისრულების“ (44).

ქართული ყოფის, ისევე როგორც ჭეშმარიტების, მძიმე სიმსუბუქის ფილოსოფიაცაა ესმა ომიანთან…

ადამიანი – ქრისტესი არ იყოს, შემოქმედიც, ღვთაებრივი ქმნადობის მიწიერი ასლი, ადამიანში იბადება. ამ ერთიანობის შეუმჩნევლად, რომელიც მას განსმჭვალავს, „ორგანულ მთელად კრავს“, მას ბევრი აკლდება – უამისოდ ხომ ყველაფერი უფასურდება ამა სოფლად. ეს ორკესტრირება შემოქმედებისა ადამიანის გარეთაცაა და შიგნითაც. მთელის ნაწილიც ხარ და პატივსაცემი ავტონომიაც (იქნებ ესაა მიღმიერი არსებობის ფორმაც?). და როცა შენ შიგნით მოგესმის „უსასრულობის გუგუნა ოდა“, ჩვენი „განათლებული“ სიცარიელის, უცოდნელობის მიუხედავად, აღვფრთოვანდებით: „ნუთუ ეს მე ვარ?!/ ისევ მე ვარ?!/ ისევ მოვსულვარ!“ (21). ვართ პატარებიც: სისუსტეებს, ჩვენს სიბრმავეს ვერ ვღალატობთ პირობითობის ჯაჭვებიან ჭრიალა კართან და ვეძებთ საყრდენს, როგორც სიმტკიცეს, „როგორც დასტურს მართალზე მართლის“. თუ ეს კარი განგვეღო („ყველაფერი ღვთის ნებაა“ და აქ აუცილებლად ჩვენი ნებაც, სინერგიაც, ჩვენთვის სასიკეთოც მოიაზრება), ვირწმუნებთ: „შენ დიადი ხარ, ადამიანო“, ან „მე ისევ მოვალ ადამიანად“, – ეს ადამიანის ჰეგემონიით და არა ვაჟასეული „რატომ არ მოვედ წვიმადა“. ადამიანად ყოფნა და მისი ყველაზე დიდი, ეკლესიასტეს ფილოსოფია, ამაოება ამაოებათა. ეს იგივეა, რაც თანასწორუფლებიანობის ღვთაებრივი პრინციპი: „სიცრუეა შედარება, დახარისხება ღვაწლთა, ამაგთა/ სასაცილოა მნიშვნელოვნის მოძიება, როგორც ფეხზე გამძვრალი ქოშის“. ადამიანი, რომელიც ხანდახან უბრალოდ, უღალატოდ სიცოცხლის ფერხულშია ჩაბმული და ცდილობს, თუნდაც სიყვარულით ამოიცნოს მისი ფარული არსი ყველაფერში:

„მიყვარხართ, ვენახებო, მთვლემარე რამინა,

მაყვლიანი ბუჩქების სუნო…

ნეხვო, ჭიებო, თბილო, გამხმარი ბალახის ჩხვლეტავ,

დამპალო ვაშლო,

ჭის სახელურის სადღაც ჭრიალო,

მე თქვენ მიყვარხართ, მე თქვენ მიყვარხართ“ (25).

ადამიანი – „წინაპართა მოცისკროვნე, მზიან სისხლით წარბებშემართული“, დაჯვარულფანჯრებიანი, სინათლით „ჩამოჯვარული“ კედლებიანი ტაძრების თაყვანისმცემელი და თავად ტაძარი ამიტომ. იგი ხომ ყოველთვის გრძნობს და ამბობს:

„მე ვარ დიადი, არარა ვარ, მე ვარ ფიტული,

უნაყოფო, მწიფე მტევან ნაყოფ მოსხმული,

ხმელი ნერწყვი, შემზარავი ბედნიერება,

მიბმული ვარ გამუდმებით მოქანავე, სულ ასაშვები“ (29).

ესმა ონიანი პოეტთან ერთად მხატვარიცაა და იცის „ნაზჭერმისფრად“ მანათობელი სამოთხე, საღამო „დამწვარი შაქრისფერი“, „მელნისფერი ბინდი“ – ეს პირველქმნილი სამყაროს აღქმაა, თითქოს პირველყოფილი ადამიანის შეგრძნებების ერთიანობაა, რომლებსაც ძნელად დაერქმევა სახელი, რომლებსაც ის სინკრეტულად გამოხატავდა კიდეც: ცეკვითაც, სიმღერითაც, ხატვითაც. ეს შეგრძნებები როდი შეცვალა ცივილიზაციამ, როგორც „ეს მუქი მზე და მისი სქელი ოქროვანი ჩამოვანება“ (15). სამყაროს მძაფრი, ქაოსური, სინქრონული შეგრძნებებით აღქმა „ფერების ჩუმ ბორძიკად, ფშვინვად, მთვარედ ციმციმებს“. ეს სინთეზი უცნაური სისავსეა, სანამ „სქესად დაყოფის უცნაურ მიწიერებას: შეიგრძნობდა (ჰერმან ჰესეს „ჰერმაფროდიტული სისავსე“) ბუნებასთან შეზრდილი ყოფიერება და იქნებ სიახლოვეც პირველსაწყისთან, რომელიც ასეთივე გამოუთქმელია.

ბავშვობა, დედა, მამა, სიკვდილი – დედის ტკბილი ჩაით „დაპურებები“ და მისი მიღმიერში მადლად წასული ეს რუტინული ღვაწლი („ყვავილოვან ცისფერ ჟორჟეტის კაბით მოჩანს დედა სარკეში“), რომელიც თითქოს გესიზმრა, როგორც ბავშვობა, „მზის ბურუსში ყველაფერი“ – როგორ მოკურცხლავს სადღაც ბავშვი, მისი ნაბიჯების ექო. „ფარდა წითელი შუქით აივსო,/ დედას შევხედე, ისე მომშივდა“, – თითქოს ჩვილის, საერთოს, მიღმიერს ახლად გამოყოფილი არსების შეგრძნებებია, რომელიც ჯერ ისევ ახლოა პირველსაწყისთან. ჩვენი სიცოცხლის ყველაზე ნაღდი ხანა, როცა „ფრიადზე ვწერდი თემებს და… უცოდინრობის მწვავდა სახმილი“ და მისი გახსენება, „გლეხის ბავშვების თითებწაყინულ შიშველ მტევნებით ბეღურასავით აბუზული გამოცხადება“.

მამისა და სიკვდილის განცდა ესმა ონიანთან ერთმანეთს უკავშირდება და ძალიან ემთხვევა ჩემს შეგრძნებებს სწორედ მამაჩემსა და მის გარდაცვალებასთან. მისი პოეტური მხატვრობის სიკვდილის ყვითელი დაემთხვა ჩემი ყვითლის გაცდას, რომელიც ასევე ასოცირდება სიკვდილთან, რომლითაც „სიცოცხლე შვენობს“. „ყოვლისმოცვილი ყვითელი ჩრდილი“, „თოთო სიბავშვით განათებული ყვითელი ელდა“, – იდენტური განცდები ადამიანად ყოფნის ბოლო, მტკივან წუთებზე. მამა, „სუფთა, მხრებამოყრილ ფრინველივით/ დიდი მოწყენით წყლიან თვალებით… დაუცველი სიკვდილისპირა ბავშვის იმედით“ და დიდის სიმარტოვით. მეც ასეთი მახსოვს მამაჩემი მისი სიცოცხლის ბოლოს („შუქი სახეში ყვითლად ჩაქვავებოდა“).

სიკვდილი, „თოხქვეშ მიწის თხელი ხრიალით“, როგორც ისევ გათანაბრება მიღმიერთან, როგორც სიმსუბუქე, გაქრობა და გასინათლება, „უსასრული სიჩქარეა – ერთბაშ-ყოველი“. ისევ გალაკტიონი გვახსენდება: „სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა“. მიღმიერის დინამიკის, სიცოცხლის მარადიული ბრუნვის ეს განცდა ძალიან დამაიმედებელია ჩემთვის. ეს მოხდება სიცოხლეებისა და სიკვდილების მრავალჯერ გამეორების შემდეგ (ბევრჯერ „ვკვდებით“ და „ვიბადებით“, არა?).

„გასისხამდება სისხლის ამოსხმა,

აბღავლდებიან სოფლის ბატკნები,

საკუთარ სულის მოსახსენებელს

გაკაპასებულ გარჯით დატკეპნის“ („სოფლის სიკვდილი,“ 138).

…და გახსენდება: „სიკვდილი დედა ყოფილა, სიცოცხლე – დედინაცვალი“.

ვიცით, რაც გვიყვარს და რასაც ვტოვებთ:

„იქ ჩაინთქმება მიწად თამაში, ადამიანად,

აყვავებული სასაცილო ხეები და ნაკადულები,

ნიავი, სუნი, შრიალა ქარის ქროლვა-ხალისი,

გაფუყული მოლანდებები,

სიყვარულის მარყუჟით მოქანავე ხორხების შეხრა,

ამ ყოველივეს – ტკბილ თრობით, გაუმაძღრად ვეღარ მოვეშვით…“

(„სვიმონ ბაბუა“, 52)

მაგრამ ამ შუქთა ქარბუქში ანუ „ციდან ცამდე“ არ ვიცით, „თუ იკვირტება ნეტავ იქაც რაიმე ნდომა“.

მხატვრობა, სამყაროს ფერები, ხმები, სუნი – ესმა ონიანის პოეზია მხატვრის ხედვა, აღქმა უფროა. თითქოს ნახატს უყურებ, მხატვრული სახეები ფუნჯის მონასმებია, უნდა დაშორდე, რომ აღიქვა ერთიანობაში ეს უცნაური ფერები („აქა-იქ დამამჩნევს ძეწკვის ბრწყინვა ოქროს სველ ნაკვალევს“; „უნაბისფერი ოთახი“; „ოქრო-ვარდისფერ ლექსში ვეშაპთა მოშავოდ მბზინავი ნაფრცქვენი“; „ძვლისფერი სინათლე“). სუნსაც კი ფერი აქვს: „მონგოლთა ძველი ვარდების ფერი სუნი“, დროს – გამოსახულება: „სარკის ქარებში აორთქლებული სუნამოები“. ფერს კი გემოც აქვს: „კარაქისფერი კამეოს ნუში გულზე დამკვდარი“. თითქოს ამ შეგრძნებების ერთიანობა ცდაა, ჩასწვდე ყოფიერებას.

„აჰა, შენითაც მიბმული ვარ, ფერწერავ – დიდო, ფარულო!

უძლიერესი გამოფურჩქვნით ჩემიდან იძვრი;

მუსიკა? – შენთან შედარებით ანგელოზია,

ის ფარული შრიალია უსხეულო,

სასრულობის უსხეულო სადინრებისა,

ამოვსებული შავი ბუთბუთა ხავერდის ფოთლით, თეთრი ფთილებით“ (34).

მკითხველი გრძნობს, რომ ეს შემოქმედი, უპირველესად, მხატვარია და მერეა პოეტი. მისი პოეზიის ფერებიც საღებავებია, „გამოხმობილა დაპრესილი, ფხვნილიანი მოკვდინებიდან“ ანუ მიღმიერიდან, არყოფნიდან. ყვითელი – „აღგზნებული ზაფრანაა; კვერცხისგულის ამოფენა ნაღვლიანი სადინრებიდან; ინდოეთის ყვითელ ალმურში მანგოს ფოთლებით ნაკვებ ძროხების; ოქროს შროშანებიან (აბრეშუმზე); ფრესკის ფრთაჭრელ ფრთოსნებში“; შავი – არმსტრონგივით „ამოხეთქილ ხახის ვარდებით“; შავისა და სუნის კავშირი; ატმის კურკების, ნაჭუჭების შავი გურგური, გამჭვარტლული ოთახების ლამფის ყელის შავი არშია; ბებიის, ღაბუასა და ღაბაბიანის, შავ-ჭრელი თავშლის ფერი; „ბავშვების შავი პეპლებივით ცეცხლში ჩაფერფლა!“; წითელი – წითლის გრადაცია, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ეს ის ფერია, ყველაზე უკეთ რომ გამოხატავს ყოფიერების ტრაგიზმს, კაეშნიან ვნებას. ესმა ონიანის მეწამულის პრიორიტეტს თუ გავითვალისწინებთ, თავად სიცოცხლის გამოხატვაზე, მისი აღქმის უჩვეულო სიმძაფრეზე, დიდ სიყვარულზეა მისი ლექსები თუ ნახატები. საბჭოურ სინამდვილეში წითლის ასე გაიდუმალება, გარომანტიკულება და არსობის სრულქმნილების, სისავსის გამომხატველად გადაქცევა, უდავოდ, მისი დამსახურებაა. თორემ კომუნისტურ დროშას კი ჰქონდა სისხლისა და ძალადობის ფერი, მართლაც, რომელსაც შემოქმედმა „ცოდვა“ მოსწმინდა და გააკეთილშობილა. „ღვინისფერი ვარდების კონა“, „ენდროს ფესვები… სისხლი მოშივდა… მეწამული ყვავილების დიდი გუნდებით პირის ავსება“; მეწამული ესმა ონიანის ფერია, „ჩამავალ მზეში შეფაკლულ კედლებს“ რომ აქვს, ბავშვობის ოცნებების სიმძაფრის ფერი, ბროწეულის ყვავილების, „აღმოსავლეთის სიმცხუნვარის უცნაური ძალის“ შეგრძნება; ვარდისფერი – ეს იყო წითლის დასაწისი…“ ნაზად ხარობდა… ამოიცნობა ცნობამიხდილი ხსოვნის სიცხადის მოტკბო ვარვარად“; ნარინჯისფერი – „ნარინჯისფერ საღამოს მღვიმეს კვიპაროსების შავის შოლტებით“; ლურჯი – „ჩამობნელებულ ცის რუხ-ლურჯი ღელე მიდის ფანჯრებში“, „ტკბილი სიძველის სიყვითლეს… ლურჯად მოგვბერს“ – ესაა დები იშხნელების მუსიკის ფერი. მათი ხმისა, „დაბზარულ ეშხით“, „დამჭკნარ ვარდების, ტრფობის, ვედრების“.

სამყაროს ხმებიც ერთობლივია: ადამიანის, ბუნების, მუსიკის, – „ნეკნების, გულის, სასულის შერწყმული ხმები/ თბილ ნაკადად მანანას ხმად ტუჩების ხატში, წარბთა რკალში ცხადლივ ამოდის“ და ღვთაებრივი: „მამადავითის დგაფუნი ფრთათა“; მხატვრული სახეები, ტროპები ღრმა თუ ზედაპირული ქვეტექსტებით ერთდროულად. ხოლო სუნის შეგრძნება („რომლის კანქვეშ უცაბედი უფსკრული ქშინავს“) ზოგჯერ ისეთი დახვეწილია და არქაული („სუნი კეთილი – საკრებულო ნეტარ ხსოვნათა“), თითქოს საკმევლისაა, ისევ და ისევ, მყიფე თუ სერიოზული განცდებით, რომ „ყოფის სინათლით გაჭოლილი უყოფნობის ბაღებში ვთვრებით“ (49). იქნებ ეს საკუთარი არასრულყოფილების დაუკმაყოფილებლობით თრობაა?

შეგრძნებათა, ასოციაციათა ფრაგმენტები, რომლებიც აბსტრაქტულ, ავანგარდულ, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნახატებად ერთიანდება – ფუტკრის „ეჭვიანი სიფიცხე“, „შავი ტყემლები, როგორც ძმის თმები“, „ლაპლაპა ბროწეულების გადაპარსული თავების სხდომა“, ნეფერტიტის ზეთით გაზელილ მუცელზე „ხბოს ნესტოსავით“ მბზინავი ჭიპი – და მას პირობითად შეიძლება დაერქვას: „ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“ ან „ჩვენი ცხოვრების გზა სიზმარია“.

ბოლოს ერთად რჩებიან ღმერთი და ადამიანი:

„ღვთისმშობლის თეთრი სტუმრები…

სიყვარულის, ახლობლობის მტვერში არიან“.

ეს კი იგივეა, რაც „ნაწვიმარ სილაში ვარდი“ – ხილულის მიღმა შეფარული უდიდესი საიდუმლო ყოფიერებისა, რომელსაც დაბადებიდან გრძნობ. ის უფაქიზეს, მგრძნობიარე სიმებს ეხება ჩვენი სულისა, მაგრამ როცა გამოხატვაზე მიდგება საქმე, ვერ არქმევ სახელს, არ იცი, რა არის… ამისთვისაა პოეზიაც.

იქნებ მართლა ცოდნით არცოდნაა ჩვენი ცხოვრება? –

„ბრმები ბრეიგელისა და ბრმები მეტერლინკისა შეხვდნენ ერთმანეთს:

„ჰაიტ, თქვე ბრმებო!“ – შესძახეს და განაგრძეს გზები“ (204).

ბრმანი ვართ, ნეტარნი თუ ტრაგიკულნი, ჭეშმარიტად!.. ამას ემატება შეუცნობლის, სიბრძნის, ჭეშმარიტების შემეცნების სიმძიმე და ასე იქცევა პოეზია პროზად ანუ წუთისოფლად, მასში გამკრთალი სრულყოფილის ნამცვრევებით ისე, როგორც ჩამავალი მზე მოლიცლიცე წყლის ზედაპირზე: თვალისმომჭრელიც, დამატყვევებელიც, შემაძრწუნებლად იდუმალიცა და დიდი იმედის მიმანიშნებელიც, როგორც უკვე ხსენებული ღვთისა და ადამიანის ერთიანობა.

ესეც ესმა ონიანის „წუთისოფლის მძივი“.

 

 

ციტატები წიგნიდან „ესმა ონიანი – ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!” (არტანუჯი, 2021)

 

 

დავაპროგრამოთ, შევქმნათ და გამოვიყენოთ თამაშები

0

ფაქტია, რომ ბავშვებს  უყვართ თამაში და თამაშით სწავლა.  ნებისმიერი  ტექნოლოგიური მოწყობილობაც მათი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების ყველაზე საყვარელი გზაა.  როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ტექნოლოგიების გაკვეთილზე  გამოიყენოს მასწავლებელმა?

მოგეხსენებათ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, სხვა უნარებთან ერთად, ითვალისწინებს მოსწავლეებისათვის ალგორითმული აზროვნების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. რისი მიღწევის ერთერთი გზაც სხვადასხვა აპლიკაციის თუ პროგრამების გამოყენებაა, მათ შორისაა პროგრამა  „scratch“.

„scratch“ არის ვიზუალური პროგრამირების გარემო, სადაც შეგიძლიათ დააპროგრამოთ თქვენი საკუთარი ინტერაქტიული მოთხრობები, თამაშები, ანიმაციები და გაუზიაროთ თქვენი ქმნილებები სხვებს. ეს პროგრამა მოსწავლეებს უვითარებს შემოქმედებით თუ თანამშრომლობით უნარებს, ასწავლის სისტემურ აზროვნებას, რაც ასე მნიშვნელოვანია XXI საუკუნის მოქალაქისათვის. შექმნილია 8-დან 10 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის, თუმცა მილიონობით ადამიანი იყენებს მას საკუთარი პროექტის შესაქმნელად სხვადასხვა გარემოში: სახლში, სკოლაში, ბაღში, ბიბლიოთეკაში და სხვა.

პროგრამის ინტერფეისი წარმოდგენილია ფერადი ბლოკების სახით, რაც მარტივად აღქმადია და მომხმარებელს აძლევს საშუალებას იოლად მოერგოს სამუშაო სივრცეს,  ააწყოს სასურველი კოდი და შექმნას სახლისო და შემეცნებითი ანიმაცია.

მინდა გაგაცნოთ პროგრამა „scratch“ -ის გამოყენებით შესრულებული კომპლექსური დავალება:

საგანი: კომპიუტერული ტექნოლოგიები

მიმართულება :  კომპიუტერული ტექნოლოგიები

სამიზნე ცნება:  ალგორითმი/ პროგრამული კოდი

საკითხი:      ვიწყებთ თამაშის კეთებას

შედეგები: 

  1. ალგორითმი არის პრობლემის გადასაჭრელად საჭირო მოქმედებების თანამიმდევრული ერთობლიობა
  2. პროგრამული კოდი გამოიყენება პროგრამების შესაქმნელად
  3. პროგრამული კოდი პროგრამულ ენაზე იწერება

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინე რომ ხარ რომელიმე ზღაპრის ანიმაციური პერსონაჟი. მოიფიქრე სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება ისრებიანი ღილაკების დახმარებით. თამაშისათვის შეარჩიე ფონი, ობიექტები და შექმენი შენი საკუთრი თამაში საიტზე  https://scratch.mit.edu/  შენ მიერ შექმნილი  თამაში გაუგზავნე მასწავლებელს და გაუზიარე შენს მეგობრებს.

სცენის შესაქმნელად სავარაუდოდ დაგჭირდება შემდეგი ბლოკები:

  • როდესაც აჭერ დროშას
  • თუ.. მაშინ..
  • ეხება
  • მუდმივად
  • გადაერთე ფონზე
  • მომდევნო კოსტუმი
  • დაიმალე
  • გამოჩნდი
  • ისრიალე x, y-სკენ
  • როდესაც აჭერ ღილაკს „დაშორება“

ნაშრომის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • ალგორითმი შედგენილია ლოგიკურად
  • გამოყენებულია ციკლები
  • მარტივი თამაშის შექმნის უნარი

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

  • შეძელი თუ არა შენი თამაშის შექმნა?
  • როგორია შენი ალგორითმი?
  • რატომ გაგიჩნდა სურვილი სწორედ ასეთ გარემოში და ასეთ ალგორითმით შეგექმნა შენი თამაში
  • რა ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინე https://scratch.mit.edu/ პლატფორმაზე მუშაობისას
  • თავიდან რომ იწყებდე მუშაობას რა ახალ შესაძლებლობებს დაამატებდი შენს თამაშს

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე სამუშაოდ:

  1. მოიფიქრე გარემო სადაც განათავსებ შენ ვირტუალურ გმირს.
  2. მოიფიქრე, პერსონაჟები, ვისაც გინდა რომ შენი გმირი შეხვდეს.
  3. მოიფიქრე სავარაუდო ბარიერები(წინაღობები) და სცენები, რომელთა გადალახვაც მოუწევს შენს ვირტუალურ პერსონაჟს
  4. გამოიყენე ხმოვანი ეფექტები
  5. გადადი ელექტრონულ საგანმანათლებლო რესურსზე და გაიარე დავალების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯები

კომპლექსური დავალების ფარგლებში დასმული საკვანძო შეკითხვები:

  • როგორ შევიმუშავო თამაშის ალგორითმი
  • როგორ გავამარტივო ჩემი ალგორითმი (ციკლების გამოყენება)
  • როგორ შევქმნა მარტივი თამაში

პირველ ნაბიჯზე, კომპლექსური დავალების გაცნობის შემდეგ მოსწავლეებს დავუსვი შეკითხვები: რომელია თქვენი საყვარელი კომპიუტერული თამაში, რა სცენარით ვითარდება მასში მოვლენები. როგორ გადაადგილდება მთავარი გმირი, რა წინაღობების გადალახვა უწევს მას, რა მოვლენას აქვს ადგილი თუ მთავარი გმირი დაბრკოლებას ვერ გადალახავს, ან პირიქით, გაივლის ყველა დაბრკოლებას. შეგიძლიათ scratch-ში იპოვოთ მოვლენების განყოფილება და ის ღილაკები, რომლებიც საჭიროა მოქმედების სისრულეში მოსაყვანა, ანუ რაიმე მოვლენის დასაწყებად? დავსვი შეკითხვა, თქვენი აზრით, მოქმედების სისრულეში მოყვანის ღილაკი საკმარისია ობიექტის ასამოძრავებლად? მოდით, ვცადოთ. გაიხსენეთ საკოორდინატო სიბრტყე. როგორ შეიძლება განვსაზღვროთ ის, რომ ობიექტი ზემოთ/ქვემოთ(y, -y), ან მარჯვნივ/მარცხნივ (x, -x) გადაადგილეს? ამის შემდეგ მოსწავლეებს ვაჩვენე მარტივი სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება სხვადასხვა ღილაკის დახმარებით: ისარი მარჯვნივ, ისარი მარცხნივ, ისარი ზემოთ, ისარი ქვემოთ და ასევე კლავიატურაზე არსებული ნებისმიერი ღილაკის გამოყენებით. მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შემოიტანეს სასურველი ფონი  და ააწყვეს მოძრაობა სასურელი ღილაკების გამოყენებით

მომდევნო ნაბიჯზე მოსწავლეებს დავუსვი კითხვა. თქვენი საყვარელი თამაშის პერსონაჟი როცა დაბრკოლებას ხვდება, რა მოვლენას აქვს ადგილი? თქვენი აზრით, როგორ შეიძლება დაფიქსირდეს მთავარი გმირის შეჯახება დაბრკოლებასთან, შეგიძლიათ იპოვოთ შესაბამისი ბლოკები პროგრამაში, რომელთა დახმარებითაც შევძლებთ ობიექტების ერთმანეთთან შეხების დაფიქსირებას? ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუჩვენე როგორ შეიძლება დაფიქსირდეს ობიექტის შეჯახება ლაბირინთის კედელთან, სხვა ობიექტთან. მოსწავლეებმა შექმნეს ლაბირინთი, ობიექტისათვის კი შეადგინეს კოდი, რომლის მიხედვითაც მთავარი პერსონაჟი ლაბირინთის კედელთან შეხების დროს უბრუნდებოდა საწყის წერტილს, ხოლო მეორე ობიექტთან შეხების დროს ამბობდა რაიმე ფრაზას. დავუსვი შეკითხვა, თქვენი აზრით, საკმარისია რომ ერთჯერადად მოხდეს შეხების დაფიქსირება, თუ საჭიროა მოქმედების განმეორება მრავალჯერადად/მუდმივად? მოსწავლეებმა შემოიტანეს მუდმივობის კოდი და ასევე მოვლენის ასამოქმედებლად საჭირო კოდიც

ფინალურ ნაბიჯზე  მოსწავლეებს შევახსენე კომპლექსური დავალების პირობა. დავუსვი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, მზად ხართ თავად მოიფიქროთ სცენა და შექმნათ საკუთარი თამაში, სადაც თქვენ მიერ შერჩეული პერსონაჟები თქვენ მიერ გაწერილ წესებს დაექვემდებარებიან? დავალების შესასრულებლად დაგჭირდებათ მოიფიქროთ სცენა, სადაც პერსონაჟი გადაადგილდება ისრებიანი ღილაკების დახმარებით. თამაშისათვის შეარჩიეთ ფონი, ობიექტები, მოიფიქრეთ ალგორითმი, რომელიც თქვენი სცენარის ამოქმედებისათვისაა საჭირო. დავალების შესრულების შემდეგ კი წარადგინეთ თქვენი ნამუშევრები და ისაუბრეთ შთაბეჭდილებებზე.

მოსწავლეებმა მოიფიქრეს და შექმნეს სახალისო თამაშები. მათ მიერ შექმნილი ნიმუშები დავაფიქსირე მობილურის კამერით. რომელთა ნახვა შეგიძლიათ ბმულზე. ვფიქრობ საინტერესო კომპლქსური დავალება გამოვიდა და მოსწავლეებმაც ძალიან იხალისეს.  ყველა მათგანმა შეძლო დამოუკიდებლად შეექმნა თამაშის საკუთარი ვერსია. ვთვლი რომ მიზანი, მოსწავლეებმა შეძლონ პროგრამული კოდის გააზრება, ალგორითმის ჩამოყალიბება, ობიექტის შეჯახების დაფიქსირება თუ ციკლური პროცესების გამოყენება, მიღწეულია.

ზრდასრულობა – სირთულეები და გამოწვევები

0

მშობლებთან მუშაობისას ხშირად ვაწყდები ორ მცდარ შეხედულებას – აცნობს საკუთარ მოსაზრებას მშობლებსა და დაინტერესებულ მკითხველს Mark McConville, წიგნში: „როგორ დავეხმაროთ ზრდასრულ ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში“.

პირველი – შეხედულება, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს – როდესაც ზრდასრულობაში შესული შვილები გარკვეულ სირთულეებს აწყდებიან და პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, ამაში დამნაშავე მშობლები არიან. ისინი ხშირად სინდისის ქენჯნას განიცდიან, რადგან ფიქრობენ, რომ არ ეყოთ განათლება, რომ შვილების აღზრდისას შეცდომები არ დაეშვათ. ისეც ხდება, რომ მშობლების გარკვეული კატეგორია, რომლებსაც საკუთარი ოჯახები დაენგრათ, ფიქრობენ, რომ ამან შვილების პიროვნულ ზრდაზე სერიოზული გავლენა მოახდინა. დანაშაულის განცდით იტანჯებიან ასევე ის მშობლები, რომლებიც გარკვეული დამოკიდებულების ქვეშ იყვნენ (სასმელი, ნარკოტიკი…). გარკვეული შფოთვითი აშლილობების ან დეპრესიის მქონე მშობლებიც მძიმე განცდებით არიან შეპყრობილი და ფიქრობენ, რომ მათმა ასეთმა მდგომარეობამ შვილებზე ნეგატიურად იმოქმედა. დანაშაულის გამოსწორების სურვილი უბიძგებს მშობლებს, მთელი ძალით იზრუნონ მათ გამოსწორებაზე. ასეთი დამოკიდებულება მცდარია და ვერავითარ დახმარებას ვერ უწევს ვერც ბავშვებს, ვერც მოზარდებს და ვერც ზრდასრულ შვილებს.

მეორე ფართოდ გავრცელებული შეცდომა პირველის საპირისპიროა – მშობლებს მიაჩნიათ, რომ არანაირ პასუხისმგებლობას არ უნდა იღებდნენ ზრდასრულობას მიღწეული შვილების შეცდომებზე, არასწორ გადაწყვეტილებებზე და მათ უსაზღვრო ეგოიზმზე. უფროსები ფიქრობენ, რომ „დიახ“ მათი შვილი ასეთია და მორჩა ამას აღარაფერი ეშველება. ისინი უბრალოდ ეგუებიან ამ მდგომარეობას, რადგან ფიქრობენ, რომ მაინც ვერაფერს შეცვლიან.

მაინც როგორ გავიგოთ, რა შეცდომას უშვებენ მშობლები და რაში მდგომარეობს მათი დანაშაული? კითხულობს Mark McConville და საკუთარი ფსიქოთერაპიული პრაქტიკიდან მშობლებს ერთი შემთხვევის შესახებ უყვება: ოცდასამი წლის გორდონი, ყოველთვის წარმატებით ახერხებდა პასუხისმგებლობებისგან გაქცევას. მისი მშობლები განქორწინდნენ, როდესაც გორდონი თორმეტი წლის იყო. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მას და მის დებს – თექვსმეტი წლის სალომესა და ცხრა წლის ელენეს – ფსიქოთერაპიული სეანსები დასჭირდათ. ბავშვების დედა და მამა მთელი ექვსი წლის განმავლობაში ცდილობდნენ ურთიერთობებში გარკვევას. ისინი პერიოდულად შორდებოდნენ ერთმანეთს და ისევ რიგდებოდნენ. ამ გაურკვევლობამ ბავშვების ფსიქიკაზე სერიოზულად იმოქმედა. ისინი სრულიად დაუცველად გრძნობდნენ თავს, არანაირი საყრდენი არ ჰქონდათ, შფოთავდნენ და წუხდნენ მშობლების გაუთავებელი მერყეობის გამო. ბუნებრივია, ამ სიტუაციამ მშობლებს თავი დამნაშავედ აგრძნობინა.

თვრამეტი წლის ასაკში გორდონმა გადაწყვიტა, კოლეჯში ჩაებარებინა. მისი მშობლები განქორწინების შემდეგ უფრო მეტად უსმენდნენ ერთმანეთს და შვილების შესახებ ფსიქოლოგების რეკომენდაციებსაც უფრო მეტად ითვალისწინებდნენ. უნდა ითქვას, რომ მსგავსი წყვილები მეგობრების სტატუსით უკეთ უგებენ ერთმანეთს, ვიდრე ცოლქმრობისას. გორდონმა კოლეჯში ჩააბარა, მაგრამ მისი პრობლემები ამით სულაც არ დასრულებულა. ბიჭმა ვერაფრით მოახერხა ზრდასრული ადამიანის როლის მორგება. სამი წლის განმავლობაში მან სამი კოლეჯი გამოიცვალა. გორდონი ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდებოდა. მისი ქცევა მუდმივად იყო იმის ტირაჟირება, რომ მან ვერაფრით ისწავლა ზრდასრული ადამიანივით ცხოვრება, სწავლა და მუშაობა. მისი სხვადასხვა გაუგებრობაში მოხვედრის გამო მშობლებს პერიოდულად ბოდიშების მოხდა და შვილის ჩადენილი საქციელის შეძლებისდაგვარად გამოსწორება უწევდათ. ამ შემთხვევაში მშობლების დახმარების მიზანი შვილის ქცევების შეცვლა არ ყოფილა. უბრალოდ მათ სურდათ შვილის თვალში, რომელსაც ვერ აღმოუჩინეს მხარდაჭერა, რათა ის ზრდასრულ ცხოვრებას მომზადებული შეხვედროდა, დანაშაული ჩამოერეცხათ.

დანაშაულის განცდა, სრულიად უმაქნისი რამაა – მიაჩნია ავტორს – რადგან აღზრდას არანაირად არ უწყობს ხელს. უფრო პირიქით, ბავშვთან ურთიერთობაში მშობლებს ხელს უშლის, რადგან უფროსები მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ შვილებისგან პატიება გამოითხოვონ წარსულის შეცდომებისათვის. სინამდვილეში მოზარდისთვის უმჯობესი იქნებოდა მშობელს ყურადღება მის აწმყოზე გადაეტანა და შვილს ზრდასრულობაში წარმოქმნილი საჭიროებების მოგვარებაში დახმარებოდა.

საყოველთაოდ ცნობილი სიბრძნეა, რომ წარსულის შეცვლა შეუძლებელია. სამაგიეროდ, შესაძლებელია მასთან შეგუება და ცხოვრების გაგრძელება. ზრდასრული გორდონის დედამ შვილის მოსმენა მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, როცა ერთხელ და სამუდამოდ შეეგუა იმ აზრს, რომ შეცდომები დაუშვა და ეს სასჯელს კი არ იმსახურებს, არამედ წინააღმდეგობებს წარმოშობს. ეს დედა-შვილმა ერთმანეთთან ზრდასრული ადამიანებისთვის შესაფერისი ლაპარაკის შემდეგ გაარკვიეს. მათ საუბარს სულ სხვა შინაარსი მიეცა, რადგან დედამ დანაშაულის განცდით კი არ იხელმძღვანელა, არამედ ჯანსაღი აზრით. კიდევ ერთხელ, მშობლებო: თავდაპირველად აუცილებელია დანაშაულის განცდის თავიდან მოშორება და შემდეგ – საკუთარი ქცევების კრიტიკულად გაცნობიერება.

გარდაუვალი ამბებისა და ფაქტების მიღება აუცილებელია. ამიტომ, იქნებ სჯობდა ბავშვებთან უფრო მეტი დრო გაგეტარებინათ? არც ერთად ტრაპეზზე უნდა გეთქვათ უარი. იქნებ სჯობდა უფრო ხშირად (ან იქნებ უფრო იშვიათად) დახმარებოდით შვილებს საშინაო დავალებების მომზადებაში; იქნებ ღირდა შვილებთან უფრო მეტი სირბილე გამოგეჩინათ და მეტად წაგეხალისებინათ მისი თამაში და სხვა შემოქმედებითი გართობა; დაფიქრდით, იქნებ სულაც უფრო მეტი სიმკაცრის გამოჩენა სჯობდა? უამრავი საფიქრალია: და არც იმაზე დაფიქრება იქნება ურიგო, რომ სჯობდა ბავშვის გაჩენის შემდეგ სამსახურში აღარ დაბრუნებულიყავით და განქორწინებასაც თავიდან აირიდებდით; ან იქნებ თქვენ უფრო მეტი უნდა გემუშავათ, რომ შვილებისთვის შრომისმოყვარეობის მაგალითი გამხდარიყავით. ისე იქნებ ზედმეტი მუშაობა და მხოლოდ საქმეზე გადაყოლა გახდა იმის საბაბი, რომ თქვენმა შვილმა იფიქრა, ეს ზრდასრული ცხოვრება ძალიან მოსაწყენი ყოფილაო. მიხვდით ალბათ, რომ არცერთი უკიდურესობა არ წაადგება თქვენს შვილებს. ისევე, როგორც ზედმეტი დახმარება შეიძლება იქცეს შვილის განებივრების მიზეზად.

ამერიკელი ფსიქოლოგის აზრით: გაცილებით მნიშვნელოვანია, მშობელმა ყურადღება გაამახვილოს იმაზე, თუ რა ხდება აი ახლა, ზუსტად ამ წუთას. რა უნდა შეცვალოთ თქვენს ქცევაში, რათა მოზარდმა მოახერხოს და ზრდასრულობის პერიოდს განსაკუთრებული პრობლემების გარეშე შეხვდეს. მშობლებისთვის საინტერესო უნდა იყოს, რა ტიპის დახმარება სჭირდება მის შვილს აწმყოში. ამის გასაგებად ერთი ორიგინალური რჩევა გამოგადგებათ: დადექით სარკის წინ და ხმამაღლა ჰკითხეთ საკუთარ თავს: მე როგორ ვიქცევი? მაინც რა შეცდომებს ვუშვებ შვილის აღზრდისას ისეთს, რომ მას ხელს ვუშლი სრულფასოვანი, ზრდასრული ადამიანი გახდეს? საბედნიეროდ, მშობლებს შეუძლიათ, შეცვალონ საკუთარი ქცევები. მიუხედავად, იმისა, რომ რთული მოზარდების მშობლები ხშირად სასოწარკვეთას ეძლევიან, ქცევების ანალიზი და იმისი გარკვევა, რისი შეცვლაა საჭირო, აუცილებლად დაეხმარება მშობელს მოზარდთან ურთიერთობაში. მშობლებიც თავის მხრივ, იფიქრებენ, რომ ისინი შეძლებენ შვილის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. სარკეში ჩახედვას კიდევ ერთი სასარგებლო მიზანი აქვს – მშობელმა უნდა გაარკვიოს, ხომ არ აკნინებს შვილის უნარებსა და შესაძლებლობებს, როდესაც ცდილობს, თავიდან ააცილოს სამომავლო ცუდი შედეგები? სინამდვილეში: „მე საკუთარ თავს ხომ არ ვიცავ იმ შესაძლო ტკივილისაგან, რომელსაც ყოველ ჯერზე განვიცდი შვილის შეცდომების გამო? იქნებ სჯობდეს მოზარდმა გაკვეთილი მიიღოს და ადეკვატური დასკვნები გამოიტანოს იმის თაობაზე, თუ როგორ არის მოწყობილი ეს ცხოვრება; დარწმუნდეს საკუთარ შესაძლებლობებში და იმაში, რომ მასაც შეუძლია გახდეს სრულფასოვანი ზრდასრული პიროვნება.

მნიშვნელოვანია, ის, თუ რა გავლენას ახდენენ მოზარდზე მშობლების ქმედებები და არა ის, რა განზრახვით მოქმედებენ ისინი შვილებთან ურთიერთობებისას.

პატივცემულო ზრდასრულებო, თქვენ კითხულობდით ამერიკელი კლინიკური ფსიქოლოგის, ფილოსოფიის დოქტორის Mark McConville-ის წიგნს: „როგორ დავეხმაროთ ზრდასრულ ბავშვს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყებაში“.

Mark McConville ცხოვრობს ოჰაიოს შტატის ქალაქ ბიჩვუდში. აქვს მრავალწლიანი ფსიქოთერაპიული პრაქტიკა. ის ეწევა სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობას. წერს ისეთ თემაზე, როგორიცაა, მაგალითად: რატომ არის რთული ზრდასრულ ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის საკუთარი ასაკის გაცნობიერება, მიღება.

ბავშვთა აღზრდა – წიგნი მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის

0

ცოტა ხნის წინ წიგნის მაღაზიაში შევიძინე ავსტრიელი ექიმისა და ფსიქოლოგის ალფრედ ადლერის წიგნი „ბავშვთა აღზრდა”. ალფრედ ადლერი პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. ომის შემდეგ კი დაინტერესდა ბავშვის აღზრდის პრობლემებით და 1920-იან წლებში ვენაში ბავშვებისა და მშობლების საკონსულტაციო ცენტრების ქსელი დააარსა.

ალფრედ ადლერის წიგნი „ბავშვთა აღზრდა” ქართულ ენაზე გამომცემლობა „გეომ” 2014 წელს გამოსცა. მთარგმნელები: ნინა თურმანიძე და ლაშა ბულია გახლავთ. წიგნი პირველად 1930 წელს გამოიცა გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ის ეყრდნობა ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ძირითად დებულებებს. მასში გადმოცემულია ბავშვის ფსიქოლოგიის ღრმა ანალიზი, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბებულია ბავშვთა აღზრდის ადლერისეული კონცეფცია.

„ინდივიდუალური ფსიქოლოგია – არის სწავლება ადამიანზე, როგორც განუყოფელ ერთეულზე. ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს კომპენსაციის პრინციპი. ადლერის თანახმად, პიროვნების განვითარების ძირითად ფაქტორად უნდა ჩაითვალოს კონფლიქტი არასრულფასოვნების კომპლექსსა და მის ნაშიერს, უპირატესობისკენ მისწრაფებას შორის. ეს უკანასკნელი განისაზღვრება, როგორც მიზანი, რომელიც წარმართავს მის ზრახვებსა და ქმედებებს. არასრულფასოვნების დაძლევისკენ ადამიანის მისწრაფებას ხშირად ის არაადეკვატურ ქმედებებამდე მიჰყავს. ადლერის მიხედვით, აქედან გამომდინარეობს აღზრდის მიზანი – არასრულფასოვნების გრძნობის ნეიტრალიზაცია მისი სასარგებლო კალაპოტში წარმართვის გზით. ამას მივყავართ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის კიდევ ერთ ძირითად ცნებამდე – სოციალურ გრძნობამდე. ადლერის მტკიცებით, სოციალური გრძნობა ბავშვის განვითარებაში ნორმალურობის თავისებური ინდიკატორია. სწორედ ამ პრინციპზე ააგო ადლერმა თავისი პედაგოგიური ტექნოლოგია. ყოველი დარღვევა, რომელიც სოციალური გრძნობის დაქვეითებას იწვევს, დიდ ზიანს აყენებს ბავშვის განვითარებას”, – ვკითხულობთ წიგნის წინასიტყვაობაში.

წიგნის სათაურმა მაშინვე მომხიბლა და როგორც კი შევიძინე, კითხვას შევუდექი. სათაურიც გვატყობინებს, რომ წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მშობლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ბავშვის აღზრდის თემატიკით და ასევე მასწავლებლებს, რომლებიც უშუალო რგოლია იმ მთავარი ჯაჭვისა, რომელიც იკვრება ბავშვის გარშემო – ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების სახით.

ალფრედ ადლერი იდეალურ სკოლად მიიჩნევს ისეთ სკოლას, რომელიც შუამავალია ოჯახსა და გარემომცველ სამყაროს შორის. ასეთ სკოლაში ცოდნას არამარტო წიგნებით აძლევენ, არამედ ასწავლიან ცხოვრების ცოდნასა და ხელოვნებას.

გთავაზობთ წიგნიდან ამონარიდებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სკოლისა და ოჯახის ვალდებულებებს, აღზარდონ ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოების ბედნიერი და სრულფასოვანი წევრი იქნება. ეს ვალდებულება მშობლისთვისაც და სკოლისთვისაც ურთულესი შესასრულებელია, მაგრამ თუ სკოლა და ოჯახი თანამშრომლობს, მაშინ ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება მოსწავლის სასარგებლოდ.

„ბავშვები, რომლებსაც ურთიერთობა არ ასწავლეს, სკოლაში შესვლის შემდეგ თავს მარტოხელებად გრძნობენ. შედეგად კი – მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ყალიბდება, რაც დღიდან დღემდე სულ უფრო და უფრო აძლიერებს თავდაპირველ ტენდენციას. ირღვევა მათი ნორმალური განვითარება, და ისინი რთული ბავშვები ხდებიან. ასეთ შემთხვევებში ადამიანები სკოლას ადანაშაულებენ, თუმცა მან მხოლოდ გამოავლინა ოჯახური აღზრდის ფარული ნაკლოვანებები. სკოლაში ბავშვის წარუმატებლობები გამაფრთხილებელ სიმპტომს წარმოადგენს. ეს სიმპტომი ხსნის არა იმდენად სწავლაში წარუმატებლობებს, რამდენადაც ფსიქოლოგიურ წარუმატებლობებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა აიღო ტენდენცია თავის თავში რწმენის დაკარგვისკენ. ამის შემდგომ სიმამაცის დაკარგვა ბავშვს აიძულებს, თავი აარიდოს სწორ გზებს და ჩვეულებრივი მოვალეობის შესრულებას. მუდმივად ეძიოს სხვა გამოსავალი, რომელიც თავისუფლებამდე და იოლ წარმატებამდე მიიყვანს“.

 ალფრედ ადლერი ამ გამაფრთხილებელი ფარული ნიშნების და სიმპტომების აღმოჩენას კარგ აღმზრდელს უკავშირებს, რომელიც ამ ყველაფრის ამოძირკვას თბილი დამოკიდებულებითა და გაგების გზით შეეცდება.

„სკოლამ უნდა ისწავლოს ბავშვში პიროვნების დანახვა და მას უნდა მოექცეს, როგორც პიროვნებას, როგორც ფასეულობას, რომელიც უნდა გაზარდო და განავითარო. ამავდროულად მან უნდა ისწავლოს ფსიქოლოგიური ინტუიციის გამოყენება ბავშვის ცალკეული ქმედებების შეფასებისას. მან უნდა განიხილოს ეს ცალკეული ქცევითი აქტი, როგორც არა ცალკეული ნოტების სახით, არამედ პიროვნების ერთიანობის კონტექსტში.

 „ბევრი ბავშვი უმოქმედო პოზიციას ირჩევს, როგორც თავისი მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას. ზარმაც ბავშვებს ყოველთვის მსუბუქი ფორმით ლანძღავენ და ადანაშაულებენ, ვიდრე სხვა ბავშვს და ეს მათ არც ისე ძლიერ სულიერ ტკივილს აყენებს. ბავშვები ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამენ სიზარმაცეში დადანაშაულებას, ვიდრე უუნარობაში. სხვა სიტყვებით, ბავშვები სიზარმაცეს შირმასავით იყენებენ, რათა დაემალონ საკუთარ თავში რწმენის არარსებობას, რაც მათ ეხმარებათ იმ პრობლემების თავიდან არიდებაში, რომელთან შეჯახებაც უხდებათ“.

„აღმზრდელის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, მისი წმინდა ვალია – არ დაუშვას ბავშვის მიერ სიმამაცის დაკარგვა სკოლაში, იმ შემთხვევაში კი, თუ ის სკოლაში უკვე პრობლემებით მივიდა, დაუბრუნოს მას საკუთარი თავის რწმენა. ეს არის სკოლისა და მასწავლებლის როლი“.

 „თუ ბავშვს მუდმივად გავუმეორებთ, რომ ის ცუდი ან სულელია, ის მალე ამას დაიჯერებს და ამის შემდეგ მას არ ეყოფა სიმამაცე, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს“.

 „თითოეული ბავშვი უპირატესობისკენ მიისწრაფვის. თითოეული მშობლის ან პედაგოგის ამოცანაა – ეს მისწრაფება ნაყოფიერი გახადოს. მათ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ეს მისწრაფება იყოს ჯანსაღი ცხოველქმედებისა და ბედნიერების, და არა ნევროზების და აშლილობების შედეგი”.

„ბავშვის თავდაჯერებულობის დაკარგვის პირველ ნიშანს ხშირად წარმოადგენს სასკოლო ცხოვრებაში მისი ადაპტირების უუნარობა. ბავშვის პირველი წარუმატებლობა უფროსების მიერ ზოგჯერ არასაკმაო სერიოზულობით აღიქმება. მისთვის კი ის შეიძლება რაღაც კატასტროფის მსგავსს ნიშნავდეს“.

 „მასწავლებლის პირველი ამოცანაა – ბავშვის ნდობის მოპოვება, ხოლო შემდეგ კი მისი სიმამაცის განვითარება“.

 „როცა ბავშვი სკოლაში მიდის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მისთვის სრულიად ახალ სიტუაციაში აღმოჩნდება. როგორც ყველა ახალი სიტუაცია, სკოლაში წასვლაც შეიძლება განხილულ იქნას მომზადების წინარე ტესტად. თუ ბავშვს სათანადოდ ამზადებდნენ, მაშინ ის ტესტს ნორმალურად გაივლის; თუ არა, მაშინ მისი მომზადების ნაკლი ცხადი გახდება. რა მოეთხოვება ბავშვს, როცა ის სკოლაში შედის? სასკოლო საქმიანობა – ეს თავისებური სამუშაოა, რომელიც მასწავლებელსა და თანაკლასელებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს, სწორედ ისე, როგორც სასკოლო საგნებისადმი ინტერესს. იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი ამ ახალ სიტუაციაზე, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ თანამშრომლობისადმი მისი უნარი და მისი ინტერესების სფერო”.

 ალფრედ ადლერი ბევრს საუბრობს ბავშვის თავდაჯერებულობაზე, თუ როგორ არღვევს მისი უქონლობა ბავშვის ნორმალური განვითარების რიტმს და რა როლი აქვს ოჯახსა და სკოლას მისი, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბების პროცესში. ადლერი ოჯახის ინსტიტუტსა და საზოგადოებას შორის შუამავლად სკოლას მიიჩნევს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, კორექტირება გაუკეთოს ოჯახური აღზრდის შედეგად შექმნილ მცდარ სტილს და დაეხმაროს მოსწავლეს, გახდეს უფრო მამაცი და გამბედავი.

ვფიქრობ, ეს წიგნი ნამდვილად დაგვეხმარება მშობლებსა და მასწავლებლებს, გავზარდოთ მამაცი და განათლებული ადამიანები, გავამხნეოთ და შთავაგონოთ ისინი და ნაყოფიერი და სასარგებლო გავხადოთ მათი შრომა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

რემედიაციული აქტივობები

0

დაწყებით კლასებში კითხვის უნარების განვითარება ზოგადი განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა და სხვა აკადემიურ დისციპლინებში წარმატების მიღწევის აუცილებელი პირობაა. აღნიშნული მიზნის მიღწევა სხვადასხვა მოსწავლესთან სხვადასხვა სახის სწავლა-სწავლების პროცესს საჭიროებს. ბევრ ქვეყანაში ყოველდღიური სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების და დიფერენცირებული სწავლების გარდა, კითხვის პრობლემების მქონე ბავშვებისათვის დამატებით მიმართავენ ე.წ. სარემედიაციო პრაქტიკას. ამ ინტერვენციის მიზანია, მოსწავლეთა ხელშეწყობა სწავლის ფუნდამენტური უნარების  ათვისების კუთხით არსებული სირთულეების აღმოსაფხვრელად. საქართველოს სკოლებში სარემედიაციო პროგრამის პილოტირებამ აჩვენა, რომ რემედიაციაში ჩართული მოსწავლეები სწრაფად ეწევიან სასწავლო პროცესს და პროგრამას, მოკლევადიანი რემედიაციის შემდეგ, მომავალში, წარმატებებს აღწევენ საგანში. გარდა ამისა, რემედიაციის პროგრამა დიდ გავლენას ახდენს მთლიანად იმ კლასის წარმატებების მაჩვენებლებზე, რომელთაც რემედიაციაში ჩართული მოსწავლეები წარმოადგენენ.  პროგრამა ორიენტირებულია მასში ჩართული თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ესგ-ის სტანდარტების მისაღწევად გამოიყენება სწავლების მრავალფეროვანი ფორმები და სტრატეგიები.

რემედიაციამ განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა დისტანციური სწავლების დროს და შემდგომ პერიოდში.

მინდა ჩემი გამოცდილება და მიდგომები  გაგიზიაროთ, რამაც დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა აკადემიური შედეგების და მოტივაციის ამაღლებაზე. გარკვეული მიზეზების გამო აღმოჩნდა, რომ მეორე კლასში რამდენიმე მოსწავლეს სწავლის დაწყების წინ უჭირდათ კითხვა.  ეშლებოდათ  რამდენიმე ასო-ბგერა .  კითხულობდნენ ასო-ასო, მარცვლებით, გვქონდა ტექსტის გააზრების პრობლემა.

თავდაპირველად კლასში ჩავატარე ტესტირება, მივეცი წასაკითხი ტექსტი, რათა დამედგინა ტექსტის კითხვის სისწორე, ტემპი, მაგრამ ანალიზის დროს აღმოჩნდა, რომ ბავშვების  წაკითხული სიტყვების რაოდენობა წუთში იყო დაბალი, უჭირდათ ასო-ბგერების ამოცნობა და დიდ დროს ანდომებდნენ. ამიტომ უფრო დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეებს ასო-ბგერების ცნობაზე მივეცი ტესტი, დანარჩენებს სიტყვები უნდა წაეკითხათ,  რათა ზუსტად დამედგინა სად იყო პრობლემა.

https://kargiskola.ge/SC/kitxvatest.php

აქტივობები, რომელიც  შეირჩა სარემედიაციო მეცადინეობებისათვის, მიზნად ისახავს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების  მიმართულებების  ზეპირმეტყველების, კითხვისა და წერის უნარ-ჩვევების კომპლექსურად განვითარებას. მოსწავლეთა დახმარებას დეკოდირებისა და გაწაფული კითხვის უნარების გაუმჯობესებას. ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად გამოვიყენე დაწყებითი განათლების პროექტის მასალები, რესურსები, აუდიო წიგნები, ტესტები, რომლებიც განლაგებულია პორტალზე-  https://kargiskola.ge/

როგორც ვიცით რემედიაცია ეს არის მოსწავლეთა მხარდაჭერის, თვითშეფასების, თვითდაჯერებულობის ამაღლებისათვის,  რემედიაციის პროცესის წარმატებით წარმართვაში  დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელთა ჩართულობას და მხარდაჭერას.   ამიტომ მნიშვნელოვანია სკოლის და ოჯახის ერთობლივი მუშაობა და თანამშრომლობა. ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციაზე ზრუნვა.

გავაკეთე მოსწავლების პორტფოლიოები და მათი ნამუშევრები ერთად მოვთავსე, ასევე ვკითხულობთ წიგნებს, ვუსმენთ აუდიო წიგნებს, დროდადრო ვთამაშობთ სახალისო თამაშებს ანბანზე. ვაწარმოებ განმეორებით წაკითხვის ფორმის გრაფიკს რაც ძალიან მოსწონთ, თვითონ რომ ხედავენ პროგრესს. ასევე გავკეთე ელექტრონული წიგნები საპრეზენტაციო ფაილში, სადაც თვითონ კითხულობენ. პრობლემების დაძლევაში რემედიაციული აქტივობების  როლი უმნიშვნელოვანესია.

იტალიური არქიტექტურა თბილისში

0

ანტიკური პერიოდიდან იტალია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო კულტურის განვითარებაში. ის გარემო, რომელშიც იტალია განვითარდა, ენათესავებოდა ბერძნულ კულტურას. XIX საუკუნეში იტალიური არქიტექტურა მთელი ევროპისთვის მისაბაძი იყო, არც საქართველო იყო გამონაკლისი. ცოტამ თუ იცის, რომ თბილისში ევროპული სტილის შექმნაც იტალიელი არქიტექტორების დამსახურებაა. სწორედ ეს არის მიზანი, რომ საზოგადოებამ და მოზარდმა თაობამ მეტი იცოდეს თავისი ქალაქის არქიტექტურასა და არქიტექტორებზე. ბევრისთვის იტალიურ არქიტექტურასთან მხოლოდ, ეგრეთ წოდებული, იტალიური ეზოები ასოცირდება.

დღევანდელი ხელოვნების მუზეუმი, რომელიც პუშკინისა და გუდიაშვილის ქუჩას ამშვენებს, იტალიელი არქიტექტორების ძმებ ჯოვანი და ჯუზეპე ბერნარდაციების სახელს უკავშირდება. თავდაპირველად ეს შენობა სასტუმრო „პალასი“ იყო, რომელიც იაკობ ზუბალაშვილმა შეუკვეთა, რომელშიც მოგვიანებით სასულიერო სემინარია განთავსდა, ახლა კი ხელოვნების მუზეუმია განთავსებული. შენობა კლასიცისტური (ამპირის) სტილშია შესრულებული და არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშია.

ძმები ბერნარდაციები ჯუზეპე ბერნარდაცია ძმასთან ერთად 1820 წელს ჩამოდის თბილისში და იწყებს არქიტექტურულ საქმიანობას. ისინი გამორჩეული ტოპოგრაფებიც იყვნენ.

1844 წელს თბილისში მთავარმართებლად ვორონცოვი ინიშნება. სწორედ მას ჩამოჰყავს თბილისში ორი იტალიელი არქიტექტორი: ჯოვანი სკუდიერი და ლოდოვიკო კამბიაჯო. კამბიაჯოს აინტერესებდა შეექმნა მეტი არქიტექტურული შენობა, რათა კარიერულად წინ წაეწია. მის შვილის დიმიტრის წვლილი კი, რომელიც ერმაკოვის სახელითაა ცნობილი, განუზომელია თბილისის ფოტოდასურათებაში. სწორედ ერმაკოვის დამსახურებაა, რომ ცხადად შემოგვრჩა მე-19 საუკუნის თბილისის ფოტოები. ერმაკოვს გვარი დედისგან ერგო, ხოლო მის განათლებაზე მისი მამა, ცნობილი არქიტექტორი – კამბიაჯო ზრუნავდა. სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ერმაკოვმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო და ფოტოხელოვნებას დაეუფლა.

ჯოვანი სკუდიერი – იტალიელი, რომელმაც თბილისის არქიტექტურული სახე განსაზღვრა.

იტალიური არქიტექტორული გემოვნება მრავალსაუკუნოვან ისტორიას ითვლის და ცნობილია საკუთარი სტილითა და განახლებადობის ნიჭით.
ჯოვანი სკუდიერი პირველი იტალიელი არქიტექტორი გახლდათ, რომელმაც თბილისს საკუთარი კვალი დაატყო. 1846 წელს თბილისის მთავარი არქიტექტორი გახდა და 1847 წელს მოღვაწეობა იმდროინდელი კულტურული ცხოვრების სიმბოლოს – თეატრის მშენებლობით დაიწყო, რომელიც მალევე იტალიური ოპერის მოყვარულთა თავშეყრის ადგილად იქცა. თეატრის მშენებლობა 1851 წელს დასრულდა.

თეატრი ამიერკავკასიის პირველ საოპერო სცენას წარმოადგენდა, 700 მაყურებელს იტევდა და ფასადისა და ინტერიერის დიზაინის თავისებური შერწყმით გამოირჩეოდა: სკუდიერიმ, ქ. ვიჩენცას პალადიოს ბაზილიკის მოტივებით შთაგონებულმა, თეატრის ფასადისა და შენობის გამოკვეთილად აღმოსავლური შიდა სივრცეების სრულყოფილ ერთიანობას მიაღწია.
კულტურა, პოლიტიკა და ქალაქგეგმარება: იტალიელი არქიტექტორის პროექტით შეიქმნა თბილისის სათათბიროს პირველი შენობა, შემდეგ კი მტკვარზე ქვის ხიდი (რომელსაც დღესაც თბილისელები და ქალაქის სტუმრები „მშრალ ხიდს“ უწოდებენ), პირველი კაფე და შადრევანი. სკუდიერი 1851 წელს, სამხედრო ტაძრის მშენებლობის დროს დაიღუპა.


ჯოვანი სკუდიერი დაიბადა 1816 წელს* ქ. ლუგანოში (შვეიცარია), რომლის მკვიდრი იყო ჯოვანის დედა – ანჯელა ტორიჩელი. ჯოვანის მამა – აზნაური ბერნარდო სკუდიერი – ოფიცერი, პადუელი იყო.
სკუდიერის ოჯახი ძირითადად პადუაში ცხოვრობდა, სადაც ჯოვანი სწავლობდა საიმპერატორო სამეფო უმაღლეს სასწავლებელში. სასწავლებელში სწავლისას უკვე ნათელი გახდა მისი ჭეშმარიტი სწრაფვა და არქიტექტურული ნიჭი. შემდეგ იყო ოდესა, სადაც განათლება გაიღრმავა.
1845 წლის 26 სექტემბერს ჯ. სკუდიერიმ მ.ვორონცოვს ტფილისში წერილი გაუგზავნა, რომელიც განმარტავს, რით ხელმძღვანელობდა იგი, როდესაც გამოთქვამდა სურვილს, ამიერკავკასიაში ემსახურა. „რამდენად სასიამოვნოც არ უნდა იყოს ჩემთვის ეს ყველაფერი, მე მაინც მგზნებარედ მსურს, რომ მქონდეს რამდენადმე უფრო ფართო ასპარეზი, რათა
ვაჩვენო ჩემი მონდომება და ჩემი შესაძლებლობები”.
ოდესიდან ტფილისში ჯ. სკუდიერი 1846 წლის 23 თებერვალს ჩამოვიდა. 1846 წლის 28 თებერვალს კი ამას უკვე მოჰყვა მისი ტფილისის საქალაქო არქიტექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა.

საინტერესოა ჯ. სკუდიერის რაპორტი კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიის ვიცე-დირექტორის სახელზე, სადაც ის წერს: „ჩემი საქალაქო არქიტექტორის თანამდებობაზე სამსახურის დროს და 1847 წელს საკარანტინო-საბაჟო განყოფილებაში გადასვლისას, მიხეილ სიმონის ძის (ე.ი. ვორონცოვის) ნებით, მომეცა შემდეგი მნიშვნელოვანი დავალებები, ჩემი უშუალო მოვალეობის იქითა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, კერძოდ: 1) 1846 წელს
თეატრის პროექტი; 2) აგრეთვე 1846 წელს ქვის ხიდის ნახაზები; 3) მ. ვორონცოვის დავალებით შედგენილია პროექტები: სახაზინო აფთიაქისა და საავადმყოფოს რეკონსტრუქციაზე; 4) მ. ვორონცოვის ბრძანებით შედგენილია ქ. ტფილისში საკორპუსო ტაძრის პროექტი, დამტკიცებული 1848 წლის 3 თებერვალს”.

ჯ. სკუდიერის მიერ შესრულებულ იქნა სხვა პროექტებიც, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი შენობა XIX საუკუნის შუა ხანების თბილისში იყო თეატრი, რომელიც, ამავე დროს, არქიტექტურის ყველაზე მნიშვნელოვან ნაგებობასაც წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, მომავალმა თაობამ იცოდეს საკუთარი ქალაქის ისტორია, სადაც იზრდება და ყალიბდება მოქალაქედ. ვფიქრობ, თუ მოსწავლეები გაიაზრებენ თითოეული არქიტექტურის მნიშვნელობას, მეტად გაუფრთხილდებიან და დაიცავენ მას. საამაყოა, რომ ერთ-ერთი გამოჩენილი იტალიელი არქიტექტორების შემოქმედება ასე ალამაზებს ჩვენს ქალაქს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,
  2. wikipedia
  3.  სტატიები

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...