ოთხშაბათი, აგვისტო 27, 2025
27 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

სტრუქტურების მარტივი ტრანსფორმაციები მესამე ნაწილი

0

 

თუ უკვე ვცადეთ ორგანზომილებიანი სტრუქტურების აგება მარტივი ელემენტებისა თუ სტრუქტურული ბიბლიოთეკების გამოყენებით, ვნახავდით, რომ წინასწარ ყველაფრის გათვალისწინება ძალიან ძნელია და სასურველი რეაქციის სქემის ასაგებად საჭირო ხდება ისეთი ოპე­­რა­ციების ჩატარება, როგორიცაა გადაადგილება (XY-ტრანს­ფორმაცია), შემობრუნება სიბრტყეზე (XZ-ტრანსფორ­მაცია) ან სივრცეში (XYZ-ტრანსფორმაცია). აღნიშ­ნული ოპერაციების ჩატარება დოკუმენტების გაცილებით ლა­მაზად და ინფორმაციულად გაფორმების საშუალებას იძლ­ევა.

ზემოჩამოთვლილი ტრანსფორმაციების განხორციე­ლება შესაძლებელია მხო­ლოდ მონიშნულ სტრუქტურებზე, ამიტომ ქვემოთ განხილულ ოპერაციებს წინ უძღვის შესაბამისი ობი­ექტის მონიშვნა.

 ვრცლად

 

ინდური ეკოფემინიზმი

0
სულ რამდენიმე ისეთი გამოთქმა არსებობს, გაგონებისას გული რომ გაგისკდება. ერთ-ერთია, როცა მოულოდნელად ჩამოვარდნილ სიჩუმეში ვინმე იტყვის (ალბათ, უფრო უხერხული დუმილის დასარღვევად), გოგო დაიბადაო. ზოგი უფრო შორსაც მიდის და მეზობელი ერის წარმომადგენლებს იხსენებს. ვერ გეტყვით, რომელი უფრო მაბრაზებს, მაგრამ, მერწმუნეთ – ხუმრობითაც რომ იყოს ნათქვამი ფრაზა, აღშფოთება ყოველ ჯერზე ტალღებად მივლის: ხალხში დამკვიდრებული ყოველი ასეთი გამოთქმა ერის შეხედულებებს, ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს ასახავს, მე კი არ მინდა, ჩემ გვერდით მცხოვრებთათვის გოგოს დაბადება ისეთი ამბავი იყოს, მწუხარებისგან ხმას რომ ჩაგიწყვეტს, არც ის მინდა, სელექციური აბორტების ასეთი მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს და არც ის, ვინმეს სქესის გამო რაიმე შეზღუდვის ატანა უწევდეს.

პირიქით, მინდა, ყველამ ამქვეყნად, განსაკუთრებით კი ჩემს სიახლოვეს, კარგად იცოდეს გოგონების ფასი, მათი ყოლის სიხარული და მათზე ისე ზრუნავდეს, როგორც გოგონებს შეეფერებათ, ზრუნავდეს მათ მომავალზე, მათთვის ისეთი გარემოს შექმნაზე, რომელშიც თავს უსაფრთხოდ და რეალიზებულად იგრძნობენ.

სწორედ გოგონებზე მზრუნველი ინდური სოფლის შესახებ უნდა გიამბოთ, სოფლისა, სადაც საშუალო განათლებაზე ჯერ კიდევ ყველას არ მიუწვდება ხელი, სადაც ხშირია ნაადრევი ქორწინება, დედათა სიკვდილიანობა და სქესობრივი ძალადობა. ინდოეთის ჩრდილოეთში, რაჯასტანის შტატში მდებარე სოფელ პიპლანტრის მკვიდრნი თანამედროვე სამყაროს გამოწვევებისგან ჯერ კიდევ შორს დგანან და, დარწმუნებული ვარ, მათ ლექსიკონში სიტყვა “გენდერი” არც კი მოიპოვება, მაგრამ ერთი გადასარევი ტრადიცია აქვთ: ყოველი გოგონას დაბადებისას 111 ხეს რგავენ. ტრადიციას სოფლის ყოფილმა მმართველმა ჩაუყარა საფუძველი – მას მცირეწლოვანი შვილი გარდაეცვალა და მისი ხსოვნის პატივსაცემად ხეები დარგო. უკანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში სოფელში, სადაც წელიწადში სამოცამდე გოგონა იბადება, ახალდარგული ხეების რიცხვმა (რომლებიც უმეტესად ხეხილია) 250 ათასს გადააჭარბა. მავნე მწერებისგან დასაცავად ხეების გარშემო ალოეს რგავენ, რომლისგანაც სოფლის მოსახლეობა ათასგვარ ნელსაცხებელს, წვენსა და სხვა პროდუქტს ამზადებს. დროთა განმავლობაში ალოეს პროდუქტებით ვაჭრობა წარმატებულ ბიზნესად და სოფლისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა.


ტრადიცია, გარდა გოგონას დაბადების სიხარულისა, ხაზს უსვამს იმასაც, რომ მოსახლეობის ზრდასთან ერთად აუცილებელია იმ გარემოზე ზრუნვაც, რომელშიც მომავალ თაობებს მოუწევთ ცხოვრება. სამწუხაროდ, კავშირი მოსახლეობის ზრდასა და ბუნებრივი რესურსების შემცირებას, საზოგადოდ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას შორის პირდაპირპროპორციულია, განსაკუთრებით – მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც ნიადაგის გამოფიტვა და სამეურნეო მიწების ნაკლებობა ხშირად მიგრაციის მიზეზადაც იქცევა, ეს კი, თავის მხრივ, ხელუხლებელი ლანდშაფტების ათვისებას და ბუნებრივი ეკოსისტემის დარღვევას უწყობს ხელს.

ამრიგად, ინდოეთის ამ სოფლის მკვიდრნი ერთგვარი ეკოფემინისტები გამოდიან, ქალებსა და გარემოზე ერთდროულად მზრუნველები.

ხეების დარგვასთან ერთად, ინდოელი ეკოფემინისტები ქალიშვილის დაბადებისას პირობას დებენ, რომ შვილს აუცილებლად მიიყვანენ სკოლაში, იზრუნებენ მის განათლებაზე და სრულწლოვანებამდე (20 წლამდე) არ გაათხოვებენ. პირობის დადებისთანავე იხსნება ანაბარი, რომელზეც სოფლის მცხოვრებთა მიერ შეგროვებული დაახლოებით 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი იდება. თანხას სარგებელი ერიცხება, იმატებს და ხელუხლებელი რჩება სრულწლოვნებამდე, როცა გოგონას შეეძლება, ამ თანხით თავის მომავალზე იზრუნოს.

აი, სამაგალითო ხალხი, ვისაც ესმის უმთავრესი რამ: ის, რომ ადამიანის ძალა მისი განათლებაა, ხოლო სტაბილური ცხოვრებისთვის დაცული და სუფთა გარემოა ყველაზე მნიშვნელოვანი. მათ ესმით ისიც, რომ მთავარი არა შვილების რაოდენობა, არამედ გაჩენილ შვილებზე სათანადოდ ზრუნვაა.

P.S. იქ, სადაც სიცოცხლის, ბუნებისა და გოგონების ფასი იციან, მიცვალებულებსაც საკადრის პატივს მიაგებენ. პიპლანტრში გარდაცვლილთა სახელზეც რგავენ ხეებს, ოღონდ შედარებით ნაკლებს – სულ 11 ცალს.

ახალმოქცეულთა ნევროზი

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”


თქვენმა პროზამ საყოველთაო აღიარება მოიპოვა, მაგრამ არ ცხრება სერიოზული დისკუსიები
მის გარშემო. კერძოდ, ამბობენ რომ ძალზე ზედაპირულად, დასავლური სამყაროსთვის ჩვეული
თვალსაზრისით იხილავთ ისლამის არსს.

 

– მაჰმადიანური
სამყაროს შესახებ მსჯელობა ყოველთვის რთულ მდგომარეობაში  აქცევს 
ადამიანს. ზოგიერთი ინტელექტუალი აუცილებლად შეეცდება, სახელი გაგიტეხოთ – ამისთვის
საგანგებო გასამრჯელოა დაწესებული – და არავის აინტერესებს თქვენ მიერ გამოთქმული შეხედულებების
ჭეშმარიტი დედააზრი.

 

– თქვენ თალიბანი მტაცებელთა ხროვას
შეადარეთ…

 

– ეს შედარება  მე  კი არა,  ჩემს  ცოლს
ეკუთვნის. ის პაკისტანელი ჟურნალისტია და  მრავალი
წლის განმავლობაში  მისთვის გამოყოფილ სპეციალურ
საგაზეთო  სვეტში სწორედ პაკისტანელი ჟურნალისტივით
წერდა.

 


ხომ არ გაოცებთ,  რომ  პაკისტანში, ინდონეზიაში, მალაი- ზიაში ოსამა ბენ
ლადენს უამრავი  მხარდამჭერი ჰყავს?

 

– არა, არ მაოცებს.
ამ ქვეყნების მოსახლეობის ძირითად ნაწილს შეადგენენ ადამიანები, რომელთაც მიაღებინეს
მაჰმადიანობა და ისინი, არაბებთან შედარებით, ყოველთვის გრძნობენ თავიანთ არასრულფასოვნებას.
ახალმოქცეულთა ნევროზი  ნაწილობრივ იმითაც აიხსნება,
რომ მათ გამუდმებით უნდა ამტკიცონ თავიანთი გათვითცნობიერებულობა ახლად მიღებული სარწმუნოების
საკითხებში; ერთი ფრანგული ანდაზისა  არ იყოს,
უფრო თავგამოდებული როიალისტები უნდა იყვნენ, ვიდრე – თვით  მეფე.

 


ალბათ, სწორედ ამ ფაქტორს გულისხმობდით, როდესაც წერდით ისლამის იმპერიული  ამბიციების შესახებ და  აღნიშნავდით, რომ ის მიისწრაფვის, სულ უფრო მეტად
გააფართოო
 საკუთარი  საზღვრები  არამაჰმადიანთა  განადგურების საშუალებით?

– დიახ. ოღონდ
ვსაუბრობდი, საერთოდ, ყველა იმ ადამიანის შესახებ, რომელთა წეს-ჩვეულებები და აზროვნების
წესი უცხოა მაჰმადიანთათვის. გაბატონდა წარსულისა და სულიერების წინააღმდეგ მიმართული
ტენდენცია. აი, რაში მდგომარეობს ახალმოქცეულთა შემზარავი ნევროზი.

 

– რა თვისებები ანიჭებს ისლამს
ასეთ მიმზიდველობას?

 

– მოგითხრობთ
ერთ ამბავს, რომელიც დიდი ხნის წინათ მოხდა. ინდოეთის პირველი პროვინცია, რომელიც მაჰმადიანებმა
დაიპყრეს, სინდი გახლდათ (ახლა ის პაკისტანის ნაწილია). სინდის მმართველი მამაცურად
ებრძოდა დამპყრობლებს, მაგრამ მას ერთხელ აცნობეს, რომ  მაჰმადიანები ერთ  გუნდად შეკრულნი ლოცულობდნენ, რის შემდეგაც მმართველი
შიშმა  აიტანა. ის მიხვდა, რომ  სამყაროში გაჩნდა სწორედ ის ახალი  ძალა, რომლითაც ეგზომ ამაყობენ მაჰ- მადიანები:
ხალხის ერთობა. ეს იდეა  უდიდეს ზეგავლენას  ახდენს ადამიანებზე.

 


რას  იტყოდით ისლამის ისეთ ნაირსახეობაზე, რომელიც
არ აღიარებს ფუნდამენტალიზმის იდეებს?

 

– ვფიქრობ, რომ  ტერმინი “არაფუნდამენტალისტური ისლამი”
ლოგიკურად არაკორექტულ ცნებას წარმოადგენს; ისლამი იმგვარი დოქტრინაა, რომელიც ყოველთვის
ამართლებს ახალი ტენდენციების  დათრგუნვას.
სამოთხის  მოპოვებისკენ სწრაფვისას ზომიერებას
ვერავინ დაიცავს. საუბრები ზომიერების შესახებ მხოლოდ იმ პოლიტიკოსების მიერ გამოყენებული
ფანდია, რომლითაც სურთ ახალი ფინანსური სახსრების მოზიდვა.

 

– რას  ფიქრობთ 11 სექტემბრის გამომწვევ მიზეზებზე?

 

– მიზეზები არ  არსებობდა. მთავარ ფაქტორს წარმოადგენდა რელიგიური
სიძულვილი, რელიგიური მოტივაცია. არა  მგონია,
რომ მოვლენების პროვოცირება განახორციელა ამერიკის საგარეო პოლიტიკამ. კონრადის ერთ-ერთ
მოთხრობაში (სადაც  მოქმედება ოსტ-ინდოეთში
ვითარდება) აღწერილია ველური, რომელიც ხვდება, რომ  სამყაროს წინაშე უიარაღო აღმოვჩნდით და მრისხანედ
შეჰყვირებს. ალბათ, სწორედ ეს ხდება ამჟამად. დასავლეთის სამყარო სულ უფრო მეტად  შეუვალია იმათთვის, ვისაც არაფერი გააჩნია 
რელიგიის გარდა. რელიგია კი სულ
უფრო იმორჩილებს ასეთ ადამიანებს, თუმცა,  რა
თქმა უნდა,  მას  არ ძალუძს პრობლემის გადაწყვეტა. მახსოვს, 70-იან
წლებში, ნავთობის ბუმის დროს, მაჰმადიან ხალხებს გაუჩნდათ საკუთარი ძლევამოსილების
ილუზია და ისეთი შეგრძნება, თითქოს ღმერთმა მაჰმადიანთათვის საგანგებო სუპერმარკეტი  გახსნა. მაგრამ  ამ  ადამიანებს
არ  ესმოდათ, რომ ყველაფერი, რაც მათ ძლევამოსილების
შეგრძნების  საფუძველს უქმნიდა, სხვა ცივილიზაციის
პროდუქტი გახლდათ. ამის აღიარება მაშინაც და ახლაც აუტანელია ამ ხალხისთვის.

 


ხომ არ ფიქრობთ, რომ  ნობელის პრემიათა  მიმნიჭებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა
11 სექტემბრის მოვლენებმა?

 

– არ ვიცი. ჯერ
კიდევ 1973 წლიდან ვვარაუდობდი, რომ  ჩემს კანდიდატურას
განიხილავდნენ. შემდეგ კი ვიგრძენი, რომ  ჩემ
წინააღმდეგ დაიწყო ინტენსიური და ფრიად წარმატებული კამპანია.

 

– ვისი თაოსნობით?

 

– მათი, ვისაც
სურდა, სამარცხვინო ბოძზე მივეჯაჭვე, როგორც რასისტი და “მესამე სამყაროს”
მტერი.

 


ნუთუ არ დაგღალათ დისკუსიებმა თქვენს ნაწარმოებებთან დაკავშირებით?

 

– არა, ისინი
სრულიად არ მაღელვებს. საერთოდ კი, მწერლისთვის ძალზე არსებითია, რომ  მისმა შემოქმედებამ  მტრული გრძნობები გაუღვიძოს ვიღაც-ვიღაცებს. უამისოდ
შემოქმედი მკვდარია.

 


თქვენ წერდით, რომ ისლამის ისტორიკოსი არ ბრძანდებით. მაშასადამე,  ისლამის 
შემსწავლელ  მეცნიერთა ნაშრომებს ემყარებოდით?

 

– სულაც არა.
ვმოგზაურობ, ვხვდები ადამიანებს. ისინი მიყვებიან მათთვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული
მოვლენების შესახებ. ინდოეთსა ან აფრიკაში გასამგზავრებლად არ მჭირდება მეცნიერული
ნაშრომების კითხვა – უბრალოდ, იქ ისე  უნდა  გავემგზავრო, 
რომ წინასწარ  არაფერი შევისწავლო და  უშუალოდ 
დავაკვირდე მიმდინარე ამბებს. მეცნიერი ჯერ იკვლევს და, დასკვნები  შემდგომ გამოაქვს.   მე კი უამისოდაც იოლად გავდივარ. დაე, მკითხველი
დააკვირდეს იმ ადამიანებს, რომელთა შესახებაც ვწერ და თვითონვე გამოიტანოს დასკვნები.

inglisuridan Targmna Tamar
lomiZem


 

ტაოს, სიყვარულით

0
დიდხანს ვფიქრობდი, როგორ დამეწყო ეს პოსტი. იქნებ ჯობდა, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან” მომეყვანა ერთ-ერთი ის აბზაცი, მტანჯველ საზეპიროებად რომ გვიხაზავდნენ სკოლაში; იქნებ რომელიმე ნაკლებად ცნობილი წიგნიდან ციტატის მოშველიება ყოფილიყო უფრო ეფექტური. ბოლოს გადავწყვიტე, უბრალოდ მეთქვა თქვენთვის, რომ ერთი კვირაა ვფიქრობ, როგორ დავწერო ტაოზე, უფრო სწორად, ტაოს მცირე ნაწილზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ვნახე და, ჩემდა სამარცხვინოდ, ვერაფერი მოვიფიქრე განსაკუთრებული.

ბავშვობაში არაფერს მაძალებდნენ, არც სწავლას, არც კითხვას, არც რომელიმე კონკრეტული სფეროსკენ მიბიძგებდნენ დიდად. უბრალოდ, არაპირდაპირი გზებით მეხმარებოდნენ, რომ ახალ-ახალი სასწაულები თავადვე აღმომეჩინა. ასე გაჩნდა ჩემი სამეცადინო მაგიდის წინ, ერთი შეხედვით, უცნაური რუკა, რომელზეც მხოლოდ ქართული ისტორიული ძეგლები იყო აღნიშნული. მათემატიკის ამოცანებით თავმობეზრებული, წუთშესვენებისას თავს მაღლა ვწევდი და კიდევ ერთხელ ვკითხულობდი ათასჯერ წაკითხულ წარწერებს: იშხანი, ხახული, ხანძთა, ბანა, პარხალი… მერე – ისევ თავიდან.

რეალურად, ჩემი მოგზაურობათა სერია გაცილებით შორიდან დაიწყო – ევროპის ჩრდილოეთიდან – და მოგზაურთა ღვთაებამ უფრო ადრე გუანაჰუატოს ფერად სახლებსა და აფრიკის მოსაზღვრე ზღვებთან მიმიყვანა, ვიდრე ტაო-კლარჯეთში. იქ წასვლაში კი ხან დაღლილობა მიშლიდა ხელს, ხან მოუცლელობა, ხანაც, უბრალოდ, თავმოუბმელობა. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში განსაკუთრებით ბანას ნახვაზე ვოცნებობდი და ეს ოცნება ზოგჯერ კარგა ხნის უნახავი, შორეული ნათესავივით მახსენებდა თავს, ტაოს გზას ვერაფრით დავადექი. მეც სხვებივით შორიდან ვწუხდი, როცა ვინმე იტყოდა, რომ ოშკი ინგრევა, რომ იშხანს ყოველდღე ახალი ბზარები უჩნდება, მაგრამ თურმე თვითონ უნდა ნახო, რომ მიხვდე, რა მტკივნეული სიტყვაა „ინგრევა” და როგორ შეუძლიათ ქვებს, ადამიანივით შეგაყვარონ თავი.

ჩემს მეგობარს, ფოტოგრაფ გოგა ჩანადირს რომ ჰკითხოთ, არსებობს რამდენიმე ადგილი, რომლებიც ყოველ წელს უნდა ნახო და ერთი მათგანი ტაო-კლარჯეთია. წელს მე და ჩემი მეგობრები სწორედ გოგას დამსახურებით აღმოვჩნდით ტაოში. ახლა ვხვდები – არც ისე ძნელი ყოფილა, უბრალოდ, გადაწყვიტო, შენი ჭკუის ერთი-ორი ადამიანი აიყოლიო და წახვიდე, აი, ასე, ადგე და წახვიდე, თუნდაც ორი დღით, თუნდაც სუსხიან ამინდში, დრო მოაკლო ძილს და ყავის სმას და ორ დღეში იმდენის ნახვა მოასწრო, სხვა დროს რომ ერთ კვირაზე გაანაწილებდი.
ჩვენი მოგზაურობა იშხნით დაიწყო. სასწაულია – ხრიოკ მთაზე ადიხარ, გგონია, უფრო მაღლა ცაა და სხვა არაფერი და უცებ აღმოაჩენ, რომ ცასა და უდაბნოს შორის პატარა სოფელი გამოკიდებულა, მოღიმარი ადამიანებით, კლდეზე გადამდგარი ჩაიხანით და… უძველესი ეკლესიით.


*ოშკი

ჩვენივე უსაფრთხოების დასაცავად იშხანში არ შეგვიშვეს. თურქები ცდილობენ, ძეგლი როგორმე გაამაგრონ. ჭიშკართან ვდგავართ და გუმბათს ავცქერით. ხვეწნა-მუდარას აზრი არა აქვს, თუმცა ჩვენზე ადრე მისული მეორე ქართული ჯგუფის წევრები არ ნებდებიან და ცდილობენ, მუშებს აუხსნან, რომ „ეკლესია ჩვენი მამა-პაპის აშენებულია” და შესვლას ვერავინ დაგვიშლის. თუმცა წესი წესია. ჩვენ, ეს, რა თქმა უნდა, გვესმის და უკან ვბრუნდებით. გზაში ბავშვები გვხვდებიან და ცდილობენ, ინგლისურად გამოგველაპარაკონ. გოგას ასეთი ტრადიცია აქვს – როცა ტაოში მიდის, იქაური ბავშვებისთვის ქართული შოკოლადები მიაქვს. „ისინი უნდა გრძნობდნენ, რომ საქართველოს ახსოვს ტაო-კლარჯეთი”, – ამბობს გოგა. მე არ ვიცი, ხვდებიან თუ არა ბავშვები მის ჩანაფიქრს, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, მათთვის შოკოლადის დარიგება ძალიან სასიამოვნო პროცესია.


*ოთხთა

რა თქმა უნდა, არ ვაპირებ იმის მოყოლას, როდის და როგორ აშენდა ტაოს ქართული ძეგლები, არც ჩემი ემოციების აღწერით მინდა შეგაწყინოთ თავი. უბრალოდ, ვცდილობ მოგანდომოთ, წახვიდეთ და საკუთარი თვალით ნახოთ ოშკის გამურულ კედლებზე შემორჩენილი ნაქარგობა, სვეტებს თვალი ააყოლოთ და აღმოაჩინოთ, რომ აქ ცა სულ სხვანაირია, ცა, რომელიც ოშკს გუმბათის ნაცვლად ადგას. ვცდილობ გიბიძგოთ, ესტუმროთ ოთხთას და მეგობრისგან, რომელიც მეგზურობას გაგიწევთ, თავად მოისმინოთ სევდიანი ისტორია მეფის ასულ თამარზე, რომელმაც თმა მოიჭრა და გაყიდა, რომ ოთხთა ეკლესიის მშენებლობა დაესრულებინა. რას ვიზამთ, ქართული ლეგენდები ასეთია – ჩვენთან ხომ ყველა მეფის ასულს თამარი ჰქვია და თვით სამეფო ოჯახიც ისეთივე ღარიბია, როგორიც მისი ქვეყანა. ვცდილობ, როგორმე გადმოვცე, როგორია ხახულის ნაწვიმარი ეზოს სურნელი და შესასვლელში გამოკვეთილი ღვთისმშობლის მზერა, რომელსაც სინამდვილეში თვალები სულაც არ უჩანს. ჰო, მართლა, ხახულში რომ მიხვალთ, თუ დაკეტილი დაგხვდეთ, იქვე, სოფელში, ხოჯა ოსმანი მოიკითხეთ – გასაღები მას აბარია. აუცილებლად გაგიღებთ კარს და მეჩეთად ქცეულ ხახულში შეგიძღვებათ.


*ბანა

ბანა კი… ბანა, რომელიც ვნახე, საერთოდ არ ჰგავს ჩემი ბავშვური გონების წარმოდგენილს. ის დგას ტრიალ მინდორზე, წელში გადაჭრილი, გული საკუთარი ნანგრევებით ამოვსებია, დგას და თითქოს არაფერს ელოდება.

ტაოს ძეგლების დანახვისას ერთი ამბავი გამახსენდა: შარშან, ნეპალში მოგზაურობისას, ჩემმა მეგობარმა თურმე გაკვირვებით აათვალიერა უცნაური, თითქოს ჰაერში გამოკიდებული შენობები და დათო ტურაშვილს მიუბრუნდა: „კი მაგრამ, დათო, რაზე დგას ეს სახლები?” დათოს გაეღიმა: „სიყვარულზე, მარიკა, სიყვარულზე!” ჰოდა, მეც მგონია, რომ ეს კედლებიც, ეს გახსნილი, ქარისა და წვიმისგან ნარეცხი კედლები, მთელი ტაო-კლარჯეთი, რომელიც არავინ იცის, როგორ უძლებს საუკუნოვან ტკივილებს, სიყვარულზე დგას, ჩვენს შორეულ, მაგრამ გულწრფელ სიყვარულზე.  


*იშხანი

*გოგა ჩანადირის ფოტოები

ვალერია საფაროვა -შოტლანდიის სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების სისტემა

0

უკანასკნელი ორი ათეული წელია, სასკოლო განათლების ხარისხის შეფასება ევროკავშირის საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს, რომლის მიზანია არა შეფასების უნივერსალური მოდელის შექმნა, არამედ შეფასების უკვე არსებულ სისტემათა ხარისხის შესწავლა და ანალიზი არსებული მიდგომების გამდიდრებისა და სისტემატური შეფასების კულტურის განვითარების მიზნით.

ევროპის ქვეყნებში არსებული სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების თავისებურებათა შესწავლისას განვითარების შემდეგი ტენდენციები გამოვავლინეთ:

– განათლების სისტემათა დეცენტრალიზაციის პროცესი და სკოლებისთვის მეტი ავტონომიურობის მინიჭება განპირობებულია საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით. სკოლა განიხილება როგორც „სოციალურ სიკეთეთა” ბაზრის სეგმენტი. მან ხარისხიანი პროდუქტი უნდა წარმოქმნას გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. საგანმანათლებლო დაწესებულება წარმოადგენს სუბიექტს განათლების განვითარების გზათა დამუშავების პროცესში და ამიტომ გავლენას ახდენს სახელმწიფოს საგანამანათლებლო პოლიტიკაზე. ამასთან ერთად, სკოლისთვის მეტი თავისუფლების მინიჭების შედეგად, – რაც გამოიხატება სასწავლო გეგმის დამოუკიდებელი შემუშავებით, სასწავლო მასალების შერჩევით, ინოვაციური ქმედებების შესაძლებლობით, ბიუჯეტის დამოუკიდებელი განაწილებით და სხვ. – იზრდება მისი პასუხისმგებლობაც. იზრდება სკოლის თვითშეფასების როლიც, რაც გულისხმობს სასწავლო დაწესებულების საქმიანობის ანალიზსა და სუსტი მხარეების განსაზღვრას. სკოლა სისტემატურად წარუდგენს ანგარიშს მოსწავლეებს, მშობლებს, საზოგადოებასა და სახელმწიფო სტრუქტურებს.

– ტრადიციისამებრ, შენარჩუნებულია განათლების ხარისხის შეფასების გარეგანი ფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს სახელმწიფოს მხრივ. გარეგანი შეფასება ხორციელდება ინსპექტორული ორგანოების მიერ ნაციონალურ ან რეგიონულ დონეზე. მაგრამ ამ ორგანოებს უმეტესწილად საკონსულტაციო ფუნქცია აქვთ. ისინი სკოლებს უზრუნველყოფენ მეთოდური მხარდაჭერით საკუთარი საქმიანობის თვითშეფასების განხორციელებასა და მომავალი განვითარების გეგმის შემუშავებაში.

– გარეგანი და შინაგანი შეფასების ობიექტს წარმოადგენს სკოლის მთლიანი, კომპლექსური საქმიანობა. ფასდება არა მხოლოდ საბოლოო შედეგი, არამედ საგანმანათლებლო სისტემის ყველა ელემენტი, რომლებიც ამ შედეგის მისაღწევ საშუალებებს წარმოადგენს. ამ ელემენტებს განეკუთვნება: სწავლების მიზნები, შინაარსი, ორგანიზაციული ფორმები და საშუალებები, ცოდნის გადაცემის ხარისხი, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, ეფექტური მართვა.

მიუხედავად ზემოთ აღწერილი ტენდენციებისა, თითოეულ ქვეყანას საკუთარი უნიკალური ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სცენარი აქვს, რომლებიც თავისებურ გავლენას ახდენს განათლების ხარისხის შეფასების სისტემაზე.

შოტლანდიაში, სადაც სკოლა, ტრადიციულად, დამოუკიდებელ ერთეულს წარმოადგენს დეცენტრალიზებული სისტემის პირობებში, დღესდღეობით შეინიშნება ცენტრალიზაციის გაძლიერება განათლების ხარისხის მართვის თვალსაზრისით.

განვიხილოთ შოტლანდიური სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ზოგიერთი თავისებურება.

შოტლანდია ერთ-ერთი პირველი ევროპული ქვეყანა იყო, რომელმაც შეიმუშავა და წარმატებით დანერგა სკოლის თვითშეფასების ინოვაციური სისტემა. სასწავლო დაწესებულების თვითშეფასება განათლების ხარისხის შეფასების მთავარ ფორმას წარმოადგენს. მაგრამ, ამასთან ერთად, სკოლასა და მის საქმიანობას აფასებენ სახელმწიფო და განათლების რეგიონული საბჭოები.

ნაციონალურ დონეზე შოტლანდიის სახელმწიფო ინსპექცია უზრუნველყოფს განათლების მთელი სისტემის ხარისხს. სწორედ იგი შეიმუშავებს განათლების ხარისხის კრიტერიუმებს შოტლანდიურ სკოლებში; ახორციელებს სკოლების საქმიანობის სისტემატურ შემოწმებას; აქვეყნებს ანგარიშებს შემოწმების შედეგების შესახებ; კონსულტაციას უწევს განათლების საბჭოს განათლების ხარისხის საკითხებზე.

რეგიონულ დონეზე განათლების საბჭოები ხარისხის რეგულარულ აუდიტებს ახორციელებენ სკოლის თვითმმართველობის პირობებში; ადგენენ ანგარიშებს ამ შემოწმების შედეგების შესახებ; მონაწილეობენ სკოლის განვითარების გეგმის შემუშავებაში და ეხმარებიან სკოლას მის რეალიზაციაში.
სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ორგანიზაცია შოტლანდიაში

თითოეული სკოლა შემდეგნაირად აწარმოებს თვითშეფასებას: სამი წლის განმავლობაში სკოლაში სასწავლო პროცესის სხვადასხვა ასპექტის სისტემატური ანალიზი მიმდინარეობს; შეფასების სუბიექტები არიან სკოლის დირექტორი, ადმინისტრაციული აპარატი და პედაგოგიური კოლექტივი. სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელოში სახელწოდებით „რამდენად წარმატებულია ჩვენი სკოლა?” წარმოდგენილია თვითშეფასების მექანიზმები და ხარისხის გასაანალიზებლად გამოყოფილია სკოლის საქმიანობის შვიდი ასპექტი:

1) სასწავლო გეგმა;
2) მოსწავლეთა მიღწევები;
3) საგანმანათლებლო პროცესი (სწავლა და სწავლება);
4) მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური ხელშეწყობის ფაქტორები;
5) სკოლის კლიმატი;
6) რესურსები;

7) მართვა, დირექტორის საქმიანობა, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა.

თითოეული ასპექტი ფასდება იმ კრიტერიუმების საფუძველზე, რომლებიც, თავის მხრივ, შეფასების პარამეტრებს მოიცავს. მაგალითად, ასპექტი „სასწავლო გეგმა” ფასდება ორი კრიტერიუმით:

1. სასწავლო გეგმის ორგანიზაცია;

2. კურსები და პროგრამები.

„სასწავლო გეგმის ორგანიზაციის” კრიტერიუმი აღიწერება შემდეგი პარამეტრებით:

* სასწავლო გეგმის ელემენტთა მოცულობა და დაბალანსებულობა;
* საგანთაშორისი კავშირები;
* საგანთა გაწერა და საგანთა ორგანიზება მოსწავლეთა არჩევანის შესატყვისად;

„კურსებისა და პროგრამების” შეფასების პარამეტრებს განეკუთვნება:

* კურსის ან პროგრამის ელემენტთა მოცულობა და დაბალანსებულობა, მათი შესაბამისობა ნაციონალურ და რეგიონულ ჩარჩოებთან;
* კურსებისა და პროგრამების მთლიანობა და თანმიმდევრულობა;
* კურსის ან პროგრამის კალენდარულ-თემატური დაგეგმვა და მასწავლებელთა მეთოდური უზრუნველყოფა;

თითოეული პარამეტრი ფასდება 4-ქულიანი სკალით, სადაც 4 ნიშნავს „ძალიან კარგს”, 3 – „კარგს”, 2 – „დამაკმაყოფილებელს” და 1 – „არადამაკმაყოფილებელს”.

შეფასების ობიექტი შეიძლება იყოს როგორც სკოლის მთლიანი საქმიანობა, ისე მისი ერთი ან რამდენიმე ასპექტი.
თვითშეფასების პროცესის საფუძვლად სამი საკითხი გვევლინება:

1. როგორ ვმუშაობთ?
2. როგორ შევიტყოთ ამის შესახებ?
3, რისი გაკეთება შეგვიძლია ამ ეტაპზე?

მონაცემთა შეკრების მეთოდებია:

* ინტერვიუ;

* ანკეტირება (მრავალი სკოლა იყენებს ინსპექტორატის მიერ შემუშავებულ ანკეტებს სკოლის კლიმატისა და საგანმანათლებლო პროცესის შესაფასებლად). ანკეტებს ავსებენ მშობლები, მასწავლებლები და მოსწავლეები;

* ჯგუფური განხილვები და სამუშაო შეხვედრები;

* დოკუმენტაციის ანალიზი (მოსწავლეთა ნამუშევრები, ანგარიშები მშობლებისთვის, ანგარიში სკოლის განვითარების გეგმის რეალიზაციის შესახებ, სასწავლო გეგმა და ა.შ.);

* დაკვირვება (პირდაპირი დაკვირვება, კლასების გაცვლა, გაკვეთილთა ვიდეოჩანაწერი და სხვა);

* მოსწავლეთა საგანმანათლებლო შედეგების ანალიზი (მიღწევათა დონეები, მოსწავლეების მიღწევათა ნაციონალური და რეგიონული მაჩვენებლები, „დამატებითი ღირებულების” მაჩვენებლები).

თვითშეფასების შედეგის საფუძველზე ისაზღვრება სკოლის საქმიანობის ძლიერი და სუსტი მხარეები, მუშავდება ანგარიში სტანდარტისა და ხარისხის შესახებ (Standards and Quality report), გამოიყოფა სკოლის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები. 2000 წლიდან სკოლები ვალდებულნი არიან, შეადგინონ სკოლის განვითარების ყოველწლიური გეგმა, რომელშიც დასახულია მიზნები და განსაზღვრულია საშუალებები ამ მიზნების მისაღწევად. სკოლები ვალდებულნი არიან აგრეთვე შეადგინონ ანგარიშები მშობლებისთვის.

თვითშეფასების შედეგები ედება საფუძვლად სახელმწიფო ინსპექციის გარეგანი შეფასების დაგეგმარება-განხორციელებას. სასკოლო განათლების ხარისხის ერთიანი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით ნაციონალურ სახელმძღვანელოში („რამდენად წარმატებულია ჩვენი სკოლა”) გაწერილი კრიტერიუმები და მექანიზმები საერთოა შიდა და გარე შეფასების წარმოების დროს. სასკოლო განათლების ხარისხის შეფასების ორგანიზების აღნიშნული თავისებურებანი მოწმობს ხარისხის მართვის ახალი მრავალდონიანი სისტემის წარმოქმნას, რომელშიც სკოლის მაღალი ავტონომიურობა ერწყმის კონტროლის ცენტრალიზაციას სახელმწიფო დონეზე.

თარგმნა დავით თინიკაშვილმა
შენიშვნები
1 Improving our school. A Consultation paper on national priorities for schools education in Scotland Edinburgh. 2000.
How good is our school? Self-evaluation using quality indicators. HMIE. 2001.

ფერწასული კოლომბინა

0

“მე მჯერა ქალისა და კაცის თანასწორობის! _ ეს განცხადება ორი საუკუნის წინ სკანდალური იქნებოდა, ერთი საუკუნის წინ _ საკამათო; დღეს კი _ ბანალურზე ბანალურია და მაინც, ხუმრობით ნათქვამიც კი აუტანლად მეჩვენება ,,მოსწრებული” ფრაზები როგორც ბარდზე მიჭმული ჭკუის შესახებ, ისე იმ კისერზე, სულელ თავს საითაც უნდა, იქით რომ მიატრიალებს; თუმცა არის ერთი ფემინისტური სულისკვეთების ფრთიანი გამოთქმა, რომელიც ძალიან მომწონს: ,,ყოველი დიდებული კაცის უკან დიდებული ქალი დგას.”

არ ვიცი, ეს გამონათქვამი ვის ეკუთვნის, მე კი, სხვათა შორის, იგი კაცისაგან მოვისმინე, ჩვენმა ლექტორმა მიხეილ ქურდიანმა დაიმოწმა, იმავე დღეს, მახსოვს, მეორე მახვილგონივრული გამოთქმაც დავიმახსოვრე მისგან: ,,სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები სხვადასხვაგვარად აზროვნებენ”. ეს უკანასკნელი დიდი მეცნიერის, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის, სიტყვებია. ხოლო პირველი ფრაზა ბატონმა მიშამ მაშინ ახსენა, როცა გვიამბობდა, რამხელა წვლილი მიუძღვოდა ამ გერმანელი ენათმეცნიერის მიღწევებში მის მეუღლეს, კეროლაინ ფონ ჰუმბოლდტს.

სულ ახლახან ეს ფრაზა მე ვუთხარი ჩემს მოსწავლეებს, ყველაფერი კი ასე იყო: ტიციან ტაბიძის ლექსს ,,ანანურთან” ვხსნიდი. ვუამბე, როგორ გამოჩნდა ,,ლაღიძის წყლებში” მშვენიერი თამუნია წერეთელი და როგორ ცდილობდა ყოველდღე ტიციანი ვინმე ნაცნობი ხშირად უკანასკნელი კაპიკებით შეეპატიჟებინა თბილისელთა თავშეყრის ამ ცნობილ ადგილას, რათა კიდევ ერთხელ მოეკრა თვალი გამაოგნებელი სილამაზის გამყიდველისათვის. როგორ იქცა თამუნია ცნობილი პოეტის მუზად. . .

ეღიმებათ, ვხვდები, რომ ამბავმა ჩაითრია კლასი და თხრობას მეტად დრამატულად ვაგრძელებ:

. . . მერე თამუნია გათხოვდა, პრობლემური მშობიარობა ჰქონდა და ფეხი მოკვეთეს _ ტიციანმა ძალიან განიცადა, აღარ შეეძლო ,,ლაღიძის წყლებში” შევლა და დასახიჩრებული სილამაზის ნახვა. . .

მოიღუშნენ, თვალები ჩაუქრათ, ვხვდები, რომ შემზადებულები არიან, უკვე შემიძლია ლექსის კითხვა დავიწყო: ვცდილობ, ჩემი ხმა გულშიჩამწვდომად ჟღერდეს, გზადაგზა ვჩერდები და ვესაუბრები ლერმონტოვის ,,დემონზე”, ვრუბელზე, ,,ლაყუჩებახეული კალმახის” შესანიშნავ ტროპულ სახეზე, იმაზე, რომ ეს ლექსი პოეტური თვითმკვლელობის გამოცხადებაა.

დავასრულე, ყველაზე ახლოს სალომე თვალებია _ რომანტიკულ-ტრაგიკული ისტორიები სწორედ მასზე მოქმედებს ყველაზე ძლიერად _ ცრემლს ძლივს იკავებს; ბიჭები სერიოზული სახით უხმოდ უთანაგრძნობენ ლირიკულ გმირს, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს; მოტარებული მზერა ხელმარცხნივ, ნინოზე შევაჩერე: საშინლად დაძაბული ზის, ორჭოფული გამომეტყველებით და აშკარად, რაღაც აწვალებს.

_ რაო, ნინო? _ ვუღიმი;
_ მასწ . . . _ და მერე ერთბაშად მეკითხება: _ ტიციანს ცოლი არ ჰყავდა?

ყველა ელოდება ჩემს პასუხს და მე უცებ ვხვდები, რომ ეს იმაზე რთული კითხვაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან იმის თქმა მომიწევს, რომ ტიციანს არათუ უბრალოდ ცოლი, არამედ არაჩვეულებრივი, სრულიად განსაკუთრებული და გამორჩეული მეუღლე ჰყავდა. და მერე უნდა ავუხსნა ამ ყოვლად რადიკალურებსა და ურწმუნოებს, რომ ,,თუ ასეთი კარგი იყო, რატომ უძღვნიდა ტიციანი ლექსებს სხვას”.

ნინო, რომელიც მოგვიანებით დიდი სიამაყით ატარებდა ,,საწყალი, ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭის” უბრალო გვარს, ტაბიძეს, თავადი მაყაშვილი გახლდათ _ ტრადიციული ოჯახისა და პროგრესული შეხედულებების მქონე მშობლების შვილი. ბავშვობაში ილია ჭავჭავაძის მუხლზე ჩამომჯდარი სხაპასხუპით მიაყრიდა ხოლმე: ,,ტყემ მოისხა ფოთოლი…”, ერთხელ მძინარე ვაჟა-ფშაველასაც წაეპოტინა ღიად დარჩენილ ბრმა თვალზე; ის პირველი საღამო იყო მის ცხოვრებაში, როდესაც დიდი პოეტების დიასახლისობა ხვდა წილად, მაგრამ არა უკანასკნელი _ წერდა:

,,ალბათ, ვაჟა-ფშაველამ და ილია ჭავჭავაძემ დამანათლეს, მთელი ცხოვრება პოეტებთან გამეტარებინა”.

გავიდა დრო და უკვე ,,ნინად” ქცეული თავადის ასული თბილისში გამოჩნდა; გამოჩნდა და გაიბრწყინა: ახალგაზრდა მწერლებსა და პოეტებს, რომელთა საზოგადოებაშიც ნინა ტრიალებდა, ერთნაირად იზიდავდათ ქალიშვილის ცისფერი სისხლი, წითელი სამოსი და შავი თვალები; თუმცა, რასაკვირველია, უფრო მეტად _ მისი დახვეწილი გემოვნება, თელავის წმინდა ნინოს პანსიონში მიღებული განათლება და სულიერი სიღრმე. ბალმონტი ქუჩაში უკითხავდა ლექსებს, ქედმაღალი კონსტანტინე გამსახურდია მიხაკების თაიგულებს უძღვნიდა და მისი გულის მოგებას ცდილობდა, მაგრამ ნინა მაყაშვილი ტიციანს ერგო, რადგან ტიციანმა პოეზიით, ნამდვილი მეგობრებითა და ყოველდღიური მშვენიერი სიგიჟეებით სავსე ცხოვრება აჩუქა თავადის ქალს და რადგან ტიციანი იყო ერთადერთი რაინდი, რომელიც უერთგულებდა ,,ფერწასული კოლომბინას” (როგორც პაოლო იაშვილმა უწოდა ნინას) წამებულ სულსა და ტუბერკულოზს.

არცთუ ისე ცოტაა ისტორიაში ე.წ. ,,ფატალური ქალები” _ ცხოვრების განმავლობაში რამდენიმე გამოჩენილი ხელოვანის მუზა და ბედისწერა რომ ხდებიან და ამით შემორჩებიან სამყაროს. მათ მავანისთვის დიდი ხიბლი აქვთ, როცა ანდრე მორუა ჟორჟ სანდზე წერს, ხვდები, რომ ეს ქალი მხოლოდ სიცოცხლეში არ ნუსხავდა დიდებულ მამაკაცებს, მან მკვდარმაც მოახერხა თავგზა აერია უაღრესად ჭკუამახვილი მორუასათვის. მაგრამ მე ვერ ვამჩნევ ამგვარი ქალების ხიბლს _ რაღაცნაირად უნაყოფოები არიან, როგორც სხვისთვის ავბედითები, ისევე თავად უბედურები. მიუხედავად ახალგაზრდობისდროინდელი წარმატებებისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი დროის დიდი შემოქმედები აღფრთოვანებულნი იყვნენ მისით და ხელისგულზე ატარებდნენ, ნინა მაყაშვილი დარჩა არა სატრფო-ლეგენდად, არამედ როგორც ყველა ამ მამაკაცის (რასაკვირველია, ტიციანის გარდა) ერთგულ დად და მზრუნველ დედად: პაოლო იაშვილის საცოლისთვის აუცილებელი პირობა იყო, ნინას მოსწონებოდა, ნინამაც მოიწონა და პაოლომ ცოტა ხანში თამარ სერებრიაკოვაზე ჯვარი დაიწერა; არც გიორგი ლეონიძის ქორწინებას ჩაუვლია ,,მაყაევას” გარეშე _ სწორედ ამ უაღრესად არისტოკრატმა და ამავდროულად ყოველგვარი ბოჰემური ცელქობისთვის მუდამ მზად მყოფმა ქალმა ,,მოატაცებინა” ფეფიკო გოგლას და თავისი და ტიციანის ბეჭდებიც ათხოვა, მერე კი ეს ბეჭდები მეეტლეს დაუტოვეს, ვინაიდან ახირებულ მაყრიონს ეტლის დასაქირავებელი ფული არ ჰქონდა. სწორედ ნინას უნდა დაემშვიდებინა დილაუთენია ესენინი, წინა ღამის ცუდი სიზმრით შეშფოთებული გულამოსკვილი რომ ტიროდა ლოგინში; ნინას უნდა ეყიდა კაქტუსები რუსი მწერლის ლეონიდ ლეონოვისათვის. . .

თავის წიგნში ,,ტიციანი და მისი მეგობრები” ნინო ტაბიძე ბევრ ადამიანს იხსენებს, ბევრ დიდ შემოქმედს და საოცარია, ყველას იხსენებს საუკეთესო კუთხით, დიდი სიყვარულით, თითქოს თითოეული მათგანი იყო ის ერთადერთი, ვინც მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. იგი ყველას კეთილგანწყობითა და უზომო პატივისცემით სარგებლობდა და პერსონაჟთა სიკვდილის მერეც არ უღალატია ამ კეთილგანწყობისათვის.

მერე ტიციანი რეპრესიებს შეეწირა _ ამის შესახებ ნინო ტაბიძე თითქმის არაფერს წერს, თითქოს ამქვეყნად მხოლოდ ტიციანსა და მის მეგობრებთან გატარებული მშვენიერი დრო არსებობდა, მაგრამ ერთი პატარა დეტალისაგან შეიძლება დასკვნის გამოტანა, თუ რა გადაიტანა მან:

,,. . . იმ საშინელ დღეებში ტიციანი ხშირად იმეორებდა, ღმერთმა ქნას, გოგლა მაინც გადარჩეს, ჯერ ბავშვიაო.
მადლობას ვუხდი ჩემს დას, ფეფიკოს და მის ქალიშვილებს, მძიმე ჟამს ზურგი რომ არ მაქციეს, დიდი ყურადღება გამოიჩინეს ჩემსა და ნიტას მიმართ.”

მადლობა იმის გამო, რომ უახლოესმა მეგობრებმა ზურგი არ აქციეს, მრავლისმთქმელია!

კიდევ იყო ერთი დიდი პოეტი, ,,კაპიკებით” და სულიერი თანადგომით რომ ეხმარებოდა ტიციანის ოჯახს:

,,. . . ჩემი ტრაგედიის შემდეგ, 1937 წელს, როცა მარტო დავრჩი, მეჩვიდმეტე დღეს ბორისისაგან დეპეშა მივიღე: ,,მე გული ამომკვეთეს, ვერ ვიცოცხლებდი, მაგრამ ახლა ორ ოჯახზე უნდა ვიზრუნო: ზინასა და ლიონიაზე და თქვენსა და ნიტაზე”.

მას არ უღალატნია თავისი სიტყვისთვის, ჩემთვის უმძიმეს წლებში, თვით ტიციანის რეაბილიტაციამდე, ჩვენ არ მოგვკლებია მისი მორალური და ნივთიერი დახმარება. ყოველ ზაფხულს პასტერნაკებთან ვატარებდი. ალბათ, იმ დროს ბორისისა და ზინას ბადალი და-ძმაც კი ცოტა მოიძებნებოდა, ასე უშიშრად და ასეთი სიყვარულით რომ ეზრუნათ მოყვასზე. სამუშაოდან დაბრუნებულს, თითქმის ყოველ კვირას შინ მისი წერილი მხვდებოდა ხოლმე. გაკრული ხელით წერდა ბორისი და ასე მეჩვენებოდა, თითქოს ფურცელზე მერცხლის ფრთების ჩრდილი იყო გადაწოლილი და დაღლილს, სასომიხდილს მისი ზრუნვისა და ალერსის მზე თავს დამადგებოდა ხოლმე. . .”

,,ცისფერყანწელების” სახელი მთელ საქართველოში ქუხდა, მაგრამ, ჩემი აზრით, ბევრი მათგანი ვერ წერდა ასე, როგორც ეს ,,დიდი მამაკაცის ზურგსუკან მყოფი ქალი”. ყოველ შემთხვევაში მე ,,ცისფერი ყანწები”, უპირველეს ყოვლისა, ნინო ტაბიძემ შემაყვარა.
ვყვები ასე, ბევრს ვყვები: როგორ გამოიძახა ტიციანმა ბორჯომიდან მეუღლე, რათა მისთვის თამუნია წერეთელი ეჩვენებინა, როგორ დაბეჭდა ცოლის ნებართვით თამუნიასადმი მიძღვნილი ლექსები, რომელსაც პაოლო და ვალერიან გაფრინდაშვილი მანამდე, ნინას ხათრით, არსად აჩენინებდნენ, როგორ აჩუქა მას მოდური და ძვირფასი ნივთები (ბავშვებს ეღიმებათ, ფიქრობენ, რომ ეს პატიების თხოვნა იყო) და როგორ გააბრუნა ბორჯომში.

და მე მგონი, ბუნდოვნად, მაგრამ მაინც ხვდებიან, რომ მუზა მშვენიერია, მაგრამ მასზე მეტად მნიშვნელოვანია ქალი, რომელიც სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგ შენი ნამდვილი მეგობარია, ქალი, რომელიც ზურგს უკან დგას და წაქცევის საშუალებას არ გაძლევს.

და მგონია, რომ მათთვის გაკვეთილი ნინა მაყაშვილზე და ნინა მაყაშვილი, როგორც გაკვეთილი, შედგა.

მე და ჩემი ღმერთი

0

ვამბობდი:
“ღმერთო ჩემო”, – და თვალწინ ელ გრეკოს ქრისტე მიდგებოდა – მძიმე ჯვრით მხარზე,
ცისკენ თვალებაღპყრობილი, პირქუში, ცივი. ვფიქრობდი: “შეიძლება, დედა იყოს ჩემი,
თვალებდახრილი ქვემოთ, ჩემკენ, და ბარბიც ჩემი იყოს, რადგან პლასტმასის სხეულს თამაშისას
საკუთარი ხელებით ვუთბობ, მაგრამ არ ვიცი, ვისია ღმერთი, რომლის სხეულიც თავის დროზე
მიწაზეც კი ძალიან ღვთიური და არამიწიერი იქნებოდა. ამის შემდეგ მხოლოდ ასე ვიტყვი
ხოლმე: “ღმერთო”.
დაახლოებით ასე ვფიქრობდი, რა თქმა უნდა, უფრო პრიმიტიულად.

არ
ვიცი, უყვარდა თუ არა ელ გრეკო ბებიაჩემს, არც მისი ღვთისმოშიშობის ამბავი მახსოვს.
მეტისმეტად პატარა ვიყავი იმისთვის, რომ ბებოს პიროვნებით დავინტერესებულიყავი. მაშინ
მისი ნაყიდი ნაყინი უფრო
მეტად მაინტერესებდა. ნახატი კი მაინცდამაინც ჩემს ოთახში ეკიდა, საწოლის მოპირდაპირე
მხარეს, და ზაფხულის არდადაგები ელ გრეკოთი იწყებოდა და ელ გრეკოთი მთავრდებოდა. მაშინ
კი, როცა ნაყინზე მეტად ბებოს ამბებმა დამაინტერესა, გვიან იყო. ბებიაჩემი წავიდა და
დარჩა ნივთები გაურკვეველი ისტორიით. ნივთები ისტორიისა და მფლობელის გარეშე ნივთებად
რჩება და მე ისინი, ათეულ წელზე მეტია, ისევე არ მომინახულებია, როგორც ჩემი შორეული
ნათესავები, რომლებიც ან რძლის ბებიის დისშვილები არიან, ან მამაჩემის ნათლიის ძმის
ქვისლის შვილები.

 

აღდგომაც,
ისევე როგორც საზაფხულო არდადაგები, ტრადიციულად, სოფლის დღეები გახლდათ. მე კი ძალიან
ვიტანჯებოდი, წითელ პარასკევსაც ისევე მხიარულად რომ ვხვდებოდი, როგორც რომელიმე სხვა,
უფერო პარასკევს. თან, გაითვალისწინეთ, ელ გრეკოს ქრისტე მყარად ეკიდა საწოლისწინა
კედელზე. რა უცნაური ქრისტე იყო: ტანჯვისა და ტკივილის ნიშანწყალსაც ვერ შეატყობდით,
ეკლის გვირგვინიდან სისხლი მოსწვეთავდა და შეეძლო, მაინც მარმარილოსავით თეთრი ყოფილიყო,
არც ერთი კუნთი, არც ერთი ძარღვი არ დაეჭიმა, მძიმე ჯვარზე მარჯვენა ხელის თხელი მტევანი
ისე ფრთხილად დაედო, როგორც ვადებთ ხოლმე ზურგზე ხელს ქუჩაზე გადამსვლელ მოხუცებს.
ინტუიციით ვხვდებოდი, ხელში ძვირფასი ნივთი ეჭირა. მერე, როცა გავიზარდე, გავუშინაურდი
და ეკლესიაში ჩამოვუჯექი, მილიონჯერ ვუსაყვედურე და ამდენივეჯერ მაზოხიზმში დავადანაშაულე.
როგორც თქვენ ყველას, მეც მინდოდა, მასთან თქვენობით არ მელაპარაკა და მოსალოდნელი
სასჯელის შიშით ყველა სიტყვა, ყველა ფიქრი, ყველა ქმედება წინასწარ არ განმესაზღვრა.
ერთი სიტყვით, ისეთი ღმერთი მჭირდებოდა, რომელსაც ხარისხიანი ბრენდივით მოვირგებდი
და მეორე დღესვე ტანზე არ შემომერღვეოდა.

 

წლების შემდეგ, როცა ღმერთის
სხვადასხვა ესკიზი უკვე მრავალჯერ შევქმენი, შევკერე, შემოვიცვი, მაგრამ იდაყვები მაინც
გაუცვდა, მაინც გახუნდა და საბოლოოდ იმედი მაინც გამიცრუვდა, მივხვდი:
დოგმების გარეშე არაფერი
გამომივიდოდა და ჩემი იდაყვმორღვეული ღმერთი მაინც ჩემს ძველ, მივიწყებულ ბარბის დაემსგავსებოდა.

 და ახლა ყოველი წითელი
პარასკევი და ყოველი აღდგომა ფიქრის დღეა. თუ ბავშვობაში შეგვეძლო, წითელი კვერცხები
საკუთარი გამარჯვების სიმბოლოდ გვექცია და მეგობრების გატეხილი, ვერშემდგარი
“სიმბოლოები” ნაალაფარივით წამოგვეღო შინ, ახლა სიმბოლოებმა მნიშვნელობა
შეიცვალა, ისევე როგორც ელ გრეკოს ქრისტემ გადაწყვიტა, უფრო მეტად დავერწმუნებინე საკუთარ
ღმერთობაში.

 

ელ გრეკო კი, ეს იდუმალი
ბერძენი (დომინიკოს თეოტოკოპულოსი), მოხეტიალე ფოდელედან  ვენეციაში, ვენეციიდან რომში, რომიდან ტოლედოში,
საეკლესიო პირებს მაინცდამაინც ვერ არწმუნებდა საკუთარი ნამუშევრების “ღვთიურ
ნაპერწკალში”. ზოგჯერ მათ ერჩივნათ, დომინიკოს ნახატებით პირდაპირი მნიშვნელობით
გაეღვივებინათ ეს ნაპერწკალი და კოცონიც გაეჩაღებინათ. მაგრამ ელ გრეკო ის მხატვარი
არ გახლდათ, საკუთრი ტილოები არაპროგრესული ეკლესიისთვის ისე დაეთმო, რა მარტივადაც
ვთმობთ ხოლმე პრინციპებს მაღალანაზღაურებადი სამსახურისთვის.

მისი ნამუშევრები, წაგრძელებული,
ოდნავ არაპროპორციული ქრისტეები და სხვა ფიგურები მანიერიზმის დეტალებით, რელიგიური
თემების ახლებური ინტერპრეტაციები ეკლესიისთვის რომ გაუგებარი რჩებოდა, გასაკვირი არ
არის. ეკლესია ხშირად მზად არ იყო სიახლისთვის.

ელ გრეკო იდუმალებასთან
ერთად ახირებულობითაც გამოირჩეოდა. შეეძლო, მიქელანჯელოს “განკითხვის დღე”
ჩამოსაფხეკად გაემეტებინა, იმავდროულად კი ვერსად გაქცეოდა მის ტალანტს თავის
“წმინდა ლიგას ალეგორიაში”.

 სიკვდილამდე რამდენიმე
წლით ადრე (1610–16 11) ის დიდი მისტიკოსი ხდება და აპოკალიპტიკურ სურათს “მეხუთე
ბეჭდის მოხსნას” ქმნის. მისი აპოკალიფსი მკვეთრია, ფიგურები – დეფორმირებული.
ეს აპოკალიფსი შორეული, თითქმის მითოსური პერსპექტივიდან უცებ ხორცს ისხამს და ისეთივე
ხელშსახები, მკვეთრი და მძაფრი ხდება, როგორც დეზერტირების ბაზარი ზაფხულის შუადღისას.

 ახლა, გაზაფხულის უკვე
საკმაოდ ხვატიან დღეს, ვისთვისაც ქრისტე ჭეშმარიტად აღდგა, ვისთვისაც ის იდაყვმორღვეული
მაისურივით უფუნქციო არ არის და ნამდვილი ღმერთია ღმერთული თვისებებით, აღდგომას გილოცავთ.

კლასიკური მეთოდები კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში(პირველი ნაწილი)

0

კონსტრუქტივისტულ პრინციპებზე აგებული საგაკვეთილო პროცესის კვლევა ცხადყოფს, რომ ასეთი გაკვეთილების წარმატება, უპირველეს ყოვლისა, დამოკიდებულია სწავლა-სწავლების პროცესისადმი კონსტრუქტივისტულ მიდგომაზე, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეთა ინტერესების ზედმიწევნით გათვალისწინებას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი და ინტერპრეტაცია. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც მოსწავლეთა წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული.

მასწავლებლებს ხშირად ჰგონიათ, რომ სწავლებისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა მთლიანად უარყოფს სასწავლო პროცესში კლასიკური მეთოდების გამოყენებას. წინამდებარე სტატიაში შევეცდებით ავხსნათ, როგორ შეიძლება კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში კლასიკური/ტრადიციული მეთოდების გამოყენება.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის მინიმალური მოთხოვნები, როგორც საგაკვეთილო, განსაკუთრებით კი კლასიკური საგაკვეთილო პროცესის მაორიენტირებელი ჩარჩო, ასეთია:

* კონსტრუქტივისტულად აქტიური სწავლა – სასწავლო პროცესში ჩართულმა ყველა პირმა, როგორც მასწავლებელმა, ისე მოსწავლემ, კონსტრუქტივისტულ პერპექტივაში უნდა დაინახოს და გაითავისოს სასწავლო მასალა, მისი შინაარსი, სწავლის პროცესი. ეს არის შანსი, მოსწავლეებმა თავად მიიღონ მონაწილეობა საკუთარ ქმედებათა დაგეგმვაში, განხორციელებასა და კონტროლში. ცოდნის შეძენის სურვილი მხოლოდ გარეგანი მოტივაციით კი არ უნდა იყოს ნაკარნახევი, არამედ ეს უნდა იყოს აქტიური ცოდნა, რომელსაც მოსწავლე სიტუაციისა და საკუთარი მოთხოვნილებების შესაბამისად გამოიყენებს. ამიტომ კონსტრუქტივისტულ დიდაქტიკაში უპირატესობა ენიჭება ე.წ. მონაწილეობით სწავლას, რომელიც საფუძველშივე შეესაბამება ამ მეთოდურ პრინციპებს. მასწავლებლის მხრივ მხოლოდ ფრონტალური გაკვეთილების დაგეგმვასა და ჩატარებას კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა კრიტიკულად ეკიდება, რადგან მასწავლებელი ამ დროს ერთპიროვნულად დგას წინა პლანზე, მოსწავლეთა ჩართულობა მინიმუმამდეა დაყვანილი, ისინი ამ დროს ცოდნის პასიური მიმღებნი არიან. თუმცა ფრონტალური ფაზების გონივრული კომბინაცია სწავლების ინტერაქტიული მეთოდების მრავალრიცხოვან სპექტრთან მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად მოახდინონ საკუთარი ცოდნის სტრუქტურირება, ზრდის მათ ჩართულობას, რაც გაკვეთილს უფრო სახალისოსა და შედეგიანს ხდის.

* თვითრეგულირებადი სწავლა – კონსტრუქტივისტული დიდაქტიკა მიისწრაფის, ასწავლოს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლა, რაც ცხოვრებაში წარმატების ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. ამისთვის აუცილებელია, მოსწავლე ჩამოყალიბდეს თვითრეგულირებად შემსწავლელად. თვითრეგულირებადი სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია, მოსწავლემ იცოდეს, როგორ გამოიყენოს შეძენილი ცოდნა თუ სასწავლო სტრატეგიები, როგორია მისი სწავლის სტილი, რა ძლიერი თუ სუსტი მხარე აქვს, როგორ გამოიყენოს ძლიერი მხარეები პრობლემების გადასაჭრელად და როგორ დაძლიოს სისუსტეები. ასეთ მოსწავლეებს კარგად აქვთ განვითარებული მეტაკოგნიტური უნარები და, აქედან გამომდინარე, ფლობენ სწავლის ეფექტურ სტრატეგიებს. თვითრეგულირებად მოსწავლეებს მაღალი აქვთ სწავლის მოტივაცია, მათი მიზანია, განვითარდნენ, განიმტკიცონ ცოდნა. ისინი გამუდმებით ეძებენ ახალ გამოწვევებს და სირთულესთან შეჯახებისას უფრო შეუპოვრები ხდებიან. დაბრკოლებათა გადასალახავად კი აუცილებელია ნებისყოფისა და თვითდისციპლინის გამომუშავება. სასწავლო პროცესში მხოლოდ ტრადიციული მეთოდების გამოყენება მოსწავლეებს ამ უმნიშვნელოვანეს უნარს ვერ განუვითარებს.

* კონტექსტსა და სიტუაციაზე დაფუძნებული სწავლა – კონსტრუქტივისტული მიდგომის თანახმად, საგაკვეთილო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სიტუაციებს, რომლებიც მოსწავლეთა ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ამოდის და განიხილებოდეს კონტექსტში, ე.ი. ეყრდნობოდეს უკვე ნასწავლსა და განხილულს. მოსწავლე ყველაზე უკეთ ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია კავშირშია უკვე ნასწავლთან. ამის მიღწევა კი კონსტრუქტივისტ მასწავლებელს შეუძლია თანამედროვე და კლასიკური მეთოდების გონივრული კომბინაციით.

* მოდელით სწავლა – სწავლისადმი კონსტრუქტივისტული მიდგომა მოიაზრებს მოდელით სწავლას. „მოდელი” ანუ მისაბაძი პიროვნება შეიძლება იყოს როგორც რეალური ადამიანი (მასწავლებელი, მშობელი, თანატოლი, საკუთარი თავი და სხვ.), ასევე ფილმისა თუ ლიტერატურული ნაწარმოების გმირი (ე.წ. „სიმბოლური მოდელი”). მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გონივრულად შეარჩიოს მოდელი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია კლასიკური, ფრონტალური მეთოდით მუშაობისას. სასწავლო პროცესში მხოლოდ კლასიკური მეთოდების გამოყენება ნაკლებად ეფექტიანია მოდელით სწავლისათვის. კვლევა გვიჩვენებს, რომ საკმარისი არ არის, მასწავლებელი იყოს მხოლოდ მზა ინფორმაციის მიმწოდებელი. ამ დროს მოსწავლეები ვერ აღიქვამენ კონცეფციას და დასაბუთებას, თავს არიდებენ საკუთარი აზრის გამოთქმას, შეკითხვის დასმას, სხვათა პოზიციის შეფასებას. საგაკვეთილო პროცესში მხოლოდ ან მეტისმეტად ხშირად ფრონტალური მეთოდის გამოყენებას მივყევართ პასიური სასწავლო ქმედებისკენ, რომელიც ვერ წარმოადგენინებს მოსწავლეს საკუთარი და სხვთა ქმედების ეფექტურ მოდელს.

* ინტერაქტიული სწავლება – ინტერაქტიული სწავლების დროს მოსწავლე სასწავლო პროცესის სუბიექტია, მისი აქტიური მონაწილეა. სწავლებას საფუძვლად ედება მოსწავლის პირადი გამოცდილება, მისი თვისებები და ცოდნა. შესაბამისად, იცვლება სწავლების მიზანი, იგი ორიენტირებული ხდება არა მხოლოდ მზა ცოდნის მიღებაზე, არამედ უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც.

კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად, სწორედ ინტერაქტიული სწავლება განსაზღვრავს სასწავლო პროცესის ეფექტიანობას. ეფექტიანი ინტერაქტივი, ერთი მხრივ, მიიღწევა, როდესაც მასწავლებელი მოსწავლეებთან ურთიერთობისას საკმაოდ ხშირად მიმართავს მიდგომას: „მე მსურს” და „მე უნდა” და იცავს ბალანსს მათ შორის. მეორე მხრივ, ინტერაქციის დროს მაქსიმალურად უნდა წარმოჩნდეს განსხვავებული პოზიციები, საკითხი გაანალიზდეს და შეფასდეს სხვადასხვა კუთხით, რაც მსჯელობისა და დისკუსიის საშუალებას იძლევა. საგაკვეთილო პროცესის დროს ინტერაქტიული მიდგომა შეიძლება უზრუნველვყოთ თანამედროვე და კლასიკური მეთოდების ერთობლივი გამოყენებით.

* ურთიერთთანამშრომლობით სწავლა – კონსტრუქტივისტული დიდაქტიკის თანახმად, სწავლა სოციალური ურთიერთობების გზით აიგება. შესაბამისად, სასწავლო გარემოში ცოდნის კონსტრუირების საუკეთესო საშუალებაა თანამშრომლობითი სწავლების გამოყენება. სასწავლო მასალის შინაარსი და ურთიერთობები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. როგორც სასიამოვნო სასწავლო გარემო, ეთიკურ ღირებულებებზე დაფუძნებული ატმოსფერო, ურთიერთნდობა უწყობს ხელს სწავლას, ასევე სასწავლო მასალის შინაარსიც განსაზღვრავს ურთიერთობებს. სასწავლო პროცესში მხოლოდ ტრადიციული მეთოდების გამოყენება ურთიერთთანამშრომლობით სწავლებას ვერ უზრუნველყოფს.
მომდევნო სტატიაში იმაზე ვისაუბრებთ, როგორ გამოვიყენოთ ტრადიციული მეთოდები, კერძოდ, ფრონტალური ფაზები, კონსტრუქტივისტულად დაგეგმილ გაკვეთილში.

“ყველასაც თურმე ენა აქვს”, ანუ როგორ საუბრობენ მოლეკულები

0

სიცოცხლეში ერთხელ მაინც მოვხვედრილვართ გარემოში, სადაც სხვადასხვა ენასა თუ დიალექტზე საუბრობენ. ზოგჯერ გვესმის ნათქვამის შინაარსი, ზოგჯერ მხოლოდ ამ ენებისა თუ დიალექტების სადაურობას ვხვდებით, ზოგჯერ – ამასაც ვერა… ერთი რამ ცხადზე უცხადესია – თანამოსაუბრეებს ერთმანეთისა ესმით, ჩვენ კი თუ ვისიმე ნათქვამი ვერ გავიგეთ, ეს ან ჩვენივე უცოდინრობის ბრალია, ან სმენის აპარატისა.

ხმოვანი კომუნიკაცია “ურთიერთგაგების” ერთ-ერთი უძველესი ფორმაა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები მასზეა დაფუძნებული: სტენოგრამის აპარატი ტელეფონმა შეცვალა, ეტრატები – რადიომ, მუნჯი ფილმი – ხმოვანმა კინომ… ჩვენი ბაგიდან მოწყვეტილ სიტყვებს უფრო მაგიური ძალა აქვს, ვიდრე ძვირფას მასალაზე ოქროთი მოვარაყებულს. წარმოთქმული სიტყვა “ცოცხალია”. გარდა სიტყვის “მშრალი” აზრისა, დიდი მნიშვნელობა აქვს მისი წარმოთქმის მანერას, ინტონაციას, ხმის ტემბრს, სიმაღლეს. მოკლედ, “ხმოვან” სიტყვას აქვს ის, რაც ვერაფრით ჩაიწერება ასოებით თუ იეროგლიფებით…

მაგრამ ფიხვნობა მხოლოდ კაცთა და ქალთა, ორ ფეხზე მავალთა ფუფუნება როდია. ფრინველთა გალობა და ჟღურტული მათი სასაუბრო ენაა. ნადირთა და მხეცთა გულის გამყინავი ყმუილი თუ ყეფაც საუბარია. ფური ხბოს ბღავილით უხმობს, ბატკანი დედას ნაზი ხმით აგებინებს, რომ ძუძუ სწყურია და სულ ტყუილად ვუწოდებთ მათ პირუტყვებს. თევზს, მართალია, პირში წყალი აქვს ჩაგუბებული, მაგრამ მასაც შეუძლია, მიჯნურს გაანდოს გულისნადები…

მეტყველებენ უსულონიც – ქვები და კლდეები, წყლები და მდინარეები, ტყე და ყვავილი… ქვის ქვაზე დაცემისას მისი წამოკვნესება, სიოს გულმკერდმიშვერილი ფოთლების შრიალი, მთის სწრაფი მდინარის შხული თუ ბარად დავაკებულის ნელი დუდუნი, ზღვის ტალღების საამო ტყლაშუნი საუბარია, მათი ენა, ენა, რომელიც შეიძლება გავიგონოთ, მაგრამ არ გვესმის, ისევე როგორც არ გვესმის, რაზე საუბრობენ მავრები კოცონის პირას…
ვაჟა-ფშაველა “გველისმჭამელში” ამბობს:
“რაც კი რამ დაუბადია
უფალს სულიერ-უსულო,
ყველასაც თურმე ენა აქვს,

არა ყოფილა ურჯულო”…

საუბრობენ მოლეკულები? რა თქმა უნდა! არც ისინი არიან “ურჯულონი”…

„ხმა მოსაუბრისგან ჩვენს ყურამდე ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით მოდის. ამოსუნთქული ჰაერის ნაკადი ენის მოძრაობით ჩვენს სამეტყველო აპარატში რხევად გადაიქცევა და შეავსებს ირგვლივ ეთერს. მისი გავრცელების მანძილი ტალღის ენერგიაზე იქნება დამოკიდებული. ასეთი ტალღა აღწევს ჩვენს სმენის აპარატამდე, რომლის მგრძნობიარე ზედაპირზე ტალღის დაცემა რხევას ესტაფეტასავით გადასცემს მას… მაგრამ ჩვენს ყურს შეუძლია აღიქვას ტალღები, რომელთა სიხშირე 7-დან 20000 ჰერცამდეა. ამ დიაპაზონის გარეთ არსებული ხმა ჩვენთვის “სიჩუმის” ტოლფასია.“

მოლეკულებს, ჩვენგან განსხვავებით, უფრო მაღალი სიხშირის ტალღები (4x10E12 – 4x10E13 Hz) ესმით, რომლებიც გამოსხივების ინფრაწითელ უბანს შეესაბამება, ამიტომ მათთან სასაუბროდ ინფრაწითელ სპექტრომეტრს ვიყენებთ. სპექტრომეტრში ვათავსებთ სინჯს და გამოსხივების წყაროდან ტალღებს (ხმას) მისკენ მივმართავთ. ეს პროცესი დაახლოებით კლასში სიის ამოკითხვას ჰგავს: გვარის გაგონებისას, თუ მოსწავლე კლასში იმყოფება, გვიდასტურებს თავის იქ ყოფნას. მოლეკულაში შემავალი ატომები და ფუნქციური ჯგუფებიც ასევე იქცევიან – ყველა მაგანს ტალღის სხვადასხვა სიგრძე შეესაბამება და მხოლოდ მასზე რეაგირებს, ეს რეაგირება კი სპექტროგრამაზე პიკების სახით ჩაიწერება.

საუბარს, დიალოგს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ საკითხში წარმატების მისაღწევად. ქიმიკოსმა უნდა იცოდეს მოლეკულების ენა, მასწავლებელმა – მოსწავლეებისა… სხვაგვარად ყოველი გაკვეთილი თუ ექსპერიმენტი წარუმატებლობისთვისაა განწირული.

მე, სკოლა, ვამპირები და მანიაკები

0
ჩემი სკოლიანობის ჟამი (წავუჩიქორთულე, როგორც ბებიაჩემი იტყოდა) უცნაურ დროს დაემთხვა. საბჭოთა ამბებიდან ახალი გათავისუფლებულები ვიყავით, რელიგიის თავისუფლების საქმე უკეთ იყო და უცებ ყველაფერი აირია: ტრადიციული რწმენის იქით ცრურწმენების ზღვა ადიდდა. დაერთო ამას ფილმები სულებზე, ვამპირებზე და სხვა მსგავს უმსგავსოებზე. ეკრანებიდან ბატონი კაშპიროვსკის მისტიკური მზერა და არაამქვეყნიური ხმა გვიტევდა. ამ ამბავმა უცხოპლანეტელებიც დააინტერესა, ამხედრდნენ მფრინავ თეფშებზე და რამდენჯერმე დაგვზვერეს. რა შთაბეჭდილებით გაბრუნდნენ უკან, ვერ გეტყვით, ჩვენ კი დაგვტოვეს დაზაფრულები… მოკლედ, ინგლისური შუა საუკუნეები გურიაში გასულის ოთხმოცდაათიანებში დადგა. სკოლა, აბა, როგორ გამოაკლდებოდა ამ ფერხულს…

პირველი საიდუმლო ადგილი, სადაც ურჩხულს ედო ბინა, სკოლის უზარმაზარი სარდაფი იყო. ერთი-ორმა კი წამოიკნავლა, უფროსკლასელები ეწევიან სიგარეტს და იმის შუქიაო, მაგრამ ეგ რას გაჭრიდა… მთელი წელი იმ ადგილას გავლისა გვეშინოდა. მითი მაშინ თუ დაიმსხვრა, სარდაფი რომ გაწმინდეს. ურჩხულის ნაცვლად აღმოჩნდა: ვლადიმერ ვისოცკის სურათები, მერაბ კოსტავას პლაკატები და რამდენიმე წიგნი მეორე მსოფლიო ომზე.

მეორე ასეთი ადგილი სკოლის გზაზე ჩაის მოუვლელი პლანტაცია იყო. იქ ახალი ჯურის ხალხი ბუდობდა: მანიაკები. აქ უკვე მასწავლებლებიც და მშობლებიც ზაფრამ შეიპყრო. მახსოვს, ერთხელ ვიღაცის ღორი დაიკარგა და თქვეს, მანიაკი შეჭამდა – ბავშვის ხორცი თუ შემოაკლდაო. მერე ღორის თავი იპოვეს და ერთმა ბრძნული იერით აღნიშნა, ასეთ ნიშნებს მანიაკები ადებენო. მანიაკომანიამ კარგა სამ წელს გასტანა. მერე, ეს ბავშვების მოყვარული კაცი მკვდარი იპოვესო, რაღაც ასეთი ხმა დაირხა და მიცხრა.

ერთხელ მთლად საოცარი ამბავი მოხდა – მთელი სკოლა გარეთ გამოვცვივდით: ერთმა მოსწავლემ თქვა, მოჩვენება ვნახეო, უზარმაზარ ქალს ჰგავდა, ქვა ვესროლე, მუცელში გაუარა და მიწაზე სველი დაეცაო. აი, აქედანაც (შემაღლებულ ადგილზეა სკოლის შენობა) ჩანსო. გავიხედეთ და რას ვხედავთ – ქალაქის მეორე ბოლოში მართლაც უზარმაზარი, მწვანე ქალი დგას. დარეკეს პოლიციაში, ადგილობრივმა ტელევიზიამაც კი გააშუქა ეს ამბავი და თუ ვინმე იპოვის მის არქივში, სახალისო საქმე იქნება. იმ ხეს კი დასცვივდა შემოდგომაზე ფოთლები, მაგრამ ჩვენ ჩვენი დაგვემართა.

დანარჩენს მერე მოგითხრობთ. ამით იმის თქმა მინდოდა, რომ სკოლა საუკეთესო დროა ასეთი ცრუ თუ ნახევრად ცრუ ამბების გასათავისებლად და მათგან გასათავისუფლებლად. ან ეგებ გათავისუფლება არც იყოს საჭირო; ჩვენ ხომ ისედაც მითების სამყაროში ვცხოვრობთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...