პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ილიასეული შემოქმედებითი უნივერსალიზმი ვაჟა-ფშაველასთან

საინტერესოა ვაჟა-ფშაველას ღირებულებრივი სისტემის მანიფესტაცია მის მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში, თუ რა განსხვავებულ სამეტყველო სტრატეგიებს იყენებს ვაჟა პუბლიცისტურ და მხატვრულ დისკურსში ერთი და იმავე პრობლემატიკისა და თემატიკის ასახვისას, როგორია ამა თუ იმ მოვლენის ჟურნალისტური თუ მწერლური შეფასება, როგორ ვლინდება ან როგორ ამთლიანებს ამ ორ სხვადასხვა, ლოგიკურსა თუ გრძნობად-ემოციურ ნაკადს ვაჟა-ფშაველას ლინგვოპერსონა და როგორ ხდება მათი შერწყმა მწერლის მსოფლმხედველობაში. ცნობილი ფაქტია, რომ მე-19 საუკუნის დიდი ქართველი მწერლები საუკეთესო ჟურნალისტებიც იყვნენ და სწორედ მათ განავითარეს ქართული პრესა. მათ პრესის მეშვეობით უფრო ფართო აუდიტორიასთან მიჰქონდათ თავიანთი შეხედულებები. ამან კი ის განაპირობა, რომ ქართული პრესა ძალიან თავისებურია, ის გამხატვრულებულია. ეს იმითაც იყო განსაზღვრული, რომ ცარიზმი ყველანაირად აფერხებდა ცალმხრივად პოლიტიკური პერიოდული ორგანოების მშობლიურ ენაზე გამოცემას.

 

ამგვარად ქართველმა მწერლებმა პრესა გამოიყენეს ესთეტიკურ-პოლიტიკური თუ იდეური სრულყოფისათვის და იყვნენ არაჩვეულებრივი ჟურნალისტებიც, ეხმაურებოდნენ რა თავისი დროის ყველა პრობლემურ საკითხს და მიზანმიმართულად, გონივრულად წარმართავდნენ კიდეც ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებას.

 

ანალიზი გვაჩვენებს, რომ ქართული ჟურნალისტიკა დიდადაა დავალებული ლიტერატურისგან და პირიქითაც. იდეათა ამგვარმა ურთიერთგაცვლამ განაპირობა სტილისტური რესურსების ურთიერთგამდიდრება და გამრავალფეროვნება, რამაც ხელი შეუწყო საერთო მიზნების მიღწევას. ვაჟა-ფშაველა დიდი მოქალაქე და მოაზროვნეა არა მარტო „ალუდა ქეთელაურში”, „სტუმარ-მასპინძელსა” თუ „გველის მჭამელში”, არამედ საკუთარ სტატიებშიც, რომლებსაც იგი ათეული წლების განმავლობაში აქვეყნებდა თავისი დროის პერიოდულ გამოცემებში და, გარკვეულწილად, წარმართავდა კიდეც ქართულ საზოგადოებრივ აზრს. მწერლის შემოქმედებითი კრედოს გარკვევისას არ შეიძლება მისი პუბლისცისტიკის იგნორირება. ვაჟას ჟურნალისტური ნაღვაწი, რომელიც ერწყმის და ავსებს მის შედევრებს, უფრო სიღრმისეულად წარმოგვიდგენს გენიოსი პოეტისა და ჰუმანისტის შინაგან სამყაროს, იმდენად ღირებულია, რომ არაფრით შეიძლება მხატვრული შემოქმედების დანამატად გამოვაცხადოთ.

 

ვაჟას აქტიური მუშაობა ჟურნალისტიკაში (პუბლიცისტური წერილები, კორესპონდენციები, ფელეტონები) სწორედ ეპოქის სირთულემ და ორიგინალურობამ განაპირობა. სწორედ იმდროინდელმა ცხოვრებამ წამოაყენა წინა პლანზე პუბლიცისტურობა, რომელიც ფაქტის პირდაპირ შეფასებასა და მოვლენაზე სწრაფ რეაგირებას გულისხმობს. პოეზია მასკომუნიკაციისგან განსხვავავებულ ინტელექტუალურ ადრესატს მოითხოვს. ამიტომ ამ პერიოდში ნაკლებ მოთხოვნადი იყო. მასობრივი მკითხველისათვის უფრო საჭირო იყო ფაქტისა და მოვლენის პუბლიცისტური კვალიფიკაცია. კვლევისას გამოიკვეთა, რომ ვაჟასთვის (რომლის წერილებშიც თემისა და ფორმის მრავალფეროვნებაა), როგორც პუბლიცისტისთვის, მნიშვნელოვანია: ა) საზოგადოებრივი ინტერესის პრიორიტეტი; ბ) ქვეყნის სიყვარული და გ) ობიექტურობა, „მართლის თქმის“ პრინციპი, რომელიც ასე ნიშანდობლივია ქართული ლიტერატურისთვისაც. ვაჟა, თავისი სიდინჯით, ეპიკური სტილით, არა ემოციაზე, როგორც აკაკის სჩვეოდა, არამედ არგუმენტებზე გათვლილი მსჯელობით, ხანდახან კი მეცნიერულ დონეზე აყვანილი პუბლიცისტურობით, მხოლოდ ილიას შეიძლება ამოვუყენოთ გვერდით.

 

მრავალმხრივია ვაჟა-ფშაველას ცხოვრება და მოღვაწეობა: პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, ჟურნალისტი, ეთნოგრაფი, ფოლკლორისტი და მან ღრმა კვალი დატოვა ყველა დარგში. ფართო საუბრის თემაა ვაჟა-ფშაველას ჟურნალისტური მოღვაწეობა, რომელიც გულისხმობს არა მარტო გამოქვეყნებულ წერილებს, კორესპონდენციებს, ფელეტონებს, არამედ რედაქციებში მის პრაქტიკულ, ჟურნალისტურ საქმიანობასაც. ვაჟას სამწერლო მოღვაწეობა ჟურნალისტობით დაუწყია. ეს კავშირი ხალხთან და მის გულისთქმასთან არასდროს გაუწყვეტია. ამიტომაც მისი პოეტური მრწამსის, მსოფლმხედველობისა და მოქალაქეობრივი ინტერესების გასაცნობად მეტად მნიშვნელოვანია მისი პუბლიცისტური მემკვიდრეობის შესწავლა.

 

რა მოვლენებს არ ეხება იგი: მთიელთა დაბეჩავებული, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ცრუმორწმუნეობისა და ზოგიერთი ჩვეულების მავნებლობა, სწავლა-განათლების საკითხები. მიუხედავად იმისა, რომ თავის ფელეტონებსა და კორესპონდენციებში ფშავ-ხევსურეთის შესახებ წერდა, მათში საქართველოს ყველა კუთხის ცხოვრების ანარეკლს ვხედავთ, მთიელთა ცხოვრებაზე კი მოგვითხრობს იმიტომ, რომ ეს ნაკლებად შუქდებოდა იმდროინდელ პრესაში. აკი თვითონაც აღნიშნავდა ამას. ვაჟას პუბლიცისტიკაში წამოჭრილია და, გარკვეულწილად, გადაწყვეტილი, საფუძვლიანად განხილული იმდროინდელი საქართველოს საჭირბოროტო საკითხები: ეროვნული, სოციალური, ეკონომიკური, ეთნოგრაფიული, განათლების, ქალთა და ა.შ.

 

ვაჟას პუბლიცისტიკას ახასიათებს ჟანრობრივი მრავალფეროვნება: ფელეტონი, პამფლეტი, შენიშვნა, სტატია, კორესპონდენცია. მწერალი იცნობს ისეთ ცნობილ სახელებს, როგორებიცაა: ბერნე, სპენსერი, ბოკლი, კონტი და ზოგჯერ ანალიტიკურად, კრიტიკით უდგება, აფასებს მათს ნააზრევსაც. ილიას, აკაკისა და ნიკო ნიკოლაძის პუბლიცისტური მემკვიდრეობის გვერდით ვაჟა-ფშაველას პუბლიცისტიკას გამორჩეული ნიშა უჭირავს და საყურადღებო მოვლენაა ქართული ჟურნალისტიკის ისტორიაში, საზოგადოებრივი აზრის შესწავლისა და განვითარების თვალსაზრისით.

 

ვაჟას პუბლიცისტიკის საერთო ტენდენცია თუ სულისკვეთება მძლავრადაა გამჟღავნებული მის მხატვრულ ნაწარმოებებშიც. მწერალზე მთლიანი, მსოფლმხედველობრვი შთაბეჭდილების შესაქმენლად საჭიროა პუბლიცისტიკისა და მხატვრული ნაწარმოებების ურთიერთმიმართებითი განხილვა. ამ მხრივ ვაჟა-ფშაველასთან აცდენები არ არის. თუმცა ვაჟას ჟურნალისტურ მემკვიდრეობაში ისეთი ფაქტები და მოვლენებიცაა აქცენტირებული, რომლებიც ნაკლებად შეგვხვდება მის ნაწარმოებებში. აქვე უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მის წერილებში თემები და საკითხები მეტი სიმწვავითა და მჭრელი პირდაპირობითაა გაშუქებული.

 

როგორ მკითხველს გულისხმობს ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა თუ მხატვრული შემოქმედება? ამ უკანასკნელს რაც შეეხება, როგორც მარტივისა და გენიალურის გამაერთიენებელი მოცემულობა, გულის გულამდე აღწევს სწორედ თავისი ექსპრესიულობით, დააფიქრებს, ყოფიერების, ადამიანის სულის სიღრმეებში ჩაახედებს თვით ყველაზე ნაკლებგანათლებულ კაცსაც კი. რაც შეეხება ვაჟას პუბლიცისტიკას, აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე და მისი მკითხველიც განსწავლული უნდა იყოს, რომ ჩასწვდეს, კარგად გაერკვეს იმ სოციალურ, ეროვნულ თუ ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკაში, რომელსაც მწერალი აწვდის და ალღო აუღოს პუბლიცისტის მიზანდასახულობას, რომ დაგვარწმუნოს რაღაცაში, თანაგანცდა აღძრას და შეიძინოს მწერლის, როგორც ენობრივი პიროვნების, აპერცეფციული ბაზა, ანუ მოცემული მასალა დამკვიდრდეს მკითხველის მეხსიერებაში, როგორც მნიშვნელოვანი გამოცდილება.

 

ასე რომ, ვაჟას მხატვრულ შემოქმედებასა და პუბლიცისტიკაში, მიუხედავად გამოხატვის ხერხების განსხვავებულობისა, ლოგიკური თუ სახეობრივი აზროვნების შერწყმით გაუბზარავი მსოფლმხედველობრივი კრედოს მქონე, გამთლიანებული მწერლის ლინგოპერსონა გვიმზერს, რომელშიც არაა რომელიმეს დომინირება და დაბალანსებულადაა შერწყმული აზროვნების ორი სხვადასხვა, ლოგიკური და გრძნობად-ემოციური ნაკადი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი