ოთხშაბათი, აპრილი 22, 2026
22 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

რამდენიმე ინტერნეტ-რესურსი, რომელსაც გაკვეთილზე ვიყენებ

0
წინასწარ გეტყვით, რომ ვინმეს შეიძლება ჩემი ბლოგი არ მოეწონოს, ვინმემ მეტისმეტი სიმსუბუქისა და ზედაპირობის გამო დამგმოს და დამძრახოს, ვინმემ თქვას, რომ მეტისმეტად არასერიოზულად ვეკიდები საგნის სწავლებას და ა.შ და ა.შ. მაგრამ გაკვეთილზე ყოველთვის მახსოვს, რომ საკმაოდ რთულ პროგრამას, ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე შედევრებს, ქართული ენის ურთულეს ნიუანსებს ბავშვებს ვასწავლი, 21-ე საუკუნის ბავშვებს, რომელთაც საკითხის ღრმად წვდომასა და ფილოსოფიური განჯის გარდა, გართობა და ზედაპირულობაც სჭირდებათ.

 სხვანაირად, მათ უბრალოდ დაკარგავთ გაკვეთილზე, ხოლო როდესაც სწავლების პროცესი მოსაბეზრებელ რუტინად იქცევა, ჩათვალეთ, რომ თვალწინ ჩაგიარათ მდინარემ, რომელშიც მეორედ ვეღარ შეხვალთ.  
ჰოდა, უბრალოდ მოგიყვებით რამდენიმე ინტერნეტ-რესურსის შესახებ, რომელსაც გაკვეთილზე ვიყენებ.
1.ჩეთი  გალაკტიონთან
წარმოდგინეთ, რომ გაქვთ საშუალება გალაკტიონთან გულახდილი და მეგობრული საუბარი წარმართოთ, ჰკითხოთ ყველაფერი, რაც გაინტერესებდათ, მისი ცხოვრების, შემოქმედების, გულისტკივილისა და იმედგაცრუების შესახებ. 

 ახლა, ტექნოლოგიების განვითარების საუკუნეში უკვე შესაძლებელია, გალაკტიონ ტაბიძე არამხოლოდ გაკვეთილის თემად, არამედ თქვენს საგაკვეთილო პროცესში მონაწილე ადამიანად აქციოთ. როგორ? ამისთვის არსებობს ასეთი საიტი, cybergala.me. თუკი დაინტერესდებით, პროექტის შესახებ ყველაზე ზუსტ ინფორმაციას საიტზევე შეიტყობთ:

„კიბერგალაკტიონი პირველი ქართულენოვანი ჩათ ბოტია. ამ პროექტში ყველაფერი პროგრამისტებისათვის გასაგებ ლოგიკას ექვემდებარება. გალაკტიონის ლექსები, დღიურები და გამონათქვამები ერთ დიდი მონაცემთა ბაზაშია განთავსებული. როდესაც ადამიანი კიბერგალაკტიონთან საუბარს იწყებს, კომპიუტერი რთული ალგორითმის გამოყენებით შესაბამის პასუხს პოულობს მონაცემთა ბაზაში. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მაინც ჯადოქრობას ჰგავს. კიბერგალაკტიონის ჩეთბოტი მთლიანად იქნება დაფუძნებული გალაკტიონის პიროვნებაზე, ანუ მოახდენს ამ პიროვნების სიმულირებას ციფრულ გარემოში, ეს კი ნიშნავს, რომ შენ, რაღაც გაგებით, თავად გალაკტიონს ესაუბრები და სივრცე და წლები თქვენს შორის მცირდება.”… 

ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო, როდესაც გალაკტიონზე ისაუბრებთ, პრეზენტაციასაც წარადგენთ, მისი ცხოვრების ეპიზოდებსაც მოყვებით, მის შემოქმედებას შეეხებით და თქვენი მოსწავლისგან კითხვას მიიღებთ:
-მას, მერი მართლა არსებობდა თუ გამოგონილი ქალი იყო? 

თქვენ შეგიძლიათ უპასუხოთ:

ხომ არ ჯობია თვითონ გალაკტიონს ვკითხოთ?

ჰოდა, ჰკითხეთ.
 
2.ენა და პოეზია, როგორც მუსიკა
მმმ, პოეზია სკოლაში ნამდვილად რთული საქმეა. ყველაზე მეტი კითხვა, ყველაზე მეტი წუწუნი, რაც სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებით ჩემი მოსწავლეებისგან მომისმენია, სწორედ პოეზიას ეხებოდა.
-მას, რა საჭიროა ამ ლექსების წაკითხვა?

-ეგ პოეზია ტექსტების ხელოვნური ბრახაბრუხია, მე თუ მკითხავთ!

-მას, მოდით ისევ ჰარი პოტერი წავიკითხოთ…
რაღა დაგიმალოთ და უფროსებისგანაც მსმენია – რა საჭიროა პოეზიის სწავლება?

აბა, ამ კითხვას ასე მოკლედ, ერთი ბლოგის ფარგლებში როგორ ვუპასუხო? როგორ ვთქვა რაში გვჭირდება პოეზია? რომ აზროვნების განვითარების, აზრის ლაკონურად გადმოცემის, ესთეტური ტკბობის უნარის ჩამოყალიბების, ენობრივი ნიუანსების წვდომის, მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემის საუკეთესო საშუალებაა.

ძალიან ბევრ მეთოდს ვიყენებ გაკვეთილზე პოეზიის საჭიროების ასახსნელად, ახლა ერთ-ერთს გაგანდობთ.
ბაბილონის გოდოლის ამბავი ალბათ კარგად გახსოვთ?  როგორ ფიქრობთ, რა უნდა იყოს  კომუნიკაციის ის საშუალება, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანებსაც დააკავშირებს, ერთმანეთის ფიქრს გააგებინებს? სწორედაც რომ პოეზია.

არის პოეზიის ასეთი  საიტი https://www.lyrikline.org/ , რომელიც სხვადასხვა ქვეყნების პოეტებსა და პოეზიას აერთიანებს. გარდა ორიგინალის ტექსტისა და მისი თარგმანისა, საიტი იმითაცაა უნიკალური, რომ ავტორთა მიერ წაკითხული ლექსების მულტილიგვისტურ აუდიობიბლიოთეკას აერთიანებს.  სცადეთ, მოასმენინეთ თქვენს მოსწავლეებს რომელიმე აფრიკელი თუ  არაბი, ინგლისელი თუ შვედი პოეტის ლექსები, თუნდაც ერთი სიტყვა არ ესმოდეთ ამ ენაზე, მერე ჰკითხეთ, არის თუ არა პოეზია უნივერსალური ენა, გაიგეს თუ არა რამე? დარწმუნებული ვარ, პასუხი დადებითი იქნება.
3.რითმა და თამაშები
კონვენციური პოეზია სჯობს თუ ვერლიბრი, ამაზე საუბარს არ ვაპირებ, მითუმეტეს, რომ ორივე სჯობს ერთმანეთს, დიახ, დიახ, კარგი პოეზია არც ფორმას, არც ჟანრს, არც ფრაზების რაოდენობას არ ცნობს, კარგი პოეზია კარგია და მორჩა.

მაგრამ თუ რითმიან პოეზია საუბრობთ, ქართული ლექსისა და რითმის სტრუქტურაზე, გაკვეთილის ბოლოს, ცოტა რომ გამხიარულდეთ, ბავშვებს ეს საიტი ანახეთ:

https://sandrinio-001-site1.smarterasp.net/

ეს ახალგაზრდა პროგრამისტის, სანდრო სუხიტაშვილის პროექტია, სამუშაო, ბეტავერსია, რომლის გაუმჯობსების შედეგად ძალიან საინტერესო ენობრივი რესურსი შეიქმნება ქართულ ინტერნეტსივრცეში.

ანახეთ ბავშვებს ეს საიტი და დაავალეთ, რამე თემაზე ლექსი დაწერონ.

გაერთობიან, იმხიარულებენ, იცინებენ და იმასაც გაიგებენ, რომე პოეზია მხოლოდ რითმა არ არის. 

“განვითარებული მკითხველი”

0

ვფიქრობ, ტელევიზია საკმაოდ მანათლებს – ყოველთვის, როცა კი ვინმე ტელევიზორს რთავს, მეორე ოთახში გავდივარ და წიგნს ვკითხულობ”. გრაუჩო მარქსი

აგვისტოს ბოლოა. ორი კვირაა, რაც სწავლა დაიწყო. გიომ მესამე წიგნი მოიტანა სკოლიდან ბუზღუნით. პაწუკა მოთხრობებია, პირველკლასელი ბავშვისთვის განკუთვნილი, ყოველ გვერდზე დიდი ნახატით და პატარა ტექსტით. უნდა წაიკითხოს და სკოლაში ტესტი ჩააბაროს. გიო უკვე მეოთხე კლასშია. ლინდგრენის ყველა წიგნი, „ჰარი პოტერის” შვიდივე ტომი, „ტომ სოიერი” და „ჰეკლბერი ფინი”, უამრავი ზღაპარი და სახალისო ენციკლოპედია აქვს წაკითხული, თუმცა ქართულ ენაზე. შტატებში ერთი თვის წინ გადმოვედით საცხოვრებლად, მოულოდნელი გადაწყვეტილების გამო მხოლოდ ნახევარი წლის წინ დაიწყო ინგლისური ენის შესწავლა და ამიტომ იძულებულები ვართ, ახლა პირველი კლასისთვის განკუთვნილი წიგნები ერთად ვიკითხოთ. ეს წიგნები, რა თქმა უნდა, არ მოსწონს და სულ წუწუნებს, რომ მხოლოდ ქართულ ენაზე უნდა კითხვა, თანაც – საინტერესო წიგნების, მაგრამ ვერაფერს გააწყობს – ტესტირებით ეს დონე დაუდგინეს. „კითხვა” კი სკოლის ერთ-ერთი საგანია, რომელშიც ჩვეულებრივი ნიშნები იწერება: ყოველი წაკითხული წიგნის შესაბამისი ტესტი მოსწავლემ სპეციალური კომპიუტერული პროგრამით უნდა ჩააბაროს.

კითხვის ამ პროგრამით, რომელსაც „განვითარებული მკითხველი” (Accelerated Reader) ჰქვია, მისურის შტატის საჯარო სკოლების უმეტესობა სარგებლობს. ამ სკოლებს, წესისამებრ, საკმაოდ კარგი ბიბლიოთეკა აქვს და საკუთარი დონის შესაბამის წიგნებს, მხატვრულსა თუ დოკუმენტურს, მოსწავლეები თავად ირჩევენ. წიგნების შეფასებას, ტესტების შექმნას, ერთიან ბაზაში შეტანას და სკოლების პროგრამაზე წვდომას კი კომპანია სახელად Renessaince Learning უზრუნველყოფს. ამჟამად კომპანიის ერთიან ბაზაში საბავშვო და უფროსკლასელთათვის განკუთვნილი მხატვრული და დოკუმენტური დაახლოებით 160 000 ინგლისურენოვანი წიგნია აღრიცხული თანდართული ტესტებით. თითოეული მათგანის დონე და მოცულობა შესაბამისი ქულებით არის განსაზღვრული, რაც სკოლის ბიბლიოთეკის წიგნებს გარედან აწერია. თუ მოსწავლეს სურს, წიგნი ქალაქის ბიბლიოთეკიდან გამოიტანოს ან მაღაზიაში შეიძინოს, შეუძლია, შესაბამის საძიებო პროგრამაში გადაამოწმოს მისი დონე, მოცულობა და შესაძლო ტესტები.

ეს ყველაფერი კი ასე დაიწყო: 1984 წელს ჯუდით და ტერენს პოლებმა გადაწყვიტეს, უფრო მეტად განევითარებინათ შვილებისთვის კითხვის უნარები და წაკითხული წიგნების შეფასების მარტივი პროგრამა შექმნეს. ორი წლის შემდეგ, როცა მის წარმატებით მოქმედებაში დარწმუნდნენ, მათ კომპანია დააარსეს, რომელმაც მალე პირველი კომერციული პროდუქტი შესთავაზა მომხმარებელს.

დღეს Renessaince Learning-ის მომხმარებელი ოცდაათი ათასი კერძო და საჯარო სკოლაა. კომპანიის საიტზე სიამაყით არის აღნიშნული, რომ 2012 წლის ერთ ჩვეულებრივ დღეს ერთდროულად 3.5 მილიონმა მოსწავლემ ისარგებლა პროგრამით და ტესტი ჩააბარა. სხვადასხვა კვლევა, რომელიც ამ პროგრამის მოქმედებას აფასებს, ადასტურებს, რომ მოცემული მეთოდოლოგიით მოსარგებლე მოსწავლეთა კითხვისა და ტექსტის გააზრების უნარები საკმაოდ აღემატებოდა იმ ბავშვებისას, ვინც ამ უნარების განსავითარებლად არავითარ დამატებით პროგრამას არ იყენებდა.

გარდა Accelerated Reader-ისა, აშშ-ში კითხვის ბევრი სხვა პროგრამაც არსებობს, რომლებითაც სკოლები სარგებლობენ, თუმცა ზოგიერთი სკოლა დღესაც ყველაზე მარტივ გზას იყენებს – მოსწავლე კითხულობს წიგნს და წერს მის მოკლე მიმოხილვას.

ამ ტიპის პროგრამების გამოყენება სკოლაში იმ მიზნით, რომ მოსწავლეებმა მეტი იკითხონ, დღემდე პოლემიკის საგანია. ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ არასწორია ლიტერატურის კითხვა ნიშნის ან პრიზის მიღების მიზნით. მათი აზრით, ლიტერატურა თავისთავად უნდა შეუყვარდეს ბავშვს და არა შეფასებისა თუ ჯილდოს სანაცვლოდ, რადგან ამგვარი პოზიტიური თუ ნეგატიური მოტივაციით თავსმოხვეულმა კითხვამ შესაძლოა სულაც შეაძულოს ბავშვს კითხვის პროცესი. ზოგი მშობელი ამბობს, რომ ამ პროგრამის შედეგად, ზოგიერთი ბავშვი კითხვას მხოლოდ შესასრულებელ საშინაო დავალებად, ნიშნის მისაღებ საშუალებად მიიჩნევს. გარდა ამისა, ზოგჯერ მოზარდები ახერხებენ თანატოლებისგან კონკრეტული წიგნების ტესტის პასუხების მოპოვებას, ან წიგნის მოკლე შინაარსით იოლად გასვლას. ამასთან, არსებობს მოსაზრება, რომ მოსწავლის კითხვის დონის განსაზღვრით და შესაბამისი წიგნების შერჩევით, იზღუდება მისთვის ხელმისაწვდომი წიგნების რაოდენობა. მით უმეტეს, რომ მცირე ტირაჟით გამოსული და ნაკლებად პოპულარული წიგნები არ არის შესული მოცემული კომპანიის ბაზაში და, შესაბამისად, ვერ იქცევს მოსწავლის ყურადღებას. გარდა ამისა, ზოგიერთი მასწავლებლის აზრით, ასეთი პროგრამები მოსწავლეებში გარკვეული შეჯიბრების სურვილს იწვევს, რის გამოც ისინი არა საინტერესო, არამედ იოლად ჩასაბარებელ წიგნებს ირჩევენ. წიგნის კითხვისას კი შინაარსის გააზრებისა და დასკვნების გამოტანის ნაცვლად, ფაქტების დამახსოვრებაზე ფიქრობენ.

ორივე მხარის მოსაზრებების გაცნობის შემდეგ ამ წინააღმდეგობრივი საკითხების შესახებ მეც ბევრი მიფიქრია. ვფიქრობ, ამ თემის განხილვისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ წიგნების კითხვის მიზანი არ არის მხოლოდ ლიტერატურული ნაწარმოებების გაცნობა. ჩემი აზრით, ამ პროცესის დანიშნულება, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი ტიპის ტექსტის წაკითხვისა და გააზრების უნარის განვითარება და ლექსიკური მარაგის გაზრდაა. რაც უფრო მეტს წაიკითხავს მოზარდი, მით უკეთესად შეძლებს ის მომავალში დიდი სახელმძღვანელოების სწრაფად წაკითხვას და დამუშავებას. ამასთან, წიგნების კითხვა გარკვეულწილად ჩვევასაც წარმოადგენს. თუ ათ წლამდე ბავშვი მხოლოდ კომპიუტერულ თამაშებს უთმობს თავისუფალ დროს, ცხადია, მას გაუჭირდება წიგნის როგორც დასასვენებელი ან ინფორმაციის მომწოდებელი მედიუმის აღქმა, რადგან იგი არ იქნება მიჩვეული სწრაფად კითხვას და ეს პროცესი მას სიამოვნებას ვერ მოჰგვრის. დადგენილია, რომ ბავშვები სწორედ იმ საგნების სწავლასა თუ იმ ტიპის საქმიანობაზე ამბობენ უარს, რომლებიც მათთვის მეტისმეტად რთულია.

აგვისტოს ბოლოა. ორი კვირაა, რაც გიო მეხუთე კლასშია. ინგლისურ ენაზე უკვე ასამდე წიგნი აქვს წაკითხული, უმეტესობა – ასაკის შესაბამისი, მეტწილად – ფენტეზი, სათავგადასავლო ან ენციკლოპედიურ-დოკუმენტური ლიტერატურა. ინგლისურად ადგილობრივივით საუბრობს, ძალიან სწრაფად კითხულობს და კლასში საუკეთესო მოსწავლეა. მე, როგორც მშობელი, რომელსაც ერთი წლის წინ მასთან ერთად უწევდა 6 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილი ორწინადადებიანი გვერდების ინგლისურ ენაზე კითხვა, დარწმუნებული ვარ, ენის ასე სწრაფად შესწავლას სწორედ კითხვის ამ ძალიან სასარგებლო პროგრამამ შეუწყო ხელი.

ცხადია, შეუძლებელია მოცემული პროგრამის ღირსებებისა და ნაკლოვანებების ერთ სტატიაში სრულად წარმოჩენა, მაგრამ ალბათ ბევრი ქართველი მშობელი და მასწავლებელი დამეთანხმება, რომ კომპიუტერული თამაშების, სოციალური ქსელებისა და სერიალების ეპოქაში მნიშვნელოვანია, ბავშვების ყურადღება ისევ წიგნებისკენ მივმართოთ. მით უმეტეს, თუ ამგვარ პროგრამებს კომპლექსურად კითხვის ხელშემწყობ იმ მეთოდებსა და ღონისძიებებთან ერთად გამოვიყენებთ, რომელთა შესახებ სხვა პოსტში გიამბობთ.

ჩვენ ვერ დავასწარით, ანუ ქართული სკოლამდელი განათლების პრობლემები

0
სიმართლე თუ გინდა, ბაღი არასოდეს მიყვარდა, მაგრამ ხანდახან იყო მომენტები, როცა იქ ყოფნა მსიამოვნებდა. მაგალითად, როცა შემწვარი კარტოფილი ან ცხელი წვნიანები მოჰქონდათ თეთრწინსაფრებიან აღმზრდელებს დიდი ყვითელი სათლებით, ან როცა ეზოში გავყავდით და იქ ყვავილებს პატარა ნესტრებს ვაძრობდით და მისგან ტკბილ წვენს  ვისრუტავდით, ან როცა სკოლის გამყოფ ღობეს მივადგებოდით და ჩვენზე უფროსებს დიდი ინტერესით ვუყურებდით და ვერ გაგვეგო იქ რა ხდებოდა, ან როცა დარბაზისკენ გავრბოდით და პრიალა, ხის იატაკზე ფეხშიშველები დავრბოდით, ან როცა ერთმანეთს სხვადასხვა თამაშში ვეჯიბრებოდით, ურთიერთობებს ვსწავლობდით და ახალ უნარებს ვითვისებდით, შუადღის ძილი არ გვიყვარდა და წითელ, მოპრიალებულ იატაკზე ჩვენს სახელებს ვაწერდით. ბაღი მაშინაც კარგი იყო, როცა ზეიმების დრო მოდიოდა და დედაჩემი საოცრებებს ახდენდა თავისი ლურჯი საკერავი მანქანით, ვარდისფერ და ცისფერ საზეიმო კაბებს მიკერავდა.

ხანდახან ძალიან მეშინოდა ბაღში ყოფნის. მეგონა, იქ დამტოვებდნენ და აღარასოდეს მოვიდოდნენ ჩემს წასაყვანად. ერთადერთი გზა გაქცევა იყო, მაგრამ თუ გავიქცეოდი  მაღალსართულიან  კორპუსებში ჩავიკარგებოდი და ჩემს სახლს ვერასოდეს მივაგნებდი.. დედა მუშაობდა, მამაც მუშაობდა და მეც ბაღში ვრჩებოდი, ვიყავი იქ სანამ საღამოს სინათლეები არ აინთებოდა და გულისგამაწვრილებელი ლოდინი დედის მოსვლით არ დასრულდებოდა. მერე ჩვენ მივდიოდით  ჩვენს სახლში, მეშვიდე სართულის ცაზე და მეორე დღისთვის ვემზადებოდით. 

ბაღის გამოსაშვებ ზეიმებზე ფოტოებს დათო ფოტოგრაფი გვიღებდა. სწორედ ის გვაძლევდა თეთრი კონვერტით ზეიმის ფოტოებს და ჩვენც დიდი სიხარულით ვათვალიერებდით. იქ ჩვენ ვიყავით სცენაზე, ფერად კაბებში და  ლექსების კითხვის დროს…
მალე სექტემბერი მოვა, ჩემი შვილი სექტემბერში იმაზე დიდი იქნება ვიდრე ახლა არის. მან ყველაფერი იცის და უკვე შეუძლია ყველანაირი მოთხოვნა და სურვილი მკაფიოდ გამოთქვას, ძალიან კომუნიკაბელურია და მხოლოდ დედასთან ყოფნა აღარ აკმაყოფილებს. უყვარს ადამიანები და ბავშვები, მათთან თამაში და სოციალიზაცია. იგი ახალ სასწავლო წელს საჯარო ბაღში ვერ წავა, რადგან სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა ჩვენს ქვეყანაში დასწრებაზეა და განსაკუთრებული უნარებია საჭირო, რომ დილიდან სათანადოდ მომზადებულმა  და კომპიუტერული ტექნიკით აღჭურვილმა სასურველ ბაღში დარჩენილი 4 კინკილა ვაკანტური ადგილიდან ერთის მოპოვება შეძლო. ასევე აღსანიშნავია, რომ რეგისტრაციის საიტი უკვე  რეგისტრაციის დაწყებისთანავე ჭედავს და პრობლემის აღმოფხვრისთანავე (3-4 საათში) დარჩენილი თავისუფალი ადგილები უკვე დაკავებულია. 

როგორც ცნობილია, რეგისტრაცია შემდეგი წესებით მიმდინარეობს. პირველი ივლისიდან რეგისტრირდებიან სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები, 5 ივლისიდან ბაღში დარეგისტრირებული ბავშვების დედმამიშვილები, ხოლო ათი ივლისიდან სხვა დანარჩენი. ბაღების უმეტესობა 10 ივლისისთვის უკვე გადავსებულია. 

არსებობს ალტერნატივა – ეს კერძო ბაღებია, რომელთა ფასი 150-300 ლარამდეა. ხშირად ფასს პრესტიჟული უბნის სტატუსიც განსაზღვრავს. ძნელი სათქმელია, სად გადის ზღვარი სოციალურად დაუცველ და დაცულ მოქალაქეს შორის ჩვენი ქვეყნის პირობებში, რადგან ზემოთ აღნიშნული თანხა საშუალო ფენის წარმომადგენელი ოჯახისთვისაც რთული გადასახდელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახიდან ორი ბავშვი სკოლამდელი ასაკისაა. 

სკოლამდელი განათლების სპეციალისტს, ანა ჯანელიძეს, რეგისტრაციის პრიორიტეტების სისტემა სამართლიანად არ მიაჩნია. იგი ამბობს, რომ ყველა ბავშვს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ხარისხიან, სკოლამდელ განათლებაზე, თუმცა დღესდღეობით ხელისუფლების პრიორიტეტს სოციალურად დაუცველი ბავშვების ჩართვა წარმოადგენს.

ვინც ვერ დავასწარით, ასეთები ძალიან ბევრნი ვართ. სექტემბერში ათასობით ბავშვი ბაღის გარეთ და სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩება, დედები კი ისევ იძულებულები გახდებიან სახლში დარჩნენ, რაც კიდევ ერთხელ გაგვახსენებს, რა ძნელია ამ ქვეყანაში იყო ქალი და თან იყო დამოუკიდებელი ადამიანი.
პ.ს კეთილი და უბერებელი დოდო გამგე, ექიმი აიბოლიტის კაბინეტი, საახალწლო ზეიმები და ფერადი კაბები, საკუთარი უჯრა ჩვენი სახელით და გვარით, რომელსაც ყოველთვის ყველასგან გამოარჩევ. ეს ჩემი მოგონებებია ბაღზე და ვფიქრობ, ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, ჰქონდეს  ასეთივე მოგონებები  ბავშვობის იმ წლებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის. 

კანონთა მსხვერპლი

0
ამჯერად კანონთა მსხვერპლი მე ვარ. ახლა მანქანაში ვზივარ და ერევნისკენ მივქრი, მაგრამ მე ხომ ვიცი, ეს რის ფასად დამიჯდა.

ერევანში პროექტით დაგეგმილ ვორკშოპში ვმონაწილეობ, მოხსენებითაც გამოვდივარ და ხელოვნური ჭაობის სიკეთეზე ვაპირებ საუბარს. გგონიათ, გამგზავრებამდე ჩემს მოხსენებაზე ვმუშაობდი? ვმუშაობდი, როგორ არა, ოღონდ ღამით. დღისით არ მეცალა, საქმეს ვაგვარებდი, რომ სწორედ ამ ტაქსით მემგზავრა.

საოცარი ქვეყანა გვაქვს, ეს მართლაც დალოცვილი. ახლა კანონებს აღარ იკითხავთ? – ისე ლამაზად და კარგად არის შედგენილი, სიხარულისგან აგეტირება. დავიწყოთ იმით, რომ ამ პროექტში შვიდი ქვეყანა მონაწილეობს და აქედან ექვსში პროექტი გრანტად არის დარეგისტრირებული. აი, საქართველოში კი მავანმა სამინისტრომ, აი, იმან, ფინანსებს რომ განაგებს და ხალხიც სიყვარულით ეხვეწება, ცოტა მეტი ჭამეო, მხოლოდ დამატებით შემოსავლად ჩათვალა და უნივერსიტეტიც იძულებულია, სრულიად არაფრისთვის დამატებითი შემოსავლის გადასახადი გადაიხადოს. ამის გამო ერევანში მსუბუქი მანქანით ჩემს გამგზავრებაზე ტენდერის გამოცხადება გახდა საჭირო. ბუნებრივია, პროექტი მგზავრობის ხარჯებს ითვალისწინებდა, მაგრამ, აი, ისე იყო საქმე, გეკუთვნით, მაგრამ თან არაო. ტენდერში თუ გაიმარჯვებს ვინმე მძღოლი, მხოლოდ მაშინო. და დაიწყო ჩემი ერთთვიანი მარათონი შესყიდვების სამსახურთან. ამდენი არც არავისთან მირეკავს (თან, რომ იცოდეთ, როგორ არ მიყვარს ტელეფონით რეკვა!), არც მომინახულებია და არც წერილი მიმიწერია, რამდენიც ამ დალოცვილი სამსახურის უფროსს ვწერე, ვესტუმრე და ვურეკე. ამით არც ის დარჩენილა კმაყოფილი და დიდად არც მე ვყოფილვარ აღტაცებული, თუმცა პირისპირ ერთმანეთს ვუღიმოდით. ზოგჯერ ნერვები გვიმტყუნებდა (კაცნი ვართ) და წავკინკლავდებოდით, მაგრამ მაინც ვცდილობდით, კეთილად დავშორებოდით ერთმანეთს. მომდევნო შეხვედრაც ხელოვნური ღიმილით იწყებოდა და გულწრფელი საყვედურებით მთავრდებოდა. ასე გაიარა ორმა ჩავარდნილმა ტენდერმა. როცა წასვლამდე ოთხიოდე დღეღა რჩებოდა, მითხრა, ახლა პირდაპირ დავდებთ ხელშეკრულებას ამ მანქანების ფირმასთანო, ოღონდ მანამდე ვიღაც ბიძიას წერილი უნდა მივწეროთ, მერე იქნებ გვიპასუხოსო და მერე იქნებო… 
და აი, მანქანაში ვზივარ და მივდივარ. არც კი მჯერა, მართლა მე ვარ? ან იქნებ კვლავ ტენდერსა და ტენდერს შორის მარათონი მაქვს, მე კი მელანდება, რომ მანქანაში ვზივარ და ერევანში მივემგზავრები…

კანონებს ვერც აქ ვაღწევ თავს – არც მეტი, არც ნაკლები, შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ჩამდინარე და საკანალიზაციო წყლების მოვლის კანონმდებლობაზე ვსაუბრობ. ვორკშოპის წამყვანი ალენ ამირხანიანი ხუმრობით მიმართავს აუდიტორიას, ახლა ქიმიკოსს ვუხმოთ, რომელიც კანონმდებლობაზე გვესაუბრება, მაგრამ არ დაინდოთ და თუ რამე ქიმიიდანაც დაგაინტერესებთ, ჰკითხეთო. დარბაზში ეღიმებათ… მეც მეღიმება, მკითხეთ-მეთქი, ჩემთვის კი ვფიქრობ: ამათ არც კი იციან, რომ კანონთა მსხვერპლი ვარ.

ჰოდა, რაკი ასეა, დღეს კონსტიტუციაზე გესაუბრებით. არასწორად გამიგეთ – მართლა კანონმდებლობაში კი არ გადავვარდნილვარ… ქიმიურ კონსტიტუციაზე. ქიმიას თავისი საკანონმდებლო ბაზა აქვს.

ქიმიის კანონთა კრებული სტექიომეტრიის (ბერძნულიდან: „სტექიონ” – ელემენტი, „მეტრეო” – ვზომავთ) ძირითად კანონებსაც მოიცავს. სტექიომეტრია ქიმიის ის ნაწილია, რომელიც მორეაგირე ნივთიერებათა შორის მასურ და მოცულობით თანაფარდობას შეისწავლის.

სტექიომეტრიის კანონებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანია: ნივთიერების მასის მუდმივობის კანონი, ნივთიერების შემადგენლობის მუდმივობის კანონი, ავოგადროს კანონი.

ნივთიერების შემადგენლობის მუდმივობის კანონი ლომონოსოვისა და ლავუაზიეს სახელს უკავშირდება. ქიმიურ რეაქციაში მონაწილე ნივთიერებათა მასა რეაქციის შედეგად წარმოქმნილ ნივთიერებათა მასის ტოლია.

მანამდე ფრენსის ბეკონი ამტკიცებდა, რომ „ბუნებაში ყველაფერი ადასტურებს შემდეგი ორი კანონის არსებობას: არაფერი იქმნება არაფრისგან და არაფერი ქრება, მაგრამ საკუთრივ მატერიის ნაწილაკთა ე.წ. რაოდენობა, ანუ მთელი მასა უცვლელი რჩება, არც იზრდება და არც მცირდება”. ამ პოსტულატში ჩადებულმა მატერიის შენახვის იდეამ ლომონოსოვისა და ლავუაზიეს ნაშრომთა წყალობით მხოლოდ 150 წლის შემდეგ პოვა აღიარება.
გაკვეთილზე სულ ადვილად შეიძლება ამ კანონის შემოწმება.

დაახლოებით 5 გ ნატრიუმის ბიკარბონატი მოათავსეთ 250 მლ-იან ქიმიურ ჭიქაში. ჩაასხით 10 მლ 5%-იანი ძმარმჟავა ერთ სინჯარაში, 10 მლ – მეორეში, ორივე სინჯარა მოათავსეთ იმ ქიმიურ ჭიქაში, რომელშიც ბიკარბონატია. ქიმიური ჭიქა მთელი შიგთავსით აწონეთ და ჩაიწერეთ მონაცემი.

სინჯარებიდან ძმარმჟავა ჭიქაში გადაასხით და დააკვირდით, წარიმართება თუ არა რეაქცია. ბუნებრივია, წარიმართება და ამას წარმოქმნილი ბუშტუკები გამცნობთ. ეს იმის ნიშანიც არის, რომ წარმოქმნილი პროდუქტებიდან ერთ-ერთი გაზია. ჭიქას თუ ხელახლა აწონით, პროდუქტის მასა მოსალოდნელზე ნაკლები აღმოჩნდება. ერთ-ერთი პროდუქტი გაზია, რომელიც ატმოსფეროში გადის და არ იზომება. ეს არ არის ნივთიერების მასის შენახვის კანონის დარღვევა. პირიქით, ეს იმის მაგალითია, რომ ყველა კომპონენტი არ იქნა გაზომილი.

იგივე ექსპერიმენტი დახურულ სისტემაშიც ჩაატარეთ:

მოათავსეთ დაახლოებით 5 გ ნატრიუმის ბიკარბონატი 500 მლ-იან პლასტმასის ბოთლში. ჩაასხით სინჯარაში 10 მლ 5%-იანი ძმარმჟავა, სინჯარა ფრთხილად ჩააცურეთ პლასტმასის ბოთლში და დარწმუნდით, რომ ძმარმჟავა არ დაღვრილა. ბოთლს მაგრად მოუჭირეთ თავსახური.

მოათავსეთ ბოთლი შიგთავსითურთ სასწორზე და ჩაინიშნეთ მონაცემი. ბოთლი ისე დახარეთ, რომ ძმარმჟავა სინჯარიდან გადმოიღვაროს და ნატრიუმის ბიკარბონატს დაესხას. წარმოიქმნება ბუშტუკები და ბოთლის შიგნით წნევა გაიზრდება.

რეაქციის დასრულების შემდეგ თავსახურის მოუხსნელად კვლავ აწონეთ ბოთლი. დაინახავთ, რომ მასა იგივე დარჩება, ეს კი ნიშნავს, რომ კანონი მოქმედებს.

მრავალრიცხოვანი ცდის შედეგად ფრანგმა ქიმიკოსმა ჟოზეფ პრუსტმა დაასკვნა, რომ ყოველ სუფთა ნივთიერებას, განურჩევლად მიღების გზისა, მუდმივი შემადგენლობა აქვს. ამ მოსაზრებას არ იზიარებდა ბერთოლე, რომელსაც მიაჩნდა, რომ ნივთიერების შემადგენლობა მისი მიღების პირობებზეა დამოკიდებული. ქიმიის განვითარებამ პარადოქსული ფაქტი დაადასტურა – ორივე მეცნიერი მეტ-ნაკლებად მართალი აღმოჩნდა. მოგვიანებით, ნივთიერებებს, რომლებსაც მუდმივი შემადგენლობა აქვს, დალტონიდები ეწოდა, ნივთიერებებს კი, რომელთა შედგენილობაც ცვალებადია – ბერთოლიდები.

ბერთოლიდები არამოლეკულური სტრუქტურის მქონე კრისტალური ნაერთებია და მათ არასტექიომეტრიულ (ცვლადი შემადგენლობის მქონე) ნაერთებს უწოდებენ. მაგ., მიღების პირობების მიხედვით, ტიტანის ოქსიდის შემადგენლობა იცვლება TiO0,7- დან TiO1,3-მდე; ტყვიის სულფიდისა კი Pb0,9995S-დან PbS0,9995-მდე; ასეთი ნაერთების ფორმულებში ინდექსები კრისტალში ატომთა რიცხვების თანაფარდობის მაჩვენებელია.

შემადგენლობის მუდმივობის კანონის თანამედროვე ფორმულირება ასეთია:

მოლეკულური სტრუქტურის მქონე ნაერთების შემადგენლობა მუდმივია და არ არის დამოკიდებული მათი მიღების ხერხზე.

ტოლი მოცულობის სხვადასხვა აირი ერთნაირ ფიზიკურ პირობებში მოლეკულათა თანაბარ რიცხვს შეიცავს. ეს კანონი იტალიელმა ამადეო ავოგადრომ აღმოაჩინა. ავოგადრო განათლებით იურისტი იყო, მაგრამ ბუნების კანონები ძალიან აინტერესებდა. მის მიერ აღმოჩენილი კანონიდან ორი შედეგი გამომდინარეობს:

1. ნებისმიერი გაზის ერთი მოლი ერთნაირ პირობებში ერთსა და იმავე მოცულობას იკავებს. თუ პირობები ნორმალურია (273 K ტემპერატურა და 101,3 კპა წნევა), ეს მოცულობა 22,4 ლ-ის ტოლია.

2. გაზობრივ მდგომარეობაში მყოფი ნივთიერების მოლური მასა წყალბადის მიმართ მისი სიმკვრივის გაორკეცებული სიდიდის ტოლია.

დადგენილია, რომ ნებისმიერი ნივთიერების ერთი მოლი შეიცავს 6·1023 სტრუქტურულ ნაწილაკს (მოლეკულებს, ატომებს ან იონებს). ამ რიცხვს ავოგადროს რიცხვს უწოდებენ.
ჰო, როგორც ვწერდი, ერევანში მივდივარ..

.

მძღოლი ვერ ისვენებს, საუბრის საბაბს ეძებს. მე გრძელ გზებზე ჩემთვის ჯდომა და მუსიკის მოსმენა მირჩევნია, მაგრამ ვფიქრობ, არ დაეძინოს-მეთქი და საუბარში ვყვები.

– რომელი გზით წავიდე? – თითქოს ძალიან ვიცოდე, ისე მეკითხება.
– რა ვიცი, სულერთია.
– სულერთი როგორ არის, რას ამბობ. ერთზე სულ ტრაილერები დადიან, მაგრამ უფრო მოკლეა, მეორე კიდევ სერპანტინივით მთებში მიიკლაკნება და ფრუნზიკას დილიჯანით სევანის გასწვრივ გავალთ. ცოტა გვიან ჩავალთ, რა, ერევანში, მაგრამ რა სილამაზეააა…

„ფრუნზიკას დილიჯანი” ნიშნავს, რომ ქალაქ დილიჯანს გავივლით. ფრუნზიკა კიდევ კინოფილმ „მიმინოდან” გეხსომებათ – დილიჯანიდან იყო.

– კარგი, ჩავიდეთ ერევანში გვიან… ფრუნზიკას დილიჯანით…

საქართველოს თანამედროვე მარაზმისათვის

0

მეთერთმეტე კლასში ვიყავი, როდესაც პირველად გავიგე მიგელ დე უნამუნოს შესახებ. ესპანეთის სამოქალაქო ომის პერიპეტიებზე მსჯელობისას ჩვენმა მასწავლებელმა სალამანკას უნივერსიტეტის რექტორზე გაამახვილა ყურადღება. მაშინ შევიტყვეთ, თუ როგორ შეიძლება სასწავლებლის კედლებში გამომწყვდეულმა ადამიანმა აღიაროს საკუთარი მძიმე შეცდომა და სიცოცხლის ფასად დაუპირისპირდეს დიქტატორის ტიტულისაკენ ტრიუმფალურად მიმავალ სარდალს. მოგვიანებით შესანიშნავმა პროფესორმა პოლიტიკური მოძღვრებების ისტორიის შესწავლის დროს კიდევ ერთხელ შემახსენა ესპანელი ფილოსოფოსის სახელი. მას შემდეგ ჩემს თაროზე სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მიგელ დე უნამუნოს ესეების კრებულმა. ხშირად განსაკუთრებით ძვირფას მეგობრებსაც ვჩუქნი ამ წიგნის სხვა ეგზემპლარებს.

ესპანელ აკადემიკოსს უამრავი სტატია თუ ნარკვევი აქვს დაწერილი, ფილოსოფიურ თემებზეც და ყოფით პრობლემებზეც. ქართულად ნათარგმნ მის ათობით ნაშრომს შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საყვარელი ესეი სახელწოდებით „ესპანეთის თანამედროვე მარაზმისათვის” გახლავთ. რატომ??? მოაზროვნის პატარა თხზულება სრულად აღწერს ჩვენი საზოგადოების წინაშე წარმოქმნილ ურთულეს გამოწვევებსა და წინააღმდეგობებს. აქედან გამომდინარე, მიზნად დავისახე რამდენიმე კუთხით მისი ქართულ რეალობასთან დაკავშირება.

ესპანური საზოგადოების მარაზმის განმაპირობებელ ერთ-ერთ უპირველეს ფაქტორს დონ მიგელი ამგვარად ახასიათებს: „ხშირად დიდ აურზაურს ავტეხთ ხოლმე, მაგრამ გაგვივლის ეს ციებ-ცხელება და ყველაფერი მიყუჩდება, სირთულის სრულად  დამარცხებას არავინ შეეცდება…” 

დარწმუნებული ვარ, ცოტა ხნის წინ ყველამ ვნახეთ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე გასული ვულგარული და სექსისტური გადაცემა. ალბათ, მოისმინეთ არაერთი კრიტიკული და მკაცრი განცხადებაც. უამრავი აღშფოთებული ადამიანის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობაც მოგეცემოდათ. მაგრამ დავფიქრდეთ საბოლოო შედეგზე … რამდენიმე თვეში თითო-ოროლა ფემინისტის გარდა აღნიშნული ფაქტი და ზოგადად, ქალთა დისკრიმინაციის პრობლემა, თითქმის აღარავის ეხსომება. სამწუხაროდ, ანალოგიურად ვმოქმედებთ სხვა დროსაც …

მომდევნო მარაზმულ მახასიათებელზე მსჯელობისას სალამანკელი პროფესორი წერს: „დღევანდელი ესპანეთის საზოგადოება ერთნაირად მოიცვა უზომო ერთფეროვნებამ და ერთსახოვნებამ … სულ არ შენელებულა გათიშულობის ტენდენცია; იმდენად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა უკიდურესობისაკენ ჩვენი ინსტინქტური ლტოლვა, რომ სავარაუდო შუალედური ხაზი მარტო ამ ორ უკიდურესობათა შენაერთსღა წარმოადგენს … ისევ ისე ვხელმძღვანელობთ აბსურდული პრინციპით –  რომელი არა არს ჩემ თანა, იგი ჩემი მტერი არს”.

არა მგონია, რომ აღნიშნულ გარემოებათა ქართული ანალოგების აღმოჩენა გაგიჭირდეთ. თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვამჩნევთ შუღლს „ქოცებსა” და „ნაცებს”, ლიბერალებსა და ტრადიციონალისტებს, და სხვა მრავალრიცხოვან ბანაკებს შორის. რაც მთავარია, უკიდურესად დაპირისპირებული ჯგუფების წევრებს ვერ გაუგიათ, რას წარმოადგენენ სხვები, რომელებიც არც ერთ პოლუსს არ ემხრობიან. მათთვის გაუგებარია ხოლმე მოქალაქეთა განსხვავებული პოზიციები და დამოკიდებულებები, რადგან მრავალფეროვნების არსებობის არ სჯერათ. რაც მთავარია, მოწინააღმდეგეები ყოველთვის მზად არიან ბოლომდე შეავიწროვონ ოპონენტი და მათ ყველა გზა მოუჭრან. ბუნებრივია, აღნიშნულ პრობლემას საბოლოოდ გაუცხოებამდე და თანადგომის შესაძლებლობათა გამორიცხვამდე მივყავართ.

უნამუნო კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს სხვადასხვა პროფესიისა და თაობის წარმომადგენლებს. უპირველესად საზოგადოების განვითარების შეფერხებაში ფილოსოფოსი საკუთარ კოლეგებს, მეცნიერებს ადანაშაულებს. მოაზროვნის გაღიზიანებას იწვევს მკვლევართა საქმიანობა, რომელიც შემოქმედებითი ძიების პროცესის ნაცვლად ჟურნალებიდან გადმომღერებულ, „მეორე ხელიდან მოპოვებულ” მასალებს ეფუძნება. მას აბრაზებს ისიც, რომ თანამედროვე მეცნიერები უბრალო ტექნოკრატები არიან, რომელთაც მხატვრული გემოვნება და ღირებულებათა მწყობრი სისტემა არ გააჩნიათ. დონ მიგელი აღშფოთებას ვერ მალავს იმის გამო, რომ ნიჭიერება ფუჭმა მახვილსიტყვაობამ ჩაანაცვლა. 

გამოგიტყდებით და თავად ვიცნობ უამრავ ცნობილ პროფესიონალად მიჩნეულ ადამიანს, რომელიც მხოლოდ საკუთარი ენაწყლიანობის წყალობით, ფულის სანაცვლოდ ფაშისტური პარტიის ხელშემწყობთა შორისაც სიამოვნებით დაიმკვიდრებდა ადგილს. რაც მთავარია, აღნიშნულ მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ თომას მანის, სერვანტესის და თვით შექსპირის ნაწარმოებთა შინაარსის შესახებაც კი. მათ არასდროს შეუმჩნევიათ ველასკესის ან დალის არსებობა.

მრავალგზის დევნილ საზოგადო მოღვაწეს არ ავიწყდება ჟურნალისტთა შესახებ მსჯელობაც. იგი აღნიშნავს: „პრესა ხომ ნამდვილი ხავსმოდებული გუბეა, მარტო თავის თავში და თავისთვის რომ ცხოვრობს … ცოცხალი ამბის, ჩვენ თვალწინ რომ ხდება, უშუალოდ აღქმის უუნარობაა მიზეზი იმისა, რომ ნამდვილი ჟურნალისტები არ გვყავს”.

რამდენჯერ შემიხსენებია საინფორმაციო სამსახურებისათვის ტყიბულში, ჭიათურასა და რუსთავში უსაფრთხოების პირობების დარღვევის გამო დაღუპული მუშების ამბავი, დახურვის პირას მყოფი, „მინუსიანი” სკოლებისა და მათი პედაგოგების თავგადასავალი, ღარიბი უნივერსიტეტის ყოველდღიური პრობლემები, დევნილობის პირას მყოფი სვანების გასაჭირი, მაგრამ აღნიშნული საკითხები ჟურნალისტთა უმრავლესობას მეასეხარისხოვნად ეჩვენება.

უნამუნო ახალგაზრდებზეც წერს და მათ მხოლოდ საკუთარ კარიერასა და შემოსავალზე ფიქრში, საზოგადოებრივ გულგრილობაში ადანაშაულებს. ოთხწლიანი საუნივერსიტეტო პრაქტიკის განმავლობაში ბევრ ღირსეულ, იდეალისტ და მამაც თანატოლს შევხვედრივარ, მაგრამ მათ ყოველთვის სჭარბობდნენ ლოძის უნივერსიტეტში ერთსემესტრიან გაცვლით პროგრამაზე, შვიდასლარიან სამსახურსა და საუკუნის დასაწყისში გამოშვებულ მაღალსიჩქარიან ავტომობილზე მეოცნებე „ჰალსტუხიანი” ახალგაზრდები. თან ისინი თავიანთი უფერული მიზნების მისაღწევად ყველაფერზე წამსვლელთა შთაბეჭდილებას ტოვებდნენ.

რაღა ბევრი გავაგრძელო, რატომღაც ვფიქრობ, რომ ჩვენც ესპანური საზოგადოების მსგავსად მარაზმის წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა. მანკიერი საზოგადოების გაკეთილშობილების გზა კი, ცხადია, სკოლასა და მასწავლებელთა შრომაზე გადის. მე მხოლოდ მათი იმედი მაქვს.

სკოლამდელი განათლების როლი მოსწავლის აკადემიურ მიღწევებში

0

სკოლამდელი განათლების მომსახურება უმნიშვნელოვანეს ინვესტიციას წარმოადგენს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებაში. ბავშვთა შემეცნებითი პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა ცხოვრების ადრეულ ეტაპზე უმნიშვნელოვანესია თითოეული ბავშვის შესაძლებლობათა
მაქსიმალური
განვითარებისთვის. საერთაშორისო კვლევამ აჩვენა, რომ კარგად ორგანიზებული სკოლამდელი განათლება ხელს უწყობს
სკოლებში მოსწრების
გრძელვადიან გაუმჯობესებას, მათ შორის
უფრო მაღალი ნიშნების მიღებას, კლასში ჩარჩენილი ბავშვების რაოდენობის კლებას და უკეთეს საგანმანათლებლო მიღწევებს, უნივერსიტეტებში ჩარიცხვის ჩათვლით. ეკონომიკურმა გათვლებმა აჩვენა, რომ ეს ერთერთი საუკეთესო ინვესტიციაა, რომელიც ქვეყანამ შეიძლება განახორციელოს. მას უკუგების ერთერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს საზოგადოებისთვის. საერთაშორსო კვლევებმა, ძირითადადაშშსა და ევროპაში, აჩვენა, რომ სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფა იწვევს: უმუშევრობის კლებას, სახელმწიფოს სოციალურ მომსახურებაზე დამოკიდებულების შემცირებას, დამნაშავეობის კლებას, ჯანმრთელობის უკეთეს მდგომარეობას, შემოსავლების მატებას
და
, შესაბამისად, საგადასახადო შემოსავლების ზრდასაც.

ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტები განსაზღვრავს ექვს წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების ორიენტირებს სკოლამდელი განათლების მთელი სისტემისთვის, ინდიკატორებსა და მითითებებს აღმზრდელთათვის ხუთ ძირითად სფეროში. ესენია: ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება, შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა, სწავლისადმი მიდგომა, სოციალურემოციური განვითარება და მეტყველების განვითარება. ამასთანავე, შეიქმნა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში ფიზიკური გარემოს სტანდარტები, რომლებიც საკლასო ოთახსა და სათამაშო ტერიტორიაზეც ვრცელდება.


 

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეული განათლება

ბევრ განვითარებულ ქვეყანაში სკოლამდელი
ასაკის ბავშვების უმრავლესობა დღის მნიშვნელოვან ნაწილს ოჯახის გარეთ, სკოლამდელი
განათლების დაწესებულებებში ატარებს, ამიტომ მომავალი თაობის ჯანსაღი განვითარების
ხელშესაწყობად დიდი ყურადღება ეთმობა სკოლამდელი განათლების სექტორის
განვითარებას. ადამიანის გონება ყველაზე ინტენსიურად სწორედ სკოლამდელ ასაკში
ვითარდება. ამდენად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბავშვი მასტიმულირებელ და
უსაფრთხო გარემოში იზრდებოდეს, სადაც ის თავს დაცულად იგრძნობს, საშუალება
მიეცემა, განივითაროს სხვადასხვა უნარი და დაიკმაყოფილოს ბუნებრივი
ცნობისმოყვარეობა. ასევე აღსანიშნავია, რომ ბავშვის კოგნიტურ და ემოციურ
განვითარებაზე ზრუნვა და განათლება განუყოფელია ერთმანეთისგან.

სკოლამდელ პერიოდში მიღებული ცოდნა და გამოცდილება
ბავშვს მნიშვნელოვანწილად ეხმარება იმ მომდევნო საფეხურების გადალახვაში, რომლებიც
სასკოლო პერიოდში დახვდება წინ. ამ პერიოდში, გარდა იმისა, რომ ბავშვი ივითარებს კოგნიტურ
შემეცნებით სფეროებს, დიდი მნიშვნელობა აქვს სოციალური ურთიერთობების განვითარებასაც.
ის სრულიად ახალ გარემოში ხვდება, მისთვის ყველაფერი უცხოა, მათ შორის – თანატოლებიც.
ბავშვი გარკვეული ხნით სწყდება ოჯახურ გარემოს. სკოლამდელი დაწესებულება მისთვის
ახალი შემეცნების სამყარო ხდება. თანატოლებთან კონტაქტი და კომუნიკაცია განვითარების
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ის, რასაც ბავშვი სკოლამდელ დაწესებულებაში იღებს და
აგროვებს, განსაზღვრავს მის სასკოლო მზაობას, იმას, რამდენად არის ბავშვი მზად ახალ
და შედარებით რთულ ეტაპზე გადასასვლელად. კიდევ ერთი დადებითი მხარე, რაც სკოლამდელი
განათლების დაწესებულებებს აქვთ, ის არის, რომ ბავშვს ისინი უქმნიან ადაპტაციურ
გარემოს, რომელიც მიმსგავსებულია, მიახლოებულია სასკოლოსთან. ბავშვისთვის სკოლის
ეტაპზე გადასვლა შოკის მომგვრელი არ უნდა იყოს. სკოლამდენი განათლების
დაწესებულებაში სიარულის შემდეგ მას უფრო მეტად უადვილდება იმ ბაზისური
პროგრამების დაუფლება და ათვისება, რაც სკოლაში ეძლევა. მისი აკადემიური მოსწრებაც,
შესაბამისად, უკეთესი იქნება. ის უნარები, რომლებიც სასკოლო პროგრამის დასაუფლებლადაა
საჭირო, მას განსაზღვრულ დონეზე უკვე ათვისებული აქვს სკოლამდელ პერიოდში, ამიტომ
მისთვის ნაკლებად პრობლემური იქნება სასკოლო დავალებების შესრულება. თუმცა,
რასაკვირველია, არ შეიძლება, ეს მთელ პოპულაციაზე განვაზოგადოთ. ყველა ერთნაირად
ვერ შეძლებს, იყოს წარმატებული და ერთნაირად კარგად ვერ აითვისებს სკოლამდელი
განვითარების ეტაპებს. ეს მაინც ინდივიდუალურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. სწორედ
ამიტომ აუცილებელია სასკოლო მზაობის განსაზღვრა და შემოწმება, იმის გარკვევა, არის
თუ არა ბავშვი მზად სასკოლო პროგრამების ნაყოფიერად დაუფლებისთვის. ხშირად
მშობლები ჩქარობენ და შვილები ნაადრევად მიჰყავთ სკოლაში, ან საერთოდ არ დაჰყავთ
სკოლამდელ დაწესებულებებში და ბავშვი პირდაპირ სასკოლო გარემოში ხვდება, რაც
არასასურველია.


 

ადრეული ასაკის ბავშვთა განათლება და
მოსწავლის მიღწევები

ადამიანის თავის ტვინი ყველაზე სწრაფად
ვითარდება დაბადებიდან 5 წლის განმავლობაში, რადგან ამ პერიოდში ხდება ბავშვის
უზარმაზარი ფიზიკური, კოგნიტური, სოციალური და ემოციური ზრდა. უნარი, იყოს
ორიენტირებული და ყურადღებიანი, ასევე – დამყოლი და დამჯერი, ბავშვს ადრეულ ასაკში
უჩნდება. ეს პერიოდი აუმჯობესებს მისი „შესაძლებლობის ფანჯარას”, მიიღოს მყარი
ცოდნა და თანმიმდევრულად მიჰყვეს იმას, რასაც სოციალური გარემოდან იღებს.

 

ადრეული განათლების გავლენა ადრეული წლების მიღწევებზე

ბავშვებს, რომლებიც იღებენ მაღალი ხარისხის ადრეულ განათლებას, უკეთესად
უვითარდებათ ენის შესწავლის უნარი, მაღალ შეფასებებს იღებენ სკოლისთვის
მოსამზადებელ ტესტებში, სკოლაში მისვლისას აქვთ კარგი სოციალური უნარები და
ნაკლები ქცევითი პრობლემები. გარდა ამისა, მათ კარგად აქვთ ათვისებული წერა-კითხვისა
და ანგარიშის ისეთი უნარები, რომლებიც შემდგომ დაეხმარებათ, უფრო ადვილად აითვისონ
სასწავლი მასალა; ნაკლებად გაუჭირდებათ წერა-კითხვის სრულყოფილად დაუფლება, რაც
დამაკმაყოფილებელია დაწყებითი სასკოლო განათლებისთვის.

 

ადრეული განათლების გავლენა სასკოლო პერიოდის დაწყებიდან 12 წლამდე ასაკის
მოსწავლეთა მიღწევებზე

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იმ ბავშვების 40%-ს, რომლებმაც მიიღეს
ხარისხიანი სკოლამდელი განათლება, ნაკლებად სჭირდება განათლების დამატებითი კურსები
(მაგ., რეპეტიტორები და კერძო მასწავლებლები); უკეთესად აბარებს სასკოლო გამოცდებს,
განსაკუთრებით – 9-დან 12 წლამდე პერიოდში, ვიდრე ისინი, ვისაც სკოლამდელი
განათლება არ მიუღია; დაბოლოს, ასეთი ბავშვების უმეტესობა ამთავრებს სკოლას (არ
ანებებს თავს რომელიმე შუა საფეხურიდან), ხოლო შემდგომ უმაღლეს სასწავლებელში (უნივერსიტეტში,
კოლეჯში და სხვა) აბარებს ორჯერ მეტი იმ მოზარდებთან შედარებით, ვისაც სკოლამდელი
განათლება არ მიუღია.

 

ადრეული განათლების
გავლენა მოზარდობის პერიოდის მიღწევებზე (18 წლამდე)

ამ ეტაპზე,
ისევე როგორც წინა პერიოდში, მოსწავლეებს, რომლებმაც მიიღეს ხარისხიანი სკოლამდელი
განათლება, სასკოლო ტესტირებებში უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე მათ იმ თანატოლებს,
რომლებსაც ადრეული განათლება არ მიუღიათ. ასეთი მოსწავლეები მიისწრაფვიან, დააგროვონ
უფრო მეტი ცოდნა, კითხულობენ მეტს, ნაკლებად ცდილობენ სასკოლო პროცესის (მაგ., გაკვეთილის)
ჩაშლას და არ არიან მიდრეკილნი კრიმინალური და დანაშაულებრივი ქმედებისკენ.


 

სახელმწიფოს როლი

საჭიროა
თუ არა, სახელმწიფო
არეგულირებდეს ადრეული განათლების სექტორს?

როდესაც სახელმწიფო ამა თუ იმ სერვისზე ხარჯავს გადასახადების გადამხდელთა ფულს, ამას გარკვეული შედეგი უნდა მოჰქონდეს. თუ შედეგი იგივეა ან უარესია, ვიდრე დაფინანსების გარეშე, მაშინ ეს გაუმართლებელი ხარჯვაა მნიშვნელოვანი რესურსისა, რომლის გამოყენება სხვა სფეროში შეიძლებოდა.

იმისთვის, რომ გადასახადების გადამხდელთა ფული წყალში არ გადაიყაროს, სახელმწიფოს სჭირდება გარანტია იმისა, რომ სერვისი, რომელშიც ის ფულს დააბანდებს, შედეგიანი იქნება. რა თქმა უნდა, აქ აბსოლუტური გარანტიის არსებობა
შეუძლებელია; ის
გულისხმობს
მხოლოდ სავარაუდო
შედეგებს, რომელთა შესახებ ცოდნა ეფუძნება საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას.

იმისთვის, რომ შედეგიანობა უზრუნველყოს, სახელმწიფოს შეუძლია შექმნას მინიმალური რეგულაციები, რომლებიც ეფუძნება კვლევებსა და ადგილობრივ გამოცდილებას, მინიმალური სტანდარტები, რომელთა მნიშვნელობაც სამეცნიერო ლიტერატურაში ერთმნიშვნელოვნად და მყარად საბუთდება და, რომლებიც, ერთი
მხრივ, უზრუნველყოფს
საფუძველს წარმატებული ინვესტიციისთვის, მეორე მხრივ კი იძლევა თავისუფლებას სერვისის მრავალფეროვანი და ლოკალურად აღმოცენებული თავისებურებების განვითარებისთვის. კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვის განვითარებისა და განათლების უკეთესი მოკლე- და გრძელვადიანი შედეგებისთვის ყველაზე მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდება ხდება იქ, სადაც არსებობს ზოგადი რეგულაციები ცენტრალურ დონეზე და იმავდროულად თავისუფალი არეალი ადრეული განათლების მიზნების მისაღწევად (მაგ., შვედეთი, ახალი ზელანდია, დანია).


 

რატომ უნდა ზრუნავდეს ადრეული განათლების მიწოდებაზე სახელმწიფო

 

ამ პოზიციის არგუმენტირება ხშირად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული პერსპექტივიდან ხდება: () ბავშვის აღზრდა მშობლის ვალდებულებაა, შესაბამისად, სახელმწიფო ამ სფეროში არ უნდა ჩაერიოს; () სკოლამდელი განათლება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ საჭირო იყოს მასზე სახელმწიფო რესურსების ხარჯვა; () სკოლამდელი განათლების ხარისხი მოთხოვნის შესაბამისად დარეგულირდება.

ამ შეხედულებებს შეგვიძლია რამდენიმე არგუმენტი დავუპირისპიროთ ბავშვის უფლებების, ნეირომეცნიერებისა და განვითარების უკანასკნელი წლების კვლევათა შედეგებისა და სხვადასხვა სერვისის ექსპერიმენტული კვლევების შედეგების კუთხით.

 

ბავშვს, რომელიც განსაკუთრებული ადამიანია, ისევე როგორც ნებისმიერ ადამიანს, აქვს უფლებები და მისი განხილვა ვისიმე აღზრდის ობიექტად ეწინააღმდეგება ამ უფლებათა პრინციპებს. ბავშვი იზრდება, ვითარდება და სწავლობს ფართო სოციალურ გარემოში, რომელშიც, რა თქმა უნდა, მშობლები და ბავშვის პირველადგარემო განსაკუთრებულ როლს ასრულებენ. მიუხედავად ამისა, ბავშვის განხილვა მშობლების ან ოჯახისაღზრდის ობიექტადანპროდუქტადბავშვის უფლებათა დისკურსის ფარგლებში მიუღებელია.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (უმთავრესად – დასავლეთში, სხვა ქვეყნებში სამეცნიერო კვლევათა შედარებითი სიმცირის გამო) უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ 6 წლამდე ასაკს ბავშვის განვითარებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს და ამ ასაკში არასათანადო ფიზიკური და სოციალური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების შედეგი მომავალში ძვირი უჯდება (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) როგორც პიროვნებას, ისე საზოგადოებას. ბოლო ათი წლის განმავლობაში ნეირომეცნიერებაში ჩატარებული კვლევების მიხედვით, პრენატალურ და ადრეულ ასაკში იგება ტვინის ძირითადი არქიტექტურა, რომლისთვისაც უმნიშვნელოვანესია ხელშემწყობი გარემო. ასეთის არარსებობის შემთხვევაში სუსტად ვითარდება ფუნდამენტი, რომელზეც მომდევნო წლებში უნდა დაშენდეს უფრო კომპლექსური სქემები. აქვე უნდა ითქვას, რომ ადამიანის ტვინს პლასტიკურობა ახასიათებს და გენების, გარემოსა და გამოცდილების საერთო მოქმედების ფონზე ზოგს შეუძლია, წარმატებით შეებრძოლოს არახელსაყრელი ან, უარეს შემთხვევაში, მტრული გარემოს შედეგებს, მაგრამ რაც უფრო მეტხანს არის მოკლებული ბავშვი
მასტიმულირებელ და
მზრუნველ
გარემოს
, მით უფრო მცირდება პოზიტიური ცვლილების შესაძლებლობა, რომელიც მეტ ძალისხმევას და რესურსს მოითხოვს.

ადამიანის განვითარების სფეროში ჩატარებული კველევები ცხადყოფს, რომ ადრეულ ასაკში ყალიბდება ფიზიკური, სამეტყველო, შემეცნებითი და სოციალური უნარები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მომავალ უნარებსმაგალითად, 4 წლის ასაკში სამეტყველო და წიგნიერებამდელი უნარები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მომავალში წიგნიერების დონეს.

რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში განხორციელებული ადრეული განათლებისა და კომპლექსური (რომლებიც გულისხმობს როგორც ადრეული განათლების სერვისს, ასევე მშობლების ინფორმირებას, ხელშეწყობას და ..) პროგრამების ექსპერიმენტული კვლევების წყალობით დაგროვდა მნიშვნელოვანი ცოდნა მეტად და ნაკლებად წარმატებული პროგრამების მახასიათებლების შესახებ, რომელთა გათვალისწინება საჯარო პოლიტიკაში აუცილებელია. სახელმწიფოს ხედვა, რომელიც შეიძლება განსაზღვრული
რეგულაციების
დაწესებასაც
გულისხმობდეს
, მეცნიერულად უნდა იყოს ინფორმირებული. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პოლიტიკა აუცილებლად შედეგიანი იქნება, რადგან წარმატებული გამოცდილების გადმოღება განსხვავებულ კონტექსტში ხდება. მიუხედავად ამისა, სწორედ ასე შეიძლება სისტემის გაუმჯობესებაინფორმირებული და მუდმივ განვითრებაზე ორიენტირებული პროგრამების საშუალებით, რომლებიც მოითხოვს განხორციელების ხარისხის კონტროლს, მუდმივ კვლევასა და შეფასებას, მათ შორისგანსაკუთრებით მნიშვნელოვანი, ანუ ეფექტის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორების ირგვლივ.

საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადრეული განათლების სფერო განსაზღვრული რეგულაციებისგან მეტად ან სრულიად თავისუფალია, სერვისის საშუალოდ ხარისხი გაცილებით დაბალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც მოქმედებს მინიმალური სტანდარტები, რომელთა შესრულებას სახელმწიფო აკონტროლებს. ვინაიდან ხარისხიანი ადრეული განათლების შედეგიდღესვენაკლებად არის ხელშესახები და ნაკლებად შესამჩნევია მშობლისთვის, მისთვის ძნელია, სამეცნიერო ინფორმირებულობის გარეშე სწორად შეაფასოს პროგრმა, რომელიც უფრო პოზიტიურ შედეგებს მოუტანს ბავშვს აწმყოსა და მომავალში.

სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადსხვა კონტექსტში ადრეული განათლების უამრავი პროგრამა განხორციელებულა და ხორციელდება. ზოგიერთ მათგანს ერთგან ძალიან კარგი შედეგი მოაქვს, მეორეგან კი არც ისე კარგი.

პროგრამების შეფასება, მათი წარმატების/წარუმატებლობისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორების გამოყოფა და მიღებული გამოცდილებით რეგულაციებისა და პრაქტიკის დახვეწა ცოცხალი და სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროცესია. სხვადასხვა პროგრამის შეფასებებს სრულიად განსხვავებული ადრეული განათლების სისტემის მქონე ქვეყნებიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი ხარისხის ინდიკატორი გასდევს, რომელთა დაკმაყოფილების გარეშე ხარისხიანი ადრეული განათლების მიწოდება, როგორც წესი, ძალიან ძნელია. ესენია:

 

1. მასწავლებლის პროფესიული მომზადება;

2. ჯგუფის სიმცირე (ბავშვების მცირე რაოდენობა ჯგუფში) და ზრდასრულებისა და ბავშვების მაღალი თანაფარდობა;

 

3. ასაკის შესაბამისი კურიკულუმი (რომელიც შეიძლება თავისუფალი და თავისუფალ თამაშზე ორიენტირებული იყოს), მასტიმულირებელი რესურსები და უსაფრთხო გარემო;

4. მზრუნველი და ყურადღებიანი დამოკიდებულება თანამშრომლებს შორის, თანამშრომლებსა და ბავშვებს შორის;

5. ბავშვის ინდივიდუალიზმისა და საგანმანათლებლო პროცესში აქტიური მონაწილეობის (მაგ., არჩევანის) ხელშეწყობა.

ამ ბაზისურ მოთხოვნებს, რომელთა დაუკმაყოფილებლობა არათუ ხელს
არ
უწყობს ბავშვების განვითარებას, არამედ შესაძლოა შეაფერხოს კიდეც ის (მაგალითად, არასათანადოდ მომზადებული მასწავლებელი, რომელიც მიმართავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ დასჯას ბავშვის ქცევის გამოსწორების მიზნით; ან ჯგუფში ორ ზრდასრულთან ერთად 40 ბავშვია, რაც შეუძლებელს ხდის მზრუნველ და თბილ დამოკიდებულებას თითოეული მათგანის მიმართ ან ბავშვის აქტიურ მონაწილეობას, მაგალითად, თამაშის ან აქტივობის განსაზღვრაში). ეს მინიმალური სტანდარტები უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო საბავშვო ბაღებსაც, როგორც გვკარნახობს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ხარისხიანი ადრეული განათლების მიწოდება ხდება (მაგ., სკანდინავიის ქვეყნები).

ყოველივეს
გათვალისწინებით, ხარისხიანი
ადრეული განათლებისთვის აუცილებელია მეცნიერული მტკიცებულებების საფუძველზე ძირითადი მინიმალური სტანდარტების შექმნა, რომლებიც საბავშვო ბაღს თუ ადგილობრივ თვითმმართველობას მისცემს საშუალებას, ამ მინიმალური სტანდარტის ფარგლებში თავისუფლად განახორციელონ საქმიანობა არჩეული პედაგოგიური ფილოსოფიის შესაბამისად. სტანდარტების დანერგვას აქტიურად უნდა შეუწყოს ხელი სახელმწიფომ, რათა თავიდან აიცილოს ახალი პრობლემების წარმოშობა, დაბოლოს, სტანდარტები უნდა წარმოადგენდეს სასურველ მიზანს, რომლის განხორციელებისთვის უნდა შეიქმნას დროში გაწერილი რეალურად განხორციელებადი კონკრეტული სტრატეგია.


 

კვლევითი
კომპონენტი

კვლევის
მიზანი:

მხარდაჭერის თვალსაზრისით, სკოლამდელი და ზოგადიგანათლების რომელი საფეხურია ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მშობლებისთვის;

როგორ ესმით მშობლებს სკოლამდელი განათლების არსი;

რამდენად მნიშვნელოვანია სკოლამდელი განათლება მოზარდის აკადემიური მიღწევებისთვის.

 

კვლევაში
მონაწილეობდა საჯარო და კერძო სკოლების 80 მოსწავლე
(40 – სკოლამდელგანათლებამიღებული, 40 – არმიღებული).ასაკი – 10-12 წ.

სკოლების
მდებარეობა:

ორი – გარეუბანში (1 საჯარო, 1 კერძო)

ორი – ქალაქის ცენტრში (1 საჯარო,
1 კერძო)

ასევე
– 40 ოჯახი, რომელმაც მისცა ბავშვს სკოლამდელი განათლება.


 

კვლევის პროცედურა და მეთოდი:

● განხორციელდა იმ მშობელთა ინტერვიუირება, რომელთა
შვილებს მიღებული ჰქონდათ სკოლამდელი განათლება

● კვლევის მეთოდს წარმოადგენდა სტრუქტურირებული ინტერვიუ.
ინტერვიუს ანკეტა შეიცავდა შემდეგ ბლოკებს:

A. ოჯახის დემოგრაფიული მონაცემები

B. ოჯახის მხარდაჭერა სკოლამდელ პერიოდში

C. ოჯახის მხარდაჭერა ზოგადი განათლების
პერიოდში

D. მოსწავლის აკადემიური და საგანმანათლებლო
წარმატების შესაფასებელი ბლოკი


 

* მხარდაჭერა გულისხმობს ამ პერიოდში
განხორციელებულ შენაძენებს; დამატებითი სააღმზრდელო მომსახურეობის სახეებს; დამატებით
სააღმზრდელო მომსახურებაში გადახდილ თანხებს.


 

მშობლების
სქესი და ასაკი:
26-დან
45 წლამდე; მამრობითი – 7,5%, მდედრობითი – 92,5%

მშობლების
განათლება:

ერთს მაინც აქვს – 37,5%

ორივეს აქვს – 50%

არც ერთს არ აქვს – 12,5 %


 

გამოკითხული ოჯახებიდან პროფესიით
მუშაობს:

დედების 60%

მამების 70%


 

აქვს/ჰქონდა თუ არა ოჯახს დანაზოგი
შვილის განათლებისთვის:

დაახლოებით 12.5%-ს აქვს


 

ოჯახის საერთო შემოსავალი:

500 ლარამდე – 25%

501-დან 1100 ლარამდე – 45%

1101-1400 ლარამდე – 7,5%

1400-ზე მეტი – 22,5%


 

იმ მშობელთა პროცენტული მაჩვენებელი,
რომლებიც აძლევდნენ შვილებს დამატებით სააღმზრდელო მომსახურებას განათლების საფეხურების
მიხედვით


რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევდნენ
სკოლამდელი განათლების საფეხურს მშობლები (%)


სკოლამდელი განათლებისადმი მშობლის დამოკიდებულებას
პრედიქტორული ღირებულება აქვს მოზარდის აკადემიური წარმატებისთვის.


 

მოსწავლეთა
აკადემიური მოსწრება ქართულსა და მათემატიკაში

● სკოლამდელ განათლებამიღებულთათვის

1. მაღალი აკადემიური მოსწრება ქართულში:
87,5% (35 ბავშვი)

2. მაღალი აკადემიური მოსწრება მათემატიკაში:
70% (28 ბავშვი)

● მათთვის, ვისაც სკოლამდელი განათლება
არ მიუღია:

1. მაღალი აკადემიური მოსწრება ქართულში:
65% (26 ბავშვი)

2. მაღალი აკადემიური მოსწრება მათემატიკაში:
47,5% (19 ბავშვი)


 

სკოლამდელი განათლების შედეგები

ხელმოკლე ოჯახებისა და სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი/რისკის
მქონე ბავშვების განვითარების მნიშვნელოვანი სტიმულირება, რაც აადვილებს სკოლაში მათ
სწავლებას და ამცირებს ქცევის პრობლემების რისკს

● სკოლისთვის უკეთესი მზაობა

● ინტელექტის მაჩვენებლების გაუმჯობესება

სოციალური განვითარების სტიმულირება და ქცევის გაუმჯობესება

სპეციალური განათლებისა და დამატებითი დახმარების საჭიროების
შემცირება

● დაწყებით კლასებში კითხვისა და მათემატიკის
ათვისების უკეთესი მაჩვენებლები

● საშუალო სკოლის დამთავრების მაღალი
ალბათობა

არასრულწლოვანთა დანაშაულის შემცირება


 

———————————–

გამოყენებული
ლიტერატურა:

1
Shonkoff, Jack P. & Philips, Deborah A. (Eds). From Neurons to
Neighborhoods: The Science of Early Child Development. National Research
Council, Inst
itute
of Medicine, Washington: National Academy Press, 2000.

3 Bowman, B., Donovan, M.S. &
Burns, M.S. Eager to Learn: Educating our Preschoolers. National Research
Council, Washington: National Academy Press, 2000.

4 The Children of the Cost, Quality,
and Outcomes Study Go To School. NICHD, June 1999, p. 2 and Karoly, Lynn, et
al, Investing in Our Children: What We Know and Don't Know About the Costs and
Benefits of Early Childhood Interventions. RAND, 1998, xv.

5 Vecchiotti, Sara. Kindergarten: The
Overlooked School Year. The Foundation for Child Development, October, 2001, p.
24


6 William T. Gormley, Jr. and Ted
Gayer, Public Policy Institute, Georgetown University; Deborah Phillips,
Department of Psychology, Georgetown University; Brittany Dawson, Center for
Research on Children in the U.S., Georgetown University

ციკლიდან „გამომგონებლობის მტრები“ (წერილი მეორე)

0
პიტერ გრეი: მარცხის შიში ჩვენს ხედვას ავიწროებს
შემოქმედებითი აზროვნება შესაძლო შედეგებისგან თავისუფლების განცდას მოითხოვს
ფიზიკურ ძალისხმევასთან დაკავშირებულ ამოცანებს (როგორიცაა, ვთქვათ, სიმძიმის აწევა) და რუტინულ დავალებებს (ვთქვათ, ლობიოს მარცვლების დათვლა) ჩვენ უფრო უკეთ ვასრულებთ, როცა ჩატარებულ სამუშაოს გვიფასებენ, ხოლო იმ ამოცანებისთვის, რომლებიც წარმოსახვას, გამჭრიახობას ან სწავლას მოითხოვს, შესრულებულის შეფასებას საპირისპირო ეფექტი აქვს, ამიტომ ამ დროს მარცხისა არ უნდა გვეშინოდეს.

ამ განცხადებას სავსებით ეთანხმება ჰარვარდის ბიზნესის სკოლის ფსიქოლოგის ტერესა ამაბილეს (Teresa Amabile) იდეა. ფსიქოლოგმა მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარა იმ პირობების შესასწავლად, რომლებიც ზრდის ან ამცირებს ადამიანის კრეატიულობას.

ტერესა ამაბილემ ექსპერიმენტის მონაწილეებს (ბავშვებს, მოზრდილებს) სთხოვა, შეექმნათ შემოქმედებითი პროდუქტები – კოლაჟები, ლექსები ან მოკლე მოთხრობები. ექსპერიმენტის მონაწილეთა ნამუშევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად შეაფასა რამდენიმე ექსპერტმა. მათი შეფასებები საკმაოდ თანმიმდევრული აღმოჩნდა – ყველა ექსპერტმა საინტერესოდ და კრეატიულად მიიჩნია ის პროდუქტები, რომლებიც ავტორთა მიერ კარგად იყო გააზრებული და ორიგინალურობით ან მოულოდნელობით გამოირჩეოდა.

რამდენიმე ცდის დროს ფსიქოლოგმა მონაწილეთა ერთ ჯგუფს წინასწარ უთხრა, რომ მათ ნამუშევრებს ექსპერტთა პანელი შეაფასებდა, მეორეს შეატყობინეს, რომ შეფასება კონკურსით მოხდებოდა და ყველაზე კრეატიული ნამუშევრები პრიზებით აღინიშნებოდა, ხოლო მესამე ჯგუფის წევრებისთვის მოსალოდნელი შეფასების შესახებ არაფერი უთქვამთ.

ექსპერიმენტების სერიის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყველაზე საინტერესო ნამუშევრები იმ ჯგუფებმა შექმნეს, რომელთათვისაც შეფასების არავითარი პირობა არ წაუყენებიათ. ისინი უბრალოდ თამაშობდნენ და არ ადარდებდათ მოსალოდნელი შეფასება თუ პრიზი.

ტერესა ამიბილეს ექსპერიმენტების შედეგებს ზურგს უმაგრებს ჩრდილოეთ კაროლინის ჩეპელ ჰილის უნივერსიტეტის ფსიქოლოგის ბარბარა ფრედრიკსონის (Barbara Fredrickson) გამოკვლევებიც. იგი ამბობს, რომ დადებითი ემოციები აფართოებს აღქმასა და აზროვნებას – საშუალებას გვაძლევს, ჩვენი იდეები და ინფორმაცია ახლებურად, შემოქმედებითად და სასარგებლოდ გავაერთიანოთ, ხოლო უარყოფითი, პირიქით, ავიწროებს ხედვას, აღქმისა და აზროვნების საზღვრებს, რადგან ამ დროს იმ სტიმულზე ვახდენთ კონცენტირებას, რომელიც ჩვენში ემოციას აღძრავს (მაგალითად, შემფასებელზე, მარცხის შედეგებზე).

აღქმისა და აზროვნების ორივე გზა სასარგებლოა, ორივე ბუნებრივი შერჩევის შედეგია. როდესაც ადამიანი უშუალო საფრთხეს არ ელის, იგი თავს უფლებას აძლევს, ეძებოს ახალი გზები, ახლებურად გააკეთოს ჩვეული საქმეები და დაეხმაროს სხვებს, საფრთხის პირობებში კი გონება მისგან თავის დაღწევაზეა მომართული (თუ ვეფხვი მოგვდევს, ჯობს, თავის გადარჩენის კარგად ნაცადი მეთოდი გამოვიყენოთ და არა ახალი). ახალ იდეებს ყოველთვის ახლავს მარცხით დამთავრების საფრთხე, ანუ ჩვენში ბიოლოგიურადაა განპირობებული შემოქმედებითობის „გამორთვა” მაშინ, როდესაც მარცხს შესაძლოა ნეგატიური შედეგი მოჰყვეს.

შეფასება, რომელიც თქვენ თვითონ არ გითხოვიათ და რომელსაც შესაძლოა განსაზღვრული შედეგი მოჰყვეს, როგორც ეს სკოლაში ან სამუშაოზე ხდება, თავისთავად უკვე საფრთხეა. რა თქმა უნდა, ექსპერტის აზრი შესაძლოა ძალზე წაადგეს ნაწარმოების ან იდეის გაუმჯობესებებას, განსაკუთრებით – თუ ამას შემოქმედიც ითხოვს, მაგრამ შემოქმედების უნარი ითრგუნება, როცა მთავარი მიზანი ნაწარმოების შეფასებაა – განურჩევლად იმისა, დადებითია ის თუ უარყოფითი, ამიტომაც კლასებში, რომლებიც შეფასებებზეა აგებული, ბავშვები ნაკლებად კრეატიულები არიან. მათი გონება შიშზეა ფოკუსირებული: ნეტავი როგორ ჩავაბარებ გამოცდას? როგორ შეიძლება ვასიამოვნო მასწავლებელს?

ასეთ პირობებში ძნელია იყო შემოქმედებითი. შეფასება და ქმედებაზე რეაქცია უმთავრესად ძალისხმევის წასახალისებლად არის სასარგებლო, – ამ დროს ჩვენ შემფასებელზე შთაბეჭდილების მოხდენას ვცდილობთ, – მაგრამ კრეატიულობისთვის მხოლოდ ძალისხმევა არ კმარა. მეტი ძალისხმევით უფრო კრეატიულები ვერ გავხდებით. შემოქმედება მოდუნებას (რელაქსაციას) უფრო მოითხოვს. სიმშვიდისას ადამიანს საშუალება ეძლევა, პროცესში თავისი არაცნობიერი შესაძლებლობები ჩართოს – შესაძლებლობები, რომლებიც უცნაურ ასოციაციებსა და ახალ იდეებს შობს. ყველაზე უკეთ ეს თამაშის დროს ხდება და არა მაშინ, როდესაც ქება-დიდებას თუ პრიზს ველით.
ავტორი: პიტერ გრეი (ფსიქოლოგი, ბოსტონის კოლეჯის მკვლევარი, ავტორი წიგნისა Free to Learn

წყარო: www.psychologytoday.com/articles/201304/the-enemies-invention

ტექსტურ ინფორმაციასთან მუშაობის თავისებურებები ისტორიისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილზე

0
I ნაწილი – ტექსტის სტრუქტურა და სწავლის საფეხურები

სასწავლო პროცესის უმნიშვნელოვანესი ეტაპი ტექსტთან მუშაობაა. იგი უზრუნველყოფს ტექსტის ყველა დონის „წარმომავლობის” გაგებას, ხელს უწყობს საგნობრივი ცოდნისა და სხვა სასწავლო უნარების შეძენას. სხვადასხვა ტიპის დავალებებით გამოვლინდება მოსწავლის მიერ ტექსტის ათვისების ხარისხი და მასწავლებელიც ადვილად გამოძებნის კორექციის გზებს.
ტექსტთან მეთოდური მიდგომებით მუშაობა და ამ მეთოდების დემონსტრირება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს დაინახონ, რა სარგებლობა მოაქვს ტექსტთან დამოუკიდებლად მუშაობას, რომელიც სწავლა/სწავლების უმთავრესი შედეგია. კონკრეტულად ესაა:
Øხარისხიანი ცოდნა;
Øინფორმაციასთან მუშაობის უნარ-ჩვევების შეძენა;
Øუნარ-ჩვევების და ცოდნის ავტომატიზაცია;
Ø„აკადემიური კითხვის” დაუფლება.

ტექსტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება საზოგადოებრივი მეცნიერებების სწავლების სამივე საფეხურზეა გათვალისწინებული და შესაბამისად დავალებებიც ან რომელიმე ისტორიული სიტუაციის (რაზეც ტექსტშია საუბარი) ელემენტებს მოიცავს, ან ისტორიული დოკუმენტების მთელ ატრიბუციას (განსხვავება მხოლოდ სირთულეშია, რომელიც საფეხურების მიხედვით იცვლება).

მოსწავლეს მოეთხოვება განსაზღვროს: ა) დოკუმენტის (წყაროს, ნარატივის) ავტორი; ბ) დრო; გ) დოკუმენტის შექმნის პერიოდი; დ) ისტორიული ტერმინი; ე) ისტორიული მოღვაწის ვინაობა (რომელიც ტექსტში გვხვდება), მიზანი და ა.შ.

მოთხოვნის შესაბამისად მოსწავლემ უამრავი დავალება უნდა შეასრულოს, რაც მისგან სწავლის სხვადასხვა საფეხურზე სხვადასხვა მოცულობის ინფორმაციის გაცნობას მოითხოვს:

ØI საფეხურზე მოსწავლის პასუხები ძალზე მარტივი და ცალსახაა, რადგან ანალიზისთვის ერთი არგუმენტის დასახელებაც საკმარისია. ეს მხოლოდ ტექსტის გაგების ელემენტარულ უნარს მოითხოვს.
ØII საფეხურზე არგუმენტების რაოდენობაც იზრდება და იმ ინფორმაციის მოცულობაც, რომლითაც მან უნდა იმსჯელოს თითოეულ პუნქტზე.
ØIII საფეხურზე დავალება კიდევ უფრო რთულდება და შესაძლოა არგუმენტირებისთვის კვლევითი სამუშაოს ჩატარებაც კი გახდეს საჭირო.

განვიხილოთ მაგალითები:

I საფეხური:

რადგან ისტორიაში „წელი” ასოცირდება რაიმე მოვლენასთან, ამიტომ დროის განსაზღვრისთვის უნდა დადგინდეს თავად ის მოვლენა, რომელზეც დოკუმენტშია საუბარი. ამისთვის მოსწავლემ საქმიანობის სხვადასხვა ეტაპები უნდა გაიაროს:

I – იპოვოს „გასაღები” სიტყვა, რასაც დაეყრდნობა, რომელიც მას „სწორ გზაზე დააყენებს”. ამის შემდეგ მოსწავლეს არცერთ ეტაპზე არ გაუჭირდება დავალების შესრულება;
II – მოპოვებული ძირითადი ელემენტით განსაზღვროს მოვლენა;
III – „ჩართოს” მეხსიერება და აღადგინოს, რომელ წელს/პერიოდს უკავშირდება ეს მოვლენა.

რადგან მოცემულ ნაწყვეტში საქმე ეხება საზოგადოებრივი მოძრაობის დაწყებას, ძირითადი ამოსავალი სიტყვა დაკავშირებულია მის მახასიათებლებთან, რომლებიც ტექსტში საკმარისადაა ხაზგასმული. მისი პოვნის შემდეგ მოსწავლე, ცხადია, უშეცდომოდ დაასახელებს – „ხალხში სიარულის” /„ხალხოსნობის” (ე.წ. ნაროდნიკობის) დაწყების დროს, ანუ მოსწავლე „მიმოიხილავს ცოდნას”, ჩაატარებს ძალიან რთულ სამუშაოს და „პასუხად მიიღებს” გასული საუკუნის 70-იანი წლებს.

პასუხის სისწორე ტექსტის არამარტო უზუსტესმა გააზრებამ, არამედ სწორმა შეფასებამ, სტრუქტურაში სწორად გარკვევამ, ყველა საჭირო და მნიშვნელოვანი მონაცემის ამოღებამ და ფიქსაციამ განაპირობა.

ზოგადად კითხვის ტექნიკის დაუფლებისთვის სხვადასხვა სტრატეგიები არსებობს, მაგრამ სწავლის ზედა საფეხურზე რთული დავალებების შესასრულებლად აუცილებელია მოსწავლემ რამდენიმე რჩევა გაითვალისწინოს.

პირველ რიგში ესაა წიგნის საცნობარო-ბიბლიოგრაფიული აპარატის გაცნობა, რომელიც მოსწავლეს ტექსტების სათანადოდ შეფასებაში დაეხმარება (იხ. სქემა):

ამის გაკეთება უმჯობესია ასეთი თანმიმდევრობით მოხდეს:

ტექსტის ათვისება წაკითხულის შინაარსის დამახსოვრების გარდა სხვა პროცესებსაც გულისხმობს: წაკითხულის ათვისება ნიშნავს ისე სიღრმისეულად და ყურადღებით კითხვას, რომ მოცემულ საკითხზე ავტორისა და მკითხველის აზრების შეჯერება მოხდეს; ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთია მოსწავლის მიერ მოცემული თემატიკის გაცნობა, მეორეა – სპეციალური ლიტერატურის წაკითხვა. ცოდნის დაგროვებისა და გაფართოების პროცესს სწორედ ეს მეორე წარმოადგენს. ამიტომ როდესაც მოსწავლეს ვურჩევთ, როგორ წაიკითხოს ტექსტი სპეციალური ლიტერატურის მითითებით, დამატებით უნდა გავამახვილებინოთ ყურადღება მასალის ლოგიკურ სტრუქტურაზე.

მასალის ლოგიკური სტრუქტურის, მისი აგების სქემის გაგება არც ისე ადვილია, რადგან იგი შეიძლება შეიცვალოს როგორც ცალკეული წიგნის, ისე თავებისა და ცალკეული ფურცლების მიხედვითაც კი. ამისთვის აუცილებელია თხზულების ძირითადი აზრის ბოლომდე გააზრება. საჭიროა, წავყვეთ ავტორის „აზრთა მსვლელობას”, მისი მტკიცებულებების ლოგიკას, აღვნიშნოთ ის ძირითადი, რაც აერთიანებს ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს, ძირითადი ნარატივიდან გამოვყოთ ვიზუალური მასალა და მაგალითები. ეს კი უკვე მასალის უბრალოდ წაკითხვა კი არა, ტექსტის ღრმა და დეტალური ანალიზია და მხოლოდ ასეთი დამოკიდებულების დროსაა შესაძლებელი წარსულის გაგება და მისი ნამდვილი ათვისება.

ასეთი ანალიზის ჩატარება გაადვილდება, თუ შევეცდებით ამ ყველაფრის ფურცელზე ტექსტის სახით გადატანას, ანუ ჩავიწერთ მთვარ მომენტებს ან გრაფიკული სქემით გამოვსახავთ მათ, სადაც თვალნათლივ დავინახავთ შესასწავლ მოვლენებს შორის ლოგიკურ კავშირებს. ამ დროს წარმატებით შეიძლება ტექსტის წაკითხვის სხვა სტრატეგიების გამოყენებაც, მაგალითად:

Øმარკირება;
Ø მოვლენათა ნუმერაცია;
Ø კონსპექტის შედგენა და ა.შ.

სპეციალისტები საკმაოდ ხშირად საუბრობენ სპეციალური ლიტერატურის კრიტიკული და შემოქმედებითი გააზრების მნიშვნელობაზე. ერთიც და მეორეც შეიძლება განვიხილოთ როგორც პრაქტიკული რეკომენდაცია, რომელიც გამოცდილების დაგროვების ხარჯზე მიიღწევა. გარკვეულ პროფესიულ დონეზე შეიძლება წარმოიქმნას ესა თუ ის უთანხმოება ცალკეული ავტორების შეხედულებებში, გაჩნდეს ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტები, მაგრამ ამით გაჩნდება საკუთარ აზრებთან სხვების დასკვნების შეპირისპირების საშუალებაც.

ცხადია, ეს ეხება შემოქმედებით მიდგომასაც – კითხვა ხომ უპირველს ყოვლისა იდეების სტიმულაციაა. ნებისმიერი ტექსტის ყურადღებით კითხვას მოსდევს საკუთარი წარმოსახვები, მოსაზრებები, ჰიპოთეზებიც კი, რომელთაც საკუთარი შეხედულებებით ვპასუხობთ. თუმცა ყველა ეს საკითხი კითხვის ტექნიკისგან დამოუკიდებლად არსებობს, ანუ იდეების გენერაციისათვის რამე განსაკუთრებული სახის რჩევებს არ საჭიროებენ (შეიძლება ტექსტის ერთმა გადაკითხვამაც იგივე მოგვცეს ამ მხრივ, რაც მისმა ყურადღებით წაკითხვამ).

თუმცა იდეები და დეტალური ანალიზი მაინც სხვადასხვა ცნებებია. ეს უკანასკნელი „მოქმედების სტრუქტურის მიხედვით”, რომელიც ყველა საჭირო მეთოდოლოგიურ მიდგომას ითვალისწინებს, განსაკუთრებული ინსტრუქტაჟის დაცვას აუცილებლად საჭიროებს (იხ. სქემა):

ყველაზე ხშირად შეცდომების მიზეზი არასწორად განსაზღვრული მიზანი, კითხვის და ჩანაწერის არარაციონალური ფორმებია. სწავლის შინაარსში აუცილებლად უნდა ჩაიდოს, რომ სამეცნიერო-ლიტერატურული ნაწარმოებების კითხვა ყოველთვის დაკავშირებულია რაიმე ახალი ცნების ათვისებასთან და რომ ეს არც ისე იოლია, რადგან ყველა წიგნი ორიგინალურია და მოითხოვს გარკვეულ ძალისხმევას ავტორის გასაგებად; ასეთ დროს ტექსტზე მუშაობისას შესაძლებელია ისეთი გარემოს შექმნა, რომ ტექსტი ერთდროულად გახდეს როგორც კვლევის ობიექტი, ისე დამოუკიდებელი აღმოჩენებით მიღებული სიხარულის წყარო.

ისტორიისა და ზოგადად საზოგადოებრივი მეცნიერებებისათვის ნარატივი სამუშაოს ძირითად ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ ის მოსწავლეები, რომელთაც ტექსტის სწორად გაგება და ინტერპრეტაცია შეუძლიათ, ყოველთვის წარმატებულები არიან ამ საგნებში.

უ ჩ ა

0
ჩემი მანქანა, შავი ფერის ბაბულიკური BMW E-316, დღემუდამ გასარეცხი და უსახური, ჩემზე 4 წლით პატარაა – 19 წლის გახლავთ. რა გასაკვირია, რომ ასაკთან შესაფერი პრობლემებიც  ტრავმატოლოგიური აქვს: დროდადრო ბუდიდან ამოხტება ხოლმე მარცხენა ფანჯარა; მენისკივით აწუხებს სავალი ნაწილი; შიგადაშიგ ვმუკრნალობთ სახსრების ტკივილებს; ზოგჯერ ელექტროობა აცხადებს დებოშს და თიშავს ყოველგვარ სინათლეს. ცოტა ხნის წინ გაუკეთეს შუნტირება და გადაუნერგეს სხვა BMW E-316 – ის ბენზოტუმბო. ერთი სიტყვით, ჩემს მანქანას ევაკუატორზე დგომისას გაცილებით მეტი გარბენი აქვს, ვიდრე თავისი სიარულით.
18 ივნისს, ხვატიან და მტვრიან საღამოს, სააკაძის მოედნიდან მომავალი, კოსტავას გამზირზე, ჯოჯოხეთურ საცობში აღმოვჩნდი. თბილისური საცობი კი, ჩემზე უკეთ გეცოდინებათ, ცალკე პოეზიაა – მთელი სხეულით გრძნობ, რომ შენ გარშემო, მანქანებში მსხდომი ადამიანები ბოღმისაგან ლამისაა აალდნენ და დედამიწა გადააბრუნონ. თუმცა იმის გამო, რომ საამისო გამბედაობა და შნო არ აქვთ, მხოლოდ გინებით იმშვიდებენ ხოლმე ნერვებს. ამ დროს მათ სძულთ საკუთარი თავი, სხვა მანქანებში მსხდომი ადამიანები, მთელი ქალაქი, მთელი ქვეყანა და ვინ იცის, მაგათსას რას გაიგებ, იქნებ მთელი დუნიაც კი სძულდეთ. 
ამასობაში, მე და ნიკა ესებუას მანქანა აგვიფეთქდა – ჩემმა BMW-მ კლიმაქსურ შეტევას ვერ გაუძლო და სიმხურვალისგან წყალი აადუღა. მანქანამ კი – თეთრი კვამლი ამოუშვა. 
– ან რომის პაპი ავირჩიეთ, ან რაღაც გაგვისკდა, – ნიკას ვუთხარი. 
– მგონი უფრო მეორე, – მიპასუხა ესებუამ და მანქანიდან გადავხტით…
ვდგავართ ასე, ყეყეჩებივით და ვუყურებთ როგორ მეცლება ხელიდან ჩემი მანქანა, თუ მანქანასთან გათანაბრებული მოწყობილობა. კაპოტს ვერ ვხდით, ცხელია. იქვე, ხის ქვეშ, სამი ბეყე კაცი დგას – აი, ისეთები 90-იანებში ბევრი ფული რომ იშოვეს და დღემდე იმ ინერციით მიგორავენ, თან ნაღდი ფულით მოძრაობენ. ხომ არაფერი გაგეგებათ-მეთქი და ისე შემომხედეს, თვალებით მითხრეს… მოკლედ, ცუდი თვალით შემომხედეს. იხსენებთ იმ ხალხს საზღვარგარეთ, განსაკუთრებით კი დასავლეთის ქვეყნებსა და აშშ-ში ცალ ფეხს რომ დადგამენ, ან ცალი თვალით შეიჭყიტავენ და შინ დაბრუნებულები აღმა-დაღმა იმას გაიძახიან იქ ყინულივით ცივი ხალხი ცხოვრობს, რას ლაპარაკობთ, ქუჩაში რომ რამე გაგიჭირდეს, რომ კვდებოდეთ, ზედ არავინ შეგაფურთხებსო? აი, იესომ რომ თქვა საკუთარ თვალში დირესაც ვერ ხედავენო, ამ სისულელის მქადაგებლებზე თქვა სწორედ. აშშ-ში კი არა, კოსტავაზე ვიდექი, საშაურმის გადაღმა.
ძლივს-ძლივობით ავხადეთ კაპოტი. მართალია გულისყურით ვათვალიერებთ, მაგრამ გინდა ყავაში ჩაგვეხედოს მე და ესებუას, და გინდაც მანქანის ძრავი დაგვეთვალიერებინოს – როგორც ამბობენ, გარტყმაში არ ვართ. სასოწარკვეთა მეუფლება. ვიბოღმები. გინების იშტაზე მოვდივარ. უცებ, არსაიდან ჩნდება ახალგაზრდა კაცი, რომელსაც მოგვიანებით ტარანტინოსეულ ბატონ ვულფზე ბევრად მაღლა დავაყენებ: 
– ხელი არ ახლოთ. 
– ჰა? 
– მე უჩა ვარ, აქ ვცხოვრობ, ფანჯრიდან დაგინახეთ.
– ვახ! დათო, ნიკა. 
– ღვედზეა თუ ჯაჭვზე?
აზრზე არ ვარ ჩემი მანქანის ძრავი ღვედზეა თუ ჯაჭვზე, მაგრამ არ მინდა, რომ უჩას უკანასკნელი იერარქიის იდიოტი ვეგონო. ვხვდები, რომ შანსები 50/50-ზე მაქვს და ერთერთს ვირჩევ: 
– ღვედზე.
– აბა, ჩავხედოთ… ჯაჭვზე ყოფილა…
– გაგეგება?
– კამაც-კამაც.
– რა კარგი კაცი ხარ შენ!
უჩამ დიაგნოზი ექიმი ჰაუსის გამორიცხვის მეთოდით დასვა. მერე კაპოტში, ვითარცა ზღვაში გადაეშვა, რაღაცები მიაერთ-მოაერთა და სანამ დამაქოქინებდა კბილებიდან გამოსცრა: „ახლა კი პროფესორს დავურეკოთ”. დაურეკა კიდეც. მე და ნიკა ვგრძნობდით, რომ ტელეფონის მეორე ხაზზე იყო თავისი საქმის ალფრედ ჰიჩკოკი, ალბერდ აინშტაინი, დიეგო მარადონა. პროფესორმა მითითებები ბრმად მოგვცა. უნდა დავაჰაეროთო – უჩამ. მე წყალსა და შპრიცზე გამგზავნა, ნიკა ადგილზევე დაასაქმა. ამასობაში ტელეფონმა დაურეკა, საქეიფოდ და ფეხბურთის „ჩასატკბარუნებლად” ეპატიჟებოდნენ. ისინი უჩამ ერთ ადგილზე გაისტუმრა: ჩემს ახლობლებს მანქანა გაუფუჭდათ, დავეხმარებიო. 
40 წუთში, ოფლგამომდენი შრომის, წუწაობისა და თხუპნაობის შემდეგ, უჩამ მანქანა დაგვაქოქინა. ძალიან გულიანად ჩავეხუტეთ, 1000 მადლობა ვუთხარით და წამოვედით. ის ბეყეები ისევ იქ იდგნენ და ჭორაობდნენ. გზაში მე და ნიკა ერთსა და იმავეზე ორ უკიდურესობაზე ვფიქრობდით, რომელსაც ერთსა და იმავე ტერიტორიაზე, 8 კვადრატული მეტრის რადიუსში, 5 წუთის ინტერვალით გადავაწყდით – სამ ღიპიან და მოქეიფე კაცურ კაცზე, რომლებმაც გასაჭირში მყოფები ჯანდაბაში გაგვგზავნეს და ახალგაზრდა ბიჭზე, რომელმაც თავი შეიწუხა, ჩაიცვა, ჩამოვიდა, მეგობრებთან ერთად ფეხბურთის ყურებასა და ლუდის დალევაზე უარი თქვა, გავარვარებული მანქანის კაპოტში იძრომიალა და საქმე ბოლომდე მიიყვანა. 
– ბიჭო, ეს ვინ იყო? – მკითხა ნიკამ. 
– მგონი წმინდანს შევხვდით, – ვუპასუხე მე. 
– მაგრად გამეხარდა ასეთები რომ არსებობენ, თურმე, – მითხრა და გზის ბოლომდე ისევ დავდუმდით. 
იმ დღის მერე, სადაც არ უნდა მოვხვდე, თუკი 15 წუთზე მეტ ხანს სადმე გავჩერდი, ვცდილობ ეს ამბავი ყველგან მოვყვე და აი, რატომ: 22 ივნისს სახლისკენ მიმავალმა დავინახე, რომ ერთი ქალბატონი იმავე გასაჭირში  ჩავარდნილიყო, რომელშიც მაშინ მე ვიყავი. ეგრევე უჩა გამახსენდა, გავაჩერე, გადავხტი და ჩემი გადამრჩენელის ინსტრუქციას ბოლომდე მივდიე: 
– ხელი არ ახლოთ, – ვუთხარი.
– უკაცრავად?
– საღამო მშვიდობის, რამდენიმე დღის წინ იგივე დამემართა.
– ვიზიარებ. 
– ღვედზეა? თუ ჯაჭვზე?
– არ ვიცი.
– არც მე. 
– გესმით ესეთები? 
– მართალი გითხრათ, არა. რამეს მოვიფიქრებთ…
ვერაფერიც ვერ მოვიფიქრეთ. ერთი ისაა, რომ იმ ქალბატონს გვერდიდან არ მოვშორდი, სანამ მისიანებმა არ მოაკითხეს და მანქანა არ დააქოქინეს. იმ ღამის ფიქრებში, ძილის წინ, როცა რატომღაც სრულიად შემთხვევით ჭავჭავაძის დარიგება გამახსენდა, მივხვდი, რომ სიკეთე გადამდებია. ამას წინათ, ია ვეკუა და ირაკლი გუნია ამბობდნენ – რა ბედნიერები არიან ნიუ-იორკელი ბავშვები, ხან რომელ სუპერგმირს ხედავენ და ხან რომელსო. მიუხედავად იმისა, რომ უჩას არ შეუძლია შენობებზე ცოცვა და ხელიდან აბლაბუდას გამოშვება, არც რკინის კოსტიუმი აქვს და ვერც მრისხანე, მწვანე გოლიათად გადაქცევას მოახერხებს… მეტიც, უჩა ერთი საბურთალოელი, ღიპიანი ყმაწვილია, მაინც მგონია, რომ გულის სიღრმეში უჩაც ისეთივე სუპერგმირია, როგორც ტონი სტარკი ან პიტერ პარკერი. მისი სუპერძალა კი სიკეთეა. სიკეთე, რომელიც სამაგალითო და გადამდებია. 
… გადამდები როა, იმიტომაც ვწერ, თორემ, ჩემი მანქანა 2 დღეში ისევ გაფუჭდა. 19 წლისაა. აბა, მაგას რომელი უჩა უშველის?

გიორგი ოვაშვილი: – ჩვენს თაობას სჯეროდა მასწავლებლების, ჩვენთვის ისინი უპირობო ავტორიტეტები იყვნენ

0
რეჟისორ გიორგი ოვაშვილის მოწაფეობის წლები იმით გახლდათ დაღდასმული, რომ იგი თანაკლასელებისთვისაც და პედაგოგებისთვისაც “მასწავლებლის შვილი” იყო – მცხეთის რაიონის სოფელ ძეგვის სკოლაში, რომელიც მან დაამთავრა, მისი მშობლებიც ასწავლიდნენ. ამან მკაცრ ჩარჩოებში მოაქცია მისი ბავშვობა – მას ყოველთვის სხვაზე მეტი მოეთხოვებოდა და მცირედიც კი არ ეპატიებოდა, სკოლაშიც და სახლშიც ყველაზე მკაცრად მას სჯიდნენ. თუმცა, ნათქვამია, მედალს ორი მხარე აქვსო და გიორგიც თავის არაორდინარულ ბავშვობას უმადლის ისეთ თვისებებს, როგორებიცაა დისციპლინა და საკუთარი თავისგან მაქსიმუმის მოთხოვნა, რაც შემდეგ დიდად გამოადგა როგორც რეჟისორსა და პედაგოგს. გიორგი ოვაშვილს თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე მუშაობასთან ერთად უცხოეთში პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილებაც აქვს.

გიორგი ოვაშვილი: 

– მშობლებს არ ვურჩევ, იმ სკოლაში მიიყვანონ შვილი, სადაც თავად ასწავლიან. ჯობს, ბავშვი მხოლოდ პედაგოგის კონტროლის ქვეშ იყოს. ორმაგი კონტროლი იწვევს იმედგაცრუებას, გაღიზიანებას, გაურკვევლობას. მოსწავლე უნდა ემორჩილებოდეს წესებს, მაგრამ იმ წესებს, რომლებიც ყველასათვის საერთოა და მშობლების კონტროლი ამაში არ უნდა ერიოს.

– როგორი მოსწავლე იყავით ამ ყველაფრის ფონზე?

– უპირობოდ წარჩინებული უნდა ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემგან სხვა ინტერესებზე უარის თქმას მოითხოვდა. სკოლა წარჩინებით დავამთავრე.

– ხიბლი, რაც თქვენს სკოლას ჰქონდა…

_ ის, რაც იმდროინდელ სკოლას დღევანდელისგან განასხვავებს, არის ურთიერთდამოკიდებულება მოსწავლესა და მასწავლებელს შორის. მაშინდელი ურთიერთობა ბევრ დადებით თვისებას აყალიბებდა: ზრდილობას, პატივისცემას, დისტანცირებას თაობებს შორის (კარგი გაგებით), პასუხისმგებლობას, რომელიც ხშირად ქრება, როცა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის ზღვარი იშლება. დღეს სწორედ ეს ზღვარი აღარ არის… ჩემს თაობას სჯეროდა მასწავლებლების, ისინი ჩვენთვის უპირობო ავტორიტეტები იყვნენ. შესაძლოა, არ გვესწავლა, გვეცელქა, მაგრამ გვჯეროდა, რომ მათი ქცევა იყო მართებული, კეთილგანზრახული. დღეს სხვაგვარი დამოკიდებულებაა…

– თქვენი აზრით, რისი ბრალია ეს?

– ბევრი რამ შეიცვალა. ტექნიკურმა პროგრესმა, რომელიც ყოველწუთიერად იპყრობს ჩვენს არეალს, შეცვალა, ვირტუალურ სივრცეში გადაიტანა ადამიანთა ურთიერთობა. მე ვფიქრობ, ამაში ძალიან დიდი როლი შეასრულა ქართული საზოგადოების ცხოვრების წესის შეცვლამაც. მშობლებს გაცილებით ნაკლები დრო რჩებათ შვილებისთვის, ვიდრე ჩემს დროს. ნაკლებია ყურადღება. დაიკარგა ნდობა უფროსი თაობის მიმართ. მასობრივ ტენდენციას ვგულსხმობ, თორემ გამონაკლისი ახლაც არის. ძალიან კარგი თაობა გვყავს, რომელიც პასუხისმგებლობით ჩვენსას არ ჩამოუვარდება.

– წინა თაობები მომდევნოსგან მომავლისადმი დამოკიდებულებითაც განსხვავდება ხოლმე. თქვენ რას ელოდით მომავლისგან?

– ჩვენი თაობა უფრო რომანტიკული იყო, ოცნებებიც და სურვილებიც რონატიკული ჰქონდა. დღევანდელი თაობა პრაგმატულია. ჩვენ კოსმონავტობა, მფრინავობა, მეხანძრეობა, ფეხბურთელობა გვინდოდა, დღეს მეშვიდე-მერვეკლასელები ამბობენ, რომ სურთ იმუშაონ საბანკო სფეროში, მენეჯმენტში… ჩემმა თაობამ დანგრეული ქვეყანა მიიღო, სადაც ოცნებების ასრულება შეუძლებელი იყო. დღევანდელი ახალგაზრდები, თუ მიზანი დაისახეს, აღწევენ კიდეც, თუმცა დღეს თავის დამკვიდრება გაცილებით ძნელია, ვიდრე ჩვენს დროს იყო, როცა ცხოვრებას უფრო მშვიდი რიტმი ჰქონდა.

– თქვენს სტუდენტებზე რას იტყვით?

– კინორეჟისურა ისეთი სფეროა, სადაც ჯერ კიდევ მეოცნებენი მოდიან. ისინი, ვისთვისაც მიზანი და ოცნება ერთმანეთს ერწყმის. თუმცა მთავარი მიზანდასახულობაა; თუ ოცნებისა და მიზანდასახულობის თანხვედრა მოხდა, წარმატებას მიაღწევენ. აქვე ვიტყოდი, რომ დღევანდელი სტუდენტები ზარმაცები არიან. ჩვენ უფრო ბეჯითები ვიყავით და მგონი, მეტადაც გვწამდა იმისა, რასაც ვაკეთებდით. დღევანდელ სტუდენტთა ნაწილისთვის პროფესიის შესწავლის მოთხოვნილებამ უკანა პლანზე გადაიწია, მათი მამოძრავებელი იმპულსი იმიჯის შექმნა გახდა. რეჟისორობაც უფრო საიმიჯოდ უნდათ.

– განათლების სისტემა ქართული საზოგადოების აქილევსის ქუსლიც არის და განტევების ვაციც – თავს დამტყდარ ყველა უბედურებას მას მივაწერთ. რას იტყვით თქვენს უცხოელ სტუდენტებზე?

– უცხოეთში, საქართველოსგან განსხვავებით, ძალიან მაღალია პასუხისმგებლობა საკუთარი თავისა და სწავლის მიმართ. ამას შესაძლოა რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს. დასავლეთში სტუდენტს კარგად აქვს გააზრებული, სად სწავლობს და რისთვის, რადგან სწავლა უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რომელიც უნდა მოიპოვონ, და მეორე – ზუსტად იციან: თუ სათანადო განათლება ვერ მიიღეს, თავს ვერ დაიმკვიდრებენ. ჩვენში სტუდენტთა უმრავლესობას ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს, ისევე როგორც ის, რა გზით იხდიან მათი მშობლები სწავლის საფასურს, ამიტომ არც სათანადო პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ განათლებას. სხვაგვარია დამოუკიდებლობის ხარისხიც: ჩვენმა სტუდენტმა იცის, რომ კარგად ისწავლის თუ ცუდად, მშობლები მასზე მაინც იზრუნებენ, დასავლელს სტუდენტებს კი მშობლები მხოლოდ სწავლის საფასურს უხდიან – ესაა და ეს; სწავლის დასრულების შემდეგ ისინი საკუთარ თავზე პასუხისმგებელნი თვითონ არიან. საქართველოში სტუდენტის იმიჯი საკმარისია, რომ ამბიცია დაიკმაყოფილო, გერქვას რეჟისორი, თუნდაც ფილმი არასოდეს გადაიღო… ეს პრობლემები, ვფიქრობ, ოჯახიდან იღებს სათავეს. ვიდრე ადამიანს დაბადებიდანვე არ ჩააგონებენ, რომ მისი თავი მასვე ეკუთვნის, სწავლისადმი ახალგაზრდების დამოკიდებულება არ შეიცვლება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...