ორშაბათი, ივლისი 6, 2026
6 ივლისი, ორშაბათი, 2026

ბავშვის განვითარების თეორიები და მათი ზეგავლენა სასკოლო განათლებაზე

0
XX საუკუნის დასაწყისიდან დღემდე შეიქმნა და სკოლებში დაინერგა არაერთი თეორია ბავშვის განვითარების შესახებ. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. ასეთი თეორიებია, მაგალითად: გეზელის მომწიფების თეორია (1925), სკინერის ბიჰევიორისტული თეორია (1974), ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორია (1935), პიაჟეს კონსტრუქტივისტური თეორია (1952), ვიგოტსკის სოციო-კულტურული მიდგომა (1978), გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია (1983) და ა.შ. თითოეულმა მათგანმა საგრძნობი ზეგავლენა მოახდინა სასკოლო საგანმანათლებლო სისტემებზე, შეცვალა სწავლა-სწავლების შესახებ ტრადიციული შეხედულებები და საფუძველი ჩაუყარა არაერთ ახალ მეთოდიკურ მიდგომას. მაგრამ საინტერესოა, როგორია რეალობა – რა შედეგები მოუტანა ამ თეორიების გამოყენებამ სასკოლო განათლებას. 

სწორედ ამ თემაზე საუბრობენ თავიანთ ნაშრომებში ალაბამის შტატის განათლების სკოლის პროფესორები, ჯერი ოლდრიჯი და რენიტა გოლდმენი. გთავაზობთ რამდენიმე მოსაზრებას მათი პუბლიკაციიდან “ბავშვის განვითარების თეორიები”.

მომწიფების თეორია
არნოლდ გეზელმა თავისი მომწიფების თეორია (1925 წ.) ააგო შემდეგ სამ ძირითდ პოსტულატზე: ა) განვითარებას ბიოლოგიური საფუძველი აქვს; ბ) კარგი და ცუდი წლები ერთმანეთს ენაცვლება და გ) სხეულის ტიპი (ენდომორფი, ექტომორფი, მეზომორფი – ამერიკელი მეცნიერის, უილიამ შელდონის (1898-1977 წ.წ.) კლასიფიკაციის მიხედვით) დაკავშირებულია პიროვნების განვითარებასთან. ამ თეორიამ დიდი ზეგავლენა მოახდინა კითხვის სწავლებაზე მე-20 საუკუნის შუა წლებში. კერძოდ, ბავშვები კითხვის შესწავლისთვის მზად ითვლებოდნენ მხოლოდ მაშინ, თუკი მათი გონებრივი განვითარება ექვსნახევარ წელს შეესაბამებოდა. შედეგად, ხშირად ბავშვებს სთავაზობდნენ ისეთ აქტივობებს, რომელთა შესასრულებლად ისინი ჯერ არ იყვნენ მზად გონებრივად. ასეთი გაუგებრობები თავს იჩენდა, ძირითადად, საბავშვო ბაღში, ასევე მოსამზადებელ და დაწყებით კლასებშიც. ნაწილობრივ, ამ თეორიის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს საბავშვო ბაღისთვის და სკოლისთვის მოსამზადებელი კლასების შემოღება.

ამ თეორიის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მისი მიმდევარი პრაქტიკოსები ნებისმიერ სირთულეს, რომელსაც ბავშვი აწყდება სწავლის დროს, თავად ბავშვში ეძებენ. სწავლის ხელშემწყობი გარემოს არსებობა ან არარასებობა კი მთლიანად უგულებელყოფილია. 

კიდევ ერთი, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგი, რომელიც ამ თეორიის პრაქტიკაში დანერგვამ მოიტანა, არის ის, რომ წლების განმავლობაში დაუმსახურებელი ყურადღება ექცეოდა ე.წ. “გვიანი დაბადების დღის” ფენომენს. მოსწავლეებს, რომლებიც “გვიან” იყვნენ დაბადებულები, ბევრი მასწავლებელი პირდაპირ მიაკერებდა ხოლმე ჩამორჩენილის იარლიყს. მიიჩნეოდა, რომ ასეთი მოსწავლეები უფრო ნელი ტემპით, ძნელად ითვისებდნენ სასწავლო მასალას და ჯერ არ იყვენენ მზად იმ მეთოდებით სწავლისთვის, რომლებსაც მასწავლებლები მათივე თანაკლასელებთან მუშაობისას იყენებდნენ. ნებისმიერი პრობლემა, რომელსაც ასეთი ბავშვები აწყდებოდნენ სწავლაში, პირდაპირ, უაპელაციოდ აიხსნებოდა სწორედ “გვიანი დაბადების დღით”.

ბიჰევიორისტული თეორია

ბიჰევიორისტული თეორია (სკინერი (1974წ.), ბიჟუ (1989წ.)) დღემდე მუშაობს სკოლებში და გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. ეს არის “მექანისტური” თეორია, რომელიც აქცენტს აკეთებს გარემოს როლზე ადამიანის განვითარების პროცესში. ამდენად, მისთვის ძირითად მიზანს წარმოადგენს შესაბამისი გარემოს შექმნა სასურველი ქცევის განმტკიცებისათვის. ამ თეორიის განხილვას აქ აღარ შევუდგებით, რადგან მასწავლებლებს ბევრი წაუკითხავთ მის შესახებ, მაგრამ ალბათ საინტერესოა იმაზე დაფიქრება, თუ როგორ აისახა ამ თეორიის მიმდევართა საქმიანობა სასწავლო პრაქტიკაში.

მასწავლებლები, რომლებიც იყენებდნენ და დღესაც იყენებენ ბიჰევიორისტულ მიდგომას, ყველა სირთულეს, რომელსაც სწავლა-სწავლების პროცესში აწყდებოდნენ, სასწავლო გარემოს მიაწერდნენ. სკინერის გადაჭარბებული აქცენტი წვრთნის მნიშვნელობაზე ისევე, როგორც გეზელის გადაჭარბებული აქცენტი ბუნებრივ განვითარებაზე, ზღუდავს მასწავლებელს და არ აძლევს საშუალებას, კარგად გაიცნოს ბავშვები და გაუგოს მათ, აღმოაჩინოს და გაითვალისწინოს მათ შორის არსებული განსხვავებები. საბოოლოოდ, ბიჰევიორიზმის პრაქტიკაში გამოყენებამ შედეგად მოგვიტანა ის, რომ სწავლა-სწავლების პროცესში ზედმეტად დიდი ყურადღება ეთმობოდა ცალკეული, ერთმანეთისაგან იზოლირებული უნარების გამომუშავებას, გამუდმებულ წვრთნასა და მზა ცოდნის მიწოდებას მოსწავლეებისთვის. ამასთანავე, სასწავლო პროცესს თითქმის მთლიანად მასწავლებელი გეგმავდა და წარმართავდა. შედეგად, მოსწავლეთა ადრეული ცოდნა, მათი ინტერესები ხშირად საერთოდ უგულებელყოფილი იყო.
ფსიქოანალიტიკური თეორია

ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორია ქცევის დარღვევების ანალიზის  თეორიული საფუძველი გახდა გასული საუკუნის 20-იანი წლებიდან 40-იან წლებამდე. ბავშვის მიერ გამოვლენილი ქცევის პრობლემა განხილული იყო, როგორც შედეგი მოუგვარებელი კონფლიქტისა, რომელიც ხშირად მომდინარეობდა ბავშვისა და მასზე მზრუნველის ურთიერთობიდან. ყურადღების პრობლემები და აქტიურობის სხვადასხვა ხარისხი არაცნობიერი პროცესებით აიხსნებოდა. ინტერვენციის რეკომენდებულ ფორმად შეთავაზებული იყო თამაშით თერაპია (ოჯახურ თერაპიასთან ერთად). ფსიქოდინამიკური მოდელები დღესაც გამოიყენება განათლების სფეროში, განსაკუთრებით, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებთან მუშაობის დროს.

ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში თან ახლდა ფსიქოანალიტიკური თეორიის გამოყენებას, იყო ის, რომ პრაქტიკოსები ქცევის დარღვევის ნებისმიერ გამოვლინებას მშობლისა და შვილის ურთიერთობას აბრალებდნენ, უფრო კონკრეტულად კი – დედის საქციელს. საბედნიეროდ, მშობლის დადანაშაულების მოდელი თანდათან შეიცვალა და აქცენტმა უფრო ორმხრივ, ურთიერთშეთანხმებულ ქმედებასა (ტრანზაქციაზე) და ურთიერთქმედებაზე (ინტერაქციაზე) გადაინაცვლა.
კონსტრუქტივისტული თეორია

მიუხედავად იმისა, რომ კონსტრუქტივიზმის არაერთი თეორია არსებობს, პიაჟეს თეორია (1952წ.) დღესაც, XXI-ე საუკუნის სკოლებში დიდ ზეგავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე. ამ თეორიას საფუძვლად უდევს კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ცოდნა იგება “შიგნიდან გარეთ”, გარემოსთან ინტერაქციის გზით. მაგრამ, ამავე დროს, აქცენტი უფრო ინდივიდუალური განვითარების დონეებზე კეთდება, ვიდრე სოციალური ფაქტორის გავლენაზე.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ კონსტრუქტივისტული თეორია სათანადოდ და ამომწურავად ვერც ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს ხსნის და ვერც _ კულტურისა თუ კონტექსტის როლს ბავშვის განვითარებასა და განათლებაში (დელპი, 1988; კესლერი & სუოდენერი, 1992; მელორი & ნიუ, 1994). გაკვეთილზე, რომელზეც კონსტრუქტივისტული მიდგომა გამოიყენება, ხშირად საერთოდ არ არის გათვალისწინებული განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებები.
სოციო-კულტურული თეორია
ლევ ვიგოტსკიმ პირველმა შემოიტანა კულტურული ასპექტი განვითარების თეორიებში. მისმა სოციო-კულტურულმა თეორიამ (1978წ.), რომელშიც  აქცენტი კეთდება სოციალურ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტზე, ასევე ენისა და წიგნიერების გავლენაზე ბავშვის კოგნიტური განვითარების პროცესში, მართლაც დიდი პოპულარობა მოიპოვა საგანმანათლებლო წრეებში. კულტურული და ენობრივი ფაქტორების გავლენა ძირითადი კონცეპტებია ლევ ვიგოტსკის თეორიისა, მის მიერ შემოტანილმა განვითარების უახლოესი ზონის კონცეფციამ კი, შეიძლება ითქვას, ყველაზე დიდი ზეგავლენა მოახდინა თანამედროვე სასკოლო განათლებაზე.
განვითარების უახლოესი ზონა გულისხმობს ბავშვის შესაძლებლობის დონეს (უნარებს, ჩვევებს, მოქმედებებს და ა.შ.), რომლის რეალიზებაც მას შეუძლია მოზრდილი ადამიანის ან მასზე უფრო გაწაფული თანატოლის დახმარებით. ვიგოტსკის აზრით, რისი გაკეთებაც დღეს ბავშვს მასწავლებლის (ან თანატოლის) დახმარებით შეუძლია, ხვალ ამავეს გაკეთებას დამოუკიდებლადაც შეძლებს. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ მასწავლებლებისთვის ხშირად რთულია მოსწავლის განვითარების უახლოესი ზონის განსაზღვრა. ვიგოტსკი თავის ნაშრომში არ აღწერს ბავშვის განვითარების უახლოეს ზონებს, არ ამბობს, თუ როგორ უნდა განსაზღვროს მასწავლებელმა ისინი და არც იმას კარნახობს, თუ როგორ უნდა იმუშაოს კონკრეტულ შემთხვევაში.
მრავალმხრივი ინტელექტის თეორია

ჰოვარდ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია (1983 წ.) შედარებით ბოლოდროინდელი ნაშრომია, რომელმაც ასევე დიდი გავლენა იქონია სასკოლო განათლებაზე. ტრადიციული შეხედულებები ინტელექტის შესახებ გამოყოფდა კონკრეტულ კოგნიტურ პროცესებს, მათ შორის, პრობლემის გადაჭრის (მათემატიკურ-ლინგვისტური ინტელექტი) და ენობრივ უნარებს (ლინგვისტური ინტელექტი). გარდნერის მიხედვით, ეს ინტელექტის მხოლოდ ორი ტიპია. მათ გარდა, სწავლების პროცეში საჭიროა კიდევ ხუთი ტიპის ინტელექტის გათვალისწინება. ესენია: მუსიკალური, ვიზუალურ-სივრცითი, კინესთეტიკური, ინტეპერსონალური და ინტრაპერსონალური.

ამ თეორიის პრაქტიკაში დანერგვისა და გამოყენების დადებითი მხარე ის არის, რომ იგი მასწავლებელს აძლევს შესაძლებლობას, შეიმუშაოს და გამოიყენოს შესაბამისი მიდგომები ისეთი მოსწავლეებისათვის, რომლებიც არ ჯდებიან ტრადიციულ ყალიბში და მაინც და მაინც მათემატიკასა და მშობლიურ ენაში ვერ აღწევენ განსაკუთრებულ წარმატებებს. მაგრამ აქვე თავს იჩენს ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საკმაოდ დიდი პრობლემა: მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის სრულყოფილად დანერგვა, უბრალოდ, შეუძლებელია საჭირო რესურსების გარეშე. ჩვენ კი კარგად ვიცით, რომ ბევრ სკოლას (განსაკუთრებით, რეგიონებში) არ გააჩნია სათანადო ინფრასტრუქტურა და მატერიალური ბაზა იმისათვის, რომ მასწავლებელმა შეძლოს სხვადასხვა ტიპის ინტელექტის მქონე მოსწავლეთა შესაძლებლობების სრულად რეალიზება გაკვეთილზე. 

წიგნი ბიჭისთვის გინდათ თუ გოგოსთვის…

0
ერთი წლის წინ  სკოლაში ვმუშაობდი. ერთხელ ერთმა მოსწავლემ კლასში ბუს მსგავსი არსება მოიტანა, მეორე დღეს დანარჩენებმაც წამოიყოლეს. ასე გავიცანი პლუშის გონიერი ცხოველი, სახელად “ფარბი”.  ელემენტის და “აიფონის” დახმარებით, მას შეუძლია ჭამა, ძილი და  ლაპარაკიც კი. გაკვეთილის დაწყებამდე ბავშვები აძინებდნენ თავიანთ “შვილიკოებს” და კარადებში ათავსებდნენ (თურმე, სიბნელე არ იღვიძებენ), დასვენებებზე გამოჰქონდათ და ამეგობრებდნენ, ზოგიერთი დააქორწინეს კიდეც. როცა ფეხბურთის სათამაშოდ  ჩავდიოდით, მე მაბარებდნენ და მკაცრად მაფრთხილებდნენ, მზის შუქისთვის მომერიდებინა, რომ ბატარეა არ დამჯდარიყო. “ფარბები” ჰქონდათ (შეიძლება ითქვას, რომ ჰყავდათ) გოგოებსაც და ბიჭებსაც, განსაკუთრებული მზრუნველობით ბიჭები ეპყრობოდნენ და მათ უფრო გვიან მობეზრდათ ეს სათამაშო. ერთხელ, დერეფანში ჩავიარე და ყური მოვკარი, როგორ ებოდიშებოდა ერთ-ერთი მოსწავლის მამა მის მასწავლებელს: “უყვარს ეს ჭყვიტინა რაღაც, არ ვიცი როგორ გადავაყვარო, გოგო ხომ არ არის?! იმედია, გადაუვლის თუ არადა, როგორც ვუყიდე, ისე გადავუგდებ ნაგავში”. უცებ მახსენდება, როგორ დამცინეს სკოლაში იმის გამო, რომ შავი, ხელში დასაჭერი  ანუ “ბიჭების” ჩანთა დამქონდა.

“წიგნი  მინდა 7 წლის ბავშვისთვის”  – გავუმხილე ერთხელ კონსულტანტს წიგნების მაღაზიაში. “გოგოსთვის გინდათ თუ ბიჭისთვის? თუ გოგოსთვის გინდათ, “პეპის” გირჩევთ, თუ ბიჭისთვის – “პიტერ პენს” – თავაზიანად გამიღიმა მან.  “ვარდისფერი გოგოს ფერია, ცისფერი – ბიჭის”, “რა ბიჭივით დააბოტებ, ნაზად იარე!”, “გოგო ხომ არ ხარ, რა გატირებს?!” – ვეუბნებით ჩვენ ბავშვებს და ასე გადავცემთ და ვაძლიერებთ გენდერულ სტერეოტიპებს. 

ბავშვები სკოლამდელ ასაკში იწყებენ გენდერული როლებისა და გენდერული სტერეოტიპების ათვისებას. მშობლები ახალშობილს უკვე ახვედრებენ განსხვავებულ გარემოს, როცა მის ოთახს სქესის მიხედვით განსაზღვრული ფერთა პალიტრით აწყობენ.  ხშირად, ისინი თავიანთ შვილებს სქესის მიხედვით განარჩევენ და განსხვავებული მოლოდინები აქვთ მათ მიმართ. მაგალითად, გოგოსთვის მნიშვნელოვან თვისებად თვლიან ემოციურობას, როცა ბიჭებს უკრძალავენ ემოციების გამოხატვას. მათ სურთ, რომ სკოლამდელმა ბავშვმა “გენდერულად შესაბამისი” სათამაშოებით ითამაშოს. ბიჭისთვის ირჩევენ ისეთ სათამაშოებს, რომლებიც ხაზს უსვამენ მოძრაობასა და შეჯიბრს, ხოლო გოგონების სათამაშოები აქცენტირებულია მზრუნველობაზე. ამავდროულად, მშობლები თავისივე სქესის ბავშვების გენდერული ტიპურობის განვითარებაზე უფრო ზრუნავენ. მაგალითად, დედები ქალიშვილებთან ერთად აცხობენ ნამცხვრებს, შლიან სუფრას, როცა მამები ბიჭებთან ერთად თამაშობენ ფეხბურთს ან მიჰყავთ სათევზაოდ. მშობლები არამარტო მეტ დროს ატარებენ მათივე სქესის შვილებთან, არამედ, უფრო ყურადღებით აკონტროლებენ მათ თამაშსა თუ საქმიანობას სახლს გარეთ. 

მასწავლებლების ქცევა ძირითადად აძლიერებს იმ გენდერულ როლებს, რომლის შესახებ პირველ ცოდნას ბავშვები ოჯახში იღებენ. ხშირად, ისინი ხაზს უსვამენ გენდერულ განსხვავებებს, მაგალითად, სხვადასხვა აქტივობის დროს ქმნიან ბიჭების და გოგონების ჯგუფებს. სკოლაში მუშაობის დროს, წავაწყდი შემთხვევას, როცა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მშობელთან შეაქო გოგონა ასეთი სიტყვებით: “მათემატიკაში დავალებებს ბიჭებზე უფრო მალე ამზადებს”. ჩემი აზრით, სასწავლო დაწესებულებებში არსებული ყველაზე საშიში სტერეოტიპია ის, რომ “გოგონები ვერ სწავლობენ მათემატიკას”. თუ 6 წლის ბავშვმა უკვე იცის, რომ “მათემატიკა მისი საქმე არ არის”, სავარაუდოდ ის ეცდება, იმთავითვე სხვა მხრივ მიმართოს თავისი დრო და შესაძლებლობები. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, როგორც აზიის, ისევე ევროპის ქვეყნებში, თანაბარი უნარ-ჩვევების მქონე ბავშვების შედარებისას ჩანს, რომ ბიჭები უფრო კომპეტენტურად გრძნობენ თავს მათემატიკასა და ბუნებათმცოდნეობაში, ვიდრე გოგონები, რომლებიც უფრო თავდაჯერებულები არიან ენების ცოდნაში. ხშირად, გოგონები აკნინებენ თავიანთ მიღწევებს, რადგან მათ თავს მოახვიეს ის აზრი, რომ მათი სიძნელეები ნიჭის ნაკლებობით არის გამოწვეული, ხოლო ბიჭები – “ნიჭიერები, მაგრამ ზარმაცები” არიან.  მშობლები ბიჭებს გოგონებთან შედარებით უფრო კომპეტენტურად თვლიან, მიუხედავად მათი რეალური წარმატებისა ამ საგანში. ეს თავის მხრივ გავლენას ახდენს ბავშვების თვითშეფასებაზე, მონდომებასა და შემდგომ წარმატებებზე. 

მკვლევრები ბავშვთა გენდერული სტერეოტიპულობისა და გენდერული როლისადმი კონფორმულობის შესამცირებლად გვთავაზობენ: 

“- შესთავაზეთ ბავშვებს მრავალფეროვანი სათამაშოები და საქმიანობები, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ მათ არჩევანი გააკეთონ არა “გენდერული შესაბამისობის”, არამედ თავიანთი ინტერესების გამო. 
– მოერიდეთ მიღწევების სფეროში გენდერული სტერეოტიპების გადაცემას.
– ასწავლეთ ბავშვებს დააფასონ ინდივიდუალური განსხვავები.
– საუბარში მოერიდეთ არასაჭირო მინიშნებას გენდერზე ან გენდერულ სტერეოტიპებზე.
– მიაწოდეთ გენდერულად არასტერეოტიპული ნიმუშები.
– ხაზი გაუსვით გენდერული ჯგუფების შიგნით არსებულ მრავალფეროვნებას.

– უზრუნველყავით ურთიერთობა შერეულ სქესობრივ ჯგუფებში. როდესაც ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა სხვა სქესის ბავშვებთან ერთად ჩაერთონ აქტივობაში, ნაკლებ მოსალოდნელია, რომ ჩამოუყალიბდეთ სტერეოტიპები და უარყოფითი განწყობები სხვა გენდერზე. 

– ბავშვებთან ერთად განიხილეთ გენდერული ტენდენციები.” (“ბავშვის განვითარება”. ლორა ბერკი)

კვლევების მიხედვით, სკოლის ასაკის ის ბავშვები, რომელთაც მოქნილი წარმოდგენა აქვთ იმაზე, რისი გაკეთება შეუძლიათ გოგონებს და ბიჭებს, მეტად ხედავენ გენდერული დისკრიმინაციის გამოვლინებებს და შესაბამისად, ცდილობენ თავი დააღწიონ ტრადიციულ გენდერულ როლებს. მშობლებს და მასწავლებლებს აქვთ შესაძლებლობა, დაეხმარონ მათ ამ ბრძოლაში საკუთარი თავის პოვნაში.

Βιβλιοθήκη ანუ რატომ „ვიცავთ“ წიგნებს (II ნაწილი)

0
ხელით ნაწერი ისტორია
ძველად ქართული ბიბლიოთეკები თარგმნილი და ხელით ნაწერი წიგნებით იყო დაკომპლექტებული, მათ უმეტესობას კი რელიგიური შინაარსის ლიტერატურა შეადგენდა. V-VIII საუკუნეებით დათარიღებულ პალიმფსესტებზე ფრაგმენტებად არის შემორჩენილი ძველი აღთქმა და საღვთისმსახურო პრაქტიკისთვის განკუთვნილი ხელნაწერი კრებულები, რომელთა თარგმნაც საეკლესიო მსახურების სათანადო ლიტერატურით უზრუნველყოფის საჭიროებამ განაპირობა. ბიბლიის წიგნთა ისტორიის კვლევის საქმეში ქართულ ხელნაწერ წიგნებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია.

XVII საუკუნიდან იწყება ბიბლიის შესწავლის, შეკრებისა და აღდგენის ახალი ეტაპი. ამ საქმეს სათავეში ჩასდგომია სულხან-საბა ორბელიანის მამა. სწორედ მისი დაკვეთით გადაწერილა ბიბლიის სამი ხელნაწერი. ვახტანგ ორბელიშვილის საქმე მის შვილს, ვახტანგ VI-სა და არჩილ მეფეს გაუგრძელებიათ.

ვახტანგ VI-ის მიერ სტამბის დაარსება და ვლახეთიდან მესტამბის ჩამოყვანა სწორედ ბიბლიის გამოცემის დიდმა სურვილმა განაპირობა. სამწუხაროდ, მწიგნობარმა მეფემ მხოლოდ ფსალმუნის, ახალი აღთქმისა და წინასწარმეტყველთა წიგნების დაბეჭდვა მოახერხა. 1743 წელს მოსკოვში უფლისწულ ბაქარის თაოსნობით ბიბლიის სრული ტექსტი დაიბეჭდა. ამ გამოცემიდან გადარჩენილია მხოლოდ ის 100 ეგზემპლარი, რომლებიც ბაქარს სამშობლოში გამოუგზავნია.

 
საქართველოში უმაღლესი განათლების ისტორია IV საუკუნიდან იწყება. მას შემდეგ ქვეყანაში თუ მის გარეთ პერიოდულად იქმნებოდა უმაღლესი განათლების ქართული კერები. XII საუკუნის დამდეგს გელათში დავით აღმაშენებელმა „სხუა ათინა” დააარსა.

გელათის მონასტერთან არსებულმა აკადემიის ტიპის უმაღლესმა სასწავლებელმა საქართველოში თუ მის გარეთ მოღვაწე ბევრი ქართველი მეცნიერი გააერთიანა. დავით მეფის თანადგომის იმედით აქ დაემკვიდრნენ სამშობლოდან მრავალგზის დევნილი ქართველი მეცნიერი იოანე პეტრიწი და არსენ იყალთოელი. თანდათან გელათში თავი მოიყარეს საუკეთესო ქართველმა ფილოსოფოსებმა, მთარგმნელებმა, მწერლებმა, პოეტებმა… დავითის აკადემია „ქართული რენესანსის იდეოლოგიურ ცენტრად” იქცა.

გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო ასეთ მძლავრ, განვითარებად საგანმანათლებლო სივრცეში ბიბლიოთეკის არსებობა. გუტენბერგის დაბადებამდე მთელი ორი საუკუნე იყო დარჩენილი, შესაბამისად, მეცნიერთა მიერ დამუშავებული მასალები, თარგმანები, კვლევები თუ ლიტერატურული კრებულები ხელით იწერებოდა, მრავლდებოდა და იკინძებოდა. კალიგრაფ-გადამწერების პროფესიას სათანადო დაფასებაც ჰქონდა. სავარაუდოდ, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის დიდი ნაწილი აკადემიისთვის განკუთვნილი სასწავლო რესურსებისგან შედგებოდა.

გელათის აკადემია მხატვრებს და ოქროჭედური ხელოვნების ოსტატებსაც ამზადებდა. სწორედ ისინი ზრუნავდნენ ხელით ნაწერი წიგნების გაფორმებასა და ყდის მოპირკეთებაზე.

 
საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა – დღეს ამ სახელით მოიხსენიებენ თბილისის ყველაზე დიდ წიგნსაცავს, რომელიც 1846 წელს დაარსდა. რაც მთავარია, ამ ბიბლიოთეკით სარგებლობა საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს შეეძლო.

ფონდების ზრდასთან ერთად საჭირო გახდა ბიბლიოთეკის უფრო დიდ შენობაში გადატანა. მთავარმართებელ მიხეილ ვორონცოვის ინიციატივითა და ქართველი პოეტის ვახტანგ ორბელიანის ფინანსური მხარდაჭერით 1851 წელს საჯარო ბიბლიოთეკას ახალი შენობა გადაეცა. ახალი კანონმდებლობით, კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორ ეგზემპლარს საჯარო ბიბლიოთეკას გადასცემდნენ. 1859 წლისთვის ბიბლიოთეკის ფონდში ირიცხებოდა ცხრამეტ ენაზე შექმნილი 13.260 ტომი.

მოგვიანებით თბილისის საჯარო ბიბლიოთეკა და კავკასიის მუზეუმი ერთ სისტემაში გაერთიანდა, თუმცა წიგნსაცავი მუზეუმს მალევე გამოეყო და ცალკე შენობაში დაიდო ბინა. კავკასიის მუზეუმისა და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკის ლეგენდარული დირექტორის გუსტავ რადეს გარდაცვალების შემდეგ ბიბლიოთეკის ფუნქციობაში ხარვეზები გაჩნდა და საბოლოოდ ის ისევ კავკასიის მუზეუმის ერთგვარ ფილიალად იქცა. 1914 წელს ბიბლიოთეკა დაიხურა და ყუთებში ჩაკეტილი ფასდაუდებელი წიგნადი ფონდი ათი წლის განმავლობაში სარდაფებში ინახებოდა.

„ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა” 1923 წელს აღადგინეს. 1937 წელს ეროვნულ წიგნსაცავს გადაეცა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნადი ფონდი, რამაც იგი ეროვნული ნაბეჭდი ერთეულის ყველაზე სრულყოფილი კოლექციის მფლობელად აქცია. 

დღეს გუდიაშვილის ქუჩის უძველეს და ულამაზეს შენობაში თანამედროვე ბეჭდურ გამოცემებთან ერთად მოთავსებულია ათასობით ხანდაზმული წიგნი და უმდიდრესი ისტორიის მქონე ჟურნალ-გაზეთების ეგზემპლარები. საბიბლიოთეკო ფონდის შევსებისას ყველა კატეგორიის მკითხველის მოთხოვნილებას ითვალისწინებენ. აქ, წიგნის კითხვასთან ერთად, შეგიძლიათ ისარგებლოთ კომპიუტერული მომსახურებით, მოუსმინოთ მუსიკას… ეროვნული ბიბლიოთეკის მუსიკალური ფონდი მოიცავს უძველესი აუდიომასალის ელექტრონულ ვერსიებსაც.
„წიგნები მაღალმთიან სოფლებს”
რამდენიმე წლის წინ მაღალმთიანი სოფლების სასკოლო ბიბლიოთეკების შევსებაზე ზრუნვა ახალგაზრდების მცირე ჯგუფმა დაიწყო. მალე პროექტში სხვადასხვა ორგანიზაცია ჩაერთო, მათ შორის – თბილისის ეროვნული ბიბლიოთეკაც. პირველი ლიტერატურული ნობათი სოფელ ბარისახოს სკოლას ერგო.

ამჟამად საქართველოში 164 მიტოვებული სოფელია. ამ მხრივ ყველაზე სავალალო მდგომარეობაში ხევსურეთის რეგიონია, სადაც ექვსასამდე ადამიანი ცხოვრობს. პროექტის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ მალე მაღალმთიანი რეგიონების ყველა სოფელს მოივლიან.

საქართველოში შიდა მიგრაცია დიდი ხანია დაწყებულია. მთიდან ბარში ცალკეული ადამიანები კი არა, მთელი სოფლები ჩამოდიან. ნასახლარების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს. მიგრაციის მიზეზად მარტო ბუნების სიმკაცრეს ვერ დავასახელებთ – კარს მიღმა XXI საუკუნეა, დღეს განათლების ხელმისაწვდომობა პიროვნების თვითრეალიზაციისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განათლებული საზოგადოება კი, თავის მხრივ, განვითარებულ ქვეყანას ნიშნავს.

ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ სასწავლო დაწესებულებებში სწავლისთვის ხელსაყრელ პირობებს უნდა ვქმნიდეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სიტყვის საქმედ ქცევა ჯერ არ გამოგვდის. არათუ სოფლის სკოლებში, ქალაქის საკმაოდ პრესტიჟულ სასწავლებლებშიც კი ძნელად ნახავთ საჭირო რესურსებით ყოველმხრივ უზრუნველყოფილ გარემოს. ყველაზე მეტად სასკოლო ბიბლიოთეკების მოძიება გაგიჭირდებათ. განათლების მიღების ერთ-ერთ მთავარ საშუალებად, გვინდა-არ გვინდა, ისევ წიგნი რჩება. 

რაც არ უნდა დიდი შემართებით ვასწავლოთ თუშ ბიჭებს თანამოძმეთა სიმღერა, ისინი მაინც მიატოვებენ ომალოს, დიკლოს და შენაქოს, გააცივებენ ღადარს, გამოკეტავენ კარს… მეტიც – რკინის ქალამნებსაც ამოიცვამენ და ცხრა მთას გადაივლიან, თუ მათი მომავლის კერაში ღადარი გაცივდება.

პროფესიაა ბიბლიოთეკარი?!

თუ თქვენი შვილები ან მოსწავლეები ოდესმე ამ კითხვით მოგმართავენ, გირჩევთ, ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი ანიმაციური ფილმით უპასუხოთ. მერწმუნეთ, შეუძლებელია, ადამიანისა და წიგნების მეგობრობის შესახებ ამ პატარა ისტორიის ნახვის შემდეგ ბიბლიოთეკარის გახუნებული ხატის მიმართ სიყვარული თუ არა, პატივისცემა მაინც არ იგრძნონ.
უილიამ ჯოისის მოთხრობა „მისტერ მორის ლესმორის საოცარი მფრინავი წიგნები” ბიბლიოთეკების ერთ-ერთი პირველი პოპულიზატორის, ბილ მორისის ხსოვნას ეძღვნება. წიგნზე მუშაობა დიდხანს გაგრძელდა, ქარიშხალმა კატრინამ ჯოისის მშობლიური შტატი მიწასთან გაასწორა და მოთხრობის სიუჟეტსაც უცვალა გეზი. ავტორი ხშირად სტუმრობდა სხვადასხვა თავშესაფარს, სადაც დაბანაკებულ უსახლკარო ბავშვებს ნუგეშად მხოლოდ შემოწირული წიგნები ჰქონდათ. ისინიც გატაცებით კითხულობდნენ და მომავლის იმედს ინარჩუნებდნენ… ასე დაუბერა მორის ლესმორის სამყაროში ქარიშხალმა და ამბავი სულ სხვა დასასრულისკენ წაიყვანა. მფრინავ წიგნებზე გადაღებულმა მოკლემეტრაჟიანმა ანიმაციურმა ფილმმა „ოსკარი” მოიპოვა. საბოლოოდ წიგნებისა და ადამიანების მეგობრობის საოცარი ამბავი წიგნადაც შეიკრა. 
 
ალბათ თქვენთვისაც უკითხავთ უფროსებს ბავშვობაში, რა გინდა გამოხვიდეო. ამ კითხვაზე გულახდილად არასოდეს მიპასუხია, ხმამაღლა მხოლოდ მომღერლობაზე ვოცნებობდი, ხან უფროსებიც შემომეშველებოდნენ და სახელგანთქმულ მწერლად ქცევას მიწინასწარმეტყველებდენ. მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა და საკუთარი თავის ძებნაში დღემდე ათას საქმეს მივედ-მოვედები, გულში კი მაინც  მეგ რაიანის გმირად ვრჩები, ფილმიდან „თქვენთვის წერილია”. სიზმრებში ხშირად შემიღია ქუჩის კუთხეში მდებარე პატარა, მყუდრო მაღაზიის კარი, მივსალმებივარ თაროებზე ახალგაღვიძებულ წიგნებს, ამიფუმფულებია ხალიჩაზე მოფენილი ჭრელ-ჭრელი ბალიშები ღუღუნა ბუხრის სიმშვიდით გამთბარ სამკითხველო ოთახში, გამიმაგრებია საყვარელი გამოცემების გაცვეთილი ყდები… შესაძლოა, ეს ყველაფერი სასაცილოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ ყველაზე რთულ კითხვაზე: ვინ ვარ მე? – ყოველთვის ის „მე” მეპასუხება, ამ თავქუდმოგლეჯილ ცხოვრებაში არსადაც რომ არ ეჩქარება, რადგან წიგნის კითხვას სულაც არ უხდება სიჩქარე.

პასუხისმგებლობის სქესი

0

შაბათს ვიღაცას დავეჯახე.

მე ჩემს გზაზე მივდიოდი, ჩემი პატარა, თეთრი მანქანით, ის _ თავის გზაზე, დიდი, შავი ჯიპით. მეც ნელა მივდიოდი და ისიც. უბრალოდ, ქუჩების გადაკვეთაზე, არასწორად გაჩერებული მესამე მანქანის დამსახურებით, დროულად ვერ დავინახე, სველ ასფალტზე ბორბლებმაც მიმტყუნა და დავეჯახე.
სანამ მე, შეშინებულს და აკანკალებულს, საიდანღაც შემთხვევით გამოჩენილი ახალგაზრდა ექიმი დამამშვიდებლებს მასმევდა, ჩემს მიერ დაზიანებული მანქანიდან განრისხებული მამაკაცი გადმოვიდა. ძალიან კარგად მესმოდა საკუთარი ბრალეულობა, ამიტომ არც თავის მართლება დამიწყია და არც ვაჭრობა. გულწრფელად მოვუხადე ბოდიში და მანქანის შესაკეთებლად საჭირო თანხის დასახელება ვთხოვე.
_ კაცი მოვიდეს ვინმე, იმას დაველაპარაკები! _ ავტორიტეტულად გამომიცხადა მან და გვერდზე გადგა.
შევეცადე, ამეხსნა, რომ შეეძლო, ჩემთვის ეთქვა, რისი თქმაც უნდოდა, რადგან მანქანა მე დავაზიანე, შესაბამისად, პასუხის გაცემაც მე მომეთხოვებოდა და სხვას არავის. არაფერმა გაჭრა. ცხოვრებაში პირველად, ცარიელ ადგილად აღმიქვეს. ცხოვრებაში პირველად, უარი თქვეს, ჩემთან ელაპარაკათ, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სქესის გამო.
_ მამა, ძმა, ქმარი, არავინ არა გყავს? _ გაბრაზებით მკითხა დაზარალებულმა.
ისეთი იმედით ელოდა დასტურს ჩემგან, მომერიდა კიდევაც სიმართლის თქმა, მაგრამ როგორღაც მაინც ამოვღერღე, რომ არა, არცერთი არა მყავს და ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ მე ვარ. ბოლოს მივხვდი, რომ მასთან გენდერულ თანასწორობაზე, ჩემს მსოფლმხედველობაზე და ადამიანების თანაბარ შესაძლებლობებზე ლაპარაკს აზრი არ ჰქონდა. ჩემი ვარაუდით, კაცი, რომლისთვისაც ვერაფრით მოვახერხე, ამეხსნა, რომ გაქცევას არ ვაპირებდი და არც დამხმარე ძალა მჭირდებოდა, ერთერთი მათგანი უნდა ყოფილიყო, ვინც მშვიდი სინდისით აყენებს მანქანას პანდუსზე და ზებრაზე გზას არავის უთმობს. ამას დანაშაულის შეგრძნებაც დაემატა, ამიტომ ფარ-ხმალი დავყარე და მეგობარს დავურეკე, რომელიც სასწრაფოდ მოვიდა და უსიამოვნო საუბრის გაგრძელებას გადამარჩინა.
ახლა რომ ვფიქრობ, მრცხვენია, მრცხვენია, რომ მე, ადამიანმა, რომელიც სხვებს ველაპარაკები გენდერულ თანასწორობაზე, კონფლიქტის არიდებისა და ნერვების დაზოგვის მიზნით, დავთმე და მივეცი უფლება ჩემთვის სრულიად უცნობ კაცს, ისე მომქცეოდა, როგორც მასზე დაბლა მდგომს, როგორც არარაობას. ალბათ არსებობს სიტუაციები, როცა ხვდები, რომ ლაპარაკს აზრი არა აქვს, როცა ხვდები, რომ არც სატრენინგო დარბაზში ხარ და არც რაიმე შეხვედრაზე, რომ ხალხი შენს მოსასმენად იყოს მოსული, არც გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უმტკიცებ რაიმეს, რომ ზრდილობისა და ვალდებულების გამო მაინც მოგისმინონ და არც მეგობრებს ეკამათები, სადაც, რაც უნდა თქვან ბიჭებმა, ბოლოს მაინც ყველა აღიარებს, რომ არცერთ მათგანზე არ ჩამორჩები. უბრალოდ, დგახარ ქუჩაში, შეშინებული, ნერვებმოშლილი, დამნაშავე, გულში ზარალს ანგარიშობ, თან გიხარია, რომ არავინ დაშავდა, მზად ხარ, საკუთარ ნამოქმედარზე პასუხი აგო და ამის საშუალებასაც არ გაძლევენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხარ.
საქართველოში ხშირად ჰგონიათ, რომ ქალებს გენდერული თანასწორობა ცხოვრების გასამარტივებლად და პრივილეგიების მოსაპოვებლად გვჭირდება. სინამდვილეში, როცა ჩვენს უფლებებზე ვლაპარაკობთ, ქალები ჩვენს წილ უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ ცხოვრების სირთულეებთან შესახვედრად, მზად ვართ დარტყმის მისაღებად, მზად ვართ ფინანსური ზარალის ასანაზღაურებლად და საერთოდ არ გვჭირდება ის, რასაც ბევრი პრივილეგიას ეძახის, ჩემთვის კი, უბრალოდ, დაცინვა და დამცირებაა _ განზე გაწევა, დამკვირვებლის როლში ჩაყენება და გადაწყვეტილებების მიღების პროცესისთვის არიდება.
ჩვენ, ქალები, როცა გენდერულ თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, პირველ რიგში, სწორედ პასუხისმგებლობას ვგულისხმობთ.
ჩვენ გვესმის, რომ ცხოვრება პასუხისმგებლობებისგან შედგება.
ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობის ასაღებად.

გიგა, სოფლის მასწავლებელი

0
იმ ადამიანის ფოტო, ვის შესახებაც უნდა მოგიყვეთ, თბილისში რამდენიმე ადგილას არის გამოკრული პროექტ „მოქალაქეობა პასუხისმგებლობაას” ფარგლებში. ჩვენ უნივერსიტეტიდან გვახსოვდა ერთმანეთი, მაგრამ 2012 წლის იანვარში „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” პროექტში ჩავერთეთ და დავმეგობრდით. ის საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში გაანაწილეს, მე – ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში.

 
მახსოვს, რომ პირველ თვეებში ძალიან გაგვიჭირდა. ვურეკავდით ერთმანეთს და საათობით ვსაუბრობდით იმაზე, როდის გაუვიდოდა ვადა კონტრაქტს და წავიდოდით ისევ ჩვენ-ჩვენს გზაზე. რაც მთავარია, წავიდოდით იმ სოფლებიდან, სადაც კლიმატური თუ საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისი იყო ჩვენთვის.

სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლა 2006 წლიდან აღარ ფუნქციობს და საგაკვეთილო პროცესი დღემდე ნაქირავებ შენობებში, საცხოვრებელ სახლებსა თუ საბჭოთა პერიოდში აშენებულ ფერმებში მიმდინარეობს, რომლებიც ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. მინისტრობის დროს დიმიტრი შაშკინმა პირობა დადო, რომ სოფელს ახალი სკოლა ექნებოდა, თუმცა პირობის შესრულება მაშინ ვერ თუ არ მოხერხდა. დაპირება ალბათ იქამდეც ბევრი იყო… საბოლოოდ კი 2013 წლის ოქტომბერში გამოცხადდა ტენდერი, დაიწყო გრუნტისა და ადგილმდებარეობის სპეციფიკის შესწავლა, როგორც ამას თავის დროზე გვამცნობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი.
 
იმ სოფელში ოდესმე მაინც ააშენებდნენ სკოლას, იქნებ რამდენიმე წლის ან ათწლეულის შემდეგ, მაგრამ როცა პირველმა, ყველაზე რთულმა პერიოდმა ჩაიარა, მახსოვს, როგორ წერდა ის განცხადებებს სამინისტროს მიმღებში, ითხოვდა შეხვედრას მინისტრთან, სახალხო დამცველთან, პრეზიდენტთან, რესურსცენტრის ხელმძღვანელობასთან. ბუნებრივია, ზოგან უსმენდნენ, ზოგან – არა, ის კი მაინც არ ყრიდა ფარ-ხმალს… საბოლოოდ, ამ ერთი ბიჭის, გიგა გოგინაშვილის დამსახურებაა, რომ ლამბალოში შენდება თანამედროვე სკოლა, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა იმ საჭირო ინვენტარითა თუ ტექნიკური მოწყობილობით, რომელიც სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას მოემსახურება.

რა თქმა უნდა, გიგას აქედან არავითარი ისეთი სარგებელი არ მიუღია, ურომლისოდაც დღეს იშვიათად თუ აკეთებენ რამეს. დღეს, სკოლაში სამი წლის მუშაობის შემდეგ, ის აღარ არის მასწავლებელი. წლის ბოლოს ალბათ აღარც მე ვიმუშავებ სკოლაში, მაგრამ იქამდე, როცა ძალიან მიჭირს, ყოველთვის ვიხსენებ ამ ბიჭის, ჩემი მეგობრის საქმეებს; ბიჭისა, რომლის სურვილმა, უკეთესობისკენ შეეცვალა ათასობით ბავშვისა და ასობით მასწავლებლის ცხოვრება, რამდენიმეწლიანი ამაო ძალისხმევის შემდეგ შედეგი გამოიღო.
 
ალბათ ასეთ ადამიანებს გულისხმობდა ჩერჩილიც, როცა წერდა: „ყოველთვის ვოცნებობდი, მქონოდა ისეთი გავლენა, როგორიც სოფლის მასწავლებელს აქვს”. ასეთმა ადამიანებმა კარგად იციან, რომ,  ეჟი ლეცისა არ იყოს, „იდეების დაღუპვის შემდეგ გვამები რჩებიან” და ამიტომ არასოდეს კლავენ თავიანთ იდეებს.

ახსნა

0
ავტობუსში ავედით. ჯიბიდან ოთხად გაკეცილი ფურცელი ამოიღო და მაჩვენა. ცოტა დრო გვქონდა – მესამე გაჩერებაზე უნდა ჩამოვსულიყავით. არც სავსე ავტობუსი იყო შესაფერისი ლექსებზე სასაუბროდ. 

ქართულის მასწავლებელმა 11-12 წლის მოსწავლეებს ლექსის დაწერა სთხოვა. საშინაო დავალება: დაწერეთ ლექსი. 

როგორ იწერება ლექსი? უკვე ჩვენს გაჩერებაზე ვიდექით, მე კი პასუხი არ მქონდა და საძაგელ სიტყვებს ამოვეფარე: „მერე აგიხსნი”. 

რა თქმა უნდა, მისი ლექსი ლექსი არ იყო. პირველი მცდელობა თითქმის ყოველთვის განწირულია. მეორეც. მესამეც. ვის შეუძლია, მარტივად აუხსნას 12 წლის გოგოს, რა არის პოეზია? ვუთხარი, რომ რაც დაწერა, ნახევარგვერდიანი ფილოსოფიური ნაშრომი იყო. ვიცოდი, რომ სიტყვა „ფილოსოფიური” გაახარებდა და მუშაობის გაგრძელების სურვილს გაუჩენდა. სულერთია, რა მიმართულებით. სიტყვა „ფილოსოფია” სულ ახალი ნასწავლი ჰქონდა და საუბრისას თუ წერისას მისი გამოყენება მოსწონდა. 

სახლში ავუხსენი, რომ მის ნაწერს პოეზიასთან საერთო არაფერი ჰქონდა. საინტერესო მსჯელობა იყო იმის თაობაზე, რომ წიგნების კითხვის გარეშე სიცოცხლე არ ღირს. ჰო, ასეა. მიხარია, თუ ასე ფიქრობს. ალბათ ქართულის მასწავლებელსაც გაუხარდება. მაგრამ ამას პოეზიასთან საერთო მართლა არაფერი აქვს. 
არ იფიქრო რითმებზე. გარითმული სიტყვები ლექსად ვერ იქცევა. 

არც გაურითმავი სიტყვები იქცევა ლექსად, თუ არ იცი, როგორ დაალაგო. როგორ უნდა დაალაგო? აბა, რა გითხრა. 
ხელები ჩამოვუშვით და ერთმანეთს ვუყურებდით, ერთნაირად დაბნეულები. უცებ თავში გამიელვა, იქნებ ის ლექსები წავაკითხო, რომლებიც ძალიან მომწონს-მეთქი. თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები. ზვიად რატიანი და ლელა სამნიაშვილი. სხვები. არა, გამოვიდოდა, რომ მათნაირად უნდა ეწერა, მათთვის უნდა მიებაძა. ასე გაიგებდა. 

სხვა დროს მივცემ ამ წიგნებს. როცა სხვა დავალება ექნება. 

10 წლის ვიყავი, როცა ქართულის მასწავლებელმა ისეთი ანდაზების ჩაწერა გვთხოვა, რომლებსაც ყოველდღიურ მეტყველებაში ნაკლებად იყენებენ. ალმასის ქვების მოსაძებნად და მოსაგროვებლად გამოგვიშვა. რაც კი ჩემს ოჯახში მოვისმინე, იმდენად გაცვეთილი, ხშირად გაგონილი აღმოჩნდა, რომ მათი ჩაწერა არ მოვინდომე. მერე დედაჩემმა „დონ კიხოტის” მეორე ნაწილი გადმოიღო თაროდან და მითხრა, ამ წიგნში უამრავი ანდაზაა, ნაცნობიც და უცნობიც, უბრალოდ, ნებისმიერ გვერდზე გადაშალე და კითხვა დაიწყეო.

 

წიგნი გადავშალე და კითხვა დავიწყე. 

12 წლისას მეც მჯეროდა, რომ წიგნების კითხვის გარეშე სიცოცხლე არ ღირს. ეს ახლაც მჯერა. 

მაგრამ მერე წინდაუხედავად მოვიქეცი და ლექსი დავწერე. აკროსტიქი. სტრიქონების პირველი ასოებით იმ ბიჭის სახელი გამოდიოდა, რომელიც მიყვარდა. ახალი ნასწავლი მქონდა სიტყვა „აკროსტიქი” და პირველი ასოები წითელი კალმით მოვხაზე, დანარჩენები – შავით. როგორც ჩანს, მეშინოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეუმჩნეველი არ დარჩენილიყო. მერე რა, რომ არ ვაპირებდი, ეს ლექსი ვინმესთვის მეჩვენებინა. 

ფურცელი ოთხად გავკეცე და ჯიბეში ჩავიდე. 

ჩემს ოჯახში თვლიდნენ, რომ თუ 12 წლისა შეყვარებული იყავი, ეს ტრაგედია იყო. ეს ნიშნავდა ნაადრევ გათხოვებას, არასრულ საშუალო განათლებას, უმაღლესი განათლების მიღების შეუძლებლობას, ბავშვების გაჩენას სრულწლოვანების მიღწევამდე, უარის თქმას ყველაფერზე, რაც კი საინტერესო და სასიხარულოა ცხოვრებაში… როცა ლექსი იპოვეს და ყველაზე საშინელი ეჭვი საბოლოოდ დაუდასტურდათ – დიახ, შეყვარებული ვიყავი! – ყველა ღონეს მიმართეს, რომ ლექსები აღარასდროს დამეწერა. 

ცხადია, მეც მაშინებს იმის წარმოდგენა, რომ შესაძლოა ბავშვებს განვითარების შესაძლებლობა წაართვან და მათი ცხოვრება სულ სხვა მიმართულებით წარიმართოს – უარი უთხრან ყველაფერზე, რაც კი საინტერესო და სასიხარულოა ცხოვრებაში. ოღონდ, რა თქმა უნდა, ლექსების წერა ასეთ მომავალს არ აახლოებს. 

ჰო, ახლა სასაცილოდ ჩანს უფროსების ის ძველი ახირება. 

დავუბრუნდეთ პოეზიას.  არ ვუხსნი, რა არის აკროსტიქი – თვითონაც მიაგნებს. არ ვუხსნი, როგორ იწერება ლექსი. ვახსენებ ზაფხულის საღამოს, გზას, რომელზეც ვსეირნობთ ხოლმე, მეზობლის თეთრ ძაღლს, რომლისაც გვეშინია, ქვებს, რომლებსაც სეირნობისას ფეხს ვაბიჯებთ, ელექტროსადენებსა და ბოძებს, რომლებზეც ისინია დამაგრებული, ქარს, ამ ელექტროსადენებს რომ არხევს ხოლმე, კაცებს და ქალებს, შინ რომ ბრუნდებიან მთელი დღის გარჯის მერე და გვესალმებიან, სატვირთო მანქანის ხმას, რომელიც თანდათან იზრდება და მერე სულ უფრო სუსტდება, ხვლიკს, რომელიც ისეთი პატარაა, რომ ალბათ სულ ცოტა ხნის წინ მოევლინა სამყაროს…

ვამბობ, რომ გზაზე სიარულია პოეზია. 

მეორე ლექსს წერს. გზაზე. სწორედ ამ გზაზე. მაინც მითითება გამომივიდა: აი, ამაზე უნდა წერო. აი, ასე უნდა წერო. უკმაყოფილო ვარ საკუთარი თავით.   

არა, გზაზე სიარული არ არის პოეზია. 

ქართულის მასწავლებელს შესრულებული დავალება მოსწონს. არ ვიცი, რა ჩაიფიქრა, როცა მოსწავლეებს ლექსის დაწერა სთხოვა. მთავარია, რომ 11-12 წლის გოგო-ბიჭებს სრული თავისუფლება მისცა და არ უცდია, საკუთარი შეხედულებები, გემოვნება, შეფასებითი სისტემა მოეხვია თავზე. 

უხარია ქართულში მიღებული ქულა. მე კი ვეუბნები, რომ არ უნდა ეშინოდეს არც ლექსების, არც სიყვარულის – იმის, რისი ახსნაც შეუძლებელი გვეჩვენება.     

რიტორიკა და ტროპების თეორია

0
იმ დროიდან, როცა არსებობა დაიწყო რიტორიკამ, როგორც მეცნიერებამ და როგორც ხელოვნებამ, ტროპის თეორია ამ დარგის განუყოფელ ნაწილად იქცა, ხოლო მისი შესწავლა – მკვლევართა ამოცანად. იმის მიხედვით, თუ რომელი მიმართულებით წავიდოდა რიტორიკის განვითარება, შესაბამისად, ტროპოლოგიაც განიცდიდა ტრანსფორმაციას და იღებდა შესაფერ მდგომარეობას. 

ტროპის გაგებაც ანტიკური სამყაროდან მომდინარეობს. კვინტილიანე განმარტავდა ტროპს, როგორც სიტყვის ძირითადი მნიშვნელობის იმგვარ ცვლილებას, რის შედეგადაც გამდიდრებული მნიშვნელობა მიიღებოდა. 

ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში ტროპი განიხილებოდა ლიტერატურათმცოდნეთა და ლინგვისტთა მიერ, როგორც რაღაც ფორმალური ელემენტი, გარედან შემოტანილი „მოკაზმვის” მიზნით. ტროპის თეორიისადმი ამგვარმა დამოკიდებულებამ იგი მე-20 საუკუნის შუა წლებისათვის პოეტიკისა და სტილისტიკის ფორმალურ ნაწილად აქცია.

ტროპის თეორიით დაინტერესება ახალ დროში დაკავშირებულია სემიოტიკის აღმავლობასთან. გაჩნდა ტროპის ახლებური განმარტებები, მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ ტროპოლოგიის, როგორც მეცნიერების, დღევანდელი მდგომარეობა დაფუძნებულია წარსულის მდიდარ ტრადიციებზე და შეპირობებულია თანამედროვეობის მოთხოვნებით. 

ნეორიტორიკა (ახალი რიტორიკა), როგორც ტექსტის წაკითხვის ახალი მეთოდოლოგია, წინა პლანზე წამოწევს ტროპის თეორიის პრობლემატიკას.

ენათმეცნიერები ტროპის თეორიას ამგვარ მოტივირებას უკეთებენ: ტროპი არის ენობრივი მოვლენა და, ამასთან, იმგვარი მოვლენა, რომელიც ყველაზე ღრმად არის შეპირობებული ენობრივი ფაქტებით. შესაბამისად, ტროპის თეორია ჩართულია ენათმეცნიერებაში, როგორც მისი ახალი ნაწილი.

დიუმარსეს „ტრაქტატი ტროპებზე”

მე-17 საუკუნის ფრანგი მოაზროვნე, გრამატიკოსი, შენო დიუმარსე, ისევე, როგორ სოსიური, ნიშანს განიხილავენ, არა როგორც ბგერისა და საგნის ერთობას, არამედ, როგორც ორ ფსიქიკურ შთაბეჭდილებას. 

თუ ნიშანი არის ორი იდეის ასოციაცია, იქნებ ყოველგვარი ასოციაცია (მაგალითად, ტროპი) არის პოტენციური ნიშანი? – სვამს კითხვას ცვეტან ტოდოროვი და განაგრძობს: „… და, თუმცა, ყველა ასოციაცია მსგავსია, მათ შორის არის განსხვავებაც, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, ნიშნები, ტროპები, წინადადებები – ასოციაციის განსხვავებული ფორმებია… ასე თანდათანობით გამომუშავდა ბუნებრივ ნიშანთა თეორია, რომლის ცნებათა სახელებია: ტროპები და სახეები”.

დიუმარსე თავის ცნობილ ნაშრომში: „ტრაქტატი ტროპებზე” – ტროპებს განმარტავს, როგორც ფიგურებს, რომელთა მეშვეობით სიტყვა იძენს ძირითადი მნიშვნელობისაგან განსხვავებულ მნიშვნელობას, ხოლო ფიგურებს უწოდებს „წარმოსახვათა და ვნებათა” ენას. აქვე მიუთითებს მათი მნიშვნელობის შესახებ: „რიტორიკასა და ტროპოლოგიას ძირითადად აქვთ ენციკლოპედიური და პედაგოგიური მნიშვნელობა. გაგვიჭირდებოდა ავტორის გაგება და ინტერპრეტირება ფიგურებისა და ტროპების ცოდნის გარეშე. დიდ დახმარებას გვიწევს რიტორიკა ახალი აღთქმის კითხვისას, რომელიც დაწერილია ძალიან მარტივი ენით, მაგრამ, ამავე დროს, შეიცავს უამრავ ფიგურას, რომლებიც ძნელად ექვემდებარებიან ანალიზს…”

მას, ვისაც სურს, რომ სიტყვების მეშვეობით სისტემაში მოიყვანოს აზრი, რიტორიკა ეხმარება მეტყველების ჭეშმარიტი აზრის გამოვლენაში… 

მეცნიერება და ხელოვნება მხოლოდ გზაა ცხოვრებაზე დაკვირვებისა (დიუმარსე).

ჟერარ ჟენეტის აზრით, დიუმარსეს მიერ ტროპის განხილვა ძირითადად ლინგვისტური ხასიათისაა და, უფრო ზუსტად, სემანტიკის სფეროს განეკუთვნება, ამაზე პირდაპირ მიანიშნებს დიუმარსეს წიგნის ქვესათაური: „ტროპები, ანუ განსახვავებული აზრები, რომელიც აქვს ერთსა და იმავე სიტყვას ერთსა და იმავე ენაში”. ამ ტრაქტატის მიხედვით, რიტორიკული შტუდიების ცენტრში აღმოჩნდა არა ფიგურათა ზოგადი თეორია, არამედ უფრო ვიწრო – აზრის ფიგურათა თეორია, რომლის მეშვეობით სიტყვას აქვს ის მნიშვნელობა, რომელიც არის ამ სიტყვის ზუსტი, პირდაპირი მნიშვნელობა. რიტორიკაში ცენტრალური ადგილი დაიკავა ოპოზიციამ: პირდაპირი აზრი – ფიგურალური აზრი.

აზრის „გადატანა” ტროპის წარმოქმნის საფუძველია. დიუმარსე გამოყოფს ენაში არსებული აზრის გადატანის რამდენიმე სახეობას:

1.განსაზღვრული აზრი – განუსაზღვრელი აზრი  (მას სწამს – სწამთ);
2.აქტიური აზრი – პასიური აზრი (წერილის წერა – წერილი დაწერილია);
3.აბსოლუტური აზრი – შეფარდებითი აზრი (მზე კაშკაშებს – მზე დედამიწაზე მეტია);
4.კოლექტიური აზრი – ინდივიდუალური აზრი (ქალებს უყვართ ლაპარაკი – ეს ქალი ლაპარაკობს);
5.ნათელი აზრი – ორაზროვნება;
6.სრული აზრი – განუყოფელი აზრი;
7.პირდაპირი აზრი – განუყოფელი აზრი;
8.აბსტრაქტული აზრი – კონკრეტული აზრი და ასე შემდეგ…
ფონტანეს თეორია

უფრო მოგვიანებით ფონტანემ მიიღო და უარყო კიდეც დიუმარსეს მემკვიდრეობა. 1818 წელს გამოვიდა ფონტანეს ნაშრომი – „სისტემური კომენტარი ტროპებზე”, ხოლო 1821-27 წლებში – „ზოგადი ტრაქტატი მეტყველების ფიგურებზე”. ერთი მხრივ, ფონტანემ გააფართოვა შესასწავლი მხარე, ჩართო რა მასში ყველა ფიგურა – ტროპები და არატროპები. ამავე დროს, იგი უბრუნდება სუბსტიტუციას, როგორც ტროპოლოგიური აქტივობის კრიტერიუმს. 

ტროპმა ფონტანესთან დაიკავა ცენტრალური მდგომარეობა იმ თეორიის პარადიგმაში, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენდა ფიგურათა თეორიას.

კოენის  ტროპოლოგიის სქემა

კოენის ნაშრომში „ფიგურათა თეორია” (1970 წ.) აღნიშნულია, რომ ჯერ კიდევ ფონტანეს უნდოდა თავისი ორი ტრაქტატი ტროპის შესახებ გაეერთიანებინა სათაურით „მეტყველების ფიგურები”.
ტროპოლოგიის სქემა კოენის მიხედვით ასე გამოიყურება:
ფიგურა – მიმართება
მეტაფორა – ნათესაობა
სინეკდოქე – ნაწილი-მთელი
ირონია – საწინააღმდეგო
ჰიპერბოლა – დიდი მცირეს ნაცვლად
ლიტოტა – მცირე დიდის ნაცვლად და ასე შემდეგ.
ტროპები და  ფიგურები ცვეტან ტოდოროვთან 
ცვეტან ტოდოროვის მიხედვით (Semantique de la Poesie, 1979) სიტყვა აიხსნება სიტყვით, ანუ გადატანითი აზრი ინტერპრეტირდება სიტყვის ძირითადი აზრის გავლით. თუმცა არისტოტელე გვასწავლიდა, რომ მეტყველების ფიგურა – სიტყვის პირდაპირი აზრის უბრალოდ გადატანითი აზრით შეცვლა კი არ არის, არამედ ამ უკანასკნელის გამოვლენაა პირველის ადგილზე.

ნეორიტორიკაში მეტყველების ფიგურა იღებს მრავალ დეფინიციას და ხდება ტექსტის სემიოტიკის ბაზისური გაგება.

გრეიმასი რიტორიკულ ფიგურას განსაზღვრავს, როგორც განსაკუთრებულ მიმართებას, რომელიც მოიცავს დისტანციას ტექსტის ფიგურალურ და აბსტრაქტულ დონეებს შორის.
ცვეტან ტოდოროვთან ვხვდებით რამდენადმე განსხვავებულ წარ

მოდგენას მეტყველების ფიგურებზე. რიტორიკული ფიგურა – ეს ენის არსია, ეს არის ის, რასაც ნოვალისმა უწოდა Selbs, ხოლო ხლებნიკოვმა самовитая речь.

ლათინურ რიტორიკაში მიმართება ტროპებსა და ფიგურებს შორის მკვეთრად გამიჯნული არ იყო. ტოდოროვი ამ შემთხვევაში ფონტანეს პოზიციას იზიარებს: ტროპი არის არაპირდაპირი აზრის ჩამოყალიბების საშუალება. ფიგურა კი წარმოადგენს ფრაზაში ერთდროულად ორი ან მეტი სიტყვის კავშირს.

ფრანგ რიტორთა მიერ შემუშავებული ტროპის თეორიის გეგმისთვის ტოდოროვი აუცილებლად მიიჩნევს დამატებით იდეათა თეორიის არსის გარკვევას. (პოლ-როიალის „ლოგიკაში” დამატებით იდეათა თეორია წარმოადგენს იდეათა საფუძველს).

სიტყვა შეიძლება აღინიშნოს ორი საშუალებით: მას შეუძლია აღნიშნოს აზრი ან გააღვიძოს აზრი. სიტყვით აღნიშნული იდეა არის ძირითადი იდეა, ხოლო სიტყვის საშუალებით გაღვიძებული იდეა არის დამატებითი იდეა.

ტოდოროვი ფიგურალურ მეტყველებაში გამოყენებულ ენობრივ ერთეულთა სპეციფიკის გათვალისწინებით გამოყოფს დამოკიდებულებათა ოთხ ტიპს:

1.ბგერა – აზრი (პარონიმები, ალიტერაცია);
2.სინტაქსური დამოკიდებულება (ელიფსისი, ზევგმა);
3.სემანტიკური დამოკიდებულება (მეტაფორა, მეტონიმია, სინეკდოქე);
4.ნიშანი – რეფერენტი (ანტიფრაზისი).
ტოდოროვმა აღნიშნულ კლასიფიკაციას, ე.წ. ანომალიათა ჯგუფი უწოდა, მაგრამ, როგორც მკვლევრები მიუთითებენ, მან ვერ მოახერხა შემოთავაზებული კლასიფიკაციის იქით წასვლა, ანომალიათა ჯგუფში ტროპებისა და ფიგურების ჩართვა იმდენად სუსტ კრიტერიუმებზე იყო დაფუძნებული, რომ მომავლისათვის უპერსპექტივო აღმოჩნდა (დიუბუა).

ლიეჟის ნეორიტორიკული სკოლა

თანამედროვე მეცნიერების მიერ წარსულის რიტორიკული მემკვიდრეობის გათავისების თავისებურ შეჯამებას წარმოადგენს ლიეჟის ნეორიტორიკული სკოლის (ე.წ. M ჯგუფის) ნაშრომი ზოგადი რიტორიკა. ამასთან ერთად იგი აშკარად მოწმობს იმას, რომ ახალ რიტორიკას სულ უფრო დიდი საფუძველი აქვს განაცხადოს თავისი უფლებები მეცნიერების ჯერ კიდევ ვაკანტურ როლზე, რომელიც განიხილავს ენის ცოცხალ სინამდვილეს ყველა განფენილობაში – ინფრალინგვისტიკურიდან მეტალინგვისტიკურამდე.

ოთხი სახის რიტორიკულ მეტაბოლათა განხილვა წარმოადგენს M ჯგუფის მიერ ენის ცოცხალი ფუნქციონირების ანალიზის ბრწყინვალე ნიმუშს. საყურადღებოა აგრეთვე აღნიშნულ ნაშრომში ეთოსის თეორიის პრობლემის დასმაც. დამაჯერებელი სიტყვის მთელი სტრატეგია, „ზოგადი რიტორიკის” ავტორთა აზრით, პრაქტიკულად, მეტაბოლისა და ეთოსის თეორიებით განისაზღვრება. 
ტროპი და სემიოტიკა

ენათმეცნიერების თვალსაზრისით, საყურადღებოა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ტროპულობის ძირები უნდა ვეძიოთ თვით ენის სტრუქტურის, როგორც ნიშანთა სისტემის, ორპლანიანობაში და შინაარსის პლანისა და გამოხატვის პლანის ასიმეტრიულობაში. 

ბარტი წერს: არ არსებობს წმინდა დენოტაციური ენები, ისევე, როგორც არ არსებობს მხოლოდ კონოტაციური. ნებისმიერი ენა წარმოადგენს გამოთქმულისა და ნაგულისხმევის კომბინაციას, დენოტაციურ და კონოტაციურ დონეებს. ასეთია სემიოტიკური სისტემის დინამიკური რეალობა, – დასძენს ბარტი, – თუმცაღა, კლასიკური (სტატიკური) სტქრუქტურალიზმი ვერ ფლობს ამ რეალობის გასაღებს.

ნიცშესათვის ტროპი – ლინგვისტური პარადიგმაა, ფიგურალური სტრუქტურა კი – ენის დახასიათება, როგორც ასეთი. ენა – რიტორიკულია, რადგანაც ის ისწრაფვის გადმოგვცეს მხოლოდ აზრი (doxa) და არა ჭეშმარიტება (episteme).

ტროპები, ეს ის კი არ არის, რასაც ნებისმიერად დაამატებ ან წაართმევ ენას. ეს – ენის ჭეშმარიტი ბუნებაა. არ არსებობს არავითარი საკუთარი მნიშვნელობა, თუ განსაკუთრებულ შემთხვევებთან არა გვაქვს საქმე. 
ნიცშეს აზრით, რიტორიკა რადიკალურად აჩერებს ლოგიკის მოქმედებას და ხსნის რეფერენციულ ცდომილებათა თავბრუდამხვევ შესაძლებლობებს.

პირსის შეხედულებით, ნიშნის ინტერპრეტაცია სულაც არ არის მნიშვნელობა, ის უკვე მეორე ნიშანია, ეს წაკითხვაა და არა დეკოდირება. თავად წაკითხვა გაგებულია, როგორც მესამე ნიშანი და ასე შემდეგ. 

პირსი ამ პროცესს – როდესაც ერთი ნიშანი ბადებს მეორეს – უწოდებს წმინდა რიტორიკას.

თუკი ნიშანი მოგვცემდა მნიშვნელობას ისევე, როგორც ობიექტი გვაძლევს ნიშანს, ე.ი. რეპრეზენტაციის გზით, მაშინ გრამატიკისა და რიტორიკის განსხვავების აუცილებლობა არ იქნებოდა.

გრამატიკა საშუალებას გვაძლევს, დავსვათ კითხვა, მაგრამ წინადადებამ, რომლის საშუალებით ვაყალიბებთ კითხვას, შეიძლება გამორიცხოს თავად შეკითხვის შესაძლებლობა. 

სრულიად მკაფიო სინტაქსური კითხვა წარმოშობს წინადადებას, რომელსაც, სულ მცირე, ორი მნიშვნელობა აქვს, რომელთაგან ერთი ამტკიცებს, ხოლო მეორე უარყოფს თავის საკუთარ ილოკუციურ მოდუსს. საქმე ის არ არის, რომ არის ორი მნიშვნელობა, ერთი – პირდაპირი და მეორე – ფიგურალური, მაგრამ ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომელია მართებული განსაზღვრულ სიტუაციაში (პოლ დე მანი).

როგორც აღვნიშნეთ, ტროპის თეორიით ხელახალი დაინტერესება სემიოტიკის წარმოშობამ გამოიწვია. შოფერს და რაისს ეკუთვნით ტროპის ახლებური განმარტება: ტროპი – ეს არის სემანტიკური ტრანსპოზიცია არსებული ნიშნიდან (In praesentia) უნიშნობისკენ (In absentia).

თანამედროვე ენათმეცნიერებაში ტროპის თეორიის განმარტებისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს ტროპის გაგება სისტემად, რომლის ელემენტები – ცალკეული ტროპები – იერარქიულად ორგანიზებულია.

მეტაფორა და მეტონიმია ტროპთა საკლასიფიკაციო სისტემაში იერარქიის პირველი დონეა.

ომები და კონცერტები

0
მე ალბათ იმ იშვიათი ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, რომლებსაც აქამდე არასდროს მოუსმენია გრიგორი ლეპსის შესრულებისთვის. ამიტომ მასზე, როგორც მუსიკოსზე, ვერაფერს ვიტყვი. ვერც სხვების დადებით ან უარყოფით შეფასებებს ავყვები – პირად საუბრებსა და სოციალურ ქსელში ერთიც შემხვედრია და მეორეც. უფლებას ვიტოვებ, ნოსტალგიურ და ფსევდოპატრიოტულ ნოტზე ნათქვამი სადღეგრძელოებითაც არ მოვიხიბლო: სოჭში დაბადებული, წარმოშობით ქართველი ხელოვანი ჩამოდისო, რომ გაიძახიან, უნდა დავაფასოთო, ამ ქართველებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვისწავლოთ ნიჭიერი შვილების დაფასებაო.

არც იმ ხალხზე ვაპირებ რამის თქმას, სპორტის სასახლეში, კონცერტზე მისვლა რომ გადაწყვიტა. ყველას აქვს არჩევანის უფლება და კვირადღეს სადაც უნდა იქ წავა გასართობად. მით უმეტეს, ლამის მთელი წელია რადიოდან, ტელევიზიით, ქალაქში გამოკრული ბანერებითა და აფიშებით მიეჩვია, რომ 7 დეკემბერს რუსეთში საკმაოდ ცნობილი და პოპულარული შემსრულებელი ჩამოვა საქართველოში. გულზე ხელი დავიდოთ და ხმამაღლა ვთქვათ, თუ რამე გვემშობლიურება და რამეზე გვიცეკვია გატაცებით ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, ეს რუსული ესტრადაა.

სახელების სათითაოდ ჩამოთვლა არ ღირს – ძალიან შორს წაგვიყვანს, ტკბილ მოგონებებს გაგვიღვიძებს. მათი გადაფარვა ვერც ჩვენს ბავშვობაში მომხდარმა სამოქალაქო ომებმა შეძლო და ვერც სულ ახლახან, 2008 წლის აგვისტოში, საკუთარი თვალით ნანახმა სისხლიანმა ეპიზოდებმა. ეტყობა, ომისთვის და სიმღერისთვის ერთნაირად გახსნილი ქვეყანა ვართ, ბრაზის გულში ჩატოვება დიდხანს არ შეგვიძლია და მტრობა არ გამოგვდის. 
ჩვენი ეს თვისება ალბათ კარგად იციან მათ, ვინც მათრახის და თაფლაკვერისა არ იყოს, ომებსა და კონცერტებს გეგმავენ. თორემ რაც ამ ბოლო დროს ინტერნეტარქივში პირადად ლეპსისგან პირადად რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტისადმი ქება და თავმოდრეკანი ვისმინე, არათუ საქართველოში, კავკასიაში არ უნდა ჩამოესვლებოდეს მისი პოზიციისა და შეხედულებების კაცს. 

ძალიან კატეგორიული გეჩვენებათ? მაშინ ერთ შემთხვევას დავიმოწმებ, მეტისთვის არ გაგწირავთ.

 

ეს ამბავი ქსენია სობჩაკის გადაცემაში ხდება. წამყვანი გაიხსენებს, ნიკოლაი ბასკოვისგან მსმენია, პუტინთან რომ იყავით დაჯილდოების შემდგომ აუდიენციაზე თქვენ ორნი და კიდე ფილიპ კირკოროვი, პრეზიდენტს ძვირფასი საათის ჩუქება ნდომებია თქვენთვის, მაგრამ ბასკოვი ჩარეულა, – ვლადიმერ ვლადიმეროვიჩ, ლეპსი ხატების კოლექციონერია, ეგ საათი მე მაჩუქეთო.

სიმართლე გითხრათ, რასაც კოლია ამბობს, მე ეგ საუბარი არ მახსენდებაო, – თავიდან ცოტათი შორს დაიჭერს ლეპსი, – შეიძლება იყო კიდეც ასე. მგონი სხვებიც იყვნენ ერთ-ერთ შეხვედრაზე… ლარისა დოლინა იყო, ღმერთო გამახსენე… მთელი წყება არტისტები. ექვსი-შვიდი წლის წინანდელი ამბავია. კი, მართალია, ხატი მაჩუქეს, სახლში მაქვს დაბრძანებული, ვაფასებ და ვუფრთხილდებიო. – ბავშვივით იშმუშნება, თავს ათამაშებს რუსული ესტრადის ვარსკვლავი, – მესიამოვნაო.    

თითქოს აქ უნდა მორჩეს ყველაფერი, მაგრამ როგორც კულუარების მცოდნე და ვარსკვლავების პირადი ცხოვრებით დაინტერესებულ ჟურნალისტებს ჩვევიათ, ქსენია სობჩაკი კიდევ უფრო ჩაეძიება:

– და ის თუ არის მართალი, ამ ხატზე პუტინს ავტოგრაფი რომ სთხოვეთ?

– ეგეც მართალია… მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ წამიწერა: „პატივისცემითო”.

ამას იტყვის თუ არა, ხელსახოცს აიფარებს გრიგორი ლეპსი – ვერ მიხვდები, შერცხვა, მოერიდა, თუ იმას ფიქრობს, არ დავისაჯო ამ ჩემი გულწრფელობისთვისო. ან იქნებ ის აღელვებს, ეგებ ზედმეტად თავშეკავებული ვარ და უფრო მეტად უნდა შემექო ჩემი მწყალობელიო.   

სობჩაკი კი ბოლომდე აგრძელებს კითხვების დაშენას:
– საპირისპირო მხარეს გააკეთა წარწერა?
– კი, უკანა მხარეს. თუ არ გჯერა, ხატი სახლში მაქვს, მოდი და ნახე. 
– და ხატზე ვინაა გამოსახული?
– მაცხოვარი.

როგორც ჩვენი ერთი სახელოვანი კრიტიკოსი იტყოდა, „ზნეობრივი გახრწნილების სურათი დასრულებულია” – ადამიანი, რომელიც მთელი თავისი შეგნებითა და საქმიანობით უპირისპირდება ქრისტიანულ მორალს, ავტოგრაფით ამკობს ქრისტეს ხატს. და ამით სახალხოდ თავს იწონებს მისი ქვეშევრდომი, უზენაეს ძალაუფლებას მონურად დამორჩილებული ესტრადის ვარსკვლავი. 

…ჩვენ კი, კონცერტს რომ გავიგონებთ, და იმასაც თუ გვეტყვიან, ქართული წარმოშობის, სოჭში დაბადებული და გაზრდილი მუსიკოსი ჩამოვა და თბილისში იმღერებსო, ისე ავღელდებით, ისე ავფოფინდებით, რომ ერთიანად დაგვავიწყდება ხოლმე ყველა ომი, სისხლიანი ეპიზოდი, წართმეული მიწები, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი და ნაწამები, პოლიტიკოსების გაუთავებელი თამაშით გამწარებული და იმედგადაწურული  ხალხი.  

 

და თავს ამქვეყნად ყველაზე უსუსური, ფარისევლური არგუმენტით ვიმართლებთ: „ჩვენ ხელოვნება გვაინტერესებს, პოლიტიკაში არ ვერევით. გთხოვთ, პოლიტიკას და ხელოვნებას ნუ აურევთ ერთმანეთში”. 
რა ვქნათ, არ გამოგვდის ბრაზის გულში ჩატოვება. არც მტრობა გამოგვდის.  

ბავშვთა სპორტის მომავალი საქართველოში

0
გასული საუკუნის 50-იან წლებში იტალიაში ერთი უცნაური კაცი ცხოვრობდა, სახელად პიეტრო რაპირი. ამ კაცის სახელი და გვარი ბუნებრივია არაფერს გვეუბნება, მაგრამ მისი საქმიანობა კი მართლაც რომ მრავლისმთქმელია. სენიორ პიეტრო მთელს აპენინებზე დადიოდა თავისი ძველი “ფიატით” და ნაცნობ თუ უცნობ მეწარმეებს არწმუნებდა, რომ მის საყვარელ საფეხბურთო კლუბ “ბოლონიაში” ფულის ჩადება ღირდა. ბიზნესმენების დიდი ნაწილი პიეტროს ნათქვამს არაფრად აგდებდა, ზოგი ალბათ დასცინოდა კიდეც, მაგრამ ამ ერთმა კაცმა იმდენი კი შეძლო, რომ საყვარელი კლუბისათვის რამდენიმე ფულიანი კაცი შეაამხანაგა და გუნდში ჩადებული ინვესტიციები შემდგომში “ბოლონიას” წარმატებების საწინდარი გახდა.
დღეს ქართულ სპორტს ყველაზე მეტად ალბათ სწორედ სენიორ პიეტრო და პიეტროსთანა ხალხი სჭირდება და ისიც ცხადია, რომ ერთი და ორი ასეთი კაცი ნამდვილად არ ეყოფა ამხელა საქმეს. განსაკუთრებით გამოსაყოფია ბავშვთა სპორტი, სადაც ინვესტიციების ჩადება ჭეშმარიტად საშური საქმეა და ეს ის კაპიტალდაბანდებაა, რომელიც შემდგომში აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. დიდ წარმატებებზეც რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენ მივიღებთ სპორტით დაკავებულ მთელს თაობას და განა ეს ცოტაა?
როდესაც ქართველ ბიზნესმენს ბავშვთა სპორტში ფულის ჩადებაზე ჩამოუგდებ სიტყვას, ის უმალ გეტყვით, რომ ეს მისთვის წამგებიანი საქმეა და არავის აქვს უფლება ფული იქ დააბანდებინოს, სადაც უახლოეს მომავალში სავარაუდოდ ვერაფერს იხეირებს. საბაზრო ეკონომიკის ამბები კიდევ ყველამ კარგად ვიცით და რაც კაცს არ სურს, იმის დაძალებას რაც ქვია თანამედროვე ენაზე – ესეც კარგად მოგვეხსენება. მაშ, როგორ უნდა მოვიზიდოთ სპორტში ფული, რომ არც დაძალება გამოვიდეს და ბიზნესმენმაც (თუნდაც შორსმიმავალი გეგმებით) ხეირი ნახოს?
გამოსავლის ერთ-ერთ საინტერესო ვარიანტს გვთავაზობს მილანის “ინტერის” ოდიოზური, თუმცა უდავოდ ჭკვიანი ყოფილი პრეზიდენტი, მასიმო მორატი. მორატი ამბობს, რომ უმთავრესია, ბავშვთა სპორტში ჩადებული ფული სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესმენს ჩაეთვალოს როგორც სოციალური პროექტი და არა წმინდა წყლის ინვესტიცია და თუკი სახელმწიფო ასეთი ტიპის ინვესტიციებში ბიზნესმენს რაღაცწილად დაეხმარება, შესაძლებელია მეტად საინტერესო შედეგები მივიღოთ. იტალიაში ბავშვთა სპორტში ფულის მოზიდვა ისე, რა თქმა უნდა, არ ჭირს როგორც ჩვენთან, მაგრამ მორატის ამ იდეებს აპენინებზე ბევრი მიმდევარი ჰყავს და ერთი შეხედვით ნამდვილად არ უნდა იყოს ცუდი იდეა.
საქართველოში ბოლო დროს რატომღაც გაჩნდა არამართებული შეხედულება, რომ თითქოს ინვესტიციები ერთი პრივილეგირებული სპორტის სახეობაში უნდა ჩაიდოს. ეს მინიმუმ სხვა სახეობების არალოგიკური დისკრიმინაციაა. უმთავრესია გათვალისწინებულ იქნას რეგიონალური პრინციპი და ამა თუ იმ რეგიონში არსებული სპორტული ტრადიციები. მაგალითად, ქართლ-კახეთში, მცხეთა-მთიანეთში ან თუნდაც სვანეთში ბავშვთა ჭიდაობა – ძიუდო განსაკუთრებით რომ უნდა დაფინანსდეს, ეს ალბათ უდავო საკითხია. დიდ ქალაქებში, გუნდური სათამაშო სახეობების გარდა, აუცილებლად უნდა გამოიყოს ჭადრაკი. დასავლეთ საქართველოს ბარში კი ალბათ ფეხბურთი უნდა იყოს პრიორიტეტული და ა.შ… ეს მხოლოდ ვარაუდია. მსგავს საკითხებზე ყოველდღე უნდა მიდიოდეს მსჯელობა. ამაში თვითონ ბავშვები და მათი მშობლებიც თუ ჩაერთვებიან – გაცილებით უკეთესი იქნება.
ჩვენთან ბავშვს ხშირად იმასაც კი არ ეკითხებიან, სპორტის რომელი სახეობა მოსწონს ყველაზე მეტად. ამიტომ ხშირად ვიღებთ სპორტზე გულაცრუებულ ბავშვებს, რომლებისთვისაც სპორტზე სიარული მხოლოდ მძიმე რუტინაა და მეტი არაფერი.
საუბრით შორს რომ არ წავიდეთ, ალბათ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, რომ ბავშვთა სპორტის გასავითარებლად პირველ ყოვლისა ინვესტიციებია მოსაზიდი. ეს აუცილებლად და რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებელი საქმეა, თორემ მომავალი დიდი ჩემპიონები თვალსა და ხელს შუა გვეცლებიან. სენიორ პიეტრო რაპირიც, სამწუხაროდ, არსად ჩანს…

ნივთიერებათა გასაუბრებაროლური თამაშები

0
გამოიცანით!
– მეგობარო, სად ხარ? უშენოდ მიჭირს, ვერ ვისვენებ, შენთან თავს მშვიდად ვგრძნობ. თერთმეტი შვილი მახვევია გარს, ყველა თვალებში შემომცქერის, ყველა დამჯერე და ჭკვიანია, გარდა ერთისა. ვერაფერი მოვუხერხე იმ ერთს, მიჭირს მისი დამორჩილება, ერთი სული აქვს, როდის გამექცევა… შენთან ურჩევნია. ვიცი, რომ შენც გულში ჩაიკრავ და ღვიძლი შვილივით მოუვლი. მეც ბედნიერი ვიქნები, რადგან საიმედო ხელში დავიგულებ ჩემს ურჩს, რომელიც შენს 17 შვილს მიემატება და სამუდამოდ დაგვაკავშირებს ერთმანეთთან.

ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრებიც, ამიტომ ბუნება სავსეა ჩვენი ჯიშითა და ჯილაგით. ჩვენ ყველგან ვართ, ხმელეთზე თუ წყალში, უჩვენოდ სიცოცხლე ხომ შეუძლებელია! (NaCl)

 
– რაო?! ეს ვინ არის, ასე რომ მოაქვს თავი, უჩვენოდ სიცოცხლე შეუძლებელიაო?! სიცოცხლე ხომ სუნთქვაა, სუნთქვა კი ჩემი მოგონილია, უჩემოდ ადამიანი ერთ წუთსაც ვერ გაძლებს, გაიგუდება და მოკვდება. მე ხომ სუნთქვის, წვისა და ჟანგვის დედა ვარ! (O2)
 
– მართალი ხარ, მაგრამ ნუ დაგავიწყდება – შენ გვერდით რომ არ ვიყო და შენზე 4-ჯერ მეტი არ ვიყო, შენი წყალობით დედამიწა აქამდე მილიონჯერ გადაიხრუკებოდა. მე გაკავებ, გამშვიდებ და გიქმნი კომფორტულ გარემოს. აბა, შეხედე ამ უქნარას, რომელიც ჩვენ ირგვლივ დაპარპაშებს და ბუნებას გლობალურ დათბობას, წარღვნასა და წალეკვას უქადის! (N2)
 
– მთლად ასეც არ არის, ჩემო ბატონო, არც მე ვარ გამოუსადეგარი. სწორედ ჩემი წყალობით ხდება კოკა-კოლასა თუ ლიმონათის დაგემოვნება, რომელიც ასე უყვართ ჩვენს თმაქოჩორა გოგო-ბიჭებს (CO2).
 
– რა ამბავია, რა ხმები მესმის, ყური ხომ არ მატყუებს?! თქვენი საუბარი სასაცილო და მკრეხელურია. თუ ზომა-წონაზე მიდგა საქმე, ვინ შემედრება?! მე ხომ სიცოცხლის დედა ვარ, ჩემში იშვა სიცოცხლე, ბუნებაც ხომ უმთავრესად მე ვარ, დედამიწის ზედაპირის სამი მეოთხედი მე მიკავია, ერთი მეოთხედია მხოლოდ ხმელეთი და ისიც სავსეა ზღვებით, ტბებით, მდინარეებითა და მორაკრაკე ნაკადულებით. მე ვარ ყველგან და ყველაფერში, უჩემოდ სიცოცხლე არ არსებობს, სიცოცხლე ჩემი არსებობის ფორმაა (H2O).

 
– დამშვიდდით, ბატონებო, ნუ კამათობთ, ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით. მე, რომელსაც ზოგჯერ დამამცირებლად ნახშირს, ზოგჯერ კი აღტაცებით ალმასს მეძახიან, ვქმნი 20 მილიონზე მეტ ნივთიერებას, რომელთაგანაც შედგება მთელი ცხოველური და მცენარეული სამყარო. იმის თქმა მინდა, რომ ყველა საჭირო ვართ. ახალგაზრდებმა ბევრი რამ უნდა ისწავლონ ჩვენზე. ისინი ჩვენს გარემოცვაში ცხოვრობენ და რაც უფრო უკეთ გაგვიცნობენ, მით უფრო კომფორტული იქნება მათი ცხოვრება (C).
  

ნინელი თორდინავა
აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი
ჩხოროწყუს რაიონი, დაბა ჩხოროწყუ

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...