ორშაბათი, ივლისი 6, 2026
6 ივლისი, ორშაბათი, 2026

კითხვის საათი წიგნიერების განვითარებისთვის

0
დაწყებით კლასებში დამრიგებლის საქმიანობით მისაღწევ ერთ-ერთ შედეგს წარმოადგენს წიგნიერების კომპეტენციის განვითარება. ამ მიზნით, I – IV კლასის დამრიგებლებმა კითხვის საათის ფორმატში უნდა გამოიყენონ სხვადასხვა მეთოდები: კითხვის ტექნიკის გაძლიერება, წაკითხულის განხილვა-გააზრება, ანალიზის უნარის განვითარება, მსჯელობის, პრეზენტაციის, შემოქმედებითი უნარების განვითარება.
პირველ რიგში, საჭიროა სამუშაო ტექსტის შერჩევა, რომელიც უნდა პასუხობდეს სადამრიგებლო პროგრამის მიმართულებების თემატიკას. მეოთხეკლასელებისათვის გთავაზობთ სამუშაო ტექსტს ,,პატარა წალკოტის ამბავი, ანუ ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი” (დანართი1). თემატურად ის ეხმიანება პიროვნული განვითარების, გარემოს დაცვის, თვალსაწიერის გაფართოების მიმართულებებს.

1. კლასს ვაცნობთ ნაწარმოების სათაურს და ვეკითხებით: რას ნიშნავს სიტყვა წალკოტი? რას გულისხმობს ანდაზა „ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”? თქვენი აზრით, რას შეიძლება ეხებოდეს ეს ნაწარმოები?

2. ტექსტი ურიგდება ყველა მოსწავლეს. სამ-ოთხ ნაწილად გაყოფილ ტექსტს სხვადასხვა მოსწავლე კითხულობს. მკითხველებს წინასწარ ვაძლევთ ინსტრუქციას – მკვეთრად, გასაგებად და შესაბამისი ინტონაციებით წაიკითხონ ტექსტი; დანარჩენებს ვთხოვთ, ყურადღებით მიადევნონ თვალი და მონიშნონ გაუგებარი ფრაზები ან სიტყვები.

3. გონებრივი იერიშის მეთოდით, მოვიძიებთ უცხო სიტყვებსა და ფრაზებს, ვწერთ დაფაზე ან ფლივჩარტზე და ვცდილობთ დამხმარე კითხვებით მივიყვანოთ მოსწავლეები ამ სიტყვებისა თუ ფრაზების ახსნამდე; საჭიროების შემთხვევაში, განვუმარტავთ.

4. ვქმნით სამ ან ოთხ ჯგუფს და ვაძლევთ დავალებას: შეადგინონ ნაწარმოების გეგმა და გააცნონ კლასს.

5. იგივე ჯგუფები აგრძელებენ მუშაობას პრეზენტაციაზე ,,ნამდვილი და გამოგონილი ,,ერთი წალკოტის ამბავში”. ჯგუფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს.

6. კლასს დისკუსიისათვის ვთავაზობთ კითხვებს:

ა) რას ეხება ეს ნაწარმოები? რა მოგეწონათ და რა არ მოგეწონათ მასში?
ბ) რა არის საჭირო სწორი გადაწყვეტილების მისაღებად?
გ) თქვენი აზრით, რა საერთო და განმასხვავებელი აქვთ ხელოვანსა და ხელოსანს?
7. ვაჯამებთ დისკუსიას, უკუკავშირის მეთოდით ვაკეთებთ მინიშნებებსა და შეფასებებს. შეჯამებისას არ ვაკეთებთ ცალსახა ფორმულირებებს ( მაგალითად, ,,მოხუცი შეცდა”, ან ,,არ შეცდა”), რათა ბავშვებს დავუტოვოთ ფიქრისა და განსჯის შესაძლებლობა. საბოლოოდ, შემოქმედებითი უნარების განვითარების მიზნით, დავალებად ვაძლევთ ესეს ,,როგორ გადაარჩენდით ან აღადგენდით წალკოტს?”
დანართი 1

პატარა წალკოტის ამბავი,

ანუ ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი”

ზაფხულის ერთ საღამოს ბებიამ შვილიშვილებს უამბო:

– ჩემი ბავშვობის ქალაქში, დიდი ხნის წინ ტაძრის გვერდით ერთი ოჯახი დასახლებულა. ოჯახს ხუთი შვილი ჰყოლია. მათგან ერთს თურმე გამორჩეულად უყვარდა ბუნება, განსაკუთრებით ყვავილები. ბიჭი ბევრს დახეტიალობდა ტყეში თუ მინდორში და სადაც ლამაზ ან უცნაურ ყვავილს, ტოტსა თუ ქვას წააწყდებოდა, უბით, ხელისგულებით მოჰქონდა და ეზოში აბინავებდა. ადგილს ისე შეურჩევდა და მოუწყობდა, იფიქრებდით, დედა-ბუნებას მოურგია ეს ყვავილი და ქოთნის ნატეხი ერთმანეთისთვისო.

ბიჭი გაიზარდა და მებაღეობის სწავლა დაიწყო. ჯერ თავის ქვეყანაში სწავლობდა, მერე ყვავილების სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანაშიც წავიდა, ბევრი რამ გაიგო და ისწავლა, ყველა გზიდან თან უცხო მცენარეები, უცხო ყვავილები წამოიღო და თავის ბაღში გაახარა.

ბაღი დიდი არ იყო, მზის ჩასვლისას ტაძრის ჩრდილი რომ გადმოწვებოდა, გადაფარავდა ხოლმე იქაურობას. ეს პატარა ადგილი მალე წალკოტად იქცა.

— რას ნიშნავს, ბებო, წალკოტი? – იკითხა ბიჭმა.

– წალკოტი ისეთი ბაღია, სადაც უამრავი ყვავილი და დეკორატიული მცენარეა და ყველა ერთად განსაკუთრებულ სილამაზეს ქმნის. იმ ბაღშიც ერთმანეთს ენაცვლებოდა სხვადასხვა ჯიშის ვარდების ფერები და სურნელი. ციცქნა ცისთვალებს მორცხვად გამოეყოთ თავი თიხის ჭურჭლის ნამტვრევიდან. კუნძის თავზე შემოწნული კვალი ვერცხლისფერ ხავსს ამოევსო, იქიდან გადმოკიდული კავიანი ყვავილი კი მიწისკენ ისწრაფოდა. მდინარიდან გამორიყული ხის ტოტი გველეშაპივით გაწოლილიყო, ვეებერთელა ქვევრი ჩრდილში წამოკოტრიალებული დევი გეგონებოდათ. მებაღე გათენებიდან დაღამებამდე იქაურობას დასტრიალებდა, მიწას და ყვავილებს ჩასჩურჩულებდა, ელაპარაკებოდა.

– ბებო, შენ ყოფილხარ იმ ბაღში, გინახავს ის მებაღე? – დაეჭვდა გოგო და დააყოლა: – რაღაც ზღაპარივით გვიყვები..
– არა, ბებო, ნამდვილი ამბავია და მეც ბევრჯერ ვყოფილვარ იმ ბაღში. მე კი არა, ბაღის ამბავი გასცდა პატარა ქალაქს, ქვეყანას და მნახველი მნახველზე მოდიოდა. ბაღის ვიწრო ბილიკებზე დამთვალიერებელთა ნაკადი არ წყდებოდა. მებაღეს ყვავილების ჯადოქარი, ყვავილებით მხატვარი შეარქვეს. მე უკვე მოხუცი მახსოვს, ძალიან მოხუცი. მუდამ მიწისკენ და ყვავილებისკენ დახრილი, ბეჭებშიც მოიხარა, მაგრამ საქმეს თავს არ ანებებდა. ბავშვებთან საუბარი ძალიან უყვარდა, უამბობდა ყვავილების ზნესა და ხასიათზე.

როგორც ამბობდნენ, ღამით, როცა ადამიანები იძინებდნენ, ყვავილები იდგამდნენ ენას და ერთმანეთს თავ-თავიანთ ამბავს უამბობდნენ. ყველაზე ამპარტავნები ჩინური ვარდები და ჰოლანდიური ტიტები იყვნენ, ყველაზე უკარებები – აფრიკული კაქტუსები, თავმდაბლობით ჩვენებური იები და ენძელები გამოირჩეოდნენ. ილაპარაკებდნენ ყვავილები და ბოლოს თავიანთი მებაღის დღეგრძელობას შესთხოვდნენ დედა-ბუნებას. მხოლოდ ვეებერთელა ლოდი იყო ჩუმად, მთასავით მედიდურად უსმენდა ყველას და არც ეთანხმებოდა, არც ეწინააღმდეგებოდა. ამ ლოდზე დაყრდნობა უყვარდა მოხუცს და ისიც იმ წუთების მოლოდინით ათენ-აღამებდა, რომ ბუნების მოამაგისთვის ბუნებისავე ძალა და ენერგია გაეზიარებინა.

– ბებო, ბებო, ეს როგორღა გაიგე? – ჩაეკითხა ბიჭი.

– ეს ჩემმა ბებიამ მიამბო და მეც თქვენ გიამბეთ. მებაღემ თითქმის საუკუნეს მიაღწია, შვილებიდან ერთი ქალიშვილი ცხოვრობდა მასთან და საქმეშიც ეხმარებოდა. სხვები აქეთ-იქით დაფანტულიყვნენ. ლოდთან შესვენებისას მოხუცი ხშირად ფიქრობდა თავისი წალკოტის მომავალზე და თავს ხმამაღლა შეუძახებდა ხოლმე, ,,ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო”. იქვე დევივით წამოწოლილი ქვევრი ჯერ მუცელში ჩაიტრიალებდა მის ხმას და მერე ექოდ აბრუნებდა. მებაღეს ძალიან ართობდა ეს გამოპასუხება. თითქოს წალკოტი არიგებდა ჭკუას. შვილიშვილებიდან ორს ამჩნევდა ბუნების სიყვარულსა და ხელოვანის ნიჭს. აკვირდებოდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებას აყოვნებდა.

…და ზამთრის ერთ სამწუხარო დღეს მებაღე ისე გარდაიცვალა, ვერ მოასწრო ეთქვა, ვის აბარებდა ნაამაგარს. ანდერძის მიხედვით, ბაღშივე დაკრძალეს, სწორედ იმ ადგილას, სადაც დასვენება უყვარდა.

მამისა და ბაღის მოყვარული ქალი იქაურობას ზრუნვას არ აკლებდა. მაგრამ აღარც ის იყო ახალგაზრდა. მამის მაგივრად ახლა მას უნდა გადაეწყვიტა წალკოტის მომავალი. ბოლოს, მებაღის მრავალრიცხოვანი შთამომავლებიდან იქაურობა ისეთებს დარჩათ, რომლებსაც არც ბუნების ენა ესმოდათ და არც მხატვრის ნიჭი ჰქონდათ. ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ და ვერ შესძლეს იმ განძის პატრონობა, რაც მათ ხელში აღმოჩნდა.

მოიწყინეს ნაფერებმა ყვავილებმა, ზოგი გახმა, ზოგი დაჩიავდა. მათი ადგილი პომიდორმა და კომბოსტომ დაიკავა. წალკოტი ჯერ ბაღს დაემსგავსა, მერე – ბოსტანს. იქაურობა შეიცვალა. მხოლოდ მებაღის საყვარელი ლოდი არ იცვლება, დარაჯობს საფლავს და მედიდურად დუმს. თავქარიანი ჩიტავაშლებიც უძლებენ დროს და ზამთარში წითლად ღუიან. დაჰქროლებს ქარი, გადაურბენს ნაწალკოტარს, ქვევრის მუცლიდან გამოიტაცებს მოხუცის ხმას და წითელ ტოტებში გაბლანდავს. თუ კარგად დაუგდებ ყურს, გაიგებ როგორ ჩურჩულებს ქარი ,,ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო”.

– ბებო, ,,გაზომვა” დაფიქრებას ნიშნავს, არა? – იკითხა ბიჭმა.

– დიახ, ბებო გენაცვალოს, გაზომვა დაფიქრებასა და აწონ-დაწონვას ნიშნავს, ადამიანმა წინ გახედვა უნდა მოახერხოს, რომ სწორად ივარაუდოს, რას რა შედეგი მოჰყვება და ისე უნდა გაჭრას, ანუ გადაწყვეტილება მიიღოს.
– წაგვიყვანე რა, ბებო, გვაჩვენე იქაურობა, მართლა ასე ჩურჩულებს ქარი? – ისევ ბიჭი დაინტერესდა.

– წაგიყვანთ, ოღონდ ზამთრის ქარიანი დღე უნდა შევარჩიოთ და ძალიან, ძალიან ყურადღებით მოვუსმინოთ.
– ბებო, იმ ბაღს აღარაფერი ეშველება? – ჩაეძია გოგო.

– ეშველება, თუ ისევ მოხუცი მებაღისნაირი ნიჭიერი და მოყვარული ადამიანი გამოუჩნდება პატრონად.

„არჩევანი – მე, არადანი – შენ“, ანუ საგანი, რომელსაც სკოლაში ვერ ისწავლით

0

„თუ ნამდვილად გსურთ რამის გაკეთება, გზასაც იპოვით. თუ არა და იპოვით მიზეზს!”

 

ჯიმ რონი

როცა თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ არჩევანის უფლებასაც. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოთა უმეტესობა დემოკრატიული ხედვის აუცილებლობას აღიარებს და პრესტიჟულადაც მიაჩნია მისი მმართველობის სტილის ამ სიტყვით მოხსენიება, პიროვნების არჩევანის უფლება მაინც ხშირად იზღუდება ოჯახსა თუ სოციუმში. პირველი დიდი არჩევანი, რომელსაც მოზარდი აკეთებს თავის ცხოვრებაში, საკუთარი მე-ს პოვნა და სასურველი მომავლის არჩევაა. ოჯახი ამაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. ჩემი აზრით, არჩევანის უფლების შეზღუდვას, თუნდაც კეთილი მიზნით, იშვიათად აქვს სასურველი დასასრული. თავად განსაჯეთ, რა დამოკიდებულება გაუჩნდება ადამიანს, სხვის მიერ არჩეული, ჯერ უცხო მომავლის პირისპირ მარტო რომ დარჩება. ადამიანს, რომელიც პატარაობიდანვე არჩევანის გაკეთებას მიაჩვიეთ: ის ირჩევს ჭიქას, რომლიდანაც რჩეული ყავის პირველი ყლუპის მოსმის შემდეგ თენდება, ირჩევს ოთახს, პირად ნივთებს, ადამიანებს… რომ დავუფიქრდეთ, ჩვენს ცხოვრებას ძალიან ჰგავს ცნობილი თამაში ,,არჩევანი – არადანი” – ვინც დაასწრებს, ის ირჩევს საუკეთესოს, თან, სასურველი კანდიდატი რომ იყო, ჯერ საზოგადოების პატივისცემა და ნდობა უნდა მოიპოვო. კონკურენცია – ეს ის მნიშვნელოვანი ,,საგანია”, რომელსაც პირველი ნაბიჯის გადადგმასთან ერთად ვსწავლობთ – თამაშ-თამაშით. ნელ-ნელა „სასწავლო მასალა” რთულდება – თავის გატანა, თვითდამკვიდრება, საკუთარი ადგილის პოვნა ამ უზარმაზარ, ძლიერი კონკურენტებით სავსე გარემოში ბევრ ჩვენგანს უჭირს. სკოლაში ერთმანეთს პოპულარული მეგობრების/შეყვარებულების რაოდენობას, ნიშნებს ვატოლებთ, მოგვიანებით – ჯიბის სისქეს, კარიერული კიბის სიგრძეს, სახელს… ზოგი სხვის ომში ბრძენდება, უფრო დაკვირვებული – თავისაში.

 

ასეთივე რთული გზის გავლა მოუხდა ადამიანს, რომელზეც ახლა ვაპირებ საუბარს. მან ძალიან კარგად იცის არჩევანის უფლებისა და კონკურენციის ფასი. მისი ცხოვრება ბევრისთვის იქცა იმ საგნის საუკეთესო სახელმძღვანელოდ, რომელსაც არც ერთ სასწავლო დაწესებულებაში არ ასწავლიან.

„კომპიუტერი – ყველა მაგიდაზე, ყველა სახლში!”

ოცდამეერთე საუკუნეში პრობლემას აღარ წარმოადგენს კომპიუტერის შეძენა და მართვა. მცირეოდენი ინსტრუქციისა და პრაქტიკის შემდეგ ყველა მონდომებულ ადამიანს შეუძლია იმოგზაუროს ინტერნეტსაიტების ვრცელ სამყაროში და Microsoft-ის საოფისე პროგრამებით სამუშაო გაიადვილოს. მიუხედავად საზოგადოების სრული „კომპიუტერიზაციით” გამოწვეული უკმაყოფილებისა, არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ ცივილიზაციის ამ უდიდესი მიღწევის დადებით თვისებებზე, რომელიც, ჩემი აზრით, სწორედ შრომის გაადვილებას ემსახურება და არა რეალობის შეგრძნების დაკარგვას და კიბერნეტიკულ სამყაროში გადაბარგებას.

ერთი მათგანი, ვისი თავდაუზოგავი შრომისა და განსაკუთრებული ნიჭის წყალობითაც მე ახლა ჩემს ნოუთბუქში ამ წერილს ვკრეფ და არ ვხარჯავ ათეულობით ფურცელს და მელანს, კიბერნეტიკული სამყაროს „მეფე” ბილ გეითსია.

 „წარმატება ცუდი მასწავლებელია, ჭკვიან ხალხს აიძულებს დაიჯერონ, რომ ისინი არასდროს წააგებენ”

უილიამ ჰენრი გეითს III, კომპიუტერული მაგნატი, კორპორაცია Microsoft-ის დამფუძნებელი და მფლობელი, დაიბადა 1955 წლის 28 ოქტომბერს სიეტლში, ვაშინგტონის შტატში. მისი მამა ცნობილი ადვოკატი იყო, დედა კი – სკოლის მასწავლებელი.

12 წლის ბილი ადგილობრივი დაწყებითი სკოლიდან სიეტლის ყველაზე პრესტიჟულ საშუალო სკოლაში გადაიყვანეს, სადაც მას საშუალება მიეცა, სკოლის მინიკომპიუტერზე განევითარებინა თავისი შესაძლებლობები პროგრამირების დარგში. გეითსს უჭირდა კოლეჯის სხვა სასწავლო საგნების (განსაკუთრებით – ჰუმანიტარულის) შესწავლა და მათ ტრივიალურს უწოდებდა. სამაგიეროდ, უმაღლესი ქულებით აფასებდნენ ტექნიკური მეცნიერებების კათედრაზე. გულჩათხრობილი მოზარდის მთავარი ოცნება მათემატიკის პროფესორობა გახლდათ. მიუხედავად უნიკალური მათემატიკური და ლოგიკური აზროვნებისა (ის ყოველთვის პოულობდა პასუხისკენ მიმავალ უმოკლეს გზას), ბილს სკოლაში არასდროს გამოუმჟღავნებია ლიდერის თვისებები.

კოლეჯმა ვერ გაითვალისწინა მორცხვი და თითქმის ყველაფერში წარუმატებელი სტუდენტების რეალური შესაძლებლობები და ბილ გეითსისა და მისი მეგობრის, პოლ ალენის, კომპიუტერული ექსპერიმენტების წყალობით სკოლის მიერ შეძენილი ერთწლიანი კომპიუტერული მომსახურების პაკეტი ორ კვირაში ამოიწურა. საბედნიეროდ, ერთ-ერთი სტუდენტის მამამ, კომპიუტერული კომპანიის თანამშრომელმა, სკოლას ეს პრობლემა მალევე მოუგვარა და მომავალი მაგნატის ექსპერიმენტებიც გაგრძელდა (შეგახსენებთ, სამოციან წლებში სტუდენტებისთვის კომპიუტერებისა და მათით სარგებლობის დროის შეძენა ძალიან ძვირი უჯდებოდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციას).

ბილის მშობლები ანაზღაურებდნენ სკოლის ყველა ხარჯს, კომპიუტერთან დაკავშირებული ხარჯების გარდა – ამაზე მომავალ მაგნატს თავად უნდა ეზრუნა. ბილ გეითსი იგონებს, რომ მშობლები თავიდანვე აჩვევდნენ შვილებს მიზნისკენ დამოუკიდებლად სწრაფვას. და-ძმა, მშობლების თხოვნით, ხშირად მართავდა დებატებს ნებისმიერ თემაზე, წიგნებით დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული, რაც თავისთავად თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება-განმტკიცებას ემსახურებოდა (აღზრდის იმავე მეთოდებს იყენებს ბილიც. მისი ანდერძის თანახმად, მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანად მრავალჯერ აღიარებული კომპიუტერული მაგნატის შვილებს მხოლოდ 10-10 მილიონი ერგებათ, დანარჩენი თანხა კი საქველმოქმედო ფონდის საკუთრებაში გადავა. მაგნატს სურს, მისმა შვილებმა საკუთარი შრომით მოიპოვონ სახელი და კეთილდღეობა).

ბილმა და მისმა მეგობრებმა სერიოზული პრობლემები შეუქმნეს პროგრამისტებს, გატეხეს მათი სერვერები, სურვილისამებრ ცვლიდნენ ამა თუ იმ ინფორმაციას, კომპიუტერის გამოყენების დროს და ა.შ. თავიდან ახალგაზრდები მკაცრად დასაჯეს – კომპიუტერით სარგებლობა აუკრძალეს, მაგრამ რამდენიმე ხნის შემდეგ Computer center corporation-მა სწორედ ახალბედა სიეტლელ „ჰაკერებს” შესთავაზა დაცვითი პროგრამის შექმნა. მას შემდეგ მოზარდებს შეკვეთები არ მოჰკლებიათ. ბილი სულ რაღაც ცამეტი წლის იყო, როცა ცნობილი თამაშის (X-0) პირველი კომპიუტერული ვერსია შექმნა. მეათე კლასში იგი კომპიუტერს კი არ სწავლობდა, არამედ ასწავლიდა.

შეგახსენებთ, რომ ბილის მოსწავლეობის დროს, სამოციან წლებში, კომპიუტერი-გიგანტები მთელ ოთახს იკავებდნენ და მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ მათზე მუშაობა. კოლეჯში ბილ გეითსმა ჩამოაყალიბა კომპანია traf-O-Data, რომელშიც თანამოაზრე ახალგაზრდები დაასაქმა. ისინი ქმნიდნენ კომპიუტერულ პროგრამებს ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ადგენდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გრაფიკს. 15 წლის ბილმა შექმნა ქუჩის მოძრაობის მარეგულირებელი პროგრამა. ამ პროექტში მომავალ მაგნატს 20 000 დოლარი გადაუხადეს.

1973 წელს, ოჯახური ტრადიციის თანახმად, ბილი ჰარვარდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი კარჩაკეტილი ცხოვრების სტილი და ასოციალური ბუნება კონკურენციას ვერაფრით გაუწევდა, ასე ვთქვათ, „ყველა საჭირო კარის კანონის წიხლით შემღებ” თამამ საზოგადოებას.

ჰარვარდში გეითსმა სტივ ბალმერი გაიცნო და სწორედ მასთან ერთად შექმნა დღეს მსოფლიოში სახელგანთქმული Microsoft-ი.

 „ისიამოვნეთ იმ საქმით, რომელსაც მოეკიდეთ და მუშაობა არასოდეს მოგიწევთ”

ბილ გეითსს და სტივ ბალმერს ეჭვი არ ეპარებოდათ, რომ მალე კომპიუტერი შეუცვლელი გახდებოდა და ყველა სამუშაო დაწესებულებაში, ყველა სახლში დაიდებდა ბინას. მეგობრებმა დაიწყეს პერსონალური კომპიუტერების პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობა. მართალია, თავიდან ლამის გაკოტრდნენ, მაგრამ უკან მაინც არ დაიხიეს. 1979 წელს დაბრუნდნენ. ამავე წელს გარიცხეს ბილი ჰარვარდიდან გაცდენებისა და არადამაკმაყოფილებელი მოსწრების გამო, მაგრამ მომავალ მილიარდერს ამაზე დიდად არ უნაღვლია, რადგან გარიცხვის ცნობას მალე უკან მოჰყვა შთამბეჭდავი წინადადება IBM-ისგან, რომლისთვისაც Microsoft-ს უნდა შეექმნა ოპერატიული სისტემა მსოფლიოში პირველი პერსონალური კომპიუტერებისთვის.

ბილ გეითსმა შექმნა 50 000 დოლარად შეფასებული სისტემა MS-DOS. IBM-ის ახალმა კომპიუტერმა, რომელიც Microsoft-ის თანამედროვე პროგრამით იყო აღჭურვილი, მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.

მალე ბილ გეითსის კომპანია იმდენად წარმატებული და ძლევამოსილი გახდა, რომ ამერიკული ანტიმონოპოლიური კომიტეტის ყურადღება მიიპყრო. მას შემდეგ კომიტეტი სხვადასხვა ხერხით ცდილობდა ბილ გეითსის იმპერიისთვის ძირის გამოთხრას. 1990 წელს სასამართლომ Microsoft Corporation-ი მონოპოლიად ცნო და ანტიმონოპოლიურ კომიტეტთან მისი ურთიერთობაც გამწვავდა. 2000 წელს აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ მაგნატს შესთავაზა, კომპანია ორ ნაწილად გაეყო: ერთი მათგანი microsoft office-სა და internet explorer-ს აწარმოებდა, მეორე კი – windows-ს. მაგრამ კორპორაციის დამფუძნებელმა უარი განაცხადა საქმიანობის დანაწევრებაზე, რადგან, მისი აზრით, Microsoft-ის მიერ შექმნილი კომპიუტერული პროდუქტები ერთ მთლიანობას წარმოადგენს.

ბილ გეითსი 1994 წელს დაქორწინდა მელინდა ფრენჩზე, რომელმაც მაგნატს სამი შვილი – ორი გოგო და ერთი ბიჭი – გაუჩინა. დაოჯახების შემდეგ ბილი მეტ დროს და ყურადღებას ქველმოქმედებას უთმობს: მაგნატმა დააწესა ერთი მილიონი დოლარის ოდენობის სტიპენდია (Gates Millennium Scholarship Program) გამორჩეულად ნიჭიერი, მაგრამ ხელმოკლე სტუდენტებისთვის; 750 000 დოლარი გამოყო ვაქცინაციისა და იმუნიზაციის განვითარებისთვის; მეუღლესთან ერთად დააარსა საქველმოქმედო ფონდი, რომელმაც უკვე 17 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა ჯანდაცვისა და განათლების განვითარებისთვის. გეითსების ფონდი აფინანსებს ბიბლიოთეკების კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ პროექტებსაც, რომლის წყალობითაც აშშ-ისა და კანადის ადგილობრივი სამკითხველო დაწესებულებების მკითხველებს კომპიუტერითა და ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ეძლევათ.

კორპორაციიდან წამოსვლის შემდეგ (2008 წ.), ბილ გეითსი მონაწილეობს ისეთ გლობალურ პროექტებში, როგორიცაა თანამგზავრების გამოშვება, მსოფლიო ტელეკომუნიკაციის უზრუნველყოფა, მსოფლიოს უმსხვილესი ვიზუალური ინფორმაციის დამუშავება…

„ბიზნესი შესანიშნავი თამაშია – უწყვეტი შეჯიბრება მინიმალური წესებით, რომლის ანგარიშიც ფულით განისაზღვრება”

დღეს Microsoft-ი უზარმაზარი კორპორაციაა თითქმის 90 000 თანამშრომლით. ბილ გეითსი იშვიათად თმობს მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს. მიუხედავად ამისა, იცვამს უბრალოდ, ხშირად სარგებლობს სწრაფი კვების ობიექტების მომსახურებით და მიაჩნია, რომ ფულის გონივრულად დახარჯვა ისევე ძნელია, როგორც მისი გამომუშავება. მისი აზრით, არ შეიძლება, ადამიანმა ცხოვრების აზრად ფული აირჩიოს; მას უნდა ჰქონდეს გაცილებით გლობალური, საზოგადოებისთვის სარგებლობის მომტანი მიზანი ცხოვრებაში.

მსოფლიო მაგნატი ამაყობს უნარით, რომლის წყალობითაც ,,საჭირო” ადამიანების ამოცნობა შეუძლია. „მე სულელებს არ ვქირაობ”, – ამბობს ბილი. იგი თავად ესაუბრება ვაკანტური ადგილის დაკავების მოსურნე პრეტენდენტებს და თუ საჭირო გახდა, პირადად რეკავს სასურველ კანდიდატთან მოსალაპარაკებლად. მისი გუნდი უმაღლესი კლასის პროფესიონალებისგან შედგება. ბიზნესში ხომ მთავარია, იყო საუკეთესო, გაუძლო მაღალ კონკურენციას და მეტიც – გამუდმებით პირველი ადგილისთვის იბრძოლო. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში არსებული კომპიუტერების 80 პროცენტზე მეტი უზრუნველყოფილია Microsoft-ის პროგრამებით, ბილ გეითსს მაინც მიაჩნია, რომ წარმატება ცუდი მასწავლებელია. იგი არასდროს ჩერდება დალაშქრულ მწვერვალზე და ყოველთვის განაგრძობს გზას ახალი „ევერესტის” დასაპყრობად.

ის, რასაც სკოლაში ვერ ისწავლით

ბილ გეითსი ხშირად სტუმრობს სკოლებს, გამოდის სიტყვით და მოსწავლეებს დაუნანებლად უზიარებს თავის გამოცდილებას. აუდიტორიის წინაშე ყოველი გამოსვლისას მაგნატი ჩამოთვლის 11 საკითხს, რომლებსაც, მისი აზრით, სკოლებში არ ასწავლიან:

1. ცხოვრება უსამართლოა – მიეჩვიეთ ამას.

2. საზოგადოებას საერთოდ არ აწუხებს შენი თვითშეფასება, ის შენგან მიღწევებს ელის.

3. თქვენ ვერ მიიღებთ წელიწადში 60 000 დოლარს სკოლის დამთავრებისთანავე და ვერ გახდებით ვიცე-პრეზიდენტი პირადი მძღოლით, სანამ არ გამოიმუშავებთ ამისთვის საჭირო თანხას.

4. თუ მიგაჩნიათ, რომ მასწავლებელი მეტისმეტად მკაცრად გექცევათ, ეს მხოლოდ დასაწყისია; დაიცადეთ, სანამ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდება „ბოსი”.

5. ჰამბურგერების მომზადება გეთაკილებათ? ძალიან ცდებით. თქვენი ბებიებისა და ბაბუებისთვის ჰამბურგერის მომზადება იყო შანსი ამ ცხოვრებაში ფეხის მოსაკიდებლად.

6. თუ რაღაც არ გამოგივიდათ, ნუ გადააბრალებთ მშობლებს. ისწავლეთ საკუთარ შეცდომებზე! შეცვალეთ წარუმატებლობის მიმართ თქვენი დამოკიდებულება.

7. მშობლები ყოველთვის არ ყოფილან ისეთი მოსაწყენები, როგორებადაც ახლა გეჩვენებიან. იქნებ თქვენზე გამუდმებულმა ზრუნვამ აქცია ისინი ასეთებად? ასე რომ, სანამ მშობლების თაობას გააკრიტიკებდეთ, დაიწყეთ საკუთარი თავით.

8. სკოლაში უამრავი შანსი გეძლევათ, გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები – გადააბაროთ გამოცდები, შეიცვალოთ სკოლა, მაგრამ დაიმახსოვრეთ, ცხოვრებაში ყველაფერი სულ სხვაგვარადაა!

9. ცხოვრება არ იყოფა სემესტრებად, თქვენ არ გექნებათ ზაფხულის არდადეგები და არც თქვენი ხელმძღვანელი დაგეხმარებათ საკუთარი თავის პოვნაში – ამის გაკეთება თავად მოგიწევთ.

10. ტელევიზორში არ აჩვენებენ „ნამდვილ ცხოვრებას”. რეალურ ცხოვრებაში ვერ მოახერხებთ მთელი დღე მეგობრებთან ერთად კაფეში ჯდომას.

11. ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას „მზუთხველებთან” – რომელიმე მათგანი სკოლის დამთავრების შემდეგ შესაძლოა თქვენი ბოსი გახდეს.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეითსი არასდროს ერიდება უმაღლესი განათლებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულების გამოხატვას („ნებისმიერ დროს წადით და შექმენით საკუთარი საქმე, ჰარვარდში დაბრუნებას ყოველთვის მოახერხებთ”), ის მაინც აღიარებს კარგი განათლების მიღების საჭიროებას. მსოფლიო მაგნატის აზრით, დღევანდელ ახალგაზრდობას მაღალი კონკურენციის პირობებში უწევს ცხოვრება, ამიტომაც უმაღლესი განათლება მათთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც სამოციან წლებში საშუალო განათლება იყო. ბილ გეითსს 2007 წელს მაინც მოუწია ჰარვარდის კურსდამთავრებულის ქუდის მორგება, როცა სახელგანთქმული უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მაგნატს დიდი პატივით გადასცა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა შორის ყველაზე წარმატებული სტუდენტის დიპლომი.

რაც უფრო მეტი წარმატებული ადამიანის ცხოვრებას ვეცნობი, ყველა მათგანთან ვპოულობ საჭირო რჩევას, რომელიც ძალიან მეხმარება სხვადასხვა სახის სირთულის დაძლევაში. ვაღიარებ, ჯიუტი მოსწავლე ვარ და ხშირად მეზარება ცხვირწინ მოჯახუნებულ კართან ჭიდილი, მაგრამ მერე სინდისი მქენჯნის, რადგან ვიცი, მეტი შემიძლია და მაინც არაფერს ვაკეთებ იმ, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს. იქნებ თქვენ მაინც მოახერხოთ და დაეუფლოთ იმ საგანს, რომელიც არსად ისწავლება, მაგრამ რომელთან დაკავშირებულ ცოდნასაც წარმატებული ადამიანები ყოველთვის გულუხვად გვიზიარებენ. გულითა და სულით წარმატებას გისურვებთ.

გაკვეთილზე დაკვირვება

0

დღეს, როდესაც საუბარია მასწავლებლის საქმიანობის
შეფასების ახალ სისტემაზე,  განსაკუთრებულ
აქტუალობას იძენს ამ შეფასების  მთავარი
ობიექტი – გაკვეთილი. ყველაზე კარგად ადასტურებს მასწავლებლის კომპეტენციას ის, თუ
რას აკეთებს იგი ყოველდღიურად მოსწავლეებთან შეხვედრისას. შედეგსა და მოსწავლეზე
ორიენტირებული სწავლება გაკვეთილის მსვლელობაზე დაკვირვებისას ითხოვს ყურადღების
გამახვილებას ახალ ასპექტებზე. მასწავლებლის ნებისმიერი საქმიანობა გაკვეთილზე
განიხილება იმ ჭრილში, თუ მოსწავლეთა რა საპასუხო საქმიანობებს უკეთებს ის
პროვოცირებას (ინიცირებას), რა არის და როგორია თითოეული ამ საქმიანობის შედეგი,
როგორ უკავშირდება ის გაკვეთილის მომზადების პროცესში დასახულ მიზნებს.

გაკვეთილის სქემა, ერთი შეხედვით, ძალიან
მარტივია. ის შეიძლება სამკუთხედის სახით გამოვხატოთ: 

 

ეს სამი ძირითადი კომპონენტი მაშინ შექმნის ჰარმონიას,
როცა საშუალებები (ორგანიზების ფორმა, დრო, სასწავლო საქმიანობები, მეთოდები,
რესურსები) ისეთ შედეგს მიგვაღწევინებს, რომელიც ემთხვევა ან ძალიან ახლოსაა დასახულ
მიზანთან, შედეგი კი მოწმდება შეფასების საშუალებებით. ეს
ყველა მასწავლებლისათვის ცნობილი ჭეშმარიტებაა. მაგრამ როგორი უნდა იყოს გაკვეთილზე
დაკვირვების ფორმა? რა შემთხვევაში იქნება ის დამკვირვებლის ხელში ზუსტი და
გაზომვადი ინსტრუმენტი, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, იმის საშუალებას მისცემს
მასწავლებელს, თავად დაინახოს გაკვეთილზე საკუთარი საქმიანობის ძლიერი და სუსტი
მხარეები?

დაკვირვების მიზნიდან გამომდინარე, მისი რამდენიმე
სახე არსებობს (ამის შესახებ იხ.
სოფიკო ლობჟანიძე, კოლეგებთან თანამშრომლობა – წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა, Maswavlebeli.ge, 08 აგვისტო).  ამავე დროს, განასხვავებენ ფორმალურ და
არაფორმალურ დაკვირვებას. ფორმალური დაკვირვების დროს დამკვირვებელი წინასწარ
აფრთხილებს მასწავლებელს როგორც დაკვირვების თარიღის, ისე დაკვირვების ფოკუსის
შესახებ. რაც შეეხება არაფორმალურ დაკვირვებას, ეს ხდება მოულოდნელად,
მასწავლებელთან შეთანხმების გარეშე. პირველ შემთხვევაში კარგად ვლინდება, რა ცოდნასა
და უნარებს ფლობს მასწავლებელი, მეორე შემთხვევაში კი ის, თუ რამდენად იყენებს
ყოველდღიურად ამ ცოდნასა და უნარებს. მარტივად რომ ვთქვათ, მხოლოდ სხვების
დასანახავად ავლენს საკუთარ კომპეტენციებს, თუ მუდმივად „ფორმაშია”.

გაკვეთილზე დაკვირვების ფორმის მრავალი ვარიანტი
არსებობს. ამჯერად შემოგთავაზებთ ერთ-ერთს, რომელმაც ჩვენი ყურადღება მიიპყრო
იმით, რომ ის კლასში მასწავლებლის საქმიანობის მრავალ ასპექტს მოიცავს და თან გაზომვადია.
ამავდროულად დამკვირვებელს არ სჭირდება დაკვირვების პროცესში ჩანაწერების
გაკეთება, რაც მას ყურადღების კონცენტრაციას უადვილებს. ამ ფორმის შევსების შემდეგ
დამკვირვებელს შესაძლებლობა ეძლევა მასწავლებელს ზუსტი და კონკრეტული უკუკავშირი
მისცეს.        

 

                                                                                  გაკვეთილზე დაკვირვების სქემა

 

კრიტერიუმები და მახასიათებლები

ქულები


1.   


გაკვეთილის ჩატარების გარე პირობები:


·        


საკლასო ოთახი
წესრიგშია.


·        


აღჭურვილობა,
რესურსები (მერხები, ტექნიკა და ა.შ.) შეესაბამება გაკვეთილის მიზანს.


·        


გაკვეთილი დაიწყო
ზარის დარეკვისთანავე.

 


2.   


მიზნების ჩამოყალიბება:


·        


გაკვეთილის
დასაწყისში მითითებულია მიზნები.


·        


გაკვეთილის
დასაწყისი აღძრავს მოსწავლეთა ინტერესს.


·        


მასწავლებელი
ხსნის შესასწავლი თემის მნიშვნელობას / ღირებულებას.

 


3.   


მოსწავლეთა ინტერესის სტიმულირება:


·        


იყენებს
საინტერესო ფაქტებს, მაგალითებს.


·        


სვამს პრობლემურ
კითხვებს / საკითხებს.


·        


იყენებს
მოსწავლეთა ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

 


4.   


მასალის მეთოდური დამუშავება:


·        


იცავს ლოგიკურ
თანმიმდევრობას.


·        


გამოყენებული
ცნებები და ტერმინები ზუსტი და მისაწვდომია.


·        


გამოყოფს საკვანძო
საკითხებს და აჯამებს (აჯამებს თავად, მოსწავლეებთან ერთად ან აჯამებინებს
მოსწავლეებს).

 


5.   


მასალის შესაბამისობა მოსწავლეთა თავისებურებებსა და საჭიროებებთან:


·        


გათვალისწინებულია
ასაკობრივი თავისებურებები.


·        


გათვალისწინებულია
არსებული ცოდნა და გამოცდილება
.


·        


გათვალისწინებულია
ინდივიდუალური თავისებურებები.

 


6.   


ადეკვატური უკუკავშირი:


·        


მოსწავლეთა
შეკითხვები არ რჩება უპასუხოდ (ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავად მასწავლებელი
უპასუხებს ყველა შეკითხვას).


·        


ახალისებს
მოსწავლეთა იდეების გენერირების პროცესს.


·        


უყურადღებოდ არ
რჩება და მუშავდება მოსწავლეთა იდეები და მოსაზრებები.

 


7.   


მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის
უზრუნველყოფა:


·        


იყენებს
მოსწავლეთა ყურადღების კონცენტრაციის ეფექტურ ხერხებს.


·        


ითვალისწინებს
ყურადღების კონცენტრაციის ასაკობრივ თავისებურებებს.


·        


ითვალისწინებს
ყურადღების კონცენტრაციის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

 


8.   


მოსწავლეთა წარმოსახვის ხელშეწყობა:


·        


ქმნის
შემოქმედებით ატმოსფეროს.


·        


ითვალისწინებს
წარმოსახვის ასაკობრივ თავისებურებებს.


·        


ითვალისწინებს
წარმოსახვის ინდივიდუალურ თავისებურებებს.

 


9.   


ურთირთობები გაკვეთილზე:


·        


ურთიერთობა
მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პარტნიორულია. იგრძნობა მოსწავლეთა
მხარდაჭერა და წახალისებულია ურთიერთდახმარება.


·        


გამოყენებულია
ჯგუფური / წყვილებში  მუშაობა.


·        


შექმნილია
დისკუსირების, აზრთა გაცვლა-გამოცვლის ატმოსფერო.

 


10. 

მოსწავლეთა
აქტიურობა გაკვეთილზე:


·        


მოსწავლეები
ასრულებენ მასწავლებლის ყველა ინსტრუქციას.


·        


მოსწავლეებს
აინტერესებთ საკითხი და სვამენ შეკითხვებს.


·        


მოსწავლეები
აქტიურად მონაწილეობენ საკითხის განხილვაში. უპასუხებენ შეკითხვებს /
ეძებენ  პასუხს შეკითხვებზე.

 


11. 

არჩევანის
შესაძლებლობა:


·        


აძლევს არჩევანის
შესაძლებლობას სხვადასხვა დონის / სახის დავალებების შესასრულებლად.


·        


აძლევს
სტრატეგიების არჩევანის თავისუფლებას.

 


12. 

სააზროვნო
უნარების განვითარება:


·        


იყენებს მაღალი
დონის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ შეკითხვებს / დავალებებს.


·        


აქვს  მომზადებული დიფერენცირებული დავალებები
(მაგალითად, ძალიან სუსტი და ძალიან ძლიერი მოსწავლეებისათვის).

 


13. 

მოსწავლეთა
შეფასება:


·        


მოსწავლეთა ყველა
პასუხი ფასდება (თუნდაც სიტყვიერად).


·        


შეცდომებზე
რეაგირება კორექტულია.


·        


წახალისებულია
თვითშეფასება და ურთიერთშეფასება.

 


14. 

ეფექტური
კომუნიკაცია:


·        


საუბრობს
გარკვევით, შესაბამისი ტემპითა და ტემბრით.


·        


აქვს
აუდიტორიასთან მხედველობითი კონტაქტი.


·        


ადეკვატურად
იყენებს ჟესტებსა და მიმიკას.

 


15. 

კლასის
მართვა:


·        


ადეკვატურად
რეაგირებს წესრიგის დარღვევის ფაქტებზე.


·        


მოსწავლეები
იშვიათად ან სულ არ არღვევენ დისციპლინას / დისციპლინა თვითრეგულირებადია.

 

შეფასების სკალა:

5
– მაქსიმალური ქულა

4
– რომელიმე მახასიათებელი სუსტადაა გამოხატული

3
– გამოხატულია რომელიმე ერთი მახასიათებელი

2
– ყველა მახასიათებელი ძალიან სუსტად არის გამოხატული

1
– არ არის გამოხატული არც ერთი მახასიათებელი.

 

თითოეული მახასიათებლის გასწვრივ დამკვირვებელი
აკეთებს აღნიშვნას (მაგ., +) და შემდეგ შეფასების სკალის მიხედვით წერს ქულას.
საბოლოოდ ყველა უჯრაში დაწერილი ქულები ჯამდება.

ცხადია, დაკვირვების ამ ვარიანტს არ აქვს
უნივერსალურობის პრეტენზია. ჩვენთვის საინტერესო იყო ფორმა. რაც შეეხება შინაარსს,
მისი მოდიფიცირება შეიძლება იმის მიხედვით, რა არის ჩვენი დაკვირვების ფოკუსი,
დამატებით რის „დამზერა” გვინდა გაკვეთილზე.  

თობათა ურთიერთობა

0
მოხუცთა გამოცდილება + ახალგაზრდული ენერგია 
სიბერე ყველაზე დიდი ჭირთაჭირია.
სულხან–საბა ორბელიანი
ადამიანის სიცოცხლე რომ სამ ნაწილად დაგვეყო – ბავშვობა, ახალგაზრდობა, სიბერე – თითოეულ მათგანს ნაკლითა და ღირსებით შევამკობდით. ახლა უკანასკნელზე შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას, რადგან მათ უფრო წამსვლელნი ჰქვიათ.
თუ ადამიანს წილად ხვდა სიბერე, ეს გარკვეულწილად ბუნებისაგან ბოძებული დიდი მადლი და საჩუქარია. მოგეცა შენი შესაძლებლობების გამოყენების სრული დრო. ეს ის ჟამია, როცა შეგიძლია შეაჯამო შენი ცხოვრების ავი და კარგი, განიწმინდო ადამიანური შეცდომებისა და სისუსტისაგან, სინანულით თავიც დახარო მოტმასნილი ჭუჭყისა და ნალექისაგან, ყველაფერი მიზეზ–შედეგობრივად დაალაგო – შენ ხომ დიდი გამოცდილება გაქვს, შენ ხომ გაუძელი საამქვეყნო ჭირ–ვარამს, სიბრძნე შეიძინე. ამიტომაა სიბერე საკუთარი თავის წინაშე გამჟღავნებული და განვლილი ცხოვრება. ეს ცხოვრება კი ან განწმენდილი გაქვს, ან სინანულისა და დამსახურებული სასჯელის აღსრულებისთვის მოგეცა. ყველაზე ძნელია საკუთარი თავისთვის ანგარიშის ჩაბარება, ამიტომ ახალგაზრდებს უნდა გვესმოდეს, ანგარიშს ვუწევდეთ, რომ ყველაზე დიდი და დამრეცი აღმართი მოხუცებს აქვთ ასავლელი. ეს რთული პროცესია.
ვიცოდი, რომ დავბერდებოდი. იმასაც ველოდი, რომ ჯანმრთელობა ისეთი აღარ მექნებოდა. ისიც ვიცი, „იტანჯები, მაშასადამე ცოცხლობ” (ბეკეტი). გაწამდნენ შვილები ჩემი სიცოცხლისთვის, რით ვერ გავიგე, რომ დაბერება ბუნებრივი მოვლენაა და უნდა დავემორჩილო, მაგრამ ამ კანონზომიერების წინააღმდეგ ხშირად ამბოხებას ვიწყებ, ვბობოქრობ, საკუთარ თავს გამოცდას ვუწყობ: რამდენი რამის გაკეთება შემიძლია კიდევ. ეს როგორ მითხრა შვილმა: შენთვის დაჯექი მშვიდადო. 

მაშინ არ ვთვლიდი თავს მოხუცად, როცა სახეზე ნაოჭები შევნიშნე, არც მაშინ, როცა თვალსა და ყურს დამაკლდა, მუხლები ამტკივდა, მაშინ დავბერდი, როცა ჩემი სამსახური, კვლევითი სამუშაოს შესრულება აღარ დასჭირდათ…. მიზანი დავკარგე.

რამდენი რამის გაკეთება შემეძლო, როგორ მითხრა შვილმა „შენთვის დაჯექი მშვიდადო”. რა იქნება ახალგაზრდებმა იცოდნენ – თუ შვილს კიდევ ვჭირდები, სიბერეს შევეჯიბრები, ბრძოლას დავუწყებ, თუ აღარ ვჭირდები, სიკვდილს დავნებდები.

არ შეიძლება ჩემს შვილს ვურჩიო – ზაფხულში შვილიშვილს კრემიან ნამცხვარს ნუ უყიდი, ნუ აჭმევ. როგორც იქნა დავრწმუნდი, რომ რჩევა არავის უყვარს, დარწმუნებულიც რომ იყოს, მის სიკეთეში. იქნებ რჩევას, ბრძანების შენიღბულ ფორმად მიიჩნევენ ჩვენი შვილები? ან იქნებ იციან, რომ მართალი ვარ და სწორედ ეს სწყინთ? ერთი კი უდავოა, შვილები არ გადავღალოთ ჩვენი რჩევებით, მაგრამ ისიც ხომ უდავოა: 

ლოდინი – სიკვდილისა;
უმოქმედობა, – ვაითუ ისე ვერ გავაკეთო; 
დუმილი, – ვაითუ ისე ვერ ვთქვა;

მტანჯველად აწვება მოხუცის სულს. გამძაფრებული კონფლიქტი მარტო ჩვენ კი არა ქვეყანასაც ვნებს, გაწყდება ჯაჭვი, რომელიც აბალანსებს ახალგაზრდულ შეუპოვრობას, უკომპრომისობას, შემტეობას და მოხუცთა გამოცდილებას, სიფრთხილესა და კომპრომისზე წასვლის უნარს. „მერე რა რომ დავბერდით, სისხლი აღარ ჟრიამულობს ზარღვებში. იქნებ სიბერე ტვინის ერექციით გაგვეზომა და არა სექსუალური ერექციით” (მარკესი). გამოსავალი ერთია: მოხუცთა გამოცდილება პლუს ახალგაზრდული ენერგია. 

უფასო და დიდებულ წამალს მივაგენი, – როცა ვაზროვნებ, ტკივილები მიყუჩდება, მას „ტვინის მასაჟი” დავარქვი და დასკვნა გამოვიტანე: ასეთი მასაჟი სიკვდილამდე გზას გამიგრძელებს, ჩემთვის კი, ყოველი დღე მოგებაა.
იქნებ ჩემი შენიშვნები გაზვიადებულია?  ურთიერთობის კულტურასთან მაშინ გვაქვს საქმე, როცა უფროსი და უმცროსი თაობა ახერხებს მოხუცთა გამოცდილებისა და ჭაბუკური ენერგიის შეერთებას. პროექციის მეთოდით უფროსკლასელებს ვთხოვეთ, წარმოედგინათ თავიანთი თავი ბებიად, პაპად, რძლად, სიძედ. 

წარმოგიდგენთ ამონარიდებს მათი შეხედულებებიდან ოჯახურ ურთიერთობაზე:

·ბებია ყველაზე კეთილი არსებაა. ერთხელ სკოლაში კარნავალი იყო. ბებია ღამის 3საათამდე იჯდა და კერავდა. დილით ჩემი საკარნავალო კაბა მზად იყო (გოგონა);
·ყველას აქვს დასვენების დღე, ბებიას კი არა. რაც არ უნდა დაღლილი იყოს, მაგიდას მაინც გამიწყობს, იქვე დამიჯდება და სანამ არ დავამთავრებ თვალებში შემომცქერის (ბიჭი);
·მე რომ მშობელი ვიყო, არ ვაიძულებდი ჩემს შვილს ჩემთან ეცხოვრა. თუ საშუალებაა, შვილის ოჯახმა ცალკე უნდა იცხოვროს (ბიჭი);
·მე რომ მშობელი ვიყო, არ დაველოდებოდი იმას, რომ ჩემმა შვილმა სპეციალურად მთხოვოს დახმარება (გოგო);
·ბებია ძლივს დათანხმდა, რომ ჩემს ძმას ბავშვის აღზრდაში დაეხმაროს (გოგო);
·რამდენჯერმე შევესწარი, რომ ის ისე ზრდის შვილიშვილს, როგორც მას სურს და არაფერს ეკითხება ბავშვის დედას და მამას. ჩემი რძალი მორიდებული და მომთმენი გოგოა, მაგრამ ვგრძნობ, რომ ბრაზდება (გოგო);
·მე რომ ოჯახი მექნება, არასოდეს ავუკრძალავ ბებიასა და პაპას შვილიშვილებთან ურთიერთობას და ამას მათ დასაჯელად არ გამოვიყენებ (გოგო);
·მე რომ ბებია ვიყო, არასოდეს არ დავეხმარები შვილს იმ მიზნით, რომ სიბერეში სანაცვლოდ მზრუნველობა დავიმსახურო. ბებიასა და პაპას შვილიშვილისადმი მზრუნველობა ყოველთვის უნდა უხაროდეთ (ბიჭი);
·დედამთილმა შეიძლება შენიშვნა მისცეს რძალს. რძალს კი დედამთილისთვის შენიშვნის მიცემა არ შეშვენის (ბიჭი);
·ბებია ჩვენთან ცხოვრობს, მაგრამ იგი ყოველთვის ცალკე ჭამს. დედას არ ელაპარაკება. დედა კეთილი და მხიარული ქალია, მაგრამ ისიც სულ გაჩუმებულია. სახლში მისვლა მეზარება. დედა ხშირად ავადმყოფობს. ბებია ყოველთვის იმას ჩივის, რომ დაიღალა ცხოვრებით, სიკვდილი უნდა. მე მგონი ბებია ჩვენთან რომ არ ცხოვრობდეს, დედა კარგად იქნებოდა (ბიჭი);
·მე რომ რძალი ვიყო, თუნდაც ძალიან ვიყო გაბრაზებული ჩემს დედამთილზე, ავად თუ გახდება, საჭმელს მაინც მივუტანდი (გოგო);
·ვისურვებდი ჩემი პაპისნაირი ვყოფილიყავი. არასოდეს არ გისაყვედურებს, შენიშვნასაც არ მოგცემს, მაგრამ რაღაცით მაინც გაგრძნობინებს, რომ შენით უკმაყოფილოა. ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს (ბიჭი);
·ბებიას და ბაბუას შეუძლიათ შენიშვნა მისცენ შვილს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში რძალს ან სიძეს (ბიჭი);
·ბებოს როცა ვეუბნები, რომ მისი გაკეთებული საჭმელი გემრიელია, ძალიან უხარია. რა იქნება, რომ დედამაც და მამამაც ასე გაახარონ ხოლმე (გოგო).
უფროსკლასეთა შეხედულებებში ნათლად გამოჩნდა, როგორც ახალგაზრდების, ისე მოხუცთა შეცდომები. 
ოიდიპოსის კომპლექსი

თაობათა კონფლიქტის თეორიამ ფსიქოლოგიური დასაბუთება ჰპოვა ზ. ფროიდის მოძღვრებაში. მან „ოიდიპოსის კომპლექსის” კომპლექსის სახელწოდებით ცნობილი მიმართება მშობლებსა და შვილებს შორის ადამიანთა დიდ ჯგუფებზე გაავრცელა.

კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჰ. მარკუზემ, ე.წ. „ოიდიპოსის კომპლექსი” დააშორა ოჯახის საზღვრებს და ფართო სოციალურ ასპარეზზე გადაიტანა. მისი აზრი, კონფლიქტური დამოკიდებულება მთელი თაობებისთვისაა დამახასიათებელი. ლონდონის წამყვანი ფსიქოანალიტიკოსი პიტერ ფონეჯი გვახსენებს, რატომ ჩავდივართ ისეთ ქმედებებს, რომლებიც ისევ ჩვენ გვაყენებს ზიანს, რატომ ვხვდებით ისევ და ისევ ერთსა და იმავე კონფლიქტში, რატომ გამოვდივართ მშობლების წინააღმდეგ?

სოციალურ ფსიქოლოგიაში კონფლიქტის ძირითად მიზეზად მოლოდინთა შეუთანხმებლობას მიიჩნევენ. საქმე ისაა, რომ ძველი და ახალი თაობა, – დედამთილი, მამამთილი, სიდედრი, სიმამრი, რძალი, სიძე, სოციალური როლებია. ამ როლების შესრულება ქცევის გარკვეულ რეპერტუარს გულისხმობს. ეს უკანასკნელი მოლოდინთა იმ სისტემას უკავშირდება, რაც თითოეულ მათგანს, ტრადიციების მფლობელებს გამოუმუშავდათ აღზრდით, ეროვნული ტრადიციების ზეგავლენით. შესაძლებელია ადამიანი გახდეს დედამთილი, მამამთილი, სიდედრი, სიმამრი, რძალი, სიძე, მაგრამ „სოციალური  ფსიქოლოგიისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, – იღებს თუ არა პიროვნება შინაგანად როლს, როგორია მისი განწყობისეული დამოკიდებულება იმ რეალურ კავშირ-ურთიერთობებთან, რომელშიც იგია ჩართული” (შ. ნადირაშვილი).

შვილის დაქორწინება თითქოს საბოლოო გამოყოფას ნიშნავს მშობლებისაგან. მაგრამ თუნდაც ცალკე ცხოვრობდნენ, უფროს და უმცროს თაობას შორის თვისებრივად ახალი ურთიერთობა მყარდება. ეკონომიკური, სამეურნეო თუ სხვა საოჯახო პრობლემები დასახმარებლად უფროსებს უხმობს. ოჯახური ცხოვრებით გამოწვეული სიხარული, ეჭვი, მერყეობა, გულისტკივილი, სხვადასხვა პრობლემები ემოციურ სიახლოვეს მოითხოვს. 

მშობლებთან ცხოვრობენ შვილები თუ ცალკე, დედამთილები და მამამთილები, სიდედრები და სიმამრები გარკვეულ როლს ასრულებენ საოჯახო ურთიერთობებში. ამ ურთიერთობაში ზნეობრივი გადახრებით გამოწვეული შეცდომები მოდის როგორც ახალგაზრდების, ისე მოხუცების წილად. ეს შეცდომები გავლენას ახდენს ოჯახის აღმზრდელობით ფუნქციაზე.

ისიც უნდა ითქვას: მშობლების შვილებთან ცხოვრება მხოლოდ საოჯახო მეურნეობაში დახმარების საჭიროებით კი არ უნდა ავხსნათ, არამედ ძირითადად იმ მოთხოვნილებით, რომელიც მარტოობისაგან გამოწვეულ ფსიქიკურ დაძაბულობას ხსნის. მედიცინამ დაამტკიცა, მშობლები, რომლებიც შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობენ, დიდხანს ცოცხლობენ. იაპონელმა მეცნიერმა კეიიტა მორისიტამ საქართველოს მკვიდრთა დღეგრძელობის საიდუმლო სწორედ რამდენიმე თაობის ერთად ცხოვრებაში დაინახა. რადგან განვითარებული პიროვნებისთვის საოჯახო ურთიერთობა მოთხოვნილებადაა ქცეული, ამ ურთიერთობის დარღვევას ადამიანი მძიმე, ჯანმრთელობისთვის საშიშ განცდებამდე მიჰყავს. ამ პრობლემის სირთულე უკავშირდება იმ წინააღმდეგობას, რომელიც ძველსა და ახალ თაობებს შორის არსებობს. წინააღმდეგობის დაძლევას ხელს უშლის ის გარემოება, რომ ნაკლებადაა დამუშავებული მოხუცთა ფსიქოლოგია და ახალგაზრდობის აღზრდის პრობლემათა შორის ნაკლები ყურადღება ექცევა საოჯახო ურთიერთობების კულტურის აღზრდას. 
ეიჯიზმი
მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში ცნობილმა ამერიკელმა მეცნიერმა, გერონტოლოგმა (gerontos – მოხუცი, logos – მოძღვრება) და საზოგადო მოღვაწემ რობერტ ბატლერმა პირველად გამოიყენა ტერმინი ეიჯიზმი. მისი შინაარსი მოიცავს უარყოფით, დამამცირებელ დამოკიდებულებას სხვა ადამიანის მიმართ ასაკის გამო. მან ეიჯიზმი განსაზღვრა, როგორც ზოგიერთი ახალგაზრდისა და ზრდასრული ადამიანის ღრმად დამალული შფოთვის გამოვლინება მოხუცი ადამიანებისადმი, მისი დაავადების, ტკივილებისა და ინვალიდობისადმი, ზიზღი მათი დაუცველობის, უსარგებლობისა და სიკვდილის შიშისადმი. გაჩნდა მოსაზრება, რომ მთავრობის, საზოგადოების ახალგაზრდებზე ფოკუსირებაც ეიჯიზმის გამოვლენაა. გადაშალეთ გაზეთები, სამუშაო ვაკანსიებზე ყველგან მითითებულია 30–დან 45 წლამდე ასაკი. იქნებ ეს განაპირობა ქვეყნის პირველ პირთა გამონათქვამებმა „წითელი ინტელიგენცია”, „ჩასარეცხები” და ა.შ. 

დაე, იყვნენ ახალგაზრდები მთავრობაში, პარლამენტში, მაგრამ მრჩევლები მაინც ჰყავდეთ ასაკოვნები, გამოცდილები, ჭირ–ვარამგამოვლილები. 
ხშირად მაგალითად მოჰყავთ: 
1)გერმანიაში, ანგელა მერკელის მთავრობაში ფინანსთა მინისტრად უკვე 8 წელია მუშაობს 72 წლის ვოლფგანგ შოიბლე, რომელიც 1990 წელს თავდასხმის შემდეგ პარალიზებულია და ეტლით სარგებლობს.
2)88 წლის ბზეჟინსკი ობამას მრჩეველია. 
3)88 წლის ლევან ალექსიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი.
ქართულ საზოგადოებაში თანდათან მკვიდრდება გამონათქვამები მოხუცთა მისამართით: „დაჯექი რა სახლში”, „ცალი ფეხი სამარეში უდგას”, „შინაურმა მაინც უთხრას, რომ დაბერდა”, „ვეღარ ესმის” და ა.შ.
არც მოხუცები ეძებენ სიტყვებს ახალგაზრდების შესამკობად: „უზრდელები”, „ლაწირაკები”, „ორი ინგლისური სიტყვა, კომპიუტერი უსწავლიათ და ზევიდან დაგყურებენ” და ა.შ. 
გაერო და თაობათა ურთიერთობა

შემთხვევითი არაა, რომ თაობათა შორის სოლიდარობის საკითხს ყურადღება მიაქცია გაერომ და 2011 წლის თავისი სამოქმედო გეგმის 42-ე პუნქტში ჩაწერა: 

„თაობათა შორის სოლიდარობა ყველა დონეზე ოჯახში, თემში და მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმოადგენს ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს ყველა ასაკის ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის. სოლიდარობა ერთ-ერთი ძირითადი წანამძღვარია საზოგადოების სოციალური ერთიანობისა”.

აქვე რეკომენდებულია ღონისძიებები, რომლებიც მიზანშეწონილია განახორციელონ გაეროს წევრმა ქვეყნებმა:

ა) სახელმწიფო განათლების სისტემის ფარგლებში განმარტება იმისა, რომ მოსახლეობის დაბერება წარმოადგენს აქტუალურ საკითხს მთელი მოსახლეობისათვის.

ბ) არსებული სტრატეგიების მიმოხილვა, იმის უზრუნველყოფით, რომ ისინი ხელს უწყობენ თაობათა შორის სოლიდარობის ზრდას და ამით ავითარებენ სოციალურ ერთიანობას. 

გ) უზრუნველყოფილ იქნას ინიციატივების დამუშავება ურთიერთგამამდიდრებელი და თაობათა შორის გამოცდილებისა და ცოდნის პროდუქტიული გაცვლის ხელშესაწყობად, რათა ხანდაზმულთა განხილვა მოხდეს, როგორც საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესურსისა.

დ) შესაძლებლობების მაქსიმალური განვითარება, რომლებიც უზრუნველყოფენ ადგილობრივ თემში თაობათა შორის ურთიერთობის გაძლიერების მხარდაჭერას, კერძოდ, ყველა თაობის წარმომადგენელთა შემოქმედებითი ურთიერთობის წახალისებასა და ასაკობრივი ნიშნით სეგრეგაციის დაუშვებლობას. 

ე) თაობათა შორის არსებული კონკრეტული სიტუაციის განხილვის უცილობლობა, რომლებიც იძულებულნი არიან ერთდროულად უზრუნველყონ თავიანთი მშობლების, შვილებისა და შვილიშვილების მოვლა. 
ვ) თაობათა შორის სოლიდარობის გაძლიერებისა და ურთიერთმხარდაჭერის, როგორც სოციალური განვითარების ელემენტების პროპაგანდა.

ზ) კვლევების ორგანიზება ხანდაზმულ ადამიანთა ცხოვრების უპირატესობისა და ნაკლოვანებების შესწავლის მიზნით, მათ შორის სხვადასხვა კულტურებსა და პირობებში ერთ ოჯახად და დამოუკიდებლად ცხოვრების შემთხვევაში. 

ქვეყნის წარმატებული და ეფექტური განვითარება შეუძლებელია თაობათა შორის მჭიდრო კავშირის, ურთიერთდახმარების, თანადგომისა და პატივისცემის გარეშე. 
…სიბერე კი თანდათან ძალას იკრებს. ბავშვობის მეგობარი მამხნევებდა, რა მოხდა, მთავარი გამოცდა ახლა უნდა ჩააბარონ შენიანებმა – მეუღლემ, შვილებმა, შვილიშვილებმა. „შენი მომაკვდავის ლორწოში თუ არ დაგესვარა ხელი და განავლის ჩამორეცხვა თუ არ მოგიხდა, ფეილდ ტიპი ხარ, გინდა არსებობდეს ღმერთი და გინდა არა, რადგან ყველა ერთმანეთისთვის ვკვდებით: ბებაიშენი დედაშენისთვის მოკვდა, დედაშენი – შენთვის, შენ -შენი შვილებისთვის და თუ ეს ციკლი არ დაირღვა, ღმერთი კედლისკენ არ გადაბრუნდება და პატარა, შეშინებული ბიჭივით თავზარდაცემული სახეზე ხელებს არ აიფარებს” (ნანა ზარდიაშვილი).
ლუიზა ირემაშვილი
ი. გოგებაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი

სასწავლო პროცესის ძირითადი პრიორიტეტები დაწყებით კლასებში

0

>დაწყებითი სასკოლო პერიოდის როლი და მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე წარმატებების მისაღწევად განუზომლად დიდია. საშუალო და უფროს სასკოლო ასაკში მოსწავლის სასკოლო წარმატებებს ძალიან ხშირად განსაზღვრავს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრეულ სასკოლო პერიოდში უყალიბდება ბავშვს. აქ ჩვენ მოვიაზრებთ არა მხოლოდ სოციალურ, არამედ სააზროვნო უნარ-ჩვევებსაც. ალბათ, დაწყებითი კლასების ნებისმიერი მასწავლებლისთვის საინტერესო იქნება, თუ რა უნარ-ჩვევების განვითარებაზე უნდა ვიყოთ ორიენტირებული ამ ასაკობრივ საფეხურზე იმისათვის, რომ ჩვენი მოსწავლე სასკოლო სწავლების ზედა საფეხურებზე წარმატებებს აღწევდეს და საკუთარი თავის რეალიზებას მაქსიმალურად ახდენდეს. სასწავლო პროცესში წარმატებებს დიდ წილად აზროვნების განვითარების სათანადო დონე ესაჭიროება. ამდენად, სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე ბავშვის აზროვნების განვითარებაზე ზრუნვა ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა ვაქციოთ.

სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს, რომ დაწყებით კლასებში მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციები (ანალიზი, სინთეზი, შეფასება) ბავშვისათვის დაუძლეველია, ამდენად, ამ ასაკში ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარის განვითარებაზე ზრუნვას აზრი არა აქვს და ძირითადათ უფრო დაბალი დონის სააზროვნო უნარების (ცოდნის, გაგების, გამოყენების) განვითარებაზე უნდა ვიფიქროთ. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უნარების განვითარებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ სკოლამდელ პერიოდშია საჭირო, რადგანაც, როცა სკოლაში სწავლისათვის ბავშვის ინტელექტუალურ მზაობას იკვლევენ, იმის დადგენასაც ცდილობენ, თუ როგორ აქვს განვითარებული მას ანალიზის უნარი. მაინც რა შეიძლება გავაკეთოთ სასკოლო სწავლების საწყის ეტაპზე მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარების ხელშესაწყობად. პირველ კლასში ამის გაკეთება ძალიან ადვილად შეიძლება თუნდაც ანბანის სწავლების პროცესში. ამისათვის საკმარისი იქნება ვთხოვოთ ბავშვს შეადაროს ერთმანეთს შესწავლილი ასოები, მაგ. ვუხსნით ასო ”მ”-ს და ვაძლევთ დავალებას გვითხრას რითი გავს და რითი განსხვავდება ერთმანეთისაგან ასო ”მ” და ასო ”ნ”. შეადაროს ერთმანეთს სიტყვები მაგ. ”მუხა” და ”ხე” – იპოვოს მათ შორის მსგავსება და განსხვავება. ასეთი დავალებები, ერთის მხრივ, ანალიზის უნარის განვითარებას უწყობს ხელს და, მეორეს მხრივ, ისეთი ფსიქიკური პროცესების განვითარების ხელშემწყობიც ხდება, როგორიცაა აღქმა და ყურადღება. ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა, მოზრდილის აღქმისაგან განსხვავებით, უფრო დიფუზურია დ მოკლებულია შინაგან დანაწევრებულობას, რის გამოც ის ხშირად უშვებს შეცდომებს წერა-კითხვის დროს, ურევს ერთმანეთში მსგავს ასოებს, უჭირს ცალკეული დეტალების აღქმა. ყოველივე აღნიშნული სერიოზულ პრობლემებს უქმნის მას სწავლის პროცესში და საყვედურებსაც ხშირად იღებს უფროსებისაგან.
მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისათვის ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებში ნაკლები იყოს დახურული შეკითხვების ხვედრითი წილი. უფრო ხშირად გამოვიყენოთ ღია შეკითხვები და კითხვითი სიტყვა ”რატომ?” მაგ. ”რატომ არ მოდის თოვლი ზაფხულობით?”, ”რატომ მიფრინავენ შემოდგომაზე ფრინველები თბილ ქვეყნებში?” და ა. შ. ასეთ შეკითხვებს ბავშვები ”საინტერესო” შეკითხვებს უწოდებენ და სწორედ ასეთი შეკითხვები ხდება ანალიზის უნარის განვითარების ხელშემწყობი.
ბავშვის სააზროვნო უნარების განვითარებაზე ზრუნვა სასკოლო სწავლების პირველივე დღეებიდანვე იმიტომაც არის მნიშვნელოვანი, რომ ცოტა მოგვიანებით ის გაზრებული კითხვის უნარის განვითარებაშიც დაგვეხმარება. გააზრებული კითხვის უნარის დეფიციტი ბავშვებში ჩვენი სკოლების ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ, აღნიშნული უნარის განვითარებაზე ზრუნვა კითხვის დაწყების პირველივე დღეებიდავე უნდა იქცეს სასწავლო პროცესის პრიორიტეტად პედაგოგებისათვის. ამისათვის, კარგი იქნება, თუ სწორად შევარჩევთ კითხვის სტრატეგიებს. სამწუხაროდ, ჩვენს სკოლებში დღესაც კითხვის წამყვანი სტრატეგიაა ”გაგრძელებით კითხვა” და ეს იმ დროს, როცა აღნიშნული სტრატეგია ყველაზე ნაკლებ ეფექტიანია გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. მის ნაკლებ ეფექტიანობას განაპირობებს, უპირველეს ყოვლისა, ის, რომ ერთ კლასში მყოფი ბავშვები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ცოდნით, უნარებით, ასევე კითხვის, მოქმედების, მეტყველების ბუნებრივი ტემპით. არცთუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა ბავშვი, რომელიც უკვე საკმაოდ თავისუფლად კითხულობს, იძულებულია, გაგრძელებით კითხვის დროს, მოთმინებით დაელოდოს თავის თანაკლასელს, რომელსაც უჭირს კითხვა. ამასთან, ასეთი კითხვის პროცესში ბავშვმა თითი არ უნდა აიღოს ტექსტიდან, როცა სხვა კითხულობს, იმის გამო, რომ ნებისმიერ მომენტში მასწავლებელმა შეიძლება მას გააგრძელებინოს კითხვა. ხშირ შემთხვევაში, ”გაგრძელებით კითხვის” დროს, ბავშვებს ბეზრდებათ ერთმანეთის ლოდინი და თითს აღარ აყოლებენ ტექსტს, რის გამოც პედაგოგის მხრიდან საყვედურებს იმსახურებენ. გარდა ამისა, მრავალრიცხოვან კლასში, ტექსტის ერთი ნაწილის წაკითხვის შემდეგ ხშირად ბავშვი ეთიშება კითხვის პროცესს, ვინაიდან გრძნობს, რომ ამდენ ბავშვში მას აღარ მოუწევს კითხვის გაგრძელება. ყოველივე აღნიშნულის გამო, უმჯობესია, ”გაგრძელებით კითხვის” ნაცვლად, ან თუნდაც მის პარალელურად გამოვიყენოთ კითხვის ის სტრატეგიები, რომლებიც გააზრებული კითხვის უნარის უკეთესად განვითარების შესაძლებლობას იძლევა და რომლებსაც ჩვენი სკოლების პედაგოგთა საკმაოდ დიდი ნაწილი, ჯერ კიდევ წლების წინ, ”წიგნიერების” პროგრამის ფარგლებში ტრენინგებზე გაეცნო. განსაკუთრებით მოსწონთ ბავშვებს, როცა მასწავლებელი პატარა ბარათებზე ან დაფაზე დაწერილ კითხვებს წარუდგენს და სთხოვს, რომ მოიძიონ ტექსტში ის ადგილები, სადაც აღნიშნულ შეკითხვებზე პასუხების ამოკითხვა შეიძლება. ამასთან ერთად, სასურველია გაკვეთილის პროცესში გამოყენებული შეკითხვები ისეთნაირი ფორმულირებით მივაწოდოთ ბავშვებს, რომ მათზე პასუხები ტექსტში ზედაპირზე არ იყოს მოცემული და მათ მოფიქრებას წაკითხულის გააზრება ჭირდებოდეს. ხშირ შემთხვევაში, პატარები, სიჩქარის გამო პასუხებს, ტექსტიდან ამოკითხვის ნაცვლად, ზეპირად ამბობენ. გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის სასურველია, რომ მასწავლებელმა ამას ყურადღება მიაქციოს და შეეცადოს ბავშვის ყურადღების კონცენტრაციას ტექსტზე. როცა მასწავლებელი ბავშვების მხრიდან პასუხების ზეპირად გადმოცემით კმაყოფილდება, ის მეხსიერებაზეა ორიენტირებული, მაშინ, როცა ტექსტის გასააზრებლად და გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებისათვის პედაგოგი ორიენტაციას მაღალი დონის სააზროვნო ოპერაციებზე უნდა აკეთებდეს.
ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ვინაიდან მასწავლებელს ერთ ჯგუფში სრულიად განსხვავებული შესაძლებლობების ბავშვებთან უწევს მუშაობა, სწავლების პროცესში ინდივიდუალური მიდგომის უზრუნველყოფა სრულიად აუცილებელია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზებისათვის. ინდივიდუალური მიდგომის ერთ-ერთ კარგ საშუალებას წარმოადგენს შეკითხვების, დავალებების დიფერენცირება და ბავშვების შესაძლებლობებზე მათი მორგება. ასეთ შემთხვევაში თითოელ მათგანს მიეცემა წარმატების განცდის შანსი, ეს, თავის მხრივ, გაუძლიერებს მათ საკუთარი ძალების რწმენას და დადებითი განწყობა ჩამოუყალიბდებათ ყველაფერი იმის მიმართ, რასაც საგაკვეთილო პროცესში შესთავაზებს მასწავლებელი.
სასურველია, რომ მასწავლებელი გაკვეთილის პროცესში იყენებდეს სწავლების მრავალფეროვან მეთოდებს და აქტივობებს. ერთი და იგივე მეთოდისა და აქტივობის ყოველდღიური გამოყენება, როგორი საინტერესოც არ უნდა იყოს ის, ხშირად მოსაბეზრებელი ხდება ბავშვისთვის. გააზრებული კითხვის უნარის განვითარებაზე მუშაობის პროცესში ბავშვები დიდი ხალისით ასრულებენ ისეთ დავალებას, რომელიც მოითხოვს მათგან მნიშვნელოვანი სიტყვების, მნიშვნელოვანი წინადადებების მოძიებას. ისეთი წინადადებების ამოკრებას ტექსტიდან, რომლის გარეშეც ტექსტის შინაარსის გაგება გაჭირდებოდა. უმცროსკლასელებს ასევე დიდ სიამონებას ანიჭებს პატარა მოთხრობის შედგენა წინასწარ მიწოდებული სიტყვების გამოყენებით.
გააზრებული კითხვის უნარის განვითარება დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარების პარალელურად უნდა მიმდინარეობდეს. ცნობილია, რომ დაწყებითი კლასების მოსწავლეები, იმის გამო, რომ მათთვის მასწავლებელი ხელშეუხებელი ავტორიტეტია, იშვიათად გამოთქვამენ ამ უკანასკნელის აზრის საწინააღმდეგო მოსაზრებას. კარგი იქნება, თუ ბავშვებს დამოუკიდებელი აზროვნებისთვის კომფორტულ გარემოს შევუქმნით, ყურადღებით მოვისმენთ მათ მოსაზრებებს ყოველივე ამას ადექვატურად გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში.
უმცროსი სასკოლო ასაკი ძალიან კარგი პერიოდია გააზრებული კითხვის უნარის განვითარებისათვის. თუ ჩვენ ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან და არ გავაკეთებთ ინას, რისი გაკეთებაც საკმაოდ ადვილად შეიძლება ამ პერიოდში, ცოტა მოგვიანებით ძალიან გაგვიჭირდება იმის შეცვლა, რაც უკვე საკმაოდ მყარად იქნება ჩამოყალიბებული. ცნობილია, რომ გაცილებით ადვილია შეცდომების თავიდან აცილება, ვიდრე დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე ზრუნვა. კორექცია საკმაოდ რთულ პროცესად ითვლება და ხშირად არ იძლევა სასურველ შედეგებს. ამდენად, უმჯობესია დაწყებით კლასებშივე ჩავუყაროთ საფუძველი იმას, რამაც ზედა კლასებში უბრალოდ შემდგომი განვითარება უნდა ჰპოვოს.

საუკეთესო მასწავლებელი

0
უკანასკნელ ხანს, სასკოლო რეფორმის პარალელურად, მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა საკითხს, რა არის მთავარი იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი გახდე. გამოიკვეთა რამდენიმე მახასიათებელი: განათლება, საგნის ღრმა ცოდნა, მოსწავლეთა მაღალი შედეგები, სხვა მასწავლებელთა შეფასებები და სხვა. ამ გამოკვლევებს ერთი ნაკლი ჰქონდა: სათანადო ყურადღებას არ აქცევდა მასწავლებელთა შრომის მთავარ მომხმარებლებს – მოსწავლეებს. თითქმის არავინ დაინტერესებულა მათი აზრით. არადა, მოსწავლეები ხომ ყველაზე მეტ დროს ატარებენ მასწავლებლებთან… აღმოჩნდა, რომ მათ ამ საკითხის თაობაზე უამრავი საინტერესო და ყურადსაღები მოსაზრება აქვთ და შესანიშნავად შეუძლიათ იმ თვისებების ჩამოთვლა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს.
სწორედ მოსწავლეები და მათი მოსაზრებები მოექცა ამერიკელი მეცნიერების კელი მიდლტონისა და ელიზაბეტ პეტიტის კვლევის არეალში. მათ შეისწავლეს ეს მოსაზრებები, გააანალიზეს ისინი და გამოკვლევის შედეგები წიგნად “უბრალოდ საუკეთესო: 29 მოთხოვნა, რომლებსაც, მოსწავლეთა აზრით, საუკეთესო მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს” – გამოსცეს. ვფიქრობთ, ამ ნაშრომის გაცნობა ქართველი მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო იქნება.
მოსწავლეთა მოსაზრებები, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მასწავლებლების მიმართ მათ აქვთ როგორც ძალიან უბრალო (გაუღიმონ მოსწავლეებს, მიმართონ სახელებით), ასევე შედარებით ძნელად შესასრულებელი მოთხოვნები (დაესწრონ მოსწავლეთა ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს, ესტუმრონ მათ შინ).
მიდლტონი და პეტიტი ამტკიცებენ, რომ მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება, ასევე იმის გააზრება, რომ თითოეული მათგანი დამოუკიდებელი ინდივიდია. მკვლევართა აზრით, მასწავლებლები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ მომენტებს ითვალისწინებენ, აღწევენ მაღალ აკადემიურ პროგრესს და მუშაობისას გაცილებით ნაკლებ პრობლემას აწყდებიან.
მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ გავრცელებულ ეფექტზე, რომელიც მოსწავლეებთან პოზიტიურ ურთიერთობას მოაქვს. კითხვაზე: “რატომ არის მოსწავლეებთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენს დროში?” – წიგნის ავტორები პასუხობენ: “ურთიერთობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი როგორც სწავლის, ასევე სწავლების პროცესში, თუმცა ჩვენს დროში ნათლად გამოიკვეთა, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ტრადიციული ტიპის ურთიერთობები აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე გამოწვევებს და გარკვეულ კორექტივებს მოითხოვდა. ახალი ტიპის ურთიერთობებში სულ უფრო მეტად მკვიდრდება ისეთი მომენტები, როგორებიცაა თანამშრომლობა, კეთილგანწყობა, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა, მოსწავლეთა ინდივინდუალიზმის გათვალისწინება და სხვა. კვლევები მოწმობს, რომ ზოგიერთი მოსწავლე ურთიერთობის დეფიციტს განიცდის. მათ იშვიათი კონტაქტი აქვთ მშობლებთან, ზოგ შემთხვევაში უჭირთ ურთიერთობის დამყარება თანატოლებთანაც. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გარეშე სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ბევრი მოსწავლე ქრონიკულად გამოეთიშება სასწავლო პროცესს”. ამის საპირისპიროდ, მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობასა და მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებს შორის უშუალო კავშირია. წიგნში დასახელებულია ის კონკრეტული შედეგებიც, რაც ასეთ ურთიერთობას მოჰყვება:
. იზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და მათი სურვილი, მიაღწიონ უფრო მაღალ სტანდარტებს;
. იშვიათდება მოსწავლეთა ნეგატიური ქცევა, პრაქტიკულად აღარ გვიხდება ისეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, სკოლიდან გარიცხვა;
. იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური ხდება;
. მოსწავლეებს უჩნდებათ სკოლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება;
. მოსწავლეებს უყალიბდებათ ისეთი სოციალური თვისებები, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა, ემპათია, სოციალური პასუხისმგებლობა.
პროფ. რობერტ მარზანო გვთავაზობს, გავიზიაროთ მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავიანთ მოსწავლეებთან მასწავლებლების ურთიერთობის ხარისხი არის ამოსავალი წერტილი საკლასო მენეჯმენტის ეფექტური წარმართვისთვის და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მთელი სასწავლო პროცესის წარმატებასაც. იქ, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობით ურთიერთობას დიდ ყურადღებას აქცევენ, თვალსაჩინოა ასეთი ურთიერთობის შედეგი და იგი გავლენას ახდენს სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესის ყველა ასპექტზე, დაწყებული მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით, დამთავრებული სკოლაში უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნით. დადგინდა, რომ პოზიტიური ურთიერთობები სკოლის კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია და, თავის მხრივ სკოლაში არსებული ატმოსფეროს საიმედო ინდიკატორს წარმოადგენს.
კვლევებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები მეტი მონდომებით სწავლობენ იმ მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რომლებსაც სჯერათ მათი და რომლებიც სიტყვით თუ საქმით გამოხატავს მოსწავლეთა მიმართ მზრუნველობას, მათ პატივისცემას.
აქვე უნდა განვმარტოთ, რომ მჭიდრო, კეთილგანწყობილი ურთიერთობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, საკლასო ოთახში, რაც უნდათ, ის აკეთონ. არც იმას ვგულისხმობთ, რომ მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი უნდა გახდეს ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენ ვამბობთ, რომ მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეს, სჯეროდეს მისი და მასაც ჩაუნერგოს საკუთარი თავის რწმენა; პატივისცემით ეპყრობოდეს მოსწავლეს, უქმნიდეს ხელსაყრელ პირობებს ცოდნის დემონსტრირებისთვის, თუნდაც ამან მის გეგმაში გარკვეული ცვლილება შეიტანოს და, რაც მთავარია, მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი მასთან ურთიერთობას აფასებს. ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური და მასში არ იგრძნობოდეს ფავორიტიზმი.
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მტკივნეული საკითხია მასწავლებლების დამოკიდებულება საკუთარი შეცდომების მიმართ. სავსებით შესაძლებელია, მასწავლებელს შეცდომა მოუვიდეს სასწავლო პროცესში ან მოსწავლესთან ურთიერთობის დროს. იგი მზად უნდა იყოს ამისთვის, თუმცა ბევრს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ შეუცდომელი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შეცდომის დანახვა და მის გამოსასწორებლად ზომების მიღება. ცდება, ვისაც მიაჩნია, რომ მასწავლებელი სრულყოფილი უნდა იყოს და ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი. უკვე აღარავინ დავობს, რომ მოსწავლის შეცდომა და მისი გამოსწორება ხელს უწყობს სწავლის უნარის ამაღლებას. მოსწავლეები უკეთესად ვითარდებიან, როდესაც შეცდომებისა არ ეშინიათ, როდესაც მათ დაუყოვნებლივ არ სჯიან ამის გამო. მაგრამ როგორ ავუხსნით მოსწავლეებს, რომ შეცდომისა არ უნდა ეშინოდეთ, როგორ განვუვითარებთ მისი აღმოჩენისა და გამოსწორების უნარს, როგორ ვასწავლის გაბედულ აზროვნებას, თუ თავად არასოდეს გადავაფასეთ საკუთარი შეხედულებები? გამოკვლევა მოწმობს, რომ უმჯობესია, შეცდომა მოგვივიდეს და შემდეგ წარმატებით გამოვასწოროთ იგი, ვიდრე “არასოდეს შევცდეთ”.
მკვლევართა საბოლოო დასკვნა ასეთია: მასწავლებლის პროფესიული ცოდნის დონე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოსწავლის აკადემიური წარმატების მისაღწევად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი; უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასწავლებლის უნარი, დაამყაროს მოსწავლესთან კარგი ურთიერთობა, რაც, თავის მხრივ, უამრავი მცირე თუ დიდი დეტალისგან შედგება (ხშირად გაღიმება, სახელებით მიმართვა, მოსწავლეთა ხასიათების ცოდნა, მათი სურვილების გაგება, მათთვის საკუთარი პიროვნების უკეთ გაცნობა, თანამიმდევრულობა ურთიერთობისას, შეცდომის შიშის დაძლევა და სხვ.). კეთილგანწყობილი ურთიერთობა მასწავლებლისთვის უნდა იყოს იარაღი, რომლითაც იგი მოსწავლეს უკეთ ჩართავს სასწავლო პროცესში და შეუქმნის მას ხელსაყრელ პირობებს როგორც პიროვნული, ისე შემოქმედებითი ზრდისთვის.

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი

0
თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს სწავლების ყველაზე თანამედროვე ფორმას, რომელსაც მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში. იგი მიმართულია პარტნიორული და ჯგუფური მუშაობისკენ, რომელიც მოითხოვს მონაწილეთა სინქრონულ და ასინქრონულ, კოორდინირებულ და კონსტრუქციულ აქტივობას პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად და საერთო მიზნის მისაღწევად.

 

თანამშრომლობითი სწავლების დროს, დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, მოსწავლეებს უვითარდებათ ორმაგი – როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური – პასუხისმგებლობა. ამ დროს თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მარტო საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე, არამედ ჯგუფსა და მის წარმატებაზეც.

ამრიგად, თანამშრომლობითი სწავლებისას გამოყოფენ პასუხისმგებლობის ორ დონეს. პირველია ჯგუფური პასუხისმგებლობა, რათა ჯგუფმა მიაღწიოს მიზანს, ხოლო მეორე – ჯგუფის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობასა და წარმატებაში. სწორედ პასუხისმგებლობის ეს ორი დონე უნდა იყოს ინტეგრირებული თანამშრომლობით გაკვეთილში, თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი წარმატება ჯგუფის წარმატების საწინდარია.

თანამშრომლობითი სწავლებისთვის შექმნილი ჯგუფის ერთ-ერთი ამოცანაა, თითოეული წევრი აქციოს მკვეთრად გამოხატულ ინდივიდად, თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ბევრი მოსწავლე ცდილობს, სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს და დაუმსახურებლად მიიღოს ჯილდო. აქედან გამომდინარე, ადვილი არ არის, შევაფასოთ ჯგუფურ მუშაობაში თითოეული მოსწავლის მიერ შეტანილი წვლილი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა გონივრულად უნდა შეარჩიოს ჯგუფური მუშაობის მეთოდი.

გთავაზობთ თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთ მეთოდს – სეგმენტურ მეთოდს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეაფასოს როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, ასევე ჯგუფის საქმიანობის საერთო პროდუქტი.

მეთოდის მოკლე აღწერა

სეგმენტური მეთოდი არის გრაფიკულად სტრუქტურირებული თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მუშაობის შედეგების შერწყმით მომზადდეს და კლასს წარედგინოს ჯგუფის საერთო პროდუქტი.

მეთოდის მიმდინარეობა

. კლასი იყოფა ოთხ-, ხუთ- ან ექვსკაციან ჯგუფებად.

. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მუშაობისთვის საჭირო რესურსები – A3 ან უფრო დიდი ზომის ფორმატი და მარკერები.

. ფორმატი იყოფა სეგმენტებად – ერთ ცენტრალურ და რამდენიმე გარე სეგმენტად (გარე სეგმენტების რაოდენობა ჯგუფის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება, გარე სეგმენტიც ოთხია და ა.შ.).

იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება:

თითოეული გარე სეგმენტი ჯგუფის თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური – მთელ ჯგუფს.

. ჯგუფის ყოველი წევრი იღებს მასწავლებლისგან დავალებას (ერთსა და იმავეს ან სხვადასხვას).

. მოსწავლეები საკუთარ იდეებს მათთვის განკუთვნილ სეგმენტში აღწერენ და ხელის მოწერით ადასტურებენ. ამ ეტაპზე მეთოდი მოითხოვს სრულ მდუმარებას, ერთმანეთთან კომუნიკაცია იკრძალება.

. მას შემდეგ, რაც ჯგუფის თითოეული წევრი შეავსებს საკუთარ სეგმენტს, მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ნააზრევს და თუ საჭიროდ მიიჩნიეს, ურთავენ წერილობით კომენტარებს.

. მომდევნო საფეხურზე იმართება დისკუსია, ერთიანდება ყველა წევრის ნამუშევარი, გამოიყოფა ყველასათვის მისაღები იდეები, იბადება ახალიც. საბოლოოდ ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ სეგმენტში, სადაც ჯგუფის ყველა წევრი აწერს ხელს.

. უკანასკნელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ სამუშაოს.

მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება

სეგმენტური მეთოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც კონსტრუქტივისტული. კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეაა, ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება-შენება. ამ დროს მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო გეგმებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული. სეგმენტური მეთოდი სწორედ იმ მეთოდთაგანია, რომლებიც მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნას ეფუძნება. ამ დროს კონკრეტული თემის ან პრობლემის შესწავლისას აქტიურდება თითოეული მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი უნარები, დგება იდეათა, შეხედულებათა ინტერპერსონალური კავშირები, ჯგუფის წევრთა მოსაზრებების გაცნობითა და საკუთარი კომენტარების დართვით იზრდება თითოეული მოსწავლის ინფორმირებულობა, ვითარდება ინტერპრეტაციის უნარი, დისკუსიის საშუალებით კი მოსწავლეები ანალიზის, შეფასებისა და შეჯამების უნარებს ივითარებენ.

სეგმენტური მეთოდის სასწავლო შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მოსწავლეთა სუბიექტურ წარმოდგენებზე, დამოკიდებულებებზე, რომლებიც თავდაპირველად ინდივიდუალურად, მერე კი სხვებთან იდეების გაცვლა-გამოცვლის პროცესში სტრუქტურირდება. ამრიგად, სწავლა სეგმენტური მეთოდით არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციის პროცესი – ეს არის აქტიური ათვისება, “სადაც ათვისებული ყოველთვის მასწავლებლის თვალთახედვით მოდიფიცირდება, იცვლება, რეკონსტრუირდება, მაგრამ, ამავე დროს, ხელახლა კონსტრუირდება ინდივიდის ხედვით” (Reich, K. (2006) Konstruktivistische Didaktik (3. Auflage). Weinheim:Beltz:195).

ვინაიდან კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარების განვითარება ეფექტიანი სწავლების მნიშვნელოვანი საყრდენია, გაკვეთილმა უნდა უზრუნველყოს მრავალფეროვანი სოციალური ინტერაქცია – საუბრები, დისკუსიები, დებატები და სხვა – და, რაც მთავარია, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, ისე სხვისი ნააზრევის გაგების, ანალიზის, შეფასებისა და ერთიანი დასკვნის გამოტანის უნარები. სწორედ სეგმენტურ მეთოდს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ უნარების განვითარებაში. ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც წერითი (საკუთარი აზრის წერილობით ფორმულირება, მეგობრის ნააზრევზე წერილობითი კომენტარის დართვა), ასევე ვერბალური (დისკუსიის პროცესში) კომუნიკაციის უნარები.

მეთოდური კომპეტენციები

სეგმენტური მეთოდის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად აქვთ განვითარებული მოსწავლეებს ზემოხსენებული უნარები. მათ უნდა შეეძლოთ, განსაზღვრულ დროში გარკვევით, ზუსტად და გამართულად გამოხატონ საკუთარი თვალსაზრისი, რათა ჯგუფის სხვა წევრებმა შეძლონ მისი ადეკვატურად გაგება და კომენტირება. გარდა ამისა, ეს მეთოდი მოსწავლისგან მოითხოვს აბსტრაქციის, განზოგადების უნარს, ასევე – უნარს, იყოს აქტიური მსმენელი, გაუგოს სხვებს, გააგებინოს და დაიცვას საკუთარი მოსაზრება, გააანალიზოს და მიუკერძოებლად შეაფასოს როგორც საკუთარი, ასევე სხვათა იდეები, რაც აუცილებელი პირობაა კონსენსუსის უნარის განსავითარებლად.

მეთოდის გამოყენება

სეგმენტური მეთოდი ეკუთვნის იმ უნივერსალურ მეთოდთა რიცხვს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო ჯგუფსა (ელემენტარული სკოლით დაწყებული, მოზრდილთა განათლებით დამთავრებული) და დისციპლინაში. ეს მეთოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც ჯგუფური დისკუსიის ალტერნატიული ვარიანტი, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის აზრს ისმენენ და ითვალისწინებენ. მეთოდი მეტად ეფექტურია პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად – აქამდე მოსწავლეთა იდეების განხილვასა და შეჯერებას მივყავართ. მეთოდი იმითაც არის უნივერსალური, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც თემის შესწავლის დაწყებისას, როდესაც მასწავლებელს სჭირდება მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება, ასევე შესწავლის პროცესში, როდესაც გვსურს გავიგოთ, როგორ მიმდინარეობს ის, და დასრულება-შეჯამებისას, რაც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე ჯგუფის მიღწევა განსაზღვრული ეტაპის ბოლოს.

პრაქტიკული გამოცდილება

სკოლებში მეთოდის დანერგვის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ მეთოდის პოზიტიური ეფექტი დაადასტურა. მეთოდის დაყოფას ინდივიდუალური და ერთობლივი მუშაობის ფაზებად მინიმუმამდე დაჰყავს ჯგუფური მუშაობის დროს თავჩენილი ის რისკები, რომლებიც წერილის დასაწყისში ვახსენეთ.

თანამედროვე უცხოური ენების სწავლება – ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო პოლიტიკის პრიორიტეტი

0
ევროპული მულტილინგვიზმი ანუ ენობრივი მრავალფეროვნება

 

უცხოური ენების სწავლებას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევროპის ინტერკულტურული საზოგადოების განვითარებაში, რომელიც ტოლერანტობის, კრეატიულობისა და კულტურული მრავალფეროვნების პრინციპებზეა დაფუძნებული.

უცხოური ენების სწავლება უწყვეტ კავშირშია მულტილინგვიზმის (მრავალენობრიობის), ანუ ენობრივი მრავალფეროვნების პრინციპის განვითარებასთან, ხოლო ენობრივი პოლიტიკა, რომელიც მულტილინგვიზმს ემყარება, ევროპული იდენტობის ქვაკუთხედს წარმოადგენს. შესაბამისად, ერთი უცხოური ენის სწავლა განიხილება როგორც გზა მეორე და მომდევნო უცხოური ენების შესწავლისაკენ. უცხოური ენის ცოდნა ევროპაში ადამიანის კონკურენტუნარიანობის მთავარ ფასეულობადაა მიჩნეული. შესაბამისად, რამდენიმე უცხოური ენის სწავლება ევროპის საგანმანათლებლო სისტემის სტრატეგიულ პროირიტეტს წარმოადგენს.

სასკოლო სისტემა, რომელსაც ევროპელთა 65% უცხოური ენის ათვისების მთავარ წყაროდ მიიჩნევს, გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთათვის ენობრივ-საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული სასკოლო რეფორმა სწორედ საერთო მიზანს – უცხოური ენების დაუფლებისათვის საჭირო გარემოს გაუმჯობესებას – ემსახურება.

გასული საუკუნის ბოლოს ევროპის საბჭომ მიიღო გამოწვევა, რომელსაც „ძირითადი კომპეტენციების დახვეწა” ეწოდა. გამოწვევის მთავარ იდეად ყოველი ევროპელი მოსწავლისთვის, დაწყებითი სკოლიდან მოყოლებული, სავალდებულო სასკოლო განათლების ფარგლებში სულ ცოტა ორი უცხოური ენის სწავლება მიიჩნიეს. ეს ყოველივე დიად მიზანს – საერთო ევროპული ღია, მობილური სივრცის შექმნას ემსახურება.

რეკომენდაციები უცხოური ენის ადრეულ ეტაპზე სწავლებისათვის

დიდი ხანია აღარავინ დაობს იმ მოსაზრების თაობაზე, რომ უცხოური ენის ეფექტიანი სწავლებისთვის უმნიშვნელოვანესია ადრეულ ასაკშივე სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების შექმნა.

1996 წელს გერმანიაში, ნიურნბერგში, 22 ქვეყნის ექსპერტთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავდა უცხოური ენების ადრეულ ასაკში სწავლების ზოგადი პრინციპების ერთიან ჩარჩოდ ჩამოყალიბებას. რეკომენდაციების სახით შედგენილი ნიურნბერგის დოკუმენტი (ნიურნბერგის რეკომენდაციები ადრეულ ასაკში უცხოური ენის სწავლებისათვის) გვთავაზობს 4-დან 10 წლამდე ასაკის მოსწავლეთა პოტენციალისა და მოთხოვნილებების რეალიზაციისთვის საუკეთესო გარემოს შესაქმნელად საჭირო ყველა პირობას, რომლებიც ადვილად მოერგება ნებისმიერ სასწავლო გარემოსა თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

გთავაზობთ ზემოხსენებული დოკუმენტის მიმოხილვას:

ადრეულ ეტაპზე უცხოური ენის სწავლება ხელს უნდა უწყობდეს:

. მოსწავლისათვის უცხოური ენის შესახებ წარმოდგენის შექმნას;

. მოსწავლისათვის თვალსაწიერის გაფართოებას და სამყაროში უკეთ ორიენტირების მიზნით უცხოური კულტურის შემეცნებას;

. მოსწავლისათვის უცხოური კულტურისა და მასთან დაკავშირებული სოციალიზაციის ფაქტორების გაცნობას, რითაც მას საკუთარი სოციალიზაცია გაუადვილდება;

. საკუთარი და უცხო რეალიების ინტერკულტურულ ჭრილში წარმოჩენას;

. მოსწავლის ზოგად განვითარებას როგორც ემოციური, კრეატიული და სოციალური, ისე ენობრივი თვალსაზრისით;

. უცხოური ენების მიმართ ინტერესის გაღვივებას და ენის სწავლის პროცესში დადებითი ემოციის გამოწვევას;

. მოსწავლის მიერ ისეთი სასწავლო სტრატეგიების ათვისებას, რომლებიც ხელს უწყობს დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავებას.

სასწავლო მასალა:

. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის ასაკობრივ ინტერესებს და ემსახურებოდეს ამ ინტერესთა სფეროს გაფართოებას;

. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის გრძნობებს, მის ფანტაზიასა და კრეატიულობას და სიამოვნებას ანიჭებდეს მას;

. აგებული უნდა იყოს საბავშვო კულტურის, ინტერკულტურულ და ქვეყანათმცოდნეობის ელემენტებზე, რომლებიც უშუალო კავშირში იქნება ბავშვის ასაკობრივ ინტერესებთან;

. ორიენტირებული უნდა იყოს თანაკლასელებთან თანამშრომლობასა და კომუნიკაციაზე, რაც მეტწილად ენის შეცნობის, გაგებისა და სახალისო ფორმით გამოყენების პრინციპზეა აგებული;

. პრიორიტეტულად მოსმენასა და ლაპარაკზე უნდა იყოს ორიენტირებული, ხოლო კითხვა და წერა დამხმარე ფუნქციას ასრულებდეს, თუმცა ამ უკანასკნელთა მნიშვნელობა არ დაკნინდეს;

. უნდა ითვალისწინებდეს პარავერბალურ (გამოთქმა, ინტონაცია, სასაუბრო რიტმი) და არავერბალურ (მიმიკა, ჟესტიკულაცია) საკომუნიკაციო საშუალებებს.

სწავლების მეთოდი

. უნდა ემსახურებოდეს მოსწავლისთვის კომფორტული სასწავლო გარემოს შექმნას, რაც სწავლის მიმართ ხალისიანი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს;

. უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლის მოთხოვნილებებს, რაც საგაკვეთილო პროცესში მეთოდების მრავალფეროვნებას და მონაცვლეობას გულისხმობს;

. აგებული უნდა იყოს მოსწავლისთვის მისაღებ თამაშის პრინციპზე;

. უნდა გულისხმობდეს საგაკვეთილო პროცესში მოსწავლის მაქსიმალურ ჩართულობას, რაც გამოიხატება სასწავლო პროცესის ცენტრად არა მასწავლებლის, არამედ მოსწავლის ქცევით (მასწავლებელი უმთავრესად დამკვირვებლის, თანაბარ პირობებში მოთამაშის, მრჩევლის და არა ხელმძღვანელის ფუნქციას უნდა ინარჩუნებდეს);

. ორიენტირებული უნდა იყოს როგორც დამოუკიდებლად, ისე წყვილსა და ჯგუფში მუშაობის უნარის განვითარებაზე;

. ორიენტირებული უნდა იყოს გაკვეთილზე შიშისა და რიდის დაძლევის, მიღწევების წახალისებისა და გამჭვირვალობის ატმოსფეროს შექმნაზე.

შეფასება

. უცხოური ენის გაკვეთილზე აქცენტი არა მოსწავლის შეფასებაზე, არამედ მისი მიღწევების დადგენაზე უნდა გაკეთდეს.

. მიღწევების დადგენა მხოლოდ მოსწავლის ზოგად განვითარებას კი არ უნდა ეხებოდეს, არამედ ითვალისწინებდეს მის გადმოცემის უნარს, კრეატიულობას, სოციალურ ქცევას. ფორმალურ ენობრივ ასპექტებს ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება

მოსწავლის მიღწევათა გამოკვეთილი ინდიკატორები ასეთია:

მასწავლებელი:

. ახდენს სასწავლო მიზნების დეფინიცირებას;

. აკვირდება მოსწავლის ემოციურ, კრეატიულ, კოგნიტურ და ენობრივ განვითარებას;

. გეგმავს ამა თუ იმ მოსწავლისათვის პრიორიტეტულ აქცენტებს და ინდივიდუალურად მუშაობს მასთან.

მოსწავლე:

. იგებს თავისი მიღწევების შესახებ, რაც მას მოტივაციას მატებს;

. სწავლობს თვითშეფასებას და თანატოლების შეფასებას;

. სწავლობს, საკუთარი მიღწევებიდან გამომდინარე, თანატოლების დახმარებას;

. აქტიურად მონაწილეობს სასწავლო პროცესში.

მოცემულ ეტაპზე სასურველია ნიშნების წერისგან თავის შეკავება. შეფასება, რომელიც მხოლოდ ნიშნების წერაზეა ორიენტირებული, გაუმართლებელია. ამის ნაცვლად წინა პლანზე წამოსაწევია ვერბალური (სიტყვიერი) შეფასება, რაც მოსწავლის ინდივიდუალურ განვითარებას უზრუნველყოფს.

შეცდომები აღიქმება არა როგორც წამგებიანი რამ, არამედ როგორც სწავლის პროცესის ჩვეულებრივი თანამდევი მოვლენა, რომელსაც წარმატება მოსდევს.

მასწავლებლის კომპეტენცია

. უცხოური ენის მასწავლებელი სამიზნე ენას როგორც თეორიული, ისე პრატქიკული ასპექტით თავისუფლად უნდა ფლობდეს.

. მასწავლებლის ენობრივი კომპეტენცია იმ დონისა უნდა იყოს, რომ გაკვეთილის უცხოურ ენაზე ჩატარებას ართმევდეს თავს.

. მასწავლებლის გამოთქმა უნდა იყოს სანიმუშო მოსწავლისათვის: ფონეტიკური თვალსაზრისით გამართული, სისტემური და რიტმული.

. მასწავლებლის ენობრივი რეპერტუარი ხელს უნდა უწყობდეს კლასში თანამშრომლობასა და ინტერკულტურულ განათლებას.

. გარდა ენობრივი შინაარსისა, მასწავლებელი უნდა ფლობდეს ისეთ პარალინგვისტურ საშუალებებს, როგორებიცაა მიმიკა, ჟესტიკულაცია, მუსიკალური და საცეკვაო მოძრაობები, თეატრალური და თამაშის ელემენტები.

. მასწავლებელს უნდა ჰქონდეს უნარი საკუთარი ლინგვისტური, ინტერკულტურული და პროფესიული ცოდნის დამოუკიდებლად გაღრმავებისა.

. გარდა თეორიული ცოდნისა, მას უნდა ჰქონდეს დაწყებით საფეხურზე სწავლების გამოცდილება.

სწავლების პრინციპები და სასწავლო მიზნები

. მოსწავლე საწავლო პროცესის მთავარ კომპონენტს უნდა წარმოადგენდეს.

. სასწავლო მასალა მოსწავლის ინდივიდუალური სენსორულ-მოტორულ საჭიროებებთან შეთანხმებით უნდა შეირჩეს.

. სასწავლო მასალის შინაარსი და თემატიკა მოსწავლის ყოფით სიტუაციებსა და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეხმიანებოდეს.

. წერა-კითხვის სწავლების პროცესი დაწყებითი სკოლის ადრეულ ეტაპზე ნაბიჯ-ნაბიჯ, ნელი ტემპებით უნდა დაიწყოს.

. ენის სწავლების პროცესი სპირალური პროგრესიის გზით უნდა წარიმართოს.

.სასურველია მოსწვალეთა დაყოფა ჯგუფებად/გუნდებად, რაც ხელს უწყობს გუნდური პრონციპების სწავლებასა და ურთიერთდახმარების უნარის ჩამოყალიბებას.

.მოსწავლეთა ინდივიდუალური მიღწევების გამოკვეთა როგორც ჯგუფის, ისე დამოუკიდებელი სამუსაოს ფარგლებშია შესაძლებელი.

.საგაკვეთილო პროცესმა სასურველია მაქსიმალურად მეტი ფაზა მოიცვას, მაგალითად: მოსმენა, კითხვა, მოძრაობა, ცეკვა, სიმღერა, ხატვა, წერა და სხვა.

.სოციალური საგავეთილო ფორმების მონაცვლეობა (ინდივიდუალური, ჯგუფური, გუნდრი სამუშაო; პროექტში მონაწილეობა და სხვა) სწავლის რპოცესისადმი ინტერესის გაღვივებასა და კონცენტრაციის უნარის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

.სხვადასხვა მეთოდიკური პრინციპების მონაცვლეობა სასწვალო მიზნების მიხედვით ბევრად ეფექტიანს ხდის სწავლების პროცესს.

.მოსწავლეთა მიერ დაშვებული შეცდომები სასწვლო პროცესის ჩვეულებრივ, რიგით კომპონენტად უნდა მოიაზრებდეს, ხოლო მათი გამოსწორება უკუკავშირის პრინციპით ხდებოდეს.

.ზეპირი კომუნიკაციის დროს დაშვებული შეცდომების გამო საუბრის პროცესის შეწყვეტა მიზანშეუწონლადაა მიჩნეული.

მიუხედავად მას შემდეგ მსოფლიოში მომხდარი სოციალური, ეკონომიკური, სამეცნიერო თუ ტექნოლოგიური ცვლილებებისა, ზემოხსენებული დოკუმენტის პოსტულატები, რომლებიც სასწავლო მასალას, მეთოდიკას, მაასწავლებლის კომპეტენციასა და არაერთ სხვა საკითხს ეხება, დღემდე არ კარგავს აქტუალობას უცხოური ენების სწავლების საწყის ეტაპზე.

ვასწავლოთ აკადემიური წერა

0
აკადემიური წერა ტრანსფერული უნარია, რომელიც განათლების ყველა საფეხურზე მნიშვნელოვანია აკადემიური მიღწევების უზრუნველსაყოფად, ხოლო შემდგომში _ პროფესიული და კარიერული განვითარებისთვის. აკადემიური წერის საჭიროებას ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვხვდებით ბანკებთან, სადაზღვევო კომპანიებთან, ტურისტულ კომპანიებთან თუ სასტუმროებთან ურთიერთობისას. სკოლებსა და უნივერსიტეტებში აკადემიური წერის მეშვეობით ცოდნის დემონსტრირება, დამოუკიდებელი აზროვნების, ანალიზის, კვლევისა და სწავლის უნარების განვითარება ხდება. 

აკადემიური წერის სწავლებაში სხვადასხვა მიდგომაა გავრცელებული. ამ წერილში წარმოდგენილი მიდგომები სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორის, ლინგვისტ მეი შიის ნამუშევარს ეფუძნება. მეი შიი ჟურნალ TESOL Quarterly-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აკადემიური წერის სწავლების ოთხ მიდგომას განიხილავს: 

·ფორმატზე ორიენტირებული სწავლება – სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში მთავარი ყურადღება ნაწერის სტრუქტურას ეთმობა. მოსწავლე ეცნობა ცალკეულ სტრუქტურულ ფორმატს და ნაწერის აგების ჩარჩოს, რომელსაც შემდეგ ნამუშევარს მოარგებს. ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისას მოსწავლე სხვადასხვა მოდელს ეცნობა: შეპირისპირებით ანალიზს, მიზეზ-შედეგობრივ ანალიზს, დადებითი და უარყოფითი მხარეების აღწერას, ინდუქციურ და დედუქციურ ანალიზს. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა კულტურაში აღნიშნული მოდელები შეიძლება განსხვავდებოდეს. მოდელების ფორმატში განსხვავებები გვხვდება სასწავლო დისციპლინის მიხედვითაც. მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში ესეის წერის დედუქციური მოდელია გავრცელებული, ხოლო აღმოსავლეთში _ ინდუქციური.   

·ფუნქციაზე ორიენტირებული სწავლება _ სწავლების ამ მიდგომის ფარგლებში, პირველ რიგში, განისაზღვრება წერის მიზანი, შინაარსი და სამიზნე აუდიტორია, რაც შემდგომ განსაზღვრავს ნაწერის სტრუქტურას. ფორმატზე ორიენტირებული სწავლებისგან განსხვავებით, ფუნქციაზე ორიენტირებული სწავლებისას წერითი დავალების მიცემის დროს მოსწავლეებს ვაცნობთ კონკრეტულ მიზანს და კონტექსტს, ხოლო შემდეგ მოსწავლე თავად განსაზღვრავს, რა ფორმატში დაამუშავებს ნაწერს. თუ გვსურს, რომ მოსწავლემ წარმოადგინოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები რომელიმე ნაწარმოებში, მას ვაძლევთ კონტექსტს და ვავალებთ ანალიზსა და განზოგადებას. მაგალითად, დავალება შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: “ოთარაანთ ქვრივში” სოციალურ სტატუსში სხვაობა გიორგის უბედურების ერთ-ერთი მიზეზი იყო. კიდევ რა პრობლემებია წარმოდგენილი აღნიშნულ ნაწარმოებში?” ასეთი მიდგომა, განსხვავებით ფორმატზე დაფუძნებული წერის სწავლებისაგან, მოსწავლეების მოტივირებას ახდენს კონკეტული კონტექსტის საფუძველზე მსჯელობის წახალისებით. ზოგჯერ შესაძლოა დავალებაში მოცემული კონტექსტი მოსწავლისთვის უცხო იყოს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეს უნდა მიაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, მონაცემები და ფაქტები ანალიზისა და დასკვნის გაკეთების ხელშესაწყობად.  

·პროცესზე ორიენტირებული სწავლება – ამ მიდგომის ფარგლებში მთავარი აქცენტი წერის პროცესსა და წერის ეტაპებზე კეთდება. იგულისხმება წერის მოსამზადებელი ეტაპი (ინფორმაციის შეგროვება, მოძიება, ჩანაწერების გაკეთება, მასალის ორგანიზება), ნაწერის სამუშაო ვერსიის შექმნა (იდეების დაწყობა თანმიმდევრულად), ხელმეორედ გადაწერა (ცვლილებების შეტანა, რედაქტირება, კორექტირება). იმისათვის, რომ ძირითადი ყურადღება წერის პროცესს დაეთმოს, ამ მიდგომის ფარგლებში წერითი დავალებები პირად გამოცდილებაზე და მოსწავლეებისთვის კარგად ნაცნობ თემებზეა აგებული. წერის პროცესში გარკვეული პრაქტიკის მიღების შემდეგ დავალებებში ახალი და უცნობი საკითხები შემოდის.  

·სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული სწავლება – მთავარი აქცენტი კეთდება წყაროების სწორად და ეფექტურად გამოყენებაზე (წყაროდ გამოიყენება საკითხავი მასალა, ლექციები, დისკუსიები და ა.შ.), ინფორმაციის სინთეზსა და ინტერპრეტაციაზე. წერა დაკავშირებულია დისციპლინის შესწავლასთან და მიზნად ისახავს მოსწავლეების აზროვნების წახალისებას, დისციპლინის ათვისების ხელშეწყობას. სასწავლო დისციპლინაზე ორიენტირებული მიდგომის ფარგლებში ხშირად ვხვდებით ისეთ დავალებებს, როგორიცაა ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ანალიზი, კრიტიკა, სინთეზი. 

საშუალო განათლების საფეხურზე შემდეგი სახის წერითი დავალებებია ყველაზე გავრცელებული: წერილები, ტექსტის შინაარსის გადმოცემა, ტექსტის ანალიზი, მოხსენება, ანგარიში (ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – ექსპერიმენტის ანგარიში), ესეი, ლიტერატურული ანალიზი, თავისუფალი წერა. მიუხედავად იმისა, თუ ზემოთ აღწერილი სწავლების მიდგომებიდან რომელ მოდელს ვიყენებთ, გარკვეული წერითი უნარები დავალებების ბევრ ტიპზე ვრცელდება. ამ წერილში წერითი დავალების ორ მაგალითს განვიხილავთ – ესეის და ანგარიშს. 

ესეიზე მუშაობისას, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა. აკადემიური წერის ფუნქციური სწავლების მოდელის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავალების სწორად გაშიფვრა, რადგან სწორედ მოცემული კონტექსტი განსაზღვრავს დავალების არსს. გაშიფვრის შემდეგ ხორციელდება პირველადი კვლევა, რომელშიც ერთიანდება გაკვეთილებზე გაკეთებული ჩანაწერების ანალიზი და მათი გამოყენებით ინფორმაციის გახსენება, საკითხავი მასალის და წყაროების კრიტიკული კითხვა და პირველადი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება. მაგალითად, პირველადი კვლევისა და ჩანაწერების ანალიზის შემდეგ მოსწავლემ შესაძლოა ჩამოაყალიბოს ასეთი ჰიპოთეზები: “თუ სინათლის ტალღის სიგრძე გავლენას ახდენს ფოტოსინთეზის ინტენსივობაზე, მაშინ სხვადასხვა ფერის სინათლე მცენარის მიერ სხვადასხვა მოცულობის ჟანგბადის წარმოქმნას განაპირობებს”, ან “თუ ტემპერატურა გავლენას ახდენს ცხოველის მეტაბოლიზმზე, ატმოსფერული ტემპერატურის გაზრდა ცხოველში უფრო ინტენსიურ მეტაბოლიზმს გამოიწვევს”. 

ჰიპოთეზის ჩამოყალიბების შემდეგ მოსწავლეს მოეთხოვება დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, სინთეზი, ინტერპრეტაცია და დავალების მიზნების შესაბამისად გამოყენება. მოსწავლემ ასევე უნდა შეძლოს ახალი ცნებების შედარება და პირად გამოცდილებასთან მათი დაკავშირება. ასევე მნიშვნელოვანია მსჯელობის, ანალიზის შედეგების განზოგადების და დასკვნის გამოტანის უნარი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ან უარსაყოფად.

ენობრივი თვალსაზრისით, წერილში წარმოდგენილ ორივე ტიპის დავალებაზე ერთი და იგივე სტანდარტები ვრცელდება. ამდენად რედაქტირების ფუნქციას წერილის ბოლოს განვიხილავთ. 

ანგარიშის ტიპის წერითი დავალება მოსწავლეებს ყველაზე ხშირად კოლაბორაციული და პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში შესრულებული დავალებების შემდეგ უწევთ. 

ანგარიშზე მუშაობისას მოსწავლემ უნდა განსაზღვროს, თუ რა არის ანგარიშის მიზანი, მოახდინოს მონაცემების სინთეზი, პრობლემის განსაზღვრა, სიტუაციის ანალიზი, შედეგების წარმოდგენა და სხვა. ანგარიშის ტიპური სტრუქტურა შემდეგნაირად განისაზღვრება:

·ანგარიშის მოკლე რეზიუმე იწერება თხრობითი სტილით ან წარმოადგენს ანგარიშის ქვეთავების ჩამონათვალს. 

·ანგარიშის მიზანი და ამოცანები, უმეტესად, იმეორებს მოსწავლის დავალების არსს. პრობლემის ან სიტუაციის აღწერა კი წარმოადგენს კონტექსტურ ინფორმაციას და გვიხსნის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის/სიტუაციის კვლევა. 

·კვლევის ან პროექტის მასშტაბი გვაწვდის ინფორმაციას, თუ რა რესურსი და დრო დასჭირდა ანგარიშში აღწერილი პროექტის ან კვლევის განხორციელებას, რამდენმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა, სამუშაო ერთობლივად განხორციელდა თუ ინდივიდუალურად. 

·ლიტერატურის ანალიზი მიმოიხილავს ანგარიშში წარმოდგენილი პრობლემის ან სიტუაციის შესახებ არსებულ თეორიებს, ლიტერატურას, არსებულ მონაცემებს. 

·კვლევის ან პროექტის ფარგლებში გამოყენებული მეთოდები აღწერს კვლევის, ინდივიდუალური თუ კოლაბორაციული მუშაობის და ანალიზის მეთოდებს. 

·აღმოჩენები, შედეგები ან ფაქტები – მათი ფორმულირება განისაზღვრება სასწავლო დისციპლინის მიხედვით. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აღმოჩენები ექსპერიმენტის შედეგად იკვეთება, ისტორიაში შეიძლება ფაქტის კონსტატაციის სახით წარმოგვიდგეს, ლიტერატურაში ავტორის იდეები ახლებურად შეიძლება წარმოვაჩინოთ და ა.შ.

·ანალიზი – აღნიშნული ნაწილი, ესეის მსგავსად, წარმოადგენს მსჯელობას იმის შესახებ, თუ როგორ მივედით გარკვეულ აღმოჩენამდე ან შედეგამდე, და ახალ ფაქტებს/გარემოებებს როგორი ინტერპრეტაცია შეიძლება გავუკეთოთ. 

·დასკვნები და რეკომენდაციები მკაფიოდ და გასაგებად უნდა იყოს ფორმულირებული, ერთი დასკვნა/რეკომენდაცია _ ერთი წინადადების სახით. 

·დანართები – იგულისხმება დამატებითი საჭირო ინფორმაცია.  

ორი ტიპის დავალებებს შორის განსხვავებების ნათლად დასანახად, ცხრილში წარმოდგენილია ესეისა და ანგარიშის განმასხვავებელი ნიშნები. 

ანგარიში

ესეი

წარმოადგენს ინფორმაციას.

წარმოადგენს არგუმენტს.

იკითხება “სწრაფი კითხვის” მეთოდით.

იკითხება სიღრმისეულად.

გამოიყენება დანომრილი დასათაურებები
და ქვეთავები.

ქვეთავების და
დასათაურებების  რაოდენობა მინიმალურია.

არ სჭირდება
ბიბლიოგრაფია.

ყოველთვის სჭირდება
ბიბლიოგრაფია (თავისუფალი ესეის გარდა).

გამოიყენება
მოკლე და ლაკონური პარაგრაფები, ჩამონათვალები.

იწერება თხრობითი
სტილით, გაბმული პარაგრაფებით.

გამოიყენება
ცხრილები და გრაფიკული გამოსახულებები.

გრაფიკული გამოსახულებები
იშვიათად გამოიყენება.

სჭირდება მოკლე
რეზიუმე დასაწყისში.

მოკლე რეზიუმე
იწერება მხოლოდ მაშინ, როცა ესეი დიდი მოცულობისაა.

შეიცავს რეკომენდაციებს.

შეიცავს დასკვნებს.

შეიძლება ჰქონდეს
დანართები.

არ აქვს დანართები.

მორფოლოგიური და სტილისტური ფორმების შერჩევა უნდა შეძლოს აზრის გადმოსაცემად. 

ნაწერის სამუშაო ვერსიის დასრულების შემდეგ არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ნამუშევრის რედაქტირებას და კორექტურას. ნამუშევრის რედაქტირება მნიშვნელოვნად ზრდის ნაწერის ხარისხს. უმჯობესია, ის პირველადი ვერსიის დასრულებიდან რამდენიმე დღეში გაკეთდეს. თუ ნაწერის შინაარსობრივი ასპექტით მოსწავლე კმაყოფილია და დამატებითი ინფორმაციის მოძიება საჭირო არ არის, მან კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ნამუშევარს და შეამოწმოს:

·გასცა თუ არა პასუხი დავალებას/შეკითხვას;
·რამდენად დაბალანსებულია მისი არგუმენტები, დასკვნები და რეკომენდაციები (ანგარიშის შემთხვევაში);
·წარმოდგენილი აქვს თუ არა საჭირო/სათანადო მტკიცებულებები ან ფაქტების ანალიზი; 
·სტრუქტურულად არის თუ არა გამართული ნაწერი; ესეის შემთხვევაში, აქვს თუ არა მას შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა;
·თითოეულ პარაგრაფში წარმოდგენილია თუ არა მთავარი აზრი, რომელიც უკავშირდება დავალებას ან შეკითხვას;
·არის თუ არა პარაგრაფები ლოგიკურად დაწყობილი;
·რამდენად ეფექტურია წინადადებების წყობა; გამოხატავს თუ არა სათქმელს ზუსტად; 
·მითითებულია თუ არა ციტატების და პარაფრაზირებული ტექსტის წყაროები (ანგარიშის შემთხვევაში _ დანართების წყაროები);
·დაცულია თუ არა ორთოგრაფიის წესები.
საბოლოო ეტაპზე მოსწავლემ კიდევ ერთხელ უნდა გადაიკითხოს ნაწერი. უმჯობესია, თუ მას ხმამაღლა წაიკითხავს. მასწავლებლის რჩევები მან ახალ წერით დავალებაზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს.  

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...