კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

დედის მოსვლამდე

0
მამა დედინაცვალმა გაზარდა. მამიდები იტყოდნენ ხოლმე, დედინაცვალი ზღაპარშიც გვეჯავრებოდაო, მაგრამ მამაჩემი გამზრდელს დედას ეძახდა. ორი წლისა დაობლდა და ფაქტობრივად დედინაცვლის სუნმა დედისა ჩაანაცვლა. 

ასეთი ადამიანები, სხვის სისხლსა და ხორცს რომ მიიკრავენ და კარგად თუ ცუდად რომ ზრდიან, რომ იტვირთავენ ხოლმე, ძლიერი ადამიანები არიან. ასეთ ძლიერ ადამიანებს ხშირად საკუთარი შვილები არ ეძლევათ და ალბათ სწორედ იმიტომ არ ეძლევათ, რომ განსაკუთრებით ძლიერები არიან.

მაგრამ ეს პოსტი მე მაინც სულ სხვა რამეზე მინდა დავწერო. ეს პოსტი მე იმ ბავშვებს მინდა მივუძღვნა, ვისაც დედაც ჰყავთ და მამაც, ან ერთ-ერთი მაინც ჰყავთ.

ჩემო ბავშვებო, არ ვიცი ამას ოდესმე წაიკითხავთ თუ არა და თუ წაიკითხავთ, გულთან მიიტანთ თუ არა, მაგრამ მე მაინც თქვენი იმედი მაქვს. მინდა იცოდეთ, რომ თქვენ ყველაზე მეტის გაკეთება შეგიძლიათ განსაკუთრებით ახლა, როდესაც თქვენი სულები ისევ სუფთა და სათუთია. ნურასოდეს აწყენინებთ მეგობრებს, კლასელებს, ნაცნობებს და უცნობებს, ვისაც დედა  ან მამა არ ჰყავთ. ბავშვებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ როდესაც თქვენ ავად ხდებით და დედა საბანს შემოგიკეცავთ, სწორედ მისი ხელების სითბო გკურნავთ და არა ექიმის გამოწერილი აბები. ზოგ ბავშვს კი, სამწუხაროდ, დედიკო არ ჰყავს. როდესაც თქვენ სიბნელის ერთი წამი ძალიან გეშინიათ, მაგრამ გაგახსენდებათ მამის ძლიერი მკლავები და სიბნელესაც უკვე თქვენი ეშინია, გაიხსენეთ ისიც, რომ ბევრ ბავშვს მამიკო არ ჰყავს. როდესაც თქვენ არ ზრუნავთ იმაზე, რა ჩაიცვათ, რა სათამაშოთი გაერთოთ და რა ჭამოთ, არიან ბავშვები, ვისაც მშობლები არ ჰყავთ და ისინი ამაზე ფიქრობენ, თქვენ და სწორედ თქვენ უნდა დაეხმაროთ მათ, ჩვენ, უფროსებს უკვე გულები გვაქვს გაცივებული. 

როდესაც თქვენ წაიქცევით და მუხლებს ტირილით გადაიყვლეფთ ხოლმე, დედა ან მამა ყოველთვის გულში ჩაგიკრავთ და დაგამშვიდებთ. იმ ბავშვებს კი, ვისაც მშობლები არ ჰყავთ არავინ ამშვიდებს ასე. 

როდესაც თქვენ უნებურად თუ ნებით რაიმეს დააშავებთ, მეზობლის შუშას ბურთით გატეხავთ ან შემთხვევით გუნდას გაარტყამთ გამვლელ პოლიციელს, ან სულაც გაკვეთილზე მეათედ დააგვიანებთ, ყოველთვის იცით, რომ დედიკო ან მამიკო ადრე თუ გვიან გაპატიებთ, მაგრამ არიან ისეთი ბავშვები, ვისაც ასეთი მპატიებელი არ ჰყავთ.
გახსოვთ ტომ სოიერი? როგორი კეთილი ბიჭი იყო? მერე რა თუ ხშირად ცელქობდა, მურაბებს ჩუმ-ჩუმად ჭამდა ან გაკვეთილებს ცოტა ნაკლებად კარგად სწავლობდა, მთავარია, ის გულისხმიერი ბიჭი იყო – უდედმამოდ გაზრდილი ჰეკი როგორ უყვარდა, ფერადკანიან ჯიმს როგორ იცავდა, საჩუქრები არავისთვის ენანებოდა. ამიტომაც უყვარდათ ტომი ყველას და როცა გაიზარდა, ალბათ ესეც გახსოვთ, ქალაქის თავიც კი გახდა.

დაიწყეთ თქვენ ირგვლივ, კლასელებისგან, მეზობლებისგან და თუნდაც საკუთარი თავისგან. როდესაც უდედმამო ბავშვი გაწყენინებთ, განსაკუთრებით აპატიეთ, მაგრამ აპატიეთ ჩუმად, ისე, რომ არავინ გაიგოს. იცოდეთ მხოლოდ თქვენ და მეორე ბავშვმა. 

ხშირად სთხოვეთ ხოლმე მშობლებს, ჩაგკიდონ ხელი და წაგიყვანონ ისეთ ბავშვებთან, ვისი დედიკო და მამიკო შორს არიან. დამიჯერეთ, ასეთი ბავშვები ძალიან კარგი მეგობრები არიან, მათ განსაკუთრებულად იციან ადამიანური სითბოს ფასი, თქვენ კი სწორედ ასეთი მეგობრები გჭირდებათ. 

აჩუქეთ სხვას ისეთი განსაკუთრებული ნივთი, რაც ძალიან გიყვართ მათ კი არ აქვთ (შეიძლება მშობლებმა ამის გამო ცოტა კი მოგჩეჩონ, მაგრამ არაფერია, კანის მასაჟია). თუნდაც სათამაშო აჩუქეთ ბავშვს, ვისაც ის არ აქვს, ან თუ არაფრის ჩუქება შეგიძლიათ, დავალება გადააწერინეთ (ვიცი, მასწავლებლები ამას რომ ნახავენ, გაბრაზდებიან, მაგრამ დაე, დარჩეს ჩვენ შორის, თქვენ კი ერთ საყვედურს აიტანთ), შეაქეთ და არასოდეს დასცინოთ, იცოდეთ, დაცინვა ადამიანს ძალიან აბოროტებს, თქვენ კი იცით, რომ გამარჯვებული მხოლოდ კეთილია ხოლმე.

დაიმახსოვრეთ, როდესაც თქვენ გულს სტკენთ ბავშვებს, ვისაც რომელიმე მშობლები არ ჰყავს, ისინი ღამით ძალიან ცუდ სიზმრებს ხედავენ, ბოროტ ძიებს და მახინჯ დეიდებს ხედავენ, ვინც მათ შეჭმას უპირებს, მაგრამ საკმარისია მოეფეროთ, აპატიოთ და უბრალოდ იმეგობროთ მათთან, რომ მათ სიზმრებში კეთილი ბიძები მოდიან საჩუქრებით ხელში, ხოლო მხიარულ და ლამაზ დეიდებს ძალიან თბილი და ნაზი ხელები აქვთ, როგორც თქვენ დედიკოებს, ძილის წინ რომ საბანს შემოგიკეცავენ ხოლმე.

ჩემო ბავშვებო, ჩემო პატარა მეგობრებო, იცოდეთ, რომ ბავშვები, ვისაც დედა და მამა არ ჰყავთ, მთელი ცხოვრება მშობლების გამოჩენას ელოდებიან, თქვენ, მე და ბევრ სხვას კი შეგვიძლია ეს ტკივილი ბევრად შევუმსუბუქოთ. აბა წარმოიდგინეთ, რა ძლიერები ვიქნებით, როდესაც სხვა ადამიანს ტკივილს შევუმსუბუქებთ, რომელი დიდი ექიმი შეგვედრება? ან რომელი ჯარისკაცი გვაჯობებს, როცა მეგობარს გასაჭირში გვერდით დავუდგებით? მასწავლებელი გაგვეჯიბრება, როცა კლასელს დავალების გაკეთებაში დავეხმარებით? თუ დიდ ქველმოქმედებსაც კი შეშურდებათ, როდესაც ყველაზე საყვარელ თოჯინასა თუ მანქანას იმათ ვაჩუქებთ, ვისაც დედიკო და მამიკო არ ჰყავს? 

და როდესაც ყველაფერ ამას შეასრულებთ, როდესაც თანაგრძნობას გაზრდით თქვენში, როდესაც უფროსები გკითხავენ, ვინ უნდა გამოხვიდე? შეგიძლიათ უპასუხოთ, მე უკვე ვარ, ადამიანი.

გონებრივი რუკის გამოყენება ქიმიის სწავლების პროცესში

0

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ადამიანი იმახსოვრებს წაკითხულის 10%-ს, მოსმენილის 20%-ს, ნანახის 30%-ს, ერთდროულად ნანახისა და მოსმენილის 50%-ს, ხოლო საკუთარი ხელით გაკეთებულის 90%-ს.

აქედან გამომდინარე, უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლა-სწავლების პროცესში ისეთ აქტივობათა ჩართვას, რომლებსაც მოსწავლეები დამოუკიდებლად შეასრულებენ. ამ აქტივობათა განსახორციელებლად მეტად სასარგებლოა სასწავლო რესურსებად სამუშაო ფურცლების, ე. წ. hand-out-ების გამოყენება.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობაა გონებრივი რუკის (იმავე ცნების რუკის) შექმნა რომელიმე კონკრეტული საკითხის შესახებ.

არ შევუდგები იმის ახსნას, რა არის გონებრივი რუკა (mindmap) და რა სარგებლობა მოაქვს მას სწავლა-სწავლების პროცესში (ამის შესახებ იხ. ბმული https://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=302). შეგახსენებთ მხოლოდ იმას, რომ გონებრივი რუკა განსაზღვრული თემისა თუ მასალის შესახებ ინფორმაციის ორგანიზების ფორმაა. სტატიის მიზანია, კონკრეტული თემის მაგალითზე ვაჩვენოთ, როგორ შეიძლება ასეთი რუკის გამოყენება ქიმიის სწავლებისას. თემის სახელწოდებაა „არაორგანულ ნაერთთა კლასების მიმოხილვა”.

მოსწავლეებს დავურიგოთ გონებრივი რუკები (იხ. ქვემოთ), რომლებიც უნდა შეავსონ გაკვეთილის განმავლობაში. პედაგოგმა საგაკვეთილო პროცესი კითხვებით უნდა წარმართოს – ეს მოსწავლეებს რუკის შევსებაში დაეხმარება.
პირველი აქტივობა, რომელიც უნდა შეასრულონ მოსწავლეებმა, ის არის, რომ გონებრივ რუკაზე ელემენტების გრაფაში მეტალები არამეტალებისგან გამოყონ. აქ შეიძლება ასეთი კითხვების დასმა: დღეისთვის რამდენი ქიმიური ელემენტია ცნობილი? პერიოდულ სისტემაში სად მდებარეობს მეტალები? სად მდებარეობს არამეტალები? ამ კითხვებზე პასუხების გაცემის შემდეგ შევთავაზოთ მოსწავლეებს, შემოხაზონ არამეტალები ფჩხილებში მითითებულ ვალენტობასთან ერთად.

აქ ერთ სირთულეს ვაწყდებით: აზოტ(V)-ის ოქსიდსა და აზოტმჟავაში აზოტის ატომის ვალენტობა 4-ის ტოლია, ხოლო ჟანგვის რიცხვია +5. ფრჩხილებში მითითებული რომაული ციფრი (V) არის არა ვალენტობა, არამედ ჟანგვის რიცხვი. თუ გონებრივ რუკას იყენებთ მე-9 კლასში, სადაც ქიმიური ბმა და ჟანგვის რიცხვი მოსწავლეებს ჯერ არ გაუვლიათ, მათ უნდა შევთავაზოთ, ფრჩხილებში მოცემული რომაული ციფრი (V) პირობითად ჩათვალონ ვალენტობად ან გამოვიყენოთ ტერმინი „პირობითი ვალენტობა”. აქვე ავუხსნათ, რომ ტერმინი არასწორია, მაგრამ გვჭირდება ოქსიდის ფორმულის სწორად დასაწერად და საკითხის განხილვა მოხდება მე-10 კლასში, ქიმიური ბმისა და ჟანგვის რიცხვის შესწავლის შემდეგ. მე-10 კლასში კი ეს საკითხი ასე შეიძლება გავაშუქოთ:

აზოტის ატომის ხუთი სავალენტო ელექტრონიდან ორი გაწყვილებულია, ხოლო სამი – გაუწყვილებელი; ჟანგბადის 6 სავალენტო ელექტრონიდან ორია გაუწყვილებელი, ხოლო ოთხი ელექტრონი წარმოქმნის ორ ელექტრონულ წყვილს.

აზოტ(V)-ის ოქსიდისათვის ლუისის ფორმულას აქვს შემდეგი სახე:
ჯვრებით აღნიშნულია აზოტის ატომის სავალენტო ელექტრონები, ხოლო წერტილებით – ჟანგბადის ატომებისა. როგორც ფორმულიდან ჩანს, აზოტის ატომები ერთმანეთთან დაკავშირებულია ჟანგბადის ატომით. აზოტის თითოეულ ატომს, თავის მხრივ, უკავშირდება ჟანგბადის ორი ატომი, რომელთაგან ერთთან აზოტის ატომი წარმოქმნის პოლარულ-კოვალენტურ ბმას, ხოლო მეორეს უკავშირდება კოორდინაციულ-კოვალენტური ბმით (ეს არის კოვალენტური ბმა დონორულ-აქცეპტორული მექანიზმით). აღნიშნული ბმა შემდეგნაირად ხორციელდება: ჟანგბადის ატომი გადადის აგზნებულ მდგომარეობაში, რაც ამ შემთხვევაში გულისხმობს არა ელექტრონული წყვილების განცალკევებას, არამედ, პირიქით, გაუწყვილებელი ელექტრონების გაწყვილებას, რის შედეგადაც ჟანგბადის ატომს უთავისუფლდება ერთი 2p ორბიტალი, რომელსაც იკავებს აზოტის ატომის თავისუფალი ელექტრონული წყვილი.
ვინაიდან აზოტის ატომის ხუთი სავალენტო ელექტრონი გადაწეულია ჟანგბადის, როგორც უფრო ელექტროუარყოფითი ელემენტის, ატომებისკენ, აზოტის ატომის ჟანგვის რიცხვია +5. რაც შეეხება ვალენტობას, რაკი აზოტის ატომის 5 სავალენტო ელექტრონი მონაწილეობს 4 ქიმიური ბმის წარმოქმნაში, აზოტის ატომის ვალენტობა გამოდის 4-ის ტოლი.

ახლა დავუბრუნდეთ ჩვენს გონებრივ რუკას. მას შემდეგ, რაც გამოვყოფთ მეტალებს არამეტალებისგან, გადავდივართ მეორე აქტივობაზე: მეტალების გრაფიდან გამოდის სამი ისარი. აქ მოსწავლეები იმსჯელებენ იმაზე, რომ მეტალები, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, წარმოქმნიან ფუძე ოქსიდებსა და ფუძეებს, ასევე – ამფოტერულ ოქსიდებს. ამ უკანასკნელის გრაფაში ფრჩხილებში მითითებულია ციფრი სამი – აქ უნდა ჩაწერონ იმ სამი ამფოტერული ოქსიდის ფორმულა, რომლებიც ხშირად გამოიყენება სასკოლო პროგრამაში. რომელი ელემენტები წარმოქმნიან ამფოტერულ ოქსიდებს? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა მიმართონ ელემენტების გრაფას და გამოყონ ეს მეტალები, მაგალითად, განსხვავებული ფერის მარკერით, მერე კი შესაბამის გრაფაში ჩაწერონ ოქსიდების ფორმულები: ZnO, Al2O3, Cr2O3.

მესამე აქტივობა ფუძე ოქსიდებს ეხება. პედაგოგი იყენებს ასეთ მიმანიშნებელ კითხვებს: რა არის ოქსიდი? როგორია ოქსიდის ზოგადი ფორმულა? მოსწავლე განმარტავს ოქსიდს და აღნიშნავს, რომ განასხვავებენ ოქსიდებს, რომლებიც ურთიერთქმედებს წყალთან და რომლებიც წყალთან არ ურთიერთქმედებს. ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ხშირად იხმარება ტერმინები წყალში ხსნადი და წყალში უხსნადი ოქსიდები. ეს ტერმინები არასწორია, ვინაიდან ოქსიდები, რომლებიც წყალში იხსნება, იმავდროულად ურთიერთქმედებს კიდეც მასთან შესაბამისი ტუტეების წარმოქმნით. აქვე შეიძლება განვმარტოთ ტერმინი „ანჰიდრიდი”, რომელიც წარმოდგება სიტყვისაგან „anhydrous”, რაც „უწყლოს” ნიშნავს და ოქსიდები განვიხილოთ როგორც შესაბამისი მჟავებისა თუ ფუძეების ანჰიდრიდები.

ოქსიდების (რომლებიც წყალთან ურთიერთქმედებს) გრაფიდან გამოდის 5 ისარი, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დავწეროთ 5 ოქსიდის ფორმულა. ამ ოქსიდებს წარმოქმნის ელემენტების გრაფაში მდებარე პირველი ხუთი მეტალი – სამი ტუტე და ორი ტუტემიწა. მოსწავლეები მიუწერენ ისრებს ამ ოქსიდების ქიმიურ ფორმულებს:Li2O, Na2O, K2O, CaO (ჩაუმქრალი კირი), BaO.

ახლა გადავიდეთ იმ ფუძე ოქსიდების ფორმულების შედგენაზე, რომლებიც წყალთან არ ურთიერთქმედებს. მოსწავლეებს ვთხოვოთ, გამოყონ (მაგალითად, სიმბოლოებს გაუსვან ხაზი) 6 მეტალი, რომლებიც წარმოქმნის ასეთ ოქსიდებს. ეს მეტალებია Mg, Cr(II), Fe(II), Cu(II), Hg(II), Ag. მოსწავლეები ამ მეტალების შესაბამისი ოქსიდების ფორმულებს მიუწერენ სათანადო ისრებს.

მეოთხე აქტივობა ეხება ფუძეებს (იმავე ჰიდროქსიდებს). აქ გაიმართება მოკლე დისკუსია იმის შესახებ, რა არის ფუძე, როგორია მისი ზოგადი ფორმულა (Me(OH)n, სადაც n მეტალის ვალენტობა/ჟანგვის რიცხვია), რომ არსებობს წყალში ხსნადი და წყალში უხსნადი ფუძეები. გონებრივი რუკის ამ ნაწილის შესავსებად მოსწავლეები იყენებენ ფუძე ოქსიდებისთვის გამოყენებულმეტალებს.

ამ აქტივობით მთავრდება მეტალების შემცველი ნაერთების მიმოხილვა და გადავდივართ არამეტალებისგან მიღებული ნაერთების განხილვაზე. ესენია მჟავა ოქსიდები, მჟავები (რომლებსაც, როგორც წესი, წარმოქმნის არამეტალები) და მარილარწარმომქმნელი ოქსიდები.

მეხუთე აქტივობა სწორედ მარილარწარმომქმნელ ოქსიდებს ეხება. აქ პედაგოგი საუბრობს ოქსიდების კლასიფიკაციაზე, განმარტავს მარილწარმომქმნელ და მარილარწარმომქმნელ ოქსიდებს, შესაძლოა ახსენოს პეროქსიდები და სუპეროქსიდებიც. ამის შემდეგ შესაბამის გრაფაში მოსწავლეები ჩაწერენ სამი მარილარწარმომქმნელი ოქსიდის ფორმულას: N2O, NO, CO.

მეექვსე აქტივობის თემაა მჟავა ოქსიდები. გონებრივი რუკიდან ჩანს, რომ დასაწერია 6 მჟავა ოქსიდის ფორმულა. აღნიშნული ტიპის ოქსიდებს, როგორც წესი, წარმოქმნიან არამეტალები. ისინი მდებარეობენ პერიოდული სისტემის ზედა მარჯვენა კუთხეში. ამ არამეტალებიდან გამოვყოთ რამდენიმე (C, Si, N, P, S) და შესაბამის ისრებს მივუწეროთ მჟავა ოქსიდების ფორმულები: CO2, SiO2, N2O5, P2O5, SO2, SO3. აქ შეიძლება იმის აღნიშვნაც, რომ ამ ოქსიდებიდან წყალთან არ ურთიერთქმედებს მხოლოდ SiO2.

მეშვიდე აქტივობა ეხება მჟავებს. აქ განსახილველი საკითხები, საკვანძო სიტყვები თუ ფრაზებია: მჟავების ზოგადი ფორმულა (HmX, სადაც X მჟავას ნაშთია; ლიტერატურაში შეხვდებით მჟავას ასეთ აღნიშვნასაც: HA, – სადაც A(Anion) არის ანიონი), მჟავების კლასიფიკაცია როგორც ფუძიანობის, ისე ჟანგბადიანობის მიხედვით, ერთფუძიანი ჟანგბადიანი მჟავები – აზოტმჟავა და აზოტოვანი მჟავა, ორფუძიანი ჟანგბადიანი მჟავები – გოგირდმჟავა და გოგირდოვანი მჟავა, ასევე – ნახშირმჟავა და სილიციუმმჟავა, სამფუძიანი მჟავა – ფოსფორმჟავა, უჟანგბადო მჟავები (სულ ხუთი) – ჰალოგენწყალბადმჟავები და გოგირდწყალბადმჟავა.

მოსწავლის მიერ შევსებული გონებრივი რუკის ნიმუში იხილეთ სტატიის ბოლოს.

ასეთი გონებრივი რუკა, უკვე შევსებული, არის დამხმარე რესურსი არაორგანულ ნაერთთა კლასების შესწავლისას. იგი გაუადვილებს მოსწავლეს ისეთი რეაქციების დასწავლას, როგორებიცაა: ა) უხსნადი ფუძის დაშლის რეაქცია, რომელიც ფუძის თვისებაც არის და, იმავდროულად, ოქსიდების მიღების ერთ-ერთი ხერხიც; ბ) ოქსიდის მიღება უხსნადი მჟავას, მაგ., სილიციუმმჟავას, თერმული დაშლით; გ) უხსნადი ფუძის მიღება შესაბამის ხსნადი მარილის ურთიერთქმედებით ტუტესთან (ეს რეაქცია არის მარილების მიღების ერთ-ერთი ხერხი); დ) ფუძე ოქსიდის ურთიერთქმედება მჟავა ოქსიდთან; ე) მჟავასთან; ვ) მეტალის ურთიერთქმედება წყალთან; ზ) ფუძე ოქსიდის ურთიერთქმედება წყალთან; თ) მჟავა ოქსიდის ურთიერთქმედება წყალთან და ა. შ.

ბავშვების ნახატები

0

აღარც მახსოვს, რამდენი ხანია, რაც გაფაციცებული, ცოტა შეშინებული, ცოტა გაბრაზებული და ცოტა საკუთარ უძლურებაზე დაფიქრებული ვადევნებ თვალს ჩვენ გარშემო მიმდინარე ომების ამბებს და ჩემთვის ვბუტბუტებ: ნეტავი აქაც იგივე არ მოხდეს, ნეტავი აქამდე არ მოვიდნენ, ნეტავი მომდევნო ჩვენ არ აღმოვჩნდეთ, ერთ დღესაც ლურჯის მაგივრად წითელი ან ნაცრისფერი, გაჭვარტლული არ დაგვხვდეს ცა…

რამდენიმე დღის წინ უკრაინაში მარიუპოლის დაბომბვის შემდეგ ერთი ფეისბუქმეგობარი წერდა: „რა მძიმეა იმაზე ფიქრი, რომ სადღაც აქვე უდანაშაულო ადამიანებს, ბავშვებს ხოცავენ და ვერაფრით დაეხმარებიო”. მძიმეა, ძალიან მძიმე. ამაზე მძიმე კი ის არის, რომ ეჯახები ბოროტებას, რომელიც სიცოცხლეს ანადგურებს, რომელსაც ვერაფერი აჩერებს, შენ კი მხოლოდ ის შეგიძლია, ჩუმად იბუტბუტო: ნეტავი აქაც იგივე არ მოხდეს, ნეტავი აქამდე არ მოვიდნენ, ნეტავი მომდევნო ჩვენ არ აღმოვჩნდეთ, – და ასე დაუსრულებლად.

ერთხელ დევნილ, ომგამოვლილ სირიელ ბავშვებს სთხოვეს, თავიანთი ოცნებები დაეხატათ და მათაც თეთრ ქაღალდზე მხოლოდ შავი ფანქრით დახატეს სახლები. სხვადასხვა ზომისა, ეზოებში – სხვადასხვა მცენარითა და ცხოველით, მაგრამ სახლები. ის სიმშვიდე და მყუდროება, განვითარებისთვის აუცილებელი ის მინიმუმი, რომლის ქონის უფლებაც მათ ომმა წაართვა.

ამ სამი წლის განმავლობაში სირიაში ათეულობით ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის – ბავშვებიც. გადარჩენილთა ნაწილი თურქეთსა და სხვა ქვეყნებში დევნილის სტატუსით ცხოვრობს. ეს ექსპერიმენტიც სწორედ თურქეთში მდებარე დევნილების ბანაკში ჩაატარეს. სხვებზე, რომლებიც სირიაში დარჩნენ, მშობლები ამბობენ, რომ ხატვისას უმთავრესად წითელ ფერს იყენებენ. მათთვის თითქმის წარმოუდგენელია ადამიანი, რომელსაც სისხლი არ სდის.

ძნელია იმის აღიარება, რომ არაფერი შეგვიძლია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ბავშვების სახლები, მათი უზრუნველი ბავშვობა და კეთილდღეობა ვერავინ დაიცვა. ძნელია იმის თქმაც, რომ როცა ადამიანების მასობრივ განადგურებას უყურებ, ისღა დაგრჩენია, შენთვის იბუტბუტო: იქნებ შენამდე არ მოვიდნენ, იქნებ გადარჩე, იქნებ შენმა შვილებმა თეთრ ქაღალდზე მხოლოდ შავი სახლები არ ხატონ…

სხვა სახის განათლება თქვენი ბავშვისათვის

0

მოკლე ინფორმაცია ავტორზე – ჯერი მინცი უკვე ოცდაათ წელზე მეტია, ალტერნატიული სკოლების მოძრაობის ერთ-ერთი ყველზე გამორჩეული ხმა გახლავთ. წარსულში იგი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი იყო, ხოლო ჩვიდმეტი წლის განმავლობაში – დამოუკიდებელი, ალტერნატიული სკოლის დირექტორია. 1989 წელს მან დააფუძნა ალტერნატიული განათლების რესურსების ორგანიზაცია (The Alternative Education Resource Organization – AERO) – ა.ე.რ.ო და მონაწილეობა მიიღო აშშ-ში 50 -მდე ალტერნატიული სკოლისა და ორგანიზაციის შექმნაში. მას ხშირად იწვევენ მედიაში, მისი ინტერვიუები გადმოიცა National Public Radio-თი, აშშ-ს ყველა ძირითადი ტელეარხით; ჯერიზე წერდნენ ”ნიუ-იორკ თაიმსი”, ”ნიუზდეი” და სხვა მრავალი გამოცემა. ბ-ნი მინცი გახლდათ Handbook of Alternative Education და Almanac of Education Choices მთავარი რედაქტორი. მისი დაწერილია გახმაურებული წიგნი ”საშინაო დავალების გარეშე და მთელი დღის განმავლობაში შესვენება: როგორ გვქონდეს თავისუფლება და დემოკრატია განათლებაში” (No Homework and Recess All Day: How to Have Freedom and Democracy in Education). ცოტა ხნის წინ ჯერი მინცი TEDx-ის ლექციებზე მიიწვიეს.

ბევრი მშობელი ვერ აცნობიერებს რომ განათლების სამყარო, მას შემდეგ რაც ისინი სკოლაში დადიოდნენ, რადიკალურად შეიცვალა. შეიცვალა სკოლებისა და კლასების ზომა, ადრე სკოლის მიტოვების შემთხვევების უმნიშვნელო რაოდენობა იყო, სკოლაში ძალადობის შესახებ საერთოდ გაგონილიც არ ჰქონდათ, ხოლო მასწავლებლებს არავინ ატერორებდა მოსწავლეებისადმი კეთილგანწყობის დემონსტრირების გამო ან მორალური ღირებულებების შესახებ დისკუსიის გამართვისათვის. რა თქმა უნდა, სკოლები წარსულშიც შორს იყვნენ სრულყოფილებისგან, მაგრამ მაშინ მასწავლებლებმა და დირექტორებმაც აუცილებლად იცოდნენ ყველა მოსწავლის გვარი და სახელი, რაც ასეთი იშვიათია დღეს.
საჯარო სკოლების სისტემის გაუარესებამ ბევრი მშობელი, მასწავლებელი და უბრალოდ ინდივიდუუმი დააფიქრა სკოლების საჯარო თუ კერძო ალტერნატივის შექმნაზე და შექმნეს კიდეც. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა იცოდნენ რა არჩევანი აქვთ მათ დღეს.
საიდან უნდა გავიგოთ, რომ მოვიდა დრო თქვენი შვილისათვის სხვა საგანმანათლებლო მიდგომის მოსაძებნად. ჩამოგითვლით რამდენიმე მახასიათებელს, რომელიც ამაზე მიანიშნებს:

1. ამბობს თუ არა თქვენი შვილი, რომ მას სძულს სკოლა?

თუ ეს ასეა, შესაძლოა, რომ სკოლაში რაღაც ვერ არის კარგად. ბავშვები ბუნებრივად არიან მიმართულნი სწავლაზე და როდესაც ისინი პატარები არიან, მათი ახლის შესწავლა-შეთვისებიდან შეჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ბავშვი ამბობს, რომ სძულს სკოლა, მოუსმინეთ მას.

2. უჭირს თუ არა თქვენს ბავშვს მოზრდილი ადამიანისათვის თვალებში ყურება, ან ურთიერთობა თავისზე უფროს ან უმცროს ბავშვებთან?

თუ ეს ასე ხდება, მაშინ გამოდის, რომ თქვენი ბავშვი ”სოციალიზებულია” მხოლოდ თავის ასაკის ბავშვებთან – ეს ერთასაკიანი კლასების გამო ძალიან გავრცელებული პრაქტიკაა დღევანდელ სკოლაში, და შესაძლოა მან დაკარგული აქვს ბავშვებისა და მოზრდილების უფრო ფარო ჯგუფებთან ურთიერთობის უნარი.

3. აკვიატებული ხომ არ აქვს თქვენს ბავშვს დიზაინერების მარკები და მოდური ტანსაცმელი სკოლაში ჩასაცმელად?

ეს გახლავთ იმის სიმპტომი, რომ ბავშვი განსაკუთრებულ მნიშვნელობას უფრო გარეგან ღირებულებებს ანიჭებს, ვიდრე შინაგანს. ეს კი იწვევს იმას, რომ ბავშვები დამოკიდებულნი ხდებიან შედარებისა და აღიარების ზედაპირულ ფასეულობებზე და ვერ ხედავენ უფრო სიღრმისეულ ღირებულებებს.

4. ბავშვი სკოლიდან დაღლილი და გაღიზიანებული ხომ არ ბრუნდება?

მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეს შესაძლოა სკოლაში რთული დღეები ჰქონდეს, მუდმივი გამოფიტულობა და გაღიზიანებულობა იმის ნიშანია, რომ მათი საგანმანათლებლო გამოცდილება მას ენერგიით კი არ მუხტავს, პირიქით, აძაბუნებს.

5. ხომ არ ჩივის ბავშვი სკოლაში კონფლიქტებზე ან უსამართლო სიტუაციებზე, რომელშიც იგი მოხვდა ?

ეს არის ნიშანი იმისა, რომ სკოლას არ გააჩნია მოსწავლეზე ფოკუსირებული მიდგომა კონფლიქტების მოგვარებასა და კომუნიკაციაზე. ბევრი სკოლა ეყრდნობა პრობლემების სწრაფ, მოზრდილებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით მოგვარებას, ეს კი გამორიცხავს სიტუაციის ემოციურად განცდასა და მის ყურადღებით განხილვას, რაც დამახასიათებელია ბავშვებისთვის.

6. ხომ არ დაკარგა თქვენმა ბავშვმა ინტერესი ხატვის, მუსიკისა, ცეკვისა და, ზოგადად, შემოქმედებითი გამოხატვის მიმართ?

ტრადიციულ სასკოლო სიტემაში, შემოქმედებითი საგნები, ”აკადემიური” საგნების ჯგუფთან შედარებით, განიხილებიან როგორც ”მეორე ხარისხის” ჯგუფი და მათ არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. ზოგ შემთხვევაში, მოსწავლეებს ხელოვნებასთან დაკავშირებულ გაკვეთილებს არც კი სთავაზობენ. ასეთი უგულვებელყოფა ხშირად აუფასურებს ან აქრობს ბავშვების ბუნებრივ ნიჭსა და უნარებს.

7. ხომ არ შეწყვიტა თქვენმა ბავშვმა უბრალოდ გართობისათვის კითხვა ან წერა – ან რაიმე ინტერესის გამოხატვა? მინიმალურ დროს ხომ არ უთმობს ბავშვი საშინაო დავალების შესრულებას?

ხშირად ეს იმის ნიშანია, რომ სკოლაში არავინ აფასებს ბავშვების სპონტანურ აქტივობებსა და მათ დამოუკიდებლობას. ბავშვებს ბუნებით აქვთ მინიჭებული უნარი თვითონ წარმართონ თვითსწავლის პროცესი; თუმცა დღევანდელი განათლების სისტემაში, სტანდარტიზირებულ ტესტებზე აქცენტირებული ყურადღების გამო, შეზღუდულია მასწავლებლების ქმედებაც. მათ აღარ შეუძლიათ ბავშვების თვითშემეცნებისა და თვითსწავლის პროცესის ხელშეწყობა. შედეგად, შესაძლოა მივიღოთ მზარდი აპათია იმ საგნებისადმი, რომლებიც ბავშვისათვის ერთ დროს საინტერესო იყო და შემოქმედებისადმი ინტერესის გაქრობა.

8. ბავშვი ბოლო წუთამდე ხომ არ აჭიანურებს საშინაო დავალების შესრულებას?

თუ ეს გახლავთ ნიშანი იმისა, რომ საშინაო დავალება არ შეესაბამება მის საჭიროებებს – შესაძლოა ეს რუტინული ან მექანიკური დამახსოვრება იყოს, რომელიც ახშობს ბავშვებისთვის დამახასიათებელ ბუნებრივ ცნობისმოყვარეობას.

9. გიყვებათ ბავშვი სკოლიდან მოსვლის შემდეგ, რაიმე საინტერესო ამბავს, რომელიც იმ დღეს სკოლაში მოხდა?
თუ არა, შესაძლოა ეს ნიშნავდეს, რომ იმ სკოლაში არაფერია ამაღელვებელი ან საინტერესო თქვენი ბავშვისათვის. რატომ არ უნდა იყოს სკოლა და ზოგადად, განათლება, სახალისო, სიცოცხლით სავსე და მიმზიდველი ადგილი?
10. სკოლის აღმზრდელი პერსონალი ან წარმმართველი მრჩეველი ხომ არ გეუბნებათ, რომ თქვენ ბავშვს შესაძლოა ”დაავადება” ჰქონდეს, ვთქვათ ADHD (ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტიურობა) და უნდა წამალი მისცეთ, ვთქვათ რიტალინი, ან ქცევის მარეგულირებელი სხვა მედიკამენტი?

უფრთხილდით ასეთ ”დიაგნოზებს” და გახსოვდეთ, რომ დღევანდელი სკოლის სასწავლო გეგმის მთავარი ნაწილი ქცევის კონტროლია. თუ გამოცდების მოთხოვნები ზღუდავენ მასწავლებლის შესაძლებლობებს, დააინტერესონ მოსწავლეები, თუ მოსწავლეებს ზღუდავენ გრძნობების და მიდრეკილებების გამოხატვაში და მათგან მხოლოდ იმას მოითხოვენ რომ 5-6 საათის განმავლობაში კლასში ისხდნენ, პერსონალური მიდგომისა და ინტერაქციის გარეშე, მაშინ მე შემოგთავაზებთ ჩემს დიაგნოზს: სკოლას აქვს დაავადება, რომელსაც დავარქმევდი EDD – Educational Deficit Disorder, ანუ განათლების დეფიციტსა და მოშლილობას – და შესაძლოა, დროა თქვენი ბავშვი მოაცილოთ ასეთ სკოლას!

თუ თქვენი ბავშვი, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანს ავლენს, დროა დაიწყოთ ალტერნატივის ძიება. დღეს აშშ-ში საკმაოდ ბევრი შესაძლებლობაა ამისათვის – როგორც კერძო, ისე – საჯარო ალტერნატიული სკოლების სახით.

მაგალითად, აშშ-ს 40 შტატში, კოლუმბიის ოლქში ( ქ. ვაშინგტონი) და პუერტო-რიკოში (რომელიც ფორმალურად აშშ-ს ნაწილია) უკვე ძალაშია კანონმდებლობა, რომელიც მშობელთა და მასწავლებელთა ჯგუფებს უფლებას აძლევს შექმნან ”ჩარტერული” სკოლები (დამოუკიდებელი სკოლები, რომლებიც საჯარო დაფინასებას იღებენ. ეს მოძრაობა მინესოტის შტატში დაიწყო 1991 წელს, ბლაფვიუს მონტესორის სკოლით, ლ.ა.), რომლებიც არ არიან ”დახუნძლულნი” ურიცხვი რაოდენობის წესითა და რეგულაციით, რომელსაც შტატის კანონები ითვალისწინებენ და შეუძლიათ შექმნან თავიანთი, ინდივიდუალური მიდგომა თუ სასწავლო გეგმა. დღეს უკვე 4 000-ზე მეტი ჩარტერული სკოლა არსებობს. ამას გარდა, აშშ-ში 4,500-ზე მეტი, ე.წ. ”მაგნეტ -სკოლაც” არის (საჯარო სკოლები სპეციალიზებული კურიკულუმით, ჩვეულებრივ, ლოკალური საგრაფოების მასშტაბის, ლ.ა.), რომლებიც გარკვეულ სპეციალობების ან საგნებისკენაა მიმართული და არ არის დამოკიდებული შტატის კანონმდებლობასა თუ წესებზე, შეუძლია მოიზიდოს მოსწავლეები უფრო ფართო გეოგრაფიული არეალიდან.

ნახსენები სკოლების გარდა, არსებობს 4,500-ზე მეტი ”მონტესორის სკოლა”, რომლებიც ეყრდნობიან დოქტორ მარია მონტესორის მიერ შემუშავებულ მიდგომებს; აქტიურად მუშაობს ასობით ”ვალდორფის სკოლა”, რომლებიც თანაბარ აქცენტს აკეთებენ ტრადიციულ აკადემიურ საგნებსა და ხელოვნებაზე. გარდა ამისა, აშშ-ში ფუნქციონირებს ასობით ალტერნატიული სკოლა, რომლებშიც პროცესი და სასწავლო გეგმა მოსწავლეებისა და მათი მშობლების აქტიური მონაწილეობით იწერება და განათლებაზე პასუხისმგებლობა მათ ხელშია. ამ ბოლო ჯგუფს, ხშირად ”დემოკრატიულ”, ”თავისუფალ” ან სხვაგვარად, ”სადბერის” სკოლებს ეძახიან.

საჯარო სასკოლო სისტემასაც თავიანთი სისტემის ფარგლებში აქვს რიგი ალტერნატიული პროგრამებისა. ესენი ორ ძირითად მიდგომად შეიძლება დავყოთ:

1.”საჯარო არჩევანი – “Public Choice”; პროგრამები, რომლებიც ღიაა იმ თემში მცხოვრები ნებისმიერი მოსწავლისათვის. ხანდახან ამ პროგრამას ”სკოლაში სკოლას” ეძახიან.

2. ”საჯარო, გაზრდილი რისკის პროგრამები – “Public At-Risk” – ეს არის პროგრამები იმ ბავშვებისათვის, რომლებსაც უჭირთ სკოლის გარემოსთან ურთიერთობა. ამ პროგრამების მრავალგვარობის გამო, ყურადღებით გაეცანით მათ, პროგრამაში ჩაწერამდე.

აშშ-ში მცხოვრებ მშობელთაგან მილიონზე მეტმა სკოლების შესახებ გამოკითხვისას შეავსო გრაფა ”არც ერთი დასახელებულიდან” – მათ გადაწყვიტეს თავიანთ ბავშვებს სახლში თვითონ ასწავლონ. ახლა ეს კანონიერია ყველა შტატში და არ საჭიროებს სამასწავლებლო სერტიფიკაციას. ”სახლში სწავლებამ” სხვადასხვა სახის მიდგომები შემოგვთავაზა.

ერთნი ცდილობენ შექმნან ”სკოლა სახლში” სტანდარტული პროგრამით. მთავარი განსხვავება ის არის, რომ მშობლებს არ შეუძლიათ ერთი-ერთზე ასწავლონ თავიან შვილებს. ოჯახების მეორე ჯგუფი კურიკულუმს, ე.წ. ”ქოლგურ” სკოლებს აწერინებენ; ეს სკოლები ეხმარებიან მშობლებს საკუთარი კურიკულუმის შექმნაში ან სთავაზობენ თავიანთ საბაზო პროგრამას, აფასებენ საშინაო დავალებებს და ეხმარებიან ანგარიშის ფორმების შემუშავებაში.

მესამე მიდგომაა “unschooling” (”სკოლის გარეშე”). ასეთ დროს, მშობელი განათლებისადმი მიდგომას ბავშვის ინტერესების სფეროებიდან გამომდინარე აყალიბებს, ამ საფუძველზე დაყრდნობით ავითარებს სწავლის პროცესს და არ იყენებს წინასწარ შედგენილ სასწავლო გეგმას. ხანდახან სხვა მიდგომისას სასწავლო გეგმა რეტროაქტიურად, უკუმიმართულებით იწერება – მთელი წლის აქტივობების ჩანაწერების შენახვით და დაგროვილი გამოცდილების ანალიზით, ინტერესების სფეროების მიხედვით.

აღსანიშნავია, რომ შტატების უმეტესობა ”სახლის სკოლების” მოსწავლეებისგან, როგორც ჯგუფისგან, რაღაც ხარისხით გამოცდებს და ცოდნის შემოწმებას მოითხოვს. შედეგად, ტრადიციულად, ”სახლის მოსწავლეები” ბევრად უფრო მაღალი მოსწრების მონაცემების ჯგუფში ხვდებიან (შესაძლებლის 85% და უფრო მაღალ ზონაში), მაშინ როდესაც, ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლეების მოსწრების მონაცემი ჩვეულებრივ, 50%-იან ზონაშია. დღეს აშშ-ში უკვე იმდენი ”სახლის მოსწავლეა”, უკვე შესაძლებელია ”სახლის მოსწავლეთა” ჯგუფზე ლაპარაკი.

ამ ჯგუფებიდან რამდენიმე უკვე გაერთიანდა ”სახლის მოსწავლეთა” რესურსცენტრებში. უნივერსიტეტებმა უკვე გაიგეს ”სახლის მოსწავლეთა” წარმატებების შესახებ და აქტიურად ”ეპატიჟებიან” მათ თავისთან (აშშ-ში უმაღლესი განათლება ყველგან ფასიანია, თუმცა მოქმედებს სწავლის დაფინანსების მრავალი მექანიზმიც, ლ.ა.).
რადგანაც სულ უფრო მეტი მშობელი ირჩევს განათლების სხვადასხვა გზას თავიანთი შვილებისათვის. იმედი გავქვს, რომ ტრადიციული სისტემა მოახერხებს ისეთ გარდაქმნას, რომელიც მომავალში შეძლებს სწავლის მზარდი მოთხოვნისა და მოსწავლეთა გაზრდილი რაოდენობების საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამავე დროს, ნუ დაელოდებით სისტემის გარდაქმნას თუ მის ცვლილებებს. აიღეთ თავზე პასუხისმგებლობა თქვენი ბავშვის განათლებაზე. შეისწავლეთ შემოთავაზებები და შეარჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც საუკეთესო იქნება თქვენი შვილისთვის.

ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან არცაერთი არ წარმოადგენს პანიკის საფუძველს! მაგრამ, თუ რომელიმე მათგანი შენიშნეთ, ეს ნიშნავს, რომ უნდა განიხილოთ ბავშვის განათლების სხვა ალტერნატივები.
წყარო: Source: https://www.educationrevolution.org/store/thetensigns/
სტატიის ავტორი ჯერი მინცი (Jerry Mintz)
ინგლისურიდან თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ
თბილისი, 30 იანვარი, 2015

ხუანიტა და Silbo გომერადან

0
ლამაზ, მხიარულ ხუანიტას გასული წლის ივნისში ესპანეთის ქალაქ სალამანკაში შევხვდი, ერთ-ერთ საერთაშორისო საგანმანათლებლო კონფერენციაზე. კონფერენციას სალამანკას უნივერსიტეტი მასპინძლობდა.
კონფერენციის თემაც ძალიან საინტერესო იყო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული კოლეგების გამოცდილების გაზიარებაც, ხალხიც, ქალაქიც, მაგრამ, ვაღიარებ, თავიდანვე განსაკუთრებულ განწყობას თვითონ უნივერსიტეტი მიქმნიდა. მსოფლიოს ამ, ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტით, მისი უნიკალური ბიბლიოთეკით, უნამუნოს რექტორობით, საინტერესო არქიტექტურითა და ისტორიით ჯერ კიდევ წლების წინ დავინტერესდი, ამიტომ პირველივე დღეს, კონფერენციის საზეიმო გახსნის შემდეგ, ყავისა და ჩაის მცირე შესვენებაზე დრო ვიხელთე, ენერგიულად მოსაუბრე კოლეგებს თავი დავაღწიე და უნივერსიტეტის დერეფნების ლაბირინთს გავუყევი.

სრულ სიჩუმესა და სიმარტოვეში ორნამენტების, სხვადასხვა ისტორიული ექსპონატის, დარბაზისა და el cielo de salamanca-ს თვალიერებით ისე გავერთე, ვერ გავიგე, როგორ წამომადგა თავს.

ძველისძველი საათის მექანიზმის შორიახლოს ხის სკამზე ჩამოვჯექი. თვითონაც იქვე, იატაკზე მოკალათდა. ფეხები მოხერხებულად მოიკეცა და ზურგით კედელს მიეყრდნო. სინათლე ისე ეცემოდა, ლამის სპილენძისფერი კანითა და თმით თითქოს მთელი იმ გარემოს ნაწილი იყო.

ესპანელი ხარო?

არა, ქართველი, შენ-მეთქი?

ესპანელი, კანარის კუნძულებიდანო, – და კისერზე ჩამოკონწიალებული ე.წ. ბეიჯი დამანახა, – ამხელა სახელის დამახსოვრება ადვილი არაა, უბრალოდ, ხუანიტა დამიძახეო.

იმდენად პოზიტიური აურა ჰქონდა, არ გავბრაზებულვარ, თვალიერებაში ხელი რომ შემიშალა.

საქართველოზე მარტო ის ვიცი, რუსეთთან რომ პრობლემები გქონდათო. ისიც არ ვიცი, რა ენაზე ლაპარაკობთ და წერთ, ესპანურად, ინგლისურად, რუსულად თუ თურქულადო.

ქართულად-მეთქი, რომელიც არც ინგლისურია, არც ესპანური, არც რუსული და არც თურქული-მეთქი. ცოტა ვუამბე ქართულ ენასა და დამწერლობაზე. ძალიან დაინტერესდა. რაღაც ფრაზებს მეკითხებოდა – აბა, ეს როგორ იქნება შენს ენაზეო. ვუთარგმნიდი, დროდადრო ნაწერს ვუჩვენებდი და როგორ მომწონს, როგორ მომწონსო, იმეორებდა და იმეორებდა. როგორი განსხვავებულია, როგორ არ ჰგავს სხვა ენებსო.

ჰო-მეთქი, მიჩვეული ვარ, ეს განსხვავებულობა ცოტა მოულოდნელ შთაბეჭდილებებს რომ იწვევს უცხოელებში-მეთქი… (თურმე სად ვარ!..)

მეცო, მეც მიჩვეული ვარო.

ეს კი ვეღარ გავიგე. გამეცინა – ლამის ნახევარი მსოფლიო ესპანურად ლაპარაკობს, ცოტა რთულია, ესპანურმა ვინმე გააკვირვოს-მეთქი.

უცებ, არც მეტი, არც ნაკლები – ხელი პირთან მიიტანა და სტვენა დაიწყო.

მიყურებს, მიყურებს და რაღაც უცნაურად უსტვენს. ცოტა არ იყოს, დავიბენი. ყველა გადარეული მე როგორ უნდა გადამეყაროს-მეთქი.

ხუანიტა კი ზის ქვის იატაკზე, თან მზე ადგას, მიყურებს, მიცინის და ისევ უცნაურად უსტვენს.

სტვენის ხმა ძალიან უცნაურად იშლება უნივერსიტეტის დერეფნებში. ეს ექო არაა. სრულიად უცნაური ჟღერადობის ხმაა, რაღაცნაირი – ცოცხალი, თითქოს მღერის. ვერ ვარქმევ სახელს და ვგრძნობ, რომ ამ უძველეს, რამდენიმესაუკუნოვან ქვის მძიმე კედლებშიც ქარისა და სივრცის უკიდურესად თავისუფალ განცდას მიჩენს, თითქოს გაშლილ ველზე ვწევარ და ცას ავყურებ.

და ვხვდები, რომ მთელი ჩემი გაოცება სახეზე მაწერია…

მე ახლა ჩემს ენაზე მოგესალმე, გაგეცანი, ბედნიერი დღე გისურვე და კიდევ რაღაცები გითხარიო, – სტვენა შეწყვიტა და ისევ ესპანურად განაგრძო ხუანიტამ.

კაი ხანს ხმას ვერ ვიღებდი. ეს იყო გაცილებით მეტი, ვიდრე „მოულოდნელი შთაბეჭდილება” ან რაიმე მსგავსი… რთულია, ავხსნა ის ემოცია, პათეტიკისა და მხატვრული გაპრანჭულობის გარეშე. ძალიან მინდოდა, მეთხოვა, კიდევ ეთქვა რამე თავის ენაზე, მაგრამ შემრცხვა თუ დაბნეულობისგან ვერ მოვახერხე, არ ვიცი…

აი, ასე გავიცანი სილბო. სილბო გომერადან. ან გომერული სილბო. როგორც გნებავთ. ყველაზე უცნაური ენა, რომელიც და რომელზეც ოდესმე რამე მსმენია. იმ რამდენიმე დღის განმავლობაში, როცა ხუანიტა დაუზარელად მიყვებოდა ათას რამეს თავის სილბოზე, არ მჯეროდა, რომ ეს ლამაზი, სპილენძისფერკანიანი ქალი ნამდვილი იყო. ერთ საღამოს, სალამანკას კათედრალის პირდაპირ, კიბეზე ჩამომჯდარი თავის ენაზე რაღაცებს რომ მითარგმნიდა, ვუთხარი კიდევაც, ჩარლი ჩაპლინის გმირივით, უზარმაზარი ქათამივით რომ დააბიჯებს, შენც ჯინსებში გამოწყობილი ჩიტი მგონიხარ-მეთქი.

სილბო კანარის კუნძულებიდან ერთ-ერთის – გომერას ენაა. ხუანიტა მიყვებოდა, რომ მსოფლიოენათმეცნიერების ისტორია იცნობს ასეთ, „სტვენითი ენების” გამოცდილებას, მაგრამ ამბობდა, რომ სილბო მსოფლიოში ერთადერთი სტვენის ფორმის ენაა, რომელსაც პრაქტიკულად, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ესპანურის პარალელურად იყენებს გომერას 22 000-ზე მეტი მკვიდრი. ეს არის ენა, რომელიც, ზოგიერთი ლინგვისტის აზრით, წარმოადგენს ესპანური ენის ერთგვარ მოდიფიკაციას და განიხილავენ, როგორც ესპანური ენის სტვენით დიალექტს, სადაც ესპანური ხმოვნები და თანხმოვნები ჩანაცვლებულია სხვადასხვა ტონის, სიმკვეთრის, ხანგრძლივობისა და სპეციფიკაციის ჩასტვენების სისტემით – მაგალითად, გარკვეული ტიპის ორი მკაფიო ჩასტვენა ანაცვლებს ესპანურის შესაბამის 5 ხმოვანს, ხოლო სხვა ტიპის 4 ჩასტვენა – თანხმოვნებსო.

ხუანიტა მიყვებოდა, რომ არავინ იცის, ზუსტად როდის და რატომ, ან როგორ შეიქმნა სილბო. ამბობდა, რომ არსებობს მხოლოდ მითები. ვიღაცები ამტკიცებენ, რომ სილბოს შექმნა დიდ მანძილზე, შორ დისტანციაზე კომუნიკაციის საჭიროებამ განაპირობა, რამაც მერე, ომებში, საიდუმლო ენის ფუნქცია შეიძინაო. მაგრამ ფაქტია, როცა პირველი კონკისტადორები გამოჩნდნენ გომერაზე, XV საუკუნეში, სილბო უკვე არსებობდაო. მეტიც – იმოწმებდა ჰეროდოტეს. ჰეროდოტე ახსენებს ეგვიპტის დასავლეთ ნაწილში მცხოვრებ ტომებს, რომლებიც სტვენით ურთიერთობდნენ ერთმანეთთანო. მიყვებოდა სხვადასხვა წყაროში დაცულ ლეგენდას – როგორ დასაჯეს რომაელებმა ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი ტომი: ტომის ყველა წევრს ენა მოჰკვეთეს და კანარის ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლესო.

არ ვიციო, ამბობდა ხუანიტა, ფაქტია, რომ გომერაზე ადამიანი ნეოლითის ხანიდან არის და იქნებ არც ცდებიან ის ლინგვისტები, რომლებიც ამტკიცებენ სილბოს ბუნებრივ ხასიათს, და არა მის ხელოვნურ მოდიფიკაციას რომელიმე ენიდანო.

ვლაპარაკობდით, რომ თანამედროვე ცხოვრება და ტექნოლოგიების განვითარება ყველაფერს ცვლის და რომ ენაც კომუნიკაციის განსხვავებულ დატვირთვას იძენს ინტერნეტის ეპოქაში. კი, და ჩვენ ამან ძალიან შეგვაშინაო, მიყვებოდა ხუანიტა. მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ლათინური ამერიკის რომელიღაც ქვეყანაში მოკვდა ბოლო ადამიანი, რომელმაც თავისი ტომის სტვენითი ენა იცოდაო. მოკვდა და ის ენაც გაქრაო. ამან ძალიან შეგვაშინა და გამოგვაფხიზლა, დაგვანახა, რომ სილბოს სხვანაირად უნდა მოვუფრთხილდეთო. მიუხედავად იმისა, რომ სილბო ჩვენი დღესასწაულების და რელიგიური მსახურების განუყოფელი ნაწილი იყო ყოველთვის, ეს მას, ბუნებრივია, ვერ გადაარჩენდა და ამიტომ უკვე საკანონმდებლო დონეზე მიეხედა, სილბოს მთავრობა იცავს, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას და დიდი ხანი არაა, რაც UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშიც შევიდაო.

თუმცა ხუანიტა სილბოს შენარჩუნებისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის გადადგმულ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად თვლიდა კანონს, რომლის თანახმადაც 1999 წლიდან სილბოს სწავლება სავალდებულო გახდა სკოლის დაწყებით და საბაზო საფეხურზე.

ერთ საღამოს სასტუმროს ტერასიდან სალამანკას ხედებს გავყურებდით. უცებ მომიბრუნდა და მკითხა, შეგიძლია, ზუსტად ამიხსნა, ასე რატომ დაინტერესდი სილბოთიო?

ამაზე ზუსტად როგორ გითხრა, არ ვიცი, მაგრამ თუ ოდესმე დამავიწყდება, რომ ადამიანები და მსოფლიო იმაზე გაცილებით საინტერესოა, ვიდრე მე შემიძლია წარმოვიდგინო, სილბო ამის გახსენებაში ყველაზე მეტად დამეხმარება-მეთქი.

მეც ამიტომ მინდა, რომ ჩემი ენა არ გაქრესო. საკუთარ იდენტობას კი არ ვკარგავ, უბრალოდ, სილბოთი ჩემი პატარა კუნძული, რუკაზე რომ არც ჩანს, მსოფლიოს რაღაც საინტერესოს და განსხვავებულს სთავაზობსო.
……………………………………………….
დილას, ფოსტა რომ გავხსენი, მეილი დამხვდა ხუანა მარია სანტოსისგან. სანამ არ წავიკითხე, ვერ მივხვდი, რომ ხუანიტა იყო.

თხოვნა მაქვსო.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში ვიყავი – ბავშვებმა პროექტის პრეზენტაცია გააკეთეს მრავალფეროვნებასა და თანასწორობის მნიშვნელობაზე მრავალფეროვან გარემოში. ბევრი ფანტასტიური აზრი მოვისმინე მათგან იმაზე, რომ რაც უფრო მრავალფეროვანია გარემო, უფრო საინტერესოაო. დავპირდი, რომ თვის ბოლოს აუცილებლად დავბრუნდებოდი მათთან საინტერესო საჩუქრით და ამაში შენ დამეხმარებოდი: თუ არ შეწუხდები, ფურცელზე ხელით დამიწერე, ქართულად – „ყველა განსხვავებულია, ყველა თანასწორია!” – ფოტო გადაუღე და გამომიგზავნეო.

ბუნებრივია, ხუანიტას თხოვნას აუცილებლად შევუსრულებ. მანამდე კი მეც მაქვს თქვენთან ერთი თხოვნა:
მაჩუქეთ 10 წუთი, მიჰყევით ამ ბმულს – გამომყევით ზღაპრულ გომერაზე…

სუპერგმირები

0

სუპერგმირები არსებობენ. დამიჯერეთ

ჰერმიონ გრეინჯერი– სუპერძალა სწავლა
გოგონა მაგლების ოჯახიდან ჰოგვორტსის პირველი მოსწავლეა. მას შეუძლია, თავიდან შეგაყვაროს წიგნები, რადგან ისინი არიან პასუხები. მან კარგად იცის, სწორედ წიგნებს შეუძლიათ ვოლდემორის დამარცხება და რომ არა ჰერმიონის გათვლილი, დაგეგმილი ქმედება, ჰორკრუქსების მოპოვება– განადგურება ბევრად რთული იქნებოდა. ჰერმიონი ისეთი მაგარი გოგოა, რომ შეუძლია, ავი ჩიტები დაუშინოს რონის, ჩვენ კი გაბრაზებისას მხოლოდ მობილურსა და სხვა ნივთებს დროებით ვასწავლით ფრენას. ჰერმიონი, ეს ყოვლად ჯადოსნური გოგო ბავშვობიდან ზრუნავს დაჩაგრული მაგიური არსებების უფლებებზე და უკვე დიდობისას, მუშაობას მაგიის სამინისტროს ჯადოსნურ არსებათა აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტში იწყებს. უფრო მოგვიანებით კი სამართლის დეპარტამენტში გადადის და მონაწილეობას იღებს წმინდა სისხლის დასაცავი კანონპროექტების გაუქმებაში. მამაცი და ჭკვიანი გოგო ჰერმიონი ჩემი საუკეთესო მეგობარია, რადგან პირველად მისგან გავიგე, რომ ნამდვილი მეგობრები ჩუმად, თავისთვის ზუსტად ისეთსავე ფიცს დებენ, როგორც წყვილები– საკურთხეველთან. და ეს ფიცი ბევრად უფრო რომანტიკულია, არგაცხადებული და ინტიმური. მას შემდეგ ჩემი მეგობრები ჩემს სუსტად განათებულ ოთახს ჰგვანან, მსოფლიოში ყველაზე მყუდროს, ყველაზე ცოცხალს და ყველაზე ახლობელს. მე კი, მართალია, ჰერმიონის წკრიალა ხმით ჯადოსნურ, დამცავ და მხსნელ შელოცვებს ვერ ვიმეორებ, მაგრამ ხანდახან მაინც ვამბობ: “ლუმოს”, ოთახის კარგად გასანათებლად და ჩემი საუკეთესო მეგობრებისთვის საუკეთესო კაპუჩინოს მოსამზადებლად.
მიჩინიო– სუპერძალა სიყვარული
ალექსანდროს კამორელი ძმა ის იდუმალი პერსონაჟია, რომელიც მკითხველს შიშის ზარს სცემს. დომენიკოსაც. ეს დაუნდობელი, ბოროტი მიჩინიო, მკითხველები და პერსონაჟები სქელტანიანი წიგნის ბოლო ფურცლებამდე რომ ლანძღავენ, არანორმალურად რომ ეზიზღებათ, მის კისრისმოგრეხვას რომ ნატრობენ და თავზე ლაფს ისე გულმოდგინედ ასხამენ, როგორც კონდიტერი ასხამს ნამცხვარს შოკოლადის მინანქარს, “სამოსელი პირველის” ფინალში ისე მოულოდნელად გვევლინება დიდ ჰუმანისტად, საკუთარი თავების გვეუხერხულება. როგორ ვერ მივხვდით, ვინ იყო ალექსანდროს ძმა, მინიშნებები გამოვტოვეთ, ყველაფერი გამოვტოვეთ, ან როგორ გვძულდა, როგორ გამოგვრჩა რომ არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც სიკეთეს თვალებში ნაცარივით არ გაყრიან, რომ სიკეთე და სიყვარული ხანდახან ისეთი დიდია და თან ისეთი შეუმჩნეველი, როგორც ჩვენი ბავშვობისდროინდელი გულწრფელი აღტაცება გამოწვეული ახალშეძენილი, სურნელოვანმელნიანი კალმის მიერ. მხოლოდ მიჩინიოს შეეძლო, მკითხველის დანახვა. სხვა შემთხვევებში მკითხველები უხილავები არიან. მაგრამ, აი, მიჩინიო ჩვენ ზიზღსაც გრძნობდა, ასე მეგონა და ნირწამხდარი, იმ ფურცლებივით გაყვითლებული ვკითხულობდი ბოლო გვერდებს, რომლებიც ყველაზე მეტად იყო სიკეთის და სიყვარულის ფურცლები. მიჩინიო ჩემი მეგობარი არ არის. მეგობრებთან ერთად ჩაის სმა უნდა გაბედნიერებდეს. მიჩინიოსთან ერთად ჩაის ვერ დავლევდი.

პეპი– სუპერგოგო. თავიდან ბოლომდე
პეპი ჩემი ფემინისტი მეგობარია. სუპერძალები: ჭორფლი, მაღალი წინდები, გრძელი ფეხები, მანდილის უგულებელყოფა, გულუბრყვილობა, სიტყვების დამახინჯება, კრეტიულობა, სუპერმძლეოსნის მონაცემები, ფულისადმი გულგრილი დამოკიდებულება, ქაოსის შექმნის ნიჭი და სუპერდიასახლის მონაცემები. სამზარეულოს მოწყენილობის უფლებას არასდროს აძლევს: მაჭკატები აუცილებლად იატაკზე უნდა გამოცხვეს. სხვანაირად არ შეიძლება. ვილა “ყიყლიყოში” დამასახლეთ, ჰოგვორტსი აღარ მინდა.
თორნიკე– სუპერძალა ღიმილი
მომსახურების სფერო ერთი დიდი ტრაგედიაა. სულ კარგ ხასიათზე უნდა იყო. უჟმურ მომხმარებლებს აქციები უნდა შესთავაზო, სულ “თქვენობით” უნდა ილაპარაკო, მენეჯერს უფლება მისცე, დაუმსახურებლად გისაყვედუროს, დამახსოვრო სულელური კოდები და ბადალი არ გყავდეს პროდუქციის აღწერილობის ზუსტ ცოდნაში. კალორიების რაოდენობაშიც თუ ერკვევი და ცოტათი ცბიერიც ხარ, შესაძლოა, დაგაწინაურონ. ფერხორციანი ქალბატონი უხვკრემიანი ტორტის კალორიულობის შესახებ თუ გკითხავთ, მშვიდი სინდისით უნდა უპასუხოთ: “ქალბატონო, თქვენს მშვენიერ აღნაგობას ეს უგემრიელესი ტორტი ვერაფერს დააკლებს”. ასეა თუ ისე, მე, როგორც 21– ე საუკუნის სრულფასოვან შვილს, ადამიან– მომხმარებელს ძალიან მიყვარს, როცა მიღიმიან. ამიტომ სულ ერთ მარკეტში ვყიდულობ პროდუქტებს, იქ, სადაც მსოფლიოში ყველაზე ხალისიანი, მოღიმარი და სიმპათიური ბიჭი, თორნიკე მუშაობს. მისი სუპერძალა ღიმილია და ჩემი უჟმური ხასიათის გაკეთილშობილების უნარი. მერე რა, ხანდახან საერთოდ რომ არ ეღიმება. მაინც ისეთი ბუნებრივია, როგორც სხეულზე ბამბით ნაქსოვი ფუმფულა ჯემპრი.
დედა– სუპერძალა სიცოცხლე
ღრმა ბავშვობაში დედაჩემის სუნთქვას ვუსმენდი ხოლმე. მერე ახლოს მივუჩოჩდებოდი, თავს მკერდზე დავადებდი და უფრო ყურადღებით ვუსმენდი. დედებს სიკვდილის უფლება არ აქვთ, არც ერთ დედას მსოფლიოში, ვფიქრობდი და მაინც ეჭვი მეპარებოდა. მერე პირობას ვადებინებდი, რომ სიკვდილს არც კი გაიფიქრებდა. დედაჩემიც მონდომებით და საზეიმოდ წარმოთქვამდა უგრძეს ფიცს და დროებით ვმშვიდდებოდი. ჩემი ბავშვობა ერთი დიდი პირობაა. მერე, როცა გავიზარდე და დედა დაპატარავდა, პირობების დადების ტრადიცია დაარღვია და მარცხენა მკერდში სიმსივნე დაუსახლდა, მეორე ტრადიციაც დაირღვა: მეგონა, მის მკერდზე თავის დადებისას ვიღაც უსახო, ური ჰიპის მსგავსი არსების სუნთქვაც მესმოდა. ასე დავდექი ჩემი ბავშვობისდროინდელი წინასწარმეტყველების წინაშე: ბავშვები ასეთ სისულელეებზე არ ფიქრობენ და რადგან მე ვფიქრობდი, ე.ი. ყველაფერი ჩემი ბრალია. მე მოვიყვანე ური ჰიპი. ეს ორმაგი სუნთქვა ჩემი ბრალია. ის მძიმე ოპერაციაც, რომელიც სიცოცხლის გაგრძელების შანსს გვაძლევს და ქიმიოთერაპიის დაუსრულებელი კურსებიც. ჩემი ბრალია დედაჩემის უგრძესი და ულამაზესი, პრიალა შავი თმით მოფენილი იატაკიც. დედას ერთ– ერთი სიცოცხლე ეგ თმა იყო, იატაკზე დაყრილი თმა კი მკვდარი თმაა. ახლა, როცა ყველაფერი კარგადაა და დედამ სიცოცხლე გადაწყვიტა, გეუბნებით: მოერიდეთ პირობებს, მოერიდეთ ხმამაღლა დადებულ ფიცებს და ათას მსგავს უსარგებლო ხარა– ხურას, რადგან ერთხელაც მათი ბოლო გაგაკვირვებთ. მანამდე მაინც, სანამ კეთილი დასასრული საკუთარი ფეხით მოგადგებათ.

რა გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარებაზე ფუნდამენტალური კვლევები ფიზიკაში

0

მეცნიერების უმრავლესობა აწარმოებს ფუნდამენტალურ კვლევებს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შეიძლება სასარგებლო იყოს საზოგადოებისთვის, არამედ იმიტომ, რომ ეს მათთვის ძალიან საინტერესოა. მსგავსი მდგომარეობაა დეტექტიური რომანის კითხვისას, სადაც ავტორი თავიდანვე სვამს, რაღაც თავსატეხ გამოცანას, ხოლო მკითხველი ცდილობს გზადაგზა აღწერილი ფაქტები დაუკავშიროს ერთმანეთს, რათა რაც შეიძლება მალე ამოიცნოს საიდუმლო, თუ დეტექტივებში აღწერილი ფაქტები შემოსაზღვრულია ავტორის ფანტაზიით, ბუნების ფანტაზია უსასრულოა და მისი გამოცანები არა გამოგონილი, არამედ ბუნებრივია. მეცნიერები ეძებენ რა პასუხს უამრავ კითხვაზე, რათა უკეთ შევიცნოთ გარემომცველი სამყარო, სწორედ ასეთი კვლევები ნაბიჯ-ნაბიჯ ცვლიან ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, სწორედ ასეთმა კვლევებმა აჩუქეს მსოფლიოს ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სამედიცინო ხელსაწყოები, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მეთოდები და ა.შ.

ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში (CERN), სადაც ამჟამად მსოფლიოში უდიდესი და გრანდიოზული ექსპერიმენტი მიმდინარეობს, ვიზიტად მყოფი არასპეციალისტებისგან ხშირად მომისმენია დაახლოებით ასეთი შინაარსის საუბრები: თუ ეს ექსპერიმენტები წმინდა ფუნდამენტალური კვლევებია და მათი დანიშნულება ფიზიკაში არსებული თეორიების შემოწმება და ახალი კანონზომიერებების დადგენაა, გაოცებულები იმით, რომ ამ ექსპერიმენტის აგება დაჯდა რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი და მისი მომსახურება წლიურად ჯდება კიდევ რამდენიმე მილიარდი, გამოთქვამენ დაახლოებით ასეთი შინაარსის მოსაზრებას, ხომ არ ჯობდა ეს თანხები მიგვემართა სოციალური საჭიროებებისთვის, მაგალითად, აფრიკაში შიმშილობის დაძლევის პროგრამისკენ?

ასეთი მოსაზრების მოსმენისას, ყოველთვის მიჩნდება სურვილი, რომ ვუპასუხო მათ ციტატით, გურამ დოჩანაშვილის ნოველიდან, ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”, კერძოდ, შეკითხვაზე, თუ რა გამოვა კაცისგან, რომელსაც ძლიერ უყვარს ლიტერატურა, გაკვირვებული რესპოდენტი, რომ ამასაც ახსნა სჭირდება, ოდნავ ირონიულად პასუხობს, ,,ყოველი ნორმალური წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ, უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი და მე საერთოდ თანდათან ვრწმუნდები, რომ ადამიანებისთვის ჭკუა აუცილებელია”. ანალოგიურად, მკვლევრები ცდილობენ რა გადაშალონ ახალ-ახალი ფურცელი მეცნიერებაში, ადამიანთა მოდგმა ხდება უფრო ჭკვიანი, ვიდრე არის, რაც აუცილებელი პირობაა კაცობრიობის წინსვლისა და განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაღიარებთ, რომ მაღალი ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებას უფრო კომფორტულს ხდის, მაგრამ ამავე დროს ადამიანები გულუბრყვილოდ ფიქრობენ, რომ მაღალი ტექნოლოგიები ეს მხოლოდ სხვადასხვა კომპანიებისა და ფირმების დამუშავების შედეგია, სინამდვილეში პრაქტიკული კვლევების წინაშე მუდმივად დგება საკითხები, რომელთა გადაწყვეტა შეუძლებელია ფუნდამენტალური კვლევების გარეშე.

როდესაც ფარადეის ირონიულად ჰკითხეს, რა სარგებლობის მოტანა შეეძლო მის ფუნდამენტალურ კვლევებს ელექტრობაში, კაცობრიობისთვის, მისი პასუხი იყო, რომ დადგებოდა დრო, როცა ადამიანებს მოუწევდათ მისი აღმოჩენების გამოყენებისთვის გადასახადების გადახდა, ასევე ელექტრონის აღმოჩენისა და მისი თვისებების შესწავლის დროს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მომავალში ელექტროენერგიის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა, როგორც კაცობრიობის პროგრესი, ასევე რიგითი ადამიანების ყოფა-ცხოვრება. ჯერაც არავინ იცის, ,,ცერნში” ახლახან აღმოჩენილი ჰიგსის ნაწილაკი (რომლის აღმოჩენისთვის უკვე გაცემულია ნობელის პრემია) მომავალში პროგრესის რა წინაპირობად შეიძლება იქცეს.

ზოგადად ფუნდამენტალური მეცნიერება ეს არის საფუძველი ტექნოლოგიების განვითარებისა მომავალში, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი სახის თანამედროვე ექსპერიმენტებისთვის სპეციალურად იქმნება ხელსაწყოები და სისტემები, რომელთა საყოველთაო გამოყენება იწყება მცირე პერიოდის გასვლის შემდეგაც. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ www-სისტემა, ანუ ინტერნეტი, რომელიც შეიქმნა ,,ცერნში” 1989 წელს, ჯერ შიდა საჭიროებისთვის, შემდგომ სხვადასხვა ქვეყნებში მოღვაწე კოლეგებთან კავშირისა და ინფორმაციის გაცვლისთვის. შემდგომ კი მსოფლიოს უსასყიდლოდ საყოველთაო გამოყენებისთვის გადაეცა. ალბათ ინტერნეტის ყველა აქტიური მომხმარებელი დამეთანხმება, თუ როგორ გამარტივდა კოლეგებთან და ნაცნობ მეგობრებთან კომუნიკაცია, ასევე ინფორმაციის გადაცემა და იმ ზღვა ინფორმაციის მოძიება სახლიდან გაუსვლელად, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელი იქნებოდა ინტერნეტის გარეშე. გარდა ამისა, იმის გამო რომ ,,ცერნში” ექსპერიმენტის მონაცემების დაგროვების პროცესში მოსული ინფორმაციის ნაკადი უზარმაზარია (ეს ინფორმაცია შეგვიძლია შევადაროთ ინფორმაციის ნაკადს, რომელიც ამჟამად ტრიალებს მთელი ევროპის სატელიკომუნიკაციო სისტემებში ერთდროულად). ასეთი ინფორმაციის მიღებას და გადამუშავებას, ცხადია, ვერ შეძლებს ვერც ერთი ან თუნდაც რამდენიმე ერთად აღებული ,,სუპერკომპიუტერიც” კი. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ,,ცერნში” შექმნილია ინტერნეტის მსგავსი სისტემა, ე.წ. ,,გრიდი”, რომელიც აერთიანებს ამ სისტემაში ჩართული სხვადასხვა ქვეყნების კომპიუტერების სიმძლავრეებს. ანალოგიურად ინტრნეტისა ,,გრიდის” საყოველთაო გამოყენების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ტექნოლოგიები უდიდესი სიჩქარით დაიწყებს განვითარებას სხვადასხვა დარგებში. ასევე ზეგამტარობაც, რომელიც ამჟამად გამოიყენება ,,ცერნის” კოლაიდერსა და ექსპერიმენტის მოდულებზე მძლავრი მაგნიტური ველის მისაღებად, იმედია ახლო მომავალში საშუალებას მოგვცემს გადავცეთ დიდი ენერგია შორს მანძილებზე უდანაკარგოთ. გარდა ამისა, ასეთი სახის კვლევები ჩვენი დროის ძირითად პრობლემას, ენერგიის დამატებითი და ალტერნატიული წყაროების მოძიებასაც ემსახურება.

გარდა მეცნიერული და ტექნოლოგიური მიღწევებით სარგებლობისა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანთა ბუნებრივი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილება სამყაროს შესახებ. ანტიკური დროიდან მოყოლებული დღემდე ადამიანები ცდილობენ პასუხი გასცენ კითხვებს, რა ხდება კოსმოსის სიღრმეში, საიდან შეიქმნა სამყარო. ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და საით მივდივართ? განვითარების რა გზა გაიარა და როგორი დასასრული ექნება სამყაროს?
მოვიყვან რამდენიმე მაგალითს, რის გადაჭრასაც ცდილობენ დიდ ადრონულ კოლაიდერზე მიმდინარე ექსპერიმენტების დახმარებით: როგორი იყო სამყარო მისი წარმოქმნის დროს, 14-მილიარდი წლის წინ პირველ მიკროწამებში, როგორ შეიქმნა პირველი ელემენტარული ნაწილაკი, ატომი, მოლეკულა, შემდეგ კი ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები. ვინაიდან ელემენტარული ნაწილაკების დაბადებისას იქვე აუცილებლად იბადებიან ანტინაწილაკები და შესაბამისად უნდა გაჩენილიყო ანტიმატერიისგან შედგენილი სამყაროც, რომელზეც ჯერჯერობით ვერსად აკვირვებიან, იბადება კითხვა- სად არის ანტისამყარო? ასევე ცნობილია რა, რომ დღემდე არსებული ხელსაწყოები აფიქსირებენ სამყაროში არსებული მატერიის და ენერგიის მხოლოდ 5-პროცენტს, სად არის და რას წარმოადგენს, ე.წ. უხილავი მატერია და ენერგია, რომელიც სამყაროს შემადგენლობის 95-პროცენტია? აქვს თუ არა სამყაროს დამატებითი განზომილებები, რა არის შავი ხვრელები, საიდან აქვს სხეულს მასა და სხვა. და კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ წინასწარ ვიცით რა უნდა ვეძებოთ ასეთი სახის ექსპერიმენტების დახმარებით, როგორც დიდი აღმოჩენების ისტორია გვასწავლის, ხშირად ძნელია იწინასწარმეტყველო, ბუნება რა სიურპრიზებს გვიმზადებს და კიდევ რა სახის საიდუმლოებებს აეხდება ფარდა.

ასეთი სახის კვლევები მარტო ,,ცერნი”-თ არ შემოიფარგლება, შედარებით მცირე მასშტაბის სამეცნიერო ცენტრები არის შეერთებულ შტატებში (ფერმილაბი), გერმანიაში (დეზი), იაპონიაში (კეკი), იტალიაში და კიდევ ბევრგან. ამჟამად ასეთი სახის ფუნდამენტალური კვლევები საკმაოდ ძვირადღირებული დარგია. ის დრო, როდესაც აღმოჩენები ერთ ოთახში, მეცნიერთა მცირე ჯგუფის მიერ კეთდებოდა, ისტორიას ჩაჰბარდა. სერიოზული ექსპერიმენტული გამოკვლევა არა თუ ერთი კვლევითი ინსტიტუტის, არამედ ქვეყნის მასშტაბებსაც გასცდა. იქმნება საერთაშორისო კოლაბორაციები, რათა გადაილახოს, როგორც ფინანსური, ასევე სხვადასხვა დარგობრივი სპეციალისტების საკითხი.
 
 

პრობლემის მოგვარება მიზეზების გარკვევით უნდა დავიწყოთ

0
ცნობილი ფაქტია, რომ პრობლემის მოგვარება აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზების გარკვევით უნდა დავიწყოთ და ამ მიზეზების დაძლევაზე  ვიმუშაოთ. ჩვენს რეალობაში კი პრობლემის მოგვარებას შედეგებთან ბრძოლით ვიწყებთ. ასეთი ქმედება, პრობლემის მოგვარების ნაცვლად, მის „მიძინებას” იწვევს და გარკვეული დროის შემდეგ ის ისევ შემაწუხებელი ხდება ჩვენთვის. ასე მაგ. სასკოლო წესებისათვის მიუღებელ ბავშვის ქცევას ხშირად ვებრძვით იმით, რომ ვუბარებთ მშობელს, ვსაყვედურობთ, ვკიცხავთ, ვუტარებთ საუბრებს და ა.შ. თუმცა ჩვენი ასეთი ქმედებები, არცთუ იშვიათად, მხოლოდ დროებითი ეფექტის მომტანი ხდება ხოლმე, თუ არ იქნება წინასწარ გარკვეული ბავშვის ამგვარი ქცევის მიზეზები. საკმაოდ ხშირად, ჩვენთვის მიუღებელი ქცევა მოზარდისთვის თანატოლთა შორის თვითდამკვიდრების კარგი საშუალებაა. ამიტომ, თუ ასეთ შემთხვევაში, ჩვენ პრობლემის მოგვარება გვინდა, ჯგუფში საკუთარი ადგილის პოვნაში უნდა დავეხმაროთ ბავშვს. პრაქტიკა ადასტურებს, რომ გაცილებით უფრო ადვილია პრობლემის თავიდან აცილება, ვიდრე უკვე არსებული პრობლემის მოგვარებაზე მუშაობა. ამასთან ერთად, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სკოლის პერიოდში მოზარდთან დაკავშირებული პრობლემების გამომწვევი მიზეზები არცთუ ისე იშვიათად ბავშვის განვითარების ადრეულ  პერიოდს უკავშირდება, ალბათ მიზანშეწონილი იქნება სკოლამდელი ასაკის ბავშვის იმ თავისებურებების მოკლე მიმოხილვა, რომლებიც შეიძლება სასკოლო პერიოდში პრობლემების გამომწვევ მიზეზთა რიგში მოხვდეს. ეს, რასაკვირველია, იმ შემთხვევაში მოხდება, თუ განვითარების კონკრეტულ ეტაპზე, ბავშვთან ურთიერთობაში,  ამ პერიოდისთვის მნიშვნელოვანი ასაკობრივი თავისებურებები არ იქნება გათვალისწინებული. გარკვეული ხნის წინ ერთმა შეწუხებულმა მშობელმა მოგვმართა. მისი წუხილის მიზეზი იყო მისივე შვილი, მე-10 კლასელი ნიკა, რომელიც, როგორც მშობელი აცხადებდა, ზედმეტად დამოკიდებული იყო ოჯახის უფროს წევრებზე. „დილით ჩაის, რომ გავუმზადებთ და ფინჯანში შაქარს ჩავუყრით, თუ ჩვენ არ მოვურიეთ, შეიძლება უშაქრო ჩაი დალიოს. ჩვენ უნდა შევახსენოთ სად არის წასასვლელი, რა აქვს გასაკეთებელი და ა.შ. უჩვენოდ ის ნამდვილად დაიღუპება”, – შეშფოთებას  ვერ მალავდა ნიკას დედა. ჩვენ შევეცადეთ გვეპოვა მოზარდის ამგვარი ქცევის მიზეზები განვითარების განვლილი პერიოდების გაანალიზების გზით. ცნობილია, რომ ბავშვის განვითარება სწორხაზობრივად არ მიმდინარეობს. ამ პროცესში გვხვდება პერიოდები, როცა ბავშვთან ურთიერთობა საკმაოდ რთულდება, მისი ქცევა ერთგვარად უმართავიც კი ხდება, რაც სერიოზულ პრობლემებს უქმნის აღმზრდელებს. პირველ სერიოზულ  სირთულეებს უფროსები 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებთან ურთიერთობაში ხვდებიან. შემთხვევითი არ არის, რომ განვითარების ეს მონაკვეთი პირველი კრიტიკული პერიოდის სახელით არის ცნობილი. რა თქმა უნდა, ამ პერიოდის საზღვრები ასე მკაცრად დადგენილი არ არის და ის შეიძლება 3 წლამდეც დაიწყოს. დაწყების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი ხშირ შემთხვევაში ბავშვის მეტყველებაში პირის ნაცვალსახელის „მე”-ს აქტიური მოხმარება ხდება ხოლმე. გარკვეულ პერიოდამდე გარშემომყოფებთან ურთიერთობაში ბავშვი საკუთარ თავს მესამე პირში მოიხსენებს – მაგ. „გიორგის შია”, „გიორგის თამაში უნდა”, „გიორგის ეძინება” და ასე შემდეგ. ასეთი წინადადებების წარმოთქმის დროს ის საკუთარ თავზე საუბრობს. თუმცა მალე დგება მომენტი, როცა ბავშვი თითქმის ყოველი წინადადების წარმოთქმის დროს იყენებს ნაცვალსახელს „მე”-ს – „მე თვითონ”, „მე ასე მინდა”, „მე ამის ჩაცმა მინდა”, „მე ეს არ მინდა” და ა.შ. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს არ აძლევენ იმის გაკეთების უფლებას, რაც სურს, ის იწყებს ჭირვეულობას, ჯიუტობას და ამ გზით თავისი სიტყვის გატანას. ალბათ ყველა გავმხდარვართ ისეთი სცენის მოწმე, როდესაც ბავშვი ჭირვეულობს, ტირის, ეწინააღმდეგება დედას და არ მიჰყვება სახლში, თუ არ უყიდის იმას, რაც მას სურს. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დედა ხშირ შემთხვევაში უძლური ხდება. ასეთ სიტუაციაში ის ან ჩხუბს იწყებს გაჯიუტებულ ბავშვთან, ან დაყვება მის ნებას და ყველა სურვილს უსრულებს. უმრავლეს შემთხვევაში არც პირველი და არც მეორე მცდელობა სასურველი შედეგის მიღწევის საშუალებას არ იძლევა. ალბათ ნებისმიერი მშობლისთვის საინტერესოა, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როცა ბავშვი დაჟინებით და ჯიუტად მოითხოვს ჩვენთვის მიუღებელი რამის გაკეთებას. რასაკვირველია, ბავშვის სწორად აღზრდისთვის მზამზარეული რეცეპტების მოძიება ძალიან ძნელია. თუმცა, ფსიქოლოგიურ მეცნიერებაში არსებობს ზოგადი კანონზომიერებები, რომელთა გათვალისწინება ბევრი პრობლემის მოგვარებაში დაგვეხმარებოდა:

·უპირველეს ყოვლისა, ვეცადოთ ვიყოთ თანამიმდევრული. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ რასაც ვუკრძალავთ და რაზეც ვსაყვედურობთ, მიუღებელია ყოველთვის და ყველგან და არა მხოლოდ ამ წუთას და ამ სიტუაციაში. ერთ ოჯახში 3 წლის ბიჭუნას „ცუდი” სიტყვების წარმოთქმას ასწავლიდნენ და ოჯახის ყველა წევრი ძალიან ხალისობდა, როცა პატარა თავისი ჯერ კიდევ დაუხვეწავი მეტყველებით აღნიშნულ სიტყვებს სასაცილოდ იმეორებდა. მაგრამ, როცა იგივე სიტყვების წარმოთქმა ბავშვმა ტრანსპორტში, უცხო ადამიანების თანდასწრებით დაიწყო, დედა, რომელიც თან ახლდა ბავშვს, ძალიან შეწუხდა და ცდილობდა პირზე ხელის აფარებით გაეჩერებინა პატარა. ბავშვი კი ჯიუტად დედის ხელს იცილებდა და აგრძელებდა იმ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმას, რომელიც დედას უხერხულ მდგომარეობაში აყენებდა. ძნელია 3 წლის ბავშვს აუხსნა რატომ შეშფოთდა დედა მის ასეთ ქმედებაზე ახლა, მაშინ როცა ოჯახის ყველა წევრი და მათ შორის დედაც სხვა დროს და სხვა სიტუაციაში მის ასეთ ქმედებას ყოველთვის სიცილით ხვდებოდა;

·ყველაზე მარტივი ქმედება, რასაც შეიძლება მიმართოს უფროსმა გაჯიუტებულ ბავშვთან ურთიერთობისას, არის მისი ყურადღების სხვა მიმართულებით გადართვა. თუმცა, საკმაოდ ბევრ ბავშვთან ამის გაკეთება არც ისე ადვილია;

·გაჯიუტებულ ბავშვთან ურთიერთობისას გაცილებით დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხმის ტონს, მიმიკას, ჟესტიკულაციას, ვიდრე ნათქვამის შინაარსს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბავშვებს ვერბალურთან შედარებით, არავერბალური კომუნიკაციის უნარი ბევრად უკეთესად აქვთ განვითარებული. თუ ბავშვს რაიმეს ვუკრძალავთ, სახეზე კი სასოწარკვეთილება და შიში  გვაქვს გამოხატული და ამასთან ხმაშიც მერყეობა იგრძნობა, გაჯიუტებული პატარა ჩვენს ასეთ მდგომარეობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და მიაღწევს იმას, რისი გაკეთებაც სურს;

·აუცილებელია, რომ ოჯახის წევრები ბავშვთან ურთიერთობაში შეთანხმებულად მოქმედებდნენ, მაშინაც კი, თუ მათ განსხვავებული აზრი აქვთ ბავშვის აღზრდის ამა თუ იმ საკითხზე. არ არის სასურველი მათ პატარის თანდასწრებით გამართონ დისკუსია აღზრდის ამა თუ იმ სტრატეგიის ვარგისიანობის შესახებ. თუ ოჯახის რომელიმე უფროსი წევრი არ ეთანხმება მეორეს ბავშვის მიმართ გატარებული ღონისძიების  სამართლიანობასა და ვარგისიანობაში, უმჯობესი იქნება ცოტა ხნით განერიდოს სიტუაციას და მხოლოდ ერთი ერთზე საუბრისას აუხსნას და დაუმტკიცოს თავისი პოზიცია ბავშვის „უსამართლოდ დამჩაგვრელს”. ერთი პატარა გოგონა, რომელსაც დედა გარკვეულ აკრძალვას უწესებდა, უკმაყოფილო ტონით და მკაცრი გამომეტყველებით „დაემუქრა”  მას: „მოვიდეს ჯერ მამიკო! ვუთხრა, რომ ამის გაკეთების უფლებას არ მაძლევ!” მას დიდი იმედი ჰქონდა, რომ მამიკო დედიკოს გაუწყრებოდა, ეტყოდა რატომ მიჩაგრავ ბავშვსო და ისიც თავისას მიაღწევდა, რაც არა ერთხელ მომხდარა;

      დაბოლოს, ჯიუტობა არც ისეთი სახიფათო და საგანგაშოა, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. პირიქით, ჯიუტობა ადრეულ ასაკში შესაძლებელია მომავალში ძლიერი, პრინციპული და დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბების ხელშემწყობი გახდეს. ამდენად კარგი იქნება, თუ გარკვეულ საზღვრებში ჯიუტობას გასაქანს მივცემთ. თუ ბავშვის სასიცოცხლო ინტერესებს ზიანს არ აყენებს ის, რის გაკეთებასაც პატარა დაჟინებით მოითხოვს, მივცეთ საშუალება თავისი გაიტანოს. მაგ. ხშირია შემთხვევა, როცა სიტყვებით „მე თვითონ”, ბავშვი ხელიდან სტაცებს კოვზს დედას და ცდილობს  დამოუკიდებლად ჭამოს, ან დამოუკიდებლად ჩაიცვას ფეხსაცმელი, ტანსაცმელი. უფროსს ურჩევნია თვითონ აჭამოს, თვითონ  ჩააცვას პატარას, რადგან ხედავს, რომ ეს მოქმედებები მას კარგად არ გამოსდის, პირის მაგივრად ცხვირთან, თვალთან, ყურთან მიაქვს კოვზი და ითხუპნება; მარჯვენა ფეხსაცმელს მარცხენა ფეხზე იცვამს ან – პირიქით. ასევე უჭირს ტანსაცმლის სწორად ჩაცმა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მისი მოძრაობები, ასაკობრივი თავისებურებებიდან გამომდინარე, ჯერ ისეთი დახვეწილი და კოორდინირებული არ არის, როგორც მოზრდილი ადამიანის. მაგრამ, თუ ჩვენ ადრეულ ასაკში, როცა უკვე საფუძველი ეყრება პიროვნების ჩამოყალიბებას, ყველანაირად ჩავახშობთ ბავშვში დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს, მოზრდილობაში მივიღებთ ინფანტილურ, უინციატივო, უპრინციპო, მუდმივად სხვებზე დამოკიდებულ პიროვნებას, დაახლოებით ისეთს, როგორიც ზემოთ მოხსენიებული ნიკაა, რომლის დედაც დღეს ასეთი შეწუხებულია მოზარდის პასიურობით, უინციატივობით, სხვებზე ზედმეტად დამოკიდებულებით, მაშინ როცა, ადრეულ ასაკში, როგორც თვითონ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ბავშვის დამოუკიდებლად მოქმედების მცდელობას გასაქანს არ აძლევდა და ყველანაირად ახშობდა მის ჯიუტ გამოვლინებებს. სასურველია, რომ არ დავაგვიანოთ და ბავშვის განვითარების ყოველ ასაკობრივ საფეხურზე დროულად ვიმუშაოთ იმ უნარების განვითარებაზე, რომელთაც სწორედ ამ ეტაპზე აქვთ კარგი „ნიადაგი”  მომზადებული. დაგვიანებული მცდელობები ძალიან ხშირად სასურველ შედეგს არ იძლევა. უკვე ჩამოყალიბებულის შეცვლა, კორექცია ბევრად უფრო რთული პროცესია, ვიდრე სწორად ჩამოყალიბება.

როგორ ტიროდნენ საქართველოში

0

„წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ ვუთხრა შვილისა,
იქნება ვეფხის დედაი ჩემზე მწარედა ტირისა”

ცხადია, გლოვა ინტიმური აქტია, ვისაც როგორ შეუძლია, ისე გლოვობს, ისე ტირის, მაგრამ არსებობს გლოვის კულტურული ფენომენიც. რა მოთხოვნებს გიყენებს ამ დროს კულტურა და საზოგადოება? რადგან ადამიანის სიკვდილი ისევ რჩება საერთო სახალხო წარმოდგენად, თანამედროვეობა ეძებს ფორმებს, ცვლის წესებს, ქცევის ეთიკას.

ბოლო დროს რამდენიმე პანაშვიდზე მომიხდა მისვლა. ინანიშვილი გამახსენდა, არ შეეგუოთ სიკვდილს, იტირეთ, იყვირეთო. თბილისი თითქოს შეეგუა, თითქოს სიცოცხლემ დაკარგა ფასი. ყავლგასულ თეატრალურობასა და უნიჭო, სხვების დასანახ ხმით ტირილს, მეორე უკიდურესობა – სრული სიმშვიდე დაუპირისპირა. ლამისაა ამ „ფსევდოკულტურულობის” მოთხოვნამ ჭირისუფალს დააკისროს ფუნქცია – მისასამძიმრებლად მისული კარგად შეგიქციოს ხმადაბალ საუბრებში და იმის სწრაფი მიმოხილვის შემდეგ, რითი და როგორ გარდაიცვალა საწყალი, ოსტატურად გადაიყვანოს საუბარი აქტუალურ ან საკაცობრიო, ან კიდევ მოდურ თემებზე.

არადა გახსენდება, იმ ერის შვილი ხარ, რომელსაც შეეძლო იქვე, კუბოსთან, ან იქნებ უკიდურესი გაჭირვების დროს. კუბოსთანაც არა, საკაცეზე დასვენებულ მიცვალებულთან შეექმნა შედევრები:
მოჰკვდია, ბეჩავო იერემო,
დასდევა სიღარიბის ჯოხი,
მიწანიმც დაილოცვებიან,
შიშველნი დაგიმალნეს ხორცნი.

მიწა რომ ერთადერთი თავშესაფარი იყო, მაშინაც ჰქონდა სიცოცხლეს ფასი, მაშინაც ღვრიდნენ ცრემლებს, სიკვდილს თუ არა, სიცოცხლის ტრაგიზმს დასტიროდნენ.

არ მოახვიო სხვას შენი ტკივილი, იგლოვო სხვათა თვალისგან მოშორებით, – ცალკე კულტურაა. ალბათ ილიასაც აწუხებდა, ალბათ მეცხრამეტე საუკუნეშიც ყავლი გასდიოდა გასვენება-სამძიმრების საყოველთაო თეატრალურობას. ამიტომ ატირა ოთარაანთ ქვრივი სხვათა თვალთაგან მოშორებით, ატირა და ისიც თვალნათლივ აღწერა, როგორი ინტიმური რამაა ტირილი. ქმარს ხომ ჩუმად ტირის და არც შვილი უნდა იგლოვოს სხვების დასანახად.

ილია ხატავს ქალის სახეს, რომელიც ქვეყანას ასე სჭირდება, მაგრამ „ხიდჩატეხილობა” უფრო მნიშვნელოვანი სათქმელია მისთვის და რადგან ცოცხალი გიორგი კესოს სიყვარულში ვერაფრით გამოუტყდება, იძულებულია, პერსონაჟი შვილის სიკვდილისთვის გაიმეტოს, მაგრამ ოთარაანთ ქვრივი ცოცხლად არ კვდება, ის ბოლომდე ოთარაანთ ქვრივია, ზუსტად იმიტომ, რომ ქვრივული გაკერპება შვილის ცხედართანაც არ ტოვებს. არის კიდევ ერთი ნიუანსი: როცა ქვრივი შობა ღამეს გიორგის საფლავზე გადის, სახლში ვიღაც მოხუცი ქალი რჩება, რომელიც, ეტყობა, შეფარებული ჰყავს, ე. ი. სიკეთის კეთების უნარი ბოლომდე ცოცხალია მასში, სიკვდილამდე ცოცხალია ოთარაანთ ქვრივი, მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა.

ოთარაანთ ქვრივი სახალხო ტირილის საყოველთაო წესს უპირისპირდება, მაგრამ არ ღალატობს, თავის საკუთარ წესს, საკუთარ კულტურას. ამით ის, ერთი მხრივ, პიროვნულ სახეს ინარჩუნებს, მაგრამ რამდენად ბუნებრივია შვილის ცხედართანაც ამაზე ფიქრი? როგორც მოთხრობა მთავრდება, „ერთიც ეგ არის წყევლაკრულვიანი საკითხავი”.

ქართულ ლიტერატურაში არის კიდევ ერთი სახე: ყველაზე გაბედული მხატვრული სახე, ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ახლო თავის ბუნებასთან, ყველაზე მართალი თავის ტირილში, -აღაზა.

აღაზას ძალა საკუთარ სისუსტეშია. მას არ შეუძლია დაუპირისპირდეს კულტურას, მაგრამ კიდევ უფრო არ შეუძლია შეაკავოს თავისი ნამდვილი, ბუნებრივი გრძნობები. ის უპირველესად ქალია და თუკი ქალი ცოცხალია თავის სქესში, თავის არსებობაში, არ შეიძლება მის განცდაში მოკლული ვაჟკაცის მიმართ სექსუალური განცდა არ ერიოს: “ნეტავი, იმას ვინაცა/ მაგის მკლავზედა წვებოდა,/ვისიცა მკერდი, აწ კრული,/მაგის გულ-მკერდას სწვდებოდა.” აღაზა შეუბოჭავი, პირველყოფილი სტიქიაა, რომელიც, რა თქმა უნდა, კულტურით შემოსაზღვრულ გარემოში დასაღუპადაა განწირული, მაგრამ მისი ტირილი ყველაზე ბუნებრივი რეაქციაა და ჯოყოლაც იძულებულია გაუგოს, თანაც საკუთარი თავიც ეხმარება დადგეს ეჭვზე მაღლა, დადგეს ერთგულებაზე მაღლაც კი, რადგან ადამიანი არ არის გაჩენილი ერთადერთი სიყვარულისთვის. ჯოყოლას თავმოწონება („ეტყობა თავმოწონება მასპინძელს საუბარშია”) აღაზას გამო მარტო მისი სილამაზით კი არაა განპირობებული, არამედ, უპირველესად, მისი ბუნებრიობით და სიმართლით, რომელსაც ვერ მიითვისებ, მხოლოდ შენი ვერ გახდება, ყველა ღირსეულს შეიძლება ერგოს და შენც დაგავალდებულოს ადამიანური არსებობის სულ სხვა, ყველაზე გულწრფელ სიმაღლეზე დადგე. აღაზა მართალია თავის თავთან, თავის ბუნებასთან და ამდენად არ შეიძლება, ვინმესთან ( ქმართან) იყოს დამნაშავე.
** *
სიკვდილი სიცოცხლესავით ძნელია. იცვლება დრო, იჭედება ახალი კულტურა. ჭირის გაზიარება ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და ადამიანური აქტია, მაგრამ თუკი მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მივდივართ, იქნებ დავრჩეთ სახლებში, იქნებ დავტოვოთ სივრცე გლოვისთვის და უფრო ვიწრო წრეში ჩამოყალიბდეს შედარებით ადამიანური და ბუნებრივი კულტურა მიცვალებულის დატირებისა, თორემ დაგვახრჩობს შეკავებული ცრემლები, სხვა, ცუდ ენერგიად გარდაიქმნება და საკუთარი თავის პოვნის ისედაც რთულ პროცესს კიდევ უფრო გაგვიძნელებს.

დამტკიცება და დამტკიცების ხერხები მათემატიკაში

0
მათემატიკაში დამტკიცება არის დედუქციური მსჯელობა, რომელიც გამოიყენება გამო­ნათქვამის დასაბუთებისათვის. ამგვარი მსჯელობის დროს შესაძლებელია უკვე არსებული, ადრე დასაბუთებული დებულებების გამოყენება. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია რომ დამტკიცებისას გამოყენებულ მსჯელობას მივყვეთ უკუსვლით იქამდე სანამ არ მივად­გებით ისეთ საწყის დებულებებს, რომელთა ჭეშმარიტება თავისთავად ცხადია ან რომლებიც მიჩნეულია როგორც ჭეშმარიტი დებულებები. ისეთ საწყის დებულებებს კი, რომლებიც დამტკიცების გარეშეა მიღებული როგორც ჭეშმარიტი დებულებები, აქსიომები ეწოდება.

ვრცლად 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...