სამშაბათი, ივნისი 10, 2025
10 ივნისი, სამშაბათი, 2025

აღდგომა კოტიასთვის და ანიკოსთვის

0
ტეტააა, ტეტააა, აღდომა მოდის, აღდომა – ყვიროდა საქანელაზე შემომჯდარი ჩემი ნათესავი. სამზარეულოში, დიდ, თავდახურულ ქვაბში შეღებილი ათობით კვერცხი ეწყო და ერთი სული გვქონდა, შუაღამის თორმეტი როდის დადგებოდა. დილით ეზოში და მერე, არდადეგების გასრულებისას, სკოლაში დიადი ტურნირი იწყებოდა. ყველაზე მზაკვარს, ხის კვერცხი ჰქონდა დიდი რუდუნებით შემზადებული, შედარებით პატიოსანს – ციცარის.

  ბებიაჩემი ბევრს ლოცულობდა. განსაკუთრებით ვნების კვირაში. გარდაცვლილ შვილზე და ქმარზე, ძმაზე და დედ–მამაზე. ცოცხალ შვილებზე და შვილიშვილებზე. ნათესავებზე. მეზობლებზე. მე ხან ბებიაჩემის ოთახში მეძინა და დღესაც ზეპირად მახსოვს ამის გამო ფსალმუნები და საწესო ლოცვები. ბოლო ასე ასრულებდა: ,,ღმერთო ყველა კარგად ამყოფე, ყველა გაჭირებული’’ და ლოგინს გადაწერდა პირჯვარს.

  ყველა დღესასწაული მისით მახსოვს. საეროებიც კი. იმ წელს რვა მარტს მოთოვა. სულ ეს მაგონდება – ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი.  ე.წ. ზაგოზერნოსკენ  მივდიოდით. იქ იყიდებოდა პური იმ დროს. კაცი, ზედსახელად ბუკაკიე გახლდათ ამ საქმის გამგებელი. ჰოდა, მივდიოდით მე და ბებიაჩემი. ზუკუტურით მივყავდი. ზურგზე მოკიდებული ანუ. ცალ თვალზე მისი შავად შენაღები, გახუნებული თავშალი მეფარებოდა და ცალით ქარით დახრილ ფიფქებს ვხედავდი. ზღაპარს გავდა. მოყოლით არ გამოდის. არის ჩვეულებრივი ამბები, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი. ის მნიშვნელოვანი ქალი იყო. ჩემზე უფრო ჯიუტი და იდეალისტი.

 ტეტააა, ტეტააა, აღდომა მოდის, აღდომა! – ყვიროდა ნათესავი. ოთახიდან პასკის სუნი გამოდიოდა, შეშის ღუმელში რომ ცხვებოდა. გარეთ უკვე თბილოდა და სახლში ცხელოდა მით უფრო. მაგრამ ბებიაჩემი შავ თავშალს არ იშორებდა და უცნაურ, ძნელად შესამჩნევ ღიმილს, რომელიც მე ყველაზე უფრო მძიმე დღეებში შემინიშნავს. ალბათ ეს იყო, იმ ძალის მიზეზიც. იმ, ძალის რომ პირველად, მეზობელ, ლოთ კოტიასთან მიგვქონდა წითელი კვერცხები მე და ბებიაჩემს, მერე იქვე, ანიკოსთან, როგორც ავი ენები ამბობდნენ, სოფლის ძველ მეძავთან და მაშინ უკვე ლოგინად დავარდნილ ქალთან, მერე სახლში ,,ვუჭახუნებდით’’, მერე სასაფლაოზე. ბებიაჩემა ევროპული კონვენციები არ იცოდა, მაგრამ ზურგის ტვინით გრძნობდა, რომ ამ წუთისოფლის მთავარი ღირებულება არის ადამიანი – ნებისმიერი ადამიანი. ამითაა ეს ქვეყანა საინტერესო, რომ ,,გვაქვს უთვალავი ფერითა’’. მეც ასე ჩამრჩა, რომ აღდგომის მისტერიის ერთ–ერთი მთვარი საქმე, საკუთარი თავზე ამაღლება და სხვა ადამიანების შემჩნევაა. მათთვის ტანჯვა და მათთვისვე ამაღლება. სულ მცირე – როგორც ვთქვი, შემჩნევა მაინც. კოტიას და ანიკოს და სხვების და სხვების. პათეტიკური ამბავია, მაგრამ პათეტიკაც ადამიანური საქმეა. თან ხანდახან დიდად მარგებელი. გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს.

როგორ დავარწმუნოთ ბავშვები, რომ „სწავლა სინათლეა“

0
„აი, წლის ბოლოს თუ სულ ხუთები გექნებათ ჟურნალში, აგვისტოში ზღვაზე წაგიყვანთ და ველოსიპედს გიყიდით”, – ჰპირდებოდნენ ჩემს ერთ თანაკლასელს და მის და-ძმას მშობლები ყოველი სასწავლო წლის დამდეგს. გადიოდა წელი და ბავშვებს, არცთუ სახარბიელო ნიშნების მიუხედავად, მაინც სჩუქნიდნენ ველოსიპედს და მიჰყავდათ ურეკში, მე კი მუდამ მიკვირდა: რა საჭირო იყო კარგი ნიშნებისთვის დასაჩუქრება? სწავლა ხომ სიკვდილივით და გადასახადებივით გარდაუვალ რამედ მეჩვენებოდა და ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, მათემატიკის ამოცანის სწორ პასუხს რომ მივიღებდი რამდენიმესაათიანი წვალების შემდეგ.

უნივერსიტეტში გავიგე, რომ ზემოხსენებული მეზობელი ცდილობდა, შვილებისთვის გარეგანი მოტივატორებით შეეყვარებინა სწავლა. აი, ჩემმა მშობლებმა კი თითქოს ინექცია გამიკეთეს და ვენაში შემიყვანეს სწავლის აუცილებლობის განცდა, ანუ შინაგანი მოტივაცია ჩამომიყალიბეს. თუმცა მაგისტრატურაში სწავლის დროს, მიზეზთა გამო, „ავურიე” და არათუ შინაგანი, გარეგანი სტიმულებიც კი არ მეყო სასწავლო პროცესში მოსწავლის მოტივაციაზე მოქმედ ფაქტორებზე სამაგისტრო ნაშრომის დასაწერად. ის, რომ დღეს მაგისტრის დიპლომი მაქვს, ჩემი ლექტორების დამსახურებაა, რომლებმაც ხელახლა მასწავლეს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა.

მოსწავლის სასწავლო მოტივაცია აკადემიურ მოსწრებაზე ზეგავლენის განსაკუთრებული ხარისხით გამოირჩევა და თანამედროვე სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას წარმოადგენს. მოტივაცია შინაგანი მდგომარეობაა, რომელიც მოქმედებისკენ გვიბიძგებს. ფსიქოლოგები მოტივაციის ორ სახეს განასხვავებენ. შინაგანად მოტივირებული ადამიანი მოქმედებს საკუთარი ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად. მაგალითად, როდესაც ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ვემზადებოდი, აღმოვაჩინე, რომ გალაკტიონის ორმოცდახუთი ლექსი ვიცოდი ზეპირად. ვიზუთხავდი, განურჩევლად იმისა, შეტანილი იყო თუ არა პროგრამაში და ეს მსიამოვნებდა. აი, გარეგანი მოტივაციის დროს კი ადამიანი გარე ფაქტორების ზეგავლენით მოქმედებს. მაგალითად, მათემატიკას იმიტომ ვაქცევდი განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ დედაჩემი ჰუმანიტარებს არ სწყალობდა. მასწავლებელი გარეგანი მოტივატორების შემოტანით ცდილობს, გაუმძაფროს მოსწავლეს მიზნის მიღწევის სურვილი.

მეცნიერთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაცია მესამე კლასიდან საგრძნობლად იკლებს. ამ დროს მასწავლებლებმა უნდა იზრუნონ მათი შინაგანი მოტივაციის შესანარჩუნებლად, მაგრამ არც გარეგანი მოტივატორები დაივიწყონ.

ფსიქოლოგიური თეორიები მოტივაციის შესასწავლად რამდენიმე მიდგომას გვთავაზობს. ბიჰევიორისტული მიდგომის თანახმად, მოსწავლეთა მოტივირება შეიძლება გარეგანი იმპულსების (დასჯა-წახალისების) გამოყენებით. თუ მოსწავლეს მუდმივად შეაქებენ რაიმე ქცევისთვის, დიდია ალბათობა, მან ეს ქცევა გაიმეოროს და პირიქით, თუ რამისთვის დასჯიან, უსაყვედურებენ, შესაძლოა, ეს ქცევა შემდგომში აღარ განმეორდეს. 

კარგი ნიშნები, სტიკერები, ვარსკვლავები და სხვა საშუალებები სასწავლო პროცესში სწორედ მოსწავლის კარგი ქცევის განსამტკიცებლად გამოიყენება. კიდევ ერთი სასიამოვნო მოტივატორია ქება, რომელშიც მასწავლებელმა უნდა ასახოს როგორც დღევანდელი მიღწევები, ასევე რჩევაც, გაუზიაროს მოსწავლეს თავისი მოლოდინი. მაგალითად: „ნინო, ძალიან მომეწონა შენი შესრულებული დავალება. მეტი ყურადღება მიაქციე პუნქტუაციას და შემდეგში უფრო მაღალ ნიშანს მიიღებ”. ქება უნდა იყოს ინფორმაციული, გასაგები; მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია მისი მიღწევების შესახებ მოცემულ მომენტში, ამასთან, ყურადღება გაამახვილოს მოსწავლის ძალისხმევაზე და არა მის უნარებსა და ინტელექტზე. ეს მოსწავლეს ჩამოუყალიბებს რწმენას, რომ ძალისხმევით ყველაფერს მიაღწევს.

მოტივაციისადმი კოგნიტური მიდგომის მიხედვით, მშობლებისა და მასწავლებლების დაინტერესება ზრდის მოსწავლის შინაგან მოტივაციას. მოსწავლეები, რომლებიც განიცდიან მიკუთვნებულობას მშობლებთან, მასწავლებლებთან ან თანატოლებთან, უფრო ემოციურად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. კოგნიტური თეორეტიკოსები აქცენტს მოტივაციაზე სვამენ და სჯერათ, რომ ადამიანის ქცევა აზროვნებით არის განპირობებული და არა იმით, ამ ქცევის გამო წარსულში დაააჯილდოეს თუ დასაჯეს.

მოტივაციაზე სოციოკულტურული წარმოდგენა ხაზს უსვამს ერთობის წევრობას. ადამიანები ერთვებიან აქტივობაში, რათა განამტკიცონ თავიანთი იდენტობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები ამ ჯგუფის შიგნით. მოსწავლეებს აქვთ სწავლის უფრო ძლიერი მოტივაცია, როდესაც გრძნობენ მიკუთვნებულობას იმ ჯგუფისადმი, რომლისთვისაც სწავლას დიდი ღირებულება აქვს. ჯგუფის ახალი წევრები მოტივირებულნი არიან ისწავლონ და შეითვისონ ჯგუფის ღირებულებები და გამოცდილება, რათა მის ნამდვილ წევრებად იგრძნონ თავი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის იმის ჩვენება, რომ სწავლა აუცილებელია.

განსხვავებული კულტურების კვლევის შედეგად მაკკლელანდმა (McClelland, 1955) დაასკვნა, რომ მიღწევის მოთხოვნილება ანუ სწრაფვა წარმატებისა და უპირატესობისკენ კულტურული ღირებულებებით არის განპირობებული. მისი მტკიცებით, ბავშვებს, რომელთა მშობლებიც პრიორიტეტს არ ანიჭებენ განათლებას, ხშირად აქვთ დაბალი მოტივაცია სასკოლო დავალებების შესასრულებლად. აი, ხომ გახსოვთ, კუკარაჩას რომ ეკითხება ანიკო ბახტაძე: „ვინ დამღუპა?” – ის კი პასუხობს: „თქვენ, ქალბატონო ანიკო! დადგენილია, რომ ყველაზე ხშირად ის ბავშვები იწყებენ მოწევას, რომელთა ოჯახის წევრებიც ეწევიან”. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენს შვილს შეუქმნათ სასწავლო მოტივაცია, თავად იკითხეთ წიგნები. სასურველია, იკითხოთ ბავშვთან ერთად ან ესაუბროთ იმ წიგნზე, რომელსაც მოცემულ მომენტში კითხულობს – ამით მას დაანახვებთ, რომ კითხვა მნიშვნელოვანია.

კვლევებით დადგენილია, რომ მასწავლებლის მოტივაცია და მისი სწავლების სტილი გავლენას ახდენს მოსწავლის სასწავლო მოტივაციაზე. კერძოდ, თუ მასწავლებელი შინაგანი მოტივაციით ხელმძღვანელობს პროფესიული საქმიანობისას, ესე იგი თუ მისთვის სწავლება სახალისო და საინტერესო პროცესია, მისი მოსწავლეების მოტივაციაც იზრდება. ასეთივე გავლენა აქვს მასწავლებლის გარეგან მოტივაციასაც: თუ მასწავლებლისთვის მნიშვნელოვანია მისი სტატუსი და ღირსება კოლეგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წინაშე, ის ყველაფერს იღონებს, რათა არ შებღალოს თავისი რეპუტაცია და მაღალპროფესიონალურ დონეზე დარჩეს; ამის გამო ის ეცდება მოსწავლეთა მოტივირებას, რაც დადებითად აისახება კიდეც მათ მოტივაციაზე, თუმცა შინაგანი მოტივაცია უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე გარეგანი. რაც შეეხება სწავლების სტილს, თუ ის ეფექტურია, რაც იმას გულისხმობს, რომ მასწავლებელი ორიენტირებულია პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებაზე, იყენებს ახსნისა და სწავლების თანამედროვე მეთოდებს და მოსწავლის შეფასების მკაფიო და ცხად კრიტერიუმებს, მაშინ მოსწავლის მოტივაციაც იზრდება.

მე მჯერა, რომ თუ მშობლები და მასწავლებლები გავერთიანდებით და ბავშვებს დავანახვებთ, რომ „სწავლა სინათლეა”, ისინი ამას გაითავისებენ და მათი ცხოვრების გზა საინტერესო და სასიამოვნო გასავლელი იქნება.

რატომ ჩამორჩებიან მოსწავლეები კითხვაში და როგორ დავეხმაროთ მათ

0
ვიცით, რომ ყველა კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც სწავლაში საგრძნობლად ჩამორჩებიან თავიანთ თანატოლებს, უჭირთ საგნების სწავლა, აქვთ დაბალი მოტივაცია და, შესაბამისად, ვერ აღწევენ სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ საგანმანათლებლო მიზნებს. დიდი ხანია კვლევებმა დაადასტურა, რომ ამგვარი წარუმატებლობის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოსწავლეთა შორის კითხვის უნარის არასათანადო ფლობაა. 

განსხვავება წარმატებულ და წარუმატებელ მოსწავლეებს შორის დროთა განმავლობაში სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. მოსწავლეები, რომლებსაც უჭირთ კითხვა, როგორც წესი, ვერ სძლევენ სასწავლო მასალას ვერც ერთ საგანში. ამას ბუნებრივად მოსდევს ისეთი არასასურველი შედეგები, როგორიცაა: სასწავლო პროცესიდან გარიყვა, წარუმატებლობის მუდმივი განცდა, სრული დემოტივაცია, დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბება, საბოლოოდ კი _ ასოციალური ქცევების გამოვლენა. ამდენად, უაღრესად მნიშვნელოვანია პრობლემების დროულად იდენტიფიცირება და გააზრებული ინტერვენცია მათ აღმოსაფხვრელად.

საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტის მიხედვით, მცირეწლოვანი და მოზრდილი მოსწავლეებისთვის გამოყოფენ ხუთ ძირითად კომპონენტს, რომლებიც საფუძვლად უდევს კითხვის უნარის განვითარებას. ესენია:

მე-3 კლასის ჩათვლით

 

მე-4 კლასიდან ზემოთ

ფონოლოგიური ცნობიერება




















     სიტყვების
წაკითხვა

ანბანური პრინციპის
გაგება

     მოქნილი კითხვა

მოქნილი კითხვა

     ლექსიკის დაუფლება

ლექსიკის დაუფლება

    წაკითხულის
გააზრება

წაკითხულის გააზრება

    მოტივაცია

როგორც ვხედავთ, კითხვაში პრობლემების მქონე მოზრდილი მკითხველებისთვის პრიორიტეტები ცოტა განსხვავებულია. ფონოლოგიური ცოდნა და ანბანური პრინციპის გაგება მაღალ კლასებში კითხვის უნარის დაუფლებაში არსებითი მნიშვნელობის მქონე კომპონენტებად აღარ მიიჩნევა, რადგან ამ ასაკში თუნდაც ძალიან სუსტ მოსწავლეებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სიტყვების წაკითხვა არ უჭირთ. თუკი მათ მაინც სჭირდებათ დახმარება, სჯობს, ამისთვის გამოვიყენოთ ე.წ. „სიტყვების სწავლება”, რაც ანაბანური პრინციპის სწავლებასთან შედარებით უფრო რთული უნარების გამომუშავებას გულისხმობს. 

არსებითია, რომ მასწავლებელი დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს სწავლების ყველა ეტაპზე და გამოავლინოს, ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ კომპონენტში სჭირდება მას განსაკუთრებული დახმარება.

სიტყვების წაკითხვა

ჩვეულებრივ, ცუდ მკითხველებს უჭირთ მრავალმარცვლიანი და/ან უცნობი სიტყვების დეკოდირება, ნაცნობი სიტყვების ამოცნობა ერთი შეხედვით, ასევე სიტყვების მარტივი ანალიზი (მაგ., ნაცნობი ფუძის გამოყოფა სიტყვიდან). რადგანაც სიტყვების წაკითხვაში გაწაფვა საგრძნობლად ეხმარება მოსწავლეს სწრაფად და გააზრებულად კითხვაში, ეს უნარი, ბუნებრივია, გააზრებული კითხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. 
როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს სიტყვების წაკითხვა?

მასწავლებელმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს შემდეგი მიმართულებებით:

ასწავლოს მოსწავლეებს, როგორ დაშალონ სიტყვა მარცვლებად;

ავარჯიშოს ისინი გრძელი, მრავალმარცვლიანი სიტყვების წაკითხვაში (დააშლევინოს მარცვლებად, შემდეგ გადაანაცვლებინოს ან ჩამოაშორებინოს ეს მარცვლები და სხვადასხვა კომბინაციით წააკითხოს ისინი);

ხშირად წააკითხოს მოსწავლეებს უჩვეულო ბგერითი შედგენილობის სიტყვები (მაგ., უცხო ან ცნების/ტერმინის აღმნიშვნელი სიტყვები);

ასწავლოს მათ სიტყვის დაშლა ცნობად ნაწილებად, სიტყვაში ფუძის გამოყოფის, მაწარმოებლებისა და მათი ფუნქციის ამოცნობის ხერხები;

ასწავლოს და ავარჯიშოს ისინი სიტყვების შემადგენელ ნაწილებად დაშლასა და მათი გამოყენებთ ახალი სიტყვების შედგენაში;

ასწავლოს მათ, როდის და როგორ გამოიყენონ სიტყვის სტრუქტურული ანალიზის ცოდნა უცნობი და/ან რთული სიტყვების წასაკითხად;

სასურველია, სიტყვების სწავლებაზე ორიენტირებული აქტივობების ხანგრძლივობა არ აღემატებოდეს 10-15 წუთს, ხოლო უცნობი სიტყვების რაოდენობა 5-10 სიტყვით შემოიფარგლებოდეს.
მოქნილი კითხვა

კარგი მკითხველის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელი მოქნილი კითხვის უნარია. ეს იმას ნიშნავს, რომ მკითხველი  ავტომატურად შიფრავს და კითხულობს სიტყვებს, აჯგუფებს ან განაცალკევებს მათ. ბუნებრივია, მოქნილი კითხვა ყოველთვის არ ნიშნავს  იმას, რომ მკითხველი გაიაზრებს წაკითხულს, მაგრამ ამ უნარის გამომუშავება წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს.
როგორ გამოვუმუშაოთ მოსწავლეებს მოქნილად კითხვის უნარი?

თავისუფლად კითხვის უნარის დასაუფლებლად არსებობს ორი სახის ინტერვენცია: განმეორებითი ხმამაღალი კითხვა (ერთი და იმავე ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვა და მოსმენა) და მრავალფეროვანი ტექსტების ერთჯერადად წაკითხვა (სხვადასხვა სახის ტექსტების რეგულარულად კითხვა).

ერთი და იმავე ტექსტის განმეორებითი კითხვა მოსწავლეს საშუალებას აძლევს, გაზარდოს სიტყვების რაოდენობა, რომელთა წაკითხვასაც ის ავტომატურად შეძლებს. შესაბამისად, იზრდება კითხვის სისწრაფეც, ანუ მოსწავლე სულ უფრო თავისუფლად კითხულობს ტექსტს.

განსხვავებული სახის ტექსტების ერთჯერადად კითხვის მეთოდის გამოყენებისას გასათვალისწინებელია, რომ ტექსტები არ უნდა იყოს გადატვირთული მოსწავლისათვის რთული და უცნობი სიტყვებით.

ისეთი მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სერიოზული პრობლემები აქვთ კითხვაში, მასწავლებელმა პერიოდულად უნდა გამოიყენოს მოდელირების მეთოდი, ანუ ხმამაღლა უნდა წაუკითხოს მათ სხვადასხვა სახის ტექსტები. 
ლექსიკის დაუფლება

სპეციალისტები აღიარებენ, რომ სიტყვების მნიშვნელობის ცოდნა პირდაპირ არის დაკავშირებული წაკითხულის გააზრების უნართან და, ზოგადად, მოსწავლის აკადემიურ წარმატებასთან. თუმცა ცნება „ლექსიკის დაუფლება” გაცილებით ფართო შინაარსს იტევს და გულისხმობს სიტყვების სემანტიკის გაცნობიერების უნარსაც, რაც ენობრივი ალღოს გამომუშავებას განაპირობებს. მოსწავლე სრულყოფილად ფლობს ლექსიკას, თუ იგი გრძნობს ნიუანსობრივ განსხვავებებს სემანტიკურად ახლოს მდგომ სიტყვებს შორის და შეუძლია ტექსტის მიზნის, სტილური მახასიათებლების გათვალისწინებით გააკეთოს ენობრივი არჩევანი. ბუნებრივია, ასეთი ენობრივი ალღო დიდად ეხმარება მას წაკითხულის გააზრებაში.
როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ლექსიკის დაუფლებაში?

ლექსიკის სწავლება შეიძლება დაიყოს სამ ძირითად მიმართულებად: 

1) ცალკეული სიტყვების სწავლება პირდაპირი გზით. ეს გულისხმობს ექსპლიციტური, ანუ პირდაპირი სწავლების მეთოდის გამოყენებას. განმტკიცების ეტაპზე, სასურველია, მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, ახლად შესწავლილ სიტყვას გაეცნონ სხვადასხვა კონტექსტში. ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია, რომ მოსწავლემ შეძლოს თითოეული სიტყვის გრამატიკულად გაანალიზებაც. 

მრავალი მნიშვნელობის მქონე სიტყვების სწავლებისას, სასურველია, მოსწავლეებს შევთავაზოთ რაც შეიძლება მეტი მაგალითი, რომლებშიც ასეთი სიტყვა სხვადასხვა მნიშვნელობით იქნება ნახმარი; შესაძლებელია იგი მეტყველების სხვადასხვა ნაწილსაც წარმოადგენდეს (მაგ., სიტყვა „ანგარიში” სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. იგი შეიძლება იყოს არსებითი სახელიც და ზმნის საწყისის ფორმაც).

2) სიტყვის გაგების სტრატეგიების სწავლება, რაც მოსწავლეს შემდგომში დამოუკიდებლად მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ გზით მოსწავლეები იძენენ კითხვისას უცნობი სიტყვების მნიშვნელობის ამოცნობის უნარ-ჩვევას _ ეყრდნობიან საკუთარ ლინგვისტურ გამოცდილებას, გრამატიკის ცოდნას, და, რა თქმა უნდა, კონტექსტს.

3) აკადემიური ლექსიკის სწავლება აუცილებელია იმისათვის, რომ მოსწავლემ შეძლოს დარგობრივი ტექსტების წაკითხვა და გაგება. აკადემიური ლექსიკა აერთიანებს იმ სპეციფიკურ სიტყვებს (ტერმინებს, ცნებებს), რომლებიც უმეტესად სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოებში ხვდებათ მოსწავლეებს. აკადემიური ლექსიკის სწავლება გულისხმობს როგორც პირდაპირი სწავლების, ისე სიტყვის გაგების სტრატეგიების სწავლების მეთოდების გამოყენებასაც.

აკადემიური ლექსიკის სასწავლებლად, ბუნებრივია, გამოიყენება დარგობრივი ტექსტები, რომლებშიც გვხვდება სპეციალური ტერმინოლოგია. ასეთი ლექსიკის ღრმად და საფუძვლიანად გასაგებად, სასურველია, მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, ერთი და იგივე ლექსიკური ერთეულები რამდენჯერმე და სხვადასხვა კონტექსტში წაიკითხონ.

ზოგადი რეკომენდაციები ლექსიკის სწავლებასთან დაკავშირებით:

ლექსიკაზე მუშაობას რეგულარული ხასიათი უნდა ჰქონდეს, რადგან ეს პროცესი უწყვეტია მთელი სასკოლო განათლების მანძილზე. კარგი იქნება, თუ გაკვეთილებზე ლექსიკურ სავარჯიშოებს დაეთმობა 10-15 წუთი მაინც.
არ არის სასურველი, მოსწავლეებს ერთდროულად ბევრი ახალი სიტყვის დამახსოვრება მოვთხოვოთ. ეს ისეთივე კონტრპროდუქტიული იქნება, როგორც შემთხვევითი, კონტექსტს მოწყვეტილი სიტყვების სწავლება. კვირის განმავლობაში 5-10 ახალ ლექსიკურ ერთეულზე მუშაობა გაცილებით დიდი შედეგის მომტანი იქნება, ვიდრე ერთდროულად 20 სიტყვაზე ვარჯიში.
მოსწავლეები უკეთ გააცნობიერებენ და ადვილად დაიმახსოვრებენ სიტყვის მნიშვნელობას, თუ გაეცნობიან მის სინონიმებს, ანტონიმებს, ასევე მასთან დაკავშირებულ სხვა სიტყვებს. 
წაკითხულის გააზრება

ცნობილია, რომ კითხვის სწავლების საბოლოო მიზანი გააზრებული კითხვის უნარის გამომუშავებაა.
როგორ ვასწავლოთ წაკითხულის გააზრება?

სანამ მოსწავლეები კითხვას დაიწყებენ, მასწავლებელმა საშუალება უნდა მისცეს მათ, რომ თვალი გადაავლონ ტექსტს. ამ გზით მოსწავლეები გაეცნობიან ტექსტის ვიზუალურ მხარეს, სტრუქტურას, ყურადღებას მიაქცევენ სათაურსა თუ ქვესათაურებს, საკვანძო სიტყვებსა და ფრაზებს, რაც მათ გარკვეულ წარმოდგენას შეუქმნის წასაკითხი მასალის შესახებ.

კითხვის დაწყებამდე მოსწავლეთა წინარე ცოდნის აქტივაცია და ამ სახით წასაკითხი ტექსტის ერთგვარი „მოთელვა” მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  წაკითხულის გააზრებას. წინარე ცოდნა _ ეს არის ინფორმაცია, რომელსაც ფლობს მოსწავლე იმ საკითხთან/თემასთან დაკავშირებით, რასაც ეხება ტექსტი. ეს ცოდნა ერთგვარი ხიდია ნასწავლსა და შესასწავლს შორის. 

თუკი მასწავლებლისთვის ცნობილია, რომ მოსწავლეები არ ფლობენ საკმარის წინარე ცოდნას, მან უნდა მიაწოდოს მოსწავლეებს აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მათ წასაკითხი ტექსტის გაგებაში დაეხმარება.

წაკითხულის გასააზრებლად სასარგებლოა ასევე გრაფიკული მაორგანიზებლების გამოყენებაც. ისინი ეხმარება მოსწავლეს, ამოიცნოს, სისტემურად დაინახოს და დაიმახსოვროს ყველა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც მას წაკითხულის დასამუშავებლად და გასააზრებლად სჭირდება, ასევე შეაჯამოს წაკითხული.

წაკითხულის გააზრებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა შეძლონ კითხვის პროცესის კონტროლი. მეტაკოგნიტური უნარების განვითარების მიზნით, სასურველია, მასწავლებელმა პირდაპირი გზით ასწავლოს მათ შესაბამისი სტრატეგიები.

უპირველესად, მოსწავლეები უნდა დაეუფლონ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ისინი შეძლებენ კითხვის დროს დაშვებული ხარვეზების იდენტიფიცირებას. ასეთი სტრატეგიებია: ყველა უცნობი ან რთულად გასაგები ლექსიკური ერთეულის იდენტიფიცირება; ტექსტში ასახული მოვლენების, ფაქტების წარმოსახვაში გაცოცხლება; თითოეული აბზაცის ან შინაარსობრივად დასრულებული მონაკვეთის წაკითხვის შემდეგ მცირე პაუზის გაკეთება და წაკითხულის შეჯამება; საკუთარი თავისთვის კითხვების დასმა წაკითხულის შესახებ და სხვ.

მოსწავლეები ასევე უნდა დაეუფლონ კონკრეტულ სტრატეგიებს კითხვის დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოსასწორებლადაც. ასეთი სტრატეგიებია: უცნობი ან რთულად გასაგები ლექსიკური ერთეულების ამოსაცნობად კონტექსტის და/ან გრამატიკული ცოდნის მოხმობა, საჭიროების შემთხვევაში კი ლექსიკონის ან სპეციალური ლიტერატურის მოძიება და გამოყენება; გაუგებარი ან ძნელად გასაგები ადგილის ხელახლა წაკითხვა, ასეთი მონაკვეთის შინაარსის საკუთარი სიტყვებით, ხმამაღლა გადმოცემა.

წაკითხულიდან აზრის გამოტანა შეუძლებელია, თუკი მკითხველს არა აქვს უნარი, თავი მოუყაროს წაკითხულ ტექსტში მოწოდებულ ინფორმაციას, რომელიც ზოგჯერ შესაძლებელია საკმაოდ ტევადიც იყოს, და დაიყვანოს იგი მხოლოდ ძირითად, ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტებამდე. სწორედ ეს არის წაკითხულის შეჯამების უნარი. 

ამ უნარის განსავითარებლად სასურველია, მოსწავლეებს ჯერ ვასწავლოთ ტექსტის შედარებით მცირე მონაკვეთების შეჯამება, რის შემდეგაც შესაძლებელია მათი მოცულობის ეტაპობრივად გაზრდა. თავდაპირველად უმჯობესია პირდაპირი ინსტრუქციებისა და მოდელირების მეთოდის გამოყენება, რისთვისაც მასწავლებელი: 

ეხმარება მოსწავლეებს ძირითადი წინადადების ამოცნობაში, ხოლო თუკი ტექსტში პირდაპირ არ არის ასეთი წინადადება – მის შეთხზვაში;
სთხოვს მოსწავლეებს, ერთმანეთთან შინაარსობრივად დაკავშირებული სიტყვები ჩაანაცვლონ ერთი, განმაზოგადებელი სიტყვით;
ეხმარება მოსწავლეებს, ერთმანეთისაგან გაარჩიონ მთავარი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია.
წაკითხულის სრულყოფილად გააზრებისთვის ასევე სასარგებლოა, რომ მოსწავლეებმა ისწავლონ კითხვების დასმა წაკითხულის შესახებ და დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ამისათვის მასწავლებელმა შესაძლებლობა უნდა მისცეს მოსწავლეებს, თავად დასვან კითხვები და უპასუხონ სხვადასხვა სირთულის კითხვებს ტექსტის შესახებ, მათ შორის, ისეთებსაც, რომლებზე პასუხის გაცემაც ქვეტექსტის გაგებასა და გარკვეული დასკვნების გაკეთებას მოითხოვს.

წაკითხულის შესახებ დისკუსიის წარმართვა ასევე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აქტივობაა წაკითხულის გასააზრებლად.

მოტივაცია

მოტივაცია წარმატებულ მკითხველად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ძირითადი წინაპირობაა. ცუდი მკითხველების პრობლემა სწორედ მოტივაციის ნაკლებობაა. ისინი ცოტას კითხულობენ, რის გამოც ვერ ფლობენ კითხვის სტრატეგიებს, აქვთ მწირი ლექსიკური მარაგი და ვერ იაზრებენ წაკითხულს. ასეთი მკითხველები არც კლასგარეშე ლიტერატურას კითხულობენ სიამოვნებით.
როგორ ავამაღლოთ მოსწავლეთა მოტივაცია?

კითხვის მოტივაციის ასამაღლებლად კითხვის სპეციალისტები გვთავაზობენ ოთხ უმთავრეს მიდგომას. ესენია:
1) კითხვის მიზნის განსაზღვრა მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით. მოსწავლე უფრო ყურადღებით წაიკითხავს ტექსტს, თუ წინასწარ ეცოდინება, რომ იგი მისთვის საინტერესო თემას ეხება, ან მიიღებს ინფორმაციას, რომელსაც კონკრეტული მიზნით გამოიყენებს. თუ მისთვის კითხვა მხოლოდ ვალდებულებაა და მისი მიზანი მხოლოდ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული დავალებებისა და სავარჯიშოების შესრულებაა, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მოსწავლეს საგრძნობლად ნაკლები მოტივაცია ექნება. 

2) მოსწავლეების არჩევანის პატივისცემა. აუცილებლად გაიზრდება მოსწავლის მოტივაცია, თუკი მას საშუალება მიეცემა, მონაწილეობა მიიღოს საკითხავი მასალის შერჩევაში, თავად აირჩიოს საკუთარი როლი ჯგუფურ თუ წყვილურ აქტივობებში, შეარჩიოს მეწყვილე, ასევე გადაწყვიტოს, ინდივიდუალურად იმუშავებს თუ ჯგუფურად, რა ტიპის პროდუქტის შექმნა სურს და ა.შ.

3) საინტერესო საკითხავი მასალის შერჩევა. მოსწავლეს უფრო ეხალისება ისეთი ტექსტების კითხვა, რომლებიც მას ინტერესს აღუძრავს. ცხადია, არ არსებობს უნივერსალური საზომი, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ზუსტად დავადგინოთ, რომელი ტექსტი შეიძლება იყოს ყველა მოსწავლისათვის ერთნაირად საინტერესო. ამიტომ, მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს გარკვეული ინფორმაცია მოსწავლეების ინტერესების სფეროების შესახებ და ამის მიხედვით უნდა შეარჩიოს საკითხავი მასალა.

4) მოსწავლეთა შორის თანამშრომლობის წახალისება. როგორც ცნობილია, მოზრდილ მოსწავლეებს განსაკუთრებით იზიდავთ და აინტერესებთ ერთმანეთთან ურთიერთობა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მოსწავლეები უფრო მოტივირებული ხდებიან სწავლაში, თუკი მათ მიეცემათ საშუალება, დაამყარონ ერთმანეთთან სოციალური კავშირები და თანამშრომლობის გზით ერთობლივად გადაწყვიტონ სხვადასხვა სასწავლო ამოცანა.

სწავლა და სწავლება კლას-კომპლექტში

0
საქართველოში, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, კლასში მოსწავლეთა განაწილება ქალაქსა და სოფლად თანაბარი არ არის: ქალაქის სკოლებში კლასში მოსწავლეების ჭარბი რაოდენობაა, ხოლო სოფლად – უჩვეულოდ მცირე. განათლების მკვლევარები მიუთითებენ, რომ იმ კლასებში, სადაც მოსწავლეების რაოდენობა ათს არ აღემატება, ისევე იჩენს თავს საგანმანათლებლო პრობლემები, როგორც იმ სკოლებში, სადაც კლასში მოსწავლეთა რაოდენობა უპრეცედენტოდ დიდია და 35-40-ს აღწევს. 

2012 წლის მონაცემებით, საქართველოში მოსწავლეთა სრული რაოდენობის დაახლოებით 8% სწავლობს ისეთ კლასებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ხუთი ან ნაკლებია. ერთი შეხედვით, ეს ციფრი დიდი არაა, მაგრამ ეს ბავშვები 880-მდე სკოლაში არიან განაწილებული, რაც საქართველოს სკოლების 38%-ს _ ერთ მესამედზე მეტს მოიცავს. 

აღნიშნულ სკოლებში სწორედAშეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამო, რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, ხშირად ქმნიან კლას-კომპლექტებს.

რა არის კლას-კომპლექტი?

კლას-კომპლექტში, სულ მცირე, ორი სხვადასხვა კლასის სხვადასხვა სასწავლო შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები ერთ საკლასო ოთახში სწავლობენ და ინტელექტუალურ, აკადემიურ და სოციალურ უნარებს  ავლენენ.  ასეთი სასწავლო გარემოს შექმნის ერთ-ერთ მთავარ პირობას, როგორც წესი, რესურსების სიმწირე და გეოგრაფიული აუცილებლობა ქმნის. კერძოდ, სკოლის სხვა სკოლასთან კონსოლიდაცია შეუძლებელია მათი მდებარეობის გამო. ამასთან, მოსწავლეების მცირე რაოდენობის გამო სკოლა მცირებიუჯეტიანია და იძულებულია, არსებული ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმიზაციას მიმართოს. 

დღესდღეობით მთელ მსოფლიოში სკოლებში მოსწავლეების ჯგუფებად განაწილება, ბუნებრივია, ასაკის მიხედვით ხდება. თუმცა საინტერესოა, რომ კლასებად სეგრეგირებული სკოლები დასავლეთში მხოლოდ მე-19 საუკუნის ბოლოს, ინდუსტრიულ რევოლუციასა და ურბანულ დასახლებებში მოსწავლეების რაოდენობის მკვეთრ ზრდასთან ერთად გაჩნდა. აღნიშნული პრინციპი მოსახერხებელია როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, რადგან გათვალისწინებულია ბავშვის განვითარების ასაკობრივი თავისებურებები და ჯგუფებში მათი კატეგორიზაცია სწორედ ამ პრინციპით ხორციელდება. მაგრამ დღესაც ზოგ ქვეყანაში კლას-კომპლექტი სწავლების დომინანტური ფორმაა (მაგ.: პერუში, სადაც სკოლების 78%-ში კლას-კომპლექტში ხორციელდება სწავლება; შრი ლანკაში, სადაც ეს სკოლების 63%-ში ხდება).   

რა სირთულეებს ქმნის კლას-კომპლექტში სწავლება? 

კლას-კომპლექტში სწავლება მასწავლებლისათვის შრომატევადი პროცესია. ის მასწავლებლის განსაკუთრებულ პროფესიულ ოსტატობას, გაკვეთილის ზედმიწევნით დაგეგმვას და დამატებით რესურსებს მოითხოვს. მასწავლებელმა უნდა მართოს სხვადასხვა ასაკის და აკადემიური საჭიროებების მქონე მოსწავლეები და იზრუნოს თითოეულის მოტივირებაზე. სირთულეს ის სასწავლო გარემოც ქმნის, რომელშიც მასწავლებელს უწევს მუშაობა. საქართველოში კლას-კომპლექტები იქმნება მაღალმთიან, სოფლის მცირებიუჯეტიან სკოლებში, სადაც სკოლა არ არის მდიდარი თვალსაჩინოებებით, დამატებითი სასწავლო რესურსებით, ბიბლიოთეკით. მასწავლებელს არ აქვს შესაძლებლობა, ხშირად დაესწროს პროფესიული განვითარების ტრენინგებს, სკოლის მწირი ადამიანური რესურსის გამო პედაგოგები ხშირად ითავსებენ ადმინისტრაციულ საქმიანობასაც, რაც მათ დიდ დროსა და ენერგიას ართმევს. ამასთან, სკოლა შეიძლება კულტურული და გეოგრაფიული იზოლაციის არეალშიც იყოს. 

თუმცა სკოლის დირექციის შესაბამისი დახმარების, რესურსების სწორად შერჩევის, კლასში აქტივობების სწორი განაწილების შემთხვევაში შესაძლებელია კლას-კომპლექტში მამოტივირებელი სასწავლო გარემოს შექმნა და დასახული სასწავლო მიზნების მიღწევა.  

რა უპირატესობა აქვს კლას-კომპლექტს? 

მიუხედავად რიგი სირთულეებისა, კლას-კომპლექტს დადებითი მხარეებიც აქვს. რიგ სკოლებში კლას-კომპლექტების არსებობა მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის და კეთილსაიმედო სასწავლო გარემოს შექმნის საშუალებას აძლევს.  

მაგალითად, მოსწავლეები უკეთ შეიმუშავებენ სწავლის გრაფიკსა და თავისებურებებს, ყალიბდებიან უფრო პასუხისმგებლობიან და დამოუკიდებელ მოსწავლეებად.  ამასთანავე, კლას-კომპლექტში ნაკლებად ფორმალური და კეთილგანწყობილი გარემოა, ვიდრე ჩვეულებრივ საკლასო ოთახში, შესაბამისად, მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობას, უვითარდებათ ურთიერთდახმარებისა და ურთიერთსწავლების უნარები, რაც ჩვეულებრივ კლასებში რთულად მისაღწევი მიზანია. კლას-კომპლექტში სხვადასხვა ასაკის მოსწავლეების სწორი გადანაწილების შემთხვევაში, უფროსკლასელები ირგებენ მზრუნველი უფროსის, მასწავლებლის როლს, ხოლო უმცროსი საფეხურის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, დააკვირდნენ უფროსკლასელების სამოდელო ქცევას. 

რა უნდა იცოდეს კლას-კომპლექტის მასწავლებელმა?

კლას-კომპლექტის მასწავლებლებს განსაკუთრებით მოეთხოვებათ ბავშვის განვითარების ეტაპების კარგად ცოდნა. შესაბამისად, სწავლების სტრატეგიები, რომლებსაც მასწავლებელი საკლასო სივრცეში გამოიყენებს, ასაკობრივ თავისებურებებს უნდა შეესაბამებოდეს. 
კლას-კომპლექტში სწავლებისას მასწავლებელს უნდა შეეძლოს, წარმართოს პოზიტიური ინტერაქცია ჯგუფში და გამოიყენოს მოსწავლეების სოციალური უნარები სწავლის პროცესის ხელშესაწყობად. მან უნდა შექმნას მრავალფეროვანი სასწავლო გარემო, რომელიც ეფექტური და კომფორტული იქნება სხვადასხვა დონის მოსწავლეებისათვის.  რაც მთავარია, მასწავლებელს უნდა შეეძლოს მოსწავლეების შეფასების თვისებრივი ინსტრუმენტების (პორტფოლიოებისა და ანგარიშების) გამოყენება. და ბოლოს, მას უნდა შეეძლოს აუხსნას მშობლებს, თუ რა პრინციპითა და სტრატეგიით ახორციელებს სწავლებას. 

ამ რთულ პროცესში მთავარი მისია მასწავლებელს აკისრია, მაგრამ უმნიშვნელოვანესია, თუ როგორ დაეხმარება მას სკოლის დირექტორი და ადმინისტრაცია. დირექტორის მოვალეობაა, ხელი შეუწყოს ასეთ მასწავლებელს, აქტიურად იყოს ჩართული მის პროფესიულ საქმიანობაში, მიაწოდოს რეკომენდაციები და ინფორმირებული იყოს, თუ რა მიღწევები და პრობლემებია ასეთ საკლასო გარემოში. 

საკლასო ოთახის ორგანიზება 

კლას-კომპლექტში სწავლებისას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომელთაც მასწავლებელი სწავლებისას იყენებს, არამედ სასწავლო გარემოსაც. როგორც უკვე ვახსენეთ, საქართველოში კლას-კომპლექტებში სწავლება ხორციელდება ისეთ სკოლებში, სადაც სასწავლო რესურსები უკიდურესად შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, მწირი რესურსების შემთხვევაშიც არის შესაძლებელი, პედაგოგმა თანაბრად მამოტივირებელი პირობები შეუქმნას სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს. 

“აქტივობების ცენტრი” 

კლას-კომპლექტში სწავლების დაწყებამდე მასწავლებელმა თავად უნდა განსაზღვროს, როგორი სასწავლო გარემო უნდა შექმნას მოსწავლეებისათვის. ამისათვის, მან თავიდანვე უნდა იცოდეს, რა ტიპის აქტივობებს გამოიყენებს სწავლებისას. ზოგადად, საკლასო გარემოში ყველაზე ხშირად შემდეგი აქტივობები ხორციელდება:

1.მოსწავლის ინდივიდუალური მუშაობა;
2.მთელ კლასთან მუშაობა;
3.ჯგუფური მუშაობა;
4.წყვილში მუშაობა;
5.საკლასო მუშაობა;
6.მასწავლებელთან/უფროსკლასელ მოსწავლესთან კონსულტაცია.

იმისათვის, რომ კლას-კომპლექტში შესაძლებელი იყოს სხვადასხვა ჯგუფთან სხვადასხვა ტიპის აქტივობის განხორციელება, მასწავლებელმა შესაბამისად უნდა შეცვალოს საკლასო ოთახში მერხებისა და სხვა ავეჯის წყობა. 
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ სხვადასხვა აქტივობა სხვადასხვა დონის ხმაურს იწვევს, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სივრცე, სადაც მოსწავლეებს ინდივიდუალურად მუშაობის შესაძლებლობა ექნებათ, საკლასო ოთახის ერთ კუთხეში იყოს _ მერხები ერთმანეთისგან მოშორებით უნდა იდგეს, რათა მოსწავლეებმა ინდივიდუალური მუშაობისას ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს. ჯგუფური სამუშაოსათვის განკუთვნილი სივრცე კი მეორე კუთხეში უნდა იყოს, სადაც მერხები, პირიქით, ერთმანეთთან ახლოს უნდა იდგეს, რათა მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, ერთი მაგიდის გარშემო იმსჯელონ და იმუშაონ. 

სასურველია, ერთ-ერთი ასეთი სივრცე იყოს მინიბიბლიოთეკა, სადაც მოსწავლეებისათვის სასარგებლო დამატებითი ლიტერატურა იქნება ხელმისაწვდომი. ასეთი “ბიბლიოთეკის” მოსაწყობად რამდენიმე წიგნიც საკმარისია. სკოლის დირექციასთან და სკოლის ბიბლიოთეკართან შეთანხმებით შესაძლებელია სასკოლო ბიბლიოთეკის გარკვეული მასალის გამოყენებაც, რამდენადაც საკლასო ოთახში, სასწავლო კონტექსტში, თანატოლების გარემოცვაში წიგნის კითხვა მოსწავლეებს საგნის უკეთ სწავლის მოტივაციასაც გაუზრდის და, ზოგადად, კითხვის სურვილსაც გაუღვივებს. 

მსგავსი პრინციპით, შესაძლებელია საკლასო ოთახში მოეწყოს “კომპიუტერული რესურს-ცენტრი”. საქართველოს თითქმის ყველა სკოლაში მოიპოვება რამდენიმე კომპიუტერი მაინც. ბევრ სკოლაში არსებული კომპიუტერული ლაბორატორიის გამოყენება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ხელი არ მიუწვდებათ ტექნიკაზე უშუალოდ საგაკვეთილო პროცესის დროს. მცირეკონტინგენტიან სკოლებში სასწავლო რესურსები შეზღუდულია, მაგრამ ამასთან უფრო მარტივია, არსებული რესურსების ისე განაწილება, რომ ყველა მოსწავლემ სასარგებლოდ გამოიყენოს. კომპიუტერული ტექნიკის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი შესაძლებელია ასეთი კლას-კომპლექტის საკლასო ოთახი ყველაზე დაცულ ოთახში იყოს მოწყობილი. 

უმნიშვნელოვანესია, რომ საკლასო ოთახში ასეთი სივრცეების განაწილების შემდეგ ნათლად აუხსნათ მოსწავლეებს და მშობლებს, თუ რა მიზანს ემსახურება კლასის ასეთი მოწყობა. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ, რომ მართალია, მათი საკლასო ოთახი ტრადიციული წესით მოწყობილი არ არის, მაგრამ მათ მაინც უნდა დაიცვან დისციპლინა და კლასის წესები. მასწავლებლის დახმარებით მათ უნდა მოახერხონ თითოეულ სივრცეში შესაბამისი ქცევის ნორმების შემუშავება და დაცვა. ასეთი განაწილება არა მხოლოდ მეტ ხალისს შესძენს მოსწავლეებს, არამედ ჩამოუყალიბებს კონტექსტისა და გარემოს მიხედვით შესაბამისი ქცევის გამომუშავების უნარსაც. 

სასურველია, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს გამოყოფილი ადგილი, სადაც ის ბარათებს, დავალებებს, ჩანაწერებს, წიგნებსა და რვეულებს დაალაგებს. იმ შემთხვევაში, თუ საკლასო ოთახში ვერ მოხერხდება წიგნების თაროს გამოყოფა, შესაძლებელია, ასეთ სათავსოდ ჩვეულებრივი მუყაოს ყუთები გამოვიყენოთ. მოსწავლე თავად გააფორმებს ამ ყუთს და თავის სახელსაც დააწერს. აღნიშნული ყუთი, შესაძლოა, მასწავლებლებისა და მოსწავლეების კომუნიკაციის წყაროდაც იქცეს, სადაც მასწავლებელი გზავნილებს, წერილებს, ინსტრუქციებს დაუტოვებს მოსწავლეს. 

ქვემოთ მოცემულია რამდენიმე შესაძლო ვარიანტი, თუUროგორ შეიძლება კლას-კომპლექტში სასწავლო გარემოს მოწყობა. ცხადია, სკოლის, კლასის საჭიროებები და შესაძლებლობები ყველა სკოლაში სხვადასხვაა, შესაბამისად, მასწავლებელმა სკოლის დირექციასთან ერთად თავად უნდა განსაზღვროს, როგორია მისთვის და მისი მოსწავლეებისათვის ყველაზე მისაღები და ადეკვატური გარემო. მთავარია, თითოეული სივრცე ადვილად ხელმისაწვდომი და გამოსაყენებელი იყოს თითოეული მოსწავლისათვის. 

კლასის მართვა და დისციპლინა 

სხვადასხვა საფეხურისა და საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ერთ საკლასო სივრცეში გაერთიანება მასწვლებლისაგან მეტ ძალისხმევას მოითხოვს კლასში შესაბამისი დისციპლინისა და წესრიგის შესაქმნელად და შესანარჩუნებლად. 

მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მოსწავლეები ყოველთვის ღელავენ, სანამ სასწავლო გარემოს შეეჩვევიან, კლასელებს გაიცნობენ და მეგობრებს გაიჩენენ. თითქმის ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, წარმატებული იყოს და ყველაფერი კარგად გამოუვიდეს.Gგარემოსა და აქტივობების სწორი მართვით მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს ეს პროცესი გაუმარტივოს, პოზიტიური განწყობა ჩამოუყალიბოს და აგრძნობინოს, რომ მათი აკადემიური პროგრესის იმედი აქვს. 

ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელს ჰქონდეს ლიდერის ფუნქცია კლას-კომპლექტში, რაც არ გამორიცხავს მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნას. პედაგოგმა უნდა მართოს კლასში ყველა სასწავლო აქტივობა, სწორი ინსტრუქცია მისცეს მოსწავლეებს და თვალი ადევნოს მათ შესრულებას. მაგალითად, თუ მასწავლებელმა მცირე ჯგუფებში გაანაწილა მოსწავლეები და დავალება მისცა, აუცილებელია, მისცეს მათ დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება, მაგრამ ამასთანავე, ის უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეებმა ზუსტად გაიგეს დავალება და ასრულებენ მას. მცდარია სტერეოტიპი, რომ რაც უფრო მკაცრია მასწავლებელი და ხმამაღლა აძლევს მოსწავლეებს შენიშვნებს, კლასში მით უფრო კარგი დისციპლინაა. შესაძლოა, ასეთი მასწავლებლის კლასში იყოს სიჩუმე, რომელიც მეტწილად შიშითაა გამოწვეული, მაგრამ რთულია, ასეთ დაძაბულ და არაკეთილგანწყობილ გარემოში მოსწავლეს სწავლის სურვილი გაუღვივდეს. კვლევამ აჩვენა, რომ მშვიდ, გაწონასწორებულ მასწავლებლებს უფრო კარგად გამოსდით ნებისმიერი კლასის მართვა. 

კლას-კომპლეტში ხშირია შემთხვევა, როცა ერთი საფეხურის მოსწავლეები მორჩებიან დავალების შესრულებას, ხოლო მასწავლებელი ამ დროს სხვა მოსწავლეების დახმარებითაა დაკავებული. იმისათვის, რომ მოსწავლეებმა ხელი არ შეუშალონ სხვებს, მნიშვნელოვანია, მასწავლებელს განსაზღვრული ჰქონდეს ნუსხა იმ აქტივობებისა, რომლებსაც მოსწავლეების ”დასასაქმებლად” გამოიყენებს, მაგალითად:

·დამატებითი ლიტერატურის კითხვა;
·ლექსიკონში სიტყვების მოძიება;
·მასწავლებლის დახმარება;
·დღიურის შევსება;
·უმცროსი კლასელის დახმარება. 

სასკოლო დავალებების განაწილებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ პირველკლასელებს და მეორეკლასელებს მეტი ყურადღება და დახმარება სჭირდებათ იმისათვის, რომ ჩამოუყალიბდეთ წიგნიერებისათვის მყარი საფუძველი, განსაკუთრებით იმ მოსწავლეებს, რომელთაც საბავშო ბაღში არ უვლიათ. მესამეკლასელებს და მეოთხეკლასელებს, სასურველია, უფროსი კლასის მოსწავლეები ეხმარებოდნენ წყვილში მუშაობისას, ხოლო მეხუთეკლასელ და მეექვსეკლასელ მოსწავლეებს მეტი დრო უნდა ჰქონდეთ ინდივიდუალური სასკოლო დავალებების შესასრულებლად. 

კლას-კომპლექტში მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები უფრო მეტად იგრძნობა, ვიდრე ჩვეულებრივ კლასში. მასწავლებელი, საგაკვეთილო დროის მაქსიმალურად გამოყენების და სწორი პასუხების დროულად მიღების მიზნით, ხშირად იმ მოსწავლეებს ეკითხება, ვინც მას ყველაზე სხარტად უპასუხებენ. შესაბამისად, გაკვეთილის პროცესში ჩართული არიან სწორედ ძლიერი და ყოჩაღი მოსწავლეები. ის მოსწავლეები, რომლებსაც სწორი პასუხის მოსაფიქრებლად ოდნავ მეტი დრო სჭირდებათ, პასიური მსმენელები ხდებიან. უფრო მეტიც, მუდმივი მარცხის შედეგად მათ უყალიბდებათ განცდა, რომ სხვებზე ნაკლები უნარი აქვთ, ისწავლონ და წარმატებას მიაღწიონ. ძლიერებად და სუსტებად ასეთი კატეგორიზაცია კიდევ უფრო საგრძნობია მაშინ, როცა მასწავლებელი ისეთ საკლასო დავალებებს ავალებს მოსწავლეებს, სადაც მხოლოდ ერთი სწორი პასუხია. 

ჯგუფში მუშაობა
მოსწავლეები, რომლებიც შეჩვეულები არიან ჯგუფში, თანამშრომლობით მუშაობას, ზოგადად, უფრო მაღალ აკადემიურ შედეგებს აღწევენ. ამიტომ აუცილებელია, მასწავლებელმა წაახალისოს თანამშრომლობა, პასუხისმგებლობა დააკისროს თითოეულ მოსწავლეს ჯგუფში მუშაობისას და შექმნას წახალისების მდგრადი სისტემა. კლას-კომპლექტში მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა სხვადასხვა მეთოდით შეიძლება და საგანსა და სასწავლო მიზნებზეა დამოკიდებული.  

ტოტალიტარიზმი – სტალინის ბრძოლა ხელისუფლებისათვის – მეორე ნაწილი

0
მასწავლებლებისთვის: 
რატომ იყო, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოებში განსხვავებულობა და სხვაგვარად ფიქრი იკრძალებოდა და იდეოლოგიური გაერთგვაროვნების მიზნით იწვებოდა წიგნები?  რატომ იყო, რომ მუსოლინის დროს ისტორიის მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო არსებობდა? რომ ნაცისტურ გერმანიაში ისტორია თავიდან გადაიწერა და გებელსმა ახალი სასკოლო სახელმძღვანელო შემოიღო? განა სხვა მიზანს ემსახურებოდა სსრკ-ში ისტორიის ერთადერთი სახელმძღვანელო, რომლის დამკვეთი სახელმწიფო იყო? ისტორიისადმი დღევანდელი დამოკიდებულება ხომ არ მიყვება ტოტალიტარულ პოლიტიკურ სისტემებისთვის დამახასიათებელი ისტორიის დოგმატურ-პროპაგანდისტული „სწავლების” ინერციას? ამგვარ ინერციას ხომ არ გამოხატავს სახელმძღვანელოების შეზღუდული არჩევანი? (ისტორიაში ორი მსგავსი შინაარსის მქონე ისტორიის სახელმძღვანელოს არსებობა?)

ისტორიის სწავლა/სწავლების პრობლემებიდან  დაბალი მოტივაციის არსებობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და გამოსაყოფ მიზეზად მასწავლებლის/მოსწავლის  სახელმძღვანელოსადმი დამოკიდებულებაა. საგანმანათლებლო სივრცეში სახელმძღვანელო ჯერ ისევ მასობრივად განიხილება ერთადერთ რესურსად, რომელიც სანდოა, უტყუარი და რომელსაც მასწავლებელი ყოველ გაკვეთილზე „მზა რეცეპტის” სახით იყენებს.  შესაბამისად, ისტორიის სწავლა/სწავლების მოტივაციაც ამ მიზეზიდან გამომდინარე ძალიან დაბალია. (თუმცა არსებობს არაერთი სხვა მნიშვნელოვანი მიზეზი). „მზა რეცეპტში”,   რომელსაც ზოგადად სახელმძღვანელოები გვთავაზობენ,  ნაჩქარევი, გაუაზრებელი, ზედაპირული, მცდარი ინფორმაციებიც  და, ხშირად, „გამზადებული” დასკვნებიც კია მოცემული.  მის მიმართ ეჭვი ჯერ არავის გამოუთქვამს. კატის და ეროვნული გამოცდები  მხოლოდ ამ სახელმძღვანელოებს  ეყრდნობა. ასეთი მიდგომა  ვერ პასუხობს  თანამედროვე სამყაროს  გამოწვევებს, ტექნოლოგიური ინოვაციებისა და ინფორმაციულობის ფონზე რომ მიმდინარეობს. ამიტომ სახელმძღვანელოების ამგვარი მნიშვნელობა უნდა შეიცვალოს, მისზე დამოკიდებულება უნდა შესუსტდეს. თუმცა ამავე დროს, ასეთივე უნდა იყოს განათლების პოლიტიკაცა და გამოცდების მიზანიც – შემოწმდეს არა ის, რა წერია სახელმძღვანელოებში, არამედ მოსწავლის  უნარები (რაც თავის, მხრივ, ცოდნას ეფუძნება);   

ფაქტია რომ მასწავლებლის თეორიულ თვალსაწიერსა და შემოქმედებითობაზეა დამოკიდებული, როგორ სიღრმეებს დაანახებს ის მოსწავლეებს – ასწავლის ზედაპირულად, კონკრეტული პრაგმატული მოკლევადიანი მიზნისთვის (იგულისხმება კატი-მატი), იმისთვის, რომ  მას ხელფასს ამაში უხდიან (და თან ცოტას), თუ იმისათვის, რომ მოსწავლეს განუვითაროს აზროვნება.

გაკვეთილები ტოტალიტარიზმისა და კერძოდ  სტალინის თემის შესახებ  ერთადერთ მიზანს ემსახურება – მოსწავლეებმა უფრო მეტი გაიგონ იმ შემაძრწუნებელ სისასტიკეზე,  რასაც ტოტალიტარიზმი, კერძოდ კი სტალინიზმი ერქვა. მოქალაქეობრივი ცნობიერების მქონე მოსწავლეები არ უნდა შეცდნენ მის შეფასებაში. სტერეოტიპებისაგან დისტანცირებასა  და თავისუფალი მოაზროვნის ჩამოყალიბების პროცესში სულ მინიმუმ რამდენიმე წანამძღვრის გათავისებაა საჭირო:
ა.  სიღრმისეულად  უნდა ხდებოდეს თემის სწავლა-სწავლება;

ბ. დესკრიფციული და შეფასებითი მსჯელობა, შედარებითი ანალიზი, პრობლემების იდენტიფიცირება,  დიალოგი, დისკუსიები უნდა იყოს პერმანენტული.  

გ. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა დაუთმოს თავისი პრივილეგირებული ფუნქცია. (სასწავლო როლები უნდა იცვლებოდეს და ეფუძნებოდეს გაგების ორმხრივ ფორმებს). 

დ. მეტი დრო  უნდა დაეთმოს მნიშვნელოვან  თემებს (კერძოდ X, XI, XII კლასებში) და არ უნდა ეთმობოდეს  რამდენიმე საათი ისიც მხოლოდ XII კლასში.  

ე. სკოლის მხრიდან უნდა მოხდეს არჩევითი საგნების (მაგ. სახელმწიფო) ამ თემებისათვის მაქსიმალური გამოყენება. რადგან XII  კლასში ამ თემისთვის სამი, ოთხი  ან თუნდაც ხუთი საათის დათმობა უშედეგოა. ასეთ მცირე დროში შეუძლებელია  საკითხის სიღრმისეული გააზრება. ზედაპირული ცოდნა კი შეიძლება იქცეს  კლიშეების გაძლიერების და არა მისი  მსხვრევის საშუალებას.   

მაშასადამე, კიდევ ერთხელ, ტოტალიტარიზმის-სტალინიზმის სწავლა-სწავლებას   მრავალი მიზანი უნდა ჰქონდეს. ის უნდა ეხებოდეს და მოიცავდეს  მაგალითად: მათ ხელისუფლებაში მოსვლასა და ძალაუფლების განმტკიცებას, რეპრესიებს,  ხელისუფლებისთვის ბრძოლას, კონსტიტუციას, ეკონომიკას, წითელ ჰოლოკოსტს, სოციალურ საკითხებს – რელიგიას, ეთნიკურ პრობლემებს, ქალთა როლს, კულტურას, განათლებას, პროპაგანდას, ისტორიკოსების აზრებს; ასეთი მრავალმხრივი შესწავლა მოსწავლეებს ბევრ საკითხზე დააფიქრებს (შესწავლაში წლების დამახსოვრებას კი არა, გააზრებას ვგულისხმობ); დააფიქრებს სიღრმისეულად და საშუალებას მისცემს მოსწავლეებს ობიექტურად შეაფასონ „ლიდერი” და მისი სისტემა, რომელსაც ეკუთვნის ცნობილი სიტყვები: “ადამიანი პრობლემაა; არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა”.  (სტალინი, 1936 წელი)  

ეტაპი 2 –  მემარცხენეების  გამოყენება ტროცკის წინააღმდეგ 

ჯერ კიდევ 1923 წელს, პარტიის მე-12 ყრილობაზე ყველა საუბრობდა ლენინისა და ტროცკის შესახებ. სტალინი ჩრდილში იყო, მაგრამ ლენინის ავადმყოფობამ სიტუაცია შეცვალა. ჩამოყალიბდა ტროიკა-ტრიუმვირატი – სტალინი, ბუხარინი და რუკოვი. სწორედ მათი აქტიურობის შედეგი იყო, რომ 1923 წელს სტალინი ხელახლა აირჩიეს პარტიის გენერალურ მდივნად. (პირველად იგი 1922 წელს ლენინმა  აირჩია. ეს იყო გარკვეულწილად მადლობის გამოხატულება იმ დამსახურების სანაცვლოდ, რომელიც სტალინს რევოლუციაში მიუძღოდა: იგი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული გაზეთის – „პრავდა” – რედაქტორი. ამასთან, მისი ვალი იყო რევოლუციის დროს ბანკების რეკეტი ფულის შოვნის მიზნით. ამით მან დიდი ფული მოუპოვა რევოლუციას). ფაქტობრივად 1923 წლის ბოლოს სტალინმა და მისმა მომხრეებმა თანდათან ჩამოიშორეს ტროცკი და მისი თანამოაზრეები. სწორედ ამიტომ ტროცკიმ შექმნა მემარცხენე ოპოზიცია, თუმცა ისევ სტალინის მონდომებით ტროცკი დააკლდა მნიშვნელოვან მოვლენას – ლენინის დაკრძალვას (როდესაც სტალინმა მას არასწორი დღე მიუთითა). 

ეტაპი 3  – მემარცხენეების დამარცხება მემარჯვენეების ხელით

ლენინის ანდერძი. მართალია ანდერძი სავსე იყო სტალინის კრიტიკით, მაგრამ კამენევმა და ზინოვიევმა სტალინის მხარე დაიჭირეს (რადგან ისინიც  იყვნენ გაკრიტიკებულები) და ანდერძი  არ გახმაურებულა. (იხ. ნაწილი პირველი) 

ტროცკიმ დაწერა წიგნი – ოქტომბრის გაკვეთილები (1924წ.), რომელშიც ნათლად ჩანდა, რამდენად ახლოს იყო ტროცკის და ლენინის იდეები ერთმანეთთან. კამენევი და ზინოვიევი მან გააკრიტიკა, როგორც ლენინის ოპონენტები მნიშვნელოვან საკითხებში. სტალინი ამ წიგნში საერთოდ არ უხსენებია. ანუ მარტივად თუ ვიტყვით, სრული იგნორი გაუკეთა მას. სტალინმა და ტრიუმვირატმა (1925წ) ტროცკი ომის კომისრის თანამდებობას ჩამოაშორა.  

1925 წელს ნეპის გარშემო დებატებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები განაპირობეს. ზინოვიევმა და კამენევმა ტროცკის მხარე დაიჭირეს, აკრიტიკებდნენ ბუხარინს. სტალინმა თანამდებობებიდან კამენევის მომხრეების გადაყენება დაიწყო. 

1925 წლის პარტიის ყრილობაზე სტალინმა განაცხადა, რომ უმრავლესობა მას და ბუხარინს უჭერდა მხარს. ამას შედეგად ზინოვიევის შევიწროება მოყვა და 1926 წელს იგი გადაყენებულ იქნა თანამდებობიდან. 

1926 წელს ტროცკი, ზინოვიევი და კამენევი გაერთიანდნენ ოპოზიციაში, მათ მხარს უჭერდა ლენინის ქვრივი – ნადეჟდა კრუპსკაია, თუმცა სტალინის გავლენით მათი შეკრებების რაოდენობა მინიმალურამდე იყო დაყვანილი. საბოლოოდ კი ზინოვიევი გაძევებულ იქნა პარტიიდან. 
 
  

პარტიის პოლიტბიურო
ლენინის სიკვდილის შემდეგ

მემარცხენეები

 

ცენტრისტები

მემარჯვენეები

ტროცკი

კამენევი

ზინოვიევი

სტალინი

ბუხარინი

რუკოვი

წითელი არმიის
მთავარსარდალი

მოსკოვის კომუნისტური
 პარტიის ხელმძღვანელი

ლენინგრადის
კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელი

პარტიის გენერალური
მდივანი

[1]


პრავდის რედაქტორი

პროფკავშირების
ხელმძღვანელი

იდეოლოგია: პერმანენტული (მსოფლიო) რევოლუცია

ანტი-ნეპი

 

სოციალიზმის გამარჯვება

 ერთ სახელმწიფოში.

პრო-ნეპი






[1]

დასაწყისში სტალინს არ ჰქონია მკვეთრი პოზიცია ნეპ-ის მიმართ, თუმცა ეწინააღმდეგებოდა
ტროცკის და მიაჩნდა, რომ მსოფლიო რევოლუცია უტოპიური იყო, რომ მთავარი იყო სოციალიზმის
გამარჯვება ცალკე აღებულ ქვეყანაში.

  
წითელი არმიის მთავარსარდალიმოსკოვის კომუნისტური  პარტიის ხელმძღვანელილენინგრადის კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელიპარტიის გენერალური მდივანიპრავდის რედაქტორიპროფკავშირების ხელმძღვანელი   

იდეოლოგია: პერმანენტული (მსოფლიო) რევოლუცია
ანტი-ნეპი სოციალიზმის გამარჯვება 
 ერთ სახელმწიფოში.
პრო-ნეპი 
როდესაც ტროცკის მომხრეებმა „ნიუ-იორკ თაიმსში” ლენინის ანდერძი გამოაქვეყნეს, სტალინმა ტროცკი პარტიის რიგებიდან გააძევა. 

1927 წლისთვის სტალინმა პარტიის წევრებს შორის ისეთი გავლენის მოპოვება მოახერხა, რომ ტროცკის და  ზინოვიევს პარტია დაატოვებინა, კამენევი კი ცენტრალური კომიტეტიდან იქნა გათავისუფლებული. ასევე გათავისუფლებული აღმოჩნდა მათი არაერთი მომხრე. 1927 წლისთვის ტროცკის გაერთიანებული ოპოზიცია დამარცხდა. 1928 წელს ტროცკი გაგზავნეს ალმა-ატაში, ცენტრიდან შორს. 

ფოტოზე ნაჩვენებია ტროცკი (ცენტრში) და მისი მომხრეები  გადასახლების წინ -1928 წელი. 
 
ეტაპი  4 – ბრძოლა მემარჯვენეების წინააღმდეგ 

1927 წლიდან ფაქტობრივად მაშინვე, როცა გაერთიანებული ოპოზიცია (ტროცკის ლიდერობით) დაიშალა, დაიწყო  ბრძოლის ახალი ეტაპი. შემოდგომა მოუსავლიანი იყო, დეფიციტური გახდა პროდუქტი და პროდუქციაზე ფასების ზრდამ სტალინს კურსი შეაცვლევინა. ის უფრო მეტად აგროკულტურასა და ინდუსტრიაზე უნდა ყოფილიყო კონცენტრირებული. ამან განაპირობა სტალინისა და ბუხარინის დაპირისპირება ნეპის გარშემო, რასაც, თავის მხრივ, შედეგად ბუხარინის თანამოაზრეების პარტიის რიგებიდან თანდათანობითი გარიცხვა მოჰყვა.

 

ბუხარინმა ამჯერად კამენევთან და ზინოვიევთან ერთად სტალინის ხმამაღალი გაკრიტიკება დაიწყო, რომ  ნაცვლად მარქსისტულ-ლენინური კურსისა სტალინს სურდა პოლიციური სახელმწიფოს შექმნა. ბუხარინი ტროცკისთან (ალმა-ატაში) ცდილობდა ალიანსის შეკვრას, ამჯერად სტალინის წინააღმდეგ. იგი (1929 წელსვე) გამოდის ყრილობაზე სიტყვით – ლენინის ანდერძი, რომელშიც ნათლად გვიჩვენებს ლენინის დამოკიდებულებას სტალინის მიმართ. „სტალინი არის უპრინციპო ინტრიგანი, რომელიც იქვემდებარებს ყველას და ყველაფერს, რომ დაიკმაყოფილოს ხელისუფლებაში მოსვლის მადა. ყველა მოცემულ შემთხვევაში იგი შეიცვლის თეორიებს და აზრებს მხოლოდ ერთი მიზნით – მოიშოროს ყველა დანარჩენი”. შედეგად ბუხარინი პრავდას რედაქტორობისგან გათავისუფლდა. იგი მალევე გაათავისუფლეს პოლიტბიუროდანაც. ამავე 1929 წელს სტალინმა ტროცკი ალმა-ატადან სტამბულში გადაასახლა. სტალინი ამჯერად იყო ერთადერთი ლიდერი, რომელიც კომუნისტურ პარტიას ოპოზიციის გარეშე აკონტროლებდა . 
აქტივობები: 
  
·გააანალიზეთ  თანამედროვე კარიკატურა: (ბოლშევიკები-ტროცკი, ლენინი-სტალინი- მეგობრები)  რა არის  კარიკატურის მთავარი აზრი (აზრები)? გამოიყენეთ თითოეული დეტალი დასკვნისათვის. მაგალითად: როგორი გამომეტყველება აქვთ წარმოდგენილ პირებს? რას უნდა ნიშნავდეს ეს? რატომ ფიქრობთ ასე? რას უნდა გამოხატავდეს ამ ადამიანების ჟესტიკულაცია? (აღწერეთ მხოლოდ იმიტომ, რომ დანასკვები გააკეთოთ) რას უნდა ნიშნავდეს პატარა ფიგურები, რომელსაც აკვირდებიან „მეგობრები”? რა უნდა იყოს კარიკატურის შექმნის მიზანი/მიზნები?  

·სქემის სახით წარმოადგინეთ ხელისუფლებისთვის ბრძოლის  თითოეული ეტაპი. 
·გააანალიზეთ, რომელი ეტაპი იყო ყველაზე გადამწყვეტი? პასუხი დაასაბუთეთ. 
·იმსჯელეთ, რა იყო სტალინის ყველაზე დიდი წარმატების მიზეზი (მიზეზები)? ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა (შეცდომები)? დაასაბუთეთ.
·ბუხარინი, როგორც ზემოთაა მოცემული, ტროცკისადმი გაგზავნილ წერილში სტალინის შესახებ წერდა: „სტალინი არის უპრინციპო ინტრიგანი, რომელიც  იქვემდებარებს ყველას და ყველაფერს რომ დაიკმაყოფილოს ხელისუფლებაში მოსვლის მადა. ყველა მოცემულ შემთხვევაში იგი შეიცვლის თეორიებს და აზრებს მხოლოდ ერთი მიზნით – თავიდან მოიშოროს ყველა დანარჩენი”.  რამდენად ეთანხმებით მის მოსაზრებას? 
·იმსჯელეთ, რამდენად ლეგალური იყო ის მეთოდები, რომელსაც სტალინი მიმართავდა.  

თითების თეატრი

0

დღესაც ჩვეულებრივად იწყება დილა.

სანამ  შესვენებაა და  ნივთებს მოვაწესრიგებდეთ, სანამ მეც და ისინიც გაკვეთილისთვის  ვემზადებით, მესმის ჩვეულებრივი გადაძახილი:

–ე, სქელო, კარში როგორ შემოეტიე?

–შე დიდყურა, დიდყურა!

–შე საფლავიდან პერერივზე გამოპარულო!

–აჩკარიკა!

და ა.შ. და ა.შ.

დაცინვა რომ ძალიან ცუდია,  ამ თემაზე უკვე იმდენჯერ გვისაუბრია, ვინ მოთვლის. რა არ ვცადე, ხან ცნობილი მომღერლები მოვიშველიე, ხან მსახიობები, ხან ფეხბურთელები, მოკლედ, ყველა და ყველაფერი  ჩემი მოსწავლეების ინტერესის სფეროდან. ხანაც ჩემი ბანაკიდან – ლიტერატურული პერსონაჟები, ცნობილი მწერლები, გამომგონებლები– ყველა სხვადასხვანაირი გარეგნობით და ხმის ტემბრით, მეტყველებისა და სიარულის მანერით. ვცდილობ, გავაგებინო მათ, რომ ინდივიდუალიზმი ყველაზე საინტერესოა, რომ დედამიწას განსხვავებული ადამიანების განსხვავებული ფიქრები და დამოკიდებულებები ატრიალებს. მისმენენ,  ნანობენ, თავს ხრიან, ბოდიშს იხდიან – მაგრამ მხოლოდ ამ გაკვეთილის განმავლობაში…როგორც წესი, ეს განწყობა შესვენებამდე ძლივს მიჰყვებათ, მერე ისევ იგივე იწყება, თავიდან და ისევ თავიდან…

დიდაქტიკა, სინდისის გაღვიძება, დამუნათება, გულმდუღარება და მისთანა რამეები არ ჭრის, არანაირად. თუ ხასიათზე არ არიან,  ეს გულღია, თბილი, გულწრფელი პატარა ადამიანები – ქვისგულები ხდებიან,  სახის  ნაკვთებიც ისეთი შეურხეველი აქვთ, თითქოს მარმარილოსგან გამოუთლიათო. – ალბათ ყველა მასწავლებელს გამოუცდია ეს.

მარკერის მოსაძებნად ჩანთას ვხსნი და თითების თოჯინები ამომყავს, სულ პატარა, სასაცილოსახიანი პერსონაჟები.

 ამას წინათ, ჩემი შვილის ძილისწინა ზღაპრებისთვის გამოვწერე amazon.com–იდან. იკითხავთ რამდენად? სულ რაღაც 99 ცენტად.

სულ ექვსი ცალია, ყველა სხვადასხვა ასაკის, გარეგნობის, ხასიათის, განწყობის…

 

ეს ექვსი თოჯინა ერთი ოჯახია,  დედა, მამა, ბებია, ბაბუა და ორი ბავშვი, ჩაცმისა და ღიმილის განსხვავებული , თავისებური  მანერით.

როცა ჩემს პატარა შვილს უჯრულა პიჟამას ჩავაცმევ და თავის საწოლში ვაწვენ, საწოლის უკან ვიმალები და რიკულებზე ამ ჩვენს თითების თოჯინებს ვასეირნებ, მერე ათასგვარ ისტორიას ვუყვები ამ სასაცილო ოჯახის თავგადასავლების შესახებ. მოკლედ, კარგად ვერთობით.

ახლაც, გაკვეთილზე თითზე წამოვიცვი ჩემი მოღიმარი ნაჭრის ადამიანები. უცებ, სპონტანურად, ჯერ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო.  ბავშვები გაკვირვებულები მიყურებენ, ეღიმებათ. სანამ „დიდაქტიკურ„ ისტორიას შევთხზავ, ჯერ მათ  ვთხოვ,  აღწერონ, დაახასიათონ, პატარა ამბები მიამბონ ჩემს ცეროდენა უცნობებზე.

ჰოდა, იწყებენ და რას იწყებენ, ჯერ ნაჭრის  ბებოს ვარცხნილობას და ხალათს დასცინიან, მერე მამას ჰალსტუხს, პატარა ბიჭის ყურებს და გოგონას ჩაცმულობას, მოკლედ, გაიხარეს და რა გაიხარეს, იცინიან, ხმაურობენ, ერთმანეთს ადარებენ.

მოდით, ამბები მოვიფიქროთ-მეთქი, მათი ყოველდღიური ცხოვრება, საქმიანობა, როგორ უყვართ და  გულშემატკივრობენ ერთმანეთს.

პატარა ბიჭის თოჯინით  დავიწყეთ. უცებ ერთი გალეული, სიფრიფანა გოგონა ხელს იწევს, ეტყობა, რომ განცდებშია, უკვე შევამჩნიე აღშფოთება. გოგონა დგება და თავისი კლასელების გასაგონად ამბობს – იცით, ეს ბიჭი ბედნიერია,  არა მგონია, ჩვენს  დაცინვას ყურადღება მიაქციოს, მთავარია, რომ მისი  ოჯახის წევრებს ის  უყვართ. და ბოლოს, ასკვნის-თუ გვინდა,  რომ ერთმანეთს არ დავცინოთ, ყველაზე ახლობელი ადამიანებივით უნდა შევიყვაროთ ერთმანეთი.

კლასმა განწყობა და აზროვნების მიმართულება უცებ შეიცვალა,  წითელთმიან, ლოყაწითელ, უსაყვარლეს ალექსანდრეს ახსენდება, როგორ დასცინიან ეზოში მოუქნელობის და ჭორფლების გამო და ამ დროს, როგორ თავგანწირვით იცავს უფროსი დაიკო – აპრეხილნაწნავებიანი თინი, რომელიც ავტორიტეტია ეზოს ბავშვებში, რადგან ვერავინ თამაშობს მასავით რეზონობანას.

            თხელმა და კაფანდარა ელისაბედმა აღიარა, რომ ძალიან ბრაზდება, როცა მის უფროს ძმას ეზოს ბიჭები მხოლოდ იმიტომ დასცინიან, რომ რ თანხმოვანს  მკვეთრად ვერ გამოთქვამს.

–ერთხელ გაბრაზებული მივედი იმ ბიჭებთან და ხმამაღლა ვუმეორებდი – თეთრი თრითნა თეთრ თრთვილზე თრთოდა, თეთრი თრითინა თეთრ თრთვილზე თრთოდა–მეთქი, ალბათ გიჟი ვეგონე, მას!

             მეც მოვყევი ჩემი ამბები, განა ცოტა მაქვს ასეთი ისტორია… მთელი ბავშვობა დამცინოდნენ მოუხეშაობის, გიჟპოეტობის, ახლომხედველობის გამო… ჰოდა, უფროსი და–ძმის იმედი ყოვეთვის მქონდა.

მოკლედ, დავსკვენით, რომ ყველანი, მთელი კაცობრიობა ერთი ოჯახის წევრები ვართ და ისევე უნდა დავიცვათ ერთმანეთი დაცინვისა და  შეურაცხყოფისგან, როგორც  ჩვენ ვიცავთ ჩვენს დებსა და ძმებს….

თქვენ ალბათ ამ ამბის ლოგიკურ დასასრულს ელოდებით, რომ ყველამ ყველაფერი აღიარა, ინანა, გამოსწორების გზას დაადგა და არცერთ ბავშვს არავისთვის არასდროს დაუცინია.

 არა, ასე არ მომხდარა, ამ გაკვეთილის მერეც  ხშირად მესმის შეძახილები :

–ე, სქელო, კარში როგორ შემოეტიე?

–შე დიდყურა, დიდყურა!

–შე საფლავიდან პერერივზე გამოპარულო!

–აჩკარიკა!

და ა.შ. და ა.შ

მაგრამ არაფერი მიშლის ხელს, რომ ჩანთიდან კიდევ ერთხელ ამოვაძვრინო ჩემი ნაჭრის თოჯინები, თითზე წამოვიცვა და კიდევ ერთხელ მოვიფიქროთ  ისტორიები დაცინვასა და გამხნევებაზე, წყენასა და სიყვარულზე.

 

 

 

 

           

 

 

 

 

 

 

 

კრიზისი საბავშვო ბაღში: რატომ უნდა ითამაშონ ბავშვებმა სკოლაში (პირველი ნაწილი)

0
ნაწყვეტები Alliance for Childhood-ის 2009 წლის კვლევიდან
ავტორები: ედუარდ მილერი და ჯოან ელმონი
„It is the evening of the day
I sit and watch the children play…”
(ნაწყვეტი „როლინგ სთოუნზის” სიმღერიდან „As Tears Go By”)
ამ კვლევის მთავარ არგუმენტს, რომ ბავშვების მიერ მოგონილი თამაში უნდა აღდგეს საბავშვო ბაღში, უმეტესობა არ გაიზიარებს და ზოგმა შესაძლოა დასცინოს კიდეც. თუმცაღა უამრავი კვლევა ადასტურებს თამაშის სასიცოცხლო მნიშვნელობას ბავშვის განვითარებისთვის, ბევრს მიაჩნია, რომ სკოლაში თამაში დროის ფუჭად კარგვაა. სკოლა, – ამბობენ ისინი, – სწავლის ადგილია. მათ სჯერათ, რომ ბავშვს საკმაოზე მეტი დრო აქვს, რათა თამაშით სახლში იჯეროს გული.

თამაშისადმი სკეპტიკურ დამოკიდებულებას საფუძველს უმყარებს ბაზარზე არსებული უამრავი „ჭკვიანი საბავშვო” პროდუქტი – ისინი ღაღადებენ, რომ რაც უფრო ადრე დაიწყებს ბავშვი ცოდნის საბაზისო ელემენტების ათვისებას, მით უფრო უკეთ ისწავლის იგი სკოლაში. ამის გამო სკოლამდელი განათლების ფოკუსი წერა-კითხვისა და სხვა აკადემიური უნარების სწავლა-განვითარებისკენ მიიმართა და სასწავლო პროგრამაც სასწრაფოდ მოარგეს ამ მიზანს. მაგრამ თუ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ მცდარი კონცეფცია ბავშვების თამაშის უმნიშვნელობის შესახებ ნელ-ნელა ბანქოს ხუხულასავით იშლება.

ჩვენ უნდა განვასხვაოთ ზედაპირული თამაში რთული, სტრუქტურირებული და ხანგრძლივი როლური თამაშებისგან, რომლებსაც უკვე 5 წლის ბავშვები თამაშობენ, რომლებიც მათი ორიგინალური იდეებით იქმნება და რომლებიც მდიდარ ლექსიკას საჭიროებს. უნდა დავინახოთ განსხვავება საკლასო ოთახის ქაოსურ ხმებსა და ენერგიით დამუხტულ თამაშს შორის, რომელიც ბავშვებს ერთიანად იპყრობს. პატარები თამაშის დროს გულმოდგინედ „მუშაობენ”. ისინი იგონებენ სცენებსა და ისტორიებს, ლახავენ დაბრკოლებებს, აგვარებენ პრობლემებს თავიანთი სოციალური ცხოვრების გზაზე. მათ იციან, რა სურთ და ძალისხმევას არ იშურებენ მიზნის მისაღწევად.

ვინაიდან თამაშის დროს ბავშვი შინაგანად არის მოტივირებული, ეს პროცესი მისთვის მისივე იდეების განხორციელების უმძლავრეს გაკვეთილად იქცევა. კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვებს, რომლებიც ჩართულნი არიან რთულ სოციოდრამატულ თამაშებში, უკეთ აქვთ განვითარებული ენობრივი უნარები, ვიდრე მათ, ვინც ამ ტიპის აქტივობაში არ მონაწილეობს. მოთამაშე ბავშვებს აქვთ უკეთესი სოციალური ჩვევები, მეტი ემპათია და უფრო მდიდარი წარმოსახვა, უკეთ ხვდებიან, რას გრძნობენ ან გულისხმობენ სხვები; ნაკლებად აგრესიულები არიან, უკეთ ახერხებენ თვითკონტროლს და წარმოაჩენენ აზროვნების უფრო მაღალ დონეს. ამავე კვლევების თანახმად, მათ უფრო დიდი მოცულობის ტვინი აქვთ და უფრო რთული ნევროლოგიური სტრუქტურები, ვიდრე არამოთამაშეებს.

გრძელვადიანი კვლევები ამძაფრებს ეჭვს იმის თაობაზე, რომ ფონეტიკისა და სხვა დისკრეტული უნარების ადრეული ასაკიდან შესწავლას უკეთესი შედეგისკენ მივყავართ. მაგალითად, გერმანიაში თამაშებზე აქცენტირებული საბავშვო ბაღების სისტემა გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიცვალა კოგნიტიური მიღწევების ცენტრებით, რაც განათლების რეფორმის ნაწილი გახლდათ, მაგრამ კვლევამ, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს შეადარეს ორმოცდაათი თამაშზე დაფუძნებული საბავშვო ბაღი და ამდენივე ადრეული სწავლების ცენტრი, აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ბაღში უმეტესად თამაშობდნენ, 10 წლისთვის ბევრი რამით სჯობნიან ადრეული განათლების ცენტრებში აღზრდილ თანატოლებს – უკეთესად კითხულობენ, უკეთესი მაჩვენებლები აქვთ მათემატიკაში და სკოლაშიც უკეთესად არიან ადაპტირებულნი სოციალურად და ემოციურად, უკეთ აქვთ განვითარებული წარმოსახვა და უკეთ გამოხატავენ აზრებს. ამ კვლევის შედეგად გერმანული საბავშვო ბაღები დაუბრუნდნენ თამაშზე დამყარებულ აღზრდის სისტემას.

აშშ-ში ხშირად გაიგონებთ, რომ შურთ წარმატების, რომელსაც ჩინეთმა და იაპონიამ მიაღწიეს ბავშვებისთვის მეცნიერებების, მათემატიკისა და ტექნოლოგიების სწავლების კუთხით, თუმცა თითქმის არაფერს ამბობენ იმაზე, რომ ამ ქვეყნებში სასკოლო პროგრამები, მეორე კლასის ჩათვლით, თამაშსა და გამოცდილებაზე აგებულ აქტივობებს უფრო ეფუძნება, ვიდრე დიდაქტიკას.

ფინეთშიც (რომელიც დღეს კარგი სასკოლო განათლების ერთ-ერთ მაგალითად მიიჩნევა – ლ.ა.) ბავშვები თამაშებზე ორიენტირებულ საბავშვო ბაღებში დადიან. ფინელებს შვილები სკოლაში 7 წლის ასაკში მიჰყავთ, ნაცვლად ექვსისა. შედეგად ეს ქვეყანა, PISA-ს საერთაშორისო სისტემით, 15 წლის მოსწავლეთა მიერ გამოცდებზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით, ტრადიციულად, უმაღლეს შეფასებებს იღებს. აქვე აღსანიშნავია ერთი ფაქტორიც: ფინეთში სიღარიბე არ წარმოადგენს ისეთ პრობლემას, როგორსაც აშშ-ში, სადაც ღარიბი და დაბალშემოსავლიანი ოჯახების წილი ფინეთზე გაცილებით დიდია და ასეთ ბავშვებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში განსაკუთრებული ყურადღება და სპეციალური პროგრამები სჭირდებათ.

საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების ბავშვებისთვის აუცილებელია დამატებითი მხარდაჭერა, რათა დაინახონ თამაშზე დამყარებული და გამოცდილების განვითარებაზე ორიენტირებული სწავლების ყველა სიკეთე. თამაშში გამოუცდელ ბავშვებს ხშირად უჭირთ სხვებთან ერთად თამაშში დაუხმარებლად ჩართვა. მათ საგანგებოდ უნდა დავანახვოთ წიგნების მნიშვნელობაც, რაც საშუალო და მაღალშემოსავლიანი ოჯახებიდან გამოსული პატარებისთვის ჩვეულებრივი გართობაა. მათთვის აუცილებელია იმ ენის, იმ ლექსიკის მოსმენა, რომელიც გამოიყენება საუბრისას, ამბის თხრობისას, სიმღერისას და ლექსების კითხვისას; სჭირდებათ იმის სწავლა, როგორ გამოიყენონ ენა სხვებთან კომუნიკაციის დროს. თამაში კი წამყვანი აქტივობაა იმ ენის გამოყენებისთვის, რომელიც ბავშვებს ესმით.

თამაშებზე დამყარებულ საბავშვო ბაღებში მასწავლებელს ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ფარული ფუნქცია აკისრია: მან თვალი უნდა გაადევნოს ბავშვის განვითარების გზას და მის კომპონენტებს – კოგნიტიურს, ფიზიკურსა თუ სოციალურ-ემოციურს; უნდა შეეწყოს ბავშვების სათამაშო თემებს და მათზე ააგოს ურთიერთობა, გააცნოს მათ ახალი შინაარსი, სათამაშოები, სხვა მასალები, ნივთები და ხელი შეუწყოს მათ გონებრივ სტიმულაციას. მასწავლებელი უნდა ხედავდეს თითოეული ბავშვის საჭიროებებს და ეხმარებოდეს იმ დაბრკოლებათა გადალახვაში, რომლებიც მათ სწავლაში უშლით ხელს.

სხვა სიტყვებით, საბავშვო ბაღის მასწავლებელი უნდა იყოს კარგად გაწვრთნილი პროფესიონალი, რომელიც სწავლისთვის თავდადებული სამასწავლებლო თემის ნაწილს წარმოადგენს. ამ თემში მასწავლებლები ერთმანეთს განვითარებაში ეხმარებიან და მათ ადმინისტრაციის სრული მხარდაჭერა აქვთ. ასეთი მასწავლებელი ბევრს ელის თავისი მოსწავლეებისგან და მხარს უჭერს მათ ოპტიმალურ განვითარებას.

არამხოლოდ ღარიბი ოჯახების შვილებს – ნებისმიერ ბავშვს სჭირდება ამ ტიპის მხარდაჭერა. სიმართლე კი ის არის, რომ დღეს ბავშვების უმეტესობას, შინაც კი, არ გააჩნია თამაშისთვის საკმარისი დრო. დღეს მდიდარი ოჯახების შვილებსაც კი სჭირდებათ დახმარება, რათა კრეატიულ საბავშვო თამაშებში ჩაერთონ – მათ ცხოვრებაში მედიისა და ორგანიზებული აქტივობების სიჭარბემ ჩვეულებრივი, ბავშვური თამაშისგან მათი გაუცხოება გამოიწვია. ხშირად ბავშვებს ბრძოლა უწევთ თავიანთი იდეებისა და ხედვის წარმოსაჩენად.

ერთმა საბავშვო ბაღის მასწავლებელმა საყურადღებო რამ თქვა: „როცა ბავშვებს სათამაშო დროს ვაძლევ, მათ არ იციან, რა აკეთონ. მათ არ გააჩნიათ იდეები თამაშისთვის”. ეს ტრაგედიაა როგორც ბავშვებისთვის, ისე ერისა და მსოფლიოსთვის.

ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს თავისი შემოქმედებითი პოტენციალის სრულ რეალიზებას, თუ მისი კრეატიულობა ბავშვობაშივე ჩაკლეს. დღეს, 21-ე საუკუნეში, ვერც ერთი ერი ვერ განვითარდება შემოქმედებითი და ინოვაციური სამუშაო ძალის გარეშე. იგივე ითქმის დემოკრატიაზეც, რომელიც ვერ გადარჩება დამოუკიდებლად მოაზროვნე და მოქმედი მოქალაქეების გარეშე.

ის, რომ თამაში მთავარი ძალა და იმპულსია ბავშვის ფიზიკური, მენტალური, სოციალური და ემოციური განვითარებისთვის, ეჭვგარეშეა. თამაშზე დამყარებული მეთოდიკის მქონე საბავშვო ბაღებში ბავშვები ორმაგ სარგებელს ნახულობენ მათთან შედარებით, ვისაც ბაღში თამაშგარეშე პროგრამებით ასწავლიან: უკეთესად კითხულობენ, უკეთ უვითარდებათ ინტელექტუალური უნარები და მეტი შესაძლებლობა აქვთ, გარემოსთან ადაპტირებულ ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბდნენ. ყოველი ბავშვი იმსახურებს, იზრდებოდეს ხალისიან, თამაშით გაჯერებულ, გამოცდილებაზე ორიენტირებულ საბავშვო ბაღებსა თუ სკოლამდელ დაწესებულებებში. თამაშმა დაამტკიცა, რომ ის კარგად „მუშაობს”!
(გაგრძელება იქნება)

ჟესტების მუსიკა – II ნაწილი

0
მსურს გაგიზიაროთ თომას გრუბეს დოკუმენტური ფილმი – „Rhythm Is It” („ყველაფერი რიტმშია”), რომელსაც გასდევს იგორ სტრავინსკის შესანიშნავი მუსიკა. ფილმი საინტერესო იქნება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მშობლებისათვის. ფილმში საუბარია რიტმის აღქმასა და შეგრძნებებზე, კონცენტრაციის მნიშვნელობაზე, დისციპლინაზე, ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, სიძნელეების გადალახვაზე, მოსწავლეთა თავისებურებებსა და კომპლექსებზე, მათ რთულ ფსიქიკაზე, დამოუკიდებლობასა და პასუხისმგებლობაზე, დადებით და უარყოფით შეფასებებზე, საყვედურებზე და თავდაცვაზე, წარუმატებლობასა და შესაბამისად ცინიზმზე, კომფორტულ ზონაზე და ა.შ. 

2003 წელს ბერლინის ფილარმონიის მთავარი დირიჟორის – საიმონ რეტლისა და ქორეოგრაფ როისტონ მალდუმის მიერ განხორციელდა უნიკალური პროექტი, რომელშიც მონაწილეობდა 200-მდე ბავშვი და მოზარდი მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. ეს იყო პირველი ფართომასშტაბიანი საგანმანათლებლო პროექტი, სადაც მუსიკისა და ცეკვის უდიდესმა ძალამ გააერთიანა უმეტესად პრობლემური სკოლებიდან წარმოდგენილი ბავშვები. არცერთი მათგანი მანამდე არ იცნობდა საბალეტო ხელოვნებას. დადგმული იქნა იგორ სტრავინსკის ბალეტი – „კურთხეული გაზაფხული”. 

https://films.imhonet.ru/element/1156747/movie-online/

ფილმი „Rhythm Is It”

 
რიტმსა და ჟესტებზე საუბარი განუმეორებელ ფრედ ასტერის გარეშე ვერც კი წარმომიდგენია. ასტერს ხომ ყველაფრისგან შეეძლო ორიგინალური რიტმული სურათის შექმნა, რის გამოც გენიალური იმპროვიზატორი შეარქვეს.

მე-20 საუკუნის კლასიკური ბალეტის ბრწყინვალე წარმომადგენლები – ჯორჯ ბალანჩინი და რუდოლფ ნურეევი უდიდეს მოცეკვავედ აღიარებდნენ ფრედ ასტერს. ერთ-ერთი ცნობილი ფრანგი მოცეკვავისა და ქორეოგრაფის – როლან პეტის აზრით კი, ფრედი თანამედროვე ცეკვის საუკეთესო ოსტატთა რიცხვში შედის, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკურ ბალეტს არ ცეკვავდა. იგი თვლიდა, რომ ფრედ ასტერმა მიუზიკლის ჟანრის საზღვრებს გადააბიჯა და შექმნა საკუთარი სრულიად უნიკალური სტილი, ხოლო სტეპი უმაღლეს ხელოვნებად აქცია. მიხეილ ბარიშნიკოვი კი აღნიშნავდა: „ჩვენ მას ვერ ვიტანდით. მის გამო კომპლექსები გვტანჯავდა. ასტერი იმაზე მეტია, ვიდრე სრულყოფილება”.

ადამიანი, რომელმაც „სიმღერა არ იცის. თამაში არ იცის. მელოტია. ცოტას ცეკვავს” –  (ჰოლივუდური ჭორი ფრედერიკ აუსტერლიცის პირველი კინოსინჯის ანგარიშიდან). სინამდვილეში, ფრედ ასტერი (ფსევდონიმი) სცენაზე ფეხებით ხმის გამოცემის, რიტმულად კაკუნის – სტეპის დიდოსტატი იყო. და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, სტეპის წარმოშობის ისტორია დაკავშირებულია  არა საცეკვაო, არამედ მუსიკალურ ტრადიციასთან, მით უფრო, თუ გავიხსენებთ გამოთქმას: „სტეპი – ეს ფეხების მუსიკაა”. ჰოლივუდური ჭორის გასაქარწყლებლად მოგახსენებთ, რომ ფრედ ასტერი სინამდვილეში გახლდათ მოცეკვავე, მსახიობი, ქორეოგრაფი, მომღერალი, მუსიკალური ჟანრის უდიდესი ოსტატი, ერთი სიტყვით ნამდვილი ჰოლივუდის ვარსკვლავი.

როგორც ჯაზის ისტორიას გვერდს ვერ ავუვლით შავკანიანი მონების 

მონაწილეობის გარეშე, ასევე სტეპის ისტორიასაც. შეგახსენებთ, რომ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენამ, მასზე დასახლებული ევროპელები, აფრიკელი შავკანიანების მოვაჭრეებად აქცია. კოლონიზატორებისა და ზანგი მონების თანაცხოვრებამ კი, ახალ მიწაზე ძალაუნებურად დაამკვიდრა აფრიკული მუსიკალური კულტურა განსხვავებული უცხო რიტმებით. ასე შეერწყა ევროპული და ამერიკული (თეთრებისა და შავების) მუსიკალური კულტურები ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ რიტუალური სიმღერებისა და ცეკვების შესრულებისას ზანგებისათვის დამახასიათებელი ფეხების ბაკუნი და ხტუნვა იკრძალებოდა. 

დიახ, სტეპის ისტორიაშიც, ამერიკელი მონათმფლობელები ბუნტის თავიდან ასაცილებლად კრძალავდნენ ნებისმიერ დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას, რათა მონების მიერ არ გავრცელებულიყო კოდირებული სიგნალები შორ მანძილებზე. ამიტომ, რელიგიური დღესასწაულების დროს, მონებს რიტმის გადაცემა ფეხების საშუალებით მოაფიქრდათ. რიტმული სურათი თანდათან რთულდებოდა და ბოლოს და ბოლოს სტეპის სახე მიიღო. 
მიუხედავად ბგერის ფეხით გამოცემის იდეისა, რომელიც გავრცელებული იყო დედამიწის ყველა კუთხეში (აფრიკიდან – რუსეთამდე), ნამდვილი სტეპი მაინც წმინდა ამერიკულ გამოგონებად რჩება. 

 

 
(ფილმში ჟღერს ფრენკ ლესერის მუსიკა)
იმ დროისათვის საზოგადოებამ მსუბუქი მუსიკალური კომედიები ინტერესით მიიღო. განუმეორებელი პლასტიკისა და ცეკვის სრულყოფილი ტექნიკის მქონე ჯადოქრის –  ფრედ ასტერის გამოჩენამ კი განსაკუთრებული აღფრთოვანება და სიყვარული გამოიწვია  მაყურებელში. ასტერი აღნიშნავდა: „მე მუდამ ვისწრაფვი ცეკვას ფრენის ეფექტი შევმატო”. მაყურებლის დიდი სიყვარული მას სიკვდილამდე გაჰყვა. შესანიშნავი მოცეკვავე ჯინ კელი იტყვის: „ცეკვის ისტორია კინოში ასტერით იწყებაო”.

76 წლის კარიერის მანძილზე ფრედ ასტერი გადაღებული იქნა 31 მუსიკალურ ფილმში, ხოლო საუკეთესო მეწყვილესთან ჯინჯერ როჯერსთან ერთად – 10 ფილმში. მისი პარტნიორებიდან ასევე უნდა აღვნიშნოთ ჯუდი გარლენდი (ლაიზა მინელის დედა) და  ოდრი ჰეპბერნი.  

  
ჰიტის – „დღე და ღამე” ავტორი გახლავთ ამერიკელი კომპოზიტორი – კოულ პორტერი (სიმღერას უამრავი ვოკალისტი და ინსტრუმენტალისტი შემსრულებელი ჰყავს: ბილ ევანსი, არტ ტეიტუმი, ბილი ჰოლიდეი, ფრენკ სინატრა, ელა ფიცჯერალდი, ჩარლი პარკერი და სხვანი).
 
ეს კი, თანამედროვე ირლანდიური სტეპია

სტეპის ისტორიის ათვლა მე-18 საუკუნიდან იწყება. ამ პერიოდისათვის ირლანდიური ჟიგა (ძველებური სწრაფი ცეკვა) ამერიკაში აქტიურად ვრცელდება ირლანდიელი დევნილების მიერ, აგრეთვე დასავლეთ აფრიკული ჯიუბა (ზანგების საკრალური ცეკვა) და ინგლისური ჩიჩოტკა. და მიუხედავად სხვადასხვა სტილების ჩამოყალიბებისა, ვერცერთი მათგანი თავს ვერ მოიწონებდა ისეთი წინააღმდეგობრივი რიტმით, როგორიც სინკოპაა, რომელმაც 1900-1920-იან წლებში საფუძველი დაუდო ჯაზური სტეპის დაბადებას. ნათელი, უჩვეულო, სინკოპირებული მუსიკა, აღმოცენებული რეგტაიმიდან, ბლუზიდან, სპირიჩუელსიდან და მთლიანად აგებული რიტმზე, თითქოს და შექმნილი იყო სპეციალურად სტეპისათვის. 

უბრალო ბიჭების წარმატების საიდუმლო

0
ბევრი ფიქრობს, რომ სპორტში წარმატების მიღწევა ძირითადად სპორტსმენის თანდაყოლილ ტალანტზეა დამოკიდებული და ჩემპიონები მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანები ხდებიან. 
ოლიმპიური თუ მსოფლიოს ჩემპიონის მედლებით დახუნძლული ლეგენდარული სპორტსმენების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, სპორტი სიღარიბის დაძლევისა და თავის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. ამ ადამიანების წარმატების საიდუმლო ხშირად სულსაც არაა განსაკუთრებულ ტალანტში. მათ მძიმე, აუტანელი ვარჯიშითა და შრომით მიაღწიეს წარმატებას და ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს მშობლები და მწვრთნელები  ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენების აღზრდისას ძალიან იშვიათად ცდილობენ მათთვის შრომისმოყვარეობის გამომუშავებას.
 
ვერავინ დამარწმუნებს, რომ კენიელი მორბენლების, ირანელი მოჭიდავეების, ან ურუგვაელი ფეხბურთელების უმეტესობა განსაკუთრებული სპორტული ნიჭით გამოირჩევიან. ეს სპორტსმენები ბავშვობიდან მიხვდნენ, რომ აფრიკის აუტანელი სიღარიბისგან თუ ირანის გაუსაძლისი ყოფისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება სპორტულ დარბაზებსა და მინდვრებზე დაღვრილი რაც შეიძლება ბევრი სისხლი და ოფლია. 
ალბათ გინახავთ ოლიმპიადებზე მონაწილე კენიელი მორბენლების სახეები. სახეებზევე აწერიათ, რომ მათ მიერ სწრაფად გარბენილი თითოეული მეტრი სიკვდილ-სიცოცხლის თამაშია. მათი წარმატება და დამარცხება ზღვარია ნაირობში შეძენილ ფეშენებელურ ბინასა და გადაკარგულ აფრიკულ სოფელში შიმშილობას შორის. ისინი არა ტალანტები, არამედ ლუკმაპურის მაძიებელი გლადიატორები, ათლეტები არიან. ათლეტს კი ხშირად უამრავი ტალანტის დამარცხება შეუძლია. 
 
მწვრთნელს სპორტსმენისათვის ბევრი დავალების მიცემა უწევს. მათ შორის აუცილებელია გუნდის მოტივირება. ძალიან ძნელია მოტივაცია ჩაუნერგო ადამიანს, რომლისთვისაც სპორტი მხოლოდ გართობაა და მეტი არაფერი.
რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებში ერთადერთი  შავკანიანი ფეხბურთელი იყო,  რომელიც მატერიალურად ნორმალურ ოჯახში გაიზარდა. რობერტო კარლოსის ან რონალდოს მიერ გამოვლილი გასაჭირი უცხოა რონალდინიოსთვის. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ რონალდინიო მოტივაციას ადრე თუ გვიან დაკარგავდა და როგორც ჩანს დაკარგა კიდეც. 
თუმცა შეუძლებელია მოტივაციის გარეშე დარჩეს სამუელ ეტოო. მისთვის აღებული ყოველი ხელფასი თუ პრემია, მისი აფრიკაში მცხოვრები ნათესავების შიმშილს გადარჩენილ თუნდაც ერთ ოჯახს უდრის. რონალდინიოსაგან განსხვავებით, სამუელისათვის სპორტი არასოდეს ყოფილა გართობა და სიამოვნების მიღების საშუალება.
 
ცდება ის, ვინც ამბობს, რომ ათლეტების დრო ელინისტური საბერძნეთის ეპოქას ჩაბარდა და ახლა სპორტის სახეობები სულ სხვა გზით ვითარდება. დღეს მთელ მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი სპორტით სწორედ იმიტომაა დაინტერესებული, რომ სპორტული ტრადიციები, შეხედულებები და, რაც მთავარია, გამარჯვების მოპოვების საშუალებები უცვლელი დარჩა. 
ასპარეზობებს ინტერესი, ინტრიგა და გადაჭედილი ტრიბუნები მეთუნუქის შვილმა ალან შირერმა, მწყემსმა გაბრიელ ბატისტუტამ, მეფუნთუშე მიხაელ შუმახერმა და მათმა მსგავსმა ადამიანებმა შეუნარჩუნეს. გლადიატორების ეპოქა სპორტში არასოდეს დასრულებულა და არც დასრულდება. სპორტი სწორედ მათთვის არსებობს.

რა ემართებათ ბიჭებს?

0
ჩემი ოცწლიანი პედაგოგიური პრაქტიკის ბოლო პერიოდში ერთ არასასიამოვნო ტენდენციას ვამჩნევ – ბიჭების ინტერესი სწავლის მიმართ მცირდება; შესაბამისად, იკლებს სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა შორის მათი რაოდენობაც. ბიჭების სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სტატიის დაწერისკენ რამდენიმე კონკრეტულმა ფაქტმაც მიბიძგა: ახლახან სამი სკოლის ბაზაზე განვახორციელეთ პროექტი, რომელშიც თითო სკოლიდან 4-4 მოსწავლე იყო ჩართული – პროექტის 12 მონაწილეს შორის მხოლოდ ერთი გახლდათ ბიჭი; სულ ახლახან ინტელექტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა – თვალის ერთი გადავლებაც კმაროდა იმის შესამჩნევად, რომ გოგონები ბიჭებს სჭარბობდნენ. გადავწყვიტე, ჩემი ვარაუდი გადამემოწმებინა და, ჩვეულებისამებრ, ინტერნეტს მივაშურე. აღმოჩნდა, რომ ბიჭების სწავლასთან დაკავშირებული პრობლემების მატება საერთო ტენდენციაა, რის თაობაზეც განათლების ექსპერტები და ფსიქოლოგები თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ. ჩვენ ორი ამერიკელი ექსპერტის შეხედულებებს გაგაცნობთ.

ფაქტია, ბიჭები ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ზოგიერთ უპირატესობას: მაგ., „გენიოსი” ბიჭების რაოდენობა სჭარბობს „გენიოსი” გოგონებისას, IQ-ს მიხედვით საუკეთესო 1 პროცენტშიც ბიჭების რაოდენობა გოგონებისას აღემატება, – თუმცა იმავდროულად უცხოეთში მოიპოვება შემაშფოთებელი სტატისტიკაც:

ა) ბიჭების სკოლიდან გასვლის შანსი 30%-ით მეტია, ვიდრე გოგონებისა;

ბ) საშინაო დავალებებს, დაწყებითი კლასებიდან მოყოლებული, კოლეჯის ჩათვლით, გოგონები გაცილებით უკეთ ართმევენ თავს;

გ) ყურადღების დეფიციტით გამოწვეული ჰიპერაქტიური აშლილობის დიაგნოზი (ე.წ. ADHD) ბიჭებში 4-5 ჯერ მეტად არის გავრცელებული, ვიდრე გოგონებში; 

დ) სსსმ მოსწავლეთა ორ მესამედს ბიჭები შეადგენენ;

ე) ჰიპერაქტიური ბიჭების რაოდენობა ხუთჯერ აღემატება გოგონებისას. 

რამდენიმე წლის წინ ფსიქოლოგიის დოქტორმა ლეონარდ საქსმა (Leonard Sax) ბიჭების სწავლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე დაწერა წიგნი, რომლის სრული სახელწოდებაა „ბიჭების დინება – ბიჭების უმოტივაციობის ეპიდემიური ზრდისა და ჭაბუკების წარუმატებლობის 5 ძირითადი ფაქტორი”. მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც ცდილობს ავტორი, ასეთია: რატომ არის, რომ სულ უფრო მეტი ჭაბუკი ხდება სწავლის მიმართ პასიური და ინდიფერენტული?

დოქტორმა საქსმა საკითხის კვლევა მშობლების გამოკითხვით დაიწყო. მან დაადგინა, რომ მათ ყველაზე მეტად თავიანთი ვაჟების კომპიუტერული თამაშებით უზომო გატაცება აწუხებთ. ისინი ვერ ეგუებიან, რომ მათი შვილები დროის უმეტეს ნაწილს თავიანთ ოთახებში, კომპიუტერთან ატარებენ. მეცნიერმა დაასკვნა, რომ კომპიუტერზე ბიჭების მიჯაჭვულობა უშუალოდ უკავშირდება საკუთარი სასწავლო შესაძლებლობების მიმართ რწმენის დაკარგვას (ამაზე უფრო დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ), რაც წინათ მათთვის არ ყოფილა დამახასიათებელი.

„რაღაც საშინელება ხდება ბიჭების თავს, – ამბობს საქსი, – თუნდაც ოცი წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით, საბავშვო ბაღით დაწყებული, კოლეჯით დამთავრებული, ამერიკელი ბიჭები, წესისამებრ, ნაკლებად მონდომებულები და ამბიციურები არიან. სტატისტიკა აჩვენებს, რომ კოლეჯდამთავრებულ ახალგაზრდებს შორის ბიჭების პროცენტულმა ოდენობამ მოიკლო და ეს ტენდენცია გოგონების სასარგებლოდ კიდევ უფრო იზრდება”.

საქსს მიაჩნია, რომ პრობლემა საკლასო ოთახში შესვლისთანავე იწყება. ცნობილია, რომ საკლასო ატმოსფერო გოგონების ხასიათს უფრო ერგება. პატარა ბიჭებს ნაკლებად ხიბლავთ მერხთან ჯდომა, მათ ეზოში ყოფნა, თამაში და ფიზიკურ აქტივობაში ერთმანეთთან გაჯიბრება ურჩევნიათ. ამ დროს მათ აიძულებენ, პასიურად ისხდნენ საკლასო ოთახში ან, მათივე ნების საწინააღმდეგოდ, წერონ, იკითხონ და იანგარიშონ.

ეს ყოველივე არახალია. ბიჭებს არასოდეს ჰყვარებიათ მერხთან ჯდომა. მათ ყოველთვის მოსწონდათ გაკვეთილის მსვლელობისას ფანჯარაში ყურება, ხშირად ფიქრსა და ოცნებაში მოგზაურობდნენ კიდეც. ამის თაობაზე ჯერ კიდევ უძველესი აღმოსავლური და ანტიკური წერილობითი წყაროები გვაწვდიან ინფორმაციას. აქვე იმასაც ვიგებთ, რომ ასეთი ქცევისთვის მაშინდელი ბიჭები მკაცრად ისჯებოდნენ. ამრიგად, ამ საკითხზე მომუშავე მკლევრები იმას როდი ამტკიცებენ, რომ წინათ „ოქროს ხანა” იყო – ისინი ხაზს უსვამენ, რომ ამჟამად არის მდგომარეობა გაუარესებული და ამას საფუძვლად უდევს როგორც ძველი, ასევე ახალი მიზეზებიც.

ამასობაში პრობლემის არსსაც მივადექით. როგორც ითქვა, წარუმატებლობას სწავლის საწყის ეტაპზე ეყრება საფუძველი. პირველ კლასში მთელი სასწავლო პროცესი ორ ძირითად აქტივობას – წერა-კითხვისა და არითმეტიკის შესწავლას ეთმობა. თუ მოსწავლემ ვერ მოახერხა, წარმატებას მიაღწიოს ამ ორი მიმართულებით, მაღალ კლასებში სხვა საგნებშიც მარცხისთვის არის განწირული. უფრო მეტიც – სკოლის შემდეგაც გაუჭირდება წარმატების მიღწევა. 

დოქტორ საქსს მიაჩნია, რომ ამერიკული სკოლები თავიანთი რეფორმატორული სასწავლო მეთოდებით უკვე 50 წელია ჯიუტად უწყობენ ხელს ჩვეულებრივი ბიჭების მარცხს (ჩვეულებრივი კი არის ისეთი ბიჭი, რომელიც ცდილობს, წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ პერმანენტული წარუმატებლობის შემდეგ საბოლოოდ ხელს ჩაიქნევს).
ერთი მხრივ, ბიჭებს თრგუნავს ატმოსფერო, რომელიც მათ არ მოსწონთ, მეორე მხრივ, მათ აიძულებენ ისეთ აქტივობებში ჩართვას, რომლებისგანაც თავის დაღწევას ისინი ყველანაირად ცდილობენ. ბიჭების უმეტესობას ეჩვენება, რომ მათთვის მიცემული ინსტრუქციები მეტისმეტად რთული და, იმავდროულად, მოსაბეზრებელია. ზოგჯერ მათ უჩნდებათ რწმენა, რომ ვეღარასოდეს მიაღწევენ წარმატებას.

საქსი საკმაოდ მუქ ფერებში გვიხატავს ბიჭის მდგომარეობას: ყოველ დილით, სკოლაში მისვლისას, ის უკვე დეპრესიულ მდგომარეობაშია, მაგრამ ამას არავინ ითვალისწინებს და ერთი და იგივე მეორდება. მისი დახმარება მშობლებსაც ნაკლებად ძალუძთ, რადგან სწავლების ცვალებად მეთოდებს მხარს ვერ უბამენ. ბიჭი ჯერ პირქუში ხდება, შემდეგ ბრაზდება. ესმის, როგორ ჩურჩულებენ მშობელები მის მდგომარეობაზე. ამ საუბარში იგი ყურს მოჰკრავს ხოლმე შემაშფოთებელ სიტყვებსა და ფრაზებს. შემდეგ მას უკვე აშკარად ეუბნებიან, რომ დისლექსია ან ADHD აქვს, რომ უნდა იმკურნალოს. ეს პროცესი 6-7 წლიდან იწყება და 9-10 წლის ასაკში ბიჭების მოზრდილი ნაწილისთვის ფიასკოთი მთავრდება. ამ ხნის განმავლობაში ბიჭს ბევრჯერ უხდება თავის მართლება მასწავლებლებისა და მშობლების წინაშე იმის გამო, რომ ვერ ახერხებს რაღაცების ისე კეთებას, როგორც მისგან მოითხოვენ, უყალიბდება რწმენა, რომ მოზრდილები ჩამორჩენილად მიიჩნევენ მას და, რაც უარესია, ეთანხმება და თანდათან ეგუება კიდეც თავის მდგომარეობას. 

აქედან გამომდინარე, ბიჭების კომპიუტერით მეტისმეტი გატაცებაც სავსებით გასაგები ხდება. მაშინ როდესაც სასკოლო ცხოვრება ბიჭებს აიძულებს, საკუთარ თავზე არასრულყოფილი წარმოდგენა იქონიონ, მათ მიერ გამოგონილ კომპიუტერულ ცხოვრებაში ისინი თავს ყოვლისშემძლეებად გრძნობენ (არადა პოტენციურად ასეთები არიან კიდეც). ახლა ვიკითხოთ, რომელი სამყაროს სასარგებლოდ გააკეთებენ ბავშვები არჩევანს (ან გააკეთებდით თქვენ თვითონ მათ ადგილას), სად უფრო მეტი დროის გატარებას ისურვებენ – საკლასო ოთახში თუ კომპიუტერის მონიტორთან?

დოქტორი საქსი ყურადღებას ამახვილებს კითხვის სწავლების მეთოდებზე, იწუნებს მათ და მიაჩნია, რომ მოზრდილები მხოლოდ თავს იტყუებენ, როცა ცდილობენ, ბავშვებს კითხვა ასწავლონ, რეალურად კი იმ მეთოდებით, რომლებითაც ამას ცდილობენ, საპირისპირო შედეგს იმკიან და ბავშვებს არ აძლევენ საშუალებას, ისწავლონ კითხვა, რაც თავისთავად ძალიან სახალისო პროცესია.

ბიჭების სწავლის პრობლემებს მიუძღვნა თავისი ნაშრომი „Raising Cain” („შფოთის ატეხა”) დოქტორმა მაიკლ თომპსონმა (Michael Thompson). იგი წერს: „ძნელია, ზუსტად განსაზღვრო ბიჭების წარმატების რეალური დონე, რადგან ის ძალზე ფართო ამპლიტუდით მერყეობს – სრული ფიასკოდან საერთაშორისო წარმატებამდე, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საშუალო მოსწრების გოგონა გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს სკოლაში, ვიდრე საშუალო მოსწრების ბიჭი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გოგონებისთვის სკოლა გაცილებით წარმატებული ადგილია. ამის მიზეზი ისიც არის, რომ ბიჭებს გაცილებით მეტად უჭირთ ყურადღების მობილიზება და შესასწავლ საკითხზე ფოკუსირება, ვიდრე გოგონებს. ისინი, ვინაიდან ფიზიკურად უფრო აქტიურნი არიან, გაკვეთილზე ყოფნისას უფრო მეტ დისკომფორტს განიცდიან”. მკვლევარს მიაჩნია, რომ მდგომარეობა შესამჩნევად გამოსწორდება, თუ ბიჭებს საშუალება მიეცემათ, დროდადრო იაქტიურონ ფიზიკურად, ხოლო სწავლის პროცესში უფრო ხშირად იქნება გამოყენებული მათთვის ყველაზე ბუნებრივი – კეთებით სწავლის ელემენტები. „ფაქტია, საშუალო ამერიკელი ბიჭი სკოლაში „გადარჩენისთვის”, იბრძვის”, – ამბობს თომპსონი.

თუმცა ბიჭების მშობლები პანიკას არ უნდა მიეცნენ. შემაშფოთებელი სტატისტიკა არ აღწერს ყველა ბიჭს, მეტადრე – მაინცდამაინც თქვენს ვაჟს, მაგრამ დაფიქრებასა და ანალიზს კი ნამდვილად მოითხოვს, რადგან მკაფიოდ წარმოაჩენს, რომ ბიჭები სკოლაში სწავლასა და ქცევასთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდებიან. მით უმეტეს, პრობლემის მოგვარების საფუძველი ოჯახშია. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ოჯახში განათლებას აფასებენ, შანსი, ვაჟმა თავი გაართვას პრობლემებს, იზრდება. იგი მოახერხებს დაბრკოლების გადალახვას და სწავლასაც წარმატებით გააგრძელებს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...