კვირა, ივლისი 5, 2026
5 ივლისი, კვირა, 2026

მწვრთნელ-კონსულტანტის როლი მასწავლებლის პროფესიულ განავითარებაში

0

მასწავლებლის პროფესიული განვითარების სექტორში მწვრთნელ-კონსულტანტის ინსტიტუტს მხოლოდ რამდენიმე წლის ისტორია აქვს. აშშ-ის მრავალ სკოლაში დაახლოებით 5-6 წელია, რაც მწვრთნელ-კონსულტანტის დამოუკიდებელი შტატი გაჩნდა. მწვრთნელ-კონსულტანტი სკოლის ბაზაზე ინდივიდუალურად მუშაობს მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სკოლის ადმინისტრაციასთან მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების მიზნით. რადგან მწვრთნელ-კონსულტანტის სკოლის ბაზაზე დაქირავების პრაქტიკა შედარებით ახალია, სიღრმისეული კვლევა ამ სისტემის ეფექტურობის შესახებ ჯერ არ არსებობს. თუმცა მცირე მასშტაბით განხორციელებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მწვრთნელ-კონსულტანტის დაქირავება სკოლის ბაზაზე, სადაც მას 20-30 ბენეფიციარი ჰყავს, სწავლების მეთოდებისა და ტექნიკის ეფექტურად გამოყენების ბევრად დიდ პოტენციალს ქმნის. ქვემოთ წარმოდგენილი გრაფიკი გვაჩვენებს, თუ რამდენად წარმატებით იქნა გამოყენებული მასწავლებელთა პროფესიულ ტრენინგზე შეძენილი უნარები კლასში, მწვრთნელ-კონსულტანტის ჩართულობით ან მის გარეშე.

 






















როგორც გრაფიკიდან ჩანს, პროფესიული განვითარების სხვა მოდელებთან შედარებით, მწვრთნელ-კონსულტანტთან მუშაობას მასწავლებლის სასწავლო პრაქტიკაში ყველაზე მდგრადი და პროგრესირებადი შედეგი ჰქონდა. სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების ხარისხის კოეფიციენტი კი შემდეგ ცხრილშია წარმოდგენილი:

პროფესიული განვითარების მოდელი

ინფორმაცია და გაცნობიერება

უნარის დაუფლება(მეთოდების განხორციელება სწავლებაში)

საჭიროებაზე მორგებული სწავლება(ადაპტირება, მეთოდების გამოყენება ახალ და უცნობ კონტექსტში)

ტრენინგი – მეთოდის წარდგენა

85%

15%

5-10%

ტრენინგი + მოდელირება

85%

18%

5-10%

პრაქტიკა და მცირე უკუკავშირი

85%

80%

10-15%

მწვრთნელ-კონსულტანტთან მუშაობა

90%

90%

80-90%

Joice, B and Showers, B: Student Achievement through Staff Development, 3rd Edition, ASCD, 2002

ალბათ ყველას გვსმენია გამონათქვამი: კარგი მასწავლებელი იბადება და არ იქმნებაო. მოცემული სტატისტიკა სწორედ ამ გამონათქვამის გაბათილების საფუძველს გვაძლევს. მასწავლებლის პროფესიული განვითარების ინდივიდუალიზებული მიდგომა, რომელიც მწვრთნელ-კონსულტანტთან მუშაობას მოიცავს, ყველა პირობას ქმნის იმისათვის, რომ პროფესიული განვითარების ამ მოდელში ჩართულმა მასწავლებელმა სწავლების ეფექტურობის მაღალ ხარისხს მიაღწიოს. ცხადია, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ნებისმიერი მოდელი ძვირადღირებულია. განსაკუთრებით მაღალბიუჯეტიანია მწვრთნელ-კონსულტანტის დაქირავების მოდელი. თუმცა იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მდგრადია აღნიშნული მოდელის ეფექტურობა და ასევე, თუ რა დიდი გავლენა აქვს მასწავლებლის ეფექტურობას მოსწავლის არა მხოლოდ აკადემიურ მოსწრებაზე, არამედ სამომავლო პროფესიულ წარმატებაზეც, აღნიშნული მოდელი ყველაზე რენტაბელურია.

მოდელი ორ პოსტულატს ეფუძნება: პირველი, რომ ყველა მასწავლებელს სწავლისა და განვითარების ინდივიდუალური პოტენციალი აქვს და მეორე, რომ პროფესიული განვითარება უწყვეტი პროცესია, რომელიც მასწავლებლის კონკრეტულ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს. ამ მოდელის უკეთ გაცნობისთვის განვიხილავთ, თუ როგორ მუშაობს ის პრაქტიკაში და ასევე, რა სირთულეებს შეიძლება შევხვდეთ მოდელის გამოყენებისას.

მწვრთნელ-კონსულტანტის სამცვლადიანი ფორმულა

Match Education, საგანმანათლებლო ინსტიტუტი ბოსტონში,რომელიც სკოლებს, მასწავლებელთა სამაგისტრო და სარეზიდენტო პროგრამებს კურირებს, წამყვანია სწავლების სფეროში ინოვაციაზე დაფუძნებული მოდელების შექმნა-დანერგვაში. ის მწვრთნელ-კონსულტანტის მოდელზე აგებულ პროფესიულ განათლებას აქტიურად უჭერს მხარს. მათი მოდელის ფარგლებში თითოეულ მასწალებელს შესაძლებლობა აქვს, კვირაში ორჯერ ან სამჯერ შეხვდეს მწვრთნელ-კონსულტანტს. თითოეული საკონსულტაციო სესია დაახლოებით 30 წუთს გრძელდება. ეს მოდელი ეფუძნება სამ ძირითად ცვლადს: 1) სწავლების სტანდარტი, 2) ხარისხიანი უკუკავშირი და 3) მასწავლებლის მოტივაცია/გახსნილობა.

მწვრთნელ-კონსულტანტის და მასწავლებლის მუშაობის პირველი საფეხური სწავლების სტანდარტის განხილვით და საერთო ხედვის ჩამოყალიბებით იწყება. მხოლოდ სწავლების სტანდარტის მკაფიოდ ფორმულირების შემდეგ ხდება შესაძლებელი ეფექტური უკუკავშირის ჩამოყალიბება. ეფექტურია უკუკავშირი მაშინ, როცა ის კონკრეტულია, შეესაბამება მიზნებს და ჩარჩო-სტანდარტს. ზემოთ აღნიშნული მოდელის ფარგლებში, სწავლების ჩარჩო-სტანდარტი 6 ძირითადი კატეგორიით განისაზღვრება:


1)

შერჩეული დავალებების შესაბამისობა მიზნებთან და სირთულის ხარისხი;


2)

სააზროვნო დავალებების შესაბამისობა მიზნებთან;


3)

პრაქტიკის/გამოყენების შესაძლებლობები;


4)

მასწავლებლის უკუკავშირი მოსწავლეების მიმართ;


5)

მოსწავლეების ჩართულობის ხარისხი;


6)

მასწავლებლის მიერ კლასის მართვა.

მოდელის მეორე ცვლადია ხარისხიანი უკუკავშირი. გაიხსენეთ თქვენი გამოცდილება, როცა ბოლოს გაკვეთილს დაესწარით. რამდენჯერ გაგიჩნდათ განცდა, რომ ამა და ამ სეგმენტის/აქტივობის გაუმჯობესება იყო შესაძლებელი? როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლის გაკვეთილზე დამკვირვებელს თითქმის ყოველთვის გაუჩნდება რამდენიმე შენიშვნა. მწვრთნელ-კონსულტანტის მიერ მათი დაუყოვნებლივ გაზიარება უცვლელად, მოკლე-მოკლე კომენტარების სახით, გაუმართლებელია შემდეგი მიზეზების გამო:


·

უკუკავშირისთვის მწვრთნელ-კონსულტანტმა უნდა შეარჩიოს ერთი ან ორი საკითხი, რომელზეც დადებითი შეფასების გაკეთებაა შესაძლებელი და ერთი ან ორი საკითხი, რომელიც ყველაზე პრიორიტეტული და პოტენციურად დიდი დადებითი ეფექტის მქონე იქნება მასწავლებლის პრაქტიკაში;


·

უკუკავშირის გაზიარებამდე აუცილებელია, მწვრთნელ-კონსულტანტმა წინასწარ მოამზადოს საკონსულტაციო შეხვედრის გეგმა;


·

უკუკავშირს თან სდევს მოდელირება და პრაქტიკის შესაძლებლობა; ასევე, მისი განხორციელება რეალისტურია მოცემულ პირობებში; რეკომენდებულია, მწვრთნელ-კონსულტანტმა საკონსულტაციო შეხვედრაზევე განახორციელოს მოდელირება და მასწავლებელს მისცეს ვარჯიშის შესაძლებლობა;


·

მასწავლებელი ანგარიშვალდებულებას იღებს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკუკავშირის განსახორციელებლად.

აღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით, მწვრთნელ-კონსულტანტი წინასწარ ამზადებს შეხვედრის გეგმას. ქვემოთ წარმოგიდგენთ საკონსულტაციო შეხვედრის ფორმის ტიპურ ნიმუშს:

მასწავლებლის სახელი და გვარი:

მწვრთნელ-კონსულტანტის სახელი და გვარი:

თარიღი:

წინა შეხვედრაზე შეთანხმებული ძირითადი სამოქმედო ნაბიჯები:

1. ჩანაწერები გაკვეთილის დაკვირვებიდან:

2. კონკრეტული დადებითი მხარეები/მიღწევები (კავშირში უნდა იყოს წინასწარ შეთანხმებულ სტანდარტთან; ამ შემთხვევაში _ ზემოთ ჩამოთვლილ ექვს კატეგორიასთან)

3. გასაუმჯობესებელი ასპექტები:


კონკრეტული სამოქმედო გეგმა/ღონისძიებები:


1.



2.



3.


მასწავლებლის მიერ მოსამზადებელი სამუშაო სამოქმედო გეგმის განხორციელებისთვის:


1.



2.



3.

წინა საკონსულტაციო შეხვედრაზე მიღებული უკუკავშირის/რჩევების განხორციელების ხარისხი:

10 ქულა _ უკუკავშირის მხოლოდ 25% ან ნაკლები განახორციელა ეფექტურად;

20 ქულა – უკუკავშირის 25-50% განახორციელა ეფექტურად;

30 ქულა _ უკუკავშირის 50-75% განახორციელა ეფექტურად;

40 ქულა _ უკუკავშირის 75-100% განახორციელა ეფექტურად.

წერილის ბოლოს განვიხილოთ მოდელის მესამე ცვლადი – მასწავლებლის გახსნილობა და მოტივაცია. ალბათ ბევრჯერ გსმენიათ ასეთი ფრაზები მოსწავლეებზე: “მათემატიკური ნიჭი არ აქვს”, “წერა არ გამოსდის, ზეპირმეტყველებაში კარგია”, “ენების შესწავლის ნიჭი არ აქვს”. არაერთმა კვლევამ დაადგინა, რომ ასეთი დამოკიდებულება და დაბალი მოლოდინები მოსწავლეების მიმართ პირდაპირ გავლენას ახდენს მათ აკადემიურ მოსწრებაზე და აქვეითებს მიღწევების პოტენციალს (წყარო: https://www.npr.org/blogs/health/2012/09/18/161159263/teachers-expectations-can-influence-how-students-perform). ანალოგიურად, როცა მასწავლებელს აკლია რწმენა იმისა, რომ სწავლების ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება შეუძლია, სწავლებაც ნაკლებეფექტური ხდება. კვლევებმა, ასევე, აჩვენა, რომ მასწავლებლის რწმენის, გახსნილობის ან მოტივაციის ნაკლებობა, სულ ცოტა, ორჯერ მაინც ამცირებს სწავლების პრაქტიკის გაუმჯობესების პოტენციალს. მწვრთნელ-კონსულტანტის ეფექტური მუშაობისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ღია და მოტივირებულ დამოკიდებულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწავლების პრაქტიკაში ხელშესახები პროგრესის მიღწევამდე მწვრთნელ-კონსულტანტს დიდი დროის დათმობა უწევეს მასწავლებლის დამოკიდებულების შეცვლისთვის. Match Education-ის მასწავლებელთა სარეზიდენტო პროგრამაში მიღებული გამოცდილებიდან გამოჩნდა, რომ მასწავლებლის პასიური დამოკიდებულება ოთხი ძირითადი სახით ვლინდება:L1) როცა მასწავლებელი ფიქრობს, რომ უკეთესად სწავლება არ შეუძლია, 2) როცა მასწავლებელი ფიქრობს, რომ მწვრთნელ-კონსულტანტზე მეტი გამოცდილება აქვს, 3) არაეფექტური გაკვეთილი გარემო ფაქტორების ბრალია, 4) მასწავლებელი ოპტიმისტია შენიშვნების მიღებისას, თუმცა ქმედით ღონისძიებებს არ ატარებს. ასეთი დამოკიდებულების გადალახვისთვის, რაც პროფესიული განვითარების უპირველესი პირობაა, მწვრთნელ-კონსულტანტები სხვადასხვა მეთოდს გვთავაზობენ. სამწუხაროდ, ამ წერილის ფარგლებში აღნიშნული მეთოდების განხილვას ვერ შევძლებთ, თუმცა მათი დასახელება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან პასიური დამოკიდებულების კონკრეტული ტიპის ამოცნობა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისკენ.

Match Education-ში ფიქრობენ, რომ დადებითი ცვლილების მიღწევა რთულია ნებისმიერ პროფესიაში, განსაკუთრებით კი ისეთ პროფესიაში, როგორიც მასწავლებლობაა. თუმცა, მათი გამოცდილებით, მასწავლებლის ინდივიდუალური მუშაობა მწვრთნელ-კონსულტანტთან, რომელიც პროფესიული განვითარების ფორმულაში გაერთიანებულ სამ ცვლადს ითვალისწინებს, ეფექტურია და დადებითი ცვლილება მოაქვს სწავლების ხარისხსა და მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაში.

მასწავლებლობა _ მუდმივი ძიების გზა

0

ყველაფერი მუდმივად იცვლება. ამ კანონს ემორჩილება მასწავლებელიც, მაგრამ სწორედ მას სჭირდება ყველაზე ხშირი ტრანსფორმაცია დროისა და ვითარების შესაბამისად. უახლესი ტექნოლოგიები, საზოგადოების ახალი ინტერესები მასწავლებლისგან მოითხოვენ მოულოდნელი, ხანდახან სრულიად უცხო და რთული ამოცანების ამოხსნას, პრობლემების გადასაჭრელად განსხვავებული გზების ძიებას.

ეს, უპირველესად, გულისხმობს, მასწავლებლის შემოქმედებითობას, უნარს, არა მხოლოდ ქვეყანაში განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმების შესაბამისად, არამედ მსოფლიოში მიმდინარე გარადატეხების კვალდაკვალ, შეცვალოს თავისი მუშაობის სტილი, გაითვალისწინოს თანამედროვე მოსწავლეთა განსხვავებული ინტერესები. მოსწავლე და მასწავლებელი არ უნდა იყვნენ სხვადასხვა განზომილებაში. სკოლა არ უნდა იქცეს მოსწავლისთვის რუტინად, ადგილად, სადაც მას რაიმეს აიძულებენ. სკოლა უნდა იყოს ცხოვრების ორგანული ნაწილი და არა დოგმებისა და შაბლონების არქივი. სასწავლო პროცესი უნდა იყოს ცოცხალი, აქტიური და მოსწავლისთვის ხელშემწყობი სიახლეების აღმოჩენაში. თანვე, ნებისმიერი ცოდნა უნდა დაეფუძნოს სიყვარულს და იმ ადამიანურ ღირებულებებს, რომლებიც კაცობრიობის სიცოცხლეს აზრს ანიჭებენ. როგორც დოსტოევსკი წერს „იდიოტში”: „გულისხმიერებას და ღირსებას გული ასწავლის და არა ცეკვის მასწავლებელი”. სწავლების პროცესში უპირველესი სიყვარულით აღსავსე გულია, რომელიც მასწავლებელს მრავალ დაბრკოლებას გადაალახვინებს.

რა თქმა უნდა, სკოლის ხერხემალი პედაგოგია, სწორედ ის განსაზღვრავს სწავლების ხარისხს. მასწავლებელს უნდა სჯეროდეს, რომ ყველაფერი შეუძლია, ყოველივე მის ხელთაა, როგორც ერთ უძველეს იგავშია: ერთ ქვეყანაში ცხოვრობდა სახელგანთქმული ბრძენი, მაგრამ მის მშობლიურ ქალაქში იყო კაცი, რომელსაც მისი შურდა და გადაწყვიტა ისეთი კითხვა მოეფიქრებინა, რომ ბრძენს პასუხი ვერ გაეცა. წავიდა მინდორში, დაიჭირა პეპელა, მოიმწყვდია ხელისგულში და იფიქრა: ბრძენს ვკითხავ, მუჭში მოქცეული პეპელა მკვდარია თუ ცოცხალი? თუ მეტყვის, ცოცხალიაო, მუჭს მოვუჭერ და პეპელა მოკვდება, თუ მეტყვის, ცოცხალიო, გავშლი ხელისგულს და პეპელა გაფრინდება. აი, მაშინ გაიგებს ყველა, როგორი ბრძენია. ასეც მოიქცა. პეპელა დაიჭირა და ბრძენს ჰკითხა: ცოცხალია თუ მკვდარიო? და მაშინ კაცმა, რომელიც მართლაც ბრძენი იყო, უპასუხა: ყველაფერი შენს ხელშია. მასწავლებელი თვითონ უნდა იყოს თავდაჯერებული და მოსწავლეს, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგოს. კრისტოფერ ემდინის, თანამედროვე სწავლების ორიგინალური იდეების ავტორის აზრით, მასწავლებელი უნდა ფლობდეს ერთგვარ მაგიას, რომლითაც ზემოქმედებას მოახდენს კლასზე და გამოაღვიძებს ახლის შესამეცნებლად.

ცნობილია, რომ ადამიანი ყველაზე მეტს მისგან სწავლობს, ვინც უყვარს. მთავარი ამოცანა პედაგოგისთვის უნდა იყოს, თავი შეაყვაროს მოსწავლეებს. ამისთვის კი უბრალო და მარტივი რამაა საჭირო, თვითონ უყვარდეს, უანგარიშოდ და უანგაროდ, თუნდაც ხშირად საპასუხოდ არ იღებდეს იმავე სითბოსა და სინაზეს, რასაც გასცემს.
„სკოლის მასწავლებელი ისეთ ძალაუფლებას ფლობს, რომელზედაც პრემიერ-მინისტრები მხოლოდ ოცნებობენ”, _ ამბობდა უინსტონ ჩერჩილი, ინგლისის პრემიერ-მინისტრი. ეს ძალაუფლება მასწავლებელმა იმისთვის უნდა გამოიყენოს, რომ მოსწავლეებს ჩააგონოს ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვის რწმენა.
მასწავლებელი აკვირდება ბავშვებს და იცის, ვის რა შეუძლია, ვის როგორი ხასიათი აქვს, მაგრამ აუცილებელია საკუთარ თავზე დაკვირვება და ზრუნვა არა მხოლოდ სხვების, არამედ საკუთარი თავის, ჩვევების, ქცევისა და სწავლების სტილის შეცვლაზე.

ამისთვის უამრავი რესურსი არსებობს, ვგულისხმობთ სხვა პედაგოგთა გამოცდილებას, თვითშეფასების კითხვარებს და სხვადასხვა ტესტს, რომლებიც დაეხმარებიან მასწავლებელს განსაზღვროს, როგორი ტიპის მასწავლებელია, უფრო უკეთესად გამოკვეთოს საკუთარი ნაკლი, რომელიც ხელს უშლის სწავლებისას და ეძებოს ტრანსფორმაციის გზები.

მასწავლებელმა უნდა გაარკვიოს, როგორია მისი თვითშეფასება: მაღალი, საშუალო თუ დაბალი, რას ემყარება მისი თვითშეფასება. ამისთვის უნდა დაფიქრდეს შემდეგ საკითხებზე:

1. რა კომპეტენცია აქვს და როგორ ცდილობს პროფესიონალიზმის ამაღლებას? (თვითგანვითრება, ტრენინგები, კონფერენციები)

2. რა მოტივაცია აქვს? (საქმის სიყვარული, ხელფასი).

3. რა მიზანი აქვს? (გადასცეს ცოდნა, დაეხმაროს ცოდნის შეძენაში).

4. როგორი ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან? (ეშინიათ, პატივს სცემენ, მეგობრობენ, არ უჯერებენ…)

5. როგორი ურთიერთობა აქვს კოლეგებთან? ხშირად არის თუ არა იმგვარ გარემოში, როდესაც პედაგოგები ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას?

კვლევების მიხედვით, კარგ მასწავლებელს უნდა ახასიათებდეს:

1.გამოკვეთილი ინდივიდუალურობა
2.ნერვული სისტემის სიძლიერე და გაწონასწორებულობა;
3. ლიდერობისკენ მისწრაფება:
4. თავდაჯერებულობა;
5. მომთხოვნელობა;
6.თანაგრძნობა და სიკეთე;
7.ურთიერთთანამშრომლობა:
8. კოლეგებთან თანამშრომლობისკენ სწრაფვა;
9. ნორმალური თვითშეფასება.

პროფესიული მახასიათებლები:

10. ფართო ერუდიცია და მასალის თავისუფალი გადმოცემა;
11. სწორი მეტყველება, საუბრის საშუალო რიტმი, კარგი დიქცია.
12.შესაფერისი ჟესტ-მიმიკა;
13.ვითარებაზე სწრაფი რეაგირება;
14. ყოველი მოსწავლის პატივისცემა (სახელით მიმართვა);
15.გარკვევა, რამდენად ესმით მოსწავლეებს ახალი მასალა.

პედაგოგიკის ერთი პრინციპული საკითხი ისაა, რომ, რომ ინტელექტი აყალიბებს ინტელექტს, ხასიათი აღზრდის ხასიათს, პიროვნება ყალიბდება პიროვნების მიერ.

ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა კანადელი მასწავლებლის, ქერი ლემის სტატია, რომელიც მან ერთ-ერთ საგანმანათლებლო ბლოგზე განათავსა სათაურით „ეფექტური მასწავლებლის 11 თვისება”. იგი ფიქრობს, რომ დასაფასებელია ის მასწავლებელი, რომელიც ნამდვილად გატაცებულია სწავლების პროცესით, უყვარს, რომ ასწავლის, სხვების შთამაგონებელია, ვერანაირი გარემოება ვერ აფერხებს მის საქმიანობას, მოსწავლეებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამახსოვრდებათ. ამისთვის საჭიროა, რომ მასწავლებელს:

1.სწავლება სიამოვნებას ანიჭებდეს

მასწავლებლისთვის სწავლების პროცესი უნდა იყოს სასიამოვნო და სასარგებლო კარიერული ზრდის ასპარეზი (თუნდაც, იმავდროულად, ხანდახან დამქანცველი და აუტანელი). მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა გახდეთ მასწავლებელი, თუ გიყვართ ბავშვები და მთელი გულით შეგიძლიათ მათზე მზრუნველობა. გახსოვდეთ, ბაშვები ვერ ისწავლიან ხალისით, თუ სასწავლო პროცესს არ გაამდიდრებთ თამაშის ელემენტებით. თუ თქვენ მხოლოდ სახელმძღვანელოთა ინსტრუქციებს კითხულობთ, ეს არაფერს მოგცემთ. ამის ნაცვლად, გახადეთ თქვენი გაკვეთილი შემოქმედებითი, ინტერაქტიური და ცოცხალი. მიეცით თქვენი სწავლების ვნებას გასაქანი, რათა უფრო მიმზიდველი გახდეს თქვენთვის, არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტებისა და, რაც მთავარია, მთელი სისავსით დატკბით სწავლების ყოველი წუთით.

2.ქმნიდეს განსხვავებულ გარემოს

ნათქვამია, დიდ ძალაუფლებას დიდი პასუხისმგებლობა ახლავს. როგორც მასწავლებელს, თქვენ გჭირდებათ გამუდმებული სიფრთხილე, რომ გახსოვდეთ ეს დიდი პროფესიული პასუხისმგებლობა. თქვენი ერთ-ერთი მიზანი უნდა იყოს: შეიტანოთ რაღაც განსხვავებული მოსწავლეთა ცხოვრებაში. როგორ? მათ უნდა იგრძნონ განსაკუთრებული, უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, როცა საკლასო ოთახში არიან. პოზიტიური გავლენა უნდა იქონიოთ მათზე. რატომ? თქვენ არ იცით მათი განწყობა კლასში შემოსვლამდე (ოჯახი, მეგობრები და ხვა გარემოებანი) და არც ის, კლასიდან გასვლის შემდეგ რა მოელით, სიხარული თუ ტკივილი, ამიტომ საკლასო ოთახში, თქვენთან ერთად ყოფნისას თქვენ უნდა დაავიწყოთ ყველა სხვა ყოფითი საზრუნავი და შეუქმნათ ისეთი გარემო, რომელიც სწავლების პროცესს ლაღსა და საინტერესოს გახდის.

3.პოზიტიური ენერგიის ველს ქმნიდეს

ყოველდღიურად საკლასო ოთახში თქვენ უნდა შექმნათ პოზიტიური ველი. ამ შემთხვევაში, მთავარი ღიმილიანი სახეა. თუმცა პირადი ცხოვრება შეიძლება ყოველთვის არ გიწყობდეთ ხელს საღიმილო განწყობისათვის. ყოველგვარი პირადი სატკივარი საკლასო ზღურბლთან უნდა დატოვოთ და კლასში შეხვიდეთ სხვანაირი, ბედნიერი და იმედიანი. თქვენი ამგვარი განწყობა გადაედება მთელ კლასს და მოსწავლეებსაც დაავიწყებს იმას, რაც გაკვეთილის დაწყებამდე აწუხებდათ. ისინი მზად იქნებიან ახალი, საინტერესო და საგულისხმო გამოცდილების მისაღებად, რომელსაც თქვენ უშურველად გადასცემთ. მათთან ერთად შექმნით განცდას, რომ ყველაფერი კარგადაა და ყოველივე უკეთესობისკენ შეიცვლება.

4. პირადული

ეფექტური მასწავლებელი რომ იყოთ, დაუახლოვდით მოსწავლეებს, გაიგეთ, რა აღელვებთ, რა უხარიათ, რა აინტერებთ, რა სამომავლო გეგმები აქვთ. ეს დაგეხმარებათ მათთან ურთიერთობის გზების გამონახვაში. ნუ მოგერიდებათ, უამბოთ თქვენ შესახებაც. უმნიშვნელოვანესია, გაარკვიოთ ყოველი მათგანის სწავლების სტილი, ვინ რა გზით ითვისებს უკეთესად, რომ შეძლოთ მათთან ინდივიდუალურდაც მუშაობა. გაიცანით მათი მშობლები. მათთან ურთიერთობა უნდა იყოს არა სავალდებულო, არამედ აუცილებელი. დაამყარეთ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა. უფრო გაგიიოლდებათ საქმე, თუ ყოველმხრივ მხარდაჭერას მოიპოვებთ, სკოლაში თუ მის გარეთ.

4.გაეცით და მიიღეთ 100%

რასაც დასთეს, იმას მოიმკი, როგორც ანდაზაშია. რასაც უნდა აკეთებდეთ, გაკვეთილს ხსნიდეთ, გამოკითხავდეთ, ანგარიშს წერდეთ თუ გამოცდილებას უზიარებდეთ კოლეგებს, ყოველივე გააკეთეთ მთელი სულითა და გულით, 100 პროცენტით. სწავლებასთან დააკვშირებული ყოველი საქმე სიყვარულით გააკეთეთ და არა იმ ვალდებულებათა გამო, რომელთაც ეს პროფესია გავალებთ. გააკეთეთ თქვენი პიროვნული ზრდისთვის, იმისთვის, რომ სხვებსაც შთააგონოთ, უბიძგოთ ამგვარი ქცევისკენ. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლეები უფრო მეტს ისწავლიან. გაეცით ყველასთვის, სკოლისთვის, კოლეგებისთვის, მშობლებისთვის, იმათთვის, რომელთაც თქვენი სჯერათ.

6. ორგანიზებულობა

არასოდეს არ უნდა გადადოთ დღეს გასაკეთებელი საქმე ხვალისთვის. მთელი ძალ-ღონით შეასრულეთ საქმე და არ დააგროვოთ, არ მოიტოვოთ, რათა შემდეგ სასწრაფოდ და სახელდახელოდ გასაკეთებელი არ გაგიხდეთ. ასე თუ მოიქცევით, ყოველთვის გექნებათ დრო. გაკვეთილი წინასწარ დაგეგმეთ, მოიფიქრეთ ერთგვარი ჩარჩოები. ასე არასოდეს გამოგრჩებათ მნიშვნელოვანი და აუცილებელი. ჩაიწერეთ ყოველი მნიშვნელოვანი იდეა, რომელიც თავში მოგივათ, შემდეგ კი იზრუნეთ მისი ხორცშესხმისათვის.

7. თავისუფლად გაიზიარეთ ახალი

არავინ არის სრულყოფილი. მუდამ თვალყური ადევნეთ სიახლეებს. იმ ახალ მეთოდებსა და სტრატეგიებს, რომლებსაც თქვენი კოლეგები იყენებენ, რომლებსაც გთავაზობენ პედაგოგიკის სფეროს ექსპერტები სხვადასხვა ტრენინგსა და კონფერენციაზე. ამ თვალსაზრისით, ინტერნეტი გაძლევთ საშუალებას გაეცნოთ უცხოელ კოლეგათა გამოცდილებას, დისკუსიაში მონაწილეობის საშუალებას. ყველა მეთოდი უნდა განავითაროთ შემოქმედებითად, კონკრეტული ვითარების შესაბამისად, უპირველესად, მოსწავლეთა უნარებისა და ინტერესების მიხედვით.

მინილექცია, ჯგუფური მუშაობა, დისკუსია, ექსკურია, ლაბორატორიული მიშაობა, მაგალითებით სწავლება, პრობლემაზე ორიეტირებული სწავლება, როლური თამაშები, სიმულაცია, პროექტით სწავლება, თანატოლების სწავლება და სხვ. მეთოდები და სტრატეგიები მხოლოდ მაშინ შეიძენენ ღირებულებას, თუ თქვენ გაითავისებთ და ვითარების შესაბამისად შეცვლით. რაღაცას გამოაკლებთ, რაღაცას მიუმატებთ _ფიქრისა და მუშაობის პროცესში კი შეიძლება დაიბადოს სრულიად ახალი ხერხი სწავლებისა, რომელსაც კოლეგებს გაუზიარებთ.

8. სტანდარტი

მოსწავლეებთან ერთად შექმენით ქცევისა და მუშაობის იმგვარი სტანდარტი, რომელიც ხელს შეგიწყობთ სასწავლო პროცესში.

9. ეძებეთ შთაგონება

მასწავლებელი გამუდმებით უნდა ეძიებდეს შთაგონებას, რაც გულისხმობს იმას, რომ წაკითხულს, ნანახსა თუ განცდილს შეუძლია გამოიწვიოს ახალი იდეების დაბადება. ამისთვის უამრავი საგანმანათლებლო წყაროა: წიგნები, ბლოგები, ვიდეოები, სოციალური ქსელები და სხვ.

10. ცვლილებისკენ სწრაფვა

ცხოვრებაში ყოველივე გეგმის მიხედვით როდის მიედინება. იცვლება დირექტორი, კოლეგები, მოსწავლეები. მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა ცვლიდეს დაგეგმილს, არასოდეს მისტიროდეს წარსულს და მარცხს არ ამართლებდეს ახალი გარემოებებით.

11. ანალიზი

ეფექტური მასწავლებელი აანალიზებს გამარჯვებასაც და მარცხსაც. გაკვეთილი, რომელიც ისეთი არ გამოვიდა, როგორიც დაიგეგმა, ბადებს წყურვილს, რაღაც ახალი მოიფიქროს, შემოქმედებითად განავითაროს იდეა და პრაქტიკული ხორცშესხმის ორიგინალურ გზაზე იფიქროს, შეცვალოს და კვლავ და კვლავ ეძიოს. არასოდეს ჩაიქნიოს ხელი, თუ მოსწავლეებში გამოძახილს ვერ ჰპოვებს რაიმე იდეა, სხვები კი არ დაადანაშაულოს, გამართლება კი არ ეძებოს, არამედ ყოველ დღე ახლიდან დაიწყოს, არ შეუშინდეს ექსპერიმენტებს, იფიქროს უკეთესზე.

ოდითგანვე აღმზრდელს, მასწავლებელს განსაკუთრებული პატივი მიეგებოდა (ქართულ ლიტერატურაში ამის მდიდარი მაგალითებია: სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისას” ლეონი თუ აკაკი წერეთლის „გამზრდელის” ჰაჯი-უსუბის გახსენებაც საკმარისია). მისგან ყოველთვის მოელოდნენ იმაზე მეტს, ვიდრე შესაძლებელია. ამას მოწმობს, მაგალითად, აბრაამ ლინკოლნის „წერილი მასწავლებელს”, რომელშიც იგი მასწავლებელს სთხოვს ასწავლოს მის შვილს სიკეთისა და ბოროტების გარჩევა, შრომის ფასი: „ასწავლეთ დატკბეს ცაში მფრინავი ფრინველების ცქერით, ყვავილებისა და მწვანე მდელოების მზერით. ასწავლეთ, რომ დამარცხება ბევრად უფრო ღირსეულია, ვიდრე ტყუილი და თაღლითობა. ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ სხვები არ ეთანხმებიან. ასწავლეთ ყველა ადამიანის მოსმენა და, ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.

თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ გაიცინოს, როცა მოწყენილია და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არაა. ასწავლეთ, როგორ შეიძლება გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები, თუმცა ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება. ასწავლეთ, თუმცა გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იწრთობა ფოლადი. უთხარით, ჰქონდეს საკუთარი თავის რწმენა და სხვათა მიმართ რწმენასაც არ დაკარგავს”. რამდენად შესაძლებელია ყოველივე ამის სწავლება, საკამათოა, მაგრამ უდავოა, რომ მასწავლებელი ამას უნდა ცდილობდეს.

გაბრიელა მისტრალიც „მასწავლებლის ათი მცნებაში” უპირველესად მიიჩნევს ბავშვებისა და საქმის სიყვარულს, სულიერ სიწმინდეს, მშვენიერების თაყვანისცემას. მას სწავლება ღვთისმსახურების რანგში აჰყავს და მასწავლებელს, სიყვარულით გულანთებულს, მიაწერს ძალას, რომლითაც იგი შეძლებს გაკვეთილისთვის სულის შთაბერვას.

ეს ის იდეალებია, რომლებიც მუდამ თვალწინ უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანი კია, ყოფითი საზრუნავებით სავსე და წვრილმან-მსხვილმანი საქმეებით გადატვირთული, მაგრამ სხვებისგან იმით უნდა განსხვავდებოდეს, რომ არასოდეს მოაშოროს მზერა მწვერვალს, რომელიც წინსვლისა და განვითარებისკენ უბიძგებს.

სალიტერატურო ენა და დიალექტები – მხატვრული და დოკუმენტური პროზა , როგორც დამხმარე რესურსი

0
გიორგი კეკელიძის “გურული დღიურების ” შესახებ, მგონი,  მთელმა საქართველომ გაიგო, ყველა, ვისაც წიგნის კითხვა უყვარდა თუ არ უყვარდა, ამ წიგნის მკითხველად იქცა. წაკითხვების და გაყიდვების ლიდერი წიგნის ეპიზოდები, თავიდან, სწორედ ჩვენი  ინტერნეტგაზეთის გვერდებზე ქვეყნდებოდა.

წიგნის მხატვრულ ღირსებებსა თუ თავისებურებებზე ალბათ ლიტერატურათმცოდნეები ილაპარაკებენ, მე კი, როგორც კონკრეტულმა მასწავლებელმა,  მინდა,  მოგიყვეთ, თუ როგორ შეიძლება “გურული დღიურები” და ზოგადად,  დოკუმენტური თუ მხატვრული პროზა, ზეპირი ისტორიები თუ გადმოცემები,  საგაკვეთილო რესურსად გამოიყენოთ.

დიალექტოლოგიური რუკა

როდესაც ქართულ ენასა და დიალექტებზე ვსაუბრობთ, თვალსაჩინოების საუკეთესო მაგალითი, რასაკვირველია, ცოცხალი, საინტერესო ლიტერატურული ტექსტია, მითუმეტეს, თუ იგი თანამედროვე ავტორს ეკუთვნის. შეგიძლიათ გეოგრაფიის მასწავლებელი დაიხმაროთ, შექმნათ  საქართველოს  დიალექტოლოგიური რუკა, ხოლო კონკრეტულ დიალექტს ლიტერატურული აღნიშვნაც გაუკეთოთ იმის მიხედვით, რომელ ცნობილ ტექსტსა თუ  ნაწარმოებში გხვდებათ ეს დიალექტი. მაგალითისთვის, დიალექტოლოგიურ ატლასზე გურიასთან „ გურული დღიურების”, ეგნატე ნინოშვილის ან ნოდარ დუმბაძის პროზის ლინკს მიანიშნებთ,  თუშეთთან, ვთქვათ, გიორგი ცოცანიძის შესანიშნავ წიგნს „შეთე”, რომელიც თუში გმირის, შეთე გულუხაისძის შესახებ მოგვითხრობს, მესხეთთან შეგიძლიათ მარინე ბერიძის „პირდაპირი რეპორტაჟები წარსულიდან” დააკავშიროთ,  იმერეთთან, კერძოდ ქუთაისთან – რეზო გაბრიაძის შესანიშნავი „ქუთაისი ქალაქია”…

1.ადამიანთა პორტრეტები

ეს მცირე პროექტი შეგიძლიათ თქვენს სკოლაში, ქუჩაზე, უბანში ან სოფელში განახორციელოთ.  ირჩევთ რამდენიმე ადამიანს, რომელიც თქვენთვის ზეპირი მთქმელი იქნება და შემდეგ პერსონაჟადაც იქცევა.

ბავშვებთან ერთად წინასწარ მოამზადეთ მცირე კითხვარი, რომლის საშუალებითაც ჩაწერთ  ინტერვიუს  წინასწარშერჩეულ რესპოდენტთან, შეიძლება იგი  თქვენივე თანამშრომელი იყოს, ან , ვთქვათ, სკოლის დარაჯი, ან რომელიმე მოსწავლის ოჯახის წევრი.

 ჩაწერილი ინტერვიუ გაშიფრეთ, გამოყავით მნიშვნელოვანი აქცენტები და თქვენს მოსწავლეებს დაავალეთ,  ყველამ საკუთარი, ლიტერატურული ინტერპრეტაციით დაწეროს ამ რესპოდენტის ამბავი.

შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ამბებიც ჩაიწეროთ, შექმნათ თქვენი ქუჩის წარსულის ჩანაწერი, აღადგინოთ და გააცოცხლოთ ძველი ამბები, მოკლედ, იმოგზაუროთ დროში.

2.ჩაიწერე შენი წარსული

როდესაც საპროგრამო თემატიკა ახლო წარსულზე ყურადღების გამახვილებას მოგთხოვთ, დაგეგმეთ თქვენი სამეცნიერო პროექტი. მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად და დაავალეთ, საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული ამბები მოიძიონ და ჩაიწერონ – იქნება ეს ყოფითი, ყოველდღიური ცხოვრება, რეპრესიების ისტორიები, სკოლასა და განათლებასთან დაკავშირებული მოგონებები, შემდეგ, თითოეულმა ჯგუფმა დაამუშაოს ჩაწერილი მასალა და შესაბამისი ფოტოგაფორმებით წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით.

იქნებ ისეთ მნიშვნელოვან ამბებსაც წააწყდეთ, როგორსაც, ვთქვათ, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიერ გამოცემულ შესანიშნავ წიგნში „ დაკარგული ისტორია – მეხსიერება რეპრეირებული ქალების შესახებ” წააწყდებით. 

3.ჩაიწერე  და შეინახე დიალექტი

დიალექტი ენის ისეთი ვარიაციაა, რომელიც ყოველდღიურად შეიძლება შეიცვალოს, შეიძინოს ან დაკარგოს ლექსიკა, ტოპონიმიკა, ფრაზეოლოგია… გრამატიკული ფორმები თუ სინტაქსური კოსნტრუქცია, ამიტომ სინქრონიული ენობრივი სიტუაციის ჩაწერა, დაფიქსირება, მხოლოდ დარგის მეცნიერების კი არა, ამ ენობრივ გარემოში მცხოვრები თითოეული ადამიანის  ვალი, ზოგჯერ კი დანიშნულებაა.

მცირე საველე გასვლები – თქვენს სოფელში თუ ქალაქში, ან ახლომდებარე რაიონში, იქნებ ცოტა შორსაც  – ექსკურსიასაც მოაწყობდით – ტექსტების თუ სიტყვების ჩაწერა, დამუშავება და დახარისხება საინტერესო და მხიარული სასწავლო აქტივობაც იქნებოდა. აღწერეთ ესა თუ ის დიალექტი, შექმენით ლექსიკონი, ტექსტური ბაზა, აუდიოარქივი, თქვენს მოსწავლეებთან ერთად გახდით ქართული ენის და მისი დიალექტების მომვლელი და მფარველი, აღმწერი და შემსწავლელი. ჰო, რასაკვირველია, დიალეტქურ კორპუსში ჩახედვაც არ დაგავიწყდეთ.
კიდევ რამდენი რამის გაკეთება შეიძლება  – ფოლკლორის შეგროვება, ტოპონიმური ატლასის შექმნა, ქალაქური მეტყველების ჩაწერა და კვლევა და ა.შ და ა.შ.

საინტერესო წიგნები ბევრია, სასარგებლო საქმეები კიდევ უფრო მეტი, ამიტომ შეუზავეთ ერთმანეთს მხატვრული და დოკუმენტური პროზა და თქვენი აქტივობები, შეინახეთ და შეიყვარეთ ქართული ენის დიალექტოლოგიური პალიტრა, ისეთივე ფერადი და ლამაზი, როგორც ბორჯომის ხეობა შუა ოქტომბერში.

ბავშვისა და მშობლის ურთიერთობის ფორმირება

0

ვისაუბროთ ჩვენს ბავშვებზე და დავფიქრდეთ, რა როლს თამაშობენ უფროსები მათ აღზრდაში: მშობლები (ოჯახი) და სკოლა, რამდენად არის დამოკიდებული სკოლისა და ოჯახის შეთანხმებულ მოქმედებაზე ბავშვის აღზრდის პროცესის ეფექტურობა. ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებ ოჯახის როლზე ბავშვის აღზრდის პროცესში.

 

რა იგულისხმება აღზრდაში?

  1. ცნებაგულისხმობსადამიანისცნობიერებასადაქცევაზემიზანმიმართულზემოქმედებას, მასშიგარკვეულიდამოკიდებულებების, ცნებების, პრინციპების, ღირებულებებისფორმირებისმიზნით, რომლებიცაუცილებელპირობებსქმნიანპიროვნებისგანვითარებისა დასაზოგადოებრივიცხოვრებისთვის.
  2. პიროვნების მიზანდასახული, სისტემატური ფორმირების პროცესი. აღზრდის ძირითადი მეთოდები: დარწმუნება, მაგალითი, სავარჯიშო, შეჯიბრი, წახალისება, კრიტიკა, თვითკრიტიკა და სხვა.(ენციკლოპედიური ლექსიკონი)

ყველა ბავშვს თავისი ფერების პალიტრა აქვს. მასში ერთმანეთშია არეული სიკეთე და აგრესია, სიმამაცე და შიში, ახლის შეცნობისა და სწავლის სურვილი და სიზარმაცე. მაგრამ ეს პალიტრა უფრო ფართოა, ვიდრე წარმოგვიდგენია. მოაშორეთ ამ პალიტრას ზედა ფენა და ნახავთ, რამდენად მრავალმხრივია თქვენი ბავშვი. თანამედროვე სამყარო ისეა მოწყობილი, რომ დღეს თუ ყველაფერი კარგადაა, ხვალ შეიძლება ყველაფერი უკუღმა დატრიალდეს და გამოსავლის მოძებნა გაგვიჭირდეს. ადამიანს გადასარჩენად და თავის გასატანად სჭირდება როგორც დადებითი, ასევე – უარყოფითითვისებები, რათა მაშეძლოს საკუთარი თავის დაცვა და მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო უხეშობსა და ძალადობთან გამკლავება.

ბავშვი, ისევე როგორც ჩვენ, არ ცხოვრობს იდეალურ სამყაროში. ხშირად მესმის კითხვა: როგორ დავიცვათ ბავშვი გარესამყაროს უარყოფითი გავლენისგან? როგორ ავაცილოთ მას ეს? აცილება, ალბათ, შეუძლებელია და ამას ვერ მოვახერხებთ ვერც სახლში ჩაკეტვით, ვერც სახლის გამოცვლით, მაგრამ დაცვასწორად აღზრდის შემთხვევაში,ალბათ, შესაძლებელია. როდის ვიწყებთ საკუთარი შვილის აღზრდას? რა თქმა უნდა, დაბადებიდან.

ყველა მშობელს უნდა, რომ შვილი მას ჰგავდეს და ის გზა გაიაროს, რომელიც ჩვენ მის მაგივრად მოვიფიქრეთ საკუთარ ფიქრებსა და ოცნებებში. ცხადია, შვილი რაღაცით გვგავს ჩვენ, მაგრამ ის მაინც თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც თავად იღებს საკუთარი შეცდომებითა და პრობლემების გადალახვით. ბავშვი ვითარდება, ის არორდინარული და არ არსებობსგარანტია, რომ ის პრობლემები, რომლესაც ჩვენ გულდასმით ვმალავდით მას, არ გამოვლინდება მოგვიანებით?

როდის იღებს ყველაზე მეტ გამოცდილებას ბავშვი? რა თქმა უნდა, ურთიერთობისას. ამ დროს ის იღებს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებს. ბავშვებს საკმაოდ ფართო წრე აქვთ ურთიერთობის. ჩვენ მუდმივად უნდა ვაკონტროლოთ, ვისთან ურთიერთობს ის, მაგრამ თავისუფლება და მუდმივი კონტროლი შეუთავსებელია ერთმანეთთან და ამიტომაც ჩვენ თუ ბოლომდე შევზღუდავთ შვილების დამოუკიდებლობას, საბოლოოდ ის ზრდასრულობაში ვერაფერს გადაწყვეტს თავად და ვერ გაუმკლავდება პრობლემებს. არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ოჯახი გვაქვთ: სრული თუ არასრული, შეძლებული თუ ღარიბი, კომფორტულად გაწყობილ სახლში ცხოვრობთ თუ შეჭირვებით – ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, რომ ოჯახი გაქვთ! დააფასეთ ოჯახი, გაუფრთხილდით ოჯახს, რადგან ზუსტად ოჯახი გჭირდებათ თქვენ და თქვენს შვილებს სულიერი კომფორტისთვის. გისურვებთ შვილის აღზრდაში წარმატებას. დაე, თქვენს შვილებს მუდამ ესმოდეთ თქვენი და თქვენს ოჯახებში იდილიამ, სიყვარულმა და სულიერმა სითბომ დაისადგუროს! დასაფიქრებლად კი სამახსოვროს გიტოვებთ.

სამახსოვრო მშობლებს

როგორ შევქმნათ დადებითი ოჯახური ატმოსფერო


·

გახსოვდეთ: ბავშვის ფსიქოლოგიური განწყობა მთელი დღის განმავლობაში იმაზეა დამოკიდებული, როგორ გააღვიძებთ მას დილით;


·

დასვენებისთვის საჭირო დრო ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალურია. მაჩვენებელი ერთია – ბავშვმა უნდა გამოიძინოს და ადვილად გაიღვიძოს;


·

ისწავლეთ გაკვეთილების შემდეგ შვილთან შეხვედრა. ნუ დაუსვამთ მაშინვე შეკითხვას: „რა ნიშნები მიიღე დღეს?”, უმჯობესია, დაუსვათ საკონტროლო კითხვა: „რა მოხდა საინტერესო დღეს სკოლაში?”, „რითი იყავით დაკავებულები?”, „ როგორაა საქმე?”


·

იხარეთ შვილის წარმატებებით. ნუ გაღიზიანდებით მისი დროებითი წარუმატებლობით;


·

მოთმინებით, ინტერესით მოუსმინეთ შვილის მონაყოლს მისი ცხოვრების მოვლენების შესახებ;


·

ბავშვი უნდა გრძნობდეს, რომ ის სასურველი და საყვარელია. ბავშვთან ურთიერთობიდან გამორიცხეთ ყვირილი, უხეში მიმართვა, შექმენით ოჯახში ურთიერთპატივისცემისა და სიყვარულის ატმოსფერო.

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვებს შრომისადმი სიყვარული


·

ხშირად შეაქეთ ბავშვის დამოუკიდებლობა, ინიციატივა, შესრულებული სამუშაოს ხარისხი. თუ არ გამოუვიდა – ნუ გაღიზიანდებით, ყველაფერი კიდევ ერთხელ აუხსენით თავიდან;


·

ჩართეთ შვილი საოჯახო საქმეებში და მიაჩვიეთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანას;


·

ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის ბავშვსაც, უნდა ჰქონდეს თავისი მოვალეობები საოჯახო საქმეებში;


·

ნუ დასჯით ბავშვს საქმით.

როგორ მივაჩვიოთ ბავშვი სიკეთის კეთებას

1.ურთიერთობაადამიანის ცხოვრების არსია. თუ გვინდა, რომ ჩვენი შვილები კეთილები იყვნენ, მაშინ მათ ურთიერთობით მხოლოდ სიხარული და სიამოვნება უნდა მივანიჭოთ მათ – სიხარული ერთობლივი შემეცნების, ერთობლივი მუშაობის, ერთობლივი თამაშის, ერთობლივი დასვენების;

2.სიკეთე იწყება ადამიანებისა (პირველ რიგში ყველაზე ახლობელი ადამიანების) და ბუნებისადმი სიყვარულით. განუვითარეთ ბავშვებს გარშემომყოფების მიმართ ეს გრძნობა;

3.ასწავლეთ ბავშვებს ბოროტებისა და გულგრილობის დაძლევა;

4.გამოიჩინეთ რაც შეიძლება მეტი სიყვარული ბავშვისადმი;

5.თავად აკეთეთ კეთილი, კარგი საქმეები. ბავშვები მაგალითს ჩვენგან იღებენ;

6. ისწავლეთ საკუთარი თავისა და ემოციების ფლობა. ასწავლეთ ის ბავშვებსაც.

რუსუდან გონაშვილი

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯისსაჯარო სკოლა

თაობა, რომელსაც ლიტერატურა არცთუ ძლიერ უყვარს

0

სადავო არ უნდა იყოს, რომ წიგნი ადამიანის გაკეთილშობილების ერთგვარი საშუალებაა. თუ ამ მოსაზრებას დავეყრდნობით, თანამედროვე საზოგადოებისკეთილშობილების ხარისხი არცთუ სახარბიელო აღმოჩნდება. დღეს,ინტერნეტსივრცით აქტიური სარგებლობის ეპოქაში, კიდევ უფრო გაძვირდა ღირებული მხატვრული ტექსტის კითხვისას დაბადებული ნამდვილი ემოცია. საგაკვეთილო პროცესის მსვლელობისას მასწავლებელს ყველა ბერკეტის გამოყენება მართებს, რათა მოზარდს ემოცია გაუღვიძოს. მეტიც – ბავშვები ეწინააღმდეგებიან გრძნობას, რომელსაც ტექსტი იწვევს, იმიტომ რომ ასე გაცილებით ადვილია. იმიტომ რომ ზედმეტი ფიქრი ართულებს ცხოვრებას (ეს მათეული ხედვის ჩემეული ფორმულირებაა)…

 

რა თქმა უნდა, ზემოთქმული ყველა მოსწავლეს არ ეხება, უმრავლესობას კი – ნამდვილად. ჩვენს დროში აქტუალური ძალადობის საკითხებიც ნაწილობრივ (თუ სრულად არა) მაშინ მოგვარდება, როცა წიგნი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში კუთვნილ როლს დაიბრუნებს. ნუ ჩამითვლით ნათქვამს პათეტიკად, რადგან შეუძლებელია, ინანიშვილის, ჩოხელის, რჩეულიშვილის, ლეონიძის ტექსტებზე აღზარდო ბავშვი და ხილულ შუქად არ გაატანო ის დიდი სიკეთე, რომელიც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ ნეგატიურ ქცევას, მათ შორის – ძალადობასაც.

პრობლემის მთელ სირთულეს რომ გაიაზრებ, იწყებ გზების ძებნას, რომლებიც ამ ჩიხიდან გამოგვიყვანს. მე თბილისის მე-10 საჯარო სკოლის მასწავლებელი გახლავართ და სკოლის ბაზაზე არსებული რესურსებისა თუ უნარების გათვალისწინებით ვცდილობ, მცირედი მაინც გავაკეთო ამ საკითხის მოსაგვარებლად: გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში ვმართავთ შეხვედრებს თანამედროვე მწერლებსა და პოეტებთან, კლასების ბაზაზე ვაყალიბებთ ლიტერატურულ-თეატრალურ დასებს, სამომავლოდ ვგეგმავთ ლექციური ტიპის შეხვედრებს ლიტერატორებსა და მეცნიერ თანამშრომლებთან…

პროექტი „თანამედროვე ლიტერატურული პროცესების კვალდაკვალ” თითქმის სამი წელია მიმდინარეობს და ამ ხნის განმავლობაში ბევრი საინტერესო შეხვედრის ჩანაწერი დაგვიგროვდა. ცოცხალ ავტორებთან შეხვედრა, ერთი მხრივ, ზრდის კითხვის მოტივაციას, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს თანამედროვე ავტორთა პოპულარიზაციას. ბუნებრივია, პრობლემა ამით ძირეულად არ აღმოიფხვრება, მაგრამ ნაწილობრივ ნამდვილად მოგვარდება.

ლიტერატურულ-თეატრალური დასის ჩამოყალიბებით მოსწავლეებს გავუჩინე წიგნთან მისვლის დამატებითი მოტივაცია, რადგან რეჟისორებიც, მსახიობებიც და მხატვრული გამფორმებლებიც თავად არიან. მინდა გაგიზიაროთ ჩემი პრაქტიკული გამოცდილება ლიტერატურულ-თეატრალური დასის მუშაობის შესახებ.

პირველი ეტაპი – მეშვიდეკლასელებისთვის შევარჩიე გიორგი ლეონიძის მოთხრობები კრებულიდან „ნატვრის ხე”.

მეორე ეტაპი – მოსწავლეთა მონაწილეობით დავაკომპლექტე ჯგუფები: სცენარისტებისა, რეჟისორებისა, მხატვრებისა, მუსიკალური გამფორმებლებისა, მსახიობებისა.

მესამე ეტაპი – ტექსტის დაზუსტების შემდეგ ჯგუფებს მივეცი დეტალური დავალება, ექციათ ლიტერატურული ტექსტი სცენარად. მათ შექმნეს გიორგი ლეონიძის მოთხრობების კოლაჟი და ინსცენირებისთვის მოამზადეს შერჩეული ტექსტი. შემდეგ რეჟისორმა ჯგუფის წევრთა შესაძლებლობების მიხედვით გააანაწილა როლები.

მეოთხე ეტაპი – სცენარის მიხედვით რეჟისორი და დასი მართავდნენ რეპეტიციებს. რეპეტიციების დასრულების შემდეგ, როცა მინისპექტაკლმა სრულყოფილი სახე მიიღო (მუსიკალური და მხატვრული დეტალების ჩათვლით), ის კლასს წარუდგინეს.

ასეთი მიდგომით ვმუშაობთ ორ ან სამ ნაწარმოებზე. წლის განმავლობაში ვაგროვებთ საუკეთესო თეატრალურ სიმულაციებს და სასწავლო წლის დასასრულს სკოლის ფართო აუდიტორიის წინაშე წარვადგენთ. ლიტერატურულ-თეატრალური დასი წიგნთან შემოქმედებითი მუშაობის თავისებურ განწყობას ქმნის.

მომდევნო სასწავლო წელს ამ კლასში ვგეგმავ ლექციური ტიპის შეხვედრებს მწერლებთან, მეცნიერ თანამშრომლებთან და, ვფიქრობ, ეს მეტ აკადემიურობას შესძენს მოზარდის ცოდნას ამა თუ იმ ლიტერატურულ საკითხზე.

დაბოლოს, არ ვცხოვრობ ილუზიებით და ვხვდები, რომ 21-ე საუკუნე იმ სასათბურე პირობებში ვერ ამყოფებს ლიტერატურას, რომლებითაც ის რამდენიმე ათეული წლის წინ სარგებლობდა, ვხვდები, რომ დოჩანაშვილის მოთხრობას „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა” მთლად მარცხენა ხელის მაჯიდან იდაყვამდე დაბურძგვლით ვერ წაიკითხავენ (თუმცა გამონაკლისების იმედს აქაც ვიტოვებ), მაგრამ ჭეშმარიტი ლიტერატურისა და ნამდვილი ავტორების სიდიადეს უდავოდ გაიაზრებენ; გაიაზრებენ და გამოთქვამენ ისე, როგორც თავიანთი გონება და გრძნობა უკარნახებთ. ჩემმა შვილმა, როცა 11 წლის იყო, ვაჟა ასე შეაფასა: რა აწერინებდა ამ კაცს ასეთ მოთხრობებს, რომ მოსვენება დამაკარგვინა – არ მინდა კითხვა, მაგრამ მაინც ვკითხულობო.

დაე, იყოს ასე: ზოგმა – მშობლის მცდელობით, ზოგმა – მასწავლებლის რჩევით, ზოგმა – კრეატიული და საინტერესო პროექტის წყალობით აიღოს წიგნი ხელში და მერე ნაგრძნობი თუნდაც ისე გამოთქვას, ჩემს შვილს რომ გამოუვიდა – წიგნის პროტესტითა და წიგნისავე აღიარებით…

დასაწყისი-გაკვეთილის მნიშვნელოვანი ეტაპი

0
,,გამოწვევის ფაზაზე მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებში მოცემულ საკითხზე, საგანზე ან მოვლენაზე არსებული ცოდნის, განცდების, შთაბეჭდილებების გააქტიურება. მოსწავლეები იხსენებენ, რა იციან შესასწავლი საკითხის ირგვლივ და იწყებენ ახალ თემაზე ფიქრს”.
ს. ლობჟანიძე.
ამ წერილში ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტური გაკვეთილისთვის კარგი დასაწყისი.
კარგად მოგეხსენებათ, მართლაც ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ დაიწყებს მასწავლებელი გაკვეთილს – მომზადებული აქტივობით, თუ მოუმზადებლად, საინტერესო იქნება ის მოსწავლეებისთვის, თუ უინტერესო, შეძლებს მოსწავლეთა ყურადღების მიპყრობას თუ ვერა.

რატომაა საჭირო გაკვეთილის დასაწყისის წინასწარი დაგეგმვა?

ზოგიერთ მასწავლებელს მიაჩნია, რომ შეუძლია, და, ზოგჯერ, მართლაც ახერხებს, დაუგეგმავადაც შესთავაზოს მოსწავლეებს საინტერესო აქტივობები და გამოიწვიოს ისინი. თუმცა ამას, ალბათ, ყოველთვის ვერ მოახერხებს. ხოლო წინასწარ დაგეგმილი, საინტერესო აქტივობის გამოყენების შემთხვევაში, ყოველთვის შეძლებს შექმნას ისეთი ფონი, რომელიც იქნება ეფექტურიც და ეფექტიანიც გაკვეთილის საინტერესო წარმართვისთვის.

რა საჭიროა, რომ დასაწყისი იყოს ეფექტური?

ერთი უბრალო ჭეშმარიტების გამო, რომელიც ყველას ძალიან კარგად მოგვეხსენება: ,,კარგი დასაწყისი – საქმის ნახევარია”. იმ პედაგოგებმა, რომლებიც იკვლევენ თავიანთ პრაქტიკას, აკეთებენ გაკვეთილების, ამა თუ იმ აქტივობის, მეთოდის ანალიზს, კარგად იციან, რომ გაკვეთილის ყველა ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, დასაწყისიც.

რაში დაეხმარება მასწავლებელს მოსწავლეთა გამოწვევა?

გამოწვევა, თუკი ის კარგად გათვლილი, მოფიქრებული და საინტერესო იქნება, დაეხმარება მასწავლებელს ისეთი აუცილებელი პირობების შექმნაში, როგორიცაა:

მოსწავლეთა ყურადღების მობილიზება;
მათი დაინტერესება;
განწყობის შექმნა;
არსებული ცოდნის გააქტიურება.

სწორედ დასაწყისში აცნობს მასწავლებელი მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს, რაც მეტად მნიშვნელოვანი მომენტია გაკვეთილზე, მაგრამ თუკი იმასაც განუმარტავს, რაში გამოადგებათ ამა თუ იმ საკითხის შესწავლა ან უნარ-ჩვევის დაუფლება, მაშინ ამით მათ პროვოცირებასაც შეძლებს.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთს გაკვეთილზე, უბრალოდ, დროის დაკარგვად (თამაშად) მიაჩნია ყველანაირი პროვოცირება-გამოწვევა-ინტრიგა და ვერ ხედავს მათ საჭიროებას.

და მაინც, არის თუ არა საჭირო და მნიშვნელოვანი გამოწვევის ფაზა?

დიახ, არის! რადგან, „აიძულებს” მოსწავლეს მოისმინოს, მოლოდინითა და ინტერესით განეწყოს გაკვეთილისადმი, და, რაც მთავარია, საინტერესო დასაწყისი, ისევე როგორც დასასრული, ამახსოვრდებათ მოსწავლეებს, ეს კი ხელს უწყობს მასალის უკეთ ათვისებას.

ფაქტია, რომ მასწავლებელმა უნდა შეიმუშაოს გაკვეთილის დაწყების ფორმები, ხერხები და მეთოდები, თანაც მრავალფეროვანი, რადგან „აბა, რა გვქონდა დღეს გაკვეთილად” -გაკვეთილის ასე დაწყება, ვფიქრობ, უკვე ძალიან მოძველებული ფორმაა და თანაც არაეფექტური.

დაბოლოს:

დავიწყოთ გაკვეთილი ინტრიგით, გავახსენოთ წინა შეძენილი ცოდნა, შევთავაზოთ არასტანდარტული დასაწყისი და ვნახავთ, როგორ უცებ განვაწყობთ გაკვეთილისთვის, მოვახერხებთ მათ ჩართვას სამუშაო პროცესში.
ქეთევან კუბლაშვილი

გლობალური სოფელი

0

ადამიანი მარშალ მაკლუენის „გლობალურ სოფელში”

 

ტერმინი „გლობალური სოფელი” მარშალ მაკლუენმა გამოიგონა. ამ ტერმინს ის ფართოდ იყენებს თავის წიგნებში „გუტენბერგის გალაქტიკა: ბეჭდვითი კულტურის ადამიანის შექმნა” (The Gutenberg Galaxy: The Making of Typographic Man, 1962) და „მედიის გაგება” (Understanding Media, 1964) ახალშექმნილი საკომუნიკაციო და, შესაბამისად, კულტურული სიტუაციის აღსაწერად. ბმაკლუენის აზრით, კავშირის ელექტრონული საშუალებების წყალობით დედამიწა სოფლის ზომებამდე „შემცირდა”, შესაძლებელი გახდა ინფორმაციის წამებში გადაცემა ნებისმიერი კონტინენტიდან დედამიწის ნებისმიერ წერტილში.

კომუნიკაციის საშუალებათა სიაში მაკლუენი აერთიანებს ელექტრობას, ზეპირ მეტყველებას, წერას, გზებს, ციფრებს, ტანსაცმელს, საცხოვრებელს, ქალაქს, ფულს, საათს, წიგნს, რეკლამას, სატრანსპორტო საშუალებებს, თამაშებს, იარაღს… მთელ ამ მრავალფეროვნებას ის საერთო სახელს – „ტექნოლოგიას” ანუ „შუამავალს” უწოდებს. მათი გამოყენება არსებით ცვლილებებს ახდენს გარემომცველ (როგორც ბუნებრივ, ისე სოციალურ) სამყაროსთან ადამიანის კომუნიკაციაში და ცვლის მის მიერ გარემოს აღქმას, მისი ცხოვრების სტილს.

მაკლუენი ამ „საშუალებებს” განიხილავს როგორც ადამიანის გარე გაფართოებას, როგორც მისი სხეულის, გრძნობათა ორგანოებისა და შესაძლებლობების უშუალო ტექნიკურ გაგრძელებას. ეს გაფართოებები საბოლოო ჯამში გამოცალკევდება ადამიანისგან და მასზე გაბატონდება. მათ გამოცალკევებას მაკლუენი მეტაფორულად ამპუტაციას უწოდებს: ადამიანის სხეულის (მერე კი – ადამიანთა კოლექტივის) ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის განვითარებას თან ახლავს ადამიანის მრავალმხრივ შესაძლებლობათა თანდათანობითი ამპუტაცია. ამ თვალსაზრისით, ელექტრონული საშუალებების განვითარება ადამიანური ცნობიერების საბოლოო ამპუტაციად განიხილება. ადამიანის შესაძლებლობები ადამიანის „ფარგლებს გარეთ გამოდის”, საკუთარ ლოგიკას იძენს და ამ ლოგიკას, მისი სურვილის მიუხედავად, თავს ახვევს ადამიანს. ამ გაუცხოებული ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის პირისპირ ადამიანი სუსტ და დამოკიდებულ არსებად იქცევა, რომლის ერთადერთი ნუგეში ის არის, რომ არ ესმის, რა ხდება მის თავს: ხარობს ტექნოლოგიური მანქანების მიერ შეთავაზებული მრავალმხრივი შესაძლებლობებით და, ოპტიმიზმით აღსავსე, თავს ისე კარგავს, როგორც წყლის ზედაპირზე საკუთარი გამოსახულებით მონუსხული ნარცისი. საკუთარი გარეგნული არსით ნარკოტიკულ თრობაში მყოფი ნარცისის მეტაფორა მაკლუენის ნაშრომში უმნიშვნელოვანესია.

დღეს მეტაფორა „გლობალურ სოფელს” უმთავრესად ინტერნეტის აღწერისას იყენებენ. ინტერნეტი ცვლის არა მხოლოდ მანძილისა და დროის ცნებებს, არამედ აახლოებს კულტურებს, მსოფლმხედველობას, ტრადიციებსა და ფასეულობებს. ონლაინ ინფორმაციის სიჩქარის სრულყოფის წყალობით ადამიანებს უფრო სწრაფად შუძლიათ ინფორმაციის წაკითხვა და გავრცელება, აზრის გამოთქმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. მაკლუენს მიაჩნია, რომ ეს პროცესი აიძულებს ადამიანებს, ერთმანეთის საქმეებში ისე მიიღონ მონაწილეობა, თითქოს ეს მათი ცხოვრება იყოს. კავშირის ელექტრონული საშუალებებით ადამიანები ისე ამყარებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას, თითქოს „ერთ სოფელში” ცხოვრობდნენ. ნებით თუ უნებურად, სულ უფრო მეტად იჭრებიან ერთმანეთის ცხოვრებაში. კომუნიკაციის ეს ფორმა აყალიბებს ახალ სოციოლოგიურ სტრუქტურას კულტურის არსებული კონტექსტის ფარგლებში.

დღეს „გუტენბერგის გალაქტიკა” შეიძლება მივიჩნიოთ ადამიანის ხელოვნებისა და ცოდნის (განსაკუთრებით – წიგნების) აკუმულირებულ სამყაროდ.

„გუტენბერგის გალაქტიკაში” ყოველი საკომუნიკაციო ტექნოლოგია განიხილება კონკრეტული პერიოდის კულტურისა და ტრადიციების გათვალისწინებით.

მარშალ მაკლუენი ამტკიცებს, რომ მედია თავისი ბუნებით, ტრანსლირებული შინაარსისგან დამოუკიდებლად, შეუქცევად გავლენას ახდენს ადამიანსა და საზოგადოებაზე. პირველყოფილი ადამიანი თავის გრძნობებთან ჰარმონიულ ბალანსში ცხოვრობდა – სამყაროს უშუალოდ სმენით, ყნოსვით, შეხებით, მხედველობითა და გემოთი აღიქვამდა. ტექნოლოგიური გამოგონებები, მართალია, აფართოებს ადამიანთა შესაძლებლობებს, მაგრამ გრძნობათა ბალანსს არღვევს, რაც, თავის მხრივ, თვით ამ ტექნოლოგიის შემქმნელ საზოგადოებას ცვლის.

მაკლუენის აზრით, ისტორიაში სამი ძირითადი ტექნოლოგიური ინოვაცია იყო: (1) ფონეტიკური ანბანის შექმნა, რომელმაც დაარღვია ტომის ადამიანის გრძნობათა დაბალანსებული და ჰარმონიული სისტემა და „უპირატესობა მიანიჭა” თვალებს; (2) XVI საუკუნეში საბეჭდი დაზგის შექმნა, რომელმაც ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა და (3) 1844 წელს ტელეგრაფის გამოგონება, რომელიც ელექტრონული რევოლუციის წინამორბედი იყო და ადამიანი ტომურ, პირველყოფილ მდგომარეობაში დააბრუნა, აღადგინა მისი გრძნობათა სისტემის ბალანსი.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხელნაწერი წიგნი ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-5 საუკუნეში გაჩნდა, ხოლო საბეჭდი დაზგა მხოლოდ ჩვენი წელთაღღიცხვის მე-15 საუკუნეში გამოიგონეს. ის მანუსკრიპტს საკრალურ კულტურას მიაკუთვნებს, ხოლო ნაბეჭდ წიგნს, მასობრივი წარმოების პროდუქტს – საერო კულტურას.

წერილობით და ბეჭდურ ტრადიციას ავტორი ინდივიდუალისტურად მიიჩნევს, რადგან კომუნიკაციის ეს ფორმა არ მოითხოვს ადამიანთა ჯგუფის ურთიერთქმედებას. მაკლუენი ვერ მოესწრო იმ დროს, როცა ოჯახის ყველა წევრისთვის ტელევიზორი ნორმად იქცა. თავის მხრივ, ინტერნეტმაც შექმნა მარტოხელა ადამიანთა ახალი სახეობა, რომლებიც ვირტუალურ სამყაროში „მიდიან” და მინიმუმამდე დაჰყავთ გარე სამყაროსთან კონტაქტი.

მაკლუენის აზრით, ბეჭდვითი კულტურა ხელს უწყობს ნაციონალიზმისა და ინდივიდუალიზმის განვითარებას (წიგნები, გაზეთები და ჟურნალები სხვადასხვა ენაზე გამოიცემა), მაშინ როცა ელექტრონული მედია და, უპირველეს ყოვლისა, ტელევიზია სამყაროს ერთ „გლობალურ სოფლად” აქცევს. ამასთან, ბეჭდვითი კულტურა ხელს უწყობს ადამიანთა უთანასწორობას. ღარიბებსა და წერა-კითხვის უცოდინრებს ხელი არ მიუწვდებათ კულტურულ ფასეულობებზე, ისინი შესაძლოა არათუ ლიდერები, არამედ კონკრეტული სფეროს პროფესიონალებიც კი ვერ გახდნენ.

ავტორი ამტკიცებს, რომ ბეჭდვის გამოგონებასთან ერთად გაქრა ზეპირი ნარატიული კულტურა, დევალვაცია განიცადა მთხრობელის ოსტატობამ, საზოგადოებაში გაძლიერდა ინდივიდუალიზმი, რადგან წიგნი და გაზეთი ადამიანებისგან ურთიერთობას არ მოითხოვს. „ფერების გასამუქებლად” ის ამტკიცებს, რომ ბეჭდვის გავრცელებამ ხელი შეუწყო ზეპირი კულტურის – ორატორული ხელოვნების, კოლექტიური დისკუსიისა და ურთიერთობის – დონის დაცემას.

„გლობალური სოფელი”, მაკლუენის აზრით, უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია, ამასთან, ახალი ტექნოლოგიები ამ საკომუნიკაციო სივრცის საფუძველია. მრავალი მეცნიერი დაუსაბუთებლად მიიჩნევს ავტორის აზრს იმის შესახებ, რომ ელექტრონული მედიის გავრცელებასა და სამყაროს „გლობალურ სოფლად” გადაქცევასთან ერთად სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის შეჯიბრება და სამხედრო კონფლიქტები უნდა შემცირდეს. თანამედროვე მსოფლიოში, სადაც მთავარ როლს ტელევიზია და ინტერნეტი ასრულებს, ომებისა და ხალხთაშორისი კონფლიქტების რაოდენობა არ შემცირებულა. ავტორის ეს განცხადება ელექტრონული მედიის გაიდეალებისადმი მისეულ მისწრაფებას ადასტურებს.

წიგნის ბოლო ნაწილში მაკლუენი წინასწარმეტყველებს წიგნის კულტურის დაცემას ან სულაც გაქრობას და მის ჩანაცვლებას ელექტრონული მედიით. ის მოუწოდებს მშობლებსა და პედაგოგებს, მეტი ყურადღება მიაქციონ იმას, რასაც ბავშვები სკოლისა და უნივერსიტეტის გარეთ გაიგებენ. მისი აზრით, აუცილებელია იმ უფსკრულის მოსპობა, რომელიც არსებობს ბავშვების ცხოვრებასა და საკლასო ოთახს შორის.


მედიამოხმარების მომავალი: რად გვინდა ტვინი, როცა არსებობს Google-ი?


ინფორმაციის თანამედროვე მომხმარებლებს მრავალფეროვანი მომავალი გველის, თუმცა ვარაუდი, რომ ყველა უკეთ ვიქნებით, თუ ჩვენს ტვინს ხელოვნური ინტელექტით გააძლიერებენ, გვაშფოთებს.

მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ რაც უფრო ხშირად იყენებს ადამიანი ინტერნეტს, მით უფრო მეტად უჭირს დიდი მოცულობის ტექსტებზე კონცენტრაცია. მიზეზად იმას მიიჩნევენ, რომ ინტერნეტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიჭრა და ყველა სხვა მედიაარხის ადგილი დაიკავა.

წიგნის „როცა გაზეთები გაქრება” ავტორს, ანდრეი მიროშნიჩენკოს, მიაჩნია, რომ შესაძლოა, ბეჭდვითი მედია ფუფუნების სამყაროს ნაწილად იქცეს, როგორც ეს მაჯის საათების შემთხვევაში მოხდა. დღეს ეს უკანასკნელი, უპირველესად, მისი მფლობელის სტატუსის იდენტიფიკაციას ემსახურება და შემდეგ – დროის ცოდნას. შესაძლოა, დიდი მოცულობის ტექსტებიც ელიტის პრეროგატივა გახდეს – მხოლოდ შეძლებულებს ექნებათ იმდენი დრო, რომ სავარძელში ჩასხდნენ და იკითხონ.

ოფიციალური კვლევების მიხედვით, მეცნიერები ხუთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ კომპიუტერულ ლოგებს, რომლებიც ორი პოპულარული საძიებო საიტის მომხმარებელთა ქცევის დოკუმენტურ მტკიცებულებად იქცა. ერთი ბრიტანულ ბიბლიოთეკას ეკუთვნოდა, მეორე – დიდი ბრიტანეთის განათლების კონსორციუმს. რესურსები მოიცავდა წერილობითი ინფორმაციის თითქმის ყველა წყაროს – საგაზეთო სტატიებს, ელექტრონულ წიგნებს და სხვ. გაირკვა, რომ შემთხვევათა 67%-ში სტუდენტები სწრაფად ავლებდნენ თვალს გრძელ სტატიებს და ყურადღებას მხოლოდ პირველ აბზაცებზე ამახვილებდნენ. ზოგიერთი ბმულის ნახვას „მომავლისთვის” დებდა, თუმცა პრაქტიკულად არავინ უბრუნდებოდა წასაკითხს. რა მოხდა? რატომ გახდა მოხმარება ზედაპირული? რა შეცვლის 10-15 წელიწადში iPad-ებს?

მედიის თეორეტიკოს მ. მაკლუენს მიაჩნია, რომ „მედია გაცილებით მეტია, ვიდრე ინფორმაციის პასიური წყარო. ის ჩვენი გონების საკვებია და აზროვნების პროცესს აყალიბებს”. მწერალი და ჟურნალისტი ნიკოლას კარი კი მიიჩნევს, რომ ინტერნეტი ამცირებს კონცენტრირებისა და ჭვრეტის უნარს. გონება ელოდება ინფორმაციის მიღებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ის ქსელში ვრცელდება – ნაწილების სწრაფი ნაკადის ფორმით. „ადრე, როგორც მყვინთავი, სიტყვების ოკეანეში ვეშვებოდი. ახლა, წყლის მოთხილამურესავით, მხოლოდ ზედაპირზე დავცურავ”.

წინათ ინფორმაციის გავრცელების ბაზარზე შესვლა ძვირად ღირებული სიამოვნება იყო, შესაბამისად, პროდუქციაც – ძვირი როგორც მწარმოებლის, ისე მომხმარებლისთვისაც, თუმცა მზარდმა სოციალიზაციამ საზღვრები წაშალა. ყოველმა მსურველმა თავისი რუპორი მიიღო (LiveJournal, Facebook, LinkedIn) და არა მხოლოდ აზრის გამოთქმის, არამედ მოსმენის თეორიული შესაძლებლობაც მიეცა.

ინფორმაციის ტრადიციულმა წყაროებმა დაკარგა უნიკალურობა და ფასი როგორც მომხმარებლისაც, ასევე რეკლამის განთავსების მსურველთათვის. ამ უკანასკნელს აღარ სურს ფულის დახარჯვა მომხმარებელთან კონტაქტისთვის, ასეთი კონტაქტი მას მიზერულ ფასად ან სულაც უფასოდ შეუძლია.

ინფორმაციის წყაროების ასეთმა ცვლილებებმა მათი მომხმარებელი, მაყურებელი, მსმენელი მძიმე დღეში ჩააგდო: ინფორმაციის მზარდი ნაკადიდან როგორ გამოვარჩიოთ საინტერესო და საჭირო? როგორ გამოვიცნოთ, რა გვჭირდება?

დასახმარებლად გაჩნდა საძიებო სისტემები, რომლებიც მომხმარებლის ერთგვარი „ყავარჯენია”: Google-ი საჭირო ფრაზას მის დაწერამდე პოულობს, ხოლო Facebook-ი წყვეტს, რომელი მეგობრის აზრი უფრო საინტერესოა ჩვენთვის. საძიებო სისტემები მომხმარებელს ერთგვარ „კონცენტრატს” სთავაზობს და ართმევს ინფორმაციის მოგროვებისა და დამუშავების საშუალებას, რაც ინფორმაციას ფასეულს ხდის. ბიბლიოთეკა საძიებო სისტემებმა შეცვალა. დიდი მოცულობის ინფორმაცია სწრფად ხელმისაწვდომი ხდება. თაობებისთვის, რომლებიც კომპიუტერულ ტექნოლოგიებზე გაიზარდნენ, ვრცელი სტატიები აზრს კარგავს.

ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ თანამედროვე ადამიანი უფრო მეტ მედიაშინაარსს მოიხმარს, ვიდრე მისი წინაპარი 20-30 წლის წინ. რადგან დღე-ღამის ხანგრძლივობა არ იზრდება და არც ძილისა და კვებისთვის საჭირო დრო მცირდება (თუმცა ვინ იცის!), შესაძლოა, მომხმარებელი ინფორმაციით გაჯერების უფრო მოკლე და სწრაფ ხერხებს ანიჭებდეს უპირატესობას.

ახალ ინტელექტუალურ ტექნოლოგიებთან ადაპტაციის პროცესი იმ მეტაფორებშიც აისახება, რომლებსაც ვიყენებთ. მექანიკური საათების გავრცელების პერიოდში დამკვიდრდა მეტაფორა „საათივით უმუშავებს გონება”, რომლის ადგილი დღეს დაიკავა ფრაზამ „კომპიუტერივით მუშაობს”.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ცვლილებები ენობრივი მეტაფორების ცვლილებაზე ღრმა ხასიათისაა. უფრო და უფრო თვალში საცემი ხდება ადამიანის იერსახის წმინდა ფიზიკური ცვლილება, რაც საინფორმაციო რევოლუციას მოჰყვა. თანამედროვე ადამიანს სულ უფრო დაეხვეწა ხელის ნატიფი მოტორიკა, დაუგრძელდა ცერა თითი. ეს უკავშირდება სხვადასხვა ტექნოლოგიის გაჩენას, დისტანციური პულტით დაწყებული, სენსორული ეკრანის მქონე ტელეფონით დამთავრებული.

ლოზანის ტექნიკური ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი Blue Brain Project-ი ცდილობს თავის ტვინის იმ ნაწილების მოდელირებას, რომლებიც პასუხს აგებს უმაღლეს ნერვულ ფუნქციებზე – მეტყველებასა და აზროვნებაზე. თეორიულად შესაძლებელია ადამიანის ტვინის მსგავსი სტრუქტურის შექმნა, რომელიც შემდგომი ექსპერიმენტების პლაცდარმი იქნება. თუმცა მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ნაჩქარევი წინადადება, თითქოს ყველა უკეთ ვიქნებით, თუ ჩვენს ტვინს ხელოვნური ინტელექტით გააძლიერებენ ან სულაც შეცვლიან, შეშფოთებას იწვევს. ის გვაეჭვებს ჩვენი გონების განსაკუთრებულობაში და გვეუბნება, რომ გონება მექანიკური პროცესის პროდუქტია, რომელიც ისეთ უმცირეს მოქმედებათა თანმიმდევრობისგან შედგება, რომელთა გამოყოფა, გაზომვა და ოპტიმიზაცია შესაძლებელია. Google-ის სამყაროში პრაქტიკულად აღარ რჩება ადგილი ბუნდოვანი ჭვრეტისთვის. არაერთმნიშვნელოვნება აღმოჩენისკენ მიმავალი გზა კი არ არის, არამედ პროგრამის შეცდომა, რომელიც უნდა გამოვასწოროთ. თითქოს ადამიანი ტვინი სხვა არაფერია, თუ არა მოძველებული კომპიუტერი, რომელსაც სწრაფი პროცესორი და უფრო დიდი მოცულობის მყარი დისკი სჭირდება.

შესაძლო პრობლემების შესახებ სტენლი კუბრიკი გვაფრთხილებდა თავის „კოსმოსურ ოდისეაში”: „როცა სამყაროს შეცნობისას კომპიუტერებზე ვამყარებთ იმედებს, ჩვენი გონება ხელოვნური ინტელექტის ზომებამდე მცირდება”.

„მანქანა ცივი და სულელია, კოდით განსაზღვრული შესაძლებლობების მიმართ მისი ბრმა მორჩილება გვიჩვენებს, როგორი შეიძლება იყოს ჩვენი საზოგადოება, თუ მასში აღარ დარჩება ადგილი ადამიანურობისთვის” (ნ. კარი).

ხელოვნური ინტელექტის მქონე, მომხმარებელი, მომხვეჭელი, ბრმად მორჩილი და არა ღვთის ხატი და მსგავსი ადამიანი კი ხშირად ისევე იქცევა, როგორც სტივ ქატსის ანიმაციის განზოგადებული ადამიანი:


 

ქართული ლიტერატურა და აფხაზი პერსონაჟები

0
ამას წინათ ისე მოხდა, რომ ლექცია ჩავატარე ეთნოიმაგოლოგიის შესახებ. ცნობისათვის ეთნოიმაგოლოგია დისციპლინაა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყნის ლიტერატურულ და კულტურულ სივრცეში ,,სხვის”, ,,უცხოს” (ქვეყნის, ხალხის, ერის…) აღქმის თავისებურებას შეისწავლის. ვსაუბრობდით არა მხოლოდ იმაზე, თუ როგორ არის ასახული ერთი ხალხის ყოფა და ხასიათი მეორის ლიტერატურაში, არამედ რომელმა სოციო-კულტურულმა და უპირველეს ყოვლისა, პოლიტიკურმა ფაქტორებმა განაპირობა ამგვარი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
მრავალ ერს აქვს მსოფლიოში, ე.წ. დამკვიდრებული ,,იმიჯი”, მაგალითად, ინგლისელებს სიცივესა და მეტისმეტ თავშეკავებულობას სწამებენ, ფრანგებს – ამპარტავნებას, ბოშებს – მხიარულებას, ბულგარელებს (კერძოდ, გაბროველებს) – სიძუნწეს და ა.შ. ამ ყბადაღებული მახასიათებლების გარდა, მწერალმა შეიძლება თავის ნაწარმოებში მიზანმიმართულადაც წარმოადგინოს უცხო ერი რაღაც კონკრეტული თვისებების მქონედ (მაგალითად, გავიხსენოთ ილიას ,,მგზავრის წერილები”), რაც იმ პერიოდის გარკვეული პოლიტიკური და სოციალური ფაქტორებითაა ნაკარნახევი.
ლიტერატურა, მოგეხსენებათ, მიმღებიც შეიძლება იყოს და გამტარიც. მასში, ერთი მხრივ, აკუმულირდება და გამოვლინდება საზოგადოების კოლექტიურ ცნობიერში დაგროვილი პოზიცია ამა თუ იმ მოვლენის მიმართ და, მეორე მხრივ, იგი დასაბამს უდებს იმავე საზოგადოებაში ახალი შეხედულებების, ახალი დამოკიდებულებების წარმოქმნას; აქედან გამომდინარე ის, თუ როგორ ასახავს მწერალი უცხოეროვნულ გარემოს, უცხოეროვან პერსონაჟს, ბევრს გვეუბნება იმ პერიოდის ერთაშორისი ურთიერთობების შესახებ და ამავდროულად შეიძლება ამ ურთიერთობათა სამომავლო განვითარების პერსპექტივაც დაგვისახოს. ამის კლასიკურ მაგალითად გამოდგება მსოფლიო ლიტერატურის ებრაელი პერსონაჟები (შექსპირის, უოლტერ სკოტის, მოგვიანებით უმბერტოს ეკოს და ა.შ. შემოქმედებაში), თავისთავად ის დამოკიდებულება ებრაელებისადმი, რომელიც ბევრ ევროპულ ნაწარმოებებშია ასახული, ამ ეროვნების ადამიანთა მიმართ საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა; თავის მხრივ, ამ საყოველთაოდ გავრცელებულმა ლიტერატურულმა ქმნილებებმა კიდევ უფრო გაამყარეს ის უარყოფითი დამოკიდებულება, რომელიც ევროპულ საზოგადოებაში ებრაელების მიმართ არსებობდა, რამაც იდეოლოგიური საფუძველი გაუმყარა ამ ერის წარმომადგენელთა დევნას, რომელმაც არაერთ საუკუნეს გასტანა და მეოცე საუკუნეში ჰოლოკოსტით დასრულდა.
ებრაელთა ეთნოიმაგოლოგიური ხატის მიხედვით, შეგვიძლია ვიმსჯელოთ, როგორ ვითარდება კონფლიქტი ლიტერატურაში. თუ იმავეს ქართულ სინამდვილეზე გადმოვიტანთ, გაჩნდება კითხვა: შეინიშნება თუ არა წინა ორი-სამი საუკუნის ქართულ ლიტერატურაში იმ კონფლიქტების ფსიქოლოგიური წინაპირობანი, რომლებიც დღეს საქართველოს მძიმე ტვირთად აწევს?
ამ კითხვაზე პასუხისას თავს ვერ ავარიდებთ მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნების” მთავარ პერსონაჟს, ოს ჯაყოსა და ავტორის აშკარა ანტიპათიას მის მიმართ; ამ ,,წონიანი” გმირის გვერდით ასევე უნდა მოვიხსენიოთ ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობების მეორეხარისხოვანი ოსი პერსონაჟები, რომლებიც მუდამ ერთმნიშვნელოვნად უარყოფით როლში გვევლინებიან, რაც შესაძლებელია, რომ ამ ეთნოსსა და ქართველობას, კერძოდ, მოხევეებს, შორის საუკუნეების მანძილზე წარმოქმნილი და გამწვავებული უთანხმოებების ანარეკლად ჩავთვალოთ. და როგორია ქართული ლიტერატურის დამოკიდებულება აფხაზი პერსონაჟების მიმართ?
შეიძლება ითქვას, რომ თითქმის ერთმნიშვნელოვნად დადებითი, თუმცა ,,დადებითი” შეიძლება არცაა ზუსტი სიტყვა იმ აღფრთოვანებისა და მოწიწების გამოსახატავად, რომლითაც ქართველი მწერლები ბათუს, ჰაკი აძბას, უჯუშ ემხას, თარაშ ემხვარის სახეებს აღწერენ და მერე, შესაბამისად, მკითხველის ცნობიერება აირეკლავს.
ქართველი მწერლები ამკვიდრებენ აფხაზის გარეგნული მომხიბვლელობის კულტს: აფხაზი თავადები, უჯუშ ემხა, თარაშ ემხვარი, გამოირჩევიან წარმოსადეგობით, რომელსაც მკითხველი, მწერლების კარნახით, მთელ აფხაზურ არისტოკრატიაზე აზოგადებს. კონსტანტინე გამსახურდია ოსტატობას არ იშურებს, რომ მთავარი პერსონაჟების: თამარ შერვაშიძისა და თარაშ ემხვარის, უბადლო სილამაზე მკითხველისათვის უფრო დამაჯერებელი გახადოს და მათ ეთნიკურ უპირატესობად წარმოგვიდგინოს.
ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ყველა მწერალი, რომელიც აფხაზ პერსონაჟს აღწერს, ყურადღებას ამახვილებს მათ ვაჟკაცურ თვისებებზე, ცხენის, იარაღის, საბრძოლო ხელოვნების ფლობაზე, რაც იმ დროისა და სივრცის კრიტერიუმების მიხედვით, მამაკაცის სრულყოფილებისათვის აუცილებელ ატრიბუტიკას წარმოდგენდა. აკაკი წერეთლის ,,გამზრდელის” ისეთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟიც კი, როგორიც ალმასხიტ ინალიფაა, აფხაზის იმ ვაჟკაცური კულტის ხორცშესხმად გვევლინება:
,,ალმასხიტს ხომ კარგად იცნობ,
თავმომწონე ინალიფას?
მის ცხენსა და მის იარაღს
ვერვინ დასდებს ღირსეულ ფასს.
 
ვაჟკაცია თვალ-ტანადი,
ცხენოსანი უებარი!..
მეტოქეა ჩემი მხოლოდ,
ერთადერთი საშიშარი.
 
შორს გაისმის მისი ქება,
ჩვენშიც ხშირი სტუმარია;
ბიჭობით და სილამაზით
ქალებიც კი გადარია…”
 
და რაც ყველაზე მთავარია, ქართული ლიტერატურის თითქმის ყველა აფხაზი პერსონაჟი, იმ ღირებულებების ერთგული დამცველია, რომლებიც, როგორც აფხაზური, ისე ქართული საზომებით, ადამიანის, მამაკაცის ღირსებას განაპირობებდა და რომლებიც ტრადიციულ მორალურსა და ეთიკურ საზომებს ქმნიდნენ. ისინი განუხრელად იცავენ საზოგადოებრივ ფასეულობებს, მაგალითად, ძიძიშვილობის ინსტიტუტს (ჰაკი აძბა, უჯუშ ემხა, ბათუ, თარაშ ემხვარი…), ქალისადმი პატივისცემით აღსავსე მოპყრობის ტრადიციას (ბათუ, თარაშ ემხვარი, უჯუშ ემხა), არიან პატრიოტები, კეთილშობილები, დიდსულოვნები და შინაგანი ღირსებით აღსავსენი.
თითქმის ყველა ეს ნაწარმოები ქართული ენისა და ლიტერატურის სასკოლო პროგრამაში შეტანილია (აქვე გავიხსენოთ შოთა ნიშნიანიძის ლექსი ,,აფხაზური კანტატა”) და ახალგაზრდა მკითხველებს შორს პოპულარობით სარგებლობს, რაც იმას განაპირობებს, რომ მომავალი თაობებიც მხოლოდ დადებითი კუთხით იცნობენ აფხაზური ეთნოსის წარმომადგენლებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურული პროცესიც კი, მიუხედავად ცნობილი დაპირისპირებისა, ყოველთვის ერიდება აფხაზი პერსონაჟის უარყოფითად წარმოჩენას, შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ პირიქითაც კი არის საქმე.
ის, რაც დასკვნაში უნდა მეთქვა, ისედაც იოლი მისახვედრია, სწორედ ამიტომ, თქვენს ლოგიკას მივანდობ ამ სტატიის დასრულებას. მე, რასაკვირველია, მხოლოდ ლიტერატორი ვარ, მოგონილი ამბების სპეციალისტი, არც კონფლიქტოლოგი, არც ისტორიკოსი და მადლობა ღმერთს, არც პოლიტიკოსი. ეს კია, გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ის, რაც ლიტერატურაში აისახება, დროთა განმავლობაში ემპირიულზე გაცილებით დიდ სინამდვილედ იქცევა და აუცილებლად აისახება ხოლმე ადამიანებისა და ქვეყნების ბედზე. ასე რომ…

წითელი თებერვალი

0

ოთხი წლის წინანდელი ამბავია – ჟურნალ „ქართულ მწერლობას” გამოვცემდით და იანვრის ბოლოს გადავწყვიტეთ, მეორე ნომერი იმ წითელი, სისხლიანი თებერვლისთვის დაგვეთმო და რამე ისეთი მოგვეფიქრებინა, უღიმღამო და გულშიმჯიღისმცემელ პათოსს რომ გასცდენოდა.

ეს არ უნდა ყოფილიყო ანალიტიკური წერილების კრებული 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე და ოკუპაციაზე, რომელსაც იმ პერიოდის მკვლევარები დაწერდნენ… ვერ ვიტყვი, რომ დიდი აღმოჩენა გავაკეთეთ, მაგრამ ბოლოს მაინც მივაგენით იმ ფორმას, რაც დღეის გადმოსახედიდანაც საუკეთესოდ მიმაჩნია.

ჩანაფიქრი ასეთი იყო: უნდა ჩაგვეწერა რეპრესირებულთა შვილები. მნიშვნელობა არ ჰქონდა, მათი მამები ეროვნული, სახელმწიფოებრივი იდეალებისთვის შეწირულები იქნებოდნენ, თუ უბრალოდ საბჭოთა ხელისუფლების სამსახურში ჩამდგარი ჩინოვნიკები, რომელსაც თებერვალში მოსული ბოლშევიკური რეჟიმი ბოლოს მაინც სასტიკად გაუსწორდა.

ასე მომზადდა მთელი ციკლი, რომელიც აერთიანებდა ადამიანურ ისტორიებსაც და ოთხმოცდაათწლიანი გადმოსახედიდან იმ ტრაგიკული ეპოქის მოკლედ შეფასების ცდაც იყო.

რუსუდან ჯავახიშვილი, ილამაზ მიწიშვილი, რევაზ კვერენჩხილაძე, სუსანა ტოროშელიძე, ბაადურ რაჭველიშვილი, მზია შატბერაშვილი – მათ გვანცა ჯობავასთან ერთად ვხვდებოდი. ვესაუბრებოდით, ვიწერდით ყველაფერს, რაც კი შვილებს დიდი ხნის წინ დაღუპული მამების შესახებ ახსოვდათ. პირადი შეხების წერტილებს, რეალურ და ლეგენდურ ამბებს, რომელიც რეპრესირებულთა ცხოვრებას უკავშირდებოდა – დაჭერამდე, „წაყვანამდე” და შემდგომ, საპყრობილეში, დასახვრეტთა საკანში ყოფნის დროინდელს.

უმეტესად ცოცხალი ისტორიები იყო, მხოლოდ ილამაზ მიწიშვილმა გადმოგვცა წერილობითი ფორმით თავისი თვალსაზრისი და შეუძლოდ მყოფმა ბაადურ რაჭველიშვილმა მიგვითითა თავისი მოგონებების წიგნზე „ქარვის კრიალოსანი”, – მეტს ვერაფერს გეტყვით, რაც ვიცოდი მამაჩემზე და მის მეგობრებზე, დავწერე და გამოვაქვეყნეო.
ჟურნალის სტამბაში გაშვებამდე კიდევ ერთხელ გადავხედე შეკრებილ მასალას: მრავალმხრივი, სიღრმისეული და საკითხავადაც საინტერესო იყო, მაგრამ მათში მარგალიტივით ბრწყინავდა ის ერთი, საოცარი ემოციით, დარდითა და ნოსტალგიით მოყოლილი ისტორია.

„როდესაც მამაჩემი წაიყვანეს, მე შვიდი წლის ვიყავი, ბევრი ვერაფერი გავიგე. მაგრამ რომ წამოვიზარდე და გულდასმით მოვისმინე დედაჩემისა და ჩემი დის მოგონებები, უკეთ გავაცნობიერე მომხდარი ტრაგედია” – ეს რუსუდან ჯავახიშვილის მოგონებიდანაა. მახსოვს, თებერვლის ცივ, სუსხიან დღეს ვეწვიეთ ყოფილი ელბაქიძის (ამჟამინდელი ჯავახიშვილის) ქუჩაზე მდებარე სახლ-მუზეუმში და მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მეასედ ჰყვებოდა ამ ისტორიას, ჩვენ ისე მოგვეჩვენა, პირველად, მხოლოდ ჩვენთან იყო ასეთი გულწრფელი და აღელვებული.

1937 წლის აგვისტოში ცოლი, შვილები და პირველი შვილიშვილი რამაზი ცოტა ადრე, თავად მიხეილ ჯავახიშვილი კი მოგვიანებით ჩასულა ქვიშხეთში დასასვენებლად.

„იქიდან აიყვანეს. კარგად მახსოვს ბოლო შეხვედრა მასთან… საშინელ დღედ მაგონდება. მაშინ ვერ მივხვდი რატომ მოვიდნენ, სად წაიყვანეს, რატომ დავბრუნდით, რატომ დაგვხვდა დალუქული ბინა, რატომ ვცხოვრობდით ორი თვე აივანზე, შემდეგ რატომ დაგვტოვეს ერთ ოთახში, ჩვენს სახლში კი რატომ ცხოვრობდა სხვა…” – ხმაში არ ეტყობოდა მღელვარება, მაგრამ რაღაც საოცარი შინაგანი განცდითა და ნაღველით წარმოთქვამდა თითოეულ სიტყვას – თუ რატომ, ამას მერე მივხვდი.

…მანამდე კი ჩეკისტებმა ბინა აღწერეს, დალუქეს და წასვლის წინ ოჯახს დაუბარეს: თქვენს ბინაში მწერალი შალვა რადიანი იცხოვრებსო. დანაზოგი ცოტა ხანს ეყოთ, შემდეგ უსახსროდ დარჩნენ და დედას – ლუბა ჯაჭვაძეს კერვა რომ არ დაეწყო, შიმშილით ამოწყდებოდნენ. ოჯახს შიშით ვერავინ ეხმარებოდა…

შალვა რადიანს ხალხმა თურმე დიდხანს არ აპატია მიხეილ ჯავახიშვილის ბინაში შესახლება, მაგრამ:

„რადიანისთვის შეუთავაზებიათ, თუ გინდათ იმ ერთი ოთახიდანაც გავასახლებთო. შალვამ უარი უთხრა, ჩვენ ესეც გვეყოფაო – ცოლ-ქმარი იყვნენ, შვილი არ ჰყავდათ… მწერალი მწერლის ბინაში არ უნდა შესულიყოო. ის რომ არა, ვიღაც ხომ შემოვიდოდა?! ჩვენ დაგვატოვებინებდნენ ბინას და შეიძლება მიხეილ ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი არც კი გვქონოდა…”

მამა ბუნდოვნად დაამახსოვრდა: მხოლოდ სილუეტი, თეთრ კოსტუმში, საწერ მაგიდასთან რომ იჯდა და მუშაობდა. მეტი არაფერი. მხოლოდ ეს კადრი, არადა:

„მთელი ცხოვრება ვწუხვარ იმაზე, რომ ძალიან გვიან გავჩნდი. დარდად მაქვს, რომ მამასთან ახლოს არ ვიყავი და არ ვიცნობდი ისე, როგორც ჩემი და. კლასიკოსისა და სახელგანთქმული მწერლის შვილი ვარ, მაგრამ ეს მაინც სევდანარევი სიხარულია ჩემთვის”.

დღესაც, ახლაც ჩამესმის რუსუდან ჯავახიშვილის ეს სიტყვები და მჯერა, სავარძელში მჯდომი კეთილშობილი მოხუცი კი არა, თითქოს ის ბავშვი ამბობდა ამას, შვიდი წლის ბავშვი, მამა რომ ენატრება.

რაზე ოცნებობენ ბავშვები

0

საქართველოში ფეხბურთით გატაცებულ 12 წლამდე ასაკის მოზარდებს რომ ჰკითხოთ, რა არის მათი ყველაზე დიდი ოცნება სპორტული კუთხით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უმრავლესობა გიპასუხებთ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოხვედრაო. არც იქნება გასაკვირი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ნაკრები სიხარულის არავითარ იმედს არ გვიტოვებს, ფეხბურთის სიყვარული ქართველებში ამან ვერ მოსპო. განსაკუთრებით მათში, ვისაც ჩვენი ქვეყნის სტადიონებზე დიდი ფეხბურთი უნახავს – ამ სპორტით „მოწამლულები”, ალბათ ვეღარასოდეს „განიკურნებიან”.

 

საყოველთაოდაა აღიარებული, რომ სამხრეთის ზღვისპირა ქვეყნებში (მათ შორის მოიაზრება საქართველოც) ფეხბურთის სიყვარული განსაკუთრებული ფანატიზმითაა ნასაზრდოები. მოსახლეობას ის ისე აქვს გამჯდარი გულ-გვამში, რომ საფეხბურთო მატჩები ხშირად დიდი გაწევ-გამოწევის წინაპირობადაც იქცევა ხოლმე. ამის მიზეზი, უპირველესად, ამ ხალხების სამხრეთულ ხასიათში უნდა ვეძებოთ, რომელიც მხოლოდ ფეხბურთთან მიმართებით არ გამოიხატება.

ქართველებს სიყვარულიც და სიძულვილიც მთელი ძალ-ღონით, ემოციის უკანასკნელ წვეთამდე შეუძლიათ, რაც, კაცმა რომ თქვას, სულაც არ არის კარგი. ჩვენი ქვეყნის ისტორია ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ქართველი, ისევე როგორც, ვთქვათ, ესპანელი ან კოლუმბიელი, ჯერ ჩხუბობს და მერეღა ფიქრობს კონფლიქტის მიზეზებსა და შედეგებზე; ჯერ უყვარდება და მერეღა ფიქრდება სიყვარულზე; ჯერ სძულს და მერეღა ხვდება სიძულვილის აბსურდულობას.

ბავშვობაში მინახავს გერმანიისა და იტალიის ნაკრებების ქომაგი ქართველი ბიჭების ჩხუბი. ახლა ეს ამბავი მეც სასაცილოდ მეჩვენება, მაგრამ როცა ვიხსენებ იმ ბიჭების წამონთებულ თვალებს, აჭარხლებულ სახეებს და ბრაზით შემართულ მუშტებს, მერწმუნეთ, მათი შემხედვარე არაერთი ტიფოზი თუ ინჩასი დაიხევდა უკან. ასეთი რამ ხდება სხვა ქვეყნების ნაკრებთა გამო და წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ მართლაც დადგა ნანატრი ჟამი და ჩვენს ნაკრებს მსოფლიოს ან ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რეალური შანსი მიეცა…

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ქართული საგულშემატკივრო ტრადიციის სულ სხვანაირი გააზრება და აქ რომ ამბები დატრიალდება, არგენტინელი ან ბრაზილიელი ქომაგები იმასთან სად მოვლენ. ქართველ ბავშვებს ხომ ყველაფერი მონატრებული აქვთ: დიდი ფეხბურთიც, მისი თანმხლები ზღვა ემოციაც და ქომაგობაც, რომელიც, სამწუხაროდ, დღეს სტადიონზე მზესუმზირას ჭამითა და ნერვების მოშლით შემოიფარგლება…

მთავარი კი ალბათ მაინც ისაა, უნდა გვქონდეს თუ არა უკეთესი მომავლის იმედი. ამას ერთადერთი პასუხი აქვს: აუცილებლად! თუ დიდ საფეხბურთო ტურნირებზე გასასვლელად ისეთ ქვეყნებს ეყოთ ილაჯი და ნიჭი, როგორებიც, მაგალითად, ბოსნია ან ლატვია არიან (ჩვენი დიდი პატივისცემა მათ!), უნდა გვჯეროდეს, რომ ამის გაკეთება ჩვენც შეგვიძლია, მაგრამ ისიც გვახსოვდეს, რომ ჩვენ ეს უნდა დავიმსახუროთ!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...