კვირა, მაისი 3, 2026
3 მაისი, კვირა, 2026

ნივთები – რეკვიზიტები ჩვენი გაკვეთილებისთვის

0

ნივთები, რომლებიც გარს გვახვევია, ჩვენი შთაგონების
წყაროა.

ასეა ნებისმიერი შემოქმედებითი პროცესის შემთხვევაში
და, რასაკვირველია, გაკვეთილების დაგეგმვის დროსაც. ითამაშეთ ნივთებით, გაერთეთ და
ისიამოვნეთ თქვენი გაკვეთილებით. ასე თქვენც მშვიდად და ბედნიერად იგრძნობთ თავს, გაკვეთილიც
შედეგიანი იქნება, უკუკავშირიც – შთამბეჭდავი.

როგორ?

როგორ და აი, ასე, მომყევით!

 

1. კალენდარი

უბრალო ნივთი არ გეგონოთ – ის ხომ ყველაზე მოწესრიგებული
და სისტემური მეგობარია. გარდა იმისა, რომ კალენდარს წარმოშობის საინტერესო ისტორია
აქვს, ის მშვენივრად შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერ გაკვეთილზე როგორც ობიექტი, რეკვიზიტი.

მაგალითად, ლიტერატურის გაკვეთილზე. ახლა ნოემბერია,
ქართული ლიტერატურა კი ნოემბერში დაბადებული გენიოსების გარეშე ბევრს დაკარგავდა –
ილია ჭავჭავაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, გალაკტიონ ტაბიძე, ბესიკ ხარანაული… გააერთიანეთ
რამდენიმე მწერალი ერთ გაკვეთილში, რომელსაც თუნდაც უბრალოდ „ლიტერატურულ ნოემბერს”
დაარქმევთ. ისაუბრეთ მათზე, მათი ბიოგრაფიის დეტალებზე, შემოქმედებაზე და გააკეთეთ
დიდი, ილუსტრირებული ნოემბრის კალენდარი – ესეც თქვენი სასკოლო პროექტი.

 

2. სკამი

მმმ… მხოლოდ სიტყვის წარმოთქმის დროსაც გონებაში უამრავი
იდეა იბადება.

ჯერ ერთი, ათასგვარი საინტერესო ვიზუალიზაცია შეგიძლიათ
მოძებნოთ. სულაც ვან გოგის სკამით დავიწყებდი და რომელიმე სვანი მახვშის სავარძლით
დავასრულებდი.

მერე, როგორი დისკუსიის თემაა: რატომ უყვართ ადამიანებს
სკამი, რატომ ვერ ეთმობათ იგი როგორც უპირატესობის სიმბოლო, ცვლის თუ არა სკამი პიროვნებას,
რატომ ვუცვლით დანიშნულებას და მნიშვნელობას ერთი შეხედვით მარტივ საგნებს… მოკლედ,
გაგრძელება თქვენთვის მომინდვია.

 

 

3. კალამი

აბა, კალამზე რაღა გითხრათ? პირველი წარწერებით დაიწყეთ,
მთელ ისტორიას მოჰყევით: ბურთულიანი კალამი, მელნიანი კალამი, ბატის ფრთა… კალმის
მნიშვნელობა მეცნიერებისა და ლიტერატურისთვის… „
ჰე, ჩემო, ესე უსტარი არს ჩემგან მონაღვაწები, ტანი კალმად მაქვს, კალამი ნავღელსა ამონაწები” თუ „ჩემო კალამო, ჩემო კარგო,
რად გვინდა ტაში?!”

გავაგრძელო?
მგონი, ზედმეტია.


4. საშლელი

რა საინტერესო რამეა, არა?

რამდენ ცუდ ფრაზას, დაუმსახურებელ განაჩენს, დაუფიქრებელ
ხელმოწერას წაშლიდა, რომ მიგვეშვა… იმდენი რამის მოფიქრება შეიძლება. მაგალითად,
ბავშვებს წარმოადგენინეთ ალტერნატიული რეალობა, სადაც საშლელის გამოყენება არ შეიძლება,
ანდა, პირიქით, მხოლოდ საშლელს თუ გამოიყენებთ. როგორ შეცვლიდა რამდენიმე სიტყვის წაშლა
რომელიმე ცნობილი ნაწარმოების ფინალს ან პერსონაჟებისა თუ ისტორიული პირების ცხოვრებას?

 

5. ხელთათმანი

თუ ზამთარია და კლასში ხელთათმანები მოგეძევებათ, ჩათვალეთ,
რომ საინტერესო გაკვეთილი გარანტირებული გაქვთ!

უპირველესად, ხელთათმანზე როგორც სიმბოლოზე ისაუბრეთ,
მერე ხელთათმანის სროლით ერთმანეთი ინტელექტუალურ დუელში გამოიწვიეთ, ბოლოს ხელთათმანში
წერილები ჩამალეთ და ნახეთ, ვის რომელი შეხვდება. საინტერესო და გულისამაჩუყებელი საქველმოქმედო
აქტივობის დაგეგმვაც შეიძლება – გავუთბოთ ხელები მათ, ვისაც სცივა!

ლიტერატურული სცენები გაიხსენეთ, მხატვრობა, კინო და,
რა თქმა უნდა, პოეზია, თუნდაც ახმატოვას ეს მშვენიერი ლექსი:

Я на правую руку надела
Перчатку с левой руки…”


6. წიგნი

ეტრატი, პერგამენტი, ხელნაწერი, გადამწერები, ტყავი,
პირველი ნაბეჭდი წიგნი, პირველი საბეჭდი მანქანა, პირველი ქართული წიგნი და მისი ისტორია,
ნაბეჭდიდან ელექტრონულ წიგნებამდე, ცენზურა, დამწვარი და გადარჩენილი წიგნები, მსოფლიოს
ყველაზე დიდი წიგნები, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული წიგნები, წიგნები, რომელთა გარეშეც
კაცობრიობა არსებობას თუ არა, განვითარებას შეწყვეტს, წიგნის ბეჭდვისა და აკინძვის
თავისებურებები… იქნებ ეს გაკვეთილი სულაც რომელიმე სტამბაში ჩაატაროთ ან ბიბლიოთეკაში,
წიგნის მაღაზიაში თუ ბუკინისტებთან, ქუჩაში.

დაბოლოს, სხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებთან ერთად წაიკითხეთ
რეი ბრედბერის „451 გრადუსი ფარენჰეიტით”. აი, დისკუსია აქ დაიწყება, თუ დაიწყება!

 

მოკლედ, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო, მიმოიხედეთ! გახსოვდეთ,
სამყარო იმისთვის არსებობს, რომ თქვენ გაკვეთილის ჩატარებაში დაგეხმაროთ!

საუბარი სერ კენ რობინსონთან – რატომ გახდა შემოქმედებითი აზროვნება ასეთი მნიშვნელოვანი?

0
ბოლო წლებში განსაკუთრებით ბევრს საუბრობენ შემოქმედებით აზროვნებაზე, როგორც ადამიანის ერთ-ერთ ყველაზე ფასეულ უნარზე. სიტყვა და ცნება ”კრეატიულობა”  უკვე დიდი ხანია დამკვიდრდა ქართულში და მას ხშირად იყენებენ. ამ სიტყვას უკვე ყველგან და თითქმის ყველა კონტექსტში წააწყდებით. რატომ გახდა შემოქმედებითი აზროვნების უნარი ასეთი მნიშვნელოვანი ჩვენს ტექნოლოგიზირებულ და ციფრულ საუკუნეში? რატომ საუბრობენ კრეატიულობაზე მსოფლიოს ყველაზე დიდი კორპორაციები? რა კავშირშია კრეატიულობა და შემოქმედებითი ტალანტები, განათლებასთან? რა შეუძლია გააკეთოს მასწავლებელმა ან მშობელმა, ბავშვში შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშესაწყობად? ამ კითხვებზე პასუხებისთვის გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო რესპონდენტთან, განათლების სპეციალისტთან, სერ კენ რობინსონთან, რომელიც 21-ე საუკუნეზე და მიმდინარე საუკუნეში განათლების თავისებურებებზე საუბრობს. 
კრეატიულობა ან შემოქმედებითობა: მას აძაგებდნენ, არ ამჩნევდნენ და ვერ იგებდნენ. მაგრამ როგორც იქნა, შემოქმედებითი ნიჭი თვითონვე იბრუნებს თავის ადგილს. ამ ინტერვიუში, კენ რობინსონი, ბრიტანელი ექსპერტი, კრეატიულობისა და შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული დამცველი და მკვლევარი, მოგვითხრობს შემოქმედების,  როგორც 21-ე საუკუნის უმთავრესი უნარისა და მისი განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ.   
სერ რობინსონი 1998 წელს გახლდათ ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველთა კომიტეტის თავკაცი კულტურული განათლებისა და შემოქმედების საკითხებში.  გაწეული სამუშაოსათვის მას მიენიჭა რაინდის წოდება. კენ რობინსონის წიგნებიდან აღსანიშნავია The Element (გამომცემლობა: Viking Adult, 2009) და Out of Our Minds: Learning to Be Creative (გამომცემლობა: Capstone Publishing Limited, 2001)
როგორც კრეატიულობა, ისე კრიტიკული აზროვნება, 21-ე საუკუნის მთავარ და მნიშვნელოვან უნარებად მოიხსენება. თუმცა ზოგიერთები კვლავ მიიჩნევენ, რომ ისინი ერთმანეთისგან ისევე განსხვავდებიან, როგორც ზეთი წყლისგან. თქვენ როგორ ფიქობთ? 

საინტერესოა, როდესაც ადამიანები კრიტიკულ აზროვნებასა და შემოქმედებითობას ერთმანეთს უპირისპირებენ. ეს ნაწილობრივ ალბათ იმის ბრალია, რომ ხალხი კრეატიულობას, შემოქმედებას, ტოტალურ თავისუფლებასა და არასტრუქტურულობას უკავშირებს. თუმცა ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ შემდეგი რამ: ვერ იქნები კრეატიული, თუ არაფერს აკეთებ. ადამიანს შეუძლია კრეატიული იყოს მათემატიკაში, მეცნიერებებში, მუსიკაში, ცეკვაში, მზარეულობაში, სწავლებაში, ოჯახის პატრონობაში, თუ ინჟინერიაში. რადგანაც კრეატიულობა არის ისეთი ორიგინალური იდეების შექმნა-წარმოების პროცესი,  რომელთაც რაიმე ღირებულება გააჩნიათ. შემოქმედების დიდ ნაწილს, საქმეების ახლებურად, ახალი გზებით კეთება წარმოადგენს და ამ დროს საქმიანობის სფეროს მნიშვნელობა არ აქვს.
ვთქვათ, თქვენ ხართ შემოქმედი შეფმზარეული. თქვენს კრეატიულობას და ორიგინალურობას თქვენსავე სამზარეულოში მომზადებული საჭმლებით შეაფასებენ. ანუ იმის თქმა მინდა, რომ  უაზრობა იქნება ახალი სუფლეს რეცეპტი თანამედროვე ჯაზის კრიტერიუმებით შევაფასოთ.  შემოქმედებითი პროცესი, შესაძლოა ახალი იდეის უეცარი გაელვებით ან ინტუიტიური შეგრძნების მეშვეობით დაიწყოს. იგი შეიძლება პრობლემის შესახებ ფიქრისას, იმპროვიზაციამ, ექსპერიმენტირებამ ან რაიმე უცხო იდეამ წარმოშვას, რომელიც მანამდე არავის გასჩენია. რაც მთავარია, ეს ყველაფერი პროცესია და არა ერთეული მოვლენა. ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას, ისევე როგორც მოვლენის წარმოსახვით აღქმას და ახალ იდეებს.
მაგრამ კრეატიულობა არ გახლავთ მხოლოდ ახალი იდეები. ზოგიერთი იდეა შესაძლოა სრულიად არაპრაქტიკული და გიჟური იყოს. ამიტომაც კრეატიული პროცესის ყოველი ეტაპი და შემადგენელი ნაწილი მის შეფასებასაც გულისხმობს.

როდესაც, ვთქვათ, მათემატიკურ პრობლემაზე მუშაობთ, თქვენ მუდმივად ახდენთ  მის შეფასებას და თავს ეკითხებით „ნეტავი ეს სწორია?” თუ პიანინოსთან ზიხართ და მუსიკას წერთ, თქვენი გონების ნაწილი უსმენს მას, რასაც აკეთებთ და თან ფიქრობს – „ეს ვარგა? ნეტავ, სწორი მიმართულებით მივდივარ?” 
რაში მდგომარეობს ადამიანების ყველაზე მცდარი წარმოდგენები კრეატიულობაზე?

პირველია ის, რომ ფიქრობენ თითქოს კრეატიულობა განსაკუთრებული ადამიანების ხვედრია – თითქოს მხოლოდ ადამიანების მხოლოდ მცირე რაოდენობას აქვს შემოქმედებითი უნარები. ნებისმიერ ადამიანს აქვს უზარმაზარი შემოქმედებითი შესაძლებლობები. განათლებაში, კრეატიულობის ხელშეწყობის პოლიტიკა, ყველას უნდა ეხებოდეს და არა მხოლოდ მოსწავლეთა მცირე ნაწილს. 
მეორე მცდარი წარმოდგენაა აზრი იმის შესახებ, რომ შემოქმედება რაიმე განსაკუთრებულ საქმიანობს გულისხმობს. ადამიანები, ძირითადად, შემოქმედებითობას ხელოვნებასთან აკავშირებს. მე თვითონ, ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე ადვოკატი ვარ, მაგრამ კრეატიულობა  ყველაფრის შემადგენელი ნაწილია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ასე რომ, განათლება შემოქმედების შესახებ მთელ სასწავლო გეგმას უნდა შეეხებოდეს და არა მხოლოდ მის ნაწილს.
მესამე მცდარი წარმოდგენა კრეატიულობის შესახებ  ეხება იმას, თითქოს ამ დროს ადამიანი  „მიუშვებს” თავს, ოთახში დარბის და ცოტა შეშლილივით იქცევა. სინამდვილეში შემოქმედება ძალიან დისციპლინირებული პროცესია, რომელიც მოითხოვს უნარებს, ცოდნასა და კონტროლს. 
რა თქმა უნდა, შემოქმედება მოითხოვს წარმოსახვის უნარსა და შთაგონებას. მაგრამ ეს არასაკმარისია: კრეატიულობა წარმოადგენს ყოველდღიური განათლების დისპილინირებულ გზას. თუ გავიხსენებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაფასებთ, მათი შემოქმედებითი მიღწევების გამო დავინახავთ, რომ ეს ხდება მათი განსაკუთრებული ხედვის, მათ მიერ მიღწეული წარმატებისა და იმ დისციპლინის გამო, რომელიც მათ სამუშაოს სჭირდებოდა.
როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა კრეატიულობა ასეთი მნიშვნელოვანი დღეს? 

გამოწვევები, რომლებთანაც დღეს გვიწევს გამკლავება, უპრეცენდენტოა. დღეს პლანეტაზე იმაზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე ოდესმე უცხოვრია. 

დედამიწის მოსახლეობა ბოლო 30 წლის განმავლობაში გაორმაგდა. დღეს დედამიწაზე არსებულ რესურსებზე ზეწოლა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ტექნოლოგია კი წინსწრებით ვითარდება, ადამიანისთვის ჩვეულ  რიტმზე უფრო სწრაფად.

ზემოთ ჩამოთვლილი გარემოებები ცვლის ყველაფერს: როგორ შრომობს ადამიანი, როგორ ფიქრობს და უკავშირდება სხვებს. ეს გარემოებები ცვლიან ჩვენს კულტურულ ფასეულობებს. თუ შევხედავთ იმ ზეწოლას, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური და ფინანსური ინსტიტუტები, ჯანმრთელობის დაცვის სისტემები და განათლების სისტემა განიცდიან, დავინახავთ, რომ ჩვენ ამ პროცესს ვერაფერს შევადარებთ. წარსულში ასეთი ამოცანები და პროცესები არ ყოფილა. დიახ, მსგავსი რამ ადრე არ მომხდარა, ეს მართლაც ახალი გამოწვევებია და ამიტომაც, ჩვენთვის მნიშნელოვანია ჩვენი ერთიანობის, წარმოსახვისა და კრეატიულობის ყოველი გრამი, რათა ამ პრობლემებს დავუპირისპირდეთ. 

გარდა ამისა, ჩვენ ვცხოვრობთ მასობრივი არაპროგნოზირებადობის ეპოქაში – ბავშვები, რომლებიც სკოლას ა.წ. სექტემბერში დაიწყებენ, საპენსიო ასაკს დაახლოებით 2070 წელს მიაღწევენ. არავის შეუძლია დღეს გვითხრას, როგორი იქნება სამყარო 5 წლის შემდეგ, უფრო სწორად მომავალ წელსაც კი… ამიტომაც სწორედ განათლების ამოცანაა დავეხმაროთ ამ პატარა ბავშვებს იმის აღქმასა და შეგრძნებაში, თუ როგორ სამყაროში მოუწევთ მათ ცხოვრება და საქმიანობა. 

ალბათ იცით, რომ ჩემს თაობას – მე 1950 წელს დავიბადე – გვეუბნებოდნენ, რომ თუ გულმოდგინედ იმუშავებ, დაამთავრებ უნივერსიტეტს, მიიღებ სამეცნიერო წოდებას, მაშინ შენი მომავალ ცხოვრება უსაფრთხო და დაცული იქნება, შენ თვითონვე ააწყობ შენს მომავალს. დღეს ალბათ უკვე აღარავინ ფიქრობს, რომ ასეთი ფორმულა სწორია, თუმცა სასკოლო სისტემას ისევე ვამუშავებთ, როგორც იგი ჩემი ახალგაზრდობის დროს მუშაობდა. 

უამრავ ადამიანს აქვს დაცული სამეცნიერო ხარისხი. მეტიც, დღეს, ერთი ხარისხი უკვე აღარ არის საკმარისი, მისი ღირებულება, მისი ადრეული ღირებულებისა და მნიშვნელობის მხოლოდ ნაწილიღაა. ამიტომაც, შემოქმედებითი უნარები და კრეტიულობა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა დღევანდელი ეკონომიკისთვის.

მე ხშირად ვმუშაობ ”ფორჩუნ-500”-ის კომპანიებთან და ისინი ყოველთვის მეუბნებიან – ”ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებსაც სიახლეების შემოთავაზება შეუძლიათ, ვინც განსხვავებულად ფიქრობენ”. თუ აშშ-ში კომპანიების გაქრობის/გაკოტრების მონაცემებს შევხედავთ, ვნახავთ, რომ იგი ძალიან მაღალია. ამერიკა დღეს ალბათ ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას – შეინარჩუნოს ლიდერის პოზიცია მსოფლიო ეკონომიკაში.
ამ ამოცანების გადაწყვეტას და შემდეგ მათ განხორციელებას კი მაღალი დონის სიახლე, შემოქმედება და გამომგონებლობა სჭირდება. დღეისათვის, კრეატიულობის წახალისების ნაცვლად, ჩვენ სიტემატურად ვდევნით ამ უნარს, ჩვენი ბავშვების განათლების სისტემიდან. 

კრეტიულობა წინააღმდეგობაშია სტანდარტიზებული ტესტების სიტემასთან?

განათლების სისტემას ამერიკაში და ზოგადად ძველ ინდუსტრიალიზირებულ ქვეყნებში ერთი მთავარი პრობლემა აქვს. ამერიკაში, სკოლის მაღალ კლასებში, მოსწავლეების 30 პროცენტი სკოლას ტოვებს და სწავლას აღარ აგრძელებს. ეს რიცხვი აფროამერიკელებსა და ლათინურამერიკელებში 50%-ს აღწევს , ხოლო აბორიგენ ამერიკელებში 80%-მდე ადის. როდესაც ასეთი მონაცემები გაქვს, ამაში ბავშვებს ვეღარ დაადანაშაულებ.  ასეთი სავალალო მონაცემების შემხედვარე, ნათელია, რომ სისტემას რაღაც სჭირს – განათლების არაპერსონიფიცირებული ფორმები, რიგში მსხდომი ახალგაზრდა ადამიანებით, რომლებიც ვერაფერს ვერ იღებენ, რაც მათ ინტერესს გააღვივებდა, შთაგონებას მისცემდა და რაიმე ვნებას გაუჩენდა. 
ეს მეტწილად სტანდარტიზებული ტესტირების დამკვიდრებულ კულტურას უკავშირდება. ეს კულტურა მთლიანად არაპროდუქტიულია. თუ ჩვენი განათლების წლებს გავიხსენებთ, თვალწინ დაგვიდგება კონკრეტული გაკვეთილები, კონკრეტული მასწავლებლებით, რომლებიც საშუალებას გვაძლევდნენ ის გვეკეთებინა, რაც გვაინტერესებდა, შთაგვაგონებდა. ასევე, როდესაც აღმოვაჩენდით იმ საქმიანობას თუ საგნებს, რომლებიც კარგად გამოგვდიოდა, ეს გვეხმარებოდა სხვა საგნების აღქმასა და სწავლაშიც – ამ დროს ადამიანის თავდაჯერებულობა მატულობს და დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ განსხვავებულ ხდება. 

ახლა კი, ძალიან ხშირად, ჩვენ ადამიანებს ვაუცხოებთ მათივე ტალანტებისგან და, შესაბამისად, განათლების მთელი პროცესისგან. 

ეს ჩემთვის არ გახლავთ რაიმე ექსტრაორდინალური არგუმენტის მსგავსი, როდესაც ამბობენ-ხოლმე ”ხომ არ აჯობებდა რომ ყველას ის ეკეთებინა, რაც მოსწონს”. ეს ფუნდამენტური ადამიანური ჭეშმარიტებაა: ადამიანები უკეთ საქმიანობენ, როდესაც ის საქმე, რომელზეც მუშაობენ, ამავდროულად შთააგონებს მათ. მაგალითად, ზოგი ადამიანისთვის, ეს ვარჯიში და გიმნასტიკაა; ზოგისთვის – ბლუზის დაკვრა და ზოგიერთისთვის – დათვლა თუ ანგარიში. 

ჩვენ ეს ვიცით იმიტომ, რომ ადამიანის კულტურა ასეთი განსხვავებული და მდიდარია – და ჩვენი განათლების სისტემა ამ მრავალფეროვნების ფონზე ძალიან მონოტონური და მოსაწყენი ხდება. სულ არ არის გასაკვირი, რომ ბევრ ბავშვს ამ სისტემიდან გასვლა სურს. ხშირად ისინიც კი, ვინც სკოლაში რჩება, იზოლირებულია. პროცესი მხოლოდ ადამიანების მცირე რაოდენობისთვისაა სასარგებლო. მაგრამ ეს რაოდენობა ძალიან მცირეა იმასთან შედარებით, რომ ენერგიის ეს ფუჭი ფლანგვა გავამართლოთ.
ადამიანები შემოქმედებით უნარებს ხშირად ინდივიდუმთან აიგივებენ. არსებობს კრეატიულობის სოციალური განზომილება, რომელიც 21-ე საუკუნეს შეესაბამება? 

ნამდვილად არსებობს. ორიგინალური აზროვნების უმეტესი შემთხვევები თანამშრომლობის შედეგია და სხვა ადამიანების იდეების სტიმულირების შედეგად ჩნდება.  არავინ ცხოვრობს ვაკუუმში. ის ხალხიც კი, ვინც მარტო ცხოვრებას არჩევს – როგორც მარტოსული პოეტები ან სოლო-გამომგონებლები თავიანთ გარაჟებში – იმ კულტურის ნაწილნი არიან, რომელშიც ისინი გაიზარდნენ და რომელთაც სხვა ხალხის მიღწევებისა თუ იდეების გავლენა განიცადეს. 

პრაქტიკული გაგებით კრეატიული პროცესის უმეტესი შემთხვევები, თანამშრომლობის შედეგად წარმოიშვება. დიდი სამეცნიერო გარღვევები, როგორც წესი, საერთო მისწრაფებებისა და ინტერესების მქონე, მაგრამ განსხვავებული აზროვნების ადამიანების გაცხარებული თანამშრომლობის შედეგია.

ეს არის ის უდიდესი უნარი, რომელსაც ხელი უნდა შევუწყოთ და რომელიც ბავშვებს უნდა ვასწავლოთ – თანამშრომლობა და სარგებლის მიღება განსხვავებული მიდგომებისგან და არა ის ჰომოგენურობა, რომელიც დღეს განათლების სისტემაშია დამკვიდრებული. 

ამ მომენტისთვის ჩვენ დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ – განათლებაში დომინირებს სტანდარტიზებული ტესტირების კულტურა, რომელიც გონებრივი შესაძლებლობების მხოლოდ გარკვეულ ხედვას წარმოადგენს. შესაბამისად, ვიღებთ შევიწროებულ სასწავლო პროგრამას და განათლების სისტემას, რომელიც ათანაბრებს და ახშობს იმ საბაზო უნარებსა და პროცესებს, რომლებზეც დადწილად არის დამოკიდებული ადამიანის კრეტიულობა. 

გავიხსენოთ თომას ედისონი. იგი ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამომგონებელია. მან აშშ-ს საპატენტო სააგენტოში 1,100-ზე მეტი პატენტი დაარეგისტრირა. რეალობაში კი ისე გამოვიდა, რომ ედისონის უდიდესი ნიჭი სხვა ადამიანების მობილიზაციას უწყობდა ხელს – მას ჰყავდა ინტერდისციპლინური სპეციალისტების ჯგუფები, რომლებიც მასთან ერთად მუშაობდნენ. ისინი თავიანთთვის ისახავდნენ ნათელ ამოცანებს და კონკრეტულ ვადებს. მუშაობის პროცესი ძირითადად ერთად მუშაობასა და თანამშრომლობაზე იყო დამყარებული. 

ამიტომაც, ჩემთვის უეჭველია, რომ თანამშრომლობა, მრავალფეროვნება, იდეების ურთიერთგაცვლა და სხვა ადამიანების მიღწევების შემდგომი განვითარება, შემოქმედებითი პროცესის გულს წარმოადგენენ. განათლება, რომელიც ფოკუსირებულია მხოლოდ იზოლირებულ ინდივიდზე, ამ შესაძლებლობების უაზროდ ფლანგვისთვისაა განწირული. 

შესაძლოა კრეატიულობის სწავლება?

დიახ. თუმცა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამის სწავლება შეუძლებელია, რადგან კარგად არ ესმით მისი არსი. ისინი ხშირად ამბობენ: ”მე არ ვარ საკმარისად კრეატიული, ამიტომაც ვერ შევძლებ ამას”. 

ამასთან არსებობს კრეატიულობის სწავლებაზე ფიქრის ორი გზა. პირველი, შესაძლოა ასწავლო შემოქმედებითი აზროვნების უნივერსალური უნარები, ისევე როგორც ვასწავლით კითხვას, წერას ან მათემატიკას. ზოგიერთ ზოგად უნარებს შეუძლიათ ადამიანისთვის პრობლემისადმი მიდგომების გზების გათავისუფლება – მაგალითად, ასეთია დივერგენტული აზროვნების უნარები. ასევე შესაძლებელია კრეატიულობის პროცესის გაძლიერება ანალოგიების, მეტაფორების და ვიზუალური წარმოსახვის წახალისებით.

ერთ დროს ამერიკელი ინდიელების ერთ-ერთ თემში ვმუშაობდი. მათი სურვილი იყო დავხმარებოდი მათ ტომს სიახლეების ხალხში გავრცელებაში. დავსხედით საერთო ოთახში და ისინი, პირველი საათის განმავლობაში ჩემგან ელოდნენ პრეზენტაციას და პლაკატებზე ხატვას, რომელიც მათ ამ სიახლეებს და ახალ მეთოდებს შეასწავლიდა. აქედან არაფერი გამოვიდა. შემდეგ, ავდექი და ვთხოვე, რომ ჯგუფებად ემუშავათ და დაეხატათ/გამოესახათ ის გამოწვევები თუ პრობლემები, რომლებიც აწუხებდათ.

იმ წუთიდან, როცა ადამიანები ვიზუალურად იწყებენ აზროვნებას და ნააზრევის ფურცელზე გამოსახვას – და არა პუნქტებად ჩამოწერილი წინადადებებით – ოთახში რაღაც განსხვავებული ხდება. 

იმ ჯერზე ჩემი ინდიელი მასპინძლების ჯგუფებად დაყოფამაც იმუშავა: იმის გამო, რომ ისინი აღარ ისხდნენ ერთი მაგიდის გარშემო და უწევდათ ჯდომა და მუშაობა იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ჩვეულებრივ არ მუშაობდნენ, შედეგად სულ სხვა დინამიკა მივიღეთ. ასე რომ, შესაძლებელია ადმიანებს გონების გათავისუფლებისთვის გარკვეული უნარები შეასწავლო და საშუალება მისცე საკუთარი აზრების გამოსახატად, აზრთა მრავალფეროვნების ღირებულების და მათი მნიშვნელობის აღსაქმელად. 

მაგრამ ამ უნარების სწავლების გარდა, არსებობს ინდივიდუალური, პერსონალური კრეატიულობა. ხშირად, ადამიანები თავიანთ საუკეთესო მიღწევებს პერსონალურ დონეზე ახერხებენ, როდესაც მათ საშუალება ეძლევათ გარკვეული მედიუმის (საშუალების) ან მასალების გარკვეული ნაკრების დახმარებით, განახორციელონ ის, რაც მათ აღმაფრენას უღვივებს და შთააგონებს. 

ჩემი წიგნი – ”ელემენტი (სტიქია)” – ადამიანის მიერ საკუთარი ვნების პოვნის შესახებაა დაწერილი. მე უამრავ ადამიანს ვესაუბრე – ტანმოვარჯიშეებს, მუსიკოსებს, მეცნიერებს, შესანიშნავ ქალბატონს, რომელიც ბილიარდის მოთამაშე გახლდათ. 

მნიშვნელობა არ აქვს, იქნება ეს მუსიკა თუ ჯაზი ან სამმაგი ხტომა, თითოეული მათგანისათვის ეს იყო რაღაც, რაც რეზონირებდა მათში, რისადმიც ყოველ მათგანს პერსონალური მიდრეკილება ჰქონდა. თუ პერსონალურ მიდრეკილებას შეაერთებ იგივე საქმისადმი ვნებასთან, შემოქმედება სულ სხვა ადგილას წაგიყვანს. 
იცით, ერიკ კლეპტონს გიტარა იმავე ასაკში აჩუქეს, როგორც მე. ამან კარგად იმუშავა ერიკისთვის, მაგრამ ვერ იმუშავა ჩემთვის. მან ის ჩინებულად აითვისა, მაგრამ ამავე დროს, უნარს თავისი უდიდესი ვნებაც დაუმატა მუსიკისადმი.  
თუ კრეატიულობა და ინოვაცია ასეთი მნიშვნელოვანია, შესაძლოა მათი შეფასება?

ზოგადად, ადამიანების შეფასება, შეუძლებელია – კრეტიულობისათვის, აუცილებელია რაიმეს აკეთებდე, რათა კრეატიული გახდე. 

თუ მათემატიკის გაკვეთილს უსმენთ და სწავლების მეთოდი თქვენში წაახალისებს ახალ მიდგომებზე ფიქრს, ახლებურად აზროვნებას, მაშინ შესაძლებელია განვსაზღვროთ კრეატიულობის და წარმოსახვითობის დონე მათემატიკური კლასის ჩარჩოებში, ისევე, როგორც ეს შეიძლება გააკეთო ცეკვის, მუსიკისა თუ ლიტერატურის გაკვეთილზე. 
მე მკვეთრად ვმიჯნავ ერთმანეთისგან კრეატიულ სწავლებასა და კრეატიულობის სწავლებას. კრეატიული სწავლება ნიშნავს იმას, რომ მასწავლებელი იყენებს თავის კრეატიულ უნარებს, იდეებისა და შინაარსის უფრო საინტერესოდ წარმოსადგენად. 

ზოგი დიდი მასწავლებელი, რომლებზეც გვსმენია ან რომლებსაც ვიცნობთ,  არიან ის ადამიანები, ვინც შეძლო სასწავლი შინაარსისა და მოსწავლის ინტერესების ერთმანეთთან დაკავშირება.
მაგრამ, ასევე შესაძლებელია ვისაუბროთ კრეატიულობის სწავლებაზე.  ამ დროს, პედაგოგიკის პროცესი ისეა შექმნილი, რომ იგი ბავშვებს კრეატიულად აზროვნებისკენ უბიძგებს. შესაძლებელია მოსწავლეებისთვის ექსპერიმენტირება წავახალისოთ, არ გავცეთ ყველა შეკითხვაზე პასუხი, მაგრამ მივცეთ მათ საშუალება თვითონ მოიპოვონ ეს პასუხები ან გამოიკვლიონ ახალი გზები პასუხების საპოვნად. ზოგიერთ გარემოში შესანიშნავად გამოდის შემდეგის თქმა: ”ჩვენ გვაინტერესებს ამ პრობლემის გადაჭრის ახალი და ორიგინალური გზები”.
რაც შეეხება ნიშნებს და შეფასებას კრეატიულობისთვის, ეს დიდი კითხვის ნიშანია. რა თქმა უნდა, გადასარევი იქნება, თუ ადამიანებს ორიგინალურობისთვის ნიშანს ან შეფასებას მივცემთ, წავახალისებთ მას და ბავშვებს დავაფიქრებთ ამ ახალი იდეების ეფექტურობაზე, ძველ იდეებთან მათ შედარებაზე – ეს პედაგოგიკის მძლავრი შემადგენელი ნაწილია. მაგრამ, არ შეიძლება ყველაფრის ნიშანზე და რიცხვზე დაყვანა. ვფიქრობ, არც უნდა დავიყვანოთ. ეს პრობლემის ნაწილია.

სტანდარტიზებული ტესტების რეჟიმმა იქამდე მიგვიყვანა, რომ გვგონია, თუ რაიმეს ვერ ვითვლით, მაშინ მას მნიშვნელობა აღარ აქვს. 

ფაქტობრივად ყველა შემოქმედებით მიდგომაში არის საკითხები, რომლებსაც დავეძებთ, მაგრამ, რომელთა დათვლა ან მათი რაიმე ნიშნულზე დაყვანა, შეუძლებელია. 

თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ მნიშვნელობა არ აქვთ.
როდესაც მესმის ადამიანების ნათქვამი ”რა თქმა უნდა, კრეატიულობის შეაფასება შეუძლებელია”, ვფიქრობ-ხოლმე: ”შესაძლებელია მეგობარო, უბრალოდ, შეჩერდი და დაფიქრდი მასზე”. 

ინტერვიუერი: Amy M. Azzam
წყარო: https://www.ascd.org/publications/educational-leadership/sept09/vol67/num01/Why-Creativity-Now%C2%A2-A-Conversation-with-Sir-Ken-Robinson.aspx
სტატია მომაზადა და თარგმნა ლევან ალფაიძემ

სოფლისა და ქალაქისა

0

ასე მახსოვს:

ზამთრის ან გვიანი შემოდგომის რომელიმე ცივ, სუსხიან დღეს ჩავბარგდებოდით თბილისელი შვილები და შვილიშვილები, წავიდოდით. გზა კახეთისკენ გრძელი და დამქანცველი სულაც არ ყოფილა, დაუღალავად ვლაქლაქებდით, წარმოვიდგენდით, ლამპის შუქზე როგორ უსხდნენ ბებო და პაპა მუხის იმ ძველ, ოვალურ მაგიდას, სვამდნენ ჩაის და, სავარაუდოდ, კითხულობდნენ რომელიმე ძველ ჟურნალს. არ გველოდნენ. მოულოდნელად ვიცოდით ჩასვლა. თუ შუქი იყო, ტელევიზორს მიჩერებულებს დავადგებოდით თავზე. ყასიდად უყურებდნენ, უფრო თვლემდნენ და შიგადაშიგ რომელიმე სერიალის რომელიმე მონიკას ცრემლების საგულშემატკივროდ თუ ახედავდნენ ეკრანს. მთავარ ამბებს არ გამოტოვებდნენ. საქმის კურსში უნდა ყოფილიყვნენ. ჩავიდოდით. მიმქრალ ღუმელს ააგუზგუზებდნენ, გაუჩენელს გააჩენდნენ, რძეს შემოდგამდნენ და რძის რბილი სუნი რომ დატრიალდებოდა, მაგიდას ყველა ერთად შემოვუსხდებოდით, ქალაქისას გავიხსენებდით, ესენი სოფლისას მოგვაშველებდნენ.

ასე მახსოვს:

გამოაკრავდნენ ახალთახალ თეთრეულს რკინის საწოლებს და იმ ოთახში, შუა ოთახად წოდებულში, ყველა ერთად დავიძინებდით. ეს „ყველა ერთად” ბავშვებისთვის ტკბილი რამეა, ყველა შოკოლადს ეგ გვერჩივნა – ერთად ვახშმობა, ერთად ძილი, ერთად საუზმე და გაღვიძება. და მერე, როცა დავიქსაქსეთ, და მერე, როცა მივივიწყეთ ის ძველებური ერთიანობა და სიმყუდროვე, რძის მოტკბო სუნი და ღუმლის სითბო, ვთქვით: გავიზარდეთ.

ასე მახსოვს:

ჩემი მაღალი, ლამაზი ბებო გადავიდოდა სოფლის შორეულ მაღაზიაში, – თვითონ გადასვლას ეძახდა და წასვლა კი იყო, – მოგვიტანდა იმდენ ტკბილეულს, როგორმე უნდა მოვრეოდით. გარეთ ქვეყანა ინგრეოდა, ქარიშხლიანი სიცივიდან შემოსულ ბებოს გარს ვეხვეოდით, ვსაყვედურობდით, რამ გაიყვანა იმ სუსხიან შემოდგომის მიწურულში ანდაც ზამთარში, – უშოკოლადოდაც ხომ გვიყვარდა, მართლა გვიყვარდა. ის კი იდგა და იღიმებოდა. იმ მაგიდასავით ხმელი, იმ მაგიდასავით მყარი და, შესაძლოა, სულაც მუხის.

ასე მახსოვს:

კარტს ვთამაშობდით ჩვენ, ბებო, პაპა. დიდი შულერი ვიზრდებოდი, დიდი თაღლითი. ვგრძნობდი, ვაგებდი. გაიძვერულად გადავმალავდი აგურის ექვსიანს და თამაშიც აიშლებოდა. ახალი ხელი ჩემი იყო, ჯილდოდ – ღვეზელი, ვაშლის, ცხელ-ცხელი. ტრიალებდა სახლში სურნელი, და სიყვარული იყო სადა, იყო მარტივი.

ასე მახსოვს:

წამოვიდოდით. ჩირი, ჩურჩხელა, რძე და ყველი. ფრთხილად იყავით. ნელა იარეთ. თბილად ჩაიცვით. მოგვძახოდნენ დარიგებებს, ჩვენს კარგად ყოფნებს. გვაცილებდნენ. იდგნენ ქარში. და შორიდან ხეებს ჰგავდნენ. ვეჭვობ, მუხებს.

მანძილი (ნაწილი II)

0

დროა გავიხსენოთ, რომ ოქტავა 12 ბგერისაგან შედგება: 7 ძირითადისა და 5 წარმოებულისგან (წარმოებული ნოტები კლავიატურაზე შავი ფერისაა). შეგახსენებთ, რომ ნახევარი ტონი (0,5 ტ.) ორ ბგერას შორის უახლოესი მანძილია, რომ ინტერვალის საზომ უმცირეს ერთეულად სწორედ ნახევარი ტონი მიიჩნევა და რომ ეს არის ერთი კლავიშით სვლა ზევით ან ქვევით. ერთი ტონი კი ორ ნახევარ ტონს უდრის. ტონი (0,5 ტ + 0,5 ტ.) ორი კლავიშით ანუ 1 ტონით სვლაა. ამ საკითხზე დაწვრილებით ერთ-ერთ ადრინდელ წერილში გესაუბრეთ („თეთრისა და შავის საიდუმლო”).

ნატურალურ ბგერათა რიგში ინტერვალები ადვილი გამოსაცნობია, განსაკუთრებით – სეკუნდა: ის კლავიატურაზე ორ მეზობელ ნოტს წარმოადგენს. პატარა სეკუნდა არის ნაბიჯი ნახევარი ტონით ზევით ან ქვევით, დიდი სეკუნდა – ნაბიჯი ორი ნახევარი ტონით ანუ ერთი ტონით.

მეტი თვალსაჩინოებისთვის: თუ სეკუნდას ალტერაციის ნიშანი აქვს, უნდა შეგვეძლოს ორ ნოტს შორის სიდიდის ზუსტი განსაზღვრა. მაგალითად, დო – რე ბემოლ. ეს ინტერვალი პატარა სეკუნდაა, ვინაიდან მათ შორის მანძილი ნახევარი ტონია. ინტერვალის ზედა ბგერა რე-ს ბემოლს თუ ჩამოვაშორებთ, დიდ სეკუნდას მივიღებთ.

მაგალითად, თუ გვსურს მი-ფა ინტერვალის დიდ სეკუნდად გარდაქმნა, ნოტ ფა–ს ალტერაციის ნიშანი – დიეზი უნდა მივუწეროთ. ამ ორ ნოტს შორის ახლა ზუსტად ერთი ტონია.

ისევ დო-რე-ს მაგალითზე:

თუ ზედა ნოტს დიეზს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით გაიზრდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ის (დო-რე დიეზი) გადიდებულ სეკუნდად გარდაიქმნება.

თუ ზედა ნოტს (რე) ბემოლს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით შემცირდება. ამ შემთხვევაში დო და რე ბემოლი პატარა სეკუნდად, ანუ ერთმანეთის უახლოეს მეზობლებად იქცევიან.

თუ ქვედა ნოტს დიეზს დავამატებთ, ინტერვალი ნახევარი ტონით შემცირდება (დო დიეზ-რე) და პატარა სეკუნდა გახდება, ხოლო ბემოლის დამატების შემთხვევაში (დო ბემოლ-რე), ინტერვალი გადიდებულ სეკუნდამდე გაიზრდება.

ერთი შეხედვით, ნამდვილი თავსატეხია, სწავლის სურვილს რომ დაგაკარგვინებს, მაგრამ „მეორე შეხედვით” ეს დაუჯერებლად ადვილია.

„მანძილებსა და მეზობლებზე” საუბარში ფრანსუა ტრიუფოს ერთი შესანიშნავი ფილმი გამახსენდა. ამ საუნდტრეკში ინტერვალების დადგენა ანუ მანძილის გამოთვლა თქვენთვის მომინდვია.

ინტერვალების გადათვლა დამწყებისთვის თითების საშუალებით იქნება მოხერხებული. როგორც ვიცით, დო ფუძიდან სოლ მწვერვალამდე ინტერვალი კვინტაა. ამის გასაგებად დო-დან სოლ-ის ჩათვლით უნდა გადავთვალოთ: დო, რე, მი, ფა, სოლ (1, 2, 3, 4, 5). და აი, განაპირა დო და სოლ ნოტებით ინტერვალი კვინტა მივიღეთ. ხოლო საფეხურებრივი სიდიდის დასაზუსტებლად განაპირა ნოტებს შორის 3,5 ტონს თუ გადავთვლით, წმინდა კვინტას მივიღებთ.

სახალისო მაგალითად დილანდელი ჩაიდნის მუსიკალური პერფორმანსიც გამოდგება. მოგეხსენებათ, ჩაიდნის „ბუნება” ასეთია – მასში წყალი დუღდეს. ამ მხრივ არც ჩემი ჩაიდანია გამონაკლისი და დილით, როცა თავისი „არიის” შესრულებას შეუდგა, მე, თქვენთვის „მუსიკალურ მანძილზე” კონცენტრირებულმა, ჩაიდნის სტვენაში ინტერვალები შევიცანი და უმალ გადავთვალე. ჯერ წმინდა კვარტებით (წმ. 4) „მღეროდა”, მერე წმინდა კვინტაზე (წმ. 5) გადავიდა. ამ დროს შევამჩნიე, რომ ფუძე „ფეხს არ იცვლიდა”, ხოლო მწვერვალი ანუ ორხმიანობის ზედა (პირველი) ხმა ზევით მოძრაობდა. ჩაიდანს ერთფეროვნება მალე მობეზრდა და ისევ ზევით, პატარა სექსტისკენ იწყო სვლა, ისევ ზედა ბგერის მოძრაობის ხარჯზე.

რაღა თქმა უნდა, ჩაიდნის დუღილის მოსმენა ყოველ თქვენგანს შეუძლია. ის არ გაგაღიზიანებთ, თუ „მუსიკალურ კვლევას” შეუდგებით. წარმატებას გისურვებთ, მკითხველებო.

ინტერვალები: კონსონანსი და დისონანსი

გადმოცემით, უდიდეს კომპოზიტორს სებასტიან ბახს თვალის მოტყუება ჰყვარებია. მისი გამოღვიძება დისონანსური (არა ჰარმონიული) აკორდის აჟღერებით იყო შესაძლებელი. გამოღვიძებული, მაშინვე კლავესინს მიუჯდებოდა და დისონირებულ აკორდს იქამდე ავითარებდა, ვიდრე ჟღერადობას ჰარმონიულ, დასრულებულ აკორდამდე არ მიიყვანდა.

მუსიკალურ განსაზღვრებაში კონსონანსისა და დისონანსის შეხამების ძირითადი ნიშან-თვისებაა ჰარმონიული (თანხმობა) და დისჰარმონიული (უთანხმოება) შთაბეჭდილების მოხდენა. მუსიკალურმა ხელოვნებამ სწორედ ამ ნიშნით ისარგებლა და ადამიანის სულიერი მდგომარეობა კონსონირებული (სიმშვიდე, სიამოვნება, სიხარული) და დისონირებული (გაღიზიანება, უთანხმოების არასასიამოვნო შეგრძნება) აკორდებით გამოხატა.

ჩვენ ვიცით, რომ მუსიკალური ინტერვალები, როგორც ბგერათა სიხშირეების თანაფარდობა, ჰარმონიული წყობის საფუძველში დევს. ტონების სიხშირეთა თანაფარდობის მიხედვით ინტერვალები კონსონანსებად და დისონანსებად იყოფა.

კონსონანსები რბილად, მშვიდად, კეთილხმოვნად ჟღერენ; ისინი აკუსტიკურად მყარ ხმოვანებას ქმნიან და გადაწყვეტას არ მოითხოვენ.

სრულქმნილი კონსონანსებია: წმინდა პრიმა (წმ. 1) და წმინდა ოქტავა (წმ. 8).
სრული კონსონანსებია: წმინდა კვარტა (წმ. 4) და წმინდა კვინტა (წმ. 5)
არასრული კონსონანსებია: დიდი და პატარა ტერცია (დ. 3, პ. 3) და სექსტა (დ. 6, პ. 6).
დისონანსები მკვეთრად, უხეშად, დაძაბულად და გამაღიზიანებლად ხმოვანებს. სმენითი აღქმით მათი ხმები არათუ ერწყმის, უშლის კიდეც ხელს ერთმანეთს და აუცილებლად მოითხოვს გადაწყვეტას.

დისონანსებია: დიდი და პატარა სეკუნდა (დ. 2, პ. 2) და სეპტიმა (დ. 7, პ. 7), ასევე – ყველა გადიდებული და შემცირებული ინტერვალი.

კონსონანსური და დისონანსური ინტერვალების, ასევე აკორდების აღქმა სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვანაირი იყო. ადრეულ შუა საუკუნეებში ჰარმონიულად მხოლოდ უნისონში სიმღერა მიიჩნეოდა. დროთა განმავლობაში აღქმის დიაპაზონი საგრძნობლად გაიზარდა სიმღერის სხვადასხვა ინტერვალით გამდიდრების ხარჯზე და უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სიმახვილითა და დახვეწილობით ჩვენი სმენა დღეს ბევრად აღემატება წინაპრებისას. ბგერითი ხარისხის თვალსაზრისით ჩვენი აღქმისთვის ისეთი ნიუანსები გახდა მისაწვდომი, რასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდნენ. სავარაუდოდ, მომავალში ეს უნარი კიდევ უფრო განვითარდება.

დასასრულ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დროთა განმავლობაში კონსონანსი თითქმის სრულიად განიდევნა „მუსიკალური თანაცხოვრებიდან”. თანამედროვე მუსიკასა და ძველ მუსიკას შორის განსხვავება ფორმის თავისუფლებით, რიტმული მრავალფეროვნებითა და დისონირებული აკორდების შეხამებათა სიჭარბით გამოიხატება. ახალი გამომსახველობითი ხერხების ძიებისას მუსიკოსებმა ჰარმონიის განვითარებას მიმართეს და შექმნეს ახალი დისონირებული შეხამებები (არცთუ დიდი ხნის წინ საზოგადოებას ხომ ვაგნერის ჰარმონიები ზედმეტად რთული ეჩვენებოდა). დღეს მუსიკაში კონსონანსის როლი უფრო და უფრო მცირდება; იქმნება ნაწარმოებები, საიდანაც კეთილხმოვანი აკორდები სრულიად გამოდევნილია. სამაგიეროდ, დისონანსი ძლევამოსილებით ბატონობს. დისონანსი წინათ თუ გადაწყვეტის საშუალება იყო, ახლა უკვე თვითმიზანია.

ზემოთ აღნიშნულს ფსიქოლოგიურ ჭრილში თუ განვიხილავთ, თანამედროვე ნაწარმოებები შეიძლება განვსაზღვროთ როგორც დაძაბული მოძრაობის სისტემა სიმშვიდის წამიერი გაელვებით. მუსიკაში კმაყოფილება და სიმშვიდე იშვიათ მომენტებს თუ წარმოადგენს. აქედან მოდის ახალი მუსიკის მოუსვენარი და მერყევი ხასიათი. ხშირად თანამედროვე მუსიკა ფართო მსმენელის გაოცებას, გაღიზიანებასა და პროტესტს იწვევს. ახალი მუსიკა მსმენელებს დიდ მოთხოვნებს უყენებს. საინტერესო შემთხვევაა ერთ-ერთი კრიტიკოსის მიერ გამოთქმული მოსაზრება: როდესაც თანამედროვე კომპოზიტორის სიმფონიის დასრულების შემდეგ კრიტიკოსის გადაქანცულ ყურთასმენას კონცერტის დაწყებამდე მუსიკოსების მიერ საკრავების აწყობისას მიღებული სრულიად ქაოსური (დისონანსური) ხმოვანება კეთილხმოვანი მოეჩვენა, ის მიხვდა, რომ მისმა ყურთასმენამ ახლაღა დაისვენა. ეჭვგარეშეა, მის სიტყვებში ნათლად გამოჩნდა ფართო მსმენელის პოზიცია მოდერნისტ კომპოზიტორთა ნაწარმოებების მიმართ. ზემოთქმულის მიზეზი ზოგიერთ „შეხამებულ” ბგერას მიუჩვეველი ყურია, რომელიც ვერ ახერხებს ბგერების გარჩევას, მათი კავშირების დაჭერას და ერთ სისტემაში მოქცევას. მსმენელის ყური ცდილობს, მისი ყურთასმენისთვის უჩვეულო მკვეთრ დისონანსებში ნაწარმოების ძირითადი აზრი, მთავარი თემა ამოიცნოს, რაც საბოლოოდ ბგერათა ქაოსში ეფანტება. საინტერესოა, რა ფსიქოლოგიური დანიშნულება აქვს ამგვარ ევოლუციას? დღეს ამაზე პასუხის გაცემა ძნელზე ძნელია. დაველოდოთ დროს, ის გაგვიმხელს.

ყოფითი ამბები

0
აცივდა და პრობლემებმა იმატა.

დილაობით ვყვები ხოლმე ადამიანებზე, რომლებიც ღუმელს დღეში მხოლოდ ერთი საათით ანთებენ შეშის დასაზოგავად. ადამიანებზე, რომლებიც ჰყვებიან, როგორ ყიდულობდნენ წინათ სურსათს კილოობით, ახლა კი გრამებზე გადავიდნენ – ჩვენი შემოსავალი მეტს აღარ ჰყოფნისო. ადამიანებზე, რომლებიც მრავალი წელია საცხოვრებელ ფართობსა და ღირსეულ პირობებს ითხოვენ, ჯერჯერობით – უშედეგოდ. ადამიანებზე, რომლებისთვისაც ცხოვრება მძიმე ტვირთად ქცეულა, სასიხარულოზე მეტი სადარდებელი აქვთ და ისიც არ იციან, როდის შეიძლება გაუთენდეთ უკეთესი დღე.

სხვა ამბებსაც ვყვები: არტისტებზე, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი ხელოვნებით პრობლემურ საკითხებზე დისკუსია გამოიწვიონ, ჩვენი ყურადღება მთავარს და, ამასთან, ყველაზე უხილავს – რიგითი ადამიანების სირთულეებს მიაპყრონ და რომლებიც ამის გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევიან; სტუდენტებზე, რომლებმაც ვერ მიიღეს უმაღლეს სასწავლებლებში ის, რასაც აკადემიური დაწესებულებისგან ელოდნენ და ახლა თვითონვე ქმნიან ალტერნატიულ საგანმანათლებლო სივრცეს, უფრო ლიბერალურს და ღიას; მოხალისეებზე, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ შრომობენ და ცდილობენ, თავიანთი საქმიანობით ოდნავ მაინც დაეხმარონ მათ, ვისაც ეს სჭირდება; ცალკეულ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობენ, თავიანთი მოვალეობა კეთილსინდისიერად შეასრულონ და ადამიანებზე, რომლებიც ვერ უზრუნველყოფენ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც შეგვეძლება, კეთილსინდისერად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, თავი მშვიდად და დაცულად ვიგრძნოთ, საკუთარი შრომის შედეგი დავინახოთ.

გადაცემის შემდეგ გარეთ გამოვდივარ, სახეს ცივ ჰაერს ვუშვერ და თვალებს ვხუჭავ. თუ გავახილე, ვხედავ ქვაფენილზე მწოლიარე შიშველ ბავშვებს, რომლებიც ფულს ითხოვენ. მათი დაკრუნჩხული სხეულის სიბრალულით გაღებული ფული, ცხადია, მათ არ ხმარდება. ვიღაც სხვა დგას მათხოვარი ბავშვების უკან, ის მდიდრდება, ესენი კი გროშებს იღებენ. ის ვიღაც ისეთი ძლიერი და საშიშია, სახელმწიფოს ვერა და ვერ გაუბედავს, ამ მონსტრთან ბრძოლა დაიწყოს. ჩვენც თითქოს თვალი შევაჩვიეთ, დიდად აღარ გვეხამუშება, “ციგნები”, – ვიტყვით და გზას გავაგრძელებთ.

ვხედავ სხვა ბავშვებს, რომლებიც გაკვეთილების დროს ქუჩაში დგანან სიგარეტით ხელში და ვითომ საქმიანი, ოდნავ შეწუხებული სახეებით ცდილობენ, უფროსებს ჰგავდნენ. ვერც ამ რეგულაციის ამოქმედებას დაადგა საშველი, რომ არასრულწლოვნებს აღარ მივყიდოთ ალკოჰოლი და სიგარეტი.

ავტობუსის გაჩერებაზე მოხუცები ჭარბობენ, მობუზული, ტანსაცმელგაცრეცილი მოხუცები. წლების წინ ექსპლუატაციის ვადაგასულ ტრანსპორტს ელიან, რომ სახლებს დაუბრუნდნენ. ჩვენთან მოხუცები, საუკეთესო შემთხვევაში, შვილებზე არიან დამოკიდებულნი, უარესში კი თვიდან თვემდე რამდენიმე ათეული ლარით უწევთ თავის გატანა. მგონი, ისიც ერთგვარი ტესტია ქვეყნისთვის, როგორ უვლის მოხუცებს და ბავშვებს – მათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ყურადღება და სათანადო პირობები. ამ მხრივ საამაყო ბევრი არაფერი გვაქვს. დღეს, მაგალითად, მოვყევი იმ მოხუცის ამბავს, რომელიც მეოცე დღეა რაიონის გამგეობასთან შიმშილობს საცხოვრებელი ფართობის მოთხოვნით. შვილები ამბობენ, სახლში ისე აწვიმდა, სხვა გამოსავალი ვეღარ იპოვა და იქ მიყვანა გვთხოვაო.

აყრილ გზებზე, გარემოვაჭრეებზე, სატრანსპორტო კოლაფსზე, შეუხედავი შენობების ფეტიშსა და პრიორიტეტების განაწილების უნარის დეფიციტზე აღარაფერს ვამბობ. სხვა სივრცეში მათზე საუბარი ლოგიკური და დროული იქნებოდა, აქ და ახლა, როცა ადამიანები გადარჩენისთვის, საარსებო მინიმუმისთვის და ღირსეულ ყოფასთან მიახლოებისთვის იბრძვიან, არქიტექტურასა და ინფრასტრუქტურაზე ლაპარაკისას აზრი მიწყდება, დილას მოყოლილი ამბები და ქუჩებში ნანახი კადრები მახსენდება.

ინტერნეტი გაქცევაა. შეგიძლია ათვალიერო განვითარებული ქვეყნების მოკირწყლული ქუჩები, სწორად სტრუქტურირებული ქალაქები, იკითხო ამბები მათი ბინადრების შესახებ, რომლებმაც უკიდურესი სიღატაკე წარსულს ჩააბარეს, მეტი გამბედაობა და მონდომება გამოიჩინეს, უფრო მშვიდად და სტაბილურად ცხოვრების უფლება მოიპოვეს. ახლა მარსზე უშვებენ თანამგზავრებს, ტექნოლოგიებს ხვეწენ, რობოტებს აწყობენ, შესაძლებლობების მაქსიმალურ რეალიზებას ცდილობენ, მომავლის შეცვლას აპირებენ.

ერთ დღესაც იღვიძებ, შედიხარ ინტერნეტში და ხედავ, რომ ერთ-ერთი სწორად სტრუქტურირებული ქალაქის მოკირწყლულ ქუჩებში მშვიდად მცხოვრები ადამიანების სისხლი დის.
გაქცევა შეუძლებელია.
ერთი სტუმრის კითხვა მახსენდება, რიტორიკული: რას ვთავაზობთ შვილებს, გვესმის კი, როგორ პატარავდება სივრცე, სადაც შეიძლება, მათ თავისუფლად იცხოვრონ?!

კითხვა ნებისმიერ სივრცეში ლეგიტიმური და აქტუალურია, აქაც და სხვაგანაც. უბრალოდ, აქ, სადაც ჯერ კიდევ არსებობისთვის, გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა, ამაზე საფიქრალად ვერ ვიცლით. ამასობაში იზრდებიან ბავშვები, რომლებიც შეიძლება ვინმემ გროშების შესაგროვებლად დააწვინოს ქვაფენილზე, ექსტრემისტად გაზარდოს, მომავალი მოუკლას…

ძნელია უყურო, როგორ პატარავდება სივრცე, სადაც შეიძლება, ბავშვებმა თავისუფლად იცხოვრონ.

მოგზაურობა წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად – კოგნიტური თამაში

0

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე გამოირჩევა გაკვეთილების მრავალფეროვნებით. მათ შორის თვალსაჩინო ადგილი უჭირავს ისეთ გაკვეთილებს, რომელიც პიროვნების ჰარმონიული და ინტელექტუალური განვითარების, საკითის სხვადასხვა კუთხით განხილვის საშუალებას იძლევა. კიდევ უფრო სახალისო და საინტერესოა ასეთი გაკვეთილები, როდესაც ისინი კოგნიტური თამაშის ელემენტებითაა გაჯერებული. ასეთი გაკვეთილები სასიამოვნოა და მოსწავლეთა ჩართულობაც – მაღალი.

 

მაგალითად, განვიხილოთ თემა VII კლასის ისტორიის და მათემატიკის კურსიდან „მოგზაურობა წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად”(ისტ. VII. 1,2,10; მათ. VII, 4,5).

მასწავლებლის მიზანია მოსწავლეებს გააცნოს კაცობრიობის კულტურული წარსულის საინტერესო დეტალები; დაანახოს მოსწავლეებს მათემატიკური ცოდნის მნიშვნელობა ცივილიზაციის განვითარებისათვის; შეისწავლოს მოსწავლეთა ტრანსფერული ცოდნის გამოყენების უნარ-ჩვევები გაკვეთილი-თამაშის დროს და სთავაზობს კოგნიტურ თამაშს პრაქტიკული ცოდნის გამოყენებაზე.

მოსწავლეები გაეცნობიან:

·საგნობრივი ინტეგრაციისა და ტრანსფერული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებს;

·კაცობრიობის კულტურული წარსულის საინტერესო დეტალებს და მათემატიკის როლს ცივილიზაციის განვითარებაში;

·შეაჯამებენ მასალას თემაზე: „მოგზაურობა წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად”.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები გაეცნონკაცობრიობის კულტურული წარსულის საინტერესო დეტალებს; იმსჯელონ მათემატიკის წვლილზე უძველესი ცივილიზაციების განვითარებაში; განუვითარდეთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები.

გაკვეთილის მიმდინარეობა:

აქტივობა N1 – კლასის და რესურსების ორგანიზება.

აქტივობა N2 – გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი გამოაცხადებს გაკვეთილის თემას – „მოგზაურობა წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად” და სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ, რისი ცოდნისთვის შეიძლება იმოგზაუროს ადამიანმა წარსულში?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხები ჩამოიწერება დაფაზე:

  • კულტურის უმნიშვნელოვანესძეგლების გასაცნობად;
  • იმ ცოდნის შესაძენად, რომელიც საფუძვლად დაედო კაცობრიობის კულტურული წინსვლის უმნიშვნელოვანეს გამოგონებებს;
  • სხვადასხვა საგნის სწავლების გასაცნობად, განსაკუთრებით მათემატიკის, რომლის კულტურულ ღირებულებასნათლადწარმოაჩენსმისი დანიშნულება სივრცითი და დროითი სტრუქტურების უკეთ გააზრებაში, რომელზეც მთელი სამყაროს შემეცნებაა დამოკიდებული.

აქტივობა N3 – მასწავლებელი აჯამებს მიღებულ შედეგებს და აწვდის დამატებით ინფორმაციას:

საწყისი აზრით ,,კულტურა არის შედეგი ადამიანის შრომითი ზემოქმედებისა როგორც გარე სამყაროზე,ასევე თვით ადამიანზე.თავდაპირველად ის დაკავშირებული იყო მიწათმოქმედებასთან, ცხოველთა და მცენარეთა მოვლა-პატრონობასთან, ე.ი. ფაქტობრივად სოფლის მეურნეობასთან, მოგვიანებით – აღზრდასთან, განათლებასთან, რომლის საფუძველზეც ადამიანმა გამოიგონა დამწერლობა, სატრანსპორტო საშუალებები, ააგო ურთულესი ნაგებობები, დაამუშავა ლითონი, განავითარა ვაჭრობა და ხელოსნობა და დიდ წარმატებებს მიაღწია ზოგადად გამოთვლითი ოპერაციების შესრულებაში.

მასწავლებლის შეკითხვა:კონკრეტულად რომელი საგნის ცოდნა შეიძლება გამხარიყო ამ დიდი მიღწევების საფუძველი?

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხი:

·იწათმოქმედებას, ცხოველთა და მცენარეთა მოვლა-პატრონობას, დამწერლობას, სატრანსპორტო საშუალებებს, ურთულეს ნაგებობებს, ლითონის დამუშავებას, სავაჭრო-სახელოსნო წარმოებას საბოლოო ჯამში საფუძვლად უდევს მათემატიკური გაანგარიშებები, ამიტომ მათემატიკის ცოდნა ცივილიზაციის მიღწევების საფუძველი შეიძლება იყოს.

მასწავლებლის განმარტავსსაზოგადოებისგანვითარებაში ანგარიშისადა მათემატიკურიმოქმედებებისმნიშნელობას და იმისათვის, რომ მოსწავლეები ახლოს გაეცნონ მათემატიკის როლს კაცობრიობის კულტურულ განვითარებაში და დაინახონ ამ ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა, სთავაზობს კოგნიტურ თამაშს – მოგზაურობას წარსულში პრაქტიკული ცოდნის შესაძენად”.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თამაშის შინაარსს:

აღმოსავლეთის ხელმწიფემ გაითვალისწინა ელამელების ძველი დიდება და სახელი, მათი კეთილგანწყობა აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართ და შემოგთავზათ, დაეხმაროთ მათ: გამოგიგზავნათ ორი წერილი და ორი რუკა, რომელზეც აღნიშნულია მოგზაურობის მარშრუტები. თუ თქვენ შეასრულებთ პირველ წერილში მითითებულ დავალებას და გამოავლენთ „ბაბილონეთის” მათემატიკის საფუძვლების კარგ ცოდნას, უფლებას მიიღებთ, გააგრძელოთ გზა და მიხვიდეთ შემდეგ პუნქტში, სადაც „კარგი რკინა” მოიპოვება. იქ გადმოგეცემათ მეორე წერილი.

ინფორმაციას ურუქზე და „კარგი რკინის” ქვეყანაზე გაგაცნობთ ისტორიის მასწავლებელი, ხოლო წერილებში მითითებულ დავალებებს – მათემატიკის მასწავლებელი. დავალებების წარმატებით შესრულებისთვის მიიღებთ განკუთვნილ ჯილდოს, რითაც შეძლებთ „კარგრკინს” შეძენას და დაეხმარებით ელამელებს მეურნეობის განვითარებაში და ცივილიზაციის გზის გაგრძელებაში”.

პირობის თანახმად ისტორიის მასწავლებლი აწვდის ინფორმაციას ბაბილონეთზე და იქ მცხოვრებ ხალხზე, შუმერებზე, მათ მიწათმოქმედებაზე, ლურსმულ დამწერლობაზე, თიხის ფირფიტებზე, სკოლებზე, ბორბლის გამოგონებაზე, ზიქურატებზე; საუბრობს ბაბილონის დაკიდებულ ბაღებზე, ბაბილონის გოდოლზე, აქტიურ სავაჭრო ურთიერთობებზე მეზობელ ქვეყნებთან, რომელიც ეკონომიურად ამდიდრებდა ბაბილონეთს და ხელს უწყობდა მის კულტურულ განვითარებას.

საუბრის დასასრულების შემდეგ მათემატიკის მასწავლებელი ხსნის პირველ წერილს და მოსწავლეებს აცნობს იქ მოთავსებულ ინფორმაციას:

ბაბილონელების წარმატება დიდად იყო დამოკიდებული მათ მიერ დროის სწორად გამოყენებასთან, რადგან ისინიდიდ პატივს სცემდნენ დროს და ცდილობდნენ ის უქმად არ გაეფლანგათ. ბაბილონელები სარგებლობდენ დათვლის ექვსათეულიანი (60) სისტემით, რომელიც შუმერებიდან მოდიოდა. საათისა და კუთხური გრადუსის60 წუთად დაყოფაც აქედან მოდის: საათში 60 წუთია, წუთში – 60 წამი, გარშემოწერილობა – 360 გრადუსია,1გრადუსში 60 მინუტია.

დავალება N1: ბაბილონური დროის აღრიცხვის მოცემული ინფორმაციის საფუძველზე შეასრულონ დავალება:

·გამოსახეთ წუთებში 2/5სთ;11/12სთ.

·რამდენი საათია 15 წთ? 12 წამი?

მოსწავლეები ასრულებენ დავალებას(2/5სთ = 24 წთ; 11/12 სთ = 55 წთ.; 15 წთ = 1/4სთ; 12 წმ = 1/300 სთ).

დავალება N 2: „ბაბილონელები ფულისა და წონის ერთეულსაც 60-ს უკავშრებდნენ. დროის ფასი ხომ მათთან არანაკლებ დიდი იყო. ისინი ფულისა და წონის ერთეულს 60-ს ტოლ ნაწილად ყოფდნენ, რომელიც შუმერული ტრადიცია იყო. 60 გამყოფების დიდი რაოდენობითაც გამოირჩევა. ის უნაშთოდ იყოფა 2, 3, 4, 5, 6, 10, 20-ზე და შესაბამისად ხურდის მიცემა მოსახერხებელი იყო. მათ ფულის ერთეულს მინა ეწოდებოდა და ვერცხლის იყო.მას ორ ნაწილად ყოფდნენ.თითოეული ნახევარი თავის მხრივ სამ ნაწილად იყოფოდა და შესაბამისად შუმერებს შორის მეექვსედი მინის შესაბამისი ვერცხლის ულუფები მიმოიქცეოდა. მინა 1 ტალანტის მესამოცედი ნაწილი იყო. შუმერების მეზობელიაქადელების ფულს კი შეკელი ეწოდებოდა.სწორი ანგარიშით და წარმატებული გაცვლა-გამოცვლით ბაბილონელები მეზობელ ქვეყნებთან აქტიურ ურთიერთობაში იყვნენ ჩართული”.

ამოხსენით ამოცანა:

ა) რამდენ შეკელში გაიცვლებოდა შუმერული მეექვსედი მინა?

ბ) რას უდრიდა 1 შუმერული მინა?

გ) რამდენ მინას და რამდენ შეკელს უტოლდებოდა 1 ტალანტი?

პასუხები: ა) 10 შეკელში; ბ) 60 შეკელს; გ) 60მინას და 3600 შეკელს.

მოსწავლეებმა სწორად გასცეს პასუხი დავალებებს და გააგრძელეს გზა.

აქტივობა N5: რუკის მიხედვით მოგზაურობის შემდეგი პუნქტია ხეთების სამეფო (სურ.2).

„ისინიცხოვრობდნენ მთიან მხარეში და მდიდრები იყვნენ ლითონის საბადოებით. განსაკუთრებით ცნობილები იყვნენ „კარგი რკინის” დამზადებით, რაც საშუალებას აძლევდათ წარმატებით ევაჭრათ მეზობელ ქვეყნებთან. საინტერესოა, რომ ხეთები რკინას საიუველირო მასალადაც იყენებდნენ. ისინი ცდილობდნენთავიანთიცოდნაგამოეყენებინათსამხედროუპირატესობისთვიდასხვებსარაძლევდნენგათანაბრებისსაშუალებას. ამიტომ იყო, რომ რკინისნაწარმმაფართოგამოყენებაჰპოვამხოლოდტროასომისდახეთებისსახელმწიფოსდაცემისშემდეგ, როდესაცბერძნებისსავაჭრო ურთიერთობების გამორკინისტექნოლოგიაბევრისათვისგახდაცნობილი. ასეშეცვალაბრინჯაოსხანარკინის ხანამ“.

საუბრის დასრულების შემდეგ მათემატიკის მასწავლებელი ხსნის მეორე წერილს და მოსწავლეებს აცნობს იქ მოთავსებულ ინფორმაციას:

„სავაჭრო ურთიერთობაში ხეთებს ეხმარებოდა დათვლის სისტემის არსებობა (დათვლის სამოცათეულიანი სისტემა მათთვისაც ცნობილი იყო) და მათემატიკის საფუძვლების, მაგალითად, პროპორციების ცოდნა. ეს კარგად ჩანს ერთ ხეთურ წარწერაში (ძვ.წ. XIV ს.), სადაც ლითონის ფასზეა საუბარი: „სპილენძის 240 წონის ერთეული = 4 მინა სპილენძს = 1 შეკელ ვერცხლს”.

დავალება N 3: მოცემული ინფორმაციის საფუძველზე წარმოიდგინეთ, როგორ გაცვლიდნენ ხეთი ვაჭრები მათთვის ძვირფას რკინას სხვა ლითონებში და იპოვეთ შეფარდება:

რკინა: ვერცხლი: სპილენძი = 1: ? : ?

პასუხი: 1: 4: 960.

დავალება N4 : გამოთვალეთ: 2/3 მინა = …. შეკელს; 15 შეკელი = …….. მინას; 70 შეკელი =…… ტალანტს.

მოსწავლეები ასრულებენ დავალებას.

დავალება N5: მათემატიკის მასწავლებელი: თქვენ კარგად შეასრულეთ ზემოთ მოანილი დავალებები. ახლა კი გამოთვალეთ, „რამდენ ხანს გასტანს თქვენი მოგზაურობა უკან, ელამში, თუ გზის 1/3 ნაწილი დაიძლევა 10 დღეში, ხოლო შემდეგი 1/3იმაზე2/5-ით ნაკლებ დროში, ვიდრე პირველი ნაწილი, ხოლო ბოლო 1/3 ნაწილი 2-ჯერ მეტ დროში, ვიდრე მეორე ნაწილი”.

სავარაუდო პასუხი:10+6+12=28 დღე.

პირობის მიხედვით მოსწავლეები მიიღებენ აღმოსავლეთის ხელმწიფის მიერ დაწესებულ ჯილდოს: 1 ტალანტს თითო მოსწავლე. სულ დაგროვდა 20 ტალანტი.

მათემატიკის მასწავლებელი:

·გამოთვალეთ, რა რაოდენობის „კარგი რკინის” შეძენას შეძლებთ ამ თანხით?

პასუხი: 20 ტალანტი =20 60 მინა = 1200 მინა=72000 შეკელი რკინა.

ისტორიის მასწავლებელი: რაში გამოიყენებდით თქვენს შენაძენს?

სავარაუდო პასუხი:

ა) გადავცლიდით ბაბილონეთში და მიღებული მონაგებით განვავითარებდით მათემატიკის სწავლებას ელამში, რაც ხელს შეუწყობდა ელამს ტექნიკურ გამოგონებებში, საკუთარი ტექნოლოგიების განვითარებაში და კულტურულ წინსვლაში.

აქტივობა N5: რეფლექსია: – შეავსეთ სქემა:

ასეთი გაკვეთილები ავითარებს მოსწავლეთა შედარებისა და განზოგადების უნარს, შემოქმედებით და ანალიტიკურ აზროვნებას, ხელს უწყობს დინამიკური და ტრანსფერული ცოდნის გააქტიურებას და სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს. მასწავლებელს წარმოდგენა ექმნება მოსწავლეთა მოტივატორებზე, მათ ცოდნაზე და პრაქტიკულ უნარებზე და ეხმარება მომავალი გაკვეთილების დაგეგმვაში.

 

„უძღები შვილის“ იგავის ვარიაციები ლიტერატურაში

0

ქართული ლიტერატურის სწავლებისას გასათვალისწინებელია ის კონტექსტი, რომელსაც ძველი და თანამედროვე ლიტერატურა ერთიანობაში ქმნიან. ამ კონტექსტს კი „ასაზრდოებს” ბიბლიური სახისმეტყველება, სახარებისეული იგავები.

„ძე შეცდომილის”, იგივე, „უძღები შვილის”, სახარებისეული იგავი ხელოვანთა მიერ მრავალგზის და მრავალმხრივ არის ინტერპრეტირებული. არ დარჩენილა არც ერთი დიდი მხატვარი ან მწერალი, რომლის შემოქმედებაში პირდაპირ თუ ქარაგმულად არ არეკლილიყო ეს მარადიული თემა. ქართულ მწერლობაში არაერთი ნაწარმოები შეიძლება დასახელდეს, რომლებშიც ეს თემა საინტერესოდ და ორიგინალურად არის დამუშავებული. უპირველეს ყოვლისა, კი გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველია” უახლეს ქართულ ლიტერატურაში ის რომანი, რომელშიც უძღები შვილის იგავი სიცოცხლის საზრისის ძიებაში ეხმარება მწერალს. შინიდან სამყაროსა და თავის შესაცნობად წასული დომენიკო, ბოლოს და ბოლოს, ბრუნდება მამის სახლში, რადგან ასეთია „ღვთაებრივი კანონზომიერება”.

ამჯერად კი, მოკლედ წარმოვაჩენთ, როგორ გარდაისახა სახარებისეული სწავლება რაინერ მარია რილკეს, ნიკოს კაზანძაკისისა და ბესიკ ხარანაულის შემოქმედებაში.

„ძნელად თუ ვინმე გადამარწმუნებს, რომ ძე შეცდომილის იგავი არ არის ამბავი იმ კაცისა, რომელსაც არ სურდა, ვინმეს ჰყვარებოდა”, _ ასე ფიქრობს რაინერ მარია რილკეს პერსონაჟი მალტე ლაურიდსი (რომანიდან „მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები”), რომელიც მის მიერ დახატულ გმირთაგან ყველზე უფრო მეტად ჰგავს ავტორს, მისი ორეულია.
რილკეს თვალსაზრისით კი, უძღებ შვილს _ ბავშვობაში გამორჩეულად რომ უყვარდათ, ანებივრებდნენ, არაფერს არ აკლებდნენ, ცივ ნიავს არ აკარებდნენ, ზედ დაჰკანკალებდნენ, ერთ მშვენიერ დღეს მობეზრდა ახლობელთა ეს მზრუნველობა და სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა. მას თავიდან სურდა, მოეშორებინა ეს მომაბეზრებელი სითბო და წასულიყო იქ, სადაც ეს სიყვარული ვერ მისწვდებიდა, გალიაში რომ ამწყვდევდა და თავგზას უბნევდა. მან განიზრახა, არავის არ ჰყვარებოდა, „რათა არავისთვის დაეტეხა თავს ის საშინელება, სხვისგან მომდინარე სიყვარული რომ ატეხს თავს ადამიანს”. იგი ბევრს ხეტიალობდა, უსაზღვროდ ფლანგავდა გრძნობებს, ყოველ ახალ სუყვარულს მთელი არსებით ეძლეოდა, მაგრამ თან შიშობდა, „სხვისთვის თავისუფლება არ წაერთმია”. სწორედ მაშინ ჩაუფიქრდა ტრუბადურთა მაგალითს, რომელთაც ყველაზე უფრო ის აშინებდათ, რომ სატრფოს მათი სასიყვარულო ღაღადი არ შეესმინა. სწორედ ასეთი რამ ემართებოდა მალტესაც. მან გამოსცადა უამრავი სიყვარული, მაგრამ არც ერთს შინაგანად არ დაუნაცრავს. ღამეებს ღატაკთა თავშესაფრებში ათევდა და ნაგვის გროვებში ეძინა, მაინც გარბოდა შორს შინიდან, რათა სრულყოფილ მარტოობაში შეემეცნებინა ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა და სხვა არავისი. მთელი მისი ყარიბობა იყო ერთი ხანგრძლივი, მტანჯველი სწავლა ამ სიყვარულისა. მას სურდა, ამიერიდან აღარაფერზე გაეფანტა ყურადღება, „რადგან ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ ყველაფერში მისი სიყვარული სახლობდა და საზრდოობდა”. აი, სწორედ მაშინ გადაწყვიტა შინ დაბრუნება: „აღარ უფიქრია, რომ სიყვარული შეიძლება ისევ არსებულიყო”. ახლობლებმა სიხარულით მიიღეს, მისი სიშმაგე თავისებურად ახსნეს და მიუტევეს, უძღებმა შვილმა კი ენით აღუწერელი თავისუფლება იგრძნო, რადგან „დღითიდღე რწმუნდებოდა, რომ ოჯახის წევრთა სიყვარული მას აღარ ეხებოდა, სიყვარული, რითაც ასე მოჰქონდათ თავი და რისკენაც ერთმანეთს ფარულად აქეზებდნენ. მან კი იგრძნო, რომ სწორ გზაზე იდგა და სულ არ სჭირდებოდა სხვათა გაგება და თანაგრძნობა: „აბა, რა იცოდნენ, ვინ იდგა მათ წინ. დაბრუნებულის სიყვარული ახლა ძალიან ძნელი იყო და გრძნობდა კაცი: მხოლოდ იმ ერთს შესწევდა ძალა. ის ყვარებოდა. მას კი ჯერ არ სურდა”. სწორედ მისი, ღვთის, სიყვარულის მოლოდინი იქცა გმირის ცხოვრების საზრისად. მან იპოვა თავისი თავი და ბედნიერების განცდა დაეუფლა.

ნიკოს კაზანძაკისის რომანში „აღსარება გრეკოსთან” ამ იგავის განსხვავებული გამოძახილია. აქ გმირის სულიერი ძიება არ არის სწორხაზოვანი. მის ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც ძიება თვითმიზნად იქცევა და არა ღვთის სახლში დაბრუნების წყურვილად. ამ დროს ჩნდება `უძღები შვილის~ ამგვარი ინტერპრეტაცია: შინ დაბრუნებულ უძღებ შვილთან ღამით ძმა შევიდა და გაუმხილა, გაქცევა მინდა მამისეული სახლიდანო. უძღებ შვილს ამის გაგება გაუხარდა, გულში ჩაიკრა ძმა და ურჩია, სად და როგორ წასულიყო, თან აქეზებდა, რომ მასზე უფრო ვაჟკაცი და ამაყი ყოფილიყო და არ ეკადრა შინ დაბრუნება, მერე ძმა გააცილა და გაიფიქრა, იქნებ ეს ჩემზე ძლიერი გამოდგეს და არ დაბრუნდესო.

„ჩვენს სინამდვილეში არსებობს ისეთი უხილავი განზომილება, სადაც ერთადერთი და განუწყვეტელი პროცესი მიმდინარეობს: მამა შვილს ეძებს: შვილი მამას, მკვდარი ცოცხალს და წარსული აწმყოს. მიმდინარეობს განუწყვეტელი რიტუალური დიალოგი ცისა და მიწისა, სიკვდილისა და სიცოცხლისა და უძებნი შვილი კი ყველას ავიწყდება”, _წერს ბესიკ ხარანაული რომანში `სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი ანუ წიგნი ჰიპერბოლებისა და მეტაფორებისა~. მისთვის ეს იგავი იქცა შთამაგონებლად ორიგინალური მხატვრული სახის შესაქმნელად. რომანში „უძღები შვილი” ტრანსფორმირებულია „უძებნ შვილად” და ამგვარად გამოხატულია თანამედროვე სამყაროში ღვთისგან მიტოვებულობის მტანჯველი განცდა. თუ გავიხსენებთ იმას, რომ ყოველი სიტყვა `პოეტური ნაწარმოებია~ (ბორხესი), ეს სინტაგმა `უძებნი შვილი~ უმაღლესი რანგის პოეზიად წარმოჩნდება – გამოთქმის ორიგინალურობით, ხატოვანებით, სიმბოლურობით, ფილოსოფიური სიღრმით. პოეტის მიერ დაწერილ ამ `ენციკლოპედიურ რომანში~, რომელიც `პოეზიისა და პროზის პირშესაყარზეა~, მწერალი ქართველთა ეთნოსის ძირებს ჩრეკს და აანალიზებს.

ეს უძებნი შვილი მწერლის ალტერ ეგოა, მწერლისა, რომელიც ქართველთა ეთნოსის კონკრეტულ სახედ წარმოჩნდება რომანში. ის ჯერ უძღებია, „ძე შეცდომილია”, რადგან „დავიწყებული” აქვს „ფესვები”, მაგრამ იწყებს გახსენებას, გააზრებას, შემეცნებას და, ამგვარად, გადაწყვეტს, დაბრუნდეს შინ, მაგრამ აქ ახალი დაბრკოლება ჩნდება, მას აღარ ელის „მამა”. შვილი დაკარგულია, თანაც, ნაგავსაყრელზე. რომანში თანამედროვე ცივილიზაცია წარმოჩენილია, როგორც ნაგავსაყრელი, რომელიც ნთქავს და ანადგურებს კულტურას. „უძებნი შვილი” სწორედ დასაღუპავად განწირული კულტურის შვილია, რომელიც უნდა გადარჩეს. მან ფენიქსივით უნდა შეძლოს აღდგენა, დაიბრუნოს ძველი სახე, რათა მამამ იცნოს და მიიღოს.

მთხრობელი რადგან თავს მიიჩნევს „უძებნ შვილად”, ნაგავსაყრელზე გარიყულად, ამიტომ თავდასაღწევად, ღვთის დასანახავად წერს იმ ფესვებზე, რომლებიც ასაზრდოებენ, კონკრეტულად, ქართველობას და, ზოგადად, ადამიანურობას. თომას მანი ადამიანურობას წმინდა გრაალს უწოდებდა და თავისი რომანის, „ჯადოსნური მთის”, პერსონაჟი ჰანს კასტორპი მიაჩნდა ერთ-ერთ მის მაძიებელ რაინდად. ამგვარ რაინდად შეიძლება მივიჩნიოთ ამ წიგნის მთხრობელიც.

უძებნ შვილად თვითონ საქართველოც შეიძლება გავიაზროთ. რატომ უნდა მოძებნოს მამამ „უძებნი” შვილი _ საქართველო? რა ღირსია „მამის უარმყოფელი” და „ნაგავსაყრელს” შეგუებული?

თუ რატომ არის ღირსი, რომ მოიძებნოს, ამის შესახებაა რომანი. ქართული ეთნოსი ღირსია გადარჩენისა, იმიტომ, რომ მისი ნამდვილი სახეა ფოლკლორი: რომელშიც მათი სული ირეკლება. თვითონაც ამ ეთნოსის ნაწილია და ამიტომაც იმის დასტურად, რა „შეუძლია” ქართველს, თხზავს ამ რომანს. „ღმერთს უყვარს განწირული, მაგრამ არ უყვარს, ვინც განწირულებას ეგუება. ღმერთმა საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ: როცა შვილი მამას ედავება, მამა ჭაბუკდება, აგრეთვე იცის, ცუდი შვილი _ საყვარელია”.

მწერლისთვის „სამყაროც სიტყვაკაზმული უსასრულობაა”, რომლის გამოთარგმანება ყველაზე უკეთესად პოეზიას შეუძლია. მას სჯერა, „სამყაროს დანგრევა ისევე შეუძლებელია, როგორც გილგამეშის, ჰომეროსის, რუსთაველის, დანტესა და შექსპირის სტრიქონებისა”. ამიტომაც რომანში დაიძლევა მამასა და შვილს შორის დაკარგული სიყვარულის გამო გამოწვეული სასოწარკვეთილება იმით, რომ სწორედ პოეზია, ლოგოსის, ღვთის არსების ყველაზე საუკეთესოდ გამომხატველი, „უძებნ შვილს” შინისკენ მიმავალ გზას აპოვნინებს.

აუცილებელი მუზეუმი

0
კი მოვიდნენ საუკუნის დასაწყისში ფუტურისტები და თქვეს – მუზუემები უნდა გადავაწვათო – ფერფლს უნდა მიეცესო წარსულის ყოველგვარი ნაშთი, მაგრამ მერე სულ სხვაგვარად მოხდა. ამ ფუტურისტთა და სხვათა ნაღვაწიც დღეს სწორედ მუზეუმებშია დაცული. დრომ და ყოფამ დაამტკიცა, რომ ადამიანები დიახაც დიდად ვებღაუჭებით მეხსიერებას. მაგრამ ხანდახან ისე გამოდის, რომ ჩვენი მეხსიერება უკიდურესად შერჩევითია და რაღაც უცნაური, გაუგებარი ლიმიტი აქვს. ამგვარი ხედვით, ჩვენთან თუნდაც ხელოვანებს ვირტუალურ საფეხურებს ვუწესებთ და მერე არაერთი გვავიწყდება. ამ შემთხვევაში, კონკრეტულად ივანე მაჩაბელზე მოგახსენებთ. თუკი ვინმეა გამოსაყოფი მეცხრამეტე საუკუნის ქართველ მოღვაწეთაგან, ერთ-ერთი სწორედ ეს კაცია. თუკი ვინმეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართულ მთარგმნელობით სკოლას საფუძველი ჩაუყარა, ათონელთა შესანიშნავი პერიოდიდან დიდხნიანი წყვეტის შემდეგ, ივანეა. და ამავე გზით, თუკი ვინმემ გაჭრა ფანჯარა ევროპისკენ, დასავლური აზროვნებისკენ, ეს, სხვათა შორის, ივანეზეც ითქმის.

  თან ძალიან თამამად.

ამიტომაც – ჩვენ გვჭირდება მისი მუზეუმი, განახლებული და სხვაგვარი. საერთოდაც, უნდა არსებობდეს აუცილებელი მუზეუმების სია და შეგვიძლია ამაზე წერაც დავიწყოთ. ივანე მით უფრო დიდი თემაა – მთელი თავისი ურთულესი ბიოგრაფიით – მრავალმხრივი მოღვაწეობით და ტრაგიკული აღსასრულით. ჰოდა, უნდა მივხედოთ ივანეს, აღვადგინოთ მისი პოლემიკის დეტალები ილიასთან – ამისთვის არის შესაბამისი მასალა, გამოვფინოთ ოჯახის წევრთა სურათები, პუბლიკაციები, მიმოწერები, ნივთები – ისე არ დავკარგოთ ეს კაცი, როგორც თვითონ დაიკარგა ფიზიკურად. მე პირადად სიამოვნებით და უანგაროდ ჩავერთვები ამ საქმეში.

  ეს ამბავი იმან მიკარნახა, რომ მაჩაბლის მუზეუმი თბილისს გარეთაც არსებობს. წეროვანში. ლტოლვილი მუზეუმია. არცთუ ოდესღაც თამარაშენში იდგა, ძალიან ლამაზ ეზოში. ორ ომში მოყვა. დღეს არავინ იცის ჯერ კიდევ არსებობს თუ არა – ეგებ გადაწვეს თანამედროვე ,,ფუტურისტებმა’’. აქ კი მართლაც მხრებით გადმოიტანეს, რაც გადმოიტანეს და წეროვანში, აწ გარდაცვლილი დირექტორის კოტეჯში დაფუძნდნენ. მათაც ჭირდებათ მიხედვა.

 მაჩაბლის სახელს, მისი თარგმანიდან რომ ვისესხოთ – ,,ყოფნა, არ ყოფნა’’ არ უნდა დასტრიალებდეს თავზე.

რჩევები ახალბედა მასწავლებელს

0
ამბობენ, რომ უშეცდომო მხოლოდ ის არის, ვინც არაფერს აკეთებს, მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უფლება გვაქვს ხშირად შევცდეთ? ალბათ არა. უმჯობესია, ერთი და იმავე შეცდომა არ გავიმეოროთ, მით უფრო თუ გვსურს პროფესიულად განვვითარდეთ და სასურველ შედეგს მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ. 

გამოცდილი მასწავლებლების დაკვირვებით, მათი ახალბედა  კოლეგები კარიერის დასაწყისში არცთუ იშვიათად უშვებენ იდენტურ შეცდომებს, რომელთა აღმოფხვრა დიდ დროს მოითხოვს. ამ შეცდომების გამო ზარალდებიან მოსწავლეები, მათი განათლება და აღზრდა… ეს რჩევები გამოადგება სწორედ იმ ახალგაზრდა პედაგოგებს,  ვისაც არ სურს სხვისი შეცდომების გამეორება.

მოსწავლეებისგან იდეალური ქცევისა და აკადემიური მოსწრების მოლოდინი. ბევრი მასწავლებელი სკოლაში კარგად სწავლობდა. ბევრმა წითელ დიპლომზეც დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. ასეთ მასწავლებელს სკოლაში მუშაობის პირველ ხანებში შეიძლება მოეჩვენოს, რომ ყველას შეუძლია მასსავით მიაღწიოს საუკეთესო შედეგს. ზოგჯერ ახალბედა მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ მოსწავლის შესაძლებლობები ულიმიტოა და თუ ბავშვი მოინდომებს, მთებს გადადგამს. 

მაგრამ რეალობა სხვაა. თუ მოსწავლე არ აცდენს გაკვეთილებს, არასოდეს იღებს დაბალ ნიშნებს, იცის ყველა საზეპირო, არ აქვს ასაკობრივი პრობლემები, არ დარბის დერეფანში თავქუდმოგლეჯით, არ აწიოკებს სხვა პედაგოგებს, არ არის მარცხიანი, არ გააჩნია საკუთარი აზრი და ყველაფერში ეთანხმება მასწავლებელს, ის მოსწავლე კი არა, პედაგოგის ერთგული ჯარისკაცია, რომელსაც სკოლის გარემოსთან მხოლოდ დროებითი „კონტრაქტი” აკავშირებს. 

ახალბედა მასწავლებლები ხშირად უჩივიან ბავშვების უმადურობას: „ტვინს ვასხამ გაკვეთილზე, რას არ ვაკეთებ, მას კი არაფერი ესმის…” ნუ დაიწყებთ, რომ ბავშვებს, განსაკუთრებით მცირე ასაკში, ცუდად აქვთ განვითარებული მადლიერების გრძნობა უფროსებთან მიმართებაში. ეს დამახასიათებელია არა მხოლოდ პატარებისთვის. ნამდვილი მადლიერების განცდა სულიერების უმაღლესი პილოტაჟია, მისი ბოლომდე გაცნობიერება კი ადამიანების მიერ მხოლოდ წლების მატებასთან ერთად ხდება. სწორედ ამიტომ ზოგიერთი მასწავლებლის ღვაწლი ჩვენთვის თვალსაჩინო წლების მერე ხდება და არა იმ კონკრეტულ დროს, როდესაც ის ჩვენთან ურთიერთობს. 

მოსწავლის სიცელქის თუ დაბალი მოსწრების გამო მასწავლებელი საკუთარ თავს ადანაშაულებს, ძალიან განიცდის. წარმოიდგინეთ, რომ ექიმი ხართ, რომლის პრაქტიკაში არსებობს წარუმატებელი, ლეტალური შემთხვევები. ემოციას რომ აყვეთ და ამაზე გამუდმებით იფიქროთ, სხვა პაციენტებს ვეღარ დაეხმარებით, მათ, ვისაც გამოჯანმრთელების იმედია აქვს. ექიმმა იცის როდის და რატომ არ შეუძლია დაეხმაროს პაციენტს, იცის, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი მასზე და მის პროფესიაზე არ არის დამოკიდებული. ასე მასწავლებელიც. მას უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს მოსწავლის წინაშე, მაგრამ ყველაფერზე ვერ აგებს პასუხს. ბავშვებს ჰყავთ მშობლები და თუ მშობლებისთვის ბავშვების გაცდენები ნორმაა, მასწავლებელი უძლურია. მასწავლებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს თავის პროფესიაში, მაგრამ მის შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. არ შეიძლება წარუმატებელი შემთხვევების გამო დეპრესიაში ჩავარდნა, სკოლის პრობლემების თავს მოხვევა ოჯახის წევრებისთვის, პროფესიიდან წასვლა. თუ ბავშვმა გაკვეთილი არ ისწავლა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირადად თქვენ პატივს არ გცემთ. ამას შეიძლება უამრავი სხვა მიზეზი ჰქონდეს.      
     
მკაცრი, ავტორიტარული ურთიერთობის სტილი. ახალბედა მოსწავლეების გულის მოსაგებ ცდილობს მათთან ურთიერთობა როგორც თანატოლმა ისე დაამყაროს. ის გამოიყენებს მათ სლენგს, თვალს ხუჭავს ბავშვების თამამ ქცევაზე, გაკვეთილზე არ აძლევს შენიშვნებს და ა.შ. ამაში კრიმინალური არაფერია, მაგრამ მთლიანობაში, ადრე თუ გვიან, ბავშვები კარგავენ მასწავლებლის პატივისცემას, რიდს, ისინი სულ უფრო თავისუფლები ხდებიან და ბოლოს, როდესაც მასწავლებელი ფიქრობს, რომ ბავშვების სიმპათია დაიმსახურა, კლასის სამართავი ყველა სადავე ხელიდან აქვს გამოცლილი. ასაკის და გამოცდილების მიუხედავად მასწავლებელს უნდა ესმოდეს, რომ გაკვეთილს ის მართავს, ის არის გაკვეთილზე პასუხისმგებელი. სწავლების პროცესი ბავშვზეა ორიენტირებული, მაგრამ ამ პროცესს მასწავლებელი მართავს. უხეშად რომ ვთქვათ, ბავშვები მასწავლებლის თამაშს თამაშობენ და არა პირიქით.        
მეორე უკიდურესობაა ზედმეტი სიმკაცრე, მორალური წნეხი და ბავშვებთან პირადი კომუნიკაციის უქონლობა. გამოუცდელი მასწავლებელი პირველივე გაკვეთილიდან ზედმეტად მომთხოვნია. მისი ურთიერთობა ბავშვებთან მხოლოდ შიშს ემყარება. ასეთ მასწავლებლებთან მოსწავლეები ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განიცდიან, ჩუმად სძულთ ის და მისი საგანი.
შეუსრულებელი დაპირება. ეს შეცდომა ძალიან გავრცელებულია მასწავლებლებში. უყურადღებობის თუ სხვა მიზეზის გამო მასწავლებელი, რომელიც არ ასრულებს დაპირებას, მოსწავლეების ნდობას სწრაფად კარგავს. ნდობის აღდგენა კი ძალიან რთულია. თუ ბავშვებს ექსკურსიას ან კინოში გასეირნებას შეპირდით, დაპირება უნდა აასრულოთ. თუ უთხარით, რომ ნიშნას დაუკლებთ/მოუმატებთ, უნდა დაუკლოთ/მოუმატოთ. თუ მშობლების გამოძახებით დაემუქრეთ, უნდა გამოიძახოთ. თუ ამას ჰაერზე ლაპარაკობთ და ასრულება არ უწერია, რისკის ქვეშ ხართ. დაპირების არშესრულებისთვის ობიექტური მიზეზი თუ გაქვთ, ამის შესახებ ბავშვებს, რაც შიძლება მალე უნდა აცნობოთ. გვიან ღამით, გაკვეთილისთვის საათობით ემზადება. პირველ სასწავლო წელს ასეთი ჩივილებით ვერავის გააკვირვებთ. დიახ, რთულია, მაგრამ თუ ეს წლების განმავლობაში გრძელდება, იქნებ რამეს არასწორად გეგმავთ? არ არის აუცილებელი ყოველ გაკვეთილზე ველოსიპედი გამოიგონოთ, გადაიკითხეთ მეთოდოლოგია, გაიზიარეთ კოლეგების გამოცდილება, იყავით ორიგინალური და შემოქმედებითი, მაგრამ ზომიერად, ნუ „გადაიწვებით”, თქვენს მოსწავლეებს საღ-სალამათი სჭირდებით.
დამოკიდებულება – „როგორც მიხდიან, ისე ვმუშაობ”. არცერთ პროფესიაში, მით უფრო მასწავლებლის, ასეთი დამოკიდებულება მისაღები არ არის. სკოლაში მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელმა უნდა იცოდეს რა პირობებში და გარემოში მოუწევს ყოფნა. თუ მოსწავლე ვერ აიყოლია, ეს ნაწილობრივ მისი პრობლემაა. სკოლის მასწავლებელი არ არის უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, რომელსაც შეუძლია ლექცია ფურცლიდან წაიკითხოს. მასწავლებელმა მოსწავლე უნდა აღზარდოს, დააინტერესოს, ახალი ცოდნა გაუზიაროს.    
ბავშვები და პროფესიული ეთიკა.  ბავშვებს უნდა აგრძნობინოთ, რომ პატივს სცემთ. არ იხუმროთ მათ სახელებთან დაკავშირებით, სერიოზულად აღიქვით მათი მოსაზრებები და გრძნობები. ბავშვმა შეიძლება რაიმე სისულელე გააკეთოს და უცოდინარობის გამო თქვას, მაგრამ ამის გამო არ უნდა დასცინოს. 
არასოდეს გაკიცხოთ სხვა მასწავლებელი მოსწავლეების თანდასწრებით. არასოდეს გაკიცხოთ მოსწავლე სხვა ბავშვების თანდასწრებით, თუ ის ამ პროცესს არ ესწრება.    
თვითკონტროლის უქონლობა.  ახალბედა მასწავლებელი გაკვეთილზე ხშირად კარგავს თვითკონტროლს მოჭარბებული ემოციების გამო. როგორც წესი, მოსწავლეებში ყოველთვის გამოერევიან ხმაურიანი, ურჩი, ენერგიულები ბავშვები, რომლებსაც მოსწონთ მასწავლებლის  მოთმინებას გამოცდა. ჩვენ ყველას გვყოლია ემოციური და კონტროლდაკარგული მასწავლებელი. ისინი სწორედ რომ ამით დაგვამახსოვრდნენ და არა იმით, რასაც გვასწავლიდნენ.

თვითკონტროლი მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ემოციების მართვა განსაკუთრებით მაშინ რთულდება, როდესაც მასწავლებელს მოთმინება ეწურება და მზად არის არა მხოლოდ ყვირილზე, ფიზიკურ შეურაცხყოფაზეც გადავიდეს. თუ როგორ უნდა მოთოკოს საკუთარი ემოციები მასწავლებელმა, ამის შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს. ყველაზე გავრცელებული რეკომენდაციაა ყურადღების გადატანა სხვა რამეზე, დროული პაუზის გაკეთება, გაფანტული აზრების თავმოყრა და გაკვეთილების შემდეგ ურჩ მოსწავლეებთან პირისპირ გასაუბრება. მშვიდობიანი გზით მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლა არა მხოლოდ განმუხტავს კლასში არსებულ დაძაბულ სიტუაციას, არამედ ერთგვარი მაგალითიც იქნება მოსწავლეებისთვის.        

სასწაული ორღობის ბოლოს

0

ორი კვირის წინ საქართველოს ერთ-ერთ არაჩვეულებრივ, ბევრისგან დავიწყებულ პროვინციულ ქალაქში გახლდით. ქვემო ქართლის ყველაზე ლამაზ დასახლებაში გასაოცარ მოულოდნელობას გადავეყარე. ძველი გერმანული არქტიტექტურით ნაგებ სახლებსა და ბოლნისის უნიკალურ ტყე-პარკს ერთმანეთისაგან ერთი თითქოს არაფრით გამორჩეული ორღობე ჰყოფს. თუ არ დაიზარებთ და ორღობეს ბოლომდე ჩაუყვებით, თქვენც სახტად დარჩებით. შარაგზა დიდი საბჭოთა ალაყაფის კარებით სრულდება. ჭიშკარზე კი ფერადი, მთავრული ასოებით აწერია „არტ რეზიდენცია”. ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არ არის. ბედნიერების განცდა შენობაში შესვლის შემდეგ გაგიორკეცდებათ კიდეც. ცენტრალური სართულისკენ მიმავალ პირველსავე საფეხურზე შეამჩნევთ რამდენიმე საპროტესტო გრავიურას. ნიჭიერ მხატვარს საკმაოდ სამართლიანად ადგილობრივი ოქროს მომპოვებელი და ექსპლუატატორი ფირმა ადამიანების უბედურებაზე მომუშავე ხორცის საკეპი მანქანისათვის მიუმსგავსებია. ოთახების კედლებიც მოხატულია. მრავალფეროვანი კომპოზიციების საფუძველზე ჩვენი საზოგადოების მესიანიზმი, ავტორიტეტებისადმი უსიტყვო მორჩილება, სოციალური უსამართლობა და სახელმწიფოს ეკოლოგიური უპასუხისმგებლობაა გაკრიტიკებული და გაპროტესტებული. სახლის ერთ-ერთ კუთხეში მოხალისეების მიერ შეგროვილ ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას მრავალფეროვან ბიბლიოთეკასაც გადააწყდებით. ბრძნული წარწერების ამოკითხვა უზარმაზარ აივანზე შეგიძლიათ. აქ რევოლუციონერი ემა გოლდმანი და მერაბ მამარდაშვილი არიან პოპულარულნი. რეზიდენციის ყველაზე მნიშვნელოვანი სივრცე კი სარდაფშია განლაგებული. მასპინძლებს მიწისქვეშ სტუმრებისათვის ძველი, მაგრამ შესანიშნავი ჟღერადობის მქონე ფორტეპიანო და კინოჩვენებებისათვის განკუთვნილი დიდი თეთრი კედელი ეგულებათ.

მოულოდნელობის დაწვრილებით შესწავლის შემდეგ რეზიდენციის მუშაობის სპეციფიკით დავინტერესდი.

ბოლნისის „არტ რეზიდენცია” არაკომერციული დაწესებულებაა. მისი მიზანი შემოსავლების მოპოვება და ქირის ხარჯზე სიმდიდრის დაგროვება არ არის. საინიციატივო ჯგუფის დამფუძნებლების მოტივაცია პროვინციული ქალაქის გამოცოცხლება, ჩამკვდარი დასახლებისათვის დამატებითი ფუნციების შეძენა, ცენტრსა და პერიფერიას შორის ინტენსიური კავშირების დამყარება გახლავთ. რეზიდენცია წარმოადგენს საერთო თავისუფალ სამუშაო სივრცეს ხელოვანებისა და რიგითი მოქალაქეებისათვის. ორსართულიან სახლში ადამიანებს ერთად შეკრება და მსჯელობა შეუძლიათ. გარემო შესანიშნავ პირობებს ქმნის საერთო ინოვაციური პროექტების შემუშავებისა და ხანგრძლივი თანამშრომლობისათვის. აღნიშნულ სივრცეს უკვე არაერთხელ უმასპინძლია საჯარო ლექციების, ექსპერიმენტული საღამოების, კინოჩვენებების, ალტერნატიული მუსიკალური ღონისძიებებისა და მრავალკვირიანი პროფესიული შეკრებებისათვის. რაც მთავარია, რეზიდენცია ძალიან ხშირად გამხდარა რეგიონში სხვადასხვა მიზნით ჩამოსული ახალგაზრდული აქტივისტური ჯგუფების თავშესაფარი და ღამის გასათევი მყუდრო ადგილი.

ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი მაინც ამ ოაზისის შემქმნელის ისტორია გახლავთ. რეზიდენციის დამფუძნებელი კინომცოდნეა, რომელსაც დედაქალაქში ან საზღვარგარეთ ცხოვრების შესანიშნავი შანსები დღემდე აქვს. თუმცა, მან ყველაფერს საკუთარ მხარეში დაბრუნება ამჯობინა. მეტიც, გამორჩეულმა მოქალაქემ კეთილი საქმისათვის მშობლიური სახლი, მშობლიური კარ-მიდამო დათმო. რამდენი ჩვენგანი გაიმეტებდა საკუთარ საცხოვრებელს საჯარო სივრცედ გადაკეთებისათვის? ალბათ, ძალიან ცოტა. რა არის მისი მთავარი სურვილი? სახლის პატრონთან გასაუბრებამ დამარწმუნა, რომ საქმის წამომწყებს ორად ორი ამოცანა აქვს. უპირველეს ყოვლისა, მას სურს, რომ თავისი ქალაქის არსებობის შესახებ მთელ საქართველოს შეახსენოს. ამასთანავე, იგი საკუთარ პროფესიას ემსახურება და ფიქრობს იმ დროზე, როდესაც ბოლნისელი მასწავლებლები და მოსწავლეები კინოს სწავლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მეთოდად აღიარებენ.

მე რომ რომელიმე მილიონებით დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყო, უარს ვიტყოდი ფეშენებელურ სასტუმროებში ნაკლებად ეფექტიანი შეკრებების განხორციელებაზე და მინიმალური დანახარჯებით ბოლნისში, ადგილობრივი სახელოვნებო და სამოქალაქო პლატფორმის განვითარებისათვის გავეშურებოდი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...