შაბათი, აგვისტო 23, 2025
23 აგვისტო, შაბათი, 2025

კვლევების წარმოება გეოგრაფიის სწავლებაში (მეორე ნაწილი)

0

ვისაც ერთხელ მაინც ჩაგიტარებიათ გეოგრაფიული კვლევა მოსწავლეებთან ერთად, დამემოწმებით, როგორი ენთუზიაზმით ერთვებიან ისინი მის თითოეულ ეტაპში, რამდენ ხანს იხსენებენ თავს გადახდენილ ამბებს, როგორ იზრდება საგნისადმი მათი ინტერესი.

წინა პუბლიკაციაში ჩვენ ვისაუბრეთ ახალ სასწავლო კურსზე “გეოგრაფიული კვლევა” და ისიც ვთქვით, რომ თუნდაც ეს საგანი არ აგერჩიოთ, კვლევების უგულებელყოფა არ ღირს.

ყოველი კლასის გეოგრაფიის სტანდარტი მიგვითითებს, სად არის მიზანშეწონილი კვლევის ჩატარება. გარდა ამისა, მასწავლებელს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს, რა საკითხთან მიმართებით გამოიყენოს ის.
თემის შერჩევა
ყველაზე რთული საფეხურია გადაწყვეტილების მიღება იმის თაობაზე, რას გამოიკვლევ. რა თქმა უნდა, თემის შერჩევა უნდა დავიწყოთ სასწავლო გეგმის წაკითხვით, მოვნიშნოთ საკითხები, რომლებთანაც ყველაზე საინტერესოდ მოხერხდება კვლევის შერწყმა. ამის შემდეგ უკვე შეიძლება, დავაზუსტოთ კვლევის საგანი. მასწავლებელმა ყოველთვის იცის, რით დაინტერესდებიან მისი მოსწავლეები, მაგრამ შეიძლება, მათაც ვკითხოთ, რა აინტერესებთ. შეიძლება, არჩევანი შევუზღუდოთ და თემიდან არჩეული რამდენიმე საკითხი შევთავაზოთ, რათა სასწავლო გეგმის საგნობრივ მოთხოვნებს არ გავცდეთ, მაგრამ თუ საგანი არჩევითია, მეტი თავისუფლებაც შეიძლება მივცეთ.

დაგეგმეთ ზედმიწევნით. თუ ყველაფერი წინასწარ იქნება მოფიქრებული და დაგეგმილი, გაურკვევლობა ნაკლებ დროს დაგვაკარგვინებს. თემა უნდა იყოს საინტერესო, ადგილი, სადაც კვლევის ჩატარებას ვაპირებთ – ხელმისაწვდომი.

იკვლიეთ ახლომდებარე გეოგრაფიული ობიექტები, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში განმეორებითაც ესტუმრებით – შესაძლოა მონაცემები დაგაკლდეთ და თუ საკვლევ ადგილს ვეღარ დაუბრუნდით, ვეღარც შედეგი იქნება სრულყოფილი, ანდა კვლევა სულაც ჩაიშლება.

კვლევის ობიექტი უნდა იყოს ვიწრო, კონკრეტული. თუ იგი ფართოა, მისი სრულფასოვნად შესწავლა ვერ მოხერხდება, ინფორმაციის მოსაძიებლად, მერე კი მის დასამუშავებლად უამრავი დრო გახდება საჭირო. საკვლევი ობიექტის მასშტაბი უნდა შეესატყვისებოდეს მოსწავლეთა ასაკს და, ამასთან, იყოს ვალიდური (ანუ არც მეტისმეტად პატარა, რომ კვლევის შესაძლებლობას იძლეოდეს). მაგალითად, თუ ქალაქის იერარქიულობას შეისწავლით, უმჯობესია რამდენიმე ქუჩა შეარჩიოთ.

დააკონკრეტეთ სათაური. მაგალითად, სათაური “თბილისის სოციალურ-ეკონომიკური კვლევა” მეტისმეტად ფართო შინაარსისაა და გასაგებია, რომ მოსწავლეებს არ შესწევთ ასეთი კვლევის ჩატარების ძალა. ამ შემთხვევაში აჯობებს, იგი კვლევის მიზნისა და საკვლევი ჰიპოთეზის შესაბამისად დავაკონკრეტოთ. მაგალითად, თუ ვიკვლევთ, რა სოციალური და ეკონომიკური შედეგი შეიძლება გამოიღოს ახალი გასართობი ობიექტის გახსნამ და გვსურს დავადგინოთ მისი მომსახურების არეალი, ეს აუცილებლად უნდა აისახოს სათაურშიც.

შეიძლება ჩავატაროთ ტიპობრივად შედარებით მარტივი კვლევებიც – ლოკალური გარემოსი, მის ფარგლებში ადამიანსა და გარემოს შორის კონფლიქტისა, გარემოზე ტურისტების გავლენისა, ასევე – ერთი ობიექტის კომპლექსური ან ორი ობიექტის შედარებითი კვლევა განსაზღვრული გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით.

არჩეული თემა უნდა იყოს გეოგრაფიული. სხვაგვარად რომ ვთქვათ, შესასწავლია სივრცეში გავრცელება, ადგილის მახაიათებლები (სოციალური, ეკონომიკური, დემოგრაფიული, ბუნებრივი), კავშირი ბუნებასა და ადამიანს შორის.
ვიდრე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს, მასწავლებელმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას არაერთი კითხვა:

. როგორ ესადაგება ჩემი დაგეგმილი კვლევა ეროვნულ სასწავლო გეგმას?
. როგორ ესადაგება ეს კვლევა მოსწავლეთა საჭიროებებს?
. მაქვს თუ არა საკმარისი ინფორმაცია და რესურსები კვლევის ჩასატარებლად?
. რა არსებულ მასალაზე მიმიწვდება ხელი?
. ვის მივმართო დახმარებისთვის? ჩაუტარებიათ თუ არა მსგავსი კვლევა ჩემს კოლეგებს?
. რა ცოდნას, უნარ-ჩვევებსა და დამოკიდებულებებს განუვითარებს დაგეგმილი კვლევა მოსწავლეებს?
. რა სახის ნაშრომი უნდა მივიღოთ კვლევის შედეგად? რა შედეგს გამოიღებს სწავლება?
ასევე – კითხვები, რომლებიც ეხება:
. გასვლის ორგანიზებას: რა უნდა მოექცეს გასვლის ფოკუსში? რა სასწავლო მიზანი ექნება მას? რას მოვინახულებთ ვიზიტის ფარგლებში? ვის წავიყოლებთ ასისტენტად/დამხმარედ? რას გააკეთებენ მოსწავლეები მისვლიდან წამოსვლამდე? რამდენ ხანს მოვანდომებთ – ერთ საგაკვეთილო საათს, მთელ დილას თუ მთელ დღეს? დაგვჭირდება თუ არა დაკვირვების ფურცლების, ანკეტების, კითხვარების წინასწარ მომზადება? ხომ შესაძლებელია ადგილის კვლევა, ხომ არ არის საჭირო სპეციალური ნებართვა? საჭიროა თუ არა მასალის წინასწარ გამრავლება? საჭიროა თუ არა ადგილის წინასწარ მონახულება?
. სასკოლო პოლიტიკას: მშობლებისა და დამრიგებლის გარდა, ვისთან უნდა იყოს შეთანხმებული გასვლა? საჭიროა თუ არა სპეციალური მოთხოვნის ფორმის შევსება გასვლამდე და ანგარიშის დაწერა ჩამოსვლის შემდეგ (ეს დოკუმენტაცია სკოლას აკრედიტაციის პროცესისთვის დასჭირდება)? აქვს თუ არა სკოლას ხელშეკრულება სატრანსპორტო კომპანიასთან?

მშობლებთან კონტაქტი: სასურველია, ინფორმაცია მგზავრობის მიზნისა და მისი ღირებულების თაობაზე, საჭირო ნივთების ნუსხა (მაგ., ფოტოკამერა, სანტიმეტრი, ბლოკნოტი, საკვები) მშობლებს წერილობითი ფორმით გადაეცეთ, ასევე ეცნობოთ, როდის იგეგმება გასვლა და დაბრუნება, გაირკვეს, რაიმე სპეციფიკური საჭიროება ხომ არ აქვს მოსწავლეს (მაგალითად, წამალი ხომ არ უნდა მიიღოს).

მოსაპოვებელი ინფორმაცია და მისი აღრიცხვა: აუცილებელია, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვროს, რა ტიპის ინფორმაცია უნდა მოიპოვონ, რა სახის გეოგრაფიული იდეები უნდა განავითარონ. მოსწავლეებს წინასწარ უნდა მივაწოდოთ დეტალური ინსტრუქცია, რათა ინფორმაცია დაგეგმილ დროში შეიკრიბოს. აქვე უნდა გავითვალისწინოთ განსავითარებელი უნარები და მოსწავლეთა ავტონომიურობის ხარისხიც. შეიძლება, მათ მეტი სივრცე დავუტოვოთ ინიციატივისა და შემოქმედებითი მიდგომის გამოსავლენად – ეს დამოკიდებულია კლასის მომზადების საერთო დონეზე, მათ უკვე გამომუშავებულ კვლევით უნარებზე.
გაითვალისწინეთ:

. მოსწავლეები შეიძლება აქტიურად ჩაებან ადგილის, სატრანსპორტო საშუალების, გასვლისა და ჩამოსვლის დროის, საკვების შერჩევაში, ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის გაცნობით ჯერ სავარაუდო, მერე კი ზუსტი თარიღის დაგეგმვაში.

ამ პროცესში მონაწილეობა უფრო მეტად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითრწმენას.
შესაძლოა, კვლევა ჯგუფურ მუშაობას გულისხმობდეს. ესეც წინასწარ უნდა დაიგეგმოს და ეცნობოს მოსწავლეებს.
სასურველია, წაიყოლოთ დამხმარეც – პედაგოგი, სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომელი ან აქტიური მშობელი, ისე, რომ 10 ბავშვს ერთი უფროსი ახლდეს.

ზოგიერთი ადგილის მონახულება შეზღუდულია. შესაძლოა, ერთად მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის მოსწავლე შეუშვან. ამან გაუთვალისწინებელი შეფერხებები რომ არ გამოიწვიოს, საჭიროა ინფორმაციის წინასწარ მოძიება. თუ საქმე კერძო საკუთრებას ეხება, წინასწარი მოლაპარაკების გარეშე შესაძლოა კვლევა ჩაიშალოს (ჩემს მოსწავლეებს ერთ-ერთი კვლევა კუს ტბაზე ჰქონდათ დაგეგმილი. მათი ნაწილი, რომელიც გამოკითხვას ატარებდა, მოულოდნელად პრობლემის წინაშე აღმოჩნდა – მათ დაცვამ აუკრძალა უნებართვოდ გამოკითხვის ჩატარება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ ეცნობოდნენ გამვლელებს და თავიანთი ინტერვიუს მიზანსაც უხსნიდნენ. კვლევის დაგეგმვისას ეს არ გავითვალისწინე, ასე რომ, ადგილზე დაგვჭირდა გამოსავლის ძიება).

მასწავლებელმა წინასწარ უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რა უნდა ნახონ, რას მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება, რა მეთოდებით მოიპოვონ ინფორმაცია და ა.შ. წაახალისოს ისინი კითხვების დასასმელად. შესაძლოა, საჭირო იყოს ზოგი რამის ჩანიშვნა, ჩანახატების გაკეთებაც.

შესაძლოა, წინასწარ შედგეს დაკვირვების ანკეტა, რომელსაც მოსწავლეები თან წაიღებენ.

თუ კვლევას წინასწარი მომზადება სჭირდება, მოსწავლეებს უნდა მიეთითოთ, სად და რა სახის ინფორმაციას უნდა გაეცნონ წასვლამდე. არ არის გამორიცხული, საველე კვლევის შემდეგ დამატებითი ინფორმაციის მოპოვების საჭიროებაც გაჩნდეს.

ნუ დაივიწყებთ უსაფრთხოებასა და ეთიკას! შეახსენეთ მოსწავლეებს, მოიქცნენ ზრდილობიანად, ზიანი არ მიაყენონ ბუნებას, შენობებს, არ დატოვონ კოცონი, დაცული ტერიტორიის ვიზიტის შემთხვევაში გაეცნონ ადგილობრივ წესებს.

პოტენციური საფრთხეა: უამინდობა (ამიტომ წინასწარ გაიგეთ ამინდის პროგნოზი), მყინვარი, მთა, მდინარე, ტყე, გზატკეცილი, სანაპირო, ხანძარი, აგრესიული ან შხამიანი მცენარეები და ცხოველები, ტექნიკის მოხმარების არცოდნა, გამტარები, უცხო აგრესიული მოსახლეობა.

აუცილებელი ნივთები: შესაბამისი ტანისამოსი, დახმარების ტელეფონის ნომრები (სასურველია, დაიხსომონ კიდეც), საველე აფთიაქი პირველი დახმარების ნივთებით, საკვები, სასმელი, სანავიგაციო საშუალებები – კომპასი, რუკა, ნავიგატორი.
კვლევის წერილობითი სტრუქტურა

საჭიროა, უკვე მოპოვებული ინფორმაცია გაანალიზდეს და ამის შემდეგ დაიწეროს კვლევის ანგარიში, რომლის სტრუქტურული ერთეულებია: შესავალი, მეთოდები, შედეგები, დასკვნა. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.

შესავალი

შესავლის მიზანია საკვლევი სივრცის შექმნა და მკითხველის მოპოვება. აქ უნდა აიხსნას საკითხით დაინტერესება, მისი აქტუალობა, ასევე – რა კუთხით წარიმართება კვლევა, რა კითხვას გაეცემა პასუხი.
მეთოდები

კვლევის ანგარიშის ამ სექციის მიზანია ახსნას, როგორ ჩატარდა კვლევა – რა მონაცემები იქნა მოპოვებული და როგორ, რა გზით და როგორ განხორციელდა მათი ანალიზი.

მეთოდების სექციაში მოცემულია:

. სამიზნე ჯგუფი (კვლევის მონაწილე ადამიანები) – როგორ მოხდა მათი შერჩევა და კვლევაში ჩართვა;
. მონაცემების შეგროვების აღწერა (დაკვირვება, ინტერვიუ, ანკეტირება და ა.შ.), რის მიზანიცაა იმის შეფასება, რამდენად სანდოა მოპოვებული მონაცემები; გარდა ამისა, ის საშუალებას აძლევს მკითხველს, სურვილის შემთხვევაში გაიმეოროს კვლევა, რაც კიდევ ერთხელ იძლევა მონაცემების შემოწმების საშუალებას;
. კვლევის პროცესში თავჩენილი პრობლემებისა და მათი გადალახვის გზების აღწერა;
. საკვლევი გარემოს აღწერა – მონაცემების სანდოობა ხშირად კვლევისთვის შერჩეული გარემოს ადეკვატურობაზეა დამოკიდებული.
. მონაცემთა მოპოვების მეთოდების განხილვა ამ სექციის საკვანძო ელემენტია, რადგან ანალიზის ტექნიკაზე ბევრად არის დამოკიდებული მონაცემების სწორად დამუშავება და მიღებული შედეგების სანდოობა.
შედეგები

(მთავარი ნაწილი)
რაოდენობრივი კვლევის ანგარიშის შედეგების სექცია ძირითადად ცხრილებისა და გრაფიკებისგან შედგება, თვისებრივი კვლევის ანგარიში კი მოიცავს დაკვირვებისა და ინტერვიუს ჩანაწერებს, ფოტოებს, ნახატებს და ა.შ.
კვლევის ანგარიშის შედეგების სექცია უნდა მოიცავდეს:
. მეთოდოლოგიის დასაბუთებას;
. შედეგების ინტერპრეტაციას;
. არსებულ გამოკვლევებთან თანხმობის დადგენას;
. კომენტარებს მიღებული მონაცემების თაობაზე;
. ინტერპრეტაციის პროცესში წარმოშობილ სირთულეთა ჩვენებას.
დასკვნა

დასკვნაში მკვლევარი გაიმეორებს და შეაჯამებს ძირითად დასკვნებს, ამასთან, მიღებულ შედეგებს უკვე არსებული კვლევების ფონზე გააშუქებს.
მაშასადამე, კვლევის ანგარიშის დასკვნაში პასუხი ეცემა საკვლევ კითხვას/ჰიპოთეზას, ხდება დასკვნების გამოტანა, მნიშვნელოვანი საკითხების გამოყოფა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ის ძალისხმევა, რომელიც საველე კვლევისთვის იხარჯება, უდავოდ პოზიტიური შედეგის მომტანია. იზრდება მოსწავლეთა ინტერესი საგნისადმი, ისინი უკეთ თანამშრომლობენ თანატოლებთან და ხდებიან აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც განვითარებული აქვთ კვლევითი უნარ-ჩვევები და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

რუკის მნიშვნელობა გეოგრაფიის სწავლებისას

0

შესავალი

კარტოგრაფია მეცნიერებაა ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცისა და მისიდროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. ეს კონკრეტული სივრცე, როგორც სინამდვილის საგნებისა დამოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგი, სამგანზომილებიანი, დროში ცვალებადი კონტინუუმია.

კარტოგრაფია სპეციფიკურ ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას – რუკის ენას და სპეციფიკურ მეთოდს –კარტოგრაფიულ მოდელირებას იყენებს. კარტოგრაფიული შემეცნების შედეგია საკვლევი სინამდვილისკარტოგრაფიული მოდელი, რასაც მეცნიერებასა და საზოგადოებრივ პრაქტიკაში რუკა ეწოდება.

მთელი სინამდვილის შესაბამისად, კარტოგრაფია და რუკები ორ – დედამიწისეულ და კოსმოსურ – ჯგუფადიყოფა. პირველში გეოგრაფიული კარტოგრაფია და გეოგრაფიული რუკები შედის, ხოლო მეორეში -ასტრონომიული კარტოგრაფია და ასტრონომიული რუკები. რეალური სინამდვილის კონკრეტულ სივრცეს აქვსგარკვეული სტრუქტურა. მისი ელემენტებია ათვლის სივრცითი სისტემა და მის მიმართ ურთიერთგანლაგებისდროში ცვალებად წესრიგში მყოფი საგნები და მოვლენები.

შესაბამისი სტრუქტურა აქვს იმავე სინამდვილის კარტოგრაფიულ გამოსახულებასაც (რუკას).

გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის ათვლის სივრცით სისტემად მიჩნეულია დედამიწისსაკოორდინატო ბადე – გრადუსთა ბადე,

რომლის გამოხატულება სიბრტყეზე –კარტოგრაფიული ბადე
გეოგრაფიული რუკის მათემატიკურ საფუძველს წარმოადგენსდა გარკვეული

კარტოგრაფიული პროექციის დახმარებით მიიღება.

გეოგრაფიული სინამდვილის საგნების (ოკეანეები და ხმელეთი, მდინარეთა ქსელი, რელიეფი,

დასახლებული ადგილები და სხვ.), მოვლენების (ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები, ზედაპირულიჩამონადენი და სხვ.), მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის, განათლებისა და სხვათაგამოსახულებები კარტოგრაფიული ბადის მიმართ რუკაზე ზუსტად ისევეა განლაგებული, როგორცსინამდვილეში. ეს არის სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელის უნიკალური თავისებურება, რაცმას დიდ მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს.

გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის მნიშვნელობა აქვს გეოდეზიის მონაცემებს დედამიწის ფორმისადა ზომების შესახებ, საყრდენი წერტილების კოორდინატებსა და აეროფოტოტოპოგრაფიულიგადაღების მასალას, რომელთა საფუძველზე მიიღება დედამიწის ყველა რუკის პირველწყარო –

ტოპოგრაფიული რუკა.

ამთვალსაზრისითკარტოგრაფიატექნიკურმეცნიერულციკლში შედის, ხოლო სინამდვილისგარკვეული მხარის კარტოგაფიული მეთოდით გამოკვლევის პროცესში იგი საბუნებისმეტყველო დასაზოგადოებრივ მეცნიერებებს უკავშირდება, რომლებსაც, თავისი შემეცნების საგნის შინაარსთან ერთად, საგნის სივრცითი თავისებურებებიც აინტერესებს. ამ კავშირის საფუძველზე იქმნებასპეციალური სამეცნიერო კარტოგრაფიული დისციპლინები (მაგ., გეოლოგიური კარტოგრაფია,გეომორფოლოგიური კარტოგრაფია, ეკონომიკური კარტოგრაფია) და მათი განმაზოგადებელიდისციპლინა – თემატური კარტოგრაფია.

გეოგრაფიული რუკა დედამიწის ზედაპირის ან მისი ნაწილის შემცირებული და განზოგადებულიგამოსახულებაა სიბრტყეზე.

რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების შემცირების ხარისხს გვიჩვენებს მასშტაბი. რუკებისუმრავლესობას არაერთი საერთო მახასიათებელი აქვს. ყოველ რუკაზე წარმოდგენილია მასშტაბი,გრადუსთა ბადე, პირობითი ნიშნები და გეოგრაფიული ობიექტების ნაწილი.

ადამიანი რუკებს უძველესი დროიდან ქმნიდა და მათი მეშვეობითთვალსაჩინოდ წარმოიდგენდაგეოგრაფიული ობიექტების ურთიერთგანლაგებას.

ამჟამად ქაღალდისრუკებთან ერთად არსებობს ელექტრონული რუკებიც –

რუკები, რომელიცკომპიუტერის ეკრანზეა გამოსახული. მათიმეშვეობით მანძილებისა და სხვა კარტოგრაფიულიგაზომვების ჩატარება გაცილებით ადვილად,სწრაფად დაზუსტად ხერხდება. მასზე მხოლოდ ხაზისგავლებაასაჭირო ნებისმიერორ პუნქტსშორის, მონაცემებს კი სპეციალურიპროგრამა მყისიერად დაითვლის. ერთ-ერთიასეთიკომპიუტერული პროგრამაა Google Earth.

რუკის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

სასწავლო პროცესში რუკა მრავალმხრივ საგანმანათლებლო ფუნქციას ასრულებს.

  1. გეოგრაფიის სწავლებისას რუკა ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი თვალსაჩინოებაა. მისი მეშვეობით შესაძლებელია სწრაფად მიმოვიხილოთ დედამიწის ზედაპირის უკიდეგანო სივრცეები და მთლიანად დედამიწა. ამ ფაქტის განსაკუთრებული მნიშვნელობა უფრო ნათელი გახდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ სწორ და ღია ადგილზეც კი წარმოქმნილ ჰორიზონტს მხოლოდ 5 კმ-იანი რადიუსი აქვს, რაც დედამიწის ზედაპირის დაახლოებით 1/7 მემილიონედ ნაწილს შეადგენს. თვალმიუწვდომელი სივრცის უშუალო მხედველობითი გამოსახულება, რომელიც რუკის საშუალებით იქმნება, მასზე წარმოდგენის ფორმირებაში გვეხმარება. სრულიად უიმედო საქმე იქნებოდა, გვეცადა მოსწავლეებისთვის სწორი წარმოდგენის შექმნა კავკასიის, დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ ამერიკისა თუ სხვა გეოგრაფიული ობიექტების, ასევე მათთვის დამახასითებელი ისეთი ნიშნების შესახებ, როგორიცაა სანაპირო ხაზი, რელიეფი, კლიმატი, ჰიფროგრაფიული ქსელი, მცენარული საფარი და სხვ., თუ ისინი ვერ ხედავენ აღსაწერ და შესასწავლ ტერიტორიას ან ობიექტს თუნდაც ყველაზე უხეშ სქემატურ რუკაზე.
  2. რუკის მთავარი ფუნქციაა დედამიწის ზედაპირზე გეოგრაფიული ობიექტების განლაგებისა და მდებარეობის შესახებ ცნობების ასახვა. ამ კუთხით ის შემეცნების შეუცვლელი საშუალებაა, რადგან არც ერთი სხვა საშუალება – არც სიტყვა, არც სურათი და თვით ადგილმდებარეობასთან პირადი ნაცნობობაც კი – არ იძლევა ნათელ, მკაფიო და ზუსტ წარმოდგენას სივრცეში ობიექტების განლაგების, მიმართულებების, კონფიგურაციისა და მოხაზულობის შესახებ. ასეთი ცოდნა კი აუცილებელია ადამიანისთვის, განურჩევლად იმისა, სამეურნეო საქმიანობის რომელ სფეროში მოღვაწეობს იგი. ამიტომაც აქვს რუკას დიდი მნიშვნელობა ადამიანის ცხოვრებაში, განსაკუთრებით დიდ როლს კი გეოგრაფიაში ასრულებს: იგი ყოველგვარი გეოგრაფიული კვლევის საწყისი პუნქტია, თან ახლავს მუშაობის პროცესის ყოველ ეტაპს და, ამავე დროს, კვლევის ერთ-ერთი შედეგიცაა, ამიტომ მას სავსებით სამართლიანად ვუწოდებთ გეოგრაფიის ალფას და ომეგას. როგორ გამოიყენება რუკის ეს ძირითადი ფუნქცია სკოლაში? რუკის მარტივი მხედველობითი აღქმაც კი გარკვეულ წარმოდგენას უქმნის მოსწავლეებს ობიექტების განლაგების შესახებ. რუკაზე შეიძლება თვალით შევაფასოთ გეოგრაფიული ობიექტების ფორმები, დავადგინოთ მათი ურთიერთმიმართება, განლაგება და ფართობები, ასევე – მათ შორის მანძილები. გეოგრაფიის მასწავლებლები ხშირად იყენებენ რუკას ამ მიზნით. მაგალითად, მოსწავლეებს სთხოვენ, რუკის გამოყენებით უპასუხონ მარტივ კითხვებს გეოგრაფიული ობიექტების მდებარეობის, მათი შეფარდებითი ზომების, მათ შორის მანძილების და სხვათა შესახებ, ასეთი ტიპის სავარჯიშოები კი მოსწავლეებს სივრცეში ორიენტირების უნარ-ჩვევას უვითარებს.
  3. რუკა სიმბოლოების ენის საშუალებით გეოგრაფიული ობიექტების მხოლოდ განლაგებას კი არ ასახავს, არამედ ახასიათებს კიდეც მასზე გამოსახულ ობიექტებს. ამასთან, აჩვენებს არა მხოლოდ მათ არსებულ მდგომარეობას, არამედ მოძრაობას, განვითარებას და ცვლილებებსაც კი. ასეთია, მაგალითად, ისტორიული, ზოგიერთი ეკონომიკური და სხვა თემატური რუკები. ამგვარი რუკების გამოყენებით შესაძლებელია არა მარტო გეოგრაფიული ობიექტების შედარება, არამედ მათ შორის სივრცობრივი კავშირებისა და ურთიერთზემოქმედების დადგენაც. შედეგად მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, იმსჯელონ და დასკვნები გამოიტანონ გეოგრაფიული ობიექტების იმ თვისებების შესახებ, რომლებიც რუკებზე უშუალოდ არ არის ასახული. მაგალითად, რუკაზე რომელიმე ქვეყნის, ტერიტორიის მდებარეობის დადგენისას მოსწავლეს შეუძლია, საფუძვლიანად დაახასიათოს მისი კლიმატი, მცენარეულობა, ამ და რუკაზე მოცემული მონაცემების (რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი) შეჯერების საფუძველზე კი დაახასიათოს მდინარეთა წყლის რეჟიმი, ნიადაგები, გამოთქვას ვარაუდი მოცემულ ბუნებრივ პირობებში ადამიანის სავარაუდო სამეურნეო საქმიანობის შესახებ. თუმცა ნუ ვიფიქრებთ, რომ რუკა თავად გვესაუბრება ობიექტის ყველა თვისებაზე; იგი თავის მდიდარ შინაარსს მხოლოდ მას უმხელს, ვისაც აქვს როგორც კარტოგრაფიული, ისე გეოგრაფიული ცოდნა და შეუძლია მისი გამოყენება ანუ რუკის კითხვა. თვითონ რუკა, მისი სწორედ წაკითხვისას, წარმოადგენს ცოდნის არა მარტო მდიდარ და მრავალფეროვან წყაროს, არამედ მოსწავლეთა გონებრივი განვითარების სტიმულატორსაც. რუკის კითხვა მოსწავლეებს ისეთ უნარებს უყალიბებს, როგორიცაა ლოგიკური, დიალექტიკური აზროვნება. ობიექტებისა და მოვლენების ფართო სპექტრითა და მოცულობით აღქმა ანუ დიდი კატეგორიებით აზროვნება ავითარებს მრავალმხრივ და ცოცხალ წარმოდგენებს რუკაზე გამოსახული ობიექტების შესახებ; დაბოლოს, რუკა გეოგრაფიაში შეგნებულად და მყარად მიღებული ცოდნის კარგი საფუძველია.
  4. რუკა გეოგრაფიის სწავლების პროცესში ფსიქოპედაგოგიურ როლს ასრულებს. იგი ხელს უწყობს ცოდნის სისტემატიზაციას, აიოლებს ცოდნის მიღებას და ინფორმაციის დამახსოვრებას. რუკა ამ როლს ინარჩუნებს არა მხოლოდ სკოლაში, არამედ მაშინაც, როცა მოზრდილი ადამიანი თავის გეოგრაფიულ ცოდნას ივსებს წიგნებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან, ინტერნეტიდან თუ სხვა წყაროებიდან. რუკის კარგი ცოდნისას ადამიანის გეოგრაფიული ცოდნის მარაგიც გამუდმებით ივსება, იზრდება, ფართოვდება და ეფუძნება წინარე გეოგრაფიულ ცოდნას. ამიტომაც არის მეტად მნიშვნელოვანი, სკოლაში მოსწავლეებს რუკაზე გეოგრაფიული ნომენკლატურის გარკვეული რაოდენობა მაინც ვასწავლოთ. ამ მიზნით, სასურველია, მასწავლებელმა ხშირად გამოიყენის სწავლების ისეთი ხერხები, რომლებიც ხელს უწყობს კარტოგრაფიული ნახატის დამახსოვრებას. მაგალითად, ასეთია რუკის ან კარტოგრაფიული სქემის დახაზვა, კონტურულ და მენტალურ რუკებზე მუშაობა და სხვ. ასეთი სავარჯიშოები ხელს უწყობს მოსწავლეებში მეხსიერების, წარმოსახვის, ლოგიკური აზროვნებისა და მეტყველების განვითარებას, ანალიზის, შედარების, მსჯელობის და დასკვნების გამოტანის უნარების ჩამოყალიბებას.

რუკა სწავლების აქტივიზაციის პროცესში ყველაზე ხელმისაწვდომ და მოქმედ საშუალებას წარმოადგენს, რადგან იგი ხელს უწყობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ მუშაობას, უღვიძებს მათ ინტერესს ამა თუ იმ გეოგრაფიული ობიექტისა და მოვლენის მიმართ და, რაც მთავარია, ერთმანეთთან აკავშირებს სასკოლო გეოგრაფიასა და პრაქტიკულ საქმიანობას. მაგალითად, რუკების გამოყენებით გეოგრაფიის გაკვეთილებზე შესაძლებელია ჩატარდეს შინაარსისა და ფორმის მიხედვით მრავალფეროვანი ფრონტალური თუ ინდივიდუალური პრაქტიკული სამუშაოები, ამოიხსნას სხვადასხვა გეოგრაფიული ამოცანა.

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ რუკას უდიდესი როლი აკისრია გეოგრაფიის სწავლების პროცესში. მისი მნიშვნელობის შეფასება რთულია. ფრთიანი გამონათქვამი “რუკის გარეშე არ არსებობს გეოგრაფია” მართლაც ღრმა აზრის მატარებელია, რადგან როგორც გეოგრაფიულ მეცნიერებას არ შეუძლია რუკის გარეშე არსებობა, ისე გეოგრაფიის სწავლაც შეუძლებელია მის გარეშე.

რუკის კითხვა

გეოგრაფიის სწავლებისას რუკაზე მუშაობის მთავარი მიზანია, ვასწავლოთ მოსწავლეებს რუკის გაგება, კითხვა და გამოყენება. შევეცდებით ავხსნათ, რას ნიშნავს ეს ტერმინები.

რუკის გაგება ნიშნავს, რომ მოსწავლეს აქვს კარტოგრაფიული ცოდნა: იცის, რა არის რუკა, როგორია მისი თვისებები, შინააარსი, მნიშვნელობა, რას აღნიშნავს თითოეული პირობითი ნიშანი მასზე, როგორ გამოიყენოს რუკა და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს მისგან.

რუკის კითხვა ნიშნავს, რომ მოსწავლეს შეუძლია, პირობითი ნიშნების გამოყენებით გამოიტანოს დასკვნა ამა თუ იმ გეოგრაფიული ობიექტის დამახასიათებელი თვისებების შესახებ, დაინახოს და აღიქვას ობიექტი, ადგილი, ტერიტორია რეალურთან მიახლოებულად, წაიკითხოს და გაიგოს ბუნებასა და საზოგადოებაში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენა, დაამყაროს მათ შორის კავშირები.

რუკის გამოყენება რუკის ფლობის მაღალი საფეხურია. შეიძლება იცოდე კარტოგრაფიის ანბანი (პირობითი ნიშნები, მასშტაბი, რუკის პროექცია და ა.შ.), მაგრამ არ შეგეძლოს მისი სწორედ კითხვა და, შესაბამისად, სწორედ გამოყენება. რუკის სწორად წასაკითხად აუცილებელია როგორც კარტოგრაფიული, ასევე გეოგრაფიული ცოდნა და, აგრეთვე, ბევრი და მრავალმხრივი სავარჯიშოსა და დავალების შესრულება, რადგან რუკის კითხვა უნარ-ჩვევაა, ნებისმიერი უნარ-ჩვევა კი სწორედ ვარჯიშის შედეგად გამომუშავდება.

რუკის კითხვის სწავლება ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში, ბუნებისმეტყველების კურსის შესწავლისას იწყება. კარტოგრაფიული ცოდნის საფუძვლები, გეოგრაფიული ცოდნა და რუკის კითხვა მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული და ერთ განუყოფელ, მთლიან სისტემას ქმნის, რომელიც განუწყვეტლივ ვითარდება სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე.

ამრიგად, რუკა გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნის მდიდარ წყაროს წარმოადგენს, ამიტომაც რუკის კითხვა გეოგრაფიის სწავლებისას მნიშვნელოვანი რგოლია.

რუკის კითხვის მეთოდები

რუკის გაგებისა და კითხვის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია. ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში მოსწავლეები იღებენ საწყის ცოდნას და იძენენ უნარებს ადგილზე ორიენეტირების შესახებ. ისინი ეცნობიან ადგილის გეგმას, გლობუსს, ნახევარსფეროებისა და საქართველოს რუკებს. ადგილის გეგმის შესასწავლად მოსწავლეები ეუფლებიან ფურცელზე ჰორიზონტის მხარეების გამოსახვას, ეცნობიან მარტივ ადგილის გეგმებს (მაგ., კლასისას, სკოლისას), თავად ცდილობენ მსგავსი გეგმების დახაზვას, რაც ხელს უწყიობს სივრცეში ორიენტაციის უნარის გამომუშავებას. ასეთი პრაქტიკული სამუშაოების უმეტესობა მასწავლებლის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს და რუკის გაგებას ემსახურება. რუკის პირობითი ნიშნების სწორად აღსაქმელად საჭიროა, მოსწავლეებს ჰქონდეთ კონკრეტული წარმოდგენა შესაბამის რეალურ ობიექტზე. ასეთი წარმოდგენები კი მათ ექსკურსიებზე, ლაშქრობებზე, ასევე ნახატების, მოდელებისა თუ კინოფილმების საშუალებით ექმნებათ. თუმცა ეს, რა თქმა, უნდა საკმარისი არ არის. აუცილებელია, მოსწავლეებმა გააცნობიერონ, როგორ არის ეს ობიექტები დაკავშირებული მათ კარტოგრაფიულ გამოსახულებებთან. ამისათვის კი საჭიროა, ვაჩვენოთ და შევადარებინოთ რუკები და სურათები, გამოვიყენოთ შესაბამისი მხატვრული და ლიტერატურული ნაწარმოებები.

მუშაობის შედარებით აქტიური ფორმებია რუკაზე წარმოსახვითი მოგზაურობა, ტოპოგრაფიული კარნახი და სხვ. ამ გზით მოსწავლეებს ვაჩვევთ რუკაზე მუშაობას და, ამავე დროს, ვასწავლით სხვადასხვა გეოგრაფიული ობიექტის დამოუკიდებლად გამოსახვას.

დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოებში დიდი დრო ეთმობა კლასსა თუ გარემოში პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებას. კარტოგრაფიის სწავლა და სწავლება მხოლოდ მასწავლებლის სიტყვებით ან სახელმძღვანელოთი შეუძლებელია. აქ აუცილებელია მუდმივი პრაქტიკა, ჩვენება. სწავლების წარმატება და შედეგი მეთოდურად სწორედ შერჩეულ დავალებებსა და სავარჯიშოებზეა დამოკიდებული. ამასთან, სწავლება უნდა იყოს თანამიმდევრული და თანდათან გადადიოდეს მარტივიდან რთულზე. მაგალითად. სავარჯიშოები კომპასზე უნდა დავიწყოთ მისი ისრის საშუალებით ჰორიზონტის ძირითადი მხარეების დადგენით, შემდეგ ჩავრთოთ კომპასის სკალა, მისი გამოყენებით ვასწავლოთ ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები, მოგვიანებით კი – აზიმუტი.

პრაქტიკული მუშაობისას მეტად მნიშვნელოვანია ისეთი სავარჯიშოებისა და დავალებების შერჩევა, რომელებიც მოსწავლეთა ცხოვრებას უკავშირდება. ასევე დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალის გამოყენებას და ხატვა-ხაზვას. ეს ყოველივე სწავლების აქტივიზაციას უწყობს ხელს და სწორუპოვარი პედაგოგიური ეფექტი აქვს ისეთი საკითხების შესწავლისას, როგორიცაა ადგილზე, გეგმაზე, გლობუსსა და რუკაზე ორიენტირება.

მეტად მნიშვნელოვანია საკითხია რუკის გრადუსთა ბადისა და მათი გეომეტრიული თავისებურებების შესწავლა, მათი საშუალებით რუკასა და გლობუსზე ორიენტირება და გეოგრაფიული ობიექტების ადგილმდებარეობის დადგენა. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს საკითხები საკმაოდ უჭირთ მოსწავლეებს. მთავარი სირთულე ის არის, რომ მოსწავლეებს ფორმირებული აქვთ არასწორი სივრცობრივი წარმოდგენები დედამიწის ფორმასა და ზომებზე, მის ზედაპირზე პარალელებისა და მერიდიანების მდებარეობაზე და სხვ. ამიტომ ამ საკითხების შედეგიანად შესასწავლად მეტად მნიშვნელოვანია ისეთი თვალსაჩინოების გამოყენება, როგორიცაა შავი (ინდუქციური) გლობუსი. ასევე მიზანშეწონილია სავარჯიშოთა წყების შესრულება, მაგალითად, რვეულებში ნახევარსფეროების რუკის გრადუსთა ბადის დახატვა, გლობუსსა და რუკაზე მერიდიანებისა და პარალელების გადაკვეთის ადგილების პოვნა, ერთსა და იმავე გრძედსა და განედზე მდებარე გეოგრაფიული ობიექტების დადგენა, ანდა, პირიქით, სხვადასხვა ობიექტის გეოგრაფიული კოორდინატების განსაზღვრა და სხვ. აღნიშნული მასალის შესწავლა “გლობუსი – რუკა” თანმიმდევრობით უნდა მოხდეს. გრადუსთა ბადის ხაზები ჯერ გლობუსზე უნდა იქნეს განხილული, გაირკვეს მათი არსი, გეომეტრიული თავისებურებები და განისაზღვროს კოორდინატები, მერე კი იგივე სამუშაო შესრულდეს რუკაზე.

რუკის გრადუსთა ბადე

რუკის კითხვის უნარ-ჩვევა სწრაფად და ერთბაშად არ ყალიბდება. იგი თანდათან უნდა ჩამოყალიბდეს და მიაღწიოს სრულყოფილებას. რუკის კითხვა მოიცავს:

ა) რუკის ლეგენდის გამოყენებით რუკაზე გამოსახული ცალკეული ობიექტების ან მოვლენების თავისებურებათა ახსნას;

ბ) ობიექტებისა და მოვლენების მდებარეობისა და მათი ურთიერთგანლაგების შესახებ სწორი სივრცობრივი წარმოდგენების შექმნას;

გ) სივრცეში მდებარე ობიექტებისა და მიმდინარე მოვლენების შეჯერებას ამა თუ იმ ტერიტორიის ან დამატებით რუკაზე გამოუსახავი ობიექტისა და მოვლენის შესახებ ერთიანი წარმოდგენის შეასქმნელად;

დ) შესასწავლი ობიეექტების განლაგების, ურთიერთკავშირების, ურთიერთზემოქმედებისა და განვითარების კანონზომიერებათა მიზეზების დადგენას.

სირთულის მიხედვით რუკის კითხვის სამი დონე გამოიყოფა.

რუკის ელემენტარული კითხვა გულისხმობს მოცემული ობიექტის თავისებურებათა ახსნას მისი გარეგნული იერსახის მიხედვით. ობიექტის სახელწოდებისა და მისი გამოსახულების შეჯერების შედეგად მივიღებთ მტკიცებულებას: “ეს კავკასიონის მთებია”; “ეს აფრიკაა”; “ეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარია”. რუკის კითხვის ეს დონე პრიმიტიულია და დამახასიათებელია მხოლოდ დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის. ის შეიძლება ანბანის ათვისებას შევადაროთ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ რუკის ელემენტარული კითხვის გარეშე შეუძლებელია შედარებით რთულ დონეზე გადასვლა. ამიტომ მასწავლებელმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს ამ საკითხების შესწავლას, რათა რუკის “ანბანი” მოსწავლეებმა მყარად და საფუძვლიანად აითვისონ.

რუკის რთული კითხვის არსი იმაში მდგომარეობს, რომ მოსწავლეს შეეძლოს მსჯელობა რუკაზე გამოსახული ობიექტების თავისებურებების, დედამიწის ზედაპირზე მათი მდებარეობისა და ურთიერთგანლაგების შესახებ. ამ უნარ-ჩვევის ფორმირება შეადრებით რთულია, თუმცაღა სირთულის ხასიათი აქაც მოსწავლეთა კარტოგრაფიულ და გეოგრაფიულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებზეა დამოკიდებული. მოვიყვანოთ მაგალითი: “ურალის მთები გადაჭიმულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ”; “აფრიკა არ არის დანაწევრებული კონტინენტი, მისი ზედაპირი ერთგვაროვანია. იგი ცხელ სარტყელში მდებარეობს”. როგორც ვხედავთ, ობიექტის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ მსჯელობა იმ მონაცემთა საფუძველზე მიმდინარეობს, რომლებიც რუკაზეა ასახული (ისე, როგორც რუკის ელემენტარული კითხვის დროს), მაგრამ ობიექტის დახასიათება შედარებით სრულად ხდება.

რუკის კითხვის მესამე დონეგონებრივი შესაძლებლობების უფრო მეტ დაძაბვას მოითხოვს. ამ დროს მოსწავლე იყენებს გეოგრაფიულ ცოდნას, სარგებლობს რუკაზე გამოსახული ფაქტებით, მათზე დაყრდნობით გამოაქვს დასკვნები და იძენს ახალ ცოდნას. მოვიყვანოთ მაგალითი: რომელიმე ქვეყნის დახასიათება რუკაზე მოცემული ინფორმაციის საფუძველზე. დავუშვათ, ამ ქვეყნის რუკაზე აღნიშნულია ქვიშები, მლაშე ტბები, სარწყავი არხები. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს ამ ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა და მოცემული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დაახასიათოს ეს ქვეყანა. ის ამბობს, რომ ამ ქვეყანაში ცხელი და მშრალი კლიმატია. მართალია, ეს რუკა კლიმატის შესახებ უშუალო ცნობებს არ იძლევა, მაგრამ რუკიდან ამოკითხული მონაცემების ასოციაციის საფუძველზე მოსწავლეს შეიძლება სწორი წარმოდგენა შეექმნა ამ ქვეყნის კლიმატის შესახებ. მან, ამავე დროს, გამოიყენა გეოგრაფიული ცოდნა განედური ზონალურობისა და მშრალი კლიმატიდან გამომდინარე შედეგების შესახებ. რუკის კითხვის ეს დონე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო კუთხით, რადგან აქ ორგანულად და ღრმად ერწყმის ერთმანეთს გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნა და უნარები. მოსწავლეები ეჩვევიან ნებისმიერი მოვლენის განხილვას არა იზოლირებულად, არამედ გეოგრაფიული ფაქტებისა და მოვლენების ურთიერთდამოკიდებულების მიზეზშედეგობრივ სისტემაში.

გეოგრაფიის საწვლებისას მოსწავლეებს უნდა გავუღვიძოთ ინტერესი, ხშირად გამოიყენონ რუკა მათთვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად. ამისთვის პედაგოგმა მოსწავლეებს წინასწარ არ უნდა ამცნოს ის, რისი ამოკითხვაც მათ რუკიდან შეუძლიათ. მართალია, რუკის დამოუკიდებელი კითხვა შედარებით მეტ დროს მოითხოვს, მაგრამ სამაგიეროდ, ამ დროს მოსწავლეთა საქმიანობა აქტიურდება, რის შედეგადაც ისინი მასალას უფრო ღრმად და საფუძვლიანად ითვისებენ.

მასწავლებლის მიერ გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა ჩამოთვლა და მათი რუკაზე ჩვენება მოსწავლეებისთვის მოსაწყენია, დამოუკიდებელი მუშაობა – პირიქით, სახალისო. თანაც ის მათ პასუხისმგებლობას, ყურადღებას უვითარებს. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის მეთოდური ამოცანაა, მოსწავლეთა რუკაზე მუშაობის ფორმები და სახეები გაამრავალფეროვნოს, გაააქტიუროს და ამისთვის თამაშები, სავარჯიშოები, კითხვები გამოიყენოს.

შედარებით რთული ამოცანაა, ვასწავლოთ მოსწავლეებს რუკის კითხვა იმ მიზნით, რომ მათ დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაციის გამოყენებით ცალკეული ტერიტორიების გეოგრაფიული აღწერა შეძლონ. ამ დროს მეტად ეფექტურია მოსწავლეებისთვის იმ პროგრამის წინასწარ გაცნობა, რომლის მიხედვითაც მათ უნდა წაიკითხონ რუკა. მასწავლებელი ადგენს კითხვებს, რომელთა პასუხებიც მოსწავლეებმა რუკიდან უნდა ამოიკითხონ. მაგალითად, ზღვების შესწავლისას შეიძლება ასეთი პროგრამა-კითხვების გამოყენება:

. აჩვენეთ ზღვები რუკაზე მათი დასახელებით.

. დაადგინეთ, რომელი ოკეანეების აუზებს მიეკუთვნება ისინი.

. დაადგინეთ, რომელ კონტინენტებსა და ქვეყნებს ესაზღვრება.

. დაასახელეთ ამ ზღვებში მდებარე კუნძულები და ნახევარკუნძულები.

. დაადგინეთ, რომელი მდინარეები ჩაედინება მათში.

. დაადგინეთ, რომელი ზღვები იყინება.

. დაადგინეთ, რომელი მნიშვნელოვანი ნავსადგურები მდებარეობს მათ ნაპირებზე.

. დაადგინეთ, გადის თუ არა ამ ზღვებზე სამგზავრო თუ სატვირთო გემების სანავიგაციო გზები.

როგორც ვხედავთ, ეს კითხვები რუკის კითხვის პირველ და მეორე დონეს შეესაბამება. ახლა კი გავეცნოთ რუკის კითხვის მესამე დონის შესაბამის კითხვებს:

. შესაძლებელია თუ არა მთელი წლის განმავლობაში ნავიგაცია კარის, ბარენცის, ჩრდილოეთის ზღვებში?

. სად უფრო მეტხანსაა შესაძლებელი ნავიგაცია – სკანდინავიის ნახევარკუნძულის დასავლეთით, ნორვეგიის ზღავსთან თუ თეთრ ზღვაში? რატომ?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა გაითვალისწინონ ზღვებში გაყინვის ხაზის მდებარეობა და გამოიტანონ დასკვნა, რომ ნავიგაცია კარის ზღვაში შესაძლებელია მხოლოდ ზაფხულში, ხოლო სკანდინავიის დასავლეთით – მთელი წელი, რადგან იქ ჩრდილოატლანტიკური თბილი დინება გაივლის.

ასეთი დავალებების შესრულება ხელს უწყობს გეოგრაფიული და კარტოგრაფიული ცოდნის გაღრმავებასა და გაფართოებას.

მოსწავლეებს გასაკუთრებით უჭირთ თემატური რუკების კითხვა. ასეთი რუკები ფართოდ გამოიყენება შეადრებით მაღალ კლასებში და ხშირად სხვადასხვა საჭირო ინფორმაციის ძირითად წყაროს წარმოადგენს. თემატური რუკების სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ, ჯერ ერთი, ისინი გასაკუთრებული შინაარსისაა, მეორე – მოსწავლეებს არ შეუძლიათ მათი შედარება. ამ რუკების შინაარსი ხშირად აბსტრაქტულია, რადგან მათზე გამოსახულ მოვლენებს სინამდვილეში არ გააჩნიათ ხილული კონტურები. ასეთია, მაგალითად კლიმატური, სხვადასხვა ეკონომიკური მაჩვენებლების და სხვ. რუკები. მათზე გამოყენებულია გამოსახვის გასაკუთრებული ხერხები (წერტილები, პუნსონები, კარტოგრამები და კარტოდიაგრამები და სხვ.), რომლებიც მოსწავლეებს ზოგადგეოგრაფიულ რუკებზე არ ხვდებათ. ასეთი ტიპის რუკებზე პირველ ხანებში მოსწავლეებს საკმაოდ უჭირთ ობიექტის გეოგრაფიული მდებარეობის დადგენა, რადგან მათთვის ცნობილი ორიენტირების მახასიათებელთა ქსელი (მაგალითად, რელიეფი) ასეთ რუკებზე არ ხვდებათ. ამ შემთხვევაში უპრიანია ფიზიკური და თემატური რუკების ერთდროული გამოყენება, რათა მოსწავლეები მიეჩვიონ თემატურ რუკებზე იმავე ობიექტების პოვნას და მათი მდებარეობის დადგენას. ასეთი რუკების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მოსწავლეებმა მსჯელობა და დასკვნების გამოტანა უნდა შეძლონ.

საქართველოს კლიმატური და ფიზიკური რუკები

ამ მეთოდს პირობითად შეიძლება “რუკების ერთმანეთზე დადების” მეთოდი ვუწუდოთ. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ ორი ან მეტი სხვადასხვა შინაარსის რუკის მონაცემთა შედარებითა და შეჯერებით ვიმსჯელოთ და გამოვიტანოთ დასკვნები შესასწავლი ტეირტორიიის თავისებურებებისა და მიზეზშედეგობრივი კავშირების შესახებ.

ახალი გეოგრაფიული ცოდნის მიღება ასევე შესაძლებელია შინაარსის მიხედვით ერთნაირი, მაგრამ მასშტაბით განსხვავებული რუკების შედარებით.

ამრიგად, შეიძლება დავასკვნათ, რომ რუკა გეოგრაფიის (და არამარტო მისი) სწავლების მნიშვნელოვანი საშუალებაა, ხოლო რუკის კითხვა – ამ პროცესში გამოსადეგი მეტად ეფექტური მეთოდი, რომელიც მოსწავლეებს ცოდნასთან ერთად მრავალ უნარ-ჩვევას სძენს.

საინტერესო საიტები:

https://unintentionalmaps.blogspot.com/

https://www.maps-for-free.com/

https://www.loc.gov/rr/geogmap/guide/gmilltoc.html

https://www.journalofmaps.com/

https://old.enciclopedia.com.pt/articles.php?article_id=1498

კვლევების საჭიროება გეოგრაფიიის სწავლებაში

0

ალბათ, არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩემს პედაგოგებს, რომლებსაც დღემდე დიდი პატივისცემით ვიხსენებ, წარმოდგენა არ ჰქონდათ, როგორი იქნებოდა სამყარო, რომელშიც მე და ჩემი თანატოლები ვიცხოვრებდით 20 წლის შემდეგ. ერთმნიშვნელოვანი წარმოდგენა ჩვენი მოსწავლეებისა თუ სტუდენტების მომავალზე არც ჩვენ გაგვაჩნია. იქნება თუ არა ის უფრო სამართლიანი, უფრო დემოკრატიული, უფრო განვითარებული, უფრო უსაფრთხო, რა თქმა უნდა, ჩვენს დღევანდელ ქმედებებზეა დამოკიდებული, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ტექნოლოგიები ისე სწრაფად ვითარდება, შეუძლებელია, მომავლის შესაბამისი ცოდნა დღეს მივცეთ მათ, თუ აქცენტი უნარების – მაგალითად, კვლევითი უნარის – გამომუშავებაზე არ გავაკეთეთ. კვლევის დროს ადამიანი მხოლოდ კი არ მოიპოვებს ინფორმაციას, არამედ ორგანიზებას უწევს მას, გარე ფაქტორებს უკავშირებს და აანალიზებს. ინფორმაციის მართვა და ანალიზი კი ის უნარებია, რომლებიც, როგორც არ უნდა შეიცვალოს კონტექსტი, ყოველთვის საჭირო და დროის მოთხოვნათა ადეკვატური იქნება. განათლების მთავარი გამოწვევა სწორედ ის არის, მოსწავლე, განურჩევლად გარემოსი, იყოს კომპეტენტური, კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადი. ეს ის მთავარი ორიენტირია, რომლისკენაც ახალი არჩევითი საგნის – გეოგრაფიული კვლევის – სწავლებას მივყავართ.

კვლევა ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გამოქვეყნებაა (კვლევის ანგარიში, სტატია, პროექტი და სხვ.). ამ პროცესის ცალკეული ნაბიჯები, ისევე როგორც მათი თანამიმდევრობა, კვლევის სფეროსა და ტიპის კვალობაზე, სხვადასხვანაირია.

სწავლების საშუალო საფეხურზე გეოგრაფიული კვლევის კურსის გავლის შემდეგ მოსწავლეს შეეძლება, გარემოში მიმდინარე მოვლენებზე დაკვირვებით განსაზღვროს მოსახლეობის ძირითადი მოთხოვნები და პრობლემები, შეისწავლოს და დაგეგმოს მათი გადაჭრის გზები, დაგეგმოს და ჩაატაროს გეოგრაფიული კვლევა და წერილობით თუ ზეპირად წარუდგინოს აუდიტორიას მისი შედეგი. ამასთანავე, შეეძლება კვლევის პროცესში ვიზუალური მასალის (რუკისა და სხვა გეოგრაფიული საშუალებების) შექმნა, მარტივი თემატური რუკების შედგენა, გეოგრაფიული ნაშრომის დაწერა. კურსი იმგვარად არის აგებული, რომ მოსწავლემ, საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად, შეძლოს გეოგრაფიული საკითხის დამოუკიდებლად გამოკვლევა და ნამუშევრის აუდიტორიისთვის წარდგენა, მომავალში გეოგრაფიული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენება, მათი გადატანა სხვა ცხოვრებისეულ სიტუაციებში. გაიზრდება მოსწავლეთა ინტერესი არა მხოლოდ საგნისადმი, არამედ სოციალური თუ ბუნებრივი გარემოსადმი, საზოგადოდ, კვლევისადმი; ისინი უკეთ ითანამშრომლებენ თანატოლებთან და ჩამოყალიბდებიან სოციალურად აქტიურ მოქალაქეებად, პასუხისმგებლობის გრძნობით მოეკიდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს.

კვლევისას მოსწავლემ მხოლოდ სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაცია კი არ უნდა დაამუშაოს, არამედ თვითონვე მოიპოვოს იგი. ამისთვის მან ისეთი თემა უნდა აირჩიოს, რომლის შესახებაც ინფორმაციას თავის უშუალო გარემოში მოიპოვებს. თემა შეიძლება იყოს როგორც ფიზიკურ-გეოგრაფიული, ისე საზოგადოებრივ-გეოგრაფიული თუ გარემოსდაცვითი.
გეოგრაფიული კვლევის სწავლების მიზანია, მოსწავლეს:
. გააცნოს გეოგრაფიის კვლევის მეთოდები;
. დაეხმაროს ლოკალური გარემოს აღქმაში;
. დაეხმაროს კვლევის საგნის იდენტიფიცირებაში;
. გაუღრმაოს საგნის ცოდნა;
. ასწავლოს პოზიციის შემუშავება და დაცვა;
. დაეხმაროს პრობლემის გააზრებასა და სხვადასხვა საკითხს შორის კავშირის დადგენაში;
. განუვითაროს:
ინფორმაციის მოპოვებისა და ორგანიზების უნარი;
ფაქტების, პროცესებისა და მოვლენების ინტერპრეტაციის უნარი;
შემოქმედებითი უნარები;
მასალის ანალიზისა და დამუშავების უნარი;
პრობლემის გადაჭრის უნარი;
კომუნიკაციის უნარი.
ახალი მოთხოვნების შესაბამისად გეოგრაფიის სწავლებისთვის მასწავლებელი ამ საკითხს შემოქმედებითად უნდა მიუდგეს. მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარების ხელშესაწყობად საჭიროა, საკლასო მეცადინეობებთან ერთად დაიგეგმოს აქტივობებიც, რომლებიც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, თვითონვე ჩაატარონ კვლევა ლოკალურ გარემოში. კვლევისას მოზარდები თავს სრულფასოვან მკვლევარებად აღიქვამენ. როდესაც ასეთი აქტივობები საკლასო ოთახიდან გარეთ გადაინაცვლებს, ისინი მეტი ხალისით თანამშრომლობენ და დროც მათთვის უფრო შინაარსიანად გადის. ასეთი აქტივობაში პასიური მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან, ხშირად განსხვავებულ როლსაც კი ირგებენ, რაც ამაღლებს მათ თვითშეფასებას, აცილებს მათ “უმაქნისის”, იარლიყს.
გეოგრაფიული მეცნიერება კვლევის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა წლების განმავლობაში ამ სასკოლო დისციპლინის ძირითადი სამოქმედო არეალი საკლასო ოთახი იყო, ხოლო სასწავლო რესურსი – მხოლოდ სახელმძღვანელო და რუკა. დღეს კი საკვლევად ბუნებრივი, სოციალური, ეკონომიკური გარემო შეიძლება გამოვიყენოთ.

კვლევა, რა თქმა უნდა, სახალისოა, მაგრამ არის კი ამის საჭიროება? კვლევითი სამუშაოების აუცილებლობაში სკოლის ადმინისტრაციის დარწმუნება არც ისე ადვილია, რადგან კვლევა მატერიალურ დანახარჯს მოითხოვს და მას გაუმართლებელ ფუფუნებად მიიჩნევენ. საპასუხო არგუმენტების მოსაყვანად მასწავლებელს კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რა არის საველე კვლევა და წინასწარ ჰქონდეს დაგეგმილი მისი ყოველი ეტაპი.
“ექსპერიმენტული სწავლება” ამაღლებს მოსწავლეთა მოტივაციას, რადგან ისინი ინფორმაციას მოიპოვებენ უშუალოდ გარემოზე ან მოსახლეობაზე დაკვირვებით და არა სხვა ავტორის მიერ მოპოვებული წყაროდან. ამგვარად მიღებული ცოდნა უფრო სიღრმისეული და ძნელად დასავიწყებელია. საველე კვლევის ძლიერი მხარეა ისიც, რომ პრაქტიკული საკითხების გადაჭრისას ვითარდება სოციალური უნარ-ჩვევები, შესასწავლი საკითხი რეალურია და ხელშესახები. გეოგრაფია როგორც გარემოს შემსწავლელი მეცნიერება მოსწავლეებს აძლევს ვრცელ ინფორმაციას, რომლის ინტერპრეტაციასაც ისინი თავიანთ კვლევაში ასახავენ.

კვლევის დროს მასწავლებელი მოსწავლეთა მეგზურია. მან მოზარდების ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რა მგრძნობიარეა გარემო უგუნური, არარაციონალური ჩარევებისადმი, როგორ შეიძლება დაირღვეს ეს სათუთი წონასწორობა.

მოსწავლეებს ადრეულ ასაკშივე შეუძლიათ გარემოზე დაკვირვება, ადგილის, ბუნების კომპონენტების აღწერა, მათი თვისებების შესწავლა, უფრო დიდები კი ყოველივე ამის ინტერპრეტაციასაც ახდენენ, ხსნიან სამყაროში მიმდინარე მოვლენების, პროცესების კანონზომიერებებს. მოსწავლეები, რომლებიც დაწყებითი კლასებიდანვე იწყებენ გარემოს შესწავლას, უკეთ არიან მომზადებულები გარემოზე პასუხისმგებლობის ასაღებად.

საველე კვლევები სხვაგვარად იგეგმება, ვიდრე საკლასო ოთახში განსახორციელებელი. გაკვეთილზე ჩასატარებელი კვლევებს მთლიანად მასწავლებელი გეგმავს, მასწავლებელივე იძლევა ინსტრუქციებს, მოსწავლეთა თავისუფლების ხარისხი შედარებით ნაკლებია, ხოლო საველე კვლევაში, რომლის მიზანიც არის გარემოზე (ბუნებრივზე, სოციალურსა თუ ეკონომიკურზე) დაკვირვება, მონაცემების შეგროვება, მათი ინტერპრეტაცია, მოსწავლეები უფრო მეტად არიან ჩართულნი. შესაძლოა, კვლევის ეტაპების განსაზღვრაშიც კი მიიღონ მონაწილეობა.არჩოში მოცემულია სარეკომენდაციო თემები კვლევებისთვის, რომლებიც მასწავლებელმა არჩევითი საგნის ფარგლებში შეიძლება ჩაატაროს.
სარეკომენდაციო თემები:

1.ფიზიკური გეოგრაფია

·ლოკალურ გარემოზე კლიმატის ცვლილების გავლენა (ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია სტატისტიკურ წელიწდეულებში, მეტეოსადგურებში, ბიბლიოთეკებში არსებულ კლიმატოლოგიურ ცნობარებსა თუ ძველ გაზეთებში)
·ლოკალური გარემოს ლანდშაფტის ტრანსფორმაცია (ძველი ფოტოების, საარქივო მასალის, უფროსი თაობის მონათხრობის საფუძველზე)
·რელიეფისა და კლიმატის გავლენა ტურიზმზე
·გეოგრაფიული ობიექტები სტოპონიმიკა
·ორი ფერდობის, მდინარის სანაპიროს შედარება

2.საზოგადოებრივი გეოგრაფია

·კულტურული ღირსშესანიშნაობების, საინტერესო ადგილების მიზიდულობის არეალის დადგენა (ინფორმაცია ვიზიტორთა რაოდენობისა და გეოგრაფიის შესახებ)
·ლოკალური გარემოს ტრანსფორმაცია – არქიტექტურა, ტრანსპორტი (ძველი ფოტოების, საარქივო მასალის, უფროსი თაობის მონათხრობის საფუძველზე)
·გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებები უახლეს ისტორიაში და მათი მიზეზები
·თავისუფალი დროის ორგანიზების თანამედროვე ფორმები და მათი გეოგრაფია
·სკოლის მიზიდულობის არეალის დადგენა, მოსწავლეთა გეოგრაფია
·დემოგრაფიული ქცევის ცვლილება თაობების მიხედვით (ინტერვიუების საფუძველზე)

3.გარემოს დაცვა
·ჰაერის დაბინძურებაზე დაკვირვება (ვირტუალური დაკვირვება დღის სხვადასხვამონაკვეთში, კვირის დღეებში და დაკავშირება სატრანსპორტო საშუალებებთან თუ ნაკადის ინტენსივობასთან. ბიუჯეტის პირობებში – სინჯების აღება)
·მდინარის აუზის შესწავლა და დაბინძურებაზე დაკვირვება (დაკვირვება ნაპირის დანაგვიანებაზე, სინჯების ლაბორატორიული ანალიზი დაფინანსების შემთხვევაში)
·დასვენების პარკებში ლანდშაფტის ცვლილება და გარემოს მდგომარეობა
ურიგო არ იქნება, კვლევის თემატიკა მოსწავლეებმა თავად შეარჩიონ – მოაწყონ გონებრივი იერიში, მერე კი განიხილონ, რამდენად შესაძლებელია თითოეული იდეის განხორციელება, აწონ-დაწონონ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები, მაგალითად, ხელმისაწვდომია თუ არა ინფორმაცია ამა თუ იმ ადგილზე, მოვლენასა თუ პროცესზე, შესაძლებელია თუ არა ამა თუ იმ ადგილის მონახულება, თუ ინფორმაციის გადამოწმება ან დამატება გახდა საჭირო, ხომ არ ჩაშლის ეს კვლევას, ხომ არ ჯობს, საკვლევი ობიექტი ახლოს, ადვილად მისასვლელი იყოს, ხო არ წარმოადგენს იგი კერძო საკუთრებას და მფლობელთან მოლაპარაკება ხომ არ იქნება საჭირო, თუ ინფორმაცია დაკვირვებისა და გამოკითხვის საშუალებით ვერ მოიპოვეს, ხელმისაწვდომი იქნება თუ არა მათთვის სხვა წყაროები, ხომ არ არის გამოსაკვლევი საკითხი იმდენად მარტივი, რომ მასზე პასუხი წინასწარ არსებობდეს, ან იმდენად რთული, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობებს აღემატებოდეს, თუ სასურველია ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, შესაძლებელია თუ არა ამის თაობაზე მოლაპარაკება რომელიმე კვლევით ლაბორატორიასთან/ინსტიტუტთან/ცენტრთან.

ნაშრომი ვიზუალურად უფრო გამომხატველი რომ იყოს, შეიძლება ფოტოების გადაღება, ჩანახატების გაკეთება, ადგილის გეგმის შედგენა, ხოლო შეგროვილი ინფორმაციის ინტერპრეტაცია და ანალიზი ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად ჩასატარებელი კვლევის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

უფრო დაწვრილებით გეოგრაფიულ კვლევასა და მის განხორციელებაზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ. მოვიყვანთ კონკრეტულ რჩევებსაც. ისინი განსაკუთრებით გამოგადგებათ, თუ საგანი აირჩიეთ და პრობლემებს აწყდებით სახელმძღვანელოს უქონლობის გამო. ვისაც წელს არ აგირჩევიათ, შესაძლოა, მისი გაისად სწავლების სურვილი გაგიჩნდეთ, ჩვენ კი გირჩევთ, ამთავითვე დაიწყოთ მცირე კვლევები, თუმცაღა არჩევანი “გეოგრაფიული კვლევის” სასარგებლოდ არ გაგიკეთებიათ.

რას მოგვითხრობს გეოგრაფიული სახელები

0

გეოგრაფიული სახელების გარეშე რუკა მუნჯია. ნეტავი, რამდენი გეოგრაფიული სახელია დედამიწაზე? უთვალავი, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.

გეოგრაფიული სახელების შემსწავლელ მეცნიერებას ტოპონიმიკა ეწოდება (ბერძნული სიტყვებიდან “ტოპოს” – “ადგილი” და “ონიმა” – სახელი). ამბობენ, რომ ტოპონიმიკა დედამიწის ენაა. ის გეოგრაფიული სახელების მეშვეობით კაცობრიობის ისტორიას მოგვითხრობს.

ხაზოვანი და სვეტოვანი დიაგრამები და მათი გამოყენება სასწავლო პროცესში

0
ვაგრძელებთ სტატიების ციკლს, რომლებიც მასწავლებლებს სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაში დაეხმარება. მიმართულება „დრო და სივრცე” გეოგრაფიაში გამჭოლია და მასში დიდი დოზით არის ასახული, რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მოსწავლეებს.
ამჯერად ხაზოვან და სვეტოვან დიაგრამებს განვიხილავთ.
ხაზოვანი დიაგრამა

ხაზოვან დიაგრამაზე ნაჩვენებია მოსახლეობის დინამიკა ჩინეთისა და ინდოეთისთვის და მისი პროექცია. აღწერეთ ძირითადი მახასიათებლები და სადაც შესაძლებელია, გააკეთეთ ანალიზი.
დიაგრამაზე ორი ხაზია. თითოეული მათგანი ასახავს თითო ქვეყნის მოსახლეობის დინამიკას წლების მიხედვით. აბსცისაზე წლებია მოცემული, ხოლო ორდინატების ღერძზე – მოსახლეობის რაოდენობა. ხაზოვანი დიაგრამა შეიძლება უფრო რთულიც იყოს. დამატებითი ხაზები დამატებით ინფორმაციას გვაწვდის.

როგორ დავწეროთ სტრუქტურირებული პასუხი ამ კითხვაზე? თავდაპირველად დავფიქრდეთ, როგორი უნდა იყოს პასუხი, რა ლოგიკურ თანამიმდევრობას უნდა მივყვეთ, რათა პასუხი სწორი, ამომწურავი და გასაგები იყოს. სტრუქტურაში მოსაქცევად აუცილებელია, პასუხი დავიწყოთ დიაგრამის აღწერით, რაც რამდენიმე წინადადებისგან უნდა შედგებოდეს და მოიცავდეს ყველა მოცემულ შინაარსობრივ კომპონენტს. მომდევნო, უფრო ვრცელი ნაწილი ანალიტიკური უნდა იყოს. დაბოლოს, დასკვნითი ნაწილით უნდა შეიკრას ტექსტი.
დავიწყოთ სათაურის პერეფრაზირებით. პირველ წინადადებად სწორედ მისი დაწერა იქნება უპრიანი.

აღწერა: მოცემული ხაზოვანი დიაგრამა გვიჩვენებს მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ჩინეთისა და ინდოეთისთვის 2000-დან 2035 წლამდე. დრო ნაჩვენებია X აბსცისთა ღერძზე, Y ორდინატთა ღერძი კი გვიჩვენებს მოსახლეობის რიცხოვნებას მილიარდებში – 0,9-დან 1,5 მილიარდამდე. ლეგენდის (ჩანართი წარწერებით, რომელიც ხსნის დიაგრამაზე მოცემულ პირობითი ნიშნების შინაარსს) თანახმად, მოსახლეობის ცვლილება ჩინეთისთვის ნაჩვენებია წითელი ხაზით, ხოლო ინდოეთისთვის – მწვანით.

გათვალისწინებული უნდა იყოს ქრონოლოგიური თანამიმდევრობა: 2000 წელი არის წარსული, 2010 – აწმყო, ხოლო 2035 – მომავალი. ანალიზისას თითოეული ეს შუალედი უნდა გამოვყოთ.

ანალიზი: 2000 წელს ინდოეთის მოსახლეობა ოდნავ აჭარბებდა მილიარდს. იმავე დროს ჩინეთისა დაახლოებით 1,25 მილიარდს შეადგენდა, რაც 250 მილიონით აღემატება ინდოეთისას. აქედან მოყოლებული, ჩინეთის მოსახლეობა ნელი ტემპით იზრდება და 2010 წელს დაახლოებით 1,3 მილიარდს აღწევს, მაშინ როდესაც ინდოეთის მოსახლეობა ამავე პერიოდში მკვეთრად იზრდება.

ამის შემდეგ ანალიზი ეხება მომავალ პროექციას. ამ ეტაპზე იკვეთება ორი ხაზი. ერთის მონაცემი ნაკლები ხდება მეორისაზე, რომელსაც აქამდე აღემატებოდა.

დიაგრამაზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, ნავარაუდევია, რომ 2025 წლისთვის ორივე ქვეყანას – ჩინეთსა და ინდოეთს – მოსახლეობა ცალ-ცალკე 1,38 მილიარდი ეყოლება. მონაცემები პროექციაში გვამცნობს, რომ ინდოეთის მოსახლეობა გაუსწრებს ჩინეთისას და განაგრძობს სწრაფ ზრდას 2035 წლამდე. ამ დროისთვის ინდოეთის მოსახლეობის სავარაუდო რაოდენობა 1,55 მილიარდი იქნება. ეს მაშინ, როდესაც ჩინეთის მოსახლეობა 2018 წლიდან ჯერ სტაბილურ მაჩვენებელს მიაღწევს, შემდეგ, 1928 წლიდან, დაიწყებს კლებას, 2035 წლისთვის კი, სავარაუდოდ, 1,35 მილიარდს გაუტოლდება.

ბოლო ნაწილი უნდა იყოს დასკვნითი, რათა შეიკრას ტექსტი, რომელიც ეფუძნება მოცემულ დიაგრამას.
აშკარაა, დიაგრამა გვიჩვენებს, რომ შობადობისა და სიკვდილიანობის კოეფიციენტები ორივე ქვეყნისთვის მომავალი ოთხი ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შეიცვლება. ჩინეთი, რომელმაც მკაცრი დემოგრაფიული პოლიტიკა გაატარა, მოახერხებს მოსახლეობის ჯერ დასტაბილურებას, მერე შემცირებას, ხოლო ინდოეთის წარუმატებელი დემოგრაფიული პოლიტიკა, თუ არაფერი შეიცვალა, ინდოეთს მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზე გაიყვანს.
სვეტოვანი დიაგრამა

ახლა კი განვიხილოთ სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც დიაგრამის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ის გამოსახავს მონაცემებს სხვადასხვა ინტერვალით, რომელიც ასახულია ერთ-ერთ ღერძზე, მეორე ღერძზე კი რაოდენობრივი მაჩვენებელია გამოსახული. ამავე დროს, სვეტოვანი დიაგრამები იძლევა შედარება-შეპირისპირების საშუალებას.
თუ სვეტოვან დიაგრამასთან მიმართებით მითითებულია, რომ უნდა გავაანალიზოთ ძირითადი მახასიათებლები, თავდაპირველად საკუთარ თავს შემდეგი კითხვა უნდა დავუსვათ: როგორ უნდა ამოვარჩიოთ ძირითადი სვეტები გასაანალიზებლად, როდესაც მათი სიმრავლის გამო ყველას განხილვა ვერ მოხერხდება? არასწორი შერჩევის შემთხვევაში ძირითად თვისებებს ვერ გამოვყოფთ და დავალებაც შეუსრულებელი დარჩება.

მოცემულ სვეტოვან დიაგრამაზე ასახულია სიცოცხლის ხანგრძლივობა 7 ქვეყანაში. მასზე 21 მაჩვენებელია გამოსახული. ისინი დაჯგუფებულია ქვეყნების მიხედვით და თითოეულ ქვეყანაში 3 თანაბარი კომპონენტია გამოყოფილი: კაცებისა, ქალებისა და საერთო, ჯამური მონაცემი. აღსანიშნავია, რომ ორდინატთა ღერძზე ნაჩვენებია სიცოცხლის ხანგრძლივობა წლებში, ხოლო აბსცისაზე – შერჩეული ქვეყნები. საინტერესოა ლეგენდის გაცნობაც, სადაც მწვანე ფერით სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობაა აღნიშნული, ცისფრით – კაცებისა, ხოლო ყვითლით – ქალებისა.

ამ ზოგადი აღწერის შემდეგ საჭიროა შეირჩეს ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ქვეყნები, რაც მათ შორის განშლის დანახვის საშუალებასაც მოგვცემს და იმავდროულად წარმოაჩენს, მოცემული ქვეყნებიდან სად არის სიცოცხლის ხანგრძლივობა ყველაზე მაღალი და სად – ყველაზე დაბალი.

სწორედ ამ ინფორმაციის წაკითხვის მოლოდინი ექნება გამსწორებელს, როდესაც პასუხის კითხვას დაიწყებს. იმავდროულად, შესაძლებელი იქნება გამოვყოთ საშუალო მაჩვენებელი მოცემული ქვეყნებისთვის. თურქეთს, ვიეტნამს, ირანსა და ბანგლადეშს მსგავსი საშუალო, სტანდარტული მონაცემები აქვთ, რაც დაახლოებით 70 წელს უდრის. ყველაზე მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა აქვს კანადას. მას აშშ მოსდევს. აქ იკვეთება, რომ ეკონომიკურად რაც უფრო განვითარებულია ქვეყანა, მით უფრო მაღალი აქვს მას ეს მაჩვენებელი. ინდოეთი კი ყველაზე დაბალი სიცოცხლის ხანგრძლივობით გამოირჩევა.

ახლა ვნახოთ, რა იკვეთება: გვაქვს ყვითელი სვეტები, რომლებიც გამოყოფილ ჯგუფებში, ამ შემთხვევაში – ქვეყნებში, უფრო გრძელია, შესაბამისად, ცხადი ხდება, რომ ქალები უფრო მეტს ცოცხლობენ. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისას აღემატება და ეს ტენდენცია იკვეთება ყველა ქვეყანაში. ყველაზე მცირე სხვაობას კი ინდოეთი უჩვენებს, სადაც, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ქალთა და მამაკაცთა სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის თანაბარია. არ უნდა გამოგვრჩეს ამის აღნიშვნა, რაც ზოგად ტენდენციაში, საერთო სურათში არ ჯდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ანალიზი არ იქნება სრულფასოვანი. თუ დიაგრამაზე მსგავსი ანომალია შეამჩნიეთ, ანალიზისას ის აუცილებლად უნდა გამოყოთ.

დახედეთ კითხვას – ის მიმართულებას გაჩვენებთ. თუ გაქვთ სვეტოვანი დიაგრამა და ზოგადი ანალიზია საჭირო, ჯერ წაიკითხეთ სათაური, წარწერები, ლეგენდა, შემდეგ გამოყავით მაღალი და დაბალი მაჩვენებლების მქონე, ამის შემდეგ, თუ მოხერხდება, საშუალო დაადგინეთ, შემდეგ იმაზე გაამახვილეთ ყურადღება, როგორ შეიძლება დააჯგუფოთ ქვეყნები, როგორია კანონზომიერება, დაბოლოს, იფიქრეთ რაიმე ანომალიაზე, გამონაკლისზე, თუ გამოიკვეთება – აღწერეთ.
ინტერნეტის მომხმარებელთა დემოგრაფია,
გაერთიანებული სამეფო

სვეტოვანი დიაგრამა აჩვენებს ინტერნეტის მომხმარებელთა ასაკობრივ ჯგუფებს გაერთიანებულ სამეფოში სამი წლის განმავლობაში – 1998-დან 2003-მდე. ორდინატთა ღერძზე მოცემულია პროცენტები, ხოლო აბსცისაზე – წლები. ასაკობრივი ჯგუფები მოცემულია ლეგენდაში და მოსახლეობა 4 ასაკობრივ ჯგუფადაა წარმოდგენილი: 15 წლამდე, 30-მდე, 49-მდე და 50-ს ზემოთ.

პროცენტული მონაცემები ნიშნავს, რომ წლის მიხედვით მოცემულ ჯგუფში (1998/2001/2003) ასაკობრივი ჯგუფების პროცენტულმა მაჩვენებლებმა ჯამში 100% უნდა შეადგინოს.
ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს შევადაროთ თითოეული ჯგუფის მსგავსი კომპონენტი, ასევე შეგვიძლია, შედარებისას საერთო ტენდენციაზე ვისაუბროთ.

კანონზომიერებაა, რომ პირველი ასაკობრივი ჯგუფი ძალიან სწრაფად გაიზარდა 1998-დან 2001 წლამდე. ზრდა მომდევნო წელსაც შეიმჩნეოდა, მაგრამ არა ასეთი თვალსაჩინო. 2%-დან მან ჯერ 8%-მდე მოიმატა, შემდეგ – 9%-მდე. მსგავსი ტენდენცია იკვეთება 50 წელზე უხნესთა ასაკობრივ ჯგუფშიც: მომხმარებელთა წილმა, რომელიც 1998 წელს 4% იყო, ჯერ, 2001 წლისთვის, 9%-მდე მოიმატა, მერე კი, 2003-ისთვის – მხოლოდ 1%-ით და 10% შეადგინა. ამდენად, ყველაზე დაბალი და მაღალი ასაკის ჯგუფებს მსგავსი ტენდენცია ახასიათებთ.

ამის შემდეგ ჩვენ ვხედავთ, რომ 16-30 ასაკობრივი ჯგუფის წილმა 2001 წელს 1998 წელთან შედარებით იკლო, ეს ცვლილება საგრძნობი იყო და 10% შეადგინა, ხოლო 2003 წელს კლებას 1%-ისთვის არ გადაუჭარბებია.
ცხადია, უნდა გვახსოვდეს, რომ ამ დიაგრამაზე მაჩვენებლები პროცენტებშია მოცემული, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ინტერნეტის მომხმარებელთა აბსოლუტურ რაოდენობაზე არაფერი ვიცით. შემცირება მოხდა ერთ ასაკობრივ ჯგუფში სხვა ჯგუფის ზრდის ხარჯზე, რადგან ჯამში ყველა ასაკობრივი ჯგუფი კონკრეტულ წელს 100%-ს უნდა შეადგენდეს.

თუ შევხედავთ მომდევნო ასაკობრივ ჯგუფს – 31-49, დავინახავთ, რომ ისიც იკლებს, მაგრამ ეს კლება არ არის ისეთი მკვეთრი და წლიურად მხოლოდ 1%-ს შეადგენს.

ახლა, თითოეული ასაკობრივი ჯგუფის ზრდა-შემცირების ტენდენციისა და დინამიკის გაანალიზების შემდეგ, ვნახოთ, კიდევ რაიმე ინფორმაციის ამოღება ხომ არ შეიძლება მოცემული დიაგრამიდან. ვხედავთ, რომ, განურჩევლად იმისა, რომელ წელზეა საუბარი, ასაკობრივი ჯგუფებიდან ყველაზე დიდია 16-დან 30 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ჯგუფი. ყოველ მოცემულ წელს მისი წილი 40%-ზე მეტია. მას მოსდევს ჯერ 31-49 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, რომლის წილიც ყოველ მოცემულ წელს 35%-ს აღემატება, შემდეგ – 50 წელზე უხნესებისა და ბოლოს – 16 წლამდე ასაკის მომხმარებელთა ჯგუფი, რომელიც მოცემულ წლებში 10%-ს ვერ ასცდა.

ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აშკარაა 16 წლამდე და 50 წელს გადაცილებულთა წილის მატება კომპიუტერის მომხმარებელთა საერთო სურათში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ სხვა ასაკობრივ ჯგუფებში აბსოლუტური რაოდენობა მცირდება. დისბალანსი ასაკობრივ ჯგუფებს შორის თანდათან, სავარაუდოდ, გამოსწორდება. თუ 1998 წელს ამ ორი ასაკობრივი ჯგუფის წილი მხოლოდ 6% იყო, 2003 წელს უკვე 19% შეადგინა.

ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ გრაფიკული საშუალებების ანალიზს, რაც მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს მასწავლებელს საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის ჩატარებაში.

გეოგრაფიის სწავლება სასწავლო თამაშების გამოყენებით

0

თანამედროვე მსოფლიო საგანმანათლებლო პოლიტიკის ძირითადი მიმართულება მოსწავლეზე ორიენტირე­ბული განათლებაა. ამის კვალობაზე, სასურველია, სწავლების მეთოდიკაც მოსწავლეზე ორიენტირებული, ანუ ინტერ­აქციული იყოს.

უმცროს სასკოლო ასაკში სასწავლო თამაშებს, მოზარდის განვითარების თვალსაზრისით, დიდი როლი აკისრია. ეს თამაშები ხელს უწყობს სასწავლო პროცესის გააქტიურებას, უვითარებს ბავშვებს დამკვირვებლობას, ყურადღებას, მეხსიერებას, სისტემურ აზროვნებას. ისინი შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ადრე შეძენილი ცოდნის შესამოწმებლად და განსამტკიცებლად, ისე მისი გასაფართოებლად და გასაღრმავებლადაც.

საგან ბუნებისმცოდნეობის სპეციფიკიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს ბავშვებს სხვადასხვა ტიპის თამაში: როლური, საქმიანი, გასართობი, – იმისდა მიხედვით, რა არის გაკვეთილის თემა, მიზანი, როგორია თავად მოსწავლეთა ცოდნა და ა.შ.

სასწავლო თამაშების დროს მასწავლებელი ძირითადად წამყვანის, გეზის მიმცემისა და მეთვალყურის როლს ასრულებს. ის ბოლომდე ნეიტრალური უნდა იყოს, ინარჩუნებდეს ურთიერთობათა ბალანსს და კლასში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდეს.

სასწავლო თამაშების დროს მთავარი მოსწავლეთა აქტიურობაა. მათ საშუალება ეძლევათ, თავად გამოიკვლიონ, გაარჩიონ, გამოიყენონ, სათანადოდ განალაგონ მასალა, ირწმუნონ საკუთარი ძალა, იმოქმედონ და იპოვონ გამოსავალი, თამამად იმსჯელონ თავიანთ ნეგატიურ თუ პოზიტიურ გრძნობებზე, მოქმედებებზე, გააანალიზონ ისინი და დასკვნები გამოიტანონ.

რაზე მიუთითებს დემოგრაფიული მაჩვენებლები და როგორ წავიკითხოთ მოსახლეობის პირამიდა

0

რა უნდა ვიცოდეთ მოსახლეობის შესახებ და როგორ უნდა შევასწავლოთ ეს საინტერესო თემა მოსწავლეებს? ძნელი სათქმელია, რა კუთხით ჯობს ამ საკითხის შესწავლა, რადგან მოსახლეობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ ძნელია, საჭიროასპექტი შეარჩიო. ჩვენ ზოგადი საფუძვლებით დავიწყებთ.

ძირითადი ცნებები, რომლებიც უნდავიცოდეთ, არის:

  • შობადობა = დაბადებულთა რიცხვი1000 კაცზე;
  • სიკვდილიანობა = გარდაცვლილთა რიცხვი1000 კაცზე;
  • ბუნებრივი მატება = შობადობას-სიკვდილიანობა;
  • ჩვილ ბავშვთა მოკვდავობა = 1 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა შეფარდება ყოველ 1000 დაბადებულთან;
  • ბავშვთა მოკვდაობა = 5 წლამდე გარდაცვლილ ბავშვთა შეფარდება ყოველ 1000 დაბადებულთან;
  • ნაყოფიერების/ფერტილობის ჯამური კოეფიციენტი = დაბადებულთა საშუალო რიცხვი ყოველ 1000 ქალზე;
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა = იმ წლების საშუალო ოდენობა, რომლებიც მოსალოდნელია იცოცხლოს ადამიანმა.

თუ ყველა მონაცემი, გარდა უკანასკნელისა, მაღალია, ვსაუბრობთ განვითარებად ქვეყანაზე, თუ დაბალი – განვითარებულზე.

ამის საპირისპიროდ, თუ მოსახლეობის სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია, ეს შეიძლება იყოს განვითარებულობის მაჩვენებელი და პირიქით.

ამდენად, თითოეული ზემოთ მოყვანილი დემოგრაფიული მაჩვენებელი შეიძლება განვითარების ინდიკატორად გამოვიყენოთ, თუმცა ისინი ვერ იქნება ერთმნიშვნელოვნად მკაფიო, რადგან გვხვდება ანომალიებიც. ამის მაგალითად გამოდგება საქართველო, სადაც შობადობა დაბალია, მაგრამ ის ვერ ჩაითვლება განვითარებულ ქვეყნად.

ჩამოვთვალოთ ასეთი კანონზომიერების განმაპირობებელი ფაქტორები: დაზღვევა, განათლება, ტექნოლოგიური მიღწევები, ბავშვის აღზრდის ფასი (განათლება, ჯანმრთელობა, მშობლების მიერ მასთან გატარებული დრო), ვაქცინაცია, ქალთა სტატუსი, საცხოვრებელი ადგილი (სოფელი/ქალაქი), მედიცინის მიღწევები, ჯანდაცვის სისტემა, რელიგია…

ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ქვეყნების მახასიათებელია დაბალი შობადობა, სიკვდილიანობა, ჩვილთა და ბავშვთა მოკვდავობა, ნაყოფიერების კოეფიციენტი და მაღალი სიცოცხლის ხანგრძლივობა.

მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდაარის სვეტოვანი დიაგრამა, რომელიც ასახავს მოსახლეობის სურათს კონკრეტული წლისთვის.

განვითარებად რეგიონებში – ისეთებში, როგორებიცაა აფრიკა, აზია, ლათინური ამერიკა და ოკეანეთი – პირამიდები შეიძლება სხვადასხვა ტიპისა იყოს, მაგრამ სწორედ მათი ფორმის გამო ეწოდება ამ დიაგრამას პირამიდა.

მნიშვნელოვან მახასიათებლებად შეიძლება მივიჩნიოთ მოსახლეობის სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურა, მისი გავრცელება დედამიწაზე. ყველაზე ნათლად მოსახლეობის სტრუქტურა გრაფიკულად სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდებით გამოისახება. მასზე თითოეული სქესის ყოველი (ძირითადად – 5-წლიანი) ასაკობრივი ჯგუფი გამოსახულია ვერტიკალური ღერძიდან ორივე მიმართულებით მიმავალი ჰორიზონტალური სვეტებით. მიღებულია, რომ გრაფიკზე მარცხნივ მამაკაცები გამოვსახოთ, ხოლო მარჯვნივ – ქალები. ვერტიკალურ ღერძზე ან ასაკი მოინიშნება (პირველი პირამიდა), ან ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი დაბადების თარიღი (მეორე პირამიდა). რაც შეეხება ჰორიზონტალურ ღერძს, მასზე ან მოსახლეობის პროცენტები, ან აბსოლუტური მაჩვენებელია გამოსახული.

იმისთვის, რომ გავარჩიოთ, სახელდობრ რატიპისინფორმაციააასახულიმოსახლეობის პირამიდაზე, ყურადღებით უნდაწავიკითხოთ მინაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყოთ მისი გააანალიზება.

ანალიზისთვის კი საჭიროა, გამოსახული ინფორმაცია ნაწილებად დავყოთ და ყურადღება თითოეულ ელემენტზე გავამახვილოთ.

ძირითად ელემენტებად შეიძლება მივიჩნიოთ ფუძე, გვერდები და კენწერო.

თუ შევხედავთ პირველ პირამიდას და დავფიქრდებით, რას ასახავს იგი, შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობა გაიზრდება. რატომ? იმიტომ, რომ თუ პირამიდის ფუძე განიერია; ფერტილურ/ნაყოფიერ ასაკში მყოფი მოსახლეობის რიცხვი დიდია და იზრდება, რადგან ქვედა ასაკობრივი ჯგუფი კიდევ უფრო განიერია. სწორედ ეს ჯგუფია, რომელსაც შეუძლია გამრავლდეს. პირამიდის გვერდები შეზნექილია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ რაც უფრო განიერია საფეხური თითოეულ ხუთწლიან ასაკობრივ ჯგუფს შორის, მით მაღალია სიკვდილიანობა – სავარაუდოდ, მოსახლეობის ეს ნაწილი შემდგომ ასაკობრივ ჯგუფამდე ვერ აღწევს. ვიწრო კენწერო კი მიუთითებს, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი თუ აღწევს ხანდაზმულ ასაკს. ამრიგად, სიცოცხლის ხანგრძლივობა დაბალია. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა განვითარებადია.

ნახ.1. ნახ.2.

თუ მეორე პირამიდას შევხედავთ, შევამჩნევთ, რომ ბუნებრივი მატება დაბალია. რატომ? პირამიდისფუძე ვიწროა, რაც დაბალი შობადობის მაჩვენებელია, ხოლო ის, რომ ყოველი ხუთწლიანი ჯგუფის შემდეგ პირამიდის საფეხურები არ ვიწროვდება, დაბალ სიკვდილიანობაზე მიუთითებს. ისინი არათუ არ ვიწროვდება, არამედ პირველი 15 წლის განმავლობაში ყოველი წინა ასაკობრივი ჯგუფი მომდევნოზე ვიწროა. მაშასადამე, 0-დან 4 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი უფრო მცირეა, ვიდრე 5-დან 9 და 10-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფები, რაც არა მატებაზე, არამედ მოსახლეობის კლებაზე მიუთითებს.

გვერდები ჩაზნექილი არაა, პირიქით, შუა ასაკობრივ ჯგუფებში ის ამოზნექილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სიკვდილიანობა დაბალია და მოსახლეობის ქვედა ასაკობრივი ჯგუფი თავისუფლად გადადის შემდეგში და რომ წინა წლებში ეს ასაკობრივი ჯგუფი უფრო მრავალრიცხოვანიც კი იყო. პირამიდისკენწეროში ფართო სვეტები კი იმაზე მეტყველებს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა მაღალია და ხანდაზმულთა წილი მოსახლეობაში – მნიშვნელოვანი, რაც ჯანდაცვის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია. ამ ტიპის პირამიდა შეიძლება ჰქონდეს აშშ-სა და კანადას, ჩრდილოეთი, ცენტრალური, დასავლეთი და სამხრეთი ევროპის ქვეყნებს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას და იაპონიას. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ პირამიდაზე განვითარებული ქვეყანაა გამოსახული.

გარდა ამ სამი ძირითადი ელემენტისა, ჩვენ შეგვიძლია, პირამიდებზე სხვა ინფორმაციაც ამოვიკითხოთ. ესენია ე.წ. ანომალიები, რაც ზოგადი ტენდენციიდან, კანონზომიერებიდან გადახვევას გულისხმობს.

ნახ.3. ბაჰრეინი, 2011

თუ ბაჰრეინის სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მას ზემოთ განხილულთაგან განსხვავებული ფორმა აქვს და მისი გვერდები აშკარად სხვა მოხაზულობისაა. განსაკუთრებით თვალშისაცემია ეს გამოზნექა კაცების მხარეს. ეს შეიძლება აიხსნას მაღალი იმიგრაციით, განსაკუთრებით – შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცებში. რაკი ვიცით, რომ ბაჰრეინი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა, შეგვიძლია ავხსნათ, რატომ არის მიგრაციული ნაკადი სწორედ ამ ასაკობრივ და სქესობრივ ჯგუფში. რაც შეეხება შედარებით ნაკლებ გამოზნექას ქალების ნაწილში, ეს იმით აიხსნება, რომ ქალთა შრომის ბაზარი ამ ქვეყანაში არ არის მიმზიდველი და ეს შედარებით მცირე ნამატი შესაძლოა მოდიოდეს სამუშაოს მაძიებელი მამაკაცების მეუღლეთა წილად, რომლებიც მათთან ერთად ჩამოვიდნენ ქვეყანაში.

ნახ.4. ჩინეთი, 2010

ჩინეთის მოსახლეობის პირამიდაც განსხვავდება დანარჩენებისგან, რადგან მასში ნათლად ჩანს ერთი შვილის პოლიტიკის (ანტინატალისტური დემოგრაფიული პოლიტიკა) შედეგები. ვხედავთ, რომ 40-იოდე წლის წინ მოსახლეობამ მკვეთრად დაიწყო კლება, რასაც 40-44 წლის ასაკობრივ ჯგუფზე ახალგაზრდებში შესამჩნევი შევიწროებით ვადგენთ. სწორედ მე-20 საუკუნის 70-იან წლებში გამკაცრდა დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიწყო მისი დანერგვა. თუმცა უცნაურია შემდგომი გაფართოება, რაც შეიძლება აიხსნას გაფართოებული აღწარმოების გამოძახილად, ანუ უკვე დაბადებულები იყვნენ, ხოლო 20 წლის შემდეგ ქორწინების ასაკში შევიდნენ და, შესაბამისად, ბავშვები იყოლიეს ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებმა. თუნდაც ერთი შვილის პოლიტიკის პირობებში აბსოლუტური რაოდენობა დიდი აღმოჩნდა და ამ პირამიდაზე 20-24-წლიანთა ასაკობრივმა ჯგუფმა გამოზნექილი ფორმა მიიღო. ამის შემდეგ კი შობადობის კლება გრძელდება.

ასევე არ შეიძლება არ შევნიშნოთ, რომ ახალდაბადებულებსა და, საზოგადოდ, ახალგაზრდებში მამაკაცების რაოდენობა ქალებისას ბუნებრივზე მეტად აღემატება. ამის მიზეზი სწორედ ერთი შვილის პოლიტიკაა. ამგვარი შეზღუდვების პირობებში წყვილები ამჯობინებენ, ვაჟიშვილები იყოლიონ და ხშირია აბორტი სქესის შერჩევით. ტრადიციულ საზოგადოებაში ვაჟიშვილი ნიშნავს გვარის გამაგრძელებელს, ასევე – სიბერეში მშობლებზე მზრუნველს, რადგან მათ ცოლი ოჯახში მოჰყავთ, ხოლო გოგონები თხოვდებიან.

ნახ.5. გერმანია, 2000 წელი

მოსახლეობა მილიონებში

რა ანომალია შეიძლება დავინახოთ ამ პირამიდაზე? რა თქმა უნდა, ვიცით, რომ, საზოგადოდ, განვითარებულ ქვეყნებში ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა მამაკაცებისას ჭარბობს, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან დიდ სხვაობაზეა საუბარი. ამის ახსნა შეიძლება მეორე მსოფლიო ომით, რომლის დროსაც უმთავრესად მამაკაცების გენოფონდი განადგურდა.

მგონია, რომ ამიერიდან მოსახლეობის პირამიდის გააანალიზებისას ყურადღებას მიაქცევთ მის ფუძეს, გვერდებს, სიმაღლეს, იფიქრებთ იმაზეც, იკვეთება თუ არა რაიმე ანომალია და შეეცდებით მის ახსნას. ინტერნეტით შეგიძლიათ არაერთი სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდის მოძიება ამ საკითხებზე უკეთ სავარჯიშოდ. რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნება სხვადასხვა ტიპის ქვეყნების არჩევა, რათა ვარჯიში უფრო საინტერესოდ წარიმართოს.

გთავაზობთ ამავე თემაზე მომზადებულ ტესტურ დავალებას:

1. მოცემულია მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდების სქემატური გამოსახულებები და მათი შესაბამისი ქვეყნების მოკლე დემოგრაფიული აღწერილობები. დაადგინეთ შესაბამისობა და შეავსეთ ქვემოთ მოცემული პასუხის ცხრილი:

ქვეყნის დემოგრაფიული დახასიათება:

  1. ქვეყანა ნულოვანი ბუნებრივი მატებით;
  2. ქვეყანა უარყოფითი ბუნებრივი მატებით;
  3. დადებითი მიგრაციის სალდოს მქონე ქვეყანა;
  4. ქვეყანა, რომელმაც სწრაფი ცვლილება განიცადა მაღალი ბუნებრივი მატებიდან დაბლამდე;
  5. ქვეყანა ყველაზე მაღალი ბუნებრივი მატებით;
  6. ქვეყანა, რომელზეც მეორე მსოფლიო ომის შედეგია ასახული.

პასუხების ცხრილი:

პირამიდის ნომერი ქვეყნის დახასიათების #
A 4

ტოპოგრაფიის საკითხები სასკოლო გეოგრაფიაში

0

გეოგრაფიის მასწავლებლებისთვის მომზადდა ვიდეო-ლექცია „ტოპოგრაფიის საკითხები სასკოლო გეოგრაფიაში”. საკითხის აქტუალობა გამოიკვეთა მასწავლებლებთან შეხვედრების დროს. ყველა მათგანი თვლიდა, რომ საკითხები არასაკმარისად არის ასახული ხელმისაწვდომ ლიტერატურაში და მათთვის საჭიროებას წარმოადგენდა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით დახმარება.

მასალა მომზადდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დაკვეთით, ლექციას უძღვება გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, ქალბატონი გულიკო ლიპარტელიანი. ლექციის ფარგლებში საუბარია მრავალ საჭირო საკითხზე, როგორებიცაა ტოპოგრაფიული რუკების მასშტაბი, ჩარჩო, რუკის ნომენკლატურა, საყრდენი პუნქტები, ტოპოგრაფიული რუკის შინაარსის ელემენტები, რელიეფის, ჰიდროგრაფიის, დასახლებული პუნქტების, გზების, მცენარეული საფარის გამოსახვა ტოპორუკაზე, მითითებები ტოპოგრაფიული რუკით სარგებლობისათვის, ტოპოგრაფიული რუკის კითხვა და სხვა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...